Georgian (Georgia)English (United Kingdom)

გმადლობ, თაყვანს გცემ და შეგივრდები შენ, ყოვლის უფალო და ყოვლადწმინდა მეუფეო, რომ ზეგარდმო ნებით შემიწყალე მე უღირსი, პატივი მომაგე და მადიდე მე, რადგანაც სამყაროს შექმნის უწინარესვე შენში მფლობდი მე მთლიანს[2]. სიტყვითა და შენი ხატით პატივმყავ და მადიდე მე; არათუ სხვა მიზეზით, მარტოდენ ჩემთვის, რომელიც ვარ შენი ხატისებრ და მსგავსებისებრ[3], არარსებობას განაშორე ყოველივე. მეუფედ შემქმენ მთელი ქვეყნისა შენი დიადი საქმეების, შენი სიკეთის სადიდებლად.

გმადლობ შენ, რადგანაც აღმისრულე ყოველივე ჩემი ვედრება, ჩემი გულისთქმა სასიკეთო, როგორც ეს შენვე აღგვითქვი ჩვენ, შენს მონებს. თუმცა უღირსი ვიყავ ცისა და მიწის, უხვად მომმადლე, რაც კი მეწადა, - უმეტესად მოლოდინისა, რადგანაც ასე თქვი: ”ყველაფერი, რაც ითხოვეთ ჩემი სახელით, მორწმუნეებმა მიიღოთ” (იოანე 14,13; მათე 21,22)

მსურდა მეხილა ვინმე ერთი შენს წმინდათაგან, რომლის რწმუნებით მეც ვპოვებდი მოწყალებას შენს წინაშე. გმადლობ, რადგანაც, - სახიერო, - არა მხოლოდ ეს აღმისრულე, და მიჩვენე მე შენი მონა გულითადი, - ვამბობ ნეტარ და წმინდა სვიმეონს, ვინც შენი ნებით მე შემიყვარა, - არამედ სხვაც მომმადლე სიკეთე ბევრი, რის მოლოდინიც არა მქონდა.

საიდან, როგორ შევიცნობდი მე უბადრუკი, რომ ჰგიე[4] შენ, აგრერიგად კეთილი მეუფე ჩვენი; საიდან უნდა შემეცნო ეს, რომ თავს უცხადებ შენთან მოსულთ, ჯერაც ამქვეყნად რომ მკვიდრობენ; საიდან უნდა გამეგო ეს, რომ მეც ძიებას შევდგომოდი შენს სახილველად? საიდან, როგორ შევიცნობდი, რომ ესოდენი შვებისა და სიხარულის ღირსად ჩნდება, ვინც შენი მადლის სინათლეს[5] იღებს? საიდან, როგორ შევიცნობდი მე უბადრუკი, რომ სულიწმინდას შეიწყნარებს, ვინც გერწმუნება? ასე მეგონა, სრულად მწამდი, მეგონა მქონდა ყოველივე, რასაც ანიჭებ შენდამი მოშიშთ, თუმცა კი ვყოფილვარ არასმქონე, როგორც ეს შემდგომ საქმით ვისწავლე.

საიდან, როგორ შევიცნობდი, მეუფეო, რომ შენ, რომელიც ხარ უხილავი და შეუცვლელი, ჩვენსავე შიგნით იხილვები და შეიცვები? შაიდან, როგორ ვიფიქრებდი, რომ შენ, უფალი, ყოვლის შემქმნელი, ადამიანებს შეერთვოდი, შენგან შეძერწილთ, ღმერთშემოსილებს იქმოდი მათ და შენს ძეებად იმუშაკებდი. საიდან უნდა მცოდნოდა ეს, რომ მეც მქონდა ამგვართა ნდომა და შენს წინაშე მათ მოხვეჭას შევდგომოდი? ანდა, საიდან გავიგებდი, მეუფეო, რომ მყავხარ შენ, ამგვარი ღმერთი, უფალი და ზედამდგომელი, ამგვარი მამა, ძმა და მეუფე, შენ ჩემს გამო გლახაკქმნილი, ვინც ითვისე ხატი მონისა?

ჭეშმარიტად, კაცთმოყვარე უფალო ჩემო, არანაირად არ ვიცოდი ეს ყოველივე! თუმცა დროდადრო თვალს ჩავკრავდი საღვთო ნაწერებს, შენს წმინდანთაგან რომ გვეუწყა, და ვკითხულობდი ამგვართა გამო, მაგრამ ყველაფერს ისე ვისმენდი, თითქოსდა სხვებზე ან სხვებისათვის იყო თქმული და ვერ ვგრძნობდი, იქ რა ეწერა, ვერც წაკითხულის აზრს ვწვდებოდი.

