210–216

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ წინა შეხვედრაზე შევუდექით, ძალიან ზოგადად, მაგრამ მაინც, ლათინურენოვანი ქრისტიანული მწერლობის პირველ სათავეების განხილვას. შევეხეთ დღეისათვის ცნობილ ყველაზე ადრინდელ ლათინურენოვან ქრისტიან ავტორს მინუციუს ფელიქსს და განვიხილეთ მისი შრომა “ოქტავიუსი”.

რამდენჯერმე ამ განხილვის დროს, ისევე როგორც სხვა საუბრებში, ჩვენ ვახსენეთ კარგად ცნობილი ლათინი ღვთისმეტყველის ტერტულიანეს სახელი, რომელიც დღესდღეობით ითვლება ზოგადად ლათინურენოვანი ქრისტიანული მწერლობის ფუძემდებლად. ამ პიროვნებაზე ჩვენ დაწვრილებითი განსჯა და ბჭობა გვქონდა მაშინ როდესაც ვეხებოდით უაღრესად პრობლემურ, დღეისათვისაც და ყველა დროში, საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდება, რომ მოღვაწეთა ნაწილი უაღრესად ღირსეულად იწყებს [1]წარმატებულ მსველობას ღვთისკენ, მაგრამ შემდგომ ბრკოლდება და არა მხოლოდ ღვთისკენ სვლას ანელებს, არამედ უმრავლეს შემთხვევაში მართლმადიდებლობასთან მკვეთრად დაპირისპირებულ მოძღვრებაში, ერესში აღმოჩნდება და შესაბამისად ანათემირებულია ეკლესიისგან. აი ეს სამწუხარო მოვლენები ახსნას ითხოვდა და ამას ჩვენ რამდენიმე ლექცია დავუთმეთ და მაშინ ვეხებოდით რა თუნდაც ისეთ პირებს როგორებიც იყვნენ ტატიანე სირიელი, ორიგენე და სხვანი, მათთან ერთად ამ კუთხით განვიხილეთ ტერტულიანეს ცხოვრების და მისი კარგი დასაწყისის შემდგომ, ეკლესიასთან უაღრესად დაპირისპირებულ მოქმედებაში და მოძღვრებაში მისი აღმოჩენა, რამაც ამ თავის დროზე უაღრესად მნიშვნელოვანი მოღვაწის ეკლესიიდან განკვეთა განაპირობა. კონკრეტული თარიღიცაა ცნობილი, [2]207 წელი, როგორც ზღვარგამყოფი ტერტულიანეს ცხოვრებაში. 207 წლამდე ის გახლდათ მგზნებარე მართლმადიდებელი, 207 წლის შემდეგ კი ეკლესიურ მოძღვრებასთან უმკვეთრესად დაპირისპირებული პიროვნება, მაშინდელი ერთ-ერთი ქარიზმატული მიმდინარეობის აქტიური წევრი და თავადვე შემქმნელი შემდეგში ქარიზმატული მიმდინარეობისა, რასაც პირობითად შეგვიძლია ტერტულიანიზმი ვუწოდოთ. ტერტულიანისტები, როგორც ამას თუნდაც ნეტარი ავგუსტინე მიუთითებს, IV-V საუკუნეებისთვისაც კი ჯერ კიდევ შენარჩუნებულნი იყვნენ, ე.ი. ეს სექტა მაშინაც არსებობდა.

მიუხედავად ხარვეზებისა, მიუხედავად ნაკლოვანებებისა და მიუხედავად ძალიან ბევრი გაუკუღმართებისა (ამას ჩვენ თანდათანობი ძალიან ზოგადად მაგრამ ყველაზე არსებითი მხარეების აღნიშვნით შევეხებით), როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ნებისმიერ [3]ერეტიკოსში და მათ შორის ტერტულიანეს მოღვაწეობაშიც არის ღირსეული ნაწილი და სწორედ ამ ღირსეული ნაწილის მიხედვით მიიჩნევა იგი ლათინურენოვანი ქრისტიანული მწერლობის ფუძემდებლად. მას ქონდა ძალიან დიდი მასშტაბი მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო ფართო, ვიდრე ეს ჩვენს მიერ ადრე განხილულ მინუციუს ფელიქსს. მაგრამ ამავე დროს სამოღვაწეო დიაპაზონის სიფართოვესთან ერთად, რა თქმა უნდა, ცდომილებითი ხარისხიც გაცილებით გაღრმავებული იყო მასთან და მისი დაცემაც შესაბამისად კიდევ უფრო სამწუხაროა, ვიდრე ისეთი მოღვაწისა რომელსაც ნაკლები დიაპაზონი ექნებოდა, თავისი შინაგანი ნიჭიერების შესაბამისად, გამოვლენილი.

ტერტულიანეს მთლიანი სახელწოდება ვრცელი გახლავთ და მას ეწოდება კვინტუს სეფტიმუს ფლორეს ტერტულიანე. მიუხედავად აურაცხელი ნაშრომისა, რაც ამ პიროვნებამ ჩვენ დაგვიტოვა და მრავალი მითითებისა მასზე, რა თქმა უნდა, ტერტულიანეს ცხოვრება უდიდესწილად უცნობია ჩვენთვის. მიიჩნევა, რომ იგი [4]დაახლოებით 155 წელს დაიბადა წარმართულ ოჯახში (რა თქმა უნდა ეს მაშინ ბუნებრივი ამბავი იყო, რადგანაც ტრადიციულად ქრისტიანული ოჯახები თითქმის არ არსებობდა) და ისიც თავისთავად ცხადია, რომ ტერტულიანე თავის ბავშვობაშიც და სიჭაბუკის გარკვეულ წლებში წარმართი გახლდათ. მან მიიღო სათანადო იურიდიული განათლება, რაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროფესია იყო იმ დროისათვის (ამაზე ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, თუნდაც გრიგოლ ნეოკესარიელთან დაკავშირებით და სხვებთან) და ეს იურიდიული განათლება შემდეგში ტერტულიანეს მნიშვნელოვანწილად გამოადგა ცალკეული ქრისტიანული დოგმატურ-საღვთისმეტყველო დებულებების ტერმინოლოგიური ჩამოყალიბების ჟამს. იგი გახდა კიდეც გაქრისტიანებამდე ცნობილი ადვოკატი რომში (ჩვენ ვნახეთ, რომ მინუციუს ფელიქსიც ასევე ცნობილი ადვოკატი იყო). მკვლევარები ქრისტიან ტერტულიანეს ზოგჯერ აიგივებენ იმ იურისტ ტერტულიანესთან, რომელიც სხვა [5]წყაროთი არის ცნობილი, ესაა ე.წ. “კორპუს ცივილის”, ასეთი ძეგლი, რომლის უწყებაც იურისტ ტერტულიანეს შესახებ საგულისხმოა. ეს გაიგივებაც ჩემი აზრით არ ჩანს საფუძველსმოკლებული, მითუმეტეს ვიცით რომ ქრისტიანი ტერტულიანე გაქრისტიანებამდე სწორედ ცნობილი იურისტი იყო. დაახლოებით 193 წელს ივარაუდება ტერტულიანეს მოქცევა ქრისტიანობაზე, ე.ი. დაახლოებით 18-19 წლის ასაკში იგი მოიქცა ქრისტიანობაზე, რის შემდეგაც ტერტულიანე მკვიდრდება კართაგენში. კართაგენის მოღვაწედაა იგი საზოგადოდ ცნობილი და კართაგენის საეკლესიო-საღვთისმეტყველო (კატეხიზატორული შეიძლება არ დავარქვათ მაგრამ ღვთისმეტყველური განათლების მიმცემი ტრადიცია და სკოლაც შეგვიძლია მას ვუწოდოთ) (პირობითად, რა თქმა უნდა) სკოლა სწორედ ტერტულიანეს დაფუძნებულად შეიძლება ჩაითვალოს. დადასტურებულად მიიჩნევა ისიც, რომ ტერტულიანე გახდა მღვდელი. [6]ამაზე ნეტარი იერონიმე პირდაპირ გვაუწყებს თავის ცნობილ, ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულ, ნაშრომში სახელწოდებით “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, 53-ე თავში და მის ნაწერებშიც სამღვდელო მოღვაწეობის თვისებები, რა თქმა უნდა, თავს იჩენს.

საკუთრივ ლიტერატურული სამწერლობო მოღვაწეობა ტერტულიანესი დაახლოებით 25 წელს გულისხმობს, 195-220 წლები, რა დროსაც შექმნა მან ის აურაცხელი ნაშრომი, რომელთა მხოლოდ ჩამოთვლაც კი ნაყოფიერებას ამ მოღვაწისას, ლიტერატურულ-სამწერლობო ნაყოფიერებას, მკვეთრად წარმოგვიჩენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობით იგი ამეტებს არა მხოლოდ ლათინ ავტორებს, რომლებიც იმ პერიოდში თითქმის შესამჩნევიც კი არ არის, არამედ საკუთრივ ბერძენ მოღვაწეებსაც კი, ვიდრე ორიგენემდე. როგორც აღვნიშნეთ დაახლოებით 207 წელს ტერტულიანე უკვე ღიად გადავიდა, რაღაც სიმფტომები [7]შეიძლება მანამდეც ქონოდა, მონტანისტური ერესის მხარეს, იმ პიროვნების ერესის მხარეს, რომელიც თავის თავს სულიწმინდის ინკარნაციად მიიჩნევდა ანუ განკაცებული სულიწმინდის მფლობელად წარმოგვიჩნედა საკუთარ თავს და სულიწმინდა როგორც მადლის წყარო თითქოსდა ამ პიროვნების განსაკუთრებული მადლიანობის დადასტურება იყო. ქარიზმატულობა სწორედ მადლმოსილებას ნიშნავს, ქარიზმა არის მადლი, მადლიერება, ღვთიური ნიჭი და ქარიზმატულ პიროვნება, რაც დღესაც საკმაოდ გავრცელებული გამოთქმაა, თუმცა შინაარსი ძალიან ნაკლებად ჩანს რომ ესმოდეთ ამ გამოთქმის გამომყენებლებს, კონტექსტი ამას უეჭველად ადასტურებს, სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ მას სულიწმინდის განსაკუთრებული მადლმოსილება აქვს, მიმადლებულია. აი ამგვარი მიმდინარეობის ჯერ მიმდევარი და შემდეგ [8]ლიდერი ხდება ტერტულიანე. არსი ამ მიმდინარეობისა გახლდათ შემდეგი, რომ ჭეშმარიტი ეკლესია ეს არის არა იერარქიული ეკლესია, თავისი ეპისკოპოსებით, მღვდლებით, დიაკონებით და მრევლით, არამედ ჭეშმარიტი ეკლესია ჩვენ თითქოს უნდა გავიგოთ იმ უმცირეს კრებულად, რაც, როგორც ტერტულიანე მიუთითებს, თვით მაცხოვარმა მოასწავა, როდესაც თქვა: “სადაც კი ორი და სამი ჩემი სახელით შეკრებული იქნება, მეც მათ შორის ვარ”. აი ეს ორი და სამი უფლის სახელით შეკრებილი, - ამბობდა ტერტულიანე 207 წლის შემდეგ, არის ჭეშმარიტი ეკლესია. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასეთ მცირე კრებულს უწინამძღვრებს ერთი ვინმე, გამორჩეული მათგან, განსაკუთრებულად მიმადლებული, განსაკუთრებულად აღვსებული სულიწმინდის მადლით, ანუ ესაა კაცი სულიერი, ანუ ჰომოსპირიტუალის (ტერტულიანე მოგეხსენებათ ლათინურად წერდა). რა თქმა უნდა, ტერტულიანე საკუთარ თავს მიიჩნევდა ამგვარ პიროვნებად [9]და მის მიმდევრებს ჭეშმარიტ ეკლესიად რაცხდა. შესაბამისად უკვე 207 წლის შემდეგ მკვეთრად უპირისპირდებოდა, უაღრესად დამცინავი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით, მართლმადიდებლურ კანონიკურ ეკლესიას თავის იერარქიულობით და მხოლოდ საკუთარი თავის გამორჩეულობას გახაზავდა, ამაზე აკეთებდა აქცენტს. სწორედ ამგვარმა მისგან გადადგმულმა ნაბიჯმა შედეგად მოიტანა კონკრეტული სექტის დაფუძნებაც, რასაც ტერტულიანისტების სექტა ეწოდა და რამაც საკუთრივ კართაგენში, როგორც მივუთითებდით ნეტარი ავგუსტინეს მოწმობით, V საუკუნემდე შეინარჩუნა თავი. კონკრეტული მოქმედებანი როგორი იყო ტერტულიანესი ამ პერიოდში ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, როგორც აღვნიშნეთ უაღრესად ნაკლებია და მწირია ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ, მითუმეტეს 207 წლის [10]შემდგომ, როდესაც ის ეკლესიისგან ფაქტობრივად განდგომილი იყო. ისიც არ ვიცით თუ როდის გარდაიცვალა კონკრეტულად, ერთადერთი რამ კი უეჭველია, რომ იგი გარდაიცვალა 220 წლის შემდეგ, ალბათ ახლო ხანებში, დაახლოებით 225 წლამდე.

მიუხედავად ამგვარი უკეთური ნაბიჯისა, რაც მან გადადგა და რითაც ფაქტობრივად გააუფასურა მთელი თავისი წინანდელი ღვაწლი, მისი შრომები დიდი ინტერესით შეისწავლებოდა ყოველთვის, შემოინახებოდა, გადაიწერებოდა და უკვე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მკვლევართათვის სახეზეა ტერტულიანეს შრომების არანაკლებ ექვსი განსხვავებული კოლექცია. რაც შეეხება თვითონ შრომებს, როგორც უკვე გითხარით რაოდენობა ბევრია. არის აგრეთვე ფსევდო ტერტულიანესეული შრომები, რომლებსაც ჩვენ ცალკე ჩამოვთვლით, ხოლო საკუთრივ ტერტულიანეს შრომები რაცაა ესეც რაოდენობრივად შთამბეჭდავია [11]და მოიცავს საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა ჟანრს, ყოველშემთხვევაში ჟანრების უდიდეს ნაწილს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება ჟანრობრივად წარმოვადგინოთ ეს ნაშრომები, ჩამოვთვალოთ და მცირე კომენტარებით აღვჭურვოთ თითოეული მათგანი, რომ ზოგადი წარმოდგენა ამ მოღვაწის შესახებ შეგვექმნას, ამგვარ ქმედებას კი დავიწყებთ ტერტულიანეს აპოლოგეტური შრომების განხილვით.

 


ტერტულიანეს აპოლოგეტური შრომების განხილვა

აპოლოგეტური შრომები ბუნებრივია ტერტულიანეს საკმაოდ დაუწერია, იმიტომ, რომ აპოლოგეტურ ეპოქაში დაიწყო მან საზოგადოდ მოღვაწეობა, ქრისტიანული მოძღვრების აპოლოგეტობა ეს იყო პირველადი და უმნიშვნელოვანესი იმ ეპოქისთვის როცა ტერტულიანე მოღვაწეობდა. ჩვენ ადრე არაერთგზის გაგვისვამს ხაზი და დაგვიხასიათებია აპოლოგეტობა ბერძნულენოვან საეკლესიო მწერლობაში. დავიწყეთ ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობაშიც ამ მიმდინარეობის, ამ ეპოქის განხილვა მინუციუსის მაგალითზე, [12]რომელიც აპოლოგეტი გახლდათ და ტერტულიანე თუმცა გამოკვეთილად და ცალკე აღებული აპოლოგეტი არ გახლდათ, მაგრამ აპოლოგეტური ნაწილი მის სამწერლობო მოღვაწეობაშიც, რა თქმა უნდა, მკვეთრად სახეზეა. აპოლოგეტური ნაშრომები ბუნებრივია პოლემიკურიცაა ამავე დროს, იმიტომ, რომ აპოლოგეტობა თუ თავდაცვას გულისხმობს, აუცილებლად გულისხმობს აგრეთვე იმ მოძღვრების განქიქებასაც, რომლის წინააღმდეგაც ესა თუ ის მოღვაწე ქრისტიანული მოძღვრების აპოლოგიას ეწევა. დავუშვათ წარმართი თუ ეპაექრება ქრისტიანსა და ქრისტიანი თავის მოძღვრებას წარმართის და წარმართობის წინააღმდგ იცავს, რა თქმა უნდა, მხოლოდ დაცვა კი არაა საკმარისი, არამედ პირიქით, დაცვამდე, უწინარეს ამისა, უპირველესად ვალდებულია ყველა ქრისტიანი აპოლოგეტი ჯერ ის მოძღვრება ამხილოს და გამოააშკარაოს როგორც ცდომილება, რომელიც ეპაექრება მას და რომელსაც თვითონაც ეპაექრება. ესაა პირველი აუცილებელი ნაწილი ყველა აპოლოგიისა, პირველ რიგში იმის მხილება, იმის მცდარობის [13]გამოვლენა, რა მოძღვრებაც პაექრობაშია ჩაბმული, და შემდგომ ამისა უკვე ჭეშმარიტი მოძღვრების გადმოცემა. აი ეს ორი არსებითი ნაწილი ახასიათებს ყველა აპოლოგიას. ამიტომ განვიხილავთ რა ტერტულიანეს აპოლოგეტურ შრომებს, თავისთავად ცხადია წარმოვაჩენთ იმას, რომ მათ პოლემიკური მიზანდასახულობაც აქვთ და პოლემიკის ჟანრსაც განეკუთვნებიან.



