Georgian (Georgia)English (United Kingdom)
362
მრავალთავი

ჩვენ კვლავ ვეხებით უადრესი ეპოქის ქართულენოვან საეკლესიო ლიტერატურას, იმ ძეგლებს, რომლებიც დასამაბიერ ეპოქაში ქართული ქრისტიანული მწერლობისა უნდა თარგმნილიყო. ნაწილობრივ შევეხეთ საღვთო წერილს, შევეხეთ ჟამისწირვის უადრეს რედაქციებს, კერძოდ მოციქულებისას, და ამჯერად გვინდა შევჩერდეთ ამავე უადრესი ეპოქის ამსახველ ერთ უმნიშვნელოვანეს კრებულზე, რასაც “მრავალთავი” ეწოდება.

“მრავალთავი”, ისევე როგორც საღვთო წერილი და წინა საუბარში განხილული ლიტურგიკული ძეგლები სამღვდელმსახურო ინტერესების საფუძველზე შედგა თვით ბერძნულში და ითარგმნა კიდეც ქართულად. ჩვენ კვლავ გავიმეროებთ დებულებას იმის შესახებ, რომ ადრეული ეპოქის ქართულენოვანი საეკლესიო ძეგლები ითარგმნა და კრებულად შედგა [1]უპირველეს ყოვლისა ლიტურგიკული ინტერესებიდან გამომდინარე. თვით საღვთო წერილიც უპირველესად სწორედ ლიტურგიკული ინტერესების საფუძველზე ითარგმნა. აღნიშნული კრებულიც, “მრავალთავი”, გახლავთ ლიტურგიკული დანიშნულების კრებული, რაც, რა თქმა უნდა, თანაარსებობს საღვთისმეტყველო ინტერესებთან. რადგანაც ის ძეგლები, რაც საეკლესიო მსახურებაში გამოსაყენებლად ითარგმნებოდა, თავისთავად ცხადია, საღვთისმეტყველო შინაარსის ტექსტებია, სწავლებითი ტექსტებია და ამიტომ დამოძღვრითი, სწავლებითი დანიშნულება ამ თარგმანებისა სრულიად უეჭველია. მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმაზე გვინდა ხაზგასმა, რომ ბიძგის მიმცემი ამ უაღრესად ინტენსიური მთარგმნელობითი პროცესის აღსრულებისა, რასაც ჩვენ ვამჩნევთ უადრეს ეპოქაშივე, გახლდათ სწორედ სამღვდელმსახურო ინტერესები. ეს ინტერესები, ვთქვათ, საღვთო წერილთან დაკავშირებით მკვეთრად შესამჩნევია და ამაზე [2]ვისაუბრეთ, რომ ლიტურგიაში გამოიყენება საკითხავებად წმინდა წერილი და სავალდებულოა, რომ ის თარგმნილი იყოს. ისევე როგორც თავად ჟამისწირვის ტექსტები, პირველადი დანიშნულების ლიტურგიკული ძეგლებია, რადგანაც მათზე დაყრდნობით წარიმართება მსახურება. მაგრამ რა კუთხით შეიძლებოდა “მრავალთავი” მიგვეჩნია სწორედ ლიტურგიკულ ძეგლად?

ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ჯერ თვით “მრავალთავის” შესახებ უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. სახელწოდებაც გვიკარნახებს, რომ ეს არის კრებული მრავალი თავისგან შედგენილი. აქ “თავი”, როგორც ჩანს გულისხმობს არა იმდენად ამა თუ იმ ძეგლს (საკმაო რაოდენობის ძეგლების კრებულია ის), არამედ, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, რუბრიკას ანუ ამა თუ იმ სადღესასწაულო, ამა თუ იმ მოსახსენებელ პერიოდს, დღეს ანდა ციკლს. კერძოდ ლიტურგიკული საეკლესიო წელიწადის კვალობაზე მრავალთავში შედის ტექსტები ერთის მხრივ ხარების დღესასწაულთან [3]დაკავშირებით, შემდგომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით და შობიდან უკვე იმგვარივე ათვლით, როგორც ყველა ჩვენთაგანმა ვიცით, ნათლისღება, მირქმა და ა.შ. თუმცა უადრესი ეპოქის კრებულებში ყველა დღესასწაული, რა თქმა უნდა, ასახული არ არის. რაც უფრო არქაულია მრავალთავის კრებული, მით უფრო ნაკლები დღესასწაულია მასში, ანუ მით უფრო შერჩეულია დღესასწაულთა რაოდენობა მნიშვნელობის მიხედვით და ეს მნიშვნელობა პირველ რიგში განეკუთვნება საუფლო დღესასწაულებს, განსაკუთრებით ხარებას, შობას, ნათლისღებას, აღდგომას. თანდათანობით დღესასწაულთა რაოდენობაც იზრდება მრავალთავის კრებულში და თითოეულ დღესასწაულზე დადგენილი, დაწესებული და თითოეულ დღესასწაულთან დაკავშირებით მოტანილი კონკრეტული ძეგლების რაოდენობაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დავუშვათ ხარების დღესასწაულისადმი შეიძლება ყოფილიყო ერთი [4]ტექსტი ამ მრავალთავში თავდაპირველად, შემდეგ მას დამატებოდა მეორეც, მესამეც და სხვა. ასე რომ რაც უფრო მოცულობითია ის კრებული, რასაც “მრავალთავი” ეწოდება, მით უფრო გვიანდელია ის თავისი შედგენილობის მიხედვით. კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ აქ “თავი” გულისხმობს როგორც ჩანს დღესასწაულს. “მრავალთავი” ნიშნავს მრავალი დღესასწაულის მასალის შემცველ კრებულს. მას ბერძნულად როგორც ჩანს ეწოდებოდა “პოლიკეფალონ” - მრავალთავედი. მაგრამ აქაც იგივე ვითარება გვაქვს, რაც ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს უძველეს ქართულ თარგმანებთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი უშუალო ბერძნული დედანი ქართულად არსებული მრავალთავებისა ჩვენ არ მოგვეპოვება, როგორც ჩანს ამ კრებულის, ე.ი. მრავალთავის უადრესობისა და ადრე გაუჩინარების გამო ბერძნულ ენაზე.

