Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წმინდა დღესასწაულის ერთ-ერთი შემავსებელი ნაწილი ისიც არის, რომ ვიცოდეთ ცოდვილთა სჯულიერი და კანონებრივი განგება, რითაც განვკურნავთ მათ ყოველ სულიერ სნეულებას, რა ცოდვითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული. ყველა დაბადებულისათვის საერთოა აღდგომის დღესასწაული, რომელიც წელიწადის თითოეული დაწესებული მოქცევის დროს სრულდება ყოველ წელს დაცემული ბუნების აღდგომის გამო. დაცემა არის ცოდვა, ხოლო აღდგომა - ცოდვილის აღდგენა. ასე რომ, კარგია ამ დღეს საბანელის მადლით არა მხოლოდ მეორედ შობის მიერ განახლებულთა გაცოცხლება, არამედ სიანულით და მკვდარი საქმეებისთვის ზურგის შექცევით მობრუნებულების ცხოვნების გზაზე წარმართვა საცხოვენებლი იმედისაკენ, რომლისაგანაც ცოდვის გამო იყვნენ გაუცხოებულნი. პატარა საქმე არ არის მონანულთა შესახებ მოხმობილი სიტყვების სამართლიანად, გამოცდილი მსჯავრითა და დაკვირვებით განგება წინასწარმეტყველის მცნებისამებრ, რომელიც ლაპარაკობს სასამართლოზე მართლის სიტყვების სიმტკიცის შესახებ და ამბობს: ”მართლის სიტყვა არ შეირყევა უკუნისამდე და საუკუნო სახსენებლად იყოს მართალი” (ფსალმ. 111, 5-6).

ხორცის კურნების დროს მკურნალობის მიზანი ერთია - სნეულს მიანიჭოს ჯანმრთელობა, ხოლო საშუალება მიზნის მისაღწევად - მრავალნაირი: სნეულების რაობის მიხედვით თითოეულ უძლურებას შესაფერისი მკურნალობის ხელოვნება მიესადაგება. ასევე მრავალნაირია სულის სნეულებაც ვნებათა სხვადასხვაგვარობის გამო. ამიტომ საჭიროა, მრავალნაირი იყოს მისი მკურნალობის გზებიც, რითაც თითოეული ვნების შესაფერისი საკურნებელი საშუალება მოიძებნება. ამიტომ, როგორც საჭირო იქნება მოქცევა ამ შემთხვევაში, ისე უნდა მოიძებნოს შესაფერისი სიტყვა.

ჩვენი სულის ხილული ნაწილი სამია თავდაპირველი დაყოფისამებრ: ძალა სიტყვიერი (გონიერი), ძალა გულისთქმისა (სურვილისა) და ძალა გულისწყრომისა (გაღიზიანებისა, გაბრაზებისა). აქ არის სათნო მოღვაწეობის წარმართვის საშუალებაც და სიბოროტისაკენ მიდრეკილთა დაცემაც. ამიტომ, ვინც შესაფერისი წამალი უნდა დაადოს სულის დასნეულებულ ნაწილს, მას ჰმართებს პირველად იმის გარკვევა, რომელ ნაწილში მიიღო ვნებამ გამოკვეთილი სახე და შემდეგ ვნებულისათვის შესატყვისი წამლის მომზადება, რათა მკურნალის ხელოვნების არცოდნის გამო სულის დაზიანებული ნაწილის ნაცვლად არ უმკურნალოს სხვა ნაწილს. ამას ხშირად ვხედავთ ხოლმე - მრავალი მკურნალი თავისი მკურნალობით უფრო აძლიერებს სენს, რადგან არ იცის, რომელია დასნეულებული ნაწილი. ზოგჯერ სნეულება არის ზედმეტი მხურვალებისაგან, ან პირიქით - ზედმეტი სიგრილისაგან. თითოეული მათგანის მკურნალობა საჭიროა მისივე საწინააღმდეგოთი. ვინც იხმარს იმავე ბუნების ძალას რომელიმე მათგანზე და უზომო მხურვალებით დამწვარს, გამოუცდელობის გამო, მხურვალებითვე დაუწყებს მკურნალობას, ძნელად განსაკურნებელ ვნებას მიაყენებს.

