წმიდა იპოლიტე რომაელი
როდესაც 212 წ-ს ორიგენემ მოინახულა რომი, მან იქ ერთ-ერთ ეკლესიაში მოისმინა რომაელი მღვდლის, იპოლიტეს ხოტბითი ქადაგება მაცხოვრის შესახებ. ეს მღვდელი შემდეგში გახდა პირველი ანტიპაპი (ანტიპაპი ეწოდება იმ პირს, რომელიც რომის ეკლესიასთან და რომის ეპისკოპოსთან დაპირისპირებაში იმყოფება და ისიც რომის ეპისკოპოსი ხდება მისი მომხრეებისთვის).
შესაძლოა იპოლიტე არ ყოფილა არც რომაელი, არც საზოგადოდ ლათინი. ბევრი ვარაუდობს მის აღმსოავლურ წარმომავლობას. როგორც არ უნდა იყოს, იგი არის ბოლო რომაელი ქრისტიანი, რომელიც ბერძნულად წერდა.
წმ. ფოტი პატრიარქის მითითებით (იხ. მისი ”ბიბლიოთეკა”, კოდ. 121), წმ. იპოლიტე თავის ერთ ჩვენამდე არმოღწეულ შრომაში წმ. ირინეოს ლიონელის მოწაფედ აცხადებს თავს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული იპოლიტე მალე აღმოჩნდა დაპირისპირებაში პაპ კალისტესთან (217-222), რომელიც მან დაადანაშაულ საბელიანიზმში, შემდეგ კი თავის მომხრეებთან ერთად გამოეყო რომის ეკლესიას და, როგორც აღვნიშნეთ, გახდა პირველი ანტიპაპი. აღნიშნული დაპირისპირება უფრო გაღრმავდა ურბანოსის (223-230) და პონტიანუსის (230-239) პაპობის დროს. ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ იპოლიტეც და პონტიანუსიც არ გადაასახლეს სარდინიაში, სადაც მათ შორის, როგორც ჩანს შერიგება მოხდა. 235 წ-ს პონტიანუსმა დათმო პაპობა და მის ნაცვლად იკურთხა ანტეროსი (235-236). რაც შეეხება იპოლიტეს, როგორც მიიჩნევენ, მან უარყო განდგომილებაში ყოფნა და შეუერთდა რომის ეკლესიას (შესაძლოა ეს მოხდა რომიდან მის ექსორობამდეც). პონტიანუსი და იპოლიტე აღესრულნენ დაახლოებით 236 წელს. პაპმა ფაბრიანემ (236-250) ორივე მათგანის ნეშტი გადაასვენა რომში და დაკრძალა ისინი 13 აგვისტოს, რა დღესაც არის წმ. იპოლიტეს ხსენება ზოგ კალენდარში (თანამედროვე მართლმადიდებლურ კალენდარში მისი ხსნება დადებულია 30 იანვარს). ლატრანის მუზეუმში ინახება წმ. იპოლიტეს ცნობილი ქადაგება, აღმოჩენილი 1551 წელს, რაც III ს-ს ეკუთვნის. იმ სკამზე, რომელზეც იპოლიტე ზის, ამოკვეთილია მისი პასქალური ტაბულა და მისივე შრომების სია. იპოლიტეს შრომებიდან ჩვენამდე მოღწეულია შემდეგი:
I. ანტიერეტიკულ-დოგმატური შრომები
1. ”ფილოსოფუმენა” ანუ ”ყველა ერესის მხილება”
ეს თხზულება ყველაზე მნიშვნელოვანია წმ. იპოლიტეს ნაშრომთა შორის. იგი წარმოადგენს ათწიგნედს. სახელწოდება ”ფილოსოფუმენა” ავტორის მიერ მიკუთვნებულია პირველი ოთხი წიგნისადმი, რომლებიც ბერძნულ ფილოსოფიას და ბერძნულ ბარბაროსულ (არაელინურ) რელიგიას და მითოლოგიას ეხება. საყურადღებოა, რომ პირველი წიგნის დასაწყისში წმ. იპოლიტე მთელ შრომას უწოდებს აგრეთვე ”ყველა ერესის მხილებას”. ძნელი ასახსნელია, რომ ეს ძეგლი არ იხსენიება არც ზემორე სიაში, არც ევსებისა და წმ. იერონიმეს მიერ. პირველი წიგნი აღნიშნული თხზულებისა ცნობილია 1701 წლიდან ორიგენეს ავტორობით. მეორე და მესამე წიგნები დაკარგულია. IV-X წიგნები 1842 წ. აღმოჩნდა XIV ს-ის ათონურ ბერძნულ ხელნაწერში, რაც გამოიცა 1851 წ-ს (პირველ წიგნთან ერთად) კვლავაც ორიგენეს ავტორობით. 1859 წლის გამოცემაში აღნიშნული თხზულების ნამდვილი ავტორი (წმ. იპოლიტე) უკვე დადგენილია. გადამწყვეტი არგუმენტი არის თვით თხზულებაში საკუთრივ ავტორის მიერ თავის ადრინდელ შრომებზე (”სინტაგმა”, ”სამყაროს არსება”, ”ქრონიკონი”) მითითება. სამივე ეს შრომა იპოლიტესეულია.
