Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი)

მიტროპოლიტი რომანოზი, ერისკაცობაში რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი, დაიბადა 1887 წლის 1 ოქტომბერს მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურნი იყვნენ. ოჯახი განათლებული და ინტელექტუალური იყო. ბიძა - ვასილ პეტრიაშვილი - ცნობილი ბუნებისმეტყველი, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი. რომან პეტრიაშვილი 1895-1908 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1909-1910 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1910 წელს ჩაირიცხა ქ. დორპტის უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მუშაობდა ლტოლვილთა კომიტეტის განყოფილებაში.

1921-1924 წლებში - პატიმართა დამხმარე კომიტეტში. 1924-1944 წლებში - კოოპერაციულ განყოფილებაში. 1949 წელს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს, რომ სურვილი ჰქონდა ემსახურა საქართველოს ეკლესიაში. იმავე წლის 6 მარტს უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა დიაკვნად, 13 მარტს - მღვდლად. დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე დაევალა საპატრიარქოს კანცელარიის მდივნის თანაშემწეობა.

1952 წლის 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1954 წლის 17 მაისს სიონის ეკლესიიდან გადაყვანილ იქნა კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიაში. 1955-1959 წლებში იყო თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1960 წლიდან 1967 წლამდე იყო თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი. 1962 წელს მოსკოვში ახლდა უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს, დააჯილდოვეს მიტრით. 1965 წ. აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1967 წლის 28 აგვისტოდან 1971 წლამდე განაგებდა ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებს. 1971 წლის 7 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ მიენიჭა მიტროპოლიტობა, 1973 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა მეორე პანაღიით. მიტროპოლიტი რომანოზი იყო ფიცხი ხასიათის კაცი და არც დაპირისპირებებს ერიდებოდა. 1974 წლის 14 იანვარს მან ოფიციალური განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დავით V-ს. მისი აზრით, პატრიარქი არ იცავდა იერარქიულ პატივისცემას მღვდელმთავრების მიმართ. - სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის დროს ზინობის გასახარად შეურაცხყოფა მომაყენეთ, მე მარჯვნივ დავდექი და მიყვირეთ, დაგავიწყდა? მე გაგხადე პატრიარქი. რელიგიის რწმუნებულმა დ. შალუტაშვილმა დამიბარა და მითხრა დაეხმარე მიტროპოლიტ დავითსო. კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის გარდაცვალების შემდეგ გვერდიდან არ მიშორებდი, დამეხმარეო.

მას მიაჩნდა, რომ მიტროპოლიტი ზინობი ერთი ეკლესიის წინამძღვარია და რატომ უნდა ყოფილიყო ჭყონდიდელი მღვდელმთავრის წინ. "მე ყოველთვის გაძარცვულ, გაპარტახებულ ეპარქიას ვიბარებდი და ვაწესრიგებდი. ქუთაისში ყოფნის დროს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლობა მებრძოდა მღვდლებს ნუ გაამრავლებო, მაგრამ მე მაინც ვიბრძოდი." მიტროპოლიტი რომანოზი ითხოვდა, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის წინამძღოლობიდან, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. უფრო მეტიც, 1977 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ. მიტროპოლიტ რომანოზს მისცა პირველი ადგილი მიტროპოლიტთა შორის.

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტმა რომანოზმა, როგორც უხუცესმა (90 წლის) და უპირატესმა მღვდელმთავარმა, მოითხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. სინოდის წევრთა უმრავლესობამ მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), რამაც მიტროპოლიტი რომანოზი საბრძოლველად განაწყო. მან 1977 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: "ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა." (9, 126). უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის არჩევის შემდეგ მიტროპოლიტი რომანოზი გავიდა პენსიაზე. გარდაიცვალა 92 წლის ასაკში 1979 წლის მარტს. 25 მარტს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისივე გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი რომანოზი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.

მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი)

მიტროპოლიტი გაიოზი, ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი, დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში. 1963 წელს დაამთავრა საგარეჯოს საშუალო სკოლა, რის შემდეგ ჩაირიცხა და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო მანამდე თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს, სასულიერო განათლების მისაღებად ჩაერიცხათ მცხეთის ახალგახსნილ სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ პატრიარქის კანცელარიამ სამხედრო ბეგარის მოუხდელობის გამო უარი უთხრა საბუთების მიღებაზე. 1965 სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ აღდგენილ იქნა თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯერ საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის, შემდეგ - პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად. ახალგაზრდობიდანვე რაიონული და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ხასიათის სამეცნიერო წერილებს, სტატიებს. ბიძინა კერატიშვილი ახლოს იცნობდა საგარეჯოს წმიდა დოდოს ეკლესიის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძეს, რომელიც 1903 წლიდან იყო შემოსილი. მამა ევაგრე საქართველოს ეკლესიის ისტორიის ცოცხალი მატიანე იყო, მას ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობდა ბიძინა კერატიშვილი. ევაგრე დიასამიძემ დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდის მსოფლმხედველობის ფორმირებაში, მისი რეკომენდაციით წარსდგა იგი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის წინაშე. პატრიარქმა ეფრემმა დაიახლოვა  პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელიც უკვე სისტემატურად ესწრებოდა წირვა-ლოცვებს სიონის საპატრიარქო ტაძარში. აქ მისი მოძღვარნი და მასწავლებლები იყვნენ: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია, დეკანოზები: პახუმ ობოლაძე, ალექსანდრე ჩაჩუა. მეგობრობდა არქიდიაკონ ამბროსი ახობაძესთან.

1969 წელს უწმიდესი ეფრემ II-ის რჩევით ბიძინა კერატიშვილმა დატოვა საერო სამსახური და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, ერთი წლის შემდეგ პატრიარქის კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში საქმის მწარმოებლად. 1971 წლის 15 ნოემბერს ბიძინა კერატიშვილმა ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს - "უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო! მსურს შევიმოსო ხარისხით მონაზონობისა და უმორჩილესად გთხოვთ ინებოთ და მიმაღებინოთ მადლი საიდუმლო მღვდელობისა, "რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა." მსურს თქვენო უწმიდესობავ, დღენი ცხოვრებისა ჩემისანი სრულის სიყვარულით განვვლო ღვთისა და კაცთა და საქართველოს დედა ეკლესიის სამსახურში. ვსასოებ ყოველივე ესე, მეოხებითა ყოველთა წმიდათა და ლოცვითა თქვენი უწმიდესობისა - შემაძლებინოს მრავალმოწყალე იესო მაცხოვარმა, "რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლათ.!

1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი. 17 დეკემბერს ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აკურთხა დიაკვნად, 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად. მღვდელმონაზონი გაიოზი აგრძელებდა საპატრიარქოს კანცელარიაში საქმიანობას, ამავე დროს მას ევალებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1972 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს დაუგზავნა შეტყობინება მღვდელმონაზონ გაიოზის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანის შესახებ და გამოითხოვა წერილობითი პასუხი. 1972 წლის 24 მარტს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), თეთრწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი). სინოდმა წილკნელ ეპისკოპოსად გამოარჩია მღვდელმონაზონი გაიოზი. 26 მარტს დიდმარხვაში ბზობის კვირიაკის წინა კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი წილკნელ ეპისკოპოსად კურთხევა, რომელსაც ესწრებოდა ყველა მოქმედი მღვდელმთავარი. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ სიტყვით მიმართა ეპისკოპოს გაიოზს სამღვდელმთავრო მოღვაწეობისათვის გზა დაულოცა მას და აღნიშნა, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას მოციქულთა მადლის მატარებელი კიდევ ერთი მღვდელმთავარი შეემატა... გახსოვდეს ეს გზა ეკლიანი გზაა, არც მადლიერი გეყოლება არავინ ამ რთულ დროში, მაგრამ არაფერმა არ უნდა დაგაბრკოლოს და ერთგულად უნდა ზიდო ის მძიმე ტვირთი, რაც ღვთის განგებით დღეიდან მხრებზე დაგაწვაო... სამადლობელ სიტყვაში ეპისკოპოსმა გაიოზმა აღუთქვა მის უწმიდესობას, სინოდის წევრებს და მორწმუნე საზოგადოებას, რომ ძალასა და ენერგიას არ დაზოგავდა საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ იმის ღრმა რწმენით, რომ საეკლესიო მოღვაწეობის დიდ და ძნელ გზაზე მას შეეწეოდა ერისა და სამღვდელოების თანადგომა და დიდ წინაპართა ლოცვა ზეციური საქართველოდან. 1972 წლის 26 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II. ამავე დღეს გამართულმა წმიდა სინოდის სხდომამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი) აირჩია. 1 ივნისს გამართულმა XI საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მოსაყდრე მიტროპოლიტი დავითი აირჩია... უწმიდესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად და სასულიერო სემინარიის რექტორად დანიშნა. სემინარიაში იგი კითხულობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ჰომილეტიკას, საეკლესიო სამართალს. სემინარიაში დაარსდა ანტონ კათოლიკოსის სახელობის საქართველოს ისტორიის კათედრა, კედლის გაზეთი "სვეტიცხოველი", გამდიდრდა სემინარიის ბიბლიოთეკა, სავალდებულო საგანად შემოვიდა ინგლისური, სემინარიას ეწოდა "ანდრია პირველწოდებულის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარია."

ეპისკოპოს გაიოზის რექტორობის ჟამს სემინარიაში სწავლობდნენ მიტროპოლიტები: ზოსიმე (შიოშვილი), ვახტანგი (ახვლედიანი), მთავარეპისკოპოსები: იოანე (ანანიაშვილი), თადეოზი (იორამაშვილი), პროფესორი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დეკანოზი უშანგი ჩარკვიანი. ეპისკოპოს გაიოზის ინიციატივით მოწესრიგდა სვეტიცხოვლისა და წილკნის საეპისკოპოსოს არქივი. მან თბილისის ხელოვნების სახელმწიფო, მუზეუმის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დაუკვეთა და დაამზადებინა უძველესი ქართული ხატების ზუსტი ასლები და სპეციალურ კიოტებში მოთავსებული დაასვენა სვეტიცხოველში. როგორც წილკნელმა ეპისკოპოსმა დაამზადებინა X საუკუნის წილკნის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც დროებით სვეტიცხოველში მოათავსა იმის იმედით, რომ როდესმე ეს ხატი მის ისტორიულ სამყოფელში, წილკნის საკათედრო ტაძარში დაიდებდა ბინას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ეპისკოპოს გაიოზის საგამომცემლო საქმიანობა. 1973 წლიდან იგი ადგენდა და გამოსაცემად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის კალენდარს, რომელსაც  შეუცვალა პროფილი, 10 საგამომცემლო თაბახიდან გაზარდა 30-მდე და აქცია სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შინაარსის კრებულად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმხანად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰქონდა არც პერიოდული ჟურნალი და არც სასულიერო გაზეთი, საეკლესიო კალენდარი იყო ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მორწმუნე მრევლთან სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ურთიერთობა. 1973-1977 წლებში გამოცემული კალენდრები გამორჩეული იყო როგორც პოლიგრაფიული ხარისხით, ასევე შინაარსით, რომელნიც მოიცავდა საქართველოს ისტორიის, ეკლესიის ისტორიის, ქართულ ენასა და ლიტერატურის აქტიურ პრობლემებს. ამ გამოცემისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ მადლობის წერილები მიიღო ვატიკანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. 1976 წლის კალენდარი განსაკუთრებით გამორჩეული იყო. აქ ისტორიული ხასიათის მასალებთან ერთად პირველად დაიბეჭდა საეკლესიო სამართლის ისეთი უძველესი ძეგლი, როგორიცაა "მოციქულთა კანონები," განვრცობილი ცნობები მსოფლიო საეკლესიო კრებათა შესახებ, ეპისკოპოსის ხელდასხმისა და პატრიარქის აღსაყდრების წესები, ძველი ქართული ენის გამოკრებილი ლექსიკონი, ძველი ქართული სამოხელეო ტერმინები. ცნობები "ქართლის ცხოვრებიდან" დავით აღმაშენებლისა და თამარის შესახებ.

1976 წლის საეკლესიო კალენდარში ეპისკოპოსმა გაიოზმა დაბეჭდა გაბრიელ ეპისკოპოსის წერილი გიორგი მუხრანბატონისადმი "მცირე ერთა ენების შესახებ", რომელშიც დაგმობილი იყო ქართული ენისადმი ნიჰილისტური და კოსმოპოლიტური დამოკიდებულება. თუ გავითვალისწინებთ XX საუკუნის 70-იანი წლების პოლიტიკურ ვითარებას, როდესაც ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, მაშინ გასაგები გახდება რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა საეკლესიო კალენდრების შემდგენელი. საეკლესიო კალენდრის მიმართულება მოიწონეს როგორც საზღვარგარეთის ქართველოლოგიურ ცენტრებში, ასევე საქარ¬თველოში მოღვაწე პატრიოტმა მეცნიერებმა (პროფ. იოსებ მეგრელიძე, პროფ. შერმადინ ონიანი). ეპისკოპოსი გაიოზი გატაცებით ეძიებდა და იკვლევდა ქართულ სიძველეებს. დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში არაერთი ხელნაწერი და ბიბლიოგრაფიული იშვიათობის წიგნია ეპისკოპოს გაიოზის ბიბლიოთეკიდან.

პროფესორი ილია აბულაძე 1967 წელს მადლობის წერილსს წერდა ბიძინა კერატიშვილს ინსტიტუტისადმი მის მიერ შეწირული ერთ-ერთი ხელნაწერის გამო. ხელნაწერი ათონის მთაზე გადაუწერია იოანე მაისურაძეს, რომელსაც გამოსაკვლევად გადაუცია აკად. კორნელი კეკელიძისათვის, რომელსაც მისი შინაარსი დაბეჭდილი აქვს "ეტიუდების" ერთ-ერთ ტომში. მას ხელნაწერი დაუბრუნებია იოანე მაისურაძისთვის, რომელსაც გადაუცია არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძისათვის. მამა ევაგრემ ხელნაწერი ახალგაზრდა ბიძინა კერატიშვილს გადასცა, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია მისი ხელნაწერთა ინსტიტუტისათვის გადაცემა. ეპისკოპოსმა გაიოზმა პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან საქართველოს წიგნის პალატის დირექტორის ალიო მირცხულავას, ჩიტო კაპანაძისა და პეტერბურგში მოღვაწე ელისო აბრამიშვილის დახმარებით მოიძია და საქართველოში ჩამოატანინა ჟურნალ "სვეტიცხოვლისა" და "ახალი სიტყვის" (1917-1918 წ.წ.) ორიგინალები. სოფელ ნინოწმინდაში მიაკვლია და დაღუპვას გადაარჩინა მეფე ერეკლე II-ის დროის ნასყიდობის ორი სიგელი, რომლის ანალიზის საფუძველზე დაადგინა XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტის გარდაცვალების თარიღი. სვეტიცხოვლის ძველ ნაბეჭდ წიგნებში მისი ყურადღება მიიქცია თაგვისგან შეჭმულმა და თავბოლნაკლულმა ერთმა პატარა ტანის გამოცემამ, რომელიც არმოჩნდა სტამბის 1709 წლის "დავითნის" გამოცემა და რომელიც ერთ-ერთ დღემდე მოღწეულ გამოცემად ითვლება ქართულ ბიბლიოგრაფიაში. ამ გამოცემას გაიოზ კერატიშვილმა 1977 წელს სპეციალური გამოკვლევაც მიუძღვნა და ფრიად საგულისხმო დასკვნები გააკეთა ქართული ბიბლიური ტექსტების ბეჭდვის ისტორიისათვის. (გ. კერატიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დღემდე უცნობ დეტალებზე იხ. მისი ინტერვიუ გაზეთში "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N1 (797)).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაუახლოვდა ბიძინა კერატიშვილს და აფასებდა მის ნიჭიერებას. იმხანად ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა მას აჩუქა მაცხოვრის ჯვარცმის ხატი ასეთი წარწერით: "ამ წმიდა ჯვარცმას ვჩუქნი ჩემს მეგობარ ბიძინა კერატიშვილის. ამ წმიდა ჯვარცმით ვიმედოვნებ, რომ ერთ დროს იგი კარგი მღვდელმთავარი იქნება." 1977 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი გაიოზი დაჯილდოებული იყო საქართველოსა და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ორდენებით. მონაწილეობდა მოსკოვსა და პრაღაში მართლმადიდებელ ეკლესიათა ფორუმებში. საპატრიარქოში მუშაობის პერიოდში იგი დაუახლოვდა ქართველ მეცნიერებს: აკაკი შანიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილის, შალვა ამირანაშვილს, ავლია ზურაბიშვილის, იოსებ მეგრელიძეს, შერმადინ ონიანს, ქეთევან ნუცუბიძეს. მწერლებს: ლევან გოთუას, რევაზ ჯაფარიძეს, ახალგაზრდობიდანვე მეგობრობდა პოეტ-აკადემიკოს გიორგი ლეონიძესთან...

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V, მიტროპოლიტმა გაიოზმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ასარჩევად მხარი დაუჭირა ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს (პეტრიაშვილი) და ამ პოზიციაზე ურყევად იდგა 1977 წლის 20 დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, მან 23 დეკემბერს სიონში გამართულ XII საეკლესიო კრებაზე ხმა მისცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. მანვე წაიკითხა საეკლესიო კრების დეკლარაცია და ძირითადი ლოცვებიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტი გაიოზი გადაყვანილ იქნა ურბნისის ეპარქიის მმართველად და ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ მიტროპოლიტი გაიოზი დაპატიმრებულ იქნა საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. ჯერ კიდევ 1977 წლის 19 დეკემბერს რელიგიის საქმეთა რწმუნებული თ. ონოფრიშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნილ საიდუმლო წერილში მოითხოვდა მიტროპოლიტ გაიოზის დაპატიმრებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე ალადაშვილის თავმჯდომარეობით მიტროპოლიტ გაიოზს მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაძარცვეს მისი არქივი, დაიკარგა საკათალიკოსო საბჭოს სხდომათა ოქმების ნაწილი (1917-1927 წ.წ.), სინოდის ოქმები (1940-58 წ.წ.), მასალები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელობაზე, აუდიო ჩანაწერები არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძესთან, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-სთან, დაიკარგა მისი შრომები, უნიკალური ბიბლიოთეკა. მას ჩამოართვეს სახლი სიმონ ჩიქოვანის N33-ში. 1979 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი. გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გადაგზავნილ იქნა დაღესტანში, საიდანაც მიხეილ გორბაჩოვის მიერ მიღებული ამინისტიის საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. საქართველოში დაბრუნებულს აღარ ჰქონდა აღარც ბინა, აღარც საარსებო საშუალება.

ამჟამად მიტროპოლიტყოფილი გაიოზ კერატიშვილი საპატრიარქოს პენსიაზეა. მიუხედავად იმისა, რომ მან სასჯელი მოიხადა, ქართულ პრესაში არცთუ იშვიათად იბეჭდება წერილები, რომელთა ავტორები ცდილობენ 30 წლის წინანდელი ამბების კიდევ უფრო დრამატიზირებას და უკვე ავადმყოფი ხანდაზმული მღვდელმთავარყოფილისათვის დარჩენილი სიცოცხლის გამწარებას... სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი კაცი დააკლდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას... მიტროპოლიტ ყოფილმა გაიოზმა 2005 წლის გაზეთ "ასავალ-დასავალში" (N15-51) გამოაქვეყნა ახალი აღთქმის ძველი ქართულიდან ახალზე შესრულებული თარგმანი, რომელიც წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ ნაშრომს ტექსტის ენობრივი სტილისა და მასში შინაგანი რიტმის დაცვა-შენარჩუნების თვალსაზრისით. ხსენებულ საკითხებზე მან "ასავალ-დასავლის" 2006 წლის 28-ე ნომერში დაბეჭდა ვრცელი წერილი "ვინ არიან ახალი მწვალებელნი, ფარისეველნი და მწიგნობარნი." ასევე საინტერესო წერილი მიუძღვნა ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ხატს "ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო, მისი უძველესი ხატება და ვაზის ჯვრის მისტერია" ("ასავალ-დასავალი", 2005 წ. N9) 1974-1975 წლების საქართველოს ეკლესიის კალენდრებში ჩართულია წმიდა ნინოს ხატის ფერადი რეპროდუქცია, იგი XVIII საუკუნეშია განახლებული და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ადრეული საუკუნეების ხატწერის ტრადიციაზე. ხატი ემსხვერპლა საქართველოს საპატრიარქოში გაჩენილ ხანძარს 1978 წლის 1 აპრილს. ხატის ფერადი ფოტორეპროდუქცია თავისი წარწერით საეკლესიო კალენდრის მეშვეობით შემორჩა შთამომავლობას. მიტროპოლიტყოფილ გაიოზს დარჩა ბევრი გამოქვეყნებული შრომა, რომელთა ბიბლიოგრაფიას ქვემოთ გთავაზობთ.

1. გავუფრთხილდეთ ძეგლებს. გაზ. "სამგორი", 1965 წ. 26 ოქტომბერი.

2. წარსულისადმი პატივისცემით. გაზ. "ივერიის განთიადი," 1966 წ. 24 მარტი.

3. ცხოვრების გულმართალი მეხოტბე. გაზ. "ივერიის განთიადი", 1966 წ. 2 აპრილი.

4. თამარის ეპოქა და შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". წაკითხული რუსთაველის დაბადების 800 წლისათვისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე საგარეჯოში, 1966 წლის 29 სექტემბერს. დარბევისას დაკარგული. (გადარჩენილა სამეც. სესიაზე მოსაწვევი ბარათი).

5. ისევ თვალ-საგარეჯოს ისტორიისათვის. გაზ. "ივრის განთიადი," 1968 წ. 9 მარტი.

6. ორი საყურადღებო დოკუმენტი ნინოწმინდიდან. გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". 1969 წ. 21 ივნისი.

7. ნინოწმინდის ქართული წარწერა. ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება", 1969 წ. N7.

8. წარმართობის გადმონაშთები გარეკახეთში. გაზ. "ივრის განთიადი," 1969 წ. 18 მარტი.

9. რას ნიშნავს სიტყვა გარეჯა? 1968 წ. (დაკარგული. არასრული, შემორჩენილია გვერდები).

10. ერთი ადგილის გაგებისათვის "შუშანიკის მარტვილობიდან." 1969 წ. (დაკარგული. შემორჩენილია გვერდები).

11. ერთი თავისებურება ძველ ქართულ წერილობით და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში. 1968 წ. (დაუბეჭდავი).

12. ძველ ქართულში ერთი ტერმინის სულხან-საბა ორბელიანისეული განმარტების გარშემო. 1968 წ. (დაუბეჭდავი).

13. საუკუნეების საიდუმლოება. ნინოწმინდის ქართული წარწერა. 1968-1969 წ.წ. (დაკარგული 2008 წ.).

14. ქართლის ცხოვრების ერთი ტერმინის დადგენისათვის 1972 წ. (დაუბეჭდავი).¬

15. რამდენი მონასტერია გარეჯაში? ჟურნალი "ძეგლის მეგობარი". 1971 წ. N27-28.

16-20. საქართველოს ეკლესიის კალენდარი - 1973, 1974, 1975, 1976, 1977 წ.წ. შემდგენელ-რედაქტორი ეპისკოპოსი გაიოზი. მოიცავს საავტორო უფლების სხვადასხვა სახის წერილობით სტატიებს: 1) გაბრიელ ეპისკოპოსი. 1976 წ. კალენდარი. გვ. 17-21. 2) კანონნი წმიდა მოციქულთანი. იგივე. გვ. 43-43. 3) კათოლიკოს ანტონ I. იგივე. გვ. 99-100. 4) მსოფლიო საეკლესიო კრებები. იგივე. გვ. 102-109. 5) ქორონიკონის გამოანგარიშება. იგივე. გვ. 137-138. 6) ძველი ქართული ენის გამოკრებული ლექსიკონი. იგივე. გვ. 338-386. 7) ძველი ქართული სამოციქულო და საეკლესიო იერარქიული ტერმინების ლექსიკონი. იგივე. გვ. 387-396. 8) იაკობის ჟამის წირვა. 1977 წ. კალენდარი. გვ. 201-202.

21. პოეტური ნიმუშები ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნებიდან. 1977 წ. (დაკარგული. შემორჩენილია რამოდენიმე გვერდი).

22. სტეფანოს ორბელიანის ისტორიიდან ერთი ადგილის გაგებისათვის. 1972 წ. (დაუბეჭდავი. დაკარგული. აკლია დასაწყისი გვერდები).

23. ქართული სტამბისა და ბიბლიური ტექსტების ბეჭდვის ისტორიისათვის. 1977 წ. (გაზ. "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N50 (79ა)).

24. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის პროლოგი და საეკლესიო სამართლის ზოგი საკითხები. 1977-1978 წ.წ. (დაკარგული. გადარჩენილია 55 ნაბეჭდი და მცირე რაოდენობის ხელნაწერი გვერდები).

25. ნათელმეტყველება. 1980-1988 წ.წ. შრომა-გასწორების კოლონიაში შედგენილი სამუშაო მასალა კონსპექტებისა და ჩანაწერების სახით. დასამუშავებელი. მოიცავს 100-ზე მეტ რვეულს.

26. რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი რუსეთის პატრიარქ პიმენს. 1988 წ. დაწერილია შრომა-გასწორების კოლონიაში. დაუბეჭდავი.

27. ქართული ბიბლიის საკითხები და თანამედროვეობა. 1977 წელს, პრაღაში, 5-10 სექტემბერს გამართულ ევროპის სემინარზე წაკითხული მოხსენება (დაუბეჭდავი).

28. მოკლე ისტორიული წიაღსვლები საქართველოს ეკლესიის XIX და XX საუკუნეების ცხოვრებიდან ავტოკეფალიასთან მიმართებაში. 1998 წ. (დაუბეჭდავი).

29. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს აღდგენის შესახებ. 2004 წ. (დაუბეჭდავი).

30. ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო, მისი უძველესი ქართული ხატება და ვაზის ჯვრის მისტერია. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. #9 (548).

31. 300 წლისთავი უფლის საგალობლის "დავითნის" დაბეჭდვიდან. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. N14 (553).

32. ახალი რედაქცია ქართული ოთხთავისა (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე). გიორგი მთაწმიდისეული რედაქციის თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. გაზ. "ასავალ-დასავალი". 2005 წ. 15-51-ე და 2006 წლის პირველ ნომერში.

33. აუცილებელი განმარტება სახარების ახალი რედაქციის ავტორისაგან. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. N33 (572).

34. ვინ არიან ახალი მწვალებელნი, ფარისეველნი და მწიგნობარნი. იუდას ამბორი და უმეცართა ინკვიზიცია საღვთო წერილის წინააღმდეგ. გაზ. "ასავალ-დასავალი." 2006 წ. N18 (618).

35. ლექსები. დაკარგული 1978 წელს. გადარჩენილი მკვლევარისა და მთარგმნელის თამარ მესხის მიერ. ნაწილი დაკარგული. დაბეჭდილია ერთი ნაწილი. გაზ. "ასავალ-დასავალი," 2005 წ. N5(544).

36. მითი და სინამდვილე (ინტერვიუ, გაზ. "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N1 (797)).

მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე)

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე, დაიბადა 1894 წლის 7 ივლისს შორაპნის მაზრის სოფელ ჩრდილში. 1909 წელს დაასრულა სკოლა. 1910-1914 წლებში მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად. 1913 წელს გელათის მონასტერში სწავლობდა მედავითნეობის კურსებზე, შემდეგ გადავიდა თბილისში ფერისცვალების მონასტერში გორის ეპისკოპოს ანტონთან (გიორგაძე), საიდანაც გაიგზავნა 1914 წელს მედავითნედ დუშეთის მაზრის სოფელ გრემისხევში. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად და გაიგზავნა გორის მაზრის სოფელ ატოცში, სადაც მსახურობდა 1923 წლამდე. ქვეყანაში შექმნილი ანტირელიგიური ისტერიის პირობებში 1923 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისთვის. 1924-1949 წლებში საერო სამსახურშია, მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის განყოფილებაში.

1949 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს სახელზე წერს თხოვნას, აღადგინონ სასულიერო სამსახურში. უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა მღვდლად და გაგზავნა თელავის რაიონის სოფელ აწყურში თეთრი გიორგის ეკლესიაში. 1952-1954 წლებში ღვთისმსახურებას ეწეოდა სოფელ ალვანსა და ფშაველში. 1955 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ გადმოიყვანა დიდუბის ეკლესიაში და აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მიტროპოლიტების ილიას, რომანოზისა და ზინობის თანამწირველობით აკურთხა მანგლისის ეპისკოპოსად. 1976 წლის 11 ივნისს დაჯილდოვდა კუნკულ-ბარტყულზე ჯვრის ტარების უფლებით. ეპისკოპოსი გიორგი 1977 წლის ნოემბერ-დეკემბერში უყოყმანოდ დადგა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას გვერდით და მხარს უჭერდა მის კანდიდატურის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ეპისკოპოსი გიორგი მონაწილეობდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურღიაში. მან ალავერდელ ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად მიართვა ახლადარჩეულ პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ისტორიული მიტრა და ჯვარ-პანაღიები, კუნკულ-ბარტყულა.

1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად. (თუმცა ამ დროს წილკნის ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია, ამიტომ იგი პატრიარქის ნებართვით წირავდა თბილისის დიდუბის ეკლესიაში ს.ვ.). 1980 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტი გიორგი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით, აგრეთვე ორი პანაღიის ტარების უფლებით, წმიდა ნინოსა და წმინდა გიორგის ორდენებით.

1982 წლის 22 ივნისს მიტროპოლიტი გიორგი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 26 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 27 ივნისს საღმრთო ლიტურღიის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ვრცელი სიტყვით მიმართა მრევლს, განსვენებულის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს, ყველას, ვინც ამ დღეს მიცვალებულთან გამოსათხოვებლად მივიდა... ისაუბრა მის სულიერ ცხოვრებასა და დედა ეკლესიის მიმართ უანგარო სამსახურზე... ცხოვრების გზაზე, რომელიც დიაკვნის ხარისხიდან მიტროპოლიტის სიმაღლემდე მივიდა. მიტროპოლიტი გიორგი დაიკრძალა დიდუბის ტაძარში, სადაც იგი თითქმის 27 წლის მანძილზე იღწვოდა. არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) მეუფე გიორგის ასე იხსენებდა: "ძნელია წერო ადამიანზე, რომელთანაც ძალიან ახლოს ყოფილხარ, გახსოვს მისი მაღალი ზნეობა და გულისხმიერება, ყოველივე ეს უკვე მოგონებად დარჩა. ცხადია გაწუხებს, რომ ვეღარ ნახავ მის ღიმილს, ვერ გაიგონებ მის ხმას, დაბოლოს, აღარავინ გაგიჯავრდება ისეთი ალერსიანი ხმით, როგორიც ჰქონდა მხოლოდ მას. ძნელად თუ ვინმეს შეაქებდა, მაგრამ უდიდესი პატივისმცემელი იყო საქმის ერთგული ადამიანებისა. თუ მეუფე გიორგი დარწმუნდებოდა ადამიანის სიკეთესა და რწმენაში, ვერავინ შეაცვლევინებდა აზრს. ყველას შეეძლო მასთან გულახდილი საუბარი... მინდა გამოვყო კიდევ რამდენიმე ღირსება, რითაც დაჯილდოებული იყო იგი, როგორც ეკლესიის მღვდელმთავარი და ქართველი კაცი, შვილი თავისი ქვეყნისა. მას არ მოსწონდა სიტყვით მამულიშვილობა, უყვარდა თვალსაჩინო სასარგებლო საქმე, ვერ ურიგდებოდა ისეთ ადამიანებს, ვინც ანგარების გამო მოხვდნენ ეკლესიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ ჩვენი მოხუცი მეუფე თითქმის გამოცოცხლდა, მიეცა ახალგაზრდული ძალა, კარგად მახსოვს წირვის დროს როგორი შემართებით უმშვენებდა იგი მხარს კათოლიკოს-პატრიარქს. ახალი პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო საქართველოს ტაძრების შეკეთება აღორძინება. ამის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს დიდუბის ეკლესიის რესტავრაცია-მოხატვა და აქაც ჩვენ ვხედავთ მეუფე გიორგის, როგორც ერთგულს საქართველოს ეკლესიისა და მისი მამამთავრისა... საუკუნო იყოს ხსენება ტკბილი მოხუცისა და ღირსეული წინაპრის, საქართველოს წმიდა ეკლესიის ერთ-ერთი ღირსეული მღვდელმთავრის, მეუფე გიორგისა." (60, 1982 N1).

მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, დაიბადა 1910 წლის 18 მაისს თელავის მაზრის სოფელ ვაზი¬სუბანში. მისი წინაპრები XIX საუკუნის დასაწყისში შორაპნის მაზრის სოფელ ხრეითიდან გადასულან კახეთში. გურჯაანის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1928 წლიდან, იგი მუშაობდა ვაზისუბნის კოლმეურნეობაში. 1933-1935 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, რომლის დამთავრების შემდეგ 1950 წლამდე სწავლობდა შუამთის სამონასტრო სკოლაში, იმყოფებოდა ბერ-მონაზვნებთან, ამავე დროს მედავითნეობდა თელავის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

1948 წლის 18 თებერვალს წმიდა მოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. იმავე წლის 24 თებერვალს თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში, წმიდა იოანე ნათლისმცემელის ხსენების დღეს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და განწესდა ქ. თელავის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 1954 წლის 1 იანვრიდან მღვდელმსახურია თელავის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში. 1971 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა დეკანოზის ხარისხი.

1976 წლის 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად და უწოდეს სახელი გრიგოლი. იმავე წლის 22 მაისს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი გრიგოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ თეთრიწყაროელი მიტროპოლიტის ზინობის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის, წილკნელი ეპისკოპოსის გაიოზის, მანგლელი ეპისკოპოსის გიორგის თანამწირველობით აკურთხა ალავერდის ეპისკოპოსად. ეპისკოპოსმა გრიგოლმა უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მტკიცედ დაუჭირა მხარი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევას. ამის გამო მას უსიამოვნებებიც შეემთხვა. როგორც მისი ჩანაწერებიდან ირკვევა: "1977 წლის 17 ნოემბერს ჩემთან ეკლესიაში მოვიდა ვინმე ახოვანი ახალგაზრდა კაცი და გამომიძახა, თქვენთან ცალკე საუბარი მსურსო. შევიხმე ოთახში. მან წამოიწყო საუბარი - სინოდი, რომელიც თქვენგან შედგა, გაუქმებული არის მთავრობის მიერ. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიაზე უარი განაცხადეს, რომ პატრიარქად იყოს არჩეულიო. ამ საქმის უარყოფას თვით ე. შევარდნაძემ მოაწერა ხელიო. რელიგიის რწმუნებულს თ. ონოფრიშვილსაც არ აქვს საქმე კარგადო. ის დაჟინებით მოითხოვდა მიტროპოლიტ გაიოზის კანდიდატურის პატრიარქად წამოყენებას. ამ საქმეში უშიშროებაც არის ჩარეულიო. ამით უნდოდა ჩემი დაყოლიება... მე ვუპასუხე სინოდის სხდომაზე რაც გადაწყდა, იმას ხაზი არ გადაესმევა მეთქი. ამ საუბარს არავინ ეწრებოდა, მაგრამ ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ ეკლესიაში მყოფმა მოძღვრებმაც მოისმინეს მისი სიტყვები. ის დაჟინებით ამბობდა, რა უფლება ჰქონდა ერისკაცს თენგიზ ონოფრიშვილს სინოდის სხდომაზე დასწრებისაო, სულ მისი ინიციატივით მოხდა მიტროპოლიტ ილიას მოსაყდრედ გამორჩევაო. ბოლოს ამით დაამთავრა, მოკლე ხანში მოგივათ დეპეშა იმისათვის, რომ ახალი სინოდი შედგესო. მე ამ სიტყვებით დავშორდი, რაც ვთქვი სინოდზე, კვლავ იმას ვიტყვი - მეთქი. მაინც და მაინც ნასიამოვნები არ წასულა." (9, 121).

ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა XII საეკლესიო კრებაზე წმიდა სინოდის სახელით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილიას კანდიდატურა. 1977 წლის 25 დეკემბერს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქის კურთხევის ცერემონიალში, მიართვა საქართველოს ეკლესიის ახლად აღსაყდრებულ საჭეთმპყრობელს საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყულა და კვერთხი, მიმართა მისასალმებელი სიტყვით.

1978 წლის 4 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოს გრიგოლს მიტროპოლიტობა მიუბოძა. 1980 წლის 15 ოქტომბერს მეუფე გრიგოლი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და მეორე პანაღიის ტარების უფლებით. მიტროპოლიტი გრიგოლი გარდაიცვალა 1991 წლის თებერვალში. ამ დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქაოსი და ანარქია იყო ყველგან. 6 თებერვალს ალავერდის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ გრიგოლს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილიამ II-მ, რომელმაც ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა: "საქართველოს ეკლესია უკანასკნელ გზაზე აცილებს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ გრიგოლს, თითქმის მთელი საუკუნე იცოცხლა ამ დიდებულმა მღვდელმთავარმა და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ჩვენი ერის კეთილდღეობისა და მის სულიერ აღორძინებას მოახმარა. მინდა მოგახსენოთ, რომ მეუფე გრიგოლი ეკლესიის სამსახურს მაშინ შეუდგა, როცა სამღვდელოებას ციხეში სვამდნენ. მან მოღვაწეობა მონასტერში დაიწყო და იქიდან მოკიდებული სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ბრძოლაში ყოველთვის მტკიცედ იდგა სიკეთის მხარეზე. მრავალი განსაცდელის მიუხედავად კახეთმა შეინარჩუნა რწმენა და ქართული სული. მაგრამ ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ეკლესიურობა აქაც დაიკარგა. ჩვენს ხალხს დაავიწყდა, რომ მხოლოდ შრომა როდია საკმარისი. უფალმა ბრძანა: ექვს დღეს იშრომე, იმოქმედე, ხოლო მეშვიდე დღე ჩემი არისო. ჩვენ სამწუხაროდ დავივიწყეთ ის დღე, დღეს ქართველი კაცი ისე მიეჯაჭვა საქმეს, რომ ხშირად საეკლესიო დღესასწაულებიც კი აღარ ახსოვს, წმიდა მამები კი გვასწავლიან, რომ ვისაც შრომა უფლის სადიდებელს ავიწყებს, მასთან ბარაქა და მადლი არ იქნება. დღეს ჩვენ მიტროპოლიტს ვასაფლავებთ და სამწუხაროდ ხალხი ამას არ ესწრება, ყველა თავ-თავისი საქმითაა გართული: ზოგი რას აკეთებს, ზოგი - რას. აი, როგორები გავხდით. ამიტომაც იქცა დღეს ჩვენში ჩვეულებრივ მოვლენად მკვლელობა, დაუნდობლობა, ღალატი. ამ მძიმე დღეებში ერთი ასეთი საშინელი ამბავიც მოვისმინე. ძმათამკვლელ ბრძოლაში დაღუპული შვილის ცხედარი როცა სოფელში ჩაასვენეს, მშობლებმა არ მიიღეს, რადგან სხვა პარტიას ეკუთვნოდა... მშობლებმა შვილის სიყვარულს პოლიტიკა აირჩიეს. ჩვენ ხომ ასეთი არ ვიყავით, ამას ხომ ჩვენი წინაპარი არ ჩაიდენდა. მაგრამ მე მწამს, რომ ქართველი ერი განიწმინდება ცოდვებისაგან და მისი სულიერება კვლავ ამაღლდება. მე მწამს, რომ ამისათვის ილოცებს მეუფე გრიგოლიც, რომლის გარდაცვალებაც განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის. მე ხომ მან დამადგა გვირგვინი ჩემი პატრიარქად აღსაყდრების დროს. ღმერთმა აცხონოს მეუფე გრიგოლის სული. მისი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს." (61, 1992 წ. 25.02) მიტროპოლიტი გრიგოლი დაიკრძალა ალავერდის საკათედრო ტაძარში.


ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე)

 

ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე, დაიბადა 1937 წლის 21 ნოემბერს თბილისში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა დედულეთში: კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. 1945-1953 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა N32-ე სკოლაში. რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ინჟინრის სპეციალობაზე. 1953-1969 წლებში საერო სამსახურშია. 1963-1964 წლებში შეთავსებით სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1957-1959 წლებში მუშაობდა "თბილმშენში". 1959-1964 წლებში მუშაობდა "თბილწყალსადენში". 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი. 1964-1968 წლებში მუშაობდა გეოლოგიურ პარტიაში.

1969 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდლად და მედავითნედ. 1973 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უენტარესის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც საბუთები გადაიტანა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. 1969 წლიდან იგი სხვადასხვა ინსტანციებში აგზავნიდა განცხადება-შეტყობინებებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარების გამო. 1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ავთანდილ სამხარაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მიტროპოლიტ დავითის წინააღმდეგ. იგი აღნიშნავდა, მიტროპოლიტ დავითს არ აქვს უმაღლესი განათლება და არ შეიძლება მისი პატრიარქად არჩევაო. ავთანდილ სამხარაძე დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ვალენტინა ფაილოძეს და დაიწყო ბრძოლა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის წინააღმდეგ. ეპისკოპოსი ილარიონი შემდეგი გულახდილად წერდა თავის დღიურში: "როდესაც გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, მისი ზეპირი ანდერძისამებრ სიონის ზარები სამგლოვიაროთ მაშინვე ჩამოირეკა და რამეთუ სიონის ზარების ჩამორეკვა ერთის მხრივ კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულისა და მეორეს მხრივ კი ჩემთვის ამა ქვეყნიური ცხოვრების ბრძოლის დასაწყისის მანიშნებელი აღმოჩნდა. ჯერ იყო და, კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის გარდაცვალებამ დამამწუხრა და შემდეგ - მისი გარდაცვალებისდა გამო ეკლესიის გარეული მტრებისა და შინაური მოღალატეების თავგასულობამ... ვითარცა სიონის საკათედრო ტაძრის დარაჯ-დამლაგებელმა, ოდეს მივმართე მოვალეობისამებრ საქართველოს სსრ მთავრობას სათანადო განცხადებით: კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დავითის მოთხოვნა, უარსმეყო განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, არა თუ შევასრულე, არამედ კიროვის რაიპროკურორის თანაშემწეს დავით ქორიძეს 10 გვერდიანი ახსნა-განმარტება დავუწერე." 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო მიმართვა XI საეკლესიო კრებისადმი, სადაც აღნიშნული იყო: "ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, შეშფოთებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობის ირგვლივ, რომელიც გამოიხატება კერძოდ თუ ჯგუფურად ხელმოწერილი და ანონიმური განცხადებით, ეკლესიებში და სხვა ადგილებში ზოგიერთ მორწმუნეთა მიერ ცილისმწამებლური პროვოკაციული გამოსვლებით, თავდასხმით მოსაყდრე დავით მიტროპოლიტისადმი და მრავალი სხვა არასასიამოვნო ფაქტით, ვაცხადებთ XI საეკლესიო კრებისადმი, რომ ამ სამწუხარო ამბების მოთავე და ჩამდენი პირები არიან უძველესი ქართული ეკლესიის აშკარა მტრები, რომელთაც სურთ მის შინაურ ცხოვრებაში შეიტანონ არევ-დარევა, შექმნან ქაოსი და დაბრკოლებები. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის მეტად სერიოზულ საკითხში." (42, 3222).

1973 წლის 19 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მედავითნე ავთანდილ სამხარაძე აკურთხა დიაკვნად, 1974 წლის 7 იანვარს - მღვდლად. 1974 წლის 1 სექტემბრიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე ავთანდილ სამხარაძე იყო სამების ეკლესიის წინამძღვარი.

1975 წლის 1 აგვისტოდან 1976 წლის 10 მაისამდე თბილისის წმიდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარია.

1975 წლის 12 მაის გამორჩეულ იქნა ბოდბის ეპისკოპოსად, 22 მაისს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილარიონი. 24 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად. კურთხევას ესწრებოდნენ მიტროპოლიტები: ილია (შიოლაშვილი), რომანოზი (პეტრიაშვილი), ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი).

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, ეპისკოპოსი ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. როდესაც მისი წინადადება არ გავიდა სინოდის სხდომაზე, იგი პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა, დაიწყო საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციებში. 1977 წლის 18 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი თავის მომხრეებთან ერთად შეიჭრა საპატრიარქო რეზიდენციაში, რასაც ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ლერი თალაკვაძისათვის გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტი: "ამა წლის 18 დეკემბერს, 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილან წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი, ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი. მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი, პატრიარქის კაბინეტში დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები (მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ ილიას არჩევის ოქმი), გამოუყენებიათ პატრიარქის ბეჭედი, უმუშავიათ საბეჭდ მანქანაზე, როგორც ქართულზე, ასევე რუსულზე. როგორც დარჩენილი შავი ნაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები სხვადასხვა საპასუხისმგებლო პირებთან. პატრიარქის კაბინეტის კარების გასაღები დაუმტვრევიათ და ჩაუსვამთ ახალი. გთხოვთ მიიღოთ ზომები. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე." (28, 278).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას არჩევის შემდეგ ეპისკოპოსი ილარიონი კიდევ უფრო გაღიზიანდა. მართალია, იგი ბოდბელად იწოდებოდა, მაგრამ წირავდა პატარა სამების ეკლესიაში, გახშირდა მის მიერ მორწმუნეთა მიმართ აგრესიული გამოსვლები, რამაც სკანდალების სახე მიიღო. 1978 წლის ივლისში წმიდა სინოდმა ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) დაავალა შეესწავლა ეპისკოპოს ილარიონის საქმე. მეუფე გრიგოლმა დაწვრილებით შეისწავლა საქმე და წმიდა სინოდს წარუდგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: "ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა". იმის ნაცვლად, რომ დაფიქრებულიყო, 1978 წლის 7 სექტემბერს მან ასეთი განმარტებით მიმართა წმიდა სინოდს: "წმიდა სინოდმა მიიღო ღვთის შეურაცმყოფელი, წმიდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი ოქმი." 1982 წელს იგი მკურნალობდა. 1984 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგენილ ერთ წერილში თავის თავს "უფალი იესუ ქრისტე ივერიელ ღმერთკაცს" უწოდებს. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. მეუფე ილარიონი ამჟამად მდუმარებაშია კასპის რაიონის სოფელ ფავნისში.

 

მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე)

მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ხუტა ღენტორის ძე მახარაძე, დაიბადა 1932 წლის 28 ივნისს ქუთაისში. ქუთაისის N1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს სწავლა განაგრძო ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რუსული და ინგლისური ენების სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს. 1959-1971 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტში ინგლისური და რუსული ენების ლექტორად.

1972 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1975 წელს და სემინარიაში დაიწყო მუშაობა ჰომილეტიკისა და ეკლესიის ზოგადი ისტორიის ლექტორად. 1977 წლის იანვარში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ აკურთხა ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად განაწესა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1977 წლის მაისში აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. არქიმანდრიტი ნიკოლოზი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მუშაობაში. მან 23 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კრების მონაწილეთათვის წაიკითხა მოხსენება "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წარსული, აწმყო და მომავალი."

1978 წლის 8 თებერვალს წმიდა დავით აღმაშენებელს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის წინადადებით გამორჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 19 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში საღამოს ლოცვაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, მანგლელი მიტროპოლიტი გიორგი, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი. შესრულდა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად ხელდასხმა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა ეპისკოპოსად ხელდასხმა და შეახსენა იმ სირთულეებისა და პრობლემების შესახებ, რომელნიც მრავლად შეხვდებოდა ცხოვრების გზაზე, განსაკუთრებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. ეპისკოპოსი ნიკოლოზი დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარედ. 1978 წლის ოქტომბერში მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, იმყოფებოდა რომში პაპის - იოანე პავლე I-ის დაკრძალვაზე და შემდეგ ახალი პაპის იოანე პავლე II-ის აღსაყდრებაზე. მეუფე ნიკოლოზი შთაბეჭდილებებში წერდა: "ოთხ ოქტომბერს დანიშნული იყო პაპის დაკრძალვა... მღელვარებით მოველოდი ამ ცერემონიალს. იგი ჩატარდა ღია ცის ქვეშ, წმიდა პეტრეს ტაძრის წინ, მოედანზე... ორასი ათასზე მეტმა კაცმა ჩაიარა ამ დღეს განსვენებულის ცხედართან... საიდან არ იყვნენ ჩამოსულები... ჩემთვის განსაკუთრებით თვალში საცემი და საინტერესო იყო ის სიძუნწე და ლაკონურობა, რომელიც თან ახლდა სამგლოვიარო წირვა-ცერემონიალს... 5 ოქტომბერს შეხვედრა მქონდა ვატიკანის ქრისტიანული ერთობის დეპარტამენტში, ვესაუბრე ეპისკოპოსს. მან კმაყოფილება და სიხარული გამოთქვა რომში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლის ხილვის გამო. ძალზე სასურველია, გაღრმავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ვატიკანს შორისო, _ აღნიშნა მან. 6 ოქტომბერს საშუალება მომეცა, დამეთვალიერებინა რომი. ვნახე წმ. პეტრეს, წმ. პავლეს, ღვთისმშობლის, აღდგომის, წმიდა კლემენტის ტაძრები. თვალი შევავლე რომის კოლიზეუმს, იმპერატორთა ფორუმებსა და კატაკომბებს. დიდი შთაბეჭდილებები დამეუფლა... ბევრად საინტერესო მაინც რომში მეორედ მგზავრობა იყო. თავისთავად, შინაარსიც ბევრად სასიამოვნო ჰქონდა იმ მისიას, რომელიც ამჯერად დამეკისრა... მივდიოდი ახალი პაპის აღსაყდრების დღესასწაულზე. აღსაყდრება შედგა 1978 წლის 21 ოქტომბერს, აქაც ყველაფერი ლაკონურად და ძუნწად. პაპს თეთრი შესამოსელი ეცვა, იმავე დღეს მიმიღო, დიდი კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მის აღსაყდრებას ქართველი ეპისკოპოსი დაესწრო. ვიცი, რომ ქართული ეკლესია უძველესი ეკლესიაა და ჩვენი სურვილია, კონტაქტები, რომლებიც უკვე აღსდგა, უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთო, - აღნიშნა მან." (60, 1982).

