Georgian (Georgia)English (United Kingdom)
შეკითხვა 126-ე:
როდის მოინათლნენ მოციქულები და ვის მიერ?[1]

ვხედავთ, რომ მოციქულებმა მიიღეს იოანეს ნათლისღება ქრისტეს ვნებამდე, ხოლო მაცხოვარს ვიდრე ვნებამდე არ მიუცია სხვა ნათლობა, რათა არ დაერღვია მას იოანეს ქადაგება და არ მიეცა საბაბი მოქიშპე იუდეველებისათვის, რომ თითქოს მან იოანე ნათლისმცემლის დასაგმობად თავისი ნათლობა შემოიტანა. მართლაც, მაცხოვარი სრულყოფს დანაკლისს და ნათლავს არა წყლით, არამედ სულით, როგორც თვითვე ამბობს: ”თქვენ მოინათლებით სულიწმინდით არამრავალი დღის შემდეგ” (საქმე 2,5), ცხადია, იგულისხმება ათი დღე. ამრიგად მოციქულებს ეძლევათ წინასწარგანწესებული ათი დღე რწმენის გამოსაწრთობად, რადგან როდესაც დაცხრა მადლი და არავინ ჩანდა აღთქმულთაგანი, მაშინ გამოიცდებოდა მათი რწმენა, რამეთუ სასოებას მაშინ დაუდგა ჟამი, რომ ურყევობა მოენაყოფებინა.

ამრიგად, სულით ნათლობა იგივეა, რაც სულიწმინდის მიღება. ასე რომ, მოციქულები მონათლულები იყვნენ წყლით[2] ვიდრე ვნებამდე. და იყო ის ემბაზი ცოდვათა მისატევებლად, მაგრამ არა სულიწმინდასთან საზიარებლად. ხოლო ის, რომ იოანემ მონათლა მოციქულები, ამას ააშკარავებს უფალი, როდესაც ფეხთაბანის დროს ეუბნება პეტრეს, რომელიც არ თანხმდებოდა მას: ”განბანილს აღარ აქვს დაბანის საჭიროება, გარდა ფეხებისა” (იოანე 13,10). ამის თქმით უფალმა ცხადყო, რომ იოანესეული ნათლობით განბანილი იყო არა მხოლოდ პეტრე, არამედ - სხვა მოციქულებიც, რადგან იმათაც მხოლოდ ფეხები დაჰბანა მან. ამრიგად, მაცხოვარს არ უარუყვია იოანესგან აღსრულებული ნათლობა სინანულისა და ცოდვათა მიტევებისა, არამედ სრულყო (ἐτελείωσε) მან იგი, შეჰმატა რა ყოვლადწმინდა სულის საბოძვარი.

 

”მოციქულთა ნათლისღების შესახებ”[3]

ზოგიერთები, რომლებსაც უყვართ ჩაძიება, დაეჭვებულნი არიან და ამბობენ: ვისგან მოინათლნენ მოციქულები[4*], და თუ არ მონათლულან, როგორ ნათლავდნენ? კიდევ, ეჭვობენ იმასაც, თუ ვისგან მიიღეს მათ ხელდასხმა, და თუ არ ყოფილან ხელდასხმულნი, ხელდასხმას როგორ ასრულებდნენ? აღძრეს მათ ჩვენი სიმდაბლე, რომ გულმოდგინე ძიებას შევდგომოდით და ვიპოვეთ წმინდა სოფრონის ”ჩანაწერებში” ბევრი რამ ისეთი, რაც ხსენების ღირსია, მათ შორის კი ისიც, რასაც ვეძიებდით, კერძოდ ის, რომ ჩვენმა უფალმა და ღმერთმა იესო ქრისტემ მხოლოდ წმინდა პეტრე მონათლა თავისი ხელით[5*], პეტრემ - ანდრია, ანდრიამ - იაკობი და იოანე, იოანემ და იაკობმა კი - ყველა დანარჩენი მოციქული. სოფრონი ამბობს იმასაც, რომ ყოვლადუხრწნელი დედოფალი ჩვენი, ღვთისმშობელი და ჩვენი ცხოვრების დედა მონათლა პეტრემ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად[6*]. სოფრონი დასძენს, რომ იოანე ღვთისმეტყველი ხორციელად ბიძაშვილი იყო[7] ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესი, რადგან იოსებს, რომელმაც ქალწული ითხოვა, თავისი ყოფითი ცოლისგან[8] ჰყავდა ოთხი ძე: იაკობი, სიმონი, იუდა და იოსე, და სამი ასული: ესთერი, თამარი და, მესამე, სალომე - დედის სეხნია, რომელიც იოსებმა დააქორწინა ზებედეზე და რომელთანაც ზებედემ შვა იაკობი და იოანე ღვთისმეტყველი[9*]. იოანეს სამი დედა ჰყავდა ამქვეყნად: ერთი - სალომე, რომლისგანაც იშვა იგი ხორციელად, მეორე - ქუხილი, რადგან იგი უფლის მიერ ”ქუხილის ძედ” იწოდა (მარკ. 3,17)[10], მესამე კი სულიერად - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან იმ დროს, როდესაც ისინი ჯვართან იდგნენ, უფალმა ასე უთხრა, ერთი მხრივ, იოანე ღვთისმეტყველს: ”აჰა, შენი დედა”, მეორე მხრივ კი - ქალწულს: ”ქალო, აჰა შენი ძე” (იოანე 19.26-27).

