ცხოვრება და მოღვაწეობა
ჩვენ წინა შეხვედრაზე დავასრულეთ მსჯელობა ერთ-ერთი აპოლოგეტის, სამწუხაროდ დიდწილად გაუკუღმართებულის, ტატიანე სირიელის მოძღვრების და მისი მთავარი აპოლოგეტური შრომის შესახებ. დღეისათვის კი დავიწყებთ განხილვას II ს-ის ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო საეკლესიო მოძღვრის - თეოფილე ანტიოქიელის მოღვაწეობისა და საღვთისმეტყველო სწავლებათა შესახებ.
155–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=mgOqdU-FmWY
თეოფილე ანტიოქიელის შრომათა მიმოხილვა
ჩვენს წინა შეხვედრაზე დავიწყეთ განხილვა II საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვრის, ღვთისმეტყველის, ანტიერეტიკოსისა და პოლემისტის - თეოფილე ანტიოქიელის, ზოგი წყაროთი, ზოგი კალენდარული მონაცემით წმინდანის, მოღვაწეობის შესახებ, და დავასრულეთ წინა შეხვედრა ვრცელი ციტაციით ევსები კესარიელის შრომიდან საეკლესიო ისტორია, სადაც შეძლებისდაგვარად დეტალურად იყო გადმოცემული, აღწერილი და დახასიათებული თეოფილე ანტიოქიელის სამწერლობო მოღვაწეობა, საერთოდ მოღვაწეობა და კონკრეტულად თუ რა შრომები დაგვიწერა მან.
ჩვენ ამჯერად იმ ციტატის შეჯამებას მოვახდენთ და აღვნიშნავთ, რომ აშკარაა შემდეგი: ევსები კესარიელი გვისახელებს თეოფილე ანტიოქიელის სამ თხზულებას, რომელთაგან პირველი გახლავთ “ავტოლიკესადმი” (სამ წიგნად), მეორე “ჰერმოგენეს წვალების წინააღმდეგ” და მესამე “მარკიონის წინააღმდეგ”. ამავე დროს თეოფილეს კიდევ ბევრი სხვა შრომის არსებობაზე მიანიშნებს ევსების სიტყვები “და სხვა კატეხიზმური წიგნები”, რაც აუცილებელ მრავლობითობას გულისხმობს. გარდა ევსების ამგვარი უწყებისა თეოფილეზე ჩვენ გვაუწყებს წმ. იერონიმე თავის ასევე ისტორიული ხასიათის შრომაში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”. ეს თხზულება იერონიმესი, ლათინურად დაწერილი, გახლავთ იმ ნაშრომის გაგრძელება, რაც ევსები კესარიელმა დაწერა (საეკლესიო ისტორია) და ასევე ძალიან ფასეული გახლავთ ჩვენთვის. სწორედ წმ. იერონიმე ახსენებს, გარდა ზემოთ აღნიშნული ძეგლებისა, რაც თეოფილეს დაუწერია, კიდევ ორ თხზულებას, კერძოდ ეს გახლავთ “სახარების განმარტება” და “სოლომონის იგავთა განმარტება”. ცხადია პირველი მათგანი, კერძოდ “განმარტება სახარებისა” (თუმცა აქ დაკონკრეტებული არ გახლავთ რომელი სახარების განმარტებაზეა საუბარი), როგორც ერთ-ერთი უადრესი ეგზეგეტიკური თხზულება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ისევე როგორც მნიშვნელოვანი იქნებოდა “სოლომონის იგავთა განმარტებაც”. თუ ჩვენ კონკრეტულად იერონიმეს სიტყვებს დავიმოწმებთ, ეს სიტყვებვი ასეთი სახისაა: “წავიკითხე თეოფილეს ავტორობით სახარებისა და სოლომონის იგავთა კომენტარები, რომლებიც ჩემი აზრით სინატიფითა და ფრაზეოლოგიით არ თანხვდება ზემორე თხზულებებს”. აქ იგულისხმება ჩვენს მიერ უკვე დასახელებული ნამდვილი შრომები თეოფილესი, განსაკუთრებით მისი სამწიგნედი თხზულება “ავტოლიკესადმი”. თვით ეს სტილური დაკვირვება იერონიმესი, რომ ამ შრომებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა ამ კუთხით, ძალიან საყურადღებოა იმის დასადასტურებლად, რომ ეკლესიის მამათა შორის უკვე ამ უძველეს ეპოქაშიც კი, ე.ი. IV-V ს-ბის მიჯნაზე, როდესაც იერონიმე მოღვაწეობდა, თხზულების სტილური შესწავლა უგულებელყოფილი არ გახლდათ. მაგრამ იერონიმეს ეს სიტყვები მაინც უფრო იქითკენ გვიბიძგებს ჩვენ, რომ მისგან დასახელებული ეს ორი თხზულება მთლად უეჭველად თეოფილესეულად არ დავსახოთ, იმიტომ, რომ თვით იერონიმესაც არ სჯერა ეს ბოლომდე. საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ იგივე იერონიმე სხვაგან ჩვენ გვაუწყებს თეოფილესგან ისეთივე ტიპის სახარებათა კონკორდანსის შედგენის შესახებ, როგორზეც ჩვენ ვისაუბრეთ ტატიანე სირიელთან დაკავშირებით, რომ ოთხი სახარების გამთლიანება უცდია მას. ეს შრომა ჩვენამდე არ მოღწეულა, ისევე როგორც ზემოთ დასახელებულ შრომათა თითქმის ყველა ჩამონათვალი, გარდა ერთისა, რომელიც გახლავთ თხზულება “ავტოლიკესადმი” სამ წიგნად, სადაც საყურადღებოა ისიც, რომ თეოფილე თვითონ მიგვითითებს თავის კიდევ ერთ შრომაზე, რასაც არც ევსები ასახელებს და არც იერონიმე. შესაძლოა ეს შრომა მათ დროისათვის უკვე დაკარგული ყოფილიყო, თორემ ჩვენი აზრით ევსები კესარიელი უთუოდ დაასახელებდა. კერძოდ თეოფილე მიგვითითებს თავის შრომაზე სახელწოდებით “ისტორიათა შესახებ”, რომელშიც როგორც ჩანს აღწერილი ყოფილა კაცობრიობის ძველი აღთქმის კვალობაზე დაწერილი ბიბლიური ისტორია, სადაც თეოფილე გარკვეულ საღვთისმეტყველო ანდა ისტორიული ხასიათის კომენტარებსაც შეიტანდა ბიბლიური თხრობის ილუსტრაციისთვის, უკეთ გაცხადების მიზანდასახულობით. მოვიტანოთ თეოფილეს სიტყვები ზემორე დასახელებულ მისეულ ნაშრომთან დაკავშირებით: “თვით კაენსაც ჰყავდა ძე სახელად ენოქი. და ააშენა მან, რომელსაც მისი ძის სახელი უწოდა, ქალაქი (ცნობილია, რომ კაენი არის ქალაქთა დამფუძნებელი, სწორედ მისგან დაედო სათავე ქალაქთა შენებას), ხოლო ეს მოხდა წარღვნამდე. ენოქს შეეძინა შვილი სახელად გაიდადი, რომელსაც ეყოლა მეელი, მეელს მათუსალა, მათუსალას ლამექი. ლამექმა შეირთო ორი ცოლი - ადა და სელა. აქედან დაედო სათავე მრავალცოლიანობას, აგრეთვე მუსიკას. ლამექს შეეძინა სამი ძე - ობელი, იუბალი და თობელი. ობელი იყო მამა იმ მკვიდრთა კარვებისათა საცხოვართ მზრდელთასა. იუბალი არის გამომაჩინებელ საფსალმუნისა და ებნისა (ძველი ქართულით მოტანილი ეს ტექსტები შესაქმის წიგნიდანაა დამოწმებული თეოფილეს მიერ). თობელი გახდა კუერით-ხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისაი. კაენის შთამომავლობის თესლის მომდევნო ნაწილი დავიწყებას მიეცა მას შემდეგ, რაც კაენმა მოჰკლა საკუთარი ძმა აბელი (ე.ი. კაენმა შექმნა შთამომავლობა, მაგრამ ეს შთამომავლობითი ხაზი მისგან ჩადენილი კაცისმკვლელობის ცოდვის გამო დავიწყებას მიეცა). აბელის ნაცლად ღმერთმა კვლავ მიჰმადლა ორსულობა ევას და ევამ შვა ძე სახელად სეითი, რომლისგანაც მომდინარეობს ადამიანთა მოდგმა, ვიდრე დღევანდელ დღემდე. ვისაც სურს, რომ ცოდნა შეიძინოს თითოეული ტომის შესახებ, წმ. წერილის გზით ადვილად გაიცხადებს ყოველივეს, როგორც აღვნიშნეთ ზემოთ (იგულისხმება 28-ე თავი, სადაც განმარტებულია ადამისა და ევას შესახებ ბიბლიური თხრობა. თავისთავად ეს თავი ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ამას ჩვენ შემდგომ შევეხებით როცა თეოფილე ანტიოქიელის ღვთისმეტყველებას განვიხილავთ) სხვა ქადაგებაში, კერძოდ პირველ წიგნში ისტორიათა შესახებ, სადაც ნაწილობრივ ჩვენც განვიხილეთ გენეალოგიური ხაზი. ყოველივე ამას კი გვასწავლის სულიწმინდა მოსესა და სხვა წინასწარმეტყველთა პირით”. ამრიგად აქ უეჭველად და ცხადადაა მითითებული თეოფილესგან თავისი ნაშრომი “ისტორიათა შესახებ”, რომლის პირველ წიგნში მასაც, ბიბლიური თხრობის კვალობაზე, შეუდგენია და წარმოუდგენია გენიალოგიური წესი და ხაზი. შემდეგ ის განაგრძობს (რითაც ბოლოვდება აღნიშნული ციტატა): “ასე რომ ის წერილი (წმ. წერილი), რომელიც ჩვენ ღვთისმოსავთ გვაქვს, უძველესია და ამასთან უჭეშმარიტესი ყველა სხვა მწერლისა და პოეტის თხზულებაზე. მუსიკის შესახებაც იყბედა ზოგმა თითქოს აპოლონს მოეგონებინოს იგი, სხვები იმას ამბობენ, რომ ორფევსმა ფრინველთა ტკბილხმოვანებაში აღმოაჩინა მუსიკა. მაგრამ ამაოა და ფუჭი მათი სიტყვა, რადგან ესენი (აპოლონი და ორფევსი) წარღვნიდან მრავალი წლის შემდეგ იყვნენ, ხოლო ნოეს ამბები, რომელსაც ზოგი დევკალიონს უწოდებს, ჩვენ გადმოცემული გვაქვს ზემოხსენებულ წიგნში (ისტორიათა შესახებ), და თუ გსურს (ავტოლიკეს მიმართავს) შეგიძლია შენც ნახო იგი”.
