194–195

ორიგენეს მოძღვრება ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ

ჩვენ კვლავ ორიგენეს ღვთისმეტყველებას განვიხილავთ. წინა საუბრებში შევეხეთ მის ცრუ მოძღვრებას, რაც განუყოფლადაა მის სწავლებაში, ღვთის შესახებ, ანგელოზთა შესახებ და ადამიანის შესახებ. ამჯერად კი შევეხებით არანაკლებ პრობლემურ და რთულად გადმოსაცემ თემას ორიგენისტული ღვთისმეტყველებისას. ეს გახლავთ ორიგენეს მოძღვრება ჟამთა აღსასრულის შესახებ, ანუ ორიგენესეული ესქატოლოგია. ჩვენ ეს ტერმინი ადრეც ხშირად გამოგვიყენებია და ეხლაც შევახსენებთ ჩვენს მსმენელს, რომ ესქატოლოგია ეს გახლავთ სწავლება უკანასკნელ ჟამთა შესახებ, მეორედ მოსვლის შესახებ. ეკლესიას, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მოძღვრება აქვს მეორედ მოსვლის შესახებ, ესაა ეკლესიური, მართლმადიდებლური ესქატოლოგია და ამის ფონზე თუ რა ცდომილებანია ორიგენესეულ მოძღვრებაში, სრულიად მკაფიოდ ჩანს და თვალსაჩინოა.

[1]ძირითადი სხვაობა ორიგენესეულ ესქატოლოგიასა და მართლმადიდებლურ ესქატოლოგიას შორის გულისხმობს შემდეგს: ეკლესიური სწავლებით მეორედ მოსვლის მიზანდასახულობა და არსებითი შინაარსია საბოლოო გამიჯვნა, საბოლოო სასჯელის, ანდა ჯილდოს, მიგება მათთვის, რომლებიც ერთი მხრივ სასჯელს იმსახურებენ, ხოლო მეორე მხრივ ჯილდოს. ესაა ის საბოლოო ხვედრი განკითხვის ჟამს განწესებული ყველა ადამიანისადმი, რაც შემდგომ ცვალებადობას აღარ განიცდის. მთავრდება ჟამიერების ისტორია, ყოველგვარი სახის ისტორია და ამის შემდგომ (მეორედ მოსვლის შემდგომ) არსებობა ქმნილებისა მხოლოდ იმ საზღვრებში იქნება წარმოდგენილი, რა საზღვრებიც [2]ამა თუ იმ ქმნილებას განკითხვის ჟამს უფალმა განუწესა. ანუ, კვლავ აღვნიშნავთ, ესაა უკვე საბოლოო ხვედრი, რაც არასოდეს აღარ შეიცვლება – არც მართალნი დაეცემიან ცათა სასუფევლიდან და არც წარწყმედილნი, რომლებიც ჯოჯოხეთში მკვიდრობენ, ეღირსებიან საუკუნო ცეცხლისგან თავის დაღწევას. ამრიგად ეკლესიური სწავლებით, ეკლესიური ესქატოლოგიით, როგორც მარადიულობაა ცხონებაში მეორედ მოსვლის შემდეგ და მარადიული სულიერი ტკბობაა იმ ზეციური სიკეთით, რაც დაიმსახურეს წმინდანებმა და არსება ამ სიკეთისა და ამ საზღაურისა გულისხმობს თვით მაცხოვართან განუყოფელ თანამკვიდრობას, და როგორც ეს თანამკვიდრობა და როგორც ეს უდიდესი ნეტარებაა მარადიული, ასევე მეორე მხრივ, ეკლესიური სწავლებით, მარადიულია განშორებაც ღვთისგან მათთვის, რომლებმაც ნებსით განაშორეს [3]საკუთარი თავი მაცხოვარს. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება არანაირი მძლავრება, რომ დავუშვათ უფალმა ნაწილი მძლავრებით აცხოვნა, ნაწილი მძლავრებით წარწყმიდა, ანდა რაიმენაირი, თუნდაც ყველაზე უფრო მცირე გამოვლინებითი სახით თითქოსდა ეს მძლავრება განხორციელებულიყოს ვინმეზე ღვთისგან. ამგვარი რამ ყოვლად შეუძლებელია, წარწყმედას მხოლოდ ისინი მიეცემიან, ვინც წარწყმედა ინდომეს და ცხონებას ისინი მიეცემიან, რომლებმაც ცხონება ინდომეს და იღვაწეს ამისთვის. თითოეული პიროვნების ნებაყოფლობითი არჩევანის შედეგი იქნება დაკანონებული ღვთისგან მეორედ მოსვლის ჟამს და ეს დაკანონება, ეს ხვედრი, კვლავ აღვნიშნავთ, არის საბოლოო.

ჩვენ ამ საკითხზე მოგვიანებით უფრო დეტალური მსჯელობა გვექნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ პრინციპულ დებულებას გადმოვცემთ მართლმადიდებლური ესქატოლოგიისას, რომ მის ფონზე გამოიკვეთოს ორიგენესეული ესქატოლოგიის ერთი მხრივ, [4]ყოფითი გაგებით თუ ვიტყვით, განსხვავებულობა და, სამოძღვრო აზრით თუ ვიტყვით, მცდარობა.

