206–207

წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის შრომა “გამოსათხოვარი სიტყვა”

პიროვნებისა თუ მოძღვრების შეფასების მართლმადიდებლური პოზიცია

ჩვენ კვლავ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის შესახებ გვექნება საუბარი. წინა შეხვედრაზე ზოგადი შთაბეჭდილება, ზოგადი შტრიხები, ხსენებული, უაღრესად ავტორიტეტული, მოღვაწის ცხოვრებაზე და მის საღვთისმეტყველო შრომებზე უკვე წარმოვადგინეთ. ამჯერად კი შედარებით უფრო მეტი კონკრეტულობით შევეხებით წმ. გრიგოლის შრომებს და ზოგიერთ მხარეს, რაც სწავლებითი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და არსებითია, განვიხილავთ შეძლებისდაგვარად უფრო ვრცლად.

ჯერ აღვნიშნავთ იმას, რაც ნაწილობრივ უკვე ვთქვით, რომ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელისგან ჩვენამდე მოღწეულია ხარებისადმი მიძღვნილი ჰომილიები, რომლებიც ძველ ქართულადაც გახლავთ თარგმნილი უადრეს პერიოდში (დაახლ. VI ს) და რომლებსაც ერთ-ერთი მკვლევარი უწოდებს კლასიკურ თარგმანებს (ამ ტერმინში იგულისხმება იმგვარი ტიპის თარგმანები, [1]რომლებიც ერთი მხრივ უშუალოდ ორიგინალიდან არის შესრულებული და მეორე მხრივ ორიგინალთან იდენტურობას, ორიგინალთან ზედმიწევნით სიახლოვეს ინარჩუნებს და ამ დროს ქართულადაც გამართულად, ბუნებრივად, აზრობრივი გამჭვირვალეობით ჟღერს). გარდა ამ ჰომილიებისა გრიგოლ ნეოკესარიელი ცნობილია როგორც ერთ-ერთი უადრესი და უაღრესად ზედმიწევნითი ტერმინოლოგიით წარმოდგენილი მრწამსის ჩამომყალიბებლად, და როგორც აღვნიშნეთ ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრების მრწამსის, ანუ რჯულდებითი ლიტურგიკული მრწამსის ჩამოყალიბების შემდეგაც, გრიგოლ ნეოკესარიელის მრწამსს არ დაუკარგავს, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელობა. განსაკუთრებით ყურადსაღები ძეგლია (რაზეც ფაქტობრივად ზედაპირული მსჯელობა უკვე გვქონდა) “გამოსათხოვარი სიტყვა”, რაც მან (გრიგოლმა) დაწერა ორიგენეს სასწავლებლის დამთავრებისას. ხსენებული ძეგლის უნიკალურობას განაპირობებს [2]ის გარემოება, რომ ეს ძეგლი ერთადერთია, რომელშიც ადრექრისტიანული კატეხიზმური სკოლის დისციპლინარული და სწავლებითი მხარე ვრცლად არის წარმოდგენილი. ამ ძეგლის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია სავსებით კონკრეტული წარმოდგენა შევიქმნათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სასწავლებლები იყვნენ ერთის მხრივ ალექსანდრიის და მეორე მხრივ კესარიის ქრისტიანული კატეხიზმური სკოლები. მაგრამ მხოლოდ ინფორმატიულობით არ განისაზღვრება, რა თქმა უნდა, ამ ძეგლის შინაარსი, იგი პირველ რიგში გახლავთ ღვთისმეტყველებითი ნაშრომი. ყველა მონაკვეთი, ყველა მუხლი, ყველა სტრიქონი, რაც არ უნდა კონკრეტულ მოვლენასთან და მონაცემთან, ფაქტთან იყოს კავშირში, ამავე დროს, განუყრელად თავისი ისტორიული და ფაქტობრივი ღირებულებისა, საღვთისმეტყველო დანიშნულებისაცაა, საღვთისმეტყველო სიღრმისაც გახლავთ. თუნდაც შესავალიდანვე ეს ყველაფერი ცხადად ჩანს, როდესაც გრიგოლ ნეოკესარიელი თავის [3]პირად შინაგან შიშსა და კრძალვას უცხადებს მკითხველს იმ დიდი საქმის წინაშე, რაც მან უნდა იტვირთოს. ეს საქმე გახლავთ იმ სასწავლებლის შეფასება, სადაც ის მოღვაწეობდა, და კონკრეტულად სასწავლებლის პედაგოგის ღირსებათა რაც შეიძლება სრულყოფილად წარმოჩენა და წარმოდგენა.

რა თქმა უნდა, პედაგოგში იგულისხმება ორიგენე, რომელიც, როგორც ვიცით, ანათემირებულია ეკლესიისგან. ამ ფაქტიდან გამომდინარე გარკვეულ შეკითხვას ბადებს ხსენებული ძეგლი. საზოგადოდ ეს შეკითხვა შეიძლება ამ ტიპისა იყოს: რამდენად არის მიზანშეწონილი, რომ ანათემირებული პიროვნება, ერეტიკოსი, შექებული იყოს როგორც პედაგოგი? აქვე აღვნიშნავთ, რომ ხსენებულ ძეგლში ორიგენე, [4]როგორც პედაგოგი, არა უბრალოდ, არამედ ზეჭარბად არის შექებული და მოძღვრის და პედაგოგის ყველაზე უფრო სრულყოფილ ნიმუშად არის წარმოდგენილი. რა შეიძლება ამ კითხვაზე ჩვენ ვუპასუხოთ? პასუხი არ არის რთული, ბუნდოვანებას ის არ ექვემდებარება და არ საჭიროებს. სავსებით ცხადად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ პიროვნება რომელიც ანათემირებულია ეკლესიისგან და რომლის სწავლებაც დაგმობილია, არ გულისხმობს ყველა პუნქტით ცდომილებაში ყოფნას, თავისი მოღვაწეობის მთლიანობაში სრულ შემცდარობას, ისე თითქოს მას რაიმე ღირსეული ნაწილი არ ჰქონდეს. ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს და ვფიქრობთ ამჯერადაც ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ მართლმადიდებლური პოზიცია, მართლმადიდებლური დამოკიდებულება, თვით საღვთო წერილიდან და მოციქულთა მოღვაწეობიდან დაწყებული, უკლებლივ ყველა [5]მოძღვართან, რომელიც ბოლომდე მართლმადიდებელი დარჩა, გახლავთ ერთი და იგივე, სრულიად უცვალებელი, უმყარესად წარმოდგენილი. ამ პოზიციის შესაბამისად ნებისმიერი არაეკლესიური, არამართლმადიდებლური მოძღვრება და პიროვნება, როგორც არამართლმადიდებელი, განიხილება ეკლესიისგან მთლიანობაში ობიექტურად, ანუ თუ რამ ღირსება აქვს მას ისიც აუცილებლად გამოიყოფა და აღინიშნება და, რა თქმა უნდა, შეუმცდარად და არგუმენტირებულად იმხილება ცდომილებანი. ე.ი. არ ხდება ეკლესიური ანტიერეტიკული მოღვაწეობის გადახრა არცერთი უკიდურესობისკენ, არც ზედმეტი შემწყნარებლობა ცდომილი აზრებისა და არც უკიდურესი დაგმობა ამა თუ იმ პიროვნებისა (თუკი მას რაიმე ღირსეული ქონდა ამ ღირსეულის მიჩქმალვის მხრივ). კვლავ აღვნიშნავთ, რომ ეკლესიური ხაზი არის შუამავალი ამ ორ უკიდურესობას შორის, რასაც “გზა სამეუფო” ეწოდება.

