182–183

ცხოვრება და მოღვაწეობა

პირველი ნაწილი

ჩვენ წინა საუბრებში შევეხეთ ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს და მოაზროვნეს, დიდ ქრისტიან ფილოსოფოსს კლიმენტი ალექსანდრიელს. დამაბოლოებელ ნაწილად, მართალია მცირედით შეკვეცილი, მაგრამ მაინც ყველაზე არსებითი კუთხით, ციტატობრივად გამოკვეთილი სწავლება კლიმენტი ალექსანდრიელისა ცოდნის შესახებ უკვე წარმოდგენილი იყო. დავაბოლოვეთ ეს სწავლება კლიმენტი ალექსანდრიელის ერთ-ერთ ციტატაში მკვეთრად ხაზგასმული, უაღრესად მნიშვნელოვანი სწავლებით, ზეციური სიკეთის განუძღომელობის შესახებ და ბუნებრივად გადაება ჩვენი მსჯელობა წინა საუბარში ამ ერთ-ერთი ცენტრალური მართლმადიდებლური სწავლების უარმყოფელ ორიგენისტურ გაუკუღმართებას, თითქოსდა ზეციური სიკეთით განძღომის შესაძლებლობის შესახებ. მაგრამ ეს პერსპექტივა, უფრო სწორად უკუ სვლა ჭეშმარიტი მოძღვრებიდან [1]გაუკუღმართებამდე, რაც ცალკეულ ალსპექტებში მკვეთრად შესამჩნევია კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებსა და ორიგენისტულ ძეგლებს შორის, თავის დროზე ჩვენგან დეტალურად იქნება განხილული, თუმცა აუცილებლად წინ უნდა წაემძღვაროს ამ გაუკუღმართებათა ავტორის, ამ გაუკუღმართებათა შემოქმედის საკუთრივ ორიგენეს  პიროვნების შესახებ მცირედი წინასიტყვაობა.

ორიგენე შეიძლება ითქვას ცხოვრებით გადაება კლიმენტი ალექსანდრიელს. მან არამხოლოდ მოძღვრებით ქრონოლოგიურად გააგრძელა და ზოგან ჭეშმარიტად შეინარჩუნა კლიმენტისეული სული, რომელიც ზოგან წარმატებულჰყო კიდეც, მაგრამ დიდწილად გააუკუღმართა, არამედ ცხოვრებაშიც თითქოსდა შეენაცვლა იგი კლიმენტის, როდესაც ჩვენი წელთაღრიცხვით 202 წელს კლიმენტი ალექსანდრიელი [2]დევნულობის გამო განერიდა რა ალექსანდრიას და შესაბამისად ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლას, რომლის წინამძღვრადაც კლიმენტი იყო დადგენილი, მას ამ მეწინამძღვრეობით თანამდებობაზე შეენაცვლა სწორედ ორიგენე. ეს ორიგენეს მხრიდან გახლდათ ჭეშმარიტად ღირსეული ნაბიჯი, ღირსეული მოქმედება, რადგან იგი უშიშრად წინაღუდგა დევნულობას, არ განერიდა მას და ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლა წლების მანძილზე შეინარჩუნა. თუნდაც ეს ფაქტი კარგად გამოკვეთს, რომ ორიგენეს პიროვნება არა მხოლოდ გაუკუღმართებათა რაღაც კრებსითი სახეა, არამედ ღირსეული ქმედებანი, ღირსებანი ამ პიროვნებაში, როგორც ცხოვრების მხრივ და მოძღვრების მხრივაც, რა თქმა უნდა, გამოკვეთილია და სახეზეა. ეს ეკლესიისგან თვით ორიგენეს სიცოცხლეშივე, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, [3]განსაკუთრებით კაბადოკიელ მამათა მოღვაწეობის დროიდან ეს ყოველივე, ე.ი. რაც ღირსებანია ცალკე გამოიყო, გამოცალკევდა გაუკუღმართებათაგან და ჩვენამდეც შემონახული გახლავთ. ამ ყოველივეს თანდათანობით უფრო განმარტებითად  მოგვიანებით აღვნიშნავთ, ეხლა კი რამდენიმე სიტყვით ორიგენეს ცხოვრებას მივუბრუნდეთ.

