26-32


ტერმინ “ლიტურგიის” გნმარტება; ღვთისმსახურების დანიშნულება

ბოროტების წარმოშობის მიზეზები

წინა რამდენიმე საუბარში ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეხეთ ქრისტიანული ფილოსოფიის ჟანრს. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ ამ კუთხით შეიძლებოდა თქმულიყო, მაგრამ რამდენადაც ჯერ კიდევ პატროლოგიის შესავალთან გვაქვს საქმე და ჟანრობრივ დახასიათებას წარმოვადგენთ ქრისტიანული ლიტერატურისას, ზემოთქმული, საკუთრივ ქრისტიანულ ფილოსოფიასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საკმარისია.

ამჯერად შევეხებით ქრისტიანული ლიტერატურის ერთ განსაკუთრებით და ასევე უაღრესად ფართო მოცულობის მქონე ჟანრს, რასაც ლიტურგიკული მწერლობა ჰქვია.

ჯერ საზოგადოდ ლიტურგია, როგორც არსება ქრისტიანული სარწმუნოებისა და შემდეგ ლიტურგიკული მოძღვრება, როგორც ასევე საეკლესიო მოძღვრების მწვერვალი, გვირგვინი და თავის თავში მთლიანად მომცველი და ბოლოს ამ მოძღვრების და იმ უწმინდესი მსახურების, რასაც ლიტურგია ეწოდება, წერილობითი გამოხატულება – ლიტურგიკული ჟანრი, როგორც მართლაც გვირგვინი საეკლესიო ლიტერატურისა, აი ეს სამნაწილედობა გამთლიანებულად  ჩვენ ლიტურგიკული ღვთისმეტყველების შესახებ ღრმა წარმოდგენას გვიქმნის და შევეცდებით ლიტურგიკული მწერლობის შესახებ თუნდაც ამ მოკლე ინფორმაციის გადმოცემის ჟამს, რაც რამდენიმე საუბარში ჩვენს მიერ იქნება წარმოდგენილი, ყველაზე არსებითი განვმარტოთ.

დავიწყებთ საკუთრივ ლიტურგიით. შევეცდებით ზოგიერთი ტერმინის  განმარტების საფუძველზე მსმენელს ვუჩვენოთ თუ რა არის არსი საეკლესიო ღვთისმსახურებისა, რომლის ყველაზე უფრო აღმატებულ გმოვლინებას ლიტურგია ეწოდება.

ტერმინი “ლიტურგია” ბერძნული გახლავთ. ცხადყოფილი და გარკვეულია, რომ ის კომპოზიტს წარმოადგენს. პირველი ნაწილი “ლეიტ” უკავშირდება ბერძნულ სიტყვა “ლაოს”-ს, რაც ნიშნავს “ერს”, “ხალხს”, “საზოგადოებას”. ხოლო მეორე ნაწილი “ურგია” უკავშირდება სიტყვას “ტო ერგონ”, რაც არის “საქმე”. ზმნისგან “ერგაძომაი”, რაც ქმნას ნიშნავს, ნაწარმოები კომპოზიტის მეორე ნაწილი “ურგია” გარდა აღნიშნული ტერმინისა (ე.ი. გარდა ლიტურგიისა) კიდევ სხვა მრავალი ტერმინის შიგნით შედის. თუნდაც მაგ. “თეურგია”, ქართულად ღმერთმოქმედება, “პანურგია”, რაც, ერთი სიტყვით თუ ვთარგმნით, მზაკვრობას ნიშნავს, “კაკურგია” – ბოროტმოქმედება და სხვა. ე.ი. ამ ტერმინებში როდესაც “ურგია” კომპოზიტურ ნაწილად არის წარმოდგენილი, ის ჩვეულებრივ ქართულად ითარგმნება როგორც “მოქმედება”. შეგვეძლო გვეთარგმნა, აგრეთვე, როგორც “მსახურება” და შესაბამისად ბერძნული “ლეიტურგია” ქართულად კალკირებული თარგმანის შემთხვევაში შეიძლებოდა გადმოცემულიყო ტერმინით “ერის მსახურება” ან “საზოგადოების მსახურება”, ანუ მსახურება, რომელიც აღევლინება ანდა სრულდება ანდა იმოქმედება საზოგადოებისთვის, მის გამო. ეს მნიშვნელობა ჰქონდა მართლაც ტერმინ “ლიტურგიას” ქრისტიანობამდე, მაგრამ საკუთრივ ეკლესიის წიაღში, ისევე როგორც მრავალმა სხვა ტერმინმა, მანაც განიცადა მნიშვნელობის ცვლა, განსულიერდა, მისი ცხოველყოფა მოხდა იმ უწმინდესი შინაარსის შესაბამისად, რაც ამ ტერმინში ჩაიდო და აქედან გამომდინარე ტერმინი “ლიტურგია” საკუთრივ ღვთისმსახურების აღმნიშვნელი გახდა.

მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ხალხის ანუ საზოგადოების მსახურების აღმნიშვნელი ტერმინი ღვთისმსახურების შინაარსით დაიტვირთა. რა თქმა უნდა, ამ ორ მნიშვნელობას შორის უმჭიდროესი კავშირის დანახვა მსმენელისათვის რთული არ იქნება, რამდენადაც ეკლესიური სწავლებით საზოგადოებისათვის ჭეშმარიტი მსახურება სწორედ მაშინ აღსრულდება, როდესაც ღვთისადმი აღევლინება ლოცვა-ვედრება, ანუ როდესაც ღვთისმსახურება სრულდება. ღვთისმსახურებას, რა თქმა უნდა, არასოდეს არა აქვს თვითმიზანი, რომ საკუთრივ ღმერთს ემსახუროს ესა თუ ის ქმნილება (ღვთისმსახურებას აღავლენენ ადამიანებიც და ანგელოზებიც). ანგელოზთაგან თუ ადამიანთაგან ღვთისადმი აღვლენილი ეს მსახურებანი, პირველ რიგში სწორედ მათთვისაა უმნიშვნელოვანესი, მათი მასაზრდოებელია. Eკლესიური სწავლებით, ობიექტურად, არსობრივად, რა თქმა უნდა, ღმერთს არ ეჭირვება, არ ესაჭიროება არავისგან მსახურების აღვლენა. სამსახური, შეწევნა  ესაჭიროება მხოლოდ ქმნილებას და ეს შეწევნა მასზე ყოველთვის ღვთისგან მოდის. მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ ეს მაინც ღვთისმსახურებაა და არა ადამიანის მსახურება, ანდა გნებავთ საზოგადოების მსახურება, აქ იგულისხმება ის აზრი, რაც ნაწილობრივ უკვე წარმოვაჩინეთ, რომ ღვთისადმი აღევლინება ადამიანთათვის და ზოგადად მთელი ქმნილების ღვთისგან შეწევნისათვის მსახურება. როდესაც ანგელოზებიც აღავლნენენ ღვთისმსახურებას და ანგელოზთა ღვთისმსახურება ესაა მარადიული დიდება ღვთისა და  შემოქმედისა, არც ამ შემთხვევაში იგულისხმება ეკლესიური სწავლებით ის აზრი, რომ თითქოს უფალს ვინმესგან განდიდება ესაჭიროებოდეს. ზოგჯერ ეს სამწუხაროდ ამგვარად გაიგება, რომ როდესაც ადამიანები, ანდა ანგელოზები, სიმბოლურადაც შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც მთელი ხილული თუ უხილავი ქმნილება დიდებას აღმოთქვამს უფლისას, თითქოს ეს დიდების აღვლენა საკუთრივ უფლისთვის არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამგვარი შეხედულება პირდაპირი აზრით, მიუღებელია. პირობითად მრავალი რამ ითქმის და ჩვენ ერთ-ერთ საუბარში გვქონდა განმარტება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს პირობითი თქმა და რას ნიშნავს პირდაპირი თქმა, რას ნიშნავს პირობითი მნიშვნელობა და რას ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობა. პირობითად ბევრი რამ ითქმის, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ნათქვამის პირობითობა. მაგრამ როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით რაიმეს ვამბობთ, აქ უკვე რაიმე გადატანითი, ირიბი, სიმბოლური ნათქვამი კი არ დგას ყურადღების ცენტრში, არამედ უშუალოდ ის აზრი, რისი თქმაც, რისი გამოხატვაც ამ შემთხვევაში სწადია მთქმელს. როდესაც დიდება აღევლინება ღვთისა და ღვთისგანვეა მოთხოვნა იმისა, რომ გონიერი ქმნილება მარადიულად ადიდებდეს მას (პირდაპირაა თქმული, რომ მან (უფალმა) შექმნა ზეციური ძალები სადიდებლად თავისა), აქ იგულისხმება არა ის, რომ ღმერთს სჭირდება ვინმესგან დიდება. ის ყოვლად დიდებულია და მთელი ქმნილების და ამ ქმნილებაში ყველაზე აღმატებული გონებრიობით დაჯილდოებული არსებების შემეცნებაზე უსასრულოდ აღმატებულია მისი დიდება, შესაბამისად შესაფერისად მას ვერასოდეს ვერავინ ვერ განადიდებს, რადგან მიუწვდომელია ყველასგან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გვიკარნახებს ღვთის შესახებ ამგვარი ეკლესიური მოძღვრება, რომ როდესაც ვადიდებთ უფალს, აქ არანაირად არ უნდა იგულისხმებოდეს თავად უფლისგან დიდების და ქმნილების მიერ მისი განდიდების მსაჭიროებლობა. მაშ რა იგულისხმება იმ უზენაეს და ყოვლისმომცველ მოვლენაში, რომ მთელი ქმნილება მარადიულად ადიდებს უფალს. აქ იგულისხმება (ეკლესიის მამათაგან ეს მრავალგზის არის განმარტებული) უფლის მიერ არა რაიმე აუცილებლობის დაკისრება ქმნილებისადმი, რომ მას ესაჭიროება ქმნილებისგან დიდება, არამედ ეს დიდება სწორედ იმ ქმნილებისათვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. სხვაგვარად როდესაც ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვადიდებთ არა იმიტომ, რომ უფალს ესაჭიროება ეს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვესაჭიროება ეს. მაგრამ რა კუთხით გვესაჭიროება ჩვენ დიდება უფლისა?

ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ აქვე, რადგან ლიტურგია თავისი უსაღვთოესი დანიშნულებით და აზრით, როგორც ღვთისმსახურება, რა თქმა უნდა, გულისხმობს მარადიულ დიდებას ღვთისას, მარადიული მადლობის აღვლენას ღვთისადმი. ამიტომაა, რომ ლიტურგიას სხვაგვარად ევქარისტიაც ეწოდება ბერძნულად, ანუ ქართულად სამადლობელი, მადლობა. სწორედ ეს ორი ტერმინი - ლიტურგია როგორც ღვთისმსახურება და ევქარისტია, იმავე სულიერი მოვლენის ეს ორი სახწელწოდება, არსით ერთი და იგივე, განუყოფელ მთლიანობაში ჩვენ გვიმხელს და განგვიმარტავს იმ აზრს, რაც ქმნილებისგან უფლის მარადიულ დიდებაში ძევს. ამის განმარტებისთვის უპირველეს ყოვლისა გავიხსენებთ ეკლესიურ სწავლებას იმის შესახებ, რომ დასაბამში როდესაც უფლისგან შეიქმნა ყოვლიერება, სულიერი სამყარო, ჯერ კიდევ არ არსებობდა ბოროტი, რომ ბოროტი არ არის სუბსტანციური ანუ საკუთარი არსებობის მქონე. არსობრივი არ არის ბოროტი, ბოროტი არის ყოველთვის შემთხვევითი, გარკვეულ ვითარებაში აღმოცენებადი და არა ბუნებითი, არა არსობრივი, არა ნიშანდობლივი რაიმე მოვლენისათვის, რაიმე ქმნილებისათვის განუყრელად. ბოროტება რომ არსობრივი ყოფილიყო, მაშინ მისი შემქმნელიც უფალი იქნებოდა, იმიტომ, რომ ყოველგვარი არსება და ყოველგვარი ბუნება ღვთისგან შეიქმნა, დასაძირკვლდა, მაგრამ რაც ღვთისგან შეიქმნა და დასაძირკვლდა, ყველაფერი უზენაესი სიკეთით იყო განმსჭვალული. სიკეთე არის საფუძველი, ნივთი, მასალა მთელი სამყაროს აგებისა და აღნაგობისა და შესაბამისად არაფერი არ შექმნილა ბოროტი. მაგრამ ბოროტება რომ სახეზეა, ეს აშკარაა. არსებობენ უკეთური ძალები, უკეთურ ძალთაგან გაუკუღმართებული ადამიანები, მრავალი უკეთური ნამოქმედარი, ენით აუწერელი ბოროტი ქმედებანი და სხვა. მაშ, საიდან მომდინარეობს ეს ყოველივე, სად არის სათავე ყოველივე ამისა. ეკლესიის მამები მრავალი კუთხით განმარტავენ ამ საკითხს. კერძოდ არსებობს თხრობითი წესით გადმოცმა სწავლებისა, ეს მიღებული წესია ეკლესიაში. ყველაფერი ამ მოძღვრებაში ლოგიკურ-სილოგისტური განხილვების წესით არაა, რა თქმა უნდა, გადმოცემული, მრავალი რამ მოწოდებულია სათნო გადმოცემის თხრობის სახით და ეს ერთი მხარეა ამ საკითხის წარმოჩენისა, რომ ბოროტება დასაბამში არ არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთმა დაწინაურებულმა ანგელოზმა ღმერთთან გატოლება მოისურვა, გაამპარტავნდა და შესაბამისად დაეცა და ის გახდა შემდგომში მოთავე ყველა სხვა ბოროტი წარმონაქმნისა. ესაა თხრობითი გადმოცემა იმ უარქაულესი, უძველესი მოვლენისა, თუ ყოვლად სიკეთეში როგორ შემოიჭრება ბოროტი.

მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ამ საკითხის საღვთისმეტყველო განმარტება, რაც ძალიან მოცულობითია. ჩვენ ამჯერად მთელი სისავსით ამ განმარტებას ვერ შევეხებით, რადგან მთელი კურსი საუბრებისა შეიძლება ამ საკითხს დასჭირდეს. ალბათ შემდეგში ჩვენ ამ საკითხს უეჭველად შევეხებით, როდესაც ისეთ მოძღვართა ღვთისმეტყველების განხილვას შევუდგებით, როგორიც გახლდათ თუნდაც წმ. ათენაგორა ათენელი, წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, გრიგოლ ნოსელი და სხვები, რომლებთანაც ეს საკითხი სწორედ საღვთისმეტყველო თვალით არის დანახული და განმარტებული. ამჯერად ჩვენს საკითხთან. ე.ი. ლიტურგიასთან დაკავშირებით რაც არსებითია იმას წარმოვაჩენთ.

დებულება პირველი: ღვთისგან დასაბამში ყოველივე შეიქმნა კეთილად, ყველა არსება თავისი ბუნებით, თავისი სუბსტანციით არის კეთილობის ნიშნით მარადიულად აღბეჭდილი და ბოროტების ნიშანწყალი არცერთ ბუნებაში არ დევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოროტება არის ბუნების გარეგანი, ბუნების მიღმა, ბუნებაში გარედან შემოჭერილი. რა არის ეს გზა, თუ ხიდი უარყოფითი გაგებით, რამაც ბუნებაში სნეულება შემოუშვა? ეკლესიის მამათა სწავლებით ეს გზა თუ ხიდი (უარყოფითი გაგებით) გახლავთ პიროვნული ნება, უფრო სწორად პიროვნული არჩევანი. ნება, ნებელობა თავისი არსით ბუნებისეულია, პიროვნულობაში ვლინდება არჩევანი და ეს არჩევანი (ძვ. ქართულად “წინააღრჩევაი”, ბერძნ. “პრონოია”) გახლავთ საფუძველი ბოროტის შემოჭრისა ქმნილების კეთილ ბუნებაში და ამ ბუნების დასნეულებისა. პიროვნული არჩევანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გონიერ ქმნილებას აქვს. გონიერი ქმნილება ორია - ანგელოზური ძალები და ადამიანი. შესაბამისად მხოლოდ მათ შორის შეიძლება არსებობდეს რაღაც სათავე, ანდა რაღაც საფუძველი თუ საბაბი ბოროტის წარმოშობისა.

როდესაც ჩვენ ასე მკვეთრად ამ მხარეს წარმოვაჩენთ და პიროვნულ არჩევანზე ვამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ვინმემ ასეთი აზრი გამოთქვასმ, რომ ეს პიროვნული ნებაც (ზოგჯერ ნება ეწოდება მას, ჰიპოსტასური ნება, ოღონდ არჩევანის მნიშვნელობით და არა ნებელობის მნიშვნელობით) ხომ ღვთისგან შექმნილია. ნუთუ ღმერთმა თავის ყველაზე აღმატებულ გონიერ ქმნილებებში ასეთი საფუძველი ბოროტებისა თვითვე შეამზადა? მაშინ ხომ მაინც ღმერთი გამოდის ბოროტების მოთავე. საქმე ის გახლავთ, რომ პიროვნული არჩევანის თვისება, რა თქმა უნდა, ღვთისგან არის მინიჭებული გონიერი ქმნილებებისადმი, მაგრამ ეს გახლავთ ყველაზე აღმატებული პატივი, რითაც ეს ქმნილებები შეიმოსნენ ღვთისგან. ამაზე დიდი, ამაზე მნიშვნელოვანი საბოძვარი ღმერთს ქმნილებებისთვის სხვა არაფერი მიუცია, თუ არა პიროვნული თავისუფალი ნება. ამის მიცემა გარდუვალობაც გახლდათ, იმიტომ, რომ ამ თვისების გარეშე გონიერი ქმნილება საერთოდ ვერ იარსებებდა. ეკლესიური სწავლებით გონიერება, მოაზროვნეობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ თავისუფალი ნება, პიროვნული არჩევანის თვისება და საშუალება, ერთი და იგივეა, განუყოფელია. შეუძლებელია მოაზროვნე იყოს რომელიმე არსი და მას თავისუფალი ნება არ ჰქონდეს, რადგან მაშინ მოაზროვნეობის მნიშვნელობაც უფასურდება. რისთვის გინდა აზროვნება, თუ შენ თავისუფალი ნების მქონე არ ხარ. მეორე მხრივ, შეუძლებელია თავისუფალი ნება გქონდეს და არ გქონდეს მოაზროვნეობა და გონიერება, იმიტომ, რომ თავისუფალი ნება როგორ უნდა გამოიყენო თუ აზროვნება არ გაქვს. ამრიგად თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა განუყოფელია, განუყრელია მათი მნიშვნელობით, დანიშნულებით და არსებითად ერთი და იგივეა. შესაბამისად ქმნის რა ღმერთი გონიერ არსებებს, ანგელოზებს და  ადამიანს, სწორედ მოაზროვნეობით ანუ იმ გონიერებით, რაც მათი საკუთარი სახელია ქმნილებებში, რა თქმა უნდა, ეს იგივეა ვთქვათ, რომ იგი ამ ქმნილებებს (ანგელოზებსა და ადამიანს) ქმნის თავისუფალი ნებით. სადაც არის მოაზროვნეობა, იქ აუცილებლად არის თავისუფალი ნება, სადაც არის თავისუფალი ნება იქ აუცილებლად არის მოაზროვნეობა. ხოლო ეს ორი თვისება – თავისუფლი ნება და მოაზროვნეობა, როგორც უკვე გითხარით ყველაზე დიდი პატივია, რითაც ადამიანი და ანგელოზი შეიმოსა. იმიტომ, რომ სწორედ ეს გახლავთ ის თვისება, რითაც ანგელოზები და ადამიანები ემსგავსებიან უფალს. ღვთის ღმერთობის ყველაზე აღმატებული თვისება სწორედ მოაზროვნეობა და თავისუფალი ნება გახლავთ. რა თქმა უნდა, ადამიანისა და ანგელოზის თავისუფალი ნებისა და მოაზროვნეობის უნარი ოდნავადაც ვერ მიესადაგება საუფლო აღმატებულების მოაზროვნეობისა და თავისუფალი ნების სიდიადეს, მაგრამ მაინც მისი გამონაკრთომია, მისი ანარეკლია, მისდამი ხატოვნებაა. უფალი ღმერთი, ყოვლიერების შემოქმედი, ბუნებითი თავისუფლებაა, ყოვლადშეუზღუდავი და უსასრულო თავისუფლებაა და ასევე ბუნებითი და ყოვლადი გონებაა, შეუზღუდავი და უსასრულოდ განფენილი, რომელსაც არავითარი საზღვარი არავისგან არასოდეს არ დაედება. ამ უსაზღვრო გონებისა და უსაზღვრო თავისუფლების საზღვრებში, საღვთო სიდიადესთან შედარებით უაღრესად კნინობითი სახით, გამოვლინებაა ანგელოზური და ადამიანური თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა, მაგრამ ეს მაინც საღვთო პატივია. რაც არ უნდა დიდი იყოს სხვაობა, დიდი იყოს მიჯნა, მაინც იმ უზენაესი საღვთი პატივის გამოკრთომაა და სწორედ ამ თვისებებით არიან ანგელოზებიცა და ადამიანებიც ყველა სხვა ქმნილებისგან გამორჩეულნი და პირობითად ანუ სიმბოლურად ღმერთებად წოდებულნი. ანგელოზები და ადამიანები (წმინდანები), როდესაც ღმერთებად იწოდებიან სიმბოლურად, ანუ მადლით ღმერთქმნილებად, მათ ღმერთქმნილობას, მათ განღმრთობას სწორედ ეს ორი თვისება განაპირობებს. მაგრამ უაღმატებულეს პატივს თავისი მოფრთხილება სჭირდება. რაც უფრო ძვირფასია საჩუქარი, რაც უფრო ძვირფასია ძღვენი, მით უფრო მეტად არის ის გასაფრთხილებელი. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ ჩვენ, რომ პიროვნული არჩევანის თვისებიდან შეიჭრა ჯერ ერთ-ერთი ანგელოზის ბუნებაში უკეთურება და შემდეგ ამის განგრძობა იყო ადამიანის, პირველმშობლების გაუკუღმართება და გაუკეთურება, რა თქმა უნდა, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ პიროვნული არჩევანის თვისება, რაც ღვთისგან მოგვემადლა, გარდუვალად გულისხმობდა გაუკეთურებას, რა თქმა უნდა, არა. თუ ჩვენ დავაკონკრეტებთ, ასე შეგვიძლია ვთქვათ: ბოროტება წარმოიშვა ანგელოზებისა და ადამიანებისადმი ღვთისგან ბოძებული ყველაზე აღმატებული, ყველაზე საღვთო საბოძღარის – თავისუფალი ნების არმოფრთხილებისგან, ამ ყველაზე ძვირფასი საჩუქარის გაუწმინდურებისა და შერყვნისგან, არაწეისამებრ გამოყენებისგან. თავისუფალი ნება ადამიანსა და ანგელოზს მიეცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მარადიული, სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი კეთილი აზროვნებით, კეთილი მოაზროვნეობით განეცადათ უფლისმიერი მშვენიერება, უფლისგან გამომკრთალი უაღმატებულესი სიკეთე და იმ საღვთო ნეტარებაში სრული შეგნებულობით, სრული ცნობიერი თავისუფალი არჩევანით ნეტარება მიეღოთ. მაგრამ თუ რაიმე ნივთი უკეთურად იქნება მოხმობილი და რაიმე საბოძვარი ბოროტად იქნება გამოყენებული, რა თქმა უნდა, ამ საბოძვარის მბოძებელი კი არ არის დამნაშავე, არამედ ის, ვინც უაღმატებულესი საბოძვარი უკიდურესად შეუფერებელი, შეუსაბამო და უწმინდური მიზნისათვის გამოიყენა. როდესაც უფალი ამბობს, რომ ძაღლებსა და ღორებს ჩვენ არ უნდა დავუყაროთ სიწმინდეები და მარგალიტები, სწორედ ეს ზემოთქმული შინაარსი დევს ამ შეგონებაში, რომ უფლისგან რაც კი სიკეთე გვებოძება, თუ ის ჩვენ შევრყვენით, გავაუკეთურეთ, ეს იგივეა რაც ღორებისა და ძაღლების წინაშე მათი დაყრა. და დამნაშავე არის არა იმ მარგალიტთა მბოძებელი, პირიქით, ის ყოვლად სამადლობელია ჩვენგან, არამედ დამნაშავეა ის, ვინც მარგალიტები ძაღლებსა და ღორებს მიუყარა გასათელად და შესაბილწად. აქედან გამომდინარე, უაღმატებულესი პატივი – პიროვნული არჩევანი, პიროვნული თავისუფალი ნება, მოაზროვნეობითობის უნარი, არაწესისამებრ მოხმობილი, გაუფრთხილებლად გამოყენებული და გაუწმინდურებული, ხდება სწორედ ბოროტების სათავე.

