121

ჩვენ ვთვლით, რომ წინა საუბარში არსებითად დავასრულეთ არეოპაგეტიკის შესახებ შესავლის სახით მსჯელობა. უამრავი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ამ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფუძემდებულურ საღვთისმეტყველო კრებულთან და კორპუსთან დაკავშირებული. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ამ ძეგლთა კრებულს, არეოპაგეტულ შრომებს, უფრო გვიანდელ ავტორებთან დაკავშირებით პარალელის სახით მოვუხმოთ მათ, ამჯერად კი ვფიქრობთ საკმარისია ის რაოდენობა საუბრებისა, რაც მათ მივუძღვენით და განვაგრძობთ ქრონოლოგიურ განხილვას საეკლესიო ლიტერატურისას.
არეოპაგეტული შრომები ჩვენ I-II სს. მიჯნის ძეგლებს შორის განვიხილეთ, იმიტომ, რომ წმ. დიონისე არეოპაგელი, პავლე მოციქულისგან მოქცეული და სამოცდაათთაგანი მოციქული სწორედ ამ ეპოქას გულისხმობს. დაახლოებით ამავე ეპოქისა გახლავთ ნაკლებ ცნობილი ძეგლი, რაც საბედნიეროდ ტექსტობრივად შემონახულია. მაგრამ ძველთაგანვე (III-IV ს-დან) ეს ძეგლი მართალია შეწყნარებულ ნაშრომად ეკლესიის წიაღში მიღებული იყო, მაგრამ იმ პირველხარისხოვანი საღვთისმეტყველო შრომების გვერდით, რომლებიც სწორედ ამ ეპოქაში, ამ საუკუნეებში ეკლესიის მამათაგან ჩვენ მოგვებოძა ღვთის მადლით, აი ამ ძეგლების ფონზე მრავალი უფრო ადრინდელი თხზულება გაუფერულდა, მიჩქმალულ იქნა და ერთ-ერთი მათ შორის გახლავთ სწორედ ეს ძეგლი, სახელწოდებით “მწყემსი”, თავის დროზე საკმაოდ მნიშვნელოვანი, ღირსეული თხზულება, დღესაც, ვფიქრობთ, მრავალი კუთხით საყურადღებო. თუმცა, კვლავ აღვნიშნავთ, რომ ეს თხზულება არ გახლავთ იმ რანგის საღვთისმეტყველო ძეგლი ოდნავ რომ გვერდით დავუყენოთ IV-VI ს-ის უდიდეს ღვთისმეტყველთა შრომებს. მიუხედავად ამისა არ გვაქვს უფლება უადრესი ეპოქის ეს მრავალი კუთხით ღირსეული, განსაკუთრებით იგავური თვალსაზრისით, მრავლისმეტყველი შრომა ჩვენ ყურადღების გარეშე დავტოვოთ და ერთი ან ორი რადიო საუბრის მანძილე არ მიმოვიხილოთ იგი.

