ედიშერ ჭელიძე - მრავალმიმრქმელობის შესახებსულიერ შვილთა ურთიერთკავშირის განხილვამდე შევეხებით მიმრქმელების ანუ ნათლიების რაოდენობის საკითხს. ამ მხრივ უადრესია წმ. დიონისე არეოპაგელის (I-II სს.) უწყებანი მიმრქმელის ("აღმომქუმელის", "მიმქუმელის") შესახებ, კერძოდ, სახეზეა შვიდი კონკრეტული უწყება, რომელთა ზედმიწევნით თარგმანსაც ქვემოთ წარმოვადგენთ: I. "... ხოლო ამ ჭეშმარიტად ზექვეყნიურთა სამღვდელო თანაზიარების შემყვარებელი მიდის ვინმე გამესაიდუმლოებულთან (ნათელღებულთან, ე. ჭ.), ევედრება მას, რომ უწინამძღვროს მღვდელთმთავრისკენ მიმავალ გზაზე, ამასთან აღუთქვამს, რომ თვით, თავის მხრივ, სრულად შეუდგება ყოველივე იმას, რაც გადმოცემულია, და სთხოვს თავს იდოს მისი წარმმართველობა და მთელი მისი შემდგომი ცხოვრების ზედამდგომლობა, ამ უკანასკნელს კი (მიმრქმელს, ე. ჭ.), მისი (მოსანათლის, ე. ჭ.) ცხონების სამღვდელოდ მოტრფიალეს, ამასთან, მოვლენის სიმაღლესთან კაცობრივის ნაცვალშემზომელს, მყისვე ძრწოლა და უძლურება გარემოიცავს, თუმცა კი, ბოლოს, კეთილსახოვნად აღუთქვამს თხოვნის შესრულებას და, წაიყვანს რა, მიჰგვრის მას მღვდელთმთავრობის მოსახელეს (ეპისკოპოსს, ე. ჭ.)" (საეკლესიო მღვდელთმთავრობის შესახებ, II.2.2; შდრ. წმ. ეფრემ მცირის თარგმანი: "... ხოლო რომელმან ესე შეიყუაროს ნამდჳლვე ზეშთასოფლისაჲ და წმიდაჲ მისაღებელი, მოუჴდების იგი საღმრთოდგანსწავლულთაგანსა ვისმე და არწმუნებს მას, რაჲთა წინამძღუარ-ექმნეს გზისა მის მიმართ, რომელი მიიყვანებს მღდელთმთავრისა მიმართ და აღუთქუამს მას ყოვლითურთსა შედგომასა წესთა მოცემულთასა და მოქენე არს მისსა, რაჲთა მიითუალოს წინამძღურობაჲ და ზედამდგომელობაჲ მისი ყოველთავე შემდგომთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ხოლო იგი ცხორებასა მისსა სიწმიდით ტრფიალ არნ, არამედ სიმაღლესა მას საქმისასა თანაშეტყუებითა კაცობრივისა უძლურებისაჲთა მყის ძრწოლითა და უღონოებითა შეპყრობილ-იქმნის, გარნა ეგრეთცა ქმნაჲ თხოვისაჲ მის სახიერებისსახეობით აღუთქჳს, წარიყვანის იგი და მიჰგუარის მოსახელესა მღდელთმთავრობისასა", ს. ენუქაშვილის გამოც. თბ. 1961, გვ. 161-162; შდრ. ორიგინალი: Ὁ δὲ τούτων ἀγαπήσας τῶν ὄντως ὑπερκοσμίων τὴν ἱερὰν μετουσίαν ἐλθὼν ἐπί τινα τῶν μεμυημένων πείθει μὲν αὐτὸν ἡγήσασθαι τῆς ἐπὶ τὸν ἱεράρχην ὁδοῦ, αὐτὸς δὲ ὁλικῶς ἐπακολουθήσειν ἐπαγγέλλεται τοῖς παραδοθησομένοις καὶ ἀξιοῖ τῆς τε προσαγωγῆς αὐτοῦ καὶ συμπάσης τῆς ἐπὶ τὸ ἑξῆς ζωῆς τὴν ἐπιστασίαν ἀναδέξασθαι. Τὸν δὲ τῆς μὲν ἐκείνου σωτηρίας ἱερῶς ἐρῶντα, πρὸς δὲ τὸ τοῦ πράγματος ὕψος ἀντιμετροῦντα τὸ ἀνθρώπινον φρίκη μὲν ἄφνω καὶ ἀμηχανία περιίσταται· τελευτῶν δὲ ὅμως ποιήσειν τὸ αἰτηθὲν ἀγαθοειδῶς ὡμολόγησε καὶ παραλαβὼν αὐτὸν ἄγει πρὸς τὸν τῆς ἱεραρχίας ἐπώνυμον. ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 FEBRUARY 2019 13:57) |
||
|