როდესაც მართლმადიდებლური ესქატოლოგიის თვალთახედვით ჩვენ ორიგენესეულ მოძღვრებას უკანასკნელ ჟამთა შესახებ დავაკვირდებით, გამოკვეთილად და არსებითად ორი აღდგომის შესახებ ვიპოვით იქ მოძღვრებას. ეკლესია მოგეხსენებათ საყოველთაოდ აღიარებს ერთ აღდგინებას კაცობრიობისას მეორედ მოსვლის ჟამს, განკითხვის დღეს, და ერთგზის მისაგებელს მათსას, წარწყმედისეული მისაგებელი იქნება ეს თუ ცხონებისეული. მაგრამ ორიგენეს მოძღვრებაში, როგორც აღვნიშნეთ, მკვეთრად შესამჩნევია ორად განყოფა კაცობრიობის აღდგინების მოვლენისა, ესენია: ერთი, რომელიც აშკარად განიკუთვნებს დროებითობას და მეორე, დიდი და საბოლოო აღდგინება, რაც უკვე ფაქტობრივად თავისი განჩინებულობით, და არა შინაარსით, ხოლო განჩინებულობაში იგულისხმება [5]ხვედრის საბოლოობა, რომ ეს ხვედრი შემდგომ აღარ გადაისინჯება და ის ხვედრი ყოველთვის და მარადიულად იგივე იქნება (თუმცა იმ ხვედრის შინაარსში დიდი სხვაობაა), აი ამ კუთხით ის საბოლოო, ორიგენესთვის მეორე, აღდგინება კაცობრიობისა ემსგავსება მართლმადიდებლურ სწავლებას კაცობრიობის საყოველთაო აღდგინების შესახებ. რა არის ეს დროებითი თვისების შემცველი აღდგინება კაცობრიობისა ორიგენეს სწავლებაში? ეს გახლავთ ის სამოძღვრო თეზა, რომლის მიხედვითაც ხდება განკითხვა ადამიანებისა, რომ ერთ ნაწილს კაცობრიობისას ჯოჯოხეთი მიენიჭება, მეორეს კი სასუფეველი. მაგრამ ეს ჯოჯოხეთი, და სწორედ ამაშია პრინციპული სხვაობა ორიგენისტული სწავლებისა მართლმადიდებლობასთან, როგორც სასჯელი არ გახლავთ ორიგენესთვის მარადიული. ეკლესიური სწავლებით, როგორც აღვნიშნეთ, ხვედრი, რაც განეჩინება პიროვნებას წარწყმედის მხრივ, ანუ [6]პიროვნება რომელიც წარწყმედას მიეცემა ეს იგივეა, რომ ის ჯოჯოხეთში შთაინთქმება, ეს შთანთქმულობა ჯოჯოხეთში მისთვის არის მარადიული, იმიტომ, რომ მან თვითონ აღირჩია ეს ხვედრი. ეს არ არის, კვლავ გავიმეორებთ, ეკლესიისგან და ღვთისგან მძლავრებითი რამ განაჩენი. პიროვნებას, რომელიც წარწყმედას მიეცემა, უკვე კარგა ხანია თავისი თავისთვის ზუსტად ეს სასჯელი აქვს გამოტანილი და ამ სასჯელის დაკანონება და მოქმედებაში მოყვანა განეჩინება და განეწესება ღვთისგან მეორედ მოსვლის ჟამს. ამას ჩვენ შემდგომ განვმარტავთ, ამ შემთხვევაში კი იმ დებულებაზე ხაზგასმა გვინდა, რომ ეკლესიური სწავლებით ის სასჯელი, რაც წარწყმედის ქვეშ მყოფ პირებს მიეცემათ (კერძოდ ჯოჯოხეთში მათი დანთქმულობა) მარადიული, შეუძრავი და უცვლელია. ხოლო ორიგენესეული მოძღვრების მიხედვით ჯოჯოხეთში ამა თუ იმ პირის დამკვიდრება არ არის მარადიული, და თვით ჯოჯოხეთიც ორიგენესთვის არის დროებითი მოვლენა. ორიგენე ჯოჯოხეთს [7]უფრო იგებს არა როგორც მარადიული სასჯელის აღსრულების ადგილს, არამედ დროებითი სასჯელის აღსრულების ადგილს, როგორც იმგვარ საპატიმროს, რაც გარკვეული ვადით მიესაჯა ამა თუ იმ პიროვნებას. ანუ ჯოჯოხეთის დანიშნულება ორიგენესთვის ფაქტობრივად იგივეა (ჩვენ აქ შეგვიძლია ძალიან ხელშესახები პარალელი გავავლოთ), რაც არის განსაწმენდელი კათოლიკური მოძღვრებისათვის. განსაწმენდელიც კათოლიკური მოძღვრების მიხედვით არის ტანჯვის ადგილი, ის არ არის ნეტარების ადგილი, იქ ცეცხლია, მაგრამ ეს განსაწმენდელი კათოლიკურ მოძღვრებაში, მარადიული ჯოჯოხეთისგან განსხვავებით, რასაც ისინიც აღიარებენ (კათოლიკური მოძღვრების მიხედვით არსებობს მარადიული სასუფეველი და ჯოჯოხეთი და შუალედური მდგომარეობა  - განსაწმენდელი), მართალია ასევე ტანჯვის ადგილია, მაგრამ არა [8]მხოლოდ თვითმიზნურად ტანჯვის, არამედ ამ ტანჯვას, მათი გაგებით და მათი აზრით, სასიკეთო და კეთილისმყოფელი შედეგი აქვს, რომ ვინც განსაწმენდლეში მოხვდება ის მართალია ტანჯვაში იქნება გარკვეული პერიოდის მანძილზე, მაგრამ ამ პერიოდის გავლის შემდეგ განიწმინდება და ცხონებაში დამკვიდრდება. ამიტომ ეწოდება მას განსაწმენდელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვინც კი ამ განსაწმენდელში მოხვდება ის აუცილებლად საბოლოო ცხონებას ეზიარება. არ ხდება ისე, რომ განსაწმენდელში მოხვედრილი კიდევ უფრო დამძიმდეს ცოდვებით და მარადიულ ჯოჯოხეთში წავიდეს. განსაწმენდელი, კათოლიკური მოძღვრებით, არის მხოლოდ დროებითი ადგილი და მხოლოდ იმ პირთათვის და იმ სულთათვის, რომლებიც მარადიული წარწყმედის ღირსნი არ არიან, მაგრამ არც ცხონების ღირსნი არ არიან, რის გამოც მიდიან ისეთ ადგილას, სადაც გამოვლენილი ცეცხლი განწმენდს მათ. მართლმადიდებლობისთვის ეს კათოლიკური სწავლება მიუღებელია, [9]რადგან ადამიანის განწმენდის საფუძველი გამოდის ობიექტური რეალობა, არა მისი სუბიექტური შინაგანი მდგომარეობა, არა პიროვნულად მისი ნება და ამ ნების შესაბამისი ქმედება და ღვაწლი, არამედ რაღაც გარეგანი მოვლენა, ამ შემთხვევაში განსაწმენდელი ცეცხლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ ვინც ამ განსაწმენდელში მოხვდება მას უნდა თუ არ უნდა, ის უეჭველად განიწმინდება, რადგან ცეცხლია მისი განმწმენდელი და არა პიროვნული არჩევანი. ამიტომაა მართლმადიდებლური სწავლებისთვის კათოლიკური დოგმატი განსაწმენდელის შესახებ სრულიად მიუღებელი, რადგანაც მთელი საეკლესიო მოძღვრება ეფუძნება სწორედ იმ დებულებას, რომ გამოხსნის საფუძველია პიროვნული ნება, ისევე როგორც სხვათაშორის წარწყმედისა. ეკლესიური სწავლება ცხონებისა და წარწყმედის შესახებ ეფუძნება პიროვნულ არჩევანს, პიროვნულ ნებას, ბუნებითი ნებელობის პიროვნულ გამოხატულებას, თუ რომელ გზას ავირჩევთ ჩვენ, ნებაყოფლობით დავწინაურდებით ღვთისკენ თუ ნებაყოფლობით გავემიჯნებით მას. და თუკი ეს საფუძველი მოიშალა, მაშინ ცხონებაც [10]დაუკავშირებელი აღმოჩნდება ადამიანთან, ე.ი. ადამიანის პიროვნულ ნებას თუ არ უკავშირდება ცხონება და გადამწყვეტი სწორედ პიროვნული ნება არ არის, მაშინ ეს მექანიკური პროცესი გამოდის და ამა თუ იმ პიროვნებას შეუძლია ცხონდეს, მიუხედავად იმისა მას უნდა თუ არა ეს. ისევე როგორც ესა თუ ის პიროვნება შეიძლება წარწყმდეს, მიუხედავად იმისა უნდა თუ არა მას ეს. აი ამის შესაძლებლობას ხსნის განსაწმენდელის (პურგატორიუმის) დაშვება, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, განსაწმენდელში მოხვედრილი პიროვნება, რომელიც ცოდვილია, მიუხედავად მისი ნებაყოფლობითი არჩევანისა, ცეცხლის მიერ, ანუ გარეგანი მოვლენისა და გარეგანი ფაქტორის მიერ (ეს არაა მისი შინაგანი გამოხატულება), განიწმინდება, ანუ პიროვნულობა ცხონებისა აქ უკვე ფაქტობრივად გაუქმებულია.

