Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წინასიტყვაობა

წინამდებარე წიგნი არის პირველი ქართული გამოცემა მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თხზულებისა "მწირის გულახდილი საუბრები მის სულიერ მოძღვართან". იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა და ვრცელდებოდა როგორც ხელნაწერის, ისე ბეჭდვითი სახით. თხზულება ყაზანის ეპარქიის ჩერემისის მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ გადაწერა ათონის მთაზე და 1881 წელს მანვე გამოსცა პირველად ამავე მონასტრის ფულადი სახსრებით. წიგნმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ 1884 წლისთვის უკვე მეოთხედ გამოიცა მოსკოვში. ასევე, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა ორჯერ დაბეჭდა პარიზში.

წიგნი ეძღვნება იესოს ლოცვის შესწავლის ხელოვ­ნებას. თავის თავგადასავალს გვიამბობს "საქმით - უდიდესი ცოდვილი, წოდებით - მდაბიო, აქეთ-იქით მოხეტიალე მიუსაფარი მწირი",  რომელიც ხან მეტყევესთან ათევს ღამეს, ხან - ვაჭართან, ხან - კეთილმორწმუნე მემამულესთან და ხანაც - მღვდელთან. მეტად ღრმაშინაარსიანი საუბრის, საკამოდ დიდი ლიტერატურული ნიჭისა და გემოვნების წყალობით მისი ნაამბობი ადვილად იპყრობს მკითხველის ყურადღებას და ძალაუნებურად განაწყობს მოსასმენად. თუმცა თანამედროვეობისთვის რამდენადმე მოძველებულია მწირის ენა და ზოგ ადგილას რიტმისა და სტილის ერთიანობაც არ არის დაცული, მაინც ვერაფერი აკნინებს წიგნიდან მიღებულ დადებით შთაბეჭდილებას. მწირი ცოცხალი, ხალხური, მაგრამ გამართული რუსულით გვესაუბრება, რომელიც არც გამოგონილია და არც ხელოვნური. უდავოდ, ავტორისთვის ბუნებრივია ეს ენა და საკმაოდ ოსტატურადაც ფლობს მას.

რუსეთის უკიდეგანო გზებზე მოხეტიალე მწირები მეტად ჩვეული რამ იყო იმ დროისთვის. ასეთი მწირები დადიოდნენ საროვოში, ვალაამში, ოპტინოში, კიევში... ისინი ტოვებდნენ სახლებს, ოჯახურ სიმყუდროვეს და უხუცესებსა და სქიმოსან ბერებთან სასაუბროდ ფეხით გადიოდნენ ათასობით ვერსს. თავიანთი ყოფით ისინი ძლიერ ჰგავდნენ პირველ ქრისტიანებს, რომლებზეც ძველი დროის ერთი მწერალი ასე წერდა: "ქრისტიანები მდგმურებივით ცხოვრობენ თავიანთ სამშობლოში: როგორც მოქალაქეები, ყველაფერში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ყველაფერს ითმენენ უცხოტომელებივით. მათთვის ყოველი უცხო ქვეყანა სამშობლოა და უცხო ქვეყანაა სამშობლო... ხორცში არიან და ხორციელად არ ცხოვრობენ. მიწაზე დადიან, მაგრამ ზეცაში ბინადრობენ" ("წერილი დიოგენესთან").

მწირი, ვისი მთელი სიმდიდრე, ზურგზე მოგდებული ორცხობილებიანი აბგის გარდა, არის უბეში - ბიბლია და ჩანთაში - "სათნოებათმოყვარეობა", დიდი საგანძურის მფლობელია. ეს საგანძური არის ლოცვა. ეს ის სულიერი სიმდიდრეა, რომელსაც ასკეტი მამები "გონიერ ღვაწლს", ანუ "სულიერ მღვიძარებას" უწოდებდნენ და რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს ეგვიპტელი, სინელი დადა ათონელი მოსაგრეებისგან.

მწირის სულიერი პილიგრიმობა იწყება მოციქულთა ნათქვამით - "მოუკლებელად ილოცევდით", რასაც ოდითგანვე მისდეევდნენ ქრისტიანი მისტიკოსები. შინაგანი მოღვაწეობით შეძენილი გამოცდილებით მათ მთელი მეცნიერება ჩამოაყალიბეს მუდმივად მღვიძარე გონებაზე. ჯერ კიდევ კლიმენტი ალექსანდრიელმა, დიდმა ფილოსოფოსმა და ღვთისმეტყველმა, ერთ-ერთმა პირველმა ქრისტიანმა მისტიკოსმა, იცოდა შინაგანი მოღვაწეობის მთავარი პრინციპები. მისი "გნოსისი" ნიადაგ მიილტვის შინაგანი ლოცვისკენ, რომელსაც არც განსაკუთრებული დრო სჭირდება, არც განსაკუთრებული ადგილი და წიგნი. მას არ სჭირდება სიტყვები და ბგერები. მისი ბაგეების უხმო ლოცვა მისივე გულის გამოძახილია. იგი ლოცულობს მთელი დღე, მთელი სიცოცხლე. ლოცვის მიზანია არა მლოცველის თხოვნის დაკმაყოფილება, არამედ ღვთის ჭვრეტა. ეს ლოცვა ცნობილი იყო მაკარი ეგვიპტელისა და ანტონი დიდისთვის, იოანე სინელისა და მაქსიმე აღმსარებლისთვის, ისააკ ასურისა და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველისთვის...

ზოგადად წიგნი მოიცავს შვიდ საუბარსა და წმინდა მამების "სათნოებათმოყვარეობიდან" ამოკრეფილ სწავლებებს სათაურით "შინაგანი ლოცვის საგანძურის სამი გასაღები" (წინამდებარე გამოცემაში მხოლოდ საუბრებს გთავაზობთ).

თავდაპირველად ცნობილი იყო მხოლოდ პირველი ოთხი საუბრი, ხოლო 1911 წელს რუსეთში გამოიცა შემდგომი სამი საუბარი. ისინი ხელნაწერის სახით იპოვეს ცნობილი ოპტინელი ბერის, სქიმოსანი მღვდელ-მონაზონი ამბროსის არქივში. ეს ახალი - მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე - საუბრები ცალკე ბროშურად დაიბეჭდა საზღვარგარეთ, რუსულ საეკლესიო ტიპოგრაფიაში 1933 წელს. პირველი ოთხი საუბრისთვის წინასიტყვაობა დაწერა ჩერემისის მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ, საზღვარგარეთული გამოცემისთვის - პროფესორმა ბ. პ. ვიშესლავცევმა, ხოლო დანარჩენი სამი საუბრისთვის - ვოლოგდის ეპისკოპოსმა ნიკონმა.

აღნიშნული საუბრების ავტორი უცნობია. ასახელებდნენ რამდენიმე პიროვნებას: ნიჟნინოვგოროდისა თუ ვლადიმირის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ტიხონს, რომელიც რამდენიმე სასულიერო წიგნის ავტორი გახლავთ; ოპტინელ ბერს, სქიმოსან მღვდელ-მონაზონ ამბროსის და წმინდა თეოფანე დაყუდებულს. რომელიმე მათგანის სასარგებლოდ რაიმეს დანამდვილებით თქმა ჭირს. ადვილი შესაძლებელია, რომ  წიგნის ავტორი სრულიად უცნობი ვინმე იყოს. ასევე, საკითხავია, რამდენად ეკუთვნის შემდგომი სამი საუბარი პირველი ოთხის ავტორს? გასაოცარია ისიც, რომ ბოლო სამი საუბარი სრულიად მოულოდნელად მხოლოდ 1911 წელს იპოვეს, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი ოთხი საუბარი ოთხჯერ გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მთელ რუსეთში.

1951 წელს ათონის მთაზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მიკვლეული ხელნაწერი "მწირის გულახდილი საუბრები", შიფრით 50/4/395 (ძველი შიფრი - ХХУП/47 ან 317/1883), მეტად განსხვავდება ამავე წიგნის მესამე გამოცემისგან, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა შემდგომ გამოცემას და ყველაზე "სწორ და შევსებულ" ვარიანტადაა მიჩნეული. განსაკუთრებით დიდი განსხვავება გვხვდება პირველ და მეოთხე საუბრებში. ხელნაწერში მეოთხე საუბრის შემდეგ მცირე მოცულობის ბოლოსიტყვაობაა. ასევე, მასში არ არის "შინაგანი ლოცვის საგანძურის სამი გასაღები", და, თავისთავად, არ არის შემდგომი სამი საუბარიც. ტექსტი 452 გვერდისგან შედგება. თუ გამოტოვებული ადგილებისა და შეცდომების მიხედვით ვიმსჯელებთ, ხსენებული ხელნაწერი შეუძლებელია ავტოგრაფად მივიჩნიოთ.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირველი გამოცემა (1881 წელს იღუმენი პაისის მიერ გამოცემული), რადგან ავტორისეული დედნიდან ან უფრო ზუსტი ასლიდან უნდა იყოს შესრულებული. მისი ტექსტი შედარებით ახლოსაა ათონურ ხელნაწერთან და განსხვავდება მესამე გამოცემისგან. განსხვავებულია წიგნის სათაურიც; "მწირის გულახდილი საუბრები მის სულიერ მოძღვართან, რომელიც ღვთის სიტყვის შემდეგ გამონათქვამში, "საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად" (ტობ. 12.7), დარწმუნებულმა მსმენელმა დაწერა", ყაზანი 1881. სამწუხაროდ, ეს გამოცემა არათუ ავტოგრაფის, არამედ საკმაოდ ცუდი ასლის მიხედვით შეიქმნა. ტექსტი ზოგან სრული სახით არ არის მოცემული. ეპისკოპოსი ნიკონი, შემდგომი სამი საუბრის გამომცემელი, ამასთან დაკავშირებით წერდა: "იგი გამოიცა, შეიძლება ითქვას, უწიგნურად: არავის უცდია თუნდაც გრამატიკული შეცდომების გასწორება... პირველი გამოცემა მალე გავრცელდა; მეორე უფრო გაუმჯობესებული სახით გამოვიდა. მე მაშინაც მივწერე თეოფანე განმანათლებელს და ამ წიგნის თაობაზე მისი შეხედულება ვიკითხე. მან მიპასუხა, რომ ლოცვის შესახებ სწავლება მასში სწორად არის გადმოცემული".

"მწირის საუბრების" პირველი გამოცემა მამა პაისის დაუყოვნებლივ გაუგზავნია წმინდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებულისთვის (გოვოროვი, 1815-5.1.1894). წმინდა თეოფანემ თავად გაასწორა "მწირის საუბრები", სადღეისოდ გავრცელებული სახე მისცა და ხელმეორედ გამოსაცემად გადაგზავნა. ეპისკოპოსი თეოფანეს მიერ შესწორებული ტექსტი გახდა "კანონიკური" და საყოველთაოდ მისაღები. 1882 წლის 26 ოქტომბერს იგი ნ. ვ. ელაგინს სწერდა: "გახსოვთ ან იცნობდით პაისი საროველს - ახლანდელ იღუმენს სადღაც ყაზანის ეპარქიაში? მან დაიწყო მწირის საუბარი, რომელიც იესოს ლოცვას ეძებდა. (იქნებ, უკვე გიამბეთ კიდეც ამაზე? დამავიწყდა). მან გამომიგზავნა. - მე ეს წიგნი გავასწორე და შევავსე... და მეორე გამოცემისთვის გადავგზავნე". წმინდა თეოფანე დაყუდებულმა ამოიღო ქალის მიერ მწირის ცდუნების მცდელობის ამბავი. გარდა იმისა, რომ მან სტილისტურად გაასწორა ტექსტი, ასევე შეეცადა ხიბლისა და სხვა სახის ცდომილებისგან დაეცვა სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი მკითხველი, რაც ადვილად შეიძლება დაემართოს ცოდვებისა და ვნებებისგან განუწმენდავ ადამიანს, როცა, თავდაჯერებული, თვითნებურად ბედავს გონებრივი ღვაწლის ხელყოფას და იესოს ლოცვის შესწავლას. ამიტომ წმინდა თეოფანემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სულიერი მოძღვრის მორჩილების მნიშვნელობაზე და ძლიერ შეცვალა ასკეტური ტექსტები, რომლებიც სათაურით "შინაგანი ლოცვის საგანძურის სამი გასაღები" თან ერთვის "საუბრებს".

იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის წიგნის ავტორი და რა ვითარებაში დაიწერა იგი, მესამე გამოცემის ანონიმური ავტორი გვაუწყებს: "1) ვინ დაწერა? ეს საუბრები ჩერემისის მონასტრის განსვენებულმა წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ ერთი უხუცესი სქიმოსნისგან გადაიწერა ათონზე, და შემდეგ იმათი თხოვნით, ვინც საუბრები ხელნაწერში წაიკითხა, დაბეჭდა. მაინც ვინ იყო მათი შემდგენელი - უცნობია.  2) მეორე კითხვაზე, თუ სად და როგორ შედგა საუბრები, შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ასე მოხდა: ირკუტსკში ჩასული მწირი, როგორც მოთხრობილია, ერთმა უცხოთმოყვარე კაცმა მიიწვია, და ცოტა ხანს მასთან დაჰყო, ვიდრე წმინდა ინოკენტი განმანათლებლის წმინდა ნაწილებთან ღმერთს ევედრებოდა და აღნიშნული უცხოთშემწყნარებელი კაცისგან მიიღო მინიშნება, თუ როგორ მიეღწია იერუსალიმამდე. რადგან თავისუფალი დრო ჰქონდა, ჩვეულებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, სულიერი მოძღვრის ძებნა დაიწყო, და იპოვა კიდეც, რომელიც მიხვდა, რომ მწირი იესოს ლოცვაში იყო, და, ალბათ, ჰკითხა, როგორ და ვისგან ისწავლა ლოცვა. სწორედ ეს გახდა მიზეზი საუბრებისა და გასაგები ხდება, თუ რატომ იწყება პირველი საუბარი პირდაპირ იესოს ლოცვის მცოდნე წინამძღვრის პოვნის ამბავით, და არა თავად მწირის ამბით, რასაც თითქოს სასხვათაშორისოდ გვიამბობს უკვე მესამე საუბარში. ერთ ჯერზე ყველაფრის მოყოლა ვერ მოხერხდა. მოთხრობილია მხოლოდ პირველი ნახევარი იესოს ლოცვის ცოდნაში მიღწეული წარმატებისა. წარმატებისკენ შემდგომი წინსვლა ბერის სიკვდილმა შეაფერხა. მეორე ნახევარი ლოცვის საქმისა ბოლომდეა მიყვანილი ირკუტსკის გზაზე, წმინდა მამების ნაშრომებით ხელმძღვანელობის შედეგად. მესამე საუბარი მოკლეა და გაიმართა განშორებისას, იერუსალიმში გამგზავრების წინ. გასამგზავრებლად გამზადებული მწირი დასამშვიდობებლად სულიერ მოძღვართან მივიდა და მისი თხოვნით მოკლედ მოჰყვა თავის ამბავს. მეოთხე საუბარი შემთხვევითია. ქალაქიდან თითქმის გამოსული მწირი რამდენიმე დღით დააყოვნეს. მან ვერ მოითმინა, რომ კვლავ არ ენახულა თავისი სულიერი მამა, რომელმაც იგი დაითანხმა, კიდევ ეამბნა რამე ჭკუის სასწავლებელი იქიდან, რაც მწირობის დროს თავს გადახდენოდა. - უნდა ვიფიქროთ, რომ, აი, ასე შედგა ოთხივე საუბარი".

მღვდელი პავლე ფლორენსკის არქივში შემონახული მისივე ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, "საუბრების" ავტორი იყო "არქიმანდრიტი მიქაელი, სელენგინის სამების სახელობის მონასტრის წინამძღვარი და 1879 წლის 4 იანვარს დაარსებული განხეთქილებასთან მებრძოლი მისიის პირველი ხელმძღვანელი. 1846 წელს განხეთქილებაში დაბადებულმა მართლმადიდებლობა მიიღო. შემდეგ 1857 წლიდან 1874 წლამდე იცხოვრა ათონზე, სადაც ბერად აღიკვეცა კიდეც. 1872 წელს გაგზავნეს მცირე აზიაში მაინოსელი სტაროვერების მართლმადიდებლობაზე მოსაქცევად. ათონის შემდეგ ოთხი წელი ცხოვრობდა ყაზანის ეპარქიის სვიაჟსკის მონასტერში და ასრულებდა ეპარქიის მისიონერის მოვალეობას. ბაიკალისპირეთში გადასვლის შემდეგ იგი ხშირად ეპაექრებოდა სტაროვერებს (ბევრი საუბარი დაიბეჭდა "ირკუტსკის საეპარქიო უწყებანში" და 1887 წელს ხელმეორედ გამოსცა დეკანოზმა მიხაილოვსკიმ). გარდაიცვალა 1884 წლის დასაწყისში".

1880 წლის 3 დეკემბრით დათარიღებულ წერილში (39) ირკუტსკის ეპისკოპოსი ბენიამინი ყაზანის არქიეპისკოპოს  ვლადიმირს სწერდა: "წერილისთვის ახლა ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს: 30 ნოემბერს, როგორც შაცკიდან ტელეგრაფით მაცნობეს, ვიშენსის უდაბნოში გარდაიცვალა ჩემი ძმა, მამა ფეოდოსი... თქვენგან არანაირი ცნობა მქონია, გაუგზავნეთ თუ არა განსვენებულ ფეოდოსის ხელნაწერი; "განუწყვეტელი ლოცვის მაძიებელი". არც მას მოუწერია რამე მის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ხელნაწერი კვლავ თქვენთანაა, გთხოვთ, გადააგზავნოთ ვიშენსის მონასრტერში ქ. შაცკიდან, წინამძღვრის, არქიმანდრიტ არკადის, სახელზე. დაე, ძმის სულის მოსახსენიებლად, ჩემგან ესეც ჰქონდეს მონასტერს". 1881 წლის 18 მარტით დათარიღებულ წერილში (42) მეუფე კიდევ ერთხელ იხსენიებს ამ წიგნს: "არქიმნადრიტი მიქაელის ხელნაწერი თავისთვის გადაიწერეს ათონელმა უხუცესებმა. ვწუხვარ, რომ მასზე უსამღვდელოესი თეოფანეს შეხედულებას ჩემი ძმა, მამა ფეოდოსი, ვეღარ მაცნობებს. წერილში ვთხოვდი, უსამღვდელოესი თეოფანესთვის გადაეცა იგი და გაეგო მისი მოსაზრება. რაც შეეხება ოპტინელ უხუცესებს, ისინი `სათნოებათმოყვარეობიდან" ზოგიერთი ადგილის წაკითხვას არ გვირჩევენ (რომელიც მაინც გამოიცა და ახალ გამოცემაშია), რომლებშიც გულისმიერი ლოცვის გარეგანი მოქმედებაა აღწერილი. ხოლო არქიმანდრიტი მიქაელის ხელნაწერში აღნიშნულ მოქმედებაზე არაფერია ნათქვამი. ეს ხელნაწერი იმიტომ მომწონს განსაკუთრებით, რომ განყენებული მსჯელობებით კი არ გვასწავლის განუწყვეტელ ლოცვას, არამედ გამოცდილება ჩანს ადამიანებში, მარტივ და ცოცხალ საუბარში. აქ ბევრმა (რა თქმა უნდა, ღვთისმოსავმა) აღფრთოვანებით წაიკითხა, ზოგიერთმა გადაიწერა კიდეც".

მეუფე ბენიამინი ზოგადად მსჯელობს მამა მიქაელის ხელნაწერზე. შესაბამისად, ძნელია მისი ავტორობის დადგენაც, რადგან არ ვიცით, მან მწირის სულიერი მოძღვრის საუბრები ჩაიწერა თუ თავად მწირისა, უკვე არსებულ ჩანაწერებს გაუკეთა რედაქტირება თუ ამ საუბრებით თავისივე სულიერი ავტობიოგრაფია დაწერა. ასევე, შესაძლოა, არქიმანდრიტის ხელნაწერი სრულებით არც იყო "მწირის საუბრები", და მისი მსგავსი სხვა თხზულება გახლდათ.

ვინაიდან ავტორისეული ტექსტი მიკვლეული არ არის, წინამდებარე ტექსტი წმინდა თეოფანე დაყუდებულის მიერ რედაქტირებული, ანუ ე.წ. "კანონიკური" რედაქცია გახლავთ. დანართში შეგიძლიათ იხილოთ ის განსხვავებები, რომლებიც ათონურ ხელნაწერსა და ყაზანის 1881 წლის პირველ გამოცემაში გვხვდება. ტექსტში ეს ადგილები ფიგურული ფრჩხილებითა და შესაბამისი ნუმერაციით არის გამოყოფილი.

 

საუბარი პირველი

 

ღვთის წყალობით ქრისტიანი კაცი ვარ, საქმით - უდიდესი ცოდვილი, წოდებით - მდაბიო, აქეთ-იქით მოხეტიალე, მიუსაფარი მწირი. ჩემი ავლა-დიდებაა ზურგზე მოგდებული ორცხობილებიანი ჩანთა და უბეში - წმინდა ბიბლია. ეს არის და ეს! სამებობიდან ოცდამეოთხე კვირას ეკლესიაში წირვაზე სალოცავად მივედი. კითხულობდნენ სამოციქულოს თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლედან, სადაც ნათქვამია: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17). ეს გამონათქვამი განსაკუთრებით ჩამებეჭდა გონებაში და დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება განუწყვეტლივ ილოცო იმ დროს, როცა არსებობის შესანარჩუნებლად ყოველი ადამიანისთვის აუცილებელია სხვა საქმის კეთებაც? მივმართე ბიბლიას და იქ საკუთარი თვალით ვიხილე ის, რაც მოვისმინე, კერძოდ, რომ საჭიროა განუწყვეტლივ ვილოცოთ, ყოველთვის სულით ვილოცოთ, ყოველგან ლოცვით აღვაპყროთ ხელები (იხ. ეფეს. 6.18, 2ტიმ. 2.8). [ვიფიქრე, ვიფიქრე, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი]1.

"როგორ მოვიქცე? - გავიფიქრე, - სად ვნახო ადამიანი, ვინც ამას ამიხსნის? [დავივლი საუკეთესო მქადაგებლებით სახელგანთქმულ ეკლესიებს, იქნებ, იქ გავიგონო ჩემთვის საგულისხმო რამ."…...და წავედი.

ლოცვის შესახებ ბევრი ძალიან კარგი ქადაგება მოვისმინე, მაგრამ ყველა მათგანი რჩევა-დარიგება იყო საერთოდ ლოცვაზე, კერძოდ: რა არის ლოცვა, რამდენად აუცილებელია იგი, როგორია მისი ნაყოფი; ხოლო თუ როგორ მივაღწიოთ ლოცვაში წარმატებას, არავინ ამბობდა. ქადაგებდნენ სულიერი და განუწყვეტელი ლოცვის შესახებ, მაგრამ, როგორ მივაღწიოთ ამგვარ ლოცვას, არ მიუთითებდნენ. ამრიგად, ქადაგებების მოსმენითაც ვერ ავიხდინე სურვილი. ვინაიდან ბევრი რამ მოვისმინე და მაინც ვერ გავიგე, განუწყვეტლივ როგორ მელოცა, საჯარო ქადაგებების მოსმენას თავი ვანებე. გადავწყვიტე, ღვთის შეწევნით გამოცდილი და მცოდნე მოსაუბრე მომეძებნა, რომელიც განუწყვეტელ ლოცვას განმიმარტავდა ამგვარი ცოდნის წყურვილით შეპყრობილს]2.

დიდხანს დავეხეტებოდი აღმა-დაღმა: ნიადაგ ბიბლიას ვკითხულობდი, ვეძებდი, სადმე სულიერი მოძღვარი ან გამოცდილი ღვთისმოსავი წინამძღვარი თუ იყო. გავიდა დრო, და მითხრეს, დიდი ხანია, რაც რომელიღაც სოფელში ერთი ბატონი ცხოვრობს და ცხონებაზე ზრუნავს: თავის სახლში ეკლესია აქვს, არსად დადის, დღენიადაგ ღმერთს ევედრება და განუწყვეტლივ სულისთვის სასარგებლო წიგნებს კითხულობსო. ეს რომ გავიგონე, კი არ წავედი, გავიქეცი მითითებული სოფლისკენ. მივაღწიე მემამულემდე.

- რა გსურს ჩემგან? – მკითხა მან.

- გავიგე, რომ თქვენ მლოცველი და გონიერი კაცი ბრძანდებით. ამიტომ, ღვთის გულისათვის, გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს მოციქულის ნათქვამი: "მოუკლებელად ილოცევდით", და როგორ შეიძლება განუწყვეტლივ ილოცო? ამის შეტყობა მსურს, მაგრამ ვერაფრით გამიგია.

[ბატონი გაჩუმდა, დაჟინებით დამაცქერდა და მეუბნება:

- განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა არის ადამიანის სულის მუდმივი ლტოლვა ღვთისაკენ. ამ უტკბილეს საქმიანობაში წარმატების მისაღწევად ხშირად უნდა სთხოვო უფალს, განუწყვეტელი ლოცვა გასწავლოს. უფრო მეტად და უფრო გულმოდგინედ ილოცე, და ლოცვა თავად გაგიმჟღავნებს, როგორ შეიძლება იყოს იგი განუწყვეტელი. ამას დრო სჭირდება, - ეს თქვა და ჩემი დაპურება ბრძანა. მომცა საგზალი და გამომიშვა]3. არაფერი განუმარტავს.

კვლავ გავუდექი გზას. ბატონის ნათქვამზე ბევრს ვფიქრობდი, ბევრს ვკითხულობდი, გონებით ბევრს ვჩხრეკდი, მაინც ვერაფერი გავიგე. გაგება კი ისე ძალიან მინდოდა, რომ ღამეები არ მეძინა. ორასი ვერსი გავიარე და აი, გუბერნიის ერთ დიდ ქალაქში შევდივარ. იქ მონასტერი ვნახე. როცა ფუნდუკში ღამეს ვათევდი, გავიგონე, რომ ამ მონასტრის წინამძღავრი უსათნოესი, მლოცველი და უცხოთა შემწყნარებელი ადამიანი ყოფილა. მასთან მივედი, გულითადად მიმიღო, დამსვა და გამიმასპინძლდა.

- წმინდაო მამაო! - ვუთხარი, - გამასპინძლება არ მჭირდება. მსურს, სულიერად დამმოძღვროთ, თუ როგორ ვცხონდე?

- როგორ უნდა ცხონდე? იცხოვრე მცნებების მიხედვით, ღმერთს ევედრე, და ცხონდები კიდეც!

- მესმის, რომ განუწყვეტელი ლოცვაა საჭირო, მაგრამ არ ვიცი, განუწყვეტლივ როგორ ვილოცო. ისიც კი არ მესმის, რას ნიშნავს განუწყვეტელი ლოცვა. მამაო, გთხოვთ, განმიმარტოთ.

- საყვარელო ძმაო, არ ვიცი, სხვაგვარად კიდევ როგორ აგიხსნა. თუმცა მოითმინე, ერთი წიგნი მაქვს, იქ არის განმარტებული. - და გამოიტანა დიმიტრი განმანათლებლის "შინაგანი კაცის სულიერი სწავლანი". - აი, ამ გვერდზე წაიკითხე!

[შემდეგის კითხვა დავიწყე: "მოციქულის სიტყვები - "მოუკლებელად ილოცევდით" გონების მიერ აღსრულებულ ლოცვას უნდა გულისხმობდეს: გონებას შეუძლია მუდამჟამ ღვთისკენ იყოს მიპყრობილი და განუწყვეტლივ ილოცოს"].4

- განმიმარტეთ, როგორ შეიძლება გონება მუდამჟამ ღვთისკენ იყოს მიპყრობილი, სხვა რამეზე არ იფიქროს და განუწყვეტლივ ილოცოს?

- ეს მეტად ძნელი გასაგებია, თავად ღმერთი თუ მისცემს ვინმეს... - თქვა წინამძღვარმა და აღარ განმარტა.

ღამე მასთან გავათიე. დილით მადლობა მოვახსენე გულთბილი მიღებისთვის და გზა განვაგრძე, თავადაც არ ვიცოდი, საით. გაურკვევლობა მაწუხებდა. სანუგეშებლად წმინდა ბიბლიას ვკითხულობდი. ასე ვიარე ხუთი დღე დიდ გზაზე. ბოლოს, საღამო ხანს ვიღაც ბერიკაცი წამომეწია. გარეგნობით თითქოს სასულიერი პირი იყო. ჩემს კითხვაზე მიპასუხა, რომ იგი სქიმოსანი მონაზონი იყო უდაბნოდან, რომელიც დიდი გზიდან ათი ვერსის მოშორებით მდებარეობდა. თავის მონასტერში მეპატიჟებოდა. მეუბნებოდა, ჩვენთან მწირებს ღებულობენ, მომლოცველებთან ერთად სასტუმროში ასვენებენ და აპურებენო. რატომღაც არ მინდოდა იქ წასვლა და მიწვევაზე ასე ვუპასუხე:

- ჩემი მოსვენება დამოკიდებულია არა ბინაზე, არამედ სულიერ დამოძღვრაზე. საჭმელი არ მადარდებს, ორცხობილა ბლომად მაქვს ჩანთაში.

- რა სახის დამოძღვრას ეძიებ და რაში ვერ გარკვეულხარ? წამოდი, წამოდი ჩვენთან, საყვარელო ძმაო, ჩვენ გამოცდილი უხუცესები* გვყავს, რომლებსაც ღვთის სიტყვის ნათლითა და წმინდა მამების ნააზრევით სულიერად დაპურება და ჭეშმარიტების გზაზე დაყენება შეუძლიათ.

- იცით, მამაო, დაახლოებით ერთი წლის წინ, წირვაზე როცა ვიყავი, სამოციქულოში ასეთი მცნება მოვისმინე: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17). ვერ გავიგე ეს და ბიბლიის კითხვა დავიწყე. იქაც ბევრგან წავაწყდი ღვთის ბრძანებას, რომ ყოველთვის და ყველგან განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ, არა მარტო ყოველგვარი საქმიანობისას, არა მარტო მღვიძარებისას, არამედ ძილშიც: "მე მძინავს და ჩემი გული კი მღჳძარე არს" (ქებ. 5.2). ამან ძალზე გამაოცა. ვერ გავიგე, როგორ, რა საშუალებით შეიძლებოდა მისი შესრულება. ჩემში ძლიერმა სურვილმა და ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. [დღედაღამ არ ამომდიოდა იგი გონებიდან. ამის გამო ეკლესიებში სიარული დავიწყე, ლოცვის შესახებ ქადაგებებს ვისმენდი. მაგრამ რამდენი ქადაგებაც მოვისმინე, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მასწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა განუწყვეტლივ მელოცა. ყველგან მხოლოდ ლოცვისთვის მზადებაზე, ლოცვის ნაყოფსა და მსგავს რამეებზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მელოცა განუწყვეტლივ და რას ნიშნავს ამგვარი ლოცვა, არ ასწავლიდნენ. მე ხშირად ვკითხულობდი ბიბლიას და მოსმენილს მის მიხედვით ვამოწმებდი. მიუხედავად ამისა, საწადელ ცოდნას ვერ ვეწიე და დღემდე გაურკვეველობასა და მოუსვენრობაში ვიმყოფები].5

ბერმა პირჯვარი გადაიწერა და ლაპარაკი დაიწყო:

- საყვარელო ძმაო, ღმერთს მადლობდე, რომ შენში განუწყვეტელი შინაგანი ლოცვის შეცნობისკენ დაუოკებელი სწრაფვა აღძრა. ამაში ღვთის მოწოდება დაინახე. დამშვიდდი და დარწმუნებული იყავი, რომ აქამდე გამოიცდებოდი, თუ რამდენად ეთანხმებოდა შენი ნება ღვთის მოწოდებას. ასევე იმის ცოდნაც გეძლეოდა, რომ არა ამა სოფლის სიბრძნითა და გარეგნული ცოდნისმოყვარეობით აღწევენ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვის ზეციურ ნათელს, არამედ, პირიქით, სულიერი სიგლახაკითა და მოღვაწეობით მიღებული გამოცდილებით მოიპოვება იგი გულის სიმარტივეში. ამიტომ სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ შენ არსებითი ვერაფერი შეიტყვე ლოცვის შესახებ და ვერ შეიცანი მეცნიერება იმისა, თუ როგორ მიიღწევა განუწყვეტელი ლოცვა. სიმართლე რომ ითქვას, ცოტა ადამიანი არ ქადაგებს ლოცვასთან დაკავშირებით და ლოცვაზე სხვადასხვა მწერლის მრავალი სწავლებაც არსებობს, მაგრამ ვინაიდან მთელი მათი მსჯელობა უმთავრესად გონებრივ ჭვრეტას, გონების ბუნებრივ აზროვნებას ემყარება, და არა მოღვაწეობით მიღებულ გამოცდილებას, [ამიტომ ისინი იმას გვასწავლიან, რაც ლოცვისთვისაა დამახასიათებელი, და არა თავად მის არსს. ერთი შესანიშნავად მსჯელობს ლოცვის აუცილებლობაზე, მეორე - მის ძალასა და მადლმოსილებაზე, მესამე _ ლოცვის სრულყოფილების საშუალებებზე, ანუ იმაზე, რომ ლოცვისთვის აუცილებელია გულმოდგინება, ყურადღება, გულის სითბო, აზრების სიწმინდე, მტრებთან შერიგება, თავმდაბლობა, გულშემუსვრილება და სხვ. მაგრამ რა არის ლოცვა? როგორ უნდა ვისწავლოთ იგი? - ამ უმთავრეს და საჭირბოროტო კითხვებზე რიგიან განმარტებას ძალზე იშვიათად თუ მოისმენ ჩვენი დროის მქადაგებლებისგან. ეს ხდება იმიტომ, რომ მთელ მათ ზემოჩამოთვლილ მსჯელობასთან შედარებით გაცილებით ძნელი ამ უკანასკნელის გაგებაა, რადგან იგი საიდუმლო ცოდნას მოითხოვს, და არა მხოლოდ სასკოლო განათლებას]6. ასევე, რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, ამაო სტიქიური სიბრძნე ღვთიურის ადამიანური საზომით გაზომვას გვაიძულებს. ლოცვასთან დაკავშირებით ბევრი სრულიად საწინააღმდეგოდ მსჯელობს და ფიქრობს, რომ მოსამზადებელი საშუალებებითა და მოღვაწეობით წარმოიშობა ლოცვა, [და არა პირიქით, რომ ლოცვა ბადებს მოღვაწეობასა და ყოველგვარ სათნოებას. ამ შემთხვევაში ისინი ლოცვის შედეგსა და ნაყოფს არასწორად მიიჩნევენ მის საშუალებად და ხერხად, და ამით ლოცვის ძალას აკნინებენ. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს]7, რადგან ლოცვასთან დაკავშირებით პავლე მოციქული შემდეგი სიტყვებით გვმოძღვრავს: "გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა" (1ტიმ. 2.1). აქ, მოციქულის ნათქვამში, ლოცვასთან დაკავშირებული პირველი სწავლება არის ის, რომ იგი ლოცვას ყველა საქმეზე წინ აყენებს: "გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა". ქრისტიანს მრავალი კეთილი საქმე მოეთხოვება, მაგრამ ლოცვა ყველა სხვა საქმეზე წინ უნდა იდგეს, რამდენადაც უმისოდ ვერანაირი კეთილი საქმე ვერ აღსრულდება. შეუძლებელია ლოცვის გარეშე უფლისკენ მიმავალი გზის პოვნა, ჭეშმარიტების შეცნობა, ვნებებითა და გულისთქმებითურთ ხორცის ჯვარცმა, შეუძლებელია ქრისტეს ნათლით გულის განათლება და მაცხონებელი შეერთება წინასწარი, ხშირი ლოცვის გარეშე. მე ვლაპარაკობ ხშირ ლოცვაზე, რადგან ლოცვის სრულყოფილებასა და სისწორეზე მსჯელობა ჩვენს შესაძლებლობას აღემატება. როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "რაჲმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით" (რომ. 8.26). შესაბამისად, ჩვენს ხელთ არის მხოლოდ ლოცვის სიხშირე და მუდმივობა, როგორც ლოცვის სიწმინდის მისაღწევი საშუალება, რომელიც არის დედა ყოველგვარი სულიერი სიკეთისა. "მოიპოვე დედა და გიშობს შვილებს", - ამბობს წმინდა ისააკ ასური. უპირველეს ყოვლისა, ლოცვის მოპოვება ისწავლე და შემდეგ აღასრულებ ყველა სათნოებას. სწორედ ეს არ ესმით ნათლად და ამაზე ცოტასაც მსჯელობენ ისინი, ვინც ნაკლებად იცნობს წმინდა მამების საიდუმლო სწავლებებს.

ამ საუბარში ჩვენ შეუმჩნევლად მივუახლოვდით უდაბნოს. შემთხვევა რომ ხელიდან არ გამეშვა და ამ ბრძენი ბერისგან საწადელ კითხვაზე პასუხი მალე მიმეღო, დაუყოვნებლივ ვუთხარი:

- წმინდაო მამაო, მოწყალება მოიღეთ და ამიხსენით, რას ნიშნავს განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა, და როგორ ვისწავლო იგი. როგორც ვხედავ, გამოცდილებით კარგად უნდა იცოდეთ ეს.

ბერმა სიყვარულით მიიღო ჩემი თხოვნა და თავისთან მიმიწვია:

- ახლა ჩემთან წამოდი, წმინდა მამების წიგნს მოგცემ. მისი მეშვეობით და ღვთის შეწევნით, ნათლად, დაწვრილებით გაიგებ და ისწავლი ლოცვას.

სენაკში შევედით და ბერმა ლაპარაკი დაიწყო:

- განუწყვეტელი შინაგანი იესოს ლოცვა არის იესო ქრისტეს ღვთიური სახელის მუდმივი, განუწყვეტელი მოხმობა ბაგეებით, გონებითა და გულით. ამავდროულად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის მუდმივად ჩვენთან იმყოფება და მისგან შეწყალება უნდა ვითხოვოთ ნებისმიერი საქმიანობის დროს, ყველგან და ყოველთვის, ძილშიც კი. აღნიშნული შემდეგი სიტყვებით გამოითქმის: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ვინც მიეჩვევა, ამგვარად მოუწოდოს მას, უდიდეს ნუგეშს იგრძნობს და ამ ლოცვის მოთხოვნილება იმდენად მოეძალება, რომ ლოცვის გარეშე ვეღარც გაძლებს და იგი თავისთავად დაიწყებს მასში დინებას. ახლა შენთვის გასაგებია, რაც არის განუწყვეტელი ლოცვა?

- სავსებით გასაგებია, მამაო! ღვთის გულისათვის, მასწავლეთ, როგორ მივაღწიო ამას! - წამოვიძახე გახარებულმა.

- თუ როგორ ვისწავლოთ ლოცვა, აი, ამ წიგნში წავიკითხოთ. წიგნს "სათნოებათმოყვარეობა" ჰქვია. მასში ოცდახუთი წმინდა მამის მიერ სრულად და დაწვრილებით არის გადმოცემული მეცნიერება განუწყვეტელი შინაგანი ლოცვისა. წიგნი იმდენად ფასეული და სასარგებლოა, რომ მჭვრეტელობითი სულიერი ცხოვრების უმთავრეს და უპირველეს მასწავლებლადაა აღიარებული, და როგორც ღირსი ნიკიფორე აღნიშნავს, "შრომისა და ოფლის ღვრის გარეშე მივყავართ ცხონებისკენ".

- ნუთუ ბიბლიაზე უფრო დიდი და წმინდაა? - ვკითხე მე.

- არა, ბიბლიაზე უფრო დიდი და წმინდა არ არის, მაგრამ ნათლად გვიხსნის მას, რაც ბიბლიაში საიდუმლოდაა გადმოცემული და თავისი სიდიადის გამო ძნელი გასაგებია ჩვენი არაშორსმჭვრეტელი გონებისთვის. დაგისახელებ მაგალითს: მზე ყველაზე დიდი, ბრწყინვალე და გამორჩეული მნათობია, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით შენ არ შეგიძლია მისი ჭვრეტა და დაკვირვება. საჭიროა ერთგვარი ხელოვნური მინა, რომელიც მზესთან შედარებით მილიონჯერ უფრო პატარა და დაბურულია, მაგრამ სწორედ მისი მეშვეობით შეძლებ მნათობთა დიდებულ მეფეს დააკვირდე, მისით აღფრთოვანდე და მისი ცეცხლოვანი სხივები დაინახო. მსგავსადვე, წმინდა წერილი არის ელვარე მზე, ხოლო "სათნოებათმოყვარეობა" - ხსენებული საჭირო მინა. მომისმინე, ახლა წაგიკითხავ, თუ როგორ უნდა ისწავლო განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა.

ბერმა "სათნოებათმოყვარეობა" გადაშალა, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლანი მოძებნა და დაიწყო:

- "განმარტოებით, მდუმარედ დაჯექი, თავი დახარე, თვალები დახუჭე, ნელა ისუნთქე, წარმოსახვით გულში ჩაიხედე, გონება, ანუ აზრები თავიდან გულში გადაიტანე, სუნთქვისას ბაგეებით ან მხოლოდ გონებაში წყნარად წარმოთქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". შეეცადე, განაგდო ზრახვები, იქონიო სიმშვიდე და მოთმინება და ხშირად ივარჯიშო ასე".

შემდეგ ბერმა ყოველივე ეს განმიმარტა და მაგალითი მოიყვანა. "სათნოებათმოყვარეობიდან" ჩვენ კიდევ წავიკითხეთ წმინდა გრიგოლ სინელის, ღირსი კალისტესა და ეგნატეს სწავლებანი. [რასაც "სათნოებათმოყვარეობაში" ვკითხულობდით, ბერი თავისი სიტყვებითაც მიხსნიდა. აღფრთოვანებული ყველაფერს ყურადღებით ვისმენდი]8, გონებით შთანვთქავდი და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად ზუსტად დამემახსოვრებინა ყოველივე. ასე ზეზეულად გავატარეთ მთელი ღამე და უძილონი წავედით ცისკარზე.

ბერმა გამომშვიდობებისას დამლოცა და მითხრა, რომ ლოცვის სწავლის დროს მასთან მევლო გულწრფელი აღსარებისა და გულახდილი საუბრისთვის, რადგან მოძღვრის უმეთვალყურეოდ შინაგანი ღვაწლის თვითნებურად აღსრულება ძნელია და ნაკლებად წარმატებული.

ეკლესიაში დგომისას საოცარი სიბეჯითე მეუფლებოდა, მინდოდა, რაც შეიძლება, გულმოდგინედ შემესწავლა განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა და ღმერთს შემწეობას ვთხოვდი. შემდეგ დავფიქრდი, როგორ უნდა მევლო ბერთან რჩევისა და აღსარებისთვის: სასტუმროში ხომ სამ დღეზე მეტი ხნით არ გამაჩერებდნენ, და არც უდაბნოს მახლობლად ჩანდა ბინები? ბოლოს გავიგე, რომ ოთხი ვერსის მოშორებით სოფელი იყო. წავედი იქ ბინის მოსაძებნად. საბედნიეროდ, ღმერთმა ხელი მომიმართა: მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთ გლეხთან ბოსტნის დარაჯად ქირით იმ პირობით დავდექი, რომ ბოსტანში ჩადგმულ ფარდულში მარტო ვიცხოვრებდი. დიდება უფალს!  წყნარი ადგილი ვიპოვე. შევუდექი ამგვარ ცხოვრებას, მითითების მიხედვით ვსწავლობდი შინაგან ლოცვას და ბერთან დავდიოდი.

ერთ კვირაში ჩემს ბოსტანში განმარტოებული გულმოდგინედ ზუსტად ისე ვვარჯიშობდი განუწყვეტელ ლოცვაში, როგორც ეს ბერმა მასწავლა. პირველად თითქოს საქმე კარგად მიდიოდა. შემდეგ დიდი სიმძიმე, სიზარმაცე და მოწყენილობა ვიგრძენი, ძილი მომეძალა და სხვადასხვაგვარი ზრახვები ღრუბელივით შემომაწვა. დამწუხრებული წავედი ბერთან და ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. ის თავაზიანად შემხვდა და ლაპარაკი დაიწყო:

- საყვარელო ძმაო, ეს ბნელი სამყაროს ბრძოლაა შენ წინააღმდეგ, მას ჩვენში ისე არაფერი აძრწუნებს, როგორც გულითადი ლოცვა. აი, ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობს, ხელი შეგიშალოს და შინაგანი ლოცვის სწავლას მოგწყვიტოს. თუმცა მტერიც ღვთის ნებითა და დაშვებით მოქმედებს, თანაც იმდენი ხნით, რამდენიც ჩვენთვის არის საჭირო. როგორც ჩანს, სიმდაბლის მოსაპოვებლად ჯერ კიდევ გჭირდება გამოცდა. აი, ამიტომ შენთვის ჯერ კიდევ ადრეა, უზომო მოშურნეობით შეეხო გულის უზენაეს კარიბჭეს, რათა სულიერ ანგარებაში არ შთავარდე. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით "სათნოებათმოყვარეობიდან" დარიგებას წაგიკითხავ.

ბერმა ღირსი ნიკიფორე მონაზვნის სწავლება მოძებნა და კითხვა დაიწყო: "თუ გარკვეული შრომის შედეგად გულის სამყაროში ვერ შეაღწევ, როგორც ამას განგიმარტავდნენ, მაშინ გააკეთე, რასაც გეტყვი, და ღვთის შეწევნით იპოვი იმას, რასაც ეძებდი. მოგეხსენებათ, თითოეული ადამიანის ხორხს სიტყვათა წარმოთქმის უნარი აქვს. გამოიყენე ეს უნარი, უკუაგდე აზრები (შეძლებ, თუ მოისურვებ!) და განუწყვეტლივ აიძულე, თქვას: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ამის წარმოსათქმელად ყოველთვის დაატანე თავს ძალა. თუ გარკვეულ ხანს ამგვარად დაჰყოფ, გულის კარი უეჭველად გაგეღება. ეს გამოცდილებითაა მიკვლეული".

- ხომ გესმის, ამ შემთხვევაში რას გვასწავლიან წმინდა მამები?! - თქვა ბერმა, - ამიტომ ნდობით უნდა მოეკიდო მცნებას და შეძლებისდაგვარად ხშირად თქვა იესოს ლოცვა. აჰა შენ, სკვნილი! დასაწყისისთვის ყოველდღე სამი ათასჯერ თქვი ლოცვა. დგახარ თუ ზიხარ, დადიხარ თუ წევხარ, განუწყვეტლივ თქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" არც ხმამაღლა და არც აჩქარებით. აუცილებლად დღეში ზუსტად სამი ათასჯერ თქვი, შენი ნებით არც მოაკლო და არც მიუმატო. ამ გზით ღმერთი შეგეწევა, მიაღწიო გულის განუწყვეტელ მოქმედებას.

სიხარულით მივიღე მისი ბრძანება და ჩემი სამყოფელისკენ გავემართე. გულმოდგინედ, ზუსტად ისე შევუდექი ყველაფრის შესრულებას, როგორც ბერმა მასწავლა. ორი დღე ცოტა გამიჭირდა. შემდეგ იმდენად მსუბუქი და სასურველი გახდა, რომ, როცა ლოცვას არ ვამბობდი, ჩნდებოდა მოთხოვნილება, კვლავ მეთქვა იესოს ლოცვა. მისი წარმოთქმა უფრო ადვილი და მსუბუქი გახდა, აღარ მჭირდებოდა უწინდელი ძალდატანება. ამის შესახებ ბერს ვაცნობე. მანაც დღეში უკვე ექვსი ათასი ლოცვის თქმა მიბრძანა, თანაც დასძინა:

- მშვიდად იყავი, მხოლოდ ეცადე, ზუსტად დაიცვა შენთვის ნაბრძანები ლოცვის რაოდენობა. ღმერთი წყალობას მოგივლენს.

მთელი კვირის განმავლობაში ჩემს განმარტოებულ ფარდულში ყოველდღიურად ექვსი ათასჯერ ვამბობდი იესოს ლოცვას, არაფერზე ვზრუნავდი და არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი ზრახვებს, როგორც უნდა შემბრძოლებოდნენ ისინი; მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ზუსტად შემესრულებინა ბერის მცნება. და რა მოხდა? - იმდენად მივეჩვიე ლოცვას, მცირე ხნითაც თუ შევწყვეტდი, მეგონა, თითქოს რაღაც მაკლდა, რაღაც დავკარგე. ვიწყებ ლოცვას და იმავ წუთს, ისევ სიმსუბუქე და სიხარული მეუფლება. თუ ვინმეს ვხვდები, ლაპარაკის ხალისიც არ მაქვს, სულ განმარტოება და ლოცვა მინდა. ასე მივეჩვიე ლოცვას ერთ კვირაში.

ათი დღის უნახაობის შემდეგ ბერი თავად მოვიდა ჩემთან. ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. მან მომისმინა და მითხრა:

- აი, უკვე მიეჩვიე ლოცვას. ყურადღებით იყავი, შეინარჩუნე და გააღრმავე ეს ჩვევა, ამაოდ არ დაკარგო დრო და ღვთის შეწევნით ყოველდღიურად თორმეტი ათასი ლოცვის თქმას შეძლებ შეუსვენებლად. იყავი განმარტოებით, უფრო ადრე ადექი, დაწექი უფრო გვიან და ყოველ ორ კვირაში ჩემთან მოდი რჩევისთვის.

ისე ვაკეთებდი, როგორც ბერმა მიბრძანა. პირველ დღეს გვიან საღამომდე ძლივს მოვასწარი ჩემი თორმეტათასიანი კანონის დასრულება. მეორე დღეს იოლად და სიამოვნებით ვილოცე. თავდაპირველად, ლოცვის განუწყვეტელი წარმოთქმის დროს, დაღლილობას ვგრძნობდი, თითქოს ენა მიხევდებოდა და ყბა რაღაცნაირად, სასიამოვნოდ მეკვრებოდა. შემდეგ პირში სასის მსუბუქი და ნაზი ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ ოდნავ მეტკინა მარცხენა ხელის ცერა თითი, რითაც სკვნილს ვთვლიდი. მთელი ხელის მტევანი გამიხურდა. სიმხურვალე იდაყვამდე აღწევდა და სასიამოვნო შეგრძნებას იწვევდა. ყველაფერი ეს თითქოს ლოცვისკენ მიბიძგებდა და მაიძულებდა, ბევრი მელოცა. ამრიგად, ხუთი დღე ზუსტად თორმეტი ათას ლოცვას ვამბობდი. ლოცვა ჩვეულებად მექცა და თან ხალისსა და სიამოვნებას მანიჭებდა.

[ერთხელ დილაადრიანად თითქოს ლოცვამ გამომაღვიძა. დავიწყე კიდეც დილის ლოცვების კითხვა, მაგრამ ენა მოუხერხებლად წარმოთქვამდა მათ]9. მთელი ჩემი ნება-სურვილი იესოს ლოცვის წარმოსათქმელად იყო მიმართული. როგორი სიმსუბუქე და ხალისი დამეუფლა, ლოცვა რომ დავიწყე! ენა და ბაგეები თავისთავად, ძალდაუტანებლად წარმოთქვამდნენ ლოცვას. მთელი დღე სიხარულში გავატარე, თითქოს სხვა ყველაფერს მოვწყდი და სხვა მიწაზე ვიყავი. ღამით ადრიანად და ადვილად დავასრულე თორმეტი ათასი ლოცვა. ძალიან მინდოდა, კიდევ მელოცა, მაგრამ ვერ გავბედე იმაზე მეტის თქმა, რაც ბერმა მიბრძანა. ამგვარად, მომდევნო დღეებშიც მსუბუქად და გატაცებით ვაგრძელებდი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას. შემდეგ ბერთან წავედი აღსარებისთვის და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. მან მომისმინა და ლაპარაკი დაიწყო:

- ღმერთს დიდება, რომ ლოცვის ხალისი და სიმსუბუქე მოგეცა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ხშირი ვარჯიშითა და მოღვაწეობით ის ისევე მოდის, როგორც მანქანა მოძრაობს ხოლმე თავისით, როცა მის მთავარ ბორბალს უბიძგებენ ან სიჩქარეს მისცემენ. მოძრაობის გასახანგრძლივებლად მხოლოდ ბორბლის დაზეთვა ან ბიძგია საჭირო. ხედავ, კაცთმოყვარე ღმერთმა როგორი შესანიშნავი უნარით აღჭურვა ადამიანის გრძნობადი ბუნებაც კი?! როგორი შეგრძნებები შეიძლება იყოს უმადლო მდგომარეობაში, განუწმენდავ გრძნობებსა და ცოდვილ სულში, როგორც ეს შენ თავად გამოსცადე?! და რაოდენ შესანიშნავი, აღმაფრთოვანებელი და ტკბილია, როცა უფალი ვინმეს თავისთავად მოქმედი, სულიერი ლოცვის მადლს მიანიჭებს და სულს ვნებებისგან განწმენდს?! შეუძლებელია ამ მდგომარეობის ახსნა. ამ ლოცვითი საიდუმლოს განცხადება არის ზეციური ნეტარებით წინასწარი ტკბობა მიწაზე. ამის ღირსნი სიყვარულით მდიდარი, უბრალო გულით უფლის მაძიებელნი ხდებიან! ახლა ნებას გრთავ, იმდენჯერ თქვა ლოცვა, რამდენჯერაც მოგესურვება. შეძლებისდაგვარად მეტი ილოცე, ეცადე, მღვიძარებისას მთელი დრო ლოცვას დაუთმო და უკვე დაუთვლელად მოუწოდო იესო ქრისტეს სახელს, მდაბლად დამორჩილდი უფლის ნებას და მისგან დაელოდე შეწევნას. მწამს, ის არ დაგტოვებს და გზას წარგიმართავს.

დარიგების მიღების შემდგომ მთელი ზაფხული განუწყვეტელ იესოს ლოცვაში გავატარე და ძალიან მშვიდად ვიყავი. ძილში ხშირად მესიზმრებოდა, რომ ვლოცულობდი. დღისით თუ ვინმეს ვნახავდი, განურჩევლად ყველა ახლობელივით საყვარელი იყო ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. აზრები თავისთავად სრულიად დაწყნარდა. ლოცვის გარდა არაფერზე ვფიქრობდი, გონებამ ლოცვის მოსმენა დაიწყო, გული კი დროდადრო თავისთავად გრძნობდა სითბოსა და გარკვეულ სიამეს. ეკლესიაში მისულს უდაბნოს ხანგრძლივი ღვთისმსახურება მოკლე მეჩვენებოდა და იგი უწინდელივით დამქანცველი აღარ იყო. ჩემი განმარტოებული ფარდული ბრწყინვალე სასახლედ წარმომედგინა და აღარ ვიცოდი, როგორ მეთქვა ღმერთისთვის მადლობა, ჩემნაირ დიდ ცოდვილს ასეთი მხსნელი ბერი და მოძღვარი რომ გამოუგზავნა.

მაგრამ ჩემი საყვარელი და ღვთივგაბრძნობილი უხუცესის დამოძღვრით დიდხანს არ მისარგებლია - ზაფხულის მიწურულს იგი გარდაიცვალა. ტირილით დავემშვიდობე მას, მადლობა მოვახსენე ჩემნაირი ცოდვილის მამობრივი დამოძღვრისთვის და ლოცვა-კურთხევა გამოვითხოვე, რათა მის შემდეგ მე მელოცა იმ სკვნილზე, რომელზეც იგი მუდამ ლოცულობდა. ასე რომ, მარტო დავრჩი. შემდეგ ზაფხულიც გავიდა, ბოსტანიც აიღეს... აღარსად დამედგომებოდა. გლეხმა ანგარიში გამისწორა, დარაჯობის საზღაურად ორი მანეთი მომცა, საგზლად ორცხობილებით გამივსო ჩანთა და კვლავ ხეტიალი დავიწყე. მაგრამ უწინდებურად იძულებით კი არ დავდიოდი... იესო ქრისტეს სახელის მოწოდება გზაში მახალისებდა, ადამიანები უფრო კეთილები გახდნენ და მეჩვენებოდა, რომ ყველას ვუყვარდი.

ერთხელ დავფიქრდი, სად წამეღო ბოსტნის დარაჯობაში აღებული ფული და რაში მომეხმარა იგი. "მოიცა! ბერი აღარ არის, მასწავლებელი არავინაა. მოდი, "სათნოებათმოყვარეობას" ვიყიდი და იქიდან ვისწავლი შინაგან ლოცვას". პირჯავრი გადავიწერე და ლოცვით განვაგრძე გზა. ერთ საგუბერნიო ქალაქს მივაღწიე. დახლებზე "სათნოებათმოყვარეობის" ძებნა დავიწყე. ერთ ადგილას ვიპოვე, სამი მანეთი მომთხოვეს, მე კი მხოლოდ ორი მქონდა. ვივაჭრე, ვივაჭრე, მაგრამ ვაჭარმა კაპიკიც არ დამიკლო. ბოლოს მითხრა:

- აი, იმ ეკლესიაში მიდი. იქ მნათე იკითხე, მას აქვს ასეთივე ძველი წიგნი. იქნებ, მან დაგითმოს ორ მანეთად.

წავედი და მართლაც ორ მანეთად ვიყიდე "სათნოებათმოყვა¬რეობა", სრულიად გაცვეთილი და ძველი. გამიხარდა. როგორღაც შევაკეთე, ნაჭერი შემოვაკერე და ბიბლიასთან ერთად ჩანთაში ჩავიდე.

აი, ახლა დავდივარ ასე და განუწყვეტლივ ვამბობ იესოს ლოცვას, რომელიც ამქვეყნად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ტკბილია. ზოგჯერ დღეში სამოცდაათ ვერსზე მეტს გავივლი და ვერც ვგრძნობ, ფეხით რომ დავდივარ, მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ვლოცულობ. როცა ძლიერ შემცივდება, უფრო დაძაბული ვლოცულობ და მალე სრულიად ვთბები. თუ შიმშილი მომეძალება, უფრო ხშირად მოვუწოდებ იესო ქრისტეს სახელს და შიმშილი მავიწყდება. ავად როცა ვხდები და ზურგსა და ფეხებში მამტვრევს, ლოცვას ვუღრმავდები და ტკივილს ვეღარ ვგრძნობ. როცა შეურაცხყოფას მაყენებენ, ვიხსენებ, რამდენად ტკბილია იესოს ლოცვა, სიბრაზე მაშინვე მინელდება და ყველაფერი მავიწყდება. ჭკუანაკლულს დავემსგავსე: არაფერზე ვზრუნავ, არაფერი მიზიდავს; ამაოს არაფერს შევხედავდი და სულ განმარტოებით ვიქნებოდი. ჩვევიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი რამ მინდა - განუწყვეტლივ ვილოცო. როცა ვლოცულობ, ძალიან მხიარულად ვარ. ღმერთმა იცის, რაც მჭირს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ხორციელია ან, როგორც განსვენებული ბერი იტყოდა, ბუნებრივია და ჩვევიდან გამომდინარე, მაგრამ გულში აღსრულებული სულიერი ლოცვის შესწავლასა და ათვისებას ჯერ ვერ ვბედავ ჩემი უღირსებისა და უგუნურების გამო. ველოდები, როდის იქნება ღვთის ნება, და ჩემი განსვენებული ბერის ლოცვის იმედი მაქვს. ამგვარად, თუმცა გულში თავისთავად მოქმედ, განუწყვეტელ სულიერ ლოცვას ვერ მივაღწიე, დიდება უფალს, ახლა ცხადად მაინც მესმის, რას ნიშნავს სამოციქულოდან მოსმენილი გამონათქვამი: "მოუკლებელად ილოცევდით".


საუბარი მეორე

დიდხანს დავეხეტებოდი სხვადასხვა ადგილას იესოს ლოცვის თანხლებით, რომელიც გზაზე, ნებისმიერი შეხვედრისა თუ შემთხვევის დროს, მამხნევებდა და მამშვიდებდა. ბოლოს ვიგრძენი, რომ მყუდროდ განმარტოებისა და "სათნოებათმოყვარეობის" შესწავლისთვის ჯობდა, სადმე ერთ ადგილას გავჩერებულიყავი. თუმცა ღამის გასათევად შეყუჟული ან დღისით დასვენების დროს წიგნს ცოტ-ცოტათი ვკითხულობდი, მაინც დიდი სურვილი მქონდა, გამუდმებით მას ჩავღრმავებოდი და იქიდან რწმენით ამომეკრიფა ჭეშმარიტი მოძღვრება იმისა, თუ როგორ შეიძლება გულისმიერი ლოცვით სულის ცხონება. ვინაიდან, ჩემი სურვილის მიუხედავად, ქირით ვერსად ვერანაირ ფიზიკურ სამუშაოს ვერ ვასრულებდი (რადგან მარცხენა ხელს ადრეული ბავშვობიდანვე ვერ ვხმარობდი) და ამიტომ მუდმივი თავშესაფრის ქონა ჩემთვის შეუძლებელი იყო, ციმბირის მხარეს წმინდა ინოკენტი ირკუტსკელთან იმ განზრახვით წავედი, რომ ციმბირის ტყეებსა და სტეპებში მდუმარებაში ვივლიდი. მაშასადამე, მოსახერხებელი იქნებოდა ლოცვა და კითხვაც. ასეც მივდიოდი და განუწყვეტლივ ვლოცულობდი ბაგეებით. ბოლოს, ხანმოკლე დროის შემდეგ ვიგრძენი, რომ ლოცვა როგორღაც თავისთავად გადადიოდა გულში, ანუ გულმა მისთვის ჩვეული ძგერის დროს, ყოველ დარტყმაზე თითქოს შიგნიდან დაიწყო ლოცვის სიტყვების წარმოთქმა, მაგალითად: 1) უფალო, 2) იესო, 3) ქრისტე, ა.შ. [ბაგეებით ლოცვა შევწყვიტე და ყურადღებით მოვუსმინე, როგორ ლაპარაკობდა გული.Gგამახსენდა, ბერი რომ მიხსნიდა, რამდენად საამურია ესო]10. შემდეგ გულში ნაზი ტკივილი ვიგრძენი, ხოლო გონებაში - იესო ქრისტეს  მიმართ ისეთი სიყვარული, რომ მეგონა, თუ დავინახავდი, მაშინვე ფეხებში ჩავუვარდებოდი, მის ფეხებს ხელს არ გავუშვებდი, აცრემლებული ტკბილად ვეამბორებოდი, მადლობას ვეტყოდი, თავისი მოწყალებითა და სიყვარულით, თავისი სახელის გამო ამოდენა ნუგეშს რომ აძლევს თავის უღირსსა და ცოდვილ ქმნილებას.

შემდეგ გული როგორღაც საამურად გამითბა. სითბო მთელ მკერდს მოედო. ამან "სათნოებათმოყვარეობის" გულმოდგინე კითხვისთვის განმაწყო - ჩემი შეგრძნებები უნდა შემემოწმებინა და ასევე უნდა გამეგრძელებინა შინაგანი გულისმიერი ლოცვის შესწავლა. მეშინოდა, შეუმოწმებლად ხიბლში არ ჩავვარდნილიყავი ან ბუნებრივი მოქმედება მადლისმიერად არ ჩამეთვალა და სწრაფად მოპოვებული ლოცვით ამპარტავნებას არ ვეძლიე, როგორც ეს განსვენებული ბერისგან მსმენოდა. ამიტომ ამჯერად უმთავრესად ღამით დავდიოდი, ხოლო დღისით უმეტესწილად ტყეში, ხის ქვეშ ვიჯექი და "სათნოებათმოყვარეობას" ვკითხულობდი. ჰოი, კითხვით რამდენი ახალი, ბრძნული და აქამდე უცნობი რამ შევიტყვე! ამგვარ ვარჯიშში ისეთ სიტკბოებას განვიცდიდი, როგორიც მანამდე ვერც კი წარმომედგინა. მართალია, კითხვის დროს ჩემი უგუნური გონებისთვის გაუგებარი ადგილებიც მხვდებოდა, მაგრამ ის, რაც გულისმიერ ლოცვას შედეგად მოსდევდა, გაუგებარს განმიმარტავდა. ამასთან, ხანდახან სიზმარში ჩემს განსვენებულ ბერს ვნახულობდი, რომელიც ბევრს მიხსნიდა და ჩემს უგუნურ სულს სიმდაბლისკენ მიაქცევდა. ზაფხულში ორ თვეზე მეტი ხანი ასეთ ნეტარებაში დავყავი. უმთავრესად ტყე-ტყე და სოფლის გზებით დავდიოდი. სოფელში თუ მივიდოდი, ერთ ჩანთა ორცხობილას, ერთ მუჭა მარილს, ცოტა წყალს ვთხოულობდი, და კვლავ ასიოდე ვერსს გავდიოდი.

ჩემი უბადრუკი სულის ცოდვების გამო იყო, სულიერი ცხოვრების საჭიროებიდან გამომდინარე, თუ უკეთ განსწავლისა და გამოცდილების შეძენისთვის, ზაფხულის მიწურულს განსაცდელები დაიწყო: დიდ გზაზე გავედი. ბინდბუნდში ორი კაცი წამომეწია. შესახედაობით ჯარისკაცებს ჰგავდნენ. ფული მომთხოვეს. როცა ვუპასუხე, რომ კაპიკიც არ მებადა, არ დამიჯერეს და თავხედურად მიყვირეს: "სტყუი! მწირები ბევრ ფულს აგროვებენ!" ერთმა მათგანმა თქვა: რად უნდა ამდენი ლაპარაკიო, და თავში ისე მაგრად დამკრა კეტი, რომ უგონოდ დავეცი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე უგრძნობლად. გონს მოსული ვხედავ, რომ ტყის პირას, გზასთან ახლოს ვწევარ, მთლად დაგლეჯილი. აღარც ჩემი ჩანთაა. მხოლოდ გადაჭრილი თოკები ყრია, რითაც ჩანთა დამქონდა. მადლობა ღმერთს, რომ პასპორტი არ წაიღეს. მას ძველ ქუდში იმისთვის ვინახავდი, რომ მოთხოვნილებისამებრ საჩქაროდ წარმომედგინა. წამოვდექი და მწარედ ავტირდი, არა იმდენად თავის ტკივილის გამო, რამდენადაც იმიტომ, რომ ჩემი წიგნები, ბიბლია და "სათნოებათმოყვარეობა", წაიღეს, რომლებიც წართმეულ ჩანთაში მედო. დღედაღამ ვწუხდი და ვტიროდი: "სად არის ახლა ჩემი ბიბლია, ბავშვობიდანვე რომ ვკითხულობდი და თან დამქონდა? სად არის ახლა ჩემი "სათნოებათმოყვარეობა", საიდანაც დარიგებასაც ვიღებდი და ნუგეშსაც? აღარ მაქვს მე, უბედურს, ჩემს ცხოვრებაში ის პირველი და უკანასკნელი საუნჯე, რითაც ჯერ კიდევ ვერ გავმძღარვარ. უმჯობესი იყო, მოვეკალი, ვიდრე ამ სულიერი საზრდოს გარეშე დავრჩენილიყავი! წიგნების ყიდვას უკვე ვეღარ შევძლებ!"

ორი დღე ფეხებს ძლივს მივათრევდი, ისე გამთანგა მწუხარებამ. მესამე დღეს კი სრულებით გამომელია ძალა, ბუჩქის ქვეშ დავვარდი და ჩამეძინა. და, აი, სიზმარში ვხედავ, ვითომ ჩემს ბერთან უდაბნოს სენაკში ვარ და ჩემს საწუხარს მოვთქვამ. ბერი მამშვიდებს და მეუბნება:

- ეს შენთვის გაკვეთილია, მიწიერ ნივთებზე მიჯაჭვული რომ არ იყო და ზეცისკენ უკეთ წარემართო. შენზე ეს იმიტომ დაიშვა, რომ სულიერ გემოთმოყვარეობაში არ ჩავარდნილიყავი. ღმერთს სურს, რომ ქრისტიანმა სავსებით უარყოს საკუთარი ნება, სურვილი, მსგავსი რამეებისადმი მიდრეკილებები და მთლიანად მის ღვთაებრივ ნებას მიენდოს. ის ყველა შემთხვევას ადამიანის სასარგებლოდ და საცხონებლად აწყობს. "ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ" (1ტიმ. 2.4). ამიტომ გამხნევდი და გწამდეს, რომ "ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა" (1კორ. 10.13). მალე გაცილებით უფრო მეტად დამშვიდდები, ვიდრე ახლა ხარ დამწუხრებული.

ამ სიტყვებზე გამომეღვიძა. ძალ-ღონის მომატება ვიგრძენი, სულში კი რაღაცნაირი სინათლე და სიმშვიდე მედგა. "იყოს ღვთის ნება!" - ვთქვი, პირჯვარი გადავიწერე, წამოვდექი და წავედი. ლოცვამ ძველებურად დაიწყო გულში მოქმედება და სამი დღე მშვიდად მივდიოდი.

უცებ გზაში ბადრაგის თანხლებით მიმავალი პატიმრების ეტაპს წამოვეწიე. როცა მათ გავუსწორდი, ის ორი კაცი დავინახე, მე რომ გამძარცვეს. რადგან ისინი განაპირას მიდიოდნენ, ფეხებში ჩავუვარდი, დაჟინებით ვთხოვდი, ეთქვათ, სად წაიღეს ჩემი წიგნები. პირველად ყურადღება არ მომაქციეს, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:

- რამეს თუ მოგვცემ, გეტყვით, სადაც არის შენი წიგნები. მოგვეცი მანეთიანი!

- მოგცემთ, აუცილებლად მოგცემთ, თუნდაც რომ ქრისტეს გულისთვის ხალხში ვიმათხოვრო, მაინც მოგცემთ. თუ გსურთ, თავდებში ჩემი პასპორტი დაიტოვეთ, - ვეფიცებოდი მე.

მათ მითხრეს, რომ ჩემი წიგნები აღალით მიჰქონდათ სხვა ჩამორთმეულ მოპარულ ნივთებთან ერთად.

- როგორ დავიბრუნებ მათ?

- სთხოვე კაპიტანს, ჩვენ რომ გვაცილებს.

მივვარდი კაპიტანს და ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი. სხვათა შორის მან მკითხა:

- ნუთუ ბიბლიის კითხვა იცი?

- მარტო კითხვა კი არა, წერაც ვიცი, - ვუპასუხე, - ბიბლიაზე თქვენ ნახავთ წარწერას, რომ იგი მე მეკუთვნის. აი, ჩემს პასპორტშიც იგივე სახელი და გვარია მითითებული.
კაპიტანმა თქვა:

- ეს თაღლითები გაქცეული ჯარისკაცები არიან. ისინი მიწურში ცხოვრობდნენ და ბევრ ადამიანს ძარცვავდნენ. გუშინ ერთმა მოხერხებულმა მეეტლემ დაიჭირა, სამცხენა ეტლის წართმევას უპირებდნენ. კეთილი, მოგცემ შენს წიგნებს, თუ აქ არის. მაგრამ ჩვენთან წამოდი ღამის გასათევად. აქვეა, ოთხიოდე ვერსზე. აბა, შენი გულისთვის ეტაპსა და აღალს ხომ ვერ გავაჩერებთ?!

გახარებული შორიახლო გავყევი ცხენოსან კაპიტანს. მასთან ლაპარაკი გავაბი. დავინახე, რომ კეთილი და პატიოსანი კაცი იყო. ახალგაზრდა არ გახლდათ. გამომკითხა, ვინ ვიყავი, საიდან და საით მივდიოდი. მეც სრული სიმართლე ვუთხარი. ასე მივაღწიეთ ეტაპის ღამისგასათევ ქოხს. მან ჩემი წიგნები მოძებნა, მომცა და მითხრა:

- ამ ღამეში სად უნდა წახვიდე?! ჩემთან, მისაღებში დაიძინე.
მეც დავრჩი. წიგნების დაბრუნებამ ისე გამახარა, აღარ ვიცოდი, ღმერთისთვის როგორ მეთქვა მადლობა. წიგნები გულში ჩავიხუტე და ასე მეჭირა, ვიდრე ხელები არ გამიშეშდა. თვალთაგან სიხარულის ცრემლები მდიოდა, აღტაცებისაგან გული ტკბილად მიძგერდა. კაპიტანმა შემომხედა და მკითხა:

- ჩანს, ბიბლიის კითხვა გიყვარს?!

სიხარულისგან პასუხი ვერ გავეცი, მხოლოდ ვტიროდი. მან განაგრძო:

- მე, ძმაო, ყოველდღე გულდასმით ვკითხულობ სახარებას, - თქვა და მუნდირი გაიხსნა. კიევში გამოცემული, მთლად ვერცხლით მოჭედილი პატარა სახარება ამოიღო. - ჩამოჯექი, მოგიყვები, აქამდე რამ მიმიყვანა. ჰეი, ვახშამი მოგვიტანეთ!

სუფრას მივუსხედით. კაპიტანმა დაიწყო:

- სიჭაბუკიდანვე ჯარში ვმსახურობდი, და არა გარნიზონში. კარგად ვმსახურობდი და უფროსებსაც ვუყვარდი როგორც წესიერი პრაპორშჩიკი. მაგრამ ახალგაზრდობის წლები იყო... მეგობრებიც... საუბედუროდ, სმას დავეჩვიე. ბოლოს ლოთობის სენიც შემეყარა: არ ვსვამ და წესიერი ოფიცერი ვარ; დავიწყებ და ექვსი კვირა ფეხზე ვერ ვდგები. დიდხანს მითმინეს. საბოლოოდ მთვრალ მდგომარეობაში უფროსის მიმართ გამოჩენილი უხეშობისთვის სამი წლით ჯარისკაცად ჩამომაქვეითეს და გარნიზონში გადამიყვანეს. თუ არ გამოვსწორდებოდი და სმას თავს არ დავანებებდი, მკაცრი სასჯელით მემუქრებოდნენ. ამ უბედურ მდგომარეობაში მყოფმა, რამდენადაც არ ვეცადე თავის შეკავება და მკურნალობა, მაინც ვერ დავეხსენი ამ ვნებას. ამიტომ ჩემი პატიმართა ასეულში გადაყვანა გადაწყვიტეს. ეს რომ გავიგე, აღარ ვიცოდი, რა მექნა.

