170–173,177-181

კლიმენტი ალექსანდრიელის ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები. ევსები კესარიელი კლიმენტი ალექსანდრიელის მოღვაწეობისა და მისი შრომების შესახებ

წინა საუბარში ჩვენ შევეხეთ ერთ-ერთ ღირსეულ მოღვაწეს უადრესი ეპოქისას, პირველი ქრისტიანული კატეხიზმური სკოლის დამფუძნებელსა და მის პირველ წინამძღვარს პანტენოს ალექსანდრიელს. ვისაუბრეთ ამ პიროვნების მისიონერულ ღვაწლზე, მოვიტანეთ ის ცნობაც, რაც ადასტურებდა იმას, რომ წერილობითაც გადმოცემული ჰქონდა მას თავისი სწავლებანი, რის გამოც ის პატრისტიკაში შედის და განიხილება. თუმცა რადგანაც ერთი პატარა ფრაგმენტიც კი მისი შრომებიდან ჩვენამდე შემონახული არაა, ცხადია დაზუსტებით სხვას მეტს ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა, რაც წინა საუბარში უკვე აღვნიშნეთ. გავიხსენებთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს პიროვნება გახლდათ იმ დიდი მოძღვრის – კლიმენტი ალექსანდრიელის მასწავლებელი, რომლის სისტემურ და რომლის ღვთისმეტყველების დეტალურ შესწავლასაც ჩვენ ამ საუბრიდან შევუდგებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ მასალა იმდენად დიდია, რომ როგორც სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით აღგვინიშნავს, ამჯერად კიდევ უფრო მეტად გავუსვამთ ხაზს ჩვენი საუბრების ფორმატს, რომ მხოლოდ ყველაზე მთავარს, მხოლოდ ყველაზე არსებითს და ამ არსებითთა შესაბამის ციტატებს დავუთმობთ ადგილს, რომ მართებულობა, გარკვეულობა და შთაბეჭდილება, გეზი, კლიმენტის უღრმესი და ამოუწურავი თეოლოგიური სისტემის შესასწავლად, თუნდაც ამ ჩვენი საუბრებიდან იქნეს გაკვალული მსმენელთათვის.

უპირველესად კვლავ იმას გავიხსენებთ, რომ კლიმენტი დგას სათავეში, სხვებთან ერთად, ქრისტიანული მოძღვრების, როგორც სისტემური ფილოსოფიური სწავლების გადმოცემისა. თუმცა სხვა მოღვაწეებისაგან განსხვავებით უეჭველად ამ კუთხით და ამ მიზანდასახულობით იგი ყველაზე აღმატებული და გამორჩეულია. ეკლესიის ისტორიაც ამასვე ადასტურებს. ჩვენ სხვა მოღვაწეებთან დაკავშირებით (იქნება ეს წმ. კლიმენტი რომაელი, წმ. ეგნატი ანტიოქიელი, წმ. ათენაგორა ათენელი, წმ. იუსტინე მარტვილი, წმ. ირინეოს ლიონელი თუ სხვები), უფრო ნაკლებად გაგვიმახვილებია ყურადღება იმაზე, თუ გვიანდელი უწმინდესი მამები რა ეპითეტებით იხსენიებენ მათ. მაგრამ რაც შეეხება კლიმენტის, აქ ვფიქრობთ ვალდებულება გვაქვს ის უმთავრესი შემფასებლობითი გამონათქვამები ეკლესიის მამებისა, რაც ასე თუ ისე ხელმისაწვდომია დღეისათვის, წარმოვადგინოთ, რომ მსმენელს სრულიად გარკვეულობა და დარწმუნებულობა ჰქონდეს აღნიშნული მოძღვრის (კლიმენტი ალექსანდრიელის) სიდიადეში, განსაკუთრებულობაში და ყოველგვარი ეჭვი მისი გონებიდან ამ მხრივ გაფანტული იყოს. ყოველგვარ ეჭვს როდესაც აღვნიშნავთ, ვგულისხმობთ თანამედროვე ვითარებას, როდესაც ამ პიროვნებასთან დაკავშირებით ძალიან არაჯანსაღი გარემო შეიქმნა. მრავალმა პირმა, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოდ, უმეცრულად და ამპარტავნულად, განაქიქა კლიმენტი ალექსანდრიელის ავტორიტეტი, მისი დამსახურება ეკლესიის წინაშე. უკვე იმგვარი ვითარებაა შექმნილი, რომ ფაქტობრივად ამ პიროვნების ციტირება, დამოწმება, როგორც ავტორიტეტისა, გარკვეულ პირთაგან მხოლოდ რისხვას იმსახურებს, რაც კვლავ აღვნიშნავთ, უდიდესი გონებრივი სიბრმავისა და სულიერი სიღარიბის დადასტურებაა. ხოლო ეკლესია რასაც ასწავლის ამ პიროვნების შესახებ, ამას ციტატების სახით ჩვენ წარმოვადგენთ, მოვიხმობთ უწმინდეს მამებს, რომელთა შეფასებანიც უნდა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა თანამედროვე გონებამტკივნეულთა (როგორც ეს ეკლესიური ტერმინია გაუკუღმართებულ პირთა მიმართ) და ახალხმათა შეხედულებების კვალობაზე. განვიშოროთ უნდა ეს ყოველივე და ძველ უწმინდეს მამათა ხმას მივუგდოთ ყური.

ჯერ მაინც შესავლის სახით ვიტყვით იმას, რომ II ს-ის მიწურული, როდესაც კლიმენტი მოღვაწეობას იწყებს, გახლავთ ეპოქა გნოსტიციზმისა. ანტიკური ფილოსოფიის საპირისპიროდ ეკლესიის მამები აუცილებლად რაცხენ ტერმინულად ჩამოაყალიბონ და ზედმიწევნით გამოთქვან ანუ მოძღვრებითად გადმოსცენ ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფიის, ჭეშმარიტი ცოდნის, მცოდნეობის ანუ გნოსისის (ცოდნა) არსი და განსაზღვრონ ქრისტიანის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფოსის, ჭეშმარიტი მცოდნის ანუ ჭეშმარიტი გნოსტიკოსის, განსხვავებით ცრუ გნოსტიკოსისგან, ერეტიკოსისგან, სახე. ასეთი მცდელობის აუცილებლობა უპირველესად მოსწავებულია ახალი აღთქმის მიერ, შემდეგ ფრაგმენტულად მინიშნებულია აპოსტოლური ანუ სამოციქულო და აპოლოგეტური ეპოქის ძეგლებში. მაგრამ როგორც უკვე ხაზგასმით აღვნიშნავდით, მთელი სისავსითა და გამოთქმითი სიღრმით, ანუ სისტემურად, როგორც პროცესი, როგორც ფენომენი, ეს მოვლენა ვლინდება სწორედ II-III ს-ის მიჯნაზე ალექსანდრიის ეკლესიაში, კონკრეტულად კი კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში.

კლიმენტი, რომელიც დაახლოებით 140-214 წლებში ცხოვრობდა, ალბათ უმცროსი თანამედროვეა ათენაგორა ათენელისა და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ათენაგორასაც მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინოს. თუმცა თავისი პირადი, ენციკლოპედიური განათლების და ერუდიციის მიღების მიზანდასახულობით განვლილი ცხოვრების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ძირითადი ბაზისი კლიმენტისეული ფილოსოფიური მოღვაწეობისა სწორედ საკუთარ ღვაწლში, მის პირად მოღვაწეობაში უნდა ვეძიოთ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ზოგიერთი წყაროთი იგი ათენიდან იყო, ანდა ზოგი წყაროთი ალექსანდრიიდან, საკმაოდ მრავლისმეტყველი უნდა იყოს, კონკრეტულად იმ ნატურის პიროვნებასთან დაკავშირებით, როგორიც კლიმენტი ალექსანდრიელია. ანუ ისეთი პიროვნების მხრივ, რომელიც გახსნილია ფილოსოფიისთვის, ფილოსოფიური ანუ აზროვნებითი წესით მოძღვრების და ჭეშმარიტების შემეცნებისთვის. ორივე ეს ქალაქი ამის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა მთელს იმდროინდელ მსოფლიოში. ეს რომ დაზუსტებული არ არის (კლიმენტის შესახებ, იგი ალექსანდრიელი იყო თუ ათენელი) ეს მხოლოდ თანამედროვე ვითარება არ გახლავთ ასეთი, არამედ ძველთაგანვე იყო ამგვარი გაურკვევლობა. ჯერ კიდევ IV ს-ში წმ. ეპიფანე კვიპრელი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კლიმენტის ზოგი ალექსანდრიელად ამბობს, ზოგი კი ათენელადო. ამგვარი გაურკვევლობანი ჩვეულებრივ მაშინ ჩნდება, როდესაც პიროვნების შესახებ არაა დაწვრილებითი ბიოგრაფიული თხრობა წერილობით შემორჩენილი. კლიმენტის შესახებ ამგვარი რამ არც დაწერილა ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ იმ პერიოდში ცხოვრების ტიპის ჰაგიოგრაფია არ არსებობდა, ხოლო მარტვილობანი მართლაც მარტვილურად აღსრულებულთა მიმართ იწერებოდა მხოლოდ, ხოლო კლიმენტი არ აღსრულებულა მარტვილურად. ის რომ მარტვილურად აღსრულებულიყო, რა თქმა უნდა, თუ მისი კანონიზებაც მოხდებოდა (მარტვილურად აღსრულება არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყოველთვის კანონიზებას) მაშინ ალბათ დაიწერებოდა კიდეც მისი მოწამეობის ამსახველი შრომა, რითაც ბევრი, დღეისათვის ბუნდოვანი მოვლენა მისი ცხოვრებიდან, ცხადი გახდებოდა. მაგრამ ამგვარი რამ არ მომხდარა, ის კანონიზებული არ ყოფილა და შესაბამისად ვერც დაიწერებოდა მისი ბიოგრაფია. მაგრამ თუ ის თუნდაც არამარტვილურად აღსრულებული კანონიზებული იქნებოდა, ალბათ მაინც მას ცხოვრების ტიპის აღწერილობა არ მიეძღვნებდა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ჰაგიოგრაფიული ჟანრი იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდა.

ჩვენ ადრე, როდესაც ჟანრობრივი ზოგადი განხილვა გვქონდა საეკლესიო ლიტერატურისა, აღგვინიშნავს, რომ პირველი ჰაგიოგრაფიული თხრობა ცხოვრების ტიპისა დაიწერა წმ. ათანასე ალექსანდრიელის მიერ დაახლოებით 356 წელს და ეს გახლავთ “ცხოვრება ანტონი დიდისა”. ე.ი. IV საუკუნის 50-იან წლებამდე ასეთი სახეობა ჰაგიოგრაფიისა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომაა, რომ ბუნდოვანება გვაქვს იმის შესახებ თუ საიდან იყო წარმოშობით კლიმენტი. მაგრამ რომელი მონაცემიც არ უნდა ყოფილიყო მართალი, კვლავ აღვნიშნავთ, ორივე ეს მონაცემი და ორივე ის ქალაქი, რომლებსაც ეს მონაცემები უკავშირდება, იძლეოდა, რა თქმა უნდა, კლიმენტისებრი გონების და ფილოსოფიური მიდრეკილების მქონე პიროვნებისთვის სრულად დაკმაყოფილებას თავისი ღვთივმიმადლებული ნიჭისა და უნარისა. მის მოძღვრად, როგორც აღვნიშნეთ, ცნობილია პანტენოს ალექსანდრიელი (რომელსაც ჩვენ წინა საუბარში შევეხეთ), რის შესახებაც ჩვენ ევსები კესარიელიც გვაუწყებს. შესაბამისი ციტატა ჩვენ დამოწმებული გვქონდა უკვე, მაგრამ ევსების აქვს კიდევ სხვა ციტატა, რომელშიც მკვეთრად არის ხაზგასმული კლიმენტის მოწაფეობა პანტენოსისადმი. ევსები კერძოდ ამბობს: “იმ დროს (იგულისხმება II ს-ის 80-იანი წლები) ალექსანდრიაში ცნობილი გახდა კლიმენტი, რომელიც იწვრთნებოდა საღვთო წერილში და რომელიც იყო მოსახელე რომაელთა ეკლესიის ძველი წინამძღვრისა და მოციქულთა მოწაფისა (იგულისხმება წმ. კლიმენტი რომაელი). კლიმენტი მის მიერ შედგენილ შრომაში სათაურით “მონახაზები” (ანდა “განწესებანი”; ბერძნ. “ჰიპოტიპოსეის”, რაც ნიშნავს რაღაცის ჩაწერას, მოხაზვას ზოგად შტრიხებში, მაგრამ ამავე დროს ნიშნავს გარკვეული არსებითი შტრიხების, არსებითი სამოძღვრო ასპექტების ანუ არსებითი დებულებების გადმოცემას. და რადგან ჩვენი დიდი მთარგმნელი წმ. ეფრემ მცირე ამ ტერმინს ქართულად თარგმნის ტერმინით “განწესებანი” (კერძოდ როდესაც მან არეოპაგეტული შრომები თარგმნა, წმ. დიონისე არეოპაგელი ერთგან უთითებს თავის შრომას, რომელიც სხვათაშორის ჩვენამდე არ მოღწეულა, “ჰაი თეოლოგიკაი ჰიპოტიპოსეის”, რაც ეფრემ მცირეს მიერ თარგმნილია ასე: “ღვთისმეტყველებითნი განწესებანი”), ჩვენ შეგვიძლია, რომ იგი ვთარგნოთ როგორც განწესებანი. სწორედ ეს გახლდათ სათაური კლიმენტის იმ მოცულობით ძალიან დიდი შრომისა, რომელიც ჩვენამდე არ მოღწეულა, გარდა რამდენიმე მცირედი ფრაგმენტისა. სწორედ ამ თემაზე აქვს მითითება ევსების და ევსების ამ მითითებით ცხადი ხდება, რომ თვით კლიმენტი უთითებდა და იხსენიებდა თავის მოძღვრად პანტენოს ალექსანდრიელს) პანტენოსს იხსენიებს თავის მასწავლებლად. ვფიქრობ, რომ ასევე პანტენოსს გულისხმობს იგი (კლიმენტი) “სტრომატას” I წიგნში (“სტრომატა” გახლავთ ყველაზე მთავარი შრომა კლიმენტი ალექსანდრიელისა, რაც ჩვენამდე მოღწეულია), როდესაც კლიმენტი მიუთითებს მის მიერ მიღებულ სამოციქულო მოსაყდრეობაში უმეტესად წარჩინებულ პირებზე”. სხვა ადგილასაც ხაზს უსვამს ევსები, რომ პანტენოსის შემდგომი წინამძღვარი ალექსანდრიის, ჩვენს მიერ უკვე განხილული, კატეხიზმური სკოლისა იყო კლიმენტი, რომელიც ემოწაფებოდა პანტენოსს. კერძოდ ევსები თავისი “საეკლესიო ისტორიის” VI წიგნში ამბობს: “პანტენოსი შეცვალა კლიმენტიმ, რომელიც (პანტენოსი) იმ დროს უწინამძღვრებდა ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლას”. ევსები სხვაგანაც საკმაოდ დაწვრილებით გვესაუბრება ჩვენ კლიმენტის შესახებ. განსაკუთრებით ძვირფასია ის ადგილი, სადაც კლიმენტის წერილობითი მემკვიდრეობა, მისი შრომებია განხილული. ეს ვრცელი ციტატა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად განვიხილავთ, მოცემულია საეკლესიო ისტორიის VI წიგნში. ის შეიცავს ჩამონათვალსაც კლიმენტის ძირითადი შრომებისას და ის ამგვარი სახისაა: “კლიმენტის “სტრომატები”, სულ რვა წიგნი, დაცულია ჩვენთან (ე.ი. ევსების დროსაც ეს წიგნი, რა თქმა უნდა, დაცული იყო. ჩვენამდე მოღწეულია ამ შრომის შემცველი IX ს-ის ხელნაწერი). მათ აქვთ ასეთი წარწერა: “ტიტუს ფლავიუს კლიმენტის გნოსტიკურ მოსახსენებელთა ნაირგვარობანი (ბერძნ. “სტრომატეის”. “სტრომა” ნიშნავს ხალიჩას, გადასაფარებელს, ფარდაგს. “სტრომატა” მისი მრავლობითი ფორმაა და ნიშნავს ფარდაგები, ნაირგვარობანი, ფერად-ფერადი. ლიტერატურულ-მწიგნობრული შინაარსით ეს ტერმინი გულისხმობს იმგვარ შრომას, სადაც ერთი სიუჟეტი და ერთი ხაზი კი არაა, არამედ სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი წერილობითი უწყებანი გახლავთ თავმოყრილი, რაიმე ერთი კომპოზიციური მთლიანობის გარეშე. აი ეს გაგება ამ ტერმინისა მოცემულ კონტექსტში სრულიად უეჭველია, რის გამოც მას ვთარგმნით, როგორც ნაირგვარობანი. რაც შეეხება ტერმინს “გნოსტიკური”, ის მხოლოდ ეკლესიური შინაარსითაა მოხმობილი, როგორც მცოდნეობითი) თანახმად ჭეშმარიტი ფილოსოფიისა (ვფიქრობთ თვით ეს სახელწოდებაც კი ამ ძეგლის გამორჩეულობას სრულიად თვალსაჩინოდ წარმოაჩენს). იმავე რაოდენობის წიგნებს შეიცავს (ე.ი. რვა წიგნს) მისი შრომა “განწესებანი”, რომელშიც კლიმენტი გვიცხადებს თავისი მასწავლებლის – პანტენოსის სახელს, და რომელშიც იგი გადმოგვცემს საღვთო წერილის მისეულ განმარტებებს და სწავლებებს. კლიმენტის ეკუთვნის აგრეთვე “მომაქცეველი სიტყვა ელინთა მიმართ” (ეს შრომა ჩვენამდე მთლიანადაა მოღწეული), აგრეთვე სამი წიგნი შრომისა, რომელსაც აწერია “აღმზრდელი” (ბერძნ. “პედაგოგი”, ეს შრომაც მოღწეულია), მისი სხვა ქადაგება სათაურით “ვინ არის ხსნილი მდიდარი”, შრომა “აღდგომის შესახებ” (ეს ძეგლი ჩვენამდე არ მოღწეულა, რაც ძალიან დიდი დანაკლისია კლიმენტის სხვა დაკარგულ შრომათა შორის) და შრომები “მარხვის შესახებ”, “ცილისწამების შესახებ”, “შეგონება მოთმინებისათვის”, “ახალნათელღებულთა მიმართ”, შრომა, რომელსაც აწერია “საეკლესიო კანონი”, აგრეთვე მათ მიმართ, რომლებიც იუდეველობენ (არცერთი ეს შრომა ჩვენამდე მოღწეული არ გახლავთ), რომელიც მან მიუძღვნა ზემოხსენებულ ალექსანდრე ეპისკოპოსს (აქ ზემოთ ევსები თავის “საეკლესიო ისტორიაში” ახსენებს ალექსანდრე ეპისკოპოსს, რომლისადმიც მიუძღვნია კლიმენტის აღნიშნული შრომა). “სტრომატებში” იგი (კლიმენტი) არა მხოლოდ საღვთო წერილის ნაირფერობას (აქ კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს, რომ “სტრომატა” სწორედ ამ შინაარსითაა კლიმენტისგან ხმარებული, იმიტომ, რომ მოცემულ ადგილას ჩვენ გვხვდება არა “სტრომატეის”, არამედ წინდებულიანი ფორმა “კატასტროსის”, რაც ფუძისეულად ზიარია “სტრომატასთან”, მაგრამ “კატა”-ს დამატებით და მთლიანობაში ეს სიტყვა უკვე მართლაც ნაირფერობას ნიშნავს) ასაჩინოებს, არამედ გვიცხადებს აგრეთვე იმასაც, თუ რამ სასარგებლო ჩანს ელინთა სიტყვებიდან, და აგრეთვე განჰმართებს ერესიარქთა ცრუ მოძღვრებებს, ვრცლად გადმოგვცემს ისტორიას და ჩვენ გვანიჭებს მრავალსწავლითი აღზრდის მასალას”. ე.ი. “სტრომატას” განსაკუთრებული ინფორმტიულ-სამოძღვრო დანიშნულება თუნდაც ამ მცირე შეფასებაში ევსები კესარიელისა ვფიქრობთ სრულიად თვალსაჩინოა, თუ რაოდენ მოცულობითი, რაოდენ მართლაც ნაირგვარი, სხვადასხვა ასპექტით უმდიდრესი ინფორმაციით დატვირთული ძეგლია ეს რვაწიგნედი თხზულება. ევსები განაგრძობს: “ყოველსავე ამას (აქ ჩამოთვლილს) კლიმენტი უზავებს ფილოსოფოსთა თვალსაზრისებს, რის გამოც შინაარსის შესაბამის სათაურად მართებულად განაწესებს “სტრომატას”. ამ შრომაში იგი იყენებს აგრეთვე არაკანონიკურ ნაწერებს და იმოწმებს, როგორებიცაა მაგალითად “სიბრძნე სოლომონისა”, სიბრძნე “ისუ ზირაქისა”, “ებრაელთა მიმართ ეპისტოლე”, ბარნაბას, კლიმენტის, იუდას ეპისტოლეები, იხსენიებს ტატიანეს სიტყვას ელინთა მიმართ”. ე.ი. აქ ჩამოთვლილია ევსებისგან ის შრომები, რომლებსაც ახსენებს და იმოწმებს კლიმენტი. რა თქმა უნდა, ევსების გაგებითაც და იმ პერიოდის გარკვეული საეკლესიო წრეების გაგებითაც არაკანონიკურად მიიჩნეოდა და მართლაც “სიბრძნე სოლომონისა” და სიბრძნე ისუ ზირქისა” აპოკრიფად ითვლება, მაგრამ ის შეწყნარებულია და მოგეხსენებათ კანონში შედის. “ებრაელთა მიმართ ეპისტოლე”, კვლავ აღვნიშნავთ, თვით ირინეოსისგანაც არ იყო მიჩნეული პავლე მოციქულის ეპისტოლედ, როგორც უკვე მივუთითედ და ამაზე ხასგასმა არის ამჯერად ევსებისგანაც. რაც შეეხება “ბარნაბას ეპისტოლეს” ის, რა თქმა უნდა, აპოკრიფია. კლიმენტის ეპისტოლეებში ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ის პირველი და მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, რომლებიც თუნდაც მოციქულთა 85-ე კანონით, რაც “დიდ რჯულის განონში შედის”, კლიმენტისეულ შრომებადაა მიჩნეული და ამ შემთხვევაში ჩვენ ევსების დამოკიდებულებას ამ ეპისტოლეებისადმი, რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებთ. თუ იუდას ეპისტოლეში ის ეპისტოლე იგულისხმება, რაც შვიდ კათოლიკე ეპისტოლეში შედის, აქაც ევსების თვალსაზრისი მიუღებელია. ტატიანეს “სიტყვა ელინთა მიმართ” ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რადიო საუბრებში და სწორედ ეს ძეგლი იგულისხმება ამ შემთხვევაშიც, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაიმოწმებდა კლიმენტი, რადგანაც გაუკუღმართებულ და უარყოფით მხარეებთან ერთად ამ ძეგლს, როგორც ეს არაერთგზის აღგვინიშნავს, მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო ღირსებანიც ჰქონდა და აქვს. შემდეგ ევსები განაგრძობს: “იხსენიებს კასიანეს, როგორც აგრეთვე ქრონოგრაფიის დამწერს. კიდევ იუდეველ მწერლებს: ფილონს, არისტობულეს, იოსებს, დემეტრეს, ევპოლემოსს, რომელთაგან ყველამ მოსე და იუდეველთა მოდგმა ელინთა ძველ რომობაზე უფრო უხუცესად წარმოაჩინა. კიდევ აურაცხელი სხვა სასარგებლო სწავლებით არის აღსავსე ხსენებული კაცის წიგნები”. ე.ი. ევსები როგორ აღმატებულად აფასებს კლიმენტის შრომებს და მის მოღვაწეობას აქედან თვალსაჩინოა. თუმცა ევსები ამ შემთხვევაში ცხადია ჩვენთვის არაა ავტორიტეტი, ის ნახევრად არიანელი გახლდათ, მაგრამ გარკვეული კუთხით, თავისთავად ცხადია, საყურადღებოა, რომ IV ს-ში კლიმენტის შრომების ამგვარი ინფორმატიულობა და მიუწვდომელი ერუდიციის გამოხატულება ძალიან ფასობდა. შემდეგ ევსები განაგრძობს: “კიდევ აურაცხელი სხვა სასარგებლო სწავლებით არის აღსავსე ხსენებული კაცის წიგნები, რომელთაგან პირველში თავის თავს წარმოგვიჩენს როგორც უმახლობელესს სამოციქულო მოსაყდრეობასთან. იმავე შრომებში აღგვითქვამს, რომ განმარტავს შესაქმეს. ხოლო თავის წიგნში “აღდგომის შესახებ” (ამ წიგნთან დაკავშირებით სწორედ ეს ინფორმაცია გვაქვს, რაც როგორც აღვნიშნეთ ყველაზე დიდი დანაკლისია კლიმენტის დაკარგულ შრომათა შორის) აღიარებს, რომ იგი ახლობლებმა აიძულეს შთამომავლობისათვის წერილობით გადაეცა ყველაფერი ის, რაც კი ძველ ხუცესთაგან გადმოცემით სმენოდა მას (იგულისხმება იმ ორმოცდღიანი მაცხოვრისა და მოციქულების თანამყოფობის შესახებ აღდგომიდან ამაღლებამდე, რაც ყველაზე უფრო აღმატებული ეპოქაა საერთოდ ქმნილების ისტორიაში, როდესაც აღდგომილ ღმერთს თანაემოწაფებიან მოციქულნი და ყველაზე უფრო აღმატებულ სწავლებებს მაშინ ისმენენ მისგან). ხოლო იხსენიებს იგი მელიტონს, ირინეოსს და ზოგ სხვასაც, რომელთა შესახებ მოგვითხრობს კიდეც”.

აი ასეთია ეს უაღრესად საყურადღებო და ტევადი ინფორმაცია კლიმენტისთან დაკავშირებით, რაც მოწოდებულია ევსების მიერ.

 

170–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ:  https://www.youtube.com/watch?v=PBSIb7WVgZg

 

კლიმენტი ალექსანდრიელის შეფასება საეკლესიო ტრადიციაში

ვინც წინა საუბრებს უსმენდა მოეხსენება, რომ ჩვენ გარკვეული შესავლის სახით საფუძველი შევქმენით ხსენებული მოღვაწის შესახებ ეკლესიური შეფასება გაგვეგო, საწინააღმდეგოდ თანამედროვე ცრუ შეფასებებისა, რითაც ყოველმხრივ ცდილობენ ამ პიროვნების ღვაწლის გაუფასურებას. ზოგადად ვისაუბრეთ იმ წყაროებზე, რითაც კლიმენტის მოღვაწეობა ჩვენთვის თვალსაჩინო ხდება. ვახსენეთ მისი შრომები, მათ შორის დაკარგული შრომებიც და წინა საუბარში განხილვა დავაბოლოვეთ იმ ვრცელი ციტატის მოხმობითა და მცირედი კომენტარების დართვით და გადმოცემით, რაც ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორიაშია მოცემული”.

