Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინამდებარე პუბლიკაციაში მსჯელობა გვექნება წმინდა იოანე ღვთისმეტყველისთვის ზეგარდამო გაცხადებული იდუმალი მოვლენის შესახებ, რომელშიც საუბარია ანტიქრისტეს ნიშანზე. დავიმოწმებთ შესაბამის ციტატას: „აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოცდაექუს“ (აპოკალ. 13.18).

უპირველესად შევნიშნავთ, რომ აპოკალიპსის წიგნის მუხლობრივი განმარტება VI-VII საუკუნეებში მოღვაწე ღირსი ანდრია კესარია-კაპადოკიელის სახელს უკავშირდება, რომლის შრომაც წმინდა ექვთიმე ათონელმა თარგმნა ქართულ ენაზე. საყურადღებოა, რომ მთაწმინდელი მამის საყოველთაოდ ცნობილი მთარგმნელობითი საქმიანობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში სწორედ «გამოცხადების» განმარტებაა. კერძოდ, თუკი კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავრის შრომის ქართულ ენაზე გადმოღებისას ათონელი მოძღვარი რიგ შემთხვევაში მატებას მიმართავს, იმავე შრომაში მრავალი ისეთი ადგილია, სადაც ღირსი ექვთიმე წმინდა ანდრიას მსჯელობას შემოკლებული სახით წარმოგვიდგენს. მაგალითად სწორედ ზემომოხმობილი ბიბლიური ციტატა გამოდგება („აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოცდაექუს“). აღნიშნული მუხლის ანდრიასეული ეგზეგეზისი ექვთიმე ათონელის ქართულ თარგმანში ასეა ასახული: „ჭეშმარიტებაჲ სახელისა მისისაჲ ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაჲ სახელისა მისისაჲ, მხილველსა მას გამო-მცა-ეცხადა, არამედ არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერაჲ“ (ანდრია კესარია-კაპადოკიელი, იოვანეს გამოცხადება და მისი თარგმანება, ქართული ენის კათედრის შრომები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკველევა და ლექსიკონი დაურთო ი. იმნაიშვილმა, 1961 წ., გვ. 81).

დამოწმებული სწავლების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტეს შესახებ მოძღვრება წმინდა წერილში მრავალგზის იქნა გაცხადებული, მის სახელს საღვთო განგებულებით იმავე წერილმა დუმილით აურა გვერდი, რასაც შესაბამისი ჟამი გამოაჩენს. ქართული თარგმანისგან განსხვავებით ბერძნულ ტექსტში ღირსი ადრია მსჯელობას განაგრძობს და საეკლესიო ეგზეგეტიკურ წყაროებში ანტიქრისტეს სავარაუდო სახელებთან დაკავშირებით დაცულ საყურადღებო ცნობებს აღგვიწერს. ჩამონათვალი ასეა წარმოდგენილი (იხ. PG. t. 106, 2001: 681, B): Λαμπέτις, Τειτᾶν, Λατεῖνος, κακὸς, ὁδηγὸς, ἀληθὴς, βλαβερὸς, πάλαι, βάσκανος, ἀμνὸς, ὤδικος (მოხმობილი სახელები ორ ნაწილად ჯგუფდება: პირველი, Λαμπέτις, Τειτᾶν, Λατεῖνος - თითოეული სიტყვის შემადგენელ ასოებში ნაგულისხმევი რიცხვების ჯამი 666 უდრის (მაგალითად, Λαμπέτις: Λ=30, α=1, μ=40, π=80, ε=5, τ=300, ι=10, ς=200, ჯამი: 666; Τειτᾶν: Τ=300, ε=5, ι=10, τ=300, α=1, ν=50, ჯამი: 666; Λατεῖνος:  Λ=30, α=1, τ=300, ε=5, ι =10, ν=50, ο=70, ς=200, ჯამი: 666.