თხზულება ფაქტობრივად ორნაწილედია: I-IV თავები ეხება სხვადასხვა წარმართულ ფილოსოფიურ-სარწმუნოებრივ სისტემას (პირველი წიგნი წარმოადგენს ანტიკური ფილოსოფიის მოკლე გადმოცემას და მხილებას. დაკარგული მეორე და მესამე წიგნები განიხილავდნენ ბერძენთა და ბარბაროსთა მისტერიულ კულტებს და მითოლოგიას. მეოთხე წიგნი ეხება ასტროლოგიას და მაგიას. მეორე ნაწილი (V-IX წიგნები) არის უარყოფა 33 ფსევდოქრისტიანული მოძღვრებისა, რომელთაგან თითოეული წყვილდება ამათუიმ წარმართულ ფილოსოფიურ-სარწმუნოებრივ სისტემასთან, რაც პირველ ნაწილში იყო განხილული. მეათე წიგნში ერთი მხრივ შეჯამებულია წინა ცხრა წიგნი, მეორე მხრივ კი მოცემულია ძველი აღთქმის ქრონოლოგია და ჩამოყალიბებულია ჭეშმარიტი მოძღვრების არსი.
რადგან თხზულებაში მითითებულია კალისტეს (რომის პაპის) სიკვდილი, იგი 222 წლის შემდეგ უნდა დაწერილიყო.
დავძენთ, რომ აღნიშნულ ძეგლს ეწოდება აგრეთვე ”ლაბირინთი”, როგორც ეს მითითებულია ამავე ნაშრომში (იხ. 10.5).
2. ”სინტაგმა” ანუ ”ყველა ერესის წინააღმდეგ”
ზემორე თხზულებაზე გაცილებით ადრე იპოლიტემ დაწერა შრომა, რომელსაც ევსები და წმ. იერონიმე სახელდებენ როგორც ”ყველა ერესის წინააღმდეგ”, ხოლო წმ. ფოტი პატრიარქი მას უწოდებს ”სინტაგმას ოცდათორმეტი ერესისას”. სამწუხაროდ, ნაშრომი ბერძნულად დაკარგულია. მის ლათინურ რეზიუმეს წარმოადგენს ტერტულიანეს შრომაზე - ”მწვალებელთა პრესკრიფციის შესახებ” - დართული ტექსტი.
იპოლიტეს აღნიშნულმა თხზულებამ დიდი გავლენა მოახდინა გვიანდელ საეკლესიო მოღვაწეებზე. მას ვრცლად იყენებენ წმ. ეპიფანე კვიპრელი თავის ”პანარიონში” და ფილასტროსი ”მწვალებლობათა წიგნში”.
ნაშრომი დაწერილია იპოლიტეს მოღვაწეობის პირველ პერიოდში ზეფირინუსის პაპობის დროს (199-217). ეს პაპი იხსენიება ”ფილოსოფუმენას” შესავალში.
3. ”ანტიქრისტეს შესახებ”
ეს ნაშრომი დოგმატური ხასიათისაა (ორიგინალი სრულადაა მოღწეული). დაწერილია დაახლ. 200 წელს. მიმართულია ვინმე თეოფილესადმი.
იპოლიტე ამ შრომაში არ ეთანხმება გავრცელებულ აზრს რომის როგორც ანტიქრისტეს იმპერიის შესახებ. იგი განმარტავს, რომ რომი შეესაბამება დანიელ წინასწარმეტყველის ხილვის მეოთხე ძალას, ხოლო ანტიქრისტე მის შემდეგ მოდის.
ნაშრომში განმარტებულია დანიელის წინასწარმეტყველების და აპოკალიფსის ბევრი ადგილი. მისი ავთენტურობა დგინდება თვით იპოლიტეს მითითებით, რაც მოცემული აქვს თხზულებაში ”განმარტება დანიელის წიგნზე”. ბერძნულად აღნიშნული ძეგლი მოღწეულია სამი ხელნაწერით. ცნობილია მისი ქართული და სლავური თარგმანები, აგრეთვე სომხური ფრაგმენტები.
II. ეგზეგეტური შრომები
წმ. იპოლიტემ დაწერა მრავალი განმარტება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე. მისთვის, როგორც ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენლისთვის, ნიშანდობლივია განმარტების სახისმეტყველებითი მეთოდი, თუმცა ამ ხმრივ დიდია სხვაობა წმ. იპოლიტეს ზომიერ ალეგორიზმსა და მისი თანამედროვე ორიგენეს მისტიკურ ეგზეგეზისს შორის.
სამწუხაროდ წმ. იპოლიტეს განმარტებითი შრომებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია მოღწეულია. ესენია:
1. ”დანიელის წინასწარმეტყველების” განმარტება.
აღნიშნული ძეგლი სრულად დაცულია ძველ სლავურ თარგმანში. ბერძნულად მოღწეულია ფრაგმენტების დიდი რაოდენობა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, დღეისათვის უფრო მიღებულია, რომ თხზულება დაიწერა დაახლ. 204 წ. თუ ამ თარიღს სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ ხსენებული ნაშრომი უნდა ჩავთვალოთ დღეისათვის ცნობილ ყველაზე ადრეულ ეგზეგეტურ ძეგლად.
განმარტება იყოფა ოთხ წიგნად. ავტორი იყენებს ძველი აღთქმის თეოდოტიონისეულ თარგმანს.
პირველი წიგნი ეხება სუსანას ისტორიას, რომელიც წარმოჩენილია ქრისტეს უბიწო სძლის, ეკლესიის წინასახედ. მას დევნის ორი ერი: იუდეველებისა და წარმართებისა.