აღვნიშნავთ, რომ ევსები კლიმენტის შესახებ გვაუწყებს თავის სხვა შრომაშიც, ადრე ასევე არაერთგზის ჩვენგან ხსენებულში, რომელსაც ეწოდება “ქრონიკები”. კერძოდ ევსები ამ შრომაში ამბობს: “კლიმენტი, “სტრომატას” ავტორი, მღვდელი ალექსანდრიისა, ქრისტეს მიერ ფილოსოფიაში საუკეთესო მასწავლებელი”. ე.ი. ქრისტესმიერი ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად, ამ ციტატის მიხედვით, რა თქმა უნდა, კლიმეტია აღიარებული. მაგრამ ჩვენთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ აქ სრულიად ხაზგასმითაა წოდებული კლიმენტი, როგორც ალექსანდრიის მღვდელი. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მონაცემი ბოლო ხანებში მკვლევართათვის ეჭვის ქვეშ დადგა (როგორც საერთოდ ყველაფერი ეჭვის ქვეშ დგება ზოგიერთისთვის) და სპეციალური შრომაც დაიწერა იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა კლიმენტი ალექსანდრიელი სასულიერო პირი. მაშინ როცა ძველ წყაროებში პირდაპირაა ეს უწყებული, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. ხოლო დღეს ეს საკითხი, ასე ვთქვათ, დაეჭვების და კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ თითქოსდა კლიმენტის შრომებში რაღაც გამოკვეთილად ლიტურგიკული ღვთისმსახურებითი მომენტი ნაკლებ შესამჩნევია. მაგრამ როგორც ვხედავთ ევსების ამ ცნობაში პირდაპირ არის კლიმენტი ალექსანდრიის მღვდლად სახელდებული. როგორც ვხედავთ ევსები არა მხოლოდ გვაუწყებს კლიმენტიზე, არამედ ეპითეტებსაც გვთავაზობს მის შესახებ, ანუ აფასებს მის მოღვაწეობასაც და ეს არ არის, თავისთავად ცხადია, ევსების აზრი. კვლავ გავიმეორებთ, რომ საკუთრივ ევსების პოზიცია ჩვენთვის არაა არგუმენტი და ავტორიტეტი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ იგი მოძღვრებით ნახევრად არიანელი გახლდათ და ამის შესაბამისად მის შეფასებებსაც ძალა ეკარგება, მაგრამ გარკვეული პოზიციის და ეპოქის განწყობის ამსახველი უეჭველად არის და ამიტომ მისგან ხაზგასმული, დავუშვათ ისეთი მინიშნება კლიმენტის თუნდაც “სტრომატაზე”, რომ აურაცხელი სასარგებლო სწავლებითაა აღსავსე ეს შრომა, რომ კლიმენტი არის ქრისტეს მიერ ფილოსოფიაში საუკეთესო მასწავლებელი, აგრეთვე ისიც, რომლის შესაბამის ციტატასაც ამჯერად დავიმოწმებთ, რომ კლიმენტი არის საკვირველი (“თავმასიოს”). ეს ყველაფერი, კვლავ აღვნიშნავთ, ეპოქის ხმაა და ამას ადასტურებს სხვა, უკვე უწმინდეს, კანონიზებულ წმინდანთა, უდიდეს ავტორიტეტთა, ანალოგიური და კიდევ უფრო აღმატებული შეფასებანი კლიმენტის მოღვაწეობისა. ხოლო თვითონ ევსები კლიმენტის მიმართ, ჩვენგან უკვე ხსენებულ ტერმინს “საკვირველი”, იყენებს თავის სხვა შრომაში, რომელსაც ეწოდება “სახარებისეული შემზადება”. ეს ძეგლი ლათინური სახელწოდებითაა გავრცელებული სპეციალურ ლიტერატურაში, როგორც “პრეპარაციო ევანგელიკა”. აი ამ შრომის მე-11 წიგნში ევსები ამბობს: “(ჯერ გარკვეულ სწავლებას გადმოსცემს) ყოველსამე ამას ცხადად ასაჩინოებს საკვირველი კლიმენტი თავის თხზულებაში “შეგონებანი ელინთა მიმართ” (როგორც აღვნიშნეთ ეს ძეგლი ჩვენამდე მოღწეულია და მას ბერძნულად ეწოდება “პროტრეპტიკოს”, ანუ მაწვეველი, მომაქცეველი, შემგონებელი, ელინთა მიმართ). იგივე ეპითეტი (ე.ი. საკვირველი) მეორდება ევსების ამავე შრომის IV წიგნში, სადაც ფრაზა “ჰო თავმასიოს კლემეს” (იგივე კლიმენტი) კვლავაც ევსებისგან კლიმენტისადმი ხაზგასმულ მოწიწებას და პატივისცემას, რა თქმა უნდა, წარმოაჩენს.

ქრონოლოგიურად მომდევნო საეკლესიო მწერალი, რომელიც იხსენიებს კლიმენტი ალექსანდრიელს, არის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი, უწმინდესი კირილე ალექსანდრიელი. თუმცა ჩვენ აქ შეგვიძლია ერთი პატარა მინიშნება გავაკეთოთ, რომ უფრო ადრეც IV საუკუნეშივე, ევსები კესარიელის მოღვაწეობის დროსვე, როდესაც ვამბობდით, რომ ევსების შეფასებანი ეს ეპოქის ხმაა, აი ამის დასტურად ჩვენ შეგვიძლია წმ. ათანასე ალექსანდრიელი მოვიხმოთ, რომლის მიმართაც ჩვენ შეგვიძლია იგივე ვთქვათ, რაც ამ შემთხვევაში ევსები კესარიელის მიმართ, რომ ისიც უდიდეს პატივისცემას განუკუთვნებდა კლიმენტის, როგორც ამას ჩვენ სრულიად უეჭველად გვიდასტურებს უდიდესი ავტორიტეტი წმ. მაქსიმე აღმსარებელი. მისი უწყებით ათანასე ალექსანდრიელს კანონად ჰყავდა დასახული კლიმენტი და მისი შრომები. კანონად კი იმას ვიყენებთ ყოველთვის, რომლის მოძღვრების საღვთოობასა და ჭეშმარიტებაში, რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება. პირუკუ, ჩვენ უნდა განგვაღმრთოს მან. მაგრამ ამ ცნობას ჩვენ მოგვიანებით აღვნიშნავთ, ამჯერად კი დავუბრუნდებით უწმინდეს კირილე ალექსანდრიელს, ალექსანდრიის ამ უდიდეს მღვდელმთავარს, რომელიც რამდენიმე გზის გვაუწყებს კლიმენტის შესახებ და ყოველთვის ხაზგასმული მოკრძალებითა და უაღრესად აღმატებული ეპითეტებით. კირილე, რომელიც 444 წელს აღესრულა, IV-V საუკუნეების და განსაკუთრებით V ს-ის I ნახევრის საეკლესიო შეფასების დასტურია. იგი ამბობს: “კლიმენტი ყოვლითურთ შეუდგა წმინდა მოციქულებს”. თვით ეს შეფასება უკვე უაღრესად აღმატებულია, რომ კლიმენტი არის ყოვლითურთ შედგომილი წმიდა მოციქულებს. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სულიერი შედგომა, სამოძღვრო შედგომა, იმიტომ, რომ კლიმენტი არაა თანამედროვე მოციქულებისა და აქ ყოფითი, ცხოვრებისეული შედგომა, ცხადია, არ იგულისხმება. ანუ უეჭველია, რომ კირილეს მინიშნებით კლიმენტის მოძღვრება, სწავლება ყოვლითურთ მოციქულთა თანმხვედრია, იგივე სამოციქულოა. ამას ჩვენ წმ. კირილე ალექსანდრიელი ხაზგასმით გვაუწყებს თავის უდიდესი მნიშვნელობის და უზარმაზარი მოცულობის მქონე შრომაში “ივლიანეს წინააღმდეგ”, კერძოდ VI წიგნში. იმავე შრომაში სხვაგანაც წმ. კირილე კვლავ უბრუნდება კლიმენტის და ერთგან მაგალითად ასეთ შეფასებას გვაწვდის: “კლიმენტი, კაცი შერაცხილი და სწავლის მოყვარე, რომელმაც იმგვარად გამოიძია ელინური წიგნების სიღრმე, როგორც ალბათ ცოტა ვინმემ მასზე უწინარეს”. ამ შემთხვევაში კირილეს ელინურ წიგნთა სიღრმის გამოძიება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ღვაწლად მიაჩნია და ცხადია არა უარყოფით მოვლენად. სხვაგან იგი გვაუწყებს: “კლიმენტი, კაცი შერაცხილი და მრავლის მცოდნე”.

კირილესთან ერთად IV-V ს-ის მიჯნის ლათინუერონავანი საეკლესიო ავტორი ნეტარი იერონიმე, ასევე დიდი ავტორიტეტი, ერთგან ვრცლად გვაუწყებს კლიმენტის შესახებ თავის, ასე ვთქვათ, პატროლოგიური ტიპის შრომაში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, რაზეც ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს და რაც ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორიის” მიხედვით არის შედგენილი და წყაროდმცოდნეობითად ისიც უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენთვის. ეს უწყება და ვრცელი გადმოცემა მეტნაკლებად თანმხვედრია ევსების წინა საუბარში დამოწმებულ ტექსტთან და ამიტომ დავიმოწმებთ იმავე იერონიმეს სხვა შრომიდან ამოღებულ მონაცემს, სადაც შეფასებაც და ეპითეტიც გვაქვს კლიმენტის მიმართ. კერძოდ ეს გახლავთ მისი ერთ-ერთი ეპისტოლიდან, სადაც ვკითხუობთ: “კლიმენტიმ, მღვდელმა ალექსანდრიის ეკლესიისა (აქაც გამეორებულია ის მონაცემი, რომ იგი მღვდელი იყო), ჩემი აზრით ყველაზე განათლებულმა (ლათ. “ომნიუმ ერუდიტისიმუს”), რვა წიგნად დაწერა “სტრომატა” (“ეპისტოლე მაგნუსისადმი”).

ჩვენ შეიძლებოდა დაგვემოწმებინა აგრეთვე V ს-ის ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსი სოზომენე (ანდა სოძომენე), რომელიც თავის “საეკლესიო ისტორიის” I წიგნში გვაუწყებს: “კლიმენტი და ჰეგესიპე (დაახლოებით თანამედროვე პიროვნება კლიმენტისა), კაცნი უმეტესად ბრძენნი, სამოციქულო მოსაყდრეობას შედგომილნი”.

აღმატებულ და უნიშვნელოვანეს ეპითეტს კლიმენტისადმი ჩვენ ვხვდებით ისეთ მნიშვნელოვან საეკლესიო ძეგლში, სამწუხაროდ ანონიმურში, როგორიცაა “პასქალური ქრონიკა” (დაახლ. VI-VII ს-ის), სადაც კლიმენტის უკვე განეკუთვნება ეპითეტი “უწმინდესი”. კერძოდ ამ ძეგლში ვკითხულობთ: “ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელი გახდა უწმინდესი კლიმენტი (ბერძნ. “კლემეს ჰო ჰოსიოტატოს”. “ჰოსიოტატოს” (უწმინდესი) არის აღმატებითი ხარისხი სიტყვისა “ჰოსიოს” (წმინდა, ღირსი). ჩვენ ასეც შეგვეძლო გვეთარგმნა ეს სიტყვა: “უღირსესი”), კაცი ძველთ-უძველესი და მოციქულთაგან არცთუ დიდი დროით დაშორებული”.

“წმინდას” უწოდებს კლიმენტის ნეტარი თეოდორიტე კვირელი     (V ს.), რომელიც აღნიშნავს: ”მოწმედ წარმოგიდგენთ “სტრომატას” ავტორს, წმინდა კაცს კლიმენტის (“ჰიერონ ანდრა”. ჩვენ შეიძლებოდა “ჰიერონ” ამ შემთხვევაში ასეც გვეთარგმნა “სამღვდელო კაცს”).

ფილოსოფოსთა ფილოსოფოსის სახელს განუკუთვნებს კლიმენტის წმ. მაქსიმე აღმსარებელი (VII ს), რომელიც საკუთრივ წმ. ათანასე ალექსანდრიელთან დაკავშირებით გვაუწყებს იმას, რაც ნაწილობრივ ზემოთ უკვე დავიმოწმეთ, საიდანაც არა მხოლოდ მაქსიმეს უაღმატებულესი დამოკიდებულება წარმოჩნდება კლიმენტისადმი, არამედ მისი წინამორბედის, სამოციქულო ავტორიტეტს გათანაბრებული, უწმინდესი ათანასესიც. მაქსიმე კერძოდ გვაუწყებს: ”კანონად გამოიიყენა ათანასემ კლიმენტი, ჭეშმარიტად ფილოსოფოსთა ფილოსოფოსი (”ფილოსოფოს ტონ ფილოსოფონ”), რომელიც ”სტრომატას” VI წიგნში ნებელობას განსაზღვრავს როგორც წადიერებით გონებას, ხოლო განზრახვას, როგორც გონივრულ წადიერებას ან რაიმეს ნებებას”.

კლიმენტის იმოწმებს ერთგან აგრეთვე წმ. იოანე დამასკელი (VIII ს.), რომელიც განუკუთვნებს მას (კლიმენტის) ეპითეტს “ნეტარი”, როდესაც იგი ამბობს: “ნებელობა არის, თანახმად ნეტარი კლიმენტისა, წადიერებითი ძალა”.

ჩვენ იმასაც აღვნიშნავთ, რომ მაქსიმეს ზემოთ დამოწმებული სიტყვები ძველ ქართულ თარგმანშიც მოგვეპოვება და ეს ძველი ქართული თარგმანი ასეთი გახლავთ (ესაა XII ს-ის გელათური თარგმანი): “კანონსა ხუმევითა ამისდა (იგულისხმება ათანასესდა) ნამდვილვე ფილოსოფოსთა-ფილოსოფოსისა კლემენტოისა მეექუსესა სიტყვასა შინა “სტრომატეოთასა”, რომელი ნებასა სადმე წადიერებითად გონებას განასაზღვრებს ყოფად” (ესაა ხელნაწერი გელათი-14, ფოტო 482, სვეტი 2). ე.ი. ქართულ თარგმანშიც შენარჩუნებულია ის, რომ კანონად გამოიყენა ათანასემ კლიმენტი, რომელიც არის ფილოსოფოსთა-ფილოსოფოსი.

სხვათაშორის ერთ-ერთ ძეგლში იგივე მაქსიმე კლიმენტის უწოდებს აგრეთვე საღვთო მოძღვარს. ამ ტექსტის ძველი ქართული თარგმანი იმავე გელათელი მოღვაწის მიერაა შესრულებული, იმავე გელათურ ხელნაწერში დაცული, სადაც ვკითხულობთ: “ხოლო რაისა მიმართად შორის ქმნაი თქუა საღმრთომან ამან მოძღვარმან (იგულისხმება კლიმენტი ალექსანდრიელი).

ასევე არის ძველ ქართულად თარგმნილი წმ. იოანე დამასკელის ის შრომა, სადაც იგი კლიმენტის უწოდებს ნეტარს. ესაა კერძოდ მისი თხზულება “ქრისტეში ორი ნების შესახებ”, რომლის ბერძნული ტექსტი “პატროლოგია გრეკას” 95-ე ტომშია გამოქვეყნებული. ხოლო ძველი ქართულ თარგმანში, რაც დაცულია A-205 ხელნაწერში და რაც წმ. არსენ იყალთოელს ეკუთვნის, ბერძნული ტექსტის ზემოთ წარმოდგენილი ჩვენეული თარგმანი, ასეთი სახისაა: “ნებება უკუე არს ნეტარისა კლიმინტოისებრ ძალი წადიერებითი”.

იგივე წმ. იოანე დამასკელი სხვაგან, ნეტარი იერონიმეს მსგავსად, კლიმენტის უწოდებს ძველთ-უძველესს (“არხაიოტატოს”).

ბოლოს დავძენთ იმასაც, რომ ხსენებული მაქსიმე აღმსარებელი ერთგან კლიმენტი ალექსანდრიელს უწოდებს აგრეთვე დიდს, “ჰო მეგას კლემეს” – ამბობს იგი, ანუ დიდი კლიმენტი.

მომდევნო ხანაში, ე.ი. VIII ს-ის შემდეგ, კლიმენტის შრომათა დაწვრილებითი განხილვა მოგვცა ფოტი პატრიარქმა, რომელმაც ამ შრომებიდან ცალკე გამოყო ჩვენამდე არ მოღწეული ძეგლი “განწესებანი” და უარყოფითად შეაფასა იგი. ხოლო თუ რა იყო ამ უარყოფითი შეფასების მიზეზი, ჩვენ ამაზე დეტალურად ვისმჯელებთ შემდგომ საუბარში, ამჯერად კი მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავთ, რომ მან უარყოფითად შეაფასა იგი. მაგრამ ამ უარყოფით შეფასებას ვერ გავავრცელებთ საკუთრივ კლიმენტი ალექსანდრიელზე, ამას არ მიგვითითებს თვით ფოტიც, იმიტომ, რომ მისი თქმით თუკი რამ ცდომილებანია ამ ძეგლში ეს არანაირად კლიმენტის სახელს არ უკავშირდება. ფოტი პატრიარქი ორ დაშვებას, ორ ვარაუდს გვთავაზობს, რომ ან კლიმენტი საერთოდ არ არის ამ ძეგლის ავტორი, ანდა ის, რომ მისი შრომა გვიანდელ გადამწერთაგან, ერეტიკოსთაგან, იქნა გაუკუღმართებული და მინარევებით შერყვნილი. ე.ი. არცერთ შემთხვევაში ის ამ ცდომილებებს საკუთრივ კლიმენტის არ განუკუთვნებს.

ასევე ზოგიერთ ტერმინოლოგიურ და სამოძღვრო ხარვეზზე უთითებს ფოტი პატრიარქი კლიმენტის “სტრომატასთან” დაკავშირებით. ესეც აბსოლუტურად გასაგებია, კვლავ აღვნიშნავთ, იმიტომ, რომ ესაა II-III ს-ის მიჯნის ძეგლი, როცა ბევრი რამ ტერმინოლოგიურად სამოძღვრო კუთხით ჯერ კიდევ არაა დახვეწილი და ჩამოყალიბებული. ჩვენ აღვნიშნავდით, რომ თუნდაც მაგალითად იუსტინე მარტვილი და წმ. ირინეოსი ქილიაზმის მცდარ სწავლებასაც კი იზიარებდნენ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იყო მაშინ განმარტებული ამ ცრუ სწავლების არამართებულობა, როგორც ეს მოგვიანებით წმ. დიონისე ალექსანდრიელმა მოგვცა. ამიტომ ეს გასაკვირი არ გახლავთ.

ამ საკითხებს ჩვენ შეძლებისდაგვარად განვმარტავთ, მხოლოდ აღვნიშნავთ იმას, რომ იგივე ფოტი პატრიარქი როდესაც საუბრობს კლიმენტის სხვა შრომაზე, კერძოდ თხზულებაზე სახელწოდებით “პედაგოგი”, იგი აღფრთოვანებას ვეღარ ფარავს და მიიჩნევს, რომ ესაა საეკლესიო პედაგოგიკის საუკეთესო სახელმძღვანელო, რაც (ეს შეფასება) საკუთრივ მოძღვრის (კლიმენტის) ღირსებაზეც ცხადია უეჭველად მეტყველებს.

ჩვენ ამ ეტაპზე ამით დავაბოლოვებთ კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ საუბარს, მისი შრომების შესახებ საუბარს, ზოგად მონაცემებს მასთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომი საუბრიდან შევეცდებით, რომ უფრო დეტალურად წარმოვაჩინოთ კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

171–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=69RqYX7TXc8

 

კლიმენტი ალექსანდრიელის შრომა "განწესებანი”

წინა საუბარში ჩვენ ზოგადი მიმოხილვა კლიმენტი ალექსანდრიელის ცხოვრების, მოღვაწეობის, შრომების შესახებ, მეტნაკლებად განვახორციელეთ და შესაბამისად წინა საფუძვლები შემზადებულია იმისთვის, რომ კლიმენტი ალექსანდრიელის ზოგი უმნიშვნელოვანესი სწავლების შესახებ შედარებით დეტალურად ვისაუბროთ.

თუმცა აუცილებლად განსამარტავია ის, რაზეც წინა საუბრის დასასრულს მივანიშნეთ, თუ რატომ მოხდა, რომ ფოტი პატრიარქმა უარყოფითი შეფასება მისცა კლიმენტი ალექსანდრიელის ავტორობით ცნობილ ერთ-ერთ ვრცელ ძეგლს სახელწოდებით “განწესებანი”, რვა წიგნად დაწერილს კლიმენტისგან. ფოტი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მას, მიუთითებს რა, რომ ზოგ შემთხვევაში აქ სრულიად არაეკლესიური, მითიური, ზღაპრული აზრებია წარმოდგენილი. ამიტომ ფოტი, რომელიც საკუთრივ მოვლენის არსს აბსოლუტურად ზედმიწევნით და მართებულად წვდება და მთლიანად განაშორებს ამ ცდომილებებს საკუთრივ კლიმენტი ალექსანდრიელისგან, ორ სავარაუდო გზას, აღნიშნულ ცდომილებათა აღმოცენებისას, წარმოგვიდგენს. ერთი გახლავთ ის, რომ კლიმენტი საერთოდ არ არის ამ წიგნის ავტორი და მეორე ის, რომ კლიმენტი არის ავტორი ძეგლის პირველსახისა, რაც არ შეიცავდა ამ ცდომილებებს, ხოლო ეს ცდომილებანი მოგვიანებით გადამწერთაგან, გაუკუღმართებულ პირთაგან იქნა შეტანილი მასში. კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ ფოტიმ ღვთივსულიერი მადლით განჭვრიტა კლიმენტი ალექსანდრიელის სრული განშორებულობა ნებისმიერი გაუკუღმართებისგან. ხოლო რაც შეეხება მის ახსნას, თვით ეს გაუკუღმართებანი საიდან უნდა აღმოცენებულიყო, რა თქმა უნდა, ის თავისი ეპოქის დროინდელი წყაროდმცოდნეობითი მონაცემებიდან გამოდიოდა. მაგრამ დღეს როდესაც მეტი გარკვეულობაა ამ კუთხით, წყაროდმცოდნეობითი მასალები უფრო მეტია, დასკვნა ფოტი პატრიარქისა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უეჭველობით დასტურდება და ეს დასკვნა სრულიად გასაზიარებელია, რომ ამ ცდომილებებთან საკუთრივ კლიმენტის არაფერი კავშირი არა აქვს. მაგრამ თუ როგორ უნდა ავხსნათ ამ ცდომილებათა წარმოშობა, აი ამაზე ჩვენ შეგვიძლია ორიოდე სიტყვით ვიმსჯელოთ.

გასაღებს იმასთან დაკავშირებით თუ რამ გამოიწვია ამ სამოძღვრო ცდომილებათა დადასტურება კლიმენტის შრომაში, ჩვენ გვაწვდის კლიმენტის სხვა შრომები, ორი სხვა შრომა (ჩვენამდე მოღწეული), რომლებიც ჩამონათვალში უკვე ვახსენეთ. ერთი ეს გახლავთ “გამონაკრებნი თეოდოტიონისგან”, ხოლო მეორე “გამონაკრებნი საწინასწარმეტყველოთა წიგნთაგან” ანუ ე.წ. “საწინასწარმეტყველო ეკლუგები”. რა იგულისხმება ამ სათაურებში? თეოდოტიონი გახლდათ გნოსტიკოსი მწვალებელი და კლიმენტი განიზრახავდა რა თეოდოტიონის მოძღვრების, ისევე როგორც ყველა სხვა გნოსტიკოსის მოძღვრების და ზოგადად გნოსტიციზმის ძირფესვიან უარყოფას, სისტემური წესით სწავლობდა მათ მოძღვრებას და იმდენად ღრმად იცოდა თითოეული სექტის სწავლება, რომ თვით ამ სექტების წარმომადგენლებმაც არ იცოდნენ იმ სიღრმით. ხოლო ეს ყოველივე, კვლავ ხაზს გავუსვამთ, კლიმენტის ერთადერთი მიზნისთვის ესაჭიროებოდა, რომ მთლიანად, ყოვლითურთ ემხილებინა და აღმოეფხვრა გნოსტიკური ერესი, რაც არსებითად მან შეასრულა კიდეც. აი ასეთი საღვთო მიზანდასახულობის მქონე, არა მხოლოდ კლიმენტი, არამედ ნებისმიერი სხვა მოძღვარი, როდესაც იგი მართლაც გულით, რწმენით, გონებით განეწყობა არაჭეშმარიტების, უკეთურების სამხილებლად, გზა და მეთოდი უკეთურების მხილებისა ერთადერთია, ეკლესიის მამათაგან დაფუძნებული და დადგენილი, რომ ის რასაც ვამხილებთ ზედმიწევნით უნდა გვქონდეს შესწავლილი, რომ საფუძვლიანი და ცოდნაზე დაფუძნებული იყოს ჩვენგან აღსრულებული მხილება. სხვა შემთხვევაში მხილებას ძალა არ ექნება. უმეცრებითი მხილება არათუ უძალოა, პირუკუ იმ ცდომილების გაძლიერებას უწყობს ყოველთვის ხელს. ამის ნიმუშია თვით ქრისტიანობა, რომელსაც სწორედ უმეცრულად, მცდარად, ცილისმწამებლურად ამხილებდნენ, რადგან მის საღვთო სიღრმეს ვერავინ ვერ სწვდებოდა. შესაბამისად ყალბი იყო ამ მოძღვრების წინააღმდეგ ასევე სამოძღვრო წესით დაპირისპირება და შესაბამისად ქრისტიანობა საკუთრივ გამოთქმითი ფორმით, პაექრობითი, ტერმინოლოგიური თვალსაზრისითაც, უკიდურესად გაძლიერდა, უაღრესად გაძლიერდა. ეს საღვთო გაძლიერებაა და ღვთის განგებაა, მაგრამ ამავე მოვლენას ჩვენ ვხედავთ უარყოფითი კუთხითაც გამოვლენილს. როდესაც ერესი უცოდინარი პირისგან, უმეცრებითი წესით იმხილება და შესაბამისად, რაც უმეცრებით იმხილება ეს მხილება თავისთავად ტყუილებზეა დაყრდნობილი, ობიექტი მხილებისა, არსით უკეთური, უკვე მიუწვდომელი ხდება მამხილებელი მახვილისათვის, იმიტომ, რომ ეს მამხილებელი მახვილი დაჩლუნგებულია, სიყალბითაა იგი ნალესი და შესაბამისად მჭრელი არ არის, და პირუკუ უფრო მეტ დარწმუნებას იძენს ეს ერესი, მეტი მომხრე უჩნდება მას და მეტად ძლიერდება. ბევრი ერესის მაგალითზე შეგვიძლია ჩვენ ეს ვნახოთ. სხვათაშორის არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დღესაც, როდესაც მწუხარებით ვადევნებთ თვალს ცალკეული გაუკუღმართებული სწავლებების მოძალებას საქართველოში და ათასგვარ რაღაცას ვუკავშირებთ ამას (ხშირად პოლიტიკურ ვითარებასაც, არაეკლესიურ გარემოსაც), ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიას თანაშემწედ არასოდეს არ ჰყავდა რაიმე ისეთი ძალა, პოლიტიკური იქნებოდა ეს თუ სოციალური, რაც ფიზიკურად გაამარჯვებინებდა მას, ეკლესიის ძალა ყოველთვის იყო ღვთივშთაგონებული მოძღვარი, ღვთივშთაგონებული სამოძღვრო ამეტყველება ჭეშმარიტების დასაცავად და ყოვლადნაყოფიერი და ყოვლადშედეგიანი იყო ამგვარი მოღვაწეობა. ადამიანის ძალაზე დაიმედებული და დაყრდნობლი მოძღვრებანი ამქვეყნიურნია, ხოლო ჭეშმარიტება, საეკლესიო მოძღვრება და მართლმადიდებლობა, როგორც ზექვეყნიური, ზეციური, არასოდეს არ შეიძლება, რომ ამქვეყნიურ ძალაზე დაყრდნობილი, მისი მოიმედე იყოს და მას სასოებდეს, ამქვეყნიურ პოლიტიკურ თუ სოციალურ ძალას. ერესების წინააღმდეგ ბრძოლას სხვათა მოიმედეობით კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ მხოლოდ ერთი გზით, ეკლესიის მამათა საღვთო ცოდნის კვლავ აღორძინებით, რომ იმავე ცოდნისმიერი უმჭრელესი და უმკვეთლესი მაცხოვრისეული მახვილით განიგმიროს, როგორც აქამდე განგმირულა ყოველთვის ყველა შემთხვევაში ნებისმიერი უკეთურება.