უნდა აღინიშნოს, რომ წმ. იპოლიტე რომაელი, ვისი შრომიდანაც ღირსმა ანდრიამ ანტიქრისტეს სავარაუდო ორი სახელი მოიხმო, მესამე ვარიანტსაც მიუთითებს (იხ. PG. t. 10, 2002: 769, C): Εὐάνθας - Ε=5, υ=400, α =1, ν=50, θ=9, α=1, ς=200, ჯამი: 666 (შრომაში - „უწყება ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ“ - წმინდა იპოლიტე მხოლოდ სამ სახელზე საუბრობს: Τειτᾶν, Εὐάνθας, Λατεῖνος. ტერმინი Λαμπέτις მასთან არ გვხვდება. შევნიშნავთ, რომ იპოლიტე რომაელის დასახელებული შრომის ძველი ქართული თარგმანი, რომელიც შატბერდის კრებულშია დაცული და, მკვლევართა აზრით, სომხური ენიდან არის შესრულებული, ბერძნული ტექსტისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთ სახელს გვთავაზობს: „აწ ერთისა კაცისა სახელი მიიცვალოს მისა ლატინოს“ (იხ. ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, შატბერდის კრებული, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბილისი, 1979 წ., გვ. 285).

საყურადღებოა, რომ წმინდა იპოლიტე რომაელი აპოკალიპტური მხეცის ნიშანთან დაკავშირებით ორგზის მოიხმობს «გამოცხადების» წიგნის შესაბამის მუხლებს, სადაც საუბარია რიცხვზე 666, თუმცა ქართულ თარგმანში ორივეჯერ განსხვავებულ მონაცემს ვხვდებით: „არამედ რამეთუ თანა-გუაც სრულიად გამოძიებად მისთჳს და თხრობად, და ვითარცა სული იგი წმიდაჲ რიცხჳთ რაჲთმე სახელსა მასცა გამოაცხადებს, განცხადებულად მისთჳს გითხრათ. რამეთუ იტყჳს იოვანე ესრეთ: «...და ყვნეს თჳსა მცირენი და დიდ-დიდნი, შეურაცხნი და დავრდომილნი, აზნაურნი და მონანი, რაჲთა დაიდვან ნიში ზედა მარჯუენესა ჴელსა თჳსსა და შუბლსა თჳსსა, რაჲთა არავის ეუფლოს არცა მოსყიდად, არცა მისყიდად, რომელსა არა აქუნდეს სასწაულად სახელი მჴეცისაი მის და გინა თუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. ესე არს გულისჴმისყოფაჲ; რომელსა აქუნდეს გონებაჲ, ცანნ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ქართველთა ენად ექუსას სამეოცდაერთ»“ (შატბერდის კრებული, დასახ. გამოცემა, გვ. 283-284). იმავე ძეგლში ვკითხულობთ: „ხოლო აწ რაჲ ესე წინა გჳც, ამასვე ვიტყოდით, რამეთუ იგიცა ეგრე სახედვე აჭირებდეს წმიდათა მათ, რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი იგი და მოციქული ესრეთ: «რომელსა აქუნდეს გულისხმისყოფაჲ, აღრაცხენ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ექუსას სამეოცდაერთ» (გამოცხ. 13. 16-18)“ (შატბერდის კრებული, დასახ. გამოცემა, გვ. 284-285).

საქმე ისაა, რომ ქართველმა მთარგმნელმა პირველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მატებას მიმართა და, ბუნებრივია, «აპოკალიპსის» ბერძნულ ტექსტში არარსებული სიტყვები - „ქართველთა ენად“ - შეამატა საკუთარ თარგმანს, რაც მეორედ მოხმობილ ციტატაში აღარ იკითხება; ხოლო მეორე მხრივ, რიცხვითი სახელის განსხვავებული განმარტება შემოგვთავაზა (შდრ. „და რიცხჳ მისი არს ქართველთა ენად ექუსას სამეოცდაერთ“). წარმოდგენილი აღნუსხვა შატბერდის კრებულში დაცულ ანტიქრისტეს სავარაუდო ერთადერთ სახელს - „ლატინოს“ ეფუძნება.  საქმე ისაა, რომ ბერძნული დიფთონგი ει (ε - ეფსილონ; ι - იოტა) იკითხება როგორც „ი“. შესაბამისად, Λατεῖνος (ლატეინოს) გადმოიცემა ტერმინით „ლატინოს“ (დიფთონგის შემადგენელი ε - ეფსილონი აღარ ამოიკითხება), რაც წმ. იპოლიტე რომაელის სომხურენოვან თარგმანშიც მსგავსადვე იქნა ასახული, ხოლო მისგან მომდინარე ქართული ტექსტი იმავე მონაცემს („ლატინოს“ და არა „ლატეინოს“) გვთავაზობს; აღნიშნულ ტერმინში შემოკრებილი ასოების რიცხვითი ჯამი კი (ε- ეფსილონის (=5) გამოკლებით) არის არა 666, არამედ - 661: ლ=30, ა=1, ტ=300, ი=10, ნ=50, ო=70, ს=200, ჯამი: 661).