ორიგენეს შესახებ, ისევე როგორც კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ ძალიან ბევრი რამ ჩვენთვის უცნობია, მხოლოდ რამდენიმე ისტორიულად და ფილოლოგიურ წყაროთმცოდნეობითი ასპექტით დამტკიცებული თარიღობრივი მაჩვენებელი შეგვიძლია გამოვყოთ, რამდენიმე მოვლენა რაც უეჭველია, მაგრამ დიდი წილი ფაქტებისა სამწუხაროდ ჩვენთვის დღეისათვის უცნობია, რადგანაც ის პირველწყაროები, სადაც ორიგენეს ცხოვრება დეტალურად იქნებოდა გადმოცემული დაკარგული გახლავთ. არადა ოროგენე ერთ-ერთი პირველ ავტორთაგანია, რომლის შესახებაც არაერთი ბიოგრაფიული წყარო [4]არსებობდა. პირველ ავტორთაგანია იმიტომ, რომ არც კლიმენტის შესახებ, არც აპოლოგეტთა შესახებ, ე.ი. ეკლესიის მამათა შორის უადრესი ეპოქის არცერთი წარმომადგენლის შესახებ რაიმე გამოკვეთილად ცხოვრებისეული ტიპის ძეგლი მის სიცოცხლეშივე, ანდა უშუალოდ მისი გარდაცვალების ჟამს დაწერილი, ჩვენ არათუ არ მოგვეპოვება, ცნობაც კი არ გვაქვს ასეთი რამ თუ არსებობდა. მაგრამ ორიგენეს იმ მართლაც განუზომელმა ავტორიტეტმა, რაც მას სიცოცხლეშივე ქონდა, განაპირობა და ნიადაგი შეუმზადა იმ ფაქტს, რომ ბიოგრაფიული აღწერილობანი უკვე საეკლესიო ისტორიაში გამოჩნდება, რომ პიროვენება რომელიც ამ ფაქტებით თავის სიცოცხლეში უაღრესად ავტორიტეტული გახდა, დავიწყებული არ გახდეს შთამომავლობისთვის. ე.ი. მიზანდასახულობა, აზრი ამგვარი ბიოგრაფიული აღწერილობებისა უაღრესად კეთილშობილური გახლდათ. რა თქმა უნდა, ბიოგრაფი ყოველთვის ვერ დგას იმ სიმაღლეზე, რომ გააცნობიეროს [5]სრული სიღრმით ჭეშმარიტება თუ არაჭეშმარიტება, ცალკეული ხარვეზები შეამჩნიოს იმ პიროვნების მოძღვრებაში, რომლის ცხოვრებასაც აღწერს. ჩვენ ხშირად გვაქვს მაგალითი იმისა, რომ ბიოგრაფი ჩვეულებრივ ზოგად განწყობას მიჰყვება, აღტაცებულია ამა თუ იმ პიროვნებით და რამდენადაც მას შეუძლია პირუთვნელი და ობიექტური ისტორიულ ანუ ცხოვრებისეულ სურათს გვაწვდის. თუმცა ბიოგრაფი, შესაძლოა ვალდებულია, მაგრამ ზოგჯერ არ არის აღმატებული იმდენად, ვერ არის იმ დონეზე, რომ მართლაც საღვთისმეტყველო თვალით განჭვრიტოს იმ პიროვნების მოძღვრება, რომლის ცხოვრებასაც აღწერს. ალბათ ასეთი შემთხვევა გვაქვს ჩვენ ორიგენესთან დაკავშირებით, თუმცა რამაც განაპირობა განსაკუთრებული ინტერესის აღძვრა მისდამი ეს ცხადია. ორიგენე როგორც მოღვაწე, ქრისტიანობისთვის თავდადებული, თავისი ცხოვრების წესით სრულიად გამორჩეული მრავალთაგან, ამავე დროს როგორც პედაგოგი ჭეშმარიტად [6]უებრო, უბადლო, რომელსაც როგორც პედაგოგს შეიძლება ითქვას ზღვარგადასული ქებადიდებაც კი უძღვნა ისეთმა დიდმა საეკლესიო მოღვაწემ, როგორიც გახლდათ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი. აი ეს შტრიხები მისი პიროვნებისა განაპირობებდა იმ დიდი და შთამბეჭდავი ხატის შექმნას ორიგენეს პიროვნებისას რამაც არა მხოლოდ მის სიცოხლეში შეინარჩუნა თავი, არამედ მთელი სამი საუკუნის მანძილზე საეკლესიო ისტორიაში კვლავაც გამოკრთებოდა. ორიგენეს გარკვეული ღირსებანი, ხელმეორედ აღვნიშნავთ, დღესაც, რა თქმა უნდა, შესამჩნევია, ის ღირსებანი, რომლებიც თავის დროზე ეკლესიურმა მართლმკვეთელობამ მთელი თავისი მოცულობით ცალკე გამოჰყო უკეთური ნაწილისგან, შეამჩნია ეს ღირსებანი და არ დაუკარგა საეკლესიო ისტორიას.

