ბიოგრაფიული ცნობები
ჩვენი წინა საუბრები ეთმობოდა ქრისტიანული ლიტერატურის უადრეს ძეგლს (დღევანდელო წყაროების მიხედვით) სახელწოდებით “დიდაქე”. შეძლებისდაგვარად შევეხეთ ამ უმნიშვნელოვანესი ნაშრომის უმთავრეს ასპექტებს და ვფიქრობთ შეგვიძლია, რომ ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელ ეპოქაზე გადავიდეთ, მომდევნოზე, როდესაც უკვე ჩვენთვის ცნობილია არა მხოლოდ ნაშრომები, არამედ ამ ნაშრომთა ავტორებიც. ამჯერად მხედველობაში გვყავს I ს-ის II ნახევრის და საერთოდ საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი წმინდა კლიმენტი რომაელი.
87–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=vhmheEJtU_k
ბიოგრაფიული ცნობები აპოკრიფული წყაროების მიხედვით
ჩვენს წინა საუბარში დავიწყეთ განხილვა, შეფასება და ყველაზე უფრო უმთავრესი წყაროების წარმოდგენა კლიმენტი რომაელის მოღვწაეობასთან დაკავშირებით.
ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ აპოკრიფულ ნაშრომებში გაცილებით უფრო ვრცლად დაცულ აღწერილობას კლიმენტი რომაელის ცხოვრებისას და რამდენადაც ეს აღწერილობა თავისთავად არაფერს შეიცავს რწმენისა და დოგმატის საწინააღმდეგოს, იმ ტრაცისიის საწინააღმდეგოს, რაც კლიმენტი რომაელთან არის დაკავშირებული სხვა წყაროების მიხედვით, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია, რომ აპოკრიფულ თხრობათა აღნიშნული მონაკვეთი ჭეშმარიტების შემცველად მივიჩნიოთ. ეს თხრობა საკუთრივ კლიმენტისგანაა პირველ პირში წარმოდგენილი და იგი მრავალი კუთხით გახლავთ საყურადღებო, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, როდესაც კლიმენტი თავის თავს უაღრესად ღრმა სულიერი შეჭირვებით წარმოგვიდგენს ჩვენ, რაჟამს ეს პიროვნება პირველად დაფიქრდება ამქვეყნიური წარმავლობისა და სიკვიდილის შესახებ. კლიმენტი გვაუწყებს, რომ როდეასც მის გონებაში აღმოცენდა აზრი ამქვეყნიდან გაქრობის, მოსპობის შესახებ ანუ სიკვდილის შესახებ, ძალაუნებურად გაკრთა მეორე აზრიც – რა ხდება სიკვიდილის შემდეგ? ამ კითხვას კლიმენტი ვერ სცემს პასუხს, იმიტომ, რომ ორი აზრი თანაშეეჭიდება მის გონებაში. ერთი აზრის მიხედვით, რომელიც მის გონებას უფრო პესიმიზმისკენ მიმართავს, არ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, რაც მას დიდად სამწუხაროდ უჩანს. მაგრამ ამავე აზრს მაშინვე განდევნის მის გონებაში მეორე აზრი, რომლის მიხედვითაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. კლიმენტი სასიცოცხლო აუცილებლობად თვლის გარკვევას იმისას გრძელდება თუ არა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე, რადგანაც, როგორც თვითონვე სავსებით ხაზგასმით გვაუწყებს, ამაზე იქნება დამოკიდებული მისი ამქვეყნიური ცხოვრების სახეც. თუკი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება, იქნებ სიკვდილის შემდგომი ანუ საიქიო ცხოვრებისთვის მზადება