Georgian (Georgia)English (United Kingdom)

1

(1) ყველა შეხედულებასა და მოძღვრებასთან ერთად, რომლებიც სინამდვილეში ჭეშმარიტი არიან, რაღაც ტყუილიც აღმოცენდება; აღმოცენდება არა ბუნებრივად, [მათი] ქვემდებარე საფუძვლიდან ან იმ მიზეზიდან, რომელიც ცალკეულ [საკითხს განსაზღვრავს], არამედ როგორც იმათი მოღვაწეობის ნაყოფი, ვისაც ჭეშმარიტების მოსაშთობად ბოროტი თესლის თესვა ეამაყება. (2) ეს, უპირველეს ყოვლისა, შესამჩნევია იმათთან, ვინც წარსულში ფიქრი ამ [საკითხებს] მიუძღვნა, აგრეთვე იმ უთანხმოებაში, რომელიც მათსა და მათ წინამორბედებსა თუ თანამედროვეთა შორის გაჩენილა, და არანაკლებ საკითხის იმ გაურკვევლობაში, რომლის მოწმენი ჩვენც ვართ.1 ჭეშმარიტებიდან [ამ ხალხს] ცილისწამების გარეშე არაფერი დაუტოვებია, არც ღვთის არსება, არც [მისი] ცოდნა და მოქმედება, ან სხვა აქედან გამომდინარე რამ, რაც ჩვენი ღვთისმოსაობის საფუძველია. ზოგს ამ [საკითხებში] ჭეშმარიტების [მიღწევის] იმედი სულ დაუკარგავს, სხვა საკუთარ თვალსაზრისს დასჯერებია, ზოგი კი ცხადი რაც არის, იმაშიც დაეჭვებას ცდილობს.

(3) ამიტომ, ვფიქრობ, იმათთვის, ვინც ამ [საკითხებზე] მუშაობს, ორგვარი მსჯელობაა საჭირო: ჭეშმარიტების დასაცავი და ჭეშმარიტების შესახებ.2 ჭეშმარიტების დასაცავი იმათთვისაა, ვინც ურწმუნოა და ეჭვობს, ჭეშმარიტების შესახებ კი - ვინც კეთილგონიერია და ჭეშმარიტებას ხალისით იღებს. ამიტომ ამ [საკითხთა] შესწავლის მსურველებმა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არსებული ვითარება უნდა აწონ-დაწონონ, მსჯელობა ამას შეუფარდონ, გამოსაკვლევ საკითხთა რიგი სათანადოდ გამართონ და ისე არ მოუვიდეთ, რომ ერთი და იმავე პრინციპის მუდამ დაცვის მიზნით გაუთვალისწინებელი დარჩეთ [საკითხთა] შესაბამისობა და თითოეულისათვის შესაფერისი ადგილი. (4) დასაბუთებისა და ბუნებრივი თანმიმდევრობის თვალსაზრისით [ჭეშმარიტების] შესახებ მსჯელობა მუდამ წინ უსწრებს [ჭეშმარიტების] დასაცავ მსჯელობას, ხოლო მეტი სარგებლიანობის3 თვალსაზრისით კი, პირიქით, [ჭეშმარიტების] დასაცავი [მსჯელობა] წინ უსწრებს [ჭეშმარიტების] შესახებ მსჯელობას. მართლაც და, ვერცერთი მიწათმოქმედი ვერ შეძლებს დათესოს ისე, როგორც საჭიროა,4 თუ წინდაწინ ველურ ნიადაგს არ [დაამუშავებს] და სათესლე კულტურისათვის საზიანოს არ ამოძირკავს. ვერც ექიმი შეიყვანს წამალს დასნეულებულ სხეულში, თუ წინდაწინ არ განწმედს [ორგანიზმში] დაბუდებულ ავადმყოფობას, ან მის გავრცელებას არ შეაჩერებს. ვერც ჭეშმარიტების სწავლების მსურველი დაარწმუნებს ვინმეს ჭეშმარიტების შესახებ მოხსენებით, თუ მსმენელთა გონებას შეცდომაა დაუფლებული, რომელიც მის საბუთებს წინ ეღობება.5

(5) ამიტომ ჩვენც, მეტი სარგებლიანობისთვის, ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა ზოგჯერ ჭეშმარიტების შესახებ [მსჯელობას] წინ წარვუმძღვარებთ. ამ გზით სვლა არც ამ შემთხვევაში - აღდგომის განხილვისას არის ურიგო, თუ საჭიროებას გავითვალისწინებთ. რადგან აქაც შევხვდებით ისეთებს, ვინც სრულიად ურწმუნოა ან ეჭვობს, ან კიდევ, თუმცა ამ საკითხებში ამოსავალ დებულებებს ეთანხმება, მაინც დაეჭვებულთა მსგავსად სირთულეების წინაშე დგას. ყველაზე დიდი უაზრობა მათი ეს განცდაა, როცა საქმის ვითარება ურწმუნობის არავითარ საფუძველს არ იძლევა, და ვერც გონივრულ მიზეზს პოულობენ იმის ასახსნელად, თუ რატომ არა სწამთ ან ეჭვობენ.6

2

(1) ასე განვსაჯოთ: ყოველგვარი ურწმუნობა, გაჩენილი არა ნაუცბათევად და განუსჯელად, არამედ საფუძვლიანი მიზეზითა და ჭეშმარიტებისთვის შესაფერისი დამაჯერებლობით, თავის მართებულობას მაშინ ინარჩუნებს, როცა თავად საქმე, რომლისაც არა სწამთ, არასარწმუნოდ გამოიყურება. ხოლო იმისი ურწმუნობა, რაც სარწმუნოა, იმ ადამიანებს სჩვევია, ვინც ჭეშმარიტებას არაჯანსაღად განსჯის. (2) ამიტომ ვისაც აღდგომისა არასწამს ან ეეჭვება, ნუ გამოთქვამენ განუსჯელად თავის აზრს აღდგომის შესახებ, რაც თავაშვებულთ7 გაახარებდა; ადამიანთა გაჩენა მათ ან არავითარ მიზეზს არ უნდა დაუკავშირონ, რაც ადვილად უარიყოფა, ან არსებულთა მიზეზის ღვთისადმი მიკუთვნებით ამ მოძღვრების საფუძველი უნდა განიხილონ და ამის შედეგად დაასაბუთონ, რომ აღდგომა სრულიად არასარწმუნოა. (3) მაგრამ ამას [მხოლოდ იმ შემთხვევაში] განახორციელებენ, თუ შეძლებენ დამტკიცებას, რომ ღმერთს არ ძალუძს ან არ ნებავს მკვდარი ან სრულიად დაშლილი სხეულები ისევ შეაერთოს და იმავე ადამიანთა აღნაგობა მიანიჭოს.8 ხოლო თუ ეს არ შეუძლიათ, მოეშვან უღვთო ურწმუნობასა და დაუშვებელ ავსიტყვაობას. ხოლო მართალი რომ არ არის, ვინც ამბობს: „არ ძალუძსო“, და არც ის, ვინც: „არ ნებავსო“, შემდგომ ნათქვამში გაცხადდება.9

(4) ის, რომ ვინმე [გარკვეულ] საქმეს ვერ შეასრულებს, სინამდვილეში იმით განისაზღვრება, რომ მან არ იცის, რაც გასაკეთებელია, ან რაც იცის, იმის კარგად გასაკეთებლად საკმარისი ძალა არ შესწევს. მაგრამ ვისაც იმისი არ გაეგება, რაც უნდა შექმნას, ვერ წამოიწყებს და საერთოდაც ვერ განახორციელებს იმას, რაც არ იცის. ხოლო ვინც გასაკეთებელი კარგად იცის, თუ საიდან უნდა გაკეთდეს და როგორ, მაგრამ ძალა ან სულ არა აქვსიმის აღსასრულებლად, რაც იცის, ან არასაკმარისად აქვს, ის საქმეს არ წამოიწყებს, თუ ჭკუა ჰყოფნის და საკუთარ შესაძლებლობებს სწორად განსჯის. რადგან განუსჯელად თუ წამოიწყო, ჩანაფიქრს ვერ აღასრულებს. (5) მაგრამ ღმერთმა შეუძლებელია არ იცოდეს აღსადგენ სხეულთა ბუნება მთლიანობაში, მათი ნაწილებისა და ნაწევართა მიხედვით,10 ან არ [იცოდეს], თუ საით მიდის თითოეული დაშლილი [ნაწილი], ან კავშირის11 რომელმა ნაწილმა მიიღო ის, რაც დაიშალა და მონათესავესკენ წავიდა,12 თუნდაც ადამიანებს სრულიად განუყოფლად ეჩვენებოდეთ ის, რაც მთელს ხელახლა მჭიდროდ შეუერთდა. რადგან იგი [ე.ი. ღმერთი], ვინც თითოეული [სხეულის] აგებამდეც იცნობდა იმ შესაქმნელკავშირთა ბუნებას, რომლებისგანაც ადამიანთა სხეულები [შედგება], და ამ კავშირთა ნაწილებსაც, რომელთა გამოყენება [მან] ადამიანური სხეულის აგებისთვის განიზრახა, მას, ცხადია, შეუძლებელია არ სცოდნოდა, თუ საით წავიდა მთელის13 დაშლის შემდეგ თითოეული [იმ შემადგენელ ნაწილთაგან], რომლებიც მან ცალკეული [სხეულის] სრულქმნას მოახმარა.

(6) რაც შეეხება ჩვენში ამჟამად არსებულ საგანთა წესსა და სხვა [მოვლენათა] განსჯას,14 უფრო რთულია [ჯერ] არქმნილის წინასწარცოდნა; მაგრამ ღვთის დიდებისა და მისი სიბრძნისათვის ორივე ბუნებრივია და თანაბრად ადვილი: [ჯერ] არქმნილის წინასწარცოდნა თუ უკვე დაშლილის ცოდნა.

3

(1) [ღმერთს] რომ სხეულთა აღდგომისთვის საკმარისი ძალა შესწევს, ამას მათივე დაბადება ცხადყოფს. [ღმერთმა] შექმნა ადამიანთა სხეულები არარადან, მიანიჭა მათ და მათ [შემადგენელ] საწყისებს პირველი აღნაგობა15. ამიტომ გახრწნილსაც - რა გზითაც არ უნდა მოხდეს [გახრწნა] - [ღმერთი] ადვილად აღადგენს, მისთვის ხომ ეს თანაბრად შესაძლებელია.16 (2) ამ საბუთს ვერაფერი დააკლდება იმით, ნივთიერებაში განჭვრეტს ვინმე პირველსაფუძვლებს თუ ადამიანთა სხეულების საწყისად კავშირებს ანთესლებს [მიიჩნევს].17 იმიტომ რომ ძალა, რომელიც მათ მიერ უფორმოდ მიჩნეულ [არსებას] ფორმას ანიჭებს,18 უსახოსა და უწესრიგოს ნაირგვარი სახეებით აწესრიგებს,19 კავშირთა ნაწილებს თავს უყრის, ერთიანსა და მარტივ თესლს სიმრავლედ შლის, დაუნაწევრებელს ანაწევრებს, არაცოცხალს სიცოცხლეს აძლევს, იგივე ძალა აერთიანებს დაშლილებს, აღადგენს დაცემულს, მკვდარს ხელახლა ცხოველყოფს, ხრწნადს უხრწნელად გადააქცევს.20

(3) იმავე ღმერთს, იმავე ძალასა და სიბრძნეს შეუძლია გამოაცალკევოს ის, რაც ნაირგვარ ცხოველთა სიმრავლეში დაქუცმაცებულა, რომლებიც ჩვეულებრივ ამ სხეულებს თავს ესხმიან და ამ გზით მადას იოკებენ, შემდეგ კი ხელახლა შეაერთოს ისინი მათსავე საკუთარ ნაწილებსა და ნაწევრებთან, იმისდა მიუხედავად, მათი გადასვლა ერთ ცხოველში მოხდა თუ მრავალში, ან ერთი [ცხოველიდან] მეორეში, იმ შემთხვევაშიც, თუ [მათ მშთანთქმელ ცხოველთან] ერთად გახრწნილნი, ბუნებრივი დაშლის გზით კვლავ პირველსაწყისებს დაუბრუნდნენ. ეს ის [საკითხია], რომელიც, ჩანს, ზოგს განსაკუთრებით აბნევს, მათ შორის იმათაც, ვინც სიბრძნით გვაკვირვებს, და ვინც - არ კი ვიცი რატომ - საფუძვლიანად მიიჩნევს იმ ეჭვებს, რომლებსაც მრავალნი გამოთქვამენ.

4

(1) ისინი ამბობენ, რომ მრავალი სხეული, სანაოსნო კატასტროფებსა თუ მდინარეებში დამხრჩვალი, თევზების ლუკმად იქცევა, ომში თუ სხვა უფრო სასტიკი მიზეზისა და გარემოებათა გამო დაღუპულებსაც დამარხვის ნაცვლად მომხვდური ცხოველების გამასპინძლება უწევთ.21 (2) ასე ნადგურდება სხეულები, ხოლო მათი შემადგენელი ნაწილები და ნაწევრები ცხოველთა სიმრავლეში ქუცმაცდება და საჭმლის სახით საკვებისმიმღებ სხეულებს უერთდება. ამიტომ ჯერ იმას ამბობენ, რომ მათი გამიჯნვა შეუძლებელია, შემდგომ კი უფრო რთულ [საბუთსაც] უმატებენ:

(3) მართლაცდა, კაციჭამია ცხოველების ხორცი, თუ ის ადამიანთა საკვებადაც ვარგა, მათ [ე.ი. ადამიანების] კუჭს გაივლის და მათ მიმღებ სხეულებს შეუერთდება. ე.ი. ადამიანთა ნაწილები, რომლებიც მათი მშთანთქმელი ცხოველების საკვებადაა ქცეული, უთუოდ სხვა ადამიანთა სხეულებში მოხვდება, როცა მათ შორის „შუამავალი“ ცხოველები თავისივე ნაჭამით საკვებს იმ ადამიანებში გადაიტანენ, რომელთა ლუკმად თავად იქცნენ.

(4) ამას კიდევ უფრო დიდ ტრაგედიებს უმატებენ: ესაა შიმშილისას და სიგიჟეში ყრმათმჭამელობა,22 ან მტრის მზაკვრობით მშობელთა მიერ ბავშთა შეჭმის შემთხვევები, აგრეთვე ცნობილი მიდიური ტრაპეზი23 და თიესტეს ტრაგიკული ნადიმი.24 მათ შეკრიბეს ის უბედურებები, რომლებიც ბერძნებსა და ბარბაროსებში მომხდარა და ამის საფუძველზე, როგორც თავად ჰგონიათ, დაასკვნეს, რომ აღდგომა შეუძლებელია, იმიტომ რომ ერთი და იგივე [სხეულის] ნაწილები სხვა სხეულებთან ერთად ვერ აღდგება; [ასეთ დროს] ან პირველი სხეულების აღდგენა იქნებაო შეუძლებელი, რაკი მათი შემადგენელი ნაწილები სხვა სხეულებში გადავიდა, ან, თუ ისინი [თავის] პირველ [მფლობელებს] გადაეცნენ, მაშინ მეორენი იქნებიან ნაკლულნი.

5

(1) მე მგონია, რომ ამ ხალხმა, უპირველეს ყოვლისა, არ იცის სამყაროს შემოქმედისა და განმგებლის ძალა და სიბრძნე25: მან თითოეულ ცოცხალ არსებას [მისი] ბუნებისა და გვარისთვის შესაფერისი და საჭირო საკვები შეუხამა26 და გაუმართლებლედ მიიჩნია, რომ ნებისნიერი ბუნება ნებისმიერ სხეულთან გაერთიანებულიყო და შერწყმულიყო; არც გაერთიანებულთა განცალკევება იყო მისთვის შეუძლებელი. პირიქით, იგი ნებას აძლევს თითოეულ ქმნილების ბუნებას მისთვის შესაფერისი გზით იმოქმედოს ან [ზემოქმედება] განიცადოს.27 იგი საპირისპიროს აბრკოლებს და ყველაფერს, რაც სურს, საითაც სურს, იქით წარმართავს ან გეზს უცვლის. გარდა ამისა, არ ითვალისწინებენ იმის შესაძლებლობასა და ბუნებას, ვინც იკვებება და კვებავს. (2) წინააღმდეგ შემთხვევაში მიხვდებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ცოცხალი არსება შემთხვევითობის ძალით გადაეყრება, მისთვის შესაფერისი საკვები ვერ იქნება; პირიქით, ზოგიერთი რამ მუცლის ღრუსთან შეხებისთანავე ისპობა: ის ამოღებინებით, ექსკრემენტების სახით ან რაღაც სხვა გზით გამოიდევნება, ისე რომ მცირე ხნითაც ვერ გაუძლებს თავდაპირველ ბუნებრივ მონელებას, მითუმეტეს - საკვებისმიმღებ [ორგანიზმთან] შერწყმას.28 (3) ასევე ის, რაც მოინელა და რამაც პირველადი გადამუშავება გაიარა, მთლიანად ვერ შეერწყმება საკვების მიმღებ ნაწევრებს, [არამედ] ზოგი მუცელშივე დაკარგავს კვების უნარს, ზოგი კი მეორადი გადამუშავებისას - ღვიძლში მონელების დროს29 გამოიყოფა და ისეთ რაღაცად იქცევა, რასაც მკვებავი უნარი დაკარგული აქვს. თავად ღვიძლისმიერი გადამუშავებაც ადამიანთა კვებას მთლიანად კი არა ხმარდება, არამედ [ნაწილობრივ] ბუნებრივი ნამეტის სახით გამოიყოფა. ხოლო დანარჩენი საკვები საკვებისმიმღებ ნაწილებსა და ნაწევრებში გადამუშავდება და მომატებული და მოჭარბებული [ნივთიერების] ძალით მასთან შეხებულს გახრწნის ან შეისისხლხორცებს.

