Georgian (Georgia)English (United Kingdom)

კანონი 1


ვინც ავადმყოფობისას მკურნალების მიერ იქნა ასოწართმეული, ან ბარბაროსთაგან დასაჭურიესებული, ასეთი პირი სასულიერო დასში დარჩეს; ხოლო თუ ვინმემ, ჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფმა, თავად გამოისაჭურისა თავი, ასეთი პირი, თუ დასის წევრია, უნდა განიკვეთოს და არავინ, ასეთთაგანი, მღვდელმსახურების ხარისხში აყვანილი არ უნდა იქნეს. ხოლო რამდენადაც ნათელია, რომ ეს განცხადებულია იმათ მიმართ, ვინც გაბედა თავისი თავის განზრახ გამოსაჭურისება, ამდენადვე ცხადია, რომ ვინც ბარბაროსთაგან იქნა დასაჭურისებული, ან თავისი ბატონებისაგან, სხვაფრივ კი ყოვლად ღირსად წარმოჩინდება, ასეთი პირის სასულიერო დასში ყოფნის უფლებას კანონი იძლევა.


(მოც. 21,22,23,24; ორგზ. 8).

 

კანონი 2


ვინაიდან, საჭიროების გამო, ან ადამიანთა რაიმე სხვა განზრახვით ბევრი რამ არასაეკლესიო წესებით მოხდა, როგორც ის, რომ წარმართული ცხოვრებიდან ახლახან რწმენაში მოქცეულნი და ხანმოკლე დროით კათაკმევლებად მყოფნი მალევე სულიერ საბანელთან მიიყვანებიან და ახალნათელღებულნი მეყსეულად ეპისკოპოსად ან ხუცესად აღიყვანებიან, ამიტომ სათნოდ გვიჩნს დავადგინოთ, რომ ამიერიდან ესევითარი არაფერი მოხდეს, რადგან რწმენაში მოქცეულებმა კათაკმევლობაშიც უნდა დაჰყონ ხანი და ნათელღების შემდგომაც უმეტესად გამოიცადონ. რამეთუ სამოციქულო წიგნი ნათლად იტყვის: "ნუ ახალნერგ, რაითა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა" (I ტიმ. 3,6). ხოლო თუ დროთა განმავლობაში სულიერი რაიმე ცოდვა აღმოჩნდეს მის პიროვნებაში და მხილებულ იქნეს ორი ან სამი მოწმის მიერ, ასეთი სამღვდელოთაგან გაირიცხოს. ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პირი, როგორც დიდი კრების წინააღმდეგ გაკადნიერებული, თავს სასულიერო დასიდან გარიცხვის საშიშროებაში იგდებს.

(მოც. 61,75,80; I მსოფ. 9; ნეოკეს. 9,10; ლაოდ. 3; სარდ. 10; ორგზ. 17; ბასილი დიდი 89; გრიგოლ ნოს. 1,4)

კანონი 3


დიდი კრება გამონაკლისის გარეშე აწესებს, რომ არც ეპისკოპოსს, არც ხუცესს, არც დიაკონს და საერთოდ არავის სამღვდელოთაგანს არ მიეცეს უფლება თანასახლეულად იყოლიოს დედაკაცი, გარდა დედისა, ან დისა, ან დედისა და მამის დისა, ან ისეთი პირებისა, რომლებიც ყოველი ეჭვისაგან თავისუფალი იქნებიან.

(მოც. 5,26; ტრულ. 5,12,13; VI მსოფ. 18,22; ანკვირ. 19; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდი 88).

კანონი 4


ეპისკოპოსის დადგინება უმეტესწილად ჯეროვანია სამთავროს ყველა ეპისკოპოსთა მიერ, ხოლო თუ მათი შეკრება ვერ ხერხდება წარმოჩენილი გაჭირვების ან შორი გზის გამო, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში სამნი ერთ ადგილას შეიკრიბონ, ხოლო არადამსწრეთ წერილობით განაცხადონ თანხმობა და მხოლოდ მაშინ აღსრულდეს ხელდასხმა. დამტკიცება კი ასეთი ქმედებისა, ყოველ სამთავროში მის მიტროპოლიტს მართებს.

(მოც. 1; VII მსოფ. 3; ანტიოქ. 19,23; ლაოდ. 12; სარდ. 6; კონსტ. 1; კართ. 13,49,50).

კანონი 5


იმათ მიმართ, რომლებიც თავიანთ ეპარქიებში ეპისკოპოსებმა საეკლესიო ზიარებისაგან განაყენეს, - სამღვდელონი იქნებიან ისინი თუ საერონი, - დაცული უნდა იქნეს კანონი, რომელიც აწესებს, რომ ერთის მიერ განკანონებული არ უნდა იქნეს სხვების მიერ შეწყნარებული. თუმცაღა, გამოძიებული უნდა იქნეს საულმოკლეობით, შუღლით, ან ეპისკოპოსის მხრიდან სხვა რაიმე უკმაყოფილებით ხომ არ მოხდა მათი განპატიჟება. ამრიგად, რათა ამის შესახებ მოხდეს სათანადო გამოკვლევა, სათნოდ გვიჩნს, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს კრება და  სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა, ერთად შეკრებილმა, განიხილონ ასეთი სადავო საქმე და ამგვარად ეპისკოპოსის წინაშე დამნაშავედ მიჩნეული, ყველას მიერ საბოლოოდ იქნეს დადგენილი ზიარებისათვის უღირსად, სანამ ჯეროვნად არ ჩათვლის ეპისკოპოსთა კრებული მათ მიმართ უფრო ლმობიერი განჩინების გამოტანას. ხოლო აღნიშნული კრებები უნდა იმართებოდნენ: ერთი დიდმარხვის წინ, რათა ყოველივე გულნაკლულობის აღმოფხვრის შემდეგ შეწირონ ღმერთს წმინდა ძღვენი; მეორე კი - შემოდგომაზე.

(მოც. 12,13,16,32,33,34,37; II მსოფ. 2,6; IV მსოფ. 11,13,19; ტრულ. 17; VII მსოფ. 6; ანტიოქ. 6,7,8,11,20; ლაოდ. 40,41,42; სარდ. 9,13; კართ. 11,18,23,29,73,106; სოფ. 1).

კანონი 6


დაცული იქნეს უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, რათა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ყველა მათგანის ხელისუფალი იყოს. რამეთუ რომის ეპისკოპოსისთვისაც ასეა მიღებული. მსგავსადვე ანტიოქიაში და სხვა სამთავროებშიც შენარჩუნდეს დედა ეკლესიათა უპირატესობა. საერთოდ კი ცხადი იყოს ყველასათვის შემდეგი: თუ ვინმე მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე იქნეს ეპისკოპოსად დადგინებული, ასეთი პირის მიმართ დიდმა კრებამ განაჩინა, რომ ეპისკოპოსად არ უნდა დარჩეს. ხოლო თუ გამორჩევა ეპისკოპოსთა მთელი კრების კურთხევით მოხდება და საეკლესიო სამართალთან შესაბამისობაში, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ამ გამორჩევას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალაშია უმეტესობის აზრი.


(მოც. 34; I მსოფ. 4; II მსოფ. 2,3; III მსოფ. 8; IV მსოფ. 28; ტრულ. 36; ანტიოქ. 9,16,19; კართ.13).

კანონი 7


ვინაიდან დამტკიცებულია ჩვეულება და უძველესი გადმოცემა, რომ პატივი მიეგოს ელიის* ეპისკოპოსს, ამიტომ მომავალშიც შეურყევლად მიეგოს მას პატივი მიტროპოლიტისათვის მინიჭებული ღირსების შენარჩუნებით.


(მოც. 34; II მსოფ. 2; IV მსოფ. 12; ტრულ. 36; ანტიოქ. 19).


*იერუსალიმის


კანონი 8


მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს "წმინდას" (ერთ-ერთ განხეთქილებაში მყოფთა თვითწოდება) უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელდასხმის შემდეგ ისინი დასში დარჩნენ. უწინარეს ყოვლისა კი მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განწესებსბს, ანუ საეკლესიო თანაზიარებაში იქნებიან მეორედ ქორწინებულებთან და დევნილობის ჟამს განდგომილებთან, რომელთათვის მონანიებისა და შენდობის ვადაც განსაზღვრულია. მხოლოდ საჭიროა, რომ ისინი ყოველმხრივ მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის დადგენილებებს. ამრიგად, სადაც  ხელდასხმულნი იქნებიან დასში, სოფლებში თუ ქალაქებში, თავიანთ ხარისხში დარჩნენ. თუკი ზოგიერთი მათგანი იმ ეკლესიას შეუერთდება, სადაც უკვე არის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მაშინ ცხადია, რომ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს ექნება საეპისკოპოსო ღირსება, ხოლო ეგრეთ წოდებულ "წმინდანების" ეპისკოპოსს - სამღვდელო პატივი; მაგრამ თუ ადგილობრივი ეპისკოპოსი სასიკეთოდ ჩათვლის, შეუძლია დაუტოვოს მას ეპისკოპოსის სახელის პატივი; თუკი ადგილობრივი ეპისკოპოსი ამას არ ინებებს, მაშინ გამოუყოს მას ქორეპისკოპოსის ან მღვდლის ადგილი, რათა საეკლესიო კრებულში მისი ჩარიცხვა ნათლად ჩანდეს. ერთ ქალაქში კი ორი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს.