ერთხელ ყაზარმაში ჩაფიქრებული ვიჯექი. უცებ ეკლესიისთვის შემოწირულობის წიგნით ვიღაც მონაზონი შემოვიდა ჩვენთან. ვისაც რამდენი შეეძლო, მისცეს. ის მომიახლოვდა და მკითხა:

- რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი?

ჩემი გასაჭირი ვუამბე. მონაზონს შევეცოდე და მითხრა:

- ზუსტად იგივე სჭირდა ჩემს ძმას, და იცი, რა დაეხმარა: მისმა სულიერმა მამამ სახარება მისცა და მკაცრად უბრძანა, როგორც კი ღვინო მოუნდებოდა, მყისვე, დაუყოვნებლივ წაეკითხა სახარებიდან ერთი თავი, თუ კიდევ მოუნდებოდა - შემდეგი თავი. ჩემი ძმა ასეც მოიქცა და მალე სმის ვნება მასში გაქრა. აი, უკვე თხუთმეტი წელია, რაც წვეთსაც არ იკარებს. შენც ასევე მოიქეცი და სარგებელს ნახავ. მე მაქვს სახარება, მოგიტან.

ეს რომ მოვისმინე, ვუთხარი:

- რას მიშველის შენი სახარება, როცა ვერანაირმა მცდელობამ, ვერანაირმა წამალმა ვერ შემაკავა?! - ეს იმიტომ ვთქვი, რომ სახარება არასდროს წამეკითხა.

- ასე ნუ ლაპარაკობ, - შემომედავა მონაზონი, - გარწმუნებ, სარგებელს ნახავ.

მეორე დღეს მონაზონმა მართლაც მომიტანა აი, ეს სახარება. გადავშალე, გადავხედე, წავიკითხე და ვეუბნები:

- არ გამოგართმევ! აქ რას გავიგებ? თანაც საეკლესიო ლიტერატურის კითხვას არ ვარ დაჩვეული.

მონაზონი მაინც მარწმუნებდა:

- თავად სახარების სიტყვებს აქვს მადლმოსილი ძალა, რადგან მასში დაწერილია ის, რასაც თვითონ ღმერთი ამბობდა. არა უშავს, თუ არ გესმის, მხოლოდ გულდასმით წაიკითხე. ერთმა წმინდანმა თქვა: "თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვები, ეშმაკებს ესმით, რასაც კითხულობ და ძრწიან". მემთვრალეობის ვნება კი, უეჭველია, ეშმაკებისგანაა შთაგონებული. ერთსაც გეტყვი: იოანე ოქროპირი წერს, რომ ბნელეთის სულებს ის ადგილიც კი აძრწუნებს, სადაც სახარება ინახება და მათი ხრიკებისთვის მიუწვდომელიაო იგი.

არ მახსოვს, რაღაც მივეცი იმ მონაზონს და სახარება გამოვართვი. სხვა ნივთებთან ერთად სკივრში ჩავდე და დავივიწყე. გარკვეული ხნის შემდეგ ჩემი დალევის დროც მოვიდა. უღვინობას სიკვდილი მერჩია. სასწრაფოდ გავხსენი სკივრი, ფული რომ ამეღო და დუქანში გავქცეულიყავი. პირველი, რაც თვალში მომხვდა, სახარება იყო. ცხადად გამახსენდა მონაზვნის ნათქვამი. გადავშალე და მათეს პირველი თავის კითხვა დავიწყე. ბოლომდე წავიკითხე. ვერაფერიც ვერ გავიგე. [მაგრამ მომაგონდა, მონაზონმა რომ მითხრა, არა უშავს, თუ ვერ გაიგებ, მხოლოდ გულდასმით წაიკითხეო. "მოდი, მეორე თავსაც წავიკითხავ!" - გავიფიქრე მე]11. წავიკითხე, შედარებით გასაგები იყო. "მესამესაც წავიკითხავ!" - როგორც კი კითხვა დავიწყე, მაშინვე ყაზარმაში ზარის ხმა გაისმა - დაწოლის დრო იყო. მაშასადამე, გარეთ გასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა. ...და ასე დავრჩი.

დილით ავდექი, ღვინის მოტანას ვაპირებდი, მაგრამ გავიფიქრე: "რა მოხდება, სახარებიდან ერთ თავს წავიკითხავ?!" წავიკითხე და აღარ წავედი. კიდევ მომინდა ღვინო. ისევ წავიკითხე და დავმშვიდდი. ამან გამამხნევა და როცა კი ღვინო მომინდებოდა, სახარებიდან ერთ თავს ვკითხულობდი. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო ადვილი იყო ყველაფერი. როგორც კი ოთხივე მახარებლის კითხვა დავასრულე, სმის ვნებამაც სრულიად გამიარა და მის მიმართ ზიზღი გამიჩნდა. აი, უკვე ოცი წელია, რაც საერთოდ არ დამილევია.

ჩემი ასეთი გარდაქმნა ყველას აოცებდა. სამი წლის შემდეგ ოფიცრის წოდება დამიბრუნეს, შემდეგ სხვა წოდებებიც მომცეს­, და ბოლოს მეთაურიც გავხდი. დავქორწინდი, კარგი ცოლი შემხვდა. შევიძინეთ ქონება. მადლობა უფალს, ვცოცხლობთ, ღარიბებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, უცხოებს ვმასპინძლობთ. ჩემი ვაჟი უკვე ოფიცერია, კარგი ბიჭია.

ყური მიგდე! მას შემდეგ, რაც ლოთობისგან განვიკურნე, პირობა დავდე, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად, ყოველდღე ვიკითხო სახარება, დღეღამეში _ ერთი მახარებელი. ასეც ვიქცევი. თუ სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და ძალზე ვიღლები, მაშინ ცოლს ან შვილს ვაკითხებ მთელ მახარებელს. ასე უშეღავათოდ ვასრულებ ჩემს კანონს. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად და მის სადიდებლად სახარება ვერცხლით მოვაჭედინე და ყოველთვის უბით დამაქვს.

სიამოვნებით მოვისმინე კაპიტნის ნაამბობი. ვუთხარი:

- მსგავსი რამ მეც მინახავს: ჩვენთან სოფლად, ფაბრიკაში თავის საქმეში მეტად გაწაფული ერთი ხელოსანი იყო, კარგი და ძვირფასი ოსტატი, მაგრამ, საუბედუროდ, სვამდა, თანაც, ხშირად. ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა ურჩია, როცა ღვინო მოუნდებოდა, წმინდა სამების პატივსაცემად და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ოცდაცამეტი წლის აღსანიშნავად ოცდაცამეტჯერ ეთქვა იესოს ლოცვა. ოსტატმა დაუჯერა, მის შესრულებას შეუდგა და მალე სავსებით დაეთხოვა სმას. Dდა, აი, კიდევ რა _ სამი წლის შემდეგ მონასტერში წავიდა.

- რა უფრო დიდია, - მკითხა კაპიტანმა, - იესოს ლოცვა თუ სახარება?

- ორივე ერთი და იგივეა, - ვუპასუხე მე, - რაც სახარებაა, იგივეა იესოს ლოცვაც, რადგან იესო ქრისტეს ღვთიური სახელი თავის თავში მთელ სახარებისეულ ჭეშმარიტებას მოიცავს. წმინდა მამები ამბობენ, რომ იესოს ლოცვა შემოკლებული სახარებაა.

ბოლოს, ვილოცეთ, კაპიტანმა მარკოზის სახარების კითხვა დაიწყო, მე ვუსმენდი და გულში ვლოცულობდი. შუაღამის ორ საათზე კაპიტანმა მახარებლის კითხვა დაამთავრა და დასაძინებლად წავედით.

ჩვეულებისამებრ ადრე ავდექი. ჯერ კიდევ ეძინა ყველას. როგორც კი ირიჟრაჟა, ჩემს საყვარელ "სათნოებათმოყვარეობას" მივვარდი. როგორი სიხარულით გადავშალე იგი! თითქოს შორეული ქვეყნიდან დაბრუნებული მშობელი მამა მენახა, ან კიდევ მკვდრეთით აღმდგარი მეგობარი. ვკოცნიდი წიგნს და მისი დაბრუნებისთვის ღმერთს ვმადლობდი. მყისვე "სათნოებათმოყვარეობის" მეორე ნაწილში "თეოფილე ფილადე­ლფიელის" კითხვა დავიწყე. გამაოცა მისმა სწავლებამ, სადაც ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადამიანს იგი სამი სხვადასხვა საქმის კეთებას სთავაზობს. "ტრაპეზთან როცა ზიხარ, - ამბობს იგი, - სხეულს საკვები მიეცი, ყურს - საკითხავი, გონებას კი - ლოცვა". გასული სასიხარულო საღამოს გახსენებამ გამოცდილებით გამიმხილა ნათქვამის ნამდვილი აზრი და საი­დუმლოს მივხვდი: გონება და გული ერთი და იგივე არ არის.

კაპიტანმა რომ გაიღვიძა, გამოსამშვიდობებლად და მოწყალებისთვის მადლობის სათქმელად მივედი. მან ჩაი დამალევინა, მანეთიანი მომცა და დამემშვიდობა. ასე რომ, გახარებული გავუდექი გზას.
ერთი ვერსი გავიარე და გამახსენდა, ჯარისკაცებს მანეთი რომ აღვუთქვი. აი, მოულოდნელად მანეთი უკვე მაქვს. მივცე, თუ არა? ერთი აზრი მეუბნებოდა: მათ გცემეს და გაგძარცვეს. თანაც თავიანთ სასარგებლოდ ვერ გამოიყენებენ, ტუსაღები არიან. მეორე აზრი სხვას ჩამაგონებდა: გაიხსენე, რა წერია ბიბლიაში: "არამედ ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას" (რომ. 12.20). თავად იესო ქრისტე ამბობს: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი" (მათ. 5.44); კიდევ ნათქვამია: "რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (მათ. 5.40). ამან დამარწმუნა და დავბრუნდი. ის იყო, ეტაპს მივუახლოვდი, რომ ყველა პატიმარი შემდეგ სადგურში გადასაყვანად გამოიყვანეს. სასწრაფოდ მივირბინე მათთან, ჩემი მანეთიანი ხელში ჩავუდე და ვუთხარი: შეინანეთ და ილოცეთ! იესო ქრისტე კაცთმოყვარეა, იგი არ მიგატოვებთ! ამ სიტყვებით გავეცალე მათ და სხვა მხარეს ჩემს გზას გავუყევი.

დიდ გზაზე ორმოცდაათი ვერსი რომ გავიარე, განმარტოებისა და მოხერხებული კითხვისთვის გადავწყვიტე, თემშარაზე გადამეხვია. დიდხანს ვიარე ტყე-ტყე. ალაგ-ალაგ იშვიათად პატარა სოფლებიც მხვდებოდა. ზოგჯერ მთელი დღე ტყეში ვიჯექი და გულდასმით ვკითხულობდი "სათნოებათმოყვარეობას". ბევრი საოცარი რამ გავიგე იქიდან. შინაგანი ლოცვის შედეგად ღმერთთან შეერთების სურვილით გული მიხურდა. ამგვარი ლოცვის შესწავლას "სათნოებათმოყვარეობის" ხელმძღვანელობით ვესწრაფოდი და მისით ვამოწმებდი. ამასთან, ვწუხდი, რომ თავშესაფარი, სადაც მშვიდად კითხვას შევძლებდი, ჯერ კიდევ არ მქონდა ნაპოვნი.

იმავდროულად ბიბლიასაც ვკითხულობდი. ვგრძნობდი, რომ უკვე გაცილებით კარგად მესმოდა იგი, არა ისე, როგორც ადრე, როცა ბევრი რამ გაუგებარი იყო ჩემთვის და ხშირად ვვარდებოდი საგონებელში. სამართლიანად ამბობენ წმინდა მამები, "სათნოებათმოყვარეობა" წმინდა წერილის საიდუმლოებათა გასაღები არისო. მისი დახმარებით ნაწილობრივ გავიგე ღვთის სიტყვაში დაფარული აზრი. ჩემთვის თანდათან საცნაური გახდა, რას ნიშნავს შინაგანი გულისმიერი კაცი, რა არის ჭეშმარიტი ლოცვა, სულით თაყვანისცემა, სასუფევლის ჩვენში არსებობა, რას ნიშნავს მეოხი სულიწმიდის ენითუთქმელი შუამდგომლობა, ჩემში იქნებითო, მომეცი შენი გული, რას ნიშნავს ქრისტეთი შემოსვა, გულში სულიწმიდასთან დაწინდვა, გულის ღაღადისი: ამბა მამაო! და სხვ. ამასთან ერთად, როცა გულით ლოცვას ვიწყებდი, ჩემ გარშემო ყველაფერი - ხეები, ბალახი, ფრინველები, მიწა, ჰაერი, სინათლე - თვალწარმტაცად მესახებოდა, თითქოს მეუბნებოდნენ, რომ ადამიანისთვის არსებობდნენ, ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარულს ადასტურებდნენ, ლოცულობდნენ და ღვთის სადიდებელს გალობდნენ. მივხვდი, "სათნოებათმოყვარეობა" რას უწოდებდა "ქმნილებათა ენის ცოდნას" და  როგორ შეიძლებოდა ღვთის ქმნილებებთან ლაპარაკი.

დიდხანს ვიხეტიალე ასე. ბოლოს ისეთ მიყრუებულ ადგილას მოვხვდი, რომ სამი დღის განმავლობაში ერთი სოფელიც არ შემხვედრია. ორცხობილა გამითავდა და ძლიერ დავღონდი, ვაითუ, შიმშილით მოვკვდე-მეთქი. როგორც კი გულით ლოცვა დავიწყე, სევდა გამიქარვდა, ღვთის ნებას სრულად მივენდე, გავმხიარულდი და დავმშვიდდი. როცა უზარმაზარი ტყის მახლობლად მიმავალი გზა ცოტა გავიარე, ჩემ წინ ტყიდან გამოქცეული ქოფაკი ძაღლი დავინახე. დავუძახე, ისიც მომიახლოვდა და ლაქუცი დამიწყო. გამიხარდა. გავიფიქრე: აი, ღვთის წყალობა! ამ ტყეში, უეჭველია, ჯოგი ბალახობს და, რა თქმა უნდა, ეს შინაური ძაღლიც მწყემსისაა. ან იქნებ, მონადირე ნადირობს სადმე? ასეა თუ ისე, ცოტაოდენ პურს მაინც ვითხოვ, რამდენიმე დღეა, არაფერი მიჭამია. ვიკითხავ მაინც, სად არის უახლოესი სოფელი. ძაღლმა ჩემ გარშემო იწრიალა და როცა ნახა, არაფერი მქონდა მისაცემი, ისევ ტყეში გაიქცა იმავე ვიწრო ბილიკით, რითაც გზაზე გამოვიდა. უკან გავყევი. ათიოდე საჟენი გავიარე და დავინახე, რომ ძაღლი ხეებს შუა სოროში შეძვრა, იქიდან გამოიხედა და აყეფდა.

და აი, დიდი ხის უკნიდან საშუალო ასაკის, გამხდარი, ფერმკრთალი კაცი გამოდის. მკითხა, აქ როგორ მოხვდიო. მეც ვკითხე, თავად რატომ იყო იქ. ტკბილად გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. კაცმა თავის მიწურში მიმიწვია და მითხრა, რომ მეტყევეა და მოსაჭრელად გაყიდულ ამ ტყეს იცავს. მან პური და მარილი შემომთავაზა. ჩვენ შორის საუბარი გაიბა:

- მშურს შენი, - ვუთხარი მე, - ხალხისგან მოშორებით ასე მყუდროდ რომ შეგიძლია ცხოვრება. ჩემსავით კი არ ხარ, აქეთ-იქით რომ დავეხეტები და ყველანაირ ადამიანს ვაწყდები.

- თუ გინდა, - მეუბნება ის, - შენც აქ იცხოვრე. აი, აქვე, შორიახლოს უწინდელი დარაჯის ძველი მიწურია. თუმცა ცოტა ჩამონგრეულია, მაგრამ ზაფხულში ცხოვრება შეიძლება. პასპორტი გაქვს,Pპური ჩვენზე იყოს. ყოველ კვირას მოაქვთ ჩემთვის სოფლიდან. აი, ნაკადულიც, რომელიც არასდროს შრება. მე კი, ძმაო, უკვე ათი წელია, რაც მხოლოდ პურსა და წყალს გეახლებით, სხვას არაფერს. აი, საქმე იმაშია, რომ შემოდგომაზე, როგორც კი გლეხები საქმეს მორჩებიან, აქ ორას კაცამდე მუშა მოვა და ამ ტყეს მოჭრიან. მაშინ აღარც მე მექნება აქ საქმე და აღარც შენ გაგაჩერებენ.

ყოველივე ამის მოსმენამ ისე გამახარა, მეტყევეს ლამის ფეხებში ჩავუვარდი. არ ვიცოდი, ასეთი წყალობისთვის ღმერთისთვის როგორ მეთქვა მადლობა. რაზეც ვწუხდი და რასაც ვნატრობდი, ახლა მოულოდნელად მივიღე. გვიან შემოდგომამდე წინ ჯერ კიდევ ოთხი თვეა. ამ ხნის განმავლობაში შემიძლია მდუმარებითა და სიმშვიდით ვისარგებლო, რაც "სათნოებათმოყვარეობის" ყურადღებით წასაკითხად, გულისმიერი განუწყვეტელი ლოცვის შესასწავლად და მისაღწევად არის ხელსაყრელი. ასე რომ, მითითებულ მიწურში დროებით საცხოვრებლად სიხარულით დავრჩი. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ მე და ალალმა ძმამ, რომელმაც თავშესაფარი მომცა. მან თავისი ცხოვრებისა და ფიქრების შესახებ მიამბო:

- სოფელში უკანასკნელი კაცი როდი ვიყავი, - მიამბო მან, - ხელობა მქონდა, ყუმაშს ვღებავდი და შეღებილს ლილაში ვავლებდი. კარგად ვცხოვრობდი, თუმცა არც ისე უცოდველად: ვაჭრობის დროს ბევრს ვიტყუებოდი, ტყუილუბრალოდ ვიფიცებოდი, ვიგინებოდი, ვლოთობდი და ვჩხუბობდი. ჩვენს სოფელში ერთი მოხუცი დიაკვანი იყო. მას ძველისძველი წიგნი ჰქონდა საშინელ სამსჯავროზე. მიდიოდა მართლმადიდებლებთან და კითხულობდა. ამაში ფულს აძლევდნენ. ჩემთანაც მოდიოდა. [მივცემდი ხოლმე ათ კაპიკს, და ისიც მამლის ყივილამდე კითხულობდა და კითხულობდა]12. მეც ზოგჯერ თან საქმეს ვაკეთებდი და თან ვუსმენდი. ის კი კითხულობს, თუ როგორი ტანჯვა გველის ჯოჯოხეთში, როგორ შეიცვლებიან ცოცხლები, და მკვდრები აღდგებიან, როგორ ჩამოვა ღმერთი განსასჯელად, ანგელოზები როგორ ჩაბერავენ საყვირებს, როგორი ცეცხლი და კუპრი იქნება, როგორ შეჭამენ მატლები ცოდვილებს. ერთხელ, როცა ამას ვისმენდი, შევძრწუნდი და გავიფიქრე: მართლაც რომ, არ ამცდება ტანჯვა! სულის გადარჩენაზე უნდა ვიზრუნო, იქნებ, ლოცვით გამოვის­ყიდო ცოდვები. ბევრი ვიფიქრე, მივატოვე ჩემი საქმიანობა, გავყიდე ქოხი და, რადგან მარტოხელა ვიყავი, მეტყევედ იმ პირობით დავდექი, რომ სოფელი პურს, სამოსელს და ლოცვისთვის საჭირო თაფლის სანთელს მომცემდა.

ათ წელზე მეტია, რაც აქ ასე ვცხოვრობ: დღეში ერთხელ ვჭამ, ისიც მხოლოდ პურსა და წყალს. ყოველღამე მამლის პირველ ყივილზე ვდგები და გათენებამდე მეტანიებს ვაკეთებ. ლოცვის დროს ხატების წინ შვიდ სანთელს ვანთებ. დღისით, როცა ტყეს გარშემო ვუვლი, შიშველ ტანზე ორ ფუთ ჯაჭვს ვატარებ. არ ვიგინები, ღვინოსა და ლუდს არ ვსვამ, არავის ვეჩხუბები, ქალებსა და გოგონებს არასდროს გავკარებივარ.

თავიდან ასეთი ცხოვრება მეხალისებოდა, ამ ბოლო ხანს კი აზრები ამეკვიატა: ღმერთმა იცის, ლოცვით გამოისყიდი კი ცოდვებს, არადა, ცხოვრება რთულია. ვითომ, მართალია, რაც წიგნში წერია? სად გაგონილა ადამიანის მკვდრეთით აღდგომა?! - ზოგი უკვე ასი წლის ან კიდევ უფრო დიდი ხნის მკვდარია, მისი მტვერიც კი აღარ მოიძევება. ვინ იცის, იქნება თუ არა ჯოჯოხეთი?! იმქვეყნიდან ხომ არავინ დაბრუნებულა! ჩანს, ადამიანი როცა კვდება, ლპება და უკვალოდ ქრება. იქნებ, წიგნი მღვდლებმა დაწერეს (თავად არიან უფროსები), რომ ჩვენ, ბრიყვები, დაგვაშინონ, რათა უფრო მოკრძალებით ვიცხოვროთ. ასე რომ, მიწაზეც სულ შრომაში ხარ და თავს არ ინუგეშებ. იმქვეყნადაც რომ არაფერია?! რაღა გამოდის? არ ჯობს, ამქვეყნად მაინც იცხოვრო გემოზე და მხიარულად?! ასეთი აზრები მებრძვის, - განაგრძო მან, - ვშიშობ, კვლავ ჩემს ძველ საქმიანობას არ დავუბრუნდე!

ვისმენდი ამას და მეცოდებოდა იგი. ჩემთვის ვფიქრობდი: ამბობენ, რომ მხოლოდ სწავლულები და ჭკვიანები არიან თავისუფ­ლად მოაზროვნეები და არაფერი სწამთ. აი, ჩვენი ძმებიც, უბრალო გლეხები, როგორ ურწმუნოებას შეუპყრია! ჩანს, ბნელი ძალებისთვის დაშვებულია, ყველას გადასწვდნენ. იქნებ, მდაბიო ხალხზე თავდასხმა მათთვის უფრო მოსახერხებელიცაა. რამდენადაც შეიძლება, სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ და სულიერი მტრების წინააღმდეგ ღვთის სიტყვით განვმტკიცდეთ.

ასე რომ, ძმის დახმარებისა და რწმენაში განმტკიცების მიზნით ჩანთიდან "სათნოებათმოყვარეობა" ამოვიღე, გადავშალე ღირსი ისიხის ასმეცხრე თავზე, წავუკითხე და ავუხსენი, რომ ტანჯვის შიშით ცოდვებისგან თავის შეკავება წარუმატებულია და უნაყოფო, რომ გონებისა და გულის სიწმინდის დაუცველად შეუძლებელია სულის გათავისუფლება გონებითი ცოდვებისგან.

- ამრიგად, ყოველივე ეს შინაგანი ლოცვით მოიპოვება. არა მხოლოდ ჯოჯოხეთში ტანჯვის შიშით, - დავსძინე მე, - არამედ ცათა სასუფევლის სურვილითაც კი თუ ვინმე მაცხონებელ ღვაწლს შეუდგება, წმინდა მამები ამასაც დაქირავებული მუშის შრომას უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ ტანჯვათა შიში მონის გზაა, ხოლო სასუფეველში ჯილდოს წადილი - დაქირავებული მუშისა. ღმერთს კი სურს, მისკენ ძის გზით ვიაროთ, ანუ მისდამი სიყვარულისა და ერთგულების გამო ვიქცეოდეთ პატიოსნად და მასთან მხსნელი შეერთებით და­ვიტკბოთ სული და გული.

რანაირადაც უნდა გაისარჯო, რაგვარი ხორციელი შრომა და ღვაწლიც უნდა გასწიო, თუ ნიადაგ შენს გონებაში ღმერთი არ იქნა, ხოლო გულში - იესოს განუწყვეტელი ლოცვა, აზრები არასდროს მოგასვენებენ, და ყოველთვის, უმნიშვნელო შემთხვევაშიც კი, ადვილად შესცოდავ. ძმაო, განუწყვეტლივ თქვი იესოს ლოცვა. ასეთ განმარტოებაში შენთვის ხომ შესაძლებელი და მოსახერხებელია ეს?! სარგებელს მალე ნახავ: უღვთო აზრები აღარ გეწვევა და იესო ქრისტეს სიყვარულსა და რწმენას ეზიარები. გაიგებ, რომ მკვდრები აღდგებიან და საშინელი სამსჯავროც ისე წარმოგიდგება, როგორც ეს სინამდვილეში იქნება. ხოლო ლოცვის შედეგად გულში ისეთი სიმსუბუქე და სიხარული გექნება, რომ გაოცდები, აღარ მოიწყენ და აღარც ცხონებისთვის ცხოვრება შეგაშფოთებს.

შემდეგ შეძლებისდაგვარად განვუმარტე, როგორ დაეწყო და გაეგრძელებინა იესოს ლოცვის განუწყვეტლივ თქმა, ამასთან დაკავშირებით რა მცნებას გვაძლევს საღვთო წერილი და რას გვასწავლიან წმინდა მამები. ჩანდა, თითქოს იგი მეთანხმებოდა და შედარებით დამშვიდდა.Aამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით და მე მითითებულ ძველ მიწურში ჩავიკეტე.

ღმერთო ჩემო! რა სიხარული, სიმშვიდე და აღტაცება დამეუფლა, როგორც კი ამ გამოქვაბულის, უფრო სწორად, სამარის ზღურბლს გადავაბიჯე. იგი ყოველგვარი ნუგეშითა და მხიარულებით აღსავსე მეფის ბრწყინვალე სასახლედ მესახებოდა. სიხარულის ცრემლებით ვმადლობდი ღმერთს და ვფიქრობდი: ახლა კი, ამგვარ სიმშვიდესა და სიწყნარეში, მთელი მონდომებით უნდა შევუდგე ჩემს საქმეს და უფალს გონიერება ვთხოვო. ასე რომ, პირველ რიგში, "სათნოებათმოყვარეობის" თანამიმდევრობით, თავიდან ბოლომდე, დიდი გულისყურით კითხვა დავიწყე. მოკლე ხანში დავასრულე კითხვა და დავინახე, რა დიდი სიბრძნე, სიწმინდე და სიღრმე იყო მასში. მაგრამ, ვინაიდან იქ ბევრ და სხვადასხვა საკითხზეა ლაპარაკი და წმინდა მამების სხვადასხვანაირი დარიგება წერია, ყველაფერი ვერ გავიგე და თავი ერთად ვერ მოვუყარე მას, რისი გაგებაც შინაგან ლოცვასთან დაკავშირებით მსურდა, კერძოდ, რა გზით შეიძლებოდა გულში თავისთავად მოქმედი განუწყვეტელი ლოცვის შესწავლა. ამის გაგება კი ძლიერ მინდოდა, თანახმად მოციქულის მიერ თქმული უფლის მცნებისა: "ხოლო ჰბაძევდით მადლითა მათ უფროჲსთა" (1კორ. 12.31). ასევე: "სულსა ნუ დაივიწყებთ" (1თეს. 5.19). ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი. ჭკუა არ მყოფნის, არც მიხვედრილობა. არავინაა ამხსნელი. ისევ უფალს მოვაბეზრებ ლოცვით თავს. იქნებ, უფალმა რამენაირად გამიხსნას გონება. ამის შემდეგ დღედაღამ განუწყვეტლივ ვლოცულობდი და სხვას არაფერს ვაკეთებდი. მცირე ხნითაც არ შემიწყვეტია ლოცვა. აზრები დამიმშვიდდა და ჩამეძინა. და, აი, სიზმარში ვხედავ, თითქოს ჩემი განსვენებული ბერის სენაკში ვარ. ის "სათნოებათმოყვარეობას" განმიმარტავს და მეუბნება:

- ეს წმინდა წიგნი სავსეა უდიდესი სიბრძნით. იგი საიდუმლო საგანძურია ღვთის ფარული განგების შესაცნობად. წიგნში არც ყველა ადგილია გასაგები და არც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. მაგრამ იგი თითოეული მოაზროვნისთვის შესაფერის შეგონებებს შეიცავს: ბრძენისთვის - ბრძნულს, უბრალო ხალხისთვის - უბრალოს. ამიტომ თქვენ, უბრალო ხალხმა, წმინდა მამების წიგნები იმ თანამიმდევრობით არ უნდა წაიკითხოთ, როგორც მასშია მოცემული. ეს ღვთისმეტყველური თანამიმდევრობაა. ხოლო უსწავლელმა კაცმა, ვისაც "სათნოებათმოყვარეობიდან" შინაგანი ლოცვის შესწავლა სურს, იგი შემდეგი თანამიმდევრობით უნდა წაიკითხოს: 1) პირველ რიგში ნიკიფორე მონაზვნის წიგნი წაიკითხოს (მეორე ნაწილში); შემდეგ 2) მოკლე თავების გამოკლებით გრიგოლ სინელის მთელი წიგნი; 3) სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლება სამგვარი ლო­ცვის შესახებ და სიტყვა რწმენაზე; შემდეგ 4) კალისტესა და ეგნატეს წიგნი. ეს მამები გულის შინაგან ლოცვასთან დაკავშირებით სრულ და ყველასთვის გასაგებ სწავლა_დარიგებას იძლევიან. მაგრამ თუ ლოცვის შესახებ კიდევ უფრო გასაგები შეგონების ნახვა გსურს, მაშინ მეოთხე ნაწილში ეძიე წმინდა კალისტე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის მოკლე სწავლება ლოცვის შესახებ.

ვითომ, ხელში მეჭირა ჩემი "სათნოებათმოყვარეობა" და მი­თი­თებული სწავლების ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერაფრით ვი­პოვე. ბერმა თვითონ გადაფურცლა რამდენიმე გვერდი და მითხრა:

- აი ისიც! მე თვითონ მოგინიშნავ!

შემდეგ მიწიდან ნახშირი აიღო და მოძებნილი ტექსტის გასწვრივ, წიგნის არშიაზე ნიშანი დასვა. რასაც ბერი ამბობდა, ყველაფერს ყურადღებით ვისმენდი და ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა, კარგად და ზუსტად დამემახსოვრებინა.

გამომეღვიძა. ვინაიდან ჯერ კიდევ გათენებული არ იყო, ვიწექი და ძილში ნანახსა და ბერის ნათქვამს გონებაში ვიმეორებდი. დავიწყე ფიქრი: ღმერთმა იცის, განსვენებული ბერის სული გამომეცხადა, თუ ეს "სათნოებათმოყვარეობასა" და ბერზე ხშირი ფიქრის შედეგად გამოწვეული წარმოსახვა იყო? ასე, საგონებელში მყოფი, ავდექი. თენდებოდა. რას ვხედავ?! - ქვაზე, რომელიც მიწურში მაგიდის მაგივრობას მიწევდა, "სათნოებათმოყვარეობა" დევს, ბერის მიერ მითითებულ ადგილზეა გადაშლილი და ზუსტად ისეა ნახშირით გახაზული, როგორც ეს სიზმარში ვნახე. ნახშირიც კი წიგნთან იდო. ამან გამაოცა. კარგად მახსოვს, რომ საღამოს წიგნი იქ არ იყო. იგი თავთან მედო, შეხვეული. ასევე ზუსტად ვიცი, რომ მითითებულ ადგილას წინათ არანაირი ნიშანი არ ყოფილა. ამ შემთხვევამ ზმანების უტყუარობასა და ჩემი ნეტარი ბერის ღვთივსათნოყოფაში დამარწმუნა. ჰოდა, "სათნოებათმოყვარეობის" ზუსტად იმ თანამიმდევრობით კითხვას შევუდექი, როგორც ეს ბერმა მიმითითა. წავიკითხე ერთხელ, ხელმეორედ. კითხვამ სულში წაკითხულის საქმით გამოცდის სურვილი და მონდომება აღმიძრა. ჩემთვის უკვე გასაგები და ნათელი გახდა, თუ რას ნიშნავს შინაგანი ლოცვა, რა საშუალებებით შეიძლება მისი მიღწევა, რას იწვევს  და როგორ ატკბობს იგი სულსა და გულს, როგორ უნდა შეიტყო, საიდან არის ეს სიტკბოება - ღვთისგან, ბუნებიდან თუ ხიბლიდან.

ამრიგად, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის შეგონების თანახმად, პირველ რიგში გულის ადგილის ძიება დავიწყე. თვალები დავხუჭე და გონებით, ანუ წარმოსახვით გულში ჩავიხედე: მინდოდა, წარმომედგინა, რომ იგი მკერდის მარცხენა მხარესაა. ყურადღებით ვუსმენდი გულისცემას. თავდაპირველად დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი ასე ნახევარი საათის განმავლობაში. თავდაპირველად სიბნელის გარდა ვერაფერს ვამჩნევდი. მალე წარმოვიდგინე გული და მისი მოძრაობა შევნიშნე. შემდეგ, გრიგოლ სინელის, კალისტესა და ეგნატეს დარიგების თანახმად, სუნთქვის დროს გულში შემყავდა და გამომყავდა იესოს ლოცვა, ანუ როცა ჰაერს ჩავისუნთქავდი, გონებით გულში ვიხედებოდი და ვამბობდი: "უფალო იესო ქრისტე", ხოლო ჰაერის ამოსუნთქვისას - "შემიწყალე მე". ჯერ ერთი ან ორი საათის განმავლობაში ვვარჯიშობდი ასე, შემდეგ უფრო ხანგრძლივად და ხშირად, ბოლოს მთელ დღეს ვარჯიშს ვუთმობდი. როცა სიმძიმე, სიზარმაცე ან ეჭვი შემომიტევდა, მაშინვე "სათნოებათმოყვარეობაში" იმ ადგილების კითხვას ვიწყებდი, სადაც გულისმიერი ღვაწლის შესახებ იყო დარიგება და კვლავ ლოცვის სურვილი და ხალისი მეუფლებოდა. სამი კვირის შემდეგ გულში ტკივილი ვიგრძენი, შემდეგ საამური სითბო, სიხარული და სიმშვიდე. ეს მაგულიანებდა და სურვილს მიღვივებდა, უფრო და უფრო მეტი გულმოდგინებით მევარჯიშა ლოცვაში. ასე რომ, მთელი ჩემი ფიქრები ამით იყო დაკავებული და უდიდეს სიხარულს განვიცდიდი. მას შემდეგ გულსა და გონებას სხვადასხვაგვარი დროებითი შეგრძნებები ეუფლებოდა: ზოგჯერ რაღაცნაირად ტკბილად მიდუღდა გული, მასში ისეთი სიმსუბუქე, თავისუფლება და ნუგეში იყო, რომ სრულიად ვიცვლებოდი და აღტაცებაში მოვდიოდი; ზოგჯერ იესო ქრისტესა და ღვთის ყველა ქმნილების მიმართ მხურვალე სიყვარულს განვიცდიდი; ზოგჯერ თავისით მდიოდა უფლისადმი მადლიერების ტკბილი ცრემლები ჩემნაირი ცოდვილის შეწყალების გამო; ზოგჯერ უგუნური გონება იმდენად მინათდებოდა, რომ ადვილად ვიგებდი და ვიაზრებდი იმას, რაც ადრე აზრადაც არ მომდიოდა. ზოგჯერ გულის საამური სითბო მთელ სხეულში იღვრებოდა და გულაჩვილებული ვგრძნობდი, რომ ღმერთი ყველგან ჩემთან ერთად იყო; ზოგჯერ იესო ქრისტეს სახელის მოწოდებით უდიდეს შინაგან სიხარულს განვიცდიდი და ვხვდებოდი, რასაც ნიშნავდა მისი ნათქვამი: "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" (ლუკ. 17.21).

ასეთი და მსგავსი სახის სიამის მომგვრელი ნუგეში მეუფლებოდა და შევამჩნიე, რომ ის, რაც გულისმიერ ლოცვას შედეგად მოსდევს, სამგვარად, კერძოდ, სულში, გრძნობებში და გამოცხადებით ვლინდება. მაგალითად, სულში ისადგურებს სიტკბოება ღვთისადმი სიყვარულისა, შინაგანი სიმშვიდე, გონებრივი აღმაფრენა, აზრების სიწმინდე, ტკბილი მოგონება ღვთისა. გრძნობებში შემდეგნაირად ვლინდება: გული საამურად თბება, სხეულის ყველა ასო სიამით ივსება, გული სიხარულით დუღს, გრძნობ სიმსუბუქესა და სიმხნევეს, ცხოვრება საამურად გესახება, ავადმყოფობისა და განსაცდელის მიმართ უგრძნობელი ხდები. გამოცხადებით - ნათდება გონება, იგებ წმინდა წერილს, გესმის ქმნილებათა ენა, უარყოფ ამაოებას და შინაგანი ცხოვრების სიტკბოებას შეიცნობ, რწმუნდები ღვთის სიახლოვესა და ჩვენდამი მის სიყვარულში.

ხუთი თვე გავატარე განმარტოებით ამგვარ ლოცვით ღვაწლსა და ხსენებული გრძნობებით ტკბობაში, და იმდენად მივეჩვიე გულისმიერ ლოცვას, რომ მასში განუწყვეტლივ ვვარჯიშობდი. ბოლოს ვიგრძენი, რომ გონებასა და გულში ლოცვა თავისთავად, ჩემი მხრიდან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იბადებოდა და წარმოითქმებოდა. არა მარტო მღვიძარებისას, ძილშიც კი ზუსტად ასევე მოქმედებდა და ვერაფერი აჩერებდა მას, ერთი წამითაც არ წყდებოდა, რაც უნდა მეკეთებინა. სული ღმერთს მადლობდა, ხოლო გული განუწყვეტელ სიხარულში იღვენთებოდა.

დადგა ტყის ჩეხვის დროც. ხალხმა თავმოყრა დაიწყო. ჩემი წყნარი სამყოფელი უნდა დამეტოვებინა. მეტყევეს დავემშვიდობე, ვილოცე და იმ მიწას ვაკოცე, სადაც ჩემისთანა უღირსი ღმერთმა თავისი წყალობის ღირსი გახადა. წიგნებიანი ჩანთა გადავიკიდე და წავედი. დიდხანს ვიხეტიალე სხვადასხვა ადგილას, ვიდრე ირკუტსკს მივაღწევდი. მთელი მოგზაურობის განმავლობაში, ნებისიმიერი შეხვედრის დროს, გულში თავისთავად მოქმედი ლოცვა იყო ჩემი შვება და ნუგეში. მას არ შეუწყვეტია ჩემი დატკბობა, თუმცა კი სხვადასხვა სიძლიერით მოქმედებდა. სადაც უნდა ვყოფილიყავი, რაც უნდა მეკეთებინა, რითაც უნდა ვყოფილიყავი დაკავებული, ხელს არაფერში მიშლიდა და არც არაფერი ანელებდა მას. ვმუშაობ და ლოცვა თავისთავად არის გულში, საქმეც უფრო სწრაფად მიდის. რაიმეს ყურადღებით ვუსმენ ან ვკითხულობ, და ლოცვა მაინც არ წყდება, ერთდროულად ერთსაც ვგრძნობ და მეორესაც. თითქოს გაორებული ვარ ან ერთ სხეულში ორი სული მაქვს. ღმერთო ჩემო, რა საიდუმლოებითაა ადამიანი მოცული!.. "ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ" (ფსალმ. 103.24).

[გზად ბევრი საოცარი რამ შემემთხვა და გადამხდა კიდეც. ყველაფერი რომ გიამბოთ, მთელი დღე არც მეყოფა. აი, მაგალითად: ერთხელ]13, ზამთარში, საღამო ხანს, ერთ სოფელში ღამის გასათევად ტყეზე გავლით მარტო მივდიოდი. იქამდე ორიოდე ვერსი დამრჩენოდა. უეცრად თავს დამესხა დიდი მგელი. ხელში ბერის შალის სკვნილი მეჭირა (ყოველთვის თან დამქონდა). მეც ეს სკვნილი მოვუქნიე მგელს. იცით, რა მოხდა?! - სკვნილი ხელიდან გამივარდა და როგორღაც მგელს პირდაპირ კისერზე შემოეხვია. მგელი გაიქცა და ეკლიან ბუჩქს გადაახტა, მაგრამ უკანა ფეხებით ბუჩქში გაიხლართა, ხოლო სკვნილით გამხმარი ხის ტოტს გამოედო. დაიწყო ფართხალი, მაგრამ თავის დაღწევას ვერ ახერხებდა, რადგან სკვნილი კისერზე უჭერდა. რწმენით გადავიწერე პირჯვარი და მგლის გასათავისუფლებლად გავემართე, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ვფიქრობდი, თუ მგელი სკვნილს გაწყვეტდა და მასთან ერთად გაიქცეოდა, ჩემი ძვირფასი სკვნილი დაიკარგებოდა. ის იყო, მივუახლოვდი და სკვნილს ხელი წავავლე, რომ მგელმა, მართლაც, გაწყვიტა იგი და უგზო-უკვლოდ გაიქცა. ასე რომ, ღმერთს მადლობა შევწირე, ჩემი ნეტარი ბერი მოვიხსენიე და სოფლამდე მშვიდობით ჩავაღწიე. მივედი ფუნდუკში და ღამის გათევა ვითხოვე. შევედი ქოხში. წინა კუთხეში, მაგიდასთან ორნი ისხდნენ: ერთი მოხუცი კაცი იყო, მეორე კი - მსუქანი, შუახნისა. შესახედაობით თითქოს უბრალო ხალხი არ უნდა ყოფილიყო. ჩაის სვამდნენ. გლეხს, რომელიც მათ ცხენებს სდარაჯობდა, მათი ვინაობა ვკითხე, მითხრა:

- მოხუცი სახალხო სასწავლებლის მასწავლებელია, მეორე კი - საერობო სასამართლოში კანცელარიის მწერალი. ორივე კეთილშობილია. აქედან ოც ვერსში, ბაზრობაზე მიმყავს.

ცოტა ხნით ჩამოვჯექი, ერთ ქალს ნემსი და ძაფი ვთხოვე, სანთელთან მივედი და გაწყვეტილი სკვნილის კემსვა დავიწყე. მწერალმა შემომხედა და მითხრა:

- ჩანს, გულმოდგინედ აკეთებდი მეტანიებს, სკვნილიც კი გაგიწყვეტია!

- მე - არა, მგელმა გაწყვიტა...

- ნუთუ მგლები ლოცულობენ?! - სიცილით თქვა მწერალმა.

მაშინ მათ დაწვრილებით ვუამბე, რაც თავს გადამხდა და ჩემთვის რამდენად ძვირფასი იყო ეს სკვნილი. მწერალმა ისევ გაიცინა და მითხრა:

- თქვენ, ცრუ წმინდანებს, ყოველთვის სასწაულები გეჩვენებათ! რა არის აქ წმინდა? შენ მას უბრალოდ ესროლე. მგელიც შეშინდა და წავიდა. ძაღლებსა და მგლებს ხომ რაიმეს სროლისა ეშინიათ. ტყეში გახლართვაც ადვილია. განა ცოტა რამ ხდება ამქვეყნად?! მაშ, ყველაფერი სასწაულად უნდა მივიჩნიოთ?!

ეს რომ მასწავლებელმა მოისმინა, მას უთხრა:

- ასეთ დასკვნას ნუ გამოიტანთ, ბატონო! თქვენთვის უცნობია მეცნიერული თვალსაზრისი... მე კი ამ კაცის ნაამბობში გრძნობებისა და სულის ბუნების საიდუმლოს ვხედავ...

- ეს როგორ? - ჰკითხა მწერალმა.

- აი, ნახეთ: თუმცა შემდგომი განათლება აღარ მიგიღიათ, მაგრამ უთუოდ ნასწავლი გექნებათ ძველი და ახალი აღთქმის მოკლე საღვთო ისტორია, რომელიც სასწავლებლებისთვის კითხვა-პასუხის სახით გამოიცემა. ალბათ, გახსოვთ, ვიდრე პირველქმნილი ადამიანი, ადამი, უცოდველ და წმინდა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყველა მხეცი და ცხოველი მას ემორჩილებოდა, შიშით მიდიოდნენ მასთან და ისიც სახელებს არქმევდა მათ. ბერი, ვისაც ეს სკვნილი ეკუთვნოდა, წმინდა იყო. ჰოდა, რას ნიშნავს სიწმინდე? - სხვას არაფერს, თუ არა ღვაწლის გზით პირველი ადამიანის უცოდველი მდგომარეობის დაბრუნებას ცოდვილ ადამიანში. როცა სული იკურთხება, სხეულიც ნაკურთხია. კურთხეულს ყოველთვის ხელთ ჰქონდა სკვნილი. მაშასადამე, ხელის შეხებითა და ანაორთქლით მასზეც გადავიდა სიწმინდის ძალა, ძალა პირველი ადამიანის უცოდველი მდგომარეობისა. აი, სულიერი ბუნების საიდუმლოც!.. ამ ძალას მემკვიდრეობით დღემდე ბუნებრივად შეიგრძნობს ყველა ცხოველი, და ამას შეიგრძნობს ყნოსვის საშუალებით, რადგან მხეცებსა და ცხოველებში ცხვირი გრძნობების უმთავრესი იარაღია. აი, გრძნობების ბუნების საიდუმლოც!..

- თქვენი, სწავლულების, მთელი ძალა სიბრძნეშია. ჩვენთან კი ყველაფერი უბრალოდ არის: დაისხი ერთი სირჩა არაყი, გადაჰკარი და ძალაც იქნება, - თქვა მწერალმა და განჯინისკენ გაემართა.

- ეს თქვენი საქმეა, - თქვა მასწავლებელმა, - მეცნიერული მსჯელობა კი, გთხოვთ, ჩვენ დაგვანებოთ!

მომეწონა მასწავლებლის ლაპარაკი, მივუახლოვდი და ვუთხარი:

- გავკადნიერდები, ბიძიკო, და კიდევ რაღაცას მოგიყვებით ჩემს ბერზე, - და ვუამბე, როგორ ვნახე ბერი სიზმარში, როგორ დამმოძღვრა და "სათნოებათმოყვარეობაში" როგორ მომინიშნა ადგილი. მასწავლებელმა ყველაფერი ყურადღებით მოისმინა. დუქანში წამოწოლილი მწერალი კი აბუზღუნდა:

- მართალს ამბობენ, ბიბლიის ზედმეტი კითხვით ჭკუიდან გადადიანო. ასეც არის! ღამით ვინ ჯანდაბა მოგინიშნავდა წიგნებს?! უბრალოდ, ძილში იატაკზე დაგივარდებოდა წიგნი და მური მიეცხო... აი შენ, სასწაულიც! ჰოი, ეს გაიძვერები! ბევრი გვინახავს, ძმაო, თქვენნაირი! - წაიბუტბუტა მწერალმა, კედლისკენ გადაბრუნდა და დაიძინა.

ამის გაგონებაზე მასწავლებელს მივმართე და ვუთხარი:

- თუ გნებავთ, თავად იმ წიგნს გაჩვენებთ, სადაც ხაზი საგანგებოდაა გასმული, და არა მურით მიცხებული. - ჩანთიდან "სათნოებათმოყვარეობა" ამოვიღე, ვაჩვენე და ვუთხარი:

- გაოცებული ვარ, უხორცო სულმა როგორ შეძლო ნახშირის აღება და დაწერა?..

მასწავლებელმა ნიშანს დახედა და ლაპარაკი დაიწყო:

- ესეც სულების საიდუმლოა. აგიხსნი. აი, ნახე: როცა სულები ცოცხალ ადამიანს სხეულით ეცხადებიან, ისინი ჰაერისა და სინათლის მატერიისგან იქმნიან ხელშესახებ სხეულს. გამოცხადების დასრულებისას ნასესხებ მატერიას კვლავ იმ სტიქიას უბრუნებენ, რისგანაც მათი სხეული იყო აგებული. რამდენადაც ჰაერს დრეკადობის, კუმშვისა და ჭიმვადობის ძალა აქვს, ამიტომ ამ ძალით შემოსილ სულსაც ყველაფრის აღება, მოქმედება და წერა შეუძლია. ეს რა წიგნი გაქვს? მოიტა, ვნახო! - მან წიგნი გადაფურცლა. იგი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვაზე გადაიშალა. - აჰა, როგორც ჩანს, წიგნი საღვთისმეტყველოა. არასდროს მინახავს...

- ეს წიგნი, ბიძიკო, თითქმის მთლიანად იესო ქრისტეს სახელით შინაგანი გულისმიერი ლოცვის შესახებ სწავლებისგან შედგება. იგი ოცდახუთი წმინდა მამის მიერაა აქ დაწვრილებით განხილული.

- ვიცი მე შინაგანი ლოცვა, - თქვა მასწავლებელმა.

მდაბლად დავუკარი მას თავი და შინაგან ლოცვაზე რაიმეს თქმა ვთხოვე.

- აი, რა წერია ახალ აღთქმაში: ადამიანი და ყველა ქმნილება უნებურად ემორჩილებიან ამაოებას. ბუნებრივია, რომ ყველა ოხრავს, ყველას ღვთის შვილთა თავისუფლებაში შესვლა სურს და ესწრაფვის. სწორედ ქმნილებათა ეს იდუმალი ოხვრა და სულთა თანდაყოლილი მისწრაფება არის კიდეც შინაგანი ლოცვა. აქ სასწავლი არაფერია, ის ყველაში და ყველაფერშია!..

- როგორღა მოვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ და შევიგრძნოთ იგი გულში? როგორ შევიცნოთ და მივიღოთ იგი საკუთარი ნებით? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მან აშკარად იმოქმედოს ჩვენში, დაგვატკბოს, განგვანათლოს და გვიხსნას? - ვკითხე მე.

- არ მახსოვს, ამის შესახებ საღვთისმეტყველო ტრაქტატებში სადმე რომ ეწეროს, - მიპასუხა მასწავლებელმა.

- აქ, აქ წერია ეს ყველაფერი! - მივუთითე მე.

მასწავლებელმა ფანქარი ამოიღო, წიგნის სახელწოდება - "სათნოებათმოყვარეობა" ჩაიწერა და მითხრა:

- აუცილებლად გამოვიწერ ტობოლსკიდან და გადავხედავ.

ასე დავშორდით ერთმანეთს. წავედი და ღმერთს ვმადლობდი მასწავლებელთან საუბრის გამო. მწერლისთვის კი ვლოცულობდი, ღმერთს ისე მოეწყო, რომ მას ერთხელ მაინც წაეკითხა "სათნოებათმოყვარეობა" და ცხონებაზე დაფიქრებულიყო.

ერთხელაც, გაზაფხულზე, ერთ სოფელში მისულს მღვდელთან გაჩერება მომიხდა. კეთილი კაცი იყო, მარტოხელა. სამი დღე ვიყავი მასთან. ამ ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა, მერე მითხრა:

- დარჩი ჩემთან, ჯამაგირს დაგინიშნავ. კეთილსინდისიერი კაცი მჭირდება. ხომ ნახე, ჩვენთან, ხის ძველ ეკლესიასთან ახალი ქვის ეკლესია შენდება. ერთგული კაცი ვერ ვნახე, მუშებს თვალყური ადევნოს და მშენებლობისთვის შემოწირულობის შესაგროვებლად სამლოცველოში დაჯდეს. ვხედავ, შენ ამას შეძლებდი. შენი მისწრაფებიდან გამომდინარე, მშვენივრად მოეწყობოდი - მარტო იქნებოდი სამლოცველოში და ილოცებდი. დარაჯისთვის იქ პატარა, განმარტოებული ოთახიცაა. დარჩი, გთხოვ, მანამდე მაინც, ვიდრე ეკლესიას დაასრულებენ!

დიდხანს კი ვიდექი უარზე, მაგრამ მღვდლის დაბეჯითებულ თხოვნას უნდა დავთანხმებოდი. ასე დავრჩი იქ მთელი ზაფხულის განმავლობაში შემოდგომამდე. დავიწყე სამლოცველოში ცხოვრება. თავდაპირველად მშვიდად ვიყავი, ლოცვაში ვარჯიშიც მოსახერხებელი იყო, მოუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში ბევრი ხალხი მოდიოდა, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე: ზოგი - სალოცავად, ზოგი - დასამთქნარებლად, ზოგი კი - შემოწირულობის თეფშიდან რაიმეს ასაწაპნად. ისინი ხედავდნენ, რომ ხან ბიბლიას ვკითხულობდი, ხანაც - "სათნოებათმოყვარეობას", ამიტომ ზოგი მომსვლელი საუბარს მიმართავდა, ზოგიერთი კი რაიმეს წაკითხვას მთხოვდა.

გარკვეული ხნის შემდეგ შევნიშნე, რომ სამლოცველოში ხშირად მოდიოდა ერთი გლეხის გოგონა და დიდხანს ლოცულობდა. მის ბუტბუტს ყური რომ მივუგდე, ვნახე, რაღაც უცნაურ ლოცვებს კითხულობდა, ზოგიერთს კი საერთოდ არეულ-დარეულად ამბობდა. ვკითხე, ასეთი ლოცვა ვინ ასწავლა. მითხრა, რომ დედამ. დედა ეკლესიური ყოფილა, მამა კი - მღვდლის უარმყოფელი განხეთქილების მიმდევარი. შემეცოდა და ვურჩიე, სწორად, წმინდა ეკლესიის გადმოცემის თანახმად წაეკითხა ლოცვები. "მამაო ჩვენო" და"ღვთისმშობელო ქალწულო" განვუმარტე. ბოლოს ვუთხარი:

- შეძლებისდაგვარად ხშირად, ბევრჯერ თქვი იესოს ლოცვა. იგი ყველა სხვა ლოცვაზე მეტად აღწევს ღმერთამდე და მისი დახმარებით სულს იცხონებ.

გოგონა ჩემს რჩევას ყურადღებით მოეკიდა და წრფელი გულით შეუდგა მის შესრულებას. იცით, რა მოხდა? - მცირე ხნის შემდეგ გამომიცხადა, რომ იესოს ლოცვას მიეჩვია, მისკენ მუდმივ ლტოლვას გრძნობს. როცა ლოცვის შესაძლებლობა აქვს და ლოცულობს, სიამეს განიცდის, ლოცვის დასრულებისას კი სიხარული და კვლავ ლოცვის სურვილი იპყრობს. გამიხარდა და ვურჩიე, იესო ქრისტეს სახელით ლოცვა გაეგრძელებინა.

ზაფხული იწურებოდა. სამლოცველოში მომსვლელთაგან ბევრმა ჩემთანაც დაიწყო სიარული, ამჯერად არა მარტო რჩევა-დარიგებისა თუ წიგნის კითხვის მიზნით, არამედ სხვა­დასხვა ცხოვრებისეული განსაცდელის გამოც, დაკარგულის მოსაძიებლადაც კი. როგორც ჩანს, ზოგიერთმა მკითხავად მიმიჩნია. ბოლოს რჩევისთვის დამწუხრებული მოვიდა ხსენებული გოგონაც. მამამისს გოგონას ნების საწინააღმდეგოდ მისი გათხო­ვება განუზრახავს განხეთქილებაში მყოფ კაცზე, რომლის მიმდევრებიც ასევე უარყოფდნენ მღვდელს. ჯვარი ერთ გლეხს უნდა დაეწერა.

- ეს რა კანონიერი ქორწინება იქნება?! - წამოიძახა მან, - იგივე მრუშობაა! გაქცევა მინდა, სულერთია, სად.

მე ვუთხარი:

- სად უნდა გაიქცე? ხომ ისევ გიპოვიან. ახლანდელ დროში ვერსად დაიმალები, ყველგან გიპოვიან. უმჯობესია, უფრო გულმოდგინედ ევედრო ღმერთს, რომ მამაშენის განზრახვა თავისი განგებულებით ჩაშალოს და შენი სული ცოდვისა და ერესისგან დაიფაროს. ეს გაქცევაზე უფრო საიმედო იქნება.
დრო გადიოდა. ხმაური აუტანელი და მაცდუნებელი გახდა ჩემთვის. ბოლოს და ბოლოს ზაფხულიც გავიდა. სამლოცველოს დატოვება და უწინდებურად გზის გაგრძელება გადავწყვიტე. მივედი მღვდელთან და ვუთხარი:

- მამაო, თქვენთვის ცნობილია ჩემი განწყობილება. ლოცვისთვის სიჩუმე მჭირდება, აქაურობა კი ჩემთვის ძალზე გამრთობი და საზიანოა. აი, შევასრულე თქვენი მორჩილება და ზაფხული აქ გავატარე. ახლა კი გამიშვით და განმარტოებით მგზავრობისთვის მაკურთხეთ.

მღვდელს ჩემი გაშვება არ უნდოდა და დაყოლიება დამიწყო:

- რა გიშლის ხელს, აქაც რომ ილოცო? სამლოცველოში ჯდომის გარდა, სხვა საქმე არ გაქვს. პურიც მზამზარეულია. კეთილი, დღედაღამ ილოცე იქ. იცხოვრე, ძმაო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! შენ საჭირო და სასარგებლო კაცი ხარ აქაურობისთვის. მომსვლელებთან წვრილმანებზე კი არ ყბედობ, არამედ ღვთის ტაძრისთვის შემოსავალი მოგაქვს და ერთგულად აგროვებ. ღვთისთვის ეს უფრო სათნოა, ვიდრე შენი განმარტოებული ლოცვა. რას ხედავ მარტოობაში?! ხალხთან ერთად ლოცვა უფრო სახალისოა. ღმერთმა ადამიანი იმისთვის კი არ შექმნა, რომ თავისთვის იყოს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დაეხმარონ და როგორც შეუძლიათ, ერთმანეთი ცხონების გზაზე დააყენონ. შეხედე წმინდანებსა და მსოფლიო მასწავლებლებს: ისინი დღედაღამ წვალობდნენ და ეკლესიაზე ზრუნავდნენ, ყველგან ქადაგებდნენ, განმარტოებით კი არ ისხდნენ და ხალხს კი არ ემალებოდნენ.

- ღმერთი, მამაო, ყველას სათავისო ნიჭს აძლევს. ბევრი მქადაგებელი იყო და ბევრიც - განდეგილი. ვინც რა და როგორ მიდრეკილებას აღმოაჩენდა საკუთარ თავში, იმის მიხედვით იქცეოდა, და სწამდა, რომ თავად ღმერთი მიუთითებდა ცხონების ამ გზისკენ. მაშ, როგორ ამიხსნით იმას, რომ ბევრი წმინდანი მღვდელმთავრის, წინამძღვრისა და მღვდლის ხარისხსაც კი ტოვებდა და ხალხში რომ არ გარეულიყო, მივარდნილ უდაბნოში გარბოდა? ასე გაექცა თავის საეპისკოპოსო სამწყსოს წმინდა ისააკ ასური, ასე მიატოვა თავისი მრავალრიცხოვანი სავანე ღირსმა ათანასე ათონელმა. ამგვარად იმიტომ იქცეოდნენ, რომ მათთვის მაცდუნებელი იყო ის ადგილი და ჭეშმარიტად სწამდათ იესო ქრისტეს ნათქვამი: "რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?" (მათ. 16.26).

- ისინი ხომ წმინდანები იყვნენ?! - თქვა მღვდელმა.

- თუ წმინდანებიც კი უფრთხოდნენ ხალხთან ურთიერთობას, ზიანი რომ არ მისდგომოდათ, მაშ, უძლურმა ცოდვილმა რაღა ქნას?! - ვუპასუხე მე. ბოლოს კეთილ მღვდელს დავემშვიდობე და მან სიყვარულით გამომაცილა გზაზე.

ათიოდე ვერსი გავიარე და ერთ სოფელში ღამის გასათევად შევჩერდი. იქ უიმედოდ დასნეულებული გლეხი ვნახე. ახლობლებს ვურჩიე, რომ იგი ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთვის ეზიარებინათ. დათანხმდნენ და დილით სამრევლო სოფელში მღვდლის მოსაყვანად კაცი გაგზავნეს. დავრჩი, რათა წმინდა ნაწილებისთვის თაყვანი მეცა და ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულებისას მელოცა. გარეთ გამოვედი და სახლთან მიწაყრილზე ჩამოვჯექი, მღვდელს ველოდები. უცებ უკანა ეზოს მხრიდან ჩემკენ ის გოგონა მორბის, სამლოცველოში რომ ლოცულობდა.

- აქ როგორ მოხვდი? - ვკითხე მე.

- განხეთქილების მიმდევართან ჩემი გათხოვების გასარიგებლად ჩვენებს დღე ჰქონდათ დანიშნული, მაგრამ წამოვედი, - თქვა ეს და მიწამდე თავი დამიკრა, - მოწყალება მოიღე, თან წამიყვანე და რომელიმე დედათა მონასტერში დამტოვე. არ მინდა გათხოვება, მონასტერში ვიცხოვრებ და იესოს ლოცვას ვიტყვი. შენ დაგიჯერებენ და მიმიღებენ.

- რას ამბობ, -  ვუთხარი მე, - სად უნდა წაგიყვანო? ამ მხარეში არც ერთი დედათაA მონასტერი არ ვიცი. ან როგორ წაგიყვან, პასპორტი არ გაქვს?! ჯერ ერთი, არსად მიგიღებენ, შემდეგ, ახლანდელ დროში ვერსად დაიმალები, მალე დაგიჭერენ, სახლში დაგაბრუნებენ და მაწანწალობისთვის დაგსჯიან კიდეც. უმჯობესია, სახლში წახვიდე და ღმერთს ევედრო. თუ გათხოვება არ გინდა, თავი მოიავადმყოფე. ამას მაცხონებელი თვალთმაქცობა ჰქვია. ასე მოიქცნენ წმინდა დედა კლიმენტა, ღირსი მარინე და ბევრი სხვაც, როცა მამათა მონასტერში ცხონებისთვის იღვწოდნენ.
იმ დროს, როცა ჩვენ ვისხედით და ვმსჯელობდით, დავინახეთ, რომ ოთხი კაცი გზაზე ორცხენას მოაქროლებდა და პირდაპირ ჩვენთან გააჩერეს. გოგონას ხელი დაავლეს, საზიდარში ჩასვეს და ერთ კაცთან ერთად გაუშვეს, ხოლო დანარჩენმა სამმა ხელები შემიკრა და ისევ იმ სოფელში წამიყვანა, სადაც ზაფხულში ვცხოვრობდი. ჩემს ყოველგვარ თავისმართლებაზე გაჰყვიროდნენ:

- წმინდანო, გაჩვენებთ, როგორ უნდა გოგონების მიტყუება!

საღამოს სოფლის გამგეობაში მიმიყვანეს, ფეხებზე ბორკილები დამადეს და სანამ მსჯავრის გამოსატანად შეიკრიბებოდნენ, დილამდე ციხეში ჩამსვეს. მოძღვარმა რომ გაიგო, ციხეში ვიყავი, სანახავად მოვიდა. ვახშამი მომიტანა. მანუგეშებდა, მეუბნებოდა, რომ გამომესარჩლებოდა და, როგორც სულიერი მამა, იტყოდა, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორც ჩემზე ფიქრობდნენ. ცოტა ხანს იჯდა ჩემთან და წავიდა.

გვიან საღამოს მაზრის პოლიციის უფროსი ამ სოფელზე გავლით სადღაც მიდიოდა და ვექილთან გაჩერდა. უამბეს მომხდარის შესახებ. მან კრების მოწვევა და სასამართლო ქოხში ჩემი მიყვანა ბრძანა. შევედით ქოხში, ვდგავართ და ველოდებით. [აი, პოლიციის უფროსიც მოვიდა. შეზარხოშება მოესწრო. მაგიდას ქუდიანი მიუჯდა და დაიძახა:

- ჰეი, ეპიფანე! შენს გოგონას ხომ არაფერი წაუღია სახლიდან?

- არაფერი, ბიძიკო!

- ამ ბრიყვთან ერთად რამე უმსგავსო საქმეში ხომ არ არის მხილებული?

- არა, ბიძიკო!

- მაშ ასე, საქმეს, აი, როგორ განვიხილავთ და გადავწყვეტთ: შენს ქალიშვილს თავად გაუსწორდი. ამ ვაჟკაცს კი ხვალ ჭკუას ვასწავლით და გავაგდებთ. ისე დავსჯით, რომ აქეთ მეტად აღარც კი გამოიხედოს. ეს არის და ეს! - თქვა პოლიციის უფროსმა, მაგიდიდან წამოდგა და დასაძინებლად გაემართა.

მე კი ისევ ციხეში ჩამსვეს]14. დილით ადრე ორნი მოვიდნენ: გზირი და ათისთავი. გამწკეპლეს და გამომიშვეს. წამოვედი და ღმერთს ვმადლობდი, მისი სახელის გამო ტანჯვის ღირსი რომ გამხადა. ეს მანუგეშებდა და გულის განუწყვეტელ ლოცვას კიდევ უფრო აღვივებდა.

მომხდარის გამო შეურაცხყოფილად სრულიად არ მიგრძვნია თავი, თითქოს სხვა ვინმეს შეემთხვა და მე მხოლოდ ვუყურე. დათმენა მაშინაც კი შევძელი, როცა მშოლტავდნენ. ლოცვა, რომელიც გულს მიტკბობდა, მაიძულებდა, ყურადღება არაფრისთვის მიმექცია.

ოთხიოდე ვერსი გავიარე და ბაზრობიდან ნავაჭრით დაბრუნებულ გოგონას დედას შევხვდი. დამინახა თუ არა, მითხრა:

- ჩვენმა სასიძომ უარი გვითხრა. აკულკაზე გაბრაზდა, რომ გაექცა.

შემდეგ პური და ღვეზელი მომცა და გზა განვაგრძე.

მშრალი ამინდი იყო. ამიტომ სოფლად ღამის გათევა აღარ მოვისურვე. საღამო ხანს ტყეში ორი შემოღობილი თივის ზვინი ვნახე და ღამის გასათევად მათ ქვეშ მოვთავსდი. ჩამეძინა და სიზმარში ვხედავ: გზაზე მივდივარ და "სათნოებათ­­­მო­ყვა­რეობაში" ანტონი დიდის თავებს ვკითხულობ. უცებ ბერი წამომეწია და მეუბნება:

- მანდ ნუ კითხულობ, აგერ, აქ წაიკითხე! - და იოანე კარპათელის ოცდამეთხუთმეტე თავზე მიმითითა, სადაც წერია: "ის, ვინც სწავლობს, ზოგჯერ იმათ გამო იტანს შეურაცხყოფას და ითმენს განსაცდელს, რომლებიც მისგან სულიერ სარგებელს ნახულობენ". ასევე მიმითითა იმავე წმინდანის ორმოცდამეერთე თავზე, სადაც ნათქვამია: "ვინც ლოცვას წამლად იყენებს, მას საშინელი და სასტიკი განსაცდელები ეწვევა". შემდეგ მითხრა:

- გამხნევდი სულით და ნუ დაღონდები! გახსოვდეს, რა თქვა მოციქულმა: "უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან" (1იოან. 4.4). აი, შენ უკვე გამოცდილებით შეიტყვე, რომ არ დაიშვება არანაირი განსაცდელი, რომელიც ადამიანის შესაძლებლობას აღემატება, "არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა" (1კორ. 10.13). ღვთის ასეთი შემწეობის იმედი განამტკიცებდა და მოშურნეობისა და გულმოდგინებისკენ წარმართავდა წმინდა მლოცველებს, რომლებმაც არა მარტო თავიანთი ცხოვრება გალიეს დაუცხრომელ ლოცვაში, არამედ სიყვარულის გამო სხვებსაც უმჟღავნებდნენ და ასწავლიდნენ მას, როცა დრო და შემთხვევა ეძლეოდათ. ამის შესახებ წმინდა გრიგოლ თესალონიკელი ასე ლაპარაკობს: "არა მარტო ჩვენ გვმართებს ღვთის მცნების თანახმად ქრისტეს სახელით განუწყვეტელი ლოცვა, არამედ იგი უნდა გავუმჟღავნოთ და ვასწავლოთ სხვებსაც, საზოგადოდ ყველას: მონაზვნებს, ერისკაცებს, ბრძენთ, მდაბიოებს, მამაკაცებს, დედაკაცებსა და ბავშვებს. ყველაში უნდა გავაღვივოთ განუწყვეტელი ლოცვის მიმართ გულმოდგინება". ამის მსგავსად ლაპარაკობს ღირსი კალისტე ანტილიკუდა. ის ამბობს, რომ არც უფლისთვის გაწეული გონებისმიერი ღვაწლი (ანუ შინაგანი ლოცვა), არც მჭვრეტელობითი ცოდნა და არც მწუხარებაში სულის განწმენდის ხერხი არ უნდა დარჩეს მხოლოდ შენს გონებაში, არამედ ზოგადი სარგებლობისა და სიყვარულის გამო უნდა იქნეს ჩაწერილი და განმარტებული. საღვთო წერილიც ამავეს ამბობს: "ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი" (იგავ. 18.19). ოღონდ ამ დროს ყველანაირად უნდა უფრთხოდე პატივმოყვარეობას და თავი დაიცვა, რომ ღვთიური სწავლების მარცვალი ქარში არ დაითესოს.

გაღვიძებულმა გულში საოცარი სიხარული ვიგრძენი, ხოლო სულში - სიმტკიცე. კვლავ გავუდექი გზას.

ამ ამბიდან დიდი ხნის შემდეგ კიდევ ერთი რამ შემემთხვა. ამასაც მოვყვები: ერთხელ, კერძოდ, 24 მარტს, დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, მეორე დღისთვის, ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ღვთაებრივი ხარების მოხსენიების დღეს, ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ვზიარებოდი. ვიკითხე, შორს ხომ არ იყო ეკლესია. ოცდაათ ვერსშიაო, მითხრეს. ასე რომ, დღის დარჩენილი ნაწილი და მთელი ღამე ვიარე, ცისკრისთვის რომ მიმესწრო. საშინელი ავდარი იყო: ხან თოვდა, ხან წვიმდა, ძლიერი ქარი ქროდა და ციოდა. გზად პატარა ნაკადული უნდა გამევლო. როგორც კი მის შუაგულს მივადექი, ფეხქვეშ ყინული ჩამიტყდა და წელამდე წყალში აღმოვჩნდი. ცისკრის ლოცვაზე სველი მივედი. ცისკარსაც დავესწარი და წირვასაც, რის დროსაც ღმერთმა ზიარების ღირსი გამხადა.

ის დღე რომ მშვიდად გამეტარებინა და სულიერი სიხარული შემენარჩუნებინა, ეკლესიის დარაჯს მეორე დღემდე საყარაულოში გაჩერება ვთხოვე. მთელი დღე გულში ენითუთქმელ სიხარულსა და სიტკბოებას განვიცდიდი. საყარაულოში ფიცარნაგზე ისე ვიწექი, თითქოს აბრაამის წიაღში განვისვენებდი. ლოცვა ძლიერ მოქმედებდა. იესო ქრისტესა და ღვთის დედისადმი სიყვარული ტკბილ ტალღებად აზვირთებულიყო ჩემს გულში და სულს თითქოს მანუგეშებელ აღტაცებაში ძირავდა. ღამით ფეხებში ძლიერი მტვრევა ვიგრძენი და გამახსენდა, რომ სველი მქონდა. ყურადღება არ მივაქციე და მეტი გულისყურით მოვუსმინე გულის ლოცვას. ტკივილს აღარ ვგრძნობდი. დილით, როცა ადგომა მოვიწადინე, ვნახე, რომ ფეხების განძრევაც კი არ შემეძლო, სრულიად წამრთმეოდა და ჩვარივით მეკიდა. დარაჯმა ძლივს გადმომათრია ფიცარნაგიდან. ასე გაუნძრევლად ვიჯექი ორი დღე. მესამე დღეს დარაჯმა საყარაულოდან ჩემი გაგდება მოინდომა და მითხრა:

- აქ რომ მოკვდე, შენ გამო ხათაბალაში გავებმები.

როგორღაც ძლივს გამოვბობღდი ხელებით და ეკლესიის პარმაღზე დავწექი. იქაც ორი დღე ვიწექი. ხალხი გვერდს მივლიდა. არც მე მაქცევდნენ ყურადღებას, და არც ჩემს თხოვნას. ბოლოს ერთი კაცი მოვიდა ჩემთან, ჩამოჯდა და ლაპარაკი დამიწყო. სხვათა შორის მკითხა:

- რას მომცემ, რომ მოგარჩინო? მეც ზუსტად ასე ვიყავი. ამისთვის ერთი შინაური წამალი ვიცი.

- მოსაცემი არაფერი მაქვს, - ვუპასუხე მე.

- ტომარაში რაღა გაქვს?

- მხოლოდ ორცხობილა და წიგნები.

- მაშ, ერთი ზაფხულით მაინც არ იმუშავებ ჩემთან, რომ მოგარჩინო?

- მუშაობაც არ შემიძლია. როგორც ხედავ, მხოლოდ ერთი ხელი მივარგა, მეორე კი თითქმის სრულიად გამხმარია.

- მაშ, რისი კეთება შეგიძლია?

