21-25

ქრისტიანობა და ფილოსოფია

წინა საუბრებში ჩვენ შევეხეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ჟანრს საეკლესიო მწერლობისას. ჟანრების განხილვას განვაგრძობთ და ამჯერად შევეხებით ასევე უაღრესად საყურადღებო და ერთ-ერთ უარსებითეს ჟანრობრივ ნაწილს საეკლესიო ლიტერატურისას, რომელსაც ფილოსოფიური მწერლობა ეწოდება.

ფილოსოფია ერთი შეხედვით (სამწუხაროდ ეს აზრი საკმაოდ დამკვიდრებულია) ნაკლებად ესადაგება საეკლესიო ლიტერატურას და ჩვეულებრივ ფილოსოფიად გაიგება განყენებული, აბსტრაქტული, ოდენ თეორიულ-ლოგიკური ხასიათის ტერმინოლოგიური შრომები. ამ აზრით ფილოსოფიას ჩვეულებრივ განუკუთვნებენ წინაქრისტიანულ ეპოქას, კერძოდ ანტიკურ ფილოსოფიას, ანდა ე.წ. ახალ ფილოსოფიას, რომელიც ევროპაში უაღრესად განშტოვდა (მრავალი წარმომადგენელი ყავდა მას, ფილოსოფიური კუთხით დიდი ფილოსოფოსები) და აგრეთვე თანამედროვე ფილოსოფიას. ქრისტიანობა ჩვეულებრივ სახელმძღვანელოდ და შრომებად დაწერილ ფილოსოფიის ისტორიებში გამოიტოვებოდა და მიიჩნეოდა, რომ პირველი საუკუნიდან XIV ს-ის ჩათვლით კაცობრიობის იმ ნაწილის ისტორიაში, რომელიც გაქრისტიანდა, თითქოს ფილოსოფიური აზრის განვითარების თვალსაზრისით იყო დიდი ჩავარდნა, ვაკუუმი და ამ ვაკუუმად სამწუხაროდ სწორედ ქრსიტიანობას მიიჩნევდნენ. ამგვარი აზრი თითქმის გაბატონებული იყო XVIII-XIX  სს-ში. მაგრამ როდესაც თანდათანობით დაიწყო ინტენსიური კვლევა ეკლესიის მამათა შრომებისა, აღმოჩნდა, რომ თუნდაც სპეციფიკურად ფილოსოფიის და ფილოსოფიური ლიტერატურის მიმართ, ფილოსოფიური აზროვნების თვალსაზრისით ქრისტიანული მწერლობა არა მხოლოდ ხელშესახებ და მნიშვნელოვან წყაროებს გვთავაზობს და არა მხოლოდ კვალში მიჰყვება თუნდაც ანტიკურ ფილოსოფიას, არამედ უმრავლეს შემთხვევაში უთანასწორდება კიდეც და მრავალგზის აღემატება მას. ჩვენ ამ საკითხს, ფილოსოფიის ქრისტიანულ გაგებას, მოგვიანებით კიდევ უფრო დავაზუსტებთ, ამჯერად მხოლოდ იმაზე გვინდა ხაზგასმა, რომ ეკლესიის მამათა შრომების იმ ინტენსიურმა შესწავლამ და მათ შორის ფილოსოფოსთაგან შესწავლამაც სავსებით ნათელჰყო, რომ ის თოთხმეტი საუკუნე, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ყველაზე უფრო მეტად გამორჩეულია ფილოსოფიური აზრის სისავსის მხრივ. სამწუხაროდ რეციდივები ძველი განწყობილებისა დღესაც სახეზეა და როდესაც სხვადახვა პაექრობა, პოლემიკა იმართება ზეპირი თუ წერილობითი (ჩვენც გვქონია პირადად მსგავსი წერილობითი პაექრობა), ეს საკითხი არაიშვიათად წამოჭრილა მავანთაგან, საკითხი იმის შესახებ, რომ თითქოს საერთოდ არსებობდა თუ არა აზროვნება, აზროვნებითი ხაზი ქრისტიანულ და კონკრეტულად საეკლესიო ისტორიაში. რა თქმა უნდა, საკითხის ამგვარად დასმა მხოლოდ მისგან შეიძლება, რომელსაც ერთი მხრივ აქვს სრული უმეცრება ქრისტიანული ლიტერატურისა და მეორე მხრივ, გავკადნიერდებით და ვიტყვით, ამგვარივე უმეცრება აქვს საკუთრივ ფილოსოფიური ლიტერატურისა, იქნება ეს ანტიკური თუ თანამედროვე ფილოსოფია. Mხოლოდ ზედაპირულად შექმნილი ხიბლი საკუთარი თავის შესახებ, რომ მავანი ჭეშმარიტად ფილოსოფოსობს, ღრმად აზროვნებს, ეს ხიბლი ნამდვილად არ კმარა იმისთვის, რომ ჩვენ ის ჭეშმარიტ ფილოსოფოსად ჩავთვალოთ. მანევრირება და მანიპულირება გარკვეული ყურმოკრული ტერმინებით, ე.წ. ფილოსოფიური ტერმინებით, ნამდვილად ვერ შექმნის მკითხველში და მსმენელში ამა თუ იმ პიროვნების შესახებ ჭეშმარიტი ფილოსოფოსის სახეს. როდესაც პიროვნება რომელიმე ფილოსოფიურ ტერმინს იყენებს, ის მას უნდა იყენებდეს მართებულად და გამჭვირვალეობაც ცთომილებისა მისთვის, ვისაც ფილოსოფიის ისტორია ზედაპირულად მაინც შესწავლილი აქვს, რა თქმა უნდა, იმდენად აშკარაა, რომ აქ რაიმე მცდელობა იმისთვის, რომ პიროვნება, უხეშად რომ ვთქვათ, გასაღდეს ფილოსოფოსად, მინიმალურია ანდა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ აღარ უნდა დაშვრეს არავინ და უმეცრების ფონზე არ უნდა ეცადოს საკუთარი თავის ფილოსოფოსად წარმოჩენას იმის იმედით, რომ ცალკეული ტერმინების მანიპულირების შედეგად ვინმე შეცდომაში შევა და მის შესახებ შეიქმნის არაადეკვატურ, ამ შემთხვევაში, მისთვის დადებით წარმოდგენას. ე.ი. ორგვარია ეს უმეცრება, როდესაც საეკლესიო ფილოსოფიის მიმართ ვინმე ნიჰილისტურად მსჯელობს, ერთი ესაა, როგორც აღვნიშნეთ, ეკლესიის მამათა შრომების აბსოლუტური უმეცრება, რასაც ამგვარნი არც მალავენ და არ მალავენ იმიტომ, რომ მათი აზრით არც მიაჩნიათ საჭიროდ ამ ლიტერატურის შესწავლა, თვლიან, რომ წინასწარვე აქვთ მათ აპრიორი, შემუშავებული აზრი, დებულება, რომ საეკლესიო ლიტერატურაში არ არსებობს ფილოსოფიური ხაზი, არ არსებობს აზროვნებითი თავისუფლება და სხვა.

ჩვენ ამ საკითხს თავის დროზე ვეხებოდით, როცა დოგმატიკის ჟანრს განვიხილავდით. ამიტომ ვრცლად აღარ განვაგრძობთ, მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიის კუთხით დავაკონკრეტებთ მსჯელობას და აღვნიშნავთ, რომ ეს ერთი სახეობაა უმეცრებისა მავანთაგან, რომლებიც კიცხავენ ქრისტიანობას ფილოსოფიის თითქოსდა არ ქონის გამო, ხოლო მეორე სახის უმეცრება კი არის ის, რომ ისინი რასაც ფილოსოფიას უწოდებენ, იმ ფოლოსოფიური ლიტერატურის უმეცარნიც არიან. ამიტომ რაც უფრო უმეცარია ადამიანი, მით უუფრო ლაღად მსჯელობს ის გარკვეულ პრობლემებზე, მაგრამ, პირადპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ თავისი თავის შესახებ იქმნის ის ხიბლს და სხვას ვერავის შეცდომაში ვერ შეიყვანს.

ჩვენ ამ საკითხს არც შევეხებოდით ასე მკაცრად, რომ ეს სენი დღესაც ძალიან ფეხმოკიდებული არ იყოს, ქრისტიანობის მიმართ ე.წ. ფილოსოფოსთა უაღრესად ნიჰილისტური დამოკიდებულება. ევროპულ კვლევაში, თუკი მავანს ევროპული კვლევა ნიმუშად მიაჩნია, უკვე კარგა ხანია აღიარებულია, რომ ქრისტიანული ლიტერატურა აღსავსეა ფილოსოფიური წვდომებით, ფილოსოფიური აზროვნების უმწვერვალესი აღმატებით. შესაბამისად, თუ გარეშენი, რომლებიც ქრისტიანობას მორწმუნის თვალით არ განიხილავენ, მაინც ამ დასკვნამდე მივიდნენ, ვინც საეკლესიო ლიტერატურის წიაღში მოიაზრებს თავის თავს, მითUუმეტეს, ჩამოყალიბებული და აბსოლუტურად დარწმუნებული პოზიციით უნდა უდგებოდეს საკითხს იმის შესახებ, რომ ფილოსოფია და ქრისტიანობა, ვიტყვით ასე აღმატებულად, განუყოფელია, გარკვეული ნიშნით ერთი და იგივეა.

როგორც აღვნიშნეთ ამას შემდეგ დავაზუსტებთ, მაგრამ ერთი მომენტი აქვე შეიძლება აღვნიშნოთ. რატომ ვამბობთ ასე მკვეთრად, რომ ქრისტიანობა არათუ უარყოფს ფილოსოფიას, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ უიგივდება მას. მაგრამ უიგივდება არა ფილოსოფიას იმგვარად გაგებულს, როგორც ეს სპეციალობით და ფაკულტეტდამთავრებით ფილოსოფოსებს ჰგონიათ, არამედ ფილოსოფიის იმ უღრმესი შინაარსით, როგორადაც ამ ტერმინს ეკლესიის მამები ჭვრეტენ. ვიდრე ამ საკითხს ჩვენ უფრო დაკონკრეტებულად შევეხებოდეთ, დასკვნა, სრულიად ნათელი, შეგვიძლია ორი წინადადებით წარმოვადგინოთ, რომ ფილოსოფიური ლიტერატურა ქრისტიანული მოძღვრების ერთი დიდი სისავსეა და ჟანრობრივადაც ჩვენ შეგვიძლია იგი ცალკე წარმოვადგინოთ, ცალკე გამოვყოთ. როგორც თავის დროზე ტერმინ “ეგზეგეტიკის” სხვადასხვა შრეებზე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ ერთი კონკრეტული შინაარსი ეგზეგეტიკისა, მისი კერძოობითი გაგება, არ ამოწურავს ამ ტერმინს, რომ ის უფრო ზოგადი მნიშვნელობითაც გამოიყენება და უფრო და უფრო ზოგადითაც. ე.ი. სხვადასხვა მომცველობითი ნიშნით ტერმინი “ეგზეგეტიკა” ფართოვდება. ის მოიცავს მთელ ქრისტიანულ ლიტერატურას, მოიცავს მთელ სამყაროს, მოიცავს ზეციურ სამყაროს და მწვერვალი ეგზეგეტიკისა, როგორც უკვე თავის დროზე აღვნიშნეთ, თვით განკაცებული ძე ღმერთია, რომელიც ბუნებითი ეგზეგეტია, ყველაზე დიდი ეგზეგეტია, ანუ ჭეშმარიტი მოძღვრების ჭეშმარიტად განმმარტებელია. იგივე შეიძლება ითქვას ტერმინ “ფილოსოფიაზეც” ქრისტიანული ლიტერატურის მისამართით. ტერმინ “ფისლოსოფიას” ჩვენ შეიძლება მივცეთ გარკვეულ მომენტში კერძოობითი მნიშვნელობა, ამ მნიშვნელობითაც ის ეკლესიურ სწავლებაში არსებობს, უფრო ზოგადი მნიშვნელობა, ესეც სახეზეა საეკლესიო ლიტერატურაში, კიდევ უფრო ზოგადი და უზოგადესი, ყოვლის მომცველი, რომლის ამქვეყნიური გამოვლინება სწორედ და მხოლოდ ქრისტიანული მოძღვრებაა. რა მნიშვნელობები და რა გაფართოებანია ამ მნიშვნელობებში ტერმინ “ფილოსოფიისა”, ჩვენ ამაზე ორიოდე სიტყვით შეგვიძლია ვისაუბროთ.

კერძოობითი გაგება ფილოსოფიისა ჩვენთვის უტოლდება ფილოსოფიის იმ შინაარსს, იმ მნიშვნელობას, რაც მას ჰქონდა წინაქრისტიანულ ეპოქაში, ანტიკურ ფილოსოფიაში, რაც მას ჰქონდა ახალ ფილოსოფიაში და რაც მას აქვს თანამედროვე ფილოსოფიაში. ე.ი. ქრისტიანული სარწმუნოების მიღმა ფილოსოფიას, როგორც დისციპლინას, რა მნიშვნელობაც ჰქონდა, ამას მივიჩნევთ ამ შემთხვევაში არა ფართო გაგებად ტერმინ “ფილოსოფიისას”, არამედ კერძოობით გაგებად. ეკლესიურ ლიტერატურაში ეს კერძოობითი გაგება სახეზეა.

ანტიკური სამყარო ფილოსოფიას ზოგჯერ ორნაწილედად წარმოაჩენდა, ზოგჯერ კი სამნაწილედად. ორნაწილედობა გულისხმობდა ერთი მხრივ თეორიულ, მეორე მხრივ კი პრაქტიკულ ნაწილებს ფილოსოფიისას - თეორეტიკა და პრაქტიკა, ანუ თეორიული, ძველ ქართულად “ხედვითი” და პრაქტიკული, ძველ ქართულად “საქმითი”. საქმითი ფილოსოფია ესაა სამოღვაწეო ასპექტი, მოღვაწეობაში რომ ადამიანი საკუთარ ფილოსოფიურ ცნობიერებას ხორცს ასხამს და წარმოაჩენს. ხოლო ამ პრაქტიკის საფუძველი ყოველთვის არის თეორია ანუ განზოგადებული, აბსტრაქტული მსჯელობა სამყაროზე, სამყაროს პირველსაფუძვლებზე, ყოვლიერების შემოქმედზე, სამომავლო ვითარებაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე და სხვა ფილოსოფიურ თემებზე. ე.ი. თეორიული ნაწილი გულისხმობს ცალკეულ ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობას და დასკვნების გამოტანას, სისტემის შექმნას (რომელსაც ფილოსოფიური სისტემა ეწოდება). რაც შეეხება პრაქტიკულ ანუ საქმით ნაწილს, ესაა პიროვნების მიერ, რომელიც ფილოსოფოსია, საკუთარი თეორიული სიმაღლის პრაქტიკაში აღსრულება, ყოფისგან, ამქვეყნიური მოვლენებისგან, ამქვეყნიური უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი ფაქტებისგან მაღლა დადგომა და საკუთარი მოღვაწეობით წვრთნა ბუნებისა, მომზადება თავისი თავისა სიკვდილისათვის.

ანტიკურ მოაზროვნეთაგან ზოგი ფილოსოფიაში გულისხმობდა მესამე ნაწილსაც – ლოგიკას, ლოგიკურ ნაწილს ანუ ტერმინოლოგიური მსჯელობის პრინციპებს, თუ როგორ უნდა იმსჯელოს ადამიანმა, რა ტერმინებით უნდა გადმოსცეს მან მოძღვრება. ამ ლოგიკურ ნაწილს ზოგჯერ ფილოსოფიაში მოიაზრებდნენ, მაგრამ ზოგჯერ ცალკე დისციპლინად გამოჰყოფდნენ.

