184

ეკლესიის დამოკიდებულება ორიგენესთან დაკავშირებით

ჩვენს წინა საუბარში დავიწყეთ განხილვა ორიგენეს მოღვაწეობისა და შეხედულებებისა. ფაქტობრივად მხოლოდ შესავალის სახით იყო წინა საუბარი და ეს შესავალიც ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ზოგადი გარკვეულობა, შთაბეჭდილება ამ პრობლემური და მრავალწახნაგოვანი მოღვაწის შესახებ მოწოდებული ყოფილიყო. გასაგებია, რომ ის უდიდესი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რაც ორიგენეს ქონდა, უაღრესად დიდ მასალას იძლეოდა და იძლევა დღესაც მრავალი კუთხით ორიგენეს მოძღვრების შესასწავლად და წარმოსაჩენად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა პუნქტს ვერ შევეხებით, შემოვიფარგლებით მხოლოდ ძირითადით და შევეცდებით რომ მსმენელის წინაშე წარმოვადგინოთ თემატური მიმდევრობით ორიგენეს შეხედულებები უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, შეხედულებები როგორც [1]ღირსეულნი, ასევე უაღრესად გაუკუღმართებულნი, უარყოფითნი, რამაც ორიგენიზმის, როგორც შემდგომში უკვე ძნელად აღმოსაფხვრელი გაუკუღმართების აღმოცენება განაპირობა და გამოიწვია.

 

ჩვენ მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ბოლო ნაწილს რითაც წინა შეხვედრაზე დავამთავრეთ მსჯელობა ორიგენესთან დაკავშირებით, რომ ორიგენეს მოღვაწეობა სხვადასხვა ასპექტით შეიძლება ჩვენთვის ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე საკუთრივ ცალკეულ შემთხვევებში მისი საღვთისმეტყველო ნააზრევი, რამდენადაც მოღვაწეობაში გამოიყოფა უმნიშვნელოვანესი, უაღრესად არსებითი შტრიხები, გნებავთ მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, პედაგოგიური ამ შემთხვევაში საკუთრივ პედაგოგიკის კუთხით, დამოკიდებულება მოწაფეებისადმი, გნებავთ იგი როგორც უნივერსალური ცოდნის დამტევი და ენციკლოპედიური ცოდნის გადამცემი მოწაფეებისათვის. [2]ხოლო საკუთრივ მოღვაწეობითი თვალსაზრისით ალბათ ყველაზე უფრო უხინჯო და ფასეული ორიგენეს პიროვნებაში, ეს გახლავთ მისი ტექსტოლოგიური საქმიანობა, ის დიდი ღვაწლი რაც მას ბიბლიის ტექსტის დადგენაში მიუძღვის და რაზეც ჩვენ უკვე ნაწილობრივ მაინც ვისაუბრეთ, როდესაც მან შეადგინა უზარმაზარი