ვისმინე, რასაც ღაღადებდა პავლე, შენი მქადაგებელი: “ის, რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, კაცის გულამდე რაც არ მისულა, რაც გაუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს” (I კორ. 2,9). შეუძლებლად ვირწმუნე ხორცში მყოფთაგან ამგვართა ჭვრეტა. ვფიქრობდი, მხოლოდ მას ერთადერთს უჩინე შენ უშურველად ამგვარი რამ და არ ვიცოდი მე, გლახაკმა, რომ ყოველ კაცს ამასვე უყოფ, ვინც შენ გიყვარებს. საიდან, როგორ შევიცნობდი, რომ ვინც გირწმუნებს, ხდება რა იგი შენს ნაწილად, მადლით ღმრთეებას გამოაბრწყინებს[6] (ვის ძალუძდა ამის რწმუნება?!) და ნეტარი ღვთის ნეტარ ნაწილად გარდაქმნილი ნეტარი ხდება? საიდან, როგორ შევიცნობდი, რომ შენდამი დამშეულთათვის, ნაცვლად გრძნობადი საზრდელისა, იქნებოდი პური უკვდავი, უხრწნელი და განუძღომელი, მწყურვალთათვის – უკვდავი წყარო, ხოლო შენს გამო ღარიბულად შემოსილთათვის – შუქმფინარი სამოსელი? თუმცა მსმენოდა ამგვართათვის შენს ქადაგთაგან, ასე ვფიქრობდი, სამომავლო საუკუნეში და მხოლოდღა აღდგომის შემდეგ მოხდებოდა ეს ყოველივე და არ ვიცოდი, რომ სრულდება ეს უფრო ახლა, ახლა, როდესაც უმეტესად გვჭირდება იგი.

არ ვიცოდი ეს ყველაფერი, არც სურვილი მქონდა მათთვის, არცთუ გთხოვდი, ყოველწმინდა მეუფეო, რომ მიმეღო რაიმე მათგან. მარტოდენ იმას ვიხსენებდი, რა ცოდვაც მქონდა, ვეძიებდი მათ შენდობას და ვესწრაფვოდი – კვლავაც გეტყვი მეუფეო – მეპოვა ვინმე მეგზური და გზამკვლევი ჩემთვის, რომ მისმიერი მეოხებით და მისდამი ჩემი მონობით, - თუნდ სამომავლოდ, - შემეძინა მოტევება ჩემი ცოდვების სიმრავლისა. ასეთ დროს ყველა, ვისაც ვკითხავდი, ერთსულოვნად იმას ამბობდა, რომ დღევანდელ დღეს ქვეყანაზე აღარ არის მსგავსი წმინდანი[7]. თუმცა ძლიერმა დარდმა შემიპყრა, ვერანაირად ვერ ვირწმუნე მათი სიტყვისა და ყოველ მათგანს – როგორც თვით უწყი, მეუფეო, - ამნაირად პასუხს ვუგებდი: “უფალო ჩემო, შემიწყალე! ნუთუ ამდენად სძლევს ეშმაკი მეუფე ღმერთს, რომ ყველა კაცს მისკენ მიდრეკს, მის ნაწილად ჰყოფს და აღარ რჩება აღარავინ ნაწილად ღვთისა?”

ასე მეგონა, სწორედ ამიტომ, კაცთმოყვარე მეუფეო, ამ ცხოვრების სიბნელეში, ამ ბოროტების შუაგულში მჯდომს გამომიშუქე წმინდა სინათლე და მიჩვენე მე იმავ წიაღში შენი წმინდანი, ისევე როგორც შენს მონაზე, პავლეზე ჰქმენ ეს, რომელსაც უხმე, თუმც შენს მდევნელს, საღვთო ცხადჩენით[8], ხოლო როდესაც გიხილა მან და ასე გკითხა: “ვინ ხარ?”, არკი მიუგე: “მე ვარ, შემქმნელი ცისა და მიწის, მე ვარ, რომელმაც არაარსთაგან არსებულვყავ ყოველივე”, არც ასე გითქვამს: “მე ვარ არსი”, ან კიდევ ასე: “ღმერთი საბაოთ”, ანდა: “ღმერთი შენი მამების”, ანთუ სხვა რამ შენი დიდების სახელთაგან, არამედ მხოლოდ ეს მიუგე: “მე ვარ იესო ნაზარეველი, ვისაც შენ სდევნი” (საქმე 9,5; 22,8). ასე მიუგე, რომ თვალნათლივ შეეცნო მას, თუ ვის დევნიდა, რომ ჰგიე შენ, ღმერთი ჩვენთვის ხორციელქნილი.

