Georgian (Georgia)English (United Kingdom)

რამდენიმე დამატებითი კითხვა თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ ედიშერ ჭელიძესთან




კითხვა:

ბ-ნო ედიშერ, თქვენს ბოლო პუბლიკაციაში სახელწოდებით "ეშმაკეული ქვემძრომიელი" იმდენად მკაფიოდ და მასალობრივად განმარტეთ მძიმე ცთომილება ძე ღმერთის "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებულობისა", რომ აღარ გვეგონა, ამ საკითხზე ისევ თუ მოგმართავდით, მაგრამ, როგორც ირკვევა, მამა იერომიელი კვლავაც მთელი მონდომებით და თქვენდამი რისხით განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ძე ღმერთი არის სწორედ "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებული". რას იტყოდით ამის შესახებ?

პასუხი:

რა შეიძლებოდა გვეთქვა? გარწმუნებთ, რომ ხსენებული პიროვნება კიდევ მეტად გაავდება, კიდევ მეტად გათავხედდება, კიდევ მეტად აულაგმავი გახდება, ვინაიდან იგი სრულად იქნა ჩვენ მიერ სააშკარაოზე გამოყვანილი მთელი თავისი სამოძღვრო გაუკუღმართებით, რასაც აქამდე გულდაგულ ფარავდა.

როდესაც ბოროტების უკეთურება მზის შუქზე გამოიტანება, ამ უკეთურების მთელი სიბილწე და, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, "სულმყრალობა" სწორედ მაშინ აშკარავდება, ბოროტი კი ასეთ დროს ყველანაირი საშუალებით ცდილობს კვლავ სიბნელეში გაექცეს ამგვარ გამოაშკარავებას, რომ ასე მკვეთრად დასანახი არ იყოს მისი უღვთოება.


კითხვა:

აღვნიშნავთ, რომ ხსენებული პიროვნება თქვენ სხვა საკითხებზეც გედავებათ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ადვილი არ არის აზრის გამოტანა, თუ სახელდობრ რასთან დაკავშირებით აქვს მას თქვენი მსჯელობისგან განსხვავებული პოზიცია, მაინც საინტერესო იქნებოდა ამ კუთხით თქვენი შეხედულების გაგება.



პასუხი:

წმინდა სწავლებაში, საზოგადოდ, არავითარი განსხვავებული პოზიციები არ არსებობს, ვინაიდან ჰგიეს ერთი უცვალებელი ღვთივგანცხადებული დოგმატური მოძღვრება. შესაბამისად, პერსონალურად ჩვენ კი არ ვმსჯელობთ რაიმე დოგმატზე, არამედ მხოლოდდამხოლოდ ვციტირებთ წმინდა მოძღვართა სწავლებებს. შესაბამისად, ვისაც, როგორც თქვენ ამბობთ, "ჩვენი მსჯელობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს", სინამდვილეში ჩვენს მიერ ციტირებული წმინდა სწავლებებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა, ცხადია, ამას არ ამბობს, ვინაიდან ამდენი მაინც იცის, რომ თუ, ვთქვათ, იტყვის, რომ იგი ეწინააღმდეგება წმინდა იოანე დამასკელის ან წმინდა მაქსიმე აღმარებლის სწავლებას, თვით ყველაზე უბირი მსმენელიც კი განუდგება მას. ამიტომაა, რომ არაერთი ჩვენი მოშუღარისგან შემოტანილი იქნა ეს ეშმაკეული ხერხი და მანქანება, ამბობენ რა, რომ ისინი გვეწინააღმდეგებიან პერსონალურად ჩვენ, თუმცა გულდაგულ ფარავენ იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ციტატები მოგვაქვს და ისინიც, სინამდვილეში, სწორედ ამ ციტატებს ანუ ეკლესიის მამათა დოგმატურ სწავლებებს გმობენ მთელი მათი უკეთური აგზნებულობით.