ამ ძეგლის ავტორი გახლავთ უცნობი პიროვნება სახელწოდებით ერმი (ზოგჯერ მას ჰერმესი ეწოდება, ანდა ჰერმასი). მრავალი გაიგივება ამ პიროვნებასთან დაკავშირებით სპეციალურ ლიტერატურაში შეიძლება ვნახოთ, მაგრამ ერთი ჩამოყალიბებული აზრი მკვლევართა შორის არ არსებობს. ვფიქრობთ არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამჯერად, როდესაც ამდენი თვალსაზრისია, იმის კვლევას და ძიებას, თუ კონკრეტულად რომელი ერმი უნდა იყოს ეს პიროვნება, იმ რამდენიმე ავტორს და ადრესატს შორის, რომლებიც I-II სს-ში სხვა წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილია. თავისთავად ერმის “მწყემსი” აპოსტოლურ (სამოციქულო) მამათა შრომებში ითვლება და ეს წიგნი აღწერს იმ გამოცხადებებს ან ხილვებს, რომლებიც მის ავტორს ჰქონდა რომში. კერძოდ ნათქვამია, რომ ერმს გამოეცხადა ორი პიროვნება, ერთი ასაკოვანი ქალი, მეორე კი ანგელოზი მწყემსის სახით. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ეწოდა თხზულებას “მწყემსი”. თხზულებაში არის, როგორც აღვნიშნეთ, იგავური ნაწილი, არის ხილვების ნაწილი და ამ ხილვათა შორის მეორე ხილვის ერთ მონაკვეთში, კერძოდ მეოთხე პარაგრაფში პირველ პირში ნაუწყებია (ავტორი პირველ პირში გადმოგვცემს უწყებას) იმის შესახებ, რომ მან (ერმმა) ბრძანება მიიღო ეკლესიისგან ორცალად დაეწერა ზემოაღნიშნული გამოცხადება (მას ორი პიროვნება გამოეცხადა – ერთი ასაკოვანი ქალი და მეორე ანგელოზი მწყემსის სახით) და მათგან ერთი გადაეგზავნა კლიმენტისათვის, რომელიც აპირებდა შორეულ მხარეებში მოგზაურობას. რა თქმა უნდა, აქ არ არის საჭირო დიდი ფიქრი იმაზე, რომ აღნიშნული კლიმენტი უნდა გულისხმობდეს კლიმენტი რომაელს, რომელმაც დაახლოებით 96 წელს დაწერა “ეპისტოლე კორინთელთა მიმართ” (ეს ეპისტოლე და სხვა ძეგლები ამ პიროვნებისა ჩვენ უკვე განვიხილეთ). მაგრამ თუ ეს მოვლენა სწორია, თუ ეს ინფორმაცია მართებულია, მაშინ ერმი თანამედროვე ყოფილა წმინდა კლიმენტისა და ისიც I ს-ის მიწურულისა და II ს-ის დამდეგის მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მაგრამ აქ არის ერთი ასეთი გარემოება, რაც ამ დასკვნას უპირისპირდება. ეს გახლავთ ცნობილი ისტორიული დოკუმენტი “მურატორის ფრაგმენტი”, რომლის შესახებაც ჩვენ წერილობით გვქონდა გარკვეული ინფორმაცია ქართულ ენაზე. ამ ძეგლს მურატორის ფრაგმენტი ეწოდება იმის გამო, რომ აღმომჩენი ამ ფრაგმენტისა გახლავთ მკვლევარი პიროვნება მურატორი (თვით ეს ფრაგმენტი II ს-ის გახლავთ). ამ ფრაგმენტში ვკითხულობთ: “ახლახანს ჩვენს დროში ქალაქ რომში ერმმა დაწერა “მწყემსი”, როდესაც მისმა ძმამ პიუსმა, ეპისკოპოსმა, რომის საყდარი დაიმკვიდრა”. აი ეს მოწმობა მურატორის ფრაგმენტისა (კვლავ აღვნიშნავთ, რომ კონკრეტულად II ს-ის მიწურულს გულისხმობს ეს ფრაგმენტი) მკვლევართა აზრით უეჭველად ნდობას იმსახურებს. ცნობილია, რომ პიუს I რომის ეპისკოპოსი ანუ პაპი იყო 140-150 წლებში და თუ იგი ძმა იყო ერმისა და ერმმაც მაშინ დაწერა თავისი “მწყემსი”, როცა პიუსი რომის პაპი გახდა, მაშინ ცხადია, რომ ეს თხზულება დაახლოებით 140 წელს, ე.ი. II ს-ის 30-იანი წლების მიწურულს უნდა დაწერილიყო. ამრიგად ერთი ცნობით “მწყემსი” დაიწერა I-II სს-ის დამდეგს, მეორე ცნობით კი II ს-ის 30-იანი წლების მიწურულს. ზოგი მკვლევარი ფიქრობს და ჩვენი პირადი შეხედულებაც ასეთია, რომ ეს ორი ცნობა არ უნდა უპირისპირდებოდეს ერთიმეორეს და რომ ვითარება ამგვარად უნდა წარმოვიდგინოთ: ამ შრომის უძველესი ფენა ალბათ წმინდა კლიმენტი რომაელის დროს შეიქმნა I ს-ის მიწურულს, მაგრამ საბოლოო რედაქცია იმავე თხზულებისა და საბოლოო გამოქვეყნება და გავრცელება ამ ძეგლისა მისი ავტორისგან, ალბათ, მართლაც პიუს I-ის პაპობას თანხვდება. სხვათაშორის ძეგლის კრიტიკული ანალიზიც, რაც შესრულებულია მრავალ მნიშვნელოვან გამოკვლევაში, ამავეს ადასტურებს და ირკვევა, რომ თხზულების სხვადასხვა ნაწილი, როგორც ჩანს სხვადასხვა დროს უნდა იყოს დაწერილი.

ჩვენ კიდევ ერთი ცნობა მოგვეპოვება ძეგლის ავტორთან დაკავშირებით. ეს ცნობა ეკუთვნის ცნობილ ქრისტიან ავტორს, სამწუხაროდ მრავალი გაუკუღმართებული შეხედულების გამო მსოფლიო კრებათაგან განკვეთილს, მაგრამ ამავე დროს ცალკეული ღირსეული სწავლებების მქონე მოღვაწეს ორიგენეს, რომელიც გვაუწყებს, რომ “მწყემსის” ავტორი ერმი უნდა იყოს იგივე პიროვნება, რომელიც ხსენებულია პავლე მოციქულის “რომაელთა მიმართ ეპისტოლეში”, სადაც კერძოდ XVI თავის XIV მუხლში ჩვენ ვკითხულობთ: “კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატრობას, ერმის”. ე.ი. ჩამოთვლილია თუ ვის უნდა გადაეცეს მოკითხვა და მათ შორის ხსენებულია ერმიც.