- არაფრის, მხოლოდ წერა-კითხვა ვიცი.

- აჰა, წერა?! მაშინ ჩემს ბიჭუნას ასწავლე წერა. ცოტაოდენი კითხვა იცის, მაგრამ მინდა, წერაც იცოდეს. მასწავლებლები კი სწავლაში ძვირს ითხოვენ - 20 მანეთს.

მე დავთანხმდი. მან დარაჯის დახმარებით შინ წამათრია. მომათავსეს ამ კაცის უკანა ეზოში, ძველ ცარიელ აბანოში. მან მკურნალობა დამიწყო: მინდვრებში, ეზოებსა და სანარცხე ორმოებში მოაგროვა სხვადავხვა ხრწნადი ძვალი: პირუტყვის, ფრინველის, საერთოდ, ყველანაირი. გარეცხა, ქვით წვრილად დაამტვრია და დიდ ქოთანში მოათავსა. ქოთანს თავზე დააფარა სახურავი, რომელსაც ხვრელი ჰქონდა. შემდეგ იგი მიწაში ჩამარხულ ცარიელ ქოთანში ჩააპირქვავა, ზემოდან თიხით სქლად შელესა, კოცონისთვის გარშემო შეშა შემოუწყო და მთელი დღე ცეცხლში წვავდა. შეშას როცა უკეთებდა, ამბობდა: "ეს ძვლების კუპრი იქნება". მეორე დღეს ქოთანი მიწიდან ამოთხარა, რომელშიც პირველ ქოთანში დატანებული ხვრელიდან ნახევარი შტოფი სქელი, მოწითალო ფერის, ზეთოვანი სითხე ჩაღვრილიყო. სითხეს უმი ხორცის სუნი ჰქონდა. თავად ქოთანში მოთავსებული დამპალი, შავი ფერის ძვლები ისეთი თეთრი, კრიალა და გამჭვირვალე გამხდარიყო, როგორც სადაფი და მარგალიტი. ამ სითხით დღეში ხუთჯერ ვიზელდი ფეხებს. და რა მოხდა? - მეორე დღესვე თითებს ვამოძრავებდი, მესამე დღეს უკვე ფეხის მოხრა-გაშლა შევძელი, ხოლო  მეხუთე დღეს ავდექი და ეზოში ჯოხით გავიარე. ერთი სიტყვით, ერთ კვირაში ფეხები ძველებურად გამიმაგრდა. ამისთვის ღმერთს მადლობა ვუთხარი და ჩემთვის გავიფიქრე: ღვთის რა სიბრძნეა ქმნილებებში! გამხმარი, დამპალი, თითქმის მიწად ქცეული ძვლები თავის თავში ისეთ მაცოცხლებელ ძალას, ფერს, სუნსა და ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედების უნარს ინარჩუნებს, რომ თითქოს სიცოცხლეს ანიჭებს უსიცოცხლო სხეულს. ეს სხეულის მომავალი აღდგომის საწინდარია. ნეტავ, ამის ჩვენება შეიძლებოდეს იმ მეტყევისთვის, ვისთანაც ვცხოვრობდი და ვისაც საყოველთაო აღდგომაში ეჭვი ეპარებოდა!

ამგვარად გამოჯანმრთელებული ყმაწვილის სწავლებას შევუდექი. ანბანის ნაცვლად იესოს ლოცვა დავუწერე, გადაწერას ვაიძულებდი და თან ვუჩვენებდი, ლამაზად როგორ გამოეყვანა სიტყვები. მისი სწავლა მშვიდ გარემოში მიხდებოდა, რადგან იგი დღისით მოურავს ემსახურებოდა, ხოლო ჩემთან სასწავლებლად იმ დროს მოდიოდა, როცა მოურავს ეძინა, ანუ გათენებიდან შუადღემდე. ბიჭუნა ალღოიანი გამოდგა და მალე რაღაცეების კარგად წერა დაიწყო. მოურავმა რომ ნახა, ბიჭუნა წერდა, ჰკითხა:

- ვინ გასწავლა?

მან უთხრა:

- უხელო მწირმა, რომელიც ჩვენთან ძველ აბანოში ცხოვრობს.

ცნობისმოყვარე პოლონელი მოურავი ჩემს სანახავად მოვიდა. "სათნოებათმოყვარეობის" კითხვის დროს შემომისწრო. ლაპარაკში მკითხა:

- რას კითხულობ?

მე წიგნი ვუჩვენე.

- აჰა, ეს "სათნოებათმოყვარეობაა?!" - თქვა მან, - ეს წიგნი ჩვენს ქსენძთან მინახავს, როცა ვილნოში ვცხოვრობდი. მსმენია, რომ ბერძენი მონაზვნების მიერ მასში ისევე არის აღწერილი რაღაც უცნაური ფოკუსები და ლოცვის ხელოვნება, როგორც ინდოეთსა და ბუხარაში სხედან ხოლმე ფანატიკოსები, იბერებიან, რომ გულში ღიტინი იგრძნონ, და შემდეგ უგუნურებით ამ ბუნებრივ გრძნობას ღვთისგან ბოძებულ ლოცვად მიიჩნევენ. უბრალოდ უნდა ვილოცოთ, ღვთის წინაშე ჩვენი მოვალეობის მოხდის მიზნით. ადექი, წაიკითხე "მამაო ჩვენო", როგორც ეს ქრისტემ გვასწავლა, და მთელი დღე ვალმოხდილი იქნები. ერთი და იგივე კი არ უნდა იმეორო სულ! ასე ხომ ჭკუიდან გადახვალ და გულსაც დაიავადებ!

- ასე ნუ ფიქრობთ ამ წმინდა წიგნზე, ბიძიკო. იგი უბრალო ბერძენმა მონაზვნებმა კი არ  დაწერეს, არამედ ძველი დროის უდიდესმა და უწმინდესმა ადამიანებმა, რომლებსაც თქვენი ეკლესიაც პატივს სცემს, მაგალითად, ანტონი დიდმა, მაკარი დიდმა, მარკოზ განშორებულმა, იოანე ოქროპირმა და სხვებმა. ინდოელმა და ბუხარელმა მონაზვნებმა შინაგანი ლოცვის გულისმიერი ხერხი მათგან გადაიღეს, მაგრამ წაახდინეს და დაამახინჯეს იგი, როგორც ამას ჩემი ბერი მეუბნებოდა. ხოლო გულისმიერ ლოცვით მოქმედებაზე სწავლება `სათნოებათ­მოყვარეობაში” ამოკრეფილია ღვთის სიტყვიდან და წმინდა ბიბლიიდან, სადაც იმავე იესო ქრისტემ, რომელმაც "მამაო ჩვენო"-ს კითხვა გვიბრძანა, [გულის განუწყვეტელი ლოცვაც მოგვცა მცნებად, როცა გვითხრა: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა... და ყოვლითა გონებითა შენითა" (ლუკ. 10.27); "იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით" (მარკ. 13.33), "დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა" (იოან. 15.4). ხოლო წმინდა მამები, იმოწმებენ რა ფსალმუნებიდან წმინდა დავით მეფის სიტყვებს:]15 "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი" (ფსალმ. 33.8), შემდეგნაირად განმარტავენ: ქრისტიანმა მთელი ძალისხმევით უნდა ეძიოს და მიაღწიოს ლოცვაში სიტკბოებას, განუწყვეტლივ უნდა ეძიებდეს ლოცვაში ნუგეშს, და არა უბრალოდ დღეში ერთხელ იკითხოს "მამაო ჩვენო". აი, წაგიკითხავთ, თუ როგორ კიცხავენ წმინდანები მათ, ვინც არ ცდილობს, ეძებოს და ისწავლოს გულისმიერი ტკბილი ლოცვა. ისინი წერენ, რომ ასეთები სცოდავენ, რადგან: 1) ლაპარაკობენ ღვთივსულიერი წერილის საწინააღმდეგოდ; 2) არ ფიქრობენ სულის უზენაეს და სრულყოფილ მდგომარეობაზე, მხოლოდ გარეგნული სათნოებებით კმაყოფილდებიან, და რადგან არ სწყურიათ და არ შიათ სიმართლე, უფლისმიერ ნეტარებასა და სიხარულს აკლდებიან; 3) გარეგნული სათნოებების მიხედვით ოცნებობენ რა საკუთარ თავზე, ხშირად იპყრობთ ხიბლი და ამპარტავნება და ამით ამაოებას ეძლევიან.

- შენ რაღაც ძალიან ამაღლებულს კითხულობ, - მითხრა მოურავმა, - აბა, ჩვენ, ერის ხალხი, სად მივაღწევთ ამას?!

- კარგი, უფრო მარტივ რამეს წაგიკითხავთ იმის შესახებ, საერო ყოფაში თუ როგორ სწავლობდნენ განუწყვეტელ ლოცვას სათნო ადამიანები.

"სათნოებათმოყვარეობაში" ყრმა გიორგიზე თქმული სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა მოვძებნე და კითხვა დავიწყე. მოურავს მოეწონა და მითხრა:

- აბა, წასაკითხად მომეცი ეს წიგნი! თავისუფალ დროს გადავხედავ.

- კეთილი, ერთი დღით მოგცემთ, მეტი ხნით არ შემიძლია, რადგან ყოველდღე ვკითხულობ და უამისოდ ყოფნა არ შემიძლია.

- უკიდურეს შემთხვევაში, გადამიწერე მაინც, რაც ახლა წამიკითხე და ფულს გადაგიხდი.

- თქვენი ფული არ მჭირდება. ისე, სიყვარულის გამო გადაგიწერთ, ოღონდაც კი ღმერთმა გულმოდგინება მოგანიჭოთ ლოცვაში.

დაუყოვნებლივ სიამოვნებით გადავუწერე წაკითხული სიტყვა. მან თავის ცოლს წაუკითხა. ორივეს ძალიან მოეწონა. ისინი ზოგჯერ ჩემს წასაყვანად კაცს გზავნიდნენ, მე მათთან "სათნოებათმოყვარეობა" მიმქონდა, ვუკითხავდი, ჩაის სვამდნენ და მისმენდნენ. ერთხელ სადილად დამტოვეს. მოურავის ცოლი, ალერსიანი მოხუცი ქალი, ჩვენთან ერთად იჯდა და შემწვარ თევზს მიირთმევდა. როგორღაც, უყურადღებობით ფხა გადასცდა. რა საშუალებას არ მიმართეს, მაგრამ ვერაფრით უშველეს, ძლიერ სტკიოდა ყელი. ორი საათის შემდეგ დაწვა. ექიმის მოსაყვანად ოცდაათი ვერსის მოშორებით კაცი გაგზავნეს. საღამო ხანს დამწუხრებული წამოვედი შინ.

ღამით ძილ-ბურანში ჩემი ბერის ხმა მესმის. ვერავის ვხედავ. ხმა მეუბნება:

- აი, შენ მასპიძელმა მოგარჩინა. თავად კი რატომ არ ეხმარები მოურავის ცოლს? ღმერთმა მოყვასის თანაგრძნობა გვიბრძანა.

- სიხარულით დავეხმარებოდი, მაგრამ, როგორ?! არანაირი საშუალება არ ვიცი.

- აი, რა უნდა გააკეთო: მას ბავშვობიდან ეზიზღება ზეითუნის ზეთი. არათუ დალევა, გულისაურევლად სუნის ატანაც არ შეუძლია. ამიტომ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი დაალევინე, გული აერევა, ფხა გადმოვარდება, ზეთი კი ფხის გაკაწვრით გაჩენილ ჭრილობას დაუამებს და ისიც გამოჯანმრთელდება.

- თუკი ეზიზღება, როგორ დავალევინებ? არ დალევს.

- მოურავს უთხარი, თავი დაუკავოს, შენ კი ზეთი უცებ, თუნდაც ძალით, ჩაასხი პირში.

როგორც კი გამოვფხიზლდი, მაშინვე მოურავთან წავედი და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. მან მითხრა:
- ახლა რაღას უშველის შენი ზეთი? უკვე ხროტინებს და ბოდავს, ყელიც ერთიანად დასიებული აქვს. მაინც ვცადოთ, ზეთი უვნებელი წამალია, თუნდაც არ უშველოს.

მან ზეთი სირჩაში ჩაასხა და ავადმყოფს როგორღაც დავალევინეთ. მაშინვე ძლიერი ღებინება დაეწყო და მალე სისხლთან ერთად ფხაც გადმოვარდა. ავადმყოფი უკეთ გახდა და ღრმად ჩაეძინა.

დილით მის მოსანახულებლად მივედი. ვხედავ, თავის ქმართან ერთად მშვიდად შეექცევა ჩაის და თავისი განკურნება აოცებს. განსაკუთრებით ის აოცებს, თუ როგორ შევიტყვე ძილში, რომ ზეთი არ უყვარდა, რადგან ცოლ-ქმრის გარდა ეს არავინ იცოდა. აი, ექიმიც მოვიდა. მოურავის ცოლმა უამბო, რაც შეემთხვა. მეც ვუამბე, როგორ მომირჩინა გლეხმა ფეხები. ეს რომ ექიმმა მოისმინა, თქვა:

- საკვირველი არც ერთი შემთხვევაა და არც მეორე. ორივე შემთხვევაში ბუნების ძალა მოქმედებდა. მაგრამ რომ არ დამავიწყდეს, მაინც ჩავიწერ. - ამოიღო ფანქარი და უბის წიგნაკში ჩაიწერა.

ამის შემდეგ მალე მთელ იმ არე-მარეში ხმა გავრცელდა, რომ მე ნათელმხილველიც ვარ, ექიმიც და ექიმბაშიც. სხვადასხვა საქმითა და საკითხით განუწყვეტლივ მოდიოდნენ ყოველი მხრიდან, მოჰქონდათ საჩუქრები, პატივისცემა და ფერება დამიწყეს. ერთი კვირა ვუყურე და შეშინებული იმით, რომ პატივმოყვარეობას არ შევეპყარი და გონებაგაბნეულობას არ წავეხდინე, ღამით ჩუმად გამოვიპარე იქიდან.

კვლავ განმარტოებით გავუყევი გზას. ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს მთა ჩამომხსნოდა მხრებიდან. ლოცვა სულ უფრო და უფრო მამშვიდებდა. ზოგჯერ გული იესო ქრისტეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულით მიდუღდა და ამ ტკბილი დუღილით დადენილი მანუგეშებელი ნაკადი სხეულის ყველა ასოში მივლიდა. იესო ქრისტეს ხსოვნა ისე ჩამებეჭდა გონებაში, რომ როცა სახარებისეულ მოვლენებზე ვფიქრობდი, თითქოს თვალწინ ვხედავდი მათ, გული მიჩვილდებოდა და სიხარულისგან ვტიროდი. ზოგჯერ გულში ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, რომლის აღწერაც არ შემიძლია. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ სამი დღის განმავლობაში არანაირი დასახლება არ მხვდებოდა და ამ დროს აღტაცებაში მყოფს ისეთი გრძნობა მიპყრობდა, თითქოს მთელ დედამიწაზე მარტო მე, ერთადერთი უბადრუკი ცოდვილი, ვიყავი მოწყალე და კაცთმოყვარე ღვთის წინაშე. ასეთი სიმარტოვე სიმშვიდეს მგვრიდა და ახლა უფრო მეტად ვგრძნობდი ლოცვის სიტკბოებას, ვიდრე ხალხმრავლობაში.

ბოლოს ირკუტსკსაც მივაღწიე. თაყვანი ვეცი წმინდა ინოკენტის წმინდა ნაწილებს და დავფიქრდი, ამჯერად სად წავსულიყავი. აქ ხანგრძლივად ცხოვრება არ მინდოდა, რადგან ხალხმრავალი ქალაქი იყო. დაფიქრებული ქუჩას გავუყევი. ერთი იქაური ვაჭარი შემხვდა, გამაჩერა და მითხრა:

- მწირი ხარ? ჩემთან ხომ არ წამოხვიდოდი?

მდიდრულ სახლში მივედით. მან მკითხა, ვინ ვიყავი. მეც ჩემი წარმომავლობა ვუამბე. მომისმინა და მითხრა:

- კარგი იქნებოდა, ძველი იერუსალიმი მოგევლო. იქ ისეთი სიწმინდეებია, რომლის მსგავსიც არსად არსებობს!

- სიხარულით წავიდოდი, - ვუპასუხე, - მაგრამ სახმელეთო გზა არ არის. ზღვითაც წავიდოდი, მაგრამ რით გადავიხადო, ბევრი ფულია საჭირო.

- გინდა, ფულით დაგეხმარო? აი, შარშან უკვე გავამგზავრე ერთ-ერთი ჩვენი მოხუცი მეშჩანი.

ფეხებში ჩავუვარდი. მან მითხრა:

- მომისმინე, ჩემს ვაჟთან წერილს გაგატან ოდესაში. იქ ცხოვრობს, კონსტანტინოპოლთან სავაჭრო ურთიერთობა აქვს. გემები ჰყავს და კონსტანტინოპოლამდე სიხარულით წაგიყვანს. იქ კი თავის ნოქრებს იერუსალიმში მიმავალ გემზე ადგილის შოვნას უბრძანებს და ფულსაც გადაგიხდის. ეს ხომ არც ისე ძვირი ღირს.

ამის გაგონებამ ძალიან გამახარა. ჩემს კეთილისმყოფელს მოწყალებისთვის დიდი მადლობა ვუთხარი, ყველაზე მეტად კი ღმერთს ვმადლობდი ასეთი მამობრივი სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, ჩემისთანა უბადრუკი ცოდვილის მიმართ რომ გამოიჩინა, ვისაც არც საკუთარი თავისთვის და არც ხალხისთვის არანაირი სიკეთე არ გამიკეთებია და უსაქმურობაში მყოფი სხვის პურს ვჭამდი. ქველმოქმედ ვაჭართან სტუმრად სამი დღე დავრჩი. მან, დაპირებისამებრ, თავის შვილთან წერილი დამიწერა და ახლა ოდესაში იმ მიზნით მივდივარ, რომ წმინდა ქალაქ იერუსალიმამდე ჩავაღწიო: მაგრამ არ ვიცი, დაუშვებს კი უფალი, თაყვანი ვსცე მის ცხოველმყოფელ საფლავს.

საუბარი მესამე

ზუსტად ირკუტსკიდან გამგზავრების წინ კვლავ მივედი სულიერ მამასთან, ვისაც ვესაუბრებოდი ხოლმე, და ვუთხარი:

- აი, უკვე იერუსალიმის გზას ვადგავარ. მოვედი, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გითხრათ ჩემისთანა უღირსი მწირის მიმართ გაღებული ქრისტიანული სიყვარულის გამო.

- ღმერთმა გიკურთხოს გზა! - მითხრა მან, - მაგრამ რატომ არაფერი მითხარი, ვინ ხარ და საიდან? შენგან ბევრი რამ მსმენია შენს მოგზაურობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა, [შენი წარმომავლობისა და მწირობამდე განვლილი ცხოვრების შესახებაც გამეგო.

- კეთილი, - ვუთხარი მე, - სიამოვნებით გიამბობთ ამასაც, არც ისე გრძელი ამბავია: დავიბადე ორლოვის გუბერნიის სოფელში]16. დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ დავრჩით ორნი: მე და ჩემი უფროსი ძმა. ის ათი წლის იყო, მე კი ორის ან სამის ვიქნებოდი. სარჩენად ბაბუამ წაგვიყვანა. შეძლებული ბერიკაცი იყო, პატიოსანი. დიდ გზასთან ფუნდუკი ჰქონდა. მისი კეთილი ხასითის გამო ფუნდუკში ბევრი ჩამომსვლელი ჩერდებოდა. ვცხოვრობდით მასთან. ჩემი ძმა ცელქი იყო და სოფელ-სოფელ დადიოდა, მე კი უფრო ბაბუასთან ვტრიალებდი. დღესასწაულებზე ერთად დავდიოდით ეკლესიაში, ხოლო სახლში იგი ხშირად გვიკითხავდა იმ ბიბლიას, მე რომ დამაქვს. ჩემი ძმა გაიზარდა და ცუდ გზას დაადგა _ სმას დაეჩვია. უკვე შვიდი წლის ვიყავი. ერთხელ ძმასთან ერთად ღუმელზე ვიწექი, იქიდან გადმომაგდო და მარცხენა ხელი დავიზიანე. მას შემდეგ ხელს ვეღარ ვხმარობ, სრულიად გამიხმა.

ბაბუამ რომ ნახა, სოფლის სამუშაოს თავს ვერ გავართმევდი, წერა-კითხვა მასწავლა. რადგან ანბანი არ გვქონდა, როგორღაც ამ ბიბლიიდან მასწავლიდა: მაჩვენებდა ასოებს, სიტყვების შედგენასა და ასოების დამახსოვრებას მაიძულებდა. არც კი მესმის, როგორ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ასე ზეპირად მასწავლა კითხვა. ბოლო დროს, როცა მხედველობა დააკლდა, ბაბუა ხშირად მაკითხებდა ბიბლიას, თავად კი მისმენდა და მისწორებდა. ჩვენთან ხშირად ჩერდებოდა ერთი საერობო მწერალი. შესანიშნავად წერდა. მე ვუყურებდი, მომწონდა, როგორ წერდა და მისი მიბაძვით სიტყვების გამოწერა დავიწყე. ისიც მაჩვენებდა, ქაღალდსა და მელანს მაძლევდა, ფრთისგან კალამს მითლიდა. ასე ვისწავლე წერა. ბაბუა ძალიან გახარებული იყო და ასე მარიგებდა: "აი, ღმერთმა წერა-კითხვა გასწავლა, კაცი გამოხვალ. ამიტომ ღმერთის მადლობელი იყავი და ხშირად ილოცე". ყველა მსახურებაზე დავდიოდით ეკლესიაში, სახლშიც ძალიან ხშირად ვლოცულობდით. ბაბუა და ბებია "უფალო შემიწყალე"-ს მაკითხებდნენ, თვითონ კი მეტანიებს აკეთებდნენ ან მუხლებზე იდგნენ. ბოლოს, როცა ჩვიდმეტი წლის გავხდი, ბებია გარდამეცვალა. ბაბუამ მითხრა: "აი, სახლში დიასახლისი აღარ გვყავს. უქალოდ როგორ ვიყოთ?! შენი უფროსი ძმა უხეიროა. მინდა, შენ დაგაქორწინო". ჩემი ხეიბრობის გამო უარზე დავდექი, მაგრამ ბაბუამ დაიჟინა და დამაქორწინეს. შემირჩიეს ოცი წლის დინჯი, კეთილი ზნის გოგონა. გავიდა ერთი წელი და ბაბუას სასიკვდილო სენი შეეყარა. მან მიმიხმო, გამომეთხოვა და მითხრა:

- აი შენ, სახლი და მთელი მემკვიდრეობა! კეთილსინდისიერად იცხოვრე, ნურავის მოატყუებ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ევედრე, რადგან ყოველივეს ის იძლევა. ღვთის გარდა, ნურავის იმედი გექნება. ეკლესიაში იარე, ბიბლია იკითხე, ბებიაშენი და მე მოგვიხსენიე. აი შენ, ათასი მანეთი! გაუფრთხილდი, ტყუილუბრალოდ არ დახარჯო, მაგრამ ნურც იძუნწებ, გლახაკებსა და ღვთის ეკლესიებს მიეცი.

ასე გარდაიცვალა ბაბუა. დავასაფლავე. ძმას შეშურდა, რომ ფუნდუკი და ქონება მხოლოდ მე დამიტოვეს და ჩემზე გაბოროტდა. იმდენად აქეზებდა ეშმაკი, რომ ჩემი მოკვლაც კი განიზრახა. ბოლოს, აი, რა მოიმოქმედა: ღამით, როცა გვეძინა და მდგმურად არავინ გვყავდა, გატეხა საკუჭნაო, სადაც ფულს ვინახავდით, სკივრიდან ფული ამოიღო და საკუჭნაოს ცეცხლი წაუკიდა. მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ, როცა მთელი სახლი და ეზო ცეცხლში იყო გახვეული. ძლივს მოვასწარით ფანჯრიდან იმის ანაბარა გადმოხტომა, რითაც გვეძინა.

ბიბლია თავთით გვედო და წამოღება მოვასწარით. ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჩვენი სახლი, და ერთმანეთს ვეუბნებოდით: "მადლობა ღმერთს, ბიბლია მაინც რომ გადარჩა! რაღაც მაინც გვაქვს ჭირში მანუგეშებლად". ასე რომ, მთელი ჩვენი ქონება დაიწვა. ძმა უგზო-უკვლოდ წავიდა ჩვენგან. მხოლოდ გვიან, როცა სმა და ტრაბახი დაიწყო, შევიტყვეთ, რომ მან წაიღო ფული და ფუნდუკი გადაწვა.

დავრჩით შიშველ-ტიტვლები, სრულიად ღატაკები. როგორღაც ვალით პატარა ქოხი ავიშენეთ და შევუდექით ბოგანო ცხოვრებას. ჩემი მეუღლე ხელსაქმის ოსტატი იყო. ხალხისგან საქსოვს, დასართავს, საკერავს იღებდა, დღედაღამ შრომობდა და მარჩენდა. მე კი უხელობის გამო ქალამნის შეკვრაც არ შემეძლო. როცა ის ქსოვდა ან ართავდა, მე გვერდით ვეჯექი და ბიბლიას ვუკითხავდი. ისიც მისმენდა, ზოგჯერ კი ატირდებოდა. როცა ვკითხავდი: "რატომ ტირი? მადლობა ღმერთს, ცოცხლები ვართ", იგი მპასუხობდა: "გულს მიჩვილებს ის, რაც ბიბლიაში ასე კარგად წერია". კარგად გვახსოვდა ბაბუას დანაბარებიც: ხშირად ვმარხულობდით; ცდუნებაში რომ არ ჩავვარდნილიყავით, ყოველ დილით ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდით, ღამით კი ათას მეტანიას ვაკეთებდით. ორი წელი ვიცხოვრეთ ასე მშვიდად. საოცარია ის, რომ თუმცა გულისმიერი შინაგანი ლოცვის შესახებ არც წარმოდგენა გვქონდა და არც ოდესმე რამე გვსმენოდა, თუმცა მხოლოდ ენით ვლოცულობდით, უაზროდ ვაკეთებდით მეტანიებს და რეგვენებივით ყირაზე ვდგებოდით, ლოცვა მაინც გვეხალისებოდა. ხანგრძლივი, გარეგანი და გაუაზრებელი ლოცვა კი არ გვეძნელებოდა, არამედ სიამოვნებით ვამბობდით. ჩანს, მართალი მითხრა ერთმა მასწავლებელმა: ადამიანში არსებობს საიდუმლო ლოცვა, და თვითონაც კი არ იცის, თუ როგორ წარმოიქმნება იგი სულში თავისთავად, იდუმალ, და როგორ აღძრავს იგი ადამიანს ისეთი ლოცვისთვის, როგორიც მან იცის და შეუძლია.

ასე ვიცხოვრეთ ორი წელი და უეცრად ჩემი მეუღლე ციებ-ცხელებით დასნეულდა. მეცხრე დღეს ნაზიარები გარდაიცვალა. დავრჩი მარტოდმარტო, ეული. არაფრის კეთება შემეძლო. აქეთ-იქით ხეტიალი მომიწია, მოწყალების თხოვნა კი მრცხვენოდა. მეუღლის გამო ისეთი ნაღველი შემომაწვა, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. როცა ქოხში შევდიოდი და მის ტანისამოსს ან რამე ხელსახოცს დავინახავდი, ისე ვღმუოდი, რომ უგონოდ ვეცემოდი. სახლში ყოფნით მწუხარებას ვერ ვიქარვებდი. ამიტომ ქოხი ოც მანეთად გავყიდე და ჩემი და მეუღლის ტანსაცმელი გლახაკებს დავურიგე. ხეიბრობის გამო მუდმივი გათავისუფლების პასპორტი მომცეს. მეც მყისვე ჩემი საყვარელი ბიბლია ავიღე და ალალბედზე წავედი. მიმავალი ვფიქრობდი, ახლა სად წავიდე-მეთქი. "პირველ რიგში კიევში წავალ, ღვთის წმინდანებს ვემთხვევი და მწუხარებაში შეწევნას ვთხოვ". როგორც კი ეს გადავწყვიტე, გულზე მომეშვა და კიევამდე სიხარულით ჩავედი. ცამეტი წელია მას შემდეგ, რაც გაუჩერებლად დავდივარ სხვადასხვა ადგილას. ბევრი ეკლესია-მონასტერი მოვიარე. ახლა კი უმეტესად სტეპებსა და ველებში დავდივარ. არ ვიცი, უფალი თუ ინებებს, იერუსალიმის წმინდა მიწას რომ მივაღწიო. ღვთის ნება თუ იქნა, დროა, იქ [ჩემი ცოდვილი ძვლებიც დაიმარხოს.

- რამდენი წლის ხარ? - ოცდაცამეტის.

ქრისტეს ასაკისა].17

 

საუბარი მეოთხე

"ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი" (ფსალმ. 72.28).

- [სამართლიანია რუსული ანდაზა: ადამიანი ბჭობს, ღმერთი კი განაგებსო, - ვთქვი, როცა კვლავ ჩემს სულიერ მამასთან მივედი: მეგონა, დღეს წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ვივლიდი და ვივლიდი]18, მაგრამ სხვაგვარად მოხდა - სრულიად გაუთვალისწინებელმა გარემოებამ კიდევ სამი დღით შემაყოვნა აქ. ვერ მოვითმინე, თქვენთან რომ არ მოვსულიყავი, ეს არ მეცნობებინა და რჩევა არ მეკითხა გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც იმ ამბავთან დაკავშირებით მივიღე, სრულიად მოულოდნელად ამგვარად რომ შემემთხვა:

ყველას დავემშვიდობე და ღვთის შეწევნით გავუდექი გზას. ის იყო, ქალაქის კარიბჭე უნდა გამევლო, რომ ვხედავ, ბოლო სახლის ჭიშკართან ჩემი ნაცნობი დგას. ერთ დროს ისიც ჩემნაირი მწირი იყო. სამი წელი არ მენახა. მომესალმა და მკითხა, საით მივდიოდი.

- ღვთის ნება თუ იქნა, ძველ იერუსალიმში წასვლა მსურს, - ვუპასუხე მე.

- ღმერთს დიდება! - წამოიძახა მან, - აგერ შენთვის კარგი თანამგზავრი მყავს.

- ღმერთი შეგეწიოთ შენც და იმასაც, - ვუთხარი მე, - მაგრამ განა არ იცი, რომ ჩემი თავისებური ხასიათის გამო ამხანაგებთან ერთად არასდროს დავდივარ და მარტო ხეტიალს ვარ დაჩვეული?

- მოიცა, მომისმინე: ვიცი, ეს თანამგზავრი მოგეწონება. მისთვისაც კარგი იქნება შენთან ყოფნა და შენთვისაც არ უნდა იყოს ურიგო. საქმე იმაშია, რომ, სადაც სამუშაოდ ვარ დაქირავებული, იმ სახლის პატრონის მამაც დაპირებისამებრ ძველ იერუსალიმში მიდის. ადვილად უნდა შეეგუო მას. აქაური მეშჩანია, კეთილი ბერიკაცი, თანაც, სრულიად ყრუ. ასე რომ, რაც უნდა იყვირო, მაინც ვერაფერს გაიგებს. თუ რაიმეს კითხვა გინდა, ფურცელზე უნდა დაუწერო და მაშინღა გიპასუხებს. ამრიგად, გზაში თავს არ მოგაბეზრებს, არაფერზე დაგელაპარაკება, სახლშიც უმთავრესად დუმს. შენ კი მისთვის გზაში საჭირო იქნები. თავისი ვაჟი ცხენსა და საზიდარს ატანს ოდესამდე. იქ გაყიდის. თუმცა მოხუცს ფეხით წასვლა სურს, მაგრამ ბარგისა და უფლის საფლავზე გასაგზავნი ძღვნისთვის ცხენსაც ატანენ. შენს ჩანთასაც იქვე დაუდებდი. დაფიქრდი, ერთი, როგორ შეიძლება ასეთ შორ გზაზე ყრუ ბერიკაცის ცხენიანად მარტო გაშვება? ბევრი ეძებეს გამცილებელი, მაგრამ ყველა ძალიან ძვირს ითხოვს. თანაც საშიშიცაა უცხო ადამიანთან ერთად მისი გაშვება, ფული და ნივთები მიაქვს. დათანხმდი, ძმაო, მართლა კარგი იქნება. გადაწყვიტე ღვთის სადიდებლად და მოყვასის სიყვარულის გულისთვის. ჩემს მასპინძლებს კი შენს სანდოობაში დავარწმუნებ და ისინიც უზომოდ გაიხარებენ. კეთილი ხალხია, ძალიან ვუყვარვარ. უკვე ორი წელია, რაც მათთან ქირით ვმუშაობ.

ჭიშკრის წინ ამ საუბრის შემდეგ თავისი პატრონის სახლში მიმიყვანა. ვნახე, რომ პატიოსანი ოჯახი იყო და მათ წინადადებას დავთანხმდი. ახლა, თუ უფალი ინებებს, განზრახული გვაქვს, ქრისტეშობის დღესასწაულიდან მესამე დღეს, საღვთო ლიტურგიის შემდეგ გზას გავუდგეთ.

აი, რა მოულოდნელობები გვხვდება ცხოვრების გზაზე! ყველაფერს, ჩვენს საქმეებსა თუ ზრახვებს, ღმერთი და მისი წმინდა განგება მართავს, როგორც წერია კიდეც: ["ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჲს" (ფილიპ. 2.13).

ჩემმა სულიერმა მოძღვარმა ეს ყოველივე მოისმინა და მითხრა:

- საყვარელო ძმაო, გულით მიხარია, რომ უფალმა მოკლე ხანში მოულოდნელად ისევ მანახა შენი თავი. და რადგან ახლა თავისუფალი ხარ, სიყვარულით უფრო დიდხანს გაგაჩერებ ჩემთან, შენ კი უფრო მეტს მიამბობ იმ ყურადსაღები შემთხვევების შესახებ, ხანგრძლივი მწირული მოგზაურობის დროს რომ გადაგხდენია თავს. შენს ყველა უწინდელ ნაამბობს სიამოვნებით და ყურადღებით ვისმენდი.

- სიხარულით გიამბობთ, - ვუპასუხე და მოყოლა დავიწყე, - ბევრი რამ გადამხდა, კარგიც და ცუდიც. ყველაფერი რომ მოვყვე, დიდი დრო დასჭირდება. თანაც ბევრი რამ უკვე დამავიწყდა კიდეც]19, რადგან განსაკუთრებით მხოლოდ იმის დამახსოვრებას ვცდილობდი, რაც ჩემს ზარმაც სულს ლოცვისთვის აღძრავდა და მისკენ წარმართავდა. სხვა დანარჩენს იშვიათად ვიმახსოვრებდი, უკეთ რომ ვთქვათ, წარსულის დავიწყებას ვცდილობდი, თანახმად წმინდა პავლე მოციქულის შეგონებისა: "უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივწუდები და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესოჲს მიერ" (ფილიპ. 3.13-14). ჩემი განსვენებული ნეტარი ბერიც ამბობდა, რომ გულის ლოცვას ორი მხრიდან ექმნება დაბრკოლებები, მარცხნიდან და მარჯვნიდან, ანუ, თუ მტერი ამაო ფიქრებითა და ცოდვილი ზრახვებით ვერ ახერხებს, ადამიანი ლოცვას მოწყვიტოს, მაშინ მეხსიერებაში ყურადსაღებ მოგონებებს აღუძრავს ან წარმტაც აზრებს ჩააგონებს, ოღონდაც კი რამენაირად მოწყვიტოს მისთვის ამდენად საძულველ ლოცვას. ამას ეწოდება მარჯვნიდან გაქურდვა, რომლის დროსაც სული ღმერთთან საუბარს უგულებელყოფს და საკუთარ თავთან ან ქმნილებებთან სიამოვნებით მუსაიფობს. ამიტომაც მასწავლიდა იგი, რომ ლოცვის დროს თვით ყველაზე ბრწყინვალე სულიერი აზრიც კი არ შევიწყნაროთ. თუ დღის ბოლოს დავინახავთ, რომ დრო უმეტესწილად დამრიგებლობით ფიქრებსა და საუბარშია გატარებული, და არა წარმოდგენებისგან არსობრივად თავისუფალ გულისმიერ ლოცვაში, ესეც კი ზომაგადასულობად ან ანგარებიან სულიერ სიხარბედ უნდა მივიჩნიოთ, განსაკუთრებით კი, დამწყებთა შემთხვევაში. მათთვის აუცილებელია, ლოცვაში გატარებული დრო ბევრად აღემატებოდეს იმ დროს, რომელსაც ისინი სხვა ღვთივსათნო საქმეებს ანდომებენ. არადა, ყველაფერს ხომ ვერ დაივიწყებ. ზოგი რამ უნებურად იმდენად ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში არ მოვიგონო, მაინც ცოცხლად მახსოვს, როგორიცაა, მაგალითად, ერთი ღვთისმოსავი ოჯახის ამბავი, ვისთანაც რამდენიმე დღით ყოფნის ღირსი გამხადა ღმერთმა ქვემოაღწერილი შემთხვევის გამო.

ტობოლსკის გუბერნიაში ხეტიალის დროს ერთ სამაზრო ქალაქში მომიხდა გავლა. ორცხობილა მითავდებოდა. ამიტომ საგზლად პურის სათხოვნად ერთ სახლში შევედი. მასპინძელმა მითხრა:

- მადლობა ღმერთს, დროულად მოხვედი! ჩემმა მეუღლემ პური ეს-ესაა ღუმელიდან გამოიღო. აი შენ, ცხელი პური! ილოცე ჩვენთვის!

მადლობა ვუთხარი და პურის ჩანთაში ჩალაგებას შევუდექი. ეს რომ დიასახლისმა დაინახა, თქვა:

- რა დახეული ტომარაა, მთლად დაფხრეწილა! გამოგიცვლი! - და ახალი, გამძლე ტომარა მომცა. გულითადი მადლობა ვუთხარი მათ და გზა განვაგრძე. ქალაქიდან გასვლის წინ საწვრილმანო დუქანში ცოტაოდენი მარილი ვითხოვე. გამყიდველმა პატარა ტომარა გამივსო. სულით ვხარობდი და ღმერთს ვმადლობდი, რომ ჩემისთანა უღირსს ასეთ კეთილ ადამიანებს მახვედრებდა. აი, - ვფიქრობდი მე, - ახლა მთელი კვირა აღარ ვიზრუნებ საკვებზე, ვიძინებ და ვიქნები კმაყოფილი. "აკურთხებს სული ჩემი უფალსა!"

ქალაქს ხუთიოდე ვერსით რომ გავცდი, ზედ გზის პირას ერთი ღარიბული სოფელი და ხის ღარიბული, მაგრამ გარედან კარგად შემკული და მოხატული ეკლესია დავინახე. გვერდით რომ ჩავუარე, ღვთის ტაძრისთვის თაყვანისცემა მომინდა და ეკლესიის სტოაში სალოცავად შევედი. ეკლესიის გვერდით, მდელოზე ხუთი-ექვსი წლის ორი ბავშვი თამაშობდა. გავიფიქრე, მღვდლის შვილები იქნებიან-მეთქი, თუმცა კი ძალზე კარგად ეცვათ. ვილოცე და გზა განვაგრძე. ეკლესიას ათი ნაბიჯითაც არ ვიყავი გამცდარი, რომ ძახილი შემომესმა: გლახაკო! გლახაკო! მოიცა! წეღან ნანახი პატარები, ბიჭუნა და გოგონა, მეძახდნენ და ჩემკენ მორბოდნენ. შევჩერდი. მათ მოირბინეს, ხელი ჩამავლეს და მითხრეს:

- დედიკოსთან წავიდეთ! მას გლახაკები უყვარს.

- გლახაკი კი არა, გამვლელი ვარ, - ვუთხარი მე.

- აბა, ტომარა რომ გაქვს?

- ეს ჩემი საგზალი პურია.

- არა, აუცილებლად წამოდი, დედიკო სამგზავრო ფულს მოგცემს.

- სადაა დედათქვენი? - ვკითხე მე.

- აი, ეკლესიის იქით, ამ კორომს გადაღმა.

წამიყვანეს მშვენიერ ბაღში, რომლის შუაგულშიც დიდი, მდიდრული სახლი დავინახე. შევედით ოთახებში. რა საოცარი სისუფთავე და მოწყობილობა იყო. აი, ქალბატონიც მოგვეგება.

- მობრძანდი! მობრძანდი! საიდან გამოგვიგზავნა ღმერთმა შენი თავი? დაჯექი, საყვარელო, დაჯექი! - მან თავად მომხსნა ჩანთა და მაგიდაზე დადო, მე კი ურბილეს სკამზე დამსვა. - ხომ არ შეჭამდი? იქნებ, ჩაი ინებო? რამე ხომ არ გჭირდება?

- მდაბლად გმადლობთ, - ვუპასუხე მე, - მთელი ტომარა საჭმელი მაქვს. ჩაის თუმცა ვსვამ, მაგრამ, როგორც ჩვენი, გლეხების წესია, დაჩვეული არ ვარ. თქვენი გულითადი და ალერსიანი მოპყრობა გამასპინძლებაზე ძვირფასია ჩემთვის. ღმერთს შევევედრები, რომ ასეთი სახარებისეული უცხოთ­მოყვარეობისთვის გაკურთხოთ, - ვთქვი ეს და გულში ჩაღრმავების საოცარი სურვილი ვიგრძენი. გულში ლოცვა მიდუღდა და სიმშვიდე და მდუმარება მესაჭიროებოდა, რომ თავისთავად წარმოშობილი ლოცვის ალისთვის გასაქანი მიმეცა და ხალხისგან დამეფარა ლოცვის გარეგანი გამოვლინება: ცრემლები, ოხვრა, სახისა და ბაგეების უჩვეულო მოძრაობა. ამიტომ წამოვდექი და ვთქვი:

- მომიტევეთ, დაო, ჩემი წასვლის დროა. უფალი იესო ქრისტე იყოს თქვენთან და თქვენს საყვარელ პატარებთან!

- ოჰ, არა! ღმერთმა დაიფაროს, რომ წახვიდე! არ გაგიშვებ! საღამოს ჩემი მეუღლე დაბრუნდება ქალაქიდან. ის იქ, სამაზრო სასამართლოში მოსამართლედ არის არჩეული. ნახავ, როგორ გაუხარდება შენი ნახვა! ის ყველა მწირს ღვთისგან გამოგზავნილად მიიჩნევს. თუ წახვალ, ძალიან ეწყინება, რომ ვერ გნახა. თანაც, ხვალ კვირაა, წირვაზე ჩვენთან ერთად ილოცებ და ერთად მივირთმევთ, რაც ღმერთს ჩვენთვის მოუცია. ყოველ დღესასწაულზე ოცდაათამდე ქრისტესმიერი გლახაკი ძმა გვყავს სტუმრად. რატომ არაფერს მეუბნები შენ შესახებ, ვინ ხარ და საით გაგიწევია? მელაპარაკე, მიყვარს ღვთივსათნო ადამიანების სულიერი საუბრების მოსმენა. ბავშვებო! ბავშვებო! მწირის ჩანთა აიღეთ და ხატების ოთახში შეიტანეთ, ღამეს იქ გაათენებს.

მისი სიტყვები რომ მოვისმინე, გავოცდი და გავიფიქრე: ნეტავ, ადამიანს ველაპარაკები თუ მოჩვენებას?!

ამრიგად, დავრჩი და ბატონს დაველოდე. ქალბატონს მოკლედ ვუამბე ჩემი მოგზაურობის შესახებ და ვუთხარი, რომ ირკუტსკში მივდიოდი.

- მშვენიერია, ალბათ, ტობოლსკის გავლით წახვალ, - მითხრა ქალბატონმა, - იქ კი, დედათა მონასტერში დედაჩემია მონაზვნად, ახლა უკვე სქიმოსანია. წერილს გაგატანთ და ის მიგიღებს. მასთან ბევრი მიდის სულიერი რჩევისთვის. ბარემ იოანე კიბისაღმწერლის წიგნსაც წაუღებ, რომელიც მოსკოვიდან გამოვიწერეთ მისი დავალებით. რა კარგი იქნება!..

სადილობის დროც მოახლოვდა. ჩვენ სუფრას მივუსხედით. კიდევ ოთხი ქალბატონი შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად შეექცნენ სადილს. როცა ერთ-ერთმა ქალბატონმა პირველი კერძი დაამთავრა, წამოდგა, ჯერ ხატს, შემდეგ ჩვენ დაგვიკრა თავი, წავიდა, სხვა კერძი მოიტანა და ისევ დაჯდა. შემდგომ მეორე ქალბატონიც ასევე წავიდა მესამე თავი კერძისთვის. ეს რომ დავინახე, მასპინძელს ვკითხე:

- გავკადნიერდები, დაიკო, და გკითხავ, ეს ქალბატონები თქვენი ნათესავები არიან?

- დიახ, ჩემი დები არიან: ეს მზარეულია, ეს - მეეტლის ცოლი, ეს - მეკუჭნავე, ეს - ჩემი მოახლე. ყველა გათხოვილია, სახლში გაუთხოვარი არავინ გვყავს.

ნანახმა და მოსმენილმა კიდევ უფრო მეტად გამაოცა. ღმერთს ვმადლობდი, ასეთი ღვთივსათნო ხალხი რომ მანახა. გულში ლოცვის ძლიერი მოქმედება ვიგრძენი. სასწრაფოდ რომ განვმარტოებულიყავი და ლოცვისთვის ხელი არ შემეშალა, სუფრიდან წამოვდექი და ქალბატონს ვუთხარი:

- ნასადილევს დასვენება გესაჭიროებათ, მე კი სიარულს ვარ დაჩვეული და ბაღში გავისეირნებ.

- არა, მე არ ვისვენებ, - თქვა ქალბატონმა, - მეც შენთან ერთად წამოვალ ბაღში, რაიმე ჭკუის სასწავლებელს მიამბობ. მარტო რომ წახვიდე, ბავშვები არ მოგასვენებენ. როგორც კი დაგინახავენ, წუთითაც არ მოგშორდებიან, ისე უყვართ გლახაკები, ქრისტესმიერი ძმები და მწირები.

რაღას ვიზამდი, წავედით. ჩემთვის რომ მოსახერხებელი ყოფილიყო მდუმარების დაცვა და არ მელაპარაკა, ბაღში შესულმა ქალბატონს თავი მდაბლად დავუკარი და ვუთხარი:

- დაიკო, ღვთის გულისათვის, გთხოვთ, მითხრათ, დიდი ხანია, რაც ასეთ ღვთივსათნო ცხოვრებას ეწევით? როგორ მიაღწიეთ ასეთ ღვთისმოსაობას?

- კეთილი, ყველაფერს გიამბობ: იცი რა, დედაჩემი წმინდა იოასაფის შვილთაშვილია. მისი წმინდა ნაწილები თაყვანსაცემად ბელგოროდშია დაბრძანებული. ქალაქში დიდი სახლი გვქონდა, რომლის ფლიგელიც ერთ არცთუ ისე მდიდარ აზნაურს ჰქონდა დაქირავებული. ბოლოს აზნაური გარდაიცვალა. დარჩა ფეხმძიმე ცოლი, რომელმაც ბავშვი გააჩინა და მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. საბრალო ახალშობილი სრულიად დაობლდა. დედას შეეცოდა და აღსაზრდელად სახლში წამოიყვანა. ერთი წლის შემდეგ მეც დავიბადე. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და ერთად ვსწავლობდით ერთსა და იმავე მასწავლებლებთან. ღვიძლი და-ძმასავით შევეჩვიეთ ერთმანეთს. რამდენიმე ხნის შემდეგ მამაჩემიც გარდაიცვალა. დედამ ქალაქურ ცხოვრებას თავი დაანება და ჩვენთან ერთად თავის სოფელში, აქ გადმოვიდა. როცა წამოვიზარდეთ, დედამ თავის გაზრდილს მიმათხოვა. მოგვცა ეს სოფელი, თავად კი სენაკი აიშენა და მონასტერში დამკვიდრდა. როცა მშობლის ლოცვა-კურთხევას გვაძლევდა, მან ასეთი ანდერძი დაგვიტოვა: ვიცხოვროთ ქრისტიანულად, ღმერთს გულმოდგინედ ვევედროთ და ყველაზე მეტად ვეცადოთ, შევასრულოთ ღვთის უმთავრესი მცნება - მოყვასის სიყვარული, ანუ ქრიტესმიერ გლახაკ ძმებს ალალად, მდაბლად დავეხმაროთ და დავაპუროთ, შვილები ღვთის შიშში აღვზარდოთ და მსახურებს ძმებივით მოვეპყრათ. აი, უკვე ათი წელია, რაც ასე განმარტოებულნი ვცხოვრობთ აქ და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დედის ანდერძის შესრულებას. ჩვენ ღატაკთა თავშესაფარიც გვაქვს, სადაც ამჟამად ათზე მეტი სახიჩარი და ავადმყოფი ცხოვრობს. ხვალ შეგვიძლია, მათთან შევიაროთ.
თხრობის დასრულების შემდეგ მას ვკითხე:

- სად არის იოანე კიბისაღმწერლის ის წიგნი, რომლის გაგზავნაც გსურთ დედათქვენთან?

- ოთახში შევიდეთ, მოგიძებნი.

ის იყო წიგნის წასაკითხად ჩამოვსხედით, რომ ბატონიც მობრძანდა. დამინახა თუ არა, სიყვარულით გადამეხვია, ძმურად, ქრისტიანულად გადავკოცნეთ ერთმანეთი. მან თავის ოთახში წამიყვანა და მითხრა:

- საყვარელო ძმაო, ჩემს კაბინეტში წავიდეთ, აკურთხე ჩემი სენაკი. ვფიქრობ, თავი მოგაბეზრა (ქალბატონზე მიმითითა). თუ ვინმე მწირს ან ავადმყოფს დაინახავს, უხარია და დღედაღამ აღარ შორდება. მთელ მათ გვარში ოდითგან ასეთი ჩვეულებაა.

ჩვენ კაბინეტში შევედით. რამდენი წიგნი იყო... მშვენიერი ხატები, ცხოველმყოფელი ჯვარი მთლიანად და მასთან - სახარება... ვილოცე და ვთქვი:

- თქვენ, ძმაო, აქ ნამდვილი სამოთხე გქონიათ! აი, თავად უფალი იესო ქრისტე, მისი ყოვლადწმიდა დედა, მისი წმინდანები. ეს კი (წიგნებზე მივუთითე) მათი სიტყვები და სწავლებებია, საღვთო, ცოცხალი და დაუდუმებელი. ვფიქრობ, ხშირად ტკბებით მათთან ზეციური საუბრით.

- გამოგიტყდებით, - მითხრა ბატონმა, - კითხვის მოყვარული მართლაც ვარ.

- რა წიგნები გაქვთ? - ვკითხე მე.
­

- სასულიერო წიგნიც ბევრი მაქვს, - მიპასუხა ბატონმა, - აი, მთელი წლის საკითხავი თვენი, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის თხზულებები, ბევრი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური წიგნი, სახელგანთქმული თანამედროვე მქადაგებლების ბევრი ქადაგებაც მაქვს. ჩემი ბიბლიოთეკა ათას ხუთასი მანეთი მიღირს.

- ლოცვასთან დაკავშირებით ვინმეს ქადაგება ხომ არ გაქვთ? - ვკითხე მე, - ძალიან მიყვარს ლოცვის შესახებ კითხვა.

- ლოცვაზე სრულიად ახალი წიგნი მაქვს, ერთი პეტერბურგელი მღვდლის თხზულებაა.

ბატონმა უფლის ლოცვის - "მამაო ჩვენო"-ს განმარტება გადმოიღო და სიამოვნებით შევუდექით მის კითხვას. მცირე ხნის შემდეგ ქალბატონიც მოვიდა, ჩაი მოიტანა. პატარებმა კი ვერცხლის კალათით რომელიღაც ფხვიერი ნამცხვრი მოარბენინეს. ღვეზელს ჰგავდა, მსგავსი რამ სიცოცხლეში არ მეჭამა. ბატონმა წიგნი გამომართვა, ქალბატონს გადასცა და თქვა:

- მაგას წავაკითხოთ, შესანიშნავად კითხულობს. ჩვენ კი წავიხემსოთ.

ქალბატონმა კითხვა დაიწყო. ჩვენ ვუსმენდით. მე კითხვასაც ვუსმენდი და გულში აღძრულ ლოცვასაც ყურს ვუგდებდი. რაც უფრო მეტ ხანს კითხულობდა, მით უფრო მეტად ღვივდებოდა და მატკბობდა ლოცვაც. უცებ დავინახე, რომ ჩემ თვალწინ, თითქოს ჰაერში, ვიღაცამ გაიელვა. თითქოს ჩემი განსვენებული უხუცესი იყო. შევკრთი და შეცბუნება რომ დამემალა, ვთქვი:

- მაპატიეთ, მცირედ ჩავთვლიმე.

ამ დროს ვიგრძენი, თითქოს ბერის სულმა ჩემი სული გამსჭვალა თუ გაანათა, გონებას რაღაცნაირი ნათელი მოეფინა და ლოცვასთან დაკავშირებით უამრავი აზრი აღმეძრა. ის იყო პირჯვარი გადავიწერე და აზრების უკუგდება შევეცადე, რომ ქალბატონმა მთელი წიგნის კითხვა დაასრულა. ბატონი შემეკითხა, მომეწონა თუ არა თხზულება. დავიწყეთ  საუბარი.

- ძალიან მომწონს, - ვუპასუხე მე, - უფლის ლოცვა - "მამაო ჩვენო" უმაღლესი და უძვირფასესია ყველა სხვა დაწერილ ლოცვასთან შედარებით, რომელიც კი ქრისტიანებს გვაქვს, რადგან იგი თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა. ძალიან კარგია ახლა წაკითხული მისი განმარტებაც, მაგრამ აქ უმეტესწილად ქრიტიანულ  ღვაწლზეა ლაპარაკი. მე კი წმინდა მამებთან მისი გონებაჭვრეტითი, საიდუმლო განმარტებაც წამიკითხავს.

- რომელ მამებთან წაგიკითხავს?

- აი, მაგალითად, მაქსიმე აღმსარებელთან, ასევე "სათნოებათმოყვარეობაში" პეტრე დამასკელთან.

- გეთაყვა, რამეს ვერ გაიხსენებ, რომ გვიამბო?

- კეთილი! როგორც წაკითხულ წიგნშია განმარტებული, ლოცვის დასაწყისი, "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა", მოყვასის მიმართ, როგორც ერთი მამის შვილებისადმი, ძმურ სიყვარულს უნდა გვასწავლიდეს. ეს ზუსტადაც რომ მართალია, მაგრამ წმინდა მამებთან იგი კიდევ უფრო ღრმად და სულიერადაა განმარტებული, კერძოდ, ისინი ამბობენ: ამ სიტყვების წარმოთქმის დროს გონება ზეციურ მამასთან ზეცად უნდა აღვიყვანოთ და უნდა გვახსოვდეს ჩვენი მოვალეობა - ყოველ წუთს ღვთის წინაშე დავაყენოთ თავი და ღვთის წინაშე ვიდოდეთ. სიტყვები - "წმიდა იყავნ სახელი შენი" - წიგნში გულმოდგინებითაა განმარტებული და გვიხსნის, რომ ღვთის სახელი არ ვთქვათ მოწიწების გარეშე ან უსამართლო ფიცის დროს, ერთი სიტყვით, ღვთის წმინდა სახელი წმინდად უნდა წარმოვთქვათ და ამაოდ არ უნდა მოვიხსენიოთ. ხოლო საიდუმლოს განმმარტებლები აქ შინაგან გულისმიერ ლოცვასთან დაკავშირებით პირდაპირ თხოვნას ხედავენ, ანუ თხოვნას იმისას, რომ ღვთის უწმინდესი სახელი გულში აღიბეჭდოს, გული თავისთავად მოქმედი ლოცვით იკურთხოს და მთელი გრძნობები და სულიერი ძალები განანათლოს. სიტყვებს - "მოვედინ სუფევა შენი" - საიდუმლოს განმმარტებლები ამგვარად ხსნიან: დაე, ჩვენს გულებში შინაგანი მშვიდობა, სიმშვიდე და სულიერი სიხარული მოვიდეს. წიგნი განგვიმარტავს, რომ სიტყვებში - "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს" - უნდა იგულისხმებოდეს ხორციელი არსებობისთვის აუცილებელი საჭიროების თხოვნა, არა გადამეტებულის, არამედ მხოლოდ იმის, რაც ჩვენთვის არის საჭირო და საკმარისია მოყვასის დასახმარებლად. ხოლო მაქსიმე აღმსარებელი "არსობის პურში" გულისხმობს სულის ზეციური პურით, ანუ ღვთის სიტყვით საზრდოობას და სულის ღმერთთან შეერთებას ღმერთზე ფიქრითა და გულისმიერი განუწყვეტელი ლოცვით.

- ოჰ, ეს დიდებული საქმეა და თითქმის შეუძლებელია ერის კაცთათვის შინაგანი ლოცვის მიღწევა, - წამოიძახა ბატონმა, - ნეტავ, ღმერთმა ის შეგვაძლებინოს, რომ გარეგნული ლოცვა მაინც დაუზარელად აღვავლინოთ!

- ასე ნუ ფიქრობთ, ძამიკო. ეს რომ შეუძლებელი და მიუღწეველი ყოფილიყო, ამ მცნებას ღმერთი ყველას არ მოგვცემდა. მისი ძალა უძლურების დროს მოქმედებს. გულისმიერი ლოცვის მისაღწევი გზის შესამსუბუქებლად გამოცდილი წმინდა მამები საამისო ხერხს გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ამა სოფლიდან განდგომილებს ისინი განსაკუთრებულ და უმაღლეს საშუალებებზე მიუთითებენ, მაგრამ ერისკაცებსაც უწესებენ შინაგანი ლოცვის მიღწევის ხელსაყრელ და სარწმუნო საშუალებებს.

- ამის შესახებ დაწვრილებით არსად წამიკითხავს, - თქვა ბატონმა.

- თუ სურვილი გაქვთ, ნება მიბოძეთ, "სათნოებათმოყვარეობიდან" წაგიკითხოთ.

მოვიტანე ჩემი "სათნოებათმოყვარეობა", მესამე ნაწილში ორმოცდამერვე გვერდზე პეტრე დამასკელის სტატია მოვძებნე და კითხვა დავიწყე:

- "სუნთქვაზე მეტად ყოველთვის, ყველგან და ყოველი საქმის დროს ღვთის სახელის მოწოდება უნდა ისწავლო. მოციქული ამბობს: "მოუკლებელად ილოცევდით", ანუ ის გვასწავლის, რომ ყოველთვის, ყველგან და ყოველი საქმის დროს გვახსოვდეს ღმერთი: თუ რაიმეს აკეთებ, ნივთთა შემოქმედი უნდა გახსოვდეს; თუ სინათლეს ხედავ, ამ სინათლის მომმადლებელი გახსოვდეს; თუ ცას, მიწას, ზღვასა და ყოველივე იმას ხედავ, რაც მათში არსებობს, გაოცდი და მათი შემოქმედი ადიდე; თუ ტანსაცმლით იმოსები, გაიხსენე, ვის მიერ არის ნაბოძები და მადლობა უთხარი მას, ვინც შენს სიცოცხლეზე ზრუნავს. მოკლედ რომ ვთქვათ, დაე, თითოეული შენი მოქმედება იყოს მიზეზი იმისა, რომ ღმერთი გაიხსენო და ადიდო. და, აი, შენ განუწყვეტლივ ლოცულობ, და ამის გამო შენს სულშიც ყოველთვის სიხარული იქნება". _ ხედავთ, განუწყვეტელი ლოცვის მიღწევის ეს ხერხი რამდენად მარჯვე, ადვილი და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც მცირე ადამიანური გრძნობები მაინც აქვს?!

მათ უზომოდ მოეწონათ წაკითხული. ბატონი აღფრთოვანებული გადამეხვია, მადლობა მითხრა, "სათნოებათმოყვარეობას" დახედა და თქვა:

- აუცილებლად ვიყიდი ამ წიგნს, პეტერბურგიდან ჩამოვატანინებ. ახლა კი, რომ არ დამავიწყდეს, შენ რომ წაიკითხე, ამ სტატიას გადავიწერ. მიკარნახე, _ და მყისვე ლამაზად გადაიწერა. შემდეგ წამოიძახა:

- ღმერთო ჩემო, მე ხომ წმინდა დამასკელის ხატიც მაქვს! (ეს, ალბათ, იოანე დამასკელის ხატი იყო.) მან ჩარჩო აიღო, დაწერილი ფურცელი შუშის ქვეშ ჩადო, ხატის ქვემოთ დაკიდა და მითხრა:

- აი, ღვთის წმინდანის ცოცხალი სიტყვა მისივე გამოსახულების ქვემოთ იქნება და ხშირად შემახსენებს, რომ ეს მაცხონებელი რჩევა საქმით აღვასრულო.

ამის შემდეგ სავახშმოდ გავემართეთ. სუფრასთან უწინდელივით ყველანი ვისხედით, მსახური კაცებიცა და ქალებიც. როგორი მოკრძალებული სიჩუმე და მდუმარება სუფევდა სუფრაზე! ნავახშმევს ყველამ, უფროსებმაც და ბავშვებმაც, დიდხანს ვილოცეთ. მე იესო ტკბილის დაუჯდომელი წამაკითხეს.

ლოცვის დასრულების შემდგომ მსახურები მოსასვენებლად წავიდნენ, ჩვენ სამნი კი ოთახში დავრჩით. ქალბატონმა თეთრი პერანგი და წინდები მომიტანა. მე მდაბლად დავუკარი თავი და ვუთხარი:

- დაიკო, წინდებს არ ავიღებ. არასდროს მცმია, ფეხსახვევებით სიარულს ვართ დაჩვეული.
ის ისევ გაიქცა, თავისი ძველი, ყვითელი ფერის, თხელი მაუდის ხიფთანი გამოიტანა და ორი ცალი ფეხსახვევისთვის დახია. ბატონმა კი თქვა, საბრალოს ქალამნები თითქმის დახევიაო, თავისი ახალი დიდი ფეხსაცმლები მომიტანა, რომლებსაც ჩექმებს ზემოთ იცვამდა. მითხრა:

- იმ ოთახში წადი! იქ არავინაა, და საცვლები გამოიცვალე.

წავედი, გამოვიცვალე და ისევ მათთან დავბრუნდი. სკამზე დამსვეს და ფეხზე ჩაცმა დამიწყეს: ბატონი ფეხებზე სახვევებს მახვევდა, ხოლო ქალბატონი ფეხსაცმლებს მაცმევდა. პირველად არ ვნებდებოდი, მაგრამ დაჯდომა მიბრძანეს და მითხრეს:

- იჯექი და ჩუმად იყავი! ქრისტე მოწაფეებს ბანდა ფეხებს.

რაღას ვიზამდი, ტირილი დავიწყე. ისინიც ატირდნენ. შემდეგ ქალბატონი ბავშვებთან ერთად დასაძინებლად დარჩა, ხოლო მე და ბატონი ბაღში, ტალავერში გავედით. დიდხანს არ გვეძინებოდა. ვიწექით და ვსაუბრობდით. ბოლოს ჩამაცივდა:

- ღვთის გულისათვის, Mსიმართლე მითხარი, ვინ ხარ? ალბათ, კარგი ოჯახის შვილი ხარ და თავს სალოსად აჩვენებ. კარგად წერ და კითხულობ, სწორად ლაპარაკობ და მსჯელობ. გლეხურად აღზრდილს ეს არ შეუძლია.

- ჩემს წარმომავლობასთან დაკავშირებით თქვენც და ქალბატონსაც გულწრფელად მოგახსენეთ სრული სიმართლე. თქვენთვის სიცრუისა და ტყუილის თქმა არც კი მიფიქრია. ან რაში მჭირდებოდა? რასაც ვამბობ, ჩემსას კი არ ვამბობ, არამედ იმას, რაც ჩემი ღვთივგაბრძნობილი უხუცესისგან მსმენია და რაც წმინდა მამებთან გულდასმით ამომიკითხავს. ჩემს უმეცრებას ყველაზე მეტად შინაგანი ლოცვა ჰფენს ნათელს. ჩემით კი არ მომიპოვებია იგი, არამედ ღვთის წყალობაა და უხუცესთა სწავლების შედეგად დაინერგა ჩემს გულში. ეს ხომ ყველა ადამიანს შეუძლია?! საკმარისია მხოლოდ საკუთარ გულში უფრო მეტი მდუმარებით ჩაღრმავება და იესო ქრისტეს განმანათლებელი სახელის უფრო ხშირად მოწოდება, რომ თითოეული ადამიანი მაშინვე იგრძნობს შინაგან ნათელს, ყველაფერი გასაგები გახდება მისთვის და ამ ნათელში ღვთის სასუფევლის ზოგიერთ საიდუმლოსაც დაინახავს. ესეც კი დიდი განმანათლებელი საიდუმლოა, როცა ადამიანი თვითჩაღრმავების უნარს ეუფლება, შეუძლია საკუთარი თავი შიგნიდან დაინახოს, თვითშემეცნებით დატკბეს, ლმობიერება განიცადოს და თავისი დაცემა და შერყვნილი ნება ტკბილად დაიტიროს. ადამიანებთან კეთილგონივრული ლაპარაკი და მსჯელობა არც ისე ძნელია და შეუძლებელი, რადგან გონება და გული ადამიანის განსწავლულობასა და სიბრძნეზე ადრე წარმოიშვა. თუ არსებობს გონება, მისი ცოდნით ან გამოცდილებით დამუშავებაც შეიძლება; და თუ გონება არ არსებობს, ვერანაირი აღზრდა ვერ უშველის. საქმეც სწორედ იმაშია, რომ შორს ვართ საკუთარი თავისგან და საკუთარ თავთან დაახლოება ნაკლებად გვსურს, მუდამ გავურბივართ საკუთარ თავთან შეხვედრას, ჭეშმარიტებას სატყუარაში ვცვლით და ვფიქრობთ: მოხარული ვიქნებოდი, სულიერ ღვაწლს ან ლოცვას შევდგომოდი, მაგრამ არ მცალია, ცხოვრებისეული ურვა და საზრუნავი ამისთვის დროს არ მიტოვებს. მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია და საჭირო: სულის მაცხონებელი მარადიული ცხოვრება თუ მსწრაფლწარმავალი ხორციელი ცხოვრება, რაზეც ამდენად ბევრს ვზრუნავთ? რაც გითხარით, აი, ეს გახლავთ ის, რასაც ადამიანები მიჰყავს ან კეთილგონიერებამდე, ან უგუნურობამდე.

- მომიტევე, საყვარელო ძმაო, მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო კი არა, შენდამი გულთბილი დამოკიდებულებისა და ქრისტიანული თანაგრძნობის გამო შეგეკითხე. ასევე ორი წლის წინათ ერთი მაგალითიც ვნახე, რამაც ჩემი შეკითხვა განაპირობა. ერთი გლახაკი მოვიდა ჩვენთან გადამდგარი ჯარისკაცის პასპორტით, მოხუცი, დაჩაჩანაკებული, ისეთი ღატაკი იყო, თითქმის შიშველი გახლდათ. ცოტას ლაპარაკობდა, თანაც ისე უბრალოდ, თითქოს უბირი გლეხი ყოფილიყო. ღატაკთა თავშესაფარში წავიყვანეთ. ხუთიოდე დღის შემდეგ ძლიერ ავად გახდა, ამიტომ ამ ტალავერში გადმოვიყვანეთ. ვამშვიდებდით, თავად მე და ჩემი ცოლი ვუვლიდით და ვმკურნალობდით. ბოლოს დაეტყო, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა. მოვამზადეთ იგი და აღსარებისთვის, ზიარებისა და შვიდგზის ზეთისცხებისთვის ჩვენს მღვდელს მოვუხმეთ. სიკვდილის წინ წამოდგა, ფურცელი და საწერ-კალამი მოითხოვა. მთხოვა, კარი ჩამეკეტა და არავინ შემეშვა, ვიდრე თავისი შვილისთვის ანდერძის წერას დაასრულებდა, რაც მისი სიკვდილის შემდეგ პეტერბურგში გარკვეულ მისამართზე უნდა გამეგზავნა. გავოცდი, როცა ვნახე, როგორ წერდა: არა მარტო მისი ხელწერა გახლდათ შესანიშნავი და განსწავლულობა ეტყობოდა, არამედ თავად წერილიც ბრწყინვალე, გამართული და ძალზე მგრძნობიარე იყო. აი, ხვალ წაგიკითხავ იმ ანდერძს. მისი ასლი მაქვს.

ყოველივე ამან გამაოცა და ცნობისმოყვარეობა გამიღვივა, მისი ცხოვრება და წარმომავლობა გამომეკითხა. მან დამაფიცა, რომ ნაამბობს მის სიკვდილამდე არავის გავუმხელდი და ღვთის სადიდებლად თავისი ცხოვრების შესახებ მიამბო:

"მე თავადი ვიყავი, დიდძალი სიმდიდრის მფლობელი. ვცხოვრობდი დიდებულად, განცხრომით და ქარაფშუტულად. ცოლი გარდამეცვალა, ვცხოვრობდი ჩემს ვაჟთან ერთად, რომელიც წარმატებით მსახურობდა გვარდიაში კაპიტნად. ერთხელ, როცა ერთ-ერთ პატივსაცემ პიროვნებასთან მეჯლისზე მივდიოდი, ჩემმა კამერდინერმა ძალიან გამაბრაზა. აზარტში შესულმა დაუნდობლად ჩავარტყი თავში და მისი სოფელში გაგზავნა ვბრძანე. ეს მოხდა საღამოს, მეორე დღეს კი, დილით, კამერდინერი თავში ანთებით გარდაიცვალა. ეს ამბავი ჩაიფარცხა. ჩემი გაუფრთხილებლობის გამო შევწუხდი, მაგრამ მალე ყველაფერი დამავიწყდა. გავიდა ექვსი კვირა. გარდაცვლილი კამერდინერი ჯერ ძილში მეცხადებოდა, ყოველღამე მაწუხებდა, მსაყვედურობდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: უსინდისოვ, შენ ჩემი მკვლელი ხარ. მერე ცხადშიც, სიფხიზლეშიც ვხედავდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირად მეცხადებოდა, შემდეგ კი თითქმის განუწყვეტლივ მაწუხებდა. ბოლოს მის გარდა სხვა მიცვალებულებსაც, ჩემ მიერ სასტიკად შეურაცხყოფილ მამკაცებსა და შეცდენილ ქალებს ვხედავდი. ყველანი გამუდმებით მსაყვედურობდნენ და იმდენად არ მაძლევდნენ მოსვენებას, რომ არც ძილი შემეძლო, არც ჭამა და არც რაიმეს კეთება. ძალ-ღონე სრულიად გამომელია და ძვალი და ტყავი დავრჩი. დაოსტატებულ ექიმთა ვერანაირი მცდელობა ვერ მშველოდა. სამკურნალოდ უცხოეთში წავედი. ნახევარი წელი ვიმკურნალე, მაგრამ არანაირი შემსუბუქება არ მიგრძვნია, მტანჯველი მოჩვენებები უმოწყალოდ მრავლდებოდა. ცოცხალ-მკვდარი ჩამომიყვანეს იქიდან. სულის ჯოჯოხეთური ტანჯვის მთელ საშინელებას სრული სისავსით განვიცდიდი ჯერ კიდევ სულისა და ხორცის გაყრამდე. მაშინ დავრწმუნდი ჯოჯოხეთის არსებობაში და მივხვდი, რასაც ნიშნავდა იგი.

ამგვარ ტანჯვაში ჩემი ცოდვები შევიცანი, მოვინანიე, აღსარება ვთქვი, ყველა ჩემს მსახურს თავისუფლება მივეცი და დავიფიცე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველგვარი შრომით გამეტანჯა თავი და გლახაკად შევნიღბულიყავი, რათა ჩემი ცოდვების გამო ადამიანთა ყველაზე დაბალი ფენის ყველაზე უკანასკნელი მსახური ვყოფილიყავი. როგორც კი ეს მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი შემაწუხებელი მოჩვენებებიც გაუჩინარდნენ. ღმერთთან შერიგებით ისეთ სიხარულსა და სიტკბოებას ვგრძნობდი, რომ მისი სრულად გადმოცემა არ შემიძლია. აქაც გამოცდილებით მივხვდი, რას ნიშნავს სამოთხე და როგორ იხსნება ღვთის სასუფეველი ჩვენს გულებში. მალე სავსებით გამოვჯანმრთელდი, შევასრულე დანაპირები და გადამდგარი ჯარისკაცის პასპორტით მალულად მივატოვე სამშობლო. უკვე თხუთმეტი წელია, რაც მთელ ციმბირში დავეხეტები. ზოგჯერ გლეხთან ქირით ვდგებოდი და ფიზიკურად ვმუშაობდი, ზოგჯერ კი ქრისტეს სახელით ვმათხოვრობდი და თავს ვირჩენდი. ჰოი, ყოველივე ამ სიდუხჭირეში რა ნეტარებას, ბედნიერებასა და სინდისის დამშვიდებას ვგრძნობდი! ამის სრულად შეგრძნება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც მეოხის მოწყალებით ჯოჯოხეთის სატანჯველიდან ღვთის სამოთხეში მოხვედრილა".

ეს რომ მიამბო, შვილთან გასაგზავნი ანდერძი გადმომცა და მეორე დღეს გარდაიცვალა. მისი ანდერძიდან გადაწერილი პირი ამჟამად ჩანთაში მაქვს, ბიბლიაში ჩადებული. თუ წაკითხვა გნებავთ, ახლავე მოგართმევთ. აი, ინებეთ!

