ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)
მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე)
მიტროპოლიტი მელქისედეკი, ერისკაცობასი მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, დაიბადა 1872 წლის 2 ნოემებრს, სიღნაღის მაზრის სოფელ ზემო ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები, გაუჭირდა როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა, წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და 1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს სემინარიაში სწავლობდნენ სილიბისტრო ჯიბლაძე, ლადო კეცხოველი და სხვა მომავალი რევოლუციონერები. ხშირი იყო დაპირისპირება სემინარიის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის. ახალგაზრდა მიხეილი არ ერთვება ამ პროცესში. გულმოდგინედ მეცადინეობს და სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ყაზანის სასულიერო აკადემიაში, მეგობრობს ქართველ სტუდენტებთან: ბესარიონ ხელაიასთან, სერგი გორგაძესთან, იპოლიტე ვართაგავასთან.
1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად. 1902 წლის 26 იანვარს გადაყვანილ იქნა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია. 1915 წლის 15 მაისს ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია. 1915 წლის 31 მაისს აკურთხეს მღვდლად. 1917 წელს ივნისში იგი ბრუნდება საქართველოში. დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ფონდში ინახება მისი წერილი: "დიდად პატივცემულო მამაო ნიკიტა მალაქისაძევ, დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. მე ისე არ მიჭრის ენა და მოსაზრება, როგორც შენ, რომ ღირსეულად გამოვთქვა მადლობა, ამიტომ გთხოვ, მიიღო ეს უბრალოდ გამოთქმული მადლობა. მე დიდად მადლობელი ვარ იმათი, ვინც ასე დაჟინებით მეძახის სამშობლოში დაბრუნებას. მღვდელი მიხეილ ფხალაძე 1917.31/VI." (13, 02599). 1917 წელს იგი დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1918 წლის 21 ნოემბერს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1920-1922 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად. 1925 წლის ოქტომბერში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად მელქისედეკი. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, იგი აკურთხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს ალავერდის ეპარქია.
ურთულეს პირობებში უხდებოდა მას ეპარქიაში საქმიანობა. ანტირელიგიური პროპაგანდა, სასულიერო პირების მიმართ ძალადობა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა-რბევა _ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ დროს ალავერდის ეპარქიაში შედიოდა თიანეთის ოლქი. 1926 წლის 13 დეკემბერს მას ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის სოფელ საყდრიონის ეკლესიის მოლარე ქიტესა ნადიბაიძე: "თქვენი მოწერილობის თანახმად, საყდრიონის ეკლესიაც გადაეცა სოფელ მელიასხევის მღვდელ ალექსი წიკლაურს, რომელმაც ტაძარი უნდა გადაიბაროს მღვდელ თეთრაძისაგან. თეთრაძემ განაცხადა, უნდა თავი დავანებო მღვდლობას ხალხმა მითხრა, აღარ გვინდიხარ აღარაფერს არ მოგცემთო." (28, 1784). ეპისკოპოსი მელქისედეკი მხარს უჭერდა უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის და უპირისპირდებოდა "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრებს. 1927 წლის 17 ოქტომბერიდან იგი ცხუმ-აფ¬ხაზეთის ეპარქიის მმართველია. 1928 წლის 24 მარტიდან იწოდებოდა წილკნელად, მაგრამ, ვინაიდან ეპარქიაში თითქმის აღარ იყო დარჩენილი მოქმედი ეკლესიები, გადმოყვანილ იქნა თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად.
1935 წლის 2 იანვარს უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მიენიჭა მიტროპოლიტობა და კვლავ გაიგზავნა ცხუმ-აფხაზე¬თის ეპარქიაში, სადაც ყოველთვის რთული ვითარება იყო. 1937 წლის 2 მაისს მიტროპოლიტ მელქისედეკს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნია უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატესათვის: "მორჩილებით მოვახსენებ თქვენს უწმიდესობას, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში უმღვდელოდ დარჩენილია სამი დიდი სოფელი და ახალი სასაფლაოს ეკლესია სოხუმში. თქვენს უწმიდესობას მოვახსენე, რომ შესაფერისი კანდიდატების უყოლობის გამო ახალი მღვდლის კურთხევა შეუძლებელი გახდა. ამის გამო დიდ გაჭირვებას განვიცდი." (28, 1784). ამას დაემატა 1937 წლის 9 ოქტომბერს დეკანოზების სვიმონ გიგინეიშვილისა და ელიზბარ ანჩიბაძის დაპატიმრება. ამის შესახებ მოახსენებდა მიტროპოლიტი მელქისედეკი უწმიდეს კალისტრატეს: "გულისტკივილით მოგახსენებთ, რომ ჩემი ეპარქი¬ის სოფლებში მღვდლები აღარ არიან, ყველანი დაატუსაღეს. დავრჩი მარტო მე ორი მღვდლით სოხუმში. ჩვენც ვგონებ, აღდგომის შემდეგ მოგველის ლიკვიდაცია. ამასთან მოგართმევთ: 1. პირს ჩემი სამღვდელოებასთან თათბირის ოქმს. 2. პირს სოხუმის საბჭოს თავმჯდომარის ეკლესიების გაერთიანებაზე. ადგილობრივი ხელისუფლება მოითხოვდა ქართული, რუსული, ბერძნული, კათოლიკური, პროტესტანტული, ებრაული რელიგიური საზოგადოებების გაერთი¬ანებას ერთ ეკლესიაში. ამასთან დაკავშირებით მეუფე მელქისედეკი ხელისუფლების წარმომადგენლებს წერდა: "გაერთიანება შეიძლება მხოლოდ ქართული, რუსული და ბერძნული ეკლესიების, კათოლიკური, პროტესტანტული და ებრაული მასში ვერ გაერთიანდება. მაშასადამე, ლაპარაკია ქართულ-რუსულ-ბერძნული ეკლესიების გაერთიანებაზე. აქაც საქმე თავისთავად შესრულებულია. ბერძენთა ეკლესიის მღვდელი ორი თვეა რაც დაპატიმრებულია, ბერძნები თავის რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მომართავენ ქართულ ეკლესიას, სადაც ღვთისმსახურება სრულდება ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებზე. ამნაირად საკითხი რჩება ქართული და რუსული ეკლესიებისა, თუ რომელი უნდა გაუქმდეს. ძნელი არ უნდა იყოს ამ საკითხის გადაწყვეტა იმ საზოგადოებრივ მოღვაწეებისათვის, რომელმაც იცის სოხუმში ქართული გაზეთის "საბჭოთა აფხაზეთის" არსებობა, რომელიც დაკვირვებია ამ გაზეთის¬ პირველ ნომერს, რომლის პირველ გვერდზე არის სტალინის დიდი სურათი." (12, 41).
1938 წელს მიტროპოლიტი მელქისედეკი იძულებული გახდა სოხუმიდან დაბრუნებულიყო თბილისში. 1943 წლის 1 აპრილს დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად, 1944 წლის 30 აპრილიდან იგი ითვლებოდა ურბნელად და იყო წინამძღვარი თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიისა. თბილისში ყოფნის დროს მის წინააღმდეგ საერო ხელისუფლებაში¬ სისტემატურად იგზავნებოდა ხელმოუწერელი საჩივრები, რა ბრალდებებს არ უყენებდნენ მას. შესაძლოა ამის მიზეზი იყო უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ მელქისედეკის გამორჩევის შესახებ. მისადმი გაგზავნილ წერილში უწმიდესი კალისტრატე წერდა: "გთხოვთ, ჩემს მიერ აღებულ გეზსა და მიმართულებას ნუ შეცვლით, ეს არ ივარგებს, ეკლესიისა და პირადად თქვენთვისაც იქნება საზიანო. ჩემი დამარხვის შემდეგ დაუყოვნებლივ დაამტკიცეთ ქაშუეთის წინამძღვრად ყოვლადსამღვდელო დიმიტრი, იქონიეთ მასთან ძმური კავშირი და ყური ათხოვეთ მის რჩევებს. ფრთხილი და ჭკვიანი კაცია, შემინდე თხოვნისა და დავალებისათვის, ვევედრებით უფალს, შეგვეწიოს სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში." (6, 90). მიტროპოლიტი მელქისედეკი იყო მრავალმხრივი განათლების სასულიერო პირი. მან ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს "ისტორია," არიანეს "ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა." ამავე დროს, იყოს ფიცხი და მკაცრი ბუნების კაცი. 1952 წლის 5 აპრილს იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს, 17 იანვარს დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძარში.
მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე)
მიტროპოლიტი სვიმეონი, ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე, დაიბადა 1875 წელს რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფ. ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. იმ დროს თბილისის სემინარიაში უკვე იყო სერიოზული დაპირისპირება მარქსისტულად განწყობილ ახალგაზრდებსა და მორწმუნეთა შორის, ხშირად ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი. სემინარიელმა სილიბისტრო ჯიბლაძემ სასტიკად სცემა სემინარიის რექტორი. ახალგაზრდა სიმონმა 1893 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ 1898 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში, სადაც აკურთხეს მღვდლად. 1900 წელს იგი დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1912 წელს დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი რაჭას ესტუმრა. ყველა სოფელში, სადაც მგოსანი გაივლიდა, იყო ხალხმრავლობა და საზეიმო განწყობა, ყველას სურდა ახლოს ენახა დიდი ქართველი პოეტი და გამოეხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ. მღვდელ სიმონ ჭელიძეს აკაკისათვის გამართულ ერთ-ერთ სუფრაზე უთამადია და ამ სიტყვებით მიუმართავს მისთვის: "თქვენი ცხოვრების წარსული და აწმყო ნებას მაძლევს გონების თვალით გადავხედო იმ დროს, როდესაც მაცხოვარი წაესწრო გალილეის ტბაზე მებადურ ებრაელებს და მათგან აირჩია მოციქულები. მაღალი სწავლა ქრისტიანობისა მოციქულებად მოითხოვდა ისეთ პირებს, რომელთაც უნდა უარეყოთ ყოველივე სოფლიური და მთელი არსებით შესდგომოდნენ ქრისტეს სახარების გავრცელებასა და განმტკიცების საქმეს. მოციქულებმა ზედმიწევნით შეასრულეს ღვთაებრივი მასწავლებლობა, როდესაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მოჭირნახულევ, წამოიზარდეთ და შესძელით საღი გონებით გემზირათ ქვეყნისათვის, ქვეყნის მაცხოვარმა ძვირფასმა სამშობლომ თითქოს მოგმართა მაცხოვრის აღნიშნული სიტყვებით, რომ მისი სიყვარულისათვის ყოველივე ამქვეყნიური დაგეტოვებინათ. თქვენ, როგორც ზეგარდამო მადლით განგრძნობილმა მოციქულმა საქართველოს დიდებისამ, კიდეც შეასრულეთ დიდმნიშვნელოვანი მოწოდება სათაყვანებელი სამშობლოსი: დაუტოვეთ მამა, დედა, ცოლი, ძე და ასული, აღიღეთ ჯვარი სამშობლოს მსახურებისა და ნახევარ საუკუნემდე მეტი დაუღალავად ატარებთ მას თქვენდა სასახელოდ და ჩვენდა სასიქადულოდ. დღეს პირნათლად და მოციქულებრივი ბრწყინვალებით დგახართ ქართველი ერის წინაშე შემკობილი უკვდავების გვირგვინითა, რომლის ძარღვს და ფოთლებს შეადგენს უსაზღვრო სიყვარულის გრძნობა მამულისა თავისი უსაყვარლესი შვილისადმი." (56, 70).
1923 წლის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) სვიმეონი აკურთხა ეპისკოპოსად. მეუფე სვიმეონს ურთულეს პერიოდში მოუხდა ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება. ამ დროს საქართველოში ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მიმდინარეობდა ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა, საეკლესიო სიწმიდეთა განადგურება. დაპატიმრებული იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა, დაპატიმრებული იყო კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში დაპატიმრებას გადარჩენილ სხვა მღვდელ¬მთავრებთან ერთად (ეპისკოპოსი ქრისტეფორე, დავითი, ნესტორი) საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს საკათალიკოსო საბჭომ უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიიღო გადაწყვეტილება ქუთათელი ეპისკოპოსის დავითის მაწყვერელად გადაყვანისა და ქუთათელად ეპისკოპოს სვიმეონის დანიშვნის შესახებ, თუმცა მეუფე დავითი არ დაეთანხმა საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებას. ეპისკოპოს სვიმეონს ვიღაცამ შეატყობინა, რომ შენი ქუთათელობა არ უნდათო და მანაც უსაბუთოდ დაიჯერა ეს ჭორი. გულმოსულმა თბილისში დეპეშა აფრინა - ვწყვეტ საკათოლიკოსო საბჭოსთან ურთიერთობასო. ეპისკოპოს სვიმეონის შეცდომა იყო ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღება და დროებითი მმართველობის წევრად თანხმობის მოცემა. 1927 წელს ეპისკოპოსი სვიმეონი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა მიტროპოლიტ დავითსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ს შორის. საკათოლიკოსო სინოდმა ეპისკოპოს სვიმეონს თავმჯდომარეობით მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ დავითის პენსიაზე გაშვების შესახებ, მაგრამ უწმიდესისა და უნეტარესის, ქრისტეფორე III-ის რეზოლუციით იგი გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედელად, ხოლო ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს 1930 წელს ეპისკოპოს სვიმეონს, რომელიც ამავდროულად აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.
1935 წლის 13 ნოემბერს მძიმე ოპერაციის დროს გარდაიცვალა მიტროპოლიტი სვიმეონი, რომელიც დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, რომელმაც ისაუბრა განსვენებული მღვდელ¬მთავრის ღვაწლზე და პიროვნულ ღირსებებზე. მიტროპოლიტი სვიმეონი რელიგიურ საკითხებზე ბეჭდავდა წერილებს "მწყემსში", "შინაურ საქმეებში", "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში."
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი)
მიტროპოლიტი იოანე, ერის¬კაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი, დაიბადა 1874 წელს გორში. გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1893-1899 წლებში მუშაობდა ჯერ გორის, შემდეგ ყიზლარის ტაძრების საეკლესიო-სამრევლო სასწავლებლებში.
1900 წლის 28 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად იოანე. 1901 წლის 28 იანვარს ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად. 1904 წელს გადაიყვანეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. იქიდან, როგორც წარჩინებული სტუდენტი, გადაყვანილ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1905 წელს. თბილისის სემინარიაში სწავლის დროს იგი დაუახლოვდა ეპისკოპოს დიმიტრის (აბაშიძე), რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა იოანეზე. მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსმა დიმიტრიმ საკმაოდ შეირცხვინა თავი, როგორც ანტიქართველმა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგემ, იოანე მარღიშვილს მასთან ურთიერთობა არასოდეს გაუწყვეტია. ხშირად ხვდებოდა მას რუსეთში. 1910-1914 წლებში იოანე სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1914 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, 1915 წლის 10 აგვისტოდან მუშაობდა გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1915 წლის 29 აგვისტოს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1917 წლის 21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად. 1919 წელს არქიმანდრიტი იოანე სოხუმში მოღვაწეობდა. 1919 წლის 13 სექტემბერს მან საგანგებო წერილით მიმართა სოხუმის ქართულ ეროვნულ საბჭოს: "დღეს ერთი კვირის დევნა-წვალების შემდგომ ვეღირსე სოხუმის საკათედრო ტაძრის ქონების წიგნის გოლუბცოვისაგან ჩაბარებას, რაც თავისთავად უდრის თვით "სობოროს" ხელში ჩაგდებას. ვეთხოვები რა სოხუმის ქართველობას (გადაყვანილ იქნა ოქუმის ოთხკლასიანი სასწავლებლის გამგედ ს.ვ.) მე, როგორც საქართველოს ერთგული მოსიყვარულე შვილი და მასთან სრულიად პირუთვნელი, მოვალედ ვთვლი ჩემს თავს ხმამაღლივ და გულახდილად განვაცხადო, რომ არათუ მიტროპოლიტი ამბროსის, არამედ თვით კათოლიკოს ლეონიდეს და მის ყველა მიტროპოლიტებსაც ერთად რომ დაეკისროს ეპარქიის მოვლა-პატრონობა, მაშინაც კი ვერას გააწყობენ და ვერავითარ კეთილ შედეგს ვერ მიაღწევენ, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ხვალვე არ გაჩნდება აქ და არ ჩაიბარებს იმ ციხე-სიმაგრეს, იმ სამხედრო შტაბს, რომლების გასაღებიც დღეს ჩემს ხელთ არის. თუმც კი მტერი თანდათან უფრო მეტს ენერგიას იკრებს და გაშმაგებულად მეომება. იმ დიდ დავლას, რომელიც მე მარგუნა ბედმა, პატრონობა უნდა, უფრო მეტს დარაზმას სამზადისს მოითხოვს. იარაღის დაყრა დღეს სამშობლოს ღალატად ითვლება. თუ ხვალ-ზეგ მიტროპოლიტი ამბროსი ცხუმის კიდეს ნავით მოადგება მწყემსმთავრული კვერთხით, მაშინ მე ვიწყებ ლიტანიობას, რადგან მით დავრწმუნდები, რომ თვე ნახევრის ფიქრსა და შრომას ამაოდ არ ჩაუვლია." (49, 244).
სულ მალე არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის მოადგილედ. 1920 წლის 1 სექტემბრიდან გურჯაანის სასწავლებლის ინსპექტორია, ხოლო 1921 წლის 15 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ამ სიტყვებით მიმართა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ნაკურთხ მეუფე იოანეს: "მოგილოცავ იმ მადლს სულიწმიდისას და დიდ ხარისხს, რომელიც შენ დღეს მიიღე. გახსოვდეს, რომ ეს არის არა მარტო ხარისხი, არამედ დიდი ჯვარი, რომელიც შენ უნდა ატარო მომავალს შენს ცხოვრებაში... აფხაზეთი მუდამ იყო საქართველოს ნაწილი და მასთან საუკეთესო ნაწილიც ჩვენის მშობლიურის ეკლესიისა. აქ, როგორც გვეუბნება წმ. აბო ტფილელის ცხოვრება, ჰყვაოდა ეკლესიური ცხოვრება. ამის დამადასტურებელია სიმრავლე დიდებულ ნაშთებისა, რომელთაგან ბიჭვინთა, ლიხნი, ფსორცხა, დრანდა, ილორი და ბედია გადაურჩნენ ჟამთა ვითარებას და მტერთა ბარბაროსობას. ეს მხარე დასახლებული იყო ქართველთა მოდგმის ხალხით და ეკლესიური ცხოვრება ძალიან მაღლა იდგა XVII საუკუნის ნახევრამდე, როდესაც აფხაზთა გადმოლახეს გაგრის სივიწროენი და კაპუეტის მდინარე და დაიმორჩილეს მთელი გუდაუთის მხარე, დაიწყო მაჰმადიანობის პროპაგანდა. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა რუსების კავკასიაში დამკვიდრების შემდეგ... შენს ახალ სამწყსოში სამკალი ბევრია და შენგან საქართველოს ეკლესია მოითხოვს თავდადებულ მუშაობას, რომ აფხაზეთში ისევ ძველებურად გაბრწყინდეს ქრისტიანობა, რაშიაც ღმერთი იყოს შენი შემწე." (49, 329-330).
ეპისკოპოს იოანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობის დაწყება მოუხდა რთულ ვითარებაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღარ არსებობდა. ის რუსეთის ბოლშევიკურ საოკუპაციო ხელისუფლებას შეეცვალა. აფხაზეთში ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა რუსეთის ეკლესიის პოლიტიკა. ისინი არ სცნობდნენ კანონიერად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რუსი სამღვდელოება არ ემორჩილებოდა ქართველ მღვდელმთავარს და ეცილებოდა ეკლესია-მონასტრების კუთვნილებაში. ეპისკოპოს იოანეს ბოლშევიკების მანტიაში გამოწყობილი ადგილობრივი სეპარატისტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. ეპისკოპოსი იოანე უწმიდესისა და უნეტარესის, ამბროსისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "ღვთისმსახურების აღსრულების საკითხში მე ვდგავარ თქვენს მიერ აღრჩეულ გზას, რის გამოც საყოველთად მაქვს გამოცხადებული, რომ მე საკათედრო ტაძარში არა ვწირავ იმ დრომდე, ვიდრე მას არ ჩამაბარებენ სავსებით. გარდა ამისა, მე ყოველგვარი ზომები მაქვს მიღებული, რათა ეს საჭირბოროტო საკითხი ჩვენდა სასარგებლოდ გადაწყდეს." (49, 334).
ეპისკოპოსი იოანე თავისი ფრთხილი, გაწონასწორებული პოლიტიკის გატარებით ცდილობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას ეპარქიაში, მას მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ბედიელი ეპისკოპოსის კათედრის აღდგენაც. ამავე დროს ეპისკოპოსი იოანე მიიჩნევდა, რომ ცხუმ-აფხაზეთის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი უნდა ყოფილიყო, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებითაც იყო გათვალისწინებული. ეპისკოპოს იოანეს მიანიჭეს მიტროპოლიტობა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა ეთხოვა სხვა ეპარქიაში გადაყვანა. 1925 წლის 7 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი იოანე განთავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის დროებით მმართველად, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა ეპარქიის მართვა, მას სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. 1925 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის "ვინაიდან რუსეთში ჩემი გამგზავრება პირად გარემოებათა გამო ჩემთვის ამჟამად წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას, გთხოვთ ერთი თვით შვებულებას." საკათოლიკოსო საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ იგი დანიშნეს ურბნისის ეპარქიის მმართველად. ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანიის მიუხედავად, ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო გორის, ოქონის, ბორჯომის იოანე ნათლისმცემლის, ერთაწმინდის წმიდა გიორგის, მოხისის წმიდა გიორგის, ქარელის, ალის წმიდა თომა მოციქულის, ხოვლეს იოანე ნათლისმცემლის, არბოს წმიდა გიორგის, ატოცის, საკირის, ქვიშხეთის, სადგერის, ბაკურიანის, სასირეთის, ხაშურის, ურბნისის, იტრიის, სურამის, ვარძიის, ყვიბისის, ჭობისხევის, დვირის ეკლესიები. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების საფინანსო განყოფილებები დიდ გადასახადებს უწესებდნენ სამღვდელოებას, მაგრამ მოქმედი ეკლესიები ახერხებდნენ ღვთისმსახურების შესრულებას. მიტროპოლიტი იოანე ვერ ახერხებდა ეპარქიაში ყოფნას ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მაგრამ თბილისიდან მართავდა ეპარქიას.