რაც, შეეხება იმას, რომ ზემოხსენებული სუბიექტი თითქოსდა სხვა საკითხებზეც გვედავება, ჩვენ სიამოვნებით სათითაოდ, ცალკეულად განვუმარტავდით ყოველ ამგვარ საკითხს და უცხადესად ვუჩვენებდით მის კატასტროფულ ცთომილებებს, მაგრამ მსგავს განმარტებას აზრი უნდა ჰქონდეს.

როდესაც ადამიანი მთელი მონდომებით ამტკიცებს, რომ, მაგალითად, ორჯერ ორი შვიდია და ამაზე შორის მისი გონების განვითარება არ მიდის, რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებს მასთან განტოლებებისა და უმაღლესი ალგებრის კურსის სერიოზულ განხილვას?

ამასთან, ადამიანმა ჯერ სასიკვდილო ლახვარი უნდა ამოიძროს თავისი გულიდან, რომ საკუთარი სხეულის სხვა ორგანოთა ჯანმრთელობაზე იზრუნოს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სწორედ "სასიკვდილო ლახვარია" იმის თავმოძულებული მტკიცება, რომ ძე-ღმერთი არის "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებული".



კითხვა:

მოწინააღმდეგეთა როლში გამოვალ და გკითხავთ: ღმრთეება ანუ არსება ხომ განკაცებაშიც განუშორებელია ძე-ღმერთისგან?



პასუხი:

რათქმაუნდა, აბსოლუტურად განუშორებელია, ვინაიდან განკაცებული მაცხოვრის ერთ ჰიპოსტასში უმწვერვალესად შეერთდა სრული ღმრთეება და სრული კაცება. შესაბამისად, ჭეშმარიტად ყოვლადსრული ღმრთეების მქონე ძე-ღმერთი ჰგიეს მარადიულად, რაც ნიშნავს, რომ ყოვლადსრული ღმრთეების მქონე ძე-ღმერთი ჰგიეს განკაცებულობაშიც ანუ კაცობრივ შობილობაშიც, კაცობრივ ჯვარცმულობაშიც, კაცობრივ სიკვდილშიც ჯვარზე, კაცობრივ დაფლულობაშიც, კაცობრივ აღდგომილობაშიც, კაცობრივ ამაღლებულობაშიც და - უკუნისამდე ჟამთა, თუმცა ეს აბსოლუტურად არანაირად არ ნიშნავს იმას, თითქოს  ყოვლადსრული ღმრთეების მქონე ძე-ღმერთი არის "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებული" (დაიწყევლოს ეს!).

კვლავ აღვნიშნავთ, რომ ძე ღმერთის ჰიპოსტასია განკაცებული და არანაირად ძე-ღმერთის არსება, არანაირად ძე-ღმერთის ღმრთეება, ვინაიდან ძე-ღმერთი განკაცდა სწორედ იმით, რითაც განსხვავებულია მამისა და სულიწმინდისგან, ხოლო მამისა და სულიწმინდისგან იგი განსხვავებულია მხოლოდ თავისი ჰიპოსტასით და ჰიპოსტასური შობილობით (ძეობით), რაც არანაირად არ განეკუთვნება არც მამას (რომელიც ჰიპოსტასურად უშობელია), არც სულიწმინდას (რომელიც ჰიპოსტასურად გამომავალია მამისგან) და, ცხადია, არც ღმრთეებას, მაშინ როცა იგივე  ძე-ღმერთი, მეორე მხრივ, თავისი "არსებით" ანუ "ღმრთეებით" აბსოლუტურად უიგივდება მამასა და სულიწმინდას ანუ ყოვლითურთ ერთღმრთეებითია მათთან, რის გამოც თუ ძე-ღმერთი "არსებით ანუ ღმრთეებით" არის განკაცებული, მაშ, იგი გარდაუვალად განკაცებული ყოფილა "მამით და სულიწმინდით" ანუ განკაცებული ყოფილა ყოვლადწმინდა სამებით.