ფილოსოფიის ეს გაგება და ამგვარ ნაწილებად მისი დაშლა და მოაზრება საეკლესიო ლიტერატურაში არაერთგზის ვლინდება. ჩვენ შეგვიძლია ნიმუშად მივუთითოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელთანაც სახეზეა ეს ყოველივე, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. მაქსიმე აღსმარებელი, წმ. იოანე დამასკელი და სხვა. მაგრამ ერთია გაგება, რომ თვითონ ეს განმარტება ფილოსოფიისა ეკლესიის მამათათვის ცნობილია და ისინიც მოიხმობენ მას, მაგრამ ამ კუთხით ფილოსოფოსი, ამგვარი რაობის შემცველი მოღვაწე, რაც წინაქრისტიანული ეპოქისთვის, ანტიკურობისთვის არის ნიშანდობლივი, ეკლესიის ისტორიაში ვლინდება თუ არა ეს მეორე საკითხია. რა თქმა უნდა, ზოგად ფილოსოფიურ პრობლემებზე დაფიქრება ყოველთვის სახეზეა საეკლესიო ლიტერატურაში და არათუ სახეზეა, ფაქტობრივად, ესაა არსება საეკლესიო ღვთისმეტყველებისა: მოძღვრება, სწავლება შემოქმედის შესახებ, ქმნილების შესახებ (ქმნილება ორნაწილედია ეკლესიური სწავლებით – ზეციური, უხილავთა სფერო და ხილული სამყარო ანუ კოსმოსი), დაცემულ ანგელოზთა, დემონთა შესახებ, ადამიანის შესახებ, სიკვდილის შესახებ, სამომავლო ვითარების შესახებ და სხვა. თემატიკა, რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში იგივეა, მაგრამ განსხვავება არის უაღრესად მკვეთრი, იმიტომ, რომ აღნიშნულ საკითხებს ანტიკური და გვიანდელი ფილოსოფოსები სრულიად სხვაგვარად ჭვრეტენ და წყვეტენ, ხოლო ეკლესიურ ტრადიციაში აბსოლუტურად სხვა გააზრებაა ყველა ზემორე მოვლენისა და მათთან ერთად, აგრეთვე, საკუთრივ საეკლესიო მოძღვრებისთვის სპეციფიკური საკითხებისა, ვთქვათ სამოთხის შესახებ, ბოროტებისა და სიკეთის ცოდნის ხის შესახებ, ცხოვრების ხის შესახებ (ანუ ზოგადად აკრძალული ნაყოფის შესახებ), პირველ ადამიანთა შექმნის შესახებ, ცოდვით დაცემის შესახებ, გამოსყიდვის შესახებ და სხვა. ე.ი. ერთი მხრივ საკითხთა წრე წმინდად ქრისტიანულია, მეორე მხრივ არის საკითხთა წრე, რომლებიც იგივეობრივია არაქრისტიან ფილოსოფოსებთან, მაგრამ იგივეობრივია თვით საკითხი (იმიტომ, რომ ზოგადი საკითხია), ობიექტურად არსებული თემატიკა, ხოლო განხილვა და შესაბამისად დასკვნების გამოტანა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დიამეტრულად სხვაა. ჩვენ ამაზე სხვადასხვა დროს დაწვრილებით გვექნება საუბარი, როცა შესაბამისი პროფილის ლიტერატურას უფრო ხელშესახებად და საგნობრივად განვიხილავთ, ამჯერად მხოლოდ ზოგად შეფასებას ვაყალიბებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფილოსოფიის ის გაგება, რა გაგებაც მას ჰქონდა ანტიკურობაში, ეკლესიურ ლიტერატურაშიც ცნობილია, არსებობს, ის თემატიკაც სახეზეა და ამ გაგებით, რა თქმა უნდა, ფილოსოფიური ლიტერატურის გამოყოფა ზოგადად საეკლესიო მწერლობიდან სავსებით შესაძლებელია.

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ფილოსოფიის მნიშვნელობა გავაფართოვოთ და ვთქვათ, რომ მთელი ქრისტიანული ლიტერატურაც გარკვეული აზრით ფილოსოფიაა. ფილოსოფიაა იმიტომ, რომ ნებისმიერი ჟანრის თხზულება საეკლესიო მწერლობისა, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ მოვლენას ეხება. შეიძლება ეს მოვლენა ფილოსოფიური არ იყოს წარმართისთვის ანდა ზოგადად არაქრისტიანი ფილოსოფოსისთვის (მაგ. საკითხი აღდგომის შესახებ საერთოდ არ დგას წარმართისთვის, არაქრისტიანისთვის. ისევე როგორც საკითხი გამოსყიდვის შესახებ, საკითხი ეკლესიის რაობის შესახებ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ და სხვა), მაგრამ ეკლესიური გაგებით ყველა ეს საკითხი უაღრესად ფილოსოფიურია. იმიტომ, რომ ეს საკითხები არათუ უბრალოდ არსებობს ქრისტიანისთვის, არამედ გაცილებით უფრო რეალურად არსებობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი. და რაც რეალურად არსებობს პიროვნებისთვის და რეალურად არსებულის შესახებ თუ ის განხილვას აღასრულებს და ამ საკითხის წიაღში წვდომას ცდილობს, რომ აზრი გააშინაარსოს, შესაბამისად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისთვის ფილოსოფიურია.

შეიძლება დაისვას კითხვა, ჰაგიოგრაფიაც ფილოსოფიური ჟანრისაა? რა თქმა უნდა, ისიც ფილოსოფიაა იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნავდით, ფილსოფიას აქვს ორი მხარე, ორი ნაწილი - თეორიული და პრაქტიკული, ხედვითი და საქმითი. ხედვითია, ვთქვათ, ისეთი ჟანრები, როგორიცაა დოგმატიკა, პოლემიკა, დიდწილად ასკეტიკა, ლიტურგიკა, ზოგიერთი აპოკრიფი, ანდა აპოკრიფის ნაწილი. ხოლო პრაქტიკა ანუ საქმითი ფილოსოფიაა ამა თუ იმ წმინდანის მოღვაწეობა, როგორც ნიმუში ჭეშმარიტი ფილოსოფოსისა, ჭეშმარიტი მოღვაწისა, რომელმაც ყოველივე ამქვეყნიური დატოვა, ამაღლდა ამასოფლის საცთურზე, ამასოფლის ვნებებზე და ყოველივე ეს მისი სულისთვის უკვე აღარ არის დაბრკოლება ჭეშმარიტების ძიების გზაზე. პრაქტიკული მოღვაწეობის ასახვა ამა თუ იმ წმინდანისა, ესაა იგივე ჭეშმარიტი ფილოსოფისის მოღვაწეობის ასახვა. ნეტარი თეოდორიტე კვირელი ჩვენს მიერ ადრინდელ გადაცემაში ხსენებულ შრომაში “სირიელ მეუდაბნოეთა ისტორია”, როდესაც საუბრობს ერთ-ერთი მოღვაწის შესახებ (თუ არ ვცდებით ეს არის თალალა), ის ასეთ ტერმინს გვთავაზობს: “ამგვარად მოღვაწეობდა ფილოსოფიის ათლეტი” (ბერძნულში ასეა). თერმინი “ათლეტი”, რაც დღესაც მიღებულია სპორტულ ტერმინოლოგიაში, გახლავთ ბერძნული ტერმინი, მაგრამ თავისი შინაარსით გახლავთ საეკლესიო. რა თქმა უნდა, ანტიკურობაშიც გამოიყენებოდა მოასპარეზის მნიშვნელობით, მაგრამ მან ეკლესიურ ტრადიციაში შეიძინა ჭეშმარიტი მოღვაწეობის შინაარსი. “ათლეტეს” მომდინარეობს სიტყვისგან “ათლესის”, რაც ასპარეზობას, ანუ მოღვაწეობას ნიშნავს, და უკეთურებასთან ბრძოლაში მოასპარეზე ესაა ყოველი წმინდანი. შესაბამამისად, ერთ-ერთი წმინდანი, რომელიც განსაცვიფრებელი წესით საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ კაცობრივ ბუნებას თრგუნავდა, რომ ყოველივე ვნება დაეძლია და უკეთურებას და დასაბამიერ გველს წინ აღდგომოდა, ანუ ებრძოლა მის წინააღმდეგ, აი ასეთ მოღვაწეს, როდესაც მან განასრულა ეს ცხოვრება, თეოდორიტე ზემორე სიტყვებით მიმართავს: “ამგვარად იღვაწა ფილოსოფიის მოასპარეზემ” (“ათლეტეს ფილოსოფიას”). თეოდორიტე არ აკონკრეტებს რა ფილოსოფიაზეა საუბარი, ზოგადად უწოდებს მას ფილოსოფიის ათლეტს, ფილოსოფიის მოასპარეზეს, ანუ ფილოსოფიის მოღვაწეს. ასე რომ არც ჰაგიოგრაფიის ჟანრია შორს ფილოსოფიისგან, ამ შემთხვევაში პრაქტიკული, საქმითი მოღვაწეობისგან, რაც ფილოსოფიის ერთი ნაწილია და შესაბამისად ეს ჟანრიც ჩვენ შეგვიძლია ფილოსოფიაში ვიგულისხმოთ. ასე რომ, მთელი საეკლესიო ლიტერატურა ამ უფრო ფართო მნიშვნელობით ტერმინ “ფილოსოფიისა” გახლავთ ფილოსოფია. ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაფართოვოთ ამ ტერმინის მნიშვნელობა და ვთქვათ, რომ არა მხოლოდ საეკლესიო მწერლობა, არა მხოლოდ ქრისტიანული მწერლობა, არამედ მთლიანად საეკლესიო ისტორია, თვით ეკლესია უიგივდება ჭეშმარიტ ფილოსოფიას. ეკლესია მორწმუნეთა თვალთახედვით, საუფლო დანიშნულებით, თავისი ჭეშმარიტი აზრით, ამქვეყნად დამკვიდრებული, უკეთურების წინააღმდეგ ბრძოლისა და კაცობრიობის გადარჩენის მისიით, არის ღვთივდაფუძნებული მოასპარეზე, ათლეტი ჭეშმარიტი ფილოსოფიის გზაზე. ეკლესია კაცობრიობის წინამძღვარია იმ ფილოსოფიის გზაზე, რომლის გვირგვინიც თავად მაცხოვარია.

მაგრამ მაინც რა გაგებით შეგვიძლია ვუწოდოთ ზოგადად საეკლესიო ისტორიას, საკუთრივ ეკლესიას, როგორც წმინდანთა კრებულს ჭეშმარიტი ფილოსოფიის საყდარი? აქ შემოდის ტერმინ “ფილოსოფიის” საკუთრივ ქრისტიანული გაგება, რაც აბსოლუტურად უცხოა გარეეკლესიური აზროვნებისთვის. ეს გაგება ნაწილობრივ წინა მნიშვნელობაშიც იგულისმებოდა, როცა ვთქვით ჩვენ, რომ მთელი საეკლესიო ლიტერატურა ზოგადად ფილოსოფიაა. იმიტომ იგულისხმებოდა საკუთრივ საეკლესიო გაგებაც, რომ როგორც აღვნიშნავდით ცალკეული საკითხები საკუთრივ ეკლესიურია და ეკლესიის მოღვაწისთვის ის ფილოსოფიაა (აღდგომის შესახებ, გამოსყიდვის შესახებ, ცოდვით დაცემის და ა.შ.). მაგრამ ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო მკვეთრად წარმოჩნდება უფრო ფართო გაგებაში, როცა ვამბობთ რომ მთელი საეკლესიო ისტორია, მთელი ეკლესია, როგორც წმინდანთა კრებული, ეკლესია როგორც მაცხოვრის სხეული, ღვთვდადგენილი ემბაზი კაცობრიობისა ჭეშმარიტებაში ახლად შობისთვის, ასევე ფილოსოფიაა. ეკლესიის მამები ტერმინ “ფილოსოფიას” შემდეგნაირად ჭვრეტენ:

კარგად არის ცნობილი ამ სიტყვის (ფილოსოფია) ანტიკური და საერთოდ ეტიმოლოგიური გაგება ესაა სიბრძნისმოყვარეობა (“სოფია” - სიბრძნე, “ფილო” - მიყვარს). შესაბამისად სიბრძნისმოყვარეობა, ამ სიტყვის ეს ეტიმოლოგიური გააზრება, ჩვენ გვიხსნის ფილოსოფიის იმ საკუთრივ ქრისტიანულ გაგებას, რაც უზენაესი მნიშვნელობით მსჭვალავს ამ ტერმინს. ანტიკურობაში სიბრძნედ გაიგებოდა და საზოგადოდ სიბრძნედ გაიგება ადამიანისგან სამყაროს შემეცნება, ყოვლიერების შემეცნება, საკუთარ თავში წვდომა, ანუ ადამიანის გონების მოქმედების ნაყოფი. ადამიანი როდესაც ცნობიერად შეიმეცნებს მოვლენას, ეს მისგან შემეცნებული სიბრძნედ ყალიბდება. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ სოკრატეს სიბრძნე, პლატონის სიბრძნე, ფილოსოფოსთა სიბრძნე და სხვა. რა თქმა უნდა, არსებობს ამქვეყნიური სიბრძნე, არსებობს ზექვეყნიური სიბრძნე, მაგრამ ანგელოზთა შესაებ იქნება სწავლება, ადამიანის შესახებ იქნება სწავლება, სამყაროს შესახებ იქნება სწავლება, თუნდაც ღვთის შესახებ იქნება სწავლება თუ სხვა, ეს ყველაფერი არის მართლაც სწავლება და სიბრძნე, თეორიული რამ ცოდნა. არსებობს პრაქტიკულადაც, ბრძენი ადამიანი როდესაც სიბრძნეს (ამ შემთხვევაში ყოფით ცხოვრებაში მოსახმარს) პრაქტიკაში იყენებს და ის ბრძენ ადამიანად შეიძლება ვიგულვოთ, თუმცა მას შეიძლება რაიმე ფილოსოფიური ნააზრევი მოწოდებული არ ჰქონდეს. მაგრამ ის სიბრძნე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აზრით მოიხმობა ეკლესიაში, ამ სწავლებას, ცოდნას არანაირად არ გულისხმობს (გულისხმობს როგორც გამოკრთომას, მაგრამ არსებითად არა), არამედ არსებითად სიბრძნე ანუ ბერძნულად “სოფია” გულისხმობს იმას, რაც დოგმატის სახით მოგვაწოდა ჩვენ წმ. პავლე მოციქულმა, რომელიც ამბობს: “იესო ქრისტე, ძალი და სიბრძნე ღვთისა”. აქედან კარგად ჩანს, რომ სიბრძნე ღვთისა, ჭეშმარიტი გაგებით (ღვთის სიბრძნეა სწორედ სიბრძნის ჭეშმარიტი გაგება), გახლავთ თავად იესო ქრისტე, ესაა მისი სახელი. ისევე როგორც იესო ქრისტეს სახელია ძე ღმერთი, ასევე სიბრძნე ღვთისა გახლავთ მისი (იესო ქრისტეს) სახელი, და ყოველი მორწმუნე, რომელიც აღზრდილია პავლე მოციქულის ამ დებულებაზე, რა თქმა უნდა, სიბრძნედ საკუთრივ მაცხოვარს გულისხმობს

 


21–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=3qCjvUmqWZQ

 

ეკლესიის მოძღვართა შეფასებები ანტიკური ფილოსოფიის შესახებ

განვაგრძობთ საუბარს ფილოსოფიური ჟანრის შესახებ, კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც შევწყვიტეთ ჩვენი წინა საუბარი, რომ სიბრძნედ საეკლესიო მოძღვრებაში იწოდება საკუთრივ ძე ღმერთი. სადაც ჭეშმარიტი სიბრძნე იგულისხმება იქ იგულისხმება იესო ქრისტე. აქედან გამოდმინარე, ტერმინი “ფილოსოფია” - “სიბრძნისმოყვარეობა”, ეკლესიური ცნობიერების მქონე პირისათვის იგივეობრივია ტერმინისა “ქრისტესმოყვარეობა”. ხოლო ქრისტესმოყვარეობა არის არსება ეკლესიისა, ეკლესიის ისტორიისა, ყოველი წმინდანის მოღვაწეობისა. ამიტომ ვამბობთ, რომ ზოგადად ქრისტიანობა, საეკლესიო ისტორია, ეკლესია, როგორც ყოველივე ამის მომცველი, იგივეობრივია ფილოსოფიასთან, ქრისტესმოყვარეობასთან, ქრისტესმოყვარეობა არის მისი არსება, მისი სიცოცხლე და მისი მიზანი. ეს აღმატებულებითი მნიშვნელობა აქვს ტერმინ “ფილოსოფიას” ქრისტიანულ მოძღვრებაში და ამ უზოგადესი მნიშვნელობით ყოველივე არის მოცული. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ სადაც ქრისტესმოყვარეობის ნაპერწკალი ვლინდება იქაც ჭეშმარიტი ფილოსოფია გვაქვს. ეკლესიის მიღმაც როდესაც ეკლესიის მამათაგანვე შეიმჩნევა რაიმე კეთილი მარცვალი, ამ კეთილი მარცვლების ნიშნით კაცობრიობის ისტორიის რჩეული, ღირებული, ღირსეული ნამოღვაწარი, ყოველივე ეს ქრისტესმოყვარეობად ფასდება. თვით ანგელოზნიც ქრისტემოყვარენი არიან და შესაბამისად ისინიც ჭეშმარიტი ფილოსოფოსები გახლავთ. ამიტომ ტერმინი “ფილოსოფია” გამოიყენება ანგელოზების მისამართითაც, ოღონდ ეს შინაარსი, როგორც აღვნიშნეთ, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო გაგებაზე. აქედან კარგად ჩანს ის, რომ როგორი ხედვაც არსებობს ტერმინისა, ანუ როგორი თეორიაც არსებობს ტერმინისა, როგორი განჭვრეტაც არსებობს ამა თუ იმ ტერმინისა, იმგვარივე იქნება ამ ტერმინზე დაფუძნებული მოძღვრებაც. რამდენადაც ტერმინ “ფილოსოფიაშიც” ამგვარ შინაარსს არავინ არ განჭვრეტს, გარდა საეკლესიო მოღვაწისა, შესაბამისად ფილოსოფიის ის რაობა და ამ რაობაზე დაფუძნებული მოძღვრება, რაც ჩვენ საეკლესიო ლიტერატურაში გვაქვს, რა თქმა უნდა, სხვაგან არ იქნება. ამ გაგებით საეკლესიო ფილოსოფია უნიკალურია, ერთადერთია და ის არათუ იგნორირების ღირსია, როგორც ეს ადრე იყო, არამედ პირველ რიგშია გასაანალიზებელი, როგორც ყოველგვარ ფილოსოფიურ წვდომათა თუ მიღწევათა უზენაესი გვირგვინი.