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ირინეოს ლიონელი საკუთარ შრომაში - „ერესების წინააღმდეგ“, მეხუთე წიგნის ოცდამეათე თავში ერთგან შენიშნავს, რომ მის ეპოქაში გავრცელებული «გამოცხადების» წიგნის ზოგიერთი რედაქცია ზემოდამოწმებული რიცხვითი სახელის მცდარ მონაცემს წარმოადგენს და ნაცვლად 666-სა იკითხება 616. ღირსი მოძღვარი აღნიშნულის მიზეზს ასე განმარტავს: ვინაიდან ხელნაწერებში რიცხვები შესაბამისი ასოებით გამოისახებოდა, აპოკალიპტური ნიშნის განმსაზღვრელი იყო ბერძნული ტრანსკრიპცია χξζ (χ=600, ξ=60, ζ=6; ჯამი=666). გადაწერისას დაშვებული შეცდომის შედეგად კი ბერძნული ξ (ქსი=60) ერთ-ერთ რედაქციაში იოტით (ბერძ. ι =10) ჩანაცვლდა. შედეგად განსხვავებული შინაარსის მონაცემი მივიღეთ - χιζ = 616 (იხ. PG. t. 7, col. 1203-1204).

წმინდა ირინეოს ლიონელის განმარტებით, რიცხვი 666 ნიშანია ანტიქრისტესი, რომელიც დეცემული ძალის მიერ მეორედ მოსვლამდე განხოციელებულ ყველა უკეთურებას შემოიკრებს საკუთარ თავში. მითითებული რიცხვის განმარტებისას ლიონელი მოძღვარი კაცობრიობის ისტორიას წარღვნამდელ და წარღვნის შემდგომ პერიოდებად განყოფს. მისი თქმით, საყოველთაო წარღვნისას ნოე 600 წლის იყო, ხოლო ხსენებული მოვლენით შეიმუსრა რა ადამის მოდგმა, უწინარეს არსებული ყველა უკეთურება განქარდა, მაგრამ ნოესაგან გამრავლებულმა კაცობრიობამ კვლავ ცოდვის გზა ირჩია. წმინდა ირინეოსის თანახმად, ანტიქრისტე საკუთარ თავში წარღვნამდე და წარღვნის შემდგომ გამოვლენილ ყველა სისაძაგლეს შემოიკრებს. ის გულისთქმებით აღსავსე ცოდმისმიერ კერპებს გამოსახავს კაცთა წინაშე და მათდამი პატივმიგებას აიძულებს ადამიანებს, უარის შემთხვევაში კი სიკვდილით დაემუქრება მათ. ანტიქრისტეს აღნიშნული ქმედების წინამოსწავებას ლიონელი მღვდელთმთავარი დანიელის წიგნის ერთ-ერთ თავში განჭვრეტს, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ აღმართა ქალდეველმა მეფე ნაბუქოდონოსორმა დეირის ველზე კერპი, რომლის სიმაღლე 60 წყრთა იყო, ხოლო სიგანე - 6. ამასთან, საკუთარი სახელმწიფოს ყველა მაღალჩინოსანს უხმო და ხსენებული კერპისადმი პატივმიგების ბრძანება განუწესა. მხოლოდ დანიელ წინასწარმეტყველთან ერთად სამშობლოდან შორეულ შუამდინარეთში გადასახლებული ებრაელი ახალგაზრდები - ანანია, აზარია და მისაელი იტყვიან უარს მსახურებაში მონაწილეობის მიღებაზე, რისთვის მყისვე გახურებულ ცეცხლის ღუმელში იქნებიან ჩაგდებულნი ისინი (შდრ. დან. 3).

