Georgian (Georgia)English (United Kingdom)
(აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

[16]"დიდი სჯულისკანონის" ძველ ქართულ ხელნაწერებში (A 76, K 17, H 1670) დაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: "კანონი სამეოცდამეცხრე წმიდათა მოციქულთა ოთხშაბათ-პარასკევთათჱს” (გამოცემულია კ. კეკელიძის მიერ. იხ. ”ეტიუდები”, IX, თბ. 1963, გვ. 84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე, სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითითებულია ისიც, თუ როდის არის ეს დღეები (ოთხშაბათ-პარასკევი) ხსნილი ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV ს-ის საღვთო მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:

”პირველსა კრებასა შინა დიდისა ათანასისგან დადებულისა განწესებისაგან, რომელი ვპოვე ფრიად ძუელსა შინა მრგუალსა ეტრატისა წიგნსა” (გვ. 88).

აი, ამ უძველესი დოკუმენტიდან მოტანილ ვრცელ ციტატაში (გვ. 88-90) სრულიად გარკვევით არის მოცემული უწყება იმის შესახებ, რომ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა სავალდებულოა მთელი წლისთვის, გარდა (”თჳნიერ”) ”ერგასისისა” და გარდა ”წმიდათა ღმრთისგამოცხადებათაჲსა”. ბოლო დასახელება (”ღმრთისგამოცხადებანი”) კალკია ბერძნული ტერმინისა Θεοφάνεια , რაც აღნიშნავს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს, ხოლო ”ერგასისი” (ანუ ორმოცდაათეული) წარმოადგენს ზუსტ თარგმანს ბერძნული ტერმინისა: Πεντηκοστή, რაც აღნიშნავს ორმოცდაათდღიან პერიოდს აღდგომიდან სულთმოფენობამდე და თვით სუფლთმოფენობის დღესასწაულს. სწორედ ამ პერიოდს განაჩინებს ხსნილად ზემოხსენებული დოკუმენტი, როდესაც ხაზგასმით გვაუწყებს:

”ნუ გარდაჰჴდები მარხვასა უფლისასა, ესე იგი არს, ოთხშაბათსა და პარასკევსა, არათუ სენითა რაჲთმე დამძიმებულობდე, თჳნიერ (=გარდა) მხოლოჲსა ერგასისისა და წმიდათა ღმრთისგამოცხადებათაჲსა” (გვ. 88).

მეორეგან კიდევ უფრო ნათლად არის მითითებული იმაზე, რომ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის დაცვა აუცილებელია მთელი წლის მანძილზე ”თჳნიერ ერგასისისა ერგასისთა დღეთა” ანუ ”გარდა ორმოცდაათეულის ორმოცდაათი დღისა”. აი, სათანადო ციტატა:

”წელ ყოველ იცვების ესე მარხვაჲ წმიდასა ამას შინა კათოლიკე ეკლესიასა, - ვიტყჳ უკუე, ოთხშაბათ-პარასკევისაჲ, - ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე თჳნიერ მხოლოჲსა ერგასისისა ერგასისთა დღეთა, რომელთა შინა არცა მუჴლთმდრეკელობანი იქმნებიან, არცა მარხვაჲ განწესებულ არს, არამედ ოთხშაბათისა და შაბათისა-წინაჲსა (=პარასკევისა) მეცხრისა ჟამისა შეკრებათა წილ, ვითარ კჳრიაკისა დღესა შინა, თითოეულთა განთიადთა აღესრულებიან შეკრებანი” (გვ. 89).