დაახლოებით ამ განსაწმენდელის დონეზე არის დაშვებული ორიგენესთან ზოგადად ჯოჯოხეთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ კათოლიკურ სწავლებასა და ორიგენისტულ სწავლებას შორის ჯოჯოხეთის შესახებ სხვაობა ისაა, რომ ორიგენე არ აღიარებს და არ იღებს [11]კათოლიკური მოძღვრების იმ ნაწილს, რაც მარადიულ ჯოჯოხეთს გულისხმობს (როგორც აღვნიშნეთ კათოლიკებიც, რა თქმა უნდა, მარადიულ ჯოჯოხეთს აღიარებენ), მისთვის ჯოჯოხეთი მხოლოდ და მხოლოდ განსაწმენდელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა აბსოლუტურად იმ გაგებით, როგორც ეს კათოლიკეებთანაა, ამის იქეთ, უფრო გამკაცრებულ სინამდვილეში ორიგენე აღარ ეშვება. ჩვენ ამ შემთხვევაში პარალელს ვავლებთ, რომ ორიგენესთვის იმგვარადვე დროებითია ჯოჯოხეთი, როგორც კათოლიკეებისთვის დროებითია განსაწმენდელი. შედეგიც ერთიდაიგივეა – ორიგენესთვის ჯოჯოხეთი არის ტანჯვისა და დასჯის ადგილი იმდენად, რამდენადაც გარკვეულ ჟამს ეს ტანჯვა დაბოლოვდება და ამ სატანჯველგავლილი პიროვნება ბოლოს ცხონებული იქნება. ე.ი. მიზანდასახულობაც ორიგენესეული ჯოჯოხეთისა და კათოლიკური განსაწმენდელისა ერთი და იგივეა, რომ [12]პიროვნება განწმინდოს ცხონებისათვის. ჯოჯოხეთის ტანჯვა ამ შემთხვევაში ორიგენესთან სწორედ ამ შედეგის მიღწევით უნდა დაბოლოვდეს და ლათინებთანაც განსაწმენდელის ცეცხლისმიერი სატანჯველიც ამ შედეგით ბოლოვდება.

აქ შეიძლება ერთი ასეთი სხვაობა დავიჭიროთ, რომ ორიგენე მკაცრ ვადას უწესებს ჯოჯოხეთს, მაშინ როცა განსაწმენდელის ვადა, რა თქმა უნდა, დადგენილი არ არის, დადგენილია იმ გაგებით რა გაგებითაც დადგენილია მეორედ მოსვლის ჟამი კათოლიკეთათვის. მეორედ მოსვლის შემდეგ განსაწმენდელი ცხადია აღარ იქნება, ის მანამდე ფუნქციონირებს, მანამდე მოქმედებს, ხოლო შემდეგ, როდესაც კათოლიკეთა მოძღვრებითაც საბოლოო და შეუცვლელი, უძრავი, ხვედრი განეწესება ღვთისგან, რა თქმა უნდა, უკვე რაღაც შუალედურობა მიუღებელია. [13]ასე რომ, მათთვის განსაწმენდელის, ანუ დროებითი სატანჯველის არსებობის ვადა მეორედ მოსვლამდეა, მაგრამ რამდენადაც თვით მეორედ მოსვლის ჟამი, თარიღი, დღე და საათი ქმნილებისთვის შეუცნობელია, შესაბამისად თუ რა ხანგრძლივობის უნდა იყოს კათოლიკეთა განსაწმენდელი, ამის მიხედვით არ დადგინდება. რაც შეეხება ორიგენესეულ ჯოჯოხეთს, ორიგენე ჯოჯოხეთის არსებობის ხანგრძლივობად დაახლოებით ათას წელს მიიჩნევს, რაც ეფუძნება უფლის სიტყვების იმგვარ გაგებას, რაც ამ შემთხვევაში ორიგენესეულ მოძღვრებას თითქოსდა თანხვდება. აქ იგულისხმება შემდეგი: ორიგენემ, როგორც ვთქვით, ჯოჯოხეთი დროებით მოვლენად აღიარა. მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა ხანგრძლივობის იქნება ეს დროებითობა, მთავარია, რომ მისთვის რაღაც მომენტში ჯოჯოხეთის ტანჯვა დასრულდება, იქ მყოფი ყველა ადამიანი, ტანჯვის გავლის შემდგომ, ცხონებაში დაიმკვიდრებს ადგილს. და არა მხოლოდ [14]ადამიანები, არამედ ის ეშმაკებიც, რომელთა სამყოფელიცაა ჯოჯოხეთი, ქვესკნელის ძალებიც, ასევე გარკვეული ჯოჯოხეთური ცხოვრების შემდგომ, კვლავ თავიანთ დაკარგულ სიმაღლეს დაუბრუნდებიან და კვლავ ანგელოზებად გარდაისახებიან, ჯოჯოხეთი კი აბსოლუტურად გაუქმდება.