აქ შეიძლება ასეთი კითხვაც დაისვას: როგორც არ უნდა იყოს, თუნდაც, რომ ეს უაღმატებულესი ნიჭი და პატივია ღვთისგან, მაინც რამდენადაც შესაძლებლობა იყო ამ უაღმატებულესი პატივის არაწესისამებრ გამოყენებისა, რაც უფალმა წინასწარ იცოდა, როგორც ყოვლისმცოდნემ, მაინც რატომ არ მოხდა მისგან თავშეკავება ამ ნიჭის მიცემისა, ჭვრეტდა რა წინასწარ, რომ უკეთურად იქნებოდა იგი გამოყენებული. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვა მოკლე პასუხის სახით ამას გულისხმობს და ეს პასუხი გაცემულია წმ. იოანე დამასკელისგან, რაც (აღნიშნული პასუხი) მრავალ სხვა საკითხსაც უპასუხებს, იმგვარ საკითხებს ყოფით ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე რომ აღიძვრის. თუნდაც საკითხი იმის შესახებ, რომ ასევე წინასწარმცოდნე უფალმა კარგად უწყოდა ადამისა და ევას სამომავლო შეცოდება, როგორ არ შექმნა ისინი იმგვარად, რომ ეს შეცოდება თავიდან აცილებულიყო, ანდა საერთოდ რატომ შექმნა. წმ. იოანე დამასკელის პასუხი ამგვარი გახლავთ: უფალმა, რა თქმა უნდა, თავისი წინასწარმცოდნეობით აბსოლუტურად უწყის ყოველი ქმნილების სამომავლო ხვედრი, მათი მოქმედებანი, მათი ზრახვანი და მათი ნამოქმედარი. შესაბამისად მან წინდაწინვე უწყოდა ერთ-ერთი დაწინაურებული ანგელოზის დაცემა და მისდამი მიმხრობილი ანგელოზების უკეთურ ძალებად გადაქცევა, ადამისა და ევას შეცოდება და სხვა. მაგრამ მან აღასრულა მაინც შესაქმე, იმიტომ, რომ თუკი უფალი იმის შიშით, რომ მისგან ბოძებული უაღრესად ძვირფასი ძღვენი, ქმნილებაში გამოვლენილი უდიდესი სიკეთე ვინმესგან უკეთურად იქნებოდა გამოყენებული, ამ ძღვენს საერთოდ არ გაიღებდა, საერთოდ არ მიანიჭებდა ქმნილებას, მაშინ დასკვნა ასეთი იქინებოდა, რომ ის სამომავლო უკეთურება, შესაძლო უკეთურება (უფლისთვის, რა თქმა უნდა, შესაძლო არ არის, რადგან ის წინდაწინ ჭვრეტს ყველაფერს და მისთვის ყველაფერი უკვე მომხდარია, მაგრამ ქმნილებებში განხორციელების თვალსაზრისით პოტენციური უკეთურება) გამარჯვებული იქნებოდა სიკეთეზე. ასეთი შედარება რომ მოვიტანოთ: ქველმოქმდებას როდესაც აღვასრულებთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უდიდესწილად არ ვიცით ჩვენგან გაღებული მოწყალება როგორ იქნება იმისგან გამოყენებული, ვისაც ეს მოწყალება მივეცით. და იმის შიშით, რომ ვინმემ ეს უკეთურად არ გამოიყენოს დავაბრკოლოთ სიკეთე და არავის ქველმოქმდება აღარ მივცეთ და არ გავიღოთ მოწყალება, უეჭველია დასკვნა, რომ უკეთურების წინაშე შიშმა დასძლია ჩვენში სხვათათვის გასაცემად გამზადებული სიკეთე, ანუ სიკეთეს სძლო უკეთურებამ. მართალია ერთ-ერთი ანგელოზი დაეცა და მას მრავალი მიჰყვა, მაგრამ დიდი ნაწილი არ დაცემულა და პირიქით უფრო აღემატა განღმრთობილობის ხარისხში. ადამიანთა შორისაც მართალია ადამი და ევა დაეცა, მაგრამ ეს არ ყოფილა საბოლოო დაცემა (განსხვავებით დაცემული ანგელოზისგან) და ის სინანულის შესაძლებლობას, ე.ი. გამოსყიდვის შესაძლებლობას შეიცავდა. მეორე მხრიKკაცობრიობის ისტორიაში მრავალნი გამოვლინდნენ, რომლებმაც ახოვანებით სძლიეს უკეთურებას და თუკი ადამიანი არ შეიქმნებოდა თავისუფალი არჩევანისა და მოაზროვნეობის თვისებით, მაშინ ეს დიდი სიკეთენი, რასაც კაცობრიობის ისტორიაში მზეებრ მანათობლებად გასხივოსნების ნიშნით გამოვლენილად ვხედავთ, არც ეს ყველაფერი აღარ იარსებებდა. ამრიგად, ჩვენ ასეთ დასკვნამდე მივდივართ: უფლისმიერი გულმოწყალება, უფლისმიერი საღვთო ძღვენი საუფლო უშურველობის თვისებიდან გამომდინარე, ყოველგვარ შეზღუდულობაზე და ყოველგვარ ნაკლულოვანებაზე აღმატებული თვისებიდან გამომდინარე, გაიცემა ყოვლად დაუნანებლად, რაც უფლის სიდიადის წარმომაჩენელია. მაგრამ თუ რომელიმე მომხმარებელი უკეთურად გამოიყენებს მას, რა თქმა უნდა, ბრალდება და დანაშაული მხოლოდ ამ უკანასკნელზე რჩება.

 

 

26–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=txalONx8rLk


ბოროტების წარმოშობის მიზეზები

ღვთისმსახურების არსი და მნიშვნელობა

ჩვენი ბოლო საუბარი ეხებოდა ლიტურგიკული მწერლობის ჟანრს. შევეცადეთ რამდენიმე ტერმინის განმარტებას, მათ შორის პირველ რიგში ტერმინ “ლიტურგიისას”, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით საზოგადო მსახურებას ნიშნავს, მაგრამ ქრისტიანულ ტრადიციაში ის ღვთისმსახურების მნიშვნელობით დაიტვირთა. და თუ რატომ მოხდა ეს და რა შინაარსი ძევს ამაში, ამის განმარტებისას სხვადასხვა საკითხის შესახებ მსჯელობის აუცილებლობა წარმოჩნდა ჩვენს წინაშე. ყველაზე მთავარი ამ საკითხთა შორის გახლდათ საღვთისმეტყველო განმარტება იმისა, თუ რა იყო ცოდვით დაცემის საფუძვლები და სათავეები.

განვმარტავდით, რომ ბუნებაში ცოდვა არასოდეს ჩადებულა და არცერთი ქმნილების ბუნება აჩრდილისებრადაც არ გაიკარებდა ცოდვას. შესაბამისად ბუნებისგან უცხოა ცოდვილიანობა და აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ბოროტება არ არის არსობრივი, არ არის ბუნებითი და რომ ის ბუნებაში შეიჭრა გარედან, კერძოდ პიროვნული არჩევანიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე განვმარტეთ, რომ პიროვნული არჩევანის თვისება არ არის აქ დამნაშავე. ეს თვისება რომ ყოფილიყო დამნაშავე ბოროტების წარმოშობისა, მაშინ კვლავ უფლისმიერი წარმომავლობა ექნებოდა ბოროტებას, რადგან პიროვნული არჩევანის თვისება სწორედ უფალმა დაამკვიდრა ანგელოზებში და ადამიანებში. ამრიგად, პიროვნული არჩევანი, როგორც უაღმატებულესი პატივი ღვთისგან გონიერი არსებებისადმი მიკუთვნებული და ძღვნად გაღებული, უკეთურად მოხმარებული გახდა ბოროტების საფუძველი. კვლავ გავიმეორებთ წინა საუბარში თქმულ სიტყვებს, რომ რაც უფრო ძვირფასია საჩუქარი, რაც უფრო ძვირფასი და სათუთია ძღვენი, მით მეტი მოფრთხილება სჭირდება მას, რომ სიწმინდე არ გაუწმინდურდეს, ანუ ძვირფასი მარგალიტები ძაღლებისა და ღორების ფერხთით არ დაიყაროს, რომ მათ არ შერყვნან ისინი (მარგალიტები). ყველაზე დიდი მარგალიტი, რაც ქმნილებას ებოძა ესაა სწორედ თავისუფალი ნება და მოაზროვნეობა, რაც განუყოფელია. ამ თვისებათა და განსაკუთრებით თავისუფალ ნების, ამ ყველაზე აღმატებული საბოძვარის, ყველაზე აღმატებული საღვთო მარგალიტის უკეთურად მოხმარება ანუ მისი შერყვნა გახდა ბოროტების წარმოშობის საფუძველი. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ მსჯელობა, როდესაც წინა საუბარს ვასრულებდით, რომ პიროვნული არჩევანის თვისება ადამიანს მიეცა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მისი განღმრთობა იყოს მარადიული, უფრო და უფრო მარადიულად პიროვნული არჩევანით, თავისუფალი ნებით წარემატებოდეს წინ და უფრო და უფრო აღმატებულ სიკეთეთა და ნეტარებათა მიმღები იყოს. მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ ქმნილება საკუთარი ნებით საღვთო ნეტარებისგან განდგომას ირჩევს, რა თქმა უნდა, ამ განდგომის და შესაბამისად გაუკეთურების მოთავე უკვე თვითვეა და დამნაშავეც სწორედ ეს ქმნილებაა, რომელმაც უაღმატებულესი ძღვენი ვერ ისათნოვა, ვერ შეირგო და შეგნებულად გააუკუღმართა ის.

ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ პიროვნული არჩევანი ჰქონდა იმ უკეთურ ძალასაც, რომელიც გაუკეთურებამდე ანგელოზი იყო და ერთ-ერთი დაწინარებული ანგელოზთა შორის, რომელსაც ეწოდებოდა ლუციფერი, ანუ ბერძნულად ეოსფოროსი, ქართულად მთიები. პიროვნული არჩევანის არაწესისამებრ მოხმარება გულისხმობს შემდეგს:

იმ ძალამ, რომელიც შემდეგ უკეთურების მოთავე გახდა, საკუთარი თავისთვის განიკუთვნა ის ღირსებანი, რაც მას ღვთისგან ჰქონდა ბოძებული. ამ ძალას არ ეჭაშნიკებოდა მასში არსებულ ღირსებათა მისგან დამოუკიდებელი წარმომავლობა, რომ თვითონ კი არ იყო ამის სათავე, არამედ საჩუქრად რომ ებოძა მას ეს ყვოელივე. აი ეს არის ყველაზე არსებითი, ყველაზე ხაზგასასმელი, როდესაც გვინდა ავხსნათ ბოროტების წარმოშობის საფუძვლები. ეშმაკმა გადაწყვიტა, რომ თვით მოეხვეჭა, საკუთარი თავი წარმოეჩინა, საკუთარი თავისადმი განეკუთვნა ის სიკეთენი, რაც მას მხოლოდ და მხოლოდ ღვთისგან ჰქონდა ბოძებული. მასში ეს გამოვლინდა იმ კუთხით, რომ ის უმადური გახდა შემოქმედისადმი, მადლიერება დაჰკარგა შემოქმედისადმი, შემოქმედის დიდებისგან და განდიდებისგან მისი გული გაუმეცარდა და დაშორდა საღვთო ლიტურგიას, რაც მარადიულად აღევლინება კეთილ ანგელოზთაგან ღვთისადმი.  სწორედ ამის წარმოჩენა იყო ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი, რომ ყოველგვარი ბოროტებისა და ცოდვით დაცემის საფუძველი გახლავთ უმადურობა, მადლიერების დაშრეტა ქმნილებაში შემოქმედისადმი. ისევე როგორც, ამ ყოფით ცხოვრებაში, როდესაც ვინმეს სიკეთეს გავუკეთებთ და მისგან ჩვენ მხოლოდ მადლიერების გამოხატულება გვესაჭიროება და ესეც გვესაჭიროება არა ჩვენთვის, არამედ დასადასტურებლად იმისა, რომ ეს პიროვნება, რომელსაც სიკეთე ვუყავით, გულით წმინდაა, კეთილშობილია (რაც გვახარებს), ამგვარადვე, უზენაესი და უაღმატებულესი აზრით, როდესაც ღვთისადმი დიდება აღევლინება, იქნება ეს დიდება აღვლენილი ანგელოზთაგან თუ ადამიანთაგან, ღვთის არსებობისთვის რაიმე საჭიროების მქონე კი არ გახლავთ ეს ყოველივე, არამედ ღვთის წინაშე დადასტრურებაა იმისა, რომ ამ ქმნილებებს, რომლებიც დიდებას აღავლენენ, ჯერ კიდევ არ დაშრეტიათ მადლიერება, კვლავაც მადლიერებით აღვსებულნი არიან და შესაბამისად საღვთო კეთილშობილების ნიშანს აღიბეჭდავენ.  ამრიგად, ვიდრე ქმნილება გულით აღავლენს დიდებას ღვთისადმი, მანამ ის ღვთის ქმნილებაა, საღვთო კეთილშობილებით და ღვთისადმი მადლიერებით აღსავსეა. რაწამს დაშრეტს ესა თუ ის ქმნილება ღვთისადმი მადლირების გამოხატვას, ანუ ღვთისადმი დიდების აღვლენას, ის უკვე გაუკეთურებულია ღვთისგან და შესაბამისად საღვთო ქმნილებად მას უკვე ვეღარ დავსახავთ, ის დაცემულია, ცოდვით სავსეა. ამიტომ ვამბობდით, რომ როდესაც ანგელოზები განადიდებენ უფალს, ეს საჭიროა არა ღვთისთვის, არამედ უმალ ამ ანგელოზებისთვის, რადგან ისინი ადასტურებენ ღვთის წინაშე მათ ღვთივწარმომავლობას (ღვთივწარმომავლობა და კეთილობა აბსოლუტურად ერთი და იგივეა, რადგან მხოლოდ კეთილობაა ღვთივწარმომავლობა), რომ ისინი კვლავ კეთილნი და კეთილშობილნი არიან, კვლავ მიმღებნი უფლისმიერი სიკეთისა და შესაბამისად უფლისმიერი სიკეთე კვლავ და კვლავ უფრო მომეტებულად და მოჭარბებულად უშურველად იღვრება მათზე. ამრიგად, უეჭველია, რომ ღვთისადმი დიდების აღვლენა ეს აუცილებლობაა საკუთრივ ამ ანგელოზთა, როგორც ღვთის ქმნილებათა არსებობისთვის და ამის გარეშე მათი არსებობა, იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც უფალმა შექმნა ისინი (ე.ი. სიკეთესა და ნეტარებაში), ყოვლადშეუძლებელია. ამრიგად, დიდების აღვლენა ღვთისადმი ესაა ქმნილებათა არსებობის აუცილებელი მასალა, აუცილებელი საფუძველი. ამით ცოცხლობენ, ამით შემტკიცდებიან, ამით იღებენ მარადიულად და უშურველად ღვთისგან სულიერ საბოძვარს ანგელოზებიც და ადამიანებიც.

ვფიქრობთ, აქ უკვე გამოიკვეთა ის კავშირი ჩვენს ძირითად თემასთან მიმართებით, რაც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ტერმინი “ლიტურგია”, რომელიც ქრისტიანობამდე ჩვეულებრივ საზოგადოების მსახურებას ნიშნავდა, ეკლესიურ ტრადიციაში არსებითად ღვთისმსახურების მნიშვნელობით დაიტვირთა. მაგრამ ეს ღვთისმსახურება იგივე საზოგადოებისთვის მსახურებაა. ყველაზე აღმატებული მსახურება საზოგადოებისთვის სწორედ ესაა, რადგან ვემსახურებით რა ღმერთს, ვემსახურებით არა იმიტომ, რომ ღმერთს სჭირდება ის, არამედ უმალ ჩვენ გვჭირდება (ადამიანებს, საზოგადოებას) და ჩვენი ცხონებისთვის არის აუცილებელი. ამრიგად, ლიტურგია ესაა მსახურება ღვთის წინაშე აღვლენილი საზოგადოების ცხონებისათვის. ამიტომ ამ გაგებით ეს მსახურება, რა თქმა უნდა, საზოგადოების მსახურების ტოლფასია, ოღონდ მსახურების მიმართულების ობიექტი შეცვლილია ანტიკური გაგებისგან (ანტიკური გაგებით, ძირითადად, ლიტურგია მართლაც ადამიანებისადმი სრულდებოდა), რამდენდაც უკვე შეგნება ეკლესიური იმ უმწვერვალეს სიმაღლეზეა, რომ თუ ვინმეს მსახურება გინდა, თუ ვინმეს სიკეთე გინდა, თუ ვინმეს კეთილდღეობა გინდა, უფლისმიერი წარმომავლობისა, უფლისგან მომდინარეობისა უნდა იყოს ყოველივე ეს. სხვა წყარო სიკეთეს არა აქვს, სხვა წყარო არა აქვს წარმატებას. როგორც წმ. ათანასე ალექსანდრიელი ამბობს, თუ ვინმეს სიკეთეში წარმატება უნდა, ღვთისგან არის ეს და თუ ღმერთს არ უნდა, ვისღა შეუძლია რაიმეში წარემატოს. ამრიგად ყოველივე კეთილდღეობის საფუძველი რადგან მხოლოდ ღმერთია, შესაბამისად ღვთისადმი მსახურებით ყველაზე აღმატებული წესით მიიღწევა იმავე საზოგადოების, იმავე ადამიანთა კრებულის ნებისმიერი სასიკეთო წინსვლა, ნებისმიერი წარმატება როგორც ამქვეყიურ ცხოვრებაში, ისე საიქიო ყოფაში. ამრიგად, ვემსახურებით რა ღმერთს, ვემსახურებით საზოგადოების ცხონებისათვის, ერის ცხონებისათვის, მთელი ქვეყნიერების, მთელი ქმნილების ცხოვრებისათვის. ლიტურგიის საზღვარი არ არსებობს, ლიტურგია უსაზღვროა, მთელი ქმნილებაა ლიტურგიის მფარველობისა და შეწევნის ქვეშ. მართალია, პირველ რიგში, როდესაც ჩვენ მსახურებას აღვასრულებთ, ეს კაცობრიობისთვისაა, საზოგადოებისთვისაა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ის ყოველივეს მოიცავს და მთელი ქმნილებისთვის აღესრულება ლიტურგია, მთელი ქმნილების ცხონებისთვის, მთელი ქმნილების სულიერი და მარადიული წარმატებისთვის.