ეს ვრცელი შესავალი იმასთან დაკავშირებით მოვიტანეთ, რომ აგვეხსნა თუ რატომ სწავლობდა ასე გულმოდგინედ კლიმენტი ერეტიკოსთა (ამ შემთვევაში გნოსტიკოსთა) შრომებს. სწავლობდა მხოლოდ ერთი მიზანდასახულობით, რომ მცოდნეობითი, საქმიანი, კონკრეტული ყოფილიყო შემდგომში ამ ერესის მხილება, რაც შედეგად მოიტანდა მის ძირფესვიან აღმოფხვრას. ამიტომაა, რომ კლიმენტის უდიდეს მოღვაწედ რაცხენ საკუთრივ გნოსტიციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან არსებითად მან შემუსრა ეს გაუკუღმართება. შემუსრა ორი კუთხით, ერთი მხრივ ამხილა ცრუ სახე და სიყალბე გნოსტიციზმისა ანუ ცოდნაზე პრეტენზიის მქონე და მათ შორის საკუთრივ თითქოსდა ქრისტიანულ ცოდნაზე პრეტენზიის მქონე ერეტიკოსებისა, მაგრამ ის მხოლოდ მხილებით არ დაკმაყოფილდა. ზოგადად რაიმეს მხოლოდ მხილება არაა საკმარისი, რადგან როდესაც რაიმეს ამხილებ და მის სიცრუეს წარმოაჩენ, ჭეშმარიტი რომელია ისიც აუცილებლად უნდა აჩვენო, რომ ცარიელი ადგილი არ დარჩეს სადაც შეიძლება დაუყონებლივ სხვა ერესმა დაიბუდოს. ამიტომ კლიმენტიმ არა მხოლოდ ამხილა ცრუ გნოსტიციზმი, არამედ თუ რომელია ის ჭეშმარიტი ცოდნა, რომელია ის ჭეშმარიტი გნოზისი და ამ გნოზისის ანუ ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელი ვინ არის, ესეც სრულიად თვალსაჩინოდ და ყოვლად ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ე.ი. ეს იყო მიზანდასახულობა მისი, მეთოდი იყო, კვლავ აღვნიშნავთ, ზედმიწევნითი შესწავლა იმისა რასაც ამხილებდა და შემდგომ ამის განხორციელება უკვე მის უდიდეს საღვთო, ღვთივსულიერ ნიჭიერებაზე დამყარებული, უაღრესად სასიკეთო შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

და როდესაც ჩვენ კლიმენტის კონკრეტულ ძეგლებს განვიხილავთ ამ კუთხით, კერძოდ უკვე ხსენებულ ორ შედარებით მცირე ფორმის შრომას (“გამონაკრებნი თეოდოტიონისგან” და “საწინასწარმეტყველო იკლოგები”), მათზე დაყრდნობით სავსებით ზედმიწევნით შეგვიძლია ავხსნათ თუ რა განაპირობებდა კლიმენტისეული შრომის – “განწესებათა” რვა წიგნედის დიდ ნაწილში გაუკუღმართებულ სწავლათა არსებობას. “გამონაკრებნი თეოდოტიონისგან”, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, გულისხმობს თეოდოტიონის, ამ გნოსტიკოსი ერეტიკოსის შრომებიდან მისი მოძღვრების ყველაზე უფრო სიმპტომატურად ამსახველი გამონათქვამების გამონაკრებს ერთად თავმოყრილს. ისევე როგორც “საწინასწარმეტყველო იკლოგები” გულისხმობს წინასწარმეტყველთა წიგნებზე გნოსტიკოსთა მიერ განხორციელებული და გაკეთებული განმარეტებების, მათ შორის ყველაზე ტიპიურების, თავმოყრას, რომ გნოსტიკური მოძღვრება თვალსაჩინო იყოს, თუ როგორ განმარტავს იგი წინასწარმეტყველთ, რა მოძღვრებას დებს მათ სიტყვებში. ეს ყველფერი კლიმენტისგან თავმოყრილნი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიზანდასახულად ხორციელდებოდა იმ კუთხით, რომ შემდგომ სისტემური წესით და არსებითად მომხდარიყო გნოსტიკოსთა ერესის მხილება. მაგრამ ჩვენამდე მოღწეულ ამ ორ ძეგლში სახეზეა არა მხოლოდ გნოსტიკური ცრუ სწავლებანი, არამედ თან ჩართულია აბსოლუტურად გამართული, ჩამოყალიბებული ეკლესიური სწავლებანი, რომელთაც უპირისპირდებიან, თავისთავად ცხადია, გნოსტიკოსები, ანუ აქ მოცემულია გნოსტიკური ერესის საწინააღმდეგო და გნოსტიკური ერესის განმაქიქებელი საეკლესიო-სამოძღვრო შენიშვნები. აქ ჩვენ ასეთი რამ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ორივე შრომა არის დაკონსპექტება გნოსტიკოსთა აზრებისა და ეს დაკონსპექტება, კვლავ აღვნიშნავთ, სწორედ შესწავლის მიზანდასახულობით ხორციელდება. მაგრამ დაკონსპექტების დროს კლიმენტი იქვე დაურთავდა ამა თუ იმ გნოსტიკური ცრუ სწავლების უარმყოფელ ეკლესიურ დებულებას. საფიქრებელია, რომ თავდაპირველად საკუთრივ კლიმენტის შენიშვნები, გნოსტიკურ სწავლებათა უარმყოფელი მისი არგუმენტები, სხვა მელნით იყო დაწერილი, ანდა ისიც შეიძლება ითქვას, რომ ეს დაკონსპექტებანი ფურცლის შუაში იყო წარმოდგენილი და კლიმენტისეული შენიშვნები აშიებზე იყო მიწერილი, მაგრამ გვიანდელ გადამწერთა შორის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა და ხდება, მელანიც, რა თქმა უნდა, ხშირად გაერთგვარდება, განსხვავებანი მელნის მიხედვით ძალიან ხშირად ისპობა და აშიაზე გატანილებიც, უმრავლეს შემთხვევაში, ტექსტში შედის. ამის მაგალითები აურაცხელია საკუთრივ ქართულ ხელნაწერებშიც. ასე რომ, თუ თავდაპირველად საკუთრივ კლიმენტისეულ ავტოგრაფში უეჭველად გამიჯნული იქნებოდა ერეტიკოსის აზრები და ამ აზრების განმაქიქებელი კლიმენტისეული განმარტებანი, შემდგომ ტრადიციაში ეს ყველაფერი ერთი მეორეში აირია, რადგანაც ალბათ, პირველ რიგში, მელანთა შორის ფერში განსხვავება გაუქმდა და შემდგომ აშიაზე მიწერილი ჩაერთო ტექსტში, რადგანაც გადამწერთა შორის ყოველთვის არ იყო იმის გაცნობიერება, რა თქმა უნდა, რომ თუ გნოსტიკური მზაკვრობით ნახელოვნები ტექსტი როგორ განსხვავდებოდა კლიმენტისეული შენიშვნისგან. მათ ზედაპირულად შეიძლებოდა მოჩვენებოდათ, რომ ეს ერთი და იგივე მოძღვრების დაზუსტება იყო, ამიტომ ერთი მეორის მთლიანობაში წარმოედგინა იგი გაუმიჯნავად და ასედაცაა ჩვენამდე მოღწეული.

აი ეს ვითარება გვაქვს უეჭველად იმ ძეგლთან დაკავშირებითაც, რასაც “განწესებანი” ეწოდება. თავდაპირველად კლიმენტისეულ ავტოგრაფში და ალბათ კლიმენტისეული ავტოგრაფიდან გადაწერილ რამდენიმე ნუსხაში ადრინდელი ეპოქისა ჩვენ გვექნებოდა მკვეთრი გარჩევა რაღაც ფორმით, იქნებოდა ეს მელნის ფერი თუ აშიაზე მიწერა, ან სხვა რამ სპეციალური ნიშანი, ერთი მხრივ გნოსტიკურ ცრუ სწავლებათა შეჯამებანი და ცალკეული ამონარიდები და ციტატები მათი შრომებიდან და კლიმენტისეული განმაქიქებელი, ჭეშმარიტი მოძღვრების გამომხატველი გამონათქვამები. მართლაც ეს “განწესებანი” სხვა არაფერი გახლავთ (იმ გაგებითაც რომ გავიგოთ, რაც არსებითია ამ შრომის სახელწოდების ბერძნული ტერმინისა – “ჰიპოტიპოტის”, ანუ მონახაზები), თუ არა ის, რომ აქ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ზოგად შტრიხებში, არსებით შტრიხებში ყველაზე უფრო სიმპტომატური გამონათქვამების სახით ერეტიკული ცრუ სწავლებანი. ეს მიზანდასახულობა ჰქონდა კლიმენტის ამ შრომის დაწერისას, მკვეთრად ანტიგნოსტიკური მიზანდასახულობა და სავსებით გასაგებია, რომ აქაც კონსპექტური წესით, უმრავლეს შემთხვევაში (ეს უკვე მონუმენტური მხილებითი მიზანდასახულობის ძეგლი იყო), რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნებოდ კომენტირებანიც კლიმენტისა. ამიტომაა გაურკვევლობაში წმ. ფოტი პატრიარქი, რომ ერთი მხრივ სახეზეა უღრმესი და უაღრესად ზედმიწევნითი უსაღვთოესი სწავლება და იმის გვერდით და იქვე უკიდურესად უღვთო და უარმყოფელი სწორედ ამ საღვთო სწავლებისა, მასთან დიამეტრულად დაპირისპირებული. რა თქმა უნდა, ეს ერთი საღი გონების მქონე ადამიანის შრომაში შეუძლებელია ყოფილიყო. ამიტომ მიუთითა მან, რომ ან კლიმენტისა საერთოდ არაა ეს შრომა, ანდა კლიმენტის კეთილად აღწერილი გვიანდელმა გადამწერებმა გააუკუღმართეს. სინამდვილეში, როგორც ავღნიშნეთ, კლიმენტიმ დააკონსპექტა გნოსტიკური სწავლებანი სხვადასხვა მხრივ, ფუნდამენტურად შეადგინა ეს უზარმაზარი შრომა, ასევე ფუნდამენტური წესით დაურთო არსებითი უარმყოფელი და განმაქიქებელი დებულებანი საეკლესიო მოძღვრებისა ერეტიკულ გამონათქვამთა წინააღმდეგ და იმ პროტოგრაფში, ანუ თავდაპირველ ავტოგრაფში ეს ყველაფერი გამიჯნული იქნებოდა. Kკლიმენტისეული შენიშვნები და განმარტებანი ან სხვა მელნით იქნებოდა, ანდა აშიაზე, ანდა რაღაც ნიშნით გამოყოფილი, მაგრამ გვიანდელ გადამწერთაგან ეს ყველაფერი გაერთიანდა, ფერში განსხვავება მელნებისა წაიშალა, აშიაზე მიწერილი შევიდა ძირითად ტექსტში და მართლაც III ს-ის I ნახევრიდან IX ს-ის შუა წლებამდე და II ნახევრამდე, როდესაც ფოტი პატრიარქი მოღვაწეობდა, უდიდესი შუალედია, ეს ყველაფერი ერთ-ორ საუკუნეშიც კი იმდენად ინტენსირად მიმდინარეობს და ხდება, რომ თავდაპირველი კვალი ხელნაწერისა და ავტოგრაფისა ხშირად წარიხოცება და მითუმეტეს IX საუკუნემდე. ასე რომ, ფოტის ხელთ ჰქონდა ამგვარი ხასიათის ტექსტი და ეს რომ მართლაც ასეა, რასაც ეხლა ვამბობთ, ამას თუნდაც ის ადასტურებს, რომ იმავე “განწესებათა” დამოწმებანი ადრეც გვხვდება საეკლესიო მწერლობაში უწმინდეს მამათა მიერ, მაგრამ არსად იქ მითითებული არაა ის, რომ თითქოს ამ წიგნში რაიმე მცდარი აზრი იყოს. როგორც ჩანს იმ ადრინდელ ეპოქაში ჯერ კიდევ ეს ვიზუალური სახე ამ ტექსტს თავდაპირველი ხელნაწერისა ანუ ავტოგრაფისა შენარჩუნებული ჰქონდა, სადაც იმიჯნებოდა გნოსტიკური სწავლებანი კლიმენტისეული განმარტებებისგან და, რა თქმა უნდა, არცერთი მამა გნოსტიკურ სწავლაბას საკუთრივ კლიმენტის აღარ განუკუთვნებდა, რადგან მისთვის გასაგები იქნებოდა, რომ ეს გნოსტიკური სწავლებანი მოტანილია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ისინი მხილებულ იქნეს. როგორც კიდევ უფრო მკვეთრი გამიჯვნით ჩვენ გვხვდება ყველა ანტიერეტიკოს მამასთან იგივე მდგომარეობა, იქნება ეს წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. ეპიფანე კვიპრელი თუ სხვა, აურაცხელი ციტატები, დამოწმებანი ერეტიკოსების შრომებიდან აქ სახეზეა. მაგრამ კიდევ უფრო მკვეთრია გამიჯვნა იმ კუთხით, რომ დასათაურებაში ხაზგასმულია, რომ ეს ერეტიკოსის სწავლებაა და შემდგომ ასევე ხაზგასმულია, რომ უკვე ამ ერესის უარყოფა იწყება და იქ უკვე აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ ვინმე შეცდეს. ამიტომაა, რომ მათდამი არავის საყვედური არ უთქვამს, იმიტომ, რომ მკვეთრია გამიჯვნა, და რა თქმა უნდა, როცა ეპიფანე ამბობს, რომ “ახლა წარმოვადგენთ მაგ. ვალენტინელთა ცრუ სწავლებასო და ეს სწავლება წარმოდგენილია, უკვე იქ განმაქიქებელი სიტყვები არ გვხვდება, იმიტომ, რომ გადმოცემაა მათი მოძღვრებისა, შემდეგ იწყება ამ მოძღვრებათა მხილება. მაგრამ იმ ერეტიკულ მოძღვრებას, თავისთავად ცხადია, თვითნ ეპიფანეს არავინ არ განუკუთვნებდა. ასევე კლიმენტის არანაირად არ შეიძლება განეკუთვნოს ის ცრუ სწავლებანი და ცრუ დებულებები, რაც მან გნოსტიკოსთაგან დააკონსპექტა და ამგვარი ვითარება და ამის გაგებადობა ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, იქნებოდა იმ V-VI ს-ში, როდესაც უთითებენ კლიმენტის ამ შრომაზე ეკლესიის უწმინდესი მამები, მაგრამ არავითარ საყვედურს არ გამოთქვამენ. როგორც ჩანს ამის შემდეგ მოხდა ამ ყველაფრის გაერთიანება, გამთლიანება, რა იყო კლიმენტისეული და რა გნოსტიკოსთა შრომებიდან მოტანილი, ამ ყოველივეს გამიჯვნა აღარ მოხდა და ის ერთ მთლიან სახედ წარმოუდგა ხელნაწერში იგი ფოტი პატრიარქს. ამიტომაა მისი საყვედური მკვეთრი და როგორ ჩანს ამ ფაქტმავე განაპირობა აღნიშნული წიგნის დაკარგვა. იმიტომ, რომ უკვე მთლიანობითი სახით რადგანაც გათქვეფილი იყო ერთმანეთში კლიმენტისგან გადმოცემული ჭეშმარიტი სწავლება და გნოსტიკური სწავლება ერეტიკოსთაგან მოტანილი, ცხადია ამას უკვე მკითხველი ვეღარ განარჩევდა. თვით ფოტი პატრიარქმაც რომ აი ამგვარი განმრჩეველობითი ხაზი ვერ შეიტანა მასში, იმდენად შერწყმული იყო ეს ორი მხარე, ცხადია სხვანი მითუმეტეს ამას ვერ შეძლებდნენ და ამ ძეგლის საზოგადო ხმარებაში დარჩენა უკვე შეუძლებელი იქნებოდა. ეჭვი არაა ეს უნდა ყოფილიყო ძირითადი მიზეზი ამ ძეგლის დაკარგვისა, მაგრამ თავისი დაწერილობითი პირველსახით და მიზანდასახულობით, რა თქმა უნდა,  კლიმენტის მოძღვრების ცდომილებასთან ამას არავითარი საერთო არა აქვს, არანაირად ეს არ ცხადყოფს ცხადია კლიმენტის მოძღვრების ხარვეზს, ხარვეზი აქ არის გნოსტიკოსთა მოძღვრებაში, რასაც განაქიქებდა კლიმენტი ამ თავისი შრომით, ისევე როგორც იმ ორი შრომით, რომლებიც ჩვენ უკვე ვახსენეთ (“გამონაკრებნი თეოდოტიონისგან” და “საწინასწარმეტყველო იკლოგები”). ეს სამი ძეგლი ერთი მიზანდასახულობით ჩანს შედგენილი, ესაა დაკონსპექტებანი გნოსტიკური აზრებისა, მათი სისტემური წესით მხილება რომ მოხდეს შემდეგ, როგორც ეს “სტრომატაშია”, მაგრამ თვით ამ დაკონსპექტებაშიც ცალკეული განმაქიქებელობითი ხასიათის მინიშნებებით, ან სხვა მელნით, ანდა აშიაზე.

ვფიქრობთ ასე განიმარტება კლიმენტის ამ, მოცულობით შთამბეჭდავი, შრომის – “განწესებათა” წარმოშობის რაობა, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო ეს ძეგლი თავდაპირველად და რატომ გახდა იგი ფოტი პატრიარქისგან ასეთი მკვეთრი შეფასების ობიექტი.

172–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=VuVtihu9wfc

 

კლიმენტი ალექსანდრიელის ეთიკური სწავლებანი

ჩვენი წინა საუბარი მოიცავდა საეკლესიო მწერლობის ისტორიაში ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი ფიგურის კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ ეკლესიის მამათა შემფასებლობითი გამონათქვამების ქრონოლოგიურ ანალიზს, რისი წარმოდგენაც ვფიქრობთ სრულიად აუცილებელი იყო იმ, კვლავ აღვნიშნავთ, სრულიად უმეცრული და უსაფუძვლო განწყობის განსაქარვებლად, რაც კლიმენტი ალექსანდრიელთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არის შექმნილი. როგორც ვნახეთ ეკლესიის ხმა ერთსულოვანია, განუყოფელია, ყველა უწმიდესი მოძღვარი, რომლებსაც კი კლიმენტისთან დაკავშირებით რაიმე აზრი გამოუთქვამთ, უკლებლივ ყველა მათგანი უდიდეს ღირსებას განუკუთვნებს და უდიდეს პატივს მიაგებს მას.

ამ თვალსაჩინო და მკვეთრად გამოხატული დასკვნის ფონზე, რა თქმა უნდა, უკვე მეტი მნიშვნელობა ეძლევა კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრების ანალიზს. ეს ანალიზი სამწუხაროდ ყოველმხრივი ვერ იქნება, გამომდინარე კლიმენტისეული შრომების დიდი თემატური დიაპაზონიდან. აურაცხელი პრობლემაა იქ განმარტებული, ანდა წამოჭრილი საკითხი და ამიტომ ჩვენ ყველაზე უფრო ხელშესახები რაც არის მის მოძღვრებაში, ყველაზე უფრო შთაბეჭდილების შემქმნელი ამ მოღვაწის და მისი ნააზრევის შესახებ, აი ამ თემატიკით შემოვიფარგლებით. ამგვარი თემა არსებითად ოთხია, რომელთაგან პირველი ეს გახლავთ კლიმენტის სწავლება ცოდნის შესახებ, “გნოზისის” (ცოდნა) შესახებ. აქ იგულისხმება კლიმენტისგან საღვთო წერილის, ქრისტიანული მოძღვრების ჭვრეტა, როგორც წმინდა ცოდნა, როგორც უფლისმიერი ცოდნა, ცოდნა მაცხოვნებელი, ღმერთმყოფელი. წმ. წერილი სხვადასხვა ურთიერთშემავსებელი ხედვით დაინახებოდა ეკლესიის მამათაგან. ის (წმ. წერილი) შეიძლებოდა ჩვენ აღგვექვა და განგვეჭვრიტა როგორც რჩეული ერის, ისრაელის ისტორია ძველ აღთქმაში. ახალ აღთქმაში კაცობრიობის რჩეული ნაწილის, კვლავაც რჩეული ერის, სულიერი ისრაელის ანუ ქრისტიანთა ისტორია. აგრეთვე როგორც ზნეობრივი სახელმძღვანელო, როგორც სამოღვაწეო ნიმუში ყველა ხარისხში, იქნება ეს საწინამძღვრო ხარისხი, იქნება ეს რიგითი წევრობა საზოგადოებისა, ეკლესიისა და სხვა, და ყველაფერ ამასთან ერთად საღვთო წერილის, როგორც ღვთისმეტყველურ სულიერ სწავლებათა უწმინდესი კრებულის თვალით ჭვრეტა ანუ საღვთო წერილის ეკლესიური განმარტებითი წესით გაშლა, განფენა, როგორც წმინდა ცოდნისა. ეს გახლავთ არსებითი კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრებაში. ვითარებაც ამგვარი იყო მისთვის შექმნილი, რადგან უარყოფდა რა გნოსტიციზმს, უარყოფდა რა გნოსტიკოსებს, ანუ იმ პირებს, რომლებიც მცოდნეობას იჩემებდნენ, რომ თითქოს სწორედ მათ ჰქონდათ ჭეშმარიტი ცოდნა საღვთო წერილისა, მაცხოვნებელი სიბრძნისა, აი ამ ცრუ ცოდნის უარყოფის ჟამს, თავისთავად ცხადია, კლიმენტი ვალდებული იყო მოეცა სრული სურათი და განმარტება წარმოედგინა იმისა, თუ რომელია ჭეშმარიტი ცოდნა. გნოსტიკოსთაგან მიტაცებული და მიჩემებული ცოდნა ყალბია, ისინი ყალბისმქმნელობენ, რაც კლიმენტიმ ცხადად წარმოაჩინა, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აპოლოგეტიკა, რომლის ერთ-ერთი გვირგვინი არის სწორედ კლიმენტი ალექსანდრიელი, გულისხმობდა არა მხოლოდ მხილებას და არა მხოლოდ უკუგდებას, არამედ აგრეთვე როდესაც რაიმე მხილებული და უკუგდებული ხდებოდა, რაც იმხილებოდა იმის სანაცვლოდ რაც ჭეშმარიტია ესეც აუცილებლად უნდა შემოტანილიყო, წარმოდგენილიყო, დასაბუთებულიყო. კლიმენტიმ ამხილა რა გნოსტიციზმი, როგორც ცრუ ცოდნის მოძღვრება და მკვეთრად წარმოაჩინა რა ეს ყოველივე, ცხადია, ვალდებული იყო ეჩვენებინა თუ რომელია ჭეშმარიტი ცოდნა. აი ამ ვალდებულების საფუძველზე კლიმენტი თვითონვე მოუხმობს იმავე ტერმინებს, რასაც საკუთრივ გნოსტიკოსები იყენებდნენ. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეკლესიას უბრუნებს, ანდა თვით ამ ტერმინებს უბრუნებს ეკლესიურ შინაარსს, რაც მათ თავდაპირველად ჰქონდათ და წაერთვათ ერეტიკოსთაგან. ეს ტერმინები გახლავთ, ბერძნულად თუ ვიტყვით, “გნოზის” ანუ ქართულად “ცოდნა”, “გნოსტიკოს” ანუ “მცოდნე” (მცოდნე ამ შემთხვევაში ჭეშმარიტი მოძღვრების მცოდნეობის კუთხით და მცოდნეობა, როგორც განმაღმრთობელი მოძღვრება).

ვინ არის ჭეშმარიტი მცოდნე და რა არის ჭეშმარიტი ცოდნა? კლიმენტისთვის, რა თქმა უნდა, პასუხი ერთჯერადია, რომ ჭეშმარიტი ცოდნა არის საუფლო ცოდნა, ჭეშმარიტი მცოდნე კი არის საკუთრივ მაცხოვარი, უფალი იესო ქრისტე. ასე რომ, კვლავ გავიმეორებთ, კლიმენტის მოძღვრების არსი გახლავთ სწავლება გნოზისის ანუ ცოდნის, მცოდნეობის, შესახებ. მაგრამ აღნიშნული სწავლების ამომწურავი წვდომისთვის აუცილებლად საჭიროა განვიხილოთ კლიმენტის თვალსაზრისი რწმენის შესახებ. ეს მეორე საკითხი გახლავთ, თუმცა ურთიერთუმჭიდროესად დაკავშირებული. კიდევ ცალკე საკითხი გახლავთ, თავისთავად, სპეციფიკურად, გამოყოფითად აუცილებლად განსახილველი, წყაროდმცოდნეობითი მონაცემებით და ტექსტობრივი ციტირებებით კლიმენტი ალექსანდრიელის ეთიკური სწავლებანი. ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმენტი არის საეკლესიო ეთიკის ფუძემდებელი, საეკლესიო ზნეთმეტყველების ფუძემდებელი, იმ უმტკიცესი საფუძვლის შემქმნელი, რაზეც მოგვიანებით წმ. ბასილი დიდმა და კაბადოკიელმა მამებმა, ზოგადად მოძღვრებამ ეკლესიისამ IV-V ს-ში მთელი სისავსით ჩამოაყალიბა საეკლესიო სათნოებითი ღვთისმეტყველება. აი ამის სათავეში დგას კლიმენტი და მისი შრომები ამ გვიანდელ მოღვაწეთაგან მთელი სისრულით გამოიყენება. ასე რომ კლიმენტის ეთიკური სწავლებანი ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რაც უხვი ციტირებებით და უხვი მასალით დასტურდება მის შრომებში. და სპეციფიკური და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რა თქმა უნდა, კლიმენტი ალექსანდრიელის დამოკიდებულება ანტიკური ფილოსოფიისადმი. უკლებლივ ყველა მართლმადიდებელი მოძღვრის დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა, მრავლისმეტყველია, მრავლისმასწავლებელია, მაგრამ კლიმენტი მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ამ კუთხით, რადგანაც, კვლავ რომ გავიხსენოთ წმ. კირილე ალექსანდრიელის შეფასება კლიმენტის მოღვაწეობისა, სწორედ კლიმენტი იყო ის პიროვნება, ის მართლმადიდებელი მოძღვარი, რომელმაც სხვა მართლმადიდებელ მოძღვართა შორის ყველაზე მეტად გამოიძია ბერძენ ფილოსოფოსთა წიგნების სიღრმე, ე.ი. ყველაზე მეტად მცოდნე იყო მათი სიბრძნისმეტყველებისა. შესაბამისად სწორედ კლიმენტისეული შეფასებაა ყველაზე არგუმენტირებული, თუ თავისთავად რა აქვს სიკეთე ანტიკურ აზროვნებას, რაც ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ და ვისარგებლოთ და რა აქვს ის უკეთურება, რაც ყოვლითურთ უშეღავთოდ უნდა განიგდოს ჩვენგან.