წარმართთა წინააღმდეგ

პირველ რიგში ვფიქრობთ უნდა დავასახელოთ ტერტულიანეს ერთ-ერთი ადრინდელი შრომა სახელწოდებით “წარმართთა წინააღმდეგ”, იგივე ელინთა წინააღმდეგ. ამ ტიპის შრომები სწორედ აპოლოგეტური ეპოქიდან ჩნდება საეკლესი მწერლობაში და შემდგომშიც არაიშვიათად, თითქმის ყველა მოღვაწეს IV-V-VI საუკუნეებში აი ამგვარი მიზანდასახულობით და ამგვარი სათაურით დაუწერია. იქნება ეს ამ ეპოქიდან დაწყებული ვთქვათ კლიმენტი ალექსანდრიელი, ათანასე ალექსანდრიელი, რომელსაც ორი შრომა აქვს წარმართთა წინააღმდეგ დაწერილი, მინიშნებანი და მკვეთრი დაპირისპირებანი, შეიძლება სათაურით არა [14]მაგრამ შინაარსობრივად ამ აპოლოგეტური მიღწევების და ღვაწლის განვრცობა და განგრძობაა კაბადოკიელ მამებთან უშუალოდ წარმართთა წინააღმდეგ, კირილე ალექსანდრიელის კონკრეტული წარმართის წინააღმდეგ დაწერილი ვრცელი შრომა, რომელსაც “ივლიანეს წინააღდეგ” ეწოდება და სხვა და სხვა. აი ამ ხაზში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტერტულიანეს ხსენებულ შრომას “წარმართთა წინააღდეგ”, რაც თავისთავად ორი წიგნისგან შედგება. პირველ წიგნს უფრო თავდაცვითი დანიშნულება აქვს, ხოლო მეორე წიგნს შეტევითი. როგორც ჩანს ტერტულიანეს გარკვეული წინასწარი გეგმა ჰქონდა შედგენილი, რომ ჯერ მოიგერიოს ბრალდებანი, რაც ისმის ქრისტიანთა წინააღმდეგ, დაასაბუთოს რომ ეს ბრალდებანი არის ყალბისმქნელობა, უკუაგდოს ისინი, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდეს, შემდგომ გადავიდეს შეტევაზე და თვით ის მოძღვრება ამხილოს, რომელიც აქამდე თვითვე იჩენდა ინიციატივას ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლისა. [15]ამ ნაშრომში უაღრესად მკაცრადაა მხილებული წარმართული რელიგია, განსაკუთრებით კი რომაული ღმერთები. ტერტულიანე ერთ-ერთი იმ აპოლოგეტთაგანია, სხვა აპოლეტებთან ერთად, რომელიც ამტკიცებს, რომ წარმართული ღმერთები სხვა არაფერია თუ არა ადამიანური გამონაგონი, გამონაგონი არა მხოლოდ რაღაც ფანტაზიის მიხედვით, არამედ თავის დროზე გამორჩეული ადამიანების, მათი გარდაცვალების შემდეგ, ხსოვნაში განღმრთობის შედეგად ჩამოყალიბებული ვითომცდა ზეარსებანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ბერძენი აპოლოგეტები მკვეთრად უსვამდნენ ხაზს, იქნებოდა ეს ზევსი, აპოლონი თუ სხვები, აი ამ ე.წ. ანტიკურ ღმერთთა ადამიანურობას, ადამიანურ წარმოშობას, რომ ისინი ადამიანები იყვნენ, რაღაცით გამორჩეულნი და გარდაცვალების შემდეგ ხსოვნაში ღმერთებად იქცნენ, ანუ განიღმრთენ.

 

აპოლოგია

მაგრამ ეს ნაშრომი არ გახლდათ იმდენად შთამბეჭდავი და ზემოქმედების მქონე გვიანდელ ლათინურენოვან საეკლესიო მწერლობაზე, როგორც მეორე [16]აპოლოგეტური ნაშრომი ტერტულიანესი, რომელიც სათაურშივე ატარებს ამ სახელწოდებას “აპოლოგეტიკუმ”, ანუ აპოლოგია. საზოგადოდ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს თხზულება ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად ტერტულიანეს შრომათა შორის, როგორც საღვთისმეტყველო კუთხით, გნებავთ მისი პირადი მდგომარეობის წარმოჩენის კუთხითაც, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიური მოძღვრების მკვეთრად და უპირობოდ დამცველისა და ყოველგვარი ერესის წინააღმდეგ ხმალშემართული მებრძოლისა. ნაშრომი იწყება შესავალით, რასაც შემდეგ მოსდევს ექვსი თავი, სადაც (ნაწილობრივ შესავალშიც) ტერტულიანე ვრცლად ეხება ბრალდებებს ქრისტიანთა წინააღმდეგ. ამ ბრალდებებს ის ადრეც ეხებოდა ზემოხსენებულ ნაშრომში, მაგრამ ამჯერად გაცილებით ვრცლად და საფუძვლიანად. კერძოდ ესაა იგივე ბრალდებანი რაც თავს იჩენს აგრეთვე წმ. ათენაგორა ათენელის აპოლოგიაში, რაც ჩვენ თავის დროზე [17]განვიხილეთ, როდესაც ქრისტიანებს აბრალებდნენ ერთი მხრივ უღმერთობას, რომ ისინი უღმერთონი არიან. წარმართთაგან ეს ბრალდება იმიტომ იყო ქრისტიანებისადმი, რომ ქრისტიანები ანტიკურ ღმერთებს უარყოფდნენ, რაც წარმართებისთვის, ანტიკური სარწმუნოების ამღიარებელთათვის, თითქოსდა ჭეშმარიტ ღმერთთა უარყოფად წარმოჩნდებოდა. აქედან გამომდინარე პირველად ალბათ ერთ-ერთი განკუთვნა ტერმინისა ათეისტი სწორედ ქრისტიანთადმი მოხდა წარმართთა მხრიდან. ისევე როგორც ბრალდება ქრისტიანებს შორის თითქოსდა კაცის ხორცის მჭამელობის შესახებ და კიდევ ინცესტი, რომ თითქოს ყოველგვარი სქესობრივი აღრევა, თუნდაც უახლეს ნათესავებს შორის ვითომცდა ეკლესიაში დაშვებულია. აი ამგვარ ცილისწამებებს უკუაგდებს ტერტულიანე, ათენაგორას მსგავსად, აგრეთვე ცილისწამებას თითქოსდა ჩვილთმკვლელობების შესახებ, რომ ქრისტიანები ვითომცდა ჩვილებს კლავდნენ [18]და შესწირავდნენ, ანუ საკუთარ უკეთურებას წარმართები ქრისტიანებზე განავრცობდნენ, ისევე როგორც ბრალდებას ინცესტის და კანიბალიზმის შესახებ. ჩვენ მაშინ მივუთითებდით თუ რა იყო ის ფსევდო საფუძველი ამგვარი ცილისწამებების აღმოცენებისა, რომ მაგალითად კანიბალიზმის ბრალდების არგუმენტად მათ მოჰქონდათ ზიარების ჟამს წარმოთქმული უწმინდესი სიტყვები მაცხოვრისა, რომ “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა”, რაც წმ. პურისადმი ითქმის და შემდეგ სისხლისთვის: “ესე არს სისხლი ჩემი, ახლისა აღთქუმისაი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა”. ანუ მაცხოვართან ზიარება ამგვარი უწმინდესი წეს-განგებისა და მსახურების გზით, წარმართებს ფსევდო არგუმენტად ჰქონდათ უმეცარი და მოუმზადებელი ხელისუფლის წინაშე, რომ ეკლესიაში [19]თითქოს დაშვებული იყო ხორცის მჭამელობა. ისევე როგორც ინცესტის შემთხვევაში, რის საფუძვლადაც ისინი იშველიებდნენ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ “არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ ჩვენ ყოველნი ერთ ვართ ქრისტე იესუის მიმართ”, და სხვადასხვა ამგვარი უაღრესი და უკიდურესი ცდომილებანი. აი ამგვარ ცილისწამებებს უპასუხებს ტერტულიანე, უმკვეთრესად, უშეღავათოდ და დაუნდობლად. რა თქმა უნდა, ეს მის ნიჭიერებასაც სავსებით შეესაბამებოდა, იგი ბოლომდე ამხელს ხსენებულ ბრალდებათა აბსოლუტურ უსაფუძვლობას და იმასაც იქვე აშკარად ცხადყოფს, რომ სწორედ წარმართთაგან აღესრულებოდა და აღესრულება ზემორე დანაშაულებანი. მართლაც კარგადაა ცნობილი თუნდაც მითოლოგიური თხრობანი, თუ როგორ ახდენდნენ პროვოცირებას ინცესტის აურაცხელი შემთხვევისას, კანიბალიზმის შემთხვევებისას, ჩვილთა და ყრმათ შემწირველობაზე ხომ მითოლოგია კი არა ყოველდღიური წარმართთა სარწმუნოებრივი ცხოვრება ამის ნიმუშებს წარმოაჩენდა, მათ შორის საქართველოშიც. ტერტულიანეს მითითებით ქრისტიანები არ ეთაყვანებიან [20]წარმართულ ღმერთებს, რადგან ეს ვითომცდა ღმერთები სინამდვილეში, როგორც ჩვენ ამაზე უკვე მივუთითეთ, გარდაცვლილი ადამიანები არიან, ე.ი. ტერტულიანე აქ სრულ თანხმობაშია, რა თქმა უნდა, ბერძნულენოვან აპოლოგეტურ ტრადიციასთან. ამიტომაა, რომ ქრისტიანები მკვეთრად უკუაგდებენ იმ ერთ დროს ადამიანად ცხოვრებული პირების და გარდაცვალების შემდეგ გაღმერთებულების ვითომცდა ღმერთებად მიჩნევას, მაგრამ მეორე მხრივ ქრისტიანები თაყვანს სცემენ ყოვლიერების შემოქმედს, ჭეშმარიტ ღმერთს, რასაც, - ტერტულიანეს მკვეთრი მითითებით, გვიცხადებს საღვთო წერილი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ნაშრომი, თუნდაც მოცულობით, გვიკარნახებს იმას, რომ მასში ბევრი უაღრესად ფასეული სწავლებაა. ეს ტერტულიანეს მოღვაწეობის ასე ვთქვათ დადებით ეპოქაშია დაწერილი, როდესაც ის ჯერ კიდევ მართლმადიდებელი იყო და დღეისათვის მაგალითად ევსები კესარიელის ციტატებზე დაყრდნობით აბსოლუტურად უეჭველად და [21]დასაბუთებულად მიიჩნევა აზრი იმის შესახებ, რომ ტერტულიანეს ხსენებული აპოლოგია, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო უთარგმნიათ ბერძნულ ენაზე. რა თქმა უნდა, ასეთი თარგმანი ჩვენამდე არ მოღწეულა, მაგრამ ევსების ციტატები, ბერძნულენოვანი, მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ბერძნულენოვანი ტექსტი ნაშრომის ლათინური ორიგინალისა არსებობდა. იმიტომ, რომ ევსებიმ ლათინური არ იცოდა და ცხადია ლათინური შრომიდან ის ამ ციტატებს საკუთარი ბერძნული თარგმანით ვერ დაიმოწმებდა. ამ ნაშრომიდან ხშირია ციტირებანი ისეთ უდიდეს მოღვაწესთან, როგორიც გახლავთ წმ. კვიპრიანე კართაგენელი, აგრეთვე ლაქტანციუსთან, ნეტარ იერონიმესთან და ესეც, აი ამგვარი შთამბეჭდაობა და გავლენიანობა ტრადიციაში, მკვეთრად ხაზს უსვამს ტერტულიანეს ამ ნაშრომის განსაკუთრებულ ღირსებას. მიიჩნევა, რომ იგი დაიწერა დაახლოებით 197 წელს.

 

210–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=qn6JB_jvaBE

 

ტერტულიანეს აპოლოგეტურ ნაშრომთა მიმოხილვა (გაგრძელება). პაექრობითი ჟანრის შრომა “ერეტიკოსთა პრესკრიფციის შესახებ”

ჩვენ ვეხებოდით ცნობილ ლათინურენოვან ღვთისმეტყველს ტერტულიანეს. ზოგადად უკვე აღვნიშნეთ მისი ღირსებებისა და უაღრესად არსებითი ხარვეზების შესახებ და დავიწყეთ კიდეც მისი ნაშრომების მიმდევრობითი, თუმცა, რა თქმა უნდა, უზოგადესი განხილვა-შეფასებანი. პირველად შევეხეთ მის აპოლოგეტურ ძეგლებს, კერძოდ ორ აპოლოგეტურ ნაშრომს, რომელთაგან ერთს ეწოდება “წარმართთა წინააღმდეგ”, ხოლო მეორეს, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეული და ძვირფასია, საკუთრივ “აპოლოგია” (აპოლოგეტიკუმ).


სულის დადასტურების შესახებ

მაგრამ ამ ორი ნაშრომით არ იფარგლება ტერტულიანეს აპოლოგეტური მოღვაწეობა, სხვა ნაშრომებიც, ღირსეულნი, მისი მოღვაწეობის ეკლესიურ პერიოდში დაწერილნი, ე.ი. 207 წლამდე, სანამ ის ჯერ კიდევ ეკლესიის წევრი იყო და ვიდრე განუდგებოდა ჭეშმარიტ მსახურებას, მართლმადიდებლობას, აი ამ პერიოდში მას სხვა შრომებიც აქვს დაწერილი, [1]რომელთაგან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ნაშრომი რომლის სახელწოდებაც ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს “სულის დადასტურების შესახებ”, ლათინურად მას ეწოდება “დე ტესტიმონიო ანიმე”. ეს შრომაც წინაგანხილულის, ე.ი. “აპოლოგიის” მსგავსად 197 წელს არის დაწერილი და მისი მიზანია ადამიანებს შეამეცნებინოს ღმერთი საკუთარი სულის შემეცნების გზით. სხვათაშორის სწორედ ამ შრომაში გვხვდება ტერტულიანეს ცნობილი სიტყვები, რომ “სული ბუნებით ქრისტიანია” (ანიმა ნატურალიტერ ქრისტიანა). ნაშრომს სულის დადასტურება იმიტომ ეწოდება, რომ ტერტულიანე ამ მხარეს მიმართავს განხილვას, თუ რას გვიდასტურებს ღვთის შესახებ სული, [2]ჩვენი საკუთარი სულის შეცნობით ჩვენ ვმაღლდებით ღვთის შემეცნებამდე, ანუ სული არის დასტურმყოფელი, დამმოწმებელი საღვთო არსისა, ღვთიური ჭეშმარიტებისა.