ორიგენეს დაბადების წელი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უცნობია. დაახლოებით ივარაუდება, რომ ის II საუკუნის 80-იან წლებში უნდა დაბადებულიყო. [7]კვლავ აღვნიშნავთ, ბიოგრაფიული წყაროები რაც ორიგენეზე არსებობდა რომ შემონახულიყო ჩვენამდე ალბათ გაცილებით მეტი გვეცოდინებოდა თუნდაც მისი ოჯახის შესახებ. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი სარწმუნოებრივი მიმართულების მქონე ოჯახი იმ პერიოდში როდესაც წარმართობა იყო ნორმა, სახელმწიფოში ცხოვრების წესი და ტრადიციული ქრისტიანული ოჯახები ჩვეულებისამებრ არ არსებობდნენ. აი ასეთ დროს ორიგენეს ოჯახი გამორჩეული გახლდათ, რადგანაც მისი მშობლები ქრისტიანები იყვნენ, მამამისი შეპყრობილიც იყო ქრისტიანული აღმსარებლობისთვის და ორიგენეც უკვე ამ მომენტში იმდენად შემსჭვალული იყო ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომ მამას გარედან ამხნევებდა, მოუწოდებდა რომ არ დაეთმო, ემარტვილა ქრისტიანობისთვის. თვითონაც განიზრახავდა, რომ თანაშეერთვებოდა მამისეულ ღვაწლს და რომ არა დედამისის საწინააღმდეგო თხოვნა, ორიგენე შესაძლოა თავის სრულიად ახალგაზრდულ წლებში [8]მართლაც მარტვილურად აღსრულებყულიყო. ეს განსაკუთრებული საღვთო შური ქრისტიანული სარწმუნოების გულისათვის თავდადებისა, რაც ორიგენეს ცხოვრებაში აშკარად შესამჩნევია და ამის დაკარგვა მისთვის, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნებოდა, აი ეს საღვთო მოშურნეობა, რაც სამწუხაროდ შემდეგში აშკარად გაფერმკრთალდა, მხოლოდ ახალგაზრდულ წლებში შესამჩნევი არ გახლავთ. მთლად პატარაობიდანვე, როგორც ჩანს, ორიგენეს ჰქონდა გახსნილობა სარწმუნოებისადმი, ჭეშმარიტებისადმი, რადგანაც ის გადმოცემა რაც მის შესახებ არსებობს, რომ მამამისი, ქრისტიანი, ასეთი შვილის ბოძებისათვის ღმერთს მადლობას სწირავდა და ორიგენეს ყოველ ღამე მკერდზე ჰკოცნიდა, ამის დადასტურება გახლავთ. ჩვენ რამდენიმე საუბარი დავუთმეთ საკითხს იმის შესახებ, რომ შესაძლოა პიროვნება ქრისტიანულ მოღვაწეობას დიდი საღვთო მოშურნეობით იწყებდეს, დიდი გულმოდგინებით, მაგრამ გარკვეული გაუკუღმართებანი შემდეგ მას [9]თანდათანობით ჩამოაშორებს ჭეშმარიტების გზას და სამწუხაროდ დიდწილად შემდგომში იგი უკეთურების მესაყვირე ხდება, უკეთურების მეწინამძღვრედ უხდება მას მიდევნებულ გულწრფელთა თუ მზაკვართა დიდ სიმრავლეს. ორიგენეს ცხოვრებაც ამის ერთ-ერთი ნიმუშია, თუ როგორ და რაოდენ აღვსილი იყო იგი ჭეშმარიტებისათვის ბრძოლის, ასპარეზობის წყურვილით და შესაძლოა გარკვეული კუთხით ეს მან ბოლომდე შეინარჩუნა თავის ცხოვრებაში მაინც, მაგრამ სამოძღვრო ასპექტით, რაც ალბათ კიდევ უფრო მეტად საკრძალველია, მან მრავალი გაუკუღმართებანი დაუშვა. როდესაც ვამბობთ, რომ ცხოვრების წესით მან ალბათ ბოლომდე შეინარჩუნა ის რაც სიჭაბუკეში მისთვის ძვირფასი იყო, აქ ვგულისხმობთ ორიგენეს მართლაც გამორჩეულ ცხოვრების წესს, რაც გულისხმობდა აბსოლუტურ უპოვარებას, სრულ არასმქონეობას, ფაქტობრივად იმ განდეგილობას რითაც ჩვენ IV საუკუნის დამდეგიდან  უკვე დიდ მეუდაბნოეებს ვიცნობთ, მათი ცხოვრების წესს ვეცნობით. [10]ორიგენეს არასოდეს ქონია ორი ხელი ტანსაცმელი, ფაქტობრივად ფეხშიშველი დადიოდა, სახლ-კარი ასევე არასოდეს შეუძენია, არც რაიმე ავლადიდება და ქონება ჰქონია. მთელი ცხოვრება ის იყო მომთაბარული ცხოვრების წესის მიმდევარი, მომთაბარულისა იმ გაგებით, რომ ხშირად მოგზაურობდა, რადგან ერთი ალაგი, ერთი სამკვიდრებელი არ ქონდა. გადადიოდა ადგილიდან ადგილზე და როგორც ჩანს თვითონვე თავისი თავიც ნაწილობრივ იგულისხმა იმ თავის მხრივ ძალიან შთამბეჭავ სიმბოლოში, რაც მან მოგვაწოდა ერთ-ერთ თავის შრომაში ჭეშმარიტების მაძიებელი პიროვნების შესახებ, ვინ არის იგი ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს? აი ასეთი კითხვა იგულისხმება ორიგენეს ერთ-ერთ შრომაში და ორიგენე მას შემდეგნაირად უპასუხებს, რომ ჭეშმარიტების მაძიებელი პირი არის ის ვინც ემსგავსება მარადიულ მოგზაურს, რომელსაც თავისი კარავი თავის მხარზე აქვს ტვირთული, რომელიც მიუყვება ჭეშმარიტების გზას და სადც შეაღამდება ამ ძიებათა, შეუცნობლობათა [11]გზაზე და შემეცნებათობათა გზაზე, გაშლის თავის კარავს, სულიერ კარავს ანუ მოსვენების კარავს. მსგავსად იმ მოგზაურისა, რომელიც მართლაც ძალიან შორეულ გზას ადგას. მოისვენებს რა კარავში, როდესაც სულიერი ძალები კვლავ მომძლავრდება მასში ანუ კვლავ ამობრწყინდება სურვილი და წყურვილი ჭეშმარიტების ძიებისა, მანათობელი ძალმოსილება, რომ გზა განაგრძოს მან, იგი კვლავ იტვირთებს თავის ამ სულიერ კარავს, მსგავსად მოგზაურისა და განაგრძობს სვლას წინ და ასე მუდმივად, ეს არასოდეს არ დაბოლოვდება. და რამდენადაც ნებისმიერი სახე-სიმბოლო ყოფითი მაგალითით საზრდოობს, უეჭველია, რომ ორიგენეს აი ასეთი მარადიული სულიერი მოგზაურის ყოფით სახედ შესაძლოა საკუთარი თავიც წარმოუჩნდებოდა ანდა ვინც წარმოუჩნდებობდა იმის მიბაძვით ცხოვრობდა თვითონაც ამ ქვეყნად. მიუხედავად იმისა, რომ ორიგენე გამოკვეთილად ალეგორისტი, ანუ ძველქართულად [12]სახისმეტყველებითად განმმარტებელი მოძღვარია, საღვთო წერილს სახისმეტყველებითად, ალეგორიულად, სიმბოლურად ჭვრეტს და არა პირდაპირი მნიშვნელობით უდიდესწილად, მიუხედავად ამისა მას ზოგჯერ იმდენად გამოკვეთილი პირდაპირ გაგება საღვთო წერილის ტექსტისა შეემთხვა (ასე შეგვიძლია ვთქვათ რადგან სხვა სიტყვას ვერ მოვუხმობ), რომ მან თითქმის მთელი ცხოვრება გაიუკუღმართა. აქ ყველაზე უფრო მეტად წინ დგება და წინ იწევს ორიგენეს მიერ სიჭაბუკეში ჩადენილი მძიმე ცოდვა, სახარებისეული სიტყვების აბსოლუტური ბუკვალურობით გაგებისა და პრაქტიკულად ვერ გაგების, მისი სულიერი შინაარსის ვერ შემეცნების საფუძველზე, რომ “ვინც არ გამოისაჭურისებს თავის თავს ის არ იქნება ღირსი მაცხოვრისა”. მაცხოვარი როდესაც ამგვარი სიტყვებით მიმართავს მის მიდევრებს, აქ იგულისხმება გამოსაჭურისება საკუთარი თავისა ვნებათაგან, ვნებათაგან განრიდება თავისა, განწმენდა საკუთარი ბუნებისა, [13]პიროვნებისა და მაცხოვრის კვალში შედგომა. მაგრამ გაიგო რა ეს ყოველივე ორიგენემ სიტყვასიტყვით, ბუკვალურად, მან პირდაპირი მნიშვნელობით გამოისაჭურისა თავი, რითაც სამუდამოდ დაეხშო გზა სულიერი, ანუ სასულიერო მსახურებისკენ, მღვდლობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ორიგენე ნაკურთხი იქნა მღვდლად სირია პალესტინის რეგიონში დიდი ავტორიტეტის გამო, სადაც მღვდელმთავრებიც კი მის ფერხთით ისხდნენ და მას უსმენდნენ, მიუხედავად ამისა მისი მღვდლობა ეკლესიამ არ ცნო კანონიკურად და ამ შემთხვევაში უშუალოდ მისმა მოძღვარმა, ალექსანდრიის მღვდელმთავარმა დემეტრიოსმა, რა თქმა უნდა, არ შეიწყნარა ორიგენესადმი მიცემული მღვდლობა. ამგვარი მომენტი ორიგენეს ცხოვრებაში, რასაც ჩვენ ადრე ერთ-ერთ საუბარში დაწვრილებით შევეხეთ, სხვა მოღვაწეთა ცხოვრებაშიც დადასტურებულა ანალოგიურ ქმედებათა პარალელში, უკვე მკვეთრად წარმოაჩენს იმ სამწუხარო მარცვალს რაც შემდეგში კიდევ უფრო გაღვივდება  ორიგენეს პიროვნებაში, მარცვალს ფანატიკურს, [14]ფანატიზმის ყოვლადდამღუპველ თესლს, რომელიც თუნდაც ამ ქმედებით უკვე ორიგენეს მოღვაწეობის დამანგრეველი ხდება და რასაც თავისი მრავალი წყარო აქვს, აღმოცენებითაც მრავალგანშტოებადია.