აი ეს ოთხი თემატური საკითხი თანამიმდევრულ, აუჩქარებელ, განხილვას უნდა გულისხმობდეს, რადგანაც ისეთი რთული მოძღვარი, როგორიც კლიმენტი ალექსანდრიელია, ნაჩქარევად ვერ შეიმეცნება (ნაჩქარეობას რა შედეგები მოაქვს ამას ბევრი თანამედროვე ცრუ მკვლევარი კლიმენტი ალექსანდრიელისა ადასტურებს). სიღრმისეული კვლევა და ჭეშმარიტი ცოდნა მისი მოძღვრების სიწმინდისა სწორედ ეკლესიის მამათაგან გვესწავლება ჩვენ, სწორედ იმ შეფასებათაგან გვესწავლება, რაც წინა საუბარში წარმოვადგინეთ.

ვფიქრობთ მაინც ალბათ უფრო გამართლებული იქნება თუ კლიმენტის მოძღვრების გადმოცემისას ჩვენ დავიწყებდით ეთიკური სწავლებებით, რაც, კვლავ განვმარტავთ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეთიკური სწავლებანი არსებითად ჩვენ გვხვდება კლიმენტის ჩვენგან უკვე ხსენებულ შრომაში სახელწოდებით “სიტყვა პედაგოგი”, სადაც “პედაგოგში”, კვლავ გავიმეორებთ, მაცხოვარი იგულისხმება, უფალი იესო ქრისტე, ერთადერთი ბუნებითი პედაგოგი ანუ აღმზრდელი. ხოლო ნებისმიერი პედაგოგი, რომელიც პედაგოგობის სახელს ატარებს, უნდა აცნობიერებდეს რაოდენ აღმატებულია ეს სახელი. ისევე როგორც ქრისტიანის სახელი ქრისტეს სახელის ქონას ნიშნავს, რაც, როგორც გრიგოლ ნოსელი მიუთითებს, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ჩვენი მიზეზით არ შეიბღალოს ამ სახელის სიწმინდე. ასევე “პედაგოგი”, როგორც ბუნებითი სახელი განკაცებული ღვთისა, ყველა პედაგოგს ავალდებულებს არ შებღალოს ეს სახელი და აცნობიერებდეს ამ სახელის საღვთო შინაარსს. შესაბამისად კლიმენტის პედაგოგიური სწავლებანი, ბუნებრივია, სწორედ ამ შრომაშია გადმოცემული, თუმცა აურაცხელი, უაღრესად ღრმა ეთიკური შეგონებანი მისი ასევე მრავლადაა ყველაზე უფრო ვრცელ და მნიშვნელოვან შრომაში კლიმენტი ალექსანდრიელისა - “სტრომატაში”. საგულისხმოა თუ როგორ განმარტავს საერთოდ სათნოებას კლიმენტი ალექსანდრიელი, რაც მის ნაშრომში, რომელსაც ჩვენ შემოკლებით მოვიხსენიებთ (“პედაგოგი”), ერთ-ერთ მუხლში შემდეგნაირადაა წარმოდგენილი “დეფინიცია სათნოებისა”: “სათნოება არის მიდრეკილება სულისა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე თანხმობაშია გონიერებასთან”. სულიერი მიდრეკილების გონიერებასთან თანხმობას უწოდებს კლიმენტი სათნოებას. ესაა “პედაგოგის” პირველ ნაწილში, ხოლო მესამე ნაწილში ვკითხულობთ: “სათნოება არის პედაგოგისგან (იგულისხმება მაცხოვარი) გადმოცემული გონიერება”. ამავე განმარტებას უკავშირდება აგრეთვე კლიმენტისგან ქრისტიანთა ცხოვრების წესის განსაზღვრა, თუ როგორ განსაზღვრავს ის ქრისტიანთა ცხოვრების წესს. “პედაგოგის” პირველ წიგნში ვკითხულობთ: “ქრისტიანთა ყოფა არის გონივრულ საქმეთა რამ სისტემა, ანუ სიტყვის (იგულისხმება მაცხოვარი) მიერ სწავლებულთა მიხედვით უცდომელი მოქმედება”, რაც მაცხოვარმა გვასწავლა, მაცხოვრისეულ სწავლათა მიხედვით უცთომელი მოქმედება ანუ, როგორც უფრო ადრე აკონკრეტებს, გონივრულ საქმეთა რამ სისტემა. აი ესაა ქრისტიანთა ყოფა და ჩვენის აზრით ამ სიტყვათა ჩაფიქრება ყველა ჩვენთაგანს გვმართებს, ისევე როგორც წინა თაობებში არაერთგზს უფიქრდებოდნენ ამ სიტყვებს.

ჩვენ აქ არ მოვერიდებით იმ პარალელებს, რასაც თვითონ კლიმენტი ავლენს და რითაც კიდევ ერთხელ საჩინოვდება და მტკიცდება ეკლესიის მამათა კეთილგანწყობა იმ აქა-იქ თავჩენილი ღირსეული სწავლებებისადმი, რასაც თვით წმ. მამები, ანდა მართლმადიდებელი მოძღვარნი, ანტიკურ აზროვნებაში ამჩნევდნენ. ამ შემთხვევაში იმას ვგულისხმობთ, რომ სათნოების, როგორც გონიერებასთან თანხმობის, ანუ სულიერი ჰარმონიის შესახებ აზრი კლიმენტის მიერ ერთგან დაკავშირებულია პლატონთან. კერძოდ ის “სტრომატას” მეოთხე წიგნში ამბობს: “ პლატონმა თავისი “პოლიტიკის” მესამე წიგნში თქვა: “მართებს სულს, რომ იზრუნოს სხეულისათვის ჰარმონიულობის გამო, რადგანაც სხეულით ხამს ცხოვრება და მართებულად ცხოვრება”. სხვა მამების მსგავსად და სხვა მამებთან თანხმობაში კლიმენტი, რა თქმა უნდა, სათნოებას უკავშირებს ზომიერებას და შუამდგომარეობას. ეს ციტატა ჩვენ ადრეც დაგვიმოწმებია, როდესაც გამოვცემდით ჟურნალს “გზა სამეუფო” და თვით ამ ტერმინს განვმარტავდით, თუ რა შინაარსს დებენ ეკლესიის მამები “სამეუფო გზაში”, ერთ-ერთი ციტატა სწორედ კლიმენტისგან იყო, რომელიც გვაუწყებს: “კარგია შუამდგომარეობა ყველაფერში, რადგან უკიდურესობანი არასაიმედოა, საშუალნი კი კარგია” (“პედაგოგის” II წიგნი).

ჩვენ შეიძლებოდა აქ აღგვენიშნა, რომ ზოგი მკვლევარი ჩემის აზრით აბსოლუტურად მართებულად ფიქრობს, რომ ამ ციტირებულ სიტყვებში შეიგრძნობოდეს უშუალოდ არისტოტელეს გავლენა. თუმცა ეს გავლენა შეიძლება მართლაც არისტოტელესგან მოდის, მაგრამ როგორც ბოლო დროინდელმა კვლევამ აჩვენა შუალობითია ეს გავლენა, ე.ი. უშუალოდ არისტოტელესგან კი არა, არამედ უფრო გვიანდელი ავტორებისგან, რომლებიც არისტოტელეს ეყრდნობიან. კერძოდ აქ იგულისხმება ცნობილი იუდეველი ღვთისმეტყველი ფილონ ალექსანდრიელი, რომელიც ასევე განსაზღვრავს, რომ სათნოება არის “შუა გზა” ანუ იგივე “გზა საუმეუფო”, იგი ამბობს: “შუა გზაზე სვლას საღვთო წერილი უჭეშმარიტესად უწოდებს სამეუფოს”.

მკვლევარები მიუთითებენ აგრეთვე, ამ აზრის ილუსტრირებისთვის, ცნობილ ბიოგრაფს და გვიან ანტიკურ ავტორს პლუტარქეს, რომელიც, როგორც ვიცით, არის ე.წ. საშუალო პლატონიზმის წარმომადგენელი. პლუტარქე შენიშნავს: “ეთიკური სათნოებანი არის საშუალნი” (ეს აზრი მას გამოთქმული აქვს თავის ცნობილ წიგნში “სიქველეთ, ანდა სათნოებათა შესახებ”).

ასე რომ, ერთი მხრივ კლიმენტი  სათნოებას გონიერებასთან თანხმობად აღიქვამს და შუამდგომარეობად, უკიდურესობისგან თავისუფლებად ანუ ფანატიზმის სრულ უარყოფად და ამ აზრს ბევრი ანტიკური და გვიან ანტიკური მოღვაწე იზიარებს, ანდა საფუძველს უდებს, მაგრამ კლიმენტისთვის მხოლოდ ეს არ არის სათნოება, მისთვის სათნოება არის არსებითად საღვთ მადლი. უფრო სხვაგვარად თუ ვიტყვით კლიმენტი სათნოებას განსაზღვრავს როგორც ერთდროულად საღვთო მადლს და აგრეთვე პიროვნული ძალისხმევის შედეგს. ე.ი. მისი განმარტებით სათნოება ბუნებით მიემადლება ადამიანს, როგორც ვთქვათ ადამს მიემადლა აბსოლუტურად ყველა სათნოება. ჩვენ ეს საკითხი ძალიან ვრცლად გვაქვს განხილული ჩვენს წიგნში “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, სადაც ყველა მოძღვარი სრულიად მკვეთრად და არაორაზროვნად, მიუხედავად ზოგიერთი თანამედროვე ღვთსმეტყველისა, რომლებიც უმეცრების გამო ამ აზრს უარყოფენ, ასბოლუტურად ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი მიიჩნევს, რომ ადამს ყველა სათნოება ჰქონდა, ყველა სათნოებით იყო ის შემკობილი, რაც მკვეთრად და დაგვირგვინებითად წმ. იოანე დამასკელისგან არის თქმული. ეს იგულისხმება კლიმნტისთანაც, რომ ერთი მხრივ სათნოება ბუნებითად მიემადლება ადამიანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა როდესაც ამის ასპარეზი შეიქმნება, უნდა სრულყოს და ააღორძინოს სათნოების ბუნებითი, ღვთივბოძებული, მარცვალი, რა თქმა უნდა, საკუთარი ძალისხმევით. ხოლო ეს ძალისხმევა, რასაც პიროვნება ავლენს სათნოების სრულყოფის გზაზე, გულისხმობს წვრთნას ანუ ასკეზისს და სწავლას. ე.ი. თუ ჩვენ ცალკეულ რაღაც მომენტებად, ცალკეულ ასპექტებად გამოვყოფთ, შეგვიძლია ასეთი რამ ვთქვათ, რომ სათნოებას შეამზადებს პირველ რიგში ღვთივბოძებული ბუნება (ბერძნ. “ფიუსის”), მეორე მხრივ სწავლა (“მათესის”), მესამე მხრივ წვრთნა, ანუ მოღვაწეობა (“ასკეზის”), რაც არის აგრეთვე ჩვევა (“ეთოს”), რაშიც გავიწვრთნებით, რასაც მოვიღვაწებთ, ის უკვე ჩვენი ჩვევაა.

ჩვენ შეიძლებოდა აქ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა სხვა გამონათქვამი პლუტარქესი, რომელიც ამბობს: “სრული სამართალმოქმედებისთვის სამი რამის შეერთებაა საჭირო (ეს ალბათ დღევანდელ სამართალმოქმედებას და სამართალმოქმედთ უნდა ენიშნოთ): ბუნების, სიტყვის და ჩვევის, ხოლო სიტყვად ვამბობ სწავლას, ჩვევად კი წვრთნას”, ანუ რაც ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ერთი მხრივ ბუნებითი მიდრეკილება სამართლიანობისკენ, როგორც ერთ-ერთი სათნოებისკენ, სწავლა ამ სათნოებისა და გაწვრთნა მასში. სხვაგანაც იგივე ავტორი გვამცნობს: “ბუნება სწავლის გარეშე ბრმაა. სწავლა ბუნების გარეშე ნაკლულევანია, ხოლო წვრთნა ორივეს გარეშე არასრულია”. პარალელისთვის ჩვენ შეიძლებოდა აგრეთვე გვეხსენებინა კვლავ ფილონ ალექსანდრიელი, რომელიც ამბობს: “სათნოება ან ბუნებით ან წვრთნით ან სწავლით შეიძინება”. სხვათაშორის ფილონი გარკვეულ სახისმეტყველებასაც გვთავაზობს, რომ მაგალითად აბრაამი მისთვის არის ნიმუში სწავლითი სათნოებისა, ისააკი ბუნებითი სათნოებისა, ხოლო იაკობი მწვრთნელობითი ანუ მოღვაწეობითი სათნოებისა (ეს მას აქვს გამოთქმული წიგნში “აბრაამის შესახებ” 52-ე თავში). თუმცა ეს გარკვეული პირობითი დანაყოფია, თვითონ ფილონიც მიუთითებს ამაზე, რომ ამგვარი გამიჯვნა არ არის აბსოლუტური და რომ ეს სამივე მხარე: ბუნება, წვრთნა და სწავლა, რა თქმა უნდა, ერთი მეორეს მჭიდროდ უკავშირდება.

კლიმენტი ამ წყაროებზე დაფუძნებით უფრო მაღალ მოძღვრებას გვაწვდის სათნოებისას და მისი სწავლებით სრული ქრისტიანის ბედნიერება დამოკიდებულია არა გარეგან მოვლენებზე, არამედ მხოლოდ მის შინაგან რწმენაზე (“სტრომატას” IV თავი), რადგანაც პიროვნების სათნოებას, რაც მას შინაგანი რწმენით აქვს მოპოვებული, ვერაფერს ვერ ავნებს შეურაცხყოფა, გადასახლება, განდევნა, ან თუნდაც მოკვდინება. ვფიქრობთ ამ მხრივაა ეს მწვერვალი სათნოებითი მოძღვრებისა. ჩვენ აქ პარალელები მოვიხმეთ, მაგრამ ამ მწვერვალზე ვერცერთი მათგანი მიახლოებითაც კი ვერ ავიდა, მაგრამ კლიმენტიმ ჭეშმარიტად დააგვირგვინა ეს აღმასვლა, როდესაც ჩემის აზრით უდიადესი სიტყვები თქვა, რომ “სათნოება თვითკმარია ბედნიერებისათვის”. კლიმენტის ამ სიტყვებიდან გზაა უკვე გაკვალული იმ უდიდესი სწავლებისაკენ, რაც IV ს-ის მიწურულს გადმოგვცა ჩვენ წმ. ისიდორე პელუზიელმა, რომლისგანაც მხოლოდ ეპისტოლეებია მოღწეული. მას უგზავნიდნენ შეკითხვებს, ანდა რაღაც მოვლენები იყო და ყველაფერ ამაზე ის ეპისტოლეებს დაგზავნიდა. ერთ-ერთ ეპისტოლეში ეკითხებიან რა, რომ ამქვეყნიური თავდადებითი მოღვაწეობა ქრისტიანისა იმქვეყნად როგორ და როდის იქნება დაჯილდოებული, ე.ი. ჯილდო და საზღაური რა არის მოღვაწე ქრისტიანისთვის, აი ამის განმარტების ჟამს ისიდორე პელუზიელი ჩვენ გვაწვდის უაღმატებულეს და უმართლმადიდებულეს სწავლებას, რითაც აბსოლუტურად გაფანტავს თუნდაც იმ დაბრკოლებას, რაც XX ს-ში ხელახლა შეიქმნა ქრისტიანთა წინააღმდეგ, როდესაც ქრისტიანული მოძღვრების განქიქებისთვის ანტიქრისტიანები მიუთითებდნენ, რომ როდესაც ესა თუ ის ქრისტიანი ამ ცხოვრებას, ამცხოვრებისეულ სიამეებს და სიკეთეებს უარყოფს და არანაირი ანგარება მას არ ახასიათებსო, ეს მართლაც ასე კი არ არის, - მათი მტკიცებით, ამქვეყნად არა, მაგრამ იმ ქვეყნად ხომ მოელის საზღაურსო. ფორმალურად ათეისტების ეს არგუმენტი ძალიან ძლიერი ჩანდა, რომ მართლაც გინდა ამ ქვეყნად ელოდე ანაზღაურებას რაღაც სიკეთისთვის, გინდა იმ ქვეყნად, მაინც გამოდის, რომ ამ სიკეთეს ანგარების გამო ჩადიხარ. სწორედ აქ არის უმნიშვნელოვანესი განმარტება ეკლესიისა, რომ ზეციური მისაგებელი საერთოდ განშორებულია ანგარებისგან, ეს არაა კმაყოფითი მისაგებელი, რომ ჩვენ რაღაც დავხარჯეთ და ის უნდა ავინაზღაუროთ, არამედ ესაა მხოლოდ და მხოლოდ სულიერი მისაგებელი, ხოლო სულიერი მისაგებელი თუ რას ნიშნავს აი ესაა განმარტებული ისიდორე პელუზიელისგან. იგი ამბობს: როდესაც ქრისტიანი კეთილ საქმეს აღასრულებს, როდესაც ის ღვაწლშია და ამ დროს თუ არა აქვს გაცნობიერებული რისთვისაა ღვაწლში და მატერიალური ხედვით, როგორც ადამიანი ამ ქვეყნად რაღაცას რომ გააკეთებს და თავის საზღაურს ელის, დაახლოებით ასევე ელის შემდეგშიც მისაგებელს, ეს არასრული და ლიტონი ქრისტიანის თვისებაა, ხოლო ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის კი ნამდვილი მისაგებელი ის არის, რომ როდესაც ის სიკეთეს აკეთებს კეთილი ხდება, სიკეთის სათნოება მისთვის ხდება არსობრივი და ამაზე დიდი მისაგებელი რა უნდა იყოს ადამიანისთვის, როცა ის ბუნებითი კეთილის – უფლის თანამბაძველი ხდება. როდესაც სამართლიანობას აღასრულებს სამართლიანი ხდები არსობრივად და შესაბამისად ბუნებითი სამართლიანობის ანუ მაცხოვრის, იესო ქრისტეს მბაძველი ხდები. როდესაც შემწყნარებლობას აღასრულებ ანუ გულმოწყალებას იჩენ, გულმოწყალების სათნოებით განიმსჭვალები და ჭეშმარიტი და ბუნებითი გულმოწყალის მბაძველი ხდები, და აქვეა ეს მისაგებელი. იმ ქვეყნად ეს ყველაფერი გაბრწყინდება, რადგან თავის ბუნებრივ წიაღს ჰპოვებს, მაგრამ დათესილობა იმ სამომავლო მოსაპოვებელი სამყოფელისა სწორედ ამ თვისებების განმსჭვალვის შედეგად აღესრულება ადამიანში და ესაა ის საზღაური, ყველაზე დიდი საზღაური, რომ ადამიანი ამგვარი ღწვითა და მოქმედებებით ღმერთს მოიპოვებს. იმიტომ, რომ ყველა ეს სათნოებითი თვისება, რაც ჩვენ აღვნიშნეთ მადლით რომ მას მიებოძება ამ ქმედებათა შედეგად, ბუნებითად სწორედ ღვთის თვისებანია და ამ თვისებათა ფლობით საკუთრივ ღვთის მფლობელი ხდება იგი. სწორედ აქეთკენაა გზის გაკვალვა კლიმენტი ალექსანდრიელის ამ უდიადეს სიტყვებში, რომ “სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის”, სათნოებას რომ აღასრულებ იმიტომ კი აუნდა აღასრულებდე, რომ შემდეგში ამ სათნოების აღსრულების გამო ჯილდოს მიიღებ, ეს ჯილდო თვით ეს სათნოებაა, რომელიც თავის უბრწყინვალეს და ყოვლად გამოვლინებას ჰპოვებს მატერიალური, ხრწნადი და დაცემულობითი მდგომარეობიდან ადამიანის განთავისუფლების შემდეგ.

სხვათა შორის ზოგჯერ ამ შემთხვევაშიც მიუთითებენ გარკვეულ პარალელებზე მაგალითად პლუტარქესთან დაკავშირებით, რომელიც ასეთ რამეს ამბობს: “სიტკბოებით და მხიარულად ცხოვრება არათუ გარედან არის, არამედ პირიქით ადამიანი თავის საქმეებს სიტკბოებასა და მადლს სძენს ჩვევიდან, ვითარცა წყაროდან”. რა თქმა უნდა, აქ რამხელა დაცილებაა კლიმენტისეული გამონათქვამის სიმაღლესა და პლუტარქეს სიტყვებს შორის, ვფიქრობთ მსმენელისთვის გამჭირვალეა, მაგრამ მაინც რაღაც დაახლოებითი კავშირი და ალოზიურად კლიმენტისგან პლუტარქეს გათვალისწინება მაინც შეიძლება, რომ მართლაც შესამჩნევი იყოს.

 

173–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=4efItYLBwFM

 

გამოტოვებული ლექციების შესავსებათ იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი - სტრომატა

 

კლიმენტი ალექსანდრიელი რწმენის შესახებ (გაგრძელება)

ჩვენს წინა საუბრებში კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრებიდან მნიშვნელოვანი საკითხები შეძლებისდაგვარად განვიხილეთ. უშუალოდ წინა საუბრის დასასრულს აღვნიშნავდით, რომ რწმენის ის მესამე მხარე, ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმენსტისთან, საკუთრივ რელიგიური მნიშვნელობა, რაც უფრო მეტი ციტირებებით არის წარმოსაჩენი, შემდეგ საუბარში (ე.ი. დღევანდელ საუბარში) იქნებოდა განხილვის ობიექტი. შევეხებით სწორედ ამ საკითხს – რწმენის მესამე მნიშვნელობას, მესამე გაგებას კლიმენტისთან. შეგახსენებთ, რომ ის პირველი ორი მნიშვნელობა (ერთი ე.წ. აქსიომატური რწმენა, დაუმტკიცებელ პირველ სათავეთა რწმენა, რასაც ეყრდნობა მსჯელობა, და მეორე მტკიცე არგუმენტირების წესით მიღწეული დამარწმუნებლობა, იგივე რწმენა) შედის მეცნიერულ რწმენაში, ხოლო მესამე, რომელსაც დღეს შევეხებით, კონკრეტულად რელიგიურ გააზრებას რწმენისას უკავშირდება.

ალბათ ჩვენი მსჯელობა ვფიქრობთ ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იქნება დავიწყოთ კლიმენტის ერთი უაღრესად ნიშანდობლივი გამონათქვამით ამგვარ რწმენასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ფორმულირებადაც ჩაითვალოს იმისა, თუ რა არის სარწმუნოება, რა არის ეკლესიური რწმენა. კლიმენტი ამბობს: “რწმენა არის შინაგანი სიკეთე, რომელიც ღვთის ძიების გარეშე აღიარებს, რომ არსებობს იგი (ღმერთი) და ადიდებს მას, როგორც არსებულს”. ესაა განსაზღვრება რწმენისა კლიმენტისგან მოწოდებული. ჩვენ ასეც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა მეცნიერული განსაზღვრება ეკლესიური რწმენისა. კვლავ გავიმეორებთ აღნიშნულ სიტყვებს: “რწმენა არის შინაგანი სიკეთე, რომელიც ღვთის ძიების გარეშე აღიარებს, რომ არსებობს იგი და ადიდებს მას როგორც არსებულს” (ეს გახლავთ “სტრომატას” VII წიგნის 45-ე თავი). მაგრამ ეს გახლავთ ის რწმენა, რომელსაც კლიმენტი ამავე დროს უწოდებს ლიტონს. ე.ი. ძიების გარეშე, უშუალოდ მიღებულ, გულით და წრფელად შეთვისებულ სარწმუნოებას კლიმენტი უწოდებს ლიტონს (ბერძნ. “ფსილოს”), უწოდებს მას აგრეთვე “ზოგადს” (“კოინე”). ეს რწმენა კლიმენტის სწავლებით თუმცა წარმოადგენს უეჭველად ქრისტიანული ცხოვრების საფუძველს და იგი საკმარისია ხსნისთვის, მაგრამ მაინც კლიმენტის სწავლებით ამ რწმენას აკლია სრულყოფილება. კლიმენტი ხშირად აღნიშნავს ლიტონი რწმენის სრულყოფილ რწმენად, ანუ მისი ცოდნად ქცევის, ცოდნად გარდაქმნის აუცილებლობას. აქ ჩვენ შეიძლებოდა მოგვეტანა ციტატა “სტრომატას” V წიგნიდან, სადაც კლიმენტი ამბობს: “მოციქული ორგვარ რწმენას აცხადებს (საუბარია პავლე მოციქულის სიტყვებზე “რწმენიდან რწმენისაკენ”), უფრო კი აცხადებს ერთს, რომელიც მიმღებია ზრდისა და სრულყოფისა, რამეთუ ზოგადი რწმენა (იგივე ლიტონი რწმენა) ქვე-დადებულია როგორც საფუძველი. უფალმა ასე უთხრა მათ, რომლებიც ესწრაფოდნენ კურნებას და სარწმუნოებით იყვნენ აღძრულნი: “სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ”. მეორე მხრივ ის რწმენა, რომელიც უპირატესად ზედნაშენია (ზოგად რწმენაზე), სრულიქმნება მორწმუნესთან ერთად და კვლავაც მასთანვე სრულყოფას იღებს შეძენილი სწავლის გზით”. ამრიგად ერთი რწმენის ორ ხარისხს გამოყოფს კლიმენტი, ანუ ორგვარობას განასაზღვრებს იგი რწმენისას. ერთია საფუძვლად დადებული რწმენა, რომელიც შეიძლება გაშინაარსდეს, გაღრმავდეს ცოდნისმიერად. ეს საფუძვლად დადებული პირველსახე არის მისთვის ლიტონი, ზოგადი, გამოხსნის საფუძველი (სხვათაშორის სწორედ ამ სიტყვებს უწოდებს იმ პირველ რწმენას კლიმენტი ერთ ადგილას, როდესაც ამბობს, რომ ეს ლიტონი რწმენა არის გამოხსნის საფუძველი (“თემელიოს (საფუძველი) ტეს სოტერიას”) და ამაზე ზედდაშენებული ხდება რწმენის მეორე ხარისხი, სიმბოლურად მეორე რწმენა, ცოდნისმიერი გაშინაარსება იმ პირველ საფუძვლისა. სწორედ ამგვარი გაგებიდან გამომდინარეობს კლიმენტის ასევე კლასიკური ფორუმილირება, უდიდესი აზრით გამსჭვალული და გამოთქმის ფორმითაც კი უაღრესად შთამბეჭდავი, რაც შემდგომ სიტყვებში გამოითქმის: “ვიცით, რომ ყველაზე საუკეთესოა რწმენით შეცნობელი ძიება, რაც რწმენის საძირკველზე აშენებს ჭეშმარიტების დიდმშვენიერ ცოდნას”. აი ეს ეგულვის მას რწმენაში სრულყოფის პროცესად, რომ “საუკეთესოა რწმენით შეცნობელი ძიება (ანუ ძიება, რომელიც მორწმუნეობითია და მორწმუნე თვალით შეიმეცნებს მოვლენებს), რაც რწმენის საძირკველზე აშენებს ჭეშმარიტების დიდმშვენიერ ცოდნას”.

