წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს უცნობი ავტორის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილ თხზულებას, სახელწოდებით „უფლის ვნების შესახებ“ (De Passióne Dómini), რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. მინის პატროლოგიაში ის ლაქტანციუსის (250-325 წწ.) შრომებშია შეტანილი (PL 7, 283-286) და ბოლო დრომდე სწორედ მის ავთენტურ ნაწარმოებად, შესაბამისად, მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაწერილად, იყო მიჩნეული. მაგრამ როგორც ეკლესიის ისტორიკოსი ფილიპე შაფი მიუთითებს, შეუძლებელია, აღნიშნული ნაშრომის ავტორი ლაქტანციუსი იყოს, რადგან მოცემული თხზულების ტექსტი „სრულიად არ შეესაბამება მის ჩვეულ წმინდა და მჭევრმეტყველურ სტილს“ (Ph. Schaff, Fathers of the Third and Fourth Centuries: Lactantius, Venantius, Asterius, Victorinus, Dionysius, Apostolic Teaching and Constitutions, Homily and Liturgy, Ante-Nicene Fathers, VII, 885, p. 329). შაფის მოსაზრებას ეთანხმება კლასიკოსი ფილოლოგი, სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი და ღვთისმეტყველების დოქტორი ალექსანდრე სადოვი (А. И. Садов, Лактанций: Биографический очерк, Санкт-Петербург, 1892, გვ. 705). თანამედროვე პატრისტიკულ კვლევებში დამკვიდრებულ აზრს გამოხატავს მერი-ფრენსის მაკდონალდი, რომელიც, ასევე, უარყოფს ლაქტანციუსის ავტორობას, მაგრამ, ამავე დროს, ხაზს უსვამს პოემაში გამოხატულ „ღრმა რელიგიურ გრძნობებს“ (Mary Francis McDonald, The Minor Works, Washington, 1965, The Father of the Church, 54, p. 224).
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 25 JUNE 2020 13:06)
დაწვრილებით...
გამომცემლობა "ახალი ივერონის" მიერ გამოცემული სერიის "საეკლესიო ბიბლიოთეკის" II ტომი
თარგმანი წმიდა ექვთიმე მთაწმიდელისა
თანამედროვე ქართულ ენაზე ტექსტი გამართა ტატიანა ცომაიამ
რედაქტორი: ნათელა ხურცილავა
წმიდა იოანე სინელი (იგივე კიბისაღმწერელი, იღუმენი, + 649 წ.) უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა „კლემაქსი, ანუ კიბე“. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: სწავლებანი, განკუთვნილი სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სწავლებანი – წინამძღვართათვის. აღნიშნული სწავლებანი წმიდა მამისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით არის დაწერილი. მსგავსად ამ ეპოქის სხვა წმიდა მამების ნაშრომებისა, ეს უკანასკნელი თავისუფალია ზედმეტი მისტიციზმისგან და ადამიანს საკუთარ თავში ჩაღრმავების, შეცნობისა და თვითკრიტიკისკენ წარმართავს. წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბერ-მონაზონთა მეორე სახარებასაც კი უწოდებენ და ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევენ მათთვის, ვისაც სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მიახლება დაუსახავს მიზნად.
დაწვრილებით...
|
I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.
2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (II სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31).
3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28)1. რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27).
4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11)2. თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5.39; ლკ. 6.29) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს3 გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგანაც ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30)4.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 FEBRUARY 2019 14:12)
დაწვრილებით...
შობა მარიამისა
იაკობის აპოკალიფსი
თორმეტი ტომის შესახებ უწყებიდან:
I.1. იყო იოაკიმი ფრიად მდიდარი და სწირავდა უფალს ორმაგ ძღვენს, თანაც გულში ამბობდა: "ის, რაც მე შევმატე, მთელი ერისათვის იყოს, ხოლო ძღვენი ცოდვათმიტევებისა უფალი ღმერთისათვის, რათა მიწყალოს"1.
2. მოახლოვდა უფლის დიდი დღე და შეწირეს ისრაელის ძეებმა შესაწირავი. იოაკიმს წინ გადაუდგა რუბენი და უთხრა: "არა გაქვს ნება პირველმა სწირო შენი ძღვენი, რადგანაც არ შეგიქმნია ნაშიერი ისრაელთა შორის"2.
3. დიდად დამწუხრდა იოაკიმი. მოიარა მან თავისი ერის თორმეტი ტომი. გულში ამბობდა: "მოვიხილავ ისრაელის თორმეტსავე ტომს3, ნუთუ მხოლოდ მე არ მრჩება ნაშიერი ისრაელთა შორის"? გამოიკითხა იოაკიმმა და ნახა, რომ ყველა მართალ კაცს ისრაელთა შორის მემკვიდრე ჰყავდა. გაიხსენა მან მამამთავარი აბრაამი, რომელსაც უფალმა ღმერთმა სიცოცხლის მიწურულს უბოძა ძე ისააკი.
4. დიდად დამწუხრდა იოაკიმი, ცოლსაც კი აღარ ეჩვენა იგი, უდაბნოს მიაშურა და იქ თავისთვის კარავი აიგო. იმარხულა იოაკიმმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე; გულში ამბობდა: "არც საჭმლისთვის ჩავალ4 სადმე, არც სასმელისათვის, ვიდრე არ მომხედავს უფალი ღმერთი ჩემი. ლოცვა იყოს ჩემი საჭმელიც და სასმელიც!"
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 31 JANUARY 2019 19:36)
დაწვრილებით...
|