მე წერილი გავხსენი და წავიკითხე:

"სახელითა ღვთისა, სამებაში განდიდებული მამისა და ძისა და სულისა წმიდისაÁთა,

ჩემო საყვარელო შვილო!

უკვე თხუთმეტი წელია, რაც მამაშენი არ გინახავს, მაგრამ დაკარგულიც იგი იშვიათად მაინც გებულობდა შენს ამბავს და შენ მიმართ ყოველთვის მამობრივ სიყვარულს განიცდიდა, სიყვარულს, რომელმაც აიძულა, სიკვდილის წინ დაეწერა და შენთვის გამოეგზავნა ეს სტრიქონები. დაე, ისინი გაკვეთილი იყოს შენს ცხოვრებაში.

შენთვის ცნობილია, თუ როგორ ვიტანჯებოდი ჩემი გაუფრთხილებლობისა და უყურადღებო ცხოვრების გამო, მაგრამ შენ არ იცი, უსახელო მწირობის დროს თუ რა ნეტარებაში ვიყავი სინანულის ნაყოფით დამტკბარი.

მშვიდად ვკვდები ჩემი კეთილი და ამავდროულად შენი მწყალობლის ხელში, რადგან მამის მიმართ გაღებული წყალობა ხორციელ შვილსაც უნდა ეხებოდეს. მიაგე მას ჩემი სამადლობელი, რითიც შეგიძლია.

გაძლევ მამის ლოცვა-კურთხევას და გაფიცებ, გახსოვდეს ღმერთი, იქონიო სუფთა სინდისი, იყო ფრთხილი, კეთილი და წინდახედული, ხელქვეითებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კეთილგანწყობითა და სიყვარულით მოექცე, არ შეიძულო გლახაკები და უცხოები, და გახსოვდეს, რომ მომაკვდავმა მამაშენმაც მხოლოდ სიღატაკესა და უცხოობაში პოვა ტანჯული სულის სიმშვიდე და განსვენება.

ვითხოვ შენთვის ღვთის მადლს და დამშვიდებული ვხუჭავ თვალებს სამარადისო ცხოვრების იმედით და კაცთა მეოხის - იესო ქრისტეს გულმოწყალებით.
შენი მამა"...

ასე ვიწექით და ვლაპარაკობდით მე და კეთილი ბატონი. აი, მას ვკითხე:

- ძამიკო, ვფიქრობ, მწირთა თავშესაფრის გამო ჯაფა და შფოთი არ უნდა გაკლდეთ? ბევრი ჩვენი მწირი ძმა ხომ იმიტომ დაეხეტება, რომ საქმე არ აქვს ან მუშაობა ეზარება. გზაზეც ცუღლუტობენ, როგორც ეს მინახავს კიდეც.

- იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევაც, მაგრამ უმთავრესად ნამდვილი მწირები გვხვდებიან, - მიპასუხა ბატონმა, - ცუღლუტებს კიდევ უფრო მეტად ვეფერებით და დიდხანს ვაჩერებთ საცხოვრებლად. ჩვენს ქრისტესმიერ ძმებთან, კეთილ გლახებთან ერთად ცხოვრების შემდეგ ისინი ხშირად გამოსწორდებიან ხოლმე და ღატაკთა თავშესაფრიდან მორჩილები და თვინიერები მიდიან. ამას წინათ იყო ერთი ასეთი შემთხვევა: ერთი აქაური, ქალაქელი მეშჩანი იმდენად გაირყვნა, რომ სახლიდან ყველა ჯოხისცემით აგდებდა და ლუკმაპურსაც არავინ აძლევდა. მსმელი, შმაგი და მოჩხუბარი კაცი იყო. ამასთან, ქურდობდა კიდეც. ამგვარ მდგომარეობაში მოვიდა იგი ჩვენთან, თან მშიერიც იყო. ითხოვდა პურსა და ღვინოს, რისი დიდი მოყვარულიც გახლდათ. ჩვენ ალერსიანად მივიღეთ და ვუთხარით:

- იცხოვრე ჩვენთან. ღვინოს იმდენს მოგცემთ, რამდენიც გინდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ როგორც კი დალევ, მაშინვე დაიძინებ. თუ მცირედ მაინც იბუნტებ და აყალ-მაყალს ატეხ, არა მარტო გაგაგდებთ და აღარასდროს მიგიღებთ, არამედ მაზრის ან ქალაქის პოლიციის უფროსს წერილობით მივმართავ, რომ, როგორც საეჭვო მაწანწალა, გაგასახლონ.

იგი დაგვთანხმდა და ჩვენთან დარჩა. ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იგი, მართლაც, სვამდა ბევრს, რამდენიც უნდოდა, მაგრამ დაპირების თანახმად და ღვინის სიყვარულის გამო (მისი დაკარგვისა ეშინოდა) ყოველთვის იძინებდა ან ბოსტანში გადიოდა, იქ წვებოდა და ჩუმად იყო. გამოფხიზლებულს ღატაკთა თავშესაფრის ძმები არწმუნებდნენ და ურჩევდნენ, რომ თავიდან მცირედ მაინც შეეკავებინა თავი. ასე რომ, მან თანდათან მოუკლო სმას, და საბოლოოდ, სამი თვის შემდეგ, თავშეკავებული კაცი გახდა. ამჟამად ქირით მუშაობს სადღაც და სხვის პურს უქმად არ ჭამს. სამი დღის წინ იგი მადლიერი მოვიდა ჩემთან.

- სიყვარულის ძალით რა სიბრძნე აღესრულება! - გავიფიქრე და წამოვიძახე, - კურთხეულ არს ღმერთი, რომელიც თავის მოწყალებას არ აკლებს თქვენს ოჯახს!

ამ საუბრის შემდეგ მე და ბატონმა საათი თუ საათნახევარი წავიძინეთ. ცისკრის ზარების ხმა მოგვესმა, მოვემზადეთ და წავედით. ტაძარში შესულებს ქალბატონი და ბავშვები დიდი ხნის მისულები დაგვხვდნენ. მოვუსმინეთ ცისკარს, რის შემდეგ მალე საღვთო ლიტურგიაც დაიწყო კიდეც. მე, ბატონი და პატარა ბიჭუნა საკურთხეველში დავდექით, ხოლო ქალბატონი და პაწია ქალბატონი წმინდა ძღვნის შეწირვის უკეთ დასანახავად - საკურთხევლის სარკმელთან. ღმერთო ჩემო, როგორ ლოცულობდნენ მუხლმოყრილნი და როგორი სიხარულის ცრემლები სდიოდათ! როგორ გაუნათდათ სახეები! მათ შემყურემ, მეც ბევრი ვიტირე.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ბატონები, მღვდელი, მსახურები და ყველა გლახა სასადილოდ სუფრისკენ გაემართნენ. ორმოცამდე გლახა იქნებოდა, მათ შორის იყვნენ ხეიბრებიც, ავადმყოფებიც და ბავშვებიც. ყველანი ერთ სუფრას მიუსხდნენ. რა სიჩუმე და სიმშვიდე იყო! გავკადნიერდი და ბატონს ფრთილად ვუთხარი:

- ტრაპეზის დროს მონასტრებში წმინდანთა ცხოვრებას კითხულობენ. კარგი იქნებოდა, თქვენც ასე მოქცეულიყავით, მით უმეტეს, რომ მთელი წლის თვენი გაქვთ.

ბატონმა ქალბატონს მიმართა:

- მართლაც, მაშა, მოდი, შემოვიღოთ ასეთი წესი. დასამოძღვრად გამოგვადგება. პირველ სადილზე მე წავიკითხავ, შემდეგ - შენ, შემდეგ მოძღვარმა წაიკითხოს, შემდეგ რიგრიგობით - ძმებმა, ვისაც შეუძლია.

მოძღვარმა, რომელიც საჭმელს შეექცეოდა, თქვა:

- მოსმენა მიყვარს, მაგრამ კითხვისთვის კი, თქვენს მონა-მორჩილს, საერთოდ არ მაქვს თავისუფალი დრო. მივირბენ სახლში და აღარც კი ვიცი, როგორ მივხედო ამდენ საქმესა და საზრუნავს, ხან რაა საჭირო და ხან - რა. შვილები ბლომად მყავს, პირუტყვიც - საკმაოდ. მთელი დღე ამაოებაში გადის, კითხვისა და სწავლისთვის ვიღას სცალია. რაც სემინარიაში ვისწავლე, ისიც კი, დიდი ხანია, დამავიწყდა.

ამის გაგონებაზე შევკრთი, მაგრამ ქალბატონმა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, ხელი მომკიდა და მითხრა:

- მოძღვარი თავმდაბლობით ამბობს ამას. ყოველთვის ასე იმცირებს თავს, სინამდვილეში, მეტად ქველ და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწევა. უკვე ოცი წელია, რაც დაქვრივდა, უამრავ შვილიშვილს ზრდის, თანაც, ხშირად წირავს.

მოსმენილმა ამბავმა გონებაში ამომიტივტივა ნიკიტა სტიფატის შემდეგი გამონათქვამი "სათნოებათმოყვარეობიდან": საგანთა ბუნება შინაგანი სულიერი განწყობილების მიხედვით განიზომება, ანუ ვინც როგორია, სხვებზეც ისე ფიქრობს. შემდეგ აგრძელებს: ვინც ჭეშმარიტ ლოცვასა და სიყვარულს მიაღწია, ის აღარ განასხვავებს საგნებს, არ ანსხვავებს ცოდვილს მართლისგან, ყველა თანაბრად უყვარს და აღარ განიკითხავს, მსგავსად ღვთისა, რომელიც მზის სხივსა და წვიმას მართალსაც უგზავნის და ცოდვილსაც.

კვლავ დუმილი ჩამოვარდა. ჩემ პირდაპირ სრულიად ბრმა მათხოვარი იჯდა გლახაკთა თავშესაფრიდან. ბატონი მას აჭმევდა: თევზს უჭრიდა, კოვზს აწვდიდა და შეჭამადს უსხამდა. დაჟინებით დავაცქერდი და შევნიშნე, რომ მას პირი სულ ღია ჰქონდა და ენას განუწყვეტლივ ატრიალებდა, თითქოს უცახცახებდა. გავიფიქრე, მლოცველი ხომ არ არის-მეთქი, და უფრო მეტად დავაკვირდი. ზუსტად სადილის დასრულების დროს ერთი მოხუცი ქალი ცუდად გახდა, ძლიერი შეტევა მოუვიდა და დაიკვნესა. ბატონმა და ქალბატონმა იგი თავიანთ საძინებელში გადაიყვანეს და საწოლზე დააწვინეს. ქალბატონი მის მოსავლელად დარჩა. მოძღვარი, ყოველი შემთხვევისთვის, წმინდა ნაწილების მოსატანად გაეშურა, ბატონმა კი ეტლის მომზადება ბრძანა და ექიმის მოსაყვანად ქალაქში გაემართა. ყველანი წავიდ-წამოვიდნენ.

თითქოს ლოცვის შიმშილს ვგრძნობდი, ლოცვად დადგომის ძლიერი მოთხოვნილება დამეუფლა. განმარტოებისა და მდუმარებაში ყოფნის საშუალება კი, უკვე რამდენიმე დღეა, არ მქონდა. გულში წყალდიდობასავით მოზვირთდა ლოცვა, რომელიც ამოხეთქასა და მთელ სხეულში დაღვრას ლამობდა; და რადგან მას ჩემში ვაკავებდი, გულში ძლიერი, მაგრამ რაღაცნაირი საამური ტკივილი ვიგრძენი, რომელსაც მდუმარებაში დამშვიდება და ლოცვით დანაყრება ესაჭიროებოდა. ამ დროს მივხვდი, გულში თავისთავად მოქმედი ლოცვის ჭეშმარიტი აღმსრულებლები რატომაც გაურბოდნენ ხალხს და თავს უსახელობაში მალავდნენ; ასევე მივხვდი, რატომ უწოდებს ღირსი ისიხი თვით ყველაზე სულიერ და სასარგებლო, მაგრამ უზომო საუბარს ამაოდმეტყველებას. ამავეს ამბობს ეფრემ ასურიც: "კეთილად მეტყველება ვერცხლია, მდუმარება კი - სუფთა ოქრო". ამგვარი ფიქრებით შეპყრობილი გლახაკთა თავშესაფრისკენ გავემართე. ნასადილევს იქ ისვენებდა ყველა. მე სხვენში ავძვერი, დავმშვიდდი, დავისვენე და ვილოცე. როცა გლახაკებმა გაიღვიძეს, ის ბრმა მოვძებნე და ბოსტნის უკან გავიყვანე. განმარტოებით დავსხედით და საუბარი დავიწყეთ.

- ღვთის გულისათვის და სულიერი სარგებლობისთვის, მითხარი, იესოს ლოცვას ამბობ?

- უკვე დიდი ხანია, რაც განუწყვეტლივ ვლოცულობ.

- მერე, რას გრძნობ ამ დროს?

- მხოლოდ იმას, რომ არც დღისით და არც ღამით ლოცვის გარეშე ყოფნა არ შემიძლია.

- როგორ განგიცხადა ღმერთმა ეს ღვაწლი? დაწვრილებით მიამბე, საყვარელო ძმაო!

- იცი რა, აქაური ამქარი ვიყავი, პურის ფულს თერძობით ვშოულობდი, გუბერნიებში სოფელ-სოფელ დავდიოდი და გლეხებს ტანისამოსს ვუკერავდი. ერთ სოფელში ერთ გლეხთან დიდხანს მომიხდა ყოფნა, მისი ოჯახისთვის ტანსაცმელი უნდა შემეკერა. რომელიღაც დღესასწაულზე სახატეზე სამი წიგნი დავინახე და ვიკითხე: თქვენში ვინ კითხულობს? არავინო, - მიპასუხეს, - ეს წიგნები ბიძიას გარდაცვალების შემდეგ დარჩა, წერა-კითხვა იცოდაო. ერთი წიგნი ავიღე, ალალბედზე გადავშალე და, ახლაც მახსოვს, შემდეგი სიტყვები წავიკითხე: განუწყვეტელი ლოცვა არის ღვთის სახელის მოხმობა ყოველთვის, ვსაუბრობთ თუ ვზივართ, დავდივართ თუ ვსაქმიანობთ, ვჭამთ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ, ყველგან და ყოველთვის ღვთის სახელის მოხმობა გვმართებს. წავიკითხე და გავიფიქრე, რომ ეს ჩემთვის სავსებით მოსახერხებელი იყო. ჰოდა, საკერავზე მუშაობის დროს ლოცვას ჩურჩულით ვამბობდი. ძალიან მომეწონა. ეს შენიშნეს იმათ, ვინც ჩემთან ერთად ქოხში ცხოვრობდა და დაცინვა დამიწყეს: კუდიანი ხომ არ ხარ, სულ რომ ჩურჩულებ? იქნებ, რამეს ამბობ? ეს რომ დამემალა, ბაგეებს აღარ ვატოკებდი და მხოლოდ ენით ვამბობდი. საბოლოოდ ისე მივეჩვიე ლოცვას, რომ ენა უკვე თავისთავად წარმოთქვამს მას დღედაღამ, და მე ეს ძალიან მომწონს.

დიდხანს ვიარე ასე. შემდეგ მოულოდნელად სრულიად დავბრმავდი. ჩვენს გვარში თითქმის ყველას უბნელდება თვალისჩინი. აი, ჩვენმა საზოგადოებამაც სიღარიბის გამო დავრდომილთა თავშესაფარში გამამწესა, რომელიც ჩვენს გუბერნიაში ქალაქ ტობოლსკში მდებარეობს. ახლა იქ მივდივარ, ბატონებმა კი იმისთვის გამაჩერეს აქ, რომ საზიდარი ტობოლსკამდე გამატანონ.

- რა ერქვა წიგნს, შენ რომ კითხულობდი? "სათნოებათმოყვარეობა" ხომ არა?

- სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი. სათაურისთვის არ დამიხედავს.

მე ჩემი "სათნოებათმოყვარეობა" მოვიტანე, მეოთხე თავში პატრიარქ კალისტეს ის სიტყვა მოვძებნე, რომელიც მან ზეპირად მითხრა, და წავუკითხე.

- ზუსტად ისაა, - წამოიძახა ბრმამ, - წაიკითხე, ძმაო, რა კარგია!

როცა იმ სტრიქონს მივუახლოვდი, სადაც ნათქვამია, რომ გულით ლოცვაა საჭირო, მან მკითხა:

- ეგ რას ნიშნავს? როგორ შეიძლება ამის კეთება?

ვუთხარი, რომ გულისმიერი ლოცვის შესახებ ყველა სწავლება დაწვრილებით მოთხრობილია ამ წიგნში, რომელსაც "სათნოებათმოყვარეობა" ჰქვია. გულით მთხოვა, ყველაფერი წამეკითხა.

- მოდი, ასე ვქნათ, - ვუთხარი მე, - როდის აპირებ ტობოლსკში წასვლას?

- თუნდაც ახლავე, - მიპასუხა მან.

- მაშ ასე, ხვალ მეც ვაპირებ წასვლას. ერთად წავალთ და ყველაფერს წაგიკითხავ, რაც გულისმიერ ლოცვას შეეხება, გასწავლი ხერხს, თუ როგორ უნდა მოძებნო გულის ადგილი და როგორ შეაღწიო მასში.

- მერედა საზიდარი? - მკითხა მან.

- ეეჰ, რაში გჭირდება საზიდარი?! თითქოს გადაკარგულში იყოს ტობოლსკი, ვერსნახევარია იქამდე, ნელ-ნელა წავიდეთ. მერე იცი, რა კარგია ორისთვის განმარტოებით სიარული?! ლოცვაზე საუბარიც უფრო მოსახერხებელი იქნება და კითხვაც.

ასეც შევთანხმდით. საღამოს ბატონი თავად მოვიდა და ყველანი ვახშამზე მიგვიწვია. ნავახშმევს მე და იმ ბრმამ გამოვუცხადეთ, რომ მივემგზავრებოდით და "სათნოებათმოყვარეობის" უფრო მოხერხებულად წაკითხვის მიზნით საზიდარი აღარ დაგვჭირდებოდა. ბატონმა თქვა:

- "სათნოებათმოყვარეობა" მეც ძალიან მომეწონა. უკვე წერილიც დავწერე და ფულიც მოვამზადე, ხვალ სასამართლოში რომ წავალ, პეტერბურგში გავგზავნი, რათა იქიდან პირველივე ფოსტით გამომიგზავნონ "სათნოებათმოყვარეობა".

ასე რომ, დილით გზას გავუდექით. სანიმუშო სიყვარულისა და მოწყალებისთვის ბატონებს დიდი მადლობა მოვახსენეთ. სახლიდან ერთი ვერსის მანძილზე გამოგვაცილა ორივემ. ასე გამოვეთხოვეთ ერთმანეთს.

წავედით მე და უსინათლო. ნელ-ნელა, ცოტა-ცოტას მივდიოდით, ათ-თხუთმეტ ვერსს დღეში, დანარჩენ დროს კი განმარტოებულ ადგილას ვსხდებოდით და "სათნოებათმოყვარეობას" ვკითხულობდით. გულისმიერ ლოცვაზე ყველაფერი იმ თანამიმდევრობით წავუკითხე, როგორც ეს ჩემმა განსვენებულმა უხუცესმა მიმითითა, ანუ დავიწყე ნიკიფორე მონაზვნით, შემდეგ წავიკითხე გრიგოლ სინელი და ა.შ. როგორ ხარბად და ყურადღებით უსმენდა ყველაფერს, როგორ მოსწონდა და ტკბებოდა! შემდეგ ლოცვის თაობაზე ისეთი კითხვები დამისვა, რომლებზე პასუხის გასაცემადაც ჩემი გონება უძლური იყო.

"სათნოებათმოყვარეობიდან" საჭირო თავების წაკითხვის შემდეგ დაჟინებით მთხოვა, პრაქტიკულად მეჩვენებინა გონებით გულის მოძიების ხერხი, თუ როგორ უნდა შეეყვანა გულში იესო ქრისტეს ღვთიური სახელი და გულისმიერი შინაგანი ლოცვით ტკბილად როგორ ელოცა. ვუთხარი:

- აი, შენ ახლა ვერაფერს ხედავ, მაგრამ ხომ შეგიძლია, გონებაში წარმოიდგინო და წარმოისახო ის, რაც ადრე გინახავს, მაგალითად, ადამიანი ან რაიმე საგანი, ან შენი სხეულის რომელიმე ასო, კერძოდ, ხელი ან ფეხი? შეგიძლია, ისე ცხადად წარმოიდგინო, თითქოს მას უცქერდე? შეგიძლია, თუნდაც შენი უსინათლო თვალებით მზერა მიაპყრო მას?

- შემიძლია, - მიპასუხა ბრმამ.

- ზუსტად ასევე წარმოიდგინე შენი გული, მიაპყარი მზერა, თითქოს მკერდის შიგნით იყურებოდე. რაც შეიძლება ცოცხლად წარმოიდგინე გული, ყურით კი [გულდასმით მოუსმინე, როგორ ცემს და ზედიზედ ძგერს. როცა ამას მიეჩვევი, შემდეგ თან გულში იყურე და თან გულის თითოეულ ძგერას ლოცვის სიტყვები შეუწყვე]20. ამრიგად, პირველ დარტყმაზე თქვი ან გაიფიქრე უფალო, მეორეზე - იესო, მესამეზე - ქრისტე, მეოთხეზე - შემიწყალე, მეხუთეზე - მე. ასე მრავალგზის გაიმეორე. შენ შეძლებ ამას, რადგან გულისმიერი ლოცვისთვის საჭირო საწყისი და მოსამზადებელი ხანა უკვე განვლილი გაქვს. ამას რომ მიეჩვევი, შემდეგ სუნთქვასთან ერთად მთელი იესოს ლოცვის გულში შეყვანა და გამოყვანა დაიწყე, როგორც ამას მამები გვასწავლიან, ანუ ჰაერის შესუნთქვისას თქვი ან გაიფიქრე: "უფალო იესო ქრისტე", ხოლო ამოსუნთქვისას - "შემიწყალე მე!" რაც შეიძლება ხშირად და ბევრჯერ ივარჯიშე ასე, და მალე გულში ნაზ და საამურ ტკივილს იგრძნობ, შემდეგ იგი გათბება და გალღვება. ღვთის შეწევნით ამგვარად მიაღწევ ტკბილსა და თავისთავად მოქმედ გულისმიერ შინაგან ლოცვას. Mმაგრამ ამ დროს ყოველნაირად უფრთხილდი გონებისმიერ წარმოდგენებსა და ნებისმიერი სახის ხატებას. არ შეიწყნარო არანაირი წარმოდგენა, რადგან წმინდა მამები ცალსახად გვამცნობენ, რომ შინაგანი ლოცვის დროს უნდა დავიცვათ უსახობა, რათა ხიბლმა არ შეგვიპყროს.

ბრმამ ყურადღებით მოისმინა ყოველივე ეს და ზუსტად მითითების თანახმად დაიწყო მოქმედება. როცა ღამით დასაძინებლად ვჩერდებოდით, იგი უმეტესწილად ამ საქმით იყო დაკავებული. ხუთი დღის შემდეგ მან გულში დიდი სითბო და ენითაღუწერელი სიამე იგრძნო. ასევე უდიდესი სურვილი დაეუფლა, განუწყვეტლივ ეთქვა ლოცვა, რომელიც მას იესო ქრისტეს სიყვარულს განუცხადებდა. დროდადრო ის სინათლესაც ხედავდა, მაგრამ მასში ვერავითარ საგანსა თუ ნივთს ვერ არჩევდა. ზოგჯერ, გულში შესვლის დროს, ეჩვენებოდა, რომ გულის სიღრმეში დანთებული სანთლის ალი საამურ ბრიალს იწყებდა, ყელიდან გარეთ გამოიტყორცნებოდა და მას სინათლეში ხვევდა. ამ ალის შუქზე მას შორს მყოფი საგნების დანახვაც კი შეეძლო, როგორც ეს ერთხელ მოხდა კიდეც.

ტყე-ტყე მივდიოდით. იგი ჩუმად იყო, მთლიანად ლოცვაში ჩაფლული. [უცებ მითხრა:

- რა სამწუხაროა!]21 ტაძარი იწვის. აი, სამრეკლოც წაიქცა.

- თავი დაანებე ცრუ წარმოსახვებს - ეს საცთურია. სასწრაფოდ უნდა განაგდო ყოველგვარი ოცნება. როგორ შეიძლება იმის დანახვა, რაც ქალაქში ხდება? იქამდე თორმეტი ვერსია დარჩენილი, -+ ვუთხარი მე.

მან დამიჯერა, ლოცვა განაგრძო და გაჩუდა. საღამოს ქალაქში მივედით. იქ მართლაც ვნახე რამდენიმე დამწვარი სახლი, ხის ხიმინჯებზე ნაშენი წაქცეული სამრეკლო, მათ გარშემო თავმოყრილი ხალხი, რომლებიც გაკვირვებულები იყვნენ, სამრეკლომ რომ ქვეშ არავინ მოიყოლა. ჩემი აზრით, ეს უბედურება სწორედ მაშინ მოხდა, როცა უსინათლო ამაზე მელაპარაკებოდა.

- შენ თქვი, რომ ჩემი ხილვა ცრუ იყო, მაგრამ, აი, ყველაფერი მართალი ყოფილა. როგორ შეიძლება არ მადლობდე და არ გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავის მადლს ცოდვილებსაც, ბრმებსაც და უგუნურებსაც უმჟღავნებს?! მადლობა შენც, გულისმიერი მოქმედება რომ მასწავლე, - მითხრა მან.

მე ვუთხარი:

- [სიყვარულით გიყვარდეს იესო ქრისტე და მადლობითაც მადლობდე მას, მაგრამ სხვდასხვა ხილვის მიჩნევას მადლის უშუალო გამოვლინებად მოერიდე, რადგან ეს ხშირად ბუნებრივად, საგანთა კანონზომიერებიდან გამომდინარეც შეიძლება მოხდეს. ადამიანის სულს შედარებით ნაკლებად ბოჭავს ადგილი და ნივთიერება. სული სიბნელეშიც ხედავს]22 და შორ მანძილზე მყოფი საგანი ისევე შეუძლია დაინახოს, თითქოს ახლოს იყოს. მხოლოდ ამ სულიერ უნარს ჩვენ არ ვაძლევთ ძალასა და გასაქანს. ჩვენი ტლანქი სხეულის მარწუხებით ან ჩვენი არეულ-დარეული აზრებითა და გაფანტული ზრახვებით ვახშობთ მას. აი, როცა საკუთარ თავს ვუღრმავდებით, ყოველივე გარემომდებარეს ყურადღებას არ ვაქცევთ და გონებას ვხვეწთ, მაშინ სულიც თავის დანიშნულებას ასრულებს და უმაღლეს ხარისხში მოქმედებს. ეს ბუნებრივია. ჩემი განსვენებული უხუცესისგან მსმენია, რომ არამლოცველი, მაგრამ ამგვარი ნიჭის მქონე ან ავადმყოფი ადამიანებიც კი ხედავენ ხოლმე, ბნელ ოთახში თუ როგორ გამოდის ყველა საგნიდან სინათლე, განარჩევენ საგნებს, გრძნობენ თავიანთ ორეულებს და სხვების აზრებში აღწევენ. მაგრამ ის, რაც გულისმიერი ლოცვის დროს ხდება, უშუალოდ ღვთის მადლიდან მომდინარეობს. იგი იმდენად ტკბილია, რომ ენა უძლურია მის გამოსათქმელად, არც რაიმე ნივთიერს შეედრება და ვერც ვერაფერს მიამსგავსებ. გულში მოქმედ მადლისმიერ ტკბილ შეგრძნებასთან შედარებით ყველა სხვა გრძნობა უმდაბლესია.

ჩემმა ბრმა თანამგზავრმა გულისყურით მომისმინა და კიდევ უფრო მორჩილი გახდა. ლოცვა უფრო და უფრო უღვივდებოდა გულში და წარმოუდგენლად ატკბობდა. მთელი გულით მიხაროდა მის გამო და ღმერთს უზომოდ ვმადლობდი, რომ მისი ასეთი კურთხეული მონის ხილვის ღირსი გამხადა. ბოლოს ტობოლსკშიც მივედით. მოხუცი დავრდომილთა თავშესაფარში მივიყვანე, იქ დავტოვე, სიყვარულით დავემშვიდობე და გზა განვაგრძე.

ერთი თვე ნელა ვიარე. ღრმად შევიგრძნობდი, რამდენად დამრიგებლობითი და წამახალისებელი არის ხოლმე კარგი, ცოცხალი მაგალითი. "სათნოებათმოყვარეობას" ხშირად ვკითხულობდი და ყველაფერს ვამოწმებდი, რაც უსინათლო მლოცველს ვუთხარი. მისმა ჭკუის სასწავლებელმა მაგალითმა ჩემში მოშურნეობის, უფლისადმი მადლიერებისა და სიყვარულის ცეცხლი დაანთო. გულისმიერი ლოცვა იმდენად მატკბობდა, რომ ვერც კი წარმომედგინა, დედამიწაზე ვინმე თუ იყო ჩემზე უფრო ბედნიერი, და მაოცებდა, ამაზე მეტი და დიდი ნეტარება როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ცათა სასუფეველში. ამას არა მარტო სულიერად განვიცდიდი, არამედ ირგვლივ ყველაფერი თვალწარმტაცად მესახებოდა, ყველაფერი ღვთის სიყვარულისა და მადლიერებისკენ მიბიძგებდა. ადამიანები, ხეები, მცენარეები, ცხოველები - ჩემთვის ყველაფერი მშობლიური გახდა, ყველაფერში იესო ქრისტეს სახელს ვხედავდი. ზოგჯერ ისეთი სიმსუბუქე მეუფლებოდა, თითქოს სხეული აღარ მქონოდა და კი არ მივდიოდი, არამედ სიხარულით დავცურავდი ჰაერში. ზოგჯერ საკუთარ წიაღში შევდიოდი, აშკარად ვხედავდი მთელ ჩემს შიგნეულობას და მაოცებდა, რამდენად ბრძნულად იყო ადამიანის სხეული აგებული. ზოგჯერ ისეთ სიხარულს ვგრძნობდი, თითქოს მეფე ვყოფილიყავი. ყოველი ამგვარი ნუგეშის დროს ვნატრობდი, როდის მიიბარებდა ღმერთი ჩემს სულს, რათა სულების სამყაროში მის ფერხთით მადლიერებად დავღვრილიყავი.

ჩანს, ამგვარი შეგრძნებებით უზომოდ ვტკბებოდი ან ღვთის დაშვება იყო, რომ გარკვეული ხნის შემდეგ გულში რაღაცნაირი თრთოლვა და შიში ვიგრძენი. ისევ რაიმე განსაცდელი ან უბედურება ხომ არ მელის იმ შემთხვევის მსგავსად, გოგონას რომ იესოს ლოცვა ვასწავლე? - გავიფიქრე. ღრუბლებივით გარს მომადგნენ აზრები. ამ დროს ღირსი იოანე კარპათელის სიტყვები გამახსენდა. ის ამბობს, რომ ხშირად, ვინც სხვას ასწავლის, დამცირებას იტანს და უბედურებასა და განსაცდელს ითმენს იმათ გამო, ვინც მისგან სულიერ სარგებელს ნახულობსო. აზრებს შევებრძოლე და ლოცვა გავაძლიერე, რითაც ისინი სრულიად განვდევნე. გამხნევებულმა ჩემს თავს ვუთხარი: იყოს ნება ღვთისა! მზად ვარ, ყველაფერი დავითმინო, რასაც ჩემი ცოდვებისა და ამაყი ხასიათის გამო იესო ქრისტე მომივლენს. ხოლო ვისაც ამას წინათ გულში შესვლისა და შინაგანი ლოცვის საიდუმლო გავუმჟღავნე, ისინი ჩემთან შეხვედრამდეც უკვე უშუალოდ ღვთისგან იყვნენ საამისოდ საიდუმლოდ განსწავლულნი და მომზადებულნი. ამან დამამშვიდა. ნუგეშით აღვსილმა კვლავ ლოცვით განვაგრძე გზა და უწინდელზე მეტად ვხარობდი. ორი დღე წვიმდა. გზა ისე ატალახდა, რომ ლაფში ძლივს ვადგამდი ფეხებს. სტეპით მივდიოდი. თხუთმეტი ვერსის მანძილზე არც ერთი დასახლება არ შემხვედრია. ბოლოს, საღამო ხანს, ზედ გზის პირას სახლი დავინახე. გამიხარდა. გავიფიქრე: დასვენებასა და ღამის გათევას აქ ვითხოვ, ხვალ კი, თუ ღმერთმა ინება, იქნებ, ამინდიც გამოკეთდეს.

სახლს რომ მივუახლოვდი, ჯარისკაცის შინელიანი ნასვამი ბერიკაცი დავინახე, რომელიც მიწაყრილზე იჯდა. თავი დავუკარი და ვუთხარი:

- შეიძლება, აქ ვინმეს ღამის გათევა ვთხოვო?

- ჩემ გარდა ვინ შემოგიშვებს? - დაიყვირა მოხუცმა, - აქ მე ვარ უფროსი! ეს საფოსტო სადგურია, მე კი - მისი უფროსი.

- მაშ, ნება მომეცით, ძია, თქვენთან გავათიო ღამე!

- პასპორტი გაქვს? წარმოადგინე კანონიერი საბუთი.

პასპორტი მივეცი. მას ხელში უჭირავს ჩემი პასპორტი და ისევ მეკითხება:

- აბა, სად არის პასპორტი?

- ხელში გიჭირავთ, _ ვუპასუხე მე.

- კარგი, ქოხში შევიდეთ, - სადგურის უფროსმა სათვალე გაიკეთა, წაიკითხა და მითხრა, - ნამდვილად კანონიერია. შეგიძლია, ღამე გაათიო. მე ხომ კეთილი კაცი ვარ. აი, ჭიქას მოგიტან.

- საერთოდ არ ვსვამ, - ვუპასუხე მე.

- მიმიფურთხებია, ივახშმე მაინც ჩვენთან ერთად.

სუფრას მივუსხედით: თვითონ ბერიკაცი, მზარეული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასევე საკმაოდ ნასვამი იყო, და მეც გვერდით მიმისვეს. მთელი ვახშმობის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ლანძღავდნენ, ესაყვედურებოდნენ, და ბოლოს იჩხუბეს კიდეც. უფროსი წინკარში, საკუჭნაოში გავიდა დასაძინებლად, მზარეული კი სუფრის ალაგებას შეუდგა. ჭიქებსა და კოვზებს რეცხავდა და თან მოხუცს ლანძღავდა. ცოტა ხანი ვიჯექი. გავიფიქრე, რომ იგი მალე არ დაშოშმინდებოდა და ვუთხარი:

- დაიკო, სად დავიძინო? გზაში ძალიან დავიღალე.

- ახლავე დაგიგებ ლოგინს, ძამიკო.

მან წინა ფანჯარასთან დახლს სკამი მიადგა, ზედ ქეჩა დააფინა და სასთუმალი დამიგო. დავწექი, თვალები დავხუჭე, ვითომ მეძინა. მზარეულმა კიდევ დიდხანს იფაციფუცა. [ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი მიალაგა, ცეცხლი ჩააქრო და მომიახლოვდა. უცებ წინა კუთხის მთელი ფანჯარა თავისი ჩარჩოთი, მინითა და წირთხლით ნამსხვრევებად იქცა და საშინელი ხმაურით მიმოიფანტა. მთელი ქოხი შეზანზარდა, ხოლო ფანჯრის უკან კვნესა, კივილი და აფართხალების ხმა გაისმა. ქალი შიშისგან უკან გადავარდა და შუა ოთახში იატაკზე დაენარცხა. თავზარდაცემული წამოვვარდი, მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამისკდა. ვხედავ, ორმა მეეტლემ ქოხში კაცი შემოიყვანა]23, მთლად გასისხლიანებული, სახე აღარც კი უჩანდა. ამან კიდევ უფრო შემზარა. ეს ფელდიეგერი იყო, რომელიც სადგურში ცხენების გამოსაცვლელად მოიჩქაროდა. მისმა მეეტლემ ჭიშკართან სწორად ვერ მოუხვია, ეტლის ხელნით ფანჯარა შემოლეწა და, რადგან ქოხის წინ თხრილი იყო, ეტლი გადაბრუნდა. ფელდიეგერი გადავარდა და მახვილწვერიან სარზე, რითაც მიწაყრილი იყო გამაგრებული, თავი ღრმად გაიჭრა. ფელდიეგერმა ჭრილობის მოსაბანად ღვინო და წყალი მოითხოვა, ღვინით მოიბანა და ერთი ჭიქა თავადაც დალია. შემდეგ წამოიძახა:

- ცხენები!

მივუახლოვდი და ვუთხარი:

- ძმობილო, ასეთი ჭრილობით როგორ წახვალ?

- ფელდიეგერს ავადმყოფობისთვის დრო არ აქვს! _ მიპასუხა მან და გაქუსლა.

მეეტლეებმა გულწასული ქალი კუთხეში ღუმელთან მიათრიეს, ჭილობი დააფარეს და თქვეს: "შიშისგან დაემართა, მოყოჩაღდება". სადგურის უფროსმა ნაბახუსევზე ისევ დალია და დასაძინებლად წავიდა. [მარტო დავრჩი.

მალე ქალი წამოდგა, შეშლილივით აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა და ბოლოს ქოხიდან გავიდა. მე ვილოცე. სისუსტე ვიგრძენი და გათენებამდე ცოტა წავიძინე. დილით სადგურის უფროსს დავემშვიდობე და გზას გავუდექი. მივდიოდი და რწმენით, იმედითა და მადლიერებით ლოცვას აღვუვლენდი მოწყალებისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას, ვინც მოახლოებული უბედურებისგან დამიხსნა.

ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ]24, როცა ერთ-ერთ დედათა მონასტერს ჩავუარე, ეკლესიაში სალოცავად შევედი. უცხოთშემწყნარებელმა იღუმენიამ წირვის შემდეგ თავისთან წამიყვანა. ჩაის მოტანა ბრძანა. მოულოდნელად სტუმრები ეწვივნენ. ის მათთან გავიდა, მე კი თავის მესენაკე მონაზვნებთან დამტოვა. ცნობისმოყვარეობა აღმიძრა თავმდაბალმა მონაზონმა, რომელიც ჩაის ასხამდა, და ვკითხე:

- დედაო, დიდი ხანია, რაც ამ სავანეში ხართ?

- ხუთი წელია, - მიპასუხა მან, - აქ ჭკუაშეშლილი მომიყვანეს. ღმერთმა აქ შემიწყალა, დედა იღუმენიამ თავის სენაკში დამტოვა და აღმკვეცა.

- შეშლილობა რამ გამოიწვია? - ვკითხე მე.

- შიშმა. ერთ-ერთ სადგურში ვმუშაობდი. ღამით, როცა მეძინა, ცხენებმა ფანჯარა შემოამტვრიეს და შიშისგან შევიშალე. ნათესავები მთელი წელი დამატარებდნენ წმინდა ადგილებში და [მხოლოდ აქ განვიკურნე.

ეს რომ მოვისმინე, სულით გავიხარე და ვადიდე ღმერთი, ჩვენდა სასარგებლოდ სიბრძნით რომ აწყობს ყოველივეს]25.

- კიდევ ბევრი რამ შემემთხვა, - ვუთხარი ჩემს მოძღვარს, - ყველაფერი რომ დაწვრილებით მოვყვე, სამი დღე-ღამეც არ მეყოფა. მხოლოდ ერთ შემთხვევას გიამბობთ კიდევ:

ზაფხულის ერთ მზიან დღეს გზის მახლობლად სასაფლაო დავინახე, უფრო სწორად, სოფლის სასაფლაო ეკლესიითა და ღვთისმსახურთა სახლებით. წირვის ზარები დარეკეს. იქით გავეშურე, იქით მიდიოდნენ სოფლის მაცხოვრებლებიც. ზოგი, არმისული ეკლესიამდე, ბალახზე ჩამომჯდარიყო. რომ დამინახეს, როგორ მივიჩქაროდი, მითხრეს: არ იჩქარო, კარგა ხანს მოგიწევს დგომა, სანამ წირვას დაიწყებენ. აქ ძალიან დიდხანს მსახურობენ, მღვდელი ავადმყოფია და ისეთი ზოზინა... მართლაც, ღვთისმსახურება ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მღვდელი ახალგაზრდა, მაგრამ ძალზე გამხდარი და ფერმკრთალი იყო. ძალიან ნელა, თუმცა მოწიწებით მოქმედებდა. წირვის დასასრულს დიდი გრძნობით წარმოთქვა შესანიშნავად გასაგები [ქადაგება იმის თაობაზე, თუ რა ხერხებით მოიპოვება ღვთის სიყვარული.

მღვდელმა თავისთან მიმიხმო და სადილად დამტოვა. როცა სუფრას ვუსხედით, ვუთხარი:

- მამაო, როგორი მოწიწებით მსახურებთ, და რა ხანგრძლივად!]26

- დიახ, - მიპასუხა მან, - თუმცა მრევლს ეს არ მოსწონს და ბუზღუნებენ, მაგრამ რას იზამ... მიყვარს, როცა ჯერ ლოცვის თითოეულ სიტყვას ვიაზრებ, მისით ვტკბები და შემდეგ ხმამაღლა წარმოვთქვამ. სხვაგვარად, შინაგანი განცდისა და გრძნობის გარეშე წარმოთქმული ყოველი სიტყვა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც უსარგებლო იქნება. ყველაფერი შინაგან ცხოვრებასა და ყურადღებიან ლოცვაზეა დამოკიდებული! ჰოი, რა ცოტა მისდევს შინაგან ღვაწლს! ეს იმის ბრალია, რომ არ სურთ და არ ზრუნავენ შინაგან, სულიერ განათლებაზე, - თქვა მღვდელმა.

მე ისევ შევეკითხე:

-  როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? ვფიქრობ, ეს ძალიან ძნელია.

- სრულებითაც არა! სულიერად რომ განათლდე და ყურადღებიანი და შინაგანი ადამიანი იყო, ამისთვის საჭიროა, წმინდა წერილიდან რომელიმე ტექსტი აიღო, მასზე, რაც შეიძლება, დიდხანს შეაჩერო ყურადღება, იფიქრო, და შემეცნების ნათელიც გამოგიბრწყინდება. ასევე უნდა მოიქცე ლოცვის დროსაც: თუ გსურს, ლოცვა წმინდა, სწორი და ტკბილი იყოს, უნდა შეარჩიო მოკლე, ნაკლებსიტყვიანი, მაგრამ ძლიერი შინაარსის მქონე ლოცვა, მრავალგზის და დიდხანს იმეორო, და მაშინ იგრძნობ ლოცვის გემოს.

მღვდლის დარიგება ძალიან მომეწონა. როგორი ქმედითი და მარტივი იყო, მაგრამ ამასთანავე, ღრმა და ბრძნული. ღმერთს გონებაში მადლობა შევწირე, თავისი ეკლესიის ასეთი ჭეშმარიტი მწყემსი რომ მაჩვენა.

ნასადილევს მღვდელმა მითხრა:

- სადილის შემდეგ დაიძინე, მე კი ღვთის სიტყვას წავიკითხავ და ხვალინდელ ქადაგებას მოვამზადებ.

სამზარეულოში გავედი. იქ არავინ იყო, გარდა ერთი ღრმად მოხუცებული ქალისა, რომელიც კუთხეში მიყუჟულიყო და ახველებდა. ფანჯარასთან დავჯექი, ჩანთიდან "სათნოებათმოყვარეობა" ამოვიღე და ჩემთვის ხმადაბლა კითხვა დავიწყე. ბოლოს მომესმა, რომ კუთხეში მჯდომი მოხუცი განუწყვეტლივ ჩურჩულებდა იესოს ლოცვას. ხშირად წარმოთქმული უფლის უწმინდესი სახელის გაგონებამ გამახარა და მოხუცს გამოველაპარაკე:

- დედილო, რა კარგია, რომ სულ ლოცულობ! ეს ყველაზე დიდი ქრისტიანული და მაცხონებელი საქმეა.

- დიახ, შვილო, - მიპასუხა მან, - [სიბერეში სასიხარულო მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ უფალს პატიება ვთხოვო!

- დიდი ხანია, რაც ასეთ ლოცვას მიეჩვიე?]27

- ბავშვობიდან, შვილო. უმისოდ ყოფნა არ შემიძლია. იესოს ლოცვამ დაღუპვასა და სიკვდილს გადამარჩინა.

- ეს როგორ? გთხოვ, მიამბო ღვთისა და იესოს ლოცვის მადლმოსილი ძალის სადიდებლად.

"სათნოებათმოყვარეობა" ჩანთაში ჩავიდე და მოხუცს ახლოს მივუჯექი. მან მოყოლა დაიწყო:

- ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა ვიყავი. მშობლები ჩემს გათხოვებაზე შეთანხმდნენ. მეორე დღეს ქორწილი უნდა ყოფილიყო. სასიძო ჩვენთან მოდიოდა. ათიოდე ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ უცებ დაეცა და მოკვდა, ერთიც არ ამოუსუნთქავს. ამან ისე შემაშინა, რომ გათხოვებაზე საერთოდ უარი ვთქვი, გადავწყვიტე, ქალწულებაში მეცხოვრა და წმინდა ადგილებში სალოცავად მევლო. მაგრამ გზაზე მარტო სიარული მეშინოდა, ვაითუ, ჩემი ახალგაზრდობის გამო ბოროტ ადამიანებს შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ერთმა ნაცნობმა მოხუცმა მწირმა ქალმა მასწავლა, რომ გზად, სადაც უნდა მევლო, ყოველთვის განუწყვეტლივ მეთქვა იესოს ლოცვა და მტკიცედ დამარწმუნა, რომ ამ ლოცვის დროს გზაში არანაირი უბედურება არ შემემთხვეოდა. მეც დავუჯერე და ყოველთვის მშვიდობიანად დავდიოდი, შორეულ წმინდა ადგილებშიც კი. [ამისთვის ფულს მშობლები მაძლევდნენ. სიბერეში დავსნეულდი]28, და, აი, აქაური მღვდელი თავისი გულმოწყალებით მინახავს და მაჭმევს.

სიამოვნებით ვუსმენდი მას და არ ვიცოდი, ღვთისთვის როგორ მეთქვა მადლობა იმ დღის გამო, ასეთი ჭკუის სასწავლებელი მაგალითი რომ მაჩვენა. შემდეგ კეთილი და მოკრძალებული მღვდლისგან კურთხევა ვითხოვე და გახარებული გავუდექი გზას.

ასევე, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, როცა ყაზანის გუბერნიის გავლით აქეთ მოვდიოდი, [შემთხვევა მომეცა, გამეგო, იესო ქრისტეს სახელით აღვლენილი ლოცვის ძალა რამდენად აშკარად და ცოცხლად შეიძლება განცხადდეს]29, თვით შეუგნებლად მლოცველ ადამიანშიც კი, და რომ ლოცვის სიხშირე და ხანგრძლივობა უტყუარი და უმოკლესი გზაა ლოცვის კეთილი ნაყოფის მოსაპოვებლად.

ერთხელ თათრების სოფელში მომიხდა ღამის გათევა. ერთი სახლის ფანჯრის ქვეშ ოთხთვალა და რუსი მეეტლე დავინახე. ოთხთვალას ახლოს ცხენები ბალახობდნენ. გამიხარდა და გადავწყვიტე, ღამის გათევა იქვე მეთხოვა. ვფიქრობდი, ქრისტიანებთან მაინც გავათევ-მეთქი ღამეს. მივედი მეეტლესთან და ვკითხე:

- ვინ მგზავრობს?

მან მიპასუხა, რომ ბატონი მიდიოდა ყაზანიდან ყირიმში. როცა მეეტლეს ველაპარაკებოდი, ამ დროს ბატონმა ტყავი გადასწია, ოთხთვალადან გამოიხედა, შემომხედა და მითხრა:

- მეც აქ ვათევ ღამეს. ქოხში არ შევსულვარ, რადგან თათრებთან ძალიან დიდი სისაძაგლეა და ღამის გასათევად ოთხთვალაში დარჩენა გადავწყვიტე.

შემდეგ ბატონი სასეირნოდ გადმოვიდა. კარგი საღამო იყო. საუბარი გავაბით. ბევრ კითხვა-პასუხში, აი, რა მაიმბო საკუთარ თავზე:

- სამოცდახუთ წლამდე ფლოტში პირველი რანგის კაპიტნად ვმსახურობდი. სიბერეში განუკურნებელი სენი, ნიკრისის ქარი, შემეყარა. სამსახურიდან გადავდექი, ყირიმში, ჩემი მეუღლის ხუტორში გადავედი საცხოვრებლად. თითქმის სულ ავად ვიყავი. ჩემი ცოლი ახირებული და დაბნეული ხასიათისა იყო, ბანქოს დიდი მოყვარული. მოსწყინდა ჩემისთანა ავადმყოფთან ცხოვრება, მიმატოვა და ყაზანში ჩვენს ქალიშვილთან წავიდა, რომელიც ჩინოვნიკზე იყო გათხოვილი. ცოლმა სრულიად გამძარცვა, მოსამსახურეებიც კი წაიყვანა, მხოლოდ ჩემი ნათლული, რვა წლის ბიჭუნა, დამიტოვა.

ასე ვცხოვრობდი სამი წელი. ჩემი მსახური ბიჭუნა სწრაფი და მოხერხებული გამოდგა, ყოველგვარ საოჯახო საქმეს ართმევდა თავს: ოთახს ალაგებდა, ღუმელს ანთებდა, ფაფას მიხარშავდა, სამოვარს ადუღებდა; მაგრამ ამასთანავე მეტისმეტად ანცი და ცელქი იყო: სულ დარბოდა, აკაკუნებდა, ყვიროდა, და ცელქობდა, რითაც ძლიერ მაწუხებდა. ავადმყოფობისა და მოწყენილობის გამო სასულიერო წიგნების კითხვა მიყვარდა. იესოს ლოცვაზე გრიგოლ პალამას შესანიშნავი წიგნი მქონდა, თითქმის განუწყვეტლივ ვკითხულობდი მას და ცოტ-ცოტას ვლოცულობდი კიდეც. ბიჭუნა ხელს მიშლიდა, ვერანაირი მუქარა და სასჯელი ვერ აცხრობდა მის სიცელქეს. მეც ასეთი რამ მოვიფიქრე: ჩემთან ოთახში სკამზე ვსვამდი და იესოს ლოცვის განუწყვეტლივ თქმას ვუბრძანებდი. პირველად საშინლად არ მოსწონდა, ყველნაირად არიდებდა თავს და ხშირად ჩუმდებოდა. მისთვის რომ ბრძანების შესრულება მეიძულებინა, გვერდით როზგი მედო: როცა იგი ლოცვას ამბობდა, მე წყნარად ვკითხულობდი წიგნს ან მას ვუსმენდი, ხოლო როგორც კი გაჩუმდებოდა, მაშინვე როზგზე მივუთითებდი და ისიც, შეშინებული, აგრძელებდა ლოცვას. ეს ძალიან მამშვიდებდა, რადგან ამ დროს სახლში სიჩუმე ისადგურებდა. გარკვეული ხნის შემდეგ შევნიშნე, რომ როზგი აღარ იყო საჭირო, ბიჭუნა ხალისით, გულმოდგინედ ასრულებდა ჩემს ბრძანებას. შემდეგ მის დაუდგრომელ ხასიათში სრული ცვლილება შევნიშნე: ის მშვიდი და ჩუმი გახდა, სახლის საქმეებსაც წარმატებით აგვარებდა. ამან გამახარა და უფრო მეტი თავისუფლება მივეცი. საბოლოოდ, იცი, რა მოხდა? - ისე მიეჩვია ლოცვას, რომ თითქმის ყოველთვის, ნებისმიერი საქმიანობის დროს, ჩემი მხრიდან ყოველგვარი იძულების გარეშე, ამბობდა ლოცვას. როცა ვეკითხებოდი, მპასუხობდა, რომ ლოცვის გამუდმებით თქმის უზომო სურვილი ჰქონდა.

- რას გრძნობ ამ დროს?

- არაფერს, მხოლოდ იმას, რომ კარგად ვარ, როცა ლოცვას ვამბობ.

- როგორ კარგად?

- არ ვიცი, როგორ გითხრა.

- მხიარულად ხარ?

- დიახ, მხიარულად.

უკვე თორმეტი წლის იყო, როცა ყირიმში ომი დაიწყო. მე ქალიშვილთან ყაზანში წავედი და ისიც თან წავიყვანე. ბიჭუნა სხვებთან ერთად სამზარეულოში გავამწესეთ. ძალიან მოიწყინა და შემომჩიოდა ხოლმე, რომ, როცა მსახურები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ და ეხუმრებოდნენ, მასაც არ ასვენებდნენ და დასცინოდნენ. ამით კი ლოცვაში ხელს უშლიდნენ. სამი თვის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა:

- სახლში წავალ, აქ აუტანელი მოწყენილობა და ხმაურია.

- ამ ზამთარში ასე შორს შენი მარტო წასვლა როგორ შეიძლება? დამელოდე და, როცა წავალ, შენც წაგიყვან, - ვუთხარი მე.

მეორე დღეს ბიჭი დაიკარგა. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ბოლოს, ყირიმიდან, ჩვენს ხუტორში დატოვებული ხალხისგან წერილი მივიღეთ. გვატყობინებდნენ, რომ 4 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, ბიჭუნა გარდაცვლილი იპოვეს ჩემს ცარიელ სახლში. იგი ჩემს ოთახში იატაკზე წოლილა, წესისამებრ გულზე ხელებდაკრეფილი, თავქვეშ ქუდი ჰქონია ამოდებული, სცმია იგივე თხელი სერთუკი, რითაც ჩემთან დადიოდა და რითაც გაიქცა. დაკრძალეს ჩემს ბაღში. ეს რომ გავიგე, უზომოდ გავოცდი, ამდენად სწრაფად რომ მივიდა ბიჭუნა ხუტორში. ის 26 თებერვალს წავიდა, 4 აპრილს კი იპოვეს. ერთ თვეში სამი ათასი ვერსის გავლა?! - თუნდაც ცხენებით, შეუძლებელია! მაშინ ხომ დღეში ასი ვერსი მაინც უნდა იარო! თანაც თხელი ტანსაცმლით, უპასპორტოდ და უკაპიკოდ! დავუშვათ, ვინმემ წაიყვანა. ესეც ღვთის განსაკუთრებული განგებისა და მასზე მზრუნველობის გარეშე არ მოხდებოდა. აი, ჩემმა ბიჭუნამ ლოცვის ნაყოფი იგემა, - თქვა ბოლოს ბატონმა, - მე კი სიბერეშიც ვერ მიმიღწევია მისი საზომისთვის.

ამის შემდეგ ბატონს ვუთხარი:

- შესანიშნავია ღირსი გრიგოლ პალამას წიგნი, ბიძიკო, რომლის წაკითხვაც თქვენ გინებებიათ. მეც ვიცი იგი, მაგრამ მასში უმეტესწილად ბაგეებით წარმოთქმულ იესოს ლოცვაზეა მსჯელობა. აბა, წაიკითხეთ წიგნი სახელწოდებით "სათნოებათმოყვარეობა". იქ თქვენ იპოვით სრულყოფილ მეცნიერებას იმისას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ იესოს სულიერ ლოცვას გონებასა და გულში და როგორ ვიგემოთ მისი ტკბილი ნაყოფი.

მას ჩემი "სათნოებათმოყვარეობა" ვაჩვენე. შევამჩნიე, რომ ჩემი რჩევა სიამოვნებით მიიღო და თავისთვის ასეთივე წიგნის შოვნას დამპირდა.

ღმერთო ჩემო, - ვფიქრობდი ჩემთვის, - ღვთიური ძალის როგორი საოცარი განცხადება ხდება ამ ლოცვაში! რამდენად ბრძნული და ჭკუის სასწავლებელია ეს შემთხვევა! ბიჭუნას როზგმა ასწავლა ლოცვა. ამასთან, სიმშვიდეც მოაპოვებინა! განა ღვთის როზგი არ არის ის განსაცდელები და უბედურებები, ჩვენ რომ ლოცვის გზაზე გვხვდება? მაშ, რატომ გვეშინია და ვშფოთავთ, როცა უსაზღვრო სიყვარულით აღვსებული ჩვენი ზეციური მამის ხელი ამ როზგზე მიგვითითებს, როცა როზგი გულმოდგინე ლოცვას გვასწავლის და ენითუთქმელი ნუგეშისკენ მიგვიძღვის?!

თხრობა დავასრულე და ჩემს სულიერ მამას ვუთხარი:

- ღვთის გულისათვის, მაპატიეთ, ბევრი ვიყბედე. წმინდა მამები კი უზომო საუბარს, თუნდაც სულიერს, უქმმეტყველებას უწოდებენ. დროა, იერუსალიმის თანამგზავრიც ვნახო. ილოცეთ ჩემთვის, უბადრუკი ცოდვილისთვის, რათა უფალმა თავისი უდიდესი მოწყალებით სასიკეთოდ წარმართოს ჩემი მოგზაურობა.

- [უფლისმიერ ჩემო საყვარელო ძმაო, - მიპასუხა მან, - მთელი გულით გისურვებ, რომ სიყვარულით მდიდარმა ღვთიურმა მადლმა გზა გიკურთხოს და ისევე თანაგიძღოდეს, როგორც რაფაელ მთავარანგელოზი უძღოდა ტობიასს!]30


მეორე ნაწილი

მწირის საუბრებიდან იესოს ლოცვის მადლმოსილ მოქმედებასთან დაკავშირებით


მწირის საუბარი მეხუთე შეხვედრის დრო

 

უკვე წელიწადი იყო გასული მწირთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ, როცა, ბოლოს და ბოლოს, კარზე წყნარმა კაკუნმა და ლოცვის სიტყვებმა ამ კურთხეული ძმის მოსვლა აუწყა მიმგებებელს მისი გულის გასახარად.

- მოვედ, საყვარელო ძმაო! ერთად აღვუვლინოთ სამადლობელი უფალს, რომელმაც აკურთხა გზა და დაბრუნება შენი!

- დიდება და მადლობა სიუხვის ზეციურ მამას ყოველივე იმისთვის, რასაც იგი თავისი განგებულებით ნიადაგ ჩვენი, მწირებისა და "უცხო მიწის" მდგმურების, სასარგებლოდ აწყობს! აი, მეც, ცოდვილი, შარშან დაგშორდით, მაგრამ ღვთის წყალობით კვლავ თქვენი ნახვისა და თქვენგან გულთბილი მოკითხვის ღირსი გავხდი! რა თქმა უნდა, მოელით, დაწვრილებით გიამბოთ ღვთის წმინდა ქალაქ იერუსალიმზე, საითაც ილტვოდა ჩემი სული და მივისწრაფოდი მტკიცე განზრახვით. მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ასე დამემართა მეც. არცაა გასაკვირი! განა მე, უბადრუკი ცოდვილი, ღირსი ვარ, იმ კურთხეულ მიწაზე დავდგა ფეხი, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ნაფეხურები აღიბეჭდა?!

მამაო, თქვენ გახსოვთ, რომ შარშან აქედან ამხანაგთან, ყრუ ბერიკაცთან ერთად წავედი. თან მქონდა ირკუტსკელი ვაჭრის წერილი მისი ვაჟისთვის ოდესაში გადასაცემად, მას იერუსალიმში უნდა გავემგზავრებინე. მოკლე ხანში მშვიდობით ჩავედით ოდესაში. ჩემმა ამხანაგმა გემზე დაუყოვნებლივ დაიქირავა კონსტანტინოპოლამდე ადგილი და გაემგზავრა, მე კი დავრჩი და წერილის მიხედვით ირკუტსკელი ვაჭრის შვილის მოსაძებნად წავედი. მალე ვიპოვე მისი ბინა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად და სამწუხაროდ, ჩემი კეთილისმყოფელი ცოცხალი არ დამხვდა - სამი კვირის წინ ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილიყო და დაესაფლავებინათ. მართალია, ამან ძალიან დამამწუხრა, მაინც ღვთის ნებას მივენდე. მთელი ოჯახი გლოვობდა. სამი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩენილი გარდაცვლილის ქვრივი იმდენად დარდობდა, რომ განუწყვეტლივ ტიროდა, დღეში რამდენჯერმე მისდიოდა გული და იტანჯებოდა. გეგონებოდათ, ამდენი მწუხარების შემდეგ დიდხანს ვეღარ იცოცხლებსო. ყველაფრის მიუხედავად, მან თბილად მიმიღო. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაკი იერუსალიმში ჩემი გამგზავრება ვერ ხერხდებოდა, თავიანთ სახლში ორი კვირით დამტოვეს სტუმრად, ვიდრე გარდაცვლილის მამა დაპირებისამებრ ოდესაში ჩამოვიდოდა, რათა განეკარგა, აღეწერა და მოეგვარებინა დაობლებული ოჯახის სავაჭრო საქმეები. ასე დავრჩი მათთან.

ვცხოვრობ ერთი კვირა, ერთი თვე, მეორე... ვაჭარმა ჩამოსვლის ნაცვლად წერილი გამოგზავნა, რომელშიც იუწყება, რომ, ვითარებიდან გამომდინარე, მათთან ჩამოსვლა არ შეუძლია; ამიტომ ურჩევს, ანგარიშის გასწორება ნოქრებს სთხოვონ და ყველანი დაუყოვნებლივ მასთან, ირკუტსკში გაემგზავრონ. დაიწყო ჩაბარგება, ფაცი-ფუცი. როცა დავინახე, ჩემთვის აღარ ეცალათ, მადლობა მოვახსენე თავშესაფრისთვის, დავემშვიდობე და ისევ რუსეთში სახეტიალოდ გავემართე...

ბევრი ვიფიქრე, ახლა საით წავიდე-მეთქი. ბოლოს იმ აზრზე შევჩერდი, რომ ჯერ კიევში წავსულიყავი. უკვე დიდი ხანი აღარ ვიყავი იქ ნამყოფი. წავედი კიდეც...

რა თქმა უნდა, თავიდან ვწუხდი, იერუსალიმში წასვლის სურვილი რომ ვერ ამიხდა, მაგრამ ეს ხომ არ მომხდარა ღვთის განგების გარეშე?! ვფიქრობდი ასე და იმ იმედით ვმშვიდდებოდი, რომ კაცთმოყვარე უფალი განზრახვასაც ისევე იწირავს, როგორც საქმეს, და ჩემს ბეჩავ გზაზე დამოძღვრისა და სულიერი სარგებლის გარეშე არ დამტოვებდა. ასეც მოხდა: ისეთ ადამიანებს ვხვდებოდი, რომლებიც ბევრ ჩემთვის უცნობ რამეს მიმჟღავნებდნენ და ჩემს დაბნელებულ სულს საცხონებლად განანათლებდნენ... ძალაუნებურად რომ არ დავდგომოდი ამ გზას, ვერც ჩემს სულიერ კეთილისმყოფელთ შევხვდებოდი. 
ამრიგად, დღისით ლოცვით დავდიოდი, ხოლო საღამოს, ღამის გასათევად რომ ვჩერდებოდი, ცხონების უხილავი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში სულის განსამტკიცებლად და გასამხნევებლად "სათნოებათმოყვარეობას" ვკითხულობდი.

ბოლოს, ოდესას სამოცდაათი ვერსით რომ გავცდი, უცნაურ შემთხვევას წავაწყდი: საქონლით დატვირთული დიდი აღალი მიდიოდა. ოცდაათი საზიდარი იქნებოდა. წამოვეწიე მათ. ერთი მეწინავე მეფორნე, როგორც ხელმძღვანელი, თავის ცხენს მიჰყვებოდა, ხოლო დანარჩენები შორიახლოს ჯგუფად მიდიოდნენ. გამდინარე ტბორზე უნდა გაგვევლო, რომელშიც გაზაფხულის დამტვრეული ყინული საშინელი ხმაურით ტრიალებდა და წყალს მიმოჰქონდა. უცებ ახალგაზრდა მეწინავე მეფორნემ ცხენი შეაჩერა. მის უკან მთელი ქარავანი უნდა შეჩერებულიყო. ყველა მეფორნემ მასთან მიირბინა. და რას ხედავენ? - გაჩერებული მეწინავე ტანსაცმელს იხდის. ჰკითხეს, რატომ იხდიდა. პასუხად მიიღეს, რომ მას ძალიან უნდოდა ტბორში ბანაობა. გაოცებული მეფორნეებიდან ზოგმა დაცინვა დაუწყო, ზოგი ლანძღავდა და გიჟს უწოდებდა, ხოლო გაშიშვლებული მეფორნის უფროსი ძმა აბრკოლებდა და ხელს ჰკრავდა, რომ გზა გაეგრძელებინა. იგი კი თავს იცავდა და არაფრით უნდოდა დამორჩილება. ზოგიერთი ახალგაზრდა მეფორნე გუბურიდან წყალს იღებდა სათლით, რითაც ცხენებს წყალს ასმევდნენ, და ბანაობის მსურველს ხუმრობით ასხურებდა: ზოგი - თავზე, ზოგი კისერში ასხამდა, ეუბნებოდნენ: "აჰა, ჩვენ გაბანავებთ!" როგორც კი მას სხეულზე მოხვდა წყალი, წამოიძახა: "ჰოი, რა კარგია!" და მიწაზე დაჯდა. დანარჩენები კვლავ წყალს აწუწებდნენ. შემდეგ იგი წამოწვა და იქვე მშვიდად დალია სული. ყველა შეშინდა, ვერ გაეგოთ, რა მოხდა. უფროსები ფაციფუცობდნენ, ამბობდნენ, რომ ეს ამბავი სასამართლოში უნდა გაეცხადებინათ, სხვები კი ასკვნიდნენ, რომ მას დაბადებიდანვე ეწერა ასეთი სიკვდილი.

მათთან ერთი საათი გავჩერდი და გზა განვაგრძე. ხუთიოდე ვერსი რომ გავიარე, დიდ გზაზე სოფელი დავინახე. სოფელში შესული ქუჩაში მიმავალ მოხუც მღვდელს შევხვდი. აზრად მომივიდა, მისთვის ნანახი შემთხვევა მომეყოლა დ მისი მოსაზრება მომესმინა. მღვდელმა თავისთან წამიყვანა. მე ნანახის შესახებ ვუამბე და ვთხოვე, განემარტა მიზეზი, რის გამოც ეს შემთხვევა მოხდა.

- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვი, საყვარელო ძმაო, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბუნებაში ბევრი რამ არის საოცარი და ჩვენი გონებისთვის გაუგებარი. ვფიქრობ, ღმერთმა ეს იმიტომ მოაწყო, რომ გარკვეულ შემთხვევებში მისი კანონების არაბუნებრივი და უშუალო ცვლილებებით ადამიანს უფრო ნათლად დაანახოს ბუნებაზე ღვთის განგებულება და გამგეობა... ერთხელ მეც ვიყავი მსგავსი შემთხვევის მოწმე: ჩვენი სოფლის მახლობლად ერთი საკმაოდ ღრმა ხრამია, მართალია, არც ისე ფართო, მაგრამ ათ საჟენზე მეტი სიღრმისაა. მისი ბნელი ფსკერის დანახვაც კი შემზარავია. ქვეითებისთვის მასზე ხიდია გადებული. უცებ ჩემი მრევლიდან ცოლშვილიანსა და კარგი ყოფაქცევის გლეხკაცს რატომღაც ამ ხიდიდან ღრმა უფსკრულში გადახტომის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა. იგი მთელი კვირა ებრძოდა ამგვარ აზრსა და ჟინს. ბოლოს ვეღარ გაუძლო ძლიერ გულისთქმას: დილით ადგა, სწრაფად გაემართა ხრამისკენ და გადახტა. მალე მისი კვნესა გავიგონეთ. ფეხებდამტვრეული ძლივს ამოვიყვანეთ ხრამიდან. როცა გადახტომის მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ თუმცა ახლა ძლიერ ტკივილს გრძნობს, სულიერად დამშვიდებულია, რადგან დაიკმაყოფილა დაუოკებელი სურვილი, რომელიც მთელი კვირა აფორიაქებდა. თქვა, რომ მზად იყო სიცოცხლეც კი დაეთმო, ოღონდაც თავისი სურვილი აესრულებინა. იგი წელიწადზე მეტ ხანს მკურნალობდა ქალაქის საავადმყოფოში. მის სანახავად ხშირად მივდიოდი. როცა მის გარშემო ექიმებს ვხედავდი, მეც შენსავით მინდოდა მათგან ამ შემთხვევის მიზეზის გაგება. ექიმები ერთხმად მპასუხობდნენ, რომ ეს "სიშმაგე" იყო. როცა ვთხოვე, მეცნიერულად აეხსნათ, რა არის ეს და რატომ ეუფლება იგი ადამიანს, მათგან არაფერი გამიგია გარდა იმისა, რომ ეს ბუნების საიდუმლოა, რომელიც მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ ამოუხსნელიაო. მე კი ჩემი მხრიდან შევნიშნე: ბუნების ამ საიდუმლოს დროს ადამიანს ღმერთისთვის რომ ლოცვით მიემართა და კეთილი ხალხისთვის გულისნადები გაემხილა, მაშინ თქვენი დაუოკებელი "სიშმაგეც" თავის მიზანს ვერ მიაღწევდა-მეთქი. ჭეშმარიტად, ბევრი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში, რასაც ზუსტად ვერ ახსნი...

ვიდრე ვსაუბრობდით, დაბნელდა და ღამის გასათევად იქ დავრჩი. დილით პოლიციის უფროსმა თავისი მწერალი გამოგზავნა, რათა ნებადართული ყოფილიყო მიცვალებულის სასაფლაოზე დაკრძალვა. ითქვა, რომ სხეულის ანატომიური დათვალიერებისას ექიმმა შეშლილობის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინა. სიკვდილი უეცარი შეტევის შედეგად მიიჩნიეს.

- აი, ხედავ, - მითხრა მოძღვარმა, - მედიცინამაც კი ვერ დაადგინა წყლის მიმართ მისი დაუოკებელი ლტოლვის მიზეზი.

მღვდელს დავემშვიდობე და გზა განვაგრძე. რამდენიმე დღის ნამგზავრი და საკმაოდ დაქანცული მივედი დიდ სავაჭრო ადგილას, რომელსაც "თეთრი ეკლესია" ერქვა. რადგან საღამო ხანი იყო, ღამის გასათევი ადგილის ძებნა დავიწყე. ბაზარში ერთი კაცი შემხვდა. ისიც მგზავრს ჰგავდა, ვიღაც იქაური მკვიდრის სახლს კითხულობდა დუქნებში. დამინახა თუ არა, მოვიდა და მითხრა:

- გეტყობა, შენც მწირი ხარ. ერთად წავიდეთ და ადგილობრივი მეშჩანი, გვარად ევრეინოვი, მოვძებნოთ. კეთილი ქრისტიანია, მდიდრული ფუნდუკი აქვს, მწირების მიღება უყვარს. აი, ჩაწერილიც მაქვს...

სიხარულით დავთანხმდი. მალე ვიპოვეთ მისი სახლიც. თუმცა თავად სახლის პატრონი არ დაგვხვდა, მაგრამ მისმა ცოლმა, კეთილმა მოხუცმა, თბილად მიგვიღო და მოსასვენებლად სხვენში, განმარტოებულ და განსაკუთრებულ ოთახში აგვიყვანა. ჩვენ მოვთავსდით, ცოტა დავისვენეთ. მოვიდა მასპინძელიც და ვახშამზე მიგვიწვია. ვახშმობის დროს ლაპარაკი წამოვიწყეთ, ვინ საიდან იყო. როგორღაც სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ რატომ ერქვა მას ევრეინოვი.

