Georgian (Georgia)English (United Kingdom)

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაზე წერა ყოველი ისტორიკოსისათვის საპატიო, მაგრამ, ამავე დროს, საპასუხისმგებლო საქმეა. როდესაც ეცნობი საარქივო მასალებს, საინტერესო მოგონებებს, გიჩნდება იმის სურვილი, რომ მათი უმრავლესობა საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გახადო, მაგრამ, ამავე დროს, იმის შიშიც გიპყრობს, რამდენად სწორად გაიგებს მას საზოგადოება. სამწუხაროდ, არის ისტორია, რომელიც იწერება ფართო მასებისათვის და ისტორია, რომელიც რჩება დაფარული და დროთა განმავლობაში დავიწყებისათვისაა განწირული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში 1968 წლის შიდასაეკლესიო ამბოხის შესახებ ინფორმაცია სალონურ საუბრებსა და მოგონებებს არ გასცილებია. ვფიქრობ, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ რა მოხდა 1968 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში. წარსულის გახსენებას მაშინ აქვს აზრი, თუ იგი აწმყოსა და მომავლის სწორად გააზრებაში დაგვეხმარება.

XX საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო. 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე, რომელმაც 20 წლის განმავლობაში უწინამძღვრა საქართველოს ეკლესიას. საქართველოს ეკლესიის მეთაური გახდა მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის სახელწოდებით. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო გამკაცრდა სახელმწიფოს დამოკიდებულება საბჭოთა კავშირში არსებული რელიგიური კონფენსიების მიმართ. უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-ს ხელისუფლებამ არ მისცა "საქართველოს ეკლესიის უწყებანის" გამოცემის, სასულიერო-სამოძღვრო კურსების გახსნის უფლება. ამის გარდა, საერო ხელისუფლებაში მრავლად იგზავნებოდა ხელმოუწერელი წერილები, რომლებშიც მრავალ ბრალდებას უყენებდნენ კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ს. "გულშემატკივარი ეკლესიისა" - ასე აწერდა ხელს ანონიმი ავტორი: "საქართველოს ეკლესიას შემდეგი არსებობისათვის საფუძველი უკვე გამოცლილი აქვს და ამაში მთავარი დამნაშავე თვით პატრიარქია... მან უკანონო არჩევნებით დაარღვია წმიდა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიის კანონი, - წერილის ავტორი მკაცრად გმობდა პატრიარქ მელქისედეკ III-ის მიერ ზინობის ეპისკოპოსად კურთხევის ფაქტს... - უწინდელ დროში, როდესაც საქართველოს ეკლესიას ამა თუ იმ ობიექტური პირობების გამო, რაიმე წარუმატებლობა შეემთხვეოდა, მას მთელი მოწინავე ინტელიგენცია ესარჩლებოდა და ცდილობდა გაზეთის ფურცლებზე გამოსვლით მისი ჭირ-ვარამი შეემსუბუქებინა, მოუწოდებდა რა მას მეტი ბრძოლის უნარის გამოჩენისაკენ მისი აღორძინების მიზნით. დღეს ეკლესია მოწყვეტილია სახელმწიფო ორგანიზმს, ამიტომ მისი ერთადერთი ქომაგი და პატრონი პატრიარქია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ფიქრი და მეცადინეობა იქითკენაა მიმართული, რომ თავის თავს შეუქმნას უშფოთველი და დალხინებული ცხოვრება და მის შემდეგ თუნდაც მეწყერს წაეღოს ყოველივე... იგი სამსახურიდან ათავისუფლებს ყველას, შეაქვს ადამიანებში უთანხმოება, ადგილი აქვს უსამართლო პირადი ჯიუტობით გამოწვეულ მოქმედებებს. ყოველივე ზემოთქმული დღევანდელ მშობლიური ეკლესიის მდგომარეობაზე მოთხრობილი ავალებს ყველა მორწმუნეს ხმა აღიმაღლონ ეკლესიის ასეთი უმწეო მდგომარეობის წინააღმდეგ, რათა მოწვეულ იქნას საეკლესიო კრება, რომელიც დასახავს ღონისძიებებს საეკლესიო ცხოვრების ნორმალიზაციისა და მისი გაჯანსაღებისათვის."1 პატრიარქი მელქისედეკი იძულებული იყო რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მ. მექვაბიშვილის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის გ. ჯავახიშვილის სახელზე გაეგზავნა მოხსენებითი ბარათები და უარეყო წაყენებული ბრალდებები. პატრიარქ მელქისედეკს აჯერებდნენ, რომ ამ წერილების ავტორებს თითქოს მიტროპოლიტი ეფრემი აქეზებდა. ამით სურდათ მათი დაპირისპირების პროვოცირება. ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ 1957 წლის 8 ნოემბერს მოიწვია წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემი, ურბნელი ეპისკოპოსი დავითი, სტეფნელი ეპისკოპოსი ზინობი, ქუთათელგაენათელი ეპისკოპოსი ნაუმი, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია, დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი. "სინოდმა ეკლესიიდან განკვეთა მოქალაქე თომა ჩიქვანაია, დეკანოზი მელქისედეკ ხელაძე, მთავარდიაკონი ამბროსი ახობაძე".2 პატრიარქმა მელქისედეკ III-მ მიტროპოლიტ ეფრემის გადაყენებაც მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა. მან კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა ქუთათელ ეპისკოპოს ნაუმ შავიანიძეს შესთავაზა (1959 წ.), ხოლო როდესაც უარი მიიღო, ურბნელი ეპისკოპოსი დავით დევდარიანი დანიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად, მოსაყდრედ და მიანიჭა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. იმავე დღეს შეკრებილმა წმიდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადააყენა ეპისკოპოსი დავითი და მის ნაცვლად მოსაყდრედ აირჩია ბათუმშემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი. 1960 წლის 19-20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის X საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ეფრემი აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად. საერო ხელისუფლებისათვის ახლად არჩეული პატრიარქი მიუღებელი პერსონა იყო. იგი 1924 წელს რამდენჯერმე დაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სასამართლო პროცესზე. 1937 წლის 10 დეკემბერს ე. წ. "სამეულის" გადაწყვეტილებით (მუხლი №58, 11) დაპატიმრებულ იქნა, გადაასახლეს ციმბირში. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ განთავისუფლებულ იქნა, მაგრამ ხელისუფლება არ ენდობოდა მას. ამიტომ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატის მეშვეობით კიდევ უფრო აძლიერებდა ზეწოლას პატრიარქზე. შექმნილ ვითარებას კარგად ასახავს მისი უწმიდესობის ეფრემ II-ის შემდეგი ჩანაწერი: "დაახლოებით თერთმეტი თვის შემდეგ ჩემი კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა, 1960 წლის 8 დეკემბერს, განვიზრახე განცხადებით შევსულიყავი უმაღლეს მთავრობაში. ამ ნაბიჯის გადადგმას მავალდებულებდა სინდისი, სარწმუნოება, ჩემი ერის სიყვარული და ამათ წინაშე ჩემი პასუხისმგებლობის შეგრძნება. უფრო ახლოს გავეცანი რა საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ სინამდვილეს, ვცანი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა მისი სამწუხარო მდგომარეობა, კატასტროფას ვერ გადაურჩებოდა... განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო ღვთისმსახურთა რაოდენობა, ეს საკითხი მძიმე ლოდივით ადგას ქართულ ეკლესიას გულზე და საფრთხეს უმზადებს მას. 1962 წლის 3 ივლისს მომეცა შესაძლებლობა მქონოდა აუდენცია საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ გივი ჯავახიშვილთან. ჩემი პირადი მოხსენების შემდეგ მან ბრძანა - რახან არსებობს ეკლესია, მას უნდა ჰქონდეს სასწავლებელიცა და გამომცემლობაცო, - ამას ისმენდა ჩემს გვერდით მჯდომი მაშინდელი რელიგიის საქმეთა რწმუნებული ბატონი მექვაბიშვილი, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა."3 ვითარების კიდევ უფრო

