Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ბიბლიოთეკა, კოდექსი 230

"ხოლო [ევლოგი] წერს სხვა შრომას: "აგნოიტების წინააღმდეგ", ამბობს კი, რომ ვინმე მონაზონებმა იერუსალიმის უდაბნოდან აღძრეს ეს მოძღვრება1, რომლებიც იქამდე მივიდნენ, რომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს უმეცრება განუკუთვნეს გამომდინარე იმისგან, რაც მან თქვა: "სად დასდეთ ლაზარე?2", და "არავინ უწყის ის ჟამი და დღე - არც ძემ"3, და სხვა ამგვარ ნათქვამთაგან. ხოლო თვით წმინდა ევლოგი იმას განაჩინებს, რომ არც კაცობრივად, ბევრად უფრო კი არც ღმრთეებითად არ იყო უმეცარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე არც ლაზარეს საფლავისა და არც უკანასკნელი დღისა, ვინაიდან არც კაცება, ერთ ჰიპოსტასში შეერთებული მიუახლებელ და არსობრივ სიბრძნესთან, არ იყო უმეცარი არაფრისა, აც როგორც ამჟამინდელთა, ასევე არც, ცხადია, სამომავლოთა, არცთუ ისაა შესაძლებელი, რომ სიცრუე იყოს მისგან ნათქვამი: "ყოველივე, რაც აქვს მამას, ჩემი არის4", თუ, რა თქმა უნდა, ესენი - ყოვლის მკადრებელნი, - თვით მამასაც არ მიზიდავენ უმეცრებისკენ. ასე რომ, როდესაც მაცხოვარმა თქვა: "სად დასდეთ ლაზარე?"5, ამის თქმით ყურადღებიანობისა და დამახსოვრებისკენ მიმართა იქ მყოფი იუდეველები;

