Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ჰიპერტიმოს[1] პსელოსის სიტყვა, სახელდახელოდ შედგენილი[2] ვესტარხ[3] პოთოსისათვის, რომელმაც სთხოვა მას საღვთისმეტყველო სტილზე[4] დაეწერა

1. ნუ გაგიკვირდება, ჩემო ძვირფასო პოთოს, თუ მე [გვერდო ავუარე] ჩემზე უწინდელ რიტორებს[5], სტილის მშვენიერების განმარტებისათვის სათითაოდ რომ [აღწერდნენ] იმ სოფისტებს და ფილოსოფოსებს, რომლებსაც ენაზე ზრუნვა ახასიათებდათ. მე კი ავიცილე სიმრავლე და ხელი მოვკიდე იმ საქმეს, რომ ერთადერთ კაცში დამენახა მთელი ხელოვანება და ძალი სიტყვისა. რადგან ზემოხსენებული რიტორები არ ეხებოდნენ რომელიმე ერთი მწერლის სიტყვიერი ფორმის და შინაარსის[6] ღირსებას, არამედ სხვადასხვა მწერლის სხვადასხვა ღირსებას განიხილავდნენ.

მათ სურდათ შემოეთავაზებინათ არა დაუსრულებელი, არამედ დასრულებული და სრულყოფილი განმარტება სტილისა. ამის გამო მათ თითოეული მწერლის მიხედვით შეკრიბეს რაღაც თითო [დამახასიათებელი ნიშანი სიტყვის] სახეობისდა შესაბამისად:[7] პლატონისაგან, მაგალითისათვის რომ ვთქვათ, აიღეს დიალოგური სიტყვა, სოკრატიკოს ესქინესაგან - სიტყვათა მწყობრი შეთანხმება, თუკიდიდესაგან - ამაღლებულობა და ზეაწეულობა, ჰეროდოტესაგან - სრულიად ჰარმონიული კეთილხმოვანება, ისოკრატესაგან - სადღესასწაულო და სახოტბო სიტყვათა მოწესრიგებულობა, დემოსთენესაგან - სასამართლო დავის[8] სიმძაფრე და მასთან გონიერება და სავსება ენაწყლიანობისა და აღტყინებისა.[9] არიანელ პოლემონისაგან, მარათონელ ჰეროდესაგან, ეფესელ ლოლიანესაგან[10] და სხვათაგან კი, რომელთაც სიტყვებით განითქვეს სახელი, ისინი იღებდნენ იმას, რაც თითოეულისათვის უფრო  მახლობელი და ბუნებრივი ჩანდა.

2. მე კი, მათგან განსხვავებით, წილად მხვდა უმეტესი ბედნიერება მრავალთაგან ერთი განმეხილა, ვგულისხმობ ღვთისმეტყველებად სახელდებულ გრიგოლს, რომელმაც ისე სრულყოფილად გააერთიანა თავის სიტყვებში თითოეული იმათგანის[11] გამორჩეული [თვისება], რომ გეჩვენება, თითქოს მან მათი მიბაძვით[12] კი არ მოიძია ეს ყოველივე, არამედ თავადვე გახდა პირველსახე და გამოხატულება სიტყვიერი მშვენიერებისა. ამიტომ გვერდი ავუარე სიტყვის იდეებს სხვა [მწერლებთან] და ვარჩიე მხოლოდ და მხოლოდ ერთი იგი დამეხასიათებინა შენთვის. ჩემს ნაღვაწს კი სხვას ვისმე კი არ ვუძღვნი, თუმცა ვუწყი, რომ მრავალია ამის მოსურნე, არამედ აწ მხოლოდ შენ გაძლევ გულითადად ადრევე დაპირებულს.

თუ მართალია, რომ ამ დიდმა კაცმა, ისევე როგორც ზეშთა სამყაროდან მიიღო ფილოსოფიის საწყისები, როცა უხორცო და ღვთაებრივ იდეებამდე აღიყვანა გონება და ერთადერთი წყაროდან მოიპოვა თავისთვის ცოდნის ნაკადი, ასევე საიდანღაც იქიდან დაფარულად მიიღო მშვენიერება და ძალი სიტყვის და უმაღლესი მუსიკის კანონების მიხედვით შეურწყა იგი თავის თხზულებას,[13] მაშინ საკვირველი უნდა იყოს ეს აზრი, ხოლო ზეციდან უხვ ნაკადად უნდა მოედინებოდეს[14] სიტყვის წყარო, საიდანაც იგი (გრიგოლი), სხვებთან ერთად მის სავსებას დაწაფებული, ჩვენთვის ადინებდა სიტყვიერი მშვენიერების მდინარეებს. ხოლო თუკი იქ არაფერია არაღვთიური და სხვა [ამქვეყნიური] მშვენიერებანი,[15] გამომდინარენი სულიერი თუ ბუნებრივი საწყისებიდან, იმქვეყნიურის მიბაძვაა,[16] მაშინაც კი ეს საკვირველი კაცი ბუნებაზე აღმატებული[17] ჩანს. რადგან სხვას მისებრ არავის მიუღწევია ასეთი ღირსებისათვის, რასაც მან მიაღწია არა ძველების მიბაძვით, არამედ საკუთარი წყაროდან ყველაფრის ერთად წარმოდინებით. იგი მიემართებოდა ერთიანი სიტყვიერი სირინგისაკენ,[18] სიმრავლეს ერთქმნიდა, ქვედა ხმას შუასთან შეათანხმებდა, ხოლო შუას - ზედასთან[19] და როცა შემდგომ აზრით ჩამოჰკრავდა მას, სიცოცხლის ისეთ სიმღერას ააჟღერებდა, როგორსაც გედიც კი არ მღერის, რაჟამს, მითის მიხედვით, თავის ღმერთთან გამგზავრებას განიზრახავს.[20] გრიგოლი [საკუთარი] ხმით აღემატა ბუნებას.[21]

3. მე კი ყოველთვის, როცა მას ვკითხულობ, რაც ხშირად მიხდება, უპირველესად ფილოსოფიის და, შესაბამისად, სულიერი დამოძღვრის გამო, გამოუთქმელი სილამაზითა და მშვენიერებით[22] ვივსები, ხშირად დავუტევებ საძიებელ საგანს, გონებით დავცილდები ღვთისმეტყველებას, ვიშვებ სიტყვათა ვარდებით და იდუმალ ვემონები გრძნობებს.[23] როცა მივხვდები, რომ დატყვევებული ვარ, უკვე მიყვარს და ვსასოებ დამტყვევებელს, ხოლო როცა იძულებული ვარ სიტყვიდან (της φράσεως) ისევ გონებაზე[24] გადავიდე, ვწუხვარ, რომ კვლავ ტყვე არ გავხდე და, როგორც დანაკარგს, ისე ვიგლოვ ამ უკანასკნელს. რადგან გრიგოლის სიტყვის მშვენეირება არ არის იმგვარი, რაშიაც სოფისტობით გატაცებული ბრიყვნი არიან გაწაფულნი,[25] სადღესასწაულო და თეატრალური, რომელიც პირველად აღგაფრთოვანებს, შემდგომ კი, მეორედ გაცნობისას, განგიზიდავს, რადგან ამ რიტორებს ჯერ ბაგეთა სიმრუდე არ წარეხოცათ, ისე გაბედეს თხზულებათა [წერა] და მიმართავდნენ [თავიანთ] სიტყვებში უფრო სითამამეს, ვიდრე ხელოვანებას. გრიგოლის მშვენიერება ასეთი კი არაა, უმრავლესობის მსგავსი, თუმცა საჭირო, არამედ მიემსგავსება ჰარმონიულ მუსიკალურ მშვენიერებას.[26] ვიტყვი უფრო ცხადად და მასთან ხელოვანებით,[27] გავხსნი კვანძსაც, რათა უკეთესად გაიგო სისადავე.[28]

