Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[80]წმ. ისიდორე პელუზიელი (IV-V სს.) ავტორია დაახლოებით 2000 ეპისტოლისა, რომელთა უდიდესი ნაწილი უაღრესად მნიშვნელოვანია საეკლესიო მოძღვრებისა და ეკლესიური მოღვაწეობის უკეთ გაცნობიერებისათვის. ქვემოთ წარმოვადგენთ ეპისტოლეთა ერთი ნაწილის თარგმანს, რაც შესრულდა ორიგინალის უახლესი მეცნიერული გამოცემიდან: Isidore de Péluse, Letters, t. I, ed. par P. Éuieux, Sources Chrétuennes. t. 422, Paris, 1997. ყოველი წერილის ბოლოს ფრჩხილებში გვერდები მითითებულია ამ გამოცემიდან.

 

ანტიოქოსისადმი

(ეპ. 1214)

ისევე, როგორც ეს ხდება სხეულებში, სადაც მძიმე შენარევებს წარმოქმნის ზედმეტობა, რადგან როდესაც საკუთარ საზღვრებს ტოვებენ სტიქიონები1 და, ზღვარს გადაცილებულნი, უზომოებაში ვარდებიან, მაშინ აქვს ადგილი ავადმყოფობებსა და მტანჯველ სიკვდილიანობას, ამგვარადვე ხდება სულებთან დაკავშირებითაც, რადგან თუ ჯანსაღი ცხოვრებიდან მრისხანებისკენ მოვიქცევით, მაშინ ამპარტავანნიც გავხდებით და მონების მსგავსნიც, აქედან კი - შეძულებულნი და ამის შედეგად - დასაცინები. მართლაც, საპირისპირო ბოროტებათა, - სიშლეგისა და პირფერობის, - თანაშერევით სიძულვილსაც მოვიმკით და დაცინვასაც დავიმსახურებთ, მაგრამ თუ ზედმეტობისგან გავიწმენდთ გრძნობას2, ზედმიწევნით მდაბალნიც გავხდებით და შეურყევლად მაღალნიც. აი, ამგვარია ჩვენეული ფილოსოფია - ერთ სულში3 შემოკრებს ზომიერებასაც და სიმაღლესაც, კერძოდ - ზომიერებას იმიტომ, რომ არავისზე ვქედმაღლობდეთ, ხოლო სიმაღლეს იმიტომ, რომ არავისგან ვითხოვდეთ პირფერობას (182).

----------------------------------------------------------

1 - იგულისხმება ოთხი ელემენტი (ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი), რისგანაც შედგენილია ყველა ხილული არსება და მათ შორის ადამიანის სხეულიც.

2 - სიტყვა: „ზედმეტობას მოვიკვეთთ გრძნობისგან“.

3 - ხელნაწერთა ნაწილში გვაქვს არა სიტყვები: „ერთ სულში (είς μίαν ψυχήν), არამედ „ერთ განსჯაში“ (είς μίαν ψηφον).

პეტრესადმი

(ეპ. 1236)

ჩანს არ იცი, ჰოი ნეტარო, რომ არა იმდენად მოსაუბრის გონივრულობას ანდა დამმოძღვრელის ენამჭევრობას ძალუძს არცხვინოს ცთომილს, რამდენადაც - თვით დასამოძღვრის კეთილგანზრახულებას, რადგან სწორედ იგია უფლებამოსილი, ირწმუნოს ან არ ირწმუნოს. თუ ეს არ გჯერა, ერთ მაგალითს მოვიშველიებ (რასაც სხვა ვერაფერი შეედრება) და ვეცდები დაგაჯერო. მართლაც, ვინღა იყო სიტყვაზე1 უფრო მჭევრმეტყველი ანდა სიბრძნეზე უფრო ბრძენი, რომელმაც ესოდენი და ეგზომი იმეტყველა, - ტკბილიც და ძლიერმოქმედიც, - რომ განედევნა იუდასგან ვერცხლისმოყვარეობა, მაგრამ ვერ აღასრულა ეს, თუმცა - არა საკუთარი უძლურების გამო, არამედ იმიტომ რომ ყოველი მსმენელი თვითვეა ბატონ-პატრონი თავისი განზრახულებისა თვითუფლებრივობის კანონის შესაბამისად, რის კვალობაზეც სწორედ გონებას აქვს მინდობილი ღირსება იმისა, რომ განსაჯოს. ამიტომ, თუ ეს ყოველივე ასეა, მოწონების ღირსია ის, ვინც თავისას სრულყოფს2, ხოლო - ძაგებისა და გაკიცხვისა, ვინც კეთილ შეგონებებს არ ერწმუნება; მაგრამ თუ ვინმე ეცდება რომ ურწმუნო ადამიანის დანაშაული იმაზე გადაიტანოს, ვინც იგი ვერ [81]დაარწმუნა, სულელი იქნება ამგვარი ვინმე როგორც უმეცარი საღვთო და ადამიანურ საქმეთა ბუნებისა (214).