ახალი პაპი საბჭოთა უშიშროების კომიტეტისათვის მიუღებელი პერსონა იყო. კარგი დღე არც იმ მღვდელმთავრებს დაადგათ, ვინც პაპს შეხვდნენ, მიტროპოლიტი იუვენალი გადაყენებულ იქნა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარეობიდან, არქიეპისკოპოსი კომიტასი უეცრად გარდაიცვალა სომხეთში, ეპისკოპოსი ნიკოლოზი შევიწროებას განიცდიდა ცხუმ-აფხაზეთში რელიგიის საქმეთა რწმუნებულის გააფხაზებული ქართველის ა. ლაგვილავას მიერ.
1978 წლის 14 დეკემბერს მეუფე ნიკოლოზი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 1979 წლის 7 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაჯილდოვა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, იერუსალიმში, ბულგარეთში, მოსკოვში. მან უმასპინძლა ალექსანდრიის, იერუსალიმის, ანტიოქიის, სომხეთის ეკლესიების მეთაურებს საქართველოში. 1981 წლის დასაწყისში მას მიეცა მიტროპოლიტობა, 1981 წლის 9 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად, რამაც ყოფილი ქუთათელის _ მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილი) განრისხება გამოიწვია. მან ჯერ უარი განაცხადა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში გადასვლაზე, შემდეგ კი დაიწყო საჩივრების წერა საერო ხელისუფლებაში... წერილებში განსაკუთრებით მძაფრად აკრიტიკებდა მიტროპოლიტ ნიკოლოზს... 1983 წელს მიტროპოლიტი ნიკოლოზი განთავისუფლდა ქუთათელ-გაენათელობიდან და დაყვანილ იქნა ბერობის ხარისხზე... გადაიტანა ინფაქტი... მკურნალობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე. გამოჯანმრთელებისთანავე ხან ზედაზენზე და ხან ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში მედავითნეობდა, გარდაიცვალა 2008 წლის 5 ივლისს, თბილისში, 8 ივლისს დაიკრძალა ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში. ჯერ კიდევ 1998 წლის 4 სექტემბერს მას ასეთი ანდერძი შეუდგენია.

"ჩემი საბოლოო თხოვნა ჩემს შვილიშვილს გიორგი წიკლაურს

ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში, გთხოვ ყოველივე აღასრულო ისე, როგორც ამ ანდერძშია მითითებული.

1. წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვართან, მამა ზურაბთან შეთანხმებით, დამასვენე წმ. ნიკოლოზის ტაძარში.
2. დამასაფლავეთ მესამე დღეს, გარდა ორშაბათისა, ოთხშაბათისა და პარასკევისა.¬
3. დამინთეთ დიდი კელაპტრები, სად არის იცი. (სერვანდში აწყვია).
4. არავითარი შეტყობინება, განსაკუთრებით ჩემი ნათესავებისათვის. (მხედველობაში მყავს ჩემი დისშვილები).
5. მე ვიცი, რომ მრევლს ვუყვარვარ და ის დამკრძალავს.
6. ჩვენმა გოგონებმა მიკითხონ ფსალმუნი.
7. ჩამაცვი შავი კაბა, შავი ანაფორა და დამახურე შავი ქუდი.
8. მამა ზურაბს ვუთხარი სად დამასაფლაოს იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი მამა ზურაბს არ მისცემს ლოცვა-კურთხევას დავიკრძალო წმ. ნიკოლოზის ტაძარში.
9. საფლავზე აუცილებლად დამიდგით ჯვარი. (აუცილებლად წმ. ნინოსი).
10. ანდერძი ნოტარიულად გაფორმებული მაქვს გიორგი (მირზა) წიკლაურის სახელზე. სწორედ მან გამოიჩინა ჩემს მიმართ მამა-შვილური სიყვარული, როდესაც მე მძიმე ავადმყოფი ვიწექი საავადმყოფოში.

და, ბოლოს, უფალს შევსთხოვ შეუნდოს ყველას, ვინც მიმტრო და არ გამიტანა ცხოვრებაში, ვისაც ჩემი კეთილშობილებისა შურდა, მეტი მე არაფერი არ გამაჩნდა. მთელი ჩემი სიცოცხლე პირნათლად ვემსახურე ღმერთს და ადამიანებს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩამინერგა ჩემი ხალხის, ჩემი ქართული ეკლესიისა და სამშობლოს უდიდესი სიყვარული. და თუ ცხოვრებამ არ გამიმართლა, ბედნიერი ვარ, რომ ღვთის სიყვარული ყველა სიყვარულზე ძლიერი აღმოჩნდა. ადამიანებმა სწორედ ეს ვერ წამართვეს, რადგან უფალსაც ძლიერ ვუყვარდი და ვებრალებოდი.

ღმერთო, დამიმკვიდრე სასუფეველი!

მხოლოდ უფლის და ჩემი ხალხის სიყვარულმა გამაძლებინა ამ ქვეყნად.

ვლოცავ წმ. ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებას, მრევლს და შევსთხოვ უფალს არავის მოაკლოს მადლი და წყალობა."

მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი)

მთავარეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში ცეზარ ნიკოლოზის ძე ანანიაშვილი, დაიბადა 1948 წლის 5 იანვარს გორის რაიონ სოფელ კირბალში. 1955-1962 წლებში სწავლობდა თბილისის 14-ე საშუალო სკოლაში. 1963-1967 წლებში სწავლობდა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1967-1968 წლებში მუშაობდა ქარხანა "მაგნიტოფონში." 1968-1970 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1971 წლის იანვრიდან აგვისტომდე კვლავ ქარხანაში აგრძელებდა შრომით საქმიანობას. 1971-1973 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1973 წლის ივნისში ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის (პატრიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სენაკის მთავარანგელოზის ეკლესიის მედავითნედ. 1973 წლის 12 ოქტომბერს მიტროპოლიტ რომანოზის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა კონსტანტინე ქვარიამ სენაკის დედათა მონასტერში ცეზარ ანანიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად იოანე.

1973 წლის 26 ოატომბერს მიტროპოლიტმა რომანოზმა აკურთხა ფოთის ეკლესიაში იეროდიაკვნად, 25 ნოემბერს ბათუმის ეკლესიაში - მღვდელმონაზონად. 1974 წელს მიტროპოლიტმა რომანოზმა დააჯილდოვა საგვერდულით. 1975 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1976 წელს არქიმანდრიტის ხარისხში.

1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, არქიმანდრიტი იოანე უყოყმანოდ დადგა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილი) გვერდით. XII საეკლესიო კრებაზე, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, არქიმანდრიტი იოანე იყო ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი: "მოსაყდრე ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად" და მიულოცა მის უწმიდესობას ამ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. 1978 წლის 1 იანვრიდან, როდესაც მიტროპოლიტი რომანოზი პენსიაზე გავიდა და განთავისუფლდა ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობისაგან, არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად. 1978 წლის 24 თებერვალს არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. 25 თებერვალს მოხდა მისი კურთხევა, რომელიც შეასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. თეთრიწყაროელი მიტროპოლიტის ზინობის (მაჟუგა), ალავერდელი მიტროპოლიტის გრიგოლის (ცერცვაძე), მანგლელი მიტროპოლიტის გიორგის (ღონღაძე), ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის ნიკოლოზის (მახარაძე) თანამწირველობით. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა მას ეპისკოპოსად კურთხევა და უსურვა წარმატებანი სასულიერო ცხოვრების ასპარეზზე.

ეპისკოპოსად კურთხევისას არქიმანდრიტმა იოანემ ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას: "განგებითა ღვთისათა და ლოცვა-კურთხევითა თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობისა, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეული ვიქმენი ეპისკოპოსად ღვთივ-დაცულსა ჭყონდიდის სამწყსოისა. დიდი მღელვარებით ვარ მოცული, ვმადლობ ყოვლადმოწყალე ღმერთსა, რომელი არა ჰრიდებს ცოდვათა ჩემთა და მიწოდებს ეგზომ დიდი მსახურებისათვის; ძრწოლვა მიპყრობს, როდესაც გონების თვალით განვჭვრეტ, როგორი აღსასრულისაა ეს სამსახური. თქვენი უწმიდესობისაგან ხშირად მსმენია და წმიდა მამათა დარიგებათგან ამომიკითხავს, რომ მღვდელმთავრის მსახურება მოციქულებრივი მსახურებაა და შეგნება იმისა, თუ ვისი სახელის წოდებას ვინებებ და მოვალეობას ვიტვირთავ, შიშსა მგვრის. დიდია ეს მსახურება, დიდია ვალდებულება ჩემი წინაშე ღვთისა. მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ წერს: "არავინ თვით თვისით მოიღოს პატივი, არამედ, რომელ წოდებულ არს ღმრთისა მიერ, ვითარცა იგი აჰრონ (ებრ. 5,4). მივიღებ ამ დიდ ხარისხს, როგორც ღვთის ნებას, ისე ღვთისადმი სასოებითა, ვიტვირთავ უძველესი ჭყონდიდის სამწყსოს სულიერ მესაჭეობას თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის მამამთავრული შემწეობის იმედით... მოწაფე ვარ ღვთისა და თქვენი, უწმიდესო მეუფეო, თქვენ ბრძანდებით ჩემი საყვარელი მოძღვარი სემინარიაში, თქვენ ბრძანდებით ჩემი მანუგეშებელი განსაცდელის ჟამსა და თქვენ ბრძანდებით ჩემი კეთილად დამმოძღვრებელი დღიდან ჩემს მიერ სასულიერო ხარისხის მიღებისა - ვიდრე აქამომდე. თქვენი უწმიდესობა მთელს ქართულ ეკლესიას, ყველა კეთილი ნების ადამიანს უყვარს, რადგან თვითონ სიყვარული ბრძანდებით, ყველა გებრალვით, ყველას მფარველობთ და ყოველსა კეთილსა უყოფთ. ამ სიყვარულს უკლებლივ ყველანი უხვად ვიმკით თქვენგან მეცა, რომელიც მუდამ ვთვლიდი და ვთვლი ჩემს თავს თქვენს მოწაფედ. ვეცდები, ვემსახურო მაცხოვრის ნაქადაგებ სიყვარულსა. გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ, ეგზომ დიდი ყურადღებისა გამო... ლოცვა-ჰყავთ ჩემთვის, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო და პატიოსანნო მამანო, რათა შევძლო კეთილად აღსრულება ჩემი ახალი სამსახურისა, სადიდებლად ღვთისა, სასიკეთოდ ჩვენი დედა ეკლესიისა. ამინ." (28, 5344).

1979 წელს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და შეთავსებით დაინიშნა ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიის მმართველად. ორივე ეპარქიაში რთული ვითარება იყო, ეკლესიათა უმრავლესობა კი - ადმინისტრაციული წესით დახურული, ხშირი იყო მორწმუნეთა დევნა-შევიწროება. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ლეჩხუმ-სვანეთში, სადაც არცერთი ეკლესია არ ფუნქციონირებდა. 1981 წლის აგვისტოში მთავარეპისკოპოსმა იოანემ იმოგზაურა სვანეთში. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-სადმი გაგზავნილ წერილობით მოხსენებაში იგი აღნიშნავდა: "როდესაც მესტიაში ჩავედი, ადგილობრივმა საერო ხელისუფლებამ ცივად მიმიღო და მომთხოვა დოკუმენტი, რის საფუძველზე ჩავედი მესტიაში. მათ ვუჩვენე დოკუმენტი, სადაც მიწერია, რომ ვარ ჭყონდიდისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი. მათ გაუკვირდათ, აქ არასოდეს მღვდელი არ გვყოლია და არც მომავალში გვინდაო, გამომიცხადეს. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად დავიარე მთელი რაიონი, ხალხი კარგად მხვდებოდა, მთხოვდნენ ეკლესიების გახსნას, სასულიერო პირების დანიშვნას." (28, 5344).

მთავარეპისკოპოსი იოანე არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში, როგორც საქართველოს ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელი. 1982 წლის ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა ავტოკეფალიის მიღებიდან 30 წლისთავი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მთავარეპისკოპოსმა იოანემ ამ სიტყვებით მიმართა ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის მეთაურს, უნეტარეს დოროთეს: "დღეს თქვენი წმიდა ეკლესია აღნიშნავს საიუბილეო წელს, 30 წლისთავს ავტოკეფალიის მიღებიდან. ამ საერთო სიხარულმა მოგვიყვანა დღეს თქვენთან, რათა გამოთქვათ ჩვენი ძმური გრძნობები და წრფელი სურვილები... მოვედით ჩვენ, მლოცველნი, რათა გავიზიაროთ ძმების სიხარული. ჩვენი ეკლესია, უკვე თითქმის ორი ათასი წელია, ატარებს ქრისტეს ჯვარს. ეკლესია, რომელიც სავსებით იცავს მართლმადიდებლობას მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეკლესიაა მოწამეთა. ჩვენ ვიცით ფასი მართალი, ქრისტესათვის დაღვრილი სისხლისა, ფასი ისეთ დიდ მოწამეთა, როგორებიცაა დედოფალი შუშანიკი (V ს.), 100000 მოწამე, ამოწყვეტილი ხვარაზმშაჰ ჯალალედინის მიერ თბილისში (XIII საუკ.), 6000 ბერი, ამოწყვეტილი შაჰ-აბასის მიერ აღდგომა დღეს გარეჯის მონასტერში (XVII საუკ.) და მრავალი სხვა. მე აღარ განვაგრძობ ამ ძლევამოსილ მარტიროლოგიას ათასთა და ათასთა, რომელთაც თვისი სისხლი რწმენისა და მამულისათვის დაღვარეს. როგორც ყოველი ეკლესია, ასევე ჩვენიც, სულიერად აშენებულია მის ღირს მამათა შრომებით, რომელნი მოღვაწეობდნენ ეგვიპტიდან ათონამდე მართლმადიდებლური ბერობის ყოველ საუკუნეში, ვიდრე დღემდე. ეს სულიერი ეკლესია, რომელიც ხილულად ჩანს წმიდა ხატებში, ხელნაწერებსა და დიდებულ ტაძრებში, აღამაღლებს ღვთისადმი ყველა თაობის ადამიანთა გრძნობებს. ამ ეკლესიიდან, მისი მამამთავრისაგან - უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-საგან მოგიტანეთ ჩვენი სიტყვანი მშვიდობისანი, ნიშანი სიყვარულისა. ჩვენ თქვენთან, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანთან ერთად, ვივლით ქრისტეს გზით და მსასოებელნი მისნი, ვიმედოვნებთ ერთად შევიდეთ ზეციურ ქალაქ იერუსალიმში. მსურს გისურვოთ თქვენ, თქვენო უნეტარესობავ, უნეტარესო დოროთე, მრავალჟამიერი ჯანმრთელობა, ყველა საზრუნავთა მშვიდობიანი წარმართვა, მიწიერთა და ზეციურთა, ჩეხოსლოვაკიის ეკლესიისა, რათა მსგავსად მაცხოვრისა ჩვენისა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, დაიცვათ თქვენდამი რწმუნებულნი სულნი და წარუძღვეთ მათ სანატრელსა მას სავანესა მამისასა." (28, 5344).

მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი დაპატიმრებულ და გასამართლებულ იქნა 1983 წლის დასაწყისში. იმავე წლის 15 დეკემბერს მაშინდელი ცხაკაიას (სენაკის) სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოგონილი ბრალდებით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა ჭყონ¬დიდის ეპარქიის მმართველობიდან, დარჩა ბერმონაზვნად... 90-იანი წლებიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის, წმიდა სინოდის სახელზე წერდა თხოვნებს, ითხოვდა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენას... გარდაიცვალა 1998 წლის 31 ივლისს. მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 4 აგვისტოს დაიკრძალა სამთავროს დედათა მონასტრის გალავანში.

მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)

მიტროპოლიტი კონსტანტინე, ერისკაცობაში დიმიტრი სიმონის ძე მელიქიძე, დაიბადა 1925 წლის 19 თებერვალს ბორჯომის რაიონის სოფელ ბალანთაში. პატარა დიმიტრი სწავლობდა ჯერ ბალანთის დაწყებით სკოლაში, შემდეგ ბაკურიანის შვიდწლიან სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმში. 1961-1966 წლებში სწავლობდა საქარ¬თველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით. დიმიტრი მელიქიძე 1950-იანი წლე¬ბიდან მუშაობდა ჯერ ქ. ქლუხორის რაიონის სატყეო მეურნეობაში, შემდეგ _ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში. საბჭოური ათეისტური პროპაგანდის მიუხედავად, ბავშვობიდან სწავლობდა საღვთო წიგნებს.

1972 წლის 3 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს დიაკვნად, 1973 წლის 21 ოქტომბერს იგი აკურთხეს მღვდლად და დაინიშნა რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ ატოცის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1974-1978 წლებში მამა დიმიტრი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 20 ოქტომბერს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად კონსტანტინე, 22 ოქტომბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და გამორჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტ კონსტანტინეს ეპისკოპოსად ხელდასხმა შესრულდა 1978 წლის 29 ოქტომბერს. ეპისკოპოსმა კონსტანტი¬ნემ ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს.:

"ვმადლობ ღმერთსა - უფალსა, რომელმან მომანიჭა ცნობიერება, რათა შემეცნო იგი - შემოქმედი ქვეყნისა.

ვმადლობ ღმერთსა - უფალსა, რომელმან ამ "მიწყივ მბრუნავ" წუთისოფელში შთამბერა რწმენა წმიდა სამებისა, სამ სახოვანის და ერთარსება ღვთისა.

ვმადლობ ღმერთსა უფალსა, რომელმან მომცა სასოება ბრწყინვალე და ძლევამოსილი ჯვრისა და აღიარება კაცობრიობის მხსნელისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მწამს უფლისა ღვთისა და შევთხოვ, რომ მუდამ მოწყალედ გამომიწოდოს ხელი უხილავ წინააღმდეგობათა, ბოროტ ძალთა დათრგუნვის საქმეში.

"უკეთუ სმენით ისმინოთ ხმისა ჩემისა და ჰყოთ ყოველი, რომელთა გეტყვი თქვენ, ვემტერო მტერსა თქვენსა და წინააღმდგომ წინააღმდგომთა თქვენთა, რამეთუ წარვიდეს ანგელოზი ჩემი წინამძღვრად თქვენდა."

მე, მონა ღვთისა ამ იმედით და უფლისმიერი სიყვარულით გამოვისახავ პირჯვარს და ვამბობ კრძალვით: სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ამ სიტყვებით ვიწყებ და ვამთავრებ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას. ამავე სიტყვებით შევუდგები შესრულებას ეპისკოპოსის მაღალი მოვალეობისას, რაიცა მამაზეციერის განგებით მატვირთეთ უღირსსა მონასა ღვთისასა - უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დიდმა მეუფემ ილია II-მ და ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მაღალმა სინოდმა.

აწ ჩემი სული აღვსილია სიხარულით, რამეთუ არა განმაძეთ, ვითარცა უღირსი და ნაკლული, არამედ უმაღლეს ხარისხსა ზედა ჩემს ასვლას გულით უთანაგრძნეთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა სამღვდელო და სამონაზნო წესთა და კეთილმორწმუნე ერმან...

აღგითქვამთ ყველას ნეტარების მომნიჭებელ იმ მორჩილებას, რომელიც წუთისოფლის ნარეკლიან, ძნელსავალ გზებს გვიადვილებს ქრისტეს სარწმუნოების მიმდევართ.

მოკლედ მოგითხრობთ, რომ ჭეშმარიტებისაკენ ლტოლვა ძალიან ადრე ვიგრძენი. ბავშობისას ხშირად ვხედავდი ჯვარს სიზმრად, მაგრამ მინახავს ცხადადაც ჰაერში ჩამომდგარი, გაბრწყინებული ჯვარი პატიოსანი. ყოველ ხილვას ძელი ცხოველისას რაღაცა სიკეთე მოჰქონდა ჩემთვის: მაშინვე იმსხვრეოდა დამაბრკოლებელი ჯებირები, ქრებოდა უძლურება, ირთგუნებოდა ბოროტება.

ჩვენებათაგან, რაც ახალგაზრდობისას მეღირსა ხილვად, მთავარი ის იყო, რომ ცის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიხილე ოქროსფერი ნათლით გაბრწყინებული ღვთისმშობელი და მის გარშემო სხვა წმიდანები - ასეთივე ნათლით გაბრწყინებულნი, მაგრამ უფრო მომცრონი. დედა ღვთისა უხმოდ შთამაგონებდა მაღლიდან, რომ სასოება არ დამეკარგა მის მიმართ, გადამეწერა პირჯვარი და მქონოდა მისი დახმარების იმედი.

სხვა ჩვენებებში თეთრ-სპეტაკი ღრუბლით მოსილი მამაღმერთი და ძე-ღმერთი ვიხილე ცასა ქვეყანასა შუა ჩამომდგარი და მათ მარჯვენით _ დედა ღვთისა. ჯერ იყო დუმილი ცათა შინა და მერე მამა-ღმერთმა წარმოსთქვა: "მე მსურს დედამიწა ცას შევუერთო"... და იქვე დასძინა: "დაე, მიწამ შეიგნოს და თვითონ მიუახლოვდეს ცას", მერე კი დაუმატა: "ჩვენ გვინდა დედამიწას უფრო დავუახლოვდეთო." შემდეგ დედა ღვთისამ გადმოხარა თავი ცათა სიღრმიდან, ჩანჩქერად გადმოუშვა თეთრი თმები და წარმოსთქვა: "მე მსურს ჩემი თმებით მივიზიდო დედამიწა!" ადვილი გასაგებია, რომ დედამიწის დაახლოება ზეცასთან, ეს არის უზენაესის ნება და ამას ხელი უნდა შეუწყონ თვით მორწმუნე ადამიანებმა. დედა ღვთისას ნათქვამიც გასაგებია: მისი თეთრი თმები მიწაზე მყოფი რჩეული მრევლია, რომელთა მეოხებით უნდა მოხდეს მიწის მიზიდვა ზეცის მიმართ. ღვთაების თეთრად შემოსვა დიდხანს მშვიდობას უნდა მოასწავებდეს ქვეყნად, რაც, მადლობა ღმერთს, გრძელდება, თუმცა ანგარების მოყვარულმა წრეებმა შექმნეს მესამე მსოფლიო ომის საშიშროება და ამ ომში ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. მაგრამ ომის გაჩაღების მოსურნენი მიზანს ვერ ეწევიან. ჩვენი სამშობლო და პროგრესული კაცობრიობა მტკიცედ დგანან მშვიდობის სადარაჯოზე. ჩვენი ვალია ბევრი ვილოცოთ მშვიდობისათვის და იგი იქცევა ძალად, უზენაესი შეისმენს ლოცვას მართლისას.

სწრაფვა სასულიერო განათლებისკენ იმთავითვე მქონდა, რაღაცა იდუმალი გულისხმა ღვთიური მომიწოდებდა. ადრე დავეწაფე ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნეს, "ქართლის ცხოვრებას", ლიტერატურასა და ფილოსოფიას (თუმცა ნაკლებ ტალანტს ვგრძნობდი ჩემში). მე დიდხანს ვიყავი სამოქალაქო სამსახურში და უფალს ვთხოვდი გზების გახსნას.

არასოდეს მავიწყდებოდა მაცხოვრის ტკბილი მოწოდება - "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ". თუმცა მოწოდება იყო ღვთიური, მაგრამ, საოცარია, კეთილი ძალა მაინც თავისუფალ ნებას მიტოვებდა. სურვილი, თანაც ძლიერი, ჩემი უნდა ყოფილიყო. ბოლოს სულმა იმძლავრა და მე ეკლესიაში აღმოვჩნდი. დედა-ეკლესიამ ისე მიმიღო, როგორც უძლები შვილი მშობლიური წიაღიდან, ღვთისაგან მოწყვეტილი და უკან მობრუნებული. და მე ვიგრძენი, რომ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე ჩემი ცხოვრება არასრული იყო. ეკლესიაში მოსულს დახმარების ხელი გამომიწოდეს კეთილმა მამებმა, მღვდლებმა, მღვდელმთავრებმა და თვით უწმიდესმა ილია II-მ. ამ მშობლიურ-ღვთაებრივი ზრუნვის შემდეგ მე მტკიცე ნიადაგზე დავდექი და აწ მინდა ყველა მზრუნველსა და კეთილისმყოფელს აღვუთქვა მორჩილება და არ გადავუხვიო ჩვენი წმიდა სამოციქულო ეკლესიის განჩინებას, მის ადათ-წესებს, შეძლებისდაგვარად კეთილი გულით ვიღვაწო მისთვის, ვიღვაწო მარად წმიდა სამების განდიდებისათვის, ერის ძლიერებისათვის, და ეს მცირე სიტყვა პირჯვარის გადაწერით და წმიდა სამების მოწოდებით დავამთავრო - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!" (60, 1979 წ. N2).

მეუფე კონსტანტინე 1979 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარედ. 1980 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. ვინ და რა სათხოვარით არ მიდიოდა მაშინ საპატრიარქოში. როგორც მეუფე კონსტანტინე წერდა: "ერთხელ ერთი მათგანი გულუბრყვილოდ შემეკითხა: "თქვენთვის ხომ ეს სამსახურია, თქვენ ხომ ძველ ტრადიციას მისდევთ ფორმალურად, თორემ, ბოდიში ასეთი კადნიერების გამო, ხომ არ შეიძლება ნამდვილად მორწმუნე იყოთ?! მით უმეტეს, ცოდნა გაქვთ. ადრე ინჟინერი ყოფილხართ." (62, 8). მეუფე კონსტანტინე XX საუკუნის 80-იანი წლების ქართულ საზოგადოებას ოთხ კატეგორიად ჰყოფდა. პირველი კატეგორიის წარმომადგენელმა დაუსვა მას კითხვა: "ნუთუ მართლა გწამთ ღმერთი?!" ადამიანთა მეორე ჯგუფი მორწმუნეთა კატეგორიას განეკუთვნება და ამით ისინი თითქოს "პანათეისტებზე" მაღლა დგანან. სინამდვილეში ამ ხალხის რწმენაც ცალმხრივია - ისინი ამაყობენ იმით, რომ მორწმუნენი არიან, ღმერთს აღიარებენ, მაგრამ სხვების მიმართ მკაცრნი არიან, თავიანთ წარმოდგენებს სხვას ახვევენ თავს, ადვილად ლანძღავენ და აგინებენ მათ, ვინც არ იზიარებს ამ წარმოდგენებს. ეკლესიას მსახურებენ, წირვა-ლოცვას ისმენენ, მღვდელმსახურებას არ უარყოფენ, მაგრამ თუ დასჭირდათ, განსჯიან და განიკითხავენ თვით მოძღვარსაც კი. აკვიატებულ აზრებს, წარმოდგენებს ისინი თავიანთ გულში აკანონებენ და შემდეგ არასოდეს არ ღალატობენ... ადამიანთა მესამე ჯგუფი ე.წ. "დინჯი მორწმუნენი~ არიან, რომელთაც არ აქვთ არავითარი აკვიატებული წარმოდგენები, სჯერათ სახარების ცნებები და რწმენის საკითხებშიც საკმაოდ კარგად ერკვევიან. ისინი აღიარებენ იმას, რაც რეალურად გაუგონიათ ან ამოუკითხავთ. თუ რჯულს ვერ აღასრულებენ მტკიცედ და აქვთ ჩავარდნები, ძალიან სწუხან, შედარებით მომთმენნი არიან, მიმტევებელნი ცოდვათა, არ უყვართ სხვაზე ლაპარაკი, სხვისი განკითხვა, გაკიცხვა, დაცინვა, შურისძიება. ამათ ღვთისკენ მიდრეკილება უფრო ძლიერი აქვთ გონებით და უფრო ძლიერად განიცდიან... მორწმუნეთა მეოთხე ნაწილში რჯულს მტკიცედ აღასრულებენ, ყველაფერში ღმერთს ჭვრეტენ, მას მსახურებენ, მას სწირავენ თავიანთ ნებისყოფას, მომთმენნი არიან, თავიანთი მტრებისათვის ლოცულობენ, ყოველგვარ მიგებასა და შურისძიებას გაურბიან, ღვაწლმოსილნი არიან, თავგადადებულნი ემსახურებიან ღვთიურ საქმეს." (62, 10).

მეუფე კონსტანტინე მიიჩნევდა, რომ ეკლესიას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა საზოგადოების უმრავლესობა ჭეშმარიტად მორწმუნე მრევლად ექცია. მისი ქადაგებები იყო სადა, ყველასათვის გასაგები. ქართული ლიტერატურის ჩინებულ მცოდნეს კარგად ესმოდა ინტელექტის, განათლების მნიშვნელობა. ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი". თვითონაც წერდა ლექსებს, მისი პოეზია სამშობლოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს დასტრიალებდა, მისთვის განსაკუთრებით სათაყვანო იყო მშობლიური მესხეთ-ჯავახეთი... მეუფე კონსტანტინე იყო უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლის დამფასებელი და ერთგუ¬ლი დამცველი, მას არასოდეს არანაირ დაჯგუფებასა და კულუარულ დაპირისპირებაში არ მიუღია მონაწილეობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის 1984 წელს მას მიებოძა მიტროპოლიტობა. 1985-1995 წლებში მიტროპოლიტი კონსტანტინე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველია. ამ დროს საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში, აჭარაში დაიწყო მოსახლეობის უმრავლესობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაბრუნების რთული, მაგრამ შეუქცევადი პროცესი.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს მიტროპოლიტი კონსტანტინე გამოეხმაურა წერილით "საქართველო გადარჩება." "დღეგრძელი იყოს საქართველო და მისი თავისუფლებისათვის მებრძოლნი, - წერდა იგი. რა მწარეა, რომ 9 აპრილს სწორედ მისი შვილების სიცოცხლე აჩეხეს. რა კარგად გამოჩნდა, რომ რიცხვით არასოდეს არ ვიბრძოდით. გონება და თავგანწირვა იყო მუდამ ჩვენი გამარჯვების საწინდარი. 9 აპრილმა დაგვიდასტურა, რომ თავგანწირვის უნარი კვლავაც შეგვწევს, ხოლო ღალატისაგან დაბინდულ გონებას ეს-ესაა ვიკრებთ. როგორც არ უნდა შემოგვესიონ, როგორც არ უნდა შეგვავიწროვონ, როგორც არ უნდა დაგვარბიონ, საქართველო გადარჩება. ჩვენში და ჩვენს გარეთ მუდამ იქნებიან მოღალატენი, მოშურნენი, გაუტანელნი, გაუმაძღარნი, მაგრამ ჩვენში და ჩვენს გარეთ ასევე იქნებიან ერთგულნი, უანგარონი, გონიერნი და გამტანნი, თავდადებულნი, შრომისმოყვარენი, კეთილის დამნახავნი და საქართველო გადარჩება"... (62, 15).

1995 წლიდან 2000 წლამდე მიტროპოლიტი კონსტანტინე განაგებდა მარგვეთის ეპარქიას. როგორც იმხანად მარგვეთის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ აბულაძე (ხულოსა და სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი) აღნიშნავდა: "მეუფე კონსტანტინემ უდიდესი ღვაწლი გასწია ზესტაფონში წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებლისა და ორი სასულიერო ბაგა-ბაღის - წმიდა ბარბარეს და წმიდა ეკატერინეს სახელობის ბაღების დაარსების საქმეში... მისი ლოცვა-კურთხევით ეპარქიის სოფლებში აღორძინდა ეკლესია-მონასტრები. აშენდა ზესტაფონში წმიდა გიორგის და წმიდა ნინოს სახელობის ტაძრები, დაწყებულია და შენდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრების მშენებლობა." მეუფე კონსტანტინე მარგვეთის ეპარქიაში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ამის მიზეზი იყო მისი საოცარი თავმდაბლობა, ყურადღებიანობა და ქრისტიანული სათნოება. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოებით, მინიჭებული ჰქონდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების, მეორე პანაღიის ტარების უფლება.

მეუფე კონსტანტინე აღესრულა 2000 წლის 20 ივლისს. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტ კონსტანტინეს ნეშტი გადმოსვენებულ იქნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც 22 ივლისს წესი აუგო უწმიდესმა და უენტარესმა ილია II-მ, რომელმაც ასე დაახასიათა იგი "დღეს ჩვენ მიწას უნდა მივაბაროთ წმიდა სინოდის უხუცესი მღვდელმთავარი, მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე. განგება ღვთისა, ღვთის მარჯვენა მუდამ იყოს მასთან. მეუფე კონსტანტინე შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას და მღვდელმსახურებას იმ დროს, როცა იდევნებოდა ეკლესია და სარწმუნოება. იგი არ შეუშინდა დევნას და მთელი თავისი ცხოვრება შესწირა ეკლესიას, მის კეთილდღეობას. დღეს, როგორც მაშინ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სასულიერო პირს და განსაკუთრებით მღვდელმთავარს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა ხდება სულიერი გაბრწყინება საქართველოსი, ქართველი ერისა. ამისი წინამძღვარი სასულიერო პირი, განსაკუთრებით მღვდელმთავარი უნდა იყოს. მეუფე კონსტანტინემ თავისი დიდი რწმენითა და თავდადებული სიყვარულით, განსაკუთრებული თავმდაბლობით შეასრულა თავისი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე და დღეს ჩვენ გვაგონდება უფლის სიტყვები: "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი." "აძოვენ კრავნი ჩემნი." უფალი კი არ ამბობს ცხოვარნი "შენნი", არამედ "ჩემნი". ეკლესიის სამწყსო არის სამწყსო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ჩვენ ვართ მხოლოდ შემსრულებელნი მისი ნაბიჯისა, მისი ლოცვა-კურთხევისა, რაც მუდამ ახსოვდა მეუფე კონსტანტინეს. ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს, რომ ღმერთმა შეიწიროს მისი ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე. დარწმუნებულნი ვართ, რომ მეუფე კონსტანტინემ მოიპოვა მადლი ღვთისა. ეს მადლი და მეუფე კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევა შეგვეწევა ჩვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს სული მონისა ღვთისა მარგველი მიტროპოლიტისა, კონსტანტინესი, ამინ." (62, 25). პატრიარქმა 23 ივლისს კიდევ ერთხელ გაიხსენა მეუფე კონსტანტინე და აღნიშნა: "იგი გამოირჩეოდა დიდი რწმენით, სიკეთით, ერთგულებით. არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, რომ მეუფეს რაიმე საკითხი გადაეწყვიტა, ან რაიმე ნაბიჯი გადაედგა ისე, რომ ჩემგან ლოცვა-კურთხევა არ აეღო." (62, 26). მიტროპოლიტი კონსტანტინე დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. მის საფლავზე ყოველთვის სანთელი ანთია და ცოცხალი ყვავილების თაიგულები აწყვია. ეს ყოველივე მისი ამქვეყნიური სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა)

მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა, დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქ. თბილისში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა - ივანე ჭკადუა თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1955 წელს მან დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956-1978 წლებში მუშაობდა სტომატოლო¬გიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.

1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. ეპისკოპოსმა დავითმა ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობას: "დღეს წარმოუდგენელი სიხარულის დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში. ჯერ არ შენელებულა ის დიდი მღელვარება, რომელიც მე განვიცადე ამ რამდენიმე თვის წინათ. მაშინ მთელი რწმენით ჩავიცვი ანაფორა, როდესაც მე შევუდექი ამ, მართლაც მძიმე და რთულ სამსახურს, თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, გზა დამილოცეთ, ამ ხნის მანძილზე ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს: შევძლებ თუ არა, რომ გავამართლო თქვენი იმედი, და კიდევ, შევძლებ თუ არა, არ შევარცხვინო ჩემი წინაპრების - მამაჩემის, პაპის და მისივე მამის - პაპაჩემის სახელი, რომელნიც უმწიკვლოდ ემსახურნენ საქართველოს ეკლესიას, არ შევარცხვინო თვით მამაჩემის სახელი, რომელიც დღესაც მისი მსახურია. ეს კითხვები ყოველთვის მაწუხებდა და მაღელვებდა. ერთი შეხედვით, მღვდლობა თითქოს სულ არ არის ძნელი. სინამდვილეში, მღვდლობა ისეთი მძიმე სამსახურია, როგორც ექიმობა. მათ შორის ძალიან ბევრია საერთო. ექიმი ავადმყოფის მკურნალია - ეს ასეა, მაგრამ რაგინდ კარგი მკურნალიც უნდა იყოს ექიმი, თუ მას არ აქვს უნარი მორალურადაც დაამშვიდოს და განკურნოს ავადმყოფი, ამ შრომას სასურველი შედეგი ვერ მოჰყვება. მის კეთილ საქმეს შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს და მადლიც მაშინ მოსდევს, როცა იგი ავადმყოფის სულს ჩასწვდება. მღვდლობაც ასეა... მოძღვარი მორწმუნე ხალხის სულიერი მკურნალია. არ არის იოლი მისი გზა, მღვდელი მორწმუნისათვის სიწმიდისა და სიკეთის მაგალითია, მისი გზის მანათობელი სინათლეა. დიახ, სასულიერო პირი თავისი ცხოვრებით, თავისი გრძნობით მორწმუნე ადამიანების გზის მანათობლად უნდა ევლინებოდეს. აი, ასე მესახებოდა მე ის გზა, რომელიც ავირჩიე, არ ვიცი შევძლებ თუ ვერ შევძლებ, მაგრამ ღმერთს მუდამ შევთხოვდი და შევთხოვ, მომცეს ძალა და შეწევნა ამ დიდი სამსახურის შესრულებისათვის. მუდამ ამ ფიქრით ვემსახურები ჩვენს მრავალნატანჯ, მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიას. ამჯერად კი უღელი, რომელიც მხრებზე დამედგა, კიდევ უფრო დამძიმდა, ვდგავარ რა თავდახრილი თქვენს წინაშე უღირსი მონა ღვთისა, ჩემს თავს ვეკითხები; მე რითა ვარ ღირსი ვატარო ეპისკოპოსის სახელი? სახელი, რომელსაც ატარებდა დიდი გაბრიელი, ან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე, ან ანტონ ჭყონდიდელი? ვატარო მათსავით ღირსეულად და შეურცხვენელად... დიახაც, დიდი ტვირთი და დიდი მოვალეობაა ეს. ერთადერთს, ისევ თქვენ მოგმართავთ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, რადგან ზეგარდმო ღმერთის ნებით მიიღეთ ასეთი დადგინება, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და შეევედროთ უფალსა ჩვენსა, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ჩემი მშობელი ხალხის წინაშე, რათა გავამართლო თქვენი ნდობა და იმედები, თუნდაც ნაწილობრივ მაინც. მე მხოლოდ და მხო¬ლოდ ის დარჩენია, რომ მუდამ მახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: "კაცად-კაცად მან თავისი ტვირთი იტვირთოს". პავლე მოციქული აგრძელებს რა თავის აზრს, ამბობს: "ჯერ არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ-მოყვარე, სწავლული." ამ სიტყვების აზრი დიდია, დიდია ისევე, როგორც დიდია თვით ღმერთი მაღალი, ასეთი სირთულის წინაშე ვდგევარ და ისევ შევთხოვ უფალს მის მოწყალებას; რადგანაც მე მყო მღვდელმთავრად ბათუმ-შემოქმედის ეპარქიისა. მანვე სახიერმან მომცეს ძალა და გონება, რათა კეთილად აღვასრულო ნება მისი. მისი ბრწყინვალებით იყოს განათებული ჩემი შავი სამოსი და გზა. ამინ." (60, 1979, N1).

1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამ თანამდებობაზე იყო 1984 წლამდე. 1981 წლის 8 სექტემბერს მეუფე დავითი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1984 წლიდან იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელია და მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ მოწყობილ ფორუმებში, როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი. 1981 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ჟურნალი "უან უელდ" წერდა: "წვეროსან მართლმადიდებელ პრელატთა რიგებში 53 წლის ეპისკოპოსი დავით ჭკადუა ისე გამოიყურება, თითქოს იგი სასულიერო პირად დაიბადა. სინამდვილეში, ეს ტანმორჩილი, მკვრივი აღნაგობის ქართველი ეპისკოპოსი, ორთოდოქსალური ეკლესიის მსხურთა შორის, მეტად უჩვეულო წარმოშობისაა. 30 წელი იგი კბილის ექიმი იყო, შემდეგ კი ბაბუისა და მამის ნაკვალევს გაჰყვა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური გახდა. ეპისკოპოსი დიდად განიცდის მსოფლიოს ჩაგრული ხალხის ბედს: "როგორც იცით, ჩვენმა ქვეყანამ სასტიკი ომი გადაიტანა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირს მილიონობით ხალხის სიცოცხლედ დაუჯდა გამარჯვება. ამ ომში უსაზღვროდ დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომაც. ამ ფაქტმა ღრმა ნაკვალევი დააჩნია ჩემს მეხსიერებას. ახლაც, როცა მესმის, რომ კაცობრიობა კვლავ ომის საშინელებების წინაშე დგას, მწუხარებით ვივსები. კვლავ ცოცხლდება მეხსიერებაში წარსულის საშინელებანი და ის უაზრო მსხვერპლი... მე მჯერა, რომ მსოფლიოს ხალხებს შორის უსათუოდ უნდა არსებობდეს თბილი, მეგობრული დამოკიდებულება. ასეთი იყო ჩემი რწმენა და ასეთივე დარჩა მას შემდეგაც, რაც ჩემი ცხოვრება მაცხოვრის სამსახურს მივუძღვენიო" (60, 1981 წ. N2) - თქვა მან.

1983 წლის 26 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მეუფე დავითი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოებული იყო მეორე პანაღიისა და სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთის საპატრიარქოს ორდენებით.

1990 წელს მიტროპოლიტი დავითი შედიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელმაც კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მტკიცებულების სიგელი. მეუფე დავითი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი მოთხოვნილების კრებული "რწმენა" გამოიცა 1992 წელს და მკითხველთა მოწონება დაიმსახურა. მეუფე დავითს რთულ ეპარქიაში მოუხდა მოღვაწეობა, აფხაზებსა და ქართველებს შორის გარე ძალების ინსპირირებით ადგილი ჰქონდა დაპირისპირებებს, რომელიც 1992 წელს შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. რუსეთის რეგულარულმა შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს გაგრა, გუდაუთა და შემოუტიეს სოხუმს. მეუფე დავითი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა სოხუმში ქართველობის მრავალათასიან მიტინგზე... 1992 წლის 7 ოქტომბერს მიტროპოლიტი დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა, განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. იგი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი)

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ვარლამ აპოლონის ძე ავალიშვილი, დაიბადა 1909 წლის 17 სექტემბერს შორაპნის მაზრის სოფელ ხორითში. 1917-1923 წლებში სწავლობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშის სკოლაში, 1924-1925 წლებში - ზესტაფონის საშუალო სკოლაში, 1925-1928 წლებში - თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში. 1929 წელს იგი პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს საქართველოდან. სამშობლოში დაბრუნდა 1932 წელს და 1936 წლამდე მუშაობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევის კოოპერატივის ბუღალტრად, 1936-1948 წლებში მუშაობდა თბილისში საქკოოპრნკავშირის მთავარ ბუღალტრად, 1960-1968 წლებში მუშაობდა ყაზახეთში, ყარაგანდის ოლქში საყოფაცხოვრებო მომსახურეობის კომბინატის დირექტორად. 1968-1975 წლებში - კუსტანაის ოლქში უალკოჰოლო სასმელის საამქროს უფროსად.

1975-1977 წლებში იყო მორჩილი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1978 წლის 23 აპრილს აღიკვეცა ბერად, 27 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 22 ივლისს - მღვდელმონაზონად, 28 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მაწყვერელ-ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. არქიმანდრიტმა შიომ ეპისკოპოსად კურთხევისას ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს: "უწმიდესო და უნეტარესო! მამავ და მოძღვართ მოძღვარო ჩვენო! მაღალი ღმერთის განგებით, მისი მადლით და ულევი მოწყალებით მე ვდგევარ ქართველი ერის საყვარელ საპატრიარქო ტაძარ სიონში, სასულიერო ხარისხში ამაღლების წინ. როგორც არ უნდა მაღელვებდეს ეს სასწაულებრივად გასაოცარი მოწყალება დიდი ღმრთისა, რომელიც მან მარგუნა ჩემი სიცოცხლის მიწურულში, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, პირდაპირი გაგებით ვხედავ ყოველივეს, სამოცდაცხრა წლის ადამიანი როგორ აღმოვჩნდი ამ წმიდათწმინდა თაღებს ქვეშ, უხილავად აქ მყოფი მაცხოვრის, თქვენი უწმიდესობის და საქართველოს ეკლესიის შვილთა წინაშე. ჩემთვის ამ მნიშვნელოვან დღეს ვბედავ ღვთისა და თქვენ წინაშე მოვიგონო ჩემი შორეული წარსული, როდესაც ათი-თერთმეტი წლის ბიჭუნა ვიდექი ხოლმე ჩვენი სოფლის პატარა ეკლესიის საკურთხეველში და ვეხმარებოდი იმ ეკლესიის აწ განსვენებულ მღვდელს ნეტარხსენებულ სვიმონს. ნათლად მახსოვს, როგორი გულუბრყვილობით მიყვარდა მაშინ მე მაცხოვარი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ვიცოდი და ისიც ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მიყვარდა. ძალიან მოკლე იყო ეს პერიოდი. წამოვიზარდე, მრავალმა უძილო ღამემ და ძიებამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საოცრებითა და სილამაზითა გარემოსილი სამყარო და რაც მთავარია, სიცოცხლე და რაც კიდევ უმთავრესია, გვირგვინი ამ სიცოცხლისა, ადამაიანი, შემთხვევით არ გაჩენილა და ყოველივე ამას ჰყავს ჭეშმარიტი ღმერთი - "შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა.~ თავად ცხოვრება, სამყარო იყო ის დიდი წიგნი, რომელშიაც ვკითხულობდი ჩემი ძიების პასუხს. ამ ძიებამ შემაყვარა ეკლესია და მორწმუნე ხალხი, შრომის მადლი და კეთილი საქმე... მაგრამ ყოველივე ამით მაინც არ იყო გზა გაკვალული: ალბათ, იყო ეჭვები. სადღაც რაღაც აკლდა მაძიებელ სულს, უკმარისობას თითქოს გრძნობდა გული, მაინც მიიწევდა სადღაც დაუოკებელი მისწრაფება ჩემი ადამიანური ბუნებისა... ვიცი, რომ განუზომლად დიდია ჩემს ცოდვილ თავზე ეს პატივი. წმიდა მოციქული პავლე ტიტეს მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: "რამეთუ ჯერ არს ეპისკოპოსისათვის უბიწო ყოფაი, ვითარცა ღმერთისა მონისაო, ნუ თავხედ, ნუ გულმწყრალ, ნუ მოღვინე, ნუ მოღალე, ნუ საძაგელისა შემძენელ"... იმავე მოციქულმა ბრძანა, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლებულ ადამიანს. მე ვღაღადებ მაღალი ღმერთის წინაშე, რომელსაც თქვენთან ერთად ესმის ჩემი ხმა, რომ ვიქნები "კაცთმოყუარე, წმიდა, მართალი, ღირს, მოთმინე, თავს მდებელ-მსგავსად მოძღვრებისა მის" ღვთისაგან ბოძებული მადლით, მე მოძულე ვარ ყოველგვარი განდიდებისა, მაგრამ ეპისკოპოსის პატივი დიახაც მახარებს, არა როგორც განდიდება, არამედ როგორც ღვთისგან ბოძებული გზა, რომლითაც უნდა ვემსახურო მის ძლიერებასა და ჭესმარიტების მარად მოყვარულ ქართველ ერს. დასასრულ, ესოდენ სახსოვარ და საზეიმო დღეს, მთელი ჩემი ადამიანური აღტაცებით აღვავლენ მადლობას მოწყალე ღმერთის წინაშე იმ პატივისათვის, რომელიც მომმადლა მე - მის ცოდვილ მონას. მადლობას აღვავლენ თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის წინაშე იმ საკითხისათვის, რომლითაც გზა გამინათეთ და წარმადგინეთ ჩვენს გამჩენ ღმერთთან. მე ვიჩოქებ ჩვენი საყვარელი სიონის წმიდა და მადლმოსილ თაღებს ქვეშ და საზეიმო ვედრებით მოგახსენებთ: თქვენი მამათმთავრობითა და მოძღვრებით მზად ვარ ვემსახურო მაღალ ღმერთსა და ჩვენს საყვარელ ქართველ ერს." (60, 1978. N2).

