Georgian (Georgia)English (United Kingdom)

XX-XXI საუკუნეების საქართველო

სრულდებოდა XIX საუკუნე, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ქართველ ერს მოუწოდა, ფხიზლად იყავით, ის, რაც ხმლით მოსულმა მტერმა ვერ წაგვართვა საუკუნეთა მანძილზე, ახლა ჭკუა-გონებით და მოხერხებით მოსული წაგვართმევს, თუ მას ჭკუა-გონება, სიფრთხილე არ დავუპირისპირეთ. ილია ჭავჭავაძემ, როგორც "ღმერთთან მოლაპარაკე" ერის ჭირისუფალმა ზუსტად დაინახა XX საუკუნის რთული მომავალი.

XX საუკუნის დასაწყისში ქართველი ერის წინაშე კვლავ მწვავედ იდგა ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლების იდეალები. საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე კვლავ მხნედ იდგნენ სახელოვანი თერგდალეულები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე - რომელთა დაუღალავი ღვაწლით ქართველობამ აღიდგინა დაცემული მეობა, ეროვნული ღირსების გრძნობა და გარუსებისაკენ ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლით შეცვალა. "მამული, სარწმუნოება, ენა" ამ დროშის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულნი ამერ-იმერნი, მაგრამ XIX საუკუნის 90-იან წლებიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსული ახალი თაობა "მესამე დასელენი" თვლიდნენ, რომ სამშობლო, პატრიოტიზმი უნდა შეეცვალათ ინტერნაციონალიზმით და მსოფლიო მოქალაქეობით. ეროვნული თავისუფლების იდეა - სოციალური თავისუფლების იდეით. XX საუკუნის დასაწყისის სა¬ქართველოში თანდათან მკვიდრდებოდა ბრძოლა ზნეობრივი ნორმების გარეშე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების ასეთი სირთულის მიუხედავად 1905 წელს ქართველი სამღვდელოება მაინც შეიკრიბა თბილისში, ვერის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში და ხანგრძლივი დებატების შემდეგ 412 სასულიერო პირის ხელმოწერით მიიღო პეტიცია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი, პეტიციის ავტორები კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან უკანონოდ წართმეული საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, რუს ეგზარქოსთა ნაცვლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის დაწესებას. პეტიციაზე ხელის მომწერნი სასულიერო პირები საეკლესიო დროშებითა და ჯვარ-ხატებით გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე გამოვიდნენ. მათ სურდათ პეტიცია მიერთმიათ მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისათვის. როდესაც ეს ამბავი საქართველოს ეგზარქოსმა მთავარეპისკოპოსმა ალექსიმ (ოპროცკი), შეიტყო სასწრაფოდ დაუკავშირდა თბილისის პოლიციის უფროსს, გამოითხოვა კაზაკები და მათრახებით აცემინა სასულიერო პირები... ეს ამბავი გახმაურდა არა მარტო რუსეთის იმპერიაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ხელისუფლებამ უკან დაიხია. 1906 წლის იანვარში პეტერბურგში დაინიშნა რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც უნდა განეხილათ, რამდენად კანონიერი იყო ქართველი ხალხის მოთხოვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. სხდომებზე, რომელიც მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდნენ პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ეპისკოპოსები: კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე). მაგრამ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ მიუღებლად მიიჩნია ქართველი ხალხის მოთხოვნა. 1906 წელს თბილისში ახალ ეგზარქოსად მოავლინა თავისი რეაქციული შეხედულებებით ცნობილი მთავარეპისკოპოსი ნიკონი (სოფისკი), დაიწყო ქართველი ავტოკეფალისტი სასულიერო პირების დევნა-შევიწროება. სამშობლოდან გადაასახლეს და პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესეს ეპისკოპოს კირიონს, არქიმანდრიტ ამბროსის, გაძლიერდა რეაქცია, ტერორი. 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურთან მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ერთმანეთს დაემთხვა რუსეთის იმპერიული ძალებისა და ქართული გვარ-სახელის მქონე გადაგვარებული სოციალ-დემოკრატების ინტერესები. ილია ჭავჭავაძის მკვლელობით უნდა დაესამარებინათ საქართველოს ეროვნული და ეკლესიური თავისუფლების იდეა... 1914-1918 წლებში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი, საქართველო კავკასიის ფრონტისპირა ზონად გამოცხადდა. ეკონომიკური კრიზისი, ადამიანთა მსხვერპლი, სომეხთა გენოციდი ოსმალეთში და იქიდან გამოქცეულთა დამკვიდრება ქართულ მიწა-წყალზე... 1917 წლის 25 თებერვალი. რუსეთის იმპერიაში შექმნილი რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. 1917 წლის 12(25) მარტს ქართველი სამღვდელოება მცხეთაში შეიკრიბა, გადაიხადა რუსეთის იმპერიაში მშვიდობისათვის სამადლობელი პარაკლისი, წირვის დასასრულს კი გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა ამ დღისათვის საგანგებოდ გასანთლულ ეტრატზე დაწერილი ტექსტი:

"1917 წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი, და, შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობისა სავედრებლის პარაკლისის შესრულებისა, გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლისა მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთრივ მის მიერ სინიდისისა და სარწმუნოების თავისუფლებისა აღსარებაი (მუხლი 3). ამასთანავე განვბჭეთ, ვითარმედ: ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, ავტოკეფალური არსებობაი, რომლისა მოსპობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალედვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიურად შეწყვეტილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობაი; ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოის მართვა-გამგეობისაი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიისა უფლებაშეჩერებულად ყოფნაი; ამისთვის უცილობლად ვსცანით და ერთხმად და ერთსულად განვაჩინეთ:

ა) ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მმართველობაი; ხოლო, ვიდრე კანონიერად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოის ეკლესიისაი, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღდელო ლეონიდე, გურია-სამეგრელოის ეპისკოპოსი, და მასთან, განსაგებელად ეკლესიისა, დაწესდეს დროებითი მმართველობაი საქართველოის ეკლესიისაი, სასულიეროთა და საეროთა პირთაგან შემდგარი.

ბ) ვინაითგან საქართველო ქვაკუთხედად თვისისა არსებობისა აღიარებს სრულსა სოლიდარობას რუსეთისა ახალსა მთავრობასა თანა, განჩინებაი ესე ეცნობოს მთავრობის თავმჯდომარეს უფალს როძიანკოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს თავადს ლვოვს, სინოდის ობერპროკურორს უფალს ლვოვს და კავკასიის კომისარიატს-ტფილისში.
ხელს აწერენ:

1. იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი
2. ანტონი - ეპისკოპოსი გორისა
3. პიროს ალავერდელი
4. იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი, ნაზარი არქიმანდრიტი
5. დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე
6. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე
7. დეკანოზი კორნელი კეკელიძე
8. იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა
9. ანტონი ივანეს ძე ნატროშვილი
10. სოლომონ იასონის ძე ახვლედიანი
11. პეტრე სვიმონის ძე ბარათაშვილი
12. დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე
13. ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი
14. დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი
15. თედო სახოკია
16. მღვდელი ვასილ კარბელაშვილი
17. დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე
18. დავით ალექსის ძე დავითაშვილი
19. სერგი რომანის ძე გორგაძე
20. მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი
21. მღვდელი ლაზარე ნათიძე
22. იოსებ გიორგის ძე ივანიძე
23. ვასილ ალექსანდრეს ძე აბაშიძე
24. ევდოკია ზაქარიას ასული ხარებაშვილი
25. პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი
26. სოსიკო მერკვილაძე
27. ექიმი მარიამ იოსელიანი
28. მიხაილ ალექსანდრეს ძე მოლოდინი
29. პეტრე ტარიელის ძე ჩიკვაიძე
30. იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი
31. ანტონ გრიგოლის ძე ღლონტი
32. სტეფანე მიქელაძე
33. ნიკოლოზ ესტატეს ძე მონასელიძე
34. ალექსანდრე გიორგის ძე...
35. ალექსანდრე მიხეილის ძე ნასყიდაშვილი
36. მთავარდიაკონი გიორგი ტაბლიაშვილი
37. მღვდელი ონისიმე მელითაური
38. ნიკოლოზ ანტონის ძე ხახუტაშვილი
39. ბაბალე ბუჭყიაშვილი
40. ... ალექსანდრეს ძე სიმონიშვილი
41. მღვდელი გიორგი რომახაშვილი?
42. ანნა თულაშვილი
43. გიორგი მუსხელიძე;
44. არმაზის მღვდელმონაზონი მირიანი (ბექაური)
45. მღვდელი ნიკოლოზ ხეცურიანი
46. ალექსანდრე მიხეილის ძე გველაშვილი
47. ალექსანდრე გიორგის ძე ერისთავი
48. ვასილ ესტატეს ძე ყარსელიშვილი
49. იოსებ ... ძე გველესიანი
50. მიხეილ ვასილის ძე სეფაშვილი
51. მიხეილ გიორგის ძე იანვარაშვილი
52. თამარ კონსტანტინეს ასული გორგაძისა
53. ლუბა კონსტანტინეს ასული ეგაძე
54. ნინო ეგაძისა
55. დავით ალექსანდრეს ძე ყიფშიძე
56. ეკატერინე ყიფშიძე
57. ნინო კორინთლისა
58. დავით ელიზბარის ძე კორინთელი
59. ლუბა ალექსანდრეს ასული კლიმიაშვილისა
60. ლეონტი სვიმონის ძე კასრაძე
61. მღვდელი სამსონ ანტონის ძე ლეჟავა
62. დეკანოზი ალექსანდრე სიმონიშვილი
63. თავადი დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი
64. ანნა გიორგის ასული ახალშენიშვილი
65. მარიამ ვარდოსანიძე (სულ 3 ათასამდე ხელმოწერა).

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 111 წლიანი მონობის შემდეგ აღიდგინა უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია. 1917 წლის 17 სექტემბერს თბილისში გამართულმა I საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ეპისკოპოსი კირიონი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის სახელწოდებით. "არღარ ვართ მონა; არამედ აზნაურ" ასე დაიწყო მისი პირველი მიმართვა ქართველებისადმი. "ქართველმა ერმა დამადგინა მე, უღირსი, მწედ და საჭეთმპყრობელად ახლადაღდგენილ თავის ეკლესიისა. აღველ რა მცხეთის ძველ საპატრიარქო საყდარზე, მოგმართავთ ყველას მოციქულის სიტყვით: "მადლი უფლისა ჩუენისა, იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქუენ ყოველთა თანა." განმტკიცება ახლად აღდგენილ ეკლესიისა მის ისტორიულ უფლებათა ფარგლებში, აი პირველი საზრუნავი ჩემი. ასი წლის მონობის გამო შეირყა საქართველოს ეკლესიის მწყობრი ცხოვრება, ერის გულთან შეთანხმებული, დაირღვა კავშირი, გაქრა სული ცხოველი, განთავისუფლებული ეკლესია, პირველ ყოვლისა, განახლებულ უნდა იქნეს. თანამედროვე ცხოვრების საჭიროებათა მიხედვით ყოველ სფეროში და ესრეთ განცხოველებული კვლავ დაუბრუნდეს ერის მთლიან გვამს, რათა ვიყვნეთ ყოველნი ერთ გვამ და ერთი ორად ვიღვწოდეთ საერთო წარმატებისათვის. ღელავს და ბობოქრობს მსოფლიო ზღვა, მრისხანედ გუგუნებს ცეცხლი მსოფლიო ომისა, რომელსა შინა "ქვეყანაი და საქმენი მისნი დაწვად განმზადებულან." ეხლა უნდა გამოიჭედოს და გარდაიქმნას ბედი სხვადასხვა ქვეყნებისა. განსაკუთრებით კი პატარა ერებისა. ეკლესია მუდამ უდგა დარაჯად ქართველი ერის მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ის იყო ერთგვარი დროშა, რომლის ქვეშ ღვიოდა  ნაპერწკალი  ქართველთა  სოლიდარობის იდეისა. ტყუილად კი არ ამბობდა ცნობილი გიორგი მერჩულე "ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ჟამი  შეიწირვის  და ლოცვაი ყოველი  აღესრულების."  თუ ასე იყო ძველად, დღესაც ვალად ადევს ჩვენს ეკლესიას ემსახუროს ამავე იდეას და მედგრად აუწყოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა; მან უნდა ხელი შეუწყოს ჩვენს განმტკიცება-გაერთიანებას რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენ ვიპოვოთ შესაფერისი და დამსახურებული ადგილი. აი, მეორე საზრუნავი ჩვენი.

ჩვენი ეკლესიის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ ის არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო დამოუკიდებლობის გამწვავებულ იარაღად და ფანატიზმის დამყარების მიზეზად. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ქართული სახარება და მუსლიმანთა ყურანი ერთსა და იმავე საპატიო ადგილს პოვებდნენ წიაღსა შინა გვირგვინოსან ჩვენი წმინდანისა: ეკლესია იყო ერთი მიზეზი იმისა, რომ ყველა უცხო ტომი ჩვენში ჰპოულობდა მეორე სამშობლოს და ბევრი მათგანი საქართველოს ეკლესიის წმინდანთა შორისაც კი აღირაცხა. ერთაშორის სოლიდარობის დამყარება და განმტკიცება ეხლა უნდა მორიგ საკითხად ჩაითვალოს, განსაკუთრებით კავკასიაში, სადაც ამ სოლიდარობას ხელოვნურად არღვევდნენ, ხშირად ძველი საეკლესიო რეჟიმის საშუალებითაც (იგულისხმება ეგზარქოსობის ხანა ს.ვ.). განახლებული ქართული ეკლესია მიზნად ისახავს კვლავ წამოაყენოს ბევრისგან დავიწყებული ლოზუნგი: "ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს და ჩვენ ყოველთა შორის." და ამ ნიადაგზე ყველა მეზობელ ერს ძმურ, შემოქმედებითი მუშაობისაკენ მოუწოდოს. აჰა, მესამე საზრუნავი ჩვენი.

ახლა თვალი გადავავლოთ ჩვენს, ქართველი ერის შინაურ ცხოვრებას, რას დავინახავთ? ხალხს, ჯეროვან სწავლა-განათლებას მოკლებულს და ამის გამო ეკონომიკურად გაღატაკებულს და სოციალურად დაბეჩავებულს. ჩვენი ძველი კულტურა და სწავლა-განათლება ეკლესიათა კედელ შუა აღმოცენდა. აქ პოულობდნენ ჩვენი წინაპარნი სულიერ საზრდოს და ქვეყნიურ კეთილდღეობის საზომს. ნუვინ იტყვის, რომ ეკლესიამ თავისი დრო მოჭამა, რომ ის ახლა არა კულტურული, არამედ ანტიკულტურული ძალაა. მას კვლავ შესწევს იმდენი ძალა, რომ ხალხს ემსახუროს და გაუნათოს მას გზა უმჯობესი ცხოვრებისა. მღვდელი დღესც ერთადერთი კულტურული ძალაა სოფელში და ჩვენი განახლებული ეკლესიის საზრუნავია, ეს ძალა ჯეროვან კალაპოტში ჩააყენოს, ხელი აღუპყრას დაბეჩავებულ ხალხს და დედობრივი გულშემატკივრობით უთხრას მას: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვითრთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ." ჭეშმარიტად, როგორც ხედავთ, "ფრიად არს სამკაული," ვსასოებ რომ მე უძლურმან, მაგრამ ღვთის კურთხევითა და თქვენის დახმარებისა და თანაგრძნობის იმედით განძლიერებულმან კეთილად განვლო მოღვაწეობა ჩემი და ჩემი სიცოცხლის დღეებამდე ვემსახურო ურიცხვენელითა სამსახურითა ჩემს მომწოდებელ ერს. "ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ, უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). (1,69-70).

1918 წლის 26 იანვარი ზამთრის ჩვეულებრივი, სუსხიანი დღე გათენდა თბილისში, ვაკეში, მაშინდელი წყნეთის ქუჩის პირველ ნომერში, სადაც სათავდაზნაურო გიმნაზიის შენობა იდგა, ხალხმრავლობა იყო. ყველანი ღელავდნენ და გრძნობდნენ, რომ თანამონაწილენი იყვნენ დიდი ისტორიული მოვლენისა, 9 საათსა და 30 წუთზე აქ მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. მას თან ახლდნენ დეკანოზები: კალისტრატე ცინცაძე, კორნელი კეკელიძე. უწმიდესმა პატრიარქმა სათავადაზნაურო გიმნაზიის ეკლესიაში სამადლობელი პარაკლისი აღავლინა თბილისის უნივერსიტეტის გახსნის გამო. და ამ სიტყვებით მიმართა ახლადდაფუძნებული ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს. "სულითა და გულით ვისურვებ, რომ ამ ჩვენ ქართულ ნორჩ უნივერსიტეტში მალე გახსნილიყოს ყველა განზრახული ფაკულტეტი და მიჰმატებოდეთ მათ საღვთისმეტყველო ფაკულტეტიც, როგორც ეს დასავლეთ ევროპაში არის მოწყობილი." (10,225). შემდეგ სიტყვებით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი, ახლადდაფუძნებული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი. თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა იმ დროს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ბოლშევიკურმა რუსეთმა სამხრეთის ფრონტზე მოხსნა სამხედრო ნაწილები და ამიერკავკასიის ხალხები პირისპირ შეატოვეს რუსეთის მოწინააღმდეგე თურქეთს. იყო თბილისის ოკუპაციის საშიშროებაც, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა არ შეჩერებულა... 1918 წლის 26 მაისს ყოფილი მეფისნაცვალის სასახლეში შეკრებილმა ეროვნულმა საბჭომ მიიღო "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი: "მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიდ დაიშალა და რუსეთის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. დარჩნენ რა თავისი ძალ-ღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამის თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობისა მიერ, აცხადებს: 1. ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. 4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. 5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს. 7. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შეფასებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე." (11,3-4)

XX საუკუნის დასაწყისის ამ სამმა ისტორიულმა მოვლენამ უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის სულიერი და ინტელექტუალური აღორძინების საქმეში, მაგრამ სიხარულს, აღმაფრენას ყოველთვის თან სდევდა მწუხარებაც და სასოწარკვეთილებაც. ისტორიას ხშირად უყვარს პარადოქსები. საოცარი იყო, რისთვისაც და ვინც მოკლა ილია ჭავჭავაძე, ის პოლიტიკური ძალა მოგვევლინა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის სათავეებთან. წვრილმანი პარტიული ინტერესები, ისევ ინტერნაციონალიზმის იდეებით გატაცება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ ანჩისხატში ქადაგებისას ზუსტად დაახასიათა შექმნილი ვითარება: "ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდან თვალყურს გადევნებდით, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვამხრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია." (4,28).

ხელახლა დაბადებას, სულიერ განწმენდას დრო და პირობები სჭირდებოდა, სამწუხაროდ მის უწმიდესობას ეს არ დასცალდა, 1918 წლის 27 ივნისს იგი მოკლული იქნა მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში...

სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს აყალიბებდა, სადაც პატრიოტიზმს ინტერნაციონალიზმი ცვლიდა, მათთვის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაცია იყო. მთავრობის საკანონმდებლო აქტებით ეკლესია და სახელმწიფო განცალკევებულ იქნენ, მაგრამ ეს განცალკევება მოხდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. "ჩვენი მთავრობა სოციალისტურია და პრინციპიალურად ვერ შეგუებია ეკლესიას - წერდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას - თანახმა ვარ, დიახაც ნუ შეეგუებიან ურთიერთს ეკლესია და სოციალისტები, დროზე დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ განშორებაშიაც სავალდებულოა სამართლიანობა და ჩვენც მარტო სამართლიან გაყრას ვთხოულობთ სახელმწიფოსაგან, სხვა არაფერს" (3,27).

საერო ხელისუფლებამ ეკლესიას ჩამოართვა სახნავ-სათესი მიწები, დაიწყო ეკლესია-მონასტრებიდან სიწმინდეების გატანა. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე 1920 წლის 28 ნოემბერს აღელვებული მივიდა მთავრობის სასახლეში და სასწრაფო აუდენცია ითხოვა მთავრობის თავმჯდომარესთან: "ბატონო ნოე ნიკოლოზის ძევ! თქვენს წინ დგანან საქართველოს თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკლესიის თავი, ამ ეკლესიის მუდმივი საღმრთო კრების წევრები და ამ სამი დღის წინ დასრულებული მცხეთა-თბილისი-ურბნისის საეპარქიო კრების დელეგატთა წარმომადგენლები. ამ შემადგენლობით მოვედით თქვენთან იმ მიზნით, რომ განგიმეოროთ ჩემდა, საეკლესიო უზენაესი ორგანოს და ქუთაისის მღვდელმთავრის დაუკითხავად თქვენს რწმუნებულს გადუზიდნია გელათიდან ქუთაისის ხაზინაში, ვითომდა დასაცველად, ჯვრები, ხატები, წმიდა ნაწილები და სხვა. 25 ნოემბერს ტელეფონოგრამით გთხოვეთ განკარგულება მათი უკანვე დაბრუნების შესახებ, თქვენ აღმითქვით დამაკმაყოფილებელი პასუხის მიცემა რწმუნებულის დაბრუნების შემდეგ, მაგრამ მე ასეთი არ მიმიღია, თუმცა თქვენი რწმუნებული დიდი ხანია დაბრუნდა თბილისში. ამის გამო მე გიცხადებთ უღრმეს გულისწყრომას და უსასტიკეს გაკიცხვას. ნოე ჟორდანია -  მე მეგონა თქვენ საქმეზე მოსალაპარაკებლად მობრძანდით და არა გულისწყრომის გამოსაცხადებლად. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე - ჩვენ სწორედ იმისათვის მოვედით, რომ დამოუკიდებელი ეკლესიის სახელით მოგვეთხოვა თქვენი რწმუნებულის მიერ გელათის მონასტრიდან წაღებული ნივთების უკან დაბრუნება. ნოე ჟორდანია - საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალი არ არის, ის ჯერ სახელმწიფოსგან გამოუყოფელია, ვერ შევქმნით სახელმწიფოს სახელმწიფოში. რაც შეეხება საეკლესიო ნივთებს, ისინი შეადგენენ სახელმწიფოს საკუთრებას და სახელმწიფოს საქმეა, სად შეინახავს მათ... უნდა იცოდეთ, ვისთან მიდიხართ. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე-თქვენ უფლება გაქვთ, ციხეშიდაც ჩამსვათ, მე ვასრულებ ჩემს საღმრთო მოვალეობას, ჩვენ მხოლოდ ის გვინდოდა გაგვეგო, რომ საეკლესიო სიწმინდეებს თქვენ თვლით სახელმწიფო საკუთრებად... მშვიდობით ბრძანდებოდეთ..." (12, 194).

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ, შექმნეს საოკუპაციო რეჟიმის უმაღლესი ორგანო რევოლუციური კომიტეტი - რევკომი, დაიწყეს ქართველი პატრიოტების დევნა-ლიკვიდაცია. 15 აპრილს მიიღეს საგანგებო დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადეს. "არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არ აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად." (8, 59). ამ დროისათვის საქართველოში იყო 1450 მოქმედი ეკლესია, 25 მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 1600 სასულიერო პირი... ბოლშევიკებმა დაანაწევრეს საქართველო. აქ შექმნეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, შიდა ქართლის ტერიტორიაზე - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. თურქეთს გადასცეს ისტორიული ტაო-კლარჯეთი, აზერბაიჯანს - საინგილო, სომხეთს - ლორე-ტაშირის რაიონი, რუსეთის ფედერაციას - სოჭის რაიონი. საქართველო გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციაში და მისი მეშვეობით 1922 წლის 30 დეკემბერს ახალ, მოდერნიზებულ ბოლშევიკური რუსეთის იმპერიაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი უწოდეს. 1921-1922 წლების ოკუპირებული საქართველოს სურათი ასეთია: "წითელ არმიას საქართველოდან ყოველდღე მიაქვთ აუარებელი სიმდიდრე, ნადავლი. არც ჩვენი "კომუნისტები" აკლებენ ხელს სამშობლოს ძარცვა-გლეჯას. ჩვენმა უბედურმა, უგუნურმა ბოლშევიკებმა ფ. მახარაძემ, ს. ორჯონიკიძემ, მ. ორაშელაშვილმა, ბ. მდივანმა, შ. ელიავამ და სხვებმა ჯერ ვერც გაიაზრეს რა უმაგალითო ღალატში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჩვენს ისტორიას. საქართველოს გადასახდელად 50 მილიარდი კონტრიბუცია დააკისრეს, გაყვლიფეს ყველაფერი... ყოველ ღამობით დიდძალი ხალხი იხვრიტება. თვითონ "კომუნისტები" კი კარგად ჩაცმულ-დახურულნი, მშვენიერ სასახლეებში გამოჭიმულნი, ყოველ დღე-ღამე ლხინში ატარებენ დროს." (13, 11245, 59).

დაიწყო არნახული შეტევა ქართულ ცნობიერებაზე, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს, შეურაცყოფნენ სასულიერო პირებს, იძულებით ახდენდნენ მათ განმოსვას, ხოლო ურჩებს ე.წ. სამეულის (ტროიკა) გადაწყვეტილებით ადგილზე ხვრეტდნენ. ამ ვითარებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ დახმარებისათვის მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოებს. "ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება. თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტი, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე! ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლით და ძვლებით გაპოხიერებულ  მიწა-ტყეს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ, მათი წყალობით ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლითა და ოფლით მოწეულ სარჩოს და გაუგებარის სიჩქარით ისევ უცხოეთში (რუსეთში) მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას. დასასრულ, უბღალავენ წმინდათა-წმინდას, სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ. ნებას არ აძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება. მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია, მისი ეკლესია, ეს ძველის ძველთავე ფაქტორი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია." (4, 152-154).

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, საკათოლიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობა გაასამართლეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ქვეყანაში დაიწყო დიდი საბჭოური ექსპერიმენტები: ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კულტურული რევოლუცია. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ უარყო კლასიკური კულტურა, მწერლობა, მეცნიერება, დაიწყო ქართული მეცნიერების, კულტურის ღირსეული წარმომადგენლების დაპატიმრება, სასამართლო პროცესები, დახვრეტები. სამაგიეროდ აღზევდნენ უნიჭო მედროვენი...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის გარდაცვალების შემდეგ (1927 წ. 29 მარტი). ახალმა პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ, რომელიც ცნობილი იყო ბოლშევიკურ საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, სურვილით გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსი. სცადა ამ გზით შეეჩერებინა ხელისუფლების ანტირელიგიური ისტერია, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, სასულიერო პირების დაპატიმრება-გასამართლება, მაგრამ რეალურად ვერაფერი შეცვალა... მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს, კალისტრატეს - ასობით დახურული ეკლესია, დახვრეტილი ან დატუსაღებული სასულიერო პირები, მრავალრიცხოვანი გადასახადებით დამძიმებული საქართველოს ეკლესია. "გათენდა 1933 წლის აღდგომა (17 აპრილი). ცივი, წვიმიანი ქარიანი, "არსაიდან ხმა! არსით ძახილი!" სადღაა "აღდგომის ჟრიამული!" ან შუა ღამე რო გადავიდა" არც "ზარის რეკა ამტყდარა", არც "ზარბაზანს დაუჭექია!" რაღაც თითქოს სამგლოვიარო ზეწარი გადაჰფრენია ამ ჩვენს დედაქალაქს და საერთოდ საქართველოს! მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს კუთხეში ამოჰხადეს ეკლესიას ენა! სხვაგან ჯერ კიდევ გაისმის ზარის ხმა... თბილისის სიონში კაი ძალი ხალხი შეკრებილიყო, დიდძალი ბიჭ-ბუჭობა, სააგიტაციოდ, სამასხარაოდ, აღდგომის გასამასხრებლად. როდესაც კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ტიკირ-დიკირით ხელში, ხალხისათვის "ქრისტე აღსდგა" მიულოცია, ხალხიდან ბიჭ-ბუჭებს შეუძახნიათ მისთვის "ისე მამაშენი აღსდგა, როგორც ქრისტე აღსდგაო!" წერდა დამწუხრებული დეკანოზოყოფილი ნიკიტა თალაკვაძე. ასეთ რთულ, გაუსაძლის ვითარებაში რა უნდა გაეკეთებინა უწმიდეს კალისტრატეს? 1. ოფიციალური საკანონმდებლო დოკუმენტების მეშვეობით, რომელნიც ფორმალურად მაინც აღიარებდა რწმენის თავისუფლებას, დაეწყო ბრძოლა ადმინისტრაციული წესით ეკლესია-მონასტრების ნგრევისა და ძარცვის პროცესის შესაჩერებლად. 2. შეემსუბუქებინა სასულიერო პირებისა და ეკლესიებისათვის მკაცრი სადაგადასახადო პოლიტიკა. 3. შეენარჩუნებინა საბჭოთა ხელისუფლებასთან დიალოგი და თანამშრომლობა. 4. ეზრუნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურიდიული სტატუსის დასაბრუნებლად, მისი საერთაშორისო აღიარებისათვის. 5. ხელი შეეშალა ხელისუფლების სააგიტაციო პოლიტიკის წყალობით ეკლესიასა და საზოგადოებას შორის გაუცხოების პროცესისათვის. ასეთ დროს მცირე წარმატებაც გმირობა იყო. დანგრევას გადაურჩა მეტეხისა და ქაშუეთის ეკლესიები, ადმინისტრაციული წესით დასახურად მომზადებული იყო თბილისის სიონი და მცხეთის სვეტიცხოველი

1941 წლის 22 ივნისს გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმამ შეაჩერა ეს პროცესი...

ხელისუფლებამ დროებით, მაგრამ მაინც შეცვალა საეკლესიო პოლიტიკა, ეკლესიას დაუბრუნა იურიდიული სტატუსი. თავის მხრივ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხელისუფლებას უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკიდურესად შემცირებული მრევლი, 15 მოქმედი ეკლესიითა და 40-მდე სასულიერო პირით საქართველოს ეკლესია სულს ლაფავდა როგორმე იქნებ გადავრჩეთ, როგორმე იქნებ შევინარჩუნოთ ეკლესია - წერდა უწმიდესი კალისტრატე თავის უბის წიგნაკში. დამთავრდა ომი, საბჭოთა კავშირი ზეიმობდა თავის გამარჯვებას, ხელისუფლებამ ეკლესიაზე კონტროლისათვის შექმნა რელიგიის საქმეთა კომიტეტი, რომელსაც თავისი რწმუნებულები ჰყავდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში (1945 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი). რწმუნებულები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ. მათთან შეუთანხმებლად ეკლესიის მეთაურს უფლება არ ჰქონდა ეკურთხებინა დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი...

XX საუკუნის 50-60--იან წლებში, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს კიდევ გამკაცრდა ეკლესიებზე, სასულიერო პირებზე კონტროლი, გაიზარდა გადასახადები... 1956  წლის 9 მარტს თბილისის ქუჩებში გამოსულ ათასობით ქართველს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით ქვემეხებიდან, ტანკებიდან ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ასობით ადამიანი...

დიდ მსხვერპლს, დიდ მწუხარებას მოჰყვა დიდი გამოღვიძება. როგორც XIX საუკუნის სახელოვან სამოციანელებს შეეძლოთ ეამაყათ იმით, რომ იყვნენ 1832-იანელთა იდეების გამგრძელებელნი, XX საუკუნის 50-60-იანელებს შეეძლოთ ამაყად ეთქვათ, რომ 20-30-იან წლებში სამშობლოსათვის მსხვერპლად შეწირულ მამულიშვილთა უკვდავი საქმის გამგრძელებლები იყვნენ... საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ამ დროს თავის თავში იყო ჩაკეტილი და თავისი პოზიციის დაფიქსირებას ვეღარ ახერხებდა. ასე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების მელქისედეკ III-ის (1952-1960 წ.წ.) ეფრემ II-ის (1960-1972 წ.წ.) დროს. საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას არ ჰქონდა ოფიციალური ჟურნალი, სასულიერო სასწავლებელი, იურიდიულად არსებული 15 ეპარქიიდან რეალურად მოქმედი იყო 5-6 ეპარქია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ რუსეთის ეკლესია აღიარებდა (1943 წლიდან). 1963 წელს დიდ მოვლენად ჩაითვალა მცხეთაში ჯერ ორწლიანი სამოძღვრო კურსების, ხოლო 1965 წლიდან სასულიერო სემინარიის ამოქმედება. ძველი თაობის სასულიერო პირები თანდათან ტოვებდნენ სამოღვაწეო ასპარეზს, ახლები კი არ ჩანდნენ. "აი, ყველა მოხუცებულები მივდივართ და შემცვლელი აღარავინ რჩება... რაზე გაურბის ქართველი ერი თავის მშობლიურ ეკლესიას და საყვედურით ეკიდება? განა იმიტომ, რომ ღვაწლი მიუძღვის სამშობლოსა და ერისადმი" (7, 38.) - გულისტკივილით წერდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. "დიადი საბჭოთა ქვეყანა." რომლის ნაწილი იყო საქართველო, საბჭოთა იდეოლოგიების მტკიცებით კომუნიზმს აშენებდა. კომუნიზმის მშენებელი ხალხი თავისუფალი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი რელიგიური "გადმონაშთებისაგან". კომუნიზმი გულისხმობდა ღრმა ინტერნაციონალიზმს, ეროვნულ ნიჰილიმზს. მკაცრად იდეოლოგიზირებული მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება იყო. მიუხედავად ამისა, XX საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველოში ძალებს იკრებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. XX საუკუნის "თერგდალეულებმა" რთული, მძიმე, მაგრამ საპატიო მისია იკისრეს - დაემსხვრიათ მიწიერი ბელადების კულტი, დაებრუნებინათ ჩვენი ხალხი კლასიკურ მემკვიდრეობასთან, საქართველოს ისტორიულ წარსულთან, ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან შერისხულ - მტრებად შერაცხილ ნამდვილ პატრიოტთა საქმეებთან. თუ პირველ ხანებში ხელისუფლებისაგან დისიდენტებად შერაცხილთა იდეებს საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი თანაუგრძნობდა, დროთა მანძილზე მათი რიცხვი თანდათან იზრდებოდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უმძიმეს ვითარებაში იყო. თითქმის არ იყო ახალგაზრდა განათლებული სასულიერო პირები, მძიმე ვითარება ჰქონდა მას მატერიალურადაც. საქართველოს საპატრიარქო სამსახურები კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით ოთხ ოთახიან სახლში იყო შეხიზნული...

1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V. 10 ნოემბერს წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოარჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 44 წლის ილია ღუდუშაური-შიოლაშვილი... 23 დეკემბერს, მე-12 საეკლესიო კრების დღეს, როდესაც სიონის საპატრიარქო ტაძარში ირჩევდნენ ახალ პატრიარქს, თბილისიდან მოსკოვში საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერის, სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე ასეთი შინაარსის დეპეშა გაიგზავნა: "ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ მოიხსნას მისი კანდიდატურა." (9, 126). 1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთის უძველეს საპატრიარქო ტაძარში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. სრულდებოდა ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსაყდრება). ტაძარში ძირითადად ახალგაზრდობა იყო. ყველანი ვგრძნობდით, რომ ისტორიული წამების თანამონაწილენი ვხდებოდით. `ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოის სამწყსოვ - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმიდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხლს ვიყრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას. თავს ვხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალა და გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს. ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი. იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ ეკლესიის მომავალი საქმიანობა, შინაგანი მთლიანობა გვჭირდება... შევთხოვოთ ღმერთს, რომ წაგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთავის, არამედ სარწმუნოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა." (43, 1, 6).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საერო ხელისუფლებისაგან უკიდურესად შევიწროებული სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. ამ დროს მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა 50-ს, ხოლო სასულიერო პირთა 70-ს აღწევდა. იურიდიულად მოქმედი 15 ეპარქიიდან რეალურად მოქმედი იყო 6, სინოდის მმართველი მღვდელმთავრები თბილისის ეკლესიების წინამძღვრები იყვნენ: ბოდბელი - პატარა სამების, თეთრიწყაროელი - ალექსანდრე ნეველის, მანგლელი - დიდუბის, ურბნელი - ქაშუეთის, წილკნელი - მცხეთის სვეტიცხოვლის. ეკლესიას არ ჰყავდა მრევლი, საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ოფიციალური ჟურნალი, ქართულენოვანი სასულიერო წიგნების გამომცემლობა, უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, საქართველოს ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას არ აღიარებდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო, გაწყვეტილი იყო კავშირი საზოგადოებისა და ეკლესიას შორის, ჩამკვდარი იყო სამონასტრო ცხოვრება. საერო ხელისუფლების იდეოლოგიური სამსახურები დაუფარავად აცხადებდნენ ქრისტიანული რელიგია თანდათან კარგავდა თავის ფუნქციას და მხოლოდ ხანდაზმული ადამიანების მანუგეშებელიაო. XX საუკუნის 70-იან წლებში აღარ ერიდებოდნენ იმის აღნიშვნას, რომ ესწრაფოდნენ საქართველო გამხდარიყო მასობრივი ათეიზმის რესპუბლიკა. ასეთი იყო XX საუკუნის 70-იანი წლების მკაცრი რეალობა, როდესაც უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაიწყო მოღვაწეობა. პატრიარქმა თავის პირველ საახალწლო ეპისტოლეში ამ სიტყვებით მიმართა სამწყსოს: "სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, რომელიც ამაღლებს კაცის გულსა და გონებას. იგი ხიდი არის მიწიდან ცისაკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე... ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისაკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას, რომელიც უნდა აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა, მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი ცხოველმყოფელი წყალი, დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისაგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად." (9, 144). კომუნისტური იდეოლოგიისაგან  სულშეხუთული ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდობისათვის სიონის საპატრიარქო ტაძარი, სვეტიცხოველი, სადაც მისი უწმიდესობა წირავდა და ქადაგებდა იქცა ერთგვარ ოაზისად, სადაც შეგეძლო ზიარებოდი მარადიულ ჭეშმარიტებას, სამშობლოს სიყვარულს.

1978 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა საპატრიარქოს ოფიციალური ფერადი ილუსტრირებული ჟურნალი "ჯვარი ვაზისა", დაიწყო ყოველწლიური კალენდრის წიგნად გამოცემა, დაიბეჭდა ლოცვანი, ფსალმუნი, შეიქმნა მეცნიერთა ჯგუფი, რომელსაც უნდა მოემზადებინა ბიბლიის სრული ტექსტის გამოცემა. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი ღვაწლით 1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების აღორძინების რთული პროცესი. მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, პატრიარქმა იურიდიულად მოქმედ 15 ეპარქიაში გაგზავნა ახლადნაკურთხი ახალგაზრდა მღვდელმთავრები, ამოქმედდა საკათედრო ტაძრები... 2010 წელს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში 37 ეპარქიაა თავისი მმართველი მღვდელმთავრებით, 2000-მდე მოქმედი ეკლესიით, 70-მდე მონასტრით, 2000-ზე მეტი სასულიერო პირით. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლით აღსდგა კავშირი საზღვარგარეთულ ქართულ სამონასტრო ცენტრებთან (ათონი, იერუსალიმი, პეტრიწონი), უცხოეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან (ფერეიდანი, თურქეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, ჩრდილო კავკასია, საფრანგეთი).

XX საუკუნის 70-იანი წლების საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რესპუბლიკის სოციალურ-პოლიტიკურ თუ სულიერი ცხოვრების სფეროს შეეხებოდა, მოსკოვში მიიღებოდა. ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახით მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებების აღმსრულებელნი იყვნენ. იმპერიის ცენტრში ყოველთვის ცდილობდნენ, ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკებში მათთვის მორჩილი და სანდო პირები ჰყოლოდათ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მაგრამ მათი კონტროლისათვის ყველა საკვანძო თანამდებობის მეორე პირი აუცილებლად რუსი, სომეხი, აზერბაჯანელი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო. საქართველოს რესპუბლიკის ქალაქების, ადმინისტრაციული ცენტრების სიახლოვეს იყო XI საოკუპაციო ჯარის მემკვიდრე, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილების დისლოკაციის პუნქტები, რომელნიც საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებდნენ მოსკოვიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად. ინტერნაციონალიზმის დროშით მიმდინარეობდა შეტევა ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე, საქართველოს ისტორიაზე. იდეოლოგიური სამსახურები მკაცრად აკონტროლებდნენ მხატვრულ ლიტერატურას, მუსიკას, ისტორიული შინაარსის მონოგრაფიებს და პატრიოტიზმის გამოვლინებას ნაციონალიზმად, სოციალისტური სინამდვილისათვის მიუღებლად მიიჩნევდნენ. 1970 წელს ისტორიკოსმა უშანგი სიდამონიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია XX საუკუნის პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელშიც ავტორი შეეცადა ობიექტურად წარმოეჩინა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროგრამა, მიზნები, მათი საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის სპეციალურმა ბიუროს სხდომამ გააუქმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მინიჭებული ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. დისერტანტს და ოპონენტებს პარტიული სასჯელი დაადეს.

1979 წელს პოეტ მუხრან მაჭავარიანის რედაქტორობით გამოიცა საყმაწვილო კალენდარი, რომელიც ბავშვებისათვის გასაგები ენით, მარტივად მოგვითხრობდა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე, ქართველ მეფეებსა და სასულიერო პირებზე. საქართველოს კომკავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა დაგმო კალენდრის გამოცემა და შემდგენელები სამსახურიდან გააძევა. 1976 წელს მოსკოვიდან მოვიდა განკარგულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რესპუბლიკის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ სექტორებზე ზოგიერთი საგნის რუსულ ენაზე წაკითხვის შესახებ, რასაც მოჰყვა ქართველ მეცნიერთა მძაფრი პროტესტი. 1978 წლის დასაწყისში მაშინდელ პრესაში განსახილველად დაიბეჭდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელშიც ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, აღარ იყო... საზოგადოების, ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთება, პასუხისმგებლობა წარსულის და მომავლის მიმართ დღევანდელისაგან განსხვავებით დიდი იყო.

1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა იმპერიისათვის უჩვეულო მოვლენა იყო თბილისში ახალგაზრდობის, ინტელიგენციის წარმომადგენელთა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია დედაენის კონსტიტუციური უფლების დასაცავად. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იყო ერთადერთი დამოუკიდებელი ეროვნული ორგანიზაცია, რომელმაც XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მრავალი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა თავისი სახე. ქართველი ხალხის იმ ნაწილისათვის, ვისთვისაც ძვირფასი იყო თავისი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი, იმედის თვალით შესცქეროდა იმ სასიკეთო ცვლილებებს, რომელნიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაიწყო ახალგაზრდა, ენერგიულმა, სულიერმა წინამძღოლმა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს: "ჩვენმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის საქმეში. ჩვენმა ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი მოღვაწეობა... როდესაც ეკლესიაში ინგელიგენციისა და ახალგაზრდობის¬ მოსვლის შესახებ ვსაუბრობ, მინდა გავმარტო, ამის მიზეზი იყო არა იმდენად რწმენა, რამდენადაც ძიება რწმენისა. მათ უკვე აღარ სწამდათ კომუნისტური იდეებისა ეკლესიას მოაშურეს, რწმენა და სულიერება მათ ეკლესიამ მისცათ." (9, 285-286).

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. საქართველოში ეროვნული გამოღვიძებისა და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების აღდგენის იდეამ მოიცვა საზოგადოების უმრავლესობა. საბჭოთა იმპერიის შენარჩუნების სურვილმა დემოკრატიისა და თავისუფლების ლოზუნგს ამოფარებულ საბჭოთა სახელმწიფოს უმაღლეს პარტიულ ხელმძღვანელობას უკარნახა სამხედრო ძალით ჩაეხშოთ მოკავშირე რესპუბლიკებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ძალის გამოყენებით დაშალეს საპროტესტო აქცია, მოხდა ტრაგედია, დაიღუპნენ ადამიანები, იყვნენ გაზით მოწამლულნი... უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი განსაცდელის ჟამს თავისი სამწყსოს გვერდით დადგა. "ღამის 3 საათზე მე მივედი მთავრობის სასახლესთან და იქ მყოფნი გავაფრთხილე, რომ საშიშროება რეალურია, ვთხოვე სალოცავად შესულიყვნენ იქვე ახლოს მდებარე ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, ისინი არავის ემუქრებოდნენ და ამიტომაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ დუბინებს, ნიჩბებს და მომწამვლელ გაზს გამოიყენებდნენ. თუმც არ ვიცოდი რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ საშინელმა წინათგრძნობამ მომიცვა და გადავწყვიტე, მათთან ერთად დავრჩენილიყავი, რომ მათი ხვედრი გამეზიარებინა." (9, 286-289). იხსენებდა მისი უწმიდესობა 1989 წლის 9 აპრილის ღამის ამბებს.

9 აპრილის მოვლენებმა დააჩქარა კომუნისტური იდეოლოგიის სრული კრახი ქართულ სინამდვილეში და ეროვნულ ძალებს საშუალება მისცა დამაჯერებელი გამარჯვებით, ხმათა უმრავლესობით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ. 1990 წლის 14 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს სერია, რომელმაც ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. გამოცხადდა საბჭოთა იმპერიიდან საქართველოს განთავისუფლების გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა... ამ საზეიმო დღეს ზვიად გამსახურდიამ მიულოცა რა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ეიფორიაში მყოფთ შეახსენა - დღეიდან იწყება ჩვენი ქვეყნის გოლგოთა-ო. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, თავისუფლებისაკენ სწრაფვის საზღაური იყო სამოქალაქო ომი (1991-1992 წ.წ.), ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში, რასაც მოჰყვა მკვიდრი მოსახლეობის (ქართველების) გამოძევება მშობლიური საცხოვრისიდან (300000-ზე მეტი). ეკონომიკური სიდუხჭირე, პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უწმიდესისა და უნეტარესის წინამძღოლობით იზიარებს იმ მძიმე ჯვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამრავლდა ეპარქიები, იკურთხა ახალი მღვდელმთავრები, აშენდა არაერთი ეკლესია-მონასტერი. პატრიარქის ყოველი გამოსვლა, მიმართვა გასაჭირში ჩავარდნილი სამწყსოსადმი ოპტიმიზმითა გაჟღენთილი. "ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალი, არამედ თავისი ხალხის და საერთოდ მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი, - აღნიშნავს მისი უწმიდესობა, - როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება, გეჩვენება, თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისაკენ მიექანება და აღარ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი. ოღონდ მთავარია სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორად ვიცხოვროთ." (9, 462). უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მშფოთვარე, წინააღმდეგობრივ და რთულ XX საუკუნეს, რომელმაც მრავალი ტკივილი და განსაცდელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას უნდა გამოვეთხოვოთ დედაქალაქში ახალი დიდი საკათედრო ტაძრის აშენებით, რომელიც უნდა გახდეს ჩვენი ერის სულიერი გამთლიანების სიმბოლო, იგი ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნებოდა. 1997 წლიდან 2004 წლამდე მიმდინარეობდა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა. 2004 წელს 23 ნოემბერს შესრულდა ტაძრის საზეიმო კურთხევა, რომელიც პატრიარქის სიტყვით "სიმბოლურად არის გამაერთიანებელი საქართველოს, მთელი ქართველი ხალხისა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ერმა ამით შექმნა ავტოპორტრეტი და ყველას უჩვენა, თუ შინაგანად როგორი ძლიერი ყოფილა. ეს დაფარული იყო ჩვენში და გამოვლინდა... ამ ტაძარმა ჩვენს ხალხს თავისი თავის რწმენა და იმედი შესძინა." (9, 472).

2002 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება:

_ საქართველომ მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში აღიდგინა ისტორიული ადგილი როგორც დამოუკიდებელმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ;

_ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს. იგი მე-5 საუკუნიდან ავტოკეფალურია და მისი სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი და კათედრაა მცხეთა, საპატრიარქო კათედრებია, აგრეთვე, თბილისი და ბიჭვინთა;

_ მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები;

_ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია;

_ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად,

საქართველოს სახელმწიფო (შემდგომში სახელმწიფო), წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტით და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში ეკლესია), წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქით, დებენ კონსტიტუციურ შეთანხმებას (შემდგომში შეთანხმება):

 

მუხლი 1

1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთირთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვა და სხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით); ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.

6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

 

მუხლი 2

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას, სასულიერო პირი ვალდებულია, არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.


მუხლი 3

სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.

 

მუხლი 4

1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებში და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.

 

მუხლი 5

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

მუხლი 6

1. ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

2. ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

4. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

5. ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

6. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

 

მუხლი 7

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

 

მუხლი 8

1. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიქვიების გარდა).

 

მუხლი 9

1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობისათვის.

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მომქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.

მუხლი 10

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

მუხლი 11

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება N183; 12.04.90).

2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

 

მუხლი 12

1. შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.

2. შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.

3. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

4. შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.

სამწუხაროდ, XXI საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდნენ გარკვეული ძალები, რომელნიც პირდაპირ თუ შეფარულად უპირისპირდებიან საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ცდილობენ მის დისკრედიტაციას, კონსტიტუციური შეთანხმების გადახედვას... ერის სულიერი წინამძღოლის პასუხი მათ მიმართ ასეთია: "თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არ აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისაკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს საზოგადოებრივი ცხოვრებისას... მე ვაფრთხილებ¬ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ; იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანები, ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს. მიწიერ საცდურზე ნუ გავცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება." (9, 371-372).

საქართველოს ისტორიაში ძალიან ცოტა დრო ყოფილა მშვიდობიანი, წყნარი. ქართველობა ყოველთვის ბეწვის ხიდზე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა... არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ, იმ  მიწას გედავებიან, სადაც შენი მამა-პაპის ძვლები განისვენებენ," - ამ სიტყვებით დიდმა მწერალმა მთელი ჩვენი ცხოვრება დაგვანახა.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს. რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, დაიწყეს ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბობვა, მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ნაწილის (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) ოკუპაცია. თუ არა მსოფლიოს სახელმწიფოების მხარდაჭერა, რუსეთს განზრახული ჰქონდა თბილისის ოკუპაციაც. ამ ვითარებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გამოიჩინა საოცარი ვაჟკაცობა და სულიერი სიმტკიცე, იგი საომარი ოპერაციის დროს შევიდა ოკუპირებულ¬ გორში, ცხინვალის რაიონში, გამოიყვანა ასობით დაჭრილი და უამრავი გარდაცვლილი ქრისტიანული წესით მშობლიურ მიწას მიაბარა. პატრიარქმა მოუწოდა თანამემამულეებს ამ უბედურების მიუხედავად არ გაბოროტებულიყვნენ და მათ სულში შურის მაძიებლობა არ ჩაბუდებულიყო. არც ომის მსვლელობისას და არც შემდეგ საქართველოში ეთნიკური ნიშნით არავინ შეუვიწროებიათ. ქართველობამ განსაცდელის ჟამს აჩვენა სულიერი არისტოკრაციზმისა და ქრისტიანული სათნოების მაგალითი, რითაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების აღტაცება და სიყვარული დაიმსახურა... წინ კიდევ რა განსაცდელები გველის, ღმერთმა უწყის, მაგრამ მაინც იმედიანად ვართ. იმედი და სულიერი სიმტკიცე იყო ჩვენი გადარჩენის საფუძველი წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ეპისკოპოსი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს გურიის ლამაზ სოფელ ბახვში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება პატარა გერასიმემ ოჯახში მიიღო. 1837 წელს გერასიმე ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიის "მცირე განყოფილებაზე", რომელიც წარჩინებით დაასრულა 1839 წელს და გადაყვანილ იქნა "მაღალ განყოფილებაზე." 1841 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში, სადაც სწავლობდა 1842-1843 წლებში, 1844-1845 წლებში სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1849 წლამდე სწავლობდა სასულიერო აკადემიაში. ახალგაზრდა გერასიმეს მოწოდება იყო სამშობლოს სამსახური, ამიტომ  სასულიერო აკადემიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში დაინიშნა ინსპექტორის თანამდებობაზე. თუმცა ბუნებით პედაგოგი და შემოქმედი კაცისათვის არ იყო მიმზიდველი სემინარიის ინსპექტორობა, ამიტომ იგი 1854 წელს თავს ანებებს ინსპექტორობას და სემინარიაში რჩება მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად. იმავე წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ გერასიმე ქიქოძე სიონის ეკლესიაში დიაკვნად, 8 ნოემბერს კი მღვდლად აკურთხა. 1856 წელს მას დიდი უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ასეთ უბედურებას ადამიანი იშვიათად გადაიტანს, მაგრამ მამა გერასიმემ იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით, ამაში განგების ნება დაინახა, რომელიც მას სულ სხვა, უფრო ფართო და ნაყოფიერი გზით წარმართავდა, რის გამოც მალე ბერად აღიკვეცა." და განახლებული ძალით შეუდგა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. ბერად აღკვეცილ გერასიმეს სახელად ეწოდა გაბრიელი იგი განწესებულ იქნა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად. 1858 წლის აპრილში გარდაიცვალა გორის ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) და რუსეთის იმპერატორის ბრძანებით იმავე წლის 6 დეკემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა გორის ეპისკოპოსად, 1860 წლის 2 ივლისიდან ეპისკოპოსი გაბრიელი გარდაცვალებამდე (1896 წ.) განაგებდა იმერეთის ეპარქიას. ამ დროს იმერეთის ეპარქია აერთიანებდა მთელ დასავლეთ საქართველოს. მეუფე გაბრიელი შეუდგა ნაყოფიერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მისი საოცარი სულიერება, პატიოსნება, მოყვარისადმი თავდადება, პირად ცხოვრებაში მოკრძალება და უბრალოება გახდა საფუძველი იმ დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა, რითაც მოცული იყო ეს დიდებული მღვდელმთავარი. მეუფე გაბრიელის სახელთანაა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლის, ბიბლიოთეკის, 1890 წელს ქუთაისში ქალთა სასწავლებლის, 1894 წელს კი სასულიერო სემინარიის გახსნა. იგი მფარველობდა ნიჭიერ ახალგაზრდობას, მატერიალურად ეხმარებოდა მათ, რომელნიც სწავლობდნენ საზღვარგარეთის სასულიერო თუ საერო სასწავლებლებში. ეპისკოპოს გაბრიელის ზრუნვის შედეგად იმერეთის ეპარქიაში რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკორწმინდის, ბიჭვინთის, მოქვის, ილორის ეკლესიებს, აშენდა ორასზე მეტი ახალი ეკლესია. 1887 წელს მეუფე გაბრიელის თაოსნობით შეიქმნა "ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი". იგი შედგებოდა საუკეთესო მგალობლებისაგან, მათ უნდა შეეკრიბათ და ნოტებზე გადაეტანათ ეს ფასდაუდებელი განძი. იგი ბევრს მოგზაურობდა ეპარქიებში, არ დარჩენილა სოფელი და ქალაქი, სადაც მეუფე გაბრიელს წირვა-ლოცვა არ აღევლინოს და ექადაგოს. 1890 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი განსაკუთრებული დამსახურებისათვის არჩეულ იქნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საპატიო წევრად. ეპისკოპოს გაბრიელს "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები" ამ ტიპის ერთადერთი სახელმძღვანელო იყო მთელი რუსეთის იმპერიაში და ადასტურებდა მისი ავტორის ღრმა განსწავლულობას.

მეუფე გაბრიელი XIX საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლლებელი მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მკაცრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლების კოლონიურ პოლიტიკას საქართველოში, არაერთხელ დაუპირისპირდა კავკასიის განათლების მზრუნველ კირილე იანოვსკის, ეგზარქოს პავლე ლებედევს, კოსმოპოლიტიზმითა და ეროვნული ნიჰილიზმით დაავადებულ გადაგვარებულ ქართველ თავად გიორგი მუხრანბატონს. ეს უკანასკნელი ქართული ენის დაცვას ფუჭ საქმედ მიიჩნევდა, ვინაიდან მისი აზრით დროთა განმავლობაში ქართული ენის გაქრობა მაინც მოხდებოდა. მეუფე გაბრიელმა მეცნიერულად დაასაბუთა რენეგატი ქართველის მოსაზრებათა უსაფუძვლობა. "ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი სწორედ ენა არის. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარ ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც." (73, 7). ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, მეუფე გაბრიელი `ქრისტეს ჯვრით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენი ენის მწედ და მფარველად." ეპისკოპოსი გაბრიელი იყო გულისხმიერი მწყესი თავისი სამწყსოსი, უყვარდა წესრიგი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო სამღვდელოების მიმართ. ერთხელ ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა პირადი ახირების საფუძველზე მოინდომა ხონის წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდლის ქუთათელაძის გუბერნიიდან გაძევება. ეპისკოპოსმა გაბრიელმა დაიცვა თავისი მღვდელი და გუბერნატორს უშიშრად უთხრა - "შენ ვინ მოგცა ჩემს ეპარქიაში განკარგულების ნება უჩემოდ! რამდენჯერ შენ დათვრები და საქეიფოდ წახვალ, იმდენჯერ ვინ შეგაწუხებინებს ისედაც ილაჯგაწყვეტილ ჩემს სამღვდელოებას! ვინ გკითხავს შენ ჩემი მღვდლის გადაყვან-გადმოყვანას და იმასაც უმიზეზოდ. შენი სიმკაცრით, აუტანელი ხასიათით შევიწროებულია ქვეყანა! მე ვიკითხავ, სადაც ჯერ არს, გაქვს თუ არა შენ ნება ასეთი საქციელისა.~ გუბერნატორმა უკან დაიხია.