ეს მოვლენა შეიძლება თავისთავადაც ითხოვდეს ახსნას, თუ რატომ ხდება, რომ დავუშვათ ბერძნულზე, გნებავთ ლათინურზე [5]ბევრი უადრესი ტექსტი გაქრა, მაგრამ სხვა ენებზე შემოგვენახა, რომლებსაც გაცილებით ნაკლები დიაპაზონი ჰქონდათ გავლენისა, მოღვაწეობითი სფეროსი და სხვა. რა თქმა უნდა, შეუდარებლად დიდი იყო ბერძნული ენის სამოქმედო დიაპაზონი, ვიდრე ძველი ქართული ენისა და ლიტერატურისა და რაოდენობის თვალსაზრისით რამდენად აღემატება ბერძნული ქართულს, ამას ვერც კი განვსაზღვრავთ, იმდენად აღურაცხელია ბერძნულად საეკლესიო ლიტერატურის ძეგლთა რიცხვი. მაგრამ მიუხედავად ამისა არაიშვიათად კონკრეტულად ქართულ ენაზე არის საკმაო რაოდენობა ძეგლებისა, რომელთა ორიგინალები დაკარგულია და ამ კუთხით ქართულენოვან ძეგლებს ორიგინალის მნიშვნელობა ენიჭებათ და პირველხარისხოვანი ღირსებისა გახლავთ. ჩვენ შეიძლებოდა ზოგ საღვთისმეტყველო ძეგლთან დაკავშირებითაც ამგვარი რამ აღგვენიშნა, [6]გნებავთ ეგზეგეტური ჟანრისა, ასკეტური, დოგმატური ჟანრისა და სხვა, მაგრამ ის ვითარება, რაც სხვა ჟანრებთან დაკავშირებითაც სახეზე იყოს, რომ ქართულად შემონახულია და ორიგინალის (ბერძნულ) ენაზე დაკარგულია, კერძოობითი ამბავია, მას რაღაც თავისი ახსნა აქვს. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ლიტურგიკული ხასიათის ძეგლებს, ამგვარი ძეგლების შემონახულობა ქართულ ენაზე ქრისტიანობის უადრესი ეპოქის ამსახველი ლიტურგიკული ძეგლების, თავდაპირველად ბერძნულად დაწერილის, თარგმანის სახით შემონახვას ქართულად და ბერძნული დედნების დაკარგულობა, იმით აიხსნება, რომ მეორე ენაში როდესაც შედის ტექსტი რომელიღაც ენიდან, აი ეს შემოსული ტექსტი ზოგჯერ განსაკუთრებულ საკრალურობას იძენს, უფრო მეტს, ვიდრე მას ორიგინალში აქვს. ჩვენ პარალელისთვის ასეთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო სახეობრივად წარმოჩნდეს ის, რისი თქმაც გვინდა. ვთქვათ, რომელიმე ენიდან მეორე ენაში შედის სიტყვა უთარგმნელად. ეს სიტყვა, [7]უთარგმნელად შესული მეორე ენაში, იქ რაღაც უფრო მეტ ღირებულებას იძენს, უფრო მეტი კრძალვით ეპყრობიან მას და მნიშვჩნელობაც თითქოსდა გაცილებით უფრო ღრმავდება მისი. მაგალითისათვის ავიღოთ ისეთი უწმინდესი მღვდელმოქმდება, რაც შედის ჟამისწირვაში და რასაც კვეთა ეწოდება. ესაა ყველაზე აღმატებული, გონებით მიუწვდომელი მღვდელმოქმდება ნებისმიერი ქმნილებისგან. როდესაც კვეთა აღსრულდება, როდესაც დაიკვლის ტარიგი და აი ასეთ ჟამს ის წმინდა საზრდო, ის წმინდა ძღვენი, რასაც “არტოსი” ეწოდება ქართულში, ამ ტერმინის განსაკუთრებულ სულიერებას უეჭველად გამოხატავას, თვით იმ სიწმინდიდან გამომდინარე, რასაც არტოსი აღნიშნავს. მაგრამ თვით ბერძნულში, საიდანაც ეს სიტყვა შემოვიდა, არტოსი არის ერთ-ერთი რიგითი სიტყვა, რაც ჩვეულებრივად პურს ნიშნავს და სხვა არაფერს. ქართულში მან [8]განსაკუთრებული ღირსება შეიძინა და გამოკვეთილად ტერმინოლოგიური თვისება მიიღო, რაც მას ბერძნულში არა აქვს. ამგვარ ვითარებაზე ვსაუბრობთ ამჯერადაც, რომ ითარგმნა რა რაღაც ქართულ ენაზე, რადგანაც ის გამოყენებულ იქნა სამღვდელმსახურო პრაქტიკაში, ტრადიციულობა