55

ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა ენის რაობას ბიბლიურ-ეკლესიური სწავლებით. კონკრეტულად ბოლო საუბარში განვიხილავდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ სალაპარაკო ენა, გრამატიკულ კანონზომიერებებზე აგებული ენა, როგორც შენაძენი ადამიანის ისტორიისთვის და არა განუყოფელი მისი ბუნებისგან, როდის უნდა შესძენოდა მას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ განსხვავებით თანამედროვე ლინგვისტიკაში მიღებული დასკვნისა, თითქოს ენა ესაა როგორც ერთობლივი მონაცემი, ძღვენი ადამიანისადმი ღვთისგან, რომ ენა როგორც ასეთი არ შექმნილა და რომ ადამიანი, მითუმეტეს, მის შექმნაში არ მონაწილეობდა, ამისგან განსხვავებით გრამატიკული ენის მხრივ ჩვენ უეჭველად ბიბლიურ-ეკლესიური სწავლების საფუძველზე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ეს ენა ღვთის შთაგონებით ადამიანისგან შექმნილია. რა თქმა უნდა, აქ ცნობიერებითი ელემენტიც უნდა ვიგულვოთ, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეგნებულობა, ცნობიერება, მოაზროვნეობა ენის შექმნაში მონაწილეობდა. მაგრამ ქვეცნობიერსაც, ანდა მდგომარეობით მხარესაც დიდი როლი აქვს. ასე რომ, ურთიერთობაში, სხვადასხვა შემთხვევაში გარემოსგან კარნახით, თანდათანობით, უნდა ვთქვათ, რომ ყალიბდებოდა ადამიანური სამეტყველო ენა.

მაგრამ რა იყო მამოძრავებელი? მამოძრავებელი ენის თანდათანობითი ფორმირებისა, სახეცვლისა, ათასგვარი მეტამორფოზისა, გახლდათ ადამიანის მოაზროვნეობითობის შეხება მატერიალურ სამყაროსთან. ადამიანები, როგორც მოაზროვნე არსებები და საზოგადოება, როგორც მოწესრიგებული კრებული, რა თქმა უნდა, ჯერ ურთიერთშორის კავშირსაც ამ ყოფით ცხოვრებაში თანდათანობით ავითარებენ და შემდეგ გარემოსთან კონტაქტიც სახეზეა. ყოველივე ეს ადამიანს უბიძგებს კავშირ-ურთიერთობის, საურთიერთობო საშუალების გარკვეული დახვეწისკენ (ყოველშემთხვევაში ყოველთვის დახვეწა არ არის სახეზე), გარკვეული ფორმირებისკენ. გარემოებითი ვითარებების ცვალებადობა გარკვეულ შემთხვევებში ამ საურთიერთობო საშუალების ფორმირებასაც სხვაგვარად წარმოაჩენს, მასაც ცვლის და კაცობრიობის ისტორია ენობრივი ფენომენის ცვალებადობისგან განუყოფელია. როგორც იცვლებოდა კაცობრიობის ისტორია, მეტნაკლებად ფორმირება, სახესხვაობა, მეტამორფოზა სალაპარაკო ენისა ასევე გამოკვეთილი გახლავთ.

თავისთავად ცხადია აქ ათასგვარი მომენტი შემოდის, უაღრესად საყურადღებო, სპეციფიკური, ცალკე განსახილველი, მაგრამ ზოგადი დებულება იმის შესახებ, რომ ის ენა, რასაც ჩვენ მატერიალურ ენას ვუწოდებთ, რაც გრამატიკულ კანონზომიერებას ექვემდებარება, რაც სიტყვათშეწყობით, ლექსიკური ფონდით არის ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი, ეს ყველაფერი, როგორც ერთიანი მოცემულობა კაცობრიობას არ გადასცემია ღვთისგან. ეს სრულიად უეჭველია ბიბლიურ-ეკლესიური სწავლების საფუძველზე (ამას მოგვიანებითაც დავაკონკრეტებთ). ყოველივე ეს ექვემდებარება ცვალებადობას კაცობრიობის ისტორიის ცვალებადობასთან ერთად და ამ ცვალებადობის საფუძველი გახლავთ ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების ურთიერთობის პირობების შექმნის მცდელობა, ურთიერთობის გაუმჯობესების, ანდა ურთიერთობის მოწესრიგების საარსებო პირობების შექმნა ჯერ თავის თანამოძმესთან, ე.ი. ადამიანთა შორის, საზოგადოებაში, შემდეგ კი მთლიან გარემოსთან, ანდა ერთობლივად ურთიერთშიც  და გარემო სამყაროსთან. აი ამ პირობებში, კავშირ-ურთიერთობის განხორციელება, მჭიდრო საზოგადოებრივი სტრუქტურის შექმნა ადამიანის არსებობისთვის გახლავთ პირველადი მნიშვნელობისა, რომ მან მართლაც შეინარჩუნოს სიცოცხლე, შეინარჩუნოს საზოგადოებრივი არსებობა, სულიერი მოღვაწეობის საშუალება ჰქონდეს და სხვა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ეს დებულება შევსებადია, ცალკეული ფაქტებით დასაბუთებას და გაღრმავებას საჭიროებს, მაგრამ ბიბლიურ-ეკლესიურ სწავლებას სწორედ ამ დებულებასთან მივყავართ.