როდესაც ორიგენემ ეს მოძღვრება ჩამოაყალიბა, რა თქმა უნდა, ჯერ ალბათ თვით საკუთარი თავის წინაშეც წამოეჭრებოდა კითხვა და ეჭვი არაა სხვათაგანაც ეს კითხვა მის მიმართ აღიძვრებოდა, რომ თუ ასეთი დროებითია ჯოჯოხეთური ტანჯვა, მაშ რატომაა, რომ უფალი განაწესებს და წინასწარვე ეუბნება იმ პირებს, რომლებიც წარწყმედისთვის არიან გამზადებულნი, რომ “წარვედით ჩემგან ცეცხლსა მას საუკუნესა”. აქ საუკუნო ცეცხლში [15]დამკვიდრება წარწყმედილებისა პირდაპირაა უფლისმიერი სიტყვებით დადასტურებული. და თუ საუკუნოა ის ცეცხლი, ე.ი. მარადიული ყოფილა და როგორღაა დროებითი? აქ ორიგენეს უაღრესად განვითარებულმა ლოგიკურმა აზროვნებამ უკარნახა კონტრარგუმენტი, თავისთავად ობიექტურად ძალიან მახვილი, მაგრამ არსებითად და მოძღვრებითად, რა თქმა უნდა, პრინციპულად მცდარი. ეს არგუმენტი გახლავთ ის, რომ ორიგენემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სიტყვას “საუკუნო”, რაც არის ზედსართავი სახელი არსებითი სახელისა “საუკუნე”. ჩვეულებრივ ზედსართავი სახელი, რომელიც არსებით სახელს ეფუძნება, არსებითი სახელის შინაარსს უცვლელად ინარჩუნებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი ვითარება ჩვენ არ გვაქვს. არსებითი სახელი “საუკუნე” არ ნიშნავს მარადიულობას, მარადისობას, იგი არის დროის გარკვეული მონაკვეთი, ციკლი წლების გარკვეული რიცხვისა. [16]მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი საუკუნეა 532 წლიანი ქრონიკონული ციკლი, ერთი საუკუნეა ის ასწლეული, რასაც შემდგომ ეს სახელწოდება (საუკუნე) დაუმკვიდრდა კიდეც, ერთი საუკუნეა ვთქვათ ათასწლეული, ათიათასწლეული და ა.შ. ერთი სიტყვით გარკვეული ჟამი, ჟამის ციკლი, პერიოდი, სადაც მარადისობა, მუდმივობა და დაუბოლოვებლობა, რა თქმა უნდა, არ ჩაიდება, ისევე როგორც ამ ქართული სიტყვის ბერძნულ ექვივალენტში “აიონ”, ანდა ლათინურ “სეკულუმ”-ში, ისევე როგორც რუსულ “ვეკ”-ში. “ვეკ” არ ნიშნავს მარადისობას, ის ნიშნავს გარკვეულ რაოდენობას წლებისას, გარკვეულ ციკლს ჟამისას, მაგრამ ზედსართავი სახელი, ნაწარმოები “საუკუნისგან”, “საუკუნო”, რა თქმა უნდა, ყოველთვის მარადიულობის შინაარსს იტევს, განსხვავებით იმ არსებითი [17]სახელისგან (საუკუნე), საიდანაც ის მომდინარეობს. ორიგენეს მახვილგონივრულობა ამ შემთხვევაში, არსებითად მცდარი, მაგრამ გარეგნულად და ფორმალურად მისთვის მომგებიანი, მდგომარეობდა იმაში, რომ მან ეს ზედსართავი სახელი გაუიგივა შინაარსითაც არსებით სახელს. “რატომ უნდა ვიგულისხმოთ ამ ზედსართავში მარადისობა, - ამბობდა ორიგენე, როცა ის ეფუძნება არსებით სახელს “საუკუნე”, ხოლო “საუკუნე” ნიშნავს გარკვეულ პერიოდს ჟამისას და ზედსართავშიც ეს შენარჩუნებული უნდა იყოს”. ე.ი. თუ პირობითად ჩვენ ტერმინ “საუკუნე”-ში ვიგულისხმებთ ასწლეულს, ანდა ათასწლეულს, როგორც ასწლეულიდან ნაწარმოები ზედსართაული ფორმის სიტყვა “ასწლოვანი”, ანდა ათასწლეულისგან ნაწარმოები “ათასწლოვანი”, არ გულისხმობს მარადიულს და კონკრეტულ ჟამიერებას გულისხმობს, ასევე ორიგენესთვის “საუკუნე”, ვთქვათ ათასი წლის აღმნიშვნელია, ხოლო “საუკუნო” ათასწლოვანის აღმნიშვნელი. [18]ამიტომ, ამბობს რა უფალი “წარვედით ჩემგან ცეცხლსა მას საუკუნოსა”, ეს ორიგენეს ესმის ასე: “წადით ათასწლოვან ცეცხლში”. ათასი წლის შემდეგ კი ჯოჯოხეთი ორიგენესთვის დასრულდება და იქ მკვიდრნი, ადამიანებიც და ეშმაკებიც, მისი მცდარი მოძღვრებით, გამოიხსნებიან და ცხონებაში დამკვიდრდებიან.

მაგრამ რა სირთულეები ახლავს ორიგენეს ამ დებულებას და საიდან უნდა მომდინარეობდეს მის მოძღვრებაში ასეთი გაგება ესქატოლოგიისა, ამაზე ჩვენ შემდგომ საუბარში ვისაუბრებთ.