ესაა დაახლოებით ის, რაც ჩვენ ერმის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ თვით ამ თხზულებაში, რომელსაც “მწყემსი” ეწოდება და სადაც ერმი ანუ ავტორი პირველ პირში გვესაუბრება, იგი (ერმი) გვაუწყებს, რომ ის ახალგაზრდობაში რომში ერთ-ერთ ასულს, სახელად როდეს, მიჰყიდეს. როდესაც ერმი თავის ბიოგრაფიას გადმოგვცემს აი ამ ფაქტს იხსენებს ის. თხზულებაში, როგორც ზოგიერთმა მკვლევარმა გამოავლინა, არის გამჟღავნებული ებრაიზმები, რაც უნდა ცხადყოფდეს ერმის ებრაულ წარმოშობას. შემდეგ ერმი გულწრფელად გევსაუბრება თავის მშობლებზე, საქმიანობაზე, დაკარგული ქონების შესახებ და სხვა. ისიც საგულისხმოა, რომ ერმი მისივე უწყებით მინდვრების დამუშავებას ეწეოდა, მიწის მუშა იყო. როგორც ფიქრობენ ამით უნდა აიხსნას სასოფლო საქმიანობასთან დაკავშირებული სახე-სიმბოლოების სიმრავლე ამ თხზულებაში. შემდეგ ერმი გვაუეყბს, რომ დევნულობის ჟამს ის მიატოვეს საკუთარმა შვილებმაც კი, რომლებმაც უღალატეს მას და მის მეუღლეს და უწესო ცხოვრებას შეუდგნენ. ერმი ამბობს, რომ ცოლმაც ღალატი გამოიჩინა მისდამი, უვარგისი აღმოჩნდა მრავალსიტყვაობის, ყბედობის გამო და სხვა. ერმი გვესაუბრება თავისი ოჯახის გაუკუღმართებაზე, რაც თხრობით ნაწილში ყველაზე უფრო მოცულობითი გახლავთ. Mაგრამ არსებითი ამ შრომაში არის აპოკალიფტური ანუ გამოცხადებითი ხასიათის მონაკვეთები და თვითონ მთელი შრომა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არის აპოკალიფტური ანუ გამოცხადებითი ხასიათის და გამოცხადებითი ჟანრის ქადაგება სინანულისა, სინანულზე არის მკვეთრი ხაზგასმა და აქეთკენ მოწოდება მრევლისა და საერთოდ მკითხველისა. თვით ენაც საყურადღებო გახლავთ ამ ძეგლისა. თხზულება უაღრესად თავისებურია. ალბათ ასეთი ფორმისა და აღნაგობის შრომა ჩვენ სხვა არ მოგვეპოვება. ფორმაც და შინაარსიც, ორივე განსაკუთრებულია. თუ ფორმობრივი კუთხით შევხედავთ შეგვიძლია შრომა გავყოთ სამ ნაწილად: 1. ესაა ხილვები (ბერძნ. “ჰორასეის”, ლათ. “ვიზიონსეს”), რომელიც აერთიანებს ხუთ ხილვას ანუ ხუთ “ვიზიოს”. 2. “მცნებანი” და არის სულ 12 მცნება; 3. იგავნი (ბერძნ. “პარაბოლა”) და გახლავთ სულ 10 იგავი. ე.ი. მთლიანობაში თუ შევკრებთ ჩვენ, არის 27 ნაწილი, ე.ი. 5 ხილვა, 12 მცნება და 10 იგავი. ბევრი ფიქრობს, რომ ამგვარად დაყოფა ძეგლისა თვით ავტორისეულია და მიუხედავად იმისა, რომ ამას მართლაც ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ასე სამად დაყოფა და განაწილება ცალკეული მონაკვეთებისა ავტორისეულია, მაინც მკითხველისთვის, ჩვენთვის დაყოფის პრინციპი ნათელი არ არის. რადგან სამივე ნაწილი ერთიმეორეს ძალიან ემსგავსება თავისი აპოკალიფტური ანუ გამოცხადებითი ხასიათით. ერთი და იგივე განწყობაა სამივე ნაწილში და რაიმე მკვეთრი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ერთი ნაწილი მეორისგან განვასხვავოთ, ვთქვათ ხილვითი ნაწილი განვასხვავოთ იგავური ნაწილისგან, რაიმე ასეთი მკვეთრი ნიშანი ჩვენ არ მოგვეპოვება. ესაა ფორმიდან გამომდინარე თხზულების დაყოფა, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ალბათ ავტორისგანვეა მომდინარე.

რაც შეეხება ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ დაკვირვებებს ამ ძეგლისადმი, აღნიშნული კუთხით თხზულება ორ უმთავრეს ნაწილად განიყოფება და ცალკე გამოიყოფა დასკვნა. პირველ ნაწილში მკვლევართა აზრით უნდა შეტანილ იქნეს პირველი ოთხი ხილვა, სადაც ერმი აღგვიწერს ეკლესიის იმ გამოცხადებას, რაც მის წინაშე აღსრულდა, ეკლესია გამოეცხადა მას. ეს ძალიან საყურადღებო მოვლენა გახლავთ. სხვათაშორის, ამგვარი რამ ჩვენ ქართულ სინამდვილეშიც გვსმენია, კერძოდ ნიკოლოზ გულაბერისძის შრომაში “საუფლო კვართის შესახებ” და იმ ვრცელ შრომაში, რაც სვეტიცხოველს უკავშირდება, სადაც სვეტიცხოვლის გამოცხადების შესახებ არის საუბარი. ერმთან კი ეკლესიის გამოცხადება პირველ ოთხ ხილვაში გადმოცემულია და გამოხატულია ასაკოვანი დარბაისელი ქალის სახით. შემდეგ თანდათანობით ეს დარბაისელი ქალი განიძარცვავს ასაკოვნების ნიშნებს, ე.ი. ხნოვანებას განიძარცვავს და მეოთხე ხილვაში იძენს ახალგაზრდა სძლის სახეს, ახალგაზრდა ქალწულის სახეს, რომელიც სძლად არის დაწინდული უფლისადმი. მოგეხსენებათ “სძალი” ეკლესიის სახელწოდებაა.

