Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ანკვირიაში შეკრებილი ნეტარი მამების კანონები, რომლებიც ნიკეის კრების კანონებზე უფრო ადრე იქნა დადგენილი, მაგრამ ამ კრებულში შეტანილნი არიან მათ მომდევნოდ ნიკეის მსოფლიო კრების უპირატესობის გამო

კანონი 1


იმ მღვდლების შესახებ, რომლებმაც მსხვერპლი შესწირეს კერპს, შემდეგ მოიქცნენ არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტად, და კი არ ცდილობენ დაარწმუნონ ვინმე, თითქოს ტანჯვის შედეგად მოიმოქმედეს ეს, და არ ფარავენ, რომ თავისი ნებით შესწირეს მსხვერპლი, ჯეროვნად მიგვაჩნია, რომ მათ ჰქონდეთ საჯდომელის პატივი, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ შეწირვის, ერის დამოძღვრისა და ყოველგვარი სამღვდელო მსახურების უფლება.

კანონი 2


ასევე, დიაკვნებს, რომლებმაც კერპს მსხვერპლი შესწირეს, ხოლო ამის შემდეგ მოიქცნენ, უნდა ჰქონდეთ პატივი, ოღონდ უნდა აეკრძალოთ ყოველგვარი მღვდელმსახურება, როგორიცაა პურის და სასმელის შეწირვა, ან ქადაგება. თუ ეპისკოპოსები დაინახავენ მათ შრომას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს და მოინდომებენ სასჯელის მომატებას ან მოკლებას, მათ უფლებებში იყოს ეს.

კანონი 3


რომლებიც გაქცევის დროს შეპყრობილნი ან შინაურების მიერ გაცემულნი იქნებიან, ან ქონება ჩამოერთმევათ, ტანჯვას აიტანენ, ან საპყრობილეში ჩაცვივდებიან და ასეთ დროს ღაღადებენ, რომ ქრისტიანები არიან, ან თუ იძულებით აუვსებენ ხელებს გუნდრუკით, ან გაჭირვების შედეგად მიაღებინებენ კერპისათვის შეწირულ საჭმელს, მაგრამ განუწყვეტლივ აღიარებენ, რომ ქრისტიანები არიან, და იმ წუხილს, რომელიც მათ შეემთხვათ, მყუდროებით და თავმდაბლად აიტანენ, ასეთებს, როგორც უცოდველებს, ნუ აეკრძალებათ ზიარება, ხოლო თუ ვინმესგან (ზიარება) აეკრძალებათ ზედმეტი სიფრთხილის ან უცოდინარობის გამო, დაუყოვნებლივ შეწყნარებულ უნდა იქნენ. ეს განჩინება საერთო უნდა იყოს სამღვდელოებისთვისაც და ერისკაცებისთვისაც. ამასთან ერთად გამოკვლეულ იქნა აგრეთვე ისიც, შეუძლია თუ არა ამგვარ ჭირგანცდილ ერისკაცს სამღვდელო დასში შესვლა: ჯეროვნად მიგვაჩნია მათი, როგორც უცოდველთა, შესვლა სამღვდელო დასში, თუ მანამდე უდანაშაულოდ აქვთ გატარებული სიცოცხლე.

კანონი 4


ვინც იძულებით შესწირა კერპს მსხვერპლი, ამათ გარდა ისინი, რომლებიც ვახშმობდნენ საკერპოში, და როდესაც მიჰყავდათ, მხიარული სახით მიდიოდნენ, ძვირფასი სამოსელი ეცვათ და უზრუნველად ჭამეს გამზადებული ვახშამი, მიგვაჩნია, რომ ისინი ერთი წელი მსმენელად უნდა იყვნენ, სამი წელი - შევრდომილნი, ორი წელი - მხოლოდ ლოცვის ზიარნი და ამის შემდეგ უნდა მიიღონ სრული ზიარება.