როგორც მკურნალისათვის ითვლება საჭიროდ გაგება სენის რაობისა, რათა თითოეული კარგადმყოფისათვის ან ავადმყოფისათვის მომარჯვებულ იქნეს საწინააღმდეგო წამალი, რომლის ბუნება სენს წინ აღუდგება, ასევე ჩვენც მხედველობაში უნდა მივიღოთ სულის დაყოფის ზემოთ მითითებული სახეები და შესაფერისი მკურნალობის დასაწყისად და საყრდენად მივიღოთ საერთო და შესაბამისი თვალთახედვა.

როგორც ვთქვით, სულის ძალების მოძრაობა სამ სახედ იყოფა: სიტყვიერად (გონებრივად), გულისთქმად (სურვილად, წადილად) და გულისწყრომად (გაღიზიანებად, სიფიცხედ, გაჯავრებად). სულის სიტყვიერი (გონებრივი) ძალის მოძრაობის სწორი წარმართვა არის კეთილმსახური აღქმა ღმრთისა, და კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხელოვნება, საგანთა ნათლად და გარკვევით აღქმა და შეთვისება, ცოდნა იმისა, თუ რა არის ამოსარჩევი არსთა შორის, ან რა არის შესაძაგებელი და თავიდან მოსაშორებელი. და პირიქით, სულის ამ ნაწილში არის ბოროტებაც იმ შემთხვევაში, თუ ღმრთის არაკეთილად მსახურია და საქმისა და საგანთა ბუნების აღქმა, გამრჩევი ჭეშმარიტად კეთილისა და მცდარისა, აღრეული აქვს იმ ზომამდე, რომ ”ნათელს ბნელად თვლის და ბნელს - ნათლად” (ესაია 5,20), როგორც ამბობს საღმრთო წერილი.

გულისთქმის ძალის კეთილი და სათნო მოძრაობა არის მთელი სურვილის მიპყრობა ნამდვილად სასურველისა და ჭეშმარიტად კეთილისაკენ. და რაც ჩვენში ტრფიალებისა და წადილის ძალაა, მისი თავმოყრა სულში მთლიანად იმის რწმენით, რომ არაფერია სხვა უფრო სასურველი მისი ბუნებისათვის, ვიდრე სათნოება და სათნოების წარმომშობი ბუნება. ხოლო შეცვლა და ცოდვა სულის ამ ნაწილისა ის არის, როცა ვინმე შეცვლის თავის გულისთქმას უსხეულო ფუჭი დიდებისა ან ხორცის გარედან ცხებული მშვენიერების მიმართ, საიდანაც მოდის ქონების სიყვარული, გემოთმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა და ყველაფერი ამის მსგავსი, რაც მოჰყვება ბოროტების მონათესავე საქმეებს.

გულისწყრომის ნაწილის კეთილად წარმართვა სულში არის ბოროტების წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლა და სულის გამოწრთობა სიმხნესა და მამაცობაში, რომ არ ეშინოდეს იმისი, რაც მრავალს საშინელი ჰგონია, და სისხლამდე შეებრძოლოს ცოდვას, არაფრად ჩააგდოს სიკვდილის მუქარა, სატკივარი, სატანჯველი, განშორდეს დამატკბობელსა და ყველაფერს, რაც მას თან ახლავს ჩვეულებით ან გემოთმოყვარეობით (ამით მრავალი არის შეპყრობილი) და რაც ეწინააღმდეგება სარწმუნოებასა და სათნოებას.

სულის ამ ნაწილის დაცემა ის არის, რაც ყველასათვის ცხადია: შური, სიძულვილი, ავსიტყვაობა, განკითხვა, ერთმანეთს შორის ბრძოლა, შფოთი, ბოროტების მიმგებელი ფიქრი და განზრახვა, დიდხანს გაგრძელებული ავის გულში ჩამარხვა და ბევრის მკვლელობად და მოსისხლეობად აღძრვა. გამოუწრთობელი გულისსიტყვა ვერ მიხვდა, სად მოეხმარა იარაღი, თავისკენ მოაბრუნა მისი მახვილი პირი და ღმრთის მიერ ჩვენთვის შურისსაძიებლად მოცემული იარაღი ბოროტად მომხმარებლისთვის მისივე დამღუპველი გახდა.