რაც შეეხება პირველ ხილვას: პირველი ხილვის შესავალში ერმი აღგვიწერს მის შეცოდებას ქალწულისადმი, რომელსაც რომში მიჰყიდეს იგი (რაც ჩვენ დასაწყისშიც აღვნიშნეთ). ქალწული, სახელად როდე, რომელიც ერმმა შემთხვევით (ალბათ ღვთის განგებითაც) იხილა ტიბრის მდინარეში მობანავე, იმდენად მოეწონა და იმდენად მოიხიბლა ამ ქალწულით ერმო, რომ გაიფიქრა: “ბედნიერი ვიქნებოდი ამგვარი სილამაზის, ამგვარი ზნეობისა და სათნოების ცოლი მყოლოდა”. შემდეგში, როდესაც ხილვა მიენიჭება მას, ერმი იხილავს სწორედ ამ ქალწულს, რომელიც შეახსენებს მას იმ ფიქრს, რაც მან მაშინ გულში გაივლო და ამგვარ ფიქრს ცოდვად ჩაუთვლის. ასაკოვან ქალს როცა შეხვდება გამოცხადებაში (ე.ი. ეკლესიას), ეს შეხვედრა ერმს კიდევ უფრო ცხადად გაუმჟღავნებს ღვთის არაკეთილგანწყობის მიზეზს მისადმი. ესაა კერძოდ პირველი ხილვის მესამე პარაგრაფში, სადაც ვკითხულობთ: “არათუ შენს გამო გაგირისხდა ღმერთი (ე.ი. არა იმ, ვითომცდა ცოდვისთვის, რომ გულში გაივლე ფიქრი ქალწულათან დაკავშირებით, რომელიც მობანავე იხილე), არამედ შენი სახლეულის მიზეზით, რომელიც ღვთის წინააღმდეგ უღირსებაში ჩავარდა”. იგულისხმება ის გაუკუღმართება ოჯახისა, რაზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობდით. გამოცხადებული ასაკოვანი ქალი ერმს მოუხმობს სინანულისკენ. ესაა პირველი ხილვა ამ ძეგლში.

მეორე ხილვაში იგივე ქალი მიაწვდის მას პატარა წიგნს და დაავალებს, რომ გადაწეროს და გაავრცელოს ეს წიგნი. წიგნის შინაარსი მოწოდება გახლავთ სინანულისკენ და აქვეა წინასწარ განჭვრეტილი და მოსწავებული მორწმუნეთა სამომავლო დევნულება.

მომდევნო მესამე ხილვაში ასაკოვანი ქალი ერმს წარმოუჩენს და გამოუვლენს კოშკს, გოდოლს, რომელსაც აშენებს მრავალი ერის სიმრავლე. ეს შენობა, როგორც იქვეა განმარტებული, სიმბოლურად მოასწავებს ეკლესიას თავის ყველაზე ბრწყინვალე, თავის ზეციურ შეურყვნელ გამოვლინებაში. ყოველი “ქვა” (აქ ქვაში მატერიალური ქვა არ იგულისხმება), რომელიც არ შეერთვება შენობას, უარყოფილი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ცოდვილი, რომელიც არ მოინანიებს უკუგდებული იქნება, უკუგდება კი იგივე წარწყმედას ნიშნავს.

მეოთხე ხილვა, რაც საშინელი ვეშაპის (ბერძნ. “დრაკონი”) სახით არის სიმბოლურად წარმოდგენილი, სამომავლო დევნულებას ცხადყოფს და ამავე დროს გამოვლენილია ისიც, რომ მიუხედავად თავისი სისატიკისა ეს ვეშაპი, ეს დრაკონი ვერ დაძლევს ერმს, ვერ დაძლევს იმათ, რომლებიც რწმენის ფარით არიან აღჭურვილნი და ვეშაპი დამარცხდება. ამ საშინელი ცხოველის შემდეგ ნათელმხილველს (ე.ი. ერმს) წარმოუდგება თვალწინ ეკლესია, როგორც ბრწყინვალედ შემკული სასძლო (ამას აღვნიშნავდით, რომ თუ თავდაპირველად ნახსენებია ასაკოვანი ქალი, მეოთხე ხილვაში უკვე ეკლესია ვლინდება როგორც ბრწყინვალედ შემკული სასძლო), რაც სიმბოლოა მორწმუნეთა სიხარულისა და წინაპირობაა მათი შესვლისა მარადიული ეკლესიის წიაღში.

აი ამ პირველ ოთხ ხილვას გამოყოფენ მკვლევარები ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზის მიხედვით ცალკე მონაკვეთად, რა თქმა უნდა, სრულიად პირობითად

რაც შეეხება მეხუთე ხილვას: მეხუთე ხილვა გახლავთ გარდამავალი პირველსა და მეორე ნაწილს შორის. ვგულისხმობთ ფილოლოგიურ ნაწილებს, თორემ ავტორის დაყოფით, კვლავ გავიხსენებთ, სამნაწილედია ძეგლი და ეს ხილვები მთლიანად ერთი ნაწილია. მაგრამ თანამედროვე მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძველზე პირველი ოთხი ხილვა ცალკე გამოიყოფა, მეხუთე ხილვა ითვლება მომდევნო ნაწილზე გარდამავალ მონაკვეთად ამ ძეგლისა. ამ ხილვაში ერმს მოევლინება სინანულის ანგელოზი მწყემსის სახით. სწორედ ამ მწყემსმა ანუ ამ ანგელოზმა უნდა წარმართოს სინანულისკენ ცოდვილნი და შესაბამისად ქრისტიანობის აღორძინება უნდა მოხდეს. იგივე ანგელოზი წარმოთქვამს მცნებებს და იგავებს და ეს უკვე თვით ავტორისეული დაყოფით მეორე ნაწილია. ხილვები აქ მთავრდება და იწყება მეორე მცნებითი ნაწილი, სადაც მოცემულია 12 მცნება. ეს 12 მცნება მთელი საეკლესიო სათნოების შეჯამებაა. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთავალოთYეს მცნებები:

1. “რწმენა, შიში ღვთისა, ზომიერება”. ე.ი. ერთი კატეგორია არ ნიშნავს აუცილებალდ ერთჯერად სახელდებას. როგორც ვხედავთ პირველ მცნებაში გამთლიანებული სამი სათნოება.

2. “სიწრფელე და უმანკოება გულისა”.

