Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი XI. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს სამსახურები

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, შეიქმნა საკათოლიკოსო საბჭო, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის თავმჯდომარეობით ყოველკვირეულ სხდომებზე იხილავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებს. საკათოლიკოსო საბჭოს წევრები (სულ 11 კაცი) იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. საკათოლიკოსო საბჭოს გარდა მუშაობდა საკათოლიკოსო სასამართლო, რომელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თავმჯდომარეობითა და საერო და საეკლესიო სამართლის ცნობილი სპეციალისტების მონაწილეობით, გამოჰქონდა გადაწყვეტილებანი. საპატრიარქოში იყო საკათოლიკოსო კანცელარია, ჟურნალ "სვეტიცხოვლის" რედაქცია.

საქართველოს საპატრიარქოს სამსახურების საქმიანობა შეიზღუდა 1921 წლის შემდეგ. 1923 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ოფიციალურად ჩამოართვა საპატრიარქო რეზიდენცია. ამ დროს საქართველოს ეკლესიას ასევე ჩამორთმეული ჰქონდა იურიდიული პირის სტატუსი. 1927 წლიდან გაუქმდა საკათოლიკოსო საბჭო, უფრო ადრე - საკათოლიკოსო სასამართლო. საპატრიარქოში შეიქმნა პატრიარქის სამეურნეო-საფინანსო თანაშემწის - ქორეპისკოპოსის - სამსახური. საკათოლიკოსო საბჭო შეცვალა სასინოდო პლენუმმა, რომელიც 1932 წლიდან კათოლიკოსის თანაი სინოდად გარდაიქმნა, XX საუკუნის 40-იანი წლებიდან კი მას წმიდა სინოდი ეწოდა. საქართველოს საპატრიარქოში აღარ ფუნქციონირებდა არც ერთი სამსახური. ხელისუფლებამ მოახერხა ეკლესიის საზოგადოებისაგან იზოლაცია. საპატრიარქო დარჩა კათოლიკოს-პატრიარქის, მისი თანაშემწისა და ქორეპისკოპოსის ამარა. XX საუკუნის 70-იან წლებში უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო-საფინანსო სტრუქტურების საგადასახადო პოლიტიკის წყალობით ყველა სამსახური უპატრონოდ დარჩა და ისე ჩანს, საქართველოს საპატრიარქოს ლიკვიდაციამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩაო.

1977 წელს, როდესაც უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახდა, მან მიზნად დაისახა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო სტრუქტურების შექმნა, რომლებიც დაკომპლექტებული იქნებოდა მორწმუნე და პროფესიონალი ადამიანებით. 1979 წელს საპატრიარქოში ფუნქცონირებდა: 1. საგარეო საქმეთა სამმართველო, 2. საშინაო საქმეთა სამმართველო, 3. სარედაქციო-საგამომცემლო სამმართველო, 4. საეკლესიო ნაგებობათა, არქიტექტურულ-სარემონტო და ბუნების დაცვის განყოფილებები.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საპატრიარქოს საგარეო განყოფილებას. ამ განყოფილებას მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდა ქართველ მეცნიერებთან, უნდა მოეგვარებინა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა საქართველოში ვიზიტების დეტალები, შეედგინა კათოლიკოს-პატრიარქის უცხოეთში ვიზიტის სამუშაო გრაფიკი. 1977-2007 წლებში საპატრიარქოს საგარეო განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ: მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე), მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ამჟამად განყოფილების ხელმძღვანელია მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).

XX საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს საპატრიარქოს სახელით ყოველწლიურად იბეჭდებოდა მხოლოდ საეკლესიო კალენდარი, მაგრამ, უწმიდესისა და უნეტარესის ღვაწლით, შესაძლებელი გახდა საეკლესიო ჟურნალის, საღვთისმსახურო და საეკლესიო წიგნების ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით მომზადება და გამოცემა, სხვადასხვა ენიდან აუცილებელი სასულიერო ლიტერატურის თარგმნა. ყოველივე ეს დიდ მუშაობას მოითხოვდა. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოში ფუნქციონირებს საგამომცემლო განყოფილება (გამგე პროფესორი გვანცა კოპლატაძე), საღვთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისია (თავმჯდომარე მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)), გამომცემლობისა და საღვთისმეტყველო წიგნების რეცენზირების დეპარტამენტი (თავმჯდომარე მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)).  საპატრიარქოს ეგიდით იბეჭდება მრავალფეროვანი სასულიერო ლიტერატურა დოგმატიკის, საეკლესიო კანონიკის, ღვთისმეტყველების, საეკლესიო სამართლის საკითხებზე.

XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირთა და მეცნიერთა ჯგუფმა შეადგინა წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის მარშრუტი ფარავნის ტბიდან მცხეთამდე. ამ მარშრუტით მომლოცველებმა დაიწყეს მოგზაურობა. ისინი სასულიერო პირებთან ერთად ხვდებიან ნინოწმიდის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის რაიონების მოსახლეობას, ესაუბრებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაზე, წმიდა ნინოს მოციქულებრივ ღვაწლზე. მათი მეშვეობით მრავალი ადამიანი მოინათლა, დაუბრუნდა დედაეკლესიას. უწმიდესი და უნეტარესი მომლოცველებს სვეტიცხოველში ხვდება 1 ივნისს და მათ სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოებს. მომლოცველები ასევე მოგზაურობენ წმიდა ანდრია პირველწოდებულის გზაზე დიდაჭარიდან აწყურამდე. საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოში შექმნილი მომლოცველობის სამსახური (გამგე არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი) აწყობს ქართველ მორწმუნეთა ორგანიზებულ გასვლებს საზღვარგარეთის ქართულ სიწმიდეთა მოსალოცად.

1987-2007 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შეირაცხა არაერთი გამოჩენილი საეკლესიო და საერო მოღვაწე. წმინდანად ამა თუ იმ პიროვნების შერაცხვას წინ დიდი სამუშაოები უძღვის. წყაროების, ლიტერატურის, საეკლესიო კანონიკის შეჯერების საფუძველზე თავიდან იწერება მისი ბიოგრაფია, რომელშიც მკაფიოდ უნდა ჩანდეს პიროვნების დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე, მისი სულიერი ცხოვრების დეტალები. ყოველივე ამას წარმატებით ასრულებს საპატრიარქოს წმინდანთა კანონიზაციის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).

ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის მიზნით საქართველოში ფუნქციონირებდა ძეგლთა დაცვის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ირაკლი ციციშვილი. ამ კომიტეტმა არაერთი მონასტრის რესტავრაცია შეძლო, მაგრამ ოფიციალური ხელისუფლებისათვის ეკლესია-მონასტრებს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა აღდგენილ ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურების ჩატარებას. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრების საპატრიარქოსათვის დაბრუნების რთული პროცესი, შეუდგნენ ახალი ეკლესიების მშენებლობას. შექმნილი ვითარება მოითხოვდა საპატრიარქოსთან ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის შექმნას, რომელიც საეკლესიო კანონიკის დაცვით წარმართავდა ამ პროცესს. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). ჯერ კიდევ 1957 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ისადმი გამოგზავნილ წერილში ზაგორსკის სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტი ილია შიოლაშვილი საჭიროდ მიიჩნევდა ხალხში გაბნეული საეკლესიო სიწმიდეების შეგროვებას და, საეკლესიო მუზეუმის შექმნას. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქოში შექმნა სიწმიდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე).

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალსაუკუნოვანი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლის, დაცვისა და ღვთისმსახურების დროს მისი გამოყენების საკითხებს. 1977 წლიდან საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში აღდგა ქართული ტრადიციული გალობა. უწმიდესი და უნეტარესი არაერთი ქართული საგალობლის ავტორია. საპატრიარქოში ფუნქციონირებს სამგალობლო ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლიდან ამოქმედდა გალობის უმაღლესი სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი. ბოლო ხანს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა ერთმა ჯგუფმა სცადა ბერძნულ ერთხმიან სამგალობლო მელოდიებზე აგებული ქართული გალობის შემოტანა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა ამგვარი ექპერიმენტი მიუღებლად მიიჩნია. უწმიდესმა და უნეტარესმა ამასთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ეს არის შეურაცხყოფა ქართული გალობისა და ქართული ტრადიციებისა, მამებისა და ჩვენი წარსულისა. მისმა უწმიდესობამ 2003 წლის 14 თებერვალს ბერძენ მუსიკათმცოდნე გრიგორიუს სტათისთან შეხვედრაზე აღნიშნა: “ვფიქრობ, რომ ბერძნული მუსიკის ქართულ სიტყვებზე გალობა ცოტა უხერხულია. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთოდ ბიზანტიურ მუსიკას, მაგრამ ყველა ერს თავისი გალობა და თავისი ტრადიციები აქვს.”