კანონი 5


რომლებიც სამგლოვიარო სამოსლით მივიდნენ, დასხდნენ [კერპის წინ სავახშმოდ] და ცრემლით ჭამდნენ ამ სუფრასთან, თუ ისინი შეასრულებენ შევრდომის სამ წელს, მათ აქვთ ზიარების უფლება, წმინდა შესაწირავის გარეშე. ხოლო თუ არ ჭამეს, ორი წელი უნდა შეუვრდებოდნენ, ხოლო მესამე წელს შეუძლიათ ეზიარონ წმინდა შესაწირავის გარეშე. სრულ ზიარებას კი მიიღებენ მეოთხე წელს. ეპისკოპოსებს უფლება აქვთ, გამოსცადონ მათი მოქცევა და უზიარებლობის ვადა კაცთმოყვარეობით შეუმოკლონ ან გაუვრცონ. პირველ ყოვლისა უნდა განიხილონ მათი [ცდუნებამდე და ცდუნების შემდგომ] გატარებული ცხოვრება და შესაბამისად უნდა მიეზღოთ მათ კაცთმოყვარეობით.

კანონი 6


ვისაც შეეშინდა მხოლოდ ტანჯვის მუქარისა, ან შენაძენი ქონების წართმევისა და ექსორიობისა [გადასახლებისა], და ამის გამო შესწირა მსხვერპლი კერპს, მაგრამ აქამდე სინანულით არ მოქცეულა, ხოლო ახლა, კრების დროს, მოვიდა და მოისურვა მოქცევა, საჭიროდ მიგვაჩნია მათი მსმენელად შეწყნარება აღდგომამდე, აღდგომის შემდეგ სამი წელი შევრდომით განკანონება და ზიარება სიწმინდეთა გარეშე. ამგვარად უნდა მივიდნენ ისინი სრულ ზიარებამდე, როდესაც სრულჰყოფენ ექვს წელს. თუ ზოგიერთები ამ კრებაზე ადრე არიან შეწყნარებულნი სინანულად, ის დრო ჩაითვალოს მათთვის ექვსი წლის დასაწყისად. თუ ვინმეს ელის დიდი გაჭირვება და სიკვდილი სნეულებით, ან სხვა რამ მიზეზით, ასეთები დროზე ადრე უნდა შეიწყნარონ.

კანონი 7


ვინც წარმართთა დღესასწაულზე წარმართებთან ერთად ისამხრებს ამისთვის მიჩნეულ ადგილს, ოღონდ თავისი მოტანილი საჭმლით, და მათთან ერთად ჭამს, დავადგენთ მათ შეწყნარებას ორი წლის შევრდომის შემდეგ. თუ შეიძლება მათი დაშვება წმინდა საიდუმლოთა ზიარებაზე, ეპისკოპოსებმა უნდა განიხილონ თითოეულის საქმე და მათი ცხოვრება სხვა მხრივაც უნდა იქნეს შესწავლილი.

კანონი 8


ვინც ორჯერ და სამჯერ იძულებით შესწირა კერპს მსხვერპლი, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ორი წელი [მორწმუნეებთან ერთად ლოცულობდნენ] სიწმინდეთა ზიარების გარეშე, ხოლო მეშვიდე წელს მათ სრული შეწყნარება ეკუთვნით.

კანონი 9


ვინც არა მხოლოდ თვითონ განდგება [ე.ი. მსხვერპლს შესწირავს კერპს], არამედ აღდგება და აიძულებს ძმებსაც, ან იძულების მიზეზი გახდება, ამათ სამი წელი მსმენელთა ადგილი უნდა მიიღონ და შემდეგი ექვსი წელი უნდა შეუვრდებოდნენ. ხოლო შემდეგ ერთი წელი სიწმინდეთა გარეშე უნდა ეზიარებოდნენ. ათი წლის შესრულების შემდეგ ისინი მიიღებენ სრულ ზიარებას. ხოლო ამ წლების განმავლობაში საჭიროა მათი ცხოვრების სხვა მხრივ გამოძიებაც.