ამრიგად თეოფილე ანტიოქიელის შრომები საკმაოდ მრავალრიცხოვანი ყოფილა. ამ შრომათა რაოდენობას და რიცხვს, როგორც წარმოდგენილი ვრცელი ციტატიდან ვნახეთ, ავსებს თვით მისგანვე მოცემული უწყება თავისი ნაშრომის, “ისტორიათა შესახებ”, თაობაზე. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ერთადერთ ძეგლს, რომელიც თეოფილესგან ჩვენადმე შემორჩა, სახელწოდებით “ავტოლიკესადმი” (ასეც შეიძლება ითარგმნოს “ავტოლიკეს წინააღმდეგ”), იგი მრავალმხრივ საყურადღებო შრომა გახლავთ. ჩვენ ამჯერად ცხადია არ გვაქვს საშუალება განვიხილოთ იგი თავიდან ბოლომდე და ამიტომ მხოლოდ ორ მნიშვნელოვან სიახლეს აღვნიშნავთ, რაც ამ შრომამ ქრისტიანულ ლიტერატურაში შემოიტანა ტერმინოლოგიური თვალსაზრისით: 1) თეოფილე ანტიოქიელი პირველია, რომელმაც გამოიყენა ტერმინი სამება, ბერძნულად “ტრიას”, და ეს ტერმინი გამოიყენა სწორედ ერთარსება და სამპიროვანი ღვთის აღსანიშნავად. მოვიტანთ შესაბამის ციტატას, სადაც თეოფილესთან დამოწმება გვაქვს ბერძნული სიტყვისა “ტრიას” ანუ იგივე სამებისა: “ამგვარად, - ამბობს თეოფილე, სამი დღე, რაც წინ უსწრებს მნათობთა შექმნას (მნათობთა შექმნა ბიბლიური სწავლებით მეოთხე დღეს მოხდა), სახეა სამებისა” (ვიპოს ტეს ტრიადოს). ესაა დასახელებული თხზულების II წიგნის მე-15 ქვეთავში. 2) თეოფილე ანტიოქიელი თავის მხრივ პირველია ეკლესიის მამათა შორის, რომელიც ეხება ამავე დროს, გარდა ზემორე ტერმინოლოგიური მონაცემისა, კიდევ სხვა ტერმინოლოგიურ მონაცემს, რაზეც ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა ერთგზის უკვე საუბარი, ესაა იმგვარი გაგება სიტყვასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შიგნით მდებარე სიტყვა, ძველ ქართულად შინაგანმდებარე სიტყვა, და გამოვლენილი სიტყვა. ეს ორი ცნება, ეს შესიტყვება ერთი მხრივ გამოვლენილი სიტყვა და მეორე შიგნით მდებარე სიტყვა, თავისთავად ძალიან ღრმა და რთულად განსახილველი სწავლების შემცველია. აქ შეიძლება სახეზეც იყოს გაუკუღმართებაც, ამავე დროს შეიძლება, თუ კანონზომიერ მსჯელობას მოვიმარჯვებთ, ზემორე დებულებანი სიტყვის ორგვარობის შესახებ ქმნილებას განვუკუთვნოთ და ასე თუ ისე ეს საკითხი ავხსნათ, მაგრამ ეს ყველაფერი, კვლავ აღვნიშნავთ, სპეციალურ და ცალკე განხილვას მოითხოვს, რასაც ამჯერად ვერ შევასრულებთ და ამიტომ აღნიშნულ ტერმინთა, ე.ი. შიგნით მდებარე და წარმოჩენილი სიტყვის თეოლოგიურ განხილვას მთლიანობაში და სრულყოფილად ალბათ შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებთ. ამჯერად კი თეოფილე ანტიოქიელის შესახებ საუბარს დავაბოლოვებთ კვლავაც იმის აღნიშვნით, რომ ცალკეული ტერმინების დაზუსტებისა და შემოტანის მხრივ, რა თქმა უნდა, თეოფილემ გადადგა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი საეკლესიო დოგმატიკის ტერმინოლოგიური ფორმულირებისკენ და ეს ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ თეოფილემ, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას ყველა იმ მოძღვარმა, ვინც ტერმინოლოგიურ ძიებებს უდიდეს მნიშვნელობას განუკუთვნებდნენ, რისი ნაყოფიც თვასლაჩინოა საეკლესიო დოგმატიკის სახით.
