64

წინა საუბარში ჩვენ ვეხებოდით საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აირეკლება ენაში ადამიანის სულიერი მდგომარეობა განღმრთობილობის ჟამს. განვიხილეთ მოციქულთა განღმრთობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამბეჭდავი გამოხატულება – სულიწმინდის გარდამოსვლა მათზე, როდესაც ისინი ამეტყველდნენ სხვადასხვა სამეტყველო ენებზე.

 

 

შეჯამებული დასკვნის სახით ვიტყვით, რომ ეს ამეტყველება გულისხმობდა მათ მიერ საკუთარ თავში დასაბამიერი, ცოდვამდელი ბუნების აღდგინებას და თუკი ცოდვამდელი მდგომარეობა ადამიანის ბუნებისა იტევდა შინაგან სიტყვას და მისთვის ნიშანდობლივი იყო მხოლოდ შინაგანი მეტყველება, ყოველგვარი მატერიალური სიტყვის გარეშე, აი ეს შინაგანი სიტყვა კვლავ აღიდგინეს მოციქულებმა თავის თავში, კვლავ გაცხოველდა მათში და განახლდა დასაბამიერი უნარი საღვთო აზროვნებისა ანუ საღვთო მეტყველებისა. მაგრამ რადგანაც ისინი ჯერ კიდევ ხორცში იყვნენ და მხოლოდ მათგან წვდომა ამ უზენაესი სიკეთისა არ იყო საკმარისი, არამედ ეკლესიური ვალდებულებით ისინი მოვალენი იყვნენ სხვებისთვისაც მიეფინათ მათგან წვდომილი სიკეთე. ამ ვითარების გამო ამტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე, ყოფით ენებზე, რადგან მათი მსმენელნი და აგრეთვე სამომავლოდ მსმენელნი ანუ მთელი კაცობრიობა ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, დაცემულ მდგომარეობაში იყო, შინაგანი სიტყვა მათთვის განახლებული და გაცხოვველებული არ იყო და მათი სასმენელნიც მხოლოდ ხმოვან სიტყვას ანუ სლაპარაკო ენას იტევდა. ამიტომ მათთვის გასაგებ ენაზე, მატერიალურ სიტყვაში მოციქულებმა გამოთქვეს მათგანვე ღვთის მადლით, სულიწმინდის გარდამოსვლით მათშივე უკვე განახლებული და აღდგინებული თავდაპირველი სამოთხისეული საღვთო მეტყველება და ამ მეტყველებისგან წვდომილი თავადი ჭეშმარიტება.

მაგრამ ჩვენ ვეხებოდით საკითხს იმის შესახებ, რაც ხშირად პრობლემას ქმნის, რომ თუ მოციქულები უკვე დაუცემელ მდგომარეობამდე აღიდგენენ თავის თავში უბიწოებას, ხორციელებას რატომ არ შეეხება ეს, ხორციელად კვლავ დაცემული მდგომარეობის გამომხატველნი რატომ არიან, კვლავ რატომ ჰმოსიათ მათ მოკვდავი, ბიოლოგიურად ხრწნადი და ბილოგიურად ტკივილგანმცდელი სხეული? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წინა საუბარში განვიხილავდით გზას კაცობრიობისას ცოდვით დაცემიდან გამოხსნისკენ და ორიოდე სიტყვით იმასაც შევეხეთ, თუ გამომხსნელი რატომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად უფალი, რატომ განკაცდა უფალი. შეგახსენებთ, რომ გამომხსნელი საღვთო ვალდებულებითა და საღვთო სამართლიანობით აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი მხრივ ადამიანი, ადამისეული მემკვიდრე, რომელიც თავის თავში განახორციელებდა იმას, რომ ადამიანისგანვე ჩადენილი შეცოდება და დანაშაული თვით ადამიანისგანვე იქნებოდა გამოსყიდული ნებაყოფლობით, ანუ გამომსყიდველი აუცილებლად ბუნებით ადამიანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ის უნდა ყოფილიყო ამავე დროს ბუნებით უცდოველი, ცოდვის ბორკილებისგან აბსოლუტურად თავისუფალი, რომ მისი გამოხსნა მტკიცე ყოფილიყო. რამდენადაც ბუნებით უცოდველი მხოლოდ ღმერთია, ამიტომ ხდება ღვთის მიერ ადამიანური ბუნების მიღება, ადამიანური ბუნების გენეტიკურ ხაზში საკუთარი კაცობრივი ბუნებით ჩართვა ანუ ადამიანად გახდომა. კვლავ აღვნიშნავთ, რომ აქ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ იგი ადამიანად “იქცა”. ესაა უკიდურესად მცდარი ტერმინი, რადგან მსოფლიო კრებებზეც, ეკლესიის მამათაგანაც განჩინებულია, რომ განკაცება ღვთისა “არა ქცევადად, არამედ უქცეველად, რამეთუ რომელნი იტყოდეს ქცეულებასა სიტყვისა ღმრთისაისა, ამათ შეაჩვენებს წმიდაი კათოლიკე ეკლესიაი”. მიუხედავად ასეთი მკვეთრი განჩინებისა, როგორც აღვნიშნეთ, სამწუხაროდ მრავალგზის შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ ერთი შეხედვით ძალიან სერიოზულ მართლმადიდებლურ გამოცემებში ეს ცთომილება, რომ თითქოს განკაცებისას ძე ღმერთი ადამიანად, იესო ქრისტედ იქცა. ე.ი. ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ ძე ღმერთი განკაცებისას ადამიანი გახდა, რაც ნიშნავს, რომ მან ადამიანური ბუნება მიიღო. მაცხოვრის მიერ ადმიანური ბუნების მიღება გამომდინარეობდა იმ აუცილებლობისგან, რომ ადამიანი გამოხსნილიყო თავისივე გენეტიკური შთამომავლისგან, თავისივე ბუნების მქონესგან, მაგრამ ეს ადამიანური ბუნების მქონე აუცილებლად ბუნებით უცოდველი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ხდება, რომ ღმერთი პიროვნება, ბუნებით უცოდველი, ასევე უცოდველად იღებს ადამიანურ ბუნებას (და არა ადამიანურ პიროვნებას) და ადამიანური ბუნების მიღებით მაცხოვარი განაღმრთობს ადამიანურ ბუნებას და აღდგომისას ცოდვით დაცემულ კაცობრიობას, როგორც ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, კვლავ განუხვნის ბჭეებს, განუღებს კარს ცხონებისას, დასაბამიერ უცოდველობაში აღდგინებისას.