ჯერ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ბაბილონის გოდლის მშენებლობამდე კაცობრიობის ენა ერთიდაიგივე იყო, ერთი ენა ჰქონდა კაცობრიობას. მაგრამ ჩვენ ამ ენას ამ შემთხვევაში ყურადღებას არ მივაქცევთ. ესეც მატერიალური ენაა, რა თქმა უნდა, რადგან ადამიანი უკვე მიწიერ ცხოვრებაშია, დაცემულ მდგომარეობაშია და როგორც აღვნიშნეთ სალაპარაკო ენის საზღვრები ადამიანის ისტორიაში სწორედ ამ ორი საზღვრით განიზომება. ერთი ესაა  მიწიერ ცხოვრებაში შემოსვლა ადამიანისა, აქედან იწყება სალაპარაკო ენა და მეორე - მიწიერი ცხოვრებიდან ადამიანის გასვლა. აი ეს გახლავთ გრამატიზებული სამეტყველო ენის ჩარჩოები, ფარგლები, მიჯნები, რომლებსაც ის ვერ გასცდება. რა თქმა უნდა, ის ერთიანი კაცობრივი ენაც ამ ჩარჩოებშია, რადგან უკვე ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში მყოფობს, როდესაც ის ბაბილონის გოდოლს აშენებს, ბაბილონის გოდლის უწინარესაც და ის ენაც, რაც მას ამ შემთხვევაში საურთიერთობოდ ექნებოდა, რა თქმა უნდა, ასევე მატერიალური ენა იყო, იგივე სალაპარაკო ენა. შეიძლება სხვაგვარი აღნაგობისა და სხვაგვარი სტრუქტურის, განსხვავებული დღევანდელი ენებისგან, მაგრამ აუცილებლად მატერიალური ენა, მატერიალური გამოხატულების მქონე ენა, გარკვეულ კანონზომიერებებს დაქვემდებარებული სამეტყველო სტრუქტურა.

სამოთხისეულ მყოფობაში როგორი იყო ადამიანის მეტყველება, როგორი იყო ადამიანის საურთიერთობო ენა? ვიდრე ამ პრობლემას შევეხებოდეთ, აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ ერთი საკითხი, რაც ეკლესიის მამებთან ძალიან ხშირად გამოხატულა და დასკვნა ყოველთვის ერთიდაიგივეა. როდესაც ჩვენ ადამიანურ ენაზე ვსაუბრობთ ერთიმეორეს არ უნდა გავუიგივოთ მეტყველება და გრამატიკული ენა. მეტყველება, როგორც ერთ-ერთ წინა საუბარშიც აღვნიშნეთ, გაცილებით უფრო ფართო შინაარსის ცნებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ენასაც შეგვიძლია ეს ფართო შინაარსი მივცეთ, თუ განვაზოგადებთ მას და მხოლოდ მატერიალურ გამოხატულებას ჩვენი აზრისას არ მივიჩნევთ ენად. ზოგადი გაგებით თუ ვიტყვით მაგალითად ანგელოზთა შორისაც არსებობს ენა, რომ როდესაც ღმერთი ადამიანს ემეტყველება მათ შორის რაღაც საურთიერთობო ენაა და ა.შ. ე.ი. ენას ძალიან ფართო მნიშვნელობას თუ მივანიჭებთ, მხოლოდ სულიერ მნიშვნელობას თუ მივანიჭებთ მას, მაშინ ენაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთ ტერმინად გამოვიყენოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ენისგან ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ საკუთრივ ლინგვისტიკის გაგება, რომ არა ლინგვისტიკის შესწავლის ობიექტი ენა იგულისხმება ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სამოთხეშიც ადამიანს საურთიერთობო საშუალება ჰქონდა, არამედ სხვა ენა, სულიერი გაგებით ენა. მაგრამ ტერმინოლოგიური გარკვეულობა რომ იყოს, ჩვენ ენას ამ საუბრების ჟამს დავუტოვოთ მხოლოდ სალაპარაკო ენის გაგება, ხოლო რაც შეეხება მეტყველებას, მას ჩვენ ამგვარი შინაარსით ვერ დავტვირთავთ. მეტყველება, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე სალაპარაკო ენას უიგივდება, რადგან ადამიანი მეტყველებს ამა თუ იმ სალაპარაკო ენაზე, მაგრამ მეტყველება მხოლოდ მატერიალური არ გახლავთ, არსებობს სულიერი მეტყველება. სულიერ მეტყველებასა და მატერიალურ მეტყველებას შორის იგივე მიმართებაა, რაც სულიერ სიტყვასა და მატერიალურ სიტყვას შორის. აქ ჩვენ ამ საკითხის განმარტების აუცილებლობამდე მივდივართ, თუ რას ნიშნავს სულიერი სიტყვა და რას ნიშნავს მატერიალური სიტყვა.