აი, ეს საზარელი უკეთურება, ეს აბსოლუტური სიშლეგე, ეს სამარადჟამო დაწყევლილობა და წარწყმედილობა იქადაგება ხსენებული სუბიექტისგან ქრისტეს სახელით, თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ამგვარი უღვთოების მქადაგებელს, საზოგადოდ, სახელი არ აქვს და არც არავითარ მნიშვნელობას არ შეიცავს ვინმე ამგვარის სახელი, ვინაიდან, ხაზგასმით ვამბობთ, ყველა ის, ვინც იტყვის, რომ ძე-ღმერთი "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცდა", შეუნანებლობის შემთხვევაში, სახელის არმქონე, უსახელო ანუ უხსენებელი იქნება, ვინაიდან მისი სახელის ხსენება საუკუნოდ აღმოიფხვრება წმინდა წიაღიდან. ეს გარდაუვალია. საზოგადოდ, წარმოუდგენელია, რომ ამგვარი "მრწამსის" მქონე ადამიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი იყოს ანდა, მთლად საშინელი, იგი, როგორც, მოციქულის თქმისებრ, ყოვლითურთ "უწირავი", სწირავდეს წმინდა მსხვერპლს და ხელით ეხებოდეს იმ სიწმინდეს, რასაც იგი თურმე ღმრთეების  ხორცად და სისხლად აღიარებს.



კითხვა:

მაგრამ, როგორც გექიშპებიან, ხომ სრული ღმერთი განკაცდა?



პასუხი:

რათქმაუნდა, სრული ღმერთი განკაცდა, ვინაიდან ჭეშმარიტად სრული ღმერთია მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ სრული ღმერთეება ანუ სრული არსება განკაცდა და თვით ძე-ღმერთიც, ჭეშმარიტად სრული ღმერთი, თავისი ღმრთეებით როდი განკაცებულა.



კითხვა:

თქვენ აღნიშნეთ, რომ ჭეშმარიტად ყოვლადსრული ღმრთეების მქონე ძე-ღმერთი ჰგიეს მარადიულად და რომ ყოვლადსრული ღმრთეების მქონე ძე-ღმერთი ჰგიეს განკაცებულობაშიც. ნუთუ ის, რომ "ღმრთეების მქონე" ძე-ღმერთი განკაცდა, მცირედით მაინც არ გულისხმობს, რომ იგი "ღმრთეებით" განკაცდა. განა გამოთქმები "ღმრთეების მქონე" და "ღმრთეებით" ასე განსხვავებულია?



პასუხი:

დიამეტრულად, აბსოლუტურად და გადაულახავად განსხვავებულია.

მაგალითისთვის, ადამიანი არის ორი ბუნების - სულისა და სხეულის - მქონე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, ცხადია, თავისი სულის მქონეა ნებისმიერ დროს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი, ვთქვათ, თავისი ხორციელი ხელით ჭიქას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროსაც, რათქმაუნდა, იგი თავისი სულის განუყრელად მქონეა ანუ მისი სულიც მასთანვეა, განა ჭკუათმყოფელთაგან ვინმე იტყვის, რომ მან თავისი სულით აიღო ჭიქა? ცხადია არავინ იტყვის ამას, იმიტომ, რომ ითქმის მხოლოდ ის, რაც მოქმედებს ანდა რაც უშუალოდ მიმღებია (განმცდელია, დამთმენია) მოქმედებისა. შესაბამისად, თუ მაცხოვარი განკაცდა თავისი ღმრთეებით ანუ არსებით, გამოდის, რომ მის ღმრთეებას უმოქმედია ან მიუღია (განუცდია, დაუთმენია) გაკაცება, რაც აბსოლუტურად იგივეა, რომ ღმრთეება განკაცებულა (დაიგმოს ეს!).