როდესაც ჩვენ ვამბობთ ყოველგვარ ფილოსოფიურ წვდომათა და მიღწევათა გვირგვინს, ეს ფილოსოფიური წვდომანი და მიღწევანი წინაეკლესიურ პერიოდსაც გულისხმობს და ეკლესიასთან თანამდევ გვიანანტიკურ ფილოსოფიასაც იმიტომ, რომ ეკლესიის მამებს არასოდეს არ დაუდიათ აბსლუტურად გამყოფი მიჯნა და არ აუკრძალავთ მორწმუნეთათვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, თუ რამ ღირებულს შეამჩნევდნენ ანტიკურ და გვიანანტიკურ ფილოსოფიაში, რომ ის მოეხმოთ და ჭეშმარიტების წიაღში შემოეყვანათ. სამწუხაროდ ეს საკითხიც უაღრესად პრობლემური და დამაბრკოლებელი გახდა მავანთათვის დღევანდელ დღეს. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე გვქონია წერილობითი პაექრობა და ორი ბროშურაც გვაქვს გამოცემული. თითქოსდა ჭეშმარიტი ქრისტიანობის საბაბით, უფრო ზუსტად ნიღბით, მავანნი გონებამტკივნეულობენ და მიიჩნევენ, რომ წინაქრისტიანულ ეპოქაში, ანტიკურ ან გვიანანტიკურ პერიოდში აბსოლუტურად არ შეიძლებოდა  ჭეშმარიტების მარცვალი არსებულიყო. ასეთი აზრი გახლავთ მკვეთრი დაპირისპირება ეკლესიასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ აზრის დამცველნი თითქოს უშეღავათოდ მართლმადიდებლები არიან, თითქოს უკიდურესად დოგმატიკოსები არიან. მაგრამ ყველაფერი ეს გახლავთ ხიბლი, ცთომილება, მათ შორის დოგმატური ცთომილება, ერესი, იმიტომ, რომ ის, რასაც აღიარებს ეკლესია, ამის ხელაღებით ვინმესგან უარყოფა, უმეცრების გამო იქნება ის თუ საკუთარი თავის წინ წამოწევის მიზანდასახულობით, თითქოს საკუთარი განსაკუთრებული ქრისტიანული სიმაღლის საჩვენებლად, ყოველივე ეს მაინც უდიდესი ცთომილებაა. ჯერ ცთომილებაა, მაგრამ შემდეგ ამ ცთომილებაში გაკერპება უკვე მწვალებლობაა. ეკლესია კი რას გვასწავლის?

და აი აქ, ვიდრე საკუთრივ საეკლესიო ლიტერატურის ფილოსოფიური ნაწილის განხილვას შევუდგებოდეთ, ვალდებულებას ვგრძნობთ რამდენიმე სიტყვით შევეხოთ საკითხს ეკლესიის მამათა დამოკიდებულების შესახებ ანტიკური ფილოსოფიისადმი. ანტიკურ ფილოსოფიას ვიღებთ, ამ შემთხვევაში ნიმუშად იმიტომ, რომ ყველაზე მეტი შეხება ეკლესიის მამებს მასთან ჰქონდათ, თორემ ეს შეიძლება განზოგადდეს.

ჩვენ არ შევჩერდებით ცალკეულ უაღრესად მნიშვნელოვან მომენტებზე, რაც ახალ აღთქმას უკავშირდება. თუნდაც ის, რომ მაცხოვარს სიტყვა ანუ ლოგოსი უწოდა იოანე ღვთისმეტყველმა და ეს ნამდვილად საკუთრივ ეკლესიური ფილსოფიის თვალსაზრისით მწვერვალია ფილოსოფიური წვდომისა, ფილოსოფიური გააზრებისა, ვისაუბრებთ კონკრეტულად ეკლესიის მამათა შრომებიდან გამომდინარე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მოძღვარი, ვინც შეგვისწავლია და ვინც შეისწავლება, ვისაც შრომები დაუტოვებია და ვინც წმინდანი და მართლმადიდებელია, აბსოლუტურად ერთი და იგივე თვალსაზრისისაა და რაიმე სხვაობა და მერყეობა არცერთ მათგანთან შესამჩნევი არ გახლავთ. აურაცხელი ციტატები გვაქვს ჩვენ ამ მხრივ დამოწმებული წერილობით გამოქვეყნებულ ბროშურებში (ამ ბროშურათაგან ერთი გახლავთ “ადამიანი - ხატი პირმშო ხატისა”, ხოლო მეორე - “ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ”). დავიწყოთ ქრონოლოგიურად და შევეხოთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მამას ამ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ დროის სიმცირის გამო, მაგრამ ყველაზე არსებითს უეჭველად აღვნიშნავთ.

II ს-ის ღვთისმეტყველთაგან ის, ვინც საგნობრივად საუბრობს ამ საკითხზე, ეკლესიის დამოკიდებულებაზე ანტიკური ფილოსოფიის მიმართ, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ წმ. იუსტინე მარტვილი, უდიდესი მოძღვარი, რომელიც საზოგადოდ II ს-ის ღვთისმეტყველთა შორის ყველაზე დიდ თეოლოგად ითვლება წმ. ირინეოს ლიონელთან ერთად. მრავალი ციტატა შეგვიძლია მისგან მოვიხმოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. და არათუ ეს პიროვნება არ უარყოფს ანტიკურ ფილოსოფიაში და ზოგადად ანტიკურ კულტურაში ჭეშმარიტების მარცვლების არსებობას (სწორედ ამაზე გვედავებოდნენ მავანნი, თითქოს ეს პირადად ჩვენი პოზიცია ყოფილიყოს), არამედ იმდენად მკვეთრი ტერმინებით წარმოაჩენს საკუთარ თვალსაზრისს და ეს ეკლესიის თვალსაზრისია, რომ აქ ორაზროვნება ყოვლად გამოირიცხება. მაგალითად ერთგან, საუბრობს რა პლატონიც შესახებ, წმ. იუსტინე პირდაპირ მიუთითებს, რომ პლატონმა ნაწილობრივ განჭვრიტა ჯვარი, ჯვრის საიდუმლო. მოგეხსენებათ პლატონის ერთ-ერთი უმნიშვნელივანესი დამაბოლოებელი დიალოგი “ტიმაიოსი”, ყველაზე რთული და ყველაზე ძნელად საწვდომი, სამყაროს აგებულებას განიხილავს და სამყაროს (ნახაზითაც კია წარმოჩენილი გამოცემაში) ის წარმოგვიდგენს ჩვენ ჯვარზე დაფუძნებულად, რომ ჯვარი არის სამყაროს საფუძველი. ეს პლატონისეული აზრი მიაჩნია წმ. იუსტინე მარტვილს ჯვრის, როგორც მართლაც ყოვლიერების სულიერი საფუძვლის, გამოხსნის და ჭეშმარიტი კაცობრიობის და ჭეშმარიტი სამყაროს ხსნის საფუძვლის წინასწარი აჩრდილისებრი განჭვრეტა.

სოკრატეზე (ის იყო პლატონის მასწავლებელი) როდესაც საუბრობს იგივე იუსტინე, ის ასეთ სიტყვებს გვაწვდის: “სოკრატე იყო ის პირი, რომელმაც ნაწილობრივ შეიცნო ქრისტე”. პირდაპირ ამბობს ქრისტეს. არ ახსენებს ის ზოგადად ქრისტიანობას, ქრისტიანული მოძღვრების მარცვლებს, არამედ საკუთრივ მაცხოვარს. შემდეგ ის აგრძელებს: “სოკრატე, რომელმაც ნაწილობრივ შეიცნო ქრისტე, უგვან დემონთა განგდება ასწავლა ხალხს”. უფრო განავრცობს იუსტინე მარტვილი თავის ამგვარ დამოკიდებულებას ანტიკურობისადმი და ამბობს: “რაც კი ანტიკურმა მწერლებმა, ფილოსოფოსებმა, პოეტებმა და კანონმდებლებმა კეთილად თქვეს და აღმოაჩინეს, ჩვენ გვეკუთვნის, ქრისტიანებს”. ამ სიტყვებში არის ძალიან ღრმა აზრი ჩადებული.

როდესაც ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ პლატონთან არის ჭეშმარიტების ნაწილობრივი შემეცნება, აჩრდილისებრი, შორეული, ისევე როგორც სოკრატესთან ან სხვა რომელიმე მოაზროვნესთან და არა მარტო მოაზროვნესთან, არამედ პოეტთან, მწერალთან, კანონმდებელთან და სხვა, აქ იგულსიხმება, რომ მათ მოიხელთეს რაღაც ჭეშმარიტებისა, რაღაცას მიწვდნენ ჭეშმარიტებისას, მაგრამ თვით მათთვის ეს ცნობილი არ არის, მათ არ ეკუთვნით ეს. და რატომ არ ეკუთვნით?

ავიღოთ მაგალითად პლატონი, უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი. პლატონი მთელ თავის ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მართებულად თვლიდა, სხვა შემთხვევაში ის შეცვლიდა თავისი მოძღვრების ამა თუ იმ ნაწილს. პლატონურ მოძღვრებას, როგორც სისტემას, ის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად მიიჩნევდა. ისევე როგორც ყველა ფილოსოფოსი თავის მოძღვრებას, როგორც სისტემას, ჭეშმარიტებად თვლის. დავუშვათ არისტოტელე, სტოიკოსები, ძენონი იქნება, პოსიდონიუსი თუ სხვები, საშუალო პლატონიზმი, ნეოპლატონიკოსები, იქნება ეს პლოტინი (უდიდესი ნეოპლატონიკოსთა შორის), ჰიეროკლე ალექსანდრიელი, პროკლე დიადოხოსი, ამონიოს ერმისი,Gგვიანდელ პერიოდში, იქნება ეს კანტი, ჰეგელი თუ სხვები. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ქმნის სისტემას და მას ეს სისტემა მართებული ჰგონია. ამიტომ პლატონისთვის არ არსებობს პრობლემა, ანუ არ დგას საკითხი იმის შესახებ თავის მოძღვრებაში რომელია მართებული და რომელი არა, მისთვის ყველაფერი მართებულია. მაგრამ ეკლესიური მოძღვრების მფლობელი, რომელიც ამ მოძღვრებას ჭეშმარიტად ჩირაღდნად იპყრობს ხელში, განჭვრეტს რა პლატონის მოძღვრებას, რა თქმა უნდა, გამოჰყოფს ამ მოძღვრებისგან იმას, რაც მისთვის მართებულია. მოძღვრების რა ნაწილი შეიძლება იყოს მართებული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის? რა თქმა უნდა, მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც თანხვდება ანდა უახლოვდება (ზოგჯერ ამასაც მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ანტიკურობაში, ამ გონებრივ სიბნელეში, როდესაც პიროვნება რაღაც ჭეშმარიტების მარცვალს მიუახლოვდება, ესეც ღირსებად ითვლება ეკლესიის მამათაგან), ეკლესიურ მოძღვრებას. სწორედ ამას გამოჰყოფენ ეკლესიის მამები და ამას თვლიან ჭეშმარიტების მარცვლად. მაგალითად, როდესაც პლატონი ამბობს, რომ ღმერთი ესაა უზენაესი სიკეთე, ვინ იტყვის, რომ ეს აზრი არ არის ჭეშმარიტი და არ არის თანხვედრი მართლმადიდებლური მოძღვრების შესაბამის აზრთან, რომ ღმერთი უზენაესი სიყვარულია, ანდა ის, რომ არსებობს წინაგანგება და მრავალი სხვა. თუნდაც ადამიანის მოღვაწეობის მიზანი, რომ ადამიანის მოღვაწეობის მიზანია ღვთისადმი მიმსგავსება - “ჰომოიოსის ტოთეო”. სხვათაშორის ერთ-ერთმა გერმანელმა მკვლევარმა, როდესაც ეს საკითხი შეისწავლა, ღვთისადმი მსგავსების შესახებ ეკლესიური მოძღვრება, სწორედ ეს პლატონური სიტყვები წაუმძღვარა თავის წიგნს სათაურად “ჰომოიოსის ტოთეო”, ანუ მსგავსება ღვთისადმი. ეს ტერმინი აურაცხელ შემთხვევაში გვხვდება ჩვენ ეკლესიის მამებთან, როგორც მათი მოღვაწეობის განმსაზღვრელი. პრაქტიკული ფილოსოფია ეკლესიური სწავლებით სწორედ ესაა, რომ ადამიანი უნდა ესწრაფოდეს ღვთისადმი მიმსგავსებას. მაგრამ ეს სიტყვები პლატონთანაც არის თქმული, რომ ადამიანის მოღვაწეობის მიზანი უნდა იყოს ღვთისადმი მიმსგავსება. ვინ იტყვის, რომ ეს აზრი უკეთურია, ეს აზრი არ შეიცავს სიკეთის ნაწილს. ანდა ცნობილი შეგონება, სოკრატედან მომდინარე, რომელიც მას ეუწყა და რომელიც ანტიკურ ფილოსოფიაში მკვეთრად იჩენს თავს, “შეიცან თავი შენი”, საკუთარი თავის შეცნობა, როგორც გზა ჭეშმარიტების ძიებისაკენ, რაც აურაცხელ შემთხვევაში გვხვდება წმ. ბასილი დიდთან, სხვათაშორის ანტონი დიდთანაც კი და მრავალ სხვა მამასთან.

ამრიგად ეს მხოლოდ საკუთარი თვალის განზრახ დახუჭვა და სიყალბე იქნებოდა, ვინმეს რომ მკვეთრად ემტკიცებინა ანტიკურობაში არავითარი ჭეშმარიტების არარსებობა. რა თქმა უნდა, ეკლესიური მოძღვრება ყოველთვის აღბეჭდილი იყო და ყოველთვის აღბეჭდილია უდიდესი სამართლიანობით. სწორედ ეს სამართლიანობა უკარნახება ეკლესიის მოძღვართ, რომ თვალი არ დაეხუჭათ ანტიკურობაში გამოვლენილ ცალკეულ მარცვლებზე ჭეშმარიტებისა.

მაგრამ ჩვენი მსჯელობა ამ შემთხვევაში იმას ეხებოდა, რომ ეს ჭეშმაირტების მარცვლად ჩანს ეკლესიის მოღვაწისათვის, საეკლესიო პირისათვის, ქრისტიანისთვის, თორემ დავუშვათ იმ ფილოსოფოსისთვის, რომელთანაც ეს მარცვლებია, ჭეშმარიტების მარცვლები კი არ არის, არამედ მისთვის ყველაფერი ჭეშმარიტებაა. პლატონისთვის მთელი თავისი მოძღვრება ჭეშმარიტებაა. ამიტომ პლატონს არ შეუძლია არჩევანი გააკეთოს მის მოძღვრებაში რა არის მართებული და რა არის უმართებულო. მაგრამ საეკლესიო ხედვით მართებულია ერთი აზრი, მაგრამ უკეთურებაა მეორე აზრი იმავე პლატონის სწავლებაში. ამ განმრჩეველობით გამოიყოფა ის, რაც კეთილია. გამოიყოფა იმ ნიშნით, რაც თანხვდება მართლმადიდებლურ მოძღვრებას. შესაბამისად ის მართლმადიდებლური მოძღვრების ნაწილია, მას ეკუთვნის და არ პალატონს. ის, რომ პლატონს ეკუთვნოდეს, მაშინ პლატონიც მოძღვრებას უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ პლატონის მოძღვრებას ის არ ეკუთვნის იმიტომ, რომ პლატონის მოძღვრებაში არის არაჭეშმარიტი ნაწილები და ჭეშმარიტი ნაწილი არაჭეშმარიტს ვერასოდეს ვერ შეერთვის. აი ამ ნიშნით ამბობენ ეკლესიის მამები და ამ შემთხვევაში კონკრეტულად წმ. იუსტინე, რომ არა მხოლოდ ანტიკური ფილოსოფოსები, არამედ პოეტები, მწერლები და თვით კანონმდებლებიც კი, როდესაც რაიმეს კარგს ამბობდნენ და კარგში აქ იგულისხმება ყოველთვის მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრი სწავლებანი, ეს ყველაფერი მართლამდიდებლობას ეკუთვნის და არა მათ.