რამდენადაც ხსნა, გამოხსნა ამგვარად მოიაზრება და ამ გამოხსნის მოლოდინს ძველი აღთქმა შეიცავს, გამოხსნის აღსრულებას სწამებს და გვიქადაგებს ახალი აღთქმა. ხოლო ყველა ჩვენთაგანზე ეს გამოხსნა აღსრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ნათლისღების მადლით შევიმოსებით. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ნათლისღება მაცხოვრის განკაცების ღვაწლის აღსრულებაა ჩვენზე, ხოლო მაცხოვრის განკაცების ღვაწლი და ნაყოფი გახლდათ დასაბამიერი პირველცოდვის შემუსვრა, იმ ბორკილების გახსნა, რაც დასაბამიერმა პირველცოდვამ შეჰკრა, თუ ეს აღსრულდება ჩვენზე ნათლობის ჟამს და თუ ნათლობის ემბაზიდან აბსოლუტურად განწმენდილები ამოვდივართ, ყოველგვარი ცოდვის გარეშე, იქნება ეს პირადი ცოდვები, რაც ნათლობამდე ჩაგვიდენია, თუ იქნება ეს ის პირველცოდვა, რომელმაც დასცა ადამიანური ბუნება, რატომ არ ხდება, რომ ჩვენ ემბაზიდან უხრწნელი ბუნების, უხრწნელი ხორციელების, უკვდავი სხეულებრიობის მქონენი ამოვიდეთ? მართლაც, ეს კითხვა რომელიც საკმაოდ ხშირად იბადება და წარმოითქმის მორწმუნეთაგან, აუცილებლად პასუხ გასაცემია, რომ რადგან სწორედ პირველცოდვამ შესძინა ადამიანის სხეულებრიობას ხრწნადობა, მოკვდავობა, ბილოგიური დაშლადობა, განმამტკიცებელი ხრწნადი, მატერიალური საზრდოს საჭიროება და თუ ეს პირველცოდვა შეიმუსრება ჩვენში ნათლობის მადლით, ჩვენი სხეული კვლავ რატომ აღარ იმოსება უხრწნლებითა და უკვდავობით? როგორც აღვნიშნეთ ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება ზემოთქმულს მოციქულთა შესახებ, წმინდანთა შესახებ, მრავალგზის თქმულს მავანთაგან, რომ თუ მათ აღიდგინეს თავის თავში და განაცხოველეს ცოდვამდელი მდგომარეობა, სხეულებრივადაც რატომ აღარ ხდებიან დაუყოვნებლივ უხრწნელნი. მაგრამ განსაკუთრებით ეს მაინც ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით ითქმის. ნათლობამ გახსნა ჩვენში პირველცოდვის ბორკილი, ანუ ხრწნადობის, მოკვდავობის, სიკვდილის ბორკილი, მაგრამ მიუხედავად ამისა ნათლობის შემდეგ კვლავ მოკვდავ სხეულში ვმკვიდრობთ, რომელიც ასევე ბილოგიურ სიკვდილს ექვემდებარება.

ამ საკითხზე პასუხის გაცემა ენობრივ ფენომენსაც უკავშირდება, რადგან ნათლობის მადლით ადამიანს, რომელსაც დასაბამიერი მდგომარეობა განუახლდება უცოდველობისა, რა თქმა უნდა, ემბაზიდან ამოსვლისას განუახლდება შინაგანი სიტყვის, წმინდა აზროვნების უბიწოებაც. და თუ ეს ასეა, რატომ არ ნარჩუნდეება ის და რატომ ეცემა კვლავ ადამიანი აურაცხელ ცოდვებში. ამ საკითხზე პასუხი ამ კუთხით შეიძლება გაიცეს:

რამდენადაც ნათლობის საიდუმლო აუცილებლად ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე აღსრულდება, ხოლო კაცობრიობის გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, უნათლავია და არ არის ის მდგომარეობა, რაც სამოთხეში რაოდენობრიობის თვალსაზრისით იყო, რომ ორი ადამიანი მკვიდრობდა მხოლოდ, შესაბამისად ერთი ადამიანის დაუყოვნებლივ გაუხრწნელება და დასაბამიერი უცოდველობის, ხორციელი, სხეულებრივი გაუკვდავების კუთხითაც გამოხატვა გამოიწვევდა კაცობრიობის ბუნების შინაგან გახლეჩას, რომ ამ ყოფაშივე, ამ ცხოვრებაშივე ერთნი უხრწნელი ბუნებისანი იქნებოდნენ, მეორენი მოკვდავნი, ხრწნადი ბუნებისანი. და თუ ცხონება აუცილებლად, როგორც აღვნიშნეთ, ნებაყოფლობითი ნაბიჯის გადადგმა უნდა იყოს, ნებაყოფლობითი არჩევანი უნდა იყოს ყოველთვის, ასეთი ეფექტი საიდუმლოსი ფაქტობრივად ყველასთვის გააუქმებდა ნებელობის თვისებას, რადგან ხილვადი, ხორცშესხმული სახით როდესაც უხრწნელი პიროვნება მათ გვერდით იქნებოდა და ამ უხრწნელების მიმნიჭებელი საიდუმლო სახეზეა, აქ უკვე შეგნებული, გონიერი, საკუთრივ განღმრთობისკენ მსწრაფველი სურვილით ნაკარნახევი ნაბიჯის გადადგმა `ათლობისკენ არ მოხდებოდა, არამედ მოხდებოდა თვით ამ შედეგისკენ სწრაფვა, ანუ ნათლობა აღქმული იქნებოდა როგორც მაგია, როგორც მაგიური ქმედების გამოხატულება.

მაგიას, განსხვავებით საეკლესიო საიდუმლოსგან, არ უკავშირდება საეკლესიო საიდუმლოს უარსებითესი თვისება, ეს გახლავთ ზნეობრიობა, სათნოებითი განწმენდილობა, სულიერი სიმაღლე. მაგიური ქმედება გახლავთ ისეთი ქმედება, რომელიც მოგვების ცრუ მოძღვრების კვალობაზე დაუყოვნებლივ, მიუხედავად იმ პიროვნების ნებისა, რომელზეც მაგია სრულდება, გარკვეული ქმედება აღესრულება. მაშინ როცა საეკლესიო საიდუმლო ზნეობრივ, სულიერ, სათნოებით საფუძვლებს ეყრდნობა და განსხვავება საეკლესიო საიდუმლოს ქმედითობისა მაგიური ქმედითობისგან სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მაგიური მოქმედება მექანიკურია, ხოლო ეკლესიური წმინდა საიუდმლოთა მოქმედება ცხოველმყოფელია. ესაა პრინციპული, ზღვარგადაულახავი, მარადგამიჯნული განსხვავება ეკლესიურ წმინდა ქმედებასა და ნებისმიერ მაგიურ ქმედებას შორის.

