Georgian (Georgia)English (United Kingdom)
265

წერილობითი მემკვიდრეობა

როგორც წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ, მსმენელთა დაინტერესების შესაბამისად ჩვენ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის უფრო ინფორმატიული წარმოდგენის შემდეგ ასევე უფრო ინფორმატიულად შევეცდებით წარმოვადგინოთ ევსები ნიკომიდიელის, ყველაზე დიდი არიანელის ლიტერატურული საქმიანობაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო, ნიკომიდია კი ალექსანდრიის ეპარქიისგან დიდად დაცილებულია, კვლავ აღვნიშნავთ, რომ არიოზისა და ევსების გზები გადაჯაჭვულია და ერთის განხილვა მეორის გარეშე ანდა დაცალკევებულად ძალიან რთულია.

კვლავ შევახსენებთ მსმენელს, რომ ევსებიმ გარეგანი ხედვით თუ ვიტყვით დევნილ არიოზს თავშესაფარი მისცა ნიკომიდიაში. თუმცა იმასაც ხაზს გავუსვამთ კიდევ ერთხელ, რომე ეს უეჭველად წინასწარი ჩანაფიქრის და წინასწარი გეგმის მიხედვით ხდებოდა, მაგრამ ასეა თუ ისე, თუ ამ ჩვენს შინაგან განმარტებას მოვლენებისას ამ შემთხვევაში გვერდს ავუქცევთ და გარეგან მხარეებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ევსების ცხოვრება იმ რაღაც [1]24 - 25 წელიწადში, რაც არიოზისგან მისი მოძღვრების საჯაროდ ქადაგების შემდგომ მოხდა, ვიდრე ევსების გარდაცვალებამდე აი ასე შეიძლება ძალიან მოკლედ ჩამოყალიბდეს, რომ დაახლოებით 318 წელს ევსები ნიკომიდიელი შეიფარებს არიოზს და ხდება მხარდამჭერი მისი იმავე მოძღვრების კიდევ უფრო მკვეთრად გამომთქმელი, რასაც ამბობდა არიოზი. ევსებისგანაც იგულისხმება, რომ იგი არიოზს მხოლოდ მოძღვრების გამო კი არ უჭერს მხარს, არამედ მათი ერთად აღზრდილობის გამო, თითქოსდა ლუკიანე ანტიოქიელის გარემოცვაში. გარემოცვაში მართლა აღიზარდა მაგრამ თითქოსდა იმ მოძღვრების მქონე პიროვნებისგან რა მოძღვრებასაც თითქოსდა ისინი ქადაგებდნენ, სინამდვილეში კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ ლუკიანე ანტიოქიელი მათ იმგვარადვე გამოიყენეს საფარად, როგორც თუნდაც დიონისე დიდი ალექსანდრიელი, რის შესახებაც ათანასე ალექსანდრიელმა ვალდებულების გამო სათანადო განმარტებაც გააკეთა და ცხადად აჩვენა მათი მოქმედების სიყალბე. [2]ევსები ნიკომიდელი ცნობილია, რომ პირველად ბეირუთის ეპისკოპოსი ხდება და მხოლოდ მცირედით მოგვიანებით, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მცირედით უწინარეს, 318 წლამდე, ალბათ 317 წლის მიწურულს იგი უფრო მნიშვნელოვანი საყდრის კათედრალის მპყრობელი ხდება, კერძოდ ნიკომიდიის, სადაც სამეფო კართან სიახლოვის გამო (ნიკომიდია სამეფო კარის ერთ-ერთი რეზიდენცია იყო,) და განსაკუთრებით, როგორც წინა შეხვედრაზეც აღვნიშნავდით, კონსტანტინე დიდის დის იმპერატრიცა კონსტანციას წარმოუდგენელი მფარველობის წყალობით, კონსტანციასი, რომელიც იყო ლიკინიუსის დედა, ევსებიმ მოიპოვა განსაკუთრეული გავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე და იგი გახდა ცენტრალური ფიგურა არიანული და მართლმადიდებლური დაპირისპირებისა.