4. სიტყვები,[29] ჩემო ძვირფასო შვილო, ასე არიან გაბნეულნი, როგორც ერთმანეთის გვერდით დაყრილი (სიტყვა-სიტყვით - ”შეკავშირებული, გაფანტული”) ქვები, რომელთაც არა აქვთ ერთიანი სახე და არც ერთმანეთისაგან განსხვავებული [ნიშანი]. მათგან ერთნი დიდრონნი არიან და ყელს ავსებენ, ძალუმად ეხლებიან ირგვლივ ჰაერს, ერთიანად აწყდებიან მსმენელთა ყურებს, შემდეგ კი ხმაურობენ ლაბირინთის მსგავს გასასვლელებში და სულს შესძრავენ (გადმოგცემ თვალნათლივ, რათა თავად უკეთ წარმოიდგინო მათი სიცხოველე); მეორენი გლუვნი არიან ბუნებით და [თავიდანვე] თანაბარნი წარმოიქმნენ, არც ფრიად კეთილხმოვანნი არიან, არც სასმენელს მიიზიდავენ; სხვანი კი შუაში არიან მოთავსებულნი და ჰარმონიის წესებს შეესაბამებიან, ისე, რომ, არც შემაშფოთებელნი არიან და არც დამატკბობელნი. ერთნი შეედრება მწვანე ქვებს, მეორენი - ცეცხლისებრს, სხვანი - მანათობელთ, დანარჩენნი კი - გამჭვირვალეთ. ეს სიტყვები არა ერთად, არამედ ყველგან არიან [მიმობნეულნი]. მათ კი შეჰკრებს ხოლმე, ჩვეულებრივ, ყველაზე მეტად მოწადინე სული.[30] ამის გამო ერთნი ზღვის გაღმა აბარებდნენ მას, სხვანი ხმელეთზე ვიდოდნენ, ზოგმა ლიბიიდან, ზოგმა ევროპიდან, სხვებმა კი სხვა ადგილებიდან მოივაჭრეს ეს მშვენიერი ქვები. შიშველი სულები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან, ხოლო სხეულებით [შემოსილნი] სხვადასხვაგვარნი არიან და სხეულისდა მიხედვით იცვლიან მისწრაფებებს.[31] ამიტომ ერთნი ევილათის მხარეში გაემგზავრნენ ღია-მწვანე ქვისათვის და, როგორც საღვთო წერილი ამბობს,[32] დიდი მონდომებითა და ბრძოლით მოიყიდეს იგი, მეორეთ არჩიეს ციური ფერის ქვის ქონა, სხვათ მოიწადინეს ცეცხლისებრი ქვა, ზოგიერთისთვის პანტარვე[33] გახდა ფრიად სასურველი, მრავალთ და უდებთ კი მოხელთებული მასალისაგან შეკრიბეს სახით მცირე და თავიანთი მემორიალური სვეტის თავში მოათავსეს იგი, როგორც რაღაც განსხვავებული ნიშანი.

5. ეს დიდებული კაცი კი გახდა დიდი ვაჭარი და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მოიყიდა ძვირფასი მარგალიტი.[34] შემდგომ საჭირო იყო მხოლოდ მისი ოქროთი მოვარაყება და პატიოსანი ქვებით მოპირკეთება. სამარცხვინო იქნებოდა მისი შეერთება და შეკავშირება რომელიმე უუბადრუკეს ქვასთან და არა ნაირფერთან და ყოველივე ბრწყინვალესთან, ან უბრალო ოქროსთან და არა სუფირულთან.[35] ამის გამო მრავალსიტყვაობის გარეშე რომ ვთქვა,[36] მან სიტყვათაგან, აი, ასეთები შემოიტანა და შეურწყა ერთმანეთს[37] თავის ჰომილიებში, - ფორმით მომრგვალებული და დასრულებული, არც ყალბად გაგრძელებული და ყოველი მხრით მდინარი, გარეგნულად სასიამოვნო და მშვენიერი, სიმყარით მტკიცე და მსუბუქი, არა ისეთი, როგორსაც ოლორის ძე თუკიდიდე ან ნიკიტა სმირნელი ან სკოპელიანე შეარჩევდნენ, ან როგორსაც ათენელი ლისია, ისოკრატე, დემოსთენე, სოკრატიკოსი ესქინე ან თვით პლატონი,[38] არას ვიტყვი სოპატროსებზე, ფენიქსებზე[39] და სხვებზე, რომელთაც [თავიანთი] სტილის გამო (δια των λέξεων) მიიხვეჭეს სოფისტთა სახელი,[40] არამედ ვამბობ იმათზე, ვისაც ვთვლი ყველაზე სახელგანთქმულად სიტყვათა მოძიებაში, მათზე, ვინც შევადარე დანარჩენ რიტორებს და განვადიდე, რადგან არავინაა სრულიად შეუმცდარი [სიტყვათა] შერჩევისას.[41] მე მათ ვამსგავსებ ფოსფორებს, სტილბონებს[42] და სხვა [ციურ] სფეროთა პლანეტებს, რადგან სხვა სოფისტებზე მეტად ბრწყინავენ, მაგრამ როცა მზის ამოსვლისათვის უკვე გაუნათებიათ აღმოსავალის მხარე, გავლილი აქვთ აღმოსავლეთი და თხუთმეტი მოირა, უკვე სრულიად ჩამქრალნი გამოიყურებიან.[43]

6. შესაბამისად, ბედნიერი იყვნენ ისინი, ვინც ღვთისმეტყველამდე ცხოვრობდა[44] და განიხილავდა ცალკეული მწერლის სტილს. არ ვკიცხავ არც დიონისიოსს, რომელმაც პირველ ადგილას დააყენა ლისია და დემოსთენე, არც თეოფრასტეს, არისტოტელეს მეგობარს, არც ფილოსოფოს ქრისიპეს, არც კრიტიკოს ლონგინეს, არც ლემნოსელ ფილოსტრატეს, არც ვინმე ლესბონაკტებს, ჰერმოკრატებს, ევდოქსებს, დიონებს ან სხვებს,[45] რომლებიც მანამდე ცხოვრობდნენ და სახელი განითქვეს დანარჩენთა შორის, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნად მოსული ზეციდან მოვლენილი დიდი (გრიგოლი), უკეთ, ზეცაში მყოფს ჯერ არ აეღო ხელში სიტყვიერი საყვირი, არ აღეღო პირი და არ ჩაებერა მისთვის სული. თავისი მჭევრმეტყველებით (μεγαλοφονία) მან არა მხოლოდ ცოცხლები მოახედა მისკენ, არამედ სხეულით დაფლული არსებანიც აღადგინა და ცხოვრება მიანიჭა.[46] და თუკი მის შემდეგ მცხოვრებმა ევნაპიოსმა[47] ან ელინთა[48] სხვა რომელიმე ქომაგმა სხვების დახასიათებისას არ მოიხსენია იგი, ამ ხალხისაგან მხოლოდ ის მაკვირვებს, რომ მათ სხვათა თხზულებებთან არ წარმოადგინეს გრიგოლის თხზულებები, ხოლო თუ ვინმე ფილოსტორგიოსმა[49] საუკეთესოდ მიიჩნია იგი და თქვა, რომ მის სიტყვებში უფრო მეტი [სალექსთწყობო] ტერფებია (την βασίν), ვიდრე სხვებთან, დიდად არ მახარებს ამგვარი დამოწმება, რადგან ზეციური მშვენიერება[50] და სიდიადე თავისთავად საკმარისია ყოველი სულის შესაძვრელად და ქებათა გარეშე განსაცვიფრებელია.[51]

7. ჩვენ ვარჩიეთ ამ კაცის დახასიათება არა იმისათვის, რომ რაიმე შეგვემატებინა მისთვის, არამედ იმისათვის, რომ შენი სული განგვერიდებინა ნაწილებად დაყოფისაგან და წარგვემართა ერთიანი თანახმიანობისაკენ (συμφωνίαν) მშვენიერებისა, მადლისა და ძალმოსილებისა.[52] ეს საკვირველი კაცი კი ისე არჩევს სიტყვის შემადგენელ ნაწილებს, როგორც უკვე ვთქვით, და მასთან ერთ სიტყვასაც ვერ ნახავ ცალკე აღებულს, რომ არ იყოს კეთილხმოვანი, მწყობრი, თანაჰარმონიული (ვსაუბრობ ბგერათა ჰარმონიაზე, რომელზედაც ფრიად ზრუნავდა დიონისიოსი[53]), არ იყოს ფერადოვანი, კეთილხმიერი, მჭევრმეტყველური, მოსასმენად საამო (სიტყვასიტყვით: ”სასმენელის დამატკბობელი”). იგი ფრიად შეწყობილად ათანხმებს პირველ შენაწევრებას[54] (დარჩეს შენაწევრება კომებისა და კოლონებისა, რომელთაგან პერიოდები და გრადაცია იქმნება[55]), ისე რომ ვერავინ მიხვდეს, ვისაც არ წაუკითხავს იგი, თუნდაც თავისთვის წარმოიდგინოს ან განიხილოს ეს შეკავშირება,[56] რადგან როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, წარმოუდგენელია მხოლოდ ორი რამ - გონება და ღმერთი. სხვა დანარჩენი მისაწვდომია ჩვენი გაგებისათვის: ბუნდოვნად - სულის რაობა, უფრო მეტად - ბუნება და მასზე დამოკიდებული სხეულები. ასევე გრიგოლის სიტყვათა შეერთება ჩვენს წარმოდგენას აღემატება. არ იფიქრო ნათქვამის სხვაგვარი აზრით გაგება, რადგან თუ ვინმემ ულამაზო სიტყვებს მოუყარა თავის, ეს კიდევ არ არის საკმარისი ნაერთი მჭევრმეტყველებისათვის, ისევე როგორც ხუროთმოძღვარი სამშენებლო მასალის შეგროვების შემდეგ საკმარისად არ მიიჩნევს მხოლოდ მას ულამაზესი სახლის შესაქმნელად.[57]