ღირსი ირინეოსი ყველა ზემოდასახელებულ რიცხვს სიმბოლურად განმარტავს და აერთიანებს მათ. კერძოდ, ნოეს ასაკად განსაზრვრული 600 წარღვნამდელი უკეთურების სიმბოლოა, დეირის ველზე აღმართული კერპი ზომებით 60 და 6 (60 წყრთა სიმაღლე და 6 წყრთა სიგანე) წარღვნის შემდგომი ეპოქის კაცობრიობის უზნეობას გამოსახავს, ანტიქრისტეს მიერ უკანასკნელ ჟამს საკუთარ თავში ყოვლითურთ თანაშემოკრებილს, რითაც ჯამში (600+60+6) ვიღებთ რიცხვს 666 (იხ. PG. t. 7, col. 1201-1203).

მკითხველს შევახსენებთ, რომ ზემოდამოწმებული განხილვისას წმინდა ანდრიას შრომაში დაცული ანტიქრისტეს სავარაუდო სახელების პირველი რიგი გამოვყავით, რომელშიც გაერთიანებული ტერმინების შემადგენელი ასო-ბგერების რიცხვითი მნიშვნელობა ჯამში გვაძლევს 666. რაც შეეხება იმავე შრომაში წარმოდგენილი სახელების მეორე რიგს, ის ანტიქრისტეს პიროვნულ მახასიათებლებს წარმოაჩენს: κακὸς, ὁδηγὸς – „უკეთური წინამძღოლი“, ἀληθὴς, βλαβερὸς – „ჭეშმარიტი მაწყინებელი (მავნებელი)“,πάλαι, βάσκανος – „ძველი მოშურნე“ (ე. ი. ყოველივე კეთილის დაუღალავი მოწინააღმდეგე), ἀμνὸς, ὤδικος – „უსამართლო კრავი“. ღირსი კესარია-კაპადოკიელი მღვდელთმთავრის შრომის თარგმნისას წმინდა ექვთიმე ათონელმა არ მიიჩნია საჭიროდ, რომ ქართველ მკითხველს ანტიქრისტეს სავარაუდო სახელთა ჩამონათვალი უნდა სცოდნოდა, რადგან აღნიშნულის შესახებ თავად წერილი ინარჩუნებს დუმილს და, კესარიელი მოღვაწის თანახმად, ეს მოვლენა მხოლოდ შესაბამის დროს გახდება საცნაური (შდრ. „ჭეშმარიტებაჲ სახელისა მისისაჲ ჟამმან გამოაცხადოს“). ამიტომაც მთაწმინდელმა მოძღვარმა კლებას მიმართა, ზემოდამოწმებულ სახელთა ესოდენ ვრცელ ჩამონათვალს გვერდი აუარა და ოდენ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა.

დასკვნის სახით შევნიშნავთ, რომ ზემოხსენებული ორი საეკლესიო ავტორი (წმ. ირინეოს ლიონელი და წმ. ანდრია კესარიელი) ანტიქრისტესთან დაკავშირებული სწავლების გადმოცემისას განსხვავებული მიდგომით ხელმძღვანელობს. კერძოდ, ლიონელი მოღვაწე აპოკალიპტური მხეცის ნიშანში 666 ნაგულისხმევი იდუმალი მოძღვრების შინაარსს წმინდა წერილის საფუძველზე განმარტავს, ხოლო ღირსი ანდრია ესქატოლოგიური ჟამის დადგომისას ქვეყნიერებაზე მოვლენილი ქრისტეს წინააღმდგომი ძალის სავარაუდო სახელებსა და მის პიროვნულ მახასიათებლებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

სტატია იდება ავტორის ნებართვით

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 23 JUNE 2017 13:26)