ამ თარგმანისა იმდენად მყარი აღმოჩნდა და ისეთი განსაკუთრებული სისათუთითა და კრძალვით იქნა ეს ყოველივე აღქმული ქართველი ერისგან, რომ ამან განაპირობა ხსენებულ ლიტურგიკულ ძეგლთა დაცულობა, ტრადიციისადმი ერთგულება. მაშინ როცა ბერძნულში ლიტურგიკული პრაქტიკის შეცვლისდა კვალობაზე ის ძველი მივიწყებულ იქნა. აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ, რა თქმა უნდა, იმ ძველ ეპოქაში განმსაზღვრელი იყო ბერძნულენოვანი საეკლესიო მოღვაწეობა, განმსაზღვრელი იმდენად, რომ ბერძნულად იწერებოდა და სხვა ენებზე ითარგმნებოდა. შემდეგ იქ ახალი იწერებოდა და მოგვიანებით ის ახალიც ითარგმნებოდა, [9]მაგრამ სხვა ენები, რამდენადაც არსებითად თარგმნის პროცესით იყვნენ დაკავებულნი და თარგმანებით საზრდოობდნენ, უკვე თარგმნილნი გაცილებით უფრო მყარად ინახებოდა მათში. რადგანაც ის სიახლე ზოგჯერ საკმაო დაგვიანებით ხმაურდებოდა მთელს ქრისტიანულ მსოფლიოში და გვიანვე ხდებოდა აღქმული სხვა ერებშიც და სხვა ენებზეც გვიან აისახებოდა. ამიტომ ითარგმნა რა ქართულად თავის დროზე იაკობისა და პეტრეს ლიტურგიები, მიუხედავად იმისა, რომ ბასილისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები შეიქმნა და დაიწერა ბერძნულ ენაზე, ეს ტრადიცია ძნელად შეიძლებოდა, რომ საქართველოში შეცვლილიყო, რადგანაც ის სიახლე უშუალო დაწერის მომენტში თვით საბერძნეთშიც დიდ პრობლემებს ქმნიდა. ჩვენ დღეისათვის სავსებით ნათლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა უდიდესი დაპირისპირებისა და ბრძოლის წინაშე იდგა ჯერ ბასილი დიდი და შემდეგ იოანე ოქროპირი. ამ უკანასკნელს კრებაც მოუწყეს 404 წელს [10]ცნობილი თეოფილე ალექსანდრიელის თავჯდომარეობით, სადაც ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება მისდამი იყო ის, რომ “მან (იოანე ოქროპირმა) საკურთხეველი შერყვნა”. ცხადია გამომდინარე იქიდან, რომ იოანემ ლიტურგიის ტექსტი დაწერა და უკვე არსებული ჟამისწირვის ტექსტების შეცვლა ინდომა. ე.ი. მას პიროვნულ, ადამიანურ მისწრაფებად ჩაუთვალეს ეს ყოველივე, ვერ გააცნობიერეს რა და ვერანაირად ვერ განჭვრიტეს რა, რომ ამ შემთხვევაში იოანე ოქროპირი, ისევე როგორც ძველი და ახალი აღთქმის წინასწარმეტყველ-მახარებელ-მოციქულნი, მხოლოდ კალამი იყო ღვთის ხელში და რომ ის კი არ წერდა ჟამისწირვის ტექსტს, არამედ უფალი წერდა მისი ხელით, რომ ის უფლისმიერი კეთილი ნაყოფი იყო მრევლისადმი მიძღვნილი იოანე ოქროპირის შუამავლობით. ამის გაცნობიერება, რა თქმა უნდა, მყისიერად არ ხდება და შესაბამისად, თუ საბერძნეთშიც არ დამკვიდრდება ის, სადაც ის დაიწერა, ცხადია სხვა ქვეყნებში ასე ადვილად ვერ შეაღწევს. ამიტომ დანარჩენ სამყაროში უფრო მეტად ხანგრძლივდება ტრადიციის [11]დაცულობა, ეს კი თავის მხრივ განაპირობებს უადრესი ტექსტების შემონახულობას.