ეპისკოპოსი შიო იმავდროულად დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1978 წლის 14 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელად. მეუფე შიო 1978 წელს ასე ახასიათებდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს: "ღვთივკურთხეული თქვენი სამწყსო ნათლად ხედავს, რომ თქვენი სიტყვა საქმისაგან განუყოფელია, რომ თქვენ, სიწმინდის მქადაგებელი, წმიდა ხართ თავად და, რომ ქვეყნად მშვიდობისა და სიყვარულის აზრის მთესველი, მშვიდი ხართ მუდამ კაცთმოყვარე... თქვენი წმინდა მოღვაწეობის კიდეგანი ისეთია, რომ მომავალმა უნდა გამოაჩინოს, მაგრამ რაც განვლილმა ერთმა წელმა დაანახა მორწმუნე ხალხს, იმანაც წარმოშვა ისეთი დიდი სასოება, რომლითაც შემოგყურებთ ჩვენი ერი და მომავალი." (60, 1979, N1).

1980 წლის 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრების სამი წლისთავზე მან აღნიშნა: "ჩვენი ლოცვა, ჩვენი მადლობა და თაყვანისცემა მაღალ ღმერთს იმისათვის, რომ თქვენი სახით მოგვივლინა დიდი მოძღვარი მარადიულობისა და უკვდავების გზის მასწავლებლად... ხალხმა რომ შეგიყვაროს, გული გაგიხსნას, ამისათვის ღვთისაგან რჩეული უნდა იყო და მადლით მოსილი. ღმერთი უნდა უძღოდეს წინ საქმეებს შენსას და მისი ტკბილი სიყვარულის გზას გინათებდეს... ჩვენ გილოცავთ თქვენო უწმიდესობავ, რომ მაღალმა ღმერთმა მოგანიჭათ ეს დიდი ჯილდო და ასე უანგაროდ უყვარხართ გულით კეთილ და პატიოსნებით სავსე მორწმუნე ქართველ ხალხს." (60, 1980, N2).

მეუფე შიომ ვერ გაუძლო სიმაღლესა და წყალობას, რომელიც მან ასე უხვად მიიღო. 1981 წლის 9 სექტემბერს, როდესაც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით მიტროპოლიტი შიო გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად, აღშფოთებულმა დაივიწყა ეპისკოპოსად კურთხევის დროს დადებული მორჩილებისა და თავმდაბლობის აღთქმა და საქართველოს საპატრიარქოში ასეთი დეპეშა გაგზავნა: "ვერ ჩავიბარებ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიას, გთხოვთ როგორც ბერი დამტოვოთ მოწამეთას მონასტერში." (37, 824). უარის მიღების შემდეგ 1982 წლიდან დაიწყო პირდაპირი ბრძოლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ. მეუფე შიომ თავის წერილებში რა ბრალდებები არ წაუყენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განდიდების სურვილი, სასულიერო პირების ღვთის ანაბარა მიტოვება, ეკლესია-მონასტრების უყურადღებოდ მიტოვება. წერილში მეუფე შიო ამაყად აცხადებდა: "კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა გაითვალისწინოს წარსულში მის მიერ დაშვებული შეცდომები და დაადგეს მუშაობის სწორსა და ნაყოფიერ გზას." (37, 824).

1984 წლის 16 ივლისის წერილში მიტროპოლიტი შიო უფრო შორს წავიდა: "ეკლესია გახდა პირადი განდიდებისა და პირადი კეთილდღეობისათვის ზრუნვის წყარო. ამის და სხვა მრავალ მიზეზთა გამო დიდი და მცირე მოღვაწენი ეკლესიისა ხალხის თვალში დავკნინდით და გავღატაკდით და ვინაიდან ამის მიზეზი თქვენ ბრძანდებით მხოლოდ და მხოლოდ, და თუ დიდი საქმე და მომავალი მსხვერპლს მოითხოვს, სამართლიანი უნდა იყოს მსხვერპლის შეწირვა და სად ვნახოთ სამართალი ღვთისაგან ნაკურთხი იმაზე მეტი, რომ თქვენმა დიდებამ უნდა დატოვოს ტახტი იგი, რომელიც თქვენ არასოდეს გეკუთვნოდათ. არასოდეს არ გეკუთვნოდათ იმიტომ, რომ საკუთარი თავისა და დიდების გარდა თქვენი ცხოვრების ჰორიზონტზე არსად ეწერა სხვა ფიქრი და სხვა მისწრაფება. არ გეკუთვნოდათ იმიტომ, რომ შენიღბული იდექით მუდამ თქვენი მშობელი ერისა და ჩვენი ისტორიის წინაშე... ხალხს არად აგდებთ, იმ ხალხს, რომელმაც გშვათ, აღგზარდათ და აღგამაღლათ დიდებისა და პატივის მწვერვალამდე. ფაქტიურად თქვენ უარყავით მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებანი და სჯულის კანონი... პატრიარქის სახელს შეურაცხყოფს ის, რასაც თქვენ აკეთებთ შვიდი წლის მანძილზე ჩვენს ეკლესიაში." (37, 824). შეუძლებელია განცვიფრებისა და სინანულის გარეშე წაიკითხო ეს სტრიქონები, რამ შეცვალა ასე მიტროპოლიტი შიო? თუ 4 წლის წინ პატრიარქს მიმართავდა, რომ სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და გააბრწყინა, ახლა რა მოხდა? სამწუხაროდ მეუფე შიო ამ წერილებით და საზოგადოებაში მისი გავრცელებით საქართველოს ეკლესიის მტრების წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა თვითონ ამას ვერ გრძნობდა.

1986 წლის 24 ივნისს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს ჩამოართვა ეპარქია და გაუშვა პენსიაზე, მაგრამ იგი მაინც არ ისვენებდა და საჩივრებს წერდა საქართველოს სსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ანზორ წიკლაურის სახელზე და მოითხოვდა ეპარქიის მმართველად აღდგენას. რწმუნებული თავის მხრივ უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს უგზავნიდა მიტროპოლიტ შიოს განცხადებებს. ერთ-ერთ ასეთ განცხადებას აქვს მისი უწმიდესობის ასეთი მინაწერი: "მიტროპოლიტი შიო ანტიეკლესიური საქმიანობისათვის სინოდის გადაწყვეტილებით განთავისუფლდა ეპარქიის წინამძღო¬ლობიდან და დაენიშნა პენსია." (37, 824). 1991 წლის 25 მარტს მიტროპოლიტი შიო გარდაიცვალა, მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის საპატრიარქო ტაძარში 30 მარტს წესი აუგო განსვენებულს, იგი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი)

მიტროპოლიტი ათანასე, ერისკაცობაში ანზორ იორამის ძე ჩახვაშვილი, დაიბადა 1936 წლის 4 თებერვალს გურჯაანის რაიონ სოფელ კარდენახში. არასრული განათლება მიიღო კარდენახში, ხოლო 1953 წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა. მისი ბავშვობა დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. გაჭირვება, ეკლესია-მონასტრების შევიწროება  ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი ნორმა იყო. იგი ბავშვობიდანვე ჩაება შრომით საქმიანობაში. 16 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფი მიიყვანეს სიღნაღში ცნობილ ექიმ ვახტანგ მათიაშვილთან, ექიმმა ყურადღებით გასინჯა და უჩვეულო რამ უთხრა მას: "შენ ხარ ანგელოზის ავადმყოფი, შესაწირი შესწირე, ილოცე და მონასტრებში სანთელი დაუნთე უფალს, მალე გამოკეთდებიო." ახალგაზრდა ანზორ ჩახვაშვილმა ანაგის მონასტერს მიაშურა, სადაც შეხვდა და დაუახლოვდა ღრმადმორწმუნე კაცს გიორგი ნადირაშვილს, რომელმაც ასწავლა ხუცური ანბანი, მისცა სასულიერო წიგნები. მეუფე ათანასე დიდი სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებს დედულეთს, ტეტელოშვილების ოჯახს, სადაც სითბო და სიყვარული არ მოჰკლებია ახალგაზრდაში. 1953-1957 წლებში ანზორ ჩახვაშვილი შრომით საქმიანობას ეწეოდა კარდენახის კოლმეურნეობაში, 1957-1959 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1959-1962 წლებში სწავლობდა სიღნაღის ზოოვეტრინარულ ტექნიკუმში.

1963 წელს მცხეთაში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც სულ მალე სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი). 1965 წელს ანზორ ჩახვაშვილი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ იკურთხა დიაკვნის ხარისხში, ეწოდა სახელი ანდრია და განაწესეს სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1968 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის რომანოზის (პეტრიაშვილი) წერილობითი თხოვნის საფუძველზე გაიწვიეს ალავერდის ეპარქიაში. მეუფე რომანოზმა აკურთხა მღვდლად და განწესებულ იქნა ბოდბის წმიდა ნინოს ეკლესიაში მეორე მღვდლად. 1969-1970 წლებში მსახურობდა თელავის ღვთაების ეკლესიაში, ხოლო 1971-1979 წლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. XX საუკუნის 60-70-იან წლებში საბჭოთა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოსკოვის ცენტრალური ხელმძღვანელობის საამებლად სდევნიდა სასულიერო პირებს, ატარებდა ანტირელიგიურ ღონისძიებებს და აცხადებდა, რომ სულ მალე საქართველო მასობრივი ათეიზმის ქვეყანა გახდებოდა. ასეთ ვითარებაში სასულიერო პირობა რთული იყო, უნდა დაგეთმინა უსამართლო ჭორები, დაცინვა და შეურაცხყოფა... მამა ანდრია ჩახვაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XII საეკლესიო კრების მუშაობაში, მხარს უჭერდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. საეკლესიო კრების მსვლელობისას მან წაიკითხა მიტროპოლიტ ილიას ვრცელი ბიოგრაფია და მოუწოდა კრების მონაწილეებს, მხარი დაეჭირათ ღირსეული კანდიდატისათვის.

1978 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა წმიდა სინოდის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებანი: აწყურის ეპარქიას ეწოდა ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქია. ცაგერის ეპარქიას - ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინადადებით აღდგენილ იქნა საქართველოს ეკლესიაში ოდითგანვე არსებული მთავარეპისკოპოსის ხარისხი, ხოლო მას, ვინც ამ ხარისხს მიიღებს, უფლება ენიჭება კუნკულა-ბარტყულზე ატაროს ჯვარი. ამავე სხდომაზე ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსობის კანდიდატად წამოყენებულ იქნა სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი. 15 დეკემბერს მამა ანდრია აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ათანასე, 17 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, 24 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აკურთხეს ბოდბელ ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსად წარდგენისას არქიმანდრიტმა ათანასემ ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, წმიდა სინოდის წევრებს: "დიდი ღმერთისა და ზეცის უსხეულო წმიდა ძალთა განგებით, თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის, წმიდა სინოდის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსად გამომარჩიეთ მე - დიდებული სიონის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი და დამადგინეთ ძველთაძველი სამწყსოს ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრად. მღელვარება მიპყრობს იმის გაფიქრებაზეც კი, რომ უნდა მივეახლო მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლისა და მანათობლის წმიდა ნინოს სავანეს, რომ მწყემსად უნდა მოვევლინო თვით მის მიერ გამორჩეულ ქართულ ეპარქიას, სადაც ინება მან საუკუნო განსვენება, რომ მღვდელმთავრად უნდა დავუდგე ბოდბის გულმართალ სამწყსოს, იმ მორწმუნეებს, რომელთა წინაპრებს უხილავთ ჩვენი დიდისა დედის ხელში ზეაღმართული ღვთივ¬კურთხეული ჯვარი ვაზისა მისივე თმებით შემკული. მღელვარების დასაოკებლად, ვუკვირდები ჩემ მიერ განვლილ ნამდვილი ცხოვრების გზას იმ დროიდან, როდესაც ფეხი შემოვდგი ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინვებულ სვეტიცხოველში. მაშინაც წმიდა¬ ტაძარში მომიყვანა იმ გრძნობამ, იმ შეგნებამ, რომ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ"... (მთ. 16,18). მართლაც, ჩვენი ოცსაუკუნოვანი ქრისტიანობის ისტორიაში ძელი ცხოველი სასოებით გულში იკრავს მაცხოვრის კვართს და გუშაგად უდგას ჩვენი დიდი დედოფლის - ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას; ქართული ტაძარი იზიარებს თავისი ერის ღირსსახსოვარ წარსულს, აშვენებს მის აწმყოს და იმედიანად გვახედებს მომავლისაკენ.

ვუკვირდები სიტყვის აზრს: რას ნიშნავს ეპისკოპოსი? ეს ბერძნული სიტყვა ხომ ქართულად არის - "მაღლიდან ვჭვრეტ." მექნება თუ არა არწივის მზერა, რომ ამ მძლავრი, შორით დამნახველი ფრინველის თვალსაწიერიდან გამოვარჩიო ყოველგვარი წვრილმანიც კი ჩემი ეპარქიისა? მაგრამ ეპისკოპოსობა ხომ მარტოოდენ ჭვრეტა არ არის: მექნება თუ არა ჩვენი დიდი, კეთილი მწყემსის გულისხმიერების ნაწილი მაინც, რომ დროული რჩევა-დარიგება არ მოვაკლო ღვთივმოსავთ? არც მხოლოდ რჩევა-დარიგებით შემოიფარგლება ეპისკოპოსის საზრუნავი: შევძლებ თუ არა, რამდენადმე მივბაძო დიდ საჭეთმპყრობელს სიმტკიცეში, ქარბუქმაც არ დამაბნიოს და სწორი გზით წარვმართო მორწმუნეთა ამქვეყნიური ცხოვრება?

მარტო სიტყვით კი არა, ეპისკოპოსმა საქმით, პირადი მაგალითით უნდა დაარწმუნოს ღვთისმოსავნი; როგორც ბერმუხა ღებულობს მეხის დაცემას, ასევე მღვდელმთავარმა პირველმა უნდა მიიღოს თავის თავზე წუთისოფლის ჭექა-ქუხილი და მეხი, თქეში და სიტყვა; უნდა გაუძლოს განსაცდელს და გააძლებინოს სამწყსოს.

ეპისკოპოსი არის ჯვრისა და ხატის წინაშე მარადიული ცეცხლით დაგზნებული წმიდა სანთელი: იგი იწვის და თავის სითბოს აღავლენს ღვთის მიმართ, რათა მისი კურთხევა გამოითხოვოს მორწმუნეთათვის; იგი ხარჯავს თავის ცხოვრებისეულ ენერგიას, რათა ღვთისმიერი სიყვარულის დიდ ძალას აზიაროს მრევლი. წმიდა მამები ამბობენ: ეპისკოპოსის გარეშე არ არისო ეკლესია და ვინც არ არის ეპისკოპოსთან, მასთან არ არის ქრისტე! ეპისკოპოსი ხომ მღვდელმთავარია, ხოლო მღვდლობა თვით მამაზეციერმა განამტკიცა ფიცით: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა" (ფსალმ. 109,4).

ვცდილობ გავიაზრო ჩემი დღევანდელი მდგომარეობა და თავს უღირსად ვგრძნობ მაღალი ნდობის გამო, მაგრამ ვერ დავთმობ ჩვენი სასულიერო ცხოვრების უმაღლეს სათნოებას _ მორჩილებას და ამიტომ ქედმოხრით ვასრულებ ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესი საჭეთმპყრობელის ღვთაებრივ ნებას, ჩვენი წმიდა სინოდის მოწოდებას, რომ დავიკავო ღვთივკურთხეული მაღალდასაჯდომელი.

სასოებით აღმავსებენ მაცხოვრის სიტყვები: "...მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე. 28,20), ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი არ მიმატოვებს ამ ძნელსა და ღირსთა სავალ გზაზე, რომელზედაც ამქვეყნად ჩემი სულის უკანასკნელ ამოფშვინვამდე უნდა ვატარო ესოდენ საპატიო და მძიმე ტვირთი. უკეთუ ღმერთმან მშვიდობისამან გამომარჩია მე, - დამიფარავს კიდეც და გამომიწვდის დახმარების ხელს, როგორც თავის დროს აღუპყრა ხელი მოციქულ პეტრეს.

იესო ქრისტეს მცნება მიმიძღვის, ის, "სადა იგი სამკალი ფრიადი არს და მომკალნი მცირედ". ამიტომაც ვპოულობ ჩემს თავში ძალას, რომ დავთრგუნო შიში და გავყვე უფლის ხმას მართლმადიდებელ სავანეში.

ჩვენი უფლისა და მაცხოვრის წინაშე მუხლმოდრეკილი აღვავლენ ლოცვას ჩემი გამორჩევისათვის!

მდაბლად ქედს ვიხრი თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის წინაშე მეუფეო, მამაო ილია!

ნდობისათვის მადლობას გწირავთ თქვენ, წმიდა სინოდის წევრნო!

ახალ ხარისხში დადგენილი მოგესალმებით თქვენ, წმიდანო მღვდელმთავარნო და ყოველნო სამღვდელონო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისანო!" (60, 1979, N1).

ამ დროს ბოდბის ეპარქიაში შედიოდა გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, სადაც ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-40-იანი წლებიდან ადმინისტრაციული წესით იყო დახურული. მეუფე ათანასე შეუდგა მღვდელმთავრის მოვალეობის შესრულებას. მისი ღვაწლით მოწესრიგდა ბოდბის მონასტერი, გაიხსნა და ეკურთხა ვაზისუბნის ღვთისმშობლის, ველისციხის, გურჯაანის მთავარანგელოზის, კარდენახის წმიდა საბას, დედოფლისწყაროს წმიდა სერაფიმე საროველის, სიღნაღის წმიდა გიორგის, ძველი ანაგის ეკლესიები. ლაგოდეხის რაიონში - თელიანის წმიდა გიორგის, ვარდისუბნის წმიდა გიორგის, ლელიანის დიდმოწამე თეოდორე ტირონის ეკლესიები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დამსახურებისათვის მეუფე ათანასე უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1982 წლის 1 ივნისს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1989 წელს - მიტროპოლიტის ხარისხში. 1992 წლის 12 მაისს იგი გადაყვანილ იქნა ალავერდელ მიტროპოლიტად. 1993 წლის 1 სექტემბერს დაბრუნდა ბოდბის კათედრაზე, საიდანაც 1996 წლის 21 ოქტომბერს დადგინდა რუსთველ მიტროპოლიტად. 2002 წლის 17 ოქტომბერს რუსთავის ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია. რელიგიურ-კონფენსიური და ეთნიკური თვალსაზრისით ფრიად რთული ეპარქიაა რუსთავისა და მერნეულის ეპარქია, აქ მართლმადიდებლებთან ერთად ცხოვრობენ მაჰმადიანი აზერბაიჯანელები, მონოფიზიტი სომხები, საჭიროა ფრთხილი და გაწონასწორებული პოლიტიკა, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება. მეუფე ათანასე ყველაფერს აკეთებს, რათა იყოს ქართული სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ისტორიული ტრადიციების ღირსეული გამაგრძელებელი. მისი ღვაწლით ახალ ეპარქიაში, სადაც არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია, გაიხსნა რუსთავში წმიდა ვახტანგ გორგასლის, ღვთისმშობლის ხარების, წმიდა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, მიქაელ მთავარანგელოზის, გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიები. წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის, წმიდა ნინოს, ცამეტი ასურელი მამის, გრიგოლ ხანძთელის, ალექსი შუშანის სამლოცველო სახელები. შენდება წმიდა ამაღლების, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. მარნეულის ცენტრში გაიხსნა მართლმადიდებელი ეკლესია.

მიტროპოლიტი ათანასე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატესი მღვდელმთავარია, იგი დაჯილდოებულია წმიდა გიორგის, წმიდა ნინოს ოდენებით. მინიჭებული აქვს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

2009 წლის 1 ნოემბრიდან მიტროპოლიტი ათანასე პენსიაზეა

 

მიტროპოლიტი ათანასე

"წმიდა ნინო"

"ჩვენო სამშობლოვ, წმინდა ნინო ცამ მოგივლინა,
ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სხივი მან შემოგფინა".

მადლითა და ღვთის შეწევნითა ესაა გადავიხადეთ მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე და დიდებული დღესასწაული - შობა და ნათლისღება. ჯერ მთლად განვლილად და გასტუმრებულადაც არ მიგვაჩნია ეს ბედნიერი დღეები, ჯერ ისევ სიხარულითაა მათ გამო აღვსილი ჩვენი სული. მან გაგვამხნევა, გვანუგეშა და გაგვაცოცხლა, შობა და ნათლისღება ქრისტესი ერთნაირად გასახარებელი და სათაყვანოა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის და აი, ეკლესია კვლავ გვეპატიჟება სადღესასწაულოდ, რომ გავუხსნათ გული სულიერი შვების ახალ სხივებს.

ძვირფასო სამწყსოვ, საყვარელო ჯვაროსანო ქართველებო, 1991 წლის 26 და 27 იანვარი არის ივერიის ეკლესიის მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების დამაარსებლის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღესასწაული.

მოციქული ქრისტესი, წმიდა დედა ნინო არის საქართველოს და ყოველი ქრისტიანის სულიერი მწყემსი. იანვრის 27 რიცხვი უძვირფასესი დღეა ქრისტიანთათვის. ეს რიცხვი დაკავშირებულია იმ მადლიანი პიროვნების ხსოვნასთან, რომელმაც მკვიდრი საძირკველი ჩაუდგა ჩვენი ერის შეგნებულ არსებობას, რომლის მეოხებითაც ქართველმა ერმა ოქროს ასოებით ჩაიწერა თავისი თავი კაცობრიობის ისტორიაში. წმინდა ნინოობა აღნიშვნაა ქართველი ერის ზნეობა-გონებრივი სიკეთისა, წმინდა ნინოობა და ქართველი მისი დამახასიათებელი სულიერი მაღალი თვისებებით ერთი და იგივე, ერთიმეორის ბადალი, ერთიმეორის თანასწორი და ტოლი ცნებებით.

რა გაარიგა წმინდა მოციქულმა ნინომ ქართველი ერის ცხოვრებაში ისეთი, რომ მისი სახელი განუმეორებლად ჩააქსოვა ჩვენს ეროვნებას?

წმინდა ნინომ გაანათლა ქართველი ერის გონება იმ მაღალი და სამარადისო მოძღვრებით, რომელიც აღიარებს, რომ მსოფლიო, ქვეყნიერება, ცა და დედამიწა, მთელი მათი გალაქტიკები, სავსებით დაუსაბამოა, ღვთის ქმნილებაა, რომ ყველაფერი ეს არსებობს და ცხოვრობს ღვთის განგებით, ყველაფერი ეს ხელთ უპყრია შემოქმედს, წმინდა ნინომ ამცნო ქართველებს, რომ ქვეყანაზე ღვთისათვის კაცისთანა ძვირფასი არ არის რა! შთაჰბერა საქართველოს ღვთაებრივი ძალა, რომელმაც განავითარა, გააძლიერა და ააყვავა ქართული ენა, გაწმინდა, აამაღლა, გააფაქიზა და გააკეთილა ქართველების სულიერი ცხოვრება, ზნეობა, ყოფა-ქცევა და ნაწილ-ნაწილად დაყოფილი ერი ააღორძინა, შეაერთა და გარდაქმნა სახელოვან, მძლავრ სამეფოდ. ერთი სიტყვით, წმინდა ნინოს შემდეგ სარწმუნოება შეიქმნა სულად, მთავარ ძალა-ქვაკუთხედად ქართველი ერის სიცოცხლისა, ჭეშმარიტად, ძველ ქართველს საბუთი ჰქონდა, ეთქვა: "ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელს, სარწმუნოება ჩვენი" (1 იოან. 5,4).

პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის აღმართვით წმინდა ნინომ წარუშლელი ასოებით ამოჭრა ქართველების გულის ფიცარზე იესო მაცხოვრის უკვდავი სიტყვები: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მარკ. 12. 31). "საყვარელნო, ვიყვარებოდეთ ურთიერთს, რამეთუ სიყვარული ღვთისაგან არს და ყოველსა, რომელსა უყვარდეს, ღვთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი (1. იოან. 4.7.5)."

ასეთი მოძღვრების გავლენამ ფიანდაზად გადაუშალა ქართველის სული და გული, შეათვისა ერთიმეორეს, ზეციური ნეტარება განაცდევინა მოყვასისათვის თავდადებულებაში ქვრივთა, ობოლთა, უძლურთა, ტანჯულთა, ტვირთმძიმეთა, დაწუნებულთა და მაშვრალთა შებრალება გაკითხვაში და შექმნა ის ერთობა, ის სოლიდარობა ქართველობაში, რომელზედაც ტვინი შეანთხიეს აბეზარმა მტრებმა, რომელმაც შეგვინახა საკუთარი მიწა-წყალი, საკუთარი ტერიტორია და მარგალიტივით ძვირფასი სამშობლო.
წმინდა ნინოს მოძღვრების გამო ჩვენი სამშობლო მოიჭედა ისეთი ცის მსგავსი ტაძრებით, როგორიც არიან: ქიზიყის ბურჯი - წმინდა სტეფანეს ტაძარი, დიდებული, სათაყვანებელი წმიდა ნინოს ჩვიდმეტსაუკუნოვანი სავანე, სადაც განისვენებს თვით წმინდა ნინო, დიდებული ალავერდის ტაძარი, შუამთის უძველესი აკადემია, სადაც უსწავლია ბრძენ შოთა რუსთაველს, სვეტიცხოველი, სიონი, გელათი, სატეხით გამოკვეთილი ვარძია და სხვა მრავალი.

წმიდა ნინომ ქართველობა გააქრისტიანა და ამით დაანახვა, რომ საზოგადო საქმეში ქალი თანასწორია მამაკაცისა, წმიდა ნინოს გავლენას უნდა ვუმადლოდეთ, რომ საქართველოში ქალმა იმთავითვე იდეალური პატივისცემა შეიმოსა, რომ ჩვენში ქალებს სამეფო ტახტი სჭერიათ და ქართველმა ერმა ძველ დროშივე გამოსთქვა თავისი საუკეთესო შვილის პირით სავსებით საღი და ნათელი შეხედულება ქალზე: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია". შუშანიკი, თამარი, ქეთევანი და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენნი მათი მსგავსნი უკვდავ მშვენებას შეადგენენ როგორც ერისას, ისე ქართულ ეკლესიისას.

სიკეთე ჩვენი სამშობლოსი - იშვიათი მოხდენილობა და სიკეკლუცე მისი გარეგნობისა, სისადე და უებრობა მისი ჰაერისა, საოცნებო სიმდიდრე და უხვი მომცემლობა მისი ნიადაგისა იზიდავდა ამ ქვეყნისაკენ ყველა მრავალრიცხოვან ერებს და უღვიძებდა მათ გაუნელებელ სურვილს, რომ ხელში ჩაეგდოთ, დაჰპატრონებოდნენ და დაესაკუთრებინათ იგი. ამიტომ პატარა საქართველოს ხანგრძლივი წარსულის მეტი ნაწილი წარმოადგენს ყოველი მხრიდან მოსეულ მტრებთან განუწყვეტელ ბრძოლას და თუ დაელიათ ტყვია-წამალი, თუ მათ მოუდუნდათ ხმალ-ხანჯალი, მტრებმა მარტო კალთები ჩამოაცალეს ჩვენს სამშობლოს, დაპყრობა მისი მაინც ვერ შესძლეს. ამ შეუწყვეტელი ხმლის ტრიალში და თოფის გამუდმებულ სროლაში ქართველი არ გაველურდა, მიუხედავად სამძიმო პირობებისა, ქართველმა არ დაივიწყა წიგნი და მწერლობა სასრულის უმაღლეს წერტილამდე აიყვანა ენა და მწიგნობრობა. ეს უნდა მივაწეროთ იმ დაუვიწყარი და მადლიანი პიროვნების ღვაწლს, ვისი ხსოვნისთვისაც მადლიერ ქართველ ერს ძველთაგანვე უძღვნია 27 იანვარი მოსახსენიებლად.

ყველა შეგნებული ქართველი სიხარულით ეგებება იმ წმინდა სულის ხსენებას, რომლის მეოხებით საქართველოს ყველა კუთხის მკვიდრთ ერთმანეთი ერთხორც და ერთსულ მოძმე ნათესავებად მიგვაჩნია. მაგრამ ამასთან ისიც ცხადია, რომ წმინდა ნინოს სახელი ჩვენის ქვეყნის არც ერთი კუთხის მკვიდრს არ სწვდება ისე ღრმად გულში, არავის არსებას არ იცავს და არ ავსებს იმგვარი ზეციური სიამოვნებით, როგორც აქ მაცხოვრებელთ. ქართველთა საერთო მოციქული არავისზე ისე ახლოს არ დგას და ამ სიახლოვეს ისე ცხოვლად არავინ განიცდის, როგორც ქიზიყელნი. განუხრწნელი და საკვირველმოქმედი გვამი წმინდა ნინოსი არსად არ ბრწყინავს, გარდა სიღნაღისა. მაღალი, დიდი და დაუფასებელი ბედნიერება შეუხვედრებია განგებულებას, ჩემთვის, კახელებისათვის და უმეტესად ქიზიყისათვის. იმ დროს, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებთ სანატრელად აქვთ, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გახდნენ ღირსნი წმინდა ნინოს საგნის თაყვანისცემისა, ჩვენ კახელთ და ქიზიყელთ შეგვიძლია დაუბრკოლებლივ ავისრულოთ ამგვარი საღმრთო წადილი.
ქრისტეს მოციქულო დედაო ნინო, აუნთე კვლავ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს შენებური სიყვარული ქრისტესი, რათა ღვთისმშობლის წილხდომილ საქართველოში დაუდუმებლად იქებოდეს და იდიდებოდეს სახელი შენგან ქადაგებული მამისა, ძისა და სული წმიდისა. იყავნ, იყავნ, ამინ!

ათანასე, მიტროპოლიტი კახთა და ქიზიყისა,

სიღნაღის წმინდა ნინოს სავანე." (63, 1991, 9).

მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე)

მთავარეპისკოპოსი ამბროსი, ერისკაცობაში ალექსანდრე ტრიფონის ძე ქათამაძე, დაიბადა 1942 წლის 22 ივლისს ტყიბულის რაიონ მენჭიორში (ახალსოფელი) მუშის ოჯახში. ქუთაისში დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1964 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ დირექტორის - შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას რეკომენდაციით, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. 1966 წელს დაინიშნა მედავითნედ ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში. 1969 წლის ივლისში გახმაურებული ინციდენტი მოხდა საქართველოს ეკლესიაში, როდესაც რამდენიმე სასულიერო პირმა თავი მღვდელმთავრად იკურთხა ბოდბეში და დაუპირისპირდა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს. სამწუხაროდ, ამ ინციდენტში ჩართული აღმოჩნდა მედავითნე ალექსანდრე ქათამაძეც, რომელმაც 1970 წლის 23 თებერვალს მოინანია ჩადენილი შეცდომა. "1969 წლის ივლისში ეკლესიაში მოვახდინეთ განხეთქილება, რომელშიც ვმონაწილეობდი, არაკანონიკური გზით გამოვიყენე საეკლესიო დოგმები, ვატარებდი მღვდელმსახურებას, შეურაცხყოფა მივაყენეთ ღვთის მცნებებს, წმიდა ტაძრებს, მათ ხელმძღვანელობას. ყოველივე ეს მოხდა ჩვენი ქედმაღლობითა და ამპარტავნებით. ვსცოდე ღვთისა და მამის წინაშე. გთხოვთ, შემინდოთ დიდი ცოდვის საუკუნო ტანჯვა, დამიბრუნოთ ქრისტიანობა, მიკურთხოთ გვირგვინი და მიმიღოთ ეკლესიაში დაბალ სამსახურზე, რომელსაც თქვენი მოწყალება ინებებს. შემინდეთ ყოველივე და მიმიღეთ მტირალი, წინაშე რომ არავითარი კავშირი ვიქონიო ეკლესიიდან განკვეტილ პირებთან," (7, 575). - წერდა იგი უწმიდესსა და უნეტარესს ეფრემ II-ს. უწმიდესმა და უნეტარესმა ამ წერილს ასეთი რეზოლუცია დაადო: "გაირჩეს სინოდის სხდომაზე". პატრიარქმა ეფრემმა მიუტევა შეცდომა.

1971 წელს ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი) ალექსანდრე ქათამაძე აკურთხა მთავარდიაკვნად. 1973 წელს ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) აკურთხა მღვდლად და იგი დაინიშნა მოწამეთას ეკლესიაში. 1974 წელს ქუთაისის წმიდა გიორგის ტაძრის მღვდელია, 1975 წლიდან - წინამძღვარი. 1974 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ დააჯილდოვა იისფერი სკუფიით, 1975 წელს - ენქერით.

მღვდელი ალექსანდრე ქათამაძე მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XII საეკელსიო კრების მუშაობაში, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1978 წლის 3 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს ეკლესიაში თავდადებული საქმიანობისათვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრით.

1977 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1980 წელს. 1978 წლის აპრილიდან ქუთაისის წმიდა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის მღვდელია, იმავე წელს დაინიშნა რაჭაში ახალგახსნილ ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ნიკორწმინდაში ეკლესიის ამოქმედებას წინ უძღოდა მორწმუნეთა ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც ხელმძღვანელობდა იმავე სოფლის მკვიდრი შურა გოცირიძე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს ცილისწამებლური კამპანია მორწმუნეთა წინააღმდეგ. ისინი გამოაცხადეს კრიმინალებად, მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანებად. იმდროინდელ გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოქვეყნებულ წერილში "ვის უხმობს ნიკორწმინდის ზარები?", მკაცრად იყო დაგმობილი ნიკორწმინდის ეკლესიის ამოქმედების ფაქტი. ვინმე გიორგი შამათავა ცენტრალური კომიტეტისა და რელიგიის საქმეთა რწმუნებულის სახელზე გაგზავნილ წერილში აღშფოთებით წერდა: `განა შეიძლება თვალი დახუჭოს ვინმემ ამ საკითხზე? განა შეიძლება გულგრილი იყო ადამიანი, რომელიც იცნობ, იცი, ემსახურები, თვითონ ქადაგებ, იხილავ სკკპ ცენტრალური კომიტეტის დადგენილებებს იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ რაიონში, მაშინ, როცა ხედავ რა ხდება ნიკორწმინდაში, მოსწავლეები ეკლესიაში ათენებენ, ბიბლიას სწავლობენ, სახარებას კითხულობენ, ილოცებიან, ჯვარს ატარებენ, სასაცილოდ არ ყოფნით დღევანდელი ცხოვრება, რა ხდება ნიკორწმინდაში?" მამა ალექსანდრემ გაუძლო ამ ზეწოლებს და შეინარჩუნა მოქმედი ეკლესია.

1979 წლის მაისში ალექსანდრე ქათამაძე დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზად. იმავე წლის 10 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ამბროსი, 11 აგვისტოს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, 13 აგვისტოს - ეპისკოპოსის ხარისხში. ეპისკოპოსად კურთხევისას მან აღნიშნა:

"ქრისტიანული რწმენით, სასოებითა და სიყვარულით ვემორჩილები ღვთის განგებასა და თქვენს ნებას, რათა ვიტვირთო ეპისკოპოსის მძიმე და საპატიო მოვალეობა. როდესაც ფეხი შემოვდგი ეკლესიაში, ფიქრიც არ გამიბედია, თუ ოდესმე ღირსი გავხდებოდი ამ დიდი ნდობისა, მით უფრო ვერ წარმოვიდგენდი ამას მაშინ, როდესაც ყრმობისას კრძალვით ვეახლებოდი ხოლმე ღვთის სახლს. იმ შორეულ წლებში მიზიდავდა ჩვენი ერის სასიქადულო პოეტის, გალაქტიონის მიერ ქებაშესხმული, "ცამდე აღერილი" გუმბათებისა ის, რომ მათი `მზერა ქართულია", ხოლო "სვეტთა შეკონება" აღვიქვი "ნატვრის ასრულებად". განა ვის შეეპარება ეჭვი, რომ მხოლოდ ერთ ტაძარს არ ეხება პოეტის სიტყვები: "ბრწყინავს საქართველოს  ქებად ნიკორწმინდა"... როდესაც მოვიწიფე და გამიმახვილდა გულისყური და ეკლესიის ზარმა მამცნო ქრისტესმიერი დიდი, ყოვლისმომცველი სიყვარული, მაშინღა მივხვდი, რომ ცად აჭრილი სვეტები, მათზე დანდობილი კამარებით, ადამიანური სულის სწრაფვა ღმერთისაკენ, "რომელმან აღმართა ცანი, ვითარცა კამარნი" (I ეს. 40,420. იმასაც მივხვდი, რომ ყრმობიდანვე განცდილი კრძალვა იმისი შიშია, რომელიც შეიქმს სიყვარულსა და თავდადებას ღმერთისა მიმართ, რამეთუ წინასწარმეტყველმა დავითმა თქვა: `ჰმონეთ უფალსა შიშით" (ფს. 2,11).

ახლა ისიც ვიცი, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში გამეფებული იდუმალება ეს არის ერთად შეკონილი შვიდი საიდუმლო: ნათლისღება, მირონცხება, სინანული, ზიარება, მღვდლობა, ქორწინება, ზეთის კურთხევა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ ვიგრძენი დაუოკებელი სწრაფვა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სარწმუნოებისადმი და თაყვანი ვეცი წმიდა ჯვარს იმ ღრმა შეგნებით, რომ "არა პურითა ხოლო ჰსცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მ. 4,4). თანდათან აღავსეს ჩემი სულიერი სამყარო წმიდა წერილებმა და ფსალმუნებმა, თანდათან დაიპყრო ჩემი გონება წმიდა სახარებამ და ვეზიარე იმ მაღალ ჭეშმარიტებას, რომლისკენაც ვისწრაფვი მთელი ჩემი არსებით, რამეთუ ღვთისმიერი სიტყვა გვარწმუნებს: "მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი" (ი. 14,6). საეკლესიო იერარქიის ყოველი მაღალი საფეხური თანდათან მაშორებს საკუთარ თავს და მმატებს პასუხისმგებლობას. მე ვგრძნობ მოწოდებას, რათა გონების თვალით დავანახო ჩემს მრევლს ქრისტესმიერი მარადიული გზა, მორწმუნეთა გულები მივაწვდინო განუყოფელ ჭეშმარიტებას, რომელიც არის ერთარსება და სამსახოვანი ღმერთი, სამება-როგორც ერთი. როდესაც ადამიანური გულისხმიერება გამახვილებულია სასულიერო საწყისის მიმართ, იგი უფრო ცხადად აღიქვამს ღვთაებრივ მცნებებს, რომელთაგან დღეს საჭირბოროტო საკითხად უნდა გამოვარჩიოთ "არა კაც ჰკლა". როგორც ჩვენი ეკლესიის დიდი მესვეური, ილია II ამბობს, ეს ნიშნავს: არავინ იფიქროს საყოველთაო კაცისკვლაზე - ომზე, ყველამ იზრუნოს მხოლოდ მშვიდობაზე, ამას გვიდასტურებს ცხრა ქრისტიანული ნეტარების ორი მცნება: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა." და "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდენ." რაოდენ ბრმა გული და ბნელი სული უნდა ჰქონდეს მას, ვინც ამ მცნებებს გადაუდგება. აქ მე შემთხვევით არ დავიმოწმე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები. ჯერ კიდევ მცხეთის სემინარიაში ვსწავლობდი მისგან სასულიერო სიბრძნესა და სულიერი ცხოვრების წესს. ვიმედოვნებ, რომ შემდგომაც არ მომაკლდეს ღვთის შემწეობა და ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელის ლოცვა-კურთხევა ჩემს ახალ საქმიანობაში." (60, 1979, 1).

მეუფე ამბროსი მოღვაწეობას შეუდგა ნიკორწმინდის ეპარქიაში, მას შეთავსებით ჩააბარეს მარგვეთის ეპარქიაც. 1980 წელს იგი გადაყვანილ იქნა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მმართველად. ურთულესი ვითარება იყო ამ დროს ისტორიულ მაწყვერელის ეპარქიაში. არცერთი მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია არ ფუნქციონირებდა, მაშინ, როდესაც სომხურ-მონოფიზიტურ და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიებს ფრთები ჰქონდათ გაშლილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლით 1980 წლის 9 ნოემბერს ახალციხეში, რაბათში გაიხსნა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია. ტაძრის საზეიმო გახსნაზე პარაკლისი გადაიხადა ეპისკოპოსმა ამბროსიმ და სიტყვით მიმართა მრევლს. 1981 წლიდან 1992 წლის დასაწყისამდე მეუფე ამბროსი კვლავ ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველია.

მეუფე ამბროსი აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში გამართულ ქრისტიანულ ფორუმებში - რუსეთში, ფინეთში, ბულგარეთში, ავსტრალიაში, ჩეხოსლოვაკიაში...მეუფე ამბროსი მიტროპოლიტ შიო ავალიშვილთან ერთად აკრიტიკებდა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს და მოითხოვდა პატრიარქის გადადგომას 1982-1986 წლებში... 1990 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იგი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. მეუფე ამბროსი აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მონაწილეობდა ყველა საპროტესტო აქციაში, რომელიც საქართველოს დედაქალაქში იმართებოდა. 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის დროს მხარს უჭერდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომლის გადადგომის შემდეგ იძულებული გახდა განრიდებოდა საქართველოს.

1994 წლის თებერვალში გროზნოში მღვდელ კონსტანტინე კოღუაშვილთან ერთად წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტს.

1992-2005 წლებში რუსეთში იმყოფებოდა. 1998 წლის 8 ოქტომბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა "მოისმინა ინფორმაცია მთავარეპისკოპოსის ამბროსის (ქათამაძე) ანტიკანონიკური მოქმედების შესახებ, რომელმაც 1992 წლის იანვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდის ნებართვის გარეშე დატოვა ნიკორწმინდის ეპარქია, წავიდა რუსეთში და ეწეოდა ანტიეკლესიურ საქმიანობას. ამის გამო 1992 წლის 12 მაისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით მთავარეპისკოპოსი ამბროსი განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, წმიდა სინოდის წევრობიდან და აეკრძალა მღვდელმოქმედება. სამწუხაროდ, მან არ შეწყვიტა თავისი უკანონო მოქმედება, პირიქით, იგი დაუკავშირდა რუსეთის ავტოკეფალურ ეკლესიასთან დაპირისპირებული დაჯგუფების ე.წ. "რუსეთის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიას," თავი გამოაცხადა კრუტიცკელ მიტროპოლიტად და მიუხედავად იმისა, რომ იმყოფება საეკლესიო კანონიკური სასჯელის ქვეშ, კარგა ხანი ასრულებდა მღვდელმოქმედებას. ამასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა განაჩინა: მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა გამო, თანახმად მოციქულთა 28 და 35, ანტიოქიის 3,13 და 17, კონსტანტინოპოლის 2-ე კანონებისა, მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) სრულიად განიკვეთოს სასულიერო წოდებიდან, ჩამოერთვას მას ბერობის ხარისხი და დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე. უკეთუ აღნიშნული პიროვნება (ალექსანდრე ქათამაძე) არ მოინანიებს თავის დანაშაულს, იგი სრულიად განიკვეთება მართლმადიდებელი ეკლესიიდან და გადაეცემა ანათემას."

2005 წლის გაზაფხულზე ამბროსი ქათამაძე დაბრუნდა საქართველოში. მან ორჯერ წერილობითი თხოვნით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს და იმედი ჰქონდა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენისა. წმიდა სინოდმა 2005 წლის 27 ივნისს მოისმინა ყოფილი ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსის ამბროსის თხოვნა შეწყალების შესახებ და განუჩინა სინანული საბერო მოწესის მდგომარეობაში და დაუნიშნა პენსია, მას მიეცა კურთხევა წასულიყო შიომღვიმის მონასტერში. 2006 წლის დეკემბერში წმიდა სინოდმა მას კიდევ ერთხელ მოუწოდა სინანულისა და მორჩილებისაკენ. იგი ძალიან განიცდიდა თავის მდგომარეობას, ნერვიულობდა... 2008 წლის 27 ნოემბერს იგი უეცრად გარდაიცვალა... განსვენებულის ნეშტი დასვენებულ იქნა სამების წმიდა ილია თეზბიტელის ეკლესიაში. 2 დეკემბერს დაიკრძალა შიომღვიმის მონასტერში.

ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე)

ეპისკოპოსი ქრისტეფორე, ერისკაცობაში ომარ იასონის ძე წამალაიძე, დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს ყაზბეგის რაიონ სოფელ სიონში მოსამსახურის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა სოფელ სიონის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში, რომელიც დაასრულა 1962 წელს. 1966-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე.

1962-1964 წლებში მშობლების მძიმე ავადმყოფობის გამო თავის მშობლიურ სოფელ სიონშია და მუშაობს სოფლის მეურნეობაში.

1964-1965 წლებში მუშაობდა საქართველოს სამხედრო გზის საექსპლოატაციო განყოფილებაში, 1965-1968 წლებში - უფროს ოსტატად სამხედრო გზის განყოფილებაში. 1969-1971 წლებში თბილისის ელექტორშემდუღებელ ქარხანაში საწყობის გამგედ, 1971-1972 წლებში ამავე ქარხნის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1972-1973 წლებში - ქარხნის უფროს ეკონომისტად, 1973-1975 წლებში ეკონომიკური ჯგუფის უფროსად, 1975-1977 წლებში "ცეკავშირის" ფინანსურ-ეკონომიკური დაგეგმარების განყოფილებაშია, 1977-1978 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური განყოფილების უფროსის მოადგილეა.

1978 წლის აპრილიდან დეკემბრამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სამეურნეო განყოფილების უფროსია.

1978 წლის დეკემბერში ომარ წამალაიძე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1979 წლის იანვარში - მღვდლად. 1979 წლის აგვისტოში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ქრისტეფორე, მიიღო არქიმანდრიტის წოდება. 19 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დადგენილ იქნა მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიის მმართველად. 20 აგვისტოს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა არქიმანდრიტ ქრისტეფორეს ეპისკოპოსად კურთხევა. უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მღვდელმთავრის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა: "მღელვარებით სავსეა ჩემი გული, რადგან არ ღირს ვარ წყალობისა ამისა... და მაინც, ჩემს დღევანდელ ყოფაში ვხედავ განგებას ღვთისას... როგორ არ უნდა ავღელდე, როცა საქართველოს მრავლისნატანჯი და მრავალგანსაცდელგამოვლილი ეკლესია დღეს ესოდენ დიდი სამსახურისთვის მომიწოდებს. კარგად მესმის და ვიცი, რა რთულია გზა, რომელიც ამიერიდან უნდა განვვლო. მე უნდა მოვემსახურო იმ ერს და ეკლესიას, რომელიც ორიათასი წელია მიჰყვება გოლგოთის გზას... დღეს ხელებს აღვაპყრობ უზენაესის მიმართ და მადლობას შევსწირავ მას, რადგან უფლება მეძლევა მოვემსახურო ჩემს საქართველოს. თუ ვიტვირთე მღვდელმთავრობა, ისევ მაღალის ღმერთისა და თქვენის მოწყალების იმედით. ეგებ, ჩემმა მსახურებამაც გამოიღოს მცირეოდენი კეთილი ნაყოფი მესხეთ-ჯავახეთის სამწყსოში. საქართველოს დიდებული კუთხე, მესხეთ-ჯავახეთი იყო ის ბრწყინვალე კერა, სადაც ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანობის დიდებისათვის გასაოცარი და დიდებული ტაძრები აუგიათ ქართველ მამულიშვილთ: ოშკი, ხახული, ბანა, ზარზმა, ხანძთა, შატბერდი, ვარძია... მარტო სახელების ჩამოთვლაც კრძალვითა და თაყვანისცემით გვავსებს... ოდესღაც აქ მოღვაწეობდნენ დიდი ხუროთმოძღვრები, ფრესკის მწერალნი, ოპიზრები, კლარჯელნი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე-ზოსიმე, გიორგი მერჩულე, ილარიონ პარეხელი, ბასილი ზარზმელი, თვით დიდი შოთა რუსთაველი და მრავალნი სხვანი. ქრისტეს მცნება და სამშობლოს სიყვარული, ერთურთს შერწყმული, ეს ორი წმიდათაწმიდა სალოცავი იყო ამ კუთხის ხალხისათვის... ახლა კვლავ სასოებით შემოჰყურებს დიდი რუსთველის სამშობლო მხარე თავის განუყოფელ დედა-საქართველოს, კვლავ ელტვის რწმენას და ჩვენი ვალია, უმეტეს გავაღვივოთ ქრისტეს სიყვარული. რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ, აი, ის მთავარი, რაზედაც მინდა ვესაუბრო მათ ჩემს ქადაგებაში.