1888 წლის შემოდგომაზე საქართველოში სტუმრად მყოფი ალექსანდრე III თავისი ამალის თანხლებით ქუთაისში ჩავიდა და ეკლესიისაკენ გაემართა. "ის-ის იყო ამბიონისაკენ გაემართა, რომ ეპისკოპოს გაბრიელის ხმა მოესმა: შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ... ხელმწიფე შეყოყმანდაო, ამბობდნენ დამსწრენი, უნდოდა სვლა განეგრძო, მაგრამ უნებლიეთ შედგა კარიბჭეში, სადაც ეპისკოპოსის შემოძახებამ მოასწრო და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვა: ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და როგორც ასეთი, სხვა ყურადღებისა და ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვსო." (16, 38). ასეთი პირდაპირი იყო მეუფე გაბრიელი როდესაც საქმე ეროვნული და ეკლესიური ინტერესების დაცვას ეხებოდა. ეპისკოპოსი გაბრიელი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მას დიდ პატივს სცემდა მორწმუნე მრევლი, XIX საუკუნის II ნახევრის ქართული ინტელიგენცია. მოშურნენი და ცილისმწამებელნიც ბევრი ჰყავდა რუსი ეგზარქოსებისა და მათი აგენტების სახით, მაგრამ მის სიდიადეს ვერაფერს აკლებდნენ. მისი ქადაგებები გამოირჩეოდა სისადავითა და უბრალოებით. იგი ახალი დროის მსოფლიო ჰომელიტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელია, მის ქადაგებათა ძირითადი მსოფლმხედველობრივი საფუძველი ქრისტიანული რწმენა და საღმრთო წიგნებია. იგი ეკლესიას ზნეობრივი აღზრდისა და რწმენის განმტკიცების უპირველეს კერად მიიჩნევდა, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მყარად დაეფუძნა იმის შეგნებას, რომ "ეპისკოპოსი, რომელი სხვათა ასწავებს სიწმიდესა და მოითხოვს, რათა ყოველნი უბრალოდ და უბიწოდ ატარებდნენ თვისსა ცხოვრებასა, თვით პირველი უნდა აძლევდეს მათ სახესა კეთილად ცხოვრებისასა, არა თუ მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაცა და ყოვლითა ცხოვრებითა თვისითა." (16, 96).

1896 წლის იანვარში მეუფე გაბრიელი შეუძლოდ შეიქმნა, ექიმებმა ვერ შეუმსუბუქეს მძიმე მდგომარეობაში მყოფ მღვდელმთავარს მდგომარეობა. იგი ერთი კვირა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, ავადმყოფს არ შორდებოდნენ მორწმუნენი, საკუთარი ნათესავები, 25 იანვარს მეუფე გაბრიელმა თვალები გაახილა და იქვე მყოფ თავის ძმიშვილს ჰკითხა: "ვინ ხარ შენ? თქვენი ძმიშვილი მეუფეო, ჩემი ძმიშვილი? სად არის ჩემი ცოლ-შვილი? სამოთხეში მეუფეო, სამოთხეში? მარია..." (17, 59). (მისი მეუღლის სახელია) და გარდაიცვალა... დიდთოვლობის გამო ორმოცდაექვსი დღე ვერ მოხერხდა ეპისკოპოს გაბრიელის გელათში გადასვენება. ორმოცდაექვსი დღე ეთხოვებოდა საქართველო დიდებული მწყემსმთავრის ნეშტს. 10 მარტს განსვენებული გადაასვენეს გელათის მონასტერში. ცხედარს წინ მიუძღოდნენ: საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი, ეპისკოპოსები გრიგოლი და ბესარიონი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი შალიკოვი, თავად-აზნაურობის წინამძღოლი თ. წერეთელი. გელათში წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძემ ასე დაახასიათა განსვენებული: "დღეს სამუდამოდ ვეთხოვებით იმისთანა დიდ ბუნებოვანს კაცს, რომელსაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილს ქვეყანას, რომ ადამიანმა მისის მიხედვით და მაგალითით შეიძლოს საკუთარის ზნისა და ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება... აი, ჩვენს წინაშე მდებარეა იგი, მადლით მოსილი კაცი, რომლის მარტო სახელის ხსენებაც კი გვწურთნის ჩვენ. საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი, თითოეული წამი მისი ცხოვრებისა მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის." (18, 929).

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის გაფართოებულმა კრებამ, რომელიც 1995 წლის 19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოველში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია-II-ის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდანად შეირაცხა. მისი ხსენების დღედ დაწესდა ძველი სტილით 25 იანვარი (7 თებერვალი).

ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე)

წმიდა ეპისკოპოსი ალექ¬სანდრე, ერისკაცობაში ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარებმა, სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე, იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს აკურთხეს მთავარდიაკვნად.

ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა. პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წ. 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, მასვე მიენდო მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა აფხაზეთის ეპარქიაში, შეთავსებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

ალექსანდრე უმთავრეს საქმედ მიიჩნევდა ირგვლივ მყოფთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა-განმტკიცებასა და მათთვის სასწავლებელთა დაარსებას, აფხაზეთში ჩასულმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ილორში დაარსებულ სასწავლებელს. დაუღალავი ღვაწლისათვის მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდეს.

1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ალექსანდრე ოქროპირიძე ოცდახუთი წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882 წელს ქართლ-კახეთის სამწყსომ თვალცრემლიანმა გააცილა იგი დასავლეთ საქართველოში. გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა ილია ჭავჭავაძემ: "თქვენს სიყვარულს თქვენი საყვარელი ქვეყანა, საცა გინდა ბრძანებოდეთ, არ დაივიწყებს. ადიდე კვერთხი ესე, და წარიყვანე ერი შენი გზასა სიმართლისა და სარწმუნოებისა. დაგვლოცე და შენი მადლიანი ხელით გვაკურთხე შენი მადლობელნი და შენი ღვაწლ-დებულნი." (19, 93). მეუფე ალექსანდრემ მადლობა გადაუხადა თავის სამწყსოს და გაეშურა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გურიის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე - გურია-სამეგრელოს ეპარქიას. 1887 წლის 25 ოქტომბერს სტავროპოლში მოკლეს დიმიტრი ყიფიანი... სამშობლოს ინტერესებს მსხვერპლად შეწირული დიდი ქართველის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს. მისი დაკრძალვა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დემონსტრაციად იქცა. ხელისუფლება შეეცადა გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე არ გაეტარებინა პროცესია, რომელიც მთაწმინდაზე მიასვენებდა დიმიტრი ყიფიანს. დააყენეს საგანგებო რაზმები, მაგრამ ეპისკოპოსმა ალექსანდრემ, რომელიც წინ მიუძღოდა მათ, აღმართა სამღვდელმთავრო კვერთხი და მრისხანედ შესძახა მათ - როგორ ეპისკოპოსს არ ატარებთო? გზა გახსნეს და პროცესიამ გზა განაგრძო გოლოვინის გამზირზე...

ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მკაცრად გაილაშქრა დეკანოზ ი. ვოსტორგოვის ვერაგული გეგმის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნა და ჩაშალა ხელისუფლების ზრახვები, რის გამოც მას რუსეთის იმპერატორთან აბეზღებდა რენეგატი ქართველი ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე).

ეპისკოპოს ალექსანდრეს ფინანსრური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა.
ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.

წმიდა ალექსანდრეს ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე საქართველოში არ დაწყებულა არც ერთი სარწმუნოებრივ-ეროვნული საქმე მისი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ მცხოვანი ეპისკოპოსი დიდი ხანი აღარ დარჩენილა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, "საკუთარი თხოვნის" საფუძველზე განთავისუფლდა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსასვენებლად" თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით შიომღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში, საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა აქვს: "განუსვენე უფალო, მონასა შენსა, საქართველოს ჭეშმარიტს შვილს და მოღვაწე ბერს, შიომღვიმის დიდებული ლავრის აღმდგენელს, შენს სადიდებლად მას შინა სამუდამო კრებულის დამაარსებელს და მის ნივთიერად უზრუნველმყოფელს. საკუთარის საფასით ორსავე ტაძრის განმაახლებელს და ყოველის სამკაულით აღმავსებელს, წინამძღვრისა და კრებულისათვის სახელების ამგებელს და ლავრის გამამდიდრებელს ვენახებით, ბაღებით, სახნავის მიწებით, წისქვილით, სამუშაო იარაღით და საქონლით. ყოვლად-უსამღვდელოესს ალექსანდრეს 1822-1907 წ." როგორც არქიმანდრიტი ამბროსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნავდა: "განსვენებულმა ყოვლადსამღვდელომ გვასწავლა ჩვენ, რამდენად შეიძლება ამ უკუღმართ დროშიც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანენი, ქრისტიანული იდეალების მატარებელნი. როგორც მატარებელი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, იმ სიყვარულის, რომელიც ყველას ერთ რიგად უნდა ეფინებოდეს, არ არჩევდეს არა ახლობელისაგან, რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისათვის, როგორც მატარებელი ამნაირ სიყვარულისა, ის თვისის ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ეს ქრისტესგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესაძლებელია განხორციელდეს..." (4, 22).

ბოლშევიკური მმართველობის ხანაში ეპისკოპოს ალექსანდრეს ღირსეული დაფასება ვერ მოხერხდა... 1995 წლის 19 ოქტომბერს მცხეთაში საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსი ალექსანდრე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 26(8.11) ოქტომბერი.

 

ალექსანდრე ეპისკოპოსის ჩანაწერი აფხაზეთზე:

გურია იწყების რიონიდან მარნის პირათ ახალციხის მთებს გადმოღმა და მიდის ვიდრე შავ ზღვადმდე. რიონ გაღმა მარნიდგან დაწყობილი და ცხენისწყლითგან დაწყობილი იწყობა სვანეთს გარდმოღმა მინგრელია ანუ ოდიში და მივა ვიდრე ინგურის წყლადმდე ანუ აფხაზეთამდე. ინგურიდამ შავი ზღვის პირათ არის ზემო აფხაზეთი ანუ სამურზაყანო ვიდრე ოხურევს ხევამდე და ილორადმდე. ოხურევიდგან იწყების ნამდვილი სააფხაზო ანუ სამთავრო და მიდის ზღვის პირათ ვიდრე ბიჭვინთადმდე და ჯიქეთამდე. უკანა აფხაზთა მთებში სახლობენ ჩერქეზნი.

მაშასადამე, როგორც ვიხილეთ ამ აღნაწერიდან, ოდესაც ქართლითგან ანუ თბილისიდგან მოგზაური წამოვა აფხაზეთში, პირველად მას სურამის მთების გარდმოღმა დახვდება იმერეთი.

ამ ზაფხულშიდ მხოლოდ ჩვენ სამნი: მე, თარჯიმანი ეშმა და მოსამსახურე ზემოხსენებულ მენგრელთ ვიყავით. ამის გამო რომ ამ ზაფხულშიდ აფხაზეთის მთავარი წაბრძანდა საქართველოში წყლებზედ: ბორჯომს ახალციხეს და მეუღლე მისი მთავრინა... გიორგის ასული სამშობლოშიდ წავიდა ოდიშს: გიორგი ნიკოს ძესთან ბატონიშვილ-დადიანთან: მხოლოდ ოცდახუთს ამ ივლისის თვისას მობრძანდა აქ სახლეულობა ნიკოლოზ შარვაშიძისა და თვით შარვაშიძეც ოცდაცხრას ამ თვეს მოვიდა. ამ შარვაშიძეს მეუღლე კნეინა ანნა დუტუ ბატონიშვილის ასული არის დედით დადიშქელიანისა, მამით დადიანის დუტუ ბატონიშვილის ასული და ქმრით მეუღლე მოხსენებული შარვაშიძისა, სასულიერო პირებს აფხაზეთში ეს კნეინა იმედია რომ ქრისტიანობით შეეწიოს, აფხაზთაგან გამიგონია რომ ხშირად დაიარება დიდ მარხვაში. ზედ ეტყობა თავიანი ქალია, ოჯახის ქალი შეიქნა.

2-ს აგვისტოს მობრძანდა აქა ღვარდიის პოლკოვნიკის გრიგოლ შარვაშიძის სახლეული და რადგან ოდესაც ოდიში დათავდება შეხვდება მოგზაურს ინგურის დიდი მდინარე წყალი, საიდამაც იწყების სამურზაყანო ნაწილი აფხაზეთისა. სამურზაყანოსი და სამთავრო აფხაზეთის სამზღვარი არის ოხურევის ანუ ოხუჩევის ხევი და წყალი მახლობლივ სოფლის ილორისა და ილორის წმ. გიორგის ეკლესიისა. ილორიდგან სამთავრო აფხაზეთი იწყობა, ილორს იქეთ არის დაბა ოჩამჩირე ზღვისპირათ, აქამდინ ილორიდგან 7 ვერსია. ამ დაბას ოჩამჩირეს ვაჭრობენ თათარნი უმეტესად აჭარელნი და მენგრელნი. აქ დაბა ოჩამჩირეს აქვს საზამთრო სასახლე აფხაზეთის მთავრისა მიხაილ გიორგის ძეს შარვაშიძესი. ოჩამჩირედან ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხრით კავკასიის მთებია, სამხრეთისა და დასავლეთის მხრით შავი ზღვა და მის გაღმა არის ტრაპეზონი და სტამბოლი, თათრის სამფლობელოა, ოჩამჩირედგან დაწყობილი ზღვის პირად მიმავალს დაგხვდებათ ზღვის პირად სოფლის ტამუშნია რუსის ყაზახის ფოჩტა, რომელი შორამს ოჩამჩირიდგან ათ ვერსს. იქიდ წასული ზღვის პირით თუ ხმელეთით მიხვალ დიდ მდინარე წყალზედ კოდორზედ და კიდევ იქ დაგვხდებათ ყაზახის ფოჩტა საიდანაც ტამუშიდგან არს ოც და ხუთი ურსტი (ვერსი). აქედგან ზღვის პირად წასული მიხვალ სუხუმს. ეს სუხუმი ქალაქი ანუ ციხე დგას ზღვაზედ. აქ არის ჯარი ბატალიონი რუსი, მათი ღენერალი მასთან აქ არის კარგი გემების საყდნო ადგილი, ბოღოზი, და აქ გამოულელად არის სამი, ოთხი და ხუთი ვაგონის გემები დგა, რომელნიც რიგრით იცვლებიან და მიდიან ნიკოლაევს, სადაც გემების საყნდოა, ამ გემებს გარდააქვთ და გარდმოაქვთ საზრდო ჯარისა ციხეებშიდ და გარდაჰყამთ და გარდმოჰყამთ ჯარი. სუხუმს მცხოვრებნი და ვაჭარნი არიან: მინგრელნი, იმერელნი, ბერძენნი და თათარნი _ მენავენი და თევზის დამჭერელნი. აფხაზები დგომით არ დგანან სუხუმს, მხოლოდ სურამამდინ ანუ იმერეთის საზღვრიდან ქართლი, სურამიდგან იწყებს იმერეთი და მივა ვიდრე მინგრელების სამზღვრამდე ანუ ცხენის წყლადმდე და გურიადმდე. გურია ამ მთების გარდაღმა კასპიის (მე მგონი შავი ზღვა უნდა ეწეროს-შენიშვნა) ზღვიდგან კიზირიდგან და მაზდოკიდგან საცინოს ანუ კიტაის სამზღვრიდგან და სიბირიდგან ვიდრე შავ ზღვადმდე და დუნაიდმდე რუსეთია და რუსეთს უკავია: კავკასიაში სახლობენ ესე ხალხნი: ლეკნი კასპიის ზღვიდგან ვიდრე ვლადიკავკასადმდე და გადაღმა ყიზლიარადმდე ანუ საქართველოს ჯარის გადმდე, იქიდგან დაწყობილი სცხოვრობენ ჩეჩენნი და მერე ჩერქეზნი ვიდრე შავ ზღვადმდე სადაც მთები ზღვაში ჩავა აფხაზეთის უკან აფხაზეთის სამზღვრზედ: კავკასიის მთებში იმ ზემო აღწერილ ხალხის ზურგით გარდმოღმა სახლობენ ჩუენნი ქართველნი-თუშნი, ფშავი, ხევსური, მთიელი, მერე ოსნი ვლადიკავკასიის და ანანურის და დუშეთის საზღვრიდგან ვიდრე რაჭადმდე ანუ იმერეთადმდე, მერე სვანნი ვიდრე აფხაზეთის სამზღვრადმდე, მერე ყარაჩაია, ალანნი, ფხუელნი, და ჯიქნი, აფხაზეთის ბიჭვინთის სამზღვრადმდე ანუ შავი ზღვის პირადმდე საქართველო ამ მთებს ანუ ხალხებს გარდმოღმა არის ესრეტით სახითა. ლეკებს წინა კახეთი მტკვრადმდე და ვიდრე თბილისამდე, თბილისსა და მტკვარს იქით სამხრეთით და დასავლეთით სომხეთი, ქართლნი ანუ ქართველნი ტფილისიდგან და მცხეთიდგან დაწყობილი ჩეჩნებს და ოსებს წინ არი.

წარმკითხველნო ამა მოვალედ აღწერისა ტყვარჩელის აბანოსანო, ქართველნო მემამულენო, მინგრელნო მოსახლენო და მონაწილენო ქართლისანო, აფხაზნო და ოვსნო მესაზღვრენო და მოკავშირენო ქართლისანო, ნუ ეძიებთ აღწერასა ამას შინა განსხვავებით რასამე მხოლოდ მიხედავთ ჩემსა ერთგულებასა კავკასიის ძეთადმი. მე ქართველნო და უმეტესად ქართველნო და კახელნო, თქუთ აქ ხართ აღზრდილი მე საკვირველად ნუ მიგაჩნიათ, რომ ვერ ვმფლობელობ თქუენი ბუნების ენითა ვითარცა რიგია, რადგან მე ახალ რუსულ სასწავლებელში მომისმენია ყოველივე საგანნი რუსულის ენითა და ფრაზით და არა ქართულით და რადგან ქართული ენა დაკნინებით არს ამ ჩვენს საუკუნეში, მეტადრე საღმრთო წერილისა მიზეზისა გამო მიხედულობისა სხვათა ენათა და აწ უკეთუმცა ცისკარი და მწევრნი და მეშრომენი ცისკარისანი განაცისკროვნებენ: განაღვიძებენ, განაახლებენ და განამშვენებენ და განამტკიცებენ ქართულს ენასა და მეცა ვისურვებ გაბრწყინებულ წარმატებასა. მე ქართველს უწოდებ ყოველთა ვინც ქართულს ენაზედ ლაპრაკობს ესე იგი იმერელთ, ლეჩხუმელს, გურულებს, ქართლელებს და კახელებრთ, ხევსურელებთ და მთიულებითურთ.

მე მხოლოდ იმას ვინატრი რომ ქართველთა სწავლულთა პირთა ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრონ და განავრცონ და განამტკიცონ ქართული ენა, მხოლოდ ძნელ ეს არს, რომ ფრიად მცირე ხასიათს აცხადებენ მრავალნი. ვისურვებდი სახელნი ესრეთთა ქართველთა განათლებულთა პირთა აღბეჭდილიყო გორიზონტსა ზედა საქართველოს ისტორიისასა.

მდაბალი არქიმანდრიტი აფხაზეთის არქიერეის კათედრისა ალექსანდრე." (19, 93).

ზაქარია ჭიჭინაძის წერილი ალექსანდრე ეპისკოპოსისადმი:

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, ყველასაგან პატივცემულო ალექსანდრე!

ამ ერთი კვირის წინეთ წერილი მოგწერეთ, რომელიც ერთ გურულ ყმაწვილკაცს გამოვატანე. უეჭველია მიიღებდით. სხვათა შორის იმ წერილში მე დამავიწყდა მომეწერა, რომ საბა სულხან ორბელიანის ლექსიკონს ერისთავი აჩქარებს, მაგრამ საქმე მაინც გვიანდება, რადგანაც ერთობ დიდ დროს თხოულობს მისი დაბეჭდვა. საბას სურათიც მოუმზადებია, ამ დღეებში ვნახავ ერთი ეგზემპლიარი და სწორედ საგანგებო რამ არის, დედანივე მშვენივრად არის დაცული, გარდამეტებით მშვენიერია ამ ჟამად თბილისში ჩამოვიდა ფრანგის (პატრი) მღვდელი იოანე (ვინმე მესხი "დროება"-ში) გვარამიძე, რომელიც ამ ორ კვირას დარჩება აქ. გვარამაძეს სურდა რომ ენახეთ, მაგრამ არ იქმნა. ამაზე ძალიან შეწუხდა, მაგრამ არა უშავსო, თუ ცოცხალი ვიქენ შემდეგ ვნახავ მის მაღალ ღირსებასაო. მოკითხვას დიდის მოწიწებით გითვლისთ და სთხოვს ღმერთს, რომ დღეგრძელ იქმნეთ, რათა ჩვენს ღარიბ მწერლობასაც შეეწიოთ მითო. გვარამიძე აქ ქართველ კათოლიკების საქმის შესახებ არის ჩამოსული, სომხის კათოლიკები ქართულს ენაზე წირვა-ლოცვის წირვის ნებას არ აძლევენ, ამაზე კარგა ხანია ბჭობაა ატეხილი, არ ვიცი როგორ გათავდება, დღეს რომში ორი გამოჩენილი ბერია წასული პაპის კარზე, რომ ეგებო როგორმე გაათავონ საქმე, ქართველ კათოლიკები ქართველებათ დარჩნენ და წირვა ლოცვის ნებაც მიეცეთ, რომ ქართულს ენაზე სწირონ ხოლმე. ამ საგნის შესახებ დიდი ბჭობაა ატეხილი რომის კარზე და ვნახოთ საქმე როგორ წავა. სინოდიდამ გამომძიებელი მოვიდა ახალციხისკენ და სოფლებში გამოუკითხავთ, თუ ვინ ხართ თქვენო, გლეხებს უთქომთ, რომ ქართველ კათოლიკებიო. ერთი მათგანი ალექსანდრიაშია წასული მღვდელი ნასყიდოვი, მისგან ამ დღეებში მივიღეთ წერილი.

ბაქრაძე ბათუმისკენ გეახლათ, თუ ნახავთ მოახსენეთ, რომ მღვდელ გვარამაძეს დიდათ უნდოდა მისი ხილვა და საუბარი.

ამ ახალმა ეპისკოპოზმა თავი მოგვაძულა, ლაფი დაესხა მაკარის და მის კომპანია ჩლენებს, რომ თქვენი მყოფობა არ ისურვეს აქა და თქვენს ნაცვლათ ეს ჭარხლუა გადმოათრიეს. ოხ, რატო ღმერთი არ მისცემს სამაგიეროს და ან ერი, რომ საქართველოს დედა ქალაქში ქართველი ეპისკოპოზიც არ იყოს. ნეტა როდის რა იქნება, ეგები მოგვწეროთ, თუ როდის ჩამობრძანდებით აქ. მართლა რა უნდა მოგახსენოთ, ამ დღეებში ერთი ძველი წიგნი მომიტანეს კიდევ სულხან საბა ორბელიანისა, სახელით "სწავლა კიდობანთა", რომელიც ჯერ არ დაბეჭდილა. შემდეგ რომ დაიბეჭდა ეს კი ორსავ ძალიან კარგი იქმნება.

ანტონ კათოლიკოზის "მარტიროკის" შესახებ უეჭველად მოგვწერეთ რომ ისურვებთ თუ არა? როგორც ისე მოქმედებით, ამის იმედი გვაქვს თქვენის კაცთმოყვარეს საზოგადო ჩვეულებისაგანა. როგორც წინანდელი წერილიდან შეიტყობდით იმას ასე 50 მანეთი ეყოფა, მაგრამ მშვენიერობა რამ კი იქმნება. ჩვენი ყმაწვილკაცობა დიდს მადლობას და მოკითხვას მოგითვლიან.

სხვაფრივ დავშთები თქვენი მარად მორჩილი და მარად პატივის მცემელი.

ზაქარია ჭიჭინაძე 5 ივნისს ქ. ტფილისს. (19, 1604).

 

მაქსიმე მახარაძის წერილი ალექსანდრე ეპისკოპოსისადმი:

ყოვლად უსამღვდელოესო, მოწყალევ, სულიერო მამავ, ღირსო ბატონო ალექსანდრე!

უპირველესად ყოვლისა ვისურვებ, თქვენს დღეგრძელობას და კარგად მხნედ ცხოვრებასა, ყოვლად სამღვდელოვ, დიდი ხანია, რომ ბარათით ღმერთს ვევედრები ყოველს კეთილს თქვენთვის, მაგრამ ვგონებ ღმერთიც განმირისხდა. აგერ მესამე ბარათს გწერამ, ყველანი დაიკარგა, ერთიც არ მიგიღიათ, ცხადად სჩანს, რომ ღმერთმა არ მომცა ის ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ღირსი ჩემი ბარათის თქვენდამი მოწევნადმდე, რომლითაც გწერამდი ყოველს აქაურს ამბავებს დამწვრილებითა, ყოვლად სამღვდელოვ ეხლა რა მოგახსენოთ, ახალი სასურველი ამბავი არაფერი არის, რაც იყო თქვენც გექნებათ გაგონილი, როცა სეკრეტარი მჭედლიძე მოკლეს, იმერეთის ეპისკოპოზი გაბრიელ აგვიტირეს საძაგლად, მჭედლიძე იყო დიდი ერთგული გაბრიელისა, მის გადაუვალს და უმისოდ არაფერს არ შვებოდა - ძრიელ ეწყინა გაბრიელ ეპისკოპოზს და თვითონ დაიწყო მკვლელის ძებნა, თქვა, რომა - მოვნახოვო მკვლელი და დავახრჩოვო, მოგახსენებენ რომ ის მჭედლიძე საზოგადოებისთვინ არ ყოფილიყო კარგი კაცი, შეწამებით დაიჭირეს ქელბაქიანებში, ამ დროს ვიღაცამ გავრიელს ბარათი გაუგზავნა ფოჩტით, რომელშიაც წერამდენ, სხვას ნუ სტირიო, თავი არ შეგექნას სატირლათო, შენ რომ კაცი ხარო და მომქმედიო ქვეყანამ იცისო, უკეთესია თავს მოუფრთხილდე და კარგი რამე ეცადოვო, ეს ბარათი რომ მიიღო ტირილი დაიწყო, გუბერნატორს მოახსენა, გუბერნატორმა მფარველობა მისცა, თუ ისურვებ ყარაულებს მოგცემო, მაგრამ ვარი უთხრა გავრილმა, გამრეკლოვის საქმეზედ ძრიელ ჩაფიქრებული არის, მღვდელი გამრეკლოვი კარშიდ აღარ გამოდის, საქმის გათავებას უყურებს, გავრიელ, როგორც ხელგასული ყოველგან საქმეს აჩერებიებს, არ შეხყავს ჯერჯერობით ძიებაში, ვინ იცის როდის და რა იქნება. სხვა ყოვლად სამღვდელოვ თქვენს ეპარხიის გადატანაზედ დამტკიცებით ჯერ არაფერი არ ისმის, როგორც მოგეხსენებათ ისე ამბავთ არის, ამბობენ საცაღა ბესარიონ დადიანი გადაყავანო და სადა თქვენ გეცოდინებათ, თქვენ ყოველივეს გაიგებდით. ამასთანავე ყოვლად სამღვდელოვ ვიცი, თქვენი სულგრძელი გონიერების ამბავი არ გამირისხდებით, იმედი გვაქვს გურიის ეპარხიის დასაცველადა და გასაუმჯობესებლად სადაც რომ გარდაიტანონ, თქვენ იმაცადინებთ და ისურვებთ ეპისკოპოზობასა, ეხლა იმისანა დრო არის ყოველი სულდგმული, სასულიეროც და სახორციელოც თავისთვინ ცდილობენ და საზოგადოებისთვინაც, თვარა ხო იცით ყოვლად სამღვდელოვ უთქვენოთ ვერ ენდობა გურიის სამღვდელოება მეგრელიის მეზობლობასა თუ თქვენ არ დააიმედნეულებთ, მე კარგად ვიცი, როგორც მითხრეს ზოგიერთმა უმჯობესად მიაწვებიან დასავლეთის დაშორებულს ოსმალოს საზღვარს და რასაკვირველია ყოვლად სამღვდელოვ თუ თქვენ ისურვებთ და მოინდომებთ, ყოველგან იმფარველებთ გურიის ეპარხიას.

დავშთები თქვენი მონა მორჩილი გულითადი მოსურნე თქვენი დღეგრძელობისა და ბედნიერების მაქსიმე მახარაძე.

გავრიილ ეპისკოპოსი ცდილობს სადმე გადასვლას და თუ ვერ მოახერხა  უნდა უდსტავკაში გამოვიდეს. (19, 907).

ილარიონ ოქროპირიძის წერილი ალ. ეპისკოპოსისადმი:

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ, ჩვენთვის უძვირფასესო ბიძავ ბატონო! მოგილოცავთ ქრისტეს შობას, ნათლისღებას და ახალ წელიწადსა. კეთილის გულით ვისურვებ: ძველს წელიწადთან განქრეს თქვენი სნეულებანი და ვევედრები უფალს, ეს ახალი წელი მშვიდობისა, სიმრთელისა და დღეგრძელობისა დაგიყენოთ ჩვენ "უბადრუკების" სანუგეშოდ და სასარგებლოდ მამულისა. იმედია ბატონო ამ დაგვიანებულ მოლოცვის ბარათს მიიღებთ. შესაწყნარებელი მიზეზის გამო დაგიგვიანეთ მოლოცვა. თქვენი მამობრივი კეთილი გული ჩვენს ამბავსაც იკითხავს. ჩვენ ხორცით არა გვიშავს რა, მაგრამ სულით კი ძალიან ვიტანჯებით. თქვენი მტერი ყოფილა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც აქაური ქართველი სემინარიელები ვართ. აქაური სემინარიის მთავრობა ყოველ მხრით გვაიწროებს და ყველაში გვდევნის. მიზეზი რომ ვერა მოგვდეს, ეხლა წერილებს მივარდნენ.
ქართველებს მოგვივა თუ არა წერილი, უწინ თვითონ მთავრობა ხსნის და თუ ქართულ ენაზე არის დაწერილი, ხელში არ გვაძლევენ, ჯერ გადაათარგმნინებენ ხოლმე (გარეშე პირები ქართველები) და მერე გვაძლევენ. ახლა კი ინსპექტორმა შემდეგი ამბავი გამოგვიცხადა: მისწერეთ მშობლებს წერილი, რუსულად მოიწერონო ხოლმეო. თქვენ, როგორც რუსეთის ქვეშევრდომებს, ნება არა გაქვთ ქართულ ენაზე იქონიოთ მიწერ-მოწერაო. თუ ამას იქით ქართულ ენაზე დაწერილი მოგივიდათ რამე, იცოდეთ დავხევ და ქუჩაში გადავყრიო რას ვიზამთ! ვითმენთ და კიდევ სხვა განსაცდელებს მოველით. მაგრამ კმარა ამაზე ლაპარაკი. დღეს 5 იანვარს 20 მ. მივიღე და 12 მ. წიგნები ვიყიდე. მამიკოსა შინებია ამ ფულის ადრე გამოგზავნა. დღესასწაულებში ილიკო არ დათვრეს და კაკანათში არ გაებასო, მაგრამ დარწმუნებული იყოს, რომ მე სასმელი, აქ მოსვლისთანავე, ავკვეცე. ნეტავი კარგა ვიყო თორემ უსასმელოდაც კარგა გავძლებ. ლეონიდი წინათ, როცა ბალღი ვიყავ, მაქეზებდა ხოლმე და წიგნებს ბლომად მყიდულობდა ხოლმე, ახლა კი როცა ჭკუაში ჩავვარდი მიმატოვა...

მოვიკითხავ მამიკოს და მანდაურ ჩემს ნაცნობებს.

"მუხლმოდრეკით გეამბორებით და დავშთები თქვენი მორჩილი ძმისწული ილარიონი.

1895 წ. იანვრის 5 დღესა." (19, 1113).

 

მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე)

მიტროპოლიტი ლეონიდე, ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე დაიბადა 1861 წლის 15 თებერვალს გორის მაზრის სოფელ დისევში. იგი ბავშობიდანვე იზრდებოდა ბიძის, ალექ¬სანდრე¬ ეპისკოპოსის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც ზრუნავდა, რათა ახალგაზრდა ლონგინოზს მიეღო საფუძვლიანი განათლება. 1867 წელს ლონგინოზი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გადავიდა სტავ¬როპოლის სემინარიაში, რომლის წარჩინე¬ბით დამთავრების შემდეგ 1884-1888 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში. თუ რა ვითარება იყო აკადემიაში და როგორ ექცეოდნენ ქართველ სტუდენტებს, ამის შესახებ საინტერესოდ მოგვითხრობს ახალგაზრდა ლონგინოზი 1885 წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოს ალექსანდრესადმი გამოგზავნილ წერილში.

მოწყალეო ბიძავ ბატონო!

თქვენს სიცოცხლეს და მშვიდობას ვისურვებ და ვსთხოვ უფალსა. თქვენი წერილი მივიღე და იმის პასუხსაც გწერთ. მე, როგორც თქვენც გეხსომებათ, გამოველ თბილისიდამ ორს სექტემბერსა; ამავე დღეს ღამის ათს საათზედ ჩავედი ბათუმშიდ და მეორე დღემდინ იქ დავრჩი, მეორე დღეს ე.ი. სამს სექტემბერს, პარახოდი გავიდა ოთხ საათზედ; მართალია თავშივე ქარი ქროდა, მაგრამ პატარა იყო და საშიშათ არ ჩათვალეს, მაგრამ მერე როდესაც გავედით ტრიალ ზღვაში, დაუბერმა საშინელმა ქარიშხალმა, აღელდა ზღვა და ჩვენმა პარახოდმა დაიწყო საშინელი რყევა. რასაკვირველია ყველას აგვერია გული და დაუწყეთ ლიმონებს წუწნა, მაგრამ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ვისაც ზღვა აწყენს იმას წამალი აღარა აქვს რა; ჩემ თავზე ასე გამოვცადე და სხვებისა კი არ ვიცი. ზღვამ ყველაზე ძლიერ მე მაწყინა და პირველათ მე მასაქმა. ჩემი მტერიც ჩავარდნილა იმ მდგომარეობაში, რომელშიდაც მე ვიყავი, ისე შემაშინა ზღვამ, რომ ღმერთს აღთქმა მივეც, ჩემ დღეში ზღვაზე აღარ ვიმგზავროდ. წყევლით ამოვაგდე ვინც ხალხს ასწავლა პირველათ არამც თუ ზღვაზედ, უბრალო მდინარეზედაც კი ცურაობა. კიდევ ღმერთმა მიბრალა და ქარი მალე ჩადგა, თორემ თქვენი მტერი, რომ ჩემი საქმე იქნებოდა. ზღვაზე დავრჩი ხუთი დღედაღამე ე.ი. ოდესაში მივედი მეშვიდეს. რადგანაც პოეზდი ოდესიდამ კიევში გადიოდა ღამის ცხრა საათზედ და ჩვენ კი მივედით დილის რვა საათზედ, ამისთვის საღამომდინ იქ დავრჩი და ქალაქი დავათვალიერე, რადგანაც სემინარიასთან ახლო მომიხდა ყოფნა, შევედი და ვიკითხე კავკასიძე, მაგრამ მითხრეს, რომ შინ წავიდაო. მერე ვიკითხე სხვა ქართველები და მიჩვენეს ორი კაცი, რომელთაგანი ერთი ჩემი ამხანაგი იყო უჩილიშჩის მესამეში, მეოთხეშიდ და სემინარიის პირველშიდ. იმას გამოვკითხე კავკასიძეს ამბავი და მითხრა, რომ ბერძნულ ენაში პერეგზემენოვკა ჰქონდაო, მაგრამ ვერ დაიჭირაო; მერე უთხრესო, რომ ამ სემინარიიდამ თუ გადახვალ სხვაგანო, კაი ბალლს დაგისვამთო, ისიც დათანხმებულიყო და ისევ თბილისის სემინარიაშიდ წამოსულა. შვიდიდამ გამოსული კიევში მოვედი ცხრას დილით. მაშინვე აკადემიაში მივედი და გამოვეცხადე მთავრობას, რომელმაც¬ არაფერი შენიშვნა არ მომცა დაგვიანებისათვის. ჩიკვაიძის ამბავსა კითხულობთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი კეთილის თქმა არ შემიძლიან. სემინარიაში მივედი და ვსთხოვე რეკტორს, რომ ეგზემენიები დაეჭირებინათ, მაგრამ იმან მითხრა, რომ არაფლით არ შემიძლიან აგისრულო თხოვნაო, რადგანაც ეგზემენიეები წელიწადში ერთხელ გვაქვსო ხოლმეო და ეხლა დაგვიანებულიაო. შემდეგში წავედი ტეხნიკის შკოლაში, მაგრამ იქაც ის მითხრეს, რომ სწავლის დაწყების შემდეგ არავის არ ვიღებთო. დარჩა ახლა უმანის შკოლა და ახლა პროგრამა გამოვიწერე; რა გამოვა ბოლოს ღმერთმა უწყის. დალოცვილები, დაგვიანებენ, საქმეს წაახდენენ და მერე ყვირიან გვიშველე, გვიშველეო. მერე ამის კვარტირის შოვნამ გააჭირა საქმე, დაბოლოდროს ძლივს ძლივობით ვუშოვნე.

სხვა აქ ახალი არა არის რა გარდა იმისა, რომ მეოთხე კურსის სტუდენტი ქართველისთვის ქართული ისტორიიდამ დისერტაციის დაწერის ნება არ მისცეს, რადგანაც ჩვენთვის, მასალები რომლებითაც შენ ისარგებლებო ჩვენთვის უცნობი არიანო და არ შეგვეძლება გავიგოთ, თუ როგორ ისარგებლეთ იმითითო. ამის შემდეგ მე მგონი, ქართველთაგანს ნება აღარ მისცენ არავის ქართული ისტორიიდან ტემის აღებისა.

დავშთები თქვენი მორჩილი ძმისწული ლონგინოზი. (19,715).

 

1886 წელს საინტერესო წერილს უგზავის ალექსანდრე ეპისკოპოსს. 1887 წლის ივნისში ლონგინოზი ბერად უნდა აღკვეცილიყო. ამასთან დაკავშირებით იგი საქმის კურსში აყენებს მეუფე ალექსანდრეს.


სანატრელო, ბიძავ ბატონო!

თქვენი წერილი გამოგზავნილი ამ თვის 23 სექტემბერს, მივიღე 28 სექტემბერს საღამოთი და დღეს 29 სექტემბერს, პეტრე-პავლობა რომ არის, სამაგიერო პასუხს გწერთ.

თქვენ იწერებით, რომ მანდაური მიტროპოლიტი იოანნიკე ამ თვის 12 თავის იუბილეს დღესასწაულობდა და რატომ არ ნახე და არ მიულოცეო? თუ არ გინახავს, უეჭველათ ნახე და გეეცანო.

ნეტარება თქვენ რომ აგრეთი უმანკო, უცბიერო და სოფლისაგან გაუჭუჭყიანებელი ბრძანდებით და ყოვლისფერს თქვენი უმანკო თვალით უმზერთ; ნეტარება იმასა, ვინც აგრე წმინდათ და უვნებლათ დაიცავს თავს ამ ცრუ და ცბიერ მართლა წუთისოფელში, როგორც დაგიცავთ და შეგინახავთ თქვენ თქვენი თავი. თქვენ ეპისკოპოზი ბრძანდებით, მაგრამ თქვენი სახლის კარები მუდამ ღიაა ყველასათვის: ღვდელია თუ ერი, მაღალი თუ მდაბალი, ხარისხოვანი თუ უხარისხო, გლახა თუ გამოჩენილი მდიდარი. თქვენ არ გახვევიათ მთელი ჯარი მოსამსახურეებისა, არ აცდევინებთ სტუმრებს რამდენიმე საათობით გარეთ, არ ეჩვენებით მრისხანეთ და ამაყათ თქვენ სტუმრებს, თავმდაბლურად და მამობრივის გრძნობით ელაპარაკებით დიდს და პატარას, განათლებულს და გაუნათლებელს და გგონიათ, რომ ყველა ეპისკოპოსები ასე იქცევიანო, ამისთანა შეხედულება თქვენ ხარისხზედ, მართლა რომ მაღალი, კეთილშობილური, ეკლესიური და მოციქულებრივი შეხედულობაა, ამგრამ მაგარი ესაა, რომ ამ მეცხრამეტე საუკუნემ ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაზედ და სხვათა შორის არც სამღვდელოება, მეტადრე უმაღლესი დარჩენილა ხელთუხლებელი, თუმცა კი, ნამდვილი უნდა ვთქვათ, უმეტესი ნაწილი ამ ცვლილებათაგანი არა სანატრელი, სამწუხარო და სავალალონი არიან. როდესაც დავფიქრდები ხოლმე, ჟრუანტელი გამივლის ტანში: როგორ ვბედავ  მე უსუსური შეხებას იმისთანა წმინდა და მაღალი ხარისხისას, როგორც არის საზოგადოთ სამღვდელოება და განსაკუთრებით ეპისკოპოზობა, რატომ ენა არ მიმახმება სახეზედ, როდესაც ამისთანა უკადრისი აზრები გამივლიან ხოლმე მეთქი თავში და სხვა. მაგრამ მეორეს მხრით ვიხსენებ, რომ მაცხოვარი მუდამ ჭეშმარიტებას ქადაგებდა, არასფერს ბოროტს არ ჰფარავდა და არ თმენილობდა, არასდროს არ უთქვამს თავის მოწაფეებისათვის, რომ კაცის ბოროტ ქცევაზედ თვალები დახუჭეთო და შავს თეთრი დაარქვითო. გარდა ამისა ჭესმარიტებისათვის არ არსებობს არც წლოვანება, არც უმაღლესი განათლებულობა, არც სიმდიდრე და არც ხარისხი. მეფე და მენახირე, მღვდელმთავარი და პონომარი, მათხოვარი და მილიონერი, მოხუცი და ჩვილი, ფილოსოფოზი და რეგვენი სუყველანი ერთნი არიან ჭეშმარიტების წინ და ჭეშმარიტებაც ერთია ყველასათვის. როგორც თვით მაცხოვარი იწმიდება ჭეშმარიტებათ, აგრეთვე კაცობრიობის უპირატეს და აუცილებელ ვალათ გახდა ჭეშმარიტების სიყვარული და მეც ხომ კაცი ვარ, მეც ჭეშმარიტება უნდა მიყვარდეს და ამიტომაცაა რომ მე უღირსი ვეხები წმინდა და ფრიად მაღალ ხარისხს.

საზოგადოთ რუსის ეპისკოპოზები ძალიან მედიდურობენ და სიტყვით გამოუთქმელ განსცხრომითი ცხოვრებას ატარებენ. ისინი სცხოვრობენ მეფურათ სასახლეებში, მათი სასახლის კარები თუ არ გამოჩენილ პირს არავის გაეღება; ეპისკოპოზის მოსამსახურე იმნაირ ფრაკშია გამოკვანწული, რომ უბრალო კაცს ნება-უნებლიეთ რცხვება და წითლდება თავის უბრალო, თუმც კი საკადრის ტანისამოსზედ: შემდეგ, თუ კელენიკმა ინება და პირველი სიტყვიდანვე უარი არ უთხრა, ეპისკოპოზის ნახვის მსურველმა უნდა პერედნიაში იცადოს სრული ორი-სამი საათი; შემდეგში თუ თვით ყოვლადსამღვდელომაც ინება და მთხოვნელი შეუშვეს ზალაში, კაცი სრულებით ფრთხება, შიშობს და იკარგება. ის ხედავს პარკეტის პოლს, ოქროთ მოვარაყებულ შპალერს, ხავერდის მებელს, მდიდარ მხატვრობას, ათასნაირ მორთულობას ასე რომ ამოდენა სიმდიდრე კაცს თვალებს უჭრელებს და ნება უნებლიეთ კრთება; ახლა გამობრძანდა თვით ყოვლადსამღვდელო სახეშეჭმუხვნილი, ანაფორის შრიალით და წივილით მორთული ყველა თავის ლენტებით და ჯვრებით. აქ ხომ კაცს სულ დაავიწყდება თავი და გული წაუვა შიშისაგან, დაინახავს რა მედიდურს და შეჭმუხვნილ პირსახეს, რომელიც ცხადათ ეუბნება მას: "როგორ გაბედე შე მატლო, აქ შემოძრომა და ჩემი შეწუხებაო." ასე მედიდურათ სცხოვრობენ ყველა არქიელები საზოგადოთ და რა ლაპარაკი უნდა, რომ ეპისკოპოზების ცხოვრებას რამდენიმე წილათ აღემატება მიტროპოლიტების ცხოვრება. ყველა რუსს, ვინც კი სარწმუნოებას არ გადასდგომია, სწამს მხოლოთ ღმერთი, ხელმწიფე და მიტროპოლიტი, ესაა მათი სამება და თუ გინდ დაიჯერეთ-თუ გინდ არა, ამათ შორის განრჩევას არ სდებენ. მიტროპოლიტი აქ სცხოვრობს კრემლში, მეფის სასახლის გვერდით; მასთან მისვლა აგრე ადვილი არაა და თუ რუსული ანდაზა ამბობს რომ: "До царя далеко" მოვა დრო როდესაც შეავსებს ამ ანდაზას: "и до митрополита не близко". თქვენ რომ ბრძანებთ, რომ იუბილეი უნდა მიგელოცათ, რატომ არ იკითხავთ ჩემისთანაებს იღებდნენ? და ვთქვათ, რომ მივეღე კიდეც ცარიელი სიტყვით მიმელოცნაა!?

ეხლა დაჩაზეა და როდესაც ჩამობრძანდება და შემთხვევა მექნება უეჭველათ ვეცდები რომ ვნახო. თუ მიტროპოლიტის ნახვას ვერ ვეღირსე, ვეცდები ვნახო მისი ძმისწული, რომელმაც კაზანში და მე კი თბილისში გავიცანი. შარშან თქვენთან რომ გახლდით და მერე თბილისში წაველ თქვენ წერილი მიმიწერეთ ეგზარქოსთან, როგორც უბრალო მიზეზი გაცნობისა, და მიბრძანეთ, რომ მოვსულიყავ. მივედი და უთხარ კელენიკს, რომ ყოვლადსამღვდელო თუ შინ ბრძანდება მოახსენე, რომ მათი ნახვა მსურს მეთქი და უთხარ ჩემი სახელი და გვარი. მაგრამ ცივი უარი მითხრა: დღეს ძალიან დაღალული ბრძანდება და არავის არ იღებსო. შემდეგში ვუთხარი, რომ ეპისკოპოზის ძმისწული ვარ მეთქი და მაშინ კი შევიდა და მიმიღეს კიდეცა. აბა მანდ რომ ამაებს სჩადიან, აქ რა უნდა ქნან! ჭკვიანობაა თუ უჭკუობა, ამისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს კი ყველასათვის თვალსაჩინოა, რომ ჩვენი ხალხი უმაღლეს სამღვდელოებას მაგრე რიგათ მოწიწებით, შიშით და კრძალვით არ ეკიდება. ამას თვითონ ეგზარხებიც კარგათ ამჩნევენ და თუმცა ცოტა ეჩოთირებათ და არ მოსწონთ, მაგრამ მაინც საზოგადოებას მორჩილდებიან და ცოტა არ იყვეს მედიდურობას და ბატონობას უკლებენ. აქ კი, რადგანაც ხალხს, ვიხმარ ერთი ჩვენებური მწერლის სიტყვებს "მათი სლოკინი, ხელთა ფოტინი, ღვთისადმი ლოცვათ მიაჩნიათ.~ გრძნობენ თავიანთ ღონეს და სრულებით იცვლებიან: მაპატიეთ ამ გვარი გაბედულობა, მაგრამ იცოდეთ კი, რომ აქ არაფერია მომატებული, ან მოგონილი და გაზვიადებული. საზოგადოდ სამღვდელოებაზედ მე თქვენთან ერთხელ და ორჯერ არა მქონია ბაასი და როგორც ვსცან თქვენი ლაპარაკიდამ, უკაცრავათ კი გახლავართ, ახლანდელ ღვდლობას, მათს ცხოვრებას, გარემოებას, ზნე-ჩვეულებას, მოქმედებას და მიმართულებას არ იცნობთ და უმზერთ თქვენი უმანკო და თითქმის უბიწო თვალით. ეს თქვენი აწინდელი მღვდლობის უცოდინარობა მე საძრახისად კი არა წმინდა საქმეთ და ნეტარებათ მიმაჩნია. მორწმუნე კაცმა რომ დაწვრილებით გაიგოს ის სოდომ-გომორი, რომელშიდაც სცხოვრობს და რომლითაც ემსახურება ეხლა მღვდლობა, სწორე რომ გითხრათ, ჭკუაზე შეიშლება, მე რასაკვირველია მესამედიც არ ვიცი ახლანდელი მღვდლობის სენი, მაგრამ რაც ვიცი ესეც სამყოფათ მაფიქრებს ხოლმე. წმინდა გულით ვფიცავ ღმერთს, რომ არასდროს მღვდლობაზე ცუდი ლაპარაკი არ მყვარებია და ძალიან სამწუხაროთ მიმაჩნია ის გარემოებანი, რომლებიც მაძლევენ ხოლმე შენთხვევას ამისთანა წერილის მოწერისას: მე ვიცი, რომ თქვენი წმინდა, კეთილშობილური და გაურყვნელი გული აღშფოთდება ამოდენა უწმინდურობის და ტალახისაგან; თქვენ არ იცით ახლანდელი ღვდლობის ცხოვ-რება და მისი აწერა თქვენ არ შეგიძლიათ გულის სიმშვიდით მოისმინოთ, მე არ მესიამოვნება თქვენი გულის აღშფოთება; მაგრამ ნება უნებლიეთ უნდა მეთქვა რაც ვთქვი და დამტუქსავთ თუ არას მეტყვით, ეს თქვენი სრული ნებაა. მე კი კი-დევ ამას ვამბობ, რომ არაფერი ჩემგნით მოგონილი და გაზვიადებული არა არის რა.

2. იწერებით, რომ მამაშენმა მონასტერს თავი დანება და კასპში დაეყნდოო. ღვთის მადლმა, არ ვიცი რა ეშველება და რა რიგათ მოევლება საქმეს. ღმერთს გეფიცებით, ისე შემძულდა ამოდენა შფოთი, აყალ-მაყალი და არეულობა, რომ ვეღარა მომიგონია რა. თავის ქერქში რომ დასდგებოდეს და არავის შფოთს და ხიფათს არ აუტეხდეს, გადაუწყდეს და გადაჰყვეს, რაც უნდა ისა ქნას და საითაც უნდა იქით წავიდეს, მაგრამ საფიქრებელი ისაა, რომ კიდევ ასტეხოს რამე და კიდევ აურ-დაურიოს სახლი.

3. კიევში თქვენგნივ გამოგზავნილი ფული და წიგნები მივიღე და დიდად უკაცრავად გახლავართ, რომ თავის დროზედ ვერ შეგატყობინეთ, რაც შეეხება იოსების ადრესს და სხვა თქვენ წერილებს, ესენი კი არ მიმიღია და ალბათ აკადემიაში იქნებიან შენახული ჩემ მისვლამდინ. Нумизматические факты, საქართველოს ისტორია რუსულ ენაზედ და გამრეკლოვის ორი ბროშურა დიდი ხანია მივიღე და კიდეც წავიკითხე. ამ წიგნებშიდ ყველაზე უფრო მომეწონა Нум. ф. ბარათოვისა და ბევრ ახალ აზრებსაც შევხვდი მეტადრე ქართულ წერაზედ ანუ ანბანზედ, მაგრამ რადგანაც წერილი ძალიან გაჭიანურდა და ადგილი ნებას არ მაძლევს, თავს ვანებებ და როცა აკადემიაში მივალ, მაშინ ამ საგანზე მოგწერთ კარგა ვრცელ და ფართო წერილს. რაც შეეხება გამრეკლოვის ბროშურებსა, მათზე ლაპარაკი არა ღირს და მიკვირს, რატომ სინდისი არ აწუხებს ამოდენა უთავბოლოდ ბლაჯნაზედ და ღობე ყურეს დებაზედ. აქაურობაზედ მაინც კიდევ ვერა ვთქვა რა და შემდგომში მოვიწერები.

ძვირფასო ბიძავ ბატონო!

ვეშურები მოგილოცოთ თქვენთვის ფრიად გასახარელი და სასიამოვნო ამბავი: მე ბერათ ვდგები; რექტორს უკვე მოველაპარაკე და დიდის სიამოვნებით დამთანხმდა; ფორმის გულისთვის თხოვნა შემომიტანეო და მივართვი კიდეც; ახლა საქმე მხოლოდ იმაზეა, მიტროპოლიტი რა დღეს დანიშნავს საკურთხევლათ. მე ლავრაში ახლა თითქმის ყოველდღე დავიარები; ლავრის ნამესტნიკი გავიცან, იმის რეკომენდაციით, მამაო, ერთი წმინდა განდეგილი ბერი ვიშოვნე, რომელიც დარიგებას მაძლევს, თუ როგორ უნდა მოვიქცე და რა გვარ უნდა ვიცხოვრო. ეს ჩემი მამა ანუ მოძღვარი ფრიად შესანიშნავი და წმ. კაცია, მაგრამ ამაზე დაწვრილებით შემდეგში როდისმე მოგწერთ.

ახლა ბატონო, თქვენ, რასაკვირველია, მოგეხსენებათ თუ რაც დამჭირდებოდა, კაბა, ანაფორა, კუნკულა, მანტია, პარამანი, სარტყელი, კრიალოსანი, სანდალი და სხვა. ადრევე თქვენ ხუთი თუმანი გამომიგზავნეთ, ე.ი. ლექციების და წიგნების. ჩემი ახალი ტანისამოსისათვის ფული არა მქონდა, მაგრამ ღმერთმა უშველოს ჩვენ ეკონომს: ვთხოვე ამა და ამ საქმისთვის მჭირს ფული მეთქი და თუ შეიძლება უნდა ერთი თვის ვადით მასესხო იმდენი, რამდენიც მომინდება მეთქი. იმან თვითონ წამიყვანა მაღაზიაში და კაბა საანაფორე თავისი ფულით მაყიდვინა, შესაკერათ კი ლავრაში გამაგზავნა, იქ ბერი ჰკერავს და იაფად გაგიკეთებსო. ლავრაშივე შევუკვეთე კუნკული. კაბა ანაფორა სარჩულით და შეკერვით ჯდება 3 თუმანი, კუნკული ჩვიდმეტი მანეთი, მანტია ძალიან ძვირათ ჯდება და ამიტომ ვერ გავბედე მისი ყიდვა; ისევ ჩემ მოძღვარს ვთხოვ და იქნება მათხოვოს. ახლა იქნება ბრძანოთ, რატომ ჯერ მე არ შემატყობინე და მერე ისე არ იყიდე სატანისამოსოო? იმიტომ ბატონო, რომ ვაჩქარებ ყველაფერი ამ ყუდროობაში გავათავო, თორემ შემდეგში, როდესაც ამხანაგები ჩამოვლენ სოფლებიდამ (ამ წელში ჩემი ამხანაგები ძალიამ მალე ჩამოვლენ, რადგან ტემებს მოგვცემენ) მაშინ ძალიან გასაჭირი და სამძიმო შეიქნება ჩემთვის, ვგონებ თქვენც თავდაპირველად, იმავე მდგომარეობაში იქნებოდით, როგორშიდაც მე ვარ: ასე მგონია, ქვებიც კი მე მომჩერებიან მეთქი და სირცხვილით ვიწვი. ღმერთმა უშველოთ კიდევ ამ ქართველ სტუდენტობას: როგორც აკადემიელს, ისე უნივერსიტეტელებს: ისინი ძალიან მოხარულნი არიან და გულს მიმაგრებენ...

ახლა, ბატონო, უმორჩილესად გთხოვთ წერილის უმალვე ფული გამომიგზავნოთ, რომ ვალი გადავიხადო და იმ კაცთან (ეკონომთან) პირნათლად გამოვიდე. ბევრ ხარჯს გაძლევთ, მაგრამ ახლა იმგვარი საქმისათვის გთხოვთ ფულს, რომ, მე მგონი, მტერმაც არ დამიჭიროს.

დათიკოს უკვე გაუგზავნე წერილი და შეუცხადე ჩემი აზრი. ახლა თქვენც შეგიძლიანთ ყველას აცნობოთ ეს გარემოება. სახელით მე ლეონტს დავირქმევ, თუ მიტროპოლიტმა არ გამოცვალა, გამკრეჭენ ლავრაში მღვიმეში. იქნება სანამ წერილი მოგივიდეთ კიდეც ბერი ვიქნე. მინდოდა ტელეღრამა გამომეგზავნა, მაგრამ ვიცი ტელეღრამა არ გიყვართ და ვერ გავბედე, ფულს ველი." (19, 175).

სამშობლოში დაბრუნებისთანავე მან როგორც ახალგაზრდა განათლებულმა სასულიერო პირმა მიზნად დაისახა საქართველოს ეკლესიის ინტერესებისათვის ბრძოლა. 1888 წელს იგი დაინიშნა "კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" მიერ დაარსებული სკოლების ინსპექტორად. ამ საზოგადოების დაფინანსებით კავკასიის მთიანეთში, ფშავ-ხევსურეთსა და მთიულეთ-გუდამაყარში, არდონ-ალგირის ხეობაში, საინგილოში გაიხსნა სკოლები. ამ სკოლების წარმატებაში დიდი იყო ბერმონაზონ ლეონიდეს ღვაწლი. როგორც იგი წერდა: "ჩემმა ხანგრძლივმა სიცოცხლემ განვლო ქართველი ერის თვალთა წინაშე, სამსახურში შესვლის პირველი დღიდან მოკიდებული აქამდე განუწყვეტლივ დავდივარ საქართველოს მთა და ბარში სახარების სიტყვის, ჰუმანიტარული სწავლა განათლების და ეროვნული შეგნების ხელგაშლით სათესად ქართველი ერის მაშვრალთა კლასის ფართო წრებში. პირველად მე წავაკითხე "დედა ენა" მთის შვილებს და პირველად მე ავამღერე ჰანგზე დაბეჩავებული ჩემი მოძმენი." (3, 4).