---------------------------------------------------------------------------------------

 

[1] - ბერძნული ტექსტისათვის იხ. Patrologiae Cursus Completus, ed. J. Migne, Patrologiae Graecae Tomus 101.720 B-C (ქვემოთ შემოკლებით PG).

[2] - გამოცემაშია: ”სულით და წყლით”, რაც უზუსტობაა.

[3] - აღნიშნული ტექსტი თარგმნილია PG-ის მინისეული გამოცემიდან (ტ. 87, გვ. 3371-3372), სადაც მას სათაურად აქვს: Περὶ τοῦ  βαπτίσματος τῶν 'Αποστόλων. ბერძნულ დედანს ერთვის გამომცემლის კომენტარები, რომლებსაც სრულად წარმოვადგენთ ქვემოთ ამ გვერდის მეოთხე და მომდევნო გვერდის პირველ, მეორე და მეხუთე შენიშვნებში, რომლებსაც ვარსკვლავი აქვთ. დავძენთ, რომ მოციქულთა ნათლობის შესახებ გვაუწყებს, აგრეთვე, წმ. სვიმეონ თესალონიკელიც: ”და თვით მოციქულებიც მოინათლნენ: პეტრე - ქრისტესგან, როგორც ეს მრავალს გადმოუცია, ხოლო ანდრია და იოანე - პეტრესგან, ანდრიას და იოანესგან კი - დანარჩენები. პავლე მოინათლა ანანიასგან, როგორც ეს წერია ”საქმეთა” წიგნში, ხოლო სამარიტელები - ფილიპესაგან და მისგანვე - ევნუქიც, მისულები იყვნენ რა წყალთან, და პავლე კვლავ ნათლავს იმათაც, რომლებსაც თავდაპირველად მხოლოდ იოანეს ნათლისცემა ჰქონდათ მიღებული” (ერესების წინააღმდეგ, PG. 155, col. 72 C).

[4*] - მოციქულთა ნათლისღებასთან დაკავშირებული ამგვარი დაეჭვების შესახებ იხ. ტერტულიანეს წიგნი ”ნათლისღების შესახებ” და ავგუსტინეს 108-ე ეპისტოლე.

[5*] - ის, რომ ქრისტემ თავისი თორმეტი მოციქულიდან მხოლოდ წმინდა პეტრე მონათლა საკუთარი ხელით, თქმულია, აგრეთვე, ნიკიფორე კალისტეს ”საეკლესიო ისტორიაში” (წიგნი II, თავი 3), სადაც ეს ცნობა მოტანილია წმინდა მოციქულთა მოწაფის, ევოდიუსის ეპისტოლიდან, სახელწოდებით ”ფოს” ანუ ”სინათლე”, თუმცა იქ, მცირე განსხვავებით სოფრონის ზემორე ფრაგმენტისგან, დამატებულია, რომ წმინდა პეტრემ შემდეგში მონათლა ყველა დანარჩენი მოციქული. იხილე აგრეთვე იპოლიტე თებანისა და ბარონის ქრონოლოგიური ფრაგმენტი: annal. eccles tom. I, an. 31, num. 40.

[6*] - ის, რომ უნეტარესი ქალწული ღვთისმშობელი მოციქულთა თავის, წმინდა პეტრეს და, ამავე დროს, წმინდა იოანე მახარებლის მიერ მოინათლა, თქმულია აგრეთვე იპოლიტეს ზემოხსენებულ ქრონოლოგიურ ფრაგმენტში.

[7] - ბერძნ. ἀνεψιὸς ἦν (შდრ. ლათ.: fuerit consobrinus).

[8] - ἐκ τῆς βιωτικῆς αὐτοῦ γυναικός (შდრ. ლათ.: ex vera uxore sua).

[9*] - ესაა ერთადერთი ადგილი იმის შესახებ, რომ წმინდა იოსებს ჰყავდა სამი ასული: ესთერი, თამარი და სალომე. იპოლიტეს ფრაგმენტის ზემოხსენებულ ციტატაში ნიკიფორესთან, სამბუკუმთან და კანისიუმთან, აგრეთვე, კესარიული ხელნაწერის კოდექსში, იოსებს განეკუთვნება მხოლოდ ორი ასული: ესთერი, ცხადია, და თამარი.

[10] - ამის შემდეგი ნაწილი, რაც აბოლოებს ტექსტს, ბერძნულ დედანში ნაწილობრივ დაზიანებულია, რაც გასწორებულია ლათინურში.

 

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო

ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი ”გული გონიერი”, საშობაო გამოცემა, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:21)