რადგან ჩვენ ამ საკითხს მივადექით, არ შეიძლება ორიოდე სიტყვით დასკვნის სახით მაინც არ ვთქვათ ეკლესიის მამათა სწავლებით რა განსხვავებაა ეკლესიურ სასწაულსა და ვთქვათ მაგიურ სასწაულს შორის. მართლაც, დღესაც ვხედავთ ჩვენ და ეს ადრეც იყო, რომ ერთი მხრივ გარკვეული, გონებისთვის ძნელად ასახსნელი, მიუწვდომელი სასწაულებრივი ქმედებანი აღსრულებულა ჯადოქრებისგან, მოგვებისგან, გრძნეულებისგან (რომელთაც ძველ ქართულად მსახვრალნი ეწოდებათ) და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეკლესია მარადის სწამებს და ღაღადებს აურაცხაელ სასწაულს, რაც წმინდანთაგან ქმნილა. მიუხედავად ზოგჯერ გარეგნული იგივეობისა, რომ ერთსა და იმავე სასწაულს აღასრულებს, ვთქვათ, მოგვიც და წმინდანიც, განსხვავება მათ შორის გახლავთ ბუნებითი, არსებითი. ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთიური ქმედება ყოველთვის არის ბუნებითი. ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი ლაპარაკი, ნებისმიერი მსჯელობა შეიძლება იყოს ორგვარი, ერთი – პირობითი, მეორე – ბუნებითი. პირობითი არის იმგვარი მოქმედება, იმგვარი მსჯელობა, სადაც არც დებულება და არც ამ დებულების მტკიცებულებანი პირდაპირი მნიშვნელობით არ მოიხმობა, მხოლოდ სახეობრივი გამონათქვამია მოხმობილი, ანდა იმგვარი ქმედება გვაქვს ჩვენ სახეზე, რომელიც გარეგნულად ჩანს, მაგრამ ბუნებითად სხვა არის, გარეგნული და ბუნებითი ასპექტები რომ ერთიმეორეს არ თანხვდება. ესაა პირობითობა, როგორც მაგალითად არაერთგზის გვისაუბრია, რომ პირობითი მეტყველებით ღმერთმა დასაჯა ადამიანი და სამოთხიდან გამოაძევა, მაგრამ ბუნებითი საღვთისმეტყველო განმარტებით ადამიანმა თვით დაისაჯა თავისი თავი ცოდვის ჩადენით და თვითონ გაუცხოვდა ღვთისგან. ხოლო ღმერთი, რომელიც ყოვლადგულმოწყალეა, პირდაპირი მნიშვნელობით არც არავი სჯის, არც არავის ღუპავს და არც არავის წარწყმედს. თუმცა პირობითად ჩვენ ამგვარი გამონათქვამები ძალიან ხშირად შეიძლება შეგვხვდეს. თუ მიჯნა არ დავდეთ რა მეთოდით ვსაუბრობთ, პირობითად ვმეტყველებთ თუ ბუნებითი, პირდაპირი აზრით, მრავალი აღრევა შეიძლება შემოვიდეს ჩვენს გონებაში და აზროვნებაში. ეს საკითხი რომ კონკრეტულად ჩვენთვის ამჯერად საყურადღებიო პრობლემას დავუკავშიროთ, თუ რა გასხნავებაა მაგიურ სასწაულსა და ეკლესიურ სასწაულს შორის, ჯერ გავიხსენოთ ის, რომ ნებისმიერი საღვთო ქმედება არის ბუნებითი, შესაბამისად ეკლესიური სასწაული ყოველთვის ბუნებითია. ბუნებითობა სასწაულისა ნიშნავს იმას, რომ ის სასწაული ყველანაირი გაგებით ნამდვილად ხდება. ვთქვათ ასეთი სასწაული, რომ დავუშვათ წმინდანმა ტოტი ჩარგო მიწაში და ეს ტოტი მაშინვე აყვავილდა, გაიზარდა და ყვავილი გამოიღო. წმინდანისგან აღსრულებული ეს ქმედება ეკლესიური სწავლებით ბუნებითია იმ გაგებით, რომ ეს რტო მართლაც ინერგება სასწაულებრივად მიწაში, მართლაც იძენს უნარს იმისას, რომ შეითვისოს საზრდო მიწისგან და მართლაც, ბუნებითად, ნამდვილი მნიშვნელობით, ყველანაირი გაგებით იმგვარივე ყვავილს გამოიღებს, როგორი ყვავილიც შეიძლება მეორე ხეს ქონდეს. ბიოლოგიურად რომ ანალიზი ჩაუტარდეს, ქიმიური ანალიზი რომ ჩაუტარდეს ამ მცენარეს, ის იმგვარივე მცენარეა, როგორიც ნებისმიერი სხვა. მაგალითისთვის შეიძლებოდა მოგვეხმო აგრეთვე მაცხოვრისგან გამრავლებული პური, ანდა თევზი. ყველა პური, რომელიც განამრავლა მან იმგვარივე თვისებისაა, როგორც ნებისმიერი სხვა პური. ე.ი. სასწაულებრივად რაიმე ქმნილი, თუ ნივთირებაზე გვაქვს აქცენტი, ზედმიწევნით იმგვარივე ნივთი ხდება ბუნებითად, რაც არის ჩვეულებრივ ის ნივთი სხვა შემთხვევაში. ამას ეწოდება ბუნებითი სასწაული. ხოლო პირობითია ის სასწაული, რომელიც ჩვენ გვეჩვენება რომ ამგვარი გახდა, მაგრამ ბუნებითად ის ასეთი არ გამხდარა. თუ ეკლესიური სწავლებით მაგიურობა, მაგიური ხელოვნება უკეთურ ძალებს ექვემდებარება, ხოლო ეკლესიური ქმედება ღვთიურობას, ღმრთეებას ექვემდებარება, შესაბამისად რამდენადაც ბუნებათა შემოქმედი მხოლოდ უფალია, უკეთური ძალები კი თვით არიან ქმნილებანი და მათ არა აქვთ უფლებამოსილება ქმნილებებზე ბუნებითი ბატონობისა (ისინი შეიძლება გარკვეულ ქმნილებებზე ბატონობდნენ, ზოგიერთი ადამიანი თავის ჭკუაზე გადაიყვანონ, შეპყრობილი ყავდეთ და სხვა), ბუნებაზე უკეთური ძალა ვერასოდეს ვერ იბატონებს, დავუშვათ ადამიანურ ბუნებაზე, იმ გაგებით, რომ ეს ბუნება გარდაქმნას სხვა ბუნებად, ანდა ცხოველურ ბუნებაზე, მცენარეულ ბუნებაზე, ნივთიერების ბუნებაზე, ვერცერთ ბუნებას ისინი მეორე ბუნებად პირდაპირი მნიშვნელობით ვერასოდეს ვერ გარდაქმნიან და მითუმეტეს არარსებულ ბუნებას არაფრობისგან ვერასოდეს ვერ გააჩენენ. რამდენადაც ისინი ბუნებათა ცვალებადობაზე და ბუნების რაობაზე მეუფენი არ არიან, შესაბამისად მაგიური ხელოვნებით აღსრულებული სასწაული ყოველთვის პირობითია, არავითარი ბუნებითი ცვლილება იქ არ ხდება და რაც არ უნდა მოგვეჩვენოს ჩვენ, რომ რაღაც გარდაქმნა განხორციელდა, დავუშვად ადამიანი რაღაც ცხოველად გარდაიქმნა, ესაა მხოლოდ ზმანებითი, არავითარი ბუნებითი ცვლილება იქ არ განხორციელებულა.