1891-1897 წლებში ბერმონაზონი ლეონიდე მუშაობდა ჯერ ქართლ-კახეთის სინოდის კანტორის წევრად, 1897 წლიდან მღვდელმონაზონი ლეონიდე დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარია. 1896 წლის 3 თებერვალს ასეთ წერილს უგზავნის ბიძას:

თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ

მოწყალეო ბიძავ ბატონო!

გეამბორებით მსხვერპლის შემწირველ წ. მარჯვენაზედ, მოგილოცავთ წ. დიდმარხვის მოახლოებას და ღმერთსა ვთხოვ, რომ გაგატარებინოთ იგი უვნებლად და ჯანის სიმრთელით. მე ეხლა გავიგე ეპ. გაბრიელის სიკვდილი. ერთ აქაურ დეკანოზის დასაფლავებაზე ვიყავი მიწვეული, აქვე იყო ორმოცამდე მღვდელი, ყველას გავაგებინე, რომ ეპისკოპოსი გაბრიელი გარდაცვლილა მეთქი, ვთხოვე ყველას პანაშვიდი გადაუხადოთ მეთქი, და ყველანი დამთანხმდნენ. იქიდამვე ქუთაისის კათედრის დეკანოზს ტელეღრამმა გაუგზავნე, რომ სიღნაღის მაზრის სამღვდელოებით და დიდძალი ხალხის დასწრებით გადაუხადე პანაშვიდი ახლადგარდაცვალებულ ეპისკოპოზს გაბრიელს და გთხოვთ გამოუცხადოთ მის ნათესავებს ჩემი გულითადი მწუხარება მეთქი. ახლა რასაკვირველია, გაეხსნათ მადა ზოგიერთებს ბატონო, მართალია მღვდელმთავრობის მაღალი და საღმრთო ხარისხი მიენიჭება ადამიანს ღვთისაგან, მაგრამ ეხლა ისეთი დროა, რომ ყველაფერი მეცადინეობით და შუამავლობით რიგდება და ამის გამო, ვგონებ ცოდოთ არ უნდა ჩაგვეთვალოს, რომ ჩვენც ვიფიქროთ და საქმეს შევეცადნეთ. რასაკვირველია, დამამცირებელი საშუალების ხმარება არ არის საკადრისი და ვერც მოვახერხებთ ათასი რომ ვეცადნეთ, ფული ჩვენ არა გვაქვს, დიდრონ პირებს ვერ ვიცნობთ, სამშობლოს ღალატს ვერ შევძლებთ; პატიოსნებით გვიკაფია ცხოვრების ეკლიანი გზა და ეხლაც ისევ პატიოსნებით უნდა ვიმოქმედოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უექსარხოსოთ ეს დიდი საქმე არ გადაწყდება. ვერც ეგ მოინდომებს და წარუდგენს სინოდს, იმას მისცემენ ქუთაისის კათედრას, ექსარქოსს კი თქვენ, როგორც მოხუცებულმა, დამსახურებულმა, გამოცდილმა, ყოველი ღირსებით შემკულმა მღვდელმთავარმა უნდა გულახდით, დაკვირვებით და დაწვრილებით აუხსნათ - ვინ იყო გაბრიელი და როგორი მოადგილე უნდა ჰყავდეს მას, როგორი მძიმე და საპასუხო შეცდომა იქნება ღვთისა და მამულის წინაშე, რომ რომელიმე მიზეზის გამო ქუთაისში დაინიშნოს სახელგატეხილი და უმაღლეს განათლებას მოკლებული კაცი, რომ უსწავლელი კაცის ხელში მოიშლება ყველა ის კეთილი დაწყებულებანი, რომლებიც არსებობდნენ გაბრიელის დროს, დაეცემიან და შესუსტდებიან სასწავლებლები, გული გაუტყდებათ ნასწავლ ქართველებს და სხვა და სხვა. ვიცი, კარგათ ვიცი, რომ ექსარხოსი გულჩათხრობილი კაცია, წრფელ ლაპარაკზე ვერ გამოიწვევს ადამიანი, მაგრამ, მე ვგონებ, მაინცა და მაინც თქვენი სიწრფელე, სისწორე, სიმართლე, თქვენი უანგარობა, სარწმუნოების სარგებლობისათვის თავდადებულობა, ეკლესიის ერთგულება იმოქმედებს მაგაზედ და თუ საქმეს არ გაარიგებს, ყოველ შემთხვევაში არას ავნებს. თქვენ რომ კეთილშობილობის გამო ხმა არ ამოიღოთ, უეჭველათ იგივე მოხდება, რაც პავლეს დროს მოხდა გრიგოლის დანიშვნაზედ და ამის გამო საჭიროა თქვენი მხრივ მეცადინეობა. ქართველ ბერებში უმაღლესი სწავლისანი ჩვენ ორი ვართ მარტო; მე თუ იმის გამო დამიწუნებენ, რომ ახალგაზრდა ვარ, თუმცა ეს საბუთი შესაწყნარებელი არ არის, იმის გამო, პირველათ რომ მე ვარ ოცდათხუთმეტი წლისა და გაბრიელიც ამდენისა ყოფილა, როცა ეპისკოპოსობა მიუღია, თქვენგან გამიგონია, რომ მეც მაგ წლისა ვიყავი, როცა ეპისკოპოსობაზე წარმადგინესო, მეორეთ ეპარხიაში სიარულს უფრო ახალგაზრდა შეძლებს და მესამედ საკმარისი ხანია, რაც სამსახურში ვარ. დიაღ თუ იფლიდებენ და იტყვიან, რომ ახალგაზრდა ვარ, თქვენ ხომ ყოვლიფრით უნაკლულო ბრძანდებით, თქვენ მოგცენ ის ადგილი.

ასე ვფიქრობ, ბატონო, და არ ვიცი თქვენ რაღა აზრისა ბრძანდებით. შესაძლოა შემცდარი გახლდეთ, მაგრამ გულით კი მჯერა, რომ საჭიროა თქვენის მხრით ყოველ გვარი მეცადინეობა და ეს მეცადინობა მიახწევს კიდეც მიზანს.

თქვენი უმდაბლესი მორჩილი არხიმანდრიტი ლეონიდე. (19, 715).

1898 წლის 17 აპრილს არქიმანდრიტი ლეონიდე აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში. როგორც ეპისკოპოსად კურთხევის წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა: "სიყრმიდანვე მწამდა და მტკიცედ მსჯეროდა, რომ პირისაგან უფლისა გამოვალს ბედი კაცისა და წარიმართების სავალნი მისნი. ღვთის მადლით ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს არცერთი დღე, რომ არ მეგრძნოს სინამდვილე ამ მაცხოვნებელი ჭეშმარიტებისა, მაგრამ ეს ჭეშმარიტება უფრო ცხოველ და მოქმედ არს ჩემში აწინდელს, უშესანიშნავესს ჩემთვის დღესა, მე, ჭაბუკი ხორციელის ასაკობის მხრით და ჯერ გამოუცდელი საეკლესიო მსახურებაში, აღყვანილ ვიქნე უმაღლესსა ხარისხსა მღვდელმთავრისასა." (3, 6-7).

ეპისკოპოს ლეონიდეს მოღვაწეობაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლას, რუსი ეგზარქოსების ანტიქართული პოლიტიკის მხილებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი საინტერესო გამოკვლევები, პოლემიკური წერილები, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს ქართული საზოგადოებრივი აზრის გაცხოველებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეის აქტუალობის თვალსაზრისით. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1906 წელს პეტერბურგში გამართულ სინოდის იმ სხდომებში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს იხილავდა. თავის გამოსვლაში მეუფე ლეონიდემ აღნიშნა - "დღეს ქრისტიანობა საქართველოში განიცდის საშინელ კრიზისს, ხალხი არ დადის ეკლესიებში, სრულიად აჰყარა პატივისცემა სამღვდელოებას, მღვდლების მოქმედებას და სწავლა-დარიგებას აღარ აქვს გავლენა მრევლზედ. როგორც სამღვდელოება, ისე მორწმუნე ნაწილი ქართველი ერისა, ერთადერთ საშუალებად იმისა, რომ არ მოისპოს საბოლოოდ ქრისტიანობა საქართველოში და სამღვდელოებამ მოიპოვოს კვლავინდელი ნდობა სამწყსოსი, თვლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას არჩევნებითი სისტემით. ეს დასკვნა ერისა და სამღვდელოებისა საბოლოოა, მეტად მტკიცეა და ვერავითარი მოსაზრება ვერ შეაცვლევინებს მათ ამ რწმენას." (3, 9).

ეპისკოპოსი ლეონიდე თერგდალეულთა იდეების ერთგული იყო და სამშობლოს მსახურება, ერის ინტერესების დაცვა მისთვის უპირველესი საზრუნავი გახდა. იგი მკაცრად გმობდა კოსმოპოლიტიზმს "სიყვარული პირველად ქვეყნიერებისა და სამშობლოსი, შორეულისა და არა მახლობელისა, გარეშესი და არა შინაურისა ემსგავსება წაღმა წარწერის უკუღმა კითხვას, მუხის დარგვას კენწეროთი და გადაბრუნებული ტანისამოსით პამპულობას, ღმერთმა დაიხსნას საქართველო ამ გვარის მანკიერ შვილთაგან და სამგზის კურთხეულ იყოს მშობელი ერისა და მამულისათვის თავდადებით მოსიყვარულე ქართველი." (3,17).

1908 წლიდან ეპისკოპოსი ლეონიდე გურია-ოდიშის ეპარქიას განაგებდა და მკაცრად ილაშქრებდა რუსეთის ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრული განდევნა სკოლებიდან.

1917 წლის 12(25) მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. იგი დაინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ. 13 მარტს ეპისკოპოსი ლეონიდე შეხვდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის ("ოზაკომი") წარმომადგენელს ბ. ხატიროვს და მოახსენა მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 14 მარტს გამოცხადდა ეგზარქოსის სასახლეში და საქართველოს ეგზარქოს პლატონს გამოუცხადა, რომ მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი გადაყენებული იყო ეგზარქოსის თანამდებობიდან. ეგზარქოსყოფილმა გამომწვევად უპასუხა: მე ყველაფერს ამას შევატყობინებ პეტერბურგში წმიდა სინოდს დეპეშით, რასაც სამი-ოთხი დღე დასჭირდება და შემდეგ მათი განკარგულების შესაბამისად მოვიქცევიო. ამავე დროს გთხოვთ ძალას ნუ დამატანთ. ეს თქვენთვის კარგი არ იქნება, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც უმწეო არა ვარ, რუსის ჯარი და მთავრობა მომხმარედ მყავსო. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ ეპისკოპოს ლეონიდეს ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა გასწია საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის ცხოვრებაში გასატარებლად. ეგზარქოსყოფილი პლატონი რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მითითებით ცდილობდა არ დაეთმო პოზიციები, 27 მარტს იგი გამოაცხადეს ამიერკავკასიის ეგზარქოსად და თბილელ მიტროპოლიტად. 15 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე თბილელ მიტროპოლიტად აირჩია. 1917 წლის 23 აგვისტოს ეგზარქოსყოფილმა პლატონმა თბილისი დატოვა. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მიტროპოლიტ ლეონიდეს ხელმძღვანელობით ეგზარქოსის სასახლე დაიკავა.

1918 წლის 23 აგვისტოდან 1919 წლის 23 თებერვლამდე მიტროპოლიტი ლეონიდე იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, უწმიდესი კირიონის გარდაცვალების შემდეგ (1918 წლის 27 ივნისი) - კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი. იგი ესწრებოდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მან ქადაგებაში აღნიშნა: "ყველა დაინახავთ, რა უმწეოდ და უაზროდ აწყდება ხოლმე მიდამოს პირზე მზის პირველი სხივებით სკიდან გამოტყუებული სიცივისაგან მობუზებული ფუტკარი, მაგრამ გადის დრო, დგება ზაფხული და მადლიანი "ღვთის მუშაკნიც" დღითიდღე ფრთებს შლის, ღონიერდება. სიცოცხლის ძალით ივსება და ბოლოს ჯარასავით ტრიალებს ყვავილებით დაფენილი ველ-მინდვრებში სკაში წასაღები თაფლის ამოსაწუწნად, რაკი ააღგვეძრა თავისუფლების სიყვარული ჩვენთვის ყოველივე მიზეზგარეშე დადგება სანატრელი ზაფხული, ჩვენც აუცილებლად გავაჩაღებთ შემოქმედებით მუშაობას." (3, 29). მიტროპოლიტი ლეონიდე იყო ერთ-ერთი გამოჩენილი სასულიერო პირი, რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისათვის, 1917 წლის 12(25)  მარტიდან 8 სექტემბრამდე დროებითი მმართველობის წინაშე არსებულ პრობლემებს იგი ბრძნულად და ღირსეულად აგვარებდა ქართველ საერო და სასულიერო პირთა თანადგომით. რაოდენ სამწუხარო იყო, რომ ორი დიდი ქართველი სასულიერო პირისათვის ერთად ყოფნისა და ერთად საქვეყნო პრობლემების გადაჭრისათვის ბრძოლა შეუძლებელი აღმოჩნდა. დაპირისპირებამ კირიონსა და ლეონიდეს შორის კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო 1917 წლის 17 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ეპისკოპოსმა კირიონმა 11 ხმით მეტი მიიღო გახდა ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი კათოლიკოს-პატრიარქი. ლეონიდე როგორც თბილელი მიტროპოლიტი, მოსვენებას არ აძლევდა კირიონს, მის მიერ ნაკურთხ სასულიერო პირებს, მღვდელი ტიმოთე ბაკურაძეს, ბერმონაზონ მირიან (ბექაურს) სდევნიდა. ხელს უწყობდა ოპოზიციური ჟურნალის "ახალი სიტყვის" გამოცემას, რომელიც აკრიტიკებდა და შეურაცხყოფდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. 1918 წლის 7 ივლისს კირიონ II-ის დაკრძალვის შემდეგ მიტროპოლიტი ლეონიდე ასრულებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობას, ხოლო 1919-1921 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა 1921 წლის 11 ივლისს ხოლერის ეპიდემიისგან. 17 ივლისს დაიკრძალა თბილისში სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ეპისკოპოს ლეონიდეს წერილი აკაკი წერეთელს.

"ციური დიდების შარავანდედით მოსილო ბატონო აკაკი!

მოგმართავთ უგულითადესი თხოვნით, ვედრებით და ხვეწნა-მუდარით:

ჩვენი სამშობლო ეკლესია მიექანება თავდაღმა, უფსკრულში ჩასახლეწ-ჩასამსხვრევად. რაც დრო გადის, უფრო და უფრო უარესდება და საშიში ხდება მისი მდგომარეობა, თუ სიჩქარით არ გამოიძებნა მის გადასარჩენად უეჭველი საშუალება, ხელიდან წაგვივა და დაგვეკარგება მამა-პაპათაგან ნაჭირნახული ოდესმე ქებული ივერიის ეკლესია. სულთმბრძოლი ეკლესიის გამოსაბრუნებლ ნამდვილ წამლად შეგნებული ქართველობის სულ პატარა ჯგუფმა¬ სცნო ამ ეკლესიის ცხოვრებაში ავტოკეფალიის აღდგენა და მართ¬ლაც ესაა ერთადერთი უტყუარი საშუალება. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ დღევანდლამდე ნათქვამი, ნაფიქრი, დაწერილი და გამოკვლეული ავტოკეფალიის შესახებ დარჩომილია მარტო წიგნებში და ჟურნალ გაზეთებში. არამც თუ გულამდე ხალხის ყურამდენაც ვერ მიაღწიეს ამ წიგნებმა და ჟურნალ-გაზეთებმა, ხალხმა, სოფლე-ბის და ქალაქების მცხოვრებთა მთელმა სიმრავლემ არ იცის, რა ნათელი ძალა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიის ავტოკეფალობა, როდის გაქრა ეს სინათლე და რა უგნურობის წყვდიადში ჩავცვივდით ამის გამო. უამისოთ კი ე.ი. თუ ხალხმა არ გაითვალისწინა ვინ უკარგავს ჩვენს ეკლესიას ამ სიცოცხლის ჩამდგმელ სინათლეს და ამით აღელვებული თუ ერთი კაცივით არ შესძახებს მტერს: "ჩამომეცალე გზიდან მეყო ამდენ ხანს შენი ბანგით გაბრუებულს ძილი, ამიერიდან გადავწყვიტე შვილობა თავისუფალი სამშობლო ეკლესიისა და ამ გადაწყვეტილებას უმსხვერპლებ ჩემს სიცოცხლესო," სულ ტყუილი წყლის ნაყვა და ბზის ნიავება იქნება სამღვდელოების მეცადინეობა და გაზეთების მოთქმა-ტირილი. ეკლესია - ხალხია, ეკლესიის შემადგენლობა - ერია, ერს ხმა ღვთის ხმის ტოლია და აი სწორეთ ეს ღვთის ხმა უნდა გაიგონოს ჩვენი ეკლესიის დამჩაგვრელმა, ერის ხმამ უნდა აგრძნობინოს ჩვენს მოპირდაპირეს, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალობის აღდგენას ერის პირით თხოულობს თვით ღმერთი დიდი...

ძველად, ამისთანა დიდი საქმეების შესაგნებად და განსახორციელებლად, ღმერთი უგზავნიდა ხოლმე ქვეყნიერებას წინასწარმეტყველებს, რომლებიც თავიანთი მძლავრი მეტყველებით ცეცხლით ანთებდნენ მსმენელების გულს და გმირებად ჰქმნიდნენ მოხუცსა და ჭაბუკს, სოფლელს და ქალაქელს, დიასახლისსა და მამაკაცს.

დღეს ამ გვარი წინასწარმეტყველებრივი საღმრთო ცეცხლის მფრქვევი ჩვენში მარტო თქვენა ხართ, ბატონო აკაკი, მარტო თქვენი სიტყვა მოედება ალად დიდსა და პატარას, არა მარტო თქვენი სიტყვა აამოძრავებს ერთსულოვნობით ერის ტალღებს, მარტო თქვენი მსუბუქფრთიანი ლექსი ჩაუძვრება სულში ქართველ ერს და აამღერებს თავთავის კილოზე ვენახის მსხვლელებს და მბარავებს, გუთნის მეხრეებს, მეშაირე-მესტვირეებს, მოსწავლე ქალ-ვაჟობას, ქალაქის სამრეწველოებში მოფუსფუსე მუშებს, ვაჭარ-მეწვრიმალეებს, ლაქია-მოსამსახურეებს და სხვა. თქვენი ლექსი გაუშუქებს მთელ ერს ავტოკეფალიის საკითხს, ყველას შეაყვარებს მას გულით და შეთანხმებულად აღძრავს დიდსა და პატარას ამ ხელიდან წაგლეჯილი საუნჯის დასაბრუნებლად, ე.ი. თქვენი პატარა გრძნეული ლექსი განახორციელებს მას, რასაც მსგავსი სავსებით ვერასოდეს ვერ მიაღწევენ ვერც მღვდელთმთავრის ლმობიერი მოძღვრება-დარიგებანი, ვერც პროფესორთა მეცნიერული გამოკვლევანი და ვერც პუბლიცისტების ცხარე წერილები. ლექსის საშუალებით შესულა ყოველთვის სიმრავლის შეგნებაში სასურველი აზრების მიღება-განხორციელების აუცილებლობა და ლექსისავე საშუალებით უნდა მოუპოვოთ ჩვენი ერის სული და გული ჩვენი ეკლესიის გამოცოცხლებულ ავტოკეფალიას.

ასეთი ლექსის, ასეთი ჰიმნის შექმნას მოითხოვს თქვენგან თქვენი დედა ეკლესია, დიდებულო მგოსანო და იცოდეთ, რომ ასეთი ჰიმნის გალობით ახმაურებულ საქართველოს ვეღარ გაუმაგრდებიან ჩვენი ეკლესიის მონობით შემბოჭავი ძალები. დიდი ხანია ამ აზრს ფარულად ვატარებდი გულში, მაგრამ აქამდე ვერ გიბედავდით მომართვას, დღეიდან შეუძლებელი გახდა ჩემთვის ამის დაფარვა, გიზიარებთ გულის ნადებს სრული სიწრფელით და თქვენი ნებაა, სისულელედ ჩასთვლით მას, თუ ხელ ჩასაკიდებელ გონიერ მოსაზრებად.

თქვენი ღრმად პატივისმცემელი მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდი
13 თებერვალს 1914 წელს

 

ეპისკოპოს ლეონიდეს წერილი მელიტონ კელენჯერიძისადმი.

მამაო მელიტონ

"უფალმა გიკურთხოთ მარჯვენა და კალამი. კმარა თქვენი ამდონს ხანს სიჩუმე, უნდა უსათუოდ აარაკრაკოთ ყოველდღიურ პრესაში აღებული საგნის შესახებ წყარო და მთელი წლის განმავლობაში არ შეწყვიტოთ მისი საამო წანწკარი. დღეს გაზეთს შეაქვს ბრბოში ცოდნა და გაცნობა საჭირ-ბოროტო კითხვებთან, თქვენც ამ გზას უნდა მიმართოთ, ამ საშუალებით უნდა გააცნოთ ერს ჩვენი ეკლესიის საკითხი, ამ გზით უნდა შეაჩვიოთ ჩვენი საერო საზოგადოების ყურს ეკლესიური კითხვა, თორემ მეცნიერულ გამოკვლევებს მარტო რჩეულები თუ კითხულობენ. რაც მეტ ნახნავს სთესავს და ფარცხავს მუშაკი, მით მეტი მოსავლის იმედი აქვს, იქნება თქვენგან შორს ნაყოფი თესლი იქ გასკდეს ზღვად, სადაც თქვენ სრულებით არ მოელით! ასეთი წერილების ბეჭდვა უნდა ნარდად აიღოთ უსათუოდ მთელი წლის განმავლობაში და ამას შესაფერი შედეგიც მოჰყვება, თორემ ორი და სამი წერილით არა გარიგდება რა.

წინასიტყვაობა მშვენიერია, კილო დარბაისლური და წესიერია, პირველ გვერდზე ხაზგასმული სიტყვების ნაცვლად, სჯობია ვიხმაროთ: 1) ამოსაგლეჯი, 2) ეჯაჯგურებიან, 3) ჩაუგდეს, 4) გაუსკდათ. მე-12 გვერდის ბოლო და მეცამეტის დასაწყისში ვიკადნიერე და რამდენიმე პწკარი წავშალე; გთხოვთ ის სიტყვები გამოსტოვოთ, თორემ ზოგიერთ ტაკიმასხარებს მასალას მისცემს დაცინვისას და საქმე კი იქ ნაჩვენები განმარტებით არა შუქდება. ავტონომიის განმარტებაში იქნება მეტი არ იყოს ილიასგან მოყვანილი მოხევეს თქმულების ხმარება: "ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთნოდესო." მეთვრამეტე გვერდზე, სადაც ნაჩვენებია რასაც მოითხოვს ჩვენი ეკლესია ავტოკეფალიის სახელით, უსათუოდ უნდა იყოს ცხადად და ხაზგასმით ნაჩვენები საეკლესიო მამულების დაბრუნება, ან მისი ნამდვილი, აწინდელი დროის მიხედვის კვალობით, ღირებულობის გადადება საქართველოს ეკლესიის სახელობაზე.

მაშ, ღვთის სახელით შეუდექით ამ საქმეს. ეხლა თქვენ აღარაფრისა აღარ უნდა გეშინოდეთ: მოცემით არსებითად არაფერს მოგცემენ და წართმევით ვეღარაფერს წაგართმევენ, ხოლო სამშობლო საუკეთესო და საყვარელ შვილად აღგიარებს. თქვენი პოზიციაც ხელს გიწყობთ: მთავრობასთან ახლო დგომა არ გზღუდავთ და სიშორე მთავრობის თვალში მეტს მნიშვნელობას გაძლევთ...

დიდად დამავალებთ თუ მოიფიქრებთ რამეს: ჩვენს მომავალ საეპარქიო კრებაზე, ამ კითხვას რა სახე მივცეთ.

თქვენი პატივისმცემელი მდაბალი ეპისკოპოსი ლეონიდე. (20, 212).
23 აინვარი 1917 წელი


ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი)

ეპისკოპოსი კირიონი, ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში. მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ კავკასიის მთიელებში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში. პატარა გიორგი ჯერ სწავლობდა ანანურის მონასტერთან არსებულ სკოლაში, ხოლო 1862 წელს ჩაირიცხა გორის სასულიერო სასწავლებელში. აქ სწავლის დროს თანაკლასელებთან, სოფრომ მგალობლიშვილთან და ნიკო ლომოურთან ერთად საზაფხულო არდადეგებზე მოგზაურობდა და სწავლობდა ლიახვის ხეობის, მაღრან-დვალეთის ისტორიულ სიძველეებს. აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, ძველ მონეტებს, არქეოგრაფიულ მასალებს. გორის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1876 წელს და უმაღლესი სასულიერო განათლების მისაღებად გაემგზავრა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1880 წელს და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ.

1883 წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას. 1885 წლამდე მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1885-1890 წლებში გორის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის თანაშემწეა, 1891 წელს მოღვაწეობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1891-1896 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. მისი ღვაწლით საქართველოს მთიანეთში გაიხსნა 19 სამრევლო სკოლა. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში "ივერიელის," "ლიახველის," "ნიქოზელის" "საძაგელოვის" ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიაზე, საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, ზეპირსიტყვიერებაზე, არქეოლოგიურ და ნუმიზმატიკურ პრობლემატიკაზე. იგი არჩეულ იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრად. ამ საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა მისი ვრცელი გამოკვლევა "ლიახვის ხეობის სიძველენი." ეს ნაშრომი მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანია. XVIII-XX საუკუნეებში ამ ტერიტორიებზე შემოსულმა უცხო ტომელებმა (ოსებმა) იავარქმნეს მრავალრიცხოვანი საისტორიო ძეგლები. საერო თუ სასულიერო დანიშნულების ნაგებობანი. 1896 წელს გიორგი საძაგლიშვილს დიდი ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს, ეპიდემიამ იმსხვერპლა მისი ცოლ-შვილი. მან მიიღო გადაწყვეტილება ბერად აღკვეცილიყო. ბერობის სახელად შეურჩიეს კირიონი და გაგზავნეს ქვათახევის მონასტერში, იმავე წელს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. იღუმენი კირიონი აგრძელებდა მეცნიერულ საქმიანობას. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს კირიონმა აქედან თბილისის საეკლესიო მუზეუმში ჩაიტანა 96 ხელნაწერი, მათ შორის XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი "დავითნი" და სხვა მრავალი საინტერესო ხელნაწერი. მან მრავალი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, ხელნაწერი მიტოვებული ეკლესია-მონასტრების ნესტიანი სენაკებიდან, საოჯახო კოლექციებიდან გამოიტანა და შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის ისტორიული საბუთების განყოფილებას. მათ შორის: "მარხვანი," "სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი," "ცხოვრება და მოქალაქეობა ნეტარი ანდრია სალოსისა," "მსოფლიო ისტორია," "სადღესასწაულო," "აპოკრიფი ყოვლადწმიდა მარიამის სახარება," "VIII საუკუნის ხელნაწერი ლიტურგია ოქროპირისა," "რუსული ასამაღლებელი ქართული ასოებით," "ისტორია გინა მოთხრობა საღმრთო წერილისა ძველისა და ახლისა აღთქმისა," ძველი ვერცხლის მონეტები. მან შეისწავლა ძველი ქართული აპოკრიფების უცნობი ხელნაწერი, რომელიც დაცული ყოფილა გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში. 1898 წლის 10 მაისს იღუმენი კირიონი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, იმავე წლის 22 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ არქიმანდრიტი კირიონი ეპისკოპოსად აკურთხა და ჩააბარა ალავერდის ეპარქია. ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის "ივერია": "სრული იმედია, ყოვლადსამღვდელო კირიონი, მრავლითა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ." (2, 4). ეპისკოპოსად კურთხევისას წარმოთქმულ სიტყვაში არქიმანდრიტმა კირიონმა ბრძანა: "მე სრულიადაც არ წარმოვიდგენდი ამ თვრამეტი წლის წინათ, როცა კურსი შევასრულე კიევის სასულიერო აკადემიაში, თუ ჩემთვის ასეთი ბედნიერი და დიდმნიშვნელოვანი დღე დადგებოდა... მე კურსის დასრულების შემდეგ დავიწყე სამსახური სასულიერო წოდების ახალი თაობის აღმზრდელის ასპარეზზედ. მას უკან ბევრ რასმეს ვფიქრობდი, ბევრ გეგმას ვაწყობდი ჩემის მომავლის მოღვაწეობისას, ბევრს ადგილს ვირჩევდი სამსახურისას, მაგრამ უფლის განგებულებამ დღეს ნაჩვენებ გზაზედ დამაყენა: სხვებსავით მეც ვფიქრობდი მომეპოვებინა მყუდროება და ბედნიერება ოჯახურს ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხთლა და ამის გამო სამსახური ეკლესიის მიმართ ბერმონაზონის წოდებაში ჩემთვის აუცილებელ-აუშორებელი შეიქმნა. სწორედ ოცი თვის წინათ ამავე ადგილას, სადაც ახლა ვდგავარ, ვიდექი მონაზონის უბრალო ტანსაცმელში და ვაძლევდი აღთქმას მონაზვნური ცხოვრებისას... დიდი მადლობელი ვარ იმ ჩემი მოძღვრისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტ გზაზედ დამაყენა. დღეს უმაღლესის ბრძანებით უნდა ვიტვირთო მძიმე მოვალეობანი - მწყემსმთავრისა და წავიდე ალავერდის ეპისკოპოსად - იმ ალავერდისა, სადაც მოღვაწეობდა, სადაც ქადაგებდა და სადაც განსვენებულ არს წმიდა მამა იოსებ ალავერდელი. ალავერდის კათედრაზე მოღვაწეობდა მრავალი ღირსი მღვდელმთავარი, რომელთაც მის წიაღში იგემნეს საუკუნო განსასვენებელი. ალავერდის ტაძარი ისეთი სიწმინდეა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არათუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არამართლმადიდებელნიც და თვით მთიანი დაღესტნის მკვიდრნიც - ლეკები, მაჰმადიანები, რომელთაც ჩვენი წინაპრები ხმლით ხელში ეომებოდნენ თვისთა სარწმუნოებრივ სიწმინდეთა დასაცველად და ბოლოს ქედი მოადრეკინეს თვისის სიწმინდის წინაშე. საღმრთო განგებამ მარგუნა სამსახური. ვმადლობ საღმრთო განგებას ამ ხვედრისათვის მით უმეტეს, რომ სახელმძღვანელოდ მეყოლება ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობის საქმეში გამოცდილი მღვდელმთავარი... დასასრულ გთხოვთ წმინდანნო მღვდელმთავარნო, წარმომადგენელნო ივერიის ეკლესიისანო, ილოცეთ ჩემთვის, რათა თქვენის მწყემსმთავრულის ლოცვის მეოხებით უფალმან მომცეს შეძლება, ძალა და სიბრძნე მისის ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობისა." (2, 8).

ალავერდის ეპარქიაში ჩასვლისთანავე კირიონმა განაგრძო დაუცხრომელი საქმიანობა. მოუვლელობისგან განადგურების პირას იყო მისული ალავერდის დიდებული ტაძარი, გამოსაცვლელი იყო სახურავი, შესაკეთებელი იყო გალავანი. ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის შეკეთება. ამავე დროს გააგრძელა მეცნიერული საქმიანობა, კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლა. აქედან შეარჩია 68 ხელნაწერი და გადასცა საეკლესიო მუზეუმს, მათ შორის 1089 წელს გადაწერილი სახარება. ეპისკოპოსმა კირიონმა მკაცრად გაილაშქრა XIX საუკუნის II ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში მართლმადიდებლური ქართული ეკლესიების მონოფიზიტი სომხების მიერ დასაკუთრების წინააღმდეგ. თბილისში გამომავალი სომხური გაზეთები "მშაკი" და "ნორდარი" ქართველებს უსაქმურებსა და მკვეხარებს უწოდებდა. ამის საპასუხოდ ეპისკოპოსი კირონი წერდა, საისტორიო წყაროებს ადამიანური თვალით უნდა შევხედოთ და არ ვეცადოთ მათ საფუძველზე სხვის დამცირებას თუ არა თვით სომხური წყაროები ასე ახასიათებენ სომხებს: "ერი გულზვავი, გაუგონარი, უსამართლონი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარნი, მექრთამენი და ცრუმედიდურნი." გამოდის რომ წყაროები ზოგჯერ ტენდეციურია და მხოლოდ მათზე დაყრდნობით ამა თუ იმ ერის ღირსება-ნაკლოვანებაზე მსჯელობა მაინცდამაინც სასურველი არ არის, - დასძენდა მეუფე კირიონი. ეპისკოპოსი კირიონი თავისი დაუღალავი ღვაწლით იმთავითვე იქცა ქართველი საზოგადოებისათვის მეორე გაბრიელ ეპისკოპოსად. როგორც თვითონ აღნიშნავდა: "ჩვენ ბერობაში რიგიანი კანდიდატი აღარავინ ჩანდა, გარდა ლეონიდისა, ამ გარემოებამ იძულებულ მყო ღრმად ჩამეხედა და შემეგნო ჩვენი ეკლესიის მდგომარეობა. ასი წლის მონობის უღელმა მეტად დააქვეითა ჩვენი ეკლესია, როდესაც გავითვალისწინე ჩვენი აწმყო, დავრწმუნდი, თუ გვსურს ჩვენი ხალხი არ აღიგავოს პირისაგან ქვეყნისა, აუცილებელია ჩვენი ნაციონალური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამისათვის საჭირო იყო გაგვემრავლებინა ბერები მაღალის სწავლით აღჭურვილნი, მაგრამ პირველი მძიმე ნაბიჯი ვის უნდა გადაედგა, სტატსკი სოვეტნიკი ვიყავი, პენსიას ორიოდ წელში დავიმსახურებდი... ყველაფერი ამქვეყნიური უარვყავ, დავიდგი თავზედ ბაბილონის გოდოლი, შევუდექ საქმეს და საარაკო თავგადასავალი გადამხდა." (44, 14).

ეპისკოპოს კირიონის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალური მოძრაობის დაწყება. ეს გახდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან მისი დევნა-შევიწროების უმთავრესი მიზეზი. მას ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს. 1901 წელს გორში, 1902 წელს კამენეც-პოდოლსკში, 1903 წელს ხერსონესში, 1904 წელს ორიოლის ეპარქიაში, 1906 წელს სოხუმის ეპარქიის ხელმძღვანელად დანიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით იყო ამ ეპარქიის ხელმძღვანელი მოახერხა იქაური ქართველობის შეკავშირება, ამავე დროს მწყემსმთავრულ, მამაშვილური ურთიერთობა დაამყარა აფხაზებთან, მაგრამ საიმპერატორო კარზე ეპისკოპოსი კირიონი დააბეზღეს, თითქოს იგი ცდილობდა დაჩქარებული ტემპით აფხაზეთის გაქართველებას. 1906 წელს გაზეთ "კოლოკოლის" 45-ე ნომერში "ხმა სოხუმიდან" "რუსი"-ს ფსევდონიმს ამოფარებულმა დეკანოზმა ივანე ვოსტორგოვმა სოხუმის ეპარქიაში კირიონის მოღვაწეობა შეაფასა როგორც რუსული საქმის დაღუპვა. "კოლოკოლის" ფურცლებზე გამოქვეყნებულ ამ ტენდენციურ წერილს დამაჯერებელი პასუხი გასცა არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ, რომელმაც აღნიშნა: "ვიმედოვნებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ყოვლადსამღვდელო კირიონი თავისი მოღვაწეობით სოხუმის ეპარქიაში აღადგენს ძმობას და ერთობას ყველა ეროვნებას შორის. ხოლო ამიერკავკასიიდან გაქცეული ანაფორიანებისა და ზოგადად, ბ. "რუსის" მსგავსი ქართველოფოფების ღვარძლითა და კაცთსიძულვილით სავსე სიტყვები ვერ გამოიღებენ იმ შედეგს, კერძოდ, აფხაზეთში ძმათამძულვარებას და ძმათამკვლელ სისხლისღვრას, რასაც ლამობენ." (45, 121-122).

1905 წელს ქართველმა სამღვდელოებამ კატეგორიულად მოითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თბილისში სამღვდელოების საგანგებო ყრილობაზე მიღებულ იქნა პეტიცია იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი, რომელსაც ხელს აწერდა 412 სასულიერო პირი. ქართველი სამღვდელოება საეკლესიო დროშებითა და ჯვარ-ხატებით ვერის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიიდან დაიძრა გოლოვინის პროსპექტზე, რათა მეფისნაცვლისათვის მიერთმიათ იმერატორისადმი გასაგზავნი პეტიციის ტექსტი, მაგრამ საქართველოს ეგზარქოს ალექსის (ოპოცკი) მოთხოვნით რუსმა სამხედროებმა გზა გადაუღობეს მათ და დაიწყეს დემონსტრანტების დარბევა, ეს იყო არნახული მოვლენა, როდესაც სასულიერო პირებს მათრახებით სცემდნენ და ჯვარ-ხატებს თავზე ამტვრევდნენ, ამ ვანდალურ აქტს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში. ილია ჭავჭავაძე საგანგებოდ შეხვდა ამ საკითხზე მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს, რომელმაც პეტერბურგში შეატყობინა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. რუსეთის ხელისუფლებამ დაძაბული ვითარების განსამუხტავად პეტერბურგში დანიშნა სინოდის წინარე სხდომა, სადაც უნდა ემსჯელათ, რამდენად კანონიერი იყო ქართველი სამღვდელოების მოთხოვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე. 1906 წლის იანვარში პეტერბურგში საქართველოს ეკლესიის საკითხზე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ბრძანებულებით მოწვეულ იქნა რუსეთის ეკლესიის სინოდის წინარე სხდომა. სხდომაზე დასასწრებად გაიწვიეს ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, ექვთიმე (ელიაშვილი). სხდომებს თავმჯდომარეობდა მიტროპოლიტი ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი). სხდომებზე ესწრებოდნენ და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს იცავდნენ პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი. როგორც შემდეგ ეპისკოპოსი კირიონი იხსენებდა... შევთანხმდით, მე, ისტორიული დამტკიცება, მოწინააღმდეგეთა საბუთების დარღვევა, გაქარწყლება მეკისრნა, ხოლო ლეონიდს ცოცხლად წარმოედგინა აწინდელი უნუგეშო მდგომარეობა ჩვენი მშობლიური საყდრისა. სინოდის წინარე სხდომების მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კირიონის ფონდში დაცული საქმე N251, მისი წერილები დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძისადმი. "საქართველო უბედურ ვარსკვლავზედ გაჩენილა და უბედურადაც მიდის ჩვენი საქმე."

მიუხედავად ასეთი მძიმე ვითარებისა, კირიონი იმედს არ კარგავდა და აგრძელებდა ბრძოლას. მისთვის გულსატკენი იყო ეპისკოპოს დიმიტრის (აბაშიძე) გამოსვლა სინოდის სხდომაზე, რომელმაც განაცხადა - "დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია არავის გაახსენდებაო." ასევე გაორებული იყო ეპისკოპოს ექვთიმეს პოზიცია, რომელსაც კირიონი ელიაშვილის მაგივრად "მელიაშვილს" ეძახდა. 1906 წლის ივნისში დასრულდა სინოდის სხდომები, რომელმაც უარყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, თბილისში საქართველოს ეგზარქოსად გამოაგზავნა სასტიკი და შეუბრალებელი მთავარეპისკოპოსი ნიკონი. დაიწყო ქართველი ავტოკეფალისტების სასტიკი დევნა-შევიწროება. ეპისკოპოსი კირიონი სოხუმიდან გადაიყვანეს რუსეთში კოივნოს ეპარქიაში. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი (სოფისკი). რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ ნიკონის მკვლელობა ქართველ ავტოკეფალისტებს დააბრალა. 1908 წელს ეპისკოპოს კირიონს ჩამოართვეს ეპარქია, ეპისკოპოსის ხარისხი და პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესეს ტამბოვის გუბერნიის სანაქსარის უდაბნოში. 1910-1915 წლები მან ხერსონის მონასტერში გაატარა. იოსებ ჩიჯვაძისადმი გამოგზავნილ წერილში წერდა: "ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამძიმდება, როდესაც გულსაკლავი და ამასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან... მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამგვირგვინებელი... წინ ფიანდაზის მაგივრად მართალია ეკლიანი გზა გვიდგას, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანაჯვაშია." (8, 48-49).

1909 წლის 20 მარტს ბრიუსელიდან ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. ეპისკოპოსმა კირიონმა სიცოცხლეშივე მოწამის გვირგვინი დაიდგა, იგი ვერ გატეხეს, ყველაფერი მოსწყინდება ადამიანს მამულიშვილობის გარდა, - წერდა იგი. გადასახლებაში ყოფნის ჟამს დაიწერა მისი გახმაურებული მონოგრაფია "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" (1909 წ.). როგორც ავტორი წინასიტყვაობაში წერდა: "1902 წლის დასაწყისში კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში, ბალტიის საეგზარქოსო კათედრაზე გადამიყვანეს და დავიწყე რუსეთის ისტორიის შესწავლა პირველწყაროებიდან... იმთავითვე განმაცვიფრა ახალმა სასიამოვნო აღმოჩენამ. რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ მატიანეებს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ "თხრობანი გარდასულ ჟამთა" როგორც მოიხსენებენ უძველეს რუსულ მატიანეს, არის უხეირო ანასხლეტი დიდი ქართული მატიანის "ქართლის ცხოვრებისა"... გამიჩნდა მოთხოვნილება, რუსული მატიანის შესახებ შეძლებისდაგვარად მთელი ლიტერატურა შემესწავლა... დრო გადიოდა. საქმე წინ მიიწევდა და ამოცანა უფრო და უფრო განივრცობოდა... საკითხი, რომელსაც შევეხე, სრულიად ახალია ეკლესიის ისტორიის მეცნიერებაში. წინამორბედი არ მყოლია, გაუკვალავი გზით მივდიოდი და ამიტომაც ეს ნაშრომი პირველი ცდაა ამ საქმეში... შეგნებული მაქვს რა ჩემ მიერ წამოჭრილი საკითხის სირთულე, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ წინამდებარე ნაშრომში ის ყოველმხრივ და სრულიად იქნება გამოკვლეული. პირიქით, ზოგ ადგილას მხოლოდ პუნქტებია მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ ეს ნაშრომი შორსაა საბოლოო სახისაგან, იმას, რაც უთქმელი დარჩა ან არასაკმარისადაა დასაბუთებული, იმედია, ჩემი თანამემამულეები დაასრულებენ, რაშიც ეს ნაშრომი მნიშვნელოვნად დაეხმარება და საქმესაც გაუადვილებს." (46, 16-19). დღეს შეიძლება ამ სქელტანიანი მონოგრაფის ზოგიერთი დებულება საკამათო იყოს, მაგრამ მისი გაცნობისას არ შეიძლება მოწიწებით არ განიმსჭვალო მისი ავტორის მიერ გაწეული დიდი შრომის გამო. აკაკი წერეთელი გამოხატავდა, რა მოწინავე ქართველი საზოგადოების აზრს, პროტესტს გამოთქვამდა კირიონის დევნა-შევიწროების გამო და ცდილობდა ამ საკითხზე რუსეთის იმპერატორთან შეხვედრას. 1914 წლის 23 მაისს ეპისკოპოსი კირიონი ხერსონიდან წერილს უგზავნის რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს და მოითხოვს პოლიციის მეთვალყურეობიდან განთავისუფლებას, უსაფუძვლო ბრალდების მოხსნას, რათა შესაძლებლობა მიეცეს როგორც სასულიერო, ისე სამეცნიერო მოღვაწეობისა. ამ თხოვნის საფუძველზე 1915 წელს კირიონს აღუდგინეს ეპარქიის მართვის უფლება, ჩააბარეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქია, დააჯილდოვეს წმიდა ანას პირველი ხარისხის ორდენით, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს.

ეპისკოპოსი კირიონი იყო ცნობილი მეცნიერი, რომელიც საფუძვლიანად იკვლევდა საქართველოს ისტორიას, საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების, რუსულ სამონასტრო ცენტრების ისტორიას, ქართულ მეფეთა და წმინდანთა ცხოვრების, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებს. მან საქართველოს საისტორიო საზოგადოებას არაერთი ძვირფასი ხელნაწერი გადასცა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "ეპისკოპოსმა კირიონმა ჯერ კიდევ ექსორიაში ყოფნის დროს შემოწირა საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნებისა, მრავალი საარქეოლოგო ნივთი, ალბომები, სურათები და დიდი ნუმიზმატური კოლექცია. წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რაიმე ნივთი, ხელნაწერი თუ ფული არ გამოეგზავნა ახალი საზოგადოებისათვის." (47, 89). საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით, ე. თაყაიშვილის რედაქციით დაიბეჭდა ძველი საქართველოს შესახებ სამი წიგნი, რომელშიც შესულია ეპისკოპოს კირიონის მიერ შედგენილი ქართული სალექსიკონო მასალა განმარტებითურთ. მანვე "ქართული ლექსიკონის გამოსაცემად განყოფილებას გადასცა ასი მანეთი." 1913 წლის 2 ივლისს საისტორიო საზოგადოების წლიური კრების N74 ოქმი გვაუწყებს - საბჭოს წინადადების თანახმად კრებამ ერთხმად აირჩია ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრად. მან საზოგადოებას შესწირა "ვეფხისტყაოსნის" უცნობი ხელნაწერი, კორიდეთის ოთხთავი, პავლენის ერთი ძველი რედაქცია და სხვა მრავალი საინტერესო საბუთები.

მან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ქართული ენა რუსეთის ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად შეადგინა "ქართული სიტყვიერების ისტორია." "ჩვენი მუშაობა, -წერდა იგი, - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დარი დაუდგება საზოგადოდ ქართულ ენას ჩვენს საშუალო სკოლაში და კერძოდ, ამ სახელმძღვანელოს; საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადგილი დაეთმოს ქართულს არა მარტო დასაწყის სკოლებში, არამედ საშუალოსა და უმაღლესშიც. საჭიროა სკოლამ მტკიცე ეროვნული ხასიათი მიიღოს და სწავლა საგნებისა ქართულად წარმოებდეს. ხოლო ეს მაშინ მოხდება, როცა მთლიანად საქართველოს ცხოვრება ეროვნულ საფუძველზე მოეწყობა და ქართული ენა უაღრესად საჭირო შეიქმნება ყოველ დაწესებულებაში." (2, 17).

კირიონის ღვაწლით 1907 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემიასთან დაარსდა საქართველოს ეკლესიის ისტორიის კათედრა. იგი ბევრს მუშაობდა მოსკოვის, პეტერბურგის, თბილისის, კამენეც-პოდოლსკის, ხარკოვის, კიევის, ხერსონის, კოვნოს, ორიოლის არქივებსა და მუზეუმებში დაცულ ისტორიულ დოკუმენტებზე, აგროვებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს, ამ საკითხებზე საინტერესო მიმოწერა ჰქონდა ვაჟა-ფშაველასთან. "ქართული პოეზია, - წერდა იგი, - მაღალია ვით კავკასიონი და ანკარა როგორც მთის წყარო, ხოლო "ვეფხისტყაოსანი" ქართულ პოეზიის იალბუზი." მისი აზრით, "დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმიდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი, დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი. მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზედ ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას." მისი ცხოვრების დევიზი იყო "მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდია," "საქართველოს წარსულზე თუ გინდა წერო, კალამი ჩააწე სისხლში და თვალი მიაპყარ იალბუზს," "უბადრუკია ის კაცი, რომელსაც ყველგან სამშობლო ჰგონია," "ყველა მობეზრდება მამულიშვილს გარდა მამულიშვილობისა," "ყველაზე უკეთესი სანახავი თავისუფალი სამშობლოა," "კაცი თავისუფლებისათვის არის გაჩენილი, შემოქმედს ის რომ მონად სდომებოდა, ცხოველად გააჩენდა." "ვინც სამშობლოს კეთილდღეობაზედ არ ზრუნავს, ის უღირსი შვილია თავის ერისა."

ეპისკოპოსი კირიონი იყო უდიდესი ქველმოქმედი, და განათლებას მოწყურებული, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობის თანამდგომი. მისი მატერიალური ხელშეწყობით 300-ზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. როგორც აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე იხსენებდა, ეპისკოპოსმა კირიონმა საგანგებო რეკომენდაციითა და ფულადი დახმარებით იგი გაგზავნა სწავლის გასაგრძელებლად კიევის სასულიერო აკადემიაში. "ძველად ებრაელებს, - წერდა კორნელი კეკელიძე ეპისკოპოს კირიონს, - ჩვეულებად ჰქონდათ ყველანაირ ახალს ანუ პირველ ნაყოფს მადლობის ნიშნად სწირავდნენ ხოლმე ამ ნაყოფის მომცემელ ღმერთს. ამისდა მიხედვით, ნება მიბოძეთ, მეც უმორჩილესად გიძღვნათ პირველი ნიმუში იმ შრომისა, რომელსაც მე ხელი მივყავი თქვენი შთაგონებითა და რჩევით." (21, 778ა) ეპისკოპოს კირიონის ჩანაწერებში არის ასეთი საინტერესო ინფორმაცია: "ოდესაში ჩემთან ხშირად სტუმრობენ ქართველი სტუდენტები, მათ შორის არის ერთი თბილისელი სომეხი ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ნიჭიერი ახალგაზრდა, მასაც ისე ვეხმარები, როგორც ქართველებს." (21, 532).

თავისი ღვაწლითა და თავდადებით ეპისკოპოსი კირიონი საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების შუაგულში იდგა. ქართველი საზოგადოება მის სახელთან სამართლიანად აიგივებდა ავტოკეფალურ მოძრაობას, სწორედ ეს იყო მისი ჯვარცმისა და გოლგოთის მიზეზი. იგი ავტორია 40-ზე მეტი წიგნის და 100-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის. მას დიდ პატივს სცემდნენ: ივანე ჯავახიშვილი, მიხეილ თამარაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ლომოური, მოსე ჯანაშვილი, ნიკოლოზ დურნოვი, ლეონიდ დიმიტრიევი, ნიკოლოზ პალმოვი, ალექსანდრე შახმატივი, აურელიო პალმიერი, გუსტავ ბერმანი, ნიკო მარი. ვერც გადასახლებამ, ვერც ცილისწამებამ და დაუმსახურებელმა შევიწროებამ ვერ გატეხა იგი, ვერ გადაათქმევინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთში დასრულდა რომანოვების დინასტიის ბატონობა და ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა, საქართველოში დარჩენილმა კირიონის თანამოაზრე ავტოკეფალისტებმა 12(25) მარტს მცხეთაში მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ და შექმნეს დროებითი მმართველობა გურია-ოდიშის ეპისკოპოსის ლეონიდეს თავმჯდომარეობით. ეპისკოპოსი კირიონი ჯერ ისევ რუსეთში იმყოფებოდა, ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა ჩიტო კაპანაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაგზავნა მასთან, რათა ნაამაგარი მამულიშვილი, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და ამიტომაც განიცადა ამდენი დევნა - შევიწროება, დაბრუნებულიყო საქართველოში და მონაწილეობა მიეღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევ-ნებში. კირიონმა ყურადღებისათვის მადლობა გადაიხადა, მაგრამ  მტკიცე უარი შემოთვალა - "ლეონიდე და მისი მომხრეები მოსვენებას არ მომცემენო.  ბოლოს ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნით ის სამშობლოში გამოემგზავრა, მას არაგვის ხეობაში ასოცამდე ცხენოსანი შეეგება გიგო ყარანგოზაშვილის ხელმძღვანელობით და დიდი პატივისცემით მიაცილეს დედაქალაქამდე, მაგრამ მისი სამშობლოში დაბრუნება ბევრს არ გახარებია.

იგი აქტიურად ჩაერთო საქართველოს საეკლესიო კრების მოსამზადებელ სამუშაოებში, თუმცა როგორც დროებითი მმართველობის ოქმებიდან ირკვევა, რომელთაც კირიონის მოწინააღმდეგე დავით დავიდოვ-დავითაშვილი წერდა, რა არ დააბრალეს მას, რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი, ავტოკეფალიის მოწინააღმდეგობა. ოქმები შედგენილია ტენდეციურად, რათა შთამომავლობის წინაშე ეპისკოპოსი კირიონი უარყოფითად წარმოჩენილიყო. 1917 წლის 17 სექტემბერს, I საეკლესიო კრებაზე, რომელსაც 441 დელეგატი ესწრებოდა, 231 დელეგატმა ხმა მისცა ეპისკოპოს კირიონის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის წინადადებას (მან 11 ხმით გაუსწრო მიტროპოლიტ ლეონიდეს) და არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1918 წლის 27 ივლისს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II მიგზავნილმა მკვლელმა სიცოცსლეს გამოასალმა მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში. დაკრძალეს 7 ივლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 9 ივლისი (ძვ. სტ. 26 ივნისი).

ეპისკოპოს კირიონის წერილი თ. ჟორდანიასადმი.

"ძმაო თედო!

შენი წერილი და ორივე შრომა დღეს მივიღე და პასუხსაც გწერ, ორივე შრომა გულდადებით არის შედგენილი, სამწუხაროთ ამის გამოც უსიამოვნება მოგსვლიათ, საზოგადო საქმეში უნდა დაივიწყოთ პირადი ანგარიში. რითი ვერ გვასწავლა ეს ჩვენი სამშობლოს სვებედმა. მართალია, მტრები ბევრი გყავს, მაგრამ თანამგრძნობლებიცა გყავს, მტერი კაცს აფხიზლებს და უმტროთ კაცი ზარმაცობას და ძილს მიეცემა. ვინც საქმეს აკეთებს, იმას მუდამ მოშურნე ბევრი ჰყავს, შენც ამ მდგომარეობას უნდა აქამდი შესჩვეოდი. მე რაღა ვქნა, სამშობლოდან გადმოხვეწილმა, სადაც ჩემთვის ყველა უცხოა! მემდურები წერილის მოუწერლობაზედ, თუმცა პასუხებსა გწერ ხოლმე. შებრალება არ იცით კაცისა. რატომ იმას არ იკითხამ, რამდენი თავისუფალი დრო მაქვს? კიდევაც უნდა გიკვირდეს, რომ ამოდენა ეპარხიას ვუძღვები! აი ყოველ დღე როგორ საათობით არის მოწყობილი ჩემი დრო: დილით ვსდგები ექვს საათზედ (ზაფხულში - ოთხზედ) პირის დაბანას და ჩაის დალევას ვერც კი ვასწრებ, რომ შვიდ საათზედ პირველი ფოსტა მელის, ცხრა საათამდე ფოსტის გარჩევასა და გაზეთების (ექვსი ყოველდღიური გაზეთი მომდის) გადათვალიერებას ვუნდები, ათ საათიდან მიღება მთხოვნელებისა პირველ საათამდე და მათი თხოვნების გასინჯვა, თორმეტ საათზედ მოტანილი მეორე ფოსტა, რომელსაც ორი საათი უნდება, სამზედ სადილი, ერთი საათი დასასვენებლად და რადგანაც ეს ეპარხია მეტად ვრცელია (1000 ეკლ. და 17 მონასტერი) საკურთხებლები ბევრი მყავს ხოლმე, ხშირად ათი-თორმეტი დღე ზედიზედ მწირველი ვარ. ოთხი საათიდან ექვსამდე საღამოს ლოცვა, შვიდი საათიდან ათ სათამდე კონსისტორიის ჟურნალების, პროტოკოლების და გამოძიებების წაკითხვა და მათზედ შესაფერი რეზოლუციები, ათი საათიდან თორმეტამდის ახალი წიგნების და ჟურნალების გადაკითხვა, ჩემი ძველი ნაწერების შესწორება, ახალი სტატიების წერა. მიიღე მხედველობაში, რომ ყოველ ხუთშაბათობით საღამოს შვიდიდან თერთმეტამდე არხეოლოგიური კრებაა ხოლმე ჩემ სახლში და რადგანაც ამის გამო წესი ირღვევა განწესებულ საათებისა, ამიტომ ხუთშაბათობით ღამის ორ საათამდე ვმუშაობ ხოლმე, ამას დაუმატე სემინარიის, ეპარხიალური და ორი სასულიერო სასწავლებლის დაზვერა და ხილვა, საქველმოქმედო ღონისძიებებზედ დასწრება და ზოგჯერ საღამოობით მნახველების მიღება. ნუ დაივიწყებ აგრეთვე რამდენად ძნელია ქართველი ეპისკოპოსისათვის რუსეთში სამსახური. შორის ხომ არ წავიდეთ ერთ მაგალითს მოვიყვან. ცივად სახსენებელი და უკუღმა მონათლული დიმიტრი (აბაშიძე), ჯერ ისევ ღვდელ-მონაზვნობაში, წასულიყო მოსალოცად ახალ ათონს. იქ საღამო ლოცვა შეესრულებინა და ამის შემდეგ რუსი მღვდელმონაზვნები შეკრებილიყვნენ და ლაპარაკი ჩამოეგდოთ დიმიტრის ლოცვაზედ - ერთს მათგანს ეთქვა: "Служить ничего, но велеть много дуеурметскаго". ამის შემდეგ მიხვდები, რამდენად ადვილია ქართველი ეპისკოპოსისათვის რუსეთში და მეტადრე кацап-ებში სამსახური. გაკითხვა არ იცით კაცისა! აბა ეხლა სხვა ვინმე გამოგზავნეთ, მე აქ სამსახური მეყოფა და გამოჩნდება რა ბიჭიც იქნება ჩემი მოადგილე, კვეხნა კიტრად არა ღირს და არც ამისთვის ვამბობ ამას. "გადამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანი."