- ამასთან დაკავშირებით შესანიშნავ ამბავს გიამბობთ, - გვითხრა მან და თხრობა დაიწყო, - იცით, მამაჩემი ებრაელი იყო, ქალაქ შკლოვის მკვიდრი, ქრისტიანების მოძულე. რაბინობისთვის ახალგაზრდობიდან ემზადებოდა და ქრისტიანობის უარმყოფელი მთელი ებრაული ჭორები გულდასმით ჰქონდა შესწავლილი. ერთხელ მას ქრისტიანების სასაფლაოზე გავლა მოუხდა. იქ ადამიანის თავის ქალას წააწყდა, რომელსაც ორივე ყბა და დამახინჯებული კბილები ჰქონდა. საფლავიდან ახალამოთხრილი უნდა ყოფილიყო. მან გააფთრებულმა დაუწყო თავის ქალას დაცინვა: აფურთხებდა, ლანძღავდა და ფეხით თელავდა. ამით რომ ვერ დაკმაყოფილდა, ქალა აიღო და ისევე წამოაგო სარზე, როგორც ცხოველების ძვლებს აგებენ ხოლმე მტაცებელი ფრინველების დასაფრთხობად. ასე იჯერა გული და თავის გზას გაუდგა. იმავე ღამეს ახალჩაძინებულს უცნობი კაცი ესიზმრა, რომელიც შემტევი ტონით საყვედურობდა: "როგორ გაბედე ჩემი გახრწნილი ძვლების ნაშთისთვის შეურაცხყოფის მიყენება?! მე ქრისტიანი ვარ, შენ კი - ქრისტეს მტერი!" ხილვა ღამეში რამდენჯერმე მეორდებოდა და ძილსა და მოსვენებას უკარგავდა. შემდეგ დღისითაც გაიელვებდა ხოლმე მოჩვენება და საყვედურით სავსე ხმის ექო ესმოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირად მეორდებოდა მოჩვენებაც. ბოლოს, როცა სევდა, შიში და უღონობა იგრძნო, თავის რაბინებთან გაიქცა. თუმცა ისინი ლოცვებსა და შელოცვებს უკითხავდნენ, მოჩვენება არათუ დაეხსნა, უფრო ხშირი და შემტევიც კი გახდა. როცა მისი მდგომარეობა გახმაურდა და ეს ერთმა ნაცნობმა ქრისტიანმა ვაჭარმა შეიტყო, ურჩია, ქრისტიანული სარწმუნოება მიეღო. არწმუნებდა, რომ შემაწუხებელ მოჩვენებას სხვაგვარად ვერაფრით დააღწევდა თავს. თუმცა ებრაელს ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ მაინც ასეთი პასუხი გასცა: "რასაც გინდა, იმას გავაკეთებ, ოღონდ ამ მტანჯველ და აუტანელ მოჩვენებას თავი დავაღწიო". ქრისტიანს გაუხარდა მისი სიტყვების მოსმენა და დაითანხმა, რომ ადგილობრივი ეპისკოპოსისთვის თხოვნით მიემართა ნათლობასა და ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებასთან დაკავშირებით. დაწერეს თხოვნა. ებრაელმა უხალისოდ, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი. იმავ წუთს, როგორც კი მან თხოვნას ხელი მოაწერა, მოჩვენება გაქრა და მეტად აღარასდროს შეუწუხებია იგი. ამან უზომოდ გაახარა და სრულიად დამშვიდებულმა იესო ქრისტეს მიმართ ისეთი მხურვალე რწმენა იგრძნო, რომ დაუყოვნებლივ წავიდა ეპისკოპოსთან, შემთხვევის შესახებ უამბო და ნათლობის გულწრფელი სურვილი გამოთქვა. მან გულმოდგინედ, სწრაფად შეისწავლა ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატები, მოინათლა და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. დაქორწინდა დედაჩემზე, კეთილ ქრისტიანზე, და უზრუნველად განვლო ღვთივსათნო ცხოვრება. ღარიბებს უხვად ურიგებდა მოწყალებას, რასაც მეც მიმაჩვია. აღსასრულის წინ სწორედ ეს მომცა მცნებად და კურთხევად. აი, რატომ მეძახიან ევრეინოვს!

კრძალვით, გულაჩვილებულმა მოვისმინე ეს ამბავი და გავიფიქრე: ღმერთო ჩემო! როგორი მოწყალეა ჩვენი უფალი იესო ქრისტე და რა დიდია მისი სიყვარული! რამდენად სხვადასხვაგვარი გზებით იზიდავს თავისკენ ცოდვილებს და უმნიშვნელო შემთხვევებს რაგვარი სიბრძნით გარდაქმნის დიად საქმეთა წინამძღვრად! ვინ იფიქრებდა, რომ მიცვალებულის ძვლით გართობა ებრაელს იესო ქრისტეს ჭეშმარიტ შეცნობაში გაუწევდა სამსახურს და ღვთივსათნო ცხოვრებისკენ წაუძღვებოდა!

ვახშმობის შემდეგ მადლობა შევწირეთ ღმერთს, მასპინძელს და მოსასვენებლად ჩვენს ოთახში გავემართეთ. არ გვეძინებოდა. ამიტომ მე და ჩემმა ამხანაგმა საუბარი წამოვიწყეთ. მან მითხრა, რომ მოგილოველი ვაჭარია, ბესარაბიის ერთ-ერთ მონასტერში მორჩილად ორი წელი იცხოვრა, მაგრამ მხოლოდ დროებითი პასპორტი ჰქონდა. ამიტომ ახლა სამშობლოში მიდის, რათა ვაჭართა საზოგადოებამ მონაზვნობისთვის მუდმივი თავისუფლება მისცეს. ის იქაურ მონასტრებს, ტიპიკონსა და წესებს, იქ მცხოვრები ბევრი ღვთისმოსავი უხუცესის მკაცრ ცხოვრებას მიქებდა და მარწმუნებდა, რომ ბესარაბიული და რუსული მონასტრები ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. მეც იქ წასასვლელად მაქეზებდა. ამგვარ ლაპარაკში ვიყავით, როცა ღამის გასათევად მესამე კაცი შემოგვიყვანეს. ეს იყო უნტეროფიცერი, რომელიც დროებით გაეთავისუფლებინათ ჯარიდან და შვებულებით მიდიოდა შინ. ვხედავდით, რომ მგზავრობას ძალიან დაეღალა. ერთად ვილოცეთ და დასაძინებლად დავწექით. დილით ადრიანად ავდექით და წასასვლელად მზადება დავიწყეთ. ის იყო, მასპინძლისთვის მადლობის სათქმელად უნდა მივსულიყავით, რომ ცისკრის ზარების ხმა მოგვესმა. მე და ვაჭარმა მსჯელობა დავიწყეთ:

- როგორღა წავიდეთ? ზარების ხმა გავიგონეთ და ღვთის ეკლესიაში არ შევიდეთ?! ჯობს, ცისკარს დავესწროთ და წმინდა ტაძარში ვილოცოთ. უფრო ხალისიანად ვივლით.

ასეც გადავწყვიტეთ. უნტეროფიცერსაც შევთავაზეთ წამოსვლა. ის კი გვეუბნება:

- რა დროს მომლოცველობაა გზაში?! ჩვენი ეკლესიაში ყოფნით ღმერთს რა ხეირი ექნება?! აი, მივალთ შინ და იქ ვილოცოთ! თქვენ წადით, თუ გინდათ, მე კი არ წამოვალ. სანამ თქვენ ცისკარზე იდგებით, ხუთი ვერსს გავივლი... სახლში ადრე მინდა მისვლა...

ამაზე ვაჭარმა უპასუხა:

- ფრთხილად, ძმაო, წინასწარ ნუ გადაწყვეტ, ღმერთი როგორ მიგვიყვანს!

ამრიგად, ჩვენ ეკლესიაში წავედით, უნტეროფიცერი კი გზას გაუდგა. მოვისმინეთ ცისკარი (იქვე ჩატარდა წირვაც), შემდეგ ჩვენს ოთახში დავბრუნდით და ჩანთების ჩალაგებას შევუდექით. ვხედავთ, დიასახლისს სამოვარი მოაქვს და გვეუბნება:

- სად მიდიხართ? ჩაი დალიეთ და ჩვენთან ერთად ისადილეთ. მშივრებს ხომ არ გაგიშვებთ?!

ასე რომ, დავრჩით. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რაც სამოვარს ვუსხედით, რომ უცებ ქოშინით მოირბინა ჩვენმა უნტეროფიცერმა.

- თქვენთან მწუხარებით და სიხარულით მოვედი.

- რა მოხდა? - ვკითხეთ ჩვენ.

- აი, რა! როგორც კი დაგემშვიდობეთ და გზას გავუდექი, ასიგნაციების წვრილად დასახურდავებლად ფუნდუკში შევლა დავაპირე, თანაც არყის დალევაც მინდოდა, უფრო მსუბუქად რომ მევლო. ფული დავახურდავე და შევარდენივით ფრენით გავუყევი გზას. სამი ვერსი გავიარე და ფულის დათვლა მოვიწადინე, სწორად თუ მომცა-მეთქი მეფუნდუკემ. გზის პირას ჩამოვჯექი, ამოვიღე საფულე და დავთვალე. ყველაფერი რიგზე იყო. უცებ პასპორტი გამახსენდა. იქვე უნდა მქონოდა. ის კი თითქოს არც ყოფილა, მხოლოდ ფული და წერილებია. ისე შევშინდი, ლამის ჭკუა დავკარგე. გონებაში გამიელვა: "რა თქმა უნდა, მაშინ დამივარდა, როცა ფუნდუკში ფულს ვანგარიშობდი. უკან უნდა გავიქცე". მივრბივარ,  მივრბივარ და ისევ დარდი მეძალება: "იქ რომ არ იყოს, რა მეშველება?!" მივირბინე მეფუნდუკესთან და ვეკითხები, ის კი მეუბნება: "არ მინახავს". ისევ დარდმა დამრია ხელი. ის ადგილები გადავქექე, სადაც ვიარე, ვიდექი... და რა? - ჩემდა საბედნიეროდ, პასპორტი ვიპოვე - ჩალასა და ნაგავში, იატაკზე ისევე ეგდო დაკეცილი, როგორც მქონდა, მთლად ჭუჭყიანი და გათელილი. მადლობა ღმერთს! გამიხარდა, თითქოს მხრებიდან ლოდი ჩამომხსნესო. მართალია, უსუფთაობისა და ფეთხუმობისთვის კარგად მომხვდება, მაგრამ, ეს არაფერი, საღ-სალამათი მაინც დავბრუნდები შინ. თქვენთან ამის სათქმელად შემოვიარე. თანაც შეშინებული როცა მოვრბოდი, ფეხი სულ გადამეყვლიფა, ვეღარ დავდივარ. მინდოდა, ქონი მეთხოვა ჭრილობაზე წასასმელად.

- აი, საქმეც ამაშია, ძმაო! ეს იმიტომ დაგემართა, რომ არ დაგვიჯერე და ჩვენთან ერთად ლოცვაზე არ წამოხვედი, - თქვა ვაჭარმა. - ჩვენზე შორს და წინ წასვლა გინდოდა, მაგრამ, პირიქით კი მოხდა - ჩვენთან დაბრუნდი, თანაც დაკოჭლდი კიდეც. გეუბნებოდი, წინასწარ ნურაფერს გადაწყვეტ-მეთქი. ასეც მოხდა. შენ, გარდა იმისა, რომ ეკლესიაში არ წამოხვედი, ასეთი სიტყვებიც კი თქვი: რა ხეირს ნახავს ღმერთი ჩვენი ლოცვითო. ძმაო, ეს არ არის კარგი... ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენი ცოდვილი ლოცვა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენდამი სიყვარულის გამო უყვარს, როცა ვლოცულობთ. მისთვის საამოა არა მარტო წმინდა ლოცვა, რომელიც სულიწმიდის შეწევნით აღევლინება და ჩვენში აღიძვრება, "დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუნ თანა", - მცნებად გვაძლევს და ჩვენგან მოითხოვს იგი (იოან. 15.4), არამედ მის წინაშე ფასობს თითოეული, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საქმეც კი, რომელსაც მისთვის აღვასრულებთ, ფასობს თითოეული განზრახვა, სურვილი და აზრიც კი, რომელიც მის სადიდებლად და ჩვენდა საცხონებლად არის მიმართული. ყოველივე ამისთვის ღმერთი უხვად გვაჯილდოვებს თავისი უსაზღვრო მოწყალებით. ღვთის სიყვარული ათასჯერ მეტი სიკეთით გვაჯილდოვებს, ვიდრე ადამიანი ამას თავისი საქმით იმსახურებს. თუ შენ ღვთისთვის პაწაწინა ლეპტას გაიღებ, იგი ოქროთი მოგაგებს. დააპირებ თუ არა მამასთან მისვლას, იგი უკვე შენს შესახვედრად მოემართება. შენ მოკლედ და ცივად ეტყვი: "მიმიღე! შემიწყალე!" - ის უკვე კისერზე გეხვევა და გეამბორება. აი, ასეთია ზეციური მამის სიყვარული ჩვენ, უღირსთა მიმართ! მხოლოდ ამ სიყვარულის გამო უხარია მას ცხონებისკენ გადადგმული ჩვენი უმნიშვნელო ნაბიჯიც კი. წარმოდგენილი გაქვს, რამდენად ღვთის სადიდებელია და შენთვის - სასარგებლო, თუ ცოტაოდენს ილოცებ, შემდეგ კი ისევ გაერთობი ან თუნდაც უმნიშვნელო კეთილ საქმეს გააკეთებ, მაგალითად, რამე ლოცვას წაიკითხავ, ხუთ ან ათ მეტანიას გააკეთებ, გულით ამოიოხრებ და იესო ქრისტეს სახელს მოუხმობ, ან რაიმე კეთილ აზრს შეიწყნარებ, ან სულისთვის სასარგებლო რამის წასაკითხად განეწყობი, ან საკვებისგან თავს შეიკავებ, ან მცირე წყენას დუმილით დაითმენ... სრული ცხონებისთვის შენ არასაკმარისად და უნაყოფო საქმედ მიგაჩნია ყოველივე ეს. მაგრამ, არა, თითოეული ეს პატარა საქმე ამაოდ არ იკარგება, ღვთის ყოვლისმხილველი თვალით აღირიცხება და ასმაგად დაჯილდოვდება არა მარტო მარადისობაში, არამედ ამ წუთისოფელშიც. ამას ადასტურებს წმინდა იოანე ოქროპირიც. "არც ერთი კეთილი საქმე, - ამბობს იგი, - როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს, არ იქნება უგულებელყოფილი მართალი მსაჯულის მიერ. თუ ცოდვები იმდენად ზედმიწევნით იქნება გამოძიებული, რომ პასუხს ვაგებთ სიტყვის, სურვილისა და აზრების გამო, მაშინ, მით უმეტეს, კეთილი საქმეები, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს, უფრო გულმოდგინედ და ზუსტად იქნება აღრიცხული და დამსახურებად შეგვერაცხება სიყვარულით აღსავსე ჩვენი მსაჯულის წინაშე".

მოგიყვან მაგალითს, რომელიც გასულ წელს თავად ვიხილე. ბესარაბიის მონასტერში, სადაც მე ვცხოვრობდი, თავისი ცხოვრებით გამორჩეული ბერი იყო. ერთხელ იგი საცდურის წინაშე აღმოჩნდა _ ძალიან მოუნდა ხმელი თევზი. რადგან იმ დროს მონასტერში მისი შოვნა შეუძლებელი იყო, ბაზარში წასვლა და ყიდვა დააპირა... დიდხანს ებრძოდა ამ აზრს, ფიქრობდა: ბერი ძმების საერთო საკვებით უნდა კმაყოფილდებოდესო, გემოთმოყვარეობას ყოველნაირად უნდა განერიდოსო, თანაც ბერისთვის ბაზრის ხალხმრავლობაში სიარული მაცდუნებელი და მიუღებელიაო. ბოლოს მტრის ცილისწამებამ მისი მსჯელობა დაჯაბნა, საკუთარ ნებას აჰყვა და თევზის საყიდლად წასვლა გადაწყვიტა. გავიდა მონასტრიდან და როცა ქალაქის ქუჩაში მიდიოდა, შენიშნა, რომ ხელში სკვნილი არ ეჭირა. დაიწყო ფიქრი: "როგორ წავიდე უხმლო მეომარივით? ასე არ შეიძლება: ერის კაცნი შემხვდებიან, განმიკითხავენ და დაბრკოლდებიან, უსკვნილო ბერს რომ დაინახავენ". იგი უკან დაბრუნებას აპირებდა სკვნილის წამოსაღებად, მაგრამ ჯიბეები მოიჩხრიკა და იპოვა. ჯიბიდან ამოიღო, პირჯვარი გადაიწერა, სკვნილი ხელზე გაიკეთა და დამშვიდებულმა გააგრძელა გზა. ბაზარს რომ მიუახლოვდა, დახლებთან დიდ საზიდარში შებმული ცხენი დაინახა. საზიდარზე უზარმაზარი კასრები ეწყო. უცებ ცხენი რაღაცამ დააფრთხო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ფლოქვების ცემით გააჭენა, ბერისკენ გაექანა, მხარზე გამოედო და მიწაზე დაანარცხა, თუმცა კი ძალიან არ დაუშავებია. ამის შემდეგ მისგან ორ ნაბიჯზე საზიდარი აყირავდა და ნაფოტებად იქცა. ბერი სწრაფად წამოდგა. რა თქმა უნდა, შეშინდა, მაგრამ ამასთანავე გაოცებულიც იყო, რომ ღმერთმა ცოცხალი დატოვა. საზიდარი, სულ ცოტა, ერთი წამით ადრე რომ გადაბრუნებულიყო, ბერიც მასავით დაიმსხვრეოდა. ამაზე ბერს ბევრი აღარ უფიქრია, იყიდა თევზი, შეჭამა, ილოცა და დასაძინებლად დაწვა... ძილბურანში ვიღაც უცნობი, სათნო შესახედაობის ბერი გამოეცხადა და უთხრა: "მომისმინე! მე ამ სავანის მფარველი ვარ და მინდა გონს მოგიყვანო, რათა გაიგო და დაიმახსოვრო გაკვეთილი, ახლა რომ გასწავლი... აი, ნახე: შენმა სუსტმა ბრძოლამ ხორციელ ტკბობასთან და შენმა სიზარმაცემ თვითშეცნობასა და თავგანწირვისთვის ვარჯიშში მტერს შენთან მოახლოების საშუალება მისცა. მანაც ის დამღუპველი შემთხვევა მოგიმზადა, შენ თვალწინ რომ მოხდა. მაგრამ შენმა მფარველმა ანგელოზმა გაითვალისწინა ეს, ჩაგაგონა, გელოცა და სკვნილი გაგახსენა. შენ ჩაგონება ყურად იღე, დაემორჩილე და საქმით აღასრულე. სწორედ ამან გიხსნა სიკვდილისგან. ხედავ, რა კაცთმოყვარეობას იჩენს ღმერთი და რა უხვად მიაგებს იმის სანაცვლოდ, როცა მცირედ მაინც მიმართავენ  მას?" ამის თქმა იყო და ჩვენებაში ხილული ბერი სწრაფად გავიდა სენაკიდან. მონაზონმა თაყვანი სცა და ასე გამოეღვიძა: საწოლზე კი არ იწვა, არამედ კარის ზღურბლთან ხელებგაწვდილი იყო დაჩოქილი. სულიერი სარგებლობის მიზნით მან ამ ხილვის შესახებ მაშინვე სხვებსაც უამბო, მათ შორის მეც.

ნამდვილად უსაზღვროა ჩვენდამი, ცოდვილების მიმართ ღვთის სიყვარული! განა გასაოცარი არ არის, რომ ასეთი უმნიშვნელო საქმისთვის, როგორიც არის ჯიბიდან სკვნილის ამოღება, ხელზე გაკეთება და ღვთის სახელის ერთხელ მოხმობა, ასეთი მცირე რამისთვის სიცოცხლე გიბოძონ?! იესო ქრისტეს სახელის მოწოდების ერთმა წუთმა სიზარმაცეში გატარებული მრავალი საათი გადაწონა ადამიანის ბედის სასწორზე... ჭეშმარიტად, ამ შემთხვევაში პაწაწინა ლეპტის სანაცვლოდ ოქროა გაცემული... ხედავ, ძმაო, რა ძლიერია ლოცვა და როგორი ძლევამოსილია ჩვენ მიერ მოწოდებული იესო ქრისტეს სახელი! წმინდა იოანე კარპათელი წიგნში "სათნოებათმოყვარეობა" ამბობს, რომ როცა იესოს ლოცვაში იესოს სახელს მოვუხმობთ და ვამბობთ: "შემიწყალე მე, ცოდვილი", მაშინ თითოეულ ამგვარ თხოვნას უფლის იდუმალი ხმა პასუხობს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები"... შემდეგ იგი აგრძელებს, რომ ლოცვის წარმოთქმის დროს არაფრით განვსხვავდებით წმინდანებისგან, მოღვაწეებისა და მოწამეებისგან, რადგან, როგორც წმინდა ოქროპირი ამბობს: "ლოცვა, რომელსაც თუნდაც ჩვენ, ცოდვებით სავსე ადამიანები წარმოვთქვამთ, იმავ წუთს გვწმენდს" (იხ. ლოცვა 2). იგი ჩვენდამი გამოჩენილი ღვთის უდიდესი წყალობაა, ჩვენ კი, ცოდვილებსა და დაუდევრებს, მისთვის მადლობის სათქმელად მცირე ხნის დათმობაც კი არ გვინდა. ლოცვისთვის განკუთვნილ დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოფით საზრუნავსა და შფოთში ვცვლით და ღმერთსა და ჩვენს მოვალეობას ვივიწყებთ! ამიტომ არცთუ ისე იშვიათად გვატყდება განსაცდელი და უბედურება, მაგრამ სიყვარულით აღსავსე ღვთიური განგება ამასაც ჩვენს გონზე მოსაყვანად და ღვთისკენ მოსაქცევად აწყობს.

როგორც კი ვაჭარმა ოფიცერთან ლაპარაკი დაასრულა, მას ვეუბნები:

- აი, პატივცემულო, როგორც შენ დაატკბე ჩემი ცოდვილი სული, მეც ისე ვიყრი შენ წინაშე მუხლს.

ეს რომ გაიგონა, მეც დამიწყო ლაპარაკი:

- ჩანს, სულიერი ამბები გიყვარს?! მოიცა, ახლავე წაგიკითხავ იმის მსგავსს, რაც გიამბეთ. აი, მე თან მაქვს სამგზავრო წიგნი, რომელსაც "აღაპი", ანუ "ცოდვილთა ხსნა" ჰქვია. მასში ბევრი საოცარი რამეა მოთხრობილი.

მან ჯიბიდან წიგნი ამოიღო და შესანიშნავი ამბის კითხვა დაიწყო ვიღაც ღვთისმოსავ აგაფონიკზე, რომელიც ღვთისმოსავ მშობლებს ბავშვობიდანვე დაუჩვევიათ, დედა ღვთისას ხატის წინ ყოველდღე წაეკითხა ლოცვა "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და სხვ. იგი ყოველდღე ასრულებდა ამას. შემდეგ, როცა სრულწლოვანი გახდა, დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა, ცხოვრებისეული საზრუნავითა და ჯაფით შეპყრობილი, ამაოებას მიეცა და ხსენებულ ლოცვას უკვე იშვიათად კითხულობდა, ბოლოს კი სრულიად მიატოვა კიდეც. ერთ საღამოს მან ღამის გასათევად მწირი მიიღო, რომელმაც განუცხადა, რომ მეუდაბნოე იყო თებაიდადან და ხილვაში ეუწყა, აგაფონიკთან წასულიყო და დედა ღვთისას ლოცვის მიტოვებისთვის საყვედური ეთქვა. აგაფონიკმა ლოცვის მიტოვების მიზეზად ის დაასახელა, რომ მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა მას და არანაირი სარგებელი არ უნახავს. მაშინ მეუდაბნოემ უთხრა:

- ბრმაო და უმადურო, გაიხსენე, რამდენჯერ გაგიწია დახმარება და უბედურებისაგან გიხსნა ამ ლოცვამ! გაიხსენე, სიყრმეში რა საოცრად გადაურჩი დახრჩობას! არ გახსოვს, გადამდებმა სასიკვდილო სენმა ბევრი შენი მეზობელი რომ დაასამარა, შენ კი უვნებელი გადარჩი?! Aარ გახსოვს, ამხანაგთან ერთად საზიდრით რომ მიდიოდი და იქიდან ჩამოვარდით?! მან ფეხი მოიტეხა, შენ კი არაფერი დაგშავებია! განა არ იცი, რომ შენი ნაცნობი ახალგაზრდა კაცი, წინათ რომ ჯანმრთელი იყო, ახლა დაუძლურებული წევს, შენ კი ჯანმრთელი ხარ და არ იტანჯები?!

მან კიდევ ბევრი რამ გაახსენა აგაფონიკს და ბოლოს უთხრა:

- იცოდე, რომ ყოველივე ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობით იმ მოკლე ლოცვის გამო აგცდა, რითაც შენს სულს ყოველდღე ღმერთთან შესაერთებლად აღძრავდი... ფრთხილად იყავი, ისევ გააგრძელე და არ მიატოვო ამ ლოცვით ზეციური დედოფლის დიდება, ვიდრე თავად მას არ მიუტოვებიხარ.

კითხვა რომ დავასრულეთ, სადილად მიგვიწვიეს. დავნაყრდით, მასპინძელს მადლობა ვუთხარით და ჩვენ-ჩვენი გზით წავედ-წამოვედით, ვისაც საით გვჭირდებოდა.

ამის შემდეგ ხუთი დღე მივდიოდი. "თეთრ ეკლესიაში" ღვთისმოსავი ვაჭრისგან გაგონილ ამბავს ვიხსენებდი და თავს ვინუგეშებდი. უკვე კიევს ვუახლოვდებოდი, როცა უეცრად, არაფრის გამო რაღაცნაირი სიმძიმე, მოდუნება და შავბნელი აზრების მოძალება ვიგრძენი. გაჭირვებით ვლოცულობდი, რაღაცნაირი სიზარმაცე დამეუფლა. გზის პირას პატარა ტყე და ხშირი ბუჩქნარი დავინახე. დასასვენებლად იქით გავეშურე. მინდოდა, ცალკე ბუჩქთან ჩამოვმჯდარიყავი და ჩემი დაუძლურებული სულის გასამხნევებლად და სულმოკლეობის დასაცხრობად "სათნოებათმოყვარეობა" წამეკითხა. წყნარი ადგილი მოვძებნე და "სათნოებათმოყვარეობის" მეოთხე თავში რვა ზრახვასთან დაკავშირებით ღირსი კასიანე რომაელის კითხვა დავიწყე. ნახევარი საათის განმავლობაში სიხარულით ვკითხულობდი. მოულოდნელად ჩემგან ორმოცდაათი საჟენის მოშორებით, ტყის სიღრმეში, მუხლებზე გაუნძრევლად მდგომი კაცი დავინახე. გამიხარდა, ვიფიქრე, ცხადია, ლოცულობს-მეთქი, და კვლავ კითხვას შევუდექი. საათი ან ცოტა მეტი ხანი ვკითხულობდი. ისევ გავხედე იმ კაცს. იგი ძველებურად გაუნძრევლად იდგა მუხლებზე. ამან ძლიერ ამიჩვილა გული და ისევ გავიფიქრე: "აი, როგორი კეთილმსახური ღვთის მონები არსებობენ!" სანამ ამას ვფიქრობდი, უეცრად კაცი მიწაზე დაეცა. წყნარად იწვა. ამან გამაოცა. ვინაიდან ჩემგან ზურგშექცევით იყო დაჩოქილი და მის სახეს ვერ ვხედავდი, ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, რომ წავსულიყავი და მენახა, ვინ იყო იგი. მივუახლოვდი. ჩაძინებული დამხვდა. ეს იყო სოფლელი ბიჭი, ოცდახუთი წლისა, სუფთა, კეთილშობილი, მაგრამ ფერმკრთალი სახისა. ეცვა გლეხის ხიფთანი, რომელიც წელზე ნაჭის ბაწრით შეეკრა. მეტი არაფერი ჰქონდა, არც შულდაკი, არც არგანი. ჩემი ფეხის ხმა რომ გაიგონა, გამოეღვიძა და წამოდგა. ვკითხე, ვინ იყო. მითხრა, რომ სახელმწიფო გლეხია სმოლენსკის გუბერნიიდან და კიევიდან მოდიოდა.

- ახლა სად მიდიხარ? - ვკითხე მე

- თავადაც არ ვიცი, - მიპასუხა მან, - საითაც ღმერთი წამიყვანს.

- დიდი ხანია, რაც წამოსული ხარ?

- კი, უკვე მეხუთე წელია.

- ამ ხნის მანძილზე სად ცხოვრობდი?

- დავდიოდი სხვადასხვა წმინდა ადგილას, ეკლე­სია-მონ­ა­ს­ტრებში. სახლში ვერაფრით ვიცხოვრებ, დედ-მამით ობოლი ვარ, ამასთან, ცალი ფეხით კოჭლი. მთელ ქეყანაზე დავეხეტები.

- ჩანს, ვიღაც ღვთივსათნო ადამიანმა გასწავლა, უბრალოდ კი არა, წმინდა ადგილებში გევლო, - ვუთხარი მე.

- იცი რა, - მიპასუხა მან - ობოლი ვიყავი და ჩვენს სოფელში ბავშვობიდან დავყვებოდი მწყემსებს. ათი წელი ყველაფერი კარგად იყო. ბოლოს, ერთხელ, როცა ცხვარი შინ მივრეკე, ვერ შევნიშნე, მამასახლისის საუკეთესო ცხვარი რომ აკლდა. ჩვენი მამასახლისი კი ბოროტი და არაკაცი გახლდათ. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა და ნახა, მისი ცხვარი არ იყო, მომვარდა, ლანძღვა და მუქარა დამიწყო, მიბრძანა, წავსულიყავი და ცხვარი მომეძებნა, თუ არა და, დამექადნა, ცემით მოგკლავ, ხელ-ფეხს დაგიმტვრევო. ვიცოდი, რომ ბოროტი იყო და ცხვრის მოსაძებნად იმ ადგილებისკენ გავემართე, სადაც დღისით ფარას ვაძოვებდი. ბევრი ვეძებე, შუაღამემდე, მაგრამ მისი კვალიც არსად იყო. შემოდგომა ახლოვდებოდა და ისეთი ბნელი ღამე იყო... როცა ტყის სიღრმეში შევედი (ტყეები კი ჩვენს გუბერნიაში გაუვალია), უცებ გრიგალი ამოვარდა. თითქოს ყველა ხე შეირყა! მოშორებით მგლები აყმუვლდნენ. შიშის ზარი დამეცა, თმები ყალყზე დამიდგა. გადიოდა დრო და ყველაფერი უფრო და უფრო შემზარავი ხდებოდა. შიშისა და ელდისგან ვეცემოდი. ჰოდა, მუხლებზე დავემხე, პირჯვარი გადავიწერე, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვთქვი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" ამის თქმა იყო და, მაშინვე სიმსუბუქე დამეუფლა, თითქოს არაფერი მაწუხებდა, სიმხდალე სრულიად გაუჩინარდა, გულში ისეთი სიამე ვიგრძენი, თითქოს ზეცაში ავფრინდი... გამიხარდა და ამ ლოცვას გაუჩერებლად ვამბობდი. აღარ მახსოვს, გრიგალმა დიდხანს გასტანა თუ არა, ან ღამემ როგორ ჩაიარა. ვხედავ, დღის სინათლეა, მე კი ერთ ადგილას ვდგავარ მუხლებზე. მშვიდად ავდექი. მივხვდი, ცხვარს ვერ ვიპოვიდი და სახლში წავედი. გულში კი ისეთი სიამე იყო, ისე მინდოდა ლოცვა!.. სოფელში რომ მივედი და მამასახლისმა ნახა, ცხვარი არ მიმიყვანია, სასიკვდილოდ მცემა. ფეხიც სწორედ მაშინ დამიზიანა. ცემის შემდეგ ექვსი კვირა თითქმის გაუნძრევლად ვიწექი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ვლოცულობდი და ლოცვა მანუგეშებდა. შემდეგ ნელ-ნელა მოვიკეთე და აქეთ-იქით ხეტიალიც დავიწყე. რადგან ნიადაგ ხალხში ტრიალი მოსაწყენი მეჩვენა, თანაც იქ ბევრი ცოდვაა, ამიტომ წმინდა ადგილებსა და ტყეებში დავიწყე სიარული. უკვე მეხუთე წელია, რაც ასე დავდივარ.

მოვისმინე ეს და გულით გავიხარე, უფალმა ასეთი მადლმოსილი ადამიანის ხილვის ღირსი რომ გამხადა. ვკითხე:

- ახლაც ხშირად ამბობ ამ ლოცვას?

- უმისობა არ შემიძლია, - მიპასუხა მან, - საკმარისია, გავიხსენო, ტყეში რა კარგად ვგრძნობდი თავს, რომ, თითქოს ვიღაც ხელს მკრავსო, მაშინვე მუხლებზე ვდგები და ლოცვას ვიწყებ... არ ვიცი, სათნოა თუ არა ჩემი ცოდვილი ლოცვა, მაგრამ ლოცვის დროს ზოგჯერ უდიდეს სიხარულს, სიმსუბუქესა და სიხარულის მომგვრელ სიმშვიდეს ვგრძნობ, თავადაც არ ვიცი, საიდან. ზოგჯერ კი სიმძიმე, მოწყენილობა და ნაღველი მეუფლება. ყოველივეს მიუხედავად, სიცოცხლეზე მეტად მინდა ხოლმე ლოცვა.

- ნუ შეშფოთდები, საყვარელო ძმაო, ღვთისთვის ყველა ლოცვა სათნოა და რაც ლოცვას მოსდევს, ყველაფერი მაცხონებელია. წმინდა მამების თანახმად, სიმსუბუქე იქნება ეს თუ სიმძიმე, ყველაფერი კარგია. არანაირი ლოცვა, არც კარგი და არც ცუდი, ღვთის წინაშე არ იკარგება. სიმსუბუქე, სითბო და სიტკბოება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ღვაწლის გამო ღმერთი გვაჯილდოვებს და გვანუგეშებს; ხოლო სიმძიმე, დაღვრემილობა და სიმშრალე იმას ნიშნავს,  რომ ღმერთი სულს წმენდს და განამტკიცებს, ამ სასარგებლო მოთმინებით სული ხსნისკენ მიჰყავს და მომავალი მადლმოსილი სიტკბოების სიმდაბლით მისაღებად ამზადებს. ამის დასამტკიცებლად წმინდა იოანე კიბისაღმწერელს წაგიკითხავ.

მოვძებნე აღნიშნული სტატია და წავუკითხე. მან ყურადღებით, სიამოვნებით მომისმინა და ამისთვის დიდი მადლობა მითხრა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. იგი ტყის სიღრმეში შევიდა, მე კი გზაზე გამოვედი და სიარული განვაგრძე, თან ღმერთს ვმადლობდი, რომ ასეთი სწავლების ღირსი გამხადა მე, ცოდვილი.

მეორე დღეს ღვთის შეწევნით კიევში ჩავედი. ჩემი პირველი და უმთავრესი სურვილი მარხვის შენახვა, აღსარების თქმა და ამ მადლმოსილ ადგილას ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარება იყო. ამიტომ ღვთის წმინდანებთან ახლოს დავბინავდი, ჩემთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო ღვთის ტაძარში სიარული. ერთმა კეთილმა მოხუცმა კაზაკმა თავის ქოხში მიმიღო. რადგან მარტო ცხოვრობდა, მასთან სიმშვიდესა და მდუმარებაში ვიყავი. ერთი კვირის განმავლობაში ვემზადებოდი აღსარებისთვის. აზრად მომივიდა, შეძლებისდაგვარად დაწვრილებით მეთქვა აღსარება. ზედმიწევნით, სათითაოდ ვიხსენებდი სიყრმიდან ჩადენილ ცოდვებს. რომ არ დამვიწყებოდა, რაც მახსენდებოდა, თვით უმნიშვნელო რამესაც კი, ვიწერდი. დიდი ფურცელი გავავსე. შევიტყვე, რომ კიევიდან შვიდი ვერსის მოშორებით, კიტაევოს უდაბნოში გამოცდილი, ღვაწლმოსილი, ერთობ ბრძენი და კეთილგონიერი მოძღვარი იყო. ვინც მასთან მთელი სულითა და გულით მივიდოდა, ლმობიერება ეუფლებოდა და მაცხონებელი სწავლებით დამოძღვრილი და სულიერად შემსუბუქებული ბრუნდებოდა. ეს რომ გავიგე, ძალიან გავიხარე და დაუყოვნებლივ მისკენ გავემართე. საუბრისა და რჩევის შემდგომ გადასახედად ჩემი ფურცელი გადავეცი. მან წაიკითხა და მითხრა:

- საყვარელო მეგობარო, ბევრი ზედმეტი რამ დაგიწერია. მომისმინე: 1) აღსარებაში ის ცოდვები აღარ უნდა ახსენო, რომლებიც ადრე მოინანიე, შეგინდეს და მეტად აღარ გაგიმეორებია. სხვაგვარად, ეს აღსარების საიდუმლოს ძალის მიმართ უნდობლობა იქნება; 2) არ ახსენო სხვა ადამიანები, რომლებსაც შენს ცოდვებთან შეხება ჰქონიათ. მხოლოდ საკუთარი თავი განიკითხე; 3) წმინდა მამები გვიკრძალავენ ყველა წვრილმანის ჩამოთვლას ცოდვების აღიარების დროს. ცოდვები ზოგადად უნდა ვაღიაროთ, რათა მათი დაწვრილებითი განხილვით ცდუნებაში არ ჩავაგდოთ საკუთარი თავი და სულიერი მოძღვარი; 4) მოსანანიებლად მოხვედი და სინანული რომ არ შეგიძლია, ამას არ ინანიებ, ე.ი. გულგრილად და დაუდევრად ინანიებ; 5) წვრილმანები ჩამოთვალე, მაგრამ მხედველობიდან გამოგრჩა უმთავრესი რამ - არ განგიცხადებია, არ შეგიცნია და არ დაგიწერია ყველაზე მძიმე ცოდვები, კერძოდ, რომ არ გიყვარს ღმერთი, გძულს მოყვასი, ღვთის სიტყვისა არ გწამს, ამპარტავნებითა და პატივმოყვარეობით სავსე ხარ. ამ ოთხ ცოდვაშია თავმოყრილი ბოროტების მთელი უფსკრული და მთელი ჩვენი სულიერი ხრწნილება. ეს არის ძირისძირი, საიდანაც ჩვენი ცოდვით დაცემის ყველა ყლორტი იზრდება.

ეს რომ მოვისმინე, გავოცდი და ვთქვი:

- მომიტევეთ, ღირსო მამაო, როგორ შეიძლება, არ გვიყვარდეს ღმერთი, ჩვენი შემოქმედი და მფარველი?! სხვა რა ვირწმუნოთ, თუ არა ღვთის სიტყვა - მასში ყველაფერი ჭეშმარიტი და წმინდაა. ყველა მოყვასს სიკეთეს ვუსურვებ. ან რატომ უნდა მძულდეს?! საამაყო არაფერი მაქვს - ურიცხვი ცოდვის გარდა თავს ვერაფრით შევიქებ. ჩემი სიგლახაკითა და სნეულებით როგორ მივეცემი ტკბობასა და ავხორცობას?! რა თქმა უნდა, განათლებული ან მდიდარი რომ ვყოფილიყავი, მაშინ, უდავოდ, მეც ვიქნებოდი დამნაშავე თქვენს ნათქვამში.

- ვწუხვარ, საყვარელო, რომ ჩემი ნათქვამიდან ცოტა რამ გაიგე. სწრაფად რომ გაგარკვიო, ნაწერს მოგცემ. თავად მეც ყოველთვის მის მიხედვით ვამბობ აღსარებას. წაიკითხე და ნათლად დაინახავ იმის ზუსტ დადასტურებას, რასაც ახლა გეუბნებოდი.

მოძღვარმა ნაწერი მომცა. დავიწყე კითხვა.

სულიერი კაცის აღსარება, რომელსაც სიმდაბლემდე მივყავართ

"როცა საკუთარ თავს ყურადღებით მივაპყარი მზერა და ჩემს შინაგან მდგომარეობას დავუკვირდი, გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ღმერთი არ მიყვარს, მოყვასის სიყვარული არ მაქვს, არაფერი რელიგიური არ მწამს, ამპარტავნებითა და ავხორცობით ვარ სავსე. საკუთარი გრძნობებისა და საქციელის ზედმიწევნით გამოძიების შედეგად ყოველივე ამას მე მართლაც ვპოულობ ჩემში, კერძოდ:

1) ღმერთი არ მიყვარს. ღმერთი რომ მიყვარდეს, მაშინ მასზე განუწყვეტელი ფიქრი გულს გამიხარებდა, სიხარულით დამატკბობდა ღმერთზე ყოველი გაფიქრება; მე კი, პირიქით, გაცილებით ხშირად და გაცილებით მეტი სიხარულით ყოველდღიურ საზრუნავზე ვფიქრობ, ღმერთზე ფიქრი კი ჩემთვის ძნელია და მოსაწყენი. მე რომ იგი მიყვარდეს, მასთან ლოცვით საუბარი მასაზრდოებდა, სიამეს მომგვრიდა და მასთან განუწყვეტელი კავშირისკენ მიმიზიდავდა; მაგრამ, პირიქით, მე არა მარტო ვერ ვტკბები ლოცვით, არამედ ლოცვის დროს შრომაც მიხდება: ვებრძვი უხალისობას, სიზარმაცე მადუნებს, მზად ვარ, სიხარულით გავაკეთო უმნიშვნელო რამეც კი, ოღონდ რამენაირად შევამოკლო ან შევწყვიტო ლოცვა. არაფრის მომცემ საქმეში დრო შეუმჩნევლად გამირბის, მაგრამ როცა ღვთისთვის ვიღვწი და მის წინაშე წარვდგები ხოლმე, ყოველი საათი წელიწადად მეჩვენება. როცა ვინმე უყვართ, მთელი დღე განუწყვეტლივ მასზე ფიქრობენ, მას წარმოიდგენენ, მასზე ზრუნავენ, ნებისმიერი საქმის კეთების დროს გონებით საყვარელ მეგობარს დასტრიალებენ; მე კი მთელი დღის განმავლობაში ერთ საათსაც ძლივს ვპოულობ, რომ ღმერთზე ღრმა ფიქრში ჩავიძირო და მისი სიყვარულით ავენთო, ხოლო დარჩენილ ოცდასამ საათს თავგამოდებით ვწირავ მსხვერპლს ჩემს ვნებიან კერპებს... ამაო, სულისთვის მდაბალ საგნებზე საუბრის დროს მხნედ ვარ და კმაყოფილებას განვიცდი, მაგრამ როცა ღმერთზეა მსჯელობა, სიცივე, მოწყენილობა და სიზარმაცე მიპყრობს. თუ ღვთიურ საგნებზე ლაპარაკში უნებურად ჩამითრევენ, სასწრაფოდ ვცდილობ ჩემი ვნებების მაამებელ საუბარზე გადასვლას. დაუცხრომელია ჩემი ცნობისმოყვარეობა ახალი ამბების, სამოქალაქო დადგენილებებისა და პოლიტიკური მოვლენების მიმართ; ხარბად ვესწრაფვი, დავიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა საერო მეცნიერებებში, მხატვრობაში, მიღწევებში; ხოლო საღვთო სჯულის მოძღვრება, ღმერთსა და რელიგიაზე ცოდნა ჩემზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, ჩემს სულს არ ასაზრდოებს და ყველაფერი ეს არათუ  ქრისტიანისთვის არაარსებით საქმიანობად, არამედ უცხო, მეორეხარისხოვან საკითხადაც კი მიმაჩნია, რითაც მხოლოდ თავისუფალ დროს, მოცალეობისას უნდა დავკავდე. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ღვთის სიყვარული მისი მცნებების აღსრულებით შეიცნობა, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს: "რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე" (იოან. 14.21), ხოლო მე მის მცნებებს არა მარტო არ ვასრულებ, არამედ ოდნავ ვზრუნავ მათზე, მაშინ სრული ჭეშმარიტება იქნება, თუ დავასკვნით, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ამავეს ადასტურებს ბასილი დიდიც, როცა ამბობს: "ადამიანს ღმერთი და ქრისტე რომ არ უყვარს, ამას მცნებების შეუსრულებლობით ამტკიცებს".

2) არ მაქვს მოყვასის სიყვარული. რადგან მოყვასის საკეთილდღეოდ არათუ სულის დადება არ შემიძლია (სახარების მიხედვით), არამედ ჩემს ღირსებას, კეთილდღეობასა და სიმყუდროვესაც კი ვერ ვწირავ მოყვასის საკეთილდღეოდ. მე რომ იგი სახარებისეული მცნების თანახმად საკუთარი თავივით მიყვარდეს, მაშინ მისი უბედურება შემძრავდა, ხოლო მისი კეთილდღეობა აღმარფთოვანებდა. მაგრამ პირიქით ვიქცევი, მოყვასის უბედურების ამბებს ცნობისმოყვარეობით ვისმენ და არ განვიცდი, გულგრილი ვარ და, რაც ყველაზე დიდი დანაშაულია, რაღაცნაირ სიამოვნებასაც კი მგვრის. მოყვასის ცუდ საქციელს სიყვარულით კი არ ვფარავ, არამედ განვიკითხავ და ვახმაურებ. მისი კეთილდღეობა, პატივი და ბედნიერება საკუთარივით კი არ მახარებს, არამედ, როგორც უცხოსი, ჩემში არანაირ სიხარულს არ იწვევს და, პირიქით, თითქოს ოდნავ შურსა და სიძულვილსაც კი აღმიძრავს.

3) არაფერი რელიგიური არ მწამს, არც უკვდავება, არც სახარება. მე რომ ძლიერ მჯეროდეს და უეჭველად მწამდეს სიკვდილის შემდგომი მარადიული ცხოვრება და მიწიერი საქმეებისთვის მისაგებლის არსებობა, განუწყვეტლივ ამაზე ვიფიქრებდი, თავად უკვდავებაზე ფიქრიც კი შემზარავდა და მდგმურივით გავატარებდი ამ ცხოვრებას, რომელიც თავის სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადება. მე კი, პირიქით, მარადისობაზე არ ვფიქრობ და ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული ჩემი არსებობის საზღვრად მიმაჩნია. ჩემში დაბუდებულია ფარული აზრი: `ვინ იცის, რა იქნება სიკვდილის შემდეგ?~ თუმცა ვამბობ, რომ უკვდავება მწამს, ამას მხოლოდ გონებით ვამბობ, გულით კი შორს ვარ მისი მტკიცე რწმენისგან, რასაც ცხადად ადასტურებს კიდეც ჩემი საქციელი და განუწყვეტელი ზრუნვა ამქვეყნიური ცხოვრების კეთილმოწყობისთვის. ჩემს გულს რწმენით რომ ჰქონდეს შეწყნარებული წმინდა სახარება, როგორც ღვთის სიტყვა, გამუდმებით მას მივმართავდი, მას შევისწავლიდი, მისით დავტკბებოდი და მზერასაც კი დიდი მოწიწებით მივაპყრობდი მას. აღმაფრთოვანებდა მასში დაფარული სიბრძნე, მადლი და სიყვარული, დღედაღამ დავტკბებოდი საღვთო სჯულის სწავლებებით, მისით ვისაზრდოებდი, როგორც ყოვედღიური საკვებით, და გულით ვეცდებოდი მისი კანონების აღსრულებას. ვერაფერი მიწიერი ვერ განმაშორებდა მას. არადა, პირიქით, როცა იშვიათად ვკითხულობ ან ვისმენ ღვთის სიტყვას, ამასაც ან აუცილებლობის, ან ცნობისმოყვარეობის გამო ვაკეთებ. თანაც, ამ დროს დიდ გულისყურს კი არ ვიჩენ, არამედ სიცივესა და უინტერესობას ვგრძობ, თითქოს ჩვეულებრივ რამეს ვკითხულობდე, სრულიად უნაყოფოდ ვანებებ თავს და სიამოვნებით მზად ვარ, საერო საკითხავით შევცვალო იგი, რაშიც უფრო მეტ კმაყოფილებასა და უფრო მეტ საინტერესო რამეს ვპოულობ.

4) ამპარტავნებითა და თავმოყვარეობით სავსე ვარ. ამას მოწმობს ჩემი ნებისმიერი საქციელი: თუ ჩემში რაიმე სიკეთეს ვხედავ, მისი გამომზეურება მსურს ან მის გამო სხვებთან ვქედმაღლობ, ან შინაგანად ვტკბები საკუთარი თავით; თუმცა გარეგნულად სიმდაბლეს ვიჩენ, ყოველივეს ჩემს ძალებს მივაწერ და სხვებზე აღმატებულად, უკიდურეს შემთხვევაში, არანაკლებად მივიჩნევ თავს. თუ ჩემში რამე მანკს შევნიშნავ, მისთვის საპატიო მიზეზს ვპოულობ და აუცილებლობის ან უდანაშაულობის ნიღბით ვფარავ. მათზე ვბრაზობ, ვინც პატივს არ მცემს, და მიმაჩნია, რომ ხალხის შეფასება არ იციან. ვპატივმოყვარეობ ნიჭით, საქმეში წარუმატებლობა შეურაცხმყოფლად მიმაჩნია, ვდრტვინავ და ჩემი მტრების უბედურება მახარებს. თუ რაიმე სიკეთისკენ მივილტვი, ამ დროს ჩემი მიზანია ან ქება, ან სულიერი ანგარება, ან საერო ნუგეში. ერთი სიტყვით, საკუთარი თავისგან გამუდმებით ვქმნი კერპს, რომელსაც განუწყვეტლივ ვემსახურები და ყველაფერში ხორციელ ტკბობასა და ჩემი ავხორცი ვნებებისა და ავხორცობისთვის საზრდოს ვეძიებ.

ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ჩემს თავს ამაყ, მრუშ, ურწმუნო, ღვთის არამოყვარე და მოყვასის მოძულე ადამიანად მივიჩნევ. შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო მეტად ცოდვილი მდგომარეობა? ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არიან ბნელეთის სულები: თუმცა მათ ღმერთი არ უყვართ, ადამიანი სძულთ, ამპარტავნებით ცხოვრობენ და საზრდოობენ, ყოველ შემთხვევაში, სწამთ მაინც და სარწმუნოებით ძრწიან. მე კი? - განა არსებობს იმაზე საშინელი ხვედრი, მე რომ მომელის?! სხვა რის გამო შეიძლება უფრო მკაცრი და უკიდურესი განაჩენის გამოტანა სამსჯავროზე, თუ არა ამგვარი უყურადღებობისა და უგუნური ცხოვრებისთვის, რასაც მე ჩემში ვაცნობიერებ!.."

მოძღვრის მიერ მოცემული აღსარება რომ წავიკითხე, შევძრწუნდი და ჩემთვის გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, რა საშინელი ცოდვები იმალება ჩემში, და აქამდე ვერ ვამჩნევდი მათ!" ამრიგად, ცოდვებისგან განწმენდის სურვილმა მაიძულა, ამ უდიდესი სულიერი მამისთვის რჩევა-დარიგება მეთხოვა, ყველა ბოროტების მიზეზთა გაცნობიერების შემდეგ თუ რა ხერხისთვის მიმემართა მათ გამოსასწორებლად. იგი ახსნა-განმარტებას შეუდგა:

- ხედავ, საყვარელო ძმაო, ღვთის უსიყვარულობის მიზეზი ურწმუნოებაა, ურწმუნოების მიზეზი _ დაურწმუნებლობა, ხოლო დაურწმუნებლობის მიზეზი ჭეშმარიტი ნათელი ცოდნის უძიებლობა და სულიერი განათლების მიმართ უყურადღებობაა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ არ გწამს, ვერ შეიყვარებ; თუ დარწმუნებული არ ხარ, ვერ ირწმუნებ; ხოლო რომ დარწმუნდე, აღნიშნულ საკითხზე სრული და საფუძვლიანი ცოდნა უნდა მოიძიო. აუცილებელია, რომ დიდი ფიქრის, ღვთის სიტყვის შესწავლის, გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად სულში გავაღვივოთ წყურვილი და ჟინი, ან როგორც ახლა ამბობენ, "გაოცება", რომელიც ბადებს დაუოკებელ სურვილს, უფრო ახლოს და სრულყოფილად შევიცნოთ საგანი და უფრო ღრმად ჩავწვდეთ მის თვისებებს.

ერთი სასულიერო მწერალი ამაზე ასე მსჯელობს: "სიყვარული, - ამბობს იგი, - ჩვეულებისამებრ, შემეცნების შედეგად იზრდება: რამდენადაც მეტია შემეცნების სიღრმე და სივრცე, მით მეტია სიყვარული, მით უფრო მეტად ლღვება სული, და ღვთის სიყვარულისთვის განეწყობა, როცა გულდასმით აკვირდება ყველაზე სრულყოფილ და უმშვენიერეს არსებას, ღმერთს, და ადამიანების მიმართ მის უკიდეგანო სიყვარულს".

ახლა ხომ ხედავ, შენ მიერ წაკითხული ცოდვების მიზეზი არის ის, რომ სულიერ საგნებზე ფიქრი გვეზარება, რაც თავად ამგვარი ფიქრის მოთხოვნილების გრძნობას ახშობს. თუ ამ ბოროტების დამარცხების საშუალების შეტყობაც გსურს, მაშინ ყოველნაირად შეეცადე, სულიერად განათლდე. ამას ღვთის სიტყვის, წმინდა მამების სწავლებების, მათი ნააზრევისა და სულიერი რჩევა-დარიგებების გულმოდგინე შესწავლით, ბრძენ ადამიანებთან ქრისტეზე საუბრით მიაღწევ. ჰოი, საყვარელო ძმაო, რამდენი უბედურება გვატყდება თავს იმის გამო, რომ ჭეშმარიტი სიტყვით სულის განათლება გვეზარება, დღედაღამ არ ვსწავლობთ საღვთო სჯულს და საამისოდ გულმოდგინედ და დაჟინებით არ ვლოცულობთ! ამის გამო კი ჩვენი შინაგანი კაცი მშიერიც არის, ცივიც და დაუძლურებულიც, არ აქვს ძალა, მხნედ იაროს ცხონებისკენ მიმავალ სიმართლის გზაზე. ამრიგად, საყვარელო, თუ ამ საშუალებებით სარგებლობა გვსურს, უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენი გონება შეძლებისდაგვარად ხშირად შევავსოთ ზეციურ საგნებზე ფიქრით, და მაშინ ჩვენს გულებზე ზეგარდმო მოფენილი სიყვარული ჩვენში გაღვივდება და აენთება. მასთან ერთად ვიყოთ და, რაც შეიძლება, ხშირად ვილოცოთ, რადგან ლოცვა არის ჩვენი განახლებისა და წარმატების უმთავრესი გზა და უძლიერესი საშუალება. ისე ვილოცოთ, როგორც ამას წმინდა ეკლესია გვასწავლის: "უფალო, აწ ღირსმყავ, რაჲთა მიყვარდე, რამეთუ ჟამითი ჟამად მიყვარს ცოდვაჲ იგი!"

ყურადღებით მოვისმინე ყოველივე და წმინდა მამას გულაჩვილებულმა ვთხოვე, ჩემი აღსარება მიეღო და ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ზიარების ღირსი გავეხადე. ამრიგად, დილით ზიარების ღირსი გავხდი. გზის ამგვარი მადლმოსილი დალოცვის შემდეგ კიევში დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ, ვინაიდან ამ კეთილ მამას დღე-დღეზე ლავრაში წასვლა ჰქონდა განზრახული, მდუმარებაში დაუბრკოლებლად რომ მელოცა, ამ ხნის განმავლობაში თავის სენაკში დამტოვა. მართლაც, თითქოს ზეცაში გავატარე ის დღეები: ჩემი უხუცესის ლოცვით სრული სიმშვიდით ვტკბებოდი მე, უღირსი. ლოცვა ისე მსუბუქად და ტკბილად იღვრებოდა ჩემს გულში, რომ ამ დროს, ალბათ, ყველაფერი მავიწყდებოდა, საკუთარ თავიც კი, და მხოლოდ იესო ქრისტეზე ვფიქრობდი. ბოლოს მოძღვარიც დაბრუნდა. ვთხოვე, ერჩია, საით გამეგრძელებინა ჩემი მწირული გზა. მან ასე მაკურთხა:

- პოჩაევოში წადი, იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედ ნატერფალს ეცი თაყვანი და ის წარმართავს შენს ტერფებს სამშვიდობოდ.

რწმენით მივიღე მისი რჩევა და სამი დღის შემდეგ პოჩაევოში წავედი. საკმაოდ მოწყენილმა ვიარე ორასი ვერსი, რადგან გზა ებრაელების ფუნდუკებსა და დაბებზე გადიოდა. ქრისტიანთა საცხოვრებლები იშვიათად მხვდებოდა. ერთ ხუტორში რუსული ფუნდუკი დავინახე. გახარებული შევედი ღამის გასათევად და საგზლისთვის პურის სათხოვნელად. ორცხობილა უკვე მითავდებოდა. იქ მოხუცებული მეპატრონე ვნახე. შეძლებული კაცი ჩანდა, ჩემსავით ორლოვის გუბერნიიდან იყო. როგორც კი ოთახში შევედი, მისი პირველი კითხვა გახლდათ:

- რა სარწმუნოების ხარ?

ვუპასუხე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვიყავი.

- თქვენ რა მართლმადიდებლები ხართ! - დაცინვით მითხრა მან, - თქვენ მართლმადიდებლობა მხოლოდ ენაზე გაკერიათ, საქმით კი ბასურმანების (ურჯულოების - რედ.) რწმენისა ხართ! თავად მეც მაცდუნა ერთმა სწავლულმა მღვდელმა და თქვენს ეკლესიაში მოვედი. წელიწადნახევარი ვიყავი თქვენთან და კვლავ ჩვენს ერთობას დავუბრუნდი. თქვენს ეკლესიაში მოსვლა მაცდუნებელია: დიაკვნები ძლივ-ძლივობით ლუღლუღებენ ღვთისმსახურებას, თანაც გამოტოვებით და გაუგებრად. ხოლო სოფლის მგალობლები სამიკიტნოების მომღერლებზე უკეთესები არ არიან. ხალხი დგას, ვისაც როგორ უხარია - მამაკაცები ქალებთან ერთად. ღვთისმსახურების დროს ლაპარაკობენ, აქეთ-იქით ბრუნავენ და იხედებიან, წინ და უკან დადიან. სიჩუმეში მშვიდად ლოცვის საშუალებას არ მოგცემენ. ეს რა ღვთისმსახურებაა? - ეს მხოლოდ და მხოლოდ ცოდვაა! ჩვენთან კი როგორი მოწიწებით სრულდება ღვთისმსახურება, გარკვევით, გამუოტოვებლად. გალობა ლმობიერების მომგვრელია, ხალხიც წყნარად დგას: კაცები - ცალკე, ქალები - ცალკე, და ყველამ იცის, წმინდა ეკლესიის წესდების თანახმად, სად და როდის გააკეთოს მეტანია. სწორედაც, შემოხვალ თუ არა ჩვენს ეკლესიაში, მაშინვე გრძნობ, ღვთისმსახურებაზე რომ მოხვედი. თქვენს ეკლესიაში მისული კი ვერ ხვდები, სად მიხვედი, ეკლესიაში თუ ბაზარში!...

ეს რომ მოვისმინე, მივხვდი, მოხუცი სტაროვერი იყო. რადგან მისი ნათქვამი სიმართლეს შეეფერებოდა, ამიტომ შეკამათება და მისი მოქცევა არ შემეძლო, მხოლოდ ჩემთვის გავიფიქრე, რომ სტაროვერების ჭეშმარიტი ეკლესიისკენ მობრუნება შეუძლებელია მანამ, სანამ ჩვენთან საეკლესიო ღვთისმსახურება არ გამოსწორდება და სანამ ამის მაგალითს, განსაკუთრებით, სასულიერო წოდება არ აჩვენებს. სტაროვერს შინაგანისა არაფერი გაეგება, ის მხოლოდ გარეგნულს ეყრდნობა. ჩვენთან კი ამას დაუდევრად ეკიდებიან.

იქიდან წასვლა მინდოდა და უკვე წინკარშიც ვიყავი გასული, როცა მოულოდნელად, რომელიღაც პატარა ოთახის ღია კარში, ერთი კაცი დავინახე. გარეგნობით რუსი არ უნდა ყოფილიყო. საწოლზე იწვა და წიგნს კითხულობდა. მიხმობის ნიშნად ხელი დამიქნია და მკითხა, ვინ ვიყავი. მე ვუპასუხე. აქ ის ალაპარაკდა:

- მომისმინე, საყვარელო! ხომ არ დამთანხმდები, რომ ერთი კვირა მაინც მემსახურო ავადმყოფს, ვიდრე ღვთის წყალობით გამოვჯანმრთელდები? ბერძენი ვარ, მონაზონი - წმინდა ათონის მთიდან. მონასტრისთვის მოწყალების შესაგროვებლად რუსეთში ვცხოვრობდი. და აი, როცა ჩემს სამყოფელში ვბრუნდებოდი, ისე ავად გავხდი, რომ ფეხების ტკივილის გამო სიარულიც არ შემიძლია. ამიტომ ეს ბინა ვიქირავე აქ. უარს ნუ იტყვი, ღვთის მონავ, გადაგიხდი.

- არანაირი გასამრჯელო არ მჭირდება. ღვთის სახელისთვის გულმოდგინედ მოგემსახურებით, რითაც შევძლებ!

ასე დავრჩი მასთან. სულის საცხონებელი ბევრი რამ მოვისმინე მისგან. წმინდა ათონის მთაზე, იქაურ უდიდეს მოსაგრეებზე, მრავალ განდეგილსა და დაყუდებულზე მიამბობდა. თან ჰქონდა ბერძნულ ენაზე "სათნოებათმოყვარეობა" და ისააკ ასურის წიგნი. ჩვენ ერთად ვკითხულობდით და ბერძნულ დედანს პაისი ველიჩკოვსკის სლავურ თარგმანს ვუდარებდით. აქ მან აღნიშნა, რომ შეუძლებელია  ბერძნული ენიდან "სათნოებათმოყვარეობის" ისე ზუსტად და სწორად თარგმნა, როგორც ეს პაისის სლავურად აქვსო ნათარგმნი. როგორც შევნიშნე, იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა და დახელოვნებული იყო გულისმიერ შინაგან ლოცვაში (რუსულადაც წმინდად მეტყველებდა), ამიტომ ბევრი რამ გამოვკითხე. იგი სიამოვნებით მიამბობდა და მეც ყურადღებით ვუსმენდი. მისი ბევრი გამონათქვამიც ჩავიწერე. აი, მაგალითად, იესოს ლოცვის უპირატესობა და სიდიადე ასე განმიმარტა:

- იესოს ლოცვის სიდიადეს თავად მისი ფორმა წარმოაჩენს, - მითხრა მან, - ის ორი ნაწილისგან შედგება: მის პირველ ნაწილს, ანუ "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო", გონება იესო ქრისტეს ცხოვრებისეულ ისტორიაში გადაჰყავს ან, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მასში მოკლედ არის გადმოცემული მთელი სახარება; ხოლო მეორე ნაწილი, ანუ "შემიწყალე მე, ცოდვილი", ჩვენი უძლურებისა და ცოდვიანობის ამბავს წარმოგვიდგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საწყალი, ცოდვილი და სიმდაბლით მოსილი სულის საწადელისა და თხოვნის უფრო ბრძნულად, უფრო არსებითად და უფრო მკაფიოდ გამოხატვა სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა ამ სიტყვებით: "შემიწყალე მე!" ნებისმიერი სხვა სახით მისი გამოხატვა ამ სიტყვებივით საკმარისი და სრული არ იქნებოდა. მაგალითად, რომ გვეთქვა: "მაპატიე მე", "მომიტევე ცოდვები", "მომიტევე უსჯულოებანი", "აღხოცე ბრალნი", ყოველივე ეს მხოლოდ მფრთხალი და დაუდევარი სულის სასჯელისგან ხსნის თაობაზე შიშით გამოწვეული თხოვნა იქნებოდა; მაგრამ სიტყვები - "შემიწყალე მე" არა მხოლოდ შიშით გამოწვეული პატიების სურვილია, არამედ მამაშვილური სიყვარულის ჭეშმარიტი ღაღადისია, რომელსაც ღვთის მოწყალების იმედი აქვს და მდაბლად აღიარებს, რომ უძლურია, საკუთარი ნება მოდრიკოს და სულიერად იფხიზლოს. ეს არის ღაღადისი შეწყალების, ანუ მოწყალების თაობაზე, რათა ღმერთმა სულიერი ძალა მიანიჭოს, რაც თავის მხრივ სულს განამტკიცებს, წინ აღუდგეს ცდუნებებს და ცოდვილ მიდრეკილებებს სძლიოს. ისევე, როგორც მოვალე მათხოვარი მოწყალე მევალეს არა მარტო ვალის პატიებას, არამედ მოწყალების გაღებასა და უკიდურესი სიღარიბის გამო შებრალებას სთხოვს, ეს ღრმაშინაარსიანი გამონათქვამიც - "შემიწყალე მე" - გამოხატავს თხოვნას: მოწყალეო უფალო! მომიტევე ცოდვები, შემეწიე, რათა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო, აღძარი ჩემს სულში დაუზარელი სწრაფვა იმისა, რომ შენს ბრძანებებს მივდიო. მოიღე მოწყალება და მომიტევე ჩადენილი ცოდვები, გაბნეული გონება, ნება და გული შენკენ, ერთადერთისკენ, მოაქციე.

განმაცვიფრა მისმა ბრძნულმა საუბარმა და ჩემი ცოდვილი სულის დამოძღვრისთვის მადლობა ვუთხარი. შემდეგ მან კიდევ განმიმარტა ერთი შესანიშნავი რამ.

- თუ გინდა, - მითხრა მან, - კიდევ გიამბობ (და მეცნიერულ ენაზე რაღაც დაასახელა. მეუბნებოდა, ათენის აკადემიაში ვსწავლობდიო) იესოს ლოცვის ინტონაციასთან დაკავშირებით.

აი, შეხედე: ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მომესმინა, ღვთის მცნებისა და წმინდა ეკლესიის გადმოცემის მიხედვით თუ როგორ წარმოთქვამს იესოს ლოცვას ბევრი ღვთისმოშიში ქრისტიანი. ამას არა მარტო სახლში ლოცვის დროს, არამედ ღვთის ტაძარშიც ასრულებენ. როცა ყურადღებით და სიამოვნებით ვუსმენთ წყნარად წარმოთქმულ ამ ლოცვას, სულიერი სარგებლობის მიზნით შეიძლება შევნიშნოთ, რომ ამ ლოცვას ბევრი ადამიანი სხვადასხვა ტონით ამბობს, კერძოდ: ზოგიერთი ლოცვის პირველსავე სიტყვაზე, ანუ "უფალო"-ს თქმისას, ამაღლებს ტონს, დანარჩენ სიტყვებს კი დაბალი ხმით, ერთგვაროვანი ტონით ასრულებს. სხვები ლოცვას დაბალი ტონით იწყებენ, ლოცვის შუაში, ანუ სიტყვაზე "იესო", ხმას უწევენ და წამოძახილის შემდეგ დანარჩენ სიტყვებს ისეთივე დაბალი ტონით ამთავრებენ, როგორც დაიწყეს. სხვები ერთგვაროვანი დაბალი ტონით იწყებენ და აგრძელებენ ლოცვის შემდგომ სიტყვებს, ხოლო უკანასკნელ სიტყვებზე, ანუ "შემიწყალე მე"-ზე, ტონს აღფრთოვანებით უწევენ. ზოგიერთი კი მთელი ლოცვის, ანუ "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი"-ს წარმოთქმის დროს ხმას მხოლოდ სიტყვებზე - "ძეო ღვთისაო"-ზე ამაღლებს.

ახლა ნახე: ლოცვა ერთი და იგივეა. მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთსა და იმავე სარწმუნოებას მისდევენ. საყოველთაო აზრია, რომ ლოცვებს შორის ეს უმთავრესი და უმაღლესი ლოცვა თავის თავში ორ რამეს მოიცავს: უფალ იესოსა და მისთვის თავის შებრალებას. ეს ყველასთვის თანაბრად ცნობილია. მაშ, ამას ინტონაციით, ანუ წარმოთქმის დროს რატომ ერთნაირად არ გამოხატავს ყველა?! რატომ არის, რომ თითოეული ადამიანი რომელიმე განსაზღვრულ, და არა ერთსა და იმავე ადგილას განიცდის სულის განსაკუთრებულ ლმობიერებას და ამას საგანგებოდ ამაღლებული და მკვეთრი ტონით გამოხატავს? შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ეს ხდება ჩვეულების ან სხვათა მაგალითის მიბაძვის, ან თითოეული ადამიანის განსხვავებული შეხედულების, ან, ბოლოს და ბოლოს, იმის გამო, თუ ვის როგორ ეადვილება და ეხერხება მისი წარმოთქმა მეტყველების უნარიდან გამომდინარე... მე კი ამაზე სრულებით სხვაგვარად ვფიქრობ. მე მსურს, ამაში რაღაც უფრო უზენაესი, არათუ მსმენელისთვის, არამედ თვით მლოცველისთვისაც კი უცნობი რამ ვეძიო: ხომ არ მოქმედებს აქ საიდუმლოდ სულიწმიდა, რომელიც უცოდინართა "გამოუთქმელ სულთქმათა მეოხია", თუ როგორ და რაზე ილოცონ? მოციქულის თქმით, თუ იესო ქრისტეს სახელით ყველა სულიწმიდის მადლით ლოცულობს, მაშინ, იქნებ, საიდუმლოდ მოქმედი სულიწმიდა, რომელიც "მლოცველს ანიჭებს ლოცვას", ამასთანავე თითოეულს თავისი ძალის შესაბამის მადლმოსილ ნიჭსაც აძლევს: ზოგს - მოწიწების მომგვრელ შიშს, ზოგს - სიყვარულს, ზოგს - მტკიცე რწმენას, ზოგს - ლმობიერ სიმდაბლეს და სხვ. აი, ამიტომ ნიჭის მიმღები ადამიანი მოწიწებას განიცდის, ყოვლისმპყრობელის მეუფებას განადიდებს და თავის ლოცვაში განსაკუთრებული გრძნობითა და აღტაცებით წარმოთქვამს სიტყვას - "უფალო", რომელშიც იგი სამყაროს შემოქმედის სიდიადესა და ძალაუფლებას გულისხმობს. ვისაც სიყვარული გულში იდუმალ ჩაჰღვრია, ის განსაკუთრებულ აღაფრთოვანებაში მოდის და ტკბილად განიმსჭვალება, როცა სიტყვებს - "იესო ქრისტე"_ს  შესძახებს მსგავსად ერთი უხუცესისა, რომელსაც სიყვარულით აღფრთოვანებისა და ტკბილი განცდის გარეშე სიტყვა "იესოს" მოსმენაც კი არ შეეძლო, თუნდაც რომ ჩვეულებრივი საუბრის დროს წარმოეთქვათ. ვისაც მამა ღმერთის თანაარსი იესო ქრისტეს ღვთაებრიობა ურყევად სწამს, ის სიტყვების - "ძეო ღვთისაო"-ს წარმოთქმისას კიდევ უფრო აენთება და რწმენაში მტკიცდება. ვისაც სიმდაბლის ნიჭი მიუღია და საკუთარი უძლურება ღრმად შეუცნია, მას სიტყვების - "შემიწყალე მე"-ს დროს გულშემუსვრილება ეუფლება, მდაბლდება და იესოს ლოცვის ამ უკანასკნელ სიტყვებს განსაკუთრებული დაძაბულობით აღმოთქვამს, ღვთის მოწყალების იმედი აქვს და საკუთარი დაცემისა რცხვენია. ჩემი აზრით, აი, ეს არის იესო ქრისტეს სახელით ლოცვის წარმოთქმის დროს ინტონაციაში სხვადასხვაობის მიზეზი. ხოლო ამ შენიშვნიდან გამომდინარე, ლოცვის მოსმენისას შეგვიძლია გავიგოთ (ღვთის სადიდებლად და საკუთარი თავის დასამოძღვრად), ვინ რა განსაკუთრებული გრძნობითაა გამსჭვალული და ვის რა სულიერი ნიჭი აქვს. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი მეუბნებოდა: "ფარულ სულიერ ნიჭთა ყველა ეს ნიშანი რატომ არ ვლინდება ერთად, ერთიანად? მაშინ ხომ ერთი კი არა, ლოცვის თითოეული სიტყვა მლოცველის თანაბრად აღფრთოვანებული ინტონაციით იქნებოდა გამსჭვალული"... ამაზე შემდეგნაირად ვპასუხობდი: "რადგან ღვთის მადლი ყველას თავისი შესაძლებლობის შესაბამისად ბრძნულად და გასხვავებულად უნაწილებს ნიჭებს, როგორც ეს წმინდა წერილიდან ჩანს, მაშ, ვისღა შეუძლია გამოიკვლიოს და შეზღუდული გონებით ჩასწვდეს მადლის გამგებლობას? განა თიხა მექოთნის ხელში არ არის და მისგან იმას არ გააკეთებს, რასაც მოისურვებს?!"

ხუთი დღე დავყავი ამ ბერთან. მან თანდათან გამოჯანმრთელება დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში იმდენად ბევრ რამეს ვსწავლობდი, რომ ვერც კი ვამჩნევდი, როგორ მიფრინავდა დრო. იმ პატარა ოთახში თითქოს მდუმარებაში ვიყავით დაყუდებულები და სხვა არაფერს ვაკეთებდით, გარდა იმისა, რომ ჩუმად ვლოცულობდით და იესო ქრისტეს სახელს მოვუხმობდით, ან ერთსა და იმავე საგანზე, კერძოდ, შინაგან ლოცვაზე, ვლაპარაკობდით.

ერთხელ ვიღაც მომლოცველმა შემოიარა ჩვენთან. იგი ბევრს ჩიოდა, წუხდა და ლანძღავდა ებრაელებს, მათი სოფლები გამოევლო და მათგან უსიამოვნებები და ტყუილი დაეთმინა. იმდენად იყო გააფთრებული, რომ სწყევლიდა მათ და ჯიუტობისა და ურწმუნოების გამო დედამიწაზე ცხოვრების ღირსადაც კი არ მიიჩნევდა. ბოლოს თქვა, რომ ისინი უზომოდ სძულს. ეს რომ ბერმა მოისმინა, დარიგება დაუწყო:

- ჩემო მეგობარო, - უთხრა მან, - ებრაელებს ტყუილუბრალოდ ლანძღავ და სწყევლი. ისინიც ისეთივე ღვთის ქმნილებები არიან, როგორც ჩვენ. ისინი უნდა გვებრალებოდეს და მათთვის ვლოცულობდეთ, კი არ უნდა ვწყევლიდეთ. მერწმუნე, მათდამი შენი ზიზღი იქიდან მომდინარეობს, რომ ღვთის სიყვარულში განმტკიცებული არ ხარ და შინაგანი ლოცვის საწინდარი არ გაქვს. სწორედ ამიტომ არ გაგაჩნია შინაგანი მშვიდობა. ამის შესახებ წმინდა მამებიდან წაგიკითხავ. მოისმინე, რას წერს მარკოზ განშორებული: "ღმერთთან შინაგანად შეერთებული სული უდიდესი სიხარულისგან უწყინარ და მიამიტ ბავშვს ჰგავს და უკვე აღარავის განიკითხავს - არც ბერძენს, არც წარმართს, არც იუდეველს, არც ცოდვილს; არამედ განურჩევლად ყველას სპეტაკი თვალით უყურებს, მთელი სამყაროთი ერთნაირად ხარობს და სურს, ყველამ ადიდოს ღმერთი: ბერძენმაც, ებრაელმაც და წარმართმაც". ხოლო მაკარი დიდი ეგვიპტელი ამბობს, რომ შინაგანად მჭვრეტელი ადამიანები     "მხოლოდ სიყვარულით გიზგიზებენ და შესაძლებელი რომ იყოს, ყველა ადამიანს, განურჩევლად ბოროტისა და კეთილისა, საკუთარ წიაღში მისცემდნენ სამკვიდრებელს". გესმის, საყვარელო ძმაო, როგორ მსჯელობენ წმინდა მამები? ამიტომ შენც გირჩევ, მძვინვარება დაიცხრო, ყველაფერს ისე შეხედო, როგორც ყოვლისმცოდნე ღვთის განგებულებაში მყოფს, და განსაცდელის დროს დამწუხრებულმა უმთავრესად საკუთარი თავი დაადანაშაულო მოთმინებისა და სიმდაბლის ნაკლებობის გამო.