შეიძლებოდა ალბათ იმაზეც მიგვექცია ყურადღება, რომ საქართველოში საზოგადოდ ფიქსირდება, დადასტურებულია ტრადიციისადმი რაღაც განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული. ჩვენ მაგალითად, სწორედ იაკობის ჟამისწირვასთან დაკავშირებით შეგვიძლია მივუთითოთ ერთ ცნობილ ანდერძზე, რაც სახელგანთქმულ იოანე ზოსიმეს უკავშირდება, რომელმაც გადაწერა ჟამისწირვის ტექსტი, რაც მისი ეპოქისთვის შეუფერებელი იყო. შეუფერებელი იყო იმ გაგებით, რომ მისი თქმით აღნიშნული ჟამისწირვის ტექსტი, რისი გადაწერაც მას დაავალეს (იოანეს საკუთარი ინიციატივით კი არ გადაუწერია, არამედ სხვა პიროვნებამ სთხოვა, რომლის სახელსაც ის არ ახსენებს), ჩემს გულთან ახლოს არ მოდიოდაო, ანუ არ მომწონდაო, “ვერ დია ჩემი გულისაი იყო”, - ამბობს ის. ესაა უადრესი ტექსტი, იმდროინდელი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველი, შესაბამისად გაცილებით მარტივი, გაცილებით მოკლე. [12]ხოლო იოანე ზოსიმეს დროს X ს-ში უკვე ჟამისწირვის ტექსტი მრავალი კომპონენტითაა შევსებული, გაცილებით უფრო ვრცელია და რთული. ამიტომ X საუკუნისთვის იმ ტექსტის პრაქტიკაში გამოყენება უკვე შეუძლებელი იყო, ხოლო იოანე ზოსიმე უდიდესწილად, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო იმგვარი ტექსტების დამუშავებით, რასაც ადამიანი პრაქტიკაში გამოიყენებდა, რომ დახმარებოდა სხვებს იმ დუდესი ლიტურგიკული ცოდნის კვალობაზე, რაც მას ჰქონდა. ასეთ დროს მას ერთ-ერთმა პიროვნებამ სთხოვა, რომ ძველი, არქაული, პრიმიტიული ტექსტი გადაეწერა. და თან როგორ სთხოვა? მიუხედავად იმისა, რომ აუხსნია იოანე ზოსიმეს შემკვეთისთვის, რომ ეს ტექსტი პრაქტიკაში ვერ იქნება გამოყენებული, რადგანაც ბევრი რამ აკლია (“მრავალი განგება და ლოცვები აკლდაო” – ამბობს ის) და ამიტომ “ვერ დია ჩემი გულისაი იყო”, ჩემს გულთან არ მოდიოდა, ჩემი მოსაწონი დიდად არ იყოო. “გარნა რომელი მაწერიებდაო (ე.ი. ვინც მთხოვდა მის გადაწერასო), მევედრებოდა იგიაი [13]ოდენ დამიწერეო (სწორედ ის დამიწერეო), რაი იქ წერიაო”. “იგიაი ოდენ დამიწერია”, - ამბობს იოანე ზოსიმე და სიტყვაც კი არ შემიცვლია იქ ისე გადავწერეო. ეს ფაქტი უეჭველად ადასტურებს იმას, რომ საქართველოში იყვნენ იმგვარი მოღვაწეები, რომლებიც მხოლოდ პრაქატიკაში გამოყენების ასპექტით არ ჭვრეტდნენ არქაულ ძეგლებს, არამედ თვითონ ის უადრესი სახეც ძეგლებისა მათთვის დიდად სათაყვანო იყო. ალბათ ესეც გახლდათ მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მრავალი უძვირფასესი და უადრესი ძეგლი ქართულ ენაზე შემოგვენახა. მათ შორის გახლავთ სწორედ “მრავალთავებიც”. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის კრებული, თავის დროზე ბერძნულადაც არსებული, უეჭველად დაკარგულია, ქართულად არათუ შემოგვენახა, არამედ საკმაო რაოდენობის ნუსხებით გახლავთ მოღწეული. რომელთა შორისაც, თავისთავად ცხადია, უადრესი უნდა იყოს ის ფრაგმენტული ხელნაწერი, რაც თავის დროზე დიდმა მკვლევარმა აკაკი შანიძემ გამოსცა [14]და რასაც “ხანმეტი მრავალთავი” უწოდა მან. იმიტომ, რომ მასში შემავალი ტექსტები, ჩვენამდე ფრაგმენტულად მოღწეულნი, ხანმეტური ხასიათისაა, ხანმეტობას აღიბეჭდავს, ხოლო ხანმეტობა მოგეხსენებათ ქართულ ენას ახასიათებდა V-VII სს.-ში (ე.ი. მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირის ნიშნად “ხან” პრეფიქსის ხმარება, ისევე როგორც უფროობითი ხარისხის ზედსართავ სახელებში “ხ” პრეფიქსის გამოყენება). აღნიშნული კრებული გახლავთ ჩვენთვის დღეისათვის ცნობილი ყველაზე ადრეული ტექსტი მრავალთავისა, რაც უეჭველად V-VI სს.-ბით თარიღდება.

მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ ეს ფრაგმენტები არაა, რამაც ჩვენამდე მოაღწია. ცნობილია აგრეთვე სახელგანთქმული “სინური მრავალთავი”, ყველასთვის კარგად ცნობილი, 864 წელს გადაწერილი საბაწმინდაში, რომელიც თითქმის მთლიანადაა [15]შემონახული. გარკვეული ფურცლები მას აკლდა, მაგრამ როგორც ადრეც აღვნიშნეთ, იმ ახალ აღმოჩენაში ხელნაწერებისა, რაც სინას მთაზე მოხდა, ის ფურცლებიც დასტურდება, მაგრამ უდიდესწილად ეს მრავალთავი თავის დროზევე თითქმის სრულად იყო ნაპოვნი და როდესაც შესაბამისი მიკრო ფილმები საქართველოში გამოიგზავნა, გამოცემულ იქნა კიდეც აკაკი შანიძის რედაქტორობით 1959 წელს, რითაც დიდი საუნჯე გახდა ხელმისაწვდომი  ყველა ქართველისთვის და საერთოდ ყველა დაინტერესებული პირისთვის. “სინური მრავალთავი” ჩვენ უკვე სრულფასოვან წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა სახის კრებულია მრავალთავი, რომ “მრავალთავი” (ჩვენ შეგვიძლია ასეთი ფორმულირება გავაკეთოთ) ეს გახლავთ ჰომილეტიკური საკითხავების კრებული საეკლესიო წელიწადის მიხედვით შედგენილი. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ ეს ჰომილიები, ეს ქადაგებები, ეს საკითხავები, დავუშვათ თემატურად კი არაა [16]დალაგებული, ანდა პირიქით უსისტემოდ და სხვა, არამედ დღესასწაულთა მიხედვით. ლიტურგიკული წელიწადი იწყება, როგორც აღვნიშნავდით, ხარებით და სხვათაშორის ეს უადრესი ტრადიციაა, სწორედ ქართულენოვან ლიტურგიკულ ძეგლებში ასახული. შემდგომში ეს ტრადიცია იცვლება ასე ვთქვათ შობის წელიწადით. პირობითად რომ ვთქვათ ჯერ ხარების წელიწადი იყო, ანუ საეკლესიო წელიწადი, რომელიც ხარების დღესასწაულით იწყებოდა. მაგრამ რადგანაც ამას გარკვეული უხერხულობა ახლდა, რადგან ჩვეულებრივი მიმდევრობით წელიწადისა ჯერ შობაა, ნათლისღებაა, მირქმაა და მერე ხარება, აი ამ უხერხულობიდან გამომდინარე როგორც ჩანს, თანდათანობით მკვიდრდება, დაახლოებით VII-VIII სს.-დან, შობის წელიწადი. ანუ ის საეკლესიო წელიწადი, რომლის სათავე და ათვლის წერტილი არის შობის დღესასწაულის წინა პერიოდი - 21 დეკემბრიდან. [17]საერთოდ დღესასწაული არ განისაზღვრება მხოლოდ იმ დღით, რა დღესაც უშუალოდ ეს დღესასწაულები მოიხსენიება, არამედ აუცილებლად მას აქვს წინა პერიოდი, ანუ მოსამზადებელი პერიოდი დღესასწაულთან შეხვედრისა და აგრეთვე შემდგომი პერიოდიც. წინადღესასწაული მაცხოვრის შობის უდიდესი მოვლენისა 21 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდს გულისხმობს, მაგრამ როდესაც უკვე 25 დეკემბერს შობა საზეიმოდ დღესასწაულებულია, ამის შემდგომაც, რა თქმა უნდა, შობის დღესასწაულის შემდგომი პერიოდიც, იმავე დღესასწაულის განწყობით აღვსილი, გრძელდება და გრძელდება, მოგეხსენებათ, ვიდრე ნათლისღების წინა დღემდე, რომელიც უკვე საკუთრივ ნათლისღების მოსამზადებელი დღეა (მოგეხსენებათ ის მარხვის დღეა). ხოლო თუკი შობის დღესასწაულის წინარე პერიოდს ეწოდება წინასადღესასწაულო პერიოდი, შემდგომ პერიოდს ეწოდება მსგეფსი ანდა ზატიკი. დიდ დღესასწაულებს ჩვეულებრივ [18]მოსდევთ სადღესასწაულო შვიდეული, ანდა სადღესასწაულო შვიდეულები, რომლებსაც სწორედ ზატიკი ეწოდებათ. აი ეს ერთ კვირიანი სადღესასწაულო პერიოდი, ზატიკად წოდებული, თავის დროზე მოსდევდა შობასაც, აღდგომასაც, ენკენიასაც და როგორც ჩანს სხვა დღესასწაულებსაც. ეს ყოველივე უბრალოდ იმ ფაქტთან დაკავშირებით მივუთითეთ, რომ ვამბობთ რა შობის წელიწადს, ეს წელიწადი არ იწყება 25 დეკემბრით, იწყება მოსამზადებელი პერიოდით, 21 დეკემბრით, როდესაც შობის ხსენება უკვე ეკლესიაში აღესრულება სათანადო საგალობელთა მხრივ, საკითხავების მხრივ და სხვა. აი ამ, შობის დღესასწაულიდან ათვლილ, წელიწადს ეწოდება შობის წელიწადი, რაც შედარებით გვიან მკვიდრდება. წინმსწრები კი გახლავთ ხარების წელიწადი, უძველესი, უარქაულესი ეპოქის ამსახველი, რაც დასტურდება სწორედ ქართულ [19]უადრეს ლიტურგიკულ ძეგლებში, მათ შორის “მრავალთავში”, რომელიც სწორედ ხარების წელიწადის ამსახველია, იწყება რა ის ხარების დღესასწაულით. ამ დღესასწაულზე საკუთრივ “სინურ მრავალთავში” წარმოდგენილია სამი ჰომილია. სამივე უკავშირდება III ს-ის უდიდეს მოძღვარს და ღვთისმეტყველს წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელს. თუმცა აქ გახლავთ საყურადღება ის მომენტი, რომ პირველი ორი ჰომილია ხარების შესახებ გრიგოლ ნეოკესარიელისა ბერძნულშიც არის დადასტურებული, ხოლო რაც შეეხება მესამეს, ის მხოლოდ ქართულად გახლავთ ცნობილი. მაგრამ თუ ამ მესამეს ჩვენ ტექსტობრივად შევისწავლით, ვნახავთ, რომ ის ცალკე, დამოუკიდებელი ჰომილია კი არაა და უშუალოდ გრიგოლ ნეოკესარიელს კი არ უკავშირდება, არამედ მისი ხარების შესახებ წარმოთქმული ორი ჰომილიის კომპილაციას წარმოადგენს, რომლის შედგენის მიზანდასახულობაც სრულიად გამჭვირვალეა. საქმე ისაა, რომ ეს ჰომილიები ხარების დღესასწაულზე ტაძარში უნდა წაკითხულიყო სამღვდელო პირისგან [20]ქადაგების სანაცვლოდ, ანდა ქადაგების ჟამს. ორი ჰომილიის წაკითხვა კი საკმაოდ რთული გახლდათ, რადგანაც დიდ დროს დაიკავებდა და ლიტურგიკული მდინარება პროცესისა შეიძლებოდა შეფერხებულიყო. მითუმეტეს იმ დროისათვის ქადაგება, როდესაც ეს ჰომილიები წაიკითხებოდა, ლიტურგიის ბოლოს კი არ იყო, არამედ ჟამისწირვის შუაში კათაკმეველთა ლიტურგიის დამთავრების შემდეგ, ვიდრე მართალთა ლიტურგია დაიწყებოდა. ე.