ნიმუშისათვის მოვიხმოთ ცნობილი მაგალითი ძველი აღთქმიდან, როდესაც მოსე წინასწარმეტყველმა კვერთხი გველად აქცია, ხოლო შემდეგ იგივე კვერთხი (გველად ქცეული) კვლავ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნა. როგორც ცნობილია მოსესგან აღსრულებულ სასწაულებს მოგვებიც აღასრულებდნენ. თუმცა როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს, მართალია მოგვებმაც გადააქციეს კვერთხები გველებად და მოსე წინასწარმეტყველმაც გადააქცია თავისი კვერთხი გველად, მაგრამ სწორედ ამ დროს დადასტურდა, რომ მოსესგან ქმნილი სასწაული ბუნებითი იყო, რომ მისი კვერთხი იმ მომენტში ნამდვილად გველად გადაიქცა, ანუ ბუნების შეცვლა მოხდა, რადგან ამას თავად მოსე კი არ აღასრულებდა, არამედ მოსეს გზით უფალი, რომელიც მართლაც არის ბუნებათა მეუფე და ნებისმიერი ბუნების გარდაქმნა, შეცვლა და დაბადება ძალუძს. შესაბამისად, რამდენადაც ამის უნარს მოკლებულნი არიან უკეთური ძალები, უკეთური ძალის მსახურნი, მოგვები, მართალია ეს უკანასკნელნი გარდაქმნას თითქოს ახორციელებენ კვერთხებისას გველებად, მაგრამ ეს გველები არ გახლავან ბუნებითი გველები, ისინი ასე წარმოჩნდებიან. ამის დადასტურებად წმ. გრიგოლ ნოსელს მიაჩნია ძველი აღთქმის ის მუხლი, სადაც უწყებულია, რომ მოსეს გველმა მოგვებისგან გველებად ქცეული ჯოხები შემუსრა და შეჭამა. შეჭმა, განადგურება და მოსპობა, აბსოლუტურად გაუჩინარება რაიმესი იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის რაიმე ზმანებითია, მოჩვენებითია და სწორედ ეს მოჩვენება იფანტება. ისევე როგორც ყველა სხვა სასწაული, სადაც სტიქიონების შეცვლა ხდება, გრიგოლ ნოსელის კომენტარით, ყოველთვის ბუნებით მნიშვნელობას იძენს, ყოველთვის ბუნებითად ხდება შეცვლა. მსგავსადვე, როდესაც მაცხოვარმა წყალი ღვინოდ გარდაქმნა, ეს ღვინო იყო ნამდვილი ღვინო, ბუნებითი მნიშვნელობით და ესაა ბუნებითი სასწაული.

აი ეს განსხვავებაა მაგიურ ქმედებასა და ეკლესიურ ქმედებას შორის. შესაბამისად, როდესაც ნათლობის საიდუმლოზე ვსაუბრობთ, გადამწყვეტ როლს, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით მხარეს ვაკისრებთ, ეკლესიური სწავლების კვალობაზე, რომ ნებელობაა გადამწყვეტი, თუნდაც მთლად ჩვილი ინათლებოდეს, რომელსაც არავითარი გამოხატულება საკუთარი შეგნებისა ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ არა აქვს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც მის (ჩვილის) შემთხვევაშიც კი მექანიკური მოქმედება ხდება ნათლობის საიუდმლოსი. ჩვენ აუცილებლად დებულებად, დოგმატად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ყოველი საეკლესიო ქმედება, ყოველი საეკლესიო მოვლენა აუცილებლად პიროვნულ ნებას ეყრდნობა, რადგან ეკლესიური მოძღვრება მთლიანად, სრულად პიროვნულია, ნებელობითია და არსად მექანიკური, ნების გაუთვალისწინებელი რამ მოვლენა ღვთისგან არ მომდინარეობს. შესაბამისად ამ სულიერ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უზენესი - ნათლობის საიდუმლო შეუძლებელია, რომ პიროვნული ნების გარეშე აღესრულებოდეს. პიროვნული ნებით რომ ნათლობა უნდა აღსრულდეს ყოველთვის, რომ ადამიანმა უნდა ირჩიოს ნათლობა და მაშინ არის ის მიმღები ამისა, ამ აზრსაც ზოგჯერ გაუკუღმართება მოჰყვება ხოლმე იმ კუთხით, რომ ნათლობას მიიჩნევენ მხოლოდ ზრდასრული ადამიანისთვის შესაძლებლად, რომელსაც შეგნება აქვს და არჩევანის გამოხატულება. თითქოს ამაზე ხაზგასმა, რომ ნებელობითია ყოველგვარი საეკლესიო ქმედება და პირველ რიგში ნათლობა, იქეთკენ მიგვმართავს, იმისკენ გვიბიძგებს, რომ მხოლოდ ზრდასრული შეგნების მქონე ადამიანები მოვნათლოთ, რომლებიც შეგნებულად აირჩევენ ნათლობას. რამდენადაც ეკლესიურ ტრადიციაში უძველესი დროიდანვე ჩვილთა ნათლობა დაკანონებულია და საპირისპირო აზრიც მოძღვართათვის (რომ თუ ნებაყოფლობითია ნათლობა მაშინ მხოლოდ შეგნებულობის მქონე ადამიანი უნდა ინათლებოდეს) ცნობილია, ჩვილთა ნათლობის ვითომცდა უარმყოფელი შეხედულებას პასუხი ამგვარად გაეცემა, რომ ჩვილების ნებელობას იტვირთებენ მისი მშობლები, ანდა საერო გაგებით ნათლია (სულიერი გაგებით ნათლია ყოველთვის მღვდელია), მიმრქმელი იტვირთებს ამ ნებელობას და ჩვილის მაგიერ ის გამოხატავს მას. თუმცა ამაზე შემოპასუხებაც რთული არ იქნებოდა მეორე მხრიდან, რომ სხვა პიროვნებამ მეორე პიროვნების ნება როგორ უნდა გამოხატოს, ეს ხომ უმალ მხოლოდ ამ პიროვნების გამოხატვაა და არა ჩვილის ნებისა. რა თქმა უნდა, ეს მხარეც, რომ ჩვილის ნებას ამ შემთხვევაში მშობლები გამოხატავენ, ანდა მიმრქმელი გამოხატავს, და თუნდაც არცერთი მათგანი არ იყოს, თვითონ მღვდელი გამოხატავს მის ნებას ღვთის წინაშე, ჭეშმარიტია, მაგრამ ამას ახსნა სჭირდება. არა იმ გაგებით, როგორც მავანმა შეიძლება თქვას, რომ მშობელმა თუ გამოხატა თანხმობა ჩვილის ნათლობა შეიძლება. რატომ ვაკისრებთ ჩვენ მშობელს სხვა პიროვნების, ამ შემთხვევაში ჩვილის, ნების გამოხატვას? შეუძლია კი მას ჩაწვდეს ჩვილის ნებას? იქნებ ის ჩვილი არაა ნათლობის მოსურნე და მითუმეტეს ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვილს საერთოდ არა აქვს ნება, ნების შეგნება და ნების მარცვალი, მაშ როგორღა შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ მშობლების ნებაყოფლობითი თანხმობა ნათლობაზე იმ ჩვილის ნებაყოფლობითი თანხმობის მაგივრობას წევს.