1. ზემოთ ნათქვამისამებრ, სულის სიტყვიერი ანუ გონიერი ნაწილის მიერ ჩადენილი ცოდვა მამათაგან მიჩნეულია ყველაზე უფრო მძიმედ და უმაღლესი, უსასტიკესი და ხანგრძლივი სასჯელის ღირსად. მაგალითად, თუ ვინმე ქრისტეს სარწმუნოებას უარყოფს და ებრაულ სარწმუნოებას, კერპთმსახურებას, მანიქეველობას ან სხვა ამათ მსგავს უღმერთოებასა და ბოროტებას შეუერთდება თავისი სურვილით და საკუთარი ნებით, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ შერცხვება და მოინანიებს, სინანულის დროდ ჰქონდეს მთელი მისი სიცოცხლე. იგი არასოდეს იქნება ღირსი, საიდუმლო ლოცვის დროს ერთან ერთად თაყვანი სცეს ღმერთს, არამედ უნდა ილოცოს მარტომ, ხოლო სიწმინდის ზიარება მისთვის საერთოდ აკრძალულია. მხოლოდ სიკვდილის წინ უნდა გახდეს ღირსი სიწმინდის ზიარებისა. თუ უიმედობის მიუხედავად, მაინც მოხდეს ისე, რომ არ მოკვდეს და დაუბრუნდეს სიცოცხლეს, ისევ იმავე სასჯელით იცხოვროს და იყოს უზიარებელი სიწმინდის საიდუმლოთაგან, სანამ არ დაუდგება ბოლო წუთები.

რაც შეეხება სატანჯველითა და ცემით საშინლად წამებულებს, ისინი განსაზღვრული დროით უნდა იქნენ განკანონებული წმინდა მამებისაგან კაცთმოყვარეობით, რადგან სულისაგან კი არ შეემთხვათ დაცემა, არამედ ხორციელი უძლურებისაგან: მათ ვერ გაუძლეს და სიმხნით წინ ვერ აღუდგნენ ტანჯვას. იძულებითა და უნებლიეთ სჯულის მოღალატემ მოქცევის შემდეგ უნდა შეასრულოს ის კანონი, რომელიც სიძვისაგან დაცემულისათვის განკუთვნილ სასჯელს ითვალისიწინებს.

2. ვინც მივიდეს გრძნეულებთან, ან მისნებთან, ან ვინმესთან, ვინც აღუთქვამს რაიმე საეშმაკო განწმენდას ან მისნობით ვნებისაგან დაცვას, საჭიროა გამოძიება და დაწვრილებით გამოკითხვა: ქრისტეს სარწმუნოებაში ყოფნის დროს გაჭირვების გამო ჩაიდინეს ეს ცოდვა და გამოუთქმელმა უბედურებამ მისცა მიზეზი, ასეთი საქმისთვის მიეყოთ ხელი, თუ სულ მთლად შეურაცხყვეს ჩვენი სარწმუნოება და ეშმაკი გაიხადეს თანამებრძოლად? თუ სარწმუნოების უარყოფით და ქრისტიანთა მიერ თაყვანისცემული ღმერთის ურწმუნოებით ჩაიდინეს ეს, ცხადია, უარისმყოფელთა სასჯელით დაისჯებიან, ხოლო თუ აუტანელი გაჭირვების გამო სძლია სულმოკლეობამ, ამ ვნებაში ჩაცვივდნენ და რაღაც იმედისაგან შეცდენილნი ჩამოშორდნენ სწორ გზას და დაბრკოლდნენ, ასევე კაცთმოყვარული დადგენილება უნდა მივუყენოთ მათ, როგორც ზემოთ ითქვა იმათ შესახებ, რომლებმაც სარწმუნოების აღსარების დროს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ტანჯვას.