ამ სიტყვებთან ერთად ვფიქრობთ კლიმენტის შემდეგი გამონათქვამიც უაღრესად საყურადღებოა: “ვამბობთ რწმენას, არა მხოლოდ-ღა უქმს, არამედ მას, რომელიც ძიებასთან ერთად უნდა წარემატებოდეს”. ანუ რწმენის ინტენსივობა, როგორც ვხედავთ იზრდება, ის ერთჯერადად და ერთგვარად ყოველთვის არ ნარჩუნდება, არამედ ძლიერდება, ფართოვდება, განივრცობა. ამიტომაა, რომ “სტრომატას” VII წიგნში კლიმენტი პირდაპირ გვამცნებს: “ისინი, რომლებიც მარტივად (ჯობდა თუკი გამოვიყენებდით ტერმინს “ლიტონად”, რადგან მარტივობა ძალიან დადებითი მნიშვნელობის ტერმინია ეკლესიურ ძეგლებში, ხოლო ლიტონობა იმავე პრიმიტივიზმის, ხარვეზის და ნაკლულევანების დამტევია, როგორც ეს დღესაა) იგემებენ წერილს, მხოლოდ რწმენას ფლობენ, ხოლო რომლებიც წინ მიიწევენ წარემატებიან ჭეშმარიტების ზედმიწევნით გამორჩევაში და ესენი არიან მცოდნეები” (95-ე თავის 9-ე ქვეთავი).

ჩვენ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ კლიმენტის მოძღვრებით საღვთო წერილი არის არა მხოლოდ მარტივად სარწმუნო თხრობა, არამედ დაუსრულებლად გამოსაძიებელი და უღრმესი მისტიკური ჭვრეტით საწვდომი წიგნი. ჩვენ ადრე ვახსენეთ კლიმენტის ერთი შრომა, (უფრო ზუსტად ეს შეიძლება ქადაგება იყოს, თუმცა საკმაოდ ვრცელია) სახელწოდებით “ვინ არის გამოხსნილი მდიდარი”, სადაც კლიმენტი ერთგან გვაუწყებს: “რადგანაც მაცხოვარი თავისიანებს საღვთო მისტიკური სიბრძნით ასწავლის ყველაფერს და არა კაცობრივად, ცხადია მართებთ ცხადად მცოდნეებს, რომ არათუ ხორციელად ისმინონ მაცხოვრის სიტყვები, არამედ სათანადო ძიებისა და წვდომის გზით გამოიკვლიონ და შეისწავლონ მათში დაფარული აზრი, რადგანაც ისიც კი იგავურად გაზრახებულთაგან, რაც ჩანს რომ თვით უფალმა განუმარტა მოწაფეებს, ამჟამადაც არათუ ნაკლები, არამედ უმეტესი ყურადღების ღირსია მათში არსებული აზრის ზეგარდამატებული აღმატებულების გამო”. და ამას მოსდევს უდიდესი აზრით გამსჭვალული დანართი, დასკვნა: “არათუ ზედაპირულად სმენა გვმართებს (საღვთო წერილისა და მაცხოვრის იგავებისა), არამედ გონება უნდა მივაახლოთ მაცხოვრის სულს და აზრის იდუმალებას”. ვფიქრობთ აქ კონცენტრირებულად კლიმენტისეული სულიერი აღქმა იმისა, თუ როგორ უნდა ვჭვრეტდეთ საღვთო წერილს, შესანიშნავადაა გამოთქმული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ კლიმენტი ზოგან ცოდნად ანუ “გნოზისად” უწოდებს მეცნიერულ მტკიცებას: “აპოდეიქსის ეპისტემონიკე” (“ეპისტემონიკე” გახლავთ მეცნიერული. “ეპისტემე” არის მეცნიერება, ხოლო მტკიცება არის “აპოდეიქსის”), პირდაპირ ეს შესიტყვებაა კლიმენტისთან: “მტკიცება მეცნიერული” ანუ მეცნიერული მტკიცება. მისი სიტყვები: “უზენაესი მტკიცება, რაშიც ვგულისხმობთ მეცნიერულს, წერილთა თანაშეწყობისა და განმარტების გზით, რწმენას უნერგავს სწავლის მოსურნეთა სულებს, რაც იქნება ცოდნა”. ესეც ვფიქრობთ ისეთი გამონათქვამია, რომელიც შეიძლება დაიზეპიროს ადამიანმა იმისათვის თუ რა არის ცოდნა, რომ მეცნიერულად გამოკვლეული, განჭვრეტილი, აღქმული წმინდა წერილი რწმენასთან ერთად ცოდნასაც უნერგავს ცოდნისმოყვარულთ.

ამგვარად ვფიქრობთ აშკარაა, რომ კლიმენტის აზრით ერთი მხრივ არსებობს რწმენა მტკიცების გარეშე ანუ რწმენა საღვთო წერილისა თავისთავად, რაც სრულ ქრისტიანთა შორის ცოდნამდე მაღლდება, ხოლო მეორე მხრივ არსებობს რწმენა, რაც მოსდევს მენიერულ მტკიცებას ანუ საღვთო წერილის ღრმა განმარტებას. ცოდნისა და რწმენის ურთიერთმიმართება სწორედ ამით რომ ვლინდება ეს კლიმენტის შესანიშნავად აქვს თქმული თუნდაც შემდეგ სიტყვებში: “პავლე მოციქული ასწავლის ცოდნას, რაც სრულყოფაა რწმენისა”.

ამგვარი გამონათქვამები არაიშვიათია კლიმენტისთან, მაგალითად შემდეგი:

“ცოდნა უმჯობესია რწმენაზე” (“სტრომატა” VI წიგნი 109-ე ქვეთავი);

“რწმენის მწვერვალამდე მისული, თვით ცოდნამდე”.

“ცოდნა სრულყოფა რწმენისა”.

“ცოდნის მიერ სრულიქმნება რწმენა, რადგანაც მხოლოდ ცოდნისგან არის სრული მორწმუნე”.

ამრიგად ერთი მხრივ აშკარაა, რომ ცოდნა არის კლიმენტის სწავლებით სრულყოფა რწმენისა, მაგრამ იქვე კლიმენტი ხშირად განმარტავს, რომ ზოგჯერ თვით რწმენა გამომდინარეობს ცოდნიდან (ამაზე ჩვენ ნაწილობრივ ზემოთ ვისაუბრეთ), როდესაც სწავლისმოყვარე სული ირწმუნებს რაიმეს მეცნიერული მტკიცების ანუ განმარტებითი მოძღვრების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში უკვე თვით რწმენაა ცოდნის გვირგვინი, რაც მინიშნებულია ვთქვათ კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “რწმენა უფრო ძალმოსილია მეცნიერებაზე და წარმოადგენს ამ უკანასკნელის კრიტერიუმს” (“სტრომატა” II წიგნის XV თავი).

ვფიქრობთ დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მარტოოდენ რწმენა რელიგიური აზრით კლიმენტისთვის არ არის სრულყოფის ნიმუში. ეს სრულყოფა რწმენას ცოდნით ეძლევა. თვით იმ შემთხვევაშიც კი როცა რწმენა მოსდევს ცოდნას. ამოსავალი წერტილი მაინც რწმენაა, რადგანაც, როგორც ჩვენ ზემოთ აღვნიშნავდით, ყოველგვარი ცოდნა აუცილებლად გულისხმობს აქსიომატურ რწმენას, ანუ რწმენას მეცნიერულად დაუმტკიცებელი და თავისთავად სარწმუნო პირველსაფუძვლებისადმი. სწორედ ესაა ის ორი რწმენა, ანდა ერთი რწმენის ორი ხარისხი (ერთია კერძოდ რწმენა დაუსაბუთებელი, დაუმტკიცებელი და თავისთავად სარწმუნო, და მეორე რწმენა დაფუძნებული ცოდნაზე, გამომდინარე მეცნიერული მტკიცებიდან, განმარტებითი მოძღვრებიდან), რაზეც ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ და რასაც კლიმენტი არსობრივად, ერთ რწმენად წარმოგვიდგენს, ანუ უფრო ზუსტად მეორე რწმენას იგი პირველის სრულყოფად დაგვისახავს, რაცაა იგივე მცოდნეობითი რწმენა, ანუ ცოდნისმიერი რწმენა, რაც სრულქმნილი ქრისტიანის თვისებაა. მაგალითად ჩვენ შეიძლებოდა ყურადღება გაგვემახვილებინა “სტრომატას” V წიგნის XVIII თავზე, სადაც ალბათ სწორედ ამგვარი ქრისტიანი უნდა იგულისხმებოდეს კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “ჭეშმარიტების წინდად მტკიცებას ითხოვენ ბევრნი, რომლებიც არ კმაყოფილდებიან რწმენისმიერი ლიტონი ხსნით”. ესეც ძალიან საყურადღებო გამონათქვამია, საიდანაც იკვეთება ის, რომ ერთი მხრივ არსებობენ ქრისტიანები, რომლებიც კმაყოფილდებიან რწმენისმიერი ლიტონი ხსნით, მეორენი რომლებიც არ კმაყოფილდებიან რწმენისმიერი ლიტონი ხსნით და შესაბამისად ჭეშმარიტების წინდად, ანუ გირაოდ, ანუ წინაპირობად მტკიცებას ითხოვენ, რომ დაუმტკიცდეთ მათ ის ყველაფერი, რაც რწმენით მიღებული აქვთ. ეს რწმენა და რწმენაზე დაშენებული ცოდნა რწმენისა და ცოდნის ისეთ უმჭიდროეს დამოკიდებულებას ცხადყოფს კლიმენტისთვის, რომ განუყრელობა ამ ორი მდგომარეობისა სრულიად თვალსაჩინო ხდება ჭეშმარიტების წიღში. ალბათ ამის შედეგია ის მართლაც გამოთქმითაც კი აბსოლუტურად უჩვეულო და უაღრესად შთამბეჭდავი სიტყვები კლიმენტისა, რაც ლაკონური ფორმით მან “სტრომატას” II წიგნში გადმოგვცა და რაც ასეთი სახისაა: “ამგვარად სარწმუნოა ცოდნა და მცოდნეობითია რწმენა”. კლიმენტის ამ სიტყვებით, რომელიც ახლა ჩვენ მოვიტანეთ, ალბათ ჯამდება ყოველივე ის რაც რწმენასთან დაკავშირებით ვთქვით, თუ თავისთავადი სახით რა არის რწმენა, მისი ლიტონობა, მარტივობა, პრიმიტივიზმი, შესაბამისად ნაკლულევანება რით შეიძლება ამოივსოს, რით შეიძლება შეივსოს და რწმენის მიზანდასახულობა, პერსპექტივა რა არის, საითკენ უნდა განიმზირებოდეს რწმენა. კლიმენტის პასუხი ერთია, როგორც ვნახეთ, რომ რწმენა უნდა განიმზირებოდეს ცოდნად ქცევისკენ, ჩვენი რწმენა ცოდნად უნდა გარდაიქმნეს და მაშინ ჩვენი სიმარტივე, ჩვენი ლიტონობაც სრულყოფილ ქრისტიანობას შეგვძენს.

ესაა რწმენასთან დაკავშირებით ის რაც ამჯერად ჩვენ შეიძლება მცირედი განხილვის სახით წარმოვადგინოთ. აღვნიშნავდით, რომ ძირითადი და არსებითი, რა თქმა უნდა, კლიმენტისთვის ესაა მოძღვრება ცოდნის შესახებ. ნაწილობრივ, ფაქტობრივად, ჩვენ ეს უკვე მიმოვიხილეთ, იმიტომ, რომ ასე გამოყოფითად, გამიჯნულად რწმენა ჩვენ კლიმენტის შრომებში არ გვხვდება და ამა თუ იმ ციტატის მოტანისას, ფაქტობრივად, მოგვქონდა ციტატა ცოდნასთან დაკავშირებითაც, იმიტომ, რომ ორივე მდგომარეობა, ორივე თვისება, ორივე სიკეთე აღნიშნულ ციტატებში იგულისხმებოდა კიდეც, განმარტებულიც იყო. ამიტომ ვამბობთ, რომ ნაწილობრივ ჩვენ ცოდნის შესახებ კლიმენტისეული მოძღვრება, რა თქმა უნდა, გადმოვეცით, მაგრამ ამ მოძღვრების მნიშვნელობა გვავავლდებულებას, რომ მას ცალკე გამოყოფილად და შეძლებისდაგვარი დეტალურობით, ყოველშემთხვევაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ციტატის წარმოდგენით, შევეხოთ. ცხადია აქ ციტატები და ციტირებანი აურაცხელია, დაუთვლელია, მაგრამ უმთავრესი ციტატები ალბათ მეტნაკლებად ყველა მათგანს გულისხმობს და ამიტომაა, რომ ჩვენ გამოვარჩევთ რამდენიმეს მხოლოდ და მკითხველისათვის თვალსაჩინო გახდება სრულიად, თუ ეს დიდი ალექსანდრიელი მოძღვარი საეკლესიო ცოდნის შესახებ, ჭეშმარიტების ცოდნის შესახებ, როგორ განმარტებას გვაწვდიდა.

 

177–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Cp6-WNiHEYo

 

კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება ცოდნის შესახებ

ჩვენ კვლავ კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ გვექნება განხილვა. წინა საუბარში, ალბათ მსმენელს ახსოვს, დავაბოლოვეთ შეძლებისდაგვარად რწმენის შესახებ კლიმენტისეული მოძღვრების ზოგადი ანალიზი და როგორც აღვნიშნეთ ამჯერად ჩვენი ვალდებულებაა შევეხოთ და წარმოვაჩინოთ, რამდენიმე სიმპტომატური ციტატის მოხმობით, კლიმენტისეული მოძღვრება საკუთრივ ცოდნის ანუ “გნოზისის” შესახებ.

კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ ღირსეული და მნიშვნელოვანი ციტატების ნაწილი ჩვენ რწმენასთან დაკავშირებით უკვე მოვიტანეთ, რადგანაც კლიმენტისთან ჩვეულებრივ არ იმიჯნება რწმენა და ცოდნა და ციტატა რწმენის შესახებ ამავე დროს არის ციტატა ცოდნის შესახებაც, ორივე მათგანზეა იქ საუბარი. ამგვარი ციტატები ჩვენ ნაწილობრივ მოტანილი გვაქვს, მათ აღარ გავიმეორებთ, დავუმატებთ და შესაბამისად ჩვენი ეს განხილვა იქნება მხოლოდ შემავსებლი იმისა და არა დამოუკიდებელი რამ  განხილვა, რაც უკვე ადრე წარმოვადგინეთ და რასაც გარკვეული განმარტებები დავუთმეთ.

ვფიქრობთ წინა საუბრებიდან ის მაინც უეჭველად გახდა ცხადი, რომ კლიმენტი ალექსანდრიელისათვის ცოდნა ანუ “გნოზისი” უპირველესად გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრების ღრმა წვდომასა და ცოდნას და არა ვთქვათ ცოდნას სხვადასხვა საგნებისა და დისციპლინებისას. მაგრამ არსებითად და ჭეშმარიტებით ცოდნა კლიმენტისთვის ეს გახლავთ საკუთრივ ქრისტიანული მოძღვრების გაღრმავებული შემეცნება, რაც მიიღწევა საღვთო წერილის, წმ. წერილის დაფარული აზრის აღქმით, შეცნობით და გათავისებით, ანუ ბიბლიურ საიდუმლოთა საცნაურ-ყოფის გზით შესაძლებელი გახდება ქრისტიანული მოძღვრების გაღრმავებული შემეცნება. კლიმენტის აზრით მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ძალისამებრ განვჭვრიტოთ უზენაესი ღვთიურობა, რადგანაც სწორედ ეს შეცნობა და ეს განჭვრეტა არის ცოდნა და სწორედ იგია უზენაესი მიზანი ქრისტიანული სიბრძნისმეტყველებისა ანუ ფილოსოფიისა. ალბათ ამ მხრივ, ჩვენ ვფიქრობთ, მართლაც საგულისხმო უნდა იყოს კლიმენტის შემდეგი გამონათქვამი: “ცოდნა, როგორც რწმენით მიღებულ საქმეთა მტკიცება ძალმოსილია და მყარი. იგი უფლისმიერი მოძღვრების მიერ დაშენებულია რწმენაზე და გვიმეგზურებს იმისკენ, რაც უცვლელია და რაც მეცნიერულად არის საწვდომი”.

ჩვენ შესავალ საუბარშიც აღვნიშნავდით და ეხლაც გავიმეორებთ, რომ კლიმენტი ებრძოდა მწვალებელ გნოსტიკოსებს, უარყოფდა მათ პრეტენზიებს ცოდნაზე, და უარყოფდა რა, შესაბამისად, ასაბუთებდა კიდეც იმას, თუ რომელია ჭეშმარიტი ცოდნა, რაზეც უკვე საკუთრივ ქრისტიანები, მორწმუნეები “აცხადებენ პრეტენზიას”.

კლიმენტის მოძღვრებაში გამოიყოფა ცოდნის ორი ხარისხი. ეს ცოდნა, გარკვეულწილად, რაღაც ნაწილით არის საწვდომი ამ ქვეყნად მყოფი ადამიანისთვის და სწორედ ესაა ხსენებული ცოდნის პირველი ხარისხი. ე.ი. ცოდნის რაღაც ნაწილი ჩვენ შეგვიძლია აქედანვე მოვიგოთ, აღვიქვათ, განვჭვრიტოთ, მაგრამ იგივე ცოდნა სრულყოფილად ვლინდება და სრულად ცნაურდება, ჩვენი დატევნისამებრ, მხოლოდ ხორციელი სიკვდილის შემდეგ, როდესაც ჭეშმარიტი მცოდნე ქრისტიანის სული თავის დასაბამიერ წიაღს მიუბრუნდება და მადლით ღმერთქმნილი ანუ განღმრთობილი ილხენს მარადიული სრული სიწყნარითა და უზენაესი ღვთიურობის პირისპირ ჭვრეტით და იმის აღქმით, რაც სხვა ღმერთქმნილ არსთა შორის ვლინდება მადლისებრ, ღვთივმომადლებითად, ღვთივმონიჭებითად. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ კიდეც პუნქტობრივად, თუ რა ასპექტებს უკავშირდება კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრებაში ცოდნა. ჩვეულებრივ ეს მკვლევართა შორის ყალიბდება ექვს პოსტულატად:
1) ცოდნა არის შემეცნებითი ანუ წვდომითი შინაგანობა, საღვთო წერილის სიმბოლიზმი, საიდუმლო მოძღვრება. აქაც და ქვემოთაც “საიდუმლო მოძღვრებაში”, ეკლესიური ტრადიციის მიხედვით, ყოველთვის იგულისხმება ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის ცალკეული ადგილების ალეგორიული, არაპირდაპირი, ირიბი გააზრება, იდუმალად მათში ღვთივშთანერგილი აზრი, რაც უაღმატებულესი შინაარსისაა და ეკლესიის მამათა განმარტებებს საჭიროებს. ასეთი განმარტება, კონკრეტული ადგილისა არა, მაგრამ მთლიანი ქრისტიანული მოძღვრებისა და საღვთო წერილისა მთლიანობაში ჩვენ მოგვცა მოგეხსენებათ წმ. დიონისე არეოპაგელმა თავის შრომაში “საიდუმლო ღვთისმეტყველების შესახებ”.

2) მეორე ასპექტი, რაც კლიმენტისთან ცოდნას უკავშირდება შემდეგია: ცოდნა არის ღვთის სიტყვის, როგორც ცოდნის დასაბამისა და როგორც ამ ცოდნის მასწავლებლის მიზანდასახულობა, ე.ი. ცოდნის მონიჭება ჩვენთვის არის მისი მიზანდასახულობა.

3) მჭვრეტელობითი ცხოვრების მიზანი, რაც დაკავშირებულია გრძნობადი სამყაროდან გათავისუფლებისა და სულიერ არსებებთან თანაზიარების საკითხთან, ასევე მჭიდროდ განეკუთვნება ცოდნის წიაღს.

4) მნიშვნელობა ფილოსოფიისა და ზოგადსაგანმანათლებლო საგნებისა განსაკუთრებულია კლიმენტისთვის ცოდნის ჩამოყალიბებაში.

5) ცოდნას უკავშირდება “ძველი აღთქმისეული” კიდობნის და მღვდელთმთავრის “წმიდათა-წმიდაში” შესვლის ალეგორიული განმარტება.

6) ცოდნასთან ყველაზე მჭიდროდ, ალბათ, დაკავშირებულია მცოდნეობითი სულის ზეცად ამაღლება და მისი განღმრთობა.

აი ეს ექვსი პუნქტი, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, რა თქმა უნდა, მსნემელისათვის ადვილად დასამახსოვრებელი არ არის, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ ჩამოთვლილთაგან პირველი ოთხი საკითხი მოიცავს ცოდნის პირველ ხარისხს, იმ ხარისხს, რაც საწვდომია ამქვეყნად მყოფი ადამიანისთვის. მეექვსე საკითხი გულისხმობს ცოდნის მეორე ხარისხს, რაც მიიღწევა მხოლოდ იმ ქვეყნად, და ბოლოს მეხუთე საკითხი უკავშირდება ორივე ხარისხს.

ცოდნის სწავლებათა დაფარულობა კლიმენტის თქმით განაპირობებს იმას, რომ თვით კლიმენტი ხშირად განმარტავს ხსენებულ სწავლებებს როგორც “საიდუმლოებებს” (“ტა მისტერია”), ხოლო ამ საიდუმლოებებში წვდომას იგი “განსწავლას” უწოდებს, თავად მცოდნეებს კი განსწავლულებს (თუ ერთ-ერთ ძველ ქართულ ტერმინს მოვიხმობთ “გამესაიდუმლოებულებს”, სადაც აგრეთვე არის ასეთი ფორმა “მოსაიდუმლოებული”. ე.ი. ვინც საიდუმლოს ეზიარება იმას ძველ ქართულად ეწოდებოდა მოსაიდუმლოებული). ამ თვალსაზრისით კლიმენტისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა სახარების შემდეგი სიტყვები “თქვენდა მოცემულ არს ცნობად (ცოდნა) საიდუმლოი სასუფეველისა ცათაისა, ხოლო მათდა არა მიცემულ არს” (მათე 13, 11). როგორც აღვნიშნეთ ძველი ქართული “ცნობა” არის ტერმინოლოგიური შესატყვისი ბერძნული ცოდნისა ანუ “გნოზისისა” და შესაბამისად ზემორე მუხლი სწამებს, რომ მაცხოვარმა არა მხოლოდ რწმენა მისცა მოციქულებს, არამედ უზენაეს საიდუმლოთა ცოდნაც. სხვათაშორის ალბათ ამიტომაც უწოდებს კლიმენტი ალექსანდრიელი მოციქულებს სწორედ “მცოდნეებს” და არა მხოლოდ “ლიტონ” მორწმუნეებს. ასევე უდიდესი მნიშვნელობისაა კლიმენტისთვის პავლე მოციქულის სიტყვები: “სიბრძნესა მას ვიტყვი სრულთა მათ მიმართ... ვიტყვი ღმრთისა სიბრძნესა საიდუმლოდ დაფარულსა მას” (I კორ. 2, 6-7). მომდევნო თავში პავლე მოციქული კვლავ აღნიშნავს განსხვავებას ქრისტიანთა შორის და ამბობს: “მე, ძმანო; ვერ უძლე სიტყუად თქვენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ხორციელთა, ვითარცა ჩვილთა ქრისტეს მიერ; სძე გასვით თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს (I კორ. 3, 1-2).

კლიმენტი პავლე მოციქულის ამ სიტყვებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული შინაგანობის გამომხატველ გამონათქვამებად და არანაირად ე.წ. “ეზოტერიზმის” დამადასტურებელ მონაცემებად, როგორც ეს დღევანდელ დღეს უნდათ რომ წარმოაჩინონ. პავლე მოციქულთან, სახარებაში, ეკლესიაში, წმ. წერილში, მხოლოდ საყოველთაოდ განსავრცობი მაცხოვნებელი სწავლებაა დაუნჯებული, რაც გამორიცხავს ეზოტერიზმს – რჩეულთა შესახებ მოძღვრებას, ელიტარულ წრეს და სხვა. მაგრამ ეკლესია ამავე დროს მკვეთრად გახაზავს, რომ ერთიდაიგივე მოძღვრების განკუთვნა ყველასათვის არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთი და იმავე ხარისხითაა ამ მოძღვრებაში ჩაღრმავებული. ცხადია ეს მოძღვრება მარადიულად გაღრმავებადია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ეს მოძღვრება არის ღვთის შესახებ, ჭეშმარიტების შესახებ, ჭეშმარიტება მთლიანობაში მარადმიუწვდომელია ყველა ქმნილებისთვის და შესაბამისად ვეძიებთ რა მას, ვისწრაფვით რა მისკენ ეს სწრაფვა და ეს ძიება არის მარადიული, მაგრამ არა ერთ დონეზე, არამედ მარადიულად მზარდი ანუ მარადიულად გაღრმავებადი. შესაბამისად ამ გზაზე ზოგი წინ არის წარმართებული, უფრო შიგნით არის მოძღვრების შიგნით შესული, ზოგი უფრო გარეთ არის და სწორედ ეს განასხვავებს ადამინებს, ანუ ეკლესიურ მოძღვრებაში სახეზეა მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული შინაგანობა, პიროვნული, ან მეტად ან ნაკლებად, განღმრთობილობა ანუ მეტნაკლებობა განღმრთობაში პიროვნული და არანაირად ტრადიციით გადაცემადი რაღაც რჩეულთა ხაზი. სწორედ ამ დაფარულობაზე მეტყველებს პავლე, რომ ამ მოძღვრების წიაღში, რაც არ უნდა ბევრ რამეს შევიმეცნებდეთ, უმრავლესი ყოველთვის დაფარულია, უმრავლესი ყოველთვის ინტუიტიურად განგვეკუთვნება ანუ, როგორც წმ. დიონისე არეოპაგელი ამბობს, აღმატებულ საიდუმლოთა შორის საიდუმლო იესო ქრისტეს შესახებ ყოველთვის საიდუმლოდ რჩება. მისივე თქმით “საიდუმლოა იესო განკაცებამდე, საიდუმლოა განკაცებაში, საიდუმლოა განკაცების შემდეგ”. ჩვენ ვეზიარებით ამ საიდუმლოს, მაგრამ ამ საიდუმლოს საიდუმლოობა არ უქმდება, უფრო და უფრო ვღრმავდებით მასში, მაგრამ ბოლომდე გახსნილად, განმარტებითად, აბსოლუტურად წარმოჩენითად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ჩვენ ჭეშმარიტებას მივწვდეთ. მარადიული დაფარულობა მას ყოველთვის თან სდევს და ჩვენ უფრო და უფრო ღრმად შევდივართ რა ამ მოძღვრებაში, ვაცნობიერებთ კიდეც მიუწვდომლობას, დაფარულობას, მიღმიერებას, უაღმატებულესობას ჭეშმარიტებისას. ამიტომ ჩვენ მსმენელსაც ვთხოვთ ყველგან, ყველა ციტატაში, სადაც კი დაფარულობა, ეზოტერულობა, მიღმიერება, შინაგანობა, განდობა იქნება გამოყენებული, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ გაგებით და არანაირად სხვა რამ შინაარსით, ეკლესიური გაგებით, რომ მოძღვრება ყველასთვის განფენილია, მაგრამ ამ მოძღვრების წიაღში ყველა ერთ და იმავე ხარისხში არ იმყოფება, ზოგი უფრო წინ არის წარმატებული, ზოგი უფრო დიდი ღვთისმეტყველია, ზოგი უფრო ნაკლები და ა.შ., ანუ მეტნაკლებობა განღმრთობაში ყველგან ყოველთვის გამოკვეთილად სახეზეა. და “ლიტონი” რწმენა სწორედ იმ დამწყები მორწმუნეების მდგომარეობაა, რომლებიც ჯერ ჭეშმარიტების სიღრმეებში არ შესულან და ცოდნამდე არ ამაღლებულან.