გართულებას გვაუწყებს მისი უწმიდესობის ეფრემ II-ის შემდეგი ჩანაწერი, რომელიც 1963 წლის 8 ნოემბრით არის დათარიღებული: "საკათოლიკოსოს სამეურნეო ნაწილის გამგე, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია განთავისუფლდა სამსახურიდან იმის გამო, რომ ვეღარ გაუძლო მე-19 მუხლით დაბეგვრას. არავის აღარ უნდა მუშაობა... დღეს არც მდივანი მყავს, არც სამეურნეო ნაწილის გამგე, არც მძღოლი. ასე რომ საპატრიაქო ისე გამოიყურება, თითქოს ლიკვიდაცია ქმნილ იყვეს."4 უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად ფარხმალს არ ყრიდა, მან მაინც მოახერხა 1963 წელს მცხეთაში სამოძღვრო კურსების გახსნა. რამდენიმე მღვდელმთავრის კურთხევა (მეუფე ილია - 1963 წელს, მეუფე რომანოზი - 1965 წ. მეუფე გაიოზი - 1972 წ.) ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია 1962 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის პარიზში ყოფნის დროს ქართველ ემიგრანტებთან მისმა შეხვედრამ და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე სტუმრობამ. ამიტომ მისი დაშინების მიზნით ეკლესიის შიგნით დაიწყეს დაპირისპირების პროვოცირება. 1968 წლის ივნისში ბენედიქტე ჯალაღანიამ და ალექსანდრე ქათამაძემ მცხეთის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილეს არქიმანდრიტ პართენ აფციაურს ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართეს: "თქვენო მაღალღირსებავ, არქიმანდრიტის ხარისხი ბერად აღკვეცის უფლებით გმოსავთ. ჩვენი მორიგი კრების გადაწყვეტილება გთხოვს (ამავე დროს მოითხოვს თქვენგან), ბერად აღკვეცოთ მსურველნი: ბენედიქტე ჯალაღონია და ალექსანდრე ქათამაძე. პატრიარქ ეფრემ II-ის მავნებლური ცდა მოსპოს შავი სამღვდელოება (ბერობაეპისკოპოსობა) და აქედან ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საპატრიარქო ტაძრის მრევლს და ოცეულს ხსენებულ აღსაკვეცებთან ერთად დაგვიგმია... შემთხვევით ინტრონიზებულის სიტყვიერ მუქარას, ხსენებულ პირთა აღკვეცის შემთხვევაში განკვეთით რომ გვემუქრება, ჩვენ ვუგებთ პასუხს". განცხადებას თან ერთვის ვინმე ნინა იორამაშვილის, სვეტიცხოვლის ოცეულის წევრების: ალიბეგაშვილის, მაკარიძის, მრევლიშვილის და სხვათა ხელმოწერები (სულ 200-მდე). ამ განცხადების შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ შეთქმულნი არად დაგიდევდნენ საეკლესიო კანონიკას. უფრო მეტიც, ბენედიქტე ჯალაღონიამ შეადგინა ახალი "დოკუმენტი" "კანონიზებული ხელდამსხმელი და ხელდასასხმელი", რომელშიც შეეცადა დაესაბუთებინა შეთქმულთა მოქმედების კანონიერება. აი, რას წერდა იგი: "კანონიზაციის გზით კალენდარში მოწამის, ან წმიდანის, ან ღირსის პატივშესული მღვდელმთავარი, რომელსაც გარდაცვალებამდე უფლება ჰქონდა თანახმად მოციქულთა დადგენილებების პირველი დებულებისა, ერთ ან ორ ეპისკოპოსთან ერთად თანამონაწილე ყოფილიყო ღირსეულის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანისა, გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მხოლოდ კანონიზაციის შემდეგ, ღებულობს მადლს, თანასწორს მოციქულისა ათორმეტთაგანისა და აიყვანს რჩეულს ყველა სამღვდელო ხარისხში (დიაკონი მღვდლისა, ეპისკოპოსისა) იქ, სადაც ქვეყნის გულს აბარია ეს კანონიზებული. თუ კანონიზებული მოციქულია, გარდაცვალებამდელი უფლებები არ ეცვლება, იგივე უფლებებს ინარჩუნებს განურჩევლად სქესისა (მაგ. წმ. ნინო მესხი), რა უფლებებითაც იყო მოსილი გარდაცვალებამდე და კანონიზებულ ხელდამსხმელთა შორის უპირატესობა ეძლევა ხელდასხმისას. კანონიზებულის მიერ დიაკონის, მღვდლის ან ეპისკოპოსის ხარისხში აღყვანილი კანონიერ მოძღვრად მისაღებია თუ 1. ხელდასხმა მოხდება იქ, სადაც კანონიზებული განისვენებს. 2. თუ ხელდამსხმელის და ხელდასასხმელის ეროვნება ერთია. 3. საპატრიარქო კათედრალური ტაძრის (ჩვენს სინამდვილეში "სვეტიცხოველი"-ს) მრევლი ხელდასხმის ღირსად სცნობს სადიაკონოდ, სამღვდლოდ ან საეპისკოპოსოდ არჩეულს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ხელდასხმის აქტში უფლებრივ. რადგანადაც უხილავად ახდენს კანონიზებული ან მოწამე, ან წმიდანი, ან ღირსი ხელდასხმას, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, საკანდიდატოს თუ ვინ შეუსრულებს კურთხევისათვის დადგენილ ტიპიკონს ჟამის წირვისას, ლოცვა-კურთხევის მიმღები თუ მომღები, ე.ი. ის, ვინც ხელდასასხმელის მორჩილია, თუ ის, ვისი მორჩილიც თვითონ არის, თუ ის, ვისიც თანატოლია ხარისხით. ჰყავს თუ არა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას კანონიზებული ხელდამსხმელები? ქართული კალენდარი სავსეა კანონიზებული ხელდამსხმელებით, მაგრამ აქ კალენდარულ ჩამოთვლას არასაჭიროდ ვცნობ, ვასახელებ მხოლოდ სამს: წმ. ნინო მესხი (IV ს), ისე წილკნელი (VI ს), ანტონ ჭყონდიდელი (XVIII ს), ამ სამი კანონიზებულიდან პირველი მოციქულია, ორი სხვა რიგითი მღვდელმთავრები. საპატრიარქო კათედრალური ტაძრის მრევლი, ავტოკეფალური ეკლესიის მრევლის ძირითადი ბირთვია, ხერხემალია და მხოლოდ იგივეა სრულუფლებიანი კანონიზებულ ხელდამსხმელებს მიმართოს ხელდასხმისათვის, როცა ამას მოითხოვს აუცილებლობა. და ასეთი აუცილებლობის წინაშე დგება დღეს ქართული სამოციქულო ეკლესია, მისი მრევლის ხერხემალი. თავისთავად ცხადია, საპატრიარქო-კათედრალური ტაძრის მრევლი მოიყვანოს აუცილებლობა სისრულეში, მოახდინოს კანონიზებულის წინაშე არჩეულის ხელდასხმა, ლოცვა-კურთხევას არ გამოითხოვს პირველი მამათმთავრისგან და ეპარქიალური ეპისკოპოსებისგან. კანონიზებულისაგან (მოციქულისაგან) ეპისკოპოსის ხარისხში აყვანილს, მოციქულთა დადგენილებანის პირველი დებულების გათვალისწინებით ნაკურთხის (ე.