156–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=cv1a3eJlcg0
თეოფილე ანტიოქიელის ღვთისმეტყველება
ჩვენს წინა საუბარში აღვნიშნავდით, რომ თეოფილე ანტიოქიელის ტერმინოლოგიური წარმატებანი არა მხოლოდ იმ მართლაც უმნიშვნელოვანეს ტერმინს გულისხმობს, რაც საბოლოოდ დამკვიდრდა თეოფილეს შემდგომ საეკლესიო ისტორიაში, ბერძნულადაც (ტრიას) და ყველა სხვა ენოვან თარგმანშიც, მათ შორის ქართულადაც (სამება). როგორც აღვნიშნეთ გარდა ამ ტერინოლოგიური მონაცემისა თეოფილე პირველია ეკლესიის მამათა შორის, რომელმაც საგანგებო ყურადღება გაამახვილა ისეთ ცნებით სინამდვილეზე, რაც გვიანდელ ეპოქაში უკვე საგანგებო კომენტირების საგანი ხდება, მაგრამ II საუკუნისთვის სხვა ღვთისმეტყველთა შრომებში შესამჩნევი არ არის, ეს გახლავთ მსჯელობა ან სწავლება შინაგან მდებარე სიტყვისა და გამოვლენილი სიტყვის შესახებ. წინა საუბარში ვამბობდით, რომ ამ საკმაოდ რთულ თეოლოგიურ საკითხს ჩვენ საგანგებო შეხვედრას დავუთმობდით და აი ამჯერად შევეცდებით, რომ აღნიშნული ტერმინოლოგიური მონაცემები რამდენადმე სრულყოფილად და კომენტირებულად წარმოვადგინოთ.
რას ნიშნავს სიტყვა შიგნით მდებარე და სიტყვა გამოვლენილი? ბერძნულში სიტყვასთან ანუ ლოგოსთან დაკავშირებით ხშირად გამოიყენება ორი სხვა ტერმინი, ერთი მხრივ შინაგან მდებარე ანუ ბერძნულად “ენდიათეტოს” და მეორე მხრივ გამოვლენილი ანუ ბერძნულად “პროფორიკოს”. რასაც ჩვენ “შინაგან მდებარედ” ვთარგმნით, ბერძნული “ენდიათეტოს, ძველ ქართულ ტრადიციაში ყველაზე უფრო გავრცელებულად სწორედ ამგვარად ითარგმნებოდა და ეს თარგმანი შინაარსობრივად ზუსტია, თუმცა არსებობს პარალელური შესატყვისიც – “სიტყვა შორისმდებარე”. აზრი ამ ორი ძველი ქართული შესატყვისისა ერთიდაიგივე გახლავთ და წიაღში, შიგნით მდებარეობა სიტყვისა გამოიხატება აღნიშნული ტერმინით. რაც შეეხება მეორე ბერძნულ ტერმინს “პროფორიკოს”, რაც მომდინარეობს ბერძნული ზმნისგან “პროფერო” და ნიშნავს წინ წაღებას, წინ წაყვანას, წინ გაშვებას ანუ გამოშვებას, გამოცემას, გამოვლენას და ა.შ., ძველ ქართულად რამდენიმეგვარად ითარგმნებოდა კონკრეტულად სიტყვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ზემორე ბერძნული ტერმინის სხვა კონტექსტები საყურადღებო არ გახლავთ, ჩვენთვის საყურადღებო გახლავთ ის, რომ კონკრეტულად სიტყვასთან ანუ ლოგოსთან დაკავშირებით ბერძნული “პროფორიკოს” ითარგმნებოდა როგორც მაგ. ხმოვანი, ხმოანი (ვ-ს დაკლებით, რაც ჩვენ გვხვდება თუნდაც ეფრემ მცირესთან), წარმოჩენილი (გელათურ სკოლაში), აგრეთვე ზრახული, წარმოჩენითი და სხვა. იოანე პეტრიწი იმავე “პროფორიკოს”-ს თარგმნის როგორც “გარემოსილი”.