თუმცა ჩვენ ეხლა ამ საკითხს აღარ შევეხებით იმიტომ, რომ ძალიან ვრცლად თავის დროზე გვქონდა ეს ყოველივე განხილული. მხოლოდ დავაფიქსირებთ, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გამოხატულება იმისა, რომ ორიგნეს პიროვნებაში ფანატიზმი უკვე ფეხმოკიდებულია. როდესაც ორიგენე ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლის წინამძღვარი ხდება 202 წელს აქედან იწყება მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, მოღვაწეობა ჭეშმარიტად თვალსაჩინო, უაღრესად შედეგიანი და სწორედ ამ მოღვწეობით განპირობებული ხდება ორიგენეს განსაკუთრებული ავტორიტეტიც. როდესაც ვამბობთ, რომ მისი პედაგიგიური ღვაწლი მართლაც განსაკუთრებით შედეგიანი იყო, ამის ნიმუშად და ამის დასტურად [15]ალბათ იკმარებდა ისეთი სახელების ხსენებაც კი როგორებიცაა წმ. დიონისე დიდი ალექსანდრიელი, წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი საკვირველთმოქმედი, წმ. პამფილი კესარიელი, დიდი მარტვილი და სხვანი. აი ეს სამი სახელიც კი ორიგენეს უშუალო მოწაფეებისა, მისი აღზრდილებისა, რომელთაგან ერთმა, როგორც უკვე ვთქვით წმ. გრიგოლ ნეოკესარიელმა განსაკუთრებული ხოტბაც უძღვნა მას როგორც პედაგოგს, ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლის ჭეშმარიტ გამართლებად შეიძლება ჩაითვალოს.

 

182–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=QAH8Zt6lig8

 

მეორე ნაწილი

წინა საუბარში ჩვენ უკვე დავიწყეთ ორიგენეს ცხოვრებისა და მისი მოღვაწეობის განხილვა. ცხოვრების გარკვეულ ნაწილს შევეხეთ და შევჩერდით იმ ნაწილზე როდესაც ორიგენე ინტენსიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, მას შემდეგ რაც კლიმენტი ალექსანდრიელის მომდევნოდ 202 წლიდან გახდა ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლის, ეკლესიის ისტორიაში პირველი კატეხიზმური სკოლის წინამძღვარი. ჩვენ ამ სკოლასთან დაკავშირებით არაერთგზის გვიმსჯელია და აღგვინიშნავს, რომ წყაროების მიხედვით ამ სკოლის ორი დამფუძნებელი იკვეთება, ორი დიდი სახელი, რომელთაგან ერთი, განსაკუთრებით დიდი, გახლავთ წმ. ათენაგორა ათენელი, რომელსაც უერთდება მეორე ღირსეული მოღვაწე პანტენოს ალექსანდრიელი. სწორედ მათ დააფუძნეს ალექსანდრიის კატეხიზმური სასწავლებელი. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ ამ სასწავლებელს ნამდვილი დისციპლინარული სახე მისცა კლიმენტი ალექსანდრიელმა, მან განამტკიცა მისი ორი წინამორბედის წამოწყება ჩანაფიქრი, მაგრამ დასრულება და დაგვირგვინება ამ სასწავლებლისა [1]როგორც მართლაც უკვე ყოვლითურთ სისტემატიზებული სწავლებითი პროცესის აღმსრულებელი დაწესებულებისა, აი ეს დაგვირგვინება უეჭველად ორიგენეს განეკუთვნება პატივად. ორიგენემ ჩამოაყალიბა იქ სწავლებითი სისტემა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დღესაც უნივერსალური ჩანს. მართალია საკუთრივ ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლაზე რაიმე წყარო ჩვენ კონკრეტულად არ მოგვეპოვება, მაგრამ შემდეგაც აღვნიშნავთ, რომ როდესაც ორიგენე დააფუძნებს თავის მეორე სასწავლებელს 232 წლიდან პალესტინის კესარიაში და, რა თქმა უნდა, ეს სასწავლებელი იმავე ტიპისაა რაც ალექსანდრიისა იყო, აი ამ მეორე სასწავლებლის შესახებ ჩვენ საკმაოდ დაწვრილებითი და ინფორმატიული შრომა მოგვეპოვება იმ ავტორის მიერ, რომელიც უკვე ვახსენეთ, იმ დიდი სახელის მიერ როგორიცაა წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი საკვირველთმოქმედი, ორიგენეს მოწაფე, რომელმაც სასწავლებლის დამთავრების ჟამს თავის პედაგოგს და თვით მთლიანად სასწავლებელს მიუძღვნა ე.წ. გამოსათხოვარი სიტყვა, [2]როგორც მას შემოკლებით ეწოდება, საკმაოდ ვცრელი წერილობითი ძეგლი. ამ ძეგლში თითქმის დეტალურადაა გადმოცემული და გაცოცხლებული სურათი იმ სწავლებითი პროცესისა, რაც პალესტინის კესარიაში მიმდინარეობდა, რისი ანალოგიითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ როგორი იქნებოდა სწავლებითი სისტემა ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლაში.

