Georgian (Georgia)English (United Kingdom)

რამდენადაც ჩვენ გვევალება, რომ ჩვენი მართლმადიდებლობისა და მამათაგან გარდამოცემული დოგმატების დაცვით, გიპასუხოთ თქვენს მიერ წარმოდგენილზე, წერილობით წარმოდგენილს წინასწარ მოვიყვანთ, როგორც ზოგად წესს, რათა შემდეგ მოკლედ და ნათლად მოვაყოლოთ თითოეულ მათგანზე პასუხი და ახსნა.

1. მაშ ასე, თქვენი მოხსენების დასაწყისში თქვენ წერთ: "თუკი ჭეშმარიტად მონანულნი, ამ ცხოვრებიდან (ღმრთისადმი) სიყვარულით გავიდნენ მანამ, სანამ თავისი ცოდვების გამო დაკმაყოფილებას (ღმრთის მართლმსაჯულებისა - რედ.) მოასწრებდნენ, მათი სულები სიკვდილის შემდეგ განმწმენდელი ცეცხლით იწმინდებიან; მაგრამ ამ ტანჯვათაგან მათს შემსუბუქებას (ან "განთავისუფლებას") ხელს უწყობს ის შემწეობა, რასაც მათ მიმართ ცოცხალი მორწმუნენი იჩენენ, როგორც მაგალითად: ლოცვები, ლიტურგია, მოწყალება და კეთილმსახურების სხვა საქმეები".

ამაზე შემდეგს ვუპასუხებთ: ის, რომ მშვიდობით გარდაცვლილებს, ნამდვილად შეეწევა მათთვის აღვლენილი წირვა, ლოცვა და მოწყალება და ეს ჩვეულება უძველესი დროიდან ძალაში იყო, ამას როგორც ლათინი, ასევე ბერძენი მამების სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ადგილას თქმული და დაწერილი მრავალი და სხვადასხვა გამონათქვამი ამოწმებს, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ სულები რაღაც განმწმენდელი ტანჯვისა და დროებითი ცეცხლის (რომელსაც ასეთი - განმწმენდელი ძალა აქვს) წყალობით თავისუფლდებიან და ამას რაღაც შემწეობითი ხასიათი აქვს, - ამას ჩვენ ვერც წიგნებში (ბიბლიაში) ვპოულობთ, ვერც ლოცვებსა და გალობებში გარდაცვლილთა მიმართ, ვერც მასწავლებელთა სიტყვებში. მაგრამ, ჩვენ მივიღეთ, რომ იმ სულებსაც - ვინც ჯოჯოხეთშია და სამუდამო ტანჯვისთვისაა გადაცემული, თვით საქმით თუ გამოცდილებით, - შესაძლოა შევეწიოთ და რაღაც მცირე დახმარება გავუწიოთ, თუმცა არა იმ აზრით, რომ ისინი ტანჯვათაგან ვიხსნათ ან საბოლოო განთავისუფლების იმედი მივცეთ. და ეს ნათლად ჩანს დიდი მაკარი ეგვიპტელის სიტყვებიდან, რომელმაც უდაბნოში თავის ქალა იპოვა და მისგან ამის შესახებ ღმრთაებრივი ძალით შეიმეცნა. და ბასილი დიდიც, სულთმოფენობისას წასაკითხ ლოცვებში სიტყვასიტყვით წერს: "რომელმან ამას წმიდასა ყოვლადსრულსა და ცხოველს-მყოფელსა დღესასწაულსა ღირს-იჩინე შეწირვად ვედრებათა სახსრად, შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა და დიდთა სასოებათა მოგვცემ ლხინებად შეპყრობილთა გარე-მიდგომილთაგან ბოროტთა მათ და ნუგეშინისცემასა შენ-მიერსა მოავლინებ" (მწუხრის მესამე მუხლმოყრითი ლოცვა).