აღნიშნული საკითხი ეკლესიის მამებთან რამდენიმეგზის განმარტებულა. როგორც დღესათვის ეს წყაროდმცოდნეობითად არის დასაბუთებული, პირველი ღვთისმეტყველი ვინც ამ საკითხს შეეხო გახლდათ II ს-ის ცნობილი მოღვაწე თეოფილე ანტიოქიელი, რომლის შრომაც სახელწოდებით “ავტოლიკესადმი” ჩვენამდე მოღწეულია მთლიანად და ამ შრომაში თეოფილე ანტიოქიელი სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხება რამდენიმეგზის. თეოფილეს შემდგომ იგივე საკითხი განხილულია წმ. გრიგოლ ნოსელის მეირ. ამავე საკითხს მეტნაკლებად ყველა ღვთისმეტყველი ეხება, მათ შორის წმ. იპოლიტე რომაელი III ს-ში, წმ. ათანასე ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, მაგრამ განსაკუთრებით წმ. გრიგოლ ნოსელი, ხოლო გრიგოლ ნოსელის შემდეგ ასევე სპეციალურად წმ. კირილე ალექსანდრიელი თავის ცნობილ შრომაში “იოანეს სახარების განმარტება” (V ს). მოგვიანებით წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. იოანე დამასკელი და სხვები.

აღნიშნულ მოძღვართა ნააზრევი გახლავთ ერთიდაიგივე საკუთრივ ენობრივ ფენომენთან დაკავშირებით. ეს საერთოობა საღვთისმეტყველო სწავლებისა შემდეგში მდგომარეობს: ეკლესიური აზრით, რასაც გარკვეული პარალალი ჩვენ შეიძლება ანტიკურობაშიც და გვიანანტიკურ ფილოსოფიაშიც მოვუძებნოთ, არსებობს სიტყვის ორი გაგება, ერთი ესაა შინაგანი სიტყვა და მეორე გარეგანი სიტყვა. შინაგანი სიტყვა ესაა ის სიტყვა, რომელსაც გამოხატავას ბერძნული ტერმინი “ენ დიათეტოს”. ეს ტერმინი ქართულად რამდენიმეგვარად ითარგმნებოდა, ყველაზე უფრო მიღებული გახლავთ გელათური თარგმანი (შემოტანილი არსენ იყალთოელისგან, რომელმაც დააფუძნა გელათური საღვთისმეტყველო სკოლა) “შინაგანმდებარე”. ამ ტერმინის ადეკვატურია იოანე პეტრიწის მიერ შექმნილი მეორე შესატყვისი – “შორისმდებარე” (ახალქართულად თუ ვიტყვით “შიგნითმდებარე). რაც შეეხება გარეგან სიტყვას, თუ შინაგანი ბერძნულად გამოითქმის ტერმინით “ენ დიათეტოს” და ის ძველქართულად ორი ყველაზე უფრო გავრცელებული შესატყვისით გვხვდება (“შინაგანმდებარე” ანდა “შორისმდებარე”), ის ამ შემთხვევაში ბერძნულად გამოითქმის როგორც “პროფორიკოს ლოგოს” (პირველი გახლავთ “ენ დიათეტოს ლოგოს”). “პროფორიკოს” მომდინარეობს ბერძნული ზმნისგან “პროფერო”, აქედან არის არსებითი სახელი “პროფერა” და ზედსართავი “იკოს” დაბოლოებით “პროფორიკოს”. “პროფორიკოს” ძველ ქართულად რამდენიმეგვარად ითარგმნებოდა. ჩვენ მის შესატყვისად ეფრემ მცირესთან გვხვდება (რომლისგანაც ყველაზე მეტად იკვეთება ქართული ენის ტერმინოლოგიური სახე) ტერმინი “ხმოვანი სიტყვა”. გელათურ სკოლაში ეს ტერმინიც გვხვდება და ამავე დროს გამოიკვეთება მეორე ტერმინი “წარმოჩენილი სიტყვა”. ზოგჯერ შესატყვისად გვხვდება “ზრახული (წარმოთქმული) სიტყვა”. ზოგჯერ, კერძოდ იოანე პეტრიწთან შესატყვისად გვხვდება ასეთი ტერმინი “გარემოსილი”. არის სხვა მეტნაკლებად გამოკვეთილი შესატყვისებიც.

თანამედროვე ქართულად “პროფორიკოს” ესაა წარმოთქმული, გამოცემული სიტყვა, გახმოვანებული სიტყვა, იგივე ხმოვანი სიტყვა (ჩვენ დღესაც შეგვიძლია ეფრემ მცირის შესატყვისი ძალაში დავტოვოთ და პროფორიკული სიტყვის ქართულ ადეკვატად გამოვიყენოთ “ხმოვანი სიტყვა”), ხოლო “ენ დიათეტოს” შიგნითმდებარე სიტყვა”.

