Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ფრაგმენტი ღია ლექციიდან, რომელიც შედგა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის, ფილოსოფიური სკოლის ამფითეატრში 1986 წლის 14 აპრილს. ლექცია წაიკითხა ათონის ივერთა მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ვასილმა.

... და გონებაში წარმომიდგა ის თავზარდამცემი შიში, თუ გნებავთ სასოწარკვეთილება, რომელიც მოწაფეებმა მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ განიცადეს. ამიტომ, მინდა ამ საღამოს, სახარებიდან წავიკითხო ერთი ნაწყვეტი, სადაც აღწერილია, რა გადახდათ მოწაფეებს ემმაუს გზაზე.

ქრისტეს სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ, ორი მოწაფე იერუსალიმიდან დაბა ემმაუსში მიემართებოდა. ისინი გზაში განიხილავდნენ მომხდარს და სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. მათ დაემგზავრებათ ქრისტე, რომელსაც ვერ იცნობენ. იგი გზაში განუმარტავს მოწაფეებს, რა კავშირშია ერთმანეთთან ქრისტეს ჯვარცმა და წმიდა წერილი. გზის ბოლოს, სიმპათიით განწყობილი მოწაფეები სთხოვენ “უცნობ თანამგზავრს”, დარჩეს მათთან. იგი რჩება... ტრაპეზზე პურის განტეხვისას, მოწაფეები იცნობენ თავის მოძღვარს, რომელიც მყისვე უჩინარდება. ხოლო ისინი, სიხარულით აღვსილნი ბრუნდებიან იერუსალიმში.

ვფიქრობ, ამ ნაწყვეტს გარკვეული კავშირი აქვს თემასთან, რომელზედაც მინდა, რომ დღეს გესაუბროთ. ამიტომ, იქნებ უფრო დავუახლოვდეთ სახარებისეულ ტექსტს...

“და აჰა, ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემმაუსი; და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე იმის გამო, რაც მოხდა. ამ საუბრისა და მსჯელობისას მიუახლოვდათ თვითონ იესუ და დაემგზავრა მათ. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.”

ანუ, მათ თვალები დაბინდული ჰქონდათ და ვერ იცნეს უფალი. მნიშვნელოვანია, რომ ქრისტე არის გზა და ჭეშმარიტი თანამგზავრი. და როცა ვიღწვით და ვიბრძვით, როცა ვეძიებთ, როცა მივიწევთ მისკენ, ის იდუმალ ჩვენთანაა. გარკვევით წერს მოციქული: მოწაფეებმა “ვერ იცნეს იგი” – ქრისტე, თვისი მოძღვარი. ვერც ჩვენ ვცნობთ მას, რადგან არაა აუცილებელი მისი ცნობა, სამაგიეროდ აუცილებელია, რომ გვწამდეს: ჩვენს მუდამ ბრძოლაში ქრისტეც საიდუმლოდ თანამყოფობს ჩვენთან, ისე, რომ დრომდე ვერ შევიცნოთ იგი.

და უფალს, გარკვეულ დრომდე არ სურს, დამოძღვროს მოწაფეები. უნდა, მისცეს შესაძლებლობა, გამოთქვან ის, რასაც ფიქრობენ და განგებ გულუბრყვილოდ კითხულობს:

“რა სიტყვებს ეუბნებოდით ერთმანეთს გზაში, ან რატომ ხართ ასე მწუხარენი?

ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა მას: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში, და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა აქ”?

კვლავ განგებ გულუბრყვილოდ ეკითხება უფალი: “მაინც რა?”

აქ კი ორივე აიყოლია და იწყებენ სულმოუთქმელად: “რა და იესუ ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, სიტყვითაც და საქმითაც ძლიერი ღმერთისა და ხალხის წინაშე, სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელთმთავრებმა და წინამძღვრებმა, და ჯვარს აცვეს იგი”.

გამოთქვამენ გულისტკივილს: “ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი; მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. მაგრამ ჩვენი ქალებიდან ზოგიერთებმაც განგვაცვიფრა ჩვენ: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან, და ვერ იპოვეს მისი სხეული. და მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. და ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. ხოლო თავად ვერ იხილეს იგი”.

აქ, ქრისტე აძლევს მოწაფეებს შესაძლებლობას, გამოთქვან თავიანთი გულისნადები, და ისინიც გულწრფელად აღიარებენ: “ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი”, ახლა კი რისი იმედიღა უნდა გვქონდეს, სამი დღეა რაც მოკვდა და ის საფლავშიც აღარ არის.

ეს სურდა ქრისტეს – დიდ მოძღვარას და მკურნალს: თავისი პირით აღიარონ მოწაფეებმა გულისნადები: რომ დაემსხვრათ ყველა იმედი, ამოეწურათ ყოველი ვარაუდი...