6

(1) ცოცხალ არსებათა შორის მრავალგვარი ბუნებრივი სხვადასხვაობაა და ცხოველთა თითოეულ გვარსა და საკვებისმიმღებ სხეულთან ერთად მისთვის ბუნებრივი საკვებიც სხვადასხვაობს. ცხოველთა კვებისას, როცა განწმენდა და გამოყოფა სამგზის ხდება,30 ყველაფერი, რაც ცხოველის კვებისთვისუცხოა, მთლიანად უნდა მოისპოს და ბუნებრივი გზით გავიდეს, ან სხვა რაღაცად გარდაიქმნას, რამდენადაც [ორგანიზმთან] შერწყმა არ ძალუძს. ხოლო მკვებავი სხეულის თვისება მთლიანად უნდა თანხვდეს და ბუნებრივად შეუერთდეს საკვებისმიმღებ ცხოველის თვისებებს, და ასე, სათანადო გზათა გავლით, ბუნებრივი განწმენდის მეშვეობით ზედმიწევნით გასუფთავებული, [ორგანიზმის] არსებისათვის უხინჯო დანამატად31 იქცეს. (2) საკუთრივ მხოლოდ მას უნდა ვუწოდებდეთ „საკვებს“, თუ საქმის ჭეშმარიტი განსაზღვრება გვსურს, რადგან იგი განაგდებს ყოველივეს, რაც უცხოა და საზიანო საკვებისმიმღები ცხოველის ორგანიზმისთვის,32 აგრეთვე იმ დიდ ტვირთს, რომელიც მუცლის ასავსებად და მადის დასაკმაყოფილებლად შემოდის.

(3) ვერავინ უარყოფს, რომ ეს [ჭეშმარიტი საკვები] უერთდება საკვებისმიმღებ სხეულს, შეწნული და შეწებებული მის ყველა ნაწილსა და ნაწევართან. მეორეს მხრივ, სხვაგვარი - ე.ი. არაბუნებრივი [საკვები] სწრაფად იხრწნება, თუ უფრო ძლიერ ძალას შეერია. ხოლო თუ თავად სძლია, იგი ადვილად გახრწნის ძლეულს, გარდაქმნის მას შხამიან წვენად და საწამლავ თვისებებად, რამდენადაც [თვითონ] საკვებისმიმღებ სხეულს საჭიროსა და საწადელს ვერაფერს მოუტანს. (4) ამის შესანიშნავი საბუთია ის, რომ მრავალი საკვებმიღებული ცხოველი ტანჯვას, საფრთხესა33 და სიკვდილს სწორედ მაშინ განიცდის, როცა ძლიერი შიმშილისას საკვებთან ერთად მასთან შერეულ მომწამლავ და ბუნების საწინააღმდეგო [ნივთიერებებსაც] შთანთქავს. ეს მთლად დამღუპველია საკვებისმიმღები სხეულისათვის, რახან იგი მართლაც იმით იკვებება, რაც მისი ბუნების შესაფერისია, ხოლო საპირისპიროთი იღუპება.34

(5) მართლაც, თუკი ბუნებით განსხვავებულ ცხოველთა ნაირგვარობასთან ერთად ბუნების შესაფერისი საკვებიც მრავალგვარია, და არც მთლიანობა საკვებისა, რომელსაც ცხოველი იღებს, არც მისი რომელიმე [ნაწილი] არ შეერევა საკვებისმიმღებ სხეულს, არამედ მხოლოდ ის, რაც სრული მონელების პროცესშიგანიწმინდა და ამასთანავე, მოცემულ სხეულთან უხინჯო ერთიანობისკენ მიდრეკილება და საკვებისმიმღებ ნაწილებთან შეწყობის უნარი გამოავლინა, - ამიტომ ცხადია, რომ რაც ბუნების საწინააღმდეგოა, ვერასოდეს შეუერთდება იმას, ვისთვისაც ის ბუნებისეული და შესაფერისი საკვები არ არის, არამედ ან მუცლის ღრუს გაივლის, სანამ რაღაც სხვა წვენს წარმოქმნის, მოუნელებადსა და გაფუჭებულს, ან თუ დიდხანს შერჩა, ტკივილსა და მძიმე სენს გამოიწვევს, რომელიც სპობს ბუნების შესაბამის საკვებსა და იმ ხორცსაც, რომელიც საკვებს საჭიროებს. (6) მაგრამ იგი რომც ოდესმე განიდევნოს რაღაც წამლებით, უკეთესი საკვებით ან ბუნებრივი ძალებით ძლეული, დიდი ზიანის გარეშე მაინც არ ჩაივლის, რადგან [ორგანიზმისთვის] ბუნებრივი წონასწორობის მომტანი არ არის, მის ბუნებასთან შეუთანხმებლობის გამო.

7

(1) თუნდაც ვინმემ დაუშვას, რომ ასე შემოსული საკვები (მაინც ჩვეულებისამებრ „საკვები“ ვუწოდოთ მას), არაბუნებრივობის მიუხედავად, [მაინც] ნაწილდება და იცვლება რაღაცად, რაც ალბობს ან ახმობს, ათბობს ან აგრილებს, ამ ვარაუდიდან ვერაფერ შედეგს მიიღებს;35 საქმე ისაა, რომ აღდგომილი სხეულები ისევ თავისი ნაწილებისგან შედგებიან, ხსენებულთაგან კი არცერთი არაა [მათი] ნაწილი და არც ნაწილის მიმართება ან მდებარეობა36 გააჩნია. ისინი სამუდამოდ ვერ დარჩებიან საკვებისმიმღები [ორგანიზმის] ნაწილებთან, ვერც აღდგომისას აღდგებიან მათთან ერთად,37 როცა სასიცოცხლოდ აღარაფერია საჭირო, არც სისხლი, არც ლორწო, არც ნაღველი, არც სუნთქვა.38 რადგან რაც ოდესღაც საკვებისმიმღებ სხეულებს სჭირდებოდა, ის აღარ დასჭირდებათ, როცა საკვებისმიმღებთა მოთხოვნილებათა მოხსნითა და განადგურებით კვების აუცილებლობაც მოიხსნება.

(2) გარდა ამისა, ვინმემ რომც მიიჩნიოს, რომ ასეთი საკვებით რაც არის გამოწვეული, ხორცამდეც აღწევს, მაინც არავითარი აუცილებლობა არ იქნება იმისა, რომ ხორცი, რომელიც ეს წუთია საკვებად იქცა, სხვა ადამიანის ხორცთან ურთიერთობაში მისი შემადგენელი ნაწილი გახდეს. რადგან ხორცი, რომელმაც სხვა ხორცი შთანთქა, სამუდამოდ ვერ შეინახავს შთანთქმულს, და არც ის [ხორცი], რომელიც მას შეუერთდა, შეინარჩუნებს სიმდგრადესა და იმის გვერდით ყოფნის [უნარს], რასაც შეეძინა. იგი დიდ - ძირითადად ორგვარ - ცვლილებას განიცდის: ხან ჯაფითა და დარდითაა მორღვეული, ხან ტანჯვით, წვალებითა და ავადმყოფობითაა ქანცგაწყვეტილი, ან კიდევ მეტისმეტი გადახურებითა თუ გაციებითაა დასნეულებული, რადგან [ნაწილები], რომლებიც საკვებს ღებულობენ, რჩებიან იმად, რაც არიან, და არ იცვლებიან ხორცსა და ცხიმთან ერთად.

(3) ასეთი ცვლილება თუკი შეემთხვა ხორცს, ცხადია, რომ გაცილებით დიდი იქნება ის ცვლილება, რომელიც ხორცს შეუსაბამო კვებისგან ერგება. ჯერ წონაში მოიმატებს და ჭამით გასუქდება, შემდეგ კი [ზედმეტს] როგორღაც ამოაფრქვევს და წონაში დაიკლებს, ზემოხსენებული ერთი ან რამდენიმე მიზეზით. [ორგანიზმის] ნაწილებთან მხოლოდ ის [საკვები] დარჩება, რომელსაც შეკავშირება, შენახვა და გათბობა შეუძლია. იგი ბუნების მიერაა შერჩეული და [ორგანიზმის] ნაწილებთან ისეა შეწყობილი, რომ მათთვის ბუნების შესაბამის სიცოცხლესა და სასიცოცხლო დანიშნულებას უზრუნველყოფს.

(4) ვერც ზემოგანხილულის ჯეროვანი განსჯით, ვერც ამის საპირისპიროდ გამოთქმულ დასკვნათა შეწყნარებით მოხერხდება [ჩვენი ოპონენტების] ნათქვამის ჭეშმარიტების დასაბუთება. ადამიანთა სხეულები ვერასდროს შეერევა სხვა - იმავე ბუნების მქონე სხეულებს, თუნდაც ოდესმე უგუნურებით, სხვისი გავლენით გრძნობისუნარწართმეულებმა ასეთი სხეული იგემონ, ან თვითონვე შიმშილობისას ან სიგიჟისას მათივე გვარის სხეულით თავიწაიბილწონ. თუმცაღა ისიც გვსმენია, რომ არსებობენ ადამიანისსახოვანი მხეცები, ანუ ისინი, ვისაც ადამიანისა და ცხოველის ბუნება აქვს შერეული. მათ ყველაზე თამამი პოეტები წარმოსახავენ.

8

(1) რაღაა სათქმელი იმ სხეულთა შესახებ, რომლებიც საკვებად არცერთ ცხოველს არ ერგო და რომლებსაც წილად მხოლოდ მიწაში დამარხვა ხვდა თავისი ბუნების საპატივსაცემოდ? ეს ნიშნავს, რომ არცერთი ცხოველი არ ყოფილა შემოქმედის მიერ იმავე გვარის ცხოველთა საკვებად განკუთვნილი, მაშინაც კი, როცა იგი სხვა გვარის წარმომადგენელთა ბუნებრივი საკვებია.

(2) თუ [ოპონენტები] მართლაც შეძლებენ დაასაბუთონ, რომ ადამიანის ხორცი ადამიანისავე საკვებად არის განკუთვნილი, ვეღარაფერი აღუდგება წინ იმას, რომ ურთიერთჭამა ბუნებრივ [პროცესად] წარმოჩნდეს, ისევე როგორც სხვა, ბუნებრივად შერწყმული რამ. ხოლო ვინც ამის თქმას ბედავს, შეექცეს უძვირფასესი ადამიანების ხორცს, როგორც [თავისთვის] ყველაზე უფრო შესაფერისს, და თავის ახლობლებსაც ამითვე გაუმასპინძლდეს! (3) მაგრამ თუ ამისი თქმაც კი უცოდველობა არ არის, [მაშინ] ადამიანის მიერ ადამიანის ხორცის ჭამა დიდი საძაგლობაა და სიბილწე, და ყველა უკანონო და ბუნების საწინააღმდეგო საჭმელსა და საქმეზე მეტად დასაგმობია. ბუნების საწინააღმდეგო ვერასდროს მიაღწევს საკვების სახით [ორგანიზმის] იმ ნაწილებსა და ნაწევრებში, რომლებიც საკვებს საჭიროებენ. ხოლო საკვებად რაც არ იქცევა, ვერც იმას შეეწყობა, რის კვებასაც ჩვეული არ არის. ადამიანთა სხეულებიც ვერასდროს შეერევა [მათსავე] მსგავს სხეულებს, რომელთათვის [ისინი] არაბუნებრივ საკვებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი უბედური შემთხვევის გამო მათ მუცელში ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე.

(4) [პირიქით, ეს სხეულები], მკვებავ ძალას მოკლებულნი, კვლავ იმ [შემადგენლებად] დაიშლებიან, რომელთაგან თავისი პირველი აღნაგობა მიიღეს, და შეუერთდებიან მათ, თითოეული მისთვის განკუთვნილი დროით. ხოლო იქიდან კვლავ გამოიყოფიან იმის სიბრძნითა და ძლიერებით, ვინც ცხოველის მთელი ბუნება შესაფერის ძალთაგან შეამტკიცა, და ბუნებრივად უერთდება თითოეული მათგანი ერთიმეორეს, თუნდაც [სხეული] ცეცხლით იყოს გადამწვარი ან წყლით გადამპალი, ან მხეცთაგან თუ მტაცებელცხოველთაგან მთლიანად შემუსრვილი, ან კიდევ, სხეულს მთლიანად მოწყვეტილი [ზოგიერთი ნაწილი] სხვა ნაწილებზე ადრე ყოფილიყოს გახრწნილი. ხოლო კვლავ ერთმანეთთან შეერთებულნი, ისინი იმავე მდებარეობას დაიკავებენ, რომ აღორძინდეს იმავე სხეულის ჰარმონია და აგებულება,39 და მკვდარის ან სრულიად გახრწნილის აღდგომა და სიცოცხლე [განხორციელდეს].40 (5) მაგრამ ამის შესახებ სიტყვის გაგრძელების დრო აღარ არის. დასკვნებს ყველა დაეთანხმება, თუ ნახევრადმხეცი არაა.

9

(1) ბევრი რამ არის წინამდებარე გამოკვლევისთვის უფრო საჭირო, ამიტომ გვერდს ავუვლი იმათ, ვინც [მტკიცებისათვის] ადამიანურ საქმეებსა და ამ საქმეთა მკეთებელ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც არ ძალუძთ დანგრეული ან დროით დაძველებული ან სხვაგვარად განადგურებული საქმეების განახლება. შემდეგ კი [ეს ოპონენტები], მეკეცეებსა და ხელოსნებთან შედარების გზით, ცდილობენ აჩვენონ, რომ ღმერთიც არ ინებებდა, და რომც ენება - ვერ შეძლებდა მკვდარი ან გახრწნილი სხეულის აღდგენას. ვერ ითვალისწინებენ, რომ ამით ღმერთს შეურაცხყოფენ, ყველაზე უფრო უკეთურთა მსგავსად,41 და სრულიად განსხვავებულთა ძალებს [ათანაბრებენ], უფრო ზუსტად კი თავად ბუნებებს, რომლებიც ამ ძალებით სარგებლობენ, და ხელოსნურ [ნაწარმს] ბუნებრივს [უტოლებენ].

(2) ასეთი [არგუმენტებისთვის] თავის შეწუხება არა ღირს. მართლაცდა, სისულელეა ზედაპირულსა და ამაოსთან შეკამათება. ბევრად უფრო სარწმუნოა და ყველაზე უფრო ჭეშმარიტია იმის თქმა, რომ რაც ადამიანებისთვის შეუძლებელია, ღმერთისთვის შესაძლებელია.42 თუკი ამ [საბუთებით], მათი სარწმუნოებისგამო,43 აგრეთვე ზემოგანხილული ყველა [საბუთით] მტკიცდება, რომ ეს შესაძლებელია, ამიტომ, ცხადია, შეუძლებელი ვერ იქნება და ღმერთისთვის არასასურველიც არ არის.

10

(1) რადგან მას რაც არ ნებავს, არ ნებავს როგორც უსამართლო ან როგორც უღირსი [საქმე]. ხოლო უსამართლობა [ანუ ზიანი] ან თავად იმასთან მიმართებაში იგულისხმება, ვინც უნდა აღდგეს, ან სხვა ვინმეს მიმართ. მაგრამ სავსებით ნათელია, რომ გარეშეთაგან და იმათგან, ვინც არსებულთა რიცხვს მიეკუთვნება, უსამართლობას არავინ განიცდის. (2) გონისეული არსებანი44 ვერ განიცდიან უსამართლობას ადამიანთა აღდგომისაგან (იგი ხომ მათი არსებობისთვის სრულიად არაა დამაბრკოლებელი; ადამიანთა აღდგომა არც უსამართლობაა [მათ მიმართ], არც შეურაცხყოფა45). ვერც პირუტყვთა თუ უსულოთა ბუნება განიცდის უსამართლობას: ისინი ხომ აღდგომის შემდეგ აღარ იარსებებენ. ხოლო რაც არ არის, ის ვერც უსამართლობას განიცდის.

(3) მაგრამ რომც ვინმემ დაუშვას [პირუტყვთა] მარადმყოფობა, ისინი მაინც ვერ განიცდიან უსამართლობას ადამიანთა სხეულების განახლებისას. რადგან თუ [პირუტყვნი] ამჟამად ადამიანთა ბუნებასა და - სანამ ადამიანებს [ისინი] სჭირდებათ - მათ მოთხოვნილებებს ემორჩილებიან, და მაინც, უღლის ქვეშა და სრულ მონობაშიც არავითარ უსამართლობას [ზიანს] არ განიცდიან, ცხადია, რომ როცა [ადამიანები] უხრწნელნი გახდებიან, მოთხოვნილებები აღარ ექნებათ და [პირუტყვებიც] აღარ დასჭირდებათ, მით უფრო მაშინ ყოველგვარი მონობისაგან განთავისუფლებულ [პირუტყვთ] ვეღარაფერი დააზარალებს.

(4) მათ რომც ენა ამოედგათ, შემოქმედს ვერ დააბრალებდნენ, რომ უსამართლოდ იყვნენ დამდაბლებულნი ადამიანებთან შედარებით, რადგან ისეთივე აღდგომა არ ერგოთ. საქმე ის არის, რომ ვისი ბუნება თანასწორი არ არის, მსაჯული მათ თანასწორ ბოლოს46 არ განუსაზღვრავს. გარდა ამისა, ვისაც უსამართლობაზე წარმოდგენა არა აქვს, მას ვერც უსამართლობაზე საყვედურის თქმა შეეძლება.