ხოლო თუ სულები ამ ცხოვრებიდან სარწმუნოებით და სიყვარულით გავიდნენ, თუმცა თან გარკვეული დანაშაული – დიდი თუ მცირე გაიყოლეს და რომელიც მათ ან საერთოდ არ მოუნანიებიათ ან მოინანიეს, მაგრამ სინანულის ნაყოფი არ გამოავლინეს, ასეთი სულები, გვწამს, რომ ასეთი სახის ცოდვათაგან უნდა განთავისუფლდნენ, მაგრამ, არა რაღაც განწმენდელი ცეცხლით ან რაღაც სასჯელის ადგილის განწესებით (რამეთუ ეს, როგორც ვთქვით, საერთოდ არ გადმოუციათ ჩვენთვის); არამედ ერთნი თვით სხეულიდან ამოსვლისას უნდა განიწმინდონ მხოლოდ შიშის წყალობით, როგორც ამას სიტყვა-სიტყვით გადმოგვცემს წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი, მაშინ როცა სხვანი უნდა განიწმინდონ სხეულიდან ამოსვლის შემდეგ: ან მიწაზევე, სანამ ღმრთის თაყვანისსაცემად მივლენ და ნეტარ სავანეებს დაიმკვიდრებენ; ან თუ მათი ცოდვები უფრო ძმიმე და უფრო დიდი ხნით შემბორკავი იყო, მაშინ ისინიც ჯოჯოხეთში იგზავნებიან, მაგრამ, არა იმისათვის, რომ ცეცხლსა და ტანჯვაში სამუდამოდ იყვნენ, არამედ თითქოსდა ციხეში და ზედამხედველობის ქვეშ.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ყოველ მათგანს შეეწევა მათთვის აღსრულებული ლოცვები და წირვები, ღმრთის მოწყალების თანაქმედებით, რომელიც ერთ ცოდვებს – ჩადენილთ კაცობრივი უძლურების გამო, მაშინვე უგულებელჰყოფს და მიუტევებს, როგორც დიონისე დიდი ამბობს “წმინდად გარდაცვლილთა საიდუმლოზე განსჯა”-ში; ხოლო სხვა ცოდვებს გარკვეული დროის შემდეგ მართალი მსჯავრით ან ხსნის და შეუნდობს, და მათაც – სრულიად, ან იმ ბოლო სამსჯავრომდე მათს გამო პასუხისმგებლობას ამსუბუქებს. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ აუცილებლობას სხვა სასჯელსა ან ცეცხლით განწმენდაში: რამეთუ პირველთ შიში განწმენდს, მეორეებს – სინდისის ქენჯნა ყოველგვარ ცეცხლზე მეტად სწვავს, სხვებს კი თვითონ მხოლოდ ძრწოლა ღმრთის დიდებისა და გამოუცნობი მომავლის (თუ როგორი იქნება იგი) წინაშე განწმენდს. და რომ ეს ბევრად უფრო დამტანჯავი და დამსჯელია, ვიდრე რაიმე სხვა, ამას გამოცდილებაც გვიჩვენებს და წმინდა იოანე ოქროპირიც გვიმოწმებს თავის თითქმის ყველა ზნეობრივ (მორალისტურ) ჰომილიაში, აგრეთვე ღმრთაებრივი მოღვაწე დოროთეც თავის სიტყვაში “სინდისის შესახებ”.

2. მაშ ასე, ჩვენ ვვედრით ღმერთს და გვწამს, რომ მსგავსისაგან გაათავისუფლებს მიცვალებულებს და არა რაღაც სხვა ტანჯვისა და სხვა ცეცხლისაგან, იმ ტანჯვათა და ცეცხლის იქით, რომელიც საუკუნოდაა აღთქმული. იმას, რომ სულები ლოცვით თავისუფლდებიან ჯოჯოხეთის დილეგიდან, სხვა მრავალთა შორის თეოფანე აღმსარებელიც მოწმობს, აღბეჭდილად წოდებული, რომელმაც ქრისტეს ხატისათვის თავისი მოწმობის სიტყვები – მის შუბლზე დაწერილნი, - სისხლით აღბეჭდა. მიცვალებულთა ერთ-ერთ კანონში ის მათზე ასე ლოცულობს (რვახმათა, მიცვ-შაბ. კანონი, თავი 8, გალობა 6, “დიდება”): “ცრემლითა და სულთქმითა ჯოჯოხეთს შინა მყოფნი მონანი შენნი, განათავისუფლე, მაცხოვარ”.