ი. რიგითი მღვდელმთავრებისგან ნაკურთხის) წინაშე აქვს შემდეგი უპირატესობანი: 1. აიყვანს ეპისკოპოსის ხარისხში ერთიც (გარეშე თანამონაწილისა ან თანამონაწილეებისა) შემდეგ ადგილებში: სადაც მიუღია ხელდასხმა მოციქულისგან მღვდელმთავრის ხარისხში, კვართსაუფლო ტაძარში, და ყველგან, სადაც სანახად განისვენებენ კანონიზებული ხელდამსხმელები. 2. მოიხსენიება პირველი მამათმთავრის შემდეგ პირველი, უწინარეს მიტროპოლიტისა, კვართსაუფლო ტაძარში და იქ სადაც მოციქულისაგან იქმნა ხელდასხმული. აუცილებლობა ითხოვს კანონიზებულისაგან ღირსეულის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანას და კრებამ გადაწყვიტა: ბენედიქტე ჯალაღონია ეკურთხოს "ქართველთა მეანდიეს" მონასტერში "ხელსა ქუეშე წმინდისა ნინოსისა". მცხეთა-თბილისის ეპარქია 1920 წლის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოდ ითვლება. შეთქმულებმა 1968 წლის 12 ივნისს მოწვეულ კრებაზე დაადგინეს: "1920 წლის 27 ივნისის ქართული საეკლესიო კრების 1917 წლიდან რიგით მეორე კრების გადაწყვეტილება მცხეთა-თბილისის ეპარქიების გაერთიანების შესახებ მიღებული და სისრულეში მოყვანილი გაუქმებულად გამოცხადდა, ვინაიდან: 1. მცხეთაა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის რელიგიური ცენტრი და არა თბილისი. 2. "სვეტიცხოველია" საპატრიარქო ტაძარი და არა სიონი. 3. "სვეტიცხოველში" ტარდება დიდი რელიგიურ-ეროვნული დღესასწაული მცხეთობა, კვართობა, ღვთისმშობლის საფარველი და არა სიონში. 4. ეპარქიათა შორის მცხეთის ეპარქიაა მთავარი ეპარქია. 5. "სვეტიცხოველშია" წმ. კვართი (საქართველოს უმთავრესი სიწმიდე - თ. ჟორდანია). ანუ "საქართველოს ცხელი გული" ლ. ასათიანი. 6. პატრიარქის რეზიდენციის მცხეთიდან თბილისში გადატანამ გამოიწვია სვეტიცხოვლის ა. რიგითად გატაძრება, ბ. სიონში გადაინაცვლა წმ. მირონის მოხარშვა-კურთხევის ადგილმა. გ. გარდასვლა და დარღვევა "კანონთა მათ საქართველოისა ეკლესიისათა, ნეტართა მამამთავართა და მღვდელმთავართა დიდებულთა, რომელ არს თვინიერ მცხეთისა დიდისა სამოციქულოისა ეკლესიისა ყოვლითურთ დაყენებულ არს ხელდასხმაი მღვდელმთავრობითი სხუასა ეკლესიასა შინა." დ. გამოიწვია გაძარცვაც კი: მამათმთავრებმა სიონში გაიტაცეს სვეტიცხოვლის კუთვნილი სამღვდელო და სამღვდელმთავრო შესამოსელები და ბოლოს, ეფრემ II-ც არ ჩამორჩა: ტაძარს წაართვა საწიგნობელი". თითქოსდა ამის გამო 1968 წლის 12 ივნისს მოწვეული კრების წინაშე ბენედიქტე ჯალაღონიამ, ალექსანდრე ქათამაძემ და ნინო იორამაშვილმა წამოაყენეს წინადადება ბენედიქტე ჯალაღონიას მღვდელმთავრად არჩევის შესახებ. "კრებამ" დაადგინა: აღყვანილ იქნას მღვდელმთავრის ხარისხში ბენედიქტე ჯალაღონია პატივით საპატრიარქო კვართი საუფლო "სვეტიცხოველის" წინამძღვარი და მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსი". "კრების" დადგენილებას ხელს აწერს 400-ზე მეტი საერო პირი. შენიშვნაში მითითებულია ეპისკოპოსის ხარისხში აყვანამდე - 8 ივლისამდე ბენედიქტე ჯალაღონია უნდა იქნას აღკვეცილი ბერად არქიმანდრიტების პართენისა და კონსტანტინეს მიერ. 1968 წლის 12 ივნისს "სვეტიცხოვლის" საპატრიარქო ტაძარში გამართული "კრების" მიერ მიღებული ოქმი იმდენად აბსურდულია, რომ მასზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს, მაგრამ საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს იგი, ამიტომ უცვლელად მოგვაქვს მისი შინაარსი: მცხეთის საპატრიარქო-კათედრალური ტაძრის "სვეტიცხოველი"-ს მრევლის, საქართველოს ცალკეული ეპარქიებიდან მორწმუნეთა საზოგადოების მიერ წარმოგზავნილების კრება მცხეთაში, "სვეტიცხოველი"-ს ტაძარში 1968 წლის 12 ივნისს გახსნილად გამოცხადდა. კრებას პრეზიდიუმის თავმჯდომარე არ აურჩევია - მიიღო ა. ქათამაძის წინადადება: კრებას უწინამძღვროს თვით "სვეტიცხოველ"-მა. არჩეული იქნა პრეზიდიუმში წევრებად: ბ. ჯალაღონია, ა. ქათამაძე, ჩუბინიძე, თვალაძე, ჯოხია, კაჭარავა, სარევიზიო კომისიის წევრი თ. თეთრაძე. მდივნად არჩეული იქნა მედავითნე ნ. იორამაშვილი. კრების განსახილველად გადაეცა ბ. ჯალაღონიას, ა. ქათამაძის და ნ. იორამაშვილის წინადადება: ჩინებულთა შორის რჩეულის "ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა" - "ქართველთა მეანდრიეს" მონასტერში მღვდელმთავრის ხარისხში აღყვანის შესახებ. სანამ კრება შეუდგებოდა საკითხის განხილვას, ბ. ჯალაღონიამ მორწმუნეთა საზოგადოებისაგან შემდგარი კრების წევრებს - მაგრამ როგორც საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებს - შეახსენა 1924 წლის 24 თებერვლის ქართული ინსტრუქციის შინაარსი - 1923 წ. 19 ივნისის რუსული ინსტრუქციით - რომ ეკლესია - სახლში კრების მოწვევა დაშვებულია, თუ მას ექნება რელიგიური ხასიათი და მიუთითა: გიდულიანოვ პ. ვ. "ოტდელენიე ცერკვი ოტ გოსუდარსტვა ვ სსრ." იზდანიე 3-ე, 1926 წ. მოხსენებით "კანონიზებული ხელდამსხმელი და ხელდასასხმელი" გამოვიდა ბ. ჯალაღონია. მოხსენების გარშემო გაიმართა კამათი.