როგორც მიჩნეულია ორიგენე ორ ნაწილად ჰყოფდა სწავლებას, ერთი ეს იყო ზოგადსაგანმანათლებლო საგნები, იქნებოდა ეს ასტრონომია, გეომეტრია, ფიზიკა, მათემატიკა, მუსიკა თუ სხვა, ხოლო მეორე და გვირგვინი ამ სწავლებათა პროცესისა იყო ფილოსოფია და თეოლოგია ანუ ღვთისმტყველება. როგორც მიიჩნევა თავდაპირველად ყველა საგანს თვითონ ორიგენე კითხულობდა. ესეც მის ასე ვთქვათ ენციკლოპედიურობას მკვეთრად წარმოაჩენს. მაგრამ შემდეგში როდესაც ორიგენე უკვე მრავალი კუთხით დაკავებული იყო, სხვა თუ არაფერი მქადაგებლური, სწავლებითი და მოძღვრების გადაცემითი მოღვაწეობით, მოგზაურობდა ბევრს და სხვა, [3]მას უკვე, რა თქმა უნდა, აღარ ჰქონდა მოცლა იმისა, რომ ყველა საგანი თვითონ წაეკითხა უშუალოდ. შესაბამისად მან ზოგადსაგანმანათლებლო საგნები, დაახლოებით პირველი ოთხი წელი რომ შეისწავლებოდა ხსენებულ სასწავლებელში, დაუტოვა და განუკუთვნა თავის ყოფილ მოწაფეს ჰერაკლას, რომელიც შემდეგ ჩვენს მიერ ადრე ხსენებული დემეტრიოს ალექსანდრიელის შემდეგ, ხდება ალექსანდრიის ეპისკოპოსი 232 წლიდან, როდესაც დემეტრიოსი აღესრულება, 248 წლამდე. მაგრამ ჩვენ ვამბობთ ამ პიროვნების, ჰერაკლასის, მანამდელ მოღვაწეობას ვიდრე ის ეპისკოპოსი გახდებოდა, ესაა III ს-ის 10-იანი წლები, როდესაც ორიგენესგან მას მიღებული აქვს ნებართვა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საგნები თვითონ ასწავლოს კატეხიზმურ სკოლაში, ხოლო ორიგენემ დაიტოვა ფილოსოფიისა და თეოლოგიის მასწავლებლობა. მისი, როგორც პედაგოგის, მეთოდოლოგია მართლაც უნივერსალური გახლდათ. [4]იგი ნებისმიერ თემას რაც უნდა განხილულიყო ლექციაზე (დავარქვათ ასე) უშუალოდ მართლაც ლექციითა და განხილვით კი არ იწყებდა, არამედ ჯერ წარმოადგენდა კაცობრიობის ისტორიიდან ყველა თვალსაზრისს მოცემულ საკითხზე (კვლავ აღვნიშნავთ, მართლაც ენციკლოპედიური და უნივერსალური ცოდნა ქონდა თავის დროისათვის), ხოლო შემდეგ, ე.ი. როდესაც დააბოლოებდა ამ ისტორიულ განხილვას, შეუდგებოდა პრობლემის საკუთრივ მისეულ განმარტებას და გადმოცემას.

ხშირი მოგზაურობის გამო ორიგენე, რა თქმა უნდა, სისტემურ კურსს ალბათ ნაკლებად წაიკითხავდა. შესაძლოა გვეფიქრა, რომ უფრო სისტემური პედაგოგიური მოღვაწეობა მას პალესტინის კესარიაში ქონდა, სადაც იგი ჩანს უკვე საბოლოოდ დაფუძნებულად 232 წლიდან. 232 წლამდე ის მრავალ რეგიონში გადადიოდა. სწორედ ამ დრომდე მოხდა მისი სირია-პალესიტინის რეგიონში მღვდლად კურთხვეა, რაც როგორც უკვე ვთქვით [5]დემეტრიოს ალექსანდრიელმა, რა თქმა უნდა, არ გაიზიარა იმ ცოდვის გამო რაც სიჭაბუკეში ჩაიდინა ორიგენემ, თვითგამოსაჭურისების სახით. ამიტომ ორიგენე არა მხოლოდ ცნობილი არ იყო დემეტრიოსისგან როგორც მღვდელი, არამედ მას აეკრძალა ალექსანდრიაში დაბრუნება და ვიდრე დემეტრიოსი არ გარდაიცვალა 232 წელს, ორიგენეს აღარ ქონია მცდელობა, რომ ალექსანდრიაში დაბრუნებულიყო. მაგრამ როდესაც 232 წელს დემეტრიოსის შემდეგ ეპისკოპოსი ხდება ჰერაკლასი, ორიგენე, რა თქმა უნდა, მოიმედეა იმისა, რომ იგი დაბრუნდება ქალაქში, სადაც ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, თუმცა მოხდა ისე, რომ მისმა მოწაფემაც იგივე შეუპოვრობა და პრინციპულობა გამოიჩინა რაც წინამორბედმა და ვერც ჰერაკლასის ეპისკოპოსობის ჟამს ორიგენემ ალექსანდრიაში დაბრუნება ვერ მოახერხა. როგორც ჩანს ის ელოდა რომ როდისმე მოუწევდა დაბრუნება, მაგრამ როდესაც იმედი გადაეწურა, დაახლოებით 232 წელს ეპისკოპოსთა იძულებით [6]იგი აარსებს პალესტინის კესარიაში ანალოგიური ტიპის ქრისტიანულ სასწავლებელს და სწორედ ამ სასწავლებლიდან გაუჩნდება მას მოწაფეები, უდიდესი სახელები, ჩვენს მიერ უკვე ხსენებულნი დიონისე დიდი, გრიგოლ საკვირველთმოქმედი და პამფილი კესარიელი.

თუ როგორი იყო ორიგენეს ცხოვრება ბოლო წლებში ძნელი სათქმელია, ვიცით ის, რომ დეკიუსის დევნულობის ჟამს მრავალი ტანჯვა-გვემა მიიღო მან, თუმცა საკუთრივ ტანჯვის მომენტში არ აღსრულებულა, მაგრამ ასე თუ ისე დაუძლურებული ორიგენე 253-254 წლებში აღესრულა.

როცა ვამბობთ, რომ მისი ცხოვრების შესახებ ჩვენ ბევრი რამ გვეცოდინებოდა, შეიძლებოდა ორიოდ სიტყვით აღგვენიშნა კიდეც ის წყაროებიც რაც ორიგენესთან დაკავშირებით უნდა არსებულიყო. პირველ რიგში ეს გახლავთ თხზულება “ორიგენეს ცხოვრება”, ხუთ წიგნად დაწერილი, ჩვენს მიერ უკვე ხსენებული წმ. პამფილი კესარიელის მიერ. თუმცა პამფილის IV საუკუნის დამდეგს, როდესაც ის აღნიშნული ნაშრომის ბოლო წიგნზე მუშაობდა, დევნულობამ მოუსწრო და იგი შეიპყრეს. [7]პამფილი ციხეში განაგრძოდა წერას, მაგრამ უკვე მარტვილობის ჟამმა დაჰკრა და პამფილიმ დაუბარა ანდერძად თავის მოწაფეს ევსები კესარიელს, საეკლესიო ისტორიკოსს, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიმოწმებთ, რომ ბოლო წიგნი დაესრულებინა. ევსებიც მგზნებარე მიმდევარი იყო ორიგენესი, მან მართლაც შეასრულა ეს ანდერძი და დააბოლოვა ეს შრომა, თუმცა სამწუხაროდ იგი მთლიანად დაკარგული გახლავთ. გარდა ამისა პამფილი კესარიელმა და ევსები კესარიელმაც დაწერეს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელმა, ორიგენეს აპოლოგია, ე.ი. პამფილისგან მიღებული შთაბეჭდილების საფუძველზე ევსებიმ დაწერა ორიგენეს აპოლოგია, სადაც ის განიზრახავდა ორიგენეს დაცვას და, რა თქმა უნდა, მის შესახებ ცნობებსაც მოგვაწვდიდა. მაგრამ სამწუხაროდ ეს თხზულებაც ასევე დაკარგული გახლავთ, თუ არ ჩავთვლით ამ ბოლო დროინდელ მცდელობას, რომ გარკვეული წყაროების მიხედვით აღდგენილი იყოს მისი ლათინური [8]თარგმანი. გარდა აღნიშნული ძეგლებისა ორიგენეს ქონდა ძალიან ფართო მიწერ-მოწერა თავისი დროის სხვადასხვა საეკლესიო მოღვაწესთან. პირადი წერილები, ამგვარი მიმოწერანი მოგეხსენებათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წყაროა, შეიძლება ითქვას თავწყაროა, ბიოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა ეს უმდიდრესი ეპისტოლარული მიწერ-მოწერა ორიგენესი ასევე დაკარგული გახლავთ. და აი ეს შრომები რომ ჩვენამდე მოღწეული ყოფილიყო, კვლავ გავიმეორებ, სასაუბრო გაცილებით მეტი გვექნებოდა.