3. გულისთქმისა და ვნებათადმი დამონების გამო ჩადენილი ცოდვა შემდეგნაირადაა დაყოფილი: ზოგს სახელად მრუშობა ჰქვია, ზოგს - სიძვა.

ზოგიერთები ზედმიწევნითი გამოძიების სურვილით მრუშობას არქმევდნენ სიძვად წოდებულ ცოდვას. მხოლოდ ერთია სჯულიერი მეუღლეობა ცოლისა ქმრის მიმართ და ქმრისა ცოლის მიმართ, და ყველაფერი, რაც არ არის სჯულიერი, ის უეჭველად არის უსჯულო (უკანონო). რაც თავისი, საკუთარი არ არის, ცხადია, ის სხვისია, რადგან მამაკაცს ერთი მისცა ღმერთმა დამხმარე (თანაშემწე) და დედაკაცს - ერთი მისცა თავი (მამაკაცსის სახით). ვინც თავის ჭურჭელს თვითონ იხმარს, როგორც ამბობს მოციქული (I თესალ. 4,4), მას შეუნდობს სჯული ბუნებრივ, სამართლიან გამოყენებას. ხოლო ვინც საკუთარს არ მიმართავს (გამოიყენებს), ის უცხოსთან მივა უეჭველად. უცხო კი თითოეულისათვის არის ყველა, ვინც არ არის მისი, თუ მას აღიარებულად არ ჰყავს ის სხვა, ვისადაც იწოდება. ამიტომ ამ საქმის მკაცრად გამომძიებელნი და სწორხაზოვნად მომსაზრებელნი დიდად არ აშორებენ ერთმანეთს სიძვისა და მრუშობის ბრალს, რასაც ადასტურებს საღმრთო წერილი, რომელიც ამბობს: ”ნუ მოგწონს ფრიად სხვისი” (იგავ. 5,20). მაგრამ რადგან უუძლურესთა მიმართ მამებმა რამდენადმე გამოიჩინეს შემწყნარებლობა, ეს ცოდვა გაიყო საერთოდ და ზოგადად ასე: სიძვა ეწოდება თავისი ვნების დაკმაყოფილებას ძალადობისა და ვისიმე განაწყენების გარეშე. მრუშობა ეწოდება ძალადობით და მიხვეჭით სხვათა კავშირის დარღვევას. ამასვე ეკუთვნის  ცხოველებთან და ყრმებთან ცოდვიანი კავშირიც, რომელიც არის კაცობრივი ბუნების წინაშე ჩადენილი  მრუშობა, რადგან ეს ბუნებისათვის უცხო და მის წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლო და უწესო ვნებაა. ამ ცოდვის ასეთი დაყოფის მიუხედავად, მისი საერთო კურნება არის ის, რომ ასეთი ვნებული სურვილისაგან და მასთან მიმყვანი გემოვნებისაგან უნდა განიწმინდოს კაცმა თავი მოქცევით. სიძვით დაცემულის ცოდვა არ არის გათანაბრებული ძალადობით მიმხვეჭელის ცოდვასთან. ამიტომ მრუშობის ჩამდენის მოქცევისა და სინანულის ჟამი ორმაგადაა დადგენილი. ვინც სხვა ბუნების აღრევით ბოროტად დაეცემა, ე.ი. ვინც ცხოველებს გახრწნის და ყრმებს აღერევა, ასეთთა ცოდვაც ორმაგია, ერთი - უწესო ვნებით დატკბობა და მეორე - უცხოზე ძალდატანება. ვინც ვნებათადმი დამონების ცოდვას სჩადის, მათი მონანიების სახე სხვადასხვაგვარია. ვინც თვითონ აღიარებს ცოდვას და თავისი ნებით მოიწადინებს, გაამხილოს თავისი დაფარული საქმეები, როგორც თავისი ვნების მკურნალობის დამწყები და უკეთესისკენ თავისი შეცვლის ნიშნების მაჩვენებელი, დაექვემდებარება უფრო კაცთმოყვარე სასჯელს. ხოლო ვინც ასეთი ცოდვის მოქმედად აღმოჩნდება, და ან ეჭვით, ან ვინმეს დასმენით უნებურად მხილებული იქნება, უფრო ხანგრძლივ და მკაცრ განკანონებას დაექვემდებარება. როცა შეუმცდარი ძიების შედეგად გამოიკვლევენ მისი განწმენდის ამბავს, მხოლოდ მაშინ შეიწყნარებენ სიწმინდეთა ზიარებაზე.