-------------------------------------------------------------------


1 - იგულისხმება განკაცებული ღმერთი-სიტყვა, მაცხოვარი იესო ქრისტე.

2
- ე.ი. თავის თავში, საკუთარ ბუნებაში ღვთივშთანერგილ სიკეთეს, კეთილ თვისებებს შეიცნობს და ბუნების შესაბამის (და არა ბუნების საწინააღმდეგო) მართებულ განსჯას სრულყოფს.

 

ლეონტი ეპისკოპოსისადმი

(ეპ. 1237)

ნამდვილად, როგორც მოგვწერე, მრავალი მშფოთვარება მოაწყდა ეკლესიას, რადგან იქ, სადაც სახელია მშვიდობისა, ომის საქმენი შემოკრებილა. ხდება კი ეს იმის გამო, რომ ბევრად და ყოველგვარად (παντοδαπά) შესცოდეს იმათ, რომლებასც მონდობილი ჰქონდაო მოძღვრობის ღირსება. ამგვართა სათითაოდ ჩამოთვლას გვერდს ავუვლი, მაგრამ ერთს კა დავწერ, რაც ყველაფერს მოიცავს. ესაა - საქმე პატივდებული1, დიდი და ბრწყინვალე, რამაც სამოციქულო საკრებულონი მთელს სამკვიდროში მნათობებად გამოაჩინა, მაგრამ აწ კი უგულებელყიფილი ეკლესიას არეულობით ავსებს. რა არის ეს? ვიტყვი კადნიერად (და ვერც შევძლებდი სხვაგვარად); მაშინ სათნოებისმოყვარენი შემოდიოდნენ მღვდლობაში, აწ კი - ვერცხლისმოყვარენი. მაშინ გაურბოდნენ ამ საქმეს უფლებამოსილების სიდიდის გამო, აწ კი აწყდებიან ამავე საქმეს განცხრომის სიდიდის გამო. მაშინ ნებაყოფლობითი უპოვარებით იყვნენ მოქადულნი, აწ კი ნებაყოფლობითი ანგარებით არიან გამდიდრებულნი. მაშინ თვალწინ ჰქონდათ საღვთო სამსჯავრო, აწ კი აზრადაც არა აქვთ იგი. მაშინ მზად იყვნენ გვემა მიეღოთ, აწ კი მზად არიან გვემონ. რადღაა საჭირო ბევრის თქმა? ჩანს, რომ მას შემდეგ ეს ღირსება გადაგვარდა მღვდლობიდან მძლავრებისკენ (είς τυραννίδα), სიმდაბლიდან - ამპარტავნებისკენ, მარხვიდან - განცხრომისკენ, გამგებლობიდან - ბატონობისკენ, რადგან არათუ იმას ღირსიჩენენ, განაგონ როგორც მნეებმა, არამედ - მიისაკუთრონ როგორც ბატონებმა. ამას ყველაზე როდი ვამბობთ, არამედ - დამნაშავეთა მიმართ, რადგან არიან, დიახ არიან იმგვარნი, რომლებიც სამოციქულო ხატისებრ ცხოვრობენ, მაგრამ ხმის გაღებას ვერ ბედავენ და ამის გამო ძალიანაც გასაკიცხნი არიან, რადგან უფრთხიან რა აღვირახსნილთა სიმრავლეს, არ ზრუნავენ იმაზე, რომ მდგომარეობა გამოასწორონ, რაზომამდეც ეს მათ შეეხებათ (216-218).