1926 წლის 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია. უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში იგი წერდა: "წარმოვადგენ რა ამასთანავე თქვენი უწმიდესობის წინაშე ჩემს სამაგისტრო დისერტაციას, ყოფილი კიევის სასულიერო აკადემიის 19 პროფესორის მიერ ხელმოწერილ საბუთებს, რომლითაც მე ცნობილი ვარ ღირსად მაგისტრის ხარისხის მიღებისა, უმდაბლესად გთხოვთ, რათა ეს საბუთები განხილულ იქნას საკათოლიკოსო საბჭოს სხდომაზე და მომენიჭოს ღვთისმეტყველების ხარისხი." (35, 308). მიტროპოლიტ იოანეს რუსულად დაწერილი დისერტაცია: "ბიზანტიის იმპერატორების დამოკიდებულება მსოფლიო საეკლესიო კრებებისადმი~ სარეცენზიოდ გადაეცათ საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს - დეკანოზ გიორგი გამრეკელს და ივანე რატიშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის წევრებს. მიტროპოლიტი კალისტრატე კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიტროპოლიტ იოანესათვის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხის მინიჭებისა, თუმცა თვითონ არ ჩანდა. სამაგიეროდ დეკანოზმა გიორგი გამრეკელმა საკათოლიკოსო საბჭოს წარუდგინა მიტროპოლიტ იოანეს ნაშრომზე უარყოფითი დასკვნა, ამიტომ საკათოლიკოსო საბჭომ განაჩინა: "მიტროპოლიტ იოანეს უარი ეთქვას ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხის მიცემაზე." (35, 308). ამ განჩინებამ მიტროპოლიტი იოანე ფრიად გაანაწყენა. უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: "მაშინ, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 9 სასულიერო პირია უმაღლესი სასულიერო განათლებით, მათგან ვინმეს უნდა წაეკითხა დაკვირვებით თხზულება და თუ მშობლიური ეკლესიის წინააღმდეგ რაიმე ცდომილება არ იქნებოდა ძიებული, ხარისხი უნდა მიეცათ."136
კითხულობ ამ წერილებს და გაოცება გიპყრობს - ბოლშევიკური რეპრესიების დროს, როდესაც ანგრევდნენ ეკლესიებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს, ნუთუ სხვა პრობლემა არაფერი იყო - გახდებოდა თუ არა მიტროპოლიტი იოანე ღვთისმეტყველების დოქტორი? მიტროპოლიტმა იოანემ მოითხოვა წარდგენილი ნაშრომის უკან დაბრუნება და ორთვიანი შვებულება, ხოლო თუ ეს არ მოხერხდებოდა სასულიერო სამსახურიდან მთლიანად განთავისუფლება. უსიამოვნებებს უსიამოვნებები დაემატა. გორის ოქონის ეკლესიის მზრუნველი ივანე მეკრავიშვილი და დეკანოზი გიორგი ნასყიდაშვილი მიიჩნევდნენ, რომ მიტროპოლიტი იოანე არ ზრუნავდა ეპარქიაზე... 1926 წლის 1 ივნისს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. 20 ოქტომბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, 3 ნოემებრს კი დანიშნეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტ იოანეს ახალი უსიამოვნებანი ახალ ეპარქიაშიც თან სდევდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოსთხოვა ბათუმის დატოვება. მიტროპოლიტმა იოანემ 18 დეკემბერს კვლავ განცხადებით მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს და ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. 1927 წლის 20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ (ეს ორგანო უკანონოდ შეიქმნა 1926 დეკემბერში ქუთაისში ჩატარებული სამღვდელოების ყრილობის შემდეგ ს.ვ.) გამოიტანა შემდეგი განჩინება: "ეთხოვოს მიტროპოლიტ იოანეს დარჩეს თავის ეპარქიაში და დაესწროს აგრეთვე დროებითი მმართველობის მიერ დანიშნულ სხდომებს." (35, 308). მაგრამ ამ პირობების შეუსრულებლობის გამო იგი 1927 წლის 3 მარტს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მიტროპოლიტი იოანე ორი თვით რუსეთში გაემგზავრა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. საქართველოს ეკლესიას უკვე ახალი პატრიარქი ჰყავდა - უნეტარესი ქრისტეფორე, რომელიც განაწყენებული იყო მიტროპოლიტ იოანეზე, ვინაიდან ყველაზე გადამწყვეტ მომენტში იგი განერიდა საქართველოს. მიტროპოლიტი იოანე წერდა: "უკანასკნელი დროის ჩვენი საეკლესიო ცხოვრება მქუხარე ზღვას დაემსგავსა, ბედმა მომაქცია ორ მებრძოლ ბანაკთა შორის, ხან ერთი მირტყამდა თავში, ხან მეორე, განვიცდი ნივთიერ გაჭირვებას, ლამის პანაღია გავიტანო ბაზარზე გასაყიდად." (35, 308). საკათოლიკოსო სინოდმა უარი უთხრა მას დახმარებაზე და წინადადება მისცა წასულიყო რომელიმე მონასტერში, 1928 წლის 20 ოქტომბერს მიტროპოლიტი იაონე დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ამ დროს ეპარქიაში 42 ეკლესია იყო მოქმედი, მაგრამ სასულიერო პირები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ბევრი მათგანი საერთოდ აღარ ატარებდა ღვთისმსახურებას, მიტროპოლიტ იოანეს ეპარქიაში ბინაც არ ჰქონდა. ამდენმა პრობლემებმა სულ დააუძლურა იგი. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 14 ნოემბერს შეიკრიბა საკათოლიკოსო სინოდის სხდომა. სინოდმა განაჩინა: ა) ეცნობოს ყველას მიტროპოლიტ იოანეს გარდაცვალების შესახებ, ბ) მისი ნეშტი გადმოსვენებულ იქნას სიონში. 16 ნოემბერს საქართველოს მთავრობას მიმართეს თხოვნით, რათა მიეღოთ ოფიციალური ნებართვა განსვენებული მიტროპოლიტის ნეშტი დაეკრძალათ სიონის ტაძრის ეზოში. მიტროპოლიტ იოანეს დამკრძალავ კომისიას ხელმძღვანელობდა დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი. 17 ნოემბერს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ. წესის აგებას ესწრებოდნენ მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპისკოპოსები: იეროთეოზი, მელქისედეკი, ეფრემი. მიტროპოლიტი იოანე დაიკრძალა სიონის ეზოში. საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა აქვს: "ამ ლოდს ქვეშე განისვენებს კეთილი მწყემსის მსახური ღვთისმეტყველების მაღისტრი, მიტროპოლიტი იოანე გიორგის ძე მარღიშვილი, რომელიც თვისთათანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. 1874-1924 წ.წ. ბედით ჩაგრულო მეუფეო და ძმაო გიძღვნი ამ ძეგლს შენის მოულოდნელის სიკვდილით გაოცებული და დამწუხრებული შენი და ნინო.
ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა." (მათე. 5.10).
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი)
ეპისკოპოსი ნესტორი, ერისკაცობაში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, დაიბადა 1853 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხაყრუაში, მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წელს 10 სექტემბრიდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში - ასწავლიდა ძველ და ახალ აღთქმას, კატეხიზმოს, საეკლესიო ტიპიკონსა და არითმეტიკას. 1882 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. 1883 წლის 15 ივნისს ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წლის 19 ივნისს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ, 1884 წლის 7 დეკემბერს მან ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1887 წლის 28 სექტემბრიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, ხოლო 23 დეკემბერს გადაყვანილ იქნა ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1888 წლის მარტში იგი წმიდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. მამა ნესტორმა წმიდა გიორგის ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1889 წლის 19 ივნისს დაინიშნა ჩუნეშის ოლქის კეთილმოწესედ, 1890 წლის 14 ივნისიდან ქუთაისის ეკლესიების კეთილმოწესეა. 1896 წლის 14 აგვისტოს დაინიშნა გოჭოურის სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავმჯდომარედ, 1906 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1906-1909 წლებში მსახურობდა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში. 1910 წელს აღიკვეცა ბერად. 1910-1912 წლებში მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარია. 1912-1915 წლებში მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში. 1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1915-1917 წლებში კვლავ მოწამეთას მონასტერშია. 1918-1923 წლებში არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის წინამძღვარია. 1924 წლის 18 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად. ეპისკოპოსი ნესტორი მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ. 1928 წლის 24 მარტს გადაყვანილ იქნა ცაგერელ ეპისკოპოსად, 1929 წლის 19 ნოემბრიდან წილკნელია.
1930 წლის 29 ივლისს ითხოვა პენსიაზე გასვლა, თხოვნა დააკმაყოფილა უწმიდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ. მეუფე ნესტორი გარდაიცვალა 1938 წლის 15 ივნისს. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. ეპისკოპოს ნესტორს გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები: "სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად," "შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია", "ახსნითი ლოცვანი", "ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა", "საიდუმლოების ახსნა", "ქრისტეს სწავლის გავრცელება", "ღირსი მამა დავით გარეჯელი", "ცოლქმრობა", "გზა ცხოვრებისა."
ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი)
ეპისკოპოსი სტეფანე, ერისკაცობაში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი, დაიბადა 1853 წლის 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ ქვე¬მოჭალაში მღვდლის ოჯახში. მამა - გრიგოლი ქართული საეკლესიო გალობის ჩინებული მცოდნე და შემსრულებელი იყო. ვასილმა და მისმა ძმებმა ბავშობიდანვე ოჯახში შეისწავლეს ქართული სასულიერო გალობის ქართლ-კახური კილო. ექვსი წლის ასაკში დედამ დააწყებინა `დავითნის~ კითხვა. საოჯახო განათლების მიღების შემდეგ ვასილი სწავლის გასაგრძელებლად გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მკაცრი რეჟიმი იყო გაბატონებული. მოსწავლეთა ცემა-ტყეპა, დამცირება პედაგოგიური აღზრდის საუკეთესო მეთოდად იყო აღიარებული. 1864 წელს ვასილი თავის ძმებთან -_ ანდროსა და პოლიევქტოსთან ერთად პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ხალხური სიმღერების რეპერტუარით და ყველას მოწონება დაიმსახურა. 1867 წელს ვასილი ძმებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად და ჩაირიცხა სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, პარალელურად 1879 წლიდან სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სკოლაში.
ვასილ კარბელაშვილმა 1881 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; 1881 წლის 16 ივნისს დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1882 წლის 1 ივლისს დატოვა სამსახური და შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც პროფესორ კოშკინთან ეუფლებოდა სამუსიკო ხელოვნებას. 1883 წ. 16 ოქტომბერს აკურთხეს თბილისის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდლად, ამავე დროს ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თბილისის 1 სამხედრო ჰოსპიტალში; 1884-1885 წლებში ასწავლიდა სჯულის კანონს ნავთლუღის სახალხო სასწავლებელში. 1885 წლის მაისიდან თავისივე თხოვნით გადაიყვანეს ნუხის 3 კლასიან საქალაქო სასწავლებელში, ამავე დროიდან არის ნუხის სამწმიდათა ეკლესიის წინამძღვარი. 1885 წლის სექტემბრიდან 1887 წლის დეკემბრამდე ნუხის საქალაქო სასწავლებელში ასწავლიდა მუსიკასა და გალობას. 1888-1890 წლებში ეგზარქოს პალადის განკარგულებით გადმოიყვანეს თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში, ამავე დროს საავადმყოფოს საფერშლო სკოლაში ასწავლიდა სჯულის კანონს და ქართულ ენას. 1888 წელს ეგზარქოსის კურთხევით საავადმყოფოს თანამშრომელთა შვილებისათვის დააარსა საეკლესიო-სამრევლო სკოლა და ავადმყოფთათვის ბიბლიოთეკა. თბილისის სამღვდელოების გადაწყვეტილებით და ეგზარქოსის დადგენილებით 1890 წლის თებერვლიდან თბილისის მედავითნეებს ასწავლიდა ქართულ გალობას. 1890 წლის თებერვლიდან გადაიყვანეს ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვრად. წმ. ბარბარეს ეკლესიას ჩაუტარა რესტავრაცია, გარდა ამისა, დააარსა მოსასვენებელი სახლი შორიდან მოსულ მლოცველთათვის.
წმ. ბარბარეს ეკლესიასთან გახსნილი ჰქონდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა 40 ბავშვისათვის, რომლისთვისაც გამოყოფილი ჰქონდა 2 ოთახი საკუთარი ბინიდან და ინახავდა საკუთარი ხარჯით.
1891 წლის 10 ოქტომბრამდე ყველა საგანს უსასყიდლოდ ასწავლიდა თავის მეუღლესთან _ მარიასთან ერთად.
1890-91 წლებში იყო სჯულის მასწავლებელი ნავთლუღის სახალხო სასწავლებელში.
1891 წლის ოქტომბერში თავისივე თხოვნით დაბრუნდა მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში.
1893-99 წლებში იყო მასწავლებელთა საზოგადოების სკოლის სჯულის მასწავლებელი და სახალხო სასწავლებელთა დირექციის წევრი.
1899 წელს აირჩიეს საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად.
1903 წლის თებერვლიდან გადაიყვანეს ქ. შემახიის ეკლესიაში; 1903-1904 წლებში ტაძრის საეკლესიო-სამრევლო სკოლაში ხელმძღვანელობდა საღვთო სჯულისა და გალობის სწავლებას; ამავე პერიოდში შემახიის 4 კლასიან სასწავლებელში ასწავლიდა სჯულის კანონს;
1904 წელს გადაიყვანეს გორის ტაძრის მეორე მღვდლის ადგილზე, ამავე დროს ასრულებდა სანთლის ქარხნის მმართველის მოვალეობას;
1904-1906 წწ. განაგებდა საეკლესიო ნივთების მაღაზიას და ზრუნავდა მის შენობასა და საეკლესიო ნივთების საწყობზე;
1905 წლის ივნისში თავისივე თხოვნით ეგზარქოსმა ალექსიმ დანიშნა თბილისის სამების ტაძრის წინამძღვრად. ტაძრის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს და რუსულ-ქართულ გალობას. 1917 წლის 4 სექტემბერს დაქვრივდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I, II, III, IV საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 წელს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში 1921-1922 წლებში იყო თელავის ტაძრის წინამძღვარი. 1922 წლის 24 ივნისს გადაიყვანეს კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში.
1925 წელს აღიკვეცა ბერად სტეფანეს სახელით. 1925 წლის 25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ბოდბის ეპისკოპოსად. იგი განაწყენებული იყო მიტროპოლიტ ქრისტეფორეს საეკლესიო პოლიტიკით. ამ წყენას არ მალავდა არც შემდეგ, როდესაც მიტროპოლიტი ქრისტეფორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. "მაშინ, როცა სასტიკად დაისაჯნენ კირიონი, პეტრე, დავითი, ამბროსი, ი. ჯაში და დოლაბერიძე, 1905 წლის კრების თავმჯდომარე ქრისტეფორე არავის გახსენებია და თავის საქმეს აკეთებდა... ქართლ-კახეთში ხუთასამდე ეკლესია აკლებულია და აოხრებული, სამღვდელოება გამოდევნილნი არიან და თავის უკიდურეს გაჭირვებას შესჩივიან მას, ჩვენი კათოლიკოსი კი თავის სინოდით სდუმან." (24, 272).
IV საეკლესიო კრებაზე მეუფე სტეფანემ აღნიშნა, "რა შევძინეთ ჩვენ ეკლესიას ბოლო ათი წლის მანძილზე? საუბედუროდ ვერაფერი, ვინაიდან ჩვენ, როგორც ქვეყნიერების მიერ და საკუთრებითი ვნებით გატაცებულთ, ვერ ავუღეთ ალღო ახალ ცხოვრებას, ვერ გამოვიმუშავეთ საზოგადო გეგმა, გზა და საერთო ენა საქმის და ხალხის უკეთესად წარმატების და კეთილად მოღვაწეობისათვის, რაშიც დიდი სამარცხვინო როლი ითამაშა დიდებისმოყვარეობამ, ამპარტავნებამ, მედიდურობამ, შურისძიებამ... ჩვენმა წინასწარ დაუფიქრებელ გადადგმულმა ნაბიჯებმა შესახებ წირვა-ლოცვის შემოკლებისა, ახალი სტილის შემოღებისა, ალალბედზე მორწმუნეთა მიგდებამ, ხალხი ჩვენდამი უარყოფითად განაწყო." (24, 272).
1928 წლის 24 თებერვალს გაათავისუფლეს ბოდბის ეპისკოპოსობიდან და გადაიყვანეს ალავერდელად. 1929 წელს გაათავისუფლეს ალავერდის ეპისკოპოსობიდან; 1930 წლის 1 იანვარს დროებით დაინიშნა კარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდლად; 1934 წლის 6 აგვისტოს პირადი თხოვნის საფუძველზე ავადმყოფობის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა კალისტრატემ გაათავისუფლა კარის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრობიდან.
დაჯილდოებული იყო ეგზარქოს პალადის მიერ გულითადი შრომისათვის საგვერდულით; 1890 წლის მარტში საავადმყოფოს საეკლესიო-სამრევლო სკოლაში გულითადი მუშაობისათვის გამოეცხადა მადლობა. 1892 წელს ქოლერის მძვინვარების პერიოდში გულითადი და სასარგებლო შრომისათვის დააჯილდოვეს იისფერი სკუფიით.
1893 წელს საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს დადგენილებით, სკოლაში მუშაობისათვის და სასწავლო საქმის წარმატებით წარმოებისათვის გამოეცხადა მადლობა. 1897 წელს გულითადი და სასარგებლო შრომისათვის დაჯილდოვდა კამილავკიით. 1911 წ. მიღებული ჰქონდა მედალი იმპერატორ ალექსანდრე III-ის ხსოვნისათვის.
გარდაიცვალა 1936 წლის 8 აპრილს, დაკრძალულია წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.
XIX საუკუნის 90-იან წლებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი: "ქართლ-კახური გალობა", "კარბელაანთ კილო" (I ნაწ. "მწყემსი" 1897 და II ნაწ. "ცისკარი" 1898 წ.), ამ კრებულებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
ე. ყაზბეგის წერილი ვ. კარბელაშვილისადმი.
1902 წ. 4 აგვისტო. ყაზბეგი.
"ძმაო და მამაო ვასილ!
თუ არ დაგავიწყდათ თქვენი დაპირება, რომელიც აღმითქვით თბილისში, მაშინ ხომ უარს არ მეტყვით ჩემს თხოვნაზე.
გერგეტის (სოფელს) ზემოთ, ყაზბეგის მთის კალთაზე აშენებული ეკლესია სიძველით ინგრევა და რადგანაც არქიელთან თხოვნა აღძრულია, ამის გამო გაწუხებთ კარგი და გრძნობიერი возвание დამიწეროთ ქართულ-რუსულათ, ან მარტო ქართულად და გარდავთარგმნით რუსულათ. ძალიან იმედი მაქვს, რომ უარს არ მეტყვით, აქვე გიგზავნით ცნობებს, რომელიც ჩვენმა ბლაღოჩინმა მომცა. ამ სამების ეკლესიის სურათი შეიძლება ფოტოგრაფის ერმაკოვისას ნახოთ და თუ ისურვებთ ჩემს მაგივრათ რომ უბრძანოთ ერმაკოვს (რომელიც გოლოვინის პროსპექტზე ალექსანდროვის ბაღის კუთხეშია მოთავსებული) კიდეც მოგართმევთ და მე გაუსწორდები, კიდევ განვიმეორებ ჩემს თხოვნას და იმედი მაქვს, არ დაზოგავთ თქვენს ლამაზს ნიჭს, დამიწერთ იმისთანა გრძნობიერს возваниეს (არ ვიცი როგორ გადავთარგმნო: თხოვნა-განცხადება??) რომ რუსსა და ქართველს ორივეს გულთ მოხვდეს. ამასთან გთხოვთ არც დააგვიანოთ, რადგანაც დაჩქარება ძალიან საჭიროა. ხალხს ძალიანა სწამს ეს წმინდა ნაშთი და გვიშველეთ, არ დაინგრეს.
მაშო დიდის სიყვარულით მომიკითხეთ. უთუოთ სოფელში იქნება, თბილისში რომ ჩამოვალ, გნახავთ.
თქვენი პატივისმცემელი ე. ყაზბეგი.
გერგეტის სამების ეკლესია არის აღშენებული (V საუკ.) მეხუთე საუკუნეში ქრ. დაბ. შემ. მეფე ვახტანგ გორგასლიანის მიერ. აღშენებულია ბიზანტიის გემოვნებაზე (იხილეთ სადმე მისი პლანი ფოტოგრაფიული სურათში). კარგა დიდია: გარედგან სიგრძე აქვს 22 არშ. განი 17 არშ. სიმაღლე 26 არშ. აღშენებულია სოფელ გერგეთის თავზე სტანც. ყაზბეგის პირდაპირ. ყაზბეგის მთის მწვერვალის ახლოს. შიშიანობის დროს სამეფო გუარეულობა იფარავდა თავს მის ქვეშ, ეგრეთვე ძვირფას ქონებას ჩვენი წმინდა ეკლესიებისას აქ ინახავდნენ ხოლმე, სამხრეთით აქვს მინიშნებული სამსჯავრო, სადაც სათემო საქმეებს იქ არჩევდნენ და სწყვეტდნენ. ამის მგვანი სამსჯავრო თვით რუსებსაც აქვთ მოსკოვში. (народнышче) დიდის შიშით და კრძალვით ეკიდებოდა ხალხი ამ შესანიშნავ ტაძარს და ეხლაც დიდი სასოება აქვთ. რაც რუსეთს შემოუერთდა საქართველო - თვით რუსებიც უთვალავი მოდის თერგის ოლქიდან თაყვანის საცემლად. სამრეკლოც საკუთარია ქვისა, არც ეკლესიას და არც სამრეკლოს ხისა არაფერი არ აქვს - სულ ქვისაა - სახურავიც. ეჭვ გარეშეა, რომ შიგნით კედლებზე მას ფრესკები არ ჰქონდებოდეს. დღეს კი უნუგეშო მდგომარეობაშია: სახურავი აღარ აქვს, წყალი ყველგან თამამად ჩამოდის, სადაცაა ჩამოინგრევა, კედლები უბრალოდაა, აღარ ეტყობა არაფერი, კანკელი კიდევ არ უვარგა და ვინ იცის რამდენი ცვლილება არ აქვს მას გამოვლილი გულმოდგინე მზრუნველის უყოლელობისა გამო. საკვირველია და განცვიფრებაში მოჰყავს ყოველი მნახველი - თუ რა საშვალებით მოიტანეს ამისთანა მიუდგომელ ადგილას იმისთანა დიდი თლილი ქვები, რომლებიც დატანებულია კედლებში, ისეც მეხუთე საუკუნეში. ეხლაც მიხვდები (გერგეტლები) საღმრთოს რომ ეძახდნენ ხოლმე, ამ ეკლესიაზე აღშენებლებსაც იხსენებენ წმინდის გულით და სასოებით. მოწოდება შეადგინეთ ისე, რომ რუსის მლოცველების თაყვანსაცემი ეკლესია არისთქო, რადგან რუსულადაც უნდა დავბეჭდოთ მოწოდება და შეწირულებსაც იმათგან მეტს ველით.
ბ. დაწერილს განცხადებას გამოაგზავნით ყაზბეგის სტანციაში ჩემს სახელზე ე. ყაზბეგი." (24, 815).
"ჩვენო ახალო სტეფანე ბოდბელო!
სიამოვნებით დაგიკოცნი მაკურთხეველთა ხელთა მაგათ შენთა და მოგეხვევი ქრისტეს მიერთა ამბორითა, გილოცავ უმწვერვალესაა ხარისხსა მღვდელმთავრობისასა! იმზემხიარულე და იდღეგრძელე! კეთილი იყოს. ახლა მომისმინე, მღვდელმთავარო! შენი წერილი მივიღე გუშინ, შეუძლებელია 14 ნოემბერს წირვა სიღნაღში, 21-მდინ არავისა სცალიან, ვერც მე მოვიცლი. გირჩევ 21-ში იყოს, მაშინ სხვა არის.
მგალობლებისას ვერას ვიტყვი. ყველას უნდა აცნობო, მელიტონ¬ ბეგიაშვილი ყველაფერს გააკეთებს, მისწერე. ეგრე ხელი და ხელ და აჩქარებით ყოველი საქმის შესრულებას ერიდე, აი ჩემი რჩევა, სიმძიმე, დარბაისლობა, დიდი დაფიქრებით გმართებს ახლა ყველა საქმის შესრულებისას, ნურავის გულს ნუ გადაუშლი შენებურათ. ახლა შენი იცი. შენი უღირსი დეკანოზი პოლიევქტოსი." (24, 815).
სტეფან ბოდბელის (ვასილ კარბელაშვილის) ჩანაწერები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის შესახებ.