ამასთან, არა მხოლოდ ეს, არამედ სხვა რამ ამგვარნიც იმოქმედა მან, როგორც, მაგალითად: "გახსენით ეგ და გაუშვით წავიდეს"6, რათა იმისგან, რაც ნაწილობრივ იხილეს, და იმისგან, რაც ისმინეს, ერთი მხრივ, სარწმუნო და დაუეჭვებელი ყოფილიყო ნანახი, მეორე მხრივ კი წარუხოცელად გადასცემოდა იგი ხსნოვნას. ხოლო ამბობს [ევლოგი, ე.ჭ.], რომ ქრისტეს შესახებ თქმულთაგან ნაწილი გადატანითი მნიშვნელობით ითქმის, ნაწილი კი - ჭეშმარიტად. მაგალითად, გადატანითი მნიშვნელობისაა ის, რომ იგი ჩვენს გამო გახდა ცოდვა და წყევლა7, ვინაიდან მართლა კი არ გამხდარა ესენი, არამედ ისევე როგორც თავი განიკუთვნებს ყოველივე იმას, რაც მისი სხეულისაა, ამგვარადვე განიკუთვნებს ისიც ყოველივე იმას, რაც არის მისი სხეულისა. მეორე მხრივ, ჭეშმარიტად ითქმის, რომ ადამიანი გახდა იგი, რომ მოშივდა მას, რომ მოსწყურდა და სხვა ამგვარი. ამიტომ, თუ ვინმე ისურვებს იმის თქმას, რომ უმეცარი იყო იგი გადატანითი მნიშვნელობით, იმდენად, რამდენადაც არ იყო უმეცრების მიღმა მისი სხეული ანუ კაცობრივი ბუნება, რომლის თავიც თვითვეა, ამგვარი ვინმე არ იქნება განშორებული ჯეროვანისგან, თუ, რა თქმა უნდა, არ იფიქრებს, რომ უმეცარია სიბრძნე მამისა. ამასთან, თუ ნათქვამმა: "სად დასდეთ იგი?"8 უსწავლელნი იმაში დააჯერა, რომ უმეცრება დაებრალებინათ ქრისტესთვის, მაშინ როგორღა არ დააკისრებდნენ უმეცრებას თვით მამასაც, რომელიც ასე გამოიკითხავდა და ამბობდა ადამისადმი: "სად ხარ"?9, და - ძმისმკვლელისადმი: "სად არის აბელი, შენი ძმა"?10, და აგრეთვე შემდეგი: "ღაღადისი სოდომისა და გომორისა გამრავლებულია და მათი ცოდვები ფრიად დიდია. ამიტომ, ჩავალ და ვნახავ, თუ იქცევიან ისინი მათი ღაღადისისებრ, ხოლო - თუ არა, ვიცოდე"11. ასევე, ჰკითხა იესომ ეშმაკს: "რა არის შენი სახელი?" და ის მიუგებს: "ლეგეონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ"12. გარდა ამისა ეუბნება ბრმებსაც: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ თქვენ?"13 და როგორ არ არის ცხადი, რომ არ არის უმეცრებისა ეს ყოველივე, არამედ, ერთი მხრივ, როდესაც ეშმაკს ეკითხებოდა, ამით უნდოდა თვით ეშმაკისგან ეჩვენებინა მოწაფეებისთვის [იმ კაცში] დამკვიდრებულთა სიმრავლე, რათა გაეგებინებინა მათთვის, რომ უკვე დაეძლია მას მრავალნი, და ამ გზით რწმენა და გაბედულება შთაენერგა მათში [მოწაფეებში] გველთა, იქედნეთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად14; ხოლო რაჟამს მან ბრმებს ჰკითხა, ამით აწვია მათ, რომ მისდამი წარედგინათ სათხოვარი, ვინაიდან რაოდენ ვითხოვთ და ვიღებთ შეწევნას, ეგოდენ გვეძლევა განცდა მისეული ქველმოქმედებისა. რაც შეეხება უკანასკნელი დღის შესახებ თქმულს, რომ არავინ იცის იგი, არც ანგელოზებმა, არცთუ ძემ, თუ არა მამამ, ნაწილი ამბობს, რომ განგებულებითად თქვა მან ეს, რომ მოწაფეებს ყოველ დღეს იმ უკანასკნელი დღის დადგომა ეფიქრათ და ამით მარადის მღვიძარენი ყოფილიყვნენ. ამასთან, არაფერია დამაბრკოლებელი იმაში, რომ ესეც აღვიქვათ, როგორც გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი, ისევე როგორც ეს: "შენ იცი უგუნურება ჩემი"15, და აგრეთვე: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რის გამო მტოვებ მე?"16 ზოგიერთები ამბობენ, რომ თქვამ მან არცოდნა უკანასკნელი დღისა, რომ ამით წარმოეჩინა და ცხადი გაეხადა კაცობრივი ბუნებისთვის დამახასიათებელი ნიშანი, არა ისე, თითქოს მან არ იცოდა, - ნუ იყოფინ! ვინაიდან არ იქნება თავისუფალი შემაცდენელი თავხედობისგან უმეცრების თქმა მისდამი ან ღმრთეების მიხედვით, ან ადამიანურობის მიხედვით, - არამედ იმდენად, რამდენადაც, როგორც ამბობს ნეტარი კირილე, რაჟამს ფაქიზ აზრებში ანუ გონების წარმოსახვებში განხილვის წესით განვჭვრეტთ თითოეული ბუნებისთვის დამახასიათებელ და თავისთავად ნიშნებს17, ანთუ, როგორც აგრეთვე ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი, რაჟამს აზრებში განცალკევდებიან ბუნებანი, განიყოფა მათი სახელებიც18, ხოლო დამახასიათებელი ნიშანი ლიტონი ადამიანურობისა ესაა უმეცრება, სწორედ ამის კვალობაზე შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს კაცებაში, როგორც ლიტონ კაცებაში, დაინახება უმეცრება19. და ესეც ღვთისმეტყველმა გააცხადა, როდესაც თქვა: "იცის როგორც ღმერთმა, ხოლო არ იცის როგორც კაცმა, თუკი ვინმე ხილულს გამიჯნავს გონითისგან"20. ამბობს რა ამას [ევლოგი, ე.ჭ.], დასძენს იმასაც, რომ თუმცა მამათაგან ზოგიერთებმა უმეცრება განუკუთვნეს მაცხოვრისეულ კაცებას, გამოთქვეს ეს არა როგორც დოგმატი, არამედ უპირისპირდებოდნენ რა არიანელთა სიცოფეს, რომლებსაც მხოლოდშობილის ღმრთეებაზე გადაჰქონდათ ყოველივე კაცობრივი (რომ ქმნილებად წარმოეჩინათ უქმნელი სიტყვა ღვთისა), ხსენებულმა მამებმა უფრო განგებულებითად (იკონომიურად) ის ამჯობინეს, რომ ადამიანურობისკენ მიემართათ ეს [გამონათქვამები], ვიდრე დაენებებინათ მათთვის [არიანელთათვის], რომ ღმრთეებაზე გადაეტანათ ეს ყოველივე. ამასთან, თუ ვინმე ჩათვლის, რომ ამ მამებმაც გადატანითი მნიშვნელობით თქვეს ამგვარნი, უღვთისმსახურესი აზრის დამტევნელი იქნება იგი" (Photius, Bibliotheque, Tome V ("Codices" 230-241), Texte etabli et traduit pasr Rene Henry, Paris 1967, p. 57-60).

--------------------------------------------------------

 

1 - ე.ი. აგნოიტური.

2 - იოანე 11.34.

3 - შდრ. მარკოზ. 13.32.

4 - იოანე 16.15.

5 - იოანე 11.35.

6 - იოანე 11.44.

7 - II კორ. 5.21; გალატ. 3.13.

8 - იოანე 11.34.

9 - შესაქ. 3.9.

10 - შესაქ. 4.9.

11 - შესაქ. 18.20-21.

12 - მარკ. 5.9.

13 - მათ. 20.32.

14 - შდრ. ლკ. 10.19; ფს. 90.13.

15 - ფს. 68.6.

16 - მათე 27.46; ფს. 21.2.

17 - წმ. კირილე ალექსანდრიელი, მეორე ეპისტოლე სუკენსონის მიმართ, PG. 77, col. 245 AB.

18 - შდრ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ოცდამეათე სიტყვა, PG. 36, col. 1138.

19 - შდრ. წმ. კირილე ალექსანდრიელი, საუნჯე, PG. 75, col. 369 A.

20 - შდრ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ოცდამეათე სიტყვა, PG. 36, col. 124 B.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

წიგნიდან "საეკლესიო დგმატიკა და ერესები".

ფრაგმენტი მოთავსებულია აღნიშნული წიგნის 301-305 გვერდებზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 JULY 2017 15:20)