პავლეს ზემორე სიტყვებში “სძე”, როგორც ეს სხვა მამათაგან და კლიმენტისგანაც განიმარტება, “ლიტონ” რწმენას გულისხმობს სწორედ, ხოლო “საჭმელი” ამაღლებულ ცოდნას. ეს სიტყვები, რაც პავლე მოციქულს ცოდნის დაფარულობასთან დაკავშირებით სხვაგანაც უთქვამს, კერძოდ “ეფესელთა” III თავში, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ჩნდება კლიმენტისთვის. თვით პავლე მოციქულის სიტყვები, ძველ ქართულ თარგმანს თუ მოვიტანთ, ასეთია: “რამეთუ გამოცხადებით მეუწყა მე საიდუმლო იგი... (როგორც ვხედავთ პავლე მოციქულიც მკვეთრად უარყოფს რაღაც ტრადიციულ ხაზს, რჩეულთა ხაზს), რომლითა შემძლებელ ხართ აღმოიკითხოთ რაი ცნობად გულისხმისყოფისა მის ჩემისა საიდუმლოითა მით ქრისტესითა... აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაისწარმეტყველთა სულითა წმიდითა” (ეფეს. 3,5). ამ სიტყვებს კლიმენტი აკავშირებს რომაელთა მიმართ ეპისტოლის სიტყვებთან: “აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისა” (რომ. 9,23) და მოძღვრებითი სახით კლიმენტი აყალიბებს თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ “სძის” მიმღებნი ანუ მარტივი ქრისტიანები, თუკი დაეწაფებიან გაღრმავებას, გაშინაგანებას სარწმუნოებისას, უეჭველად ამაღლდებიან “მცოდნე” ანუ სრულ ქრისტიანთა ხარისხამდე.

“მაღალ ცოდნას” კლიმენტის სწავლებით ახასიათებს დაფარულობა (აქ დაფარულობა იგივე მიუწვდომლობაა, ნაკლებ ცხადლივობის მქონეობაა), იგივე სიღრმისეულობა, შინაგანობა, რაც ცხადდება და ვლინდება მხოლოდ აღმატებული განბრძნობილი გონების წინაშე. და თუ “ლიტონ” რწმენასა და “ცოდნას” შორის აშკარა განსხვავებაა, რა თქმა უნდა, ლიტონი რწმენის მქონეც განსხვავდება “ცოდნის” მქონისგან. “ცოდნის” დაფარულობა კლიმენტის იქეთკენაც მიმართავს, რომ მან გამოთქვას აზრი ქრისტიანული მოძღვრების, ამ დუდიესი სიწმინდის, კაცობრიობისთვის მინიჭებული ამ ყველაზე დიდი განძის მოუმზადებელ პირთაგან, ანდა პირუკუ, უფრო მეტად არაზნეობრივ, ბოროტგანმზრახველ პირთაგან მისი დაფარვის შესახებ, რომ არ შერყვნან მათ და უკეთური მიზნებისათვის არ გამოიყენონ. კარგად არის ცნობილი თუ რამხელა სიმკაცრე იყო საეკლესიო ტრადიციაში ყოველთვის შვიდი საეკლესიო საიდუმლოს აღსრულების ჟამს, რომ ვინმე უკეთურს, გაუკუღმართებულს არ მიეღო იგი, არ მიეტაცებინა იგი. ამ მხრივ ეკლესიის მამები მართლაც გამორჩეულ სიფრთხილეს იჩენდნენ. ეს გაგებაა კლიმენტისთანაც, წმ. დიონისე არეოპაგელთანაც, ბასილი დიდთანაც, როდესაც ისინი საუბრობენ ქრისტიანული მოძღვრების გარკვეული დაფარვის აუცილებლობაზე. ეს დაფარვა განეკუთვნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებისთვისაც ქრისტიანული სარწმუნოება მხოლოდ გასაშარჟებელი, დასაცინი რამ ობიექტია და ამის მიზეზს ეძიებენ, ანუ როგორც წმ. დიონისე არეოპაგელი მიმართავს ტიმოთეს, როდესაც უგზავნის მას თავის შრომას, თხოვს, რომ მოუმზადებელ პირთაგან დაფაროს ეს ყოველივე, იმიტომ, რომ, როგორც ძველ ქართულ თარგმანშია: “რაითა არა საროკველ-ჰყვეს წმიდანი-წმიდათანი”, ეს უწმინდესი სწავლებანი მათ არ გააშარჟონ, საცეკვაო, სათამაშო და სახუმარო არ გახადონ. ამას ხაზს უსვამს კლიმეტნიც არაიშვიათად, მომხრეა იმისა, რომ თუ წარმართები ფარავდნენ თავიანთ ბოროტხელოვნურ “ჭეშმარიტებას”, რაოდენ უფრო საკრძალველი უნდა იყოს და ჩვენგან გასაფრთხილებელი და სათუთად მოსაპყრობი, რომ უკეთურთაგან არ შეიგინოს ეს უზენაესი და მაცხოვნებელი ჭეშმარიტება. თუცა ამ საკითხებზე ჩვენ შემდგომ საუბარში შევჩერდებით უფრო გულდასმით და სათანადო ციტატებსაც იქ წარმოვადგენთ.

 

178–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=QGCFWfQrncE

 

კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება ცოდნის შესახებ (გაგრძელება)

ჩვენ კვლავ კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრების ანალიზით შემოვიფარგლებით. ეს ანალიზი, ეს განხილვა ამ დიდი მოძღვრის ღვთისმეტყველებისა, შეიძლებოდა ასეც კი გვეთქვა – ცოდნისმეტყველებისა ანუ გნოსეოლოგიისა დაწყებული გვქონდა. მანამდე რწმენის შესახებ ხსენებული მოძღვრის სწავლებას გადმოვცემდით და წინა საუბარში შევჩერდით იმ საკითხზე, თუ რა განაპირობებს ჭეშმარიტების შესახებ სწავლების დაფარულობას.

კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ საეკლესიო მოძღვართა შრომებში აღურიცხავ შემთხვევებში ჩვენ გვხვდება დაფარულობის სინონიმური ტერმინები, იქნება ეს შემდეგში ცალკეული სექტებისგან მიტაცებული უწმინდესი საეკლესიო ცნებანი, ვთქვათ ეზოტერულობა, განდობა, მისტერიონი და სხვა, რომელთაც თავიანთი საღვთო და ეკლესიური დანიშნულება მოძღვართა შრომებში, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული აქვთ. აქედან გამომდინარე ყველა ასეთ შემთხვევაში რომ პარალელი არ უნდა გაივლოს, თუნდაც ფიქრისმიერი, ეკლესიური მოძღვრების დაფარულობასა და სექტობრივ ეზოტერიზმს შორის, ჩვენ ამაზე ვრცლად ვისაუბრეთ რამდენიმე საუბარში. მაგრამ ამის ხაზგასმის აუცილებლობას მათ შორის გადაულახავი მიჯნისა ყოველთვის ვგრძნობთ და ამჯერადაც ვგრძნობთ, რომ სხვა არის დაფარულობა ეკლესიური მოძღვრებისა. ეს თვით მოძღვრებაა საიდუმლოებითი, არა იმიტომ, რომ ჩვენ მას ვერ ვსწავლობთ და ვერ შევიცნობთ. დაფარულობა ქრისტიანულ მოძღვრებაში იმდენად არსებობს, რამდენადაც იგი მთელი ქმნილების წინაშე ავლენს ამ დაფარულობას. არა ის, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩაწვდება მას და სხვები მოკლებულნი არიან დაფარულობის გამო ქრისტიანული ჭეშმარიტი მოძღვრების ფლობას, არამედ ეკლესიური სწავლებით თუ დაფარულობაა მოძღვრებაში, ეს დაფარულობა საყოველთაოა, თვით ანგელოზთათვისაც საიდუმლოებითია ის, რაც დაფარულად ითქმის, და აქ დაფარულად ყოველთვის ითქმის ღვთიური განგება, საღვთო მოქმედება, ღვთიური ბუნების მოქმედებაში გაცხადება ჩვენს წინაშე და ღვთის ყოვლადცხოველმყოფელი ნებით იმგვარ ქმედებათა აღსრულება, რაც ადამიანურ და ანგელოზებრივ გონებას არანაირ ახსნას არ უტოვებს, ვერ შეწვდება მას ქმნილებითი გონება, იმიტომ, რომ ზექმნილებითი ანუ შემოქმედებითი აზრის ნამოქმედარია. მაგრამ ამ ყოფით სინამდვილეში როდესაც უკვე საკუთრივ წერილობითი ფორმით, თუნდაც ზეპირი, გამოხატული მოძღვრების დაფარულობაზეა ხაზგასმა ეკლესიის მამათაგან, ეს დაფარულობა ამ შემთხვევაში გულისხმობს არაქრისტიანთაგან დაფარულობას უწმინდესი დოგმატებისა, მოძღვრების და მოძღვრებაში შემავალი სამღვდელმსახურო წესების აღწერილობებისა. რადგანაც ეს ყოველივე მათთვის ვინც ჯერ კიდევ ეკლესიის წიაღში არ შემოსულა განკუთვნილი არ გახლავთ. ხოლო პიროვნება, რომელიც ეკლესიის გარეთ დგას, ამავე ეკლესიური სწავლებით ემორჩილება არა ეკლესიურ და შესაბამისად ღვთიურ განგებულებას, ის არის არა ღვთიური მადლმოსილების ქვეშ, არამედ დატოვებული აქვს მას ეს სულიერი სამოთხე, რაც ღვთის მადლის ქვეშ ყოფნას გულისხმობს, გასულია მადლის გარეთ, სამოთხის გარეთ და შემთხვევითობათა წუთისოფელს არის მიცემული, სადაც ყოველგვარი უკეთურება მეუფებს და ზეობს. ამიტომ სწორედ ამ უკეთურების მორჩილი ხდება იგი და შესაბამისად ამგვარი გაუკუღმართებული ქმედების, ცხოვრებისა და აზროვნების მქონე პიროვნებისგან ადვილი შესაძლებელია, თუკი ისინი მიწვდებიან (ე.ი. ხელში ჩაიგდებენ) ამა თუ იმ წერილობით აღწერილობას უწმინდესი სწავლებებისას, ყველანაირად გააუკუღმართონ იგი, შერყვნან საკუთარი გაუწმინდურებული აზრების შესაბამისად და ამგვარად შემდეგ გაავრცელონ.

რა თქმა უნდა, ეკლესიური ლიტერატურა აურაცხელ ყალბისმქმნელობას იცნობს, რაც ჩვეულებრივ ორი სახისაა და ორივე თავისი გამოვლინებით პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემზარავია. ერთი ესაა როდესაც სრული არაფრობიდან იწერება რაღაც შრომა, ე.ი. არარსებობს რაღაც წიგნი, დაწერილი რაიმე საკითხზე, ვიღაც ყალბისმქმნელი წერს შრომას, მაგრამ ავრცელებს ამ შრომას ეკლესიისთვის უწმინდესი პიროვნების სახელით, ავტორიტეტის სახელით, იქნებიან ეს მოციქულები, გნებავთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი, იქნებიან ეს ეკლესიის მამები, მოწამენი თუ სხვა, რომ მორწმუნეთა შორის შეაღწიოს მათმა გაუკუღმართებულმა ცრუ მოძღვრებამ. ეს ერთი მხარეა ყალბისმქმნელობისა, მაგრამ, მეორე ჩვენის აზრით კიდევ უფრო მძიმე, ნიმუში ყალბისმქმნელობისა გახლავთ ამა თუ იმ დიდი წმინდანისგან დაწერილი შრომის მათგან გაყალბება, ყალბისმქნელთაგან გაუკუღმართება სხვადასხვა ჩანართების, სხვადასხვა მათი ხიბლისეული (ხიბლი ზოგჯერ გულწრფელი ცდომილების შედეგია) თუ შეგნებულად მზაკვრული გაუკუღმართებების წმინდა ნაწერებში მოთავსება, რომ აირიოს ტყუილი და მართალი და უფრო ზუსტად ეს ტყუილიც სიმართლედ იქნეს გასაღებული, შეაღწიოს წრფელ მორწმუნეთა გულში და ისინიც გააუკუღმართოს. ეს მეორე მხარე ჩვენ უფრო კადნიერ ყალბისმქმნელობად იმიტომ გვესახება, რომ საკუთრივ არსებული, კაცობრიობის სიკეთისა და განღმრთობისათვის გამიზნული სიწმინდის, ამ შემთხვევაში წერილობითი სახით გადმოცემულის, გაუწმინდურებას გულისხმობს იგი, რომ ამ სიწმინდემ, უკვე მოცემულმა, წერილობით გადმოცემულმა,  თავისი კეთილი ნაყოფი არ გამოიღოს. და ამგვარი ქმედებანი ისეთი, თავის დროზე უდიდესი მნიშვნელობის ძეგლების გაუკუღმართების სათავე გახდა, რომ დღეისათვისა ჩვენ შეიძლება დიდი სინანულით განვიმსჭვალოთ ამგვარ შერყვნათა და ბოროტმოქმედებათა გამო. განსაკუთრებით ალბათ მკვეთრი ნიმუში გახლავთ ჩვენგან ადრე ხაზგასმული და საკმაოდ დეტალურად განხილული უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი “მოციქულთა განწესებანი”, რომელიც მოციქულთა 85-ე კანონის მიხედვით თავის დროზე ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნებში შედიოდა და არა მხოლოდ შედიოდა, არამედ ამ წიგნებისგანაც გარკვეულწილად გამორჩეული ყოფილა იმ ნიშნით, რომ როგორც ეს იმავე მოციქულთა 85-ე კანონშია ნათქვამი, მასში დაუნჯებული ყოფილა საიდუმლონი, “მათ შორის მყოფთათვის საიდუმლოთა”. როგორც 85-ე კანონი გვეუბნება ეს წიგნები ყველასთვის საჯაროდ საკითხავად არ იყო გამიზნული. აი ასეთი უწმინდესი წიგნი მოგვიანებით იმდენად გაუკუღმართდა ყალბისმქმნელთაგან, რომ VII მსოფლიო კრებაზე საგანგებო დადგენილება მიიღეს ამ წიგნის წინააღმდეგ და ანათემა გამოუცხადეს მას.

ამრიგად გარკვეულ აზრს დაფარულობა ამა თუ იმ წერილობითი შრომისა იმით ასაბუთებს, იმით ამართლებს, რომ შერყვნა არ მოხდეს წმ. მოძღვრებისა. შერყვნა მოძღვრებისა შეიძლება ზეპირგადმოცემითი ტრადიციის კუთხითაც განხორციელდეს. საეკლესიო მოძღვრება მოგეხსენებათ ორხაზოვანია, ერთი ეს გახლავთ წერილობითი გადმოცემა მოძღვრებისა და მეორე ზეპირი გადმოცემა ანუ სათნო გადმოცემა, რომელიც წმ. მაქსიმე აღმსარებელის უმკვეთრესი დებულებით ისევე სარწმუნოა და ისევე დოგმატურია და ისევე ჭეშმარიტია, თუ ეკლესია იღებს მას, რა თქმა უნდა, როგორც წერილობითი გადმოცემა. ორივე მათგანი საკრძალველია, მოსაფრთხილებელია და სწორედ ამ მოფრთხილების, საკრძალველობის თვისებიდან გამომდინარე განეკუთვნებათ მათ მოუმზადებელ პირთაგან, წარმართთაგან, გაუწმინდურებულთაგან, შეძლებისდაგვარად დაფარულობა. ის პირველი დაფარულობაც, რაც საზოგადოდ მოძღვრების შიგნით, მარად და მარად წინსვლითი და წინგაწვდომითი სწრაფვით მზარდ მოძრაობას და პროგრესს გულისხმობს, ერთი მხარეა დაფარულობისა, როდესაც ჩვენს წინაშე რაღაც დაფარულია, შევემეცნებით ამ დაფარულს, წინ კიდევ უფრო დიადი დაფარულობაა და იმასაც შევემეცნებით, წინ კიდევ უფრო აღმატებული და ასე შემდეგ. მარად წინ მიგვიძღვის დაფარულობა, ოღონდ ეს დაფარულობა ერთი და იგივე დაფარულობა არ გახლავთ, ესაა გაღრმავებადი დაფარულობა, საღვთო წყვდიადში უფრო და უფრო ჩაღრმავება, რადგანაც თვით იგი ვისაც ეძიებს შემმეცნებელი გონება, უფალი ღმერთი მარადიულად თავისი ბუნებით დაფარულია და რა ზომითაც გამოგვეცხადება იმ ზომით ხდება ჩვენგან საწვდომი. და რაც უფრო ვწინაურდებით უფრო და უფრო მეტად გვეცხადება იგი ჩვენ. მაგრამ რამდენადაც უსასრულოა ბუნება ღვთისა, შესაბამისად ღვთისკენ და ღვთიური დაფარულობისკენ მარადიულად მზარდი ძლიერებით სწრაფვაც ასევე უსასრულოდ გრძელდება და ესაა უსასრულო პროგრესი. შესაბამისად დაფარულობა, საიდუმლოებითობა, სიღრმისეულობა, მიღმიერება ქრისტიანულ მოძღვრებას ყოველთვის უნარჩუნდება, რამდენადაც ყოველთვის მიღმიერი რჩება, მიუხედავად მარადის ჩვენს წინაშე მოქმედებაში გამოცხადებისა, ის ვისაც ეტრფის მთელი მოაზროვნე და ნებელობითი ქმნილება (ანგელოზურიც და ადამიანურიც) – თავად უფალი, შემოქედი ყოველივესი.

აი ეს დაფარულობა ანუ იგივე ქრისტიანული ცოდნის დაფარულობა კლიმენტის მიერ შემდეგნაირადაა დასაბუთებული: “თუკი ელინი ფილოსოფოსები თავიანთ მოძღვრებას მხოლოდ რჩეულთ გადასცემდნენ და არა ყველას, რაოდენ უფრო ჰმართებს ჭეშმარიტ ფილოსოფიას (ქრისტიანობას), რომ დაფარული დარჩეს არაზნეობრივი და უმეცარი სიმრავლისგან”. არა ვთქვათ საზოგადოდ კაცობრიობის რაღაც ნაწილისგან, ე.წ. გნოსტიკური, სექტობრივი, ეზოტერული თუ ზოგადად მწვალებლური გაგებით, რომ კაცობრიობის ნაწილი მთლიანად მოკლებულია ჭეშმარიტებას და მათგან უნდა დაიფაროს, იმიტომ, რომ ისინი ვერასოდეს ვერ მიწვდებიან ამ ჭეშმარიტებას. ეკლესიური სწავლება შეიძლება დაიფაროს კაცობრიობის გარკვეული ნაწილისგან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი ბუნებითად ვერ არიან მიმღებელნი ამ ცოდნისა, არამედ იმიტომ, რომ ნებელობითად განუდგებიან ჭეშმარიტებას, ზნეობრვად ცილდებიან მის სიწმინდეს და ვიდრე არ მოემზადებიან, ვიდრე არ განიწმინდებიან, ვიდრე არ განისწავლებიან მცირედით მაინც კატეხიზმურად, უღრმეს სწავლებათა დატევნა, რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლებათ და ჩვენ პირიქით, რომც მივაწოდოთ მათ ეს ცოდნა ისინი ვერ დაიტევენ, მათთვის გამაუკუღმართებელი აღმოჩნდება. ამიტომაა, რომ ეკლესიური სწავლებით ჭეშმარიტი მოძღვარი ყოველთვის უნდა აცნობიერებდეს იმ გეზს, უაღრესად გონივრულად და მიზეზშედეგობრივად ჩამოყალიბებულს, რასაც ქრისტიანული აღმზრდელობითი გზა ეწოდება, ქრისტიანული “პაიდეია” ეწოდება, რომ თანდათანობით გადაიცეს მოძღვრება, როგორც მაგალითად ჩვილ ბავშვს არ შეიძლება, რომ დიდი სიმძიმის ტვირთი მივაკუთვნოთ და დავაძალოთ, რომ ზიდოს იგი, იმიტომ, რომ დაირღვევა მისი სხეულის თანაშერთულობა და შეიძლება ისეთი დაავადებანი გაუჩნდეს მას, რომ ვერასოდეს ვერ გამოჯანმრთელდეს. სული კიდევ უფრო მოსაფრთხილებელია, იმიტომ, რომ სულია არსებითად ადამიანი და შესაბამისად მისი დაზიანება უკვე მარადიული წარწყმედის ტოლფასია. ამიტომ სიფრთხილე აქ გაცილებით მკვეთრია, თანდათანობით უნდა მივაწოდოთ ყველას, რამდენადაც დატევნას შეძლებს, ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ და ზომიერებითად უნდა ესწრაფოდეს ყველა შემმეცნებელი ადამიანი ჭეშმარიტებას. ჩვენ ვხედავთ, რომ თვით ანგელოზთა შორისაც, რა თქმა უნდა, იერარქიებია, ხარისხებია, ვინც რამდენის დამტევნელია იმ ხარისხზე განმანათლებლობისა და სინათლისა, ღვთიური მადლის შემწყნარებლობის იმ საფეხურზე ჰგიეს. ამიტომ უსვამს ხაზს კლიმენტი, რომ დაფარულობა ორი პრინციპით შეიძლება მოხდეს, არაზნეობრიობის გამო იმ პირისგან, ვინც ეძიებს რაღაცის მოხელთებას და უმეცრებისგან. უმეცრება ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მცირედით მაინც უნდა განისწავლოს, რომ ჭეშმარიტება მიიღოს. აქ არაა აუცილებელი მწიგნობრული განსწავლა, არამედ ის, რომ პიროვნება გულისხმიერად განისწავლოს. თვით ის ზნეობრივი სრულყოფა ანუ უზნეობის უკუგდება და სათნოების გზაზე დადგომა, რა თქმა უნდა, თავისთავად განსწავლაა და ჩვენ ისიც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ აქ სინონიმებადაა არაზნეობრიობა და უმეცრება კლიმენტისგან მოხმობილი, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მეცნიერება იგივე ზნედსწავლულებაა საეკლესიო ტრადიციაში. ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით და ეხლაც გავიმეორებთ, რომ ეკლესიის მამათა მითითებით ნამდვილი სიბრძნისმცოდნეობა, ნამდვილი სიბრძნისმოყვარეობა ანუ ნამდვილი ფილოსოფოსობა სწორედ იმათ განეკუთვნებათ, რომლებიც სათნოებით მოღვაწეობას იყვნენ და არიან მიცემულნი, განდეგილნი, მეუდაბნოენი, სრულიად მწიგნობრული გაგებით უმეცარნი, თუნდაც წერა-კითხვისაც, როგორიც იყო წმ. ანტონი, წმ. ამონა და სხვები, მაგრამ საღვთო ფილოსოფიას ზიარებულნი, საღვთო სიბრძნეს, საღვთო ცოდნას, საღვთო განსწავლულობას ზიარებულნი. ამიტომ, ვამბობთ რა უმეცრებას, არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მწიგნობრული განსწავლულობის არ ქონას და ვამბობთ რა მცოდნეობას აქაც ყოველთვის, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ აუცილებლად მწიგნობრულ განსწავლულობას. თუმცა ესეც ღვთივკურთხეულია, ღვთვდადგენილია, ბიბლია წერილობით დაიწერა, ახალი აღთქმა წერილობით მოგვენიჭა და ამით დამკვიდრდა და დამტკიცდა, რომ წერილობითი სიტყვა უარსებითესია თვით ღვთისგანვე დადგენილი ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე.

შემდგომ კლიმენტი განაგრძობს: “ეს აზრი მჟღავნდება მათეს სახარების სიტყვებში: “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ” (მათე 22,14). შესაძლოა ყველა მსმენელმა არ იცოდეს, რომ ძველი ქართული “ჩინებული” არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას რასაც დღევანდელი ჩინებული. დღეს ჩინებული ძალიან დადებითი ტერმინია და წარჩინებულს, გამოჩინებულს ნიშნავს. და როდესაც ამ გაგებით აღიქმება ეს მუხლი და ბევრი ადამიანი მართლაც ასე ემპირიულად აღიქვამს აღნიშნულ ტექსტს, მათ ძალიან ხშირად უჭირთ მიჯნის გავლება ჩინებულსა და რჩეულს შორის. მაშინ როცა ძველი ქართული ჩინებული აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს. აქ ჩინება ჯერ კიდევ იმ შინაარსითაა მოხმობილი, რაც ამ ტერმინს უძველეს პერიოდში უნდა ჰქონოდა და როდესაც საღვთო წერილი ქართულად პირველად ითარგმნა (დაახლ. IV-V ს-ში) სწორედ ხსენებული ტერმინი ატარებდა იმ შინაარსს, რაც შემდეგში სხვა ტერმინებმა იტვირთეს. კერძოდ აქ არის საუბარი არა ჩინებაზე, არა გამოჩინებაზე, არა ჩინებულობაზე ანუ გამოჩინებულობაზე, არამედ წოდებაზე, ხმობაზე, მოწოდებაზე, მოხმობაზე, რომ “მრავალია მოწოდებული ანუ მოხმობილი, მაგრამ მცირედნი რჩეულ”. ეს მუხლი ასეთ შინაარსსაც შეიცავს, რომ საზოგადოდ მთელი კაცობრიობაა ხმობილი ჭეშმარიტებისკენ, მაგრამ მათგან მცირედნი გამოირჩევიან, რომლებიც ამ ხმობას მართლაც მიჰყვებიან, მართლაც შეუდგებიან, მართლაც მწოდებლის ანუ მაცხოვრის ხმას გულის სიღრმეში განისაკუთრებენ და ჭეშმარიტების ჭვრეტასა და შემეცნებას მიეცემიან. ასე რომ აქ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ, სწორედ ეს იგულისხმება, რომ მრავალნი არიან ხმობილნი ანუ მოწოდებულნი, მაგრამ მცირედნი არიან რჩეულნი, რომ მცირედნია რჩეული, რომ ყველა ამ რჩეულობას ჯერ კიდევ ვერ იღებს, მაგრამ თუ ინებებს ისიც რჩეული აღმოჩნდება. აი ეს აზრია, რა თქმა უნდა, მათეს სახარებაში და არა ვთქვათ ის ერეტიკული გაგება, როგორც გნოსტიკოსები და სხვა ერეტიკოსები ხშირად ამავე სიტყვებს იმოწმებდნენ, რომ თითქოს ბუნებითად არსებობს კაცობრიობის რაღაც მცირე ნაწილი, დაბადებიდანვე რჩეული და დანარჩენი ნაწილი, უმთავრესი, ასევე დაბადებიდანვე რჩეულობას მოკლებული და ჭეშმარიტების ვერმიმღებელი, რომელთაც რაც არ უნდა მოინდომონ, რაც არ უნდა ინებონ, თითქოსდა, არ შეუძლიათ მათ რჩეულობას მიაღწიონ. მაშინ როცა ეკლესიური სწავლებით აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია რჩეულობას ეზიაროს. რჩეულობა თავად ქრისტიანობაა, ვისაც სახელი ქრისტიანი განეკუთვნება ის უკვე რჩეულია. ჩვენ ამ საკითხზე, ალბათ გახსოვთ, თავის დროზე საუბარი გვქონდა, როდესაც ტერმინ “სეფისკვერს” განვიხილავდით, რომ სეფისკვერი არის რჩეული სკვერი და რჩეული თავად ქრისტიანია, ქრისტეს მიმდევარია. ყველას შეუძლია, მოგეხსენებათ, გახდეს ქრისტიანი, ვინც ინებებს, ვინც მოინათლება, ვინც ქრისტეს მიერ გზას შეუდგება. აი ეს რჩეულობა არის ეკლესიური მოძღვრების ქვაკუთხედი და ამ რჩეულობაზე ხაზგასმაა ამ შემთხვევაში კლიმენტისგანაც, რომ რჩეულობა სხვა არის და ჩინებულობა სხვა არის. ისევე როგორც კლიმენტი ყურადღებას აქცევს აგრეთვე სახარების ცნობილ სიყვებს: “არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს და არცა საიდუმლოი რომელი არა გამოცხადდეს”. კლიმენტი, რომლის წინადადება ერთი მხრივ გულისხმობს მცოდნე ქრისტიანებს, რომელთაც ეცხადებათ ჭეშმარიტება, ჭეშმარიტების უღრმესი წიაღი და სწორედ ამას ნიშნავს რომ უფალი, რომელიც მამაა მათთვის, არ დაუფარავს მათთვის დასატევნელი რაც კი იქნება, ყველაფერ იმის გამოცხადებას. კლიმენტი აღნიშნავს: “ამ სიტყვით იწინასწარმეტყველა მათემ, რომ დაფარულად მსმენელს დაფარული გამოუჩნდება და ვინც შემძლეა საიდუმლოდ შეიწყნაროს გადმოცემები გაეცხადება დაფარული, როგორც ჭეშმარიტება. და იგი (ეს ჭეშმარიტება), მრავალთაგან დაფარული, მცირედთათვის ცხადი გახდება”. ჭეშმარიტად უდიადესი სიტყვებია, აბსოლუტურად იგივეობრივი, რაც ჩვენ არაერთგზის გვხვდება წმ. გრიგოლ ნოსელთან, წმ. ბასილი დიდთან, წმ. მაქსიმე აღმსარებელთან, ანდა წმ. დიონისე არეოპაგელის თუნდაც იმ შრომაში, რომელიც სათაურშივე ამ მოძღვრების დამტევია, რომელსაც ეწოდება “საიდუმლოდ ღმრთისმეტყველებისათვის”, ანუ იმ ღვთისმეტყველებისათვის, რაც საიდუმლოების ნიშანს ატარებს და რომლის წიაღში შესვლა მოუმზადებელ, უმეცარ და, კლიმენტის სიტყვები რომ გავიმეოროთ, არაზნეობრივ სიმრავლეს, რა თქმა უნდა, არ ძალუძს.