კრებული სახელწოდებით “ჰეგზაპლები”, სადაც ექვსჯერადი ტექსტი იყო ძველი აღთქმისა წარმოდგენილი: ებრაული, ებრაული ბერძნული ტრანსკრიფციით, შემდეგ სეპტუაკინტის ტექსი, ეს უმნიშვნელოვანესი თარგმანი, რაც ვულგატაა და ორიგინალზე ანუ ებრაულ ტექსტზე გაცილებით მნიშვნელოვანია ეკლესიის თვალსაზრისით (ეკლესიური კუთხით, მორწმუნეთათვის “სეპტუაკინტა” გახლავთ ჭეშმარიტად ღვთივშთაგონებული მონაცემი, იდენტური ორიგინალთან თავისი სულიერებით, მაგრამ შემდგომში უკვე ორიგინალზე უფრო ძვირფასიც, რადგანაც დაუმახინჯებლად დაიტია და შეინარჩუნა მან ის სულიერება, რაც ამ უზენაეს წიგნს თავდაპირველად ქონდა ორიგინალში, მაგრამ გადამწერთაგან შემდგომში [3]მნიშვნელოვნად დამახინჯდა) და კიდევ სამი თარგმანი ძველი აღთქმისა ებრაულიდან ბერძნულად. ამრიგად იქმნება ექვსი სვეტი ერთიდაიგივე ტექსტისა, რის საფუძველზეც ორიგენემ, როგორც უკვე ვთქვით, სცადა ის, რომ მთელი ძველი აღთქმის ტექსტი მეცნიერულად დაედგინა. ამის შემდეგ იწყებს იგი უკვე განმარტებით მოღვაწეობას საღვთო წერილისას. მრავალი ფრაგმენტი მისი უაღრესად შრომატევადი გამარტებითი მოღვაწეობისა ჩვენამდე მოღწეულია, ბევრი მათგანი ძალიან ფასეულია, განსაკუთრებით ის განმარტებანი, ის ფრაგმენტები რაც, კვლავ აღვნიშნავთ, ბასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ შედგენილ “ფილოკალიაში” ორიგენეს გამონათქვამთა და სწავლებათა ანთოლოგიაში შევიდა. აი ეს სწავლებანი, ეს განმარტებანი ე.წ. კატენებში არის დაცული, რომლებიც VI-VII საუკუნეებიდან, უფრო გვიანდელი ეპოქიდან უკვე საღვთო წერილისადმი შედგენილი ხდება. [4]კატენები ანუ ქართულად სერიები, გულისხმობს სხვადასხვა მოღვაწეთა განმარტებების თავმოყრას ამა თუ იმ ბიბლიური წიგნის, ამა თუ იმ ბიბლიური ეპიზოდის, მუხლის ანდა სიტყვის განმარტების მიზანდასახულობით. აი ამგვარ კატენებშია ხშირად ორიგენეს ციტირებანი, მათ შორის სხვათაშორის ქართულად თარგმნილ კატენებშიც, რაც მაგალითად ე.წ. გელათურ ბიბლიას ერთვის ხელნაწერებში, კერძოდ ორ ხელნაწერში, რომლებმაც შემოგვინახეს გელათური ბიბლიის, საკამოდ დაზიანებული, ტექსტი. ბერძნულ კატენებშიც, რა თქმა უნდა, ამგვარი დამოწმებანი კიდევ უფრო თვალსაჩინოა და მრავალია.