8. ამიტომაც ხამს შერჩეული [სიტყვების] საუკეთესო შეერთება, თუკი მშვენიერებას შერჩევა კი არ განსაზღვრავს, არამედ შეთანხმება. ვიცი, რომ როცა შენ გაგიტაცა გრძნობადმა სილამაზემ,[58] სასურველი სხეულისათვის სამკაულებს აწყობდი: თავსამკაულს, გულსაკიდს თუ ყელსაბამს. ნათქვამისათვის შენს მაგალითს მოვიხმობ. ვიცი, რომ [შერჩევისას] ყველა მარგალიტი არ შეგვხვდებოდა მსხვილი და მომრგვალებული და ვერც ძვირფასი ქვებიდან [აიღებდი] ყველას მბრწყინავსა და მწვანეს. იყო, ალბათ, მათგან ზოგი გამჭვირვალე, ფერით კეთილი და კარგი ფორმისა, სხვანი - დაბინდულნი თუ თითქოს ზღვის წყლისაგან გამოხრულნი და ნაპრალოვანნი, ერთნი სიღრმემდე გაპობილნი, დანარჩენნი კი, მცირენი, განსაკუთრებულ ბრწყინვალეს არ ანიჭებდნენ ხელოვანებით შექმნილს. თუ იგი, ვინც ამკობდა მოკაზმულობას, დიდად არ გაირჯებოდა მასალის [რიგიანად] შეერთებაზე, არა მხოლოდ ბუნდ ქვებს, არამედ გამჭვირვალეთაც უშვერად წარმოაჩენდა, თუკი არეულად დაყრიდა მათ ერთად და ზადს კი არ დაუფარავდა ან მწკრივად დაწყობისას სათითაოდ კი არ დაალაგებდა ერთმანეთთან კონუსისებრ და მომრგვალებულს, არ გაზომავდა მათ და სამკუთხედებისა და ოთხკუთხედების მიხედვით არ დააწყობდა, არამედ განურჩევლად უცვლიდა სახეს. ხოლო თუკი მას ეცოდინებოდა შეხამება, მაშინ აიღებდა სხვადასხვა შემადგენელ ნაწილს, რომელთაგან უმრავლეობას მცირე ღირებულებისა იქნებოდა თავისთავად, შემდეგ დააწყობდა შესაფერისად და თანაზომიერად, ერთს მეორესთან შეთანხმებულად შეარწყამდა, რადგან ხან მცირე [ნაწილებით] გაზრდიდა სიდიდეს, ხან კი უმცირესთ უდიდესთა საშუალებით მიანიჭებდა მოკაზმულობას, მათ შორის შუალედის [დატოვებით] განსხვავებულთ მსგავსად აქცევდა და მის ხელთ არსებული [მასალის] არაერთგვაროვნებითაც კი შექმნიდა საუკეთესო სიმწყობრეს.[59]

9. ვიცი, რომ კი არ უარყოფ, არამედ მიითვლი ამ მაგალითს და, თუ არ იქმ ამას, გამხელს შენი ფიდიასი,[60] რომელმაც შექმნა აფროდიტეს ოქროს სხეული და რაღაც შავი ქვა ჩასვა თვალების ჭრილში, არც შენ დართავ ნებას სამკაულთა ოსტატს ჩამოტეხოს რაიმე საფირონიდან ან წაკვეთოს იასპიდან, არც თავად მას შეუძლია რაიმე მიუმატოს მათ. ის ოსტატი კი (სიტყვასიტყვით: ”ხელოვანების მოყვარული”), რომელიც [ზრუნავს] სიტყვის შემადგენელ ნაწილებზე, ზოგს ერთმანეთთან შერწყმით შეამცირებს და შეკვეცს, ზოგს დამატებებით განავრცობს, ზოგს კი ალეგორიებით სხვადასხვა ფიგურებად გარდაქმნის.[61] ვისთვისაც უცხოა ეს მეცნიერება, არ უნახავს სარგებლობა ლამაზი სიტყვების გამოდევნებით, არამედ უგემოვნოდ შეუკავშირებია ისინი და უამური გაუხდია მათი ჟღერადობა. ლისია, ისოკრატე, დემოსთენე და, განსაკუთრებით, ჰეროდოტე იღებდნენ ჩვეულებრივ და საყოველთაოდ ხმარებულ სიტყვებს,[62] ხოლო მათი მართებული შეერთების შედეგად მჭევრმეტყველებით სხვებსაც კი გადააჭარბეს.

ეს დიდი მამა კი სხვებისაგან განსხვავებით უფრო მეტად ზრუნავდა სიტყვათა შეთანხმებაზე და მის ჰომილიებში სადა და არაფრით გამორჩეული სიტყვები სხვადასხვა შეკავშირებით ისეთ კეთილხმოვანებას იძენენ, რომლისთვისაც არავის მიუღწევია უჩვეულო სიტყვების შერწყმითაც კი. არ ძალმიძს მოვიხელთო ის ხერხები, რომლებითაც იგი, ჩვეულებისამებრ, ენით აუწერელ მშვენიერებას (αμηχανον κάλλος) აღწევს და მხოლოდ გაუცნობიერებელი (სიტყვასიტყვით: ”გამოუთქმელი” - αλόγω) გამოცდილებით ვმსჯელობ მასზე.

10. ყოველთვის, როცა ვცდილობ მოვიხელთო ეს ხერხები[63] და გამოვიკვლიო მათგან მომდინარე მშვენიერება გრიგოლთან, ვხედავ სხვა წყაროებს, საიდანაც მასთან მოედინება მშვენირების ნაკადი.[64] რადგან კრავს იგი სიტყვას თუ ანაწევრებს და დახსნის შეწყობილს, აერთებს მას პერიოდებად თუ აგრძელებს მას გრადაციებით, აბოლოებს ანაპესტებით რიტმს თუ იონიური კავშირებით ზომიერს ხდის სიტყვას, ტეტრამეტრულ საზომში (სიტყვასიტყვით: სახეობაში - ειδος) აყალიბებს აზრს თუ განავრცობს მას ჰეგზამეტრამდე,[65] ანდა სხვას რასმე იქმს, ყოველივედან ისეთ მშვენირებას გამოსცემს ჩემთვის, როგორსაც არ [მანიჭებს] არც ცისკრის და არც მწუხრის ვარსკვლავი. ლისიას მშვენირება ლილიებისა ან იათა მსგავსია ან ნარგიზისას შეჰგავს, რადგან იგი მხოლოდ სასმენელს ატკბობს, როგორც ის [ყვავილები] - ახარებს თვალს, სულის კარებს კი თავისთვის არ შეაღებს. მისი სიტყვების შეკვეცილობა და დახვეწილობა გარეგნულია, შინაგანად კი ცარიელია, ხოლო თუკი ვინმე ხშირად შეეხება მას ბაგეებით, [მყისვე] განქარდება. დემოსთენეს [მშვენიერება] მიმზიდველია და მასში მოიძევება რაღაც მოკლე და მოკვეცილი, მაგრამ ამჟამად არ არის საჭირო მის დამცველებზე საუბარი.