ერთ კვირაზე მეტი დრო გავიდა. ბერი გამოჯანმრთელდა. კეთილად დამოძღვრისთვის მას მთელი გულით ვუთხარი მადლობა და გამოვეთხოვე. იგი თავისი ადგილისკენ წავიდა, მე კი ჩემი გზით გავემართე.

უკვე პოჩაევოს ვუახლოვდებოდი. ასიოდე ვერსი მქონდა დარჩენილი, როცა ერთი ჯარისკაცი წამომეწია. ვკითხე, საით მიდიოდა. მიპასუხა, სამშობლოში, კამენეც-პოდოლსკის გუბერნიაშიო. ათი ვერსი ჩუმად ვიარე მასთან ერთად. შევნიშნე, რომ ძლიერ ოხრავდა, თითქოს რაღაცაზე წუხდა. მეტად დაღვრემილი იყო. ვკითხე:

- რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი?

ის კი აღარ მომეშვა და მითხრა:

- კეთილო კაცო! რაკი ჩემი მწუხარება უკვე შენიშნე, დაიფიცე, რომ არავისთან დამასმენ, და ყველაფერს გიამბობ ჩემ შესახებ; რადგან სიკვდილი მიახლოვდება  და მრჩეველი არავინ მყავს.

მე იგი ქრისტიანის შესაფერისად დავარწმუნე, რომ არაფერში მჭირდებოდა რაიმეს გამო ვინმეს დასმენა და რომ ძმური სიყვარულით სიხარულით მივცემდი ისეთ რჩევას, როგორიც შემეძლო.

- იცი რა, - მითხრა მან, - ბატონის გლეხი ვიყავი, ჯარისკაცად გამამწესეს. ხუთი წელი ვიმსახურე, შემდეგ გაუსაძლისად გამიჭირდა. უწესობისა და სიმთვრალისთვის ხშირად მცემდნენ კიდეც, და გაქცევა გადავწყვიტე. უკვე თხუთმეტი წელია, რაც ვიმალები. ექვსი წელი აქა-იქ ვიმალებოდი, საკუჭნაოებსა და ბეღლებს ვქურდავდი, ცხენებს ვიტაცებდი, დუქნებს ვტეხდი. ყველაფერ ამას მარტო ვაკეთებდი, ნაქურდალს კი სხვადასხვა თაღლითთან ვასაღებდი. აღებულ ფულს ღვინოში ვფლანგავდი, გარყვნილ ცხოვრებას ვეწეოდი და ყველანაირ ცოდვას ჩავდიოდი. მხოლოდ არავის სული არ დამიღუპავს. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბოლოს უპასპორტოდ მაწანწალობისთვის ციხეში მოვხვდი, მაგრამ როგორც კი შემთხვევა მომეცა, იქიდანაც გამოვიქეცი. შემდეგ შემთხვევით ერთ ჯარისკაცს გადავეყარე, რომელიც პირნათლად ვალმოხდილი შინ, შორეულ გუბერნიაში ბრუნდებოდა. რადგან ავადმყოფი იყო და ძლივს დადიოდა, უახლოეს სოფლამდე მიყვანა მთხოვა, რომ იქ ადვილად ეპოვა ბინა. მეც მივიყვანე. ათისთავმა ღამის გასათევად სათივე ფარდულში შეგვიშვა. დავწექით იქ. დილით ადრე გავიღვიძე, ვხედავ, ჩემი ჯარისკაცი მომკვდარა და მთლად გაშეშებულა. სასწრაფოდ შევუდექი მისი საბუთების, ანუ სამსახურებრივი ვალის მოხდის მოწმობის მოჩხრეკას. როგორც კი ვნახე, და კაი ძალი ფულიც ვიპოვე, სანამ ჯერ კიდევ ეძინათ, სასწრაფოდ გამოვვარდი ფარდულიდან, იქიდან კი _ უკანა ეზოში და ტყეში... ასე წამოვედი. წავიკითხე მისი პასპორტი და ვხედავ, მისი წლოვანებაც და გარეგნული ნიშნებიც თითქმის ჩემსას ჰგავს. ძალიან გამიხარდა და თამამად განვაგრძე გზა ასტრახანის გუბერნიისკენ. იქ უფრო დავდინჯდი და ქირით მუშაობა დავიწყე. ერთ მოხუც მეშჩანს მივეკედლე, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქონდა და პირუტყვით ვაჭრობდა. მარტოხელა იყო, მხოლოდ ქვრივ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ერთი წელი ვიცხოვრე მასთან. შემდეგ მის ქალიშვილზე დავქორწინდი. შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. ჩვენ ვაჭრობა არ გვეხერხებოდა. ისევ დავიწყე სმა, ჩემი ცოლიც ამყვა, და ერთ წელიწადში ყველაფერი დავხარჯეთ, რაც მოხუცმა დაგვიტოვა. ბოლოს ჩემი ცოლი ავად გახდა და მოკვდა. მე კი ყველაფერი, რაც დამრჩენოდა, სახლიც კი, გავყიდე. ფულიც მალე გავანიავე. რით მეცხოვრა და მერჩინა თავი? ისევ ძველ ხელობას დავუბრუნდი - ქურდობა დავიწყე, ამჯერად უფრო თამამად, რადგან უკვე პასპორტი მქონდა. ასე რომ, ერთ წელიწადში ისევ გავირყვენი. რაღაც დროის განმავლობაში კარგა ხანს ვერ ავეწყე. ბოლოს ვიღაც ბოგანოს გამხდარი ბებერი ცხენი მოვპარე და ტყავისმხდელს ათ შაურად მივყიდე. ფული ავიღე და დუქანში წავედი. ღვინო დავლიე და გადავწყვიტე, ერთ სოფელში წავსულიყავი. ქორწილი იყო და სუფრის შემდეგ, როცა ყველა დაიძინებდა, რაც ხელში ვარგისიანი მომხვდებოდა, უნდა მომეპარა. მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო, შუაღამის მოლოდინში ტყეში წავედი. წამოვწექი და ღრმად ჩამეძინა. და, აი, სიზმარში ვხედავ, ლამაზ გაშლილ მდელოზე ვდგავარ. უცებ ცა საშინლად მოიღრუბლა და მალე ისეთი ძლიერი ქუხილი გაისმა, რომ ფეხქვეშ მიწა გამეპო და თითქოს ვიღაცამ მხრებამდე ჩამასო მიწაში. მიწა მარწუხივით მიჭერდა ყველა მხრიდან, მხოლოდ თავი და ხელები მქონდა გარეთ. შემდეგ თითქოს პირქუში ღრუბელი მიწაზე ჩამოეშვა და იქიდან ჩემი ოცი წლის წინათ გარდაცვლილი მოხუცი ბაბუა გამოვიდა. იგი ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ოცდაათი წელი მნათედ მსახურობდა ჩვენს სოფელში. მწყრალი, მრისხანე სახით მომიახლოვდა. შიშისაგან ავცახცახდი. გარშემო რომ მიმოვიხედე, ჩემ ახლოს იმ ნივთების რამდენიმე გროვა დავინახე, რომლებიც სხვადასხვა დროს მომეპარა. უფრო მეტად შემეშინდა. ბაბუაჩემი მომიახლოვდა, პირველ გროვაზე მიმითითა და მკაცრად მითხრა: "რა არის ეს? გასრისეთ!" უცებ მიწა ისე ძლიერ შემომაწვა და შემომეჭირა ყოველი მხრიდან, რომ ტკივილს, მწუხარებასა და წვალებას ვეღარ გავუძელი, დავიკვნესე და დავიყვირე: "შემიწყალეთ!" მაგრამ ტანჯვა მაინც გრძელდებოდა... შემდეგ ბაბუამ მეორე გროვაზე მიმითითა და ისევ თქვა: "ეს რაღაა? უფრო ძლიერ გასრისეთ!" და ისეთი ძლიერი ტკივილი და სევდა ვიგრძენი, რომლის შედარება არ შეიძლება არანაირ ამქვეყნიურ ტანჯვასთან. ბოლოს ამ ჩემმა ბაბუამ ახლოს მომიყვანა ის ცხენი, რომელიც წინა დღეს მოვიპარე და დაიყვირა: "ეს რა არის? რაც შეიძლება, ძლიერ გასრისეთ!" ისე საშინლად ვიჭყლიტებოდი ყოველი მხრიდან, რომ სიტყვებით ვერც კი აღვწერ, რამდენად სასტიკი, საზარელი და მტანჯველი იყო ეს. თითქოს ძარღვებით მეწეოდნენ, ისე მტკივნეულად ვიხუთებოდი, რომ მოთმენა შეუძლებელი იყო და გული წამივიდოდა, ეს წამება კიდევ ცოტა ხანს რომ გაგრძელებულიყო. მაგრამ მოყვანილმა ცხენმა წიხლი ლოყაში მომარტყა და გამიხეთქა. იმავ წუთს, წიხლის დარტყმისთანავე, თავზარდაცემულმა გავიღვიძე. ღონემიხდილი ვცახცახებდი. ვხედავ, უკვე გათენებულა და მზე ამოდის. ხელი ვიტაცე ლოყაზე - სისხლი მდიოდა, ხოლო სიზმარში რა ადგილებიც მიწაში მქონდა ჩაფლული, თითქოს გამხევებოდა და ჭიანჭველები დამირბოდნენ. ასე შეშინებული ძლივს წამოვდექი და სახლში წავედი. ლოყა დიდხანს მტკიოდა. ხედავ, ნაიარევი ახლაც მაქვს. ადრე არ მქონდა. ამ ხილვის შემდეგ ხშირად მიპყრობდა შიში და ძრწოლა. როგორც კი სიზმრად ნანახი ის ტანჯვა გამახსენდება, მაშინვე გულზე ისეთი მტანჯველი სევდა და მწუხარება შემომაწვება, რომ აღარ ვიცი, სად წავიდე... რაც დრო გადიოდა, ეს სულ უფრო ხშირად მემართებოდა. საბოლოოდ ხალხის შემეშინდა და შემრცხვა, თითქოს ყველამ შეიტყოო ჩემი წარსული თაღლითობა. შემდეგ დარდისგან ვერც ვსვამდი, ვერც ვჭამდი და ვერც ვიძინებდი, აჩრდილივით დავეხეტებოდი. ზოგჯერ ვფიქრობდი, ჩემს პოლკში წავსულიყავი და ყველაფერი მეღიარებინა. იქნებ, სასჯელის შემდეგ ღმერთს ცოდვა ეპატიებინა. მაგრამ ვერ გავბედე, მწყობრში ჩამომატარებდნენ. მოთმინებიდან გამოსული თავის დახრჩობას ვაპირებდი, მაგრამ გავიფიქრე, დიდიხნის სიცოცხლე მაინც არ დამრჩენია და მალე მოვკვდები-მეთქი, რადგან ძალ-ღონე სრულიად გამომელია. ასე რომ, გადავწყვიტე, გამოსათხოვრად სამშობლოში წავიდე და იქ მოვკვდე. სამშობლოში ღვიძლი ძმისშვილი მყავს. აი, უკვე ნახევარი წელია, იქით მივდივარ. მაგრამ სულ სევდა და შიში მაწამებს... რას ფიქრობ, კეთილო კაცო, როგორ მოვიქცე? მოთმინება აღარ მყოფნის!...

ყოველივე ეს რომ მოვისმინე, გავოცდი და გულში ვადიდე ღვთის სიბრძნე და მადლი, როცა დავინახე, რამდენად სხვადასხვა საშუალებით მოაქცევს იგი ცოდვილებს. მას კი ვუთხარი:

- საყვარელო ძმაო! ტანჯვისა და სევდის ჟამს ღმერთს ევედრე. ეს არის ჩვენი ყოველგვარი მწუხარების უმთავრესი სამკურნალო საშუალება...

- არა და არ შემიძლია, - მითხრა მან - ასე მგონია, როგორც კი ლოცვას დავიწყებ, მაშინვე ღმერთი დამასახიჩრებს.

- ტყუილუბრალოდ, ძმაო! ამ აზრებს ეშმაკი ჩაგაგონებს. ღმერთი უსაზღვროდ მოწყალეა, ცოდვილებს თანაუგრძნობს და მონანულებს მალე პატიობს. იესოს ლოცვა, ანუ "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი", ხომ იცი? განუწყვეტლივ იმეორე.

- როგორ არ ვიცი ეს ლოცვა! საქურდლად როცა მივდიოდი, ზოგჯერ გასამხნევებლად ვამბობდი.

- აბა, უყურე: ღმერთმა მაშინაც არ დაგასახიჩრა, როცა უსჯულო საქმეზე მიმავალი ლოცვას ამბობდი, და განა მაშინ დაგღუპავს, როცა სინანულის გზას შემდგარი ილოცებ? ახლა მაინც თუ ხედავ, რომ შენი აზრები მტრისგანაა! დამიჯერე, საყვარელო, თუ ამ ლოცვას იტყვი, მიუხედავად იმისა, თუ რა აზრი მოგივა, მალე იგრძნობ სიხარულს, მთელი შენი შიში და სიმძიმე გაუჩინარდება და ბოლოს სავსებით დამშვიდდები, ღვთისმოსავი ადამიანი გახდები და ყველა ცოდვიანი ვნება გაქრება. გარწმუნებ, რადგან ბევრი ასეთი რამ მინახავს ცხოვრებაში.

ამასთანავე რამდენიმე შემთხვევა ვუამბე, სადაც იესოს ლოცვა თავის სასწაულთმოქმედ ძალას ავლენდა ცოდვილებზე. ბოლოს მისი დაყოლიება ვცადე, რომ სამშობლოში წასვლამდე პოჩაევოს ღვთისმშობელთან, ცოდვილთა თავშესაფარში გამომყოლოდა, იქ ეთქვა აღსარება და ზიარებულიყო. ჯარისკაცი ყურადღებით ისმენდა ყველაფერ ამას, თითქოს სიხარულითაც კი. ასე რომ, ყველაფერზე დამთანხმდა. პოჩაევოში ერთად იმ პირობით წავედით, რომ ერთმანეთს არაფერს ვეტყოდით და იესოს ლოცვას განუწყვეტლივ ვილოცებდით. მთელი დღე ასეთ მდუმარებაში ვიარეთ. მეორე დღეს მითხრა, რომ უფრო მსუბუქად გრძნობდა თავს. ეტყობა, უწინდელზე უფრო დამშვიდებული იყო. მესამე დღეს პოჩაევოში ჩავედით და მე ისევ დავუდასტურე, რომ ვიდრე დაიძინებდა, არც დღისით და არც ღამით არ შეეწყვიტა ლოცვა. ვარწმუნებდი, რომ იესოს უწმინდესი სახელი, რომელიც მტრისთვის აუტანელია, იხსნიდა. ამასთან, "სათნოებათმოყვარეობიდან" იმის შესახებაც წავუკითხე, რომ თუმცა იესოს ლოცვას ყოველთვის უნდა ვამბობდეთ, მისდამი განსაკუთრებული გულმოდგინება მაშინ გვმართებს, როცა ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან საზიარებლად ვემზადებით. ის ასეც მოიქცა, დაუყოვნებლივ თქვა აღსარება და ეზიარა. თუმცა ზრახვები ხანდახან მაინც თავს ესხმოდნენ, იესოს ლოცვით იგი მარჯვედ იგერიებდა მათ. კვირა დილით ცისკრისთვის ადგომა რომ გაადვილებოდა, იგი საღამოს ადრე დაწვა და განუწყვეტლივ ამბობდა იესოს ლოცვას. მე კი კუთხეში ვიჯექი და ფარნის შუქზე ჩემს "სათნოებათმოყვარეობას" ვკითხულობდი. გავიდა ერთი საათი. მას ჩაეძინა, მე კი ლოცვა დავიწყე. უცებ, ოცი წუთის შემდეგ იგი შეკრთა, გამოეღვიძა და მაშინვე წამოხტა. თვალცრემლიანმა მოირბინა ჩემთან და ძლიერ გახარუბულმა მითხრა:

- ჰოი, ძმაო, რა ვნახე ახლა!.. რა სიმსუბუქესა და სიხარულს ვგრძნობ! მწამს, რომ ღმერთი ცოდვილებს კი არ ტანჯავს, არამედ იწყალებს. დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა!

გაოცებულმა და გახარებულმა ვთხოვე, დაწვრილებით მოეთხრო, რაც შეემთხვა.

- აი, რა: როგორც კი ჩამეძინა, ზუსტად იმავე მდელოზე აღმოვჩნდი, სადაც მტანჯავდნენ. თავიდან შემეშინდა, მაგრამ, ვხედავ, ღრუბლის ნაცვლად ბრდღვიალა მზე ამოდის. მთელი მდელო საოცარმა სინათლემ გაასხივოსნა. მდელოზე წითელი ყვავილები და ბალახი დავინახე. უცებ ბაბუაჩემი მომიახლოვდა. ისეთი მშვენიერი იყო, რომ ცქერით ვერ გაძღებოდი. მან ისე ალერსიანად და თბილად მითხრა: "ჟიტომირში, წმინდა გიორგის ეკლესიაში წადი. ეკლესიის დარაჯად აგიყვანენ. იქ იცხოვრე სიცოცხლის ბოლომდე და განუწყვეტლივ ილოცე. ღმერთი შეგიწყალებს!" თქვა ეს, პირჯვარი გადამსახა და გაქრა. ისეთი სიხარული დამეუფლა, გამოთქმაც კი არ შემიძლია. თითქოს რაღაც ჩამომეხსნა და ზეცაში ავფრინდი... ამ გრძნობით გამომეღვიძა უეცრად. სიმსუბუქეს ვგრძნობ და სიხარულისგან გულმა არ იცის, რა ქნას. ახლა რა უნდა გავაკეთო? ახლავე, დაუყოვნებლივ წავალ ჟიტომირში, როგორც ბაბუამ მიბრძანა. ლოცვა სიარულს გამიადვილებს.

- რას ბრძანებ, საყვარელო ძმაო, ამ შუაღამით სად უნდა წახვიდე?! ცისკარი მაინც მოისმინე, ილოცე და მერე ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

ისედაც არ გვეძინა, ამ საუბრის შემდეგ კი ეკლესიაში წავედით. იგი მთელი ცისკარი გულმოდგინედ, ცრემლებით ლოცულობდა. ამბობდა, რომ დიდ სიმსუბუქესა და სიხარულს გრძნობდა და იესოს ლოცვის დროსაც სიტკბოებას განიცდიდა. შემდეგ წირვაზეც ეზიარა, ნასადილევს კი ჟიტომირის გზაზე გავაცილე, სადაც ერთმანეთს ცრემლებითა და სიხარულით გამოვეთხოვეთ.

ამის შემდგომ ჩემს თავზე დავფიქრდი. ვფიქრობდი, ახლა სად წავიდე-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, ისევ კიევში დავბრუნებულიყავი. მისკენ ჩემი იქაური მოძღვრის ბრძნული დარიგებები მიზიდავდა და ასევე ის, რომ, მასთან როცა ვიცხოვრებდი, იქნებ, ვინმე ქრისტესმოყვარე ქველმოქმედები გამოეძებნა, რომლებიც იერუსალიმში ან, უკიდურეს შემთხვევაში, ათონის მთაზე გამამგზავრებდნენ. ამრიგად, კიდევ ერთი კვირა დავყავი პოჩაევოში და დროს იმაში ვატარებდი, რომ გზად ნანახ ყურადსაღებ შემთხვევებს ვიხსენებდი და ზოგიერთ ჭკუის სასწავლ რამესაც ვიწერდი. წასასვლელად მოვემზადე, ფუთა მოვიკიდე და ეკლესიისკენ გავემართე, რათა გზის დასალოცად ღვთისმშობლისთვის თაყვანი მეცა, წირვაზე მელოცა და პირდაპირ გზას გავდგომოდი.

ტაძრის ბოლოში ვიდექი. ვხედავ, გამოვიდა ერთი კაცი. თუმცა ძალიან მდიდრულად არ ეცვა, გარეგნობით კეთილშობილს ჰგავდა. მკითხა, სანთლებს სად ყიდდნენ. ვაჩვენე. წირვა დამთავრდა. მე ღვთისმშობლის ნატერფალთან სალოცავად დავრჩი. ვილოცე და გზას გავუდექი. ცოტა გავიარე, ერთი სახლის ღია ფანჯარა დავინახე, რომელთანაც ბატონი იჯდა და წიგნს კითხულობდა. ამ ფანჯარასთან უნდა გამევლო. ვნახე, რომ ის ბატონი იყო, რომელმაც ტაძარში სანთლების შესახებ მკითხა. როცა ჩავიარე, ქუდი მოვუხადე. მიხმობის ნიშნად ხელი დამიქნია და მკითხა:

- მწირი უნდა იყო?!

მან სახლში მიმიწვია. გამომკითხა, ვინ ვიყავი და საით მივდიოდი. შემდეგ ჩაი მომიტანა და მითხრა:

- მომისმინე, ჩემო კარგო! სოლოვკის მონასტერში წასვლას გირჩევდით. იქ არის განმარტოებული და წყნარი სკიტი. ანზერსკი ჰქვია. ისეთი ადგილია, როგორც მეორე ათონი. ყველას იღებენ. მორჩილება კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დღეში ოთხი საათის განმავლობაში ეკლესიაში მორიგეობით კითხულობენ ფსალმუნებს. აი, თავად მეც იქით მივეშურები და დაპირებისამებრ ფეხით მივდივარ. ერთად ვივლიდით. უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი შენთან, ამბობენ, მივარდნილი გზა არისო. მე კი ფული მიმაქვს. თანაც, მთელი გზა დაგაპურებდი. ერთმანეთისგან სამი საჟენის მოშორებით ვივლით, ხელი რომ არ შევუშალოთ ერთმანეთს ლოცვაში. დაფიქრდი, ძმაო, და დამთანხმდი! შენთვისაც სასრგებლო იქნება.

შემოთავაზება რომ მოვისმინე, მივიჩნიე, რომ ამ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში გზის მაჩვენებელი დედა ღვთისა იყო, ვისაც კეთილ გზაზე დაყენებას ვთხოვდი. აღარ დავფიქრებულვარ და მაშინვე დავთანხმდი.

ასე გავუდექით გზას მეორე დღეს. სამი დღე-ღამე მივდიოდით, როგორც შევთანხმდით, ერთი მეორის უკან. ის სულ წიგნს კითხულობდა, არც დღისით უშვებდა ხელს და არც ღამით. ზოგჯერ კი რაღაცაზე დაფიქრდებოდა. ბოლოს სადილისთვის ერთ ადგილას გავჩერდით. თვითონ ჭამს, წიგნი კი წინ გადაშლილი უდევს და ხშირად იცქირება შიგ. დავინახე, ეს წიგნი სახარება იყო. ვუთხარი:

- ძამიკო, გავკადნიერდები და გკითხავთ, რატომ არის, რომ სახარებას არც დღისით უშვებთ ხელიდან და არც ღამით, სულ ხელში გიჭირავთ და თან დაგაქვთ?

- იმიტომ რომ, თითქმის გამუდმებით მხოლოდ აქედან ვსწავლობ... - მიპასუხა მან.

-  რას სწავლობთ? - გავაგრძელე მე.

- ქრისტიანულ ცხოვრებას, რომელიც ლოცვაში მდგომარეობს. ლოცვას ცხონების უმთავრეს და აუცილებელ საშუალებად და თითეული ქრისტიანის უპირველეს მოვალეობად მივიჩნევ. ლოცვა ღვთისმოსავი ცხოვრების პირველი საფეხურიც არის და გვირგვინიც. სახარება სწორედ ამიტომ გვაძლევს მცნებად, რომ ყოველთვის განუწყვეტლივ ვილოცოთ. ყველა სხვა ღვთივსათნო საქმეს თავისი დრო აქვს განკუთვნილი, ლოცვისთვის კი უქმი დრო არ არსებობს, ლოცვის გარეშე ვერანაირ სიკეთეს ვერ გააკეთებ, სახარების გარეშე შეუძლებელია ჯეროვანი ლოცვის სწავლა. აი,Aამიტომ ყველამ, ვინც შინაგანი ცხოვრების გზით ცხონებას მიაღწია, ღვთის სიტყვის წმინდა მქადაგებლები იყვნენ თუ მეუდაბნოე და დაყუდებული ბერები, თუნდაც ნებისმიერი ღვთისმოშიში ქრისტიანი, მათი აუცილებელი და მუდმივი საქმიანობა ღვთის სიტყვის ღრმად შესწავლა გახლდათ და მათ არსებით საქმეს სახარების კითხვა წარმოადგენდა. ბევრ მათგანს გამუდმებით ხელთ ჰქონდა სახარება და ვინც მათ ცხონებისთვის დარიგებას სთხოვდა, ასეთ რჩევას აძლევდნენ: "მდუმარედ იჯექი სენაკში და იკითხე და იკითხე სახარება".

მე ძალიან მომეწონა მისი მსჯელობა და ლოცვისკენ ასეთი სწრაფვა. ამიტომ კიდევ ვკითხე:

- განსაკუთრებით სახარების რომელი შეგონებიდან სწავლობთ ლოცვას?

- ოთხივე მახარებლიდან, - მიპასუხა მან, - მთელი ახალი აღთქმიდან, როცა მას თანამიმდევრობით კითხულობ. ხანგრძლივი კითხვისა და გულდასმით გადაკითხვის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, თუ როგორი თანამიმდევრობა და სწორი კავშირი არსებობს მთელ სახარებაში ლოცვის შესახებ სწავლებებს შორის, დაწყებული პირველი მახარებლით და რიგ-რიგობით გაგრძელებული (სისტემურად), მაგალითად: თავიდან ლოცვის შესწავლასთან დაკავშირებით შესავალი, ანუ დასაწყისი გვხვდება, შემდეგ ლაპარაკია ლოცვის ფორმაზე, ანუ სიტყვებით მის გარეგნულ გამოხატვაზე, შემდეგ ლოცვისთვის აუცილებელ პირობებსა და მისი შესწავლის საშუალებებზე, მოყვანილია მაგალითები. ბოლოს არის იესო ქრისტეს სახელით შინაგანი და სულიერი განუწყვეტელი ლოცვის შესახებ საიდუმლო სწავლება, რომელიც წარმოდგენილია როგორც უფრო მაღალი და კეთილისმყოფელი რამ, ვიდრე ფორმის მქონე ლოცვა. შემდეგ საუბარია მის აუცილებლობაზე, კეთილ ნაყოფსა და სხვ. ერთი სიტყვით, სახარებაში თავიდან ბოლომდეა გადმოცემული და სისტემურად, ანუ თანამიმდევრულად გააზრებული ლოცვითი ვარჯიში.

ეს რომ მოვისმინე, გადავწყვიტე, ყოველივე ამის ზედმიწევნით ჩვენება მეთხოვა. ამიტომ ვუთხარი:

- რადგან ყველაზე მეტად ლოცვის შესახებ მოსმენა და ლაპარაკი მიყვარს, ამიტომ სასურველი იქნებოდა, ლოცვის შესახებ სწავლებებს შორის ეს საიდუმლო კავშირი გამოწვლილვით მენახა. ღვთის გულისათვის, საკუთრივ სახარებაში მაჩვენეთ ყოველივე ეს!

იგი სიამოვნებით დამთანხმდა და მითხრა:

- გადაშალე შენი სახარება, ჩაიხედე და რასაც გეტყვი, მონიშნე (მან ფანქარი მომაწოდა). ინებეთ და ჩემი შენიშვნები ნახეთ. აი, პირველ რიგში მათე მახარებელთან მეექვსე თავი მოძებნე, - დაიწყო მან, - წაიკითხე იგი მეხუთე მუხლიდან მეცხრემდე (მათე 6.5-9). ხედავ, რომ აქ ლოცვისათვის მზადებაზეა საუბარი, ანუ ეს არის შესავალი, რომელიც გვასწავლის, რომ პატივმოყვარეობის გამო, ხმაურში კი არ უნდა ვილოცოთ, არამედ განმარტოებულ და წყნარ ადგილას უნდა დავიწყოთ ლოცვა. მხოლოდ ცოდვების მოტევება და ღმერთთან შეერთება უნდა ვითხოვოთ. წარმართებივით კი არ უნდა ვთხზავდეთ უამრავ და ზედმეტ სათხოვარს ყოფით საჭიროებებზე. შემდეგ იგივე თავი წაიკითხე მეცხრედან მეთოთხმეტე მუხლამდე (მათე 6.9-14). აქ წარმოდგენილია ლოცვის ფორმა, ანუ რა სიტყვებით უნდა წარმოითქვას იგი. მასში ბრძნულადაა თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელია და საჭირო. შემდეგ ამავე თავის მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე მუხლების კითხვა გააგრძელე და დაინახავ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა ლოცვა ქმედითუნარიანი იყოს, რადგან თუ ჩვენ არ ვაპატიებთ ჩვენს შეურაცხმყოფლებს, მაშინ არც უფალი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს. მეშვიდე თავზე როცა გადახვალ, მეშვიდედან მეთორმეტე მუხლამდე ნახავ, ლოცვაში წარმატების მიღწევისა და იმედის გამართლების თუ რა საშუალებები არსებობს. ესენია: "თხოვნა, ძიება, რეკვა". ეს მძაფრი გამონათქვამი გულისხმობს ლოცვის სიხშირესა და ლოცვაში უმთავრესად ისეთ ვარჯიშს, როცა ლოცვა არა მარტო თან ახლავს ყოველ საქმეს, არამედ დროის მიხედვით სჭარბობს კიდეც მათ. ეს არის ლოცვის უმთავრესი მახასიათებელი... ამის მაგალითს ნახავ მარკოზ მახარებელთან მეთოთხმეტე თავში, ოცდამეთორმეტედან მეორმოცე მუხლამდე, სადაც თავად იესო ქრისტე მრავალგზის იმეორებს ლოცვის ერთსა და იმავე სიტყვებს. ლოცვის სიხშირის მსგავს მაგალითს წარმოგვიდგენს ლუკა მახარებელიც მეგობრის დაჟინებული თხოვნის შესახებ (ლუკ. 11.5-13) და ასევე მსაჯულის მიმართ ქვრივი დედაკაცის განუწყვეტელი, მომაბეზრებელი თხოვნის შესახებ იგავებში (ლუკ. 18.1-14), სადაც მოყვანილია იესო ქრისტეს ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის, ყოველ დროსა და ყოველ ადგილას უნდა ვილოცოთ და არ მოვიწყინოთ, ანუ არ ვიზარმაცოთ.

ამ საფუძვლიანი დამოძღვრის შემდგომ იოანეს სახარებაში ასევე განცხადებულია გულისმიერი შინაგანი საიდუმლო ლოცვის შესახებ არსებითი სწავლება. იგი პირველ რიგში იესო ქრისტეს სამარიელ დედაკაცთან საუბრის ბრძნულ ამბავშია წარმოდგენილი, სადაც განცხადებულია სულითა და ჭეშმარიტებით ღმერთის შინაგანი თაყვანისცემა, როგორი თაყვანისცემაც ღმერთს ნებავს და რომელიც არის განუწყვეტელი ჭეშმარიტი ლოცვა, სიცოცხლის წყაროსავით საუკუნო ცხოვრებაში დადენილი (იოან. 4.5-25). შემდეგ, მეთხუთმეტე თავის მეოთხე მუხლიდან მერვემდე, კიდევ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი შინაგანი ლოცვის ძალა, სიძლიერე და აუცილებლობა, ანუ სულის ქრისტეში მყოფობა, როცა განუწყვეტლივ ახსოვთ ღმერთი. ბოლოს ამავე სახარების მეთექვსმეტე თავი ოცდამესამედან ოცდამეხუთე მუხლამდე წაიკითხე. ნახე, რა საიდუმლოა მასში გამჟღავნებული! ხედავ, როცა ხშირად და მრავალგზის იმეორებენ იესო ქრისტეს სახელით ლოცვას, ანუ ეგრეთ წოდებულ იესოს ლოცვას, "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"-ს, უდიდესი ძალა აქვს, ძალიან ადვილად განაღებს გულს და განანათლებს. ამაში შეგვიძლია მოციქულების მაგალითით დავრწმუნდეთ. თუმცა ისინი უფალი იესოს ერთი წლის მოწაფეები არ ყოფილან და მისგან უკვე ნასწავლი ჰქონდათ უფლის ლოცვა, ანუ "მამაო ჩვენო", რომელიც ჩვენთვის მათგან გახდა ცნობილი, იესო ქრისტემ თავისი მიწიერი ცხოვრების დასრულების წინ გაუმხილა მათ ის საიდუმლო, თუ კიდევ რა აკლდა მათ ლოცვას იმისთვის, რომ ლოცვა ნამდვილად წარმატებული ყოფილიყო. უფალმა მათ უთხრა: "რაოდენიცა-რაჲ სთხოვოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქვენ, აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა" (იოან. 16.23-24). ასეც მოხდა: მას შემდეგ, რაც მოციქულებმა უფალი იესო ქრისტეს სახელით ლოცვა ისწავლეს, რამდენი საოცარი სასწაული აღასრულეს ან თავადაც რა უხვად განათლდნენ!.. ახლა ხედავ ლოცვის შესახებ სწავლებებს შორის კავშირსა და მათ სრულყოფილებას, რაც წმინდა სახარებაში ესოდენ ბრძნულად არის გადმოცემული? თუ ამის შემდეგ მოციქულთა ეპისტოლეების კითხვასაც შეუდგები, მაშინ მათშიც ნახავ ლოცვის შესახებ თანამიმდევრულ სწავლებას.

წინა შენიშვნების გაგრძელების მიზნით რამდენიმე ადგილს მიგითითებ, სადაც ლოცვის თვისებებია წარმოჩენილი. "მოციქულთა საქმეში" აღწერილია პრაქტიკული მხარე, ანუ იესო ქრისტეს რწმენით განათლებული პირველი ქრისტიანების გულმოდგინე და მუდმივი წვრთნა ლოცვაში (საქმე 4.31), საუბარია მუდმივად ლოცვად ყოფნის ნაყოფზე, ანუ შედეგზე, ანუ მლოცველებზე სულიწმიდისა და მისი მადლის გარდამოსვლაზე. ამის მსგავსს იხილავ მეთექვსმეტე თავის ოცდამეხუთე და ოცდამეექვსე მუხლებშიც. შემდეგ რიგ-რიგობით წაიკითხე მოციქულთა ეპისტოლეები და ნახავ: 1. ნებისმიერი ცხოვრებისეული შემთხვევის დროს რამდენად აუცილებელია ლოცვა (იაკობ. 5.13-16); 2. როგორ გვეხმარება სულიწმიდა ლოცვაში (იუდ. 1.20-21; რომ. 8.26); 3. როგორ უნდა ვილოცოთ ყოველთვის სულით (ეფეს. 6.18); 4. ლოცვის დროს რამდენად აუცილებელია სიმშვიდე და შინაგანი მშვიდობა (ფილიპ. 4.6-7); 5. რამდენად აუცილებელია განუწყვეტელი ლოცვა (თეს. 5.17); და  6. საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის უნდა ვილოცოთ (1ტიმ. 2.1-5).

ამგვარად, ხანგრძლივად და ყურადღებით კითხვით ღვთის სიტყვაში დაფარული კიდევ ბევრი საიდუმლო ცოდნის აღმოჩენა შეიძლება, რაც იშვიათი და ნაჩქარევი კითხვის დროს ყურადღების მიღმა რჩება. აბა, შენიშნე თუ არა ჩემს მითითებაში, რამდენად ბრძნულად და თანამიმდევრულად, ანუ ფარულ სისტემურ კავშირში განგვიცხადებს ჩვენი უფლი იესო ქრისტეს ახალი აღთქმა თავის მოძღვრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ახლახან განვიხილეთ?! რა საოცარი თანამიმდევრობით არის იგი გადანაწილებული ოთხივე სახარებაში?! აი, მაგალითად: წმინდა მათესთან ჩვენ ვხედავთ ლოცვის დასაწყისს, ანუ შესავალს, მის ფორმას, პირობებსა და სხვ. შემდეგ წმინდა მარკოზთან მაგალითებს ვხვდებით, წმინდა ლუკასთან - იგავებს, ხოლო წმინდა იოანესთან - შინაგან ლოცვაში საიდუმლო ვარჯიშს; თუმცა ყოველივე ეს ყველა მახარებელთანაც გვხვდება (მოკლედ ან ვრცლად). "საქმეში" გადმოცემულია ლოცვის პრაქტიკული მხარე და მისი შედეგები. მოციქულთა ეპისტოლეებში, ისევე, როგორც თავად აპოკალიფსში ბევრი რამ განუყოფლად უკავშირდება ლოცვას!.. აი, რატომ ვკმაყოფილდები მარტოოდენ სახარებით სულის მაცხონებელი ცხოვრების ყოველი გზის შესწავლის დროს.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იგი მიმითითებდა და განმიმარტავდა, თითოეულ ნაჩვენებ ადგილს ჩემს ბიბლიაში დაწერილ სახარებაში ვინიშნავდი. ყოველივე ეს მეტად ჩინებული და ჭკუის სასწავლებელი მეჩვენა, რისთვისაც მას დიდი მადლობა მოვახსენე.

შემდეგ კიდევ ხუთი დღე ვიარეთ მდუმარედ. ჩემს თანამგზავრს ძლიერ ეტკინა ფეხები. ალბათ, ხანგრძლივ სიარულს არ იყო დაჩვეული. ამიტომ მან ორცხენა საზიდარი იქირავა და მეც თან წამიყვანა. ასე მოვედით თქვენამდე. აქ სამი დღე ვრჩებით, რომ დავისვენოთ და შემდეგ დაუყოვნებლივ ანზერისკენ გავემართოთ, საითაც მას მოუთმენლად სწადია წასვლა.

- შესანიშნავი ვინმეა ეგ შენი ამხანაგი! ღვთისმოსაობასთან ერთად ერთობ განათლებულიც უნდა იყოს. მის ნახვას ვისურვებდი.

- ჩვენ აქ ერთ ადგილას ვართ დაბინავებულნი. სიამოვნებით მოგიყვანთ ხვალ. ახლა კი გვიანია... მაპატიეთ!


მეექვსე შეხვედრა

"ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი
ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა
სამეუფოჲ მოზღუდვილი" (იგავ. 18.19)

 

- აი, გუშინ მოცემული სიტყვისა და დაპირების თანახმად, თქვენთან მოვედი და თან ის პატივცემული თანამგზავრიც მოვიწვიე, ვინც სულის მაცხონებელი საუბრით მწირის გზა შემიმსუბუქა და ვისი ნახვაც თქვენ გსურდათ.

- როგორც ჩემთვის, ისე, იმედი მაქვს, ჩემი ღრმადპატივცემული სტუმრებისთვისაც ერთობ სასიამოვნოა ორივე თქვენგანის ნახვა და თქვენი სასარგებლო, გამოცდილებით სავსე სიტყვის მოსმენა. აი, ჩემთან არიან: ეს ღირსი სქიმოსანი გახლავთ, ხოლო ეს - კრძალვით მოსილი მღვდელი. ამრიგად, სადაც ორი ან სამი შეიკრიბება იესო ქრისტეს სახელით, თავადაც იქ ყოფნას დაგვპირდა. ჩვენ კი ხუთნი შევიკრიბეთ მისი სახელით და, რა თქმა უნდა, მისი მადლიც მით უფრო უხვად მოგვეფინება!

საყვარელო ძმაო, შენი თანამგზავრის გუშინდელი საუბარი სახარებისადმი შენი მხურვალე ერთგულების თაობაზე მეტად მშვენიერი და ყურადსაღები იყო. საინტერესოა, მოვისმინოთ, თუ როგორ განგეცხადა ღვთისმოსაობის ეს უდიდესი საიდუმლო?

- სიყვარულით აღსავსე უფალმა, ვისაც ყველას ცხონება და ჭეშმარიტების შეცნობამდე მიყვანა სურს, თავისი უდიდესი მოწყალებით ეს ცოდნა საოცარი სახით, ყოველგვარი ადამიანური შემწეობის გარეშე გამომიცხადა. ხუთი წელი ლიცეუმში პროფესორად გახლდით, ცხოვრების გზას გარყვნილების შავბნელი ბილიკებით მივუყვებოდი, ამა ქვეყნის კვალდაკვალ ამაო ფილოსოფიით ვიყავი გატაცებული, და არა ქრისტეთი. ალბათ, საბოლოოდ დავიღუპებოდი კიდეც, მაგრამ რამდენადმე მშველოდა ის, რომ ღვთისმოსავ დედასა და დასთან, ყურადღებიან გოგონასთან, ერთად ვცხოვრობდი... ერთხელ, საზოგადოებრივ ბულვარში სეირნობისას შესანიშნავ ახალგაზრდა კაცს შევხვდი და გავიცანი, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგი იყო, ატესტირებული სტუდენტი, პარიზიდან ახალი ჩამოსული, და აღმზრდელის ადგილს ეძებდა. ძალიან მომეწონა მისი ბრწყინვალე განათლება და, როგორც ჩამოსული კაცი, ჩემთან მივიწვიე. დავმეგობრდით. ორი თვის განმავლობაში ხშირად მოდიოდა ჩემთან. ზოგჯერ ერთად ვსეირნობდით, ვერთობოდით, ერთად დავდიოდით საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ყველაზე უზნეო საზოგადოებაში. ერთხელაც იგი გამომეცხადა და ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ საზოგადოებაში წასვლა შემომთავაზა. სწრაფად რომ დავეთანხმებინე, სადაც მეპატიჟებოდა, იმ ადგილის განსაკუთრებული მხიარულებისა და სასიამოვნო გარემოს ქება დაიწყო. ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა რომ მითხრა, უცებ, სადაც ვისხედით, იმ კაბინეტიდან სასტუმრო ოთახში გასვლა მთხოვა. ეს უცნაურად მეჩვენა და ვუთხარი, არაერთხელ მქონდა შემჩნეული, რომ არ სიამოვნებდა ჩემს კაბინეტში ყოფნა, და ვკითხე, რა იყო ამის მიზეზი. იგი უფრო დიდხანს კიდევ იმიტომ შევაყოვნე კაბინეტში, რომ სასტუმრო დედაჩემისა და ჩემი დის ოთახების გვერდით იყო და იქ ამაო საგნებზე საუბარი უხამსობა იქნებოდა. იგი თავის სურვილს მიკიბულ-მოკიბულად ასაბუთებდა, მაგრამ ბოლოს გულახდილად მითხრა:

- აი, ამ თაროზე წიგნებში სახარება გიდევს. მე ამ წიგნს იმდენად დიდ პატივს ვცემ, რომ მის წინაშე ფუჭ საგნებზე ლაპარაკი მიმძიმს. გთხოვ, აქედან გაიტანო და მაშინ თავისუფლად ვილაპარაკებთ.

ჩემი ქარაფშუტობით მის სიტყვებზე გამეღიმა, თაროდან სახარება ავიღე და ვუთხარი:

- ადრე უნდა გეთქვა! - სახარება ხელში მივეცი და ჩავილაპარაკე, - აი, შენ თვითონ გაიტანე იმ ოთახში!..

როგორც კი მას სახარებით შევეხე, იმავ წუთს აცახცახდა და გაქრა. ამან ისე ძლიერ გამაოგნა, რომ შიშისგან უგონოდ დავეცი იატაკზე. დაცემის ხმაზე ოჯახის წევრები შემოცვივდნენ და ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ მომასულიერეს. ბოლოს, გონსმოსულმა, ძლიერი შიში, თრთოლა და მოუსვენრობა ვიგრძენი, ხელ-ფეხი სრულიად გამიშეშდა, ვეღარ ვამოძრავებდი. მოწვეულმა ექიმმა დაავადებას ძლიერი მღელვარებით ან შიშით გამოწვეული დამბლა უწოდა. ამ შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში, უამრავ ექიმთან გულმოდგინე მკურნალობის შემდეგაც კი, ჩაწოლილი ვიყავი და ავადმყოფობის ოდნავი შემსუბუქებაც არ მიგრძვნია. ამიტომ იძულებული გავხდი სამეცნიერო სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ამასობაში მოხუცი დედა გარდამეცვალა, დამ სამონასტრო ცხოვრებას უძღვნა თავი. ასე რომ, ყოველივე ამან კიდევ უფრო დაამძიმა ჩემი სნეულება. ავადმყოფობის დროს ერთადერთ ნუგეშს სახარების კითხვაში ვპოულობდი. ავადმყოფობის დასაწყისიდანვე, ნიშნად თავსგადახდენილი საოცარი შემთხვევისა, სახარება ხელიდან არ გამიშვია.

ერთხელ ჩემთან მოულოდნელად შემოვიდა უცნობი მეუდაბნოე, რომელიც მონასტრისთვის შესაწირავის შესაგროვებლად დადიოდა. იგი დაბეჯითებით მეუბნებოდა, რომ არ მქონოდა მხოლოდ წამლების იმედი, რომელთაც ღვთის შეწევნის გარეშე ჩვენი შველა არ ძალუძთ, არამედ ღვთისთვის მეთხოვა და ამისთვის გულმოდგინედ მელოცა, ვინაიდან ხორციელი თუ სულიერი სნეულებების განსაკურნებლად ლოცვა ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალებაა.

- ამ მდგომარეობაში როგორ ვილოცო, როცა არც მეტანიის გაკეთება შემიძლია და არც ხელის აწევა პირჯვრის გადასაწერად? - შევედავე დაბნეულობის გამო.

ამაზე მან მიპასუხა:

- რამენაირად მაინც ილოცე! - და მეტად ვეღარ ამიხსნა, როგორ მელოცა...

სტუმრის წასვლის შემდეგ უნებურად დავიწყე ფიქრი ლოცვაზე, მის ძალასა და მოქმედებაზე. მახსენდებოდა საღვთისმეტყველო ლექციები, რომლებიც დიდი ხნის წინათ მომესმინა სასწავლებელში, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ამან გამახარა, მეხსიერებაში აღმიდგა ნათელი რელიგიური ცოდნა, სული გამითბო, და იქვე ვიგრძენი მტკივნეული შეტევების ერთგვარი შემსუბუქება. რაკი სახარება განუყრელად ჩემთან იყო, სასწაულის შედეგად მისდამი ჩემი რწმენის გამო და ასევე იმიტომ, რომ გამახსენდა, ლოცვის შესახებ ლექციებზე მოსმენილი ყველა ტრაქტატი სახარებისეულ ტექსტებზე იყო დაფუძნებული, საუკეთესოდ მივიჩნიე, ლოცვა და ქრისტიანული ღვთისმოსაობა მხოლოდ სახარებისეული რჩევა_დარიგებებიდან შემესწავლა. გულმოდგინედ ვკითხულობდი სახარებას და როგორც წყალუხვი წყაროდან, ისე ვითვისებდი მაცხონებელი ცხოვრებისა და ჭეშმარიტი შინაგანი ლოცვის სრულ სისტემას. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ადგილი და ტექსტი მოწიწებით ჩავინიშნე. მას შემდეგ განუწყვეტლივ ვცდილობ, შევისწავლო ღვთის ეს დადგენილებები, და შეძლებისდაგვარად, თუმცა კი გაჭირვებით, დავნერგო პრაქტიკაში. ამგვარ საქმიანობაში ავადმყოფობა თანდათან შემიმსუბუქდა და საბოლოოდ, როგორც ხედავთ, სავსებით გამოვჯანმრთელდი. მარტო რომ დავრჩი, მამობრივი მოწყალებისთვის, განკურნებისა და გონზე მოყვანისთვის ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ჩემი დის მაგალითისამებრ და ჩემი სულიერი მისწრაფებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავი განდეგილი ცხოვრებისთვის მიმეძღვნა, რათა დაუბრკოლებლად მიმეღო და ამეთვისებინა მარადიული სიცოცხლის ტკბილი სიტყვები, რომლებიც ღვთის სიტყვაში მიმეთითა.

აი, ამჟამად თეთრი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოლოვკის მონასტრის განმარტოებული სკიტისკენ მივეშურები, რომელსაც ანზერსკი ჰქვია და რომლის შესახებაც დანამდვილებით მსმენია, რომ კარგი ადგილია მჭვრეტელობითი ცხოვრებისათვის. კიდევ გეტყვით: მართალია, მოგზაურობის დროს წმინდა სახარება მანუგეშებს, ჩემს უმწიფარ გონებას უხვად ანათლებს და გაციებულ გულს მითბობს, მაგრამ ვაღიარებ ჩემს უძლურებას და გულახდილად ვიტყვი, რომ ღვთისმოსაობის საქმეთა აღსრულებისა და ცხონების მოპოვების პირობები, რაც, სახარების თანახმად, სრულ თავგანწირვას, უკიდურეს მოღვაწეობასა და უდიდეს სიმდაბლეს მოითხოვს, თავისი სიმაღლით, ჩემი უძლურებისა და გულის გადაგვარებისა გამო მაძრწუნებს. ასე რომ, სასოწარკვეთილებასა და იმედს შუა ვიმყოფები და არ ვიცი, წინ რა მელის!...

სქიმოსანი: ღვთის მოწყალების ამდენად განსაკუთრებული და საოცარი საწინდრის არსებობისა და თქვენი მეცნიერული განსწავლულობის კვალობაზე არათუ გულგატეხილობაა მიუტევებელი, არამედ დაუშვებელია, ღვთის მფარველობასა და შეწევნაში დაეჭვების თუნდაც აჩრდილი იქონიოთ სულში. იცით, ამასთან დაკავშირებით რას ამბობს ღვთივგანათლებული ოქროპირი? "არავინ არ უნდა გაიტეხოს გული (გვასწავლის იგი), და წარმოიდგინოს, რომ სახარების მცნებების შესრულება შეუძლებელია და მიუღწეველი! ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ადამიანის ცხონება და, რა თქმა უნდა, მას მცნებები იმ მიზნით კი არ დაუწესა, რომ მათი შეუსრულებლობით დამნაშავედ ექცია იგი. არა! არამედ იმ მიზნით, რომ მათი სიწმინდითა და კეთილად მოხმარებით ნეტარნი გაგვხადოს როგორც ამქვეყნიურ, ისე საუკუნო ცხოვრებაში".

რა თქმა უნდა, ღვთის მითითებების რეგულარული და განუხრელი შესრულება ჩვენი ბუნებისთვის უკიდურესად ძნელად გვესახება, ხოლო ცხონება, შესაბამისად - მიუღწევლად, მაგრამ იგივე ღვთის სიტყვა, რომელმაც მცნებები დაგვიკანონა, არის არა მარტო მათი მარჯვედ შესრულების საშუალება, არამედ მცნებების შესრულების დროს გვანუგეშებს კიდეც. თუ იგი, ერთი შეხედვით, საიდუმლოების საფარველითაა მოცული, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოღვაწე უმთავრესად სიმდაბლისკენ მიაქციოს და ღმერთთან შესაერთებლად მარჯვედ მიაახლოვოს იმის მითითებით, რომ თავშესაფარი ლოცვასა და მისი მამობრივი შემწეობის თხოვნაში ეძიოს. აი, სწორედ ამაში, და არა საკუთარი ძალების იმედად ყოფნაშია ცხონების საიდუმლო.

მწირი: როგორ მსურს მე, უძლურსა და ღონემიხდილს, ეს საიდუმლო შევიცნო და ღვთის სადიდებლად და ჩემდა საცხონებლად მისი საშუალებით რამდენადმე გამოვასწორო ჩემი მცონარე ცხოვრება!

სქიმოსანი: საყვარელო ძმაო, შენთვის ცნობილია ეს საიდუმლო შენი წიგნიდან "სათნოებათმოყვარეობა". იგი განუწყვეტელ ლოცვაში მდგომარეობს, რომელიც შენ ასე კარგად შეისწავლე და რომელსაც ასეთი მოშურნეობით ასრულებდი და თავს ინუგეშებდი.

მწირი: შენს ფერხთით ვემხობი, ღირსო მამაო! ღვთის გულისათვის, ღირსი გამხადე, შენი ბაგეებიდან გავიგონო სასარგებლო სიტყვა ამ მაცხონებელი საიდუმლოსა და წმინდა ლოცვის შესახებ, რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მწყურია და რისი კითხვაც ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მრავალცოდვილი სულის განსამტკიცებლად და სანუგეშოდ.

სქიმოსანი: თუმცა ამ უმაღლეს ღვაწლზე ჩემი მსჯელობით შენი სურვილის დაკმაყოფილება არ შემიძლია (ვინაიდან ამ საქმეში ჯერ კიდევ ნაკლებად გამოცდილი ვარ), მაგრამ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი სასულიერო მწერლის მეტად შემაგონებელი რვეული მაქვს. თუ ჩვენი თანამოსაუბრეები ინებებენ, ახლავე მოვიტან და, თუ სურვილი გექნებათ, წაგიკითხავთ. ნება მიბოძეთ!

ყველა: მოიღეთ მოწყალება, ღირსო მამაო! ნუ მოგვაკლებთ ასეთ მაცხონებელ ცოდნას.

განუწყვეტელი ლოცვის შედეგად განცხადებული ცხონების საიდუმლო

როგორ ვცხონდე? - ეს ღვთისმოსაური ქრისტიანული კითხვა ბუნებრივად იბადება თითოეული ადამიანის გონებაში დაზიანებული და დაუძლურებული კაცობრივი ბუნების შეცნობისა და ასევე ჭეშმარიტებისა და სიწმინდისაკენ მასში შემორჩენილი თავდაპირველი სწრაფვის გამო. ყოველი ადამიანი, ვისაც რამდენადმე მაინც აქვს უკვდავებისა და საუკუნო ცხოვრებაში მისაგებლის რწმენა, როცა მზერას ზეცას მიაპყრობს, უნებურად ფიქრობს, როგორ ცხონდეს... და რადგან უჭირს ამ ამოცანაზე პასუხის გაცემა, კეთილგონიერ და მცოდნე ადამიანებს ეკითხება. შემდეგ მათი მითითებით ამ საკითხთან დაკავშირებით სასულიერო მწერლების დამრიგებლობით წიგნებს კითხულობს და ცდილობს, განუხრელად მისდიოს გაგონილ და ამოკითხულ ჭეშმარიტებასა და წესებს. ის ხედავს, რომ ყველა ამ რჩევა-დარიგების მიხედვით, საცხონებლად აუცილებელი პირობებია: ღვთისმოსაური ცხოვრება, მოღვაწეობა და საკუთარ თავზე მუშაობა საბოლოო თავგანწირვის მისაღწევად, რაც ადამიანს კეთილი საქმეებისა და ღვთის ყველა მცნების მუდმივად დაცვისკენ წარმართავს, რაც არის კიდეც დასტური ურყევი და მტკიცე რწმენისა... შემდეგ მას უქადაგებენ, რომ ცხონების ყველა ეს პირობა აუცილებლად უაღრესი სიმდაბლით, თანაც ერთობლივად უნდა შესრულდეს, რადგან ყველა სათნოება ერთმანეთზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, ისინი ისევე ეხმარებიან, სრულყოფენ და ამხნევებენ ერთმანეთს, როგორც მზის სხივები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ავლენენ ძალას და წარმოქმნიან ალს, როცა მინის საშუალებით ერთ წერტილში იყრიან თავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, "რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს" (ლუკ. 16.10).

ამასთან, ამ ურთულესი და ერთობლივი ღვაწლის აუცილებლად აღსრულებაში უფრო მეტად დასარწმუნებლად მას ესმის ქებათა-ქება სათნოებათა სიტურფისა და ძაგება ვნებათა სიმდაბლისა და სიგლახაკისა. ყოველივე ეს საუკუნო ცხოვრებაში ან უდიდესი ჯილდოსა და ნეტარების, ან მტანჯველი სასჯელისა და უბედურების უტყუარ დაპირებაში აღიბეჭდება.

ძირითადად ამგვარი ხასიათისაა უახლესი დროის ქადაგებები!

ამგვარად მომართული, ცხონების მხურვალედ მოსურნე ადამიანი დიდი სიხარულით იწყებს დარიგებების შესრულებასა და გაგონილისა თუ წაკითხულის თავის თავზე გამოცდას. მაგრამ ამაოდ! თავისი მისწრაფებისკენ გადადგმულ პირველსავე ნაბიჯზე ვერ პოულობს შესაძლებლობას თავისი  მიზნის მისაღწევად. იგი ითვალისწინებს, და საკუთარ თავზეც კი გამოსცდის, რომ მისი დაზიანებული და დაუძლურებული ბუნება გონების მრწამსს სჯაბნის, რომ მისი თავისუფალი ნება შეზღუდულია, მიდრეკილებები - წამხდარი, სულიერი ძალა - ქანცგაწყვეტილი. მას შემდეგ, რაც ამგვარი გამოცდილების შედეგად საკუთარ უძლურებას შეიცნობს, იგი, ბუნებრივია, იწყებს ფიქრს: ხომ არ არსებობს რამე საშუალება, რომელიც იმის შესრულებაში დაეხმარებოდა, რასაც საღვთო სჯული ბრძანებს, რასაც ქრისტიანული ღვთისმოსაობა მოითხოვს და რასაც ასრულებდა ყოველი ადამიანი, ვინც ცხონებისა და სიწმინდის მიღების ღირსი გახდა? ამის გამო და ასევე იმ მიზნით, რომ თავის თავში გონებისა და სინდისის მოთხოვნილებები აღმასრულებელ ძალთა უძლურებასთან დააზავოს, იგი კვლავ კითხვით მიმართავს ცხონების მქადაგებლებს: "როგორ ვცხონდე?" როგორ გაამართლოს მან ცხონების პირობების მიუწვდომლობა? თავად მქადაგებელს შესწევს კი ძალა, განუხრელად შეასრულოს ყოველივე ის, რასაც ასწავლის?... "ღმერთს სთხოვე, ღმერთს ევედრე, რომ დაგეხმაროს!" განა უფრო ნაყოფიერი არ იქნებოდა, ჯერ, ანუ ყოველთვის და ყოველგან ლოცვა გვესწავლა, როგორც ყოველივე იმის შესრულების მიზეზი, რასაც ქრისტიანული ღვთისმოსაობა მოითხოვს და რითაც ცხონება მოიპოვება? _ ასკვნის შეკითხვის ავტორი და იმავდროულად იწყებს ლოცვის შესწავლას: კითხულობს, ფიქრობს და იაზრებს იმათ სწავლებებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით წერს. მართლაც, იგი ბევრ ნათელ აზრს, ღრმა ცოდნასა და ძლიერ გამონათქვამს პოულობს მათში: მავანი შესანიშნავად მსჯელობს ლოცვის აუცილებლობაზე, სხვა - მის ძალაზე, კეთილმოქმედებაზე, იმაზე, რომ ლოცვა სავალდებულოა, რომ ლოცვისთვის საჭიროა გულმოდგინება, ყურადღება, სულის სითბო, აზრების სიწმინდე, მტრებთან შერიგება, სიმდაბლე, გულშემუსვრილება და სხვა, რაც ლოცვას თან უნდა ახლდეს...

მაგრამ რა არის თავად ლოცვა და არსებითად როგორ ვილოცოთ? - რადგან ამ კითხვებზე, თუმცა კი ყველაზე მთავარ და საჭირო კითხვებზე, საფუძვლიანი და ყველასთვის გასაგები პასუხი მეტად იშვიათად მოიძებნება, ლოცვის მოშურნე კვლავ საიდუმლოების საბურველქვეშ რჩება. მთელი წაკითხულიდან მის მეხსიერებაში აღიბეჭდება ლოცვის თუმცა ღვთისმოსაური, მაგრამ მაინც მხოლოდ გარეგნული მხარე, და იგი ასეთ დასკვნამდე მიდის: რომ ილოცო, ეკლესიაში უნდა იარო, პირჯვარი იწერო, მეტანიები აკეთო, დაიჩოქო, იკითხო ფსალმუნები, კანონები, დაუჯდომლები...

ეს არის იმ ადამიანთა ზოგადი მოსაზრება ლოცვაზე, ვინც შინაგანი ლოცვის შესახებ ნაშრომებსა და წმინდა მამების მჭვრეტელობით შემოქმედებას არ იცნობს. ბოლოს მაძიებელი პოულობს წიგნს - "სათნოებათმოყვარეობა", სადაც ოცდახუთმა წმინდა მამამ გასაგებად გადმოგვცა მეცნიერება ჭეშმარიტი და არსებითი გულისმიერი ლოცვისა. აქ მის წინაშე ნელ-ნელა ფარდა ეხდება ცხონებისა და ლოცვის საიდუმლოს და ის ხედავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა ნიშნავს: გონება და მეხსიერება ღვთის გამუდმებული ხსოვნისკენ მიმართო, მისი ღვთაებრიობის წინაშე იარო, საღმრთო ფიქრებით მისდამი სიყვარულით აღიძრა, ღვთის სახელი სუნთქვასა და გულის მოძრაობას შეუერთო, და თანაც ყოველივე ამაში იმით იხელმძღვანელო, რომ ბაგეებით მოუხმო იესო ქრისტეს უწმინდეს სახელს, ანუ ყოველთვის და ყველგან, ნებისმიერი საქმიანობის დროს, იესოს ლოცვა თქვა განუწყვეტლივ.

თუმცა ეს ნათელი ჭეშმარიტებები შუქს მოჰფენს მაძიებლის შემეცნებას, გზას გაუკვალავს ლოცვის შესწავლისა და მიღწევისკენ, დაარწმუნებს, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ბრძნული რჩევა-დარიგებების შესრულებას, პრაქტიკაში იგი ჯერჯერობით მაინც ვერ ასცდება პერიოდულ გართულებებს, ვიდრე გამოცდილი მოძღვარი (იმავე "სათნოებათმოყვარეობის" საშუალებით) მთელი სისრულით არ გაუმხელს საიდუმლოს, რომ მხოლოდ ლოცვის სიხშირე და განუწყვეტელობა (როგორც უნდა ამბობდნენ ლოცვას დასაწყისში) არის როგორც შინაგანი ლოცვის სრულყოფილების, ისე სულის ცხონების ერთადერთი ძლიერი საშუალება. ლოცვის სიხშირე არის საფუძველი, ანუ ფუნდამენტი, რაზეც არის დამყარებული მაცხონებელი ღვაწლის მთელი წრე, როგორც ამას ადასტურებს კიდეც სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი: "ვინც განუწყვეტლივ ლოცულობს, - ამბობს იგი, - მას ამ ერთ სიკეთეში მთელი სიკეთისთვის მოუყრია თავი".

ამრიგად, იმისთვის, რომ ამ აღმოჩენის ჭეშმარიტება მთელი სისავსით წარმოაჩინოს, მოძღვარი მას შემდეგი სახით ავითარებს:

სულის ცხონებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა. წმინდა წერილი ამბობს: "თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ" ღვთისა (ებრ. 11.6), "ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16.16). მაგრამ იმავე წმინდა წერილიდან ჩანს, რომ ადამიანს თავისით მდოგვის მარცვლის ოდენა სარწმუნოების აღმოცენებაც კი არ შეუძლია, რომ რწმენა ჩვენგან არ არის, იგი ღვთის ნიჭია და მას, როგორც სულიერ ნიჭს, სულიწმიდა იძლევა.

როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? როგორ შევუთანხმოთ ერთმანეთს ის, რომ ადამიანს რწმენის  მოთხოვნილება აქვს, მაგრამ მისი თავისით აღმოცენება არ შეუძლია? იმავე წმინდა წერილში წარმოდგენილია საამისო საშუალება და ნაჩვენებია მაგალითები: "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ" (ლუკ. 11.9). მოციქულებმა საკუთარ თავში სრულყოფილი რწმენის აღძვრა თავად ვერ შეძლეს და იესო ქრისტეს ევედრებოდნენ: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (ლუკ. 17.5). აი, რწმენის ძიების მაგალითი. აქედან ჩანს, რომ რწმენა ლოცვით მოიპოვება.

სულის ცხონებისთვის ჭეშმარიტ რწმენასთან ერთად საჭიროა კეთილი საქმეებიც - სათნოებები, "რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2.20). ადამიანი საქმით, და არა ოდენ რწმენით გამართლდება, "უკუეთუ გნებავს ცხოვრებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი... არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათ. 19.17-19). ყველა ეს მცნება ერთიანად უნდა შესრულდეს. "რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ", - ასე გვასწავლის წმინდა იაკობ მოციქული (იაკ. 2.10).

ხოლო წმინდა პავლე მოციქული, წარმოგვიდგენს რა ადამიანის უძლურებას, ამბობს: "რამეთუ საქმეთა მათგან სჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა" (რომ. 3.20). "ესე უწყით, რამეთუ სჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა... რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ... აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ სჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა სჯულსა ცოდვისასა" (რომ. 7.14,19,25). მაშ, როგორღა შევასრულოთ საღვთო სჯულის ერთობ საჭირო საქმეები მაშინ, როცა ადამიანი უძლურია და მცნებების დაცვის შესაძლებლობა არ აქვს? - შესაძლებლობა არ აქვს მხოლოდ მანამ, ვიდრე ამას არ ითხოვს და მისთვის არ ლოცულობს. "არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ", - ასახელებს მიზეზს წმინდა მოციქული (იაკ. 4.2). თვითონ იესო ქრისტე ამბობს: "თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოან. 15.5). და თუ როგორ უნდა ვიქმოდეთ მასთან ერთად, იგი ამგვარად გვასწავლის: "დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა" (იოან. 15.4); "რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი" (იოან. 15.5). მასთან ყოფნა კი ნიშნავს მისი მყოფობის გამუდმებით შეგრძნებასა და მისი სახელით განუწყვეტლივ თხოვნას: "რაცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო" (იოან. 14.13). ამრიგად, კეთილი საქმეების აღსრულების საშუალება ლოცვით მოიპოვება! ამის მაგალითს ვხედავთ თავად პავლე მოციქულში, ცდუნებებზე გამარჯვებისთვის სამჯერ რომ ილოცა და მუხლი მოუდრიკა მამა ღმერთს, რათა მან განამტკიცოს შინაგანი კაცი და, ბოლოს და ბოლოს, ვინც მცნებად მოგვცა, უწინარეს ყოვლისა ვილოცოთ და განუწყვეტლივ ვილოცოთ ყველაფრისთვის. ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ადამიანის სულიერი ხსნა მთლიანად ლოცვაზეა დამოკიდებული. აი, ამიტომ არის იგი საჭირო უპირველეს ყოვლისა და ყველაფრისა. მისით ცოცხლდება რწმენა, მისით აღესრულება ყველა სათნოება. ერთი სიტყვით, ლოცვით ყოველივე წარმატებით წარემართება, უმისოდ კი არანაირი ქრისტიანული ღვთისმოსაური საქმე ვერ აღსრულდება.

აი, ამიტომ განუწყვეტელობა და მუდმივობა, მარტოოდენ, მხოლოდ ლოცვას ახასიათებს, ხოლო ყველა სხვა სათნოებას თავისი დრო აქვს. ლოცვაში კი განუწყვეტელი წვრთნა მოგვეცა მცნებად: "მოუკლებელად ილოცევდით". ყოველთვის, ყოველ დროსა და ყოველ ადგილას გვმართებს ლოცვა.

ჭეშმარიტ ლოცვას თავისი პირობები საჭირდება: იგი წმინდა აზრებითა და გულით, უდიდესი გულმოდგინებით, განუხრელი ყურადღებით, თრთოლვის მომგვრელი მოწიწებითა და უაღრესი სიმდაბლით უნდა აღევლინოს. მაგრამ კეთილსინდისიერებას თუ გამოვიჩენთ, ვინ არ აღიარებს, რომ შორს არის ჭეშმარიტი ლოცვისთვის საჭირო ზემოჩამოთვლილი პირობებისგან, რომ ლოცვას უმთავრესად აუცილებლობის გამო, საკუთარ თავზე ძალდატანებით აღავლენს, და არა გატაცებით, ლოცვით ტკბობითა და ლოცვის სიყვარულით?! წმინდა წერილიც  ადასტურებს იმას, რომ ადამიანი უძლურია, იყოს ურყევი და უჯერო ზრახვებისგან სრულებით განიწმინდოს გონება: "რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8.21); რომ ერთადერთი, ღმერთი გვაძლევს სხვა გულსა და ახალ სულს, "რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასაცა" (ფილიპ. 2.13). თავად პავლე მოციქულმაც თქვა: "სული (ანუ ხმა) ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს" (1კორ. 14.14). `რაჲმცა-იგი ვილოცეთ, ვითარ იგი ჯერ არს, არა ვიცით", - ადასტურებს თვითონვე (რომ. 8.26). მაშასადამე, ჩვენს ლოცვაში ჩვენ ვერ ვავლენთ მის არსებით თვისებებს!

მაშ, თუ ამდენად უძლურია ყოველი ადამიანი, რაღა შესწევს მის ნებასა და ძალას სულის საცხონებლად? ლოცვის გარეშე ის რწმენას ვერ მოიხვეჭს, ვერც კეთილ საქმეებს... ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტი ლოცვაც არ შეუძლია. რაღა დარჩა მის წილად, რაღა მიეცა მის თავისუფალებასა და ძალას, რათა კი არ წარწყმდეს, ცხონდეს?!

რადგან ყველა საქმისთვის დამახასიათებელია ხარისხი, უფალმა იგი (ლოცვის ხარისხი - რედ.) თავისი ნებისა და წყალობის გამგებლობაში დატოვა. ადამიანისთვის კი უფრო ნათლად რომ ეჩვენებინა, თუ რამდენად არის ღვთის ნებაზე დამოკიდებული, და უფრო მეტად დაემდაბლებინა იგი, ღმერთმა ადამიანის ნებისა და ძალის წილ მხოლოდ ლოცვის რაოდენობა დატოვა და მცნებად მისცა, ყოველთვის და ყველგან განუწყვეტლივ ილოცოს. სწორედ ამაშია განცხადებული ჭეშმარიტი ლოცვის მიღწევის და, მასთან ერთად, რწმენის, მცნებათა აღსრულებისა და ცხონების მიღწევის საიდუმლო გზა. ამრიგად, ადამიანს წილად ხვდა მხოლოდ რაოდენობა. ლოცვის სიხშირე მის ნებას მიანდეს... სწორედ ასე გვასწავლიან ეკლესიის მამებიც. წმინდა მაკარი დიდი ამბობს: "როგორღაც ვილოცოთ (მაგრამ ხშირად) - ჩვენი ნებაა, ხოლო ჭეშმარიტად ვილოცოთ - ნიჭია მადლისა". ღირსი ისიხი ამბობს, რომ ხშირი ლოცვა ჩვევად ყალიბდება და ბუნებად იქცევა, რომ იესო ქრისტეს სახელის ხშირად მოუხმობლად შეუძლებელია გულის განწმენდა.

ღირსი კალისტე და ეგნატე გვირჩევენ, რომ ყოველგვარ ღვაწლსა და სათნოებაზე უწინარეს იესო ქრისტეს სახელით ხშირ, განუწყვეტელ ლოცვას შევუდგეთ, რადგან სიხშირით არაწმინდა ლოცვაც კი სიწმინდემდე მაღლდება. ნეტარი დიოდოხოსი ამტკიცებს: ადამიანი შეძლებისდაგვარად ხშირად რომ მოუწოდებდეს ღვთის სახელს (ლოცულობდეს), ცოდვაში არ ჩავარდებოდაო. რამდენად ბრძნული, გამოცდილებით სავსე და გულში ჩამწვდომია წმინდა მამების ეს პრაქტიკული რჩევები! სულიერი სრულყოფილების მიღწევის ხერხებსა და საშუალებებს ისინი გამოცდილებით შეძენილი უბრალოებით ჰფენენ ნათელს. რამდენად დიდი წინააღმდეგობაა მათსა და თეორიული აზროვნების ზნეობრივ სწავლებებს შორის! გონება გვარწმუნებს: აკეთე ესა და ეს სიკეთე, აღიჭურვე მხნეობით, გამოიჩინე ნებისყოფა, დარწმუნებული იყავი სათნოებათა კეთილ შედეგში, მაგალითად, გონება და გული ამაო ოცნებებისგან განწმინდე, მათი ადგილი სამოძღვრო აზრებით შეავსე, აკეთე სიკეთე, და იქნები პატივცემული და დამშვიდებული, იცხოვრე ისე, როგორც ამას გონება და სინდისი მოითხოვს... მაგრამ ამაოდ! ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად, თუ არა ხშირი ლოცვა და ლოცვაში ღვთის შემწეობის მოწოდება, ყოველივე ეს თავის მიზანს ვერ მიაღწევს. ამის შემდეგ ისევ გადავშალოთ წმინდა მამების სწავლებები და ვნახოთ, რას ამბობენ ისინი, მაგალითად, გულის განწმენდასთან დაკავშირებით. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "როცა სული უწმინდური ზრახვებით დაბნელდება, ხშირად იმეორე იესოს სახელი და მტრები მისი სახელით დაამარცხე. მასზე უფრო ძლიერ და მარჯვე იარაღს ვერც ზეცაში იპოვი და ვერც - მიწაზე". წმინდა გრიგოლ სინელი გვასწავლის: "იცოდე, გონებას თავისით ვერავინ დააოკებს, ამიტომ უწმინდური აზრების დროს ხშირად და მრავალგზის მოუწოდე იესო ქრისტეს სახელს, და აზრებიც თავისთავად დაწყნარდებიან". რაოდენ მარტივი, მარჯვე, მაგრამ ამასთანავე ნაცადი საშუალებაა, სრულიად საწინააღმდეგო თეორიული აზროვნების რჩევისა, რომელიც თავის თავზე დიდი წარმოდგენის გამო სიწმინდის მიღწევას საკუთარი მოქმედებით ესწრაფვის! წმინდა მამების ამ გამოცდილებით სავსე რჩევა-დარიგებების აწონ-დაწონის შემდეგ იმ უტყუარ დასკვნამდე მივდივართ, რომ ცხონებისა და სულიერი სრულყოფილების მიღწევის მთავარი, ერთადერთი და ყველაზე მოსახერხებული გზა ხშირი და განუწყვეტელი ლოცვაა, რაოდენ სუსტიც უნდა იყოს იგი.

