359
ბიბლიის წიგნთა უძველესი ქართული რედაქციები
ჩვენს ბოლო ორ შეხვედრაზე მსოფლიო მასშტაბით საეკლესიო მოძღვრების ისტორიაში მიმდინარე უაღესად რთული საღვთისმეტყველო პაექრობების ფონზე შევეხეთ საქართველოს ეკლესიის, ქართველი ერის, როგორც ქრისტიანი ერის მდგომარეობას და ვისაუბრეთ იმ მართებულ არჩევანზე, რაც ქართლმა თავისი ისტორიის ალბათ ყველაზე უფრო პასუხსაგებ და გადამწყვეტ მომენტში გააკეთა ღვთის წინაშე, ერის წინაშე, საკუთარი მომავლის წინაშე. არ არის გამორიცხული, რომ თვით შესიტყვება “ცხოვრებაი ქართლისაი” ანუ, რაც შემდგომში “ქართლის ცხოვრებად” იწოდა, ამ ძეგლის ეს სახელწოდებაც V-VI საუკუნეებიდან მომდინარეობდეს, როდესაც ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა ანუ ჭეშმარიტი ცხოვრება ქართლისა
[1]არჩევანითაც სრულყოფილად გამოიკვეთა. კიდევ ერთხელ დადასტურდა ურყევი ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ მოძღვრების და ამ მოძღვრების მქადაგებლის ამა თუ იმ ქვეყნად მისვლა არ კმარა, თუ საკუთრივ ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის შვილთა გულგახსნილობა ჭეშმაირტებისადმი არ გამოვლინდება. რადგან, ანალოგი ჩვენ უკვე გავაკეთეთ, სომხეთშიც ჭეშმარიტი ქადაგება შესრულდა და აღსრულდა IV ს-ში, ჩვენ აღარ ვამბობთ სამოციქულო ეპოქას, ისევე როგორც ქართლში. გრიგოლ განმანათლებელმა, დიდმა წმინდანმა, მართლმადიდებლური სწავლება დანერგა სომეხთა შორის, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ჭეშმარიტი არჩევანის გაკეთების ჟამი დადგა, სომხეთმა წარმწყმედელი მონოფიზიტობა აირჩია, ქართლმა, მოგეხსენებათ, დიოფიზიტობა ანუ ორბუნებოვნება ანუ მართლმადიდებლობა.