ბიოგრაფიულ მომენტებზე საუბრისას შეიძლებოდა ერთ ფაქტზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომ ორიგენეს შესახებ შექმნილი ერთ-ერთი შრომა ქართულადაც თარგმნილი ყოფილა, თუმცა არც ქართულადაც არ მოღწეულა ეს შრომა. კონკრეტულად რა შრომა უნდა ყოფილიყო ეს დღეისათვის მთლად ნათელი არ არის. კორნელი კეკელიძე ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ევსები კესარიელის ორიგენეს აპოლოგია, თუმცა ასე ცალსახად ის ძველი ქართული წყრო [9]არ განიმარტება, თუ კონკრეტულად რა ძეგლი უნდა ყოფილიყო მასში ნაგულისხმევი. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის ცნობილი პასუხი რაც წმ. ექვთიმე ათონელმა ათონის მთიდან გამოუგზავნა ერთი წყაროთი გიორგი ჭყონდიდელს, მეორე წყაროთი თეოდორე მრეკალს, ან თავისი პასუხი ექვთიმემე ორივე მათგანს გამოუგზავნა სხვადასხვა დროს. ჩვენ საკუთრივ ამ პასუხის ფილოლოგიურ მხარეს ამჯერად არ ვეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ხსენებული პასუხის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ეკლესიისგან შეუწყნარებელ წიგნთა ჩამონათვალი, რაც ექვთიმესგან არის მოცემული და რაც მას სთხოვა ან გიორგი ჭყონდიდელმა ან თეოდორე მრეკალმა. თხოვნა ასეთი სახისა იყო: “რომელნი არიან წიგნნი იგი რომელთა მართლმადიდებელი ეკლესიაი არა შეიწყნარებს?”. ექვთიმეს მიერ მოწოდებულ პასუხში, სადაც შეუწყნარებელი წიგნებია ჩამოთვლილი, პირველ რიგში ხსნებულია სწორედ ორიგენე, “ორიგენეს მწვალებელსა მრავალნი წიგნი აღუწერიან [10]და არა შესაწყნარებელ არს. კარგნიცა მრავალნი უთქუამნ, გარნა ღვარძლიცა შთაურევიან და მით შეუწყნარებელ არს”. სხვათაშორის ორიგენეს შესახებ ეკლესიური აზრი აქ შესანიშნავადაა გამოკვეთილი, რომ ორიგენეს შრომებში კარგიც ბევრი წერია, მაგრამ ღვარძლიც ანუ სარეველაცაა მასში შერეული და ამიტომაა ის განკვეთილი და ანათემირებული. მაგრამ ექვთიმე შემდეგ განაგრძობს: “და ქართულად უთარგმნია (თუმცა აქ არ არის დაკონკრეტებული რომელი, რა ძეგლი ან ვის, მაგრამ წინადადება ისე გრძელდება, რომ შეიძლებოდა მთარგმნელი ჩვენ გვევარაუდა) და მოეწერა მუნით სტეფანეს ეპისკოპოსსა მტბევარსა შესაწყნარებელ არსა ანუ არა, ხოლო ჩვენ მივუწერეთ ვითარმედ კარგნიცა მრავალნი წერიან, გარნა ღვარძლიცა ჩაურთვან და მით უხმარ არს”. ჩვენ მივუწერეთო როცა ამბობს ექვთიმე იგულისხმება თვითონ ექვთიმე და ამავე დროს მისი მამა იოანე ათონელი, რომლებიც ერთად უგზავნიან თავის პასუხს სტეფანეს და შესაძლოა, [11]რომ სწორედ სტეფანე სანანოისძე ყოფილიყო ამ ძეგლის ქართულად მთარგმნელი. ყოველშემთხვევაში ქართული თარგმანი რომ არსებობდა ეს სრულიად უეჭველია, მაგრამ ექვთიმეს ამ პასუხის შემდეგ, რა თქმა უნდა, მას აღარ გადაწერდნენ და ამიტომ ის დაკარგულია.

აი ესაა ის ყველაფერი რაც ორიგენეს შესახებ, წყაროდმცოდნეობითი თვალსაზრისით, ბიოგრაფიული კუთხით მნიშვნელოვანი ძეგლების თაობაზე შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ გარდა ამისა ორიგენეს ეხება ევსები კესარიელი თავის საეკლესიო ისტორიაში, თუმცა მიუთითებს, რომ უფრო ვრცლად მას სხვა წიგნებში აქვს თქმული. ცხადია ევსები ვერ ივარაუდებდა, რომ მისი ეს სხვა წიგნები დაიკარგებოდა და მხოლოდ საეკლესიო ისტორიაში რაც ქონდა მას თქმული, იმის მიხედვით შეგვექმნებოდა წარმოდგენა ორიგენეს ცხოვრებაზე.