მესხეთი განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას მოითხოვს ღვთის მსახურისაგან. ეს ფიქრი, ეს რწმენა, ეს სიყვარული და მოვალეობა მმოსავს ძალით, ვვლოდე იმ ეკლიან გზაზე, რაც მაღალმა ღმერთმა და თქვენმა უწმიდესობამ დამიწესა. მწადის, მუდამ დაუღლელი და შემართული ვიღწვოდე ჩვენს ერში რწმენის გაღვიძებისათვის. ამ ძალას კიდევ უფრო მიორკეცებს თვით მესხეთ-ჯავახეთიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვან მორწმუნეთა თხოვნა ეკლესიის გახსნისა და იქ მღვდელმსახურების მოთხოვნისა. მოწყალებით სავსე ბრძანდებით თქვენ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო. ეს დიდი ნდობაც, ამ მოწყალების კიდევ ერთი გამოხატულებაა. ამიერიდან, უფრო მეტი სიმძაფრით მომიხდება ბრძოლა ხილულ თუ უხილავ ბოროტ ძალებთან, მაგრამ შევსთხოვ მაღალ ღმერთსა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის მფარველ წმინდანებს, მომმადლონ ძალა მათთან ბრძოლისა და გამარჯვებისა. შეიძლება ქრისტიანობის აღორძინებისათვის მსახურებაში ეწამოს და მოსწყდეს ხორცი ჩემი, მაგრამ ვვედრნი ღმერთს, განმისპეტაკოს, განმიძლიეროს სული ჩემი, მომცეს გამბედაობა - ვთესო სიკეთე და მადლი, რათა ამქვეყნიურმა ცხოვრებამ ჯეროვნად შემამზადოს მარადი ცხოვრებისათვის. ღმერთო, მომეც ძალა ამოვაშთო ჩემი არსებიდან ცოდვანი, რათა არა განგდებულ ვიქნე პირისაგან შენისა. კარგა ხანია ვიგრძენი, რომ ჩემი ერთადერთი გზა ეკლესიაა. ამ გზაზე შემწედ და მფარველად მუდამ გამყვება ქვეყნისათვის ჯვარცმული მაცხოვრის წმიდა სახება და ის დიდი სიყვარული, რომელიც ნათობს ჩემს გულში ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოსადმი." (60, 1980, 1).

ეპისკოპოსი ქრისტეფორე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დანიშნა ქორეპისკოპოსად. 1980 წლიდან იგი განაგებდა ნიკორწმინდის ეპარქიას, ხოლო 1981 წლიდან 1992 წლამდე მარგვეთის ეპარქიას. ეპისკოპოსი ქრისტეფორე აქტიურად მონაწილეობდა XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ყველა საპროტესტო გამოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიტინგებზე მგზნებარე დეკლამატორი. 1992-1995 წლებში განაგებდა აგარაკ-წალკის ეპარქიას. 1995 წლის 5 აპრილიდან ეპისკოპოსი ქრისტეფორე განაგებდა ურბნისისა და რუისის ეპარქიას, სადაც მოხდა სერიოზული დაპირისპირება მრევლსა და მმართველ მღვდელ¬მთავარს შორის. 1995 წლის 31 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი მმართველი ეპისკოპოსის ქრისტეფორეს (წამალაიძე) დარღვევათა შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, რათა მისი მოქმედებანი არ იყოს დამაბრკოლებელი მართლმადიდებელი მრევლისათვის, განთავისუფლდეს ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნას ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად. 1995 წლის 17 სექტემბერს წმიდა სინოდი კვლავ დაუბრუნდა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხს და დაადგინა: "წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის გამო წმიდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულებელყოფისათვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისათვის და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე გამოყვანილ იქნა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქიის მმართველობა და აეკრძალა მღვდელმოქმედება." (61, 1995). მოუნანიებლობის შემთხვევაში წმიდა სინოდი დაემუქრა განკვეთით. 2000 წლის 14 დეკემბერს წმიდა სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალულ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდისადმი და პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს მიერ მისთვის დასმულ კითხვებზე. ვინაიდან პასუხები შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას განიკვეთა სამღვდელო ხარისხიდან."

მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი)

მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რაიონ სოფელ ვარდისუბანში, 1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ძირითადად სამშენებლო უბნებზე. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი, 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.

1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე (7 აპრილს) აკურთხეს დიაკვნად. 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. 20 ივლისს (2 აგვისტოს) აკურთხეს მღვდელმონაზვნად, შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან თელავის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 12(25) სექტემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 12(25) დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

არქიმანდრიტმა კალისტრატემ ეპისკოპოსად კურთხევისას აღნიშნა: `სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო... წმიდანო მღვდელმთავარნო იბერიის ეკლესიისანო... მორწმუნენო...

დღეს დიდი ღვთიური სიხარულია ჩემს გულში, რომელიც მთლიანად შეიწირა განგების ძალამ და მომიწოდა მღვდელმთავრად საქართველოს უძველესი ეკლესიის, ქუთაის-გენათის ეპარქიისა. მუხლს ვიდრეკ შემოქმედის წინაშე და ხმამაღლა აღმოვსთქვამ: "მწამხარ შენ უფალო და აღგიარებ!" ადრეც მუდამ ვგრძნობდი, განგების თვალი არ მტოვებდა მე. ჩემი დღევანდელი ეპისკოპოსად გამორჩევაც ამას ადასტურებს. ამით იმის თქმა მსურს, რომ დროისა და სივრცის ბატონ-პატრონი არის შემოქმედი. მისი ყურადღების ცენტრშია ყოველივე, როგორც ხილული, ისე უხილავი.

წმიდა მოციქული პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (თავი 5. მუხლი 4) ბრძანებს: "და არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ." თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! დიდია ღვთის ძალა, რომელმაც თქვენი წმიდა ლოცვით სამარადისოდ გულში ჩამახუტა საქართველოს სამოციქულო დედა ეკლესიას. ვიცი, ფრიად ძნელია ეს სამსახური, ვუძღვე უძველეს, მდიდარი ტრადიციების მქონე ჩვენს სამწყსოს, მაგრამ ღვთის მადლი და ძალა, ღვთის შეწევნა და თქვენი წმიდა ლოცვა შემაძლებინებს ამ დიდსა და საპასუხისმგებლო საქმეს.

დამლოცეთ თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, რათა ღვთის შეწევნითა და მადლით კეთილად ვემსახურო წმიდა ეკლესიას, რომ ჩემმა მსახურებამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს. დღეს დიდი დღესასწაულია... შევსთხოვ დედა ღვთისას კვლავაც მოჰხედოს და გადააფაროს თავის წილხვედრ ქვეყანას მოწყალებისა და სათნოების კალთა... მოჰმადლოს ჩვენს მამამთავარს დიდი ხნის ჯანმრთელი და ნაყოფიერი შემოქმედებითი სიცოცხლე. გმადლობ შენ უფალო, შენდამი არს გალობა ჩემი მარადის, ამინ." (60, 1983, 2).

მძიმე ვითარება დახვდა ეპარქიაში მეუფე კალისტრატეს, ეკლესიათა უმრავლესობა ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული წესით იყო დახურული, არ იყო მრევლი. მეუფე კალისტრატეს კარგად ესმოდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მნიშვნელობა, იმ ეპარქიისა, სადაც ისხდნენ ლიხთ-იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი, მღვდელმთავრები: გაბრიელი (ქიქოძე), ლეონიდე (ოქროპირიძე), ანტონი (გიორგაძე), ეფრემი (სიდამონიძე), გაბრიელი (ჩაჩანიძე)... მეუფე კალისტრატეს ღვაწლით გაიწმინდა, გასუფთავდა და ამოქმედდა გაუქმებული ეკლესიები, დაიწყო ახალი ეკლესიების მშენებლობები, თანდათან დაუბრუნდა დედა ეკლესიას მრევლი, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის პირობებში უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა მიწიერი სამოთხის საძიებლად.

1989 წელს ეპისკოპოსი კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1992 წელს - მიტროპოლიტის ხარისხში. მეუფე კალისტრატეს ძალისხმევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1990 წლის 21 სექტემბერს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, რომლის რექტორი მეუფე კალისტრატეა. გელათის აკადემია არა მარტო ქუთაის-გაენათის ეპარქიის, არამედ მთელი საქართველოსათვის არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის კავშირის საუკეთესო მაგალითი. 1995 წლის 8 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით ქუთაისში გაიხსნა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, ხოლო 2001 წლის 16 ივლისიდან - წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, 2002 წლის 3 ივნისიდან დავით აღმაშენებლის სახელობის ინსტიტუტთან გაიხსნა სამედიცინო და ჟურნალისტიკის ფაკულ¬ტეტები, 2008 წლის სექტემბერში წყალტუბოში გაიხსნა სასულიერო გიმნაზია. ყველა ეს საგანმანათლებლო კერა ისტორიული ტრადიციის აღდგენასა და განვითარებას უწყობს ხელს. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დასავლეთ საქართველოში, ახლანდელ ვანისა და ბაღდადის, ხონისა და სამტრედიის, ტყიბულისა და თერჯოლის, ლეჩხუმისა და სვანეთის ეპარქიებში, რომელნიც 1995 წლამდე ქუთაის-გაენათის ეპარქიაში შედიოდნენ, აღდგენილ იქნა 300-მდე ეკლესია-მონასტერი, დაიდგა ჯვრები: ქუთაისის სიონის, მყინვარის, მამისონის, იალბუზის, ხვამლის, კოდორის, თეთნულდის, ნიქოზის, საინგილოს, ვარძიის, სორმონის, ყოვლადწმინდა სამების, მთასაყდრისა და ტყიბულის ცხრა ჯვარზე. მეუფე კალისტრატეს პრინციპული და უკომპრომისო პოზიციით ქუთაისის"ხარების" ეკლესია, რომელიც კათოლიკებს ჰქონდათ მისაკუთრებული, დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას. 1986 წლის აპრილში, როდესაც უკრაინაში ჩერნობილის დიდი ტრაგედია მოხდა, იმ ძნელბედობის ჟამს მთელი მსოფლიოდან პირველი მოძღვარი მეუფე კალისტრატე უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩავიდა ჩერნობილში და ორი კვირის მანძილზე ლოცვითა და ქადაგებებით ანუგეშებდა მრევლს.

1990 წლის მარტში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიამ უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის თავდადებული ღვაწლით მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც მთავარეპისკოპოსი კალისტრატე შედიოდა, კონსტანტინოპოლიდან საქართველოში ჩამოიტანა ეს ისტორიული დოკუმენტები. 1990 წლის ნოემბერში მეუფე კალისტრატეს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ტრაპიზონიდან გელათში გადმოსვენებულ იქნა იმერთა მეფის სოლომონ II-ის ნეშტი, ასევე მეუფის დიდი შრომითა და ძალისხმევით 2005 წელს მოხდა მიტროპოლიტ ექვთიმეს (შერვაშიძე) პეტერბურგიდან გელათში გადმოსვენება. 1993 წლის სექტემბერში, საქართველოსათვის მძიმე დღებში, აფხაზეთის ომის დროს ქართველ მეომართა, მებრძოლთა და მთავრობის გასამხნევებლად მეუფე კალისტრატე იმყოფებოდა სოხუმში. მიტროპოლიტ კალისტრატეს დამსახურებაა ქუთაის-გაენათის ეპარქიაში 70 მოქმედი ეკლესიის, 15 მონასტრის არსებობა, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 78 მღვდელი, 11 მღვდელმონაზონი, 28 დიაკვანი.

მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა დანიელის ორდენით, ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა კირილეს და მეთოდეს სახელობის ორდენებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანთიმ ივერიელის დიპლომით, საქართველოს საერო ხელისუფლების მიერ ღირსების ორდენით. 2000 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. 2007 წლის 25 დეკემბერს იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. მიტროპოლიტი კალისტრატე ამ სიტყვებით ულოცავს სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობასა და მოწამეობას: "ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო უფლისანო, ყველას გილოცავთ ამ ქრისტიანულ დღესასწაულებს, უფალმა ქართველი ერი გამოარჩია სასუფევლისათვის. ეს არა მარტო სიტყვით, არამედ მადლითაც. ეს მადლია კვართი უფლისა იესო ქრისტესი და ხალენი ილია წინასწარმეტყველისა. სვეტიცხოველი ქართველთათვის არის ძელი ცხოველი, რომელიც მოციქულებისა და წმიდა ნინოს მადლმოსილებით მცხეთის უმშვენიერეს მდელოზე, ამ წმიდა ადგილზეა აღმართული მარადიული სულიერი რწმენის გადმომცემი და დიდი სულიერი საუნჯე, რომელიც დღემდე ანათებს ჩვენს გუშინდელს, დღევანდელს და მომავალს. მადლობა ღმერთს ყოველივე ამისათვის. ადამიანის დანიშნულება არის შექმნას ჯვარი ვერტიკალური უფალთან და ჰორიზონტალური მოყვასთან, რომლის საშუალებით და მფარველობით დღევანდლამდე მოვედით, ჩვენი სამშობლოს ენით, რწმენით, მამულით, განათლებით, ოჯახითა და ტაძრის ერთიანობით. დღესაც ჩვენი ნება, ჩვენი არჩევანი არის მას ვემსახურებოდეთ, რათა არ დავიკარგოთ მსოფლიო ოკეანეში."

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეკლესია-მონასტრები

1. პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი - ბერი-თევდორეს ქუჩა.
2. ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია - ვარლამიშვილის ქუჩა.
3. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (ბაგრატის სიონი) - ბაგრატის ქუჩა.
4. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ჭანტურიას ქუჩა.
5. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ნიუპორტის ქუჩა.
6. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია - კლდიაშვილის ქუჩა.
7. წმინდა სამების სახელობის ეკლესია - სამების ქუჩა.
8. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია - რუსთაველის გამზირი.
9. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია - ჯავახიშვილის ქუჩა.
10. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ეკლესია - გორის ქუჩა (მე-11 სკოლა).
11. წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია - ახალგაზრდობის გამზირი (ქსენონი).
12. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია - ნიკეას ქუჩა.
13. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - სულხან-საბას ქუჩა.
14. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია - ნიკეას ქუჩა.
15. წმინდა დიდმოწამე ქეთევანის სახელობის ეკლესია - ნიკეას ქუჩა.
16. ცოტნე აღმსარებლის სახელობის ეკლესია - ახალგაზრდობის გამზირი (ტექ. უნივერ.).
17. ახალმოწამეთა სახელობის ეკლესია - ჭავჭავაძის გამზირი.
18. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ნიკეას ქუჩა.
19. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია - ასათიანის ქუჩა (პირველი საპყრობილე).
20. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - ვაჟა-ფშაველას ქუჩა (გოჭოურა).
21. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია - რუსთაველის გამზირი.
22. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - მწვანეყვავილას ქუჩა.
23. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ავტომშენებლის ქუჩა (სამხედრო ნაწილი).
24. ილარიონ ქართველის სახელობის ეკლესია - ავტომშენებლის ქუჩა (32-ე სკოლა).
25. წმიდა დოსითეოს ქუთათელის სახელობის ეკლესია - ავტომშენებლობის ქუჩა (მე-14 სკოლა).
26. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - წყალტუბოს გზაზე (სასაფლაო).
27. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია - აღმაშენებლის გამზირი.
28. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - მწვანეყვავილას ქუჩა (პანთეონი).
29. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - მჭედლიძის ქუჩა (მე-4 სკოლა).
30. ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესია - ირაკლი აბაშიძის გამზირი.
31. დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია - თამარ მეფის ქუჩა.
32. თამარ მეფის სახელობის ეკლესია - ახალგაზრდობის გამზირი.
33. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია - ავტოქარ. სამხ. დასახლება (მე-2 საპყრ.).
34. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფელი მაღლაკი).
35. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი მესხეთი).
36. წმინდა სამების სახელობის ეკლესია (სოფელი მესხეთი).
37. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ფარცხანაყანები).
38. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (წყალტუბო).
39. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი გვიშტიბი).
40. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ხომული).
41. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფელი ხომული).
42. წმინდა გიორგის სახელობის ეკელსია (სოფელი ბანოჯა).
43. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ზარათი).
44. წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია (სოფელი ზარათი).
45. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი პატრიკეთი).
46. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ოფურჩხეთი).
47. მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია (სოფელი ჟონეთი).
48. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი გეგუთი).
49. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია (გეგუთის კოლონია).
50. კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია (სოფელი მუხიანი).
51. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ყუმისთავი).
52. მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესია (სოფელი საჩხეურა).
53. მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია (სოფელი რიონი).
54. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ბანოჯა).
55. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ნამოხვანი).
56. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი დღნორისა).
57. კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია (სოფელი ქვიტირი).
58. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფელი ქვიტირი).
59. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (სოფელი ქვიტირი).
60. წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია (სოფელი ტყაჩირი).
61. მირქმის სახელობის ეკლესია (წყალტუბო).
62. მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია (სოფელი საყულია).
63. წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია (ქუთაისი ავტომშენებლობის ქუჩა (მე-14 სკოლა)).



ქუთაის-გაენათის ეპარქიის მონასტრები

64. წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი - თაბუკაშვილის ქუჩა.
65. სულიწმიდის სახელობის დედათა მონასტერი - სულხან-საბას დასახლება.
66. წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტერი - ჯავახიშვილის ქუჩა.
67. ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.
68. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
69. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
70. ღვთისმშობლის წყაროცხოვრების სახელობის ეკლესია.
71. წმინდა ელიას სახელობის ეკლესია.
72. წმინდა საბას სახელობის ეკლესია.
73. მოწამეთას მამათა მონასტერი.
74. ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერი (სოფელი სორმონი).
75. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი (სოფელი დერჩი).
76. წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (სოფელი ქვილიშორი).
77. მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტერი (სოფელი რიონი).
78. წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი (სოფელი მესხეთი).

მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია)

მიტროპოლიტი აბრაამი, ერისკაცობაში ამირან მამიას ძე გარმელია, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. სოხუმში. 1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რო¬მელიც დაასრულა 1971 წელს. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.

1986 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1988 წელს.

1988 წლის 3 იანვარს წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად აბრაამი. იმავე წლის 3 აპრილს მის მიერვე ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1988 წლის 29 მაისს, სულთმოფენობის დღე-სასწაულზე, თბილისის ანჩისხატის ტაძრის კურთხევის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა მღვდელმონაზვნად. მსახურობდა ჯერ დმანისის სიონის, ხოლო შემდეგ გელათის მონასტრის წინამძღვრად.

1989 წლის მაისიდან 1990 წლის ივლისამდე იმყოფებოდა ქ. რეგენსბურგის (გერმანია) აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში.

1990 წლის 1 სექტემბრიდან 1991 წლის 30 ოქტომბრამდე მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის სექტემბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კითხულობდა ლექციებს ძველ აღთქმაში.

1991 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 30 ოქტომბრიდან  დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად.

1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით დადგენილ, ხოლო 25 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა აბრაამმა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, წმიდა სინოდის წევრებს: "უსაზღვროა წყალობა ღვთისა, რომელმაც თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამომარჩია მე, უღირსი მონა ღვთისა, ეპისკოპოსად ნიკორწმინდის სამწყსოისა.

ღვთისა განგებით, მისი მადლითა და ულევი მოწყალებით ვდგევარ მე ამ წმიდა ტაძარში, წმიდათა წმიდა თაღებს ქვეშ, სასულიერო ხარისხში ახალი ამაღლების წინ. ამ დღეებში, როცა ეკლესია მარხვით და გაძლიერებული ლოცვით ემზადება ბეთლემის საოცრების-ცხოვრების მომცემელი ქრისტეს შობისათვის, მე განვიცდი ძლიერ მღელვარებას - ესოდენ დიდი პატივისათვის, სიხარულს - ესოდენ დიდი ნდობისათვის, შიშს ესოდენ დიდი პასუხისმგებლობის გამო. ღვთისგან ბოძებული მადლით, მე მოძულე ვარ ყოველგვარი განდიდებისა, მაგრამ ეპისკოპოსის პატივი მახარებს, მახარებს არა როგორც განდიდება, არამედ როგორც ღვთისაგან ბოძებული გზა, რომლითაც მისი ძლიერების და ჭეშმარიტების მოყვარე ქართველ ერს უნდა ვემსახურო. ამ უდიდეს მოვალეობასა და პასუხისმგებლობას მე ვიტვირთავ  თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის მამამთავრული შემწეობის იმედით. მე მჯერა, რომ არ მომაკლებთ თქვენს მზრუნველობას, რომელსაც წლების მანძილზე იჩენდით ჩემი უღირსების მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ილოცოთ და შეევედროთ უფალს, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ღვთისა და ჩემი მშობლიური ხალხის წინაშე. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო და ძმანო, დედანო და დანო, ილოცეთ ჩემთვის, რათა ღმერთმან ღირსეულად შემასრულებინოს ეს მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა. ჩემი მომავალი მსახურების სირთულე განპირობებულია ჩვენი ერისათვის ესოდენ რთული და წინააღმდეგობით აღსავსე დროით, დროით, როცა ერის ერთი ნაწილის ცნობიერებიდან, სამწუხაროდ, ამოიშალა ის უდავო და უპირობო ჭეშმარიტება, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მრავალტანჯულ საქართველოს მშვიდობა, დიდება და ამაღლება მოუტანოს, არის ჩვენთვის ჯვარცმული უფალი, რომელმაც გოლგოთიდან მოუწოდა ქართველ ერს, როცა ინება, რომ ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე _ კვართი უფლისა, ქართულ მიწას მიბარებოდა. ჩვენი ერი აწარმოებს ურთულეს და უთანასწორო ბრძოლას, და ამ ბრძოლაში გამარჯვების მოტანა შეუძლია მხოლოდ უფალს წყაროს ყოველგვარი სიცოცხლისა და გამარჯვებისა. ამ პირობებში განუზომლად დიდია ეკლესიის მსახურთა როლი. მათ უნდა სძლიონ ცთუნებას და მიიტანონ ყოველ ადამიანამდე არა მოაზროვნეთა, არა ფილოსოფოსთა, არა მეცნიერთა და პოლიტიკოსთა დროით და სივრცით შეზღუდული სისტემები, არამედ უფლის სიტყვა-მარადიული და უცვლელი. ამ სიტყვის მოტანა და ამ სიტყვით ცხოვრება უნდა იყოს ქრისტიანთა მიზანი, რამეთუ პავლე მოციქული ბრძანებს: `არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდეს წინ ღმრთისა, არამედ მყოფელნი სჯულისანი განმართლდეს~ ვგრძნობ რა უდიდეს პასუხისმგებლობას ღვთისა, თქვენი უწმიდესობის და ერის წინაშე, მე ვეცდები აღვასრულო წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები: "სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვით, სვლით, სიყვარულით, სულიერობით, სარწმუნოებით და სიწმინდით"... (61, 1993, 1).

ახლადნაკურთხ ეპისკოპოს აბრაამს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა: "ამა წლის 21 დეკემბერს შემდგარი წმიდა სინოდის სხდომა ჭეშმარიტად ისტორიული იყო, რადგანაც ამ სხდომაზე გამორჩეულ იქნა ორი საეპისკოპოსო კანდიდატი, რის შედეგადაც საქართველოში დღეს არსებულ თხუთმეტივე ეპარქიას საკუთარი მღვდელმთავარი ჰყავს, რასაც საქართველომ ორასი წლის მანძილზე ვერ მიაღწია, ამას ღვთის მადლითა და წყალობით ახლა მივაღწიეთ. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო აბრაამ, წმიდა სინოდის სახელით გილოცავთ ამ დიდი პატივის მიღებას. განგება ღვთისა აღსრულდა თქვენზედა. მართალია, მძიმე დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ეს დრო ამავე დროს ბედნიერიცაა, რადგან ჩვენ ღვთის მრავალ წყალობას მოვესწარით. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, არჩეული ხართ მღვდელმ¬თავრად ნიკორწმინდის ისტორიული ეპარქიისა. ნიკორწმინდის ეკლესია წმიდა ნიკოლოზის სახელობისაა და თქვენ უშუალოდ მისი მფარველობისა და წინამძღვრობის ქვეშ მოგიწევთ ყოფნა. წმიდა ნიკოლოზი, რომელსაც ჩვენ ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი ვუწოდეთ, იქნება თქვენი შემწე და მეოხი წინაშე ღვთისა. ჩვენ ისეთ დროს ვცხოვრობთ, როცა მრევლის მოსვლას კი არ უნდა დაველოდოთ, არამედ თვითონ უნდა მივიდეთ მასთან და ვაჩვენოთ რწმენისა და სიყვარულის ძალა, სათნოება და მაღალი ზნეობა. მოძღვარსა და მითუმეტეს მღვდელმთავარს, განსაკუთრებით ორი რამ უნდა ახასიათებდეს: სიწმინდე და მშვიდობა. მუდამ გახსოვდეს მეუფეო, რომ თქვენი სიმშვიდითა და სამწყსოს თვითეულ წევრთან მშვიდობიანი დამოკიდებულებით ბევრს მიაღწევთ თქვენი მოღვაწეობის მანძილზე... წმიდა მღვდელ¬მთავარი ნიკოლოზი და წმიდა დიდმოწამე გიორგი იყოს მფარველი და წინამძღვარი თქვენი... მიიღე კვერთხი ესე და დალოცე მრევლი საქართველოსი, რომელიც ლოცულობდა დღეს შენი სულიერი ამაღლებისათვის." (61, 1993, 1).

1993 წლის 19 ივლისს ეპისკოპოსი აბრაამი დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მეუფე აბრაამის რექტორობის  პერიოდში თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ  ახალ წარმატებებს მიაღწია ადმინისტრაციული სტრუქტურის, სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მომთხოვნელობა და ყურადღებიანობა როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ასევე სტუდენტების მიმართ სასულიერო სასწავლებელში შემოქმედებით გარემოს ამკვიდრებდა. მეუფე  აბრაამის ძალისხმევით 1994 წლიდან ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტების ბაზაზე შეიქმნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. 1994-2000 წლებში გაიხსნა საქართველოს ისტორიის, ღვთისმეტყველების, ხელოვნებათმცოდნეობის, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენების კათედრები. რექტორის ინიციატივით დაარსდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გაზეთი "თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია." სასულიერო აკადემიის მიღწევებზე ვრცლად ისაუბრა მეუფე აბრაამმა სასწავლებლის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე,  რომელიც 1998 წელს გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში.

"სასულიერო აკადემია მოწოდებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მოამზადოს სამეცნიერო და პედაგოგიური კადრები, - აღნიშნა მეუფე აბრაამმა, - დღეისათვის მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებთან და ორგანიზაციებთან, კერძოდ მართლმადიდებელი სასულიერო სასწავლებლების საერთაშორისო ორგანიზაცია სინდესმოსთან, ათენის, თესალონიკის, ბუქარესტის უნივერსიტეტებთან, პარიზის წმიდა სერგის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტთან, მოსკოვისა და პეტერბურგის სასულიერო აკადემიებთან და სხვ... თბილისის სასულიერო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს საერო უმაღლეს სასწავლებლებთან... ღრმად გვწამს, რომ ქართველ საზოგადოებასთან, ინტელიგენციასთან თანამშრომლობით აკადემია მომავალში კიდევ უფრო აღორძინდება, მეცნიერებითა და სულიერებით საღვთო მადლში დარწმუნებული და წარმატებული, მაცხოვრის უკვდავ ცოდნასთან ზიარებით, თავის სიკეთეს მის კედლებს გარეთაც განფენს, რათა ყველას უწინამძღვროს იმ მაცხოვნებელი მადლის შეცნობისაკენ, რომლის გარეშე უმეცრება და წყვდიადი სუფევს".

მეუფე აბრაამი მიიჩნევდა: "რელიგიისა და სარწმუნეობის სწავლა აბსტრაქტულად, სახელმძღვანელოებით შეუძლებელია, ამდენად ეკლესიურობის, ლიტურგიკულ ცხოვრებაში შესვლის გარეშე არ არსებობს რელიგიური განათლება. ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე არ არსებობს ღვთაებრივი მადლმოსილება. ეკლესიის დევნის დროს, როცა არ არსებობდა მართლმადიდებლური განათლების სისტემა, არ გამოიცემოდა საჭირო საღვთისმეტყველო ლიტერატურა, იკრძალებოდა საჯარო ქადაგება, სწორედ ლიტურგია ინახავდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას, სწორედ საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით უჩვენებდა ეკლესია მისადმი მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ და მისგან გაუცხოებულ სამყაროს თავის უძლეველობას და მარადიულობასო" მეუფე აბრაამის რექტორობის პერიოდში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებელთა ძალებით ჩატარდა სამი საერთაშორისო კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენციები: "ერეკლე II-ის გარდაცვალებიდან 200 წლისთავი", "უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გარდაცვალებიდან 80 წლისთავი", "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 80 წლისთავი", "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 20 წლისთავი".

მეუფე აბრაამმა დიდი ღვაწლი დასდო 1996-1998 წლებში გურჯაანისა და საგარეჯოს, 1998-2002 წლებში ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიებს. მეუფე აბრაამი 1995 წლის 20 ივნისიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1996 წლის 25 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს - მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.



დასავლეთ ევროპის ეპარქია

საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია დაფუძნდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით 2002 წლის 17 ოქტომბერს. ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. ეპარქიის იურისდიქცია ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია.



ეპარქიის სამრევლოები (2008 წლის 1 მაისისათვის)


1. ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სახელობის
2. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის
3. დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის
4. ანტვერპენის წმ. ნინოს სახელობის
5. ბარის წმიდა ნიკოლოზის სახელობის
6. ბარსელონას წმ. ნინოს სახელობის
7. სტრასბურგის წმიდა ილია მართლის სახელობის
8. ვენის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის
9. არნედოს წმიდა გიორგის სახელობის
10. სტრასბურგის წმ. ქეთევან წამებულის სახელობის
11. დიუსელდორფის წმ. მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის
12. ჰამბურგის წმ. ნინოს სახელობის
13. შტუდგარდის წმ. ილია მართლის სახელობის
14. ბილეფელდის ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის
15. ნიურნბერგის წმ. გიორგის სახელობის
16. კოპენჰაგენის წმ. მოწამე გრიგოლის (ფერაძე) სახელობის
17. ბონის წმ. ამბროსი აღმსარებელის სახელობის
18. ჰანოვერის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის
19. კორკის წმ. გიორგის სახელობის
20. ლონდონის წმ. გიორგის სახელობის
21. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახელობის
22. რუენის წმ. გიორგის სახელობის


დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოება:

1. მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) - ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი
2. არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი)
3. დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი
4. იღუმენი მელქისედეკ (ხაჩიძე)
5. იღუმენი აბიბოს (ქურციძე)
6. იღუმენი დოსითე (ბოგვერაძე)
7. იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი)
8. დეკანოზი გიორგი მექოშვილი
9. მღვდელი მიქაელ ბურდული
10. მღვდელ-მონაზონი აარონ (კაპანაძე)
11. მღვდელი თამაზ ლომიძე
12. მღვდელ-მონაზონი აბიათარ (ქაფიანიძე)
13. მღვდელ-მონაზონი ისე (გელაშვილი)
14. მღვდელ-მონაზონი სერაპიონ (გრიგოლიშვილი)
15. დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე
16. მღვდელ-მონაზონი ანტონ (კანდელაკი)
17. ბერ-დიაკონი პიროსი (გოცირიძე)

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგას. ეს კარგად ჩანს მის მოღვაწეობაში, საჯარო გამოსვლებსა და ღია წერილებში. იგი მკაცრად გმობს რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების იმ პოლიტიკას, რომელიც სეპარატიზმის მხარდაჭერაში გამოიხატება. გთავაზობთ მის წერილებს რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის და მიტროპოლიტ კირილესადმი.


მის უწმიდესობას, ალექსი II-ს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს


"თქვენო უწმიდესობავ,

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა თქვენი "განცხადება სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედების ესკალაციასთან დაკავშირებით", რომლის შინაარსი გაოცებას იწვევს და რამდენიმე კითხვის დასმის საბაბსაც იძლევა.

1. განცხადება არ ითვალისწინებს, რომ საქმე ეხება კონფლიქტურ სიტუაციას, რომელიც შექმნილია საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. განცხადება გამიზნულია იმისთვის, რომ შენარჩუნდეს შექმნილი ვითარება და არ მოხერხდეს რუსეთის მიერ ინსპირირებული და ორგანიზებულია კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა.

2. თქვენო უწმიდესობავ, რატომ მაშინ არ გამოთქვით მსგავსი მშვიდობიანი ინიციატივა, როცა რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების ხელმძღვანელობითა და "მართლმადიდებელი რუსი მხედრობის" აქტიური მონაწილეობით იმართებოდა ქართველი ხალხის გენოციდი და ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში? ამ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი ხომ მართლმადიდებელი ქართველები იყვნენ.

3. რატომ დაუშვით თქვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა დაძაბულობის გამძაფრებაში, რითაც ხელს უწყობდით კონფლიქტურ რეგიონებში ანტიქართულ განწყობას?

4. რატომ დართეთ თქვენთან თანამსახურების ნება მღვდელს, ბესარიონ ფილიას, რომელიც, როგორც თქვენთვის ცნობილია, არ ემორჩილება კანონიერ საეკლესიო მთავრობას. რა დამსახურებისთვის იღებს იგი რუსეთის ეკლესიისგან მხარდაჭერასა და ჯილდოებს?

5. რომელ თორმეტწლიან მშვიდობასა და სიწყნარეზე შეიძლება ლაპარაკი, როცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ფაქტობრივად ანექსირებულია და ასეულობით ათას დევნილს შინ დაბრუნება არ შეუძლია რუსეთის სახელმწიფოს აგრესიული და ე. შევარდნაძის კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად?

6. ოსი და ქართველი ხალხი კი არ დაუპირისპირდა ერთმანეთს, არამედ ადგილი აქვს დაპირისპირებას რუსეთის აგრესიულ იმპერიულ პოლიტიკასა და სუვერენული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს შორის.

ერთადერთი, რასაც ჩემს სამშობლოს ვუსურვებდი, ისა, რომ რუსეთი ჩამოშორდეს კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეს საქართველოში, რომელიც უკვე მეორე საუკუნეა იტანჯება რუსული სახელმწიფოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მტრული პოლიტიკის გამო.

რუსეთის მონაწილეობა კი არა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა კონფლიქტთა სამართლიანი დარეგულირების გარანტი.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი
აბრაამი (გარმელია), 2001 წ.

 

მის მაღალუწმინდესობას, მაღალუსამღვდელოესობას, კირილეს, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

გულითადად მოგესალმებით და წარმატებას გისურვებთ თქვენს რთულ არქისამრევლო მსახურებაში, რუსეთის წმიდა ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.

უკანასკნელ დღეთა მოვლენები მაიძულებს, წერილობით მოგმართოთ.

ღრმა მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებსა და პოლიტიკური წრეების გარკვეულ ნაწილში არსებული ანტიქართული ისტერია წარმოადგენს 200-წლოვანი პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებას, რომელსაც ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ ატარებდა ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ, - საბჭოთა კავშირი, ამჟამად კი რუსეთის ფედერაცია ატარებს.

გასული ორი ასწლეულის მანძილზე საქართველოს ანექსია და ოკუპაცია ორჯერ განხორციელდა. აწ კი ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ხელყოფის წინაშე. ტერორიზმთან ბრძოლის ლოზუნგს ამოფარებით კვლავ გრძელდება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების დაბომბვა. ოფიციალურად, საქართველოს ტერიტორიული ხელუხლებლობის დეკლარირებისას რუსეთის ხელმძღვანელობა დგამს ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთის, ჩამოშორებისკენაა მიმართული.

ორმაგი სტანდარტები მსოფლიო და რეგიონულ პოლიტიკაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩეჩნეთი და აფხაზეთი  - კონფლიქტის ორი წერილია, რაც აშკარად ამხელს კავკასიაში რუსეთის პოლიტიკას. დიდ სინანულს იწევს და გვაოცებს ფაქტი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისას ამავე დროს მხარს უჭერს ყველა სეპარატისტულ რეჟიმს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რითაც ამ გარედან ინსპირირებული კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების ყველა მცდელობის ბლოკირებას ახდენს.

საქართველოს არასოდეს ყოფილა არათუ ტერორიზმის ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომელიც თანაუგრძნობს ამ საერთაშორისო ბოროტებას. ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება ტერორისტების შეჭრა განხორციელდეს, ესაა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზური მონაკვეთი. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული ტერორისტების შესვლა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს ხელმძღვანელობის სწრაფვა აფხაზეთის პრობლემების მოგვარებისაკენ, რუსეთთან მეგობრული ურიერთობის შენარჩუნებით, რუსეთის, როგორც შუამავალის, როლზე მის თანხმობაშიც გამომჟღავნდა. თუმცა კი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა, რომ სწორედ რუსეთი იყო ამ, და არამარტო ამ, კონფლიქტის ინსპირატორი და ორგანიზატორი.

განსაკუთრებულ სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას კონფლიქტის არსებობის მთელი წლების მანძილზე ერთმორწმუნე ქართველი ხალხისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მხარდაჭერა არც ერთხელ არ გამოუხატავს. ამასთან, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მაღალი იერარქი უხეშად ერევა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის შინაურ საქმეებში და ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფრონტაციისა და უნდობლობის გამაღრმავებელ ნაბიჯებს დგამს.

ეს ადასტურებს, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ნაწილი რუსეთის ხელმძღვანელობის გარკვეული წრეების იმპერიულ ამბიციებს ემხრობა.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა სავსებით მიუღებელია. თუ დღეს ამ დამოკიდებულებათა მოსაწესრიგებლად რაიმეს არ ვიღონებთ, ხვალ გვიან იქნება.

გვინდა, გვჯეროდეს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესია გადადგამენ ნაბიჯებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სამართლიანად მოსაგვარებლად და შეწყვეტენ საქართველოსა და ქართული ეკლესიის შინაგან საქმეებში ჩარევას. ეს იქნება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების წინაპირობა ჩვენი მრავალტანჯულ სამშობლოს ტერიტორიაზე.

ამ პროცესში უდიდესი როლი ეკუთვნის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რამაც მიბიძგა, თქვენთვის მომემართა საქართველოსა და ქართველი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხში თქვენი ჩარევის იმედით."

ქრისტესმიერი სიყვარულით, აბრაამი, ჭიათურის მიტროპოლიტი. 2001 წლის 14 ოქტომბერი.

 

მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსს მაღალყოვლადუსამღვდელოეს კირილეს

"თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

გულითად მოგესალმებით და წარმატებას გისურვებთ თქვენს სამეუფეო მსახურებაში. მივიღე თქვენი საპასუხო წერილი, რომლის პათოსი და მიმართულება მაიძულებს კიდევ ერთხელ შევეხო ჩვენთვის ეგზომ მტკივნეულ საკითხებს.

თქვენ, ჩემი სიტყვები - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფისა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის შესახებ, - სინამდვილესთან შეუსაბამოდ  მიიჩნიეთ.

ჩვენის აზრით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მტკიცებულებას წარმოადგენს:

1. რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების აქტიური მონაწილეობა საქართველოში 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში, აგრეთვე აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსია 1993 წელს. ეს ფაქტები არ საჭიროებს განსაკუთრებულ მტკიცებულებებს და ისინი ფართოდ გაშუქებულია მსოფლიო პრესაში. სეპარატისტების მიერ მართლმადიდებლური სახელმწიფოსაგან მიღებული დახმარების წყალობით, "მართლმადიდებლური რუსული მხედრიონის" დახმარებით დახოცილ იქნა ათასობით და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად იქცა 300 ათასი მართლმადიდებელი ქართვეკლი, აფხაზი, ბერძენი და სხვა.

2. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა, აგრეთვე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში სხვა სეპარატისტული განწყობების მხარდაჭერა.

3. სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა.

4. რუსეთის პოლიტიკოსთა უმაღლესი თანამდებობის პირთა გამოსვლები აფხაზეთისა და ეგრეთწოდებული სამხრეთი ოსეთის აღიარების მუქარით.

5. საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისა და სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის გაჭიანურება, რითაც რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

6. საშუამავლო მისიის გამოყენება მოწესრიგების ყოველგვარი გზების ბლოკირების მიზნით. გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებით რუსეთმა მრავალგზის დაბლოკა იმ დოკუმენტების მიღება, რომლებსაც დარეგულირების პროცესის დაჩქარება შეეძლოთ.

7. რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დაძაბულობის მუდმივი ფორსირება, რუსეთის ყბადაღებული სტრატეგიული ინტერესებით საქართველოში. რუსეთის ინტერესებისათვის მებრძოლთ უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოსაც გააჩნია თავისი ინტერესები საქართველოში.

რაც შეეხება ეკლესიათა შორის ურთიერთობებს, არც მათ უდგათ საუკეთესო დროება. არ შევეხები რა ამ ურთიერთობებს 1801 წლიდან 1990 წლამდე, შევჩერდები უკანასკნელი ათწლეულის მოვლენებზე.

არძინბას სეპარატისტული რეჟიმისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების დასაბამიდანვე იგეგმებოდა განხეთქილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ ერთმა სასულიერო პირმა თქვა უარი თავისი წმიდა სამღვდელოებისადმი დაქვემდებარებაზე. სეპარატისტებს აყოლილმა მღვდელმა ბესარიონ ფილიამ (ახლა იგი აფლიას გვარს ატარებს) შეწყვიტა კანონიკური იერარქიის მოხსენიება და თავი "სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის" მმართველად გამოაცხადა. ბ. ფილიას მცდელობა მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ გადასვლაზე წარუმატებლად დასრულდა.

მაშინ აფხაზეთის ხელძღვანელობამ და განდგომილმა მღვდელმა თავიანთი მზერა ჩრდილოეთისკენ მიმართეს, საიდანაც ისინი ყოველთვის იღებდნენ მხარდაჭერას. თანადგომა მიიღო აგრეთვე "სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველმაც", და არა მარტო რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, უმაღლესი გენერალიტეტისა და სამშვიდობო ძალების სარდლობისაგან, არამედ - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი იერარქიისაგანაც. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წმინდა სამღვდელოებისაგან იცოდნენ მღვდელ ბ. ფილიას განდგომის შესახებ, იგი არა მარტო მიღებულ იქნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქის, ალექსი II-ის მიერ სინოდალურ რეზიდენციაში, არამედ კრემლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში მღვდელმსახურებისათვისაც კი დაუშვეს.

განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდებიან ამ განდგომილს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაშიც, რასაც თქვენი კურთხევის გარეშე ადგილი არ ექნებოდა.

მღვდელი ბ. ფილია - კრასნოგორსკის ეპისკოპოსის საბასა და ისტნის არქიეპისკოპოსის არსენის ხშირი და სასურველი სტუმარია.

გაურკვეველი იურისდიქციის მღვდელი ხშირად თანამსახურებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებთან ერთად, კრემლსა და ლავრაში. ლავრის წინამძღვარი, _ ჩემის აზრით, თავის წმინდა სამღვდელოებასთან შეთანხმებით, - ბ. ფილიას წმიდა მირონითაც ამარაგებს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ეპისკოპოს ფილარეტის მოქმედებები. მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორად მისი ყოფნის დროს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შესაბამისი კურთხევის გარეშე იქ მიღებულ იქნა აფხაზეთის 5 მცხოვრები. მაიკოპისა და არმავირის ეპისკოპოსად ყოფნისას, მეუფე ფილარეტი ახდენდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების ხელდასხმას და მათ მსახურებისთვის აფხაზეთში აგზავნიდა. ამასთან, ეს მღვდლები, - ა. ამპარი და ი. კიუტი, ოფიციალურად მაიკოპის ეპარქიის მღვდლებად ითვლებოდნენ.

გადაუმოწმებელი, თუმც სარწმუნო წყაროებიდან მიღებული ცნობების თანახმად, აღნიშნულმა ეპისკოპოსმა ფილარეტმა მღვდელ ბ. ფილიას წმინდა ოდიკები გადასცა, აფხაზეთში ქართული ოდიკების მათით შესაცვლელად.

ახალი ათონის სიმონ კანანელის სახელობის მონასტერში იღუმენ პეტრე პიგოლის ხელმძღვანელობით გაგზავნილ იქნა ბერებისა  და მორჩილთა ჯგუფი. რეზონანსის შემდეგ იღუმენი პეტრე გაემგზავრა აფხაზეთიდან და მოსკოვის საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში დაიწყო მუშაობდა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებისა და სასულიერო პირების მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიული იურისდიქციის მიმართ საეკლესიო კანონების დარღვევის ფაქტები მრავალრიცხოვანია, - რუსული სამღვდელოების მუდმივი ვიზიტები აფხაზეთში, მათი მღვდელმსახურება სხვა ადგილობრივი ეკლესიის ტერიტორიაზე და სხვა.

უწმიდეს პატრიარქ ალექსი II-სთან შეხვედრების დროს უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II განდგომილთა მხარდაჭერის დაუშვებლობაზე საუბრობდა.

მღვდელმა ბ. ფილიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან არა მარტო მორალური, არამედ მატერიალური მხარდაჭერაც მიიღო: წმინდა სამება-სერგის ლავრიდან არაერთგზის გაგზავნილა ტვირთი"სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის" მისამართით.

საკუთარი მღვდელმთავრისა და პატრიარქის არმაღიარებელი და დაუმორჩილებელი მღვდლის თქვენთან მიღებით, თქვენ კიდევ უფრო ხელს უწყობთ კრიზისის გაღრმავებას. მორჩილად შევახსენებ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომ მღვდელი ბ. ფილიას მცდელობები - შეხვედროდა მსოფლიო პატრიარქს, ყოვლადუწმიდეს ბართლომეს, - უშედეგოდ დასრულდა, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ შესაძლებლად არ მიიჩნია - "სამწყსოზე ზრუნვის" საფარველით, - დიალოგი გაემართა განდგომილებთან.

უწმიდესი პატრიარქის ალექსი II-ის მიერ 2001 წლის გაზაფხულისათვის საქართველოში ვიზიტზე უარის თქმა ნამდვილად არ უწყობს ხელს ჩვენი საეკლესიო კავშირების განმტკიცებას.

განსაკუთრებით მსურს პასუხის გაცემა თქვენს შემდეგ სიტყვებზე: "მეორეს მხრივ, როგორც არაერთგზის გვიცნობებია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდისთვის, აფხაზეთში კატასტროფიული ვითარებაა შექმნილი მართლმადიდებლური მრევლის სულიერ დაპურებასთან დაკავშირებით. საქართველოს ეკლესიის განსახილველად ჩვენს მიერ გამოტანილი ყველა წინადადება, - რათა კანონიკური გზით შეგვეწყო ხელი პრობლემების გადაწყვეტისთვის, - კატეგორიულად უგულვებელყოფილ იქნა".

პრობლემების გადაწყვეტის მაინც რა გზები შემოგითავაზებიათ ჩვენთვის? თქვენ ერთადერთი გზა აირჩიეთ, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა გაგზავნას გულისხმობდა. ამ წინადადების განხორციელება იმდაგვარივე შედეგებს მოიტანდა, რაც რუსი, ეგრეთწოდებული მშვიდობისმყოფელობის საქმიანობას მოჰყვა, _ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდობლობის გაძლიერებას. ეს ყველაფერი იმ ფონზე მიმდინარეობდა, რომ რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არცერთხელ არ დააფიქსირა თავისი ოფიციალური პოზიცია ამ კონფლიქთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სამღვდელოება საქართველოში ფაქტიურად რუსეთის ყბადაღებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

იმის გათვალისწინებით, რომ "რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ ერევა რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკაში", - აფხაზეთში საეკლესიო პრობლემების გადაჭრის ძირითად პირობას წარმოადგენს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის უარი, - საქართველოს ეკლესიის საშინაო საქმეებში ჩარევაზე, მათ შორის განდგომილთა მხარდაჭერაზე და მათთან კონტაქტებზე უარის თქმა. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში ქართველები და აფხაზები უფრო სწრაფად მონახავენ შერიგების გზას.

დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენეული ბრალდება "კანონიერი საეკლესიო ხელისუფლების უმოქმედობის" თაობაზე, არა მარტო არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ მთლად კორექტულობითაც არ გამოირჩევა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II და ჩვენი ეკლესიის წმიდა სინოდი საერთოდ არ იზიარებს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელის სამეუფეო მსახურების თქვენეულ შეფასებას."