 

სკაპულასადმი

ასევე აპოლოგეტურია ტერტულიანეს შრომა “სკაპულასადმი” (ჩვენ ასე მოკლედ იმიტომ განვიხილავთ, კვლავ აღვნიშნავთ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრია ტერტულიანეს შრომები და თითოეულ მათგანზე რომ მცირედით მაინც შენიშვნა გავაკეთოთ, შესაბამისად ვიფარგლებით ამა თუ იმ ნაშრომის განხილვისას მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, რომ ყველას ხსენება შევძლოთ და მთლიანობითი წარმოდგენა შევიქმნათ ამ უაღრესად ნაყოფიერ, სამწერლობო კუთხით, წერილობითი ასპექტით, ავტორზე). ეს თხზულება გაგზავნილია ქრისტიანთა იმ დროის ერთ-ერთი ულმობელი და უსასტიკესი მდევნელის, აფრიკელი [3]პროკონსულის სკაპულას მიმართ, რომელიც იყო პროკონსული აფრიკაში 211-213 წლებში. ამ შრომაში უპირველეს ყოვლისა და ეს მნიშვნელოვანია, ხაზია გასმული რელიგიური აღმსარებლობის ნებაყოფლობითი თავისუფლების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ რომის იმპერიაში მხოლოდ ქრისტიანობისთვის და სხვა არანაირი დანაშაულის გამო მასობრივად იდევნებოდნენ მორწმუნეები, რომლებსაც ფაქტობრივად სახელმწიფო კანონით ჰქონდათ აკრძალული თავიანთი მრწამსის ნებაყოფლობითი აღიარება და შენარჩუნება. ამ კუთხით გამოთქვამს ტერტულიანე დებულებას რელიგიური აღმსარებლობის ნებაყოფლობითი თავისუფლების შესახებ და ეს საკითხი საზოგადოდ სწორედ ტერტულიანესგან მომდინარეობს ახალი წელთაღრიცხვის ეპოქაში. ამიტომ [4]ამ ნაშრომში ტერტულიანე მიუთითებს: “ადამიანის უფლებაა და მისი ბუნების პრივილეგიაა ის, რომ თითოეულს, ყოველ ადამიანს შეეძლოს თაყვანისცემა საკუთარ რწმენათა მიხედვით”. აი ამგვარი უნდა იყოს დამოკიდებულება სხვა სარწმუნეობებისადმი, რომ არა ძალადური აკრძალვა, არა რაღაც ძალმომრეობითი ქმედებით თუნდაც ქრისტიანობაზე ვინმეს მოქცევა, არამედ მხოლოდ დამოძღვრის, მხოლოდ ჭეშმარიტი მოძღვრების სწავლების შეთავაზების გზით იმ პირთა შემოყვანა ეკლესიის წიაღში, რომლებიც ამას პიროვნული ნებაყოფლობით და თავისუფალი არჩევანით ინებებენ. ყველას აქვს თავისუფლება საკუთარი მრწამსის არჩევისა და ეს საკითხი რომ ამგვარად არ დასმულიყო, რა თქმა უნდა, თვით ქრისტიანობასაც რომის იმპერიაში არსებობაც კი, არათუ გავრცელება, ძალიან გაუჭირდებოდა. იმიტომ, რომ თუ მას [5]არ მისცემდნენ თავისუფალი აღმსარებლობის უფლებას, ცხადია ფიზიკურად შეიძლებოდა და მძლავრებითი გზით ხელისუფლებას სრულიად მოესპო ქრისტიანობის აღმსარებელი ადამიანები. აი ამის წინააღმდეგ ილაშქრებს ტერტულიანე და სხვათაშორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტიტუციებში შესული ეს დებულება, რომ ყველას აქვს რელიგიური აღმსარებლობის ნებაყოფლობითი თავისუფლება, კვლავ აღვნიშნავთ, ახალი წელთაღრიიცხვის ეპოქაში სწორედ ტერტულიანესგან მომდინარეობს. ეს სიტყვები, რაც მოვიტანეთ, რომ ადამიანის უფლებაა და მისი ბუნების პრივილეგიაა ის, რომ თითოეულს შეეძლოს თაყვანისცემა საკუთარ რწმენათა მიხედვით, აღნიშნული ნაშრომის მეორე თავშია გამოთქმული და აი ამ დებულებაზე დაყრდნობით ავტორი მკვეთრად უსვამს ხაზს, რომ ადამიანის უსამართლოდ დაჩაგვრა არანაირად ღვთისგან დაუსჯელი არ დარჩება. ამგვარ დასჯას უწინასწარმეტყველებს [6]ტერტულიანე სკაპულასაც. მიიჩნევენ, რომ ეს ნაშრომი დაახლოებით 212 წელს უნდა იყოს დაწერილი, ე.ი. ტერტულიანეს ეკლესიიდან გასვლის შემდეგ, როდესაც ის ქარიზმატული მიმდინარეობის წევრი და ლიდერი ხდება. თუმცა მიუხედავად ამგვარი გაუკუღმართებისა თვით ეს ნაშრომი უდიდესწილად სარგებლობის მომტანია და ამიტომაა, რომ ინტენსიურად შეისწავლებოდა და შეისწავლება დღესაც.

 

იუდეველთა წინააღმდეგ

და ბოლოს, ტერტულიანეს აპოლოგეტურ შრომათა ჩამონათვალში უნდა ვახსენოთ მისი თხზულება სახელწოდებით “იუდეველთა წინააღმდეგ”. როგორც ჩვენ წარმართთა წინააღმდეგ შრომის განხილვისას აღვნიშნეთ და ვთქვით, რომ ამ სათაურისა და ამ მიზანდასახულობის მქონე თხზულება ტრადიციულად ვლინდება თითქმის ყველა მნიშვნელოვან საეკლესიო ავტორთან, იგივე შეიძლება ითქვას ამ კუთხითაც იუდეველთა წინააღმდეგ. აი ამ ტიპის ნაშრომი და მოღვაწეობაც ამ კუთხით თითქმის ყველა საეკლესიო ავტორთან ვლინდება და [7]შესაბამისად საკმაოდ დიდი რაოდენობითაა იუდეველთა წინააღმდეგ მიმართული შრომები. თვით იმ II საუკუნეშიც ბერძენ აპოლოგეტებთან ამ კუთხით ბევრი საგულისხმო ძეგლია შექმნილი, თუნდაც ანონიმური “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”, არისტონ პელაიელის “იასონისა და პაპისკონის სიტყვისგება” და სახელგანთქმული წმ. იუსტინე მარტვილის ძეგლი “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”. ამ ძეგლების რიგში და რიცხვში იგულისხმება ტერტულიანეს ხსენებული ძეგლი, რომლის პირველი რვა თავი მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ როდესაც ისრაელი განუდგა უფალს, მან, რა თქმა უნდა, დაჰკარგა მადლი. ტერტულიანე აღნიშნულიდან გამომდინარე მკვეთრად იხრება ძველი აღთქმის ოდენ სულიერი გააზრებისკენ, რომ იქ პირდაპირი მნიშვნელობით და ისტორიული მოვლენების ასპექტით კი არ უნდა ხდებოდეს ტექსტის შინაარსის წვდომა, არამედ სულიერი ხედვით. [8]ტერტულიანეს შეხედულებით რჯული არსებობდა მოსემდე, რაც უფალმა მისცა ყველა ერს. ეთნოლოგიური კუთხით ეს სპეციფიკურად ტერტულიანესეული რაღაც დებულებაა და ყურადღებას იქცევს, რომ რჯული მოსემდეც იყო და რომ უფალმა მისცა ყველა ერს პირველი რჯული სამოქმედო, კოდექსი, სამოღვაწეო წესი. ხოლო ის პირველი კანონი ტერტულიანეს მიხედვით, ადამს და ევას რომ მიეცათ სამოთხეში, უკვე რჯულდების მომასწავებელია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცხადია წერილობით რჯულს, იმიტომ, რომ სამოთხეში წერა და კითხვა, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. რაც შეეხება იმ რჯულს მოსეს რომ მიეცა ფიცრებზე დაწერილი, იგი, როგორც მიუთითებს ტერტულიანე, დროის მიხედვით, ქრონოლოგიური ნიშნით უგვიანესია დაუწერელ რჯულზე, [9]რაც პირველადია, ე.ი. ჯერ იყო დაუწერელი რჯული, ანუ ზეპირი განსწავლა კანონიკაში და შემდეგია უკვე წერილობითი რჯული, დროის მიხედვით მომდევნო დაუწერელ რჯულზე. აი ეს დაუწერელი რჯული ტერტულიანესთვის გახლავთ იგივე ბუნებითი რჯული, რაზეც ხშირად საუბრობენ ბერძნულენოვანი ღვთისმეტყველნიც, ჩვენ ეს ადრეც აღგვინიშნავს და მომავალშიც ალბათ ხშირად შევეხებით ამ საკითხს. რაც შეეხება ცხონებას და მაცხოვნებელ რჯულს, ეს მოდის მაშინ როდესაც იშვება იესო ქრისტე. აი ამის ხაზგასმა, ასეთი ეტაპობრივი მიმართება რჯულდებით ტრადიციაში, რომ ჯერ დაუწერელი, იგივე ბუნებითი, რჯულია, შემდეგ წერილობითი რჯული და ბოლოს მაცხოვნებლობითი რჯული, აი ამის განხილვაა ხსენებული ნაშრომის პირველ რვა თავში. რაც შეეხება მომდევნო IX-XIV თავებს, [10]მათში განმარტებულია, რომ წინასწარმეტყველებანი სწორედ ქრისტეზე აღსრულდა, რომ ძველი აღთქმა ესაა წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე. აქ შეიძლებოდა აღგვენიშნა ისიც, რომ ზოგი მკვლევარის აზრით ეს თავები (IX-XIV) ეკუთვნის არა აღნიშნულ თხზულებას, არამედ იმავე ტერტულიანეს სხვა შრომას, რომელსაც ჩვენ ქვემოთაც შევეხებით, კერძოდ თხზულებას სახელწოდებით “მარკიონის წინააღმდეგ”. ამ თვალსაზრისს თანდათანობით ბევრი გამზიარებელი ჰყავს და ჩვენ შეგვიძლია რომ ეს თვალსაზრისი მივიღოთ, თუმცა ამ მხრივ რაიმე ცვლილება ტერტულიანეს ნააზრევში ცხადია არ ხდება, ამ ძეგლს ცალკე შრომად განვიხილავთ თუ სხვა ძეგლის ნაწილად, მოძღვრება ერთიდაიგივე რჩება.


პაექრობითი ჟანრის შრომა “ერეტიკოსთა პრესკრიფციის შესახებ”

როგორც აღვნიშნეთ ტერტულიანეს აპოლოგეტური თხზულებები აუცილებლად შეიცავდა პაექრობის ელემენტს, პაექრობის თვისებას, მაგრამ მაინც ცალკეა გამოსაყოფი პაექრობითი ხასიათის, პაექრობითი ჟანრის ძეგლები [11]მის მოღვაწეობაში და მის წერილობით მემკვიდრეობაში. ამ ხასიათის შრომები ძალიან ბევრია, სადაც განსხვავებით აპოლოგეტური შრომებისგან ამავე დროს თავდაცვაც კი არ გაქვს ქრისტიანული მოძღვრებისა, არამედ მხოლოდ მხილება იმისა, ვის წინააღმდეგაც ესა თუ ის პაექრობითი თხზულება დაწერილა, ამით განსხვავდება პოლემიკა, როგორც ჟანრი აპოლოგეტიკისგან. ამ პაექრობით ძეგლებში და პაექრობითი ჟანრის ტერტულიანესეულ თხზულებებში ვფიქრობთ პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოვყოთ მისი ცნობილი თხზულება სახელწოდებით “ერეტიკოსთა პრესკრიფიციის შესახებ”. ამ ტერმინს –პრესკრიფცია, ცოტა მოგვიანებით განვმარტავთ, ძნელია მისი თარგმნა ქართულად და ამიტომ ასეთ შემთხვევაში უმჯობესია და უპრიანია ლათინური ორიგინალი დარჩეს, რამდენადაც ვიცი არც სხვა ენებზე ხერხდება მისი თარგმნა. ეს შრომა განსაკუთრებით ძვირფასია ანტიერეტიკული მეთოდოლოგიის შესამუშავებლად, [12]იმიტომ, რომ ტერტულიანეს ერეტიკოსებთან წარმართებული ბრძოლის განხორციელებისათვის შემოაქვს იურიდიული ტერმინი პრესკრიფციო, რაც სხვათა შორის როდესაც გავაშინაარსებთ, დღესაც უაღრესად წარმარტებულდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პაექრობაში. ეს ტერმინი, რაც იურიდიული ტერმინია (არაა გასაკვირი რომ ტერტულიანე ამ ტერმინს ხმარობს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ იგი უაღრესად ცნობილი იურისტი იყო რომში), იურიდიული შინაარსით სასამართლოს ენაზე ნიშნავდა აცილების მიცემას (ქართულად ასეთი შესატყვისი შეიძლება მოვუძებნოთ). ანუ აქ იგულისხმება შემდეგი: როდესაც დავაა ორ მხარეს შორის, ჯერ იურიდიულად ვამბობთ, ხოლო საცილობელი საგანი საფუძველია ამგვარი დავისა, ერთ-ერთ [13]მხარეს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს აცილება მისცეს თვით ამ საგანზე დავას, რადგან მისი მტკიცებით ეს საგანი საერთოდ არ ეკუთვნის მოპირისპირე მხარეს და შესაბამისად არც უფლება აქვს მას რაიმე დავის და კამათის საფუძვლად აქციოს ეს საგანი. ე.ი. დავუშვათ ჩვენ ვდაობთ რაღაცის შესახებ, რაღაცის კუთვნილების შესახებ, ერთ-ერთი მხარე ვისაც ამ პრესკრიფციის არსი ესმის პაექრობის დეტალებში კი არ შევა, არამედ ზოგადად იტყვის, რომ ამ საკითხზე დავა მოცემულ პირთან შეუძლებელია, რადგანაც ეს საგანი, ეს ნივთი, ეს მოცემულობა საერთოდ არ ეკუთვნის ამ პირს და დავა როგორ შეიძლება ცალკეულ დეტალებზე, როდესაც მისთვის სრულიად უცხოა ეს საგანი. ესაა ზოგადი გაგება იურიდული ამ ტერმინისა და აღნიშნულიდან გამომდიანრე ტერტულიანესთვის უკვე საკუთრივ ერესებთან პაექრობითი კუთხით, [14]აბსოლუტურად უსაფუძვლო წარმოჩნდება ერეტიკოსთა ყველა ე.წ. ბიბლიური არგუმენტი საკუთარი მოძღვრების დასამტკიცებლად. ე.ი. როგორც ცნობილია და ეს ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს და განგვიხილავს კიდეც, ყოველი ერეტიკოსი ცდილობს საკუთარი ცრუ მოძღვრების საყრდენად მოიშველიოს ესა თუ ის ციტატა საღვთო წერილიდან, ისევე როგორც დღესაც იგივე ვითარებაა, და როდესაც ეს ფაქტია, რომ რაღაც მოძღვრების საკითხზე ვდაობთ, ვთქვათ მოძღვრების ეს დებულება სწორია თუ არა რომელიღაც პირისა და ის პირი თავისი მოძღვრების დასამტკიცებლად იშველიებს საღვთო წერილს, ტერტულიანე გვასწავლის, რომ ასეთ პირთან კამათის გაგრძელება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ის იმოწმებს ისეთ წყაროს, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთვნის. ერეტიკოსმა არ შეიძლება ბიბლია დაიმოწმოს, იმიტომ, რომ ბიბლია მისი კუთვნილება არ არის, მისთვის უცხოა ბიბლია, ბიბლია არის მართლმადიდებლის კუთვნილება და შესაბამისად რაიმე საკითხის გასარკვევად ერთი მხრივ მართლმადიდებელმაც დაიმოწმოს ბიბლია და მეორე მხრივ ერეტიკოსმაც, [15]ეს ტერტულიანესთვის მიუღებელია და ასეთ პირთან პაექრობისას ის თვით ამ საგანზე, ბიბლიაზე აცილებას აძლევს იმ ერეტიკოსს, ანუ უკრძალავს მას ბიბლიის გამოყენებას ამა თუ იმ საკითხის დამტკიცებისას. სხვა მხრივ თუ მას უნდა და შეუძლია, დაამტკიცოს, მაგრამ საკუთრივ ბიბლიის საფუძველზე უფლება არა აქვს დაამტკიცოს, იმიტომ, რომ ბიბლია არ ეკუთვნის მას და თვით ბიბლიის აცილებას აძლევს მას, რადგან ეს ბიბლია არ წარმოადგენს ამ ერეტიკოსის კუთვნილებას. შესაბამიასდ ერეტიკოსი ტერტულიანეს მიხედვით არათუ იყენებს ბიბლიას და არათუ ეფუძნება მას, არამედ ამახინჯებს მხოლოდ. ამიტომ ტერტულიანეს ყველა ერესის უარსაყოფად შემოაქვს ორი პრესკრიფცია, ანუ ორი აცილება. პირველი, იგი ამბობს: “მაცხოვარმა ქადაგების მისია დააკისრა მოციქულებს, შესაბამისად მოციქულთა მიერ დადგენილთა გარდა [16]არავინ არ შეიძლება ჩაითვალოს სახარების ჭეშმარიტ მქადაგებლად”. ე.ი. მათთან ამ საკითხზე დავა არ შეიძლება. დავუშვათ ვიღაც გვედავებოდეს რომ აქ ჩვენ ვიქადაგეთ, ასე ვქადაგებთ და თქვენ კიდევ სხვაგვარად ქადაგებთ, და ამის გამო პაექრობაში შევიდეთ იმის გასარკვევად თუ რომლის ქადაგებაა სწორი. შეუძლებელია პაექრობაში შესვლა, იმიტომ, რომ ის საერთოდ არაა მქადაგებლად საკურთხებელი, ის არ არის მქადაგებელი, რამდენადაც მოციქულთაგან არ დადგენილა და აქ უკვე პაექრობა წყდება. და მეორე პრესკრიფცია: მოციქულებმა სხვადასხვა მხარეში დააფუძნეს ეკლესიები და მათ გადასცეს სახარების ქადაგების უფლება, შესაბამისად მოციქულთაგან დაფუძნებული ეკლესიების გარდა ყველა სხვა მქადაგებელი, რა თქმა უნდა, ცრუა და ქადაგების უფლებამოსილების არ მქონე. ეს ნიშნავს, რომ წინდაწინვე ყალბია ყველა ის მოძღვრება რაც კი უპირისპირდება საეკლესიო ჭეშმარიტებას, მოციქულებს, ქრისტეს, ყოვლადწმინდა სამებას.