უფრო განსახილველი, უფრო დასანახი და უფრო საცოდნელია ჩვენგან ორიგენეს ლიტერატურული მემკვიდრეობა, მისი შრომები. მართლაც ამ მხრივ ჭეშმარიტად კოლოსალურ და ზღვა მასალასთან გვაქვს საქმე. რაოდენობის და იმ [12]მოცულობის წარმოსადგენად რა შრომებიც დაწერა ორიგენემ ალბათ ერთი ფაქტის ხსენებაც საკმარისია, რომ ჩვენს მიერ უკვე ხსენებულმა წმ. პამფილი კესარიელმა თავის თავს ერთი აუცილებელი სამოღვაწეო გზა დაუსახა, რომ მისგან აგრერიგად დაფასებული და პატივდებული ორიგენეს შრომები შეეკრიბა ერთმთლიანობაში და ამ წიგნებით ბიბლიოთეკა შეედგინა. მან მიზნად დაისახა ბიბლიოთეკის შედგენა, მაგრამ არა საზოგადოდ, არამედ კონკრეტულად ორიგენეს ნაშრომების შესადგენად. ერთ-ერთი წყაროთი, ერთ-ერთი გადმოცემით მას შეუკრებია 6000-მდე ნაშრომი ორიგენესი. ადამიანი რომელსაც 6000 ნაშრომი მიეკუთვნება რა ნაყოფიერებისა უნდა იყოს წერილობითი თვალსაზრისით და სამწერლობო კუთხით ადვილი წარმოსადგენია. ამავე ნაყოფიერებას წარმოგვიჩენს ის ფაქტიც, რომ ორიგენემ ფაქტობრივად მთელი საღვთო წერილი, პირველი მუხლიდან ბოლო მუხლამდე, განმარტა. ეს თავისთავად გრანდიოზული საქმეა [13]და უჩვეულო შრომატევადობის მაჩვენებელი, მაგრამ კიდევ უფრო გაიზრდება ჩვენი გაკვირვება თუ გავითვალისწინებთ, რომ უდიდესი ნაწილი საღვთო წერილისა ორიგენემ განმარტა არა ერთჯერადად, არამედ ორჯერადად, რომ ერთი სახეობა განმარტებისა ეს იყო წერილობითი, მისგანვე დინჯად, აუჩქარებელად, ვრცლად და მეცნიერულად ჩაწერილი, ხოლო მეორე მქადაგებლური, ზეპირი, რომელიც ასევე ჩაწერილი იყო მრევლის მიერ. დიდი ნაწილი ფრაგმენტების სახით ამგვარი ქადაგებებისა ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. რა თქმა უნდა, როდესაც ორიგენეს საბოლოო ანათემირება მოხდა და სრულიად გაცხადდა მისი გაუკუღმართებანი და ყოველი მათგანი სათითაოდ მხილებულ იქნა, ორიგენეს შრომები აღარ გადაიწერებოდა, ამიტომ ორიგენეს შრომებიდან, ბერძნულენოვანი ტექსტებიდან,  ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებია მოღწეული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ფრაგმენტები დაახლოებით 20 ტომს შეადგენს, ადვილი წარმოსადგენია არაფრაგმენტულად [14]და მთლიანი სახით რა მოცულობის ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან გვექნებოდა საქმე. ხოლო როდესაც ვთქვით, რომ ბერძნულ ენაზე მხოლოდ ფრაგმენტებია, აქ ვგულისხმობდით იმას, რომ ლათინურად, მეორე ენაზე, ორიგენეს მთლიანი შრომები ჩვენამდე მოღწეულია იმიტომ, რომ ამ შრომების ნაწილი თარგმნილი გახლავთ ისეთი დიდი მოღვაწისგან, როგორიცაა წმ. იერონიმე, რომლის შესახებაც VI საუკუნეში გელასი ჰრომთა პაპის სპეციალური დეკრეტი პირდაპირ ამბობს, რომ “ორიგენეს მწვალებელსა ბევრი გაუკუღმართებული ძეგლი დაუწერია, რა შრომებიც მისგან ლათინურად უთარგმნია ნეტარ კაცს იერონიმეს. ამ ყოველივეს შევიწყნარებთ, ხოლო დანარჩენს მათ ავტორთან ერთად განვაგდებთ”. ანუ იერონიმეს თარგმანებს აპრობაცია აქვს მიღებული ეკლესიაში და ისინი შეწყნარებული, მიღებული და ეკლესიისგან გაზიარებული ძეგლებია. ასევე მიღებულია, ბერძნული კუთხით თუ ვიტყვით, ის რჩეული სწავლებები ორიგენესი, [15]იგივე ანთოლოგია, რაც 358 წელს შეადგინეს წმ. ბასილი დიდმა და წმ. გრიგოლ ღვტისმეტყველმა, ორმა უდიდესმა ავტორიტეტმა, რომლებმაც მიზნად დაისახეს ფაქტობრივად საბოლოოდ შეესწავლათ და ანალიზი მოეხდინათ ორიგენეს შრომებისა, ღირსეული გამოეყოთ ხოლო უღირსი დაეტოვებინათ.  ასეთი ღირსეული სწავლებანი მათ გამოაცალკევეს, ერთ კრებულად შეადგინეს, რასაც “ფილოკალია”, ანუ მშვენიერებისმოყვარეობა უწოდეს. ეს “ფილოკალია” მოღწეულია ხელნაწერებში, სხვათაშორის გამოცემულიც გახლავთ XVI თუ XVII საუკუნეში და ეს ციტატები ბასილისგან და გრიგოლისგან გამოკრებილნი ბერძნულ ტექსტებად, ანუ ორიგინალებად არის ჩვენამდე მოღწეული. მაგრამ ესენიც, რა თქმა უნდა, ფრაგმენტებია იმიტომ, რომ ბასილი და გრიგოლი მხოლოდ იმ ზოგიერთ ციტატას გამოკრებდნენ რაც მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან აბსოლუტურ თანხვედრაში იყო.

