Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[67]როდესაც მატებას (πλεονάζειν) იწყებს დღისეული ზომა ზამთრის სეზონში, კვლავ მიუბრუნდება რა ზენა სარბიელს მზე, ჭეშმარიტი სინათლის ღმერთმჩენეობას (“თეოფანიას”), ხორცის წიაღ ადამიანურ ცხოვრებაზე ზედმინათებულს, ვდღესასწაულობთ. ახლა კი, როდესაც წრეზე უკვე ცის შუაგულშია მნათობი, ისე, რომ ღამე და დღე თანაბარი ხანგრძლივობით თანაშეეზომება ურთიერთს, ადამიანური ბუნების სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ ზეასვლა საფუძველი ხდება ჩვენთვის ამ დიადი და საყოველთაო (καθολικῆς) დღესასწაულისა, რასაც ერთნაირად (κατὰ ταὐτὸν) დღესასწაულობს ადამიანთა მთელი სიცოცხლე, რომლებმაც კი ითვისეს აღდგომის საიდუმლო.

რა არის ამ ეპისტოლის განხილვის საგანი?

რადგან ჩვეულებრივია, რომ ამ საერთოსახალხო წმინდათვეობებზე ყველანაირად გავამჟღავნოთ ჩვენს სულებში ჩამკვიდრებული განწყობილება და როდესაც სადღაც ვიღაცეები საკუთარი საჩუქრების ძღვნად მირთმევით სიხარულს გამოხატავენ, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, არც თქვენ დაგვეტოვებინეთ ჩვენეულ ძღვენთა მოურთმევლად, არამედ ჩვენმიერი სიგლახაკიდან ღარიბულ მოსაკითხთა მიერ მისალმების მარჯვენა გამოგვეწვდინა თქვენი მაღალი და დიდცნობიერი სულისათვის.

ხოლო ჩვენი მოსაკითხია თქვენდამი წერილობით მორთმეული ეს ნაწერი, რაშიც არ არის არცერთი სიტყვა, კეთილხმოვანი და კეთილნაზავი გამოთქმებით გამშვენებული, რომ ამის გამო ძღვნად წარმოუჩნდეს ეპისტოლე სიტყვის მოყვარულთ, არამედ ძღვნად იყოს შენ[68]თვის ის საიდუმლო ოქრო (ὁ μυστικὸς χρυσὸς), რაც ქრისტიანთა რწმენაში, როგორც რამ სახვევში არის გამოკრული და რაც ძალისამებრ გაიხსნანაწერთა მიერ, წინდაწინ გამოავლინა რა მან დაფარული ელვარება.

ამრიგად, კვლავ მივუბრუნდეთ, რითაც დავიწყეთ.

მართლაც, რატომ არის, რომ მიაღწევს რა უკიდურეს წერტილს ღამე და ვეღარ იძენს რა უკვე ღამისეული ზრდა შემატებას, მაშინ გამოგვიჩნდება ხორცის მიერ ის, ვინც ყოველივეს გარემომცველია და იპყრობს ყველაფერს საკუთარი ძალით, ვინც დაუტევნელია ყველა არსისაგან, თუმცა მოიცავს კი ყოვლიერებას და ჩამკვიდრებულია (εἰσοικιζόμενος) უმცირესშიც კი, შუა გადის რა, ამ სახით, კეთილ ნებასთან ერთად დიადი ძალა და თანასწორად, საითაც კი მიდრკება ნება, ისიც იქვე თავს გამოავლენს, რომ არც არსთა შესაქმეში გამოჩნდეს ძალა ნებაზე სუსტი, არცთუ მაშინ მოუძლურდეს იგი, როდესაც ადამიანთა სასიკეთოდ ჩვენი ბუნების სიგლახაკეში ქვედადაბლებას დაეშურება, არამედ, ერთი მხრივ, ამაშიც იყოს და, მეორე მხრივ, არც ყოვლიერება მიატოვოს განუგებლად.