კანონი მათ ასე სჯის: სიძვით შეგინებული სამი წლის განმავლობაში სრულიად გაძევებულ უნდა იქნეს მორწმუნეთა ლოცვიდან. შემდეგ სამ წელიწადს მხოლოდ მსმენელებთან ერთად უნდა იყოს, კიდევ სამ წელიწადს შევრდომილებთან (მუხლმოყრით მლოცველებთან) ერთად ილოცოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გახდეს ღირსი სიწმინდეთა ზიარებისა. თუ ვინმე მეტ მოსწრაფებას გამოიჩენს მოქცევისადმი და ცხოვრებით აჩვენებს კეთილისაკენ მობრუნებას, მართებს იმას, ვისაც ევალება სინანულის დროის დაწესება (საეკლესიო განგებისთვისაც უმჯობესი იქნება ეს), მათთვის მსმენელობის დროის შემოკლება და მალე შეყვანა შევრდომით (მუხლმოდრეკით) მლოცველებთან, შემდეგ ამ დროის შემოკლებაც და მალე მიცემა ზიარებისა. აგრეთვე კარგად უნდა გაირკვეს, განიკითხოს და განისაჯოს განკურნებულის მოღვაწეობა და ცხოვრება, რადგან როგორც ღორებისთვის არ შეიძლება მარგალიტის მიყრა, ასევე მას, ვინც სიწმინდით და ვნებისაგან განთავისუფლებით კაცობის პატივს მიაღწევს, არ იქნება წესი, რომ დავაკლოთ პატიოსანი მარგალიტი.

ხოლო მრუშობა და სხვა სახის არაწმინდება, როგორც თავიდან ითქვა, მთლიანად ისეთივე მსჯავრით უნდა განიკურნოს, როგორითაც სიძვის ვნება, ოღონდ დრო უნდა იყოს გაორკეცებული. აქაც საჭიროა, გამოვიძიოთ და განვიხილოთ გულმოდგინება განკურნებულისა, როგორც ეს სიძვით შეგინებულთა შესახებ ითქვა. მათ შესახებ ნათქვამია, როდის შეიძლება მათი ზიარება სწრაფად და როდის უნდა გაგრძელდეს დიდხანს მათთვის უზიარებლობის ჟამი.

4. დარჩა განსახილველი გულისწყრომისეული ნაწილი სულიერი ძალისა, როცა კეთილი გულისწყრომის იარაღი გამრუდდება და ცოდვისაკენ წავა. ბევრია გულისწყრომის ცოდვიანი ქმედება და ყველა ბოროტია. ჩვენმა წმინდა მამებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს ყველაფერზე დაწვრილებით ლაპარაკი და არც დიდი სწრაფვის ღირსად ჩათვალეს ყველა გულისწყრომითი ცოდვის კურნება. წერილი არა მარტო აღძვრას და პირველი ჭრილობის მიყენებას კრძალავს, არამედ ყველა ძვირის თქმას და მოყვასის გინებას და სხვას, რასაც წარმოქმნის გულისწყრომა. [მამებმა] მხოლოდ კაცისკვლისა და მოსისხლეობის ვნება დააცხრეს განკანონებით. ეს ბოროტება განიყოფა განზრახ და უნებლიე მკვლელობით. ამათ შორის განზრახ მკვლელობა არის თავიდან, წინასწარი მომზადების შემდეგ გაბედვა და შესრულება განზრახვისა, ე.ი. როდესაც ამ საქმისთვის წინასწარ მოემზადება ვინმე და წინასწარ მოიფიქრებს, როგორ შეასრულოს ბოროტება. ამის გარდა, განზრახ მკვლელობად ითვლება ისიც, როცა დავის ან ჩხუბის და ცემის დროს მიაყენებს ვინმე ჭრილობას მოწინააღმდეგეს ხელის სახიფათო ადგილას დარტყმით. ვინც ერთხელ მისცემს თავს გულისწყრომითა და მრისხანებით აღძვრის ნებას, მას არ შეუძლია გონებაში ისეთი რამ დაიტოვოს, რაც ამ ბოროტებისაგან შეაკავებს, ამიტომ სადავო საქმისა და შფოთის შედეგად ჩადენილი მკვლელობა ნებით არჩეულ საქმედ ითვლება და არა უნებლიე შემთხვევად.