როდესაც არიოზმა მიაღწია ნიკომიდიას, ევსები [3]უმკვეთრესად ცდილობს არიოზის ცრუ სწავლებათა დასაბუთებას და უპირისპირდება ალექსანდრიის ეპისკოპოსს ალექსანდრეს, რომელმაც ალექსანდრიიდან გამაოძევა არიოზი. მან (ევსებიმ) გარკვეული რაოდენობა წერილებისა გაუგზავნა მცირე აზიისა და აღმოსავლეთის იერარქებს, რომ დახმარებოდნენ ისინი ვითომცდა ჭეშმარიტებისა და სიმართლის გამარჯვებას და რომ ერთობლივად მოეხდინათ მათ ზეგავლენა ალექსანდრე ალექსანდრიელზე იმ განაჩენის გაუქმებაში რაც მან (ალექსანდრემ) არიოზს გამოუტანა. ევსები იღებდა მონაწილეობას ნიკეის კრებაზეც, რა თქმა უნდა, სადაც წარმოადგინა გარკვეული აღმსარებლობითი ტექსტი. თუმცა ეს ტექსტი უარყოფილ იქნა როგორც არაჭეშმარიტი და თუ მან ხელი მოაწერა ნიკეის დადგენილებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კრების შემდგომ გამხდარიყო ლიდერი არიანული მოძრაობისა [4]და ჩამოეყალიბებინა, შეექმნა თავისი მიმდევრებისგან რაღაც მძლავრი დაჯგუფება, რომლებსაც ევსებიელებს უწოდებდნენ, ევსებიელები კი თავის მხრივ მათი ლიდერისგან ევსებისგან კარნახით იცავდნენ არიანული მწვალებლობის ყველაზე უფრო უკიდურეს და თავხედურ ფორმას, და უმძლავრეს დაპირისპირებას გამოხატავდნენ ნიკეის კრების სარწმუნეობის სიმბოლოსადმი. ამგვარმა დამოკიდებულებამ კონსტანტინე დიდის აღშფოთება გამოიწვია და როგორც წინა შეხვედრაზე აღვნიშნავდით მან გადაასახლა გალიაში კრებიდან სამი თვის შემდეგ ევსები ნიკომიდიელი, მაგრამ 328 წელს კვლავ მოხდა მისი უკან დაბრუნება კონსტანცია იმპერატრიცას ჩარევით, რომელმაც მოახერხა, რომ იმპერატორის განჩინება ევსებისადმი გაუქმებულიყო. ამის შემდეგ ტრიუმფალური სვლა, მხოლოდ ფაქტებით რომ აღვნიშნოთ, ევსებისა სრულიად თვალსაჩინოა, 330 წელს სწორედ იგი [5]შესძლებს იმას, რომ ანტიოქიის საყდრიდან გადააყენებს წმ. ევსტათი ანტიოქიელს, შემდეგ როდესაც გამართავს ტვირის კრებას 335 წელს ევსევი კესარიელის თავჯდომარეობით, ათანასეს გადააყნებს ალექსანდრიის საყდრიდან, 336 წელს მარკელოს ანკვირელს, 337 წელს მას მიეცემა პატივი იმისა, რომ პირველი ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე მონათლოს, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ერთი წლის შემდეგ დაახლოებით 338 წლის მიწურულში იგი იქნება არჩეული კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად, კონსტანტინოპოლისა, რომელიც უკვე ახალი დედაქალაქია. და აი ასეთ ტრიუმფალურ წარმატებებში ასე ვთქვათ გარდაიცვლება 341-342 წლების მიჯნაზე. მისმა მიმდევრებმა მას უწოდეს დიდი იმიტომ, რომ სწორედ ევსებიმ მოაპოვებინა გარკვეული ეფემერული, მაგრამ რაღაც გარეგანი პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი გამარჯვება არიანელობას იმპერიის [6]დიდ ნაწილში. კარგად არის ცნობილი და ეს მრავალგზის აღნიშნულა, რომ იგი იყო უფრო საეკლესიო პოლიტიკოსი, ვიდრე ღვთისმეტყველი. უაღრესად გაწაფული იყო საერო საქმიანობებში, იყო განსაკუთრებით ამბიციური და ინტრიგების დიდოსტატი,