ჩვენ აქვე შევეცდებით განვმარტოთ ერთი მომენტი, რაც ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს. რაც ეხლა ვთქვით, ძალაუნებურად, მავანთაგან ამასთან დაკავშირებით შეიძლება ასეთი შემოპასუხებაც იყოს, რომ განა ჩვენ რომ ლიტურგიას აღვავლენთ წარმართებისთვის და არაქრისტიანებისთვისაც ვითხოვთ ცხონებას? საპირისპიროდ მივუგებთ, ვისთვის ვითხოვთ ცხონებას? ვთქვათ მხოლოდ ქრისტიანებისთვის. მაგრამ ღმერთმა რომ მთელი კაცობრიობა შექმნა, მთელი კაცობრიობა ხომ ღვთის ქმნილებაა. აქ არის ასეთი დებულებითი პასუხი ეკლესიისგან: რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ლიტურგიას აღვავლენთ, მთელი კაცობრიობის ცხოვრებასა და ცხონებას ვევედრებით უფალს და გამოხატულება ნებისა სწორედ ესაა, რომ ყველა ცხონდეს, ოღონდ ცხონდეს ჭეშმარიტებაში. არა უკეთურებასა და გაუკუღმართებაში, რაშიც ისინი იმყოფებიან (იქ ცხონება არ არსებობს), არამედ ცხონებაში რომ შემოვიდნენ, ეკლესიაში რომ შემოვიდნენ, მართლმადიდებლობის წიაღში რომ შემოვიდნენ, აი ამისთვის არის ვედრება უფლისადმი მთელი კაცობრიობისათვის. როგორც წმ. პავლე მოციქული ამბობს: “კურთხეულ არს ღმერთი, რომელსა ყოველთა კაცთა უნებს ცხონებაი”. უფალს მხოლოდ ერთი ჯგუფის ცხონება არ უნდა, უფალს მთელი კაცობრიობის ცხონება უნდა, მაგრამ უფლისმიერი ნება, ამ შემთხვევაში, იძულებითი არ არის და ამიტომაა, რომ მართალია უფალს ნებავს და უფლისმიერი ნება ყოვლისშემძლეა და დაუყოვნებლივ მოქმედი, მაგრამ მთელი კაცობრიობა მაინც არ ცხონდება, იმიტომ, რომ უფლისმიერი ნება მაშინ გამოვა იძულებითი. უფლისმიერი ნება ყოვლისშემძლეა იმ მოვლენების მხრივ, რაც მოაზროვნე ქმნილებათა ნებას არ უკავშირდება. ე.ი. მოაზროვნე ქმნილებების პიროვნულ არჩევანში რაც არ შემოდის (იქნება ეს ანგელოზი თუ ადამიანი), ამის მიღმა რაც არის, ყოველივე ეს უფლისმიერი ნებით მყისვე იმოქმედება. ე.ი. არა მხოლოდ ნებავს ყველა ასეთ შემთხვევებში უფალს, არამედ მისი ეს ნებაც დაუყოვნებლივ საქმედ იქცევა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას ნებავს ყველა ადამიანის ცხონება და ეს საქმედ არ იქცევა. არ იქცევა იმიტომ, რომ ეს რომ საქმედ ქცეულიყო, მაშინ უფლისმიერი ნება ამ შემთხვევაში მძლავრებითი წესით შემოიჭრებოდა ადამიანის პიროვნულ ნებაში, გაუქმდებოდა ადამიანის პიროვნული ნება და მართალია ყველა ცხონდებოდა, მაგრამ ცხონებაც გაუფასურდებოდა, იმიტომ, რომ იქ ადამიანის პიროვნულ ნებას ადგილი აღარ ექნებოდა. როდესაც თქმულია, რომ უფალს ნებავს ყველა ადამიანის ცხონება, ეს ჩვენ შეგვიძლია ზოგადად განვავრცოთ და ვთქვათ, რომ უფალს ნებავს ყველა გონიერი ქმნილების ცხონება, ყველა ანგელოზის ცხონება ნებავს უფალს და ყველა ადამიანის. სხვანაირად ის ქმნილებებს არც შექმნიდა. შესაქმის ერთადერთი მიზანდასახულობა სწორედ ცხონებისკენ გზის გაკვლევაა და უფალს ნებავს ყველას ცხონება. მაგრამ ეს საქმედ არ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ აუცილებლად მონაწილეობს გონიერი ქმნილების პიროვნული ნებაც. სწორედ აქ მონაწილეობს და ესაა ასპარეზი პიროვნული ნებისა, რომ ან ცხონება ავირჩიოთ ან ცხონებისგან მივდრკეთ, რაც წარწყმედას უდრის. თუ აქაც არ ექნებოდა ასპარეზი პიროვნულ ნებას, მაშინ პიროვნული ნების სხვა გამოვლინება არსად არ არსებობს და ეს თვისება, როგორც ასეთი, ყველაზე აღმატებული, საღვთო და ღვთისადმი ხატოვნების განმაპირობებელი, გაუქმდებოდა ადამიანშიც და გაუქმდებოდა, რა თქმა უნდა, ანეგლოზშიც. მაგრამ მაშინ თვით ქმნილებები – ანგელოზიცა და ადამიანიც გაუქმდებოდა. ამიტომ, როგორც წმ. იოანე დამასკელი შესანიშნავად გვასწავლის თავის ცნობილ კატეხიზმოში, უფლისმიერი ნება ყოვლისმოქმედად და მყისვე საქმედ ქცევით ვლინდება ყველა ისეთ მოვლენაში, რაც ჩვენი პიროვნული არჩევანის მიღმაა, მაგრამ რაც ჩვენ პიროვნულ ნებაზეა დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში უფლისმიერი ნება ჩვენს წინაშე მიმართულებას იძლევა, გზას დაგვისახავს, კარიბჭეს გვიხსნის საკუთარი ნებისკენ ქმნილების წამოსასვლელად და ამ ნების წიაღში შესასვლელად, მაგრამ მძლავრებით ამას არ აღასრულებს. შემოთავაზებაა, ხმობაა სიკეთისკენ უფლისმიერი ნება ასეთ შემთხვევაში და საქმედ ეს ნება მაშინ აღსრულდება, თუ ჩვენი პიროვნული ნებაც აღირჩევს უფლისმიერი ძახილის კვალზე მიყოლას, საუფლო ნებას შეუერთდება და ეს შეერთება ორი ნებისა - უფლისმიერი და ადამიანური ნებისა, რა თქმა უნდა, აღასრულებს ადამიანის და ანგელოზის ცხონებას. თუკი მოხდება ისე, რომ ჩვენ ჩვენი პიროვნული ნებით განვეშორებით უფლის ნებას, განვუდგებით მას, რა თქმა უნდა, უფლის ნებისგან განშორება და იგივე უფლისგან განშორება, ანუ ცხონებისგან, მარადიული ნეტარებისგან განშორება, იგივე მარადიული წარწყმედა, მარადიული უკეთურება და მარადიული დაღუპვაა.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესიური სწავლებით, ლიტურგია ანდა ნებისმიერი ღვთისმსახურებითი გამოვლინება, თუნდაც ჩვენი პირადი ლოცვა ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, არსებითად მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის აღესრულება, აღესრულება არ აიმიტომ, რომ კაცობრიობის ყველა წევრი ცხონდეს იმ უკეთურებით, რაშიც ის იმყოფება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ ნიშნით, რა ნიშნითაც საკუთრივ უფალს, რომელსაც ჩვენ უნდა ვბაძავდეთ ყველა ქმდებაში, ყველა ადამიანის ცხონება სურს. უფალს ყველა ადამიანის ცხონება სურს ჭეშმარიტებაში და ასევე ჩვენც ყველა ადამიანის ცხონება უნდა გვინდოდეს ჭეშმარიტებაში. ცხონების საფუძველი სხვა არ შეიძლება იყოს, ცხონების საფუძველი სწორედ ჭეშმარიტებაა, სწორედ გამოცხადებითი მოძღვრების წიაღია, ემბაზისგან ახალშობის და ახალშობილობის მადლის დამცველობისა. აი ამ წიაღში შემოსვლას უდრის ჩვენი სურვილი მთელი კაცობრიობის ცხონებისა. ჩვენც ყველა ადამიანის ცხონება უნდა გვინდოდეს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ადამიანი, რომელსაც ყველა ადამიანის ცხონება არ უნდა ის არ არის ქრისტიანი, ის არ არის საეკლესიო სულიერების წევრი, ის განდგომილია ღვთისგან და პირველწარწყმედილი სწორედ ასეთი ადამიანია. ჩვენ ყველა ადამიანის ცხონება უნდა გვინდოდეს, ოღონდ ჭეშმარიტების წიაღში.

აქ მეორე მხარეცაა: როდესაც ვამბობთ, რომ ყველა ადამიანის ცხონება გვინდა, იგულისხმება ორი მომენტი. პირველი – გვინდა ცხონება ყველა ცოცხალი ადამიანისა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სიკვდილამდე ჟამი დარჩენილი. თუნდაც რომ ძალიან მცირე მონაკვეთი რჩებოდეს ადამიანს სიცოცხლისა, უფლისმიერი გულმოწყალება იმდენად უხვი და დიადია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებლობა მაინც აქვს მას დარჩენილი ინებოს ცხონება. ჩვენ ვიცით, რომ ავაზაკმა ბოლო წამს მოინანია და ცხონდა. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვევედრებით უფალს მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის, ვევედრებით ცოცხალი, ჯერ კიდევ სიცოცხლეში მყოფი ადამიანებისთვის, რომლებსაც კვლავაც რჩებათ საშუალება და შესაძლებლობა ეკლესიაში შემოსვლისა, მონათვლისა, ახალშობისა და ჭეშმარიტების წიაღში დამკვიდრებისა. მეორე მხრივ, ვევედრებით უფალს აგრეთვე იმ გარდაცვლილ მონათლულ ქრისტიანთათვის მხოლოდ, რომელთა ხვედრი ჩვენთვის გაურკვეველია (ამაზე ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია და მომავალშიც ვისაუბრებთ). მონათვლა და ქრისტიანობა არ კმარა ცხონებისათვის. ნათლისღების მადლი ადამიანმა ან უნდა შეინარჩუნოს, ანდა თუ შერყვნა, სინანულის ძალით უნდა განიახლოს. და თუ მონათლულმა ადამიანმა უკეთურებაში დაასრულა თავისი ცხოვრება უნანელად, ის არათუ არ ცხონდება, არამედ მოუნათლავზე მეტად წარწყმდება, რადგან მან სიკეთე მიიღო და ეს სიკეთე შებილწა და შერყვნა. ამიტომ აქ მონათლულობაზე აქცენტი მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ეკლესიური სწავლებით მოუნათლავი საერთოდ ვერ ცხონდება, რადგან მას ამქვეყნიური სიცოცხლე ქონდა და მან არ იღვაწა ნათლობისთვის, მაგრამ მონათლულთაგან ყველა არ არის ცხონებული. ნაწილის ხვედრი ჩვენთვის გაურკვეველია, ბევრი რამ დაფარულია ადამიანის თვალისთვის და ამიტომ ვევედრებით რა უფალს კაცობრიობის ცხონებისთვის, გარდა ცოცხალი კაცობრიობისა, სწორედ ეს ნაწილი იგულისხმება. იგულისხმება გარდაცვალებულნიც, ოღონდ გარდაცველბულთაგან მხოლოდ ის ნაწილი, რომლებიც არც მარადიულად წარწყმედადია, რადგან ნათელღებულნი არიან. მაგრამ ამ ნათლობის მადლი მათ როგორ შეინარჩუნეს, როგორ იღვაწეს ნათლობის შემდგომ, ეს ჩვენთვის სავსებით ცხადი არ არის, მათი ხვედრი ჩვენი თვალისთვის გაურკვეველია და ვედრებაც აღესრულება ღვთის წინაშე. აი ეს ორი ნაწილი იგულისხმება აუცილებლად ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანის ცხონება გვინდა.

შეიძლება მეორე მხრივ დაისვას ასეთი კითხვა: კი მაგრამ აქ ხომ არ არის რაიმე წინააღმდეგობა, რადგან ვევედრებით რა უფალს მთელი კაცობრიობის ცხონებას, ყველა გარდაცვლილის ცხონებას არ ვევედრებით. რატომ არ ვევედრებით თუნდაც ისეთი ნაწილის ცხონებას, რომლებიც ეკლესიური სწავლებით წარწყმედაში არიან. არ ვევედრებით იმიტომ, ეკლესიური სწავლებით არცერთი ჩვენი მოქმედება, არცერთი ჩვენი მსახურება არ შეიძლება იყოს ფუჭი, არ შეიძლება იყოს ნაყოფის არ მქონე, რადგან ნებისმიერი ფუჭი ქმედება, ნებისმიერი უნაყოფო ქმედება თავისთავად ცოდვაა. როდესაც გვაქვს ეკლესიური რჯულდება იმისა, თუ წარწყმედაში ვინ მიდის, ამ წარწყმედაში მრავალია წასული და მაინც მათ შესახებ ვევედრებით უფალს, ეს სრულიად ფუჭი ქმედებაა იმიტომ, რომ ისინი წარწყმედილნი არიან, უფლისგან არ ცხონდებიან და ჩვენეული ვედრებაც ყოველგვარი ნაყოფის გარეშე იქნება გაფანტული. ამიტომ ნებისმიერი მსახურება ღვთის წინაშე ყოველთვის აზროვნების, გონიერების, ნაყოფისმქონეობის საფუძველზეა დამყარებული აუცილებლად და ყოველგვარი ფუჭი, ამაო ქმედება ღვთისმსახურებისათვის სრულიად უცხოა (პირადი ლოცვაც, გარკვეული აზრით, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაში შედის).

ეს განმარტება აუცილებელი იყო, როდესაც ვამბობდით, რომ აღვასრულებთ რა ლიტურგიას მთელი კაცობრიობის ცხონებისთვის აღვასრულებთ მას. რა იგულისხმება ამაში, რატომ გვსურს ჩვენ მთელი კაცობრიობის ცხონება და მთელ კაცობრიობაში რა შინაარსი ჩაიდება, ამას ეხებოდა ჩვენი ზემორე განმარტება.

 

27–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=jd_bMJB9DRw

 

საღვთისმსახურო ტერმინთა განმარტება

წინა საუბრებში ჩვენ ვეხებოდით, ლიტურგიკული მწერლობის ჟანრს. განვმარტავდით ტერმინ “ლიტურგიას” და აღვნიშნავდით, რომ ლიტურგიის მნიშვნელობის ცვლილება ანტიკურობიდან ქრისტიანულ მწერლობაში (რა თქმა უნდა, ბერძნულ ენაზე) განპირობებული იყო საკუთრივ საეკლესიო მოძღვრების და ამ მოძღვრების ყველაზე უფრო აღმატებული სახის, კაცობრიობის ცხონებისათვის აღვლენილი მსახურების მნიშვნელობით ამ სიტყვის დატვირთვის შედეგად. აქედან გამომდინარე, ტერმინი “ლიტურგია”, როგორც ღვთისმსახურება, მომცველია ყველა იმ საეკლესიო წესისა, რაც უძველესი დროიდანვე აუცილებლად საეპისკოპოსო კურთხევით აღესრულება ჯერ თვით ეპისკოპოსისგან და აგრეთვე სამღვდელო პირისგან (რომელსაც დამხმარედ ყოველთვის ყავს დიაკონი). ასე რომ, ეს უწმინდესი მსახურებანი ჩვენ შეგვიძლია ზოგადი აზრით, ფართო მნიშვნელობით ტერმინ “ლიტურგიით” გადმოვცეთ.

მაგრამ იმავე ტერმინს გაცილებით უფრო გავრცელებული შინაარსიც აქვს. უფრო კერძოობითი მნიშვნელობა, კერძოობითი მხოლოდ ტერმინოლოგიური გაგებით (მხოლოდ ტერმინოლოგიურს იმიტომ ვამბობთ, რომ ეს ე.წ. კერძოობითი მნიშვნელობა თავისთავად ყოველგვარ საზღვარს გადალახავს, იმდენად აღმატებულია, იმდენად მიუწვდომელია და ყოვლიერების მომცველი), გახლავთ ლიტურგიის ის მნიშვნელობა, რაც ქართულად გამოითქმის ტერმინით “ჟამისწირვა” ანდა “წირვა”. ჟამისწირვა, მოგეხსენებათ, ესაა უწმინდესი ძღვენის – პურისა და ღვინის ღვთისადმი შეწირვა და ამ მსახურების ჟამს პურისა და ღვინის გარდაქმნა მაცხოვრის ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად. ეკლესიური სწავლება ამ მხრივ აბსოლუტურად გარკვეულია, რომ ლიტურგიის, ამ უწმინდესი წესის (წესში ჩვენ აქ ლოცვებსაც ვგულისხმობთ და ტიპიკონურ შენიშვნებსაც, საკითხავებსაც) და წეს-განგების აღვლენის ჟამს შეწირული პური და ღვინო უეჭველად, ნამდვილად, არსობრივად გარდაიქმნება მაცხოვრის სისხლად და ხორცად. შესაბამისად, ლიტურგიის დასასრულს, ვეზიარებით რა გარეგნულად კვლავ პურად და ღვინოდ შთენილ სიწმინდეებს, ჩვენ არსობრივად ვეზიარებით მაცხოვრის სიხლსა და ხორცს.

ამ მნიშვნელობით, მოგეხსენებათ, ლიტურგია დაკანონებული გახლავთ, მაგრამ ჩვენ იმ მხარესაც არ უგულებელვყოფთ, რაც შედარებით იშვიათია, თუმცა სავსებით გამოკვეთილი, რომ ზოგადი აზრით ლიტურგია ყველა სახის ღვთისმსახურებას გულისხმობს თავის წიაღში. ეს ამ მეორე მნიშვნელობის კვალობაზეც ასე უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ ღვთისმსახურებაში ყველაზე აღმატებული სწორედ ჟამისწირავაა და ჟამისწირვა თავის თავში მთელ ღვთისმსახურებას აერთიანებს. ამიტომ ამ გაგებით, ე.წ. მეორე კერძოობითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ჟამისწირვა, როგორც მწვერვალი, ნებისმიერი საღვთისმსახურო ქმედებისა, ჩვენ გვაძლევს მიმართულებას იმ პირველი უფრო ზოგადი მნიშვნელობისკენ, რომ ტერმინი ლიტურგია ყოველგვარი სახის საღვთისმსახურო ქმდების აღმნიშვნელად წარმოვაჩინოთ. ამ აზრით ლიტურგია არა მხოლოდ დედამიწაზე ეკლესიაში აღვლენილ წეს-განგებას მოიცავს, არამედ მოიცავს ზეციურ ძალთაგან აღვლენილ მსახურებებს და ამიტომაა, რომ ანგელოზურ ძალებს სხვაგვარად ლიტურგიკული ძალებიც ეწოდებათ, როგორც ჩვენ ეს გვხვდება წმ. დიონისე არეოპაგელთან და სხვა საეკლესიო მოღვაწეებთან.

როდესაც ვამბობთ, რომ ლიტურგიკული ჟანრის საეკლესიო მწერლობა არსებობს და ლიტურგიკული ჟანრი ერთ-ერთი გამოკვეთილი და უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ამ ჟანრის მწერლობიდან პირველ რიგში საკუთრივ ლიტურგიები იქცევს ჩვენს ყურადღებას. ლიტურგია ანუ ქართულად ჟამისწირვა (სხვათაშორის შეიძლებოდა აქ ტერმინ “ჟამისწირვაზე” გაგვემახვილებინა ყურადღება ანდა თუნდაც “წირვაზე”), არსებითი სახელი, ზმნურ ადეკვატსაც გულისხმობს, მაგ. ჟამი შესწირა. რაც შეეხება ბერძნულ ტერმინს, მასში როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა სრულიად სხვა კომპოზიტური შეწყვილებაა და ის შეიძლება ითქვას, როგორც საზოგადოების მსახურება. ასე რომ ტერმინი “ჟამისწირვა” სპეციფიკურად ქართულია და არც სხვა ენებზე აქვს მას რაიმე პარალელი. ამიტომ ეს ტერმინი გარკვეულ დაკვირვებას საჭიროებს და პირველ რიგში ჩვენს ყურადღებას მიაქცევს ტერმინზე “წირვა”, რომელიც ზოგჯერ სიტყვა “ჟამი”-ს გარეშეც შეიძლება შეგვხვდეს ძალიან ხშირად ლიტურგიის აღმნიშვნელად. მაგ “წირვა-ლოცვა”, ამ შესიტყვებაში უკვე “ჟამი” საერთოდ აღარ ახლავს “წირვას”. ქართული სიტყვა “წირვა” უკავშირდება მსხვერპლს (“მსხვერპლი შეიწირვის”), და ეს გამონათქვამი სწორედ ლიტურგიის არსების აღმნიშვნელია. მსხვერპლის შეწირვა ეს იგივე ლიტურგია გახლავთ. მართალია ბერძნულ ტერმინში ეს მნიშვნელობა არ განიჭვრიტება, მაგრამ ქართულში სწორედ ლიტურგიის არსებაა გამოხატული, რომ წირვა აუცილებლად მსხვერპლს უკავშირდება, ხოლო ლიტურგია სწორედ ესაა – ადამიანთათვის, მორწმუნეთათვის, მზიარებელთათვის ლიტურგიის ჟამს დაიკლვის ანუ მსხვერპლად შეიწირვის კვლავ და კვლავ (იმ გაგებით, რომ რამდენჯერაც შესრულდება ლიტურგია იმდენჯერ ხელახლა ხდება ეს), მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე და თავის სისხლსა და ხორცს გვაწვდის და გვაზიარებს ჩვენ. აი ამ მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობაა გამოკვეთილი ქართულ ტერმინში.

ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, რომ საეკლესიო ტერმინები ყველა მართლმადიდებლურ ენაში, ყველა ქრისტიანულ ენაში მოითხოვს გულმოდგინე შესწავლას იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე სულიერი მოვლენა სხვადასხვა ენაში სხვადასხვა კუთხიდან არის დანახული და ეს ტერმინებშიცაა გამოვლენილი. როგორც, დავუშვათ, ნათლობასთან დაკავშირებით აღვნიშნავდით, რომ ბერძნული “ბაფტისმა” ჩაშვებას, ჩარჭობას, დასველებას გულისხმობს და წყლის პროცედურაზე ყურადღების გამახვილებითაა ეს ტერმინი წინა პლანზე წამოწეული ნათლობის საიდუმლოს აღმნიშვნელად. ისევე როგორც რუსულად მას ეწოდება “კრეშჩენიე” და ჯვარზეა ყურადღება აქ გამახვილებული, რადგან ნათლობის საიდუმლოს არსი ესაა მაცხოვართან ერთად თანაჯვარცმა, თანადასაფლავება და თანააღდგომა. ამიტომაა, რომ ერთ-ერთი სახელწოდება ბერძნულში, გარდა “ბაფტისმისა” ჯვარიც არის. როდესაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ჩამოთვლის, თუ რა ეწოდება ნათლობას ბერძნულად, ის ამბობს, რომ მას ეწოდება ბაფტისმა, ეწოდება “ხარის” (მადლი), ეწოდება “სტაუროს” (ჯვარი), ეწოდება “ფოტისმა” (განათლება) და სხვა. ე.ი. თუ ბერძნულ (დაკანონებულ ტერმინად ვამბობთ, თორემ ბერძნულში ყველა ეს ტერმინი გამოიყენებოდა) “ბაფტისმაში” აქცენტია წყლის პროცედურაზე, ჩაძირვაზე ანდა თავზე დასხმაზე, წყლით დასველებაზე, რუსულში აქცენტია ჯვარზე, როგორც თანადასაფლავებაზე იმ წყლით, რითაც ადამიანი იფარება, რაც იგივე მიწის დაყრაა მასზე, ანუ ესაა ჯვარცმის გამოძახილი და სხვა. ხოლო ქართულში ამ საიდუმლოს ეწოდება ნათლისღება, რადგან მისი დანიშნულებაა მაცხოვნებელი სინათლის მიღება ადამიანისგან, რომ ადამიანმა მიიღოს მაცხოვნებელი სინათლე და ამით განიღმრთოს და განიწმინდოს ყოველგვარი უკეთურებისგან, როგორც სიბნელისგან. ე.ი. ერთი და იგივე სულიერი სინამდვილე სხვადასხვა ტერმინით გამოიხატება, რომლებიც ეტიმოლოგიურად ერთიმეორეს არ უდრიან. მაგრამ ეს ერთი სისავსეა, ერთი სიმდიდრეა, ერთი და იმავე სულიერი მოვლენის ადამიანურ ენაზე გადმოცემის ჟამს ურთიერთის შემავსებელია.

იგივე ითქმის ამ შემთხვევაში ტერმინ “ლიტურგიასთან” დაკავშირებითაც. თუ ბერძნულად მას ლიტურგია ეწოდება, რაც ეტიმოლოგიურად საზოგადო მსახურებას ნიშნავს და აქცენტია იმაზე, რომ ამ საიდუმლოს აღსრულებით ჩვენ მორწმუნეთა და ზოგადად კაცობრიობის ცხონებისათვის ვიღწვით, ქართულ ენაზე აქცენტირებულია ტერმინი “წირვა”, რაც მსხვერპლს უკავშირდება და ლიტურგიის არსია წინა პლანზე წამოწეული, რომ ლიტურგიის აღსრულების ჟამს უსისხლო მსხვერპლი შეიწირვის ანუ მაცხოვარი კვლავ დაიკლვის ჩვენთვის და თავის სიხლსა და ხორცს, გარეგნულად შენარჩუნებული პურისა და ღვინის სახით, თორემ არსობრივად თავის სიხლსა და ხორცს, გვაწვდის ჩვენ.

როდესაც ამ მომენტს ხაზს ვუსვამთ, ე.ი. როდესაც ვამბობთ, რომ ეს ორი ტერმინი ერთიმეორეს ავსებს და ქართულში აქცენტია მსხვერპლზე, აი ეს მეორე მხარეც – უსისხლო მსხვერპლი, ასევე წინა პლანზეა წამოწეული. ბერძნულად მას ეწოდება “ანაიმაკტოს თიუსია” ანუ სისხლის გარეშე მსხვერპლი. ესაა საეკლესიო მსხვერპლშეწირვის არსება. ამით განეყოფა ეკლესიური მსხვერპლშეწირვა გადაულახავი და მარად გამიჯნული ზღურბლით ნებისმიერ სხვა მსხვერპლშეწირვას, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში აღსრულებულა, კერძოდ სისხლიან მსხვერპლს, როცა რაღაც ცხოველი ანდა ზოგჯერ ადამიანიც კი დაიკლვის და შეიწირვის. ეკლესიური მსახურება ყოველთვის სულიერია და შესაბამისად ამ შემთხვევაშიც, ყველაზე აღმატებულ მსახურებაშიც, ადგილი აქვს არა მართლაც პირდაპირი გაგებით რაღაცის მსხვერპლად შეწირვას, რაღაცის დაკვლას, არამედ სულიერი მსხვერპლის შეწირვას, რაც იგივე უსისხლო მსხვერპლია. პური და ღვინო შეიწირვის წმინდა მსხვერპლად, პური და ღვინო, რომელიც გარდაქმნადია ამ საიდუმლოს ძალით მაცხოვრის სიხლად და ხორცად. ე.ი. ესაა არა უბრალოდ მსხვერპლი, არამედ უსისხლო მსხვერპლი, მსხვერპლი, რომელიც გარკვეულ ჟამს უნდა შეიწიროს. ლიტურგიის აღვლენა ნებისმიერ დროს არ შეიძლება, გარკვეულ ჟამს ხდება და დღეში ერთ საკურთხეველზე, მოგეხსენებათ, ხდება ყოველთვის ერთგზის, ისე რომ მეორე ჟამს გადატანა აღარ შეიძლება. ქართულ ტერმინ “ჟამისწირვაშიც” ეს აქცენტია წინა პლანზე გამოტანილი, რომ წირვა მსხვერპლს უკავშირდება, მაგრამ აქ რომ რაიმე სისხლიან მსხვერლზე კი არ გვაქვს საუბარი, არამედ უსისხლო მსხვერპლზე ანუ ჟამის შეწირვაზე და არა რაიმე პირუტყვის ანდა მითუმეტეს ადამიანის შეწირვაზე, ეს ტერმინი ამას ნათელჰყოფს. ამიტომ ჟამისწირვა იქნება ეს თუ წირვა, ორივე ტერმინი (ერთი კომპოზიტური და მეორე არაკომპოზიტური) ერთსა და იმავე საიდუმლოს გვაუწყებს, რომ მსხვერპლი შეიწირვის. მაგრამ ჟამისწირვაში უფრო მეტად იმის ხაზგასმაა, რომ ეს მსხვერპლი სულიერი მსხვერპლია, არ უკავშირდება არანაირად სისხლს ანუ ესაა უსისხლო მსხვერპლი, გარკვეულ ჟამს შეწირული.

ჟამისწირვა უძველესი ტერმინი გახლავთ. ის IV-V სს-დან სახეზეა და არ შეცვლილა. ერთხელ დამკვიდრებული და დაკანონებული დღემდე ინარჩუნებს თავის პირველად მნიშვნელობას – საეკლესიო სულიერ აზრს ყოველგვარი შემდგომში და შემდგომში უფრო გარეგანი, არაეკლესიური გაუწმინდურებისა და გაუკეთურების გარეშე. ჩვენ ვიცით და ამაზე ადრეც გვქონდა საუბარი, რომ ბევრმა საეკლესიო ტერმინმა განიცადა ცვლილება, გაუწმინდურება (თუნდაც ტერმინი “დოგმა”, რომელმაც სრულიად უარყოფითი შინაარსი მიიღო), მაგრამ ჟამისწირვა ყოველგვარ გაუკეთურებას, მნიშვნელობის შეცვლას გადაურჩა და დღესაც პირვანდელი სიწმინდით კვლავ ხმოვანებს ეკლესიის კედლებში საქართველოში.

გარდა ჟამისწირვისა და გარდა ლიტურგიისა, როგორც აღვნიშნეთ, მეორე ტერმინიც თანაარსებობს (ბერძნულში) “ევქარისტიის” სახით, რომელიც ქართულშიც, ისევე როგორც ბერძნულ ლიტურგიაში, გამოიყენება. ჩვენ თავის დროზე აღვნიშნავდით, რომ სწორედ ამ მეორე ტერმინის დაკავშირება ტერმინ “ლიტურგიასთან” განგვიმარტავს იმ სახეცვლილებას, რაც მნიშვნელობაში განიცადა ტერმინმა “ლიტურგია”, რომელიც საზოგადო მსახურებას ნიშნავდა და ღვთისმსახურების მნიშვნელობით დაიტვირთა. დაიტვირთა იმიტომ, რომ ლიტურგია არის იგივე მადლიერების აღვლენა ღვთისადმი, ხოლო მადლიერების აღვლენა, როგორც უკვე ამას რამდენიმე საუბრის წინ განვმარტავდით, ღვთისადმი არის არა ღვთისთვის, არამედ კვლავ ჩვენთვის საჭირო, ანდა მათთვისვე ვისთვისაც მადლიერებას აღვავლენთ. როდესაც ანგელოზები მადლიერებას აღავლენენ დიდების სახით ღვთისადმი, ეს ანგელოზთათვის არის საჭირო, აუცილებელი და მათი მასაზრდოებელი. ასევე ადამიანთა შორისაც აღესრულება რა მადლიერება ანუ ლიტურგია ღვთისადმი, ამით არა უფალს ვანიჭებთ სიმტკიცეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას, რაც სრული აბსურდია, ე.ი. უფლის საჭიროებისთვის კი არ ვმოქმდებთ, არამედ უმალ უფლისგან ჩვენი კვლავ შეწევნისა და განმტკიცებისთვის. ტერმინი “მადლიერება” მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ ლიტურგიის ჟამს წმინდა ძღვენის მიღება, მაცხოვრის სიხლისა და ხორცისა, ეს იმდენად აღმატებული საბოძვარია ღვთისგან, რომ ქმნილება რომელიც ამ საბოძვარს ეზიარება, შეუძლებელია უდიდესი მადლიერებით ღვთისადმი არ განიმსჭვალოს. თუ ის არ განიმსჭვალება მადლიერებით ღვთისადმი, ანუ უმადლოდ იღებს ამ წმინდა ძღვენს, შესაბამისად ვერც მის შინაარსს ვერ აცნობიერებს ანდა თუ აცნობიერებს და მაინც არა აქვს მადლიერება, მაშინ ის ეკლესიურად, ქრისტიანულად ჭეშმარიტებით მას არ იღებს, სრულიად სხვა ზრახვები ჰქონია, მზაკვრულად ცდილობს სიწმინდეში შეღწევას, რომ გააუწმინდუროს ის და, რა თქმა უნდა, ასეთი ვინმე სულიწმინდის და სულიერების წკეპლით დაუყოვნებლივ განდევნილია ეკლესიისგან სულიერად, თუნდაც რომ ის ფიზიკურად ეკლესიაში მკვიდრობდეს. და თუ თვით არ განეშორება საეკლესიო კედლებს, როგორც ამის მრავალი აღწერილობაა წმინდანთა ცხოვრებებში, უწმინდესი ძალა მას ფიზიკურადაც განაშორებს ეკლესიისგან და ზოგჯერ ცხოვრებისგანაც აღსრულებულა ამგვარ პირთა მყისიერი განშორება, როდესაც სიწმინდეთა შერყვნა უკადრია და გაუბედია ვინმეს.

გარდა ამ ორი ტერმინისა - ჟამისწირვა-ლიტურგია და ევქარისტია-მადლობა, ანდა სამადლობელი, აღნიშნულ ლიტურგიის საიდუმლოს ყველაზე მეტად უკავშირდება ტერმინი “ზიარება”, ბერძნულად “კოინონია”, ლათინურად “კომმუნიო” (რატომ მოვუხმობთ ლათინურ შესატყვისსაც, ეს ქვემოთ გახდება ცხადი). ქართული ტერმინი “ზიარება” არ არის ეტიმოლოგიური თარგმანი ბერძნული სიტყვისა. ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით და კვლავ გავიმეორებთ, რომ ამა თუ იმ ენაში ტერმინები ორი კუთხით შეიძლება შეიქმნას და ჩამოყალიბდეს, ერთი კალკირების გზით, ხოლო მეორე შინაარსობრივი ცვლილების გზით, როცა ესა თუ ის ტერმინი გამოიყენება მეორე ენაში არსებული რამ ტერმინის ადეკვატად, მაგრამ გამოიყენება არა იმ ტერმინის კალკირების გზით, არამედ მხოლოდ შინაარსობრივი დატვირთვის, შინაარსისა და აზრის ცვალებადობის გზით. ორივე ეს მხარე ტერმინთშემოქმედებისა ძალიან არსებითია და საეკლესიო მსახრებაში ცალსახად გამოკვეთილი. მაგალითად ქართული ტერმინი “ღმრთისმსახურება” აშკარად კალკია ბერძნული სიტყვისა “თეოსებეია”, მაგრამ ჟამისწირვა არანაირად კალკი არ არის ბერძნული “ლეიტურგიისა”, რადგან მათ შორის აბსოლუტური სხვადასხვაობაა შინაარსისა. იგივე ითქმის, ამ შემთხვევაში, ტერმინ “ზიარებასთან” დაკავშირებითაც. საკუთრივ ბერძნულ ტერმინ “კოინონია”-ს ტერმინი “ზიარება” პირდაპირი გაგებით მთლად შესამჩნევად ვერ უკავშირდება. რაღაც გარკვეული დაკავშირება შეიძლება იყოს სახეზე, მაგრამ მკვეთრად წარმოჩენილი დაკავშირება მათ შორის ეტიმოლოგიური აზრით არ არის. ბერძნული “კოინონია” მომდინარეობს სიტყვისგან “კოინოს”, რაც ნიშნავს “საერთოს”, “საზოგადოს”. რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელობით ქართული სიტყვა “ზიარიც” არსებობს, მაგრამ “ზიარი” მაინც სხვა სემანტიკურ ნიუანსს შეიცავს და რამდენიმე პირის ერთმანეთთან ანდა რაიმესთან შეზიარებას, დაკავშირებას ნიშნავს და ამ გაგებით ქართულ ტერმინს უფრო მიესადაგება რუსული “პრიჩაშჩენიე”. მაგრამ ჩვენ შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ტერმინი “ზიარება” არ უნდა ჩავთვალოთ ბერძნულის კალკად. ისევე როგორც ლათინური “კომმუნიო”, რაც ასევე საერთოსგან, ზოგადისგან მომდინარეობს და აქედანაა შემდგომ საზოგადოებების აღმნიშვნელი ტერმინი ლათინურად (ბერძნულადაც) “კოინე”. ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, რომ “კოინე” ეწოდებოდა იმ საზოგადოებას, სადაც უბრალო ხალხი ცხოვრობდა და მარტივი ხალხური ენა ფიგურირებდა. თუნდაც ის, რომ “კოინეს” ეს გაგება ქონდა ბერძნულში, განაშორებს მას ქართული სიტყვისგან “ზიარი”, რადგან “ზიარი” და აქედან წარმოქმნილი “ზიარება” ასეთ ხალხურობას და ზოგადობას, პირდპაირი მნიშვნელობით, ნაკლებად უკავშირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ზიარში” ზოგადის მნიშვნელობის შეჭრა უფრო გვიანდელია, ვიდრე თავდაპირველი. ე.ი. სხვა ენების კვალობაზე და სხვა ენებიდან გამომდინარე გავლენით უნდა მომხდარიყო ამგვარი დაკავშირება, თორემ თავდაპირველი მნიშვნელობით “ზიარი” გამიჯნული უნდა ყოფილიყო საერთოსგან, ზოგადისგან და მხოლოდ შეკავშირების, დაკავშირების, შეზიარების მნიშვნელობით უნდა არსებულიყო. თორემ დღეს მაგალითად “ზიარი” და “საერთო” დიდად არ სხვაობს ერთიმეორისგან. მაგ. “საერთო მოხმარების ნივთი”, “ზიარი მოხმარების ნივთი”, “საზიარო ნივთი” და სხვა. როგორც არ უნდა იყოს ერთი რამ ცხადია, რომ ბერძნული “კოინონია” ქართულად ყოველთვის ითარგმნებოდა როგორც “ზიარებაი” და არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაშიც ქართული ტერმინი უფრო გამომსახველია, ვიდრე ბერძნული. ბერძნულში აქცენტია იმაზე, რაც საზოგადოებისთვის, ყველასთვის (ამ შემთხვევაში მხოლოდ მორწმუნენი, მხოლოდ მართალნი იგულისხმებიან, რომლებმაც ზიარება უნდა მიიღონ) საერთოა, მაშინ როცა, ეჭვი არ გვეპარება, ქართული ტერმინი “ზიარება” აქცენტირებულია არა იმ საზოგადოებაზე, რომელმაც ზიარება უნდა მიიღოს, არამედ იმაზე, რასაც ისინი უნდა ეზიარნონ,  არა იმათზე, რომლებიც უნდა ეზიარნონ, არამედ იმაზე, რაც მათ უნდა იზიარონ ანუ წმინდა ძღვენზე. ასე რომ ქართული ტერმინი “ზიარებაი” გულისხმობს და აქცენტირებულია სწორედ იმ წმინდა ძღვენზე, რაც მაცხოვრის სისხლი და ხორცია. მაშინ როცა ბერძნული ტერმინი (და მისგან მომდინარე სხვაენოვანი ტერმინები) აქცენტირებულია იმ კრებულზე, საზოგადოებაზე, რომლებმაც წმინდა სისხლი და წმინდა ხორცი მაცხოვრისა უნდა მიიღონ.

ბერძნულში არსებობდა კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა ლიტურგიის მნიშვნელობით, ეს გახლდათ ტერმინი “სვინაქსი”, რაც შეკრებასაც ნიშნავს, დღესასწაულსაც და ყველაზე დიდი დღესასწაული რამდენდაც მორწმუნისათვის მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებაა (ეს კრებსითად ხდება, ანუ კრებული ეზიარება), ეს ტერმინიც ხშირად გამოიყენება ევქარისტიის მნიშვნელობით, ლიტურგიის მნიშვნელობით ბერძნულ ენაში. მას რაიმე განსხვავებული შესატყვისი ქართულში არ აქვს, ყოველშემთხვევაში, რაზეც ჩვენ თვალი მიგვიდევნებია, ეს ტერმინი ითარგმნება ჩვეულებრივ როგორც ჟამისწირვა, ანდა ზოგჯერ როგორც ზიარება, მაგრამ ბერძნულში როგორც ვხედავთ ასეთი განსხვავებული სახით ის არსებობს.

შეიძლებოდა აქ კიდევ რამდენიმე ტერმინის განხილვა, მაგრამ ჯერ ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, თუ რა ტერმინები განვმარტეთ. ეს გახლდათ ლიტურგია, ევქარისტია, ჟამისწირვა, წირვა, მადლობა, იგივე სამადლობელი, ზიარება, “კოინონია”, “კომმუნიო”. შემდგომ საუბარში ჩვენ შევეცდებით კიდევ რაიმდენიმე ტერმინის ასეთ ზოგად განმარტებას.

 

28–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=UGJUoslbhec

 

ტერმინ “სეფისკვერის” განმარტება

ლიტურგიებისა და კურთხევანის შესახებ

განვიხილავდით ლიტურგიკულ ჟანრს. შევეხეთ რამდენიმე ტერმინს, კერძოდ ლიტურგიას და მის ქართულ ეკვივალენტს “ჟამისწირვას, წირვას, ევქარისტიას, ზიარებას” (ბერძნ. კოინონია) და სხვა.

ამ ტერმინებთან ერთად, ვფიქრობთ, განმარტებას საჭიროებს ზიარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ტერმინი “სეფისკვერი”, რადგანაც ამ ტერმინში, ჩვენი აზრით, ძალიან ღრმა შინაარსია და ეს შინაარსი ალბათ ბევრისთვის გახსნილი არ არის.

ტერმინი “სეფისკვერი” რომ კომპოზიტია, ეს სრულიად გამჭვირვალეა. ძველად წმინდა პურს, რომელსაც ზიარების ჟამს ვიღებთ მორწმუნეები, არა მხოლოდ სეფისკვერი ეწოდებოდა, არამედ ეწოდებოდა ცალკე “სეფეც”. მრავალ ძველქართულ თარგმანში ჟამისწირვისა და სხვა ძეგლებშიც ეს ტერმინები დადასტურებულია და ამ ტერმინზე (“სეფე” იქნება ეს თუ “სეფისკვერი”) ყურადღების გამახვილება, ვფიქრობთ,  იმიტომაც არის საჭირო, რომ არც ეს ტერმინები გვევლინებიან ჩვენ კალკირების გზით შექმნილ ტერმინებად. ბერძნულში, ჩვეულებრივ, სეფისკვერი გადმოიცემა ტერმინით “პროსფორა” (ეს ტერმინია რუსულშიც უთარგმნელი სახით) და ის სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა “მისატანს”, ანდა “მიტანილს”. ქართულში “პროსფორა” ზოგჯერ ითარგმნება როგორც “შესაწირავი”, რადგან “პროსფერო”, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ვინმესთან რაიმეს მიტანას, ქართულში ითარგმნება როგორც შეწირვა. მაგრამ “სეფისკვერსა” და “პროსფორას” შორის რომ ეტიმოლოგიური გააზრებით აბსოლუტური დაცილებაა, ვფიქრობთ, სრულიად გამჭვირვალეა. რას უნდა ნიშნავდეს სეფისკვერი?