[6]სხვათაშორის ამ სახელწოდებით (“გზა სამეუფო”) ჩვენ გარკვეულ ჟამს სპეციალურ ჟურნალსაც ვუშვებდით, სადაც შესავალში ამ საკითხზე დეტალური მსჯელობა გვქონდა. ცალკეც გვაქვს ამავე საკითხზე ბროშურა გამოცემული სათაურით “ზოგი სარწმუნოებრივ დოგმატური საკითხის შესახებ”, სადაც აურაცხელი ციტატა გვაქვს მოტანილი ეკლესიის მამათა შრომებიდან. პოზიცია არის ცალსახა და ერთაზროვანი, რომ ნებისმიერი მოძღვრება, როგორც სისტემა, როგორც მთლიანობა, ყოვლად უშეღავათოდ, ყოველგვარი ოდნავ მაინც შერბილების გარეშე, მთლიანობაში უკუიგდება, იმხილება და იგმობა ეკლესიისგან, კვლავ ხაზს გავუსვამთ, როგორც მთლიანობითი სისტემა. იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა როგორც მოძღვრება, როგორც სარწმუნოებრივი სისტემა, მართლმადიდებელთათვის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. და თუ ჩვენ მართლმადიდებლობას მივიჩნევთ ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ სისტემად და ჭეშმარიტ მოძღვრებად, შეუძლებელია არსებობდეს კიდევ მეორე მოძღვრება, როგორც [7]სისტემა, როგორც მთლიანი რამ სწავლებითი სტრუქტურა, ასევე ჭეშმარიტი. ორი ჭეშმარიტი მოძღვრების არსებობა ყოვლად შეუძლებელია. ჭეშმარიტება რადგან ერთია, შესაბამისად ეს ჭეშმარიტება, მოძღვრებითად წარმოდგენილი, მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება იყოს. ასე რომ ვინც მართლმადიდებლობას იწამებს ჭეშმარიტებად, აბსოლუტურად ყველა სხვა სარწმუნოებას, სხვა მსოფლმხედველობას, სხვა კონცეფციას, დოქტრინას, როგორც არაჭეშმარიტს, განიშორებს და განაგდებს. ესაა ერთი აუცილებელი და უპირობო პუნქტი ეკლესიის მამათა პოზიციაში. ისევე როგორც მეორე, ამ პირველისგან სრულიად განუყრელი, და ორივე ამ პუნქტის მთლიანობა გახლავთ მართლმადიდებლური პოზიცია. საკმარისია ერთ-ერთი პუნქტი ჩვენ გამოვტოვოთ, რომ ეს არამართლმადიდებლური დამოკიდებულება იქნება. პირველი პუნქტი უკვე აღვნიშნეთ, რომ ნებისმიერი მოძღვრება, ნებისმიერი სისტემა უარიყოფა მთლიანოაბში, როგორც არაჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ერთი სისტემაა ჭეშმარიტი და ჩვენთვის ეს ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაა. და მეორე, როგორც აღვნიშნავდით, რომ [8]მართალია ნებისმიერი სიტემა მცდარია, მაგრამ ამ სისტემის შიგნით, ამ მოძღვრების შიგნით, აუცილებლად იქნება რაღაც ღირსეული ნაწილი, ჭეშმარიტების მარცვალი, რომლის მიჩქმალვა და უკუგდება ყოვლად შეუძლებელია, დიდი ცოდვაა, რადგანაც ამით ღვთიური ჭეშმარიტების ნაწილი უკუიგდება. საქმე ის გახლავთ, რომ არაჭეშმარიტ მოძღვრებაში ჭეშმარიტი რამ აზრის, ჭეშმარიტი რამ დებულების, ჭეშმარიტი რამ ნაწილის არსებობა, სავსებით თვალსაჩინოდ მიუთითებს, რომ ეს ჭეშმარიტი ნაწილი არსობრივად ამ მოძღვრების კუთვნილება კი არ არის, არამედ მხოლოდ შემთხვევითაა იქ მოხვედრილი, რამდენადაც ჭეშმარიტი რამ სწავლება მხოლოდ ჭეშმარიტების კუთვნილება შეიძლება იყოს. შესაბამისად ნებისმიერი ჭეშმარიტი აზრი, რაც არ უნდა მოძღვრებასთან იყოს ის მიტმასნილი, რაც არ უნდა მოძღვრების შიგნით იყოს ჩართული, სინამდვილეში არსობრივად საკუთრივ ჭეშმარიტებას ანუ მართლმადიდებლურ მოძღვრებას ეკუთვნის. ანუ ეს გახლავთ იგივე მართლმადიდებლური მოძღვრების მარცვლები, [9]იფქლის მარცვლები, ანუ ხორბლის მარცვლები, ჭეშმარიტების მარცვლები, გაფანტულნი და აღმოცენებულნი სარეველაში. აი ამ სარეველასგან აღნიშნულ კეთილ თავთავთა მოძიება, შემოკრება და ეკლესიის წიაღში კვლავ დაუნჯება ერთ-ერთი ვალდებულება იყო, როგორც ეს ჩვენ წერილობით არაერთგზის აღგვინიშნავს, ეკლესიის მამათა მოღვაწეობისა. სხვაგვარად ეს რომ ასე არ იყოს ჩვენ უკლებლივ ყველა მოძღვარი უნდა უარყვოთ, იმიტომ, რომ არ არსებობს მართლმადიდებელი მოძღვარი, რომელიც თუნდაც ვთქვათ ანტიკურ ტრადიციაში რაღაც ღირსებას არ ხედავდეს, რაღაც მართებულ თვალსაზრისს არ ჭვრეტდეს, ანდა ნებისმიერ სხვა მოძღვრებაში. თვით ეკლესიის წიაღში აღმოცენებული სხვადასხვა ერეტიკული მოძღვრებანი მთლიანობაში ცდომილნი როდი იყვნენ, ეს უსეშანიშნავესად არის წარმოჩენილი და განმარტებული ისეთ დიდ ნაშრომში, როგორიც გახლავთ არსენ იყალთოელის “დოგმატიკონი”. აქ ერთ-ერთი ნაშრომი, როგორც ჩანს მისგანვე ქართულად თარგმნილი, სწორედ ამ აზრით იწყება, რომ როდესაც უარვყოფთ ჩვენ რომელიღაც ერეტიკულ სწავლებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუკი რამ იმავე [10]ერეტიკოსს მართებული აქვს ნათქვამი, ამ ერეტიკულ სწავლებასთან ერთად თითქოს იმ მართებულსაც უარვყოფდეთ. კონკრეტულად რომ ავიღოთ, მაგალითად უარიყოფა რა ნესტორიანიზმი ეკლესიის მამათაგან, ერთი მხრივ მთლიანობაში, ყოვლად უშეღავათოდ უარიყოფა, მაგრამ ამ ნესტორიანიზმის, როგორც მოძღვრებითი სისტემის შიგნით თუ რამ მართებულია ესეც აღინიშნება. ამ შემთხვევაში მართებული გახლავთ ის, რომ ნესტორიანელები აღიარებდნენ განკაცებული ღვთის ორბუნებოვნებას, რაც, რა თქმა უნდა, მართლადიდებლურია და ჭეშმარიტი აზრია. მაგრამ ეს მოძღვრება ნესტორიანელებთან გაუკუღმართებულია იმით, რომ ორბუნებოვნებასთან ერთად ისინი აღიარებდნენ განკაცებული ღმერთის ორ პიროვნულობასაც, ორ ძეობას (ერთი ძე ღმრთისა, მეორე ძე კაცისა), რომ თითქოს ორი ძე არსებობს, რომლებიც ერთიმეორეს შეუერთდნენ. აი ესაა უარყოფილი მართლმადიდებლობისგან, მაგრამ არა ის, რომ ნესტორიანელები ორბუნებოვნებას აღიარებდნენ. ისევე როგორც ჩვენ მონოფიზიტობას უარვყოფთ არა ტოტალურად, არამედ იმაში, რაშიც ცდომილებაა ამ მოძღვრებისა და რითაც მას მონოფიზიტობა (ერთბუნებიანობა) ეწოდება, რომ მონოფიზიტები აღიარებდნენ განკაცებული ღმერთის [11]ერთ ბუნებას, ორი ბუნებისგან შერწყმულ და მიღებულ ერთ ბუნებას. თუმცა იგივე მონოფიზიტობა აბსლუტურად ჭეშმარიტებს, როდესაც განკაცებული ღმერთის ერთ პიროვნებას აღიარებს, ისევე როგორც მართლმადიდებლობა. ამიტომ მართლმადიდებლობა ერთი მხრივ მონოფიზიტობასთან თანხვედრაშია იმის აღიარებით, რომ განკაცებული ღმერთი ერთი პიროვნებაა და მეორე მხრივ თანხვედრაშია ნესტორიანელებთან იმის აღიარებით, რომ განკაცებული ღმერთი, ერთი პიროვნება, ორბუნებოვანია. აი ეს გახლავთ მართლმადიდებლური პოზიცია ყოველთვის.

ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ნებისმიერი ერესის წინააღმდეგ არსებობს ორი სახის ბრძოლა, რომელთაგან ერთი ესაა მართლმადიდებლური ბრძოლა და მეორე ერეტიკული ბრძოლა. ამ ორ ბრძოლას შორის ის სხვაობა გახლავთ, რომ მართლმადიდებლური ბრძოლა ერესის წინააღმდეგ გულისხმობს მისხალ-მისხალ აწონ-დაწონვას იმ მოძღვრებისას, რომელსაც უკუაგდებს მართლმადიდებელი. რაც ცდომილებაა და ამის შესაბამისად მთლიანი მოძღვრება, როგორც სისტემა, როგორც აღვნიშნეთ, [12]სრული უშეღავათობით მართლმადიდებლობისგან განიშორება, იგმობა. მაგრამ ამ მოძღვრების შიგნით არსებული მართებული რამ სწავლება, რომელიც თანხვედრაშია  მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, რა თქმა უნდა, იმის შიშით, რომ ვინმემ ხსენებული ერესისადმი სიმპათია არ დამაბრალოსო, ამის გამო ამგვარ მარცვალთა მიჩქმალვა ეკლესიის მამებისგან არასოდეს არ ხდებოდა. მაშინ როცა ერესის წინააღმდეგ ერეტიკული ბრძოლა გულისხმობს ამ ერესის, ერეტიკული მოძღვრების მთლიან უარყოფას, [13]თუნდაც რომ რაიმე მასში ჭეშმარიტი იყოს, რაც უკვე ღვთიური მოძღვრების განგდებასაც უდრის. ეს მხარე კი მართლმდიდებლური მოძღვრებისთვის ყოვლად მიუღებელი და შეუსაბამოა.