აი ამგვარადაა შეფასებული ევსები ნიკომიდიელის პიროვნება. რაც შეეხება მის შრომებს, ცნობილია გარკვეული ეპისტოლეები, სადაც უკიდურესი თავხედური ფორმით გამოთქმა არიოზის მწვალებლობისა სახეზეა, იგივე პავლინე ტვირელისადმი მისი ეპისტოლე, რაც ჩვენ თეოდორიტე კვირელმა შემოგვინახა თავის საეკელსიო ისტორიაში. ესაა წერილი რომელიც ეკუთვნის იმ სერიას ეპისტოლეებისას ჩვენ ცოტა ზემოთ რომ ვახსენეთ, ეპისტოლეებისას ევსებიმ რომ დააგზავნა და მიმოთესა მთელს აღმოსავლეთში, რათა ალექსანდრიის ეპისკოპოსის ალექსანდრეს წინაშე ერთობლივად ამხედრებულიყვნენ, რათა ამ უკანაკსკნელს [7](ალექსანდრეს) გაეუქმებინა თავისი გმობა და დამგმობელობითი განაჩენი არიოზის მიმართ. ასე რომ ეს ეპისტოლე საეკლესიო ისტორიის თავლსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია. არსებობს მისი ლათინური თარგმანი მარიუს ვიქტორინუსის მიერ და მრავალი მკვლევრისგანაა ყურადღება მიქცეულიც და შესწავლილიც. ამ ეპისტოელში ევსები თავის ადრესატს, ე.ი. პავლინე ტვირელს აწვდის ინფორმაციას მოვლენათა შესახებ, შემდგომ კი იძლევა არიანული დოქტრინის გადმოცემას და ურჩევს პავლინუსს რომ მისწეროს ალექსანდრიის ეპისკოპოსს შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება არიოზისადმი. ცნობილია, რომ ევსების დაწერილი ქონდა აგრეთვე ეპისტოლე უშუალოდ არიოზისადმი, კერძოდ ეს ათანასე ალექსანდრიელისგანაა ხსენებული, ნიკეის კრებამდე და ამ ეპისტოლიდან ერთ პატარა ციტატას იშველიებს ათანასე ალექსანდრიელი და ეს ციტატა ასეთი სახის გახლავთ: “რადგან თქვენი აზრები [8]კარგია, ილოცეთ, რომ ყველამ მიიღოს ისინი. სრულიად ცხადია ნებისმიერისთვის, რომ ის ვინც შეიქმნა (ამ შემთხვევაში გულისხმობს ძე ღმერთს) არ შეიძლება არსებობდეს თავისი წარმოშობის უწინარეს და ის ვინც არსებობაში შემოვიდა, რა თქმა უნდა, ფლობს დასაბამს თავისი არსებობისას”. ე.ი. მკვეთრი მოკლე ფორმულირება არიანული ცრუ სწავლებისა. ევსებიმ სპეციალური ეპისტოლე გაუგზავნა მოგვიანებით ათანასესაც, სოკრატე სქოლასტიკოსის მიხედვით იმ მოთხოვნით, რომ ათანასეს ალექსანდრიის ეკლესიაში დაებრუნებინა არიოზი და მისი მომხრეები. როგორც ჩვენ ამ ეპისტოლეზე ცნობის მომწოდებელი სოკრატე სქოლასტიკოსი გვაუწყებს ტონი ეპისტოლისა უფრო მეტია ვიდრე თხოვნა, რაშიც იკვეთება მუქარაც. ეს ეპისტოლე ჩვენამდე არ შემონახულა.