კითხვა: შეუძლია მდედრობითი სქესის მექონსს კურთხევა?

პასუხი: ა. ქათამაძემ ზეპირ ჩაუკითხა გალ. 3, 28.

კითხვა: რომელიმე საიდუმლო თუ შეუსრულებია წმ. ნინოს გარდაცვალებამდე?

პასუხი: (ბენედიქტესი) გავიხსენოთ ზუსტად "ნათელს იღო მეფემან ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ხელსა ქუეშე მათ მღვდელთასა..." (საქ. სამოთხე. გვ. 143) აქედან ჩანს, რომ წმიდა ნინომ შეასრულა ერთი საიდუმლოთაგანი - ნათლისღება.

კითხვა: "ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა" ვის ესმოდა წარსულში თქვენებური გაგებით?

პასუხი: (ბენედიქტესი) სალომე უჯარმელს, მიხეილ საბინაშვილს, მღვდელმთავარს ნიკოლოზ ტფილელს, შიო მღვიმის აღმდგენელს ეპისკოპოს ალექსანდრეს, სასულიერო მხატვრებს და საერთოდ ქართულ ეკლესიას. აი წმიდა ნინოს ხატი (ხატს წარმოადგენს) მ. საბინაშვილის შესრულებული. ამ ხატში წმიდანი არის ოლარით. რისი სიმბოლოა ოლარი? იმისი, რომ მის მექონეში მადლია ღვთისა დიდი მსხვერპლის შესაწირავი. ამ ხატის შექმნა მხატვარს უკარნახა სიტყვებმა "ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა" და ქართული ეკლესიის ძველმა სამხატვრო ტრადიციამ. საყურადღებოა, საბინაშვილისეული ხატი - წმ. ნინო ოლარით - აკურთხა ქართულმა ეკლესიამ! შიო მღვიმეში ალექსანდრე ეპისკოპოსის მიერ მოწვეულმა მხატვარმა პირველის ლოცვა კურთხევით გაიმეორა საბინაშვილისეული.

კითხვა: არის მოღწეული ცნობები, რომ წმიდა ნინო მდგარა წმიდა ტრაპეზის წინაშე?

პასუხი: ა. ქათამაძე წარმოადგენს ხატს და-აი ხატი, სადაც წმიდანს ხელში უპყრია სატრაპეზო სახარება... იგივე კითხვაზე ბენედიქტე შენიშნავს: წმიდა ნინო თითონ იყო წმიდა ტრაპეზი. მიღებულია წმ. ნინოს სამღვდელმთავრო პანაღია.

კითხვა: თუ მომხდარა ხელდასხმა ხელდამსხმელის ან ხელდასასხმელის ხილული მონაწილეობის გარეშე?

პასუხი: (ნ. იორამაშვილისა) დედიმოსმა ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა გრიგოლ, რომელიც წირვის და მისი კურთხევის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა არა ტაძარში, არამედ ორი დღის სავალ მანძილზე უდაბნოში. `წინაშე ღვთისა მდგომარემან, და საღმრთოითა შურითა მოტყინარემან დედიმოს, მინდობითა ღვთისათა გცხო შენ მღვდელმთავრად თვინიერთანა ყოფისა შენისა... ღვთისმეტყველო დიდებულო გრიგორი~ (სადღესასწაულო 17 ნოემბერი, ცისკ. გალობა 5 მუხ. 3). კრებამ დადებითად შეაფასა, მიიღო და დაამტკიცა ზემოხსენებული მოხსენება ხმის უმრავლესობით. წაკითხული იქნა ლექციაც: `ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების~ _ ბენედიქტეს მიერ. კრებამ საჭიროდ სცნო, როგორც ხელდასხმა კანონიზებულისაგან, ასევე, ღირსად ბენედიქტეს ეპისკოპოსის ხარისხში აღყვანა ამ გზით. კრების წინაშე ბენედიქტეს ავტობიოგრაფიული ფურცელი ჩაიკითხა ნ. იორამაშვილმა. კრებაზე ეპისკოპოსის ხელდასხმისათვის განკუთვნილი წესის ახალი დამატება ჩაიკითხა ბენედიქტემ და აღნიშნა, რომ ეს გამოიწვია მოციქულისაგან ხელდასხმამ, რომ წესი განკუთვნილი იყო რიგითი მღვდელმთავრებისათვის და კანონიზებულისაგან ხელდასხმა სრულიად არ ყოფილა გათვალისწინებული, რომ ძველი წესი ახლის ჩამატებით ამჯერად მხოლოდ დაუშვით, და რომ მომავალში წესს მოციქულისაგან შეადგენს მერმისი. კრებამ განიხილა ბენედიქტეს მოხსენება: `1920 წლის 27 ივნისის ქართული საეკლესიო კრების გადაწყვეტილების მცხეთა-თბილისის ეპარქიების გაერთიანების შესახებ მიღებული~ და დაამტკიცა მომხსენებლის აზრი: მცხეთის ეპარქიისთვის გაუქმებულად გამოცხადდეს ხსენებული კრების გადაწყვეტილება მცხეთა-თბილისის ეპარქიების გაერთიანება, რომელიც ძალაში იყო კრების მოწვევიდან დღემდის, და გამოყოფილად გამოცხადდეს მცხეთის ეპარქია თბილისის ეპარქიისაგან. კრებაზე კიდევ დადგინდა: 1. ხელდასხმის გარეგნული წესები შეასრულოს ხალხმა, მორწმუნე ერმა წესით: `წესი, რომელი იქმნების ხელდასხმასა ზედა ეპისკოპოზისა~, საჭირო ცვლილების შეტანით. 2. თუ პატრიარქმა ეფრემ მეორემ მიმდინარე წლის `სვეტიცხოვლობამდე (14 ოქტომბრამდე) ეპისტოლარული წესით არ გვაცნო ეპისკოპოს ბენედიქტეს ხელდასხმის კანონიერობაზე, რომ ის ხელდასხმულია კანონიერი გზით, მრევლის მიერ არ დაიშვება, როგორც მწირველი, მაგრამ ცნობის შემთხვევაში, პატრიარქის პირველი თანამწირველი უნდა იყოს კანონიზებულისაგან ხელდასხმული. 3. მხოლოდ ეპისკოპოს ბენედიქტეს კანონიერ ეპისკოპოსად ცნობას არავითარი ღირებულება არ ექნება, თუ, ამავე დროს, კანონიზებულისაგან ხელდასხმულის მიერ ხელდასხმულს ა. ქათამაძეს არ სცნობს კანონიერად. 4. ეფრემ მეორესგან მიღებულმა ეპისტოლემ თუ დააკმაყოფილა საპატრიარქო მრევლი, ამ კრებაზე მიღებულ დადგენილებებზე ხელმეორედ იმსჯელებს მორიგი კრება, სასარგებლოდ პატრიარქისა. 5. თუ ეფრემ მეორე არ გასცემს მირონს, სანთელს და ა.შ. სვეტიცხოველს და არ შეიწყნარებს მცხეთის ეპარქიის მრევლისა და ოცეულის მოთხოვნას, მაშინ: მირონი მოიხარშება-იკურთხება, სანთელი შეისყიდება-დამზადდება სვეტიცხოველში და ა. შ. 6. მორიგი პატრიარქის არჩევამდე მცხეთის ეპარქიაში და კერძოდ, `სვეტიცხოველ~-ში ჟამის წირვებზე მოხდება დიაკონისა და მღვდლის მიერ კანონიზებულისაგან ხელდასხმულის სახელის აღვლენა ნაცვლად პატრიარქისა. თვით ხელდასხმული კი აღავლენს მიტროპოლიტი დავითის სახელს ამგვარად: საუწმიდესო და საუნეტარესო ურბნელი მიტროპოლიტისა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესი დავითისათვის ბოდბეში, ჟამის წირვაზე ხელდასხმისას, სადაც ჯერ არს, იგივე მიტროპოლიტის სახელის აღვლენას ექნება ადგილი... მაგრამ თუ ეს უკანასკნელი ეფრემ მეორეს მხარს დაუჭერს და არ სცნობს ეპისკოპოს ბენედიქტეს კანონიერ ეპისკოპოსად, მისი სახელის აღვლენა შეწყდება `სვეტიცხოველ~-ში. 7. არც ერთი სამღვდელო ხარისხის პირი, რომელიც კანონიზებულისაგან ხელდასხმულს კანონიერ მოძღვრად არ მიიღებს დღიდან ხელის დასხმისა _ სამი თვის მიწურვამდე, ეპისტოლეს მოწერით, ან საიდუმლო აღსარებით, პატრიარქად (თუ ეს პირი პატრიარქობის კანდიდატია) ვერ ეკურთხება, ინტრონიზაცია ვერ შესრულდება საპატრიარქო ტაძარ `სვეტიცხოველ~-ში, სხვა ეკლესიაში ნაკურთხსა და ინტრონიზებულს კი მცხეთის ეპარქია არ მიიღებს და ჟამის წირვებზე მის სახელს არ აღავლენს. 8. მღვდელმთავარი ბენედიქტეს ნაკურთხი საპატრიარქო ტაძრის მრევლის მიერ გამოყოფილი სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული `ცნობით~ გაიგზავნება საქართველოს ყველა კუთხეში, როგორც კანონიერი მღვდლები, თანახმად ამა თუ იმ ქალაქის, ამა თუ იმ დაბისა და სოფლის მრევლის მოთხოვნით. 9. კანონიზებულისაგან ხელდასხმულის მიერ ნაკურთხნი `მშვიდობის დაცვის~ მიზნით იმ ეპარქიებში გაიგზავნებიან, რომლებიც კალენდარულად თავისუფალია~ ანდა ჰყავთ ფორმალურად დროებითი მმართველები ეპისკოპოსების სახით. 10. თუ რომელიმე მოქმედი, არა თავისუფალი ეპარქიიდან რომელიმე ეკლესიის მრევლმა მოითხოვა ეპისკოპოს ბენედიქტეს ხელდასხმული მოძღვრად, ხსენებული ეპარქიის ეპისკოპოსი ეფრემ მეორეს ჩარევითაც კი ვერ დაუშლის ამ მრევლს საპატრიარქო ტაძრიდან გაგზავნილის მწყემსად აყვანას და ეს უკანასკნელი ხელდამსხმელის მორჩილებაში იქნება. 11. თუ მღვდელს ექნება ხსენებული კომისიის მიერ შემუშავებული და საპატრიარქო მრევლის კრების მიერ დამტკიცებული `ცნობა~, ის კანონიერი მღვდელია და ეფრემ მეორეს მათი ოფიციალური დევნის უფლება ერთმევა. 12. სამთავროს მონასტერი მას შიგან არსებული საღვთისმეტყველო-სამოძღვრო სამწლიანი სასწავლებლით მცხეთის ეპარქიაში შემავალია და საპატრიარქო ტაძრის ეპისკოპოს ბენედიქტეს, მრევლის და ოცეულის ყურადღების ქვეშ იქნება. თუ რა იგულისხმება ყურადღების ქვეშ, ამაზე ცალკე იმსჯელებს მორიგი კრება, სხვა რელიგიურ საკითხებთან ერთად. 13. კანონიზებულისაგან ნაკურთხი, სამეული და მორწმუნეები, რომლებიც ეკურთხნენ და მონაწილეობა მიიღეს №1 კრების გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში, არ ექვემდებარება 1945 წ. 3. 28. მიღებული დებულების ქვეთავს საეკლესიო სამართალს, ე. ი. კათოლიკოზის მიერ _ საბჭოსთან ანუ სინოდთან შეთანხმებით _ გაცემულ ბრძანებებს (თუ ამას ექნება ადგილი ბენედიქტეს ეპისკოპოსის ხარისხში აყვანასთან დაკავშირებით): მღვდელმოქმედების აღკვეთას, სამსახურიდან გადაყენებას, ეკლესიის წევრობიდან გამორიცხვას, ანათემას, მორწმუნეებზე საეკლესიო ეპიტიმიის დადებას თანახმად კრების გადაწყვეტილებისა ძალა არ ექნება.