"მწუხარე კაცი იყო თუ ობოლი, თითქოს ტვირთმძიმე მოხსნილი და შეღავათებული გამოდიოდა მისის სახლიდან, რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, სადილიდან ამდგარა, როცა მოუხსენებიათ მთხოვნელიაო, და გაუღვიძებიათ კიდეც ან საყვედურიც უთქვამს, რატომ არ გამაღვიძეთო, რომ მთხოვნელი გულნაკლული არ გაესტუმრებინა. საუბარი იცოდა სადად, რბილად და შემეცნებით. თუ კი მეორე და მერმე გამეორებაზე აუხირდებოდა მოსაუბრე, მაშინ კი იცოდა შუბლის შეკვრა და მტკიცედ განმეორება, რის შემდეგ მოსაუბრეს უნდა შეეგნო, რომ თავის სიტყვას უკან არ წაიღებდა. ესევე ხასიათი ჰქონდა ოფიციალურ პირთანაც შინაც და გარეთაც. მახსოვს, როდესაც ყოფილმა ეგზარქოსმა პლატონმა შესჩივლა, რომ ეპისკოპოსი ლეონიდე მეტისმეტად გვავიწროებსო, ახალ სემინარიიასაც კი არ გვითმობსო. გაეცინა კირიონს და უპასუხა მეუფე ლეონიდე ძალიან თავაზიანია და როგორც ქართველი კაცი მოითხოვს კანონიერად და არა უკანონოდ. ნუთუ თქვენ იკადრებთ რომ ახალი სემინარია გამოსწიროთ საქართველოს ეკლესიას, რომლის ხარჯზედ ინახავდით 1817 წლიდან სემინარიას და ემსახურებოდით თქვენს მიზნებს? რა არის ეს ახალი სემინარია შედარებით იმ ხარჯთან, რაც გაიღო ამ ასი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამო." (24, 272).
ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია)
ეპისკოპოსი ალექსი, ერისკაცობაში ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია დაიბადა 1865 წლის 14 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ გადიდში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა სემინარიაში ქართველთა უკიდურეს დევნა-შევიწროების ხანას. საქართველოს ეგზარქოსი პავლე ლებედევი სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მეშვეობით დევნიდა ქართველებს. რო¬გორც იაკობ გოგებაშვილი წერდა: "ეგზარქოს პავლეს დანიშვნიდან მცირე ხნის შემდეგ ადგილი ჰქონდა სასულიერო სასწავლებლების ქართველი ზედამხედველების არა-ქართველებით შეცვლას. ამ უკანასკნელთ ქართული ენა არ ესმოდათ და იძულებულნი იყვნენ თარჯიმნების საშუალებით ესაუბრათ მოსწავლეთა მშობლებთან, ამავე დროიდან საღმრთო ისტორიის და კატეხიზმოს სწავლებისას, მოსპეს ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებელში. შეკვეცეს ქართული ლიტერატურის პროგრამა, სავალდებულო გახადეს ქართული სასულიერო ლიტერატურის უსათუოდ რუსულ ენაზე სწავლება, შეზღუდეს აგრეთვე ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებლებში ამავე ენის გაკვეთილებზე, სემინარიაში თორმეტი დამრიგებლიდან მხოლოდ სამია ქართველი. არც ერთი ქართველი არ არის პედაგოგიური საბჭოს წევრი, რომელიც მოსწავლეთა ბედს წყვეტს. რუსი დამრიგებლები ზრუნვით, ჰუმანურად ეპყრობიან რუს მოსწავლეებს, ხოლო ქართველებს გულცივად, მკაცრად." (57, 149).
1886 წლის 24 მაისს სემინარიელმა იოსებ ლაღაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი, ხოლო პავლე ეგზარქოსმა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში ჩუდეცკის დაკრძალვაზე საჯაროდ დაწყევლა ქართველი ერი. ამას მოჰყვა იმავე წლის 8 ივნისს დიმიტრი ყიფიანის მკაცრი წერილი ეგზარქოსისადმი, დიმიტრი ყიფიანის გადასახლება, ვერაგული მკვლელობა სტავროპოლში, სემინარიიდან ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილის გაძევება. ამ რთული ვითარების პირობებში დაამთავრა ალექსანდრე გერსამიამ სასულიერო სემინარია 1888 წელს და დანიშნულ იქნა მესტიის საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1890 წელს ფოთის საკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ალექსანდრე გერსამია დიაკვნად აკურთხა. 1891 წელს იგი აკურთხეს მღვდლად და განაწესეს ღალაშის ეკლესიაში. 1893 წელს მამა ალექსანდრე დაინიშნა ლეჩხუმ-სვანეთის საეკლესიო სამრევლო სკოლების კეთილმოწესედ და ცაგერის ტაძრის წინამძღვრად. 1906-1925 წლებში მამა ალექსი იყო ქუთაისის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, ქუთაისის პროგიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი. მამა ალექსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის I, II, III საეკლესიო კრებების მუშაობაში, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, 1925 წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მამა ალექსი ეპისკოპოსად აკურთხა და ჩააბარა ცაგერის ეპარქია. 1928 წლის 2 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 1 სექტემბერს გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად. ვინაიდან ამ დროს წილკნის საკათედრო ტაძარი ადმინისტრაციული წესით იყო დახურული მეუფე ალექსი სვეტიცხოველში წირავდა. ყოფილა ისეთი დღეებიც, როდესაც მას თვითონ უხდებოდა წირვის დროს წიგნის მკითხველის, მგალობლის, დიაკვნისა და მღვდლის მოვალეობის შესრულებაც...
ეპისკოპოსი ალექსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში N1 საავადმყოფოში. განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, იგი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე)
მიტროპოლიტი ვარლაამი, ერისკაცობაში ვარლამ მელიტონის ძე მახარაძე, დაიბადა 1873 წლის 26 მარტს მედავითნის ოჯახში. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1895-1897 წლებში მედავითნედ მსახურობდა თბილისის ღვთისმშობლის სახელობის დიდუბის ეკლესიაში, იქვე სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა საღვთისმეტყველო საგნებს. 1897 წლის მაისში იგი აკურთხეს მღვდლად და 7 ივნისს გამწესებულ იქნა სოფელ კავთისხევში ეკლესიის წინამძღვრად. 1899 წლის 1 სექტემბერიდან 1914 წლის 20 ოქტომბრამდე მსახურობდა ფოთის საკათედრო ტაძარში, სადაც დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა ეპისკოპოს დიმიტრისთან (აბაშიძე), რომელიც გამოირჩეოდა თავისი ანტიქართული საქმიანობით. 1914 წლიდან საქართველოს ეგზარქოსის მიერ გადაყვანილ იქნა ერევნის საოსტატო სემინარიისა და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად და სემინარიის კარის ეკლესიის მღვდლად. 1915 წლის 12 მაისიდან ყარსის სამხედრო ჰოსპიტლის მღვდელია. 1916 წლის 28 ოქტომბრიდან ერევნის ჰოსპიტლის მღვდელმსახურია. 1918 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა თბილისის N1 საქალებო გიმნაზიისა და ვაჟთა N7 გიმნაზიის პედაგოგად.
1919 წლის 1 თებერვალს დაინიშნა ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის მათემატიკისა და უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად. 1919 წლის 12 აპრილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის მომხრეები და "განახლებისა და რეფორმების" ჯგუფის წევრები, 1926 წლის 7 მარტს უწმიდესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით ვარლაამი აღყვანილ იქნა მარგვეთის ეპისკოპოსის ხარისხში. მეუფე ვარლაამი უყოყმანოდ დადგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის გვერდით... 1929 წლის 12 თებერვალს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. მეუფე ვარლაამს ურთულეს ეპოქაში და ურთულეს ეპარქიაში მოუწია მღვდელმთავრობამ. ეკლესიების უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით დახურეს. 1934-1937 წლებში იგი საერთოდ გამოაძევეს ეპარქიიდან.
1937 წლის 7 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად, მაგრამ ქვეყანაში გამეფებულმა ტერორმა,, დასმენებმა თავისი გაიტანა... მიტროპოლიტი ვარლაამი დააპატიმრეს და გადასახლებაში გარდაიცვალა 1943 წელს, მისი საფლავი დაკარგულია...
მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე)
მიტროპოლიტი ეფრემი, ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე, დაიბადა 1896 წლის 19 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ დოესში სოფლის მედავითნის ოჯახში. დედა ღრმადმორწმუნე ქალი იყო და შვილებსაც ასე ზრდიდა. თერთმეტი წლისა იყო გრიგოლი, როდესაც გარდაეცვალა დედა. მამამ იგი გორის სასულიერო სასწავლებელში წაიყვანა, სადაც 1904-1912 წლებში სწავლობდა. 1912 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის დირექციამ სპეციალური რეკომენდაცია მისცა წარჩინებულ კურსდამთავრებულ გრიგოლ სიდამონიძეს თბილისში სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. სემინარიაში სწავლის დროს იგი დაუახლოვდა კორნელი კეკელიძეს, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ სტუდენტს ურჩევდა სასულიერო და საერო ლიტერატურის რჩეული თხზულებების წაკითხვას. 1917 წლის 12(25) მარტს მცხეთაში გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რომელსაც მაღალ იერარქებთან ერთად ადასტურებდნენ თავიანთ ხელმოწერით გრიგოლ და შიო სიდამონიძეებიც.
1918 წელს გრიგოლ სიდამონიძე ჩაირიცხა ახლადგახსნილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკუტეტზე, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, აკაკი შანიძე, გრიგოლ წერეთელი. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ქართველი ხალხის სიხარული - 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ... ახალგაზრდა გრიგოლ სიდამონიძემ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. მან 1921 წლის 21 დეკემბერს თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსის: "თქვენო უწმიდესობავ, ბავშვობიდანვე მქონდა მისწრაფება ბერული ცხოვრებისა. ჩემი განზრახვა მრავალჯერ გამიზიარებია ცნობილი სასულიერო პირებისათვის. ისინი სიხარულით შემომგებებიან და სათანადო მამობრივი ლოცვა-კურთხევით დავუჯილდოებივარ. აწ მომწიფებულ ასაკში მიღწეული სრული ჭკუა-გონებით და საღი შეგნებით აღჭურვილი, კადნიერებით გთხოვთ, აღმკვეცოდ ბერად და ღირსმყოთ მღვდელმონაზვნის ხარისხზე აღსაყვანად. მე მწამს მიუხედავად შავუკუღმართი დროისა და საეჭვო წუთისოფლისა, თქვენი უწმიდესობა ნდობის თვალით და გულით შეხვდება ამ ჩემს მისწრაფებას და მომცემს საშუალებას რათა სამღვდელმონაზვნო ხარისხში მყოფს შემეძლოს წინაშე წმიდა ტრაპეზისა აღვავლინო ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი, სამშობლოსადმი და ჩვენი მრავალტანჯული ეკლესიის ბედნიერებისათვის." (7, 8-9).
ახალგაზრდა ბერმონაზვნობის მოსურნეს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. მისდა გასაოცრად სოფელ დოესის მღვდელმა მიხეილ ლუკაშვილმა, რომელიც კარგად იცნობდა გრიგოლ სიდამონიძის ოჯახს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოში გაგზავნილ წერილში ახალგაზრდა გრიგოლი "მეამბოხედ და ეკლესიის მტრად გამოაცხადა." სოფლის მოძღვრის ასეთმა მტრობამ და ტენდეციურობამ ფარ-ხმალი არ დააყრევინა გრიგოლ სიდამონიძეს, მან საგანგებო განცხადებით მიმართა ურბნისის ეპარქიის ახალქალაქის (კასპის) მთავარხუცესს, დაედასტურებინა ან უარეყო მღვდელ მიხეილ ლუკაშვილის განცხადების შინაარსი. 1921 წლის 23 დეკემბერს შეკრებილმა ოლქის სამღვდელოებამ განაჩინა "სიყრმიდან აქომამდე კრება იცნობს გრიგოლ სიდამონიძეს, როგორც საუკეთესო ყმაწვილკაცს, ერთგულ შვილს საქართველოს ეკლესიისას, ხოლო მამა მიხეილ ლუკაშვილის დასმენას თვლის, როგორც უსაფუძვლოსა და პირადი ინტერესებით გამოწვეულს." (7, 10). უწმიდესი ამბროსი გაეცნო რა ოლქის სამღვდელოების წერილს, ლოცვა-კურთხევა მისცა სვეტიცხოვლის წინამძღვრის არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე), ბერად აღეკვეცა გრიგოლ სიდამონიძე. სახელი ეფრემი შეურჩია კორნელი კეკელიძემ. 1922 წლის 17 იანვარს გრიგოლი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ეფრემი. 1923 წლის 14 იანვარს ბერმონაზონი ეფრემი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, შემდეგ მღვდელ მონაზვნად. 1923 წლის 4 ივლისს მღვდელმონაზონი ეფრემი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. ამ დროს ბოლშევიკური ხელისუფლების წაქეზებით ხშირი იყო ეკლესია-მონასტრების დარბევა, ძარცვა. რამდენჯერმე მოხდა თავდასხმა შიომღვიმის მონასტერზე, დახოცეს სასულიერო პირები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე მოსალოდნელი იყო ახალი თავდასხმა, მღვდელმონაზონი ეფრემი მონასტერს არ ტოვებდა. 1924 წლის მარტში, როდესაც მიმდინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების სასამართლო პროცესი, მღვდელმონაზონი ეფრემი რამდენჯერმე წაიყვანეს დაკითხვაზე, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მასზე დააწესა ფარული თვალთვალი. 1925 წლის 22 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მღვდელმონაზონი ეფრემი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად და დიდი გომარეთის ეკლესიის მღვდლად, სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ქართველ, ასევე არაქართველ მორწმუნე მოსახლეობაში სიყვარულით, თავმდაბლობითა და სათნოებით. 1927 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს მიერ გადმოყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ქორეპისკოპოსად. 26 მარტს იგი აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში. სვეტიცხოველში მის ეპისკოპოსად კურთხევას დაესწრნენ: მიტროპოლიტი ქრისტეფორე, ეპისკოპოსები ვარლამი (მახარაძე), სტეფანე (კარბელაშვილი). მეუფე ეფრემმა ასე დაიწყო თავისი სამღვდელმთავრო სიტყვა:
"ყოვლად უსამღვდელოესნო მეუფენო. ყოვლად პატიოსანნო მამანო და ძმანო! მესმის ხმა უფლისა. მომწოდებელი ჩემისა უღირსებისა. მშობლიური ეკლესიის სადარაჯოზედ გუშაგად დადგინებისა. მესმის და ვძრწი. წარმოუდგება რა ცხადად თვალთა გონებისა ჩემისათა მთელი სიდიდე მღვდელმთავრობისა, სიძნელე და დაბრკო¬ლებანი, რაიცა მარად სდევს მას და უფრო ვძრწი ვითვალისწინებ რა უძლურებასა ჩემსა.
მეშინის, ოდეს მოვიხსენებ მღვდელმთავრობას ჩემსა, ჰოი, სულო ჩემო, ამიერიდან სხვათა მიმცემელო მადლისა, მრავალთა უმაღლეს ეკლესიური ნდობა დავალებათა დაჯილდოებულს ძალგიძს დაიცვა თავი შენი, რათა არა შთავარდე პატივსა და მთავრობის მოყვარეობასა.
ამ საპასუხისმგებლო დროს მადლობით მოვიხსენიებ ჩემს კეთილის მყოფელთ მასწავლებელთ, რომელთაც განმიმტკიცეს სიყრმიდან ჩანერგილი სიყვარული ეკლესიისა და საზოგადო საქმისა. მადლობით ვიხსენებ ჩვენს ახლადანთებულ ლამპარს თბილისის უნივერსიტეტის აღმშენებელთ, რომელთა ხელმძღვანელობით მე ვითვისებდი ცოდნას წლების განმავლობაში. მადლობით ვიხსენებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის, რომელმაც მხურვალე სიყვარული და მამობრივი მზრუნველობა გამიწია. მაგრამ ამ ჩემთვის საშინელსა და სანეტარო თემას სიმდაბლით შეგივრდებით და გულმოდგინეთ გევედრებით: ოდეს დამდებთ მადლის მიმნიჭებელთა წმიდა ხელთა თქვენთა, თავსსა მისსა უღირსებისა. მხურვალედ აღვავლენთ ლოცვასა, წინაშე მაცხოვრისა, რათა მომანიჭებდეს ნიჭსა ჩემსა ცოდვათა განცდისასა და შემომარტყამდეს ძალსა სულის სიწმიდისა, სიმდაბლისა და მოთმინებისასა. დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მასწავებდეს ჩემსა უღირსებაზე, უძლურებაზე დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მარად მოჰგვრიდეს თვალთა ჩემთა სინანულისა ცრემლთა დენასა! დღევანდელი ჩვენი ეკლესიის მწვავე მდგომარეობა დაბეჯითებით მოითხოვს მტკიცე და მაღალ ღირსებით მოსილ მღვდელმთავარს; რათა მისი ხმა არ დარჩეს ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რომ შეძლოს დამშვიდება აღშფოთებულთა, დაანთოს ცეცხლი სიყვარულისა, შექმნას საამისო მდგომარეობა ხელსაწყობად ნაყოფიერი მუშაობისა. მართებს მღვდელმთავარს, რათა ზე იდგეს ამაო პატივმოყვარეობაზე, ხოლო ცხოვრებას ეგზომ მოიხმარდეს მაცხოვრის დიდ მოძღვრებას წმიდა სახარებისა და ეგრევე აქვნდეს ცხოვრების ეგზომ შესაფასებლადაც ეპისკოპოსის მოვალეობაზე იქადაგოს ჭეშმარიტება, იყოს გონებით ბრძენი და ცხოვრებით უბრალო, იყოს მტკიცე, ბრწყინავდეს საქმენი მისნი. დაე, აღსრულდეს განგება ღვთისა, მორჩილ ვარ, მადლობით მივიღებ და არა რას მცირესა წინააღმდეგობასა ვიტყვი." (7, 12-13).
1927 წლის 2 ოქტომბერს საკათოლიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოს ეფრემის ცხუმ-აფხაზეთის მმართველად დანიშვნისა და მიტროპოლიტის პატივში აყვანის შესახებ. მაგრამ მეუფე ეფრემმა საკათოლიკოსო¬ სინოდისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: "მიტროპოლიტობა ეძლევა არა კათედრას, არამედ პიროვნებას ნიშნად მადლობისა და პატივისცემისა, მისი განსაკუთრებული ღვაწლისა და სამსახურის აღსანიშნავად. მე ახლა ვიწყებ საქმიანობას და პირდაპირ მმართველ მღვდელმთავრად დანიშვნა ისეთ რთულ ეპარქიაში, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაა, არასწორად მიმაჩნია." (7, 15-16). ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მეუფე ეფრემი იყო ჯერ მანგლელი, შემდეგ ნინოწმინდელი. 1927 წლის 17 ოქტომბრიდან - ალავერდელი.
ალავერის ეპარქიაში უმძიმესი ვითარება დახვდა, ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელებს სასულიერო პირების დანახვაც კი არ უნდოდათ, ისევ ანგრევდნენ ეკლესიებს, სასულიერო პირებს უკრძალავდნენ ნათლობას, ჯვრის წერას, მიცვალებულის წესის აგებას. ეპისკოპოს ეფრემს გამოუცხადეს, რომ ჩამორთმეული ჰქონდა ალავერდის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის უფლება. 1929 წლის 5 იანვარს იგი აიძულეს დაეტოვებინა ეპარქია, ჩამოსულიყო თბილისში და ეთხოვა მრევლის მღვდლობა რომელიმე ეკლესიაში. საკათოლიკოსო სინოდმა შექმნილ ვითარებაში შესაძლებლად მიიჩნია, როგორც გამონაკლისი, ეპისკოპოსი ეფრემი დაენიშნა თბილისის წმიდა ბარბარეს ეკლესიის მოძღვრად, ამავე დროს შეუთავსეს ბოდბის ეპარქიის მმართველობაც. 1930 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად, თუმცა იგი კვლავ თბილისში იყო იქ ჯერ მთაწმინდის, ხოლო 1931 წლიდან ნავთლუღის ეკლესიის წინამძღვრად. ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ (1932 წლის 10 იანვარს) ახალმა პატრიარქმა კალისტრატემ მოსთხოვა თბილისის დატოვება და ეპარქიაში წასვლა. ეპისკოპოსმა ეფრემმა განცხადებით მოითხოვა ეპარქიის მმართველობიდან განთავისუფლება, მაგრამ 1932 წლის 13 ოქტომბრის სინოდის დადგენილებით მას მოეთხოვა ეპარქიაში დაუყოვნებლივ წასვლა. 1933 წლის 9 ნოემბერს ეპისკოპოსმა ეფრემმა ასეთი განცხადებით მიმართა: "სინოდმა და მისმა უწმიდესობამ ისეთ გარემოებაში ჩამაყენებს, რომ ჩემთვის შეუძლებელი ხდება მღვდელმთავრის მოვალეობის ტვირთის ზიდვა და იძულებული ვხდები სამსახურზე ხელი ავიღო" (7, 17). უწმიდესმა კალისტრატემ ეპისკოპოს ეფრემთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა დეკანოზები ი. მირიანაშვილი და ი. ცქიტიშვილი, რომლებიც მასთან საუბრის შემდეგ შედგენილ მოხსენებით ბარათში წერდნენ: "ვინახულეთ ეპისკოპოსი ეფრემი და მოვახერხებთ, რომ იგი ვალდებულია ემორჩილებოდეს თავის უზენაეს ხელისუფლებას და მით საერთო დისციპლინას იცავდეს და სხვას აძლევდეს მაგალითს, როგორც სარკე ეკლესიისა. მან გვიპასუხა, რომ იგი ემორჩილება საკათოლიკოსო სინოდის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთ პირობებში არანაირი სამსახური არ მინდაო." (7, 18). 1933 წლის 8 მარტიდან ეპისკოპოს ეფრემს არცერთი ეპარქია არ ებარა... 1937 წლის 10 დეკემბერს იგი დაპატიმრებულ იქნა როგორც ხელისუფლებისათვის მიუღებელი და ე.წ. "სამეულის" - ("ტროიკა") გადაწყვეტილებით (მუხლი N58,11) გადაასახლეს ციმბირში, სადაც 8 წელი გაატარა უმძიმეს პირობებში.
1944 წლის 2 ივლისს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ტაშკენტიდან ეპისკოპოს ეფრემის წერილი მიიღო "თქვენო უწმიდესობავ, - წერდა იგი, - სიყვარულით მოგესალმებით და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს. ლაგერიდან მე გამათავისუფლეს 21 ივნისს. ჩემი უკანასკნელი ადგილი ციმბირი იყო, საქართველოში დაბრუნების უფლებას არ მაძლევენ. მითხრეს, საქართველოდან თუ გექნება გაწვევა, მაშინ წახვალო. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ჩემი სამშობლოში დაბრუნება... სად მოვეწყობი, არ ვიცი, არც ტაშკენტში მაძლევენ ცხოვრების უფლებას, უსამსახუროდ ვარ." (7, 20). უწმიდესმა კალისტრატემ სასწრაფოდ გაუგზავნა ფული მას, ხოლო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ავქსენტი რაფავას ოფიციალური წერილით მიმართა: "გთხოვთ ნება დამრთოთ გამოვიწვიო თბილისში მშობელი ეკლესიისათვის საჭირო ეფრემ ეპისკოპოსი." (7, 20). ეპისკოპოსი ეფრემი სამშობლოში გამოემგზავრა. ბორანი, რომლითაც მას მდინარე უნდა გადაეცურა, მგზავრებით შეკრებული დახვდა, ბევრს ეხვეწა მათ როგორმე დაესვათ იქ, ვინაიდან ერთი კვირის ლოდინის თავი აღარ ჰქონდა, მაგრამ მისი ხვეწნა არად ჩააგდეს. გამობრუნდა დამწუხრებული... ერთი კვირის შემდეგ შეიტყო იმ ბორანის ჩაძირვისა და მგზავრების დაღუპვის ამბავი. 8 წლის იძულებითი განშორების შემდეგ ეპისკოპოსი ეფრემი დაბრუნდა სამშობლოში. უწმიდესმა კალისტრატემ იგი ქუთათელ-გაენათელად დანიშნა, ხოლო 1945 წლის 12 ივლისს აიყვანა მიტროპოლიტის ხარისხში.¬ მის დროს ეპარქიაში მოწესრიგდა მოწამეთას მონასტერი, ცხოვრობდა პეტრე-პავლეს ეკლესიის მახლობლად, ხვდებოდა მორწმუნე მრევლს, ახალგაზრდობას ასწავლიდა ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულს.