 

179–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=b-mZMF-rW30


კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება ცოდნის შესახებ (მესამე ნაწილი)

კვლავაც კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრებას ცოდნის შესახებ განვიხილავთ, რასაც წინა ორი საუბარი უკვე დავუთმეთ. კიდევ უფრო ადრინდელ საუბრებში ჩვენ იმავე კლიმენტის ვეხებოდით, ოღონდ სხვა კუთხით, ხოლო ცოდნის შესახებ მისი მოძღვრება, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ვრცლად სასაუბროა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ციტატები შევამოკლოთ, ნაკლები მოვიტანოთ, მაგრამ იმდენია მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო, რომ ყველაფრის შემოკლება ცხადია არ მოხერხდება.

წინა საუბარში ჩვენ ხაზს ვუსვამდით კლიმენტის მოძღვრებას ცოდნის, ქრისტიანული მოძღვრების, დაფარულობის შესახებ. აღარ შევჩერდებით იმის განმარტებაზე, თუ რა იგულისხმება დაფარულობის მართლმადიდებლურ გაგებაში. იმ ციტატას, რაც წინა საუბრის ბოლო ნაწილში განვიხილეთ, დამაბოლოვებელი სიტყვებით კვლავ მოვუხმობთ და შემდგომ ანალოგიური სახის ციტატებს, რამდენიმეს, კვლავ წარმოვადგენთ. ხოლო წინა ციტატა, მოგეხსენებათ, ასე მთავრდებოდა, რომ კლიმენტის მოაქვს რა მათეს სახარების სიტყვები “არა არს დაფარულ, რომელი არა გამოჩნდეს და არცა საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს”, იგი აღნიშნავს: “ამ სიტყვით იწინასწარმეტყველა მათემ, რომ დაფარულად მსმენელს დაფარული გამოუჩნდება და ვინც შემძლეა საიდუმლოდ შეიწყნაროს გადმოცემები, გაეცხადება დაფარული, როგორც ჭეშმარიტება და იგი (ე.ი. ეს ჭეშმარიტება), მრავალთაგან დაფარული, მცირედთათვის ცხადი გახდება” (ეს სიტყვები გახლავთ “სტრომატას” I წიგნიდან). არანაკლებ შთამბეჭდავია “სტრომატას” V წიგნის 35-ე ქვეთავის ერთი ადგილი, სადაც წმინდა კიდობნის შესახებ გადმოცემები, უწყებანი, კლიმენტის სწორედ ამ კუთხით, ამ ასპექტით აქვს გააზრებული, როგორც დაფარულობა ჭეშმარიტებისა, იგი ამბობს: “წმინდა კიდობნის შესახებ უწყებანი მოასწავებს სულიერ სოფელს, რაც დაფარულია და დახშუალია მრავალთათვის”. “სტრომატას” იმავე V წიგნიდან შეგვიძლია ასეთი ადგილიც მოვიტანოთ: “ნუთუ რაღაცით ამასვე არ გულისხმობდა წინასწარმეტყველი, როდესაც ბრძანებდა დაფარულ უცომოთა ქმნას (იგულისხმება “გამოსვლათა” წიგნის 32 თავის 39 მუხლი, სადაც დაფარული უცომონია ხსნებული), რითაც იმას მოასწავებდა, რომ წმინდა სიტყვა, როგორც ჭეშმარიტად მესაიდუმლე დაუბადებელი არსისა და მის ძალთა შესახებ (ე.ი. ღვთისა და ღვთის თვისებათა) დაფარული უნდა იყოს. კვლავაც ამბობს სახარება, რომ ჩვენი მაცხოვარი საიდუმლოდ ეტყოდა სიტყვას მოციქულებს” (მოგეხსენებათ უღრმეს სწავლებებს სხვა ერისაგან განცალკევებით მოციქულებს აუწყებდა უფალი. ანდა, როგორც ეს მოძღვრების გადმოცემა საიდუმლოებითად ხაზგასმულია პავლე მოციქულის მიერ I კორნითელთა 2,7). VI წიგნში “სტრომატებისა” ვკითხულობთ: “მცოდნე, რომლის შესახებაც მე ვსაუბრობ, წვდება იმას, რაც მიუწვდომელია სხვათათვის”. აი ნამდვილი სახე მართლმადიდებელი ქრისტიანისა, რომელიც განშორებული უმეცარი და არაზნეობრივი სიმრავლისგან, ერთი მხრივ, თვითონ წვდება იმას, რაც ღვთისგან გამოცხადებულია ფარულად და მეორე მხრივ, რამდენადაც ეს და როგორც ეს სხვათათვის დასატევნელია, გამოუცხადებს სხვებს, რომ ისინიც ზეაიზიდოს ჭეშმარიტებისაკენ. საღვთო წერილი სწორედ ამ კუთხით განიმარტება ეკლესიის მამათაგან, როგორც მრავალპლასტოვანი, მრავალდანაშრევებიანი ჭეშმარიტების მქონე, რომ მხოლოდ ზედაპირულად რაც გვესმის ეს არაა ერთადერთი და მთლიანობითი გამოვლინება ჭეშმარიტებისა, რომ სიღრმეში არის საიდუმლოებითი მოსწავება, ალეგორიულ-სომბოლური უწყებანი, იმის სიღრმეში კვლავ შეიძლება უფრო დაფარული მნიშვნელობა იყოს და არსებული ყველა მნიშვნელობა, რაც შესაძლებელია ერთსა და იმავე მუხლს ბიბლიისას, ანდა ერთსა და იმავე მუხლის ერთსა და იმავე სიტყვას უკავშირდებოდეს, არის არა წინაღმდეგობრივნი ერთი მეორისადმი, არამედ ერთი მეორის შემავსებელნი, გამამთლიანებელნი და ვინც რამდენის დამტევია და როგორის დამტევიცაა, იმ სიღრმემდე არის ჩამწვდომი ამ მნიშვნელობათა შრეებისა. ამას სხვათაშორის კლიმენტიც ამბობს. ამჯერად ვიხსენებთ, რომ კლიმენტის შესახებ ამ კუთხით სპეციალური შრომაცაა გამოქვეყნებული (სამწუხაროდ ავტორი არ გვახსენდება) კლიმენტის იმ სწავლებასთან დაკავშირებით, რაც მას კონკრეტულად საღვთო წერილის შესახებ აქვს გამოთქმული, თუ რამდენ პლასტოვნად უნდა გავიგოთ საღვთო წერილი, რამდენჯერადი მნიშვნელობა შეიძლება იქნას ამოკითხული საღვთო წერილში. “სტრომატას” VI წიგნში თვით კლიმენტი გვეუბნება: “წერილი ფარავს თავის მნიშვნელობას (აქვე განგვიმარტავს, სხვათაშორის, კლიმენტი თუ რატომ ფარავს წერილი თავის მნიშვნელობას) რამდენიმე მიზეზით: 1) იმიტომ, რომ ძიებას ვესწრაფვოდეთ და მარადის ვიჩენდეთ გულმოდგინებას მაცხოვნებელ სიტყვათა აღმოსაჩენად; 2) იმიტომ, რომ ყველასთვის გასაგები ვერ იქნება (თავისთავად ცხადია, თუ პიროვნება აბსოლუტურად მოუმზადებელია ზნეობრივად, მისთვის გასაგები ვერ იქნება). ამიტომაც წმინდა საიდუმლონი დაფარულია იგავებში და დამარხულია ისინი მათთვის, რომლებიც გამოირჩევენ თავს, და აგრეთვე იმათთვის, რომლებიც რწმენიდან მოსულნი გზა ხსნილნი არიან ცოდნაში”. ეს ბოლო სიტყვა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანებისა ჩვენ შეგვიძლია, როგორც არაერთგზის ავღნიშნეთ უკვე, მართლაც კლასიკური ფორმულირების ნიმუშად დავიმახსოვროთ და მოვიხმოთ კიდეც, როდესაც დაგვჭირდება, რომ ამგვარნი ანუ რჩეულნი, რომლებზეც მათე მახარებელი გვაუწყებდა, რომ “მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ” და ეს მცირედნი რჩეულნი სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანები გახლავთ. აი ამ რჩეულთა შესახებ კლიმენტი ასეთ ფორმულირებას გვაწვდის, რომ “წმინდა საიდუმლონი დაფარულია იგავებში და დამარხულია ისინი რჩეულთათვის და აგრეთვე მათთვის, რომლებიც რწმენიდან მოსულნი გზა ხსნილნი არიან ცოდნაში”. ვინც უკვე ცოდნას ფლობს ის რჩეულია, რწმენიდან მოსულია, მაგრამ ვინც ახლა მოდის, ისინი იმავე გზის გამვლელნი არიან და იმავე რჩეულობის მიმღწევნი არიან, თუ არ გადაუხვევენ გზას, რაც უკვე მცირედთაგან მოპოვებულია. მაგრამ გზა ჭეშმარიტებისაკენ აქ შესანიშნავად ჩანს: “რწენიდან მოსულნი გზახსნილნი არიან ცოდნაში”. მაგრამ რა არის ის ძალა, რითაც პიროვნება აღიძვრის და რაც აძლევს მას ყოველთვის მარადიულად სტიმულს, უფრო და უფრო მზარდი წადიერებით  ისწრაფვოს ჭეშმარიტებისკენ. კლიმენტი არ დაგვიფარავს ჩვენ ამ საიდუმლოს და სრულიად გახსნილად გვაუწყებს ამ ძალის შესახებ, იგი ამბობს: “ჭეშმარიტება დაფარულია მრავალგვარად და ნათელყოფს მხოლოდ მათ, რომლებიც გასაიდუმლოებულნი არიან ცოდნაში, სახელდობრ, რომლებიც სიყვარულით აღძრულნი ეძიებენ მას”. აი ეს სიყვარულით აღძრულობა არის სწორედ საფუძველი და მიზეზი ცოდნაში გასაიდუმლოებისა, მაცხოვრის ჭეშმარიტების წიაღში შესვლისა, იგივე განღმრთობისა.

კლიმენტი, ისევე როგორც ყველა მოძღვარი, გვასწავლის, რომ მაცხოვარი მეტყველებდა იგავებით და რომ ამ გზით საღვთო ჭეშმარიტება უღირსთაგან შეურყვნელად დაიცვა მან. იგავურობა რის გამო იქნა მაცხოვრისგან შემოტანილი? იმ მიზეზით, რომ არაზნეობრივი და უმეცარი ანუ გაუკუღმართებული პირებისგან დაცული იყოს ჭეშმარიტება, რომ მარგალიტები და სიწმინდეები ღორებისა და ძაღლების ფერხთით არ დაიყაროს. სახარებიდან მომდინარე ამ სწავლებას დაფარულობის შესახებ ვხვდებით ჩვენ ყველა მოძღვართან და, რა თქმა უნდა, კლიმენტისთანაც ამგვარივე ვითარება გვაქვს. ამიტომ უსვამს ხაზს კლიმენტი, რომ მაცხოვარი მეტყველებდა იგავებით, რომ ამ გზით საღვთო ჭეშმარიტება უღირსთაგან შეურყვნელად დაეცვა. დაუკვირდით როგორ თვალსაჩინოდ გვაუწყებს კლიმენტი “სტრომატას” VI წიგნში: “არც თვით მაცხოვარს აღმოუთქვამს მარტივად საღვთო საიდუმლონი, არამედ იგავებით მეტყველებდა იგი, რომ შემთხვევით პირებს ადვილად არ მოეხელთებინათ ეს საიდუმლონი”. საღვთო ცოდნის ამგვარივე აღმატებულობა, ვფიქრობთ, ასევე კარგად მჟღავნდება “სტრომატას” I წიგნში დადასტურებულ კლიმენტის შემდეგ სიტყვებში: “არათუ ბევრს გამოუცხადა უფალმა ის, რაც ბევრისათვის არ იყო, არამედ გაესაიდუმლა იგი მხოლოდ მცირე ნაწილს, კერძოდ იმათ, რომლებიც შესაფერისნიც იყვნენ და ხელეწიფებოდათ კიდეც როგორც მიღება საიდუმლოთა, ასევე მათდამი დასახვა თავისა”. მთელი გეზი, მთელი მეთოდოლოგია მოღვაწეობისა აქ წარმოჩენილია. მხოლოდ მიღება არ კმარა, მხოლოდ რაღაცის გაგონება და მოსმენა არ კმარა, უნდა გარდაიქმნა კიდეც ადამიანი იმად, რასაც გაიგონებ, იმის შესაბამისად უნდა დასახო კიდეც თავი. როგორც ადამიანი თავის აზრს, თავის რაღაც გარკვეულ შთაგონებას, თუ ეს ადამიანი ხელოვანია და ნივთის დამზადებას ესწრაფვის, უფორმო მასალის კვალობაზე ახორციელებს და უფორმო მასალას თავისი აზრის შესაბამისად გარდაქმნის და ამ აზრის აბსოლუტურად ადეკვატურ ჭურჭლად შექმნის. ამგვარადვე ადამიანი შეითვისებს რა საღვთო აზრს, ამ აზრის სავსებით შესაბამის ჭურჭლად უნდა გარდაქმნას თავისი თავი, და ეს გახლავთ ჭეშმარიტი ასკეზისი.

ჩვენ ამ კუთხით, ე.ი. ასკეზისის ქრისტიანული რაობის შესახებ სხვადასხვა დროს ლექციების სპეციალური კურსიც გვქონია, წერილობითაც რამდენიმეგზის აღგვინიშნავს და ამჯერადაც ამას ხაზს გავუსვამთ, თუ რა არის ჭეშმარიტი ასკეზისი, რომ ცოდნის ძიება, ჭეშმარიტი მცოდნეობა, სიყვარულით აღძრულობა ღვთისადმი, რწმენიდან ცოდნაში გზაგახსნილობა, განღმრთობა, მართლმადიდებლური მოძღვრების დატევნა, მართლმადიდებლობა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად სინონიმურია, ანუ აბსოლუტურად ერთი და იგივეა, იგივეობრივია და ყველაფერი ეს გულისხმობს ღვთისგან სმენილის, ღვთისგან ჩვენს გულამდე მოსული საუფლო სწავლების კვალობაზე, საუფლო სწავლების შესაბამისად მისდამი იგივეობრივად ჩვენი თავის გარდაქმნას, რომ შევიმზადოთ ღვთიური სწავლების მიმღებ ჭურჭლად, რომ დატევნილი იყოს ჩვენში ის, ვინც ღვთიურ სწავლებას გვაწვდის, თავად უფლისმიერი სული, წმინდა სული, ცხოველმყოფელი ჩვენი. ამიტომ არის ხაზგასმული კლიმენტისგან, რომ მიღება ერთია, მაგრამ შემდეგ აუცილებელია მოღვაწეობა, მიღება ნებელობითი აქტია, ჩვენ ვინებებთ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დადგომას და მოვინათლებით, წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიღვაწოთ. ყველა წინარე საუბარში, თუ იყო ამის აუცილებლობა, იმის შესახებ თუ რა არის აუცილებელი ჭეშმარიტების კაცობრიობის წიაღში დანერგვისა და ადამიანთა განღმრთობის საუფძველი, ანდა ჭეშმარიტების საყოველთაოობის ახსნა როგორია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა ადამიანისთვის არის განკუთვნილი ჭეშმარიტება, მაგრამ ორი პირობით, ვინც ინებებს და ვინც იღვაწებს ამისთვის. ნების გამოხატვა ჭეშმარიტებისთვის ნიშნავს ჭეშმარიტების მიღებას. ღწვა ჭეშმარიტებისთვის ნიშნავს სწორედ იმას, რასაც კლიმენტი ამბობს, ჭეშმარიტებისადმი საკუთარი თავის დასახვას, ანუ საკუთარი თავის შემზადებას ღვთის, სულიწმინდის ჭურჭლად. აი ეს ორი მხარეა გამოკვეთილი კლიმენტისგან “სტრომატას” I წიგნის 13-ე თავის II ქვეთავში.

ასევე, ვფიქრობთ, განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია კლიმენტის სწავლება იმის თაობაზე, რომ საღვთო წიაღის შესახებ მცოდნეობითი გადმოცემა მომდინარეობს ანუ გაცხადებულია უშუალოდ მაცხოვრის მიერ. თავად უფალია ჩვენთვის მომნიჭებელი და არა სხვა ვინმე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ცოდნა მიიღწევა მხოლოდ მაცხოვრის გზით, ძე ღმერთის, სიტყვის, მეორე ჰიპოსტასის, განკაცებული ძის - იესო ქრისტეს წიაღ. აი კლიმენტის ყველაზე უფრო სიმპტომატური გამონათქვამები ამ კუთხით::

“აღმოჩენა ჭეშმარიტებისა ხდება ძისგან” (“სტრომატას” I წიგნიდან).

“ძის მიერ მამა შეიცნობა” (V წიგნი).

“ძის მიერ უნდა მივიღოთ სწავლება მიღმიერი მიზეზის, ყოველთა მამის შესახებ” (VII წიგნი).

“ვუკავშირდებით ღმერთს დიდი მღვდელმთმთავრის მიერ” (VII წიგნი).

“თვით ჭეშმარიტად მხოლოდშობილი შთაბეჭდავს ჩვენში სრულ მჭვრეტელობას” (VII წიგნი).

კლიმენტი მოუხმობს ასეთ გამონათქვამს: “მცოდნე მოძღვარი”, რომელსაც ის მაცხოვარს განუკუთვნებს, იმიტომ, რომ ჭეშმარიტი ანუ ბუნებითი ცოდნა თავად მაცხოვარია. და ყველა ის რჩეული, მართლმადიდებელი, რომელსაც ეკლესიური ტერმინით შეიძლება მცოდნე ეწოდოს, მხოლოდ პირობითად ანუ მადლითაა მცოდნე, ისევე როგორც მადლით არის ყველა წმინდანი ღმერთი, მადლით არის ყველა წმინდანი თუნდაც უფალი (ეს ტერმინიც შეიძლება განეკუთვნოს წმინდანს), იმ ჭეშმარიტი ანუ ბუნებითი უფლის, იმ ჭეშმარიტი ანუ ბუნებითი ძის, იმ ჭეშმარიტი ანუ ბუნებითი მცოდნის მიბაძვით. ისევე როგორც ჭეშმარიტი და ბუნებითი მცოდნეა ერთადერთი ბუნებით ძე ღვთისა, მაგრამ მისდამი მიბაძვით ყველა წმინდანიც ასევე მადლისმიერად ხდება ძე ღვთისა ანუ ჭეშმარიტებით და ბუნებითად ძეობილი, ანუ შვილობილი ღვთისა.

აი ეს შინაარსი იგულისხმება ამ ბოლო სიტყვებში, რომ “ჭეშმარიტად მხოლოდშობილი შთაბეჭდავს მცოდნეში სრულ მჭვრეტელობას”.

თუ მცოდნე მოძღვარი მაცხოვარია, ამ მცოდნე მოძღვარმა უდიადესი რამ გაგვიცხადა ჩვენ და ესაა საიდუმლო ჯვრისა. კლიმენტი გამოკვეთილად ეხება ამას (ჯვრის საიდუმლოს) და სწორედ მას მიიჩნევს ყველაზე დიდ ცოდნად, უდიადეს ცოდნად, უდიადეს გნოზისად (გნოზისი მოგეხსენებად, კვლავ ავღნიშნავთ, ბერძნულად არის ცოდნა). კლიმენტი ამბობს: “ჯვრის გარეშე ვერ მიგვაახლებდა ჩვენ უფალი ცოდნასთან”. და ეს აღმატებული ცოდნა, რა თქმა უნდა, გულისხმობს მჭვრეტელობას, ხედვას, ხილვას, რისი წინაპირობაცაა სრული განშორებულობა გრძნობადობისგან. სხვათაშორის ჩვენ როდესაც ასე მკვეთრად ვუსვამთ ხაზს კლიმენტის ღირსებას საკუთრივ საღვთო ცოდნის შესახებ მოძღვრების ჩამოყალიბების საქმეში, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მან იღვაწა ამ მხრივ. ჩვენ გვქონდა ერთხელ შესაძლებლობა ერთ-ერთ ნომერში ჩვენი ჟურნალისა, რომელსაც ერთ დროს გამოვცემდით, “გზა სამეუფოს” IV ნომერში, ყველაზე უფრო გამოკვეთილად მნიშვნელოვანი სწავლებანი კონკრეტულად საღვთო ცოდნის შესახებ, ისეთი დიდი მოძღვრისგან აღმოთქმულნი, როგორიც გახლავთ წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, მთლიანობაში კრებსითად გამოგვექვეყნებინა სადა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უდიადესი რამ გამოვილინება მართლმადიდებლური სწავლებისა ცოდნის გარდაუვალობის, აუცილებლობისა, ერთადერთობისა და განსაკუთრებულობის შესახებ განღმრთობის ჟამს, რომ თავად ყოვლადწმინდა სამებაა უდიადესი ცოდნა, თავად განკაცებული ღმერთია უდიადესი ცოდნა, თავად ჯვარი, ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომაა კაცობრიული ცოდნის და კაცობრიობის ბუნებაში საღვთო ცოდნის დატევნის მწვერვალი. ამიტომ კლიმენტისთან გამოვლენილი ამგვარი სწავლებანი ეს მართმადიდებლობის წიაღში რაღაც ერთადერთ და უნიკალურ მოვლენას კი არ წარმოადგენს, არამედ აურაცხელი სხვა მოძღვარი ჩვენ ამ კუთხით შეგვიძლია შევისწავლოთ და ციტატები წარმოვადგინოთ. იქნება ეს წმიდა გრიგოლ ნოსელი, იქნება ეს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, უსაჩინოესი გამონათქვამებით საღვთო ცოდნის, საღვთო გნოზისის შესახებ, გნებავთ წმიდა დიონისე არეოპაგელი, რომლის შრომებიც გადავსებულია საღვთო გონის, საღვთო მცოდნეობის შესახებ უწყებებით, მაქსიმე აღმსარებელზე მოგახსენეთ, იოანე დამასკელი, რომელსაც ფილოსოფიური ცოდნა იქნება ეს, საღვთო ცოდნა იქნება, ცოდნის ძიება იქნება თუ სხვა, ამ მხრივ მრავალი უაღრესად საყურადღებო სწავლება აქვს მოწოდებული, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ნიკიტა სტითატი, გრიგოლ პალამა და მრავალი სხვა. ასე რომ, ეს ერთი გეზია, მაგრამ კლიმენტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მაინც გამოკვეთილად, ხელშესახებად სისტემურად მთელი ეს მოძღვრება პირველმა მაინც მან დააფუძნა, რაც არ უნდა დიდი მინიშნებანი და წინაპირობანი მას ჰქონოდა. ასე თავმოყრითად, შემოკრებითად მაინც კლიმენტი ალექსანდრიელის სახელს განეკუთვნება ყოველივე იმის დაფუძნება, რაც გულისხმობს ჭეშმარიტი ცოდნის, წმინდა ცოდნის განმარტებითი წესით ჩვენს წინაშე წარმოჩენას, თუ რა არის ეს ცოდნა, რას უნდა ვესწრაფოდეთ და რა არის ღირსება ცოდნისა. და ეს აღმატებული ცოდნა კლიმენტის სწავლებით გულისხმობს აუცილებელ მჭვრეტელობას, ხედვას, რისი წინაპირობაცაა სრული განშორებულობა გრძნობადობისგან.

180–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=MKFBP5jAVcQ

 

კლიმენტი ალექსანდრიელის მოძღვრება ცოდნის შესახებ (მეოთხე ნაწილი). აქვე კლიმენტის სწავლება ზოგასაგანმანათლებლო საგნების შესახებ

ჩვენი ბოლო საუბრები ეხებოდა საღვთო, მართლმადიდებლური ცოდნის შესახებ კლიმენტი ალექსანდრიელის სწავლებას. წინა საუბრის დასასრულს ჩვენ ის გზაც, ის ხაზიც ორიოდე სიტყვით მოვიხსენეთ, რაც საეკლესიო ტრადიციაში, ეკლესიის ისტორიაში უდიდეს მოძღვართა შორის მკვეთრად გამოხატულია საღვთო ცოდნის შესახებ მათი სწავლებების მხრივ, რომ ეს ერთი ხაზის სხვადასხვა განშოტოებაა, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, სხვადასხვა გამობუტკოვებაა, მაგრამ არსი და ღერძი ერთია და კლიმენტი ალექსანდრიელის მნიშვნელობა სწორედ იმაში ცნაურდება, რომ ამ დიდი ღერძის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი, ფუძე, შემკრებელობითი სისტემური კუთხით, მიუხედავად იმ დიდი წინაპირობებისა, რაც ამ თვალსაზრისით მას ჰქონდა, მაინც სისტემური წესით შემოკრებითი თვალსაზრისით სწორედ მას განეკუთვნება პატივი იმისა, რომ სწავლებანი, განმარტებანი იმის შესახებ, თუ რა არის საღვთო ცოდნა, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლური ცოდნა ღვთის შესახებ და მცოდნებითი გზა რწმენიდან მოსული ადამიანებისა როგორ სრულყოფს ჭეშმარიტების შემეცნებაში მათ, აი ეს ყოველივე სწორედ კლიმენტისგან, და მის შრომებს შორის ყველაზე უფრო მთავარიდან – “სტრომატადან”, გვესწავლება ჩვენ დღესაც.