აი ამაზეა, ამ უაღრესად [17]საყურადღებო საკითხზე, მსჯელობა ხსენებულ ნაშრომში, რომელიც ასევე ტერტულიანეს მოღვაწეობის საეკლესიო პერიოდშია დაწერილი, როგორც მიიჩნევენ დაახლოებით 200 წელს.

 

211–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=Zm80HCSaUpA


ტერტულიანეს პაექრობითი ჟანრის შრომები

ჩვენ განხილვები გვაქვს ტერტულიანეს შესახებ, ტერტულიანეს სამწერლობო მოღვაწეობასთან დაკავშირებით. შეძლებისდაგვარად განვიხილეთ ერთი ჟანრი მისი ლიტერტატურული მემკვიდრეობისა, აპოლოგეტური ხასიათის ძეგლები. დავიწყეთ განხილვა უაღრესად საყურადღებო ნაწილისა ტერტულიანეს შრომებიდან, პაექრობითი ანუ აპოლოგეტური მიზანდასახულობის ძეგლების, რომელთაგანაც წინა საუბარში მხოლოდ ერთის განხილვა შევძელით, ეს გახლავთ თხზულება სახელწოდებით “ერეტიკოსთა პრესკრიფციის შესახებ”. ჩვენ ამ ნაშრომზე შედარებით გაგვიგრძელდა სიტყვა, იმიტომ, რომ თემა ერთი მხრივ საწვდომად რთულია და მეორე მხრივ მნიშვნელობითაც განსაკუთრებულია, ამიტომ ამჯერად მასზე მსჯელობას აღარ განვაგრძობთ, თუმცა მიზანდასახულობას იმავეს ვინარჩუნებთ რაც თავშივე ვთქვით, რომ მხოლოდ რამდენიმე მცირე კომენტარი ამა თუ იმ ძეგლთან დაკავშირებით, [1]რომ ყველა ძეგლის მეტნაკლებად მიმოხილვა და წარმოდგენა შევძლოთ, ე.ი. მთლიანობაში რომ შეგვექმნეს შედარებით სრული წარმოდგენა ტერტულიანეს ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ. ამიტომ ხსენებული ძეგლის, “ერეტიკოსთა პრესკრიფციის” შემდეგ ჩვენ სხვა პაექრობით თხზულებებსაც შევეხებით რაც შეიძლება ლაკონურად.


მარკიონის წინააღმდეგ

ასეთი გახლავთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პაექრობითი ხასიათის თხზულება სახელწოდებით “მარკიონის წინააღმდეგ”. ცნობილი ერეტიკოსის, გნოსტიკოსის, მარკიონის წინააღმდეგ დაწერილი ეს ძეგლი ძველთაგანვე განსაკუთრებული ღირებულების პაექრობით-პოლემიკურ ნაშრომად მიიჩნეოდა და საყურადღებოა ისიც, რომ იმ წყაროების საფუძველზე რაც დღეს მოგვეპოვება, იმ შრომების საფუძველზე რაც ტერტულიანეს მიეკუთვნება, ეს გახლავთ ყველაზე ვრცელი ნაშრომი, ე.ი. მოცულობით ყველაზე აღმატებული. იგი შედგება ხუთი თავისგან [2]და მიზნად ისახავს II საუკუნის I ნახევრისა და შუა წლების ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებული, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გნოსტიკოსი მწვალებლის, მარკიონის მხილებას. ტერტულიანე იცნობს მარკიონის შრომებს, კერძოდ მარკიონის ცნობილ “ანტითეზებს” და აგრეთვე ახალი აღთქმის მარკიონისეულ ე.წ. გამოცემას. ჩვენ თავის დროზე აღვნიშნავდით, როდესაც გნოსტიციზმს განვიხილავდით, რომ გნოსტიკოსები თავისებურ რედაქტირებას უკეთებდნენ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს. კონკრეტულ ცალკე აღებულ წიგნს ტექსტობრივად კვეცდნენ, რაც მათთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო იმას ამოგლეჯდნენ და რაც მათ მოძღვრებას ეწინააღმდეგებოდა იმას გამოტოვებდნენ, რის საფუძვლადაც ის არგუმენტი ქონდათ, რომ თითქოსდა ეს გვიანდელი ჩანართებია, სხვათაგან ჩართულია და ასე ქმნიდნენ თავისებურ [3]კომპილაციას საღვთო წერილისას, რასაც თავიანთ მიმდევრებში ავრცელებდნენ. ტერტულიანე იცნობს ამ სახის პუბლიკაციას, ანუ ახალი აღთქმის მარკიონისეულ ე.წ. რედაქციას და ისევე როგორც ამ პიროვნების ხსენებულ ანტითეზებს, ასევე ამ რედაქციასაც უაღრესად მკაცრად აკრიტიკებს და გმობს  მარკიონიტების, მარკიონის მიმდევრების სექტაში გავრცელებულ ცნობილ გნოსტიკურ თხზულებას სახელწოდებით “მარკიონის სახარება”. ეს ნაშრომი უკვე არასაეკლესიო პერიოდშია დაწერილი ტერტულიანეს მოღვაწეობისა, ე.ი. 207 წლის შემდეგ (ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ, რომ 207 წელი არის ის ზღვარგამყოფი ტერტულიანეს მოღვაწეობაში, რაც მკვეთრად გამოგვაყოფინებს ერთი მხრივ მის ღირსეულ, მართლმადიდებლურ ნაშრომებს 207 წლამდე დაწერილებს და მეორე მხრივ მონტანისტური ერესით დასნეულებულ მის შრომებს 207 [4]წლის შემდგომ. თუმცა ამ ნაშრომებშიც აქა იქ, ცალკეული უაღრესად ღირსეული სწავლებანი, რა თქმა უნდა, სახეზეა და ამიტომაც შეისწავლებოდა და შეისწავლება დღესაც), დაახლოებით 207-212 წლებში და ეს ფაქტი ადვილად გვიხსნის იმ მონტანისტურ შეხედულებებს, რაც ამ შრომაში უეჭველად გამჟღავნებულია.


ჰერმოგენეს წინააღმდეგ

პაექრობითი ძეგლებიდან დასასახელებელია ტერტულიანეს შრომა “ჰერმოგენეს წინააღმდეგ”, სადაც განქიქებულია მწვალებელი ჰერმოგენე. გაკიცხულია აგრეთვე მისი ფსევდო მოძღვრება მატერიის მარადიულობის და შესაბამისად მატერიის ღმერთობის შესახებ. სწორედ ამას ასაბუთებდა გნოსტიკოსი მხატვარი ჰერმოგენე, ამას აღიარებდა, მიიჩნევდა რა ანტიკური მოძღვრების საფუძველზე, რომ მატერია მარადიულია, და რაც მარადიულია იგი [5]მისთვის იგივე ღმერთია. შესაბამისად მატერიას ის ღმერთად აღიარებდა. ესაა უკიდურესი მატერიალიზმის სახე, როცა თვით მატერიას აღიარებ ღმერთად. ასე, რომ XIX-XX საუკუნის მატერიალისტებს თავისი ღირსეული წინაპარი ჰყავდათ ჰერმოგენეს სახით. ეს იგივე ჰერმოგენეა, რომელსაც აგრეთვე ებრძოდა ბერძენ აპოლოგეტთა შორის თეოფილე ანტიოქიელი, რომლის თხზულებაც ჩვენ თავის დროზე ვახსენეთ – “ჰერმოგენეს წინააღმდეგ”. თუმცა საკუთრივ ბერძენი ღვთისმეტყველის ეს ნაშრომი დაკარგულია, მაშინ როცა ტერტულიანეს ზემოთ ნახსენები შრომა ჩვენამდე მოღწეული გახლავთ, რომელიც დაწერილი უნდა იყოს 200 წლის ახლო ხანებში, რის გამოც, რა თქმა უნდა, ეს შრომაც ტერტულიანეს მოღვაწეობის მართლმადიდებლურ ეპოქაში შედის და დღეისათვისაც ბევრი სარგებელის მიღება შეგვიძლია ამ ნაშრომიდან. დავძენთ იმასაც, რომ თავის ცნობილ შრომაში სახელწოდებით “სულის შესახებ” (რასაც ჩვენ ქვემოთ შევეხებით) ტერტულიანე უთითებს თავისსავე კიდევ ერთ შრომაზე [6]“ჰერმოგენეს წინააღმდეგ”, რაც ჩვენამდე არ მოღწეულა, სადაც, როგორც თვითონვე მიგვითითებს ხსენებულ პიროვნებას აკრიტიკებდა და ჰკიცხავდა კონკრეტულად სულის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. ეს პრობლემა, საკითხი სულის წარმოშობის შესახებ, თავისთავად დღესაც უაღრესად აქტუალურია. სხვათაშორის მოკლე ხანებში ღვთის მადლით იქნება ჩვენი პუბლიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ განიმარტება ეკლესიის მამათაგან წარმოშობა ყოველი ჩვენთაგანის პიროვნული სულისა. ამ საკითხზე არის ძალიან მკვეთრი ცდომილებანი XIX საუკუნიდან მოყოლებული და ამ ბოლო პერიოდშიც, განსაკუთრებით ჩვენთან და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი აუცილებლად განსახილველია. და ეს ნაშრომიც რომ მოღწეული ყოფილიყო (ჩვენ აღნიშნულ პუბლიკაციაში ვეხებით ტერტულიანეს მოძღვრებასაც სულის წარმოშობის შესახებ მისი სხვა თხზულებების საფუძველზე, სხვათაშორის პირდაპირ ვიტყვით, უაღრესად მცდარ მოძღვრებას, ერეტიკულს, როგორცაა [7]კვალიფიცირებული ტერტულიანეს მოძღვრება სულის შესახებ), რომელიც ასეთ ადრეულ ეპოქაშია ალბათ დაწერილი და ამიტომაც დაიკარგა, შესაძლოა მასში ტერტულიანეს ჯერ კიდევ მართლმადიდებლური პოზიცია ჰქონოდა სულის წარმოშობასთან დაკავშირებით. თუმცა ძეგლი არაა მოღწეული და რა თქმა უნდა გადაჭრით ვერაფერს ვერ ვიტყვით.


ვალენტინელთა წინააღმდეგ

მომდევნო პოლემიკური ნაშრომი ტერტულიანესი ეს გახლავთ თხზულება “ვალენტინელთა წინააღმდეგ”. როგორც ჩვენ ცხადად ვხედავთ უდიდესი ნაწილი ტერტულიანეს აპოლოგეტური და პოლემიკური ნაშრომებისა გნოსტიკოსთა წინააღმდეგაა მიმართული, იმიტომ, რომ გნოსტიკოსები იყვნენ ის პირები ყველაზე არსებითში რომ ეცილებოდნენ ქრისტიანებს, საკუთრივ ქრისტიანულ მოძღვრებაში, მიიჩნევდნენ რა, რომ თვითვე იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. ვალენტინელებიც, უაღრესად ცნობილი ერესიარქის ვალენტინუსის სექტის წარმომადგენლები, [8]რა თქმა უნდა, ასეთი პოლემისტის ტერტულიანეს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდნენ, იმიტომ, რომ ვალენტინელები განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდნენ. სხვათაშორის ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, რომ სწორედ ვალენტინელთა მხილება იყო არსებითი მიზანდასახულობა ისეთი დიდი ღვთისმეტყველის პოლემიკურ-ანტიერეტიკული მოღვაწეობისა, როგორიც გახლდათ წმ. ირინეოს ლიონელი, რომელმაც ხუთწიგნედი შრომა “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, არსებითად ვალენტინელთა მოძღვრების უარყოფას მიუძღვნა. ტერტულიანეს ამ ნაშრომშიც უარყოფილია გნოსტიკოს ვალენტინუსის და მის მიმდევართა მწვალებლური აზრები. ეს ნაშრომი შედგება 39 თავისგან და მასში ხაზია გასმული ვალენტინიზმის ე.წ. ეზოთერულ ხასიათზე. რა თქმა უნდა, ტერტულიანესთვის, ისევე როგორც ყველა მართლმადიდებელისათვის ეზოთერიზმი ეს იგივე ერესეა. პარალელი გახლავთ აქ ძალიან [9]საყურადღებო, რომ ამ ნიშნით, ე.ი. ვალენტინელთა ეზოთერიზმის ნიშნით პარალელია გავლებული ამ მწვალებლურ მოძღვრებასთან შეპირისპირებით ანტიკური პერიოდის მისტერიებთან, კერძოდ ცნობილ ელევსინის მისტერიებთან, ამ მისტერიების შესახებ მოღწეულ ცნობებთან. სხვათაშორის ცნობები ძალიან ნაკლებია ანტიკური პერიოდის მისტერიალურ მსახურებასთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები ერთ-ერთი რუსი მკვლევარია ნოვსადსკი, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა ელევსინის მისტერიების საკითხი და ეს ნაშრომი გვაძლევს იმის თქმის უფლებას თუ რაოდენ მცირე იყო ამ მისტერიალური მსახურების, მისტერიალური კულტის შესახებ ცნობები და რომ ჩვენ არსებითად არაფერი მის შესახებ დღეისათვის გადამჭრელი არ შეგვიძლია ვთქვათ. ასეთ დროს ინფორმატიული კუთხით, რა თქმა უნდა, ტერტულიანეს ეს პარალელი ვალენტინუსის [10]მწვალებლურ ეზოთერიზმსა და ელევსინის მისტერიალური კულტის, ასევე არანაკლებ მწვალებლურ, სახეს შორის შეიძლებოდა მკვლევართათვის საყურადღებო გამომდგარიყო. ჩვენ რამდენადაც ეხლა ვიხსენებთ ნოვოსადსკის ტერტულიანე დამოწმებული არ უნდა ჰყავდეს, თუმცა გვიჭირს დაბეჯითებით თქმა, იმიტომ, რომ დიდი ხნის წინ გვაქვს ეს ნაშრომი წაკითხული. აღვნიშნავთ იმასაც, რომ (ბუნებრივია ასეც იქნებოდა) ეპაექრება რა ტერტულიანე ვალენტინელებს, ის ძალიან ფართოდ იყენებს და ეფუძნება ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ ირინეოს ლიონელის ანტივალენტინურ თხზულებას “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, რითაც კარგად ჩანს, რომ ეს ნაშრომი ალბათ იმ პერიოდისთვის, როცა ტერტულიანე თავის თხზულებას წერდა, შესაძლოა ლათინურად უკვე თარგმნილი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ ტერტულიანეს ბერძნულენოვანი ორიგინალი გამოეყენებინა, მაგრამ რადგანაც ვიცით, რომ უადრეს პერიოდში, იმავე III საუკუნეშია თარგმნილი და სწორედ ეს ლათინური თარგმანია [11]ჩვენამდე მოღწეული, თორემ ბერძნული მხოლოდ ფრაგმენტებია ირინეოსის შრომისა, სავსებით ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ტერტულიანეს დროს ის უკვე თარგმნილი ყოფილიყო და მაშინ ეს თარგმანი ძალიან ადრეულ ეპოქაში გადადის, გადაინაცვლებს, ალბათ დაახლოებით 200 წლის პერიოდში, ე.ი. III საუკუნის დამდეგს შესაძლოა ეს ნაშრომი შესრულებული ყოფილიყო. ასეა თუ ისე ირინეოსის ამ ნაშრომს ეფუძნება ძირითადად ტერტულიანე. თუმცა, რა თქმა უნდა, იგი იყენებს აგრეთვე სხვა მოღვაწეებსაც, კერძოდ მათ შორის წმ. იუსტინე მარტვილის ჩვენამდე არ მოღწეულ სახელგანთქმულ თხზულებას თავისი დროისას, სახელწოდებით  “ყველა ერესის წინააღმდეგ”, აგრეთვე მილტიანესა და პროკულოსის დაკარგულ და ჩვენამდე არ მოღწეულ ანტიერეტიკულ შრომებს.