ეს დავუშვათ მოძღვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ იგივე ითქმის მოღვაწეობასთან, ანუ ცხოვრებასთან დაკავშირებითაც. ნებისმიერი პიროვნების ცხოვრება შედგება ღირსეული და ნაკლებ ღირსეული მოვლენებისგან, ზოგ შემთხვევაში უღირსი ფაქტებისგანაც. გარკვეული სახის დაბრკოლებანი და ცდომილებანი ჩვენ იმ უაღრესად ღირსეულ მოღვაწეთა ცხოვრებაშიც შეგვიძლია ვნახოთ, რომლებიც შემდგომში კანონიზებული წმინდანები გახდნენ. რა თქმა უნდა, არცერთი წმინდანი დაბადებითვე და გენეტიკურად წმინდანი არ ყოფილა, მათ საკუთარი მოღვაწეობით, პიროვნული ნებით და დიდი ძალისხმევით, უერთგულეს და თავის თავში სრული ადგილი განუკუთვნეს ღვთის მაცხოვნებელ [14]ნებას, მიჰყვნენ ამ ნებას, შეუდგნენ საღვთო მცნებებს და შესაბამისად სათნოებათა მოხვეჭის გზით წმინდანობის ხარისხსა და პატივს მიეახლნენ. მაგრამ ეს ხდება თანდათანობით, მოღვაწეობის შედეგად, ამ გზაზე კი გარკვეული სახის დაბრკოლებანი და ცდომილებანი ძალიან ბევრ მოღვაწესთან შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ. ისინი, ხორცში მყოფნი, ყოველდღიურად სრულყოფდნენ თავიანთ თავს. ზოგიერთი მათგანი კი წმინდანობის ხარისხს საკუთრივ სიცოცხლის ბოლოს მიეახლა (თუნდაც კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითი გავიხსენოთ, რომელმაც მთელი ცხოვრება უკეთურებაში, საშინელ ცოდვებში განვლო, ანუ მისი ე.წ. მოღვაწეობა მხოლოდ უკეთურებითი და წარწყმედითი იყო, მაგრამ ბოლო წამს სრული გულითა და შეგნებით მოიქცა ღვთისკენ და ცხონდა). ასე რომ ეს ყოფითი ცხოვრება მარადიული ასპარეზობაა (მარადიულს ამ შემთხვევაში ყოფითი ფარგლებით ვამბობთ), სანამ ადამიანი ცოცხალია მუდმივი ასპარეზობაა, ადამიანი მუდამ ბრძოლაშია [15]ამქვეყნად. როგორც ადრეც აღვნიშნავდით, მუდმივი, შეუსვენებელი ბრძოლა, თუნდაც იმითაც არის განპირობებული, რომ ვისაც ვებრძვით, ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეა და ვისთანაც ჩვენ ბრძოლა გვაქვს გამართული, თვით ის არასოდეს არ იძინებს, ის არასოდეს არ ისვენებს და მისი მზაკვრული ყურადღება ჩვენდამი არასოდეს არ მოდუნდება, ის დაუძინებელია (ეს ქართული სიტყვა, როგორც ადრეც აღვნიშნავდით, უშესანიშნავესი გამოხატულებაა ამ ბრძოლისა. სიტყვა “დაუძინებელი” ახალი შექმნილი არ გახლავთ, ის ძველ წყაროებშიც გვხვდება ჩვენ, სადაც გამჭირვალეა მისი ეტიმოლოგიური შინაარსი, რაც დღეისათვის ჩვეულებრივ დაჩრდილულია), ანუ არასოდეს არ იძინებს. და თუ ჩვენი მოწინააღმდეგე არასოდეს არ იძინებს ჩვენც დაუძინებელნი უნდა ვიყოთ, თორემ აუცილებლად დავიძლევით. ასე რომ ეს ბრძოლა უკეთურების წინააღმდეგ გულისხმობს გარკვეულ დაბრკოლებებსაც. ავაზაკთან ერთად გავიხსენოთ თუნდაც წმ. ლუკიანე ანტიოქიელი, რომელიც სამი წელი განყენებული იყო ეპისკოპოსობისგან, რა თქმა უნდა, [16]გარკვეული ცდომილების შესაბამისად. მაგრამ ეს მოვლენა ჩვენ გვიკარნახებს იმას, რომ თუ წმინდანთა ცხოვრებაში ამგვარი ვითარებაა, რომ ღირსეული და ნაკლებ ღირსეული მოვლენები გამჭირვალეა და არსებობს, რაღა ვთქვათ ისეთ პირებზე, რომლებიც ეკლესიისგან ანათემირებულნი არიან. რა თქმა უნდა, მათში ეს წინააღმდეგობანი გაცილებით მეტია და ცალსახად და ერთჯერადად ჩვენ ვერცერთ მოღვაწეს ვერ განვიხილავთ, რომ თითქოს ერთი მხოლოდ უკეთური იყოს, მეორე მხოლოდ კეთილი და კარგი. თანაარსებობს, თანაიბრძვის ერთსა და იმავე პიროვნებაში სიკეთე და ბოროტება, და რომელი გაიმარჯვებს ამის შესაბამისად ხდება პიროვნების ცხონება თუ წარწყმედა. რა თქმა უნდა, მოღვაწეობაში ძალიან ხშირად გარკვეული ღირსეული მხარეები ჩვენ შეგვიძლია ისეთ პირებშიც ვნახოთ, რომლებიც მოძღვრებაში გაუკუღმართების გამო ანათემირებულნი არიან ეკლესიისგან. ყველაზე თვალნათლივი მაგალითი ამ მხრივ გახლავთ წმ. ბასილი დიდისა და კაბადოკიელ მამათა თავის დროზე ღირსეული მოწაფე ევაგრე პონტოელი, რომელიც შემდეგ ორიგენეს ზოგიერთი ცდომილი [17]მოსაზრების ერთგული აღმოჩნდა და ამის გამო ის ანათემირებულია V მს. კრების მიერ. მაგრამ იმავე ევაგრე პონტოელმა საქმითი მოღვაწეობით, ანუ თავისი ცხოვრებისეული წესით და სათნოებითი ღვაწლით უდიდესი გავლენა მოახდინა საეკლესიო ტრადიციაზე და ასკეტური ცხოვრების ერთ-ერთი მესაფუძვლე სწორედ ევაგრე პონტოელია. და არა მარტო მესაფუძვლე, არამედ ღვთისმეტყველურად განმჭვრეტი ასკეტური მოღვაწეობის რაობისა, ანუ ასკეტური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი, ისე რომ მისი მნიშვნელოვანი და უშეცდომო შრომები მართლმადიდებლობამ შემოინახა და მათ შორის ძველ ქართულადაც გახლავთ თარგმნილი და გამოცემული. აი ეს მხარე, რომ ღირსეული ნაწილი მოღვაწეობისა ჩვენ შეიძლება, რა თქმა უნდა, ისეთ პირებშიც ვნახოთ, რომლებიც მოძღვრებაში ცდომილების შესაბამისად დაგმობილნი არიან ეკლესიისგან, ეს სრულიად უპირობო და უეჭველია. ამგვარივე რამე ითქმის ორიგენესთან დაკავშირებითაც. თუ ჩვენ ეს მხედველობაში არ მივიღეთ აურაცხელი უაღრესად ღირსეული მოღვაწის, კანონიზებული წმინდანის დაგმობამდე მივალთ, და ბევრი მისულა [18]კიდეც, მცდარი, ცალსახა და ასე ვთქვათ ფანატიზებულად, ერთი მიმართულების პოზიციით. ერთი მიმართულება, როგორც ასეთი თავის ადგილას უნდა იყოს. პიროვნების და მოვლენის შეფასებისას ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვდიოდეთ იმ მოვლენის საკუთრივ წინააღმდეგობრივი ბუნებიდან. რაც კი რამ ღირსეულია ყოველგვარი შიშისა და მორიდების გარეშე უნდა მივიღოთ, ხოლო რაც კი უღირსებაა და ცდომილებაა, ასევე ყოველგვარი შიშის, მორიდებისა და კრძალვის გარეშე უნდა უკუვაგდოთ. მოძღვრებასაც ეხება ეს და ამათუ იმ პიროვნების მოღვაწეობის შეფასებასაც. თუკი რამ თვალსაჩინო ნიმუშია ღირსეული ამა თუ იმ პირის მოღვაწეობაში, ეს აუცილებლად უნდა მივიღოთ, ხოლო თუ არ არის ნიმუში ღირსეული ჩვენთვის და პირიქით უღირსების მაგალითს გვაძლევს, რა თქმა უნდა, უკუგდებული უნდა იყოს. თვით მაცხოვარი, როდესაც ნიმუშად თუნდაც გველს გვიწესებს, “იყვენით თქვენ ბრძენ, ვითარცა გველნი”, გველის ეს თვისებაა გამოყოფილი, თორემ გველის გველობა და ის თვისება, რომ ეშმაკის ორღანო გახდა [19]თავის დროზე და ადამიანი დასცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არაა ხაზგასმული. ე.ი. გველსაც კი ასეთი თვისება ჰქონია, რასაც შეიძლება ადამიანი ჰბაძავდეს, მაგრამ ამ თვისებას ფასი მაშინ აქვს, როდესაც მტრედისებრი უმანკოებაც აქვს ადამიანს. მაშინ ეს გველისეული სიბრძნე უკვე განწმენდილია გველურობისგან, მზაკვრულობისგან და საღვთო სიბრძნედ გარდაიქმნება. განმწმენდელი კი მტრედისებრი სიწრფელე და უმანკოებაა, რაც სულიწმინდის, ანუ წრფელი სულის მიერ მიემადლება ადამიანს. ასე რომ ორიგენეს არა მარტო მოძღვრებასთან დაკავშირებით, მოღვაწეობასთან დაკავშირებითაც ამგვარი განმრჩეველობითი მეთოდით უნდა ვიხლემძღვანელოთ და როგორც მოძღვრებასთან დაკავშირებით ჩვენ პუნქტობრივად განვიხილავდით და გამოვყოფდით თუ რა არის ღირსეული, რა არის მისაღები, რაც ეკლესიამ შეიწყნარა და რა არის უღირსი და განსაგდებელი, რაც ეკლესიამ ანათემირებულ-ჰყო, იგივე შეიძლება ითქვას მოღვაწეობასთან დაკავშირებითაც. მაგალითად ორიგენეს მოღვაწეობიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ იმ მოვლენას, ორიგენესგან გადადგმულ იმ [20]ნაბიჯს ვერანაირად ვერ დავსახავთ ნიმუშად მოღვაწეობისა, როდესაც მან საკუთარი თავი დაისაჭურისა, როდესაც ბუკვალურად გაიგო სულიერი გამოსაჭურისების შესახებ მაცხოვრის შეგონება, რაც გულისხმობდა ვნებათაგან ჩვენი თავის განშორებას და სრულიად უცხო ყოფას ვნებათაგან. მან ეს ფიზიკური, სხეულებრივი მნიშვნელობით აღიქვა და მართლაც თვითკასტრაცია ჩაიტარა, რაც უმძიმესი ცოდვა და მოქმედებაა. მაგრამ მეორე მხრივ ორიგენეს მოღვაწეობაშიც ცნობილია ცალკეული მხარეები, რაც ძველთაგანვე იყო ხაზგასმული, როგორც უაღრესად ღირსეულნი, კერძოდ მისი სრული უპოვარება, რაც ორიგენეს ჰქონდა და რასთან გატოლებაც და გათანაბრებაც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გვიანდელ მეუდაბნოე მამების ცხოვრებაში ვპოვოთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია, რომ ის მთლიანად განრიდებული იყო ამქვეყნიურ კეთილდღეობას, სიამეებს ამა სოფლისას, მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებას განუკუთვნებდა თავის თავს. მაგრამ რამდენადაც გარკვეული ფანატიზება, [21]ამპარტავნული რამ თვით დაჯერება ამ ძიებთა ჟამს გამოავლინა, რაც შემდეგში გაღვივდა და გაღვივდა, ამან მის მოძღვრებაში მნიშვნელოვანი და ძალიან სამწუხარო გაუკუღმართება გამოიწვია. მაგრამ მოღვაწეობის თვალსაზრისით, კვლავ აღვნიშნავთ, ორიგენეს ძალიან ბევრი ღირსება ჰქონდა, ძველთაგანვე ხაზგასმული, და ამ ღირსებათა შორის ერთი უპირველესი გახლავთ მისი პედაგოგიური საქმიანობა. ორიგენე როგორც პედაგოგი ჭეშმარიტად გამორჩეული გახლდათ და მისი პედაგოგობა აი ასეთი მაღალი დონისა და მაღალი ხარისხისა იყო თუნდაც იმიტომ, რომ არა მხოლოდ მეთოდი ჰქონდა სწავლებისა ისეთი განსაკუთრებული, რომ მთლიანად მიიზიდავდა სტუდენტებს, არამედ რამდენადაც ისინი დაიტევდნენ, გადასცემდა კიდეც თავის ცოდნას. თავისთავად ცხადია, რომ ამ მეთოდის გამომყენებელი უაღრესად მცოდნე უნდა იყოს. პედაგოგი თუ ცოდნაში ღრმად ჩაწვდომილი არ არის და ცოდნის საუნჯე მას მდიდრად არა აქვს მოხვეჭილი, მხოლოდ მეთოდი მას არ უშველის. [22]ორივე ეს უნდა თანაარსებობდეს მასთან, მცოდნე უნდა იყოს აუცილებლად მოძღვარი და მეთოდიც ამ ცოდნის მიწოდებისა მისგან, რაც შეიძლება მაქსიმალურად მისადაგებული სტუდენტების, მოწაფეების, იმათ ბუნებასა და მდგომარეობსთან, რომლებსაც მოძღვრება უნდა გადაეცეს, აი ეს ასევე შემუშავებული უნდა იყოს მისგან. ორიგენე ორივე მხრივ გამორჩეული იყო, მას ცოდნა მართლაც უნიკალური ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ყველაზე განათლებული და ერუდირებული იყო, ინფორმატიულად ყველაზე მდიდარი იყო თავის ეპოქაში, რადგან ეს ცოდნა თითქმის მთელ მაშინდელ კაცობრიულ კულტურას წვდებოდა. ეს საკვირველი განსწავლულობა ორიგენესი ყოველთვის აღიარებული იყო,  განსაკუთრებით მისი ფილოსოფიური განსწავლულობა. ამ მხრივ ნებისმიერი თემის განხილვისას ორიგენე, რა თქმა უნდა, წარუშლელ კვალს ტოვებდა მოწაფეებზე. [23]ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ორიგენემ, როგორც პედაგოგმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საეკლესიო პედაგოგიკის ისტორიაში, ის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი გახლდათ და ამიტომ ვფიქრობთ უკვე შეიძლება პასუხი გაეცეს იმ კითხვას, რაც თავში დავსვით, რომ რამდენად მიზანშეწონილია შეიქოს ორიგენე როგორც პედაგოგი, მაშინ როცა იგი ანათემირებულია?

