Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წერილი I

 

"ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, ვლოცულობ, რომ კარგად იყო. დღეს მივიღე შენი წერილი და გპასუხობ ყველა შენს შეკითხვაზე. რასაც მთხოვ, დროსა და შრომას არ საჭიროებს, რომ მოვიფიქრო და გიპასუხო. ჩემთვის გონიერი ლოცვა იგივეა, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის თავისი ხელობა, რადგან ოცდათექვსმეტ წელზე მეტია, რაც ამისთვის ვშრომობ.

როცა წმინდა მთაზე მოვედი, მაშინვე დავიწყე იმ მეუდაბნოეთა ძიება, რომლებიც [გონიერი] ლოცვისთვის იღვწოდნენ. მაშინ, ორმოცი წლის წინ, ბევრნი იყვნენ, ვინც შინაგანი ცხოვრებით ცხოვრობდა – სათნოებით შემკული ადამიანები, ძველი მოძღვრები. სულიერი მოძღვარი ამათგან ავირჩიეთ, ისინი ჩვენი მასწავლებლები გახდნენ.

 

იმისათვის, რომ გონიერ ლოცვას დაეუფლო, საჭიროა საკუთარი თავის იძულება, განუწყვეტლივ უნდა წარმოთქვამდე ლოცვას ბაგით. თავიდან სწრაფად, რომ გონებამ¹ (ბერძ. νοῦς) გაფანტვა ვერ მოასწროს. ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“. როცა ლოცვა სიტყვიერად საკმაოდ დიდხანს გრძელდება, გონება ეჩვევა და მის გამეორებას საბოლოოდ თვითონ იწყებს. ამის შემდეგ სიტკბოებით ივსები, თითქოს პირში თაფლი გქონდეს და მუდამ გინდა, რომ ლოცვა იმეორო. თუ შეწყვეტ მას, ძლიერ მწუხრდები.

როცა გონება ლოცვას მიეჩვევა და მისით დანაყრდება, ესე იგი, კარგად შეისწავლის, მაშინ ის გულში აგზავნის ლოცვას. რადგან გონება სულის მკვებავია და რასაც ხედავს და ისმენს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, მისი საქმეა მისი გულში ჩაშვება, იქ, სადაც ადამიანის სულიერი და ხორციელი ძალების ცენტრი და გონების საყდარია. ასე რომ, როცა მლოცველი ლოცვას წარმოთქვამს, საკუთარ გონებას ყოველგვარი წარმოსახვისგან იცავს და ყურადღებას მხოლოდ ლოცვის სიტყვებს აქცევს. მაშინ ის, მსუბუქი სუნთქვით, გარკვეული იძულებითა და საკუთარი სურვილით, გონებას გულში ჩაუშვებს, თითქოს სივიწროვეში აჩერებს და თანაბრად წარმოთქვამს ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!“.

თავიდან მლოცველი რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და ერთხელ ჩაისუნთქავს. შემდეგ, როცა გონება გულში ყოფნას მიეჩვევა, ყოველ ჩასუნთქვაზე ერთ ლოცვას იტყვის: „უფალო იესუ ქრისტე“ – ჩასუნთქვა, „შემიწყალე მე“ – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოეფინება სულს და არ დაიწყებს მასში მოქმედებას. ამას კი მოჰყვება ჭვრეტა (ბერძ. θεωρία).

ამგვარად, ლოცვა ყველგან ითქმის: ჯდომისას, საწოლში, სიარულისას, დგომისას. „მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით“², – ამბობს მოციქული. ლოცვა არ არის საკმარისი მხოლოდ წოლისას. საჭიროა ბრძოლა: დგომისას და ჯდომისას. როცა იღლები, ჯდები, მერე ისევ დგები, ძილი რომ არ მოგერიოს.

ამას ეწოდება „შრომა“ (ბერძ. πρᾶξις). შენ უფალს შენს კეთილ განზრახვას უჩვენებ, ყველაფერი კი მასზეა დამოკიდებული – მოგცემს თუ არა. ღმერთი არის დასაბამი და დასასრული. მისი მადლი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ყველაფერი მოქმედებაში მოჰყავს

იმისათვის, რომ სიყვარული ამოქმედდეს, საჭიროა მცნებების დაცვა. როცა ღამით დგები და ლოცულობ, როცა ავადმყოფს ხედავ და თანაუგრძნობ, როცა ხედავ ქვრივ-ობლებსა და მოხუცებს და წყალობ მათ, მაშინ უყვარხარ ღმერთს და შენც გიყვარს ის. უპირველესად მას უყვარხარ და ღვრის თავის მადლს. და ჩვენ კი უნდა მივცეთ ჩვენი ჩვენთაგანი, „შენთა შენთაგან“.