ამრიგად, სუსანა ეკლესიის სახეა, მისი ქმარი იოაკიმი კი - ქრისტესი. ის ბაღი, რაც ”მისი სახლის მახლობლად იყო”, განასახოვნებს წმინდანებს, დანერგილთ ეკლესიის წიაღში მსგავსად ნაყოფიერი ხეებისა. ბაბილონი სიმბოლოა ამა სოფლისა. ორი მოხუცი წარმოადგენს ეკლესიის მოწინააღმდეგე ორ ერს - წინადაცვეთილებს და წარმართებს. სიტყვები: ”ისინი არჩეულნი იქნებიან მთავრებად და მსაჯულებად” მიანიშნებს, რომ ამ ქვეყანაში სწორედ ზემოხსენებულ ორ ერს ექნება ძალაუფლება და კანონმდებლობა, რის გამოც უსამართლო მსჯავრით განსჯიან მართალთ. ისინი დევნულებას აღძრავენ ეკლესიის წინააღმდეგ, მოიწადინებენ მის შემუსვრას, მაგრამ საწადელს ვერ ეწევიან (1, 14-15).
მეორე წიგნი დანიელის ოთხ სამეფოს უიგივებს ოთხ იმპერიას: ბაბილონურს, სპარსულს, ბერძნულს და რომაულს.
მესამე წიგნი ეხება უაღრესად აქტუალურ საკითხს: ქრისტიანთა დამოკიდებულებას სახელმწიფოსთან.
მეოთხე წიგნში დამოწმებულია მაცხოვრის შობის დღედ 25 დეკემბერი, რაც პირველი შემთხვევაა პატრისტიკულ ლიტერატურაში (დღეისათვის ცნობილი წყაროების მხიედვით). აქვე მაცხოვრის კაცობრივი აღსრულების დღედ მითითებულია 25 აპრილი. წმ. იპოლიტეს ცნობით, მაცხოვარი დაიბადა 25 დეკემბერს, ოთხშაბათს იმპერატორ ავგუსტუსის ორმოცდამეორე წელს (ზოგი მკვლევარის აზრით, თხზულების ეს მონაკვეთი შედარებით გვიანდელი ინტერპოლაციაა).
2. ”ქება ქებათას” განმარტება
ეს ძეგლი სრულად მოღწეულია ძველ ქართულ თარგმანში (იხ. ”შატბერდის კრებული”, თბ. 1976). მოღწეულია ფრაგმენტები ბერძნულად, სლავურად, სომხურად და სირიულად, განმარტება წყდება ბიბლიური წიგნის მესამე თავის მეშვიდე მუხლზე.
აღნიშნული განმარტების მიხედვით ”ქებათა” მეფე არის ქრისტე, ხოლო სძალი - ეკლესია. ზოგან, ორიგენეს მსგავსად, ”ქებათა” სძალი გაგებულია ადამიანის სულად, რომელიც ღვთისადმი ტრფიალებითაა განმსჭვალული.
მითითებული შრომა ფართოდ არის გამოყენებული წმ. ამბროსი მედიოლანელის მიერ 118-ე ფსალმუნის განმარტებისას.
3. ისააკისა და იაკობის კურთხევათა განმარტება (შესაქ. 27,49).
ძეგლი მოღწეულია, როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ და სომხურ ენებზე (ძველი ქართული ტექსტისათვის იხ. ”შატბერდის კრებული”, ახალი ქართული თარგმანისათვის იხ. ”საღვთისმეტყველო კრებული”, 1987, №2).
4. მოსეს კურთხევათა განმარტება (I სჯ. 33)
მოღწეულია ქართული და სომხური თარგმანებით (ბერძნულად ცნობილია ორი მცირე ფრაგმენტი). ქართული თარგმანი დაცულია ზემოხსენებულ ”შატბერდის კრებულში”.
5. დავითისა და გოლიათის განმარტება (I მეფ. 17).
შემონახულია ქართულ და სომხურ თარგმანებში (ქართული თარგმანისათვის იხ. ზემოხსენებული ”შატბერდის კრებული”).
6. ჰომილია ფსალმუნთა შესახებ
ბერძნული ტექსტი შემონახულია ფსალმუნთა კატენებში. იგი მოღწეულია სირიულ თარგმანშიც, რომელიც შეიცავს ავტორზე მითითებასაც.
ჰომილია შინაარსობრივად ორი ნაწილისაგან შედგება. მათგან პირველი ეხება ფსალმუნთა წიგნს ზოგადად, ხოლო მეორე - კონკრეტულად პირველ და მეორე ფსალმუნებს.
პირველ ნაწილში უარყოფილია ცთომილება იმის შესახებ, თითქოს ყველა ფსალმუნი დავითის დაწერილი არ იყოს. მეორე ნაწილში პირველი ფსალმუნი გაგებულია მაცხოვრის შობის წინასწარმეტყველებად, ხოლო მეორე ფსალმუნი - მისი ვნებისად.
მეორე ნაწილის სიმოკლე მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ მას ბოლოში უნდა აკლდეს. ამასვე ცხადყოფს დამაბოლოებელი დოქსოლოგიის არარსებობა.
წმ. იპოლიტეს ქანდაკებაზე ამოკვეთილ შრომათა სიაში დასახელებულია თხზულება ”ფსალმუნთა შესახებ”, რასაც უთითებს წმ. იერონიმეც, უწოდებს რა მას "De Psalmis" (”ბრწყინვ. კაცთ. შეს.” 61).
* * *
ეგზეგეტურ შრომებს მიეკუთვნებიან წმ. იპოლიტეს დაკარგული თხზულებები, რომელთაგან ზოგი რამდენიმე ფრაგმენტით არის შემორჩენილი. ესენია: ”ექვსი დღის შესახებ”; ”ექვსი დღის შემდგომ მოვლენათა შესახებ”; ”გამოსვლათა წიგნის შესახებ”; ”ბალაამის კურთხევათა შესახებ”; ”მოსეს დიდი გალობის შესახებ”; ”რუთის წიგნის განმარტება”; ”ელკანას და ანას შესახებ”; ”ენდორის ულეკი დენის განმარტება”; ”სოლომონის იგავთა შესახებ”; ”ეკლესიასტეს შესახებ”; ”ორი ავაზაკის შესახებ”; ”ტალანტთა იგავის შესახებ”; ”აპოკალიფსის შესახებ”;
წმ. იპოლიტეს განმარტებული ჰქონდა აგრეთვე ცალკეული მონაკვეთები ”ესაიას”, ”ეზეკიელის”, ”ზაქარიას”, ”მათეს სახარებისა”, ”იოანეს სახარებისა”.