რისთვისაც არის ორიგენე ანათემირებული ჩვენ იმ საზღვრებს არ უნდა გავცდეთ. სამწუხაროდ ჩვენთან, დღევანდელ დღეს, ძალიან მცდარი ტენდენციაა გავრცელებული, რომ თუ ადამიანი ერთი მხრივ ანათემირებულია, ანდა უბრალოდ ეკლესიის მიერ ერთ საკითხში სწავლებისა დადანაშაულებულია, ანდა საყვედური ეკლესიისა გამოთქმულია რაღაც საკითხთან დაკავშირებით, აი ეს ერთჯერადი მოვლენა განზოგადებული ხდება. [24]სინამდვილეში ეკლესიური პოზიციის შესაბამისად რაშიც იგმობა პიროვნება ჩვენც იმით უნდა შემოვისაზღვროთ, იმის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ და დავუშვათ სხვა მხრივ, რაშიც ის არ დაგმობილა,  თავისუფლად შეგვიძლია დავიმოწმოთ მისი სწავლება და ჩვენ თვითონაც ამ სწავლებით უფრო ავმაღლდეთ. ამ საზღვრების ფარგლებს გარეთ გასვლა ისეთივე დანაშაულია, როგორც იმ საზღვრებში რა საზღვრებიც ეკლესიამ დააწესა, ცდომილების გაზიარება. ე.ი. როგორც ცდომილების გაზიარებაა დიდი დანაშაული, ასევე დიდი დანაშაულია ცდომილებათა მიღმა რაც ეკლესიას არ აღუნიშნავს, ჩვენი ფანტაზიით, ჩვენი წარმოსახვით შორს წასვლა და პიროვნების აბსოლუტური იგნორირება. მაგალითად თეოდორიტე კვირელი გარკვეულ პუნქტში დადანაშაულებულია ეკლესიისგან და ეს ხაზგასმითაა აღნიშნული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში დავადანაშაულოთ თეოდორიტე კვირელი და საერთოდ როგორც ავტორიტეტი აღარ დავიმოწმოთ. იგივე ითქმის წმ. გრიგოლ ნოსელის შესახებ, კაბადოკიელ [25]მამათა შესახებ და მეორე მხრივ უკვე საკუთრივ ერეტიკოსთა შესახებაც, რომ რაშიც არის მათი ერესი, როგორც აღვნიშნეთ, ამაში უნდა დავადანაშაულოთ ისინი და არა იმაში, რაც ეკლესიას არ აღუნიშნავს და რაშიც თვით ეკლესიასაც არ დაუდანაშაულებია. ეკლესიაზე მეტ მსჯავრს და დამგმობელობას ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე. რაც დასაგმობი იყო ეკლესიისგან დაიგმო, და რაც დასაგმობი არ იყო არ დაგმობილა. შესაბამისად ჩვენ ნუ შევეცდებით იმ დაუგმობელი ნაწილის დღეს დაგმობას, იმიტომ, რომ ეს ჩვენივე გაკიცხვის ტოლფასი იქნება, ჩვენ თვითონ დავიგმობით ამით და არა ის პიროვნება, რომლის დაგმობის ასეთი მოხარულნი და მოწადინენიც ვიქნებით.

 

206–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=HiQnQg0RUY4


წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის შრომა “გამოსათხოვარი სიტყვა” (გაგრძელება)

მადლიერების შესახებ

ჩვენ განვიხილავდით წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის მოძღვრებას და ვეხებოდით საკითხს იმის შესახებ, თუ რა ახსნა უნდა მიეცეს გრიგოლ ნეოკესარიელისგან ორიგენეს განსაკუთრებულ ქებას, როგორც პედაგოგისას. დასკვნას წინარე საუბრისას შეგახსენებთ, რომ ეკლესიური სწავლებით ყოველთვის შემფასებლობითი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამა თუ იმ პიროვნების მოღვაწეობასთან და მოძღვრებასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ის უნდა დავგმოთ და იმაში არ უნდა გავუხდეთ მას თანაზიარი რაც ცდომილებაა, იქნება ეს სამოღვაწეო თუ სამოძღვრო ცდომილება. მაგრამ რაც ღირსეულია და რაც ეკლესიისგან მიღებული და შეწყნარებულია, რაშიც ეკლესიას ხსენებული პირებისადმი საყვედური არ უთქვამთ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დღეს რევიზია მოვახდინოთ ეკლესიური დამოკიდებულებისა და ხსენებულ პირებს არც იმ ნაწილში აღარ ვენდოთ თითქოს, რაშიც ეკლესია ძველთაგანვე მათ გარკვეულ ღირსებას მიაგებდა. [1]ეს, კვლავ აღვნიშნავთ, ეხება არა მხოლოდ მოძღვრებას, სადაც აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ცდომილი, ერეტიკული, გაუკუღმართებული სწავლებანი, მეორე მხრივ კი ღირსეული და დღესაც გამოსაყენებელი და მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრი ნაწილები, არამედ მოღვაწეობასაც, რომ რაც კი ღირსეულია, რაც კი მართლმადიდებლური მოძღვრების განმტკიცებას ხელს უწყობს ეს მხარეები, ეს თვისებები მოღვაწეობისა, ჩვენ სავსებით უშიშრად შეგვიძლია მივიღოთ და ამის გამო პატივი განვუკუთვნოთ ამგვარ თვისებათა და ამგვარ მოქმედებათა აღმსრულებელ პიროვნებას საკუთარ მოღვაწეობაში. ხოლო რაც მიუღებელია და რაც არათანახმიერია მართლმადიდებლური ცხოვრების წესთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განიშორება ჩვენგან.