შენიშვნა: ბრალდებულისაგან და მისი თანამოაზრეებისაგან ბრძანებებს, რჩევა დარიგებებს და ა.შ. ჩვენ ვერ მივიღებთ, უბრალოდ, როგორც ანალოგიურს. ბრძანებებში იგულისხმება სას. მთავრობის მიერ გაცემული.

14. ვინაიდან ქართული ეკლესია თანახმად კონსტიტუციისა გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და რამდენადაც ჩვენ არ დაგვირღვევია 1924 წლის 24 თებერვლის ეკლესიასთან დაკავშირებული ქართული ინსტრუქციის შინაარსი, ე. ი. კრების მოწვევა, გადაწყვეტილებათა სისრულეში მოყვანას ჰქონდა და ექნება რელიგიური ხასიათი, სამოქალაქო მთავრობა ამ რწმუნებულის სახით ეფრემ მეორესა და ჩვენს შორის, ვფიქრობთ, ნეიტრალურ მდგომარეობაში იქნებიან, თუ რომელიმე მხარე ან კრებისა ან ეფრემ მეორისა არ დაარღვევს ძერჟინსკულ ჰუმანიზმს. 15. ეპისკოპოს ბენედიქტესთვის დაკანონებულ პატივს მორიგი პატრიარქის არჩევის შემდეგ (თუ ეს უკანასკნელი სცნობს პირველს კანონიერად) აკლდება ეპითეტი სვეტიცხოვლის წინამძღვრობისა და ამ მორიგ პატრიარქს ტრადიციულად ებოძება. მაგრამ თუ ეფრემ მეორე სცნობს ბენედიქტეს, სვეტიცხოვლის წინამძღვრობაში კრების მიერ აღდგენილი არ იქნება მაინც. 16. კანონიზებული ხელდასხმას მოახდენს 14 ივლისს, კვირას (ძვ. სტ). 17. ეკლესია, სადაც არჩეულის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანა მოხდება, მოქმედია და ჰყავს მოძღვარი. კვირა უქმე დღეა და თუ ჟამის წირვის ჩატარებაზე ადგილობრივმა მოძღვარმა ნებით ხელი არ აიღო და ჩვენ არ დაგვითმო (არც აქვს უფლება წირვის მიტოვებისა პატრიარქის ნებართვის გარეშე), კრების გადაწყვეტილებით სათანადო პირების მიერ ყოველგვარი პირადი შეურაცხყოფის მიყენების გარეშე გაიკოჭება მთელი ჟამის წირვის მანძილზე. 18. დღიდან ბენედიქტეს ეპისკოპოსად ხელდასხმისა სვეტიცხოვლის ანაბრები (შემოსავლის ფულადი თანხა) შეინახება ადგილობრივ, მცხეთის სახ. ბანკში სვეტიცხოვლის სახელზე გაფორმებით. 19. ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი ბოდბის ეპარქიაშია, რომელიც კალენდარულად თავისუფალია~, მაგრამ მის დროებით მმართველად ითვლება ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი) და ეს უკანასკნელია პასუხისმგებელი პატრიარქის წინაშე, თუ რატომ დაუშვა კანონიზებულისაგან ხელდასხმა და რატომ არ აცნობა მას, მაგრამ კრების გადაწყვეტილება იფარავს. ეფრემ მეორეს ერთმევა უფლება მღვდელმთავრის დასჯისა. დასჯის შემთხვევაში, დასჯილი უფლებამოსილია გამოცხადდეს სვეტიცხოველში, რომ კანონიზებულისაგან ხელდასხმულმა მიავლინოს კალენდარულად რომელიმე უმოქმედო ეპარქიაში ეპისკოპოსად, თუ დადგინდება რომ, იგი სიმონიით არაა ნაკურთხი ეფრემ მეორისაგან. 20. მღვდელმთავრული პატივიდან: მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსი არ ნიშნავს: მცხეთა-წილკნის ეპარქიათა გაერთიანებას. მაგრამ სანამ თავისუფალია, მისი დროებითი მმართველია სვეტიცხოვლის ამჟამინდელი წინამძღვარი. 21. ბოდბის მონასტერთან არსებული ოცეულის წევრებს ნება აქვთ უბრალოდ დაესწრონ ან თუ სურვილს განაცხადებენ, მონაწილენი გახდნენ როგორც მორწმუნენი მოციქულისაგან არჩეულის ხელდასხმისათვის ჩატარებული წირვა-ლოცვისა, რაც შეეხება პრეტენზიებს _ ეს მათ ფუნქციებში არაა. 22. მცხეთის ეპარქიის თბილისის ეპარქიისაგან გამოყოფამ და სვეტიცხოვლის წინამძღვრობისაგან კათოლიკოზის განთავისუფლებამ გამოიწვია 1945 წ. 3.28-მიღებული დებულების (დებულება საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობისათვის ქვეთავის `მთავარი გამგეობას-ს~) და ამ პერიოდისთვის შენიშვნის უარყოფა, ასე რომ: კათალიკოს-პატრიარქის (ეფრემ მეორის) შესანახ `სამეურნეო გამგეობის თანხას~ არ მიემატება სვეტიცხოვლის შემოსავლის არც ერთი პროცენტი. 23. 1968 წლის 12 ივნისის კრება დროებით უშვებს 1969 წლის საქართველოს ქართული ეკლესიის კალენდარში `საქართველოს ეკლესიის ეპარქიების მღვდელმთავრები-ს~ სიაში შეტანილი იქნეს ასეთი ცვლილება: 1. მცხეთის ეპარქია: საპატრიარქო-კვართსაუფლო `სვეტიცხოველი-ს~ წინამძღვარი და მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსი ბენედიქტე (ჯალაღონია). მოციქული ნინო მესხის ხელდასხმული 1968 წლის 14 ივლისს, ბოდბეში. 2. თბილისის ეპარქია: თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. 24. პატრიარქის და საბჭოს (სინოდის) მიერ ბენედიქტეს ეპისკოპოსად ცნობა, ან არცნობა 23-მე მუხლის შინაარსის კალენდარში შეტანას ხელს არ უშლის. 1968 წლის 27 (ახ. სტილით) ივლისს ბენედიქტე ჯალაღონია, ალექსანდრე ქათამაძე, არქიმანდრიტი პართენი, ნინო იორამაშვილი და მათი მხარდამჭერნი ბოდბეს გაემგზავრნენ. მანამდე მათ სჭირდებოდათ სამღვდელმთავრო კვერთხი, კუნკულბარტყულა, პანაღია. ყველაფერი იშოვნა არქიმანდრიტმა პართენმა. იგი შეწუხებული მივიდა ურბნელ მიტროპოლიტ დავითთან (დევდარიანი) და აუწყა, რომ სვეტიცხოველში დაიკარგა სამღვდელმთავრო პანაღია. მიტროპოლიტმა დავითმა უყოყმანოდ გადასცა თავისი კუთვნილი პანაღია, რომელიც გამოიყენეს `ახლადნაკურთხი ეპისკოპოსის ბენედიქტესათვის~. ბენედიქტე მივიდა წმიდა ნინოს საფლავთან, ჩაიცვა სამღვდელმთავრო შესამოსელი და იქიდან გამოვიდა როგორც `წილკნელ-მცხეთელი ეპისკოპოსი~. სპეციალურად მოსყიდულ ფოტოგრაფს დააბეჭდვინეს სურათები, სადაც მას შარავანდედი მოსავდა... მან მღვდელ _ მონაზვნად ხელი დაასხა ალექსანდრე ქათამაძეს და უწოდა სახელი იაკობი. თვითმარქვია სასულიერო პირებს მკაცრად დაუპირისპირდნენ წმიდა სინოდის წევრები. 1968 წლის 5 აგვისტოს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილეს არქიმანდრიტ პართენს ასეთ შინაარსის წერილი გაუგზავნა ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი): `სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ IIის საწინამძღვრო ტაძარში მომხდარი ბოროტმოქმედების შემდეგ წირვა-ლოცვის დროს იხსენიებთ ჩემ თავს და როგორც წესია, არა მის უწმიდესობას და უნეტარესობას. ამის გამო მე, მიტროპოლიტი დავითი ურბნელი, კატეგორიულად მოვითხოვ და ოფიციალურად ვაპროტესტებ ზემოხსენებულ უსაფუძვლო და უტაქტო მოქმედებას. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარში და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთ ბოროტებას მომავალში აღარ ექნება ადგილი. ჩემი პროტესტის ასლი ეგზავნება მის უწმიდესობას და უნეტარესობას.