ჩემზეც მსგავსადვე ჰქმენ, მეუფეო, როცა ინებე და მიჩვენე მე სვიმეონი, შენი წმინდანი.

საღვთო სინათლით რაწამს გაბრწყინდა ყოველივე, რაწამს გავბრწყინდი მეც, გლახაკი, და რაწამს ღამე უუნათლეს დღედ გარდიქმნა, შენი ღმრთეების სიმაღლეში, როგორც ცაში, ღირსი გავხდი, შემზარავად მეხილა იგი, მეხილა იგი ახლოს მდგომი შენს ღმრთეებრივ სიდიადესთან, არა გვირგვინით, არა ნათელი სამოსელით, არა სახეცვლით[9] შემკობილი, არამედ ისე, აქ ჩვენს შორის როგორიც იყო, როგორც ვხედავდით დღენიადაგ მას ამ მიწაზე, - ცაშიც იმგვარი გამიცხადე, რა მიზეზით? – არ მეფიქრა, თითქოს სხვა იყო ჩვენს გვერდით მყოფი და სხვა – ჩემს მიერ აქ ხილული, არ შევმცდარიყავ და მე, როგორც ცდომილი ცხვარი, ჩემს კეთილ მწყემსს არ დავკარგვოდი; თუმცა ამგვარმა სასწაულმაც ვერ ცნობიერმყო მე უბადრუკი; ნაცვლად, შემიპყრო მცონარებამ, სულმოკლეობამ და კვლავ ადრინდელ ბოროტებას, - უარესსაც, - მივეცი თავი, შენ კი, უფალო სულგრძელო და დიდმოწყალეო, არა ამ სახით განმირიდე, არამედ შენსკენ მომაქციე შენი წმინდანის შემწეობით[10] და ღირსი გავხდი შევრდომოდი მის წმინდა ფეხებს. მტკიცე ხელით და მაღალი მკლავით გამომაშორე ცდომილ სოფელს, სოფლის საქმეებს, სოფლის სიამეს, გაზღუდე ჩემგან ყოველგვარი ხორციელი და მშვინვიერი. ჰოი სასწაულო! ჰოი, სიყვარულო და თანალმობავ, ჩვენდამი რომ ავლინე შენ, კაცთმოყვარე ღმერთო ჩემო, როდესაც შემრთე შენს მონათა მწყობრს!

ამის შემდეგ კი მეუფეო, არა მარტოდენ შემინდე მე ენით უთქმელი ბოროტებანი, არამედ, შენი წმინდანის ოხით, ის სიკეთენიც მომანიჭე, ზემოთ რომ ითქვა, ანუ, უკეთ, ყოველივე თვით იქმენ ჩემთვის.

როდესაც მასში დაივანე, - შენს სვიმეონში, - და ღმრთეებრივი დიდების ნათლით როცა აბრწყინე, მეც მივეახლე და რწმენით და სინანულით ვუპყრე მას ფეხნი. წამსვე ვიგრძენი ღვთისეული რამ მხურვალება, შემდეგ კი მცირე, მბრწყინავი შუქი, შემდეგ – მისეულ სიტყვათაგან საღვთო მობერვა, შემდეგ – ის ცეცხლი გულისმიერი, მისგან ცრემლებად რომ ადდენდა დაუშრეტ ნაკადს, შემდეგ – ელვაზე უსწრაფესი ნასხლეტი სხივის, ჩემს გონებაში რომ განიწონა, შემდეგ – თითქოსდა სინათლე ღამით, - თითქოს წარმოჩნდა ალისფერი, მცირე ღრუბელი და თავს დამადგა ქვედამხობილს და მავედრებელს. ბოლოს გამშორდა და სულ მალე მეჩვენა ცაში.