III. შრომები ქრონოლოგიის შესახებ
1. ქრონიკონი
234 წ-ს წმ. იპოლიტემ გამოაქვეყნა ქვეყნიერების ისტორიის ქრონიკონი შესაქმის დასაბამიდან ვიდრე ნაწარმოების დაწერის წლამდე. მან შეადგინა აღნიშნული ქრონიკონი იმ მიზნით, რომ დაეცხრო მორწმუნეთა მგზნებარე მოლოდინი მეორედ მოსვლისა. ავტორი მიიჩნევს, რომ სამყარომ უნდა იარსებოს 6000 წელი. შესაბამისად, რადგან თხზულება, მისი გამოთვლით დაიწერა დასაბამიდან 5738 წელს, მეორედ მოსვლამდე კვლავაც დიდი დროა დარჩენილი.
აღნიშნული ძეგლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ის მონაკვეთი, სადაც აღწერილია ”დიამერისმოს” ანუ ”დაყოფა” მიწისა ნოეს შვილთა შორის (შესაქ. 10). იგი შეიცავს ”სტადიასმოსს” ანუ ”სტადიონებად” (მანძილის საზომ ერთეულებად) გაზომვას იმ ტერიტორიისას, რაც მოთავსებულია ალექსანდრიასა და ესპანეთს შორის. აქ აღწერილია ნავსადგურები და შესართავები ზმელთაშუა ზღვისა, სასმელად ვარგისის წყლები და ბევრი რამ სხვა, რაც ნაოსნობას უკავშირდება.
ძეგლის უმთავრესი წყაროებია: პირველ რიგში, საღვთო წერილი; შემდეგ - იულიუს აფრიკელის ”ქრონიკონი” და კლიმენტი ალექსანდრიელის ”სტრომატას” ქრონოლოგიური მონაკვეთები. სახეზეა ელინისტური წყაროებით სარგებლობა.
თხზულების ბერძნული ორიგინალი დაკარგულია, გარდა რამდენიმე ფრაგმენტისა (ამ ფრაგმენტებიდან ყველაზე ვრცელი დაცულია X ს-ის ხელნაწერში; ერთი ფრაგმენტი შემოგვინახა VII ს-ის პაპირუსის ხელნაწერმა).
ცნობილია აღნიშნული ძეგლის სამი დამოუკიდებელი ლათინური თარგმანი. მოღწეულია სომხური და (ნაწილობრივ) ქართული თარგმანები (ქართული ტექსტისთვის იხ. ”შატბერდის კრებული”).
2. "საზომთათვის და საწყაულთა"
აღგვიწერს, თუ კონკრეტულად რა შეიქმნა ბიბლიურ ექვს დღეს. მასში წარმოჩენილია თანაფარდობა ებრაეულ ანბანსა და ”ძველი აღთქმის” წიგნებს შორის. აქვეა განმარტებული, თუ რას ნიშნავს მოდი, ქსესტი ანუ იგივე საწყაული. ბოლოს განხილულია "ფსალმუნთა” ხუთ წიგნად დაყოფის საკითხი (ქართული ტექსტისათვის იხ. ”შატბერდის კრებული”).
3. აღდგომის ჟამთა დასაბუთება
ამ თხზულებას უთითებს ევსები კესარიელი (ნ. 22.1). მისი სათაური ამოკვეთილია იპოლიტეს ქანდაკების სკამზე. იგი სპეციალურ ლიტერატურაში გავრცელებულია სათაურით ”პასქალური გამოთვლა”.
ძეგლი, ევსების მითითების საფუძველზე, დაწერილია ალექსანდრეს იმპერატორობის პირველ წელს, ე.ი. 222 წ-ს. ქანდაკებაზე მოცემულია ფრაგმენტი ამ ძეგლისა, რაც მოიცავს 222-223 წლებს.
წმიდა იპოლიტეს განზრახული ჰქონდა მოეცა მეცნიერულად ზუსტი გამოთვლები აღდგომის სავსემთვარეობისა. მისი მცდელობა ბოლომდე წარმატებული ვერ აღმოჩნდა, რადგან 237 წლიდან მისი გამოთვლები აღარ თანხვდება ასტრონომიულ მონაცემებს (შესაბამისად, ზემოხსენებული ქანდაკებაც ამ წლამდეა ჩამოსხმული).
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცნობილია კიდევ რამდენიმე მოკლე ფრაგმენტი ბერძნულად და სირიულად.
243 წ-ს ანონიმმა ავტორმა შეადგინა შრომა ”აღდგომის გამოთვლის შესახებ”, სადაც მოცემულია მცდელობა იპოლიტესეული ციკლის შესწორებისა. ეს შრომა შემონახულია წმ. კვიპრიანე კართაგენელის თხზულებებში.