აი ეს ფართო, რაღაც სპექტრი ორიგენეს ლიტერატურული მოღვაწეობის დანახვისა, ე.ი. შორიდან, შორი პლანით დანახვისა, მართლაც გამოკვეთს ჩვენს წინაშე თავისი მოღვაწეობით მონუმენტურ ფიგურას. ამ მასშტაბის მონუმენტურობას რომ აზროვნებითი სიწმინდეც, ზედმიწევნითობა და [5]სიფრთხილეც თან დართვოდა, ჭეშმარიტად უდიდესი ღირებულების და ღვაწლმოსილების პიროვნებასთან გვექნებოდა საქმე. მაგრამ ცალკეულმა უაღრესად გაუკუღმართებულმა შეხედულებებმა სამწუხაროდ განაშორა ორიგენეს ის ხიბლი, ანუ განხიბლა იგი, იმ განსაკუთრებული პატივისგან რაც მას, როგორც აღვნიშნავდით, სიცოცხლეშიც ქონდა მიღებული და სიცოცხლის შემდეგაც, ვიდრე VI საუკუნემდე, როდესაც საბოლოოდ მოხდა ორიგენეს ანათემირება.

ჩვენ საზოგადოდ შეგვიძლია ამგვარი რამ ვთქვათ ორიგენესთან დაკავშირებით, რომ პიროვნება ორიგენესი ეკლესიის წინაშე პრობლემა იყო თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში და გამოიყოფოდა ზოგადად მასთან დაკავშირებით რამდენიმე კატეგორია. ერთნი გახლდათ იმგვარი პირები, რომლებიც ზღვარგადასული და მოჭარბებული, ზეჭარბი თაყვანისცემით იყვნენ გამსჭვალულნი [6]ორიგენესადმი, ყოველივეს მისგან თქმულს უეჭველობითა და სრული კატეგორიულობით და დოგმატურობით იღებდნენ. ესენი გახლავან მგზნებარე ორიგენისტები, რომლებიც ორიგენიზმის როგორც მწვალებლობის წევრებად წარმოჩნდებიან. ადრეც აღვნიშნავდით და ეხლაც გავიმეორებთ, რომ გაცილებით უფრო მწვალებლური და ერეტიკულია ორიგენიზმი, ვიდრე საკუთრივ ორიგენე. ამ გამკვეთრებას მწვალებლობაში განაპირობებს ის გარემოება, რომ ორიგენე ბვრ შეხედულებას თავისას გამოთქვამდა საკმაოდ ფრთხილად, სრულიად ვარაუდისეულად, ძიების პროცესში იყო, ბევრი რამ მაშინ მოგეხსენებათ გამოთქმის ფორმით, ტერმინოლოგიურად ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ იყო. ამიტომ ორიგენემ ზოგ თავის გაუკუღმართებულ აზრს საკმაოდ ფრთხილად გამოთქვამდა და ამგვარი სიფრთხილე და ვარაუდი უფრო ცდომილების კატეგორიას განეკუთვნება, ვიდრე ჩამოყალიბებული და გაკერპებული მწვალებლობისას. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, [7]რომ ყველა შემთხვევაში ასე იყო ორიგენესთან. მთელი რიგი პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხები მასთან საკმაოდ კატეგორიულად გვხვდება ჩვენ და სწორედ ეს იმ საკითხებთან დაკავშირებული კატეგორიულობა განსაზღვრავს ორიგენეს მწვალებლობას. მაგრამ ამგვარი კატეგორიულობა არ ახასიათებდა მას უკლებლივ ყველა შემთხვევაში. იყო საკითხები სადაც, როგორც ვთქვით, ის საკმაოდ ფრთხილი იყო, ვარაუდისეულად გამოთქვამდა თავის აზრს. ხოლო მის მიმდევრებში ორიგენეს ყველაზე უფრო საალბათო გამონათქვამიც კი, ყველაზე უფრო ვარაუდისეული, ჰიპოთეტური აზრი, როგორც უკვე საბოლოოდ დადგენილი ჭეშმარიტება, როგორც დოგმატი, ამგვარად გაიგებოდა, ამგვარად აღიქმებოდა და ეს მხარე, რა თქმა უნდა, ცდომილების ხარისხს მწვალებლობამდე აიყვანდა და აჰყავდა კიდეც. ამიტომ ვამბობთ, რომ ორიგენიზმი გაცილებით უფრო მწვალებლურია ვიდრე საკუთრივ ორიგენე. თუმცა ორიგენეს ეკლესიური ხედვით, ეკლესიური დოგმატიკის პერსპექტივაში თავისი მწვალებლობაც, რა თქმა უნდა, ეყოფა.

ჩვენ უნდა გავმიჯნოთ და ეს [8]მნიშვნელოვან მომენტად მიგვაჩნია თანამედროვე საეკლესიო ფილოლოგიაში ხაზგასმა იმაზე, რომ არ უიგივდება ერთიმეორეს ორიგენე და ორიგენიზმი. რამდენიმე მნიშვენელოვანმა მკვლევარმა ეს დასკვნა სრულიად ობიექტურად გააკეთა. დასკვნის არგუმენტები უაღრესად თვალსაჩინოა და ეს დაეჭვებას არ იწვევს, რომ ორიგენიზმი და ორიგენე არაა ერთ სიბრტყეზე მოთავსებული, ორიგენიზმი გაცილებით უფრო გაკერპებულია, გაცილებით უფრო მწვალებლურია, გაცილებით შეუპოვარია, ვიდრე საკუთრივ ორიგენე. ასე რომ ერთი მხრივ გამოიყოფიან ორიგენესადმი დამოკიდებულებაში პირები, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ მგზნებარე ორიგენისტები, ფანატიკოსი ორიგენისტები, რომელთათვისაც ორიგენეს ყოველი აზრი არის უპირობო ჭეშმარიტება.