უფრო ფასეულია ალბათ საეკლესიო [9]ისტორიისთვის ევსები ნიკომიდიელის ეპისტოლე ნიკეის კრების ეპისკოპოსთადმი, რაც დაცულია სოკრატესა და სოზომენეს საეკელსიო ისტორიებში. მას ევსები ნიკომიდიელთან ერთად ხელს აწერს ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებული თეოგონიუს ნიკიელი და ისინი მიმართავენ იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც ნიკეის კრებაში მონაწილეობას იღებდნენ. სოკრატე ამ ეპისტოლეს აფასებს, როგორც სინანულისმიერ აღსარებას, ხოლო სოზომენე როგორც რევიზიას (იგულისხმება იმ პოზიციის რევიზია რაც ნიკეის კრების ეპისკოპოსებმა მათდამი დიკავეს). ჩვენ ამ ეპისტოლეზე გვქონდა აღნიშნვნა, რომ ის იმგვარი ფორმით, იმგვარი ტონითაა დაწერილი, რომ ზედაპირულად ადამიანის თანაგრძნობა შეიძლება მან მოიპოვოს, რომ თითქოს ისინი ვერ იქნენ გაგებულნი და თითქოს ისინი იმავე მოძღვრების მქადაგებელნი არიან, რაც ნიკეის კრებაზე სხვა ეპიკოპოსთაგან იქნა გადმოცემული. ეს ეპისტოლე როგორც დღეისათვის ცხადყოფილია ამ ორი პიროვნებისგან შედგენილია მათი [10]გადასახლებაში ყოფნისას და როგორც ჩანს წერილმა თავისი როლი ითამაშა ალბათ იმ მფარველთა წყალობით, რომლებზეც ჩვენ აღვნიშნავდით. განსაკუთრებით იმ ყველაზე უფრო დიდი მფარველის კონსტანციას წყალობით ამ ეპისტოლემ თავისი საქმე შეასრულა, რადგანაც ძალიან მალე მოხდა ორივე მათგანის უკან დბრუნება. მიიჩნევა რომ 328 წელს დაიწერა ეს ეპისტოლე და ამავე წელს ხდება ევსებისა  და თეოგონიუსის დევნულობიდან უკან დაბრუნება და ასე ვთქვათ შემორიგება. ამ ეპისტოლის მიხედვით არიოზიც ასევე ვერ გაგებულ იქნა ნიკეის კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთაგან და რომ მას არ მისცემია საშუალება, თორემ რომ მისცემოდა იგი წარმატებით დაიცავდა თავის თავს იმ ბრალდებათაგან მისდამი რომ სხვადასხვა პირებმა წარმოადგინეს (აქ ძირითადად, რა თქმა უნდა, წმ. ათანასე ალექსანდრიელი იგულისხმება).