ამის განმარტება გახლავთ აუცილებელი და ჩვენ შეჯამებულად შემდეგს მოგახსენებთ: რა თქმა უნდა, ჭეშმარიტია ის, რომ როდესაც ნათლობის ჟამს ჩვილი ინათლება, მღვდლის ცნობილ შეკითხვებზე, ჯერ სატანის განგდებასთან და შემდეგ ქრისტესადმი შედგომასთან დაკავშირებით, ან მშობელი უპასუხებს, ან მიმრქმელი, რომელიც ჩვილს ნათლავს (ამ შემთხვევაში მშობლის მხოლოდ ნათლობისადმი კეთილგანწყობა შეირაცხება ჩვილის ნების გამოხატულებად, მაგრამ საკუთრივ მსახურებაში, რა თქმა უნდა, მიმრქმელი მონაწილეობს). და როდესაც მიმრქმელი ჩვილის მაგიერ უპასუხებს სამღვდელო შეკითხვებს და მიიჩნევა, რომ ეს ჩვილის ნების გამოხატულებაა, ეს ჭეშმარიტად ასეა, ჩვენ მართლაც ასე უნდა განვმარტავდეთ, რომ მიმრქმელი გამოხატავს ამ შემთხვევაში ჩვილის ნებას. მაგრამ როგორ? აი ეს საკითხიც თუ დაისმის, ამის განმარტების აუცილებლობაც თუ დაისმის, ჩვენ მივდივართ ეკლესიური მოძღვრების მიერ სავსებით ჩამოყალიბებულ ერთ-ერთ ურყევ დებულებამდე იმასთან დაკავშირებით, რომ უეჭველი სიმართლეა როდესაც მიმრქმელი (ანდა მშობელი) ჩვილის მაგიერ თანხმობას გამოხატავს ჩვილის ნათლობის გამო და შემდგომ, როდესაც ჩვილის მაგიერ მიმრქმელი უპასუხებს სამღვდელო შეკითხვებს, ეს იგივე ჩვილის პასუხებია, ეს იგივე ჩვილის არჩევანია. იმიტომ, რომ ეკლესიური სწავლებით ჩვილი, ახალშობილი, გარკვეულ ასაკამდე აბსოლუტურად უბიწოა პირადი ცოდვების მხრივ. მას მხოლოდ მემკვიდრეობით თან დაჰყვება პირველქმნილი ცოდვა და ნათლობაც სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მასზე, რომ ის პირველქმნილი ცოდვა მისგანაც აღიხოცოს. არავითარი პირადი ცოდვა ჩვილს, ეკლესიური სწავლებით, არა აქვს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი სავსებით ხაზგასმით ამბობს, ისინი უმანკონი და უბიწონი არიან პიროვნულად. ამ მომენტს ხაზს ვუსვამთ იმის გამო, რომ უმანკოება და უბიწოება თავისთავად გულისხმობს ჩვილის განწყობას ღვთიურობისკენ, ცხონებისკენ და ამ ცხონების გზისკენ – ნათლობისკენ. საქმე ის გახლავთ, რომ არჩევანის მოთხოვნილება სწორედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც შეგნება უკვე ცოდვისგან გაუკუღმართებულია, როდესაც შეგნება ცოდვის წინაშე დგას. რაჟამს უფალმა სამოთხე შექმნა და შემდგომ მასში ადამი და ევა დაამკვიდრა, მას, რა თქმა უნდა, არ უკითხავს მათთვის უნდოდათ თუ არა სამოთხეში ცხოვრება. იმიტომ, რომ უმანკო და უბიწო ბუნების მქონე ქმნილება ღვთისა - ადამიანი, როგორც ხატება ღვთისა, რა თქმა უნდა ბუნებითად ღვთის მოწადინეა. ვისდამი ხატებაცა და მსგავსებაც აქვთ მათ იმას მიელტვიან. უხეში შედარება რომ ავიღოთ, როგორც გენეტიკური კავშირი ამქვეყნად გულისხმობს გარდუვალ სწრაფვას შობილისას მშობლისადმი და პირუკუც, რადგან ძლიერი კავშირია, ამგვარადვე ხატად და მსგავსად ღვთისა შექმნილი ადამიანი ბუნებითვე შეიცავს დაუოკებელ ლტოლვას და სწრაფვას პირველხატისადმი, რომლის ხატადაც ის არის დასახული. უმანკოება და უბიწოება პიროვნებისა სწორედ იმის საწინდარია, რომ ხელის შემშლელი ამ მსწრაფველობაში არაფერია. ადამიანის მთელი არჩევანი, მთელი ნებელობა, მთელი წადიერება თავისი შემოქმედისკენ, თავისი კეთილისმყოფელისკენ სწრაფვაა. მისი სულიერი თვალი გახსნილია, მისი წმინდა გონება შეურყვნელია და არჩევანიც ერთადერთია. ვიდრე პიროვნება სიწმინდეშია (სიწმინდის შემდგომ, რა თქმა უნდა, შეიძლება მან უკეთურება აირჩიოს), ის ამ სიწმინდეს გამოაბრწყინებს და ეს სიწმინდე აქვს არა მხოლოდ ხატობრივად, არამედ მსგავსებითაც ანუ სათნოებითი კუთხითაც, რომ ის ზნეობის სიმაღლეზეა. თუ ზნეობის სიმაღლეზე მყოფი, ზნეობრივად განწმენდილი თავმდაბალობით, სიწმინდით, ქველმოქმედებით, სიმართლით შემოსილი პიროვნება შემძლებელია შეგნებულად უკეთურების არჩევისა, მაშ სიკეთე