დავითი მიტროპოლიტი ურბნისისა."

გაგულისებულმა ბენედიქტე ჯალაღონიამ ასეთი პასუხი გაუგზავნა მიტროპოლიტ დავითს: `1968 წლის 12 ივნისის სრულიად საქართველოს მორწმუნეთა საზოგადოების გაერთიანებული კრების ოქმთა მე-6 მუხლში ნათქვამია: `მორიგი პატრიარქის არჩევამდე მცხეთის ეპარქიაში და კერძოდ, `სვეტიცხოველში~, ჟამისწირვებზე მოხდება დიაკონისა და მღვდლის მიერ კანონიზებულისაგან ხელდასხმულის სახელის აღვლენა ნაცვლად პატრიარქისა. თვით ხელდასხმული კი აღავლენს მიტროპოლიტი დავითის სახელს. მაგრამ თუ ეს უკანასკნელი ეფრემ II-ს მხარს დაუჭერს და არ სცნობს ეპისკოპოს ბენედიქტეს კანონიერ ეპისკოპოსად, მისი (ე.ი. ურბნელის) სახელის აღვლენა შეწყდება სვეტიცხოველში.~ თანახმად ციტირებულისა, ამა წლის 8 ივლისიდან არქ. პართენის მიერ, და, ამა წლის 14 (27) ივლისიდან ბერდიაკონ იაკობის მიერ ხდება ჩემი სახელის აღვლენა, ნაცვლად პატრიარქის სახელის აღვლენისა. თვით მე კი, ამა წლის 8 ივლისიდან მღვდელმთავრულ ლოცვებში აღვავლენ თქვენი მეუფების სახელს... ახლა კი თქვენი წერილის გარშემო, არქ. პართენს რომ გამოუგზავნეთ ამა წლის 5 აგვისტოს დათარიღებით,№8- ით მე-6. შენიშვნები: 1. თქვენი წერილი უმისამართოდ გამოგზავნილია, უნდა გამოგეგზავნათ ჩვენთვის და არა არქ. პართენისათვის. 2. სვეტიცხოვლის წინამძღვარში თქვენ გულისხმობთ ეფრემ მეორეს, რომელიც 1968 წლის 12 ივნისის კრების დადგენილებით, და კერძოდ, 8 ივლისიდან უკვე აღარაა სვეტიცხოველის წინამძღვარი და კრების წინაშე მოტევება ითხოვეთ სიტყვებისათვის: `ეფრემ მეორის საწინამძღვარო ტაძარში.~ 3. თქვენი `პროტესტის~ დაკმაყოფილება არ ძალუძთ არქ. პართენს და ბერდიაკონ იაკობს. დიაკონიც და არქიმანდრიტიც ჩემს ეპარქიაშია და მოციქულთა დადგენილებანის მეოცდაცხრამეტი (39) მუხლის შინაარსის თანახმად, ჩემს ეპარქიაში ჩემი ლოცვაკურთხევის გარეშე არაფერს არ აკეთებენ. (არც თქვენს მოხსენიებას მოიშლიან). 4. თქვენს კატეგორიულ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ ჩვენ და თქვენი სახელის აღვლენას, თუ გნებავთ, უბრალოდ თქვენი სახელის ხსენებასაც კი წმ. ტაძრის სიახლოვეს შევწყვეტთ და ვუბრძანებთ მორჩილთ, თუ თქვენ ჩვენს სახელზე გამოგზავნით არა პროტესტს, არამედ თხოვნას, რომ არ გსურთ და უღირსება სინდისს გიქენჯნით, მოხსენებულ იყოთ კვართსაუფლო ტაძარში. ჩვენდამი მოწერილი თხოვნა თქვენი, ვიმეორებ, დაკმაყოფილებული იქნება, თუ წერილი დასათაურდება მისამართით ადრესატისა: საპატრიარქო-კვართსაუფლო სვეტიცხოველის წინამძღვარს და მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსს ბენედიქტეს... აქვე უნდა ვთქვა: ჩვენ გიხსენიებთ კრების სურვილისა და დადგენილების თანახმად, როგორც საუწმიდესოსა და საუნეტარესოს, რაც მომასწავებელია თქვენი მეუფების გაპატრიარქებისა და ნუთუ `ხმას ღვთისას და ხმას ერისა~ აგდებთ არად? 5. ჩვენს სახელზე თქვენი წერილის (თხოვნის) ან ეფრემ მეორის მხარდაჭერამდე ოფიციალურად მიღებამდე იქნებით მოხსენიებაში და ვფიქრობ, ეს სულაც არაა გულდასაწყვეტი. 6. თქვენს წერილში ჩანს ეფრემ მეორის სიტყვიერი დაცვის ცდა, რაც, ვეჭვობ, თქვენ შეძლოთ პრაქტიკულად, ვინაიდან: ეფრემ მეორის დაცვას ღვთისა და ერის სამსჯავროს წინაშე სულ სხვა გონება უნდა. აქ ის გონება უვარგისია, რომელიც ეფრემ მეორის დაკვეთით ეფრემისვე ქებას წარმოთქვამდა სიონის ამბიონიდან. 7. თქვენი წერილის ასლი თუ ვის გაეგზავნა, რა აზრი აქვს, როცა ასლის დედანი არა იმას მიუვიდა, ვისაც უნდა მიჰსვლოდა? 8. წერილი არქ. პართენმა გადმომცა მე. ვინაიდან მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ იგი მე ჩემად არ მიმიღია, მიუხედავად ამისა, რომ პასუხი გაგეცით. 9. სვეტიცხოველში არავითარი ბოროტმოქმედება არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ პატრიარქ ეფრემ მეორემ არქ. პართენს უბრძანა დაერღვია მცნება `არა ცილი სწამო~ და ცილი ეწამებია ჩემთვის... თქვენ ეს `ბოროტმოქმედებანი~ გაქვთ მხედველობაში? თუ ეს ასეა და `ასეთ ბოროტებას მომავალში აღარ ექნება ადგილი~ _ მოგესალმებით. 10. ვსარგებლობ შემთხვევით და ვკითხულობ: კრების ოქმიდან ამონაწერი პასუხისთვის გამოგიგზავნათ კრებამ, რად დუმხართ მეუფეო? საპატრიარქო-ჯვართსაუფლო სვეტიცხოველის წინამძღვარი და მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსი ბენედიქტე (ჯალაღონია). 1968 წ. 25 ივლისი.~