“კვერი”, ცხადია, ნიშნავს იმას, რასაც ეს სიტყვა დღესაც აღნიშნავს. კვერი არის იგივე გამომცხვარი პური და ჩვენ შეიძლებოდა ასეთი ვარაუდიც გამოგვეთქვა, რომ ვიდრე ტერმინი “პური” დამკვიდრდებოდა ქართულ ენაში, არაა გამორიცხული, რომ მისი შინაარსით სწორედ “კვერი” გამოიყენებოდა. ცნობილ გამონათქვამშიც “ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვა”, სიტყვა “კვერი” აშკარად პურის მნიშვნელობით მოიხმობა, რომელიც ცხვება. პური ცნობილია, რომ ბერძნული სიტყვაა (“პიუროს”), რაც თავთავს ნიშნავს. როდის შემოვიდა ის ქართულში ძნელი სათქმელია, თუმცა უძველეს დროშივე ჩანს ის შემოსულად, IV-V სს-დან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მასთან თანაარსებობს კვერიც. კვერი საკუთრივ ქართული სიტყვა ჩანს აშკარად და ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ბერძნული ტერმინ პურის შემოსვლამდე, არ არის გამორიცხული, სიტყვა კვერი შეიცავდა იმავე მნიშვნელობას. ყოველშემთხვევაში კვერს ეს შინაარსი აქვს და სავარაუდებელია, რომ ამ შინაარსით ის შემოგვინახა სწორედ უძველესმა ლიტურგიკულმა ტერმინმა “სეფისკვერი”. მაგრამ რა არის “სეფე”? “სეფე” ცალკე აღებული ცნობილია, რომ უკავშირდება ირანულ სიტყვას “სეპუჰ”, უფრო სწორად ირანული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს რჩეულს, წარჩინებულს. ამავე სიტყვიდანაა ქართულში არსებული ტერმინი “ზეპური” (“ზეპურნი დედანი”), რაც ასევე წარჩინებულს, რჩეულს, დიდებულს ნიშნავს. თუ ამ მნიშვნელობით ჩვენ “სეფეს” განვმარტავთ, “სეფისკვერი” “რჩეულის კვერი” გამოდის, “წარჩინებულის კვერი” გამოდის. მაგრამ რა შინაარსი შეიძლება ვიგულისხმოთ ამ ტერმინში. არაა აუცილებელი, რომ ჩვენ ერთჯერადი მნიშვნელობა ჩავდოთ მასში. ტერმინებში ხშირად თანაარსებობს ერთი ზოგადი მოძღვრების შემცველი რამდენიმე შინაარსი. ამ ტერმინში (სეფე) შეიძლება იგულისხმებოდეს თავად მაცხოვარი, რომელიც არის სწორედ რჩეული, წარჩინებული და რომლის ხორცად გარდაქმნილ პურსაც ჩვენ ვიღებთ ზიარების ჟამს. მეორე მხრივ “სეფე”, როგორც რჩეული, შეიძლება ნიშნავდეს და გულისხმობდეს საკუთრივ ქრისტიანს, მონათლულს. ყველა ქრისტიანი ნათლისღების მადლით რჩეულია. რამდენადად დაიცავს და შეინარჩუნებს ამ რჩეულობას ეს მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ნათლისღების მადლმა და ქრისტიანობამ მას რჩეულობა მისცა. გამორჩეულია ის წარმართული სიმრავლისგან, როგორცვ იფქლი ანუ ხორბალი გამორჩეულია ღვარძლისგან ანუ სარეველასგან. ამიტომ, “სეფისკვერი” შეიძლება ნიშნავდეს ქრისტიანის კვერს, ქრისტიანის პურს, იმ რჩეულის პურს, იგივე ნათელღებულის პურს, რომელიც მას იღებს და რომლის გარდა სხვა ვერ მიიღებს. მესამე მნიშვნელობა, უკვე “სეფისკვერთან” დაკავშირებით იმდენად არა, რამდენადაც ცალკე აღებულ ტერმინ “სეფესთან” დაკავშირებით, გახლავთ შემდეგი: “სეფე” როგორც რჩეული, ანუ რჩეული პური. “სეფე” ამ შემთხვევაში საკუთრივ იმ პურს ეწოდება, რომელიც მაცხოვრის ხორცად უნდა გარდაიქმნას და რომელიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია და რჩეულია. ასე რომ ტერმინი “სეფისკვერი” დიდ მოძღვრებას შეიცავს თავის თავში და ალბათ მორწმუნე ამ შინაარსს უნდა აცნობიერებდეს, როდესაც აღნიშნულ წმინდა პურს იღებს.

სხვა ტერმინები, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია და უკავშირდება ლიტურგიკულ წიაღს, ამ შემთხვევაში განმარტებისთვის არ იქნება მოხმობილი იმიტომ, რომ ეს შორს წაგვიყვანდა. მხოლოდ შთაბეჭდილების შექმნა იყო ჩვენი მიზანდასახულობა, რომ უარსებითესი შტრიხები ჯერ ტერმინ ლიტურგიისა და შემდეგ ლიტურგიკული წიაღისა და ზოგი სხვა ტერმინისა წარმოგვეჩინა. ამჯერად კი დავუბრუნდებით ჩვენი განხილვის ძირითად თემას – ლიტურგიკულ მწერლობას.

ლიტუერგიკული მწერლობა პირველ რიგში საკუთრივ წერილობითად წარმოდგენილ ლიტურგიებს გულისხმობს. მართალია ლიტურგია მოქმედებითად აღევლინება ტაძარში, მაგრამ როგორ უნდა აღევლინოს ესა თუ ის წესი, ამას უმრავლეს შემთხვევაში ეკლესიის მამები წერილობითად წარმოადგენდნენ. ყველაზე ადრინდელი წესი ლიტურგიის აღვლენისა, როგორც ცნობილია, უკავშირდება მოციქულებს პეტრესა და იაკობს (ორივე მათგანი ქართული თარგმანის სახით მოღწეული გახლავთ). პეტრეს ლიტურგია დღეისათვის მხოლოდ ქართულ ენაზეა დაცული. არის ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდი, რომ შეიძლება პეტრე მოციქულის ლიტურგიაში იგულისხმებოდეს ის რაც ბერძნულ-ლათინურში მარკოზის ლიტურგიად არის წოდებული. მაგრამ ის ტექსტი, რაც ქართულად არის მოღწეული სხვა ტექსტებს ლიტურგიისას საერთოთ არ ესადაგება და ამდენად პეტრეს ლიტურგიის გაიგივება დღეისათვის არსებული მასალის მიხედვით რომელიმე სხვა ტექსტთან შემდგომ კვლევას საჭიროებს. ყოველშემთხვევაში ეს ნამდვილად დადგენილი არ გახლავთ. აღნიშნული ლიტურგია საკმაოდ მცირე მოცულობისაა, თუ ის ტექსტი, რაც ქართულადაა მოღწეული, მთლიანად ასახავს პეტრეს ლიტურგიას. ის არც ისე ხანგრძლივი არ უნდა ყოფილიყო და პეტრეს ლიტურგია რომ მართლაც არსებულა და ქართული ტრადიცია რომ ამ შემთხვევაში სიმართლეს იცავს (ამას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ მრავალი მოღვაწე ჯერ კიდევ ძველ დროში XIII-XIV სს-დან უარყოფდა პეტრეს ლიტურგიის არსებობას და დღესაც ზოგიერთი ამ აზრს იზიარებს), ამას ადასტურებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქართულად საკუთრივ ტექსტია მოღწეული, არამედ აგრეთვე ერთი უმნიშველოვანესი ცნობა, რომელიც წმ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშია დაცული და გიორგი მთაწმიდნელის პირით წარმოითქმის. ამ ცხოვრების ავტორი, მოგეხსენებათ არის გიორგი მცირე, გიორგი მთაწმინდელის მოწაფე. აღნიშნულ ცხოვრებაში ერთგან წარმოდგენილია იმპერატორის წინაშე გიორგი მთაწმინდელის მიერ შეფასება ლათინთა და სომეხთა სარწმუნოებისა. ამ საკითხის გარჩევა ამჯერად ჩვენი მიზანდასახულობა არ არის. იქ არის სხვადასხვა პლასტები, მაგრამ მნიშვნელობას ვაძლევთ იმ მონაკვეთს მხოლოდ, სადაც გიორგი მთაწმინდელი ამბობს, რომ პეტრემ (იგულისხმება პეტრე მოციქული), რაჟამს შეწირა უსისხლო მსხვერპლი, პეტრემ შესწირა ხმიადით. მაგრამ ამის საფუძვლები რა არის და როგორ განმარტავს ამას გიორგი მთაწმინდელი, რამდენადაც ჩვენს თემას ამჯერად არ უკავშირდება, არ შევეხებით, მხოლოდ ის მხარე გვაინტერესებს, რომ პეტრემ მსხვერპლშეწირვა აღასრულა და, რა თქმა უნდა, საგულვებელია და ძალიან საგულისხმოა, რომ მან ეს აღსრულება ლიტურგიისა წერილობითაც გადმოსცა. როგორც არ უნდა იყოს, ეს წესი ლიტურგიისა ქართულად მოღწეულია და ის აუცილებლად საჭიროებს ძალიან გულმოდგინე კვლევას, როგორც უარქაულესი წესი ლიტურგიის აღვლენისა.

მეორე, როგორც უკვე ვთქვით, გახლავთ იაკობ მოციქულის ლიტურგია, ქართულად სრულყოფილად მოღწეული (გამოცემულიც), რომელიც ხანგრძლივია და პეტრე მოციქულის ლიტურგიასთან ერთად თანაარსებობდა, როგორც ჩანს, მოციქულთა ეპოქიდან მომდინარე, ვიდრე ბასილი დიდის ეპოქამდე, ე.ი. IV ს-ის 60-70-იან წლებამდე. ამ ეპოქაში იქმნება ლიტურგიის ახალი ტექსტი წმ. ბასილი დიდის მიერ და მას ბასილი დიდის ლიტუგია ეწოდება. დაახლოებით 20-25 წლის შემდეგ, IV ს-ის მიწურულს და V ს-ის დამდეგს, ყოველშემთხვევაში 404 წლამდე, იქმნება კიდევ ერთი ტექსტი ლიტურგიისა, რომელიც წმ. იოანე ოქროპირის სახელს უკავშირდება და იოანე ოქროპირის ლიტურგიად არის ცნობილი. ეს უკანასკნელი საყოველთაო მსახურებაში დაკანონებულია, ისევე როგორც გამოიყენება ბასილი დიდის ლიტურგიაც. რაც შეეხება სამოციქულო ლიტურგიებს, ისინი დიდი ხანია აქტიურ ქმედებაში აღარ გამოიყენებიან. ეს არ გულისხმობს აუცილებლად, დავუშვათ გვიან შუა საუკუნეებს ანდა უახლეს პერიოდს, XVIII-XIX-XX სს-ს, არამედ მათი მივიწყებულობა, პირდაპირ შეგვიძლია ეს ვთქვათ (რადგან ეკლესიის მოღვაწის მიერაა ეს სიტყვა გამოყენებული, როგორც ამას ქვემოთ აღვნიშნავთ), სახეზეა უკვე IX-X სს-ში, ანდა X-XI სს-ის მიჯნაზე. ამ დროისათვის, როგორც ცნობილია, ჩვენს უდიდეს მოღვაწეს, ეკლესიის მნათობს, წმ. ექვთიმე ათონელს საქართველოდან გაუგზავნეს რამდენიმე შეკითხვა ამა თუ იმ პრობლემურ საკითხზე. შეკითხვებიც და მათი პასუხებიც ექვთიმესგან და მისი მამის იოანე ათონელისგან გაცემული ჩვენამდე მოღწეულია რამდენიმე რედაქციით, მაგრამ მათში არსებითად ერთი და იგივე ინფორმაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ. შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რომელი ლიტურგიაა ჭეშმარიტი - იაკობისი, პეტრესი, ბასილისი თუ იოანე ოქროპირისა. პასუხი ასეთია, რომ ოთხივე მათგანი ჭეშმარიტია. თავდაპირველად მოციქულთა ლიტურგიები იყო, შემდეგ ბასილიმ და იოანე ოქროპირმა დაწერა ლიტურგიები და “ერმან (როგორც ეს ძველქართულადაა) სიმოკლისათვის ოქროპირისაი ირჩია”. ხოლო ადრინდელნი (სამოციქულონი) “ერსა (ხალხს) მიჰვიწყდა”. ამ მივიწყებულობის მიზეზითაა ალბათ ის, რომ პეტრე მოციქულის ლიტურგია სხვა ენებზე არ მოღწეულა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ექვთიმე ათნელის ეს პასუხიც ადასტურებს ქართულ ტრადიციაში პეტრე მოციქულისეულად წოდებას ლიტურგიისას, რომ ისიც ასახელებს პეტრე მოციქულის ლიტურგიას და მის ჭეშმარიტებას ხაზს უსვამს, ისევე როგორც იაკობ მოციქულის ლიტურგიის ჭეშმარიტებას. ამიტომ ექვთიმესგან დიამეტრულად საპირისპირო გნმარტებას როდესაც ჩვენ ვხვდებით ცნობილ კანონისტებთან ბალსამონთან, ზონარასთან, პლასტართან, რომლებიც მიუთითებენ, რომ ბასილი დიდამდე იაკობ მოციქულისა და პეტრე მოციქულის ლიტურგიები წერილობითად თითქოს არ არსებობდა და აშკარად ნაკლებდამაჯერებელ არგუმენტებს იშველიებენ, ამის ფონზე ექვთიმეს პასუხი სრულიად გარკვეულია და ქართული მასალაც ადასტურებს, გარდა ბასილისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებისა, მოციქულთა ლიტურგიების ტექსტობრივ არსებობს.

ეს ოთხი ლიტურგია სახეზეა, ყოველშემთხვევაში ქართულ ენაზე, და დიდი სიმდიდრეა. შეისწავლება კიდეც ინტენსიურად და ლიტურგიკული ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლები გახლავთ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გვიანდელ კრებულებში, რომლებიც ლიტურგიებს შეიცავენ, იაკობ მოციქულისა და პეტრე მოციქულის ლიტურგიები საერთოდ წარხოცილია. ცნობილი ბერძნული კურთხევანები XI ს-დან მოკიდებული, არცერთი არ შეიცავს, გარდა ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებისა, სხვა რომელიმე ლიტურგიას. აქვე განვმარტავთ, რომ ტერმინი “კურთხევანი” ეწოდება ისეთ საეკლესიო-ლიტურგიკულ წიგნს, რომელიც შეიცავს ერთი მხრივ ლიტურგიებს და მეორე მხრივ სხვადასვა საჭიროებისათვის აღვლენილ აღსასრულებელ წეს-განგებებს, იქნება ეს ჯვრისწერა, ქორწინება, წესის აგება, სახლის კურთხევა, ტაძრის კურთხევა თუ სხვა. კურთხვეათა შემცველ პირველ ნაწილს, რომელიც ჟამისწირვებს ანუ ლიტურგიებს გულისხმობს, ეწოდება აგრეთვე ილიტარიონი, ანდა კონდაკი. ხოლო მეორე ნაწილს ეწოდება საკუთრივ კურთხევანი ანუ ბერძნულად ექვოლოგიონი. ილიტარიონი ანუ კონდაკი ქართულში ხშირად არის წარმოდგენილი იაკობ მოციქულის ლიტურგიით, ისევე როგორც ბასილი დიდის ლიტურგიითა და იოანე ოქროპირის ლიტურგიით, ასევე გვხვდება პეტრე მოციქულის ლიტურგიაც, რაც კვლავ აღვნიშნავთ, ქართულენოვანი საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი განძია და დღეისათვის ამ უძვირფასეს მასალას უცხოეთშიც მრავალი სპეციალისტი ინტენსიურად სწავლობს და ეშურება.

ამრიგად, ლიტურგიკული მწერლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საკუთრივ ლიტურგიები, ყველაზე უფრო ზოგადი წესით ასე შეიძლება განხილულ იქნეს. თუმცა საკითხი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შეიქმნა ოთხი სახის ლიტურგია, შეიძლებოდა ორი სიტყვით ასე განმარტებულიყო: არსებობს, აგრეთვე, ოთხი კანონიკური სახარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი მათგანი არსობრივად განსხვავდება მეორისგან და ერთი მათგანის არსებობა მეორე მათგანის არსებობას ეწინააღმდეგება, არამედ პირიქით, როგორც წმ. ეფრემ Mმცირე ამბობს, “განყოფილებად საეჭუელობაი მათი უეჭუელ არს ერთობისათვის”, რომ ოთხი სახარების ერთმთლიანობა ანუ განუყოფლობა, ურთიერთშემავსებლობა და გამთლიანებულობა არის ის დიდი სიკეთე, რასაც ჩვენ ეს ოთხსახეობა, ოთხთავობა სახარებისა გვანიჭებს. ასევე შეგვიძლია ვთქვათ ლიტურგიებთან დაკავშირებითაც, რომლებიც ტექსტობრივად ძალიან განსხვავდებიან ერთიმეორისგან, ძალიან განიყოფებიან ერთიმეორისგან ტექსტობრივად, მაგრამ მათთან დაკავშირებითაც ეფრემ მცირის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, რაც მან სახარებებზე თქვა, “განყოფილებად საეჭუელობაი მათი უეჭუელ არს ერთობისათვის”. ე.ი. ეს ტექტობრივი განყოფილობა არ ნიშნავს ერთის ცთომილებას და მეორის მართლობას. ასეთი უშეღავათო პოზიცია, რაც ზოგიერთ განშტოებას, დაჯგუფებას თუ სექტას უეჭველად ჰქონდა, რომლებიც იჩემებდნენ ცალხაზოვნებას ტექსტობრივი თვალსაზრისითაც, რომ მოძღვრება ტექსტობრივად ერთი სახით უნდა გამოითქვას და არ შეიძლება მეორე სახის ტექსტიც არსებობდეს, საეკლესიო მოძღვრებას დიამეტრულად ეწინააღმდეგება. თუ ყოველთვის და ყველა შემთხვევაში ერთსახოვანი ტექსტი უნდა არსებობდეს, მაშინ ჩვენ ოთხი სახარება არ გვექნებოდა, ოთხი ლიტურგია არ გვექნებოდა, არ გვექნებოდა ერთი და იმავე წესის შესრულების ორი სახეობა - ვრცელი და მოკლე. ჩვენს მიერ გამოცემულ დიდ კურთხვენაში თუ დაინტერესებული მკითხველი ნახავს, ნათლობის საიდუმლო, ისევე როგორც ჯვრისწერის საიდუმლო, ანდა წესის აგების საიდუმლო მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ წესისგან, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ ეს არ გულისხმობს აუცილებლად ერთის მცდარობას და მეორის სისწორეს. ისინი ორივენი ძვირფასნი არიან, ორივენი მართალნი არიან, ორივენი ერთი სულიერების გამომხატველნი არიან. ყველაზე მკვეთრი ნიმუში ამისა მაინც ოთხი ლიტურგია გახლავთ. ოთხოვე მათგანი, მიუხედავად ტექსტობრივი სხვაობისა, ერთი სულიერი სინამდვილის აღმსრულებელია, როცა მოქმედებაში სრულდება ეს ლიტურგიები. ამ ოთხივე სახეობის აღსრულებით შეწირული პური და ღვინო ჭეშმარიტად გარდაიქმნება მაცხოვრის სისხლად და ხორცად. ასე რომ ერთი და იმავე საიდუმლოს, ერთი და იმავე არსის მქონე ოთხი ტექსტობრივად განსხვავებული მონაცემი ამ ოთხი ლიტურგიის სახით განუყოფელი ერთმთლიანობაა.

გარდა ლიტურგიებისა ლიტურგიკულ მწერლობაში ჩვენ უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, მეორე ნაწილიც, რაზეც ზემოთ უკვე აღვნიშნავდით, რომელსაც ზოგჯერ საკუთრივ კურთხევანი ანუ ევქოლოგიონი ეწოდება. კურთხევანი ანუ ევქოლოგიონი საკუთრივ ლიტურგიკული დანიშნულების წეს-განგებათა და ლოცვათა კრებულია. ისიც ლიტურგიკული მწერლობის ასევე უმნიშვნელოვანესი ძეგლი გახლავთ და ამ მეორე ნაწილის ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას თუნდაც ის ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს მეორე ნაწილიც საეკლესიო ხელნაწერებში პირველი ნაწილისგან, ე.ი. ლიტურგიებისგან, განუყოფლად არის უმრავლეს შემთხვევაში წარმოდგენილი. ამ მეორე ნაწილში შედის მრავალი უმნიშვნელოვანესი წეს-განგება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წეს-განგება (თუ დიდ წეს-განგებებზე ვსაუბრობთ) ნათლისღებისა, შემდეგ ჯვრისწერისა, აგრეთვე წესის აგებისა, მონაზვნად აღკვეცისა, სქემის შემოსვისა. დიდი წეს-განგებაა სულთმოფენობის დღეს წყალკურთხევის წეს-განგება, მოუდრეკლობის წეს-განგება, წყალკურთხევის წეს-განგება განცხადების წინა დღეს და განცხადებისას, ასევე დიდი წეს-განგებაა ეკლესიის სატფურება, ანუ ახალაგებული ეკლესიის კურთხევა და სხვა. უმნიშვნელოვანეს წეს-განგებებში შედის ეპისკოპოსად კურთხევა, მღვდლად კურთხევა, დიაკვნად კურთხევა (არის განყოფანი კერძოდიაკვნად და მთავარდიაკვნად კურთხევისა), არის საგანგებო წესი მგალობლად კურთხევისა, წიგნისმკითხველად კურთხევისა და სხვა. გვხვდება შედარებით მცირე განგებანი, დედაკაცსა ზედა მშობიარესა, პირველსა დღესა, მერვე დღეს, მეორმოცე დღეს, სახლის კურთცევის წესი, რაც ძველად ძალიან მოკლე იყო და მხოლოდ ლოცვას შეიცავდა, ახალ სახლში შესვლის ლოცვა, შეგრძნებულ ანუ მოჯადოებულ, ჯადოქმნილ, ჯადოჩატარებულ სახლზე, ამ ჯადოს მოხსნის წეს-განგება და ლოცვა, ისევე როგორც ბზობისას ბაიას კურთხევის ორი ლოცვა, გაუწმინდურებული ჭურჭლის ხელახლა კურთხევის ლოცვა და მრავალი სხვა.

