Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[22]ღვთის თავისთავში თანაბრობა სიმაღლითა და სიღრმით, ღვთისვე ჩვენდამი განგებულების საიდუმლოს კეთილმსახურებითი გამოკვლევის მიერ, შეიცნო ღვთივდაცულმა მეუფემ ჩემმა1, და ამიტომაც გაჰკვირვებია მას, თუ როგორ მოხდა, რომ უფლის მიმართ თანაშეკავშირდა საზღვარი და უსაზღვროება (თუმცა კი საწინააღმდეგონი არიან ისინი და შეუზავებელნი), ისე რომ ორივე მათგანს სწორედ ურთიერთის მეშვეობით ჰქონდა გამოვლინება, რაჟამს უსასრულობა საიდუმლოებითად თანაშემოისაზღვრა საზღვრით, საზღვარი კი ზებუნებრივად თანაგანივრცო უსასრულობასთან ერთად, თავად ის კი, ვის მიმართაც - ესენი, ორივე მათგანის მიხედვით ერთი და იგივე ჰგიეს, არ დაკლებულა რა იგი არანაირად თავისი თავისგან უსასრულობის მხრივ როგორც ბუნებითად უსაზღვროდ, განგებულებითად კი მიუწვდომლად მყოფი და ცნობილი. ვისაც აქვს აზრშეუდგამი სიმაღლე ღმრთეებისეული დიდებისა და შეუცავი სიღრმე განგებულებითი ქვემდაბლობისა.

ამის შემცნობმა მეუფემ ჩემმა2 თავისი თავი როგორც ცვილი, გონივრულად ქვე დაუდო ღმერთს - ბეჭედს, რაჟამს ითვისა იგი და მთლიანად შთაიტვიფრა თავის სიღრმეში, რითაც თავისი თავი საღვთო ნეტარების უცხადეს ანაბეჭდად (μίμημα) წარმოაჩინა, ბრძნულად გარდაქმნა რა თავისივე თავი საღვთო ზნეთა გზით, რადგან, ერთი მხრივ, ბუნებისეულ თავმდაბლობას ღირსებისეული აღმართულობა შეუზავა სათნოების მიერ, მეორე მხრივ კი, პირიქით, ღირსების სიმაღლესთან ერთად ბუნებისეული სიმდაბლეც ზეაზიდა მან ცოდნის მიერ, და შეძლო ის, რომ ერთი მათგანი საკვირველად განიჭვრიტებოდა მეორეში. მართლაც, რაც იყო, იმავედ შეინარჩუნა მან თავისი თავი ორივეს მიხედვით, პატივისგან ყოვლად დაუკლებლად ორივე მათგანში. ამასთან, ყოველივე იმით, რითაც ღვთისადმი უზადო მსგავსება მოიგო მან, სავსებით ცხადად გვიჩვენა, რომ ღმერთმა თავის სანაცვლოდ მღვდლობა ხელდასხმულჰყო და დაწესებულჰყო დედამიწაზე, სადაც სხვულებრივადაც გამოჩნდა იგი და სადაც არც მისი საიდუმლონი წყვეტენ ჩენილობას მათთვის, რომლებსაც დანახვა ძალუძთ.

ამიტომ, ჩემმა მეუფემ3, რომელიც მოძღვრებასთან ერთად ზნეთა მიერაც წარმოჩნდა, ფრიადი მაცხოვარება იხუროვნა ჩემში, რადგან ისევე როგორც უფალმა ღმერთთან და მამასთან შესარიგებლად უხმო ადამიანებს, ვითარცა შეცთომილთ უფრო, ვიდრე ცთომილების ჩამდენთ (თანახმად პავლე მოციქულის მოწმობისა, რომელიც ამბობს: „ქრისტესთვის ვმოციქულობთ, რადგან ღმერთი ჩვენს მიერ შეგაგონებთ. გევედრებით ქრისტესთვის, შეურიგდით ღმერთს“, (II კორ. 5.20), რათა თავისი ქველმოქმედების სიდიადით შეერცხვინა ისინი და საკუთარი სიბრმავის შეგრძნებამდე მიეყვანა, მსგავსადვე ჩემმა მეუფემაც ნებაყოფლობითი დათმობის გზით კეთილხელოვნად მიპყრა მე ხელი და თითქოსდა იმის ჩვენებით, რომ ნებავდა მას ჩემს ნაწერთაგან იმგვართა სწავლა, რომელთა სწავლებაც მისდამია განწესებული ღირსების გამო, საკუთარი უმეცრება შემაცნობინა ბოლოს და ბოლოს. ამიტომაც, [23]მადლობას ვუძღვნი ჩემს მეუფეს4 და ვიქადი კიდეც იმ ზნეობით, რომლის მიერაც სიმარჯვით განდევნა მან ჩემგან ღრუბელი ჩემი ზვაობისა. ვკლავაც ვთხოვ მას, რომ არ შეწყვიტოს ამგვარ სიტყვათა და ზნეთა მიერ მისი მონის მოწესრიგება.

-----------------------------------------------------------------

(ორიგინალისათვის იხ. PG. t. 91, col. 604-606)

შენიშვნები

[1, 2, 3, 4] - აღნიშნულ ეპისტოლეში გამოთქმა „ჩემი მეუფე“ ყველგან გულისხმობს ადრესატს, კიდონიის ეპისკოპოსს.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:04)