მეორე მხრივ ასევე გამოიყოფიან ორიგენეს უკიდურესად მოწინააღმდეგეები, რომლებიც, არ არის გამორიცხული და ეს ჩვენ საკმაოდ ხშირად გვხვდება საკუთრივ საეკლესიო ისტორიაშიც, [9]იმ მოვლენითაც იყვნენ გაღიზიანებულნი, რომ ორიგენეს რაღაც განუსაზღვრელი, უსაზომო ავტორიტეტი ჰქონდა თუნდაც სირია-პალესტინის რეგიონში. ეს ანტიორიგენისტები იმ ფანატიკოსი ორიგენისტების საპირისპიროდ, მაგრამ სულისკვეთებით მათ მსგავსად (თუ ერთნი ყველაფერს იღებდნენ, ესენი მეორე მხრივ ყველაფერს უარყოფდნენ), თუნდაც რომ ბევრი რამ ორიგენესთან ღირსეული და მართლმადიდებლურ სწავლებასთან თანხვედრაში ყოფილიყო, უარყოფდნენ. როგორც იტყვიან ორიგენეს სახელის ხსენებაც კი მათთვის მძიმედ ასატანი იყო.

კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ ორიგენესადმი ის დამოკიდებულება რასაც მართლმადიდებლური დამოკიდებულება ეწოდება, რაც მართლმადიდებელ მამათა ხაზს, პოზიციას აყალიბებს. ეს გახლავთ პოზიცია არა მხოლოდ ორიგენესთან, არამედ (ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია) ყველა ერეტიკოსთან, ყველა არაქრისტიანთან, ყველა წინაქრისტიან მოღვაწესთან [10]დაკავშირებული, რომ თუ რამ ღირსეულია ყოველივეს შემოკრებენ, არ უკუაგდებენ და ეკლესიის წიაღში დაიუნჯებენ, რაც ორიგენესთან მიმართებაში ძალიან მკვეთრად გამოვლინდა. სხვა პირებთან დაკავშირებით მართლაც ასე თავჩენილი და სრულიად გაცხადებულად წარმოჩენილი ეკლესიური პოზიცია, მართლმადიდებლური პოზიია, შეიძლება ასე ხელმოსაჭიდად და შეხებადად არ იყოს, ორიგენესთან კი, როგორც ვთქვით, ეს არის სრულიად გაცხადებული, თუნდაც იმ ფაქტით, რომ წმ. ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა გამოკრიბეს ყველა მნიშვნელოვანი სწავლება ორიგენესი და ანთოლოგიად დაგვიტოვეს იგი ჩვენ. არცერთი სხვა ერეტიკოსის მიმართ ასეთი ქმედება ეკლესიის უდიდეს მამათაგან, რა თქმა უნდა, არ განხორციელებულა. ამავე რიგში შედის წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, წმ. დიონისე დიდი ალექსანდრიელი, რომლებიც რაც კი ღირსეულია ორიგენეში ამას უაღრესად აფასებენ და ეთაყვანებიან (შეგვიძლია პირდაპირ ასე ვთქვათ იმიტომ, რომ სხვა სახელს ამას ვერ დავარქმევთ), წმ. პამფილი კესარიელი და სხვანი. მაგრამ ეს ხაზი მხოლოდ ამას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, [11]აღვნიშნეთ, რომ რაც კი ღირსეულია ორიგენესი უპირობოდ და ყოველგვარი შიშის გარეშე, რომ მათაც არ დაბრალდეს მწვალებლობა, შემოკრებენ, აუნჯებენ ეკლესიაში, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტური გამიჯნულობით მისხალ-მისხალ აწონდაწონვით, ყოველივეს რაც კი საალბათოა, რაც კი უარყოფითია, რაც კი მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანხმობაში არ არის ყოვლად უშეღავათოდ უკუაგდბენ. ეს უკუგდება, როგორც შემდგომში გელასი პაპის დეკრეტშიცაა ასახული, უკეთური სწავლებების უკუგდება ხდება მათ გამომთქმელ ავტორთან, ორიგენესთან ერთად.