უნებლიე კაცისკვლას კი ცხადი ნიშნები აქვს, როდესაც ვინმე სხვა რაიმეს ესწრაფვის, ვერ მიაღწევს, და ჩაიდენს რაიმეს უჯეროს. განზრახ კაცისმკვლელის დანაშაულის მონანიების დრო სამად განიყოფა მათთვის, ვისაც სურს განკურნება. ამისთვის გამოყოფილია სამჯერ ცხრა წელიწადი, რომ სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა-ცხრა წელი დაყონ. პირველი ცხრა წელიწადი არის ჟამი სრული განშორებისა და ეკლესიიდან განდევნისა. ამდენივე შემდეგი წელი მსმენელთა შორის უნდა იყვნენ, უსმენდნენ მოძღვარს, საღმრთო წიგნის კითხვას და მორწმუნეებთან ერთად დგომის ღირსნი ხდებიან. მესამე ცხრაწლეული შევრდომით უნდა მოინანიონ მლოცველებთან ერთად და ამის შემდეგ გახდებიან სიწმინდეთა ზიარების ღირსნი. მხოლოდ, ცხადია, რომ ასეთებზე იგივე წესი უნდა დაიცვას ეკლესიის განმგებელმა და მათი სინანულის რაგვარობისა და ქცევის მიხედვით უნდა შეამოკლოს განკანონების დრო, რომლის მიხედვით სინანულის თითოეულ საფეხურზე ცხრა წლის ნაცვლად შეიძლება დატოვოს რვა, შვიდი, ექვსი ან ხუთი წელი, რადგან გულმოდგინეობა მოსწრაფებით ქცევისა დასძლევს დროს და გულმხურვალე წადილი მათი, რომლებიც უმკაცრესად განიწმენდენ და გაიმართლებენ თავს, სძლევს და აღემატება დროის სიგრძეს.

უნებლიე კაცისკვლა ითვლება თანაგრძნობისა და არავითარ შემთხვევაში ქების ღირსად. ამის თქმით მსურს, ცხადი გახდეს ის, რომ თუ უნებლიეთ ვისმე მოუხდა მკვლელობის ბიწიერებასთან შეხება, მას, როგორც შეგინებულს ცოდვის ჭუჭყით, სამღვდელო მადლისაგან განდევნილად წარმოაჩენს საღმრთო კანონი და, რამდენი დროც მარტივი სიძვით დაცემულებს სჭირდებათ განსაწმენდად, იმდენივე დრო არის განჩინებული უნებლიეთ კაცისმკვლელთათვის კეთილად აღიარებული მსჯავრით. ცხადია, აქაც ყურადსაღებია მონანულის მოსწრაფება, და თუ შეწყნარების ღირსი აღმოჩნდება მისი სინანული და მოქცევა, არ არის საჭირო ბოლომდე დაცვა წლების რაოდენობისა, არამედ უფრო ადრეა საჭირო მისი შეყვანა ეკლესიაში და კეთილთან ზიარება.

5. ხოლო თუ ვინმე კანონის მიერ დაწესებული სასჯელის ვადის გასვლამდე დატოვებს ცხოვრებას, მამათა კაცთმოყვარეობა ბრძანებს, რათა სიწმიდეს აზიარონ და უკანასკნელ გრძელ გზაზე ნუ გაუშვებენ უსაგზლოდ. ხოლო თუ სიწმინდეთა ზიარების შემდეგ ისევ ცოცხალი გადარჩება, დაყოს მან დადგენილი დრო სინანულის იმავე საფეხურზე, რომელზეც იყო, სანამ შემთხვეული გაჭირვების გამო აზიარებდნენ.