იუსტინე მარტვილის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ იმავე II ს-ში მოღვაწე ცნობილი ღვთისმეტყველი თეოფილე ანტიოქიელი, რომლის ერთადერთი შრომა (მრავალ შრომათაგან) “ავტოლიკესადმი” საბედნიეროდ ჩვენამდე მოღწეულია. რა ნიშნით იქცევს ეს შრომა ჩვენს ყურადღებას? როდესაც ცალკეულ საკითხებს განიხილავს თეოფილე ანტიოქიელი, მათ შორის საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ ახდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოსწავებანი ღვთის განკაცების შესახებ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის იქვე ამ წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტების დასადასტურებლად მოუხმობს არა მხოლოდ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ, არამედ ძალიან ვრცლად, არა ერთი სტრიქონით ან ორით, არამედ მთელი გვერდების მანძილზე, ე.წ. ანტიკურ წინასწარმეტყველებსაც, ანტიკურ მისან ქალთა, ე.წ. სიბილათა, ნაწინასწარმეტყველებებს. სხვათაშორის, როდესაც XIX-XX სს-ში ფილოლოგიური საკითხი დაისვა ე.წ. სიბილინური ტექსტების ანუ სიბილათაგან ნაწინასწარმეტყველები ტექსტების ჯერ გამართვისა და შემდეგ გამოცემის შესახებ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ თეოფილე ანტიოქიელის აღნიშნული შრომა გამოიყენეს, იმიტომ, რომ ყველაზე ვრცელი ციტატები სწორედ იქ გვხვდება. აურაცხელი სიბილინური წინასწარმეტყველება გახლავთ მცდარი, ფსევდო, მაგრამ არიან ცალკეულნი, რომელნიც აშკარად მართებულ აზრს შეიცავენ. სწორედ ეს მართებულნი გამოკრიფა თეოფილე ანტიოქიელმა, II ს-ის ამ უდიდესმა ღვთისმეტყველმა. მართლაც ამ ციტატებში ვხედავთ უწყებას ძე ღმერთის განკაცებაზე, მისი ამქვეყნიური მოღვაწეობის შესახებ, ებრაელთაგან მის სიკვდილით დასჯაზე, კვდომაზე, აღდგომაზე... და ვინ იტყვის, რომ ეს ჭეშმარიტი არ არის და ჭეშმარიტების მარცვალი არ არის ნაწინასწარმეტყველებათა ათასგვარ უკეთურ ნაზავში, ჭეშმარიტების ის მარცვლები, რაც გამოკრიფა თეოფილე ანტიოქიელმა, რომელთაც ცალკეულ ძალიან დადებით ეპითეტებსაც უძღვნის.

შემდეგ დავასახელოთ სახელგანთქმული კლიმენტი ალექსანდრიელი, II-III სს-ის უდიდესი მოძღვარი, რომლის შესახებაც ჩვენ გამოვეცით ბროშურა. დაინტერესებულ მკითხველს ვთხოვთ ამ უდიდესი ღვთისმეტყველის, უდიდესი მოღვაწის შესახებ მოიძიოს ჩვენს მიერ გამოცემული ჟურნალის “გზა სამეუფოს” 1994 წლის II ნომერი, რომელიც მხოლოდ ამ მოღვაწეს ეხება. იქ არის თარგმანი მისი ერთ-ერთი შრომის ერთ-ერთი ნაწილისა. წინ უძღვის წინასიტყვაობა საკუთრივ კლიმენტი ალექსანდრიელის ცხოვრების შესახებ და შემდეგ განხილულია ის საკითხები, ჩვენი შეძლებისამებრ მოხმობილი მრავალი ციტატის საფუძველზე, რაც კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრებაში ფიგურირებს. ცალკეა გამოყოფილი ერთ-ერთი საკითხი, კერძოდ კლიმენტი ალექსანდრიელის დამოკიდებულება ანტიკური ფილოსოფიისადმი. მაგრამ ჯერ ის გვინდა აღვნიშნოთ, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი თავად უაღრესად დაფასებული იყო საეკლესიო მწერლობაში. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ, განვიხილავთ მხოლოდ მართლმადიდებელ მოძღვართა შეფასებებს ანტიკური ფილოსოფიისას, იმ მოძღვართა შეფასებებს, რომლებიც საეკლესიო ტრადიციაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობენ.

 

22–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=-x9Yc_QDOgQ

 

ეკლესიის მოძღვართა შეფასებები ანტიკური ფილოსოფიის შესახებ (მეორე ნაწილი)

ჩვენ ევეხებოდით საკითხს იმის თაობაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ეკლესიის მამებს ანტიკური ფილოსოფიისადმი. წინა საუბარში შევეხეთ წმ. იუსტინე მარტვილს, დიდ მართლმადიდებელ მოძღვარს, თეოფილე ანტიოქიელს და ვეხებოდით კლიმენტი ალექსანდრიელს. აქედანვე ვაგრძელებთ ჩვენს საუბარს.

აღვნიშნავთ იმას, რაზეც ბოლო საუბარი დავასრულეთ, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი იყო უაღრესად დაფასებული ეკლესიის მამათაგან. მივუთითეთ კიდეც სათანადო შრომა, რაც შეუძლია მკითხველს მოიძიოს, ჟურნალ “გზა სამეუფოს” 1994 წლის II ნომერი, სადაც ვრცელი ციტატები ორიგინალის დამოწმებითურთ კლიმენტი ალექსანდრიელთან დაკავშირებით მოხმობილი გვაქვს. აღვნიშნავთ იმასაც, რომ მალე გამოვა ბროშურის სახით შრომა “კლიმენტი ალექსანდრიელი – პედაგოგიურ-ფილოსიფიური სწავლებანი”, სადაც იგივე საკითხები კვლავ უფრო სრულად, უფრო ფართოდ არის წარმოჩენილი და მკითხველს შეუძლია ისიც მოიძიოს. მაგრამ მანამდე ჩვენს რადიო საუბარში რამდენიმე შეფასებას წარმოვადგენთ, რაც ვფიქრობთ სავსებით საკმარისია კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ ჩამოყალიბებული აზრის შესაქმნელად, ანუ იმის გასაგებად, თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ უდიდესი მოძღვრის მიმართ.

ეს საკითხი აუცილებელია იმიტომ, რომ აღნიშნული პიროვნება უმეცართაგან იგმობოდა და იგმობა ჩვენს ქართულ სინამდვილეში, რითაც ფაქტობრივად იგმობა დიდ წმინდანთა სწავლებანი და დიდ წმინდანთა დამოკიდებულების ამსახველი სიტყვები კლიმენტი ალექსანდრიელისადმი. ამ დიდ წმინდანთაგან პირველ რიგში ვახსენებთ წმ. ათანასე ალექსანდრიელს, რომელმაც კლიმენტი ალექსანდრიელს უწოდა “ნორმა, კანონი ეკლესიისა”, რაც ვფიქრობთ აღმატებული გამონათქვამია.

შემდეგ ვახსენებთ სახელგანთქმულ წმ. ეპიფანე კვიპრელს, რომელიც ავტორია უზარმაზარი ორტომიანი შრომისა “ერესების წინააღმდეგ”, რაც ადრე მოვიხსენიეთ პოლემიკის ჟანრის განხილვისას, სადაც ის კლიმენტის უწოდებს “წმინდას” (“ჰაგიოს”), ხოლო სხვაგან უწოდებს “უწმინდესს” (“ჰაგიოტატოს”).

საგულისხმოა უდიდესი დოგმატიკოსის წმინდა კირილე ალექსანდრიელის შეფასება კლიმენტი ალექსანდრიელის უკვე მოძღვრებისა და მოღვაწეობისა. ის ასეთ რამეს ამბობს: “კლიმენტი ალექსანდრიელი ყოვლითურთ შეუდგა მოციქულებს”. არა უბრალოდ შეუდგა მოციქულებს, არამედ ყოვლითურთ.

ცნობილ VI-VII სს-ის ძეგლში “პასქალური ქრონიკა”, კლიმენტის ეწოდება ასევე “უწმინდესი”, ოღონდ მეორე ბერძნული ტერმინის მიხედვით – “ჰიეროტატოს”.

რაც შეეხება წმინდა მაქსიმე აღმსარებელს, ის ორგზის ორ გამორჩეულ ეპითეტს მოუხმობს ამ პიროვნების მიმართ. ერთ შემთხვევაში წმინდა მაქსიმე, VII ს-ის ეს უდიდესი მოღვაწე, მწვერვალი საეკლესიო ღვთისმეტყველებისა, კლიმენტის უწოდებს “დიდს”, “დიდი კლიმენტი” – ამბობს ის (“ჰო მეგას კელემეს”). ხოლო მეორე შემთხვევაში მას უწოდებს “ფილოსოფოსთა ფილოსოფოსს”.

ასევე VIII ს-ის უდიდესი მოძღვარი, ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული, წმ. იოანე დამასკელი კლიმენტის უწოდებს “ნეტარს”, “როგორც ამბობს ნეტარი კლიმენტი” – ამბობს იოანე. მისი ეს შრომა ძველქართულადაცაა თარგმნილი და იქ ამგვარად წერია: “ნეტარისა კლიმინტოისა”.

რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კლიმენტი ალექსანდრიელთან, ისევე როგორც სხვა ადრეული პერიოდის მოღვაწეებთან, როდესაც ჯერ კიდევ ტერმინოლოგიური დახვეწილობანი არ იყო მწვერვალზე მისული, მათ შორის წმინდანებთანაც კი, იქნებოდა ეს წმ. იუსტინე მარტვილი, წმ. ირინეოს ლიონელი, წმ. იპოლიტე რომაელი თუ სხვა II-III სს-ის მოღვაწენი, ცალკეული ხარვეზები სახეზეა, მაგრამ ეს არაა არსებითი. თუ არსებითი ხარვეზია მოღვაწესთან, ის მოღვაწე ერეტიკოსია, ის არ შეიძლება მართლმადიდებელი იყოს, უწმინდესი იყოს, ნეტარი იყოს და სხვა. თორემ ცალკეული ხარვეზები ყოველთვის შეიძლება ვინმემ შეამჩნიოს, ტერმინოლოგიური დაუხვეწელობანი, მაგალითად თუნდაც იმავე კირილე ალექსანდრიელთან, ათანასე ალექსანდრიელთან, ბასილი დიდთან და სხვა. იმიტომ, რომ ტერმინოლოგია, გამოთქმის ფორმა თანდათან ყალიბდებოდა, თანდათან იხვეწებოდა და აღწევდა უცთომელობას. მოძღვრების არსებით ნაწილში არ უნდა იყოს ცთომილება, რაც გახლავთ განმსაზღვრელი პიროვნების შეფასებისას.

ასე რომ, კლიმენტი ალექსანდრიელი, ეს უდიდესი მოძღვარი, ყველა სხვა მოძღვართა კვალობაზე, მრავალგზის გახაზავს ანტიკური ფილოსოფიის ცალკეულ მიღწევათა დიდ მნიშვნელობას საკუთრივ ქრისტიანული მოძღვრების გამოთქმის მხრივ. ის ერთგან ასეთ შესანიშნავ სწავლებას ამბობს, რომ “რჩეული ფილოსოფია ნამდვილად ღირსია ყურადღებისა, დიდი ღირსებითაა შემკული”. მაგრამ რა არის ეს რჩეული ფილოსოფია? კლიმენტი იქვე განმარტავს: “ხოლო მე რჩეულ ფილოსოფიად ვამბობ არა პლატონის ფილოსოფიას, არა არისტოტელესას ანდა სტოიკოსებისას ან სხვებისას, არამედ ყოველივე ღირებულს თითოეული მათგანისაგან, ანუ ყოველივე იმას, კარგს, რაც თითოეულმა მათგანმა კეთილად თქვა და აღმოაჩინა”. ესაა შესანიშნავი განმარტება იმ საეკლესიო დამოკიდებულებისა, რაც ყველა მოძღვართან ვლინდება ანტიკურობისადმი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ანტიკურ ფილოსოფიაში ჭეშმარიტების მარცვლები არსებობს, აქ არ იგულისხმება ერთი პირის ფილოსოფია და მასზე აქცენტის გაკეთება. ჭეშმარიტ, რჩეულ ფილოსოფიად ანუ ღირსეულ ფილოსოფიად ეკლესია რაცხდა ყოველივე იმ კარგს, კეთილს, მართებულს (იგულისხმება მხოლოდ ის მოძღვრებანი, რაც მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრია), რაც შეიძლებოდა ზოგი პლატონთან ყოფილიყო, ზოგი არისტოტელესთან, ზოგი სტოიკოსებთან, უფრო ადრე პითაგორასთან და სხვა. სწორედ ნაკრები, გამონაკრები რჩეული ანუ მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრი სწავლებებისა ითვლებოდა ეკლესიის მამათაგან ღირსეულ მიღწევად ანტიკურობისა და ამის გამო ამ ნაწილს ეკლესია ყოველთვის დიდ ღირსებას განუკუთვნებდა.

კლიმენტის გამონათქვამები აურაცხელია, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით, დასახელებულ ორ შრომაში მკითხველი ამას თვითონ მოიძიებს, უბრალოდ მივუთითეთ, რომ ეს დიდი მოძღვარიც იმავე თვალსაზრისისა იყო, რა თვალსაზრისისაც წმ. იუსტინე, თეოფილე ანტიოქიელი და საერთოდ II ს-ის მოძღვარნი.

III ს-ის შემდეგ, IV ს-ში მკვეთრად ჩამოყალიბებულ პოზიციას ანტიკურობისადმი ჩვენ ვხედავთ დიდ კაბადოკიელ მამებთან. ყველა ნაბიჯზე მათთან მკვეთრად ვლინდება პატივისცემა რაიმე ღირსეული სწავლებისადმი, რაც ანტიკურობაში სახეზეა. მაგრამ აქ მხოლოდ ანტიკურობაზე შეიძლება ჩვენ აქცენტი არ გავაკეთოთ. კარგად არის ცნობილი, რომ ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, თუნდაც იოანე ოქროპირის ფილოსოფიის, რიტორიკის მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსები ლიბანიოსი, თემისტიოსი, ელევთერუსი, პროხერესი და სხვები. განსაკუთრებით ცნობილია ლიბანიოსი, რადგან მისი მიწერ-მოწერა წმ. ბასილი დიდთან, წმ. გრიგოლ ნოსელთან დღემდე შემორჩენილია და ერთ-ერთ ეპისტოლარულ საუნჯედ ითვლება ეკლესიისა. ძველ ქართულადაც გახლავთ თარგმნილი წმ. ეფრემ მცირის მიერ, კერძოდ ბასილი დიდისა და ლიბანიოსის ურთიერთ მიწერ-მოწერა (სხვათაშორის გამოცემულიც გახლავთ ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ “მრავალთავის” XII ნომერში და მკითხველს შეუძლია ეს მიწერ-მოწერა მოიძიოს). აქედან ჩვენ ციტატები სხვადასხვა დროს გამოგვიქვეყნებია კიდეც წერილობითად, სადაც ჩანს უდიდესი პატივისცემა ბასილი დიდისა ამ წარმართი ფილოსოფოსისადმი. ის ერთ შემთხვევაში ასეთ რამეს ამბობს: “სულიერნი სიტყვანი მიწიერმან ლიბანიოსმან აღწერნა”. სხვადასვა შემთხვევებში ეს გამონათქვამი კვლავ სახეზეა.

იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ლიბანიოსს გარკვეული პაექრობების შემდეგ მიუღია გადაწყვეტილება, რომ წერა შეეწყვიტა. იგულისხმება პაექრობანი არა ქრისტიანებთან, არამედ თავის წრესთან, იმავე წარმართ ფილოსოფოსებთან. გრიგოლ ნოსელმა მას საგანგებო ეპისტოლე გაუგზავნა (ეს ეპისტოლე, სხვათაშორის ახალქართული თარგმანით ჩვენ გამოვაქვეყნეთ. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ის ზემოხსენებული ჟურნალის “გზა სამეუფოს” მესამე ნომერში), სადაც გრიგოლი ეაჯება, ევედრება ლიბანიოსს, რომ მან არ შეწყვიტოს წერა, რომ სულიერი საზრდო არ მოაკლოს მის პატივისმცემლებს.

ცნობილია, აგრეთვე, ეპისტოლე ბასილი დიდისა ლიბანიოსისადმი, სადაც ლიბანიოსი არის მზედ წოდებული, ხოლო ბასილი თავის თავს განაკრძალებს ანუ თავის თავს აფერხებს მზესთან ახლოს მისვლისაგან, რომ არ დაიწვას მისი სხივებით, იმდენად აღმატებულად წარმოუჩნდება მას ეს პიროვნება.