------------------------------------------------------------

1 - მკვლევართა ნაწილის აზრით წმ. ისიდორე ამ პატივდებულ საქმეში გულისხმობს მღვდლობას, ნაწილის აზრით კი - ეპისკოპოსობას.

 

ანატოლიოს დიაკონისადმი

(ეპ. 1272)

ღვინო, თუ იგი დროულად და ზომიერად დაილევა, ვითარცა პატივმიგებული, სიხარულის მიზეზი გახდება, რაგრამ თუ გადათრობის მიზნით იქნება გამოყენებული, შურს იძიებს შეგინებისთვის და აზღვევინებს შემაგინებელს იმით, რომ დაცინვას, სირცხვილს, აბუჩად აგდებას და წყლულებს მოუტანს მას (272).

 

ევდემონ დიაკონისადმი

(ეპ. 1259)

რადგან ელინებიც და ბარბაროსებიც, და ყველა ადამიანი, მართებულად თვლის რწმუნების ღირსად მტერთა მოწმობას, ხოლო იუდეველებმა ყოვლგვარ [82]ბოროტებას გადააჭარბეს, რომლებიც არ ერწმუნენ არა მხოლოდ წინასწარმეტყველთ, არამედ - თვით ღმერთსაც, გამოჩნდა კი [მათ შორის] ვინმე იოსები, უკიდურესი იუდეველი და რჯულის მოშურნე, რომელმაც ჭეშმარიტებით განმარტა ძველი აღთქმა და იუდეველთათვის ახოვნად გამამაცებულმა ყოვლითურთ წარმოაჩინა ის, რაც მათეული იყო და რაც გამოთქმას აღემატებოდა, თუმცა ამჯობინა კი, რომ დაეთმო საქმეთა ჭეშმარიტებისთვის, რადგან არ ჰბაძა მან უღმერთოთა განზრახულებას, - ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია მის ნათქვამთა წარმოდგენა.

და რას ამბობს აგი?

„იმ დროს ჩნდება იესო, ბრძენი ადამიანი, თუ მართებულია ადამიანად მისი თქმა, რადგან იგი იყო უჩვეულო საქმეთა მოქმედი და ადამიანთა მოძღვარი, რომლებიც კი წადიერად იღებდნენ ჭეშმარიტებას. მან მიიმხრო ბევრი იუდეველი და ელინობიდანაც მრავალი. ეს იყო ქრისტე და იგი, ჩვენს პირველ კაცთა დაბეზღებით, ჯვარზე დასაჯა ჰილატემ, თუმცა არ მიუტოვებიათ იმათ, რომლებმაც თავდაპირველად შეიყვარეს იგი, რამეთუ გამოუჩნდა მათ მესამე დღეს კვლავ ცოცხალი, რომლის შესახებაც საღვთო წინასწარმეტყველთ ესენიც და სხვა მრავალი საკვირველებაც ჰქონდათ თქმული. ამასთან, მის გამო ქრისტეანებად წოდებულთა ტომი დღემდე არ მოსპობილა“1.

მეტად მაკვირვებს ბევრ რამეში ამ კაცის ჭეშმარიტებისმოყვარეობა, განსაკუთრებით კი მისი ის [სიტყვები], სადაც თქმული აქვს: „ადამიანთა მოძღვარი, რომლებიც კი წადიერად იღებდნენ ჭეშმარიტებას“, რადგან არიან [ადამიანები], მათ შორის კი ურწმუნო იუდეველებიც, რომლებიც დაუძლეველი აზრნაკლულობის გამო, ამახინჯებენ იმასაც კი, რაც მეტად ცხადია და საღვთო, გამოაქვთ რა მსჯავრი არა საქმეთა ბუნდოვანების, არამედ საკუთარი აზრნაკლულობის კვალობაზე. ამიტომ, თუ თვით მტრებიც ვერ ბედავენ თვალი აუქციონ ჭეშმარიტებას, ვინღა იქნება, ვინც არ ირწმუნებს მზეზე უცხადეს საქმეებს? (256-258).