11. [მშვენიერება] ისოკრატესთან უფრო საჩინოა, თუმცა შესაძლებელზე მეტად არაზომიერი და შეუკვეცავი. პლატონთან იგი (მშვენიერება) შესანიშნავია, მაგრამ შეუთავსებელი, ჰეროდოტესთან უფრო ენაწყლიანი, ვიდრე სხვებთან, თუმცა სწრაფად ცვალებადია და კვლავ მოქცევადი. დიონის [მშვენიერებას] კი მე არ მივუსადაგებ პლატონისას, როგორც ამას წარმოაჩენს ლემნოსელი,[66] თუმცა იგი (შვენიერება) სავსეა სიტყვიერი სიმშვენიერით და თავისი ცვლილებებით სიამოვნებას[67] ანიჭებს მსმენელს. იგი არაა შეზღუდული და შებოჭილი, არამედ თავისუფალია და არაპერიოდული.[68]

12. საღვთისმეტყველო და ჩვენი [მშვენეირება][69] თავდაპირველადვე ყოველგან თავისი თავისვე მსგავსია. მაშინაც კი, როცა იგი (გრიგოლი) ბუნებრივად იწყებს სიტყვას, მისი შემდგომი წარმართებულობა შენ მეტად სიტყვაკაზმულად (καλλιρρημονέστερον) და სასიამოვნოდ მოგეჩვენება. ხოლო თუ მოისურვებ უკან მიბრუნებას, იმასვე მიადგები, ასე რომ იგი ერთი და იგივეა, რაღაცის მსგავსიც და არცა მსგავსი, რადგან იგი დახვეწილად ვითარდება და უკანვე ბრუნდება.[70] შემდგომ მისი ქმნილებები თითქოს ქნარისთვისაა შეთხზულიო, რიტმით იმორჩილებს ყველაფერს, არა თავშეუკავებელით, როგორსაც რიტორთა უმრავლესობა იყენებდა, არამედ ყველაზე ზომიერით. თავის სიტყვას იგი არ ასრულებს ერთფეროვანი დასასრულით, არამედ ამრავალფეროვნებს დაბოლოებებს.[71] [მისი სიტყვა] უმეტესად განზომილია, თუმცა საფიქრებელია, რომ პროზას არ სცილდება და საგულვებელია, რომ არის ის, რაც სურს რომ იყოს, სალექსო საზომით კი იგი [მხოლოდ] მორთულია.[72] იგი (გრიგოლი) დაუსრულებლად ასხვაფერებს [თავის სიტყვას იმით, რომ] ცვლის აზრებს და უფრო სასიამოვნოს ხდის სიტყვებს.[73] ფილოსოფიურ აზრებს იგი ისე ეპყრობა, როგორც ჩვეულებრივს, ჩვეულებრივს კი - როგორც ფილოსოფიურს.[74] აქ არ ჩანს ზრუნვა რიტორიკაზე, თუმცა კი მისი სიტყვა სავსეა იქაური ფერებით.[75] შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მან ერთიანად იგემა მთელი ნაკადი ხელოვნებისა და ნაწილობრივ იქიდანაც დაარწყულა თავისი გონება და ნაწილობრივ საკუთარი სულიდან გამოიყენა ისეთი  ცხოველმყოფელი წყლის წყარო, რომ ნიმუშის გარეშე ქმნიდა სიტყვებს, როცა თავად თვითონვე იყო პირველსახე სტილისა.[76]

13. ამის გამო რაც არ უნდა წარმოეთქვა მას, ის მაშინვე სრული რიტორიკა იყო, მიუხედავად მისი განზრახვისა. იგი [თავის] სიტყვებს აგებს (οικονομει)[77] არა ისე, როგორც უმრავლესობა, რომლებიც წინასწარი განსჯით არ გაცნობენ თემას, არამედ ისე, როგორც, პლატონის თქმით,[78] მისმა ღმერთმა შექმნა თავისთვის იდეები, რადგან იგი ისე იწყებს გამოთქმას, რომ აზრების მიხედვით ანაწევრებს სიტყვას და ბოლომდე მიჰყავს იგი. ამის გამო წინასწარ მოფიქრებული გამოდის მასთან იმპროვიზაციაც კი (το αυτοσχεδιον),[79] რადგან იგი წინასწარ ჭვრეტს მყისიერ და [მისი] თითქმის წამიერად გაელვებული გონება ზოგს გამოტოვებს, ზოგზე კი იმსჯელებს, შემდგომ კი მხევალი ენა ამგვარად მოპოვებულს განუმარტავს მსმენელებს.

ფილოსოფია და რიტორიკა[80] მას ისე არ განუცალკევებია ერთმანეთისაგან საქმით, როგორც განაცალკევა ისინი ერთმანეთისაგან სიტყვებით. ფილოსოფიას მან პატივი მიაგო სიტყვათა კეთილხმოვანებით და მჭევრმეტყველებით, [თავისი] ორატორული ენა კი გონების აღვირით მართა. დოგმატთაგან მაღალსა და ძნელად გამოსათქმელზე ისე ხატოვნად საუბრობს, როგორც ვარდთა სილამაზეზე, ხოლო ისტორიულ თუ მომხდარ ამბავთაგან მოხმობილი უმდაბლესი თემებისადმი სულიერი მნიშვნელობის მინიჭებით იგი მაღალფარდოვან მეტყველებას გვთავაზობს. ამიტომაა, რომ იგი ზოგჯერ არ გაურბის საყოველთაო სახელებს, არამედ მის სიტყვებში გვხვდება მართანი და მარიამები, პეტრენი და სიმონები და ისინი ხან იხსენებიან ჭვრეტითი მნიშვნელობით, ხან კი, საგულვებელია, რჩებიან ისტორიის საზღვრებში. ამიტომ როგორც შეგონებაში, მათში სხვა რამ დაფარული [აზრი] იგულისხმება, ზეციურზე დაუნჯებული გონება საკითხს წარმოადგენს სხვა რამედ და მდაბალს ხედავს ამაღლებულად.

14. მისი სიტყვა შემკულია[81] არა მხოლოდ ხელოვანებით (რიტორიკული ხერხებით - τέχνη), არამედ ყოველნაირი მეცნიერებით (ცოდნით) და ბარბაროსთა და ელინთა თხრობებით, ძველების გამონათქვამებით, შეგონებებით სატირული სცენებიდან, ეზოპეს მეტყველებით, დახვეწილ ლირიკოსთა პოეტური თხზულებების სხვადასხვაგვარი საზომებით: საფოსი, არქილოქესი, ანაკრეონტისა; [შემკულია აგრეთვე] ორფიკოსების პითაგორელების, პერიპატეტიკოსთა, სტოელ ფილოსოფოსთა მოძღვრებით; სხვადასხვა სწავლებით, თუ როგორ იკავებენ თავს მსჯელობებისაგან პირონელები, როგორ ასაბუთებენ დოგმატიკოსები, როგორ უარყოფენ მგრძნობელობით წვდომას ჰერაკლიტელები, როგორ თხზავენ პარადოქსებს ძენონი და მელისოსი, [რას] ამტკიცებს არისტოტელე, რას წარმოგვიდგენს პლატონი, როგორ არის დაყოფილი კოსმოსი. ამასთან ერთად მისი სიტყვა სავსეა ქვეყანათა აღწერითაც და [იმით], თუ სტიქიონთა ნაწილები ქვეყნის ზოგიერთ მხარეში როგორ შეიცვალნენ და თუ როგორ გაჩნდნენ თავისთავად კუნძულები და არაფერია ისეთი, რაც მას წაეკითხოს და დავიწყნოდეს. მათემატიკა მას სხვებზე უკეთესადაც კი ესმის, რადგან მან იცის მნათობთა გადაადგილება და მოძრაობა, [იცის], თუ რომელი მათგანია ცთომილი და რომელი - უძრავი, რმლებია განლაგებული დიამეტრის ქვემოთ და ზემოთ, რა არის დახრილობა და - სიგანე, [იგი იცნობს] ორმაგ პერიოდებს და კეთილად წარმართულ წინსწრაფვებს, [იცის, რომ] ის, რაც არ ეთანხმება უკვე აღმოჩენილს, გამოიცდება ანალოგიის მეთოდით. [მან იცის] რიცხვთა თვისება და თავდაპირველი წარმოშობა, გეომეტრიის სიზუსტე და მუსიკის სიმეტრია, მიღწეული რიცხვთა თანაშეზომილებით.