(5) ვერც იმას ვიტყვით, რომ აღდგომილი ადამიანის მიმართ რაღაც უსამართლობა შეინიშნება. იგი ხომ სულისა და სხეულისგან შედგება, მაგრამ არც სულის არც სხეულის თვალსაზრისით არ განიცდის უსამართლობას [არ ზარალდება]. არცერთი საღად მოაზროვნე არ იტყვის, რომ სული [აღდგომით] უსამართლობას განიცდის, რადგან [ამ შემთხვევაში] ძალაუნებურად სულთან ერთად აწმყო ცხოვრების უარყოფაც გამოვა. რადგან თუ ამჟამად, როცა [სული] ხრწნად და ვნებად სხეულში მკვიდრობს,47 უსამართლობას არანაირად არ განიცდის, მით უფრო უხრწნელსა და უვნებოსთან თანამცხოვრებს უსამართლობა აღარ შეემთხვევა. მაგრამ არც სხეული განიცდის უსამართლობას; რადგან თუ ამჟამად ხრწნადი, უხრწნელთან თანამყოფი, უსამართლობას არ განიცდის, ცხადია, რომ მომავალში უხრწნელს, უხრწნელთან მყოფს, უსამართლობა მით უფრო არ შეემთხვევა.

(6) მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ღმერთისთვის უღირსი საქმეა დაშლილი სხეულების აღდგენა და შეერთება. რადგან თუ ის, რაც უარესია, უღირსი არ არის - ე.ი. ხრწნადი და ვნებული სხეულის ქმნა, მით უფრო არ იქნება უღირსი ის, რაც უმჯობესია: უხრწნელი და უვნებელი [სხეულის ქმნა].

11


[პირველი ნაწილის დასკვნა. მეორე ნაწილის გეგმა]

(1) ვინაიდან თითოეული გამოსაკვლევი [საკითხი] ცხადყოფილია ბუნების შესაბამისი პირველადი [დებულებებითა] და იმით, რაც ამას მოსდევს, ამიტომ ცხადია, რომ შემოქმედისთვის შესაძლებელი, სასურველი და ღირსეული საქმეც არის დაშლილი სხეულების აღდგომა. ხოლო ამით მტკიცდება, რომ საპირისპირო [აზრი] მცდარია და ურწმუნოთა [შეხედულება] უაზროა.

(2) რაღა საჭიროა ამ [დებულებათა] ერთმანეთისადმი მიმართებასა და ერთმანეთთან კავშირზე ლაპარაკი (თუ მაინც „კავშირს“ ვამბობთ, თითქოს რაღაც განსხვავებულობით იყვნენ გამიჯნული), და არა უბრალოდ იმისი თქმა, რომ რაც [ღმერთს] ძალუძს, ის ნებავს კიდეც, ხოლო რაც ღმერთს ნებავს, იმისი აღსრულება ძალუძს, და ეს მნებებელის ღირსებას შეეფერება?

(3) ხოლო ის, რომ სხვაა ჭეშმარიტების შესახებ მსჯელობა და სხვაა ჭეშმარიტების დასაცავი, ზემოთ საკმარისად განიმარტა,48 აგრეთვე ისიც, თუ რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და სად და ვის მიმართ გამოიყენება თითოეული. მაგრამ არაფერი უშლის ხელს, საერთო სიმტკიცისა და უკვე თქმულის [მომავალში] სათქმელთან დაკავშირებისათვის, კვლავ მივუბრუნდეთ ამ [მსჯელობებსა] და იმას, რაც მათ მოსდევს. ერთს ბუნებით პირველობა შეჰფერის, მეორეს კი - პირველის დაცვა, გზის გაკვალვა და წინდაწინვე უკუგდება ყოველივე დამაბრკოლებლისა და შემაფერხებლისა.

(4) ჭეშმარიტების შესახებ მსჯელობა, ყველა ადამიანისათვის სიმტკიცისა და ხსნისათვის აუცილებელი, ბუნებით, რიგითა და სარგებლობით პირველ ადგილზეა. ბუნებით, რადგან საგანთა ცოდნა მოაქვს, რიგით, რადგან იმაში და იმასთან ერთად არსებობს, რისი ცხადმყოფელიც არის; სარგებლობით, რადგან მცოდნეთათვის სიმტკიცესა და ხსნას უზრუნველყოფს. (5) ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა კი ბუნებითა და ძალით ქვემდგომია, რადგან ცრუს მხილება ნაკლებია ჭეშმარიტების განმტკიცებაზე. ის რიგითაც მეორეა, რადგან მნიშვნელობას ცრუწარმოდგენების მქონეებთან წინააღმდეგობაში იძენს; ცრუწარმოდგენა კი მეორადი თესვისა და გაფუჭების შედეგია49 მაგრამ მიუხედავად საქმის ასეთი ვითარებისა, [ჭეშმარიტების დასაცავი მსჯელობა] მაინც ხშირად პირველ ათენაგორაადგილს იკავებს და ზოგჯერ უფრო გამოსადეგიც ხდება, რადგან ათავისუფლებს და წინდაწინვე განწმედს იმ ურწმუნობისგან, რომელიც ზოგს აშფოთებს, და იმ ეჭვისა და ცრუწარმოდგენებისგან, რომლებიც ახალბედებს [სჩვევიათ].

(6) ორივე [მსჯელობას] ერთი მიზნისკენ მივყავართ, რადგან ღვთისმოსაობისკენ აღამაღლებს სიცრუის მამხილებელიცა და ჭეშმარიტების დამამტკიცებელიც, თუმცა ისინი სულმთლად ერთი და იგივენი არ არიან. ერთი მათგანი, როგორც ვთქვი, ყველა მორწმუნესთვისაა აუცილებელი, აგრეთვე იმათთვის, ვინც ჭეშმარიტებისა და საკუთარი ხსნისათვის იღწვის. მეორე [მსჯელობა] კი გარკვეულ შემთხვევებში ზოგიერთისთვის და ზოგიერთის წინააღმდეგ უფრო გამოსადეგარია.

(7) [ყოველივე] ეს შეჯამებულად წინდაწინვე უნდა გვეთქვა უკვე თქმულის მოსაგონებლად. ეხლა კი საგანს მივუბრუნდეთ და ვაჩვენოთ აღდგომის შესახებ მსჯელობის ჭეშმარიტება (ა) იმ მიზეზის [საფუძველზე], რომლის თანახმად და რომლის გამოც იშვა პირველი ადამიანი და მისი ჩამომავალნი (თუმცა ისინი ერთნაირი გზით არ გაჩენილან);50 (ბ) ყველა ადამიანის, როგორც ადამიანის, საერთო ბუნების [საფუძველზე]; (გ) და ბოლოს, შემოქმედის მიერ ადამიანთა განსჯის51 [საფუძველზე], რომელიც იმას ეხება, თუ რამდენ ხანს იცოცხლა თითოეულმა და რა კანონებით იხელმძღვანელა. ხოლო ეს განსჯა რომ სამართლიანია, ეჭვი არავის შეეპარება.

 

12

[მეორე ნაწილის დასაწყისი. პოზიტიური დასაბუთება] ა. მიზნობრივი მიზეზი]

(1) მიზეზით განპირობებული საბუთი იმის განხილვას გულისხმობს, ადამიანი ტყუილად და არაფრისთვისაა შექმნილი თუ რაღაცის გამო? თუ რაღაცის გამო, მაშინ რისთვის იშვა: რომ იცოცხლოს და იარსებოს იმ ბუნების თანახმად, რომლითაც იშვათუ სხვისი საჭიროების დასაკმაყოფილებლად?52 თუ საჭიროების დასაკმაყოფლებლად, მაშინ ან თავად შემოქმედს [ესაჭიროება რაღაც] ან ვინმე სხვას, ვინც ღმერთისთვის ახლობელია და [მისგან ადამიანზე] უფრო დიდ მზრუნველობას იმსახურებს.

(2) თუ უფრო ზოგადად განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა, ვინც კეთილგონიერია და საქმეს ლოგიკური განსჯით უდგება, წინასწარგანსაზღვრულიდან ტყუილად არაფერს გააკეთებს: იგი ან საკუთარი მოხმარებისთვის ქმნის ან იმ პირის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ვისთვისაც ზრუნავს, ან თვითონ ნაკეთობის გამო, რაღაც ბუნებრივი მისწრაფებითა და სიყვარულით მის შესაქმნელად რომ აღიძვრის. ვთქვათ (მაგალითს უნდა მივმართოთ, რომ საკითხი ნათელი გახდეს), ადამიანი სახლს აშენებს საკუთარი მოხმარებისთვის, ხოლო ხარებს, აქლემებსა და სხვა მისთვის საჭირო ცხოველებს - ყოველი მათგანს შესაფერის სადგომს [უშენებს]. ეს [უკანასკნელი] თითქოს საკუთარი მოხმარებისთვის არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამისთვისაა, თუმცა ერთი შეხედვით [თითქოს] იმათთვის არის, ვისთვისაც [ადამიანი] ზრუნავს. ბავშვებსაც არა საკუთარი ან სხვა თავის ახლობელთა სარგებლობისთვის აჩენს, არამედ იმისთვის, რომ მის მიერ შობილებმა შეძლებისდაგვარად დიდხანს იარსებონ; შვილთა და შვილთაშვილთა მემკვიდრეობით [ადამიანი] საკუთარ სიკვდილსაც მშვიდად შეხვდება და ამგვარად იფიქრებს, რომ მოკვდავი უკვდავიყოფა.53 (3) მაგრამ ეს ადამიანებს ეხება. ხოლო ღმერთმა არც უმიზნოდ შექმნა ადამიანი (იგი ბრძენია, სიბრძნეს კი უმიზნო საქმე არა სჩვევია), არც საკუთარი სარგებლობისთვის: მას ხომ არაფერი სჭირდება. ხოლო რადგან არაფერი სჭირდება, თავის ქმნილებათაგან საკუთარი სარგებლობისთვის იგი არცერთს არ სრულყოფდა. მაგრამ არც თავის სხვა რომელიმე ქმნილებისთვის შეუქმნია ადამიანი. იმიტომ რომ არაფერი, რასაც აზროვნებისა და განსჯის უნარი აქვს, უკეთესია ის თუ უარესი,54 არ შექმნილა და არ იქმნება სხვისი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, არამედმხოლოდ] საკუთრივ ამ ქმნილებათა სიცოცხლისა და მარადმყოფობისათვის. (4) აზრი55 ვერ დაასკვნის, რომ საჭიროების დაკმაყოფილებაა ადამიანთა შექმნის მიზეზი. იმიტომ რომ უკვდავთ არაფერი სჭირდებათ და ადამიანთა მხრიდან საარსებოდ არასდროს არავითარ შეწევნას არ საჭიროებენ. პირუტყვნი კი56 ბუნებით დაქვემდებარებულნი არიან და მათგან თითოეული, რაც შეუძლია, იმ მოთხოვნილებას უკმაყოფილებს ადამიანებს. მაგრამ [პირუტყვნი] იმისთვის როდი გაჩენილან, რომ თავად [ადამიანები] მოიხმარონ. იმიტომ რომ არ შეიძლებოდა და არც შეიძლება, რომ განმგებელი და წინამძღვარი57 იმდენად ჩამოქვეითდეს, რომ უდარესის სარგებლობაში აღმოჩნდეს, ან გონიერი უგუნურს დაექვემდებაროს, რომელიც მმართველობისთვის განკუთვნილი არ არის.

(5) მართლაცდა, თუ ადამიანი უმიზეზოდ და ამაოდ არ გაჩენილა (იმიტომ რომ ღვთის მიერ გაჩენილთაგან, შემოქმედის განზრახვის თანახმად, ამაო არაფერია), და არც თავად შემოქმედის ან ღვთის მიერ გაჩენილი რომელიმე სხვა ქმნილების საჭიროების დასაკმაყოფილებლად, [მაშინ] ცხადია, რომ პირველადი და უფრო ზოგადი საბუთის თანახმად, ღმერთმა ადამიანი თავისთვისა58 და იმ სიკეთისა და სიბრძნის გამო შექმნა, რომელიც მის მთელს შესაქმეში განიჭვრიტება,59 ხოლო მეორე, უფრო ქმნილებებთან დაკავშირებული საბუთის თანახმად - თავად ქმნილებათა სიცოცხლისათვის, [და] არა იმისთვის, რომ [სიცოცხლე] ხანმოკლედ ანთებულიყო,60 შემდეგ კი ჩამქრალიყო. (6) ვფიქრობ, ასეთი სიცოცხლე არგუნა ღმერთმა ქვეწარმავლებს, ფრთოსანთ და წყლისცხოველთ, ანუ საზოგადოდ ყველა პირუტყვს. ხოლო ვინც თავის თავში შემოქმედის ხატს ატარებს,61 გონებას ფლობს დალოგიკური განსჯა ხვდა წილად - შემოქმედმა მათ სამარადისო არსებობა განუკუთვნა, რათა შეიცნონ თავისი შემოქმედი, მისი ძალა და სიბრძნე, მისდიონ კანონსა და სამართალს და გაუჭირვებლად მარადმყოფობდნენ იმ [წესით], რომლითაც წინარე ცხოვრება წარმართეს, თუმცა [მაშინ] წარმავალსა და მიწიერ სხეულებში [იმყოფებოდნენ].

(7) ქმნილება, რომელიც სხვისი გულისთვისაა შექმნილი, წყვეტს თავის არსებობას, როცა აღარ არსებობს ის, რისთვისაც იგი შეიქმნა. იგი ამაოდ ყოფნას აღარ განაგრძობს; ღვთის მიერ შექმნილთა შორის ხომ ამაო არაფერია. ხოლო ვინც ბუნებით თავად არსებობისა და სიცოცხლისთვის იშვა - რამდენადაც [მისი არსებობის] მიზეზი ბუნებასთანაა შერწყმული და [ამ მიზეზის] განჭვრეტა მხოლოდ საკუთრივ არსებობაში შეიძლება, - ის ვერასოდეს შეიგუებს მიზეზს, რომელიც მისი არსებობის სრულ შეწყვეტას განაპირობებდა.62

(8) თუ [ზემოხსენებული მიზეზი] არსებობაში მუდამ განიჭვრიტება, ამიტომ ცოცხალი არსება, რაკიღა გაჩნდა, მთლიანად უნდა გადარჩეს, რომ ბუნებრივად მოქმედება [შეძლოს] და ზემოქმედება განიცადოს. [ამაში] მის შემადგენელ ორივე [ნაწილს], რომლებისგანაც იგი იშვა, თავისი წვლილი შეაქვს: სული მუდმივად არსებობს იმ ბუნებასთან თანხმობაში, რომლითაც გაჩნდა, და თავის მოვალეობას ასრულებს: იგი, ჩვეულებისამებრ, წინ აღუდგება სხეულის ვნებებს და შესაბამისი განსჯითა და საზომით აწონდაწონის მოვლენებს. ხოლო სხეული ბუნებრივად მიდრეკილია იმისკენ, რაც მას სჩვევია და მისთვის დადგენილ გარდასახვებს63 განიცდის ასაკის, გარეგნობისა და სიდიდის მიხედვით, და ბოლოს აღდგომასაც. (9) აღდგომა კი გარდასახვის უკანასკნელი სახეა, იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალთა ცვლილებაა უკეთესობისკენ.64

13

(1) ჩვენ გვწამს [მომავალი აღდგომა] არანაკლებ იმისა, რაც უკვე მოხდა, და საკუთარი ბუნების მჭვრეტელთ გვიყვარს სიცოცხლე [მისი] გაჭირვებითა და წარმავალობით, რადგან [სწორედ ასეთი სიცოცხლე] შეეფერება ამქვეყნიურ ცხოვრებას, და მტკიცედ გვწამს [მომავალში ჩვენი] უხრწნელად მარადყოფნა. ეს ადამიანთაგან [გაგონილის საფუველზე] ტყუილად როდი შეგვითხზავს, - ცრუ იმედებით კი არ ვსაზრდოობთ, [არამედ] ვერწმუნეთ უცთომელ წინდს - ჩვენი შემოქმედის განზრახვას, რომლის თანახმად მან ადამიანი უკვდავი სულისა65 და სხეულისგან შექმნა, შეუმზადა გონება და თანდაყოლილი წესი66 საცხონებლად და ღვთის მიერ [იმ] ნიჭთა დასაცავად, რომლებიც ცნობიერ ყოფასა და გონიერ ცხოვრებას შეეფერება. კარგად ვიცით, რომ ასეთ ცხოველს არ შექმნიდა და არ შეამკობდა ყოველივე იმით, რაც მარადმყოფობისთვისაა განკუთვნილი, რომ არ ენება, რომ [ეს] ქმნილება მარადარსებულიყო.

(2) მაშასადამე, რაკი ამ ყველაფრის შემოქმედმა ადამიანი კეთილგონიერი სიცოცხლის მოზიარედ შექმნა, რომ შექმნილს ღვთის დიდება და ყველაფერზე [განფენილი] სიბრძნე ეჭვრიტა და ამ ჭვრეტაში მარადარსებულიყო, ღვთის განზრახვისა და [თავისი] წილხვედრი ბუნების თანახმად, - [ამიტომ] შესაქმის მიზეზი67 მარადმყოფობას სარწმუნოს ხდის, მარადმყოფობა კი - აღდგომას, რომლის გარეშე ადამიანი მარადმყოფი ვერ იქნება. თქმული ნათელყოფს, რომ შესაქმის მიზეზი და შემოქმედის განზრახვააღდგომას აშკარად ადასტურებს.