IV. ჰომილიები
თითქმის ყველა ეგზეგეტური შრომა წმ. იპოლიტე რომაელისა ჰომილეტიკური ხასიათისაა და ისინი გამიზნულია მორწმუნე მრევლის დასამოძრვრად. აღნიშნულის გამო თითქმის შეუძლებელია მისი ეგზეგეტური და ჰომილეტიკური თხზულებების ზედმიწევნით გამიჯვნა. მაინც შეიძლებოდა მიგვეთითებინა რამდენიმე აშკარა ქადაგებითი სტილის ძეგლზე:
1. წმინდა აღდგომის შესახებ
ევსები კესარიელი უთითებს იპოლიტეს ორ პასქალურ შრომას. პირველი მათგანი ესაა ზემოგანხილული ”აღდგომის ჟამთა დასაბუთება”. რაც შეეხება მეორეს, იგი დაკარგულად ითვლებოდა მანამ, სანამ ფრანგმა მკვლევარმა შ. მარტენმა არ გამოთქვა აზრი, რომ მან მიაკვლია აღნიშნულ შრომას წმ. იოანე ოქროპირის თხზულებათა შორის (პგ. ტ. 59, გვ. 735-746; იხ. შ. მარტენის შრომა ჟურნალში Revue des Sciences Religieuses 16, 1926, პ. 148-166). ათი წლის შემდეგ მანვე გამოაქვეყნა აღნიშნული ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი გროტაფერატას პალიმფსესტიდან (VIII-IX სს.), სადაც დაცულია მითითება ავტორზე: ”იპოლიტესი, რომის ეპისკოპოსისა და მარტვილისა”. თითქოს იდენტიფიკაცია დადასტურდა, მაგრამ 1950 წ-ს პ. ნოტენმა ცხადი გახადა აღნიშნული ძეგლის აშკარა ანტიარუანული მიზანდასახულობა, რაც მას IV ს-ის თხზულებად დაგვისახავს. დღეისათვის მიიჩნევა, რომ წმ. იპოლიტეს ნამდვილი შრომა უნდა გამხდარიყო საფუძველი ზემორე ძეგლისა, რითაც ადვილად აიხსნება წმ. იპოლიტე რომაელის, როგორც ავტორის, წარმოდგენა ამ უკანასკნელის სათაურში (საყურადღებოა, რომ ხსენებული ჰომილია აღდგომის დღედ გვთავაზობს 14 ნისანს).
2. უფლისა და მაცხოვრის ქების შესახებ
ეს ქადაგება, წმ. იერონიმემ ცნობით, იპოლიტემ წარმოთქვა მაშინ, როდესაც ორიგენე რომში იმყოფებოდა და ესწრებოდა მის მღვდელმსახურებას. აღნიშნული ჰომილია მთლიანად დაკარგულია.
3. ჰომილია ვინმე ნოეტის მნიშვნელობის შესახებ
მოღწეულია ვრცელი ფრაგმენტი ამ თხზულებისა, რომელიც იმდენად ჰომილია კი არ უნდა იყოს, რამდენადაც ერთი ნაწილი (შესაძლოა, დაბოლოება) ანტიერეტიკული თხზულებისა.
ძეგლში უარყოფილია პატრიპასიანული მონარქიანიზმი, რაც წმ. იპოლიტეს ”ფილოსოფუმენას” მიხედვით პირველად მწვალებელმა ნოეტმა გამოთქვა.
4. ჰომილია იუდეველთა წინააღმდეგ, დასაბუთებითი
მოღწეულია უაღესად მნიშვნელოვანი ფრაგმენეტი, სადაც ებრაელი ერის მთელი უბედურება მაცხოვრის წინააღმდეგ მათი მოქმედებით არის ახსნილი. ხსენებული ფრაგმენტი დაცულია იმავე ხელნაწერში, რომელმაც ზემოდასახელებული თხზულების ნაწილი შემოგვინახა. დღეისათვის აღნიშნული ჰომილიის ავტორად წმ. იპოლიტეს მიჩნევისათვის სხვა არანაირი მონაცემი არ მოგვეპოვება გარდა იმისა, რომ ზემორე ხელნაწერში იგი უშუალოდ მოსდევს ნოეტის წინააღმდეგ წმ. იპოლიტეს ქადაგების ფრაგმენტს.
5. სიტყვა წმინდა თეოფანიათა შესახებ
ეს ძეგლი, რაც ბერძნულად სრული სახითაა მოღწეული, მკვლევართა აზრით უიგივდება ქანდაკებაზე დაზიანებულად შემორჩენილ სათაურს: ”თეოფანიის შესახებ” (ამის შესახებ იხ. ქვემოთ).
V. ლიტურგიკული შრომა
წმ. იპოლიტეს შრომათა შორის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს თხზულება ”სამოცქიულო გადმოცემა” (”აპოსტოლიკე პარადოსის”). ეს ძეგლი, ”დიდაქესა” და ”მოცქიულთა კანონების” შემდეგ წარმოადგენს საეკლესიო განწესებათა შემცველ უძველეს დოკუმენტს. მასში გადმოცემულია საეკლესიო იერარქიის სხვადასხვა ხარისხის მქონეთა ხელდასხმისა და მათი ფუნქციების განაწესი, აგრეთვე ევქარისტიისა და ნათლობის აღსრულების განგება. ამ შრომის სათაური ამოკვეთილია ზემოხსენებულ ქანდაკებაზე. იგი დიდხანს დაკარგულად მიიჩნეოდა, ვიდრე ორმა მკვლევარმა, ე. შვარცმა და რ. კონოლიმ, XX ს-ის 10-იან წლებში არ დაასაბუთეს, რომ ეგვიპტელთა ეკლესიის წეს-განგების ლათინური ტექსტი არსობრივად იგივეა, რაც წმიდა იპოლიტეს ”სამოციქულო გადმოცემა”.