ამქვეყნიურმა ცხოვრებამ უნდა განაპირობოს. რა წესითაც, რა ღირსებითაც განვლით ამქვეყნიურ წუთისოფელს, იქნებ ამის შესაბამისად უნდა მოგვეცეს საზღაური საიქიო ცხოვრებაში. ამიტომ თუკი დარწმუნებულნი ვართ სულის საიქიო არსებობაში, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაც საიქიოსკენ მზერამიპყრობილებმა, საიქიოსკენ მიზანმიმართულებმა უნდა წარვმართოთ. მაგრამ რაწამს ამ აზრისკენ გადაიხრება კლიმენტი, რომ საიქიო ცხოვრება არსებობს და შესაბამისად მისი ამქვეყნიური ცხოვრებაც ღვთიური ცნებით უნდა წარიმართოს, რომ ღირსეული არსებობა დაიმკვიდროს მან შემდგომ, რაწამს აი ეს აზრი იმძლავრებს კლიმენტის გონებაში, მყისვე მეორე აზრიც თანაარსებულად გამოვლინდება, რომ შეუძლებელია დაშლილი ბუნება ადამიანისა კვლავ სიცოცხლეს განაგრძობდეს რაიმე სახით შემდეგში. წუხილი, რაც კლიმენტის თან სდევს, განსაკუთრებით ცხოვრების დასრულებას უკავშირდება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ არსებობს. რამდენადაც ეს მას აწუხებს, ამ წუხილიდან გამოსავალს ე.წ. ფორმალისტური ლოგიკით იპოვის ის, როდესაც თავისი თავის წინაშე ამგვარად განსჯის: თუკი სამწუხაროა ის ამბავი, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ გრძელდება, მოდი ამ წუხილს, ჯერ კიდევ რომ ცოცხალი ვარ, ნუ მივეცემი, შემდგომი ჟამისთვის გადავდებ, როდესაც ამქვეყნად აღარ ვიქნები. და თუ ამქვეყნად არ ყოფნის ჟამს სიცოცხლე არ გრძელდება და არაფერს შევიგრძნობ, მაშინ იმ წუხილსაც ვეღარ შევიგრძნობ და შესაბამისად წუხილი საერთოდ გაქრება ჩემგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ფორმალური პასუხი მას ვერ დააკმაყოფილებს, რადგან იქნებ არსებობს საიქიო შემდგომი ცხოვრება. მხოლოდ ამის დადასტურება კი არ სწადია კლიმენტის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამის დადასტურება სწადია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი, რაც აიძულებს მას დაასაბუთოს საკუთარი თავის წინაშე, ჭეშმარიტად გამოკვეთოს არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ამის შესაბამისად შეეცდება ის ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობასაც. რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს სიკვდილის შემდგომ კვლავ განგრძობა არსებობისა, მაშინ როგორც ჩანს ნიუანსურად წარმოჩნდება კლიმენტისეულ სიტყვებში, აღარ სჯის მას, რომ თავი შეიკავოს ამქვეყნიურ სიამტკბილობათაგან. მაგრამ თუკი არსებობს განგრძობა სიცოცხლისა და თუ ამ განგრძობას, იმქვეყნიურ მყოფობას სახეს აძლევს ამქვეყნიური არსებობის წესი, შესაბამისად თუკი ამქვეყნად ღირსეულად არ ვიღვაწებთ, - ამბობს კლიმენტი, და საიქიო არსებობაში აღმოვჩნდები, იქნებ მძიმე ხვედრი დამედოს ვალად. ამგვარ ორჭოფობაში, ამგვარ შეჭირვებაში მყოფი კლიმენტი გადაწყვეტს როგორმე საკუთარი თავის წინაშე ან ერთი დაამტკიცოს, რომ სული მოკვდავია, ანდა ის, რომ სული უკვდავია. იგი გაიგებს, რომ ევიპტეში არსებობენ იმგვარი ადამიანები, გრძნეულნი, მოგვები, მაგიურ ხელოვნებას მიდევნებულნი, რომლებსაც თითქოსდა ძალუძთ საიქიოდან სულის გამოხმობა. კლიმენტი მაშინვე გადაწყვეტს ეგვიპტეში წავიდეს და იქ საკუთარი თვალით თუ არა საკუთარი გრძნობით დარწმუნდეს სულის უკვდავებაში. მას უბრალოდ ინფორმაცია არ აჯერებს, რომ დავუშვათ მოგვმა უთხრას და სიტყვიერად დაარწმუნოს, რომ სული უკვდავია, სანამ თვით არ ვიხილავ, სანამ თვით არ შევიგრძნობ არ დავრწმუნდები, - ამბობს ის. კარგად არის ცნობილი, რომ ეგვიპტეში მართლაც ოდიდგანვე არსებობდნენ ეს მაგიურ-ეშმაკმსახურებას მიდევნებული ადამიანები, რომლებიც აღასრულებდნენ ე.წ. ნეკრომანტიას ანუ მკვდარზე მკითხაობას (ბერძნულად “ნეკროს” ნიშნავს მკვდარს, ხოლო “მანტეია” მკითხაობას), რაც სულის გამოძახებას ნიშნავდა საიქიოდან. ეკლესია ამ ქმედების ჭეშმარიტებას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, რამდენადაც სულზე მეუფება უკეთურ ძალას არა აქვს და თვით ისეთ მოვლენაშიც კი სამოელის სულის გამოძახება რომ არის აღწერილი ძველ აღთქმაში, მრავალი დიდი მოძღვარი აქაც ნამდვილ და ჭეშმარიტ მოსვლას სამოელის სულისას დედამიწაზე არ აღიარებს, თუნდაც წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური შრომა აქვს დაწერილი. ჩვენ ამჟამად ამ საკითხს არ ვეხებით, უბრალოდ ეს გაკვრით ავღნიშნეთ, მივუთითებდით მხოლოდ იმას, რომ ეგვიპტე მართლაც ძველთაგანვე იყო ცნობილი მაგიური ხელოვნების კერად და ამიტომ არაა გასაკვირი კლიმენტის არჩევანი, რომ სწორედ აქეთკენ გაემართოს ის. მაგრამ მოხდება ისე, რომ მის ქალაქში, რომში, იგი შეხვდება ვინმე ღირსეულ პიროვნებას, რომელიც გაუცნობიერებს მას, რომ მაგია ეს უკეთურ ძალთა ნამოქმედარია, მათ ქმედებას დაქვემდებარებულ ადამიანთა საქმეა და უკეთურ ძალებთან კავშირს ნიშნავს. ამიტომ კლიმენტი დააყოვნებს ეგვიპტეში წასვლას, თუმცა მან რომ დაადასტუროს სული უკვდავია თუ მოკვდავი, ეს დანიშნულება და ეს პრობლემა თავისი თავისგან არ მოუხსნია, მაგრამ ეგვიპტეში წასვლას კი გადადებს.
ჩვენ ძნელია დღეს განვსაზღვროთ ვინ იყო ის პიროვნება, ვინც კლიმენტის განზრახვა შეაცვლევინა. მასში ჩვენ ვერ ვიგულისხმებთ ქრისტიანს, იმიტომ, რომ ამავე აღწერილობით კლიმენტი ქრისტიანდება და ქრისტიანულ მოძღვრებას გაეცნობა და ქრისტიანს შეხვდება მოგვიანებით. ამის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანში უნდა იგულისხმებოდეს ძველი აღთქმის მოღვაწე, რომელსაც ჯერ კიდევ არ სმენია ახალი აღთქმის შესახებ. ძველი აღთქმის რჯულითაც მოგვობა, რა თქმა უდნა, აკრძალულია და ეშმაკეულ საქმედაა მიჩნეული, ღვთის საქმედ ის არ ითვლება. ამიტომ ეს პიროვნება თავისთავად ძალიან საინტერესოა, რომელიც, კვლავ ხაზს გავუსვამთ, იყო ვინმე ძველი აღთქმის მართალთაგანი, მართალთა მსგავსი.