(3) და რადგან ესაა მიზეზი, რომელმაც ადამიანის ამქვეყნად მოსვლა განაპირობა, ჯეროვანი იქნებოდა იმ საბუთის განხილვა, რომელიც ზემოთქმულს ბუნებითა და ლოგიკური თანმიმდევრობით68 მოსდევს. კვლევისას შესაქმის მიზეზს შექმნილ ადამიანთა ბუნება მოსდევს, შექმნილთა ბუნებას - შემოქმედის მიერ მათი სამართლიანი განსჯა, ხოლო ყოველივე ამას - ცხოვრების დასასრული. რაკი დასაწყისი [უკვე] გამოვიკვლიეთ, ახლა, შესაბამისად, ადამიანთა ბუნება განვიხილოთ.

14

(1) ჭეშმარიტების დებულებების ან საკვლევ საკითხთა დასაბუთება, რაც ნათქვამს უცთომელ დამაჯერებლობას ანიჭებს, სათავეს გარედან კი არ იღებს, ან იქიდან, რაც ვინმეს ჰგონია ან ეგონა, არამედ საზოგადო და ბუნებრივი გაგებიდან,69 ან [საკითხთა ლოგიკური] თანმიმდევრობიდან. (2) რადგან [საქმე] ან მხოლოდ პირველ დებულებებს ეხება, და ამდენად, მხოლოდ გახსენებაა70 საჭირო ბუნებრივი გაგების აღსაძვრელად, ან კიდევ [საქმე ეხება] იმ [დებულებებს], რომლებიც ბუნებრივად პირველთ მოსდევენ, და აგრეთვე ბუნებრივ თანმიმდევრობას; საჭიროა მათი რიგის [დაცვა], და როცა წარმოვაჩენთ იმას, რაც ჭეშმარიტად გამომდინარეობს პირველი ან წინამავალი [დებულებებიდან], არ მოხდეს [თავად] ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტების სანდოობის71 უგულებელყოფა, ან კიდევ ბუნებით დაწყობილისა და გარჩეულის [ერთმანეთში] აღრევა, ანუ ბუნებრივი ჯაჭვის დარღვევა.

(3) აქედან გამომდონარე, ვფიქრობ, საჭიროა, რომ ის, ვინც მოცემულ [საკითხთა გადაწყვეტას] ცდილობს და [იმის] გონივრულად განსჯა სურს, ხდება თუ არა ადამიანურ სხეულთა აღდგომა, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა დაუკვირდეს ამის დამტკიცებისთვის საჭირო [საბუთების] ძალას, თუ რა ადგილიუკავია თითოეულს, რომელია მათ შორის პირველი, რომელი მეორე, მესამე და სულ უკანასკნელი.

(4) ასეთი დალაგებისას პირველ [ადგილზე] ადამიანთა შექმნის მიზეზი უნდა დავაყენოთ, ე.ი. შემოქმედის განზრახვა, რითაც შეიქმნა ადამიანი. მას, შესაბამისად, შექმნილ ადამიანთა ბუნება უნდა დავუკავშიროთ, [მაგრამ] არა როგორც რიგით მეორე, [არამედ] იმიტომ რომ შეუძლებელია ერთდროულად ორივეს განსჯა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თანაარსებობენ და მოცემული [საკითხისთვის] თანაბრად მნიშნელოვანნი არიან.

(5) სწორედ ამ პირველადი საბუთების [საშუალებით], რომლებიც დასაბამს შემოქმედებიდან იღებენ, ნათლად ცხადდება აღდგომა; ხოლო არანაკლებ [ამისა], აღდგომას სარწმუნოს ხდის განგების საბუთები, პატივიდან თუ სასჯელი, რომელიც თითოეულ ადამიანს სამართლიანი განკითხვის შედეგად მიერგება, და ის დასასრული, რომელიც ადამიანურ ცხოვრებას მოსდევს.

(6) საქმე ისაა, რომ მრავალნი, ვინც აღდგომის მოძღვრებას განიხილავს, [აღდგომის] მიზეზს მთლიანად მხოლოდ მესამე [საბუთზე] ამყარებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ აღდგომას განკითხვა განაპირობებს.72 ეს რომ მცდარია, უცხადესად ჩანს იქიდან, რომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი აღდგება, მაგრამ ყველა აღდგომილი არ განიკითხება. იმიტომ რომ მხოლოდ განკითხვა რომ ყოფილიყო აღდგომის მიზეზი, მაშინ ხომ უცოდველნი და მართალნი არ აღდგებოდნენ, მაგალითად, სრულიად ჩვილი ბავშვები. მაგრამ რადგანაც ისინიც აღიარებენ, რომ ყველა აღდგება, და სხვებთან ერთად სულ პატარებიც, ამიტომ აღდგომა, უპირველეს ყოვლისა, არა განკითხვის გამო ხდება, არამედ შემოქმედის განზრახვისა და ქმნილებათა ბუნების გამო.

15

[ბ. ადამიანის ბუნება, როგორც აღდგომის საბუთი]

(1) ადამიანთა შექმნის მიზეზის განხილვა თავისთავად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ აღდგომა, ბუნებრივი მიმდევრობით,73 სხეულთა დაშლას მოჰყვება. და მაინც მართებული იქნებოდა, ზემოგანხილულიდან არაფერი გამოგვეტოვებინა და უკვე თქმულის შესაბამისად ყოველი მომდევნო [საკითხიდან] ამოსავალი გვეჩვენებინა მათთვის, ვისაც ეს თვითონ არ ძალუძს. [ამისთვის], უპირველეს ყოვლისა, [უნდა განვიხილოთ] შექმნილ ადამიანთა ბუნება, რასაც იმავე აზრამდე მივყავართ და აღდგომის შესახებ იმავე რწმენას გვანიჭებს.

(2) ადამიანთა მთელი ბუნება, საზოგადოდ, უკვდავი სულისა და დაბადებითგანვე სულთან შენაწევრებული სხეულისგან შედგება.74 თავისთავად არც სულის, არც ცალკე სხეულის ბუნებისთვის განუკუთვნებია ღმერთს დაბადება, სიცოცხლე და მთელი არსებობა, არამედ ერთობლივად მათგან შექმნილი ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ რისგანაც [შედგებიან] დაბადებისას და სიცოცხლეში, იმითვე გალიონ სიცოცხლე ერთი და ზიარი აღსასასრულისკენ. ამიტომაა [ადამიანი] ერთიანი ცოცხალი [არსება], ორი [საწყისისგან შედგენილი], რომელიც განიცდის [ყოველივე] იმას, რასაც განიცდის სული და იმასაც, რასაც სხეული, მოიმოქმედებს და აკეთებს იმას, რაც გრძნობად და ლოგიკურ განსჯას საჭიროებს. ეს შენაწევრება ერთი მიზნისკენ აღისწრაფის, რომ ყველაფერი ყოველმხრივ ერთიან ჰარმონიად და თანხმობად75 წარმოჩნდეს: ადამიანის დაბადება, ბუნება, სიცოცხლე, საქმენი და განცდები, ცხოვრება და ბუნებრივი აღსასრული.76

(3) თუკი ერთიან ცხოველში ერთი მთლიანობა და ერთი თანხმობა არსებობს, როგორც სულისმიერ აღძრვათა, ასევე სხეულებრივ მოქმედებათა [შორის], მაშინ მათ ყველას დასასრულიც ერთი უნდა ჰქონდეს, ხოლო ერთი დასასრული, ჭეშმარიტად, მაშინ იქნება, როცა თვით ცხოველი, რომლის ბოლოც არის ეს აღსასრული, საკუთარ აღნაგობას შეინარჩუნებს. ეს წმინდად იგივე ცხოველი იქნება, თუკი იგივეა ყველაფერი ის, რისგანაც, როგორც ნაწილებისგან, იგი შედგება. [ნაწილები] კი იგივე იქნება იმ ერთიანობის შიგნით, რომელიც საკუთრივ მათ ახასიათებს, რადგან დაშლილნი, კვლავ [ამ] ცხოველის აღნაგობის [შესამტკიცებლად] შეერთდებიან.

(4) იგივე ადამიანთა აღნაგობა ნათელყოფს აუცილებლობით გამომდინარე აღდგომას მკვდარი და დაშლილი სხეულებისა, რადგან მის გარეშე ბუნებრივად ვერ შეერთდებოდნენ იგივე ნაწილები და ვერც იმავე ადამიანთა ბუნება შემტკიცდებოდა.

(5) ხოლო თუ ადამიანებს გონება და აზრი77 იმისთვის მიეცა, რომ გონისეულნი შეიმეცნონ, ე.ი. არა მარტო არსებანი, არამედ მიმნიჭებლის სიკეთე, სიბრძნე და სამართლიანობა, [ამიტომ] აუცილებელია, რომ იმის მარადმყოფობასთან ერთად, რისთვისაც78 ბოძებულია ლოგიკური განსჯა,79 თავად ეს ამაზე მიმართული განსჯაც მარადმყოფობდეს. მაგრამ ამ განსჯის მარადმყოფობა შეუძლებელია, თუ არ იარსებებს ბუნება, რომელმაც იგი მიიღო, და ის, რაშიც ეს ბუნება არსებობს.

(6) ხოლო გონება და აზრი მიღებული აქვს არა ცალკე სულს, არამედ ადამიანს.80 ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი, რომელიც ამ ორის [ერთიანობით] არსებობს, მარადმყოფობდეს. მაგრამ მისი მუდამ არსებობა შეუძლებელი იქნება, თუ ის არ აღდგა.

(7) აღდგომის გარეშე არც ადამიანთა, როგორც ადამიანთა, ბუნება შენარჩუნდება. ხოლო თუ ადამიანთა ბუნება არ შენარჩუნდა, მაშინ ამაოდ შესწყობია სული სხეულის მოთხოვნილებებსა და მის სურვილებს, სხეულს ამაოდ დაუოკებია თავისი ვნებები, სულის აღვირით პყრობილსა და მისადმი მორჩილქმნილს.81 ამაო [ყოფილა] გონება, ამაო - ჭკუა,82 სამართლიანობის დაცვა, წვრთნა ყოველგვარ სათნოებაში, კანონთა დადგენა და გაწყობა, მოკლედ, რაც კი ადამიანთა შორის და ადამიანთათვის არის მშვენიერი, განსაკუთრებით კი თავად ადამიანთა დაბადება და ბუნება.

(8) მაგრამ თუ ყველა საღვთო საქმიდან და ღვთის მიერ მოცემულ საჩუქართაგან სრულიად გამორიცხულია ამაოება, მაშინ ყოვლად გარდუვალია ისიც, რომ სულის უკვდავებასთან ერთად მარადიული იყოს სხეულის არსებობაც, ისე როგორც ეს მის ბუნებას შეჰფერის.

16

(1) ნურავის გაუკვირდება, რომ სიკვდილითა და ხრწნით შეწყვეტილ სიცოცხლეს „მარადმყოფობას“83 ვუწოდებთ. გასათვალისწინებელია, რომ ამ სახელწოდებას ერთი მნიშვნელობა არა აქვს84 და მარადმყოფობის საზომი ერთი არ არის, რადგან არც მარადმყოფთა ბუნებაა ერთი. (2) ხოლო თუ მარადმყოფთაგან თითოეულს თავისი ბუნების შესაბამისად აქვს მარადმყოფობა, ამიტომ სრულიად უხრწნელებსა და უკვდავებში ვერ ჰპოვებ იმავე სახის მარადმყოფობას, [რომელიც ადამიანებს აქვთ], ვინაიდან უმჯობესი არსებანი არ თანაეტოლებიან ქვემდგომთ. არც ადამიანებში იქნებოდა სწორი ამ თანაბარი და უცვლელი მარადმყოფობის ძიება, რადგან [უზენაესი არსებანი] დასაბამითგან უკვდავებად და მარადმყოფებად იშვნენ და უსასრულოდ არსებობენ მხოლოდ შემოქმედის განზრახვის85 საფუძველზე, მაშინ როდესაც ადამიანებს სულისმიერ აქვთ დაბადებიდან უცვლელი მარადმყოფობა, სხეულისმიერად კი ისინი ცვალებადობის გზით იძენენ უხრწნელებას.

(3) ამას გულისხმობს აღდგომის შესახებ მოძღვრება. გვსურს აღდგომა და ველოდებით სხეულის დაშლას, როგორც გაჭირვებითა და რღვევით [აღსავსე] ცხოვრების შედეგს, და მის შემდგომ უხრწნელი მარადმყოფობის იმედი გვაქვს. ჩვენ არ ვუთანაბრებთ პირუტყვთა86 აღსასრულს ჩვენს აღსასრულს, არც პირუტყვთა მარადმყოფობას - ადამიანთა მარადმყოფობას, რომ შეცდომით არ გავუთანაბროთ ადამიანთა ბუნება და სიცოცხლე იმათ, ვისთანაც მათი შედარება არ შეიძლება.

(4) ნურც ის შეგვაშფოთებს, რომ ადამიანთა მარადმყოფობაშირაღაც წყვეტილი87 შეინიშნება. ნურც აღდგომას უარვყოფთ იმის გამო, რომ სული სხეულისგან განცალკავდება,88 ხოლო ნაწილთა და ნაწევართა რღვევა უწყვეტ სიცოცხლეს განკვეთს. (5) გრძნობადი ცხოვრებაც ხომ თითქოს წყდება, ძილში ბუნებრივად ხდება გრძნობათა და ფიზიკურ ძალთა დაუძლურება, როცა ადამიანებს თანაზომიერი დროის შუალედებში ჩაეძინებათ, შემდეგ კი ისევ გარკვეული გზით თითქოს გამოცოცხლდებიან. მაგრამ ამ დროს ხომ არ უარვყოფთ, რომ ეს იგივე სიცოცხლეა! ვფიქრობ, ამ მიზეზის გამო ძილს სიკვდილის ძმას უწოდებენ;89 არა იმიტომ რომ ერთი და იმავე წინაპართაგან თუ მშობელთაგან დაბადებულად მიიჩნევენ, არამედ იმიტომ, რომ გარდაცვლილებსა და მძინარეთ ურთიერთმსგავსი პასიურობა ეუფლება, უშფოთველობის მიზეზითა და აგრეთვე იმის გამო, რომ საგანთა და მოვლენათაგან ისინი აღარაფერს გრძნობენ, თვით არსებობასა და საკუთარ სიცოცხლესაც კი.

(6) თუ ადამიანთა სიცოცხლეს, დაბადებიდან დაშლამდე ასეთი წყვეტილობით აღსავსეს, და განკვეთილს ყოველივე იმით, რაც ზემოთ ითქვა, მაინც არ ვერიდებით იგივე ცხოვრება ვუწოდოთ, ამიტომ არც რღვევის მიღმა სიცოცხლე უნდა გამოვრიცხოთ (მას ხომ თან აღდგომა ახლავს!), თუნდაც რაღაც ხნით იგი სულის სხეულისგან გამიჯნვით განიკვეთებოდეს.

17

(1) საქმე ის არის, რომ ადამიანთა ბუნებას, რომელსაც შემოქმედის განზრახვით იმთავითვე წყვეტილობა ხვდა წილად,90 ცხოვრება და მარადიულობაც წყვეტილი აქვს, განკვეთილი ძილითა და სიკვდილით ან ასაკობრივი ცვლილებებით. ამასთანავე თავიდანვე ცხადად როდი იჩენს თავს ის ყველაფერი, რაც მოგვიანებით უნდა აღსრულდეს. (2) ვინ დაიჯერებს, თუ არა გამოცდილებით განსწავლული, რომ ერთგვაროვან91 და გაუფორმებელ92 თესლში ამდენი და ასეთი მძლავრი ძალაა დაბუდებული, ან შეერთებისა და შესქელების [უნარის მქონე] მასის93 ასეთი ნაირგვარობაა, ვგულისხმობ ძვლებს, ნერვებს, ხრტილებს, აგრეთვე კუნთებს, ხორცს, შიგნეულობასა და სხეულის სხვა ნაწილებს? იმიტომ რომ ეს [ყველაფერი] შეუმჩნეველია ჯერ კიდევ სველ თესლებში,94 არც ჩვილებში ჩანს ის, რაც ზრდასრულებს ახასიათებს, არც ზრდასრულებს [შეეტყობა] ის, რაც მათ [ამ ასაკის] გადალახვის შემდეგ [ექნებათ], და არც ამ უკანასკნელთ - ის, რაც მოხუცებს [აქვთ]. (3) მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულთაგან ზოგი სულ არ ამჟღავნებს, ზოგი კი ბუნდოვნად [ავლენს] ბუნებრივ მიმდევრობასა და იმ ცვლილებებს, რომლებიც ადამიანთა ბუნებას შეემთხვევა, მაინც იციან მათ, ვინც უგუნურებითა და დაუდევრობის გამო ამგვარი განსჯის მიმართ ბრმანი არ არიან, რომ ჯერ თესვა უნდა მოხდეს, ხოლო როცა თესლები შეისახსრებიან ცალკეულ ნაწილებად და ნაწევრებად და, გაღვივებულნი, დღის სინათლეზე გამოვლენ, მაშინ ხდება პირველი ასაკობრივი ზრდა და ზრდის შედეგად მომწიფება, ხოლო დამწიფებულნი სიბერემდე ბუნებრივ ძალთა შესუსტებას განიცდიან, შემდეგ კი დამაშვრალ სხეულთა რღვევა ხდება.