უფლისმიერი სიყვარულით,
ჭიათურის მიტროპოლიტი აბრაამი
2002 წლის 14 მარტი.

მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

მიტროპოლიტი ანანია, ერისკაცობაში თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე, დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში, ინჟინერ-ტექნიკოსის ოჯახში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1974 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი "მართვის ავტომატური საშუალებების" სპეციალობით. 1978-1980 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მან იმ დროს გადაწყვიტა სასულიერო სფეროში საქმიანობა, როდესაც ეს რთული აღსაქმელი იყო როგორც ახლობლების, ასევე საზოგადოებისათვის, საბჭოური სისტემის პირობებში ასეთი ნაბიჯი გმირობის ტოლფასი იყო, უნდა დაგეთმინა უამრავი ცილისწამება თუ განკითხვა. 1979 წლის 14 თებერვალს იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 2 აპრილს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ანანია.

1979 წლის 4 აპრილს პატრიარქმა იგი აკურთხა დიაკვნად, 27 სექტემბერს - მღვდლად და დაინიშნა თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვრად. 1980 წლის 27 აპრილს ალავერდის მონასტერში აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ხოლო 1981 წლის 8 მარტს მიენიჭა არქიმანდრიტის ხარისხი. 1980 წლის 15 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი ანანია აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში. 17 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თანამწირველნი იყვნენ: თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), წილკნელი მიტროპოლიტი გიორგი (ღონღანძე), ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი), ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (მახარაძე), ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი), მანგლელი მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), ბათუმ-შემომქმედელი მთავარეპისკოპოსი დავითი (ჭკადუა), ურბნელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინე (მელიქიძე), ბოდბელი ეპისკოპოსი ათანასე (ჩახვაშვილი). შესრულდა არქიმანდრიტ ანანიას ეპისკოპოსად კურთხევა.

არქიმანდრიტმა ანანიამ ამ სიტყვებით მიმართა მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს: "თქვენი უწმიდესობისა და წმიდა სინოდის გადაწყვეტილება ქრისტეს ეკლესიის ეპისკოპოსად ჩემი გამორჩევის შესახებ, ჩემთვის ძლიერ მოულოდნელი იყო. ღრმა მღელვარებით ვდგევარ თქვენს წინ, რადგანაც ვიცი, მღვდელმთავრობის მაღალ ხარისხს ერიდებოდნენ ქრისტეს ეკლესიის მასწავლებლებიც კი. ასეთ მაღალ პატივზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი. მკმაროდა ის სულიერი სიხარულიც, რომელსაც ალავერდის მონასტერში ჩემი მცირე ღვაწლი მანიჭებდა. ჩემი მოღვაწეობის ადგილი ჩემი ძალ-ღონისათვის საკმაო იყო. იქ მორწმუნეებს და უბრალო ადამიანებს ხშირად ჩამოჰქონდათ ამბავი ჩვენი ეკლესიის წარმატებათა შესახებ. ეს მე სიხარულით მავსებდა და მაძლევდა ძალას. ახლა კი, ინება უფალმა და თქვენმა უწმიდესობამ, წმიდა სინოდთან ერთად, ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევა განაჩინა. ასეთი ნდობა განუზომელად ბევრს მავალებს. საქართველოს ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში დედასაებრ მფარველობდა და ჭირნახულობდა ჩვენს ერს. ეკლესიის წიაღში იწრთობოდა მამულისათვის თავდადებულ მებრძოლთა გმირული სული, სარწმუნოების ნათელი მიუძღოდა ჩვენი ერის კულტურის წინსვლა-აყვავებას და, რა დასანანია, რომ ქართული ეკლესიის ეს დიდი როლი, როლი სულიერი ხელმძღვანელისა და წარმმართველისა, ბოლო საუკუნეების მანძილზე შესუსტდა და მოდუნდა... შენთვის ვილოცებ, ქართველო ერო და შენი სულიერი წინსვლისა და აღორძინების საქმეს შევსწირავ ჩემს მომავალ მსახურებას." (60, 1981, 1).

მეუფე ანანიამ თავისი თავდადებული ღვაწლით მთელ ერს დაანახა, ეპისკოპოსად კურთხევის ჟამს წარმოთქმული ფიცი და სულისკვეთება როგორ უნდა აღასრულო. იგი ჯერ ნიკორწმინდის, ხოლო 1981 წლის 29 აპრილიდან 1992 წლის 25 დეკემბრამდე ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსია. XX საუკუნის 30-70-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოქციულო ეკლესიაში ნომინალურად 15 მოქმედი ეპარქია იყო, მაგრამ რეალურად ამ ეპარქიათა უმრავლესობას არც მოქმედი ეკლესიები ჰქონდათ და არც მონასტრები. ეპარქიათა წინამძღოლები მცხეთა-თბილისის ეპარქიებში იყვნენ გადანაწილებულნი. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო სამცხე-ჯავახეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთსა და მესხეთში, სადაც შუა საუკუნეებში 13 მოქმედი ეპარქია იყო. 1977-1978 წლებში არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ ფუნქციონირებდა, მაშინ, როდესაც სომხურ-მონოფიზიტურ საკათოლიკოსოს 4, ხოლო რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას - 3 მოქმედი ეკლესია ჰქონდა. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ახალციხეში 1980 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა წმიდა მარინეს სახელობის მართლმადიდებელი ეკლესია. რთული ვითარება დახვდა მეუფე ანანიას ეპარქიაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენის, ასპინძისა და ბოგდანოვკის (ნინოწმინდა) რაიონები გამოცხადებული იყო სასაზღვრო ზონად და აწყურის იქით სპეციალური საშვების გარეშე ვერავინ გადავიდოდა. ისტორიულ მესხეთში ქართველის გარდა ყველა ეროვნება (სომეხი, რუსი) და ყველა აღმსარებლობა (კათოლიკენი, სომხურ-მონოფიზიტური), მართლმადიდებლობის გარდა თავს ლაღად და თავისუფლად გრძნობდა. ასეთ ვითარებაში მართლმადიდებელი ქართველი წინამძღვრის თითოეული ნაბიჯი უდიდეს დიპლომატიას და თანმიმდევრულ პოლიტიკას უნდა დაფუძნებოდა, საჭირო იყო ამ ისტორიული კუთხის ყველა თავისებურებათა ზედმიწევნით შესწავლა.

მეუფე ანანიამ არაერთხელ მოინახულა ეპარქიის სოფლები, შეხვდა მოსახლეობას, მოისმინა მათი პრობლემები, ახალციხის მუზეუმსა და საქართველოს არქივებში დაწვრილებით შეისწავლა ქართული და არაქართული საისტორიო და საეკლესიო საბუთები, ქართველი მოსახლეობის ნაწილის კათოლიკობაზე, სომხურ-მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე, მაჰმადიანობაზე გადასვლის მიზეზები და გადაწყვიტა შეჭიდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის მრავალტომეულის შექმნას, რომელშიც საფუძვლიანად გაანალიზდებოდა წარსული, აწმყო და მომავალი. ბევრს დაუჯერებლად ეჩვენებოდა, როგორ მოახერხებდა ერთი კაცი ასეთი დიდი მასშტაბის სამუშაოს შესრულებას, მაგრამ საქმის სიყვარულმა, მშობლიური ეკლესიის ინტერესმა და რწმენამ მას ეს შეაძლებინა. 1996-2003 წლებში გამოიცა მისი "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია" (ოთხი ტომი), 2003 წელს "საქართველოს საეკელსიო კრებები" სამ წიგნად. გარდა აღნიშნული ნაშრომებისა, მეუფე ანანიას ეკუთვნის "ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე" (1994 წ.) "მესხეთი ქართველთა გამაჰმადიანება" (1998 წ.), "საინგილო ქართველთა გალეკება" (1998 წ.) "ლაზეთ-თრიალეთი ქართველთა გაბერძნება" (1999 წ.) "ქართლ-კახეთი ქართველთა გასომხება" (1999 წ.) "აფხაზეთი ქართველთა გააფხაზება" (2001 წ.) "რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას" (2002 წ.), "პეტრე იბერი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი" (2002 წ.), "ქართული საეკლესიო (სალიტერატურო) ენის ჩამოყალიბების საკითხისათვის" (2002 წ.) "დედა ეკლესია" (1996 წ.)"ღვთისმშობელი - შემწე ქართული ენისა," 2008. 2009 წ. გამოიცა მისი 1300 გვერდიანი ნაშრომი "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია." ამ ნაშრომებით მეცნიერი მეუფე ანანია საზოგადოების წინაშე წარმოჩინდა როგორც გამოჩენილი ორსაუკუნოვანი ინტერვალის შემდეგ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის კვლევის ერთ-ერთი მესარძიკვლე. შეიძლება არ დაეთანხმო მის ყველა მოსაზრებას, მაგრამ შეუძლებელია არ განიმსჭვალო ავტორის შრომების მიმართ დიდი პატივისცემით. 1992 წლის 25 დეკემბრიდან მეუფე ანანია მანგლისის, 1995 წლის ივნისიდან - მანგლისისა და წალკის მთავარეპისკოპოსია. 2002 წელს მას მიენიჭა მიტროპოლიტობა.

მეუფე ანანიას ღვაწლით ღვთისმსახურება განახლდა ზარზმის, ვარძიის, საფარის მონასტრებში. აღსდგა ივლიტას, ხვალიშის, ახალდაბის, სადგერის ეკლესიები, ახალი ეკლესიები გაიხსნა აბასთუმანში, ბორჯომში, ალგეთში, კოდაში, მუხათაში, ვაშლოვანში, ღოუბანში, ბორბალოში, მარაბდაში. 1990 წელს მისი თაოსნობით ახალციხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის რექტორიც იყო 1992 წლამდე. მეუფე ანანიამ 1999 წლის 2 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსია შუა საუკუნეებში" და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წლის სექტემბრიდან მეუფე ანანია განაგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრას, 2003 წლის 11 აპრილს  მიენიჭა პროფესორის წოდება. მეუფე ანანია 1992 წლიდან ლექციებს კითხულობს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

მეუფე ანანია დაჯილდოებულია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ორდენით, ალექსანდრიის საპატრიარქოს წმიდა მარკოზის ორდენით. მწერალთა გაერთიანებამ (ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი) მიანიჭა პრემია "თვალსაჩინო საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეობისათვის". მიღებული აქვს გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. მეუფე ანანიას თითოეული ნაშრომი ემსახურება ქართული ისტორიოგრაფიის საბჭოური იდეოლოგიური დოგმებისაგან განთავისუფლებას, ერთიანი ქართული ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების განმტკიცების ამოცანას.

ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი არაერთხელ დამდგარა უდიდესი განსაცდელის წინაშე, მტერი ყოველთვის ცდილობდა ქართველი ხალხის დაქსაქსვას. მეუფე ანანია, როგორც ღირსეული მამულიშვილი და ინტელექტუალი მღვდელმთავარი, სიტყვით თუ საქმით იღწვის ქართველი ერის ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცისათვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდით მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე, სიმპოზიუმებზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების დღესასწაულებზე ყოველთვის გამორჩეული სიტყვით გამოდის მეუფე ანანია. ასე იყო 2007 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში, "მრავალი ჩვენგანი მოწმეა იმისა, რომ მისმა უწმიდესობამ ამ 30 წლის წინ ჩაიბარა უცხო ქვეყნის მპყრობელობის შედეგად დამცრობილი ეკლესია, მატერიალურად უნივთო, ნაკლოვანი და ქანცმილეული, ათეისტ მმართველთა მძლავრობით დაშინებული სულ რამდენიმე სამღვდელო პირით, - აღნიშნა მან, - და აი, გავიდა 30 წელი და ჩვენ ვხედავთ, თუ რა წარმატებით შეეგება ჩვენი ეკლესია ახალ ათასწლეულს... თქვენ ყოველდღიური საქმითა და სიტყვით იყავით და ხართ ჭეშმარიტი მოძღვარი და მასწავლებელი, წმიდა ეტალონი არა მხოლოდ სულიერი ეკლესიისა, არამედ ყოფითისა, ეთიკისა თუ ესთეტიკისა. ყველა ჩვენგანმა ყველაფერი თქვენგან შეისწავლა, უფრო სწორად თუ ვიტყვით, უნდა შეისწავლოს, რადგან თქვენ უკვდავი საღმრთო მაგალითი ბრძანდებით წყალობისა და ქველის საქმისა, ლოცვისა და მარხვისა. როგორც იტყვიან, ვინ აღრიცხავს თქვენს სახიერებას ზეცათა მამის გარდა? 30 წლის წინანდელ ერთგვარად ქაოტურ სასულიერო დასში დაინერგა წესიერება და კანონი და თქვენი მორიდებითა და კრძალვით ვერავინ იკადრებს უწესო სვლას. პატიოსნება და ღირსება თავის ადგილს იმკვიდრებს. მონასტრები, საეპისკოპოსოები და ეკლესიები წესითა და რიგით აღასრულებენ საღმრთო მსახურებას." (68, 2007, X).

მიტროპოლიტი ანანია "ეროვნული ეკლესია"

 

"ქედმოდრეკილა ნაღვლით საწყალი,
რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა"
ილია მართალი. "აჩრდილი"

ჩვენს ერს აქვს შინაგანი, ღრმა, გულისგულში დაფარული სიყვარული დედა-ეკლესიისადმი, მაგრამ ეს ტრფობა ჩვენს არსში ქვეცნობიერად დევს, ის წინაპართაგანაა ნაანდერძევი, ძველთაგან გადმოცემული, ამდენად მილევადია და მიმქრალი, რამეთუ არაა განმტკიცებული ახალი ცოდნით, სწავლებით, საზოგადოებრივი დამოკიდებულებით, ავტორიტეტით, მიბაძვით, მაგალითით.

უფრო მეტიც, არაიშვიათად ჩვენი ხალხისაგან ისმის საყვედურები, განსაკუთრებით მათგან, რომელთაც უკვე გაიცნეს სექტანტური მიმდინარეობები და უჩნდებათ კითხვები ეკლესიისადმი თავიანთი გულგრილობის გასამართლებლად: რატომ იყიდება სანთელი ეკლესიაში? რატომაა ძვირი? რატომ იღებს მღვდელი ფულს ნათლობასა და სხვა წესების შესრულებაში? რატომ არაა მუდმივი, უწყვეტი ქადაგება ეკლესიებში, როცა იქ შესულ თუნდაც ერთადერთ ადამიანს მღვდელი ხვდება და ესაუბრება? რატომ არა გაქვთ სასულიერო ლიტერატურა, რაცა გაქვთ, რატომ ყიდით მას და არ არიგებთ უფასოდ, როგორც სხვები? ყველაფრით ვაჭრობა და გაყიდვა შეიძლება? სახარებისაც? რატომ არ არის ეკლესიებში ისეთივე სისუფთავე, როგორიცაა ვთქვათ არაქართულ ეკლესიებში, მით უმეტეს უცხოეთში? რატომაა მომსახურეობა თქვენთან დაბალი დონისა?... და სხვა მრავალი.

განსაკუთრებათ საყურადღებოა სიმართლითა და ზრუნვით გამოთქმული გულისტკივილი: ჩვენს სოფელში ეკლესიაა, მღვდელს ვითხოვთ წლების მანძილზედ, არ გვიგზავნიან, მთელ რაიონში ერთი ღვთისმსახურიც არა გვყავს, უყურადღებობის გამო სარწმუნოებრივად უცოდინარ ჩვენს ხალხს სექტანტები იბირებენ თავისკენ...

ახლახან საბერძნეთიდან ჩამოსული ერთი ადამიანი აღტაცებით ლაპარაკობდა ბერძნულ ეკლესიებში მრევლისადმი ყურადღების შესახებ, რომ იქ სანთელი არ იყიდება, სუფთა და არა ისეთი, როგორიც ჩვენთან (ძვირი და უხარისხო), რომ ბერძენი მღვდლები პირადად იცნობენ მრევლის ოჯახის თითოეულ წევრს, წარმოადგენენ ოჯახის უდიდეს მრჩეველს და თანამდგომს ჭირსა თუ ლხინში, რომ ბავშობიდან ვიდრე სიბერემდე იქაური ადამიანები სამღვდელოების სულიერი მზრუნველობით არიან გარემოცულნი, მსგავსადვე ლაპარაკობენ უცხოეთიდან ჩამოსული სხვა ადამიანებიც.

დიახ, რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს - სამღვდელოება და მისი სამწყსო ერთ მთლიანობას, ერთიან სულიერ ორგანიზმს უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც ეწოდება კიდეც ეკლესია. ვინც საქართველოს წარსულ საეკლესიო ცხოვრებას იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჩვენშიც ასევე იყო ძველად.

რა ვუპასუხოთ ზემოთ მოყვანილ კითხვებს, მათ პასუხი უნდა გაეცეთ, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის, საბედნიეროდ, ვინც ჩვენი ეკლესიის შინაგან ცხოვრებას იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჩვენი სამღვდელოება, შეიძლება ითქვას, გმირული თავდადებით ასრულებს მასზე დაკისრებულ უზენაეს ვალდებულებას, ესაა - მსახურება ღვთისა და ერისა. როგორ? - იკითხავს მკითხველი, მაშ ვის ეხება გამოთქმული საყვედურები? ისინი ბუმერანგივითაა. საქმე ისაა, რომ ჩვენი დედა საქართველოს სამოციქულო (მართლმადიდებლური) ეკლესია მართალია, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთ-ერთი უღარიბესიცაა, არავითარი მუდმივი შემოსავალი, უცვლელი საარსებო წყარო არც სამღვდელოებასა და არც ეკლესიას არ გააჩნია. აქ იგულისხმება ის, რომ არც ჩვენი სამღვდელოება და არც ეკლესია არ იღებს საზოგადოებისაგან, სახელმწიფოსაგან დოტაციას, საარსებო სახსრებს, არ არსებობს ხელფასები, სოციალური დახმარება. სამღვდელოება არსებობს შემთხვევიდან შემთხვევამდე, მათი ოჯახების კეთილდღეობა, სოციალური ყოფა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც ემსახურებიან ნათლობითა და სხვა წესების შესრულებით, მათთვის უცნობია სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინები, პენსიები, სხვა შეღავათები, რითაც არსებობენ საქართველოს მოქალაქენი, სამღვდელოების გამოკლებით. ხოლო ჩვენი ეკლესიების შეკეთების, გუნდების, მომსახურე პერსონალის, დიაკვნების, მედავითნეების, სასულიერო სასწავლებლების სტუდენტების, პედაგოგებისა და სხვათა ხელფასები და სტიპენდიები გაიცემა ეკლესიებში სანთლის გაყიდვით შემოსული თანხისაგან. საოცარი ისაა, კიდევ როგორ ახერხებს ჩვენი ეკლესია ფეხზე დგომას და თავისი თავის ღირსეულად წარმოჩენას მსოფლიოს და მრავალი ჩამოსული სტუმრის წინაშე.

თუ როგორი იყო ჩვენი ეკლესიის ყოფა ძველად, ამას ქვემოთ შევეხებით, მანამდე კი განვიხილოთ უცხოეთის ქვეყნებში ეკლესიათა თანამედროვე ყოფა, რა წარმოადგენს მათ საარსებო წყაროს - ეკლესიაში სანთლის გაყიდვით, ნათლობითა და სხვა წესების შესრულებით მიღებული თანხები?!

მსოფლიოს უძველეს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საბერძნეთის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია და დღითი დღე უფრო ძლიერდება, თანდათანობით იჭერს თავის კუთვნილ, წამყვან ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. ამის მიზეზი გახლავთ საბერძნეთის სახელმწიფოსა და ხალხის დამოკიდებულება თავისი ეკლესიისადმი. კონსტანტინეპოლის დაცემის (1453 წ.) შემდგომ ელადა ოსმალებმა დაიპყრეს. ბერძნებმა ეროვნული სახელმწიფოებრიობა არც თუ დიდი ხნის წინ, XIX ს-ის II ნახევარში აღიდგინეს. ოსმალებისაგან საბერძნეთის განთავისუფლებას ხელს უწყობდა მაშინდელი მთელი კულტურული მსოფლიო, გამოჩენილი ადამიანები პირადად მონაწილეობდნენ (ბაირონმა სიცოცხლეც არ დაიშურა) ამ საქმეში, მაგრამ მრავალ პიროვნებას ეეჭვებოდა, რომ თითქმის 400 წლოვანი მონობის შემდგომ ბერძნები შეძლებდნენ ეროვნული თავისთავადობის ანუ იმ ძველი "ბერძნობის" დაბრუნებას, რომელსაც ასე სცემდა თაყვანს კაცობრიობა. საბედნიეროდ, ბერძნებმა შეძლეს ეროვნული ხასიათის, ეროვნულ ჩვეულებათა აღდგენა. მათ იცოდნენ, რომ ნაციონალურ თვისებათა დვრიტას ბერძნული ეკლესია წარმოადგენდა. საუკუნეთა მანძილზე ბერძნობა და ქრისტიანობა, ბერძნობა და მართლმადიდებლობა, ბერძნობა და ეკლესია გაერთმნიშვნე¬ლოვანდა. ვისაც "ბერძნობის" აღორძინება სურდა, მას უნდა ეზრუნა კიდეც ეროვნული ეკლესიის აღორძინებისათვის, და, მართლაც, XIX ს-ის II ნახევარშივე, ახლად წარმოქმნილმა საბერძნეთის სახელმწიფომ ბერძნული ეკლესია გამოაცხადა ეროვნულ ეკლესიად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ბერძნული ეკლესიის ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის გადაჭრა, სამღვდელოებას დაენიშნა ხელფასები I კატეგორიის სახელმწიფო მოხელეთა თანაბრად, ბიუჯეტი ითვალისწინებს სახსრებს სამღვდელოების პენსიების, სოც-უზრუნველყოფის, ბინების, კომუნალური მომსახურებისა და სხვა საჭიროებისათვის, მხოლოდ ერთი მოვალეობა დაეკისრა სამღვდელოებას - შეასრულოს თავისი სულიერი ვალდებულება - აღზარდოს ახალი თაობა, ზნეობრივად განამტკიცოს და გააჯანსაღოს ერი.

ჩვენ საზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საბერძნეთში მართლმადიდებლური სარწმუნოება არის სახელმწიფო რელიგია, უფრო მეტიც, სახელმწიფო კანონმდებლობის ზოგიერთი ნაწილი დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის პრინციპებზე.

ვინც ძველი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებასაა გაცნობილი, დამემოწმება, რომ ჩვენშიც ჩვენი ეროვნული ეკლესია წარმოადგენდა სახელმწიფო ეკლესიას. სახელმწიფოსა და ეკლესიის მჭიდრო ურთიერთობის ძველებური სახე უცვლელადაა შემონახული ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში რომელიმე ქრისტიანული მიმდინარეობა წარმოადგენს ან სახელმწიფო ან ოფიციალურ რელიგიას, (ეროვნულ, გაბატონებულ, პრივილეგირებულ), სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ მყოფ ეკლესიებს. მათი ასეთი მდგომარეობა არანაირად არ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და აღმსარებლობის (სინდისის) თავისუფლებას.

მაგალითად, დემოკრატიის ისეთ ბურჯში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, არის ორი სახელმწიფო ეკლესია. ინგლისში ანგლიკანური ეკლესიაა, ხოლო შოტლანდიაში 1952 წლიდან - პრესვიტერიანული. ანგლიკანური ეკლესიის მღვდელმთავრების (ეპისკოპოსების და მთავარეპისკოპოსების) დიდი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. სამღვდელოება სრულებით არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, ანუ სამღვდელოების ხელფასებს, პენსიებს, სოცდახმარებებს და სხვა საეკლესიო გასავალ თანხებს სრულიად იძლევა სახელმწიფო.

ასევე შვეციაში, ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია თავისი სტატუსით არის სახელმწიფო ეკლესია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ეკლესიის მიმართ იტალიის სახელმწიფოს დამოკიდებულება. 1957 წლის იტალიის კონსტიტუციამ გამოაცხადა სინდისის (აღმსარებლობის) თავისუფლება, მაგრამ კათოლიკობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. სამოქალაქო კანონმდებლობის ფუნდამენტად გამოყენებულია კანონიკური სამართალი. ჩვენთვის უაღრესად საყურადღებოა, რომ კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში სავალდებულოა საღმრთო რჯულისა და თეოლოგიური საგნების სწავლება. კათოლიკური ეკლესია განთავისუფლებულია გადასახადებისაგან.

ირლანდიაში კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებით პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია, მას დიდი ავტორიტეტი გააჩნია საზოგადოებაში. 1937 წლის კონსტიტუციამ კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ჩვენთვის საყურადღებოა, რომ ევროპის ამ ქვეყანაში ეკლესია აკონტროლებს განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემას; დიდი გავლენა აქვს პოლიტიკურ სტრუქტურებზე, აკრძალულია განქორწინებანი, აბორტები და კონტრაცეპტიური საშუალებების გაყიდვა, თანახმად კანონისა.

ბელგიაში კათოლიკურ ეკლესიას გაბატონებული მდგომარეობა უკავია. 1831 წლის კონსტიტუციით მას აქვს ფართო რელიგიური პროპაგანდის უფლება. კათოლიკურად არის ჩამოყალიბებული განათლების ყველა საფეხური. ცნობილია ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც რამდენიმე რომის პაპმა დაამთავრა.

ავსტრიაში კათოლიკობა არის გაბატონებული კონფესია და ის დაფიქსირებულია შესაბამისი კანონმდებლობით. კერძოდ, კონკორდატით ავსტრიასა და ვატიკანს შორის, რომელიც 1933 წელს დაიდო და 1957 წელს განახლდა.

პორტუგალიაში კათოლიკური ეკლესია პრივილეგირებული კონფესიაა. 1940 წელს დადებულმა კონკორდატმა ვატიკანსა და პორტუგალიას შორის კათოლიკურ ეკლესიას ფართო უფლებები მიანიჭა.

გერმანიაში ორი მიმდინარეობა არის გაბატონებული და ეს პრივილეგირებული მდგომარეობა დაფიქსირებულია შესაბამისი კანონმდებლობით. ეს კონფესიებია კათოლიციზმი და ლუთერანობა (ევანგელიკური ეკლესია).

დანიაში კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს სახელმწიფო რელიგია, რომელსაც ეწოდება "დანიის სახალხო ეკლესია" (ევანგელიკურ-ლუთერანული), მისი ფორმალური მეთაური არის მეფე.

ისლანდიაში, ასევე კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენს - "ისლანდიის სახალხო ეკლესია" (დგას ევანგელიკურ-ლუთერანულ პოზიციებზე), სახელმწიფო მხარს უჭერს და ეკონომიკურად ეხმარება მას.

ნორვეგიაში სახელმწიფო რელიგია არის ევანგელიკურ-ლუთერანული ეკლესია. მისი ფორმალური მეთაური არის მეფე.

ფინეთში სახელმწიფო ეკლესიის სტატუსი აქვს ევანგელიკურ-ლუთერანულ ეკლესიას. ეკლესიის შესახებ კანონების მიღება ხდება ერთობლივად ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საეკლესიო კრებას ეკუთვნის.

ესპანეთში სახელმწიფო რელიგია არის კათოლიციზმი.

ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ბოლო წლებში განთავისუფლდნენ კომუნიზმისაგან, მიღებულია ახალი კანონმდებლობანი ეკლესიის მიმართ. ჩეხეთად და სლოვაკეთად გაყოფამდე ჩეხოსლოვაკიის კონსტიტუციის თანახმადაც, არც მართლმადიდებელი და არც კათოლიკურ ეკლესიები არ იყვნენ გამოყოფილი სახელმწიფოსაგან. სახელმწიფო ეკონომიკურად ეხმარებოდა მათ.

უნგრეთში ორი გავლენიანი კონფესიაა, რაც დაფიქსირებულია შესაბამისი კანონმდებლობით _ კათოლიკობა და უნგრეთის ევანგელიკურ-რეფორმატული ეკლესია.

პოლონეთში მიიღეს ცალკე კანონმდებლობა კათოლიკური ეკლესიის შესახებ.

ასეთია სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ეკლესიისადმი ევროპულ ქვეყნებში, რომელნიც მიიჩნევიან მსოფლიო დემოკრატიის უდიდეს ბურჯებად, მაგრამ უფრო ღრმაა ეს დამოკიდებულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ლათინურ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში. ბოლივიაში კათოლიციზმი სახელმწიფო სარწმუნოებას წარმოადგენს, საერთოდ, ლათინური ამერიკის ქვეყნებში სახელმწიფო განსაკუთრებით მფარველობს კათოლიკურ ეკლესიას (პატრონატის უფლება). ასეთი ქვეყნებია: არგენტინა, ვენესუელა, ჰაიტი, დომინიკანური რესპუბლიკა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, პარაგვაი, პერუ. ამ ქვეყნებში კათოლიკურ ეკლესიას ეწოდება - "ეროვნული ეკლესია".

კოლუმბიაში კათოლიკურ ეკლესიას აქვს ფართო იურიდიული და სამოქალაქო უფლებები. გამოცხადებულია სინდისის (აღმსარებლობის) თავისუფლება, მაგრამ კათოლიკობა აღიარებულია ერის (ნაციის) რელიგიად და"ქვეყანაში ერთიანობისა და საზოგადოებრივი მოწესრიგების ერთ-ერთ ფუნდამენტად", რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.

ბრაზილიაში კათოლიკურ ეკლესიას პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია, ის იძლევა ეროვნულ პროგრამებს ეკონომიკური განვითარებისა, აგრარული რეფორმებისა, განათლებისა და სხვადასხვა კანონმდებლობებისა.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში სახელმწიფო რელიგია შეტანილია 43 ქვეყნის კონსტიტუციაში, თუ არას ვიტყვით ისლამურ და სხვა ქვეყნებზე.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთობა, მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების ეროვნულად აღიარება და ეროვნული ეკლესიის სახელმწიფოებრივი სტატუსი არ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს, აღმსარებლობის თავისუფლებას.

შევადაროთ უცხოეთის ეკლესიათა და სამღვდელოების ყოფა ჩვენსას, იქ სახელმწიფო უვლის, აშენებს, პატრონობს მოქმედ ეკლესიათა შენობა-ნაგებობებს, სამღვდელოებას უხდის ხელფასს, პენსიებს, განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემები ეკლესიის კონტროლის ქვეშაა, სასულიერო წოდებას ღირსეული ადგილი უჭირავს საზოგადოებაში, ჩვენი სამღვდელოება კი, მიუხედავად კომუნისტური წყობის დაშლისა, ფაქტიურად ყოველგვარ სამოქალაქო უფლებასაა მოკლებული, თუნდაც ის რად ღირს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე შრომის შემდეგ სახელმწიფო ღვთისმსახურს არ აძლევს პენსიას, თუ არას ვიტყვით ბინასა და სოციალურ დახმარებებზე, ამჟამადაც მიუხედავად სახელმწიფო ქონების პრივატი¬ზირებისა. სამღვდელოებას არ შეხვდა ქონების არავითარი ნაწილი, რამეთუ ფაბრიკა-ქარხნებისა და მსგავსთა განსახელმწიფოებრიობაში ეკლესიას არ უდევს არავითარი წილი, თუმცა ყოველივე ზემოთ თქმული წარმოუდგენელ ფუფუნებად ჩანს იმ ფონზე, რომ სამღვდელოება სახელმწიფოსაგან არ იღებს ხელფასს, მაშინ როცა ჩვენი საზოგადოების ყოველ ფენას სახელმწიფო უხდის ხელფასს, მიუხედავად იმისა, ადამიანები სამსახურში დადიან თუ არა.

ჩვენი სამღვდელოება ყოველდღიურ ზრუნვასა და ჯაფაშია, რომ როგორმე მოიპოვოს საარსებო სახსარი ოჯახის გამოსაკვებად, ქველი საქმის აღსასრულებლად, სხვათა დასახმარებლად, ამ სახსრებს კი თავისი პირადი შრომით მოიპოვებს - ნათლობითა და სხვა წესების შესრულებით; საბედნიეროდ, მიუხედავად ასეთი ჯაფისა, ჩვენს სამღვდელოებას კიდევ ყოფნის ენერგია, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მრევლის სულიერი აღზრდისა და უცხო სექტების საწინააღმდეგო ღვაწლში, ხოლო საეკლესიო შენობა-ნაგებობათა, გუნდების, მომსახურე პერსონალისა და სხვათა შესანახი სახსრები, როგორც აღინიშნა, მიიღება იმ მცირეოდენი თანხების შეგროვებით, რომლებიც სანთლის გაყიდვისაგან შემოდის, ჭეშმარიტად, რომ სახელმწიფოს ზურგი აქვს შექცეული ჩვენი ეკლესიის მიმართ და მერე რომლისა, იმ ეკლესიისა, რომელმაც ავად თუ კარგად ჩვენს ერს - ერობა შეუნარჩუნა, ჩვენს ხალხს - ქართველობა. ჩვენს სამშობლოს კი - ქრისტიანული ქვეყნის სახელი. ძველი ქართული კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა და უმეტესი იმისა, რითაც ჩვენი ერი ამაყობს, ნაღვაწია ჩვენს ეკლესია-მონასტრებში, უფრო მეტიც, საუკუნეთა მანძილზე ჩვენს ეროვნულ თვალთახედვაში ქრისტიანობა და ქართველობა გაერთმნიშვნელოვანდა, სინონიმებად იქცა, ამიტომაც იყო, რომ თუ, რაღაც მიზეზების გამო, ქართველი მართლმადიდებლობას უარყოფდა და გრიგორიანობას მიიღებდა, მას ქართველს კი აღარ უწოდებდნენ, არამედ "სომეხს", თუ ქართველი კათოლიკობას მიიღებდა - "ფრანგს" უწოდებდნენ, მაჰმადიანს - "თათარს" ან "თურქს", ხოლო ბერძნულ ეკლესიას მიკედლებულ ქართველს - "ბერძენს", ე.ი. "ქართველი" მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს ეწოდებოდა.

ჩვენ ქართველობა ჩვენმა დედა ეკლესიამ შეგვინარჩუნა, ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ძველი სახელმწიფო მეთაურები, მეფეები, პოლიტიკური მოღვაწეები, მთავრები განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდნენ საქართველოს ეკლესიას, აძლევდნენ ქონებას, მამულებს, შეღავათებს, სახსრებს, შეწირულობებს, სოფლებს, ჩვენი ეკლესია მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, ხელმწიფის კარზე (ჩვენი ქვეყნის ერთიანობისას) იმყოფებოდა უპირველესი ვეზირი ანუ პრემიერ-მინისტრი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის წოდებით, იქვე იმყოფებოდნენ სხვა ეპისკოპოსები, მოძღვართმოძღვარი, კათალიკოსები. მათ ხელში იყო არა მხოლოდ საეკლესიო და სახელმწიფო დაწესებულებების (მაგალითად - "სააჯო კარის" - უზენაესი სასამართლოს) მართვა, არამედ ზოგჯერ ლაშქრის ხალმძღვანელობაც კი. საქართველოს დასუსტება-დაშლისას სადროშოებს, ანუ სამხედრო ოლქებს (მაგალითად კახეთში), ეპისკოპოსები მეთაურობდნენ.

ეკლესიას ყოველთვის დიდი ქონება ჰქონდა, ამიტომაც სამღვდელოება დაუბრკოლებლად აღასრულებდა თავის უშუალო მოვალეობას - ერის ზნეობრივ აღზრდას.

ქართული ეკლესიის დღევანდელ სავალალო ყოფას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნეში. საერთოდ ერისათვის ყველაზე დიდი უბედურებაა ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოშლა. ქართული სახელმწიფო ერთეულების გაუქმებას თან მოჰყვა ეროვნული ეკლესიის გაქრობაც. რუსეთის ადმინისტრაციამ და იმპერიამ ეკლესიას ჩამოართვა უზარმაზარი ქონება _ შეფასებული 150 მილიონ ოქროს მანეთად, ამაში შედიოდა მამულები, სოფლები, ფაბრიკა-ქარხნები, სამღებროები, წისქვილები, ბაღები, სარეწაო და შემოსავლიანი ადგილები და სხვა მრავალი, არას ვიტყვით შენობა-ნაგებობებზე და იმ საეკლესიო გადასახადებზე, რომლითაც დაბეგრილი იყო მთელი მოსახლეობა. ამ 150 მილიონი მანეთის ყოველწლიური მოგების 1-3%-ს მთავრობა ხელფასების სახით აძლევდა მართლმადიდებელ სამღვდელოებას, არა მხოლოდ საქართველოსას, არამედ მთელი ამიერკავკასიისას (ბაქოსა, დღევანდელ განჯასა და სხვაგან გაიხსნა მართლმადიდებლური ეკლესიები). ასე რომ, საქართველოს ეკლესიის ქონების პროცენტებით გასული საუკუნის მანძილზე არსებობდა ამიერკავკასიის რუსულ-ბერძნულ-ქართული სამღვდელოება. XX საუკუნეში კი ახლად აღორძინებულ ქართულ ეკლესიას ათეისტურ-კომუნისტურმა სახელმწიფომ ჩამოართვა როგორც ამბობენ 1500 მოქმედი ეკლესია-მონასტერი, თუ არას ვიტყვით საეკლესიო განძსა, მამულებსა და სხვა უდიდეს დანაკლისზე. საერთოდ, ქართული ათასწლობით ნაგროვები ეროვნული განძი ეკლესია-მონასტრებში იყო დაცული უძვირფასესი ხატების, ჯვრებისა და სხვა ნივთების სახით. ყველა ისინი სახელმწიფომ მოიხმარა. რა დარჩა დღეს სახელმწიფოს მიერ ქონებაჩამორთმეულ ქართულ ეკლესიას? იმედი იმისა, რომ ახალი ქართული სახელმწიფო თავის ჭეშმარიტ ეროვნულობას საფუძველს ჩაუყრიდა ქართული ეკლესიის განმტკიცებითა და აღორძინებისათვის ზრუნვით, ჯერჯერობით გაცრუებულია.

ჩვენთვის განსაკუთრებით აუნაზღაურებელია ის მორალურ-ზნეობრივი დანაკლისი, რომელიც განვიცადეთ ათეისტების ბატონობისას, მათ განუწყვეტელი, მუდმივი და ყოველდღიური პროპაგანდით, პრესით, რადიო-ტელევიზიით, ლიტერატურით მოახერხეს სამღვდელოების, დედა-ეკლესიისა და ეროვნული სარწმუნოების სახელის შებღალვა. მართალია, ხალხს არ სწამდა კომუნისტებისა,¬ მაგრამ ათეისტურმა, ანტიეკლესიურმა აღზრდამ, ბავშობიდან ვიდრე სიბერ¬ემდე, დაღი დაასვა ადამიანთა შეხედულებებს, რომელიც თანდათან დაილექა ადამიანთა შემეცნებასა და გულებში. სწორედ ამიტომ ეკლესიას უნდა მიეცეს უფლება აქტიური პროპაგანდისა, ისე როგორც ბელგიის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ე.ი. მიეცეს რადიო და ტელე ქადაგებებისა და სწავლებისათვის დიდი დრო, პრესაში დაეთმოს მნიშვნელოვანი ადგილი, გადაეცეს გამომცემლობა, გადაიღოს ფილმები და მსგავსი, ყოველივე ეს უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, ისევე, როგორც სახელმწი¬ფო აფინანსებდა მსგავსი საშუალებებით ათეისტურ პროპაგანდას. ეს ჩვენი მორალურ-ზნეობრივი დანაკარგების კომპენსაციაც იქნებოდა.

ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ერთობის საძირკველს სარწმუნოებრივი ერთობა წარმოადგენდა, ახლაც სასურველია თუ ხალხი ერთ რელიგიას აღიარებს, ექნება ერთი ეკლესია. ესაა საფუძველი სახელმწიფოს სიმტკიცისა; ასევე ესმით ეს საკითხი უცხოეთშიც, ამიტომაცაა, რომ, მაგალითად, კოლუმბიაში, როგორც აღინიშნა, კათოლიკობა აღიარებულია ერის (ნაციის) რელიგიად და "ქვეყანაში ერთიანობისა და საზოგადოებირვი მოწესრიგების ერთ-ერთ ფუნდამენტად." საბედნიეროდ, ჩვენ ამ მხრივ არ გვესაჭიროება რაიმე ხელოვნური ქმედების განხორციელება, ძველთაგანვე მოციქულთა მიერ ნაანდერძევი მართლმადიდებლობა ჩვენი ერის (ნაციის) რელიგიას წარმოადგენს, ამასთანავე ეს სარწმუნოება იყო და არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოება, ამიტომაც თამამად შეუძლიათ ჩვენს კანონმდებლებს განაცხადონ, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქვეყნის ერთიანობისა და საზოგადოებრივი მოწესრიგების ერთ-ერთ ფუნდამენტს. მართლაც, ჩვენივე ისტორიული გამოცდილებით ვიცით, რომ მთელი ჯგუფები ჩვენი ერისა, მთელი ნაწილები ჩამოშორდა ქართველ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებლობისა და ეროვნული ეკლესიის უარყოფის შემდეგ. როგორც აღინიშნა, ქართველი მოსახლეობის საკმაო ნაწილის არმენიზაცია, გათათრება, გაფრანგება, გაბერძნება და მსგავსი, შედეგი იყო ჩვენი ეროვნული სარწმუნოების უარყოფისა, უცხო აღმსარებლობის აღიარებისა, მსგავსადვე ჩამოშორდება ქართველ ერს (თუმცა ჩვენ არ ვისურვებდით ამას) დღევანდელი ქართველი იეღოველების, ბაბტისტების, ორმოცდაათიანელებისა და სხვა სექტანტების შთამომავლები, ყოველივე ეს კი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობა-მთლიანობას, დაშლის ჩვენს საზოგადოებას, ჩვენმა კანონმდებლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

XVII საუკუნეში, როცა ჩვენმა მტრებმა მოშალეს ეროვნულ-ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მაჰმადიანი მეფე-ხანები მართავდნენ, დაეცა ეროვნული ზნეობა, მოიშალა ეროვნული საძირკვლები. ამის გამოსასწორებლად ვახტანგ VI-მ დიდად იღვაწა, დიდი მუშაობა გასწია სამართლისა და სახელმწიფო წეს-წყობილების მოსაწესრიგებლად, შექმნა სახელმწიფო კანონების სახელმძღვანელო წიგნი - დასტურლამალი, რომელშიც საპატიო ადგილი უჭირავს საეკლესიო სამართალს. ამჟამადაც ჩვენმა კანონმდებლებმა უნდა იზრუნონ, რათა სამოქალაქო კანონმდებლობის ფუნდამენტად გამოყენებულ იქნეს კანონიკური სამართალი, როგორც ესაა ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ჩვენშიც ეკლესიას უნდა დაეკისროს განათლების სისტემის კონტროლი ევროპის მრავალ სახელმწიფოთა დარად. ყველა ის უბედურება, რაც თავს დაატყდა საქართველოს ბოლო წლებში - ძმათა მკვლელი სამოქალაქო ომი - უთუოდ შედეგია ხალხის ათეისტური აღზრდისა, ანუ მასობრივად დაცემული ზნეობისა.

საქართველოში მოხდა სამოქალაქო ომი, ომი, რომელიც ჩვენი ხალხისათვის უცნობი იყო ათასწლეულთა მანძილზე, ქართველებმა დახოცეს ქართველები, გადაწვეს საკუთარი დედაქალაქი, გამოდიოდნენ ქუჩებში აღგზნებული ადამიანები აბსურდული და ყოვლად წარმოუდგენელი ლოზუნგებით, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის მოსპობა და საკუთარი სახელმწიფოს დასუსტება თუ მოყვებოდა ამ მოთხოვნებს შედეგად და არა სხვა რაიმე. აფეთქებდნენ საკუთარი ქვეყნის ხიდებს, გვირაბებს, რკინიგზებს, სასიცოცხლო მაგისტრალებს, ელექტროგადამცემ ხაზებს, ანადგურებდნენ და ძარცვავდნენ კეთილმოწყობილ შენობებს, სასტუმროებს, ცენტრებს, ფაბრიკა-ქარხნებს, მილიონობით მანეთად ღირებული დაზგა-დანადგარებიდან იღებდნენ და ახლაც იღებენ სპილენძსა და ძვირფას შენადნობებს, გააქვთ საზღვარგარეთ და კაპიკებზე ყიდიან, ზოგიერთი ქალი ნებაყოფლობით გადიოდა უცხოეთში ამორალური საქციელით კაპიკების მოსახვეჭად, მაშინ, როცა ამის იძულება არ იყო და უმრავლესობას ჰქონდა საკუთარი კეთილმოწყობილი ოჯახი, სახლ-კარი, მანქანები და ფუფუნებაც კი, მაგრამ, რადგანაც შემთხვევა მიეცათ, არ დაზოგეს სამშობლო, ეროვნული ქონება და ყოვლად უზნეოდ გაანიავეს. ყოველივე ეს შედეგია მასობრივი სულიერი გაუნათლებლობისა - უღმერთობისა. უზნეობა სუფევს ჩვენს საზოგადოებაში. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ განათლების სისტემა იმყოფებოდეს ეკლესიის მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის ქვეშ, როგორც ესაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სასკოლო სისტემამ ეკლესიის უშუალო მონაწილეობით უნდა აღზარდოს ახალი ქართველი ერი, ზნეობრივი, ღმერთისა, სამშობლოსა და ერის ჭეშმარიტად და არა ყალბად, ზედაპირულად მოყვარული.

ალბათ მალე განსახილველად გამოიტანენ ახალ ქართულ კონსტიტუციას, რომელშიც ჩვენმა კანონმდებლებმა სასურველია გაითვალისწინონ ჩვენი ფუნდამენტური მიზანი:

- საქართველოს სამოციქულო (მართლმადიდებელი) ეკლესია აღიარებული უნდა იქნეს ეროვნულ ეკლესიად საქართველოს რესპუბლიკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას მიენიჭება სტატუსი სახელმწიფო ეკლესიისა (სახელმწიფო ეკლესიად საქართველოს რესპუბლიკაში აღიარებული იქნება მართლმადიდებელი საქართველოს სამოციქული ეკლესია). ამ სტატუსიდან გამომდინარე, ყველა თავისი შედეგით, რაც ზემოთ იყო ჩამოთვლილი, მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაღება ჩვენი ეკლესიის ხარჯების დასაფარავად (ესაა პირველ რიგში ხელფასები, სოც. უზრუნველყოფა, პენსიები).

ეროვნულ ეკლესიად ქართული ეკლესიის გამოცხადება არ შეზღუდავს საქართველოს რესპუბლიკაში სინდისის (აღმსარებლობის) თავისუფლებას, რაც აღიარებული იქნება კანონით. საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებს, თავიანთი კონსტიტუციის შესაბამისად, ცხადია შეუზღუდველად შეეძლებათ ზემოთ აღნიშნული კანონის განვრცობა. დედა - ქართული ეკლესიის ეროვნულ ეკლესიად გამოცხადება განამტკიცებს ჩვენი სახელმწიფოს საძირკველებს, ჭეშმარიტად რომ მომავალში განაბრწყინებს საქართველოს.