მრავალხმიანი უნიკალური ქართული გალობის შენარჩუნება და განვითარება უწმიდესისა და უნეტარესის სახელთანაა დაკავშირებული.

საპატრიარქოში ფუნქციონირებს გამწვანებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). საპატრიარქოში ფუნქციონირებს აგრეთვე აგროსამრეწველო დეპარტამენტი, რომელსაც არქიმანდრიტი მიქაელ გაბრიჭიძე ხელმძღვანელობს. საპატრიარქოს აღნიშნულ სამსახურებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. ეკლესია ზრუნავს საქართველოს უნიკალური ფლორისა და ფაუნის დასაცავად.

საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება (ხელმძღვანელი დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე) კოორდინაციას უწევს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერი შვილების ქრისტიანულ ცხოვრებას, შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებში სასულიერო პირთა საქმიანობას. მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილება, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ხელმძღვანელობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებთან აგზავნის სასულიერო პირებს აღსარებისა და ზიარების მოსურნეთა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. უწმიდესი და უნეტარესი თვითონაც სისტემატურად დაბრძანდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხვდება მსჯავრდებულებს. მას მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების ადგილებში ისეთი პირობები უნდა იყოს, რომ მსჯავრდებულს საშუალება მიეცეს, დაუფიქრდეს ჩადენილ დანაშაულს, მოინანიოს და იფიქროს გამოსწორებაზე. უწმიდესი და უნეტარესი ილია II თვლის, რომ ამ ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული დაავადება - ნარკომანია - ადამიანში ცხოვრების სიძნელეების შიშითა და ამქვეყნიური პრობლემებისაგან განრიდების სურვილით არის გამოწვეული. პატრიარქის ინიციატივით, საპატრიარქოში არაერთი შეხვედრა გაიმართა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემებზე.

საპატრიარქოში ფუნქციონირებს საფინანსო-ეკონომიური საბჭო  (თავმჯდომარე დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე), ხალხური რეწვის განყოფილება (უფროსი ელისო არაბული), საპატრიარქოს ბიბლიოთეკა (ხელმძღვანელი მონაზონი ნინო გრიგოლაძე), საეკლესიო ხელოვნების ცენტრი (ხელმძღვანელი პროფესორი ზაზა სხირტლაძე), საინფორმაციო სამსახური (თავმჯდომარე მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი). უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდობასთან ურთიერთობას, მომავალი თაობის მართლმადიდებლური რწმენითა და სულიერებით აღზრდას. ამ ამოცანის წარმატებით შესრულებას ემსახურება საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი (თავმჯდომარე ეპისკოპოსი სტეფანე კალაირჯიშვილი), ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი" (ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანიძე). საპატრიარქოს სასულიერო სასწავლებლებს, სკოლა-ლიცეუმებსა და გიმნაზიებს ხელმძღვანელობს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი (თავმჯდომარე პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი). საპატრიარქოსთან არსებობს სოციალური დაცვის უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი (თავმჯდომარე იღუმენი ადამ ახალაძე), რომელიც ეხმარება შეჭირვებულ ადამიანებს. საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს მზია კაცაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში ეხმარებიან: ქორეპისკოპოსი - მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, კანცელარიის გამგე  იოანე გაგუა. საპატრიარქოს პრესცენტრი (ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე) უწმიდესსა და უნეტარესთან შეთანხმებით საზოგადოებას აცნობს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საპატრიარქოს სამსახურების გამართული, შეთანხმებული საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წარმატების საფუძველია.

-------------------------------------------------------------------------

 

წყაროები და ლიტერატურა:

 

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3

სერგო ვარდოსანიძე

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:28)