გესმის? – “ცრემლები” თქვა და “სულთქმანი” და არა რაღაც სასჯელი და განმწმენდელი ცეცხლი. ხოლო თუ სადმე გვხვდება ამ ლოცვებსა და გალობებში ცეცხლის მოხსენიება, ეს დროებით და განმწმენდელს კი არა, იმ საუკუნო ცეცხლსა და უწყვეტ სასჯელს ეხება. კაცთმოყვარებითა და თანამოძმეთა მიმართ თანაგრძნობით აღძრული, თითქმის შეუძლებელის მსურველი და მკადრებელი წმინდანები, სარწმუნოებაში გარდაცვლილთა გამოხსნაზე ლოცულობენ. რამეთუ ასე ამბობს წმინდა თეოდორე სტუდიელი, თვითონაც აღმსარებელი და ჭეშმაირტების მოწმე, მიცვალებულთა შესახებ თავისი კანონის დასაწყისში (ტრიოდიონი, ხორციელის შაბათი, კანონი, გალობა 1): “რომელნი საუკუნითგან დაძინებულთა სახსენებელსა დღეს აღვასრულებთ, ერნო, მხურვალედ ვევედრნეთ ქრისტესა, რათა ცეცხლისა მისგან უშრეტისა იხსნნეს, რომელთა სასოებითა საუკუნისა მის ცხოვრებისათა განვლეს საწუთროი ესე და შეისვენეს”. შემდეგ კი სხვა ტროპარში, კანონის მე-5 გალობაში ნათქვამია: “უშრეტისა ცეცხლისა და ბნელისაგან წყვდიადისა და გარესკნელისა, და ღრჭენისა კბილთასა და მატლისა მისგან წამლიანისა მწარისა და სხვათა მათ პირად-პირადითა ტანჯვათაგან იხსნენ, მხსნელო მორწმუნეთა სულნი”.

სად არის აქ “განმწმენდელი ცეცხლი”? და ის რომ საერთოდ ყოფილიყო, წმინდანს ამაზე სხვა უკეთეს ადგილას სად უნდა ეთქვა, თუ არა აქ? ესმის თუ არა ღმერთს წმინდანების, როცა ისინი ამის შესახებ ლოცულობენ, ეს ჩვენი გამოსაკვლევი არ არის, მაგრამ თვით მათ იცოდნენ და მათში დავანებულმა სულმა, - რომლის მიერ აღძრულნი, ისინი საუბრობდნენ და წერდნენ, - იცოდა ეს; თანაბრად იცოდა ეს მეუფე ქრისტემაც, რომელმაც მოგვცა მცნება, რომ მტრებისათვის ვილოცოთ და მისი ჯვარმცმელებისთვის ლოცულობდა და ამისათვის ქვებით ჩაქოლილი პირველმოწამე სტეფანეც აღძრა. და თუმა, შესაძლოა, ზოგიერთმა თქვას, რომ როცა ჩვენ ასეთ ხალხზე ვლოცულობთ, ღმრთისგან შესმენილნი არა ვართ, თუმცაღა, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმას აღვასრულებთ; აი, ზოგიერთი წმინდანი კი, რომელიც არა მხოლოდ მორწმუნეებზე, არამედ ურწმუნოებზეც ლოცულობდა, შესმენილ იქნა და თავისი ლოცვებით გამოიხსნა ისინი საუკუნო ტანჯვისაგან, როგორც მაგალითად, პირველმოწამე თეკლამ თეკლონილე და ღმრთაებრივმა გრიგოლ დიოლოღოსმა, როგორც ჰყვებიან, - მეფე ტრაიანე (III თავში ნაჩვენებია, რომ ეკლესია მათზეც ლოცულობს, ვინც უკვე ნეტარებით ტკბება ღმერთში და ვინც, რა თქმა უნდა, “განმწმენდელი” ცეცხლი არ უნდა გაიაროს).

4. ამის შემდეგ, ცოტატი იქით, თქვენ გსურადთ განმწმენდელი ცეცხლის შესახებ ნათქვამი დოგმატი დაგემტკიცებინათ და თავიდან მაკაბელთა წიგნზე (თავი 12, 44-45) მიუთითებდით, სადაც ნათქვამია: “წმინდა და მაცხოვნებელია მიცვალებულთათვის ლოცვა, რათა ისინი ცოდვათაგან განთავისუფლდნენ”. შემდეგ კი, მათეს სახარებიდან (12,13) აიღეთ ის ადგილი, სადაც მაცხოვარი გვაუწყებს, რომ “სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა... არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას”, და ამბობთ, რომ აქედან ის ჩანს, რომ მომავალ ცხოვრებაში ცოდვათა მიტევება არსებობს.