ქრისტიანის სულო! თუ საკუთარ თავში ვერ პოულობ ძალას, რომ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით სცე თაყვანი, თუ შენი გული გონიერი და შინაგანი ლოცვის დროს ჯერ კიდევ ვერ შეიგრძნობს სითბოსა და სიტკბოებას, მაშინ ლოცვით მსხვერპლად ის გაიღე, რაც შეგიძლია, რაც შენი ნებაა, რაც შენს ძალებს შეესაბამება. დაე, შენი ბაგეთა ქვედა ორგანოები ჯერ ხშირ და განუწყვეტელ ლოცვით ღაღადებას დაუმოყვრდნენ, დაე, ხშირად, განუწყვეტლივ მოუწოდონ იესო ქრისტეს ძლევამოსილ სახელს. ეს დიდ გარჯას არ მოითხოვს და ყველას ხელეწიფება. ამასთანავე, წმინდა მოციქულის ნაცადი მცნებაც ხომ იგივეს მოითხოვს: "ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისასა, ესე იგი არს, ნაყოფსა ბაგეთასა და აღსარებასა სახელისა მისისასა" (ებრ. 13.15). ხშირი ლოცვა აუცილებლად ჩამოყალიბდება ჩვევად, ბუნებად იქცევა და დროთა ვითარებაში გონებასა და გულს სათანადოდ განაწყობს. ამასთან, წარმოიდგინე, ადამიანი გამუდმებით რომ ასრულებდეს განუწყვეტელ ლოცვასთან დაკავშირებულ ღვთის ამ ერთ მცნებას, მაშინ ამ ერთით იგი ყველა მცნებასაც შეასრულებდა; რადგან ადამიანი ყოველთვის განუწყვეტლივ რომ ლოცულობდეს ნებისმიერი საქმისა თუ საქმიანობის დროს და იესო ქრისტეს ღვთიურ სახელს იდუმალ მოუხმობდეს, დასაწყისისთვის თუნდაც სულიერი სითბოსა და მონდომების გარეშე, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე ძალდატანებით, მაშინ ხორციელი ცოდვებით სიამოვნებისთვის მას დრო აღარ ექნებოდა, მისი ყოველი დანაშაულებრივი ჩანაფიქრი დაბრკოლდებოდა და არც ერთი ცოდვილი საქმე ისე ნაყოფიერად მოფიქრებული არ იქნებოდა, როგორც ეს მოცლილ გონებაში ხდება ხოლმე; შემცირდებოდა ან საერთოდ აილაგმებოდა მრავალსიტყვაობა და უქმმეტყველება; ხშირად მოხმობილი ღვთის სახელის მადლმოსილი ძალით დაუყოვნებლივ განიწმინდებოდა თითოეული ცდომილება. ლოცვაში ხშირი წვრთნა სულს ხშირად განაყენებდა ცოდვილიანი საქმეებისგან და მას ლოცვის არსებით ცოდნამდე _ ღმერთთან ერთობამდე - მიიყვანდა! ახლა ხედავ, ლოცვაში რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაოდენობა? ხშირი ლოცვა წმინდა და ჭეშმარიტი ლოცვის მოპოვების ერთადერთი საშუალებაა, ის ყველაზე საუკეთესო და ნამდვილი მზადებაა ლოცვისთვის, ის უტყუარი გზაა ლოცვის მიზნისა და ცხონების მისაღწევად!

ხშირი ლოცვის აუცილებლობასა და ნაყოფიერებაში უფრო მეტად რომ დარწმუნდე, შეძლებისდაგვარად კარგად დაიხსომე: 1. რომ ლოცვის ყოველი სურვილი, ყოველი აზრი არის სულიწმიდის მოქმედება და შენი მფარველი ანგელოზის ხმა;  2. რომ ლოცვაში მოწოდებული იესო ქრისტეს სახელი თავის თავში მოიცავს თვითმყოფადსა და თვითმოქმედ მადლმოსილ ძალას, და ამიტომ 3. არ შეგაშფოთოს შენი ლოცვის არაწმინდებამ და სიმშრალემ და მოთმინებით დაელოდე ღვთის სახელის ხშირი მოხმობის შედეგს. არ უსმინო ამაო წუთისოფლის გამოუცდელ, დაუფიქრებელ ჩაგონებებს, თითქოს განუწყვეტელი, მაგრამ გულგრილი მოწოდება უსარგებლო მრავალსიტყვაობა იყოს... არა! ღვთის სახელის ძალა და მისი მოწოდების სიხშირე თავის დროს თავის ნაყოფს გამოიღებს!..

შესანიშნავად მსჯელობს ამის შესახებ ერთ-ერთი სასულიერო მწერალი: "ვიცი, - ამბობს იგი, - რომ ბევრ მოჩვენებით სულიერ და ცრუ ბრძენ ფილოსოფოსს, რომლებიც ყველგან ცრუ სიდიადეს ეძიებენ, ხოლო გონიერებისა და სიამაყის თვალსაზრისით - ვითომ კეთილშობილურ სავარჯიშოს, ბაგეებით წარმოთქმულ ერთ ლოცვაში მარტივი, ხშირი ვარჯიში უმნიშვნელო ან მდაბალ საქმიანობად, ან წვრილმანად მიაჩნიათ; მაგრამ ცდებიან უბედურნი და ავიწყდებათ იესო ქრისტეს სწავლება: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათ. 18.3). ბუნებრივი აზროვნების მერყევ საფუძველზე ისინი თავისთვის აყალიბებენ რაღაც მეცნიერებას ლოცვის შესახებ. განა დიდი განათლება, ჭკუა და ცოდნაა საჭირო, გულწრფელად რომ თქვა: "იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" განა თავად ჩვენი ღვთაებრივი მასწავლებელიც ასეთ ხშირ ლოცვას არ აქებდა?! განა ამ მცირესიტყვიანი, მაგრამ ხშირი ლოცვით არ გამოითხოვეს და აღასრულეს სასწაულები? ჰოი, ქრისტიანის სულო! იფხიზლე და არ დადუმდე უფლის ლოცვის განუწყვეტელი ღაღადებისას! თუნდაც შენი ღაღადება ჯერ კიდევ გაფანტული და სანახევროდ წუთისოფლით სავსე გულიდან ამოდიოდეს, არაფერია, საჭიროა მხოლოდ გააგრძელო, არ დადუმდე და არ შეშფოთდე - სიხშირისგან ის თავისთავად განიწმინდება. არასდროს დაივიწყო მოციქულის ნათქვამი: "უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან" (1იოან. 4.4), "უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი," - ამბობს მოციქული (1იოან. 3.20).

ამრიგად, მთელი ამ მტკიცებულებების შემდგომ, კერძოდ, რომ ხშირი ლოცვა ამდენად ძლიერია ყოველგვარი უძლურების ჟამს, ადამიანისთვის უდავოდ ხელმისაწვდომია და სრულებით მის ნებაზეა დამოკიდებული, გაბედე და სცადე, თავდაპირველად თუნდაც ერთი დღე გაატარო საკუთარ თავზე დაკვირვებაში. დააკვირდი ლოცვის სიხშირეს, დღის უმეტესი ნაწილი იესო ქრისტეს სახელის მოხმობას დაუთმე, ვიდრე სხვა საქმიანობას, და ყოველდღიურ საქმეებთან შედარებით ლოცვის ამგვარი უპირატესობა დროთა ვითარებაში უთუოდ დაგარწმუნებს, რომ ის დღე დაკარგული კი არ არის, არამედ შეძენილია ცხონებისთვის, რომ ღვთის მართლმსაჯულების სასწორზე ხშირი ლოცვა შენს სისუსტეებსა და ცდომილებებს გადაწონის, იმ დღის ცოდვებს სინდისის სამახსოვრო წიგნიდან აღხოცავს, სიწმინდის საფეხურზე აგიყვანს და მარადიულ ცხოვრებაშიც განათლების იმედს ჩაგისახავს (ავტორის ხელნაწერიდან, რომელიც მამა ამბროსიმ ერთ-ერთი მონასტრიდან მიიღო).

მწირი: მთელი გულით მადლობას გწირავთ, წმინდაო მამაო! ამ კითხვით თქვენ ჩემი ცოდვილი სული დაატკბეთ! ღვთის გულისათვის, მაკურთხეთ, რომ ჩემთვის გადავიწერო ეს ხელნაწერი. რამდენიმე საათში გადავწერ. რა შესანიშნავი და საამო იყო ყველაფერი, რაც წავიკითხეთ! ჩემი სულელი გონებისთვისაც კი გასაგებია, ზუსტად ისეა, როგორც წმინდა მამები ამის შესახებ "სათნოებათმოყვარეობაში" მსჯელობენ. მაგალითად, "სათნოებათმოყვარეობის" მეოთხე ნაწილში იოანე კარპათელიც ასევე ამბობს: თუ თავის შესაკავებლად და საქმით სამოღვაწეოდ ძალა არ შეგწევს, იცოდე, რომ უფალს ლოცვის საშუალებით სურს შენი ცხონება. რა შესანიშნავად და გასაგებადაა ჩამოყალიბებული ყოველივე ეს თქვენს რვეულში. უპირველეს ყოვლისა ღმერთს ვწირავ მადლობას და შემდეგ - თქვენ, რომ მისი მოსმენის ღირსი გავხდი!

პროფესორი: მეც დიდი ყურადღებითა და სიამოვნებით მოვისმინე თქვენი ლექცია, ფრიად პატივცემულო მამაო! ყველაზე მკაცრი ლოგიკის მიხედვითაც კი ყველა მოსაზრება სწორია, და ჩემთვის შესანიშნავია; მაგრამ ამასთანავე, მიმაჩნია, რომ განუწყვეტელი ლოცვის შესაძლებლობას უმთავრესად ლოცვისთის ხელსაყრელი გარემოება და სრულ სიმშვიდეში განმარტოება იძლევა. გეთანხმებით, რომ ხშირი ან განუწყვეტელი ლოცვა არის ერთადერთი და ძლიერი საშუალება ღვთისმოსაობის ყოველ საქმეში მადლმოსილი შეწევნის მისაღებად და სულის განსანათლებლად. იგი ადამიანის ძალებს შეესაბამება. მაგრამ ამ საშუალების გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი განმარტოებასა და მყუდროებაში იმყოფება. საქმეებს, საზრუნავსა და გართობას განრიდებულ ადამიანს შეუძლია ხშირად ან განუწყვეტლივ ილოცოს. ამ დროს მას მხოლოდ სიზარმაცესთან ან მოწყენილობასთან მოელის ზრახვების მიერ გამართული ბრძოლა. მაგრამ თანამდებობით ან საქმეებით მუდმივად დაკავებულ კაცს, ვისთვისაც აუცილებელია ხალხის ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნა, გულითაც რომ სურდეს ხშირი ლოცვა, მაინც ვერ შეძლებს გარდაუვალი გონებაგაფანტულობის გამო. მაშასადამე, ხშირი ლოცვის ერთადერთ საშუალებას, რომელიც მხოლოდ ხელსაყრელ გარემო პირობებშია შესაძლებელი, ყველა ვერ მიმართავს და ყველასთვის განკუთვნილი არ არის.

სქიმოსანი: უსაფუძვლოდ გამოგაქვთ ასეთი დასკვნა! თუნდაც არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შინაგან ლოცვაში გაწვრთნილ გულს ყოველთვის, ყოველგვარი საქმიანობის დროს (ფიზიკური იქნება ეს, თუ გონებრივი), ნებისმიერ ხმაურში შეუძლია დაუბრკოლებლად ილოცოს და ღვთის სახელს მოუხმოს (მცოდნემ ეს გამოცდილებით იცის, ხოლო უცოდინარს მისი თანდათან შესწავლა მართებს), დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ვერანაირი გარეშე გასართობი ლოცვის მსურველს ლოცვას ვერ შეაწყვეტინებს, რადგან ადამიანის დაფარული აზრი გარედან არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება, თავის თავში სრულიად თავისუფალია, ყოველთვის შეიძლება მისი შეგრძნება და ლოცვად გარდაქმნა. თავად ენასაც კი შეუძლია სხვების თანდასწრებით, გარეშე საქმიანობის დროს ფარულად, უხმოდ გამოთქვას ლოცვა. თანაც არც ჩვენი საქმიანობაა იმდენად მნიშვნელოვანი და არც ჩვენი საუბრები - იმდენად საინტერესო, რომ საშუალება ვერ გამოვნახოთ იესო ქრისტეს სახელის დროდადრო და ხშირად მოსახმობად, თუნდაც გონება ჯერ კიდევ არ იყოს გაწვრთნილი განუწყვეტელ ლოცვაში. თუმცა, ცხადია, სწორედ ხალხისგან და გონების გამფანტველი საგნებისგან განრიდება არის ყურადღებიანი და განუწყვეტელი ლოცვის მთავარი პირობა. მაგრამ მისი არქონის დროს, იშვიათი ლოცვის გამო თავი არ უნდა ვიმართლოთ - რაოდენობა და სიხშირე ყველასთვის ხელმისაწვდომია, ჯანმრთელისთვისაც და სნეულისთვისაც, და დამოკიდებულია ადამიანის ნებაზე. ამას თავიანთი მაგალითით ამტკიცებენ ისინი, ვინც ვალდებულებებით, (გონების) გამრთობი თანამდებობებით, საზრუნავით, შრომითა და სამუშაოთი იყვნენ შებოჭილნი, და არა მარტო ყოველთვის მოუწოდებდნენ იესო ქრისტეს ღვთაებრივ სახელს, არამედ მისი საშუალებით ისწავლეს და მიაღწიეს კიდეც გულის განუწყვეტელ შინაგან ლოცვას. ასე მაგალითად, პატრიარქი ფოტი, რომელიც სენატორობიდან პატრიარქის ხარისხში აიყვანეს, როცა კონსტანტინოპოლის მრავალრიცხოვან სამწყსოს მართავდა, განუწყვეტლივ მოუხმობდა ღვთის სახელს და ამ გზით მიაღწია კიდეც თვითმოქმედ გულისმიერ ლოცვას. ასე ისწავლა განუწყვეტელი ლოცვა კალისტემ, რომელიც ათონის წმინდა მთაზე მზარეულის რთულ მორჩილებას ასრულებდა. საძმოში მუდმივად სამუშაოთი დატვირთული გულმიამიტი ლაზარე ყოველგვარი ხმაურიანი საქმიანობის დროს ასე განუწყვეტლივ წარმოთქვამდა იესოს ლოცვას და მშვიდდებოდა. ღვთის სახელის განუწყვეტელ მოწოდებაში მსგავსადვე ვარჯიშობდა ბევრი სხვაც. ყურადღების გამფანტველი საქმიანობის დროს ან ადამიანთა საზოგადოებაში შეუძლებელი რომ ყოფილიყო ლოცვა, მაშინ შეუძლებელს არც დაგვიწესებდნენ. წმინდა იოანე ოქროპირი ლოცვის შესახებ თავის სწავლებაში შემდეგს გვეუბნება: "არავინ იმართლოს თავი, თითქოს შეუძლებელია, ყოველთვის ილოცოს მან, ვინც ცხოვრებისეული საზრუნავით არის დატვირთული ან ტაძარში ვერ მიდის. სადაც უნდა იყო, ყველგან შეგიძლია ლოცვის საშუალებით გონებაში სამსხვერპლო აღუმართო ღმერთს". ამრიგად, ლოცვა მოსახერხებელია ბაზარშიც, მგზავრობის დროსაც, როცა გასაყიდად დგახარ თუ ხელსაქმეს უზიხარ. ლოცვა ყველგან, ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. თუ ადამიანი მართლა მთელი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ თავს, ლოცვას ყველგან მოახერხებს, ოღონდაც კი ირწმუნოს, რომ ყველა სხვა ვალდებულებასთან შედარებით ლოცვაა მისი მთავარი საქმე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგი უფრო შემართებით წარმართავდა თავის საქმიანობას, ხალხთან აუცილებელი საუბრის დროს ლაკონიურობას, მდუმარებას გამოიჩენდა და უსარგებლო მრავალსიტყვაობას მოერიდებოდა, საზრუნავის დროს ზემდეტად არ იფუსფუსებდა, რათა ყოველივე ამის წყალობით უფრო მეტი დრო მოეგო მშვიდად ლოცვისთვის. ამგვარი განწყობილებითა და ღვთის სახელის მოწოდების ძალით, მისი ყოველი მოქმედება წარმატებით დაგვირგვინდებოდა. საბოლოოდ იგი განუწყვეტელი ლოცვით იესო ქრისტეს სახელის მოხმობას მიეჩვეოდა და გამოცდილებით შეიცნობდა, რომ ლოცვის სიხშირე, ცხონების ეს ერთადერთი საშუალება, ადამიანის შესაძლებლობასა და ნებაზეა დამოკიდებული; რომ ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ მდგომარეობაში შეიძლება ლოცვა; რომ ბაგეებით ხშირად წარმოთქმული ლოცვიდან ადვილად მაღლდებიან გონებრივ ლოცვამდე, იქიდან კი - გულისმიერ ლოცვამდე, რომელიც ჩვენში ღვთის სასუფეველს განაღებს.

პროფესორი: გეთანახმებით, რომ ყოველგვარი მექანიკური საქმიანობის დროს შესაძლებელი და მოსახერხებელიც კი არის ხშირი ან განუწყვეტელი ლოცვა, რადგან მექანიკური ხელსაქმე გონების დაძაბვასა და დიდ დაფიქრებას არ მოითხოვს. ამიტომ ამ დროს ჩემს გონებას განუწყვეტელ ლოცვაში ჩაფლობა შეუძლია, და ბაგეებსაც ძალუძს მას მისდიოს. მაგრამ როცა განსაკუთრებული გონებრივი საქმით უნდა დავკავდე, მაგალითად, ყურადღებით წავიკითხო ან ღრმად გავიაზრო საკითხი, ან თხზულება დავწერო, ამ დროს როგორღა შევძლებ გონებით და ბაგეებით ლოცვას? რაკი ლოცვა უმთავრესად გონების საქმეა, მაშ, როგორ შევძლებ, ერთ გონებას ერთდროულად სხვადასხვა საქმე მივცე?

სქიმოსანი: ამ საკითხის გადაწყვეტა სრულებითაც არ იქნება ძნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ განუწყვეტლივ მლოცველი ადამიანები სამ ჯგუფად იყოფიან, კერძოდ:

1. დამწყებნი,  2. ისინი, ვინც კარგად სწავლობს, და  3. ისინი, ვინც ლოცვა ისწავლა. ამიტომაც, გონებრივი საქმიანობის დროს დამწყებთაც შეუძლიათ გონება და გული დროდადრო ხშირად მიაპყრონ ღმერთს და ბაგეებით წარმოთქვან მოკლე ლოცვა; ხოლო კარგად შემსწავლელთ, ანუ ვისაც მუდმივი გონებრივი განწყობილება აქვს, შეუძლიათ იფიქრონ და წერონ ისე, რომ განუწყვეტლივ ღვთის წინაშე იმყოფებოდნენ, რაც არის კიდეც ლოცვის საფუძველი. ეს შეიძლება შემდეგი მაგალითით გამოიხატოს: წარმოიდგინე, რომ მკაცრმა და მომთხოვნმა მეფემ მისი თანდასწრებით, მისივე ტახტის ფერხთით მის მიერ მოცემული ღრმა მატერიის განხილვა დაგავალა. შენ, რაც უნდა დაკავებული იყო შენი საქმით, იმდენად შეგიპყრობდა ის აზრი, რომ მეფის თანდასწრებით იმყოფები, ვის ხელშიც არის შენი სიცოცხლე, წამითაც არ დაგავიწყდებოდა, რომ შენ ფიქრობ, სჯი და აზროვნებ არა განმარტოებით, არამედ იმ ადგილას, სადაც განსაკუთრებული მოწიწება, პატივისცემა და წესიერება გმართებს. სწორედ ეს გრძნობა და მეფის სიახლოვის ცოცხალი განცდა ძალიან ნათლად გამოხატავს განუწყვეტელი შინაგანი ლოცვის შესაძლებლობას გონებრივი ვარჯიშის დროსაც კი.

რაც შეეხება მათ, ვინც ხანგრძლივი ჩვეულებითა თუ ღვთის წყალობით გონიერი ლოცვიდან გულის ლოცვა მოიპოვა, ასეთები განუწყვეტელ ლოცვას არათუ ღრმა გონებრივი საქმიანობის დროს, არამედ ძილშიც კი არ წყვეტენ, რასაც ადასტურებს ბრძენი: "მე მძინავს და გული ჩემი მღჳძარე არს" (ქებ. 5.2). წარმატებულებში გულის მექანიზმი ღვთის სახელის მოხმობის ისეთ უნარს იძენს, რომ გული თავისთავად აღიძვრება ლოცვისთვის და გონებასა და მთელ სულს განუწყვეტელი ლოცვის მორევში ითრევს, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია და რაოდენ განყენებული და გონებრივი საქმით არის დაკავებული მლოცველი.

მღვდელი: ღირსო მამაო, ნება მიბოძეთ, ჩემი მხრივ, მეც გამოვთქვა აზრი. თქვენ მიერ წაკითხულ წერილში შესანიშნავადაა ნათქვამი, რომ ცხონებისა და სრულყოფილების მიღწევის ერთადერთი საშუალება ლოცვის სიხშირეა, "როგორიც უნდა იყოს იგი"... ჩემთვის ეს ძნელი გასაგებია, ამიტომ ვფიქრობ: რა სარგებლობას მომიტანს, თუ განუწყვეტლივ ვილოცებ და ღვთის სახელს მხოლოდ ენით მოვუხმობ, მაგრამ უყურადღებოდ ვიქნები და ვერ გავიგებ, რასაც ვიტყვი? ეს მხოლოდ ამაოდმეტყველება იქნება! შედეგად მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ ენა ლაქლაქში დაიღლება, ხოლო აზროვნებაში ამგვარად დაბრკოლებული გონება თავისი შესაძლებლობის გამოვლენის მხრივ დაზარალდება. ღმერთი სიტყვებს კი არ მოითხოვს, არამედ ყურადღებიან გონებასა და განწმენდილ გულს. ხომ არ ჯობს, თუნდაც იშვიათად ან დაწესებულ დროს მოკლედ ვილოცო, მაგრამ ვილოცო ყურადღებით, გულდასმით, სულიერი სითბოთი და ჯეროვანი გააზრებით? წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც დღედაღამ ილოცო, თუ სულიერი სიწმინდე და ღვთისმოსაური საქმეები არ გექნა, საცხონებლად მაინც ვერაფერს შეიძენ; მხოლოდ გარეგნული ყბედობის ამარა დარჩები, ბოლოს დაიღლები, მოგწყინდება და იქამდე მიხვალ, რომ, ლოცვის მიმართ სრულიად რწმენაგაციებული, საერთოდ დაანებებ თავს ამ უშედეგო საქმიანობას. შემდეგ, ბაგეებით წარმოთქმული ლოცვის უსარგებლობა შეგვიძლია დავინახოთ წმინდა წერილში წარმოდგენილ მხილებებშიც. ასე მაგალითად: "მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივს-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებული არიან ჩემგან" (მათ. 15.8); "არა ყოველმან რომელმან მრქვას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფევლსა ცათასა" (მათ. 7.21); "მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბევრთა სიტყუათა ენითა" (1კორ. 14.19), და სხვ. ყველა ესენი გარეგნული, ბაგეებით უყურადღებოდ წარმოთქმული ლოცვის უნაყოფობას გამოხატავენ.

სქიმოსანი: თქვენ მიერ წარმოდგენილ დასკვნას გარკვეული საფუძველი ექნებოდა, ბაგეებით წარმოთქმული ლოცვის რჩევასთან, განუწყვეტელობასა და მუდმივობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული, იესო ქრისტეს სახელით წარმოთქმულ ლოცვას თვითმოქმედი ძალა რომ არ ჰქონდეს და მისადმი ყურადღება და გულმოდგინება ლოცვაში თანდათანობითი ვარჯიშის შედეგად რომ არ მოიპოვებოდეს... მაგრამ ვინაიდან საქმე ლოცვის სიხშირეს, ხანგრძლივობასა და განუწყვეტელობას ეხება (თუნდაც დასაწყისში ლოცვას უყურადღებობა და სიცივე ახლდეს), ამით თქვენ მიერ არასწორად გამოტანილი დასკვნა ბათილდება. დაწვრილებით განვიხილოთ იგი. ერთი სასულიერო მწერალი გვარწმუნებს ერთგვაროვანი სიტყვებით გამოხატული ხშირი ლოცვის უდიდეს სარგებლობასა და ნაყოფიერებაში და ბოლოს ამბობს: "თუმცა ბევრი ვითომ განათლებული ადამიანი უსარგებლოდ და უმნიშვნელოდაც კი მიიჩნევს ერთი და იმავე ლოცვის ბაგეებით ხშირ წარმოთქმას, და ამას მდაბიო ხალხის მექანიკურ, უაზრო საქმიანობას უწოდებს, საუბედუროდ, მათ არ იციან ის საიდუმლო, რომელიც ამ მექანიკური ვარჯიშით ცხადდება, არ იციან, რომ ბაგეებით, მაგრამ ხშირად წარმოთქმული ეს ღაღადება თავისდაუნებურად გარდაიქმნება გულის ჭეშმარიტ ღაღადისად, შიგნით ღრმავდება, ხდება საამური, სულისთვის თითქმის ბუნებრივი, ანათლებს სულს, კვებავს და ღმერთთან შესაერთებლად მიუძღვის მას. ვფიქრობ, ეს გამკიცხველები იმ პატარა ბავშვებს ჰგვანან, ვისთვისაც ანბანისა და კითხვის სწავლება განუზრახავთ, მათ კი, სწავლით თავგაბეზრებულებმა, ერთხელ წამოიძახეს: "ასჯერ უკეთესი არ იქნება, თუ სათევზაოდ წავალთ, როგორც ამას ჩვენი მამები აკეთებენ, ვიდრე "ა,ბ,გ,დ" -ს გაუთავებელ გამეორებაში გავატაროთ მთელი დღე და ბატის ფრთით ქაღალდი ვფხაჭნოთ?" მათთვის საიდუმლო იყო კითხვიდან გამომდინარე ის სარგებელი და განათლება, რაც ასოების მოსაწყენი დაზეპირების შედეგად უნდა მიეღოთ. მსგავსადვე, ღვთის სახელის მარტივი, მაგრამ ხშირი მოწოდებაც დაფარული საიდუმლოა მათთვის, ვინც არ იცის და ვისაც არ სჯერა მისი შემდგომი უდიდესი სარგებელი. ისინი რწმენას თავიანთი გამოუცდელი და არაშორსმხედველი გონებით ზომავენ და ავიწყდებათ, რომ ადამიანი სხეულისა და სულისგან შედგება... მაგალითად, რატომაა, რომ, როცა სულის განწმენდა გსურს, ჯერ სხეულს იწმენდ: იტვირთავ მარხვას, სხეულს ნოყიერსა და გამაღიზიანებელ საკვებს აკლებ? - რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამით არ დააბრკოლო, უკეთ რომ ვთქვათ, ხელი შეუწყო სულის განწმენდასა და გონების განათლებას; იმიტომ, რომ ხორციელი შიმშილის განუწყვეტელმა შეგრძნებამ გაგახსენოს შენი გადაწყვეტილება შინაგანი სრულყოფილებისა და ღვთივსათნო საქმეთა ძიების თაობაზე, რასაც ასე ადვილად ივიწყებ... და შენ გამოცდილებით გრძნობ, რომ სხეულის გარეგნული მარხვით გონების შინაგან სინატიფეს, გულის სიმშვიდეს, ვნებების მოსათვინიერებელ და სულიერი წვრთნის შემახსენებელ იარაღს მოიპოვებ. აი, ასე ღებულობ სულიერ სარგებლობასა და შემწეობას გარეგანი მატერიის საშუალებით. მსგავსად იფიქრე ბაგეებით წარმოთქმულ განუწყვეტელ, ხშირ ლოცვაზეც, რომელიც თავისი ხანგრძლივობით გულის შინაგან ლოცვას ავითარებს, ადამიანს განაწყობს და ეხმარება, გონებით ღმერთს შეუერთდეს. ამაოდ წარმოუდგენიათ, რომ ხშირი ლოცვით ენას ვიმტვრევთ და უფერული გაუგებრობით თავშეწყენილებმა ლოცვაში ასეთ უსარგებლო, გარეგნულ ვარჯიშს საერთოდ უნდა ვანებოთ თავი. არა! გამოცდილება სრულებით საპირისპიროს გვიჩვენებს. ვინც პრაქტიკულად განუწყვეტლივ ლოცულობს, გვარწმუნებს, რომ ხდება შემდეგი რამ: როცა ადამიანი გადაწყვეტს, იესო ქრისტეს სახელს განუწყვეტლივ მოუწოდოს, ანუ გამუდმებით წარმოთქვას იესოს ლოცვა, რა თქმა უნდა, დასაწყისში სიძნელეებს აწყდება და სიზარმაცეს ებრძვის. მაგრამ რაც უფრო დიდხანს და ბევრს ვარჯიშობს, მით უფრო თავისდაუნებურად ითავისებს ამ საქმიანობას და შემდეგ მისი ენა და ბაგეები იმდენად ბუნებურად მოქმედებენ, რომ უკვე თავისით, ძალდაუტანებლად მოძრაობენ გაუჩერებლივ და უხმოდ ამბობენ ლოცვას. ამასთანავე, ხორხის კუნთების მექანიზმი იმგვარად მოიმართება, რომ მლოცველი გრძნობს, ლოცვა მისი მუდმივი და არსებითი საქმიანობაა და ყოველთვის, როცა კი ლოცვას თავს ანებებს, რაღაცის ნაკლებობას განიცდის. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ გონება თავისთავად იწყებს ბაგეების ამ უნებლიე მოქმედების მოსმენას და ყურადღებით განეწყობა, რაც საბოლოოდ გულისმიერი და ჭეშმარიტი ლოცვის სიტკბოების წყარო ხდება. აი, ბაგეებით წარმოთქმული განუწყვეტელი ან ხშირი ლოცვის ჭეშმარიტი და კეთილისმყოფელი შედეგი, რაც სრულებით საწინააღმდეგოა ამ საქმეში გამოუცდელ და უცოდინარ ადამიანთა დასკვნისა! რაც შეეხება წმინდა წერილიდან თქვენ მიერ მოყვანილ ადგილებს, რომლებიც თქვენს საწინააღმდეგო მოსაზრებას ასაბუთებენ, სათანადო განხილვის შემდეგ მათი ახსნაც შეიძლება: ბაგეებით ღვთის პირმოთნეობით თაყვანისცემა, ამით პატივმოყვარეობა და "უფალო! უფალო!"-ს ძახილით მზაკვრული დიდება იესო ქრისტემ იმ მიზეზით ამხილა, რომ ამაყ ფარისევლებს ღმერთი მხოლოდ ენით სწამდათ, თავიანთ რწმენას არანაირად არ ამართლებდნენ და გულით არ აღიარებდნენ. ეს სწორედ მათზეა ნათქვამი, და ლოცვის კითხვას კი არ შეეხება, რისი მცნებაც იესო ქრისტემ პირდაპირ, გადაჭრით და გარკვევით მოგვცა: "ჯერ-არს მათდა მარადის ლოცვაჲ და რაჲთა არა ეწყინებოდის (ე.ი. არ მოსწყინდეთ) ლოცვასა შინა" (ლუკ. 18.1). მსგავსადვე, წმინდა პავლე მოციქულიც გასაგებად თქმულ ხუთ სიტყვას მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე ეკლესიაში უაზროდ ან უცნობ ენაზე წარმოთქმულ მრავალ სიტყვას. ამაში იგი საზოგადო სწავლებებს, და არა საკუთრივ ლოცვას გულისხმობს, რის შესახებაც დაბეჯითებით ამბობს: "მნებავს უკუე ლიცვაჲ მამათაჲ ყო­ველსა ადგილსა"... (1ტიმ. 2.8) ზოგადად კი გვირჩევს: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17). ახლა ხედავთ, მთელი თავისი სიმარტივის მიუხედავად, რამდენად ნაყოფიერია ხშირი ლოცვა? და რამდენად დიდი დაფიქრება სჭირდება წმინდა წერილის სწორად გაგებას?

მწირი: ჭეშმარიტად ასეა, წმინდაო მამაო! ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებიც მარტივად, ყოველგვარი განმანათლებლური დამოძღვრის გარეშე, ისე, რომ არც იცოდნენ, თუ რას ნიშნავს ყურადღება, ბაგეებით თავისით ამბობდნენ იესოს განუწყვეტელ ლოცვას, და მიაღწიეს იმას, რომ მათ ენასა და ბაგეებს ლოცვის შეკავება აღარ შეეძლოთ, რაც შემდგომში იმდენად ატკბობდა და ანათლებდა მათ, რომ სუსტი და დაუდევარი ადამიანებიდან ისინი მოღვაწეებად და სათნოების ქომაგებად ქცეულან...

სქიმოსანი: დიახ, ლოცვა თითქოს ხელმეორედ შობს ადამიანს. იმდენად დიდია მისი ძალა, რომ ვერაფერი, ვერანაირი ვნების ძალა ვერ აღუდგება მას წინ. თუ ინებებთ, ძმებო, დამშვიდობებამდე მოკლე, მაგრამ საინტერესო წერილს წაგიკითხავთ, რომელიც თან წამოვიღე.

ყველა: მოწიწებით, სიამოვნებით მოგისმენთ!...

სქიმოსანი: ლოცვის ძალის შესახებ:

ლოცვა იმდენად ძლიერი და ძლევამოსილია, რომ ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და ლოცვა სწორ და წმინდა ღვაწლთან მიგიყვანს.

ღვთის სათნოსაყოფად სხვა არაფერია საჭირო, გარდა სიყვარულისა: გიყვარდეს და აკეთე ყველაფერი, რაც გინდა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე; რადგან ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, მას სატრფოსთვის არასასურველი რამის გაკეთების სურვილიც კი არ შეიძლება ჰქონდეს... ვინაიდან ლოცვა სიყვარულის გამოხატულება და შედეგია, ამიტომ მასზეც იმავეს თქმა შეიძლება: ცხონებისთვის მეტი არაფერია საჭირო, გარდა მუდმივი ლოცვისა. ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და ლოცვის მიზანს მიაღწევ - მისით კურთხევას მოიპოვებ!

საკითხის უფრო ზედმიწევნით გაგების მიზნით მას მაგალითებით ავხსნით:

1. ილოცე და ყველაფერი იფიქრე, რაც გინდა - შენი აზრები ლოცვით განიწმინდება. ლოცვა გონებას განგინათლებს, ყველა უადგილო ზრახვას დააცხრობს და განაგდებს. ამას გვიმტკიცებს წმინდა გრიგოლ სინელი: "თუ ზრახვების უკუგდება და გონების განწმენდა გსურს, - გვირჩევს იგი, - ლოცვით განაგდე ისინი, რადგან ლოცვის გარდა, აზრებს სხვა ვერაფრით შეაჩერებ". ამასთან დაკავშირებით მსგავსად გველაპარაკება წმინდა იოანე კიბისაღმწერელიც: "გონების მტრები იესოს სახელით დაამარცხე. მის გარდა სხვა იარაღს ვერ იპოვი".

2. ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და შენი საქმეები ღვთივსათნო იქნება, შენთვის კი _ სასარგებლო და მაცხონებელი.

უნაყოფოდ არ დარჩება ხშირი ლოცვა, რაზეც უნდა იყოს იგი (მარკოზ განშორებული), რადგან თავად მასშია მადლმოსილი ძალა. "წმიდა არს სახელი მისი" (ლუკ. 1.49) და "ყოველმან, რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს" (რომ. 10.13). მაგალითად, არაწმინდებაში მყოფი და ამ ლოცვით "წარუმატებლად" მლოცველი ადამიანი გონს მოეგო და სინანულისკენ მოწოდება მოესმა. ავხორცი ქალიშვილი უკან დაბრუნების დროს ლოცულობდა და ლოცვამ მიუთითა, რომ ქალწულებაში ეცხოვრა და იესო ქრისტეს დარიგებები ესმინა.

3. ილოცე და ვნებების საკუთარი ძალებით დასამარცხებლად დიდად ნუ გაირჯები. ლოცვა გაანადგურებს მათ შენში: "უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან", - ამბობს წმინდა წერილი (იოან. 4.4). წმინდა იოანე კარპათელი კი გვასწავლის: თუ თავშეკავების ნიჭი არ გაქვს, ნუ დაღონდები. იცოდე, რომ ღმერთი შენგან ლოცვაში გულმოდგინებას მოითხოვს და ლოცვა გიხსნის.

მისი დამამტკიცებელი მაგალითია "მამათა ცხოვრებაში" აღწერილი ბერი, "გამარჯვებული დაცემული", ანუ ის, ვინც ცოდვით დაეცა, მაგრამ გული არ გაუტეხავს, ლოცვას მიმართა და მისი საშუალებით გონს მოეგო.

4. ილოცე და ნურაფრის გეშინია: არ შეგაშინოს უბედურებამ, არ შეგაძრწუნოს თავდასხმებმა - ლოცვა დაგიცავს და აგაცილებს მათ. გაიხსენე მცირედმორწმუნე პეტრე, რომელიც იხრჩობოდა; გაიხსენე ციხეში მლოცველი პავლე, ბერი - რომელიც თავსდატეხილ ცდუნებას ლოცვით გადაურჩა, ქალწული - რომელმაც ბოროტგანმზრახველ მეომარს ლოცვით დააღწია თავი. გაიხსენე მსგავსი შემთხვევები. იესო ქრისტეს სახელით ლოცვის ძალას, ძლევამოსილებასა და ყოვლისმომცველობას ისინი ადასტურებენ.

5. თუნდაც რამენაირად ილოცე, ოღონდ ყოველთვის ილოცე და ნურაფრით შეშფოთდები. სულიერად მხიარული და მშვიდი იყავი - ლოცვა ყველაფერს მოაგვარებს და გასწავლის. გახსოვდეს, რას ამბობენ წმინდა იოანე ოქროპირი და წმინდა მარკოზ განშორებული ლოცვის ძალაზე. პირველი ამტკიცებს: "თუნდაც ცოდვებით აღვსებულებმა წარმოვთქვათ ლოცვა, იგი მაშინვე გვწმენდს"... ხოლო მეორე შემდეგს ამბობს: "რამენაირად ვილოცოთ - ჩვენს ხელთაა, ხოლო წმინდად ვილოცოთ - მადლისმიერი ნიჭია". ამრიგად, რაც შეგიძლია, ღმერთს ის შესწირე, დასაწყისისთვის თუნდაც რაოდენობა მიართვი მსხვერპლად (ეს შენ შეგიძლია), და შენს უსუსურ ძალას ღვთის ძალა მოეფინება. მშრალი და გაფანტული, მაგრამ ხშირი, მუდმივი და ჩვევადქცეული ლოცვა ბუნებად გარდაიქმნება და წმინდა, ნათელ, მგზნებარე და სათანადო ლოცვად გარდაისახება.

6. დასასრულ, თუ მღვიძარების ჟამს ლოცვა იქნება შენი თანმხლები, მაშინ, ბუნებრივია, არათუ ცოდვილიანი საქმეებისთვის, არამედ მათ მოსაფიქრებლადაც კი არ დაგრჩება დრო.

ახლა ხომ ხედავ, ამ ბრძნულ გამონათქვამში რამდენი ღრმა აზრია თავმოყრილი: `გიყვარდეს და აკეთე, რაც გინდა; ილოცე და აკეთე, რაც გინდა!~ რა სასიხარულო და მანუგეშებელია ყოველივე ეს უძლურებით დამძიმებული ცოდვილისთვის, რომელიც მასთან მებრძოლ ვნებათა ტვირთქვეშ მოთქვამს!

ლოცვა - აი, ყველაფერი ის, რაც ცხონებისა და სულიერი სრულყოფილების ყოვლისმომცველ საშუალებად მოგვეცა... ეს ასეა! მაგრამ ლოცვის სახელთან (იესოსთან - რედ.) მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი პირობაც. "მოუკლებელად ილოცევდით", - მცნებად გვაძლევს ღვთის სიტყვა. მაშასადამე, ლოცვაც მაშინ ავლენს თავის ყოვლისშემძლე ძალასა და ნაყოფს, როცა ხშირად, განუწყვეტლივ წარმოთქვამენ, ვინაიდან, უდავოდ, ლოცვის სიხშირე ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ლოცვის სიწმინდე, გულმოდგინება და სრულყოფილება მადლისმიერი ნიჭია.

ამრიგად, ვილოცოთ, რაც შეიძლება, ხშირად, მთელი ჩვენი ცხოვრება ლოცვას მივუძღვნათ, დასაწყისისთვის თუნდაც გაბნეულს! ლოცვაში ხშირი ვარჯიში ყურადღებას გვასწავლის, რაოდენობა აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხამდე.

რაიმეს კარგად კეთება რომ ისწავლო, რაც შეიძლება, ხშირად უნდა აკეთო იგი, - თქვა ერთმა გამოცდილმა სასულიერო მწერალმა.

პროფესორი: ჭეშმარიტად დიდი საქმეა ლოცვა! ხშირი ლოცვისადმი მოშურნეობა კი ლოცვის კეთილისმყოფელი საუნჯის გასაღებია. მაგრამ რაოდენ ხშირად იმართება ჩემში ბრძოლა მოშურნეობასა და სიზარმაცეს შორის! როგორ მსურს, რაიმე საშუალებასა და შეწევნას მივაგნო, რომ გამარჯვება მოვიპოვო, დავრწმუნდე და მუდამჟამ გულმოდგინე ლოცვისთვის განვეწყო!...

სქიმოსანი: ლოცვაში მუყაითობის გასაღვივებლად საღ აზროვნებაზე დაყრდნობით ბევრი სასულიერო მწერალი გვთავაზობს სხვადასხვა საშუალებას, ასე მაგალითად:

1. გვირჩევენ, ღრმად გავიაზროთ ლოცვის აუცილებლობა, უპირატესობა და ნაყოფიერება სულის ცხონების საკითხში.

2.    მტკიცედ უნდა დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ღმერთი ჩვენგან უდავოდ მოითხოვს ლოცვას. ღვთის სიტყვა ყველგან ამას ქადაგებს.

3.    მუდამ გვახსოვდეს, რომ ლოცვისას სიზარმაცითა და დაუდევრობით ღვთისმოსაობაში წარმატებას ვერ მივაღწევთ და სიმშვიდესა და ცხონებას ვერ მოვიპოვებთ. ამის გამო ამქვეყნადაც უეჭველად დავისჯებით და მარადიულ ცხოვრებაშიც დავიტანჯებით.

4.    ღვთის წმინდანების მაგალითებისამებრ გამბედაობა გავაღვივოთ ჩვენში. ყველა მათგანმა განუწყვეტელი ლოცვით მიაღწია განწმენდას, ცხონებასა და სხვ.

თუმცა ყველა ამ საშუალებას თავისი ღირსება აქვს და ჭეშმარიტი გულისხმისყოფიდან მომდინარეობს, მაგრამ დაუდევრობით დასნეულებული ავხორცი სული მათი მიღება-გამო­ყენების დროს იშვიათად ხედავს ამ უკანასკნელთა ნაყოფიერებას იმის გამო, რომ ეს მკურნალობა მისი განებივრებული გემოვნებისთვის მწარეა და მისი ღრმად დაზიანებული ბუნებისთვის სუსტია. აბა, რომელმა ქრისტიანმა არ იცის, რომ საჭიროა ხშირი და გულმოდგინე ლოცვა, რომ ამას ღმერთი მოითხოვს, რომ ლოცვაში გამოჩენილი სიზარმაცის გამო დავისჯებით, რომ ყველა წმინდანი გულმოდგინედ და განუწყვეტლივ ლოცულობდა. მაგრამ ყოველივე ამის ცოდნას ისე იშვიათად მოაქვს სასიკეთო შედეგი! ყველა, ვინც თავის თავს დაუკვირდება, დაინახავს, რომ გონებისა და სინდისის ამ შეგონებას იგი საქმით ნაკლებად ან სრულებით არ ასრულებს, და მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე იშვიათად ახსენდება ეს, მაინც ძველებურ უვარგის და მცონარე ცხოვრებას მისდევს...

აი, ამიტომ, იციან რა ადამიანის ავხორცი გულის ნების სისუსტე და გაზულუქება, გამოცდილი და ღვთივგანბრძნობილი წმინდა მამებიც განსაკუთრებით ამ მხრივ მოქმედებენ: ისევე, როგორც ექიმები მწარე წამალს ტკბილ სიროფში აზავებენ და წამლის ჭურჭლის კიდეს თაფლით ატკბობენ, ისინიც ყველაზე ადვილ და ქმედით საშუალებას გვთავაზობენ ლოცვაში სიზარმაცისა და დაუდევრობის ასალაგმავად - ეს არის ღვთის შემწეობის იმედით სრულყოფილების მიღწევა და ლოცვით ღვთის სიყვარულის მოპოვების ტკბილი სასოება. ისინი გვირჩევენ, რაც შეიძლება, ხშირად ვიფიქროთ სულის ამგვარ მდგომარეობაზე და ყურადღებით ვიკითხოთ, რას გვაუწყებენ ამასთან დაკავშირებით წმინდა მამები, რომლებიც გამხნევების მიზნით გვარწმუნებენ, რომ ლოცვაში ადვილად მიიღწევა და შესაძლებელია მსგავსი ტკბილი შეგრძნებები, რამდენად სასურველია ისინი, კერძოდ: გულიდან გამოწურული სიტკბოება, სხეულში დაღვრილი დამატკბობელი სითბო და სინათლე, ენითუთქმელი აღტაცება, სიხარული, სიმსუბუქე, დიდი სიმშვიდე, ნეტარება, სიცოცხლით კმაყოფილება, რაც ლოცვის მოქმედების შედეგად აღიძვრება გულში. ამგვარ ფიქრებში ჩაღრმავებული სუსტი და გაციებული სული თბება, მტკიცდება, ლოცვაში მიღწეული წარმატებით მხნევდება. იგი თითქოს ლოცვაში საწვრთნელად მიიტყუესო, როგორც ამას წმინდა ისააკ ასური ამბობს: "სულისთვის სიხარული არის სატყუარა, რომელსაც შობს იმედი და რომელიც გულში ყვავის. გულის წარმატება სასოებაზე ფიქრია", და განაგრძობს: "ამ ღვაწლში თავიდან ბოლომდე სრულყოფილების მიღწევის გარკვეული საშუალება და იმედი იგულისხმება... ეს კი გონებას აღძრავს, საფუძველი ჩაუყაროს საქმეს. გონება საქმეში ამ მიზნის ჭვრეტით ინუგეშებს თავს"... ასევე, ღირსი ისიხი, როცა ლოცვაში სიზარმაცის გამო დაბრკოლებასა და გულმოდგინების განახლებაზე მსჯელობს, პირდაპირ დაასკვნის: "ამ დროს მხოლოდ სულში განცდილი ტკბილი გრძნობისა და სიხარულის, და სხვა არაფრის გამო გვსურს და მზად ვართ, ვიყოთ გულისმიერ მდუმარებაში" (თავი 120). აქედან ცხადია, რომ ლოცვაში გულმოდგინების წახალისების მიზნით ეს მამა დაჟინებით მიგვითითებს "ტკბილ გრძნობასა და სიხარულზე"... მის მსგავსად გვასწავლის მაკარი დიდიც: "სულიერი შრომა (ლოცვა) ნაყოფის მიღების მიზნითა და იმედით, ანუ გულში ნეტარებით ტკბობის მიზნითა და იმედით უნდა გავწიოთ" (სიტყვა 3, თავი 5).

ლოცვით გამოწვეული სიტკბოების დაწვრილებით აღწერის დროს "სათნოებათმოყვარეობაში" ბევრგან ვხედავთ ამ ხერხის, როგორც ძლიერმოქმედი საშუალების, მკაფიო მაგალითებს. იგი შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა იკითხოს მან, ვინც ლოცვის დროს სიზარმაცისა და გულცივობის სენს ებრძვის. მსგავსმა ადამიანმა ამგვარი ტკბობის უღირსად უნდა მიიჩნიოს თავი და ლოცვაში გამოჩენილი დაუდევრობის გამო ყოველთვის საკუთარ თავს უსაყვედუროს.

მღვდელი: ხომ არ მიიყვანს ამგვარი აზროვნება გამოუცდელ ადამიანს "სულიერ სიამეთმოყვერეობამდე", როგორც ამას ღვთისმეტყველები ისეთ სულიერ მისწრაფებას უწოდებენ, როცა უსაზღვრო ნუგეში და მადლით ტრფიალი სწყურიათ, და არ კმაყოფილდებიან იმით, რომ ვალდებულებიდან და მოვალეობიდან გამომდინარე აკეთონ ღვთისმოსაური საქმე და ჯილდოზე არ იფიქრონ?

პროფესორი: ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ღვთისმეტყველები არაზომიერებისა და სულიერი ტკბობით გაუმაძღრობის შესახებ გვაფრთხილებენ, სრულებით კი არ უარყოფენ სათნოებებით ტკბობასა და ნუგეშს. როცა ჯილდო სურთ და სრულყოფილება არ აქვთ, ღმერთი ადამიანს კი არ უკრძალავს ჯილდოსა და ნუგეშზე ფიქრს. პირიქით, მცნებების შესრულებასა და სრულყოფილების მიღწევაში წახალისების მიზნით ჯილდოს შესახებ აზრს თავადაც კი გვაწვდის. "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა" - ეს არის მცნება, ხოლო მის შესასრულებლად წახალისების მიზნით ამ უკანასკნელს მოსდევს ჯილდო: "რაჲთა კეთილი გეყოს". "უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა", - აი, სრულყოფილების მოთხოვნა. მას უშუალოდ მოსდევს ჯილდო, რომელიც სრულყოფილების მისაღწევად გვაქეზებს: "და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა" (მათ. 19.19-21).

"ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა" (ლუკ. 6.22) - აი, მოღვაწეობის უდიდესი მოთხოვნა, რაც არაჩვეულებრივ სულიერ სიმტკიცესა და შეუდრეკელ მოთმინებას მოითხოვს. მის სანაცვლოდ კი უდიდესი ჯილდო და ნუგეშია, რასაც უჩვეულო სულიერი სიმტკიცის აღძვრა და შენარჩუნება შეუძლია: "სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა" (მათ. 5.12). ამიტომ ვფიქრობ, რომ გულისმიერი ლოცვის დროს საჭიროა ტკბობისკენ გარკვეული მისწრაფება, რაც ლოცვაში როგორც გულმოდგინების, ისე წარმატების მიღწევის მთავარი საშუალებაა. ყოველივე ეს უდავოდ ადასტურებს პრაქტიკულობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სქიმოსანი მამის მსჯელობისა, რომელიც ახლა მოვისმინეთ...

სქიმოსანი: ამ საკითხზე ყველაზე ნათლად ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი, კერძოდ, წმინდა მაკარი ეგვიპტელი ლაპარაკობს: "როგორც ვენახის დარგვისას ნაყოფის მოსაწევად საჭიროა მუყაითობა და შრომა (რადგან ნაყოფის მიუღებლად მთელი შრომა ამაო იქნებოდა), ისე ლოცვის დროსაც უსარგებლო იქნება ჩვენი შრომა, თუ ჩვენში ვერ დავინახავთ სულიერ ნაყოფს, ანუ სიყვარულს, მშვიდობას, სიხარულს და ა.შ". აი, ამიტომ ჩვენი "სულიერი შრომა (ლოცვა) ნაყოფის მიღების, ანუ გულში ნეტარებით ტკბობის მიზნითა და იმედით უნდა გავწიოთ" (სიტყვა 3, თავი 5). ხედავ, წმინდა მამამ რამდენად მკვეთრად გადაწყვიტა საკითხი ლოცვის დროს ტკბობის საჭიროებასთან დაკავშირებით?... სხვათა შორის, მახსენდება, ამას წინათ წავიკითხე ერთი სასულიერო მწერლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ლოცვის ბუნებრიობა არის მთავარი მიზეზი ადამიანის სწრაფვისა ლოცვის აღვლენისკენ; ამიტომ, თუ ამ ბუნებრიობას გამოვიკვლევთ, ეს უკანასკნელიც შეიძლება იქცეს ლოცვაში გულმოდგინების გამომწვევ ძლიერ საშუალებად, რასაც ასე მონდომებით ეძიებს ბატონი პროფესორი. ახლავე მოკლედ გიამბობთ, რამაც ამ ტრაქტატში ჩემი ყურადღება მიიქცია და რაც მახსენდება: მაგალითად, ეს სასულიერო მწერალი წერს, რომ გონებასა და ბუნებას ადამიანი ღვთის შემეცნებამდე მიჰყავს. პირველი (გონება - რედ.) იკვლევს, რომ არანაირი მოქმედება უმიზეზოდ არ ხდება, იგი გრძნობადი საგნების კიბეზე დაბალი საფეხურიდან უმაღლესამდე ადის და ბოლოს მთავარ მიზეზამდე - ღმერთამდე - აღწევს. მეორე (ბუნება - რედ.) ყოველ ნაბიჯზე საოცარ სიბრძნეს, სიმწყობრეს, წესრიგს, თანამიმდევრულობას გვიმჟღავნებს და მყარ მასალას გვაძლევს კიბისთვის, რომელსაც სასრული მიზეზებიდან უსასრულომდე მივყავართ. აი, ასე ბუნებრივად მიდის ბუნებრივი ადამიანი ღვთის შემეცნებამდე. ამიტომ ღმერთზე გარკვეული წარმოდგენის გარეშე არც ყოფილა და არც არსებობს არც ერთი ერი, არც ერთი ველური ტომი. ამ წარმოდგენის გამო ყველაზე უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები ველურიც კი, ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, ზეცისკენ უნებლიეთ აღაპყრობს მზერას, მუხლებზე ეცემა, მისთვის გაუგებარი, მაგრამ აუცილებელი ოხვრა აღმოხდება და უშუალოდ განიცდის რაღაც განსაკუთრებულს, რაც მას ზემოთკენ იზიდავს და რაღაც გამოუცნობისკენ უბიძგებს... ამის საფუძველზე წარმოიქმნა ყველა ბუნებრივი რელიგია. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული რელიგიის არსი და სულისჩამდგმელი არის საიდუმლო ლოცვა, რომელიც გარკვეული სახის მოძრაობებით და აშკარა მსხვერპლშეწირვით გამოიხატება და რომელიც წარმართი ხალხის უხეში და ველური წარმოდგენების სიბნელის შედეგად მეტ-ნაკლებად დამახინჯებულია!... რამდენადაც საოცარია ეს მოვლენა გონებისთვის, იმდენად უფრო მეტად მოითხოვს იგი ამ საოცარი მოვლენის ფარული მიზეზების ახსნას, რაც ლოცვისკენ ბუნებრივი ლტოლვით გამოიხატება.

ამაზე ფსიქოლოგიური პასუხის გაცემა არ არის ძნელი: ადამიანში ყოველი ვნებისა და მოქმედების ძირი, თავი და ძალა არის თანდაყოლილი თვითმოყვარეობა. ამას ცხადად ადასტურებს თვითგადარჩენის მთავარი და საყოველთაო იდეა. ადამიანის თითოეული სურვილი, თითოეული წამოწყება, თითოეული მოქმედება მიზნად ისახავს თვითმოყვარეობის დაკმაყოფილებას, პირადი კეთილდღეობის ძიებას. აღნიშნული მოთხოვნილების დაკმაყოფილება მთელი ცხოვრების მანძილზე თანსდევს ადამიანს. მაგრამ ადამიანის სული არ სჯერდება არანაირ გრძნობადს, თანდაყოლილი თვითმოყვარეობა კი თავის სწრაფვას არ ანელებს; ამიტომ სურვილი უფრო და უფრო მძაფრდება, კეთილდღეობისკენ სწრაფვა ძლიერდება, წარმოსახვას ავსებს და გრძნობებსაც საამისოდ განაწყობს. ამ შინაგანი გრძნობებისა და სურვილების თავისთავად ამოხეთქვა არის ლოცვისთვის ბუნებრივად აღძვრა. ეს არის მოთხოვნილება თვითმოყვარეობისა, რომელიც ძნელად აღწევს თავის მიზნებს. რაც უფრო ნაკლებად წარმატებულია ადამიანი და რაც უფრო მეტად აქვს მხედველობაში საკუთარი კეთილდღეობა, მით უფრო მეტად სურს და მით უფრო მეტად გადმოსცემს თავის სურვილს ლოცვაში, სასურველის თხოვნით მიმართავს ყოველთა არსთა იდუმალ მიზეზს. ამრიგად, თანდაყოლილი თვითმოყვარეობაა სიცოცხლის მთავარი სტიქია, იგია მთავრი მიზეზი, რომელიც ბუნებრივ ადამიანს ლოცვისთვის აღძრავს!...

წმინდა მამების თქმით, ბუნების ბრძენმა შემოქმედმა ადამიანის ბუნებაში თვითმოყვარეობის უნარი ჩადო სწორედ როგორც სატყუარა, რომელიც ადამიანის დაცემულ არსებას ზეციური კავშირისკენ მიიზიდავდა და აღიყვანდა.

ჰოი, ადამიანი რომ არ რყვნიდეს ამ უნარს და უმთავრესად თავის სულიერ ბუნებასთან მიმართებაში იყენებდეს! მაშინ ზნეობრივი სრულყოფილების გზაზე ადამიანს დიდი მხნეობა და ძალა ექნებოდა. მაგრამ, ამაოდ! რაოდენ ხშირად გარდაქმნის ხოლმე იგი ამ კეთილშობილ უნარს თვითმოყვარეობის საზიზღარ ვნებად, როცა ამ უკანასკნელს თავისი ცხოველური ბუნების იარაღად აქცევს!...

გულითად მადლობას გეუბნებით, ჩემო უძვირფასესო სტუმრებო! თქვენმა სულის მაცხონებელმა საუბარმა ერთობ დამატკბო და ბევრი რამ მასწავლა, გამოუცდელს. უფალმა მოგაგოთ მადლი თქვენი დამმოძღვრელი სიყვარულის საზღაურად...

ყველანი დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

 

მეშვიდე შეხვედრა

"ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ" (იაკ. 5. 16).

მწირი: მე და ჩემმა ღვთისმოსავმა თანამგზავრმა, პროფესორმა, ვერ დავიოკეთ საერთო სურვილი, რომ, ვიდრე გზას გავუდგებოდით, საბოლოო დამშვიდობების მიზნით თქვენთან არ შემოგვევლო და ჩვენთვის ლოცვა არ გვეთხოვა...

პროფესორი: დიახ, გასაგებია თქვენი გულწრფელობა და სულის მაცხონებელი ის საუბრები, რითაც თქვენი მეგობრების გარემოცვაში ვტკბებოდით. როგორც საწინდარი ქრისტიანული კავშირისა და სიყვარულისა, ეს მოგონება ჩვენს გულებში იმ შორეულ ქვეყანაშიც კი დარჩება, საითაც მივისწრაფით.

მადლობა ხსოვნისა და სიყვარულისთვის! თანაც თქვენი მოსვლა დროული იყო. ჩემთან გაჩერებულია ორი მგზავრი: მოლდაველი მონაზონი და მეუდაბნოე, რომელიც ოცი წელი ცხოვრობდა ტყეში, მდუმარებაში. მათ თქვენი ნახვა სურთ. ახლავე დავუძახებ! აი, ისინიც!

მწირი: ჰოი, როგორი ნეტარი ცხოვრებაა უდაბნოში, და რა ხელსაყრელი, რათა სული დაუბრკოლებლად შეუერთდეს ღმერთს! მდუმარე ტყე ედემის სამოთხესავითაა, სადაც მეუდაბნოეს მლოცველ გულში სიცოცხლის ტკბილი ხე ხარობს. მე რომ თავის სარჩენი რამენაირი საშუალება მქონდეს, ალბათ, განდეგილის ცხოვრებას არ მივატოვებდი.

პროფესორი: შორიდან ყველაფერი განსაკუთრებულად კარგი გვეჩვენება, გამოცდილებით კი თითოეული რწმუნდება, რომ ყველა ადგილს თავისი ხელსაყრელი მხარეც აქვს და არახელსაყრელიც. რა თქმა უნდა, ვისაც მელანქოლიური ტემპერამენტი აქვს და მდუმარებას ესწრაფვის, მისთვის საამურია განდეგილის ცხოვრება. მაგრამ რამდენი საფრთხეა მოსალოდნელი ამ გზაზე! ასკეტიკის ისტორია მრავალ მაგალითს წარმოგვიდგენს, საიდანაც ჩანს, თუ რამდენად ბევრი განდეგილი და დაყუდებული ჩავარდნილა ცდუნებასა და ხიბლში, როცა ადამიანებთან ურთიერთობაზე საერთოდ უთქვამს უარი.

მეუდაბნოე: მაკვირვებს, რა ხშირად მესმის რუსეთში, თანაც არა მარტო ბერთა სავანეებში, არამედ ზოგიერთი ღვთისმოშიში ერისკაცისგანაც, რომ მეუდაბნოე ცხოვრებისა თუ შინაგან ლოცვაში წვრთნის მოსურნე მრავალი ადამიანი თავისი მისწრაფებისგან თავს იკავებს იმის შიშით, რომ ხიბლით არ დაიღუპოს. ისინი თავისას იჟინებენ და საკუთარი დასკვნების გასამყარებლად მაგალითები მოჰყავთ. თავადაც რატომ უუცხოვდებიან შინაგან ცხოვრებას და სხვებსაც რატომ განაშორებენ?.. ვფიქრობ, ეს ორი მიზეზით ხდება: ან საქმეში გაურკვევლობისა და სულიერი გაუნათლებლობის გამო, ან მჭვრეტელობითი ღვაწლისადმი სიზარმაცისა და შურის გამო, რათა ამ უმაღლეს ცოდნაში არ აჯობონ სხვებმა, ვინც მათთან შედარებით დაბალ საფეხურზე დგას... ძალზე სამწუხაროა, რომ ამგვარი მოსაზრების მქონე ადამიანები არ უკვირდებიან წმინდა მამების მსჯელობას ამ საკითხზე. მამები პირდაპირ და ცალსახად გვასწავლიან, რომ ღმერთის მოწოდების დროს არ უნდა გვეშინდეს და ვეჭვობდეთ. თუ ზოგიერთები ხიბლით ცდუნდნენ ან გაშმაგდნენ, ეს მათ ამპარტავნებისა და იმის გამო დაემართათ, რომ მოძღვარი არ ჰყავდათ და მოჩვენებებსა და ოცნებებს ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ. ადამიანს მსგავსი განსაცდელი რომც შეემთხვეს (განაგრძობენ მამები), ამით გამოცდილებასა და გვირგვინს შეიძენს, რადგან ამგვარი დაშვების დროს მოღვაწეს უფალი იფარავს და ღვთის შემწეობა მოდის. გაბედეთ! "აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ" (მათ. 28.20), ნუ გეშინიათ! - ამბობს იესო ქრისტე. მაშასადამე, ფუჭია ხიბლის საბაბით შინაგანი ცხოვრების მიმართ შიში და ძრწოლა: საკუთარი ცოდვების მდაბლად შეცნობა, მოძღვართან გულის გადაშლა და "წარმოუსახველი" ლოცვა არის მტკიცე და საიმედო საყრდენი თავის დასაცავად ხიბლისგან, რომლისაც ასე ძლიერ ეშინია მრავალს და რის გამოც გონიერ ღვაწლს არ მისდევენ. სხვათა შორის, ამ დროს თავად არიან ხიბლში, თანახმად წმინდა ფილოთეოს სინელის გამოცდილებით სავსე სიტყვებისა: "ბევრი ბერი ვერ ხვდება, გონებრივ ხიბლში რომ იმყოფება. ეს მათ ეშმაკებისგან სჭირთ. ისინი გაუნათლებლები და უცოდინრები არიან, და მხოლოდ საქმეში (გარეგნულ სათნოებებში) ვარჯიშობენ გულმოდგინედ, ხოლო გონებაზე, ანუ შინაგან ჭვრეტაზე, არ ზრუნავენ" (თავი 37). "თუნდაც გაიგონ, რომ ვინმეში შინაგანი მადლი ამოქმედდა, შურის გამო ამას ხიბლად მიიჩნევენ", - ამტკიცებს წმინდა გრიგოლ სინელი (თავი 1).

პროფესორი: ნება მიბოძეთ, გკითხოთ: რა თქმა უნდა, ვინც საკუთარ თავს უკვირდება, ყველას შეუძლია თავისი ცოდვების შეგნება. მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ისეთი მოძღვარი არ გვყავს, რომელიც შინაგანი ცხოვრების გზაზე თავისი გამოცდილებით გვიხელმძღვანელებდა და როცა გულს გადავუშლიდით, სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებით სწორ და კეთილსაიმედო ცოდნას მოგვცემდა? ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უმჯობესია, არც კი შევეხოთ ჭვრეტას, ვიდრე თვითნებურად და უხელმძღვანელოდ ხელვყოთ იგი?.. შემდეგ: ჩემთვის გაუგებარია, ღვთის წინაშე როცა დგახარ, როგორ შეიძლება შეინარჩუნო სრული "წარმოუსახველობა?" ეს არაბუნებრივია, რადგან ჩვენს სულსა და გონებას რაიმეს უფორმოდ, სრულიად უსახურად წარმოდგენა არ შეუძლია. როცა გონება ღმერთშია ჩაფლული, რატომ არ უნდა წარმოვიდგინოთ იესო ქრისტე ან ყოვლადწმიდა სამება და ა.შ?...

მეუდაბნოე: თუმცა სულიერ საქმეში გამოცდილი და მცოდნე მოძღვრისა თუ ბერის ხელმძღვანელობა, ვისთანაც დაუბრკოლებლად შეიძლება ყოველდღე გულის გადაშლა, ნდობა, სარგებლის მიღება, ზრახვებისა და ყოველივე იმის გაზიარება, რაც სულიერი სწავლების გზაზე გვხვდება, მდუმარებაში მყოფი მოღვაწისთვის გულისმიერ ლოცვაში წვრთნის მთავარი პირობაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი მოძღვრის პოვნა შეუძლებელია, აღნიშნული მცნების მომცემი იგივე წმინდა მამები გამონაკლისს უშვებენ. ღირსი ნიკიფორე მონაზონი ამასთან დაკავშირებით გარკვევით გვასწავლის: "შინაგან გულისმიერ ღვაწლში წვრთნის დროს საჭიროა ჭეშმარიტი და მცოდნე მოძღვარი. თუ ასეთი მოძღვარი არ არის, მაშინ გულდასმით უნდა ეძებო. თუ ვერ პოულობ, მაშინ დახმარებისთვის შემუსვრილი გულით მიმართე ღმერთს, რათა წმინდა მამების სწავლებებიდან ამოკრიბო რჩევა-დარიგებები, მათით იხელმძღვანელო და საკუთარი თავი წმინდა წერილში გადმოცემული ღვთის სიტყვის მიხედვით შეამოწმო". ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭეშმარიტმა და გულმოდგინე მაძიებელმა სასარგებლო და სამოძღვრო სიტყვა შეიძლება უბრალო ადამიანებისგანაც მოისმინოს: რადგან წმინდა მამები ასევე გვარწმუნებენ - რწმენითა და სწორი განზრახვით ურჯულოსაც რომ დავეკითხოთ, ისიც კი სასარგებლო სიტყვას გვეტყვის; ხოლო სწორი მიზნით, მაგრამ ურწმენოდ წინასწარმეტყველსაც რომ ვთხოვოთ რჩევა, ისიც კი ვერ დაგვაკმაყოფილებს... ამის მაგალითია მაკარი დიდი ეგვიპტელი, რომელმაც ერთხელ უბრალო სოფლელის დარიგებით სძლია ვნებას. რაც შეეხება "წარმოუსახველობას", ანუ იმას, რომ ჭვრეტის დროს არაფერი არ უნდა წარმოვიდგინოთ და არანაირი მოვლენა არ უნდა შევიწყნაროთ, არც ნათელი, არც ანგელოზი, არც ქრისტე, არც რომელიმე წმინდანი, არამედ ყოველგვარი ოცნება უნდა უკუვაგდოთ, ამ მცნებას გამოცდილი წმინდა მამები, ცხადია, იმიტომ გვაძლევენ, რომ წარმოსახვას ადვილად შეუძლია ხორცშესხმა და გონებისმიერი წარმოდგენების როგორღაც გაცოცხლება. ამიტომ ამგვარმა ოცნებებმა შეიძლება ადვილად გაიტაცოს გამოუცდელი ადამიანი, ეს ოცნებები მადლისმიერ მოქმედებად მიიჩნიოს და ხიბლში აღმოჩნდეს. ამასთან, წმინდა წერილიც ამბობს, რომ "თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა" (2კორ. 11.14). ის, რომ გონებას ბუნებრივად და ადვილად შეუძლია "წარმოუსახველობაში" ყოფნა და ამ მდგომარეობის შენარჩუნება იმ დროსაც კი, როცა ახსოვს, ღვთის წინაშე რომ იმყოფება, შემდეგიდან ჩანს: წარმოსახვის ძალას რაღაცის საგრძნობად წარმოდგენა ჳწარმოუსახველობისჳ დროსაც შეუძლია და ამგვარ წარმოდგენას მაშინაც ინარჩუნებს, როცა მისი ყურადღება ისეთი საგნებისკენ არის მიპყრობილი, რომლებიც უხილავია და გარეგნული სახე და ფორმა არ აქვთ. აი, მაგალითად: ჩვენი სული წარმოიდგენს და შეიგრძნობს ჰაერს, სითბოს, სიცივეს. სიცივეში ყოფნის დროს შესაძლებელია გონებაში სითბოს ცხადად წარმოდგენა, თუმცა ამ უკანასკნელს ფორმა არ აქვს, ვერ ვხედავთ და სიცივეში მყოფნი მას შეხებით ვერ გავზომავთ! მსგავსად ამისა, გონებაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სულიერი და გონებით მიუწვდომელი ღვთაებრივი არსების წინაშე ვიმყოფებით და ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე შევიცნოთ იგი გულში.

მწირი: ხეტიალის დროს ღვთისმოშიში და ცხონების მაძიებელი ხალხისგან მეც მსმენია, რომ ხიბლის შიშით გაურბოდნენ შინაგან ღვაწლს. ზოგიერთ მათგანს "სათნოებათმო­ყვარეობიდან" წმინდა გრიგოლ სინელის დარიგება წავუკითხე და სარგებელი პოვეს. წმინდა მამა გვეუბნება: "გულის მოქმედებამ (გონებრივისგან განსხვავებით), შეუძლებელია, მოიტანოს ხიბლი. მტერმა რომც მოინდომოს გულის სითბოს უმსგავსო განხურვებად გადაქცევა ან გულის სიხარულისა - ცრემლებით ტკბობად, მის ამ მზაკვრობას თავისთავად გამოამჟღანებს დრო, გამოცდილება და გრძნობები, და ცხადი გახდება მისთვისაც, ვინც მტრის ხრიკებში დიდად ვერ ერკვევა".

ისეთებიც შემხვედრია, რომლებსაც, შეუცნიათ რა მდუმარებისა და გულისმიერი ლოცვის გზა, რაიმე დაბრკოლების ან ცოდვის მიმართ უძლურებისა გამო გულგატეხილობა დაუფლებიათ და, სამწუხაროდ, მათ მიერ შეცნობილი შინაგანი ღვაწლისთვის თავი დაუნებებიათ!

პროფესორი: ეს ხომ სავსებით ბუნებრივია! ზოგჯერ მეც მემართება, როცა შინაგანი განწყობილებიდან გართობისკენ ვიხრები ან რაიმეს შევცოდავ... რადგან შინგანი გულისმიერი ლოცვა წმინდა საქმეა და ღმერთთან ერთობაა, რამდენად რიგიანია ან, საერთოდ, კადნიერება ხომ არ არის, ამ წმინდა საქმის აღსრულება ცოდვილ გულში, როცა ის ჯერ კიდევ განუწმენდავია შემუსვრილი ჩუმი სინანულით, და ღმერთთან ურთიერთობისთვის სათანადოდ არ არის მომზადებული? ჯობს, დავმუნჯდეთ ღვთის წინაშე, ვიდრე დაბნელებული და გართობით გატაცებული გულიდან "უგუნური სიტყვები" აღმოვთქვათ.