საგულისხმოა, რომ ამავე კანონიკურ ძეგლში ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა ხსნილად არის [17]გამოცხადებული და ეს დღეები კვირადღესთან არის გათანაბრებული იმ შემთხვევაშიც, თუ ხსენებულ დღეებს (ოთხშაბათ-პარასკევს) ემთხვევა დღესასწაული. აღნიშნული მომენტი მხედველობიდან არ გამოჰპარვია კ. კეკელიძეს, რომელიც ჩვენს ძეგლთან დაკავშირებით შენიშნავს:

”ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის დარღვევა შეიძლება, ავტორის შეხედულებით, თანახმად საეკლესიო კრებათა დადგენილებისა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სასიკვდილო ავადმყოფობა ემუქრება, ანდა ამ დღეებში ემთხვევა რომელიმე დღესასწაული” (გვ. 13).

თვით ძეგლში ეს განჩინება შემდეგნაირადაა გადმოცემული:

”უკუეთუ დაემთხჴოს დღესასწაული ოთხშაბათსა შინა, არა ვითარცა ოთხშაბათი შეირაცხებოდის იგი, არამედ ვითარცა კჳრიაკე პატივ-იცემოდის სადღესასწაულებელი ოთხშაბათი, რამეთუ ვითარცა ორმეოცი (=დიდმარხვა) სახე და მაგალითი არს ყოვლისა მარხვისაჲ, ეგრეთვე კჳრიაკეცა ყოვლისა ყოველკრებობისაჲ (=დღესასწაულის) და საღმრთოჲსა მესრულეობისა დასაბამსახე (=ნიმუში) არს” (გვ. 120).

მოგვაქვს აღნიშნული ტექსტის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ახალ ქართულად:

”თუ დღესასწაული დაემთხვევა ოთხშაბათს, არ ჩაითვლება იგი როგორც ოთხშაბათი, არამედ პატივი მიეგება მას როგორც კვირადღეს [და იქნება იგი] სადღესასწაულებელი ოთხშაბათი, რადგან ისევე როგორც დიდმარხვაა სახე და მაგალითი ყველა მარხვისა, ასევე კვირადღეც ნიმუშია ყველა დღესასწაულისა და საღვთო ზეიმისა”.

მოტანილი ციტატის შემდეგ აღნიშნულ ძეგლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ არ შეიძლება ოთხშაბათის დაცვის გამო დღესასწაულთა არდამცველებად წარმოვჩნდეთ, ისევე როგორც - პირიქით. აი, სათანადო ტექსტი:

”არა საჴმარ არს მცველობითა ოთხშაბათისაჲთა არმცველად მდებარეობაჲ დღესასწაულთათჲს, ვითარ-და წინა-უკმო, არამედ მრჩობლთათჳსვე მდებარეთა კანონთა განუახლებლად დაცვაჲ” (გვ. 120).

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ დიდ დღესასწაულებს ხსნილად განაჩინებს წმ. ექვთიმე ათონელიც, რომელიც ბრძანებს:

”ხოლო საუფლოთა დღესასწაულთა არცა მუჴლთა მოდრეკაჲ ჯერ-არს და არცა მარხვაჲ... და ამაღლებისა და შუაზატიკისა და წმიდისა ღმრთისმშობლისათა და ნათლისმცემელისათა და წმიდათა მოციქულთასა და მახარებელთა და სხუათა მათ დიდებულთა წმიდათა, რომელთა დღესასწაულნი იდიდებიან: გიორგისი, თეოდორესი, ნიკოლოზისი, ფილიპესი, თომაჲსი, ანდრეაჲსი. ესე დღესასწაულნი ჴსნილნია” (ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ათონური კოლექცია, I, თბ. 1986, გვ. 121).

ზემოაღნიშნული კანონიკური ძეგლი, რაც, როგორც აღვნიშნეთ, შედის ”დიდი სჯულისკანონის” ძველ ქართულ ხელნაწერებში, მრავალ სხვა საეკლესიო საკითხსაც განიხილავს. ეს გარემოება ქმნის ხსენებული ძეგლის ხელახლა გამოცემის აუცილებლობას შესაბამისი კომენტარების დართვით.

 

ჟურნალი "გული გონიერი", №1, 2011 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია ჟურნალის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 23 MARCH 2013 13:08)