მაგრამ როგორც ვხედავთ სიტყვა, ანუ იგივე მეტყველება (ლოგოსი) მხოლოდ ამ გარეგანობით არ იფარგლება, არსებობს აგრეთვე შიგნითმდებარე სიტყვა. რომელია ეს შიგნითმდებარე სიტყვა? შიგნითმდებარე სიტყვა ეს იგივეა, რაც შინაგანი აზრი, რომელსაც არანაირი გარეგანი, მატერიალური საშუალებები გამოხატვისა არ სჭირდება, ესაა აზროვნებითი მეტყველება. სხვაა არტიკულაციით მეტყველება, მატერიალური სიტყვებით მეტყველება, ხმოვანი სიტყვით მეტყველება და სხვაა შინაგანი სიტყვით, ანუ აზრით მეტყველება. აზროვნებითი მეტყველება გახლავთ ის მეტყველება, რომელიც მთლიანად სულიერია და რომელიც მატერიალურ საშუალებებს, კერძოდ სიტყვებს ბრუნვებში, უღლების წესებს, სხვადასხვა ნაწილაკებს, სინტაქსურ სიტყვათშეხამებას და სხვა, არანაირად არ საჭიროებს, ყოველივე ამაზე მაღლა დგას, ყოველივე ამის მიღმა იმყოფება, განძარცვულია ყოველივე ამისგან, არავითარი ფონეტიკა, მორფოლოგია და სინტაქსი მას არა აქვს, ისაა წმინდად სულიერი მოვლენა. ესაა იგივე წმინდა აზროვნება ყოველგვარი მატერიისგან შეუხებელი, უზადო კავშირი არსებებს შორის რომლებსაც აზროვნება ახასიათებთ.

ვფიქრობთ სრულიად ნათელია, რომ ეს აზროვნება, ენდიათეტური სიტყვა ნიშანდობლივია ადამიანისთვის სწორედ სამოთხეში, როდესაც მისთვის მატერიალური ყოფა ჯერ კიდევ არ დამდგარა. ამგვარი რამ სამოთხისეულ ცხოვრებაში ადამიანს არ ქონდა, რამდენადაც ის იყო უკვდავი, იყო უხრწნელი, იყო ბილოგიური გაგებით ტკივილგანუცდელი. შესაბამისი იქნებოდა ამ მდგომარეობისა მისი მეტყველებაც, რომ ეს მეტყველება არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, ხმოვანი სიტყვა, ეს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ აზროვნებითი მეტყველება, ანუ შინაგანი სიტყვა ანუ “ენდიათეტური ლოგოსი”. ამგვარი მდგომარეობის მქონეობა ადამიანის სამოთხისეულ ცხოვრებაში დასტურდება სხვადასხვა მოვლენით. პირველ რიგში ამას ადასტურებს სამოთხისეულ ყოფნაში ადამიანის ურთიერთობა ერთი მხრივ უფალთან, შემოქმედთან და მეორე მხრივ სხვა არსებებთან – ცხოველებთან (კერძოდ ამ შემთხვევაში გველთან). ბიბლიური თხრობა არანაირად არ მიჯნავს, რომ ადამიანი თითქოს სხვაგვარად ესაუბრებოდეს, სხვა სამეტყველო საშუალებებით ესაუბრებოდეს უფალს, სხვა სამეტყველო საშუალებებით ესაუბრებოდეს გველს და თვით ადამიანები, ადამი და ევა სხვაგვარი სამეტყველო საშუალებებით მიმართავდნენ ურთიერთს. ზოგადად არის აქ ერთსახოვნად ეს მეტყველება