(4) ამ დროს, როცა თესლს არა აქვს აღბეჭდილი ადამიანთა ზომა თუ ფორმა, არც სიცოცხლის პირველსაწყისებად დაშლა [ემჩნევა], ბუნებრივ ხდომილებათა ჯაჭვი სარწმუნოს ხდის იმას, რაც მხოლოდ ხილულ მოვლენათა საფუძველზე სარწმუნო არ იქნებოდა. მით უფრო აზრი,95 რომელიც ჭეშმარიტებას ბუნებრივი გამომდინარეობის საფუძველზე იკვლევს, სარწმუნოს ხდისაღდგომას, რადგან ჭეშმარიტების სარწმუნოყოფისთვის [ლოგიკური განაზრება] უფრო სანდოა და ურყევი, ვიდრე გამოცდილება.

18

[გ. განგებისა და განკითხვის საბუთი]

(1) ახლახანს ჩვენს მიერ მოტანილი ყველა საბუთი, რომლებიც კვლევას ემსახურება და აღდგომას სარწმუნოს ხდის, ერთგვაროვანია, რადგან ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს; მათი საფუძველი შესაქმის შედეგად პირველი ადამიანების დაბადებაა. ზოგიერთი თავად იმ პირველი საფუძვლიდან იძენს სიმტკიცეს, რომლიდანაც აღმოცენდება, სხვები კი, რომლებიც ადამიანთა ბუნებასა და ცხოვრებას ეხება, სარწმუნოებას ღვთის მიერ ჩვენს მიმართ წინაგანგებიდან იძენენ. მიზეზი, რომლითაც და რომლის გამოც გაჩნდნენ ადამიანები, ადამიანთა ბუნებასთან მჭიდრო კავშირში [განხილული],96 თავის საფუძველს შესაქმეში ჰპოვებს, ხოლო სამართლიანობაზე [დამყარებული] საბუთი, რომლითაც ღმერთი კეთილად თუ ბოროტად მცხოვრებ ადამიანებს განსჯის - მათ ბოლოში; [ეს საბუთები] ხომ ძირითადად აქედან მომდინარეობენ, თუმცა არსებითად წინაგანგებაზე არიან დამოკიდებულნი.

(2) პირველადი [საბუთები] შეძლებისდაგვარად მოვიყვანეთ. ახლა სასურველია მოცემული [თემა] მომდევნო [საბუთებით] ნათელვყოთ. ვგულისხმობ იმ პატივისა თუ სასჯელის განხილვას, რომელიც ყოველ ადამიანს სამართლიანი განკითხვის საფუძველზე ელის ადამიანის ცხოვრების აღსასრულს. ხოლო მათ შორის ბუნებით უწინარესი წინ უნდა წამოიწიოს და, უპირველეს ყოვლისა, განკითხვის შესახებ საბუთი იქნეს განხილული. წინამდებარე [საკითხთა] საწყისსა და რიგს თუ გავითვალისწინებთ, უნდა დავუშვათ, რომ ვინც ღმერთს ამ ყოვლიერების შემოქმედად აღიარებს, მისსავე სიბრძნესა და სამართლიანობას უნდა მიაკუთვნოს ყველა ქმნილების დაცვა და წინაგანგება,97 თუ სურს საკუთარი პრინციპების ერთგული იყოს. ხოლო ვინც ასე განსჯის, აღიარებს, რომ არც მიწაზე და არც ცაში არაფერია წარუმართველი და უგანგებო, არამედ ყველაფერზე - უხილავსა და ხილულზე, მცირესა თუ დიდზე - შემოქმედის მზრუნველობა ვრცელდება; (3) ყველა ქმნილება ხომ შემოქმედის მზრუნველობას საჭიროებს, თითოეული თავისი ბუნებისა და დანიშნულების მიხედვით. არაფრისმომცემი თავმომწონეობა იქნებოდა მათი აქ გვარებად დაყოფა ან იმის ჩამოთვლა, თითოეულს ბუნებით რა შეეფერება.

(4) ხოლო აქ ადამიანის შესახებ არის ლაპარაკი, რომელიც, როგორც შეჭირვებული, საკვებს საჭიროებს, როგორც მოკვდავი - მემკვიდრეს, როგორც გონიერი - სამართალს. თქმულიდან თითოეული ადამიანს ბუნებრივად აქვს: საკვები სიცოცხლისათვის სჭირდება, მემკვიდრე - გვარის მუდმივობის, სამართალი - საკვებისა და მემკვიდრეობის კანონიერი [განაწილებისთვის]. როგორც საკვები და მემკვიდრეობა ორივეს ეხება, სამართალიც ორივეს უნდა ეხებოდეს. „ორივეში“ კი სულისა და სხეულისგან [შედგენილ]98 ადამიანს ვგულისხმობ. სწორედ ასეთი ადამიანია პასუხისმგებელი ყველა საქციელისთვის, რომლისთვისაც იგი ჯილდოს ან სასჯელს ღებულობს. (5) ნამოქმედარის სამართლიანი განკითხვით სამართალი ორივეს მიმართ აღსრულდება: არც მხოლოდ სულმა უნდა ზღოს სამაგიერო იმისთვის, რაც სხეულთან ერთად მოიმოქმედა (რადგან თავად სული არ განიცდის მიდრეკილებას99 იმ შეცდომებისადმი, რომლებიც სხეულისმიერ სიამოვნებას, ჭამასა და მოვლას უკავშირდება), და არც მხოლოდ სხეულმა (რადგან თავად იგი განურჩეველია კანონისა და სამართლის მიმართ), არამედ მათგან [შედგენილი] ადამიანი განიკითხება მისი ყოველი საქმისთვის. [ჩვენი] გამოკვლევის თანახმად, ეს არც ამ ცხოვრებაში მოხდება (რადგან [ადამიანს] ამ ცხოვრებაში ღირსებისამებრ როდი მიეგება: ბევრი უღვთო და ყოველგვარი უკანონობა და ბოროტების ჩამდენი სიკვდილამდე გაუჭირვებლად მიატანს და, პირიქით, ვინც სიცოცხლეში სულ სათნოებას ავლენდა, ტანჯვაში, ცილისწამებაში, დაბეზღებასა და ათასგვარ უბედურებაში ცხოვრობს),100 არც სიკვდილის შემდეგ (რადგან ორი[საწყისისგან შედგენილი ერთობა] აღარ არსებობს, როცა სული სხეულს გაემიჯნება და თვითონ სხეულიც იმ [ნაწილებად] დაიშლება, რომლებიდანაც იქნა შეკრებილი, და როცა არაფერია დარჩენილი უწინდელი იერსახიდან, თვით გარდასულ საქმეთა ხსოვნაც კი). შედეგი ყველასთვის ცხადია: წარმავალმა და ხრწნადმა, მოციქულის თანახმად,101 უკვდავება უნდა შეიმოსოს, რათა აღდგომით მკვდართა ცხოველყოფისას განცალკავებულთა ან სრულიად დაშლილთა კვლავ გაერთიანებისას, თითოეულმა [ადამიანმა] სამართლიანად მიიღოს ის, რაც სხეულის მეშვეობით ქმნა, კარგი იყო ის თუ ცუდი.102

19

(1) მათთვის, ვინც [ღვთის] განგებას აღიარებს და ჩვენს ამოსავალ დებულებებს ეთანხმება, შემდეგ კი - არ ვიცი რატომ - თვითონვე საკუთარ პრინციპებს უარყოფს, ამ საბუთებს უნდა მივმართოთ და კიდევ სხვებსაც, თუ მოკლედ და გაკვრით ნათქვამის განვრცობა გვსურს.

(2) ხოლო მათთვის, ვისაც საფუძველშივე ჩვენგან განსხვავებული [აზრი აქვს], უმჯობესია, ჯერ სხვა ამოსავალი დავუშვათ, რათა მათთან ერთად ეჭვი შევიტანოთ იმაში, რაც მათ აფიქრებთ, და მათთან ერთადვე ასეთი რამ განვიხილოთ: ნუთუ ადამიანთა სიცოცხლე და მთელი არსებობა [ღვთის] თვალთახედვის გარეშეა დარჩენილი და ისეთ ღრმა წყვდიადს შეუპყრია დედამიწა, რომ თავად ადამიანები და მათი საქმეები უმეცრებითა და მდუმარებით მოუცავს? თუ ბევრად უფრო საიმედოა ვიფიქროთ, რომ შემოქმედი საკუთარ ქმნილებებს ზედამხედველობს, რადგან იგი მცველია ყოველივე არსებულისა და მომავლისა, საქმეთა და განზრახვათა მსაჯულია?103

(3) თუ ადამიანებს ნამოქმედარისთვის არაფერი მოეკითხებათ, მაშინ მათ პირუტყვებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არა ჰქონიათ. პირიქით, მათზე საცოდავნიც ყოფილან, რადგან ვნებებს იოკებენ და ღვთისმოსაობის, სამართლიანობისა და სხვა სათნოებისთვის იღწვიან. მაშ მშვენიერი ყოფილა ველური და მხეცური ცხოვრება, უგუნურება სიქველე ყოფილა, სამართლისმუქარა - მხოლოდ ხუმრობა, ნაირგვარი სიამოვნების მონება - შესანიშნავი რამ. ხოლო მათ ყველას საერთო წესი და ერთი კანონი აქვთ, თავშეუკავებელთა და ავხორცთათვის მეტად ძვირფასი: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალე მოვწყდებით“104 ასეთი ცხოვრების ბოლო კი, ზოგს რომ ჰგონია, სიამოვნებაც კი არ არის, არამედ სრული უგრძნობლობაა.105 (4) ხოლო თუ ადამიანთა შემოქმედი თავისი ქმნილებებისათვის ზრუნავს და არსებობს სამართლიანი განკითხვა იმათი, ვინც კეთილად და ბოროტად იცხოვრა, ეს ან აწმყო ცხოვრებაში [უნდა მოხდეს], როცა ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც კეთილად თუ ბოროტად იცხოვრა, ან სიკვდილის შემდეგ, როცა [ადამიანი] დაშლასა და რღვევას განიცდის. (5) მაგრამ ვერც ერთსა და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ დავასკვნით, რომ სამართლიანი განკითხვა აღსრულდება. ამ ცხოვრებაში ხომ არც კარგებს მიეზღვება სამაგიერო სიკეთისათვის, არც უკეთურთ - ბოროტებისთვის.

(6) იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ იმ ბუნების შენარჩუნების შემთხვევაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, მოკვდავი ბუნება ვერც გაუძლებდა იმ სასჯელს, რომელიც განსაკუთრებით მრავალრიცხოვან და მძიმე დანაშაულებს შეეფერება. (7) რადგან ყაჩაღი, წარჩინებული თუ ტირანი, რომლებმაც უსამართლოდ ათასობით [ადამიანი] წარწყმიდეს, ერთი სიკვდილით ვერ მოიხსნიან ამისთვის მოვლენილ სასჯელს. და ვისაც ღვთის შესახებ ჭეშმარიტი წარმოდგენა სულ არა აქვს, ვინც ქედმაღლურად და ავსიტყვაობით იცხოვრა, საღვთო უგულებელყო, დაარღვია კანონები, შეურაცხყო ბავშვები და ქალები, უკანონოდ დაარბია ქალაქები, სახლები გადაწვა მობინადრეებთან ერთად, ააწიოკა ქვეყანა, გაანადგურა მოსახლეობა, ხალხი და მთელი მოდგმა106 - როგორ დაიტევს [მისი] მოკვდავი სხეული შესაბამის სასჯელს, თუ სიკვდილმა დამსახურებულ [საზღაურს] წინ გაუსწრო, ხოლო მოკვდავმა ბუნებამ [ამ ადამიანის] თუნდაც ერთი ნამოქმედარისთვის [პასუხისგებას] ვერ გაუძლო? მაშასადამე, დამსახურების მიხედვით განკითხვა არც ამ ცხოვრებაში სრულდება, არც სიკვდილის შემდეგ.

20

(1) სიკვდილი ან სრული ჩაქრობაა სიცოცხლისა, როცა სხეულთან ერთად სულიც იშლება და ისპობა, ან [სიკვდილის შემდგომ] მხოლოდ სული რჩება დაუშლელი, დაუნაწილებელი, გაუხრწნელი, ხოლო სხეული იხრწნება და იშლება, და აღარც თავისი ნამოქმედარი ახსოვს, არც სულისმიერი განცდები.

(2) თუ ადამიანთა სიცოცხლე მთლიანად ჩაქრა, მაშინ ვეღარ გამოვლინდება [ღვთის] ზრუნვა107 არაცოცხალ ადამიანთა მიმართ და განკითხვაც აღარ მოხდება იმათი, ვინც სათნო ან ბოროტი ცხოვრებით იცხოვრა. კვლავ შემობრუნდება უკანონო ცხოვრება და მის თანმხლებ უგუნურებათა წყება, და ამ უკანონობათა თავი - უღმერთობა.108

(3) სხეული რომც გაიხრწნას და დაშლილ [ნაწილთაგან] თითოეული თავის მონათესავესკენ წავიდეს, სული კი უხრწნელი დარჩეს, არც ამ შემთხვევაში - სამართლის თანდასწრების გარეშე - ექნება ადგილი სულის განკითხვას. იმიტომ რომ შეუძლებელია ღვთისაგან თუ ღვთის მიერ109 რაიმე განკითხვა [მოხდეს], რომელსაც სამართალი არ ახლავს. საქმე ისაა, რომ განკითხვას სამართალი მაშინ არ ახლავს, როცა აღარ არსებობს სამართლიანობისა თუ უკანონობის ჩამდენი. ხოლო ყველა ცხოვრებისეული საქმის ჩამდენი, რომელთა განკითხვა ხდება, ადამიანი იყო და არა სული თავისთავად. მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი დაშვება სამართლის [არსებობას] ვერ უზრუნველყოფს.

21

(1) ქველმოქმედებისთვის პატივის მიგებისას სხეული აშკარად დაიჩაგრება; იგი ხომ იმ შრომის მოზიარეა, რომელსაც სული ეწევა, მაგრამ ქველმოქმედებისთვის მიგებულ პატივს იგი ვერ გაიზიარებს. ხშირად სული შენდობას ჰპოვებს იმ ცოდვათა გამორომლებიც ხორციელმა მოთხოვნილებებმა და საჭიროებამ განაპირობა, მაშინ როცა თავად სხეული ვერ ეზიარება ჯილდოს იმ კეთილ საქმეთათვის, რომლებისთვისაც სიცოცხლეში შრომა [სულთან] ერთად გაწია.110

(2) მაშინაც, როცა ცოდვათა განკითხვა ხდება, სულის მიმართ სამართლიანობა ვერ იქნება დაცული, თუ სული მარტო აგებს პასუხს იმ ცოდვებისთვის, რომლებიც სხეულის ზემოქმედებით ჩაიდინა, როცა სხეული მას საკუთარი ვნებებისკენ და მისწრაფებებისკენ უბიძგებდა,111 ხან მოხიბლვითა და მაცდურობით, ხან უფრო ძალისმიერი ზეწოლით, ზოგჯერ კი [სულის სხეულთან] იმ შეთანხმებულობის გამო, რომელიც [სულს უბიძგებს], სხეულის სასიკეთოდ და მისი აგებულების შენარჩუნებისთვის [იღვაწოს].112

(3) ან როგორ არ იქნებოდა უსამართლობა, რომ მხოლოდ სული განსჯილიყო იმისათვის, რისადმი მას, მისი ბუნების თანახმად, არავითარი ლტოლვა, მისწრაფება და სურვილი არ გააჩნია, როგორიცაა, მაგალითად, აღვირახსნილობა, ძალადობა, სიხარბე და სხვა ამასთან დაკავშირებული ცოდვები? (4) ბოროტებათა უმეტესობა ხომ იმიტომ ხდება, რომ ადამიანები მოზვავებულ ვნებებზე ვერ მძლავრობენ, რომლებიც სხეულის მოთხოვნილებათა და საჭიროებათა გამო მოზვავდნენ, აგრეთვე იმ ნდომისა და მოთხოვნილების გამო, რომელიც ამ [დაუოკებლობას] თან ახლავს. ამის გამოა ყოველგვარი მფლობელობა და მითუმეტეს მოხმარება, აგრეთვე ქორწინება და ყველა ცხოვრებისეული საქმე, რომლებშიც და რომელთან მიმართებაში ჩანს ის, რაც შეცდომა არის და რაც არ არის. მაშ სადღაა სამართალი, თუ მხოლოდ სული განისჯება იმისთვის, რისადმიც პირველად სხეული განიცდის ვნებას113 და სულსაც ეზიდება იმ საქმეთა თანავნებისა დაზიარებისკენ, რომლებისკენ თვითონ მიისწრაფვის? ლტოლვანი და სიამოვნებანი, შიშები და ტკივილები,114 რომელთა მიზეზი მუდამ არაზომიერება არის, სხეულიდან იღებს დასაბამს, და ნუთუ აქედან გამომდინარე ცოდვები და ცოდვებისთვის მოვლენილი სასჯელი მხოლოდ სულს უნდა ერგოს? სულს ხომ თავისთავად ამდაგვარი არაფერი სჭირდება, იგი არც ლტოლვას, არც შიშს, არც ვნებას განიცდის იმის მიმართ, რასაც ჩვეულებრივ ადამიანი განიცდის.