ორიგენეს მოღვაწეობაშიც ძველთაგანვე, როგორც აღვნიშნავდით, მისი პედაგოგიური ღვაწლი გამორჩეულად დაფასებული იყო. სწორედ ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ მოგვცა ჩვენ და განაპირობა ის, რომ [2]ალექსანდრიაში კატეხიზმური სკოლა, რომელიც მართალია ორიგენეს არ დაუფუძნებია მაგრამ რომლის წინამძღვარიც ის იყო გარკვეულ პერიოდში, აი ამ სასწავლებელმა თავის მწვერვალს მიაღწია სწორედ ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლით. ისევე როგორც  ამავე ღვაწლის შედეგი იყო ის, რომ ალექსანდრიის ტიპის ქრისტიანული კატეხიზმური სკოლა გაიხსნა პალესტინის კესარიაში. ამასთან ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლი მართლაც ღირსეულადაა დაფასებული იმ ღირსეული მოღვაწეების მხრივაც, რომლებიც ორიგენემ ჩვენ დაგვიტოვა. ეს ღირსეული მოწაფეები გახლავთ ჩვენს მიერ წინა ლექციებზე განხილული დიონისე დიდი ალექსანდრიელი, ამჟამად განსახილველი წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, წმ. პამფილი კესარიელი და სხვები. რამდენადაც ეს ხალხი კანონიზებული წმინდანები არიან და რამდენადაც მათი აღმზრდელი სწორედ ორიგენე იყო და ამას ისინი ხაზგასმით მიუთითებენ და აღნიშნავენ, ვფიქრობთ უეჭველი დასკვნა გამომდინარეობს, რომ ორიგენეს პედაგოგიურ მოღვაწეობას ძალიან ბევრი ღირსება ჰქონდა, ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა. [3]შესაბამისად უკვე ადვილი ასახსნელია და ადვილად პასუხგასაცემია ის კითხვა, რაც თავში დავსვით, რომ შექება ორიგენესი, როგორც პედაგოგისა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმიტომ, რომ რაშიცაა ანათემირებული ორიგენე ჩვენც იმაში უნდა მოვიკვეთოთ იგი, მაგრამ რაშიც არ არის, ეს ანათემა ყველაფერზე განვავრცოთ, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ეს უკვე თვით ჩვენივე თავის დაგმობა და განშორებაა ეკლესიური მოძღვრებისგან. ასე რომ რადგანაც ეკლესიას ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლი არათუ არ დაუგმია, პირუკუ ღირსება განუკუთვნა მას. მისი მოწაფეები ხმამაღლა ღაღადებენ ამ ღირსებას, ჩვენც ორიგენეს ზოგადად ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მისი ეს პედაგოგიური საქმიანობა, როგორც ერთი ღირსეული ნაწილი ამ პიროვნებისა, ამგვარად უნდა გამოვყოთ. ამითვე უნდა ავხსნათ ისიც, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ასეთ ქება-დიდებას განუკუთვნებს მას. ასე რომ [4]გრიგოლ ნეოკესარიელი აქებს ორიგენეს თავისი მოღვაწეობისა და მოძღვრების მხოლოდ თირსეულ ნაწილში, იმ ღირსეულ ნაწილში, რაც ეკლესიამ მთლიანობაში მიიღო და გაიზიარა, და რა თქმა უნდა, მოიკვეთს და არანაირად არ იღებს ორიგენეს მოღვაწეობისა და მოძღვრების უღირს ნაწილს. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელი, რომელიც ძალიან აქებს ორიგენეს, როგორც პედაგოგს, მისი მოძღვრების გამზიარებელიც უნდა ყოფილიყო და ორიგენისტული სწავლებანი თავჩენილი იქნებოდა გრიგოლ ნეოკესარიელის შრომებში. მაგრამ მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, ჯერ წარმოუდგენელიცაა თავისთავად, იმიტომ, რომ ჯერ კანონიზებული წმინდანია გრიგოლ ნეოკესარიელი და ისედაც, ფაქტობრივადაც, მისი შრომები ნათლად ადასტურებენ იმ უწმინდეს მართლმადიდებლურ სწავლებას, რაც გრიგოლ ნეოკესარიელის შრომებში არის მთლიანობაში გამჟღავნებული, ყოველგვარი ორიგენისტული ჩრდილისგან ყოვლითურთ განშორებული და მკვეთრად დამადასტურებელი იმისა, რომ აქებს რა გრიგოლ ნეოკესარიელი ორიგენეს, მხოლოდ თავისი მოღვაწეობისა და მოძღვრების [5]ღირსეულ, შეუმცდარ ნაწილში აქებს მას. მაგრამ ამავე დროს განიშორებს მის ყოველგვარ ცდომილებას და ეს განშორებაც თვალსაჩინოა, რადგანაც მის შრომებში ორიგენისტულ ცდმილებათა ნიშან-წყალიც კი არსად არ გამოკრთება.

ეს ერთი მხარე, რის გამოც გრიგოლ ნეოკესარიელისგან აღვლენილი ქება ორიგენესადმი, როგორც პედაგოგისადმი, ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ. და მეორე მხარე: არ აქვს მნიშვნელობა იმას აუცილებლად ორიგენე იქნება თუ ვთქვათ თუნდაც ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი პიროვნება, როდესაც ვინმეს, როგორც პედაგოგს, როგორც მოძღვარს ვაქებთ, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ამ ქებას მხოლოდ იმ ყოფით სინამდვილეს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მხოლოდ ჩვენს თაობას არ განვუკუთვნებთ. ნებისმიერი ძეგლი, ეკლესიის წიაღში შექმნილი, მუდმივი სარგებლობის დანიშნულებისაა. ე.ი. მომავალი თაობებისთვისაც ის აუცილებლად სასარგებლო უნდა იყოს. ასეთ დროს რაღაც მოვლენის, ამ შემთხვევაში დავუშვათ პედაგოგიური [6]ღვაწლის, წარმოჩენისას და ამ პედაგოგიური ღვაწლს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კონკრეტული პიროვნება ჰყავს ადრესატად, მაინც რამდენადაც ეს წარმოჩენა სამომავლო თაობებისთვისაც არის მიმართული, ნებისმიერი აღმწერი, ნებისმიერი ამ მოვლენის რაობის გამომკვეთი და ჩამომყალიბებელი, ცდილობს, რომ აიღოს პრაქტიკული სინამდვილიდან კონკრეტული მასალა, მაგრამ იდეალურამდე აამაღლოს იგი, იდეალური ნიმუში მოგვცეს, რომ მომავალ თაობებს მარადიულ წინამძღვრად სანიშნედ მათი მოღვაწეობისა, გაუხდეს ის ნიმუში, რასაც ის წარმოადგენს. ე.ი. როცა ჩვენ გვინდა ნიმუში მივცეთ  შთამომავლობას, აი ამ ნიმუშის მიცემისას პიროვნების ყველაზე უფრო ღირსეული თვისებები, ღირსეული შტრიხები იწევს წინა პლანზე, მათი აღნიშვნა ხდება. შესაბამისად [7]პრაქტიკასთანაც და კონკრეტულ შემთხვევასთანაც თანხვედრაა, რომ ყოფითი რეალობიდანაა აღებული ეს ნიმუში, მაგრამ ამაღლებულია მაინც ყოფით რეალობაზე გაცილებით მეტად, რომ მომავალ თაობებს ერთი კონკრეტული პიროვნება კი არ მიეცეს ნიმუშად, არამედ ამ კონკრეტული პიროვნებიდან გამომდინარე, განზოგადებული, ყველაზე უფრო ღირსეული თვისებებით წარმოდგენილი მყარი მაგალითი განეკუთვნოს, განეკუთვნოს მათი მოღვაწეობის უმყარეს სანიშნედ. ამგვარადვე ორიგენეს, როგორც პედაგოგის, დახასიათებისას აშკარად ჩანს, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ცდილობს მარადიული და იდეალური მოძღვრის ნიმუში მისცეს შთამომავლობას, რომ ყველა სწორედ ამ ნიმუშის მიხედვით მოღვაწეობდეს და იმ სიმაღლემდე ასვლას ცდილობდეს, რა სიმაღლესაც ეს ნიმუში თავის თავში გულისხმობს.