როდესაც შემდეგ ვიგონებდი, რაც მაშინ ვნახე, სხვა რამ, ამათზე საკვირველი, აღსრულდა კიდევ. ერთხელ მეძინა და უკეთურ დემონთაგან განვიცდებოდი, თესლმდინარების ვნებისგან მაწვევდნენ ზაკვით, მე კი ძლიერად ვერკინებოდი და ჩემს შემწედ შენ გიხმობდი, ნათლის უფალო... გამიფრთხა ძილი და უვნებლად გამოვერიდე განმცდელთა ხელებს. გამიკვირდა ჩემი სიმხნე, ახოვანება, უფრო მეტად კი აღუძვრელობა ვნებისადმი. ასე ვფიქრობდი: “რა უჩვეულოდ აღსრულდა ძლევა, რომ მძინარეც წინ აღვუდექი, ჩემთან მებრძოლი მტრები ვძლიე და მძლე მძლეობით ქრისტეს მიერ უცნაურად ვიმძლავრე მათზე!”

ჰოი სასწაულო! ვინც ცაში მყოფად მეგულვებოდა, მყისვე ვიხილე ჩემსავე შიგნით (შენდამი ვამბობ, შემქმნელო ჩემო, მეუფე ქრისტე!). შევიცან მაშინ, შენი იყო ის მძლეობა, რითაც ეშმაკის მძლედ მაჩინე, თუმცა კვლავაც ვერ ცნობიერვყავ, მეუფეო, რომ შენ იყავი, შენ, თიხისგან ვინც შემძერწე, მომნიჭებელი ყოველივე ამ სიკეთისა, კვლავაც ვერ ვცანი, შენ რომ იყავი, შენ, მდაბალი ღმერთი ჩემი, კვლავ ვერ ვისმინე შენი ხმისა, ვერ ვიქმენ ღირსი, ვერ შევიცანი, ვერ მეუწყა შენგან იდუმალ: “მე ვარ”. უღირსი ვიყავ და არაწმინდა. სმენა სულისა ცოდვის თიხით მქონდა დახშული, ხოლო თვალები დაებინდა უმეცრებას, ურწმუნოებას, ვნებათა განცდას, ვნებათსიბნელეს.

აი, ამგვარად გიხილე შენ, ჩემი ღმერთი, ხოლო აქამდე არ ვიცოდი და არც მჯეროდა, რომ იხილვება ღმერთი ვინმესგან (რამდენადაც კი შეიძლება დანახვა ღვთისა), არც ის შემეცნო, რომ ღმერთია ან ღვთის დიდება, ზოგჯერ რომ ასე მიჩნდებოდა, ზოგჯერ სხვაგვარად.

უჩვეულო სასწაულმა ცნობა წამართვა, სული ამივსო სიხარულით, ამივსო გული. ასე მეგონა, ჩემი ხორციც იმ უთქმელ მადლს შეეზიარა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი ცხადად, თუ ვინ იყავი შენ, ხილული.

ასე ხშირხშირად ვხედავდი ნათელს, ზოგჯერ ჩემს შიგნით, როცა სიწყნარით და სიმშვიდით ილხენდა სული, ზოგჯერ ჩემს გარეთ, მოშორებით წარმოჩნდებოდა, ზოგჯერ კი სულაც იფარვოდა და მიფარული გაუსაძლის ჭირვარამს მგვრიდა, რადგანაც აღარ მოველოდი მის კვლავაც ჩენას, მაგრამ მგლოვარს და თვალცრემლიანს, სრული მწირობის, მორჩილების, სიმდაბლის მყოფელს წინ მიჩნდებოდა, მსგავსი იმ მზისა, შუა რომ აპობს ღრუბლის სისქეს და მცირემცირედ რომ ვლინდება საამო და სფერული სახით[11].

აი, ამგვარად შენ უთქმელმა და უხილავმა, შეუხებელმა და უძრავმა, ყოვლად ყოველთვის ყველგან მყოფმა, ყოვლის სავსებამ, შენ, - ასე ვიტყვი, - თავის დროზე დღითაც, ღამითაც დანახულმა და მიფარულმა, უკუქცეულმა და კვლავ მოსულმა, უჩინარქმნილმა და ანაზდად წარმოჩენილმა, - შენ მცირედმცირედ გამოდევნე სიბნელე ჩემგან, მოსპე ღრუბელი, დახსენ ჯანღი, გადამიწმინდე გონისმიერ თვალთაგან ბაყლი, გონების ყურნი განმიმზადე დახშულობისგან და უგრძნობლობის საბურველი ჩამომაცალე, ამასთან შენვე გამიყუჩე ყოველი ვნება, ყოველი ჟინი ხორციელი და ერთიანად განდევნე ჩემგან.

აი, ამგვარი ვიქმენ შენს მიერ! შენ გამიწმინდე ცა ღრუბლისაგან, ხოლო “ცად” ვამბობ გაწმენდილ სულს, რომლის შიგნით, - არ ვიცი, როგორ ან საიდან მოახლოებული, - უცებ შენ ჩნდები უხილავად, შენ, ყველგან მყოფი, და ამოდიხარ, როგორც სხვა მზე... ჰოი, უთქმელო მოწყალებავ!