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ეკლესიაში შფოთისა და ამბოხების მომწყობთა მიმართ გადამჭრელ ზომებს მიმართა, წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ეპისკოპოსი ზინობი (მაჟუგა), მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) ეპისკოპოსები ილია (შიოლაშვილი), რომანოზი (პეტრიაშვილი), საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან სრულიად განიკვეთენ ბეჯით ჯალაღონია, ალექსანდრე ქათამაძე, ნინო იორამაშვილი. არქიმანდრიტ პართენ აფციაურს ჩამოერთვა საეკლესიო ხარისხი და უბრალო წიგნის მკითხველად განწესებულ იქნა ალავერდის ეპარქიაში. სინოდის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ეცნობა საერო ხელისუფლებას. მეამბოხეებს ოფიციალურად მოსთხოვეს სვეტიცხოვლის დატოვება. თვითმარქვია ეპისკოპოსმა ბენედიქტემ სსრ უმაღლეს საბჭოში ასეთი შინაარსის საპროტესტო წერილი აფრინა: `ჩემს მცხეთის ეპარქიაში რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ამხ. დ. შალუტაშვილის მითითებით, მცხეთის ადგილობრივმა სამოქალაქო მთავრობამ (აღმასკომმა _ თავმჯდომარე ლაშხი, მცხეთის პროკურატურამ _ პროკურორი აბესაძე, მილიციამ _ უფროსი ხაჟალია) ინება თვითნებურად ჩარეულიყო სახელმწიფოსაგან კონსტიტუციურად გამოყოფილი ქართული ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა ეკლესიურ საქმეებში, კერძოდ, იკისრა 1968 წლის 12 ივნისს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა გაერთიანებული კრების `შრომების~ გაყალბება-უარყოფა, უფრო სწორად 500 ადამიანს გამოგვიცხადა ადმინისტრაციული დევნა, იტვირთა დაცვა პატრიარქ ეფრემ II-ისა და ცდილობს მას დაუბრუნოს კრების მიერ ჩამორთმეული წინამძღვრობა სვეტიცხოვლისა, მთავარეპისკოპოსობა მცხეთისა და ა.შ. კრებისგან მე რომ მებოძა. მაცხოვრული და ლენინური `სინდისის თავისუფლების~ შეურაცხყოფისათვის, და რომ რწმუნებული არ გაუფრთხილდა საბჭოთა რწმუნებულის საპატიო სახელს, რამაც იგი გამოიყვანა `სინოდალური პროკურორის როლში~ და რამაც შეცდომაში შეიყვანა ადგილობრივი მთავრობა, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოდან ბრძანების მიღებამდე სწორია თუ არა ამხ. დ. შალუტაშვილისა და ადგილობრივი მთავრობის მოქმედება, ვუცხადებ ბოიკოტს შიმშილით. თუ რამდენად პირნათელი ვიქნები სიტყვის აღსრულებაში, ამას დაამტკიცებს შემდეგში ჩემზედ დანიშნული საექიმო ექსპერტი საპატრიარქო კვართსაუფლო სვეტიცხოვლის წინამძღვარი და მცხეთა-წილკნის ეპისკოპოსი ბენედიქტე (ჯალაღონია).~ მეამბოხენი სვეტიცხოვლიდან გამოაძევეს. საერო ხელისუფლებამ შედეგს მიაღწია _ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კიდევ უფრო დაასუსტა. საზოგადოებაში ანტიეკლესიური, ათეისტური სულისკვეთების გაძლიერებისათვის 1969 წლის 21 სექტემბერს უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს ღვთისმშობლობას გაზეთ `ქუთაისში~ ბ. გამგებლის ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი `წმიდა მამები~, რომელიც ეხებოდა 1968 წლის საეკლესიო ამბოხს. `ბეჯით მიხეილის ძე ჯალაღონიამ და ალექსანდრე ტრიფონის ძე ქათამაძემ რელიგიისათვის სრულიად უცხო და უცნობ ექსპერიმენტს მიჰყვეს ხელი. ამ `წმიდა მამების~ შესახებ ეკლესიის მსახურთა შორის ცუდი ხმები დადიოდა, მაგრამ სამღვდელოებისა და მისი ხელმძღვანელობის აღშფოთებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, როცა მათ სვეტიცხოველში რელიგიური რიტუალის შესრულების დროს ატეხეს დებოში _ წინააღმდეგობა გაუწიეს მღვდელმთავარს (იგულისხმება კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II). შემდეგ ისინი ქუთაისს ეწვივნენ და პეტრე-პავლეს ეკლესიაში შეეცადნენ საცეცხლური წაერთმიათ მღვდელმთავრისათვის (იგულისხმება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი). ამ უპრეცენდენტო შემთხვევისათვის ისინი განკვეთილ იქნენ ეკლესიიდან... საიდუმლო სერობა დიდხანს არ გაგრძელებულა, პირველმა მეორე, ხოლო მეორემ პირველი თვითნებურად აკურთხა მღვდელმსახურად. კერძოდ, ბ. ჯალაღონიამ მღვდელ მონაზვნად აკურთხა ალექსანდრე ქათამაძე და `იაკობად~ მონათლა, ხოლო ბ. ჯალაღონია `ეპისკოპოს ბენედიქტედ~ იქნა `კურთხეული~. ყველაფერი ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათ დაეწყოთ მღვდელმსახურების შესრულება, საიდანაც გარკვეულ შემოსავალს იღებენ. ახლა სათანადო ორგანოების ხელთ არის დოკუმენტი იმის შესახებ, რომ აღნიშნული `მღვდლები~ ნაკურთხი არ არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ და არ აქვთ მღვდელმსახურების შესრულების უფლება. თუმცა უფლებას წვერმოშვებული და ანაფორჩაცმული `წმიდა მამები~ რას დაგიდევენ. მათთვის მთავარი შემოსავალი და სიმდიდრეა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიმართვის საფუძველზე, სხვისი სულისათვის `მოჭირნახულე მღვდლებს~ შინაგან საქმეთა სამმართველოს მიერ ჩამოერთვათ რელიგიური რიტუალებისათვის საჭირო საგნები. გაფრთხილებულ იქნენ, ვიდრე გვიან არ არის, ხელი აიღონ ნეტარხსენებულ მოღვაწეობაზე.~ 1972 წლის 7 აპრილს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხს დაურიგეს ძველქართულ ენაზე შედგენილი წერილი, რომელშიც ეწერა: `ეფრემი არა არს ღირსი სიონში დაფვლისა, რომელ ემორჩილა ეშმაკსა, აწ მსწრაფლ აღსდექით, მოითხოვეთ ბერი ბენედიქტე ჯალაღონია, რომელიც ვიხილე განგებითა ღვთისათა _ იგი არს ჭეშმარიტი ივერიის პატრიარქი, კურთხეულიცა ქრისტეს ხელითა წარადგინეთ მოთხოვნა _ ჟამი მცირე არს. ათცამეტსა მაისსა დღესასწაულსა ქრისტეს ამაღლებისა იქნების სინოდი. იმღვიძარეთ ივერიელნო, ნუ გეშინისთ~. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი. ბეჯით ჯალაღონია `ჭეშმარიტი ივერიის~ პატრიარქობის მაძიებლად დარჩა. მაინც ვინ იყვნენ ეს მეამბოხენი?