ეს ორი ძირითადი მხარე გახლავთ იმის საფუძველი, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ასეთი განსაკუთრებული [8]ქება-დიდებით ამკობს ორიგენეს, როგორც პედაგოგს. მაგრამ ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ნებისმიერი წინადადება, ნებისმიერი მუხლი ამ ძეგლისა, რაც არ უნდა კონკრეტულ ფაქტს ეხებოდეს და კონკრეტულ ფაქტს აღნიშნავდეს და ინფორმატიული ხასიათისა და დანიშნულებისა იყოს, ამავე დროს აუცილებლად საღვთისმეტყველო ღირებულების შემცველიცაა, იმიტომ, რომ ამ ძეგლს სწერს არა მხოლოდ ინფორმატორი და უბრალოდ აღმწერი, არამედ უდიდესი ღვთისმეტყველი. აღვნიშნავდით, რომ თვით შესავალიც ამ ნაშრომისა დადასტურებაა იმისა, რაც ეხლა ვთქვით. კერძოდ რა კუთხით გახლავთ დადასტურება? გრიგოლ ნეოკესარიელი იწყებს და განიზრახავს რა აი ამგვარი საქმის აღსრულებას, რომ ჩვენს წინაშე წარმოაჩინოს ის სასწავლებელი, სადაც ის სწავლობდა და ის პედაგოგი, რომელიც მის სწავლებას უწინამძღვრებდა, ვისგანაც უდიდესი სარგებელი მიიღო, ამგვარი აღწერილობის დატოვება შთამომავლობისათვის, თვით აღწერის წარმოება და შესრულება იმდენად აღმატებულ და მისთვის [9]შეუძლებელ საქმედ ესახება, რომ მისივე სიტყვებით იგი ყოვლითურთ შეეცდებოდა ეს ღვაწლი თავიდან აეცილებინა. ასეთ სიმბოლოსაც გვთავაზობს გრიგოლ ნეოკესარიელი, რომ ის მხატვარი ვინც ფერთა ხელოვნება იცის და ამ ფერების შესაბამისი მასალაც ხელთ აქვს, რა თქმა უნდა, კეთილსახოვნად გამოსახავს და დახატავს იმას, რისი დახატვაც მას განზრახული აქვს. მაგრამ რა ჰქნას იმან, ვისაც მხოლოდ ნახშირი აქვს ხელთ, როგორ დახატოს, გამოხატოს და აჩვენოს ის ათასგვარი ფერადოვნება, რაც ამ ბუნებაში არსებობს. აი ამგვარი მხატვრის მდგომარეობაში ვარ მეო, ამბობს გრიგოლ ნეოკესარიელი, რადგან არანაირი სიტყვა-ხელოვნებითი განსწავლა არ მიმიღია, სიტყვიერად რაიმე მოვლენის აღწერა, გადმოცემა, მსმენელთათვის უწყება, მე არ შემიძლია და ეს ყოველივე ჩემთვის უაღრესად რთულია და ჩემს შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული. მხოლოდ ჩემს ხელთ არსებული ნახშირით თუ [10]შემიძლია შორეული კონტური მოვხაზო იმისა, რის აღწერასაც მე შევეცდებიო. ე.ი. ჩემგან შეუძლებელია ეს საქმეო, - ამბობს გრიგოლ ნეოკესარიელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც იწყებს თავისი დასახული მიზნის განხორციელებას, იწყებს და გულმოდგინეობს იმას, რომ აღგვიწეროს ერთი მხრივ სწავლებითი პროცესი ხსენებულ სასწავლებელში და მეორე მხრივ თავისი პედაგოგის ღირსებანი. როგორც აღვნიშნეთ ხაზგასმით ამბობს, რომ მისთვის ეს შეუძლებელია და მის შესაძლებლობებზე ბევრად აღმატებული. მეორე მხრივ კი როგორც ვნახეთ მაინც შუდგა ის ამ საქმეს და შეასრულა კიდეც. გრიგოლი თვითონვე განგვიმარტავს, თუ რატომ ხდება, რომ იგი ამგვარ, მის შესაძლებლობებზე ბევრად აღმატებულ საქმეს, შეეჭიდება და შეუდგება ამ საქმის განსრულებას. გრიგოლ ნეოკესარიელი ამბობს: “მართალია ეს საქმე ჩემთვის უაღრესად რთულია, ჩემს შესაძლებლობებზე ბევრად აღმატებული, მაგრამ იმდენი სიკეთე მივიღე ამ სასწავლებლისგან და ხსენებული სასწავლებლის წინამძღვრისგან, იმდენად მადლიერი ვარ მათი [11](ერთი მხრივ სასწავლებლისა და მეორე მხრივ პედაგოგისა), რომ ამ მადლიერების არ გამოხატვა უფრო დიდი და უფრო მძიმე შეცოდება და ცდომილება მგონია, ვიდრე ის, რომ საკუთარ შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული საქმის განხორციელებას ვეცადო. ისიც არ არის მართებული, რომ რაც ჩვენ არ შეგვიძლია იმის აღსრულებას შევეჭიდოთ, მაგრამ გაცილებით დიდი ცოდვა და დიდი ცდომილებაა, რომ მადლიერება, რაც ჩვენ გვაქვს ამა თუ იმ პიროვნებისადმი, აი ეს მადლიერება არ გამოვხატოთ, სხვა თუ არაფერი მადლიერების აღმნიშვნელი სიტყვა არ მივაწოდოთ იმ პიროვნებას, რომელმაც ესოდენი ღვაწლი გასწია ჩვენდამი და ამით უმადურები გამოვჩნდეთ. საშინელი რამ მგონია უმადურობა, საშინელი და ყოვლად საშინელი”. რა თქმა უნდა, ასეთი მკვეთრი ხაზგასმა ისეთი პიროვნებისგან, როგორიც გრიგოლ ნეოკესარიელია, თავის უაღრესად ღრმა [12]საღვთისმეტყველო საფუძვლებს გულისხმობს.

