Georgian (Georgia)English (United Kingdom)
(ფრაგმენტი)[1]

გამობრწყინდა იოანე, შვილი ზებედესი და სალომესი, რადგან იგივე სახელი (სალომე) არის ცნობილი დედისთვისაც, როგორც ეს გააცხადეს ღვთის სულით მეტყველმა წმინდა მამებმა. აქედან გამომდინარეობს სხვა კეთილწილხვედრილობა - ბევრად უმჯობესი და უდიდესი ყველა კეთილწულხვედრილობაზე, რაც გულისხმობს იოანეს მშობელი დედის, როგორც ღვთის დის, კეთილსახელოვნებას, რადგან დიდი იოანეს მშობელი სალომე ასული იყო იოსებისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მაცხოვრის იესო ქრისტეს მამად იქნა მიჩნეული, როგორც ეს აღნიშნულია ყოვლადბრძენი ლუკას მიერ (ლუკა 3,23), რამეთუ არ იყო იგი მამა საქმით და ვითარებით, რადგან არანაირად არ უცვნია იოსებს ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და მარადქალწული დედა უფლისა, თორემ განაშიშვლებდა მას უხრწნელი და ქალწულებრივი მადლისგან.

ასე რომ, სალომე იყო იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმეონის, აგრეთვე, მარიამისა და ანას[2] ღვიძლი და და დედმამიშვილი, რომლებსაც საღვთო მამები კეთილად სახელდებენ ღვთის და-ძმებად, ამკობენ რა მათ, მხოლოდღა სახელდებამდე[3], ამგვარი ღირსებით, რადგან ისინი უთუოდ ნაშობნი არიან იმისგან, ვინც ადამიანთა შორის ქრისტეს მამად იქნა მიჩნეული და ვინც ასეა წოდებული სახარებებში. ესაა იოსები, რომელსაც თვით ყოვლადწმინდა და ყოვლადუხრწნელი ღვთისმშობელიც, ჩანს, ამგვარადვე[4] უწოდებს (თუმცა კი მარიამმა საერთოდ არანაირად არ იცოდა კაცი): ”შვილო, - ამბობს იგი, - მეც და შენი მამაც შეწუხებულები გეძებდით შენ” (ლუკა 2,48).

------------------------------------------------------------------------------------

 

[1] - ამ ფრაგმენტის სრული სათაურია: ”იერუსალიმის უწმინდესი მთავარეპისკოპოსის, სოფრონის ენკომიიდან წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა და მახარებლისადმი, რომლის დასაწყისია: ”იოანე - ძე ქუხილისა, რომელმაც დაიქუხა: დასაბამში იყო სიტყვა” (იხ. PG. 87. col. 3364).

[2] - როგორც ვხედავთ, ამ წყაროში სალომეს დებად (და, შესაბამისად, იოსების ასულებად) წოდებულია არა ესთერი და თამარი, არამედ მარიამი და ანა.

[3] - იგულისხმება, რომ იოსების შვილებს მხოლოდ სახელად ეწოდებათ ქრისტეს ანუ ღვთის და-ძმები და არა პირდაპირი მნიშვნელობით, არა მართლაც სისხლისმიერი და-ძმობის აზრით, თუმცა მხოლოდ სახელდებაც კი ღვთის და-ძმებად დიდი ღირსებაა.

[4] - ე.ი. ქრისტეს მამად.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო

ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი ”გული გონიერი”, საშობაო გამოცემა, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:21)