 

მიტროპოლიტი ანანიას ნაშრომების ბიბლიოგრაფია

ანანია ჯაფარიძე. "საქართველოს ეკლესიის ისტორია", ახალციხე-რაბათი, 1983-1988
ანანია ჯაფარიძე. "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია". 4 ტომად. 1996-2003
ანანია ჯაფარიძე. "საქართველოს საეკლესიო კრებები". 3 ტომად. თბილისი 2003
ანანია ჯაფარიძე. "ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე". თბილისი 1994
ანანია ჯაფარიძე. "ქართული ეკლესია XVII-XVIII ს.ს.-ში" (წიგნში "საქართველოს ეკლესიის კალენდარი", 1994)
ანანია ჯაფარიძე. "შობა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი". თბილისი 1995
ანანია ჯაფარიძე. "წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი. წმინდა მეფე ლუარსაბ II. მეფე თეიმურაზის ბრძოლა ქართველობისათვის, ტყვეთა სყიდვა". თბილისი, 1996
ანანია ჯაფარიძე. "დედა ეკლესია". თბილისი 1996
ანანია ჯაფარიძე. "ქართლის ცხოვრების არმენოფილური რედაქცია". თბილისი 1997
ანანია ჯაფარიძე. "ქართველი ერის წარმოშობის შესახებ". თბილისი, 1997
ანანია ჯაფარიძე. "საინგილო-ქართველთა გალეკება". მანგლის-წალკის ეპარქია, 1998
ანანია ჯაფარიძე. "მესხეთი, ქართველთა გამაჰმადიანება". მანგლის-წალკის ეპარქია, 1998
ანანია ჯაფარიძე. "ქართველთა გაოსება". მანგლის-წალკის ეპარქია 2006
ანანია ჯაფარიძე. "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია" (შემოკლებული ვარიანტი, წიგნში "საქართველოს ეკლესიის კალენდარი", 1998, გვ. 105-422)
ანანია ჯაფარიძე. "ქართლ-კახეთი. ქართველთა გასომხება". მანგლის-წალკის ეპარქია, 1999
ანანია ჯაფარიძე. "ლაზეთი-თრიალეთი, ქართველთა გაბერძნება". მანგლის-წალკის ეპარქია, 1999
ანანია ჯაფარიძე. "ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად". მანგლის-წალკის ეპარქია, 2001
ანანია ჯაფარიძე. "აფხაზეთი ქართველთა გააფხაზება". მანგლის-წალკის ეპარქია, 2001
ანანია ჯაფარიძე. "ქართული საეკლესიო (სალიტერატურო) ენის ჩამოყალიბების საკითხისათვის (იოანე ლაზი)". მანგლის-წალკის ეპარქია, 2001
ანანია ჯაფარიძე. "რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას". თბილისი, 2002
ანანია ჯაფარიძე. "პოლემიკა კათოლიკური ორიენტაციის სწავლულებთან". გამომცემლობა "ქართული წიგნი", თბილისი 2002
ანანია ჯაფარიძე. "რჩევები უცხოეთში წამსვლელ ქართველებს". თბილისი 2002
ანანია ჯაფარიძე. "პეტრე იბერი - მართლმადიდებელი ეპისკოპოსი". თბილისი 2002
ანანია ჯაფარიძე. "საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები, პერიოდიზაცია და საეკელსიო ისტორიოგრაფია". თბილისი 2003
ანანია ჯაფარიძე. "საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია". თბილისი 2004
ანანია ჯაფარიძე. "ორი თეორია ქართველი ხალხის ჩამოყალიბების შესახებ". თბილისი 2003
ანანია ჯაფარიძე. "მსოფლიო საეკელსიო კრებები ქართველ ეპისკოპოსთა მონაწილეობით". თბილისი 2003
ანანია ჯაფარიძე. "საქართველოს დედაეკლესია საკითხავი ყმაწვილთათვის". გამომცემლობა "ციცინათელა" თბილისი 2006
ანანია ჯაფარიძე."საქართველოს საეკლესიო ისტორია" (VIII კლასის სახელმძღვანელო). თბილისი 2004
ანანია ჯაფარიძე. პროფესორი მერაბ ვაჩნაძე, პროფესორი ვახტანგ გურული. "ულოცველთა ჟამი (კოსმოპოლიტიზმი: ძველი და ახალი)". გამომცემლობა "არტანუჯი" თბილისი 2005
ანანია ჯაფარიძე. "წმ. ვახტანგ გორგასლის ცხოვრება". სტუ თბილისი 2004
ანანია ჯაფარიძე. "წმ. ნინოს ცხოვრება". თბილისი 2004
ანანია ჯაფარიძე. ალევან II დადიანი - "ხელმწიფე ივერიისა". სტუ. თბილისი 2006
ანანია ჯაფარიძე "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია" თბილისი, 2009 წ.

 

მზადდება გამოსაცემად:

ანანია ჯაფარიძე. "დედა ღვთისმშობელი - შემწე ქართული ენისა". (ძველი ქართული საეკლესიო-ლიტურგიკული ენა). სტუ
ანანია ჯაფარიძე. კოინე ენა. სტუ
ანანია ჯაფარიძე. "ქართიზაცია", იმპერიულ-საბჭოური თეორია: საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო საზღვრების არასწორი ასახვა "პრავოსლავნაია ენციკლოპედია"-ს ტომეულებში.

მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი)

მიტროპოლიტი ვახტანგი, ერისკაცობაში ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი, დაიბადა 1953 წლის 25 ოქტომბერს ცაგერის რაიონ სოფელ ლასურიაში. 1970 წელს მან დაამთავრა ქ. ქუთაისის #1 საშუალო სკოლა და შემდეგ სწავლობდა და მსახურობდა კიევის უმაღლეს სამხედრო-საინჟინრო საავიაციო სასწავლებლის სამხედრო საჰაერო ძალებში. სასწავლებელში კოსმონავტიკის საკითხების შესწავლამ განუმტკიცა მას ღვთის რწმენა და მივიდა იმ შეხედულებამდე, რომ ყველაზე დიდი მეცნიერება ამ ქვეყნად არის ღვთის შემეცნება. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ბადრი ახვლედიანს სურვილი ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ მოულოდნელად შეცვალა გადაწყვეტილება და 1975 წელს  ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1977 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ ბადრი ახვლედიანი აკურთხა დიაკვნად, უწოდა სახელად ბენიამინი და დაადგინა თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად. 1978 წელს მან დაამთავრა სასულიერო სემინარია. ბენიამინ ახვლედიანი იყო მთავარდიაკონი 1977 წლის 23-25 დეკემბერს სიონისა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრებში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა მიმდინარეობდა. 1978 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიაკონი ბენიამინი აკურთხა მღვდლად და დანიშნა თბილისის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახურია. 1980 წლის 15 ოქტომბერს მას დეკანოზის ხარისხი მიენიჭა. 1982 წლის 1 აგვისტოს იგი აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად ვახტანგი და აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1982 წლის 2 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავრების თანამწირველობით არქიმანდრიტი ვახტანგი აკურთხა ეპისკოპოსად. 1 აგვისტოს სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა ვახტანგმა ასე დაიწყო თავისი გამოსვლა: "თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, დიდო მეუფეო! ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მამანო, ძმანო და დანო!
უსაზღვროა განგება ღვთისა და განუზომელია მოწყალება მისი. სწორედ ღვთის განგებითა და მოწყალებით ვდგევარ ამ წმიდა ტაძრის თაღებს ქვეშ და ვითხოვ ღვთისგან - მომანიჭოს კეთილგონიერება ამ მეტად ამაღელვებელსა და ამავე დროს საზეიმო დღეს. რამეთუ გონება ჩემი ვერ პოულობს აზრს, რაოდენ დიდსა მსახურებასა მღვდელმთავრობისა მადლითა მომიწოდებს უფალი. მოვიდრეკ მუხლთა ჩემთა წინაშე უზენაესისა და თაყვანს ვსცემ მის სახიერებას, მოწყალებასა და კაცთმოყვარეობას, რომელიც მომმადლა მაღალმა ღმერთმა თქვენი წმიდა ლოცვით, თქვენო უწმიდესობავ! თავს ვხრი ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე, რომლის კეთილდღეობას უნდა ემსახუროს ჩემი სიმდაბლე - მოწოდებული დიდსა ამას გზაზე. ავდივარ რა მღვდელმთავრის მეტად საპატიო ხარისხში, კარგად მესმის, რაოდენ რთულია გზა, რომელიც ამიერიდან უნდა განვვლო, ვემსახურო ქართულ ეკლესიას, რომელსაც 2000 წელია ქრისტეს გზით უვლია. ეს მე ბევრს მავალებს, შევძლებ თუ არა იმ ჯვრის ზიდვას, რომელიც უფალმან მარგუნა? მე არ მაქვს უფლება ვთქვა ვერა, ან კი. ერთიღა მანუგეშებს, უფალი იმოდენა ჯვარს აძლევს ადამიანს, რომლის ზიდვა მას შეეძლება. ასე გვასწავლის წმიდა ეკლესია და მე მორჩილ ვარ განგებულებასა ღმრთისასა. საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ქრისტიანულ ეკლესიათა შორის. ამ ხნის მანძილზე მან ბევრი დიდი ავბედობა გადაიტანა, მაგრამ ისევ დგას ერის სამსახურში. ეკლესია ხომ სულია ერისა, სული კი არს უფროს ხორცისა. ეკლესია მუდამ იცავდა ქრისტიანულ სიწმინდეს, ქართველი კაცის სულის სისპეტაკეს, ქართველი კაცისა, რომელიც არის ღვთივ ქრისტიანი და მოსიყვარულე. საქართველოს ეკლესია ბოლომდე ინარჩუნებს მოციქულთა კანონებს, წმიდა მამათა სწავლებასა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებს. ის მუდამ ემსახურებოდა და ემსახურება ღმერთსა და ქართველ ერს. არასოდეს არ უღალატია მისთვის. როგორც ბრძანებს დიდი ილია: "ქრისტე ჯვარს ეცვა ყველასათვის და ქართველი ერი კი ჯვარს ეცვა ქრისტესათვის". გამოიწრთო ქართველი კაცის სულის გენია, რომელმაც შექმნა და აღაშენა სვეტიცხოველი, სიონი, ალავერდი, იყალთოსა და გელათის აკადემიები და მრავალი წმიდათაწმიდა სალოცავი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. აქ იქმნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის შედევრები. დიდმა რწმენამ და მამულისათვის თავდადებულმა სიყვარულმა მოგვცა 100000 ერთ დღეს მომწყდარი მოწამე... რა სული უნდა ყოფილიყო მათში... კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ცოტა ვინმეს ეყოლება იმდენი მოწამე, რამდენიც ჰყავს ქართველ ერს. სწორედ ასეთმა რწმენამ და თავდადებამ მოგვიყვანა აქამდე, შეგვინარჩუნა ქართული სული, სისხლი და გაგება. ასეთი რწმენა გვესაჭიროება დღესაც. ღრმად მწამს და მჯერა, ერი და ეკლესია ერთად რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენც არ ვიარსებებდით. ჩვენ უნდა ვიაროთ ქრისტეს გზით, მაშინ გველოდება აღდგომა და ამაღლება. ქრისტეს გზა არ თავდება გოლგოთით, არამედ აღდგომითა და ამაღლებით. თქვენო უწმიდესობავ, თქვენი ლოცვა-კურთხევით შევთხოვ უფალს, მომანიჭოს კეთილგონიერება ჩემდამი ღვთივკურთხეული სამწყსოს კეთილი დამწყსვისა, როგორც არიგებს პავლე მოციქული ტიმოთეს: "საქმე ჰქმენ მახარებლისა, მსახურებაი შენი კეთილად აღასრულე". (4 თავი, მუხლი 5). დასასრულს, ამ საზეიმო დღეს, მთელი ჩემი არსებით, სასოებითა და კრძალვით შევსწირავ დიდ მადლობას წინაშე ღვთისა ამ დიდი მოწყალებისა გამო, რომელიც მომმადლა უფალმან. ვმადლობ თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას ესოდენ დიდი პატივისათვის. "წყალობა შენი უფალო, თანა მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა". შევთხოვ უფალს, რომ თქვენის ლოცვითა და შეწევნით, რწმენით, სულგრძელობით, სიყვარულითა და ერთგულებით, ქრისტეს გზითა და ღვთისმშობლის მფარველობით ვემსახურო მაღალ ღმერთსა და ჩვენს საყვარელ ქართველ ერს. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!" (60, 1983, 1).

7 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აგარაკ-წალკის ეპარქიაში თვითონ წარადგინა ახლადდადგენილი მღვდელმთავარი დალოცა მრევლი და მეუფე ვახტანგს უსურვა წარმატებანი. 1984 წლიდან მეუფე ვახტანგი განაგებდა ჭყონდიდის ეპარქიას, 1988 წლიდან - ურბნისის ეპარქიას, 1992 წელს იგი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 1995 წლის 5 აპრილიდან სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველია. 2001 წელს დაინიშნა საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის მმართველად, ხოლო 2002 წლის 17 აგვისტოდან განაგებს მარგვეთისა და უბისის ეპარქიას. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 2 აგვისტოს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

მიტროპოლიტი ზოსიმე, ერისკაცობაში შოთა გიორგის ძე შიოშვილი, დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. მისი წინაპრები წარმოშობით გარე კახეთის სოფელ ჯიმითიდან ყოფილან. ბავშვობა ჩვეულებრივ თბილისურ მრავალეროვნულ გარემოში გაატარა. ღვთისადმი სიყვარული ჩა¬უნერგა ღრმადმორწმუნე ბებია ბარბარემ, რომელსაც თავისი შვილიშვილი ხშირად დაჰყავდა წირვა-ლოცვებზე სიონისა და დიდუბის ეკლესიებში. მისი მშობლები სიყვარულით ზრდიდნენ სამ შვილს. იგი განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იგონებს "ნათელი გონებით დაჯილდოებულ კეთილშობილ მამას". ბავშობიდანვე უყვარდა წიგნების კითხვა. "წიგნი უნდა გამხდარიყო ჩემთვის ის ჩირაღდანი, რის მეშვეობითაც უნდა გამეგნო გზა ამ ცოდვით დაბნელებულ და არეულ ქვეყანაში", -_ წერდა მოგვიანებით. "მეოთხე კლასში რაღაც უცხო და საკვირველი მოხდა ჩემში, - აღნიშნავდა მეუფე ზოსიმე, - ირგვლივ ჩამოწოლილი სიბნელე, რომელსაც მე თურმე აქამდე ვერც კი ვამჩნევდი, ნისლივით აიკრიფა ზევით და ცხადად შევიცანი ჩემი შესაძლებლობანი." (71, 32).

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1969 წელს, სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება დაეკავშირებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. იმხანად სემინარიის რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი), რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა, ნიჭიერ სემინარიელს. 1975 წლის 21 ივლისს, სემინარიის II კურსზე ყოფნის დროს, იგი აკურთხეს დიაკვნად, ხოლო 1977 წლის 12 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს მღვდლად და უწოდეს სახელად ანტონი დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, პარალელურად ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის სასწავლო ინსპექტორის მოვალეობას. 1979 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. მისი თვისება ბავშვობიდანვე სიმარტოვისა და სიმყუდროვისაკენ მიდრეკილების შესახებ იყო ის მთავარი ნიშანი, რომელმაც განსაზღვრა მამა ანტონის სურვილი უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და აღკვეცილიყო ბერად. XX საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში სასულიერო პირობა, ბერობა გმირობის ტოლფასი იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ უნდა დაგეთმინა როგორც ახლობლების, ისე საერთოდ საზოგადოების განკითხვა, ირონიული მზერა თუ ათასგვარი ცილისწამებანი. ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიისათვის სრულიად მიუღებული იყო ეკლესია, მორწმუნე ადამიანები, მითუმტეს ახალგაზრდები, ხელისუფლება ყველაზე მძაფრად ებრძოდა ბერ-მონაზვნებს. 1978 წლის 1 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე იგი მსახურობდა თბილისის მამა დავითის ეკლესიაში (მთაწმინდა). 1980 წლის 13 ოქტიმბერს მამა ანტონი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ზოსიმე. ამ დროს იგი ასრულებდა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის მოვალეობას, კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა პრაქტიკას. 1980 წლის 14 ოქტომბერს - აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, ხოლო 1983 წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსის ხარისხში. ეპისკოპოსად კურთხევის დღეს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ამ სიტყვებით მიმართა მან უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს:

"თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდო მამამთავარო! ყოვლად სამღვდელო-მღვდელმთავარნო, წმიდა მამანო და ძმანო! ღვთის განგებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით დღეს ჩვენ, უძველესი ქართული ეკლესიის შვილნი, კვლავ ვდღესასწაულობთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას. ხარობს და ილხენს სრულიად საქართველო და მისი უძველესი ეკლესია. ზეციურ სიხარულს დაუსადგურებია სულში. დღეს ჩვენ ვიხსენებთ უფლის კვართის საქართველოში ჩამობრძანებას და მასთან თვით უფალი ღმრთის - იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი მადლის შემოსვლას, ჩვენს სულებსა და გულებში დამკვიდრებას, ჩვენი ერის აღორძინებასა და განახლებას. ამ სიხარულსა და საზეიმო განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს ქრისტეს ეკლესიის ახალი მწყემსის, ახალი ეპისკოპოსის დადგინება. მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრისათვის, მაგრამ განსაკუთრებული იგი მაინც ჩემთვისაა. ამ დიდი სიხარულისა და პატივის მიზეზი თქვენმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ და ქართული ეკლესიის წმიდა სინოდმა მე მარგუნა. შიში და ძრწოლა მიპყრობს, როცა კი წარმოვიდგენ, რა დიდი მსახურებისაკენ მომიწოდებს დღეს წმიდა ეკლესია. მღელვარებას მიორკეცებს საკუთარი სისუსტისა და უმწეობის გაცდა და იმის ერთხელ კიდევ შეგნება, თუ რა მძიმეა გადარჩენა საკუთარი სულისა და მით უფრო, როგორი მძიმე იქნება ზრუნვა სხვათა გადასარჩენად. მაგრამ ამ შიშს იმედიც ახლავს, იმედი ღვთისა და თქვენი უწმიდესობის შეწევნისა, იმედი ჩვენი სულიერი ძმების თანადგომისა. ამ იმედითა და სასოებით აღვსილმა მინდა გავბედო და მთელი ქართველი ერის წინაშე განვაცხადო, რომ მხოლოდ თქვენი დახმარებით, მხოლოდ თქვენი მამობრივი მზრუნველობითა და თანადგომით ვბედავ იმ დიდი უღლის მოდგომას, რომელსაც ქრისტეს ეკლესიის მწყსობა ჰქვია. თქვენ ბევრს დაულოცეთ გზა ეკლესიაში, განაცდევინეთ სიხარული ენით აუწერელი, თქვენ ბევრს გაუწოდეთ დახმარების ხელი და შეასწავლეთ ცხოვრება ქრისტიანული და ამაღლებული, თქვენით დავძლიეთ წინააღმდეგობანი და განსაცდელნი. ამიტომ გვწამს მეუფეო წმიდაო, მხოლოდ თქვენი ლოცვითა და კურთხევით უნდა ვიაროთ მომავალშიც.

საყვარელნო ძმანო, ჩემთვის ამ მეტად მნიშვნელოვან წუთებში მინდა ძალზედ თბილი და უსათუთესი რამ გითხრათ, რომ გამოვხატო უღრმესი მადლობა იმ დიდი ნდობისა და პატივისათვის, ჩემი უღირსების მიმართ რომ გამოიჩინეთ. მაგრამ სამწუხაროდ, როცა ძალზედ ძვირფასის თქმა გინდა კაცს, ენა ყოველთვის გებმის. დიდ სიხარულს კი ისევე სჭირდება გაზიარება, როგორც მომეტებულ წუხილსა და სევდას. მეც მინდა როგორმე გამოვხატო ეს სიხარული, მინდა გაგათბოთ და გაგახაროთ და ამიტომ ისევ უწმიდეს ანგელოსთა სიტყვებით მოგმართავთ: - გიხაროდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კალთას ამოფარებულნო! გიხაროდეთ ქრისტე სარწმუნოებისათვის თავდადებულნო მხედარნო! გიხაროდეთ წმიდა ანდრია და სვიმონ მოციქულთა საქმის გამგრძელებელნო! გიხაროდეთ წმიდა ნინოს მიერ ნაქადაგები სჯულის შემყვარებელნო! გიხაროდეთ ქართველთა, ვითარცა ცხოვართა უმეცართა შემკრებნო!

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! გუშინ, როცა თქვენ სამღვდელმთავრო რჩევა-დარიგებებს მაძლევდით, ბრძანეთ: შენი ნამდვილი ეკლესიური მოღვაწეობა ახლა იწყებაო. თქვენმა ნათქვამმა დიდად ჩამაფიქრა და მიმახვედრა, რომ ჭეშმარიტად ეხლა უნდა დაიწყოს ჩემი ნამდვილი ეკლესიური ცხოვრება, _ ისეთი მოღვაწეობა, როგორითაც იღვაწეს ქრისტეს მოციქულებმა და მათმა მიმდევრებმა, რითაც განივრცო ქვეყნად სჯული ქრისტიანული და მიენიჭა ცოდვით დამაშვრალ ადამიანებს შვება და ბედნიერება დაუსრულებელი. ამიტომ ჩემი უღირსების მღვდელმთავრის ხარისხში აღყვანებას ვიღებ არა როგორც ჯილდოსა და განდიდებას, არამედ, როგორც ღვთისაგან ნაკურთხ, თუმცა მეტად მძიმე, მაგრამ საპატიო ტვირთს, სამღვდელმთავრო მოღვაწეობას ვიღებ, როგორც უფალი ღმრთისაკენ სამწყსოს მიმყვანებელ გზას.

ერთხელ კიდევ მოვახსენებ უღრმეს მადლობას თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას ჩემდამი გაღებული ნდობისა და პატივისცემისათვის. ასევე, დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავრებს იმ დიდი სიყვარულისა და თანადგომისათვის, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი მათგან. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი ერთობლივი სიხარული და აღმაფრენა.

დასასრულ, მინდა თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის წინაშე, და თქვენი სახით, მთელი ქართველი მორწმუნე საზოგადოების წინაშე მოვიდრიკო მუხლი და გთხოვოთ: ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, ჩემი სულის გადარჩენისათვის, ღვთის მადლით განძლიერებისა და აღორძინებისათვის, მშობლიური ქართული ეკლესიის წინსვლისა და გამარჯვებისათვის. ამინ!" (60, 1983, 2).

როგორც იგი იხსენებდა, "როდესაც მღვდელმთავრებმა დამასხეს ხელი და მესმოდა მათგან ნელი ხმით წარმოთქმული ლოცვები, ვგრძნობდი იმათგან ერთად აღვლენილი ყოველი ვედრების წილ, როგორ საკვირველ მადლს აფრქვევდა ჩემზე უფალი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ერთგან კი არ გადმოდიოდა ზეციდან ეს მადლი, არამედ ყველგან, სადაც კი მღვდელმთავარს ხელი ჰქონდათ დასხმული." (70, 95).

ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად. ამ დროს ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი იოანე (ანანიაშვილი) დაპატიმრებული იყო საერო ხელისუფლების მიერ. მეუფე ზოსიმეს მოუხდა ეპარქიაში შექმნილი რთული ვითარების მოწესრიგება. 1984 წლის იანვრიდან ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. როგორც იგი აღნიშნავდა: "სემინარიაში მართლაც ბევრი რამ იყო მისახედი და გასამართი. უპირველესად, ზუსტად უნდა განგვესაზღვრა სწავლა-განათლების მიზანი სასულიერო სასწავლებელში და შემდგომ ამაზე უნდა აგვეღო მთელი ჩვენი მოღვაწეობა... სემინარიაში მოღვაწეობისას, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი მომავალ სასულიერო პირებში მორჩილების გამომუშავებას, რაც არც თუ ისე იოლად ხდებოდა. ახალგაზრდებს ძალიან უჭირდათ საკუთარ ნებაზე უარის თქმა. ზოგჯერ თავი თავმოყვარეობა შელახულადაც კი მიაჩნდათ, როცა წინ ვეღობებოდით იმათი სურვილების აღსრულებას და ვითხოვდით მათგან ღვთისათვის სათანადო საქმის კეთებას." (70, 120-121).

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, მეუფე ზოსიმეს ღვაწლით მცხეთის სასულიერო სემინარია ერთ-ერთ გამორჩეულ სასულიერო საგანმანათლებლო კერად იქცა. 1984 წლიდან ეპისკოპოსი ზოსიმე გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად, 1985-1988 წლებში შეთავსებით მართავდა ურბნისის ეპარქიასაც. 1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე იყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარე. 1984-1992 წლებში მეუფე ზოსიმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან ერთად არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში: ათონის მთაზე, იერუსალიმში, კვიპროსზე, მონაწილოეობდა ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მუშაობაში შოტლანდიაში, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. მეუფე ზოსიმე ხელმძღვანელობდა ათონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში გადმობრძანებას. "1989 წლის 9 ოქტომბერს ზღვა ხალხს მოეყარა თავი თბილისის აეროპორტში, - აღნიშნავდა იგი, - როცა მე და მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) თვითმფრინავიდან გადმოვასვენეთ იგი, როგორ ერთიანად გაირინდა ხალხი და შორიდან მორიდებით სცა მას თაყვანი "კეთილი იყოს დედოფალო, შენი მობრძანება შენს წილხვდომილ ქვეყანაში - საქართველოში," ვჩურჩულებდი." (70, 182).

1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სასულიერო აკადემია. თბილისშივე გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც, ეპისკოპოსი ზოსიმე დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. როგორც მეუფე იხსენებს: "სასულიერო აკადემიის გახნისათვის დიდხანს ვემზადებოდით. ბევრი რამ იყო მოსაწესრიგებელი და მოსაგვარებელი. 1 ოქტომბერს გრილი და ღრუბლიანი დღე დადგა თბილისში. სიონის ღვთისმშობლის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის მიერ სწავლის დაწყების პარაკლისი იქნა გადახდილი... ლოცვის დასრულების შემდეგ გადავინაცვლეთ სააქტო დარბაზში, რომელიც მაშინ აკადემიის შენობის პირველ-სართულზე იყო საგანგებოდ მოწყობილი." (70, 47). საზეიმო სხდომაზე სასულიერო აკადემიის პირველმა რექტორმა, ეპისკოპოსმა ზოსიმემ წაიკითხა მოხსენება "სასულიერო განათლების ისტორია საქართველოში". სასულიერო აკადემიის გახსნას მიესალმენ ქართული მეცნიერების, ინტელიგენციის წარმომადგენლები: აკად. ალ. ბარამიძე, ნ. ამაღლობელი, პროფ. ზ. კიკნაძე, გ. ცინცაძე. როგორც მეუფე ზოსიმე იხსენებს: "საზეიმო სხდომის დამთავრების შემდეგ აკადემიის შენობაში შედგა სადღესასწაულო სადილი, რომლის გაძღოლაც მისმა უწმიდესობამ მე დამავალა... ჩემთვის ესეც გამოცდა იყო და მე ღვთის შეწევნით უნდა ჩამებარებინა იგი." (70, 51). მეუფე ზოსიმე თვლიდა, რომ სასულიერო სასწავლებელში სულიერების, სიმშვიდის შენარჩუნება შესაძლებელი იყო მცხეთაში, თბილისში უფრო გაძნელდებოდა ყოველივე ეს. XX საუკუნის 80-იანი წლების თბილისი გამოირჩეოდა პერმანენტული საპროტესტო აქციებით, მიტინგებითა და დემონსტრაციებით. ვინც ამ მიტინგებსა და დემონსტრაციებში არ მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის მტრად ცხადდებოდა. მეუფე ზოსიმე 1989 წლის თებერვალში იძულებული გახდა გადამდგარიყო აკადემიის რექტორობიდან...

1988 წლის 20 ნოემბერს დიდი ხნის იძულებითი დუმილის შემდეგ კვლავ აღდგა წირვა-ლოცვა წილკნის ეკლესიაში. ტაძრის საზეიმო კურთხევა შეასრულა წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ. მეუფე ზოსიმე ასე იხსენებდა ამ ისტორიულ დღეს: "წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი პირველად ჩემი სტუდენტობისას მაქვს მოლოცვილი... დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მოსკოვიდან მივიღეთ ტაძრის ამოქმედების ნებართვა. მძიმე მდგომარეობაში იყო იქაურობა. ტაძრის კედლები სადამდეც კი ადამიანის ხელი მიწვდებოდა ერთიანად იყო დამწვარი, სანთლისაგან ჩაშავებული. სამივე მხრიდან ეკლესიის კარებები იყო ჩამოხსნილი და მხოლოდ გისოსებიღა იყო დატოვებული. შესაკეთებელი და შესამინი იყო სარკმელები, საიდანაც მუდმივად უბერავდა ქარი, რის გამოც ტაძარში დიდხანს დგომა იყო შეუძლებელი, აღარც კანკელი იდგა იქ, არც ტრაპეზი და არც ამბიონი. ყველაფერი თავიდან იყო გასაკეთებელი... მიუხედავად ამისა ტაძრიდან იმედიანი გამოვედი, მჯეროდა, რომ დედა ღვთისა აღმომიჩენდა საჭირო შემწეობას მისი წმიდა სავანის ამოქმედებაში." (70, 59-64). მეუფე ზოსიმეს თავდადებული ღვაწლით წილკნის ღვთისმშობლის ეკლესიას დაუბრუნდა თავისი პირვანდელი სახე, დაიდგა კანკელი, დაიწერა ახალი ხატები, ტაძრის ეზოში აშენდა საეპარქიო სახლი. ეკლესია-მონასტრები აღდგა ნატახტარში, ანანურში, მჭადიჯვარში, ბაზალეთში, ლარგვისში, ახალგორში, წინამძღვრიანთკარში, ახატანში, ყაზბეგში. 1998 წელს აიგო ახალი ტაძრები დუშეთის რაიონის სოფელ აშში, 1999 წელს - სოფელ ბიწმენდში, ციხისძირში, ახალუბანში.

1996 წლის 25 დეკემბერს მეუფე ზოსიმე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 26 სექტემბერს მიებოძა მიტროპოლიტობა.

მიტროპოლიტი ზოსიმე საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთი გამორჩეული, ინტელექტუალი მღვდელმთავარია. მის კალამს ეკუთვნის არაერთი საინტერესო წიგნი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის საზოგადოებისათვის უცნობ ფაქტებსა და მოვლენებზე. შეიძლება ყველაფერში არ დაეთანხმო ავტორის შეფასებებს, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ამცირებს ამ წიგნების მნიშვნელობას. მეუფე ზოსიმე სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს: მელქისედეკ III-ს, ეფრემ II-ს, დავით V-ს. უწმიდესი  და უნეტარესი მელქისედეკ III ჯერ კიდევ ყმაწვილს ასე დაამახსოვრდა: "მას ჰქონდა დიდი თეთრი წვერი და საოცრად ცოცხალი, მეტყველი თვალები, სიღრმიდან რომ იხედებოდა ადამიანის სულში." (71, 7). მეუფე ზოსიმე თვლის, რომ უწმიდესმა ეფრემმა ახალგაზრდა ყმაწვილის გული მოინადირა" ჭეშმარიტი, მაცოცხლებელი სიტყვით, რომელიც ასე უხვად იფრქვეოდა მის ბაგეთაგან და რომელსაც მაშინ მოწყურებულნი ვიყავით... სემინარიაში სწავლის დროს, - განაგრძობს მეუფე ზოსიმე, - ხშირად ვიყენებდი ეფრემისეულ წიგნებს და ყოველთვის გაკვირვება მეუფლებოდა ხოლმე იმ უამრავი შენიშვნებისათვის, მოსაზრებებისა და მინაწერების გამო, რაც უწმიდესი ეფრემის მიერ იყო ამ წიგნებში გაკეთებული. ის უბრალოდ კი არ კითხულობდა წიგნებს, არამედ მუშაობდა მათზე მთელი სერიოზულობით. მის მიერ წიგნებში გაკეთებული შენიშვნებიდან თუ მინაწერებიდან ნათლად ჩანს მისი ღრმა განსწავლულობა და მაღალი მისწრაფებანი." (71, 10-18).

მეუფე ზოსიმეს სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი დავით V-ის დროს. იგი პატრიარქ დავითს ადარებდა ძველი აღთქმის რომელიღაც მამამთავარს, "მას ჰქონდა მშვენიერი, ძლიერი და ხავერდოვანი ხმა, სხვებისაგან გამორჩეული. როცა იგი ასამაღლებელს წარმოსთქვამდა, საოცარი სისავსე იგრძნობოდა ირგვლივ"... მას შეეძლო სიკეთის დანახვა და მისი მოფრთხილება." (72, 32-33). მეუფე ზოსიმე ცდილობს საზოგადოებას დაანახოს მიტროპოლიტყოფილ გაიოზის (კერეტაშვილის) ნამდვილი სახე, აჩვენოს მისი ღირსებები. მადლიერებით იხსენებს მის დარიგებას "მამა ანტონ, ეცადე ტრაპეზთან იყო მოკრძალებული, მისგან მორიდებით ჯობია დგომა, ნუ გაუშინაურდები ზედმეტად მას. ეს შენ დაგიცავს. ერთი შეხედვით იგი მკაცრი და შეუპოვარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სინამდვილეში შემწყალებელი გული ჰქონდა. მეუფეს ჰქონდა ძლიერი ხმა, საეკლესიო საკითხავებს ძველ ქართულ კილოზე წარმოსთქვამდა. იგი ძველ მამებს ბაძავდა, ის ალბათ  შეესწრო იმათ მსახურებას და განცდილი ჰქონდა ის სანატრელი სიტკბოება, რაც ძველი თაობის სასულიერო პირთა მსახურებას შერჩენოდა და მაინც ყველაზე მეტად მისი მსახურებიდან დამამახსოვრდა წირვის ასამაღლებელი, რომელსაც იგი უდიდესი სიყვარულითა და სასოებით წარმოსთქვამდა, მასში მთელი თავის გულსა და მოკრძალებას დებდა." (72, 93-94).

მეუფე ზოსიმე გულთბილად იხსენებს მიტროპოლიტებს: გრიგოლს (ცერცვაძე), შიოს (ავალიშვილი), არქიმანდრიტ პართენს (აფციაური), პროტოპრესვიტერებს: ალექსანდრე გაბუნიას, პახუმ ობოლაძეს, დეკანოზ ზურაბ ცხვარაძეს. მეუფე ზოსიმე აძლოს იცნობდა არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე). მან ზუსტად ისეთი პორტრეტი დაგვიხატა მამა გაბრიელისა, როგორიც იგი იყო სინამდვილეში. ეს არ არის არც გადაჭარბებული მითოლოგიზირებული პერსონაჟი და არც ტენდენციურად დამცირებული პირი. მეუფე ზოსიმეს მიერ დახასიათებული მამა გაბრიელი ბევრი საგულისხმო დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს მომავალ თაობას... დიდია მეუფე ზოსიმეს დამსახურებაა სახარების განმარტებათა წმიდა მამათა სწავლების მიხედვით გამოცემა, რომელიც 1998 წელს დაიწყო. გამოცემულია 4 წიგნი. როგორც იგი წინასიტყვაობაში აღნიშნავდა, "იმედია ჩვენი მოკრძალებული ნაშრომი კეთილ სამსახურს გაუწევს ღვთის სიტყვით დაინტერესებულ მკითხველს და სულიერ განათლებაში შეეწევა მათ~ ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ქადაგებანი, რომელიც ორჯერ გამოიცა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. "ღვთის სიტყვის ქადაგებისას, - აღნიშნავდა იგი, - თავად დამიჭერია ხშირად რაღაც უცხო და საიდუმლო ჩემს ხმაში, უფრო სწორად ისეთი ხმა მსმენია, რასაც სასიკეთოდ შეუძრავს ჩემი სული, გული სატირლად ამჩუყებია და თვალებზე მომდგომია სიხარულის ცრემლი. ეს არ არის ამქვეყნიური ხმა, ეს ზეციური ხმა არის, რომელიც ერთხელ თუ მოესმა კაცს, აღარასოდეს დაავიწყდება ცხოვრებაში... ეს ხმა ჩემთვის მუდამ იყო სანატრელი, რადგან მე იგი არაერთგზის მაქვს მოსმენილი."

2008 წლის 25 ნოემბერს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მღვდელმთავრად კურთხევიდან 25 წელი შეუსრულდა.

საზეიმო შეკრებაზე მეუფე ზოსიმემ ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას:

"ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! ძვირფასო სტუმრებო! პატივცემული საზოგადოებავ!

დღეს ჩვენ შევიკრიბენით იმისათვის, რათა აღვნიშნოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი თარიღი - ჩემი ეპისკოპოსად გამორჩევისა და კურთხევის 25 წლისთავი. მე მაინც და მაინც არ ვიყავი მოსურნე იმისა, რომ გამორჩევით და საზეიმოდ აღნიშნულიყო ეს დღე ეკლესიაში, მაგრამ წინ ვერ დავუდექი ბევრი პატივსაცემი ადამიანის სურვილს, რათა ღირსეული პატივი მიეგოთ თავიანთი მღვდელმთავრისათვის მნიშვნელოვანი თარიღისა და საერთოდ, მთელი მისი მოღვაწეობისათვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ არის ერთი პიროვნების დღესასწაული, რომ ეს ჩვენი ეკლესიური ცხოვრების, ჩვენი წარმატებებისა თუ სიძნელეების გამომხატველი და აღმნიშვნელი დღეც არის, რამეთუ ეპისკოპოსი, როგორც ბრძანებს წმიდა მოციქული, სახე და სიმტკიცეა ეკლესიისა. ნება მომეცით, მოკლედ გადავავლო თვალი ჩვენს სამღვდელმთავრო მოღვაწეობას და იქიდან გამოვყო ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც თქვენთვის, აქ მყოფთათვის არ იქნება ინტერესმოკლებული.

ქრისტეს მიერ საყვარელნო! არ შემიძლია ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს არ გავიხსენო ჩემი ბავშობა, ჩემი სიყრმისა და სიჭაბუკის წლები. უფალი სახარებაში ბრძანებს: "არა თქუენ გამომარჩიეთ მე, არამედ მე გამოგარჩიენ თქუენო". ჭეშმარიტად თავისი მსახურებისათვის ადამიანს არჩევს უფალი. ასე იყო ჩემს ცხოვრებაშიც, უკვე პატარაობისას ვგრძნობდი უფალთან საკვირველ სიახლო¬ვეს და იმასაც, რომ ჩემი მომავალი ცხოვრება მასთან იქნებოდა დაკავშირებული. ჩემს სულიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის განსვენებულ ბებიას ჩემსას - ბარბარეს, მან გააღვივა ჩემში ლამპარი უფლის რწმენისა და სიყვარულის. მან ჯერ თავის მწირ სენაკში განმაცდევინა მშვენიერება და სიტკბოება უხილავი სამყაროსი, შემდეგ კი პირველმა მიმიყვანა ღვთის ტაძარში - ეკლესიაში, სადაც მაზიარა იმ ენითგამოუთქმელ სიხარულსა და ნეტარებას, რაც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს სულში და რის მაძებრადაც მე იმ დღიდან ვიქეცი. მას შემდეგ სულ ამ უცხო, ზეციურ სიხარულს დაეძებდა ჩემი სული და ამ ძიებამ, ქვეყნიურ წინააღმდეგობათა მიუხედავად, შემაყენა ღვთის წმიდა გზას, გამხადა ეკლესიის მსახური და მომკიდა უფლის საპატიო ტვირთი. მე ამ ტვირთს, როგორც დიდ საფასეს, მონდომებით და მოფრთხილებით ვეზიდებოდი ეს წლები და ვეზიდები დღესაც, რათა იგი უკლებლივ მივიტანო უფალთან მის ზეციურ სასუფეველში.

ღვთის განგებით, თავიდანვე ჩემი მოღვაწეობა დაუკავშირდა მცხეთის სასულიერო სემინარიას, ერთადერთ სასულიერო სასწავლებელს, მაშინ რომ მოქმედებდა საქართველოში, სწავლის დამთავრების შემდეგ იქვე დამტოვეს სამოღვაწეოდ და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე პედაგოგად, ზედამხედველად და რექტორად მოღვაწეობაში. წლების განმავლობაში სასულიერო პირთა აღზრდისა და განათლების საქმეს ვემსახურებოდი იქ. ეს მეტად საინტერესო და დაუვიწყარი პერიოდი იყო ჩემი ცხოვრებისა, მაშინ მე მეტად მძიმე, მაგრამ სასიამოვნო ტვირთს ვეზიდებოდი ღვთის შეწევნით. მაშინდელი სემინარია პანსიონატის ტიპისა იყო და მეც, როგორც მოძღვარსა და ზედამხედველს, თითქმის მოუკლებლად მიხდებოდა ყოფნა იქ. მე თავად მიწევდა ცხოვრება სასწავლებლის შინაგანაწესით და ამის შესრულებას სხვებსაც ვთხოვდი. მაშინდელი სასულიერო სემინარია მოქმედებდა სამთავროს დედათა მონასტერში და მონასტრის სასიკეთო გავლენას ყველანი განვიცდიდით. მომავალი მოძღვრები, საეკლესიო განათლების გარდა იძენდნენ სულიერ ჩვევებსაც, რაც ადვილად ხორციელდება მონასტრულ სიმშვიდესა და სიმყუდროვეში. სწორედ ამ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს ესწრაფვოდა პატარაობიდან ჩემი სული და სწორედ ამიტომაც მაშინდელი სასწავლებელი მშვიდ სულიერ ნავთსაყუდელად იქცა ჩემთვის. აქ პოულობდა ჩემი სული დიდ სულიერ შვებას, საერო შფოთსა და ორომტრიალს მორიდებული. შრომა და გარჯა სასწავლებელში მოღვაწეობისას, რა თქმა უნდა, იყო ძალზე დიდი, მაგრამ იგი არაფერი  იყო იმ სულიერ ნუგეშთან შედარებით, რასაც მე მონასტრულ, მშვიდ გარემოში, მცხეთის უძველეს სიწმიდეებთან სიახლოვეში ვპოულობდი. ამიტომაც ვუფრთხილდებოდი მე ჩემს საქმიანობას და თავს არ ვზოგავდი, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მომეტანა ეკლესიისათვის და ჩემი სულისთვის.

ეს მეტად მძიმე დრო იყო ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისათვის. ათეიზმი ბატონობდა ირგვლივ, სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ იყო შეზღუდული, არანაირი გასაქანი არ გვქონდა წინსვლისა, ყოველმხრივ ვიყავით ბორკილებდადებულნი. ძალზედ განვიცდიდით სასულიერო პირთა ნაკლებობას, მასწავლებლებიც არასაკმარისი გვყავდა სასწავლებელში. ზოგჯერ ერთ პედაგოგს რამოდენიმე საგნის სწავლება უხდებოდა, რაც არ იყო იოლი, სწავლის დონეც შესაბამისად არ იყო მაღალი. მოძღვარი-მასწავლებლების მოუცლელობის გამო, ხშირად ცდებოდა მეცადინეობები, რასაც ჩვენ განვიცდიდით. უკვე ჩემი სტუდენტობისას რამდენს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება იქ, რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ნაკლოვანებები აღმოგვეფხვრა სასწავლებლის ცხოვრებაში. ვინ იცის, იქნებ მაშინ შეისმინა უფალმა ჩვენი გასაჭირი თუ სათხოვარი და განიზრახა მომავალში სამღვდელმთავრო მოღვაწეობა ჩემი. უფალს ხომ ყველაფერი ესმის ჩვენი, იგი არ ტოვებს უყურადღებოდ ჩვენს სათხოვარსა და გასაჭირს, და ცდილობს თავის დროს აღგვისრულოს იგი. მეც ვგრძნობდი, რომ მომავალში მისგან მეტ შეწევნას მივიღებდით, რომ ჩვენზე მეტ წყალობას გაიღებდა უფალი.

ბერობის მიღების შემდეგ ჩემში გაძლიერდა განმხოლოებული, ბერული მოღვაწეობის სურვილი და ერთხანს კიდეც ვემზადებოდი საერო ცხოვრებიდან მეტი გარიდებისათვის, მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ ამისთვის არა მლოცავდა უფალი, მას სხვა მოღვაწეობისთვის ვჭირდებოდი. შინაგანად მეც ვგრძნობდი, რომ სასწავლებლისათვის საჭირო ვიყავი, რომ იქიდან არ მომარიდებდა უფალი.

1983 წლის ოქტომბერში მოხდა მღვდელმთავრად გამორჩევა და კურთხევა ჩემი, იმ დროს ორი სამღვდელმთავრო კათედრა იყო გათავისუფლებული და ღვთის განგებით ერთზე, ჭყონდიდის უძველეს საყდარზე მოხდა დადგინება ჩემი. ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემთვის და ეკლესიისთვის. მახსენდება ერთი სასულიერო პირის გამონათქვამი მაშინდელი: "მიხარია ეს ჩვენი ეკლესიისათვის, რადგან ვიცი, რომ ერთგულ მღვდელმთავარს შეიძენს იგი თქვენი სახით, მაგრამ ვწუხვარ თქვენთვის, რადგან ამის შემდეგ დიდი სიმძიმის ტვირთვა მოგიწევთ ცხოვრებაში" - მას შემდეგ, მეც ხშირად ვფიქრობ ამაზე და ვეკითხები ხოლმე თავს: "მეუფეო, მღვდელმთავრობამ უფრო პატივი და დიდება შეგძინა თუ სიმძიმენი? და მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს უფრო მეტად იყო სიმძიმენი, რომელსაც აი, უკვე 25 წელია ვეზიდები ღვთის შეწევნით. მადლობა უფალს, რომ იგი არ მტოვებდა ამ ტვირთის ზიდვაში, ის ყოველთვის მედგა გვერდით, მამხნევებდა და ძალას მმატებდა მოღვაწეობისათვის. სასწავლებელში ჩემს საქმიანობას ეხლა უკვე დაემატა ეპარქიაში სამსახურიც, რამაც გამიჩინა უფრო მეტი საზრუნავი და საფიქრალი.

მახსენდება ჩემი ჩასვლა ჭყონდიდის ეპარქიაში და მოღვაწეობის დაწყება იქ. ისეთი აშფოთებული და აღელვებული დამხვდა სამწყსო, რომ ძნელია ამის გადმოცემა სიტყვებით. იმდენი დარდი, წყენა და წუხილი იყო ირგვლივ დაგროვილი, რომ აღარ ვიცოდი რომლისთვის მიმეხედა, რის გადაწყვეტას შევჭიდებოდი. ყველა ქვეყნიურ, ხილულ ნუგეშსა და შეწევნას ითხოვდა ჩემგან, როცა მე თავად ვიყავი ქვეყნიურ შეწევნასა და თანადგომას მოკლებული. როცა მე მათ ვთავაზობდი სულიერ საზრდოს, როცა მე ვცდილობდი უფლისაკენ მიმეპყრო მზერა მათი, რათა მისგან მიგვეღო საჭირო შეწევნა და ნუგეში, მათ უმძიმდათ ამის მოსმენა და ჯიუტად ითხოვდნენ ჩემგან იმას, რაც მე არ შემძლო მიმეცა მათთვის. მაშინ დავივიწყე მე ჩემი დარდი და გასაჭირი და უფალს მხოლოდ იმათ შეწევნასა და დახმარებას ვევედრებოდი. რამდენი უძილო ღამე და ცრემლი მახსოვს მათზე ვედრებასა და ფიქრში გატარებული, რამდენი შეურაცხყოფა და დამცირება მაქვს დათმენილი მათგან და მათთვის, იცის მხოლოდ მაღალმა ღმერთმა და მე აღარ მინდა გახსენება მათი. მაშინ დამანახა უფალმა, თუ როგორ იყო ხალხი ჭეშმარიტ სულიერობას დაშორებული და ის, რომ უპირველესად უნდა მიმეხედა იმათი სულებისთვის, მათი ბოროტის ტყვეობიდან გამოხსნისათვის უნდა გავრჯილიყავი. ეს იყო უდიდესი ტკივილების და ამავე დროს უფალთან დიდი სიახლოვის დღენი, რადგან იმ ტკივილების დათმენის გარეშე, უფალი ასე ახლობელი ვერ გახდებოდა ჩემთვის. სწორედ მაშინ გადატანილმა ტკივილებმა და სიძნელეებმა, დამანახეს და მასწავლეს ნამდვილი უფალი და მაპოვნინეს იგი, და განმაცდევინეს ის უცხო სიხარული, რასაც გასაჭირის სასოებით დათმენის შემდგომ იძენს ადამიანი, დიახ, მაშინ მასწავლა უფალმა მწუხარებით შეძენილი სიხარულის გაცდა, რასაც ალბათ ვერ შეედრება ვერანაირი ქვეყნიური ნუგეში. რახან ეს უცხო სიხარული ერთხელ იგემა ჩემმა სულმა, მას შემდეგ სულ მას ნატრობს, მის ძებნაში არის. მინდა ეს სიხარული ხშირად იყოს ჩემთან, მაგრამ ვიცი, რომ ამისთვის უნდა დავითმინო მეტი სიძნელენი, რაც სუსტ, კაცობრიულ ბუნებას ჩვენსას უმძიმს. ნამდვილი სიხარული კი კვლავაც სწყურია ჩემს  სულს და მუდამ მის ძებნაში არის.

ჭყონდიდის ეპარქიაში დიდხანს არ მომიწია მოღვაწეობა, რადგან სასულიერო სასწავლებელს სჭირდებოდა მეტი ყურადღება და მზრუნველობა ჩემი. ამიტომ ერთი წლის შემდეგ დამადგინეს წილკნელ მღვდელმთავრად, რათა უფრო მეტ ხანს ვყოფილიყავი სასწავლებელში. მალე ამას დაემატა ჩემი საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების სათავეში დადგენაც და ამან კიდევ უფრო დატვირთა ეკლესიური ცხოვრება ჩემი. ამის შემდეგ მთლიანად წილკნის უძველეს ეპარქიას დაუკავშირდა ჩემი სამსახური, ის გახდა ჩემი ძირითადი საზრუნავი და საფიქრალი.