15. თუმცა იგი ამით არ წარმართავს თავის ჰომილიებს, არც ბაძავს პლუტარქეს აღწერილ ”პარალელურ ცხოვრებებს”, რომელიც სამუსიკო და გეომეტრიული მაგალითებით უადგილოდ ამკობს სამოქალაქო თემებს, არამედ დუმილით უვლის გვერდს მათემატიკურ აზრს, თუ სადმე იგი შემთხვევითაა წარმოდგენილი, და, თუკი მაინც იძულებულია მოიხსენიოს იგი, ამას იქმს მოკრძალებულად და წარმოთქვამს სხვა სიტყვებს, ისე რომ, მსმენელთა უმრავლესობას, რომელმაც არა იცის რა შენაცვლების შესახებ, მათემატიკური კი არა, სხვა რამ ჰქონია იგი. ჭეშმარიტ და ცნობილ თემებს იგი უკეთ წარმოადგენს, ვიდრე პლატონი, რადგან პლატონი ზოგს უჩინოს ქმნის, ზოგს კი უსიამოდ და მეტისმეტად აჭიანურებს. ხოლო ამ დიდი მამის გაჭიანურებული თხრობაც კი არაა მომაბეზრებელი, როცა ამრავალფეროვნებს და განმარტავს მას [თავისი] სიტყვებით. იგი არ ფარავს ამას საუბრისას, არც აჰყავს თხრობა მაღალფარდოვნებამდე[82] და არ ახვავებს ერთს მეორეზე. ხოლო როცა ეკითხება მოწინააღმდეგეს და იმარჯვებს მასზე, რამდენადაც შესაძლებელია, პირდაპირ პასუხობს მას, რადგან გაბედულია დასკვნის მიღებისას, და გამოთქმის სხვადასხვაობით თავიდან იცილებს საუბრის უზუსტობებს. არსებულის ბუნებაზე მან იცის ისტორიის მიხედვითაც და განყოფადისა და განუყოფელის კანონების მიხედვითაც. ამის შემდგომ განაგრძობს სიტყვას და საუბრობს უსხეულო [საგნებზე]. რაკი ამჟღავნებს, რომ იცნობს მათ და ყველაფერში ბაძავს მის პავლეს.[83] ვფიქრობ, რომ ოდესღაც თვითონაც იყო აღყვანებული, ესმოდა გამოუთქმელი და იტევდა თავის თავში განუყოფელს. სიტყვებს განგებასა და სამსჯავროზე იგი იქ იყენებს, სადაც დროულია, მსმენელს აძლევს იმდენის ათვისების საშუალებას, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს,[84] დანარჩენს კი ზეშთა საგანძურში იტოვებს.[85]

16. ამის შემდეგ იგი გადადის ღვთისმეტყველებაზე და ყველაფერში კანონს მიიჩნევს საწყისად.[86] მრავალთა აზრით, იგი არაფერს ამბობს მოუფიქრებლად (სიტყვასიტყვით: ყმაწვილური აღტყინებით), არამედ იცნობს საცნაურ მონადასაც, ზეშთა არსსაც, ზეშთა გონებასაც და ზეშთა ცხოვრებასაც, ხოლო აღიარებს მხოლოდ ერთ არსს და ცხოვრებას და იმ გონებას, საიდანაც ეს გამომდინარეობს. იშვიათად და ისიც მცირედთა წინაშე საუბრობს იგი ამაღლებული აზრებით, ხან იცავს ისტორიულ თხრობას, ხან არღვევს მას, უმეტესად კი ეხება იმას, რაც მრავალს სულის ერთიან სიმწყობრედ აერთიანებს.[87]

17. მაგრამ ჩვენ ამჟამად არ ვსაუბრობთ ამის შესახებ, რადგან იმისათვის კი არ შემიდგენია ეს სიტყვა, რომ წარმომედგინა გრიგოლი, როგორც ფილოსოფოსი, არამედ იმისათვის, რომ მეჩვენებინა, თუ როგორაა მისი ორატორული სიტყვა შემკობილი ყოველგვარი სიტყვიერი იდეებითა[88] და განსწავლულობით. მისებრ სხვა ვერავინ იყენებს სიტყვიერი ხელოვნების სახეობებს,[89] რადგანაც, როცა გირჩევს რასმე, გაკიცხვის სახეობას დამოძღვრას უხამებს და [რიტორიკული] ხერხებით აწონასწორებს, ხოლო როცა განსჯის, რაღაც კეთილხმოვანს და მკაფიოს წარმოთქვამს, რადგან რიტმული და მჟღერი მოძრაობა აქვს [მის სიტყვას] და მისით გაღვივებული ხმის ტონი ხშირად თრთის. სამოძღვრო სიტყვებში უხმაუროდ მდინარი ზეთის ნაკადის მსგავსია, რომელიც თანაბრად იღვრება სულში, ხოლო როცა ებრძვის მოწინააღმდეგეს, ღვთისაგან მოვლენილ ქარიშხალს და ღრუბლით [გამომავალ] ცეცხლს [მიემსგავსება].[90] ორისავე ამ სახეობისათვის იგი სხვადასხვა სიტყვას იღებს: [მისი] რიტმები ზოგან მწყობრია და კეთილხმოვანი, სხვა შემთხვევაში კი - მკვეთრი და წყვეტილი. იგი არსად ტოვებს უყურადღებოდ ფილოსოფიურ აზრს, არამედ ყველგან თესავს მას სიტყვებით, რათა ერთგან გაწონასწორებული მღელვარე გახადოს, მეორეგან კი პირიქით, დაძაბულობა შეანელოს.

უფრო წარმატებულია იგი პანეგირიკულ (სახოტბო სიტყვებში).[91] მისი სხვა სიტყვები შეიძლება შევუდაროთ ისოკრატეებს, პლატონებს, დემოსთენეებს, პანეგირიკებში კი მას ბადალი არა ჰყავს, რადგან სიტყვის ეს სახეობა მართლაც სხვებზე ბევრად რთულია. ამის გამო დემოსთენე ან სხვა რომელიმე ორატორთაგანი, რომლებიც მანამდე ან მის შემდეგ [ცხოვრობდნენ] და პოლემიკურ თუ სასარგებლო სათათბირო სახეობაში თავი ნაყოფიერად და მრავალფეროვნად წარმოაჩინეს, პანეგირიკულ სახეობაში ისინი ყველანი მეტად თუ ნაკლებად წარუმატებელნი იყვნენ.

18. პლატონიც მშვენიერია, მაგრამ მის მიერ შეთხზული ეპიტაფია (სამგლოვიარო სიტყვა) იმგვარი არ არის, როგორც [მისი] იდეათა მხილება ”პარმენიდებში” ანდა საუბარი საყოველთაო მშვენიერებაზე ”ფედროსში” ანდა სამშვინველზე ფილოსოფოსობა ”ფედონში”. დემოსთენეც, როცა [სიტყვაში] ”სტეფანეს ცრუმოწმეობის წინააღმდეგ” ბრალს სდებს ესქინეს არაკეთილსინდისიერ ელჩობაში და იცავს [თავის] ოქროს გვირგვინს, ან როცა საჯაროდ წარმოთქვამს ოლინთოსურ [სიტყვებს] და გაჰყვირის ფილიპეს წინააღმდეგ, მაშინაც კი იგი არ იცილებს ოლიმპიურ საყვირს, მდიდრულად ამუშავებს სიტყვას და მტკიცებათა გზები მიჰყავს სასურველ დაბოლოებამდე, მაგრამ როცა მან გაბედა ბრძოლაში დაცემულთა განდიდება, იგი სხვაგვარი გახდა, ვიდრე არკისიოსი. თუკიდიდესთანაც ღრმაა ჩანაფიქრი, განსაკუთრებით სახალხო სიტყვებში, სადაც აზრები ერთმანეთზეა დახვავებული და გაერთიანებული, მაგრამ როცა ხოტბას ასხამს ეპიტაფიებს, სცოდავს [სიტყვის] ამ სახეობაში და საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად დამდაბლებულია.