ასე რომ, თუკი მხოლოდ ლოცვის საშუალებით ცდილობ ღმერთის პოვნას, ერთხელაც ნუ ჩაისუნთქავ  ლოცვის გარეშე. ოღონდ გაფრთხილდი, წარმოსახვები არ მიიღო. რადგან ღმერთი უფორმო, წარმოუსახველი და უფეროა; იგი ზესრულყოფილია. არ ექვემდებარება ლოგიკას. იგი მსუბუქი სიოსავით მოქმედებს ჩვენს გონებაში.

ლმობიერება³ მაშინ მოდის, როცა ფიქრობ, თუ როგორ დაამწუხრე ღმერთი, ის, ვინც ასეთი კეთილია, ტკბილია, მოწყალეა, სახიერია, სავსეა სიყვარულით, ვინც ჯვარს ეცვა და ივნო ჩვენთვის. ყველაფერ ამაზე, განსაკუთრებით კი, უფლის ტანჯვაზე ფიქრს ლმობიერება მოაქვს.

ამგვარად, თუკი შეგიძლია ხმამაღლა და განუწყვეტლივ თქვა ლოცვა, ორი-სამი თვის შემდეგ მიეჩვევი მას. მადლი მოგეფინება და გამოგაცოცხლებს. ოღონდ ხმამაღლა, შესვენების გარეშე თქვი ლოცვა და როცა მას გონება მიიღებს, დაისვენებ მისი ენით წარმოთქმისგან. და კვლავ, როცა გონება შეწყვეტს ლოცვას, ენა დაიწყებს მის ხმამაღლა წარმოთქმას. თავიდან, სანამ მიეჩვევი, მთელი ძალდატანება სჭირდება ენას. შემდგომ, მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, გონება ძალდატანების გარეშე შეძლებს მის წარმოთქმას.

როცა წმინდა მთაზე ჩამოხვალ, როგორც ამბობ, მოდი ჩვენთან და გვინახულე. ოღონდ მაშინ სხვა რამეზე ვისაუბრებთ. ლოცვისთვის დრო არ დაგრჩება. ლოცვას იქ დაეუფლები, სადაც შენი გონება დაწყნარებული იქნება. აქ, მონასტრებში ხეტიალისას შენი გონება სხვა რამით დაკავდება, იმით, რასაც მოისმენ და ნახავ.

დარწმუნებული ვარ, რომ ლოცვას⁴ დაეუფლები. ნუ დაეჭვდები. მხოლოდ დააკაკუნე უფლის მოწყალების კარზე და ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტე კარს გაგიღებს. სხვაგვარად შეუძლებელია. ძლიერ შეიყვარე ის, რომ ბევრი მიიღო. იმის მიხედვით, თუ როგორია შენი სიყვარული მის მიმართ, დიდი თუ მცირე, მისი წყალობაც ასეთივე იქნება  – დიდი ან მცირე."

---------------------------------------------------------------


1. „საეკლესიო ტრადიციაში ერთმანეთისგან ნათლად განირჩევა გონება (νοῦς) და აზროვნება (λογικῆ). გონება გულში მოქმედებს (მკვიდრობს) მაშინ, როცა იგი თავისი ბუნების შესაბამისად ფუნქციონირებს. ადამიანის დაცემის გამო გონება, ნაცვლად გულში მყოფობისა, გარე სამყაროშია გაბნეული და ქმნილებას ემონება. ამასთანავე, სწორედ ესაა ადამიანის დაცემაც და რეალურად – ცოდვაც (ἁμαρτία). ისიქაზმი (ἡσυχασμός), მართლმადიდებლური ასკეტიზმი ის თეოლოგიური მიმდინარეობაა, რომლითაც გარეთ გაბნეული და აზროვნებასთან (ლოგიკა) აღრეული გონება კვლავ გულში დაბრუნებას ცდილობს. აი, ამ დროსაა ადამიანი თავის ბუნებრივ (დასაბამიერ) მდგომარეობაში და აღასრულებს არსებობის მიზანსაც.“ მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი (ბერძნულიდან თარგმნა ლევან ხატიაშვილმა).


2. 1თეს. 5, 17-18.


3. იგულისხმება სინანულის, შემუსრვილი გულის, სიმდაბლის გრძნობა.


4. იგულისხმება იესუს ლოცვა.


ინგლისურიდან თარგმნა ვაჩე მაკარიძემ

წიგნიდან: ბერი იოსებ ისიქასტი, "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა", გვ. 40-42, წერილი 1-ლი, წმინდა ანტონი დიდის ბერძნული მონასტრის გამოცემა (არიზონა, 1998).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 29 AUGUST 2021 20:34)