ხოლო იესუმ უთხრა მათ: ჰოი, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? და მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მისთვის მთელს წერილში. და მიუახლოვდნენ ისინი დაბას, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. მაგრამ ისინი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. და შევიდა, რათა დარჩენილიყო მათთან. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ. და აეხილათ თვალი, და იცნეს იგი. მაგრამ მაშინვე უჩინარი შეიქმნა მათთვის”.

შემდგომად ღვთისმეტყველებისა, ლოგიკურია, რომ შედგეს ღმრთისმსახურება; მოხდა გამოწვლილვითი განმარტება ჯვარცმისა და წმიდა წერილისა, ახლა კი, მოიწია ჟამი ღვთისმსახურებისა. და ქრისტემაც “აიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ,” პურის განტეხვისას იცნეს უფალი, რომელიც “მაშინვე უჩინარი შეიქნა მათთვის”... ბუნებრივია! როცა უჩინარია უფალი, მაშინაა ხილული სულიერად, ანუ, როცა ვკარგავთ, როცა “უჩინარი შეიქნება”, მაშინ ვპოულობთ მას.

“და აეხილათ თვალი, და იცნეს იგი. მაგრამ მაშინვე უჩინარი შეიქნა მათთვის”... “და აეხილათ თვალი” ნიშნავს, რომ იწყეს ხედვა უხილავისა და გაგება ყოველივე იმისა, რაც მოისმინეს და დაინახეს, რომ მიიღეს ძალა, რათა გააგრძელონ გზა მომავლისაკენ.

“და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გესაუბრებოდა გზადაგზა და გვიხსნიდა წერილს?” – მეტი სიცხადით რომ წარმოვიდგინოთ, ასე ეტყოდნენ გაკვირვებული მოწაფეები ერთმანეთს: “ეს როგორ მოხდა” როგორ დაგემართა, რომ ვერ ვიცანით ჩვენი მოძღვარი? იმ საუბარმა, გზაში რომ ჰქონდა ჩვენთან, როგორ მოიტაცა ჩვენი გულები და აქამდე გაუგონარ სიმაღლეზე, აქამდე არნახულ სამყაროში შეგვიყვანა?” – ახლაღა შეიცნეს საღმრთო ლიტურგიაში, საღმრთო ზიარებაში, მთელი წმინდა წერილი ჭეშმარიტად.

აქ კვლავ მინდა ვახსენო უფლის სიტყვები: “განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?” – იგივე ხდება წირვაზე – ტარიგის კვეთისას და შემდეგ ზიარებისას: უფალი ცნობილია, როგორც პური განტეხილი და სისხლი დათხეული. ვფიქრობ, შეიცნობა უფალი პურის განტეხვისას, შევიცნობთ მას ჩვენი შემუსრვისასაც. ქრისტეს მიბაძვით მიღებული ტკივილები კურთხევაა, რითაც გვეხილება თვალები და ვხედავთ მაცხოვრისა და სამყაროს ნამდვილ სახეს. და თუ არ მივიღებთ ქრისტეს მსგავსად წყლულებს, თუ არ ვეწამებით მას, არ ავმაღლდებით ჯვარზე, ისე ვერ მივეახლებით, ისე წილი არ გვექნება სამყაროს ბრწყინვალე დღესასწაულში, რომლის სათავე და მიზეზიც არის ქრისტე – მაცხოვარი ჩვენი.

“და ადგნენ მაშინვე და გამობრუნდნენ იერუსალიმში, და შეკრებილნი პოვეს თერთმეტი და სხვებიც მათთან ერთად, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს” – იქ, იმ დროს იგრძნეს, რომ მიიღეს ძალა, მიიღეს ენერგია, რომ ღამითვე დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში. მოწაფეებმა მიიღეს პასუხი, რისთვისაც მიდიოდნენ ემმაუს. და ეს პატარა დაბა მათთვის ხდება ქალაქი, ხდება მთელი სამყარო და სამყარო იქცევა მათ სახლად. მიუხედავად იმისა, რომ დღე მიიწურა და მზე ჩავიდა, ღამე იქცა დღედ, ნათელი მოეფინა ყოველივეს და აღივსნენ ახალი ძალებით.

ვფიქრობ, რომ ქრისტე არის გზა, ხოლო ნაყოფი მოგზაურობისა – შეცნობა ქრისტესი, რომელიც პურის განტეხვისას საცნაურ იქნა. როცა შევიცნობთ მას – ხდება უხილავი. და როცა ხდება უხილავი, მაშინ ვპოულობთ მას და თანამყოფობს ჩვენთან – ხდება ჩვენი მუდმივი თანამგზავრი.

ახალბერძნულიდან თარგმნა
გაიოზ მეხრიშვილმა
გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, N17, 2005 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:50)