როცა წინა საუბარში მივუთითებდით, რომ ჩვენ აღნიშნულ ტერმინებზე ერთგზის უკვე სხვა კონტექსტში გვქონდა საუბარი, ვგულისხმობდით შესავალ ნაწილს ჩვენი საუბრებისას, როდესაც ვეხებოდით ზოგადად ენის საეკლესიო რაობის და დანიშნულების საკითხს, თუ როდის შემოდის ადამიანის ისტორიაში გრამატიკული ენა, ლექსიკური ფონდი ენისა ანუ იგივე მატერიალური ენა და რომ სამოთხეში არსებობდა თუ არა ამგვარი ენა. მაშინ აღვნიშნეთ, რომ სამოთხეში არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ პირველი გაგება ენობრივი ფენომენისა - შინაგანმდებარე სიტყვა, შინაგანმდებარე ენა, მეტყველება, იგივე შინაგანი აზრი. ხოლო გაზრახება, გამოცემა სიტყვისა, გრამატიზებული სტრუქტურა ენისა და ლექსიკური მონაცემები, რომლებიც ხმოვან სიტყვას უკავშირდება, ეს ყოველივე მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდგომ შემოდის, როდესაც თვით ადამიანიც უხრწნელებიდან ხრწნადობამდე დაეცა, უკვდავობიდან მოკვდავობამდე და შეიმოსა მან ტყავისა სამოსელნი ანუ მოკვდავობის თვისება. აი მაშინ ვსაუბროვდით ამ ორ მონაცემზე, მაგრამ ამჯერად იმავე ტერმინთა განხილვა საკუთრივ ღმერთ სიტყვასთან დაკავშირებით არის საჭირო, იმიტომ, რომ სწორედ ამ კუთხით მოუხმობს შინაგანმდებარე და გამოვლენილ სიტყვას და საერთოდ ამ ცნებით კატეგირიებს თეოფილე. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად თეოფილესადმი მოგვიანებით გამოთქმული ზოგიერთი საყვედური ალბათ სამართლიანია. სამართლიანია იმ ნიშნით, რომ მკვეთრი დაზუსტება თუ რა შინაარსით მოუხმობს, უფრო ზუსტად რა შინაარსით მიჯნავს ამ ორ მდგომარეობას სიტყვისას - შინაგანმდებარეობას მისას და გამოვლენილობას, თეოფილე, აი ეს მის შრომებში ნაკლებად ჩანს და შესაბამისად ასპარეზი ეძლევა იმას, რომ თეოფილეს სწავლებას საკმაოდ გაუკუღმართებული გაგება მიეცეს. კერძოდ თანამედროვე კვლევაში, თანამედროვე საეკლესიო ფილოლოგიის შემსწავლელ შრომებში, არაერთგზის არის ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ თითქოს თეოფილემ მცდარად მიუსადაგა აღნიშნული ტერმინები ღმერთ სიტყვას, უზენაეს ლოგოსს და ჩამოაყალიბა მოძღვრება იმის შესახებ, რომ გარკვეულ პერიოდში ღვთის სიტყვა იყო მამის წიაღში, მხოლოდ იქ, და გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი იშვა ანუ გამოვლინდა მამისგან და წარმოჩენილი ანუ ხმოვანი სიტყვა გახდა. ეს გარკვეული დრო როდინდელია? ეს გარკვეული დრო მკვლევართა მითითებით, თეოფილეს შრომებში უკავშირდება სამყაროს შექმნას, როდესაც სამყაროს შექმნა აღესრულება ღვთისგან აი მაშინ გამოდის თითქოს მამა ღმერთისგან მის წიაღში მყოფი ანუ შინაგანმდებარე სიტყვა. მართლაც ჩვენ თუ თეოფილეს ციტატებს გადავხედავთ ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება საკმაო ბუნდოვანება შეგვექმნეს დაუზუსტებლობის მიზეზით, თუმცა ჯერ ზოგადად ვიტყვით იმის შესახებ, რომ მართალია საკუთრივ ეს მყარად ჩამოყალიბებული ტერმინოლოგია, შინაგანმდებარეობისა და გამოვლენილობის შესახებ, თეოფილეს ეპოქის ანდა ადრეული საეკლესიო ლიტერატურის წარმომადგენლებთან ჩვენ არ გვხვდება, მაგრამ აზრი შინაგანმდებარეობისა და გამოვლენილობის შესახებ სახეზეა, თუნდაც მაგალითად წმ. ეგნატი ანტიოქიელთან (რომლის შესახებ ჩვენ გვქონდა საუბრები), კერძოდ მის ეპისტოლეში “მაგნესიელთა მიმართ”, VIII თავის მე-2 ქვეთავში, სადაც მაგალითად ვკითხულობთ: “ერთი ღმერთი არის, რომელმაც გააცხადა თავისი თავი მისი ძის იესო ქრისტეს მიერ, რომელიც (იესო ქრისტე) არის სიტყვა მამის დუმილიდან გამოსული და რომელიც ყოვლითურთ სათნო ეყო მის მომავლინებელს”. მართალია აქ არ არის საუბარი და ხაზგასმა იმაზე, რომ თითქოს გარკვეულ პერიოდში მხოლოდ მამისეულ წიაღში იყო სიტყვა და შემდეგ გამოვიდა მისგან, არამედ ზოგადად არის თქმული, რომ ეს სიტყვა არის მისი დუმილიდან გამოსული, მაგრამ თუ აქ ჩვენ ჩავდებთ იმ უეჭველ შინაარსს, რა შინაარსიც მასში ეგნატიმ ჩადო (ეგნატი მართლმადიდებლობის ბურჯია), მაშინ ჩვენ აქ გვაქვს მკვეთრად გადმოცემული საეკლესიო მოძღვრება. ასევე ათენაგორასთან დაკავშირებითაც თავის დროზე აღვნიშნავდით და ეხლაც შეგვიძლია მივუთითოთ, რომ იგივე სწავლება მეტნაკლებად სახეზეა, სადაც მის მთავარ შრომაში ვკითხულობთ: “არის ძე ღვთის სიტყვა, მამის სახით და ქმედებით და მის მიერ იქმნა ყოველივე. ერთია მამა და ძე, ძე არის მამაში და მამა ძეში, ერთობითა და ძალითა სულისა. ძე ღვთისა არის მამის გონება და სიტყვა, პირველი ნაშობია მამისა, არათუ ქმნილება, რადგან მამა, რომელიც არის მარადიული გონება და მარადიულად სიტყვიერი დასაბამიდანვე ფლობდა თავის თავში სიტყვას”. აქ გადმოცემული ციტატა გახლავთ მართლმადიდებლური მოძღვრების უბრწყინვალესი გადმოცემა, რაც საზოგადოდ ჩვეულია ათენაგორაასთვის. ჩვენ არ უნდა შეგვაშფოთოს სიტყვამ “პირველი ნაშობი მამისა”, რადგან ჯერ ერთი იქვეა ხაზგასმა, რომ აქ არ იგულისხმება ძის პირველობაზე ქმნილებასთან მიმართებით, ის შობილია და არა ქმნილი და დაზუსტებულია “არათუ ქმნილება, არამედ პირველ ნაშობი მამისა”. ხოლო პირველნაშობი ანუ ბერძნულად “პროტოტოკოს”, ესაა დაკანონებული დოგმატური ტერმინი ძისადმი და აქ პირველობა არ გულისხმობს მეორეთა მოდევნებას, “ერთადერთი პირმშო მამისა”, აი ეს შინაარსი ჩაიდება ამ ფრაზაში, როგორც ჩვენ გვიანდელ ღვთისმეტყველთა შრომებშიც არაერთგზის გვხვდება. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მივუთითებთ, მოძღვრება ტერმინოლოგიურადაც უზედმიწევნითესადაც გადმოცემული ათენაგორასგან და შესაბამისად შინაგანმდებარეობაც და გამომავლობაც ანუ გამოსვლადობაც ღვთის სიტყვისა მამის წიაღისგან, როგორც მარადიული და დაუსაბამო მოვლენა აღნიშნულ ციტატაში აშკარად დაინახება. აგრეთვე წმ. იპოლიტე რომაელის სწავლებით “ღმერთმა (იგულისხმება მამა ღმერთი) შვა სიტყვა, არა სიტყვა როგორც ხმა, არამედ ის სიტყვა, რომელიც შინაგანმდებარეა”.
ვფიქრობთ მოტანილი ციტატები ცხადყოფს, რომ ზემორე ღვთისმეტყველთა მსჯელობა ეხება არა თავად ძე ღმერთის ანუ ღვთის სიტყვის მდგომარეობის ცვალებადობას (რაც თავისთავად გაუკუღმართებული სწავლებაა), რომ თითქოს გარკველ დროს მამის წიაღში იყო ის და შემდგომ გამოვიდა მისგან, შინაგანმდებარე იყო და გამოვლენილი გახდა, არამედ აშკარაა, რომ აღნიშნული მსჯელობანი ეხება არა თავად ძე ღმერთის ანუ ღვთის სიტყვის მდგომარეობის ცვალებადობას, როგორადაც იქნა ეს სწავლება გაგებული გვიანდელ ეპოქაში მწვალებელთაგან, არამედ სიტყვის მარადიულ და დაუსაბამო მყოფობას მამისეულ წიაღში და ამავე დროს და ასევე მარადიულ და დაუსაბამო შობას იმავე წიაღიდან. ე.