წარმოჩენილი, არ არის გამიჯნული. ამ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობა კიდევ სხვა არის, რადგან ღვთიური კავშირი ადამიანთან ყოველთვის შეიძლება განხორციელდეს და ადამიანი დაუკავშირდეს უფალს ყველაზე უფრო დაცემულ მდგომარეობაშიც კი, მაგრამ როდესაც ადამიანი ასევე უკავშირდება და გაეზრახება ანუ ემეტყველება გველს, აქ სრულიად ნათელია, რომ არავითარი გრამატიკული ენა აქ არ იგულისხმება. შეუძლებელია, რომ ცხოველს ადამიანი გრამატიკულ ენაზე ესაუბრებოდეს. ადამიანისთვის გრამატიკული ენა, სამეტყველო-სალაპარაკო ენა განუყოფელია და შესაბამისად თითქოს სამოთხეშიც ასეთი ენა იყო. თეორიის მიხედვით, როგორც რამდენჯერმე აღვნიშნეთ, ადამიანი განეყოფება ცხოველს, ე.ი. ამ თეორიის მიხედვით სალაპარაკო ენა არის ის თვისება რითაც ადამიანი ცხოველისგან განსხვავდება. საკმარისია სალაპარაკო ენის თვისება ადამიანს ჩვენ წავართვათ, რომ ის ცხოველის დონეზე დაეშვება, ცხოველს გაუიგივდება – ასეთია ამ თეორიის მომხრეთა თვალსაზრისი. მაგრამ ადამიანი ხომ აქ ცხოველს ელაპარაკება და ცხოველსაც თუ ენობრივი ელემენტი აქვს, თუ მასაც შეუძლია მეტყველება, მაშინ სადღაა გამიჯნულობა ადამიანსა და ცხოველს შორის, სადღაა ენა ადამიანსა და ცხოველს შორის ურთიერთგანმასხვავებელი. ასე რომ ეს ფაქტი, რომ ადამიანი ამ შემთხვევაში ადამიანს კი არ ელაპარაკება მხოლოდ, ე.ი. ადამი და ევა ურთიერთში კი არ საუბრობენ მხოლოდ, არამედ ისინი ცხოველსაც ელაპარაკებიან, სრულიად უეჭველად ასაბუთებს, რომ აქ ჩვენ გრამატიკულ ენასთან არ გვქონია საქმე, რადგანაც მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ცხოველებსაც ქონიათ თვისება გრამატიკულ ენაზე მეტყველებისა, რაც სრული აბსურდია და თუ ამას რეალობად მივიჩნევთ, არა მხოლოდ აბსურდის რეალობად მიჩნევასთან გვექნება საქმე, არამედ ადამიანსა და ცხოველს შორის ზღვარის წაშლასთანაც, თუ რა თქმა უნდა, გვწამს, რომ სწორედ ენა განასხვავებს ადამიანსა და ცხოველს. ასე რომ ყოვლადშეუძლებელია ჩვენ გრამატიკული კანონზომიერების საფუძველზე აგებულ მეტყველებასთან გვქონდეს საქმე. ცხადია ესაა ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მხოლოდ შინაგანი აზრით მეტყველებს, მას არავითარი გრამატიკული კანონიკა თავისი მეტყველებისთვის არ სჭირდება, ესაა სულიერი გაზრახება, სულიერი კავშირი, ერთი მხრივ შემოქმედისადმი, მეორე მხრივ თავისი მსგავსისადმი და მესამე მხრივ ღვთის სხვა ქმნილებებისადმი.