ნათლისღების შესახებ

ჩვენ აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ კიდევ ერთი პაექრობითი თხზულება ტერტულიანესი, რომელიც ამავე დროს საკუთრივ ლიტურგიკული მიზანდასახულობისა გახლავთ, სახელწოდებით “ნათლისღების [12]შესახებ” (დე ბაფტიზმატო), რაც ძალიან საყურადღებოა ნათლისღების საიდუმლოს უადრესი სახის შესასწავლად, რადგანაც მასში გადმოცემულია მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი საეკლესიო სწავლება აღნიშნულ საიდუმლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ამ უადრესი ეპოქიდან ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით რამდენიმე ფასეული ცნობა და ძეგლი გვაქვს, ცნობები ვთქვათ წმ. იუსტინე მარტვილისა, რაც თავის დროზე აღვნიშნეთ, ნაშრომი ტერტულიანესი, ისევე როგორც მოგვიანებით კვიპრიანე კართაგანელის სახელგანთქმული შრომა “სამოციქულო ტრადიცია”, სადაც ასევე ნათლობის შესახებაა უწყებული, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ ფუნდამენტურ შრომაზე, რაც არის წმ. დიონისე არეოპაგელის “საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ”. აი ამ რანგის შრომებში შედის ტერტულიანეს ხსენებული ძეგლიც, თუმცა განსხვავებით ამ შრომებისგან ტერტულიანეს ნაშრომში სახეზეა მკვეთრი ცდომილება, ძალიან დიდი [13]ხარვეზი, კერძოდ ჩვილთა ნათლობის უარყოფა. ჩვენ ამას სხვათაშორის განვიხილავდით როდესაც ნათლობის საკითხს ვეხებოდით ერთ-ერთ საუბარში, რომ საეკლესიო ტრადიციაში ერთ-ერთი პირველთაგანი სწორედ ტერტულიანეა, რომელიც უარყოფდა ჩვილთა ნათლობას იმ მიზეზით, რომ მისთვის ნათლობა მხოლოდ ცნობიერი, შეგნებული, პიროვნული არჩევანის სრულად გამომხატველი წეს-განგება უნდა ყოფილიყო და მისი აზრით ჩვილებს, რამდენადაც პიროვნული ნების გამოხატვა არ შეეძლოთ, თითქოსდა მათთვის ნათლობა შეუძლებელი იყო. ჩვენ ამჯერად ამ საკითხზე არ შევჩერდებით, იმიტომ, რომ ეს წერილობითაც, თუნდაც ამ რადიო საუბრებში ძალიან ვრცლად გვაქვს თავის დროზე განხილული, და მხოლოდ იმ ფაქტს აღვნიშნავთ, რომ ტერტულიანე არგუმენტად იყენებდა აშკარა ტექსტზე ძალდატანებით მაცხოვრის ცნობილ სიტყვებს, როდესაც იგი ბავშვებისადმი ამბობს, რომ “აცადეთ ყრმებსა მაგას მოვიდეს ჩემდა”, ანუ [14]დაანებეთ ამ ყრმებს, გამოუშვით ჩემსკენ. და როდესაც აი ამ სიტყვებს კონტრარგუმენტად წინ დაუდებდნენ ტერტულიანეს, რომ პირდაპირ ამბობს მაცხოვარი ბავშვები გამოუშვით ჩემთანო, იგი უპასუხებდა: დიახ მაცხოვარი ამბობს აცადეთ მაგ ყრმებს მოვიდნენ ჩემთან, მაგრამ იგი გულისხმობს: აცადეთ მაგ ყრმებს როცა გაიზრდებიან მაშინ მოვიდნენ ჩემთანო, ანუ მაშინ მიიღონ ნათლისღებაო. რა თქმა უნდა, ასეთი ძალდატანებით ნებისმიერი მოძღვრების დამტკიცება შეიძლება. აი ამ დიდი ხარვეზის გამო ეს ნაშრომი მოძღვრებითად ცხადია ნაკლულევანია, თუმცა იგი ინფორმატიული კუთხით, კვლავ აღვნიშნავთ, დღეს ძალიან ფასეული გახლავთ ნათლისღების უადრესი სახის შესასწავლად. მიიჩნევა, რომ ეს ძეგლი დაახლოებით 198-200 წლებში უნდა იყოს დაწერილი, რადგან მასში მონტანიზმის კვალი არ გვხვდება და აქედან გამომდინარე 207 წლამდელ პერიოდს უნდა გულისხმობდეს.


სკორპიაკუმი

პაექრობით შრომებში შეგვიძლია მოვიხსენიოთ აგრეთვე ტერტულიანეს თხზულება სახელწოდებით “სკორპიაკუმი”. [15]ამ სიტყვას ვრცელი განმარტება აქვს, რადგან მისი ერთსიტყვედადვე გადმოღება ქართულად და ნებისმიერ სხვა ენაზე შეუძლებელია. ლათინურად სკორპიონი გახლავთ მორიელი. მორიელის ნაკბენი, რაც მომაკვდინებელია, ქმნის იმის აუცილებელ პროფილაქტიკურ წინაპირობას, რომ რაღაც წამალი შემზადდეს ამ ნაკბენის გასაუვნებელყოფად. აი ეს სკორპიაკუმი გაიგება როგორც სკორპიონის საწინააღმდეგო წამალი. რა თქმა უნდა, ალეგორიზმი მსმენელისთვის ვფიქრობთ გასაგებია, რომ მორიელის ნაკბენად ამ შემთხვევაში ერეტიკოსთა გესლიანი და დამგესლავი მოძღვრებანი იგულისხმება და თუ მათთან დაპირისპირებულ მოპაექრე პიროვნებას აი ეს სკორპიაკუმი არა აქვს, ანუ წამალი მათი ნაკბენის გასაუვნებელყოფად, შეიძლება ის დასნეულდეს კიდეც მათი ნაკბენით ანუ დამაჯერებლად აღუჩნდეს მათი მოძღვრება და თვითონაც ერესის მხარეს გადავიდეს. [16]აი ამგვარი სკორპიაკუმი შემოგვთავაზა ჩვენ ტერტულიანემ, რაც არის სახელწოდება 12 თავიანი მცირე ნაშრომისა, სადაც განდიდებული გახლავთ მარტვილობა, ჭეშმარიტებისთვის თვითშეწირვა. აქაც უარყოფილნი არიან გნოსტიკოსები როგორც მარტვილობის უარმყოფელნი. გნოსტიკოსები საერთოდ უარყოფდნენ მარტვილობას, პირიქით ისინი თვლიდნენ, რომ ვინც გნოსტიკოსია, ანუ ვინც დაბადებიდანვე საკუთარ თავში რჩეული მარცვალი გაიცნობიერა, მას ამის შემდეგ ამ ჭეშმარიტებისთვის არათუ თავის დადება, არამედ ნებისმიერი უკეთურების, ნებისმიერი ვნების აყოლა შეუძლია, რომ თითქოს მას არაფერს უკვე აღარ ავნებს იმდენად აღმატებულია ნებისმიერი სახის უკეთურებაზე. ამიტომ იყო რომ აურაცხელ გარყვნილებაში იყვნენ ისინი ჩაფლულნი, დროსტარებაში, სიამტკბილობაში, ვითომცდა იმ ყალბი მიზანდასახულობით, რომ დაემტკიცებინათ რაოდენ შეუვალნი არიან ყოველივე ამისგან. აი ეს იყო გნოსტიკური თეზა და ამიტომ ისინი, რა თქმა უნდა, მარტვილობას საერთოდ უარყოფდნენ. [17]და ეს ნაშრომიც პაექრობით მხარეს სწორედ ამ კუთხით ავლენს, რომ განაქიქებს და ჰკიცხავს გნოსტიკოსებს, როგორც მარტვილობის, ამ ყველაზე აღმატებული ღვაწლის სახეობის, უარმყოფელებს. სწორედ გნოსტიკოსები არიან აქ მორიელებად სახელდებულნი. ეს ნაშრომი ცალკეული მომენტების საფუძველზე მიიჩნევა, რომ მაინც 207 წლის შემდეგ უნდა იყოს დაწერილი, დაახლოებით 213 წელს.


ქრისტეს ხორცის შესახებ 4 ერესის წინააღმდეგ

პაექრობით შრომებში ვახსენებთ აგრეთვე შედარებით ვრცელი სათაურის მქონე თხზულებას, რომელსაც ეწოდება “ქრისტეს ხორცის შესახებ 4 ერესის წინააღმდეგ”. აქაც გნოსტიკური ერესია მხილებული, კერძოდ გნოსტიკური ერესის ერთ-ერთი სახეობა რასაც დოკეტიზმი ეწოდება, რაც სხვათაშორის საეკლესიო მწერლობაშიც გამოვლინდა რეციდივების სახით ამა თუ იმ მოღვაწესთან. დოკეტისტები (ამაზეც გვისაუბრია თავის დროზე) უარყოფდნენ ღვთის განკაცების ნამდვილობას. ისინი ღვთის განკაცებას მოჩვენებითი, [18]ზმანებითი სახით აღიარებდნენ, ანუ მიიჩნევდნენ, რომ კაცის სახით გამოვლინდა ღმერთი, მაგრამ ნამდვილ კაცად არა. ისევე როგორც ანგელოზი ადამიანს შეიძლება გამოეცხადოს და თვით ღმერთიც შეიძლება გამოეცხადოს წმინდანს ადამიანის დასანახი ანუ ადამიანური ფორმით, აი ასევე მოხდა ღვთის განკაცება მათთვის, არა რეალურად ხორცშესხმითა და ადამიანური ბუნების სრულად მიღებით, არამედ მხოლოდ გარეგნულად მიმსგავსებით ადამიანად, ზმანებითად, მოჩვენებითად. თვით სიტყვა “დოკესის” მოჩვენებითობას, ზმანებას გულისხმობს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება მითითებულ ოთხ ერესს, აქ იგულისხმება ზემოხსენებული მარკიონი, რომელსაც როგორც ვნახეთ სპეციალური შრომა მიუძღვნა ტერტულიანემ და სპეციალურ პოლემიკისა და უარყოფის საგნად აქცია მისი მოძღვრება, აგრევე ეს ძეგლი ეხება მარკიონის მოწაფეს აპოლეოსს, ასევე ცნობილ და უაღრესად [19]გავლენიან გნოსტიკოსს ბასილიდესს, რომელსაც ასევე თავისი სექტა ჰქონდა ჩამოყალიბებული და ბოლოს ვალენტინუსს, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. თუმცა ამ ნაშრომში გარდა ამ ოთხისა, რომლებიც აღვნიშნეთ, უარყოფლია აგრეთვე შეხედულება იმის შესახებ თითქოს მაცხოვარმა თავისი სხეული მიიღო ანგელოზებისგან ანდა ვარსკვლავებისგან (იყო ასეთი ცრუ მოძღვრებაც), ზეცისგან გადმოიტანა თითქოს თავისი სხეული (ამას მანიქეველებიც აღიარებდნენ მოგვიანებით). სხვათაშორის ეს განქიქებულია “თამარიანშიც” და ერთ-ერთ ანტიერეტიკულ, უაღრესად ძვირფას ნაშრომში, რაც ბელ აბუსერიძეს ეკუთვნის XIII ს-ში (ამ ბოლო დროს კრიტიკული ტექსტი გამოიცა კიდეც). განქიქებულია სწორედ ეს მხარე, რომ მაცხოვრის სხეული თითქოს დედამიწური არ არის. ეს ერთ-ერთი სახეობაა გაუკუღმართებისა, ცდომილებისა და ერესისა მაცხოვრის სხეულთან დაკავშირებით, გარდა იმ გნოსტიკური დოკეტიზმისა. ზოგი ვარაუდობდა სხვა სულიერ [20]სუბსტანციასაც, მაგალითად ვალენტინუსი, ოღონდ არცერთი მათგანი არ მიიჩნევდა, რომ მაცხოვრის ხორცი ნამდვილი, ჩვენეული, ადამიანური ხორცია.

ამავე დროს იგივე ნაშრომი უარყოფს მაცხოვრის სხეულის მომდინარეობას მამაკაცური სპერმისგან, რომ ისიც თითქოსდა ისევე ჩაისახა, როგორც ყველა ჩვეთაგანის სხეული, გენეტიკური გადმოცემადობით სპერმისა. ამ ბოლო თეორიას შედეგად ის ჰქონდა, რომ მაცხოვრის ღმერთობა, რა თქმა უნდა, უკვე საერთოდ უარყოფილი იყო. თუ ბუნებრივი, ადამიანური, კაცობრივი წესით ჩაისახა მაცხოვარი, რა თქმა უნდა, მას ღვთიური წარმომავლობა არ ჰქონია, რადგან სულიწმინდისგან არ ჩასახულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში და შესაბამისად მისი საღვთო ბუნებაც ამ ერესით უარყოფილი ხდება. აი ამგვარ ნაზავს ერეტიკული ცრუ სწავლებებისას მაცხოვრის სხეულთან დაკავშირებით, ერთობლიობაში და მთლიანად უარყოფს ეს ნაშრომი, რაც ამ [21]კუთხით უაღრესად ფასეული გახლავთ.


ხორცის აღდგინების შესახებ

და კიდევ ერთ ნაშრომს განვიხილავთ ამჯერად, რასაც შეგვიძლია, რომ რამდენიმე კომენტარი მოვადევნოთ და ამით დავამთავრებთ ალბათ დღევანდელ საუბარს, ეს გახლავთ ნაშრომი “ხორცის აღდგინების შესახებ”, რაც გაგრძელება გახლავთ წინარესი. მასში მოცემულია დასაბუთება კაცობრივი სხეულის აღდგინების გარდაუვალობისა, მსგავსად ათენაგორა ათენელის ნაშრომისა “კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინების შესახებ” (რომელიც ჩვენ თავის დროზე განვიხილეთ), სადაც უმტკიცესი საღვთისმეტყველო არგუმენტირებით ეს ერთ-ერთი უმყარესი დოგმატი ქრისტიანული მოძღვრებისა საკუთრივ მტკიცებულებებით ანუ მსჯელობის წესით არის არგუმენტირებულად დადასტურებული. ამის ანალოგიითვეა ტერტულიანეს ეს ნაშრომიც დაწერილი. ჩვენ არ ვიცით ის იცნობდა თუ არა ათენაგორას თხზულებას, რაღაც ტექსტობრივი ხელშესახები პარალელი აქ არ იჩენს თავს, მაგრამ თემატიკა და მიზანდასახულობა იგივეობრივია. ეს [22]თხზულება უთუოდ 207 წლის შემდეგაა დაწერილი, რადგან დამაბოლოებელი სიტყვები ამ თხზულებისა იმ ქარიზმატულ ერესს სრულიად უეჭველად აღიბეჭდავს.