 

194–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=m3nxMdoa2w8


ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ ორიგენესეული სწავლების საფუძვლები მისსავე მოძღვრებაში

ჩვენს წინა საუბარში განვიხილავდით ორიგენესეულ ცდომილებას, ამ შემთხვევაში უკვე ესქატოლოგიასთან დაკავშირებით, ანუ განვიხილავდით ორიგენესეულ ესქატოლოგიას, მართლმადიდებლურ ესქატოლოგიასთან, ანუ მეორედ მოსვლის შესახებ მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან პარალელში. როგორც აღვნიშნეთ ორიგენესეული ესქატოლოგიის ყველაზე არსებითი ნიშანია ჯოჯოხეთისეული მყოფობის და ჯოჯოხეთისეული ტანჯვის, თვით ჯოჯოხეთის დროებითობა, რომ ჯოჯოხეთი არ არის მისთვის მუდმივი მდგომარეობა, მუდმივი სამყოფელი, რომ ჟამთა გარკვეული ციკლის შემდეგ ჯოჯოხეთი დაბოლოვდება. და როდესაც დროებითობა ჯოჯოხეთისა მის წინაშე და მასთან პაექრობაში უფლის სიტყვების საფუძველზე იყო მრავალ მოძღვართაგან უარყოფილი, რადგან თვით უფალი ამბობს, რომ წარწყმედილები უნდა წავიდნენ “ცეცხლსა მას საუკუნოსა” და “საუკუნო” ჩვეულებრიოვ მარადიულობის შემცველი შინაარსისაა, ორიგენემ, როგორც აღვნიშნავდით, [1]განსხვავებული გაგება შემოიტანა ამ ზედსართავი სახელისა – “საუკუნო” (ბერძნ. “აიონიოს”) და მიიჩნია, რომ ამ ზედსართავ სახელშიც ზუსტად იგივე შინაარსი უნდა ჩავდოთ ხანგრძლივობის თვალსაზრისით, რა შინაარსიც ჩაიდება მის საფუძვლად მყოფ არსებით სახელ – “საუკუნე”-ში (ბერძნ. “აიონ”), რაც მართლაც გარკვეულ პერიოდს გულისხმობს ჟამისას და არა მარადისობას. ჩვეულებრივ ძველ ტრადიციაში ამ სიტყვით აღინიშნებოდა ციკლი წლებისა, რაც აღემატებოდა ასწლეულს. შემდეგში ამ გაგებით დაკანონდა ტერმინი “საუკუნე”, მაგრამ უფრო ადრე და უფრო მეტად მასში ჩაიდებოდა ათასწლოვანი ჟამის შინაარსი. სწორედ ეს გაგება მიიჩნია ორიგენემ ძირითად მნიშვნელობად სიტყვისა “აიონ”, ანუ საუკუნე (ე.ი. ათასი წელი) და აქედან გამომდინარე აღნიშნული არსებითი სახელისგან ნაწარმოები ზედსართავი – “საუკუნო”, ანუ [2]ბერძნ. “აიონიოს”, ანდა რუსულად “ვეჩნი”, მან ჩათვალა არა მარადიულის შინაარსის მქონე სიტყვად, არამედ კონკრეტულად ათასწლოვანის აღმნიშვნელ ტერმინად. ასე რომ, დაახლოებით ათას წელს მიიჩნევდა იგი ჯოჯოხეთის ხანგრძლივობად, ხოლო ამ ჟამის აღსრულების შემდეგ, მისი აზრით, ყველა ჯოჯოხეთის მკვიდრი (ადამიანებიც და ბოროტი ანგელოზებიც) კვლავ თავიანთ დაკარგულ სიმაღლეს დაუბრუნდებოდნენ. ადამიანები უცოდველობამდე ამაღლდებოდნენ, ანუ ცხონებაში დაიმკვიდრებდნენ ადგილს, ეშმაკები კი ანგელოზურ სიმაღლემდე აღიწეოდნენ და ისინიც მარადიულ ცხონებაში დამკვიდრდებოდნენ.

როდესაც ეს სწავლება ორიგენესგან გადმოიცემა და გადმოიცემოდა თავის დროზე (ამ სწავლებას სახელად ეწოდება აპოკატასტასისი, [3]რაც ძველ ქართულად ითარგმნებოდა, როგორც “კუალადგებაი”, (თანამედროვე გაგებით კვლავ აღდგინება). მოძღვრება აპოკატასტასის, ანუ კვლავ აღდგინების შესახებ ორიგენესთან სწორედ ამას ნიშნავს, რომ კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინებიდან ათასი წლის შემდეგ დაბოლოვდება ჯოჯოხეთი და ამის შემდეგ აღესრულება მისთვის ის მეორე, საყოველთაო და საბოლოო აღდგომა კაცობრიობისა, რაზეც ჩვენ ორი საუბრის წინ აღვნიშნავდით, რომ ორიგენე ორ აღდგომას კაცობრიობისას ვარაუდობს – ერთს დროებითს, როდესაც განკითხვა ხდება და ნაწილი მიდის ტანჯვაში, ნაწილი კი ცხონებაში და მეორეს, უკვე [4]საბოლოოს, როდესაც ტანჯვაში მყოფნიც ცხონებისთვის აღდგებიან და ყველა და ყველაფერი ცხონებაში დამკვიდრდება), რა თქმა უნდა, მსმენელზეც და მკითხველზეც, თავის დროზეც და დღესაც, ხშირ შემთხვევაში ახდენს ხიბლისმიერ გავლენას, რომელი ხიბლიდან გამოსვლაც შემდგომ ძალიან ძნელი ხდება. რა ქმნის ხიბლის საფუძველს? ხიბლის საფუძველს ქმნის გარეგანი ოპტიმიზმი, თითქოსდა იმედის საყოველთაოობა, რომ სასოებაა მთლიანად გამსჭვალავი ორიგენეს მოძღვრებისთვის (ამ შემთხვევაში კეთილგანწყობაც ამ მოძღვრებისადმი, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად მოიპოვება) და მართლმადიდებლურ მოძღვრებად მისი მიჩნევაც ბევრისთვის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება, რადგანაც არსით და ფორმითაც მართლმადიდებლობა არის სწორედ ერთადერთი სარწმუნოება ცხონებისა და არა, რა თქმა უნდა, სარწმუნოება წარწყმედისა. ამიტომ თუ რომელიმე მოძღვრება, ამ [5]შემთხვევაში ორიგენესეული, საყოველთაო ცხონებას ასაბუთებს ყველასას, რაც არ უნდა ცოდვილი და წარწყმედილი იყოს ვინმე, თავისთავად ცხადია ეს გარკვეულ პირთა ამ მოძღვრებისკენ გადახრას სრულიად ადვილად განაპირობებს, განაპირობებს იმიტომ, რომ მიზიდულობის ძალა არის ძალიან დიდი. მიზიდულობის ძალა რაც უფრო მეტია ამ შემთხვევაში, მით უფრო მეტია საკუთრივ ცდომილების ხარისხიც. აღნიშნული ხიბლისგან თავის დაღწევას კი ჩვენ შევძლებთ ერთადერთი მხოლოდ მართლმადიდებლური ესქატოლოგიის გულმოდგინე შესწავლით და თვით ორიგენესეული ესქატოლოგიის ასევე გულმოდგინე შესწავლითაც, რომ ერთი შეხედვით ეს გარეგანი მიზიდულობა, თითქოსდა უაღრესად კეთილი შინაარსი ორიგენეს მოძღვრებისა, თანდათანობით გაფერმკრთალდება ჩვენთვის თუ მის ფესვებს შევიცნობთ.