მიიჩნევა, რომ წმ. იპოლიტეს აღნიშნული შრომა დაუწერია 215 წ-ს. მისი ბერძნული ფრაგმენტები შემონახულია ”მოციქულთა განწესებების” VIII წიგნში და ამ ”განწესებათა” ”ეპიტომეში”. რაც შეეხება თარგმანებს, ისინი მოღწეულია ლათინურად, კოპტურად, არაბულად და ეთიოპურად. ლათინური თარგმანი, რაც დაახლ. IV ს-ისაა, აღმოჩნდა V ს-ის ბოლო მეოთხედის პალიმფსესტზე. თარგმანი იმდენად კალკირებულია, რომ მისი საშუალებით შესაძლებელი ხდება ორიგინალის რეკონსტრუირება. სამწუხაროდ, ლათინური თარგმანი მხოლოდ ნაწილია ბერძნული ტექსტისა (იგი 1900 წ-ს გამოსცა ე. ჰაულერმა).
ლათინურ ტექსტს დასავლურ სამყაროში რაიმე შესამჩნევი კვალი არ დაუტოვებია. რაც შეეხება წმ. იპოლიტეს შრომის კპტურ, ეთიოპურ და არაბულ თარგმანებს, მათ აღმოსავლეთში (განსაკუთრებით ეგვიპტეში) განაპირობეს სამღვდელსმახურო განგების ჩამოყალიბება.
აღმოსავლური თარგმანებიდან მხოლოდ კოპტური (საჰიდური დიალექტი) ეფუძნება უშუალოდ ბერძნულს. იგი შემორჩენილია კანონების კრებულში სახელწოდებით ”ეგვიპტური ჰეპტატევქი (რვაწიგნედი)”. თარგმანი შესრულებულია დაახლ. 500 წ-ს (საჰიდურ ტექსტს ეფუძნება ბოჰაირული ვერსია, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია).
არაბული თარგმანი მომდინარეობს საჰიდური ტექსტიდან და მიეკუთვნება X სს.
ეთიოპური თარგმანი, რაც ყველაზე ადრე აღმოჩნდა (მისი მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნდა 1691 წ-ს), მომდინარეობს ზემომითითებულ არაბულ თარგმანზე ადრინდელი (და დღეისათვის დაკარგული) სხვა არაბული თარგმანიდან, რაც თავის მხრივ ეფუძნებოდა მითითებულ საჰიდურ ტექსტზე უფრო ადრეულ სხვა საჰიდურ თარგმანს. საგულისხმოა, რომ აღმოსავლური თარგმანებიდან მხოლოდ ეთიოპური შეიცავს ხელდასმის ლოცვებს, რაც გვხვდება ლათინურშიც.
წმიდა იპოლიტეს აღნიშნული შრომა, როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი წყაროა წმ. კლიმენტი რომაელის ”მოციქულთა განწესებების” იმ გვიანდელი, სხვადასხვა წარმოშობის ტექსტებით გაჯერებული რედაქციისა, რაც დაახლ. 380 წ-ს ჩამოყალიბდა (და რაც ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრებამ განკვეთა). კერძოდ, ამ მხრივ საგულისხმოა აღნიშნული ”განწესებების VIII წიგნი და ამ წიგნის ”ეპიტომე”, რაც დამოუკიდებლად უკავშირდება წმ. იპოლიტეს შრომას (სახელწოდება ”ეპიტომე” მთლად ზუსტი არ არის, რაგან საქმე გვაქვს არა რაიმეს რეზიუმირებასთან ანუ შემოკლებასთან, არამედ - ნაწყვეტების, ციტატების ნაკრებთან. ამ ძეგლს ზოგ ხელნაწერში ეწოდება ”იპოლიტესგან მომდინარე განწესებანი”. თხზულების აღმოცენების ზედმიწევნითი დრო და ადგილი უცნობია).
წმ. იპოლიტეს ”სამოცქიულო გადმოცემა” გამოყენებულია საეკლესიო განწესებათა შემცველ უფრო გვიანდელ (V ს-ის) ძეგლში სათაურით: ”აღთქმა უფლისა ჩვენისა”. თანამედროვე კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული ძეგლის ავტორი სარგებლობდა წმ. იპოლიტეს შრომის საუკეთესო ხელნაწერით. ხსენებული ”აღთქმის” თავდაპირველი ენა ბერძნულია, თუმცა იგი ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ სირიულ თარგმანში.
”სამოციქულო გადმცოემას” ეყრდნობა, აგრეთვე, თხზულება სათაურით: ”იპოლიტეს კანონები”, რაც შექმნილი ჩანს სირიაში დაახლ. 500 წ-ს. ცნობილია მისი არაბული და ეთიოპური თარგმანები.
ახლა, რაც შეეხება ”სამოციქულო გადმოცემის” შინაარსობრივ მხარეს:
აღნიშნული ძეგლი გულისხმობს სამ ძირითად ნაწილს:
ა) პირველი ნაწილი შეიცავს პროლოგს, ეპისკოპოსად გამორჩევისა და ხელდასხმის კანონებს, ხელდასხმის ლოცვას, შემდეგ - ევქარისტიას ანუ ლიტურგიას, ზეთის, საჭმლის, და ზეთისხილის კურთხევას. შემდეგ მოდის მღვდლად და დიაკონად ხელდასხმის განწესება და ლოცვები. აღნიშნული ნაწილი ბოლოს ეხება აღმსარებლებს, ქვრივებს, წიგნის მკითხველებს, ქალწულებს, ჰიპოდიაკონებს (კერძოდიაკონებს), კურნების ნიჭით დაჯილდოებულ პირებს.
ბ) მეორე ნაწილი ეხება ერისკაცებს, კერძოდ ახალმოქცეულთა ცხოვრების წესს, ქრისტიანთათვის აკრძალულ ხელობებსა და პროფესიებს, კათაკმევლებს, ნათლობას, მირონცხებას, პირველ ზიარებას.