ამგვარად, რადგან უთუოდ არის რაღაც აზრი (τις λόγος) ორივე დროსთან დაკავშირებით, ამიტომ ძალისამებრ მოკლედ წარმოვაჩენ სიტყვაში (ძღვნად ვაქცევ რა ამით ნაწერს), თუ რატომაა, რომ მაშინ ხორცის მიერ ჩნდება იგი, ხოლო დღესწორეობის ჟამს ცოდვის გამო მიწაზე დავარდნილ (სიტყვ. “დარღვეულ”) ადამიანს კვლავ სიცოცხლეში უკუაღადგენს (ἀποκαθίστησι).

რა თქმა უნდა, გამჭრიახი გონების წყალობით უთუოდ წინდაწინ მიმხვდარი ხარ მათში ნაგულისხმევ საიდუმლოს, რომ წყდება ღამის წინსვლა სანთლის შემატებით და იწყება წყვდიადის შემოკლება, როდესაც შენამატების მიერ იზრდება დღისეული ხანგრძლივობა. ხოლო ბევრისათვის, ალბათ, ცხადი უნდა იყოს, რომ მონათესავეა ცოდვისა წყვდიადი და წერილიც ამგვარად სახელდებს ბოროტს. ასე რომ, ის დრო, როდესაც საიდუმლო იწყება, განმარტება რამ არის ჩვენს სულებზე საღვთო განგებულებისა, რადგან მას შემდეგ, რაც ბოროტება უკვე უსასრულოდ განივრცო, საჭირო იყო, რომ დღე, სათნოებათა მიერ ჩვენი გამაბრწყინებელი, გამოჩენილიყო მისგან, ვინც ამგვარ სინათლეს ნერგავს ჩვენს სულებში, რათა ნათელი ცხოვრება, კეთილ შენამატთაგან გაზრდილი, რაც შეიძლება  უხანგრძლივე[69]სად განფენილიყო, ხოლო ბოროტებაში ცხოვრება მცირემცირე დაკლებებით უმოკლესობამდე შეზღუდულიყო, რადგან კეთილთა ზრდა ბოროტის შემცირება ხდება.

ხოლო დღესწორობა, შემწყნარებელი სააღდგომო დღესასწაულისა, თავის თავში იმ განმარტებას შეიცავს, რომ მას შემდეგ, რაც თანაბარძალოვნად შეერკინება კეთილს ბოროტება, უკვე აღარ მოხდება გადასვლა საპირისპირო მდგომარეობაში, არამედ იმძლავრებს ნათელი ცხოვრება, განილევა რა დღის მოჭარბებით (τῷ πλεονασμω კერპთმსახურების წყვდიადი, რის გამოც მთვარისეული სრბოლის ორმოცდღიანი ხანგრძლივობა მზის სხივების პირისპირ აჩენს მას (მთვარეს)1, აღვსებულს ბრწყინვალების ყოველგვარი სიმდიდრით, რომელიც თავის მხრივ უკვე აღარ შეამზადებს წყვდიადისმიერ რამ შენაცვლებას, რადგან შეენაცვლება რა მთვარე ჩამავალ მზეს, თვით აღარ ჩადის მანამ, ვიდრე მზის ჭეშმარიტ სხივებს თავისას არ შეურევს; ასე რომ, უწყვეტად ჰგიეს ერთი სინათლე, რაც დღისეული და ღამისეული სრბოლის ხანგრძლივობაში არანაირად აღარ განიყოფება წყვდიადის ჩამოწოლით.

ამათ გიძღვნით შენ, ძვირფასო გვამო, სიტყვის ჩვენეული გლახაკი ხელით, იყოს კი შენთვის მთელი ცხოვრება დღესასწაული და დიადი დღე, უმეტესად წმინდამყოფელი ღამისეული წყვდიადისაგან!

-----------------------------------------------------------


1 - სიტყვ. “მთვარისეული სრბოლის ორმოცდღიანი მოპირისპირეობა წარმოაჩენს მას (მთავარეს) მზის სხივებით.

 


ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ედიშერ ჭელიძემ
ჟურნალი “გზა სამეუფო”, №1, 1995წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 20:29)