აქევე გავიხსენოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ცნობილი ქადაგება სათაურშივე რომ ფილოსოფოსისადმია მიმართული, “ფილოსოფოს ირონისადმი”. კარგა ხანია გარკვეულია, რომ ეს ირონი გახლავთ მაქსიმე, ე.წ. ცინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი ფილოსოფოსი. გრიგოლი მას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ფილოსოფოსს შევაქებ, თუნდაც დავშვრე სიტყვით. ორიდან ერთი რამ უნდა ახასიათებდეს ადამიანს, თუ არ უნდა რომ მთლიანად მოწყდეს ჭეშმარიტებას, ან ის, რომ ფილოსოფოსობდეს, ანდა ის, რომ აქებდეს ფილოსოფიას”. ვინც ამ ქადაგებას წაიკითხავს უმრავლეს ადგილას აღმოაჩენს უმნიშვნელოვანეს და უაღრესად აღმატებულ შეფასებებს ანტიკური ფილოსოფიისას.

იგივე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი რამდენჯერმე იმოწმებს გვიანანტიკური პერიოდის ფილოსოფოსს პლოტინს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იმოწმებს პოლტინის სწავლებას ანონიმურად (“როგორც უთქვამს ვინმეს”) და იმოწმებს დადებით კონტექსტში.

ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც იგივე წმ. იოანე ოქროპირი (რამდენიმე მისი გამონათქვამი ფილოსოფიის შესახებ ჩვენ გამოვაქვეყნეთ), V-VI სს-ის მრავალი მოძღვარი, იგივე თეოდორიტე კვირელი, ანდა ჩვენს მიერ ხსენებული კირილე ალექსანდრიელი, რომელიც მართლაც ნიმუში უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანისთვის. კირილე ალექსანდრიელს აქვს ერთი ძალიან საყურადღებო შრომა, რომელიც ჩვენი აზრით ქართულადაც აუცილებლად უნდა ითარგმნოს. ეს გახლავთ თხზულება მიმართული ანტიკურობის წინააღმდეგ და გახლავთ კონკრეტული პასუხი ცნობილი ივლიანე განდგომილის, იმპერატორის წიგნზე “გალილეველთა წინააღმდეგ”. ივლიანე, რომელიც 361-363 წლებში გახლდათ რომის იმპერატორი, კარგად არის ცნობილი, შეეცადა ანტიკურობის აღდგენას და ქრისტიანობის დაკნინებას, თუმცა მას აღზრდა ქრისტიანული ქონდა. მან დაწერა წიგნი “გალილეველთა წინააღმდეგ” (გალილეველებში ის ქრისტიანებს გულისხმობდა), ე.ი. იგივე ქრისტიანთა წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებელი სახით ჩვენამდე არ მოღწეულა. ამ შრომის პასუხი არავის არ დაუწერია თავის დროზე ქრისტიანთაგან. ამიტომ V ს-ის დაახლოებით 20-30-იან წლებში წმ. კირილე ალექსანდრიელმა ითავა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ივლიანე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მისი შრომა არსებობდა და ამიტომ კირილე თვლიდან, რომ რადგან ის პასუხგაუცემელი იყო, არსებობდა საშიშროება წარმართთაგან იმ აზრის გავრცელებისა, რომ თითქოს ქრისტიანებმა მას ვერ უპასუხეს. შესაბამისად კირილემ დაწერა თავისი ვრცელი შრომა, დაახლოებით 30 წიგნად (ყოველშემთხვევაში 20 წიგნად მაინც, საიდანაც 10 სრულყოფილადაა მოღწეული). ეს უდიდესი შრომა, ნამდვილი განძი საეკლესიო მოძღვრებისა, რა თქმა უნდა, ზემოთ ხსენებულ საკითხსაც ეხება. როდესაც კირილე ანტიკურობის დამცველს ეპაექრება, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მისგან იყო მოსალოდნელი, რომ ანტიკური ფილოსოფიაც დაეგმო. ეს იყო ყველაზე მკვეთრად წარმოსაჩენი მომენტი ანტიკური ფილოსოფიის უვარგისობისა მთლიანობაში, თუკი ასე ფიქრობდნენ ეკლესიის მამები, რომ იქ არაფერი სიკეთე არ არის. მაგრამ რას ვხედავთ? კირილე ალექსანდრიელი რამდენიმე შემთხვევაში ვრცლად, სათანადო ციტატების მოხმობით ასაბუთებს, რომ ანტიკურ ფილოსოფიაში მრავალჯერ გამკრთალა, მრავალჯერ გამოკრთომილა ჭეშმარიტი სწავლება არა მხოლოდ ისეთ ზოგად თემებზე, რასაც აქამდე ვეხებოდით (აღვნიშნეთ კიდეც, რომ დავუშვათ იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულია, რომ არსებობს წინაგანგება, რომ ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს ღვთისადმი მიმსგავსების ნიშნით და სხვა), არამედ საკუთრივ საეკლესიო სწავლებათა გამოკრთომანიც კი, რომ არსებობს სამპიროვნება ერთი ღმერთისა.

აქ არის ასეთი საყურადღებო მომენტი: ეკლესიის მამები ზოგჯერ გახაზავენ არაქრისტიანულ გარემოში, კერძოდ ანტიკურობაში და არა მხოლოდ ანტიკურობაში, არამედ იუდაიზმის ზოგ წარმომადგენელთან, როგორ გაკრთება ხოლმე სწავლება მამა ღმერთთან ერთად ძე ღმერთის შესახებაც. მაგრამ კირილე ამას კიდევ უფრო განავრცობს და ამბობს, რომ ანტიკურობის ზოგ პოეტთან და ფილოსოფოსთან (ნიმუშად მას პლატონი მოაქვს) გაკრთება სწავლება სამების შესახებ, მამის, ძისა და სულიწმინდის შესახებ. ამის საჩვენებლად კირილეს რამდენიმე ციტატა მოაქვს. ესაა ძალიან საგულისხმო ადგილები აღნიშნულ შრომაში.

ასე რომ, კირილე ალექსანდრიელიც იმ თვალსაზრისის მომხრეა, რაზეც მრავალგზის გამოთქვეს შეხედულება მისმა წინამორბედებმა, რომ ანტიკური ფილოსოფიური სისტემები, როგორც სისტემები, აბსოლუტურად უარყოფილია ეკლესიისგან, მაგრამ თითოეულ ფილოსოფიურ სისტემაში შეიძლება იყოს რაღაც მარცვალი ჭეშმარიტებისა, მართლმადიდებლური მოძღვრების შემცველი სწავლება, რაც სწორედ მართლმადიდებლობას ეკუთვნის და არა იმ სისტემებს. ანუ როგორც წმ. იუსტინე ამბობდა, ქრისტიანებს ეკუთვნით ყველა ღირსეული სწავლება, რაც კი მართლმადიდებლურია და გამოკრთომილი არამართლმადიდებლურ წიაღში და არა იმ სარეველას, რაც ამ მარცვლების გარშემოა.

კირილე ალექსანდრიელის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვახსენოთ წმ. მაქსიმე აღმსარებელი. მაქსიმე აღმსარებელს უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი თხზულება სათაურით “ზიარი ადგილები” (გავრცელებულია ლათინური სახელწოდებით “ლოკი კომმუნეს”, ანუ “ადგილები საერთონი”). აქ პირველად ვამჩნევთ ჩვენ იმ საღვთისმეტყველო საქმიანობის დასაწყისს, რაც გულისხმობდა კომპილაციურ კრებულთა შედგენას თემატიკისდა მიხედვით. ეს თემატიკა ზოგჯერ ანბანზეა დალაგებული. მაგალითად ბერძნულად ჩვეულებრივ პირველ რიგში დგას საკითხი “აგნოსია თეუ”, ანუ უცოდნელობა ღვთისა, რასაც მოსდევს სხვადასხვა საკითხები, მაგალითად ღვთის ნების შესახებ, ანდა თუნდაც რწმენის შესახებ, ცოდნის შესახებ, ადამიანის შესახებ, სამყაროს შესახებ და სხვა. სახეზეა არა საუბრები, განხილვები, არამედ ციტატების მოტანა, ციტატების კრებული ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ციტატების კრებული იმ ნიშნით, რომ მოტანილია მაგ. ციტატები ღვთის ნების შესახებ ახალი აღთქმიდან, შემდეგ ძველი აღთქმიდან, შემდეგ ეკლესიის მამათა შრომებიდან, ხოლო ბოლოს ანტიკურ მოაზროვნეთაგან (ცხადია, მათი ღირსეული ციტატები). აი ეს ოთხნაწილედობა აქვს ამ შრომას და ამგვარი ტიპის შრომებს. სხვათაშორის აქ ისეთ საყურადღებო თემასთან დაკავშირებით, რაც რწმენას ეხება, ყველაზე ვრცელი ციტატა მოტანილია არისტოტელესგან. ასე რომ ღირსეულად ჩათვალა მაქსიმემ ეს სწავლება, თორემ სხვა შემთხვევაში მას არ მოუხმობდა.

მაქსიმეს შემდეგ ვახსენებთ წმ. იოანე დამასკელს, რომლის სახელგანთქმული შრომა “წყარო ცოდნისა” სამნაწილედია, რომლის პირველი ნაწილი გახლავთ ის ნაწილი, რაც ანტიკურ ფილოსოფიას უკავშირდება და რასაც ეწოდება “საფილოსოფოსონი თავნი”.

 

23–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=_xG8-wfV5c0


ეკლესიის მოძღვართა შეფასებები ანტიკური ფილოსოფიის შესახებ (მესამე ნაწილი)

ჩვენ განვიხილავდით საეკლესიო ლიტერატურის ფილოსოფიურ ჟანრს, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, კერძოობითი, ფართო და უფართოესი გაგებითაც ამ ტერმინისა. კონკრეტულად ვსაუბრობდით საკითხზე თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ანტიკურობისადმი. ქრონოლოგიური რიგით წარმოვაჩინეთ ეს საკითხი, დაწყებული II ს-დან ვიდრე VIII საუკუნემდე და ვსაუბრობდით VIII ს-ის მოძღვარზე წმ. იოანე დამსკელზე, რომელმაც როგორც ცნობილია შეაჯამა მთელი შვიდსაუკუნოვანი საეკლესიო ღვთისმეტყველება თავის მონუმენტურ სამნაწილედ შერომაში “წყარო ცოდნისა”.

ეს შრომაც ჩვენ მკვეთრად გვმიჟღავნებს ეკლესიურ დამოკიდებულებას ანტიკურობისადმი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას  მისდამი. როგორც აღვნიშნეთ, პირველი ნაწილი ამ შრომისა იწოდება როგორც “საფილოსოფოსონი თავნი”. გამოცემებში მას ეწოდება “დიალექტიკა”. მეორე ნაწილს ეწოდება “მწვალებლობათა წინააღმდეგ”, ხოლო მესამე ნაწილს “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”. სხვათაშორის ეს მესამე ნაწილი ორი ძველი ქართული და ერთი ახალქართული თარგმანით გამოიცა და მკითხველს ვთხოვთ, რომ შეიძინონ და იხელმძღვანელონ ამ შრომით მთელი ცხოვრების მანძილზე. იმიტომ, რომ ყველაზე საუკეთესო და წარმატებული გამთლიანება საეკლესიო მოძღვრებისა ერთ კომპაქტურ შრომად, ერთ კატეხიზმურ შრომად სწორედ აქ არის მოცემული.

მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში აქცენტს იმ მომენტზე ვაკეთებთ, რომ წმ. იოანე დამასკელი, ვიდრე ის მართლმადიდებლურ მოძღვრებას გადმოგვცემდეს, ამ გადმოცემას წინ უმძღვარებს ფილოსოფიურ თავებს. ამ ფილოსოფიურ თავებში არის ცალკეული ტერმინოლოგიური განხილვანი, ცალკეული დებულებები, მაგრამ მთელი ეს ფილოსოფიური ცოდნა ამოკრებილია ანტიკური, წარმართი ავტორებისგან. ამ სამ წიგნედს წინ უძღვის ეპისტოლე წმ. იოანე დამასკელისა და ამ ეპისტოლეს ის ამგვარად იწყებს, რომ “პირველ ნაწილად ამ წიგნისა წარმოგიდგენთ ყოველივე იმ საუკეთესო სწავლებას წარმართ ბრძენთაგან, რაც კი ჩვენთვის ცნობილია. რადგანაც ვიცით, რომ ყოველივე კარგი ძღვენი და ყოველივე კეთილი საბოძვარი ზემოდან არის გადმომავალი სინათლეთა მამისგან. ხოლო რაც უკეთურია განვაგდებთ ჩვენგან, როგორც ბოროტ დემონური გონების ნაყოფს”. ამ სიტყვებში არის აბსოლუტურად ზედმიწევნით ყოველივე ჩამოყალიბებული და შეჯამებული, რომ ანტიკურობაში რაც ღირსეულია მას ეკლესია უყოყმანოდ იღებს და იყენებს, ხოლო რაც უკეთურია იმას განაგდებს. ხოლო კეთილი და უკეთური ფასდება მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა არის თანმხვედრი მართლმადიდებლობასთან და რა ეწინააღმდეგება მას. რაც კი ანტიკურობაში თანმხვედრია მართლმადიდებლობასთან, ამას იღებს მთლიანობაში ეკლესია, რაც არ არის თანმხვედრი მას უკუაგდებს და უარყოფს. აი ეს არის საეკლესიო მოძღვრების და ეკლესიის მოძღვართა დამოკიდებულება ანტიკურობისადმი, ყველა მოძღვართან ერთი და იგივე.

ასე რომ ზემოთ შთამბეჭდავად თქმული ყოველივე ადასტურებს იმას, რაც თავში ვთქვით, რომ ანტიკურობაში ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვლები. იქნება ეს საკუთრივ ტერმინოლოგიური მიღწევები, თუ იქნება ეს ცალკეული სამოძღვრო დებულებები. იგივე ითქმის სხვა სარწმუნოებებთან ქრისტიანობის დამოკიდებულების შესახებ. ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია საკუთრივ იუდაიზმი მოვიხმოთ. იუდაიზმი, როგორც სარწმუნოება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სარწმუნოება, ანდა რომელიმე ფილოსოფია, როგორც ფილოსოფიური სისტემა, ეკლესიისგან ყოველგვარი შეღავათის გარეშე უარყოფილია, მაგრამ თუ რამ ჭეშმარიტების მარცვალია, თანმხვედრი მართლმადიდებლობასთან, ეს აზრიც ასევე უშეღავათოდ და უყოყმანოდ მიიღება. სწორედ ეს გახლავთ საეკლესიო პოზიცია ნებისმიერი არაეკლესიური მოძღვრებისადმი, იქნება ეს სარწმუნოებრივი მოძღვრება, ფილოსოფიური მოძღვრება, ყოფითი ეთიკური მოძღვრება თუ სხვა. ანუ ორი დებულებაა განმსაზღვრელი ეკლესიის მამებისთვის გარეეკლესიურ აზროვნებასთან მიმართებით:

1) ყოველგვარი მოძღვრება, როგორც სისტემა, როგორც მთლიანობა ეკლესიის მიერ ყოველგვარი შეღავათის გარეშე უარიყოფა, ანათემირებულია და ერესად არის მიჩნეული. ამის საფუძველი გამჭვირვალეა, რადგან მაცხოვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სამოძღვრო სისტემა, ერთი სარწმუნოებრივი სისტემა, სადაც ყველაფერი ჭეშმარიტია. თუ მეორეც ასევე ჭეშმარიტია ის იგივეობრივი უნდა იყოს ამ სისტემასთან და თუ განსხვავდება ჭეშმარიტი სისტემისგან, მაშინ ის აღარ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. ორი ჭეშმარიტება და ამ დროს სხვადასხვა ყოვლადშეუძლებელია არსებობდეს. ამრიგად, რადგან მართლმადიდებლისთვის მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი მოძღვრება, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა მოძღვრება შემცველია არაჭეშმარიტისა. ერთიც რომ იყოს რომელიმე მოძღვრებაში არაჭეშმარიტი, ის უკვე არაჭეშმარიტებაა, ის უკვე სიყალბეა, ის უკვე მაცხოვნებლობას მოკლებულია. აქედან გამომდინარე, როგორც მოძღვრება ნებისმიერი სხვა სწავლება, არამართლმადიდებლური, იქნება ეს საკუთრივ ქრისტიანული აღმსარებლობები თუ საერთოდ არაქრისტიანული ფილოსოფიურ-სარწმუნოებრივი მიმდინარეობანი, ყველა მათგანი არის უშეღავათოდ უარყოფილი და ანათემირებული ეკლესიისგან, როგორც მოძღვრებითი სისტემები.

2) ამ ყოველივესგან განუყრელია მეორე დებულება, რომ თუ რამ რომელიმე სამოძღვრო სისტემაში, სარწმუნოებრივში თუ ფილოსოფიურში თანმხვედრია მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, ეს აზრი მართლმადიდებლურად და ჭეშმარიტად მიიჩნევა და, რა თქმა უნდა, მოიხმობა თუ ამის აუცილებლობაა ეკლესიის წიაღში.