1952 წელს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე. პატრიარქად არჩეული იქნა მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე), რომელმაც მართალია 1953 წლის 28 მარტს მიტროპოლიტი ეფრემი დააჯილდოვა სკუფიაზე ბრლიანტის ჯვრის ტარების უფლებით, მაგრამ მალე მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. უწმიდეს მელქისედეკს არწმუნებდნენ, რომ საერო ხელისუფლებაში გაგზავნილ მრავალრიცხოვანი საჩივრების ავტორი მიტროპოლიტი ეფრემი იყო... პატრიარქი მელქისედეკ III სერიოზულად ფიქრობდა მიტროპოლიტ ეფრემის ეკლესიიდან განკვეთას... მან მოსაყდრეობა შესთავაზა ქუთათელ მიტროპოლიტ ნაუმ შავიანიძეს, მაგრამ როდესაც თავაზიანი უარი მიიღო, მოსაყდრედ გამოაცხადა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი). მიტროპოლიტი ეფრემი 1953-1960 წლებში განაგებდა ბათუმ-შემოქმედეისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. 11 იანვარს წმიდა სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსაყდრის თანამდებობიდან მიტროპოლიტ დავითის განთავისუფლებისა და მიტროპოლიტ ეფრემის არჩევის შესახებ. 19-20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის X საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ეფრემი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია (1960-1972 წ.წ.) გარდაიცვალა 1972 წლის 7 აპრილს, დაიკრძალა 13 აპრილს სიონის საპატრიარქი ტაძარში.
გრიგოლ რობაქიძე _ "წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-სადმი."
კურთხეულო მღვდელმთავარო!
უფრო კარგი იქნებოდა, მოვსულიყავ პარიზში და უშუალოთ მიმეღო თქვენგან დალოცვა. არ ხერხდება, დამრჩენია კალამს მივმართო. ხელი ქვემორე - აღსარებად. ვარ ქრისტეანი - არა მხოლოდ პასპორტით. გასაგებია, რომ უაღრესად მაწუხებს გაჭირვებული ყოფა ჩვენდროინდელი საქრესტიანო სამყაროსი. კრიზისი მისი - მასსშივეა თვითონ. ვერავითარი ოიცოუმენ - ური კრება უშველის მას, - თუ იგი არ გადახალისდა შინაგან თვისსა. მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს მოგახსენოთ აქ ჩემი მოსაზრებანი. (მათი მოსმენისას გთხოვთ იცოდეთ, რომ მე არა ვარ არც "ქედმაღალი" და არც "თავმდაბალი" - არც ერთი და არც მეორე მიღებული გაგებით).
1. ქრისტეანობა არაა სწავლა ქრისტესი - ეს ქრისტემდეც იყო ცნობილი. იგი: სწავლაა ქრისტეზე. ვეყრდნობი აქ უდიდესს ქრისტეანს: ნეტარ აუგუსტინეს. ყოველი მდგენი რელიგიისა იტყოდა: "ესაა" ჭეშმარიტება! მხოლოდ ერთმა ქვეყანაზე თქვა: "მე" ვარ ჭეშმარიტება - ქრისტემ. (იოანნე: 14,6). (გადახვევა, არც თუ ზედმეტი, ასეთი წიგნი, როგორიცაა სახარება იოანნესი, ჩვენს პლანეტაზე არ დაწერილა. იოანნეს გარე მე გზას ქრისტეს მიმართ ალბათ ვერ ვიპოვნიდი. სახარება მისი გვიხსნის იმასაც: თუ რატომ უყვარდა იგი მაცხოვარს გამორჩევით. რატომ? სწავლა გადაეცემის ნამდვილად მხოლოდ ამ გზით: მოყვარულისაგან - ყვარებულს).
2. ღმერთი პიროვნებაა, ხოლო ზეინდივიდუალური. ვისაც ორგანო არა აქვს ასეთი წარმოდგენისათვის, იგი ღმერთს წარმოისახავს "ანტროპომორფულ" ვითარ ვინმეს და: კონსეკვანტურ გადაიქცევა ღმერთის უარმყოფელად!
3. ქრისტე - პიროვნება - ხომ ინდივიდუალურ მოვლინდა?! გონებისათვის ეს საიდუმლო თითქმის აუხსნელია. ამის გამოა: რომ გრწამდეს ღმერთი ათასჯერ უფრო ადვილია, ვიდრე გრწამდეს ქრისტე. ვთქვი "თითქმის" - ვინაითგან: თუ ერთხელ განიცადე ქრისტე შინაგან, მაშინ სიძნელე იგი გონებითი მოხსნილია რასაკვირველია, მადლოცაა აქ დამხმარე.
4. ადამიანის შექმნა. ესეც "ანტროპომორფურ" აქვთ წარმოდგენილი. სრულიად მცდარი შეხედულება! ადამიანის გაჩენა გულისხმობს: ღვთიურ წარმოშობას მისსა. აქ აუცილებელია "თეომორფული" ხილვა, რომლის მიხედვით ადამიანი "იმ თავითვე" მოქცეულია წიაღში ღვთისა. ამ ხილვის გარე აუხსნელი რჩება: როგორც თავისუფლება ადამიანისა, ისე მისი პასუხისმგებლობა!
5. ადამიანი: "მონა ღვთისა". სიტყვა "მონა" უნდა ამოვარდეს ეკლესიის სიტყვარითმისაგან. ერთხელაცაა ამოვარდება კიდეც - მიხედვით არა მარტო მეოთხე მუხლში თქმულისა, არამედ და უფრო შეგნებით თვითონ ძველი და ახალი აღთქმისა. გავიხსენოთ, იესო უწოდებს თავის თავს "ძე ღვთისა." იუდეველნი გმობენ ამას. იესო ეუბნება მათ: განა თქვენს საღვთო წერილში არ წერია: "მე ვამბობ: ღმერთები ხართ"? (იოანნე: 10,34). ნაგულისხმევია, გაგახსენებთ, თქმული 8 ფსალმუნში.
6. პირველცოდვა: შემოჭრა ბოროტისა ყოფაში. მრავალია თეორია ახსნისათვის ამ საიდუმლოსი. არც ერთი მათგანი მართალი არაა. ყოველი მათგანი, ხსნის რა ბოროტის შემოჭრას ყოფაში. ბოლოს მაინც ფაქტის წინაშე დგება: კეთილისა და ბოროტის არსებობისა. ეს საიდუმლო აუხსნელია, ოღონდ იგი პოსტულატია, ურომლისოდაც არც ონტოლოგიაა შესაძლებელი და არც გნოსეოლოგია.
7. ღმერთი - დამსჯელი. დამსჯელი ღმერთი არ შეიძლება იყოს, ღმერთი, თვით იაჰვე, შურისმგებელი კი არაა - მშურველია:
8. ნამდვილი წინამორბედი ქრისტესი არის მოსე. საუკუნეთა განმავლობაში ოთხი - საიდუმლოება - ქვაკუთხედი მისი ქმნილებისა ვერ აუხსნიათ. (შენიშვნა. როცა ამას ვამბობ ხოლმე, იმართება კითხვა _ პასუხი. "თქვენ ახსენით?" "დიაღ, ავხსენით". "საითგან იცით?" "არა უნივერსიტეტებითგან და ბიბლიოთეკებიდან." "მაშ?" "ალბათ მომადლებული მაქვს: ვგულისხმობ ცოდნას." (Notabene. ის ოთხი საიდუმლო თუ ვერ ახსენი, ვერ ახსნი საიდუმლოებას ებრაელთა ყოფისა) შენიშვნა. ამ ყოფის ერთს საიდუმლოს მიუთითა ("გადაკრულ") მოციქულმა პავლემ: "რომაელთა": 11, 25. მე ჯერ არ მსმენია: ვინმეს საქრისტეანოში აეხსნას ეს "გადაკრული".).
კურთხეულო მღვდელმთავარო! რასაც აქ ვწერ, ვეუბნები მთელს საქრისტეანოს. შემთხვევა მეძლევა: თქვენც გითხრათ: უმაღლესს მწყემსს ქრისტეან ქართველთა. სავალალოა მხოლოდ, რომ მოკლედ მიხდება გასაუბრება.
მივმართოთ ახალ საქართველოს.
რომელიმე ხალხის ნიჭი განიზომება ამით: თუ როგორ წარმოუსახავს მისს ზეპიროვნულ გენიას მსოფლიო. წარმოსახული მსოფლიო - მოკლედ: "მსოფლხატი" - ქართველოლოგიაში ბევრი რამ კეთდება, მნიშვნელოვანი. აქაც: მაქვს ხედვაში ჩვენი ჟურნალი. მე ვარ ჯერ კიდევ, ერთადერთი ავტორი, რომელიც აცნაურებს "მსოფლხატს" ქართველთა. ამ მსოფლხატს მსოფლხატნი ჩვენი დროის ხალხთა ვერ შეედრებიან სიღრმით. (კერძოთ, რუსებს ვურჩევ უკლონ ტრაბახი, თორემ: თუ წავუყენე მათ მსოფლხატს ჩვენი მსოფლხატი, სასტიკად დამარცხდებიან. ვამბობ ამას როგორც მოყვარული ჭეშმარიტებისა. "რუსოფობას" ვერავინ დამწამებს "ფობია" უცხოა ჩემთვის საერთოდ. 1919 წელს მე ერთი წიგნაკიც ვუძღვენი რუსეთის მხარეს, რუსულად დაწერილი. "მხარეს" - პირველი მაგალითი მსოფლიო ლიტერატურაში! 1920 წელს გამოვიდა ჩემი "ჰაიასტან". სომხებმა იგი თარგმნეს - საინტერესო დეტალი - როგორც ერევანში, ისე პარიზში!).
ქართველთა მსოფლხატვაში - რად ღირს მარტოდ - მარტო ქართული ენა! ენა, რომელიც ასე დაუსახავს მეათე საუკუნეში ერთს ღრმადჩახედულ გონმეტყველ ქართველს: "... რამეთუ ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს". (თუ ყოველი არა - მრავალი უთუოდ!).
ხოლო გული ჩვენი მსოფლხატვისა არის ჯვარი ვაზისა - უდიდესი "რეალსიმბოლო", რომლის სადარი მთელს საქრისტეანოს არ მოეპოვება. (რა იქნებოდა, დიდ ავგუსტინეს რომ ცოდნოდა მისი არსებობა! მისს აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნებოდა!) როცა ქართველს მამულის დასაცავად ხრმალი ეჭირა, მისი მარჯვენის მაჯისცემას სწორედ ეს გულისცემა ამაგრებდა: ჯვარი ვაზისა.
მე რომ შემეკითხონ: რომელ ნაწარმოებში უფრო გრძნობ ქართველობასო - ვიტყოდი: გიორგი მერჩულეს ძეგლში "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა". ამით ბევრი რამაა თქმული. სიტყვას აღარ გავაგრძელებ: ისეც მივხვდებით, რაა თქმული.
(წაკითხული გექნებათ შესანიშნავი გამოკვლევა პავლე ინგოროყვასი "გიორგი მერჩულე". დიდი მარჯია საქართველოსი! წაკითხული გექნებათ აგრეთვე შალვა ნუცუბიძის წიგნი "ისტორია ქართული ფილოსოფიისა". ეს კი დიდი მარცხია - მარცხი დიდი ნიჭით დაჯილდოებული ავტორისა. მარცხი, დიდად მავნებელი. ჩვენი ჟურნალის მომავალ რვეულში გავარჩევ ამ წიგნს _ აუღელვებლად, გულდასმით. ამ რაღაც "პანთეისტურ მატერიალიზმისაგან" - გარწმუნებთ - ნამცეციც აღარ დარჩება).
კურთხეულო მღვდელმთავარო!
ღრმად მრწამს: რომ თქვენ პირნათლად შეასრულებთ განგებისაგან რგუნებულ საქმეს. ისე, როგორც ამას ასრულებდნენ საუკუნოებში ჩვენნი მღვდელმთავარნი, რომელნიც აგრეთვე დიდნი მამულისშვილნიც იყვნენ.
პირადი თხოვნა. თქვენ ალბათ ბევრად უმცროსი ხართ ჩემზე _ კალენდარით. ასე რომ: მე თქვენზე უფრო ადრე გარდამავალ სამარადისოში. გაიგებთ ჩემს გარდაცვალებას _ გადამიხდით პანაშვიდს.
იყავით ნათელმოსილ და მზეგრძელ!
გემთხვევით მარჯვენაზე, რომლისაგან დალოცვას ვიღებ წარმოსახვით.
თქვენი გრიგოლ რობაქიძე.
წერილი მისი უწმიდესობის, ეფრემ II-ისადმი ჟენევაში 1962 წლის 12 აგვისტოს არის დაწერილი. დოკუმენტი დაცულია თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.¬
ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი)
ეპისკოპოსი იეროთეოზი, ერისკაცობაში იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი, დაიბადა 1862 წლის 6 ნოემბერს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში მედავითნის ოჯახში. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს სემინარიელ იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ სემინარიაში დაიწყო ქართველი სტუდენტებისა და მასწავლებლების სასტიკი დევნა-შევიწროება, მაგრამ იერო¬თე აივაზაშვილმა მოახერხა უხიფათოდ დაესრულებინა სასწავლებელი 1888 წელს. იმავე წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში, 1889 წლის 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად თელავის მაზრის სოფელ შილდაში. 1889-1890 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1901 წლის 19 მარტიდან გამწესებულ იქნა თბილისის ჯამბაკურ-ორბელიანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1903 წლის 3 მარტს გადაყვანილ იქნა წმიდა ეკატერინეს ეკლესიაში, 1907 წლის 20 სექტემბერს გადაყვანილ იქნა ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1916 წლის 8 დეკემბრიდან თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარია. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 1897 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1902 წელს სკუფიით, 1913 წელს კამილავკით, 1918 წელს ოქროს ჯვრით, 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1920 წელს ენქერით. 1928 წლის 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. მის ეპისკოპოსად კურთხევას მხარი დაუჭირეს მიტროპოლიტებმა: დავითმა (კაჭახიძე), კალისტრატემ (ცინცაძე), იოანემ (მარღიშვილი), ეპისკოპოსებმა: პავლემ (ჯაფარიძე), სიმეონმა (ჭელიძე), ვარლამმა (მახარაძე). წინააღმდეგი იყო ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). 16 დეკემბერს სვეტიცხოველში შესრულდა მისი კურთხევა და იგი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1929 წლიდან დროებით განაგებდა ბოდბის ეპარქიასაც. ეპისკოპოსი იეროთეოზი იყო მოკრძალებული კაცი, თითქმის შეუმჩნეველი. უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მას მღვდელმთავრობა. ბოლშევიკური ხელისუფლება სასტიკად სდევნიდა სასულიერო პირებს, უწესებდა აუტანელ გადასახადებს და გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით ხურავდა ეკლესიებს. ასე დაიხურა მრავალი ეკლესია-მონასტერი ნინოწმინდის ეპარქიაშიც. 1941 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეროთეოზმა განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს კალისტრატეს სამსახურიდან განთავისუფლების შესხებ. იგი მძიმედ იყო ავად. 1942 წლის 28 ოქტომბერს ეპისკოპოსი იეროთეოზი გარდაიცვალა თბილისში. იგი დაიკრძალა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი)
ეპისკოპოსი ტარასი, ერისკაცობაში იაკობ გიორგის ძე კანდელაკი, დაიბადა 1871 წელს გორის მაზრის სოფელ კოხტისხევში. ყმაწვილი იაკობი მშობლებმა თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც 1890 წელს დაასრულა, შემდეგ სწავლობდა ქვათახევის სამონასტრო სკოლაში. 1891 წლის 4 აგვისტოდან ამავე მონასტრის მედავითნეა. 1899 წლის 6 აპრილიდან პირადი თხოვნით გადაყვანილ იქნა ჰერეტის ოლქის სამრევლოში სოფელ ქოთუჭალის ეკლესიის მედავითნედ. ახალგაზრდა იაკობი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ინგილოთა შორის, ეხმარებოდა მათ.
1900 წლის თებერვლიდან იაკობ კანდელაკი გადმოყვანილ იქნა ალავერდის ეპარქიაში, იმავე წლის 4 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა ბერად აღკვეცა ალავერდის მონასტერში და უწოდა სახელად ტარასი, 16 მაისს ყოვლად უსამღვდელოესმა კირიონმა შუამთის მონასტერში აკურთხა იეროდიაკვნად, 17 მაისს მღვდელმონაზონად და დაინიშნა შუამთის მონასტრის იკონომოსად. 1902 წელს დაჯილდოებულ იქნა საგვერდულით. 1900 წლის 22 ივლისიდან არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა ალავერდისა და თეთრი გიორგის ეკლესიების იკონომოსად. 1902 წლის 25 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილ იქნა წმიდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად ხირსაში. არქიმანდრიტი ტარასი იყო ეპისკოპოს კირიონის ერთგული თანაშემწე და თანამებრძოლი. 1903 წლის 4 სექტემბრიდან, როდესაც ეპისკოპოსი კირიონი გადაყვანილ იქნა ხერონისა და ოდესის ეპარქიაში, არქიმანდრიტი ტარასი თან გაჰყვა მეუფეს და ასრულებდა აღნიშნული ეპარქიის ხაზინადარის მოვალეობას. 1904 წლის 10ივნისიდან ორიოლის ეპარქიის იკონომოსია, 1904 წლის 30 ივლისიდან შეთავსებით მუშაობდა ორიოლის საეკლესიო არქეოლოგიური მუზეუმის გამგედ. 1906 წელს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს კირიონთან ერთად მოღვაწეობდა სოხუმის ეპარქიაში. იგი ეპარქიის ქართველ მოღვაწეთა, დიაკონთა და მედავითნეთა კურთხევის კომისიას ხელმძღვანელობდა, ამავე დროს დიდ დახმარებას უწევდა უპოვარ ადამიანებს, ქვრივ-ობლებს.
1908 წლის 10 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკეტმა დანიშნა თბილისის ფერიცვალების ეკლესიაში. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოსურნე სასულიერო პირების მიმართ რეპრსიების პერიოდში, როდესაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს ეპისკოპოსი კირიონი, არქიმანდრიტმა ტარასიმ უყოყმანოდ გაიზიარა მისი ბედი. იგი გვერდიდან არ მოსცილებია კირიონს და ცდილობდა, შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. ეპისკოპოსი კირიონი ყოველთვის აფასებდა არქიმანდრიტ ტარასის ამ ერთგულებასა და თავდადებას. პირველი მსოფლიო ომის დროს არქიმანდრიტი ტარასი რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს მოძღვრად იმყოფებოდა. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ბრძანებით იგი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
არქიმანდრიტი ტარასი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 20 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მიერ დანიშნულ იქნა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად. 1918 წლის 26 ივნისს, დილის 5 საათზე არქიმანდრიტი ტარასი უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-სთან ერთად გაემგზავრა მარტყოფის მონასტერში, 11 სათზე მარტყოფში ჩავიდნენ, მცირედ დაისვენეს, პატრიარქი შეუდგა მუშაობას (ამ დროს იგი "საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში"-ს ქართულ ვარიანტს ასწორებდა). გათენდა 27 ივნისი. უწმიდესი პატრიარქი წესისამბერ დილის 5 საათზე დგებოდა, გახდა 6 საათი, პატრიარქის ოთახიდან არავითარი ხმა არ ისმის... შეაღეს მისი საძინებლის კარები... პატრიარქი კირიონ II სისხლში ცურავს. იქვე გდია მისი ბრაუნინგი... ყველას თავზარი დაეცა, ვინ შევიდა მალულად პატრიარქის ოთახში ისე, რომ წინა ოთახში მყოფმა არქიმანდრიტმა ტარასიმ და მისმა თანმხლებმა ვასილ კბილაშვილმა ვერ გაიგეს ბრაუნინგის გასროლის ხმა? ეს კითხვები პასუხგაუცემელ კითხვებად დარჩა. არქიმანდრიტი ტარასი დაუყოვნებლივ თბილისში გამოემგზავრა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეატყობინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს.
1918 წლის 27 ივნისს 11 საათზე შეიკრიბა საკათოლიკოსო საბჭო თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდეს თავმჯდომარეობით, სხდომას ესწრებოდნენ: ურბნელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), დეკანოზები კალისტრატე ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქენი პეტრე ბარათაშვილი, რაფიელ ივანიცკი. მოისმინეს არქიმანდრიტ ტარასის ინფორმაცია მარტყოფის მონასტერში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და განაჩინეს: ეცნობოს ეს სამწუხარო ამბავი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სათანადო განკარგულებისათვის... მარტყოფის მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მკვლელობისა და მკვლელების შესახებ მრავალი ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელებმა მოისყიდეს არქიმანდრიტი ტარასი... ეს ვერსია, ისევე როგორც სხვები ვერსიის დონეზე დარჩა... მარტყოფის ტრაგედია გამოუცნობი დარჩა, საუკუნეებში გარდასულმა კათოლიკოსმა თან წაიღო მომხდარის საიდუმლო და შთამომავლობას ბევრი კითხვა დაუტოვა. ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი საუკუნეში ერთხელ აინთება, რათა სიბნელიდან სინათლისაკენ გზა გაუნათოს თანამემამულეებს და აზიაროს ჭეშმარიტებას. არქიმანდრიტმა ტარასიმ უპატრონა უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ს უმდიდრეს არქივს და მოწესრიგებული გადასცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას.
1925 წლის 25 ოქტომბერს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს იოანეს (მარღიშვილი) მიერ დაინიშნა სოფელ საქობიოს წმიდა სტეფანეს ეკლესიის წინამძღვრად. ბოდბელ ეპისკოპოსად სტეფანეს (კარბელაშვილი) დადგენის შემდეგ ურთიერთობა ახალ მღვდელმთავარსა და არქიმანდრიტ ტარასის შორის დაიძაბა. იგი არ ემორჩილებოდა მღვდელმთავარს. დაპირისპირების გარღმავების თავიდან ასაცილებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტფორე III-მ, რომელიც 1918 წლის შემდეგ დაუახლოვდა არქიმანდრიტ ტარასის, იგი გადმოიყვანა თბილისის კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1931 წლის 29 ნოემბერს გადაიყვანა ქ. ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვრად. ვლადიკავკაზის ქართველობისათვის ეს ეკლესია ქართულ სკოლასთან ერთად დედა სამშობლოსთან სულიერი კავშირის საშუალება იყო.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო ქართული ეკლესიის შევიწროება. 1930 წელს წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი გიორგი ნათაძე პატრიარქ ქრისტეფორე III-ს სწერდა: "რუსი მღვდლები უკეთეს მდგომარეობაში არიან. ჩვენ კი ყოველთვიურად გადასახადებს გვიმატებენ. იქნებ ვინმე ყოჩაღი ბერი ნახო და აქ გამოგზავნო, თუ არა ოჯახიანი მღვდელი თავს ვერ შეინახავსო." (39, 1954ა) არქიმანდრიტი ტარასი ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ წინააღმდეგობები კიდევ უფრო გაძლიერდა. 1933 წელს არქიმანდრიტი ტარასი შექმნილი პრობლემების შესახებ დაწვრილებით წერდა უწმიდეს კალისტრატესადმი გამოგზავნილ წერილში, - გვავიწროებენ, უნდათ ქალაქის განაპირა ადგილზე გაგვყარონო. 1933 წლის 25 ივლისს ვლადიკავკაზის ქართველობა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატესადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდნენ: "გვართმევენ შენობას, ქუჩაში გვერეკებიან, დაგვანებონ თავი, თუ არა დავიფანტებით აქაური ქართველობა უცხო მხარეში და მთლად რჯულზედ აგვაღებინებენ ხელს. ისედაც გულშეწუხებულთ და გადარჯულებულთ. თვით ჩვენი მღვდელიც არქიმანდრიტი ტარასი აღარ დადგება აქ და სხვა მღვდელს ვერ მოვითხოვთ და რომ მოვითხოვთ კიდეც სად წავიყვანოთ, თუკი ეკლესია აღარ გვექნება." (8, 251).