მაგრამ, ის, რომ აქედან არანაირად არ გამომდინარეობს განმწმენდელი ცეცხლის ცნება, ეს მზეზე ნათელია: რამეთუ რა საერთო აქვს მიტევებას ცეცხლით განწმენდასთან და სასჯელთან? რამეთუ, თუკი ცოდვათა მიტევება ლოცვათა გამო ან თვით მხოლოდ საღვთო კაცთმოყვარებით აღესრულება, დასჯისა და განწმენდის საჭიროება აღარ არსებობს. ხოლო თუკი სასჯელი და განწმენდა ღმრთის მიერ არის დადგენილი, - რამეთუ პირველის წყალობით აღესრულება მეორე, და სასჯელი ამაო იქნებოდა, რომ მისი შედეგი განწმენდა არ ყოფილიყო, - გამოდის, რომ ამაოდ აღესრულება ლოცვები მიცვალებულთათვის და ამაოდ ვუგალობთ ღმრთის კაცთმოყვარეობას. მაშასადამე, ამ მითითებებით იმდენად განმწმენდელი ცეცხლის არსებობა კი არ მტკიცდება, არამედ მისი არარსებობა; რამეთუ ცოდვილთათვის ცოდვათა მიტევება მათში წარმოდგენილია სამეუფო ხელმწიფებისა და კაცთმოყვარების ერთგვარ ქმედებად და არა სასჯელისა და განწმენდისაგან განთავისუფლებად.

5. მესამე, ის გამონათქვამი, რომელიც კორინთელღა მიმართ ნეტარი პავლეს პირველი ეპისტოლიდანაა აღებული, რომელშიც იგი იმ საფუძველზე აშენებას საუბრობს, რომელიც ქრისტეა; - “ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ხე, თივა, ლერწამი” – და დასძენს: “უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან”. (I კორ. 3, 12-15) – თითქოსდა ყველაზე უფრო მეტად შემომტანია განმწმენდელი ცეცხლის ცნებისა, სინამდვილეში მას ყველაზე მეტად უარყოფს.

რამეთუ, პირველ რიგში, ღმრთაებრივმა მოციქულმა მას არა განმწმენდელი, არამედ გამომცდელი უწოდა; შემდეგ მან გვაუწყა, რომ იგი კეთილმა და პატიოსანმა საქმეებმაც უნდა განვლონ, ასეთნი კი, ცხადია, არანაირ განწმენდას არ საჭიროებენ; შემდეგ იგი ამბობს, რომ ვინც ცუდ საქმეებს მოიტანს, ზარალს განიცდის (“იზღვიოს”), მას შემდეგ, რაც ეს საქმეები დაიწვებიან; მაშინ, როცა განწმენდილნი, გარდა იმისა, რომ ზარალს არ განიცდიან, კიდევ მეტს შეიძენენ; შემდეგ იგი ამბობს, რომ ეს “იმ დღეს” უნდა იყოს, სახელდობრ – სამსჯავროსა და მერმისა მის საუკუნისა დღეს, ხოლო იმ მსაჯულის საშინელი მოსვლისა და საბოლოო განაჩენის შემდეგ განმწმენდელი ცეცხლის ვარაუდი განა სრული უაზრობა არ არის? რამეთუ წერილი არაფერს  ასეთს არ გადმოგვცემს, არამედ თვით იგი, ვინც განგვსჯის, ამბობს: “და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.” (მათე 25,46), და კიდევ: “და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.” (იოანე 5,29). ასე რომ, რამე შუალედური ადგილი სულაც არ რჩება; არამედ, მას შემდეგ, რაც ყველა განსასჯელი ორად გაჰყო და ერთნი მარჯვნივ, მეორენი კი – მარცხნივ დააყენა და პირველებს “ცხვრები”, მეორეებს კი “თხები” უწოდა, მას სულაც არ განუცხადებია, რომ არიან ისეთებიც, ვინც იმ (განმწმენდელი) ცეცხლით უნდა განიწმინდოს. ის ცეცხლი, რომელზეც მოციქული საუბრობს, ჩანს, ის ცეცხლია, რომელზეც დავით წინასწარმეტყველიც საუბრობს: “ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად.” (ფს. 49,3); და კიდევ: “ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.” (ფს. 96,3). ამ ცეცხლის შესახებ დანიელ წინასწარმეტყველიც საუბრობს: “მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა” (დან. 7,10).