ამის შემდგომ მცირედი ჟამი გავა და კლიმენტის ყურს მიწვდება ამბავი იმის შესახებ, რომ იუდეაში გამოჩნდა ვინმე მოღვაწე, რომელიც ჭეშმაირტებას ქადაგებს, უცხო რამ კაცი. რა თქმა უნდა, კაცად აღიქმება მაცხოვარი მხილველთაგან, ადამიანთაგან და იმ მომენტში როდესაც იგი პირველად იხილეს, ნაკლებად იცოდა ვინმემ და ნაკლებად ხედავდა ვინმე, მის მოწაფეთა შორისაც კი, რომ იგი იყო ღმერთი განკაცებული. ეს თანდათანობით გაცნობიერდება კაცობრიობის წინაშე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მოღვაწე არაჩვეულებრივია და ადამიანისთვის არაბუნებრივ და მიუწვდომელ ქმედებებს და სასწაულებს აღასრულებს, ეს ყველასთვის თვალსაჩინო ხდება. სწორედ ამგვარი ამბავი მისწვდება კლიმენტის სმენას და ამიტომ ის გადაწყვეტს, რომ დაუყონებლივ წავიდეს იუდეაში, თავისი თვალით იხილოს ახალმოვლენილი მქადაგებელი ჭეშმარიტებისა და აღმოივსოს თავისი გული ამ მისთვის ჯერ კიდევ უცხო სიბრძნით. კლიმენტი გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, სისრულეში მოიყვანოს თავისი ჩანაფიქრი. ის ხომალდში ჩაჯდება და დაემგზავრება ხომალდს. მაგრამ მოხდება ისე, რომ ღამით ამოვარდება ქარიშხალი და ხომალდი მიადგება ქალაქ ალექსანდრიის ნავთსაყუდელს და კლიმენტი გადმოვა ნაპირზე. ღვთის განგებით მოხდება ისე, რომ ქალაქ ალექსანდრიაში ამ დროს მქადაგებლობას ეწევა მაცხოვარს შედგომილი მისი მოწაფე ბარნაბა მოციქული.
საზოგადოდ ქალაქი ალექსანდრია (შეიძლებოდა ამის აღნიშვნა) გახლდათ ყველაზე უფრო ფილოსოფიზირებული (ასეთი ტერმინი შეგვიძლია მოვიხმოთ) ქალაქი მაშინდელ მსოფლიოს ოიკუმენაში. ერთ-ერთი შედარებით გვიანდელი წყაროს მიხედვით, კერძოდ ეს გახლავთ წმინდა გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრება (გრიგოლი III ს-ის მოღვაწეა. მისი ცხოვრების ამსახველი შრომა დაწერა წმინდა გრიგოლ ნოსელმა IV ს-ში), III ს-ში ქალაქ ალექსანდრიის თვით რიგითი მცხოვრებლებიც კი იმდენად გამსჭვალულნი იყვნენ ფილოსოფიური და ღვთისმეტყველური იდეებითა სწავლებებით და ტერმინოლოგიური ძიებებით, რომ ამ ძეგლის მიხედვით როდესაც მემწვანილეს შეეკითხებოდი თუ რა ღირს მწვანილი, ის გიპასუხებდა, რომ ღმერთი არსებით ერთია და პირით სამი. და თუ შეეკითხებოდი სხვა ვაჭარს თუ რა ღირდა მისი საქონელი, ის გიპასუხებდა, რომ ხატი სხვა არის და ბუნება სხვა არის (დაახლოებით ამგვარი მონაცემია ამ ძეგლში წარმოდგენილი). ამგვარად ფილსოფოური გახლდათ ეს ქალაქი.
ასეთ ქალაქში შედის კლიმენტი და როგორც ჩანს ეს ქალაქი მაშინაც ამგვარი იყო, იმიტომ, რომ ის ნაწილი აღნიშნული თხრობისა, რაც ბარნაბა მოციქულის ქადაგებას უკავშირდება და რასაც შემთხვევით დაესწრება კლიმენტი, აღნიშნული ქალაქის ამგვარ განწყობილებას გვიმჟღავნებს ჩვენ. ბარნაბა მოციქული ქადაგებს მგზნებარედ, მარტივი სიტყვით, მაგრამ მის გარშემო შემოკრებილნი აღსავსენი არიან ფილოსოფიური იდეებით, წინასწარ განწყობილნი არიან პაექრობისთვის, მათ მარტივი და გრძნობადი გადმოცემა ჭეშმარიეტებისა, რა თქმა უნდა, არანაირად არ მიიღეს, სასმენელნი მათნი დახშულნი არიან ამგვარი სიტყვისთვის. ერთადერთი აღმოჩნდება მხოლოდ კლიმენტი, რომელიც შეიწყნარებს ბარნაბა მოცქიულის მარტივად ნამცნებ ჭეშმარიტებას, განიმსჭვალება ამ ჭეშმაირტებით და როდესაც გარშემო დამსწრე საზოგადოება თითქოსდა ფილოსოფიურ შეკითხვებს უსვამენ ბარნაბას და სინამდვილეში მიზნად ისახავენ მის სასაცილოდ აგდებას, მისთვის დაცინვას, კლიმენტი შეიჭრება ბრბოში, გვერდით დაუდგება ბარნაბას, მგზნებარედ მიმართავს გარშემოჯარულ უგუნურთ, ფაქტობრივად დამოძღვრავს კიდეც მათ, რომ მართებდათ ჭეშმარიტების სიტყვა იმავე უბრალოებით მიეღოთ, როგორც ეს ბარნაბასგან წარმოითქვა, მათ კი გული დაუხშეს ჭეშმარიტების სიტყვას და იმავე უგუნურებაში დარჩნენ, რაშიც მანმადე იყვნენ. ხოლო ბარნაბა, როგორც ჭეშმარიტების მსახური და ქადაგი, კლიმენტისთვის იმდენად ძვირფასი აღმოჩნდება, რომ დაუყონებლივ შეემოყვსება მას (ჩვენ გვინდა, რომ ეს ძველი ქართული სიტყვა აღდგეს სიტყვათხმარებაში) ანუ სიყვარულით დაუკავშირდება, დაუმეგობრდება მას და ბარნაბაც სიყვარულის სანაცვლოდ აღუთქვამს კლიმენტის, რომ თუკი იგი იუდეაში ჩავიდოდა შეახვედრებდა პეტრე მოცქიულს.