ეს ფესვები რას გულისხმობს? პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იმ წინარე ცდომილებებიდან [6]გამომდინარე, რაც ორიგენეს მოძღვრებაში გამჭვირვალეა და რაზეც ჩვენ დეტალურად და თემატურად ვისაუბრეთ, ორიგენეს უბრალოდ არც შეეძლო სხვანაირი ესქატოლოგიური მოძღვრების გადმოცემა. მას საერთოდ რომ არანაირი ესქატოლოგიური მოძღვრება არ შეემუშავებინა თვითონვე, მისი წინარე შეხედულებების საფუძველზე მხოლოდ ის დასკვნები გამოვიდოდა ამ თემასთან დაკავშირებითაც, ე.ი. ესქატოლოგიასთან დაკავშირებითაც, რაც თვით მანვე გამოიტანა და რატომ? ჩვენ ადრე აღვნიშნავდით, რომ ერთ-ერთი პრინციპული შეცდომა ორიგენესეული ანგელოლოგიისა მდგომარეობდა კატეგორიულ აზრში, რომ ანგელოზთა შორის ერთბუნებითობის გამო ერთი ანგელოზის სულიერი მდგომარეობა (ნუ დავარქმევთ ამ შემთხვევაში აუცილებლად ცოდვას) მყისვე განივრცობა ყველა დანარჩენზე, ოღონდ მეტ-ნაკლები ხარისხით. ვინც უფრო ახლოსაა მასთან სულიერად ის უფრო მეტად განიწონება იმ განწყობილებით, რაც ამ ანგელოზს აქვს და ვინც უფრო შორსაა [7]ის უფრო ნაკლებად. ჩვენ იმ შემთხვევაში ვსაუბრობდით ცოდვის შესახებ, რომ როდესაც ორიგენეს გაგებით ერთ-ერთ ანგელოზს მობეზრდა ზეციური ცხოვრება, ერთფეროვანი ნეტარეულობის გამო, და ამის შესაბამისად დაეცა, ერთი ანგელოზის დაცემა მყისვე განივრცო ყველა სხვა ანგელოზზე. მყისვე განივრცო, მისი მტკიცებით, სწორედ იმის გამო, რომ ანგელოზებს ერთი და იგივე ბუნება აქვთ და ერთი ბუნების მქონე ერთ-ერთი ჰიპოსტასის მდგომარეობა, ბუნებითი ერთობის გამო, თითქოსდა ყველაზე უნდა გავრცელებულიყო. ორიგენეს ნიმუშად მოჰყავდა სწორედ ადამიანთა მაგალითი, რომ ერთი ადამიანის ცოდვა ყველა დანარჩენზე განივრცო. მაგრამ პრინციპული შეცდომა, კვლავ გავიმეორებთ, ორიგენესი მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანთა შორის არის გენეტიკური ხაზი, ანუ ერთი ადამიანისგან, უფრო სწორად ორი ადამიანისგან, იშვება მესამე, რომელიც სხვა ადამიანთან ერთად შობს კიდევ სხვას და ა.შ. ანუ არ არსებობს ადამიანთა გენეტიკურ ხაზში ვინმე ისეთი, [8]რომელიც ამ გენეტიკის გარეთ იდგეს, თავისი წინაპრისგან შობილი არ იყოს. ადამიანთა შორის რომ ურთიერთგენეტიკური შობადობანი არ ყოფილიყო, ერთი ადამიანის შეცოდება არანაირად მეორეზე არ განივრცობოდა. მაგალითად რომ მოვიყვანოთ, დავუშვათ ორი ადამიანი მკვიდრობდა სამოთხეში - ადამი და ევა (მიუხედავად იმისა, რომ ევა ადამის ნეკნისგან შეიქმნა, შეიქმნა იმ ჟამს, როდესაც ადამი უცოდველობაში იყო) და ვთქვათ მხოლოდ ევას ჩაედინა ცოდვა, ანდა მხოლოდ ადამს, ანდა უფრო მართებული იქნება თუ დავუშვებთ, რომ კიდევ სხვაც ყოფილიყო სამოთხეში და მხოლოდ ადამი და ევა აღმოჩენილიყო შეცოდების მქონე. ამის შემდეგ მათგან, რა თქმა უნდა, კაცობრიობა იშვება და გენეტიკურად გადაეცემა ყველა მათგანს პირველცოდვა, რადგან ცოდვით დაცემული მშობლებისგან დაიბადა ყველა მათგანი. მაგრამ ჩვენთვის სავარაუდო მესამე ადამიანი, სამოთხეში მყოფი, [9]რომელიც გენეტიკურად არ მომდინარეობდა ადამსა და ევასგან, ის, რა თქმა უნდა, არც მათ ცოდვას არ მიიღებდა. ასე რომ ერთი ბუნების მქონეობა კი არ განაპირობებს მექანიკურ გადასვლას ერთი პიროვნების ცოდვლიანობისას მეორეზე, არამედ აუცილებლად გენეტიკური ხაზი. თუმცა ამ გენეტიკურ ხაზშიც მხოლოდ პირველ ცოდვა გადადის და არანაირად სხვა სახის, შემდგომი და შემდგომი, პირადი ცოდვები. ამგვარი რამ გამორიცხულია მართლმადიდებლური სწავლებით.