აი ეს რვა ძეგლი, საკუთრივ პოლემიკური ჟანრიდან, განვიხილეთ ამჯერად (წინა საუბარში ხუთ აპოლოგეტურ ძეგლს შევეხეთ). ამით არ ბოლოვდება პოლემიკური ხასიათის ძეგლები ტერტულიანესი, უბრალოდ ამის განხილვა შევძელით ამჯერად, დანარჩენს კი შემდეგ შევეხებით.

 

212–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=nh6UwjmlLnQ


ტერტულიანეს პაექრობითი ჟანრის შრომები (გაგრძელება)

ჩვენ კვლავ ტერტულიანეს შრომებს განვიხილავთ. მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენ წინა შეხვედრაზე შევეხეთ კონკრეტულად პაექრობითი ხასიათის ძეგლებს, პოლემიკური ჟანრის თხზულებებს ტერტულიანესას, კერძოდ რვა ძეგლი ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანი ძალიან ზოგადად განვიხილეთ და მაშინვე დასკვნის სახით აღვნიშნეთ, რომ ამით არ ამოიწურებოდა საკუთრივ პოლემიკური მიზანდასახულობის შრომები ტერტულიანესი.


პრაქსიასის წინააღმდეგ

მართლაც ამ შრომებს უკავშირდება აგრეთვე კიდევ რამდენიმე ძეგლი, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სხვებთან შედარებით თავისი განსაკუთრებული ცინიზმითა და მკვეთრი გამოთქმებით ცნობილი ძეგლი სახელწოდებით “პრაქსიასის წინააღმდეგ”, რომელიც მკვლევართა გამოკვეთილი დასაბუთებით გახლავთ ტერტულიანეს შრომებს შორის ყველაზე [1]უფრო მონტანისტური, იმ ერეტიკული სარწმუნოების, ერეტიკული ცნობიერების უმკვეთრესად ამსახველი, რასაც, როგორც ეს არაერთგზის აღგვინიშნავს, ტერტულიანე კვალში ჩაუდგა და რომლის წინამძღვარიც გახდა ის შემდგომ 207 წლიდან. თვით პრაქსიასი, რომლისადმიც ეს ძეგლია მიმართული, თუმცა ასევე, როგორც ეს ტერტულიანეს ცალკეული გამონათქვამებიდან ჩანს, ცდომილ შეხედულებათა აღმსარებელი ყოფილა, ე.ი. პრაქსიასი თვითვე ყოფილა ერეტიკოსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისდამი დაპირისპირებული ტერტულიანეც ასევე ერეტიკოსი არ იყო, რომ ვთქვათ მას ეს ნაშრომი მაშინ ჰქონოდა დაწერილი როდესაც ჯერ კიდევ ეკლესიის წევრი გახლდათ. ცალკეული შეფასებანი ტერტულიანესი იმდენად მკვეთრად ერეტიკულია, რომ მართალია თვითონვე უარყოფს ერეტიკოსს, ამ შემთხვევაში პრაქსიასს, უფრო ზუსტად მის ერეტიკულ შეხედულებებს, მაგრამ ამავე დროს არანაკლებ და ზოგ შემთხვევაში უფრო მკვეთრ ერეტიკულ [2]დებულებებს თვითონ ავტორიც, ტერტულიანეც, გვთავაზობს. რაც შეეხება საკუთრივ პრაქსიასს, ამ ძეგლიდან ჩანს, რომ იგი ემხრობოდა მოდალიზმს, ანუ ე.წ. პატრიპასიანიზმის აღმსარებელი ყოფილა. მოდალიზმი ანუ პატრიპასიზნიზმი ესაა მოძღვრება რომელიც უარყოფს ერთარსება ღვთის სამპიროვნებას, ერთი ღმრთეების სამპიროვნებას, მამას, ძეს და სულს. რა თქმა უნდა, ამ სახელებს ეს მიმდინარეობა არ უარყოფს, მაგრამ თვითმდგომ ჰიპოსტასებად, სრულ პირებად მათ არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ერთი ღმერთი ერთპიროვანია. ფაქტობრივად ეს გახლავთ იგივე იუდაიზმი, რომელიც [3]აგრეთვე ერთი ღმერთის ერთ პიროვნებას აღიარებს და უარყოფს მამა ღმერთთან ერთად პიროვნულად ძე ღმერთის და პიროვნულად სულიწმინდის არსებობას. მოდალიზმი ეწოდება ამ მიმდინარეობას იმიტომ, რომ აღიარებს ერთი ღმრთის სამ მოდუსს, ერთი პიროვნების სამ სახეობას, რომ ერთი და იგივე პირია მამაც, ძეც და სულიც, ოღონდ სხვადასხვა სახით გამოვლენილი. როგორც, პარალელი რომ გავავლოთ, იგივე ღმერთი ადამიანებს ვთქვათ შეიძლება კაცის სახითაც გამოუჩნდეს, ანგელოზის სახითაც, სხვადასხვა სახე მიიღოს და ასე შემდეგ, ე.ი. იცვალოს გამოცხადების და გამოვლინების ფორმა ანუ სახე ანუ მოდუსი. აი ასე მიიჩნევდა ეს მიმდინარეობა, რომ ერთი არსების მქონე ერთი პირი რამდენიმე სახით, კერძოდ მამის, ძისა და სულიწმინდის სახით, ვლინდებოდა თითქოსდა და ამით არსებობდა მათგან ე.წ. სამი სახელი, მამა, ძე და სული. ხოლო პატრიპასიანიზმი [4]ეწოდებოდა იმიტომ, რომ ეს სიტყვა ნიშნავს მამის ვნებას (პატერ მამაა ლათინურად, პასიო კი ვნება). და მართლაც ამ მოძღვრებას ეს სახელწოდება უნდა მიეღო, რადგან თუ ერთ პირთან გვაქვს საქმე, შესაბამისად ძე ღმერთი იგივე მამა ღმერთი ყოფილა, მამა ღმერთი პიროვნულად იგივე სულიწმინდა ყოფილა და ამიტომ განკაცებულმა ძე ღმერთმა როდესაც ივნო, რა თქმა უნდა, ვნებულა თვით მამაც, იმიტომ, რომ ისინი ერთი პირია ამ მიმდინარეობის მიხედვით. ამიტომ ეწოდება ამ მიმდინარეობას, გარდა მოდალიზმისა, აგრეთვე პატრიპასიანიზმი. ესაა იგივე საბელიანიზმი, რაც ჩვენ ადრეც გვიხსენებია. საბელიოზი აღიარებდა სწორედ ერთარსება ღვთის ერთ პიროვნებას. ამ მიმდინარეობის ძალიან მკვეთრი დამცველები სხვათაშორის დღესაც სახეზე არიან, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ ორგზის გვქონდა პუბლიკაცია. ერთი ეს გახლავთ ნაშრომი “ადამიანი პირმშო ხატისა” 1995 წელს გამოცემული, და მეორე 2001 წელს გამოცემული “მართლმადიდებლური ხატმეტყველება”, სადაც [5]მხილებული გვაქვს თანამედროვე საბელიანიზმი, იგივე თანამედროვე მოდალიზმი, იგივე პატრიპასიანიზმი, ერთი ჰიპოსტასური ხატის აღმსარებლობა, რაც იგივე ერთი ჰიპოსტასური პირის აღმსარებლობის იგივეობრივია და რაც ძველთაგანვეა დაგმობილი ეკლესიის მამათაგან. აი ამ მიმდინარეობის მიმდევარი და აღმსარებელი ამ მოძღვრებისა იყო პრაქსიასი და, რა თქმა უნდა, მხილებას საჭიროებდა მისი ეს მოძღვრება, მაგრამ არა ტერტულიანესგან თავისთავად ცხადია. თუმცა ის დამსახურება ამ ნაშრომს მაინც აქვს, რომ პრაქსიასის ეს მცდარი მოძღვრება აბსოლუტურად თვალსაჩინო გახადა ტერტულიანემ და შესაბამისად მხილებულ იქნა ეს მწვალებელი. ამიტომ ძველთაგანვე მიუთითებდნენ, რომ თუმცა ტერტულიანე თავადაც არანაკლებ ცდომილ შეხედულებებს გამოთქვამს, მაგრამ საკუთრივ პრაქსიასის მხილებაში იგი სამართლიანია, ანუ ტერტულიანე სამართლიანად კიცხავს პრაქსიასს. მაგრამ თავის მხრივ პრაქსიასიც [6]ტერტულიანესთან მიმართებაში გარკვეულწილად ასევე სამართლიანი მოქმედების აღმსრულებელია, იმიტომ, რომ როგორც ამ ნაშრომიდან ვიგებთ პრაქსიასს დაუგმობინებია, ანუ დაუვალებია როგორც ჩანს გარკვეულ ღვთისმეტყველთათვის და მათი მოღვაწეობის შედეგად მას დაუგმია, ანუ მათთვის დაუვალებია დაგმობა იმ ერეტიკული მიმდინარეობისა რომლის მიმდევარიც გამხდარა ტერტულიანე. და პრაქსიასს დაუგმობინებია ეს ერეტიკული მიმდინარეობა მას შემდეგ რაც საღვთისმეტყველო საფუძვლები მოუმზადებია გარკვეულ პირთაგან, თვით რომის პაპის, რომის ეპისკოპოსისთვის. რომის პაპმა დაგმო მონტანიზმი პრაქსიასის ინიციატივით. თვით პრაქსიასი ვინ იყო დღეს სამწუხაროდ ამის დადგენა რთული გახლავთ, მაგრამ როგორც ჩანს მას საკმაო გავლენა ჰქონია, თორემ რომის პაპთან [7]ასე მჭიდრო ურთიერთობა მას ცხადია არ ექნებოდა. ამრიგად საკუთრივ ამ მოქმედებაში პრაქსიასსაც ღირსეული ღვაწლი გაუწევია, როდესაც მას თვით რომის პაპი წაუქეზებია იქეთკენ, გეზი უჩვენებია, რომ ეს ახლად გამოჩენილი და უაღრესად ცდომილი მოძღვრება და მისი ერესიარქი მონტანი საჯაროდ დაუგმობინებია. რაც შეეხება ტერტულიანეს, მასაც, როგორც აღვნიშნეთ, პრაქსიასის მიმართ თავისი სიმართლე აქვს, როდესაც პრაქსიასს ამხილებს მოდალიზმში ანუ პატრიპასიანიზმში, მაგრამ ამავე დროს იცავს რა მონტანიზმს, ეს საკუთრივ ტერტულიანეს აღმსარებლობის და თვით ამ ნაშრომის დიდი ხარვეზი გახლავთ. აქ გვხვდება სხვადასხვა ერეტიკული გამონათქვამი და დებულება ტერტულიანესი, კერძოდ მაგალითად მკვეთრად გამოხატული ე.წ. დაქვემდებარებულობის შესახებ ანუ სუბორდინაციის შესახებ მოძღვრება, რაც გულისხმობს ხარისხობრივი ეტაპების შეტანას ყოვლადწმინდა სამებაში, რომ თითქოს მამა ხარისხობრივად უფრო აღმატებულია, ძე [8]მასზე დაქვემდებარებული და უფრო კნინობითი, სულიწმინდა კი კიდევ უფრო დაქვემდებარებული. აი ეს უაღრესად მკვეთრად გამოხატული ერეტიკული აზრი ჩვენ ადრეულ პერიოდში ბევრ ღვთისმეტყველთან გვხვდება, თუნდაც ორიგენესაც იგივე ხარვეზი ახასიათებდა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მოგვიანო პერიოდში ისეთი შორს მიმავალი და მაშტაბური ერესი, როგორიც არიანელობა გახლდათ, რომლის ერთ-ერთ ქვე, თუნდაც ტიპოლოგიურ, მესაფუძვლედ ჩვენ ტერტულიანეც უნდა მივიჩნიოთ. იმიტომ, რომ ასევე სუბორდინიზმი ანუ დაქვემდებარებულობა ყოვლადწმინდა სამებაში მის მიერაც ცხადად გამოითქმოდა. მიუხედავად ამგვარი ცდომილებისა, უფრო ზუსტად ამგვარ ცდომილებათა გვერდით ტერტულიანე ამავე დროს გვაწვდის რამდენიმე უაღრესად მართებულ და უაღრესად მნიშვნელოვან ფორმულირებას თვით ყოვლადწმინდა სამების დოგმატთან დაკავშირებითაც, რამაც განაპირობა სხვათაშორის ამ [9]ძეგლის განსაკუთრებული პოპულარობა შემდგომი ეპოქის ღვთისმეტყველთა შორის. მართალია გვიანდელი ღვთისმეტყველნი გამორჩევითად უდგებოდნენ, რა თქმა უნდა, ამ ძეგლს, რაც ღირსეული იყო იმას გამოჰყოფდნენ, მაგრამ ეს ღირსეული მართლაც იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ძეგლმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამ ძეგლს იყენებდნენ ისეთი სახელგანთქმული ღვთისმეტყველები, როგორიც გახლდნენ წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ავგუსტინე და სხვები.




სულის შესახებ

აი ეს ნაშრომი როგორც აღვნიშნეთ ერთ-ერთი ძირითადი პოლემიკური თხზულებაა ტერტულიანესი და მის გვერდით ჩვენ უნდა დავასახელოთ კიდევ მეორეც, რითაც დავამთავრებთ ტერტულიანეს კონკრეტულად პაექრობითი ხასიათის შრომებზე საუბარს. ეს რიგით მეათე თხზულება იქნება ამ ჟანრისა და მას ეწოდება “სულის შესახებ”. ეს ძეგლი [10]მარკიონის წინააღმდეგ მიმართული თხზულების შემდეგ, რომელიც ჩვენ მოვიხსენეთ პირველ ნაწილში ჩვენი მსჯელობისა, როდესაც დავიწყეთ პაექრობით თხზულებებზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც აღვნიშნავდით, რომ იგი ყველაზე ვრცელია ტერტულიანეს შრომებს შორის და შედგება ხუთი თავისგან, მიზნად ისახავს კი II საუკუნის I ნახევრის და შუა წლების ერთ-ერთი გავლენიანი გნოსტიკოსი მწვალებელის მარკიონის მხილებას.