----------------------------------------------------------

1 - იხ. იოსებ ფლავიოსი, იუდეველური სიძველენი, XVIII, 63.


ლეონტი ეპისკოპოსისადმი

(ეპ. 1262)

თუ ბოროტება დამწყებთაგანს ვისმე მოიმძლავრებდა, არ იქნებოდა ეს - საჭიროა სიმართლე ითქვას, - ეგზომ საშინელი, თუმცა კი საშინელია თავისთავად, ხოლო თუ იგი უარესისკენ იქვეწარმავლებს და სამღვდელოდ წილხვედრებულთაგანსაც მოძოვს ვისმე, და თუ, როგორც მოგვწერე, - ის, რაც ბოროტებათა მწვერვალია და ყველა უბედურებაზე უმძიმესი, - თავის მართლების საბაბსაც დაჰბადებს მორჩილთა შორის, ისმინონ იმათ, რომლებიც ამას ამბობენ, რომ არათუ ბოროტად მემღვდელეებს უნდა შეაზომონ თავისი ცხოვრება, არამედ - მცნებებს, რადგან მსაჯული მოუსყიდველია და უგუნურ თავის მართლებას არ შეიწყნარებს. პირიქით, ასე ეტყვის მათ: „მრავალნი იყვნენ სამღვდელონი, უაღრესად სათნოჩენილნი, რომელთა მიმართ უნდა მოგეპყროთ თქვენი გონება და სწორგეყოთ საკუთარი ცხოვრება, მაგრამ რადგან იმხილეთ როგორც ბოროტების მოტრფიალენი, რაჟამს რჩეულთა ნაცვლად ცთომილთაკენ მიიქეცთ უდრეკად, ამიტომ სასჯელს მიიღებენ ისინიც, შესაბამისად ნამოქმედარისა, და - თქვენც, რომლებმაც შეურაცხყავით სათნოება და ბოროტებას მიესალმეთ. ამასთან, რადგან ვერც სასუფევლის სურვილმა და ვერც გეჰენიის შიშმა ვერ დაგარწმუნათ თქვენ, რომ დამცველნი ყოფილიყავით ჩემი რჯულდებებისა, უკიდურეს სასჯელს მიიღებთ“ (260-262).

 

ევტონიოს დიაკონისადმი

(ეპ. 1274)

[83]რადგან მმართებს, რომ შენს წერილთაგან ვიგუმანო შენი ნაფიქრი, ვგრძნობ, რომ შენ, რომელიც წადიერად დაითმეს სათნოებისთვის საჭირო სიძნელეებს და დიდად შეგირაცხია მისეული ნაყოფნი, სულმოკლეობ იმის გამო, რომ უბედურად ითვლები კაცთაგან. ამიტომაც გადავწყვიტე მომეწერა მცირედი.