ი. ვიდრე კათაკმეველნი ტაძრიდან გავიდოდნენ, მანამდე ხდებოდა სამღვდელო პირისგან ქადაგება, რადგანაც ეს ქადაგება პირველ რიგში სწორედ კათაკმეველთა მიმართ იყო და მათ განეკუთვნებოდათ, რომ ისინი მოძღვრებაში განმტკიცებულიყვნენ და საბოლოოდ გადაედგათ ნაბიჯი ნათლისღებისკენ, ჭეშმარიტ შვილად ეკლესიისა რომ გამხდარიყვნენ. [21]ასეთ დროს ძალიან გახანგრძლივება ლიტურგიის ამ მქადაგებლური ნაწილისა, საკუთრივ ლიტურგიის შეფერხებას გამოიწვევდა. შესაბამისად, არაიშვიათად გარკვეული წასაკითხი ჰომილეტიკური, დამოძღვრითი ხასიათის ძეგლები იკვეცებოდა, ანდა რაღაც კომპილირება ხდებოდა. და რომ არ მომხდარიყო ისე, რომ უგულებელყვეს გრიგოლ ნეოკესარიელის რომელიმე საკითხავი, ამ ორი საკითხავისგან ცალკეული მონაკვეთების თანაშეერთებით ერთი განზოგადებული, ორივეს გამაერთიანებელი ჰომილია შეუდგენიათ, როგორც ჩანს საკუთრივ ბერძნულ ენაზე, რაც ასევე თარგმნილა ქართულად. თუმცა აბსოლუტური გამორიცხვა არც იმისა შეიძლება, რომ ეს ყოველივე საკუთრივ ქართულ ენაზე განხორციელებულიყო. მითუმეტეს, რომ ბერძნული ორიგინალი, ანდა რომელიმე ენაზე თარგმანი ამ ე.წ. მესამე ჰომილიისა დღეისათვის დადასტურებული არ არის. ამიტომ არ არის გამორიცხული ვიფიქროთ, რომ საკუთრივ ქართულ ნიადაგზე განხორციელდა ორი ჰომილიის შეერთება ერთ ჰომილიად, [22]რაც შემდგომდროინდელ გადამწერებთან რიგით მესამე ჰომილიად წარმოჩნდა. სწორედ ამით იწყება “სინური მრავალთავი” და როგორც ჩანს ამით იწყებოდა საზოგადოდ ის არქეტიპული სახე მრავლთავისა, რაც V-VI სს.-ში ქართულად ითარგმნებოდა და შედგებოდა.

მრავალთავთან დაკავშირებული ეს საკითხი საკმაოდ საყურადღებოა, ტევადია, მრავალ ცომპონენტს შეიცავს და განხილვისთვის შესაბამის დროს მოითხოვს. ამიტომ ჩვენ ამჯერად, რამდენადაც გვინდა რომ ამ საკითხს შედარებით უფრო ამომწურავად შევეხოთ, უკვე თქმულით შემოვიფარგლებით და შემდგომ შეხვედრაზე კვლავ მრავალთავის შესახებ გვექნება განხილვა.

 

362–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=_SBnTd4oXZg

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 12:35)