თედო! რათა გაქვთ ზოგიერთ მოღვაწეს ჩვეულებაი მიღებული, რომ რომელსამე საზოგადო საგნის გამოკვლევას შეუდგებით და არავის კი არ გააგებინებთ?! ჩემთვის რომ შეგეტყობინებინა შენ წიგნაკს ორიოდე კარგი საბუთი მიემატებოდა: 1) საუბარი ანტიოქიის პატრიარქისა გიორგი მთაწმინდელთან (Сабим. акит. Св. ч. II გვ. 187...) 2) საქართველოს მიმოხილვა 1659, 1660 და 1667 წელი. მასწავლული იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის მიერ, რომელიც არღვევს მატყუარა მაკარის სიტყვებს. ამაზედ იყო ბროსეს სტატია, გადმოთარგმნილი სელეზნიოვისაგან შემდეგის სათაურით - о религиозномь и политическомь состоянии Грузии до XVII века (кур. мит. нар. проов. ч. XI от XII) და შემდეგ სელეზნიოვმა მიითავსა ეს სიტყვა თავის წიგნში: "рук. кьпофм. Кавказа". 3. კათალიკოზების და სამეფო კანონები, სადაც მეფე და კათალიკოსი გათანასწორებულები არიან უფლებაში.

ერთი შენი სუსტი მხარეც უნდა გიჩვენო, ანტიოქიის პატრიარქის მოგზაურობიდან ცხადია სჩანს, რომ ის თამამად მოქმედებდა, თუმცა დასაჯერებელი არ არის დასავლეთ საქართველოსი და შენ კი არ მოისურვე ეს პირდაპირ გეთქვა. აღმოსავლეთ საქართველოში იყო ამ დროს კათალიკოსად დომენტი II. (1660-1676 წელი) _ ბიძაშვილი ვახტანგ მეხუთისა, კაცი ღირსი და გასწავლული, რომელიც არ აპარპაშებდა აღმოსავლეთ საქართველოში ცრუპენტელა მაკარის.

გიგზავნი ჩემ მცირე სტატიებს: Иверииуи, какь пилигримы и остователи обителей вс. св. мьестах востока და Мирь внешни и внутрений. ბევრი საინტერესო სტატია მაქვს მაგრამ ქართული ანბანის უქონლობის გამო აქ ვერა ვბეჭდამ. უკეთესსა ჟამსა ველი. შენც გულს ნუ გაიტეხამ, შენ რა გიჭირს, შვილებით მაინც ნუგეშობ, მე კი, ვითარცა ხენეში ხე, მოკლებული სამშობლო ჰავასა და ნიადაგს. "მაშინ იხარის მწილნავი, ოდეს მოისთვლის მტევანსა."

ამ ორი კვირის წინად გამოვუგზავნე დეკანოზს ღამბაშიძეს რემინგტონზედ დაბეჭდილი წიგნი "Из воспоминаний русского человека о грузинской вь тифлисе Православной духовной Семинарий ". მეტად შესანიშნავი წიგნია - შიგ ფოტოგრაფულის სინამდვილით არის დახატული ორი საზიზღარი სურათი უკანასკნელ რექტორებისა სტეფანესი და ნიკანდრისა.

სინოდიდან მოსულ კითხვების გამოსარკვევად მე აქ დავნიშნე კომისია, რომელმაც თითქმის სამი თვე იმუშავა, ზოგი ადგილები გადავაკეთე და ამ დღეებში გავგზავნი სადაც ჯერ არს. აქაურ პასუხებშიაც არის გამოთქმული, რომ საჭიროა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. აფხაზის კათალიკოსებზეც და გრიგოლის მოხსენება მეგრული ენის შესახებ დაპირებული ხარ და აქამდი მოთმინებით ველი და იმედს არ ვკარგავ, რომ გამომიგზავნი.

ჩვენი ძველი პანთეონის სამი ღმერთის სახელი აღმოვაჩინე და აგრეთვე გამოვიკვლიე საფუძველი წმ. თეოგნოსტეს, რომელმაც ქრისტიანობა გაავრცელა საქართველოში, ჩვენ წინაპართ რად უწოდეს სახელად ნინო, ამ ორი კვირის უკან დავბრუნდი მოსკოვიდან, სადაც რვა დღე დავყავ, და ეხლა თუ გზები არ შეიკრა, პეტერბურგში ვაპირებ წასვლას. ვეცდები ან სამხრეთში მომცენ კათედრა ან ულუფაზედ უნდა გამოვიდე, რომ ჩემი თხზულებების კრებულის გამოცემა მოვასწრო. ჩემ შესწორებულ სტატიებს მეც ძლივს ვარჩევ და ჩემს შემდეგ ვინ დაუდებს თავს.

იყავნ მშვიდობით შენი შვილებით. ნახვამდის."

შენი ამხანაგი და ერთგული მეგობარი ეპისკოპოსი კირიონი. (22, 596).
1905.10.XI

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე)

XIX საუკუნის საქართველოს ისტორია თავის თავში იტევს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლებისათვის მებრძოლ დიდ წინაპართა სახეებს, ასევე სამშობლოსაგან გაუცხოებულ თანამემამულეებსაც, რომელნიც ემსახურებოდნენ რა რუსეთის იმპერიას საერთოდ არ ფიქრებოდნენ იმ სამშობლოზე, სადაც დაიბადნენ, სადაც მათ წინაპართ სისხლი უნთხევიათ თითოეული გოჯი ქართული მიწის დასაცავად. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი დღეს რუსეთშია დაფასებული, თავისი სამშობლო მას ვერ პატიობს ქართველობის უარყოფას, სამშობლოს ინტერესების უგულებელყოფას.

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა 1867 წლის 12 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში. მისი წინაპრები XVIII საუკუნეში იმერეთიდან გადმოსულან კახეთში. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაეშურა ოდესაში, ჩაირიცხა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1891 წელს, 1892 წელს სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, იმავე წელს აღიკვეცა ბერად დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს (21 ოქტტომბერს) და უწოდეს სახელად დიმიტრი. 1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მას სხვა ქართველი სასულიერო პირებისაგან განსხვავებით ენდობოდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება, როგორც იმპერიის იდეოლოგიის ერთგულ დამცველს და სამშობლოს მიმართ ინდიფერენტულად განწყობილ კაცს. ამიტომ 1879 წელს იგი დანიშნეს ქუთაისის სემინარიის, 1898 წელს კი თბილისის სემინარიის ინსპექტორად. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ერთხანს მფარველობდა სემინარიელ იოსებ ჯუღაშვილს და ცდილობდა იგი რუსეთის თვითმპყრობელობის ერთგულების სულით აღეზარდა. სემინარიაში ებრძოდა ქართულ ენას და ეროვნული სულისკვეთების უმცირეს გამოვლინებასაც. 1900 წელს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი და დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. იმ დროს, როდესაც სემინარიიდან აძევებდნენ ქართველ მასწავლებლებს, დევნიდნენ ქართველ სტუდენტებს, ქართული წარმომავლობის სასულიერო პირის რექტორად დანიშვნა მრავლისმეტყველი ფაქტი იყო. 1902 წლის 16 მარტს რუსეთის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის თანხმობით არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი შეასრულა საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) 1902 წლის 23 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ვრცელი სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. "ის ფაქტი, რომ არა თუ ვეძიებდი ეპისკოპოსობის პატივს, არამედ განზრახვა მქონდა გავქცეოდი მას, - აღნიშნა მან, - გულთამხილმა ღმერთმა და ჩემმა ამომრჩეველმა ეკლესიის წარმომადგენელმაც იციან... უფალმა საშიში და საპასუხისმგებლო მსახურება დამაკისრა, მე უნდა გავხდე სულიწმიდის ცოცხალი იარაღი ქრისტეს სხეულის შესაქმნელად, ყოველ წამს მზად უნდა ვიყო წარვსდგე მის წინაშე. მიუკერძოებელი უნდა ვიყო ღვთის მიმართ, მარად უცვლელი ჭეშმარიტების მიმართ, პასუხი ვაგო ჩემზე მონდობილი ხალხის სულების გამო. მისივე ძალით უნდა შევიმოსო სიწმინდით და სისპეტაკით, თამამად ვუთხრა ჩემს ძმებს: ჩემი მსგავსი იყავით, რადგან ქრისტეში ყოფნა ყოველმხრივ მაგალითი უნდა იყოს მართლმადიდებელი ხალხისათვის, ქრისტეს სხეულისათვის. ზნეობრივი კანონიდან სულ მცირე გადახვევაც კი სამუდამო წარსაწყმედელში ჩამითრევს, რადგან საშიშია ცხოველი ღმერთის ხელში ჩავარდნა. მე უძლურმა და ცოდვილმა როგორ ვზიდო მხსნელის სისხლით გაბრწყინებული წმიდა ჯვარი? ჩემს პირველივე გზაზე ხომ არ დავეცემი. მის წინაშე? იდუმალი ხმა, წმიდა პავლე მოციქულის ხმა, მიმშვიდებს გულს და მისი სიტყვები ჩამესმის - სარწმუნოა ღმერთი, იგი არ დაუშვებს თქვენს შეცოდებებზე მეტად ცდუნდეთ. ჩემნაირ ცოდვილში ხომ ყოვლადძლიერი ღვთიური მადლი მოქმედებს, ახლაც მისით ვარ, თუ ვარ. ამ მადლმა დამიხსნა ცოდვით უფსკრულისაგან, განწმინდა, გამაბრწყინა, მასწავლა რწმენისა და ღვთისმოსაობის ჭეშმარიტებანი, დამნიშნა ღვთის ეკლესიის პრესვიტერად. ეს მადლი, ვსასოებ მაცხოვარ იესოს, ჩემი მამების ღმერთს, არ დამტოვებს, რადგან ვსასოებ, მე აქ ჩემი ნებით არ მოვსულვარ, არამედ მოვედი მხოლოდ ყოვლისშემოქმედის ბრძანებით... საეპისკოპოსო კათედრაზე ასვლა ნიშნავს გოლგოთასთან მიახლოებას, მაგრამ ქრისტიანს გოლგოთა ვერ დააშინებს. ჩვენ მისთვის ვართ დაბადებულნი, რადგან გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა, ვნების გარეშე სიხარული. ეს კანონია არა მარტო ქრისტიანისათვის, არამედ რწმენაში გაუნათლებლისათვისაც." (31, 119).

ეპისკოპოსი დიმიტრი ერთგულად იცავდა რუსეთის იმპერიულ ინტერესებს კავკასიაში. მას ქართული საქმის არაფერი არ სწამდა. ამიტომ თანამემამულეთა მხრიდან გაკიცხვასა და გმობას იმკიდა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველი ერის დენაციონალიზაციის პოლიტიკის გატარებას. 1902 წლის 4 ივლისს რუსეთის სინოდმა გამოიტანა დადგენილება, რომ საეკლესიო-სამრევლო სკოლებში ადგილობრივი ენა ისწავლებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მოსახლეობა მართლაც ლაპარაკობს ამ ენაზე, ხოლო რადგანაც სამეგრელოში სალაპარაკო ენად მეგრული იყო, ამიტომ საქართველოს საეგზარქოსოს საოლქო სასწავლო საბჭომ გამოიტანა დადგენილება სამეგრელოს სკოლებში აეკრძალათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. ამის შესახებ 1902 წლის 20 აგვისტოს დეკანოზმა ი. ვოსტორგოვმა აცნობა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), რომელმაც არ შეასრულა საეგზარქოსოს ეს უკანონო, ანტიქართული გადაწყვეტილება. განრისხებულმა ვოსტორგოვმა დასმენის წერილი აფრინა პეტერბურგში ეპისკოპოს ალექსანდრეს წინააღმდეგ, რომელმაც თითქოს ვერ გამოიჩინა უნარი სახელმწიფო იდეების გასატარებლად. იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ღვაწლმოსილი მღვდელმთავარი გადააყენა გურია-ოდიშის ეპარქიის წინამძღოლობიდან და საყვედური გამოუცხადა მას. ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად და ენერგიულად შეუდგა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნას. ამას მოჰყვა სერიოზული დაპირისპირებანი. 1904 წლის 23 ივლისს ამ კუთხის 113 თავადაზნაურის ხელმოწერით რუსეთის სინოდში გაიგზავნა საპროტესტო წერილი ქართული ენისა და ლიტერატურის აკრძალვის გამო. 1904 წლის 28 ივლისს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ "პეტერბურგში სინოდის სასწავლო კომიტეტში გაგზავნა საპასუხო განცხადება, რომ არათუ სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში საეკლესიო სკოლებში ქართული ენის სწავლება უნდა აღკვეცილ იქნას, რადგან ქართული ლიტერატურა სავსეა ღვთის მგმობელი და სეპარატისტული აზრებითო... იგი სთხოვდა სინოდის სასწავლო კომიტეტს ეს მისი განცხადება დაეცვა საიდუმლოდ, რადგან თუ მისი შინაარსი გამომჟღავნდება აქ აღარ დამედგომებაო." (48, 209).

ეპისკოპოს დიმიტრის წერილის შინაარსი მაინც გამჟღავნდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. იგი 1905 წელს იძულებული გახდა ჩოხაში გადაცმული გასცლოდა მისგანვე უარყოფილ სამშობლოს. ეხებოდა რა ეპისკოპოს დიმიტრის ანტიქართულ საქმიანობას გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია შენიშნავდა: "მე არასოდეს არ თანავუგრძნობდი იმ სამღვდელო პირთ, რომლებიც ხალხის გარუსებას ცდილობდნენ. ხალხი დარწმუნდა, რომ ის სამღვდელნო პირნი, რომელნიც ებრძოდნენ მკვიდრთა სამშობლო ენას, ვერ გაუძღვებოდნენ ბავშვების აღზრდას. ხალხი აღსდგა მათ წინააღმდეგ. ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე თავისი პოლიტიკის გამო შეიჯავრა გურია-სამეგრელოს მოსახლეობამ და თუ არა მისი გაქცევა სამწყსოდან, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა." (49, 158) საქართველოდ გადახვეწილი ეპისკოპოსი დიმიტრი რუსეთის სინოდმა ბალტიის ეპისკოპოსად განაწესა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო, 1906 წლის იანვრიდან თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსია, სადაც ნაყოფიერ მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.

1905-1906 წლებში ქართველმა სამღვდელოებამ მტკიცედ მოითხოვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მეცნიერული პოლემიკას არ გასცლებოდა. 1906 წელს პეტერბურგში დაინიშნა რუსეთის სინოდის სხდომა, სადაც განსახილველად გატანილ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზანშეწონილების საკითხი. სხდომაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი. რუსეთის სინოდის წევრები არ იზიარებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის  აზრს. სხდომაზე სიტყვა ითხოვა თურქმენეთისა და ტაშკენტის ეპისკოპოსმა  დიმიტრიმ, რომელმაც დაგმო ქართველ ავტოკეფალისტთა მოთხოვნა და მათ ნაციონალისტები და სეპარატისტები უწოდა.  დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალია აღარავის არ გაახსენდებაო, - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა მან. ქართული არისტოკრატიული გვარის წარმომავლობის ეპისკოპოსისაგან ასეთი მოწოდება იყო დასანანი და სამწუხარო მოვლენა. ეპისკოპოსი დიმიტრი ვერც ტაშკენტში გრძნობდა თავს კარგად იქაც ორჯერ იყო მასზე თავდასხმა.

1912 წლის 25 ივნისიდან იგი იმპერატორის ბრძანებით დაინიშნა ტავრიისა და სიმფეროპოლის ეპარქიის მმართველად, სადაც ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, აქ მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სექტანტებთან ბრძოლაში. 1913 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ეპისკოპოსი დიმიტრი ძვირფას თვლებიანი პანაღიით დააჯილდოვა და აიყვანა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

პირველი მსოფლიო ომის დროს თავისი სურვილით შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ხომალდზე საშტატო მღვდლის მოვალეობას ასრულებდა. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადადგომამ, რუსეთში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა პროცესებმა მძიმედ იმოქმედა მთავარეპისკოპოს დიმიტრიზე. იგი ერთგული იყო რუსეთის თვითმპყრობელური იმპერიისა და საიმპერატორო ხელისუფლებისა. 1917 წლის აგვისტოში მოსკოვში კრემლის მიძინების  ტაძარში გაიხსნა რუსეთის საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საპატრიარქო მმართველობის აღდგენა. ეპისკოპოსი დიმიტრი აქტიურად  მონაწილეობდა კრების მუშაობაში და მხარს უჭერდა რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენას. საეკლესიო კრებამ დაგმო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და მცხეთაში მიღებულ დამოკიდებულების აქტს უკანონო უწოდა. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგე, დაინიშნა "კავკასიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის შესახებ საეკლესიო კომისიის~ თავმჯდომარედ. 1919 წელს იგი მცირე ხნით განერიდა სამოქალაქო ომით გაწამებულ რუსეთს. უკან დაბრუნებული საბჭოთა ხელისუფლებამ არასაიმედო სასულიერო იერარქად მიიჩნია, რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. იყო მისი დახვრეტის საშიშროებაც, მაგრამ როგორც ფიქრობენ, იოსებ სტალინმა შეიწყალა თავისი ყოფილი სემინარიელი მასწავლებელი. 1923 წლიდან კიევ-პეჩორის ლავრაში იყო, 1928 წელს შეიმოსა დიდი სქემა და ეწოდა ანტონი. მას დიდ პატივს სცემდნენ რუსეთში, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მის სამშობლოზე. საქართველოსთან მხოლოდ ნათესავები აკავშირებდა, რომელთაც თბილი წერილებით მოიკითხავდა. აღესრულა 1942 წლის 19 ოქტომბერს. დაკრძალეს კიევ-პეჩორის ლავრაში. საფლავის ქვას ასეთი წარწერა ჰქონდა: "მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენისა, არღარა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი."


ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)

ეპისკოპოსი ექვთიმე, ერისკაცობაში ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი დაიბადა 1845 წელს თბილისში. 1861-1864 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1865 წელს დანიშნეს სემინარიის მასწავლებლად, სადაც მოღვაწეობდა 1873 წლამდე. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ნაკლებად ენდობოდა ქართველებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესტატე ელიაშვილში მათ დაინახეს რუსეთის ერთგული ადგილობრივი წარმოშობის "ინოროდცი", ამიტომ 1873 წელს დანიშნეს სემინარიის ზედამხედველის თანაშემწედ და აკურთხეს მღვდლად. ამავე დროს იგი განაწესეს თბილისის წმიდა მარინეს ეკლესიის დეკანოზის თანაშემწედ. (წმიდა მარინეს ეკლესია მოქმედი იყო 1938 წლამდე და მდებარეობდა ე.წ. კომუნარების ბაღში. იგი დაანგრიეს 1938 წელს ს.ვ.).

1873-1880 წლებში მამა ესტატე საღვთო სჯულს ასწავლიდა წმიდა ნინოს ქალთა სასწავლებელში, 1880-1891 წლებში თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიას.

1884 წლიდან სიონის ტაძრის დეკანოზია, საიდანაც 1902 წელს გადაყვანილ იქნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. ამ დროს ქაშუეთის ძველი ეკლესია დაანგრიეს და აშენდა დროებითი ეკლესია. 1903 წლის 23 ნოემბერს დეკანოზმა ესტატე ელიაშვილმა მოახერხა ეგზარქოსის დარწმუნება ახალი დიდი ეკლესიის აშენების აუცილებლობაში, აიღო სესხი, გაათხრევინა საძირკველი და შეუდგა ახალი ტაძრის მშენებლობას. ქაშუეთში მისი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება ერთი გახმაურებული ინციდენტი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ განთქმულ სამონასტრო ცენტრებს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსული ბერები დაეპატრონენ. ასე მოხდა სოფელ ასურეთთან მდებარე XIII საუკუნის კაბენის მონასტერშიც, სადაც რუსმა ბერებმა თითქმის გაანადგურეს ეს ისტორიული მონასტერი და გადააკეთეს რუსულ ყაიდაზე. მათ იცოდნენ, რომ ქაშუეთში იყო კაბენის ღვთისმშობლის ხატი და მოინდომეს მისი წაღება. 1902 წელს ვითომც მოსალოცავად შევიდნენ ქაშუეთის დროებით აშენებულ ეკლესიაში და წინამძღვრის დაუკითხავად გადაიხადეს პარაკლისი, ხოლო შემდეგ ჩამოხსნეს ხატი და აპირებდნენ მის წაღებას, მაგრამ დეკანოზმა ესტატე ელიაშვილმა მორწმუნეთა დახმარებით ისინი ეკლესიიდან ხელცარიელი გაუშვა. 1903 წლის ოქტომბერში დეკანოზი ესტატე ბერად აღიკვეცა და უწოდეს სახელი ექვთიმე, იმავე წლის ნოემბერში აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. 1905 წელს ეპისკოპოსი ექვთიმე გადაყვანილ იქნა გორის ეპარქიის მართველად. ამ დროს საქართველოში ავტოკეფალური მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდა. ქართველმა სამღვდელოებამ საეკლესიო კრებამდე ცოტა ხნით ადრე სთხოვა ქართველ მღვდელმთავრებს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სა¬თვის ოფიციალურად მოეთხოვათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1905 წლის 16 ნოემბერს იმპერატორს წარუდგინეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდნენ ეპისკოპოსები: პეტრე (კონჭოშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), გიორგი (ალადაშვილი), ექვთიმე (ელიაშვილი). ბუნებრი-ვია რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისათვის მიუღ¬ებელი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და დაიწყო ზეწოლა ხელისმომწერებზე. ეპისკოპოსმა ექვთიმემ რუსეთის ხელისუფლების წინაშე აღიარა თავისი შეცდომა და გაემიჯნა ავტოკეფალურ მოძრაობას. როგორც მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე ეპისკოპოს კირიონს 1906 წლის 31 მარტს აცნობებდა: "ელიევი (ელიაშვილი ს.ვ.) ღმერთმა დასწყევლოს აქაც და იქაც, ხომ მოგ¬წერე, უარი თქვა ავტოკეფალიაზე, რა ვუყო, რომ ხელი მოვაწერეო." (49, 135).

1906 წელს პეტერბურგში სინოდის საგანგებო სხდომაზე, მძაფრი პოლემიკა გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მიზანშეწონილობის საკითხზე, ეპისკოპოსმა ექვთიმე ელიაშვილმა და ეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ მხარი დაუჭირეს ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას და დაუპირისპირდნენ ქართველ ავტოკეფალისტებს. ეპისკოპოს კირიონის ჩანაწერებში ასეა დახასიათებული ექვთიმე ელიაშვილი: "მელიაშვილი აქ არის და დაიარება ეგზარქოსთან. ეს ისეთი ყაიდის კაცია, რომ სამოთხეშიც არ დასტოვებს თავის ვერაგობას... ძაან შევთათხე. პირდაპირ გამოვუცხადე, რომ თქვენისთანა ქვეყნის გამყიდველი ადამიანი სამშობლოს არ უნდა მეთქი." (49, 164). მას თავისი ასეთი საქციელის გამო საქართველოში აღარ ჩამოესვლებოდა. 1906 წლის 8 ნოემბერს თხოვნა შეიტანა იმპერატორის სახელზე გადაეყვანათ რუსეთის შიდა გუბერნიის ნებისმიერ ეპარქიაში, 10 ნოემბერს დააკმაყოფილეს მისი თხოვნა და გადაიყვანეს ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიის ბალახნინის ეპისკოპოსად.

1909 წლის 29 მაისს იგი გადადგა ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა მოსკოვის ზაიკონოსპასკის მონასტრის  წინამძღვრად. გარდაიცვალა 1918 წელს და დაიკრძალა იქვე. ეპისკოპოსი ექვთიმე იყო ფრიად განსწავლული პიროვნება. საქართველოში ყოფნისას აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დაარსებაში, იყო საეპარქიო საბჭოსა და სინოდის კანტორის წევრი, ასრულებდა ჟურნალ "მწყემსის" და "Духовный вестник Грузинского Экзархата"-ს ცენზორის მოვალეობას. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს შეფასებით "იყო კაცი ფრიად ნიჭიერი, მშვენიერი მწირველ-მლოცველი, საეკლესიო წიგნების საოცარი მკითხველი და ჩინებული მქადაგებელი, მაგრამ მეტისმეტად მფრთხალი." (50, 78). რაოდენ სამწუხაროა, რომ მისი სიფრთხილე სამშობლოს მტრობაში გადაიზარდა, ხოლო ნიჭიერება ვერ მოხმარდა მშობელ ხალხს.

ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი)

ეპისკოპოსი პეტრე, ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი დაიბადა 1863 წელს თბილისის გუბერნიის, თელავის სოფელ საბუეში. პირველდაწყებითი განთლება ოჯახში მიიღო. (მამა მღვდელი ჰყავდა, ძმა მედავითნე). ამის შემდეგ იგი სწავლის გასაღრმავებლად ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ამ დროს მკაცრად დევნიდნენ ქარ-თულ ცნობიერებას და ქართულ კულტურას. სემინარიის დამთავრების შემდეგ პეტრე მალე აკურთხეს მღვდლად და საინგილოში განაწესეს. რთულ პირობებში უხდებოდა მამა პეტრეს მოღვაწეობა, დიდი იყო მაჰმადიანობის გავლენა, მუქარა, შევიწროებანი, მაგრამ მამა პეტრე დაუღალავად იღწვოდა ინგილოებში ქრისტიანობისა და ეროვნული ცნობიერების ასაღორძინებლად.

1865 წლიდან 1873 წლამდე მამა პეტრე სასულიერო სამისიონერო საქმიანობას ეწეოდა ჯავაში, საიდანაც გადმოყვანილ იქნა თბილისში და განწესებულ იქნა საქალებო ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1885 წელს იგი დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრითა და საეკლესიო ორდენით. მამა პეტრე ყველანაირად ეხმარებოდა ქართული ეროვნული საქმის ინიციატორებს, უშურველად უგზავნიდა ფულს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", წინამძღვრიანთკარის სკოლას, ქალთა საშუალო სასწავლებელს, ქვრივ-ობლებს. იგი ეპისკოპოს კირიონისადმი გაგზავნილ ერთ კერძო წერილში აღნიშნავს: "ჩემს სიცოცხლეში ობლების მზრუნველობას ვერ მოვრჩი."

1894 წელს მამა პეტრეს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაავალა ბიბლიის თარგმანთა შესწორება. მისმა თავდადებულმა მუშაობამ საზოგადოების დიდი მოწოდება დაიმსახურა, თუმცა მოშურნენიც განუმრავლა, რომელთაც იმდროინდელ პრესაში სცადეს მამა პეტრეს ღვაწლის განქიქება, ილია ჭავჭავაძის "ივერიამ"დაიცვა მამა პეტრე და მისი ნაღვაწი: "მამა კონჩუევი (კონჭოშვილი) შემკულია სამაგალითო შრომისმოყვარეობით, ღრმა სარწმუნოებით, კეთილ-სვინდისიერებით და საღვთო წერილი და ღვთისმეტყველება მშვენივრად აქვს შესწავლილი 30 წლის მოღვაწეობის დროს, საღმრთო სჯულის მასწავლებლის ასპარეზზედ და ამიტომ, მისი შესწორებანი უნდა იყვნენ სრულიად სანდონი და შესაწყნარებელი." (51, 29). 1899 წელს პეტრე კონჭოშვილმა იმოგზაურა იერუსალიმში. სამშობლოში დაბრუნებულმა გამოაქვეყნა "მოგზაურობა" 1901 წელს, რომელშიც აღწერილია იერუსალიმის ქართული სიძველენი. "მოგზაურობას" არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. იაკობ ფხაკაძემ აღნიშნა: "მელნით კი არა ცრემლითა და სისხლით დაწერილი ყოფილა კონჭოშვილის წიგნი. დეკანოზი პეტრე დიდი მცოდნე ყოფილა დაბადებისა და საეკლესიო წიგნებისა. წიგნს შესაფერისი გარეგნობაც აქვს... ამისთანა საუცხოო სუფთა გამოცემა მარტო ორიოდე მოიპოვება ჩვენს ენაზედ. ეს წიგნი, ყოველ ჩვენებურ შეგნებულ მღვდლის ბიბლიოთეკაში უნდა მოიპოვებოდეს."

1908 წელს მამა პეტრეს რედაქტორობით გამოიცა სამღვდელმთავრო კონდაკი. შესავალში რედაქტორი აღნიშნავდა: "ჯერ არს უწყებად, ვითარმედ "სამღვდელმთავრო კონდაკი", ქართველთა შორის შემოვიდა ხმარებაში, ცალკე წიგნად. რუსთა ეკლესიის ზედმიხედვით, მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში, ვინაიდგან წიგნი ესე, აღსავსე თუალსაჩინო შეცდომებითა, არ დაბეჭდილა, რაისა გამო, ქართულნი მწყემს-მთავარნი განიცდიდნენ მრავალგუარ დაბრკოლებათა, ამისათვის შევასწორე იგი ჯეროვნად, დეკანოსის კორნილიოს კეკელიძისა და მღუდლის კალისტრატე ცინცაძისაითა, ბერძნულ-სლოვენურ ტექსტთა ქართულ ხელნაწერთა თანა შედარებით და აღუბეჭდე, საფასითა და წარსაგებელითა ჩემითა. უნებლიეთ შეცდომათთვის, ვითხოვ მკითხველთაგან შენდობასა."

1905 წლის 26 აგვისტოს პეტრე კონჭოშვილი ეპისკოპოსად აკურთხეს. 17 ნოემბერს "ივერიაში" დაიბეჭდა განცხადება "გუშინ 16 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), გურია-სამეგრელოსამ გიორგიმ (ალადაშვილი), გორისამ ექვთიმემ (ელიაშვილი), ალავერდისამ პეტრემ (კონჭოშვილი) საქართველოს ეგზარქოსს თავიანთ მიერ ხელმოწერილი განცხადება წარუდგინეს და აუწყებდნენ, რომ უკეთუ უწმიდესი სინოდი დროზე არ გასცემს პასუხს საქართველოს სამღვდელოების სამართლიანს მოთხოვნილებაზე ივერიის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, სამღვდელოება შეიკრიბება და მთავრობის დაუკითხავად კათოლიკოსს ამოირჩევსო." (51, 72) ეპისკოპოსი პეტრე დიდ პატივს სცემდა ავტოკეფალური მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეს ეპისკოპოს კირიონს და განიცდიდა მის  დევნა-შევიწროებას, რომელსაც რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება უწყობდა ამ გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს. 1906 წლის იანვარში ეპისკოპოსი პეტრე იმერეთის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, სადაც სამწყსოზე ზრუნვის გარდა მან გასცა ნებართვა მელიტონ კელენჯერიძის პოლიტიკურ წიგნზე "სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ." რომელშიც ავტორი მეცნიერულად ასაბუთებდა საქართველოს ეკლესიის ისტორიულ ავტოკეფალიას, რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი გაუქმების არაკანონიკურობას და აცხადებდა, რუსების ხელში "ქართული ეკლესია მოჩვენებას დაემსგავსა, ხოლო საღვთისმეტყველო მეცნიერება, პირდაპირი მნიშვნელობით გაილია ისე, რომ მისი კვალიც აღარ დარჩა... ასეთია ქართული ეკლესიისა და ხალხის წინაშე რუსული სკოლისა და რუსული გავლენის დამსახურება... რაღა უნდა ითქვას ამის შემდეგ იმ საცოდავ კაცუნებზე, რომლებიც უსინდისოდ და სიამაყით უცხადებენ ქართველებს, რუსი ხალხის რაღაც დიდ დამსახურებაზე ქართველი ერის  წინაშე." (51, 73). ასეთი პათოსის წიგნზე მეუფე პეტრეს ნებართვა ოფიციალური ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო, მაგრამ წყენას არ იმჩნევდნენ. 1907 წლის აპრილში ეპისკოპოსი პეტრე გორის ეპარქიის მმართველად გადმოიყვანეს. 1907 წლის სექტემბერში იგი აირჩიეს იმ კომისიის თავმჯდომარედ რომელსაც ევალებოდა ბიბლიის ქართულად გამოცემა, ხოლო 8 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად.

ეპისკოპოსი პეტრე კირიონ საძაგლიშვილს ქართული ეკლესიის ელისეს, ეზრას, ნეემიას, სვიმონს, შარავანდედს, სვეტსა და ანგელოზს უწოდებდა. იგი განიცდიდა ეპისკოპოსის კირიონის სამშობლოდან გადასახლებას და მისადმი გაგზავნილ წერილებში გამოხატავდა ღრმა თანაგრძნობასა და სიყვარულს.. "ღმერთმა გვაღირსოს თქვენი მშვიდობით და კეთილწარმატებით მობრუნება სამშობლოს, გაუფრთხილდით თქვენს თავს." თავის მხრივ კირიონი ძალიან აფასებდა მას და როდესაც შეიტყო პეტრეს ეპისკოპოსად აკურთხებენო, საჩუქრად გამოუგზავნა მიტრა, პანაღიები, საეპისკოპოსო კვერთხი. ეპისკოპოს პეტრეს ღვაწლს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილები, სოფრომ მგალობლიშვილი, კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე.

"სანუგეშებელი არ მოიპოვება არა რაიმე, ჩვენს ბედკრულს სამშობლოში~ ხშირად აღნიშნავდა მეუფე პეტრე. 1909 წლის 5 თებერვალს იგი გარდაიცვალა. იოსებ ჩიჯავაძე გადასახლებაში მყოფ ეპისკოპოს კირიონს ატყობინებდა: "5 თებერვალს მიიცვალა მოხუცი ეპისკოპოსი პეტრე. ამბროსი ხელაიას გადაყვანამ დიდი გავლენა იქონია მასზე, სულ დაეცა სულით. მეტადრე შენი შელახვა, ხომ რა თქმა უნდა, ძალიან სწუხდა. კვირას დაასაფლავეს ანუ ანდერძი აუგეს და ალავერდში გაისტუმრეს." (51, 115).

8 თებერვალს სიონის ტაძარში იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსებმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და დავითმა (კაჭახიძემ) გადაიხადეს წირვა გორის ეპისკოპოსის პეტრე კონჭოშვილის სულის მოსახსენებლად. განსვენებულის ღვაწლზე ¬ვრცლად ისაუბრა დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ. მისი ანდერძისამებრ ნეშტი დაიკრძალა ალავერდის ტაძარში. ანდერძის თანახმად მის მიერ დატოვებული თანხა გადანაწილდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების," "საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების," ეკონომიურად შეჭირვებული ნიჭიერი მოსწავლეების, საეკლესიო მუზეუმის საჭიროებისათვის. ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი იყო გულანთებული ქართველი პატრიოტი მღვდელმთავარი, რომლის ფიქრი, მოქმედება თავის ბედკრულ სამშობლოს დასტრიალებდა. იგი მოუწოდებდა ქართველობას გამოეღვიძათ და ფხიზლად ედარაჯათ სამშობლოსათვის. "სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს მიწა-წყალი გადავა სხვა ტომთა ხელში და ჩვენი ერი კი დარჩება ბოგანოდ... უკეთუ ჩვენმა ერმა დაიცვა თავისი არსებობა აქამდის, ეს სხვათა მიზეზთა შორის იმისათვის, რომ თავის მამულზედა, მის წინაპართა სისხლით მორწყულზედ, იყო იგი მტკიცედ დამკვიდრებული." (51, 123).

ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე)

ეპისკოპოსი პიროსი, ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე, დაიბადა 1874 წლის ნოემბერს სოფელ დისევში (გორის მაზრა). 7 წლის ასაკში მამამ მიაბარა ალავერდის მონასტერს, სადაც მიიღო დაწყებითი სასულიერო განათლება თავისი პაპის მღვდელ-მონაზონ სილვესტერის მიერ (ცნობილი თავისი მკაცრი ცხოვრებით), რომელიც იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმა. მალე ის შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, 1890 წელს, გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1893-94 სასწავლო წლებში გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1896 წელს სემინარიის სტუდენტის ხარისხით, იმავე წელს შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში, 1900 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პიროსი, ამავე დროს აკურთხეს ჯერ იერო-დიაკვნად, შემდეგ - მღვდელმონაზვნად; 1900 წლის 14 ნოემბერს დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებლუ¬რი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტო¬რად, 1902 წლის 10-17 მაისს სინოდის დადგენილებით დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ, 1905 წლის 9 ივლისს - მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად, 1907 წელს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველოს-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრად; 1915 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა ალავერდის ეპისკოპოსად, 1916 წლის 15 იანვარს მოხდა კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ალავერდის ეპისკოპოსად, ეპისკოპოსმა პიროსმა მღვდელმთავრად კურთხევის დროს წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა: "ლმობიერად თავს მოვიდრეკ რა წინაშე ღვთის განგებისა, მე მთელი ჩემი არსებითა ვმადლობ უფალსა, რომ მან გადამიწყვიტა შევწირო ჩემნი დღენი დიდსა სამღვდელმთავრო ხარისხში ამ კათედრასა, რომელიც სახელგანთქმულია ქრისტიანული, თავდადებულ ღვაწლთა ჩემის სამშობლოს მოსაქმე ადამიანთა. ჭეშმარიტად კათედრა იგი მდიდარია ბრწყინვალე მშრომელებითა, რომელნიც სხივმოსილ გზა მაჩვენებელ ვარსკვლავივით მიუძღოდნენ ჩემს თანამემამულეებს სასუფევლისაკენ ღვთისა. აი ჩემს თვალწინ დიდების ბრწყინ¬ვით მეხატებიან ღირსი მამა იოსებ ალავერდელი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში განამტკი¬ცა ქრისტიანობა კახეთში, ასაფლავია ალავერდის ტაძარში. ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც მიიღო მოწამებრივი სიკვდილი ლეკთაგან 1480 წელს, ეპისკოპოსი ვარსანოფი, რომელმაც მეთხუთ¬მე¬ტე საუკუნეში უქადაგა ქრისტიანული სარწმუ-ნოება ლეკთა, რომელთაგან ბევრი მოაქცია ქრისტიანობაში, ეპისკოპოსი ზენონი, რომელმაც მოიარა ადგილი მაცხოვრის ვნებათა და ჯვარზე სიკვდილისა და რომელიც უკან დაბრუნებისას თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მაინც ღირს იქმნა ამავე ტაძარში დასაფლავებისა.

ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც მოიტანა ალავერდის ტაძარში რუსეთის პატრიარქის იობისაგან შეწირული წმიდა ხატები და საეკლესიო სამკაული. ჩემსავე თვალთა წინა მე მეხატებიან მოწამებრივი გვირგვინებით გასხივოსნებულნი კეთილმორწმუნე დედოფალი კახეთისა ქეთევანი, რომელიც აწამა შაჰ-აბასმა სპარსეთში 1624 წელსა ქრისტეს სარწმუნეობის მტკიცედ დაცვისათვის, მეფე ალექსანდრე, ძე ღვთისა, რომელიც ვერაგობით მოჰკლეს კახეთში, რუსის ელჩის ტატიშჩევის თვალწინ და სხვა. ვიგონებ რა იმ დიდებულ და ღვაწლშემოსილებს, დიდებულთ სარწმუნოებით, თავდადებით და ვადარებ რა ჩემ თავს იმათ, მე ცხადად ვგრძნობ ჩემ უძლურებას და უღირსებას, მე ვგრძნობ, რომ ჩემი მცირე ძალთა და მცირე ცხოვრების გამოცდილებით, ვერ შევძლებ იმ დიდს და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მავალებს მე ჩემი ახალი სამსახური. მე ვიცი, რომ ამ სამსახურის გზაზე  გადამეღობებიან ის ბოროტი ვერაგობანი, რომელიც გაშლილია და კვლავ გაიშლება ამ გზაზე ბოროტი სულისა და სიბნელისაგან დასაღუპავად ეკლესიის შვილთა. ვითვალისწინებ რა ყველა ამას და სხვაგვარ დაბრკოლებათა ჩემი სამსახურის ასპარეზზე, წყნარად გევედრებით თქვენ, ღვთივგაბრძნობილნო, აღვსილნო ცხოვრების გამოცდილებით მწყემსმთავარნო ეკლესიისა ღვთისა, აღავლენთ უმაღლესი მწყემსმთავარ უფლისა იესო ქრისტესადმი წმიდა ლოცვანი თქვენნი, რათა გამაბრნოს მე და გამხადოს მე, უღირსი მსახური მისი, ძლიერი, სამართლიანი და წყნარი სადიდებლად წმიდისა მართლმადიდებელ ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულის ჩემი ძვირფასი სამშობლოსი." (29, 119).

მსახურობდა იმერეთის ეპარქიაშიც, დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ და იმ პირთა გამოსაცდელი კომისიის თავმჯდომარედ, რომელთაც ეკავათ მღვდელმსახურებისა და მედავითნეთა ადგილები, ხოლო საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის ამხანაგის და ქართულ ენაზე საეკლესიო და საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემის კომიტეტის თავმჯდომარე, სინოდალურ კრებასთან არსებული ღვთისმშობლის საძმოს თავმჯდომარე "საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის" რედაქტორი და სხვა. 1916 წლის 24 მარტს დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში მესამე ქორეპისკოპოსად; 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით "ალავერდელი"; 1922 წლის 23 აპრილს დაემართა დამბლა. გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს თელავში, დაკრძალეს 30 აპრილს ალავერდის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოს პეტრეს საფლავის მარცხნივ, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, რომელიც ალავერდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით იქნა გაგზავნილი.

მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი)

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში დავით გიორგის ძე ალადაშვილი, დაიბადა 1848 წლის 8 დეკემბერს ქიზიყის სოფელ არბოშიკში. პირველდაწყებითი განათლების მისაღებად პატარა დავითი ნათესავის შემწეობით ქ. ნუხაში იქაურ საქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. ერთი წლის შემდეგ გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1869-1875 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დანიშნულ იქნა თბილისის სასულიერო სასწავლებელში უმაღლესი განყოფილების მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად. 1876 წლის 9 იანვარს დაინიშნა მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად. 1876 წლის 2 მარტს სასწავლებლის ზედამხედველად. 1877 წლიდან დავით ალადაშვილი იმავე სასწავლებელში გეოგრაფიას და არითმეტიკას ასწავლიდა, იმავე წლის 15 ნოემბრიდან დაინიშნა სასწავლებლის ეკონომოსად. ორი წლის შემდეგ პირადი განცხადებით დატოვა ყველა თანამდებობა და სწავლის გასაგრძელებლად გაეშურა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით დაამთავრა 1883 წელს და დაბრუნდა საქართველოში. 1884 წლის მარტიდან იგი მუშაობდა ოზურგეთის სასწავლებლის ზედამხედველად და ქართული ენის მასწავლებლად. 1885 წლის 5 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ. 1898 წლის 22 აპრილს მიენიჭა"სტატსკი სოვეტნიკის" წოდება. 1898 წლის 5 ივლისს დაინიშნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დროებით ზედამხედველად. 1899 წლის 3 თებერვალს პედაგოგიური მოღვაწეობის 14 წლისთავზე წმიდა ანას III ხარისხის კავალერის ორდენით დააჯილდოვეს.

1899 წლის 25 სექტემბერს დავით ალადაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. მეორე დღეს აკურთხეს დიაკვნად, 1 ოქტომბერს - მღვდლად, 3 ოქტომბერს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1900 წლის 20 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით თეკლითის დედათა მონასტერში მშენებარე ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. 1902 წლის 16 მარტს რუსეთის სინოდის განკარგულებით არჩეულ იქნა იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დაინიშნა დავით გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1902 წლის 6 მაისს წმიდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, იმავე წლის 7 ივლისს სინოდალური კანტორის შენობის სარემონტო კომისიას ხელმძღვანელობდა, 27 ივნისს სასულიერო ჟურნალ "მწყემსის" ცენზორად, ხოლო 24 აგვისტოს ქართული "მარხვანის" შესწორებული კომისიის ჯგუფში კორექტორად დანიშნეს. 1903 წლის 4 მარტს თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობის აშენების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, არქიმანდრიტი გიორგი შეთავსებით მუშაობდა საქართველოს საეგზარქოსოს სამხარეო სასწავლებლების კომიტეტის წევრად, საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარედ. 1905 წლის 6 მაისს წმიდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1905 წლის 29 აგვისტოს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი გიორგი გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. 25 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი კურთხევა. ეპისკოპოსმა გიორგიმ გურია-სამეგრელოს ეპარქია ჩაიბარა, რომელიც ანტიქართული, რეაქციული საქმიანობის გამო ხალხისაგან შერისხულმა რენეგატმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მალულად მიატოვა და რუსეთში გადაიხვეწა.

1908 წლის 1 თებერვალს მეუფე გიორგი იმერეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1912 წლის 11 აპრილიდან იგი შეთავსებით გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება აფასებდა ეპისკოპოს გიორგის ღვაწლს. ამიტომ იგი დაჯილდოვდა წმიდა ანას I და II ხარისხის ორდენებით. ეპისკოპოსი გიორგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. საქმიანი მიმოწერა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, გრიგოლ რობაქიძესთან, ივანე ჯავახიშვილთან. 1913 წლის ივლისში გაზეთი "ერი" ეპისკოპოს გიორგი ალადაშვილზე წერდა: "იგი ფრთხილია, მშვიდი. მისი აზრით ჩვენს დროში დაკარგვა რამისა ადვილია, პოვნა ძნელი. ზოგიერთებისათვის მისი ასეთი გადაჭარბებული სიფრთხილე შეიძლება ნაკლებ მოსაწონია. მაგრამ რა გაეწყობა."

ეპისკოპოს გიორგის სიფრთხილე და თავშეკავებულობა განსაკუთრებით გამჟღავნდა 1905 წლის საეკლესიო საკითხების განხილვის დროს. ეპარქიის სამღვდელოება თავისი მღვდელმთავრისაგან მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში მეტ აქტიურობას. ეპისკოპოსი გიორგი იძულებული გახდა შეერთებოდა ეპისკოპოსების პეტრე, ლეონიდეს, ექვთიმეს ხელმოწერით რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი გასაგზავნი წერილის სულისკვეთებას, მაგრამ ავტოკეფალიის საკითხში მაინც ყოყმანობდა. 1917 წლის 12(25) მარტს მართალია მცხეთაში ჩავიდა, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაესწრო საგანგებო წირვას, ხელი მოაწერა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, მაგრამ იქიდან პირდაპირ ეგზარქოსის სასახლისაკენ გასწია და მოახსენა სხვა გამოსავალი არ მქონდაო. მისმა ასეთმა ნაბიჯმა იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებისა და მორწმუნეთა განრისხება გამოიწვია, საქმე იქამდე მოვიდა, რომ ეპარქიამ სრული უნდობლობა გამოუცხადა მას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მას მღვდელმთავრობა შეუჩერა, ხოლო 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულმა I საეკლესიო კრებამ გადააყენა იმერეთის ეპისკოპოსის თანამდებობიდან. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის ტრაგიკულად აღსრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ 1918 წლის 1 აგვისტოდან წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების შემდეგ (1919 წ.) 1920 წლიდან ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ეპისკოპოსი გიორგი გახდა მიტროპოლიტი.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების შემოსვლამ კიდევ უფრო დაამძიმა მიტროპოლიტი გიორგი. მან 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის წინამძღოლობიდან და გაეშვათ პენსიაზე. 1922 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი ხირსის წმიდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის 14 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. უმძიმესი პოლიტიკური ვითარება იყო XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში, ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა, დაიწყო სასულიერო პირების დევნა-შევიწროება, ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო ქონების დატაცება, სიწმინდეთა შეურაცხყოფა. 1924 წელს დაარბიეს ხირსის მონასტერი. მიტროპოლიტი გიორგი იძულებული გახდა თავის სოფელ არბოშიკში ნათესავებთან გადასულიყო. 1925 წლის 28 თებერვალს იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს სოფელ არბოშიკის ეკლესიის გალავანში, დაკრძალვას მხოლოდ ნათესავები და ახლობლები ესწრებოდნენ, თბილისიდან ვერავინ ჩამოვიდა მხცოვანი მიტროპოლიტის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს წევრთა უმრავლესობა მეტეხის ციხეში ისხდნენ... შიშისა და ტერორის ატმოსფერო სუფევდა ყველგან. ძველი თაობის კიდევ ერთმა განათლებულმა მღვდელმთავარმა დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და მისმა სულმა მარადისობაში გადაინაცვლა.

"თქვენო მეუფებავ,

ყოვლად სამღვდელო გიორგი!

მოგეხსენებათ, ამ ჟამად ტფილისში იმყოფება უწმინდესის სინოდის ობერპროკურორი ბ-ნი ვოლუინი. ეს გარემოება თურმე ქართველიძემ შესაფერად სცნო, რათა თათბირი გაიმართოს საქართველოს ეკლესიის ვითარების გამო. უაღრესად საჭიროა მონაწილეობა თქვენის მეუფებით ამ თათბირში და ამიტომ ვბედავ და გაწუხებთ დიდის თხოვნით _ კეთილ ინებოთ და ჩამობრძანდეთ თბილისს ამა წლის ივლისის 26-თვის. მოგეხსენებათ, რომ თქვენ დაუსწრებლად ხსენებული თათბირის გამართვა ყოვლად შეუძლებელი იქნება, საჭიროდ ვსთვლი მოგახსენოთ, რომ ფოთიდან მოწვეული ბრძანდება აგრეთვე ყოვლადსამღვდელო ლეონიდი.

დავშთები თქვენის ლოცვა-კურთხევის მთხოვნელი თქვენი მეუფების უმორჩილესი მონა ნ. კ. აფხაზი.

24 ივლისი 1916 წ. ქ. ტფილისი." (23, 34).

იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის (ალადაშვილი) წერილი აკაკი წერეთელს.

"დიდებულო მამულიშვილო ბატონო აკაკი!

ჩემი და ჩემდამი რწმუნებული სამღვდელოების სახელით მოგილოცავთ თქვენს ბრწყინვალე დღესასწაულს. დღე ესე ქმნა ღმერთმან თქვენდა სადიდებლად და მშობელი ერის ჭკუის მასწავლებლად. ორმოცდაათი წელი აღვიძებდი შენს სატრფო სამშობლოს, იქნება ეჭვიც შეგეპარა მის გაღვიძებაში. და იგი წარმოიდგინე მომაკვდავათ. არა, თქვენ ამას ვერ იფიქრებდით, რადგან თქვენ სამშობლოს მომავალს ამყარებთ დიდებულ წარსულზედ. რაც უნდა გავკაფოთ ხე, იგი იშოვის დროს და გამოიღებს ახალ შტოებს, რადგან ფესვები თავიდანვე საღი და მაგრად გაბმული აქვს. ღმერთმა შენ თვითონ გაგხადა იმის ღირსი, შენი თვალით დაგენახა და შენი ყურით გაგეგონა ბრწყინვალე შედეგი შენი ორმოცდაათი წლის მოღვაწეობისა. ბედნიერი ხარ შენ უკუნისამდე, უფრო კი ბედნიერია შენი ერი, რომელმაც ისმინა შენი და მოგდევს უკან, როგორც გონიერი შვილი თავის მასწავლებელს და მამას. დიდებულო ადამიანო, შენ შეგიძლიან უშიშრად მიუგო შენი ერის ძველ გმირთა სახარების სიტყვებით: აი მე და ისინი, ვინც მე ჩამაბარეთ არც ერთი მათგანი არ დამიღუპნია - შეხედე შენი შორს გამჭვრეტელის თვალით ამ წმიდა ტაძრის კედლებს, აქ არიან ჩვენდა მასწავლებლად ხატები ჩვენთა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამა ჩვენთა. დიდი და ურიცხვია გუნდი მათი. მწამს და ვაღიარებ, რომ ამ წუთში იგინი ნეტარების სიხარულით აღტაცებულნი დაგყურებენ ზეციდან და უხილავად გადგამენ თავზედ ზეციურ დაფნის გვირგვინს, როგორც მათ მისაბაძ ერის შვილს. ბედნიერი ვარ დღეს მეც, რომელსაც, განგებით ღვთისა, მხვდა წილად მოგილოცოთ დიდებული დღესასწაული. არა თუ მე, უღირსი მღვდელმთავარი, არამედ დიდებულნი გაენათელნი და ქუთათელნიც დიდ ჯილდოდ ჩათვლიდნენ თავიანთ თავს, რომ შეეძლოთ ამ წუთში ჩემი ადგილის დაჭერა, ლოცვითა მათითა გლოცავ, სამშობლოს საყვარელო შვილო და დიდებავ, ხატით მაცხოვრისა ჩვენის იესო ქრისტესითა, რომლის სიყვარული შენ შთაგინერგა ნეტარმა მშობელმა შენმა და რომლის იდეალებით ბავშობიდანვე განმსჭვალული ხარ." 1908 წ. (23, 34).

 

გრიგოლ რობაქიძის წერილი იმერეთის ეპისკოპოს გიორგისადმი.

"დიდად პატივცემულო მეუფეო გიორგი

პირველად ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, რომ ბორჯომში ვერ გნახეთ, ამის მიზეზი უმთავრესად ის იყო, რომ თქვენს გარშემო ყოველთვის ბევრი ვინმე იყო, მე კი მსურდა მარტო მენახეთ. იმედია ამ დანაშაულს მომიტევებთ. ახლა კი კიდევ უნდა შეგაწუხოთ ერთი თხოვნით. ეპარქიალურ სასწავლებელში ადგილი განთავისუფლდა და ჩემს დას უნდა იშოვოს იგი. მე მგონია, ღირსიც არის იგი ამ ადგილის. თუ ეს ადგილი იშოვა, მაშინ მე გავთავისუფლდები მისი ოჯახის დახმარებისაგან, და მთელს თავისუფალ დროს იმ საზოგადო საქმეს მოვახმარ, რომლისთვისაც თავგამოდებულ ვარ...

იმედია, ახლო ხანში მოგიძღვნით ღირსეულ მადლობას იმ აურაცხელი დახმარებისათვის, რომლითაც თქვენ დაგივალებათ ჩემი ოჯახი."

გრიგოლ რობაქიძე 1912 წ. 4/IX (23, 25).

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

"ერთ დროს იქნება ვინმემ დაიწყოს ქექვა სინოდის საქმეებში და გადაფურცლოს ჩემი ნაწერებიც და ვიქნე მის თვალში გაშავებული" (მიტროპოლიტი დავითი. 1928 წ. 11 იანვარი). როგორც ჩანს მას სერიოზულად აწუხებდა ფიქრი "რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა." და ეს არც იყო გასაკვირი. მიტროპოლიტ დავითის (კაჭახიძე) პიროვნების პირუთვნელად შეფასების გარეშე. XX საუკუნის I ნახევრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სრულყოფილად წარმოჩენა შეუძლებელია.

მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე, დაიბადა 1872 წლის 15 ოქტომბერს ქ. ქუთაისში. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. როგორც იპოლიტე ვართაგავა შენიშნავდა, "იგი ბავშვობიდანვე განმარტოებული იყო, სემინარიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ეკლესიურ, რელიგიურ საკითხებზე. ყველა ამხანაგი დარწმუნებული იყო, რომ ის ანაფორას ჩაიცვამდა. სემინარიაში მასწავლებლები მას ავალებდნენ ქადაგების დაწერას თბილისის ეკლესიებში წარმოსათქმელად... მას მიეცა რეკომენდაცია ყაზანის სასულიერო აკადემიაში. მასთან ერთად სწავლობდნენ სერგი გორგაძე, ბესარიონ ხელაია (კათოლიკოსი ამბროსი). მან პატრისტიკაში აღებული სადიპლომო ნაშრომი მაღალ დონეზე შეასრულა. 1899 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. 1898 წლის 8 მაისს ეკურთხა მღვდელ-მონაზონად. 1899 წელს დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მასწავლებლად. 1902 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწეა. 1903 წლიდან სოლოკამსკის, ხოლო შემდეგ პოლოცკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია, 1905 წელს დონის სემინარიის რექტორია. 1907 წლის 4 ნოემბერს დავით კაჭახიძე საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1907 წლიდან იგი ეგზარქოსის სინოდალური კანტორის წევრი იყო. როგორც იპოლიტე ვართაგავა იხსენებდა: "1912 წელს ეპისკოპოსი დავითი წერილს მიგზავნის და მთხოვს შეხვედრას. გავოცდი. მასზე განსაკუთრებული გავლენა მოუხდენია ჩემს წერილებს, რომელიც ჟურნალ "განათლებაში" იბეჭდებოდა... ეგზარქოსი ინოკენტი შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსის უფლებების შემცირებას, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი დავითი გამოვიდა მათ დამცველად. განრისხებულმა ეგზარქოსმა იგი პიატიგორსკში გადაიყვანა 1912 წელს, სადაც მან გამოსცა ბროშურები, რომელშიც აკრიტიკებდა ინოკენტის პროექტს, რომელსაც"საქართველოს ეკლესიის დამცირების მიზნით გაკეთებულ ოინებს უწოდებდა." (5, 87).