ჩვენ ვისაუბრეთ ფილოსოფიასთან დამოკიდებულებაზე და რა შეიძლება ითქვას სარწმუნოებასთან დაკავშირებით? ამ მხრივ მკვეთრად გამოხატული თვალსაზრისი ჩვენ გვაქვს, მაგალითად ცნობილ იუდეველ ფილოსოფოსთან ფილონ იუდეველთან დაკავშირებით. ფილონი გახლდათ ძვ. წ. აღ. I და ახ. წ. აღ. I სს-ის მოძღვარი, იუდეველი, ფილოსოფოსი, რომლის მრავალი შრომა მოღწეულია ჩვენამდე. ეკლესიის მამები სარგებლობდნენ ამ შრომებით. ეს შრომები ძირითადად  გახლავთ ძველი აღთქმის წიგნთა განმარტება, იქნება ეს “შესაქმის”, “გამოსვლათა” თუ სხვათა, რომლითაც მრავალი ღვთისმეტყველი სარგებლობდა. მაგრამ არა მხოლოდ სარგებლობის მაგალითები გვაქვს ჩვენ ამ მოძღვრისგან, რაც თავისთავადაა დადასტურება იმისა, რომ ფილონს ჰქონია რაღაც ჭეშმარიტი და არცთუ ისე მცირე (ავიღოთ თუნდაც “ქება-ქებათას” განმარტება, რაც გათვალისწინებულია მაგალითად წმ. გრიგოლ ნოსელის მიერ), არამედ ცალსახად გამოხატული შეფასება ამ პიროვნების ნაშრომებში გამოვლენილი ამა თუ იმ ჭეშმარიტი სწავლებისა. ეს შეფასება ეკუთვნის დიდ ავტორიტეტს, უდიდეს მოძღვარს წმ. ისიდორე პელუსიელს, IV-V სს-ის საეკლესიო ავტორს და მოღვაწეს. ისიდორე პელუზიელი, როელისგანაც ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ეპისტოლეები, რაც ძალიან ბევრი გახლავთ (სხვათაშორის რამდენიმე მათგანი ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც ჩვენეული თარგმანით გაზეთ “საეკლესიო სიწმინდენის” III-IV ნომრებში. მკითხველს შეუძლია ნახოს ეს ნომრები და დარწმუნდეს წმ. ისიდორეს განსაკუთრებულ ღვთივმიმადლებულ სულიერებასა და საღვთისმეტყველო სიმაღლეში, რომელიც, სხვათაშორის, წმ. იოანე ოქროპირის უერთგულესი სულიერი (ნაკლებად პირადი) მეგობარი გახლდათ), ერთ შემთხვევაში გვთავაზობს ასეთ უმნიშვნელოვანეს სწავლებას: “ჭეშმარიტება იმდენად მძლავრია, რომ ზოგჯერ არაჭეშმარიტების წიაღში მყოფ პირსაც კი აიძულებს საკუთარი რწმენის წინააღმდეგ გაიბრძოლოს, საკუთარ რწმენას აღუდგეს წინ. ავიღოთ მაგალითად ფილონი, ისიც კი ჭეშმარიტების გამო მძლე ექმნა საკუთარ უძლურებას და დაუპირისპირდა თავის სარწმუნოებას, რადგანაც მამა ღმერთთან ერთად განჭვრიტა ძე ღმერთის ჰიპოსტასიც”. (ჩვენ ეს ნაწყვეტი კიდევ უფრო მეტი მოცულობით ადრეხსენებულ მეორე ბროშურაში, სათაურით “ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ”, გამოვაქვეყნეთ და ამჯერად უბრალოდ პერიფრაზს გთავაზობთ). ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, იუდაიზმთან დაპირისპირებაა, რომ ფილონი იმდენად დაწინაურდა ჭეშმარიტების ძიების გზაზე, რომ ამ ჭემშარიტებამ საკუთარ რელიგიასთან დააპირისპირა ის. ჭეშმარიტება ვერ უარყო მან და დაუპირისპირდა თავის სარწმუნოებას. მოგეხსენებათ იუდაიზმი იმით განსხვავდება ქრისტიანობისგან, რომ უარყოფს სამპიროვნულობას და აღიარებს ერთ პიროვნებას ღვთისას. ხოლო ორი პიროვნების, ორი გვამოვნების აღიარებამდე ამაღლდა ფილონი. ეკლესიური გაგებით ესეც ერესია, რა თქმა უნდა. ქრისტიანი რომ სამპიროვნებას არ ცნობდეს და ორ პიროვნებას აღიარებდეს, ესეც ერესია, მაგრამ ფილონისთვის, რომელიც ცთომილების წიაღშია, სიბნელის წიაღშია, სადაც ერთპიროვნულობაა, ესეც ღირსებად ჩაითვალა ეკლესიისგან, რომ გონებრივ დაცემულობაზე ამაღლდა ცოტათი ფილონი და ერთპიროვნულობის ნაცვლად მეორე ჰიპოსტასიც განჭვრიტა, კერძოდ ძე ღმერთისა. ისიდორე ამბობს, რომ “ამით ფილონიც უკავშირდება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას”. სხვა სიტყვას ის არ ხმარობს. ამრიგად ეს წარმატება ცალკე გამოიყო ეკლესიის მამათაგან ფილონისა და, რა თქმა უნდა, ესეც არ დაეკარგა მას.

ამგვარი რამ უეჭველად გვიდასტურებს ჩვენ იმას, რომ ეკლესიის მამები მისხალ-მისხალ წონიან მთელ კაცობრიულ კულტურას, რაზეც კი ხელი მიუწვდებათ და რაც ზოგჯერ მათ ხელსაწვდომობაში შემოდის. და სადაც კი ჭერმარიტს ჰპოვებენ, რა თქმა უნდა, არანაირად იმას არ ჰკარგავენ.

ეს სამოძღვრო კუთხით, მაგრამ იგივე და კიდევ უფრო მეტად ითქმის ცალკეულ ტერმინებთან დაკავშირებით. ეკლესიამ აურაცხელი ტერმინი მოიხმო ძველი ეპოქებიდან, იქნებოდა ეს ყოფითად, სარწმუნოებრივად თუ ფილოსოფიურად ხმარებული და მოიხმო იმიტომ, რომ განჭვრიტა მათში ღირსება ჭეშმარიტი მოძღვრების გადმოცემის უნარისა, თვისებისა. ტერმინებსაც თავისი ისტორია აქვთ. შეიძლება ტერმინი მრავალი პირისგან გამოიყენებოდეს სხვადასხვა დროს, მაგრამ ამ ტერმინს ჯერ კიდევ თავისი თავი არ ეპოვოს. როდესაც ის ჭეშმარიტი მოძღვრების გადმომცემი ხდება, ეს ტერმინი სწორედ მაშინ ხდება ცხოველქმნილი, მანამდე ის ასე ვთქვათ ხეტიალობს, მოგზაურობს და ეძიებს თავის ნამდვილ ადგილს. მრავალმა ტერმინმა განიცადა ამგვარი მოგზაურობა. მათ შორის ჩვენ ვახსენეთ ტერმინი “ფილოსოფია”, რომელიც სულ სხვა რამეს ნიშნავდა ანტიკურობაში, მაგრამ ამ ტერმინმა იტვირთა უზენაესი მოძღვრების გადმოცემა და ამიტომ მოიხმეს ის ეკლესიის მამებმა, რომ ტერმინი ფილოსოფია დაეტვირთათ ქრისტესმოყვარეობის შინაარსით. ამიტომაა, რომ წმ. ეფრემ მცირე მიუთითებს რამდენჯერმე: “ხოლო ფილოსოფოსობად, ესე იგი არს სიბრძნისმოყვარეობად არა ეგოდენ გარეშესა სიბრძნესა (=ანტიკურ სიბრძნეს), არამედ მეუდაბნოეთა მამათა იტყვის წმიდაი ესე (იგულისხმება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)”. ე.ი. ეკლესიური გაგებით ფილოსოფოსობა ანტიკური სიბრძნე კი არაა, არამედ განდეგილობა, მეუდაბნოეობა. იმიტომ, რომ მეუდაბნოენი, განდეგილნი იყვნენ ის პირები, რომლებმაც ქრისტეს სიყვარულისთვის დატოვეს ეს სოფელი, ქრისტეს სიყვარული კი სწორედ სიბრძნის სიყვარულია, რადგან ქრისტე ჭეშმარიტი სიბრძნეა. ამიტომ სიბრძნის მოყვარეობა ანუ ფილოსოფია არის იგივე ქრისტესმოყვარეობა ანუ “ფილოხრისტია”.

აი ეს შინაარსი არის გამოკვეთილი ეკლესიის მამებთან ტერმინებთან დაკავშირებით, რომ ტერმინები, თუკი იტევენ ანუ ავლენენ უნარს იმისას, რომ დაიტიონ ესა თუ ის მხარე ჭეშმარიტი სწავლებისა, ეკლესიის მამები უშეღავათოდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოუხმობენ მას, ვისგანაც არ უნდა იყოს ის ადრე გამოყენებული. ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ანტიკურ ფილოსოფოსთაგან მოიხმობდა ეკლესიის მამათა მიერ ტერმინები, არამედ ზოგიერთი ისეთი ტერმინი იქნა ჭეშმარიტი მნიშვნელობის ჩადების შემდეგ გაცოცხლებული, რომლებიც ადრე ერეტიკოსთაგან იყო პირველად მოხმობილი. თუნდაც ტერმინ “ჰომოუსიოს”-ის ერთ-ერთი გამომყენებელი გახლდათ ცნობილი ერეტიკოსი პავლე სამოსატელი. ტერმინი “ჰომოუსიოს” ანუ ქართულად “ერთარსება” წმ. ათანასე ალექსანდრიელმა შემოიტანა მამის, ძისა და სულიწმინდის ურთიერთობის ამსახველად. ათანასეს მრავალი მართლმადიდებელი სწორედ ამ ნიშნით ეწინააღმდეგებოდა, რომ ერეტიკოსისგან ხმარებულ ტერმინს იყენებდა მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. მაგრამ ათანასე სწორედ ამ ტერმინის ღირსებას ჭვრეტდა, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო ის ხმარებული და ამიტომ მოიხმო ის. მრავალია ამგვარი ფილოსოფიური ტერმინები ეკლესიის მამათაგან მოხმობილი. თუნდაც მაგალითად წმ. ბასილი დიდი მეორედ მოსვლის ამ ხილული სამყაროს აღსასრულის აღსაწერად იყენებს ტერმინს “ეკპიუროსის” ანუ ყოველივეს ცეცხლში დაწვას (“ეკპიუროსის” ძველ ქართულად ითარგმნებოდა როგორც “განცეცხლებაი” ანუ ყველაფრის ცეცხლად ქცევა). ეს ტერმინი გახლავთ სტოიკოსთაგან შექმნილი ტერმინი, კერძოდ პოსიდონიუს სტოიკელის. დღეს სავსებით ნათლადაა ჩვენებული, რომ ეს ტერმინია ბასილი დიდისგან ნასარგებლები სულ სხვა შინაარსით, მაგრამ ფორმით იგივეა.

მრავალი ამგვარი ტერმინი მოხმობილია ეკლესიის მამათაგან იმიტომ, რომ ეკლესია ფუჭად არასოდეს არ მოღვაწეობს და თუ რამ შექმნილია და თუ მას რაიმე გარედან ბიწი აქვს მიცხებული, ამ ბიწისგან გაიწმინდება, წმინდა მოძღვრება, როგორც ცეცხლი განწმენდს, გამოახურვებს, გამოაწრთობს ამა თუ იმ ტერმინს, მოაშორებს ყოველივე ამ მწიკვლს და ფორმით მანამდე უკვე არსებულს მხოლოდ უზადო შინაარსით დატვირთავს. ამიტომ იყო, რომ წმ. იოანე დამასკელმა როცა ფილოსოფიური თავები წაუმძღვარა თავის მართლამდიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემას, ახალი ტერმინები კი არ შემოგვთავაზა, არამედ როგორც თვითონ მიუთითა ანტიკურ, წარმართ ბრძენთაგან ამოკრიბა ის ტერმინები, რაც ეკლესიური მოძღვრების გადმოცემისთვის იყო მნიშვნელოვანი და სწორედ ისინი წინ დაურთო თავის ამ შრომას და მოკლე განმარტებანი მოგვცა თითოეული მათგანისა, რომ მაგ. რას ნიშნავს “ბუნება”, “არსება”, “ხატი”, “სახე”, არისტოტელესგან შემოტანილი 10 კატეგორია, მსჯელობის ფორმები და სხვა. ესეც მკვეთრად მიანიშნებს იმაზე, რომ თუკი რამ ღირსეულს ანდა ღირებულს ჭვრეტს ეკლესია წინაქრისტიანულ ან გარეეკლესიურ აზროვნებაში თუ კულტურაში, მას მოუხმობს და ჭეშმარიტი შინაარსით, მართლმადიდებლური აზრით განმსჭვალავს, რითაც ამ ტერმინის, ანდა ამ სამოძღვრო ნაწილის, ამ ჭეშმარიტების მარცვლის მართლაც ჭეშმარიტი სიცოცხლე იწყება იმიტომ, რომ იმ წიაღს უბრუნდება, რომლის ნაწილიც ის ნამდვილად არის.

საეკლესიო ლიტერატურის ფილოსოფიური ჟანრის განხილვა პირველ ნაწილად სწორედ ამ მხარეს გულისხმობდა, გარკვევას თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ანტიკურობისადმი. შესაბამისად, დღეს ვინც არ უნდა გამოთქვას მკვეთრი აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკურობაში არავითარი ღირსება არ არის, თითქოს ფილოსოფია არავითარ ღირსებას არ ფლობს და ეს ეკლესიის პოზიციაა, ის არის სინამდვილეში ანტიეკლესიური აზრის გამომხატველი, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ შეჯამებული სახით თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას და ეს დამოკიდებულება არის ერთი, ყოვლადუცვლელი და შესაბამისად დოგმატური.

კვლავ აღვნიშნავთ ორი დებულებით, რომ ყოველგვარი არამართლმადიდებლური მოძღვრება ერესად არის შერაცხილი და ანათემირებულია ყოვლად უშეღავათოდ, მაგრამ თუ რომელიმე მოძღვრებაში რაიმე სწავლება არის მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრი, ისიც ყოვლად უშეღავათოდ და ყოვლად უყოყმანოდ მოიხმობა ეკლესიის მამათაგან. აი ამ ორი დებულების გამთლიანება (და არა ცალ-ცალკე რომელიმე) გახლავთ ეკლესიის პოზიცია, არა მხოლოდ ანტიკურობისადმი, არამედ განზოგადებულად ნებისმიერი არაქრისტიანული, არაეკლესიური, არამრათლმადიდებლური აზროვნებისადმი, რომელ დროშიც არ უნდა იყოს ეს.

მეტიც შეიძლება ითქვას. რა თქმა უნდა, არც ეს გახლავთ სიახლე, რომ დღეისათვის მავანნი ზედმეტად გულმოდგინეობენ, ანდა სურთ, რომ საზოგადოებას აჩვენონ თავი განსაკუთრებულ ქრისტიანებად, უშეღავათო ქრისტიანებად ყოველივე არაქრისტიანულისადმი, რითაც საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობენ. და ეს დღევანდელი მოვლენა არ გახლავთ, ეს მოვლენა თავიდანვე სახეზეა ეკლესიის ისტორიაში და სამწუხარო ხვედრიც ამგვარი პირებისა ყოველთვის თვალსაჩინოა. ამგვარი პირების უმრავლესობა დღეისათვის ეკლესიასთან კავშირში ფაქტობრივად არ არიან და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ჩვენ წლების წინ ვწერდით ამის შესახებ, რომ საეკლესიო ისტორიაში არსებული ფაქტები უაღრესად სამწუხარო შედეგს წინასწარმეტყველებენ ამგვარ პირთა შესახებ. იმგვარ პირთა შესახებ, რომლებიც ფორმით იჩემებენ უკიდურეს მართლმადიდებლობას და ეს უკიდურესობა მიჰყავთ ფანატიზმამდე. ფანატიზმი კი ეკლესიისგან უარყოფილია და ის უკვე მართლამდიდებლობა აღარ არის.