მართლაც, ვერ ამჩნევ, რომ მწუხარებ იმის გამო, რაც სიამეს უნდა განიჭებდეს, რადგან თუკი არ გეორჭოფება, რომ სათნოებისათვის შენეული კეთილგანწყობა დიდნაყოფიერი იქნება შენთვის ღვთის წინაშე, რადღა გაშფოთებს ადამიანთა მოზრახული, თუნდაც თვლიდე, რომ ასე საზრობენ ისინი? თუმცა ისინიც რომ არ მიიჩნევენ ამგვარად, ვეცდები ადვილად წარმოგიჩინო. მართლაც, კიდეც რომ შენ იყო ერთადერთი სათნოების მოღვაწეთაგან, ვინც განიცადა ეს ყოველივე, არც მაშინ იქნებოდა ჭეშმარიტი ამგვარი აზრი, თორემ უთუოდ ექნებოდათ ურცხვინოების ჩრდილი მშვენიერ კაცთა მოძულეებს, მაგრამ თუკი არც პირველი ხარ, არც ერთადერთი, ვინც ესოდენ უბედურებაში ჩავარდნილა, და თუ ასე იყო თითქმის ყველა რჩეულთაგანი, არა მხოლოდ ქრისტიანებში, არამედ (თუ საჭიროა, რომ ყველა მოვიცვათ და ამით დავაცხროთ შენი სულმოკლეობა) იუდეველთა შორისაც ძველად, ელინებშიც და ბარბაროსებშიც, - რადღა იტანჯები? თუკი ისინიც, ვითარცა ახოვანი მოღვაწენი, მიწყივ გვემულნი გამძლეობდნენ, - მიწყივ მოწყლულნი, სისხლდანთხეულნი და სიკვდილს მიახლებულნი, რადღა ავნებ შენს თავს სულმოკლეობით, და უფრო რადღა აღონიერებ მოპირისპირეს? შენი ქცევა - ეს იგივეა, ამბობდე: „რა მიზეზია, რომ მაყურებელთაგან არავის ურტყამს მეტოქე მხედარი, არამედ - მხოლოდ იმას, ვინც მოასპარეზეთა რიცხვშია და ასპარეზზეა შემოსული?“ ასე რომ, ნუ იტანჯები, თუ იმგვარივეს ივნებ, როგორსაც ისინი, „რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყნიერება“. პირიქით, გიხაროდეს, რაოდენ ღვაწლთა ეზიარები, ეგოდენ იზიარებ სახელოვნებას და განთქმულობას (274-276).

 

სერინოს დიაკონისადმი

(ეპ. 1271)

ისევე როგორც ბევრი ადამიანი უდიდეს სიკეთედ რაცხს სხეულის სიჯანსაღეს, მაგრამ ძალიან როდი ზრუნავს მისთვის, რადგან ამჯობინებს რა სასიამოვნოს სასურველს, იუკუღმართებს ჯანმრთელობას, ამგვარადვე სათნოების მაქებარნიც გაურბიან მისკენ წამყვან გზას (272).

 

პავლესადმი

(ეპ. 1282)

ისევე როგორც ფილოსოფოსს ავლენს არა მანტია და ჯოხი, არამედ - სიტყვახსნილობა და მოღვაწეობა, ასევე ავლენს ქრისტიანსაც არა გარეგნობა და საუბარი, არამედ - წესი და ცხოვრება, მართლმოძღვრებასთან შეთანასწორებული (298).

 

ლუკასადმი

(ეპ. 1279)

ბოროტებაა უსამართლობის ჩადენა, მაგრამ უფრო მეტი ბოროტებაა უსამართლო მსჯავრი, რადგან პირველი მათგანი იმედს მაინც უტოვებს უსამართლობის მსხვერპლს, რომ ეშველება, მეორე კი ამასაც უსპობს მას უსამართლობის დაკანონებით. ამიტომ, ნურც უსამართლობას ჩავიდენთ და ნურც, - თუ მოხდება, რომ მსაჯულად აგვირჩევენ, - უსამართლო მსჯავრს გამოვიტანთ (296).

 

თეოდორე სქოლასტიკოსისადმი

(ეპ. 1281)

[84]თუკი ინებებ, რომ კეთილგონივრულად და ყურადღებით იკითხო წმინდა წერილი, არა მხილოდ საღვთო ფილოსოფიის ტრფობას მიესწრაფები (πρός τόν έρωτα της θείας φιλοσοφίας όρμήσεις), არამედ - დოგმატთა სურვილსაც, რისგანაც აქვს საფუძველი ზეცისთვის შესაფერის მოღვაწეობას (298).