ჩვენ უფრო დეტალურად ამ თხრობას ვერ გავყვებით, იმიტომ, რომ საკმაოდ ვრცელია ეს თხრობა, ავღნიშნავთ მხოლოდ, რომ კლიმენტი შემდგომში მართლაც ჩადის იუდეაში, ის მიდის იმ ადგილას, სადაც მოციქულები მკვიდრობენ. ბარნაბა მოციქული მას შეიყვანს მოციქულთა სამყოფელში, წარუდგნეს პეტრე მოცქიულს და აქედან ედება სათავე კლიმენტის მოწაფეობას პეტრე მოციქულისადმი. ეს ის წამია, როდესაც პეტრეს უკვე გადაწყვეტილი აქვს სამისიონერო ღვაწლის დაწყება ანტიოქიის რეგიონში. მას სჭირდება ვინმე თანამოსაგრე, ერთგული თანამოღვაწე, აგრეთვე ისეთი თანამოღვაწე არა მხოლოდ მქადაგებლობაში და ღვაწლში, არამედ აგრეთვე იმგვარი პიროვნება, რომელიც მის ამ მოღვაწეობას წერილობითაც შემოუნახავს შთამომავლობას. ამგვარი ღირსებების მქონედ განჭვრეტს იგი კლიმენტის და შესთავაზებს მას, რომ გაუწიოს თანამოსაგრეობა მისიონერულ ღვაწლში. კლიმენტი, რა თქმა უნდა, სიხარულით მიიღებს პეტრესეულ შემოთავაზებას და მეორე დღიდან ისინი მიდიან სამოღვაწეოდ, რაც ამ აპოკრიფულ წყაროებში ასევეა შემონახული ცალკეულ წიგნებად, კერძოდ 20 წიგნად, რომელსაც “პეტრეს კერიგმები” ეწოდება. ბერძნული სიტყვა “კერიგმა” ქართულად გახლავთ იგივე რაც ქადაგება, პეტრეს კერიგმები არის იგივე პეტრეს ქადაგებები. მაგრამ ამ შემთხვევაში “კერიგმები” თარგმანში ჩვეულებრივ რჩება, იმიტომ, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს “კერიგმა” პირდაპირი გაგებით ქადაგებას არ ნიშნავს. ფაქტობრივად ეს აპოკრიფული შრომა იმავე კლიმენტი რომაელს უკავშირდება, რომ მან დაწერა იგი და რაც პეტრე მოციქულის მისონერული ღვაწლის ამსახველია ანტიოქიის რეგიონში, სინადმვილეში არის მართლაც არა ქადაგებები ანუ ჰომილიები, არამედ სიუჟეტის მქონე ცალკეული თხრობანი, რომლებშიც ასევეა ჩართული ქადაგებანი. მაგრამ ქადაგებათა გარდა ასევე მცირე მონაკვეთებია აღწერილობითნი, სხვადასხვა რეგიონების მოხილვისას პეტრესა და საკუთრივ კლიმენტის (ამ შემთხვევაში პირველ პირში) სამოღვაწეო სახე იქ დეტალურად არის გადმოცემული.