19. დიდი გრიგოლი კი, თითქოს მან პირველმა მოიგონაო [სიტყვის] ეს სახეობა,[92] შემდგომ ჟანრის ნიმუშად დასახა ეს ხელოვნება და სრულყოფილებამდე მიიყვანა ეს დაუბოლოებელი სახეობა. როგორც, მითის მიხედვით, ზევსი [მოივლინება] ქუხილითა და ელვით, ასევე იგიც თხრობის დაწყებისთანავე [წარმოგვიდგება] დაუსრულებელი პარადოქსებით, გამოუთქმელი მშვენიერებითა და დაფარული მადლით,[93] სიტყვათა ფერადოვნებით და ფიგურათა მრავალფეროვნებით[94] შესძრავს მსმენელს, ხან ანცვიფრებს მას, ხან ტაშს აკვრევინებს, რიტმულად ჩართავს ფერხულში და აქცევს მას მოვლენათა თანაგანმცდელად. შემდეგ განაგრძობს და სურვილისამებრ უმალვე ანაწევრებს მთელ თემას, მერე კი კვლავ უბრუნდება დასაწყისს და ხსნის სათაურს (სიტყვასიტყვით: სასათაურო წარწერას). შესავალს კი ზოგჯერ რამდენიმეს გვთავაზობს, როცა ხამს წინასწარ დასახოს რაიმე, ზოგჯერ კი ფიქრობს, რომ ერთიც საკმარისია, ხანაც პოლემიკას შუაგულიდანვე იწყებს, მერე წამოწყებულს იკვლევს და უბრუნდება თავდაპირველს, რადგან იგი თითქოს ერთ წერტილში უყრის თავს თემებს, საკუთარი სურვილისამებრ ეპყრობა მათ, აძლევს მათ ფორმას და გარდაქმნის, თითქოს თითებით რბილ ცვილს ზელდეს, ასხვაფერებს და აძლევს მას სხვადასხვა სახეს.[95]

20. ზოგიერთი მის მიერ მიკვლეული ხერხის საშუალებით იგი ანაწევრებს სიტყვას და აერთიანებს, შეკრავს და შლის მას, უმოკლესს ავრცობს განყოფითა და სიტყვის განკვეთით, გაჭიანურებულს და გრძელს კვეცს და დაჰყავს უმთავრესის მოკლე გადმოცემამდე.[96] იგი თავისებურად (καινοπρεπεις) წყვეტს [აზრებს] და ქმნის მრავალრიცხოვან ნამატებს.[97] დიდებულს იგი დიდებულად განმარტავს, თუმცა არ უარყოფს გამოსახვის სხვა საშუალებასაც.[98] არსად არ არის იგი არაგამომხატველი (ανηθοποίητος), არამედ [პირიქით], ყველგან ცხოველია და საკითხის შესაფერისი, ძლიერია[99] და შთაგონებულია და [მუდამ] პოულობს ახალ მისწრაფებას მრავალფეროვნებისათვის. განცალკევებულ აზრებს იგი აერთებს და ათანხმებს შემავსებელი და შემრიგებელი აზრებით და იყენებს მათ დანაწევრებული თხრობის შემაერთებელ ნაწილად.[100] თხრობებს იგი ისე ამკობს დასაწყისებით, როგორც ყვავილები, რა თქმა უნდა, შესაბამისად დანაწევრების, გამონაგონის, მოკაზმულობის და გაპიროვნების[101] საშუალებით ხდის მათ არამომაბეზრებელს მსმენელისა და მკითხველისათვის. როგორი პირიც არ უნდა შემოიყვანოს მან სიტყვაში, იგი ზუსტად ისეთივე ხდება, რადგან გარდაიქმნება მთქმელის განცდებისდა შესაბამისად: ხან ცრემლებით ევსება თვალები, ხან მსვლელობის წინ ელვარედ ჩაივლის გვირგვინით შემკული, მხნედ [შემართული] ეტლზე, ზოგჯერ ოქროს სადავითაც, ხან კი საწყალობლად ჩივის, ცრემლებით ვედრებს და მწარედ გოდებს. გრიგოლთან ყველგან იგრძნობა ენაწყლიანობა და სიტყვის დიდებულება (მაღალი სტილი), ბუნებრივი სიდიადე[102] და სადა მშვენიერება. ვიცი, რომ ასეთი სტილი წარმოშობით უვნებო და მოუკაზმველია (უფიგურო).[103] ამის გამო იგი (გრიგოლი) უპირატესობას ანიჭებს (სიტყვასიტყვით: სწორედ წარმართავს) სულიერ მხარეს, ბუნებრივად განმარტავს და არსად არ იყენებს საგანგებოდ მოძიებულ სიტყვებს[104].......

ისინი კი ნაწილობრივ მართალნი არიან, ნაწილობრივ ცდბიან. ამ [წმ.] მამამ შეუთავსებელი შეითავსა და თავიდან აიცილა ორივეს შეცდომები,[105] ხოლო, რაც თითოეულთან სწორი იყო, ის განავრცო სიფართით და სიგრძით, თუმცა იგი არ ქმნიდა თავის თხზულებებს ხელოვანებით,[106] აქცია ისინი თხრობებად (εξηγήσεις)[107]

21. უფრო განსაცვიფრებელი ის არის, რომ სიტყვებში იგი ნათელია,[108] როგორც ნებისმიერი სხვა, თუმცა თითქმის ყოველთვის გაუგებარიცაა [ამავე დროს]. გაუგებარია არა იქ, სადაც დაფარულად (απορρήτοις) გვიცხადებს ღვთისმეტყველებას, არც იქ, სადაც დოგმატის საშულებით..... იმავდროულად საცნაურს გვიხდის უფრო დახვეწილს (არ ვსაუბრობ ალეგორიის შესახებ თხრობებში, რადგან სხვაგვარი სიტყვით ხამს მასზე საუბარი და მისი განხილვა, უფრო ამაღლებულად და უკეთესად[109]), არამედ იგი მკითხველისათვის გაუგებარია იქ, სადაც წარმოდგენილი აზრი უბრალოა, სიტყვა დაწმენდილია და სიტყვები - მკაფიო. რაზედაც მე ვსაუბრობ, ის არ არის, მრავალს რომ ჰგონია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არისტოტელე ძნელად გასაგებია სიტყვების მიხედვით, ორატორი არისტიდე მისი სტილის რაღაც თავისებურების გამო - ძნელად ასახსნელია და განსამარტებელი, პლუტარქე კი თავის ”ეთიკაში” სიტყვის ამა და ამდაგვარ სახეობას წარმოაჩენს. ჩემი ნაფიქრი ამ დიდ [მამაზე] სხვაგვარია, რადგან თუმცა არისტოტელეს შეუძლია ცხადი იყოს, განზრახ ფარავს მის მიერ წარმოდგენილს და მრავალს მოაქცევს ერთ გამოთქმაში. არისტიდე ისე აწყობს სიტყვებს, როგორც ორაკული წინასწარმეტყველებისას, აშორიშორებს იმ სიტყვებს, რომლებიც აზრის გადმოსაცემად ერთად უნდა ყოფილიყო. ფილოსოფოსი პლუტარქე კი ძნელად გასაგებია არა სიტყვათა შეწყობის, არამედ მოძღვრებათა აღრევის გამო.[110]

22. ეს მამა კი, თუმცა მასთან არ არის მრავლად დოგმატური დამოძღვრებები და ყველგან სიცხადეზე ზრუნავს, ყოველივეზე თავის თხზულებებში ხელახლა სვამს იგი ახალ საკითხებს. ამიტომაც თითქოს სხვებისათვის სახელმძღვანელოდ ზოგიერთებმა განმარტებათა სხვადასხვა წიგნი შეთხზეს. ამისთვის მე თვითონაც არა ერთი საჭოჭმანო საკითხი გადავწყვიტე, როცა, როგორც იცი, სახელდახელოდ მოვიგონე მზა პასუხები საძიებელ საკითხებზე.[111]

იგი ნაყოფიერია და მოსაზრებული თემათა განსაზღვრებებში, როგორც ეს ყველაზე მეტად მის დამოძღვრითს სიტყვებში ჩანს. იგი ერთმანეთს შეურწყამს სიტყვის იდეებს[112] არა ისე, როგორც იქმს ამას პლატონი[113] თავის სიტყვათა ზოგიერთ ნაწილში, არც ისე, როგორც ლისია, რომელიც უმეტეს მათგანს თავს არიდებს, არც ისე, როგორც დემოსთენე, რომელიც სხვას ამბობს სახალხო სიტყვებში და სხვას - კერძოში, არც ისე, როგორც ისოკრატე, რომელიც ყველგან ზრუნავს ჟღერადობაზე და ერთნაირადსაწყისიანი და ერთნაირდაბოლოებიანი სიტყვებით ტკბება, არც ისე, როგორც არისტიდე, რომელიც ყოველთვის ესწრაფვის სიტყვაში ძალმოსილ სტილს და ქებას იხვეჭს შეთანხმებათა სიახლით. გრიგოლი მათ მსგავსად, რომლებიც ჰარმონიას აღწევენ რიცხვითი შეთანხმებების კანონებით, ყოველთვის თავისი საჭიროებისდა მიხედვით შეურწყამს ერთმანეთს [სიტყვის იდეებს]. იგი ძლიერია [ორატოროული ხელოვნების] ზნეობრივ სახეობაში, აგრეთვე ძლიერია შეკვეცილ სახეობაში, მაგრამ არაჩვეულებრივია იგი ყოველგან დიდებულსა (სადღესასწაულოსა - τω σέμνω) და ბრწყინვალე [სახეობებში].