(5) მაგრამ რომც დავუშვათ, რომ ვნებები მხოლოდ სხეულს კი არ ახასიათებს, არამედ [მთელ] ადამიანს, რაც თავისთავად სწორია, რადგან მისი ცხოვრება ორი [საწყისისგან შედგენილი ერთიანობაა], ჩვენ მაინც ვერ ვიტყვით, რომ ვნებები სულს შეეფერება, როცა საკუთრივ სულის ბუნებას განვიხილავთ. (6) რადგან თუ სულს სრულიად არ სჭირდება საკვები, მას არც ლტოლვა ექნება იმისადმი, რაც საარსებოდ არ სჭირდება, არც მისწრაფებას იმისკენ, რისი მოხმარებაც არა სჩვევია; მეტიც, იგი ვერც კი იდარდებს იმ ფულისა თუ ქონების უქონლობის გამო, რასთანაც საერთო არაფერი აქვს.

(7) ხოლო თუ სული ხრწნაზე ძლიერია, იგი არ შეუშინდება იმას, რასაც მისი გახრწნა შეეძლებოდა. იგი არ შეუდრკება შიმშილს, სნეულებას, სახიჩრობას, შეურაცხყოფას, ცეცხლსა და მახვილს, რადგან მათგან იგი ზიანსა და ტკივილს ვერ განიცდის; მასზე არც სხეულები მოქმედებენ, არც სხეულებრივი ძალები.

(7) ხოლო თუ ვნებათა მიკუთვნება საკუთრივ სულებისთვის უაზრობაა, ამ ვნებათაგან მომდინარე ცოდვებისა და შესაბამისი სასჯელის მხოლოდ სულებისთვის აკიდება მეტისმეტი უსამართლობა და ღვთიური განკითხვისთვის უღირსი [საქმე] იქნებოდა.

22

(1) გარდა ამისა, უაზრობა არ იქნებოდა, როცა სათნოება და ბოროტება ცალკე სულს არ განეკუთვნება (რადგან სათნოებად ადამიანის სათნოებას მივიჩნევთ, ისევე როგორც მის საპირისპიმკვდართაროდ ბოროტებას სხეულისგან განცალკავებულ მარტომყოფ სულს არ [მივაკუთვნებთ]), მათთვის მოვლენილი ჯილდო და სასჯელი მხოლოდ სულს რომ ეტვირთა? (2) ან როგორ წარმოიდგენს კაცი მხოლოდ სულში სიმამაცესა და სიმტკიცეს,115 როცა სულს არ აშინებს არც სიკვდილი, ჭრილობა, დასახიჩრება, სასჯელი თუ ძალადობა, არც მათთან დაკავშირებული ტკივილები ან მათგან გამოწვეული ტანჯვა? (3) როგორ [წარმოვიდგინოთ მხოლოდ სულში] თავდაჭერილობა116 და გონივრულობა, როცა სულს არავითარი სურვილი არ უბიძგებს საკვებისაკენ, სქესობრივი კავშირისა თუ სხვა სიამოვნებისკენ - არც შიგნიდან აღაგზნებს მას რაიმე ძალა, არც გარედან აქეზებს? (4) [მხოლოდ სულში როგორ წარმოვიდგინოთ] კეთილგონიერება, როცა მასზე არაა დამოკიდებული რაღაცის გაკეთება ან არგაკეთება, არჩევა ან უარის თქმა, მით უფრო, რომ მას არავითარი მისწრაფება და ბუნებრივი ლტოლვა რაიმე ქმედებისადმი არ ახასიათებს?117

(5) საერთოდ, როგორ იქნებოდა სულებისათვის დამახასიათებელი სამართლიანობა ერთმანეთისადმი ან სხვათა - იმავე ან განსხვავებული გვარის წარმომადგენელთა მიმართ, როცა მათ არ გააჩნიათ ის, თუ საიდან, რისი მეშვეობით ან როგორ118 მიაკუთვნონ [თითოეულს] კუთვნილი [წილი] დამსახურების მიხედვით ან ანალოგიით,119 გარდა ღვთისადმი პატივისცემისა? მათ არა აქვთ არავითარი ლტოლვა და მისწრაფება იმისკენ, რომ მოიხმარონ საკუთარი და უარი თქვან სხვისაზე. ბუნებით შესაფერის [საგანთა] მოხმარება ან [ამაზე] უარის თქმა ხომ იმას ახასიათებს, ვისაც მოხმარება სჩვევია, სულს კი არაფერი სჭირდება და არცრაღაცით სარგებლობას არის ჩვეული. ამგვარად მოწყობილ სულში კი არ მოიპოვება ის, რასაც [სხეულის] ნაწილთა ეგოისტური ქმედება120 ეწოდება.

23

(1) დადგენილი კანონები ადამიანებს ეხებათ. ამიტომ, ყველაზე დიდი უაზრობა იქნება, კანონიერი თუ უკანონო საქმეთათვის საზღაურის გადახდა მხოლოდ სულებს რომ დაეკისროს. (2) რადგან თუ სამართლის თანახმად, კანონის ამღიარებელი უკანონობისთვის თავად ისჯება, ხოლო კანონებს ადამიანი აღიარებს და არა სული თავისთავად, [ამიტომ] ადამიანმავე უნდა აგოს პასუხი ცოდვებისთვის და არა სულმა თავისთავად. იმიტომ რომ ღმერთს სულებისთვის არ დაუწესებია, თავი შეიკავონ იმისგან, რაც მათ სრულებით არ ეხება, როგორიცაა მაგალითად სიძვა, მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა, მშობლების უპატივცემლობა და, საერთოდ, ყოველგვარი სწრაფვა, რომელსაც ახლობლებისთვის უსამართლობა და ზიანი მოაქვს. (3) არც „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა“121 ფერება მხოლოდ სულებს - მათ ეს მცნებები არ განეკუთვნება, რადგან სულები კი არა შობენ სულებს და ამ გზით მამის ან დედის სახელს იძენენ, არამედ ადამიანები ადამიანებს. (4) არც „არა იმრუშო“122 სმე თქმულა ან თუნდაც ნაგულისხმევი ყოფილა სულთა მიმართ, რადგან მათში არ არის მამრისა და მდედრის გარჩევა,123 არც სქესობრივი კავშირის უნარი ან მისკენ ლტოლვაა. ხოლო ასეთი ლტოლვა როცა არ არის, არც კავშირია შესაძლებელი. ხოლო ვისაც სქესობრივი კავშირი არა აქვს, მას ვერც კანონიერი კავშირი ექნება, როგორიცაა ქორწინება. ხოლო კანონიერი კავშირი სადაც არ არსებობს, იქ ვერც უკანონო კავშირი და სხვა ცოლისკენ ლტოლვა ან [მასთან] კავშირი იქნება შესაძლებელი. მრუშობა ხომ სწორედ ეს არის. (5) სულებისთვის ქურდობის ან სიხარბის აკრძალვაც არ იქნებოდა სწორი. იმიტომ რომ მათ არა სჭირდება ის, რაც სხვებს სჭირდება, ვინც ბუნებრივი მოთხოვნილებისა თუ საჭიროების გამო ჩვეულია ქურდობასა დაყაჩაღობას [და იტაცებს], მაგალითად, ოქროს, ვერცხლს, პირუტყვს ან სხვა რამეს, რაც საკვებად, თავშესაფრად ან სახმარად გამოადგება. უკვდავი ბუნებისთვის კი უსარგებლოა ყოველივე ის, რისკენაც არმქონე, როგორც საჭირო ნივთისკენ, მიილტვის. (6) ამ [საკითხთა] უფრო სრული გამოკვლევა იმათთვის მიგვინდია, ვისაც თითოეული მათგანის უფრო გულდასმით განხილვა ან მოწინააღმდეგეებთან უფრო თავმომწონე შეკამათება სურს. ჩვენთვის კი ზემოთქმულიც კმარა და ის, რაც მასთან შესაბამისობაში აღდგომის [ჭეშმარიტებას] სარწმუნოს ხდის. ამავე [საკითხებზე] უფრო მეტად შეჩერება დროული არ იქნებოდა. ჩვენ მიზნად ის კი არ დაგვისახავს, არაფერი გამოვტოვოთ იქიდან, რაც შეიძლება ითქვას, არამედ [გვსურს], მოკლედ ვაჩვენოთ შეკრებილთ, თუ როგორ უნდა გვესმოდეს აღდგომა და დამსწრეთა შესაძლებლობებს შევუსაბამოთ [თემისთვის] განკუთვნილი საბუთები.

24

[დ. მიზნობრივი საბუთი]

(1) მოცემული [თემა] მეტნაკლებად გამოვიკვლიეთ და ისღა დაგვრჩა, რომ მიზნობრივი საბუთი124 განვიხილოთ. ის თქმულით უკვე ნათელყოფილია125 და მხოლოდ დაკვირვებასა და განვრცობას მოითხოვს, რათა ვინმეს არ ეგონოს, რომ ზემოთ ნათქვამიდან126 რაღაც დაგვავიწყდა და ამგვარად მხედველობიდან გამოგვრჩა საწყისი დებულება და დასაწყისშივე გაკეთებული კლასიფიკაცია.127

(2) ამისა და ამით გამოწვეული შესაძლო კამათის გამო კარგი იქნებოდა თუნდაც იმის აღნიშნვა, რომ ბუნებრივად წარმოქმნილებსა და ხელოვნურად შექმნილებსაც, თითოეულს თავისი საკუთარი დანიშნულება [ბოლო] უნდა ჰქონდეს. ამას გვასწავლის ყველასთვის საზიარო აზრი და ამასვე ადასტურებს ის, რაც ჩვენსთვალწინ ხდება.

(3) მართლაც, განა ვერ ვხედავთ, რომ მიწათმოქმედებს თავისი დანიშნულება [ბოლო] აქვთ, ექიმებს - თავისი, ასევე თავისებურია იმისი დანიშნულება [ბოლო], რაც მიწიდან აღმოცენდება, და სხვა არის ცხოველთა დანიშნულება [ბოლო], რომლებიც მიწის [ნაყოფით] იკვებებიან და ბუნებრივი ციკლით მრავლდებიან.

(4) თუ ეს ცხადია და ბუნებრივ და ხელოვნურ ძალებსა და მოქმედებებს128 ბუნების შესაბამისი დასასრული მოსდევს, [ამიტომ] ისიც სავსებით აუცილებელია, რომ ადამიანთა დასასრულს, რომელთაც განსაკუთრებული ბუნება აქვთ, სხვათა დასასრულთან საერთო არაფერი ჰქონდეს. ამიტომ დაუშვებელია, ერთი და იგივე დასასრული ლოგიკური განსჯის არმქონეთაც მივაკუთვნოთ და [იმათაც], ვინც ბუნებრივი კანონითა და განსჯით მოქმედებს, ვინც გონიერ ცხოვრებას [ეწევა] და სამართალს [იცნობს].

(5) არც უმტკივნეულო დასასრული იქნებოდა ამ უკანასკნელთათვის საკუთრივ დამახასიათებელი, რომელიც გრძნობის სრულიად არმქონეთ აქვთ.129 მაგრამ ეს არც ის სიხარული იქნებოდა, რომელსაც სხეულს კვება და გართობა, ან სიამოვნებათა სიუხვე ანიჭებს: მაშინ ხომ ცხოველური ცხოვრება უპირატესობას მოიპოვებდა, ხოლო სათნო ცხოვრება უმიზნო იქნებოდა. მე მგონი, ასეთი დასასრული ცხოველებსა და საქონელს შეეფერება და არა ადამიანებს, რომლებსაც უკვდავი სული და ლოგიკური განსჯის უნარი აქვთ.

25

(1) [ადამიანის არსებობის საბოლოო მიზანი] არც სხეულისგან განცალკავებული სულის ნეტარებაა,130 რადგან სიცოცხლე თუ ბოლო ადამიანის ორი შემადგენელი [ნაწილიდან] ერთერთს კი არ [ეკუთვნის], არამედ [თავად ადამიანს], რომელიც ორივესგან შედგება. ადამიანს, როგორც მთელს, წილად ასეთი ცხოვრება ხვდა და ამ სიცოცხლეს საკუთარი დასრულება უნდა ჰქონდეს.

(2) ხოლო თუ დასრულება ორივე [შემადგენელს ერთად] ეხება, და მისი გამოვლენა ცოცხლებში - ამ ცხოვრების მანძილზე - შეუძლებელია, უკვე მრავალჯერ თქმული მიზეზის გამო, და [შეუძლებელია] ცალკე მყოფ სულშიც (იმიტომ რომ მოცემული ადამიანი, როგორც მთლიანობა, აღარ არსებობს, როცა სხეული იხრწნება ან სრულიად იშლება, თუნდაც სული თავისთავად დარჩეს), ამიტომ გარდაუვალია, რომ ადამიანთა დასასრულის გამოვლენა რაღაც სხვა მდგომარეობაში მოხდეს, რომელიც იმავე ცოცხალ არსებას, ორი [საწყისიდან შედგენილს], განეკუთვნება.

(3) ამისი აუცილებლობით გამომდინარეობა განაპირობებს იმას, რომ უეჭველად უნდა მოხდეს გარდაცვლილი და სრულიად დაშლილი სხეულების აღდგომა და კვლავ იმავე ადამიანების აღდგენა. იმიტომ რომ [ადამიანებისთვის შესაფერისი] დასრულება ბუნების კანონით ნებისმიერი ადამიანისთვის განურჩევლად კი არ დგინდება, არამედ იგი იმავე [ადამიანს განეკუთვნება], რომელმაც წინანდელი ცხოვრება განვლო. ხოლო იმავე ადამიანთა აღდგენა შეუძლებელია, თუ იგივე სხეულები იმავე სულებს არ დაუკავშირდნენ. იგივე სხეული კი იმავე სულს ვერ მიიღებს, თუ არა აღდგომით. სწორედ ესაა, რასაც ადამიანთა ბუნების შესაფერისი ბოლო მოსდევს.

(4) ხოლო გონიერი სიცოცხლისა და ლოგიკური განსჯის ბოლო, არ შევცდებით თუ ვიტყვით, არის განუშორებელი მარადმყოფობა131 იმასთან, რასაც ბუნებრივი აზრი132 განსაკუთრებით კარგად არის ჩვეული: ესაა დაუღალავი სიხარული [ღმერთის] მომნიჭებლის ჭვრეტით და მისი მოძღვრებით, თუმცა ადამიანთაგან მრავალს, რომლებიც უფრო ძლიერი ვნებით ამქვეყნიური [სიამოვნებისკენ] რომ ილტვის, ასეთი ბოლო არ ერგება. (5) მაგრამ საერთო ხვედრს ვერ გააბათილებს იმათი მრავალრიცხოვნება, ვისაც მისთვის შესაფერისი ბოლო არა ხვდა. ყველა შესაბამისად განიკითხება და თითოეულს - იმისდა მიხედვით კეთილად იცხოვრა თუ ბოროტად - შესაბამისი ჯილდო ან სასჯელი ერგება.

---------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - ούκ ήκιστα δε εζ αύτηζ της των έν μέσω στρεφομένων ταραχής.

2 - των μέν ύπέρ τής άληθείας των δέ περί της άληθείας.

3 - ώς δέ πρός τό χρειωδέστερον.

4 - მიწათმოქმედების მაგალითი პლატონურია, გამოიყენება საკითხის წამოწყებისას. იხ. მაგ. Plat. Eutyph. 2d. (Crehan, პ. 169).

5 - ანალოგიური მსჯელობა მკურნელობისა და სწავლის მაგალითზე იხ. Plat. Sophist. 230c-d.

6 - ეს ქრისტიანებს ეხება და არა, მაგალითად, ისეთ მოწინააღმდეგეებს,როგორც გნოსტიკოსებია, რომელთაც ათენაგორა საკმაოდ უხეშად მოიხსენიებდა. (De Res. 2, 2; 8, 5; 9,1) (Pouderon, გამოკვლ. 93).

7 - პუდერონის აზრით, აქ გნოსტიკოსები იგულისხმებიან. (Pouderon, ტექსტი, გვ. 220).

8 - „აღნაგობა“ (σύσταις) პლატონური გამოთქმაა საგნის აგებულების აღსანიშნავად. შდრ. Tim. 32 c, 36 d. - Crehan, p. 169. აქ ათენაგორა თავისი ნაშრომის პირველი ნაწილის გეგმას გვამცნობს: ღვთის უძალობა (2, 4-9); ღვთის არნდომა (10-11). ეს, იმავე დროს, სხეულის აღდგომის მოწინააღმდეგეთა ორ ძირითად არგუმენტს ეხმიანება, როგორც წარმართებისა (Orig. C. Cels. V, 14. იხ. აგრეთვე Justin., Quaest. ad Christ. XV, PG 6, 1477 d - 1480 a), ასევე გნოსტიკოსებისა (Justin. De Res. II, PG 6, 1573; V, 1577-1580; Irenaeos, Haer. V, 4, 1; Tertul. De Res. XI, 3) და ქრისტიანებისა (Meth. De Res. I, 22, 1. - Pouderon, ტექსტი, გვ. 220-221). მეთოდეს თანახმად, ორიგენე (De Res. I, 20, 2) საყვედურობდა იმათ, ვისაც მთელი სხეულის აღდგომა სწამდა; ისინი ემყარებოდნენ დებულებებს, რომელთა თანახმად „ღმერთი აკეთებს, რაც სურს“ და „ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი“, და ვერ ითვალისწინებდენ, რომ ისეთ რამეზე ლაპარაკობდენ, რაც სწორედაც რომ ღვთისთვის „შეუძლებელია“ და „არასაკადრისი“. (Schoedel, პ. 93).

9 - მომდევნო აბზაცში ათენაგორა ასაბუთებს, რომ ღმერთისთვის ისეთივე ადვილია მკვდართა აღდგენა, როგორც ცოცხალთა შექმნა (Pouderon, ტექსტი, გვ. 221).