ბერი: ძალიან სამწუხაროა, ასე რომ მსჯელობთ! ეს აზრი "გულგატეხილობისაა", რაც ყველაზე დიდი ცოდვაა. იგი ბნელი სამყაროს მთავარი იარაღია ჩვენ წინააღმდეგ... ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოცდილი წმინდა მამები სულ სხვაგვარ რჩევას გვაძლევენ. ღირსი ნიკიტა სტიფატი ამბობს: "თუნდაც დაეცე და ჯოჯოხეთური ბოროტების სიღრმემდეც დაეშვა, მაშინაც კი არ წარიკვეთო იმედი და დაუყოვნებლივ მიმართე ღმერთს. იგი სწრაფად აღადგენს შენს დაცემულ გულს და უწინდელზე მეტ ძალას მოგცემს" (თავი 54). ამრიგად, ყოველგვარი დაცემისა და ცოდვით გულის დაგესლვის შემდეგ, იგი დაუყოვნებლივ ისევე უნდა წარვუდგინოთ ღმერთს განსაკურნებლად და განსაწმენდად, როგორც დასნებოვნებულ ნივთებს გარკვეული ხნით დებენ ხოლმე მზეში, რათა სხივების ზემოქმედების შედეგად მათ დაავადების გადამდები ძალა და უნარი დაკარგონ. ბევრი მოძღვარი დაბეჯითებით ლაპარაკობს ამაზე. ცხონების მტრებთან - ჩვენს ვნებებთან - ბრძოლაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავეხსნათ მაცხონებელ მოღვაწეობას, ანუ ჩვენს გულებში მყოფი იესო ქრისტეს მოხმობას! ჩვენმა შეცოდებებმა არათუ ღვთის წინაშე სიარულსა და შინაგან ლოცვას უნდა განგვაშოროს, გამოიწვიოს მოუსვენრობა, გულგატეხილობა და მოწყენილობა, არამედ, პირიქით, ღმერთისკენ ჩვენს სწრაფ მოქცევას უნდა შეუწყოს კიდეც ხელი. როცა ჩვილი ბავშვი, რომელიც დედას ხელით დაჰყავს, სიარულს იწყებს, როგორც კი წაიბორძიკებს, მაშინვე დედასთან ბრუნდება და ებღაუჭება.

მეუდაბნოე: ამასთან დაკავშირებით ასე ვფიქრობ: გულგატეხილობა და აბობოქრებული ეჭვიანობის აზრები უმეტესად გონებაგაფანტულობით, მდუმარებისა და საკუთარი თავის დაუცველობით აღიძვრება. ძველი ღვთივგაბრძნობილი მამები მდუმარების სიმშვიდითა და განმარტოებაში ყოფნით ამარცხებდნენ გულგატეხილობას, შინაგანად ნათლდებოდნენ და ღვთის სასოებაში მტკიცდებოდნენ. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მამებმა ჩვენც მოგვცეს სასარგებლო და ბრძნული რჩევა: "მდუმარედ დაჯექი შენს სენაკში და მდუმარება ყველაფერს გასწავლის".

პროფესორი: თქვენდამი ნდობის გამო ჩემთვის მეტად სასურველია, მოვისმინო ჩემი აზრების კრიტიკული შეფასება თქვენგან ნაქებ მდუმარებასა და დაყუდების სასიკეთო სარგებლიანობასთან დაკავშირებით, რომელთაც ასეთი სიყვარულით მისდევენ მედაბნოეები. აი, როგორ ვმსჯელობ მე: ვინაიდან შემოქმედის მიერ დაწესებული ბუნების კანონებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ამიტომ ისინი ვალდებულნიც არიან, ერთმანეთს დაეხმარონ ცხოვრებაში, ერთმანეთისთვის იშრომონ და ერთმანეთს სარგებლობა მოუტანონ. ამგვარ ურთიერთობას კაცთა მოდგმის კეთილდღეობა და მოყვასის სიყვარული მოაქვს. ადამიანებთან ურთიერთობას განრიდებული მდუმარე დაყუდებული კი თავისი უმოქმედობით როგორ შეძლებს მოყვასის სამსახურს და საზოგადოების კეთილდღეობისთვის რა სარგებლობას მოიტანს? ის თავის თავში სრულებით არღვევს შემოქმედის კანონს, რომელიც ჩვენივე მსგავსისადმი სიყვარულსა და თანამოძმეზე კეთილისმყოფელ გავლენას ეხება!...

მეუდაბნოე: რადგან თქვენი შეხედულება მდუმარებასთან დაკავშირებით არასწორია, დასკვნაც, შესაბამისად, უმართებულოა. დაწვრილებით განვიხილოთ ეს:

1. მდუმარებაში მყოფი განმარტოებული ადამიანი არა მარტო არ არის უმოქმედობასა და უქმობაში, არამედ ბევრს იღვწის, საზოგადოებრივი ცხოვრებით დაკავებულ ადამიანზე მეტადაც კი. იგი დაუღალავად იღვწის თავისი უმაღლესი გონიერი ბუნებით: უკვირდება, აზროვნებს და თვალყურს ადევნებს თავის ზნეობრივ მდგომარეობასა და განვითარებას. ეს არის მდუმარების ჭეშმარიტი მიზანი! და რამდენადაც ეს სასარგებლოა საკუთრივ მისი სრულყოფილებისთვის, იმდენად სასარგებლოა მოყვასისთვისაც, რომელიც მოკლებულია საკუთარ თავში გონებაგაუფანტავი ჩაღრმავების საშუალებას, რაც ზნეობრივი ცხოვრების განვითარებისთვის არის საჭირო. დაკვირვებული მდუმარე მოღვაწე თავის შინაგან გამოცდილებას მოყვასს ან სიტყვიერად (გამონაკლის შემთხვევებში), ან წერილობით გადასცემს, რითაც თავისი თანამოძმეებისთვის სულიერი სარგებლობა მოაქვს, ცხონებაში ეხმარება, და ეხმარება უფრო მეტად და უმაღლესი ფორმით, ვიდრე საზოგადო და კერძო ქველმოქმედი, რადგან ერისკაცთა კერძო, ხორციელი ქველმოქმედება ყოველთვის მხოლოდ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლება, ხოლო ზნეობრივი ქველმოქმედი სულიერი ცხოვრების სრულყოფილების მიღწევის მტკიცებულებებსა და ნაცად ხერხებს მოიპოვებს და მთელი ხალხების ქველმოქმედი ხდება. მისი გამოცდილება და რჩევა-დარიგებები თაობიდან თაობას გადაეცემა, რასაც ვხედავთ და რითაც ვსარგებლობთ კიდეც უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე. ის არაფრით განსხვავდება ქრისტეს სახელით, ქრისტიანული სიყვარულით გაღებული უხვი მოწყალებისგან, უფრო მეტიც, თავისი შედეგებით აღემატება კიდეც მას.

2. მდუმარებაში მყოფი მოღვაწის კეთილისმყოფელი და მეტად სასარგებლო გავლენა მოყვასზე არა მარტო შინაგან ცხოვრებაზე მისი ყურადსაღები დაკვირვებების გაცნობით ვლინდება, არამედ თავად მისი განდეგილური ცხოვრების მაგალითსაც კი სარგებლობა მოაქვს ყურადღებიანი ერის კაცებისთვის, რაც ამ უკანასკნელთ საკუთარი თავის შეცნობისკენ წარმართავს და მოწიწების გრძნობას აღუძრავს... როცა ერში მცხოვრები ადამიანი ღვთისმოსავი განდეგილის შესახებ გაიგებს ან მისი სენაკის მახლობლად გაივლის, ღვთისმოსაური ცხოვრების სურვილი ეუფლება, ახსენდება, თუ რა შეიძლება იყოს ადამიანი მიწაზე და ადამიანისთვის რამდენად  შესაძლებელია იმ პირველყოფილი მჭვრეტელობითი მდგომარეობის დაბრუნება, რომლითაც იგი შემოქმედის ხელიდან გამოვიდა. მდუმარებაში მყოფი განდეგილი  თვით ამ დუმილით ასწავლის, თვით მისი ცხოვრებით მოაქვს სარგებლობა, მოძღვრავს და არწმუნებს, ეძიონ ღმერთი...

3. მითითებული სარგებელი მომდინარეობს ჭეშმარიტი მდუმარებიდან, რომელიც მადლის ნათლითაა განათლებული და გასხივოსნებული. მდუმარებაში მყოფს თუნდაც არ ჰქონდეს რამე მადლმოსილი ნიჭი, რათა ამა სოფლის ნათელი იყოს, თუნდაც მდუმარების გზაზე მხოლოდ იმ მიზნით იყოს შემდგარი, რომ მის მსგავსთა საზოგადოებას დაემალოს თავისი სიზარმაცისა და დაუდევრობის, სხვებისთვის ცუდი და მაცდუნებელი მაგალითის მიცემის გამო, ამ შემთხვევაშიც კი იგი უდიდეს სარგებელს მოიტანს და ისეთივე კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, სადაც იგი ტრიალებდა, როგორც მებაღე, რომელიც გამხმარ, უნაყოფო ტოტებს სხლავს და მავნე მცენარეებს თხრის, რათა უკეთესმა და სასარგებლომ დაუბრკოლებლად გაიხაროს. უკვე ბევრს ნიშნავს და საზოგადოებისთვის სასარგებლოა, როცა მდუმარებაში მყოფი თავისი განდეგილობით აღკვეთს საცდურს, რომელიც აუცილებლად წარმოიშობოდა ადამიანებს შორის მისი მაცდუნებელი ცხოვრების შედეგად და მოყვასის ზნეობას დააზიანებდა.

წმინდა ისააკ ასური ასე ლაპარაკობს მდუმარების მნიშვნელობაზე: "როცა სასწორის ერთ მხარეს ამა ცხოვრების ყველა საქმეს დავდებთ, ხოლო მეორე მხარეს - მდუმარებას, მაშინ დავინახავთ, რომ მდუმარება გადაწონის" (სიტყვა 41);"ამა ქვეყნად ნიშთა, სასწაულთა და ძალთა მოქმედთ მდუმარებაში მყოფს ცოდნით ნუ შეადარებ. უფრო მეტად შეიყვარე მდუმარების უმოქმედობა, ვიდრე ამ საწუთროში მშიერთა დაპურება და მრავალი ხალხის ღვთისკენ მოქცევა. შენთვის უმჯობესია, თავად გათავისუფლდე ცოდვის ბორკილებისგან, ვიდრე მონობიდან გაათავისუფლო მონები" (სიტყვა 56).

თვით ყველაზე სტიქიური ბრძენნიც კი აღიარებდნენ მდუმარების სარგებელს: ნეოპლატონიკოსთა ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც ფილოსოფოსი პლოტინის მეთაურობით მრავალი ცნობილი მიმდევარი ჰყავდა, ღრმად ავითარებდა მჭვრეტელობით შინაგან ცხოვრებას, რომელიც უმთავრესად მდუმარებაში მიიღწევა... ერთმა სასულიერო მწერალმა თქვა: განათლებისა და ზნეობრიობის მხრივ სახელმწიფო უმაღლეს დონეზეც რომ იყოს განვითარებული, მაშინაც კი დარჩებოდა საზრუნავი და მოთხოვნილება იმისა, რომ სამოქალაქო-საზოგადოებრივი საქმიანობის გარდა, სხვა, მჭვრეტელობითი მიზნებისთვისაც ჰყოლოდათ ხალხი, რათა ამ უკანასკნელთ შეენარჩუნებინათ ჭეშმარიტების სული, რომელსაც, მიიღებდნენ რა გარდასული საუკუნეებიდან, მომავალი საუკუნეებისთვის დაიცვდნენ და შთამომავლობას გადასცემდნენ. ეკლესიაში ამგვარი ადამიანები არიან მეუდაბნოეები, განდეგილები და დაყუდებულები.

მწირი: ვფიქრობ, მდუმარების უპირატესობა იოანე კიბისაღმწერელზე უფრო სწორად არავის შეუფასებია: "მდუმარება, - ამბობს იგი, - არის ლოცვის დედა, ცოდვის ტყვეობიდან დაბრუნება, სათნოებებში გაუცნობიერებელი წარმატება და ზეცაში განუწყვეტელი ზესვლა~. მდუმარებაში განმარტოების სარგებლიანობა და აუცილებლობა ჩვენთვის რომ ეჩვენებინა, თავად იესო ქრისტეც ხშირად ტოვებდა საზოგადოებრივ ქადაგებას და სალოცავად და დასამშვიდებლად მდუმარებით მოცულ ადგილებში მიდიოდა.

მდუმარებაში მყოფი მჭვრეტელები არიან ბურჯნი, რომლებიც თავიანთი დაუცხრომელი ლოცვით ეკლესიის სიწმინდეს იცავენ. განმტკიცებისა და ცხონებისთვის ლოცვის სათხოვნად მეუდაბნოე და მდუმარებაში მყოფ მოღვაწეებთან უძველესი დროიდანვე დადიოდა მრავლი ღვთისმოსავი ერისკაცი, მათ შორის თავად მეფენიც და მეფის კარის წარჩინებულნიც. მაშასადამე, მდუმარებაში მყოფ განდეგილსაც შესძლებია მოყვასის სამსახური და თავისი განმარტოებული ლოცვით საზოგადოების სარგებლობისა და კეთილდღეობისთვის ხელშეწყობა.

პროფესორი: აი, კიდევ ჩემთვის ეს აზრიც ძნელი გასაგებია: ჩვენ, ქრისტიანებს, გვაქვს საერთო ჩვეულება - ერთმანეთს ლოცვა ვთხოვოთ; მსურს, ჩემთვის სხვამ, განსაკუთრებით, ჩემთვის სანდო ეკლესიის წევრმა ილოცოს. განა ეს უბრალოდ თავმოყვარეობის მოთხოვნილება არ არის? განა სხვისი წამხედურობით გადმოღებული ჩვეულება არ არის, ილაპარაკო ისე, როგორც  სხვებისგან გსმენია, ილაპარაკო ყოველგვარი გააზრების გარეშე, როგორც ეს გონებას ეოცნებება? ნუთუ ადამიანის მეოხებას მოითხოვს ღმერთი, რომელიც ყოველივეს წინასწარ ჭვრეტს, რომელიც ჩვენი სურვილისამებრ კი არა, თავისი ყოვლადსახიერი განგებულებით აღასრულებს ყოველივეს, რომელმაც ყველაფერი უწყის და ყველაფერს უწინარეს ჩვენი თხოვნისა განსაზღვრავს, როგორც ეს წმინდა სახარებაშია ნათქვამი? ნუთუ მრავალთა ლოცვას უფრო მეტად შეუძლია მისი განგებულების შეცვლა, ვიდრე ერთი ადამიანისას? ასეთ შემთხვევაში ხომ ღმერთი მიმკერძოებელი იქნებოდა? ნუთუ სხვების ლოცვას ჩემი გადარჩენა შეუძლია იმ დროს, როცა ყოველი ადამიანი თავისი საქმეების მიხედვით ან დიდებას იმკის, ან სირცხვილს? ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვებისთვის ლოცვის თხოვნა მხოლოდ სულიერი თავაზიანობის ღვთისმოსაური გამოხატულებაა, რითაც თავმდაბლობას და იმის სურვილს წარმოაჩენენ, რომ უპირატესობის მინიჭებით ერთმანეთს აამონ, და მეტი არაფერი!

მონაზონი: გარეგანი მსჯელობითა და სტიქიური ფილოსოფიის მიხედვით შეიძლება ეს ასეც ჩანდეს, მაგრამ სულიერი გონება, რომელიც რელიგიური ნათლითაა გასხივოსნებული და წარმოქმნილია შინაგანი ცხოვრების გამოცდილებით, უფრო მეტ სიღრმეებს სწვდება, უფრო ნათლად ჭვრეტს და იდუმალ გვიხსნის თქვენი ნათქვამის სრულიად საპირისპირო რამეს!... აღნიშნულის უფრო სწრაფად და კარგად გაგების მიზნით მივმართოთ მაგალითს და მისი ჭეშმარიტება ღვთის სიტყვის მიხედვით შევამოწმოთ. მაგალითად: მოსწავლე ერთ მასწავლებელთან დადიოდა განათლების მისაღებად. ნიჭის ნაკლებობა, სიზარმაცე და გონებაგაფანტულობა მოწაფეს სწავლაში ხელს უშლიდა და იგი ზარმაცებსა და ჩამორჩენილებს შორის აღმოჩნდა. დამწუხრებულმა აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ შებრძოლებოდა ნაკლოვანებას. ერთხელ იგი სხვა მოსწავლეს, თავის თანაკლასელს, შეხვდა, რომელიც მასზე უფრო ნიჭიერი, ბეჯითი და წარმატებული იყო, და თავისი გასაჭირი გაუმხილა. თანაკლასელს შეეცოდა და ერთად მეცადინეობა შესთავაზა: "ერთად ვისწავლოთ, - უთხრა მან, - ჩვენთვის უფრო საინტერესო, სახალისო და წარმატების მომტანიც იქნება"...

დაიწყეს ერთად სწავლა. ერთმანეთს გადასცემდნენ, ვინც რას გაიგებდა. შესასწავლი საგანი ერთი და იგივე იყო. და იცით, რა მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ? - დაუდევარი გახდა ბეჯითი, შეიყვარა სწავლა, მისი დაუდევრობა გულმოდგი­ნებად და მიხვედრილობად გადაიქცა, ამან კი კეთილი გავლენა იქონია თავად მოწაფის ხასიათსა და ზნეობაზე. ხოლო მისი ალღოიანი მეგობარი კიდევ უფრო ნიჭიერი და შრომისმოყვარე გახდა. ურთიერთზეგავლენით მათ საერთო სარგებელი პოვეს... ეს სავსებით ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანი ადამიანთა საზოგადოებაში იბადება, გონებრივად ადამიანების დახმარებით ვითარდება; ცხოვრების წეს-ჩვეულებებს, გრძნობათა განწყობას, სურვილებსა და სწრაფვებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, მისივე მსგავსი ადამიანის მაგალითისამებრ ითვისებს. ვინაიდან ადამიანების ცხოვრება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ძლიერ ურთიერთზეგავლენას ახდენს, ამიტომ ვინც როგორ ხალხში ცხოვრობს, ისეთივე ჩვევას, საქციელსა და ზნეობას იძენს. მაშასადამე, ცივი შეიძლება გათბეს, ჩლუნგი - გონებამახვილი გახდეს, ხოლო ზარმაცი მოღვაწეობას შეუდგეს მისივე მსგავსი ადამიანის აქტიური ჩარევის შედეგად. სული სულს გადაეცემა და ერთმა შეიძლება კეთილი ზეგავლენა იქონიოს მეორეზე: ლოცვაში ჩააბას, გახადოს ყურადღებიანი, გულგატეხილობის დროს გაამხნევოს, ბიწიერებას განარიდოს და წმინდა მოღვაწეობისთვის აღანთოს. ამიტომ ვისაც სხვა ეხმარება, ის შეიძლება უფრო ღვთისმოსავი, ღვაწლმოსილი და ღვთივსათნო გახდეს... აი, სხვებისთვის ლოცვის საიდუმლო, რითაც აიხსნება ქრისტიანთა ეს ღვთისმოსაური ჩვეულება _ ერთმანეთისთვის ილოცონ და ძმების ლოცვა ითხოვონ!

აქედან შეგვიძლია დავინახოთ, რომ მრავალთა თხოვნითა და შუამდგომლობით კი არ კმაყოფილდება ღმერთი (როგორც ეს ძლიერთა ამა სოფლისათა სჩვევიათ), არამედ თავად ლოცვის ძალა და შემართება წმენდს და აღაგზნებს იმ სულს, ვისთვისაც ლოცულობენ, და მას ღმერთთან შეერთების უნარს ანიჭებს.

თუ მიწაზე მცხოვრები ადამიანების ერთმანეთისთვის ლოცვა ამდენად ნაყოფიერია, მაშინ, თავისთავად ცხადია, რომ ზენა და ქვენა სამყაროთა მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე, გარდაცვლილებისთვის ლოცვაც ასევე ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს. მას შეუძლია მებრძოლი ეკლესიის სული მოზეიმე ეკლესიის სულებთან, ანუ განვენებულებთან დააკავშიროს.

თუმცა ყოველივე ჩემ მიერ თქმული ფსიქოლოგიური მსჯელობაა, მაგრამ თუ წმინდა წერილს გადავშლით, მის ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებით!.. 1. იესო ქრისტე პეტრე მოციქულს ეუბნება: "მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი" (ლუკ. 22.32). აი, ქრისტეს ლოცვის ძალა სულიერად განამტკიცებს და განამხნევებს პეტრეს რწმენის გამოცდის დროს. 2. როცა პეტრე მოციქული საპყრობილეში იყო, მისთვის ეკლესიაში გულმოდგინედ ლოცულობდნენ. აქ ვლინდება ძმური ლოცვის შემწეობა ცხოვრებისეული განსაცდელის დროს... 3. მაგრამ მოყვასისთვის ლოცვის შესახებ მცნებას ყველაზე აშკარად წმინდა იაკობ მოციქული გამოთქვამს: "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად" (იაკ. 5.16). აქ არის ზემოთქმული ფსიქოლოგიური დასკვნის ცხადი დადასტურება...

რაღა ვთქვათ პავლე მოციქულის მაგალითზე, რომელიც ერთმანეთისთვის ლოცვის ნიმუშად მოგვეცა? ერთი მწერალი აღნიშნავს, რომ პავლე მოციქულის ამ მაგალითმა უნდა გვასწავლოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ერთმანეთისთვის ლოცვა, როცა ესოდენ წმინდა და დიდი სულიერი მოღვაწე აღიარებს ლოცვით მიღებული სულიერი შემწეობის საჭიროებას. ებრაელების მიმართ ეპისტოლეში იგი თავის თხოვნას შემდეგნაირად გამოხატავს: "ილოცვიდეთ ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს და ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად" (ებრ. 13.18). თუ ნათქვამს ყურს მივუგდებთ, მივხვდებით, რამდენად დიდი უგუნურებაა მხოლოდ საკუთარ ლოცვებსა და წარმატებებზე იმედის დამყარება მაშინ, როდესაც თავმდაბლობის გამო ესოდენ მადლმოსილი წმინდა მამა მოყვასთა (ებრაელთა) ლოცვის საკუთარ ლოცვასთან შეერთებას ითხოვს?! ამიტომ ჩვენც გვმართებს ასეთივე სიმდაბლით, უბრალოებითა და სიყვარულით არ უარვყოთ და არ უგულებელვყოთ თვით ყველაზე სუსტი მორწმუნის ლოცვითი შემწეობაც კი. პავლე მოციქულის მჭვრეტელ სულს არავინ განუსხვავებია და ყველას სთხოვა საერთო ლოცვა. მან იცოდა, რომ ღვთის ძალა უძლურებაში აღესრულება, მაშასადამე, ზოგჯერ ერთი შეხედვით უძლურ მლოცველებშიც შეიძლება აღსრულდეს.

აღნიშნულ მაგალითში დარწმუნებულები ასევე შევნიშნავთ, რომ ერთმანეთისთვის ლოცვა ღვთისგან ნამცნები ქრისტიანული სიყვარულის კავშირს განამტკიცებს, ადასტურებს მლოცველის სიმდაბლესა და სულისკვეთებას და ამით ორმხრივი ლოცვა აღენთება.

პროფესორი: შესანიშნავია და ზუსტი თქვენი მსჯელობა და მტკიცებულებანი, მაგრამ საინტერესო იქნებოდა, თავად მოყვასისთვის ლოცვის ხერხსა და ფორმაზეც მოგვესმინა რამე. ვფიქრობ, თუ ლოცვის ნაყოფიერება და ლოცვაში ჩართვა მოყვასისადმი ცოცხალ თანაგრძნობაზეა დამოკიდებული, და უმთავრესად იგი იმ გავლენაზეა დამოკიდებული, რომელსაც მლოცველი მუდმივად ახდენს სულზე, ვინც ლოცვას ითხოვს, ასეთ შემთხვევაში, სულის ამგვარი განწყობილების შედეგად, ხომ არ შეეშლებოდა ადამიანს ხელი, ყოველთვის წარმდგარიყო უხილავი ღმერთის წინაშე და საკუთარი მოთხოვნილების შესაბამისად გადაეშალა ღმერთისთვის სული? თუ მოყვასს დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ გავიხსენებთ თანაგრძნობით და ღმერთს მისთვის შეწევნას ვთხოვთ, ეს საკმარისი იქნება იმ სულის მოსაზიდად და განსამტკიცებლად, ვისთვისაც ვლოცულობთ? მოკლედ რომ ვთქვათ, მინდა, შევიტყო, როგორ და რა სახით უნდა ვილოცოთ მოყვასისთვის.

მონაზონი: ღვთის წინაშე აღვლენილმა ლოცვამ, რაზეც უნდა ვლოცულობდეთ, არ უნდა განგვაყენოს, და არც შეიძლება განგვაყენოს, ღვთის წინაშე დგომისგან. თუ ლოცვა ღვთის მიმართ აღევლინება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისი თანდასწრებით ხდება კიდეც... მოყვასისთვის ლოცვის ხერხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ლოცვის ძალა მოყვასის მიმართ გულწრფელ ქრისტიანულ თანაგრძნობაში მდგომარეობს და  სულზე გავლენასაც ამ თანაგრძნობის შესაბამისად ახდენს. ამიტომ, როცა მას (მოყვასს) გავიხსენებთ ან როცა ამისთვის განსაზღვრული დრო დადგება, გონების თვალი ღმერთს უნდა მივაპყროთ და ლოცვა შემდეგნაირად წარმოვთქვათ: "მოწყალეო უფალო! იყოს ნება შენი! ვისაც ყოველთა ცხონება და ჭეშმარიტებაზე მოქცევა გნებავს, იხსენი და შეიწყალე მონა შენი (სახელი). მიითვალე ჩემი ეს სურვილი როგორც ღაღადისი შენგან ნამცნები სიყვარულისა". ჩვეულებრისამებრ, ამ სიტყვებს დროდადრო იმეორებენ სულიერი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ან სკვნილზე ამბობენ ამ ლოცვას. გამოცდილებით ვიცი, რამდენად კეთილისმყოფლად მოქმედებს ასეთი ლოცვა იმაზე, ვისთვისაც ლოცულობენ.

პროფესორი: დამრიგებლობითი საუბარი და თქვენი მოსაზრებებიდან და მსჯელობიდან ამოკრებილი ნათელი აზრები მავალებს, არასდროს დავივიწყო ისინი და ჩემს გულს ყველა თქვენგანის მიმართ პატივისცემითა და მადლიერებით განაწყობს...

მწირი და პროფესორი: აი, ჩვენი წასვლის დროც დადგა. ჩვენს წინამძღოლად და თანამგზავრად გულით გთხოვთ ლოცვას!

მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც სამარადისო აღთქმის სისხლით თავის ცხვრებს მკვდრეთით აღუდგინა დიდი მწყემსმთავარი, უფალი იესო ქრისტე, დაე, ინებოს, რომ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების აღმსრულებელნი იყოთ, რათა თქვენც სათნო ეყოთ უფალ იესო ქრისტეს, რომელსა შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

დანართი

 

მთავარი ტექსტობრივი განსხვავებები 1881 წლის ყაზანის გამოცემისა და ათონის პანტელეიმონის მონასტრის ხელნაწერის ( 50/4/395) მიხედვით

1. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ვიფიქრე, ვიფიქრე, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დიაკვანს ვკითხე, რას ნიშნავდა განუწყვეტელი ლოცვა და როგორ უნდა მელოცა. მან მიპასუხა: "როგორც ნათქვამია, ისე ილოცე"... ისევ ვკითხე: "მაინც როგორ განუწყვეტლივ?.." "კიდევ მეკითხება!.." - თქვა დაიკვანმა და წავიდა. მივედი მღვდელთან. "როგორ ვილოცო განუწყვეტლივ?" - ვკითხე მასაც. მღვდელმა მიპასუხა: "უფრო ხშირად იარე ეკლესიაში, ილოცე, სანთლები დაანთე, მეტი მეტანია აკეთე"... "და ბიბილიაში სად არის ეს ნათქვამი?" - ვკითხე. "შენით როგორ გაიგებ ბიბლიას?! შენთვის კი არა, ჩვენთვისაც აკრძალულია მისი კითხვა წმ. ეკლესიის ხელმძღვანელობის გარეშე", - მითხრა მღვდელმა და გამომიშვა. "როგორ მოვიქცე, - გავიფიქრე, - სად ვნახო"...

ათონის მონასტრის ხელნაწერში:

მივედი მღვდელთან. "როგორ ვილოცო განუწყვეტლივ?" - ვკითხე. მღვდელმა მიპასუხა: "უფრო ხშირად იარე ეკლესიაში, ილოცე, სანთლები დაანთე, მეტი მეტანია აკეთე"... "და ბიბილიაში სად არის ეს ნათქვამი?" - ვიკითხე. "სულელმა როგორ უნდა წაიკითხოს ბიბლია?! ჰოდა, მისი კითხვა აკრძალულია, მხოლოდ ჩვენ გვებრძანა ამ წიგნის კითხვა", - თქვა ეს და მღვდელმა გამომაგდო.

 

2.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

წავალ, საუკეთესო მქადაგებლებით სახელგანთქმულ ეკლესიებს დავივლი, იქნებ, იქ გავიგონო ჩემთვის საგულისხმო რამ. ტაძარში კვირა დღეს მივედი, მეზვერისა და ფარისევლის კვირას ქადაგებდნენ ტექსტიდან: "ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან..." (ლუკ. 3.11). მთელი ქადაგება იმისგან შედგებოდა, თუ რა არის ჭეშმარიტი ლოცვისთვის საჭირო და რამდენად უღირსია ლოცვა შესაბამისი მომზადების გარეშე. მაგალითად, მქადაგებელი ამბობდა: "თუ გსურს, შენი ლოცვა იყოს ჭეშმარიტი, გამოიღოს მაცხონებელი ნაყოფი, არ იქნეს უარყოფილი და ღმერთმა შეისმინოს, უპირველეს ყოვლისა, მტკიცე რწმენა მოიხვეჭე, გონება ბოროტი აზრებისგან განიწმინდე, განეშორე ყოველგვარ ცხოვრებისეულ საზრუნავს, სულიწმიდის ტაძრად განამზადე შენი გული, განაგდე მისგან ყოველგვარი ავხორცობა, შეამკე და განაახლე იგი სიწმინდითა და გულმოდგინებით, მარხვითა და თავშეკავებით დააჭკნე ხორცი, მოაკვდინე ის, რაც მიწაზე გიჭერს, ყველასთან მშვიდობა გქონდეს, დაიცავი მშვიდობა და სიწმინდე. ამგვარ ღვაწლში განმტკიცებულმა საკურთხეველთან მიიტანე შენი ძღვენი, ღვთის სამსხვერპლოზე აღავლინე წმინდა ლოცვა, და შენი ლოცვა შესმენილი იქნება და გაცხონებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მითითებულ სათნოებებში შესაბამისი მომზადების გარეშე, შენი ცხოვრების სინანულითა და თავშეკავებით წინასწარი განწმენდის გარეშე, გაფანტულად და ცივად შეუდგები ლოცვას, მაშინ ლოცვას ფრთებს წაართმევ, მოქმედების საშუალებას არ მისცემ და შენი ასეთი ლოცვა წარუმატებელი იქნება".

ათონის მონასტრის ხელნაწერში:

მაგრამ შენი ასეთი ლოცვა არა მარტო წარუმატებელი, არამედ ღმერთისთვის შეურაცხმყოფელიც კი იქნება, ხოლო შენთვის დამღუპველი აღმოჩნდება და ცოდვად ჩაგეთვლება, როგორც ეს ფსალმუნშია ნათქვამი: "ლოცვაჲ მისი ცოდვად შეერაცხენ მას" (ფსალმ. 108.8).

ეს რომ გავიგონე, შემეშინდა და გავიფიქრე: "როგორ მოვიქცე, ლოცვისთვის არაფერი მაქვს მომზადებული, ვერც მომავალში ვხედავ ჩემში რაიმე საიმედოს ამ მძიმე მოსამზადებელი საქმიანობისთვის". ასე სულშეღონებული გამოვედი ეკლესიიდან. ბინაში მისულმა მოსმენილის ბიბლიაში შემოწმება დავიწყე. "უპირველეს ყოვლისა, მტკიცე რწმენა მოიხვეჭე"... როგორღა მოვიხვეჭ, როცა რწმენა ჩვენგან კი არ არის, "არამედ ღმრთისა ნიჭი არს?" (ეფეს. 2.8) ნიჭი რომ მიიღო, საჭიროა ლოცვა: "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ" (მათ. 7.7). მქადაგებელმა კი თქვა, ჯერ რწმენა მოიხვეჭე და ამის შემდეგ ილოცეო. სულ პირიქითაა! თანაც დაუმატა, მტკიცეო, რომელიც თავად მოციქულებსაც არ ჰქონდათ და ითხოვდნენ: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (ლუკ. 17.5). კიდევ თქვა: ჭეშმარიტად რომ ილოცო, გონება ზრახვებისგან განიწმინდეო, ცხოვრებისეული საზრუნავი განაგდეო; ბიბლიაში კი წერია: "რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (დაბ. 8.21). "მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა ზრახვანი ცბიერნი, რათა არა მიმოიტაცებოდიან მას შინა" (ამ სახით ვერ ვნახეთ, შდრ. ეკლ. 1.13 – რედ.). ამიტომ დაუოკებელი გონების განსაწმენდად ჯერ ლოცვაა საჭირო. თუ გონების განწმენდას საკუთარი ძალებით ეცდები და მის განწმენდას დაელოდები, მაშინ მთელი ცხოვრება ვერ ილოცებ. ასე კი მას არ უთქვამს. შემდეგ ამბობდა: ჭეშარიტი ლოცვისთვის გული სიწმინდითა და გულმოდგინებით შეამკე და განაახლეო. განა შესაძლებელია, შენით გადააკეთო ხელმეორედ გული, როცა ღმერთი იძლევა სხვა გულსა და ახალ სულს? (შდრ. ეზეკ. 11.19 და 36.26) წინასწარმეტყველმა დავითმაც თავდაპირველად გული კი არ განიწმინდა, არამედ გულის განწმენდისთვის ილოცა და შეჰღაღადა: "გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო" (ფსალმ. 50.10). თავშეკავებით მოაკვდინე ის, რაც მიწაზე გიჭერს... ულოცველად ამის გაკეთებაც შეუძლებელია. ამის მაგალითია პავლე მოციქული, რომელმაც განსაცდელის არიდებისა და ძლევისთვის თავდაპირველად სამჯერ ილოცა და თქვა: "აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ სჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა სჯულსა ცოდვისასა" (რომ. 7.25). განა შეიძლება ღვთისთვის შეურაცხმყოფელი იყოს სათანადო მომზადების გარეშე აღვლენილი ლოცვა სათანადო მომზადებისთვის? ბიბლიიდან ჩანს, რომ მასში ნახსენები ყველა ლოცვა ცოდვებისგან განწმენდის მიზნით აღევლინებოდა, ცოდვებისგან წინასწარ განწმენდა კი არ უძღოდა ლოცვას წინ. ამის დამადასტურებელია მანასეს ლოცვა.

ვუდარებდი რა ყველაფერს ბიბლიას, დავინახე, რომ ქადაგება არასწორად და გამოცდილების გარეშე იყო წარმოთქმული, მასში ყველაფერი თავდაყირა იყო და უკუღმა... ბიბლიამ დამამშვიდა და მოსმენილზე ფიქრი შევწყვიტე. მხოლოდ იმას ვწუხდი, რომ ვერ შევიტყვე, რას ნიშნავდა განუწყვეტელი ლოცვა და როგორ უნდა მელოცა. ეს აზრი არ მასვენებდა...

დადგა ჯვართაყვანისცემის კვირა. წირვაზე აკადემიაში წავედი. იქ სწავლული მქადაგებელი იესო ქრისტეს მიერ ჯვარზე აღვლენილი ლოცვის შესახებ სწავლებას წარმოთქვამდა, რომელიც ჩვენთვის ლოცვის ნიმუშია. ქადაგება ეყრდნობოდა ტექსტს: "ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (ეფეს. 6.18). ეს რომ გავიგონე, გამიხარდა, გავიფიქრე, რომ იგი აუცილებლად განმარტავდა იმასაც, თუ რა არის განუწყვეტელი ლოცვა და როგორ უნდა ილოცო. მქადაგებელი სულ სულით ლოცვის საჭიროებას ამტკიცებდა. `ლოცვა სიტყვების კრებული კი არ უნდა იყოს, - ამბობდა იგი, - მხოლოდ გარეგნული წარდგომა, საზოგადოებრივ ხოტბა-დიდებაზე მხოლოდ ჩვეულებრივი, თანაც, არცთუ ისე იშვიათად, პატივმოყვარეობის გამო სიარული, ბევრი ლოცვის კითხვა და ხანგრძლივი გალობები, არამედ ლოცვა არის ძალა, ყურადღება, უდიდესი მუყაითობა, გონებისა და გულის ღმერთამდე თავმდაბლად ამაღლება... ერთი სიტყვით, ლოცვა უმთავრესად სულით უნდა აღევლინოს, ადამიანის სულმა მოშურნეობითი აღტყინებითა და მწველი სურვილით უნდა აღავლინოს თავისი ლოცვა. ასეთი ჭეშმარიტი ლოცვა ერთ წამში გაივლის ზეცას, ერთი ჭეშმარიტი, რწმენით გამთბარი და სიყვარულით აღსავსე ღაღადებით ღვთის საყდარს მიაღწევს, შესმენილი იქნება და სასურველ ნაყოფს გამოიღებს. სულით ნათქვამი ჭეშმარიტი ლოცვა ყველაფერში საწინააღმდეგო უნდა იყოს გარეგნული, პატივმოყვარე ლოცვისა, რომელიც ფარისევლის ლოცვის მსგავსად გულის სითბოს გარეშე დიდხანს გრძელდება და რისგანაც იცავდა თავის მოწაფეებს იესო ქრისტე: "რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ" (მათ. 6.7). ყველაფერი ეს რომ მოვისმინე, ვერ დავიკმაყოფილე სურვილი და ისევ გაურკვევლობაში დავრჩი: "როგორ ვილოცო განუწყვეტლივ?" სახლში მისულმა, დადარდიანებულმა, ისევ ბიბლიას მივმართე... ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ფიქრი დავიწყე: "მაშ, როგორ? - მქადაგებელი განმარტავდა ტექსტს: "ყოვლითა ლოცვითა და ვედრებით ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (ეფეს. 6.18). და განმარტების დროს არათუ არ ახსნა, როგორ უნდა ილოცო "ყოველსა ჟამსა", ანუ ყოველთვის, არამედ ხანგრძლივი ლოცვებიც კი არ მოიწონა და მოკლე, მაგრამ მხურვალე ლოცვა გვირჩია. ამაში იგი თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ბიბლიაშიც ასევე ნათქვამია, რომ ყოველთვის, გამუდმებით უნდა ვილოცოთ, და არა მოკლე ამოსუნთქვით გავიაროთ ზეცა! ამასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველები ასე გვასწავლიან: მარადის მიუახლოვდი შენს ღმერთს, მარადის გახსოვდეს შენი ღმერთი, შენს ყველა გზაზე ღმერთი ახსენე (შდრ. იგავ. 3.6; ნეემ. 4.14; ფსალმ. 76.4-12), და არა მხოლოდ მოკლე მხურვალე ამოსუნთქვითო. ამასთან, სული და გული თავისით ვერ აენთება. წმინდა დავით წინასწარმეტყველიც ჯერ ამას ითხოვდა, როცა ამბობდა: "გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი" (ფსალმ. 25.2). თანაც მქადაგებელმა მოკლე, გულითადი ლოცვის უპირატესობის შესახებ თავისი მოსაზრების გასამყარებლად იესო ქრისტეს სიტყვებიც კი მოიყვანა: "რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ" (მათ. 6.7). არადა, ეს ხანგრლივი ლოცვის დასაძრახად კი არ არის ნათქვამი, არამედ იმისთვის, რომ წარმართებივით ბევრი, ზედმეტი ყოფითი რამ არ ვითხოვოთ ლოცვაში. უფალმა არა მარტო ხანგრძლივი, არამედ მუდმივი ლოცვის მცნებაც კი მოგვცა და იგავში განმარტა: "ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინაჲ" (ლუკ. 18.1). როცა ყველაფერი ეს ბიბლიაში შევამოწმე და მოსმენილი ქადაგებით ვერ დავიკმაყოფილე სურვილი, გამეგო, განუწყვეტლივ როგორ მელოცა, გზა გავაგრძელე...

კიდევ ერთ ქალაქს ვუახლოვდები. ვკითხულობ, თუ არიან იქ სულიერი სწავლების მომცემი მოძღვრები. მითხრეს, რომ არის ერთი დარბაისელი მოხუცი, ღვთისმოშიში და მკაცრი მღვდელი. როცა იგი ქადაგებს, წირვის შემდეგ მთელი ხალხი გულაჩვილებული, ოხვრით გამოდის ეკლესიიდანო. ეს რომ გავიგონე, გამიხარდა. მოუთმენლად ველოდი შემდეგ დღესასწაულს, ასეთი ბრძენი მასწავლებლისთვის რომ მომესმინა... იქნებ, მან მაინც გამარკვიოს და ამიხსნას განუწყვეტელი ლოცვა.

პირველივე კვირა დღეს წირვაზე წავედი და საკურთხეველთან ახლოს საგანგებოდ დავდექი. აი, მღვდელიც გამოვიდა ქადაგების სათქმელად. და რა?.. ჩემდა საბედნიეროდ, მან ქადაგება შემდეგი ტექსტიდან დაიწყო: "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ" (მათ. 7.7). ეს რომ გავიგონე, აღფრთოვანებულმა პირჯვარი გადავიწერე და გულდასმით მივუგდე ყური. ლოცვის აუცილებლობაში ბევრი მტკიცების შემდეგ იგი იმ ხერხებისა და საშუალებების წარმოჩენას შეუდგა, რომელთა შემწეობითაც ლოცვა ღვთივსათნო და აღსრულებადი არის ხოლმე; "უფალმა ჯეროვანი ლოცვისთვის ასეთი მაგალითი მოიყვანა: (მან თქვა) დააკაკუნეთ და გაგეღებათ (შდრ. მათე 7.7). ხოლო აკაკუნებენ არა სიტყვებით, არამედ საქმეებით. ჩვენც ასე უნდა ვაკაკუნოთ უფლის მოწყალების კარზე, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებითაც. თუნდაც დღე და ღამეც ილოცო, ვერავითარ სარგებელს ვერ მოგიტანს, თუ არ აღასრულებ ღვთივსათნო საქმეებს - რწმენის საქმეებს, მოყვასის სიყვარულის საქმეებს, ქველმოქმედების საქმეებსა და ყოველგვარი ცოდვის უარყოფის საქმეებს! რა სარგებელი გექნება ლოცვისგან, თუ ეკლესიაში უფრო იშვიათად დადიხარ, ვიდრე სამიკიტნოში? ეკლესია კი არის ლოცვის სახლი, ღვთის სახლი, სადაც თავად ღმერთი განისვენებს. დაფიქრდი: თუ მეფისთვის რაიმეს პირადად თხოვნას აპირებ, განა მასთან შესაღწევი საშუალების მოსაპოვებლად სასახლეში ხშირად სიარული არ მოგიწევდა? რა სარგებელი გექნება ლოცვისგან, თუ ავხორცობისთვის, ფუფუნებისა და სახლის მორთულობისთვის უანგარიშოდ ხარჯავ ფულს, ხოლო ეკლესიაში ლოცვაზე მოსული ხატის წინ სანთელს არ ანთებ, ძუნწობ და ეკლესიის მშენებლობისთვის ან ღატაკი ძმების გამოსაკვებად ფულის გაღება გენანება? წერილი კი ამბობს, რომ ცოდვები ლოცვითა და მოწყალებით განიწმინდება (შდრ. საქმე 10.2; 1პეტრ. 4.7-8; ტობ. 12.9; ზირაქ. 3.14). ამ ღვთისმოსაური საქმეების გარეშე, ამ ქრისტიანული სათნოებებისა და სიყვარულის გარეშე შენ ვერ დააკაკუნებ უფლის მოწყალების კარზე, და შენი ლოცვა მხოლოდ ამაო და ფუჭი, ღვთის ყურთასმენის შეურაცხყოფელი ღაღადისი იქნება"... ქადაგების ბოლოს დავფიქრდი: "როგორ თქვა, - გავიფიქრე, - სარგებელი არ იქნება, თუ ვინმე დღედაღამ ილოცებს, მაგრამ ღვთისმოსაურ საქმეებს არ აღასრულებსო? განა ღვთისმოსაობა არ არის დღედაღამ ლოცვა? დღე და ღამე ლოცვაში რომ გადიოდეს, მაშინ ბოროტი საქმეებისთვის დრო აღარ დარჩებოდა. ასევეა ბიბლიაში ნათქვამი: "ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე" (ლუკ. 18.7). ცოდვების უარყოფის გარეშე ლოცვა არ შეისმინებაო... მაგრამ რა გვეხმარება ცოდვებზე გამარჯვებაში, თუ არა გამუდმებული ხშირი ლოცვა? ლოცვა არ იქნება შესმენილი რწმენის საქმეების, ქველმოქმედების საქმეების გარეშეო... მაშ, როგორ შეისმინეს და როგორ გამოიღო ნაყოფი წყალში ჩაძირული მცირედმორწმუნე პეტრეს ლოცვამ? ლოცვა არ იქნება შესმენილი ეკლესიაში ხშირი სიარულის გარეშეო... ჩანს, მქადაგებელი ამას რომ წერდა, დაავიწყდა, რა თქვა წმინდა დავით წინასწარმეტყველმა: "ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა" (შდრ. ფსალმ. 102.22). და რა თქვა წმინდა არქიდიაკონმა სტეფანემ: "არამედ არათუ მაღალი იგი ელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს" (საქმე 7.48).

რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ყოველივე ზემოთქმული მსგავსი თანამიმდევრობით არ აღესრულება, ბიბლია გადავშალე და წინასწარმეტყველ ესაიასთან ორმოცდამეთხუთმეტე თავში შემდეგი დარიგება წავიკითხე: "იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რაჲ მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქუენ, დაუტევენ უთნოომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან  განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მომართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგიტევნეს ცოდვანი თქუენნი" (ეს. 55.6-7). აქ სრულიად საწინააღმდეგო თანამიმდევრობა დავინახე: პირველ რიგში, ღმერთი უნდა ეძიო და ლოცვით მოუწოდო. შემდეგ, როცა ლოცვის საშუალებით მოგიახლოვდება, უკვე მისი დახმარებით უნდა ეცადო, ცოდვები დაუტეო და ღმერთისკენ მოიქცე, ანუ შეასრულო მისი მცნებები.

ამრიგად, რადგან ყველა ამ ქადაგების მოსმენის შემდეგაც ვერ გავარკვიე, განუწყვეტლივ როგორ მელოცა, თავი ვანებე საჯარო ქადაგებების მოსმენას და გადავწყვიტე ღვთის შემწეობით გამოცდილი და მცოდნე მოსაუბრე მომეძებნა, რომელიც განუწყვეტელ ლოცვას განმიმარტავდა ამგვარი ცოდნის წყურვილით შეპყრობილს.

დიდხანს დავეხეტებოდი აღმა-დაღმა...

3.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ბატონი გაჩუმდა, დაჟინებით დამაცქერდა და თქვა: "განუწყვეტელი შინაგანი ლოცვა არის ადამიანის სულის მუდმივი ლტოლვა ღვთიურ ცენტრში შერთვისკენ. ამ ტკბილი საქმიანობის შესასწავლად საჭიროა მისთვის ნებისყოფის მოდრეკა, და ხშირად უნდა სთხოვო უფალს, რომ მან გასწავლოს განუწყვეტელი ლოცვა". "თქვენს სიტყვებს ვერ ვგებულობ, - ვუთხარი მე, - გთხოვთ, უფრო გასაგებად ამიხსნათ!" "ეს შენთვის ძალიან ძნელია, - მიპასუხა ბატონმა, - შენ ვერ გაიგებ. ისე ილოცე, როგორც იცი - ლოცვა თავისთავად გაგიმჟღავნებს, როგორ შეიძლება იყოს იგი განუწყვეტელი. ამას დრო სჭირდება", - თქვა ეს და ჩემი დაპურება ბრძანა. მომცა საგზალი და გამომიშვა.

4.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

შემდეგის კითხვა დავიწყე: "ჩვეულებისამებრ, წმინდა წერილი ხშირად აღსრულებულ საქმეს განუწყვეტელს, ანუ მარადის აღსრულებადს უწოდებს: "პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი" (ებრ. 9.6), ანუ ხშირად ან ყოველდღე დაწესებულ საათზე. მსგავსადვე, ხშირად წარმოთქმული ლოცვაც განუწყვეტელ ლოცვად მიიჩნევა".

- ახლა გესმის, რას ნიშნავს განუწყვეტელი ლოცვა?

- არ ვიცი, როგორ შევათანხმო, თითქოს ერთი და იგივე იყოს ხშირი და განუწყვეტელი!..

- ნება მიბოძეთ, წავიკითხოთ, აი, რას წერს ეს წმინდანი რამდენიმე სტრიქონით ქვემოთ: "ასევე, მოციქულის ეს სიტყვები - "მოუკლებელად ილოცევდით" გონების მიერ აღსრულებულ ლოცვას უნდა გულისხმობდეს: გონებას შეუძლია მუდამჟამ ღვთისკენ იყოს მიპყრობილი და განუწყვეტლივ ილოცოს".

5.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

მე ხშირად ვკითხულობდი ბიბლიას და მოსმენილს მის მიხედვით ვამოწმებდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საწადელ ცოდნას ვერ ვეწიე. მხოლოდ ის დავინახე, რომ ქადაგებებში ისე არ ლაპარაკობდნენ, როგორც ეს ბიბლიაში იყო ნათქვამი. ყველაფერი რაღაცნაირად უკუღმა მეჩვენებოდა. და აი, დღემდე დავრჩი...

ათონის მონასტრის ხელნაწერში:

...დღედაღამ არ ამომდიოდა იგი გონებიდან. ასე რომ, დღემდე გაურკვევლობასა და მოუსვენრობაში ვიმყოფები". ეს რომ მოისმინა, ბერმა პირჯვარი გადაიწერა და ლაპარაკი დაიწყო. 

6.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ამიტომ ისინი იმას გვასწავლიან, რაც ლოცვისთვისაა დამახასიათებელი, და არა თავად მის არსს. არ ესმით სულის შინაგანი თანამიმდევრობა. ერთი შესანიშნავად მსჯელობს ლოცვის აუცილებლობაზე, მეორე - მის ძალასა და მადლმოსილებაზე, მესამე - ლოცვის სრულყოფილების საშუალებებზე.

...ეს ხდება იმიტომ, რომ მთელ მათ ზემოჩამოთვლილ მსჯელობასთან შედარებით გაცილებით ძნელი ამ უკანასკნელის გაგებაა, რადგან იგი საიდუმლო პრაქტიკულ ცოდნას მოითხოვს, და არა მხოლოდ სასკოლო განათლებას.

7.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...და არა პირიქით, რომ ლოცვა ბადებს მოღვაწეობასა და ყოველგვარ სათნოებას, როგორც ეს ქადაგებებში მოისმინე. ამიტომაც კრძალავენ ლოცვასთან შეხებას და აწესებენ, რომ ჯეროვანი ლოცვისთვის ჯერ სათნოებებში წვრთნითა და ვნებებზე გამარჯვებით მოემზადონ. ამ შემთხვევაში ისინი ლოცვის შედეგსა და ნაყოფს არასწორად მიიჩნევენ მის საშუალებად და ხერხად, და ამით ლოცვის ძალას აკნინებენ. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება წმინდა წერილს.

8.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

რასაც "სათნოებათმოყვარეობაში" ვკითხულობდით, შემოწმების მიზნით ბერი ბიბლიაშიც მაჩვენებდა ხოლმე სხვადახვა ადგილას, და მითხრა:

_ ნახე, ყველაფერი ეს საიდან არის ამოკრეფილი!

აღფრთოვანებული ყველაფერს ყურადღებით ვისმენდი...

9.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ერთხელ დილაადრიანად თითქოს ლოცვამ გამომაღვიძა. გამოღვიძებისას ვიგრძენი, რომ ბაგეები თავისდაუნებურად ძლიერ ტოკავდნენ და ენა განუწყვეტლივ მოძრაობდა. დავიწყე კიდეც დილის ლოცვების კითხვა, მაგრამ ენა მოუხერხებლად წარმოთქვამდა მათ.

10.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ბაგეებით ლოცვა შევწყვიტე და ყურადღებით მოვუსმინე, როგორ ლაპარაკობდა გული. ამასთან, თითქოს თვალებით მასში ცქერა დავიწყე. გამახსენდა, ბერი რომ მეუბნებოდა, რამდენად საამურია ესო.

11.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

გავიფიქრე: "მონაზონმა თქვა, რომ აქ ის წერია, რასაც ღმერთი ამბობდა. აქ კი მხოლოდ რაღაც სახელებია... მოდი, მეორე თავსაც წავიკითხავ..."

12. 1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ზოგჯერ მისცემდი ათ კაპიკს, დაუდგამდი ჭიქა ღვინოს, და ისიც საღამოდან მამლის ყივილამდე კითხულობდა და კითხულობდა.

13.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

განსვენებული ბერის სკვნილის ამბავი პირველ გამოცემაში არ არის. გადასვლა შემდეგი სახით ხდება:

გზად ბევრი საოცარი რამ შემემთხვა და გადამხდა კიდეც. ყველაფერი რომ მოვყვე, მთელი დღეც არ მეყოფა. აი, მაგალითად: ერთხელ, გაზაფხულზე, ერთ სოფელში გავლისას, მღვდელთან გაჩერება მომიხდა...

ათონის მონასტრის ხელნაწერში:

ხელნაწერში არის სკვნილის ამბავი და შემდეგ ამგვარად გრძელდება:

ამის შემდეგ სიხარულითა და გულისმიერი განუწყვეტელი ლოცვით გავაგრძელე გზა. კიდევ ერთი სამახსოვრო შემთხვევა იყო: ერთხელ, გაზაფხულზე...

14.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

აი, პოლიციის უფროსიც მოვიდა. შეზარხოშება მოესწრო. მაგიდას ქუდიანი მიუჯდა და დაიძახა:

- ბიჭებო! ხედავთ?...

- ვხედავთ, ბიძიკო! - ერთხმად უპასუხეს შეკრებილებმა.

- მაინც რას ხედავთ?

- რაც არის, იმას ვხედავთ!

- ეეჰ, საქონლებო!.. მომისმინეთ!

- გვესმის, ბიძიკო!

- მე საქმეს გადავხედე. ჰეი, ეპიფანე! შენს გოგონას ხომ არაფერი წაუღია სახლიდან?

- არაფერი, ბიძიკო!

- ამ ბრიყვთან ერთად რამე უმსგავსო საქმეში ხომ არ არის მხილებული?

- არა, ბიძიკო!

- მაშ ასე, საქმეს, აი, როგორ განვიხილავთ და გადავწყვეტთ: შენს ქალიშვილს თავად გაუსწორდი და კუდი მოუგრიხე, ძუკნასავით ბევრი რომ არ ირბინოს. ამ ვაჟკაცს კი ხვალ ორივე გვერდს გავუერთიანებთ და გავაგდებთ, ისე დავსჯით, საუკუნე აღარ შემოყოს აქ ცხვირი. ეს არის და ეს! - თქვა პოლიციის უფროსმა და მაგიდიდან წამოდგომა სცადა, წაბარბაცდა და წაიქცა. ის დასაძინებლად წაიყვანეს, მე კი ისევ ციხეში ჩამსვეს.

15.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

გულის განუწყვეტელი ლოცვაც მოგვცა მცნებად, როცა თქვა: "და გამომიძიეთ მე, და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა" (იერ. 29.13); "დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა" (იოან. 15.4), "მოუკლებელად ილოცევდით" (1თეს. 5.17), "და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს" (საქმე 2.21); ხოლო წმინდა მამები, იმოწმებენ რა ფსალმუნებიდან წმინდა დავით მეფის სიტყვებს...

16.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...შენი წარმომავლობისა და მწირობამდე განვლილი ცხოვრების შესახებაც გამეგო.

- დაბადებიდანვე ჩემი ცხოვრება ასეთი არეულ-დარეული იყო. დავიბადე სოფელში...

17.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...ჩემი ცოდვილი ძვლებიც დაიმარხოს.

- რამდენი წლის ხარ?

- ოცდაცამეტი წლის.

- მაშ, მიგიღწევია ქრისტეს ასაკისთვის, საყვარელო ძმაო...

18.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

სამართლიანია რუსული ანდაზა: ადამიანი ბჭობს, ღმერთი კი განაგებსო. ვფიქრობდი, რომ დღეს წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ვივლიდი და ვივლიდი...

19.    ათონის მონასტრის ხელნაწერში:

"ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენდა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს" (ფილიპ. 2.13).

ასეთი შეხვედრით გახარებულმა და მწირის უწინდელი ყურადსაღები საუბრებით ძლიერ დაინტერესებულმა, გადავწყვიტე, ამ სამდღიანი შეყოვნებით მესარგებლა და შეძლებისდაგვარად გამომეკითხა სხვა საყურადღებო შემთხვევების შესახებაც, რაც აუცილებლად გადახდებოდა თავს ჩვენს დიად რუსეთში სხვადასხვა ადგილას მრავალწლიანი ხეტიალის დროს.

- ყველაფერს ვერ მოყვები, - დაიწყო მან, - ბევრი რამ უკვე დამავიწყდა კიდეც, რადგან ვცდილობდი...

20.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...გულდასმით მოუსმინე, როგორ ცემს და ზედიზედ ძგერს. ამას წმინდა მამები "გონების თავიდან გულში გადატანას" უწოდებენ. როცა ამას მიეჩვევი, გულის თითოეულ ძგერას...

21.    ათონის მონასტრის ხელნაწერში:

უცებ მითხრა:

- როგორი ხანძარია ქალაქში!.. ერთი, შეხედე! რა სამწუხაროა!

22.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

სიყვარულით გიყვარდეს იესო ქრისტე და მადლობითაც მადლობდე, რადგან მისი მადლი ყველგანაა, როგორც წმინდა, ისე ცოდვილ გულშიც. ვერავინ იტყვის იესო ქრისტეს სახელს სულიწმიდის გარეშე, - ამბობს წმინდა წერილი. ამიტომ ვინც უნდა წარმოთქვას ღვთის სახელი და როგორც უნდა წარმოთქვას იგი,  სულიწმიდის მადლი მასში მაინც იქნება. მაგრამ სხვადასხვა სამკითხაო ხილვა მადლის უშუალო გამოვლინებად არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან ეს ხშირად ბუნებრივად, საგანთა კანონზომიერებიდან გამომდინარეც შეიძლება მოხდეს. ადამიანის სული შედარებით უსაზღვროა, იგი სიბნელეშიც ხედავს...

23.     1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი მიალაგა. და რა? - ცეცხლი ჩააქრო, გვერდით მომიწვა და ფერება დამიწყო. უცებ ძლიერი ავხორცული სურვილი ვიგრძენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ლოცვა წამოვიწყე, მაგრამ ლოცვა შეწყდა და აღარ მიდიოდა. ის იყო დამღუპველი დაცემის წუთიც ახლოვდებოდა, რომ უცებ ჩვენ ზემოთ ნამსხვრევებად ქცეული მთელი ფანჯარა, ჩარჩო, მინა, წირთხლის ნამტვრევები საშინელი ხმაურითა და ზათქით თავზე დაგვაცვივდა. ფანჯრის უკან ძლიერი კვნესა და ღრიალი გაისმა. უზომოდ შეშინებულმა ქალს ისე ვკარი ხელი, რომ შუა ოთახში იატაკზე დაენარცხა. მთელი ქოხი შეზანზარდა. წამოვხტი, მუხლებზე დავემხე და ღმერთს შევღაღადე. მეგონა, ჩემისთანა ცოდვილის ჩასაყლაპად ფეხქვეშ მიწა გამისკდა. ვხედავ, ორმა მეეტლემ ქოხში კაცი შემოიყვანა...

24.     1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

მარტო დავრჩი. ღმერთო ჩემო, რა მდგომარეობაში ვიყავი! მწუხარება და ნაღველი მტანჯავდა, ასევე მებრალებოდა ქალი, ამგვარ საშინელ მდგომარეობაში რომ არ მომკვდარიყო. მძიმე და იშვიათი სუნთქვის გარდა მას სიცოცხლის სხვა ნიშანწყალი დიდად არ ეტყობოდა. შევუდექი ლოცვასა და უფლისთვის შეწყალების თხოვნას. ავადმყოფს თავზე ბერის სკვნილი დავადე და იესო ქრისტეს სახელის მოხმობა დავიწყე. მალე ქალი წამოდგა, შეშლილივით აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა და ბოლოს ქოხიდან გავიდა. მე ვილოცე. სისუსტე ვიგრძენი და გათენებამდე ცოტა წავიძინე. აი, მესმის ხმა, თითქოს ჩემ შიგნით ლაპარაკობს: "სულმოკლევ, ადამიანთა საქმეებში ღვთის განგების შეცნობა ისწავლე! რამდენი სასწაული, რამდენი ჭკუის სასწავლი გაკვეთილი შეგიძლია დაინახო დღევანდელ შემთხვევაში! გამხნევდი და იესო ქრისტეს ყველგანმყოფი ღვთიური სიყვარული ირწმუნე. მეტი ყურადღებით წაიკითხე გრიგოლ სინელის მეშვიდე და მეთორმეტე თავები და დაწყნარდები!.." გამოღვიძებულმა მაშინვე ჩემი "სათნოებათმოყვარეობა" ავიღე, მითითებული თავები მოვძებნე და შემდეგი წავიკითხე:

"თუ ვინმე უძლურების გამო უნებლიეთ იძლევა, მას მეყვსეულად პატიობს გულთა და განზრახვათა მხილავი".

"თუ მაინც ცდუნდებიან ხოლმე, ესეც გამოცდილებისა და გვირგვინისთვის ხდება, და მათ სწრაფად შეეწევათ განსაცდელის დამშვები ღმერთი".

როგორ გამომაცოცხლა ამან! ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გვემართება, განგების დაშვებით ხდება და სასიკეთო ბოლო აქვს. ამრიგად, დილით სადგურის უფროსს დავემშვიდობე და გზას გავუდექი. მივდიოდი და რწმენით, იმედითა და მადლიერებით აღვუვლენდი ლოცვას მოწყალებისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას, ვინც ჩემი ცოდვებში დაღუპვა არ დაუშვა!.. კიდევ გიამბობთ ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ერთ გარემოებას.

ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ...

25.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...მხოლოდ აქ განვიკურნე...

ეს რომ მოვისმინე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე და სასწრაფოდ გამოვიქეცი. გარეთ გამოსულმა სულით გავიხარე და ვადიდე ღმერთი, ჩვენდა სასარგებლოდ სიბრძნით რომ აწყობს ყოველივეს...

26.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...ქადაგება იმის თაობაზე, თუ რა ხერხებით მოიპოვება ღვთის სიყვარული. მსახურების დასრულების შემდეგ იგი გამოვიდა და ხალხს მიმართა:

- აი, სიყვარულს სიტყვებით გასწავლიდით, ახლა კი მას სიყვარულის საქმეებით გასწავლით - მსურველებს გთხოვთ, ახლა ჩემთან წამოხვიდეთ საუზმეზე.

ხალხიდან ზოგიერთი მას გაჰყვა. მეც გავყევი. პირდაპირ ბაღში შევედით. ხის ქვეშ მაგიდა იდგა, მის გარშემო კი - გრძელი სკამები. მაგიდაზე სახარება იდო. მღვდელი დაჯდა, სახარება გადაშალა. მან ისე მშვენივრად და თავაზიანად დაიწყო სახარების კითხვა და განმარტება, რომ სიამოვნებითა და ყურადღებით ვუსმენდით. შემდეგ ჩაი მოიტანეს. მაგიდაზე კარგი არაყი და საუზმე დადგეს. ყველამ ჭამა და სვა. მღვდელი მომიბრუნდა და მეუბნება:

- შენ, ძმაო, რატომ არ დალიე?

- ყურადღებას ნუ მიაქცევ, რომ არც ჩაის ვსვამ და არც არაყს. ასე თავშეკავების გამო კი არ ვიქცევი, არამედ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ავად ვარ და ნებისმიერი გამახურებელი საშუალება მწყენს.AA

შემდეგ ხალხს მიუბრუნდა და თქვა:

- ახლა დღესასაწაულია და საზრდოთი ნუგეშისცემა ნებადართულია. ყველას საკმარისი საკვები გაქვთ? ვინმეს რამე ხომ არ სჭირდება?

ხალხმა არაფერი უპასუხა, თავიანთ მწყემსს მორჩილად დაუკრეს თავი და დაიშალნენ. მღვდელმა სადილად დამტოვა. როცა სუფრას ვუსხედით, ვუთხარი:

- მამაო, როგორი მოწიწებით მსახურებთ, და რა ხანგრძლივად!.

27.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...სიბერეში მხოლოდ ისღა დამრჩენია, უფალს შეწყალება ვთხოვო!

_ დიდი ხანია, რაც ამას მიეჩვიე?

28.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

...ამისთვის ფულს მშობლები მაძლევდნენ.

ერთხელ სასწაულთმოქმედი ხატის თაყვანსაცემად ერთ ქალაქში წავედი. მიყრუებული გზა იყო, მრავალი ვერსი სტეპებსა და ტყეებზე გადიოდა, მაგრამ არაფრის მეშინოდა. მჯეროდა, იესოს ლოცვა ყოველგვარი უბედურებისგან დამიცავდა. აი, უკვე ვუახლოვდები ქალაქს, ხუთი თუ ექვსი ვერსის მოშორებით ის მოჩანს კიდეც. მეც გზიდან ტყეში, პირდაპირ მიმავალ ბილიკს გავუყევი. უცებ გზის მხრიდან ჩემთან მხედარი მოიჭრა, ცხენიდან ჩამოხტა, გამაჩერა და გამოკითხვა დამიწყო, საიდან ვიყავი და საით მივდიოდი. ვუპასუხე. მან კი ბღლარძუნი დამიწყო. "ოჰ, რას აკეთებ, თავი დამანებე!" საფულედან ცისფერი ასიგნაცია ამოიღო და შემომაძლია. არც ამაზე დავთანხმდი, გაქცევა მინდოდა. ძეწკვით მიბმულ დასაკეც დანას გაცოფებულმა დაავლო ხელი, გაშალა, მკერდზე მომაბჯინა და მითხრა: "ახლავე გაგიყრი!" საშინლად შემეშინდა. გავიფიქრე: "უფალო იესო ქრისტე, აი, შენი ლოცვაც ვეღარ მშველის"... მან ცხენის სადავე ქამარში ჩაიჩარა და ბღლარძუნი დამიწყო. დავიყვირე: "მარჩენალო, ღვიძლი მამობა გამოიჩინე! სარაფნის გახდა მაინც მაცალე, ახალია, ეკლესიაში ამით დავდივარ!" ის იყო სარაფანი გავიხადე და თავზემოთ მოვიქნიე, რომ ცხენი დაფრთხა, დაიფრუტუნა და მთელი ძალით გაქუსლა, იმ საწყალს კუნძებსა და ბუჩქებზე მიათრევდა სადავით.

ათონის მონასტრის ხელნაწერში:

მან ცხენის სადავე ქამარში ჩაიჩარა და ბღლარძუნი დამიწყო. დავიყვირე: "მარჩენალო, ღვიძლი მამობა გამოიჩინე! შემიწყალე, ცოდვისგან მიხსენი!" დასხლტომა ვცადე. უცებ ცხენი რაღაცამ დააფრთხო, დაიფრუტუნა და მთელი ძალით გაქუსლა, იმ საწყალს კუნძებსა და ბუჩქებზე მიათრევდა სადავით.

1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

გონზე რომ მოვედი, მისი კვალი უკვე აღარსად იყო. ღმერთს დიდი მადლობა შევწირე გადარჩენისთვის. დავრწმუნდი, თუ რამდენად ძლიერი და მხსნელია იესოს ლოცვა. ორიოდე ვერსი გავიარე და გზაზე საფულე ვიპოვე, საიდანაც იგი ლურჯ ასიგნაციას მაძლევდა. იქ კიდევ იყო რაღაც ქაღალდები და პასპორტი. აი, ქალაქში შევდივარ, ზედ კარიბჭესთან კი ხალხი და პოლიციელები არიან თავშეყრილნი. ცხენი დაბმულია და ცახცახებს, მთლად გაქაფულია, მიწაზე კი კაცი წევს, თავგატეხილი, მთლად დასერილი დანით, რომელიც ქამარზე ძეწკვით ეკიდა. მოვიდა ქალაქის პოლიციის უფროსი. გაჩხრიკა. წუხს, რა ქნას, არ იცის... "არ ვიცით, ვინ არის, საიდან"... მასთან მივედი და ვეუბნები: "მისი საფულე ხომ არ არის? შორიახლოს, გზაზე ვიპოვე. იქნებ, უბიდან ამოუვარდა"... პოლიციის უფროსმა საბუთები გამომართვა, ლურჯი ასიგნაცია და საფულე კი (ძველი და გაზეთილი) უკან დამიბრუნა და მითხრა: "დიდი მადლობა, რომ იგი გამოააშკარავე. ეს კი შენ - პოვნისთვის. კანონის მიხედვითაც დაკარგული ნივთებიდან მესამედი ხომ მპოვნელს ეძლევა". ასე წამოვედი. სასწაულთმოქმედ ხატს თაყვანი ვეცი და სახლში დავბრუნდი. რაც იესოს ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე, უკვე თამამად დავიწყე სიარული. ძალიან მომინდა ძველ იერუსალიმში წასვლა, მაგრამ, რადგან ჩემი მშობლები მდიდრები არ იყვნენ, წასასვლელი და უკან დასაბრუნებელი ფულიც არ მქონდა. ამაზე ვნაღვლობდი. ერთხელ ამგვარ ფიქრებში გართულმა პერანგის ამოსაღებად სკივრი გავხსენი. ის საფულე დავინახე, ქალაქის პოლიციის უფროსმა რომ მომცა. ვიფიქრე, ასეთი ძველი და გაზეთილი რაღაში დამჭირდება-მეთქი, და გადავაგდე. შემდეგ მისი დაჭრა მომაფიქრდა, იქნებ, რამეში გამომდგომოდა ძველი ტყავი. მის ფხრეწას შევუდექი და შიგ ჩაკერებული ხუთი ცალი ასმანეთიანი ასიგნაცია ვიპოვე. ისე გამიხარდა, ტირილიც კი დავიწყე. ამ ფულით იერუსალიმში წავედი. იქ ერთი წელი ვიცხოვრე და უკან დავბრუნდი. მას შემდეგ ყოველთვის ვამბობ იესოს ლოცვას და თავს ვინუგეშებ. სიბერეში დავსნეუდი...

29.    1881 წლის ყაზანის გამოცემაში:

ასევე შემთხვევა მომეცა, გამეგო, თუ რამდენად აშკარად და ცოცხლად შეიძლება განცხადდეს თვითარსებული იესო ქრისტეს სახელით აღვლენილი ლოცვის ძალა...


30. ათონის მონასტრის ხელნაწერში:

ხელნაწერში არის შემდეგი ბოლოსიტყვაობა:

 

შენიშვნა

წმინდა მამების სწავლების მიხედვით აქ აღწერილი გულისმიერი შინაგანი ლოცვის ხერხები გამოცდილ წინამძღვარს საჭიროებს, ვის გარეშეც საშიშია ორლესული მახვილის მსგავს ამ უდიდეს სულიერ ღვაწლთან შებმა. მაგრამ უფლის ბრძანების შესასრულებლად განუწყვეტელი ლოცვისთვის ყველამ უნდა ვაიძულოთ თავი: "ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა" (ლუკ. 22.46). ლოცვის დასაწყისი ყველასთვის ერთია, ისეთია, როგორც ამას მწირი ასრულებდა. ჩვენც ისე დავიწყოთ, როგორც მან დაიწყო და მას, "რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ" (1ტიმ. 2.4), ვთხოვოთ, ისევე მოგვმადლოს კეთილად განათლებული მოძღვარი, როგორც ეს მწირს უბოძა. ლოცვისთვის ყველაზე მტკიცე საფუძველი არის ღვთის ნებაზე სრულად მინდობა და უაღრესი თავმდაბლობა. რაც უნდა დიდი ღვაწლი გასწიოს ადამიანმა, თუნდაც მკვდარი აღადგინოს, თუ გაკადნიერდება და საკუთარ თავს მიაწერს რაიმეს, ყველაფერს დაკარგავს. უკლებლივ ყველაფერი ღმერთს უნდა მივაწეროთ, თანახმად მისი ნათქვამისა: "თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოან. 15.5). თავად ლოცვაში წვრთნის სურვილიც კი უკვე ღვთის საჩუქარია, ზეგარდმო მადლია, რადგან თვითონ ჩვენ ნიადაგ მივიდრიკებით ყოველგვარი ცოდვისკენ.

 

თარგმნა ტატიანა ცომაიამ
"მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან" - "საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. VI.
გამომცემლობა "ახალი ივირონი", თბილისი, 2008 წ.

 

გთხოვთ ნუ გადაბეჭდავთ ტექსტს დაუკუთხავად (საიტის ადმინისტრაცია)

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:14)