ახლა მეორე და კიდევ უფრო მთავარი:

თუ მაცხოვარი არსებით ანუ ღმრთეებით განკაცდა, მაშ, იგი გამხდარა არსებით ანუ ღმრთეებით მიმღები და განმცდელი (დამთმენი) ყოველივე იმისა, რასაც განკაცება გულისხმობს ანუ, გამოდის (ჰოი უღვთოებავ!), "ღმრთეებით ანუ არსებით განკაცებული" ძე-ღმერთი ყოფილა "ღმრთეებით ანუ არსებით ჩასახული" მარიამის წიაღში, "ღმრთეებით ანუ არსებით შობილი" მარიამისგან, "ღმრთეებით ანუ არსებით ჯვარცმულ-ვნებული", "ღმრთეებით ანუ არსებით მომკვდარი" ჯვარზე და ა. შ. თუმცა წმინდა სწავლების მიხედვით ეს ყოველივე მხოლოდ ძე-ღმერთის ჰიპოსტასმა (და არანაირად მისმა არსებამ, არანაირად მისმა ღმრთეებამ) მიიღო და დაითმინა კაცობრივად ანუ ადამიანური ბუნებით, ვინაიდან სწორედ ძე-ღმერთის ჰიპოსტასია კაცობრივი ბუნებით (და არა ღმრთეებით) ჩასახულიც, შობილიც, ჯვარცმულ-ვნებულიც და ჯვარზე აღსრულებულიც. დიახ, თუ არსებით ანუ ღმრთეებით მოხდა ძე-ღმერთის განკაცება და თუ ძე-ღმერთმა არსებით ანუ ღმრთეებით მიიღო  ყოველივე ის, რასაც განკაცება გულისხმობს, კერძოდ - შობა-ჯვარცმა-სიკვდილი (ვინაიდან რითაც განკაცდა, ცხადია, იმითვე იშვა, ჯვარს-ეცვა და მოკვდა), მაშ, რატომ გმობს წმინდა ეკლესია ამ ყოველივეს უსაშინლესი დაგმობით? მოისმინონ და შეიკდიმონ:

"მოკვდა ჭეშმარიტად ჩვენთვის უფალი ხორცით და არა არსებით, ... არ მისცემია იგი სიკვდილის ტანჯვას თავისი ღმრთეებით, ნუ მოხდება ეს! დაე განვიდეს და განიდევნოს ყველა ქრისტიანისგან ეს აზრი, ვინაიდან ღმრთეება არ ივნებს და არც კვდება" (შდრ. "მოკუდა ჭეშმარიტად ჩუენთჳს უფალი ჴორცითა და არა არსებითა, ... არა ღმრთეებითა თჳსითა მიეცა ვნებასა სიკუდილისასა. ნუ იყოფინ! განვედინ და განჴედინ ყოვლისაგან ქრისტეანისა ესე გულისა-სიტყუაჲ, რამეთუ ღმრთეებასა არა ევნების და არცა მოკუდების" (ალექსანდრე კვიპრელის ქრონიკა, თბ. 1978, გვ. 46).

კიდევ:

"იშვა ქრისტე და განკაცნა სიტყუაჲ  ღმრთისაჲ, ჴორცითა იშვა, ჴორცითა ჯუარს ეცუა და ჴორცითა მოკუდა, ხოლო უვნებელად ეგო ღმრთეებითა" (წმ. იოანე დამასკელი, გარდამოცემა, თავი 80, წმ. ეფრემ მცირის თარგმანი).

"არა შეცვალა ბუნებაჲ  ღმრთეებისა თჳსისაჲ  არსებად ჴორცთა, არცა აქცია არსებაჲ  ჴორცთაჲ  ბუნებად ღმრთეებისა თჳსისა" (წმ. იოანე
დამასკელი, გარდამოცემა, თავი 47, წმ. ეფრემ მცირის თარგმანი).

"ჴ ო რ ც ნ ი შ ე ი ს ხ ნ ა წმიდისაგან ღმრთისმშობელისა, ... ნ ა თ ე ლ ი ღ ო წმიდასა იორდანესა იოვანჱსგან, ... ნეფსით ჯ უ ა რ ს - ე ც უ ა , მ ო კ უ დ ა ჴორცითა და არა ღმრთეებითა" (წამებაჲ წმიდისა მოწამისა ბოაჲსი, კიმენი 2, გვ. 48) .