ამ დებულებაში ბევრი რამ გამოძახილია, გამოძახილია პირველ რიგში საკუთრივ ადამიანის დაცემისა, რაც სწორედ უმადურობის საფუძველზე მოხდა. მართლაც ადამიანის პირველდაცემა, პირველქმნილი ცოდვა სწორედ უმადურობას ეფუძნება, რადგანაც ყოვლითურთი სიკეთე მიეგო ადამიანს, რაშიც მას არავითარი დამსახურება არ ჰქონდა. შექმნა რა ადამი და ევა ღმერთმა, ყველანაირი სიკეთით გამსჭვალა ისინი, პირველქმნილი ადამიანი ღვთის ხატებით იქნა დაჯილდოებული და მსგავსებით ღვთისა უკლებლივ ყველა სათნოებით შემკობილი, ღვთის ძეობილობა მას მიემადლა დასაბამშივე, დამკვიდრდა შვების ადგილას (სამოთხესა შინა შვებისასა), სადაც ყოვლითურთ განიშვებდა და განიხარებდა, კვლავ აღვნიშნავთ, არანაირი დამსახურების გამო. მიუხედავად ამისა ადამიანმა საკუთარი ნებით ამ უზენაეს, ყოვლისმცოდნე და ყოვლის მამა-შვილურად მსწავლელ მოძღვარს, [13]თვითნებურად ზურგი აქცია და სხვა მოძღვარს დაუგდო ყური. აქ არაა საუბარი იმაზე ყური რომ დაუგდო, მთავარია ამის შემდეგ როგორ მოიქცა იგი. ადამიანს შეეძლო არ დაეჯერებინა გველის სიტყვები და არ ემოქმედა გველის სიტყვების შესაბამისად, მაგრამ ის უკვე მაინც დიდ ცდომილებაში იქნებოდა, იმიტომ, რომ ყური დაუგდო სხვა მოძღვარს, სხვა პიროვნებას, მისთვის სრულიად უცხოს, მისდამი არანაირი სიკეთის არ მბოძებელს, მაშინ როცა ყოვლადი სიკეთის მომნიჭებელს ზურგი აქცია და აქცია თვითნებურად, დაუკითხავად. აი ესაა განსაკუთრებული უმადურობა როდესაც ჩვენ ვინმე ყველანაირ სიკეთეს მოგვაგებს, აბსოლუტურად უშურველად და უსასყიდლოდ, მხოლოდ ჩვენი სიკეთის მოსურნეობით და ამ დროს მას ზურგს შევაქცევთ ურიდად, კადნიერად, ამპარტავნულად და ვიღაც სხვას მივაპყრობთ ჩვენს ყურთასმენას, სულიერსა თუ ხორციელს. ესაა მკვეთრი გამოხატულება უმადურობისა. ადამიანის დაცემა სწორედ უმადურობამ, მადლიერების დაშრეტამ, განაპირობა.

[14]ასევე ისმის, რა თქმა უნდა, გამოძახილი კიდევ უფრო არქაული მოვლენისა, როდესაც ზეცით ანგელოზი დაეცა. ესეც მკვეთრი გამოხატულებაა უმადურობისა, რადგანაც შემოქმედისგან ყველა სიკეთე მიღებული ანგელოზი, დაწინაურებული, ყოვლად ბრწყინვალე, რომელსაც სინათლის მატარებელი ეწოდებოდა, ანუ ლუციფერი (ეს სახელი, რომელიც მას საკუთარ სახელად მაინც შერჩა და ეშმაკის აღმნიშვნელია, თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით სინათლის მატარებელს გულისხმობდა, დაცემული ანგელოზის პირველადი მდგომარეობის ამსახველია იყო, ისევე როგორც მისი ბერძნული შესატყვისი ეოსფოროსი, ანდა ფოსფოროსი, ან ძველი ქართული მთიები), ყველა იმ სიკეთის, იმ განსაკუთრებული სიუხვით მადლის მონიჭების შესაბამისად, მადლიერების გამოხატვის ნაცვლად აუმხედრდა თავის მწყალობელს, განიკუთვნა რა თავისი თავისადმი ყველა ეს სიკეთე, განიკუთვნა იმგვარად, რომ თითქოს თავისეული იყო ეს ყოველივე და არა სხვისგან ბოძებული, არა ღვთისგან ბოძებული. [15]მან არათუ მადლიერება გამოხატა ესოდენ სიკეთეთა გამო, მისდამი, ყოვლად კეთილისადმი და ერთადერთი კეთილისადმი (რადგანაც არავინაა კეთილი ღვთის გარდა), არამედ იამპარტავნა, იუკადრისა, რომ სხვისგან ქონოდა ბოძებული ეს ყოველივე. საკუთარი თავი წარმოაჩინა ღირსად ამ ყოველივესი და ამ ყოველივეს პატრონად, მეუნჯედ, რითაც ყოვლითურთ განიშორა მადლიერება, დაიშრიტა ანუ ჩაქრა მაში მადლიერება და სრული უმადურობა ანუ უმადურობითი სიბნელე დამკვიდრდა მასში, რაც არის იგივე მისი დაცემა.

ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც, როდესაც პირადი დაცემულობანი ხდება, უეჭველად ყველგან, ყველა შემთხვევაში სახეზეა უმადურობა, უმადურობა ღვთისადმი, უმადურობა ჩვენი კეთილის [16]მყოფელებისადმი ამ ქვეყნად, უმადურობა თუნდაც საკუთარი თავის, ჩვენი პიროვნების, ღვთვბოძებული უბიწოებისადმი და შეურყვნელობისადმი, რაც ბავშვობიდან ღვთისგან გვაქვს მონიჭებული (როგორც ეს ეკლესიისგან დოგმატად არის აღიარებული, რომ ჩვილები არიან პიროვნულად ყოვლითურთ უზაკველნი, ყოვლითურთ შეურყვნელნი), რომ ჩვენ ამ საბოძვარსაც უმადურნი ვუხდებით, იმიტომ, რომ როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: გავიზრდებით რა (ძველ ქართულად “შეგვეძინება რა სიორძილე გუამისაი”) ჩვენზეა უკვე დამოკიდებული ბავშვურ უმანკოებას შევინარჩუნებთ თუ არა. უმრავლესობა, რა თქმა უნდა, შეგნებულად, თითქოს ერცხვინებოდეს, ამ უმანკოებას განერიდება, განეკრძალვის და ამჯობინებს, რომ უკეთურობაში იყოს ყოვლითურთ განფრდილი, ვიდრე იმ საბოძვარის კეთილად დამცველი და კეთილად დამმარხველი [17]თავის თავში, რაც ბავშვურ, აბსოლუტურ უმანკოებას გულისხმობს, გარდა პირველ ცოდვისა. ე.ი. ყველაფრისადმი უმადურნი ვხდებით, როდესაც ვცოდავთ.

აი ეს ყველაფერი ხმიანებს გრიგოლის ზემოთ მოტანილ სიტყვებში, რა სიტყვებიც მას პირველ რიგში საკუთარი თავისადმი აქვს ნათქვამი, რომ რაიმეთი ცოდვილი არ აღმოჩნდეს. უმადურობა გრიგოლს უფრო მძიმედ აღუჩნდება, ვიდრე მის შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული საქმის დაწყება და ამ საქმის განსრულება. ამიტომ ხდება, რომ იგი თუნდაც ამ სულიერი ნახშირით აღჭურვილი და სხვა არანაირი გამომსახველობითი შესაძლებლობების მქონე, არანაირი ფერთა ნაირგვარობის მფლობელი, მაინც იწყებს მისთვის უაღრესად რთულად აღსასრულებელი საქმის შესრულებას, რადგანაც აი ეს მეორე მხარე აშინებს, ესაა ის რაც ნესტარივით განეწონება მას და წინისკენ აქეზებს, კეთილი საქმის აღსრულებისკენ აქეზებს, რომ უმადური არ გამოჩნდეს, რადგანაც უმადურობა ყოვლად საშინელია.

ასე რომ, რამდენადაც ძალუძს ადამიანს, [18]თუნდაც რომ შეუსაბამო იყოს იმ სიკეთისადმი, რაც მას მიეგო, მაინც რამდენადაც ძალუძს აუცილებლად მადლიერება უნდა გამოხატოს. ესაა დადასტურება მისი კეთილშობილებისა, მისი კვლავ ღვთის შვილობისა, რაც გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებაში, არა მხოლოდ ამ მუხლით, არამედ მთელი მისი მოღვაწებით სრულიად ცხადად და აშკარად გამოვლენილა.

 

207–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=PELap_sncmY

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button