თავიდან არც ერთი ტაძარი არ იყო ჩვენს ეპარქიაში მოქმედი, წილკნის უძველესი კათედრალიც კი იყო გაუქმებული, ამიტომაც მსახურებებს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ვასრულებდი. საქართველოს ამ უძველეს და უწმიდეს საყდარში მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი და ღირსება იყო ჩემთვის, მაგრამ მე მაინც ვნატრობდი იმ კურთხეული დროის დადგომას, როცა ჩვენ წილკნის საკათედრო ტაძარს ავამოქმედებდით და იქ სამღვდელმთავრო მსახურებებს განვაახლებდით. ამისთვის ბევრს ვევედრებოდი უფალს და მის კურთხეულ დედას და ეს დღეც დაგვიდგა მისი შეწევნით. ეს იყო 1988 წლის 21 ნოემბერი, როცა ჩვენ საზეიმოდ ვაკურთხეთ ღვთიმშობლის საკათედრო ტაძარი წილკანში, რითაც სათავე დავუდეთ წილკნის უძველესი ეპარქიის ამოქმედებას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი ეკლესიისათვის, მას შემდეგ თანდათან გავხსენით და ავამოქმედეთ ანანურის, დუშეთის, მჭადიჯვრის, ნატახტრის, მუხრანისა და ეპარქიის სხვა ტაძრებიც და გავმართეთ იქ საეკლესიო მსახურებანი. ამჟამად ეპარქიაში მოქმედებს ოცდაათზე მეტი ეკლესია-მონასტერი. ბოლო წლებში ღვთის შეწევნით შევძელით ახალი ტაძრების აშენება ბიწმენდში, ყვავილში, ბაზალეთში, ციხისძირში, ჭართალსა და დუშეთში. ამოქმედდა დედათა მონასტრებიც. ეპარქიაში განახლდა საგანმანათლებლო საქმიანობა, გამოიცა სასულიერო შინაარსის წიგნები. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა წმიდა ნიკოლოზის ტაძრის აშენება დუშეთში, რადგან იგი თავიდანვე საკათედრო ტაძრად იყო გააზრებული. საქართველოს ეკლესიაში ამჟამად მოქმედი დებულების თანახმად, დუშეთში დაარსდა სამღვდელმთავრო კათედრა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთიანეთში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებისა და გავრცელებისათვის.

ყოველი ტაძრის ამოქმედება უდიდეს სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ეს იყო ბოროტისაგან მიტაცებული და იავარქმნილი სიწმიდეებისათვის ახალი სიცოცხლის დაბრუნება, ეს იყო ხელახალი დაბადება მათი. ამისთვის გადატანილი გაჭირვებისა და სიძნელეების წილ დიდ სულიერ სიხარულს გვაძლევდა უფალი. ეს არის ის საფასენი, რის შესაძენადაც ვიყავით ეკლესიაში მოწოდებულნი. მაგრამ რაგინდ დიდი და მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ხილული ტაძრების გამართვა, ის მაინც უმნიშვნელო იყო უხილავი ტაძრების, ადამიანთა სულების გამართვასთან შედარებით, რომლებიც ხილულ ტაძრებზე მეტად იყვნენ დაშლილნი და დარღვეულნი. ბევრად მძიმე ასაშენებელი შეიქნა უღვთო ცხოვრებისგან შერყვნილი და დამახინჯებული ადამიანთა სულები. რამდენი შრომა და გარჯა, რამდენი ლოცვა-ვედრება გახდა საჭირო, რომ არაწმიდა ცხოვრებისაგან მოგვერიდებინა ადამიანები და ღვთიურ, მარადიულ საფასეებს გვეზიარებინა ისინი. მადლობა ღმერთს, ჩვენ მუდამ ვგრძნობდით ღვთის მადლიან შეწევნას ამ საქმეში და თანდათან ადამიანთა სულიერი ფერისცვალების მოწმენიც ვხდებოდით. ეს იყო მუდამ ჩვენი სიხარული და დღესაც ესაა სიხარული ჩვენი. ადამიანის გადარჩენა, ადამიანისთვის ჭეშმარიტი ნუგეშისცემა იყო ყოველთვის ჩვენი საზრუნავი და დღესაც ამ მიზანს ვემსახურებით ღვთის შეწევნით.

მაგრამ ამ ღვთიურ ღირებულებების ძებნამ მომიტანა სხვა სიძნელენი. უპირველესად ის, რომ ვიგრძენი უცნაური გაუცხოება წუთისოფელთან და სიმარტოვე დიდი. რაც უფრო მეტად შევეცადე ღვთიური საფასეების შეძენას, რაც უფრო მეტად შევეჭიდე სულის მაცხოვნებელი სახლის შენებას, მით უფრო მიწიერი, ამქვეყნიური ცხოვრებისათვის უცხო შევიქენი. ამან მტანჯველი სიმარტოვის გრძნობა დაბადა ჩემში, ზღუდედ რომ აღიმართა ჩემსა და ქვეყნიურ ცხოვრებას შორის. როგორ არ ვეცადე სიუცხოვისა და სიმარტოვის ამ უცნაური გრძნობისაგან თავის გათავისუფლებას, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ყოველი ასეთი ცდით, სულიერ საფასეებს ვაკლდებოდი, ურომლისოდაც სიცოცხლეს ჩემსას ეკარგებოდა აზრი. თავიდან ამას განვიცდიდი, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და ბრალსა ვდებდი, მაგრამ შემდეგ თანდათან მივხვდი, რომ ყოველივე ამაში ერია ღვთის ხელი, რომ ეს არ ხდებოდა მარტო ჩემით, რომ ამ უცხოობასა და სიმარტოვეს აღვივებდა თავად უფალი, რომ ამაში ხელსაც კი მიწყობდა იგი, რათა რაღაც ჩემეული, განსხვავებული საფასე თუ სული ნუგეშად შემოენახა მართალი ადამიანებისთვის.

დღეს მე აღარ მაკვირვებს სიუცხოვე და სიმარტოვე ჩემი, ვიცი, რომ იგი ღვთისაგან მაქვს მოცემული, მარტო იმას ვევედრები უფალს, რომ გამაძლიეროს, რათა ჩემი მოკრძალებული მოღვაწეობა ნუგეშად იქცეს მრავალთათვის. ზოგჯერ მეც მიჩნდება უნდობლობა საკუთარი გზისა და ხვედრისადმი, ამას არც თუ იშვიათად სევდა და გულისწყვეტა შემოაქვს ხოლმე სულში, მაგრამ მადლობა უფალს, ეს არ გრძელდება დიდხანს, უფალი საიდანღაც გამომიჩენს ხოლმე ნუგეშს ვიღაცის პირით, მამხნევებს და ისეთსაც გამაგონებს, რაც სიკეთის რწმენას და სასოებას მიმტკიცებს და კიდევ იმას, რომ მე უნდა მოვუფრთხილდე იმ მოკრძალებულ სიკეთეს, რასაც უფალი ინახავს ჩემში, რათა იგი ბევრ მართალ სულს ნუგეშად ექცეს მომავალში. როცა ჩემი შინაგანი ვერაფრით მომირიგებია გარე სინამდვილესთან და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს ღმერთსაც ხელი აქვს ჩვენზე აღებული, სწორედ მაშინ, საშინელი უნუგეშობის ჟამს საიდანღაც უფალს უცხო სიხარული შემოაქვს ხოლმე ჩემს სულში, ისე გამამხნევებს და დამაიმედებს, რომ დარცხვენილი ბავშვივით თავს ვხრი ხოლმე ძირს და მზად ვარ დავითმინო უფრო მეტი სიმძიმე და უნუგეშობანი, თუ ეს საჭირო იქნება მისთვის და ეკლესიისათვის, რამდენ სულს დიდ ნუგეშად ქცევია ეკლესიური მსახურება ჩემი, რამდენს გულწრფელი ცრემლებით გამოუხატავს მადლიერება ჭეშმარიტად ღვთიური სიტყვის მოსმენისათვის, რამდენს თვალცრემლიანს აღმოხდენია ჩვენთან უსაზღვრო მადლიერების გამომხატველი სიტყვები - "იცოცხლეთ მეუფეო, დიდხანს, იცოცხლეთ, რომ არ მოგვაკლდეს თქვენგან ეს ღვთიური ნუგეში," - და ამ დროს როგორ გავიწყდება ყველა დარდი და ტკივილი, აქამდე განცდილი და გადატანილი, და ხვდები, რომ სწორედ იმ დათმენილი დარდისა და ტკივილის წილ გეძლევა ღვთისაგან ეს სანატრელი სიხარული. მაშინ იმ წუხილსაც ვეღარა ვგრძნობ, სადღაც ქრება იგი და შენ თავად გაოცებს საკვირველება დიდი და ხვდები, რომ იმ დროს დარდი და წუხილი ხდება შენი სიხარული, რომ შენში მოქმედებს უფალი, რამეთუ მხოლოდ მას ძალუძს სიხარულად გიქციოს მწუხარება და ტკივილი. ამ დროს გეუფლება უსაძღვრო მადლიერება ღვთისადმი დიდი ტკივილისა და დიდი სიხარულისათვის. ღმერთმა არ მოუშალოს ჩემს მოღვაწეობას მართალი სიხარული მომავალშიც.

დასასრულს მინდა დამსწრე საზოგადოებას უღრმესი მადლობა მოვახსენო ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღის ღირსეულად აღნიშვნისათვის. მადლობა მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამებს, ჩვენს მოძღვრებს მათი ძმური შეწევნისა და თანადგომისათვის. მადლობას მოვახსენებ დუშეთის რაიონის გამგეობასა და საკრებულოს, რომელთაგან ყოველთვის ვგრძნობდით პატივისცემასა და თანადგომას მოღვაწეობაში. მადლობას მოვახსენებ ჩვენს სამწყსოს, ჩვენს მრევლს, ჩვენს სულიერ დებსა და ძმებს, ყოველთვის რომ ცდილობდნენ ჩემი სამღვდელმთავრო ტვირთის შემსუბუქებას და მოღვაწეობაში სიყვარულსა და სითბოს არ გვაკლებდნენ. განსაკუთრებით მინდა მადლიერების სიტყვები გავაგონო ჩვენს ახალგაზრდებს, იმედითა და მოკრძალებით რომ შემოგვყურებენ და მომავლის რწმენასა და იმედს გვიმტკიცებენ. მადლობას მოვახსენებ დღევანდელი ჩვენი შეკრების ორგანიზატორებს, ჩვენს პატივსაცემად და გასახარად კეთილად რომ გაისარჯნენ.

და ბოლოს, უდიდესი მადლობა მინდა შევწირო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, იმ უხვი წყალობისა და შეწევნისათვის, მთელი ჩემი სამღვდელმთავრო მოღვაწეობისას რომ გვაგრძნობინებდა და მაგრძნობინებს დღეს. მინდა შევთხოვო უფალს, რომ ჩვენს სულიერ ცხოვრებას მისი დედობრივი საფარველი არასოდეს მოშლოდეს. ყველას შეგვეწიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, იმან დალოცოს ჩვენი ხალხი, ჩვენი ეკლესია და მომავალი ჩვენი, ამინ!" (72, 2008, 11).

მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე)

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გური კორფილეს ძე შალამბერიძე, დაიბადა 1940 წლის 25 თებერვალს ბაღდადის რაიონ სოფელ ფერსათში. საშუალო სკოლა დაამთავრა ფერსათში, შემდეგ თავისი ძმის - ცნობილი სასულიერო პირის ვიქტორ შალამბერიძის - რჩევითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის (პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, შემდეგ სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1971 წელს. 1971 წლის 23 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ იგი აკურთხა მღვდლად და დანიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგად. სემინარიაში იგი კითხულობდა ღვთისმეტყველების საგნებს. 1971-1974 წლებში ღვთისმსახურებას აღსრულებდა თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში. 1974-1978 წლებში - ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკელსიაში. მამა გიორგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მუშაობაში და მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას. 1978 წლის 16 მარტს იგი დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ. 1980 წლის იანვრიდან 1988 წლის ოქტომბრამდე იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი.

1988 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამორჩეული იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. როგორც მეუფე გიორგი აღნიშნავს: "მე ახალგაზრდობიდანვე გულმა ეკლესიისაკენ გამიწია. ამ გზაზე აწგარდაცვლილმა დედაჩემმა დამილოცა მომავალი. ჩემი უფროსი ძმა ვიქტორ შალამბერიძე ცნობილი სასულიერო პირი იყო კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის დროს, მანვე წარმადგინა პატრიარქთან და ჩემი სურვილი გადასცა. უწმიდესმა მელქისედეკმა დამლოცა და მითხრა: "კარგია რომ სასულიერო პირად გახდომა მოგსურვებია, მაგრამ ჯერ კეისარს მიეცი კეისრისაო, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადე და მერე ვიფიქროთ ამ თემაზეო". მეც აღვასრულე მისი კურთხევა. შემდეგ ვისწავლე ჯერ სემინარიაში, მერე კი პეტერბურგის (იმხანად ლენინგრადის) სასულიერო აკადემიაში. როცა სამშობლოში დავბრუნდი კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ჯერ ქუთაისის ეკლესიაში დამადგინა, დროთა განმავლობაში მცხეთაში გადმომიყვანეს სვეტიცხოველში... უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებამდე საქართველოში სულ 50-მდე მოქმედი ეკლესია იყო თითზე ჩამოსათვლელი სასულიერო პირებით. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი შრომა გასწია საქართველოს ეკლესიის ფეხზე წამოსაყენებლად. სწორი, გონივრული ტაქტიკა, ათეისტურ ხელისუფლებასთან წარმოებული ბრძნული პოლიტიკით ნელ-ნელა დაიწყო გავერანებული და გაუკაცრიებული ეკლესიების აღდგენა. გადიოდა წლები და საქართველოს ეკელსია ძალას იკრებდა. უფალმა მეც მრავალი კეთილი საქმის შემსწრე და უშუალო შემსრულებელი მამყოფა... ჩემთვის დიდი პატივი იყო მღვდელმთავრად გამორჩევა და ჭყონდიდის ეპარქიის ჩაბარება. XX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ეპარქია მთელ სამეგრელოს მოიცავდა. ამოდენა ეპარქიაში მოქმედი იყო: სენაკში მენჯის სავანე, თეკლათის დედათა მონასტერი, ქ. ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი და ახლადგახსნილი მარტვილის მონასტერი. ეპარქიაში ჩასვლისთანავე გადავწყვიტე ყველაფერი მეღონა იმისათვის, რომ ღმერთს დაშორებული ხალხი ეკლესიისაკენ შემომებრუნებინა. ოცნებად მქონდა ქცეული, რომ სამეგრელოს ყველა რაიონში თითო სასულიერო პირი და თითო მოქმედი ეკლესია ყოფილიყო. დავიწყეთ ნელ-ნელა ხალხში გასვლა, ჯერ კიდევ შემორჩენილ მორწმუნეთა გარს შემოკრება, ხელმოწერების შეგროვება ტაძრების გახსნის მოთხოვნით. უნდა ითქვას, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, სოფლის საბჭოსა და კოლმეურნეობათა თავმჯდომარეები. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და შევიწროებისა მაინც შევძელით გაგვეხსნა ზუგდიდის დადიანების კარის ეკლესია, წალენჯიხის მონასტერი, ხობის მონასტერი, ცაიშის ეკლესია. ტაძრის ამოქმედება იოლი საქმე არ იყო. ჯერ ხალხში უნდა შეგროვილიყო ხელმოწერები, მერე ადგილობრივ რაიონულ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართავდნენ, იქიდან თხოვნას აგზავნიდნენ საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან, რწმუნებული საბუთებს აგზავნიდა მოსკოვში საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომლის განწყობაზე იყო დამოკიდებული ნებისმიერი ეკლესიის ამოქმედება. თანხმობის შემთხვევაში პატრიარქსა და ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება ეძლეოდათ ახლად გახსნილ ეკლესიაში დაედგინათ მოძღვარი. ამის შემდეგ სხვა პრობლემები იწყებოდა. იმხანად ეკლესიები სახელმწიფოსაგან იბეგრებოდა ანუ რაიონულ საფინანსო ორგანოს წარმომადგენლებს შეეძლოთ, თუ მოქმედი ეკლესია სახელმწიფო გადასახადს ვერ გადაიხდიდა, ტაძრის დახურვა მოეთხოვა. ეკლესიის ერთადერთ შემოსავალს გაყიდული სანთლიდან მიღებული თანხა და მღვდელმოქმედებაში აღებული შემოწირულობა შეადგენდა. ახალგახსნილ ეკლესიებში ძირითადად გაჭირვებული მოხუცები დადიოდნენ... თითქმის 19 წელი ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი, ყველა ეკლესიასთან და სამრევლოსთან დიდი სიყვარული მაკავშირებს." (66, 119-120). მეუფე გიორგის ღვაწლით ეპარქიაში ამოქმედდა სუჯუნის, სეფიეთის, ტყვირის, მაიდანის, მარანის, აბაშის ეკლესიები. 1992 წლის 21 დეკემბერს ეპისკოპოს გიორგის ებოძა მთავარეპისკოპოსობა, 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტობა. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი გიორგი დადგენილ იქნა ახლადშექმნილი თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მმართველად. ახალი ეპარქია ისტორიული გაენათის ეპარქიის ნაწილს მოიცავს. მეუფე გიორგი ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა ახალ ეპარქიაში ეკლესია-მონასტრების აღორძინებას. მიტროპოლიტი გიორგი არის ღვთისმეტყველების დოქტორი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი.


მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)

მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონ სოფელ სნოში. აქიაშვილთა გვარი ღუდუშაურთა განთქმული საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოებაა. იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანული სარწმუნოების მადლს, ოჯახი ღვთისმოშიში და მორწმუნე იყო. 1977 წელს ელგუჯა აქიაშვილმა დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა, 1978 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულ¬ტეტზე. სტუდენტობის წლებში იგი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. 1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად. 1983 წლიდან ელგუჯა აქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილეა. 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის დროს გადაწყვიტა კიდევ უფრო ახლოს გაცნობოდა მონასტრული ცხოვრების წესს. არდადეგების დროს იყო მორჩილი ბეთანიის მამათა მონასტერში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში.

1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ელგუჯა აქიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იობი. იმავე წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს - მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მღვდელმონაზონი იობი მონაწილეობდა აჭარაში მოწყობილ მისიონერულ მოგზაურობაში. 1989 წლის 3 სექტემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა აჭარაში სხალთის ახლადგახსნილ მამათა მონასტერში. 1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში წირვის დამთავრების შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი იობი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1990 წლის სექტემბერში არქიმანდრიტი იობი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო. 1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.

1992 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი. არქიმანდრიტმა იობმა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, წმიდა სინოდის წევრებს: "დღეს, ამ წუთებში, განსაკუთრებით ვგრძნობ ღვთის განგების იდუმალებას. გული ჩემი აღვსილია ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, მიყვარს უფალი მისთვის, რომ იგი არის ერთი ჭეშმარიტი და მარადმყოფელი, მიყვარს უფალი მისთვის, რომ იგი არის დიდად მოწყალე. ამ დიდი სიყვარულიდან გამომდინარე მსურს ჩემი გული და სული მივანდო მაღალ ღმერთს. სულისა და გულის თვისება კი ისეთია, რასაც შეიყვარებ სრული სიყვარულით, იმას დაემონება. დიახაც მსურს უმწიკვლოდ ვემსახურო ყოვლისშემძლე ღმერთს და ჩემს საყვარელ ერს. თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, დიდია ღვთის განგება და ძალა, რომელმაც თქვენი წმიდა ლოცვით გამომირჩია და დამადგინა უძველესი მანგლისის ეპარქიის მღვდელმთავრად. მესმის რა ესოდენ დიდი პატივი და მნიშვნელობა ეპისკოპოსობისა, გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის, ჩემი გაძლიერებისათვის იმ ზეგარდმო სიბრძნის ჩემს სიმდაბლეზე გარდამოსვლისათვის, რაზედაც წმიდა მოციქული იაკობი ბრძანებს: "ზეგარდმოი სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშვიდობაი, სახიერებაი, მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილითა, განუკითხველ და შეუორგულებულ". წოდება ეპისკოპოსობისა და მოციქულებრივი ღვაწლი ის არის, რომ ქრისტიანულ ცხოვრებას ვატარებდე სიწმიდით, სიყვარულით, თავმდაბლობით. დიდი სურვილი მაქვს შევიქმნა ღირსი ესოდენ დიდი პატივისა. მომმადლოს უფალმან, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი მამობრივი ზრუნვითა და ლოცვით, კეთილმსახურება ღვთისა და ერისა. თავს ვუსვამ კითხვას, როდის შევიქმნები ღირსი ამ წოდებისა? ალბათ მაშინ, ოდეს აღვასრულებ წმიდა პავლე მოციქულის სული წმიდით განბრძნობილ სიტყვებს: "ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელობითა თავს იდებდით ურთიერთის სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა. მას სულისასა, საკვირველითა მისი მშვიდობისაითა". შევსთხოვ მაღალ ღმერთს ჩემს მსახურებაში მომცეს მზერა მართლმადიდებელი ეპისკოპოსისა, რომ დავინახო მართალი და ცოდვილი, ფარისეველი და დაცემული. რომ ვიყო დაუნდობელი ცოდვისადმი და შემწყნარებელი ცოდვილისა, მიყვარდეს ცოდვილი და მძულდეს ცოდვა. ვიყო ერთგული მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. დიდი მართლმადიდებელი ასკეტი იოანე კიბისაღმწერელი წერს: "სხვაა ღვთისმფარველობა და სხვაა წყალობა ღვთისა, და სხვა - ნუგეშისცემა, ღვთის განგება ვრცელდება ყველა არსებულზე, შეწევნა ღვთისა ებოძებათ მათ, რომელნიც მართალნი არიან, ღვთის მფარველობის ქვეშ არიან მართალნი, ღვთის წყალობით ჯილდოვდებიან, რომელნი მსახურებენ უფალს, ხოლო ნუგეშისცემულ არიან, რომელთა უყვართ ღმერთი". ამ წმიდა სიყვარულიდან გამომდინარე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებითა და თქვენი წმიდა ლოცვით ახალ მსახურებაში მსურს მქონდეს ღვთის მფარველობაც, ღვთის წყალობაც და ნუგეშისცემაც მე ყოვლადუღირსს. და ბოლოს მუხლს ვიდრეკ შემოქმედისა და ჩვენი მეოხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე და შევთხოვ; მეოხო მხურვალეო და ზღუდეო, უბრძოლველო წყარო მოწყალებისაო, ვევედრები, ვხმობთ შენდა მიმართ, მას თუალად მეწიენ ჩვენ, დედუფალო ღვთისმშობელო, და გვიხსენ ჩვენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელისამპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემლობითა შენთათვის, ღვთისმშობელო", "წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა განგრძობასა დღესა." (61, 1992, 5).

ახლადნაკურთხ ეპისკოპოსს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემდეგი სიტყვით მიმართა: "ბრძანებითა და განგებითა ყოვლად წმიდისა სამებისა, მოწყალებითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა, დიდ სვეტიცხოველში დადგინებულ და ხელდასხმულ ხარ ეპისკოპოსად მანგლისისა. ეს არის განგება და წყალობა ღვთისა, რომელმაც შენ იერარქიის მაღალ საფეხურზე აგიყვანა. დღეს შენ ღვთისა და ერის წინაშე აღიარე ის, რაც უნდა დაიცვა. უპირველეს ყოვლისა, გევალება მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლის ფუძე საღვთო წერილი და საღვთო გადმოცემებია. შენ მტკიცედ უნდა დაიცვა ის ტრადიციები, რომელთაც წმიდა მამები ქადაგებდნენ. მტკიცედ უნდა დაიცვა კანონები, რომელნიც შვიდთა მსოფლიო კრებათა და ადგილობრივ კრებათა შინა დაიწერნენ. ეს კანონები სიმტკიცეა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. შენ დღეს ფიცი მიეცი უფალს, რომ უერთგულებ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და დაემორჩილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. უნდა გახსოვდეს, რომ ეს ფიცი მხოლოდ უბრალო სიტყვები როდია, არამედ ღრმა მნიშვნელობის უდიდესი საიდუმლოა. ყოველი, ვინც სვეტიცხოველში მიცემულ ფიცს არღვევს, აუცილებლად ისჯება ღვთისაგან. ამიტომ ყოველ მღვდელმთავარს მუდამ უნდა ახსოვდეს და ხშირად უნდა კითხულობდეს ამ ფიცს, რომელსაც ხელდასხმის წინ აძლევს ღმერთსა და ეკლესიას ამ დიდსა და წმიდა ტაძარში. ჩვენ მეტად რთულსა და მძიმე დროს ვცხოვრობთ, როცა მრავალი ხილული და უხილავი ბოროტი ძალა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის სიწმიდეს, ეკლესიას, სამღვდელოებას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ქრისტიანობის ისტორიისათვის, ამ ბრძოლამ არ უნდა შეგაშინოს და გული არ უნდა გაგიტეხოს, რადგანაც უფალი ბრძანებს: "კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას". ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ ჯოჯოხეთი უძლურია წინაშე ღვთისა. რადგანაც დამაარსებელი ეკლესიისა არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ამიტომაც ყოველი, ვინც ეკლესიას შეებრძოლა, დაიღუპა. დღეს ჩვენი ეკლესია მრავალი პრობლემის წინაშე დგას, მრავალი რელიგია ცდილობს შემოიჭრას საქარ¬თველოში, სადაც ყოველთვის მტკიცე იყო მართლმადიდებლური სარწმუნოება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ აღმოსავლურმა რელიგიებმა თუ სექტებმა, რომელნიც თავის თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მიზანს მიაღწიეს და მრავალი ქართველი დაუკარგეს უფლის სამწყსოს. დღეს მღვდელმთავარს რწმენის სადარაჯოზე დგომა მოეთხოვება. იგი ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ არცერთი ადამიანის წარწყმედა არ დაუშვას. ეს რთული დრო ჩვენგან, ეკლესიისა და მისი მსახურებისაგან, გაძლიერებულ მარხვას მოითხოვს, რაც თავისთავად სულიერების ამაღლების საფუძველია. სწორედ ჩვენ ჩაგვაბარა უფალმა სამწყსო და მოვალენი ვართ იგი უკლებლივ წარვუდგინოთ უფალს. ღვთის განგებით, დღეს შენ მღვდელმთავარი გახდი მანგლისის ისტორიული ეპარქიისა, რომელიც დაარსების დღიდანვე მტკიცედ იდგა ქრისტიანობის სადარაჯოზე. მანგლისის წმიდა ჯვრის თაყვანსაცემად ხომ არა მარტო მთელი საქართველო, არამედ მთელი ამიერკავკასია მოდიოდა. მხოლოდ განხეთქილების შემდეგ აუკრძალა სომეხთა კათოლიკოსმა სომხებს ამ ჯვრის თაყვანისცემა. აი, ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა მანგლისს. შენ უნდა აღადგინო ის დიდებული ტრადიციები სულიერი მოღვაწეობისა, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა მანგლისის ეპარქიას. ღმერთი იყოს შენი შემწე და მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროს რწმენით, სიყვარულითა და სასოებით. მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი და დალოცე სრულიად საქართველო, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად აღავლენდა ლოცვებს შენთვის." (61, 1992, 5).

1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.

1992 წლის 25 დეკემბერს მეუფე იობი გადაყვანილ იქნა ბათუმ¬-შე¬მოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებ¬ლის რექტორად. ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს მეუფე იობის ძალისხმევით გაიხსნა მრავალი ეკლესია-მონასტერი, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. 1995 წლის გაზაფხულზე წმიდა სინოდის გადაწყვე¬ტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის¬ მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით. 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთა¬ვისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურ¬გიკულ კომისიებს. მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი ან ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები.



ურბნისისა და რუისის ეპარქიის მოქმედი ეკლესია მონასტრები.

მოქმედი ტაძრები (2008 წლის მონაცემებით):

1. აბანოს ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
2. აბისის წმ. მარინეს სახ. ტაძარი
3. ავლევის მიძინების სახ. ტაძარი
4. ალის კვირაცხოვლის სახ. ტაძარი
5. არადეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
6. ატოცის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
7. ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძარი
8. ბებნისის თეოდორე ტირონის სახ. ტაძარი
9. ბეკმის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
10. ბრეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
11. დიდი ფლევის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
12. დირბის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
13. ვაყის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
14. ვაყის 100000 ქართველ-მოწამეთა სახ. ტაძარი
15. ზემო ხვედურეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
16. კეხიჯვრის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
17. მოხისის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
18. მოხისის წმ. გიორგის სახ. ტაძარი (პატარა)
19. მცხეთიჯვრის ტაძარი
20. ნაბახტევის იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარი
21. ოსიაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
22. რუისის საკათედრო ტაძარი
23. რუისის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
24. რუისის ხარების სახ. ტაძარი
25. რუისის დიმიტრი თესალონიკელის სახ. ტაძარი
26. სავანისუბნის ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარი
27. სათივის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
28. სასირეტის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
29. სატივის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
30. საღოლაშენის მიძინების სახ. ტაძარი
31. საციხურის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
32. სურამის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
33. სურამის ღვთისმშობლის სახ. ტაძარი
34. სურამის წმ. მარინეს სახ. ტაძარი
35. სურამის ღვთაების სახ. ტაძარი
36. სურამის წმ. ბარბარეს სახ. ტაძარი
37. სურამის კვირაცხოვლის სახ. ტაძარი
38. სურამის წმ. კვირიკესი და ივლიტას სახ. ტაძარი
39. ტაშისკრის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
40. ტახტისძირის პეტრე-პავლეს სახ. ტაძარი
41. ტეზრის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
42. ტკოცის წმ. გიორგის სახ. ტაძარი
43. ფცის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
44. ქვენატკოცის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
45. ქვემო ხვედურეთის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
46. ქვიშხეთის აღდგომის სახ. ტაძარი
47. ღვლევის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი
48. შაშაქეთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძარი
49. ცოცხნარის მიძინების სახ. ტაძარი
50. ცხრამუხის წმ. ნინოს სახ. ტაძარი
51. ცხრამუხის წმ. სამების სახ. ტაძარი
52. ძლევის ჯვრის წმ. სამების სახ. ტაძარი
53. წაღვლის სვიმონ მესვეტის სახ. ტაძარი
54. წაღვლის წმ. სამების სახ. ტაძარი
55. წრომის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი
56. ხაშურის საკათედრო ტაძარი
57. ხაშურის წმ. ბარბარეს სახ. ტაძარი
58. ხაშურის იოანე ღვთისმეტყველის (გორათის) სახ. ტაძარი
59. ხაშურის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი
60. ხაშურის წმ. მარინეს სახ. ტაძარი


მამათა მონასტრები

ქოზიფას მამათა მონასტერი:

61. ქოზიფას ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძარი
62. ქოზიფას იოანე ზედაზნელის და მის 12 მოწაფის სახ. ტაძარი
63. ქოზიფას ყოველთა წმიდათა სახ. ტაძარი
64. ქოზიფას წმ. გიორგის სახ. ტაძარი
65. ქოზიფას წმ. მართალ ლაზარეს სახ. ტაძარი
66. ქოზიფას წმ. შიო მღვიმელის სახ. ტაძარი
წინამძღვარი - იღუმენი ეფრემი (გამრეკელიძე)

ბერთუბნის წმიდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის მამათა მონასტერი

67. მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - სქემიღუმენი საბა (ჟღენტი)

ძამის საბა განმწმედელის სახ. მამათა მონასტერი

68. წმიდა საბა განმწმედელის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონოზონი ლუარსაბი (სანიკიძე)

ტბეთის გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. მამათა მონასტერი

69. წმიდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი ეგნატე (გოგოლაძე)

მუხილეთის წმ. ზენონ იყალთოელის სახ. მამათა მონასტერი

70. წმ. ზენონ იყალთოელის სახ. ტაძარი
წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ზენონი (სანოძე)

წმ. გიორგის სახ. სკიტე

71. წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარი
სკიტეში მოღვაწე პირთა რაოდენობა შეადგენს 2 ბერს

ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახ. მამათა მონასტერი

72. ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახ. ტაძარი
წინამძღვარი - იღუმენი გრიგოლი (თოიძე)

ბანის მამათა მონასტერი

73. წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. ტაძარი
74. ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი გედეონი (თიბილაშვილი)

ქართის წმ. ათანასე დიდის სახ. მამათა მონასტერი

75. წმიდა ათანასე დიდის სახ. ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი ისიდორე (ოქროპირიძე)

კოდმანის წმ. გაბრიელ ქართველის სახ. მამათა მონასტერი

76. წმიდა გაბრიელ ქართველის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი მარკოზი (მიქაბაძე)

ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი

77. წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი
78. წმ. გიორგის სახ. ტაძარი
წინამძღვარი - იღუმენი გიორგი (ედილაშვილი)

სამწევრისის ჯვრის სახ. მამათა მონასტერი

79. ჯვრის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მღვდელმონაზონი დოროთე (დევაძე)

ულუმბოს მიძინების სახელობის მამათა მონასტერი

80. ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი ილია (ხაჩიძე)

ულუმბოს წმ. გიორგის სახ. ტაძარი

81. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - არქიმანდრიტი გაბრიელი (ტაბატაძე)

სარკის წმინდა გიორგის სახ. მამათა მონასტერი

82. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - იღუმენი ისაია (გოგიბერიძე)

წვიმოეთის იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. მამათა მონასტერი

83. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობისა ტაძარი

სურამის იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტერი

84. იობ მრავალვნებულის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი სვიმონი (ცაკაშვილი)

სურამის ურთხვის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი

85. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - იღუმენი იოანე (გვედაძე)

აბუხალოს წმ. დავით გარეჯელის სახ. მამათა მონასტერი

86. წმიდა დავით გარეჯელის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი გაბრიელი (გაჩეჩილაძე)

წიფლოვნის ღვთისმშობლის შობის სახ. მამათა მონასტერი

87. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - სქემმღვდელმონაზონი დავითი (აქიაშვილი)

დედათა მონასტრები:

იტრიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი

88. იტრიის მიძინების სახ. ტაძარი
89. იტრიის მენელსაცხებლე დედათა სახ. ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი პელაგია (თვარაძე)

ხცისის წმ. გიორგის სახ. დედათა მონასტერი

90. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი ნინო (ბოლქვაძე)

სურამის ამაღლების სახ. დედათა მონასტერი

91. ამაღლების სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი თამარი (ფიჩხაია)

ქაშუეთის წმ. გიორგის სახ. დედათა მონასტერი

92. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი სალომე (გველესიანი)

ბრეთის დედათა მონასტერი

93. წმ. გიორგის სახ. ტაძარი
94. წმ. პიროს ბრეთელის სახ. ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი ანგელინა (ოსაძე)

რუისის მიძინების სახ. დედათა მონასტერი

95. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი ებილია (შუბლაძე)

ხეობის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერი

96. ხეობის იოანე ღვთისმეტყველის სახ. დედათა მონასტერი

ქარელის ხარების სახ. დედათა მონასტერი

97. ხარების სახელობის ტაძარი
წინამძღვარი მონაზონი მარიამი (ფეიქრიშვილი)

სამწევრისის მთავარანგელოზის სახ. დედათა მონასტერი

98. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი ალექსანდრა (ძაგნიძე)

ორთუბნის ღვთისმშობლის შობის სახ. დედათა მონასტერი

99. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი მარიამი (კურტანიძე)

ურბნისის წმიდა ნინოს სახ. დედათა მონასტერი

100. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარი
101. წმ. ნინოს სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი საბიანა (ასათიანი)

დირბის ღვთისმშობლის სახ. დედათა მონასტერი

102. მიძინების სახელობის ტაძარი
წინამძღვარი - მონაზონი ცეცილია (შავდათუაშვილი)


მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)

მიტროპოლიტი დანიელი, ერისკაცობაში დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი, დაიბადა 1955 წლის 29 მაისს ქ. თბილისში. 1963-1972 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 11978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოკომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. იგი იმ მცირერიცხოვან ახალგაზრდობის ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ თავიანთი მომავალი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას დაუკავშირეს.

1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარ-ქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. II კურსიდან მან სწავლა გააგრძელა ქ. ზაგორსკის სემინარიაში დაუსწრებლად.

1983 წლის 4 ივნისს, წმიდა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დავით დათუაშვილი მამადავითის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა. 1985 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, დიაკვანი დავითი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდლად. როგორც მეუფე დანიელის მდივანი მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე) იხსენებს: "მამა დავითი იმხანად სიონის საპატრიარქო ტაძრის მოძღვარი იყო, პარალელურად შაბათობით წირავდა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში. ეკლესიები გაიხსნა დმანისში, წყნეთში. მამა დავითი თავისი მრევლით ამ ეკლესიებშიც წირავდა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. მისი კურთხევით მრავალრიცხოვანი მრევლი ვიკრიბებოდით სიონის ტაძარში და ვაწყობდით მომავლის გეგმებს, დავალაგეთ და მოვაწესრიგეთ მეტეხი, ანჩისხატი, ხაშმის, შავნაბადას, თელეთის წმიდა გიორგის ეკლესიები, რომელნიც თითქმის 70 წელი უპატრონოდ იყო მიტოვებული. ვაგროვებდით თანხებს გაჭირვებულთათვის, შევდიოდით საპატიმროებში... 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების დროს ჩვენს მრევლს ერთი წუთითაც არ დაუტოვებია ჩვენი თანამემამულენი, ვამხნევებდით მათ."

ისტორიულმა ძნელბედობამ განსაკუთრებით დააზარალა სამხრეთ საქართველო, მესხეთი - ტაო-კლარჯეთი. XIX საუკუნიდან გამაჰმადიანებული ქართველების ოსმალეთში გასახლების ხარჯზე რუსეთის ხელისუფლებამ აქ გადმოასახლა სომხები და დემოგრაფიული ვითარება ქართველების საზიანოდ შეიცვალა... ბოლშევიკური მმართველობის ხანაში ახალციხის, ახალქალაქის, ბოგდანოვსკის, ადიგენის რაიონები სახელმწიფო საზღვრის განსაკუთრებულ, დახურულ ზონებად გამოცხადდა და სპეციალური საშვის გარეშე ამ რაიონებში შესვლა შეუძლებელი იყო. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1988 წლის 19 ივლისს სიონში ქადაგებისას აღნიშნა: "ამ რამდენიმე დღის წინათ ჩვენ სამცხე-ჯავახეთი მოვინახულეთ - ეს საოცარი მხარე საქართველოსი. წმიდათაწმინდა ადგილია, საიდანაც დაედო სათავე ჩვენს გაქრისტიანებასა და სულიერ კულტურას... მოვიარეთ სოფლები, უმეტესად დაცარიელებულნი, ვიყავით სოფელში, სადაც ადრე სამასი ქართული ოჯახი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ სამია. მაგრამ განსაკუთრებით გულდასაწყვეტი მდგომარეობა ახალქალაქის და ბოგდანოვკის რაიონებშია შექმნილი. ახალქალაქის რაიონში მოსახლეობის სამი თუ ოთხი პროცენტია ქართული. დაცარიელებული და დაობლებული ქართული ტაძრები მძიმე განცდას იწვევს, ვიყავით კუმურდოს ტაძარში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად დანგრეულია, დიდებულება მაინც შენარჩუნებული აქვს, მაგრამ მინდა ისევ ფარავნის ტბას მივუბრუნდე, რომლის გარშემოც დღეს მხოლოდ სომხური სოფლებია, ერთ-ერთ მათგანში, რომელსაც ფოკა ჰქვია, ქართული ტაძარი დგას, წმინდა ნინოს სახელობისა. იქ ყოფნისას განსაკუთრებით შევიგრძენით წმიდა ნინოს მადლი, ჩვენ შევსთხოვეთ უფალს, რომ ამ მშვენიერ მიწა-წყალს თავისი ძველი პატრონი ქართველობა დაუბრუნოს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფარავნის ტბის ნაპირას, იქ, სადაც წმიდა ნინოს უფალი გამოეცხადა, ქართული ეკლესიის ცენტრი ავაშენოთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება დასაწყისი თავის ძველ სამკვიდრებელში ქართველების დაბრუნებისა." (43, 1, 266).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1989 წლის 1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვა ჩაატარა ფოკაში, ფარავნის ტბასთან და დალოცა წმიდა ნინოს ნაკვალევზე წამომსვლელი 33 მლოცველი. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა მამა დავით დათუაშვილი... მომლოცველნი ჩერდებოდნენ სოფლებში, ხვდებოდნენ მოსახლეობას, სრულდებოდა მდინარეში შთაფვლით ნათლობა. დაიწყო ხალხის გამოღვიძება, სარწმუნოებისაკენ მობრუნება. აქედან მოყოლებული, ფეხით მსვლელობა წმ. ნინოს ნაკვალევზე ყოველწლიურად აღესრულება. მასშივე სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ჩვენი ეკლესიის მსახურნი, მათ შორის დღევანდელი მიტროპოლიტები: იობი, დავითი, ნიკოლოზი. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ მამა დავითს ჩააბარა საპატრიარქოსთან ახლადშექმნილი მომლოცველთა სამსახურის ხელმძღვანელობა. 1990 წელს მამა დავით დათუაშვილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. ამავე პერიოდში იგი დაინიშნა სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრად, ხოლო შემდეგ - სხალთის მამათა მონასტრის წინამძღვრად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. პარალელურად იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სასულიერო აკადემიასა სემინარიაში. 1991 წლის 31 ოქტომბერს დეკანოზი დავით დათუაშვილი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დანიელი. იმავე წელს მიენიჭა არქიმანდრიტობა. 1991 წლის ივლისიდან იგი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარეა.

1992 წლის 22 მაისს არქიმანდრიტი დანიელი აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. 21 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა დანიელმა თავისი სამღვდელმთავრო სიტყვა ასე დაიწყო: "თქვენო უწმიდესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო! ეფესელთა მიმართ დაწერილ ეპისტოლეში მოციქული პავლე ბრძანებს: "და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინასწარმეტყველი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღვარნი დასამტკიცებლად წმიდათა საქმედ მსახურებისა, აღსაშენებლად გუამისა ქრისტესისა" (ეფეს. 411,12). ამ სიტყვებში უდიდესი საიდუმლოებაა განცხადებული, გუამი ქრისტესი ეს არის ეკლესია, ხოლო ღვთისმსახურნი დადგენილნი არიან მის აღსაშენებლად. ადამიანი მონაწილეობს ღვთაებრივი სხეულის სრულყოფაში, ჩვენს წინაშე სწორედ რომ საშინელი და შესაძრწუნებელი საიდუმლო სამყაროს შემქმნელმა ადამიანი ღვთაებრივი შესაქმის თანამონაწილე გახადა. უსაზღვროა მოწყალება ღვთისა, იგი არა მარტო გვანიჭებს სიცოცხლეს, არამედ მისი უმაღლესი მდგომარეობისაკენ მოგვიწოდებს: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს" (მეათე 5, 48) ბრძანებს უფალი. დღევანდელი დღე სწორედ ამ უსაზღვრო მოწყალების ერთ-ერთი გამოვლინებაა. უფალი უწმიდესი მსახურების უფლებას გვაძლევს. დიდია და განუზომელია პატივი ესე, ენით გამოუთქმელი და დაუტევნელია ჩვენი სიხარული. "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა". დღევანდელი წყალობა მთელი ეკლესიის კუთვნილებაა, მაგრამ განსაკუთრებულია იგი ჩემთვის უპირველს ყოვლისა, ვმადლობ ღმერთს ესოდენი სულგრძელობისა და შეწყნარებისათვის. ღვთის შემდეგ მადლობას გწირავთ თქვენ, უწმიდესო და უნეტარესო, იმ დიდი შუამდგომლობისათვის, რომელიც თქვენ გამიწიეთ წინაშე ღვთისა, ასევე მადლობა მინდა მოვახსენო წმიდა სინოდის მღვდელ¬მთავრებს, ჩვენს სამღვდელოებას, მორწმუნე მრევლს და აქ დამსწრეთ დღევანდელ ზეიმში მონაწილეობისათვის. მაგრამ მიუხედავად ესოდენ დიდი სიხარულისა, მე კარგად მესმის მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობისა, ამისათვის ვევედრები მაღალ ღმერთს, შემაძლებინოს ამ რთულსა და სახიფათო გზაზე მშვიდობიანი მსვლელობა, დიდია ჩემი სასოება, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი ლოცვისა და თანადგომისა. ვესავ უფალს, ლოცვითა თქვენითა მომანიჭოს მღვიძარება და ზომიერება, რათა სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა - "არა მივდრკე არცა მარჯულ, არცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდე" (2 სჯ. 4, 29, 17, 11). შევსთხოვ ჩვენს წმიდა სინოდს, ჩვენს სამღვდელოებასა და მრევლს მომავალშიც ნუ დამივიწყებენ ჟამსა ლოცვისასა, სულგრძელნი და მიმტევებელნი იყვნენ ჩემდა მომართ. დღეს რთული დროა, მეტად ძნელია შეინარჩუნო სიწმიდე და ჭეშმარიტ გზაზე შეუფერხებლად იარო, მაგრამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ დღეს მტერი ღვთისა ცდილობს თვით მართლმადიდებლობის წიაღში აუბნიოს გზა მორწმუნეებს. ბოროტი ძალის მანქანებით ხშირად ვცილდებით იმ სულს, რომელიც წმიდა მამებმა გვიანდერძეს, როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტი სული ამა სოფლის სულისაგან? წმიდა იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში ბრძანებს: საყვარელნო! იყუარებდეთ ურთიერთს, რამეთუ სიყვარული ღმერთისაგან არს და ყოველსა, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს, და იცის ღმერთი" (1 იოანე 4,7). აი, ჭეშმარიტების შეცნობის უტყუარი ნიშანი, ვისაც უყვარს, მან იცის ღმერთი. ამიტომ მინდა ამ ბედნიერ დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორო მაცხოვრის უმთავრესი მცნება და მოწოდება: "იყვარებდეთ ურთიერთარს უკეთუ ერთმანეთი გვეყვარება, წმიდა მამების სწავლება ანთებული სანთელი იქნება ჩვენთვის. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ეკლესიისათვის, დღეს ჩვენი ეკლესიის მეოხისა და მფარველის წმიდა ნიკოლოზის ხსენებას ვდღესასწაულობთ. წმიდაო ნიკოლოზ, დალოცე ეკლესია ჩვენი, დაიცავი მისი ერთობა და მთლიანობა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულით, აღამაღლე და განაბრწყინე იგი, რათა მისი დიდებით გამხნევებული მოიქცეს და გადარჩეს ქართველი ერი ამინ." (61, 1992, 5).

22 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ქართველი მღვდელმთავრების თანამწირველობით არქიმანდრიტი დანიელი აკურთხა ეპისკოპოსად. პატრიარქმა თავისი ქადაგება ამ სიტყვებით დაიწყო: "დღეს უდიდესი დღესასწაულია ქართული ეკლესიისა, მოსახსენებელი დღე მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა წმიდა ნიკოლოზისა, რომელიც მფარველია საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისა. დღესვე არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა შიო მღვიმელისა, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ღმერთმა ინება ბოდბის ეპისკოპოსად ხელდასხმა მეუფე დანიელისა. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ქრისტეს მიერ ძმაო, ჩვენო სულიერო შვილო, დიდია განგება ღვთისა და წყალობა მისი, რომელიც დღეს უხვად გარდმოვიდა შენზე: წყალობამან ღვთისამან შენ დღეს ეპისკოპოსის ტახტზე აგიყვანა, რათა მთელი სულით, გულითა და გონებით ემსახურო საქართველოს ეკლესიას და ქართველ ერს. არაფერი არ არის შემთხვევითი, ყველაფერი ღვთის განგებით წყდება არც ის არის შემთხვევითი, რომ დღეს მეუფე დანიელი ბოდბის ეპისკოპოსად ეკურთხა. ეს შედეგია წმიდა ნინოს განსაკუთრებული მფარველობისა მისი ერთგული მსახურის მიმართ, მეუფე დანიელმა, როცა ის ჯერ კიდევ მღვდელი იყო, მორწმუნეებთან ერთად სამგზის გამოიარა წმიდა ნინოს გზა ფარავნიდან მცხეთამდე. როგორც ცნობილია, მორწმუნეთა მოგზაურობამ მეუფე დანიელის წინამძღოლობით მრავალი კეთილი შედეგი გამოიღო. ამიტომ მეუფე დანიელს პირველს ეწოდა მორჩილი წმიდა ნინოსი და აი, მოციქულთა სწორმა დედა ნინომ დააფასა მისი ღვაწლი და მიიწვია იგი თავის საფლავთან, რათა იქ გაძლიერდეს წირვა-ლოცვა ჩვენი ერისა და ეკლესიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მეუფეო დანიელ, თქვენ იცით, თუ როგორ მძიმე და რთულ დროს გვიხდება ჩვენ ცხოვრება. რამდენი წინააღმდეგობის დაძლევა გვიწევს ყოველდღიურად, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტი სულები და ძალები უძლურნი არიან ღვთის ძალისა და დიდების წინაშე. რა თქმა უნდა, წინ მრავალი განსაცდელი გელის, მძიმე დღეებიც გექნება, მაგრამ ნუ შეგეშინდება ამ განსაცდელისა, რადგან წმიდა ნიკოლოზი და წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, ღირსი მამა შიო მღვიმელი და სხვანი წმინდანნი მარად იქნებიან შენი შემწე. თქვენ საქართველოს საპატრიარქოში ხელმძღვანელობთ ურთულეს განყოფილებას, რომელსაც ეწოდება მისია და ევანგელიზაცია. ეს არის განყოფილება, რომელიც ზრუნავს ჩვენი ერის მოქცევისათვის, განყოფილება, რომელმაც უნდა გაზარდოს მისიონერები, მქადაგებლები. ჩვენ დღეს ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართველი ერი, რომელიც ღვთის განგებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აირჩია, ისევ მისი კალთის ქვეშ მოვაქციოთ. თქვენმა განყოფილებამ უნდა იზრუნოს არა მხოლოდ საქართველოს მკვიდრთათვის, არამედ მათთვისაც, რომელნიც დღეს სამშობლოს გარეთ ცხოვრობენ. ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ იმ ქართველებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო დატოვეს ქრისტიანობა და დღეს მუსლიმანები არიან. ჩვენი ვალია, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველში ეროვნული გრძნობა გავაღვიძოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული გრძნობის გაღვიძებასთან ერთად ყოველ მათგანში ქრისტიანობაც გაიღვიძებს. აი, რამდენი საქმეა, რამდენი სამკალია დღეს საქართველოში. ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი ერი გაერთიანდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ყოფს. აქედან გამომდინარე, ყოველი, ვინც გათიშულთა გაერთიანებისათვის იღწვის, ღვთის ნებას ასრულებს, ხოლო, ვინც ჩვენი ერის გაყოფას ცდილობს, იგი მსახურია ბოროტი ძალებისა, აი, აქედან შეგვიძლია გაგება იმისა, თუ ვინ რომელ გზას ადგას. სადაც არის სიყვარული, შენდობა და ცოდვათა მიტევება, იქ ღმერთია, ხოლო სადაც სიძულვილი და გაყოფაა, იქ ეშმაკია. ღმერთმა მოგცეს სიბრძნე და ძალა ეკლესიისა და ერის სამსახურისა. მადლი, რომელიც შენ დღეს აქ, ამ წმიდა სვეტიცხოველში უხვად მიიღე ღვთისაგან, შენს სამწყსოს და საერთოდ საქართველოს უნდა გადასცე. მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი, რომელსა რწმენეს შენი, იყავ მას ზედა კვერთხ და სიმტკიცე და რომელსა არა რწმენეს შენი და უდებ იქმნეს, მიაქციე მას ზედა საგვემელად კვერთხი ესე შენი სატანჯველად მისა~. მიიღე ეს კვერთხი და დალოცე სამწყსო სრულიად საქართველოსი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა შენთვის." (61, 1992, 5).