ამგვარი განგრძობა ექნება კლიმენტი რომაელისგან ჭეშმარიტების ძიებას, ასე დაემოწაფება ის პეტრეს და პეტრესთან ერთად ყველა სხვა მოციქულს და ამგვარი წესით გახდება იგი მათი ყველაზე უფრო ღირსეული მემკვიდრე. შემდგომ აღწერილია ერთ-ერთ ნაწილში აპოკრიფული ლიტერატურისა, თუ როგორ დადგება ჟამი პეტრე მოცქიულის აღსასრულისა და კვლავაც როგორ გამოარჩევს იგი კლიმენტის, რომ სწორედ მან განაგრძოს მისი (ე.ი. პეტრეს) მღვდელთმთავრული მოღვაწეობა. მღვდელთმთავრულ მოღვაწეობაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ პეტრე მოგეხსენებათ გახლავთ რომის ეკლესიის საფუძველდამდები, პირველეპისკოპოსად მრავალი წყაროს მიხედვით სწორედ პეტრე მოციქული მიიჩნევა და აქ ამ წყაროში სწორედ აქ გაკრთება აზრი იმის შესახებ, რომ რომის პაპად სწორედ პეტრე მოციქული დაადგენს და აკურთხებს კლიმენტის. მისგან იღებს კლიმენტი ხელდასხმას, თუმცა უწევს ძალიან დიდ წინააღმდეგობას, რადგან მას აკრთობს და აშინებს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ საყურადღებოა სხვათაშორის, რომ პეტრე მოციქული ირიბი მეტყველების წესით, პირუკუ მეტყველების წესით დააჯერებს კლიმენტის, რომ ეს ღვაწლი მან უნდა იტვირთოს. ირიბი მეტყველება და ანტი მეტყველება ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ კლიმენტის ასეთი სიტყვებით მიმართავს იგი, რომ თუ შენ არ გნებავს პაპობა, მაშ მომიძებნე სხვა ვინმე, გამოძებნე სხვა ვინმე, რომელიც შენებრ თანამოსაგრე ყოფილიყო ჩემი, შენებრ თანმხლები ყოფილიყო ჩემი იმ დიდ და რთულ ღვაწლში, შენსავით შემკული სათნოებებით და შენსავით აუცილებელი და საჭირო, როგორც მღვდელთმთავარი, როგორც მწყემსი რომის ქრისტიანებისთვის. სხვათაშორის იქვე მოცემულია ძლიან მკაცრი გაფრთხილება. პეტრე აფრთხილებს კლიმენტის, რომ თუ იგი ღირსეულად არ ატარებს ამ პატივს, მას ვერ უშველის პეტრესადმი მოწაფეობა და იგი უფრო მეტად დაისჯება, ვიდრე სხვანი, რომ სასჯელი, ცხადია, არც მას აცდება. სწორედ ეს აშინებს, რა თქმა უნდა, კლიმენტის, მაგრამ პეტრე მოციქულის სიტყვათაგან დაჯერებული შეუდგება ამ ღვაწლს, შეუდგება ღვაწლს რომის პაპობისას. ამ წყაროში კონკრეტულად არ არის საუბარი იმაზე პეტრემ ამ კურთხევის აღსრულება მაშინვე დაავალა კლიმენტის თუ პეტრემვე განუჩინა მას ამ კურთხევის გადავადება, რომ სხვებს მიეღოთ ჯერ რომის პაპობა და შემდგომ ეტვირთა იგივე პაპობა კლიმენტის. ამ წყაროში აშკარად დაფიქსირებული მხოლოდ ის გახლავთ, რასაც ჩვენ წინა საუბარში ვამბობდით, რომ კლიმენტის კურთხევა რომის პაპად უშუალოდ პეტრე მოციქულისგან მოხდა. შემდეგ აღესრულება პეტრე მოციქული და კლიმენტი გვაუწყებს, რომ ამ მოვლენის შესახებ, აგრეთვე იმ ყოველივეს შესახებ რაც მე წერილობით აღვწერე, ვაუწყე იაკობს – იერუსალიმის ეპისკოპოსს და თან გავუგზავნე ეს აღწერილობაც 20 წიგნად, როგორც შემცველი უდიდესი და უღრმესი საუნჯისა, საუფლო სწავლებისა პეტრესგან ქადაგებულისა.