აღნიშნული ნაშრომის შემდეგ საკუთრივ პაექრობითი ხასიათის თხზულებებიდან და ტერტულიანეს შრომებიდან ყველაზე ვრცელი გახლავთ სწორედ ეს ნაშრომი, რომელიც ეხლა ვახსენეთ, სახელწოდებით “სულის შესახებ”. როგორც თვით ავტორი ტერტულიანე მიუთითებს უპირველესი მიზანი ამ ნაშრომის დაწერისა ყოფილა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცდომილ შეხედულებათა [11]უარყოფა. ერთ-ერთი გამოკვეთილი ღვთისმეტყველური ღირსება აღნიშნული ნაშრომისა გახლავთ უპირობო და ცალსახა აღიარება ადამიანის ორივე ბუნების, სულიერისა და სხეულის მყისიერი წარმოშობისა, თანადროული წარმოშობისა, რომ არც ხორცი იქმნება სულზე უწინარეს ადამიანში და არც სული იქმნება ხორცზე უწინარეს, არამედ ორივენი თანადროულად შეიქმნებიან. ეს მართლმადიდებლური მოძღვრება თანადროული შექმნის შესახებ ადამიანის როგორც ხორცისა ასევე სულისა, რაც ხშირად იყო დარღვეული სხვადასხვა ღვთისმეტყველთან, მოგვიანებით ყველაზე უფრო გამოკვეთილი არგუმენტირებით დაგვისაბუთა ჩვენ ისეთმა დიდმა მოძღვარმა, როგორიც გახლდათ წმ. გრიგოლ ნოსელი. მაგრამ აი ამ დიდ მოძღვრამდე იგივე თვალსაზრისი, მკვეთრად გამოხატული, ჩვენ გვხვდება ტერტულიანეს ამ ნაშრომში, რაც, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელი და გამოსაყოფია, გარკვეული ღირსება [12]ტერტულიანეს ამ მხრივ ჩვენ უნდა განვუკუთვნოთ. მაგრამ ამ ღირსეულ თეოლოგიურ დებულებას ტერტულიანესას, რაც ამ ნაშრომშია გამოკვეთილი, ძალიან აფერმკრთალებს იქვე მცდარი თვალსაზრისის სრულიად მკაფიო გამოთქმაც სულთან დაკავშირებით. ესაა ცნობილი ტერტულიანისტური ცრუ სწავლება ე.წ. სულის თესლის შესახებ, რომ თითქოს სულები ერთიმეორისგან იშვებიან სპერმატულად. ტერტულიანე მიიჩნევს, რომ არსებობს თითქოს სულის წარმომშობი თესლი, რომელიც მყისიერად გამოიღვრება სულისგან. სწორედ ამ თვალსაზრისს ეფუძნება ერეტიკული მოძღვრება ტრადუქსიანიზმი ანდა ტრადუციანიზმი (ორნაირად შეგვიძლია ამ ცრუ მოძღვრებას ჩვენ ვუწოდოთ). ტრადუციანიზმი ეს მიღებული სახელწოდებაა დღესდღეობით, მაგრამ წარმოშობითად რამდენადაც ეს ტერმინი ეფუძნება ლათინურ სიტყვას ტრადუქს, რაც განშტოებას ნიშნავს, ამ [13]სიტყვიდან არ იქნება უმართებულო თუ ვაწარმოებდით უფრო ზუსტ ტერმინს ტრადუქსიანიზმი, თუმცა რადგან დღეისათვის მაინც უფრო მიღებულია ტერმინი ტრადუციანიზმი, მაინც ჯობია ის დავტოვოთ. ოღონდ ერთი საფრთხე ახლავს ამ ტერმინს, რომ ეს ტრადუციანიზმი გაიგება როგორც რაღაც ტრადიციასთან დაკავშირებული სიტყვა. ამიტომ ეს “ც” ბგერა, რაც თავისთავად არაა მართებული, იმიტომ, რომ ფუძეს ის არ უკავშირდება, თუ შეიცვლება მართებული ფორმით როგორც აღვნიშნეთ, აი ეს მსგავსება, ეს არამართებული დაკავშირება ამ ორი ტერმინისა, რა თქმა უნდა, თვალსაჩინო გახდება. რაც შეეხება თვითონ ტერმინს, მასში იგულისხმება თითქოს ის, რომ სულისგან განშტოვდება მეორე სული, რომ სულზე შეიძლება ამოიყაროს სხვა სულმა ანუ იშვას სხვა სული. ეს მოძღვრება აღიარებს ადამიანის პიროვნული სულის გამომდინარეობას გენეტიკურად მშობლების [14]სულებისგან. ეს ძველთაგანვე დაგმობილი მოძღვრება (კონკრეტულად 598 წელს ის საბოლოოდ დაგმო რომის პაპმა და ამის შემდეგ რეციდივები, რაც მანამდე ზოგჯერ შეიძლებოდა შესამჩნევი ყოფილიყო, აბსოლუტურად აღმოფხვრილია), სამწუხაროდ ხელახლა იჩენს თავს XIX საუკუნის რუსულ ღვთისმეტყველებაში, აქედან კი შემოაღწია საქართველოშიც. თუ რუს ღვთისმეტყველთა შრომებში ამ ცრუ მოძღვრებას მხოლოდ ცდომილი ვარაუდის სახე აქვს, საქართველოში, როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე, რატომღაც ეს რუსული ნააზრევი საბოლოო სიტყვად მიიჩნევა და ეს აზრიც, უკვე გადმოღებული ჩვენს მიერ და საქართველოში შემოღწეული, წარმოჩნდება როგორც თითქოსდა საეკლესიო დოგმატი. მაშინ როცა, კვლავ აღვნიშნავთ, ესაა უპირობოდ ერესი, მწვალებლობა, ეკლესიის მამათაგან კატეგორიულად უარყოფილი. იმიტომ, რომ ეკლესიის მამები აღიარებენ არა სულთა ტრადუციანიზმს ანუ ურთიერთშობადობებს, არამედ სულთა კრეაციონიზმს ანუ მათ შესაქმეს [15]უშუალოდ ღვთისგან, რომ ყველა ჩვენთაგანის პიროვნული სული ჩვენი დაბადებისას იქმნება უშუალოდ ღვთისგან და არა ისე, რომ ჩვენი მშობლების სულები შობდნენ თითქოსდა ჩვენს სულს. და მითუმეტეს თითქოს არსებობდეს რაღაც სულის სპერმა, რომ სულიც ისეთივე მატერიალური იყოს, ოღონდ უფრო ფაქიზი, როგორც სხეული. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიდეთ უეჭველად იმ აზრამდე, რომ მოკვდავი გახლავთ სულიც, ისევე როგორც სხეული, რადგან რაც შედგენილობის მქონეა, რაც სპერმატულია, რაც წარმოშობადია და გენეტიკურია, აუცილებლად დარღვევადიც არის და აუცილებლად კვდომადიც გახლავთ. ამიტომაა, რომ ეკლესიის მამათაგან კატეგორიულად უარიყოფა ეს მოძღვრება, სამწუხაროდ მნიშვნელოვნად ფეხმოკიდებული ამ ბოლო წლების საქართველოში, რის შესახებაც ჩვენ ადრეც მივუთითებდით საგანგებო სტატიით.

გარდა ამ უაღრესად ცდომილი აზრისა ე.წ. სულიერი სპერმის შესახებ, [16]ასევე მცდარია ტერტულიანეს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადამიანის სული, ვიდრე საყოველთაო აღდგომამდე (აქ ადამიანის სულში იგულისხმება ყველა ადამიანის სული) ჯოჯოხეთში მკვიდრობს. ე.ი. ესქატოლოგიური სწავლება ტერტულიანესი ამ მხრივ არის ძალიან ხარვეზიანი, რადგანაც ეკლესიის მამები და საეკლესიო მოძღვრება ერთსულოვნად და ერთაზროვნად განაჩინებს, რომ ცხონების ღირსნი აუცილებლად ზეცაში მკვიდრდებიან, რომ წმინდანები ახლავე ზეცაში არიან, თუმცა კი მათ აღნათქუემი, როგორც პავლე მოციქული გვაუწყებს, ჯერ მიღებული არა აქვთ, ანუ ჯილდო ჯერ მთლიანობითად მიღებული არა აქვთ, რადგანაც მხედარმთავარი ჯერ არ დაბრუნებულა ზეციურ იერუსალიმში, ის კვლავ ბრძოლაშია. ისევე როგორც არ მიუღიათ თავიანთი ტანჯვითი აღნათქუემი ანუ თავისი დანაპირები მარადიული ტანჯვისა წარწყმედილებს, რომლებიც თავისთავად ცხადია ჯოჯოხეთში მკვიდრობენ. ე.ი. ის ფაქტი, რომ ჯერ აღთქმული ჯილდო თუ [17]აღთქმული სასჯელი გაცემული არ არის, ეს არ იძლევა იმის არგუმენტს და იმის საფუძველს, რომ ჯილდოს მიღების ადგილას არ მივიჩნიოთ უკვე მყოფებად ერთნიც და მეორენიც. მაშინ არც ის უნდა ვთქვათ, რომ მარადიული წარწყმედისთვის გამზადებულნი ჯოჯოხეთში მკვიდრობენ, იმიტომ, რომ არც იმათ არა აქვთ ჯერ მარადიული წარწყმედა მიღებული. მარადიულ წარწყმედას, ისევე როგორც მარადიულ ცხონებას მხოლოდ მეორედ მოსვლის განკითხვის ჟამს მიიღებს ყველა თავიანთი საქმეებისამებრ. ერთადერთი შუალედური ნაწილი კაცობრიობისა, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვიმსჯელია, ანუ ის ნაწილი კაცობრიობისა რომლებიც არც იმდენად ცოდვილნი არიან, რომ მარადიულად წარწყმდნენ, მაგრამ მაინც ცოდვილნი არიან და შესაბამისად ისინი ვერ შეაღწევენ მყისიერად სასუფეველში, ისინიც გარდაცვალების შემდეგ ასევე ჯოჯოხეთში მიდიან, მაგრამ გამოხსნილნი იქნებიან ჯოჯოხეთისგან თანდათანობით. ზოგადად კი, კვლავ აღვნიშნავთ, ცხონების ღირსნი, ცხონებადნი, წმინდანები, ხორცშივე რომ წმინდანობა დაიმკვიდრეს, გარდაცვალების [18]შემდეგ მყისვე ზეცად მაღლდებიან, რა თქმა უნდა, ზეციურ იერუსალიმში იმკვიდრებენ ადგილს, ხოლო მეორენი, მარადიული წარწყმედისთვის გამზადებულნი, მყისვე ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ და ეს ადგილები მათთვის, რა თქმა უნდა, საბოლოოა. ამიტომ ტერტულიანეს აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს მართალნიც კი კვლავაც ჯოჯოხეთს იმკვიდრებენ, ესაა იგივე ძველი აღთქმისეული ხედვა კაცობრიობისა. ძველი აღთქმის ეპოქაში ჭეშმარიტად ასე იყო, მაცხოვრის მოვლინებამდე ყველაზე უფრო მართალც კი ჯოჯოხეთში ჩადიოდა, რადგანაც ზეცა, ცხონება, სამოთხე ჯერ გახსნილი არ იყო. მაგრამ თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ მაცხოვრის მოსვლის შემდეგაც მართალნი კვლავ ჯოჯოხეთში მიდიან, მაშინ უნდა უარვყოთ მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლი. სხვა რაში უნდა იყოს მისი გამომხსნელობითი ღვაწლი თუ არა იმაში, რომ ბორკილთაგან გაათავისუფლა ღირსეულნი და გაუხსნა მათ ცხონების სამყოფელი. მაგრამ ტერტულიანეს შრომაში, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ეს მცდარი აზრია დაფიქსირებული, რომ თითქოს მეორედ მოსვლამდე ზეცა დახშულია მართალთათვისაც კი. მართალია აქ ტერტულიანე მცირედ გამონაკლისს [19]აკეთებს, კონკრეტულად მარტვილებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მარტვილნი ყველასგან განსხვავებით დაუყონებლივ ზეცად მაღლდებიან, მაგრამ სხვა ღირსეულ მოღვაწეებს იგი უყოყმანოდ განუკუთვნებს ჯოჯოხეთს მეორედ მოსვლამდე. სხვათაშორის მისი ცნობილი სიტყვებია: “ერთადერთი გასაღები რაც აღებს სამოთხეს არის თქვენი საკუთარი სიცოცხლის სისხლი”. მიიჩნევენ, რომ ტერტულიანეს აღნიშნული შრომის მთავარი წყარო შესაძლოა ყოფილიყო იმ დროის და შედარებით უფრო ადრინდელი, კერძოდ II საუკუნის მეთოდისტთა სექტის წარმომადგენლის ზორანუს ეფესელის ოთხწიგნეული “სულის შესახებ”. იმიტომ, რომ გარკვეული პარალელები აშკარად სახეზეა, სადაც სხვათაშორის სტოიკოსებისა და ტერტულიანეს მსგავსად დაშვებულია სულის მატერიალურობა და გენეტიკურად ურთიერთგამომდინარეობა. რაც შეეხება იმას, რაზეც უკვე აღვნიშნავდით, რომ ნაშრომში გამოვლენილია მკვეთრად მონტანისტური შეხედულებანი, ამის [20]საფუძველზე ძეგლის დაწერის მიახლოებით დროდ განისაზღვრება 210-213 წლები. და ჩვენც ამ ძეგლის, რიგით მეათის, განხილვით ვაბოლოებთ პაექრობითი ჟანრის მიმოხილვას ტერტულიანეს სამწერლობო მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.

 

213–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=f3fzrqojtmk


ტერტულიანეს მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული შრომები

ჩვენს წინა განხილვაში დავამთავრეთ ზოგადი სახით მიმოხილვა ტერტულიანეს პაექრობითი, პოლემიკური ხასიათის შრომებისა. ამჯერად კი შევეხებით მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული ხასიათის ძეგლებს ტერტულიანეს ავტორობით.


მარტვილთა შესახებ

ამგვარი ხასიათის ძეგლებიდან პირველ რიგში მივუთითებთ საკმაოდ ცნობილ ნაშრომზე, რომელიც სხვათაშორის უადრესია ქრონოლოგიურად ტერტულიანეს შრომებს შორის, სახელწოდებით “მარტვილთა მიმართ”. ეს ძეგლი შედგება 6 თავისგან და როგორც სათაურიც ცხადყოფს მიმართულია სიკვდილმისჯილი ქრისტიანებისადმი, რომელთაც ტერტულიანე უკვე მარტვილებად რაცხს. ეს ქრისტიანები ციხეში არიან დატყვევებულნი, რა თქმა უნდა, და ელიან მთავრისგან განსასჯელს. ცხადია ისინი არ დათმობენ სარწმუნოებას და ხვედრი მათი, როგორც აღვნიშნეთ, ტერტულიანეს სულიერი მზერისთვის უკვე გახსნილია, [1]სავსებით ცხადია. ნაშრომი, რომელიც 207 წლამდეა დაწერილი, თავისთავად ცხადია აირეკლავს ტერტულიანეს ჯერ კიდევ მართლმადიდებლურ ცნობიერებას, რაც არ არის დარღვეული და განცდაც, თანაგრძნობაც, თანალმობაც მარტვილებისადმი ისეთი ექსპრესიითაა, ისეთი პირადი გრძნობადობითაა გამოვლენილი, რომ მკითხველზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს. აქ აღწერილი და ასახულია ქრისტიან აღმსარებელთა და მარტვილთა საღვთო შეუდრეკელობა და ახოვანება მტარვალთა წინაშე. ეს ძეგლი მეორე კუთხითაც გახლავთ საყურადღებო. ძველთაგანვე ცნობილია ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიული ხასიათის ძეგლი “პერპეტუასა და ფელიციტას მარტვილობა”, რომელიც სხვათაშორის ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა ითარგმნოს ქართულადაც. ესაა უაღრესად საყურადღებო [2]ძეგლი, აღსავსე სხვადასხვა ხილვითი ხასიათის ეპიზოდებით, უმკვეთრესად ზეგავლენისა და შთაბეჭდილების მომხდენი ადამიანის სულზე, იმდენად გრძნობადი და იმდენად ღვთიური განცდით გამსჭვალული დამოძღვრანი, ხილვანი და ამ ხილვათა განმარტებანია მასში მოცემული. სხვათაშორის ამ ბოლო ხანებში ეს ძეგლი კიდევ ერთხელ გამოიცა ლათინური ტექსტით, ბერძნული თარგმანის პარალელით, უაღრესად მაღალ მეცნიერულ დონეზე და შესაბამისად თუ მოხერხდება ამ ძეგლის ახალ ქართულად თარგმნა ეს თარგმანი, რა თქმა უნდა, მეცნიერულადაც სავსებით მომზადებული იქნება ასეთი გამოცემის საფუძველზე. ამჯერად ამ ძეგლს იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ იგი ბევრი ნიშნით ენათესავება ტერტულიანეს ხსენებულ ძეგლს სახელწოდებით “მარტვილთა მიმართ”. ამან განაპირობა [3]სწორედ ის ფეხმოკიდებული თვალსაზრისი მკვლევართა შორის, რომ აღნიშნული მარტვილოლოგიური ხასიათის ძეგლიც “მარტვილობა პერპეტუასი და ფელიციტასი” ტერტულიანესგან უნდა იყოს დაწერილი. თუ ეს მართლაც ასეა ეს იქნება ტერტულიანეს შრომებს შორის მართლაც გამონაკლისი, იმიტომ, რომ სხვა რამ მარტვილოლოგიურ-ჰაგიოგრაფიული აღწერითი ხასიათის ძეგლი ტერტულიანეს არ დაუწერია და ამ ნიშნით კიდევ ერთი ჟანრით შეივსებოდა ტერტულიანეს ისედაც უაღრესად ჟანრობრივად მრავალფეროვანი მემკვიდრეობა.