3. ამ მცნების ქართულად თარგმნა საკმაოდ რთულია, რადგან ალალ-მართლობად შეიძლება ის ითარგმნოს, მაგრამ პრინციპული განსხვავება მეორე მცნებისგან ძნელად მოსახელთებელია, თუ სიწრფელე და გულის უმანკოება რით უნდა სხვაობდნენ ალალ-მართლობისგან. ამ მესამე მცნებაში უფრო “სულიერ შეურყვნელობაზეა” აქცენტი, თუმცა გულის სიწრფელეც ფაქტობრივად იმავეს ნიშნავს.

4. “სიწმინდე ქორწინებასა და ქვრივობაში”.

5. “მოთმინება და საკუთარი თავის ფლობა”.

6. “მოძღვრება (ეს უკვე მცნებებშია შეტანილი იმ აზრით, რომ მოძღვრება, რა თქმა უნდა, სათნოებითიც და დოგმატურიც მცნებითი ხასიათისაა და აუცილებელი სახელმძღვანელოა ქრისტიანისა. მცნება ყოველთვის ის სწავლებაა, რითაც ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს) ორი ანგელოზის – კეთილისა და ბოროტის შესახებ”. ეს სწავლება მოგეხსენებათ საყოველთაოა მართლმადიდებლურ ტრდიციაში, რომ ადამიანს იფარავს კეთილი ანგელოზი, დაცემული ანგელოზი კი უკეთურებისგენ უბიძგებს მას.

7. “მოშიშება ღვთისა და უშიშროება დემონისა”. აქაც გარკვეული პარალელი პირველ მცნებასთანაა, სადაც შიში ღვთისა გამოყოფილია, მაგრამ როგორც ჩანს ამ შემთხვევაში მოშიშება დემონის ანუ ეშმაკის წინაშე უშიშროების და შეუშინებლობის გამოსაკვეთად არის მოტანილი და განმეორებული.

8. “ბოროტის ქმნისგან განდგომა და ქველმოქმედება”.

9. “მარადიულად და დაუეჭვებლად ვედრება ღვთისადმი”. აქ “დაუეჭვებლობა” ნიშნავს იმას, რომ წრფელი გულით აღვლენილი ვედრება შესმენილი იქნება ღვთისგან და თუ მყისვე არ იქნება ჩვენგან ნათხოვნი შესრულებული, ამაშიც დაუეჭვებლობა უნდა გვქონდეს, რომ არ არის ჩვენთვის სასიკეთო იმის შესრულება რასაც ვითხოვთ, და არა ის, რომ, თითქოს, უფალმა არ შეისმინა მისდამი გულწრფელად მვედრებლის ღაღადისი.

10. “მოწყენილობისა და სასოწარკვეთის უარყოფა”.

11. “ცრუ წინასწარმეტყველთა საქმეთაგან შეცნობა” (რაზეც ჩვენ “დიდაქესთან” დაკავშირებითაც ვისაუბრეთ).

12. “ბოროტი სურვილებისგან განდგომა და რწმენა იმისა, რომ ხსენებულ მცნებათა აღსრულებით ადამიანი მიიღებს გამოხსნას და რომ ამ მცნებათა აღსრულება ღვთისმოშიშისთვის არანაირად არ არის ძნელი”.

ეს გახლავთ მეორე, მცნებითი ნაწილი ამ შრომისა და ბოლო მესამე ნაწილი, ალბათ, ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო ფასეული, გახლავთ იგავთა ნაწილი. აქ არის 10 იგავი და ეს იგავები იმგვარადვე ცხოველმყოფელია და იმგვარადვე შთამბეჭდავია, როგორც, პარალელისთვის რომ აღვნიშნოთ, “ბალავარიანში” არსებული იგავები. იგავითი ტრადიცია, მოგეხსენებათ, დააფუძნა საკუთრივ მაცხოვარმა. უაღმატებულესი ნიმუში იგავთმეტყველებისა საკუთრივ სახარებანია და ამ სახარებისეულ იგავთ კვალობაზე აღნიშნული ძეგლის იგავთმეტყველებაც, ჩვენი აზრით, აუცილებლად გასაცნობი და შესასწავლია მორწმუნე ადამიანების სიმრავლისგან. ვფიქრობთ სკოლებშიც შეიძლება ისწავლებოდეს ის იგავები, რაც ამ თხზულებაშია მოცემული.

პირველი ხუთი იგავი ძირითადად ზნეობრივი შეგონებანია. კერძოდ პირველი მათგანი ჭეშმარიტ ქრისტიანებს წარმოგვიდგენს ჩვენ, როგორც უცხოებს ამ ქვეყანაზე. აქ აშკარა პარალელია ჩვენს მიერ უკვე განხილულ ძეგლთან “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”, სადაც ქრისტიანები, როგორც უცხონი ამ ქვეყნად, როგორც მწირნი, როგორც მსხემნი, როგორც მდგმურები ამ ქვეყნისა და არა მკვიდრნი ამა სოფლისა, ამგვარადაა განჭვრეტილი. კერძოდ ამ თხზულებაში (“მწყემსი”) ვკითხულობთ: “იცით თქვენ მონანო ღვთისა, რომ უცხოებაში იმყოფებით? თქვენი ქალაქი (იგულისხმება ზეციური ქალაქი) შორსაა ამ ქალაქიდან (ე.ი. ამა სოფლიდან). ამიტომ თუკი იცით თქვენი მამული, სადაც უნდა იცხოვროთ, მაშ რისთვის ყიდულობთ ამ ქვეყნად მიწებს? ღატომ აშენებთ ბრწყინვალე სახლებს და უსარგებლო საცხოვრისებს? ვინც ამ ქალაქში იძენს ქონებას, ის აღარ განიზრახავს თავის მამულში დაბრუნებას. უგუნურო, ორგულო და საწყალობელო კაცო, ნუთუ ვერ ხვდები უცხოა შენთვის ეს ყველაფერი და სხვას ეკუთვნის. ამ ქალაქის მფლობელი ამბობს: ან დაიცავი ჩემი კანონი, ან განერიდე ჩემს სამფლობელოს. ასე რომ, რას იქმ შენ, რომელსაც შენი კანონი გაქვს შენს მამულში. ნუთუ მინდვრებისა და სხვა მოსახვეჭელთა მიზეზით უარყოფ მამისეულ კანონს? თუკი უარყოფ, შემდეგ კი კვლავ ისურვებ იქ მიბრუნებას, სადაც არის შენი მამული, არ მიგიღებენ და გაგაძევებენ. ამიტომ უცხოეთში მყოფი უცხოს მსგავსად შენთვის ნურაფერს ნუ შეიძენ, გარდა იმისა, რაც სიცოცხლისათვის არის საჭირო”. აი ეს ღირებული სწავლება შედის პირველ იგავში.