 

ევტონიოს დიაკონისადმი

(ეპ. 1289)

ძალიან მიკვირს იმათი, რომლებიც, სიამოვნებით ასრულებენ ყველაფერს, რაც კი ჩვენს საერთო მტერს, ეშმაკს ნებავს, შემდეგ კი ეძიებენ, თუ საიდან მოესპოთ მათ მთელი კეთილწესიერება, მაგრამ თუ მოხდება, რომ განიშორებენ გადაჭარბებულ და უკურნსბელ სიჩლუნგეს, დარწმუნებული ვარ, ზემოთქმულის ძიებას აღარ შეუდგებიან (308).

 

თეონ ხუცესისადმი

(ეპ. 1290)

ძალიან ნუ გაგაოგნებს და ნურც გაგაკვირვებს, რომ ზოსიმე, რომელიც, შენი თქმით, მონური ძირიდან არის აღმოცენებული, ასე ქედმაღლობს და აღარც ზომიერებას იცავს, რადგან სჩვევია მოულოდნელ კეთილდღეობას უგუნურთა გათავხედება (309).

 

ეპიფანე დიაკონისადმი

(ეპ. 301)

სასოება ყოვლისმპყრობლის უძლეველი მკლავისადმი არა მხოლოდ სამერმისოთა სიტკბოებას შობს, არამედ ამჟამინდელ სიძნელეებსაც ამსუბუქებს, რადგან გვირგვინთა სასოებით ფრთოვანქმნილი ადამიანი ადვილად იტანს ღვაწლს. ამიტომ, თუ სასოება აქაც თანამოასპარეზეობს და თანამბრძოლობს ჩვენთან ერთად, იქ კი გვირგვინებით გვამკობს და გვახარებს, ამასთან თუ ანგელოზთა და კაცთა აღტაცების საგნადაც გვხდის, შევეტკბოთ მას, თანამოსახლედ და თანამეტრაპეზედ (όμοτράπεζον) ვიკუთვნოთ იგი (326).

 

იოანე დიაკონისადმი

(ეპ. 1309)

თუ თვით მასწავლებლებიც და მამებიც უკუაგდებენ პირფერობას როგორც უდიდესი ზიანისა და წახდენის მომტანს, რის გამოც შიშს უნერგავენ - ერთნი მოწაფეებს, მეორენი კი შვილებს, გვმართებს ჩვენც (თუ, რა თქმა უნდა, კეთილგონიერნი ვართ), რომ მაგინებლებზე უფრო მოპირფერეებს განვერიდოთ, რადგან გინებაზე მეტი ზიანი მოაქვს ამგვარ პატივს უგულისხმოთათვის და მისი დაძლევა უფრო ძნელია, ვიდრე იმ ვნებისა (344).

 

პეტრესადმი

(ეპ. 1310)

მხოლოდ სათნოება თვითკმარია მისი მფლობელის შესამკობად. მართლაც, ჩინოსანთაგან არავის აქვს ღირსება თავისთავად, არამედ ისინი ქვეშევრდომებში იძენენ პატივს, სათნოებისმოყვარეს კი თავის თავში აქვს სახელოვნება წარუხოცელად (346).

 

ჰიერაქს დიაკონისადმი

(ეპ. 1311)

ვინც მხოლოდ იმდენს ჭამს, რომ შიმშილი დაიცხროს და იმდენს იმოსავს, [85]რომ წესიერად დაიფაროს თავი, საკუთარ სხეულს საუკეთესო ეტლად შეუმზადებს სულს (όχημα κάλλιστον τη ψυχη παρασκεύαξει τό σωμα), აძლევს რა მესაჭეს ადვილსამართ საჭეს, მხედარს - კეთილშეწყობილ საჭურველს, მუსიკოსს - მელოდიურ ლირას, რადგან ის, ვინც ფუფუნებით განიპოხება და შესამოსელთა მიერ მშვენდება, საცუნდრუკოდ განაწყობს სხეულს, უჯერო გულისთქმებით აღაგზნებს მას, ასუსტებს უფრო მეტად, აზიანებს მის სიმრთელეს, მეტისმეტი მცონარებით არღვევს კიდეც და სულის მოქიშპედ ხდის. ამიტომ, თავი არიდე ამგვარ საქმეებს (346).