1933 წლის იანვარში არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მონათლა პატარა ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი. ჭაბუკის ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი... 1938 წლის 24 თებერვალს, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, გააუქმეს ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია, არქიმანდრიტი ტარასი დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა არც აქ იყო მშვიდობა, ქალაქ თბილისის ფინგანის გამგე უწმიდეს კალისტრატეს წერდა, რომ საჭირო იყო სასწრაფოდ დაებეგრათ არქიმანდრიტი ტარასი. 1938 წლის 27 მარტს არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ. 1939 წლის 19 მარტს აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი ტარასი წირავდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1945 წლის 10 ოქტომბერს დაჯილდოვდა კუნკულბარტყულზე თვლიანი ჯვრით. რაც უფრო ემატებოდა ასაკი ჯანმრთელობას უჩიოდა, ხშირად ავადმყოფობდა. გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში. ეპისკოპოსი ტარასი იყო ხალხური სიტყვიერების, ფოლკლორის შემკრები. მას ჰქონდა ლამაზი კალიგრაფია, შემორჩენილია მის მიერ შესრულებული ანბანი. ეპისკოპოსი ტარასი საქართველოს ეკლესიის ცოცხალი მატიანე იყო... ბევრი რამ იცოდა და ბევრი საიდუმლოც თან გაიყოლა...
კირიონის წერილი ტარასი კანდელაკისადმი
1906 წ. იანვარს 4.
"ტარასი!
მე რაც საწერ მაგიდასთან მოტრიალე კანტორკაზედ წიგნები და ქაღალდები დავსტოვე და ხელნაწერი წიგნები, ბიბლიოთეკის ოთახში ყველა ერთად შეჰკარ და წამოიღე. აკადემიის ეკლესიაში შენ უნდა სწირო და ილოცო 13 და 14 იანვარს - ნინოობას. ისე წამოდი, რომ აქ თავის დროზედ მოხვიდე. თან წამოიღე ფოსტა, რომელიც საწოლ ოთახში ნალის ქვეშ დარჩა. აფონსკის თხოვნა შევასრულე, მღვდლის ადგილზედ დავნიშნე მთავარი ვინოგრადსკი, მაგის ნათესავი სერაფიმეს დანიშვნა ამ თვის 20-25-ზე ადრე არ მოხდება. სერაფიმემ მნახა, მოთმინება არა აქვს, ჩქარა უნდა ორიოლში წამოსვლა; აქ ხმები მოდის, რომ ორიოლელები უკმაყოფილოები არიანო სერაფიმის გადმოყვანით, შეიძლება საქმე გადაბრუნდეს. მკითხა სერაფიმემ, როგორი მდივანი გყამთო, მე ვუთხარი: ხოროში ისპალნიტელი, ტრეზვი ი დეიატელნი მეთქი. იმან სთქვა: მე ჩემი ერთგული მდივანი მყავსო, სხვას ვერ ვენდობიო.
კასების წიგნებს გიგზავნი, შიდ ორი თაბახია ხელმოწერილი, დააწერინე ზედ და მიიღე ყველა რენტები, ხუთ პროცენტიანი სესხისა და რაღაც ფული მერგება. ვერტოგრადოვსა სთხოვე ჩემ მაგიერად იმანა და ჩემმა მდივანმა ლაზარეთის შესავალ-გასვლის წიგნი, რომელსაც აწარმოებდა მდივანი როჟდესტვენსკი, შეამოწმონ, აქტი შეადგინონ და ამოიწერე რამდენია ლაზარეთის ფული. ამასთანავე ცნობაში უნდა მოიყვანონ, რამდენია ფლოტისთვის კიდევ გასაგზავნი შეწირულება. რენტები ხუთ პროცენტიანი და ფულები თან წამოიღე."
ე.კ. 1906 4/I. (21. 57).
ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი)
ეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დიმიტრი ივანეს ძე ლაზარიშვილი, დაიბადა 1870 წლის 16 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯიმითში. 1889 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ საქართველოს ეგზარქოსის პალადის წინადადებით გამოვიდა სემინარიიდან და 1890 წლის 21 იანვარს იგი აკურთხეს დიაკვნად და სიონის ეკლესიის წიგნის მკითხველად, 1897 წლის 28 მაისიდან ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანია. 1904 წლის 29 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდლად დიაკვნის ადგილზე ქაშუეთში. 1907 წლიდან იმავე ეკლესიის შტატის მღვდელია. 1906-1907 წლებში მუშაობდა საქართველოს საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად და ხაზინადარად. 1908-1912 წლებში პარალელურად მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის ეკლესიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი კომისიის წევრად. 1914 წლის 24 ივლისს დაინიშნა მღვდელმსახურად საველე მოძრავ ჰოსპიტალში N481 - ბრძოლის ველზე (დასავლეთის ფრონტზე). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1918-1920 წლებში, თბილისის საოლქო კრების არჩევით ასრულებდა თბილისის საეპარქიო საბჭოს წევრის მოვალეობას. 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1919-1923 წლებში მუშაობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები გააფრთებით უტევდნენ თბილისს. ამ საგანგებო ვითარებაში 24 თებერვალს თბილისში სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს 19 თებერვლით დათარიღებული წერილი - "ვინაიდან მოულოდნელი არეულობის პირველ დღეებში საკათოლიკოსო საბჭოს არ ჰქონდა დრო და შეძლება, რომ ზოგიერთ საჭირო საეკლესიო კითხვების შესახებ გამოეტანა საჩქარო გადაწყვეტილება და გაეცა საკათოლიკოზოში დროის შესაფერისი სათანადო განკარგულებანი, ამით წინადადებას ვაძლევ ხსენებულ დაწესებულებას, ახლავე გამოიტანოს გარკვეული გადაწყვეტილებანი შემდეგი საკითხების შესახებ: 1. სად და როგორ იქნას დაცული ომისაგან მოსალოდნელი საშიშროებისაგან სოფლებისა და ქალაქის ეკლესიების განძეულობა და სიწმინდე? 2. სად იქნას დაცული საკათოლიკოსო საბჭოს ქონება, არქივი? 3. როგორ შეიცვალოს ეკლესიის მართვა-გამგეობის წესები შექმნილ ვითარებაში? 4. როგორ მოვიქცე პირადად მე, ვინცობაა, რომ ჩვენმა მთავრობამ მოახდინოს ქალაქის ევაკუაცია? 5. რა ზომების მიღებაა საჭირო საკათოლიკოზოში. ომისგან შექმნილ არაჩვეულებრივი პირობების გამო." (38, 1304).
საკათოლიკოსო საბჭომ დაადგინა, დაუყოვნებლივ მოეხდინათ თბილისის ეკლესია-მონასტრებიდან საეკლესიო სიწმინდეთა და განძის გამოტანა და ქუთაისში გაგზავნა. ამ საქმეზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) და არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე). უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ საკათოლიკოსოს სამეურნეო განყოფილების გამგეს, დეკანოზ დიმიტრი ლაზარიშვილს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "მამაო დიმიტრი, მთავრობა მზად არის, მოგვცეს მცველები და გადავიტანოთ რკინიგზით ჩვენი განძეულობა ქუთაისში. თუ ჩვენ ყველა ამას მივიტანთ ვაგზლამდე. აბა დატრიალდი, იშოვე ურმები და სხვა რამ. ჩააბარა ბარგი რკინიგზაზე, რაც შეიძლება ჩქარა." (38, 6475). საეკლესიო განძი უვნებლად გადაიტანეს ქუთაისში და გადამალეს ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში, მაგრამ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დეკანოზ პლატონ ცქიტიშვილის მეშვეობით შეიტყო განძის ადგილსამყოფელი და მოახდინა მისი კონფისკაცია. 1923 წლის 13 იანვარს დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა. იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა, მაგრამ გაათავისუფლეს ამინისტიის საფუძველზე 1 წლისა და ორი თვის შემდეგ. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა ქაშუეთის ეკლესიას. 1925 წლის 17 ივნისს დაინიშნა თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ, 1926 წლის 17 თებერვალს - საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1927 წლის 26 ივნისიდან დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი საკათოლიკოსო სინოდის წევრია. 1930 წელს დაინიშნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. ამ თანამდებობაზე იყო 1943 წლის მაისამდე.
1943 წლის იანვარში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუძლიერდა. "თბილისის ეკლესიები ხუთი თვის მანძილზე მღვდელმთავრის წირვა-ლოცვის გარეშე დატოვა. გამოჯანმრთელებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრის დიმიტრის ეპისკოპოსად კურთხევის შესახებ. 1943 წლის 23 მაისს დიმიტრი ლაზარიშვილი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ამ სიტყვებით მიმართა მას: "ყოვლადსამღვდელო მეუფე დიმიტრი. შენ იცი, სწორედ ერთი თვის წინათ შემისრულდა 77 წელი, რაც უფალმა მომავლინა ამ ქვეყნად და 50 წელი, რაც მომიწოდა წმიდა ტრაპეზის მსახურად. ნახევარი საუკუნის ძალისამებრ სამსახურმა დამღალა, ხოლო დღეთა სიგრძემ მიმიყვანა უკურნებელი სენის, მოხუცებულობის კარამდე. ამავ დროს, სიყრმის მეგობარმა და თანამოსაგრემ, ტკბილმა ყოვლადსამღვდელო იეროთეოსმა სამუდამო თავშესაფარს მიაშურა და დამაობლა. მარტოდ დარჩენილს მძიმე ავადმყოფობა მეწვია და თბილისის ეკლესიები ხუთი თვით მღვდელმთავრის წირვა-ლოცვის გარეშე დასტოვა. ეს კი დიდად აღონებდა მორწმუნეებს და სარეცელზე მდებარე ეკელსიის მეთაურსაც. ბუნებრივია, ასეთ პირობებში დამებადებოდა აზრი დამხმარე მღვდელმთავრის ხელდასხმისათვის. ვისზედ უნდა შევჩერებულიყავი? ორმოცი წლის ერთად მოღვაწეობამ წმიდა გიორგის საფარველის ქვეშ საკმაოზედ მეტად გამაცნო შენი პიროვნება და მეც აგირჩიე ქორეპისკოპოსად. ვიმედოვნებ ჩემს დაუძლურებას არ აგრძნობინებ მორწმუნე ერს, ბეჯითად წირვა-ლოცვით დააკმაყოფილებ მის სულიერ მოთხოვნილებას. დღეიდანვე შეუდექ შენს მოვალოების აღსრულებას და დასდევ მისი დასაწყისი მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევის გადაცემით აქა მდგომარეთადმი, რომლებიც სასოებითა და სიყვარულით მოელიან მას შენგან. ქრისტე აღსდგა, ძმაო და თანამწირველო და არს ჩვენ შორის." (58, 189).
ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს: "ნება მიბოძეთ საჯაროდ წარმოვთქვა ჩემი აღსარება. თოთხმეტი თვისა ვიყავ, როდესაც მამა გარდამეცვალა და დავრჩი უმწეოდ. მომვლელ პატრონად უფალმა მომივლინა დედის მამა, მღვდელი მაკარი შიშნიაშვილი, რომელმაც წამიყვანა თავის სახლში და ჩამინერგა გულში ღვთის შიში და მტკიცე სარწმუნოება. ამგვარმა აღზრდამ აღმარჩევინა სამოღვაწეო ასპარეზად მღვდლობა. ამისთვის დღევანდელ ჩემთვის შესანიშნავ დღეს ვალად ვრაცხ მადლობით მოვიხსენიო მამა მაკარი. რაც შეეხება მღვდელმთავრის ხარისხის მიღებას, მე მას არ ვესწრაფოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ, თქვენო უწმიდესობავ, თქვენ გთხოვეს ჩემი ეპისკოპოსად გაგზავნა ერთ-ერთ ეპარქიაში, მაგრამ როდესაც ამა თვის 11 მაისს მიბრძანეთ, უნდა ეპისკოპოსად გაკურთხოვო, დაგემორჩილეთ, როგორც მუდამ მზადმყოფი თქვენი ბრძანების შესრულებისა, ხოლო იმ დღიდან ჩავარდი საფიქრებელში, რად ვკიდებ ხელს ასეთ დიდ საქმეს და რად ვკისრულობ ასეთ პასუხსაგებელ სამსახურს მეთქი. ეპისკოპოსისათვის საჭიროა სიბრძნე და სიმშვიდე, კრძალულება და გაბედულება, გამოცდილება და სიმტკიცე, სიყვარული და მოთმინება, რომ ემსახუროს მორწმუნეთ, შეეწიოს მათ და აღასრულოს თვისი მოვალეობა განურისხებლად და შებრალებით. ამასთან ერთად მაგონდება დიდი მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის სიტყვები: "ეპისკოპოსი უნდა იყოს შემოსილი სიმართლითა, სუფთა ზნე-ჩვეულებითა, სპეტაკი ცხოვრებითა და ქველმოქმედებითა მეტად, ვინემ ჩვეულებრივი ადამიანებიო", და ძალად უნებურად, შიში და ძრწოლა მოიცავს ჩემ სულს, რადგანაც თვალწინ მიდგას ჩემი სისუსტე და უღონობა და ამავე დროს მაგონდება პავლე მოციქულის განმამხნევებელი სიტყვები: "ძალი ღვთისა უძლურება შინა სრულ იქნებისაო." (2 კორ. 12. 2) და ამისათვის, თუმცა მოგახსენებთ მორჩილ ვარ ბრძანებისა, თქვენისა და არა რას მცირესა წინააღმდეგობასა ვიტყვი, მუდამ უმდაბლესად გთხოვთ: "შემავედრეთ ყოვლადშემძლებელს გარდმოავლინოს ჩემზედა მადლი სულისა წმიდისა და მომცეს ძალი და სიმხნე კეთილად აღსრულებისათვის მადლისა და ძნელი მსახურებისა." (58, 190).
ეპისკოპოსი დიმიტრი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მას ენდობოდა და დიდ პატივს სცემდა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე. 1943 წლის სექტემბერში, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) უწმიდესი კალისტრატე მას ურჩევდა: "გთხოვთ ჩემს მიერ აღებულ გეზსა და მიმართულებას ნუ შეცვლით. ეს არ ივარგებს, ეკლესიისა და პირადად თქვენთვისაც იქნება საზიანო. ჩემი დამარხვის შემდეგ დაუყოვნებლივ დაამტკიცეთ ქაშუეთის წინამძღვრად ყოვლადსამღვდელო ნინოწმინდელი ეპისკოპოსი დიმიტრი, იქონიეთ მასთან ძმური კავშირი და ყური ათხოვეთ მის რჩევებს ფრთხილი და ჭკვიანი კაცია, შემინდე თხოვნისა და დავალებისათვის, ვევედრებით უფალს, შეგვეწიოს სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში." (26, 155). მეუფე დიმიტრი მართალია იწოდებოდა ნინოწმინდელად, მაგრამ შექმნილი რთული ვითარების გამო (ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია ს.ვ.) წირავდა ქაშუეთის ეკლესიაში. 1947 წლის 8 ნოემბერს იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ქაშუეთის ეკლესიაში.
მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი)
მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, დაიბადა 1882 წელს ქ. სოხუმში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან მისი აზრით ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება. 1914 წელს სიმონ გიგინეიშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქარ¬თველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა მას სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ იგი მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წინადადებით მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1954 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს 74 წლის ასაკში. განსვენებულს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძემ), რომელმაც მიტროპოლიტი ანტონი დაახასიათა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი, რომელიც იყო თავმდაბალი, ტაქტიანი განათლებული და პატრიოტი და რომლის გარდაცვალება იყო დიდი დანაკლისი ქართული ეკლესიისათვის. იგი დაიკრძალა სოხუმში.
მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე)
მიტროპოლიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გაბრიელ ზაქარიას ძე ჩაჩანიძე, დაიბადა 1901 წლის 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის ნაძალადევის ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, 1913 წელს სწვლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1921 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ისტორიის სპეციალობით. მისი მასწავლებლები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, გრიგოლ წერეთელი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა ძველი ქართული ხელნაწერების განყოფილებაში, ისტორიას ასწავლიდა სკოლაში. 1929 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით დატოვებულ იქნა ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრაზე ასპირანტად, რომელიც დაამთავრა 1933 წელს, 1930 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე დაინიშნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად, ამავე დროს იგი კითხულობდა ისტორიის სწავლების მეთოდიკის კურსს. 1935 წლიდან იგი გადაყვანილ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ანტიკური და ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კურსებს. 1936 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე დაინიშნა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ, 1939-1942 წლებში შეთავსებით მუშაობდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგედ.
1942 წლის 20 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია "ალექსანდრე მაკედონელის იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის." ოფიციალურმა ოპონენტებმა პროფესორებმა მათე ალექსიშვილმა და გიორგი გოზალიშვილმა მაღალი შეფასება მისცეს დისერტანტის შრომას, საბჭომ ერთხმად მიანიჭა მას ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ორი წლის შემდეგ გაბრიელ ჩაჩანიძეს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების საქმეში გაწეული წვლილისათვის გაბრიელ ჩაჩანიძე დაჯილდოებული იყო მედლით "შრომითი მამაცობისათვის 1941-1945 წლებში." მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც მსოფლიო ისტორიის გამოჩენილ მკვლევარს, საერო ცხოვრების ასპარეზზე კიდევ უფრო წინსვლა ელოდა. 1948 წლის აგვისტოში გაბრიელ ჩაჩანიძემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს და ითხოვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში მიღება. მისი ეს გადაწყვეტილება იყო შოკის მომგვრელი იმ მეცნიერული საზოგადოებისათვის, სადაც გაბრიელ ჩაჩანიძე მოღვაწეობდა. ბევრი კიცხავდა მას, იყვნენ ისეთებიც, ვინც ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებდა მასზე, ზოგიერთი უწმიდეს კალისტრატეს ურჩევდა, არ მიეღო სამსახურში, თორემ გაბრიელ ჩაჩანიძე მას პატრიარქობას წაართმევდა.
1948 წლის 15 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ გაბრიელ ჩაჩანიძე აკურთხა დიაკვნად. 19 აგვისტოს - მღვდლად სიონის საკათედრო ტაძარში და დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად.
1949 წლის 7 იანვარს იგი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და გადმოყვანილ იქნა სიონის საკათედრო ტაძარში, ამავე დროს ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის თანაშემწის მოვალეობას. 1949 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გაბრიელი ბერად აღკვეცეს. 1951 წლის 15 თებერვალს იგი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1953 წლის დასაწყისში ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსია, 1953 წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქუთათელ-გაენათელად, მიენიჭა მიტროპოლიტობა. ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი ლექტორი დაბრუნდა როგორც ეპარქიის მღვდელმთავარი. მეუფე გაბრიელს ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ურთულესი ვითარება დახვდა, მრევლი დაპირისპირებული, სასულიერო პირთა შორის - განხეთქილება. იყო კვირის წირვა-ლოცვის ჩაშლის შემთხვევები. ერთხელ ვიღაც მოსყიდული დედაკაცი მოსაკლავად დაედევნა მღვდელმთავარს... ამას ემატებოდა ხელისუფლებისაგან ზეწოლა-შევიწროება, მაგრამ მეუფე გაბრიელმა მოახერხა ვითარების ნორმალიზაცია. მიტროპოლიტმა გაბრიელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მოწამეთას მონასტერს, რომელიც იავარქმნილ იყო. წმიდა დავითისა და კონასტანტინეს ნეშტები 1925 წელს, აგრესიული ათეიზმის ხანაში, ქუთაისის მაზრის იმდროინდელი ხელმძღვანელის ვალია ბახტაძის განკარგულებით გადაასვენეს ქუთაისში, სადაც გაიმართა სასამართლო პროცესი. ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წმინდანთა ნაწილებს წაუყენეს ბრალდება ხალხის მოტყუებისა და მოსთხოვეს თავის მართლება. ერთკვირიანი სასამართლო სხდომების შემდეგ გამოიტანეს მათი გამამტყუნებელი განაჩენი. გადაწყდა წმიდა ნაწილების ადიდებულ რიონში გადაყრა, მაგრამ ცნობილმა მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანმა მოახერხა მათი გადარჩენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადატანა. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქები ქრისტეფორე III, კალისტრატე, მელქისედეკ III, მორწმუნე მრევლი საერო ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ წმიდანთა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე უარს აცხადებდნენ.
1954 წელს მიტროპოლიტ გაბრიელსა და ქუთაისის ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივანს გრიგოლ ნარსიას შორის მოხდა სერიოზული დაპირისპირება... ხელისუფლება იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. იმავე წლის 4 ივლისს მოწამეთაში საზეიმო პარაკლისი დაიწყო, 11 საათზე მონასტერში დაბრუნდა წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები. მიტროპოლიტმა გაბრიელმა მოაწესრიგა მონასტრის შესასვლელი. მიტროპოლიტ გაბრიელს რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I სთავაზობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის კურსის ხელმძღვანელობას. მას, როგორც განათლებულ და დახვეწილ სასულიერო მაღალ იერარქს, ჰქონდა დიდი მომავალი, მაგრამ იგი 1956 წლის 3 ივლისს უეცრად გარდაიცვალა... მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში მრავალი ვერსია იყო... თუმცა რა მოხდა ზუსტად არავინ არ იცის... მეუფე გაბრიელს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ. იგი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.
მღვდელ გაბრიელ ჩაჩანიძის წერილი კ. კეკელიძისადმი.
"ჩვენო პატივცემული მასწავლებელო!
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
გახლდით ბულგარეთში და ვინახულე პეტრიწონის-ბაჩკოვოს მონასტერიც, კარგად გახლავთ შენახული.
ჩვენო ბატონო, ძველი ათონის საკითხი მუშავდება საერთოდ ე.ი. ყველა იმ ქვეყნების გაერთიანებული ძალებით, რომელიც აქვთ ბერძნებთან სადაო: რუსეთი, საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა, რომელთაც უკვე წარმოუდგენიათ მოსკოვში მემორანდუმები და ვრცელი გამოკვლევებიც დაურთავთ.
ჩვენ ბრძენსაც წარუდგენია ერთგვერდნახევრიანი "მემორანდუმი" - ძალიან უხერხემლო და უნიათო არის.
ყველანი საერო და სასულიერო მთავრობა გაკვირვებულნი გახლავთ მოსკოვში ეს რა წარმოსადგენი იყოვო.
მე მოვახსენე, არაფერი არ ვიცი და როგორც გამოირკვა, თითონ დაუწერია პატრიარქს და გადაუგზავნია, რაც ხელაღებით დაწუნებულია და ახალს თხოულობენ უფრო დასაბუთებულს ე.ი. მემორანდუმში უნდა ასახული იყოს, რომ ჩვენია ივერიის მონასტერი და მისი ფილიალები თუკი ასეთები გააჩნდენ მას. მე გავეცანი სხვების მემორანდუმებსა და მასალებს მოსკოვში. ახლა მინდა თანახმად მოსკოვში არსებული საამისო კომისიის დავალებისა, წარვუდგინო შესაფერისი ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი თანაგრძნობა და ადამიანური დამოკიდებულება არ არის ჩემს მიმართ ჩვენი ეკლესიის მესვეურთაგან, მე მაინც ვეცდები თქვენი დახმარებით რაიმე გავაკეთო.