(მოც. 68; II მსოფ. 7; ტრულ. 95; VII მსოფ. 14; ანკვირ. 13; ნეოკეს. 14; ანტიოქ. 8,10; სარდიკ. 6; კართ. 47,57,66,69,99; ბასილი დიდი 1,47,89; თეოფილე ალექს. 12).

კანონი 9


თუ ვინმე გამოძიების გარეშე აიყვანეს მღვდლის პატივში, ან თუნდაც გამოიძიეს და მან აღიარა თავისი ცოდვები, მაგრამ აღსარების შემდეგ კანონსაწინააღმდეგოდ მოიქცნენ სამღვდელონი და მას ხელი დაასხეს, მაშინ კანონი არ იწყნარებს მის მღვდელმსახურებას, რამეთუ კათოლიკე ეკლესია აუცილებლად უმწიკვლობას მოითხოვს (I ტიმ. 3,2).

(მოც. 25,61; I მსოფ. 3,10; ნეოკეს. 2,10; ორგზ. 17; თეოფილე ალექს. 3,5,6; ბასილი დიდი 89).

კანონი 10


თუ ვინმე, მძიმე ცოდვით დაცემულთაგანი, მღვდლად იქნება ხელდასხმული და ეს ცნობილი გახდება, იგი სამღვდელო პატივიდან უნდა განიკვეთოს; ამასთან, საეკლესიო კანონი არ ითვალისწინებს, იცოდა მისი ცოდვა ხელდამსხმელმა თუ არა.

(მოც. 62; I მსოფ. 9; ანკვირ. 1,2,3,9,12; პეტრე ალექს. 10; ბასილი დიდი 73; გრიგოლ ნოს. 2).

კანონი 11


ვინც ძალდატანების, მამულის წართმევის, ტყვეობის მუქარის ან სხვა რაიმე მსგავსი მიზეზის გარეშე - როგორც ეს ლიკინიოზის დევნის დროს ხდებოდა - განუდგა რწმენას, კრება მათ მიმართ ლმობიერობას იჩენს, იმ მიზნით, რათა აჩვენოს მათ ეკლესიის წყალობა, თუმცა არ არიან კაცთმოყვარეობის ღირსნი. მათგან რომლებიც გულწრფელად მოინანიებენ, სამი წელი საღვთო წერილის მსმენელებს შორის დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომილნი იყვნენ, ორი წელი კი მრევლთან ერთად ილოცონ, წმიდა ზიარების მიღების გარეშე.

(მოც. 62; I მსოფ. 12,13,14; ანკვირ. 4,5,6,7,8,9,21; ლაოდ. 2,19; კართ. 43; გრიგოლ ნეოკ. 2,11; ბასილი დიდი 73,75,81,84; პეტრე ალექს. 2,3; გრიგოლ ნოს. 2).

კანონი 12


ვინც მადლის მიერ იქნენ მოწოდებულნი რწმენის აღმსარებლად, მოშურნეობის პირველი აღტკინება გამოიჩინეს და სამხედრო სარტყლები მოიხსნეს, მაგრამ შემდეგ როგორც ძაღლები თავიანთ ნათხევარს დაუბრუნდნენ და ზოგმა ვერცხლიც კი გამოიყენა და ქრთამით მიაღწია სამხედრო ხარისხში აღდგენას, ასეთები, სტოვაში საღვთო წერილის სამი წლის მსმენელობის შემდეგ, ათი წელიწადი ტაძარში შევრდომილნი უნდა იყვნენ და პატიება ითხოვონ. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მონანულთა განწყობა და სინანულის სიწრფელე, რომ საქმით და არა მხოლოდ გარეგნულად გამოავლინონ თავიანთი მოქცევა, მსმენელობისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ კი ჯეროვანი იქნება მათი მიღება მლოცველებთან თანაზიარობაში. ეპისკოპოსს თავის მხრივ ნება ეძლევა მათ მიმართ კიდევ უფრო რაიმე კაცთმოყვარული გადაწყვეტილება მიიღოს; ხოლო ვინც გულგრილად გადაიტანს თავის დაცემას და ეკლესიაში შესვლის ნებართვას მოქცევისათვის საკმარისად ჩათვლის, სინანულის ვადის მოხდა ბოლომდე დაეკისროს.

