Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მეორე საუკუნის დიდ საეკლესიო ფილოსოფოსს, წმ. ათენაგორა ათენელს დავესესხებით:

„ყოველ დოგმატსა და მოძღვრებას, დაკავშირებულს არსთა შორის ჭეშმარიტებასთან, თანაშეეზრდება რამ სიცრუე“ (Παντὶ δόγματι καὶ λόγῳ τῆς ἐν τούτοις ἀληθείας ἐχομένῳ παραφύεταί τι ψεῦδος, PG. 6, col. 973 A).

ნიმუშისთვის, საკმარისია გულდასმით გავეცნოთ თუნდაც უწმინდესი „კურთხევანის“ ძველ ქართულ ხელნაწერებს, რომ სრულად დავრწმუნდეთ ზემორე დებულების უტყუარობაში, ვინაიდან თვალნათლივ ვნახავთ, რომ ხსენებული ხელნაწერების უდიდეს ნაწილში განმაღმრთობელ ტექსტებთან ხორცმეტისებრ არის თანაშეზრდილი არაერთი ფსევდო, ყალბი, აბსოლუტურად ცრურწმენითი „ლოცვა“ (უკეთ, „შელოცვა“), რომელთა გამიჯვნაც ჭეშარიტისგან ფილოლოგიურად საკმაოდ რთულია.

ზოგჯერ ესა თუ ის ზმანებითი, ჰალუცინაციური აღმონაცენი სცდება ერთი ქვეყნის, ერთი რეგიონის ფარგლებს და გლობალურ განფენას იძენს.

შეუძლებელია, ამგვარი რამ შემთხვევითობად ჩავთვალოთ. ჩვენ ამჯერად არ ვეხებით გაუკუღმართებათა სულიერ ძირებს, აქცენტი გადაგვაქვს მხოლოდ ამა თუ იმ ცთომილების ხილულ გამოვლინებაზე და მისი გავრცელების ხელშემწყობ გარემოებაზე, ვინაიდან შესაბამისი ხელშეწყობის გარეშე ცთომილება მასშტაბური ვერ გახდება.

მთავარი რამ, რაც განაპირობებს უკვე აღმოცენებული უკეთურების საყოველთაო გავრცელებას, ესაა მცდელობა იმისა, რომ ხსენებულ უკეთურებას გამამართლებელი ახსნა-განმარტება მოეძებნოს. ამ ფაქტის გაცნობიერება აუცილებელია, ვინაიდან სწორედ მასში დევს ცთომილების განკურნების გასაღები.

მართლაც, თუ ზმანებითად, ცრურწმენითად აღმოცენებული რაიმე მოვლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ინფექციისებრ, თუ იგი, გარკვეულ განმარტებათა (ცრუგანმარტებათა) კვალობაზე, მრავალთათვის სარწმუნო გახდება, შესაბამისად, საკმარისია ვაჩვენოთ აღნიშნულ განმარტებათა ფსევდო ხასიათი და მათზე დაფუძნებული ცრურწმენაც გაიფანტება.

აქამდე რაზეც მივანიშნებდით, ესაა მოვლენა, რაც წარმოშობითვე, საფუძველითვე ფსევდოა და, შესაბამისად, ყოვლითურთ მოსაკვეთიცაა. ამიტომ იგი შეიძლება არსობრივ გაუკუღმართებად იწოდოს.

სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც სახეზეა საეკლესიო კეთილმსახურების, შეიძლება ასე ითქვას, გახალხურება ანუ ხსენებული კეთილმსახურების დაკავშირება ამა თუ იმ ყოფით რეალიასთან. მსგავსი რამ თავისთავად მოსალოდნელია და ბუნებრივიც, ვინაიდან სამღვდელო სიწმინდეთა ცხოველმყოფელობა ეკლესიიდან განივრცობა მთელი ქვეყნისადმი, მთელი ერისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს მასზე და შთაიბეჭდება ადამიანთა ყოფით ცხოვრებაში.

 

იხ. წიგნის ელ. ვერსია (PDF ფაილი): საეკლესიო სიმართლე წითელი კვერცხის შესახებ და ზოგიერთი სხვა ლიტურგიკული საკითხი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 06 MARCH 2019 14:34)