ი. არა იმას, რომ გარკვეულ დროს სიტყვა ღვთისა მამისეულ წიაღში არსებობდა, გარკვეული დროის შემდეგ კი იშვა მისგან, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, ძე არის მარადიულად მამაში და მარადიულად მამისგანვე შობილი ანუ შობადობა არ არის დასრულებული და დასრულებადი მოვლენა ღვთიურობაში, ძე მარადიულად იშვება მამისგან და თუ მარადიულად იშვება მამისგან ეს თავისთავად მიუთითებს იმას, რომ ძე მარადიულადვე მყოფობს მამაში. აი ესაა მართლმადიდებლური სწავლება, რომ ძე ღმერთი მარადიულად და დაუსაბამოდ მყოფია მამაში და მარადიულად და დაუსაბამოდ იშვება მისგან. არ არსებობს წამი, როდესაც ძე ღმერთი მამაში იყოს და მისგან შობილი არ იყოს, ისევე როგორც არ არსებობს წამი, როდესაც ძე ღმერთი მამისგან შობილი იყოს და მამაში უკვე აღარ იყოს. აი ეს რთულად დასატევნელი სწავლება მცდარად იქნა მწვალებელთაგან გააზრებული, რომლებიც მოგვიანო ეპოქაში კატეგორიულობით მოძღვრობდნენ იმას, რომ ძე ღმერთი თავდაპირველად მამაში იყო, მისგან შობილი არ იყო და როდესაც სამყარო უნდა შეექმნა ღმერთს, მაშინ მამა ღმერთმა შვა თავისი წიაღისგან ძე ღმერთი, როგორც ქმნილებათა შორის პირველი (როგორც ასწავლიდა არიოზი) და შემდეგ ძე ღმერთის გზით მთელი დანარჩენი შესაქმე თითქოსდა აღასრულა მან. ესაა აშკარა მწვალებლური გააზრება ღვთის სიტყვის შინაგანობისა მამაში და ღვთის სიტყვის გამოვლინებისა მამისაგან და სწორედ ამ კუთხით ზოგიერთი ტერმინოლოგიური ბუნდოვანებისა თუ დაუხვეწელობის გამო, განსხვავებით ჩვენს მიერ ზემოთ ციტირებული ავტორებისგან (ეგნატისგან, ათენაგორასგან, შეგვიძლია ვთქვათ იუსტინე მარტვილისგან, წმ. იპოლიტე რომაელისგან), თეოფილეს სწავლებაში და თეოფილეს მსჯელობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინახება რაღაც ერთგვარი ხარვეზი აღნიშნული მოძღვრების გადმოცემისას და როგორც თავშივე აღვნიშნეთ ამგვარი საყვედური თეოფილესადმი გამართლებული უნდა იყოს მხოლოდ იმ კუთხით, რომ მასთან გარკვეულ ტერმინოლოგიურ სირთულეს, წინადადების გაუმართაობას და ბუნდოვანებას აქვს ადგილი.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ წმ. თეოფილესა და წმ. იპოლიტეს მიზანი იყო ადამიანური ენით განემარტათ მამისა და ძის დაუსაბამო, არსებისეული ერთობა და დაუსაბამოდ ჰიპოსტასური განყოფა. მას შემდეგ რაც ერეტიკოსებმა, და თუ დავაკონკრეტებთ პირველ რიგში გნოსტიკოსმა ვალენტინელებმა, ჟამიერი ახსნა მისცეს მამის წიაღში სიტყვის ფარულად მყოფობას და შემდეგ იმავე წიაღიდან მის შობას, რომ ე.ი. გარკვეულ ჟამს მამის წიაღში იყო და შემდეგ იშვა მისგან. აი როდესაც ეს მოხდა, რომ მწვალებლებმა ამგვარად გაიაზრეს მამისა და ძის ურთიერთობა, მართლმადიდებლობამ უკვე უარყო აზრი შიგნით მდებარე და გამოვლენილი სიტყვის შესახებ. ჩვენ აქ შეგვიძლია მოვიტანოთ კანონიკური რჯულდება წმ. გრიგოლ ნოსელისა, რომელიც IV ს-ში სრულიად არაორაზროვნად და ცალსახად გვაუწყებს: “ნუ ვიფიქრებთ, რომ ძე ოდესმე იყო უჩინარი, მამაში დაფარული, რათა არ წარმოვიდგინოთ სიტყვა შიგნით მდებარედ და გამოვლენილად”. ამასვე აღნიშნავს წმ. ათანასე ალექსანდრიელიც უფრო ადრე და შედარებით მოგვიანებით იოანე ოქროპირი და სხვა.