კარგად არის ცნობილი, რომ გველი ამ შემთხვევაში არის ეშმაკით განმსჭვალული, ეშმაკი მეტყველებს მისი ბაგეებით და ისიც დასტურდება, რომ იმ უსხეულო არსებებს, რომლისგანაც ეშმაკი დაეცა, ასევე აქვთ მეტყველება. ისედაც, მრავალ ძეგლში ეკლესიის მამებისა გამოკვეთილია სწავლება ანგელოზთა შორის მეტყველების შესახებ. ანგელოზები ერთი მხრივ ემეტყველებიან უფალს, ადიდებენ მას მარადის, საუბრობენ, როგორც ეს ესაია წინასწარმეტყველთან არის აღწერილი, ადამიანებს გაეზრახებიან და სხვა. ასე რომ მეტყველება არის ნიშანდობლივი ანგელოზებისთვისაც. უფალს რომ ისინი ადიდებენ ეს უეჭველად დასტურდება ცნობილი ანგელოზური გაგებით – წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ და წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ. სამწიდაარსი, მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ანგელოზური საგალობელი. რა თქმა უნდა, ანგელოზები ასეთი არტიკულაციით და მატერიალური ენით არასოდეს არ აღმოთქვამენ, მაგრამ თუ ანგელოზურ გალობას მატერიალური ენით ვიტყვით, სწორედ ეს წარმოჩნდება, ეს აზრია მათ გალობაში, მათ დიდებაში. ასე რომ ისინი აზრისმიერად ემეტყველებიან უფალს, აზრით აღავლენენ დიდებას ღვთისადმი, შინაგანი სიტყვით და თუ მას მატერიალურ გამოხატულებას მივცემთ, სწორედ იმ სამწმინდა არსის ფორმას შეიძენს, რაც ანგელოზურ გალობად არის სახელდებული ეკლესიის ისტორიაში. როგორც აღვნიშნეთ, ისინი ურთიერთსაც ეზრახებიან. ესაიას წინასწარმეტყველებაში, რაც სხვათაშორის პირველმა სულიერად განმარტა დიონისე არეოპაგელმა, პირდაპირაა აღწერილი სხვადასხვა ხარისხის ანგელოზის ურთიერთისადმი მიმართვა, თუ როგორ უბრძანებას უზენაესი ანგელოზი უქვემოესს, რომ წავიდეს ის და ამცნოს იერუსალიმის მკვიდრთ, რომ იერუსალიმი კვლავ ნაყოფიერი გახდება. გამოცხადება სერაფიმისა სწორედ აქ არის ესაიასგან აღწერილი, თუ როგორ გამოეცხადება მას უზენაესი ანგელოზი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით უქვემოესი ანგელოზი უზენაესის დავალებით და ამ გამოცხადებაში სრულიად მკაფიოდაა აღწერილი ანგელოზთა შორის ურთიერთმზრახველობა, ანუ ურთიერთგასაუბრება. ცხადია ეს გასაუბრებაც არანაირ მატერიალურ საშუალებებს არ გულისხმობს, რადგან ანგელოზებში არ არსებობს მატერიალურობა, ისინი ზემატერიალურნი არიან და ყოველგვარი მატერიალური სიტყვა მათთვის სრულიად უცხოა. შესაბამისად ისინი ურთიერთს გაეზრახებიან აზრით, აზრისმიერად, შინაგანი სიტყვით და ამავე შინაგანი სიტყვით ხდება ანგელოზის დაკავშირება ადამიანთან. ამიტომაა, რომ არცერთ ადამიანურ ენაზე ანგელოზი, რა თქმა უნდა, არ მეტყველებს, ის სულიერად უკავშირდება ამა თუ იმ ადამიანს, ხოლო თუ ამ ადამიანს თავის მშობლიურ ენაზე ესმის ანგელოზისგან ნამეტყველები, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ანგელოზისგან შინაგანი აზრით მისდამი ნათქვამი მატერიალური გამოხატულებით იმგვარი იქნებოდა, როგორც იმ პიროვნებას ესმის. მასთან კონტაქტი სხვაგვარად ვერ განხორციელდება. დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ნიშანდობლივია ენობრივი ელემენტი, როგორც აღვნიშნეთ, არ არის განუყოფელი, მაგრამ ნიშანდობლივი ნამვდილად არის და ამას, როგორც ადამიანისთვის შესაფერის საშუალებას ურთიერთობისთვის, რა თქმა უნდა, ანგელოზური ძალა იყენებს ღვთის დაშვებით. თორემ საკუთრივ ანგელოზური მეტყველება ყოველგვარ მატერიალურობას, მატერიალურ სიტყვას, გრამატიკულ კანონიკას, რა თქმა უნდა, აღემატება. სხვაგვარად ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ანგელოზებში რაღაც გრამატიკული კატეგორიები არსებობს და მათ შორისაც არის ის ელემენტი ენისა ენათმეცნიერებამ რომ უნდა შეისწავლოს და სხვა. ამგვარი აბსურდი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ჩვენ ვირწმუნოთ. ხოლო არგუმენტირება იქეთკენ გვიბიძგებს, რომ ანგელოზებშიც მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი აზრით მეტყველება დავადასტუროთ, რომ ანგელოზებს აქვთ შინაგანი სიტყვა, შინაგანი აზრი, შინაგანმდებარე სიტყვა ანუ შინაგანმდებარე ლოგოსი და იგივე იყო სამოთხისეული ენაც ადმაიანისა, თავისუფალი ყოველგვარი გრამატიკული კანონიკისგან. ამიტომაა, რომ შინაგანი აზრით ადამიანი თავისუფლად უკავშირდება უფალს, ერთიმეორეში ახორციელებენ კავშირს და გველის სახით მოვლენილ ეშმაკსაც, რომელსაც ასევე, რა თქმა უნდა, მეტყველების თვისება აქვს (ეშმაკისგან არის ამეტყველებული ამ შემთხვევაში გველი, ოღონდ ესაა შინაგანი სიტყვა) ამ მხრივაც ადამიანი თავისუფლად ემეტყველება მას და პირუკუ ეშმაკიც თავისუფლად ემეტყველება ადამიანს.