1914 წლიდან 1917 წლამდე იგი ვინიცის ეპისკოპოსი იყო. საქართველოს მართლმადიდებლი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს, იგი დაბრუნდა საქართველოში. პირველი საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეპისკოპოსი დავითი დაინიშნა ურბნისის ეპისკოპოსად, 1921 წლიდან 1923 წლამდე იყო ჭყონდიდელი, 1923 წელს ბათუმ-შემოქმედელი, 1924 წელს მცირე ხნით ალავერდელი, ხოლო ქუთათელ-გაენათელი. მიტროპოლიტ ნაზარის ტრაგიკული აღსრულების შემდეგ გახდა ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი. მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი ნაზარი ჯერ კიდევ ეპარქიის ხელმძღვანელი იყო, ეპისკოპოსმა დავითმა ქუთაისში დაიწყო სამღვდელოებაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში "რეფორმებისა და განახლების" აუცილებლობაზე საუბრები და მხარდამჭერნიც მოიპოვა.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს წევრების დაპატიმრების შემდეგ (დაპატიმრებულთა შორის იყო ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარიც ს.ვ.). 1923 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებით მმართველს ეპისკოპოს ქრისტეფორეს შეატყობინა, რომ ელოდებოდა მთავრობის ნებართვას ქუთაისის სამღვდელოების კრების მოწვევაზე. დეკანოზ პლატონ ცქიტიშვილისადმი გაგზავნილ წერილებში ეპისკოპოსი დავითი აღნიშნავდა: "დრო არის განახლება შეტანილ იქნას ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში თანახმად თანამედროვე კულტურის, სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების. ამიტომ გევალებათ გამოითხოვოთ მთავრობისაგან ნებართვა სარეფორმო კომისიის შედგენისა და საჭირო კრებების გამართვისა, რათა გამომუშავებულ იქნას რეფორმის პროექტები." (30,  1523, 7) ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლებისათვის ქრისტიანული სარწმუნოება და მისი დამცველი საქართველოს სამოციქულო ეკლესია მიუღებელი იყო. მათი ახალი "დიადი" ექსპერიმენტებისათვის - სოციალიზმის, კომუნიზმის ასაშენებლად აუცილებელი იყო ახალი საბჭოთა ადამიანის აღზრდა, რომელიც თავისი მენტალობით არავითარ კავშირში არ იქნებოდა წარსულთან, სულიერებასთან, ეროვნულ ღირებულებებთან. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობაზე საუბარი და ასეთ სასულიერო პირებისათვის მხარდაჭერა მიზნად ისახავდა მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნიდან რღვევას, დაპირისპირებათა ინსპირირებას და მისი ავტორიტეტის გაცამტვერებას. ეკლესიის რეფორმების აუცილებლობა არ იყო მარტო ქართული მოვლენა, იგივე პროცესები ვითარდებოდა რუსეთში "ობნავლენცები", "ცოცხალი ეკლესიის" წარმომადგენლები და "განახლებისა და რეფორმებისა" ჯგუფი საქართველოში მიზნად ისახავდა სარწმუნეობისა და სოციალიზმის მორიგებას, ეს შეუძლებელი იყო. ახალ იდეოლოგიას ახალი ადამიანი სჭირდებოდა, რომლის ცნობიერება არ უნდა დაბრკოლებულიყო სამშობლოს, მოყვასის სიყვარულით. ასეთ ვითარებაში როგორ მოხერხდებოდა ეკლესიისა და ახალი ბოლშევიკური იდეოლოგიის თანაცხოვრება? საოკუპაციო ხელისუფლების მიზანი იყო მწერლობის, ინტელექტუალური საზოგადოების, ეკლესიის მოთვინიერება. ეკლესიის სფეროში რეფორმების მხარდაჭერა იყო, სამშობლოსა და მოყვასზე თავდადებული ეკლესიის მოთვინიერების მცდელობა.

1923 წლის 2 სექტემბერს საეკლესიო რეფორმების ჯგუფის მოწოდებით შედგა სამღვდელოების კრება ქუთაისში, რომელიც გახსნა ეპისკოპოსმა დავითმა. მისი აზრით, აუცილებელი იყო საქართველოს ეკლესიაში შესულიყო ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების მიხედვით. კრებაზე გამოსულმა მთავრობის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ისაუბრა იმის შესახებ, რა ცვლილებების შემთხვევაში ითანამშრომლებდა ხელისუფლება ეკლესიასთან. კრებაზე აირჩიეს საქართველოს ეკლესიაში გასატარებელი რეფორმების საინიციატივო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: ეპისკოპოსი დავითი, არქიმანდრიტი ნესტორ (ყუბანეიშვილი), დეკანოზები: გ. ცაგარეიშვილი, ა. ფოფხაძე, საერო პირნი: ს. ყიფიანი, ტრ. ჯაფარიძე, თ. ხუსკივაძე, მ. კანდელაკი, ვ. წერეთელი, ე. ნიკოლაძე, დ. დგებუაძე. კრების მონაწილეების აზრით "მემორანდუმმა, (იგულისხმება უწმიდესი ამბროსის მოწოდება გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ს. ვ.) კონტრრევოლუციურმა გამოსვლებმა ეკლესია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ხელისუფლებამ იგი თავის მტრად მიიჩნია და ამიტომ დაარბია ეკლესიები, დაქსაქსა სამღვდელოება. მთავრობა უნდა დარწმუნდეს, რომ ეკლესიას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, თუ ამას დავამტკიცებთ, მაშინ ხელისუფლება შეწყვეტს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიას. ამიტომ მოვითხოვთ ჩვენს ეპარქიაში შეჩერებულ იქნას ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ ბრძოლა, აღდგენილ იქნას ტაძრები, თუ მაინც ვინმე შეინიშნა ანტისამთავრობო გამოსვლებში, ისინი სასტიკად დასაჯონ." (30, 1523,9). ორი დღის შემდეგ ჩატარებულ სხდომაზე უკვე ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, ქუთაისის მაზრის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე ვალია ბახტაძე და დასავლეთ საქართველოს პროკურორი ამბროსი ურუშაძე აქტიურობდნენ. მათი წინადადებით კრებამ ასეთი დადგენილება მიიღო: "დღეს საქართველოში არსებული საბჭოთა ხელისუფლება არის ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეთ მხარი დაუჭირონ მას. ვაცხადებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გამოსვლას შემცდარად და არაკანონიკურად, საჭიროდ მიგვაჩნია იგი გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. იქნებ თვითონაც გადადგეს. მოლაპარაკება ამაზე იქონიონ ეპისკოპოსმა დავითმა და დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა." (30,  1523, 20).

ეპისკოპოსი დავითი და დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი (მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლში გადამალული სიონის საპატრიარქო ტაძრის განძეულობის ადგილსამყოფელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა შეატყობინა და მათი ნდობაც დაიმსახურა ს.ვ.) თბილისში დაუბრკოლებლად შევიდნენ მეტეხის ციხეში და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მოსთხოვეს გადადგომა. უწმიდესმა ამბროსიმ ყურადღებით მოუსმინა მათ და უპასუხა: "თუ ჩვენი ეკლესიისათვის საჭიროა, მაშინ იძულებით უნდა ვიქნე გადაყენებული," ჩემი ნებით მე არ გადავდგები." (30, 1523, 17). ქუთაისში დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა დავითმა კვლავ შეკრიბა სარეფორმო კომიტეტის წევრები და განიხილა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისადმი მიმართვის ტექსტი, რომელშიც აღნიშნული იყო: "საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა მეტად მძიმე სურათს წარმოადგენს, პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიმანდრიტი, ზოგიერთი დეკანოზი დაპატიმრებულნი არიან, ეპარქიის მართვა-გამგეობა შეჩერებულია. ტაძრები გამონაკლისის გარდა დაკეტილია, სამღვდელოება დაქსაქსულია, მორწმუნე ერი შეწუხებულია. ყოველივე ეს შედეგია ეკლესიასა და საბჭოთა ხელისუფლებას შორის მომხდარი კონფლიქტებისა, რაც გამოიწვია თქვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა (მემორანდუმმა). ქუთაისის სამღვდელოებისა და მორწმუნეთა ნაწილმა მთავრობასთან შეთანხმებით შეადგინა სანიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანია ეკლესიის საკითხების მოგვარება პროგრესულ ნიადაგზე, რომ ეკლესიამაც თავისი ადგილი დაიჭიროს მთავრობისადმი და თავისი არსებობაც ადმინისტრაციულ სფეროში მთავრობის მხრივ უზრუნველყოფილ იქნას. ეს შეუძლებელია, თუ მემორანდუმით გამოწვეული კონფლიქტი არ ამოიწურა. ამიტომ გთხოვთ უარყოთ მემორანდუმი, რომლის შინაარსაც მთავრობის დღევანდელ სახელმწიფოებრივ მოქმედებას არ შეესაბამება და არ შესწიროთ მას ეკლესიის კეთილდღეობა." (5, 134).

განახლებისა და რეფორმების ჯგუფის მიერ შედგენილი პროექტის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, დავსძენთ, რომ მისი ცხოვრებაში გატარება ნიშნავდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი კანონიკის მოშლას, ეკლესიის მოსპობას. მართალია, ისინი აცხადებდნენ, რომ: "მიზანი რეფორმებისა საეკლესიო მოძღვრების გაწმენდა-გაფაქიზება, ღვთისმსახურების რთული ფორმის გამარტივება ეკლესიის საქმიანობის გამოცოცხლება-გაფართოება და პროგრესის გზაზე დამყარება იყო," (5, 134) მაგრამ საქმე სულ სხვას აჩვენებდა. ეკლესიაში სკამები, გალობის თანამედროვე მუსიკით ჩანაცვლება, სასულიერო საბორის გაუქმება, ბერობის ინსტიტუტის მოსპობა ვერაფერი პროგრესული იყო.

1925 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. უწმიდესმა ამბროსიმ შექმნა კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა ეპისკოპოს დავითის საქმიანობის კანონიერება. საკათალიკოსო საბჭოს დავალებით კომისიის სათავეში ჩაუდგა ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე). ქუთაისში ჩასულმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა დაინახა როგორი დაძაბული ვითარება და დაპირისპირება იყო ეპარქიაში. 1925 წლის 16 დეკემბერს საკათალიკოსო საბჭოს სახელზე შედგენილ მოხსენებაში ეპისკოპოსი მელქისედეკი აღნიშნავდა: "1925 წლის 11-15 დეკემბერს ვარკვევდი ყოვლადსამღვდელო დავითის საქმეს. ყოვლადსამღვდელო დავითის წინააღმდეგ რომე ბრალდების წამოყენება ბოროტმოქმედებაში არავის არ ძალუძს: იგი უმწიკვლო ადამიანია დღესაც და წარსულშიც. მიუხედავად ამისა, ქუთაისის სამღვდელოების უმრავლესობა მოითხოვს მის ქუთაისიდან გადაყვანას, უმაყოფილების მიზეზად ასახელებენ მის გაუწონასწორებულობას, მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეთა შორის ხშირია დაპირისპირებანი. ყოველივე ზემოთქმულის გამო, ვფიქრობ საჭიროა და სასარგებლოც თვით ეპისკოპოს დავითისათვისაც მისი ქუთაისიდან სხვა ეპარქიაში გადაყვანა. ახალი მღვდელმთავარი უნდა აირჩიოს ეპარქიამ, რომ აღარ ჰქონდეს უკმაყოფილების საფუძველი. ისინი საკათალიკოსო საბჭოდან დანიშნულს მხოლოდ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიიღებენ." (5, 135).

როდესაც ეს ინფორმაცია ეპისკოპოსმა დავითმა მიიღო, წონასწორობა დაკარგა. მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: "ვკადნიერდები და მოვახსენებ საკათალიკოსო საბჭოს, რომ ჩემს ცხოვრებაში და ჩემს სამსახურში არაა ისეთი რამ, რომ შეიძლებოდეს ჩემი დათხოვნა ან გადაყვანა დაურღვევლად სამართლიანობისა და წესიერებისა. ცრუ ქრისტიანებს და ცრუ პატრიოტებს რომ არ მოვწონვარ და გზავნიან ჩემს შესახებ საჩივრებს, ამას უმაღლესმა სასულიერო მთავრობამ არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციოს, მე ხელუხლებელ უნდა ვიქნე ქუთაისში." (30, 1523). დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, როგორც მომხრეთა, ასევე მოწინააღმდეგეთა მიერ. მოწინააღმდეგები მას "ცოცხალი ეკლესიის" (ობნავლენცების) წარმომადგენლად მიიჩნევდნენ, მომხრენი - ყველაზე ღირსეულ მღვდელმთავრად,

საკათალიკოსო საბჭოს 1926 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა მაწყვერელის კათედრაზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ეპისკოპოს დავითის პასუხი საკათალიკოსო საბჭოსადმი: "გთხოვთ ერთი თვით შეაჩეროთ განჩინება ჩემი ქუთაისიდან გადაყვანის შესახებ საქმის საფუძვლიან გარჩევამდე. ვთხოვ საკათალიკოსო საბჭოს, გამოიჩინოს "გამჭრიახობა და სიბრძნე," რომელზედაც იგი მიმითითებს ნუ იქნება დარღვეული მშვიდობიანობა... მე სხვა მღვდელ-მთავარს ვერ შემოვუშვებ ქუთაისში, სანამ მე არ ვიქნები დაკმაყოფილებული. მე თითქმის ოცი წლის ეპისკოპოსი თავს არავის გავამასხარავებინებ. მე საგანგებოდ მივწერე კათოლიკოს-პატრიარქს, ახალციხეში მღვდელმთავრის განწესება არ შეიძლება თქო. ჩემი გადაყვანა შეიძლება მხოლოდ თბილისში... წინააღმდეგ შემთხვევაში მე ქუთაისში არ ვიქნები მხოლოდ მაშინ, როცა ეკლესიაში ჩემი სისხლი დაიღვრება ვისმესგან." (30, 1523).

ეპისკოპოს დავითს ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებიც წამოეშველნენ. ამან იგი უფრო გაათამამა, "ახალციხეში თუ კარგია, - წერდა იგი 19 ნოემბერს საკათალიკოსო საბჭოს, - იქ მიტროპოლიტი კალისტრატე გაუშვით. აქედან მე არსად წავალ ჯერ ერთი როგორც უდანაშაულო, მეორეც მე სხვა ეპარქიების ჰაერს ვერ ვიტან, ქუთაისიდან ჩემი ადგილი როგორც უხუცესი მღვდელმთავრისა არის თბილელი მიტროპოლიტობა." (30, 1523). ეს იყო აშკარა დაუმორჩილებლობა და გამოწვევა, რასაც საკათალიკოსო საბჭომ ასეთი დადგენილებით უპასუხა: "განმეორებით ეცნობოს ეპისკოპოს დავითს დაუყოვნებლივ შეუდგეს თავის მოვალეობის აღსრულებას მაწყვერის ეპარქიაში, ნუ აიძულებს საკათოლიკოსო საბჭოს მიმართოს მოციქულთა 36-ე კანონს. საკათალიკოსო საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი, საკათალიკოსო საბჭოს წევრები: მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპისკოპოსები: პავლე, მელქისედეკი, დეკანოზები: ი. მირიანაშვილი, გ. გამრეკელი, ივ. რატიშვილი, გ. იმნაიშვილი." (30, 1523). ქუთათელი ეპისკოპოსი დავითი, რომელსაც ოფიციალური საერო ხელისუფლებისაგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, წავიდა კიდევ უფრო დიდ კონფრონტაციაზე, მან 1926 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელობას სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: "კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭო ჩემს მიმართ უსამართლოდ და უკანონოდ მოიქეცით... თქვენ დაღუპეთ საქართველოს ეკლესია (მემორანდუმი საბჭოთა მთავრობასთან შეურიგებლობა), თქვენ არავითარ არსებითი ხასიათის ზომებს არ ღებულობთ წაქცეული ეკლესიის აღსადგენად... ამიტომ მე, ქართველ მღვდელმთავართა შორის უხუცესმა, 5 დეკემბერს წირვაზე გამოვაცხადე ჩემი თავი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და საკათალიკოსო საბჭოსაგან დამოუკიდებლად." (5, 137).

ამ წერილების გაცნობა უთუოდ მძიმე ხასიათზე დააყენებს მკვლევარს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია, ერთმანეთს დაუპირისპირა სასულიერო პირები, და ეს იმ დროს, როდესაც მღვდლებს აიძულებდნენ განმოსვას, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს, რატომ ვერაფერი ვისწავლეთ ჩვენი წარსულიდან, მტერი ყოველთვის სარგებლობდა ჩვენი დაქსაქსუ¬ლობით. ეპისკოპოსმა დავითმა სამწუ¬ხაროდ, ცუდი როლი შეასრულა, მას დაავიწყდა საქართველოს ეკლესიის ინტერესები, მრევლი, ქრისტიანული შემწყნარებლობა და კეთილშობილება, 1926 წლის 17 დეკემბერს მიტროპოლიტ კალისტრატეს ასეთი დამცინავი წერილი გაუგზავნა: "ცოლიანო მიტროპოლიტო კალისტრატე! შენს თავს დააბრალე რაც მოხდა... შენ თუ ხარ მაგ დიდ ადგილზე, თუ პატენისი (კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი) კათოლიკოსი, ნუთუ მე ქუთათელი არ უნდა ვიყო, წერე პროტოკოლები: მე კი ვერაფერს დამაკლებ." (5, 138). ეპისკოპოსმა დავითმა თავის თავსაც დააკლო და საქართველოს ეკლესიასაც.

1926 წლის 25-28 დეკემბერს ქუთაისში მიმდინარე საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეპისკოპოსი დავითი იყო. მისი ვიწრო პიროვნული შეუთავსებლობა საკათოლიკოსო საბჭოსთან, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან, კარგად გამოიყენა საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ და შექმნა ორხელისუფლებიანობა ეკლესიაში. ერთ მხარეზე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი განახლებისა და რეფორმების ჯგუფი (მიტროპოლიტი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი დავითი) მეორეზე - საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებისადმი შეურიგებელნი უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის მეთაურობით. ხელისუფლებამ ამ დაპირისპირებაში ისევ სასულიერო პირების მეშვეობით სამოღვაწეო ასპარეზიდან განდევნა უწმიდესი ამბროსი და მისი მომხრეები. ეპისკოპოსი დავითი IV საეკლესიო კრების მიერ მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა?! ახლა უკვე გამარჯვებული გულახდილად აცხადებდა `მე მიმაჩნდა, რომ ჩემს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებანი მისი გაკეთებული იყო. სინამდვილეში მე მიტროპოლიტ კალისტრატეს პირველ ადგილზე ვაყენებ. მე მისთვის არავითარი ცუდი არ მინდა, მე პირველი ვეუბნები: "ქრისტე არს ჩვენს შორის." (5, 139). ეს კი განაცხადა, მაგრამ მაინც არ ისვენებდა და ახლა უკვე იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მისი ქმედებანი, რომ 1928 წლის 22 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდმა გამოუცხადა საყვედური, რომელსაც ხელს აწერდნენ: უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III, ეპისკოპოსები: სიმეონი, პავლე, სტეფანე, ვარლამი, ეფრემი, მელქისედეკი, იოანე. ამ შენიშვნამ მიტროპოლიტი დავითი ახალი შფოთისათვის აღანთო. მან ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უნეტარეს ქრისტეფორე III-ს შეუტია და როგორც კათოლიკოს-პატ-რიარქის მოსაყდრემ მოითხოვა სინოდის საგანგებო სხდომის ჩატარება. 1930 წლის 12 თებერვალს შედგა საკათოლიკოსო სინოდი, სადაც მიტროპოლიტმა დავითმა ასეთი განცხადება გააკეთა: IV საეკლესიო კრების დადგენილებაში წერია: "კრება გამოსთქვამს თავის ღრმა მწუხარებას, რომ საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის ადგილი ჰქონდა უთანხმოებას, რაც ხელს უშლიდა ეკლესიის მდგომარეობის გაუმჯობესებას... გამოთქვამს ღრმა რწმენას და მოითხოვს, რომ ამიერიდან საქართველოს ეკლესიის მესვეურთა შორის მოისპოს შფოთი და უთანხმოება.

ჩვენდა საუბედუროდ ეს არ მოხდა თავიდანვე უნდა გვცოდნოდა რომ ეს ასე არ იქნებოდა, როდესაც კათოლიკოსად ქრისტეფორე ავირჩიეთ, განა კათოლიკოსობა მას გამოცვლიდა, განა ის თავის ანარქიულ მძიმე ბუნებას უარყოფდა, ის ვინც იყო რედაქტორი - სულისჩამდგმელი სამარცხვინო "ახალი სიტყვისა", ის ვინც არ ასვენებდა არც კათოლიკოსებს: კირიონს, ლეონიდს, ამბროსის, განა სამღვდელოებაში მშვიდობას დაამყარებდა... იგი ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ იტანს... ქუთაისის კრების მუშაობაში მანამ არ ჩაერთო, სანამ არ დარწმუნდა, რომ მომავალშიც პირველობა მისი იქნებოდა... როდესაც კათოლიკოსი გახდა მისი მომხრეები გაიძახოდნენ, მოხერხებული კაცია ბევრ რამეს გააკეთებსო, მაგრამ რაში გამოიხატა მისი მოხერხებულობა?... საკათალიკოსო საბჭო შეიცვალა საკათოლიკოსო სინოდით, კათოლიკოსის ტიტულს გამოაკლდა "უწმიდესი". სინოდში ამბობდნენ სასულიერო აკადემიის დაარსებაზე, საღვთისმეტყველო ჟურნალის გამოცემაზე, საეკლესიო წიგნების შესწორებაზე, მაგრამ არაფერი არ შესრულდა. ქრისტეფორე სდევნიდა ეპისკოპოსებს ალექსის (გერსამია), სტეფანეს (კარბელაშვილი), დევნა დაუწყო ეპისკოპოს ეფრემს (სიდამონიძე), რომელიც თვითონ აკურთხა, რომ ყურმოჭრილი მონა ჰყოლოდა, მაგრამ მოტყუვდა, ამიტომ გააძევა სვეტიცხოვლიდან. 1925 წელს, როდესაც ეპისკოპოსმა ნესტორმა ბათუმიდან მოსწერა, მორწმუნენი ახალ კალენდარს არ იღებენო, კათოლიკოსმა ქრისტეფორემ შეუთვალა, სამსახურს თავი დაანებეო. მას ვერავინ ვერაფერს უბედავს, ყველას მისი მუშტების ეშინია. სხვისი მიბეგვა მას ისე ეხერხება ახლაც, როგორც 30 წლის წინათ მან მღვდლობაში ხიდისთავში თავისი დიაკვანი მიბეგვა. 1928 წლის მარტში სინოდის სხდომაზე რომ ვისმენდი მის რიხიან  მეტყველებას დისციპლინისა და მორჩილების საჭიროებაზე, გულში ვიცინოდი - თვითონ არავის არასოდეს არ ემორჩილებოდა... იგი არღვევდა და არღვევს მშვიდობას სამღვდელოებაში, როდემდის უნდა ვუთმინოთ ამ ადამიანს? ვწუხვარ, რომ მე მის გაკათოლიკოსობას ხელი შევუწყე. დროა იგი ეკლესიას მოვაშოროთ. იგი უნდა გადაყენებულ იქნას, დაენიშნოს პენსია და იცხოვროს სურამში, სადაც ასე ხშირად გარბის. თუმცა მე და კალისტრატემ ერთმანეთს ვაწყენინეთ, მაგრამ იგი ჩვენს შორის პირველია, მაგრამ მე არ ვურჩევ კათოლიკოსობას. პირველობა უნდა შევთავაზოთ ან მარკოზ ტყემალაძეს, ან ეპისკოპოს მელქისედეკს. მე იმიტომ შევუწყე ხელი მის გაკათოლიკოსობას, რომ ვიცოდი სხვას არ მოასვენებდა." (5, 139).

მიტროპოლიტ დავითის მოსაწონი არავინ დარჩა საქართველოს ეკლესიაში, საკათოლიკოსო სინოდმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და გადაწყვიტა მისი პენსიაზე გაშვება, მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ქრისტეფორე III-ს განკარგულებით გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედელად. ახლა იქ დაიწყო დაპირისპირებანი. 1932 წელს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III, საკათოლიკოსო სინოდის საგანგებო სხდომაზე მიტროპოლიტმა დავითმა წამოაყენა წინადადება მიტროპოლიტი კალისტრატე აერჩიათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, დამსწრენი გაოცებულნი უყურებდნენ მას, რომელმაც განაგრძო: "ვინ იყო ის, რომელიც წერდა საქართველოს ეკლესიასა და სამღვდელოების საჭიროებებზე საერო მთავრობაში საბუთიან მოხსენებებს? ვინ არის ის, რომელსაც დიდნი კათოლიკოსნი კირიონი და ლეონიდე ანგარიშს უწევდნენ, ვინ არის, რომელსაც საქართველოს ინტელიგენცია თავიდანვე არჩევდა და დღესაც მაღლა აყენებს ქართველ სამღვდელოებაში? ეს არის კალისტრატე, ინტელექტუალი და მოქმედებითაც უპირატესი, შეიძლება ზოგიერთი ჩვენთაგანი ყველაფერს მის მსოფლმხედველობას არ იზიარებდეს, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ იგი ჩვენს შორის პირველია თავისი ჭკუით, ცოდნით, განვითარებით, საქმიანობით, გამოცდილებით." (6, 60). მიტროპოლიტ დავითს ამის შემდეგ აღარ დაუწყია უწმიდესი კალისტრატეს წინააღმდეგ ბრძოლა. იგი 1935 წლის 19 მარტს გარდაიცვალა ბათუმში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაიკრძალა ქუთაისში პეტრე-პავლეს ეკლესიაში... როგორც მისი ჩანაწერებიდან ჩანს, იგი სერიოზულად ფიქრობდ როგორ შეაფასებდნენ მის საქმიანობას ისტორიკოსები. გვიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მოგვიტეოს მისმა სულმა, ფრიად სამწუხარო იყო, რომ მან სერიოზული შეცდომები დაუშვა... მისი საქმიანობის დაწვრილებით აღნუსხვა ერთ მიზანს ემსახურება, ვისწავლოთ წარსულით მომავლის წინასწარმეტყველება და შევძლოთ ვიწრო პიროვნულ ამბიციებზე ამაღლებულებმა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და მშობელ ეკლესიას.


მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)

მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე, დაიბადა 1866 წლის 17 მარტს ქუთაისში. ხელმოკლე ოჯახში. მისი მშობლები: დედა - ნატალია დიასახლისი იყო, მამა - ლუკა, ქუთაისის ერთ-ერთი ეკლესიის მედავითნე. ოჯახი მართლმადიდებლური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. პატარა ალექსი მშობლებმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. ეს სასწავლებელი დაარსებული იყო იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის მიერ და მისი ზრუნვა ყველა შეგირდს სწვდებოდა, როგორც დეკანოზი ილია ჭეიშვილი იხსენებდა: "გაბრიელ ეპისკოპოსი ყმაწვილებს ხელს უწყობდა, გაჭირვებულებს სწავლის ქირას უხდიდა, თავის სახლშივე ინახავდა. იგი ისე სიყვარულითა და უბრალოებით ექცეოდა ამ ყმაწვილებს, რომ მათთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა ყოველივე კეთილშობილური აზრი, დაუნერგა მათ ნორჩ გულებში სიყვარული სიმდაბლისადმი, სამშობლოსადმი." 1882 წელს ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ალექსი გიორგაძე მეუფე გაბრიელის რეკომენდაციით სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში მკაცრად სდევნიდნენ ქართველ პედაგოგებსა და სტუდენტებს. იმპერიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ მეფის ნაცვალი დონდუკოვ-კორსაკოვი, საქართველოს ეგზარქოსი პავლე ლებედევი და კავკასიის განათლების ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი, რომელთაც უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურნი ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. 1886 წლის 24 მაისს თბილისში სემინარიიდან გარიცხულმა იოსებ ლალიაშვილმა ხანჯლით მოჰკლა რეაქციონერი რექტორი ჩუდეცკი... საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ჩუდეცკის დაკრძალვაზე საჯაროდ დასწყევლა ქართველი ერი, ხოლო იმპერატორის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნა - თუ გვინდა თბილისის სასულიერო სემინარიაში შფოთსა და არეულობას ბოლო მოეღოს, ყველა ქართველი იქიდან დაუყოვნებლივ უნდა დავითხოვოთ.

ვითარება იყო უკიდურესად დაძაბული, რაც თავის გავლენას ახდენდა ახალგაზრდა ალექსი გიორგაძეზეც. 1888 წელს მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა სემინარია და დაბრუნდა ქუთაისში, დაოჯახდა. 1889 წლის 12 თებერვალს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ჯერ დიაკვნად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ მღვდლად აკურთხა და განაწესა ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად. 1889 წლის 25 ივნისს ქუთაისის ქალთა სასწავლებელში არსებული ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1889 წლის 2 ნოემბერს მას დაევალა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საეკლესიო სლავური გალობის მასწავლებლობა. 1892 წლის 15 იანვარს ეპისკოპოსმა გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის ქალთა წმიდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში არსებული ეკლესიის წინამძღვრად და საღვთო სჯულის პედაგოგად განაწესეს. 1893 წლის 9 დეკემბერს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. პარალელურად იგი მუშაობდა სასულიერო გამომძიებლად, იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრად და მისი განყოფილების თავმჯდომარედ. 1896 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა სკუფიით, 1900 წლის 15 მაისს უბოძეს კამილავკა.

1903 წელს გარდაეცვალა მეუღლე და ოჯახის მოვლის მთელი სიმძიმე მხრებზე დააწვა. ამის მიუხედავად მაინც ჩააბარა კიევის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც 1904 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად ჩაირიცხა საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც. 1906 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა აკადემია და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1907 წლის ივლისიდან მოღვაწეობდა ვიატკის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანამდებობაზე. ვიატკაში მრავლად იყვნენ საქართველოდან გადასახლებული ქართველები, რომელთა ერთადერთ ნუგეშად და შემწედ მამა ანტონი იყო. 1907 წლის 10 ნოემბერს გადაყვანილ იქნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1909 წლის 6 მაისს იგი დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1910 წლის იანვრიდან მამა ანტონი დაინიშნა დავით გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. იმავე წლის 17 თებერვალს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და გამოემგზავრა საქართველოში. 1910 წლის 24 თებერვალს დაინიშნა ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესად. 1910 წლის 7 ივნისიდან 7 დეკემბრამდე დროებით შეუთავსეს რუსული მონასტრების მთავარხუცესობაც და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობაც. 1911 წლის 7 ივნისს გადმოიყვანეს თბილისის ფერიცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

1911 წლის 19 დეკემბერს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 1912 წლის 15 იანვარს პეტერბურგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში გორის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 26 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1914 წლის 6 მაისს წმიდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წელს აირჩიეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის კომიტეტისა და საეკლესიო მუზეუმის წევრად. 1916 წლის 7 აპრილს წმიდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ეპისკოპოსი ანტონი გამოირჩეოდა როგორც დამოუკიდებელი  პიროვნება. იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოს ეგზარქოს პლატონის (როჟდესტვენსკი) ანტიქართულ ქმედებებს, როგორც იმდროინდელი პრესა იტყობინებოდა, კონფლიქტი იმდენად გამწვავებულა, რომ ეპისკოპოს ანტონს მთავრობის სახელზე თხოვნაც დაუწერია გადადგომის შესახებ, როგორც ერთ-ერთი მისი თანამედროვე ანონიმი ავტორი წერდა: "ყოვლად სამღვდელო ანტონი როგორც ქართველი მღვდელმთავარი უმეტესად რჩება ქართველი და სადაც რიგი, იგი იქ ქართულად ასრულებს წირვა-ლოცვას. ამის გარდა მხურვალე თანამიმდევარია ქართველი ერის ცხოვრებისა. მისმა მეუფებამ იცის მრევლის დახმარება. იგი არის ქართული მწიგნობრობისა და საქართველოს ისტორიის მცოდნე და ქართულ მწერლობასაც გულმხურვალედ ადევნებს თვალყურს." (8, 254).

ეპისკოპოსი ანტონი იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის თავდადებული მებრძოლი. მისი ინიციატივით 1917 წლის 8 მარტს ფერიცვალების მონასტერში, სადაც იგი ცხოვრობდა, შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, სოსიკო მერკვილაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ლომთაძე, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღსრულებულიყო რუსეთის იმპერიაში მშვიდობისათვის პარაკლისი. დაიგზავნა მოსაწვევები პროვინციებში, ზღვა ხალხი შეიკრიბა სვეტიცხოველში. 12 საათზე გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა ეპისკოპოს ანტონის მიერ შედგენილი "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი." ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში. მისი დაჟინებული თხოვნით ეპისკოპოსმა კირიონმა იყარა კენჭი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში და გაიმარჯვა. ეპისკოპოსი ანტონი ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც დაძაბული მოლაპარაკებები აწარმოა 1917 წლის ივნის-აგვისტოში პეტერბურგში რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და მიაღებინა კიდეც დროებით მთავრობას საგანგებო დოკუმენტი ამ საკითხზე.

1917 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე იგი დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. ქუთაისში მცირე ხნით მოღვაწეობის დროსაც მან მოახერხა თავისი ხელი დაემჩნია ეპარქიისათვის. მიტროპოლიტმა ანტონმა ძლიერ განიცადა 1918 წლის 27 ივნისის ტრაგედია, როდესაც მარტყოფის მონასტერში ვერაგულად მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. მისი ინიციატივით ქუთაისში მოწვეულმა საეპარქიო კრებამ მიიღო ასეთი დადგენილება: "განსაკუთრებული საკითხები კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო." 1. წინადადება იქნას შეტანილი იმერეთის საეპარქიო სახლის სახელით საკათოლიკოსო საბჭოში, რათა ეს უკანასკნელი მთელი თავისი შემადგენლობით და კათოლიკოსის მოსაყდრით დაუყოვნებლივ გადადგეს სამსახურიდან, როგორც ეს არის მიღებული აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში. მითუმეტეს, საკათოლიკოსო საბჭო მორალურად თანამოაზრეა განსვენებულ კათოლიკოსის ტრაგიკულად და საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებაში. 2. კათოლიკოსის ამ სახით გარდაცვალების გამო მისი კაბინეტის ანუ ორგანოს _ საკათოლიკოსო სახლის გადადგომის შემდეგ შესდგეს საეპარქიო საბჭოებისაგან დასახელებულ პირთა შემადგენლობით დროებითი მმართველობა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ ეპარქიულ მღვდელმთავრის მოსაყდრეობით. 3. დროებითი მმართველობა განიხილავს შექმნილ ვითარებას კათოლიკოს კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. მანამდე კი, საჭიროა, გამოირკვეს, რა ატმოსფერო იყო შექმნილი კათოლიკოზ კირიონ II-ის პიროვნების გარშემო. ამას მოითხოვს ჩვენგან მოქალაქეობრივი მოვალეობის შეგნება განსვენებულის წინაშე. საამისოდ მდიდარ მასალას წარმოადგენს ჟურნალ "ახალი სიტყვის" მიერ უკვე გამოქვეყნებული N7 ნომერი. გაისინჯოს ამ ორგანოს შესახებ საკათოლიკოსო საბჭოს ჟურნალები N103, N109. განხილულ იქნას 144 საბრალდებო მუხლები, რომელნიც მოწინააღმდეგეებს ჩაუბარებიათ კათოლიკოს კირიონისათვის. 1918 წლის 23 მაისს, როგორც ეს გვამცნო საბჭოს წევრმა რაფიელ ივანიცკიმ, კათოლიკოს კირიონის დასაფლავების დღეს გაზეთ "საქართველოში" მოთავსებულ წერილში. განხილულ იქნას ეს განცხადება და მასზე განსვენებული კათოლიკოსის ჯერ არ ცნობილი პასუხი, რომელიც უკვე შედგენილი ყოფილა საეკლესიო კრებისათვის წარსადგენად. შეფასებული იქნას რ. ივანიცკის წერილი, რამდენად ობიექტური და გულწრფელია იგი და შეესაბამება თუ არა ჭეშმარიტებას. პროტესტი გამოეცხადოს რ. ივანიცკის ამ თავხედობისათვის. 4. დაუყოვნებლივ მოისპოს "ახალი სიტყვის" გამოცემა, როგორც პროვოკაციული ორგანოსი. ასეთი საზიზღარი ორგანო არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, რომელიც გამოდიოდა კათოლიკოს კირიონის და მისი მომხრეების მოსაშხამავად. (ამ დროს საკათოლიკოსოს ოფიციალური ორგანო"სვეტიცხოველი" უსახსრობის გამო შეაჩერეს.) 5. განხილულ იქნას უმთავრესი საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც უცნაურად იმსხვერპლა კათოლიკოსი კირიონი." (24, 31, 872).

სამწუხაროდ მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე "უეცრად" გარდაიცვალა 1918 წლის 18 სექტემბერს, როგორც პათანოტომიურმა გამოკვლევამ დაადგინა მიტროპოლიტი ანტონი მოწამლა მისმა სიძემ გვარად რედიგერმა, რომელმაც საჭმელში ვერცხლისწყალი შეურია. რედიგერმა შეასრულა იმ ძალების დაკვეთა, ვინც უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II მოჰკლა. მიტროპოლიტი ანტონის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისათვის. მის დაკრძალვას მრავალრიცხოვანი საზოგადოება დაესწრო. განსვენებულის ღვაწლზე ისაუბრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ლეონიდემ, დეკანოზებმა: კალისტრატე ცინცაძემ, ანტონ თოთიბაძემ, ნიკიტა თალაკვაძემ. მიტროპოლიტი ანტონი დიდი პატივით დაკრძალეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, გავიდა წლები 1924 წელს ბოლშევიკებმა ტაძარი დაანგრიეს. დაიკარგა მიტროპოლიტ ანტონის საფლავიც... სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო, მიტროპოლიტი ანტონის სახელი მიეცა დავიწყებას... მისი გახსენება ჩვენი ზნეობრივი ვალია.

მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია)

მიტროპოლიტი ამბროსი, ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია დაიბადა 1861 წლის 7 ოქტომბერს მარტვილში.

1871-1873 წლებში სწავლობდა ოჩამჩირის პირველ¬დაწყებით სკოლაში, ხოლო 1873-1879 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. ეს იყო დრო, როდესაც რუსეთის ხელისუფლება აქტიურად შეუდგა თავისი ვერაგული ზრახვის, ქართველთა დენაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას, ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობოდა აფხაზეთში. ჭაბუკმა ბესარიონ ხელაიამ თავის თავზე იწვნია რუსეთის ველიკოდერჟავული პოლიტიკის ვერაგობა. უკვე იკვეთებოდა ქართველთა და აფხაზთა შორის გაუცხოების ტენდენცია, ქართველობა საკუთარ სამშობლოშივე დევნილი იყო. შედარებით უკეთესი ვითარება იყო მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, სადაც იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომელნიც მოსწავლეებს გატაცებით უამბობდნენ საზოგადოებაში უკვე დავიწყებულ ქართველ მეფეებზე, ქართველ გმირებზე, ქართველ წმინდანებზე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი წარმომადგენლების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაწყებული ქართველი ერის დიდი გამოღვიძების სიო პროვინციებშიც იგრძნობოდა.

1879 წელს ჭაბუკი ბესარიონ ხელაია ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში.¬ საქართველოს ყოფილ დედაქალაქს, XIX საუკუნეში ამიერკავკასიის ცენტრად წოდებულ თბილისს, უჭირდა ქართული ქალაქის სახის შენარჩუნება. თბილისში 41 ერისა და ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა, მათ შორის 21% ქართველი, 37%-სომეხი, 30%-რუსი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ერის წარმომადგენლები. 1866 წელს ქალაქში შემოღებულ იქნა თვითმმართველობა, ქალაქის თავად არჩეულ იქნა გენერალი არწრუნი, მაგრამ თბილისში მოღვაწეობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი. აქვე ფუნქციონირებდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება," გამოდიოდა ილია ჭავჭავაძის "ივერია", სერგეი მესხის "დროება", მიმდინარეობდა პოლემიკა ქართული ბანკის გამო. ქართველი სამღვდელოების მოწინავე ნაწილი უკვე აღარ ერიდებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარს. თვით სასულიერო სემინარიაში კი სულისშემხუთველი, შოვინისტური ატმოსფერო იყო გამეფებული. ქართველი პედაგოგები განიცდიდნენ დევნას, შეურაცხყოფას, სემინარიელებს ქართულად ფიქრსაც უკრძალავდნენ, მიუხედავად ამისა, ბესარიონ ხელაიამ მტკიცედ გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება ქართველი ხალხისათვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებისადმი ბრძოლისათვის მიეძღვნა.

როგორც ზაქარია ჭიჭინაძე გადმოგვცემს: "ბესარიონ ხელაია იყო უღრმესად მოყვარე თავის სამშობლო ქვეყნის, თავის ერის, ქართული მწერლობის და საქართველოს ისტორიის... ყოველთვის გულ-ნაკლული იყო ქართველი ერის ასე დაცემასა და დაქვეითებაზედ. სძულდა სასტიკად უგულო ამხანაგები, ნამეტურ ისინი, რომელნიც ხშირად საქართველოსაც წარა-მარად უარჰყოფდნენ." (52, 5). 1887 წელს იგი აკურთხეს სოხუმის ეპარქიის სოჭის ეკლესიის მღვდლად, 1892 წლიდან სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკია, 1890 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძის "ივერიაში" გამოქვეყნდა მამა ბესარიონ ხელაიას წერილი გუდაუთის უბანში მისიონერ ამბროსი კავკასიძის სტუმრობის შესახებ. მისიონერი ამბროსი კავკასიძე კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი იყო და გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და მჭევრმეტყველებით. ეხებოდა რა მის ქადაგებას გუდაუთის თემის ლიხნის ეკლესიაში, მამა ბესარიონ ხელაია დასძენდა: "შემდგომ წირვისა არქიმანდრიტმა ხალხს უთხრა ქადაგება, სწორედ რომ ვთქვათ, უფრო დარიგება იყო მისი სიტყვა, ვიდრე საეკლესიო ქადაგება და ხალხზე ამიტომაც დიდად იმოქმედა მისმა მდაბიო, გასაგონის ენით წარმოთქმულმა სიტყვამ. შემდგომად ასეთის სწავლა-მოძღვრებისა აუხსნა ხალხს შვილების სწავლების სარგებლობა და უთხრა, რომ თქვენს საზოგადოებაშიც სკოლა გამართეთო... წირვის შემდეგ ხალხმა ერთხმად გადაწყვიტა იქონიონ სკოლა, შეადგინა განაჩენი, რომ მოამზადონ სახლი სკოლისა და მასწავლებლებისათვის. არქიმანდრიტი დაჰპირდა, როდესაც სკოლის შენობა მზად იქნება, მასწავლებელსაც გამოგიგზავნით, სკოლის საჭირო წიგნებსაც და ნივთებსაცო, მასწავლებელსაც ჯამაგირს ჩვენ მივცემთო. ასეთმა მამობრივმა დარიგებამ და შემწეობის აღმოჩენამ და დახმარებამ ძალიან ასიამოვნა ხალხი, თითქოს გულიო მოულბაო ყველას და თბილი სხივი ჩაუფინა. ვიდრე არქიმანდრიტი ცოტას დაისვენებდა და ისადილებდა, საზოგადოებამ ნიშნად პატივისცემისა ფეხი აღარ მოიცვალა იმ ადგილიდან. მერე ყველა წარმომადგენელნი საზოგადოებისა გამოეთხოვნენ, დიდი მადლობა გადაუხადეს ასეთის თანაგრძნობისათვის და გაისტუმრეს... ღმერთმა ინებოს, რომ ამისთანა კაცები ხშირად დაჰხედავდნენ ხოლმე ჩვენს მივიწყებულს მხარეს და ათასში ერთხელ მაინც გაგვაგონებდნენ კაცობრიულსა და კეთილს სიტყვა-პასუხსა." (4, 8) ბესარიონ ხელაია დასძენდა. სოხუმში მოღვაწეობამ კიდევ უფრო განუმტკიცა აზრი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავლისათვის ბრძოლაში სასულიერო პირისათვის აუცილებელი იყო მრავალმხრივი განათლება, ამიტომ იგი 1897 წელს სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში შევიდა. მამა ბესარიონის სოხუმის საკათედრო ტაძრიდან ყაზანში სწავლის გასაგრძელებლად წასვლას ასე გამოეხმაურა გაზეთი ცნობის ფურცელი "კეთილი მოძღვრის წასვლა."

"მამა ბესარიონ ხელაიას მრევლის განუსაზღვრელი სიყვარული ჰქონდა დამსახურებული თავისი მამაშვილურისა და სათნო ქცევით. ყველას გული დაწყვიტა საყვარელის მოძღვრის მოშორებამ."

1897 წლის 30 დეკემბერს სერგი გორგაძემ ჟურნალი "მწყემსის" რედაქტორს დეკანოზ დავით ღამბაშიძეს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა "ვიცი, თუ რა დიდათ სასიამოვნოა ჩვენი შეგნებული საზოგადოებისათვის უმაღლესი სწავლა-განათლების მქონე სასულიერო პირთა შემომატება, ვიცი აგრეთვე როგორი სიხარულით ეგებებოდით თქვენ და თქვენი პირით მთელი ჩვენი სამღვდელოება ლეონიდის, დიმიტრის, კირიონის, ექვთიმეს ბერად აღკვეცას. ამისათვის ვესწრაფი ვაცნობო პატივცემულ "მწყემსის" მკითხველებს ერთი ფრიად სასიხარულო ამბავი, რომელიც ჭეშმარიტად ამართლებს იმ აზრს, რომ ეს უკანასკნელი ათი წელი საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში შავი სამღვდელოების განახლების ხანად უნდა ჩაითვალოს, რომ ქართველებს მტკიცე სარწმუნოება ქრისტესი და მართლმადიდებელი ეკლესიის პატივისცემა არც ისე გაქრობიათ გულში, როგორც ეს ზოგიერთ ერებს ეგონათ - ამის უტყუარ მაგალითს, ზემოთაღნიშნულ პირთა გარდა, წარმოგვიდგება კიდევ მამა ბესარიონ ხელაია, რომელიც წელს ჩვენთან ერთად მიიღეს ყაზანის სასულიერო აკადემიაში. ამის გადაწყვეტილება სინოდისაგან 31 ოქტომბერს მოგვივიდა. მამა ბესარიონს თბილისის სასულიერო სემინარია დაუმთავრებია... ამ ოთხი წლის წინათ დაქვრივებულა და ხელზე დარჩენია ობლად სამი შვილი. საბედოდ მამა ბესარიონს მამა (მღვდელი - ზოსიმე) ცოცხალი ჰყავს და სწორედ ამ გარემოებას შეუწყვია მისთვის ხელი, თორემ შეიძლება ვერც კი გაებედნა ყმაწვილების დატოვება... ვისურვებთ სხვა ახალგაზრდა მღვდლებსაც მიებაძოთ მამა ბესარიონის მაგალითისათვის და არ დაზარებოდეთ უმაღლესი სწავლის მიღება სამშობლო ეკლესიის სამსახურად და სასახელოდ."

ამ დროს ყაზანის სასულიერო აკადემიაში არაერთი ქართველი სწავლობდა, მათ შორის გამოირჩეოდნენ: ექვთიმე კაჭახიძე (შემდგომში მიტროპოლიტი დავითი), მიხეილ ფხალაძე (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III), სერგი გორგაძე (ისტორიკოსი), იპოლიტე ვართაგავა (მწერალი, კრიტიკოსი). როგორც ეს უკანასკნელი გადმოგვცემს: "ვინც ბესარიონს ახლოს გაეცნობოდა, დარწმუნდებოდა, რომ ის უსათუოდ ნიჭიერი, განვითარებული, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო, უერთგულესი ამხანაგი და ადამიანი იყო... აღმოჩნდა, რომ არამც თუ ჩვენზე ნაკლებ, უმეტესად ყოფილა ქართული ეროვნული და საზოგადოებრივი საკითხებით დაინტერესებული, ისიც გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა სამშობლოში წარმოებულ პოლიტიკურ ლიტერატურულ-კულტურული ბრძოლის მსვლელობას, ჩვენი ისტორიის პირველწყაროებზე მუშაობდა და დაემზადებინა რამდენიმე ისტორიული თუ სხვა ხასიათის ნარკვევი. რუსი სტუდენტებიც მალე დარწმუნდნენ, რომ ბესარიონი იყო დიდად მომზადებული და განვითარებული პიროვნება: ორ სასემესტრო თხზულებებში მან სასტიკ პროფესორთა უაღრესად საპატიო დაფასება მიიღო." (4, 10).

1900 წლის 11 თებერვალს ბესარიონი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა ამბროსი. 1900 წლის 11 თებერვალს, საღამოს 6 საათზე, ყაზანის სასულიერო აკადემიის ეკლესიაში ათამდე ქართველი შეიკრიბა. დანიშნული იყო მღვდელ ბესარიონ ხელაიას ბერად აღკვეცა. წესი რექტორმა, ეპისკოპოსმა ანტონმა შეასრულა და გულშიჩამწვდომი სიტყვა წარმოსთქვა. იგი ღმერთს ბესარიონის სახელით შეევედრა, აიღო ხელში მაკრატელი, შეიკვეცა თმის ღერი და ამის მერე "ბესარიონი" აღარავის გაუგონია: მას უწოდეს ამბროსი." მღვდელმთავარს უთქვამს: "საბერო სათნოებათა შორის სიმდაბლე ყველაზე უფრო მაღალი და ძნელი სათნოებაა. იგი შველის კაცს, მოთმინებით აიტანოს ყოველგვარი გაჭირვება... ჭეშმარიტი სიმდაბლით აღჭურვილი მოძღვარი თვით გულქვა და ამპარტავან ადამიანებზეც კი ძლიერ ზნეობრივ გავლენას იქონიებს ხოლმე... სიმდაბლის მქონე კაცი იმითაა კიდევ ძლიერი, რომ მას თვით სიკვდილის მოახლოებაც კი ვერ შეაშფოთებს, იმ სიკვდილისა, რომლის წინაშეც ასე ხშირად თრთიან ხოლმე თვით უძლეველი და გულმაგარი გმირები. ასეთია სიმდაბლის უაღრესობა, მაგრამ რამდენადაც ძლიერია იგი, იმდენად უფრო ძნელია მისი მოპოვება; განსაკუთრებით ძლიერ უჭირთ ეს ახალგაზრდა და გამოუცდელ ბერებს." (4, 11).

აკადემიის დამთავრების შემდეგ მამა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში. 1901 წელს მცირე ხნით მოღვაწეობდა სოხუმში, მაგრამ მისი იქ ყოფნა ხელს არ აძლევდა ანტიქართულ ძალებს, იგი მოურიდებლად ამხელდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების შოვინისტურ პოლიტიკას. ამიტომ 1902 წელს იგი გადმოყვანილ იქნა რაჭაში, ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად. აქ მან თავისი თავდადებული საქმიანობით მოსახლეობის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1903 წელს მარიამობის დღესასწაულზე ჩასულ ცნობილ ქართველ მწიგნობარს სოსიკო მერკვილაძეს წირვის შემდეგ მოუსმენია მისი ქადაგება, იგი იმდენად შთამბეჭდავი ყოფილა, რომ მსმენელთა უმრავლესობას სიხარულის ცრემლები ჰქონდა. "მამა ამბროსი სულ წელიწადი არ არის, რაც წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისათვის ეს მოკლე დროც საკმარისი ყოფილა, რომ წრფელის გულით შეეყვარებია ხალხს. ახლო მახლო სოფლებში ჩვენ იმისთანა კაცს არ შევხვედრივართ, რომელიც წრფელის გულით არ იყოს განმსჭვალული მამა ამბროსისადმი ღრმა პატივისცემით და სიყვარულით. სოსიკო მერკვილაძე არქიმანდრიტ ამბროსის გულთაზრიან ღვთსისმსახურს უწოდებდა." (4, 11).

მამა ამბროსიმ თითქმის გაუკაცრიელებული მონასტერი კვლავ ააღორძინა. მან დაწვრილებით შეისწავლა რაჭა-ლეჩხუმის სიძველენი. საქართველოს ისტორიის, ქართული ხელნაწერების შესწავლის ინტერესი ჯერ კიდევ ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს გამოავლინა. მან სასულიერო აკადემიაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია "Борьба Христианства с Исламом в Грузии". ამის შესახებ 1901 წლის 14 ივლისს გაზ. "ივერია" აუწყებდა საზოგადოებას. ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია ამ მიმართულებით საქმიანობა. არქიმანდრიტმა ამბროსიმ ჟურნ. "განთიადსა" და "ცხოვრებაში" 1915-1917 წ.წ. "ამბერის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში." რომელშიც საინტერესოდ აღწერა ჭელიშის მონასტრის ხელნაწერების ისტორია. "უმრავლესობა ჭელიშის მონასტერში დაცულ ხელნაწერებისა გადმოუტანიათ სხვავიდან, სხვავის ან ველტყევის უდაბნოს გაუქმების შემდეგ, მაგრამ ახლა ძნელია დანამდვილებით ითქვას, რომელი, ან რამდენი მათგანი ეკუთვნოდა სხვავის უდაბნოს. ამის მიზეზი იყო დაუდევრობა, ან უკეთ ვთქვათ, შეუგნებლობა მონასტრის მმართველობისა, რომელნიც ამ ხელნაწერებს არ აძლევდნენ არავითარ მნიშვნელობას და ამის გამო, ეკლესიის ქონებათა აღწერილობაში არ შეუტანიათ... ბევრი ძვირფასი ხელნაწერი სამუდამოდ დაკარგულა მეცნიერებისათვის. ხოლო დანარჩენი მიუყრიათ ეკლესიის კუთხეში სხვა უხმარ და უვარგის ნივთებთან, რომელთაც მონასტერი არ საჭიროებდა, ამის გამო ხელნაწერები იმდენად დამპალ-დანესტიანებული აღმოჩნდა, რომ საჭირო შეიქმნა მათი გამომზეურება და თითო ფურცლობით შრომა, რასაც მოუნდა მთელი ერთი თვე. გაშრობა-გამომზეურების შემდეგ შეძლებისდაგვარად გადავათვალიერეთ ხელნაწერები და ამის შედეგია მათი მოკლე აღწერა." (4, 134). არქიმანდრიტმა ამბროსიმ აღმოაჩინა ქართული მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი "ქართლის მოქცევის" ჭელიშური ვარიანტი, რომელიც მისივე გამოკვლევით შევიდა ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით გამოცემულ "ძველი საქართველოს" პირველ ტომში, ხოლო ცალკე გამოიცა 1911 წელს.

არქიმანდრიტმა ამბროსიმ 1907 წლის 28 დეკემბერს საისტორიო საზოგადოებაში წაიკითხა სპეციალური გამოკვლევა "ქართლის მოქცევის" ჭელიშური ვარიანტის შესახებ, მისი აზრით "ხელნაწერის პირველი ნაწილი უნდა ეკუთვნოდეს XIII-XIV საუკუნეს. ჩვენ შესაძლებლად ვთვლით, - განაგრძობდა იგი, - ამ ხელნაწერის დედნის გადაწერა დავსდოთ არა უგვიანეს XI საუკუნისა და თუ ეს უკანასკნელი აზრი მივიღეთ, მაშინ უთუოდ იმაშიც უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ვარიანტი ქართლის მოქცევისა უძველესი დედნიდან უცვლელად არის გადაწერილი." (4, 12). - არქიმანდრიტი ამბროსი კარგად იცნობდა წმ. ნინოს ცხოვრების სხვადასხვა ხელნაწერ ვარიანტებს. ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველზე აკეთებდა სერიოზულ მეცნიერულ დასკვნებს, თუმცა ქრისტიანული თავმდაბლობით შენიშნავდა: "ჩვენ, როგორც არასპეციალისტს ისტორიულ კითხვებში, არ შეგვეძლო უფრო საბუთიანად შეგვედგინა ეს ჩვენი მოხსენება და ამისათვის შეიძლება ვერ დავაკმაყოფილეთ საზოგადოების ცნობისმოყვარეობაო." (4, 13). არქიმანდრიტ ამბროსის ამ აღმოჩენას მაღალ შეფასებას აძლევდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა.

არქიმანდრიტი ამბროსი სიამაყით აღნიშნავდა: "საქართველოს ეკლესია მდიდარი იყო სარწმუნოებრივი რელიქვიებით, არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ძვირფასი ნივთებით, რომელთაც სამღვდელოება და ხალხი დიდი მზრუნველობით ინახავდნენ. ისინი გადაურჩა განადგურებას და მხოლოდ მშვიდობიანობის დროს, XIX საუკუნის განმავლობაში დაიკარგა იმდენი საეკლესიო სიმდიდრე, რამდენიც მთელი შვიდი საუკუნის განმავლობაში მაჰმადინათა მძლავრობის დროს არ დაკარგულა." (54).

XIX საუკუნის ბოლოს ქართველმა თერგდალეულებმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით მოახერხეს ქართული ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება და გამთლიანება. სახელმწიფოებრივი და ეროვნულ-სარწმუნოებრივი თავისუფლება - ეს იყო ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილის იდეალი, ამ იდეალის ერთგული იყო არქიმანდრიტი ამბროსი ხელაიაც. რუსეთის ხელისუფლება გრძნობდა მოსალოდნელ უსიამოვნებას და თვითონაც ემზადებოდა ღირსეულ მამულიშვილთა თვალთვალისა და დევნისათვის. ამის დასტურია ქუთაისის გუნერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსისა და სოხუმის ეპისკოპოს არსენის საიდუმლო  მიმოწერა სოხუმის ოლქში ბესარიონ ხელაიას და  სხვათა მონაწილეობით არსებული ქართული  მოძრაობის შესახებ.

"ვიძიებ რა საქმეს სოხუმის ოლქის ქართველების შესახებ, რომელთაც თავის მიზნად დაუსახავთ აფხაზეთისა და სამურზაყანოს სრულიად გაქართველება ქართულის სკოლების დახმარებით და წირვა-ლოცვის და ყოველივე მღვდელმსახურების ქართულს ენაზედ შესრულებით, რაიც სრულიად უცნობია აფხაზთათვის. ამიტომ გთხოვთ კეთილი ინებოთ და შემდეგი დამატებითი ცნობები მომაწოდოთ.