ორივე ეს ნაწილი, ე.ი. ლიტურგიებიც და სხვადასხვა შემთხვევების გამო აღვლენილი და აღსრულებული წეს-განგებანი და ლოცვები, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ქმნის იმ კრებულს, რომელსაც კურთხევანი ეწოდება. მაგრამ თუ ეს ორივე ნაწილი ძალიან სრულყოფილადაა წარმოდგენილი, მაშინ ასეთ წიგნს ეწოდება უკვე “დიდნი კურთხევანი”, რაც გახლავთ მართლაც უმნიშვნელოვანესი კრებული, არსება ეკლესიისა, საეკლესიო მწერლობის ყველაზე აღმატებული ძეგლი, რადგან ამ ძეგლის გარეშე, ლიტურგიებისა და კურთხევითი წეს-განგებების გარეშე, საერთოდ არ მოხერხდებოდა არაფრის კურთხევა, არაფრის სიწმინდით შემოსვა, არც ეკლესია იკურთხებოდა, არც ნათლისღება აღევლინებოდა, არც ჯვრისწერა შედგებოდა და სხვა.

თუ ზოგადად გავადევნებთ თვალს, გარდა ლიტურგიებისა, კურთხევანის მეორე ნაწილი ჩამოყალიბებას არსებითად იწყებს უადრესი ეპოქიდანვე, რომელიც მოციქულთა ხანას უკავშირდება. ამ ეპოქიდან მოყოლებული ჩვენ მრავალი მნიშვნელოვანი ლიტურგიკული ძეგლი გვაქვს, რომლებზეც შეიძლებოდა ყურადღების შეჩერება.

 

29–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=LC1g-c4t_ok

 

“კურთხევანის” კრებულად ჩამოყალიბების ისტორია

ჩვენ ვეხებოდით ლიტურგიკული მწერლობის ჟანრს და ამ ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოხატულებას, იმ წიგნს, რომელსაც ეწოდება “კურთხევანი” ანუ ევქოლოგიონი, რომელიც შინაგანად ორი ნაწილისაგან შედგება. ამათგან პირველ ნაწილს ეწოდება კონდაკი, სადაც შედის ჟამისწირვები ანუ ლიტურგიები. კონდაკი ბერძნული წარმომავლობის სიტყვა გახლავთ და ბერძნულში ეწოდება მას (შემორჩენილია ეს სახელწოდება) “კონტაკიონი” ანდა “ილიტარიონი”. მეორე ნაწილად იგულისხმება ვითარების გამო აღსრულებული და აღსასრულებელი წეს-განგებანი ჯვრისწერისა, ნათლობისა, ჟამისწირვისა და სხვა. გამთლიანებულად ეს წიგნი მრავალ ხელნაწერში გვხვდება ჩვენ, წარმოშობით კი უკავშირდება სამოციქულო ეპოქას. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა წეს-განგება წერილობით ასე არ გადმოცემულა, თავისთავად ცხადია, თანდათანობით  ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არსობრივი სათავე I ს-დანვე იგულისხმება.

I ს-დან ჩვენამდე მოღწეული გახლავთ ძეგლი “დიდაქე”, რომელსაც მოეპოვება ლიტურგიკული ნაწილიც, სადაც აღწერილია ნათლობის აღსრულება. რა თქმა უნდა, ესაა მხოლოდ ზედაპირულად, მხოლოდ წყლის პროცედურის კუთხით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის აღსრულებული ეს საიდუმლო არა მხოლოდ მოქმედებაში ხდებოდა, არამედ რაღაც სახით წერილობითაც აღიწერებოდა. ე.ი. კურთხევანის, ამ კრებულის გარკვეული ნაწილი ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით ამ დროისათვის წერილობით უკვე წარმოდგენილია. ისევე როგორც ამავე ძეგლში ნათლისღებაზე ყურადღების გამახვილებას მოსდევს ტექსტობრივი ციტირება ორი ზიარებითი ლოცვისა, ერთისა, რომელიც ზიარების წინ წარმოითქმოდა და მეორე, რომელიც ზიარების შემდგომ. ეს უკვე საკუთრივ ლიტურგიის ნაწილია და რამდენადაც ლიტურგიებიც ანუ კონდაკი ზოგადად კურთხევანში შედის, დიდაქეს ეს ნაწილიც ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ კურთხევანის ერთ-ერთ უადრეს წერილობით გამოვლინებად.

ამ ძეგლთან (დიდაქე) დაკავშირებით ჩვენ დაწვრილებითი განხილვა გვექნება, როცა ქრონოლოგიურ რიგს გავყვებით, ამჯერად მხოლოდ ამ მონაკვეთზე, ე.წ. ლიტურგიკულ ნაწილზე ვამახვილებთ ყურადღებას.

გაცილებით მნიშვნელოვანია აღნიშნული კუთხით წმ. კლიმენტი რომაელის მიერ დაწერილი ვრცელი შრომა “მოციქულთა განწესებანი”, რასაც ჩვენ უკვე დეტალურად შევეხეთ აპოკრიფების განხილვისას. ამჯერად აღარ გავიმეორებთ, უბრალოდ აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ მოციქულთა განწესებანი, ეს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ნამდვილად კლიმენტი რომაელმა დაწერა I ს-ის მიწურულს, კლიმენტი რომაელმა, რომელიც პაპობდა 92-101 წლებში. აღნიშნული ძეგლი მომდევნო საუკუნეებში გადამწერთაგან ნებსით თუ უნებლიეთ ლაფსუსებით გაუკუღმართდა, იმ ზომამდე, რომ მსოფლიო კრებამ VII ს-ში აკრძალა მისი გამოყენება და ფაქტობრივად ეს წიგნი განკვეთა. მაგრამ ჩვენ, რამდენადაც ქრონოლოგიურ რიგს ვიცავთ, ფაქტს უეჭველად აღვნიშნავთ, რომ I ს-ის მიწურულში ეს ძეგლი, დაწერილი კლიმენტი რომაელის მიერ, ვრცლად, რამდენადაც ეს წერილობით იყო შესაძლებელი, წარმოაჩენდა ამა თუ იმ წეს-განგებას, ანუ შეიცავდა ლიტურგიკულ ნაწილს. არსებითად ეს ლიტურგიკული ჟანრის ძეგლი გახლავთ და მასში მოცემული იყო სხვადასხვა იერარქიული საფეხურის კურთხევის წესი, სხვადასხვა ლოცვები, რითაც ეს წიგნი კურთხევანს უკავშირდება.

II ს-ის საეკლესიო მწერლობაში ასეთი მკვეთრად გამოხატული კურთხევითი ხასიათის ძეგლი არ შემოგვრჩენია, მაგრამ შედარებით უფრო გვიანდელ პერიოდში, კერძოდ III ს-ის I ნახევარში, თავს იჩენს უმნიშვნელოვანესი ძეგლი, დაწერილი წმ. იპოლიტე რომაელის მიერ, რომელსაც ეწოდება “სამოციქულო გადმოცემა” (ლათინურად “სამოციქულო ტრადიცია”). ეს ძეგლი სამწუხაროდ ბერძნულად მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა, ის არსებითად მოღწეულია უძველესი ლათინური თარგმანით და დღესაც უდიდეს ყურადღებას იქცევს, რადგან სხვადასხვა მსახურებითი  წესების შედარებით სრულყოფილი აღწერილობაა. მასში შემონახულია ეს წესები და შემონახულია უარქაულესი სახით. ვფიქრობთ ეს ძეგლი ახალქართულადაც უნდა ითარგმნოს, როგორც შემახსენებელი ჩვენთვის იმისა, თუ როგორი სახის მსახურებანი იყო ამ უადრეს ეპოქაში, II-III სს-ში. წმ. იპოლიტე რომაელის ეს შრომა ძველქართულად სამწუხაროდ თარგმნილი არ გახლავთ. რაც შეეხება ბერძნულ-ლათინურ ტექსტებს, ისინი მრავალგზის შესწავლილი და გამოცემულია. ამ ბოლო ხანებშიც გამოვიდა კრიტიკული გამოცემა აღნიშნული ტექსტისა.

ეს თხზულება უკავშირდება კიდევ რამდენიმე ლიტურგიკულ ძეგლს, რომელთაც ჩვენ ამჯერად მხოლოდ სახელებით ჩამოვთვლით. ეს გახლავთ სირიულად მოღწეული მოციქულთა ე.წ. “დიდასკალია” ანუ “მოციქულთა მოძღვრება”, რომელიც ასევე შეიცავს ლიტურგიკულ და კურთხევით ნაწილს. იგივე ძეგლი, როგორც ეს მკვლევართაგან გარკვეულია, უკავშირდება, აგრეთვე,  ჩვენს მიერ ზემოგანხილულ “მოციქულთა განწესებებს”, უკავშირდება ნაწილობრივ “დიდაქესაც” და მათთან ერთად ქმნის ერთ ლიტურგიკულ კორპუსს, რაც ჩვენამდე უადრესი ეპოქიდან გადარჩა და მოღწეულია.

წმ. იპოლიტე რომაელის შემდეგ, რაც უკვე აღვნიშნეთ, წმ. ბასილი დიდი ჟამისწირვის ახალ ტექსტს ქმნის, ისევე როგორც ცოტა მოგვიანებით იოანე ოქროპირი. მაგრამ მხოლოდ ეს ორი მხარე არ არის მათი დამსახურება საკუთრივ კურთხევანის კრებულთან დაკავშირებით. ამ მოღვაწეებმა მრავალი ისეთი ლოცვა და წეს-განგება დაგვიტოვეს, რამაც მათი სახელები კურთხევანის კრებულში მარადიულად აღბეჭდა. ბასილი დიდს უკავშირდება მაგალითად სქემის შემოსვის განგება, რომელიც ქართულად რამდენჯერმე ითარგმნა. ბერძნულშიც სხვადასხვა რედაქცია არსებობს, მაგრამ ამ რედაქციებს ერთი წარმომავლობითი პლასტი აქვთ და ეჭვი არ არის, რომ ამ პლასტის ავტორი სწორედ ბასილი დიდია. იმავე ბასილიმ და იოანე ოქროპირმა დაგვიტოვეს მრავალი შეფუცება, ანუ მრავალი ლოცვა უკეთურ ძალთა წინააღმდეგ, რომლებიც ასევე თითქმის სრულყოფილად არის ძველქართულად თარგმნილი.

ბასილისა და იოანე ოქროპირის გვერდით უნდა ვახსენოთ, აგრეთვე, შედარებით უფრო ადრინდელი მოღვაწე სერაპიონ თმუისელი, IV ს-ის შუა წლების მოღვაწე, რომელიც მეგობარი გახლდათ წმ. ათანასე ალექსანდრიელისა. მისგან ჩვენამდე მოღწეულია ე.წ. ევქოლოგიონი ანუ კურთხევანი, თუმცა იგი დიამეტრულად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი კურთხევანებისგან. მიუხედავად ამისა ამ ფაქტს გარკვეული მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა სერაპიონ თმუისელის პიროვნებას ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის გვერდით თუ არა შორიახლოს მაინც აყენებს. სხვათაშორის სერაპიონ თმუისელის ეს ტექსტი მთლიანად არის ჩვენამდე მოღწეული ბერძნულად, თუმცა სხვა ენებზე თარგმნილი არ გახლავთ.

ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურთხევანის, როგორც ყოვლისმომცველი მსახურებითი კრებულის ჩამოყალიბება იმ უადრესი საუკუნეების საფუძველზე, ე.ი. წინარე საუკუნეების საფუძველზე, იწყება ბასილისა და იოანე ოქროპირის მოღვაწეობით. მრავალი პიროვნება შეერთვის შემდეგში ამ წმინდა სახელებს და თანდათანობით, უკვე VII-VIII სს-დან, ჩვენს წინაშე წარმოჩნდება კრებული “კურთხევანი” უმნიშვნელოვანეს მსახურებათა და განგებათა აღწერილობებით. დღეისათვის ცნობილი უძველესი ბერძნული კურთხევანი სწორედ ამ ეპოქას ეკუთვნის, დაახლოებით VIII ს-ს. ესაა სახელგანთქმული “ბარბერინის კოდექსი” ანუ “ბარბერინის ხელნაწერი”. თავის დროზე ის, რამდენადაც შესაძლებელი იყო, დანაწევრებულად და ნაკლებ მოწესრიგებული ფილოლოგიურ-მეცნიერული სახით გამოაქვეყნა კურთხევათა ერთ-ერთმა უდიდესმა მკვლევარმა იაკობ გოარმა, რომელმაც XVII ს-ის 30-იან წლებში და ალბათ უფრო ადრეც ინტენსიურად შეისწავლა და დაამუშავა ბერძნული მასალა და გამოაქვეყნა კიდეც უზარმაზარი 700 გვერდიანი წიგნი, რაც კურთხევათა პირველი გამოცემა გახლავთ, პირველი სერიოზული ნაბიჯი კურთხევათა ტექსტის გამოცემისა. ამ პუბლიკაციაში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სწორედ იმ ხელნაწერს, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, “ბარბერინის კოდექსს”, დღეისათვის ყველაზე ადრინდელს. ბოლო ხანებში ეს ხელნაწერი თავისი მნიშვნელობის გამო ცალკე იქნა გამოყოფილი და ცალკეც გამოიცა მეცნიერულად იტალიაში, რაც, რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსია.

აღნიშნული გამოცემის შემდეგ, ე.ი. იაკობ გოარის მოღვაწეობის შემდეგ, ბერძნული ხელნაწერები ინტენსიურად იქნა დამუშავებული რუს მკვლევართა მიერ და გამოვლინდა უმნიშვნელოვანესი, ძირითადად სინას მთაზე არსებულ მონასტრებში დაცული, ხელნაწერები, რომლებიც IX-X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ამ ხელნაწერების რაოდენობა საკმაოა. მათ შეერთვის აგრეთვე ცნობილი ე.წ. ბესარიონის კოდექსი (XI ს-ის კრებული), რომელიც თავის დროზე გოარმა გამოაქვეყნა, აგრეთვე პარიზის 1027 წლის ცნობილი დიდი ევქოლოგიონი და მოგვიანო პერიოდის მრავალი მნიშვნელოვანი ხელნაწერი, დაახლოებით 160-მდე, რაც დღეისათვის მეტ-ნაკლებად შესწავლილია, რომლებიც საკმაოდ სრულ წარმოდგენას გვიქმნის ჩვენ ამ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკული წიგნის კრებულად ფორმირების და თანდათანობითი გავრცელების მხრივ. რა თქმა უნდა, ადრეული ეპოქის კურთხევანები გაცილებით უფრო მარტივი სახის წეს-განგებებს გვიჩვენებს. ეს წეს-განგებანი ძალიან რთულდება XIII-XIV საუკუნეების შემდეგ. რთულდება იმ გაგებით, რომ ივსება ახლ-ახალი საგალობლებით, ვრცელი საგალობლებით, ხშირ შემთხვევაში აკროსტიკული საგალობლებით, ტიპიკონური შენიშვნებით და სხვა. ამიტომ ის ადრინდელი, შედარებით მარტივი სახე კურთხევანებისა, რაც სახეზეა VIII-IX-X-XI საუკუნეებში, ბევრად უფრო გავრცობილი სახით წარმოჩენილია უკვე XIV-XV-XVI საუკუნეების კრებულებში. ამის ასახვაა ბეჭდურად გამოცემული ბერძნული კურთხევანიც, რაც XIX ს-ში რამდენჯერმე განხორციელდა. მანამდეც გამოიცა ის ბეჭდურად, მაგრამ შევსებულად და უფრო გამართულად  სწორედ XIX ს-ში, ე.წ. “დიდი კურთხევანი” (“ტო მეგა ევქოლოგიონ”). ეს კურთხევანი დღესაც მოქმედებაშია ბერძნულ ეკლესიაში. ეს გახლავთ კურთხევათა გვიანდელი გავრცობილი სახეობის შემცველი გამოცემა, რაც ამ კრებულს ჰქონდა XIV-XVII სს-ში.

გარკვეული ისტორია, რა თქმა უნდა, კურთხევანებს სხვა ენებზეც ჰქონდათ, მათ შორის ქართულად უაღრესად საყურადღებო ისტორია აქვს ამ კრებულს. ჩვენამდე მოღწეულია უძველესი ქართული სინური ხელნაწერები: სინა-12, სინა-66, ნაწილობრივ სინა-57, ახლად აღმოჩენილ სინურ ხელნაწერებშიც კურთხევითი ნაწილი სახეზეა. აი ეს ხელნაწერები შეიცავენ ქართულენოვან კურთხევათა უძველეს ტექსტს, უაღრესად საყურადღებოს და შესწავლის ღირს, ბევრად განსხვავებულს თანამედროვე ტექსტებისგან. მათთან ერთად უნდა დავასახელოთ საკუთრივ საქართველოში დაცული ხელნაწერი ა-86, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი ხელნაწერია, რომ ჩვენი აზრით ის შეიძლება ფოტო ტიპიურადაც კი გამოიცეს. ჯერ თვითონ კალიგრაფიულად უაღრესად გულმოდგინედ არის შესრულებული, განსაკუთრებული მოკრძალებით, რასაც ვერ ვიტყვით, სხვათაშორის ზემოთხსენებულ სინურ ხელნაწერებზე, და მასში დაცულია უძველესი სახე ხელდასხმადთა კურთხევისა. ხელდასხმადში იგულისხმება იგივე სამღვდელო პირი, დიაკონი, სადიაკვნე, საეპისკოპოსო, ანდა მედავითნე, წიგნისმკითხველი და სხვა.

ამ ხელნაწერის და საერთოდ ამ უადრესი ეტაპის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვაწლი ქართულ კურთხევათა ისტორიაში გასწია წმ. გიორგი მთაწმინდელმა, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ჟანრს მიაქცია და განუკუთვნა წმ. ექვთიმე ათონელმა, გიორგი მთაწმინდელზე უფრო უწინარეს. ექვთიმესეული თარგმანებიც თითქმის სრულყოფილად გახლავთ ჩვენამდე მოღწეული. მან თარგმნა ეკლესიის კურთხევა ქართულად, მონაზვნად სქემის შემოსვის განგება, აგრეთვე ხელდასხმადთა კურთხევა, ცალკეული ლოცვები, მარტვილიის მწუხრის განგება და სხვა. ექვთიმეს შემდგომ, როგორც ვთქვით, ყველაზე მნიშვნელოვანია გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობაა, რომელმაც თარგმნა “დიდნი კურთხევანი”, რომელიც აპრობირებულია ცნობილი რუის-ურბნისის კრების მიერ, რომელიც 1105 წელს გაიმართა. ამ კრების ძეგლისწერაში პირდაპირ წერია, რომ “ხოლო წესი ჴელთდასხმადთა სრულებისაჲ ეგრეთ აღესრულებოდედ, ვითარცა ახალთა შინა კურთხევათა ნეტარებით მოჴსენებულისა მამისა გიორგი მთაწმიდელისათა დაწერილ არს. ეგრეთვე კურთხევაჲ ეკლესიისაჲ და დამყარებაჲ საკურთხეველისაჲ და წმიდა-ყოფაჲ ღმერთმყოფელისა მიჰრონისაჲ ეგრეთ სრულ-იქმნებოდედ, ვითარცა მუნ შინა მოჴსენებულ არს”.

გიორგი მთაწმინდელის შემდეგ მრავალი წეს-განგება კვლავ ითარგმნება ქართულად. ზოგის მთარგმნელი არის წმ. ეფრემ მცირე, ერთისა მაინც უეჭველად, რადგან მისი სახელი ახლავს თარგმანს. ამ პროცესში მონაწილეობს არსენ იყალთოელი, არაა გამორიცხული დავით ტბელის მონაწილეობა, რომლის სახელიც ასევე გაკრთება. უფრო მოგვიანებით XIV ს-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი წეს-განგება ითარგმნება ხელახლა ბერძნულიდან და შესაძლოა მთარგმნელი იყოს ნიკოლოს აკოლუთიათ აღმწერელი, ქართველთა მნათობი, როგორც ამას კორნელი კეკელიძე ვარაუდობს. მაგრამ ბევრი შენამატი გიორგი მთაწმინდელის კურთხევანისა გვიანდელ ეპოქაში ანონიმურია დღეისათვის და ჩვენ მათი მთარგმნელ-შემდგენლები არ ვიცით. თუმცა დიდი მასალა ემატება, რითაც ივსება ადრინდელი კურთხევანი და XVI-XVII და XVIII სს-ის ხელნაწერებში ჩვენ სახეზე გვაქვს ფაქტობრივად ორჯერ უფრო, თუ მეტად არა, გავრცობილი ტექსტები, ვიდრე დავუშვათ თავდაპირველი სახის გიორგისეული “დიდნი კურთხევანია”.

მიუხედავად ამგვარი წარმატებული სვლისა, მაინც სახეზეა მრავალი გაუკუღმართება (არა მხოლოდ ქართულ სინამდვილეში, არამედ იმავე ბერძნულშიც), აურაცხელი ტექსტობრივი ცდომილებანი, ხარვეზები, თვითნებური გააზრებანიც ცალკეული ადგილებისა, რაც პრობლემას ქმნიდა, რა თქმა უნდა, და ქმნის. ამ მიზეზით XVIII ს-ის დამდეგს დომენტი კათალიკოსმა სამთავისის ეპისკოპოს კვიპრიანეს ხელახლა ათარგმნინა ქართულად კურთხევანი, ანდა უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, კვიპრიანემ რაც საჭიროდ ჩათვალა ძველი თარგმანებიდან ის გამოიყენა და შეავსო კურთხევანის ახალი ბერძნული გავრცობილი რედაქციით და ამ გზით მან შექმნა ახალი “დიდნი კურთხევანი”, რაც დღემდე მოქმედებაშია საქართველოს ეკლესიაში.

ამ ბოლო ხანებში გამოიცა “დიდნი კურთხევანი” გიორგი მთაწმინდელისა, ჩვენს მიერ შესრულებული, რომლის გაცნობითაც შესაძლებლობა არის იმისა, რომ პარალელი გაევლოს თანამედროვე მსახურებაში არსებულ ტექსტსა და გიორგისეულ თარგმანს შორის. აგრეთვე იმ შეცდომებს, რაც სამწუხაროდ ძველადაც იყო და კვიპრიანესეულ კურთხევანშიც ძალიან მრავლადაა. მაგრამ ეს სხვა მხარეა, ამაზე აქცენტირება ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არ გახლავთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავდით, რომ “კურთხევანის”, ამ უმნიშვნელოვანესი კრებულის, ისტორია ისევე რთულია და მრავალწახნაგოვანი ქართულ სინამდვილეში, როგორც ეს საკუთრივ ბერძნულ საეკლესიო მწერლობაშიც.