"რომელი უწინარეს საუკუნეთა იშვა მამისაგან ღმრთეებითა, ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს განჴორციელდა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა ჭეშმარიტისა მის ღმრთისმშობელისა ბუნებითა კაცობრივითა" (მცირე სჯულისკანონი თბ. 1972, გვ. 20).

"ის, რომ ღმრთეება ადამიანი გახდა ან ხორცი შეისხა მან ანდა განკაცდა, არასოდეს გვსმენია" ((წმ. იოანე დამასკელი, გარდამოცემა, თავი 55, თბ. 2020, გვ. 376. შდრ. წმ. ეფრემ მცირის თარგმანი: "ხოლო თუ ღმრთეებაჲ  კაც იქმნა, ანუ ჴორც იქმნა, ანუ განკაცნა, _ ესე არასადა გუასმიეს". წმ. არსენ იყალთოელის თარგმანი: "ხოლო ვითარმედ ღმრთეებაჲ  კაც იქმნა, ანუ განKორციელდა, ანუ განკაცნა, _ ესე არასადა გუასმიეს").

და აურაცხელი სხვა.

ბოლოს შეჩვენება:

"რომელნი ქადაგებენ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ვნებულად ღმრთეებითა, შეჩუენება!" (იხ. "დოგმატიკონი": "შეჩუენებანი იაკობიტთა და ყოველთა ერთ-ბუნებიანთანი, რომელთა თანა არიან სომეხნიცა", მაცნე, 1975, გვ. 29).

ანალოგიური აურაცხელი წყაროს შემდეგ ნებისნიერ მკითხველს მოვუწოდებთ, რომ ზემორე უღვთოების მამტკიცებლებს კატეგორიულად მოსთხოვონ თუნდაც ერთი ნიმუში, ერთი მაგალითი - დიახ, თუნდაც მხოლდოდამხოლოდ ერთი - რომელიმე წმინდა წყაროდან, სადავ ნაუწყები იქნებოდა, რომ ძე-ღმერთი არის განკაცებული "არსებით ანუ ღმრთეებით" და თუ ამგვარ მოწმობას ვერსად ნახავენ, დაე, "მართლუკუნ იქცნენ ჩვენგან".

კითხვა:
ამბობენ, რომ წმ. მაქსიმე აღმსარებელი არაიშვიათად ამბობს ამასო. არის ეს ასე?

პასუხი:
პიროვნების წარწყმედილობა და სულიერი დანაშაული ბევრად იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პიროვნება თავისი უღვთოების დასაცავად ცრუდ მოუხმობს წმინდა მოძღვართ. სწორედ ამგვარი ქმედებაა "ქვემძრომიელობა", როდესაც მავანი ცდილობს, რომ თავისი უღვთოება ღვთიურობის ნიღბით შებუროს, რომ თავისი სიბილწე შეახოს სიწმინდეს. დიახ, ეს უთუოდ ასეა, და თუ ასე არ არის, რამ შეუბორკათ ხელები, რატომ არ იმოწმებენ კონტერულ ტექსტს, სადაც წმ. მაქსიმე იტყოდა, რომ ძე-ღმერთი თურმე "არსებით ანუ ღმრთეებით ყოფილა განკაცებული". რა უშლით ხელს, რომ მოიტანონ შესაბამისი ბერძნული წყარო? თუ ვერ მოტანენ (და, გარწმუნებთ, უკუნისამდე ვერ მოიტანენ), ხომ უნდა დაიგმონ როგორც ცრუნი და სიწმინდის-მკრეხველენი? ამასთან, შემიძლია მათ საქმე გავუადვილო. მე თვითონ მივაწვდი წმ. მაქსიმეს სრულ მემკვიდრეობას, მისი თორმეტტომეულის სრულ ტექსტს (თუნდაც Word-ის ფაილით) ანდა მე თვითონ ამოვუწერ ტერმინ "ღმრთეების" (ბეძნ. θεότης ) აბსოლუტურად ყველა შემთხვევას (სულ 309-აა), ისევე როგორც ტერმინ "განკაცების" (ბერძნ. ἐνανθρώπησις, ἐνανθρωπῆσαι) დამოწმებათა სრულ მოცულობას (სულ 94 შემთხვევაა) და თუ ასეთ დროს, ე. ი. სამასზე მეტ დამოწმებაშიც კი, ერთ შემთხვევასაც ვერ წარმოადგენენ თავიანთი სიცრუის გასამყარებლად, ანუ ერთ შემთხვევაშიც ვერ იპოვიან ფრაზას, რომ ძე-ღმერთი არის "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებული" (ბერძნ. οὐσιᾳ ἢ θεότητι ἐνανθρωπήσας), რა ხვედრის ღირსნი იქნებიან?
კითხვა:

რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ზემოთქმულიდან? აქვს კი რაიმე მნიშვნელობა ამგვარ პირთა მიმართ წმინდა სწავლებათა ციტირებას? შეისმენენ კი რამეს?

პასუხი:

უპირველესად, დასკვნის შესახებ ვიტყვით, რომ დასკვნა გარდაუვლად ერთია: ზემოხსენებული აბსოლუტური დაღუპულობის (ძე-ღმერთის "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებულობის") მქადაგებელნი არანაირ სახელს არ ატარებენ. უკეთ, კვლავ აღვნიშნავთ, მათი ერთადერთი სახელია "ეშმაკეული-ქვემძრომიელი", ვინაიდან ისინი, ერთი მხრივ, ნაცვლად უმხურვალესი სინანულისა და ღვთისადმი განუწყვეტელი შეტირილისა მათ მიერ ჩადენილი გაუგონარი უღვთოების შესანდობად, საკუთარ თავს სრულად უსპობენ სინანულს, ხოლო სინანულის არმქონე სწორედ ეშმაკეულია, მეორე მხრივ კი, დასაბამიერი ქვემძრომის მცირე ნაშიერებად ანუ ქვემძრომიელებად წარმოგვიდგებიან, ცდილობენ რა, რომ, რამდენადაც შეძლებენ, იქვემძრომონ ჭეშმარიტების წიაღში ანუ საღვთო სიწმინდეში "შემოაკლაკნონ" და აქ დააბუდონ მათი გამხრწნელი ცრუმოძღვრებანი.

სხვათა შორის, ერთი ასეთი ქვემძრომიელი ბოლო ხანებში აკადემიის კედლებშიც ქვემძრომობდა, თუმცა ვერ ეწია რა საწადელს, სადღაც თავისი სულის ბნელ ბუნაგში შეიგორგლა. ამასთან, თქვენ რომ ციტატებზე და არგუმენტებზე მეკითხებოდით, თვალნათელ მაგალითად გეტყვით, რომ როდესაც მსოფლიო კრების დადგენილება წინ დავუდეთ ზემოხსენებულ ქვემძრომიელს, წარმოვუდგეთ უმნიშვნელოვანესი დოგმატური წყაროები და იგი მაინც, თავისი ბოროტი გონებაშეზღუდულობით, კვლავაც საკუთარ წარმწყმედ მოძღვრებას შეეკერპა, რაღა არგუმენტები უნდა წარვუდგინოთ მას ამის შემდეგ? ასეთ დროს, სჯულისკანონის სწავლებით, უნდა ჩამოვიფერთხოთ ჩვენგან მისი სიბილწის მტვერი და განვეშოროთ მას, რათა არ მოხდეს ისე, რომ დაუსრულებლად ვუმეორობდეთ მსგავს ქვემძრომიელებს ერთსა და იმავეს, რისი მიმღებნიც ისინი, როგორც ჩანს, აღარ გახდებიან.

AddThis Social Bookmark Button