მეორე იგავში (ჩვენ ყველა იგავს, რა თქმა უნდა, დაწვრილებით ვერ განვიხილავთ) არის მოწოდება მდიდრებისადმი, რომ დაეხმარონ ღარიბებს და თავის მხრივ ღარიბების ლოცვა შეეწევა მათ. აქ მდიდართა და ღარიბთა დამოკიდებულება იმგვარადვეა გაგებული, როგორც მოგვიანებით კლიმენტი ალექსანდრიელთან, სადაც ჩვენ ამ საკითხის განხილვა უფრო დაწვრილებით გვექნება, რომ ხორციელი სიმდიდრის ფლობა არ ნიშნავს წარწყმედას, თუ ამ სიმდიდრეს სიკეთისათვის გამოიყენებ. პირიქით, შეიძლება ცხონების საწინდარიც კი გახდეს სიმდიდრე. ამ იგავის თავისებურება გახლავთ იმგვარი სიმბოლურობით გამოხატვა მდიდრისა და ღარიბის ურთიერთ მიმართებისა, ღოგორც ურთიერთს მიესადაგება და მიემართება ვენახი და თელა. თუმცა თელა უნაყოფოა, მაგრამ იგი საყრდენს აძლევს ვენახს, რომელიც თელას შემწეობით ნაყოფიერი ხდება. ამ თხზულებაში კერძოდ ასე წერია: “ვენახი ნაყოფს იძლევა, ხოლო თელა უნაყოფოა ხეა. მაგრამ ვენახი უხვად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი საყრდენად თელა არ ექნება მას. რადგან თუკი მიწაზე დაწვება იგი, დამპალ მტევნებს მოისხამს. მაგრამ თუ ვენახი თელაზე ჩამოეკიდება, მაშინ თელაც ნაყოფიერი გამოჩნდება. ასე რომ, ხედავ თელაც არანაკლებ ნაყოფს იძლევა. ეს ყველაფერი ღვთის მონისათვის იგავია მდიდრისა და ღარიბისა. მდიდარი მრავალ საუნჯეს ფლობს, მაგრამ უპოვარია სულიერად ღვთის წინაშე. საკუთარი სიმდიდრით გატაცებული ძალიან ცოტას ლოცულობს უფლისადმი, მაგრამ როდესაც მდიდარი ღარიბს მოწყალებას აძლევს, მაშინ ღარიბი ლოცულობს უფლისადმი მდიდრისათვის და უფალი თავის ყველა მადლს ანიჭებს მდიდარს, რამეთუ ღარიბი მდიდარია ლოცვით და მისი ლოცვა დიდად ძალმოსილი უფლის წინაშე. ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც მდიდარნი არიან და იმასაც ხვდებიან, რომ ღვთის მიერ გამდიდრდნენ. რამეთუ ვინც ამას მიხვდება, ის შემძლეა კეთილი საქმისა”.