(მოც. 68,83; I მსოფ. 11,13,14; ტრულ. 102; ანკვირ. 4,5,6,8,9,21; ლაოდ. 2,19; კართ. 23; გრიგოლ ნეოკეს. 2,11; პეტრე ალექს. 2,3; ბასილი დიდი 3,73,74,75,81,84; გრიგოლ ნოს. 2,4,5).

კანონი 13


მომაკვდავთ შესახებ კვლავაც იქნეს დაცული ძველი და კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც სიკვდილის წინ არავინ უნდა მოაკლდეს უკანასკნელ უაღრესად საჭირო საგზალს; ხოლო თუ განწირულად ჩათვლილი სიცოცხლეს მოუბრუნდება ზიარების მიღების შემდეგ, მაშინ დარჩეს მრევლთან მხოლოდ ლოცვით თანაზიარებაში. საერთოდ კი ყველა მომაკვდავი, ვინც ევქარისტიის ზიარებას ითხოვს, ეპისკოპოსის მხრიდან გამოიცადოს და ამის შემდეგ მიეცეს წმიდა ზიარებას.

(მოც. 52; I მსოფ. 11,12; ანკვირ. 6,22; ნეოკეს. 2; კართ. 7; ბასილი დიდი 73; გრიგოლ ნოს. 2,5).

კანონი 14


კათაკმეველთა მიმართ, რომლებიც სარწმუნოებას განუდგნენ, წმიდა და დიდი კრება ადგენს, რომ მათ მხოლოდ სამი წელი უნდა დაჰყონ საღვთო წერილის მსმენელებად და შემდეგ კათაკმევლებთან ერთად ილოცონ.

(I მსოფ. 2,11,12,13; ტრულ. 96; ნეოკეს. 5; ლაოდ. 19; ბასილი დიდი 20; ტიმოთე ალექს. 4,6; კირილე ალექს. 5).

კანონი 15


ბევრი შფოთისა და არეულობის გამო, წმიდა კრება სასიკეთოდ მიიჩნევს საერთოდ აკრძალოს ზოგიერთ ადგილებში დაწესებული სამოციქულო განწესებათა საწინააღმდეგო ჩვეულება და ადგენს, არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი და არც დიაკონი ერთი ქალაქიდან მეორეში არ უნდა გადავიდეს. თუ ვინმე წმიდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად ჩაითვლება, გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც იგი ხელდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად.

(მოც. 14,15; II მსოფ. 4; IV მსოფ. 5,6,10,20; ტრულ. 18; ანტიოქ. 3,13,16,21; სარდიკ. 1,2,3,12,16; კართ. 48,54,65,71,90).

კანონი 16


თუ მღვდელს, დიაკონს ან დასის რომელიმე სხვა წევრს ღვთის შიში თვალწინ არ უდგას და დაუფიქრებლად და საეკლესიო კანონების არცოდნის მიზეზით საკუთარ ეკლესიას განეშორება, იგი არ უნდა იყოს მიღებული სხვა ეკლესიაში, არამედ იძულებით უნდა იქნეს დაბრუნებული თავის სამრევლოში, ხოლო თუ ურჩობას გამოიჩენს, თანაზიარობიდან განკანონდეს. ასევე, ვინც გაბედავს სხვის სამწყსოდან მოყვასის გადმობირებას და მის ხელდასხმას იმ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, რომლისგანაც კლირიკოსი წამოვიდა, ხელდასხმა გაუქმებულად ჩაითვალოს.

(მოც. 14,15,16; I მსოფ. 15; IV მსოფ. 5,10,20,23; ტრულ. 17,18,20; ანტიოქ. 3,21; სარდიკ. 1,2,13,15,16; კართ. 54,80,90).