რა მოძღვრებაა მაინც, მოძღვრების რა ნაწილებია რის გამოც ორიგენემ ანათემა დაიმსახურა? ეს არ გახლავთ ერთი თემატიკის წრე, თითქმის ყველა თემატიკაში რაც კი მოძღვრებას ქმნის არის მკვეთრად გამოხატული ორიგენესეული შეხედულებანი, რომლებიც ცალკე გამოყოფილნი ორიგენიზმს, ორიგენისტურ მწვალებლობას შეადგენენ. თუ მიმდევრობით დავიწყებთ ჩვენ ამ საკითხებზე [12]მსჯელობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შევეხოთ ორიგენეს მოძღვრებას ყოვლადწმინდა სამების შესახებ. არის უაღრესად ბევრი ადგილი ორიგენეს შრომებში ჭეშმარიტი ღვთივსულიერებით განმარტებული, მართლმადიდებლურ სწავლებასთან აბსოლუტურად იდენტური, ყოვლადწმინდა სამების წმ. წერილში გაცხადების გამოკვლევის ჟამს ორიგენესგან შემჩნეული. ორიგენემ ბევრი მუხლი ძველი აღთქმისა განმარტა სწორედ ყოვლადწმინდა სამებაზე უწყების მნიშვნელობით. თვით ის ალეგორიზმის ძირითადი პრინციპებიც თუ როგორ უნდა ვიკვლევდეთ ჩვენ საღვთო წერილს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ძველ აღთქმას, ეკლესიისგან გაზიარებული გახლავთ, გაზიარებულია აგრეთვე ის ტერმინოლოგიაც ორიგენემ რომ შემოიტანა, აგრეთვე სამჯერადი მნიშვნელობა ძველი აღთქმისა: პირდაპირი, ბუკვალური ანუ ისტორიული, შემდგომ შინაგანი, სიღრმისეული, უფრო სიღრმისეული, რასაც შეიძლება ეწოდოს ცალკეული ჯგუფის მამათა ტერმინოლოგიით ანაგოგიკური [13]მნიშვნელობა ანუ ზიამზიდველობითი, ამაღლებითი მნიშვნელობა (თვით ორიგენე ასეთ ტერმინს იყენებს ხშირად, როდესაც ის განმარტავს არა მხოლოდ ძველი აღთქმის, არამედ ახალი აღთქმის ამა თუ იმ მუხლს და განმარტავს თუნდაც ზნეობრივად ანდა ზედაპირული მნიშვნელობით, რაც თავისთავად უძვირფასესია. ამის შემდგომ იძლევა რა უფრო ღრმა საიდუმლოებით განმარტებას, ამგვარ განმარტებას ჩვეულებრივ წინ უმძღვარებს ასეთ სიტყვას: “ახლა კი უფრო უმაღლესის შესახებ”, ე.ი. იგულისხმება უფრო უმაღლესი მნიშვნელობის შესახებ, “ჰიუფსელო ტერონ დე” – ასეა ბერძნულში, ანუ ხოლო უფრო უმაღლესის გამო – დაახლოებით ასე შეიძლება ვთარგმნოთ ეს ქართულად), და, რა თქმა უნდა, ორიგენესთან მკვეთრად გამოსაყოფია საკუთრივ ტროპოლოგიური ანუ სახისმეტყველებითი აზრი საღვთო წერილისა. ამგვარი განმარტებითი კვლევა პირველ რიგში სწორედ ამ უზენაესი დოგმატის, ყოვლადწმინდა სამების დოგმატის ამოკითხვას ძველ აღთქმაში ემსახურება და ამ კუთხით კვლავ აღვნიშნავთ, ორიგენეს მოღვაწეობა ხშირად ძალიან ღირსეულია. ყველა თემასთან [14]დაკავშირებით ჩვენ გამოვყოფთ, თავისთავად ცხადია, ორიგენეს მოღვაწეობის ღირსეულ მხარეს და იქვე მოვადევნებთ თუ რა გაუკუღმართება ქონდა მას, რა დამღუპველი გაუკუღმართებაც ქონდა მას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