კანონი 10


ისინი, ვინც დადგენილ უნდა იქნენ დიაკვნის პატივში, თუ [დადგენის დროს] დაამოწმებენ და იტყვიან, რომ მათთვის საჭიროა ქორწინება და ასე ყოფნა არ შეუძლიათ, და [შემდეგ] მართლაც იქორწინებენ, მათ უფლება აქვთ აღასრულონ დიაკვნის მსახურება, ვინაიდან ეპისკოპოსის ნებართვა ჰქონდათ. ხოლო ვინც დუმდა და ხელდასხმა მიიღო [იმ პირობით], რომ დარჩება ასე [ქორწინების გარეშე], და შემდეგ მაინც იქორწინა, მან უნდა დაანებოს თავი დიაკვნობას.

კანონი 11


დანიშნული ქალი, შემდეგ სხვის მიერ მოტაცებული, უნდა დაუბრუნდეს იმას, რომელზედაც ადრე იყო დანიშნული, მომტაცებლისაგან ძალადობის შემთხვევაშიც.

კანონი 12


ის, ვინც მონათვლამდე კერპს მსხვერპლი შესწირა და შემდეგ მოინათლა, მიგვაჩნია, რომ შეიძლება გახდეს მღვდელი, როგორც ემბაზისაგან განწმენდილი.

კანონი 13


ქორეპისკოპოსს არა აქვს მღვდლის ან დიაკვნის ხელთდასხმის უფლება, აგრეთვე არც ქალაქის მღვდელთა [ხელთდასხმის უფლება] სხვა სამრევლოში, თუ არ ექნება ეპისკოპოსის წერილობითი ნებართვა.

კანონი 14


თუ საეკლესიო დასში მყოფი მღვდლები და დიაკვნები თავს იკავებენ ხორცის ჭამისაგან, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მათ იხილონ [ხორცის] გემო და ასეთნაირად, თუ სურთ, შეიკავონ თავი. ხოლო თუ არ შეისმენენ და ხორცთან დართულ მხალსაც არ შეჭამენ და არ დაემორჩილებიან ამ კანონს, თავი უნდა დაანებონ მღვდლობას.

კანონი 15


თუ მღვდლებმა ეპისკოპოსის გარეშე გაყიდეს რაიმე ეკლესიის ქონებიდან, ის უნდა დაუბრუნდეს ისევ ეკლესიას, ხოლო ეპისკოპოსის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა ღირებულების დაბრუნება მყიდველებისათვის, ვინაიდან ხშირად გაყიდულის შემოსავალი, რომელიც მყიდველმა აიღო, ჭარბობს მის ფასს.

კანონი 16


საჭიროდ მიგვაჩნია, რომ პირუტყვებთან პირუტყვქმნილი მამაკაცები და დედაკაცები, რომლებმაც ეს ცოდვა ჩაიდინეს ოცი წლის ასაკამდე, თხუთმეტი წელი შეუვრდებოდნენ და [შემდეგ] ეზიარონ ლოცვებს. ხუთი წელი უნდა გაატარონ ასე [მორწმუნეებთან ზიარებასა და ლოცვებში], შემდეგ სიწმინდეებსაც შეიძლება ეზიარონ ისინი. შესწავლილ უნდა იქნეს მათი ცხოვრება სინანულის პერიოდში, და ამგვარად უნდა გახდნენ ისინი კაცთმოყვარეობის ღირსნი. ხოლო თუ ზოგიერთები დიდხანს დარჩებიან ამ ცოდვაში, უფრო დიდხანს უნდა შეუვრდებოდნენ. ის, ვინც გასცდება ოცი წლის ასაკს, მეუღლეც ეყოლება და ამ ცოდვით დაეცემა, უნდა შეუვრდებოდეს ოცდახუთი წელი და შემდეგ ხუთი წელი ლოცვებს ეზირებოდნენ. როდესაც ლოცვათა ზიარებაში გაასრულებს ხუთ წელს, შეიძლება ეზიაროს საწინდეებსაც. იმათ კი, ვისაც მეუღლეებიც ჰყავთ, ორმოცდაათი წლის ასაკსაც გასცდნენ და ამ ცოდვით დაეცნენ, მხოლოდ სიკვდილის დროს უნდა მიიღონ ზიარება.