გ) მესამე ნაწილი ეხება ქრისტიანული ცხოვრების სხვადასხვა მომენტს. მასში აღწერილია საკვირაო წირვა, მარხვის წესები, აღაპი და ზეთის კურთხევის განგება. ავტორი გვაწვდის მითითებას მართებული ლოცვის, ყოველდღიური ზიარების სასურველობას და სხვა საკითხთა შესახებ. თხრობა აღაპის შესახებ ერთიმეორისაგან მკვეთრად განარჩევს ზიარების პურსა და ევლოგიას ანუ სეფისკვერს (”ეს არის ევლოგია და არა ევქარისტია”, ვკითხულობთ 26-ე თავში). შემდეგ მოცემულია დაკრძალვის განგება, ცისკრის ლოცვა და კატეხიზმური დამოძღვრა. დასასრულს, უწყებულია სულიერი კითხვის, ლოცვისა და ჯვრის გამსოახვის ჟამთა შესახებ.
ეპილოგი ხაზს უსვამს თხზულების რაობას და გვაძლევს მისი დასათაურების გასაღებს. კერძოდ, ვკითხულობთ:
”მე შეგაგონებთ, რომ ეს ყოველივე დამარხოთ მათთვის, რომლებიც ბრძენნი არიან, რადგან თუკი ყველანი ყურად იღებენ სამოციქულო გადმოცემას და დაიცავენ მას, ვერცერთი ერეტიკოსი ვერ ჩააგდებს მათ ცთომილებაში” (38).
VI. სხვადასხვა ხასიათის შრომები
1. ”პლატონის, ელინებისა და ყოვლიერების შესახებ”.
აღნიშნული სათაური ამოკვეთილია ზემოაღნიშნულ ქანდაკებაზე. იგივე ძეგლი იხსენიება თვით წმ. იპოლიტეს ”ფილოსოფუმენას” დასასრულს ასეთი სათაურით: ”ყოვლიერების არსების შესახებ” (10.32). საფიქრებელია, რომ ამავე შრომაზე მიანიშნებს წმ. იერონიმე, როდესაც იგი ერთ-ერთ ეპისტოლეში მიუთითებს წმ. იპოლიტეს შრომაზე სათაურით: ”წარმართთა წინააღმდეგ”. წმ. ფოტი პატრიარქი საუბრობს თხზულებაზე ”ყოვლიერების შესახებ”, რაც სხვაგან მის მიერ ასეა წოდებული: ”ყოვლიერების მიზეზის შესახებ” და ”ყოვლიერების ბუნების შესახებ” (ბიბლ. კოდ. 48). წმ. ფოტი შეჯამებულად განიხილავს აღნიშნულ ძეგლს და ავტორად ასახელებს ვინმე იოსებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოყენებულ ხელნაწერს ახლავს მარგინალური შენიშვნა, სადაც დაზუსტებულია, რომ თხზულების ავტორია რომაელი მღვდელი გაიუსი, რომელსაც დაუწერია აგრეთვე შრომა ”ლაბირინთი”. რამდენადაც ”ლაბირინთი” იგივეა, რაც წმ. იპოლიტეს თხზულება ”ფილოსოფუმენა” (იხ. ზემოთ), მიზანშეწონილია ვიფიქროთ, რომ წმ. ფოტის მიერ დასახელებული და აღწერილი ზემორე ნაშრომიც იპოლიტესია და რომ ”გაიუსი” გადამწერის ცთომილებაა.
ხსენებული ძეგლი დაიწერა 225 წლამდე. მისი ბერძნული ტექსტი დაკარგულია, გარდა ძალიან ვრცელი ციტატისა, რაც დაცულია წმ. იოანე დამასკელის ”წმინდა პარალელებში”. ციტატა წარმოადგენს ჯოჯოხეთის აღწერილობას. თხზულება იოანეს მიერაც მიკუთვნებულია ვინმე იოსებისადმი, რომელსაც პ. ნოტენი ნამდვილ ავტორად მიიჩნევს და მას რომაელ მღვდლად დაგვისახავს (ნოტენის თვალსაზრისს სხვა მკვლევარები საეჭვოდ მიიჩნევენ).
2. არტემონის ერესის წინააღმდეგ
სამი ციტატა ამ ძეგლიდან დამოწმებულია ევსები კესარიელის მიერ (საეკლ. ისტ. 5.28), თუმცა ავტორი მითითებული არ არის. ეს ციტატები ეხება ნატალიოს ანტიპაპს. წმ. თეოდორიტე კვირელი (ერეტიკ. ზღაპრ. 2.5.) მიუთითებს წიგნს, სადაც მოთხრობილია ნატალიოსის ამბავი. ამ წიგნს თეოდორიტე უწოდებს ”მცირე ლაბირინთს”. წმ. ფოტის მიერ დამოწმებული ზემოაღნიშნული მარგინალური შენიშვნა ხსენებულ ძეგლს იმავე გაიუს რომაელს მიაკუთვნებს, რომელსაც უკვე შევეხეთ. ამ მონაცემის მიხედვით მკვლევართა ერთი ჯგუფი აღნიშნული ძეგლის ავტორად წმ. იპოლიტეს მიიჩნევს.
3. აღდგომის შესახებ
წმ. იერონიმე წმ. იპოლიტეს შრომად ასახელებს თხზულებას ”აღდგომის შესახებ”. როგორც ჩანს, ამავე ძეგლს გულისხმობს ქანდაკებაზე ამოკვეთილი სათაური: ”ღვთისა და ხორცითაღდგომის შესახებ”. მისგან ორი ციტატა მოაქვს წმ. თეოდორიტე კვირელს, ხოლო ერთი - წმ. ანასტასი სინელს. სირიული ექსცერპტები ატარებენ შემდეგ სათაურს: ”ქადაგება აღდგომის შესახებ დედოფალ მამეასადმი” (სირიულშიც ავტორად წმ. იპოლიტეა მითითებული). მიიჩნევა, რომ თხზულებაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო პასუხები დედოფლის შეკითხვებზე აღდგომის საკითხთან დაკავშირებით.