30–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=CkNtQOps0JE

 

წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი “დიდნი კურთხევანი”

ჩვენი წინა საუბარი შეეხებოდა ლიტურგიკის ჟანრს. კონკრეტულად კი განვიხილავდით ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ ძეგლს, რომელსაც “კურთხევანი” ეწოდება.

ამ ძეგლზე, ვფიქრობთ, ყურადღების გამახვილება კვლავაც აუცილებელია, რადგანაც, როგორც ეს დასაწყისშიც აღვნიშნეთ, აღნიშნული წიგნი და ის სულიერი მადლმოსილება და განსაკუთრებულობა, რითაც ეს წიგნი არის გამსჭვალული, თავისთავად ცხადია, მხოლოდ კრებულის მნიშვნელობით და მისი ტექსტობრივი ისტორიით არ განისაზღვრება.

“კურთხევანი”, პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის ყველაზე აღმატებული საეკლესიო წიგნი, რომლის გარეშეც არათუ რომელიმე სხვა ლიტურგიკული წიგნი, არამედ ზოგადად საეკლესიო მსახურება, ე.ი. მოქმედებაში გამოვლენილი სამღვდელო სიწმინდე შეუძლებელია რომ არსებობდეს. მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ პრინციპული განსხვავება ეკლესიის გარეთა კულტურისა და ეკლესიის შიგნითა სულიერებისა ხშირ შემთხვევაში სწორედ იმით განისაზღვრება, რომ ნებისმიერი ეკლესიური ქმედება, ნებისმიერი ეკლესიური ნამოღვაწარი, როგორც სულიერი ფასეულობა, აუცილებლად გამსჭვალულია კურთხევის მადლით. უფრო ცხადი და კონკრეტული რომ იყოს ის, რასაც ვამბობთ, მაგალითს მოვიშველიებთ. ნებისმიერი ხატწერითი ნამუშევარი, ნებისმიერი სამხატვრო მოღვაწეობის ნაყოფი, თუნდაც რომ ეს ნაყოფი საკუთრივ საეკლესიო წმინდანს გულისხმობდეს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიურ სიწმინდედ, თუ ის ნაკურთხი არ არის. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება, სხვა წმინდანების გამოსახულებანი, თვით განკაცებული ღვთის გამოსახულება, მხოლოდ გამოსახულებაა და მხოლოდ მხატვრობის ნიმუშია და არა ეკლესიური სიწმინდე, მანამ სანამ ეს სამხატვრო ხელოვნების ნაყოფი არ იკურთხება. კურთხევის ჟამს ადამიანის ხელით შესრულებული სამხატვრო ნიმუში განიმსჭვალება საღვთო ზეციური მადლით და შესაბამისად ეს ნამუშევარი უკვე ადამიანის ხელით ქმნილად აღარ წარმოჩნდება. რა თქმა უნდა, გარეგანი შესრულებით ის კვლავაც ამგვარი რჩება, მაგრამ აღნიშნული ნამუშევარი, ადამიანის ხელით შესრულებული, კურთხევის შემდეგ იძენს ცხოველმყოფელობის ნიჭს, მადლს, რასაც ეს სიწმინდეშემოსილი ნივთი უკვე ამ მადლს სხვებს, მორწმუნეებს გადასცემს, რომლებიც, რა თქმა უნდა, სარწმუნოების თვალით აღიხილავენ ამ სიწმინდის მიმართ. ასევე შეიძლება აიგოს შენობა, რომელსაც საეკლესიო შენობის კანონიკა ქონდეს დაცული, მაგრამ ის ეკლესიად არანაირად არ ითვლება მანამ, სანამ არ იკურთხება. უფრო მკვეთრი პარალელიც შეიძლება წარმოვაჩინოთ. ადმაიანი ერთი და იგივეა, როგორც ბიოლოგიური არსება, როგორც თუნდაც სოციუმის წევრი, იქნება ის საერო თუ სასულიერო. მაგრამ როდესაც ადამიანს, თუნდაც სადიაკვნო, თუნდაც სამღვდელო, საეპისკოპოსო კურთხევა ეძლევა, ანუ როცა ის იკურთხება დიაკვნად, მღვდლად, ეპისკოპოსად, ეს პიროვნება, ზეციური კურთხევით აღბეჭდილი უკვე ჩვეულებრივი საერო ადამიანისგან მკვეთრად განსხვავდება, არა ბიოლოგიურად, არამედ იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანი უზენაესი მადლის მსახური ხდება და ამ მადლის სხვებზე მიფენის, სხვებისადმი მიმადლების (ვგულისხმობთ მღვდელსა და ეპისკოპოსს) უნარს იძენს აღნიშნული კურთხევის ძალით. თუ მღვდლობა კურთხევის გარეშე არ არსებობს, თუ ეპისკოპოსობა კურთხევის გარეშე არ არსებობს და ეს ასეა, თავისთავად ცხადია ეკლესიაც კურთხევის გარეშე არ არსებობს. და თუ ეკლესია, თუ ტაძარი კურთხევის გარეშე არ არსებობს, ცხადია, რომ კურთხევის მომნიჭებელი ქმედება და ამ ქმედების დამაკანონებელი წმინდა ტექსტი ყველა სხვა ტექსტსა და ყველა სხვა წერილობით დოკუმენტს შორის გამოირჩევა და აღმატებულია. ამიტომ აღვნიშნავდით, რომ კურთხევანი, როგორც საეკლესიო წიგნი, როგორც ლიტურგიკული ძეგლი, აღმატებულია აბსოლუტურად ყველა სხვა საეკლესიო ძეგლზე და ზოგადად ყველა სხვა საეკლესიო მოვლენაზე, საეკლესიო სიწმინდეზე, თუნდაც იმ ნიშნით, რომ ნებისმიერ სხვა წერილობით დოკუმენტს, ნებისმიერ სხვა საეკლესიო ქმედებას ის სიწმინდე, რაც მას აქვს, ეძლევა სწორედ კურთხევათა მადლით და კურთხევათა ძალით. რამდენადაც კურთხევათა გარეშე არ არსებობს არც ტაძარი, არც ტაძრის მსახური, არც სატაძრო სიწმინდე, როგორც ნივთი, შესაბამისად კურთხევანის, როგორც ამგვარი სიწმინდის მომნიჭებელი ტექსტების კრებულის შესწავლა და ანალიზი უმნიშვნელოვანესი ჩანს.

ეს გვამოძრავებდა ჩვენ, ეს იყო ჩვენი უმთავრესი წარმმართველი ძალა, როდესაც კურთხევანის შესწავლა პირველ რიგში დავაყენეთ. როდესაც წინა საუბარში ხსენებული “დიდნი კურთხევანი”, გამოვიდა სულ ეხლახანს (ჩვენ არ ვგულისხმობთ კვიპრიანე სამთავნელის დიდ კურთხევანს, არამედ წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილ ძეგლს), მკითხველის წინაშე ცხადი გახდა მრავალი უზუსტობა, სამწუხაროდ არსებული თანამედროვე ტექსტში კურთხევანებისა. პირველ რიგში, ალბათ, სწორედ კურთხევათა ტექსტი უნდა იყოს განწმენდილი, თავისუფალი ყოველგვარი ნებსითი და უნებლიე ლაფსუსისაგან და ქმედებაც ჩვენი (ვგულისხმობთ ფართო წრეს, იქნებიან ესენი ფილოლოგები, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტები, ტექსტოლოგები, ხელნაწერთმცოდნენი და ყოველივე ამის მწვერვალად და გვირგვინად საეკლესიო მეცნიერების მცოდნენი (საეკლესიო მეცნიერება ყველა იმ ჟანრს აერთიანებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ. მათ შორის ლიტურგია და ლიტურგიკა საეკლესიო მეცნიერების უარსებითესი ნაწილია), ლიტურგიკული მეცნიერების მცოდნენი), პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კურთხევათა მართებული ტექსტის დადგენისკენ უნდა იყოს მიმართული.

ცხადია, ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობით და იმ ტექსტით, რაც მან მოგვაწოდა, რასაც “დიდნი კურთხევანი” ეწოდა ქართულ სინამდვილეში, ამოიწურება კურთხევათა სისავსე. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. კურთხევანი და ახალ-ახალი კურთხევითი ტექსტები გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის (XI ს-ის) შემდეგაც იქმნებოდა. ჯერ ბერძნულ სინამდვილეში, შემდეგ ითარგმნებოდა ქართულად და უფრო და უფრო სავსე და სრულყოფილი ხდებოდა კურთხევათა ტექსტობრივი მხარე, კურთხევანი, როგორც წერილობითი ლიტურგიკული ძეგლი. მაგრამ არსება ამ უვრცესი და მოცულობითად შთამბეჭდავი წიგნისა, თავისი ყველაზე უფრო გვიანდელი და ყველაზე უფრო გავრცობილი სახითაც კი (ეს სახე მან შეიძინა XVII-XVIII სს-ში), კვლავაც ის ტექსტი რჩება, რაც ჯერ ბერძნულში არსებობდა და რაც გიორგი მთაწმინდელმა ქართულად თარგმნა XI ს-ის 40-იანი წლების დამდეგს (ჩვენ სხვათაშორის ზედმიწევნით ზუსტად ვიცით თუ როდის ითარგმნა “დიდნი კურთხევანი” ქართულად გიორგის მიერ. ის ითარგმნა გიორგის დეკანოზობისას 1042-44 წლებში ათონის მთაზე). უარსებითეს ნაწილად, თუნდაც მხოლოდ ქართული ენით შემოვიფარგლოთ და ქართულ ენაზე არსებულ კურთხევათა ტექსტები ვიგულისხმოთ, გიორგი მთაწმინდელის თარგმანს მივიჩნევთ სამი მიზეზის გამო:

1) მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თვით მთარგმნელს. გიორგი მთაწმინდელი გახლავთ კანონიზებული წმინდანი. ისაა მსოფლიო წმინდანი (ექვთიმე ათონელთან ერთად) იმ გაგებით, რომ არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში იხსენიება, არამედ თავიდანვე გახდა დაკანონებული მისი ხსენება ბერძნულ და აქედან გამომდინარე ყველა სხვა მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიაში, რომელთა კალენდრებიც ბერძნულს ეფუძნებიან. მეტიც შეიძლება ითქვას, ისინი ჯერ ბერძნულ ეკლესიაში დაკანონდნენ წმინდანებად, იმიტომ, რომ ათონის მთაზე მოღვაწეობდნენ და შემდეგ საქართველოს ეკლესიამ ეს კანონიზება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაიზიარა. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ მყისიერად ხდება ეს გაზიარება. პირველადობა ამ შემთხვევაში უეჭველად ბერძნულს აქვს, თუმცა დაუყოვნებლივ, რამდენადაც ქართველები ათონის მთაზე მოღვაწეობდნენ და გიორგი და ექვთიმე ათონელებიც საქართველოს ეკლესიის მსახურნი იყვნენ იქ და არა ბიზანტიური ეკლესიისა (მსახურებითი გამიჯვნის მხრივ თუ ვიტყვით, თორემ ეს ერთი ეკლესია და ერთი სისავსეა), ამ კუთხით საქართველოს ეკლესიამაც მყისვე დააკანონა მათი წმინდანობა. ამით აიხსნება ისიც, რომ ბერძნულად დაიწერა მათი მცირე ცხოვრებანი, შემოკლებული ტექსტი, რაც სხვათაშორის ამ ბოლო ხანებში გამოკვლეულ იქნა. ჯერ თავის დროზე 50-იან წლებში ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების ბერძნულ ცხოვრებებს საგანგებო ყურადღება მიაქცია ნაკლებად ცნობილმა მკვლევარმა სოლიკო ჩხაიძემ, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ ტრაგიკულად ცხოვრობდა და ასევე აღესრულა. თუ მკითხველი მიაქცევდა ყურადღებას, თავის დროზე ეკლესიაში გამომავალი, მანქანაზე გადაბეჭდილი სახით, საღვთისმეტყველო კრებულის ერთ-ერთი ნომერი სოლიკო ჩხაიძის გამოკვლევას მთლიანად შეიცავს. შემდეგში კი იგივე ცხოვრებანი შეისწავლა მანანა მაჩხანელმა, რაც მისი სადისერტაციო ნაშრომი გახლდათ.

ასე რომ,  მთარგმნელს წმ. გიორგი მთაწმიდნელს მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ის გახლავთ კანონიზებული წმინდანი. მეორე მხრივ კი ამ პიროვნების მრავალი მნიშვნელოვანი თარგმანი დღეისათვის შესწავლილია საგანგებოდ, სრულყოფილად და გამოკვეთილიც გახლავთ მისი მართლაცდა სხვათაგან მიუწვდომელი და თვალშეუდგამი მთარგმნელობითი ხელოვნების სიმაღლე. როგორც ერთ-ერთი მისი თარგმანის შესახებ გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი გიორგი მცირე ამბობს (ეს ერთ-ერთი თარგმანი გახლავთ წმ. გრიგოლ ნოსელის შრომები ერთ წიგნად), თარგმნა მან (გიორგი მთაწმინდელმა) წიგნნი გრიგოლ ნოსელისა “რომლისა შუენიერებაი მიუწდომელ არს ყოვლისაგან სიკეთისა”. ისევე როგორც ამავე ბიოგრაფმა გიორგის შესახებ თქვა, რომ “ეგევითარი მთარგმნელი, თვინიერ მამისა ეფთვიმეისა არცა გამოჩინებულ არს და ვგონებ თუ არცა გამოჩინებად”.

ასე რომ ეს ორი მხარე, ერთი მისი განსაკუთრებული მთარგმნელობითი მიმადლებულობა და ნიჭიერება და მეორე მისი კანონიზებულობა, სულიერი სიწმინდე, რა თქმა უნდა, ამ პიროვნებისგან შესრულებულ თარგმანს ასევე გამორჩეული სიწმინდით მსჭვალავს და განსაკუთრებულ მოკრძალებას გვინერგავს აღნიშნული თარგმანისადმი.

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ამავე გიორგი მთაწმინდელმა, მოგეხსენებათ, რედაქტირება გაუკეთა ანდა ახლად თარგმნა, საბოლოოდ თარგმნა ქართულად “ფსალმუნნი”, რომელიც კანონიზებული გახდა საქართველოს ეკლესიაში და დღესაც ამ თარგმანით სრულდება მღვდელმსახურება. მაგრამ ჩვენ აქ ყურადღებას იმას ვაქცევთ, რომ გიორგი მთაწმინდელმა, რომელმაც ესოდენი ენერგია შეალია, მისივე სიტყვით, ფსალმუნთა ხელახლა თარგმნას, პატარა ანდერძში წარმოაჩინა კიდეც მისგან გაწეული შრომის დიდი სირთულე. გიორგი მის მიერ შესრულებულ ნაშრომს ასეთი სიტყვებით განსაზღვრავს, რომ იგი (ფსალმუნნი) არის “სავსე ყოვლითა ჭეშმარიტებითა”.

ჩვენ “დიდნი კურთხევანის” გამოცემის შესავალში აღვნიშნავდით, რომ გიორგი მთაწმინდელის ეს სიტყვები, რაც მან კონკრეტულად ფსალმუნთა მისეული თარგმანისადმი თქვა, შეგვიძლია განვაზოგადოთ და ყველა მის თარგმანს იგივე შეფასება მივცეთ, რომ ამ პიროვნებისგან შესრულებული ყველა თარგმანი არის “სავსე ყოვლითა ჭეშმარიტებითა”. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, აღნიშნული სიტყვები შეგვიძლია მივაკუთვნოთ გიორგისგან თარგმნილ “დიდ კურთხევანს”.

ამრიგად ეს ერთი მხარე გიორგისგან შესრულებული ტექსტის განსაკუთრებულობასა და გამორჩეულობას უეჭველად გვიმჟღავნებს.

2) გიორგისგან თარგმნილი “დიდნი კურთხევანი” ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია იმითაც, რომ გიორგიმ, რა თქმა უნდა, თავისი თარგმანი შეასრულა ათონის მთაზე დეკანოზობისას და ათონის მთაზე თავისთავად ცხადია, ის თარგმნიდა იმ კურთხევით ტექსტებს, რაც ამ წმინდა მთის მიერ იყო დაკანონებული. ანუ ფაქტობრივად გიორგის თარგმანი ესაა XI ს-ის 40-იანი წლების ათონური ბერძნული კურთხევანის ქართული თარგმანი. ხოლო ათონის წმინდა მთის ღვთივსულიერება, ღვთივმიმადლებულობა და გამორჩეულობა, ვფიქრობთ, სპეციალურ და საგანგებო განმარტებას არ საჭიროებს. ესეც გიორგისეული თარგმანის განსაკუთრებულობას გახაზავს, რომ ის არის ათონური კურთხევანი.

3) სხვა კურთხევებთან დაკავშირებით, იქნება ეს ბერძნული თუ თუნდაც ქართული, ჩვენ არ ვართ განებივრებულნი ისეთი ინფორმაციით, რაც კონკრეტულად გიორგი მთაწმინდელის კურთხევანთან დაკავშირებით შემოგვენახა. ვგულისხმობთ იმ მართლაც უნიკალურ ფაქტს, რომ ჩვენამდე მოღწეულია ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია გიორგი მთაწმინდელის კურთხევათა კანონიზების შესახებ, რომ ის დაკანონდა საქართველოს ეკლესიაში. ეს ინფორმაცია გულისხმობს ცნობილ რუის-ურბნისის კრებას. რუის-ურბნისის კრებამ, რაც გაიმართა 1105 წელს, ერთ-ერთ თავის განჩინებაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ გიორგის მიერ თარგმნილი “ახალნი კურთხევანი” დაკანონებული უნდა იყოს საქართველოს ეკლსიაში. ეს ფაქტიც, რომ ამ წმინდა კრებამ, იმ სიწმინდისამ, რამაც აღნიშნული კრების დადგენილებები (რომელსაც ძეგლისწერა ეწოდება) ქართულ სინამდვილეში მსოფლიო კრებათა დადგენილებებს შეუერთა (ძველ ქართულ ხელნაწერებში რუის-ურბნისის კრება განაგრძობს მს. კრებათა დადგენილებებს და მათი სიწმინდითაა გამსჭვალული), აი ამგვარი სიწმინდის კრებამ დააკანონა გიორგისეული კურთხევანი საქართველოს ეკლესიაში, სანქცირებულ-ჰყო ის და რა თქმა უნდა, ამ კრების დადგენილება შემდეგში არავის გაუუქმებია და თავისთავად ცხადია, რომ იგი დღესაც ძალაშია.

ამრიგად გიორგის მიერ თარგმნილი “დიდნი კურთხევანის” სახით ჩვენ გვაქვს კანონიზებული წმინდანის და გამორჩეული მთარგმნელობითი მადლმოსილების მქონე პიროვნებისგან XI ს-ის 40-იანი წლების ათონური კურთხევანის თარგმანთან, დაკანონებულთან რუის-ურბნისის წმინდა კრების მიერ. მრავალია სხვა ღირსებანიც ამ კრებულისა, მაგრამ ეს სამი უარსებითესი ღირსება გიორგი მთაწმინდელისგან თარგმნილ და ჩვენამდე ღვთის მადლით ფაქტობრივად შემორჩენილ წიგნს, რომელსაც “დიდნი კურთხევანი” ეწოდება, უეჭველად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, რაც უმალ შეცვლის თანმხვედრ ნაწილებში გიორგისეული თარგმანი კვიპრიანესეულ თარგმანს, ყოველშემთხვევაში თუ მთლად არ შეცვლის იმ ცთომილებების გასწორება მაინც მოხდება, რაც სრულიად უეჭველია ამ ორი ტექსტის შედარებისას (რომელთა დიდი ნაწილი ჩვენ “დიდნი კურთხევანის” გამოცემის შესავალში საგანგებოდ წარმოვაჩინეთ), ამით გიორგისეული “დიდნი კურთხევანი” კვლავ ღირსეულ ადგილს დაიჭერს საქართველოს ეკლესიის წიაღში.

31–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Xx_GPKdOQxc


წმ. გიორგი მთაწმინდელის “დიდინი კურთხევანის” შემცველი ხელნაწერები

ჩვენი წინა საუბარი ეხებოდა უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ წიგნს “კურთხევანი”. შევეხეთ ცალკეულ საყურადღებო ასპექტებს ამ წიგნთან დაკავშირებით, კერძოდ მივუთითებდით, რომ კურთხევათა იმ აურაცხელი ტექსტიდან, რაც თუნდაც მხოლოდ ქართულ ენაზე დღემდეა მოღწეული და რაც დიდ სისავსეს ქმნის, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე არსებითი გახლავთ გიორგი მთაწმინდელის მიერ XI ს-ის 40-იან წლებში თარგმნილი ათონური კურთხევანი, რასაც კონკრეტულად საქართველოს ეკლესიაში სანქცირება მისცა რუის-ურბნისის წმინდა კრებამ, რაც 1105 წელს გაიმართა (დღემდე მიღებული იყო 1103 წელი, თუმცა შემდეგ ამაზე სპეციალური გამოკვლევა გამოაქვეყნა ცნობილმა ფილოლოგმა ბატონმა ენრიკო გაბიძაშვილმა, რომელმაც უფრო მართებულად ჩათვალა 1105 წელი რუის-ურბნისის კრების გამართვის თარიღად). ამ კრებამ დააკანონა გიორგი მთაწმინდელის “დიდნი კურთხევანი” და სწორედ ეს ფაქტი გახდა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, როდესაც შევეცადეთ კურთხევათა ზემოხსენებული აურაცხელი მასალიდან ყველაზე არსებითი და ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში დაგვემუშავებინა და გამოგვექვეყნებინა. კვლავ აღვნიშნავთ, რომ ეს მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც არსებითი, როდესაც ბირთვი გამოქვეყნებულია. უკვე ამ ბირთვის გარშემო თანდათანობით შეიძლება დალაგდეს მთელი ის კურთხევითი მასალა, რაც ერთი შეხედვით უაღრესად უსისტემო და ამავე დროს მრავალი ტექსტობრივი ხარვეზის შემცველი ჩანს.