მაგალითისთვის ჩვენ შეგვიძლია პირველ რიგში გავიხსენოთ თუნდაც ტატიანე სირიელი, რომელიც II ს-ის ერთ-ერთი ღვთისმეტყველია. ცალკეულ შემთხვევებში ძალიან ღრმა და მნიშვნელოვან სწავლებებს მისი აპოლოგეტური შრომისას ეკლესია, რა თქმა უნდა იღებს, მაგრამ ამ პიროვნების ღვთივმიმადლებული ნიჭიერება მისმა პიროვნულმა გაუკიდურესებამ და ფანატიკოსობამ დაღუპა. დაღუპა იმიტომ, რომ ტატიანემ სწორედ ეს მოჩვენებითი ხიბლი შეიქმნა საკუთარ თავზე და სხვების წინაშეც ცდილობდა ამ ხიბლის შექმნას, რომ თითქოს ის იყო უკიდურესად მკვეთრი დამცველი ქრისტიანული მოძღვრებისა, მართლმადიდებლობისა, უშეღავათო მტერი ნებისმიერი სხვა მსოფლმხედველობრივ-სააზროვნო-სარწმუნოებრივი სისტემისა. ტატიანემ ყოველგვარი ჭეშმარიტების არსებობა წინაქრისტიანულ ეპოქაში, თუნდაც ანტიკურობაში აბსოლუტურად გამორიცხა, ფანატიზმის დონემდე მივიდა და ამ ფანატიზმმა გამოიწვია ის, რომ თვითონ აღმოჩნდა უკიდურესობებში და შესაბამისად ეკლესიამ ის ერეტიკოსთა ანათემირებულ მწყობრს შეუერთა. მაგრამ რამ გამოიწვია მისი ეს გაუკეთურება? თავის დროზე, ვიდრე ანტიკურობისადმი ჰქონდა ფანატიკური დამოკიდებულება მისი ერესი არ ჩანდა. ფანატიზმი სწორედ ამითაა დამღუპველი, რომ როცა ერთი რამისადმი ვლინდება ფანატიზმი, ის შემდეგ ცეცხლისებრ აალდება პიროვნებაში და ყოვლისმომცველი ხდება, ყველა მის გამოვლინებაში ის უკვე ფანატიკოსია. ტატიანე შემდეგ საკუთრივ საეკლესიო მოძღვრების და ცხოვრების მხრივაც ფანატიკოსი გახდა. როგორც აღვნიშნავდით, ის იმდენად მკევთრად უკიდურესობამდე მივიდა, რომ არა მხოლოდ თვითონ აიკრძალა ხორცის ჭამა, რაც სავსებით მისი უფლებამოსილება იყო, არამედ საზოგადოდ ხორცის ჭამა ცოდვად ჩათვალა. არა მხოლოდ თვითონ დარჩა უქორწინებელი, რაც მისი პიროვნული ნება იყო, არამედ ზოგადად ქორწინება ცოდვად შერაცხა. არა მხოლოდ ღვინო აიკრძალა თავისი თავისთვის, რაც სავსებით მისაღები იქნებოდა, არამედ ღვინო საზოგადოდ ცთომილებად და ცოდვად შერაცხა და ზიარებაშიც კი აკრძალა მისი გამოყენება.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ შედარებით მოგვიანო პერიოდის ტერტულიანეზე, რომელიც მკვეთრი უკიდურესობით გამოირჩეოდა. სწორედ მისი სიტყვებია: “რა აქვს საერთო იერუსალიმსა და ათენს”. აქ იერუსალიმი მისი აზრით სარწმუნოების სიმბოლოა, ათენი ანტიკურობისა და თითქოს ესაა სრული დაშორებულობა, რომ ათენში მხოლოდ ჯოჯოხეთია, მხოლოდ სიბნელეა და არავითარი ჭეშმარიტების ნაპერწკალი იქ არ შეიძლება იყოს. თავის დროზე, როცა ის ამ უკიდურესობას მკვეთრად გამოხატავდა ეკლესიის მიღმა მყოფი და წინაქრისტიანული კულტურისადმი, მისი ფანატიზმი მკვეთრად შესამჩნევი არ იყო. მაგრამ ფანატიზმის დამღუპველობა მასთანაც გამოვლინდა, როდესაც ტერტულიანე უკვე აღარ დაკმაყოფილდა მხოლოდ ანტიკურობის აბსოლუტური დაგმობით და ის ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის დაგმობასაც შეუდგა, კონკრეტულად 207 წლის შემდეგ და საერთოდ განუდგა ეკლესიას.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორიგენეს, ამ დიდი უნარის მქონე ღვთისმეტყველის დაღუპვაც ფანატიზმმა გამოიწვია. მართალია ორიგენე განსაკუთრებულ ფილოსოფიურ გონიერებას და ნიჭიერებას ფლობდა, მაგრამ ტერტულიანეც ასევე უაღრესად დიდი გონების მქონე პიროვნება იყო. აქ თუნდაც ფილოსოფიური გონება და აზროვნების უნარი არ ნიშნავს ფანატიზმისგან თავისუფლებას. ორიგენეს რომ ფანატიზმის მარცვალი ჰქონდა, ეს ჯერ კიდევ მის ცხოვრებაში გამოვლინდა აშკარად, როდესაც მან ბუკვალურად გაიგო, მიუხედვად იმისა, რომ ალეგორიზმის ერთ-ერთი მესაფუძვლე თვითონ იყო, მაცხოვნებელი სწავლება იმის შესახებ, რომ ვინც არ გამოისაჭურისებს თავის თავს არ არის უფლის ღირსი, თავისი თავი ფიზიკურად დაისაჭურისა, როცა აქ საუბარია მხოლოდ ცოდვების მოკვეთაზე, რითაც, რა თქმა უნდა, საეკლესიო კანონი უხეშად დაარღვია. ამიტომ იყო, რომ მას მღვდლობის უფლებამოსილება არ ჰქონდა და როდესაც მღვლად აკურთხეს პალესტინაში, მისმა ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა ჰერაკლასმა მისი ეს მღვდლობა არ აღიარა და არ მიიღო.

მოგვიანო ეპოქაშიც ამგვარი შემთხვევები ძალიან ბევრია. ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად ქრისტიანული და არაქრისტიანულთან უმკვეთრესად დაპირისპირებული პიროვნების ნიღბის შემქმნელი  ყოველთვის თვითონ აღმოჩენილა აუცილებლად ისეთ მდგომარეობაში, რომ მისდამი ეკლესიას უკიდურესი ზომა გამოუეყენებია ანათემის სახით. ამიტომ ყოველ დროში ყველა უნდა ერიდოს ფანატიზმს, ფსევდო დოგმატიზმს და მხოლოდ მართლამდიდებლური მოძღვრების საზღვრებში და ფარგლებში, ყველა დოგმატის განუხრელი დაცვით, აღასრულებდეს პირად მოღვაწეობასაც და ძალისამებრ სხვებსაც ამას უნდა შთააგონებდეს.



24–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=16SHqkl9jyk

 

ფილოსოფოსი ეკლესიის მამები და მათი თხზულებანი

ჩვენ ვეხებოდით ფილოსოფიის ჟანრს და განვიხილავდით საკითხს იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ფილოსოფისადმი. ამ შემთხვევაში ნიმუშად აღებული იყო ანტიკური ფილოსოფია.

რამდენადაც შეგვეძლო, რამდენიმე საუბრის მანძილზე, ეს საკითხი განვიხილეთ, დებულება, დასკვნა, სრულიად ცალსახა და გამჭვირვალე, დოგმატურად დადგენილი წარმოვადგინეთ და ამის შემდეგ ჩვენ უკვე კონკრეტულად ქრონოლოგიური განხილვის წესით შევეხებით, მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი სახით (რადგან უფრო მეტად კონკრეტული შეხება იქნება ქრონოლოგიური განხილვის ჟამს საეკლესიო ლიეტრატურისა), ცალკეულ შრომებს და ამ შრომათა ავტორებს.

ვიწყებთ რა ქრისტიანული ლიტერატურის ხედვას ფილოსოფიური თვალით, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მივაპყრობთ მეორე საუკუნის იმ მოღვაწეებს, რომლებიც აპოლოგეტთა სახელით არიან ცნობილნი. ჩვენ ნაწილობრივი ერთ-ერთ საუბარში განვმარტეთ, რომ აპოლოგეტები იყვნენ მოღვაწეები ძირითადად II ს-ის ეპოქის, რომლებიც ვიდრე გაქრისტიანებამდე წარმართი ფილოსოფოსები გახლდნენ და გაქრისტიანების შემდეგ საკუთარი წარმართული სწავლებანი, რა თქმა უნდა, მოიკვეთეს, მაგრამ ფილოსოფიური უნარი აზროვნებისა ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენეს და გახდნენ პირველი ქრისტიანი ფილოსოფოსები. ჩვენ არ შეიძლება, რომ ქრისტიანული ფილოსოფიის განხილვა დავიწყოთ დავუშვათ II ს-ის მიწურულიდან და III ს-ის დამდეგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შრომაში, რაც საეკლესიო ლიტერატურას ეხება, აქედან ითვლიან ქრისტიანული ფილოსოფიის დაფუძნებას. ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ თვით ზედწოდებანიც კი მიგვანიშნებენ ქრისტიან ფილოსოფოსთა არსებობას III ს-მდე. ერთ-ერთი ადრინდელი აპოლოგეტი, დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით, არისტიდე ათენელი იწოდება როგორც ფილოსოფოსი, ისევე როგორც წმ. ათენაგორა ათენელი ფილოსოფოსი, ანდა იუსტინე მარტვილი ფილოსოფოსი. სამივე მათგანს ზედწოდებად აქვთ “ფილოსოფოსი” და ისინი II ს-ში მოღვაწეობდნენ. ისევე როგორც თვით მათი შრომებიც ამისკენ მიგვითითებს. რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული მეტ-ნაკლებობა, მაგრამ ერთი რამ უეჭველად ითქმის, რომ ამ ავტორთაგან, რომლებიც ვახსენეთ ფილოსოფიასთან შეხება უეჭველად სამივეს აქვს. მაგრამ თუ მაინც არჩევანს გავაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ნამდვილი, სრულყოფილი ფილოსოფოსი საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში ეს გახლავთ ათენაგორა ათენელი. მისი მოღწეული შრომებია “კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების შესახებ”, და აპოლოგია, რომელიც იმპერატორებისადმია გაგზავნილი. პირველ მათგანზე განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან სათაურის მიხედვით თითქოს სპეციფიკურად სარწმუნოებრივ საკითხს ეხება ის და იქ ერთი შეხედვით არ უნდა მოველოდეთ ფილოსოფიას, რადგან სამომავლო მკვდრეთით აღდგომას ანუ მეორედ მოსვლას ეხება საკითხი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ესაა ქრისტიანული ფილოსოფიის თვისება და ღირსება, რომ სარწმუნოებრივი საკითხები ფილოსოფიური კუთხით განიხილოს. ათენაგორა ამ მხრივ არის ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწე და მისი შრომები დღესაც სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის.

ათენაგორას შრომა “კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების შესახებ” დაიწერა იმ აუცილებლობისგან გამომდინარე, რაც გულისხმობდა კაცობრიობის სამომავლო ხორციელი აღდგინების დასაბუთებას მათ წინაშე, რომლებიც დაეჭვებულნი იყვნენ ამ საკითხში. საზოგადოდ სარწმუნოებრივი მოძღვრება, სარწმუნოებრივი სამოძღვრო სისტემა იმგვარია, რომ ერთი საკითხიც თუ ეჭვის ქვეშ დადგა, ყველა სხვა საკითხიც ეჭვის ქვეშ დგება. მართლაც თუ ქრისტიან მორწმუნეს არ სწამს მკვდრეთით აღდგომა თავისი და საზოგადოდ, მაშინ მის წინაშე ყველაფერი უქმდება, რადგან სიკვდილი მარადიული გამოდის, აღარც გამოსყიდვა ყოფილა, აღარც სამოთხე არსებულა, აღარც ჯოჯოხეთი და საერთოდ ყველა დებულება ეკლესიური მოძღვრებისა სრულიად უქმდება. ამიტომ იყო, რომ ათენაგორა თვლიდა საკითხის განმარტებას აუცილებელს, მაგრამ არა უბრალოდ განმარტებას, არამედ დასაბუთებას, რადგან მისი და სხვა ბევრი ღვთისმეტყველის (თუნდაც კლიმენტი ალექსანდრიელის) თქმით, მრავალია ისეთი, რომელიც წრფელად ირწმუნებს, მაგრამ არიან მრავალნი, რომლებსაც თუ არ დაუსაბუთე არაფერს არ ირწმუნებს. არადა ეს ნაწილიც კაცობრიობისა ეკლესიის სამუშაკოა, ისიც თავის წიაღში უნდა შეიერთოს მან. ეკლესიის მოძღვართა სწავლებით მოძღვრების გადაცემა იმ ენაზე უნდა მოხდეს, რა ენაც მას დაარწმუნებს. ზოგთან ცხოველი ანუ ცოცხალი სიტყვით და ეს სიტყვა წარუშლელად აღებეჭდებე პირს გულზე და გონებაზე, რომელიც გახსნილია ჭეშმარიტებისადმი, მაგრამ იმ პირებს, რომლებიც დასაბუთების გარეშე არაფერს არ შეიწყნარებენ, არგუმენტის გარეშე, ასეთ პირებს, რა თქმა უნდა, არგუმენტირების, მსჯელობის, ლოგიკურ-სილოგისტური და ფილოსოფიური სახის განხილვა ესაჭიროებათ. სწორედ ამ მეთოდს მიმართა ათენაგორამ. მან ფაქტობრივად შეუძლებელს შეჰბედა, ანუ როგორც ძველქართულადაა ეს თქმული, “შეჰკადრა შეუკადრებელთ” - როგორ უნდა დაასაბუთო არგუმენტირებით, რომ სამომავლო ხორციელი აღდგინება კაცობრიობისა გარდუვალია. მაგრამ მან ეს დაასაბუთა იმგვარი ფილოსოფიური არგუმენტირებით, რომ შეუძლებელია ეს შრომა ადამიანმა წაიკითხოს და სადმე დაეჭვება დარჩეს, რომელიმე რგოლი არგუმენტირებისა მისთვის არასაიმედო ანდა ნაკლებ დამაჯერებელი აღმოჩნდეს.

ჩვენ ამ შრომას დეტალურად შევეხებით მაშინ, როცა ათენაგორაზე გვექნება ქრონოლოგიური განხილვის ჟამს მსჯელობა. ამჯერად კი იმ მომენტს ვუსვამთ ხაზს, რომ თუნდაც ამ კუთხით, არგუმენტირების ამ უბადლო გამოვლინებით ეს შრომა ერთ-ერთი უადრესი ფილოსოფიური ძეგლია საეკლესიო ლიტერატურისა. რა თქმა უნდა, იგივეა მისი პირველი შრომაც, აპოლოგეტური თხზულება ვრცელი სათაურით, სადაც მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი მონაკვეთია მოცემული: ცოდნა, ინფორმაცია, შემდეგ დასაბუთების უნარი, ცალკეული ტერმინოლოგიური დაკვირვებანი, რაც ჩვენ ნაწილობრივ ვთქვით კიდეც, ყოვლადწმინდა სამების დოგმატის უზედმიწევნითესი განსაზღვრება, კონკრეტულად სულიწმინდის ჰიპოსტასთან დაკავშირებით და საერთოდ ერთარსება ღვთის სამპიროვნულობის ტერმინოლოგიური გამოთქმის ხმრივ, თუ რით განისაზღვრება ეს სამპიროვნულობა, რაზეც შესანიშნავად ბრძანა ათენაგორამ, რომ ესაა ერთი არსებობა, რადგან ღმერთი ერთია, მაგრამ სამი პირი ერთიმეორისგან განსხვავდება არა არსებობით, არამედ არსებობის გვარით, რომ მამა არსებობს მამობრივად, ძე ძეობრივად და სული გამომავლობითად.

ათენაგორას, რა თქმა უნდა, გვერდს უმშვენებენ სხვა აპოლოგეტებიც, მათ შორის წმ. იუსტინე მარტვილი, რომელიც მრავალ ფილოსოფიურ საკითხს განიხილავს. იუსტინეს ფილოსოფოსობა თუნდაც იმითაა წარმოჩენილი, რომ მან ანტიკური ფილოსოფიის, ანტიკურ მოაზროვნეთა ნამოღვაწარის მართლამდიდებლური შეფასებაც მოგვცა. ასე რომ, ის საუბრობს ფილოსოფიაზე, ეხება ფილოსოფიას და შესაბამისად ქრისტიანი ფილოსოფოსია.

რა თქმა უნდა, მრავალია ფილოსოფიური განსჯანი, სწავლებანი წმ. ირინეოს ლიონელთანაც, მაგრამ ყველა ამ მოღვაწეთა შორის, მაინც ხაზს გავუსვამთ, გამორჩეულია ათენაგორა, რომლის მსჯელობაც სპეციფიკურად ფილოსოფიურია, დასკვნებიც დებულებრივია და, რა თქმა უნდა, არგუმენტირების ვრცელი ჯაჭვი არის უაღრესად მჭიდროდ ნაჭედი და უბადლო ნიმუში სილოგისტური აზროვნებისა.