აი, ეს არის, ჩემო ძმებო, ჩვენდამი საღვთო სასწაულნი!

უსრულესისკენ თუ ავიმაღლებთ, არათუ კვლავაც (როგორც ადრე) უხატოდ და უსახოდ მოდის ის, უხატოდ და უსახოდ მყოფი[12], არც კვლავ დუმილით სრულიქმნება მისი სინათლის ჩვენზე მოსვლა და მოვლინება, არამედ როგორ? რაღაც ხატით, თუმცა კი – ღვთისა[13], ხოლო ღმერთი არა სახით, აღბეჭდილობით, არამედ ჩვენგან შეუცნობი, მიუწვდომელი უხატო ნათლით იხატება[14] და წარმოჩნდება ის, მარტივი, ჩვენ კი არ ძალგვიძს მის შესახებ ამაზე მეტის სიტყვით უწყება ან გამოთქმა, თუმც ცხადად ჩნდება[15], შეიცნობა ძლიერ ცნობადად[16] და იხილვება მეტად ნათლად[17] ის უხილავი, ვინც უხილავად კიდეც ამბობს და კიდეც ისმენს, და ეზრახება[18] მისგან მადლით ღმრთეებად შობილთ[19] პირისპირ, როგორც მეგობარი თავის მეგობარს, - თვით ბუნებითი ღმერთი ჩვენი, ვინც მამასავით მოყვარეა და შვილთაგანაც ასევე მძაფრი მხურვალებით შეიყვარება, ვინც წარმოჩნდება მათ წინაშე საჭვრეტად უცხო[20], ხოლო სასმენად უმეტესი ძრწოლის მომგვრელი, ვისაც ისინი ღირსეულად ვერ გამოთქვამენ, ვინც დაფარვასაც ვერ დაითმენს მდუმარებაში, ხოლო ისინი (წმინდანები), მისი სურვილით დღენიადაგ ფრთოვანქმნილები და საიდუმლოდ მის მიერვე ხმის გამომცემნი[21] ზოგჯერ აღწერენ სხვათა ვნებებს და მწუხარებენ, ზოგჯერ საჯაროდ გვაუწყებენ საკუთარ ცოდვებს, ზოგჯერ მადლობით[22] მოგვითხრობენ, რაც მათზე იქმნა, - ქველმოქმედება და მადლის საქმე და უგალობენ ღვთისმეტყველურად[23], ვინც ღმერთქმედებით[24] ცვალა ისინი, ზოგჯერ მათდამი ბოძებული ცოდნის საზომით სწორჰყოფენ, თუ რა, სხვაგვარად და ცდომილად თქმული, მათ ყურს სმენია სულიერი ცხონების გამო; ხოლო ამაზე როცა წერენ, საღვთო წერილის დამოწმებებს წარმოგვიდგენენ და არც ის ძალუძთ, სულ მთლად დაცხრნენ, არც ის, რომ განძღენ თხრობისაგან. რა მიზეზით? რადგანაც უკვე ეკუთვნიან არა თავისთავს, არამედ იმ სულს, მათში რომ მყოფობს და მათ რომ აღძრავს მათგან აღძრული, იმ სულს, რომელიც მათში ხდება ის ყველაფერი, რაც კი გსმენიათ, რაც კი თქმულა საღვთო წერილში სასუფეველზე: მაგალითი, მდოგვის მარცვალი, საფუარი, წყალი, ცეცხლი, პური, ცხოვრების სასმელი, ცხოველი და მჩქეფვარე წყარო, მდინარებად რომ ადინებს სულიერ სიტყვებს (სიტყვებს ღმრთეებრი ცხოვრებისას), სანთელი, საწოლი, სარეცელი, საქორწილე, სიძე, მეგობარი, ძმა და მამა, - რადღა ვეცადო ყველაფრის თქმას მრავალი სიტყვით? აჰა, არის აურაცხელი! სიტყვაში როგორ გაზომავს ენა, როგორ მოუთხრობს, რაც თვალს არასდროს არ უხილავს, ყურს არ სმენია, რაც არ მისულა კაცის გულამდე? ჭეშმარიტად ვერანაირად! თუნდაც გვეტვირთოს თავად ღმერთი და, ამის გამო, თუნდაც რომ ვფლობდეთ ყოველივეს ჩვენსავე შიგნით (რადგანაც ღმერთი გვანიჭებს ამას), მაინც ვერ შევძლებთ ვერანაირად გონებაში გავზომოთ იგი, ანდა გამოვთქვათ სიტყვიერად.