ჩვენ სხვათაშორის მოკლე ხანში გვექნება ამ საკითხზე სპეციალური პუბლიკაცია. ჩვენს საუბრებში ადრეც გვიხსენებია ეს საკითხი, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სნეულება ჩვენის აზრით დღეს სწორედ ეს ფსევდო მოძღვრება გახლავთ, ანუ ქადაგება და მოძღვრობა იმისა, რომ თითქოს გენეტიკურად გადაეცემოდეს მშობლების პირადი ცოდვები შვილებს. ეს არის კატეგორიულად უარყოფილი მართლმადიდებლური მოძღვრების მიერ, [10]მართლმადიდებელ მნათობთა მიერ, როგორებიც იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. კირილე ალექსანდრიელი, წმ. იოანე დამასკელი, თეოფილაქტე ბულგარელი, წმ. თეოდორიტე კვირელი და სხვები. ყველა ერთხმოვანნი არიან იმაში, რომ ესაა დამღუპველი, იუდეველური სწავლება, რომელსაც მართლმადიდებლობასთან აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო. ვგულისხმობთ მშობელთა პირადი ცოდვების, გარდა იმ პირველ ცოდვისა, რომელიც ჭეშმარიტად გენეტიკურად გადადის ყველა თაობაში, იმგვარ გენეტიკურ გადაცემადობას, რაც შთამომავლობის მარადიულად წარწყმედას გამოიწვევს, რასაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქადაგებს დღეს და, კვლავ აღვნიშნავთ, რაც ყველაზე დიდი სენია თანამედროვე ქართული ქრისტიანობისა.

მაგრამ ჩვენ დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით, რომ პირველცოდვა გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, იმიტომ, რომ გენეტიკურად იშვებიან ერთი მეორისგან ადამიანები. ხოლო ანგელოზები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ერთი მეორისგან არანაირად არ იშვებიან და მათ შორის არანაირი [11]გენეტიკური ხაზი არ არის, შესაბამისად ისინი არანაირ ცოდვისმიერ გენეტიკურ გადაცემადობას არ ექვემდებარებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ ერთი ანგელოზის შეცოდება მეორე ანგელოზზე, მისი ნების გარეშე,  ბუნებითად გადაცემული არასოდეს არ ხდება. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ცოდვის მოთავე ეშმაკთან ერთად სხვანიც მრავალნი დაეცნენ, რაც მართლმადიდებლური სწავლებაა, დაეცნენ არა იმიტომ, რომ ბუნებითი ერთობის გამო გადავიდა მათზე, მათი ნების გარეშე, იმ ერთის შეცოდება, არამედ მხოლოდ ისინი დაეცნენ, რომლებიც ნებაყოფლობით, შეგნებულად თანაეზიარნენ იმ დაცემის მოთავეს. მაგრამ ორიგენეს სწორედ ეს აზრი ჰქონდა, როგორც აღვნიშნავდით, რომ ბუნებითი ერთობა არის საფუძველი იმისა, რომ ერთის შეცოდება განივრცოს ყველა სხვაზე. ესაა ერთი პრინციპული ცდომილება ორიგენესი მეორესთან ერთად, რომ ორიგენესთვის ცოდვის შედეგი ესაა სხეული. ნებისმიერი სახის სხეული ორიგენესთვის გახლავთ [12]ცოდვას მოდევნებული, ცოდვის შემდგომი სასჯელი. რადგანაც ცოდვა ანგელოზებშიც იქნა ჩადენილი, რაც ასევე მართლმადიდებლური სწავლებაა, ისევე როგორც ადამიანებში, ამას ორიგენემ ასეთი დასკვნა მოადევნა, რომ თუკი ცოდვის შედეგი აუცილებლად სხეულია, შესაბამისად ანგელოზთა შორის აღსრულებულმა ცოდვამ ანგელოზებიც შემოსა სხეულით, ისევე როგორც ადამიანთა შორის აღსრულებულმა ცოდვამ ადამიანებიც შემოსა სხეულით. ცოდვამდე არც პირველს და არც მეორეს არანაირი სხეულებრიობა არ ჰქონდათ.

ეხლა ჩვენ ასეთი ვითარება წარმოვიდგინოთ, რომ ანგელოზთა შორის ერთი დაეცა და მხოლოდ ამ ერთის დაცემამ უკლებლივ ყველას ცოდვილიანობა განუკუთვნა, ყველანი მეტ-ნაკლები ხარისხის და მეტ-ნაკლები სიუხეშის, მაგრამ მაინც სხეულით შეიმოსა, კვლავ აღვნიშნავთ, ერთის დაცემის გამო, და ამ ერთის დაცემის გამო იმიტომ, რომ ბუნებითი ერთობა აქვთ ყველა დანარჩენთ. ანუ სადაც ბუნებითი ერთობაა ორიგენესთვის, იქ ერთის ცოდვილიანობა უკლებლივ ყველა [13]დანარჩენის ცოდვილიანობასაც განაპირობებს, ოღონდ მეტ-ნაკლები ხარისხით. და როდესაც ასეთი დებულება პრინციპულია ორიგენესთვის, მართლმადიდებლური მოძღვრება ჯოჯოხეთის შესახებ მისთვის უკვე პრინციპულადაა მიუღებელი, რადგანაც თუ ჯოჯოხეთის დროებითობა არ დაუშვა ორიგენემ, მაშინ ცხონება საერთოდ შეუძლებელია მისეული ღვთისმეტყველების მიხედვით. არა მხოლოდ მათთვის, რომლებიც ჯოჯოხეთში არიან, არამედ მათთვისაც, რომლებიც სამოთხეში არიან.