თუ ჩვენ აპოლოგეტებს მივიჩნევთ ქრისტიანული ფილოსოფიის, როგორც საეკლესიო მწერლობის ჟანრის, საფუძველდამდებად, ამ ჟანრის ერთ-ერთ სრულმყოფელად შეგვიძლია დავსახოთ ჩვენს მიერ უკვე ხსენებული კლიმენტი ალექსანდრიელი. მრავალი მკვლევარის მიერ სწორედ კლიმენტი ითვლება ქრისტიანული ფილოსოფიის ფუძემდებლად. მაგრამ, როგორც აღვნიშნავდით, ეს ალბათ მთლად ასე არ გახლავთ და ჩვენ მაინც აპოლოგეტები უნდა ჩავთვალოთ ფილოსოფიური ჟანრის საფუძვლის დამდებად და ეს საფუძველი II ს-შია უეჭველად დადებული. მაგრამ ამით კლიმენტი ალექსანდრიელის ღვაწლი არ კნინდება იმიტომ, რომ ერთია საფუძვლის დადება და მეორეა ამ საფუძვლის იმგვარად განმტკიცება, რომ მთელი თაობების ნამოღვაწარი დაეშენება მას შემდეგში.

კლიმენტისგან მოღწეულ შრომათაგან ყველაზე მეტად ფილოსოფიური და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ მხრივ გახლავთ “სტრომატა”, რვაწიგნედად დაწერილი თხზულება. მასში უაღრესად საყურადღებო საკითხებია განხილული, დებულებები, ცნებები, მაგალითად ნების განმარტება, რაც შემდეგ გვიანდელ მოძღვართაგან ხშირადაა დამოწმებული (მათ შორის წმ. იოანე დამასკელისგან), ეთიკური პრობლემატიკის ფილოსოფიური განხილვა და სხვა. თუმცა ეს შრომა ამ კუთხით ერთადერთი არაა. მისი ორი უფრო ადრინდელი შრომა – “სიტყვა მომაქცეველი” და “სიტყვა პედაგოგი”, ასევე ფილოსფიურ შრომებად შეგვიძლია მივიჩნიოთ და ეს სამივე ძეგლი კლიმენტი ალექსანდრიელს ნამდვილად გვაგულვებინებს საეკლესიო ფილოსოფიის ანდა საეკლესიო მწერლობის ფილოსოფიის ჟანრის ჩამომყალიბებლად. თუ საფუძველდადმდებნი აპოლოგეტები არიან, ჩამომყალიბებელი კლიმენტი ალექსანდრიელი უნდა იყოს.

ამ კუთხით კლიმენტი ალექსანდრიელის ღვაწლს მნიშვნელოვანწილად განაგრძობს ცნობილი ორიგენე. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ორგენეს მრავალი უკეთური სწავლების გამო ეკლესიამ ანათემა გამოუცხადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის სწავლებებში ყველაფერი უკეთურია. ბევრი რამ არის მათში კეთილი, კარგი და ფილოსოფიური კუთხით უმნიშვნელოვანესი. ეს ღირსეული სწავლებანი თუნდაც ფილოსოფიურ სიბრტყეზე იმდენად არსებითია, იმდენად საგულისხმოა, რომ ზოგ მკვლევარს ასეთი სიტყვებიც კი ათქმევინა: “ორიგენე იყო ეკლესიის მამათა შორის ფილოსოფიური გონების მხრივ, ალბათ, უდიდესი”. შეიძლება ეს გადამეტებაა, მაგრამ სიმართლის ნიშანწყალი მასში უეჭველად არის, რომ ოროგენემ მრავალი კუთხით საეკლესიო ფილოსოფიის განმტკიცებასა და გაფართოებას შეუწყო ხელი. თუნდაც მისი შრომა “საწყისთა” შესახებ, რომელიც ლათინურად თარგმნა ნეტარმა იერონიმემ, დღესაც რჩება ერთ-ერთ დიდ ფილოსოფიურ ძეგლად.

კლიმენტი ალექსანდრიელის და ორიგენეს (ვგულისხმობთ მის კეთილ ნაწილს), როგორც ფილოსოფოსების ღვაწლის გაგრძელება გახლავთ კაბადოკიელ მამათა მოღვაწეობა IV ს-ის შუა წლებში და მეორე ნახევარში. თუმცა კაბადოკიელ მამათაგან სამივე ერთობლივად და ერთნაირად ფილოსოფიური პროფილისა არ იყვნენ და ამ მხრივ მკვეთრად გამორჩეულია გრიგოლ ნოსელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ღრმა ფილოსოფიურ სწავლებებს და ფილოსოფიურ-ტერმინოლოგიურ განმარტებებს ჩვენ ვხვდებით ბასილი დიდითანაც და გრიგოლ ღვთისმეტყველთანაც. მაგრამ მაინც მათთან ეს ყველაფერი ფრაგმენტულადაა, ხოლო როცა ჩვენ ქრისტიანული ფილოსოფიის ჟანრზე, ეკლესიის მამებზე, როგორც ჟანრობრივად ფილოსოფოსებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ მოღვაწეებს, რომლებიც არსებითად ფილოსოფიურ ლიტერატურას ქმნიან. ასეთი კი გახლავთ წმ. გრიგოლ ნოსელი. ის არის ქრისტიან ფილოსოფოსთა შორის ერთ-ერთი უდიდესი, რომელიც ყოველ პრობლემას სწორედ ფილოსოფოსის თვალით ჭვრეტდა, ხედავდა და აღიქვამდა. მაგრამ მასთან ორი თითქოსდა საწინააღმდეგო და პარადოქსული თვისება იყრიდა თავს. ერთი ეს გახალვთ მოვლენის განზოგადება და ფილოსოფიური განჭვრეტა და მეორე - სახეობრივი მეტყველება და სულიერად განცდა იმისა, რაც განიჭვრიტება.

საზოგადოდ სახეობრივი მეტყველება, გამოხატვის ამგვარი ფორმა, უფრო ახასიათებთ იმგვარ პირებს, რომლებსაც არგუმენტირება, ლოგიკა, აბსტრაქტული აზროვნება ნაკლებად იზიდავთ, მაგრამ ორივე ეს რომ პიროვნებაში მწვერვალამდე იყოს შერწყმული, ასეთი გახალვთ სწორედ გრიგოლ ნოსელი. გვთავაზობს რა ფილოსოფიურ დებულებას, იქვე სახობრივად წარმოაჩენს მას. შესაბამისად მასთან არცერთი ფილოსოფიური საკითხი არ არის განხილული მშრალად, აბსტრაქტულად, მკითხველისთვის და მსმენელისთვის ნაკლებ საწვდომად და შესაბამისად მოსაწყენად, არამედ დაუყონებლივ სახეობრივი პარალელია მოტანილი და შესაბამისად ის ფილოსოფიური, თეორიული გამონათქვამები უკვე რეალურ სიცოცხლეს იძენს. აურაცხელია ასეთი სახეობრივი ნიმუშები მასთან და ამგვარი ფილოსოფიური მიდრეკილება გრიგოლ ნოსელისა გახდა იმის საფუძველი, რომ ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მან მოგვცა ქრისტიანული მოძღვრების სისტემური გადმოცემა, რაც მან განახორციელა ისეთ ძეგლში, როგორიცაა მისი ცნობილი “დიდი კატეხიზმური ქადაგება”. შეიძლება იქ ზოგი დებულება საკამათოა, ანდა ხელნაწერული ტრადიცია არ არის მოღწეული, ანდა მცდარია გვიანდელი ჩანართების გამო, მაგრამ არსებითად ეს ძეგლი ჩვენამდე მოღწეულია გრიგოლ ნოსელის ნამუშაკევად. ეს შრომა გახლავთ ჯერ წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით დაწერილი, შემდეგ თემატური პრინციპით შექმნილი და ამდენად ქრისტიანული ფილოსოფიის უდიდესი ძეგლი.

თუ ჩვენ მაინც ამ კუთხეზე გავაკეთებთ აქცენტს, თუ რომლები არიან მკვეთრად ფილოსოფიური ავტორები საეკლესიო მწერლობაში, შეგვიძლია ყველაზე უფრო ზოგადი სახით ასეთი რიგი ჩამოვაყალიბოთ: წმ. ათენაგორა ათენელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენეს მოღვაწეობის კეთილი ნაწილი, წმ. გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ნოსელის შემდეგ წმ. მაქსიმე აღმსარებელი (შემდგომ მოღვაწეებზე ქვემოთ ვისაუბრებთ). ჩვენ შეიძლებოდა ამ რიგში გრიგოლ ნოსელის შემდეგ მოგვეთავსებინა წმ. დიონისე არეოპაგელის შრომები, უაღრესად ფილოსოფიურნი და ნამდვილი ნიმუშები ქრისტიანული ფილოსოფიისა, სადაც ანტიკური ტერმინოლოგია არის მოხმობილი, მაგრამ შინაარსი ქრისტიანულია. მაგრამ ამ ძეგლებთან დაკავშირებით ქრონოლოგიური მოთავსების მხრივ, მოგეხსენებათ, არის პრობლემა. ამიტომ თუ იმ ნიშნით ვიხელმძღვანელებთ, თუ როდის გამოჩნდა ეს ძეგლები სამოღვაწეო ასპარეზზე (გარკვეული პერიოდის მანძილზე ისინი დაფარულნი იყვნენ. დაფარულნი იყვნენ არა ეზოტერიზმის გაგებით, არამედ მისაწვდომობის გაგებით), ხოლო ეს მოხდა VI ს-ის დამდეგს, მაშინ გრიგოლ ნოსელსა და მაქსიმე აღსმარებელს შორის უნდა მოვათავსოთ არეოპაგეტული კორპუსი. მაგრამ თუ ავტორის ეპოქას ვიგულვებთ, მაშინ ის ჩვენ შეგვიძლია სათავეში დავდოთ და ასე განვსაზღვროთ რიგი: წმ. დიონისე არეოპაგელი ანდა არეოპაგეტული შრომები, შემდეგ ათენაგორა ათენელი, შემდეგ წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენეს ღირსეული ნაწილი, წმ. გრიგოლ ნოსელი, მაქსიმე აღმსარებელი, წმ. იოანე დამასკელი. ჩვენ უფრო შორს აღარ წამოვალთ, თუმცა შეგვიძლია მოგვიანო პერიოდიდან ამ რიგს შევუერთოთ მაგ. წმ. ნიკიტა სტითატი, რომელსაც საკუთრივ საეკლესიო საკითხებზე უაღრესად ღრმა განხილვის წესით აქვს დაწერილი შრომები (რაც ძველქართულადაც გახლავთ თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ), მაგრამ უფრო უპრიანი იქნება ალბათ თუ მაქსიმე აღმსარებლის შემდეგ თვით იოანე დამასკელის გვერდის ავლითაც კი (რადგან იოანე დამასკელი მკვეთრად გამოხატული ფილოსოფიზირებული მიმართულებისა მაინც არ გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან შეადგინა “საფილოსოფოსონი თავნი”. ეს ერთი შრომაც რომ გამოვყოთ სხვა მხრივ ის მის თხზულებებში ასე მკვეთრად ტერმინოლოგიურად, მსჯელობის ფორმით, არგუმენტირების წესით ფილოსოფიზირებული არ გახლავთ, როგორც ზემოთ ნახსენები მოღვაწეები) ამ რიგს შევუერთოთ ქართველი მოღვაწე იოანე პეტრიწი. იოანე პეტრიწიც ქრისტიანი ფილოსოფოსი გახლავთ. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ცალკეული ხარვეზები შეიძლება ყველასთან მოიძებნოს, ამაზე არ არის საუბარი, საუბარი იმაზეა, როგორც თვითონ იოანე პეტრიწი იტყოდა, რომ მოძღვრებისთვის იგი მზად იყო წარმდგარიყო ნებისმიერ სამსჯავროზე, ოღონდ ისეთ სამსჯავროზე, სადაც პაექრობა იქნებოდა ურთიერთსიყვარულის წესით წარმართული და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდა ის საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტების ჩვენებას.

ვფიქრობთ ესაა სწორედ ის ხაზი, რაზეც ეხლა ვსაუბრობდით, სადაც შეიძლება, რომ გარკვეული შევსებანი გაკეთდეს, მაგრამ მაინც ეს ხაზი მივიჩნიოთ მკვეთრად გამოხატული ფილოსოფოსი ავტორების ურთიერთმიმდევრობად. კვლავ აღვნიშნავთ და ამას გავიმეორებთ, რომ ზოგადად ფილოსოფოსია და ჭეშმარიტი ფილოსოფოსია ყველა მოძღვარი, მაგრამ როცა კერძოობითი ნიშნით გვინდა, რომ რაღაც გარჩევა მოვახდინოთ მათ შორის (კერძოობითი ნიშანი, როგორც თავის დროზე აღვნიშნავდით, მხოლოდ იმას გულისხმობს თუ ვინ არის ფილოსოფოსი ამ სიტყვის თუნდაც თანამედროვე გაგებით, ე.ი. აბსტრაქტულად მაოზროვნე, ცალკეულ ტერმინებზე აქცენტირებული, ტერმინოლოგმოაზროვნე), ამ კუთხით ეს რიგი ყველაზე უფრო გამოყოფილია, რომელსაც თანდათანობით შეიძლება სხვადასხვა მოძღვარი დავუკავშიროთ და ბოლოს მთელი ქრისტიანობა, როგორც ერთი დიდი, უზენაესი, ჭეშმარიტი და საღვთო ფილოსოფია, აი ასე ჩამოვაყალიბოთ. თვით ტერმინი “საღვთო ფილოსოფია” არსებობს ეკლესიის მამებთან. ყველაზე ხშირი გამოყენება მისი ჩვენ გვაქვს წმ. ისიდორე პელუზიელთან. საღვთო ფილოსოფიის წარმომადგენლები არიან ის მოძღვრებიც, რომლებიც დავასახელეთ და ყველა სხვანი, რომლებსაც საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაში გარკვეული წვლილი შეუტანიათ, რომელთა შრომები დღეისათვის ჩვენთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ფილოსოფოსია წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, არა როგორც ტერმინოლოგ-არგუმენტატორი და მოაზროვნე (მსჯელობის ნიშნით), არამედ როგორც უაღრესად სულიერად მჭვრეტელი. ყველაზე აღმატებული ფილოსოფია, საზოგადოდ, სულიერი ჭვრეტაა. ვინც სულიერ ჭვრეტას ამავე დროს ტერმინებშიც გადმოსცემს და ახერხებს საკუთარი პირადი სულერი განცდის სამოძღვრო წესით გადმოცემას, სწორედ ის არის ფილოსოფოსი. საეკლესიო მოძღვარნი სწორედ ამგვარნი გახლდნენ და ამიტომ ვამბობდით, რომ ფილოსოფიის ჟანრი და ფილოსოფიური ძეგლები შეიძლება ცალკე გამოიყოს. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ კიდეც ნიმუშები, თუნდაც ათენაგორას “კაცობრიობის სამომავლო მკვდრეთით აღდგინების შესახებ”, გრიგოლ ნოსელის “სულისა და აღდგომის შესახებ”, მის სხვა შრომებთან ერთად, ცხადია, უფრო ადრე კლიმენტი ალექსანდრიელის “სტრომატა”, ორიგენეს “საწყისთა შესახებ”, არეოპაგეტული შრომები, მაგრამ განსაკუთრებით “საღმრთოთა სახელთათვის”, მაქსიმე აღმსარებლის მრავალ სხვა შრომასთან ერთად თუნდაც მისი ცნობილი “საზღუარნი თითოსახენი” ანუ ტერმინოლოგიური განმარტებები, წმ. იოანე დამასკელის “საფილოსოფოსონი თავნი”, იოანე პეტრიწის “განმარტებანი პროკლე დიადოხოსის შრომაზე”, რაც მან ქართულად თარგმნა.

ესაა საკუთრივ თანამედროვე გაგებით ფილოსოფიისა ყველაზე უფეო მეტად წინა პლანზე მდგომი ძეგლები და ავტორები. უფრო ღრმა და უფრო ჭეშმარიტი შინაარსით ფილოსოფია გაცილებით ფართოვდება. როგორც აღვნიშნეთ, სულიერი ჭვრეტის, ზეციური სამყაროს, საღვთო ჭეშმარიტების წვდომის მხრივ რაც კი ღირსეულია და ამ მხრივ ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი, ფაქტობრივად მთელი საეკლესიო ლიტერატურის მომცველობაა უკვე ფილოსოფია. მაგრამ აქ უკვე ჟანრობრივი გაგება, ცხადია, სახეზე აღარ არის, და რამდენადაც ჩვენ ამ შემთხვევაში საკუთრივ ჟანრობრივი კუთხით ვსაუბრობდით ფილოსოფიაზე, ამ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად არსებობს ფილოსოფიური ჟანრი საეკლესიო მწერლობაში, რაც არ უნდა უარყოს ეს მავანმა და მავანმა, ამის დასასაბუთებლად თუნდაც ის ავტორები და ის ძეგლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სახელებით ჩამოვთავალეთ, თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ.

25–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=2mg1-N0nmVg

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 DECEMBER 2017 16:56)