 

ჰიერონ ხუცესისადმი

(ეპ. 1315)

ისევე როგორც არ ძალუძს მარადის მწყურვალს, თუნდაც რომ მდინარეებისა და წყაროების პირას მკვიდრობდეს იგი, დაიცხროს სურვილი და ამით სიხარული იგრძნოს, ასევე მეტის და მეტის მოწადინეც ვერასოდეს იგრძნობს სიამოვნებას, თუნდაც რომ აურაცხელი საუნჯე ჰქონდეს მას, რადგან არ იცის მან დაკმაყოფილება, ხოლო ის, ვინც საჭიროების საზღვრებში ინარჩუნებს თავის თავს, არასოდეს ტყვევდება ამ უკურნებელი სენით, არამედ სიამოვნებასა და სიხარულში მკვიდრობს და იმ სხვა ვნებებისგანაც მოუხელთებელი რჩება, რომლებითაც შეპყრობილია მუდმივად ხარბი ადამიანი, რადგან არათუ  ბევრის მომხვეჭელობა, არამედ მცირედის მსაჭიროებლობა ხდის კაცს ვნებათაგან შეუპყრობელს და სრულ უსაფრთხოებაში ამყოფებს მას. მართლაც, ვინც მუდმივად ხარბია, ძალიან დიდ შიშშიცაა, რადგან თუნდაც  რომ არაფერი ზარალი განეცადოს მას, შესაძლებლობა კვლავ რჩება იმისა, რომ დაზარალდეს, მაშინ როცა მცირედით კმაყოფილს სწორედ დაზარალების საშიშროება არა აქვს  ყველაზე უფრო, და თუნდაც დაზარალებულად თვლიდნენ მას, მაინც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ისინი, რომლებსაც ზარალი არ განუცდიათ; ამასთან, კიდევ მეტ სიხარულშიც იქნება იგი, რადგან ელის მას ფილოსოფიის (ე.ი. ბრძნულად ცხოვრების, ე.ჭ.) საზღაური (352-354).

 

ანატოლიოს დიაკონისადმი

(ეპ. 1316)

იმათ მიმართ, რომლებიც ცხადად დიდსიტყვაობენ და საღვთო საქმეებს განადიდებენ, ფარულად კი საწინააღმდეგოს მოქმედებენ (ვით მოფილოსოფოსენი სიტყვით და არა - საქმით), ხმამლლა ღაღადებს ესაია: „ისწავლეთ კეთილის ქმნა“ (ეს. 26.9). ამას შეაგონებს იგი არა მხოლოდ ზემოხსენებულთ, არამედ აგრეთვე - ყველას: „ისწავლეთ სამართლიანობის ქმნა მიწის მკვიდრნო, რადგან მოსპობილია უღმერთო“ (იქვე). წინასწარმეტყველური თვალით იხილა მან ყოველგვარ სიტყვაზე აღმატებული ხორციელი მოვლინება მაცხოვრისა, რამაც აურაცხელი და ყოველგვარ საკვირველებაზე უზესთაესი სიკეთენი წარმატებულჰყო ადამიანთა მოდგმისთვის და რამაც გამოძარღვა ტირანი. ამიტომ ხმობდა ესაია: „ისწავლეთ სიკეთის ქმნა“. მართლაც, შეწყვეტილია ტირანის ბრძოლა ყველა კაცის და ქალის წინააღმდეგ და ყველანი უსაფრთხოებაში არიან, იმათ გარდა, რომლებიც ნებაყოფლობით თავს უხრიან და ემორჩილებიან მისეულ საცდურს, რადგან სწორედ შეცდენა ძალუძს მას და არა ძალდატანება (354-356).