4. პროტრეპტიკონი სებერინასადმი
ეს შრომა, რომლის სათაურიც ქანდაკებაზეა ამოკვეთილი, მთლიანად დაკარგულია.
5. მარკიონის წინააღმდეგ
ევსები კესარიელი (საეკლ. ისტ. 6.22) და წმ. იერონიმე (ბრწყინვ. კაცთ. 61) მიუთითებენ წმ. იპოლიტეს შრომას ”მარკიონის წინააღმდეგ”. მართალია, ეს შრომა ქანდაკებაზე ამოკვეთილ სიაში მითითებული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ აღნიშნულია თხზულება სათაურით: ”კეთილის შესახებ და თუ საიდან არის ბოროტი”. რადგან სწორედ მარკიონი იყო გნოსტიკოსი მწვალებელი, რომელიც ფართოდ განიხილავდა სიკეთისა და ბოროტების წარმოშობის საკითხს, შესაძლებელია, რომ ევსებისა და იერონიმეს მიერ მითითებული ძეგლი სწორედ ამ უკანასკნელს გულისხმობდეს.
6. იოანეს სახარებისა და აპოკალიფსის შესახებ
ეს სათაური მითითებულია ქანდაკების სიაში. XIV ს-ის სირიელი ავტორი ებედიესუ იცნობს ამ შრომას და მას სახელდებს როგორც ”აპოლოგია აპოკალიფსისა და იოანე მოციქულის და მახარებლის სახარებისა” (იხ. მისი ”ყველა საეკლესიო წიგნის კატალოგი”, 7). როგორც ჩანს ეს შრომა მიმართული იყო იმ ერეტიკოსთა წინააღმდეგ, რომლებიც უარყოფდნენ ლოგოსის (სიტყვა-ღმერთის) წინასწარარსებობას ანუ შეუქმნელობას (ამიტომ იწოდებოდნენ ისინი როგორც ”ალოგოი” ანუ ”უსიტყვონი”, ე.ი. ”სიტყვა-ღმერთის უარმყოფელნი”). მათი ლიდერი გაიუსი, აღნიშნული მიზეზით, უარყოფდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახარებას და აპოკალიფსს. წმ. ეპიფანე კვიპრელი, როგორც ჩანს იყენებდა წმ. იპოლიტეს აღნიშნულ შრომას ”უსიტყვოთა” ერესის მხილების დროს (იხ. მისი ”ერესების შინააღმდეგ”, 51).
7. გაიუსის წინააღმდეგ
ზემოხსენებული ებედიესუს ცნობით (კატ. 7) იპოლიტეს დაუწერია თხზულება: ”თავები გაიუსის წინააღმდეგ”. ამ ძეგლის ხუთი ფრაგმენტი შემონახულია XII ს-ის სირიელი ავტორის, დიონისე ბარ სალიბის მიერ. ხუთივე ფრაგმენტი ეხება აპოკალიფსს. როგორც ჩანს, აღნიშნულ ნაშრომში წმ. იპოლიტე რომაელი კვლავაც ”აპოკალიფსის” ჭეშმარიტებას იცავდა.
8. ”განგებულების შესახებ”
ებედიესუ ასახელებს წმ. იპოლიტეს შრომას ”განგებულების შესახებ”, რაც სხვა წყაროებით ცნობილი არ არის.
9. ”გალობანი ყოველთა წერილთა მიმართ”
ეს სათაური ამოკვეთილია ქანდაკებაზე, თუმცა ძეგლის რაობა გაურკვეველია.
10. თეოფანიის (ღვთის გამოჩინების) შესახებ (ბერძნ. ”პერი თეოფანიას”).
ხსენებულ ქანდაკებაზე დასახელებული სათაურებიდან უკანასკნელი დაზიანებულია. იკითხება ბოლო ოთხი ასო: ”...ნიას”, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ თხზულების სათაური: ”პერი თეოფანიას” და გაუიგივონ იგი სრული სახით მოღწეულ შრომას ”სიტყვა წმინდა თეოფანიათა შესახებ”, რომელიც ბერძნულ ხელნაწერშიც და სირიული ტრადიციითაც წმ. იპოლიტეს მიეკუთვნება.
* * *
აღვნიშნავთ, რომ ანასტასი აპოკრისასრიოსის ეპისტოლე შეიცავს ექვს ციტატას წმ. იპოლიტეს ავტორობით დამოწმებული შრომებიდან: "ბერონ და ჰელიკონ მწვალებლების წინააღმდეგ ღმერთმშობელობისა და განკაცების შესახებ ელემენტარული სიტყვა" (დაცულია "მამათა სწავლანში". მიიჩნევა, რომ აღნიშნული თხზულება არ მიეკუთვნება წმ. იპოლიტეს).
შეიძლებოდა აღგვენიშნა ისიც, რომ სომხურ ენაზე წმ. იპოლიტეს ავტორობით მოღწეულია თხზულება ”სულის სახის შესახებ”, თუმცა, როგორც გარკვეულია, ესაა აფრაატ სპარსის ჰომილია ”აღთქმის ძეთა შესახებ”.
წმ. იპოლიტე რომაელს აკუთვნებენ აგრეთვე ე.წ. მურატორის ფრაგმენტსაც.
ედიშერ ჭელიძე
”I-VII ს-ის ლათინი საეკლესიო მწერლები”, ნაწილი IV.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:04)