6. კერპთმსახურების ნაირსახეობა, როგორც უწოდებს საღმრთო მოციქული ანგარებას, არ ვიცი, თუ როგორ დატოვეს უკურნებლად მამებმა. ამ ბოროტებას მესამე ადგილი დაუპყრია სულში ცნობილ ვნებათა შორის, რადგან გონება (ფიქრი) სიკეთეზე განსჯის უნარს დაკარგავს რა, მას ჰგონია, რომ სიკეთეს აქვს ნივთიერი სახე, ვერ ხედავს არანივთიერ სიკეთეს და ამქვეყნიურისკენ წარმართავს სულის გულისთქმისმიერ ძალას ჭეშმარიტად სასურველის მიტოვებით. მრავალ ცოდვას იღებს  თავზე ასეთი შეცოდებით ატეხილი შფოთისა და გულისწყრომის ვნება. უფრო ცხადად ვიტყვი, ყოველნაირად ეთანხმება ეს სენი მოციქულისეულ ანგარების განსაზღვრებას, რადგან საღმრთო მოციქულმა არა მარტო კერპთმსახურება, არამედ ყოველივე ბოროტების ძირი უწოდა მას (შდრ. I ტიმ. 6,10). და თუ ამოდენა და ასეთი არის მისი სიბოროტის სახე, ასე უყურადღებოდ და უგულებელყოფილად არ დაიტოვება მისი განკურნების ვითარება. ამ უყურადღებობის გამო იგი ეკლესიის სენად იქცა, რადგან სამღვდელო დასის წევრად მოსაყვანი არც ერთი პირი არ შეისწავლება, იყო თუ არა ოდესმე შეგინებული ნივთთა ასეთი კერპთმსახურებით. იმის გამო, რომ ეს საკითხი არ არის მოხსენიებული ჩვენი მამების მიერ, საკმაოდ მივიჩნევთ საერო სწავლისა და მოძღვრების სიტყვას, რომ, თუ სურს განკურნება, როგორც მთელი სხეულის მომცველი ვნება, სიტყვით განიწმინდოს ანგარების სენი. და მოვიხსენიებთ მხოლოდ პარვას, საფლავთა ძარცვას და სიწმინდეთა და ეკლესიის მკრეხელობას, რადგან ამათზე მიგვითითებს მამათა მიერ გამოტანილი დადგენილებებიც. საღმრთო წერილის მიერ უარყოფილია ქონების სიყვარული, ვახში, აღნადგინები, ძალადობით თავის ქონებაზე სხვისის დამატება, თუნდაც ამას ვაჭრობის, შეთანხმების სახე ჰქონდეს.

რადგან ჩემი თავი არ მიმაჩნია უფლებამოსილად, კანონი დავადგინო, ამიტომ კანონებრივ მსჯავრს დავიმოწმებ ასეთი განსაგდებელი და უარსაყოფი საქმეებისათვის. ქურდობა იყოფა ავაზაკობად და სისხლის საძირკვლის გათხრად. ორივე ქმედების მიზანი ერთია: სხვისი ქონების მიხვეჭა. მაგრამ დიდია მათ შორის ზღვარი, თუ რას აირჩევს თავისი ნებით ამ საქმის აღსასრულებლად. ავაზაკი მკვლელობასაც არ დაერიდება, რომ თავისი მისწრაფება შეასრულოს. იგი თავიდანვე შეიარაღებულია ამ საქმისთვის, მომზადებულია, იარაღსაც იხმარს, თანამოქმედთაც დაიხმარებს და ადგილმდებარეობასაც მოიმარჯვებს, რის გამოც ასეთს კაცისკვლის ბრალი ედება, თუ მოინანიებს და თავის თავს ეკლესიას მოჰგვრის.