1) იცნობთ თუ არა, რომ სოხუმის ოლქში არსებობს მკვიდრი ორგანიზაცია ქართველთა, რომელთაც დაუსახავთ აფხაზთა გაქართველება და მით რუსეთის ინტერესებს მათი ჩამოშორება;

2) სდევნის თუ არა ქართველთა პარტია იმ მღვდლებსა და მასწავლებლებს, რომელნიც თქვენს განკარგულებას ასრულებენ და მათ არ თანაუგრძნობენ და არ ემორჩილებიან მათ უკანონო მოქმედებას, ე.ი. ქართული ენის სწავლებას სკოლებში და ჩუმათ მაინც წირვა-ლოცვის აღსრულებას ქართულად;

3) სცდილობენ თუ არა აფხაზეთის გაქართველებას შემდეგნი პირნი: თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, მღვდელნი: მაჭავარიანი, კერესელიძე, ჩხენკელი და ხელაია ვისარიონი;

4) გჯერათ და უწყით, რომ ქ. სოხუმის მცხოვრები თედო სახოკია პრესაში და საზოგადოებაში კრიტიკას იწვევს და მასხრად იგდებს ყოველივე თქვენს განკარგულებას;

5) მართალია, რომ მღვდელმა მაჭავარიანმა პანაშვიდი გადაიხადა ქართულს ენაზედ გარდაცვალებულის მწერლის წერეთლის გამო და ქართულადვე სიტყვა წარმოსთქვა თედო სახოკიასა და ანთ. ჯუღელის თხოვნით;

6) მართალია თუ არა, რომ მღვდელმა ბესარიონ ხელაიამ, რომელიც ქართულ ენაზედ წირვა-ლოცვის შემოღებას მოითხოვდა, განგიცხადათ, რომ აქ საქართველოა და არა რუსეთი და ამიტომ წირვაც ქართულად უნდა იყვესო;

7) მართალია თუ არა, რომ მღვდელი კერესელიძე წინააღმდეგობას უწევდა თქვენს განკარგულებას და როცა მოინდომეთ მისი გაძევება, სინოდალურის კანტორამ წინააღმდეგობა გაგიწიათ;

8) რადგანაც უტყუარი ცნობები მაქვს, რომ ნაცნობობა აქვთ არასაიმედო და წარმართი მიმართულების ხალხთან (აფხაზებთან) თედო სახოკიას, მღვდლებს - ჩხენკელს, კერესელიძეს, მაჭავარიანს და ბესარიონ ხელაიას, ამიტომ გთხოვთ აღნიშნულნი პირნი დამიხასიათოთ ზნეობრივის მხრივ თითო მათგანი კერძოდ და დაწვრილებით გამაცნოთ მათი მოღვაწეობა;

9) მართალია, რომ კორესპონდენტი თედო სახოკია განგებ, წინდაწინვე განზრახულის მიზნით ამახინჯებდა ფაქტებს და ყალბ სტატისტიკურ ცნობებს ათავსებდა გაზეთებში მეგრელებისა და ქართველების შესახებ, რათა დაემტკიცებინა აუცილებელი საჭიროება ქართული ენის საჭიროებისა სასწავლებლებში;

10) რით აიხსნება სინოდალური კანტორისაგან მხარის დაჭერა მღვდელ კერესელიძისა და სრულიად უდანაშაულო მღვდელის კავკასიძის გაძევება;

11) სცნობთ თუ არა, რომ მღვდელნი: მაჭავარიანი, ჩხენკელი, კერესელიძე და ხელაია მავნებელნი და საშიშნი არიან იმპერიის ინტერესებისათვის;

12) მართლმადიდებელ ეკლესიისათვის მავნებელნი არის თუ არა მოღვაწეობა თედო სახოკიასი და ჯუღელისა.

პასუხს გთხოვთ გამოაყოლოთ დედანი იმ განცხადებისა, რომელიც სამურზაყანოელებმა მიართვეს თქვენს მაღალკურთხევას, რათა მათის შვილებისათვის არ ესწავლებინათ ქართული ენა. ამ წერილობით მათს გაცხადებას უაღრესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეპარქიალურ საბჭოს ვითომ 1895 წელს მღვდელის მაჭავარიანის და პოლკოვნიკის ქორქაშვილის ძალდატანებით გაუგზავნია მოწოდება სამურზაყანოელებისათვის, გინდათ თუ არა ქართული ენის სწავლება, რაის შედეგიც ყოფილა ზემოხსენებული განცხადება, რომელშიც სამურზაყანოელები აშკარად ამბობენ, არა გვსურს ქართული ენის სწავლებაო...

საიდუმლო შეკითხვებზედ, რომელიც 12 მუხლისაგან შესდგება და რომელიც ქართველთა მოძრაობას შეეხება ოლქში, შემიძლიან შემდეგი გიპასუხოთ:

1) პირველივე დღეებიდან ჩემის სოხუმის ოლქში დანიშვნისა, შევნიშნე, რომ ეპარქიაში მცხოვრებნი ქართველები ყოვლის ღონისძიებით სცდილობენ დანერგვას სამურზაყანოსა და აფხაზეთში ქართველთა მოქალაქეობრიობის, რაშიაც სრულ დახმარებას უწევს მას სამღვდელოება, რომელნიც განსაკუთრებით ქართველთა და მეგრელთაგან შედგება. ამის დამამტკიცებელი საბუთი მრავალი მომეპოვება. 1895 წელს სამასწავლებლო საბჭოში ქართველებმა აღძრეს შუამდგომლობა ქართულის ენის სწავლებისა აფხაზეთ-სამურზაყანოში და წარმოადგინეს განჩინებაც სოფლების საზოგადოებითგან, რომელნიც ითხოვდნენ ქართულის სწავლებას სკოლებში. მე წინ აღვუდექი ამას, რის გამოც ჟურნალ "Русский Труд"-ში მოათავსეს წერილი, რითაც უკმაყოფილებას მიცხადებდნენ, როცა 14 იანვარს წმ. ნინოობას ნება არ მივეცი ქართულს ენაზე წირვისა სოხუმის საკრებულო ტაძარში, მაშინ ხომ მათი უკმაყოფილება აშკარა იყო და ნათლად დავრწმუნდი, რომ ქართველები აღარა ხუმრობდნენ აფხაზეთის გაქართველებას. ქართველების მოძრაობა დიდათ აბრკოლებს აფხაზების გარუსების და გადაგვარების საქმეს.

2) რაც შეეხება ქართველთაგან დევნას რუსეთისათვის თავდადებულ სამღვდელოებისა და მასწავლებლებისას, დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლიან, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში ოქუმუს მღვდელის მამა ქავჟარაძისას, რომელიც მარჯვე დამცველი იყო და გამტარებელი ცხოვრებაში რუსულის მოქალაქეობრიობისა და რომელსაც ათასი ცოდო დასწამეს, რათა გაეძევებინათ ის სამურზაყანოდგან, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი დევნა არსებობს.

3) რამე დადებითი საბუთები თედო სახოკიასა ან ჯუღელისა, მღვდლების - მაჭავარიანისა, კერესელიძისა და ხელაიას მოქმედებისა და მეცადინეობის შესახებ ქართული ენის გასავრცელებლად და დასამკვიდრებლად აფხაზეთში არ მომეძებნება, მხოლოდ პირველის შესახებ შემიძლიან ვთქვა, რომ თუ ის ავტორია გაზეთებში მოთავსებულ ყალბ ცნობებისა, მაშასადამე, იგი ყოფილა გამავრცელებელი და დამამკვიდრებელი ქართული ენისა და მოქალაქეობისა აფხაზეთში, ხოლო რაც შეეხება მღვდელს კერესელიძეს, თვით დირექტორიც კი სახალხო სკოლებისა, სთვლის მას არაკეთილსაიმედო პირათ, რომელსაც შეუძლიან ცუდი გავლენა იქონიოს მოსწავლე ახალგაზრდობაზედ, როგორც სამღთოს სჯულის მასწავლებელს ოჩამჩირეში.

4) დეკანოზმა მაჭავარიანმა მართლა გადაიხადა პანაშვიდი გარდაცვალებულის მწერლის წერეთლის სულის მოსახსენებლად და ქართულადვე სთქვა სიტყვა ჩემ ნებადაურთველად, მაგრამ ვის ჩაგონებითა და განძრახვებით ჩაიდინა ეს საქმე, არ ვუწყი.

5) მღვდელმა ხელაიამ კერძო ლაპარაკში, როდესაც მიმტკიცებდა და მთხოვდა ქართული წირვა-ლოცვის შემოღებას, მითხრა, რომ "აქ საქართველოა და არა რუსეთი და წირვა-ლოცვაც ქართულად უნდა იყვესო".

6) მღვდელის - კერესელიძის სხვა მრევლში გადაყვანა ჩემის განკარგულებით მოხდა, რადგანაც თავის უხასიათობის გამო ვერა რიგდებოდა მრევლთან და უვარგისი იყო მასწავლებელი საღმრთო სჯულისა.

7) რაც შეეხება მღვდლებს - ჩხენკელსა და მაჭავარიანსა, არაფერს ცუდ საქმეში შემჩნეულნი არა მყოლიან და არც მათს მიმართულებაში შეიმჩნევა სამარცხვინო რამ, რაც შეეხება მღვდელს ბესარიონ ხელაიას, აკადემიაში შესვლამდის არაფერი ცუდი არ შემიმჩნევია და რაც შეეხება მის მიმართულებას, ეს ხომ უკვე ზემონათქვამიდამ მის შესახებ ნათლად სჩანს.

8) თედო სახოკია განგებ ყალბ ცნობებს ათავსებდა გაზეთებში ქართველთა და მეგრელთა სოხუმის ოლქში მოსახლეობის შესახებ, რადგანაც მას როგორც სოხუმის ოლქში მცხოვრებს, კარგად  უნდა სცოდნოდა ნამდვილი სტატისტიკური ცნობები, მაგრამ იგი წინად განზრახვით ამახინჯებდა ყოველივე ცნობას.

9) მღვდლის კერესელიძის გამოქომაგება სინოდალურ კანტორისაგან და ჩემის გადაწყვეტილების გაბათილება ამის სხვა მრევლში გადაყვანის გამო, აიხსნება იმ გარემოებებით, რომ მისი საქმე გაარჩია კანტორამ მაშინ, როდესაც ეგზარქოსი არ იყო თბილისში და მის მაგივრობას ასრულებდა ქართველთ ეპისკოპოსი ალექსანდრე. მისი, ე. ი. კერესელიძის, მოშორებას მოითხოვდა დაჟინებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი. დარწმუნებული ვარ, კერესელიძის საქმე რომ გაერჩია ეგზარქოსს და არა ქართველ ეპისკოპოსს, ჩემს გადაწყვეტილებას კერესელიძის გადაყვანის შესახებ დაადასტურებდა.

10) თუ რომ მღვდლები მაჭავარიანი, კერესელიძე და ხელაია მოქმედებენ აფხაზეთ-სამურზაყანოს გასაქართველებლად, მაშინ, რასაკვირველია, მავნეთ უნდა ჩაითვალოს მათი მოღვაწეობა, რადგანაც ამით ისინი წინააღუდგებიან რუსეთის იმპერიის მიზანსა და მისწრაფებასა.

11) მოქმედება თედო სახოკიასა და ჯუღელისა მავნებლად უნდა ჩაითვალოს მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, რადგანაც გაქართველებული მათგან ახალგაზრდობა მტრად გაუხდება რუსეთის ეკლესიას, რომელიც სულ სხვა მიზნით მოქმედებს აფხაზეთში.

ამასთანავე ვადგენ განცხადების პირს სამურზაყანოელებისას, რომლითაც ისინი უარყოფენ ქართული ენის საჭიროებას თავიანთს სკოლებში და დასძენენ, რომ თუმცა ამ განცხადების წინედ წარმოდგენილი იყო რამდენიმე განჩინება სამურზაყანოელებისა ვითომ ქართულის ენის სწავლება შემდეგის საჭიროების შესახებ, მაგრამ ყველა ესენი განზრახ შედგენილი იყო სამღვდელოებისაგან და მრევლი აქ არაფერს მონაწილეობას არ იღებდა." (49, 144-146).

მამა ამბროსი ხელაია, რომელმაც შესანიშნავად იცოდა რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკის მიზნები აფხაზეთში, ამხელდა ამ პოლიტიკის რეაქციულობას და ქართველ პატრიოტებთან ერთად მედგრად იცავდა ქართულ პოზიციებს. იგი სიხარულით შეხვდა ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) სოხუმის ეპარქიის მმართველად დანიშვნას. კირიონისადმი გაგზავნილ წერილებში ეხებოდა როგორც სოხუმის ეპარქიის, ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის პრობლემებს. 1906 წლის 14 თებერვალს მამა ამბროსი ეპისკოპოს კირიონს ატყობინებს: "ღმერთს ვთხოვ თქვენს მშვიდობით დაბრუნებას სამშობლო მხარეში და გამარჯვებას იმ საქმეში, რომლის გადასაწყვეტადაც თქვენ ხართ მიწვეული ჩრდილოეთის სატახტო ქალაქში. მართალია, ცუდად დატრიალებულია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის ბედ-იღბალი, მაგრამ რა ვქნათ, როდის ვიყავით ბედნიერნი, რომ ახლა ვიქმნეთ. მაგრამ ვიქონიოთ მომავლის იმედი... ჩემი და რამდენიმე აქაური მღვდლის აზრი უკეთუ საინტერესოა თქვენთვის, ეს არის: დათმობა არაფრისა და რასაც ძალით მოგვცემენ, ვემორჩილებით მხოლოდ დროებით; როდესაც მოხერხებულ დროს ვნახავთ, ვეცდებით განვახორციელოთ, რაც პეტიციებშია ნათხოვნი. მომავალი კრება, ჩემის აზრით, ჩვენ არას მოგვცემს და არც უნდა დავთანხმდეთ ჩვენი საქმის იქ გადაცემაზე. კრებას არ წაურთმევია ჩვენთვის ავტოკეფალური წეს-წყობილება ჩვენი ეკლესიისა და არც შეუძლია იმის მოცემა, რაც "დე იურე" უკვე გვაქვს, მხოლოდ ფაქტიურად ძალმომრეობამ წაგვართვა. ამიტომ წართმეულის დაბრუნება შეუძლია წამრთმეველს. ან ჩვენ თვითონ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობის მოსპობით... საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია ამ საქმის (ავტოკეფალიის) მსვლელობით, მთხოვენ, თქვენი რეზოლუცია გამოაქვეყნოთ. ხალხის გამოსაღვიძებლად საჭიროდ მიაჩნიათ ეს." (55, 92-93).

1906 წლის 8 მარტს არქიმანდრიტი ამბროსი ეპისკოპოს კირიონს წერდა: "თქვენი სოხუმში დაბრუნებამ სოხუმის სამღვდელოება და მთლად ქართველობა მეტად გახარა, მაგრამ არა ქართველებს, პოლიტიკანებს, როგორც ეტყობა, ლახვრად დაესო გულში. ეტყობა ვერ მოუნელე¬ბიათ¬ ის გარემოება, რომ ბოლო მოეღება სოხუმის ეპარქიაში იმ უსამართლობას, რომელიც მეფობდა იქ ქართველების შესახებ. თქვენ, დარწმუნებული ვარ, უსამართლოდ არც ერთი ერის წარმომადგენელს არ მოექცევით. ამის თავდებია თქვენი წარსული მოღვაწეობა რუსეთში. მაგრამ ამას ბნელი ძალების წარმომადგენელნი ვერ შეიგნებენ და აკი კიდეც "ხულიგნურად" გამოილაშქრეს თქვენს წინააღმდეგ გაზეთ "კოლოკოლში". იმედია ღირსეულ პასუხს გასცემთ. შეიძლება, თქვენს შემდეგ მეც რამე მოვახსენო ამ ხულიგნური წერილის ავტორს... სწერონ რაც უნდათ, სიმართლემ უნდა გაიტანოს თავისი. ჩვენი ხსნა ეკლესიის თავისუფლებაშია, რომელსაც თქვენ მედგრად იცავთ." (21, 1319).

არქიმანდრიტმა ამბროსიმ უპასუხა "კოლოკოლში" ფსევდონიმს ამოფარებულ დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს. "ხმა სოხუმიდან" - ეს არ იყო უბრალო პასუხი შავრაზმელი მჯღაბნელის გამოხდომაზე, ამ წერილში კარგად ჩანდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. არქიმანდრიტი ამბროსი აღნიშნავდა: "ყველას ემახსოვრება შეუწყნარებლობა და სიძულვილი ყოველივე ქართულისადმი... ამითგან დასნებოვნებულნი იყვნენ ცნობილი მოღვაწენი კავკასიაში: ეპისკოპოსი არსენი, დეკანოზები-ვოსტორგოვი, იასტრებოვი და სხვანი... საკუთარი ეროვნული ფიზიონომიის შენარჩუნებისაკენ სწრაფვის გაძლიერება, ამ მიმართულებით ხალხის გამოღვიძება არის ზემოხსენებულთა და მათ მსგავს კაცთა მოღვაწეობის შედეგი და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ აზრით მათ ხალხს დიდი სამსახური გაუწიეს... აღნიშნეულ პირთა მოღვაწეობის მიზანი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის რუსებთან დაახლოება... მაგრამ ისინი ამით როდი შემოიფარგლნენ, მათ მეტი მოინდომეს - მხარის რაც შეიძლება სწრაფი გარუსება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა." არქიმანდრიტი ამბროსი ამხელდა იმ სასულიერო პირთა საქმიანობას, რომელნიც ჩართულნი იყვნენ დაუნდობელ რუსიფიკაციის პოლიტიკაში, რომელნიც ქართულ ენას "ძაღლების ენას", ქართულ საეკლესიო გალობას "ძაღლების ყეფას" უწოდებდნენ, ცდილობდნენ აფხაზეთის ქართველობის შეურაცხყოფას, უკრძალავდნენ მათ მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვებს. იგი კონკრეტული მაგალითებით აჩვენებდა თუ რამდენად უარყოფითია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა აფხაზეთში და როგორ უწყობდა იგი ხელს ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, მაჰმადიანობის გავრცელებას, იხსენებდა ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე), რომელიც ცდილობდა აფხაზებს მშობლიურ ენაზე შეესწავლათ ქრისტიანული სარწმუნოების არსი, ჰქონდათ ღვთისმსახურება. წერილის დასასრულს არქიმანდრიტი ამბროსი აღნიშნავდა: "დარწმუნებული ვართ, რომ ყოვლადსამღვდელო კირიონი თავისი მოღვაწეობით სოხუმის ეპარქიაში აღდგენას, ძმობას და ერთობას ყველა ეროვნებათა შორის, ხოლო ამიერკავკასიიდან გაქცეული ანაფორიანებისა და ზოგადად ბ. "რუსიის" მსგავსი ქართველოფობების ღვარძლითა და კაცთსიძულვილით სავსე სიტყვები ვერ გამოიღებენ იმ შედეგს, კერძოდ აფხაზეთში ძმათმძულვარებისა და ძმათამკვლელ სისხლის ღვრას, რასაც ლამობენ." (45, 121-122).

1905-1907 წლების რევოლუციური გამოსვლებისათვის ალიხანოვ-ავარსკის რაზმებმა ცეცხლის  ალში გაახვიეს დასავლეთ საქართველოს სოფლები და დაბები. საქართველოს ეგზარქოსის წინადადებით იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) გადააყენა თანამდებობიდან საყვედურის გამოცხადებით. ხელისუფლების აზრით, ეპისკოპოსი ალექსანდრე ხელს უშლიდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნის გეგმის განხორციელებას. ეს ამოცანა დააკისრეს რენეგატ ქართველს, ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძეს, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა თავისი მისიის შესრულებას.

ამავე დროს სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკურმა ფრთამ გააძლიერა ცილისწამება და შეურაცხყოფა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებზე. "კოსმოპოლიტიზმი თუ პატრიოტიზმი?" "კლასობრივი და სოციალური საკითხები," აი ყველაზე აქტუალური თემები, რომელმაც გადაფარა ყველა და ყველაფერი. "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" - გაჰკიოდა დიდი და პატარა. ასეთ ეგზალტირებას თან ახლდა ვერაგული შურისძიებაც. 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურთან მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მოხდა გადაგვარებული ქართველი სოციალ-დემოკრატების და რუსეთის რეაქციული ძალების ინტერესთა თანხვდომა, ბრძოლა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლების იდეების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. 1907 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქართველი ხალხისათვის. მეუფე ალექსანდრე გარდაცვალება ძლიერ განიცადა არქიმანდრიტმა ამბროსიმ, რომელმაც 1907 წლის 16 ნოემბერს შიომღვიმის მონასტერში თავისი გამოსათხოვარი სიტყვა ასე დაიწყო:

"ესრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქუენი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მათეს სახ. თ. 5, 16).

ესეც კიდევ ერთი მსხვერპლი ამ მოკლე დროში. გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა სიკვდილმა საქართველოს მოსტაცა ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე. თუმცა კაცი ღვთისაგან დაწესებულ კანონს ვერ გადაუვა და ყოვლად სამღვდელო ალექსანდრემ კიდევაც გარდააცილა თავის ხანგრძლივ სიცოცხლით იმ ზომას, რომელიც დადებულია რჩეულთათვის (ფსალმ. 89,10). მაგრამ ამ ნაირ ზეგარდმო მადლით ცხებულ ადამიანთა მიცვალებას კაცის გული მაინც ვერ ურიგდება, მას უნდა ყოველთვის ჰყავდეს იგი სამშობლო მხარის ნუგეშად.

ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს თავდადებული მოღვაწეობა მშობლიურ ეკლესი¬ის და სამშობლო მხარის აღორძინებისათვის უდიდესი მისაბაძი მაგალითია ჩვენ ქართ¬ველთათვის, მისი სხივოსანი სათნოებიანი სახე მუდმივი საუკეთესო გზის მაჩვენებელია.

"ესრეთ ბრწყინავდიან ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა"-ო, - გვიბრძანებს ქრისტეს წმიდა მოძღვრება და გვითითებს ამ ღირსეულ ცხედარზე - განსვენებულის ხანგრძლივ, სათნოებიან და სახელოვან მოღვაწეობაზე.

რომელი ერთი განსვენებულის სათნოებით სავსე, ხანგრძლივ, ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების მხარეს უნდა მივაქციოთ ყურადღება?! ჩვენ არ ძალგვიძს ამ მოკლე სიტყვაში სავსებით დავახასიათოთ მისი ღირსაღსანიშნავი ცხოვრების ყველა მხარეები, ამისათვის საჭიროა მეტი დრო და მეტი ნიჭი და მჭევრმეტყველება.

განსვენებულმა ყოვლად სამღვდელომ გვასწავლა ჩვენ, რამდენათ შეიძლება ამ უკუღმართ დროშიაც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანენი, - ქრისტიანული იდეალების მატარებელნი, როგორც მატარებელი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, - იმ სიყვარულისა, რომელიც ყველას ერთ რიგათ უნდა ეფინებოდეს, - არ არჩევდეს ახლობელს არა ახლობელისაგან, - რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისათვის, - როგორც მატარებელი ამნაირი სიყვარულისა, ის თავის ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ეს ქრისტესაგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესაძლებელია განხორციელდეს. ჯერ ისევ სტუდენტობის დროს, როდესაც ყაზანის მხარეში ხოლერა მძვინვარებდა, განსვენებული უშიშრად და თავგანწირულად ემსახურებოდა ამ საშინელი სენით შეპყრობილთ განურჩევლად მათი ჩამომავლობისა და სარწმუნოებისა, მისი თავგანწირულობა მოძმეთათვის, მისი მოურიდებლობა ამ საშინელი და მეტადრე მაშინ თავზარდამცემ სენისა ანცვიფრებდა ყველას, რაც ხაზგასმით აღნიშნულია თვით ყაზანის აკადემიის ისტორიაში. ეს ერთი ფაქტიც მშვენიერად ახასიათებს ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს ქრისტიანულს ცხოვრებას. ასეთივე დარჩა განსვენებული უკანასკნელ წუთამდის. ის თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ამ ქვეყნად მრავალფერად ასრულებდა ამ დიად მცნებას, - მცნებას მოძმეთა სიყვარულისათვისას.

მისი ქველმოქმედება, მისგან აღდგენილნი ქართველთა კულტურის მაჩვენებელი ნაშთები, მისგან გამოცემული საღვთისმეტყველო და სამეცნიერო ჩვენ წინაპართა ნაწარმოებნი, მისის საფასით აღდგენილნი, მშობლიური გალობა, მისი შრომა და სიქველე მამულის შვილთა აღზრდაში და მრავალი სხვა მისი ამნაირი ღვაწლი ყველასაგან ცნობილია. მისი ღრმა სარწმუნოება ცხოვრებაში განხორციელებული, სიყვარული სამშობლო ქვეყნისა თვით მის ქრისტიანულ სარწმუნოებასთან მჭიდროდ შეკავშირებული, მისი პირუთვნელობა, უშიშრობა ამ სოფლის უფალთა და ძლიერთა მხილებაში და მრავალი სხვა მისი სათნოებიანი სულის თვისებანი ხდიდა მას ნამდვილ წარმომადგენლად იმ ძველი ჩვენი წმიდა მამათა, რომელთა მრავალმხრივმა ღვაწლმა დაიცვა ჩვენი სარწმუნოება, ენა და ეროვნება მოზვავებულ-აუარებელ მტერთაგან. ყველა ამაებზე უკვე ბევრი თქმულა და დაწერილა და მეც აქ არას ვიტყვი.

ვიტყვი ორიოდე სიტყვას მხოლოდ იმაზე, რაც აქ არ თქმულა, - განსვენებულის მოციქულებრივ მოღვაწეობაზე აფხაზეთში. ღმერთმა პირველ ხანებში მას არგუნა სამსახური და მოღვაწეობა ამ საქართველოს განაპირა მხარეში, ჯერ როგორც აფხაზთა შვილების აღმზრდელს, შემდეგ როგორც მისიონერ-მქადაგებელს და ბოლოს როგორც მწყემსთ-მთავარს. ის მუდამ თავგანწირულად ემსახურებოდა აფხაზთა მოქცევის საქმეს, არ ზოგავდა საკუთარ საშუალებას სკოლათა დაარსებისათვის,  თავის ხარჯით ზრდიდა  აფხაზთა შვილებს და ამზადებდა მათ მღვდლობის ხარისხში სამოღვაწეოდ, მედგრად იცავდა სამღვდელოების და სამწყსოს ინტერესებს, უხვად ეწეოდა ქვრივ-ობოლთა. მის და სამწყსოს შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე. მას არ უყვარდა მდიდრული ცხოვრება, ცხოვრობდა თითქმის ეგრეთვე სადათ, როგორც ერთი უკანასკნელი ღარიბი მის სამწყსოთაგანი. ეს სადა ცხოვრება, ეს ხალხთან სიახლოვე ხდიდა მას ნამდვილ ძველ მშობლიურ ეკლესიის მწყემსთ-მთავართა მსგავსად.

მოვიყვან ერთს მაგალითს იმისას, თუ რანაირი გავლენა ჰქონდა განსვენებულის ამნაირ ცხოვრებას ხალხზედ, რანაირი უზომო ნდობა ჰქონდა დამსახურებული თვით მაჰმადიან აფხაზთა შორის. 1866 წლის ამბოხების ჩაქრობის შემდეგ აფხაზების უმრავლესობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო ოსმალეთში.

ამ უბედურ დროს, როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელის მატარებელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა აფხაზებთან კავშირი, მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ-ვარამს, მას ენდობოდნენ.

აი, ამ ხანებში მწყემსთ-მთავართან შემოდის ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, თავისის თორმეტი წლის შვილით. როდესაც ყოვლად სამღვდელომ ჩვეულებრივი ალერსიანი კილოთი ჰკითხა ურუსს მოსვლის მიზეზი, უკანასკნელმა მოახსენა შემდეგი: "შენთან მოვედი, კეთილო მწყემსო და მამაო! მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს, მივდივარ ოსმალეთში საცხოვრებლად და ჩემი ვაჟი დავსტოვო შენთან, მეტი არა გამაჩნია რა, ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე, არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვსტოვებ ჩემს საყვარელ სამშობლოს. არ მინდა ჩემი უბედურება გავუზიარო ჩემს ერთადერთ შვილს და შენთან მოვიყვანე, მოწყალეო მამაო, ვიცი მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერი"-ო.

თვალცრემლიანი მამა გამოეთხოვა საყვარელ შვილს, რომელიც განსვენებულის მეოხებითა და საფასით აღიზარდა და მღვდელობაში დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.

ამ ფაქტს განმარტება არ სჭირია. ამნაირ განწყობილებას სამწყსოსთან დიდი ნაყოფი მოჰქონდა. იწყეს აფხაზთა ქრისტიანობის მიღება, რომელიც კიდეც დამთავრდა თითქმის 80-იან წლებში ნეტარ ხსენებული აფხაზეთის მეორე  მოციქულის ეპ. გაბრიელის დროს. ამის შემდეგ განვლო საკმარისმა დრომ, ქრისტიანული საქმე პროგრესულად დენის ნაცვლად რეგრესიულად მიმდინარეობს. უკანასკნელი ცნობებით, რამდენიმე სოფელმა უკვე უარყო ქრისტიანობა. მიზეზი ცხადია: არ არიან ალექსანდრე-გაბრიელისებრი მოციქულნი.

ნეტარხსენებულო მწყემსთ-მთავარო, სხვა შენი მრავალ მხრივ ღვაწლთან ერთად ამასაც არ დაივიწყებს ქართველი ერი, აფხაზეთის ქრისტიანი ნაწილი და იქაური სამღვდელოება.

განისვენე, ქართველთა მამაო და კეთილო მწყემსთმთავარო, ზეგარდმო მადლით ცხებულო მოღვაწევ, აღმაშენებლად წოდებულო, - განისვენე ამ შენგან განახლებულ-გამშვენებულ ტაძარში. ეს წმ. ტაძარი იქნება საუკუნო შენგანვე შექმნილი ნივთიერი ძეგლი შენს საფლავზე და ყოველ ქართველის გულში კი გედგმება სამუდამო უხილავი ძეგლი.

ილოცე, ჩვენო ახალო ღვთის წინაშე შუამდგომელო, - ილოცე სხვა ჩვენ წმ. მამებთან ერთად სამშობლო მხარის ქრისტიანულად და კულტურულად აღყვავებისათვის. ამინ." (49, 9-13).

არქიმანდრიტი ამბროსი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ერთ-ერთი დაუცხრომლად მებრძოლი სასულიერო პირი იყო. 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიის ნაწილად გამოაცხადეს, რომელსაც სათავეში რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს. რუსი ეგზარქოსები გახდნენ რუსული ველიკოდერჟავული და შოვინისტური იდეოლოგიის მთავარი დასაყრდენნი საქართველოში. რუსი ეგზარქოსების ანტიქართული, ანტიქრისტიანული საქმიანობის შესახებ არაერთი საყურადღებო ნაშრომი თუ მოგონებაა გამოქვეყნებული. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი რუსი სლავოფილის ნ. დურნოვის, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ჩანაწერები.

ქართველი ხალხი არასოდეს შეგუებია სახელმწიფოებრივი და საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვას.

XIX საუკუნის I ნახევარში, 1802 წლის კახეთის აჯანყებით დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1819-20 წლების იმერეთის საეკლესიო ამბოხი მიმართული იყო საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტე რუსანოვის მძარცველური პოლიტიკის წინააღმდეგ.

იმერეთის აჯანყების მოთავეთა - დოსითეოზ ქუთათელის და ექვთიმე გენათელის რუსეთის ხელისუფალთაგან სამაგალითოდ დასჯამ საქართველოში საბოლოოდ დამსხვრია ერთმორწმუნეობის დოგმებზე აღმოცენებული რომანტიკული მეგობრობისა და ქრისტიანული სათნოების ილუზიები.

ქართველი ერი მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ან უნდა დაევიწყებინა ყოველივე ქართული და გარუსებულიყო, ან ებრძოლა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა არჩევანი მეორის სასარგებლოდ გააკეთა.

XIX საუკუნის II ნახევარში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძის თაობა. პირველი ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული ცნობიერების გამოღვიძებისაკენ, ამას მოჰყვა აღმსარებლობით და ცნობიერებით დაქუცმაცებული ქართველობის გამთლიანების რთული პროცესი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა ქართველ სამღვდელოებასთან ერთად დღის წესრიგში დააყენეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა. საზოგადოების ინფორმირებისა და მომზადების მიზნით ქართულ და რუსულ პრესაში, სამეცნიერო ჟურნალებში დაიწყო პოლემიკური სტატიების ბეჭდვა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, მის ავტოკეფალიას, რუსი ეგზარქოსების ანტიქართული საქმიანობის მხილებას. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა თუ XIX საუკუნის 60-70-იან წლებში სალონური შეკრებების მთავარი თემა იყო, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში უკვე თამამ, პოლემიკურ ხასიათს ატარებდა. ამ მოძრაობის მესვეურთ "ავტოკეფალისტებს" უწოდებდნენ. ავტოკეფალურ მოძრაობას მხარს უჭერდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, პროფ. ალ. ცაგარელი, პროფ. ალ. ხახანაშვილი, პროფ. ი. ჯავახიშვილი, პროფ. ზ. ავალიშვილი, ს. გორგაძე, ნ. მარი. სასულიერო პირებიდან - ეპისკოპოსები: გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე, ლეონიდე ოქროპირიძე, კირიონ საძაგლიშვილი, ანტონ გიორგაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, დეკანოზები: ნიკიტა თალაკვაძე, კალისტრატე ცინცაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი და სხვები.

რუსეთის ხელისუფლება პირველ ხანებში არასერიოზულად აღიქვამდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას და ფიქრობდა, ეს მოძრაობა მეცნიერულ პოლემიკას არ გასცდებოდა, მაგრამ, 1905 წელს თბილისში ქართველი სამღვდელოების საგანგებო ყრილობაზე მიღებულ იქნა შემდეგი პეტიცია: "ქართველმა სამღვდელოებამ მხედველობაში მიიღო ზემოთქმული, აგრეთვე ის, რომ ჯერ ერთი, ივერიის ეკლესია კანონიკურად გახლავთ ავტოკეფალური, ვინაიდან არ ყოფილა კრების დადგენილება მისი ავტოკეფალიის გაუქმებისა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო: მეორეც, მხოლოდ ეკლესიას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია თვითშეგნების სრულიად აღსარება, თავისუფალი შინაგანი წყობილებით, თავისუფლად ძალუძს თავისი სიტყვითმსახურება, ყველა თავისი საქმისა და მისადმი რწმუნებული ყოველივეს თავისუფლად მართვა, მხოლოდ თავისუფლად თვითმმართველ ეკლესიას შესწევს უნარი დაიცვას თავისი სრული დიდებული წმიდა რწმენა და სავსებით ფლობდეს ღვთაებრივი მოწოდების განსახორციელებლად აუცილებელ ხმას, რომელიც ადამიანის გულს აღანთებს; და ბოლოს ეკლესიის დამოუკიდებლად არსებობისათვის მეტად საჭიროა მატერიალური საშუალებები. ამიტომ ითხოვს: I ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს ავტოკეფალური უფლებები და თავისი კათოლიკოსითურთ აღდგეს მცხეთა-ივერიის საკათალიკოსო ადრინდელ საზღვრებში.

II. აღდგეს წესი, როცა ღვთისმსახურთა განთავისუფლებულ ადგილებს არჩევნების შედეგად იკავებდნენ.

III. კათოლიკოსთან დაფუძნდეს წმიდა სინოდი, ხოლო ეპარქიის მღვდელმთავრებთან საბჭოები, შედგენილი გარკვეული ვადით არჩეული სასულიერო და საერო პირთაგან.

IV. კათოლიკოსთან არსებული წმიდა სინოდის ხელში მოექცეს ყველა ეკლესიის, მონასტრის, სამღვდელოების, სასწავლო-სასულიერო დაწესებულების და საქველმოქმედო დაწესებულებების უმაღლესი მართვა-გამგეობა.

V. ივერიის ეკლესიას დაუბრუნდეს სახელმწიფოსათვის გადაცემული საეკლესიო მამული." (49, 27-28).

პეტიციას ხელი მოაწერა 412 ღვთისმსახურმა. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა საქართველოს ეგზარქოსი ალექსი, რომელმაც საერო მთავრობას ჯარი მოსთხოვა "მეამბოხე" და "ურჩი" სამღვდელოების დასაშლელად. რუსმა ჯარისკაცებმა სიამოვნებით შეასრულეს ხელისუფლების სურვილი და მათრახებით სცემეს გოლოვინის გამზირზე საეკლესიო დროშებით და ხატებით გამოსულ ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლებს. რუსეთის ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ არათუ შეანელა, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება იძულებული გახდა პეტერბურგში 1906 წელს სინოდის საგანგებო სხდომა დაენიშნა, სადაც უნდა გაერკვიათ რამდენად კანონიერი იყო ქართველი სამღვდელობის მოთხოვნა. სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის ინტერესებს იცავდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე, პროფ. ნ. მარი, პროფ. ალ. ცაგარელი, პროფ. ალ. ხახანაშვილი. რუსეთის ხელისუფლებამ ქართველებს ისევ ქართველი რენეგატები დაუპირისპირა, ეპისკოპოსი ექვთიმე ელიაშვილი - ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე. ამ უკანასკნელმა ასე გაახმოვანა ხელისუფლების პოზიცია -"დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი... საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო." ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ავტოკეფალისტების დევნა, დაწესდა მათზე საიდუმლო თვალთვალი, ჭორების გავრცელება. ეპისკოპოს კირიონს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში დასდეს ბრალი (მიუხედავად იმისა, რომ არავითარი სამხილი არ არსებობდა) და გადაასახლეს რუსეთში, რეპრესიების მსხვერპლი გახდა არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია, როგორც იგი წერდა: "1908 წლის დამლევს უწმიდესი სინოდის განკარგულებით სასტიკად ვიქენი დასჯილი: აღმეხადა მღვდელ-მსახურების უფლება და გაგზავნილ ვიქენი რიაზანის სამების მონასტერში, სადაც გავატარე ერთ წელიწადზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ. 1910 წელს დამიბრუნეს მღვდელმსახურების უფლება და მომცეს წინამძღვრის ადგილი. ჩემი გადმოსახლების შემდეგ გადის თითქმის რვა წელიწადი, მაგრამ ყოველ ჩემ თხოვნას სამშობლოში დაბრუნებაზე უწმიდესი სინოდი უყურადღებოდ ტოვებდა. უკანასკნელი პირადადაც გამომიცხადეს, რომ ჩემზე ითვლება რაღაც ძველი ცოდვები, მაგრამ როდესაც მოვითხოვე ამ ცოდვების დასახელება, მითხრეს, რომ ამის თქმა უხერხულია და ვერც გაიგებ როდისმეო. სჩანს მათ არა აქვთ კონკრეტული ფაქტები ჩემს წინააღმდეგ და მხოლოდ მათი პოლიტიკა უნდა თხოულობდეს ჩემი სამშობლოს გარე ყოფნას, როგორც მათი შეხედულებით, არასაიმედო პირისას. ამის გამო ახლაც, როდესაც სხვა გადმოსახლებულებს აჰხადეს არასაიმედო პირების სახელი, როდესაც, როგორც გაზეთებმაც გვამცნეს, მოხდა მათი რეაბილიტაცია, ჩემს მდგომარეობას არ ეშველა რა და ახლაც სიტყვიერად მაგებინებენ, რომ ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება მოუხერხებელია, რადგან ძველი ცოდვები ამის წინააღმდეგს გვიკარნახებსო, მაგრამ მწამს, რომ დრო მალე გამოიცვლება. საზოგადოდ, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნებით მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება." (52, 30).

არქიმანდრიტი ამბროსი 1909 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის დეკემბრამდე რიაზანის ეპარქიის სამების მონასტრის პატიმარი იყო, აკრძალული ჰქონდა ღვთისმსახურება, მასაც ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა დააბრალეს. რადგან წარმოდგენილი აბსურდული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, აღუდგინეს ღვთისმსახურების უფლება და ნოვგოროდის ეპარქიის სტარაია რუსას მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. უშედეგოდ დასრულდა მისი სამშობლოში დაბრუნების მცდელობა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არქიმანდრიტ ამბროსის საშუალება მიეცა სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი აქტიურად ჩაერთო ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1917 წლის 12(25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა. არქიმანდრიტი ამბროსი აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის საქმიანობაში. მოსაგვარებელი იყო რუსეთის დროებით მთავრობასთან და საქართველოში მის ფილიალ - ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტთან ურთიერთობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოსთან სამართლებრივი ურთიერთობის, რუსეთის ეკლესიის სინოდთან დამოკიდებულების საკითხები. ასევე რთული იყო ქონებრივი დავის საკითხების მოგვარება.

რუსეთის სასულიერო იერარქებს გაგონებაც არ სურდათ იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან რაიმე ურთიერთობა დაემყარებინათ. ისინი თვლიდნენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო არაკანონიკური, რევოლუციური აქტი და უარს ამბობდნენ ქართველ სასულიერო პირებთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე, რაც შეეხებოდა რუსეთის დროებით მთავრობას, დიდი სიხარულით არც ისინი შეხვედრიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, ამგრამ მაინც თანახმანი იყვნენ ეწარმოებინათ მოლაპარაკება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ქართული ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე რუსეთის სახელმწიფოში.

1917 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე პეტროგრადში რუსეთის დროებით მთავრობასთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია) და დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე). ქართველ სასულიერო პირებს იმედი ჰქონდათ იმხანად პეტროგრადში მოღვაწე ქართველების დახმარებისა და არც შემცდარან, კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, ნინო გელოვანი, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ რევოლუციურ პეტროგრადში ყოველნაირ დახმარებას უწევდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას. ქართველი სასულიერო პირები შეხვდნენ რუსეთის სინოდის ობერპროკურორ ლვოვს, სარწმუნოების მინისტრ კარტაშევს, რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს კერენსკის. დაძაბული მოლაპარაკების დროს გამოიკვეთა რუსეთის მთავრობის პოზიცია, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამტკიცებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებას, თუ საუბარი იქნებოდა არა ტერიტორიალურ, არამედ ეროვნულ ავტოკეფალიაზე.

ასეთ ვითარებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება სამშობლოში გამომგზავრების შესახებ.

1917 წლის 14 აგვისტოს თბილისში საეკლესიო კრების წინასწარ სხდომაზე მოისმინეს ეპისკოპოს ანტონის, არქიმანდრიტ ამბროსისა და დეკანოზ კალისტრატეს ინფორმაციები პეტროგრადში გამართული მოლაპარაკებების შესახებ და მიიღეს გადაწყვეტილება ემოქმედათ საკუთარი სინდისისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების შესაბამისად.

1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მიმდინარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი კრება, რომელმაც მიიღო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, დაამტკიცა 13 ეპარქია, გამოარჩია მმართველი მღვდელმთავრები. აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პირველად ეს პატივი წილად ხვდა ეპისკოპოს კირიონს, რომელსაც ეწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უენტარესი კირიონ II. საეკლესიო კრებაზე არქიმანდრიტმა ამბროსიმ წაიკითხა სამურზაყანოდან თავად მიხეილ ანჩაბაძის მისალმება - აფხაზეთის საზოგადოება ძმური სალმით მიესალმება მოძმე ერს, ულოცავს დღესასწაულს და აუწყებს აფხაზეთის საქართველოსთან შეერთებას. სწორედ ის ფაქტი, რომ ბაგრატ III, იწოდებოდა მეფედ აფხაზთა და ქართველთა, დასაფლავებულია ბედიის მონასტერში, მაჩვენებელია იმ სულიერი კავშირისა, რომელიც არსებობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის.

საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაამტკიცა ამბროსი ხელაია, რომელიც უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონმა იმავე დღეს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობას ყველა აღიარებდა. მეუფე ამბროსიმ ჩაიბარა ჭყონდიდის ეპარქია და შეუდგა საქმიანობას. 1917 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, იმსჯელეს ცხუმ-ბედიელის კათედრის აღდგენის აუცილებლობაზე. საკათალიკოსო საბჭომ მიტროპოლიტ ამბროსის ასეთი შინაარსის  მიმართვა გაუგზავნა:" სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭომ ამა წლის 2 გიორგობისთვეს თავის სხდომაზე იქონია მსჯელობა ცხუმის (აფხაზეთის) კათედრის აღდგენის შესახებ.

ეს კათედრა ძველად იყო ცხუმ-ბედიის ეპარქიებისა (ტერიტორია ძველი ეპარქიების: დრანდის - იმავე ცხუმის, ბედიისა, მოქვისა და ბიჭვინთისა) - ეხლანდელი სოხუმის ოლქი გაგრის უბნის მიმატებით, კათედრა მღვდელმთავრისა იყო ცხუმში (სოხუმში), რეზიდენცია იქვე.

ცხუმის კათედრას ძველად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სარწმუნოებრივი-საეკლესიო კავშირი აერთებდა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ქართველ ერს აფხაზებთან ძმურის კავშირით.

სამწუხაროდ, მრავალ მიზეზებისა გამო, ეს კავშირი ქართველთა და აფხაზთა შორის, შესუსტდა.

საკათალიკოზო საბჭოს აზრით, საქართველოს ეკლესიის აღდგენა და მომავალი უეჭველი აღორძინება მისი თავდებია, რომ შესაძლებელი უნდა იყოს კვლავ გაძლიერება ქართველთა და აფხაზთა შორის ძმური კავშირისა და სარწმუნოებრივ-საეკლესიო ერთობისა.

ვინაიდგან დღეს აფხაზეთი არის მიწერილი ჭყონდიდის ეპარქიაზე, საკათალიკოზო საბჭო მოგმართავთ თქვენ მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და გთხოვთ მიმოვლიოთ ეს მხარე (აფხაზეთის) და გააცნოთ ადგილობრივნი მკვიდრნი თუ რაოდენად მოუცილებელი საჭიროება არის, როგორც ქართველთათვის, ისე კიდევ უფრო აფხაზთათვის განახლება იმ სარწმუნოებრივ-საეკლესიო კავშირისა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე აერთებდა ამ ღვიძლ ძმებს." (32, 539).

1917 წლის 12 დეკემბერს სამურზაყანოს სამღვდელოებამ ასეთი შინაარსის ოქმი გაუგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს კირიონს და მიტროპოლიტ ამბროსის.

"1917 წელსა დეკემბრის 12 დღესა. ამ რიცხვს შედგა დაბა გალში სამურზაყანოს ნაწილის და სოფელ ილორის, სამღვდელოების და სამრევლოთა წარმომადგენლების შეერთებული კრება. თავმჯდომარედ იქმნა ამორჩეული მღვდელი სამსონი სვანიძე, ხოლო მდივნად მღვდელი ბართლომე ხარებავა, ამის შემდეგ კრება შეუდგა დღევანდელი მომენტის მიერ გამოწვეული სხვადასხვა საკითხების გარჩევას, საკითხების, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადგილობრივი საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას. ვინაიდან სამურზაყანო შესულია საქართველოს საკათალიკოსოში, კრებამ ერთხმად დაადგინა:

1) სანამდე გამოირკვეოდეს, სამურზაყანო-აფხაზთა ურთიერთ შორის დამოკიდებულება ეკლესიური ცხოვრების მხრივ, დროებით მიეკედლოს ჭყონდიდელის სამიტროპოლიტოს და დღეის რიცხვიდან მოსპოს ყოველივე დამოკიდებულება სოხუმის ეპისკოპოზი სერგის და მისი კანცელარიასთან.

2) კრებამ დაადგინა, დაარსდეს სამურზაყანოში სამი საეკლესიო საოლქო საბჭო: ა) დ. გალში, სადაც შედის შემდეგი მრევლები: ა) პირველი და მეორე გალი, ბ) ხუმუშქური, გ) რებჩხი, დ) პაპიჩონი, ე) რეფი, ვ) შეშელეთი, ზ) ბარღები, თ) ქვემო ბარღები, ი) ნაბაკევი, ი) თაგილონი პირველი და მეორე, იბ) ოტობაია პირველი და მეორე, იგ) ნაჭკადუ და ივ) ზემო ცხირი; ბ) დ. აჩიგვარში, სადაც შედის შემდეგი მრევლები: ა) ილორი, ბ) ბედია პირველი და მეორე, დ) სანავარდო, ვ) მუხური, ზ) წარჩე, ც) გუდავა პირველი და მეორე, ი) ოქუმი, ია) ღუმურიში და იბ) ჩხორთოლი; გ) ს. ჭუბურხინჯი, სადაც შედის შემდეგი მრევლები: ა) ფახულანი, ბ) საბერიო პირველი, მეორე და მესამე, ე) დიხაზურგა, ვ) ჭუბურხინჯი პირველი და მეორე და ზ) ცხირი.

3) დაარსდეს ყოველივე ეკლესიასთან სამრევლო საბჭო.

4) საოლქო საბჭოში წევრებად ამოირჩეს დაბა გალში მღვდელნი სამსონი სვანიძე, ალექსანდრე რურუა და აბელი ჩეხერია, მთავარი დიაკონი ნიკანდრე ანჯაფარიძე, მედავითნე დიმიტრი კაკუბავა და ავქსენტი ჭანტურია, ხოლო ერის კაცთაგან ზოსიმე ქეცბაია და სოსრანი ქორქია. დ. აჩიგვარაში მღვდელნი კონსტანტინე მანჯგალაძე, ბართლომე ხარებავა და ხარიტონი შელია, მედავითნენი ანტონი შარანგია, ალექსანდრე ხოჭავა და კონსტანტინე გეგეჭკორი, ხოლო ერის კაცისაგან მიხა თარბაია, დედორე გვილავა და ნიკო ბენია.

ს. ჭუბურხინჯში - მღვდელნი ნიკოლოზი ჭედია, ავქსენტი რურუა და სამსონი მაჯგანაძე, დიაკონი ეგნატე შონია, მედავითნე მელიტონი ანჯაფარიძე, ერის კაცთაგან - გიორგი ჯახია და კოსტა პატარაია და 5) ოქმის დედანი დარჩეს დ. გალში, ხოლო ასლი გაუგზავნოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორეს და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ამბროსის. თავმჯდომარე მღვდელი სამსონ სვანიძე. მდივანი მღვდელი ბართლომე ხარებავა." (32, 689).

ეპარქიაში დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რათა მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ეკლესიისაკენ შემობრუნებულიყო. ეკონომიკური სიდუხჭირე, ნაკლებ მორწმუნეობა, რთული პოლიტიკური ვითარება, ყოველივე ეს თავის დაღს ასვამდა საეპარქიო ცხოვრებას. ამას დაემატა ყოვლად მახინჯი მოვლენა _ ე.წ. კუთხურობის წინ წამოწევა ეკლესიაში, დაპირისპირებანი, ინტრიგები ყველაზე მეტად მედროვეებს აწყობდათ. დაპირისპირებისა და მუხანათობის მსხვერპლი გახდა 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II. ასეთ რთულ ვითარებაში დიდი სულიერი სიმტკიცე და მშობელი ეკლესიის სიყვარული იყო ის ძალა, რამაც გააძლებინა მეუფე ამბროსის, იგი კვლავ ჩვეული გულმოდგინებით ემსახურებოდა თავის საქმეს.

საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დიდი წინააღმდეგობები ხვდებოდა თავისი იურისდიქციის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განვრცობისას, განსაკუთრებით დიდი სირთულეები იყო აფხაზეთში. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ XIX საუკუნის II ნახევრიდან სერიოზული სამუშაოები ჩაატარა აფხაზებში, რომელთა მუსლიმანური ნაწილი სწორედ რუსების მიერ იქნა გასახლებული XIX საუკუნის 70-80-იან წლებში. მათ უნერგავდნენ იმ აზრს, რომ თითქოს მათი ერთადერთი მტრები ქართველები იყვნენ. აფხაზეთის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ვითარების შეცვლის მიზნით რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან ასახლებდნენ ათასობით რუსს, ხოლო საქართველოს სხვადასხვა პროვინციებიდან ქართველებს იქ ჩასახლების უფლება არ ჰქონდათ. რუსეთის ხელისუფლებამ სცადა XX საუკუნის დასაწყისში სოხუმის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორებაც, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოხერხდა.

1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა, რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების წაქეზებით აფხაზმა ბოლშევიკებმა მიზნად დაისახეს აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორება. რუსი ეპისკოპოსი სერგი ამ დროს სოხუმში იმყოფებოდა და რუსულენოვან მრევლს მოუწოდებდა, არ დამორჩილებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. აფხაზმა ბოლშევიკებმა შექმნეს სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, ჩამოაყალიბეს წითელი რაზმები, დაიკავეს სოხუმი და აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. საქართველოს მთავრობას სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა შეიარაღებული ჩარევისა, რათა დაეცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. "1918 წლის ივნისში სახალხო გვარდიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით დაამარცხა აფხაზ სეპარატისტთა და მათ დასახმარებლად ყუბანიდან შემოსული კაზაკთა წითელი რაზმები, დაიკავა სოხუმი. 22 ივნისს სახალხო გვარდია შევიდა გაგრაში, 2 ივლისს აღებულ იქნა ადლერი, 6 ივლისს სოჭი, 26 ივლისს ტუაფსე." (74, 67).

საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისი იურისდიქციის აღდგენის შემდეგ საეკლესიო სეპარატიზმის სულისჩამდგმელებსაც ფრთები შეეკვეცათ. 1919 წლის ოქტომბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი ლეონიდი, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ამბროსისა და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის თანხლებით სოხუმს ესტუმრა, შეხვდა მოსახლეობას და წარუდგინა ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია. მიტროპოლიტი ამბროსი თავის მოღვაწეობას შეუდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე რთულ ეპარქიაში. საყოველთაოდ ცნობილი იყო მისი ტაქტი, ქრისტიანული შემწყნარებლობა, ადგილობრივი პირობების კარგად ცოდნა, პატრიოტიზმი. მან თავის გარშემო შემოიკრიბა სოხუმის ქართველობა. თავადმა ვ. შერვაშიძემ სოხუმში უკანონოდ მყოფ რუს ეპისკოპოს სერგის ასეთი წერილი გაუგზავნა "საკათალიკოსო საბჭოს მიერ სოხუმის ეპარქიის კანონიერ მმართველად დანიშნულია მიტროპოლიტი ამბროსი. თქვენი ადგილი აქ აღარ არის." (8, 164).

მიტროპოლიტმა ამბროსიმ დაიწყო ეპარქიაში ქართული წირვა-ლოცვების აღდგენა. ქადაგებებში აფხაზეთის მცხოვრებთ მოუწოდებდა ურთიერთსიყვარულის, მეგობრობისა და ქრისტიანული სათნოებისაკენ.

1918 წლის 1 სექტემბერს მიტროპოლიტმა ამბროსიმ სოხუმის საკათალიკოსო ტაძარში შეკრებილ ქართველ მორწმუნეებს ამ სიტყვებით მიმართა

"მადლი თქვენდა მშვიდობა ღვთისა
მიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა" (გალატ. 1,3)

მოციქულის ამ სიტყვებით მოგმართავთ თქვენ, მართლმადიდებელნო ქართველნო, წევრნო საქართველოს ეკლესიისანო! სიყვარულით მოგესალმებით.

მე დიდი ხანია ვეძებდი შემთხვევას, მენახა ამ ღვთივდაცულ ქალაქის ქართველობა, მინდოდა გამეგო აქაური მდგომარეობა, თქვენი ქრისტიანული მისწრაფებანი, თქვენი მშობლიური, აწ უკვე თავისუფალი ეკლესიის ინტერესების დაცვის სურვილი, ამ მისწრაფებისა და სურვილის სიღრმე-სიდიადის რაოდენობა. ჰქონდა სხვა საბუთიც ამ ჩემს სურვილს. სოხუმი ჩემთვის განსაკუთრებით დაუვიწყარია. აქ აღმეხილა მე პირველად გონების თვალი, აქ ვმსახურობდი როგორც მოძღვარი და, კიდეც თქვენშიც ვხედავ ნაცნობ პირებს, რომელთანაც მქონია სულიერი კეთილი განწყობილება. აქ გავიგე და შევიგნე ჩვენი ეკლესიის მონობაში ყოფნის აუტანლობა, მდგომარეობის სიმწვავე, - ის, რომ მორწმუნე ერი გამეფებული არაქრისტიანული რეჟიმის გამო ჩქარის ნაბიჯით მიექანებოდა გაურწმუნოების გზაზე. აქ გადაგვარება-გარუსების პოლიტიკა უკიდურესად იყო გამეფებული. აქ ჩამესახა პროტესტის გამოცხადების აუცილებლობა. აქედან - სოხუმიდან იწყება ჩემი ეკლიანი გზით სიარული, აქ იყო დასაბამი ჩემი ტანჯვა-დევნულობა-ვაება-უბედურებისა. მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ სოხუმი იყო აგრეთვე დასაბამი ჩემის ახლანდელის შედარებით ბედნიერებისა, ვინაიდან მე ბედნიერათ მიმაჩნია ჩემი თავი, რომ ვიხილე ის, რასაც ელტვოდნენ ბევრნი მამულიშვილნი, მაგრამ ვერ იხილეს, ე.ი. მაქვს საშუალება თქვენთან ერთად გავიზიარო ბედნიერება ეკლესიურად და ეროვნულად თავისუფლებაში ყოფნისა. მაშ, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო იყო და იქნება ნახვა, თქვენთან ყოფნა, რომ დავრწმუნდე თქვენს სარწმუნოებრივად და ეროვნულად განმტკიცების გზაზე დადგომაში.