რაც შეეხება მესამე იგავს, ეს იგავი განგვიმარტავს, თუ რატომ არის შეუძლებელი ამქვეყნად ცოდვილთა და მართალთა გარჩევა, რაც ჩვენ საეკლესიო მოძღვრებაში მრავალგზის გვსმენია. თუნდაც ფუძემდებლური დებულება მაცხოვრისგან მომდინარე, რომ არ განვიკითხოთ სხვები, რათა ჩვენ თვითონ არ აღმოვჩნდეთ განკითხულნი. არ განვიკითხოთ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ ერთი არ გვაქვს მსაჯულის უფლებამოსილება, რომ განვსაჯოთ სხვათა ნაცოდვილარი, მაგრამ გარდა ამისა არც ის ვიცით ვინ ცოდვილია და ვინ არა. გარეგანად გამოვლენილი პიროვნული სახე არ გულისხმობს იგივეობას მის შინაგან მდგომარეობასთან. მრავალნი, თუნდაც სალოსნი, რომლებიც ერთ დიდ ხაზს და ტრადიციას ქმნიდნენ საეკლესიო და საერთოდ ქრისტიანულ ისტორიაში, რა თქმა უნდა, გარეგნულად, გარეგნული შეფასების და გარეგნული კრიტერიუმის მიხედვით სრულიად სხვაგვარად უნდა განგვესაჯა, მაშინ როცა შინაგანად ისინი უსაზღვროდ აღვსილნი იყვნენ საღვთო მადლით. ამიტომ ამ საკითხზეა სწორედ ამ იგავში ყურადღება გამახვილებული და ისიცაა ნაუწყები, თუ როდის წარმოჩნდება თვალსაჩინოდ სულიერად ცოცხალისა და სულიერად მკვდრის ურთიერთგამიჯნულობა. კერძოდ ვკითხულობთ: “მწყემსმა მიჩვენა მე ბევრი ფოთლებ გაცვენილი ხე (ეს ის მწყემსია, რომელიც გამოეცხადება ერმის, ანუ ანგელოზი სინანულისა), რომლებიც გამხმარს ჰგავდნენ. ყველა ისინი მსგავსნი იყვნენ ერთმანეთისა. და მითხრა მე: ხედავ ამ ხეებს? Mმივუგე: ვხედავ, რომ მსგავსნი არიან ერთმანეთისა და გამხმარნი ჩანან. მან კი მომიგო: ეს ხეები გამოსახავენ ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს. ვკითხე: უფალო რატომ ჰგვანან ისინი გამხმარ ხეებს და რად ემსგავსებიან ერთურთს? მომიგო: ეს იმიტომ, რომ ამქვეყნად (სიტყვ. “ამ ჟამში”) არ ჩანს არც მართალი, არც უღირსი ადამიანი, მსგავსნი არიან ისინი ურთიერთისა. აწინდელი ჟამი არის ზამთარი მართალთათვის, რომლებიც ცოდვილებთან თანამყოფობენ და არც განირჩევიან მათგან. როგორც ზამთარში ყველა ფოთლებდაცვენილი ხე მსგავსია ერთიმეორისა და არ ჩანს რომელიც გახმა მართლაც მათ შორის და რომელია კვლავ სიცოცხლის უნარიანი, ასევე აწინდელ ჟამში არავის ძალუძს გამოიცნოს მართალი და შეცოდებული, რამეთუ მსგავსნი არიან ერთმანეთისა”.

ამის გაგრძელებაა მეოთხე იგავიც, რომელსაც ასევე ტექსტობრივად წარმოვადგენთ: “კვლავ მიჩვენა მე მრავალი ხე მწყემსმა. ზოგი მათგანი აყვავილდა, ზოგი კი გახმა. თქვა მან: ამწვანებული ხეები მოასწავებს მართალთ, რომელთაც მოელით სამომავლო საუკუნეში ცხოვრება, რამეთუ სამომავლო საუკუნე ზაფხულია მართალთათვის და ზამთარი ცოდვილთათვის. ოდეს გამობრწყინდება მადლი უფლისა გაცხადდებიან ღვთის მსახურნი, რამეთუ ხილვადი გახდება ყოველივე. ასე რომ, როგორც ზაფხულში ყოველი ხე ნაყოფს მოისხამს და გამოჩნდება თუ როგორია ეს ნაყოფი, ასევე გამჟღავნდება და ცხადი გახდება მართალთა ნაყოფიც. ყველა ისინი მომავალ საუკუნეში განიხარებენ. ცოდვილნი და წარმართნი ის გამხმარი ხეებია შენ რომ იხილე. მომავალ საუკუნეში გამხმარნი და უნაყოფონი გამოჩნდებიან ისინი და მიეცემიან ცეცხლს, როგორც შეშა. ცოდვილნი ცეცხლით დაიწვებიან, რამეთუ სცოდეს და არ შეინანეს, ხოლო წარმართნი დაიწვებიან, რამეთუ არ შეიცნეს ღმერთი შემოქმედი მათი”.

რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ყველა იგავის განხილვას (როგორც მოგახსენეთ, სულ 10 იგავია). ზოგი მკვლევარის აზრით ესა თუ ის იგავი არ არის გამორიცხული გვიანდელი დანართი იყოს, ვთქვათ VIII იგავი, სადაც კვლავ ხდება უკან დაბრუნება ზემოხსენებული სიმბოლოს – “კოშკის” უფრო ვრცლად და უფრო სიღრმისეულად განმარტების მიზანდასახულობით, და რამდენადმე შეცვლილიცაა წინარე თხრობა. კერძოდ იგავის მიხედვით განსხვავებული ქვები, რომლებითაც იგება შენობა, ცოდვილთა სხვადასხვაობას ასაჩინოებს და აქვე თქმულია ისიც, რომ გარკვეული დროის მანძილზე დაყოვნებულია შენობის დასრულება. მიზეზი გახლავთ ის, რომ დრო მიეცეს უფრო და უფრო მეტ ცოდვილს მონანიებისა და როგორც სულიერი ქვა ამ ეკლესიის, ამ კოშკის, ამ სულიერი ცხოვრების დიდ შენობას შეუერთდეს. დიდი ნაწილი მკვლევარებისა მიიჩნევს, რომ ეს დანართი ასევე ერმის მიერ შეიძლება იყოს დაწერილი.