ბოლოს წინა საუბარში შევჩერდით იმაზე, როდესაც ავღნიშნავდით, რომ კლიმენტის სწავლებით აღმატებული ცოდნა აუცილებლად გულისხმობს მჭვრეტელობას, ხედვას, ხილვას, რისი წინაპირობაცაა სრული განშორებულობა გრძნობადობისგან. “სტრომატას” VII წიგნში კლიმენტი ამბობს: “უკვე კორიფე (ეს სიტყვა, რომელიც უთარგმნელად გვაქვს ჩვენ დატოვებული კლიმენტის შესაბამისი სიტყვების თარგმნისას, მოგეხსენებათ ქართულში არსებული სიტყვაა, მაგრამ შესაძლოა ყველასთვის არ იყოს ცნობილი, რომ ის თავისი წარმომავლობით ბერძნული ტერმინი გახლავთ. არის ასეთი ბერძნული ფორმა “კორიოფაიოს”, რაც ნიშნავს მთავარს, თავში მყოფს. ამ შემთხვევაში ეს სიტყვა ჩვენ მოხმობილი გვაქვს ზედსართავი სახელის მნიშვნელობით და იგი აღიქმება მცოდნესთან შეწყვილებაში. ე.ი. მცოდნეთა შორისაც ხარისხებია, რა თქმა უნდა, და ყველაზე უფრო აღმატებულ მცოდნეს ნიშნავს აღნიშნული ტერმინი) მცოდნე ლოცვას აღავლენს, რომ აღაორძინოს მჭვრეტელობა და დაიმკვიდროს თვითონვე მასში”.

VI წიგნის 61-ე ქვეთავში კლიმენტი ასეთ სწავლებას გადმოგვცემს: “ამიერიდან კი საჭიროა, რომ მჭვრეტელობის მარადიულ და უცვლელ გვარად გაიწვრთნას ცოდნა ან სიბრძნე”. ე.ი. ის ცოდნა, ანუ ის სიბრძნე, რომელიც მოიპოვა პიროვნებამ ღვთის შეწევნითა და პირადი ძალისხმევით და პირადი ღვაწლით, ჩვევაში უნდა გადავიდეს, მარადიულ და უცვლელ გვარად, ანუ ურყევ თვისებად უნდა ჩამოყალიბდეს.

რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში ტერმინ გვარით გადმოვცემთ ბერძნულში ეს გახლავთ გადმოცემული ასეთი ტერმინით – “ჰექსის”. აღნიშნული ტერმინი ჩვეულებრივ გაიაზრება მეორე, შედარებით უფრო ფართოდ ცნობილ ბერძნულ ტერმინთან პარალელში. ეს მეორე ტერმინი გახლავთ “დიათესის”. ე.ი. “ჰექსის” მნიშვნელობა ჩვენ რომ გავაცნობიეროთ, უფრო მართებული იქნება თუ მას მოვიხმობთ თავის პარალელში ან, შეიძლება ითქვას, ანტიპარალელში, როგორიცაა ტერმინი “დიათესის”. ორივე მათგანი გარკვეულ თვისობრიობას აღნიშნავს ბერძნულში და ორივე შემთხვევაში არის არა თანდაყოლილი თვისება, არამედ შეძენილი თვისება. “ჰექსის”- იც შეძენილი თვისებაა და “დიათესის”- იც შეძენილი თვისებაა, ანუ არა თანდაყოლილი. ე.ი. გარკვეული ძალისხმევით შეძენილი თვისებაა ორივე. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ “დიათესისი” არის მსწრაფლწარმავალი და არა საფუძვლითურთ შეთვისებული, ხოლო “ჰექსისი” არის ისეთი თვისება, რომელიც მართალია თანდაყოლილი არაა და შეთვისებულია, მაგრამ იმდენად მყარადაა შეთვისებული, რომ უკვე აღარ ამოიძირკვება. აი ამგვარი თვისებაა ის, რასაც ჩვენ ახალქართულად ჩვეულებრივ ჩვენს ზოგ თარგმანში გადმოვცემთ ტერმინით “ნათვისობა”, ე.ი. არა ისეთი თვისება რომელიც თანდაყოლილია, არამედ ნათვისობა, ანუ თვისება რომელიც შევითვისეთ. “ნა” წინსართი იმასაც ცხადყოფს, რომ ჩვენში ის წარსულ დროშია ანუ იმდენადაა შთანერგილი, რომ თუ შევითვისეთ აღარ გვახსოვს, ანუ ჩვენს სისხლხორცეულ თვისებადაა ქცეული. აი ამ ტერმინ “ნათვისობას” ვიყენებთ ჩვენ დღევანდელ დღეს ახალ ქართულში მის შესატყვისად. ხოლო რაც შეეხება ძველ ქართულ შესატყვისებს, ამ მხრივ “ჰექსისი” ქართულად თარგმნის ისტორიის შესწავლა ძალიან საყურადღებოა. ჩვენ წერილობით გამოქვეყნებულიც გვაქვს ამ ტერმინთან დაკავშირებით ვრცელი ანალიზი, თუ როგორ თარგმნიდნენ მას სხვადასხვა ეპოქაში. ყველაზე უფრო სიმპტომატური და მნიშვნელოვანი შესატყვისები გახლდათ მაგალითად “ანაგები”. ეს ტერმინი ყველაზე უფრო გაბატონებული ჩანს XI ს-ის მიწურულიდან, ერთ-ერთი პირველ დამამკვიდრებელი ამ ტერმინისა გახლავთ ეფრემ მცირე, შემდეგ მას ვხვდებით არსენთან გელათურ სკოლაში, იოანე პეტრიწთან, და “ანაგები” დღეს თუ რაღაც აგებულის გაგებით მოიაზრება მსმენელისგან, ძველად ანაგები ნიშნავდა მყარად შთანერგილ, გასისხლხორცეულებულ თვისებას, ანუ სისხლხორცეულად გათავისებულ თვისებას. თუმცა “ანაგები”, როგორც სიტყვა ქართულში ეფრემ მცირემდეც გვხვდება, რა თქმა უნდა, მაგრამ “ჰექსისის” მნიშვნელობით იგი გამოკვეთილად ჩვენ ეფრემ მცირის დროიდან გვაქვს XI ს-ის მიწურულიდან. მაგრამ გარდა “ანაგებისა” ამავე “ჰექსისის” შესატყვისად თუნდაც იმავე ეფრემ მცირესთან ჩვენ გვაქვს აგრეთვე ტერმინი “გვარი”, რაც ჩვენ წინამდებარე თარგმანში გვაქვს სწორედ დამოწმებული. გვხვდება აგრეთვე “ჩუეულებაი”, “წესი” და სხვა, მაგრამ გამოკვეთილად მაინც ტერმინი “ანაგები” და ასევე გამოკვეთილია საკმაოდ ცალკეულ ძეგლებში ტერმინი “გვარი”, რომელიც მოხმობილი გვაქვს ამ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა, - როგორც კლიმენტი გვეუბნება, ცოდნა ან სიბრძნე მჭვრეტელობის მარადიულ და უცვლელ გვარად (“თვისებად”, “ნათვისობად”, “ანაგებად”) გაიწვრთნეს, ანუ ისე უნდა შემოვიდეს ჩვენში ეს ცოდნა (რა თქმა უნდა, ცოდნა შეძენილია და ამიტომაა ის “ჰექსისი”, ანუ შეძენილი თვისება, ნათვისობა), რომ ის ჩვენთვის სისხლხორცეული და ჩვენგან უკვე ამოუძირკველი გახდეს იგი. ამაზეა ხაზგასმა კლიმენტისგან.

ჩვენ აქ შეიძლებოდა ერთ საკითხსაც შევხებოდით, კერძოდ თუ რა როლს განუკუთვნებს კლიმენტი ალექსანდრიელი ცოდნის შეძენაში, ზოგადად განსწავლულობის მიღებაში, იმ დისციპლინებს, რასაც დღესაც ზოგადსაგანმანათლებლო საგნები ეწოდება და ძველადაც დაახლოებით ამ სახელწოდებით განისაზღვრებოდა, ეწოდებოდა რა მათ ენციკლური სწავლებანი. ბერძნული “ენკიუკლიუს” და ლათინური “ენციკლუს” ნიშნავს წრიულს, მრგვლივს ანუ, როგორც რამდენიმე ძეგლშია ეს ტერმინი ქართულად თარგმნილი  - “მრგვლიადმოსავლელს”, იგივე ზოგადსაგანმანათლებლოს. არა დაკონკრეტებითად რაღაც ერთი სპეციფიკური და დასპეციალებითი გეზით, არამედ ზოგადი, წრიული, გარემომცველობითი და გარემოვლითი მიზანდასახულობის მქონე საგნები. აი ესენია ზოგადსაგანმანათლებლო ანუ იგივე ენციკლური დისციპლინები. მოგეხსენებათ ძველად სადაც მწიგნობრული სტილის სასწავლებელი იყო, ეს ენციკლური საგნები, როგორც არაქრისტიანულ სკოლებში, აგრეთვე ქრისტიანულ სკოლებშიც აუცილებლად შეისწავლებოდა, იქნებოდა ეს ასტრონოია, გეომეტრია, მუსიკა, მათემატიკა, ფიზიკა, ზოგჯერ იურესპრუდენცია, ზოგჯერ სამედიცინო ხელოვნება, სამხედრო ხელოვნება თუ სხვა. ზოგიერთი მათგანის შესახებ კლიმენტის, ისევე როგორც მასზე ნახევარი საუკუნით უმცროს მოღვაწეს – წმ. გრიგოლ ნეოკესარიელსაც (ამ მოღვაწის შესახებ როდესაც გვექნება ქრონოლოგიურად საუბრები მაშინ ამ საკითხს დეტალურად შევეხებით) მსგავსი აღმატებითი შეფასებანი აქვთ მოცემული ენციკლური დისციპლინების თაობაზე. ავიღოთ მაგალითად ასტრონომია. ასტრონომიასთან დაკავშირებით კლიმენტი აღნიშნავს: “ასტრონომიის გზით გონებრივად დედამიწიდან ზევით ადის ადამიანი, მაღლდება იგი ცამდე, თანამიმოიქცევა წრებრუნვებში და მარადიულად იმეცნებს როგორც საღვთო საიდუმლოებებს, ასევე სამყაროს ურთიერთშეწყობილობას” (“სტრომატა”, VI წიგნი). ვფიქრობთ ძალიან აღმატებული შეფასებაა ასტრონომიისა. დაახლოებით ათი ქვეთავის შემდეგ კლიმენტი კვლავ ასტრონომიის შესახებ ამბობს: “ყოველივე იმის შესწავლით, რაც ეხება ზეციურ სხეულებს, აგრეთვე ყოვლიერების აღნაგობას, ცის ბრუნვასა და ვარსკვლავთა მოძრაობას, უფრო ახლოს მიჰყავს მას (ე.ი. ასტრონომიას) სული შემოქმედ ძალთან”.

ვფიქრობთ მრავალგზის ჩვენგან განმარტებული კვლავ აღარ საჭიროებს განმარტებას, რომ აქ ასტრონომიაში მხოლოდ ის ნაწილი იგულისხმება მეცნიერებისა, რაც ფაქტობრივად დღესაც გაიგება ამ დისციპლინაში, ანუ ფიზიკური ბუნებისმეტყველებითი ნაწილი ასტრონომიისა და არა, რა თქმა უნდა, ასტროლოგიური რამ გაგებანი, რაღაც ბედისწერული, ბედისმკითხაობითი მოძღვრებანი. ერთადერთი მიზანდასახულობა ასტრონომიისა ეს არის ზეციურ სხეულთა ბუნებითი აგებულების შესწავლა. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ჩვენ ხილულ სამყაროს, უფრო მეტად იმატებს ჩვენში საღვთო განკვირვება, შემოქმედის თვალმიუწვდენელი ძალმოსილებისა და სიბრძნის შესახებ, რომ ესოდენ აღმატებული და ურთიერთთანაშეწყობილი და კანონზომიერი სამყარო შექმნა მან. ზეცისკენ ავიხდებით, როგორც კლიმენტი ამბობს, ასტრონომიის შესწავლით და ამავე დროს ეს სასარგებლოცაა ამქვეყნად ადამიანის ყოფითი ცხოვრებისთვის, იმიტომ, რომ ვარსკვლავებზე დაკვირვება, რაღაც ჩამოყალიბება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, გარკვეული კანონზომიერებებისას ადამიანს ასწავლის, თუ როდის უნდა იყოს თესვა, მკა და ა.შ. რაც მრავალი ღვთისმეტველის მიერ არის ხაზგასმული. მზის ციკლების შესწავლა ჩვენ წელიწადის მოვლენების და წელიწადის სეზონური ურთიერთმონაცვლეობის შესახებ ცოდნას გვაწვდის, ისევე როგორც მთვარის ფაზების შესწავლა და სხვა. ე.ი. ამით იფარგლება ასტრონომიის ღირსება, როგორც ინფორმატიული რამ დისციპლინა, მაგრამ კლიმენტი ამას უმატებს, როგორც ვხედავთ, ფაქტობრივად ზნეობრივ მონაცემს, სულიერ მონაცემს, რომ ასტრონომია ზევითკენ აგვახედებს ჩვენ, და რამდენადაც სიმბოლურად (ბუნებითად ღმერთი უსასრულოდაა ყველაფრისგან და ამავე დროს ყველაშია მოქმედებითად. მაგრამ მდებარეობითად, ასე რომ ვთქვათ, ის ადამიანისგან განუსაზღვრელია, უსასრულობაა და მდებარეობა როგორც ასეთი მას არც აქვს, ზემდებარეა, მაგრამ სომბოლურად მაინც ასე ითქმის) ღმერთი ზევით არის, ასტრონომია ზევითკენ, ანუ სულიერად ღვთისკენ, სულიერი ზენასიმაღლისკენ აგვახედებს იგი, გარდა იმისა, რომ ყოფითად ზევითკენ ავიხედებით და ეს იგივე ღვთსკენ თვალის აღპყრობაა. მაგალითად პარალელსაც იშველიებს კლიმენტი, როდესაც ამბობს, რომ სწორედ ცის ჭვრეტამ მიიყვანა აბრაამი საღვთო ცოდნასთან. იგი ამბობს: “შემდეგ კი აღიხილა მან ცისკენ, შეიცნო ღმერთი, უმჯობესი შესაქმეზე და მის ყოველგვარ წესზე. მიიღო (აბრაამმა) ცოდნა ერთი და მხოლო ღვთისა”. სხვაგან კლიმენტი ამბობს: “ციურ სხეულთაგან აღძრული აბრაამი შემოქმედის ცოდნამდე ამაღლდა” (“სტრომატას”  VI წიგნის მე-80 ქვეთავი). კიდევ სხვა ადგილას ნათქვამია: “აბრაამი ციურთა ჭვრეტიდან ღვთის რწმენამდე მივიდა”.

ეს რაც შეეხება საკუთრივ ასტრონომიას. დაახლოებით იმავეს ამბობს კლიმენტი გეომეტრიასთან დაკავშირებით. არა ამ შემთხვევაში აუცილებლად ზეახედვისკენ, არამედ აბსტრაქტულობისკენ გონების მიდრეკას, სხეულობისგან და ნივთიერებისგან არანივთიერისკენ მისი გონების გადანაცვლებას, ამას ძალიან მნიშვნელოვნად თვლის და ამბობს: “გრძნობადთაგან გონებითისკენ გადაგვიყვანს გეომეტრია. გეომეტრიის მიერ ადამიანი არსებას ჭვრეტს თავისთავად, რითაც იგი ეჩვევა სხეულთაგან განსხვავებული უცვლელი არსის მოაზრებასაც”. ე.ი. სხეულის გარეშე რომ არსებობა სუფევს, აი ამისადმი ჩვევას ნერგავს ჩვენში გეომეტრია, რომელიც მართლაც ნივთიერებას განიხილავს, მაგრამ ნივთიერებას სწავლობს ნივთიერებისგან განზოგადებული არანივთიერი კანონზომიერების კვალობაზე და ამ გზით ნივთიერიდან არანივთიერისკენ მიუძღვის ჩვენს გონებას.

ჩვენ შეიძლებოდა სხვა ენციკლურ სწავლათა შესახებაც ასევე კლიმენტის თვალსაზრისები მოგვეტანა, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ფილოსოფიის შესახებ კლიმენტის შეხედულება და იმ კავშირის შესახებ, რაც არსებობს ფილოსოფიასა და ცოდნას შორის. და თუ დიალექტიკა, ასტრონომია და გეომეტრია ადამიანს ათავისუფლებს, როგორც კლიმენტი ამბობს, გრძნობადობისგან და გონისეულთა ანუ გონებითთა ანუ სულიერთა, არამატერიალურთა შესაცნობად აღძრავს მას, შესაბამისად ეს საგნები კლიმენტის განმარტებით საფუძველს უმზადებს ფილოსოფიას. ხოლო ფილოსოფია, ასევე კლიმენტის განმარტებით, თავის მხრივ არის ქვესაფეხური ცოდნისა. ე.ი. რაღაც ასეთი მიმდევრობანია მასთან წარმოსახული, რომ ცოდნის მოპოვების გზაზე ქვემოთ არის. პირველი საფეხურია ენციკლური საგნები, ენციკლური საგნები საფუძველს უმზადებენ და ეს უკვე მეორე საფხურია, ფილოსოფიას და მესამე და ყველაზე მაღალია საკუთრივ ცოდნა, საღვთო ცოდნა.

თუ შევაჯამებთ პირველ ორ საფეხურს ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ კლიმენტის მოძღვრების თანახმად ენციკლური სწავლებანი და ფილოსოფია ქრისტიანს ამზადებს ცოდნის ანუ სულიერ, გონისეულ არსთა ჭვრეტის, მჭვრეტელობითი მეცნიერების დასაუფლებლად. და საკუთრივ ცოდნის მოპოვება, კლიმენტის განმარტებით, იგივეა რაც ადამიანის გულმოდგინე მცდელობა, მისი გარჯა, რომ იგი იყოს ღმერთი. ზუსტად ეს სიტყვები აქვს კლიმენტის თქმული, რომ ადამიანის მთელი ეს საღვთო მოღვაწეობა, მთელი ეს ღვთიური გზისგან განუდრეკელი წინსვლა, ანუ ცოდნის მოპოვების წინსვლითი პროგრესი გვირგვინად და შედეგად ჰპოვებს იმას, რომ ასეთი ადამიანი იქნება ღმერთი, რომ ადამიანი ესწრაფვის იმას, რომ იყოს ღმერთი. ჩვენ ამ შემთხვევაში ზედმიწევნით გადმოვცემთ ორიგინალის აზრს, სადაც ნათქვამია: “ეინაი თეოს”, სადაც “ეინაი” არის ყოფნა, ხოლო “თეოს” ღმერთი, ანუ “ყოფნა ღმერთად”. აქ იგულისხმება მხოლოდ განღმრთობილობა, მადლით განღმრთობილობა, მადლით ღმერთად წოდება ადამიანის, რომ ყველა წმინდანი, სასუფევლის მკიდრი მადლით, რა თქმა უნდა და პირობითად, ღმერთად იწოდება, ისევე როგორც ყველა წმინდა ანგელოზი. ე.ი. ჭეშმარიტი მცოდნე, როგორც ნამდვილი ხატი ბუნებითი მცდონისა, ანუ ბუნებითი მოძღვრისა, ანუ თავად მაცხოვრისა იესო ქრისტესი მადლით უკვე, კლიმენტის მითითებით, ღმერთია. ამ სწავლებას კლიმენტი შემდეგი სიტყვებით გადმოსცემს: “იგი (ვინც განღმრთობის გზაზე დგას და ვინც განღმრთობის მწვერვალს მიაღწევს) სავსებით სრულ იქმნება ხატად მოძღვრისა და ხორციელად მიმოდის ღმერთი”. ე.ი. იმდენად განიღმრთობა, რომ ის სულიერად და მადლისმიერად უკვე განღმრთობილია. მართლაც წმინდანები ამქვეყნადვე განღმრთობილობას არიან უკვე ზიარებულნი. რა თქმა უნდა, დამკვიდრებულნი არ არიან განღმრთობილობაში, იმიტომ, რომ განღმრთობის გზაზე დგანან, მაგრამ მოიპოვეს რა განღმრთობილობის მადლი და მთელი თავისი მოღვაწეობით განიმტკიცეს იგი თავის თავში, თუ ამავე ღირსებაში და ამავე სულიერ სიმაღლეში აღესრულნენ, რა თქმა უნდა, ისინი მადლით ღმერთებად იწოდებიან. აი ეს აზრია გამოხატული კლიმენტის სიტყვებში, რომ ყველა ის ჩვენგან სათაყვანო კანონიზებული წმინდანი ამ ცხოვრებაშივე იმკვიდრებს, რა თქმა უნდა, წმინდანობას და არა ის, რომ გარდაცვალების შემდეგ იგი კიდევ იმოღვაწევებს და შემდეგ ეზიარება წმინდანობას. წმინდანობა დამსახურებულია ამ ცხოვრების ღვაწლით და შესაბამისად ამ ცხოვრების ღვაწლით წმინდანობამდე მისული პიროვნება ჩვენს შორის, იმ ადამიანთა შორის, რომლებიც შედარებით უფრო დაბალ საფეხურზე ვმყოფობთ, ჩვენთვის ისინი განღმრთობილობის ნიმუშნი არიან, ანუ ჩვენ შორის ისინი ხორციელად მიმოდიან როგორც ღმერთნი, კვლავ აბსლუტური პირობითობით ამ ტერმინისა, რაზეც, თავისთავად ცხადია, განმარტება ზედმეტია. “და ამგვარად ღმერთქმნილი ადამიანისთვის, - ამბობს კლიმენტი, რა არის ყველაზე არსებითი? მისთვის არსებითი და ნიშანდობლივია ღვთისებრ მარადიული აზროვნება”. ის რისი წარმავალი წინასახეცაა ამქვეყნიური მდგოამრეობა, როდესაც განწმენდილი, გამორჩეულნი პირნი, წმინდანობის ღირსების ამქვეყნიდანვე საკუთარ თავში დამამკვიდრებელნი, მთლიანად მიცემულნი არიან ღვთიურობას, ზეციურ ჭეშმარიტებას, განშორებული აქვთ ამქვეყნიური დაცემულობანი, უძლურებანი, ვნებანი და შესაკუთრებულნი არიან რა საღვთო ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტების კვალობაზე, როგორც მოაზროვნენი, მარადიულად აზროვნებენ, თავისთავად ცხადია, მაგრამ მარადიულად აზროვნებენ სწორედ ჭეშმარიტების შესახებ, იმქვეყნად უკვე ეს მათი მუდმივი სამოღვაწეო და მუდმივად გაძლიერებადი და მზარდი სამოღვაწეო ასპარეზია და სამოღვაწეო გამოხატულებაა. მოღვაწეობის ერთადერთი სახეობა, რაც იმქვეყნად, სასუფეველში დამკვიდრებულ წმინდანებს ესადაგებათ ესაა ღვთისა და ჭეშმარიტების შესახებ მარადიულად აზროვნება, მარადიული ჭვრეტა ჭეშმარიტებისა. ამას კლიმენტის სახისმეტყველებით მოასწავებს მღვდელმთავრის შესვლას წმიდათა-წმიდაში. წმიდათა-წმიდა, როგორც სასუფეველი, უწმიდესი წიაღია და იქ შესული მღვდელმთავარი იმის მომასწავებელია, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. სწორედ წმიდათა-წმიდაშია სჯულის კიდობანი და აქ შესვლა ესაა მდგოამრეობა მცოდნეობითი სულისა, სჯულის კიდობანი ყოველი საუფლო საიდუმლოს საუნჯეა და აქ შესული პიროვნება ივსება განუძღომელი მჭვრეტელობით. ტერმინი “განუძღომელი” გახლავთ უაღრესად საყურადღებო გამონათქვამი, რაც ბერძნულად გამოითქმის ტერმინით “აკორესტოს”. ჩვენ ვხედავთ, რომ კლიმენტი ამ გამონათქვამით გამორიცხავს ზეციური ჭეშმარიტებით და ამ ჭეშმარიტების ჭვრეტით განძღომას, რაც შემდეგში უდიდესი საფრთხე გახდა სწორედ ორიგენესთვის. თუ გაძღომა ბერძნულად არის გამოხატული ტერმინით “კოროს”, “განუძღომელობა” გამოიხატება ტერმინით “აკორესტოს”, ანუ განუძღომელი. ეს სწავლება და ამ ტერმინზე ხაზგასმა უდიდესი მნიშვნელობისა ხდება საეკლესიო ღვთისმეტყველებაში ორიგენისტული ცდომილების აღმოცენების შემდეგ, რის თანახმადაც (ე.ი. ორგენეს ცდომილების თანახმად) ზეციური სამყაროდან ერთ-ერთი ანგელოზის დაცემა მოხდა სწორედ თითქოსდა მის მიერ ზეციური სიკეთის ზედმეტად მიღების, ზეციური სიკეთით განძღომის შედეგად. სწორედ ორიგენისტული ერესის უარსაყოფად მოგვცეს ჩვენ კაბადოკიელმა მამებმა (განსაკუთრებით წმიდა გრიგოლ ნოსელმა) უცდომელი სწავლა იმის შესახებ, რომ ზეციურ წიაღში არ არის ერთფეროვნება, არამედ არის მარადიული წინსვლა, მარად ახალ-ახალი მშვენიერებებისა და ახალ-ახალი სიკეთეების, უფრო და უფრო აღმატებული სიკეთეების აღმოჩენა და რომ სული რომელიც განუხრელად ისწრაფვის ღვთისკენ, არა უბრალოდ ისწრაფვის, არამედ მარადიულად მზარდი ძლიერებით ისწრაფვის ახალ-ახალ სიკეთეთა შესამეცნებლად. ანუ იქ არის განუძღომელობა მდგომარეობისა, სადაც სიახლენია მარადიულად, რა თქმა უნდა, იქ განუძღომელობაცაა, და ამიტომ ორიგენისტული საფრთხე განძღომისა და დაცემისა, რა თქმა უნდა, ეკლესიური სწავლებით შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ორიგენეზე უფრო ადრეც კლიმენტი ალექსანდრიელი, ფაქტობრივად, წინდაწინვე განაკრძალებს ანუ განარიდებს ჭეშმარიტ ქრისტიანს იმ ორიგენისტული ერესისგან, რაც შემდეგ ძალიან გამოკვეთილი და გავრცობილი ხდება, რომ ზეციური სიკეთით განძღომა შეუძლებელია, რომ ესაა განუძღომელი მდგომარეობა, განუძღომელი მჭვრეტელობა ზეციური ჭეშმარიტებისა.


181–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=SPF_HlmPQSY

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

 

 

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 17 October 2016 11:30)