თქვენი მოწაფე გაბრიელი." (27, 700).
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი)
ეპისკოპოსი გობრონი, ერისკაცობაში მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი, დაიბადა 1899 წლის 21 ნოემბერს თბილისში. მამა ეფრემი წარმოშობით გორის მაზრის სოფელ შავშვებიდან იყო. 1907-1912 წლებში სწავლობდა კუკიის პეტრე დიდის სახელობის სამოქალაქო ოთხწლიან სკოლაში. 1912-1916 წლებში თბილისის სახელოსნო ოთხწლიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1916-1918 წლებში ინტენსიურად ემზადებოდა სწავლის გასაგრძელებლად. 1918 წლის იანვარში ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე, სადაც ისმენდა ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, აკაკი შანიძის, გრიგოლ წერეთლის, კორნელი კეკელიძის ლექციებს. 1918 წლის 4 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და მიწერილ იქნა საკათალიკოსო სასახლის კარის ეკლესიაზე. 1919 წლის 28 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესი ლეონიდეს მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1919 წლის 20 დეკემბერს ყოვლადსამღვდელო ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის განკარგულებით დაინიშნა ბოდბის დედათა მონასტრის იეროდიაკვნად. 1921 წლის 25 დეკემბერს აღყვანილ იქნა მთავარდიაკვნის ხარისხში. ამავე დროს ასრულებდა საქმის მწარმოებლის მოვალეობას ალავერდის ეპარქიაში. მამა გობრონის თვალწინ გაიარა ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების საშინელმა რეპრესიებმა, სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ, ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის (ოქროპირიძე) მძიმე მდგომარეობამ. 1925 წლის 25 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ იგი განთავისუფლებულ იქნა ხსენებული თანამდებობიდან და გაემგზავრა სომხეთში, სადაც 1930-1935 წლებში სწავლობდა ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში, ვეტერინარიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობდა ცხინვალის რაიონში ვეტექიმად. 1935-1941 წლებში მუშაობდა ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიის საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგედ.
1941-1945 წლებში წალკის რაიონის მთავარი ექიმია. 1945-1946 წლებში გორის რაიონის მთავარი ექიმია.
1946-1950 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონის მთავარ ექიმად.გობრონ წკრიალაშვილმა 51 წლის ასაკში კვლავ მშობელ ეკლესიას მიაშურა. მან ვრცელი წერილით მიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ითხოვა სასულიერო ხარისხში აღდგენა. მეუფე ეფრემმა ამის შესახებ მოახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს კალისტრატეს, რომელმაც დართო ამის ნება. 1950 წლის 27 იანვარს გობრონი აღდგენილ იქნა იეროდიაკვნის ხარისხში, 28 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარში და იქვე დაინიშნა მესამე მღვდლის ადგილზე. 1950 წლის 8 თებერვალს გადაიყვანეს სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად და სოხუმის ოლქის კეთილმოწესედ. 1951 წლის 21 აპრილიდან თბილისის კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაშია. 1951 წლის 10 ოქტომბრიდან მღვდელმონაზონი გობრონი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილედ დაადგინეს.
სვეტიცხოველში მსახურების დროს ბერძენი ტურისტები შემოსულან ტაძარში. არქიმანდრიტი გობრონი გამოლაპარაკებია და ბერძნულ ენაზე მეგზურობა გაუწევია მათთვის. მან ასევე ბრწყინვალედ იცოდა ბერძნული, რუსული და სომხური ენები. 1954 წლის 2 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი გობრონი გამოცხადდა წილკნის ეპისკოპოსად. 3 იანვარს იგი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად სიონის საპატრიარქო ტაძარში. "ვიცი, მომაკვდავი ვარ, - აღნიშნა მან, - მაგრამ ისეთი მადლი გადმოდის ეპისკოპოსად კურთხევის დროს კურთხევაზე, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და გამომაჯამრთელოს და მეც შევძლო ეპისკოპოსად მოღვაწეობა." (56, 90). ზუსტად 48 დღე იყო მეუფე გობრონი წილკნის ეპისკოპოსი, ისე გარდაიცვალა, სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ვერ აღასრულა. დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გალავანში.
ბერი გობრონის ჩანაწერი 1918 წელს მირონის მომზადების შესახებ
"მირონის მოხარშვის ადგილად არჩეულ იქნა ყოფილი საკათოლიკოსო სასახლის კარის ეკლესია (ანჩისხატი). თვით ეკლესიაში გამზადებულ იქმნა ქართულ სტილზე აგებული ქურა... ქურა აშენებული იყო ეკლესიის შუა ნაწილში, მარცხნივ, ივერიის წმიდა ღვთისმშობლის, ჯვარცმის და წმიდა პანტელეიმონის ხატების პირისპირ. ქურაზე იდგა ზედადგარი, რომელზეც სპილენძის დიდი ქვაბი იყო შემოდგმული. წმიდა მირონის მოხარშვისათვის მოწვეულ იყო განსვენებული პროვიზორი ახვლედიანი, რომელსაც ჰქონდა მინიჭებული უშუალო ხელმძღვანელობა და სრული პასუხისმგებლობა საქმისათვის. ვნების კვირეულის ორშაბათ დილით ბ-მა ახვლედიანმა ქვაბში ჩაუშვა ყველა ხარშვისათვის განკუთვნილი მასალები. დღის 12 საათისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-მ ტფილელ მიტროპოლიტ ლეონიდესთან და თბილისის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, რის შემდგომშიც საკუთარი ხელით აიაზმის სხურებით ჩაუშვა ქვაბში ჯვარის სახით სპეციალურად პინაკებზედ და სასმისებში კანდელაკის მიერ გამზადებული მირონის მასალების ნაწილი. შემდგომ ამისა, კანდელაკმა მის უწმიდესობას მიართვა ანთებული კვარი, რომელმაც საკუთარის ხელით მოუკიდა წინასწარ ქურაში გამზადებულს და სპირტდასხმულ რამდენიმე ნახშირის ნატეხს ცეცხლი. შემდგომ ამისა კათოლიკოს პატრიარქი აბრძანდა კათედრაზე და იწყო წმიდა სახარების კითხვა: იოანე, თავი I - "პირველიდან იყო სიტყვა..." მას ცვლის ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე, შემდგომ ხარისხის მიხედვით ერთი მეორეს მონაწილენი (თითოეული მათგანი წმიდა სახარების წაკითხვის შემდეგ სტოვებს მირონის ქვაბს, შედის საკურთხეველში და სამოსელს იხდის). მირონის ქვაბთან იქმნენ მორიგენი მუდმივად - მთავარ-დიაკონნი, რომელთაც ევალებოდათ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ქვაბის მორევა განუწყვეტლივ, ხოლო სამღვდელოებას ევალებოდათ ორ-ორი საათი სახარების კითხვა. ესე წესი სრულდებოდა დიდ ოთხშაბათს მწუხრამდე. დიდ ხუთშაბათს დილით ადრე გაწურულ იქმნა ნახარში და შეზავებულ ნაირ-ნაირი სურნელ-ეთეროვანი სითხეებით და ეს სურნელოვანი მასსა სახელწოდებულად მირონი, ჩაუშვეს სპეციალურ თუნუქის ჭურჭელში, რომელსა ეწოდების სამირონე _ ალაბასტრი, რომელიც იქვე იქმნა მოკრძალებით დალუქული საკათოლიკოსო ბეჭდით. წირვის დაწყებამდე ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე თანამწირველებითურთ და მორწმუნე ერით გაემგზავრა სიონის ტაძრიდან საკათოლიკოსო სასახლის კარის ეკლესიაში, სადაც შეხვდნენ მის უწმიდესობას კირიონ II-ს. ურთიერთმისალმების შემდეგ პროცესია დაბრუნდა სიონის ტაძრისაკენ, მოაბრძანებდნენ წმიდა მირონს, მათ უკან მოჰყვებოდა მანტიაწამოსხმული კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. პროცესიას ამკობდა ქართული გუნდი და მქუზარე ზარები როგორც დედა სიონს, აგრეთვე მეზობელ ტაძართა. სიონის ტაძარში ალაბასტრნი მირონით შესვენებულ იქმნა სამკვეთლოში, ხოლო "სერობასა საიდუმლოსა შენისასა"-ს დროს სამეუფოსა სვლით გარდასვენებულ იქმნა საკურთხევლად ტრაპეზსა ზედა, ხოლო დიდი ალაბასტრი იქმნა გარდამოსვენებულ სამღვდელოთა მიერ და დასვენებული წმიდა ტრაპეზის მარცხნივ, ქიმში საგანგებოდ მომზადებულ კვარცხლბეკზედ. პატარა ალაბასტრი კი წმიდა მირონით გადმოასვენა ტფილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა სამეუფო ბჭესთან და იგი ჩამოართვა მას, რომელიც დაასვენა წმიდა ტრაპეზსა ზედა მარცხნით ფეშხუმისა. შემდგომათ მათ მიერ ქიმნა მიღებული ჩვეულებისამებრ სიწმინდენი."
(დოკუმენტის დედანი ინახება სვეტიცხოვლის წინამძღვარ არქიმანდრიტ ისააკთან, რომელმაც თავაზიანად დაგვითმო, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ. ს.ვ.)
მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი)
მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბრაელის ძე დევდარიანი, დაიბადა 1903 წლის 24 მარტს, შორაპნის მაზრის სოფელ მირონწმინდაში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ მირონწმინდაში. 1917 წელს დაამთავრა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმეს მონასტერში. 1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა დაადგინა მირონწმინდის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როდესაც ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშე გამოცხადდნენ და სდევნიდნენ მათ, ხარიტონიც დაპატიმრების შიშით ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. 1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) ხარიტონ დევდარიანი დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი სარგვეშის წმიდა გიორგის ეკლესიაში და დანიშნა იმავე ეკლესიის წინამძღვრად. 1928 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად.
1929 წლის 4 მარტს იგი გადაყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში. ჯერ მსახურობდა სიონის საპატრიარქო ტაძარში მედავითნეს შტატში, 1932 წლიდან ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია. 1945-1947 წლებში მსახურობდა კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. 1947 წლის 20 ნოემბერს უწმიდესისა და უნეტარესის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III მას განსაკუთრებით აფასებდა და წინადადება მისცა, ბერად აღკვეცილიყო. 1956 წლის 25 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ მამა ხარიტონი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად დავითი, 27 აგვისტოს მამა დავითი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 28 აგვისტოს მას სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიები. უწმიდესი მელქისედეკი თვლიდა, რომ მის მიმართ ხელისუფლების ორგანოებში გაგზავნილი საჩივრების უკან მიტროპოლიტი ეფრემი იდგა, ამიტომ 1959 წელს მეუფე დავითი დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად, მიენიჭა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება და გამოცხადდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III. 11 იანვარს შედგა სინოდის სხდომა, რომელმაც მხარი დაუჭირა მიტროპოლიტ დიმიტრის (იაშვილი) წინადადებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აერჩიათ ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე). მოსაყდრედ დატოვებულმა მეუფე დავითმა უარი განაცხადა მოსაყდრის თანამდებობაზე. ეს მის ღირსებასა და თავმდაბლობაზე მეტყველებდა. მართალია, იმხანად პატრიარქად მიტროპოლიტი ეფრემი აირჩიეს, მაგრამ უწმიდესი ეფრემი ყოველთვის აფასებდა ეპისკოპოს დავითის ამ ნაბიჯს. 1962 წლის 18 თებერვალს უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით ებოძა მიტროპოლიტობა. მ
იტროპოლიტი დავითი 1972 წლის 1 ივლისს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. გარდაიცვალა 1977 წლის 9 ნოემბერს, 15 ნოემბერს დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძარში.
მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა)
მიტროპოლიტი ზინობი, ერისკაცობაში ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა, დაიბადა 1896 წლის 14 სექტემბერს ჩერნოგოვის გუბერნიის ქ. გლუხოვოში. სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, 11 წლისას - მამა. ბავშვობიდან იგი გლინის უდაბნოს სავანეს მიეკედლა, სადაც სამკერვალო სახელოსნოში მოწაფედ მიებარა. 1912 წლიდან გლინის უდაბნოს მორჩილია. გლინის უდაბნოს წესდებით, რა ასაკისა და განათლებისაც არ უნდა ყოფილიყო ახლადდამწყები, მორჩილების განსაკუთრებული საფეხურები უნდა გაევლო: სასტუმროში (6 თვე), სამრეცხაოში (1 ან 2 წელი) თუ მორჩილი მონასტრული ცხოვრებისათვის გამოდგებოდა, მას სხვა მორჩილებას აძლევდნენ, რომელიც სპეციალურ ჩვევას ითხოვდა: სამზარეულოში, საცხობში, სამკერვალო სახელოსნოში. 1916 წელს მორჩილი ზაქარია მაჟუგა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც ფრონტის ხაზზე რიგით ჯარისკაცად იმ ნაწილში მოხვდა, რომელსაც ნიკოლოზ II-ის ბიძა მიხეილ ხელმძღვანელობდა. 1917 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღეს გლინის სავანეში აღიკვეცა ბერად და მღვდელმოწამე ზინობ ეგესელის პატივსაცემად უწოდეს სახელი ზინობი. 1922 წელს საქართველოში დრანდის მონასტერში იწყებს მთავარდიაკვნობას. 1925 წლის 18 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით რუსული ეკლესიის ეპისკოპოსმა ნიკონმა მამა ზინობი მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1927 წლიდან მამა ზინობი სოხუმის ეპარქიაში წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია, 1925-1930 წლებში სოხუმის წმიდა ნიკოლოზის ტაძარშია, 1930-1936 წლებში როსტოვის სოფიის ტაძარში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ მამა ზინობი მცხეთის წმიდა ოლღას სახელობის მონასტრის მღვდელმსახურია. 1944-1945 წლებში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია. 1945-1947 წლებში მამა ზინობი სომხეთის რესპუბლიკის სოფელ კიროვოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1947-1950 იყო წლებში იგი ბათუმის სასაფლაოს სულიწმიდის ტაძრის წინამძღვარი. მის დროს ტაძარი მთლიანად აღსდგა და მრავალი ხატით შეივსო. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს მიერ 1950 წელს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, ამავდროულად იგი ასრულებდა საქართველოსა და სომხეთში არსებული რუსული მრევლის კეთილმოწესის მოვალეობასაც. 1952 წლის 11 ივნისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრია. 1953 წელს დაჯილდოვდა მეორე გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით, 1954 წელს - არქიმანდრიტის კვერთხით. 1956 წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის გადაწყვეტილებით (სინოდის წევრთა უმრავლესობა წინააღმდეგი იყო) არქიმანდრიტი ზინობი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1957 წლის 6 მარტს ეპისკოპოსი ზინობი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად წოდებით "ეპისკოპოსი სტეფანოვანისა." 1960 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის გადაწყვეტილებით მეუფე ზინობს ეწოდა თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი, ამავე დროს იგი რჩებოდა თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად.
ეპისკოპოსმა ზინობმა 1957 წლის 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ბერად აღკვეცა ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი და უწოდა სახელი ილია.
1958 წლის ნოემბერში მეუფე ზინობი დაჯილდოვდა სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით. 1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტი ზინობი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის ნინოს I და II ხარისხის ორდენებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის დიდი თავად ვლადიმერის I და II ხარისხის ორდენებით და ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს II ხარისხის ორდენებით.
1977 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი ზინობი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში შეხვდა და მიესალმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ პატრიარქს პიმენს. მიტროპოლიტი ზინობი ახლდა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს 1978 წლის მარტში მოსკოვში ვიზიტის დროს. 35 წლის მანძილზე მიტროპოლიტი ზინობი ტაძრის გვერდით მოკრძალებულ სენაკში ცხოვრობდა. ეს პატარა ოთახი იყო მისი კაბინეტიც და საძინებელიც. 1984 წლის 19 ივლისს (1 აგვისტოს), ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, მეუფე ზინობმა ლიტურგია აღასრულა, ფეხების სისუსტე იგრძნო და მას შემდეგ უკვე თავის სენაკს მიეჯაჭვა, რადგან სიარული გაუძნელდა, ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მაგრამ იმავე წლის 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ანაფორა ჩაიცვა, თავად წავიდა ტაძარში და ლიტურგიის შემდეგ ლოცვაზეც კი გამოვიდა. ამ დღიდან გარდაცვალებამდე მას აღარ დაუტოვებია სენაკი.
1985 წლის 8 მარტს მიტროპოლიტი ზინობი გარდაიცვალა, 14 მარტს, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრებთან: მიტროპოლიტ კონსტანტინესთან (მელიქიძე), მიტროპოლიტ დავითთან (ჭკადუა), ეპისკოპოს ზოსიმესთან (შიოშვილი) ერთად წესი აუგო მიტროპოლიტ ზინობს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წესის აგების წინ ბრძანა: "თეთრიწყაროელი მიტროპოლიტის, ზინობის ცხოვრება მთლიანად ეძღვნებოდა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოყვასის მსახურებას. არიან ადამიანები, რომელთა სახელებიც დიდხანს რჩება მორწმუნეთა გულებსა და ლოცვებში. ასეთი მადლმოსილი ადამიანი, რომელმაც სულიწმიდის მადლი მოიხვეჭა, იყო ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ზინობი, მან სულიწმიდის მადლის მოხვეჭას თავისი ურყევი რწმენით, უფლისა და ყველა გარშემომყოფი ადამიანის სიყვარულით მიაღწია... 1950 წლიდან 35 წლის განმავლობაში იგი მწყემსავდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მრევლს. ჩვენ ვიცნობთ მას, როგორც უდიდეს ბერს, როგორც დიდ სულიერ ადამიანს, რომელიც მაღალი ქრისტიანული მსახურების, ასკეტური მოღვაწეობის მაგალითს იძლეოდა. ყველა, ვინც იცნობდა, ოდესმე ჰქონია ბედნიერება, მისგან კურთხევა მიეღო ყოველთვის იღებდა სულიერ ნუგეშს. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისც მრავალი სულიერი ნუგეში მიუღია მიტროპოლიტ ზინობისაგან. 1957 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ამ წმინდა ტაძარში მეუფე ზინობმა ბერად აღმკვეცა და უფლის წინასწარმეტყველის, ილიას, სახელი მიწოდა. მიტროპოლიტი ზინობი მონაწილეობდა ჩემ ეპისკოპოსად ხელდასხმასა და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებისას. მან ცხოვრება და გული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა ჩვენგანს უბოძა. იგი მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით იღებდა მასთან მისულ ყველა მორწმუნეს, განურჩევლად იმისა, რუსი იყო, ქართველი თუ ბერძენი... მისთვის მთავარი ის იყო, რომ ადამიანს თანადგომა ესაჭიროებოდა და მორწმუნე იყო. და დღეს, ძმანო და დანო, მარადიულ ცხოვრებაში ვაცილებთ მეუფე ზინობს, მაგრამ მწამს, რომ ის არ დაგვტოვებს თავისი ლოცვის გარეშე." მიტროპოლიტი დაიკრძალა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში.
მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე)
მიტროპოლიტი ნაუმი, ერისკაცობაში ნაომ გრიგოლის ძე შავიანიძე, დაიბადა 1889 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ოხომირაში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა გაბრიელ შავიანიძე იყო დეკანოზი. 1904 წელს ნაუმ შავიანიძემ დაამთავრა ქუთაისის კლა¬სიკური გიმნაზია. მისი გიმნაზიელი მეგობარი იყო შემდგომში ცნობილი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე, რომელთანაც კონტაქტი არასდროს არ გაუწყვეტია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა სოფელ ცუცხვათის ეკლესიის მედავითნედ. 1905 წელს სოფელ ოხომირაში დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხის შვილებს. 1916 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ხელი დაასხა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვნად. 1918 წლის დასაწყისში ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესებულ იქნა ოხამირას მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში. 1921 წელს მამა ნაუმი შეთავსებით ქუთაისის სამრეკლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში და მხარს უჭერდა მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) კანდიდატურას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. 1924-1929 წლებში ჭოგნარის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარია.
1929 წელს მამა ნაუმი დაინიშნა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის წინამძღვრად. ამ ეკლესიაში მსახურობდა იგი 1941 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებამ 1941 წელს ადმინისტრაციული წესით არ დაკეტა იგი. მამა ნაუმს 1942 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს, დააპატიმრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის წევრები, რომელთა მიზანი იყო ბრძოლა საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან განთავისუფლებისათვის. ამ ჯგუფის აქტიური წევრები; კოტე ჯოგლიძე, კოტე ხიმშიაშვილი და შალვა შავიანიძე (მამა ნაუმის შვილი) დახვრიტეს. დიდი მწუხარების მიუხედავად, მამა ნაუმი სულიერად არ გატეხილა, 1943 წელს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ თბილისის სიონის ტაძრის მოძღვრად გადაიყვანა, იმავდროულად იგი ასრულებდა სინოდის მდივნის მოვალეობას.
მამა ნაუმი მონაწილეობდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის მოლაპარაკებაში, რომელიც 1943 წელს გაიმართა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალია. მამა ნაუმის თბილისში გადასვლა გააპროტესტეს მორწმუნეებმა და უწმიდეს კალისტრატეს სთხოვეს მისი ქუთაისში დაბრუნება. პატრიარქმა ქუთათელ ეპისკოპოს ეფრემს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "აცნობეთ მთხოვნელებს, ნაომი ჩემთვის საჭიროა, დროებით მაინც, გთხოვთ ასევე განუმარტოთ მორწმუნეთ, ჯერჯერობით ნაუმს ვერსად ვერ გავუშვებ." (59, 8).
1945 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი I-ის აღსაყდრებაზე მას თან ახლდა სიონის ტაძრის დეკანოზი ნაუმი. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ყოფილა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში. 1955 წელს ეჩმიაწინში მამა ნაუმი ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის ვაზგენ I-ის აღსაყდრებას. დახვეწილი ინტელექტუალი, უაღრესად მოწესრიგებული კაცი იყო იგი. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ასე აფასებდა მის ღვაწლს: "თქვენი მოღვაწეობა სიონის ტაძარში თუმცა რამდენიმე წლის ამბავს წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ეს მანძილი თქვენი დაუცხრომელი შრომისა, ნათლად გვიხატავს ეკლესიის ჭეშმარიტი მსახურებისა და ღვთის საყვარელი მოწაფის სურათს. სიმშვიდე, სიმდაბლე, გულწრფელობა და სიყვარული ღვთისა და ხალხის მიმართ. აი, რას ახორციელებთ თქვენ." (59, 10).
1947 წელს დეკანოზი ნაუმი დაჯილდოვდა მიტრით და დაუბრუნდა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიას. 1956 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე). უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ს ბრძანებით დეკანოზი ნაუმი დაინიშნა ეპარქიის მთავარხუცესად. 1957 წლის 7 იანვარს იგი აკურთხეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად. მეუფე ნაუმი წერდა: "ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური, მაგრამ ის კი არასოდეს მიფიქრია, რომ ეპისკოპოსი ვყოფილიყავი, ვინაიდან მღვდელმთავრობა არის დიდი და ძნელი საქმე, და რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს შემკული მრავალგვარი კარგი ღირსებებით, მაგრამ რადგანაც ეს ღმერთმა ინება, მე უღირსი მონა ღვთისა, სავსებით მორჩილებას ვაცხადებ და დიდ მადლობას შევსწირავ უფალსა ღმერთსა ჩვენსა ჩემდამი დიდი მოწყალებისათვის." (59, 111).