ცხონება ეს არის სრული განწმენდა და განწმენდილობა ნებისმიერი ბიწისა ცოდვილიანობისა და დაცემულობისაგან. რაიმე ბიწის მქონე ცათა სასუფეველში ვერასოდეს ვერ დამკვიდრდება. რა თქმა უნდა, თვითონ იმ ცხონებულობაში არის ხარისხები, მაგრამ ცხონებულობის ყველაზე დაბალ ხარისხზე მყოფნიც კი, ყველანაირი ცოდვილიანობითი ბიწისგან განწმენდილნი არიან. [14]ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თვით ცხონებაშია ხარისხები და არა იმას, რომ ზოგი უფრო ნაკლებად ცოდვილიანია და მეტად ცხონებული, ზოგი უფრო მეტად ცოდვილია და ნაკლებად ცხონებული და სხვა. სასუფეველში მხოლოდ ცხონებაა, ისევე როგორც ჯოჯოხეთშია მხოლოდ წარწყმედა. ჩვენ ხშირად მოგვქონდა პარალელურ მაგალითად ამ ვითარების უფრო ნათელი წარმოჩენის თვალსაზრისით სინათლის ნიმუში, რომ მკვეთრი სინათლით განათებულ ოთახში სიბნელე არსად არაა, თუ რაღაც ნივთი არ აბრკოლებს ამ სინათლეს და მთლიანად თავისუფალია ოთახი. მაგრამ ამ სინათლის ინტენსივობა შეგვიძლია ვზარდოთ, უფრო გავამკვეთროთ შუქი, უკიდურესად გავამკვეთროთ და ა.შ. ისევე როგორც თვით ანგელოზთა შორისაც ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ზეციური ანგელოზები, ზემოდან მეცხრე დასი, რა თქმა უნდა, ყოვლითურთ სინათლეში არიან და არანაირი აჩრდილი სიბნელისა მათთან არ არის, მაგრამ ანგელოზთა მწკრივზე უფრო აღმატებული მთავარანგელოზთა მწკრივი კიდევ უფრო [15]ელვარენი არიან, უფრო მანათობელნი. არა იმ გაგებით, რომ ქვემორე ანგელოზები თითქოს ბნელშიც იყვნენ ამავე დროს ცოტათი მაინც, არამედ ისინიც ყოვლად სინათლეში არიან, მაგრამ თვითონ სინათლის ინტენსივობა, სიმკვეთრე და სიჭარბე, რა თქმა უნდა, შეიძლება იზრდებოდეს და მცირდებოდეს. აი ამ გაგებითაა ხარისხები ცხონებაში, რომ ცხონებულობის, როგორც სულიერი სინათლის სიმკვეთრე, რაც უფრო აღმატებულ რეგისტრში ავდივართ ცხონებისა, უფრო მატულობს. ისევე როგორც წარწყმედაში, რაც უფრო მძიმე ცოდვილიანობის შესაბამის სატანჯველს მოვიაზრებთ, იქ უფრო გამკვეთრებულია დაცემულობა, უფრო გამკვეთრებულია გაკერპებულობა დაცემულობაში, უფრო გამკვეთრებულია ცოდვილიანობა.

და როდესაც ასეთია ვითარება, ორიგენესეული მოძღვრება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთის ცოდვილიანობა, მასთან ბუნებითად გაერთიანებული ყველა დანარჩენის ცოდვილიანობას განაპირობებს, აქედან [16]ბუნებრივად გამომდინარეობს დასკვნა, რომ სანამ ქმნილების ამა თუ იმ სახეობის, თუნდაც ერთი წარმომადგენელი, ცოდვაშია, ყველა დანარჩენიც ცოდვაში იმყოფება. როგორც აღვნიშნეთ ერთი დაეცა ზეციდან ორიგენესთვის და ამ ერთის დაცემამ ყველას მყისვე ცოდვილიანობა შესძინა, ბევრი მას ზეციდან ჯოჯოხეთში ჩაჰყვა ანუ უკიდურესად დაეცა მასთან ერთად, ბევრი მაქსიმალურად განშორებულია პირველ დაცემულის ცოდვილიანობისგან, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად დაცემული და სხეულით შემოსილია უკლებლივ ყველა. ხოლო ცხონებულობა, როგორც აღვნიშნეთ, გულისხმობს ბიწისა და დაცემულობისგან აბსოლუტურ განშორებულობას. მაგრამ ეღირსება კი რომელიმე ანგელოზს ორიგენისტული თეოლოგიის მიხედვით ცხონება, თუ ერთი ანგელოზი მაინც დაცემულ მდგომარეობაში დარჩა? რა თქმა უნდა, არა. სანამ ერთი დაცემული ანგელოზიც კი არსებობს, მანამ ნარჩუნდება ყველა დანარჩენის ცოდვილიანობაც, მათი ბუნებითი ერთობის გამო. ისევე როგორც ადამიანთა შორის, სანამ თუნდაც ერთი ადამიანი [17]ჯოჯოხეთში, დაცემულობაში, ტანჯვაში იქნება, უკლებლივ ყველა სხვა ადამიანიც, რაც არ უნდა სასუფეველში მკვიდრობდეს, საბოლოოდ განთავისუფლებული ცოდვილიანობისგან არაა, იმ ერთი დაცემულის, იმ თუნდაც ერთი ადამიანის, ჯოჯოხეთში მყოფის, მასთან, ე.ი. სასუფეველში მკვიდრთან ბუნებითი ერთობის გამო. აი ეს ბუნებითი ერთობა არის ორიგენესთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი და ამ დროს გადამწყვეტად ცდომილი ფაქტორი, ყველაზე უფრო ცდომილი ფაქტორი მის თეოლოგიაში. შესაბამისად ამიტომ ვამბობთ, ორიგენეს რომ ეს მოძღვრება არ დაეშვა – ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ, როგორც აღვნიშნეთ, მას ცხონებულობა საერთოდ უნდა გაეუქმებინა, რომ ვერც ერთი ანგელოზი ვერასოდეს ცხონებული ვერ იქნებოდა. ისევე როგორც ვერცერთი ადამიანი ვერასოდეს ცხონებული ვერ იქნებოდა, რადგანაც მარადიულობა ჯოჯოხეთისა გულისხმობდა იმას, რომ იქ ვიღაც უნდა ყოფილიყო და ერთიც რომ ყოფილიყო, ეს ერთიც კი, ორიგენეს თეოლოგიის [18]საფუძველზე, ყველა დანარჩენის ცოდვილიანობას განაპირობებდა და გამორიცხავდა მათთვის ცხონებულობას პირდაპირი მნიშვნელობით. ანუ იმ ხვედრის მიღებულობას, რაც ცოდვისგან სრულ თავისუფლებას გულისხმობს.

 

195–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=R0n2kT7xfJY

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button