ამრიგად მართლმადიდებლური სწავლება ამ საკითხს არ განიხილავს ტერმინოლოგიური დაპირისპირების ფონზე ანუ იმის ფონზე, რომ ერთი პერიოდი ძე ღვთისა იყო მამის წიაღში შიგნით მდებარე და შემდგომ ის გამოვლინდა მისგან ანუ პროფორიკული, გამოვლენილი გახდა, ანუ ეს ორი სხვადასხვა მდგომარეობის ამსახველი ტერმინი არ გახლავთ. თუ ამ ტერმინებს ჩვენ მოვუხმობთ ძე ღმერთთან დაკავშირებით და ეს მოხმობილია ხშირად თუნდაც კირილე ალექსანდრიელის მიერ თავის სახელგანთქმულ შრომაში “იოანეს სახარების განმარტებაში”, სადაც სწორედ ლოგოსის შესახებ უდიდესი ღვთისმეტყველებაა გადმოცემული, უნდა მოვუხმოთ სწორედ იმ გააზრებით, რაზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობდით, რომ ძე მარადის მამაშია და მარადის იშვება მისგან, ანუ მარადის შიგნით მდებარეა და მარადის გამოვლენილია მამისგან შობადი სახით. სწორედ ეს აზრი გახლავთ გაბუნდოვნებული თეოფილესთან და შეიძლება ადამიანს, როდესაც მის შრომას ავტოლიკესადმი კითხულობს, დარჩეს აზრი, რომ თეოფილე ფიქრობდა თითქოს გარკვეულ პერიოდში ღვთის სიტყვა მამის წიაღში იყო და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ იშვა მისგან. ჩვენ მოვიტანთ ამ ციტატას, რომ ეს ბუნდოვანება და ხარვეზი ტერმინოლოგიური ზედმიწევნითობისა ცხადად დავინახოთ. კერძოდ თეოფილე როდესაც თავის ზემოთ ხსენებულ შრომაში ეხება წინასწარმეტყველთ აღნიშნავს: “წინასწარმეტყველებმა უპირველესად ერთსულოვნად გვასწავლეს, რომ არა არსთაგან დაიბადა ყოველივე, რადგანაც არაფერია თანამოასაკე ღვთისა. თვით (ღმერთი) არის ადგილი თავისი თავისა და არაფერი ეჭირვება მას, უპირატესია იგი ყოველთა საუკუნეთა. ინება ღმერთმა ადამიანის შექმნა, რომ შეცნობილ იყო იგი მისგან (ე.ი. ღმერთი შეცნობილი იყო ადამიანისგან). წინდაწინ განუმზადა მას სამყარო, რადგანაც კაცი ქმნილია და ნაკლულევანი, ხოლო ღმერთი შეუქმნელი და უნაკლულო. ფლობდა ღმერთი თავის შიგნითმდებარე სიტყვას საკუთარი წიაღში, რომელიც შვა და გამოავლინა თავის სიბრძნესთან ერთად ყოვლის უწინარეს. ეს სიტყვა მისეულ შესაქმეთა თანაშემწედ ყავდა მას და მის მიერ ქმნა ყოველივე”.
ამ ციტატაში აბსოლუტურად ყველაფერი გამჭირვალეა, უმწვერვალესი მართლმადიდებლური სწავლებაა, მხოლოდ ყურადღებას იქცევს ეს ადგილი: “ფლობდა ღმერთი (მამა ღმერთი) თავის შიგნითმდებარე სიტყვას საკუთარ წიაღში, რომელიც შვა და გამოავლინა თავის სიბრძნესთან ერთად”. ჯერ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ციტატა მკვეთრად უსვამს ხაზს ერთარსება ღვთის სამპიროვნულობას, რომ ღმერთი გულისხმობს მამა ღმერთს, სიტყვა ცხადია არის ძე ღმერთი, ხოლო სიბრძნე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის სულიწმინდა. როგორც ვხედავთ ამ ციტატაში მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ თითქოსდა ღმერთმა შვა თავისი სიტყვა და თავისი სული კონკრეტულად სამყაროს შექმნის მიზანდასახულობით, არსად არ ჩანს, პირიქით ზოგადად წერია, რომ “ფლობდა ღმერთი თავის შიგნით მდებარე სიტყვას საკუთარ წიაღში, რომელიც შვა და გამოავლინა თავის სიბრძნესთან ერთად ყოვლის უწინარეს”. ე.ი. წინასაუკუნეთა და საუკუნეთა უწინარეს მარადის შობილია ძე მამისგან და ასევე საუკუნეთა უწინარეს გამომავალია სული მამისაგან. რაც შეეხება ამ აზრის გაუკუღმართებას კონკრეტულად არიანელებთან, ისინი მართალია იყენებდნენ ტერმინს ყოვლის უწინარეს, მაგრამ არანაირად ტერმინს შობილს, ისინი ამბობდნენ, რომ ყოვლის უწინარეს შექმნა ღმერთმა ძე ღვთისა და მის მიერ აღაგო ყოველივე. მაგრამ აქ სულ სხვაგვარი სწავლებაა როგორც ვხედავთ, რომ ყოვლის უწინარეს შობილია ძე მამისაგან, რაც აბსოლუტურად მართლმადიდებლური სწავლება გახლავთ.
რაც შეეხება გარკვეულ ტერმინოლოგიურ დაუხვეწელობას, ჩვენ ამას იმ კუთხით გამოვთქვამთ, რომ ალბათ მართებდა მაინც თეოფილეს მკვეთრად ეთქვა, რომ ძე მარადის შობილია მამისაგან და მარადის მამის წიაღში მყოფი, რომ დროით არ იმიჯნება ძის მამაში ყოფნა და მამისგან შობილობა, რომ ძემ თვით განკაცების ჟამსაც არ დატოვა მამისეული წიაღი და მარადის განუყოფელია მამისგან და სულისგან ერთარსებითა და ერთბუნებობით.
157–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ
ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე
აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=7TeeLbing3s
ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე
კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები
შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 26 OCTOBER 2016 17:38)