1958 წელს მეუფე ნაუმი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. მეუფე ნაუმს ურთულეს პირობებში უხდებოდა მღვდელმთავრის ტვირთის ზიდვა. იგი თავის დღიურში წერდა: "ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში, კარგა ხანია დაიწყო შფოთი და ეკლესიისათვის დიდად საზიანო მდგომარეობა... საქმის ნათელსაყოფად ბევრი ფრიად მნიშვნელოვანი საბუთი მოიპოვება. ბევრმა იცის რა მოუვიდა მიტროპოლიტ ეფრემს, ერთი უღირსი დედაკაცი შეუვარდა ღვთისმსახურების დროს და მისი მოკვლა უნდოდა. ღვთის მადლით ის ცოცხალი დარჩა, ასევე მიტროპოლიტ გაბრიელს მსახურების დროს შეუვარდნენ და ჩაქოლავდნენ, საკურთხეველში რომ არ მოესწრო შესვლა. მე კი რამდენი შეურაცხყოფა მომაყენეს უსახელო წერილებით, მუქარით... საშინელ დევნილ და ტანჯულ მდგომარეობაში ვიმყოფები. არ მქონია შესაძლებლობა, რომ დამშვიდებულად შემესრულებინოს წირვა-ლოცვა და ეს როგორი ღვთისმსახურებაა, როდესაც მღვდელმთავარი იმის ფიქრშია, თუ როდის ესვრიან მას ანდა ცივი იარაღით გამოასალმებენ წუთისოფელს?" (59, 12). ეს ჩანაწერები ზუსტად ასახავს XX საუკუნის 50-60-იან წლების რთულ ვითარებას, როდესაც ხელისუფლებისაგან მოსყიდული პირები ცდილობდნენ არასასურველი სასულიერო პირების დაშინებას, ცილისწამებით საზოგადოებისაგან მათ იზოლირებას, მაგრამ მეუფე ნაუმს კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ აუცილებელი იყო სიმშვიდით დაეთმინა ყველაფერი. მეუფე ნაუმის თავმდაბლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდა 1959 წელს, როდესაც იგი თბილისში დაიბარა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ და სთხოვა დათანხმებულიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობას, მაგრამ მეუფე ნაუმმა თავაზიანად მიანიშნა პატრიარქს, რომ მოსაყდრეობისათვის ყველაზე ღირსეული მიტროპოლიტი იყო ეფრემი (სიდამონიძე). მისმა პოზიციამ ბოდბელ დიმიტრისთან (იაშვილი) ერთად გადაწყვიტა მე-10 საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტ ეფრემის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის საკითხი. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული მეუფე ნაუმის მიმართ, 1964 წელს ეპისკოპოსი ნაუმი წმიდა ნინოს ორდენით დაჯილდოვდა, 1967 წელს მას მიტროპოლიტობა ებოძა.
უწმიდესი ეფრემი მიტროპოლიტს ნაუმს წერდა: "შენ ერთს გაქვს უფლება ცოდვების მოკითხვისა და ბედნიერი ვართ, რომ შენ ამას არ აკეთებ, ბედნიერი ვართ, რომ შენ არ იცი ზედმეტის თქმა, ის რაც შენ იცი, რომ გეთქვა, ვინ იცის შეიძლება წარღვნაც მოსულიყო." (59, 73). მიტროპოლიტმა ნაუმმა დიდი შრომა გასწია მოწამეთის მონასტრის მოწესრიგებისათვის, გაიყვანა გზა, ააგო საეპარქიო სახლი, მოაწყო მონასტრის ეზო, წმიდა დავითისა და კონსტანტინეს საძველე. მძიმე ავადმყოფს სიცოცხლის შენარჩუნება შეეძლო თუ გაიკეთებდა ცალი ფეხის ამპუტაციას (განგრენა ჰქონდა), რაზედაც უარი განაცხადა. ღმერთთან სამსჯავროზე ცალი ფეხით როგორ წარვსდგეო. 1969 წლის 3 მარტს იგი გარდაიცვალა ქუთაისში. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: "ჩემი უძვირფასესი ნაუმის გარდაცვალების გამო ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი ყველაზე მძიმე დანაკლისით შეწუხებულს." (7, 55). განსვენებულს წესი აუგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ (შიოლაშვილი). მიტროპოლიტი ნაუმი დაიკრძალა ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში.
მიტროპოლიტი დიმიტრი (იაშვილი)
მიტროპოლიტი დიმიტრი, ერისკაცობაში დავით ილარიონის ძე იაშვილი, დაიბადა 1872 წლის 15 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ საქობოში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1888-1896 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მიერ ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების დევნა-შევიწროების გაძლიერების ხანას. ამ ნიადაგზე სემინარიაში არაერთხელ მომხდარა დაპირისპირება და შფოთი. სემინარიიდან გარიცხული მოსწავლეების უმრავლესობამ ახლადშექმნილ მარქსისტულ ჯგუფებში გადაინაცვლა. ახალგაზრდა დავით იაშვილმა შეინარჩუნა სულიერი სიმშვიდე და არჩეული გზის ერთგულება. სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი 1896-1898 წლებში მსახურობდა მართლმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად. 1898 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა საქობის ეკლესიის წინამძღვრად. ამავე დროს ასრულებდა სიღნაღის ეპარქიალური სასწვლებლის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.
1912 წელს მამა დავითი გადმოყვანილ იქნა თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. ამის შემდეგ იგი ძირითადად თბილისის ეკლესიებში მსახურობდა. მამა დავითი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, ქრისტიანული მოკრძალებითა და პირდაპირობით. 1952 წელს სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის წინადადებით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დიმიტრი. სულ მალე 80 წლის ასაკში იგი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 1958 წლიდან მეუფე დიმიტრი გახდა მიტროპოლიტი ბოდბისა და ალავერდისა. უწმიდესმა მელქისედეკ III-მ წერილობითი განკარგულებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი). 1960 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III. 11 იანვარს შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელიც გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ წერილობითი განკარგულებით დატოვებულმა ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი). პირველი სიტყვა ითხოვა ქიროტონიით უპირატესმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ ეტაპზე მოსაყდრეობა ეკუთვნის ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე), მის წინადადებას მხარი დაუჭირეს ქუთათელ-გაენათელმა ნაუმმა (შავიანიძე) და სინოდის წევრთა უმრავლესობამ. მიტროპოლიტმა დავითმა პირადი განცხადებით მოიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობა. ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ეფრემი, რომელიც შემდეგ გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მიტროპოლიტი დიმიტრი იყო საქართველოს ისტორიის, ქართული მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, თვითონაც წერდა ისტორიული ჟანრის მოთხრობებს, ნოველებს, რომელთა უმრავლესობა დაცულია იოსებ გრიშაშვილის არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.
მიტროპოლიტი დიმიტრი გარდაიცვალა 1961 წლის 22 ივლისს 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში. განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ, რომელმაც მიტროპოლიტი დიმიტრი დაახასიათა, როგორც მშვენიერი მქადაგებელი და ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე, რომლის სახელს არასოდეს დაივიწყებს ქართველი ერი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
მიტროპოლიტი ლეონიდე (ჟვანია)
მიტროპოლიტი ლეონიდე, ერისკაცობაში ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია, დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლეჯიქეთში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიუღია სენაკის სასულიერო სასწავლებელში. 1903-1907 წლებში სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, 1907-1911 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911-1957 წლებში საერო სამსახურშია, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე, იურისტი. 1957 წლის 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში აღიკვეცა ბერად. 3 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ სინოდის წევრთა მონაწილეობით აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად.
1958-1959 წლებში ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) ასრულებდა საქართველოს კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას. ეპისკოპოს ლეონიდეს ურთულეს ეპარქიაში უხდებოდა მოღვაწეობა, როგორც უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II აღნიშნავდა - მეუფე ლეონიდეს გაწონასწორებული პოლიტიკა, საერო და საეკლესიო კანონების ზედმიწევნით ცოდნა იყო მის ეპარქიაში წარმატების საფუძველი. ეპისკოპოსი ლეონიდე დაჯილდოებული იყო: "რომანოვების სამასი წლის დინასტიის მეფობის მედლით" (1913 წ.). მედლით "1941-1945 წლებში ომში მამაცური შრომისათვის," ხოლო 1958 წელს უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მიერ კუნკულ-ბარტყულზე თვლებიანი ჯვრით, 1964 წელს წმიდა ნინოს - ორდენით.
1964 წლის 14 დეკემბერს ეპისკიპოსი ლეონიდე გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალეს 20 დეკემბერს ქუთაისში, არქიელის გორაზე, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, საღვთო ლიტურღია და ანდერძი აუგეს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ, მღვდელმთავარებმა და სამღვდელოებამ. მეუფე ლეონიდე დაიკრძალა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მის საფლავის ქვას ასეთი წარწერა აქვს: "45 წელი პირნათლად ვემსახურე ამ მიწიერ ქვეყანას მართლმსაჯულების დარგში, ამიერიდან შევუდეგ ქრისტეს, უფალმა მწყოს, გთხოვთ შენდობას." როგორც მისი შვილი, რეჟისორი ამირან ჟვანია იგონებდა: `ეპისკოპოსი ლეონიდე მრევლს ყოველთვის მოძღვრავდა, დიდი სულიერი მოთმინებისაკენ, მოუწოდებდა მათ, ნათელი გონებით გაეკეთებინათ ანალიზი ყოველი გადადგმული ნაბიჯისათვის და ისე ივლოთ ჭეშმარიტების გზაზე, ჰქონოდათ სიმტკიცე სულისა, ებრძოლათ სიმართლისათვის, ჰქონოდათ ღრმა რწმენა, რათა მიეღოთ გადარჩენა სულისა და ხორცისა. ღმერთი მისცემს ყველაფერს ადამიანს და შემდეგ იქნება სულიერი მხედველობა, ხოლო სულიერი სიბრმავე გაქრება... ადამიანის წინამძღოლი ცხოვრებაში არის სინდისი და შეგნება, სინდისი არის დამსჯელი ცუდი ქცევისათვის და დამაჯილდოებელი კარგი საქმისათვის. თუ სინდისი ნორმალურია, ის სახელს და ავტორიტეტს მოუპოვებს ადამიანს. რა არის საშიში ადამიანში? ის, როცა ადამიანი ისეთი სუსტია, რომ ის ხდება ქვენა გრძნობების ბრმა იარაღი, ის ემორჩილება ქვენა გრძნობას და ასრულებს უაზრო სურვილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გონება სუსტი აქვს და ეს ქვენა გრძნობა ამარცხებს გონებას. სუსტი გონების ადამიანი კი ყოველთვის მონა შემსრულებელია გრძნობებისა. დიდი მიზანი და დიდი ოცნება რომ შესრულდეს, ამას სჭირდება დიდი შრომა და ნებისყოფა, თავისით არაფერი არ კეთდება, ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს. ჩვენ კი ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ და მტკიცე ნაბიჯით უნდა ვიაროთ წინ, კეთილი მიზნებისაკენ."
P.S. ეპისკოპოს ლეონიდე ჟვანიას შვილიშვილია ქუთაისის ბაგრატის ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი, დეკანოზი ზინობი ჟვანია.
ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე)
ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდილაძე, დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში, მედავითნის ოჯახში. სიღნაღის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეხმარებოდა მამას ეკლესიაში. 1893-1898 წლებში სიონის საკათედრო ტაძრის მორჩილია. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.
1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ხელი დაასხა მღვდლად. 1918 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის მიერ გამწესებულ იქნა ვაჩნაძიანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. 1925 წელს მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) მიერ დადგენილ იქნა თელავის მაზრის სოფელ შილდის მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის.
1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში და გაგზავნა ახმეტაში, 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. მეუფე დავითი წირავდა თელავის ღვთაების ეკლესიაში იმ დროს, როცა ალავერდის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ხელისუფლებისაგან აკრძალული იყო. 1962 წლის შემოდგომაზე ალავერდობის დღესასწაულზე მეუფე დავითმა გადაწყვიტა ალავერდის მონასტერში ეწირა, მაგრამ დიდი უსიამოვნებები შეამთხვიეს. ამის შესახებ მეუფე დავითი 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სადმი გაგზავნილ მოხსენებაში წერს: "დღესასწაულის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის აღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელებით და შეტევით მომმართეს: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ეკლესიაში შემოსვლა. როდესაც მე ვუპასუხე, რომ მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო, ამაზე დაცინვით მიპასუხეს, ვინ ეპისკოპოსი ხარ? აბა, საბუთი წარმოგვიდგინეო, აქ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიერ დანიშნულია მღვდელი გიორგი კუკუნაშვილი, მის მეტს აქ არავის არაფრის უფლება არ აქვსო. მოკლედ, შეგვექმნა ცხარე კამათი, დამემუქრნენ, დაგაპატიმრებთო. დამაპატიმრეთ - მეთქი, - ვუპასუხე. მათ უნდოდათ, წირვა შემეწყვიტა და მათი ბრძანებით გავსულიყავი ტაძრიდან, მაგრამ როდესაც დაინახეს, მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და არ გაპატიმრებთ, მაგრამ როცა წირვას დაამთავრებთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ალავერდის ტაძარიო" (28, 693). ალავერდობას ალავერდელ მღვდელმთავარს არ ჰქონდა ტაძარში წირვის ჩატარების უფლება. ეს იყო სამწუხარო რეალობა.
ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. როგორც მისი ახლობელი იგონებდა, "დაეწყო სტენოკარდიული შეტევები... მოითხოვა ჩემი ნახვა, მეც მაშინვე ჩავედი თელავში ჩემს მეუღლესთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად. მე დამინახა თუ არა, გამოცოცხლდა. მეორე დღეს გამიმხილა, უნდა მაზიაროთო. მე შემეშინდა, ძალიან განვიცადე, მაგრამ რას ვიზამდი. მოვიყვანეთ მოძღვარი, ოთახში მარტო მე დამტოვა. ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. იწვა პაპა არაჩვეულებრივად ლამაზი სანახავი, სათნო, სიკეთით სავსე თვალებით, გამხდარ ხელისგულზე სეფისკვერი ედო. მიყურებდა მე და ჩამოსდიოდა ცრემლები, მეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი ზიარების განმავლობაში. პაპა ეთხოვებოდა ამქვეყნიურს. ეს ჩემთვის იყო უდიდესი განცდა. მეორე დღეს გარდაიცვალა." (56, 49). დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე.
მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი)
მიტროპოლიტი ილია, ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანულ ოჯახში. მამა - გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი და დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ. გიორგი შიოლაშვილი 1927 წელს დროებით საცხოვრებლად გადასულა ვლადიკავკაზში, სადაც მათი ოჯახი გამორჩეული ყოფილა. პატარა ირაკლი მონათლეს ვლადი-კავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, რომელიც ექვემდებარებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს. ნათლობის საიდუმლო აღასრულა წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა (უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის ყოფილი მდივანი, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი ს.ვ.). პატარა ირაკლის ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი. ერთხელ დედა ზოილემ თავისი ყმაწვილი ნათლული დაალოცვინა სვეტიცხოვლობაზე უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს. ირაკლი შიოლაშვილის მრავალრიცხოვან ოჯახში დედა, მამა, ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და - ნინო ყოველდღე ლოცულობდნენ საქართველოს დიდების ხატთან. "არ მახსოვს ჩემი თავი უფლისადმი რწმენისა და სიყვარულის გარეშე... თვით ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე და მშობლები ბავშობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს. სახლში მუდამ გვქონდა ხატები, აუცილებლად ენთო კანდელი, ყოველ შაბათ-კვრიას ეკლესიაში დავდიოდით," (9, 97) - იხსენებს მისი უწმიდესობა. გიორგი შიოლაშვილის ოჯახი იყო ხიდი ვლადიკავკაზის ქართველობისა საქართველოსთან დასაკავშირებლად. "ჩემი ბავშვობა, - აღნიშნავს მისი უწმიდესობა, - დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა-ლოცვებზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად თავს აფარებდნენ დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე." (9, 97).
გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კომაიძის ღვაწლით 1947 წელს ვლადიკავკაზში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია. პატარა ირაკლი ზაფხულობით სნოში მამაპაპურ სახლში იმყოფებოდა უფროსებისაგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, დადიოდა სნოსა და თრუსოს ხეობაში, ათვალიერებდა ძველ ციხე-კოშკებს, ეკლესია-მონასტრებს. 1941 წლის სექტემბერში ირაკლი შიოლაშვილი ვლადიკავკაზის N22 საშუალო სკოლის პირველ კლასში შეიყვანეს, რომელიც დაამთავრა 1952 წელს. მან მიიღო გადაწყვეტილება, სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის კურსის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1956-1960 წლებში, ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტია. მან აკადემიის I კურსზე სწავლის დროს საკონკურსო ტურში წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო ტროიცკი-სერგეივის ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. აკადემიაში სწავლის პირველ წელსვე ირაკლი შიოლაშვილმა გადაწყვიტა ბერ-მონაზვნობა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსმა ზინობმა (მაჟუგა) ირაკლი შეიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა ილია. როდესაც მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცილი ილია უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-ს წარუდგინა, გახარებულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა მას: ათი შენისთანა რომ მყავდეს, საქართველოს ეკლესიას არაფერი გაუჭირდებაო. 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა. სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვარული. ამის დასტურია მისი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ III-სადმი: "თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ... აქ, ჩვენ წრეში, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება, რადგან: 1. მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ, მღვდელმთავრის გარეშეა და არ არსებობს სათანადო კადრი; 2. ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მორწმუნეთა დასწრება ერთობ მცირეა; 3. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა. ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დაშვებული ახლადხელდასხმული ქართველი მღვდელმთავარი და რომ მღვდელმთავართა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც აქ ქართველებს შორისაც კი ავრცელებენ უბადრუკ აზრს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების გამსხვილების აუცილებლობის შესახებ. ზემოთ მოყვანილი ძირითადი პრობლემების ირგვლივ თქვენს მიერ მიღებული ზომები, საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის ჩათვლით, ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ზოგიერთი მწარე სინამდვილის გამო ვაძლევთ თავს ნებას, რომ თქვენი ყურადღება მოვაპყროთ შემდეგ გარემოებას: საბჭოთა მთავრობის სათანადო დადგენილების საფუძველზე რუსეთის, უკრაინის, სომხეთის და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში არსებობს სასულიერო სემინარია-აკადემიები, ხდება ღვთისმსახურებისათვის საჭირო ლიტერატურის გამოცემა, ხატების გამრავლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლება. საქართველოს ეკლესიას თუ უპირატესობა¬ არა აქვს, გამონაკლისს მაინც არ წარმოადგენს. მხოლოდ საჭიროა ამ იურიდიული უფლებების გამოყენება ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით. საქართველოს სსრ ხელისუფალთ, არსებული წესის დაცვით, მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში წარედგინოს წერილობითი სახის განაცხადი საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის სასიცოცხლო საკითხების შესახებ და ენერგიულად იქნას მოთხოვნილი, პირველ რიგში, სემინარიის (არა კურსების) გახსნის, საჭირო ლიტერატურის გამოცემის, საეკლესიო მუზეუმის, წიგნსაცავის დაარსების, გელათის, წილკნის, ნიკორწმინდის, ყაზბეგის, ანანურის, გორის ეკლესიებში ღვთის მსახურების უფლების აღდგენა-განახლების შესახებ... ქართველი ერის სიამაყე, სიწმიდე და დიდება "სვეტიცხოველი" არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ უცხოელთა ყურადღებასაც იმსახურებს და ამის გამო მის წმიდა მიდამოებში თქვენი ლოცვა-კურთხევით საეკლესიო მუზეუმ-წიგნსაცავის გახსნა ყოველმხრივ გამართლებული იქნებოდა. თქვენი მოწოდებით, მოსახლეობაში გაბნეული ისტორიული და სიძველეთა დაცვის თვალსაზრისით ბევრი დიდმნიშვნელოვანი საეკლესიო დანიშნულების ნივთი, წიგნი, წმიდა ხატები, ჯვარი და სხვა აღმოჩნდებოდა ეკლესიის საკუთრებაში, ე.ი. დაცული იქნებოდა შესაძლებელი განადგურებისაგან. მზად ვართ ამ დიდი საქმისთვის გავიღო პირადი ბიბლიოთეკაც. სააღდგომო არდადეგებისათვის შესაძლოა ვეახლოთ თქვენს უწმიდესობას და თქვენი მითითებითა და ლოცვა-კურთხევით არსებული წესის დაცვით, სადღესასწაულო ქადაგებით მივმართოთ მორწმუნე საზოგადოებას. ღრმა პატივისცემით გეამბორებით და გამოვითხოვ თქვენს წმიდა ლოცვა-კურთხევას. ირაკლი შიოლაშვილი." (9, 103).
სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს მღვდელმონაზონმა ილიამ საკვალიფიკაციო თემად აირჩია "ათონის ივერთა მონასტრის ისტორია." მან 1959 წლის ზაფხული გაატარა თბილისის ბიბლიოთეკებსა და არქივებში, მოიძია საჭირო მასალები, შეხვდა ქართველ მეცნიერებს, მიიღო მათგან რჩევები. 1960 წლის ივნისში ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში შედგა მღვდელმონაზონ ილიას საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. ოფიციალურმა პროფესორებმა ნ. მურავიოვმა და ა. გეორგიევსკიმ მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ნაშრომს. აკადემიის რექტორმა საგანგებო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს, რათა საუკეთესო ნაშრომისათვის დაეჯილდოებინა ღვთისმეტყველების კანდიდატი, მღვდელმონაზონი ილია. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია II თავის ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს: "სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ დაადგინა, მე ვყოფილიყავი დატოვებული აკადემიაში პროფესორთა სტიპენდიანტად, მაგრამ ჩემი ერის სიყვარულმა მიმატოვებინა ეს ყველაფერი და მომიყვანა საქართველოში." (9, 104). იგი ეახლა უწმიდესსა და უენტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს და ასეთი განცხადებით მიმართა: "თქვენო უწმიდესობავ! გაცნობებთ, რომ 1960 წელს დავამთავრე მოსკოვის სასულიერო აკადემია. გთხოვთ, მომცეთ სამსახური, გამგზავნოთ იქ, სადაც თქვენ სცნობთ საჭიროდ." (9, 104).
უწმიდესმა ეფრემ II-მ მღვდელმონაზონი ილია ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. 1960 წლის 19 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს _ არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წლის 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია გამოერჩია შემოქმედელ ეპისკოპოსად. არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსად კურთხევა შესრულდა 1963 წლის 25 აგვისტოს სვეტიცხოველში. კურთხევის წესი შეასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ. წმიდა სინოდის წევრების: ურბნელი მიტროპოლიტის დავითის (დევდარიანი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ნაუმის (შავიანიძე), ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის ლეონიდეს (ჟვანია), სტეფანეველი ეპისკოპოსის ზინობის (მაჟუგა) თანამსახურებით.