ამით ამოიწურება დღევანდელი წყაროების მიხედვით ევსები ნიკომიდიელის ნაწარმოებები, უფრო ზუსტად ეპისტოლეები. ალბათ ნაკლებ სავარაუდოა [11]რომ მას სხვა შრომებიც ქონოდა დაწერილი, იმიტომ რომ თავისი სამოქმედო და დაინტერესების გეზი მწერლობისკენ ევსების არასოდეს არ მიუმართავას, იგი ყოველთვის გარეგანი მოვლენებით იყო დაინტერესებული, გარეგან მოვლენებს წარმართავდა და არანაირი სპეციალური მისწრაფება მას არ ექნებოდა იქეთკენ, რომ რაღაც ჩამოყალიბებული, ფუნდამენტური საღვთისმეტყველო ძეგლები დაეწერა თუნდაც თავისი ცრუ სწავლების გადმოსაცემად. ეს ეპისტოლეებიც უეჭველად დაიწერა ვითარებიდან გამომდინარე, ვითარებიდან გამომდიანრე იმდენად რამდენდაც დავუშვათ ეს მეოთხე ეპისტოლე აუცილებლი იყო რათა კონსტანტინე დიდს გადასახლებიდან უკანვე მოეხმო ისინი. ათანასესადმი მიმართული ეპისტოლეც ვითარებიდან იყო ნაკარნახევი, იმიტომ რომ დამუქრებოდა იგი ათანასეს და ეს მუქარა სხვათაშორის ევსებიმ სისრულეში მოიყვანა, როგორც უკვე ვთქვით, 335 წელს მან შეძლო გარკვეულ პირთა აზრის იმგვარად მობილიზება, რომ ათანასე გადააყენეს ალექსანდრიის საყდრიდან. არიოზისადმი მიმართული ეპისტოლე [12]მხოლოდ არიოზს არ გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ადრესატად, ეს იყო ასე ვთქვათ დემონსტრირება საკუთარი პერსონისა, როგორც არიოზის მხარდამჭერისა და ამით მხოლოდ არიოზის გამხნევება კი არ იყო მიზანდასახულობა ავტორისა, არამედ ყველასთვის ჩვენება, რომ ისინი უბრალოდ არიოზს კი არ უპირისპირდებიან, რომელიც შეიძლება ადვილად დასაძლევი ეჩვენოთ მათ, არამედ არიოზის უკან დგას ევსები ნიკომიდიელი. რაც შეეხება პირველ წერილს, ამ წერილს როგორც ჩანს მიზნად აქვს ევსები ნიკომიდიელის შემოყვანა იმ დაწყებულ პროცესში, რაც არიანელობას და მართმადიდებლობას შორის დაპირისპირება გულისხმობს და საკუთარი პოზიციის გამოკვეთასაც სწორედ ამ ეპისტოლეში ცდილობს პირველად, რაც ჩვენ დღეისათვის წყაროები გვაქვს. ევსები ნიკომიდიელი თვალნათლივ ავლებს გამყოფ ხაზს თუ ვის მხარეს არის ის და რომელ მოძღვრებას ერთგულობს. რა თქმა უნდა, არიანული პაექრობის დასაბამში სხვა პირებიც ბევრნი იყვნენ ჩართულნი, [13]მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ პირებზე გვაქვს აქცენტი (ამას ხაზს გავუსვამთ), რომლებიც საეკელსიო მწერლობასთან რაღაცნაირად კავშირს ავლენენ, თორემ საეკელსიო ისტორიის კუთხით რომ წარმართულიყო ჩვენგან არიოზისა და არიანელობის შესახებ საუბარი, რა თქმა უნდა, იქ ბევრ სხვა პიროვნებაზეც, ორივე მხრიდან (მართლამდიდებელთა და არინელთაგან) გავამახვილებდით ყურადღებას. მაგრამ ამჯერად ჩვენ ამით შემოვიფარგლებით, საკუთრივ არიანული მხრიდან მხოლოდ ამ ორ პიროვნებაზე ყურადღების გამახვილებით, რადგან მათ კავშირი ჰქონდათ მწერლობასთან. საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში თუნდაც არაპირდაპირი, რა თქმა უნდა, და მათი მიზანდასახულობით, უარყოფითი მხრიდან მაგრამ თავისთავად ღვთის განგებით გარკვეული ნაყოფის მომტანი ქმედებითაც ეს სამწერლობო საქმიანობა მათი განსახილველია და ჩვენგან აუცილებლად საჭიროა ამ ყველაფრის ცოდნა, რომ უკეთ გავერკვეთ თუ რას უარყოფდა [14]მართლმადიდებლობა, რას უარყოფდნენ მართლმადიდებლი მოძღვარნი, კონკრეტული ავტორები: წმ. ალექსადნრე ალექსანდრიელი, წმ. ათანასე ალექსანდრიელი, მოგვიანებით სხვა დიდი მოღვაწეები არიოზის და არიანელთა წინააღმდეგ ამხედრებულნი. ეს ყოველივე ასეთი დიდძალი და არგუმენტირების სიღრმით უაღრესად მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო ლიტერატურა, კვლავ ხაზს გავუსვამთ, არაპირდაპირ, ნეგატიურად, მაგრამ მაინც არიანელთაგან იყო ინსპირირებული. მათი ჩანაფიქრი ერთ მხარეს დარჩა მაგრამ ღვთის განგებით, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ამ შემთხევვაშიც არიანულმა მწავლებლობამ ის დიდი სიკეთე მოიტანა, რომ მათი უღვთო მოძღვრების დამხობის ჟამს ეკლესიის მამებმა დაგვიტოვეს ფუნდამენტური საღვთისმეტყველო შრომები უპირველესი დოგმატის ყოვლადწმინდა სამების, ერთარსება