1992 წლის 17 ოქტომბრიდან მეუფე დანიელი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად, ხოლო იმავე წლის 22 დეკემბრიდან ოფიციალურად დადგინდა ცხუმ-აფხაზეთის მმართველ მღვდელ¬მთავრად. ამ დროს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ურთულესი ვითარება იყო. ინსპირირებულმა კონფლიქტმა, დაპირისპირებამ ქართველებსა და აფხაზებს შორის (სინამდვილეში რუსეთსა და საქართველოს შორის) პიკს მიაღწია. მიმდინარეობდა საომარი ოპერაცია. ასობით დაჭრილი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი იყო ეპარქიაში. დედა ელენე (ნაფეტვარიძე) იხსენებს: "ქალაქში სროლა ხშირია, თავზე წითელი ტყვიების წვიმაც არაა იშვიათი... ჩატარდა პირველი წირვა, სამი მღვდელმთავარი სწირავს ერთად - მეუფე იობი (აქიაშვილი), მეუფე დანიელი, მეუფე დავითი (მახარაძე). სასწაული იყო ეს წირვა და მთელმა მრევლმა იგრძნო მისი ძალა... შემუშავდა სამოქმედო გეგმა: 1. ქალაქის დალოცვა (ჯვრით, ხატებით, ნაკურთხი წყლის სხურებით ქუჩების მოვლა, დაწესებულებების კურთხევა და დალოცვა), ლოცვის გაძლიერება. 2. ჯარის ნაწილების, შტაბების დალოცვა, სამხედროების ზიარება, ნათლობა. 3. მრევლისა და სამწყსოს გაცნობა, მთავრობასთან კონტაქტის დამყარება და საეკლესიო ცხოვრების აღორძინება... მეუფე დანიელმა მალე მოიხვეჭა მრევლის პატივისცემა, ყველას უკვირს, რომ ასეთი ახალგაზრდა და ამდენ გამოცდილებასა და სიდინჯეს ამჟღავნებს."

საომარი ვითარების მიუხედავად, მეუფე დანიელი, სამღვდელოება გადიოდნენ სოფლებში, ლოცავდნენ და ამხნევებდნენ ხალხს. 27 სექტემბერს აგუძერაში მეუფე დანიელს მოახსენეს - სოხუმი დაიპყრეს რუსებმა და ჩრდილოკავკასიელმა კონფედერანტებმა და აუცილებელია თქვენი სამღვდელოებით გაერიდოთ აქაურობასო. დედა ელენე: "გადაწყდა, ღამით უნდა დაგვეტოვებინა აგუძერა და მერხეულის გზით სვანეთში უნდა გადავსულიყავით... გზაზე ყველაფერი იწვოდა, აყრილი ხალხი ბარგი-ბარხანით გზას შედგომოდა, დედებს გულში ჩაეკრათ ძუძუთა შვილები, მოდიოდნენ ჯარისკაცები, მოხუცები. ეს გზა დაუვიწყარია, თუკი ვინმეს უნახავს, გულს მოგიკლავდა ფუძიდან აყრილი გაუბედურებული ხალხის დანახვა, ღრმად მოხუცები, ფეხმძიმე ქალები, ჩვილბავშვიანები, პატარა ბავშვები მოლასლასებდნენ, მშიერნი, მწურვალნი ფუთააკიდებულნი. ძნელია ამ დროს ნუგეშის ცემა" ეს გზა გამოიარა მეუფე დანიელმა თავის მრევლთან ერთად. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოებას დროებით რეზიდენციად გამოეყო მარტყოფის მონასტერი, სადაც სოხუმის მამათა მონასტრის წევრები ცხოვრობენ. ბოდბისა და მარტყოფის დედათა მონასტერში კი იმყოფებიან აფხაზეთის ეპარქიიდან დევნილი მონაზვნები. 1993 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დანიელი მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტის პატივში იქნა აღყვანილი. 1995 წელს შეთავსებით დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსად. 2002 წლიდან მეუფე დანიელი შეთავსებით იყო ჯერ მარგველი, ხოლო ამჟამად ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველია.2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი დანიელი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დანიელი ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას სხვადასხვა ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ შეკრებებზე. მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ქრისტიანული ეკლესიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებზე. მეუფე დანიელი ხშირად ხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ანუგეშებს მათ და განუმტკიცებს იმის რწმენას, რომ ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ისტორიულ კერას, მტრისაგან იავარქმნილ აფხაზეთს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგება ისტორიული, ტრადიციული ურთიერთობა და ჩვენი ქვეყანა კვლავ გამთლიანდება.

მიტროპოლიტ დანიელის მიმართვა

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის განსაცდელსა და ლტოლვილებასა შინა მყოფ სულიერ შვილებს,

ქრისტესმიერ საყვარელნო მოძღვარნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, მშვიდობა თქვენდა!
სულითა და გულით მოგილოცავთ შობა-ახალი წლის სულიერი სიხარულით აღსავსე დღესასწაულებს. დღეს ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში ეწინააღმდეგება ამაღლებულ და საზეიმო განწყობილებას, მაგრამ ანგელოზთა ზეციური გალობით გასხივოსნებული შობის ღამე გვავიწყებს წუთისოფლის სიმწარეს და ღვთაებრივი იმედის სინათლით გვავსებს. "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2,14). დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი. დიდება შენდა, რომელმან ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხედ ზეცით. დიდება სულგრძელებასა შენსა უფალო ისეო, რამეთუ არა მოგვიძაგე ცოდვათა ჩვენთათვის, არამედ მოხვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ და მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა ზემიწიერი; მშვიდობა უფალთან, მშვიდობა მოყვასთან და მშვიდობა საკუთარ თავთან. "ამას გეტყოდი თქვენ, რაითა ჩემთანა მშვიდობა გაქუნდეს, სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე 16,33). სადა ინებოს ღმერთმან, სძლევიან ბუნებანი. უკეთუ ინებოს ღმერთმან, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცეს, შუღლი - ძმობად, სისასტიკე - მიმტევებლობად, გათიშულობა - ერთობად, სიძულვილი - სიყვარულად. "შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არის ღმერთისა მიერ". (ლუკა 18,27). უკეთუ ვითხოვდეთ უფლისაგან, ყოველივე სათნოებით აღვივსოთ ჩვენ. "ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ, ირეკდით, და განგეღოს თქუენ" (მათე 7,7).

უფალი ბრძანებს: "მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ. დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებთ" (იერემია 29, 12-13).

ქრისტესმიერ საყვარელნო მოძღვარნო, ძმანო და დანო! მოდით, ყველამ ერთად მოვუხმოთ უფალს და იგი გვიშველის ჩვენ. თავი და თავი ჩვენი უბედურებისა არის ჩვენი მცირედმორწმუნეობა და ღვთისაგან განდგომილება; მადლს მოკლებულნი ჩავიძირეთ ცოდვათა მორევში და აღარ ძალგვიძს გარჩევა ბოროტისა და კეთილისა. "მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!" (იერემია 2,21). "არავინ გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად. ყველა მეგობარმა დაგივიწყა და არ კითხულობენ შენ ამბავს, რადგან მტერივით მყავხარ ნაგვემი და სასტიკად დასჯილი დიდი დანაშაულის გამო, ცოდვები რომ გაგიმრავლდა, გიყავი ეს ყველაფერი" (იერემია 30,13-14). "ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, - ამბობს უფალი, - საბაოთ ღმერთი" (იერემია 2,19). "მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას" (იერემია 3,22). "ასე ამბობს საბაოთ უფალი, ისრაილის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე. თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს, არ შეავიწროებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ, მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე" (იერემია 7, 3; 5-7).

ქრისტესმიერ საყვარელნო მოძღვარნო, ძმანო და დანო, ვაღიაროთ ჩვენი უსჯულოება წინაშე ღვთისა, დავდგეთ გზასა ზედა სათნოებისასა და გავერთიანდეთ ჭეშმარიტი მონანიებით, ქართველნო და აფხაზნო, რუსნო და ბერძენნო, სომეხნო და ებრაელნო და ყოველნო ერნო მცხოვრებნო აფხაზეთის მიწაზე, სინანული არის ის საყოველთაო საქმე, რომელიც გაგვამთლიანებს ჩვენ, რამეთუ ყოველმან შევცოდეთ და არავინ არს, რომელმან ქმნა კეთილი. ნუ ვეძიებთ უბედურების მიზეზს სხვებში, რამეთუ ჩვენშია იგი. ნუ ვიქნებით სხვათა განმსჯელნი, რამეთუ განკითხვა სათავეა სიძულვილისა; არამედ ვიყოთ შენდობის მთხოველნი, რამეთუ სიმდაბლე მშობელია სიყვარულისა. უკეთუ ყველაფერში საკუთარ თავს დავადანაშაულებთ და თავს დავანახებთ ერთმანეთის ბრალობას, ჩაქრება ცეცხლი შურისძიებისა და დაგვიბრუნდება მადლი სულგრძელებისა, მიტევებისა და ლმობიერებისა, მაშინ მოიხილავს ჩვენზედა უფალი და აღსრულდება მისი მოწყალება. იეზეკიელი წინასწარმეტყველის პირით უფალი ბრძანებს: "გაგიმრავლებ კაცსა და პირუტყვს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ; დაგასახლებთ წინანდებურად და კეთილად მოგექცევით, როგორც თავდაპირველად გექცეოდით და დაინახავთ, რომ უფალი ვარ. აღარ მოგასმენინებ შეურაცხყოფას ხალხებისაგან და აღარ გექნება მოსათმენი ლანძღვა-თრევა ტომებისაგან, აღარ წააფორხილებ შენს ხალხს, - ამბობს უფალი ღმერთი.

გასხურებთ განმწმენდელ წყალს და განგწმედთ ყოველი უწმიდურებისაგან და ყოველი თქვენი კერპისაგან განგწმენდთ თქვენ. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.

იცხოვრებთ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი; იქნებით ჩემთვის საკუთარ ერად და მე თქვენი საკუთარი ღმერთი ვიქნები. გიხსნით ყველა უწმიდურობისაგან, გამოვიხმობ პურს, გავაუხვებ მას და აღარ მოვავლენ თქვენზე შიმშილს, გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რომ აღარ ითმენდეთ სირცხვილს ხალხთა შორის შიმშილის გამო. როცა ჩამოგრეცხავთ ყოველგვარ დანაშაულს, დავასახლებ თქვენ ქალაქებს და აშენდება თქვენი ნაოხარები, მოიხვნება უკაცრიელი მიწა, უდაბნოდ რომ უჩნდა ყოველ ჩამვლელს. იტყვიან: ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი! გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება" (იეზეკიელი 36, 11; 15; 25; 26; 27; 28; 29; 30; 33; 34; 35.).

ქრისტესმიერ საყვარელნო მოძღვარნო, ძმანო და დანო, ღვთის მადლით ჩვენ მალე ერთად ვიქნებით, მოვედით თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ ჩვენთვის განკაცებულსა ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა. მიუძღვნათ მას ჩვენი შემუსვრილი და დამდაბლებული გულები, განწმენდილი ღვარძლისა და შურისძიებისაგან. დავივიწყოთ შუღლი, მტრობა, უსამართლობა, რამეთუ არცერთი ჩვენთაგანი არ არის ბრალისაგან თავისუფალი, რამეთუ უფალი ბრძანებს: "უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან, ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქუენნი" (მათე 6, 14-15).

აფხაზეთი ქრისტიანული მადლით გაჟღენთილი მიწა-წყალია. ამ კურთხეულ მიწაზე განისვენებს მაცხოვრის ათორმეტ მოციქულთაგანი სვიმონ კანანელი.

დიდი სიყვარულით გადმოგცემთ მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მამობრივ სიყვარულსა და ლოცვა-კურთხევას.

საშობაო და საახალწლო დღესასწაულების იმედითა და მადლით აღვსილი გლოცავთ და გილოცავთ ბედნიერი დღეების მოახლოებას. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენს შორის.

თქვენთვის მლოცველი ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი დანიელი. 1994 წ.



ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დანიელის სააღდგომო
მილოცვა ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლისადმი


"ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და ძმანო, დედანო და დანო, დიდი სიყვარულით მოგილოცავთ და გახარებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს:
ქრისტე აღსდგა!

დღეს აღდგომის ნათელი აღგვავსებს და განგვანათლებს ყოველთა.

დღეს ზემიწიერი ღვთაებრივი სიყვარული განგვაცდევინებს განუზომელ ნეტარებას. დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ვგრძნობთ, რომ სასუფეველი ცათა ჩვენს შორის არს. აღდგომის მადლი გვიყუჩებს სულიერ თუ ხორციელ ტკივილებს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ამქვეყნიური მწუხარების მთავარი მიზეზი უფლის მადლთან დაცილებასა და სიყვარულის დაკნინებაშია. უფალი ჩვენი, იესო ქრისტე მოგვიწოდებს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენოთ თქუენ" (მათე 11, 28).

როგორ მივიდეთ უფალთან?

მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთარს, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს" (I იოანე 4,12), რამეთუ "ღმერთი სიყვარულ არს" (I იოანე 4,8).

სიყვარული - აი მთავარი საფუძველი ადამიანთა ბედნიერებისა. თუკი სიყვარული არ გვექნება, მთელი მსოფლიოც რომ შევიძინოთ ბედნიერი ვერ ვიქნებით: "რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათე 16,26).

რა ფასი აქვს ჩვენს ცხოვრებას, თუკი ჩვენ გულში იქნება მოყვასისადმი სიძულვილი და უნდობლობა, თუკი ჩვენი გული, რომელიც უნდა იყოს ტაძარი ღვთისა, გახდება სადგური ბოროტი სულისა.

ქრისტესმიერ ძმანო და დანო, ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები. დღემდე მოუშუშებელია ჩვენი სულიერი და ხორციელი ჭრილობები.

ჩვენ თვალწინ დაიღუპა უამრავი ახალგაზრდა, დაინგრა მრავალი ოჯახი, საკუთარ სახლ-კარს მოწყდა და დღემდე ლტოლვილებაშია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის გახლავთ, რომ აფხაზეთის მიწა-წყალზე ჩვენ განადგურების პირას მოვიყვანეთ ღვთისაგან ბოძებული უმთავრესი საუნჯე - სიყვარული. შეიძლება ვინმე არ დაგვეთანხმოს და გვითხრას: - ჩვენ სიყვარული არ დაგვიკარგავს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მაგრამ უფალი გვაფრთხილებს, უკეთუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი კეთილისმყოფელნი, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ჭეშმარიტი სიყვარული, რადგან ამას ცოდვილები და წარმართებიც აკეთებენ. ჭეშმარიტი სიყვარული გვექნება მაშინ, როდესაც ჩვენ შევიყვარებთ იმ ადამიანებს, რომელთაც მოგვაყენეს რაიმე მწუხარება: "ხოლო მე გეტყვით თქვენ: გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ილოცევდით მათ, რომელნი მძლავრობდენ თქუენ და გდევნიდნენ თქუენ" (მათე 5,44). თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგვაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთი სიყვარული მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათო და მართალიც იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ამდენი არ შეგვიძლია, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ ვაღიაროთ ჩვენი უძლურება, ვაღიაროთ, რომ მართლაც, ჩვენ გულებში ხშირად იღვიძებს სიძულვილი, რომ ჩვენ ხშირად ვცოდავთ ღვთის წინაშე, რომ დავივიწყეთ ძველი მეგობრობა, დავივიწყეთ თუ რაიმე კარგი გვაკავშირებდა, დავივიწყეთ, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული სათნოება არის მიტევება. და ბოლოს ის მაინც ხომ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ის ყველაფერი, რაც მოხდა აფხაზეთში ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფის დანაშაული კი არ არის, არამედ ყოველი ჩვენთაგანის უძლურების, უსიყვარულობის და ღმერთთან დაცილების შედეგია.

სიყვარული არ იქნება იქ, სადაც ადამიანები საკუთარ თავში ხედავენ სიკეთეს, ხოლო მოყვასში - ბოროტებას. "ანუ რაისა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა" (მათე 7,3,5).

ორგულობა უფლის ღალატია. ქრისტიანისათვის ეს უმძიმესი ბრალდებაა. მაშ, ნუ ვიქნებით ორგულნი. ნუ შევეცდებით ჩვენს ცხოვრებაში არსებული ტრაგიკული მოვლენების მიზეზი მხოლოდ სხვა ადამიანებში დავინახოთ, ხოლო საკუთარი თავი სრულიად უდანაშაულოდ და უშეცდომოდ წარმოვიდგინოთ. ყველანი ღვთის შვილები ვართ, ყოველ ჩვენთაგანში არის კარგიც და ცუდიც. ჩვენ, აფხაზეთის მიწა-წყლის შვილებმა, ბევრი ტკივილი მოვაყენეთ ერთმანეთს სამწუხაროდ, როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან ჩადენილი იყო ქრისტიანისათვის შეუფერებელი არაერთი საქციელი. მაგრამ ამ ტრაგიკულ დღეებში გამოვლინდა ისიც, რომ როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა შორის არიან მაღალი სულიერებისა და ზნეობის მქონე ადამიანები. საომარი მოქმედებების დროს, როდესაც ადამიანებს ემუქრებოდა აშკარა სიკვდილი, მრავალ აფხაზს გადაურჩენია ქართველი და პირიქით, მრავალ ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ერთხელ პატიმართა სანუგეშებლად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამღვდელოებასთან ერთად მოინახულა სიკვდილმისჯილები. მათ შორის ერთ-ერთი იყო აფხაზი. მისმა უწმიდესობამ განსაკუთრებული ყურადღება და სითბო გამოიჩინა აფხაზი პატიმრის მიმართ. სიკვდილმისჯილებს არ ჰქონდათ უფლება, წერილი გაეგზავნათ ახლობლებისადმი. პატრიარქმა შესთავაზა აფხაზ პატიმარს, წერილი მიეწერა დედისათვის და შემდგომ ეს ბარათი პატიმრის დედას გაუგზავნა. ამის შემდეგ მისმა უწმიდესობამ თხოვნით მიმართა ხელისუფლებას სიკვდილმისჯილთა შეწყალების თაობაზე. ხელისუფლებამ შეიწყნარა ეს თხოვნა და აფხაზი პატიმარი შეწყალებულ იქნა სხვებთან ერთად.

ტელევიზია, რადიო, პრესა ხშირად გვახსენებს კონფლიქტის დროს მომხდარ უარყოფით მოვლენებს და ამით განგვიახლებს ჯერ კიდევ ბოლომდე მოუშუშებელ ჭრილობებს. დროა, დავივიწყოთ ის საზარელი დღეები. ჩვენ უნდა გავიხსენოთ და დავინახოთ ის დადებითი მოვლენები, ის პიროვნული ღირსებები, რომლებიც გვაერთიანებდა ჩვენ საუკუნეების მანძილზე, რომელიც მიუხედავად მრავალი სიმწარ¬ისა არ დაგვიკარგავს საომარი მოქმედებების დროს და რომელიც დღესაც ცოცხალია ჩვენში.

დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ ძმურად შევხდებით ერთმანეთს, შევუნდობთ და გადავეხვევით ერთმანეთს. დადგება დრო და ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ აფხაზეთის მიწა-წყალზე მომხდარი ტრაგედია _ ეს იყო არა ქართველთა და აფხაზთა, არამედ ღვთის წინააღმდგომი ბოროტი სულის ბრძოლა აფხაზთა და ქართველთა შორის მშვიდობის, ერთობისა და სიყვარულის წინააღმდეგ.

როგორც ქართველები, ასევე აფხაზები ვართ მსხვერპლი იმ ბოროტი, ღვთის წინააღმდგომი ძალისა, რომელსაც ჰქვია სული სიძულვილისა, სული უნდობლობისა, სული შურისძიებისა. ბოროტი სული ჩვენი ქვეყნისათვის უცხო ადამიანების საშუალებით ახორციელებს თავის მზაკვრულ განზრახვებს და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ შეცდომილ ადამიანებს შორის სხვებთან ერთად ქართვე¬ლებიცა და აფხაზებიც აღმოვჩნდით. დადგება დრო და ჩვენ როგორც თბილისში, ისე სოხუმში აღვმართავთ ომში დაღუპულთა მოსაგონებელ ძეგლებს, სადაც ერთად ჩავწერთ როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა სახელებსა და გვარებს. ეს იქნება სიმბოლო ერთმანეთის ტკივილის გაზიარებისა, ერთმანეთისათვის შენდობისა და შერიგებისა, ჩვენი ერთობის აღდგენისა.

ჩვენში დაბრუნდება ერთმანეთისადმი ძმური სიყვარული და ჩვენ აღარ დავიწყებთ დავას იმის შესახებ თუ ვინ იყო მართალი და ვინ იყო მტყუანი.

აფხაზეთის საქართველოსთან გამთლიანება არის ღვთის მიერ დადგენილი ერთად-ერთი გზა აფხაზეთის წინსვლისა და განვითარებისა და აფხაზების გადარჩენისა.¬

აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ ყოველნი მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. (ფს. 67,1) ამინ.

ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ!

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი.
აღდგომა ქრისტესი. 2004 წ. 11 აპრილი.

 

ლოცვა ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის!

"ყოვლად წმიდაო სამებაო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, დიდება შენდა.

ღმერთო ძლიერო და კაცთმოყვარეო, დალოცე და დაიფარე ქართველთა და აფხაზთა შორის მშვიდობა და ერთობა. უფალო, შეგვინდე ყოველნი უსჯულოებანნი ჩვენნი. უპირველესად მოგვიტევენ, უფალო, უნდობლობა და სიძულვილი, ძმათა სისხლისღვრა და შურისძიება, ძვირისხსენება და ბოროტი გულისსიტყვა. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და აღგვიდგინე ურთიერთნდობა და სიყვარული, ურთიერთთავგანწირვა და მიმტევებლობა, ურთიერთპატივისცემა და ლოცვა ერთმანეთის დღეგრძელობისათვის.

განსაცდელი ესე ყოველი მოიწია, უფალო, ჩვენზედა უპირველესად შენგან და შენი წმიდა ეკლესიისაგან განშორებისა გამო. უფალო, დაგვიბრუნე მტკიცე და შეუორგულებლი სარწმუნოება, რათა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მადლობელნი შენნი გადიდებდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ."

მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ირაკლი რომანის ძე მახარაძე, დაიბადა 1960 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში.

1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ინტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს.

1981-1983 წლებში, როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი, მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოში, "ქართულ ფილმში", არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სხვა.

1984 წლიდან ირაკლი მახარაძე გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.

1986-88 წ.წ. ჯერ კიდევ ერისკაც ირაკლი მახარაძის გარშემო შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც დავით გარეჯის ლავრის ტერიტორიაზე აღადგინეს ტერასები, გაწმინდეს წყალსაცავები და მოაწყვეს შიდა ეზო. ეს იყო სტუდენტთა ჯგუფი, რომელთა აქტიურობითაც გახმაურდა და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა გარეჯის უდაბნოში საბჭოთა სამხედრო ძალების საწვრთნელი პოლიგონის დამანგრეველი მოქმედებების შესახებ, რასაც შემდგომში პოლიგონის გაუქმება მოჰყვა.

იმ დროს, 70-80-იან წლებში, სასულიერო ლიტერატურა ძნელად იშოვებოდა. წმიდა წერილიც კი ძველებური საბეჭდი მანქანის მეშვეობით მრავლდებოდა და ასე ვრცელდებოდა მორწმუნეებში. ირაკლი მახარაძემ, თავისი სახარება რომ ჰქონოდა, მისი მხედრულად გადაწერა დაიწყო. მოგვიანებით, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გადაწყვიტა ეტრატზე გადაეტანა წმიდა წერილი, მას მოუთხრეს ადამიანის შესახებ, რომელმაც გარეჯში ხელით დაიწყო სახარების გადაწერა. მოგვიანებით ირაკლი მახარაძე პატრიარქს წარუდგინეს, რის შემდეგაც ეს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე მას დაევალა. თავდაპირველად სახარების მაკეტი უნდა გამზადებულიყო. სამუშაო უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული: წიგნის არასტანდარტული ზომა, მუშაობისათვის საჭირო, უკვე მივიწყებულ-დაკარგული მასალის (ეტრატის, მელნის, კალმის) მოძიება-დამუშავების ძალზე რთული და შრომატევადი პროცესი. მაკეტის შედგენაში მას დახმარებას უწევდა მამა რომან მახარაძე, რომელიც გამოცდილი მხატვარი და წიგნის გრაფიკოსი იყო. 1986-87 წ.წ. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სახარების (1.5 მX80 სმ) გადაწერა ნუსხურად ეტრატზე (ხბოს ტყავზე). დღეს თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებულია ოქროჭედური ოთხთავი, რომელშიც მათეს სახარება და მარკოზის სახარების ნაწილი მეუფე დავითის მიერ გარეჯაში გადაწერილი ხელნაწერია.

1988 წლის 23 ნოემბერს ირაკლი მახარაძე დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 25 დეკემბერს კი -მღვდლად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით (ბრძ. N181) იგი გარეჯის მონასტრისა და ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1991 წ. 28 ოქტომბერს მამა ირაკლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავითის სახელით. აღკვეცის საიდუმლო სხალთის მამათა მონასტერში შესრულდა.

1992 წლის 24 მაისს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დავითი (მახარაძე) წმინდა სინოდის განჩინებით ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.

24 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ დავითის ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად კურთხევა. მან თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო...

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ბერმონაზონნო, მონაზონნო, დანო და ძმანო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო.

ამ წუთს გული ჩემი ორი გრძნობითაა სავსე: სიხარულითა და სინანულით. "წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე". მადლი ღვთისა, სახიერება მისი უკიდეგანოდ აღავსებს ქვეყანას და გულს ცოდვილი იღუმენისა დაწვავს ცეცხლითა უნივთოთა, რომ არა მისი კაცთმოყვარება. ჩემს განვილ გზას რომ გადავხედე, შიშმა შემიპყრო, რადგან ღვთის უსაზღვრო მოწყალება ვითარცა მარგალიტი წინაშე ძაღლთა და ღორთა დავაბნიე, შევიქენი უბოროტეს, უძვირეს ყოველთა და ნუ უფალო, ნუ აღდგებინ წყალობა შენი რისხვად. ყოვლადტკბილო იესო, მონაზონთა დიდებაო, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო...

სინანულით იმიტომ, რომ უფალმა, ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა გამომზარდა და მასვა წყალი ცხოველი; როგორც უდაბნოს მწველი მზე, ცოდვის ცხელი უფსკრულისაგან აღმომიყვანა და უდაბნოში დამარწყულა. "ღმერთი ჩემი შესავედრებელ და ძალ ჩემდა". ჩემი ნებით არაფერი არ მომხდარა, რადგან "თვინიერ მისსა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა". ვსასოებ მამასა, ვევედრები ძესა, მფარველობასა ვთხოვ სულსა წმიდასა, ერთარსებაო, დაუსაბამო სამებაო, დიდება შენდა.

ღვთის სიკეთე განუზომელია და რაც კაცთაგან შეუძლებელია, ღვთისათვის შესაძლებელია. მან უკეთ უწყის, რისი შეძლება მაქვს, რისი მოქენე ვარ. "რადმე იქადონ უკეთურებითა ძლიერი". უფალმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინა, განაკვირვა ქვეყანა უბიწოებამან ღვთისმშობლისამან, უტყვ იქმნენ მჭევრმეტყველნი და ფილოსოფოსნი. მართალი ბრძანებაა - მუშაკობა ესე უმადური შრომაა. ამის მაგალითი სახარებაა თავად: "იყო ნათელი ჭეშმარიტი, სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა. და სოფელმან იგი ვერ იცნა." მაგრამ იმავდროულად, დიდი სიხარულიცაა, რადგან "რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად."

და ბოლოს ენას არ ძალუძს გამოთქვას სიკეთე აურაცხელი. პასუხისმგებლობა დიდია, ჯვარი მძიმე. ვიცი, რომ შემეწევა, უწმიდესო და უნეტარესო, თქვენი ლოცვა-კურთხევა. ვსასოებ ლოცვით შეწევნაზე თქვენგან, ყოვლად სამღვდელონო, ბერნო და ერნო; რომელი არს მარჯვენით ღმერთისა, რომელი ამაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი, მეცა მას მიველტვი, მეოხებითა ღვთისმშობლისათა, ღირსი დავით გარეჯელისათა, წმიდისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის ეპისკოპოსისათა და ყოველთა ღვაწლთა გაბრწყინვებულთა, კვალად ნუ მიმანდონ კაცობრივსა განზრახვასა ყოვლადწმიდაო დედოფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ-გვეყავნ და გვაცხოვნენ.

უფალო, მომეცი ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღენი ესე...

ქრისტე აღსდგა... ნამდვილვე აღსდგა..." (61, 1992, 5).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა: "ბრძანებითა და განგებითა ყოვლადწმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, დღეს მოხდა ხელდასხმა თქვენი ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენითა. მართლაც დიდია უფალი და საოცარია და საკვირველი საქმენი მისნი და ადამიანის გონება უძლურია მისწვდეს ამ საკვირველებას. მართლაც ამ რამდენიმე წლის წინ ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ რიგითი არქიტექტორი, რომელიც დავით გარეჯის მონასტერში სამეცნიერო მუშაობისათვის წავიდა, გახდა მსახური ღვთისა, მორჩილი ღირსისა მამისა დავით გარეჯელისა და შემდეგ აღყვანილ იქნებოდა ეპისკოპოსის ხარისხში. მე მინდა ერთხელ კიდევ შევსწირო მადლობა ყოვლადწმინდა სამებას, რომელიც თვითონ ირჩევს მსახურთა თვისთა. იქ ხდება კურთხევა და სამღვდელო ხარისხში აყვანა ეკლესიის მსახურისა, ჩვენ მხოლოდ აღმსრულებელნი ვართ ღვთის ნებისა. ღირსმა მამა დავით გარეჯელმა აღზარდა მამა დავითი, რომელსაც ეს სახელი სწორედ ღმერთშემოსილი მოძღვრის მოსახსენებლად ეწოდა; აღზარდა მამა დავითმა და წმიდა მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ნიკორწმინდის ეპარქიაში შეიფარა. მართლაც დიდია და საოცარი განგება ღვთისა. მაგრამ ყოველ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის არა ჩვენი დამსახურება, არამედ წყალობა და განგებისა და ნებისა ღვთისა. თავმდაბლობა, მორჩილება განცდაი. თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს, განსაკუთრებით კი სასულიერო პირს, მოძღვარს, ეპისკოპოსს, პატრიარქს. თქვენ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მუდამ უნდა გახსოვდეთ ეს ფიცი, რომელიც თქვენ ამ წმიდა ტაძარში ღვთისა და ერის წინაშე დადეთ, რომ მტკიცედ დაიცავთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ერისა და ეკლესიის ერთიანობას. დღეს, როცა მრავალი ხილული და უხილავი მტერი ჰყავს ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას, ეპისკოპოსს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, ეპისკოპოსი დგას ქალაქის თავზე გამოსულ არწივზე. ეს ნიშანია იმისა, რომ როგორც არწივი ხედავს ყველაფერს ქალაქში, ასევე ეპისკოპოსის მახვილ თვალსაც არ უნდა გამოეპაროს არაფერი, რაც მის ეპარქიაში ხდება. ომფორი, რომელიც თქვენ კურთხევისას მოგასხით, სიმბოლოა თქვენი სამწყსოსი, რომელიც თქვენ მხრებით უნდა ზიდოთ, განსაკუთრებული ყურადღება გზასაცდენილებს უნდა მიაქციოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ არცერთი კაცი არაა თავის მტერი და როცა ის ცოდვას ჩადის, ამას ბოროტი სულის ზეგავლენით და უმეცრებით აკეთებს. ამიტომაც ყოველი ღონე უნდა იხმაროთ მისი ბოროტების ტყვეობისაგან გამოსახსნელად და ქრისტიანობის გზაზე დასაყენებლად. დღეს თქვენ აღყვანილ ხართ მღვდელმთავრის ხარისხში და ამიერიდან წინაშე ღვთისა პასუხს აგებთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ეპარქიის სამღვდელოებასა და მორწმუნე ერზეც, რომელიც თქვენ უნდა დამწყსოთ ლოცვითა და სულიერებით, რომელიც თქვენ ყოველთვის გახასიათებდათ, თქვენ უნდა მიაღწიოთ იმას, რომ არცერთი ცხოვარი არ წარწყმდეს. მღვდელმთავარმა მაგალითი უნდა უჩვენოს სამღვდელოებას და ერს თავმდაბლობისა, მორჩილებისა, სარწმუნოებისა, სიყვარულისა, ცოდვათა მიტევებისა.

ახალი ეპისკოპოსის კურთხევა უდიდესი მოვლენაა ქართული ეკლესიისა და ჩვენი ერის ცხოვრებაში, ამიტომ ყველას ვულოცავ ამ დღეს, მაგრამ განსაკუთრებით ვულოცავ რაჭას ახალ ეპისკოპოსს. ახალ ეპისკოპოსს იქ ელოდება ნიკორწმინდა, ბარაკონი, მრავალძალი... დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ჩვენგანი და პირველ რიგში რაჭის მოსახლეობა მხარში ამოუდგება ახალ ეპისკოპოსს და რაჭის სიწმინდენი ახალი ძალით გამობრწყინდებიან. მიიღე კვერთხი ესე, რომელიც არის სულიერ ძლიერების სიმბოლო და დალოცე ერი სრულიად საქართველოსი." (61, 1992, 5).

1992 წლის 21 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი დავითი (მახარაძე) გადაიყვანეს ბოდბის ეპარქიაში, რომელსაც განაგებდა 1993 წლის 28 აგვისტომდე.

1992-1993 წლებში მეუფე დავითი ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას.

1993 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს.

1996 წლის 25 დეკემბერს ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის მაღალი სამღვდელმთავრო წოდება მიენიჭა.

1988 წლიდან მეუფე დავითი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავმჯდომარეა. 2003 წლის თებერვლიდან კი შეიქმნა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, რომლის თავმჯდომარეა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თავმჯდომარის მოადგილე კი - მეუფე დავითი.

2008 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი წმინდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

წლების მანძილზე ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი არის საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2006 წლიდან კი გალობის ცენტრის თავმჯდომარეა.

2002 წლის 1 მარტს, მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ალავერდის საკათედრო ტაძარში აღესრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი ქართული ტრადიციული გალობით. ტაძარში სხვადასხვა ტაძრის მგალობელთა 6-მა გუნდმა (45-მა მგალობელმა) სრულად იგალობა დედა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი.

ალავერდის ეპარქიაში მეუფე დავითის სამღვდელმთავრო მსახურების პირველი წლებიდანვე აღდგა ყოველდღიური წირვა-ლოცვა ქ. თელავის ღვთაების - ფერისცვალების ტაძარში. აქვე მდებარეობს მღვდელმთავრის რეზიდენცია და ღვთაების დედათა მონასტერი.

1995 წელს მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით ხახულის ღვთისმშობლის სახელობის შუამთის დედათა მონასტერში განახლდა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის ისტორიისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო მთავარი სიწმიდის, ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ახალი პირის შექმნა. ხატის პერანგი შეიქმნა შუასაუკუნეებისდროინდელი საოქრომჭედლო ტექნიკით, რასაც სამი წელი დასჭირდა. ხატის ზურგზე 44 სანაწილეა ამოკვეთილი. მხატვრობა და მოოქროვილი ვერცხლის პერანგი შესრულებულია ორიგინალის მიხედვით. ძველი წესის თანახმად, ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ახალი პირი 40 დღის მანძილზე დედანთან პირი-პირს მიდებული საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში იყო დაბრძანებული; 2006 წ. 7 (20) სექტემბერს კი, მონასტრის დღესასწაულის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის წინა დღეს ხატი მონასტერში მიბრძანდა.

ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში 2007 წლიდან მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. უკვე განახლებულია მონასტრის აღმშენებლის თინათინ დედოფლისდროინდელი სამრეკლო (XVI ს.). 2008 წელს დასრულდა მთავარი ტაძრის რესტავრაცია. მთლიანად შეიცვალა ტაძრის სახურავი, ძველი ქართული აგურით ნაგები კედლები გაიწმინდა, აღდგა და ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდა.

ახალი შუამთის მონასტრის ტერიტორიაზე მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით 2001 წელს დასრულდა წმინდა გიორგის სახელობის კელია-სამწირველოს მშენებლობა, სადაც მონაზონთა მცირე კრებული ცხოვრობს.

2006-2008 წლებში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა ძველი შუამთის მონასტერში. გაიწმინდა კედლები და მთლიანად შეიცვალა სახურავი. აგრეთვე ჩატარდა შუამთის ტყეში არსებული მცირე ზომის სკიტების რესტავრაცია.

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო თელავში, გიგოს გორაზე, სადაც 1920-1930-იან წლებში ქართველ თავადაზნაურებსა და სასულიერო პირებს ხვრეტდნენ, ახალი ეკლესიის აგება. ამ ადგილზე 2001 წელს იკურთხა წმიდა ნინოს ახლად აშენებული ტაძარი.

2005 წლიდან ალავერდის მამათა მონასტერში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებასთან ერთად, მონასტრის აღდგენა-განახლებაც დაიწყო. 2006 წლიდან მიმდინარეობს მნიშვნელოვანი და მასშტაბური სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დროთა განმავლობაში ეზოში დაგროვილი მიწა ფენებად მოიჭრა და ძველმა გალავანმა თავისი სახე დაიბრუნა. პარალელურად ეზოსა და გალავნის გარშემოსავლელის მოპირკეთება-მოსწორება მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა მე-17 საუკუნის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი საეპისკოპოსო სახლის და მამათა სენაკების რესტავრაცია-მშენებლობა. შეიცვალა გადახურვა, კვლავ განახლდა მონასტრის ძველი, ისტორიული დარბაზები, აღდგა გალავნის გარეთ მდებარე მე-16 საუსკუნის აბანო და მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული შენობა - ფეიქარ-ხანის საგრილობელი, სადაც ალავერდის ეპარქიისა და კონკრეტულად ალავერდის მონასტრის სიგელ-გუჯრები და სხვა ისტორიული დოკუმენტაცია განთავსდება.

2006 წელს აღდგა ალავერდის მონასტრის ისტორიული მარანი. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა მონასტრის მარნის არსებობა, რომელიც დაახლოებით 50 ტონამდე ღვინოს იტევდა. ქვევრების ნაწილი შესაბამისი შესწავლა-დამუშავების შემდეგ დაკონსერვდა და მარნის პერიმეტრშივე მიწით დაიფარა, ხოლო ნაწილი დაზიანებული ქვევრებისა მონასტრის მუზეუმის ექსპოზიციაში გამოიფინა. დღეს მონასტრის მარანი 30 ტონამდე ღვინოს აწარმოებს.

2007 წელს ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყო სიძველეთსაცავის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. მისი მთავარი მიზანია ეკლესიის წიაღში კვლავ დაივანოს სიწმიდეებმა. პროექტში გათვალისწინებულია საეკლესიო ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაწერთა ფონდების საცავებთან სარესტავრაციო სახელოსნო-ლაბორატორიების მოწყობა მეცნიერთათვის.

ჩატარდა არქეოლოგიური შესწავლა ალავერდის საკათედრო ტაძრის სტოვნის ნაწილში, რაც მოსამზადებელი ეტაპია ტაძრის რესტავრაციის დასაწყებად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალავერდის მონასტერში ძველი სასწაულთმოქმედი ხატების ასლების მობრძანება. დღეს ალავერდის საკათედრო ტაძარში დაბრძანებულია პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ბულგარეთიდან, მაცხოვრის და ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები ათონის მთიდან. ალავერდის ტაძრისთვის შეიქმნა წმიდა ქეთევან დედოფლის ხატი, რომელშიც დიდმოწამის წმიდა ნაწილია ჩაბრძანებული.

2007-2008 წლებში აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით დაიწყო იყალთოს სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია. სამუშაოების პირველ ეტაპს მონასტრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა წარმოადგენს. იყალთოს მონასტრის აღორძინება სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის აღორძინებას ითვალისწინებს.

2002 წელს ქ. თელავში დაარსდა წმიდა მოწამეთა შალვა, ბიძინა და ელიზბარის სახელობის ალავერდის ეპარქიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელსაც ალავერდელი მღვდელმთავარი ხელმძღვანელობს.

1999-2004 წლებში მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ჩაკიდულ თხემებად წოდებულ ადგილზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა ააშენა წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, სადაც 2004 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა დედათა სავანე, რომლის ზედამხედველობა ალავერდელ მიტროპოლიტს მეუფე დავითს დაევალა. აქ შუამთის დედათა მონასტრიდან გადმოვიდა მონაზონთა მცირე კრებული. მონასტერი ეწევა საგამომცემლო საქმიანობას.

2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით

ამჟამად ეპარქიაში მოქმედ 40 ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურებას აღასრულებს 30-მდე სასულიერო პირი.

პერიოდიკა

1996-1997 წლებში გამოიცემოდა ალავერდის ეპარქიის ყოველთვიური ჟურნალი "მცირე სამწყსო", 2002-2004 წლებში - ჟურნალ "მოყვასის" ყოველთვიური გამოცემა.

2007 წლის აპრილიდან კი გამოიცემა ყოველთვიური გაზეთი სახელწოდებით "გზა და ჭეშმარიტება".

--------------------------------------------------------------------------

დამოწმებული ლიტერატურა

1. სერგო ვარდოსანიძე "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობმელები", თბილისი, 2004 წ.

2. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II", თბილისი, 1994 წ.

3. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე", თბილისი, 2000 წ.

4. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი", თბილისი, 2009 წ.

5. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III", თბილისი, 2009 წ.

6. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე", თბილისი, 2009 წ.

7. სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II", თბილისი, 2007 წ.

8. სერგო ვარდოსანიძე "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001 წ.

9. სერგო ვარდოსანიძე "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II", თბილისი, 2008 წ.

10. სერგო ჯორბენაძე "ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა", თბილისი, 1984 წ.

11. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბილისი, 1990 წ.

12. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი, 2009 წ.

13. გიორგი ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, "დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის მოგონებები."

14. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი.

15. საქართველოს საპატრიარქო არქივი.

16. ავთანდილ ნიკოლეიშვილი "გაბრიელ ეპისკოპოსი", ქუთაისი, 1990 წ.

17. მელიტონ კელენჯერიძე "გაბრიელ _ ეპისკოპოსი იმერეთისა", თბილისი, 2006 წ.

18. ილია ჭავჭავაძე "თხზულებანი", თბილისი, 1984 წ.

19. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალექსანდრე ეპისკოპოსის ფონდი.

20. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მელიტონ კელენჯერიძის ფონდი.

21. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეპისკოპოს კირიონის ფონდი.

22. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თედო ჟორდანიას ფონდი.

23. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი სხვადასხვა.

24. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი.

25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ამბროსი ხელაიას ფონდი.

26. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი.

27. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კორნელი კეკელიძის ფონდი.

28. საქართველოს საპატრიარქო არქივი.

29. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პიროს ოქროპირიძის ფონდი.

30. საქართველოს საპატრიარქო არქივი. ეპისკოპოს დავით კაჭახიძის საქმე.

31. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის საქმე.

32. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ფონდი.

33. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის ფონდი.

34. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი.

35. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ იოანე მარღიშვილის ფონდი.

36. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მთავარეპისკოპოს იოანე ანანიაშვილის ფონდი.

37. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის ფონდი.

38. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი.

39. საქართველოს საპატრიარქო არქივი, ეპისკოპოს ტარასი კანდელაკის საქმე.

40. საქართველოს საპატრიარქო არქივი, მიტროპოლიტ ილიას ფონდი.

41. საქართველოს საპატრიარქო არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი.

42. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი.

43. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტ: I, II, III, თბილისი, 1997 წ. 2008 წ.

44. ჯემალ გამახარია "წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.

45. ნუგზარ პაპუაშვილი "ამბროსი ხელაია რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში", თბილისი, 2005 წ.

46. ეპისკოპოსი კირიონი "ივერიის კულტურული როლი რუსეთის იმპერიის ისტორიაში", თბილისი, 2009 წ.

47. იოსებ მეგრელიძე "ექვთიმე თაყაიშვილი", თბილისი, 1989 წ.

48. სარგის კაკაბაძე "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წ.წ.", თბილისი, 1997 წ.

49. ჯემალ გამახარია "წმიდა ამბროსი აღმსარებელი და აფხაზეთი", თბილისი, 2006 წ.

50. კალისტრატე ცინცაძე "ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია ტფილისში", თბილისი, 1994 წ.

51. ვაჟა კიკნაძე "ცხოვრება და ღვაწლი პეტრე კონჭოშვილისა", თბილისი, 2003 წ.¬

52. კათოლიკოსი ამბროსი, კრებული შეადგინა ედიშერ გიორგაძემ, თბილისი, 1999 წ.

53. ჟურნალი "მწყემსი".

54. ამბერი "მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", ჟურნ. "განთიადი", 1916 წ. 5. IX.

55. გოჩა საითიძე "წამებული მშობელი ქვეყნისა და ეკლესიისათვის", "ისტორიანი", თბილისი, 2000 წ.

56. ზინობი ჟვანია "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან", ქუთაისი, 1994 წ.

57. იაკობ გოგებაშვილი "თხზულებანი", ტ. II, თბილისი, 1954 წ.

58. ჟურნალი "საღვთისმეტყველო კრებული", თბილისი, 1987 წ. N3.

59. მარინა შავიანიძე "მიტროპოლიტი ნუემი", ქუთაისი, 2006 წ.

60. ჟურნალი "ჯვარი ვაზისა".

61. გაზეთი "მადლი".

62. კრებული "მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე", თბილისი, 2000 წ.

63. გაზეთი "ქიზიყი".

64. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე "დედა ეკლესია", თბილისი, 1996 წ.

65. კრებული "მეცნიერება და სარწმუნოება", თბილისი, 2005 წ.

66. დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა "სუჯუნის ეკლესია", 2009 წ.

67. ჟურნალი "კრიალოსანი".

68. გაზეთი "საქართველოს საპატრიარქო უწყებანი".

69. ხობისა და ფოთის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს სხდომათა ოქმები.

70. ეპისკოპოსი ზოსიმე "ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა", თბილისი, 1997 წ.

71. მთავარეპისკოპოსი ზოსიმე "მოგონებანი", თბილისი, 2006 წ.

72. ჟურნალი "ფუძნარი".

73. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წ.

74. საქართველოს ისტორია XX საუკუნე. პროფ. ვახტანგ გურულის რედაქციით, თბილისი, 2003 წ.

75. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის არქივი.

 

სერგო ვარდოსანიძე
"ქართველი მღვდელმთავრები" (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:20)