ეს რაც დავწერე, ჰოი მამებო და ძმებო, არა იმიტომ, რომ წარმოვჩნდე (ნუ მოხდება ეს! ანკი გვაქვს რამე საკუთარი, რაც წარმოგვაჩენს, გარდა ცოდვისა, სიბილწისა, უღვთოებისა, დედის მუცლიდან თან რომ დაგვყვება აურაცხელი და მათი სიმრავლე, - ასე ვფიქრობ, - ზღვის ქვიშაც კი ვერ ესწორება?!), არამედ მხოლოდ, რომ გიჩვენოთ ღვთის სასწაულნი და წინ დაგიდოთ (თუმცა უღირსად, მაგრამ ისე, როგორც მე ძალმიძს), კიდევ იმიტომ, რომ ამ თხრობით[25] ვარგო იმათაც, რომლებიც თვლიან, რომ ღმრთეებრი ნათლისღებიდან წმინდა სულს ფლობენ შეუცნობლად[26]. თხრობა გვასწავლის, რომ სულ პირველად სრული სიბნელე და წყვდიადი სადგურობს ჩვენში, რაც იგივეა, - გაუცხოება საღვთო ნათლისგან[27]. ასეთ დროს (ცხადად გვასწავლის თხრობა) ღვთის შესახებ უმეცრები ვართ, შემდეგ სინდისით მხილებას გვამცნობს, რასაც სდევს შიში, შემდეგ კი – სურვილს, რომ მივიღოთ ცოდვათშენდობა. ასეთ დროს კაცი ეძებს მეოხს, ეძებს თანამდგომს, რადგანაც მისი მარცხვენელი ცოდვების ტვირთი ქვე ეზიდება და არ ძალუძს მას მარტოდმარტოს, რომ შეურცხვენლად წინ წავიდეს). შემდეგ  (მოგვითხრობს), როგორ ხვდება ასეთი ვინმე თავის შუამდგომელს, მწყემსსა და მეოხს, როგორ ჭვრეტს მასაც სულიწმინდის გონისმიერ გაბრწყინებაში[28] (ხოლო ეს სული გაბრწყინების დაწყებას უმხელს, რასაც აქამდე არ ყოფილა ნაზიარები), და როცა შემდგომ აღსრულდება გამოცხადება[29] (მოგვითხრობს), როგორ გაუსხლტება მას სულის ჭვრეტა[30] და ამგვარ ხილვას მოკლებული როგორ ეცემა ისევ ცოდვათა სიმრავლეში და სიბნელეში. შემდეგ გვაუწყებს, რომ კვლავ უხმობს მას მისი მწყემსი, შემდეგ (აგვიწერს) მის სიმდაბლეს, სარწმუნოებას, მორჩილებას და ქვემდაბლობას, ამათ შემდეგ კი – იმ ცვლილებას, ჩვენში თანდათან უცხადესად[31] რომ აღსრულდება ცოდნისმიერად და ხილვითად[32]. ხოლო ვინც ამას თავისთავში ვერ ცნობიერყოფს (იმგვარად, როგორც ეს მოგვითხრო ზემორე სიტყვამ), ასეთ ვინმეში სულიწმინდა არ მოვანეობს.

ეს ყველაფერი უვრცელესად გადმოსცა სიტყვამ, არა იმიტომ, მკვეხარებად წარმოგვაჩინოს, არამედ როგორც ითქვა უკვე, მოგითხროთ საღვთო სასწაულნი, კეთილმოწყალედ რომ სრულდება მხოლოდ იმაზე, ვინც ღმერთს ეძიებს მთელი სულით და მთელი გულით, ხოლო ყოველგვარ მიზეზობას, ყოველ ურჩებას სამართლიანი საზღაური მოელის ბოლოს, - იმ დღეს, როდესაც განსჯის ღმერთი კაცთა ნათესავს, ღმერთი რომელსაც ეთვისება ყველა დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

---------------------------------

შენიშვნები



[1] - აღნიშნული ძეგლის სათაურია: “სამადლობელი ღვთისადმი იმ საბოძვართა გამო, მას (წმ. სვიმეონს, ე.ჭ.) რომ ეღირსა; აგრეთვე, უწყება იმის შესახებ, თუ როგორ გამოუჩნდება ღმერთი დღემუდამ მათ, რომლებიც განწმენდილები არიან გუილთ, აგრეთვე, როგორი საქმეებითა და ნიშნებით (ხდება ეს)”.