დიახ, ჩვენი ეროვნული ეკლესია ახლა თავისუფალია, მისი ბედ-იღბალი ახლა ჩვენს ხელშია და ვისაც აინტერესებს სარწმუნოებრივი კითხვები, ვინც მის აუცილებელ საჭიროებაში დარწმუნებულია, მისი გამაგრებას ხელი უნდა შეუწყოს. ვისაც სწამს ჩვენი ეკლესიის ამაგი წარსულში, - ის, რომ მან - დედა ეკლესიამ - მრავალ საუკუნეების განმავლობაში დაიცვა ჩვენი ეროვნება, შეგვანახვია ჩვენი ვინაობა, გვიხსნა გადაგვარება-განადგურებისაგან, - რომ მის შვილთა და მის წიაღში შექმნეს მდიდარი ლიტერატურა, ხუროთმოძღვრება, მოგვცა ის მდიდარი საგანძური ლიტერატურულ ნაწარმოებთა, რომლის მცირე ნეშტი, რაც ბარბაროს მტერთა ხელს გადაურჩა, - შენახულია ჩვენს და სხვა ქვეყნების მუზეუმებში და რომელთაც განცვიფრებაში მოჰყავთ უცხო ქვეყნების მეცნიერები, - ვისაც სწამს ყველა ეს და შეგნებული აქვს, უსათუოდ ისიც უნდა იწამოს, რომ ამნაირი ეკლესია პატივსაცემია, ის სამომავლოშიაც შეძლებს მოუტანოს სარგებლობა მშობლიურ ერს.

ამ ერთწელიწად ნახევრის წინ ჩვენმა ეკლესიამ მიიღო თავისუფლება, დააღწია თავი ასი წლის მონობას, აიყარა მონობის ბორკილები. მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ ყველამ ხელი უნდა მოვუმართოთ ეროვნულ ეკლესიას, გავამაგროთ მისი თავისუფლება, რადგან ეს მოპოვებული თავისუფლება ჩვენ  მიგვაჩნდა ეროვნულ თავისუფლების საფუძვლად,  ქვაკუთხედად. აკი მართალიც გამოდგა. ამ ორი-სამი თვის წინათ ჩვენ ვეღირსეთ პოლიტიკურ-ეროვნულ თავისუფლებასაც. ეკლესიის მოღვაწენი და თვით ეკლესიაც გამოდგნენ პიონერებად ხალხის ეროვნულ-პოლიტიკური განთავისუფლების საქმისათვის. მაშ, ღირსია ჩვენი ეკლესია ყურადღებისა.

ჩვენი ეკლესია წააგავს ახლადგანკურნებულ ავადმყოფს, რომელსაც ფეხები იმდენათ არ გამაგრებია, რომ მას საშიშროება არ მოელოდეს დაუხმარებლად სიარულის დროს. საჭიროა მხარში ამოდგომა, დახმარება, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში სიდამბლეში მყოფი და ახლადგანკურნებულ და ფეხადგმული ეკლესიამ შეიძლოს გამოიჩინოს ის ცხოველმყოფელი ძალა და უნარი მოქმედებისა, რომლითაც ის განთქმული იყო ძველად. იოანე კესარიელი იტყვის თავის "ფიზიოლოგიაში" იმ ერთნაირ ხვლიკზე, რომელიც დაბერდება და კბილებ ჩაცვინული ხდება და მღვიმეში სძინავს. ასი წლის შემდეგ ის გამოდის მზეზე, მისი ყვითელი კანი ლურჯად აბრწყინდება, კბილები ამოუდის და ახალგაზრდავდება. საქართველოს ეკლესიაც ასი წელიწადი დამწყვდეული იყო, მოუძლურებული, მოქმედების უნარისაგან გაძარცული, მაგრამ ახლა მას მოხვდა მზის სხივები და ისიც გადახალისდება-გაბრწყინდება. ეს მოხდება მხოლოდ ჩვენის მეოხებით და ხელშეწყობით."

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული რთული ვითარების  სრული სურათია მიტროპოლიტ ამბროსის მოხსენებაში, რომლითაც მან მიმართა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს 1918 წლის 26 დეკემბერს." სოხუმის ეპარქიის 56 ეკლესიის კრებულთა ჯამაგირები გადმორიცხულ იქმნა მთავრობისაგან ჩემს განკარგულებაში. ამასთან 36 კრებულისათვის ჩემ მიერ გახსნილი იქმნა კრედიტი სენაკის და ფოთის ხაზინებში, ხოლო ხუთი ეკლესიის კრებულთათვის - სოხუმის ხაზინაში. დანარჩენთათვის არ გამიხსნია კრედიტი, რადგან ისინი არ გადმორიცხულან ჯერაც ჩემს ეპარქიაში. ამ უკანასკნელთაგან ათი კრებულისათვის, არ ვიცი რა უფლებით, კრედიტი გაუხსნია სოხუმის ეპისკოპოსს.

რაც შეეხება სოხუმის სობორის კრებულს, მისთვის უკანასკნელად (გაუციათ) ჯამაგირი ჩემდა დაუკითხავად და ამისთვის შევაჩერე. ეს კრედიტი გადმორიცხულია ჩემს განკარგულებაში იქაურ ქართველთა სარწმუნოებრივი მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და არა რუსთათვის, რადგან ქართველთა რიცხვი ქ. სოხუმში თითქმის თვრამეტი ათასამდეა, რუსების კი არ აღემატება შვიდი-რვა ათასს, ხოლო საკრებულო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულდება მხოლოდ რუსულ ენაზე, რადგანაც ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა სოხუმის ქართველთათვის ქართველი მღვდლის დანიშვნა და წელიწადიც თავდება. მე შემეძლო გამეხსნა ეს კრედიტი სოხუმის ეპისკოპოსის განკარგულებაში, მაგრამ ამას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ სოხუმის საკრებულო-ტაძარში ქართველთათვის წირვა-ლოცვა არ სრულდება დრო გამოშვებით მაინც და ჩემს მიმართვას სოხუმის ეპისკოპოსმა სერგიმ ერთხელაც არ ინება ჩემთვის პასუხი გაეცა. როგორც ჩემთვის შემდეგში ცხად იქმნა, ამისი მიზეზი ის იყო, რომ იგი ჩვენს ეკლესიას და მის იერარქიას არ სთვლის მართლმადიდებლურ ეკლესიათ და კანონიერ იერარქიად. ამის გარდა ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ სოხუმის ეპისკოპოსი არ სცნობს საქართველოს რესპუბლიკას და მის მთავრობას და სოხუმის საკრებულო ტაძარში მისი ბრძანებით აღავლენენ ღვთისადმი ვედრებას არა საქართველოს, არამედ რუსეთის მეუფეებისათვის. ეპისკოპოსის სერგის რუსეთის ბოლშევიკურ მთავრობის მომხრეობაზე საკათალიკოზო საბჭომ უკვე იცის ჩემის მოხსენებიდან. მე არ მიმაჩნია სამართლიანად ჩვენი რესპუბლიკის ხაზინამ აძლიოს კრედიტი იმ ეკლესიას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში მყოფი, არ იწყნარებს მის ქვეშევრდომობას.

ეპ. სერგი განაგებს ეკლესიურად შავი ზღვის სანაპიროების იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს ანაპიდან საქართველოს საზღვრამდის. მაშასადამე, ის უნდა ითვლებოდეს ეპისკოპოსად რუსეთის ტერიტორიის მცხოვრებთათვის და არა საქართველოს რესპუბლიკის ნაწილის მცხოვრებთათვისაც და, თუ ითვლება ორ სახელმწიფოში მოსამსახურეთ, ცხადია, რომ ეს ხდება არა კანონიერად, და საქართველოს რესპუბლიკის ხაზინამ არც უნდა აძლიოს ამნაირი მღვდელმთავრის საკათედრო ტაძრის კრებულს ჯამაგირები, მით უმეტეს, რომ ამ ტაძარში ქართველთათვის არ სრულდება წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე.

ამისთვის, ჩემის აზრით, როგორც სოხუმის, ისე აფხაზეთის იმ მრევლების კრედიტები, რომელიც გახსნილია ჩემს განკარგულებაში იქაური ქართველების სარწმუნოებრივი მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, შემდეგშიაც უნდა დარჩეს ჩემს განკარგულებაში და ამის თაობაზე ვთხოვ საკათალიკოზო საბჭოს მოახდინოს სათანადო განკარგულება

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი." (4, 55-56).

ცხუმ-ბედიელმა მეუფე ამბროსიმ 1918 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში დააყენა საკითხი სოხუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე შემოღების აუცილებლობის შესახებ.

"ქალაქ სოხუმში ქართველ მცხოვრებთა რიცხვი აღწევს თვრამეტ ათასამდე და ამდენი მართლმადიდებელი ხალხი დარჩენილია უეკლესიოდ და უწირვა-ლოცვოდ მშობლიურ ენაზე. სოხუმის საკათედრო ტაძრის კრებულში არის ერთი ქართველი მღვდელი, მაგრამ მას უფლება არა აქვს ამ ტაძარში შეასრულოს წირვა-ლოცვა ამ ენაზე. სამართლიანობა მოითხოვს, რომ საქართველოს ფარგალში მყოფ ქალაქში საქართველოს რესპუბლიკის ქვეშევრდომების სარწმუნოებრივი მოთხოვნილებაც იქმნეს დაკმაყოფილებული და სოხუმის ქართველობაც მოითხოვს, რომ მისი უფლებებიც აღდგენილ იქმნეს და იმ საკრებულო ტაძარში, რომელშიც მასაც უდევს წილი, სრულდებოდეს მორიგეობით ქართულ-რუსულ ენებზე წირვა-ლოცვა.

ამისთვის ვთხოვ საკათალიკოზო საბჭოს, აღძრას შუამდგომლობა ვისთანაც ჯერ არს, მიეწეროს სოხუმის ეპისკოპოს სერგის, დაკმაყოფილებულ იქმნას სოხუმელ ქართველების ეს კანონიერი სურვილი და ქართველ მღვდელს და წიგნის მკითხველ-მგალობლებს, რომელნიც სოხუმის ტაძარში შეასრულებენ წირვა-ლოცვას ქართულ ენაზე, ჯამაგირი მიეცეს იმ კრედიტიდან, რომელიც გახსნილია ჩემს განკარგულებაში სოხუმელ ქართველთათვის." (4, 56).

ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს მიტროპოლიტ ამბროსის მოხსენება საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსადმი 1919 წ. 21 მაისს გაგზავნილი წერილის გამო. "30 აპრილიდან N2106-თა, პატივი მაქვს მოვახსენო ზემოხსენებულ საბჭოს შემდეგი: სოხუმის ქართველობა შუამდგომლობდა, რომ საკათალიკოზო საბჭოს გაეგზავნა სოხუმში ვინმე წევრთაგანი იქაური საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად. ამ გადაწყვეტილებამდის მივიდნენ სოხუმელები იმ მოსაზრებისა გამო, რომ ჩემი, როგორც მღვდელ-მთავრის, გარევა იმნაირ საქმეში, სადაც საჭირო იყო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, არ მიაჩნიათ სასურველად. ამავე აზრის იყო თვით საკათალიკოზო საბჭოც სოხუმელთა შუამდგომლობის გარჩევის დროს, რის გამო სოხუმში წასვლა და საქმის მოგვარება დაეკისრა ერთ თავის წევრთაგანს. ახლა კი ზემოხსენებული წერილით მეცნობა, რომ დანიშნულ წევრს სოხუმში გამგზავრებაზე უარი განუცხადებია და ამ მიზეზისა გამო საბჭო იძულებული გამხდარა თავისი უწინდელი დადგენილება და შეხედულება გამოეცვალა და დაედგინა, რომ სოხუმის საეკლესიო საქმეები მოწესრიგდნენ ჩემი ხელმძღვანელობით და, რომ ჩემდა დასახმარებლად თავის წევრს გაგზავნის სოხუმში მხოლოდ მაშინ, როდესაც მე იქ გავემგზავრები. ამის გამო პატივი მაქვს მოვახსენო საკათალიკოზო საბჭოს, რომ თუ მას სასურველად მიაჩნია ჩემი ამ საქმეში გარევა და თუ ეს არ გამოიწვევს რაიმე უხერხულობას, მაშინ მე თვითონ სხვის დაუხმარებლად ვიტვირთებ საქმის მოწესრიგებას აქტიურ ნაბიჯების გადაუდგმელად, რადგან ეს არ უნდა შეეფერებოდეს მღვდელ-მთავრის ხარისხს, და რადგან სხვისგან გადადგმული მოსალოდნელი აქტიური ნაბიჯებში მე თანაზიარი და პასუხისმგებელი არ შემიძლია ვიყო.

დამოუკიდებლად ამისა, მოვახსენებ საკათალიკოზო საბჭოს, რომ ზემოხსენებული წერილის მიღების შემდეგ ამ თვის პირველ ნახევარში გავემგზავრე სოხუმში და უკვე გავმართე მოლაპარაკება სოხუმელ ქართველობასთან და აფხაზთა საბჭოს თავმჯდომარე და წევრებთან ამ საკითხის გამო, აგრეთვე მოვამზადე ნიადაგი სოხუმის ეპისკოპოსთან ამ საქმეზე მშვიდობიან მოლაპარაკებისათვის, რომლის გამართვა გადაიდო სხვა დროისათვის, რადგანაც ეპისკოპოსი სერგი ამ ხანად სოხუმში არ იმყოფება. ამ დღეებში მივემგზავრები სარევიზიოდ სამურზაყანო და აფხაზეთში - სოხუმში ჩავაღწევ, ალბათ, ერთი თვის შემდეგ და მაშინ მოვახსენებ საკათალიკოსო საბჭოს, რა შედეგი ექნება ჩემს იქ ყოფნას." (4, 57).

1920 წლის 28 თებერვალს დამფუძნებელი კრების მოწვევის წლისთავთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა ამბროსიმ შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: "თქვენ აზნაურებისა (თავისუფლებისა) ჩვენებულ ხართ, ძმანო, განა ხოლო აზნაურობა ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყვარულისა, მისთვის ჰმონებდით ურთიერთარს" (გალატ. 5, 13).

ამ სიტყვებით მოგვმართავს მოციქული პავლე და ამით გვიმტკიცებს, რომ თავისუფლება არის ნიჭი ღვთისა. ეს სიტყვები საუკეთესოდ შეეფერება დღევანდელ დღესასწაულს, წლისთავს ამ თავისუფლების დაბრუნებისა. ვამბობთ "დაბრუნებისა", ვინაითგან ეს ნიჭი ღვთისა წაგვერთვა ამქვეყნიურის უსამართლობით და ძალმომრეობით. 28 თებერვლის აქტმა დაგვიბრუნა ეს თავისუფლება და, რასაკვირველია, ეს დღე მათთვის, ვინც მოტრფიალეა თავისუფლებისა, ვინც მას მოელოდა და მისთვის იბრძოდა, არის დიდი სიხარულის დღე.

დიახ, ახლა დამყარდა იმნაირი წესწყობილება, როდესაც ხალხის სინდისმა თვალ-ყური უნდა ადევნოს მათ მოქმედებას, ვისაც ცხოვრება აყენებს მართვა-გამგეობის სათავეში. ახლა პიროვნება თავისუფალი უნდა იყოს უფლებამოსილთა თვითნებობისაგან, ვინაითგან დაიმსხვრა ბორკილები, რომლითაც მრავალი საუკუნოების განმავლობაში შებოჭილი ვიყავით, თვითეული ჩვენგანი პასუხისმგებელია მხოლოდ ღვთის და სინდისის წინაშე, წინაშე მართლმსაჯულებისა და კანონისა. საქართველოს რესპუბლიკისათვის დიდმნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც დღე დამფუძნებელი კრების მოწვევის და ამ გზით თავისუფლების გამაგრებისა და კანონიერების გზაზე დადგომისა. დიდი ბედნიერებაა, უდიდესი მონაპოვარია ხალხის კეთილდღეობისათვის.

ამისთვის, მამულიშვილნო, წრფელის გულით გილოცავთ ყველა ამას. ეკლესია და ქრისტეს სწავლა დამცველია თავისუფლებისა ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ერთი რუსეთის მეცნიერი, რომელმაც შესწირა თავი თავისუფლებისათვის ბრძოლას, ამბობს: "ქრისტიანობას სწამს შეერთება იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთისა და კაცისა, შეერთება მიწიერის და ზეციერისა, ღვთაებრივის და კაცობრიულისა და მოითხოვს ამნაირსავე შეერთებას, ამნაირსავე ღმერთკაცობას ყველა მორწმუნისაგან, ყველა ჩვენგანმა უნდა თავის არსებაში განასახიეროს ღმერთი სიტყვით და საქმით." ჩვენ უნდა ჩვენს ცხოვრებაში განვახორციელოთ ზნეობრივი მხარე, რომელიც აძლევს სიმაგრეს და ძალას ჩვენს მოქმედებას. თავისუფლება უნდა გამოიხატოს მოძმეთადმი სიყვარულში, პატივისცემაში მოძმის პიროვნებისა, მისი რწმენისა და მისწრაფებისა. თუ ჩვენ სიტყვით ვქადაგებთ თავისუფლებას და საქმით მას ვარღვევთ და ვსცდილობთ მხოლოდ პირადი თავისუფლებისათვის, მაშინ ეს იქნება არა თავისუფლება, არამედ თვითნებობა.

რას ვხედავთ ახლა? არის განხორციელებული ჩვენში პიროვნების დაფასება? საუბედუროთ, არა. პიროვნების დაფასება გარეშე პარტიული თვალსაზრისისა არ არსებობს.

ჩვენში ძველ წესწყობილების დროს ზიზღს იწვევდა დიდების მოყვარეობა იმათი, ვინც მთავრობის მაღალ საფეხურებზე მსახურობდა, მაგრამ ახლაც არ ვხედავთ ამ დიდებისმოყვარეობას დემოკრატიულ არისტოკრატიის, ახალ მოდის თავადობას?

მექრთამეობა უწინდელის მოხელეებისა განსაცვიფრებლად მიგვაჩნდა, მაგრამ ამაში ახლა ჩამოვრჩებით ძველ მოხელეებს?

უწინ გვეჯავრებოდა სისხლისღვრა, ახლაც განა კაცი კაცისათვის მგელი არ არის? განა ერთმანეთის შეუბრალებლობა ახლაც იმნაირად არ მეფობს, როგორც ძველად?

რა არის ამის მიზეზი? რისთვის არ განგვკურნა ჩვენ თავისუფლებამ? მიზეზი იმაშია, რომ ჩვენ მოღვაწეობაში და მოქმედებაში ნამეტანათ შევამცირეთ ზნეობრივი ელემენტი. განვდევნეთ შკოლიდან და ცხოვრებიდან ქრისტეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სწავლა, ურომლისოდ ჩვენი მოღვაწეობა ცალმხრივია, მას არ ასულიერებს ღვთის სასოება ჩვენში, ერთმანეთის სიყვარული, ურომლისოდ თავისუფლება იღებს არასასურველ მიმართულებას... უამისოდ თავისუფლება ორივე გვერდით მჭრელი მახვილია, რომელმაც შეიძლება მოგვიტანოს სარგებლობის წილ მავნებლობა, გაამეფოს ანარქია, ამისთვის თავისუფლება, პეტრე მოციქულის თქმით, არა საფარველად უკეთურებისა უნდა გვქონდეს, არამედ ძმათა სიყვარულისათვის (პეტრე, I, 2, 1-7), ხოლო ასვლებით "არა მიზეზად ხორცთა," არამედ სიყვარულით ურთიერთარს მორჩილებისათვის (გალატ. 5, 13), მშვიდობა და ძმურის სიყვარულის დაბრუნებისათვის ამქვეყნად. "უკეთუ ურთიერთარს იკბინებოდეთ და შეიჭმებოდეთ იხილეთნვე უკვე ურთიერთარს განილინეთ." ვიმეორებ, დაუდვათ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივი სწავლა, მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელება და მაშინ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი. შევევედროთ უფალს მოგვცეს მან ამნაირი მიმართულება და მაშინ გვექნება ნამდვილი თავისუფლება, მაშინ გაიფურჩქნება ჩვენი სამშობლო მხარე და ვიქნებით ბედნიერნი." (49, 297-300).

1920 წლის 26 მაისს სოხუმში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ამბროსიმ წარმოსთქვა სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად:

მოგილოცავთ ამ დიდ და დიდმნიშვნელოვან დღეს საქართველოს განთავისუფლება-გათვითცნობიერებისას, მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებისას. ეს დღე სასიხარულოა ყველა ერთგული მამულისშვილისათვის; მათთან ერთად მშობლიური დედა-ეკლესიაც ხარობს, ვინაითგან ის მომხრეა თავისუფლებისა, მანაც ბრძოლით მოიპოვა ეს თავისუფლება ერის თავისუფლებაზე ადრე; ხარობს, რომ ეკლესიური თავისუფლება დაედვა საფუძვლად სახელმწიფოებრივ თავისუფლებას. ეს გარემოება გვეუბნება, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ღირსი დევნისა, რომ ის არ არის კლერიკალობის მიმდევარი და რომ უსამართლობა და მავნებელია ტრაფარეტულად მივსდიოთ საფრანგეთის მაგალითს ეკლესიასთან ურთიერთობის დამყარების საქმეში. ჩვენში ეკლესიის თავისუფლებას მოყვა ერის თავისუფლება და დედა-ეკლესიაც თავის შვილთ უგზავნის ლოცვა-კურთხევას, ულოცავს თავისუფალ განვითარების გზას.

საქართველოს ისტორია გვიმტკიცებს, რომ ეკლესიამ დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლოს, იხსნა ის გადაგვარება-განადგურებისაგან; მრავალი საუკუნოების განმავლობაში აუარებელ მძლავრ მტრების წინააღმდეგ ბრძოლის დროს სარწმუნოება ამაგრებდა და აძლევდა სიმხნეს ქართველ ერს და ეს მრავალმოწამე ერი, ეს იობი ხალხთა შორის, გამოვიდა გამარჯვებული და შეინახა თავისი ენა, ზნე, ჩვეულება და ეროვნული ელფერი. ესეც ცოტაა, აი, აუარებელი სიმრავლე მონუმენტალურ ნაშთებისა, რომელთა გარეგნული ხუროთმოძღვრული მოხაზულობა, მეცნიერთა სიტყვით, მისულა უმწვერვალეს განვითარებამდის. აი, სიმრავლე ხელთნაწერებისა, გონების ნაწარმოებებისა, რომელთა მეოხებით ჩვენ გვიცნობენ საზღვარგარეთ კულტურულ წინაპართა შვილებად. აი, დღეს წმ. ეკლესია იხსენიებს ექვთიმე ათონელს - მთარგმნელს და მწერალს XI საუკუნისას, რომლის ნაწარმოებთა სიმრავლე განსაცვიფრებელია. ყველა ამას აზის ბეჭედი სარწმუნოებრივ-ეკლესიური.

ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვდომილია და მუდამჟამ იფარავდა მას. მაგრამ თქვენ იტყვით, რისთვის ახლა არ გვეხმარება დედა ღვთისა ძველებურადო? რისთვის მოგვაკლდა მისი მფარველობაო?

არა, ახლაც არა ვართ მოკლებული ღვთისმშობლის მფარველობას და ღვთის მოწყალებას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მცირე მორწმუნეობისა გამო არ ვხედავთ მას, არ გვინდა დავინახოთ. მოიგონეთ უკანასკნელი სამი წელიწადი. რა საშიშროება არ მოელოდა ჩვენს სამშობლოს? ფრონტიდან დაბრუნებული ჯარი გვემუქრება წალეკით, მაგრამ აგვცდა, გადავრჩით უვნებლად. ანარქიამ და სამოქალაქო ომმა მოიცვა მთელი რუსეთი, ჩვენში კი, თუმცა იყო ნიადაგი, ცდილობდნენ შინაური და გარეული მტრები, მან ვერ მოიკიდა ფეხი; ამხედრდნენ ჩვენს წინააღმდეგ მეზობლები: ოსმალენი, სომხები და რუსის მოხალისენი, მაგრამ მოგვეცა ძალა; მოგვადგა დიდი გრიგალი ბოლშევიზმისა, მაგრამ ესეც აგვცდა; ბოლოს ახლაც გვეომება სხვისგან ზურგმომაგრებული ყოფილი ჩვენი მოკავშირე სახელმწიფო (აზერბაიჟანი), მაგრამ სირცხვილეულ იქმნება ეს მოღალატეც... ვისი ხელი მოქმედებს ამ შემთხვევაში? ვინ გვიფარავს?

თვით სათავეში მყოფნი და პასუხისმგებელნი პოლიტიკაში გვეუბნებიან "გარემოება ხელს გვიწყობსო", მაგრამ რაა ეს გარემოება? განა ეს ყველა ბრმა შემთხვევაა? განა მასში არ არის აზრი და წესრიგს არ ექვემდებარება? ვინ არის ამ მიზანშეწონილობის, კანონიერების მიზეზი? ვინ აძლევს ამ შემთხვევა-გარემოებებს აზრს, თუ არა ღმერთი. ამ დასკვნამდე მიდის მორწმუნე ადამიანი და მართალიცაა ის.

იესო ქრისტეს მოწაფენი ერთხელ გენისარეთის ზღვაზე ნავით მიდიოდნენ; იყო შუა ღამეს გადაცილებული. ამოვარდა ქარი, დაიწყო ღელვა, მათ საშიშროება მოელისთ, შეშინებულნი არიან. ამ დროს ხედავენ ზღვის ზედაპირზე მოდის ქრისტე, მათ მიიღეს მოჩვენებათ და უფრო შეშინდნენ. ქრისტე მაცხოვარმა უთხრა მათ: "ნუ გეშინისთ, მე ვარო" და დამშვიდდა ბუნება. ახლაც ჩვენთანაა ქრისტე.

როდესაც პეტრე იხრჩობოდა, ზღვაში მომავალ ქრისტეს შესთხოვა: "უფალო, მიხსენ მეო"; მან გაუწოდა ხელი და უთხრა: "ნუ გეშინის, მე შენთანა ვარო."

მაშ, თავისუფალო სამშობლოვ, ნუ შეგეშინდება ცხოვრების ტალღების. ჩვენთან არს ღმერთი და როდესაც პეტრესაებრ შევსთხოვთ მას "უფალო, გვიხსენ ჩვენო," ის გვეტყვის: "გამხნევდით, ნუ გეშინისთ, მე თქვენთანა ვარო." მაშინ ჩვენ მარტონი არ ვიქნებით: ჩვენი შემწე იქნება ღვთისმშობელი და ქრისტე მაცხოვარი.

მაშ, მოვიკრიბოთ, აღვიჭურნეთ სარწმუნოებით და ღვთისადმი სასოებით და ამას შეუერთოთ თავგანწირული სიყვარული სამშობლოსადმი. მაშინ მტრები სირცხვილეულ იქმნებიან და ჩვენი ერის თავისუფლებაც განმტკიცდება. მაშინ ჩვენი სიხარულიც იქნება სრული და სამარადისო.

"უკეთუ ღმერთი ჩვენი კერძო არს, ვინა არს ძვირის მყოფელ ჩვენდა" (რომ. 8, 31). (28, 46).

უჭირდა ეპარქიას, უჭირდა ეპარქიის წინამძღოლს. ამას ადასტურებდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსის წერილი სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოსადმი ეპარქიის გადარჩენის მიზნით დაფინანსების საჩქაროდ აღდგენის აუცილებლობის შესახებ გაგზავნილი 1920 წ. 26 ოქტომბერს.

"აგერ მეშვიდე თვეა ჩვენი კრედიტი არ გახსნილა. უსახსრობის გამო იძულებული შევიქენი კანცელარიის მოხელენი დამეთხოვა. მე გავხდი მდივანი, რეგისტრატორი და გადამწერიც. ამას ვუნდები და ეპარქიაში სიარულზე ლაპარაკიც მეტია, თუ საკათალიკოსო საბჭოს ნებავს იარსებოს სოხუმის ეპარქიამ და რამე კეთდებოდეს აფხაზეთში, საჭიროა მეტი ყურადღება და მზრუნველობა ამ სამისიონერო ეპარქიისათვის.

ამისთვის ხელახლა და უკანასკნელად ვთხოვ საკათალიკოზო საბჭოს, მიიღოს ზომები, აღგვიდგეს ყველა თვეების კრედიტები და დაჩქარებით.

მიტროპოლიტი ამბროსი."(49, 463).

1921 წლის 14 იანვარს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი სიტყვით გამოვიდა სოხუმის სამხედრო რაზმის მესამე წლისთავთან დაკავშირებით:

"მამულისშვილნო! გილოცავთ სამი წლის თავს თქვენის რაზმის არსებობისას. ამ სამი წლის წინ ის იყო ჯერ კიდევ სუსტი, როგორც ახალშობილი ჩვენი მხედრობა იყო ჩვილი, გამოუცდელი, მაგრამ ის მოინათლა ომების ქარცეცხლში, გაიზარდა, დავაჟკაცდა, გაძლიერდა. ის გახდა მამულის იმედი, მისი მედგარი მცველი, მტერთა მძლე.

მის გაძლიერებას, მის ძლევამოსილებას ხელს უწყობდა სარწმუნოება. ყოველ საქმეში დიდია მნიშვნელობა რწმენისა. ის საქმე, რომლის დაძლევა სწამს კაცს, დაწყებისთანავე ნახევრად გათავებულია გამარჯვებით. ხოლო როდესაც ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ჩვენი დამხმარეა, მაშინ მხედრობაც უძლეველია. როდესაც მამულის დაცვას ვუკავშირებთ სარწმუნოების დაცვასაც, მაშინ მხედრობა გალომებულია. ამ სარწმუნოების და მამულის დაცვის მისწრაფებით ძლიერ იყო ძველად ჩვენი სამშობლო, ამით ლომგულობდა ქართველი მხედარი. ეს იყო მიზეზი, რომ ის ადვილად იგერიებდა უთვალავ მტრებს, რომელნიც პატარა საქართველოს რკინის რკალივით გარსშემორტყმოდა და იყო მათთვის საშიში; ამით შეინახა მან თავისი ვინაობა, თავისი ელფერი, ნაციონალური ზნე-ჩვეულება.

დიდი თემური, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყნების დაპყრობა ჩემთვის არის გართობა აგეთივე, როგორც ჭადრაკის თამაში, თემური, რომლის ომებს ადარებდნენ ქარიშხალს ყოვლის გამანადგურებელს, ჩააფიქრა საქართველომ. მან მიიპყრო მთელი მისი ყურადღება.

მეორე არაუნაკლულესი აღმოსავლეთის საშიშროება - შაჰაბასი - მარტყოფში...

მე დიდი მადლობელი ვარ, რომ თქვენი რაზმის თუ ათასეულის არსებობის სამი წლისთავი დაუკავშირეთ სარწმუნოებას, რომ გაიხსენეთ ღმერთი, მას სწირავთ მადლობას. ეს ჩვენი მხედრობის ზრდაში დიდი სანუგეშო მოვლენაა.

რამ იხსნა საქართველო იმ ქარიშხალებისაგან, რომლებმაც მას უვნებლად თავს გადაუარეს ან, უკეთ ვსთქვათ, მოულოდნელად განზე გაუარეს. ამ სამი წლის განმავლობაში, თუ არა ღვთის განგებულებამ, რომელიც ჩვენ გვეწევა. მისი შემწეობით ჩვენ, ვით პატარა დავითმა, ვსძლიეთ გოლიათები.

გისურვებთ თქვენ დღეგრძელობას, ღვთის მფარველობას, სიმხნევეს და მტერთა ზედა ძლევას." (25, 38).

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ, საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა ფეხქვეშ გათელეს, ბოლშევიკებმა შექმნეს საოკუპაციო მმართველობა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის _ რევკომის სახით. მათთვის სრულიად მიუღებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. რევკომის 1921 წლის 15 აპრილის N22 დეკრეტის მე-14, მე-15 მუხლებში ნათქვამი იყო: "არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არ აქვს უფლება, იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად." (8, 59).  საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ჩამოართვეს იურიდიული პირის სტატუსი. დაიწყო საეკლესიო ქონების მიტაცება. კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში საეპარქიო ცხოვრება. ადგილობრივი სეპარატისტული ძალები ახლა უკვე ბოლშევიკური იდეოლოგიით შეფერილნი კიდევ უფრო გააფთრებით უტევდნენ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ქართული ორიენტაციის ძალებს. მეუფე ამბროსი ამ რთულ ვითარებაშიც ახერხებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ინტერესების ღირსეულ დაცვას.

1921 წლის 11 ივლისს თბილისში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე. პატრიარქი 17 ივლისს დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. საგანგებოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: პიროსი, დავითი, მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზები: კალისტრატე, ეპიფანე, ნაუმი. საკათალიკოზო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აერჩიათ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი. 19 ივლისს საგანგებო დეპეშა გაიგზავნა სოხუმში მიტროპოლიტ ამბროსის სახელზე, რომელშიც აღნიშნული იყო საკათალიკოზო საბჭოს გადაწყვეტილება და მესამე საეკლესიო კრების ჩატარების სავარაუდო თარიღი. მეუფე ამბროსიმ საპასუხო დეპეშით მადლობა გადაუხადა საკათალიკოზო საბჭოს ნდობისათვის და დასძინა, ეპარქიაში შექმნილი ურთულესი ვითარების გამო იმხანად ვერ ახერხებდა თბილისში ჩამოსვლას. "რადგანაც, როგორც მეცნობა საქართველოს საკათალიკოსოს კანცელარიისაგან (19 ივლისი 1921 წ. N1578) მორიგი კრება დანიშნულია გელათის მონასტერში 1 სექტემბრისათვის ახალი სტილით, მე ამჟამად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ახლავე ჩამოსვლა თბილისში, ვინაიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაშიც საქმეები მოსაწესრიგებელია. ამისათვის აგვისტოს თვის მეორე ნახევარში გავემგზავრები ქალაქ ქუთაისში საეკლესიო კრებაზე დასასწრებად, რასაც პატივისცემით ვაცნობებ საკათალიკოსო საბჭოს." (8, 61).

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მესამე საეკლესიო კრება ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს, გელათში. კრებას ესწრებოდა 212 დელეგატი. კრების პრეზიდიუმი განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით, თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ამბროსი, მიტროპოლიტი ნაზარი, ეპისკოპოსი დავითი, მოქალაქენი: დავით ნიჟარაძე, რაფიელ ივანიცკი (ინგილო).

სამდივნო: დეკანოზები ერასტი თუთბერიძე, გიორგი ინაშვილი, ეპიფანე ჯაოშვილი, ნაუმ შავიანიძე.

მესამე საეკლესიო კრება გაიმართა ქართველი ერისათვის უდიდესი განსაცდელის ჟამს, შვიდი თვე იყო გასული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრებას ან დუმილით უნდა აევლო გვერდი იმ ურთულესი პოლიტიკური და ეროვნული პრობლემებისათვის, რომელიც ახალი საოკუპაციო ხელისუფლების პირობებში შეიქმნა, ან უნდა ემხილებინა მისი ანტიეროვნული და ანტიხალხური ხასიათი. საეკლესიო კრებაზე გულისტკივილით აღინიშნა, თუ ოფიციალური ხელისუფლება არ გადახედავდა თავისსავე დეკრეტს, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციად ცხადდებოდა, მაშინ იძულებულნი გახდებოდნენ გამოაცხადებინათ მართლმადიდებელი ეკლესია დევნილად. საეკლესიო კრებამ მოუწოდა სასულიერო პირებს, წინ აღდგომოდნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლების იმ ზრახვებს, რომელიც მიზნად ისახავდა საეკლესიო განძის ხელყოფას. საეკლესიო კრებამ აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი ურთულესი ვითარების ჟამს მხოლოდ მკაცრი დისციპლინით, მართლმადიდებლობის დაცვით და ერთიანობით იყო შესაძლებელი ეკლესიის და ერის ინტერესების დაცვა.

კრებამ რეკომენდაცია მისცა გრიგოლ ფერაძეს, რათა იგი უცხოეთში გამგზავრებულიყო სწავლის გასაგრძელებლად.

საეკლესიო კრებამ იმსჯელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატების - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაზარის შესახებ. ფარული კენჭისყრით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი. 1921-27 წლებში უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს. დაიკრძალა 3 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 1995 წლის 18 სექტემბერს იგი წმინდანად შერაცხა და მის მოსახსენებელ დღედ დაწესდა 29 მარტი.

მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)

მიტროპოლიტი ნაზარი, ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა, დაიბადა 1872 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიდ ჯიხაიშში, სასულიერო პირის ოჯახში. პატარა იოსები მამამ ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს საქართველოს ეგზარქოსი იყო მთავარეპისკოპოსი პალადი, რომელმაც შეცვალა ქართველთა მაწყევარი ეგზარქოსი პავლე ლებედევი. მას სძულდა ქართველები და სასულიერო სემინარიიდან აძევებდა ქართული გვარსახელის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ასეთ რთულ პერიოდში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში იოსებ ლეჟავა, რომელმაც 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა სემინარია და დაიწყო სამღვდელმსახურო საქმიანობა დიაკვნის ხარისხში, 1893 წლის 22 თებერვალს მამა იოსები ხონის ფერისცვალების ეკლესიაში აკურთხეს მღვდლად. 1894 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1897 წლის 14 მაისს სკუფიით. ამ დროს მას ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე და შვილები.

1900 წელს მამა იოსები ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც გაიცნო თავისი თანამემამულენი: კორნელი კეკელიძე, კალისტრატე ცინცაძე. 1904 წლის 1 იანვარს მამა იოსები ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად "ნაზარი" (ღვთისათვის შეწირული). 1905 წელს მან დაამთავრა სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო "კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლა." 1905 წლის 8 ნოემბერს მღვდელ-მონაზონი ნაზარი დაინიშნა ველინსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად, ხოლო 1907 წლის 7 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად.

1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წლის 1 დეკემბერს დადგენილ იქნა არქიმანდრიტად და ქართლ-კახეთის კეთილმოწესედ. 1912 წლის 12 მაისს ნაზარი არჩეულ იქნა საქართველოს ეპარქიების მუზეუმების კომიტეტის წევრად. 1913 წელს არქიმანდრიტი ნაზარი დაჯილდოებულ იქნა წმიდა ანას I ხარისხის ორდენით. 1916 წლის 19 იანვარს საქართველოს ეგზარქოსის პლატონის წარდგინებით დაინიშნა სინოდის კანტორის წევრად. არქიმანდრიტი ნაზარი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის 12(25) მარტიდან 1917 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში, პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 1918 წლის 17 ნოემბერს არქიმანდრიტი ნაზარი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დადგენილ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. სვეტიცხოველში მის მღვდელმთავრად დადგენის მსახურებას ესწრებოდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია), ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე), ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი).

რთულ, წინააღმდეგობრივ დროში მოუხდა მიტროპოლიტ ნაზარს ქუთათელ მიტროპოლიტად ყოფნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ათეისტური იყო და არ უწევდა ანგარიშს ეკლესიის ინტერესებს. მთავრობის დეკრეტით საკათოლიკოსო საბჭოსა და ადგილობრივ ეპარქიასთან შეუთანხმებლად გელათის მონასტრიდან გამოიტანეს საეკლესიო სიწმინდენი და გადაიტანეს მუზეუმში. ხელისუფლების ასეთმა ქმედებამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ეკლესიასთან. ყოველივე ამის შესახებ მიტროპოლიტ ნაზარს დაუფარავად უქადაგია 1921 წლის 27 იანვარს ქუთაისის საკათედრო ტაძარში. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისში შემოვიდნენ, მანამდე ორი დღით ადრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო დადგენილება საეკლესიო სიწმიდეთა ქუთაისში გადატანის შესახებ, რომელიც ქუთაისში მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში დამალეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს, ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე), არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე), დეკანოზ დიმიტრის (ლაზარიშვილს) და მიტროპოლიტ ნაზარს. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაიწყო ეკლესია-მონასტრების დარბევა, საეკლესიო განძეულობის დატაცება. 1923 წელს ქუთაისის მაზრაში დაიკეტა 160-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. 1923 წლის თებერვალში ქუთაისში ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა წმიდა დავითისა და წმიდა კონსტანტინეს (მხეიძეთა) სასამართლო პროცესი. ბოლშევიკი აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არავითარი წმინდანები არ იყვნენ და ხალხს ატყუებდნენ. სასამართლომ დაადგინა, მათი წმიდა ნაწილები ამოსვენებინათ მოწამეთის ეკლესიიდან და გადაეყარათ. ცნობილმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა წმიდა ნაწილების ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა და ასე გადაარჩინა ისინი ვანდალების ხელით განადგურებას.

მიტროპოლიტმა ნაზარიმ გასცა განკარგულება ქუთაისის ეპარქიის სამღვდელოებას არ გადაეცა საეკლესიო საკუთრება ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. სამწუხაროდ, დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა ქუთაისის სამაზრო კომიტეტის მდივანს ვალია ბახტაძეს მოახსენა სად ინახებოდა საქართველოს საპატრიარქოს, მცხეთისა და სიონის საეკლესიო განძი. 1923 წლის 25 აპრილს შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერდნენ ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე ლორთქიფანიძე, პასუხისმგებელი მდივანი ბახტაძე, პოლიტბიუროს უფროსი კუჭუხიძე, რწმუნებულები: ცირეკიძე, კეთილაძე, თოდუა ქუთაისში ნაზარ მიტროპოლიტის სახლის სარდაფიდან დღის 12 საათზე ამოიღეს საეკლესიო განძი. დააპატიმრეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი. გამოძიებამ დაადასტურა, რომ მან ამ განძის შესახებ არ აცნობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაშინ, როდესაც ეს განძი გამოცხადებული იყო ხალხის საკუთრებად და უნდა მოხმარებოდა დამშეულთა გამოკვებას. წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა 1924 წლის 4 თებერვალს სასამართლოს თავმჯდომარეს ასეთი განცხადებით მიმართა: "1924 წლის 31 იანვარს მე ჩამაბარეს საბრალდებო ოქმი. იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის N10, 15, 16-ე მუხლების ძალით მე მიცემული ვარ სასამართლოში, ვგრძნობ რა ჩემს სრულ უდანაშაულობას" არ ვთვლი საჭიროდ მოწმეების დანიშვნას. რადგან უსახსრობის გამო არ შემიძლია ვექილის მოწვევა, ვთხოვ უმაღლეს სასამართლოს მოახდინოს სათანადო განკარგულება, რათა ჩემი საქმეების დამცველად მოწვეულ იქმნეს რომელიმე დამცველი კოლეგიიდან." (14, 516,3).

მას არ აძლევდნენ ბრალდების საქმის გაცნობის საშუალებას. სასამართლომ ვერ დაუმტკიცა მიტროპოლიტ ნაზარს დანაშაული და იძულებული გახდა იგი გაეთავისუფლებინათ წინასწარი პატიმრობიდან, დაბრუნდა ქუთაისში, სადაც უმძიმესი ვითარება დახვდა, მღვდელმთავრის რეზიდენცია კომკავშირელებს დაუკავებიათ. 1924 წლის 30 იანვარს ქუთაისის სამაზრო კომიტეტის დადგენილებით გადაწყდა: "დაირღვეს საკათედრო ტაძარი, მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილზე კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილზე დაიდგას ამხანაგ ვ. ი. ლენინის ძეგლი." ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭოს წევრთა ნაწილი დაპატიმრებულნი იყვნენ.

მიტროპოლიტმა ნაზარმა 22 მაისს შემდეგი განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს: "ეს სამი დღეა ქუთაისში მორწმუნეთათვის თავზარდამცემი ხმა გავრცელდა: ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობით და ცენტრალური მთავრობის დასტურით გადაწყვეტილია ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევა და მიწასთან გასწორება. ამის გამო მაქვს პატივი მოგახსენოთ შემდეგი: 1. საერთოდ ყოველი საკათედრო ტაძარი და კერძოდ, ქუთაისის, ემსახურება არა მარტო რომელიმე რელიგიურ საზოგადოებას, არამედ მთელი ეპარქიის მორწმუნეებს, რადგან იმერეთის ეპარქიაში მხოლოდ აქ სრულდებოდა სამაგალითო და საზეიმო სამღვდელმთავრო ღვთისმსახურება, მღვდლის, დიაკვნისა და იპოდიაკვნის კურთხევა. ქუთაისის საკათედრო ტაძრის დაკეტვამ ძაძებით შემოსა მორწმუნეები, ხოლო მისი დანგრევა უეჭველად სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და სარწმუნოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს არათუ ქუთაისის მორწმუნეთა შორის, არამედ მთელს იმერეთში. ასეთი სარწმუნოებრივი გრძნობების შელახვა არ მომხდარა არა თუ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არამედ არც რუსეთში, სადაც სარწმუნოებრივი ცხოვრება დუღს. სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამართლიანობის საფუძველზე არ უნდა მოხდეს არც საქართველოში. 2. ეს ტაძარი ისტორიული ძეგლია და აგებულია იმერეთის ნახევარმილიონიან მორწმუნეთა მიერ... 3. გაუგებარია, რა უნდა შესძინოს ვინმეს მორწმუნე ხალხის ოფლითა და სისხლით აშენებული სალოცავის დანგრევამ? ყველასათვის ცხადია, რომ ამ ტაძრის დარღვევა იმერეთის ყველა მაზრებში მორწმუნეთა შორის დიდ მითქმა-მოთქმას, უკმაყოფილებას და სულიერ აღშფოთებას გამოიწვევს, რატომ უნდა ვცდილობდეთ ხალხში უკმაყოფილების გაძლიერებას და განვითარებას... ყველა ამის მიხედვით მაქვს პატივი უმორჩილესად ვთხოვო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლეს მთავრობას, რათა მან კეთილი ინებოს, გააუქმოს და სისრულეში არ მოიყვანოს ქუთაისის საკათედრო ტაძრის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება, რომელი ტაძარიც არის დიდი ისტორიული ძეგლი." (14, 516, 3).

მიტროპოლიტ ნაზარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ, 1924 წლის 3 ივნისს დაიწყო ტაძრის ნგრევა და 2 აგვისტოსათვის დასრულდა.

27 აგვისტოს მიტროპოლიტ ნაზარს სოფელ როდინოულიდან ეწვია დელეგაცია თხოვნით ეკურთხებინა სოფლის ეკლესია. მიტროპოლიტი ნაზარი სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა სოფელში 28 აგვისტოს და აკურთხა ეკლესია. იმ ღამით დარჩნენ მღვდელ პოლიევქტოს ვარდოსანიძის ოჯახში, სადაც მათ მიაკითხეს ადგილობრივი მილიციის უფროსმა მაღლაკელიძემ და როდინაულის თემსაბჭოს თავმჯდომარემ სერაპიონ ხაჭაპურიძემ და დააპატიმრეს ისინი. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ბოლშევიკებმა "პოლიტიკური სიფრთხილე" გამოიჩინეს. ამ დღეს ხომ შეიარაღებული აჯანყება დაიწყო ჭიათურაში და გავრცელდა მთელ დასავლეთ საქართველოში, საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო ბარბაროსული ანგარიშსწორება. ამ ანგარიშსწორებაში მოჰყვნენ მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები. დაპატიმრებულები ხელფეხშეკრულები ურმით წაიყვანეს ქუთაისში. მათი საქმე გამოძიებისათვის გადაეცა ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს პასუხისმგებელი რწმუნებულის თანაშემწეს გ. შონიას, რომელსაც 30 აგვისტოს ასეთი დადგენილება გამოუტანია: "მე ქუთაისის მაზრის პასუხისმგებელი რწმუნებულის თანაშემწემ გ. შონიამ, განვიხილე რა საქმე N590 ბრალების გამო ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავასი, დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის, მღვდელ სიმონ მჭედლიძის, მღვდელ იეროთეოზ ნიკოლაძის, დიაკონ ბესარიონ კუხიანიძის, სვირის თემსაბჭოს სოფელ რიდინოულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დავადგინე: ისინი ეწეოდნენ კონტრევოლუციურ საქმიანობას მიმართულს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ."

ამიტომ "განსაკუთრებული სამეულის" გადაწყვეტილებით დაპატიმრებულნი გამოიყვანეს საფიიჩხის ტყეში და დახვრიტეს. მიტროპოლიტ ნაზარს დახვრეტის წინ ამ სიტყვებით დაუმშვიდებია დასახვრეტად განწირული მოძღვრები: "ქართველი ხალხი ყოველთვის დაუზოგავად იბრძოდა სარწმუნოებისათვის, თავისუფლებისათვის და ამ ჩემს წვალებასაც არ დატოვებს უყურადღებოდ.~ მიტროპოლიტი ნაზარი იყო ღრმადგანსწავლული ინტელექტუალი სასულიერო პირი, მისი დახვრეტა იყო იმ საშინელი დროის ყველაზე თვალნათელი მაგალითი, თუ როგორ დევნიდა ხელისუფლება სამშობლოსა და ეკლესიის ინტერესებისათვის მებრძოლ პატრიოტებს. საბჭოთა ისტორიოგრაფია ხელისუფლების დაკვეთით მას"ანტისაბჭოელ სასულიერო იერარქად მოიხსენიებდა."

1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღვთისა და ერის წინაშე მოწამებრივი ღვაწლისათვის მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად მღვდელნი: სიმონ მჭედლიძე, გერმანე ჯაჯანიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და საბჭოთა რეჟიმის დროს ყოველნი უღმერთოთგან წამეულნი წმინდანებად შერაცხა.

აქვე გთავაზობთ მიტროპოლიტ ნაზარის ქადაგებას 1921 წლის 26 იანვარს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

"ჩვენი ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომელიც უკვე კარგა ხანია, ნაცვლად ალექსანდრე ნეველისა, ატარებს დავით აღმაშენებლის სახელს, დღეს პირველად დიდის ბრწყინვალებით დღესასწაულობს თავის ტაძრის დღეობას.

ეს გარემოება გვავალებს ჩვენ აღვავლინოთ ჩვენს გრძნობა-გონებაში საქართველოს სახელოვან ბუმბერაზ მეფე დავით აღმაშენებლის წმინდა ხსენება.

გუშინ და დღეს ეკლესიაში წაკითხული ანტონ კათოლიკოსის მიერ შედგენილი საკითხავ-საგალობლები მჭევრმეტყველურად აქებ-ადიდებენ ჩვენი ქვეყნის და ერის XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისის დიდ მესვეურ-მოამაგეს, მოჭირნახულე მეფეს, ჩვენს ეროვნულ წმინდანს, დავით აღმაშენებელს.

დღეს, როდესაც გაერთიანებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო ზეიმობს თავის მკვდრეთით აღდგომას და იწყებს ახალ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, მიზანშეწონილი იქნება ჩვენს ხსოვნაში, ჩვენთვის მარად სათაყვანო აღმაშენებლის წმიდა სახე, ნიშნად ჩვენი განუსაზღვრელი სიყვარულისა, შევამკოთ დაფნის ფოთლებით და მის წინაშე საღვთო მოწიწებით მუხლი მოვიყაროთ და მხურვალედ შევთხოვოთ, რომ მან მამობრივი გრძნობით და სიყვარულით აკურთხოს და დალოცოს თავისი დიდნაჭირნახულევი საქართველო და მისი ახლად დაწყებულ-განახლებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

ვისაც დაკვირვებით გადაუკითხავს მსოფლიო სამოქალაქო ან საეკლესიო ისტორია, ის უსათუოდ შეიგნებდა ისტორიული პიროვნების დიდ მნიშვნელობას სხვადასხვა ეროვნებათა ცხოვრებაში. ისტორიული პიროვნება შეიძლება ითქვას, რომ თვით ქმნის ისტორიას. მას აქვს ღვთისაგან ნიჭი, აუღოს ალღო ცხოვრების მიმდინარეობას და მისცეს მას თავისი ბუნებრივი მსვლელობა.

ხშირად ისტორიულ პიროვნებას ადარებენ იმ წყლის წვეთს, რომელიც აუზის ავსების შემდეგ თვით იკაფავს, იკვლევს გზას და შემდეგ ამ მიმართულებას აძლევს დიდ ნაკადულს. ამგვარი უკვდავი ისტორიული პიროვნებები ჰყავს ყოველ ერს. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ამისთანა დიდმნიშვნელოვანი ისტორიული პირია სხივმოსილი, გენიოსი მეფე დავით აღმაშენებელი, რომელიც თავის რკინის ენერგიით, გამჭრიახი გონებით და უხვი შემოქმედებითი ნიჭით ქმნიდა და სჭედდა საქართველოს მაღალ კულტურას, მის დიდებასა და უკვდავებას.

საქართველოს ტახტზე ასვლისთანავე მან გაათავისუფლა სამშობლო თურქ-სელჩუკთა ველური თარეშისაგან, დაიპყრო მთელი ამიერკავკასია, სომხეთი, მცირე აზიის ნაწილები, გამოსჭედა ძლიერი და დიდებული საქართველო შავი ზღვიდან კასპიამდე, დერბენდიდან - არზრუმამდე.

გარეშე მტერზე გამარჯვებულმა მეფემ ხელი მიჰყო შინაური საქმეების გაწმენდა-მოწესრიგებას, მშვიდი და წყნარი მოქალაქეობრივი ცხოვრების დამყარებას!" განავსო და აღაშენა ყოველი ოხერქმნილი და გადაემატა ყოველთა ჟამთა მშვიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩვენი," - ამბობს დავითის ბიოგრაფია. მის დროს შესდგა ფეხი საქართველომ მსოფლიო ისტორიაში. დავით აღმაშენებელმა დადგა განათლების აკვანი სამეფოს ყოველ კუთხეში, რომელთა შორის მეტად შესანიშნავი იყო იყალთოს სასწავლებელი მთავარეპისკოპოსის, არსენ იყალთოელის ხელმძღვანელობით. განათლებულმა მეფემ დააკანონა ყოველ წლივ 40 ახალგაზრდა, სწავლა-ცოდნის მოსიყვარულთა საბერძნეთში გაგზავნა განათლების მისაღებად. ღრმად მორწმუნე მეფემ შეამკო, გაამშვენა, გაამდიდრა ტაძარ-მონასტრები არამცთუ სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც. ქართული მონასტრები პალესტინა-სირიისა, ეგვიპტე-ათონისა, საქართველოს ნაწილები დაახლოვა, შეაერთა ჩატეხილი ხიდების აღდგენით და კარგი გზების გაყვანით, მოაწყო წესიერი და მტკიცე ადმინისტრაციული მართვა-გამგეობა და მიუდგომელი მართლმსაჯულება.

დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მეფე უცხოელებს და კეთილი შემწყნარებლობით მუსულმანურ, სომეხთა სარწმუნოებას. იმ დროს, როდესაც ამ ნიადაგზე ევროპა ინკვიზიციებში იხრჩობოდა.

თვითონ პირადად მეფე იყო მეტად ღრმად მორწმუნე და ძვირფასი ქრისტიანული გრძნობებით აღვსილი და, ამავე დროს, ის კარგად იყო ცნობილი როგორც მწერალი. მისი კალმის საუცხოო ნიმუშია მის მიერ შედგენილი შესანიშნავი სინანულის საგალობელი, სადაც წრფელი სარწმუნოება, ანკარასავით წმინდა ქრისტიანული გრძნობა და პოეტური აღმაფრენა თანაბრად არის შეზავებული და შეთანხმებული.

თუმცა ჩვენ რვა საუკუნით დაშორებული ვართ დავით აღმაშენებელზე, მაგრამ მისი საეკლესიო და სამოქალაქო თვალსაჩინო მოღვაწეობა დღესაც ცხადად და ნათლად დგას ჩვენს თვალწინ. ამისათვის არავითარ დროთა ბრუნვას და კატასტროფულ მოვლენას არ შეუძლია მისი შარავანდედით მოსილი მოღვაწეობა ამოშალოს ქართველთა ერის გულიდან, სადაც ის ოქროს ასოებით სამარადისოდ აღბეჭდილია.

დავით აღმაშენებლის სახელი შთამომავლობისათვის ღვთაებრივი სიყვარულია. დავით აღმაშენებელი და საქართველო სამუდამოდ ისტორიულად შესისხლხორცებულ არიან ერთმანეთთან, გადაბმულ-შედუღებულნი. დავით აღმაშენებლის ისტორია თვით საქართველოს ისტორიაა.

დავით აღმაშენებელმა მეტად ბევრი გააკეთა საქართველოს კეთილდღეობა-ბედნიერებისათვის. მაგრამ, სხვათა შორის, მან დაუტოვა სამშობლოს ეგვიპტის პირამიდებრივი ხელთუქმნელი ძეგლი _ გელათის მონასტერი - ეს იმისთანა მშვენება, სიამაყე, დიდება და ბრწყინვალება. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობიდან რომ მეტი არაფერი არ დარჩენილიყო, ესეც სრულიად საკმარისი იქნებოდა მისი სამარადისო უკვდავებისათვის ქართველთა გრძნობაში.

ეს შესანიშნავი, ძლევამოსილი, საქართველოს მაშინდელი მეფე გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. ქართულმა ეკლესიამ საეკლესიო მოღვაწეობისათვის ის წმინდანთა შორის ჩარიცხა. მადლიერმა ეკლესიამ, ქართველმა ერმა მას სახელად აღმაშენებელი უწოდა. ქართველმა ერმა მისი უკვდავი საქმეები ღრმად გულში სამარადისოდ დაიმარხა. ის, თანახმად მისი სურვილისა, დამარხულია მის საყვარელ და დიდად ნაამაგარ გელათში, სამხრეთის შესავალი კარიბჭის ქვეშ. მისი საფლავის ქვაზე არის შემდეგი, მეტად დიდმნიშვნელოვანი წარწერა: "ოდეს მე ნაჭარმაგევს შვიდთა მეფეთა მასპინძელ ვექმენ, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარგარეთგან სამეფოისა ჩემისა ვიოტე, გარდავხსნე თევზნი მდინარეთაგან ამიერისა მდინარეთა იმერისა, ყოველივე ესე აღვასრულე, გულხელი დავიკრიფე."