10 - κατά τε μέρος λον κατ μόριον - „ნაწილით“ აქ უფრო დიდ ნაწილს გადმოვცემთ, „ნაწევარით“ უფრო პატარას.

11 - το στοιχείου. ეს სიტყვა, რომელიც დასავლურ თარგმანებში „ელემენტად“ გადმოდის, აქ, იოანე პეტრიწისეული ტრადიციით, „კავშირად“ ვთარგმნე. მითუმეტეს, რომ στοχεον-ი „კავშირის“, როგორც რაღაც ერთეულთა ერთიანობის თანამედროვე მნიშვნელობასაც უფრო შეესაბამება, ვიდრე „ელემენტს“, რომელიც ძალაუნებურად უმცირეს განუყოფელ ნაწილაკზე გვაფიქრებინებს. პლატონიზმში στοιχεον-ი არა უმარტივესი ნაწილაკი იყო, არამედ სხვადასხვა საწყისთა ერთობლიობა, მათი გარკვეული ნაერთი. პროკლეს თანახმად, ყოველი „სტიქიონი“ თავისთავად კოსმოსია (Procl. in Tim. III E 172,3 Diehl). Schoedel-ი აღნიშნავს, რომ ათენაგორას ეს ტექსტი ჰგავს პლატონის მსჯელობას „კავშირთა“ დაშლის შესახებ (Tim. 57b, 81a). საყოველთაოდ გაზიარებული იყო ის აზრიც, რომ „სტიქიონები“ გარკვეულ ნაერთს წარმოადგენდნენ („that the elements are „compounds“ was commonly held“), აღნიშნავს Schoedel-ი და მიუთითებს აეტიუსზე, Plac. 1,1,2. პლატონიც წერდა „სტიქიონთა“ ნაწილების შესახებ, რომლებიც „დაშლის“ შემდეგ მიმოიქცეოდნენ და შემდეგ სხვადასხვა სახით ერთიანდებოდნენ (Tim. 56d-57c). ათენაგორა მსჯელობდა სტიქიონთა ნაწილების შესახებ, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს (2, 5, 3, 2. - Schoedel, p. 93).

12 - ათენაგორას აზრით, ყოველი „სტიქიონი“, რომლისგანაც ადამიანი შედგება, გარკვეულ გარემოს ეკუთვნის და ის აუცილებლად ამავე გარემოში უნდა დაბრუნდეს. ბ. პუდერონი მიუთითებს, რომ ეს ბერძნულ აზროვნებაში გავრცელებული აზრია: Eurip. Chrys. Frag. 839 Nauck, v. 9-11: „მიწის ნაყოფი მიწასვე უბრუნდება“, და ა. შ., - ციტატა, სხვათა და სხვათა შორის, მარკუს ავრელიუსთან, VII, 50 ; Method. De Res. II, 26, 2 (იმავე კონტექსტში); იხ. აგრეთვე Justin. 1 Ap. XIX, 5; Tatian, Ad Graec. VI, XX; Irenaeos, Haer. V, 3, 2; Method. De Res. I, 14, 4-5; Graeg. Nyss. De an. et Res. 20 b-c; M. Felix, Octav. V, 8. (Pouderon, ტექსტი, გვ. 222).

13 - იგულისხმება ადამიანის სხეული (შდრ. Pouderon, ტექსტი, გვ. 223).

14 - საკმაოდ ბუნდოვანია ამ წინადადების მეორე ნაწილი: (όσον μέν γάρ κατά τήν νύν κρατοσαν παρ ήμίν τών πραγμάτων τάξιν κάί τήν έφ έτέρων κρίσιν. პუდერონის თარგმანი ასეთია: „et pour autant qu'on puisse en juger pour les autres“ (p. 223). Schoedel: „and in considering our judgement as to other possibilities“ (p. 93). Crehan-ის თარგმანი: „and according to the judgement of men of the past“ (p. 82). Crehan-ი, ამ ადგილის თავის თარგმანს რომ გვთავაზობს, Pratten-ის ვერსიას აკრიტიკებს: „Pratten's version „the judgement we form of other matters“ - seems an irrelevant remake for Athenagoras to have made.“ (Crehan, p. 169). პუდერონი (რომლის თარგმანი შინაარსით პრატენისას ჰგავს) ვარაუდობს, რომ ამ ფრაზაში მიწიერი და ზეციური მოვლენების ოპოზიციაა გამოხატული (Crehan, p. 169). ნეიტრალურია რუსული თარგმანი, რამდენადაც მაში არა ჩანს, რა არის ის „სხვა“, რომელსაც ჩვენ განვსჯით.

15 - κατά τήν πρώτην σύστασιν. თარგმანის მეორე ვარიანტი: „[ღმერთმა] შექმნა ადამიანთა სხეულები (არარსებულნი შესაქმის პირველ საფეხურზე) და მათი [შემადგენელი] საწყისები“.

16 - შდრ. Justin, De Res. V, 59O, PG 6, 1579; Tatian, Ad Graec. VI (Pouderon, ტექსტი, გვ. 224).

17 - პუდერონის აზრით, ათენაგორას მხედველობაში ჰყავს პლატონი ან არისტოტელე (როცა „ნივთიერებაზე“ ლაპარაკობს), სტოელები („კავშირნი“) და ბოლოს ან რომელიღაც სამედიცინო სკოლა („თესლები“ - შდრ. ქვემოთ, XVII, 2), ან ათენაგორას ჰომეომერიები, რომლებსაც „თესლებიც“ ეწოდებოდა (იხ. Irenaeos, Haer. II, 14, 2. შდრ. Justin, De Res. VI, PG 6, 1581). იგივე სქემა მეორდება ამავე პარაგრაფის ბოლოს („უფორმო არსება“, „კავშირები“, „ერთიანი და მარტივი თესლი“). მსგავსი სქემა აქვს მინუციუს ფელიქსს, Oct. V, 7 (სამყაროს შექმნის შესახებ სამგვარი ჰიპოთეზა). იხ. არისტოტელეც, De anima 1, 2, 404 b. (Pouderon, teqsti, gv. 225). ამავე ადგილთან დაკავშირებით Schoedel-ი ვარაუდობს, რომ ანაქსაგორა შეიძლება გულისხმობდეს (ა) სოკრატემდელ ფილოსოფოსებს (ნივთიერება), (ბ) პლატონს ან არისტოტელეს (კავშირნი), (გ) ანაქსაგორას (თესლები). ტერმინი ϋλη („ნივთიერება“ „სხეულის“ მნიშვნელობით), წერს Schoedel-ი, მილეტელი ფილოსოფოსების მიერ გამოიყენებოდა პირველსაწყისის აღსანიშნავად (Aetius, Plac. 1. 9. 6). (Schoedel, p. 95). აქ ალბათ სიფრთხილისათვის უნდა დავაზუსტოდ: თუ ათენაგორა „ნივთიერების“ ხსენებისას მართლაც მილეტელ ფილოსოფოსებს გულისხმობდა, მაშინ მას არა თავისთავად ეს ფილოსოფია უნდა ეგულისხმა, არამედ მისი დოქსოგრაფიული ინტერპრეტაცია, რომელიც მილეტელ ფილოსოფოსებს პირველსაწყისად „ნივთიერების“ (ϋλη) აღიარებას მიაწერდა.

18 - შდრ. არისტოტელეს, Phys. 1, 191 a 10. (Pouderon, ტექსტი, გვ 225).

19 - Schoedel-ის აზრით, აქ ძირითადად პლატონიკოსები იგულისხმებიან; „უწესრიგოს მოწესრიგების“ თემისთვის იხ. Plat. Tim. 30a, 51a; cf. Aetius, Plac. 1.9.4-5 (in: Doxographi Graeci. ed. Diels); შდრ. Justin., Ap. 1.10.2. (Schoedel, p. 93). Crehan-ის აზრით, აქ იგივე, ათენაგორას მიერ ზემოხსენებული ფილოსოფოსები იგულისხმებიან, რომლებიც ადამიანის სხეულის შემადგენელ ნაწილთა საწყისად ზოგად ნივთიერებას, დაუშლელ კავშირებს ან თესლებს მიიჩნევდნენ. ანაქსიმანდრე პირველი თეორიის მომხრე იყო, აღნიშნავს Crehan-ი, ანაქსაგორა - მეორისა, გალენოსი კი თესლების თეორიას ემხრობოდა. (Crehan, p. 169-170).

20 - შდრ. I კორ. 15:42 და 53. შდრ. იუსტინე, I Ap. XIX, 4 (Pouderon, ტექსტი, გვ. 226).

21 - პუდერონი აღნიშნავს, რომ ეს ე.წ. კვების ჯაჭვის არგუმენტი (ადამიანი-ცხოველი-ადამიანი), ძველი პრობლემაა. შდრ. Justin. Quaest. Graec. XV PG 6, 1465, 1477; Tatian. Ad Graec. VI; Greg. Nyss. In Res. III, PG 46, 660 b-d. იგივე არგუმენტები ჰქონდათ წარმართებს, შდრ. Porphyr. fr. 94 (in: Porphyrius „Gegen die Christen“, 15 Bücher, Zeugnisse, Fragmente und Referate. Hrsg. von Adolf von Harnack. Berlin 1916). (Pouderon, ტექსტი, გვ. 226-227).

22 - ესაა, ალბათ, მინიშნება იოსებ ფლავიოსის მიერ გადმოცემულ საშინელ ამბავზე, B. J. 6. 199-219. (Schoedel, p. 97).

23 - იხ. ჰეროდოტე, I, 107-119: საშინელი ნადიმი, რომელიც შურისძიების მიზნით მიდიელთა მეფემ თავის ნათესავსა და მსახურს, ჰარპაგოსს გაუმართა და რომელიც კანიბალიზმით დასრულდა.

24 - ატრევსმა, შურისძიების მიზნით, თავის ძმას თიესტეს მისივე შვილების ხორცი მიართვა. იხ. აგრეთვე Athenag. Leg. III, 1; XXXVI, 1; Justin. Oratio ad Graec. II, PG 6, 236; Euseb. H.E. V,1,14; Min. Felix. Octav. XXVIII, 2. (Crehan, p. 163).

25 - ღვთის ყოვლისშემძლეობაში ეჭვის შეტანა მკრეხელობა იყო. შდრ. Justin. 1 Ap. XIX, 5; [Justin], De Res. V, PG 6, 1580; Iren. Haer. V, 3, 2. (Pouderon, ტექსტი, გვ. 230).

26
- ესაა გალენის თეორია, De Nat. Fac. I, 10, 20 (Kühn, II, 2O) (Schoedel, p. 99).

27 - ესაა არისტოტელური გარჩევა აქტიური და პასიური მოქმედებისა (De Gen. Corr. I, 315 b 5). ეს თემა გალენოსთანაც არის (De nat. fac. 1.2, 1.3, 1.14, 2.8 - Kühn, II, 7,8,46,111) (Schoedel, p. 99).

28
- გამოყოფისა თუ მონელების საკითხებში ათენეგორა გალენოსს მისდევს. ძველად არჩევდნენ სამი სახის მონელებას: მუცელში, ღვიძლში, სხეულის ნაწილებში. Galen, In Hipp. Aliment. Comm. 5, Kühn t. XV, p. 385-386; De Usu Part. IV, 1-6 (Kühn, III, 266-274). Method. De Res. II, 9,2-4. (Pouderon, ტექსტი, გვ. 232).

29 - გალენოსის თანახმად, ღვიძლი მონელების ძირითადი ორგანოა. (Pouderon, teqsti, გვ. 232-233). ღვიძლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ჭამის მონელების პროცესში იხ. Galen, De Usu Part. Corp. 4.3 (Kühn, III, 269), De Aliment. 4.5 (Kühn, XV, 385-6). იხ. აგრეთვე გრიგოლ ნოსელი, De Opif. Hom. 301-2, PG 44, p.241D. (Schoedel, p. 101).

30 - ეს ხდება მუცელში, ღვიძლში, ორგანოებში. Galen, De Nat. Fac. 2,8 (Kühn, II, 113-14), 3,13 (Kühn, II, 192-3). (Schoedel, p.101).

31
- είλικρινεστάτην πρόσληψιν, ე.ი. იმავე ბუნებისა უნდა გახდეს, რაც მიმღები ორგანიზმი.

32 - σύστασις.

33 - κίνδυνον. პუდერონისა და შედელის თარგმანებში „ავადმყოფობა“.

34 - შდრ. Plat. Tim. 81e: ბუნებისსაწინააღმდეგო ტკივილის მომგვრელია, ბუნებრივი კი სასიამოვნო.

35 - ამ ოთხი თვისების თანასწორობის დარღვევა ორგანიზმში ავადმყოფობას იწვევს. შდრ. Hippocr. De Nat. Hom. IV, Littré, t.VI, p.39-41; Galen, De Nat. Fac. II, 9 (Kühn, II, 126,128); Meth., De Res. 2.10.2-4. ამ უკანასკნელ ტექსტში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ ხდება თბილით ცხელის გაზავება, ცივით თბილის შერბილება, ხმელით თხევადის შემტკიცება; ღმერთმა ადამიანიც ასე შექმნა, ე.ი. როგორც მიკროკოსმოსი, რომელიც მთელის ყველა ნაწილს შეიცავს. (Schoedel, p. 105, Pouderon, ტექსტი, გვ. 240).

36 - σχέσις τάξις.

37 - ათენაგორა ცდილობდა თეოლოგიისა და მისი დროის მედიცინის (Crehan-ის შენიშვნის თანახმად, ზოგადად 1900 წლამდე არსებული მედიცინისა) შეთანხმებას. საინტერესოა, რომ ქრისტიანული ღვთისმეტყველების განვითარების უადრეს ეტაპზე ათენაგორა აღდგომასთან დაკავშირებით ასეთ დეტალებზე მსჯელობდა. (Crehan, p.171).

38 - შდრ. Galen, De Nat. Hom. 1, 18 (Kühn, XV, 59) (Pouderon, ტექსტი, გვ. 238-239).

39 - აზრი ისაა, რომ ერთი და იგივე ელემენტი ერთი და იმავე ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი არის და სხვა სხეულის ორგანულ ნაწილად ვერ იქცევა. შდრ. მარკუს ავრელიუსი: „სიკვდილი, როგორც სიცოცხლე, ბუნების საიდუმლოა, შერწყმაა იმავე კავშირებისა [ანუ ელემენტებისა]“. (Pouderon, ტექსტი, გვ. 244).

40 - შდრ. იოანე, 11:25.

41
- პუდერონის აზრით, გნოსტიკოსები იგულისხმებიან. შდრ. [Justin]. De Res. II, PG 6, 1573c (Pouderon, ტექსტი, გვ. 247).

42 - შდრ. იობ. 42:2; მათე 19,:26; მარკ. 10: 27; ლუკა 18,:27. შდრ. Justin. I Ap. XVIII („ავისმთქმელნი ამბობენ, რომ ხორცის აღდგომა არა ხდება, რადგან შეუძლებელიაო მისი იმავე სახით შეკრება, როცა იგი მკვდარია და დაშლილი.“); Iren, Haer. V, 5, 2; კელსოსი ორიგენესთან, C. Cels. V, 14 და ორიგენეს პასუხი, C. Cels. V, 23; იგივე თემა ფილოსოფიაში: Cicer. D.N.D II, 30, 77; III, 39, (Pouderon, ტექსტი, გვ. 248). შედელი აღნიშნავს, რომ ღვთის ყოვლისშემძლეობა ის ენა იყო, რომელშიც მარტივი ქრისტიანები უფიქრელად თავშესაფარს პოულობდნენ. კელსოსი ამ ენას აკრიტიკებდა. იხ. აგრეთვე ორიგენისტი მეთოდესთან: Meth. De Res. 1, 21, 1: „და ამ სირთულეების შედეგად თავშესაფარს იმ [თეზისში] პოულობენ, რომ ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია“. (Schoedel, p. 109).

43 - ένδοξος. ეს არისტოტელური ტერმინია (Top. 100a 30), რომელიც იმას გულისხმობს, რაც სიცხადეს თავისთავში შეიცავს და ყველას მიერ შეიძლება აღიარებულ იქნას (Crehan, p. 172).

44 - იგულისხმება ანგელოზები და სხვა ციური არსებები. შდრ. Leg. XXIII, 4.

45 - βρις.

46 - τέλος. ამ სიტყვით გამოიხატება „ბოლო“ („დასასრული“, „აღსასრული“), „მიზანი“, „დანიშნულება“, „შედეგი“. ამდენად, ჩვენი თარგმანის ამ რამდენიმე სიტყვის დედნისეული შესატყვისი ერთი სიტყვაა.

47 - სულისა და სხეულის მიმართება (სხეული ადგილსამყოფელია სულისა, მისი ციხეა, მისი კარავია და ა.შ.) იხ. პლატ. კრატ. 400bc; ტიმ. 69c; შდრ II კორ. 5:1 და 1 კორ. 3,:16-17; Tatian. Ad Graec. XV; Tertul. De Res. XLI, 1-3. (Pouderon, ტექსტი, გვ. 251).

48 - იხ. აქვე, 1, 3-5.

49
- შდრ. აქვე, 1, 1.

50 - იგულისხმება, რომ ადამიანთა პირველი წყვილი ღმერთმა შექმნა, დანარჩენები კი ამ წყვილის შთამომავალნი არიან. (Pouderon, ტექსტი, გვ. 256).

51 - ათენაგორა გვაუწყებს ნაშრომის მეორე ნაწილის მოკლე გეგმას: მიზეზი, ბუნება, განსჯა (ანუ განკითხვა:κρίσις ). შდრ. ქვემოთ, 14, 4-5. (Pouderon, 256).