23. იგი არსად არ უვლის გვერდს ძალმოსილ მეთოდს, სისავსეს კი იგი დამაჯერებლად წარმოადგენს, რამდენადაც ამას მოითხოვს საქმის აუცილებლობა. უმაღლეს დონეს აღწევს იგი სისადავით და არსად სცილდება სიცხადეს.[114]

ბევრ თავის ჰომილიაში მან ორგვარი აზრი[115] შეურწყა ერთმანეთს - საჩინო და ფარული - და სურს განმარტოს, რომ დაფარა, და ვრცლად წარმოადგენს საკითხს, რათა საჩინო გახადოს იგი იმდენად, რამდენადაც სურს, და აიცილოს [განსხვავებული] ცდები. მისი სიტყვები ორაზროვანია, ისე რომ, ერთის აღნიშვნაც შეუძლიათ და მეორისაც. [მისი] სიტყვა მიემართება მართებულად და არ გაურბის ირონიასაც.[116] იგი ისე ჩივის მრავალ განსაცდელზე, რაც მას დაუთმენია, რომ ვერ შეამჩნევ ამას და ისეთი ხელოვანებით გადმოსცემს აზრს, რომ უმრავლესობას ესმის, თუ რისი თქმა სურს, თუმცა არ აცხადებს ამას. იგი ვერ ბედავს სრულყოფილად [იმსჯელოს] საიდუმლო დოგმებზე მსმენელთა აღქმის უნარის გამო და გადადის ისტორიულ თხრობებზე. ამასთან აქვე ალეგორიულად გამოხატავს მას, თუმცა არ ხსნის ალეგორიას. ზოგჯერ იგი ცხადყოფს დაფარულს, თუ ალეგორიულად ნათქვამში არა არის რა უამური.

იგი ყოველნაირად [ცდილობს] დაატყვევოს სმენა მყისვე და შესავლიდანვე,[117] როცა წარმართავს ჰომილიას სადად და წინასწარ შემუშავებული ხერხების გარეშე, როგორც ამას სიტყვის ხელოვნება მოითხოვს, ჩემის აზრით კი, მეტად დახელოვნებულად და, ასე ვთქვათ, მზაკვრულადაც კი. მტკიცებებში მას ყველაფერი შეუძლია, რასაც მოისურვებს, და იგი ძლიერია ეპიქირმების დამუშავებაში (των επιχειρημάτων) და ამასთან ყველას კი არ იყენებს, არამედ იმდენს, რამდენის განსაზღვრაც აქვს ჩვეულებად გარემოებისდა შესაბამისად. იგი ხელს ჰკიდებს სხვადასხვაგვარ ხერხებს და მთელი ჰომილიის მანძილზე თავის თავს ჰგავს კიდეც და არცა ჰგავს.[118] ხან არსად არ უგულებელყოფს რიტორიკული ხელოვნების წესებს, ხან კი სხვადასხვაგვარად [იყენებს] მათ. ამის გამო შესავლებში იგი წარმოადგენს უფრო ღრმა და ძირითად აზრებს, ხოლო როცა თემაზე გადადის, უფრო მრავალფეროვნად გარდაიქმნება და, როცა კვლავ საკითხს ეხება, ცოცხალი და წრფელია. როცა იწყებს ნათქვამის მოკლედ გამეორებას, დახვეწილია და ლაკონური. იქ კი, სადაც მას სურს სიტყვა გახადოს დასრულებული, მისი სიტყვა თავისუფალია და შეუბოჭავი და ნებისმიერი აზრი ემორჩილება გონით ჭვრეტას.

ჩემთვი ეს ”სიტყვა” აწ მხოლოდ დასაწყისია სათქმელისა, შენს სულს კი, ვიცი, დააპურებდა ისიც, რაც უკვე ითქვა. ამიტომ მიიღე აწ შესაძლებლობის მიხედვით (რამდენიც შეგიძლია) დასაწყისი დიადზე შექმნილი სიტყვებისა, ხოლო, როცა ისინი შენში მომწიფდება, მაშინ ერთად მოგიძღვნი ნადიმის ნაშთებსაც.[119]

------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

[1] - ამ უმაღლეს ტიტულს (υπερτιμος), რომელიც უმეტესად სასულიერო წოდების პირთ ეძლეოდა, ”ზეშთაპატიოსნად” თარგმნის აკად. ს. ყაუხჩიშვილი (ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, 1973, გვ. 257).

[2] - λογοι σχεδιασθέντες სპეციალური ლიტერატურული ფორმა იყო.

[3] - წერილის ადრესატის პოთოსის საპატიო ტიტულია, რომელიც იმპერატორთან დაახლოებულ პირს ენიჭებოდა სასახლის კარზე.

[4] - περι του θεολογικου χαρακτηρος - ამ თხზულების მოკლე სათაურად შეიძლება იქნეს გამოტანილი.

[5] - დიონისე ჰალიკარნასელის მსგავსად პსელოსი ცდილობს თავისი თემა აირჩიოს ისე, რომ გრიგოლმა ყველა ιδέαι λόγου გააერთიანოს, მაშინ როცა ძველი მწერლებისაგან თითოეული მხოლოდ ერთი მიმართებით იყო სანიმუშო (დემოსთენეც დიონისე ჰალიკარნასელთან დე Demosi.). წინამორბედი ”არასრულყოფილი” მწერლების ღირსებებს (αρεταί) სრულყოფილად აერთიანებს თავის თავში.

[6] - το λεκτικόν - სიტყვიერ ქსოვილს, ხოლო το πρακτικόν (πραγματικόν) - შინაარსს, აზრს ნიშ§ავს რიტორიკულ თეორიებში (დიონისე ჰალიკარნასელი და სხვა). ამიტომ აქ ფორმისა და შინაარსის მიმართება უნდა იგულისხმებოდეს. ეს უკანასკნელი ფრაზა უთარგმნელია ტ. მილერთან.

[7] - ცალკეული ”არასრულყოფილი” მწერლის ყველა იდეის (სტილის მახასიათებელი - იხ. ქვემოთ) გაერთიანების იდეალური სურათისათვის შდრ. ჰერმოგენე, Περι ιδεων - Rhetores Graeci II, 266, 24; 270,32 Sp.

[8] – რიტორიკის სამი კლასიკური ჟანრი არისტოტელეს განსაზღვრებიდან (Rhet.) მოყოლებული: სადღესასწაულო პანეგირიკული სიტყვა (γένος επιδεικτικόν καὶ πανηγυρικόν), სასამართლო პოლემიკური (δικαστικόν), მესამე – პოლიტიკური სათათბირო (συμβουλευτικόν) აქ არ არის დასახელებული.

[9] – ეს არის ე.წ. αρχαιοι-ს (ძველი მწერლების) რიგი. დასახელებულია სანიმუშო პროზაიკოსების რიგი სამ ჯგუფად: ρήτορες, ιστορικοί, φιλόσοφοι: დემოსთენე და ისოკრატე ( Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $5-ში მათ ემატება ლისიაც), თუკიდიდე და ჰეროდოტე, პლატონი და ესქინე. ეს იყო ანტიკურ ტრადიციაში გავრცელებული რიტორების, ისტორიკოსების, ფილოსოფოსების სრულყოფილ მყარ კანონთაგან (დაახლოებით ათ-ათი საუკეთესო მწერალთა კატალოგი) რჩეული. ამ კანონთაგან პსელოსის და მისი უშუალო წყაროს (Longinus, Περι ρητορικης. Rhetores Graeci I, 211,25 Sp.-H) კატალოგები შვიდი ზემოთ ხსენებული პროზაიკოსით საუკეთესოდ მიაჩნია ა. მაიერს (სხვა წყაროებისათვის იხ. მასთანვე, გვ. 68). სანიმუშო ავტორების განსხვავებული სიაა პსელოსის სხვა შრომაში (Περι χαρακτήρων τινων. - Boissonade, De oper. daem. p.48ff): დემოსთენე, ისოკრატე, არისტიდე, თუკიდიდე, პლატონი, პლუტარქე, ლისია, გრიგოლ ღვთისმეტყველი. ე.ი. სოკრატიკოსი ესქინე და ჰეროდოტე აქ შეცვალა არისტიდემ (შდრ. პოთოსისადმი, Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $21-22) და პლუტარქემ ( Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $15,21).