ორიგენეს ლიტერატურული მოღვაწეობის მასშტაბის გასათვალისწინებლად აღვნიშნავთ ერთ ფაქტსაც და ჩვენს შესავალას ორიგენეს [16]მოღვაწეობაზე ამით დავაბოლოებთ. საქმე ის გახლავთ, რომ ორიგენეს მოღვაწეობის მთავარი მიმართულება გახლდათ, რა თქმა უნდა, საღვთო წერილის განმარტება. ორიგენეს რწმენით, როგორც ეს არის რწმენა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისა, საღვთო წერილში ნაუწყებია აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი მნიშვნელოვანია სამყაროს შექმნიდან სამყაროს აღსასრულამდე, ყველაფერია მასში დაწერილი. მაგრამ თუ ყველაფერია დაწერილი საღვთო წერილში, მაშ ესოდენ გავრცობილი საეკლესიო ლიტერატურა რა დანიშნულებისაა? ამაზე ჩვენ საუბარი გვქონდა თავის დროზე და აღვნიშნავდით, რომ საეკლესიო ლიტერატურა მიზნად ისახავს იმ ყოველივეს განმარტებას, რაც საღვთო წერილშია უწყებული, მაგრამ უწყებულია არა განმარტებითად არამედ იგავურად, ალეგორიულად ანუ ბიბლიურად. [17]ორიგენემაც ბიბლიის განმარტება, როგორც მიზანდასახულობა მოღვაწეობისა,  განუკუთვნა თავის თავს, მაგრამ მან აქ გამოიჩინა იშვიათი სიფრთხილე, მყისიერად არ მიეცა საღვთო წერილის ტექსტის განმარტებას, არ მისცა თავი მან ამგვარ ქმედებას, არამედ როგორც ეს დღეისათვის უპირობო და უცილობელ მართებულ გზად არის ჩათვლილი, ორიგენემ პირველ რიგში გადაწყვიტა თვით ბიბლიის ტექსტის დადგენა, რადგანაც ბიბლიის ტექსტი ხელნაწერებში გადამწერთაგან საკმაოდ სახეცვლილი იყო, ერთ ხელნაწერში შეიძლებოდა ერთი წაკითხვა ყოფილიყო, მეორე ხელნაწერში მეორე წაკითხვა. რა თქმა უნდა, ორივე არ შეიძლებოდა რომ მართებული ყოფილიყო, ამიტომ საღვთოდ განმარტება რომ მოდევნებოდა ბიბლიის ტექსტს, განმმარტებელი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს ბიბლიის ტექსტი თავისი ტექსტობრივი დაცულობით არის სრულიად სწორი და გადამწერთაგან ის შებღალული არ გახლავთ. აი ეს მიზანდასახულობა განუკუთვნა თავის თავს ორიგენემ, რომ დაედგინა [18]ბიბლიის, ამ შემთხვევაში იგულისხმება ძველი აღთქმა, ე.წ. კრიტიკული ტექსტი ანუ მეცნიერული ტექსტი, რა მიზანდასახულობითაც მან შეადგინა ერთ ფურცელზე ჯერ ერთ სვეტად მთელი ტექსტი ძველი აღთქმისა ებრაულად, ანუ არამეულად, ებრაული ანბანით, ე.ი. ებრაულ ენაზე ჩამოწერა მთელი ძველი აღთქმა ერთ სვეტად ერთ ფურცელზე, შემდეგ იმავე სვეტს შეუდგინა იგივე ებრაული ტექსტი ოღონდ უკვე ბერძნული ტრანსკრიფციით, ე.ი. ებრაული სიტყვები და ებრაული ტექსტი ბერძნული ტრანსკრიფციით, შემდეგ მესამე სვეტში ჩამოწერა მთელი “სეპტუაკინტა” და ბოლო მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სვეტებში ჩამოწერა ძველი აღთქმის კიდევ სამი თარგმანი. ე.ი. გარდა სეპტუაკინტასი, გარდა იმ სამოცდაათთაგანი, უფრო სწორად სამოცდათორმეტთაგანის თარგმანისა, (რაც ძველი წელთააღრიცხვით III საუკუნეში შესრულდა ქალაქ ალექსანდრიაში, როცა შედეგად იქნა მიღებული 36 ტექსტი იმიტომ, რომ ორი მთარგმნელი ერთ ოთახში შრომობდა და აღმოჩნდა რა რომ ეს 36-ვე ტექსტი აბსოლუტურად იდენტურია, [19]რამაც ხსენებულ ბერძნულ თარგმანს, ებრაულიდან შესრულებულს, ვულგატას, ანუ უცვლელი და მიღებული და გაბატონებული ტექსტის მნიშვნელობა განეკუთვნა, მნიშვნელობა გაცილებით მეტი, ყოველშემთხვევაში ეკლესიის წევრთათვის, ვიდრე საკუთრივ ებრაულ ორიგინალს) ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში კიდევ სამი თარგმანი შესრულდა ძველი აღთქმისა ებრაულიდან ბერძნულად. აი ეს სამი თარგმანიც ასევე ცალკე სვეტებად ჩამოწერა ორიგენემ და წარმოიდგინეთ მთელი ძველი აღთქმა თავიდან ბოლომდე ექვს სვეტად ჩამოწერილი, რაოდენ შრომატევადი, რაღაც გონებამიუწვდომელი ენერგიის შედეგად შექმნილი ძეგლი უნდა იყოს ეს ყოველივე, რასაც ეწოდება “ჰეგზაპლები” ანუ ექვსჯერადი და რომლის ფრაგმენტებიც ზოგიერთი წიგნისა ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. აი ეს კოლოსალური, ტექსტოლოგიური სამუშაო ორიგენემ ჩაატარა იმისათვის, რომ დაედგინა ტექსტი, როდესაც გვერდიგვერდ იყო მოცემული ერთიდაიგივე მუხლის სხვადასხვა თარგმანები. რა თარგმანებიც უფრო მეტად უჭერდა ერთიმეორეს მხარს [20]და ორიგენეც თვით უბადლო მცოდნე იყო ებრაულისა, შესაბამის წაკითხვას მართებულ წაკითხვად მიიჩნევდა ორიგენე და სეპტუაკინტის ტექსტში სწორედ მას ტოვებდა. აი ამგვარი წესით როცა მან მთელი სეპტუაკინტის ტექსტი დაადგინა, რა თქმა უნდა, უფრო გულდაჯერებით განმარტავდა იგი ცალკეულ მუხლებს, ცალკეულ ეპიზოდებს საღვთო წერილისას. ასე რომ მასშტაბურობა ორიგენესი არის სრულიად უნიკალური, როგორც საეკლესიო ავტორისა. ჩვენ როდესაც აღვნიშნეთ, რომ მან თითქმის მთელი საღვთო წერილი განმარტა თავიდან ბოლომდე, ამით მან გარკვეული ხაზი, გარკვეული ტრადიცია დააფუძნა იმიტომ, რომ ორიგენემდე ამგვარ საეკლესიო ავტორს ჩვენ არ ვიცნობთ. მაგრამ ორიგენეს შემდგომ ასეთი ავტორები, რომლებმაც სცადეს და შეასრულეს ბიბლიის მუხლობრივი განმარტება ძველი აღთქმისა თავიდან ბოლომდე, უკვე საეკლესიო ისტორიაში ცნობილია, მაგრამ პირველი მათ შორის სწორედ ორიგენე გახლავთ.

 

183–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=B6yspE_a85Q

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button