[2] - “შენში მფლობდი მე მთლიანს” – ბერძნ. “ჰოლონ ეხონ მე ენ ჰეაუტო”. იგულისხმება, რომ ადამიანი, როგორც ქმნილება, მთლიანი სახით (სქესობრივ-პერსონულ დანაწილებამდე) წინასწარ არსებობდა ღვთის შესაქმისეულ განზრახვაში, რადგანაც ეს სამყარო სწორედ ადამიანისათვის დაჰბადა საღვთო წინაგანგებამ.


[3] - ადამიანი, რომელიც ერთარსება ღვთის ხატია და მსგავსება, სამებისეული ღვთისმეტყველების მიხედვით, მადლით შეიქმნა ძე ღვთის ხატად, რომელიც თავის მხრივ არის ბუნებითი ხატი მამაღმერთისა. ამიტომ სამებასთან კავშირში ადამიანი არის არა სახელდობრ “ხატი”, არამედ “ხატისებრი”. ერთი საღვთისმეტყველო კომენტარი გვაუწყებს: “უცვალებელ ხატ ღმრთისა მამისა არს მხოლოდშობილი ძე, ვითარცა პირმშოი ხატი, ხოლო ჩუენ ხატებრ, ე.ი. არს, პირმშოისა მის ხატისა ხატადღა ქმნილ ვართ” (კომენტარი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის XIV ჰომილიაზე; “გლახაკთმოყვარეობისათვის”, თარგმანი ეფრემ მცირისა, ხელნ. A-109, 165.1)


[4] - ”ჰგიე” – ბერძნ. ”ჰპარხეის”.


[5] - ”მადლის სინათლე” – ბერძნ. ”ტეს ხარიტოს ტო ფოს”.


[6] - “მადლით ღმრთეებას გამოაბრწყინებს” – ბერძნ. “ხარიტი აპასტრაპტონ თეოტეტა”. ეს ფრაზა ნიშნავს, რომ ღმრთივსულიერი ადამიანი საღვთო ბრწყინვალებას ირეკლავს, საღვთო ელვარებას.


[7] - ერთ-ერთ ქადაგებაში წმ. სვიმეონი მკაცრად გმობს ამგვარ პირებს: “ხოლო ვამბობ მათ შესახებ და ერეტიკოსებად ვუწოდებ მათ, რომლებიც ამბობენ, რომ აღარავინ არის ჩვენს დროში, ვისაც შეეძლოს სახარებისეულ მცნებათა დაცვა და წმინდა მამათაებრ ყოფა” (29-ე ქადაგება).


[8] - “საღვთო ცხადჩენა” – თეიკე ემფანეია”.


[9] - “სახეცვლით” – ბერძნ. “ენელლაგმენე თეორია”, შდრ. ფრანგ. თარგ. “აპპარანს ტრანსფორმე”.


[10] - იგულისხმება წმ. სვიმეონ ღვთისმეტყველის მოძღვარი სვიმეონ მოშიში.


[11] - მსგავსი ხილვა წმ. სვიმეონს აღწერილი აქვს, აგრეთვე, თავის ცნობილ ქადაგებაში სიყვარულის შესახებ: “რაწამს მოვიხსენე მშვენებანი შეურყვნელი სიყვარულისა, ჩემს გულში მყისვე აღმოცენდა მისი სინათლე, წარმიტაცა მისმა სიტკბომ და მომესპო ხორციელი რამ ყველა გრძნობა. მთელი არსებით გავუცნაურდი ამ ცხოვრებიდან და დამავიწყდა ამჟამინდელი. შემდეგ კი, - არ ვიცი როგორ გამოითქვას, - კვლავ შორს გამიდგა ეს სინათლე და მე ჩემივე უძლურების გლოვად დამტოვა” (იხ. “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ II, თბ. 1991, გვ. 266).


[12] - “უხატო და უსახო” – ბერძნ. “ამორფოს კაი ანეიდეოს”.


[13] - “რაღაც ხატით, თუმცა კი – ღვთისა” - ბერძნ. ”ენ მორფე ტინი, პლენ თეუ”. აქაც და ყველა სხვა შემთხვევაში ხაზგასმა მთარგმნელისეულია.


[14] - ”უხატო ნათლით იხატება” – ბერძნ. ”ამორფო მემორფომენოს ფოტი”.


[15] - “ცხადად ჩნდება” – ბერძნ. “ემფანოს დეიკნიუტაი”.