[10] – ძველი სანიმუშო ავტორების რიგს უერთდებიან ორატორთა ე.წ. მეორე კანონის წარმომადგენლები: პოლემონი, ჰეროდე ატიკელი, ლოლიანე, პსელოსის წყაროა ფილოსტრატეს “სოფისტთა ბიოგრაფიები” – VS (I,23.25; II,1. შდრ. პოთოსისადმი Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $6,12,18).

[11] – იგულისხმება ზემოთ დასახ. მწერლები. სიტყვა - λόγος ხან ლექსიკურ ერთეულს ნიშნავს, ხან ქადაგება-ჰომილიას, რაც შინაარსით განირჩევა. ზოგჯერ ერთფეროვნების ასაცილებლად “ჰომილიას” ვწერთ.

[12] - κατα ζηλον εκεινων (იგულისხმება αρχαίων – იხ. Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $2 ქვემოთ). გრიგოლის დიდ ღირსებად ითვლება ის, რომ ძველ მწერალთა მიბაძვით არ წერდა. შდრ. პსელოსივე თხზულება “წმ. მამათა სტილის შესახებ” – Boiss. 127,20, სადაც გრიგოლის სტილი εκ πολλων ρητόρων ηρμοσται ეს წინააღმდეგობა გამოწვეულია იმით, რომ ამ ორი ტრაქტატის მიზანდასახულობა სხვადასხვაა. განსახილველ ტრაქტატში გრიგოლის ინდივიდუალობა და ორიგინალობა არის წარმოჩენილი, მეორეში კი – მისი წყაროები.

[13] – პსელოსი, როგორც კლასიკოსი ფილოლოგი, აყენებს ალტერნატივას გრიგოლის მჭევრმეტყველების ღვთიური თუ ადამიანური წარმომავლობის შესახებ (ა. მაიერი) და ვფიქრობთ, როგორც განსწავლული სასულიერო პირი, რიტორიკული ფასეულობების – სიტყვის მშვენიერების (κάλλος) და ძალის (δύναμις) ღვთიური საწყისის უპირატესობას წარმოაჩენს, შერწყმულს იმავე ზეშთა სამყაროდან მიღებულ ფილოსოფიასთან (შდრ. ფოტიოსის აზრი დიონისე არეოპაგელზე: მისი აზრი განუყოფლად უკავშირდება რიტორობას, სიტყვის ხელოვნებას, ისე, რომ თუ მისი ღვთისმეტყველება და ფილოსოფია ზეშთა საბოძვარია და საღვთო სიბრძნეა, ასეთივე ზეშთა ნიჭი და სიბრძნე უნდა იყოს მისი რიტორობაც - Amphilochia CIX. PG. 101, 697 D). ამ მოსაზრებას პსელოსი საკვირველს (καινόν – ახალსაც ნიშნავს) უწოდებს, შესაძლოა იმიტომ, რომ ახალია იგი კლასიკურ რიტორიკულ თეორიებთან შედარებით, სადაც ბუნებრივი ნიჭია (φύσις) წარმმართველი, პსელოსი კი მსმენელად თუ მკითხველად მისი ეპოქის ინტელექტუალურ წრეს უნდა გულისხმოდეს.

[14] – ამავე მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული კავშირებითი კილოს ხმარება καινόν τουτ αν ειη το νόημα ტ. მილერი მართებულად თარგმნის ამ ადგილს: и признаем, что (გვ. 161), რაც ზემოთ აღნიშნულ ალტერნატივას გამოხატავას (თუმცა ეს სიტყვა დედანში არაა).

[15] – მშვენიერების გამომხატველი რიტორიკული ცნებები κάλλος-χάρις, როგორც ვთქვით, პსელოსთან ტრადიციულ სიტყვიერ მშვენიერებასთან ერთად სულიერი მშვენიერების გამომხატველიცაა. პსელოსი მსჯელობს მათ ზეციურ წარმომავლობაზე ( Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $2). ტრადიციული რიტორიკის თეორიაში ისინი ერთმანეთისაგან განირჩევა იმით, რომ χάρις უფრო საამურობას გამოხატავას (რისთვისაც მას ენაცვლება ηδονή, ωρα, γλυκύτης), κάλλος კი – დიდებულებას, ამაღლებულობას (μεγαλοπρέπεια, ογκος, μέγεθος). მგრამ ისევე, როგორც ჰერმოგენეს ტერმინებმა ფოტიოსთან მიიღო სხვა შინაარსი, ვფიქრობთ, შესაძლებელია პსელოსთან ზოგჯერ ზემოაღნიშნულ ტერმინებს ახალი შინაარსი აქვს ტრადიციულ გაგებასთან ერთად და ამ თვალსაზრისით ერთმანეთსაც უპირისპირდება. მაგ., ამ კონკრეტულ შემთხვევაში χάρις ზეციური, სულიერი, ღვთიური მშვენეირების, მადლის გამომხატველია, κάλλος ამქვეყნიური მშვენირებისა (ქრისტიანულ ტექტებში χάρις-ს სწორედ “მადლის”, “წყალობის”, “ნიჭის” მნიშვნელობა აქვს, κάλλος-ს კი “შუენირების”, “სიკეთის”, საღვთო სიკეთის აღსანიშნავად მას ემატება განსაზღვრება θειον – იხ. ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი). ქართულად ტერმინთა ზუსტი გამიჯვნა ყოველთვის ვერ მოვახერხეთ მსგავსად გვიანდელი გაგებისა, მაგ., ამ ტერმინთა შინაარსობრივი განსხვავება შესანიშნავად გამოიხატა ქართულ კლასიკურ რომანტიკულ ნააზრევში (ნ. ბარათაშვილი), სადაც “სილამაზე” (შდრ. κάλλος) ხორციელ ღირსებასთან, ხოლო “მშვენრიება”, იგივე მადლი (შდრ. χάρις) სულიერ ნიჭთან, ღვთიურ უკვდავებასთან იქნა დაკავშირებული: “სილამაზე ნიჭი მხოლოდ ხორციელების”, “თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს”.

[16] – ბაძვის საგანია არა ამქვეყნიური მშვენიერებანი (ძველი მწერლების სიტყვიერი ხელოვნების ღირსებები), არამედ ღვთიური, ზეციური. ამქვეყნიური მშვენიერებანი იმქვეყნიურის მიბაძვაა.

[17] – აქ უნდა იგულისხმებოდეს კლასიკური რიტორიკული თეორიების ცნება - φύσις (ბუნებრივი ნიჭი), რომელსაც პსელოსთან ღვთივშთაგონებულობა, მჭევრმეტყველების ღვთიური ზეციური წყარო ცვლის, რაც, როგორც ზებუნებრივი, ცხადია, ბუნებრივზე აღმატებულია. განსაცვიფრებელის, საკვირველის (θαυμάσιος) ცნებაც პსელოსთან ღვთიურს უკავშირდება.

[18] – გრიგოლმა შექმნა თავისი სტილი არა ძველების მიბაძვით, არამედ იმით, რომ ძველებთან დანაწილებული ιδέαι გააერთიანა (შდრ. Boissonade, p. 59,7). შდრ. Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $7. შირინგი – სალამურის, ფლეიტის ყელი. ასეთი მრავალფეროვნებისა და ერთიანობისათვის შდრ. Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE $13,16,23.

[19] – იდეების გაერთიანებას უკავშირდება დაბალი, შუა და მაღალი ტონების გაერთიანების სურათი (შდრ. Plut. de animi pro er. in Tim. c.32, p.1029A; de Mus. c. 30, p. 1142A; de Musici script. p. 363A2), რაც ნიშნავს დაბალი, შუა და მაღალი სტილის გაერთიანებას (ა. მაიერი, დასახ. შრომა, გვ. 71).

[20] – შდრ. Plat. Phaed. p. 85A.

[21] – გრიგოლის ინდივიდუალობაც იგულისხმება და მისი მშვენიერების ზეციური წარმოშობაც.

[22] – აქ საუბარია ცნებაზე χάρις, როგორც სიტყვის ღირსების (αρετή) ერთ-ერთ კომპონენტზე (იხ. აგრეთვე ზემოთ - λογική χάρις).

[23] – აქ ესთეტიკურ ტკბობაზეა საუბარი: ροδωνια... των λέξεων გულისხმობს ფერადოვან სიტყვას (άνθηρα ονοματα), როგორც რიტორიკულ ცნებას (შდრ. Dionys. Hal. de Lys. c. 10,11, p. 19,1).

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშნვნები დაურთი
ქეთევან ბეზარაშვილმა
"ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია", ტ. III, თბილისი 1996 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:25)