სამპიროვანი ღვთის შესახებ. კონკრეტულად თუ ვიტყვით ძე ღმერთის ბუნებითი ღმერთობის შესახებ, რაც ამ დოგმატის [15]საფუძველიცაა, ისევე როგორც მამა ღმერთისა და სულიწმინდის ჰიპოსტასთა დოგმატი ყოვლადწმინდა სამების დოგმატის საფუძველია, მაგრამ ამავე დროს მეორე უმნიშვნელოვანესი დოგმატისა ადამიანთათვის, მაცხოვრის, მხსნელის, მართლმადიდებლური მოძღვრების უკეთ საწვდომად და უკეთ გასაშინაარსებლად. ეს ყოველივე პაექრობაში იმ ძირითადი მიზანდასახულობათა გვერდით ასევე დეტალურად განიმარტებოდა ეკლესიის მამათგან. როდესაც ათანასე ალექსანდრიელი უპირისპირდებოდა არიანელებს, მხოლოდ არიანულ ცდომილებას არ ამხელდა ის და არ უარყოფდა, არამედ პარალელურად, განყენებულად უღრმეს სწავლებებს ძე ღმერთის განკაცების შესახებ, გამოხსნის საიდუმლოს შესახებ, ანთროპოლოგიური კუთხით ადამიანის რაობას, ზეციური სამყაროს, ანგელოზთა რაობას და სხვა, აი ყოველივე იმას, რაც ზოგადად დოგმატურ ღვთისმეტყველებაში იგულისხმება ამ ყოველივეს ათანასე ალექსანდრიელიც, სხვა მიმდგომნი მისნი და შემდგომნი, [16]თუნდაც კაბადოკიელი მამები და სხვები, განსაკუთრებული სიღრმითა და სიფრთხილით აყალიბებდნენ. რადგანაც არიანელობამ უკვე აჩვენა თუ როგორ შეუძლია ერესს ძალიან მარჯვედ გამოიყენოს რომელიმე ტერმინოლოგიური გაუფრთხილებლობა ამა თუ იმ თუნდაც უაღრესად დიდი მართლმადიდებლი მოძღვრისა. არა მხოლოდ შინაგანი სიწმინდე მოძღვრებისა, ეს აჩვენა ისტორიამ, არამედ ამ მოძღვრების გარეგანად, მატერიალური სიტყვით გამოთქმის უდიდესი ზედმიწევნითობა და სიფრთხილე. აი ამის აუცილებლობა ცხადად წარმოჩნდა, რადგანაც არიანელებმა მარჯვედ გამოიყენეს ნიკეის კრების წინადროინდელი ეპოქის ზოგიერთი მოღვაწის, მართლმადიდებელი მოძღვრის და დიდი მოძღვრის მიერ ძე ღმერთისადმი გამოყენებული ტერმინი “გენეტოს”, რაც თუ უზედმიწევნითესი თუნდაც ლინგვისტური, ამ შემთხვევაში ფონეტიკური აკრიბიით მივუდგებით პირველ რიგში შექმნილს უფრო ნიშნავს, ვიდრე შობილს, მაგრამ რადგანაც სხვა ენებში ეს ორი [17]ტერმინი: “შექმნილი” და “შობილი” დიდად განსხვავდება და სხვადასხვა ფუძისაა, ბერძნულში “გენეტოს” და “გენნეტოს” მხოლოდ ერთი “ნიუ”-თი სხვაობს. როცა ორი “ნიუ”-ა სიტყვაში ის შობილს ნიშნავს, როცა ერთი ის ქმნილს და, რა თქმა უნდა, ნიკეის კრების წინადროინდელი მამებიც ძე ღმერთს მხოლოდ შობილად მოიაზრებენ, მაგრამ თვით სიტყვას, მატერიალურ სიტყვას ზოგ შემთხვევაში განურჩევლად ხმარობდნენ, იყენებდნენ როგორც ორი “ნიუ”-ს შემცველ სიტყვას “გენნეტოს”, ასევე ერთი “ნიუ”-ს შემცველ სიტყვას “გენეტოს” და ამით კი საფუძველი მისცეს არიოზს ეთქვა, რომ მისი წინამორბედებიც თითქოსდა ძე ღემრთს უწოდებდნენ “გენეტოს”, რაც პირდაპირი მნიშვნელობით მართლაც შექმნილს ნიშნავს. ასე რომ ისტორიამ აჩვენა, თუ როგორი დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი ტერმინის გამოყენების ჟამს, მითუმეტეს ახალი ტერმინის შექმნისას და ეს განსაკუთრებული სიფრთხილე თეოლოგიური ნაშრომის დაწერა გამოქვეყნების ჟამს პასუხისმგებლობა ავტორისა, ესეც არაპირდაპირი სიკეთეა არიანული თუ [18]ნებისმიერ სხვა მწავლებლობის და საერთოდაც ეკლესიის მამათა ანტიერეტიკული მოღვაწეობისა ამა თუ იმ ერესისგან პროვოცირებული დიდი თეოლოგიური მოღვაწეობისა, დიდი თეოლოგიური ღვწისა.

ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, შემდგომ კვლავ უკვე ანტიერეტიკოს მართლამდიდებელ მოძღვართ დავუბრუნდებით, რომლებმაც ძირფესვიანად ამხილეს დასაბამშივე, შუა ნაწილშიც და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც არიანული მოძღვრების ყველა სახეობის ცდომილება და ამავე დროს როგორც უკვე აღვნიშნეთ დაგვისაძირკვლეს ფუნდამენტურად მართლმადიდებლური სწავლების კონკრეტულად დოგმატური სახე, ანუ მართლმადიდებლური მოძღვრება დოგმატური ღვთისმეტყველბის ყველაზე უფრო ზედმიწევნითი ფორმით გამოთქმული.

 

 

265–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=ZYDZxPTmEhk

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 23 მაისი 2016 18:29)