[16] - “შეიცნობა ძლიერ ცნობადად” – ბერძნ. “გნორიძეტაი პანიუ გნოსტოს”.


[17] - “იხილვება მეტად ნათლად” – ბერძნ. “ლიან ჰორატაი ტრანოს”.


[18] - საუფლო ხმის სმენა, როგორც უღრმესი მისტიკური განცდის ნიშანი, ხშირად იჩენს თავს წმ. სვიმეონის შრომებში. მაგალითად “მეორე სამადლობელში” ვკითხულობთ: “...როცა მეჩვენე და გითხარი: “ჰოი, მეუფეო, ვინ უნდა იყო”?” მაშინ პირველად გავხდი ღირსი მე, უძღები, შენი ხმისა და როდესაც ფეხზე მდგომი, განკრთომილი, ძრწოლით მოცული ასე თუ ისე ვიაზრებდი ჩემს გონებაში და ვამბობდი: “რა უნდა იყოს ეს დიდება, ეს ელვარების სიდიადე ან მე როგორღა გავხდი ღირსი ამ სიკეთისა”, საამურად მეზრახე მაშინ: “მე ვარ ღმერთი, შენთვის კაცქმნილი, ხოლო რადგანაც მეძიებდი მთელი სულით, აჰა ჰგიე ამიერიდან ძმად ჩემდა, თანამკვიდრად და მეგობრად ჩემდა” (“მეორე სამადლობელი”, ბასილი კრივოშეინეს გამოც. სტრ. 225-233).


[19] - “მადლით ღმერთებად შობილთ” – ბერძნ. “კატა ხარინ გენნეთეისი თეოის”. იგულისხმება წმინდანები, საღვთო მადლით განღმრთობილები.


[20] - “საჭვრეტად უცხო” – ბერძნ. “ქსენონ თეამა”.


[21] - “საიდუმლოდ... ხმის გამომცემნი” – ბერძნ. “მისტიკოს ენეცუმენოი”.


[22] - “მადლობით” – ბერძნ. “ევხარისტოს”.


[23] - “უგალობენ ღვთისმეტყველურად” – ბერძნ. “თეოლოგიკოს ანიმნუსი”.


[24] - “ღმერთქმედებით” – ბერძნ. “თეურგიკოს”.


[25] - “ამ თხრობით” – ბერძნ. “დია ტაუტეს ტეს ექსეგესეოს.” იგულისხმება წმ. სვიმეონის მიერ აღწერილი პიროვნული გადამიანის განღმრთობის ცალკეული ეტაპებისა.


[26] - “წმინდა სულს ფლობენ შეუცნობლად” – ბერძნ. “პნევმა ჰაგიონ აგნოსტოს ეხეინ.”


[27] - “გაუცხოება საღვთო ნათლისგან” – ბერძნ. “ალლოტრიოსის ტუ თეიუ ფოტოს”.


[28] - “სულიწმინდის გონისმიერ გაბრწყინებაში – ბერძნ. “ტე ნოერა ელლამფსეი ტუ პნეუმატოს”. აღნიშნულ თარგმანში, როგორც სხვაგან, ჩვენ ბერძნული ტერმინი “ნოეროს” გადმოგვაქვს ასე: “გონისმიერი”, ხოლო ტერმინი “ნოეტოს” – ასე: “გონისეული”.


[29] - “გამოცხადება” – ბერძნ. “აპოკალიფსის”.


[30] - “სულის ჭვრეტა” – ბერძნ. “თეორია ტუ პნეუმატოს”.


[31] - “ცვლილებას... უცხადესად” - ბერძნ. “ენარგესტატენ ალლოიოსინ”.


[32] - “ცოდნისმიერად და ხილვითად” – ბერძნ. “ენ გნოსეი კაი თეორია”. აღდგომის შესახებ ჰომილიაში წმ. სვიმეონი გვაუწყებს: ”ცოდნისმიერ, ხილვისმიერ და გრძნობისმიერ შეერთებამდე მკვდარია სული... არ არსებობს ცოდნა ხილვის გარეშე, არცთუ ხილვა – გრძნობის გარეშე. ეს ნიშნავს: ჰგიეს ხილვა და ხილვაში ცოდნა და გრძნობა” (“აღდგომის შესახებ”, იხ. “ჯვარი ვაზისა”, თბ. 1990, N 4, გვ. 12).



ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო

ედიშერ ძელიძემ

ჟურნალი “გზა სამეუფო” №1 1994 წელი

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:06)