ეს გახლავთ ის ზემატერიალური მეტყველება, რაც ზოგადად სამოთხისეული მყოფობისთვის, სამოთხისეული გარემოსთვის არის ნიშანდობლივი და ეს მხარე რომ უფრო დასაბუთდეს ჩვენ სამოთხისეული მდგომარეობის რაობაც შეიძლებოდა ორიოდე სიტყვით, დასკვნის სახით, აღგვენიშნა. ამ საკითხს ამჯერად, რა თქმა უნდა, ვრცლად ვერ შევეხებით, ეს სხვა მსჯელობის საგანია, მაგრამ დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიური სწავლებით სამოთხისეული მყოფობა ადამიანისა, სამოთხისეული ცხოვრება მისი, ეს იყო ყოველგვარ ხრწნადობასა და მოკვდავობას გაშორებული არსებობა, რომ ადამიანი იყო უკვდავი, ადამიანი იყო უხრწნელი და ადამიანი იყო ბიოლოგიურად ტკივილგანუცდელი. ის სამოთხეში არ განიცდიდა არც შიმშილს, არც წყურვილს, არც დაღლას, არც სხვა რამ ცოდვით დაცემული სხეულის თვისებებს, რადგან სრულ უცოდველობაში მკვიდრობდა და ამ უცოდველობისა და ამ ხრწნად მატერიაზე აღმატებულობის შესაბამისი მეტყველებაც ჰქონდა. რა თქმა უნდა, არავითარი გრამატიკული კანონიკა ადამისა და ევას სამეტყველო ენას სამოთხეში არ სჭირდებოდა. მაგრამ თუ ეს ასეა, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, როდესაც ადამმა სახელები დაარქვა ცხოველებს. საქმეც სწორედ ესაა, რომ ბიბლიაში ეს სახელები, რა თქმა უნდა, უწყებული არ არის, რადგან ადამი ცხოველებს სახელებს არქმევს არა მატერიალური ენის მიხედვით, არამედ ის ცხოველთა რაობას შეიმეცნებს, თითოეული ცხოველი რა თვისებისაა, რა ბუნებისაა, რა სახეობისაა ამის შემეცნება ხდება მისგან და შინაგანი აზრით განსაზღვრა თითოეული მათგანისა. ამრიგად აქ სახელთა დარქმევა ცხოველებისა ეს გაიგება მხოლოდ და მხოლოდ როგორც ადამისგან თითოეული სახეობის შეცნობა, თითოეული სახეობის რაობის წვდომა და ცოდნის მიღება ამ მხრივ. ადამი როგორც მცოდნე და როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, არა მხოლოდ მცოდნე, არამედ უმცოდნესი იყო, ე.ი. ძალიან მცოდნე გახლდათ, აბსოლუტურად მართებულად წვდება თითოეული ცხოველის, როგორც სახეობის რაობას და ამ სახეობათა განსაზღვრა რომ მან თავის გონებაში, თავის შინაგან აზრში, თავის ცნობიერებაში ყოველ მათგანს ადგილი მიუჩინა, ანუ ყოველი მათგანი განსაზღვრა და მისთვის გამჭვირვალეა თითოეული მათგანის რაობა, ეს გახლავთ სწორედ სახელის დარქმევა. მაგრამ ბიბლიურ თხრობაში ეს ამგვარადაა წოდებული, რადგან ბიბლია ადამიანთათვის გასაგებ ენაზე მეტყველებს. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მნიშვნელობას მოკლებულია, ისევე როგორც პირდაპირ მნიშვნელობას მოკლებულია გველისა და ადამის საუბარი, ანდა აუცილებლად ვაშლის ხის ჭამა ადამისგან, რომ თითქოს ამან დასცა ის. მატერიალური ნაყოფი, პირდაპირი გაგებით, თუ ჩვენ რაღაც ზღაპრის ელემენტს არ შემოვიტანთ, არ შეიძლება ან ცოდნის ან ცოდვილიანობის მიმნიჭებელი იყოს. იმ ხეს მოგეხსენებათ ერქვა “ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა”, ანუ კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხე, მაგრამ მიწიერი გაგებით არცერთი ნაყოფი და ხე არ შეიძლება ამგვარი ცოდნის მიმცემი იყოს. რა თქმა უნდა, ეს ხე სულიერი მნიშვნელობითაა გასაგები, როგორც წმ. იოანე დამასკელს მრავალი განმარტება ამ ხისა შეჯამებულად აქვს მოცემული, მაგრამ ყველა მათგანი, სულიერი მნიშვნელობის მქონედაა წარმოდგენილი მისგან. ისევე როგორც მეორე - ხე ცხოვრებისა, რა თქმა უნდა, რაღაც მატერიალურ საზრდოს კი არ აწვდიდა ადამს, როგორც რომელიმე სახეობა მცენარისა, არამედ სულიერად იყო მისი მასაზრდოებელი და განმაცხოველებელი. ასეთი გაგება აქვთ ამ ხეებს, ისევე როგორც სხვა თვისებებს სამოთხისას და თვითონ სამოთხეს და ამგვარადვე უნდა იქნას გაგებული სახელთა დარქმევაც, რომ აქ არ არის მიწიერი გაგებით რაიმე აქამდე უცნობი მოვლენის სახელით გამიჯვნა სხვა მოვლენისგან და ეს სახელი მიწიერ ყოფაში უმრავლეს შემთხვევაში ნებისმიერია, ადამი ბუნებას ჭვრეტს მოვლენისას და ამ ბუნების განჭვრეტა და სახეობებად მის გონებაში, მის აზრში ცხოველების დახარისხება, განსაზღვრა და აღბეჭდვა იგივე სახელის დარქმევაა. ადამმა შეიცნო ცხოველთა ნაირსახეობანი, ყოველი მათგანი მისთვის უკვე ცნობილია, მისთვის მშობლიურია. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან მთელი ამ სამფლობელოს ხელმწიფედ, განმგებლად ღვთისგან სწორედ ადამია დადგენილი და თავისი საგანმგებლო ანუ თავისი ქვეშევრდომები მისთვის განჭვრეტილი და შემეცნებული უნდა ყოფილიყო. აი ამგვარად გაიგება ეკლესიური სწავლებით ადამის მიერ ცხოველებისადმი სახელის დარქმევა. რა თქმა უნდა, ყოველგვარ თხრობას, ყოველგვარ ბიბლიურ მოვლენას თავისი ორნაწილედობა აქვს (ამას ჩვენ ხაზს ვუსვამთ). ეკლესიის მამები როდესაც სამოთხეზე მსჯელობენ, აშკარად მიუთითებენ, რომ სამოთხე არ არის მხოლოდ სულიერი, გრძნობადობისგან აბსოლუტურად გაუცხოებული სინამდვილე, რომ სამოთხეც ორბუნებოვანია და ორბუნებოვანია იმიტომ, რომ სამოთხე შეიქმნა ადამიანის სამყოფელად, ხოლო ადამიანი თავისი საფუძვლით ორბუნებოვანია, ესაა სულიერი ხორციელი ბუნება, რომ ადამიანი მხოლოდ მიწიერ ცხოვრებაში (ე.ი. დაცემულ მდგომარეობაში) კი არ არის ხორციელი, არამედ ის ხორციელი იყო ცოდვით დაცემამდეც, ხორციელი იქნება მეორედ მოსვლის ჟამსაც, როდესაც სხეულით აღდგება ადამიანი. მაგრამ ხორციელება არ გახლავთ ყოველთვის ერთიდაიგივე. როგორც ადამი ცოდვით დაცემამდე იყო უხრწნელი, უკვდავი და ბიოლოგიურად ტკივილგანუცდელი სხეულის, ხორციელების მქონე, რომელსაც არც შიმშილის განცდა ჰქონდა, არც წყურვილის, არც შესაბამისად მატერიალური საკვები არ სჭირდებოდა მასაზრდოებლად და არც დაღლას გრძნობდა და სხვა, აი ამგვარი ხორციელების შესაბამისი იყო სამოთხის გრძნობადი მხარეც. სამოთხე, როგორც ადამიანის სამყოფელი, ადამიანის ორბუნებოვნების შესაბამისად ასევე ორბუნებოვანი იყო – გრძნობადი და სულიერი. ოღონდ სამოთხისეული გრძნობადი სახე არ უიგივდება დღევანდელი მიწიერი ცხოვრების გრძნობადობას, მცენარეულობის თვალსაზრისით, ანდა ცხოველური თვალსაზრისით, სადაც ასევე გრძნობადობაა. ესაა გრძნობადობის დაცემული და ხრწნადი გამოვლინება, ხოლო სამოთხისეული გრძნობადობა, შესაბამისად ადამიანის გრძნობადი ანუ ხორციელი ბუნებისა, იმ თავდაპირველ მყოფობაში ანუ ცოდვითდაცემამდელ, უცოდველ მყოფობაში, ყოველგვარი ხრწნადი გრძნობადობისგან შორს იყო, აღმატებული იყო ყოველივე ამაზე და ეს გრძნობადობა, გრძნობადი მხარე სამოთხისა იყო უკვდავების, უხრწნელებისა და ბიოლოგიურად დაუშლელობის თვისების მქონე, მარად ახალი, მარად სხივოსანი, მარად სურნელოვანი, ყოველგვარი წარმავლობის, ხრწნადობისა და ლპობის გარეშე. ამგვარია გრძნობადი მხარე სამოთხისა. ამიტომ ამ თვისების შესაბამისია სამოთხის ყველა ნაწილი, მათ შორის ცხოველური მდგომარეობაც, რომ ცხოველთათვის სახელის დარქმევაც ადამიანის მიერ თავისი სამფლობელოს მოხილვის ერთ-ერთი ნაწილი, თხრობაში შემავალი, რაც ღვთის წინამძღვრობით ხდება, გულისხმობს ადამიანისგან შეცნობას ყოველივე იმისას, რაც ღვთისგან შეიქმნა, რომ ადამიანი როგორც შემმეცნებელი და მოაზროვნე ქმნილება ღვთისა, მარადიულად ესწრაფვის ღვთის შემეცნებას, ღვთის შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი გახლავთ მისი შემეცნება ქმნილების მიღმა. რაც ღმერთმა შექმნა, რაც მისი გამოვლინებაა, რაც მისი ნამოქმედებია, რაც იმოქმედება ღვთისგან, აი ამის შემეცნებით თვით შემოქმედამდე ამაღლება. ამიტომაა, რომ ადამისთვის არაა მნიშვნელობას მოკლებული ღვთის ქმნილების შეცნობა, რამდენადაც ამის გავლითაც ის შემოქმედის შემეცნებამდე მაღლდება.

ამრიგად, ეს მრავალი თეოლოგიური საკითხის შემცველი მსჯელობაა, მაგრამ ჩვენ იმ დებულებას დავუბრუნდებით, რომ ადამიანი, როგორც სამოთხისეულ ყოფნაში – უკვდავი, უხრწნელი და ბიოლოგიურად ტკივილგანუცდელი არსება, ხრწნადი მატერიისგან მაღლა მყოფი, მატერიალური გარსისგან (მატერიალური გარსი ამ შემთხვევაში ყოველთვის ხრწნადობისა და შედგენილობის მნიშვნელობით ითქმის ჩვენს მიერ), დაშლადობისგან თავისუფალი, რა თქმა უნდა, სამეტყველო თვალსაზრისითაც ასევე უხრწნელ, უკვდავ მეტყველებას ფლობდა და ეს მეტყველება არის იგივე შინაგანი სიტყვა, იგივე შინაგანმდებარე ლოგოსი, იგივე აზროვნებითი  მეტყველება.



55–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=DN1aVxS454M&t=372s

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 OCTOBER 2017 17:54)