რამდენადაც წმინდანები არანაირ ბოროტ საქმეებს და ბოროტ ნიშნებს არ ატარებენ, ეს ცეცხლი მათ უფრო ნათლებად გამოაჩენს, როგორც ღუმელში გამობრძმედილ ოქროს, ან ამინატის ქვას, რომელიც, როგორც ამბობენ, ცეცხლში ჩაგდებული, გამურული ჩანს, ხოლო იქიდან ამოღებისას უფრო სუფთა ხდება, თითქოსდა წყლით გაურეცხავთო; როგორიც იყო სამი ყრმის სხეული ბაბილონის ღუმელში. ცოდვილებს კი, როგორც ბოროტი საქმეების მატარებლებს, ცეცხლი, როგორც ამისთვის მოხერხებულ მასალებს, მოედება და დაუყოვნებლივ აღანთებს და მათ “საქმეს”, ესე იგი ბოროტ განწყობას ან ქმედებას დასწვავს და ბოლომდე გაანადგურებს და მათ მას წაართმევს, რაც მოიტანეს, ესე იგი, მათს ბოროტ ტვირთს, თუმცა თვითონ მათ “განარიდებს”, ესე იგი საუკუნოდ დაიცავს, რათა ისინი თავის ბოროტებასთან ერთად არ განადგურდნენ.

6. მოციქულის ამ გამონათქვამის ასეთ განმარტებას საჭიროდ მიიჩნევს ღმრთაებრივი მამა ოქროპირიც (რომელსაც “პავლეს ბაგეებს” ვუწოდებთ, ისევე როგორც მას -“ქრისტეს ბაგეებს”) ეპისტოლის განმარტებისას, ამასთან, პავლე ოქროპირის საშუალებით საუბრობს, როგორც ეს ხილვაში განეცხადა პროკლეს, ოქროპირის მოწაფესა და მისი ტახტის მემკვიდრეს. მან ამ ერთ გამონათქვამს განსაკუთრებული ტრაქტატი უძღვნა, რათა ორიგენიანებს მოციქულის ეს სიტყვები თავისი აზროვნების წესის დასამტკიცებლად არ მოეყვანათ (რომელიც, ჩანს, მათ უფრო ესადაგება, ვიდრე თქვენ) და ეკლესიისათვის ზიანი არ მიეყენებინათ, შემოჰქონდათ რა ჯოჯოხეთის ტანჯვათა დასრულებისა და ცოდვილთა საბოლოო აღდგინების (აპოკატასტასისი) ცნება. რამეთუ, გამოთქმა, რომ ცოდვილი “განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან” ნიშნავს, რომ იგი ცეცხლში დაიტანჯება და თავის ბოროტ საქმეებთან და ბოროტ სულიერ წყობასთან ერთად არ განადგურდება.

ამის შესახებ საუბრობს ბასილი დიდიც “მორალიებში”, როცა ფსალმუნის გამონათქვამს – “ხმამან უფლისამან განკვეთის ალი ცეცხლისაჲ” (ფს. 28,7) – განმარტავს: “ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის გამზადებული ცეცხლი უფლის ხმით განიკვეთება, რათა ამის შემდეგ, მასში ორი ძალა იყოს: ერთი – დამწველი, მეორე კი – განმანათლებელი; იმ ცეცხლის მტანჯველი და დამსჯელი ძალა ტანჯვის ღირსთათვის არის დაცული; განმანათლებელი და განმაბრწყინებელი კი მოხარულთა გაბრწყინებისათვის არის განკუთვნილი. მაშასადამე, იმიტომ არის უფლის ხმა, ცეცხლის ალის განმკვეთელი და განმყოფელი, რათა ბნელი ნაწილი ტანჯვის ცეცხლი იყოს, არადამწველი კი – ტკბობის ნათელი”.

