Georgian (Georgia)English (United Kingdom)

აქვე ყურადღებას მივაქცევთ იმასაც, რომ დაახლოებით VI-VII სს-იდან მაინც ეკლესიის მამათა და საკრებო განჩინებათა კვალობაზე, მონაზონს, ბერდიაკონს, მღვდელმონაზონსა და ეპისკოპოსს, რომელიც ასევე მონაზონია (ზოგი განჩინებით თვით მღვდელსაც და არა მხოლოდ მღვდელმონაზონს), არ ეძლევა უფლება მიმრქმელი გახდეს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა (თუ, ვთქვათ, ინათლება მეფის ან მთავრის შვილი1, ან თუ მოსანათლის გარდაცვალების საფრთხეა2). ამგვარი აკრძალვის მიზეზი გასაგებია. საქმე ისაა, რომ მონაზონი აღთქმითად არის განდგომილი ამასოფლის საზრუნავთაგან, მკვდარია ამასოფლისათვის, მაშინ როცა მიმრქმელის საღვთო ვალდებულება, რასაც იგი აღუთქვამს ნათლისმცემელ მღვდელს და, შესაბამისად, უფალს, ესაა, მშობლისებრ, ყოველდღიური ზრუნვა თავის ნათლულზე. მონაზონი (ამასოფლისთვის მკვდარი მოღვაწე), მღვდელი (ქრისტეს მონაცვლე მოღვაწე), ეპისკოპოსი (სულიერად დაქორწინებული თავის ეპარქიაზე და ქრისტესებრ მუდმივმზრუნველი მასზე), ანუ ყველა ის, ვინც არის "საკურთხევლისაგანი" (ὁ ἐκ τοῦ βήματος), ვერ შეძლებს ნათლულისადმი ყოფით ცხოვრებაში მუდმივ თვალყურისდევნებას, რადგან მაშინ თავისი აღთქმა და მსახურება უნდა დაარღვიოს და შეაფერხოს მან, ანუ კვლავ ამქვეყნიურ საქმეებში ჩაერთოს. რათქმაუნდა, აკრძალვა ეხება თუნდაც ერთი ნათლულის მიმრქმელობას, თუნდაც ერთ ნათლულზე ზრუნვას, რაც (ე.ი. ეს ერთჯერადი მიმრქმელობაც კი) სამონაზვნო-სამღვდელმსახურო ღვაწლთან შეუთავსებლად და, შესაბამისად, დაუშვებლად არის განჩინებული. რაც შეეხება მრავალი ნათლულის ყოლას მონაზონისგან (მღვდელმსახურისგან), ამგვარი რამ წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა რჯულმდებელ მამათაგან და მსგავსი მოვლენის (როგორც სრულიად გამორიცხულისა და არარსებულის) შესახებ არც საგანგებო მსჯელობა უწარმოებია ვისმე. მართლაც, თუ მონაზონსა და მღვდელთმთავარს ანუ ეპისკოპოსს თვით ერთი ნათლულის ყოლაც კი ეკრძალებათ, როგორც მათ მოღვაწეობასთან სრულიად შეუთავსებელი, რაღა უნდა ითქვას მრავალი ნათლულისადმი მათი მიმრქმელობის შეუძლებლობის შესახებ?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 FEBRUARY 2019 20:32)

დაწვრილებით...