 

ევტონიოს დიაკონისადმი

(ეპ. 1317)

ნუ გაიკვირვებ, ნურც გამოცანად ჩათვლი იმას, რაც წინაზე მითქვამს შენთვის, რომ განსაცდელთა გზით ხშირად მიემადლება სულს მძიმე და მონურ ვნებათაგან თავის დაღწევა და გათავისუფლება, რადგან, ისევე როგორც [86]ის ცეცხლი, რომელიც არა მხოლოდ არ შეეხო იმ სამ ყრმას, არამედ ბორკილთა დამსხვრევისთვისაც იქნა გამოყენებული, ჰქონდა რა მას თავისი მოქმედების წესად რკინის დადნობა, ასევე განსაცდელნიც მცონარებას განაქარვებენ და სიფხიზლისკენ არიან აღმძვრელნი, რითაც მრავალ ადამიანს ათავისუფლებენ ცოდვის ბორკილებისგან (358).

 

ევტონიოს დიაკონისადმი

(ეპ. 1319)

იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე, რომ არავინ შეურაცხგყოს, არამედ - იმაზე, რომ ვერავინ შეძლოს ეს, თუნდაც სურდეს, ამგვარი რამ კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც იმით ვკმაყოფილდებით, რაც საჭიროა და უფრო მეტს არ ვესწრაფვით, რადგან ბევრის მსურველი ადვილშესაპყრობია ყველასგან - კაცთაგანაც და ვნებებისგანაც (358).

 

ისიდორე ხუცესისადმი

(ეპ. 1320)

კაცთა შორის რჩეულნი, როგორც წმინდა და საღი გონებით მოვლენათა ბუნების რაც შეიძლება საუკეთესოდ განმჭვრეტნი, ამ მოვლენათა ყოველგვარ ცვალებადობას ზომიერად დაითმენენ, რადგან, მსგავსად სახელოვანი ტრაგიკოსებისა, რომლებიც გაკვირვებას იწვევენ იმით, რომ ყოველგვარი სახის მიმღებნი არიან, ესენიც ასევე, არიან რა უძლიერესნი, ყოველგვარ ვითარებას ღირსეულად თანაშეეწყობიან ვით ამ ცხოვრების სცენაზე მოღვაწენი. მართლაც, შეხედე დიდებულ იობს, რომელიც სიმდიდრეშიც სახელოვნობდა, მაგრამ სიღარიბეში უფრო მეტად რომ გაბრწყინდა, და თუმცა იგი მდიდარიც საკვირველი იყო, ღარიბი კიდევ უფრო საკვირველი გახდა. მართლაც, შესაძლებელია, რომ ვინმე სიმდიდრეში უშვერობდეს, სიღარიბესთან შეხებისას კი კეთილმშვენობდეს, მაგრამ ისინი, რომლებიც მოკლებულნი არიან გონებას, ვერ დაითმენენ ბოროტებათა ძირის გამოკვლევას და ისეთ რამეზე გადააქვთ უკეთურების ბრალდება, რაც ან არაფერს ანდა ცოტას თუ აშავებს, რადგან ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ უმტკიცობას დასდონ ბრალი, მოვლენებს ადანაშაულებენ (358-360).

 

გენადისადმი

(ეპ. 1321)

თუმცა შენზე უკეთეს მსმენელს საჭიროებს ჩემგან სათქმელი, მაგრამ მაინც ვიტყვი: ვინმემ რომ კაცთა გაჩენის დღიდან არსებული ყველა ნეტარება აღრიცხოს და ერთად შეკრიბოს, მთელი ეს შენაკრებიც ვერ შეეთანასწორება სამომავალო სიკეთეთა თუნდაც მეათიათასედ ნაწილს, რადგან ყველაზე მცირედიც კი იმ სიკეთეებისა ღირსებით იმაზე ბევრად მეტად განირჩევა აქაურთაგან, ვიდრე ჩრდილი და ზმანება - ჭეშმარიტ საქმეთაგან. უკეთ, უფრო შესაფერისი ხატით რომ ვისარგებლო, რამდენადაც სული უპატიოსნესია სხეულზე, იმდენად იქაურნი განსხვავებულია აქაურთაგან (360).

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“, ტ.  II, თბილისი, 2004 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 19:12)