ხოლო ვინც ფარულად მიიხვეჭს სხვის ქონებას და ამის შემდეგ თავს გაამხელს ცოდვის აღიარების დროს მღვდლის წინაშე, მონდომებით აღუდგება წინ ვნებას და განკურნავს დაავადებას, ასეთმა თავისი ქონება უნდა გაუყოს გლახაკებს, რომ იმისი დაფანტვით, რაც აქვს, ცხადად გამოჩნდეს მისი განწმენდა ანგარების სენისაგან. თუ არაფერი ჰქონდეს, გარდა სხეულისა, მოციქული უბრძანებს, რომ ხორციელი შრომით უნდა განკურნოს მისი ვნება. მოციქული გვეუბნება: ”მპარავი ნუღარ იპარავს, არამედ მეტი იშრომოს და ქნას სიკეთე, რომ ჰქონდეს მისაცემელი მისთვის, ვისაც სჭირდება” (ეფეს. 4,28).

7. საფლავის მძარცველობა განიყოფება შესანდობლად და შეუნდობლად. თუ ვინმე ცხედარს მოერიდოს, დამარხული სხეული ხელუხლებლად დატოვოს და დამარხოს ისევ, რომ მზემ არ ნახოს ბუნების უშვერება, და იმ საფლავის ახლოს არსებული ქვებით ააშენოს რაიმე ნაგებობა, თუმცა საქებელი არც ეს არის, მაგრამ ჩვეულებას ეს მიუჩნევია შესანდობლად, თუ რაიმე პატიოსანი და საზოგადოდ სასარგებლო საქმისათვის იქნება გამოყენებული ის ნივთები. ხოლო გაჩხრეკა, მტვრად და მიწადქცეული ხორცისა და ძვლების აქეთ-იქით მიმოყრა იმ იმედით, რომ შეიძენენ მასთან ერთად დამარხულ სამკაულებს, უნდა დაისაჯოს იმ კანონის მიხედვით, რომლითაც განაკანონებენ მარტივ სიძვას და არა მრუშობას, ხოლო თუ რა განსხვავებაა სიძვასა და მრუშობას შორის, ზემოთ ითქვა. ცხადია, მონანიება უნდა ხდებოდეს იმ პირის ზედამხედველობით, ვისაც ხელეწიფება სასჯელის დადება. მან მონანულის ცხოვრების მიხედვით უნდა განსაჯოს ვნებისაგან განკურნების შედეგები და შესაბამისად შეამოკლოს კანონის მიერ განსაზღვრული სასჯელის დრო.

8. სიწმინდეთა მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება ძველი აღთქმის წიგნთა მიხედვით ღირსია არანაკლები სასჯელისა, ვიდრე მკვლელობა, რადგან კაცისმკვლელიცა და ღმრთისთვის შეწირული ქონების მომხვეჭელიც ჩაქოლვით ისჯება (შდრ. ისუ ნავესი 7,22-23). არ ვიცი, საეკლესიო ჩვეულებამ დაუშვა თუ არა რაიმე შეღავათი ან შერბილება სასჯელისა, რომ ეს სენი განიკურნოს უფრო ადვილი სასჯელით. მამათაგან გადმოცემით მიღებული სჯულის მიხედვით, ასეთი დანაშაულის ჩამდენთა განკანონება შემოიფარგლება მრუშობისათვის დაწესებულ სასჯელზე ნაკლები დროით.

ცოდვის მოქმედების ყველა სახის განხილვის დროს, პირველ ყოვლისა, საჭიროა, გაირკვეს, თუ როგორია განკურნებადის გულმოდგინება. არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისათვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს, და ისწრაფვის, განიკურნოს თავი. ეს ყოველი, ჰოი ღმრთის კაცო, დიდი სისწრაფით, სახელდახელოდ დაწერილი, სასწრაფოდ გამოგიგზავნე, რადგან საჭიროა, ყური დავუგდოთ ძმების ბრძანებას. შენ კი ნუ დააყოვნებ ღმრთისადმი ჩვენთვის ჩვეულებრივ ლოცვის შეწირვას, რადგან, როგორც ერთგულ ძეს, გმართებს, რომ ლოცვით ემსახურო შენი საღმრთო მშობლის სიბერეს იმ მცნებისამებრ, რომელიც ბრძანებს მშობელთა პატივისცემას, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე (გამოსლვ. 20, 12). მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ. თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი.

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:02)