52 - διά χρείαν - ვთარგმნით ხოლმე „საჭიროების დაკმაყოფილებისთვის“, „მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის“, „სარგებლობისთვის“.

53 - შდრ. Plat. Symp. 206c. (Pouderon, ტექსტი, გვ. 117).

54 - ე.ი. ანგელოზები და ადამიანები. ადამიანის ასეთი განსაზღვრება (აზროვნებისა და განსჯის უნარის მქონე) ცნობილია - Iren. Haer. IV, 37, 6. (Pouderon, ტექსტი, გვ. 260). Crehan-ის ვარაუდით კი აქ სხვადსხვა „დონის“ ადამიანებზეა ლაპარაკი (გვ. 173).

55 - λόγος.

56 - άλόγοι.

57 - ე.ი. ადამიანი. შდრ. დაბ. 1, 26... Justin. 1 Ap. X, 2; 2 Ap. V, 2. Orig. C. Cels. V, 74. სტოიციზმიც ანთროპოცენტრულია, შდრ. მარკ. ავრელ. V, 16. (Pouderon, ტექსტი, გვ. 260).

58 - ეს „თავისთვის“, ცხადია, არ გულისხმობს, რომ ღმერთს რაღაც აკლდა და ამდენად, ადამიანი სჭირდებოდა.

59 - ღვთის სიკეთის შესახებ შესაქმესთან დაკავშირებით იხ. მაგალითად, Plat. Tim. 29d-e; Albinos, Epitome XII,1; Clem. Alex. Paed. I, 3, 7, 2-3. (Pouderon, ტექსტი, გვ. 261).

60 - შდრ. Justin. De Res. VIII, PG 6, 1585ab (Pouderon, ტექსტი, გვ. 261).

61 - τοίς δε άύτόν έν έατοίς άγαλματοφορούσι τόν ποητήν ადამიანი როგორც ღვთის ხატი (ხატობა ხშირად გამოიხატებოდა ტერმინით εκών მნიშვნელოვანი თემა იყო პლატონიზმსა და პატრისტიკაში.

62 - არსებობა (ყოფნა) ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის არსებისეული თვისებაა, ამდენად, შეუძლებელია ადამიანის არსებობის სრული შეწყვეტა. ეს თითქოს ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტის ანალოგიით ადამიანზე გადმოტანაა, ანალოგია კი, თავის მხრივ, იმას ემყარება, რომ ადამიანი ღვთის ხატია. ამასთან დაკავშირებით იხ. Crehan, p. 174, n. 43.

63 - μεταβολή - ვთარგმნით „გარდასახვად“, „ცვლილებად“.

64 - აღდგომა როგორც ცვლილება (გარდასახვა) პავლესეული აზრია. იხ. fil. 3:21. შდრ. Orig. C. Cels. V, 18 („გაუმჯობესება“); Meth. De Res. III, 4, 3-5 („რახან ზეცაში, ე.ი. უკეთეს ადგილას, ვიქნებით, ამიტომ სხეულიც უკეთესი გვექნება“).

65 - სულის უკვდავება (ე.ი. მისი მუდმივმყოფობა სიკვდილის შემდეგ აღდგომამდე, როცა სხეული აღარ არსებობს) არაა საზოგადო აზრი ქრისტიანობაში. იხ. Tatian. Ad Craec. XIII („ადამიანის სული თავისთავად არაა უკვდავი; იგი მოკვდავია, მაგრამ მას ისიც შეუძლია, რომ არ მოკვდეს“). მესამე საუკუნეში მტკიცდება სულის უკვდავების რწმენა. შდრ. Tertul. De Res. II, 13; Meth.De Res. I, 51, 5-6; III, 5, 10 (სული უკვდავია და სხეული მოკვდავია, მაგრამ უკვდავება ძალუძს). (Pouderon, ტექსტი, გვ. 265).

66
- νόμος έμφυτος ფილოსოფიაში ცნობილი ცნებაა. იხ. Diog. Laert. VII, 87-66. (სტოიციზმის შესახებ); Albinos, Epitom. IV, 8 (პლატონიზმის შესახებ). შდრ. Justin. 2 Ap. II, 4; Dial. XCII, 1; Origen. C. Cels. I, 4. (Pouderon, ტექსტი, გვ. 265).

67 - გავიხსენოთ, რომ ათენაგორა აღდგომის ჭეშმარიტებას შესაქმის მიზეზის საფუძველზე ცხადყოფს (იხ. თ. 12). შემდეგი არგუმენტი (განსაკუთრებით თ. 15) ადამიანის ბუნებას ემყარება.

68 - καθ είρμόν, ე.ი. ჯაჭვად. ეს სტოელთა ცნებაა.

69 - κοίνς καί φυσικς έννοίας სტოელთა ცნობილი ტერმინია, რომელიც ადამიანისთვის ჩვეულ ზოგად ცნებებს გამოხატავს. ეს პირველადი დებულებების, რომელთა დამტკიცება შეუძლებელია. ხოლო რაც მათგან არის, ის είρμός-ით (იხ. წინა შენიშვნა) ანუ ლოგიკური თანმიმდევრობით გამომდინარეობს. (Crehan, p. 175-176).

70 - ύπομνήσεως შდრ. პლატონურ ანამნეზისს (ფედონი 72e..).

71 - άσφάλεια

72 - განკითხვისა და აღდგომის მიმართებას ათენაგორა ეხება „მიმართვაშიც“, Leg. XXXI, 4; XXXVI, 2.

73
- ათენაგორა აღდგომას სიკვდილის ლოგიკურ და ბუნებრივ შედეგად წარმოადგენს. იხ. აგრეთვე აქვე, ქვემოთ, 16 და 17.

74 - ადამიანი რომ არის კავშირი ორი საწყისისა - უკვდავისა და მოკვდავისა, ეს ბერძნული კონცეფციაა, რომელიც იუდეველობისთვის უცხო იყო (იუდაიზმში ადამიანი მთლიანობაა). შდრ. ერთის მხრივ პლატონს, Phaedr. 246c და მარკუს ავრელიუსს VI, 32, მეორეს მხრივ კი იუსტინეს, De Res. VIII, PG 6, 1585 b , ტატიანეს, Ad Graec. XV (სული სხეულის გარეშე ვერ გამოვლინდება, ვერც სხეული აღდგება სულის გარეშე), ირინეოსს, Haer. V, 8, 2, ტერტულიანეს, De Res. VII, 9, XL, 3. კავშირი ამ ორ ელემენტს შორის არსებითია: ადამიანი არ დაიყვანება მის სულზე, ამიტომ სხეულის აღდგენა აუცილებელია პიროვნების მთლიანობისთვის. შდრ. ტერტულიანეს, De Res. LIII, 1 (გნოსტიკოსთა წინააღმდეგ); ირინეოსს, Haer. V, 6, 1 (გნოსტიკოსთა წინააღმდეგ); meTodes, De Res. I, 34, 3-4 (ორიგენეს წინააღმდეგ). სხეულიმშვინვა-სული სამკომპონენტობის შესახებ, რომელიც სხეული-სულის წყვილთან პარალელს ქმნის იხ. Pouderon, ტექსტი, Appendice VI. (Pouderon, ტექსტი, გვ. 272-273).

75 - συμπάθεια.

76 - τέλος.

77 - λόγος.

78 - იგულისხმება ის, რისი შემეცნებაც უნდა მოხდეს: ღვთის სიკეთე, სიბრძნე და ა.შ.

79 - λογική κρίσις.

80 - ესაა გნოსტიკოსებთან კამათი.

81 - შდრ. Plat. Phaedr. 246a-b (Pouderon, ტექსტი, გვ. 277).

82 - φρόνησις.

83 - აქ და სხვაგან: διαμονη.

84 - სხვაა მარადმყოფობა გამოთქმული ღვთის მიმართ და სხვა - ადამიანის მიმართ.

85 - γνωμή.

86
- ანუ უგონოთა: άλόόγοι.

87 - άνωμαλία.

88
- ესაა სიკვდილის ტრადიციული ბერძნული განსაზღვრება. შდრ. პლატონი, ფედონი, 67დ (Pouderon, ტექსტი, გვ. 280).

89 - ძილის სიკვდილთან შედარება ბერძნებთან: ჰომეროსი, ილიადა, XIV, 90.; ოდისეა, XIII, 79-80; პლატონი, სოკრატეს აპოლოგია 40d. ქრისტიანებთან: ტერტულიანე, De Res. XVIII, 9. იხ. აგრეთვე ათენაგორა, Leg. XII, 3. ათენაგორას აზრით, ადამიანის სულს (იგი უკვდავია) სძინავს აღდგომამდე, ისე რომ არც სიხარული იცის, არც ტკივილი („ჰიპნოფსიქიზმი“). ეს უპირისპირდება, მაგ. tertulianes, De Res. XVII, 2, რომელიც თვლის, რომ სულს ერთგვარი სხეულებრიობა აქვს, რომლითაც სიკვდილის შემდეგ, აღდგომამდე, შეგრძნება და განცდა შეუძლია. შდრ. ირინეოსი, Haer. V, 31, 2 (სული აღდგომას ელოდება). (Pouderon, ტექსტი, გვ. 281).

90 - ეს „იმთავითვე“ განსხვავდება შესაქმისაგან (დაბ. 3:22), სადაც სიკვდილი ცოდვის ნაყოფია.

91 - όμοιομεί - σπέρματι ეს ზედსართავი ნაწარმოებია ანაქსაგორასეული ტერმინიდან όμοιομέρης.

92 - ე.ი. რომლის შიგნით ფორმათა დიფერენციაცია ჯერ არ მომხდარა.

93 - όγκοι ე.ი. ხორცის მასები (Pouderon, ტექსტი, გვ. 282).

94 - თესლი ძირითადად „სველია“. შდრ. ჰიპოკრატე, De Gen. 1, 1, Littré, t. VII, p. 470. (Pouderon, p. 282-283).

95 - λόγος.

96 - შდრ. ზემოთ, 12-17.

97 - შემოქმედებით აქტი განგებას უკავშირდება. შდრ. Leg. VIII, 8 (Pouderon, ტექსტი, გვ. 289).

98 - τό συναμφότερον

99 - იგი απροσπαθής არის, ე.ი. „უვნებოა“. Crehan-ის აზრით, ეს ტერმინი, შესაძლოა, ათენაგორას შემოღებული იყოს. შემდგომში მას ხშირად იყენებდა კლიმენტი ალექსანდრიელი. (Crehan, p. 178).

100 - მართალთა დევნის შესახებ იხ. Leg. XXXI, 2, სადაც ნახსენები არიან პითაგორა, ჰერაკლიტე, დემოკრიტე და სოკრატე. მათი დევნის შესახებ ხშირად წერდნენ ქრისტიანთა დევნასთან დაკავშირებით, იხ. Justin. 1 Ap. V, 3; XLVI, 3; X, 5-8. Orig. C. Cels. I, 3; II, 41 (Pouderon, ტექსტი, გვ. 190).

101 - I კორ. 15:52-53.

102
- II კორ. 5:10.

103 - განკითხვა დაკავშირებულია განგებასთან, ისევე როგორც განგება შესაქმესთან. (Pouderon, ტექსტი, გვ. 292).

104 - ესაია 22:13, რომელიც არის პავლესთან 1 კორ. 15:32, დაწარმოდგენილი იყო ათენაგორას Legatio-ში XII, 3 (Pouderon, ტექსტი, გვ. 295).

105 - ეს ეპიკურელების კრიტიკაა. ეპიკურესთან სიკვდილი სრული უგრძნობლობაა. ეს, ფაქტიურად, ის სიამოვნებაა, რომელიც ბრძენისთვის სიცოცხლეზე უფრო სანატრელია (დიოგენე ლაერტი, 2, 86, 93-5). (Pouderon, ტექსტი, გვ. 295; Schoedel, p. 135).

106 - δΖμος λαος έθος.

107 - φροντίς.

108 - άθεότης.

109 - έκ θεού καί παρά θεού ე.ი. უშუალოდ ღვთისგან და ღვთის მიერ, მაგრამ შუალობით. იხ. Crehan-ის თარგმანი, გვ. 109. შდრ. Pouderon, ტექსტი, გვ. 299: „par Dieu et en son nom“.

110
- სულისა და სხეულის ერთობლივი პასუხისმგებლობის შესახებ შდრ. Justin], De Res. VII, PG 6, 1585c - 1588a; Tertulian. De Res. VIII, 3; XIV, 11; XVI, 15; XL, 12; Greg. Nys. De An. et Res. 141d - 144a (Pouderon, ტექსტი, გვ. 299).

111 - ორფიკულ-პლატონურ ტრადიციაში სული ისეთი სუბსტანციისგან არის შექმნილი, რომ მას შეუძლია სიხარულისა და ტკივილის განცდა, შესაბამისად, ჯილდოსი და სასჯელისა. ამას უარყოფს ათენაგორა (XIX, 7). ტერტულიანე კი გულისხმობს, რომ სულს გარკვეული მგრძნობელობა და სხეულოვნება აქვს (De Res. XVII, 1-2; XXXIII, 10). (Pouderon, ტექსტი, გვ. 300). იხ. აგრეთვე ზემოთ, შენ. 142.

112
- άλλοτε δ κατά συνδρομήν έν χαριτος μέρει κα θεραπείας τΖς τοτου συστάσεως.

113 - როგორც უკვე აღინიშნა, ათენაგორას თანახმად ვნება სხეულს ახასიათებს; საკუთრივ სულის ვნებაზე ლაპარაკი არამართებულია. ტერტულიანესთან პირიქითაა: სული განიცდის ვნებებს და იგი მათ სხეულის გზით იოკებს, რაც სტოელთა ტრადიციას შეესატყვისება. შუა პლატონიზმში (ალბინოსი) ვნება სულის ავადმყოფობაა, ან, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი რაციონალური მოძრაობა მაინც არ არის. (Pouderon, ტექსტი, გვ. 300-301).

114 - ესაა ოთხი სტოიკური ვნება. (Pouderon, ტექსტი, გვ. 301).

115 - აქ და ქვემოთ ჩამოთვლილია სტოელების მიერ აღიარებული სიქველეები. (Pouderon, ტექსტი, გვ. 304-305).

116
- έγκράτεία ანუ საკუთარი თავის ფლობის უნარი.

117 - ეს ადგილი ნათელს ხდის, რომ ათენაგორას აზრით ადამიანის ინდივიდუალობა სულის და სხეულის ერთიანობით განისაზღვრება. ამასთანავე სხეულის ფუნქციები თითქოს უფრო მკაფიოდ არის განსაზღვრული ვიდრე სულისა. მაინც რას „აკეთებს“ სული ათენაგორას აზრით?

118 - πόθεν, δι ών, ώώς, ე.ი. წყარო, საშუალება და ფორმა.

119
- το κατ άξίαν ή κατ άναλογίαν Schoedel-ი აღნიშნავს, რომ ეს ორი ტიპის თანასწორობა (არსებითად იგივეობრივი) არისტოტელესთან არის (Pol. 1301a26, 1301b31): პიროვნების „დამსახურება“ ანალოგიით განსაზღვრავს მისაღებ უპირატესობებს. (Schoedel, p. 143, Crehan, p. 180).

120 - διοπραγια ეს პლატონური სიტყვაა (შდრ. კანონები, IX, 875b, სადაც მას უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა). აქ ალბათ სხეულისა და მის ნაწილთა მიმართებაზეა მინიშნება. (Pouderon, ტექსტი, გვ. 306).

121 - გამოსვლ. 20:12. ლუკა 18:20. მათე 19:19.

122
- გამოსვლ. 20:14. ლ. 18:20. მთ. 5:27. შდრ. რომ. 13: 9.

123 - შდრ. Plat. Tim. 91a (Crehan, p. 180).

124 - τόν άπό τελους διασκέψασθαι λόγονζ τελος-ი აღნიშნავს ეტაპს, რომელიც ამქვეყნიური არსებობის შემდგომია. პირუტყვთათვის („ალოგურთათვის“), ათენაგორას თანახმად, ეს უგრძნობლობაა, ადამიანისთვის - არა. ამდენად, ადამიანისთვის ამ ბოლოთი მიზანიც განისაზღვრება და ეს (ე.ი. ბოლო, დასასრული, მიზანი) ერთი სიტყვით - τελος - გამოიხატება.

125 - შდრ. 13.3, 14.5, 15.2-3 და 18.1-2.

126 - შდრ. 18.2.

127 - შდრ. 13.3.

128 - შდრ. ზემოთ, 9,1 (τα φυσικα - τά τεχνίκα). ძალის (ანუ შესაძლებლობის - δϋναμις) და მოქმედების (ένέργεια) ოპოზიცია არისტოტელურია: Phys. I, 8, 27, 191b; Met. 8, 6, 1048a. გალენიოსი ამას ბიოლოგიის სფეროზე განავრცობდა (De Nat. Fac. I, 2, Kühn, t. II, p.7). (Pouderon, ტექსტი, გვ. 312).

129 - ათენაგორა დარწმუნებულია, რომ ცხოველებს მგრძნობელობა არა აქვთ. (შდრ. Crehan, p. 181).

130 - პლატონიკოსთა ან გნოსტიკოსთა თვალსაზრისია: მხოლოდ განწმენდილი, უსხეულო სულია ნეტარი.

131 - συνδιαιωνίζειν ფილონის ტერმინია. (Crehan, p. 181).

132 - φυσικος... λόγος.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლელა ალექსიძემ

ჟურნალი ემაოსი №, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2019 11:54)