ეს ღირსეული მხარე გამოვყავით რა ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით, ეხლა შევეხებით იმ მძიმე გაუკუღმართებას რაც ორიგენესგან მომდინარეობს, ეს გახლავთ მისი აზრი იმის შესახებ, რომ ძე ღმერთი არის ქმნილება. ეს აზრი, რა თქმა უნდა, ორიგენემდე არსებობდა გნოსტიკურ მწვალებლობაში, სხვადასხვა გნოსტიკოსში, რომლებიც იესო ქრისტეს რაცხდნენ არა განკაცებულ ღმერთად, არამედ განღმრთობილ ადამიანად, ე.ი. უარყოფდნენ მის ბუნებით ღმრთეებას, რომ იგი ბუნებითი ღმერთია, არამედ მიიჩნევდნენ, რომ ესაა მადლით განღმრთობილი ქმნილება, მადლით განღმრთობილი ადამიანი. ეს აზრი ორიგენესთანაც, იმ ფრაგმენტებში რაც ჩვენამდე მოღწეულია, ბერძნულ ტექსტში, სავსებით თვალსაჩინოა, მაგრამ ამ კუთხით მხოლოდ ორიგენესეული ფრაგმენტები არ გახლავთ მოწმობა იმისა, რომ ორიგენეს [15]სამწუხაროდ ქონდა ეს გაუკუღმართება. არის კიდევ სხვა, ძალიან ანგარიშგასაწევი არგუმენტებიც, მაგრამ ვიდრე მათ შესახებ აღვნიშნავდეთ ჯერ ის ფაქტი უნდა გავიხსენოთ, რომ ამ დოგმატის მხრივ ორიგენეს გაუკუღმართებას ბოლო ხანებში გარკვეული პრობლემურობა შეექმნა, პრობლემურობა შეექმნა იმის გათვალისწინებით, რომ IV საუკუნის ცნობილი წინამძღვარი ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლისა დიდიმე ალექსანდრიელი, იგივე დიდიმე ბრმა, თავის შრომაში სახელწოდებით “ყოვლადწმინდა სამების შესახებ” ორიგენეს მოძღვრებას ამ დოგმატთან დაკავშირებით არ აძლევს იმგვარ ინტერპრეტაციას, რომ იგი მხოლოდ ამ კუთხით ერეტიკოსად ჩავთვალოთ. დიდიმეს აზრით ორიგენე ამ დოგმატთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ სიწმინდეს ინარჩუნებდა. ჩვენ აქვე მაინც აღვნიშნავთ ყოველი შემთხვევისთვის, რომ თვით ეს დიდიმეც ანათემირებულია ეკლესიისგან, მაგრამ არ უნდა აგვერიოს, რომ იგი ანათემირებული არ არის საკუთრივ ამ დოგმატთან დაკავშირებით. [16]დიდიმე ანათემირებულია სულ სხვა დოგმატის მხრივ, სხვა ორიგენისტული ცდომილების გაზიარების გამო, კერძოდ ეს გახლავთ ცდომილება ადამიანის სულთა წინასწარ არსებობის, ანუ ე.წ. პრეეგზისტენციის შესახებ, რომ ადამიანური სული და სხეული ერთობლივად არ შექმნილა (ამას ჩვენ შემდეგ დავაკონკრეტებთ), რომ ჯერ სულები შეიქმნენ, რომლებმაც შესცოდეს და ამის შემდეგ შეექმნათ მათ სხეულებრიობა. ეს გახლავთ ორიგენისტული ე.