წმ. გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის შემდეგ ბერძნულ ენაზე კვლავ გრძელდებოდა კურთხევითი ტექსტების შექმნა, ძველი რედაქციების განვრცობა ახალ-ახალი საგალობლებით, ძველი და უფრო მარტივად, მოკლედ აღწერილი კურთხევითი ტექსტების განვრცობა და ეს ყველაფერი ასევე თანდათანობით ქართულად ითარგმნებოდა, რამაც XVI-XVII-XVIII სს-ის ხელნაწერებში დიდ გავრცობას მიაღწია. თუმცა, რამდენადაც გადამწერნი ამ თარგმანებისა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყვნენ, შესაბამისად კურთხევათა ის ხელნაწერები, რაც ძალიან მრავლადაა ქართულ სიძველეთსაცავებში, მრავალი ტექსტობრივი ცთომილების შემცველია და უპირობო და შეუსწავლელი სახით მათი ან გამოყენება ან გამოქვეყნება არის აბსოლუტურად დაუშვებელი, რადგან ზიანის მეტს არაფერს მოიტანს. თვით კვიპრიანე სამთავნელის ტექსტიც ალბათ საჭიროებს კრიტიკულ-მეცნიერულ შესწავლას, მრავალი ტექსტობრივი ხარვეზის გასწორებას, რომ მეცნიერულად გამართული სახით იყოს იგი სამღვდელოებისადმი, ეკლესიისადმი მიწოდებული. ამგვარი გამართვა, პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, ფილოლოგთა ვალია. აქეთკენ გადადგმულ ნაბიჯად გვესახება გიორგი მთაწმინდელის “დიდნი კურთხევანის” გამოქვეყნება.

ჩვენ როდესაც ასე მკვეთრად ვუსვამთ ხაზს, რომ გამოქვეყნდა გიორგი მთაწმიდნელის “დიდნი კურთხევანი”, ამ ცნობას გარკვეულწილად დაზუსტება სჭირდება, რადგან უშუალოდ გიორგისგან გამოსული ტექსტი უძველეს ხელნაწერთა სახით სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოღწეულა. ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელიც მრავალი არგუმენტის საფუძველზე სწორედ გიორგი მთაწმინდელის “დიდ კურთხევათა” შემცველად უნდა მივიჩნიოთ, გახლავთ სინას მთაზე დაცული ნუსხა სახელგანთქმული სინა-73, რომელიც XII-XIII სს-ბს მიეკუთვნება (ზოგჯერ მას XIII-XIV სს-ბით ათარიღებენ). ეს ნუსხა უდიდესწილად სწორედ გიორგისეული თარგმანების შემცველია, თუმცა მასში ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთი გვიანდელი თარგმანებიც დავაფიქსიროთ. თუმცა, კვლავა აღვნიშნავთ, უდიდესწილად, უხეშად რომ ვთქვათ, 95-96% უეჭველად გიორგისეული თარგმანია, ანდა გიორგისეული რედაქციაა. რედაქცია იმიტომ, რომ ზოგ შემთხვევაში, როგორც ეს გიორგის ახასიათებდა, ძველ თარგმანს ის მთლიანად თავიდან კი არ თარგმნიდა, არამედ რაც შესასწორებელი იყო მხოლოდ იმას შეასწორებდა და მნიშვნელოვან ნაწილს ხელუხლებლად ტოვებდა. ისევე როგორც ამას ვხედავთ ჩვენ თუნდაც “ფსალმუნთა” მისეულ თარგმანში, “სამოციქულოს” მისეულ თარგმანში და ეგზეგეტური და საერთოდ ეკლესიის მამათა შრომებიდან თუნდაც ბასილი დიდის “ექვსთა დღეთაის” მისეულ ტექსტში, სადაც ძველი თარგმანები ყველგან მთელი მოცულობითაა გათვალისწინებული, რამდენადაც კი ეს შესაძლებელია. კურთხევათა ტექსტებშიც იგივეა სახეზე. მარტვილიის ანუ სულთმოფენობის განგების თარგმნისას გიორგი ექვთიმე ათონელის თარგმანს უკეთებდა ფაქტობრივად რედაქტირებას, ისევე როგორც სქემის შემოსვის განგების თარგმნისას ის ითვალისწინებდა ზოგ შემთხვევაში ადრეულ თარგმანსაც და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ შემთხვევებში, თავისთავად ცხადია, გიორგისეულ ტექსტს უფრო რედაქცია შეიძლება ეწოდოს, ვიდრე დამოუკიდებელი და სრულიად ხელახალი თარგმანი. ეკლესიის კურთხევის მისეული განგებაც ამგვარ სურათს გვიჩვენებს ზოგ შემთხვევაში (თუმცა მთლიანად არა). ასე რომ, ვსაუბრობთ რა გიორგისეული თარგმანის შესახებ, ეს “დიდნი კურთხევანი” ერთი მხრივ საკუთრივ გიორგისეულ თარგმანებს შეიცავს ისეთი ტექსტებისას, რომლებიც აქამდე არ არსებობდა, შედარებით მცირე შემთხვევებში ის აგრეთვე გულისხმობს გიორგისგან ნარედაქტირებ ძველ თარგმანებს. მაგრამ თუ საკუთრივ ხელნაწერზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელმაც გიორგისეული “დიდნი კურთხევანი” შემოგვინახა, ეს ხელნაწერი უმცირესწილად მაგრამ მაინც შეიცავს შედარებით გვიანდელ დანამატებსაც. ერთი ვინც, სავსებით ცხადია (რადგან სახელითაა მოხსენიებული), ეს გახლავთ წმ. ეფრემ მცირე, XI ს-ის 80-90-იანი წლების უდიდესი ქართველი ღვთისმეტყველი, მთარგმნელი. შეიძლება სწორედ ეს პიროვნება იგულისხმებოდეს, ანდა წმ. არსენ იყალთოელი ან რომელიმე სხვა მთარგმნელი, ორ-სამ შემთხვევაში კიდევ, ორ-სამ ტექსტთან დაკავშირებით, რომლებსაც ასევე სინა-73 შეიცავს და რომლებიც არ შეიძლება, რომ ჩვენ გიორგი მთაწმინდელს მივაკუთვნოთ სხვადასხვა არგუმენტების საფუძველზე. ასეა თუ ისე აღნიშნულ ხელნაწერში (სინა-73) ჯერ კიდევ ყველაზე უკეთესად არის დაცული გიორგიოსეული “დიდნი კურთხევანი”, გარდა, ალბათ, ერთი განგებისა. ეს გახალვთ მირონის კურთხევის განგება, რაც ამ ხელნაწერში არ არის და რაც საფიქრებელია, რომ ცალკე არსებობდა. იმიტომ, რომ მირონის კურთხევის განგებას აუცილებლად პატრიარქი, ეპისკოპოსი ესაჭიროება, ხოლო სინა-73 ჩვეულებრივ შეიცავს ერთი მხრივ მხოლოდ სამღვდელო კურთხევანს. როგორც ჩანს გიორგის დროიდანვე, ანდა არ არის გამორიცხული რუის-ურბნისის კრებიდან, ასე გაიმიჯნა სამღვდელო კურთხევანი და სამღვდელთმთავრო კურთხევანი. ე.ი. ის კურთხევითი ტექსტები, რომლებსაც მხოლოდ მღვდელი ასრულებს, უფრო ზუსტად შესაძლებელია რომ მღვდელმა შეასრულოს ეპისკოპოსის გარეშე და ის კურთხევითი ტექსტები, რომელთა შესრულების დროსაც აუცილებლად ეპისკოპოსი უნდა აღასრულებდეს განგებას.

ეს ორი მხარე რომ ცალ-ცალკე იყო წარმოდგენილი და ერთი დიდი კურთხევანი ორად იყო განყოფილი, ამას ჩვენ სწორედ ეს ხელნაწერი (სინა-73) გვიდასტურებს. საქმე იმაშია, რომ სინა-73-ს საბედნიეროდ წინ უძღვის სარჩევი ანუ ძველქართულად ზანდუკი. ამ სარჩევში დასახელებული ყველა ტექსტი, რა თქმა უნდა, შემდეგ ხელნაწერში წარმოდგენილია მთელი სრულყოფილი სახით. სარჩევში მითითებულია სათაური და შემდგომ შესაბამის ადგილას სრულყოფილი ტექსტი. მაგრამ მთავრდება რა ბოლო ტექსტი, რაც სარჩევშია მითითებული, ხელნაწერი ამაზე არ წყდება. იმავე ხელნაწერის ხელით შემდეგ გრძელდება იგივე კურთხევითი ტექსტები, ოღონდ თუ აქამდე წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა კურთხევითი ტექსტი, რაც ამავე დროს სარჩევშიც შედის, მხოლოდ სამღვდელო პირს ითვალისწინებს, ე.ი. ეპისკოპოსის გარეშეც რომ შესაძლებელია მათი შესრულება და ეპისკოპოსის მსახურება სავალდებულო არ არის, ამის შემდგომ ხელნაწერში წარმოდგენილი უკლებლივ ყველა ტექსტი უშუალოდ ეპისკოპოსისგან, პატრიარქისგან აღსრულებულ მსახურებას მოიცავს. ეს გახლავთ კონკრეტულად ხელდასხმადთა კურთხევა, იქნება ეს ჰიპოდიაკონი, მთავარდიაკონი, სამღვდელო პირი, ეპისკოპოსი და ეკლესიის კურთხევა, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია პატრიარქის, ეპისკოპოსის მონაწილეობა. აი ეს, ე.წ. სამღვდელთმთავრო ნაწილი რომ სინა-73-ის დედანში არ არსებობდა და რომ ამ ხელნაწერის გადამწერმა ეს ნაწილი სხვა ხელნაწერიდან შემოიტანა, ამას ადასტურებს ორი რამ: ერთი ის, რომ ამ მეორე ე.წ. სამღვდელთმთავრო ნაწილს სინა-73-ში ნუმერაცია აღარ ახლავს. ყველა სხვა ლოცვა თუ განგება დანომრილია რიგის მიხედვით (ა,ბ,გ,დ...), მაგრამ მხოლოდ ეს სამღვდელთმთავრო ნაწილია ყოველგვარი ნუმერაციის გარეშე. და მეორე, ხელნაწერის წინ წამძღვარებულ სარჩევში ანუ ზანდუკში არცერთი მათგანი დასახელებული არ არის. ეჭვგარეშეა, რომ სინა-73-ის გადამწერს ხელთ ეპყრა ისეთი დედანი, რომელიც შეიცავდა მხოლოდ იმ ტექსტებს, რაც ზანდუკში ანუ სარჩევშია ხსენებული. სინა-73-ის სკრიპტორმა გადმოწერა ეს, მაგრამ იცოდა რა რომ მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა კურთხევანი და რომ ეს მხოლოდ სამღვდელო კურთხევანი იყო, მოიძია მან როგორც ჩანს მეორე ხელნაწერი - სამღვდელთმთავრო კურთხევანი და გადმოწერა იქიდან ხელდასხმადთა და ეკლესიის კურთხევის წეს-განგებანი, რითაც ჩვენ ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია, რამდენადაც ეს მეორე ნაწილიც შემოგვენახა ამ უძველეს ხელნაწერში. მაგრამ არც ამ მეორე ნაწილში არ არის “მიჰრონის კურთხევა”. თუმცა ის რომ გიორგი მთაწმინდელმა აშკარად თარგმნა, ამას ჩვენ, როგორც აღვნიშნეთ, რუის-ურბნისის კრება პირდაპირ გვისახელებს, როდესაც ერთ-ერთ დადგენილებაში თქმულია, რომ “ხოლო წესი ჴელთდასხმადთა სრულებისაჲ ეგრეთ აღესრულებოდედ, ვითარცა ახალთა შინა კურთხევათა ნეტარებით მოჴსენებულისა მამისა გიორგი მთაწმიდელისათა დაწერილ არს. ეგრეთვე კურთხევაჲ ეკლესიისაჲ და დამყარებაჲ საკურთხეველისაჲ და წმიდა-ყოფაჲ ღმერთმყოფელისა მიჰრონისაჲ ეგრეთ სრულ-იქმნებოდედ, ვითარცა მუნ შინა მოჴსენებულ არს”. რადგან აქ ჩვენ შეიძლება ერთი რამ ვივარაუდოთ, რომ თუნდაც ამ სამღვდელთმთავრო ნაწილში (სამღვდელთმთავრო ნაწილი ძირითადად სამ ასპექტს გულისხმობს, ერთი ესაა ხელდასხმადთა კურთხევა (მედავითნე, მგალობელი, დიაკონი, მთავარდიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი. ამას შემდგომ ემატება მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტის, პატრიარქის, თუნდაც მეფის კურთხევა), მეორე ეკლესიის კურთხევა და მესამე მირონის კურთხევა. რადგანაც რუის-ურბნისის კრების ზემოხსენებულ დადგენილებაში ერთადაა ხსენებული ხელდასხმადთა და ეკლესიის კურთხევა და ცალკეა გამოყოფილი მირონის კურთხევა, ჩვენ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მირონის კურთხევა დამოუკიდებელ ხელნაწერად არსებობდა. მართლაც ბერძნულ კურთხევათა შემცველ ხელნაწერებში, აბსოლუტურ უმრავლესობაში მირონის კურთხევა არ გვხვდება. ძალიან იშვიათია ის იმიტომ, რომ მირონის კურთხევა ისეთი განგებაა, რომელსაც ვერც ცალკე მღვდელი შეასრულებს და ვერც ცალკე ეპისკოპოსი. მას აუცილებლად პატრიარქი, ეკლესიის მეთაური აღასრულებს და არაა აუცილებელი, რომ ასეთი ტექსტი შედარებით უფრო ფართო მოხმარების საგნად დაკანონებულ კრებულში ფიგურირებდეს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ როდესაც სინა-73-ის გადამწერმა მიზნად დაისახა გიორგისგან თარგმნილი “დიდნი კურთხევანის”, ანდა ზოგადად ქართულ სინამდვილეში მისი დროისთვის არსებული კურთხევანის კრებულის შედგენა, ერთი მხრივ გადმოწერა ის, რასაც სამღვდელო კურთხევანი გულისხმობს, ერთ-ერთი ხელნაწერიდან თავისი სარჩევითურთ და შემდეგ ამას დაურთო სხვა, როგორც ჩანს საღვდელთმთავრო კურთხევათა შემცველი ხელნაწერიდან საკუთრივ სამღვდელთმთავრო კურთხევის განმსაზღვრელი კურთხევითი ტექსტები (ხელდასახმადთა და ეკლესიის კურთხევისა). მაგრამ მირონის კურთხევის ხელნაწერზე მას ალბათ ხელი არ მიუწვდებოდა იმიტომ, რომ ის ამ ნუსხაში არ შედის. ამიტომ ჩვენ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ერთადერთი სწორედ მირონის კურთხევის განგება აკლია გიორგის მიერ თარგმნილი “დიდი კურთხევანიდან” სინა-73-ს. ყოველშემთხვევაში მნიშვნელოვან ლოცვა-განგებათაგან ალბათ ეს ერთადერთი დანაკლისი აქვს ამ კრებულს. თუმცა მირონის კურთხევა ჩვენამდე სხვა უფრო გვიანდელი ხელნაწერებით მოღწეულია და განზრახული გვაქვს, რომ ეს ტექსტი ჩვენ დამოუკიდებლად, ცალკე მცირე ბროშურის სახით გამოვაქვეყნოთ.

ამრიგად, სინა-73, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც XII-XIII სს-ის ხელნაწერი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგანაც, როგორც ჩანს უდიდესწილად სწორედ მან შემოგვინახა გიორგის მიერ თარგმნილი “დიდი კურთხევანის” ტექსტი. ის ყველაზე ახლოს მდგომია იმ ტექსტთან, რაც გიორგი მთაწმინდელმა მოგვაწოდა და ამით ამ ხელნაწერის მნიშვნელობა დაუფასებელია. თუმცა ნაკლოვანებანიც, თავისთავად ცხადია, სახეზეა. არის მრავალი ხარვეზი, ტექსტობრივი, გამრუდებული ტექსტი, გადამწერის მიერ აშკარა ცთომილებები, ასოების დაკლება, მარცვლების დაკლება, სიტყვების დაკლება და სხვა. თუმცა ყოველივე ეს მაინც უაღრესად კერძოობითი და ნაკლებ ხაზგასასმელია იმ უდიდეს ღირსებასთან შედარებით, რაც ამ ხელნაწერს აქვს.

კურთხევათა სხვა ხელნაწერებიც მრავალ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხარვეზები ძალიან საგულისხმოა მათშიც, მაგრამ ერთად შეჯერების ჟამს შესაძლებელი ხდება უცთომელი ტექსტის მეტ-ნაკლებად დადგენა. აქ განსაკუთრებით იგულისხმება XVI-XVII სს-ის ხელნაწერები. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის გახლავთ ცნობილი ხელნაწერი, დათარიღებული XVI-XVII სს-ით, ა-72. ვფიქრობთ, რომ სინა-73-ის შემდეგ ის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეისათვის ჩვენთვის ცნობილ ნუსხათა შორის, რომლებიც კურთხევანს შეიცავენ.

ამ ხელნაწერის შემდეგ სხვა ხელნაწერები დაახლოებით ერთი ფასეულობისანი არიან, იქნება ეს ა-450, ა-294, ან შედარებით უფრო ადრინდელი (XIV-XV სს-ის) ა-204, კიდევ უფრო ადრინდელი ა-194 (XIII საუკუნისად მიჩნეული), უფრო გვიანდელები, დავუშვათ XVIII ს-ის ქ-108, ქ-57 და სხვები. მრავალია ის ხელნაწერები, რომლებიც კურთხევანს შეიცავენ და მათი შეჯერებანი, რაც საკმაოდ შრომატევადია, რადგან რაოდენობა ამ ხელნაწერებისა დიდია, იმ კეთილ ნაყოფს იძლევა, რომ ესა თუ ის თარგმანი მაქსიმალური მეცნიერული ტექსტის კრიტიკული დადგენის თვალსაზრისით მიეწოდება უკვე მკითხველს, მაქსიმალურად გამართული ენობრივად. ანუ ამას სხვაგვარად მეცნიერულად დადგენილი ტექსტი ეწოდება. ყველა შემთხვევაში აუცილებლობაა ბერძნული ტექსტის გათვალისწინებისა. სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენთან ფილოლოგიური მუშაობა ორიგინალის გათვალისწინების გარეშე წარიმართება და ასეთი რამ ყოველთვის საფრთხილოა, იმიტომ, რომ განსაკუთრებით კურთხევათა ტექსტები, რომლებიც მსხურებაში უნდა იქნეს გამოყენებული, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე უნდა შეიცავდეს შესაძლებლობას ტექსტის გამრუდებისას. ე.ი. ასეთი გამრუდების შესაძლებლობა ფაქტობრივად არ უნდა არსებობდეს, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ამ კურთხევითი ტექსტებით ხდება მადლმოსილების მინიჭება, მადლით გამსჭვალვა იმისა, რაც იკურთხება. იქნება ეს მოვლენა, იქნება ეს წმინდა ნივთი, იქნება ეს თუნდაც ტაძარი ღვთისა და სხვა.

სასაუბრო ძალიან ბევრია კურთხევანთან დაკავშირებით და ამასთან პრობლემაც ბევრია. მაგ. პრობლემაა ის, რომ ზემოთ აღნიშნული გამოცემა “დიდნი კურთხევანი” მხოლოდ პირველი ტომია და მას უნდა მოედევნოს სხვა ტომები, მაგრამ ამის რაიმე მატერიალური უზრუნველყოფა დღეისათვის არ არსებობს. პირველი ტომიც უდიდესი სირთულეების შედეგად გამოქვეყნდა და სამწუხაროდ გამოქვეყნდა მხოლოდ 250 ცალი. მეტის გამოქვეყნება შეუძლებელი იყო. მომდევნო ტომებიც, რომლებიც ასევე ძალიან შრომატევად სამუშაოს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ვერ შესრულდება, თუ რაიმე ბაზისი ამგვარ მუშაობას არ ექნება. თუმცა ვთვლით, რომ ეს პირველი ტომიც კი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და უკვე გეზის მიმცემია თუ როგორ უნდა შესწორდეს, ანდა როგორ უნდა რედაქტირებულ იქნეს არა მარტო კურთხევათა შემცველი ლიტურგიკული წიგნი, დღევანდელ ღვთისმსახურებაში დაკანონებული, არამედ ყველა სხვა ლიტურგიკული წიგნიც. ძველი ქართული ხელნაწერების, ძველი ქართული თარგმანების გათვალისწინება, გამოქვეყნება, შედარება თანამედროვე მსახურებაში დაკანონებულ ტექსტებთან არის სრულიად გარდუვალი. ეს გზა, ეს მუშაობის პროცესი მოწონებულია საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისგან, წევრთაგან, და რა თქმა უნდა, უპირველესად უწმინდესის და უნეტარესისგან, რომელმაც მრავალი წლის წინ იმეცადინა, რომ შეკრებილიყვნენ სპეციალისტები და ამგვარი მუშაობა დაწყებულიყო (დაახლოებით 15 წლის წინ გადაიდგა ნაბიჯები აქეთკენ), თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი და გამოქვეყნებული ტექსტი ამგვარი ფილოლოგთა და საეკლესიო მსახურთა შეჯრებული შრომისა ჩვენ არ გვქონია.

ლიტურგიკული ჟანრი, რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება, მაგრამ ეს საუბრები მხოლოდ “დიდ კურთხევანს” დაეთმო განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ღირებულების გამო.

 

32–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=UC1diNdbEXk

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 22 November 2017 18:45)