არ ყოფილა ყოვლადი და ერთადერთი საწყისი ყოველივესი. როგორც უზენაესი და ერთადერთი საწყისი ყოველივესი სიკეთე, მარად გამომასხივებელი მზისებრ შუქისა, თავისკენ იზიდავს მთელ სამყაროს, ადამიანიც ზნეობის სიმაღლეზე მყოფი ისწრაფვის იმ სულიერი საწყისისკენ, რომლისგანაც შეიქმნა იგი. ამრიგად, სადაც არ არის გაუკუღმართებული სულიერი ბუნება, სადაც არ არის გაუკუღმართებული პირადი, სულიერი მგრძნობელობითი მხარე, იქ არჩევანი ყოველთვის ერთადერთია და ამ არჩევანის ყველაზე უფრო ცხოველი გამოვლინება გახლავთ ეს მდგომარეობა. უბიწოებასა და უმანკოებაში სხვაგვარი არჩევანი არ არსებობს. თვით ის უკეთური ძალა, რომელიც ანგელოზთაგან დაეცა, დაეცა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის გონებრივად, თავისი ზნეობრივი, არჩევანისმიერი სიწმინდით გაუკუღმართდა. მან დაკარგა ეს სიწმინდე და როდესაც ეს სიწმინდე მან დაკარგა ამის შემდეგ ხდება მისი დაცემა. ხოლო დაკარგა კი იმიტომ, რომ საკუთარ თავს განუკუთვნა ის ღირსებანი, რაც სინამდვილეში სხვისგან ჰქონდა ნაბოძები და ამ სხვისადმი ანუ შემქომედისადმი მადლიერება მასში უმადურობად გარდაიქმნა. ეს ვრცელი საკითხია, მაგრამ ჩვენ აღვნიშნავთ, რომ დაცემა ხდება ყოველთვის მას შემდეგ, როდესაც გაუკუღმართდება წმინდა აზროვნება, სულიერი ხედვა, სულიერი მგრძნობელობა და როდესაც პიროვნების უბიწოება და უმანკოება, როგორც ხატისებრი ასევე მსგავსებისებრი (ხატისებრში იგულისხმება თავისუფალი ნება და აზროვნება, ხოლო მსგავსებაში სათნოებითი თვისებები), როდესაც ორივე მათგანი გაუკუღმართდება, მაშინ ხდება დაცემულობა, მაშინ ხდება ადამიანის შეგნების დაყენება ორი არჩევანის პირისპირ, ინებოს ეს დაცემულობა თუ საღვთო წიაღისკენ წარემატოს. თორემ სანამ დაცემა მოხდებოდეს და დაცემამდეც სანამ გაუკუღმართდებოდეს, მანამ ეს არჩევანი სავსებით ცალსახაა, ის თავისი შემოქმედისკენ მსწრაფველია. რამდენადაც ჩვილების თავისუფალი ნებისა და მოაზროვნეობის (თავისუფალი ნებაც და აზროვნებაც მათ ბუნებითად ისევე აქვთ, როგორც ყველა ჩვენთაგანს. შეიძლება ეს განვითარებული არ იყოს, გამოჩინებული არ იყოს, მაგრამ თვისება ამისა მათაც, რა თქმა უნდა, აქვთ) თვისებანი არაფრით არ არის შერყვნილი, მათი შეგნება არ არის დამძიმებული ცოდვილიანობითა და ამა ქვეყნის საცთურით, შესაბამისად მათი არჩევანიც მხოლოდ ერთია, ეს არის ღვთიურობა, ცხონება, გადარჩენა. ისინი გადარჩენისკენ ისწრაფვიან, რადგან გამრუდებული არ არის მათი სულიერი ხედვა, ხოლო სადაც სულიერი ხედვა გამრუდებული არ არის, ასსეტ ხედვაში, როგორც სარკეში, მხოლოდ მზე ნათობს. როდესაც ის შეირყვნება გარკვეული ჭუჭყით, შემდგომ აღარ ირეკლავს ის მზის სხივებს, მაგრამ ვიდრე ამ მზის ამრეკლავია, რა თქმა უნდა, მზეს გამოასხივებს და მზისკენ ისწრაფვის. ამრიგად ჩვილთა და ადამიანის ამ ყველაზე უფრო ახალგაზრედული ნაწილის ნება ყოველთვის ღვთისკენაა და იქ არ არსებობს მერყეობა. შემდგომში ეს მერყეობა იმიტომ იჩენს თავს, რომ ადამიანს ცოდვით დაცემის და მანამდელი წმინდა აზროვნებისა და გულის შერყვნის გამო უჭირს გარკვევა სად არის სიმართლე, სად არის სიწმინდე, სად არის ცხონება. და ზოგჯერ ცხონების გზად აირჩევს იმას, რაც სინამდვილეში წარწყმედაა. მაგრამ თუ დაბნელებული არ არის მისი სულიერი ხედვა, მზერა ყოველთვიოს ღვთისკენ, როგორც მზისკენ არის მიპყრობილი. ამრიგად, სწორედ ეს არის საფუძველი, საძირკველი და გამართლება იმისა, რომ ნათლობის ჟამს ჩვენ აბსოლუტურად უფლებამოსილნი ვართ ჩვილის მაგიერ, არა მხოლოდ ერთმა მიმრქმელმა, არამედ მთელმა კრებულმაც კი მიუგოს სამღვდელო პირს, როდესაც ის სხვამს შეკითხვას: “შეუდგები ქრისტესა”? - “შევუდგები ქრისტესა”, რადგან უეჭველად იმ ჩვილის ნების გამომხატველია ეს და სხვა ნება ჩვილში არ არსებობს.