1. ბენედიქტე ჯალაღონია, ერისკაცობაში ბეჯით მიხეილის ძე ჯალაღონია, დაიბადა 1938 წლის 12 ივნისს ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ სარაქონში. 1963-1967 წ.წ. სწავლობდა მცხეთის სამოძღვრო კურსებზე, შემდეგ _ ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში. ბიოგრაფიის პირველ ვარიანტში, რომელიც 1968 წელს არის შედგენილი, იგი წერდა, რომ 1968 წლის 14 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღკვეცეს არქიმანდრიტებმა პართენ აფციაურმა და კონსტანტინე ქვარაიამ. 1968 წლის 21 ივლისს წმიდა ნინომ ბოდბეში აიყვანა ეპისკოპოსობის პატივში. 1971 წლის 17 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის მას: `მოქალაქე ბეჯით ჯალაღონიას, თქვენს თავს უწოდებთ ეპისკოპოსს, სინამდვილეში არა თუ ეპისკოპოსი, ქრისტიანიც არა ხართ, თუ შემოიტანთ სინანულის თხოვნას, წმიდა სინოდი მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს თქვენს საკითხზე.5 1980 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იგი საერთოდ აღარ ახსენებს 1968 წლის მოვლენებს და აღნიშნავს, რომ 1979 წლამდე იყო თავის მშობლიურ სოფელში, ხოლო 1979 წლის 7 აგვისტოს ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის იოანეს (ანანიაშვილი) მიერ განწესებულ იქნა თეკლათის მონასტრის მედავითნედ, 1979 წლის 7 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ალექსი. 1979 წელს 11 ნოემბერს მთავარეპისკოპოსმა იოანემ აკურთხა მღვდელმონაზვნად. 1980 წლიდან იყო სენაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდლად... ამჟამად პენსიაზეა და ცხოვრობს მშობლიურ რაიონში.

2. მღვდელმონაზონი იაკობი - ალექსანდრე ტრიფონის ძე ქათამაძე დაიბადა 1942 წლის 22 ივლისს ტყიბულის რაიონის სოფ. მენჭირში. 1964-1965 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ _ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1966 წელს დაინიშნა ქაშუეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მედავითნედ. 1970 წლის 23 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის სახელზე დაწერილ წერილში მან მოინანია 1968 წლის საეკლესიო ამბოხებაში მონაწილეობა: `1978 წლის ივლისში ეკლესიაში მოვახდინეთ განხეთქილება, რომელშიც ვმონაწილეობდი, _ წერდა იგი, _ არაკანონიკური გზით გამოვიყენე საეკლესიო დოგმები, ვატარებდი მღვდელმსახურებას, შეურაცხყოფა მივაყენეთ ღვთის მცნებებს, წმიდა ტაძრებს, მათ ხელმძღვანელობას. ყოველივე ეს მოხდა ჩვენი ქედმაღლობითა და ამპარტავნებით. ვსცოდე ღვთისა და მამის წინაშე. გთხოვთ, შემინდოთ დიდი ცოდვის საუკუნო ტანჯვა, დამიბრუნოთ ქრისტიანობა, მიკურთხოთ გვირგვინი და მიმიღოთ ეკლესიაში დაბალ სამსახურზე, რომელსაც თქვენი მოწყალება ინებებს. შემინდეთ ყოველივე და მიმიღეთ მტირალი, თქვენს წინაშე რომ არავითარი კავშირი ვიქონიო ეკლესიიდან განკვეთილ პირებთან."6 შეუნდეს. 1971 წ. ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი) აკურთხა დიაკვნად, 1973 წ. ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა რომანოზმა _ მღვდლად. 1979 წ. 13 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეპისკოპოსად. 1982-1983 წწ. იგი მიტროპოლიტ შიოსთან (ავალიშვილი) ერთად დაუპირისპირდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს და მოითხოვა მისი გადადგომა. 1980-90-იან წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, 1991-2005 წლებში იყო დევნილობაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ითხოვდა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენას... 2008 წლის 27 ნოემბერს იგი გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში. მეუფე ამბროსი 2 დეკემბერს დაიკრძალა შიომღვიმის მონასტერში. 3. არქიმანდრიტი პართენი (აფციაური) დაიბადა 1905 წ. 15 მარტს. სწავლობდა ფასანაურის 4 კლასიან სასწავლებელში. საეკლესიო კითხვა-გალობა და ტიპიკონი შეისწავლა შიომღვიმის მონასტერში. 1924 წელს აღიკვეცა ბერად, 1932 წელს ზედაზნის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მიხეილის თხოვნით წილკნელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) აკურთხა იეროდიაკვნად. 1934 წლის 7 აპრილიდან შიომღვიმის მონასტერშია. 1935 წლის 8 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1936 წლიდან 1940 წლამდე იყო ძეგვის წმ. საბჭოს მონასტრის მღვდელი. 1940 წლიდან დუშეთის რაიონის გუდამაყრის თემშია, მაგრამ იმავე წლის 24 აპრილს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. 4 წელი გაატარა პატიმრობაში. 1946-1948 წლებში იყო ზედაზნის მონასტერში. 1948 წლიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია ჯერ მეორე მღვდლის თანამდებობაზეა, ხოლო 1955 წლიდან სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილეა. 1960 წლის 23 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ აიყვანა იღუმენის ხარისხში. 1968-1972 წლებში მას ჩამორთმეული ჰქონდა საეკლესიო ხარისხი და ალავერდის ეპარქიაში იყო მედავითნედ. კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის გარდაცვალების შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ დააბრუნა სვეტიცხოველში, დაუბრუნა არქიმანდრიტის წოდება. იგი გარდაიცვალა 1979 წელს. 4. ნინო იორამაშვილი, არქიმანდრიტ პართენის სულიერი შვილი გარდაიცვალა 2008 წელს მცხეთაში.

-------------------------------------------------------------------

1 - საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფ. №2726.

2 - საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფ. №3993.

3 - საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფ. №576.

4 - სერგო ვარდოსანიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ეფრემ II. თბილისი, 2007, გვ. 52.

5 - საქართველოს საპატრიარქო არქივი. კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფ. №2979.

6 - სერგო ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები XX საუკუნეში. თბილისი, 2010, გვ. 263.

 

ქართული უნივერსიტეტის შრომები, ტ. I. 2015

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 მაისი 2020 19:39)