მაშ ასე, როგორც ხედავთ, ცეცხლის ეს განკვეთა და განყოფა მაშინ იქნება, როცა მასში თანაბრად განმვლელი ნათელი და მბრწყინავი საქმეები კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, მათი მომტანნი კი ნათლის მემკვდირენი გახდებიან და საუკუნო ჯილდოს მიიღებენ, ხოლო ცუდი და დასაწველი საქმეების მომტანთ ეს საქმეები ჩამოერთმევათ და სამუდამო ცეცხლში ჩაიყრება, ხოლო თვით ისინი იმ გადარჩენას დაიმკვიდრებენ, რომელიც დაღუპვაზე უარესია, რამეთუ, სწორედ ამას აღნიშნავს გამოთქმა “განერეს”, რათა ცეცხლის გამანადგურებელი ძალით, თვითონ ისინიც სრულიად არ განადგურდნენ. ამ მამების კვალდაკვალ სხვა ჩვენმა მასწავლებლებმაც ეს გამონათქვამი იგივე მნიშვნელობით გაიგეს. ხოლო თუ ვინმემ სხვანაირად განმარტა იგი და “განერეს” გაიგო, როგორც “სასჯელისაგან განთავისუფლება” და “ცეცხლში გავლა” გაიგო, როგორც “განსაწმენდელი”, მაშინ ასეთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ გამონათქვამის სრულიად გაუკუღმართებულად გამგებია. და სანუგეშო არ არის, ის, რომ იგი ადამიანია (უბრალო), მაშინ, როცა მრავალი მასწავლებელიც წმინდა წერილის გამონათქვამს სხვადასხვანაირად განმარტავს და ყველამ თანაბრად ვერ მიაღწია ზუსტ აზრს; რამეთუ, შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ტექსტი, სხვადასხვა განმარტებით გამოცემული, ყველა განმარტებას თანაბრად შეესაბამებოდეს; მაგრამ, ჩვენ გვევალება, რომ მათ შორის უმთავრესი და საეკლესიო დოგმატებთან უფრო შესატყვისი ამოვირჩიოთ და სხვა განმარტებანი მეორე ადგილზე დავაყენოთ. ამიტომ, ჩვენ უკან არ დავიხევთ მოციქულის სიტყვის მოყვანილი განმარტებიდან, თუნდაც რომ ავგუსტინემ ან გრიგოლ დიოლოღოსმა ან რომელიმე ჩვენმა სხვა მასწავლებელმა ასეთი (შეუსაბამო) განმარტება მოგვცეს; რამეთუ ასეთი განმარტება ნაკლებად ერგება დროებითი, განმწმენდელი ცეცხლის ცნებას და უფრო ერგება ორიგენეს სწავლებას, რომელიც სულთა საბოლოო აღდგენაზე იმ ცეცხლის გავლით და ტანჯვათაგან განთავისუფლებაზე საუბრობს და რომელიც მეხუთე მსოფლიო კრების მიერ აიკრძალა და ანათემას გადაეცა და საბოლოოდ უარყოფილია, როგორც ეკლესიის საერთო სირცხვილი.

(7-12 თავებში, წმინდა მარკოზი ნეტარი ავგუსტინეს, წმ. ამბროსის, წმ. გრიგოლ დიოლოღოსის, წმ. ბასილი დიდისა და სხვა წმ. მამათა ციტატებით გამოწვეულ შესიტყვებას პასუხოხობს, და აჩვენებს, რომ ისინი არასწორად იქნენ გაგებულნი ან შესაძლოა, ციტირებულნი და რომ ეს მამები სინამდვილეში მართლმადიდებლურად ასწავლიან, და თუ არა, მაშინ მათი სწავლება არ უნდა მივიღოთ. შემდეგ კი იმაზე მიუთითებს, რომ წმ. გრიგოლ ნოსელი საერთოდ არ ასწავლის “განსაწმენდელის” შესახებ, არამედ ორიგენეს კიდევ უფრო უხეშ შეცდომას იზარებს, რომ საუკუნო ჯოჯოხეთურ ცეცხლს დასასრული ექნება – თუმცა, შესაძლოა, რომ ეს ადგილები შემდგომში ორიგენისტების მიერ იყოს დამატებული).