ფილოლოგიური კვლევით (ე.ი. პირველი ოთხი ხილვა ერთი ნაწილია, როგორც უკვე გითხარით, შემდეგ მოდის მეხუთე ხილვა, 12 მცნება და იგავები, ცხრა იგავი) ბოლო X იგავი მკვლევართა აზრით შესაძლოა ცალკე ნაწილად გამოიყოს. აღნიშნულ იგავში სინანულის ანგელოზი, რომელმაც ერთხელ უკვე აუწყა ერმს, რომ შედგომოდა იგი საკუთარი ოჯახის გაწმენდას, კვლავ ანდობს მას სხვათა მოქცევის მისიას და ეს მისია უკვე საზოგადოა. ერმი მოწოდებულია, რომ სინანულისკენ უწინამძღვროს ყველა ადამიანს. ანგელოზი პირდაპირ ასე ეუბნება მას: “მხნედ აღასრულე ეს მსახურება, საღვთო სიდიადე უქადაგე ყოველ კაცს. ამით შენსავე მსახურებაში მადლს შენვე ჰპოვებ. ვინც აღასრულებს ზემორე მცნებებს, იცოცხლებს და ინეტარებს. ვინც კი უარყოფს, უარყოფს სიცოცხლეს და უბედური იქნება მისი ცხოვრება. აუწყე ყველას, არ დააყოვნო ქველმოქმედება, რამეთუ ქმნა კეთილისა არგებს მათ. ნუ დაახანებთ, რომ არ დასრულდეს აგება კოშკისა, რამეთუ სწორედ თქვენს გამო შეწყდა შენება. თუ არ ისწრაფებ, რომ სრულნი გახდეთ, აიგება კოშკი და თქვენ მის გარეთ აღმოჩნდებით”.

დაახლოებით ამგვარი გახლავთ ეს შრომა. ამ შრომაში თავს იჩენს ყოველი სახის ქრისტიანი – კარგიც და ცუდიც. აქ გვხვდება, სხვათაშორის, ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკონები, რომლებიც ღვთის წინაშე ღირსეულად აღასრულებენ თავის მსახურებას, მაგრამ ჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც განკითხვას მიეცემიან მათივე ამპარტავნებით და სხვა ცოდვებით, იქნება დაუდევრობა, ამბიციურობა, აგრეთვე დიაკვნებთან დაკავშირებით, რომლებმაც მიითვისეს ობოლთა და ქვრივთა საუნჯე და ა.შ. წარმოჩენილნი არიან მარტვილნი, რომელთა მხნეობაც არცერთი წამით არ შედრეკილა, გამოკვეთილნი არიან განდგომილებიც რწმენისგან, გამცემნი, მოღალატენი, ე.ი. ქრისტიანები, რომლებიც უბრალო მიწიერ სურვილთა გამო განეყენენ ზეციერისკენ სწრაფვას და ასეთი საყურადღებო აზრიცაა გამოთქმული, რომ ამ გაუკუღმართებულთა შორის ისეთი გაუკუღმართებულნიც კი არიან, რომლებიც უსირცხვილოდ მოკლავენ მათ ღმერთს და მათსავე ძმებს, ეს რომ შეეძლოთ. სხვათაშორის, ძეგლში მოციქულებიც ვლინდებიან, რომლებსაც არ ამძიმებთ ცოდვები, იმ გაგებით, რომ დაძლიეს ისინი და განიწმინდენ. აქვე ჩნდებიან, მეორე მხრივ, ყველანაირი სახის ცოდვილნი, ჩვენ ვხვდებით მწვალებლებს, მერყევ ხალხს, რომლებიც სიმართლის გზას ეძიებენ, მაგრამ არა მყარად, არიან კარგი ქრისტიანები თავიანთი მცირე შეცოდებებით, ცბიერნი, ფარისეველნი ანუ, როგორც ამ ძეგლში ეწოდებათ, ჰიპოკრიტები და სხვა. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს ერმის წიგნი უნდა იყოს იმდროინდელი რომაული ეკლესიის (ე.ი. როდესაც ერმი მოღვაწეობდა) ზნეობის ვრცელი შემოწმება.

დასასრულს ჩვენ უბრალოდ ინფორმატიული მიზანდასახულობით აღვნიშნავთ, რომ ეს ძეგლი ბერძნულ ენაზე პირველ რიგში მოღწეულია იმ სახელგანთქმული სინური ხელნაწერით, რომელიც IV საუკუნეს ეკუთვნის. თუმცა ამ ხელნაწერში დაზიანების გამო შემორჩენილია თხზულების მხოლოდ ერთი მეოთხედი. არანაკლებ მნიშვნელოვანია V ს-ის ათონური ხელნაწერი, ასევე ბერძნული, რომელიც მთელ შრომას შეიცავს და ნაკლულია მხოლოდ ბოლო ნაწილში. არის კიდევ პაპირუსთა კოლექციაში, კერძოდ მიჩიგანის პაპირუსთა კოლექციაში, ორი საყურადღებო ფრაგმენტი, სხვა კიდევ ჰამბურგის და სხვა რამდენიმე უმნიშვნელო ფრაგმენტიც.

რაც შეეხება თარგმანებს, ორი ლათინური თარგმანია ჩვენამდე მოღწეული და ასევე ერთი ეთიოპური. იყო თარგმნილი კოპტურ ენაზეც, როგორც ეს გარკვეულია, რამდენადაც მოღწეულია ფრაგმენტი კოპტური ენის საჰიდურ დიალექტზე და არის ერთი ფრაგმენტი საშუალო სპარსული თარგმანისა. ეს ყველაფერი ცხადყოფს ამ შრომის საკმაო გავრცელებულობას ადრექრისტიანულ ეპოქაში და ვფიქრობთ აქ წარმოდგენილი მოკლე მიმოხილვაც ადასტურებს, რომ ზოგი სწავლება, ზოგი მონაკვეთი ამ შრომისა უაღრესად მრავლისმეტყველია, შთამბეჭდავია (განსაკუთრებით იგავურ ნაწილში) და ვფიქრობთ გარკვეული ზედამხვედველობის ქვეშ ამ თხზულების სრულყოფილი გამოყენება დღესაც სარგებელს მოუტანს მსმენელსა და მკითხველს.

 

იხილეთ აღნიშნული თხზულების ახალქართლი თარგმანი: ერმი - მწყემსი

 

121–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=CcM8ixlE1sE

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 04 DECEMBER 2016 18:47)