წ. პრეეგზისტენციური მოძღვრება, მოძღვრება სულთა წინასწარ არსებობისა და შემდგომ მათი მეტემფსიქოზისი ანუ მათი, როგორც თვითონ უწოდებს მეტესომატოსის ანუ გარდასხეულების, იგივე ინკარნაციის შესახებ. და აი ამ აზრს იზიარებდა დიდიმე ალექსანდრიელი, ამიტომ არის იგი ანათემირებული. ხოლო რაც შეეხება დოგმატს ყოვლადწმინდა სამების შესახებ, ამ მხრივ ეკლესიის შეფასებით წმ. სწავლება რაც კაბადოკიელ მამებთან გვხვდება ჩვენ, ისევე როგორც სხვა მოძღვრებთან, ასევე სიწმინდითაა წარმოდგენილი დიდიმე ალექსანდრიელთან და მეტიც, ეკლესიის მამები გახაზავენ, რომ არათუ ასევეა [17]ეს წარმოდგენილი, არამედ ერთ-ერთი პირველ გამომთქმელი სწორედ დიდიმე გახლავთ ამგვარი უცდომელობით აღნიშნული დოგმატისა. ამიტომაა, რომ ეს შრომა მოღწეულია, ციტირებულია, მათ შორის ციტირებულია ისეთ მნიშვნელოვან დოგმატურ კრებულში როგორიც გახლავთ არსენ იყალთოელის “დოგმატიკონი”, სადაც რამდენიმე ციტატაა დიდიმეს ამ შრომიდან, როგორც იქაა თქმული, “სამებისა ძლითისა სიტყუისაგან” (არსენის დროს სიტყვა “ძლითი” ნიშნავს შესახებ, ე.ი. სამების შესახებ სიტყვისაგან). ჩვენ ეს შრომა იმიტომ ვახსენეთ, რომ როდესაც დიდიმე გადმოსცემს ასე უბადლოდ და უმწიკვლოდ, მოძღვრებას ყოვლადწმინდა სამების შესახებ, ამავე დროს ხაზს უსვამს, რომ ყოველივე ეს რაც მისგან არის გადმოცემული მას თავის მხრივ უსწავლია ორიგენესგან. რა თქმა უნდა, აქ უშუალოდ პირად სწავლებაზე არაა საუბარი, რადგან დიდიმე ორიგენეს ცოცხალს არ მოსწრებია, მაგრამ მის შრომებზე ვისწავლე ეს ყოველივეო – ამბობს დიდიმე, ამიტომ ტყუილად [18]ცილს სწამებენ მას თითქოს ამ დოგმატთან დაკავშირებით გაუკუღმართებული იყოო. ამრიგად დიდიმე, ერთ-ერთი უადრესი ავტორი (IV ს.), III საუკუნის მოღვაწე ორიგენეზე გვეუბნება, რომ იგი ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებით იმგვარ უცდომელობას ინარჩუნებდა, როგორიც ეს ამ ჩემს მიერ შრომაშია წარმოდგენილიო. მის შრომაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოგმატი ყოვლადწმინდა სამების შესახებ მართლაც უცდომელობითა და სიწმინდითაა გადმოცემული. აქედან გამომდინარე ბევრმა მკვლევარმა ჩათვალა, რომ შესაძლოა ის აზრი, რომ ორიგენე ამახინჯებდა დოგმატს ყოვლადწმინდა სამებასთან დაკავშირებით და ძე ღმერთს ქმნილებად რაცხდა, ეს ცილისწამება იყოს მისდამი და რომ თითქოს იგი ამგვარ გაუკუღმართებას არ გამოთქვამდა, რასაც ზემოგანხილული IV საუკუნის უადრესი წყარო ამგვარი ახსნა-განმარტების საფუძველს გვაწვდის ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა რომ დადასტურებულიყო და ორიგენე ამ ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდებისგან გათავისუფლებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ასე არ გახლავთ. [19]უკვე აღვნიშნავდით ადრეც რომ ძალიან ანგარიშგასაწევი არგუმენტები საპირისპირო მნიშვნელობით არსებობს, რომლებსაც ჩვენ შემდგომ საუბარში განვიხილავთ.

 

184–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=SZRvBmn0M0Y

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 JULY 2016 13:43)