აი ამგვარად აიხსნება ჩვილთა ნათლობის გარდუვალობის საიუდმლო, რომ ჩვილთა ნების გამოხატულებაა ჭეშმარიტად მშობელი რომ დათანხმდება მის ნათლობას, მიმრქმელი რომ პასუხს გასცემს სამღვდელო შეკითხვებს, ანდა თავად მღვდელი, ღვთის წინაშე წარმდგარი, როდესაც ჩვილს ნათლავს. და ასეთ შემთხვევებში, როდესაც ვამბობთ, რომ პირველცოდვა უქმდება ადამიანებისგან, რატომღა ხდება კვლავ, ისმის შეკითხვა, რომ ისინი კვლავ ხორცში რჩებიან? ჩვენ ერთი მხარე აღვნიშნეთ, რომ ბუნებითი აზრით ეს გამოიწვევდა კაცობრიობის ერთმთლიანობის დახლეჩას. კაცობრიობა ერთი ბუნებით იყო სამოთხეში, ერთიდაიგივე იყო ეს ბუნება. შემდეგ დაცემულობაში ეს ბუნება ასევე დაცემულია მთლიანობაში და ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე ამ ბუნებაში, ამ მიწიერ ყოფაშიც, განსხვავებულობის შემოსვლა კაცობრიობის შინაგანი დარღვევის ტოლფასია, რომ ნაწილი სხვა ქმნილება გამოჩნდება და ნაწილი სხვა. მეორე მხრივ, ამგვარად გაუხრწნელებულ და გაუკვდავებულ ადამიანზე ვთქვათ, რომ ნათლობის საიდუმლო მყისვე მის ხორციელებაზეც გამოვლენილიყო, რამდენადაც შეიმუსრა პირველცდვა, შესაბამისად მის სხეულს რომ მისცემოდა მყისვე უხრწნელება და უკვდავობა, ეს შეუსაბამო იქნებოდა ამ მიწიერ ყოფასთან, რამდენადაც ყოველგვარ სულიერ და ხორციელ სინამდვილეს თავისი გარემო აქვს. ადამიანი, ვიდრე ის ცოდვით დაეცემოდა, სამოთხისეულ გარემოში მკვიდრობდა. ცოდვით დაცემის შემდეგ მას, როგორც იტყვიან აღარ დაედგომებოდა სამოთხეში, მისთვის შეუსაბამო იყო სამოთხისეული ყოფა და შესაბამისად ცოდვის შესაბამისი გარემოც შეექმნა საცხოვრებლად. ამიტომ ადამიანი გაუხრწნელებული და გაუკვდავებული ამ მიწიერ ყოფაში ვეღარ შენარჩუნდებოდა, ის მისი სამკვიდრებელი არანაირად აღარ იქნებოდა, ის უნდა დამკვიდრებულიყო იმ ადგილას, რაც უხრწნელებასა და უკვდავებას გულისხმობს, ანუ დაუყოვნებლივ ცათა სასუფეველში უნდა ამაღლებულიყო. მაგრამ ეს აუქმებდა იმ თვისებას, რაც ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანი, რომელიც სიწმინდეს ეზიარება აუცილებლად სხვასაც უნდა გაუზიაროს იგი, სხვაც უნდა აზიაროს ამ სიწმინდესთან.