კანონი 17


პირუტყვებთან პირუტყვქმნილებსა და კეთროვნებს წმინდა კრება უბრძანებს, ილოცონ ეშმაკეულებთან ერთად.

კანონი 18


თუ ეპისკოპოსად დადგენილს არ შეიწყნარებს ის სამრევლო, რომლის სახელზეც არის იგი დადგენილი, ის კი სხვა სამრევლოში გადასვლას მოისურვებს, იქ მჯდომ ეპისკოპოსს შეავიწროვებს და შფოთს წამოიწყებს მის წინააღმდეგ, იგი უზიარებელი უნდა იყოს, ხოლო თუ ისურვებს ჯდომას სამღვდელო ადგილას, სადაც ადრე მღვდელი იყო, ნუ დააკლდება მას ეს პატივი. თუ ის იქ მჯდომ ეპისკოპოსს შეაწუხებს, მას უნდა წაერთვას მღვდლობის პატივი და განქიქებულ იქნეს.

კანონი 19


ვინც ქალწულობის აღთქმა დადო და შემდეგ უარი თქვა თავის აღთქმაზე, მან უნდა შეასრულოს მეორედ ქორწინებულთა ეპიტიმია. ქალწულს ეკრძალება ვინმესთან მისვლა [და მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება], როგორც დას.

კანონი 20


თუ ვისმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს [ეპიტიმიის] ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას.

კანონი 21


მეძავი დედები, რომლები საწამლავს ამზადებენ და თავის ნაყოფს სპობენ, ადრინდელი კანნის მიხედვით სიკვდილამდე არ დაიშვებიან [წმინდა საიდუმლოთა] ზიარებაზე. ხოლო ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი კაცთმოყვარეობა გამოვიჩინოთ და განვსაზღვრავთ, რომ მათ ათი წელი უნდა შეასრულონ [ეპიტიმიის] დაწესებულ ხარისხთა მიხედვით.


კანონი 22


ნებსითი მკვლელობისათვის უნდა შეუვრდებოდნენ მთელი სისოცხლის განმავლობაში, ხოლო სრული ზიარების ღირსნი მხოლოდ სიცოცხლის დასარულს გახდებიან.

კანონი 23


უნებლიე მკვლელობისათვის ადრინდელი დადგენილება ბრძანებს შვიდი წლით [ეპიტიმიას] დაწესებული ხარისხების მიხედვით სრული ზიარების მიღებამდე. ხოლო მეორე [ახალი] დადგენილება კი - ხუთი წლის შესრულებას.

კანონი 24


მისნობის მოქმედნი და წარმართთა ჩვეულების მიმდევრები, ან თავის სახლში წამლებისთვის ან გრძნებისთვის ვინმეს შემყვანნი სამი წელი უნდა შეუვრდებოდნენ და ორი წელი უნდა ეზიარებოდნენ ლოცვებს სიწმინდეთა გარეშე.

კანონი 25


თუ ქალწულის დამნიშნავმა მისი და წინასწარ გახრწნა და დააფეხმძიმა, ხოლო ამის შემდგომ შეირთო თავისი დანიშნული, გახრწნილმა დამ კი თავი ჩამოიხრჩო, ნაბრძანებია, რომ თანადამნაშავეებმა [ცოლმა და ქმარმა] ათი წელი უნდა სრულჰყონ სინანულში, ადრევე დადგენილი [სინანულის] ხარისხების მიხედვით.

 

 

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:13)