კანონი 17


ვინაიდან ბევრმა კლირიკოსმა ანგარება და მომხვეჭველობა შეიყვარა და დაივიწყა საღვთო წერილი, რომელიც ამბობს: "ვერცხლი მისი არა მისცეს აღნადგინებად..." (ფს. 14,5), და სესხი გასცა და მეასედს თხოულობს, ამიტომ წმიდა და დიდი კრება ადგენს, რომ ამის შემდეგ ვინც მხილებული იქნება გასესხებული თანხისათვის ვახშის აღებაში, ან სხვა ანგარებითი საქმიანობისათვის ფულის გაცემაში, ან გასესხებული თანხის ნახევრის ნამატის სახით მოთხოვნაში, ან სამარცხვინო მომხვეჭელობის მიზნით სხვა რაიმე ჩანაფიქრში, ასეთი განიკვეთოს და უცხო ექმნეს სასულიერო დასს.

(მოც. 44; ტრულ. 10; VII მსოფ. 19; ლაოდ. 4; კართ. 5,16; ბასილი დიდი 2,14; გრიგოლ ნეოკეს. 3; გრიგოლ ნოს. 6).

კანონი 18


წმიდა და დიდი კრებისათვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ ადგილებში და ქალაქებში დიაკვნები აზიარებდნენ მღვდლებს, მაშინ როცა არც კანონით და არც ჩვეულებით არ არის დაწესებული, რომ შეწირვის უფლების არმქონემ, გასცეს ქრისტეს ხორცი. ამას გარდა, ისიც გახდა ცნობილი, რომ ზოგიერთი დიაკონი ეპისკოპოსზე ადრე ეხება ევქარისტიას. ყველა ეს ქმედება აიკრძალოს, და დიაკვნებმა თავიანთ ქმედებებში ზომიერება დაიცვან, იცოდნენ, რომ ისინი ეპისკოპოსის მსახურები არიან და მღვდლებზე უმცროსნი. ამიტომ წესისამებრ ევქარისტია მიიღონ მღვდლების შემდეგ, გინდ ეპისკოპოსი აზიარებდეს და გინდ მღვდელი. არც მღვდლებს შორის დასხდომა შეიძლება დიაკვნებისათვის, რამეთუ უკანონო და უწესოა ასეთი ქცევა. ხოლო ვინც არ მოისურვებს ამ განწესებას დაემორჩილოს, დიაკვნობიდან განიკვეთოს.

(მოც. 15,39; I მსოფ. 15; ტრულ. 7,16; ანტიოქ. 5; ლაოდ. 20).

კანონი 19


ყოფილ პავლიანიტელების შესახებ, რომლებიც შემდგომ კათოლიკე ეკლესიისაკენ მოიქცნენ, დგინდება განწესება, რომ ყველა ისინი თავიდან უნდა მოინათლონ. იმათგან, ვინც ადრე სამღვდელო დასს განეკუთვნებოდა, თუ ვინმე უმწიკვლო და დაუძრახველი აღმოჩნდეს, ნათლისღების შემდეგ ხელდასხმულ იქნეს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის მიერ; ხოლო ვინც გამოკვლევის შემდეგ მღვდელმსახურობისათვის უღირსი აღმოჩნდეს - სამღვდელო ხარისხიდან განიკვეთოს. ასევე დიაკონთა და საერთოდ დასის ყველა წევრის მიმართ იგივე მიდგომა უნდა იქნეს დაცული. ჩვენ დედათდიაკვნებიც ვახსენეთ, მაგრამ ისინი დედათდიაკვნებად მხოლოდ თავიანთი სამოსელის გამო იწოდებიან, სინამდვილეში კი არავითარი ხელდასხმა არ მიუღიათ, ამიტომ ისინი უპირობოდ მრევლში უნდა ჩაირიცხონ.

(მოც. 46,47,49; ტრულ. 95; კართ. 6,126; ბასილი დიდი 1).


კანონი 20


ვინაიდან ზოგიერთები საუფლო დღეს და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მუხლს იდრეკენ, ამიტომ წმიდა კრება აწესებს, რომ ასეთ დღეებში ღვთის წინაშე ლოცვები ფეხზე დგომით აღესრულოს და ეს წესი ყველა ეპარქიაში ერთნაირად იქნეს დაცული.

(მოც. 66; ტრულ. 66,90; ღანგ. 18; ლაოდ. 29; პეტრე ალექს. 15; ბასილი დიდი 91; თეოფილე ალექს. 1).

 

 

კანონები მოტანილია წიგნიდან : "ნიკეის I მსოფლიო კრების კანონები განმარტებებით" -

ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში)

რუსულიდან თარგმნა და მოამზადა ვლადიმერ ჩხიკვაძემ

თბილისი, 2004

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:15)