ჩვენ დავიწყეთ ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანით და მივედით ყველაზე არსებითთან. ყველაზე არსებითი გახლავთ ის, რომ მაცხოვრისგან დაწესებული ნათლობის საიდუმლო, როგორც მისი ღვაწლის აღსრულება ადამიანზე, რა თქმა უნდა, თავისი შესრულების წესით გაცილებით ადვილია, ვიდრე საკუთრივ მაცხოვრის ღვაწლი. კარგად არის ცნობილი ეკლესიის მამათა სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ მაცხოვარმა, რომელმაც უმძიმესი ღვაწლი იტვირთა, რომ ის, როგორც კაცი ჭეშმარიტად მოკვდა, ჭეშმარიტად ჯვარს ეცვა, ჭეშმარიტად დაეფლო და შემდეგ ჭეშმარიტად აღდგა, აი ეს მძიმე მოვლენები: ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, ამის აღსრულებაა ადამიანზე ნათლობის პირველი ნაწილი, ემბაზში ჩასვლა, ანდა მასზე წყლის დასხმა თავზე, ეს უნდა განვლოს ყველა მორწმუნემ, ამით უნდა სწამოს მან ქრისტეს ჭეშმარიტება, რომ მაცხოვართან ერთად თანააღდგეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს: “მასთან ერთად თანაჯვარვეცმით და თანადავეფლვით, რომ მასთან ერთად აღვდგეთ”. ესაა ნათლობის საიდუმლო. მაგრამ მაცხოვარმა, როგორც გულმოწყალემ არ ისათნოვა, რომ ყვფელა ჩვენთაგანს პირდაპირი მნიშვნელობით იგივე გზა განგვევლო. თუმცა მრავალნი, ვინც თვითონ იყვნენ მოწადინენი, ასეთივე აღმატებული და ახოვანი გზა განვლეს მარტვილობისა, ჭეშმარიტად მოკვდნენ პირდაპირი გაგებით, იმარტვილეს ქრისტესთვის და სულიერად მასთან ერთად შეირაცხნენ. მაგრამ ზოგადი წესით, ჩვეულებრივი წესით ნათლობის მიმღებ მორწმუნეებზე უფალმა არ ისათნოვა ამგვარი სიმძიმის აღსრულება, რადგან ბევრი ვერ იქნებოდა ასეთი ღვაწლის დამტევი და შესაბამისად ნათლობის მიღებას განუდგებოდა. ამიტომ უფლის გულმოწყალებით იმავე სიძლიერის, იმავე მნიშვნელობის ღვაწლი გაცილებით ადვილად აღსრულდება ყველა ჩვენთაგანზე მაშინ, როდესაც მიწის ნაცვლად წყალი დაგვესხმის თავზე, დასამარების ნაცვლად წმინდა ემბაზში ჩავდივართ, რაც სრულიად ადვილია და რაც სიწმინდის და სიხარულის მომნიჭებელია ადამიანისთვის და არანაირად გლოვა ან ხორციელი ტკივილი ამ ყოველივეს, რა თქმა უნდა, არ ახლავს. ეს ყოველივე საკუთრივ მაცხოვარმა იტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ ნათლობა ზედმიწევნით იმავე შინაარსისაა, რაც უფლისმიერი ღვაწლია, ე.ი. შინაარსი ერთიდაიგივეა, საკუთრივ აღსრულების წესია ამ შემთხვევაში სრულიად გაადვილებული, რომ ცხონება ყველასთვის საწვდომი იყოს. მაგრამ ეს გაადვილებულობა ჩვენ არ უნდა გვიკარნახებდეს (აქ მივდივართ მთავარ სათქმელთან) და არ უნდა გვიბიძგებდეს იქეთკენ, რომ ეს დიდი სიწმინდე ადვილად მოსაპოვებლად შევრაცხოთ. უფალი ადვილად გვიბოძებს ყოველივე ამას, მაგრამ ჩვენც უნდა დავადასტუროთ, რომ ღირსნი ვართ ამ საბოძვარისა. ნათლობა არის უდიდესი საბოძვარი კაცობრიობისათვის, მაგრამ როგორც ვხედავთ ნათლობის საიდუმლო, რომელიც ყველაზე დიდ სიკეთეს გვანიჭებს, ყოველგვარ ცოდვიალიანობას განგვაშორებს და სამოთხისეული ნეტარებისკენ კვლავ უკან მიგვაქცევს, მოგვეწოდება სრულიად ადვილად, მაგრამ ჩვენ რომ დავადასტუროთ ნამდვილად ღირსნი ვართ თუ არა ყოველივე ამისა, მიღებული საგანძურის საკუთარ გულში დაუნჯებით და შემდგომი ღწვით ვწამოთ უნდა ღვთისგან ჩვენდამი ბოძებული  სიკეთისადმი ჩვენი კეთილგანწყობა, რომ ჩვენზე აღსრულებული ნათლობა ჩვენთვის ჭეშმარიტად წარმოჩნდეს ცხონების გზად, რომ ჩვენ ამის ღირსნი ვყოფილვართ. ნათლობა ამ შემთხვევაში ჩვენს წინაშე წარმოჩნდება, როგორც უკვე მიღებული, მაგრამ მთელი ჩვენი ცხოვრებით დასადასტურებელი კვლავ სიწმინდე, დასადასტურებელი არა ნათლობის ჭეშმარიტებისა (ნათლობა ჭეშმარიტად აღსრულდა ჩვენზე), არამედ ჩვენი ჭეშმარიტებისა და ჩვენი ღირსეულობისა, რომ ნათლობის ჭეშმარიტებისა და ღირსეულობის ნამდვილად ღირსნი ვყოფილვართ. სამოღვაწეო ასპარეზი აუცილებელია. ეს არა მხოლოდ ნათლობის საიდუმლოშია განჭვრეტილი, ყველა ეკლესიური საიდუმლო ამგვარი გახლავთ, მათ შორის სინანულის საიდუმლოც. ადამიანი როდესაც შეინანებს თავის დანაშაულს, ეს არ კმარა გამოსყიდვისთვის, მისდამი შენდობის მიცემისთვის, მან უნდა აჩვენოს აგრეთვე ნაყოფი სინანულისა. როდესაც შეინანებს შემდეგ სამოღვაწეო ჟამი დაუდგება მას მოძღვრის კურთხევით და ამ ჟამის მანძილზე მან უნდა დაადასტუროს, რომ ის სინანული რაც მან მანამდე გამოხატა, ჭეშმარიტი იყო, მისგან აღსრულებული სინანულის საიდუმლო მართლაც ჭეშმარიტებაა და თავისი საქმით უნდა აჩვენოს, რომ იმ სინანულში თვით გულწრფელი იყო. საქმისმიერი დადასტურება მიღებული სიწმინდისადმი ღირსეულობისა, რომ ღირსნი ვართ ამ სიწმინდისა, ეს გახლავთ აუცილებელი სამოღვაწეო გეზი, მიმართულება ადამიანის ცხოვრებისა, რომ ადვილად მიღებული ადვილადვე მარადიულად არ დავკარგოთ. ეკლესიის მამათა სწავლებით ადამმა და ევამ ყოველგვარი დამსახურების გარეშე მიიღეს სამოთხე, კეთილი ცხოვრება და დაჰკარგეს კიდეც ის. მაგრამ სამომავლო კეთილდღეობა ასევე, კვლავ საბოძვარი სახით ღვთისგან ბოძებული, საკუთარი დამსახურებითაც თუ არ განვამტკიცეთ, კვლავ შეიძლება რომ ისიც დაიკარგოს და ეს დაკარგვა მარადიული იქნება. ამიტომ ღვაწლი, მოღვაწეობა იმ სიწმინდის, რაც უკვე მივიღეთ, კეთილშეთვისებისთვის და მისდამი ღირსად გამოჩინებისთვის დაწესებულია ეს ცხოვრება. ჩვენ ვიღებთ ნათლობას, განვიწმინდებით, მაგრამ უნდა დავადასტუროთ, რომ ეს განწმენდა ჩვენში მყარია და კვლავ აღარ უნდა შევიბილწოთ. და თუ შევიბილწებით, ეკლესიისგან არის დაწესებული უდიდესი საიდუმლო სინანულისა, ნათლობა მეორედ არასოდეს არ მეორდება, მაგრამ გვაქვს სინანულის საიდუმლო, სულიერად იგივე ნათლისღება, ნათლისღების ძალას გატოლებული და სინანულითაც ისევე შეგვენდობა შეცოდებანი, როგორც თავის დროზე ნათლისღებამ შეგვინდო და ეს სინანულის საიდუმლო არის სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ ნათლობის შემდგომ მოღვაწეობის სარბიელზე თუკი წავიფორხილებთ, თუკი დავბრკოლდებით და ცოდვა თავისკენ დაგვძლევს, სინანულის საიდუმლოს აღსრულებით კვლავ ფეხზე უნდა აღვემართოთ, დავდგეთ და განვაგრძოთ მოღვაწეობა, ვიდრე ბოლო ჟამამდე ამ სიცოცხლისა. ამიტომ ხდება, რომ მონათლული ადამიანი დაუყოვნებლივ არ გარდაიქმნება, არ გაუკვდავდება, რადგან საკუთარი თავის ღირსობა ნათლობის სიწმინდისადმი მან საკუთარი ცხოვრებითვე უნდა დაადასტუროს.

 

64–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=hbPNho1b1P4

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 27 APRIL 2017 09:52)