ღმერთო, ძლიერო და დიდებულო! თავისუფალ, დამოუკიდებელ სამშობლოს ბევრი მოუვლინე დავით აღმაშენებლის მსგავსი სახელმწიფო ისტორიული პირები მის აღსამაღლებელ-ასაყვავებლად. უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"

მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი)

მიტროპოლიტი ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანიძის ძე ციცქიშვილი, დაიბადა 1875 წლის 15 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში, როგორც ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა: "ჩემი გენიალოგია პაპა ჩემის მამის, მოსე მღვდლის იქით ჩემთვის უცნობია. მოსე მღვდელი იყო ნიქოზელის ნაკურთხი, რადგან ვერტყვიჭალა ეკლესიურად XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ეკუთვნოდა ქართლის ეპარქიას. დადიოდა მოსე მღვდელი ჩოხა-ახალოხით და თუ ვინმე მისცემდა წესების ასრულებაში სიმინდს, პურს, მოიდებდა ზურგზე და გაუყენებდა სახლისაკენ. ჰყავდა ოთხი ვაჟი, რომელთაგანაც მესამე, ქაიხოსრო იყო პაპაჩემი, ერისკაცი და მეოთხე დავით მღვდელი ეგზარქოს ისიდორესაგან ნაკურთხი. მამაჩემი მურმანი იყო წიგნისმკითხველად ხეფინისხევის სოფელ ლირში, საეკლესიო წიგნების კარგი მცოდნე. ექვსი წლის ვიქნებოდი, მამამ რომ ლოცვები დამაწყებინა ზეპირად, მოასწრო ესწავლებინა ჩემთვის ლოცვანი და "მრწამსის" დასაწყისი. შვიდი წლისას გარდამეცვალა მამა, დავრჩით ოთხი ძმა და ორი და პაპის ამარა სიღარიბეში. მამას გასვენებას დაესწრო ჩემი ბიძა, საყვარელა გაჩეჩილაძე, დედის ძმა, რომელმაც შემისვა ცხენზე, წამიყვანა სოფელ წევაში და მიმაბარა იქაურ სამრევლო სკოლაში, რომელიც იყო გახსნილი რომანოზ გორგაძისაგან, იმასთან დავიწყე ანბანი, მაგრამ მალე გადაიყვანეს მღვდლად სხვაგან. მისი ადგილი, წევის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაიჭირა მაკარ გაჩეჩილაძემ. ეს სამრევლო სკოლა და მისნი მსგავსნი დასავლეთ საქართველოში გახსნილნი იყვნენ ნეტარხსენებული გაბრიელ ეპისკოპოსის ინიციატივით. მან შემოიღო წესად - ვინც ათ წელიწადს იმასწავლებლებდა, იმათ აკურთხებდა მღვდლად. მეუფე გაბრიელმა დიდი ამაგი დასდო წერა-კითხვის გავრცელების საქმეს იმერეთში, რითაც დაიმსახურა გულისწყრომა იანოვსკისა და მადლობა შეგნებული ქართველებისა. 1882 წელს ჩამიყვანა პაპაჩემმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, მიმიღეს მერვე განყოფილებაში. ერთ წელიწადს ძლივს შემინახა პაპაჩემმა თავისი ხარჯით, მგონია მაშინ ისესხა რვა თუმანი სურამელ სომხისაგან, რაშიაც თორმეტი წლის განმავლობაში ვაძლევდით სარგებელს. მომდევნო წელს პაპაჩემმა ითხოვა ჩემი სახელმწიფო ხარჯზე მიღება, მოსთხოვეს ობლობისა და სიღარიბის მოწმობა. პაპაჩემმა მიართვა კეთილმოწესეს მიერ გაცემული მოწმობა და მიმიღეს სახელმწიფო ხარჯზე. ასე რომ არ მომხდარიყო, უნდა ამეკრიფა ქუთაისიდან გუდა-ნაბადი და ამეღო ხელი სწავლაზე. ყველა კლასებში პირველ მოწაფედ მივდიოდი და წყალობა შევინარჩუნე." (5, 5-6).

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო სასწავლებელში მკაცრი რუსიფიკაციული რეჟიმი იყო, ქართველი მასწავლებლები: ნიკო მაღრაძე, პოლიევქტოს კვიტირიძე, ანდრო ბენაშვილი მაინც ახერხებდნენ მოსწავლეებში ეროვნულ პრობლემებზე მსჯელობას. 1895 წლის 9 აპრილს ქრისტეფორე ციცქიშვილი აკურთხეს მღვდლად და გაგზავნეს კასპიის ოლქში, 1897 წელს მსახურობდა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში, 1898 წლიდან - სოფელ იტრიაში. იგი ბევრს მოგზაურობდა, აკეთებდა ჩანაწერებს, მასწავლებლობდა, ფხიზლად ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ებრძოდა კოსმოპოლიტებსა და ეროვნული ნიჰილიზმის მიმდევართ. "მესამე დასელთა" მტკიცებას, მშრომელ ხალხს ეროვნული საკითხი არ აინტერესებთო, იპასუხა 1905 წელს თბილისში გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე, რომლის შემსწრეც თვითონ ყოფილა. "მესამე დასელ" ორატორს მკაცრად გაუკრიტიკებია სოციალ-ფედერალისტების პარტია ეროვნული საკითხის წინ წამოწევისათვის, მაგრამ ხალხს იგი ტრიბუნიდან ჩამოუგდია. "ტყუილად ასავსავებდა უმწეოდ ხელებს ბატონი ორატორი ხალხის გასაჩუმებლად, ხალხს იმისი აღარ ესმოდა და რამდენიმე ათასი კაცი გაიძახოდა: "გაუმარჯოს საქართველოსო." (5, 7).

მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი მკაცრად უპირისპირდებოდა იანოვსკისა და ვოსტორგოვის დიდმპყრობელურ შოვინისტურ საგანმანათლებლო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო ქართველი ერის დაშლა-დანაწევრებისაკენ. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში. `ქართული საეკლესიო საქმეების გამო~ შენიშვნებში მისი აზრით აუცილებელი იყო მოეთხოვათ: 1. დამოუკიდებლობა ეკლესიისა კათოლიკოსის მეთაურობით. 2. ძირითადი რეფორმა სკოლისა, რომელიც იქნება ქართულენოვანი და სადაც აღარ იქნება წოდებრივი პრინციპი. 3. სასულიერო პირთა მომზადებისათვის აუცილებელი ორწლიანი კურსები. 4. სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება. 5. სასულიერო პირთათვის სრული სამოქალაქო უფლებების მონიჭება." (5, 23).

მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი თავმჯდომარეობდა 1905 წლის მაისში თბილისში ჩატარებულ ქართველი სამღვდელოების ყრილობას, რომელმაც 412 კაცის ხელმოწერით იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი გასაგზავნ მოთხოვნაში მკაფიოდ დააყენა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. ამას მოჰყვა დიდი შეხლა-შემოხლა, ავტოკეფალისტების დარბევა. როგორც მამა ქრისტეფორე აღნიშნავდა: "ეგზარქოსმა ალექსიმ როგორც კრების თავმჯდომარე დამიბარა თავის სახლში, მე მღვდელ მარკოზ ტყემალაძის, დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილისა და დეკანოზ ავდაშკევიჩის თანდასწრებით განვუცხადე მას, რომ ყაზახების სიმხეცე სულ შენი ბრალია მეთქი, შენ ჩვენთან არავითარი კავშირი არა გაქვს, რომ შენ ხარ დეკანოზ ვოსტორგოვის ყმა, რასაც ის ჩაგძახებდა იმასვე ამოიძახებდი, ისიც გაგექცა და დავრჩით ახლა უეგზარქოსოდ, რადგან ი. ვოსტორგოვი იყო ნამდვილი ეგზარქოსი მეთქი." (5, 28-29). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II-ის არჩევის შემდეგ დეკანოზი ქრისტეფორე რედაქტორობდა ოპოზიციურ სასულიერო ჟურნალ "ახალ სიტყვას." მისი აზრით, როგორი ყალბიც არის მოწამებრივი შარავანდედი კირიონ II-ისა, ისეთივეა მისი მეცნიერული შარავანდედიც"...

1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში გამართულ III საეკლესიო კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება დეკანოზ ქრისტეფორეს ურბნელ ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. ამ აზრს შეეწინააღმდეგენ დეკანოზები იოსებ ჩიჯავაძე, ნიკიტა თალაკვაძე, ვასილ კარბელაშვილი.

1922 წლის 18 მარტს სვეტიცხოველში მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის წესი შეასრულეს უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, ეპისკოპოსებმა იოანემ (მარღიშვილი), დავითმა (კაჭახიძე). წირვის დამთავრების შემდეგ ახლადნაკურთხმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ამ სიტყვებით მიმართა საკათალიკოსო საბჭოს წევრებს, საზოგადოებას: "უწმიდესო მეუფეო, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მოწყალენო ხელმწიფენო! ღვთის განგებით, ნებითა სრულიად საქართველოს მესამე (გელათის) კრებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მღვდელმთავართა, მე მოწოდებულ ვარ უმაღლეს სამღვდელო ხარისხის, ეპისკოპოსობის მისაღებად. ვმადლობ პირველ ყოვლისა ღმერთსა და ზეციურ მღვდელმთავარსა, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა, რომელმაც ღირსმყო ასეთსა დიდსა პატივსა, გმადლობთ. თქვენ, უწმიდესო მეუფეო, სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსო კეთილო, ვმადლობ მესამე საეკლესიო კრების წევრ-მღვდელმთავართა, სხვათა სასულიერო და საგარეო პირთა, რომ არ მიჰხედეთ ჩემს უღირსებას და მიცანით ღირსად ეპისკოპოსის ხარისხის მიღებისა: ცხადია ჩემთვის - თქვენმა ლმობიერებამ დაჰფარა აურაცხელნი ნაკლოვანებანი ჩემნი. "არა არს უფლება, გარნა ღმრთისაგან", (რომ. 13.1) - ამბობს მოციქული პავლე, მაგრამ არა ყოველი უფლებით მოსილი არს საამო ღვთისათვის, არიან უფლებამოსილნი, ღვთისაგან რისხვად მოვლენილნი, როგორც ფარაონი მოსეს დროს, იროდი, ანნა და კაიფა და სხვანი მრავალნი ძველად და დღეინდელსა დღესაც, მაგრამ მე ვსასოებ, რომ თქვენს არჩევანში ჩემს შესახებ უფალს ჰნებავს გამოაღებინოს კეთილი ნაყოფი ჩემს მოღვაწეობას ერისათვის. თქვენ ნუ გეუცხოებათ, მე ვიტყვი, რომ მე ამ ბოლო დრომდე ფიქრადაც არ მომსვლია ეპისკოპოსის ხარისხის მიღება, არც არავინ შემიწუხებია ამისათვის. ვიცოდი რომ არ შემიძლია ღირსეულად ვატარო ეს მძიმე ტვირთი. მართალია, სიყრმითვე მქონდა ჩანერგილი გულში ღვთისა და ერის სამსახური, მაგრამ მე ჩემის ცხოვრებით ვგავდი უფრო სახარების იგავის იმ შვილს, რომელმაც მამის ბრძანებას, რომ წასულიყო და ემუშავნა ვენახში, ხალისით უპასუხა, ახლავე წავალო, მაგრამ დაპირება არ შეასრულა.

და სრულიად ბუნებრივად ვეკითხები ჩემს თავს, ვარ ღირსი ეპისკოპოსობის ხარისხის მიღებისა, თუ არა? მოსეს სიტყვები რომ გავიმეორო: "უფალო, მიავლინე სხვა იგი, რომლისა მივლინება ძალგიძს," თუ ისაიასი: "აჰა, უფალო, მიმავლინე მე!" უკეთუ გავიხსენებ პავლე მოციქულის სიტყვებს: "ჯერ არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფა (ტიტეს მიმ. 1.7) და სხვა, უკეთუ წარმოვიდგენ გონებით, თუ ვითარ შეაძრწუნებდა წმიდათა მამათა: ბასილი დიდსა, გრიგოლ ღვთისმეტყველსა, იოანე ოქროპირსა, ამბროსი მედიოლანელსა და სხვათა მრავალთა ეპისკოპოსის ხარისხის მიღება, უნებლიეთ დავეთანხმები მათ, ვისაც უღირსად მივაჩნივარ ეპისკოპოსის ხარისხის მიღებისათვის. მაგრამ ვსასოებ ყოვლად შემძლებელი ღმერთი განკურნებს სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა ჩემთა და მომცემს შეძლებას გავამართლო მათი იმედი, ვინც არ დაჰხედა ჩემს უძლურებას და მომიწოდა ამ დიდ თანამდებობისათვის.

ძნელია დღეს ღვთისა და ერის სამსახური. მსოფლიო ომმა სრულიად გადაატრიალა ტრადიციული შეხედულებანი. ძლიერნი ტახტნი მეფეთანი დაიმსხვრენ. ძველი ტირანია მოისპო, მაგრამ, `შეკრებასა ღვარძლისასა აღმოჰფხვრეს იფქლიცა." (მთ. 13,29) და იფქლი უფროს, ვიდრე ღვარძლი. განსაკუთრებით ეკვეთნენ სარწმუნოებას. დღეს სარწმუნოება მიაჩნია ნასწავლსა და უსწავლელს ადამიანის დამამცირებელ და უკან ჩამომრჩენ ფაქტორად. ასეთი გარემოება გვაძლევს ჩვენ, სასულიერო მოღვაწეთ, შესაფერისად აღვიჭურვოთ და ისე ვიმოქმედოთ. მართალია, ეკლესია ქრისტესი ურყევია თავის საფუძვლებით, მაგრამ ეკლესიის მოქმედება ხან მარტივდება, ხან კი რთულდება და ფართოვდება, ცხოვრებისდა გვარად. გონებრივი, ზნეობრივი, პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური ცვალებადობა აღიბეჭდების ეკლესიის ცხოვრებაზეც. ასეთი საზოგადოებრივი ცვლილებანი მოითხოვენ ეკლესიისა და მის მსახურთაგან ცხოვრებასთან შეფარდებულ მოქმედებას, ერთგვარ შეგუებას და ალღოს აღებას. ერთ წერტილზე გაჩერება ნიშნავს უკან ჩამორჩენას და ერთგვარ სიკვდილს.

თუ დავაკვირდებით ახლა ჩვენს გარშემო ცხოვრების დუღილს, შევნიშნავთ, რომ საზოგადოების სხვა და სხვა წრეებმა თავისებურად, მაგრამ ყველამ უარყოფითად განიცადეს განვლილი ამბები. ჩვენი ინტელიგენცია სხვა და სხვა მიზეზებისა გამო ამ უკანასკნელ საუკუნეებში არ ყოფილა პატივისმცემელი ეკლესიისა, ამ ბოლო დროს კი ამ ინტელიგენციაში გაიმარჯვა და სათავეში მოექცა ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ეკლესიისადმი გულგრილობას კი აღარ სჯერდება, არამედ ეკლესიას სასტიკ ომს უცხადებს. მართალია, ხალხის დახმარებით მან დაამხო ტირანია თვითმპყრობელობისა, მაგრამ თვით უიმედოდ დასნეულდა უტოპიზმით. საიქიო სამოთხის უარისმყოფელებმა მოინდომეს ღვთისა და სარწმუნოების გმობით სააქაო სამოთხის დამყარება. მაგრამ ცხადი შეიქნა, ურელიგიოთ ზნეობის დამყარება ფუჭი ოცნებაა. სარწმუნოების დამცირებას მოჰყვება ამ ქვეყნადვე ჯოჯოხეთი. ადამიანი - ადამიანისთვის მგელიაო, იტყოდნენ რომაელები. ეს სიტყვები დღეს ალეგორიას კი აღარ შეიცავენ, ალაგ-ალაგ ადამიანი ისე დაეცა, რომ კაცის მჭამელად იქცა.

ინტელიგენციის ასეთმა ქადაგებამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ მდაბიო ხალხი, ზნეობრივად დაეცა, ვერც უფლებრივად მოიპოვა რამე: ისეთივე დაბეჩავებულია, როგორც უწინ. ვერც ეკონომიურად გაღონიერდა, პირიქით, მისი კეთილდღეობა დიდს განსაცდელშია.

როგორ შეხვდა ახალ ცვლილებებს სამღვდელოება? მღვდლები არიან ეპისკოპოსის თანამშრომელნი და მის განზრახვათა აღმასრულებელნი. სამწუხაროდ სამღვდელოების უმრავლესობას დავიწყებული აქვს სახარება ქრისტესი, იმას შემუშავებული აქვს თავისი სახარება და მორალი. არამც თუ უნაკლულოდ არ ასრულებს იგი თავის მოვალეობას, არამედ მრავალი მღვდელი თვეში ერთხელაც არ შეიხედავს ეკლესიაში. ლოთობა, გარყვნილება, გაუტანლობა, უმცროს თანამოძმის დაჩაგვრა, მის კუთვნილ შემოსავლის მითვისებით - ძალიან ხშირი მოვლენაა სამღვდელოებაში, კერძოთ ქართლში. საჭიროა უღირს მწყემსთა გასწორება, ჯიუტთა ჩამოშორება ეკლესიისაგან და საერთოდ - სამღვდელოებაში შეტანა თავის ღირსების შეგნების და დაცვისა, საჭიროა მისი მოდუნებული ენერგიის ამოძრავება.

როდესაც ჩვენის ეკლესიის ჩამოთვლილ წყლულებს გავითვალისწინებ, უნებლიეთ შემიპყრობს შიში და სასოწარკვეთილება წინამდებარე სარბიელზე გამოსვლის ჟამს. მაგრამ დიდ არს უფალი და განუზომელია მოწყალება მისი ჩვენდა მიმართ! მე მრწამს: თვინიერ სარწმუნოებისა არ არის ერის კეთილდღეობა და ხსნა. ყოველი სასიცოცხლო ნიშნების მატარებელი ერი უნდა ეყრდნობოდეს სარწმუნოებას. ჩვენთვის, ქართველებისათვის ხომ ქრისტიანული სარწმუნოება არის ცხოველსმყოფელი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა მისი საიქიო და სააქაო ბედნიერება. ქრისტიანების შესუსტებამ დააუძლურა საქართველო. დროთა უკუღმა ტრიალმა გაამაჰმადიანა მესამედზე მეტი ქართველობა. ვერავითარმა პროპაგანდამ ვეღარ მოაქცია მათი გული საქართველოსკენ. ამის მოწამენია საინგილო, აფხაზეთი, მესხეთი, ტაო-კლარჯეთი, ბორჩალო. მაინც ქრისტიანული სარწმუნოება არის ცხოველი სვეტი ქართველი ერის არსებობისა. ამიტომაც უწოდა ქართველმა ერმა თავის ქრისტიანობის აკვანს, ემბაზს, პირველსა და უმთავრეს საყდარს მცხეთაში "სვეტიცხოველი". ეს "სვეტი ცხოველი" უძღოდა ჩვენს მამა-პაპათ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში წინ, როგორც ღრუბლის სვეტი უძღოდა და უნათებდა გზას უდაბნოში ეგვიპტის მონობისაგან თავდაღწეულ ისრაელს. დღეს ეს სვეტი ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც დავით აღმაშენებლის და თამარის დროს, მას ნისლი გადაეფარა და ვეღარ სწვდება მისი სხივები საქართველოს ყოველ კუთხეს. ამ სვეტს ებრძოდა სპარსეთის და შემდეგ ოსმალეთის მუსულმანობა, მას ებრძოდა და დღესაც ებრძვის ვითომდა ქრისტიანულ რუსეთის უხეში ძალა, ძველი და ახალი, მაგრამ ძალუმია ქართველ ერის ძველი კულტურა, რომელიც გაღვიძებული იყო, ჯერ კიდევ I საუკუნის უწინარეს ქრისტეს მოსვლისა და გაკეთილშობილდა ქრისტიანობის ზედგავლენით. დღესაც მაგრადა სდგას ჩვენი სასოება "სვეტიცხოველი" - ეკლესია ქრისტესი. "სვეტი-ცხოველი" მიაფენს თავის შარავანდედს საქართველოს ყოველ კუთხეს და შეჰკრებს მთლიან საქართველოს. ისევ "სვეტმა ცხოველმა" უნდა ადინოს და აწვეთოს ქართველთა გულში მირონი დაუშრეტელი და მისცეს მას ძალი და სიმხნე ღვთისა და სამშობლოს სიყვარულისა და სამსახურისა.

ამ რწმენით და სასოებით მივიღებ მღვდელმთავრობის ხარისხს. მივანდობ უფალს ჩემს თავს და შევთხოვ მას, მომცეს ძალი და სიმხნე ურცხვენელად ვიღვაწო სადიდებლად მისდა და სასარგებლოდ ერისა ჩვენისა. ვსასოებ, რომ მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მოვლინებულ იქნება ჩემზედა, უწმიდესო მეუფეო და თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ლოცვითა და ხელდასხმითა თქვენისათა, შეავსებს ნაკლოვანებათა ჩემთა. ილოცეთ ჩემთვის თქვენცა, მამანო და ძმანო, რათა განამტკიცოს უფალმა ძალნი ჩემნი, რათა წარემათებოდნენ სულიერითა ჰასაკითა  ჩემ მიერ ძღვანებულნი პირმეტყველნი ცხოვარნი და მწყემსნი, რათა არა წარვიწყმიდო სული ჩემი და არცა წარვსწყმიდო სულნი სულიერთა შვილთა ჩემთანი." (14, 2100, 11).

მეუფე ქრისტეფორეს ეს სიტყვა ზუსტად ასახავდა XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების სურათს. ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება როგორი ნათელი ფერებითაც არ უნდა შეფუთულიყო, გონიერი ადამიანებს ვერ მოატყუებდა. მოდიოდა ნგრევისა და წარსულის უარყოფის მძიმე პერიოდი... სასულიერო წოდება მომზადებული უნდა შეხვედროდა მოსალოდნელ განსაცდელს...

1922 წლის აპრილში გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე წაკითხულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მემორანდუმი, რომელშიც პატრიარქი სთხოვდა ევროპის ქვეყნებს, დახმარებოდნენ პატარა საქართველოს და არ დაეტოვებინათ იგი მარტოდმარტო რუსეთის პირისპირ. განრისხებულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 1923 წლის 12 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების ნაწილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის დაპატიმრების შესახებ. დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე უწმიდესი ამბროსის წერილობითი განკარგულებით შეიქმნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობა ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს თავმჯდომარეობით. ეპისკოპოსი ქრისტეფორე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის წერილს შეცდომად აფასებდა და მომხრე იყო ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობისა. მან ეპისკოპოს დავით კაჭახიძესთან ერთად 1924 წლის 16 ოქტომბერს მეტეხის ციხეში გამომწყვდეულ კათოლიკოსს მოსთხოვა მონანიება და გადადგომა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეპისკოპოს ქრისტეფორეს სახელს უკავშირდება საეკლესიო დღესასწაულის ახალ სტილზე გადასვლის მცდელობა, განახლებისა და რეფორმების ჩატარება საქართველოს ეკლესიაში. იგი ივანე ჯავახიშვილისადმი გაგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ უბრუნდება გენუის კონფერენციაზე უწმიდესი ამბროსის მიერ გაგზავნილ მემორანდუმს "აბა თქვენ გაგეგზავნათ მემორანდუმი ევროპაში, რა მოუვიდოდა ქართულ უნივერსიტეტს, მას სრულიად გაანადგურებდნენ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენ ეს სიფრთხილე ვერ გამოვიჩინეთ და საქართველოს ეკლესია განადგურდა." (5, 57).

მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსი ქრისტეფორე ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში სიფრთხილეს იჩენდა, 1924 წლის 15 მაისს იგი იძულებული გახდა აგრესიული ანტირელიგიური ისტერიის პირობებში, როდესაც ანგრევდნენ ან ადმინისტრაციული წესით ხურავდნენ ეკლესიებს, დევნიდნენ სასულიერო პირებს, მკაცრად დაპირისპირებოდა ხელისუფლებას. `მიუხედავად იმისა, _ წერდა იგი მთავრობის თავმჯდომარეს, - რომ ხელისუფლება აქვეყნებს ინსტრუქციებს რელიგიურ საზოგადოებათა დაარსებისა და თავისუფლად მოქმედების შესახებ, იგი ცხოვრებაში არ ტარდება, ფაქტიურად ხალხს აკრძალული აქვს სარწმუნოებაზე ხმის ამოღება. საქართველოში დაკეტილია 1000-ზე მეტი ეკლესია. ეს გარემოება ვერ აიხსნება ვერც ჩვენი ხალხის ვითომდა დაწინაურებით, ვითომც სარწმუნოებისადმი გულგრილობით... არსად საკავშირო რესპუბლიკების ტერიტორიაზე არ წარმოებს სარწმუნოების ისე შევიწროება, როგორც საქართველოში... მიმდინარეობს დაცინვა, გამასხარავება სასულიერო პირებისა, საზოგადოდ და ნამეტნავად ქუჩაში, ეს უფრო ამცირებს მათ, ვინც დაცინვას აწარმოებს, ხოლო სამღვდელოებას მოსახლეობის თვალში მოსავს შარავანდედითა და მოწამებრივი გვირგვინით. ასეთ დაცინვას აწარმოებენ ახალგაზრდები, ასე იქცევიან განსაკუთრებით რუსები, სომხები, ებრაელები. შეგიძლიათ მთლიანად დაკეტოთ ეკლესიები, სარწმუნოება ისევ დარჩება უმრავლესობის გულში."[5,59] ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ მოითხოვა დაპატიმრებული კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისა და საკათალიკოსო საბჭოს წევრების საპყრობილიდან განთავისუფლება. 1926 წლის 26-27 დეკემბერს ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ქუთათელ ეპისკოპოს დავითთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი ამბროსის გვერდის ავლით ქუთაისში მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის დაარსების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს დათხოვნის, მორწმუნე მრევლისადმი მიმართვის ტექსტი IV საეკლესიო კრების დანიშვნის შესახებ. ყოველივე ეს საეკლესიო მართვა-გამგეობის სფეროში გადატრიალებას მოასწავებდა. მართალია, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ქუთაისის საეკლესიო კრება და მისი გადაწყვეტილებები უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ დროებითმა მმართვე-ლობამ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დახმარებით პატრიარქ ამბროსის ჩამოართვა საპატრიარქო კანცელარია, ბეჭედი და რეალურად ხელში აიღო ეკლესიის მართვა-გამგეობა. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის გარდაცვალების შემდეგ (1927 წ. 29 მარტი) მიტროპოლიტი ქრისტეფორე IV საეკლესიო კრების მიერ (1927 წლის 21-27 ივნისი) არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. გარდაიცვალა 1932 წლის 10 იანვარს, დაკრძალულია თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში.

მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე)

მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე, დაიბადა 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში, სასულიერო პირის ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში შეასწავლეს. როგორც იგი თავის მოგონებებში აღნიშნავდა: ეჩვენს სოფელში გარდაიცვალა სოლომონ შარაშენიძის დედა, ანდერძის ასაგებად მოიწვიეს გაბრიელ ეპისკოპოსი, წირვის დროს საკურთხეველში ვტრიალებდი, ეგანიცადესე რომ გალობდნენ, მიმიხმო, ლოცვები გამომკითხა, ჯვარი მაჩუქა და მამას უბრძანა სასწავლებელში თავის დროზე შეიყვანეო.ე (26, 70). ამ შეხვედრამ განსაზღვრა ჭაბუკი კალისტრატეს მომავალი. 1875-1882 წლებში კალისტრატე ცინცაძე სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში იმ დროს მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობილება სუფევდა, მაგრამ ქალაქში გამოდიოდა ჟურნალები: "ივერია," "დროება". აქ მოღვაწეობდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი. ეროვნული სულისკვეთების მაცოცხლებელი სიო სემინარიელებთანაც აღწევდა. აქ იგი მეგობრობდა ალექსი გიორგაძესთან (მიტროპოლიტი ანტონი), იეროთეოზ აივაზაშვილთან, პეტრე ჭარაიასთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან. 1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლალიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში საჯაროდ დაწყევლა ქართველი ერი. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა ეგზარქოსს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლის თანამდებობიდან და გადაასახლა სტავროპოლში, სადაც იგი 1887 წელს მუხანათურად გამოასალმეს სიცოცხლეს... მისი საქართველოში გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის მძლავრი ბიძგი აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ახალგაზრდა სემინარიელი კალისტრატე ცინცაძე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და სამშობლოს ინტერესების ბრძოლა მის სამოქმედო გეგმად იქცა. 1888-1892 წლებში კალისტრატე ცინცაძე სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო აამაღლა სადიპლომო ნაშრომმა ეივერიის ეკლესია სასანიდების პერიოდშიე. 1892 წელს დაამთავრა აკადემია და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში, 1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს - მღვდლად. ქართველი საზოგადოების ყურადღება მიიქცია 1893 წელს განჯიდან თბილისში გადმოსვენებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტთან ახალგაზრდა მღვდლის კალისტრატე ცინცაძის სიტყვამ. აქედან მოყოლებული საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. მის არქივში ინახება საინტერესო ჩანაწერები საქართველოს ეგზარქოსებზე 1898-1917 წლებში, საიდანაც ნათლად ჩანს რუსი ეგზარქოსების ანტიქართული პოლიტიკის მიზნები და საქმიანობა, რამაც ხალხსა და მწყემსმთავრებს შორის სრული გაუცხოება გამოიწვია. მამა კალისტრატე მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა რუსეთის საერო ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია. 1894 წელს ჟურნალ ეპასტერშიე გამოქვეყნებულ ნარკვევში ესაქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაე, მეცნიერულად ასაბუთებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერებას. დეკანოზი კალისტრატე ისტორიკოს სერგო გორგაძესა და დეკანოზ ანტონ თოთიბაძესთან ერთად იყო ავტორი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მართვა-გამგეობის პროექტისა, რომელიც განიხილა და მოიწონა 1906 წელს თბილისში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ.

1917 წლის 12(25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში, საკათალიკოსო საბჭოში. იგი  მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს, მან მეტეხის ციხეში გაატარა 3 წელი. 1925 წლის 31 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით დეკანოზი კალისტრატე აღყვანილ იქნა ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში. მის ეპისკოპოსად კურთხევას დაესწრნენ ეპისკოპოსები: მელქისედეკ ალავერდელი, სტეფანე ბოდბელი, პავლე წილკნელი.

უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ ამ სიტყვებით მიმართა მას: ედღეს შენ მიიღე უმაღლესი ღირსება და ხარისხი, გუშინ კი მიეცი ღმერთს აღქმა, რომ იშრომო და იმოღვაწეო ამ ხარისხში თავგანწირულად. მოგილოცავ ამ ხარისხს და გისურვებ ზიდო იგი აღთქმისამებრ ღირსეულად, მოგეტანოს ჩვენი დედა ეკლესიისათვის ის სარგებლობა, რომელსაც ის მოელის შენგან. ამის გარანტია გვაქვს ჩვენ წარსულს შენ საქმიანობაში. შენი მოღვაწეობა დაიწყო ჩვენი ეკლესიის მონობის ჟამს, მაშინ, როდესაც მის ბედ-იღბალს განაგებდნენ რუსეთის სინოდი და მისგან დაყენებულნი ქართული ენის არამცოდნე ეგზარქოსები. შენ იმ მონობის ჟამს ემსახურებოდი ეკლესიურ ავტოკეფალური უფლებების აღდგენას, წერდი ავტოკეფალიის შესახებ წერილებსა და წიგნებს. მივაღწიეთ ეკლესიის თავისუფლებას და ამ დღიდან შენი შრომა და ღვაწლი ეკლესიის საკეთილდღეოდ ყველამ კარგად იცის... დღიდან საკათალიკოსო საბჭოს დაარსებისა შენ იყავი მისი მუდმივი, სამივე კრების მიერ არჩეული წევრი და უმთავრესი პასუხისმგებელი მუშაკი, რისთვისაც ბევრი დაუმსახურებელი უსიამოვნებებიც განგიცდია. ბოლო ხანებში, როცა ჩემი ჯანმრთელობა შეირყა იმდენად, რომ ინტენსიური მუშაობა აღარ შემეძლო, იძულებული შევიქენ მომეძებნა საიმედო თანაშემწე, ჩემი ყურადღება შენ მიიპყარი, როგორც ეკლესიის ერთგულმა და მისთვის თავდადებულმა მუშაკმა, ხოლო თხოვნა, რომლითაც მოგმართე, იყო არაჩვეულებრივი, მიგეღო მღვდელმთავრის ხარისხი, უარგეყო ოჯახური სიამოვნება... ბოლოს ავღნიშნავ იმას, რომ მშობელი ეკლესია თქვენ გაჯილდოებს მიტროპოლიტის პატივით. აქ გმართებს კეთილგონიერება, თავმდაბლობა, განდიდების სურვილის უარყოფა. დიდია შენგან მიღებული ღირსება და პატივი, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ის იწროება, შრომა, ვაება და წყენა, რომელიც შენ მოგელის. აქ საჭიროა მოთმინებით ატანა ყველა იმისა, რაც ეკლესიის კეთილდღეობისათვის უსიამოვნება შეგხვდება ცხოვრებაში. რამდენად ამაღლდები იმდენად უფრო მეტად უნდა დამდაბლდე, აქ არის ნამდვილი სულიერი სიმაღლე.ე (26, 20).

ეპისკოპოსმა კალისტრატემ აღნიშნა: "მოგეხსენებათ, რომ წესი მღვდელმთავრად განმზადებულის განცხადებისა შეიცავს საჯაროდ თქმულს აღსარებას, მიბოძეთ, მეც აღვიარო სამღვდელო და საერო დასთა წინაშე გულისა ჩემის ზრახვანი! ვინც მიცნობს, უეჭველად იცის, რომ მღვდელმთავრობაზედ აზრი არც თავში მომსვლია და არც გულში გამივლია: ჩემი მოღვაწეობის სარბიელი ჩემი ძალღონისთვის საკმაო და ფრიად ვრცელიც იყო. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენი ეკლესიის გულშემარტკივართაგან, რომელთა შორის პირველი თქვენ ბრძანდებით, უწმიდესო მამამთავარო, თითქმის ყოველდღე მესმოდა, იტვირთე ჯვარი მძიმე მღვდელმთავრისაო, ყველას მოკრძალებითა და უარით გისტუმრებდით. რათა, რისთვის?.. დიდი მოციქული პავლე ხომ ბრძანებს: უკვე ვინმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილ საქმეს გული ეტყვისო. დიახ, ამას ბრძანებს წმიდა მოციქული, მაგრამ თვითვე დასძენს, ჯერ არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ... სწავლულ... მყუდრო, უღალველ... აღნიშნული თვისებები განა ამშვენებენ წინაშე თქვენსა მდგომარესა?.. განა ამ თვისებათა უქონლობას არ უჩიოდნენ და ამის გამო არ ერიდებოდნენ მღვდელმთავრობას კაცთა შორის ბუმბერაზნი. ათანასე ალექსანდრიელი და ბასილი კესარიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი?... მათთან შედარებით რას წარმოადგენს თქვენს მიერ მღვდელმთავრად განმზადებული?.. მტვერს, ფერფლს და ნაცარს... იყო მეორე მიზეზიც: ბევრმა აქა მყოფმა იცის, რომ 33 წლის განმავლობაში ჩემი უერთგულესი მეგობარი და ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი უცხო და შორეული ერის შვილია, რომ ჩემი გულისათვის, მან დასთმო დედა და მამა, დანი და ძმანი, სამშობლო მხარე და მეგობარი, მომენდო მე, შეიყვარა და შეითვისა ჩემი ერი და ჩემი ეკლესია, საუკუნის მესამედის მანძილზე იზიარებდა ჩემს ლხინსა და უფრო ხშირად ჭირს და ერთხელაც არ მოუყენებია ჩემთვის უსიამოვნების აჩრდილიც კი... ნუთუ შემეძლო მე განვშორებოდი ასეთ ადამიანს, რასაც მოითხოვს საეკლესიო კანონმდებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უკვე შესულია მოხუცებულობაში და დღედაღამ თავს დასტრიალებს ბოროტის სენით შეპყრობილ ჩემს ასულს? არა, და არა ათასჯერ: იყო სხვა მიზეზიც - როგორ შეხვდებოდა ჩემს მღვდელმთავრობას საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებული, თბილისის სამღვდელოება, რომელთანაც ისე ვარ არსებითად დაკავშირებული, რომ მის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი, თბილისის მორწმუნე ერი, რომელთა შორის ვიქცეოდი სამი ათეული წელიწადი, და ჩვენი ეკლესიის უზენაესი ორგანო საკათოლიკოსო საბჭო?... ეს ჩემთვის გამორკვეული არ იყო... მაშ, რამ, ან ვინ გამაბედვინა მოსვლა წინაშე თქვენსა? ერთის მხრივ, მოციქულთა შორის თავმა, რომელიც იტყვის: ძალი უფლისა უძლურებას შინა სრულ იქნებისო, მეორეს მხრივ, ჩემი ცხოვრების თანამგზავრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიისადმი სიყვარულმა და უზომო პატივისცემამ - გაიგო თუ არა ჩვენი ეკლესიის გულშემატკივართა ბეჯითი სურვილი, მან გადმომცა: თუ მშობელი ეკლესია მოითხოვს შენგან ახალ პირობებში სამსახურს, შენ, თანახმად მაცხოვრის მცნებისა, უნდა დაუტოვო ცოლიცა და შვილიც, აღიღო ჯვარი თვისი და შეუდგე უფალსა: რომელი არა ივიწყებს ცის მფრინველს და ველის შროშანთა, არა მოგვაკლებს თავის მოწყალებას ჩვენ... ამასთან ერთად გამოირკვა, რომ საქართველოს ეპისკოპოსთა კრებული, მორწმუნე ერი და საკათალიკოსო სახლი ჩემ მიერ დაუმსახურებელი თანაგრძნობით შეეგებენ თქვენი უწმიდესობის სურვილს, ხოლო თბილისის სამღვდელოება სრულ ნდობასა და თავდადებულ თანამშრომლობას აღუთქვამს ჩემს უღირსებას. რა უნდა მექნა ყოველივე ამის შემდეგ თუ არა მოვსულიყავი წინაშე თქვენსა და სიმდაბლით მომეხსენებინა: მორჩილ ვარ ბრძანებას თქვენისა და არა რას მცირესა წინააღმდეგობასა ვიტყვი, გარნა ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩემს თავს ვთვლიდე სავსებით განმზადებულად მღვდელმთავრობისათვის: მე კიდევ ვსასოებ თქვენს ბრძნულ რჩევასა და დარიგებას, ხელმძღვანელობასა და განსაკუთრებით ლოცვა ვედრებასა. ამისთვის კადნიერებით გთხოვთ: აწ და მარადის ევედრენით მას, რომელი უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულოვანთა აღავსებს გარდამოავლინოს ჩემზედა მადლი სულისა წმიდისა და მომანიჭოს ძალი და სიმხნე წინამდებარისა მსახურებისათვის." (6, 48-50).

უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის გადაწყვეტილებით 1925 წლის 11 ნოემბრიდან ნინოწმინდის მიტროპოლიტი კალისტრატე დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიენიჭა ბარტყულზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა. ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დააკარგვინა ე.წ. ეგანახლებისა და რეფორმების" ჯგუფის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს დავითს (კაჭახიძე) და ქრისტეფორეს (ციცქიშვილი). მათ ახლა იერიში მიტროპოლიტ კალისტრატეზე მიიტანეს. 1926 წლის 9 ნოემბრის საკათოლიკოსო საბჭოს განჩინებით ქუთათელი ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა მაწყვერელად. მან იქ წასვლაზე უარი განაცხადა, "ახალციხეში თუ კარგია, იქ მიტროპოლიტი კალისტრატე გაუშვით, ხოლო 17 დეკემბერს მიტროპოლიტ კალისტრატეს ასეთი წერილი გაუგზავნა: "ცოლიანო მიტროპოლიტო კალისტრატე, შენ თავს დააბრალე რაც მოხდა... შენ თუ მაგ დიდ ადგილზე ხარ, თუ პატენისი (უწმიდესი ამბროსი რ. მ.) კათოლიკოსია, ნუთუ მე ქუთათელი არ უნდა ვიყო, წერე პროკოლები: მე კი ვერაფერს დამაკლებ." (5, 137).

"განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრებმა ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო კრება და მიიღეს გადაწყვეტილება უწმიდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების შესახებ. 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე, "ვინაიდან დავრწმუნდი, რომ ის არევა-დარევა, რომელიც დღეს სუფევს ჩვენს ეკლესიაში, გამოწვეული ყოფილა უმთავრესად ჩემს მიერ მოსაყდრის მოვალეობის აღსრულებით, პატივისცემით ვთხოვ საკათოლიკოსო საბჭოს, აირჩიოს მოსაყდრედ სხვა მღვდელმთავარი და მე გამათავისუფლოს ხსენებული მოვალეობის აღსრულებისაგან." (6, 52).

1927 წლის 12 იანვრიდან იგი გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში რიგით მღვდლად. "ჯერ ამიკრძალეს საკათოლიკოსო საბჭოში მუშაობა, IV საეკლესიო კრებაზე კი მიწვეულ ვიყავი სათათბირო ხმით. "გაკრეჭილ" მღვდლებთან თანაბრად. ამ კრებამ მიიღო მართლმადიდებელ ეკლესიაში უპეცედენტო კანონი, ეპისკოპოსი, თუ იგი ასრულებს მხოლოდ სამრევლო მღვდლის მოვალეობას, წირავს ფილონში, პანაღის გარეშე" - წერდა იგი.

XX საუკუნის 30-იან წლებში შიდასაეკლესიო დაპირისპირებაც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ძალიან რთულ პირობებში უხდებოდათ ქართველ სამღვდელოებას, მაღალ იერარქებს საქმიანობა. 1931 წლისათვის 1450 მოქმედი ეკლესიიდან დახურული იყო 1100-ზე მეტი, 1600 სასულიერო პირიდან რეპრესიებს, დევნა-შევიწროებას გადარჩენილი იყო 300-მდე სასულიერო პირი. ამ ურთულეს პერიოდს ეხება მიტროპოლიტ კალისტრატეს უბის წიგნაკის ჩანაწერი: "ძველად სამღვდელოება იყო ინტელეგენცია, მაღალი შეგნებული მოწინავე წრე, იგი ხელმძღვანელობდა ხალხს განათლების საქმეშიც და სხვა საზოგადოებრივ საქმეშიც... ჩვენ ახლა ხალხს ვესაჭიროებით მხოლოდ საეკლესიო წესის აღსრულებისათვის... მთავარია როგორმე სიცოცხლე შევინარჩუნოთ, როგორმე ეკლესიები დანგრევას გადავარჩინოთ, როგორმე სარწმუნოება შევინარჩუნოთ." (6, 53). კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ ამიტომ იგი მას წერდა: "ძმაო და მეუფეო კალისტრატე, ძალიან უხერხულია, რომ თქვენ მხოლოდ სამრევლო მღვდლის თანამდებობაზე გსურთ დარჩენა ქაშუეთში. გთხოვთ შემატყობინოთ თქვენი აზრი, დათანხმდებით თუ არა მიიღოთ მართვა-გამგეობაში რომელიმე ეპარქია?" (6, 54). მაგრამ მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა, ასევე არ მიიღო საკათალიკოსო სინოდის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება. ერთი სიტყვით, იგი განზე გადგა (იძულებით). მიტროპოლიტმა დავითმა 1928 წლის 14 მაისს ბოდიში მოიხადა კალისტრატეს წინაშე. "კალისტრატეზე გაჯავრებული ვიყავი და ასე იმიტომ ვიქცეოდი, სინამდვილეში მღვდელმთავართა შორის პირველ ადგილზე ვაყენებ, მე მისთვის ცუდი არ მინდა პირველი ვეამბორევი "ქრისტე არს ჩვენ შორის" განაცხადა ქუთათელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

კალისტრატე ცინცაძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის აშენებისა. 1906 წელს გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია "Историч. справка по вопросу об автокефальности Грузин. церкви." რომელიც ქართველი ავტოკეფალისტების მეცნიერულ მტკიცებულებად იქცა. მასვე ეკუთვნის "შენიშვნები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან," "ვეფხისტყაოსნის ისტორიული ღირებულებანი," "ნიკიფორე ჩოლოყაშვილი," "ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია," "ივერიის საეკლესიო წესი." "ქართული ოდიკისათვის," მისი შედგენილი იყო საქართველოს ეკლესიის კალენდრები 1930-1952 წლებში. მრავალმხრივი განათლება, კვლევის ნიჭი და ორიგინალური წერის და დასაბუთების სტილი ყველასგან გამოარჩევდა მის ნაშრომებს. ამიტომ იყო, რომ მას დიდ პატივს სცემდნენ პროფესორები ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ჯანაშია, ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები.

1932 წლის 10 იანვარს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი ქრისტეფორე III, წმიდა სინოდის საგანგებო სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ კალისტრატეს გამორჩევის შესახებ. მისმა შეურიგებელმა ოპონენტმა მიტროპოლიტმა დავით კაჭახიძემ განაცხადა: "შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანი ყველაფერს მისი მსოფლმხედველობისას არ იზიარებდეს, მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ იგი ჩვენ შორის პირველია თავისი ჭკუით, ცოდნით, განვითარებით, საქმიანობით, გამოცდილებით." (6, 61) 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის VI კრებამ მიტროპოლიტი კალისტრატე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას პატრიარქის მძიმე ტვირთის ზიდვა მოუხდა 1932-1952 წლებში. აღესრულა 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე)

ეპისკოპოსი პავლე, ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1888 წლის 1 მაისს იმერეთის სოფელ ხრეითში (შორაპნის მაზრა). იგი ბავშობიდანვე გატაცებული იყო სასულიერო წიგნებით, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის სურვილით, სხვადასხვა მონასტრებში იყო მორჩილი, წიგნის მკითხველი. ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1906 წელს, გაემგზავრა ათონზე, სადაც 1907 წლის 18 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. 1910 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში.

1918 წლის 26 იანვარს წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა პავლემ საბუთები შეიტანა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მისი მასწავლებლები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გრიგოლ წერეთელი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ჩუბინაშვილი. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისში შემოვიდნენ, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო სიწმიდეების შეურაცხყოფა. მღვდელმონაზონმა პავლემ მიატოვა უნივერსიტეტი და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ დაბრუნდა. იგი ამხნევებდა მრევლს და ცდილობდა მათში სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულის შენარჩუნებას. ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოსვლამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, საეკლესიო განძი და სიწმინდეები სასწრაფოდ განერიდებინათ თბილისიდან. კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ არქიმანდრიტ პავლეს და ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) დაავალა ქუთაისში გაჰყოლოდნენ განძს და დაებინავებინათ იგი ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში. ბოლშევიკებმა ერთი სულმოკლე ადამიანის მეშვეობით მიაგნეს განძს, ამოიღეს და დაიტაცეს. არქიმანდრიტი პავლე 1924 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გასამართლებულ იქნა. ბრალდების შინაარსი ასეთი იყო - რატომ არ აცნობა მან საბჭოთა ხელისუფლებას განძეულის ადგილსამყოფელის შესახებ. არქიმანდრიტმა პავლემ სასამართლოზე განაცხადა, რომ იგი ასრულებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი ლეონიდეს ლოცვა-კურთხევას და იცავდა პატრიარქისათვის მოცემულ სიტყვას განძეულის ადგილსამყოფელის საიდუმლოდ შენახვის შესახებ. სასამართლომ მას პირობითი სასჯელი შეუფარდა.

1924 წლის 18 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებს გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს¬ მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე. ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: დავითი (კაჭახიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი), სიმეონი (ჭელიძე), მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვე¬ტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი პავლე იყო გაწონას¬წორებული, მიუკერძოებელი სასულიერო პირი.  ის არ იზიარებდა იმ სასულიერო პირების პოზიციას, რომელნიც აკრიტიკებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრებულ წევრებს ბოლშევიკურ ხელი¬სუფლებასთან კონფრონტაციის გამო. ეპისკოპოსი პავლე არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო¬ ამ დიდი ტვირთვის ზიდვა. 1926 წლის 11 ივლისს იგი ნინოწმინდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიმართავდა: "უმორჩილესად გთხოვთ, საავადმყოფოდან განთავისუფლებამდე უპატრონოთ წილკნის ეპარქიას." მართალია, იგი საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ ავადმყოფო¬ბამ კვლავ იმძლავრა და 1927 წლის ივნისში კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ს კვლავ სთხოვა სამი თვით შვებულება.

1928 წლის 26 მარტს საკათოლიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსის პავლეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად გამწესების შესახებ. სოხუმის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე. 1928 წლის 24 სექტემბერს ეპისკოპოსმა პავლემ განცხადებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ს. "რადგან აქაური ჰავა ჩემს სხეულში დაბუდებულ მალარიას თანდათანობით პროგრესულ ხასიათს აძლევს, ასეთ მდგომარეობაში ნათელია, რომ მე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ენერგიულად შრომას მოკლებული ვიქნები. ამას ვერ შეურიგდება აღნიშნული ეპარქიის ფრიად რთული მდგომარეობა. უმორჩილესად გთხოვთ წილკნელად დაბრუნებას თუ ამაზე თანახმა იქნება სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, ეპისკოპოსი ეფრემი." (33, 1549). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო სინოდი ყველაფერს აკეთებდა ეპისკოპოს პავლეს მდგომარეობის შემსუბუქებისათვის. დააბრუნა სვეტიცხოველში, სადაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ახერხებდა თავისი მრევლისათვის გაეწია სულიერი შემწეობა. მრევლს განსაკუთრებით უყვარდა იგი, აფასებდა მის სიწმინდესა და უბრალოებას. 1928 წლის მარტში, როდესაც მრევლმა შეიტყო მეუფე პავლეს სოხუმში გადაყვანის ამბავი, საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს. "ყოვლადსამღვდელო ტაძრის მნახველთა დარბაისელი მიმღებია და სიძველეთა საუცხოო ამხსნელი, რითაც ძვირფასი შთაბეჭდილებებით ბრუნდება ხალხი. იგი მრევლისათვის ჭეშმარიტი მოძღვარია. მეუფე პავლე თავისი წმინდა ცხოვრებითა და მამაშვილური მოქცევით ყველასათვის თანასწორად ნუგეშის მომცემია... ჩვენთვის წარმოუდგენელია სვეტიცხოვლის ტაძარი მის გარეშე, უმორჩილესად გთხოვთ, იგი უკან დააბრუნოთ, რადგან ეს დიდებაა სვეტიცხოვლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკანასკნელად ვეტყვით მეუფე პავლეს, რომ იგი უკანვე დაუბრუნდეს მისგან დაობლებულ მცხეთას და იქ დაამთავროს დღენი თვისი ცხოვრებისა, თუ ამაზე უარს იტყვით, ჩვენ ყველანი სასოწარკვეთილებას ვეძლევით." (33, 1549). კითხულობ ამ წერილს და ფიქრობ, თუ რა დიდი ძალა აქვს ღვთის სამსახურში პირნათელ ცხოვრებას, მისი მადლი დამამშვიდებლად განეფინება მრევლს. ბოლშევიკური ტერორის, შიშის ატმოსფეროში მათთვის სვეტიცხოველი, მეუფე პავლე იმედის, რწმენის და სიმშვიდის მომნიჭებელი იყო. მართალია, ეპისკოპოსი პავლე დაბრუნდა სვეტიცხოველში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929 წლის თებერვალში იგი სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 1929 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. 4 ნოემბერს შეიკრიბა საკათოლიკოსო სინოდი, რომელსაც თავმჯდომარეობდა უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III, სინოდმა განაჩინა: 1. ეცნობოს ეპარქიებს ეპისკოპოს პავლეს გარდაცვალების შესახებ. 2. ეთხოვოს მის უნეტარესობას დამკრძალავი კომისიის შედგენა. 3. აღიძრას შუამდ-გომლობა ხელისუფლების წინაშე განსვენებულის ანდერძის თანახმად, სვეტიცხოველში დაკრძალვის შესახებ. 4. წილკნის ეპარქიის მართვა დროებით შეითავსოს მიტროპოლიტმა კალისტრატემ.

1929 წლის 10 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ წესი აუგო განსვენებულ ეპისკოპოს პავლეს, რომელიც დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში, როგორც მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღნიშნა: "ეპისკოპოსი პავლე გამოირჩეოდა ქადაგების ნიჭით მოექცია ხალხი ეკლესიაში, განუსხვავებლად წლოვანებისა, სქესისა, განათლებისა და განუსხვა-ვებლად რჯულის მიმდევრობისა, იგი იყო სულში ჩამწვდომი მქადაგებელი, შეუბღალავი სუფთა ცხოვრების ადამიანი." განსვენებულის საფლავის ქვა წესრიგში მოიყვანა წილკნელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია). მის საფლავის ქვაზე ყოველთვის ეწყო ცოცხალი ყვავილები მრევლისაგან არდავიწყებისა და სიყვარულის ნიშანი.
----------------------------------------------------------------------------

დამოწმებული ლიტერატურა

1. სერგო ვარდოსანიძე "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობმელები", თბილისი, 2004 წ.

2. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II", თბილისი, 1994 წ.

3. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე", თბილისი, 2000 წ.

4. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი", თბილისი, 2009 წ.

5. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III", თბილისი, 2009 წ.

6. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე", თბილისი, 2009 წ.

7. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II", თბილისი, 2007 წ.

8. სერგო ვარდოსანიძე "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001 წ.

9. სერგო ვარდოსანიძე "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II", თბილისი, 2008 წ.

10. სერგო ჯორბენაძე "ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა", თბილისი, 1984 წ.

11. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბილისი, 1990 წ.

12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი, 2009 წ.

13. გიორგი ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, "დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მოგონებები."

14. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი.

15. საქართველოს საპატრიარქო არქივი.

16. ავთანდილ ნიკოლეიშვილი "გაბრიელ ეპისკოპოსი", ქუთაისი, 1990 წ.

17. მელიტონ კელენჯერიძე "გაბრიელ _ ეპისკოპოსი იმერეთისა", თბილისი, 2006 წ.

18. ილია ჭავჭავაძე "თხზულებანი", თბილისი, 1984 წ.

19. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე ეპისკოპოსის ფონდი.

20. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მელიტონ კელენჯერიძის ფონდი.

21. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეპისკოპოს კირიონის ფონდი.

22. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თედო ჟორდანიას ფონდი.

23. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი სხვადასხვა.

24. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი.

25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ამბროსი ხელაიას ფონდი.

26. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი.

27. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კორნელი კეკელიძის ფონდი.

28. საქართველოს საპატრიარქო არქივი.

29. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პიროს ოქროპირიძის ფონდი.

30. საქართველოს საპატრიარქო არქივი. ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმე.

31. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის საქმე.

32. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ფონდი.

33. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის ფონდი.

34. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი.

35. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ იოანე მარღიშვილის ფონდი.

36. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მთავარეპისკოპოს იოანე ანანიაშვილის ფონდი.

37. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის ფონდი.

38. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი.

39. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს ტარასი კანდელაკის საქმე.

40. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ილიას ფონდი.

41. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი.

42. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი.

43. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტ: I, II, III, თბილისი, 1997 წ. 2008 წ.

44. ჯემალ გამახარია "წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.

45. ნუგზარ პაპუაშვილი "ამბროსი ხელაია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში", თბილისი, 2005 წ.

46. ეპისკოპოსი კირიონი "ივერიის კულტურული როლი რუსეთის იმპერიის ისტორიაში", თბილისი, 2009 წ.

47. იოსებ მეგრელიძე "ექვთიმე თაყაიშვილი", თბილისი, 1989 წ.

48. სარგის კაკაბაძე "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წ.წ.", თბილისი, 1997 წ.

49. ჯემალ გამახარია "წმიდა ამბროსი აღმსარებელი და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.

50. კალისტრატე ცინცაძე "ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია ტფილისში", თბილისი, 1994 წ.

51. ვაჟა კიკნაძე "ცხოვრება და ღვაწლი პეტრე კონჭოშვილისა", თბილისი, 2003 წ.¬

52. კათოლიკოსი ამბროსი, კრებული შეადგინა ედიშერ გიორგაძემ, თბილისი, 1999 წ.

53. ჟურნალი "მწყემსი".

54. ამბერი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", ჟურნ. "განთიადი", 1916 წ. 5. IX.

55. გოჩა საითიძე "წამებული მშობელი ქვეყნისა და ეკლესიისათვის", "ისტორიანი", თბილისი, 2000 წ.

56. ზინობი ჟვანია "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან", ქუთაისი, 1994 წ.

57. იაკობ გოგებაშვილი "თხზულებანი", ტ. II, თბილისი, 1954 წ.

58. ჟურნალი "საღვთისმეტყველო კრებული", თბილისი, 1987 წ. N3.

59. მარინა შავიანიძე "მიტროპოლიტი ნუემი", ქუთაისი, 2006 წ.

60. ჟურნალი "ჯვარი ვაზისა".

61. გაზეთი "მადლი".

62. კრებული "მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე", თბილისი, 2000 წ.

63. გაზეთი "ქიზიყი".

64. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე "დედა ეკლესია", თბილისი, 1996 წ.

65. კრებული "მეცნიერება და სარწმუნოება", თბილისი, 2005 წ.

66. დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა "სუჯუნის ეკლესია", 2009 წ.

67. ჟურნალი "კრიალოსანი".

68. გაზეთი "საქართველოს საპატრიარქო უწყებანი".

69. ხობისა და ფოთის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს სხდომათა ოქმები.

70. ეპისკოპოსი ზოსიმე "ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა", თბილისი, 1997 წ.

71. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე "მოგონებანი", თბილისი, 2006 წ.

72. ჟურნალი "ფუძნარი".

73. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წ.

74. საქართველოს ისტორია XX საუკუნე. პროფ. ვახტანგ გურულის რედაქციით, თბილისი, 2003 წ.

75. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის არქივი.

სერგო ვარდოსანიძე
"ქართველი მღვდელმთავრები" (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ.


 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:19)