ეს ვრცელი და უზარმაზარი აღწერილობანი, რაც როგორც უკვე ავღნიშნეთ “პეტრეს კერიგმების” სახელს ატარებს და რომლის დამწერადაც და, შეიძლება ასეც ითქვას, რომლის ჩამწერადაც კლიმენტი რომაელი ივარაუდება, ზოგ შემთხვევაში მართლაც საყურადღებო სწავლებას შეიცავს, მაგრამ მთლიანობაში (ამას ჩვენ მოგვიანებითაც ავღნიშნავთ) მისი საღვთო წერილად მიჩნევა ყოვლად შეუძლებელია, რადგან მრავალი რამ გაუკეთურებული აზრი ამ შრომაში უეჭველად თავს იჩენს. ერთი რამ კი ჩვენ დღეისათვის დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველაღწერილობა ამ შრომისა მართლაც კლიმენტის ეკუთვნის, კლიმენტი რომაელმა აღწერა პეტრე მოციქულის მოღვაწეობა ანტიოქიაში, მაგრამ ისევე როგორც მისგანვე დაწერილი “მოციქულთა განწესებანი” 8 წიგნად, რაზეც ჩვენ “დიდაქესთან” დაკავშირებით ვრცლად ვისაუბრეთ, თავდაპირველად უწმინდესი გვიანდელ საუკუნეებში გაირყვნა გადამწერთაგან, ეჭვი არ არის, რომ ამგვარივე ხვედრი ირგუნა “პეტრეს კერიგმებმაც” გვიანდელ გადამწერთაგან. ბევრი რამ მასში გაუკუღმართდა და ამიტომაა, რომ ეს აღწერილობანი შეწყნარებულ აპოკრიფად ეკლესიას არ მიაჩნია. თუმცა ეკლესია არასოდეს უარყოფდა მასში ცალკეული ჭეშმარიტი მონაკვეთების არსებობას, რომლებიც, ცხადია, კლიმენტი რომაელის კალამს ეკუთვნის. თუმცა ეს უკვე სამწერლობო მოღვაწეობას ეხება. ჩვენ ამჯერად მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავდით საკუთრივ პეტრე მოციქულთან დაკავშირებით და კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ პეტრე მოციქულის აღსრულებამ კლიმენტი რომაელის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამოკვეთა, რომ მან იტვირთა მისი მემკვიდრეობა. თუმცა როგორც ავღნიშნეთ ეს მემკვიდრეობა რომის პაპობისა კლიმენტიმ ორი სხვა რომის პაპის შემდგომ განახორციელა საქმით. კერძოდ ლინუსისა და ანენკლეტუსის შემდგომ, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, დროით გადავადებას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ისიც კი შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სწორედ პეტრესგან განჩინებით და უფლისმიერი განგებულებით იმჟამს განხორციელდა კლიმენტის პაპობა, როცა ეს განსაკუთრებით აუცილებელი იყო. ამაზე კლიმენტი რომაელის შემოქმედებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, მაგრამ აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ეს გადავადება პაპობის აღსრულებისა ღვთის განგებით უნდა მომხდარიყო. იმიტომ, რომ განსაკუთრებით რთული პერიოდი რომის ეკლესიას I ს-ში სწორედ ამ ეპოქაში დაუდგა. საკუთრივ რომის ეკლესიას არა, მაგრამ საქრისტიანოს, კერძოდ კორინთოს ეკლესიას და რომ არა იმ პერიოდში კლიმენტი რომაელი, ეს უდიდესი და უსაჩინოესი მოძღვარი, შეიძლებოდა, რომ კორინთოს ეკლესიის არეულობა ძალიან მძიმედ დაბოლოებულიყო.
ამჯერად ამაზე შევწყვეტთ კლიმენტი რომაელთან დაკავშირებულ ჩვენს მსჯლობას და შემდგომ საუბარში უფრო დეტალურად შევეხებით უკვე კლიმენტი რომაელის წერილობით მემკვიდრეობას.
88–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=rm0gvbof0Eo
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 19 MARCH 2017 13:27)