13. და ბოლოს, თქვენ ამბობთ: “წინარეთქმული ჭეშმარიტება საღმრთო მართლმსაჯულების საფუძველზე ვლინდება, რომელიც დაუსჯელად არ ტოვებს არაფერ იმას, რაც უწესოდ არის გაკეთებული და აქედან უცილობლად გამომდინარეობს, რომ მათთვის, ვინც ეს სასჯელი არ მოიხადა აქ და მისი გადახდა არც ცაში, არც ჯოჯოხეთში ძალუძთ, დასაშვები რჩება სხვა, მესამე ადგილის არსებობა, რომელშიც ეს განწმენდა ხორციელდება (აღესრულება), რომლის წყალობითაც თითოეული განიწმინდება და ზეციური ტკბობისაკენ დაუყოვნებლივ აღიყვანება”.

ამაზე ჩვენ შემდეგს ვამბობთ და დააკვირდით, რამდენად უბრალო და სამართლიანია ეს ერთდროულად. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ცოდვათა მიტევება ერთდროულად სასჯელისაგან განთავისუფლებაცაა: რამეთუ, ვინც მათს მიტევებას ღებულობს, მასთან ერთად თავისუფლდება მისთვის დადგენილი სასჯელისაგან. ხოლო იგი სამი სახით და სხვადასხვა დროს გვეძლევა: (1) ნათლობისას; (2) ნათლობის შემდეგ, სინანულად მიქცევისას და ამ ცხოვრებაში კეთილი საქმეებით ანაზღაურებისას; (3) სიკვდილის შემდეგ, ლოცვითა და მოწყალების გაცემით და სხვა (საქმეთა) წყალობით, რასაც ეკლესია მიცვალებულთათვის აღასრულებს.

მაშ ასე, ცოდვათა პირველი მიტევება საერთოდ არ არის შრომასთან დაკავშირებული და ყველასათვის საერთო და თანაბარსაპატიოა, როგორც ნათლის მოფენა და მზის ხედვა და წელიწადის დროთა ცვალებადობა, რამეთუ ეს – მხოლოდ მადლია და ჩვენგან არაფერი მოითხოვება, სარწმუნოების გარდა. მაგრამ, მეორე – მტანჯველია, როგორც “დავბანო მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო” (ფს. 6,7), რომლისთვისაც ცოდვის დარტყმათა კვალიც მტკივნეულია, რომელიც ცრემლითა და შემუსრვილი სახით დაიარება და ნინეველთა მოქცევას და მანასეს შეწყალებულ სიმდაბლეს ბაძავს. ხოლო მესამე – ისიც მტანჯველია, რამეთუ სინანულთან და სიკეთის ნაკლებობის გამო შემუსრვილ და ტანჯულ სინდისთანაა დაკავშირებული, თუმცა იგი სასჯელთან არ არის დაკავშირებული, თუკი ცოდვათა მიტევებაა; რამეთუ მიტევება და სასჯელი ვერანაირად ერთად ვერ ივლიან; სხვაგვარად, პირველ და უკანასკნელ ცოდვათა მიტევებისას მეტი წილი ღმრთის მადლს აქვს, ლოცვის თანაქმედებით, ძალზე მცირე წილს კი ჩვენ ვიდებთ. საშუალოს კი, პირიქით, მადლისაგან მცირე აქვს, დიდწილად კი ჩვენს შრომაზეა დამოკიდებული. ცოდვათა პირველი მიტევება კი უკანასკნელისაგან იმით განირჩევა, რომ პირველი – თანაბრად ყველა ცოდვის მიტევებაა, უკანასკნელი კი – მხოლოდ იმ ცოდვებისა, რომელიც მომაკვდინებელი არ არის და რომელიც თითოეულს ცხოვრებაში მონანიებული აქვს.

ასე აზროვნებს ეკლესია ღმრთისა და მიცვალებულთათვის ცოდვათა მიტევების თხოვნისას და სწამს, რომ იგი ენიჭება მათ, (ამასთან) იგი არ განსაზღვრავს, როგორც კანონს, რაიმე სასჯელს მათ მიმართ, კარგად იცის რა, რომ საღმრთო მადლი მსგავს საკითხებში სძლევს მართლმსაჯულების ცნებას.

 

“სულთა მდგომარეობა საიქიოში”, თბილისი 2008 წ.

მთარგმნელები ედლარ ეკალაძე და რუსუდან გულორდავა

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 07 DECEMBER 2016 12:41)