არქიმანდრიტმა ილიამ ამ სიტყვებით მიმართა პატრიარქს: "თქვენო უწმიდესობავ! თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ! ღვთივგანგრძნობილნო მწყემსმთავარნო და მოძღვარნო! ნებითა ღმრთისათა და ბრძანებითა თქვენისა უწმიდესობისა და უნეტარესობის კათოლიკოსის თანაი სამღვდელო სინოდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მოწოდებულ ვარ მღვდელმთავრობის მადლის მისაღებად სამსახურისათვის. ჩემთვის ფრიად ძნელია, გამოვთქვა შინაგანი სულიერი განცდანი და მღელვარებანი, რომლითაც ვარ ახლა გარემოცული, ამ ჩემთვის მეტად საღმრთო და საიდუმლო ჟამს. ვგრძნობ შიშსა და ძრწოლას, მაგრამ, ამავე დროს, სულიერ სიხარულს და იმედს, რადგან არ ვგრძნობ თავს საამისოდ მომზადებულად. უკეთუ ხანში შესული ხვავბარაქიანი დიდი პავლე მოციქული იტყვის: "ვიქადი მხოლოდ უძლურებითა ჩემითაო", მე რაღა მეთქმის ამ სიჭაბუკის წლებში რომელ წელთა სიმცირეს არ მოუცია ჩემთვის საამისო გამოცდილება, მაგრამ მძიმე განცდების დროს მანუგეშებს და მამხნევებს ის მადლი ღვთისა, რომელიც უნდა გარდმოვიდეს ჩემს უძლურებასა ზედა თქვენი საღმთო მარჯვენის ხელდასხმით. მე მწამს, რომ ის, რომელიც არის დასაბამი და დასასრული ყოვლისა არსისა, ის, რომელიც გარდამოხდა ზეცით დაცემული კაცის აღსადგენად, შემაძლებინებს კეთილად წარვმართო ეს დიდი სამსახური. თუ თვით თვისით კაცს ძალუძს მიღებად ამ პატივისა, მიენიჭება მხოლოდ ღვთის მიერ მოწოდებულ (ებრაელთა 5,4)... ღმერთი შეეწევა და გაუწევს მფარველობას იმ კაცს, რომელიც ღრმად მორწმუნეა და გული გამთბარი აქვს ღვთისა და კაცის სიყვარულით. ღმერთი მიანიჭებს სიბრძნეს და გულისხმაყოფასა მას, რომელსაც აქვს შიში ღვთისა. ამისთანა კაცზედ იტყვის ბრძენი სოლომონი: "დასაბამი სიბრძნისა შიში ღვთისა არს," ხოლო მღვდელმთავარს მუდამ სჭირდება სიბრძნე ღვთიური, გონებით იყვეს ბრძენი და მაღალი, ხოლო ცხოვრებით - უბრალო და მდაბალი. იყვეს ერთგული დარაჯი ქრისტეს ეკლესიისა. იყვეს შემოსილი უბიწო ცხოვრებით, ვითარცა ბრძანებს მოციქული პავლე. სიტყვისამებრ ბრძენი სოლომონისა, "რომელიც ვალს უბიწოდ, იგი ვალს უშიშრად." ვხედავ რა ყოველივე ამაში შეურყეველ ნებას ღვთისას, თავმდაბლად მოვიხრი სულიერსა და ხორციელსა ქედსა ჩემსა თქვენს წინაშე. მამამთავართა მამამთავარო! წმიდა ყოვლადსამღვდელონო და მამანო და ესრეთ ვქადაგებ: გმადლობთ, მორჩილ ვარ ბრძანებისა თქვენისა და არარას მცირესა წინააღმდგომსა ვიტყვი. გევედრებით, თქვენო უწმიდესობავ, ყოვლად სამღვდელონო, ოდეს დამდებთ ცხოველმყოფელი სულის მომნიჭებელთა ხელთა თქვენთა, მრჩობლ აღვავლენდეთ წინაშე ღვთისა ლოცვათა თქვენთა, რათა გარდამოსულმან სულმან წმიდამან აღავსოს ყოველივე ნაკლოვანებანი ჩემნი, რათა ვიქნე სახედ მორწმუნეთა სიტყვით სვლით, სიყვარულით, სიწმიდით, რათა ჟამს მეორედ მოსვლისას მოკრძალებით გარნა კადნიერებით წარვსდგე წინაშე მართალსა მსაჯულისა განცხადებად "აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან, ამინ." (9, 105-106).
შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა ახლად გახსნილი მცხეთის სასულიერო სამოძღვრო კურსების (შემდეგში სემინარიის) ხელმძღვანელობა. ახალგაზრდა მღვდელმთავარი ენერგიულად შეუდგა მცხეთის სამოძღვრო კურსების სასულიერო სემინარიად გადაკეთებისათვის ნიადაგის მომზადებას. სასულიერო აკადემიაში მიღებულმა ფართო განათლებამ მას საშუალება მისცა მაღალ დონეზე დაეყენებინა როგორც დისციპლინა, ასევე სასწავლო პროცესი.
შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია 1964 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით
მონაწილეობდა კუნძულ როდოსზე გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა სამშვიდობო ფორუმში, სადაც საქართველოს ეკლესია ყველაზე ახალგაზრდა ავტონომიურ ეკლესიად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა მეუფე ილიას მწვავე რეაქცია. მან ჯერ განუმარტა დამსწრეთ, რომ საქართველოს ეკლესია არის უძველესი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია და მოითხოვა შესაბამისად პატივისცემა, შემდეგ კი პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. როდოსიდან დაბრუნებულმა მეუფე ილიამ ვრცელ მოხსენებით ბარათში უწმიდესსა და უნეტარესს, ეფრემ II-ს აუხსნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ირგვლივ შექმნილი ვითარება. უწმიდესმა ეფრემ II-მ მას დაავალა ემუშავა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის, ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობით მოეძია ავტოკეფალიის ისტორიული მტკიცებულებანი.
მეუფე ილიამ ჩამოაყალიბა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1977 წლის 25 დეკემბრამდე. დაიწყო დაძაბული მუშაობა. მეუფე ილია, როგორც საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, 1963-1977 წლებში შეხვდა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, ელადის, კვიპროსის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის ეკლესიის მეთაურებს, საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს, პრეზიდენტებს. არამართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს. მან, როგორც მართლმადიდებელი საეკლესიო კანონიკის დიდმა სპეციალისტმა, კარგად იცოდა, რომ მართლმადიდებელ მსოფლიოში ექვსი ბერძნული საპატრიარქო ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრისას გადამწყვეტ როლს ასრულებდა. გარდა ამისა, საზღვარგარეთ არსებული ქართული სიტორიული სამონასტრო ცენტრების უმრავლესობა ამ ექვსი საპატრიარქოს ტერიტორიაზეა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბერძნულ საპატრიარქოებთან ნორმალურ ურთიერთობას. ჯერ კიდევ 1976 წელს სოხუმში იგი იყო უშუალო მანსპინძელი ათენისა და ელადის ეკლესიის მრავალრიცხოვანი დელეგაციისა, რომელშიც 7 მიტროპოლიტი და 11 მღვდელი შედიოდა. მეუფე ილიას ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია: "პირველად ერთგვარი ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, იგრძნობოდა რაღაც დაძაბულობა და უნდობლობა ბერძნების მხრიდან, შემდეგ თითქოს გალღვა ყინული... მათ გამოთქვეს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა, მოითხოვეს სტუდენტების გაცვლა. საქართველოს ეკლესიამ ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს მომენტი. სტუდენტების გაგზავნით მივაღწევთ სამ მიზანს: 1. შევიძენთ ბერძნული ენის სპეციალისტებს; 2. ქართული ეკლესია მათი მეშვეობით დაუკავშირდება ბერძნულ ეკლესიას; 3. ამ სტუდენტების მეშვეობით ჩვენი ეკლესია და ქართული მეცნიერები დაუკავშირდებიან ათონის ივერთა მონასტერს და იქ დაცულ ქართულ ხელნაწერებს." (9, 109).
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარებისათვის ბრძოლა დაიწყო 1917 წლის 17 სექტემბრიდან უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ, რუსეთის ეკლესიამ ეს ავტოკეფალია აღიარა 1943 წელს, ხოლო მეუფე ილიამ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული ბრძოლა, რათა მსოფლიო საპატრიარქოს ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, წარმატებით დააგვირგვინა პატრიარქობის ჟამს 1990 წლის 4 მარტს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ოფიციალურად დაადასტურა ეს.
1967 წლის 1 სექტემბრიდან ეპისკოპოსი ილია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ერთ-ერთი ურთულესი ეპარქია იყო საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისიდანვე, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება შეუდგა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, შავიზღვისპირეთში რუსეთის ეკლესიური ინტერესების განმტკიცებას. დაიწყო ეპარქიიდან ქართველი სასულიერო პირების გამოძევებისას და მათი რუსებით ჩანაცვლების პროცესი. XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის გააქტიურების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ სცადა სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან გამოყოფა, მაგრამ აფხაზეთის ქართველობის დიდი წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოახერხა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის რუსულმა სამრევლოებმა რუსეთის ეკლესიის ხელისშეწყობით უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. ასეთ რთულ პირობებში უხდებოდათ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მართვა მიტროპოლიტებს ამბროსის (ხელაია), იოანეს (მარღიშვილი), ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), პავლეს (ჯაფარიძე), მელქისედეკს (ფხალაძე), ვაარლამს (მახარაძე), ანტონს (გიგინეიშვილი), ლეონიდეს (ჟვანია), რომანოზს (პეტრიაშვილი). ასეთი რთული ეპარქია ჩაიბარა ეპისკოპოსმა ილიამ. სასულიერო პირების უმრავლესობა არაქართველი იყო. რელიგიის საქმეთა რწმუნებული გააფხაზებული ქართველი ა. ლაგვილავა ყველანაირად ავიწროებდა ქართველებს, ქართულ მრევლს. ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე მხოლოდ 2 ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ეპარქიაში, მეუფე ილიას ღვაწლით ქართველ სასულიერო პირთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. როგორც მის უწმიდესობას არაერთხელ აღუნიშნავს, სამწუხაროდ აფხაზეთის ქართველობის უმრავლესობა დაშორებული იყო ეკლესიას და ამას მოუცლელობით ხსნიდა.
1969 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში წარმატებული საქმიანობისათვის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს მიტროპოლიტმა ილიამ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს _ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. ახალგაზრდა, განთლებული მღვდელმთავარი ქართული ეკლესიის სახედ იქცა.
1970 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის დაბადებიდან 70 წლისთავი. საიუბილეო კომისიას ხელმძღვანელობდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომელმაც ამ სიტყვებით მიმართა იუბილარს: "თქვენო უწმიდესობავ, უწმიდესო პატრიარქო და უნეტარესო მამამთავარო ღვთით დადგენილო მამაო საქართველოს ეკლესიისა. წმიდა ეფრემი ესრეთ გადმოგვცემს გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: "ყოველთა მეუფებამან ღმერთმან მაღალმან ესრეთ გპოვა შენი ღირსი მღვდელმთავარნი თავისა თვისისა, ღირსად მსახურნი ნათესავსა ამასა ჩვენსა შორის... ხმა მაღალი ქადაგი ჭეშმარიტებისაო და თვალი ბრწყინვალე ქრისტიანობისაო." დიახ, თქვენო უწმიდესობავ, მხოლოდ მაღალმან ღმერთმან და განგებამან გამოგირჩიათ და აღგიყვანათ ღირსისა მამამთავრისა ტახტსა ზედა. თქვენ გაგივლიათ დიდი და მეტად რთული ცხოვრების გზა. გზა ექსორიობისა და გზა განსაცდელისა. ღვთისგან რჩეული და ხელდადებული ადამიანის ცხოვრება მუდამ გამოირჩევა სხვა მოქალაქეთა ცხოვრებისაგან, ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ის ახალგაზრდა ჭაბუკი გრიგოლ სიდამონიძე, რომელიც 1917 წელს ხელს აწერდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აქტზე, მომავალში იქნებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? თქვენ თვითონ შეგეძლოთ ამის წარმოდგენა? იმ დროს იდუმალი მარჯვენა ღვთისა, ყველასათვის ფარული, უკვე იყო თქვენ ზედა. უწმიდესო და უნეტარესო პატრიარქო კირიონ, ჩვენ გვწამს, რომ დღეს არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც იმყოფები ჩვენთანა, გრძნობდით თუ არა, რომ ის ახალგაზრდა სემინარიის სტუდენტი, რომელსაც შენთვის მოკრძალებით მოჰქონდა წიგნები, მომავალში იქნებოდა შენი მემკვიდრე? მე მესმის ხმა იდუმალი, დიახ თქვენო უწმიდესობავ, გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ეკლესიის აყვავებისა და წინსვლისათვის." (7, 61).
მეუფე ილია ახალგაზრდა, გაბედული მღვდელმთავარი იყო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს მოუწოდებდა უფრო თანმიმდევრულნი და მტკიცენი ყოფილიყვნენ საერო მთავრობის მიმართ დამოკიდებულებაში. მან ჯერ კიდევ 1967 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გივი ჯავახიშვილს საგანგებო წერილით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო იმ სივიწროვისა და აუტანელი სამუშაო პირობების არსებობის შესახებ, რომელშიც საქართველოს საპატრიარქო იმყოფებოდა... "რევოლუციის შემდეგ ნაციონალიზებულ იქნა მთელი რიგი საეკლესიო შენობები, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბინაც, სადაც მოთავსებულია რესპუბლიკის მილიციის სამმართველო. ეს შენობა ისტორიულად ცნობილია, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის სასახლე. აქ ცხოვრობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები არა მარტო წარსულ დროში, არამედ საბჭოთა ხელისუფლების დროსაც (კირიონი, ლეონიდე, ამბროსი) ჩამოგვერთვა 1922 წელს. წმიდა სინოდი ღრმა პატივისცემით მოგმართავთ თხოვნით, დაგვიბრუნოთ ჩვენი შენობა." (40, 3203).
მიტროპოლიტ ილიას მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა ქართულ ინტელიგენციასთან, მეცნიერებთან. 1970 წელს იგი პროფესორ ელენე მეტრეველს სწერდა: "ქალბატონო ელენე! გამახარა თქვენმა წერილმა და "ეპისტოლეთა წიგნმა" (იგულისხმება სომხური ეპისტოლეთა წიგნი ზ. ალექსიძის კომენტარებით ს.ვ.) გმადლობთ ყურადღებისათვის. მეც მინდა გახაროთ სასიამოვნო ამბავი. არქიმანდრიტ აბელის საშუალებით ვიპოვეთ გზა, რომლითაც დავუკავშირდებით ათონის ივერიის მონასტრის ხელნაწერებს. მივიღე წერილი თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორ ტახიაოსისაგან, რომელიც გვპირდება დახმარებას. ეს წერილი გადავაბეჭდინე და ასლს გიგზავნით თქვენ, რომ გაიგოთ თუ რა დახმარებას გვპირდება. ეტყობა პროფესორმა იცის რუსული ენა - წერილი რუსულ ენაზეა დაწერილი, როგორც წერილიდან ირკვევა, პროფესორ ბლეიკს აღუწერია ქართული ხელნაწერები. მე არ ვიცი, ჩვენ გვაქვს თუ არა რ. ბლეიკის მიერ შედგენილი ხელნაწერების კატალოგი. ძველი ქართული ანბანისა და ენის შესასწავლად რომელი წიგნები შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენ, როგორც ჩანს მას სურს შეისწავლოს ძველი ქართული ენა. ბრძანდებოდეთ კარგად. პატივისცემით მიტროპოლიტი ილია." (9, 112).
მიტროპოლიტ ილიას მოწვევით საქართველოში უნდა ჩამოსულიყო სალონიკის უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრიოს ცამისი, ეს ვიზიტი იმხნად ვერ შედგა, მაგრამ 1978 წლის სექტემბერში უკვე კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ უმასპინძლა ათონის მთის გუბერნატორსა და სალონიკის უნივერსიტეტის პროფესორს დიმიტრიოს ცამისს. ათონის მთის ქართულ ხელნაწერებთან ქართველი მეცნიერები იმხნად მიტროპოლიტ ილიას მეშვეობით მივიდნენ, გაეცნენ და მათი მიკროფილმები ჩამოიტანეს საქართველოში. მიტროპოლიტ ილიას ასეთი წარმატებები ბევრს არ ახარებდა, იყვნენ ხელისშემშლელნიც. ამას ადასტურებდა 1972 წლის 26 მაისს მიტროპოლიტ ილიას მიერ შედგენილი განცხადება მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. "როგორც მოგეხსენებათ, - მიმართავდა იგი წმიდა სინოდს, - 1963 წელს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის დიდი შრომითა და მეცადინეობით, მცხეთაში გაიხსნა სასულიერო სემინარია, რომლის ხელმძღვანელად ვიყავი დანიშნული. ეს იყო ახალი დიდი საქმე, რომელსაც სჭირდებოდა დიდი ენერგია და გამოცდილება. არც მე და არც მასწავლებლები არ ვიშურებდით ძალას სემინარიის გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის. ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ბევრ წინააღმდეგობასა და სიძნელეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით სასწავლებელი მყარ ნიადაგზე დაგვეყენებინა. არ უარვყოფ იმას, რომ სემინარიის კურსდამთავრებულთაგან ყველამ ვერ გაამართლა ჩვენი იმედები და ვერ გამოიჩინა მოძღვრის მაღალი თვისებები, მიუხედავად ზოგიერთი არასასურველი ფაქტისა, ჩვენ ვხედავთ, რომ კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი თავდადებულად ემსახურება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტაძრებს. გულისტკივილით უნდა მოგახსენოთ, რომ ცხრა წლის განმავლობაში, დახმარების ნაცვლად მესმოდა მხოლოდ კრიტიკა." (9, 112).
დამაფიქრებელი იყო იმ წერილის შინაარსიც, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის მდივანმა გრიგოლ მშვიდობაძემ გაუგზავნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას 1977 წლის 10 სექტემბერს "გაცნობებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ბრძანებით, მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ რომანოზს, მიეცა პირველი ადგილი მიტროპოლიტთა შორის" (9, 113). (ამ დროს მიტროპოლიტი რომანოზი 90 წლის იყო). იწყებოდა ბრძოლა პატრიარქობისათვის და ვინაიდან მიტროპოლიტი ილია ითვლებოდა პატრიარქობის უალტერნატივო კანდიდატად, ამ ბრძანებით გამოჩნდა ალტერნატივაც. 1977 წლის 10 ნოემბერს მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების მეორე დღეს გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს XII საეკლესიო კრებამ იგი აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ახლად არჩეული პატრიარქის კურთხევა შესრულდა 25 დეკემბერს სვეტიცხოველში. ამ სტრიქონების ავტორს, იმხანად ისტორიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტს, ჰქონდა ბედნიერება ყოფილიყო იმ ისტორიული დღის მონაწილე, როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა 44 წლის მიტროპოლიტი ილია. თუ რა გაკეთდა განვლილი 33 წლის მანძილზე საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლით, ამის შესახებ მოგვითხრობს ჩვენი ვრცელი მონოგრაფია "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II" თბილისი. 2008 წელი.
---------------------------------------------------------------------------
დამოწმებული ლიტერატურა
1. სერგო ვარდოსანიძე "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობმელები", თბილისი, 2004 წ.
2. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II", თბილისი, 1994 წ.
3. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე", თბილისი, 2000 წ.
4. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი", თბილისი, 2009 წ.
5. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III", თბილისი, 2009 წ.
6. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე", თბილისი, 2009 წ.
7. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II", თბილისი, 2007 წ.
8. სერგო ვარდოსანიძე "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001 წ.
9. სერგო ვარდოსანიძე "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II", თბილისი, 2008 წ.
10. სერგო ჯორბენაძე "ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა", თბილისი, 1984 წ.
11. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბილისი, 1990 წ.
12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი, 2009 წ.
13. გიორგი ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, "დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მოგონებები."
14. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი.
15. საქართველოს საპატრიარქო არქივი.
16. ავთანდილ ნიკოლეიშვილი "გაბრიელ ეპისკოპოსი", ქუთაისი, 1990 წ.
17. მელიტონ კელენჯერიძე "გაბრიელ _ ეპისკოპოსი იმერეთისა", თბილისი, 2006 წ.
18. ილია ჭავჭავაძე "თხზულებანი", თბილისი, 1984 წ.
19. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე ეპისკოპოსის ფონდი.
20. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მელიტონ კელენჯერიძის ფონდი.
21. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეპისკოპოს კირიონის ფონდი.
22. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თედო ჟორდანიას ფონდი.
23. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი სხვადასხვა.
24. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი.
25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ამბროსი ხელაიას ფონდი.
26. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი.
27. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კორნელი კეკელიძის ფონდი.
28. საქართველოს საპატრიარქო არქივი.
29. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პიროს ოქროპირიძის ფონდი.
30. საქართველოს საპატრიარქო არქივი. ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმე.
31. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის საქმე.
32. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ფონდი.
33. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის ფონდი.
34. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი.
35. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ იოანე მარღიშვილის ფონდი.
36. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მთავარეპისკოპოს იოანე ანანიაშვილის ფონდი.
37. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის ფონდი.
38. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი.
39. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს ტარასი კანდელაკის საქმე.
40. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ილიას ფონდი.
41. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი.
42. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი.
43. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტ: I, II, III, თბილისი, 1997 წ. 2008 წ.
44. ჯემალ გამახარია "წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.
45. ნუგზარ პაპუაშვილი "ამბროსი ხელაია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში", თბილისი, 2005 წ.
46. ეპისკოპოსი კირიონი "ივერიის კულტურული როლი რუსეთის იმპერიის ისტორიაში", თბილისი, 2009 წ.
47. იოსებ მეგრელიძე "ექვთიმე თაყაიშვილი", თბილისი, 1989 წ.
48. სარგის კაკაბაძე "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წ.წ.", თბილისი, 1997 წ.
49. ჯემალ გამახარია "წმიდა ამბროსი აღმსარებელი და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.
50. კალისტრატე ცინცაძე "ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია ტფილისში", თბილისი, 1994 წ.
51. ვაჟა კიკნაძე "ცხოვრება და ღვაწლი პეტრე კონჭოშვილისა", თბილისი, 2003 წ.¬
52. კათოლიკოსი ამბროსი, კრებული შეადგინა ედიშერ გიორგაძემ, თბილისი, 1999 წ.
53. ჟურნალი "მწყემსი".
54. ამბერი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", ჟურნ. "განთიადი", 1916 წ. 5. IX.
55. გოჩა საითიძე "წამებული მშობელი ქვეყნისა და ეკლესიისათვის", "ისტორიანი", თბილისი, 2000 წ.
56. ზინობი ჟვანია "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან", ქუთაისი, 1994 წ.
57. იაკობ გოგებაშვილი "თხზულებანი", ტ. II, თბილისი, 1954 წ.
58. ჟურნალი "საღვთისმეტყველო კრებული", თბილისი, 1987 წ. N3.
59. მარინა შავიანიძე "მიტროპოლიტი ნუემი", ქუთაისი, 2006 წ.
60. ჟურნალი "ჯვარი ვაზისა".
61. გაზეთი "მადლი".
62. კრებული "მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე", თბილისი, 2000 წ.
63. გაზეთი "ქიზიყი".
64. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე "დედა ეკლესია", თბილისი, 1996 წ.
65. კრებული "მეცნიერება და სარწმუნოება", თბილისი, 2005 წ.
66. დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა "სუჯუნის ეკლესია", 2009 წ.
67. ჟურნალი "კრიალოსანი".
68. გაზეთი "საქართველოს საპატრიარქო უწყებანი".
69. ხობისა და ფოთის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს სხდომათა ოქმები.
70. ეპისკოპოსი ზოსიმე "ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა", თბილისი, 1997 წ.
71. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე "მოგონებანი", თბილისი, 2006 წ.
72. ჟურნალი "ფუძნარი".
73. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წ.
74. საქართველოს ისტორია XX საუკუნე. პროფ. ვახტანგ გურულის რედაქციით, თბილისი, 2003 წ.
75. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის არქივი.
სერგო ვარდოსანიძე
"ქართველი მღვდელმთავრები" (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ.
ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:06)