სანახაობათა შესახებ

აღნიშნული ჟანრის, ე.ი. მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული ჟანრის შრომებიდან უნდა დავასახელოთ აგრეთვე ტერტულიანეს ცნობილი ნაშრომი სახელწოდებით “სანახაობათა შესახებ”. ამგვარი სათაურის ძეგლები მოგვიანო პერიოდში არაიშვიათია, მაგრამ როგორც ჩანს ტერტულიანე პირველია ვინც აღნიშნულ საკითხს გამორჩეული ყურადღება მიაქცია, ე.ი. სანახაობათა საკითხს, და [4]ღვთისმეტყველური შეფასებაც მოგვცა. თუმცა უკიდურესობა არის მკვეთრად გამოხატული და უკვე ის რაღაც მარცვალი ფანატიზმისა, რაც ტერტულიანეს შემდგომ მოღვაწეობაში გაცილებით მკვეთრად წარმოჩნდა, ამ ნაშრომში უკვე სახეზეა. ეს მარცვალი გულისხმობს იმას, რომ ნაშრომში მოცემულია აბსოლუტური დაგმობა ყოველგვარი საასპარეზო, თეატრალური და საცირკო სანახაობისა. ორ ნაწილად განიყოფება ეს შრომა, არის ე.წ. ისტორიული და მორალური ნაწილები. პირველ ნაწილში აღწერილია სხვადასხვა სანახაობანი და ყველა მათგანი არსებითად კერპთაყვანისმცემლობად არის [5]დასახული, ხოლო მეორეში მხილებულია აღნიშნულ სანახაობათა არაზნეობრივი ხასიათი. რაც შეეხება თხზულების დაწერის თარიღს, ზოგი მკვლევარი მას საკმაოდ ადრეულად თვლის და 197 წელს განუკუთვნებს, ე.ი. ტერტულიანეს ქრისტიანული მოღვაწეობის ადრეულ პერიოდს, თუმცა ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ეს შრომა დაახლოებით 202 წელს უნდა იყოს დაწერილი. თვით ტერტულიანეს მითითებით არსებულა ამ ნაშრომის მისგანვე მომზადებული ბერძნული ვარიანტი. ტერტულიანემ რომ ბერძნული იცოდა ეს მრავალი კუთხით დასტურდება. არა მარტო ტერტულიანემ, ჩვენ ამაზე არაერთგზის აღგვინიშნავს, მრავალმა მოძღვარმა ლათინურენოვანმა და შეიძლება ითქვას თითქმის ყველამ ჩვეულებრივ ბერძნული იცოდა, იმიტომ, რომ ბერძნული იყო ყოველთვის პრიმატული პატრისტიკულ ტრადიციაში. ამიტომ ტერტულიანეს ეს მცდელობა, რომ მას მოუმზადებია თავისი ნაშრომის ბერძნული ვარიანტი, სავსებით გასაგებია, რადგანაც მას უნდოდა, რომ იმ [6]ენაზეც, რომელიც მთავარი და წარმართველი იყო და იმ ენის მცოდნეთათვის, ცნობილი გამხდარიყო მისი ეს ნაშრომი, რადგან ამ ნაშრომს იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. თვით ეს მითითება რომ მას ბერძნული ვარიანტი მოუმზადებია, ჩვენ მოცემული გვაქვს ტერტულიანეს სხვა შრომაში სახელწოდებით “გვირგვინის შესახებ”, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

 

ქალთა გარდერობის შესახებ

მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული ხასიათისაა აგრეთვე ტერტულიანეს საკმაოდ ცნობილი შრომა “ქალთა გარდერობის შესახებ” (დე კულტუ ფემინარიუმ). აი ეს კულტუსი რაც დღეს უაღრესად გავრცელებული ტერმინია ყველა ენაში და მათ შორის ქართულშიც, როგორც კულტურა და კულტი, ლათინურში სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელი ტერმინი გახლდათ და ერთ-ერთი მისი გამოკვეთილი მნიშვნელობა იყო სწორედ ეს გარდერობი, სამოსელის რაობა, რაგვარობა, შეიძლებოდა თანამეროვე მოდის აღმნიშვნელადაც კი [7]მიგვეღო ეს ტერმინი გარკვეული აზრით. შრომა შედგება ორი ნაწილისგან და როგორც ზოგი მკვლევარი ფიქრობს ალბათ სავსებით დასაჯერებელია, რომ ეს ორი ნაწილი თავდაპირველად დამოუკიდებელი შრომები უნდა ყოფილიყვნენ და შემდეგ უნდა შეერთებოდნენ ერთმანეთს, შესაძლოა ტერტულიანესგანვე, შესაძლოა მის მოწაფეთაგან. ამ ორი ნაწილიდან პირველს ეწოდება “ქალური შესამოსელის შესახებ”, მეორეს კი ზემოთ მითითებული სახელწოდება, ე.ი. “ქალთა გარდერობის შესახებ”. შემდგომში ეს მეორე სახელწოდება ორივესთვის საერთო გახდა, ორივე მათგანის აღმნიშვნელი გახდა. ამ ნაშრომში ტერტულიანე მიიჩნევს, რომ ყოველგვარი სამკაული, ძვრიფასი [8]ქვები და კოსმეტიკა უცხო უნდა იყოს ქრისტიანი ქალისთვის, რადგან მისი თქმით პირველი ქალის, ევას, შეცოდების შემდეგ ერთადერთი შესაფერისი სამოსელი ევას ასულთათვის ესაა მხოლოდ და მხოლოდ სინანული. ამ უკიდურესობაში, რა თქმა უნდა, ტერტულიანესთან დათანხმება ძნელია (საზოგადოდ ქრისტიანი ადამიანი, ქალი იქნება თუ კაცი, საკუთარ ღვთივბოძებულ გარეგნობას შესამოსელის მხრივ არ უნდა ჩრდილავდეს, ანუ კოსმეტიკა მკვეთრად გამომხატველი არ უნდა იყოს ადამიანთაგან შექმნილი ნიღბისა) მაგრამ თუ მთლად უკიდურესობაში ჩვენ ტერტულიანეს ვერ დავეთანხმებით, საკუთრივ ის დებულება, ის საღვთისმეტყველო დებულება, რომ დაცემის შემდეგ ევას ასულებისთვის, ჩვენ შეიძლება ეს განვაზოგადოდ, და ადამის ძეებისთვის და საერთოდ ადამისა და [9]ევას შვილებისთვის და კაცობრიობისთვის, ერთადერთი ღირსეული სამოსელი რომ უნდა იყოს სინანული აი ეს დებულება გახლავთ შთამბეჭდავი, უაღრესად მრავლისმეტყველი და ჩვენი ცხოვრების და ჩვენი ყოფიერების გეზის მაჩვენებელი, ვიდრე ამ სოფელში მყოფთათვის. ტერტულიანემ აქ ფაქტობრივად უკვე განჭვრიტა სინანულის საიდუმლოს რაღაც განსაკუთრებული ღირებულება და შემდეგში და შემდეგში, განსაკუთრებით როდესაც განდეგილური მოღვაწეობა დაეფუძნა და განდეგილი მეუდაბნოე, ასკეტი ღვთისმეტყველები წარმოჩნდნენ, მათგან ჩამოყალიბებული სათონებითი ღვთისმეტყველება, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე სინანულის საიდუმლოს, სინანულის სიწმინდის გაცნობიერებას ეფუძნება. და ამ მხრივ ტერტულიანე ერთ-ერთი გზის გამკვალავია მათთვის თავისი ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დებულებით, დებულებით იმის შესახებ, რომ დაცემის შემდეგ რომ აღგვიდგინოთ დასაბამიერი მდგომარეობა, ჩვენი ერთადერთი ღირსეული სამოსელი პირველ რიგში და უპირობოდ უნდა [10]იყოს სინანული.

ჩვენ დავძენთ იმასაც, რომ ტერტულიანე ერთმანეთისგან მიჯნავს გარდერობს (რაც ლათინურადაა კულტუს) და მაკიაჟს (ორნატუს, ანუ გამშვენება) და იგი, მართალია ტერმინოლოგიურად ამ ორ მდგომარეობას მიჯნავს ერთიმეორისგან, მაგრამ ერთნაირად გმობს ორივეს, მიიჩნევს რა ზომიერებას მორწმუნე ქალთა აუცილებელ ნიშნად. აქაც შეიძლება მკვეთრი უკიდურესობა, საკუთრივ საერო თვალსაზრისით, ერისკაცული ყოფიერებიდან გამომდინარე, გასაზიარებელი არ იყოს (ეს არ ვრცელდება, რა თქმა უნდა, სამონაზვნო, სასულიერო ფენაზე), მაგრამ აქაც ტერტულიანესგან დებულებად ჩამოყალიბებული სწავლება უაღრესად შთამბეჭდავია და დასამახსოვერებელი. ეს სწავლება მისგან ამგვარადაა [11]გამოთქმული: “რადგან ჩვენ ყველანი ვართ ტაძარი ღვთისა, მოკრძალებულობა არის ამ ტაძრის სიწმინდედმოქმედი და მღვდელი”. თუ ზემოთ სინანულის რაობა იყო განჭვრეტილი, რომ ჩვენი ერთადერთი ღირსეული შესამოსელი სინანულია, ამჯერად მეორე სათნოების – მოკრძალებულობის, კრძალულების რაობა და ღირსებაა წარმოჩენილი, რომ კრძალულება ჩვენში უნდა სიწმინდედ მოქმედებდეს, უნდა მღვდლობდეს, როგორც ჭეშმარიტი მღვდელმსახური. აი ეს ორი დებულება მაინც ამ ორ ნაშრომს უაღრესად ღირსეულად წარმოაჩენს დღეისათვისაც ჩვენთვის და მისი გაცნობა შესწავლა, რა თქმა უნდა, სარგებლის მომტანი იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის.

რაც შეეხება დაწერის თარიღს, ნაშრომის ორივე ნაწილი ღირსეულ სწავლებას იტევს, მიუხედავად იმ ხარვეზისა რაც აღვნიშნეთ, იმ ფანატიზმის მარცვლისა [12]რაც აშკარად შესამჩნევია, და ამიტომ მიჩნეულია, რომ ორივე ნაწილი დაწერილია 207 წლამდე.


ლოცვის შესახებ

ტერტულიანეს ღირსეულ შრომათა შორის ცალკე დგას თხზულება სახელწოდებით “ლოცვის შესახებ”, რაც დაწერილია 198-200 წლებში და მიემართება კათაკმევლებს, მორწმუნეთა იმ ნაწილს, რომლებიც ჯერ მონათლულნი არ არიან და მხოლოდ ქადაგებას და დამოძღვრას იღებენ, მაგრამ ჟამისწირვის ძირითად ნაწილში, მართალთა ლიტურგიაში მონაწილეობას ვერ იღებენ. ტერტულიანეს შრომა იწყება იმის აღნიშვნით, რომ ახალმა აღთქმამ შემოიტანა ლოცვის ახალი სახე, რაც უცნობი იყო ძველი აღთქმისთვის. აქ იგულისხმება კონკრეტულად “მამაო ჩვენო”, საუფლო ლოცვა, რაც, და ეს გახლავთ ამ შემთხვევაში ტერტულიანეს ძირითადი დებულება, სადაც ამ ლოცვის არსი ბრწყინვლედ არის წარმოჩენილი, (ეს ლოცვა) თავისთავში აჯამებს მთელ სახარებას, და ამ ნაშრომის [13]არსებითი ნაწილი სწორედ მამაო ჩვენოს უადრესი განმარტება გახლავთ, ე.ი. სხვა მოძღვართა შრომებზე ადრინდელი განმარტება. ესაა კონკრეტულად II თავიდან IX თავის ჩათვლით და რამდენადაც მართლმადიდებლურ პერიოდშია თავისი მოღვაწეობისა ტერტულიანესგან ეს შრომა დაწერილი, რა თქმა უნდა, მისი განმარტებანი ძველადაც, უფრო გვიანდელ მოღვაწეთა მიერ გამოიყენებოდა და დღესაც ჩვენთვის ბევრის მსწავლელია. რაც შეეხება ამავე თემაზე სხვა მოძღვართა დაწერილ შრომებს, რომლებიც ეფუძნებოდნენ კიდეც როგორც ჩანს ტერტულიანეს თხზულებას, ყოველშემთხვევაში მიმართულება და გეზი ხშირად ერთიდაიგივე იყო, ასეთი შრომები ბევრია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მათ შორის ალბათ მაინც უნდა იყოს გრიგოლ ნოსელის თხზულება “მამაო ჩვენოს განმარტება” და ანალოგიური ხასიათის მაქსიმე აღმსარებლის შრომა, და მათ რიგში (რა თქმა უნდა, მათ სიმაღლეზე ძნელია ავიყვანოთ ჩვენ ტერტულიანეს ნაშრომი) [14]ერთ-ერთ ადრეულ და შესაბამისად გარკვეული საფუძვლების შემქმნელ ძეგლად ხსენებული ნაშრომი უეჭველად უნდა მივიჩნიოთ.


მოთმინების შესახებ

მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული ხასიათის შრომებიდან რიგით მეხუთედ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ თხზულებაზე სახელწოდებით “მოთმინების შესახებ”. ეს არის საკუთრივ სათნოებითი მიზანდასახულობის ნაშრომი, რადგან მოთმინება ეს გახლავთ ერთ-ერთი სათნოება, რომელიც ტერტულიანეს სწავლებით უპირველესად თავად მაცხოვარშია, ისევე როგორც ყველა სხვა სათნოება, რომელთა ნიმუშად მაცხოვარმა თავისი ამქვეყნიური განკაცებული მოღვაწეობა წარმოგვიდგინა. ალბათ ყველაზე უფრო ყურადღებამისაქცევია ამ კუთხით ხსენებული ნაშრომის XV თავი, სადაც ტერტულიანე შენიშნავს: “სადაც არის ღმერთი იქვე მყოფობს ჩვილიც, რომელსაც ის ასაზრდოებს, ესაა მოთმინება”. აქ როგორც ადრეც ვნახეთ, ტერტულიანეს ხელეწიფება, მოსწონს გარკვეული ალეგორიზმი და ეს ჩვილიც ამ შემთხვევაში ცხადია ალეგორიაა. [15]“რაჟამს გადმოდის სული ღვთისა მასთან თანამგზავრობს მოთმინება, განუყოფლად მისგან”. აი ეს სახეობრივი მეტყველება ტერტულიანესი იმდენად შთამბეჭდავია მორწმუნე ადამიანისთვის, რომ გასაკვირი აღარც არის თუ რატომ მოიპოვა მისმა ნაშრომებმა, მათ შორის გაუკუღმართების პერიოდში დაწერილმა ნაშრომებმაც კი, ასეთი განსაკუთრებული პოპულარობა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერტულიანე საკუთარი თავისთვის (შესაძლოა ეს თავმდაბლურადაც ხდებოდეს ბუნებრივია) ამ სათნოებას არ განაკუთვნებს, ე.ი. საკუთარ თავს ამ სათნოების უკვე მქონედ და მფლობელად არ წარმოგვიჩენს, მაგრამ სწორედ მის შესახებ კი წერს. ე.ი. გამოდის ერთი შეხედვით ასეთი პარადოქსი, რომ რაც არა აქვს, რაც არ მოუპოვებია იმის შესახებ წერს და მოძღვრავს. ამ ორივე მხარეს თვით ავტორი [16]გამოკვეთს, ამ პარადოქსსაც თვითონვე ამჩნევს და იქვე განგვიმარტავს თუ რატომ წერს იმ სათნოებაზე, რომელიც მისივე თქმით მას არა აქვს: “ვწერ იმიტომ, რომ ეს იქნებოდა როგორც ნუგეში ჩემთვის, მემსჯელა იმ სათნოებაზე, რომლისგანაც დაკლებული ვარ”. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ვითარება ის გახლავთ, რომ აქ უბრალოდ სათნოების არ ქონა კი არ არის, რა შემთხვევაშიც მართლაც შეიძლებოდა აღარ გაკადნიერებულიყო ვინმე და რაც არა აქვს იმაზე არ დაეწერა, არამედ ესაა მდგომარეობა როდესაც პიროვნება გრძნობს თავის დანაკლისს და რაღაცნაირად მისი შევსება სწყურია. ე.ი. ის გრძნობს ხარვეზს, არ ქონას რაღაცისას საკუთარ ნაკლად მიიჩნევს და ამას არ იწონებს, და ამიტომაა, რომ შესავსებად ეშურება, თუნდაც სიტყვის მიერ აღწერას და განმარტებას. მაგრამ თავისთავად ცხადია აშკარაა, რომ ესაა თავმდაბლური ქმედება ტერტულიანესი, რომ საკუთარი თავი ამ სათნოებისგან დაკლებულად [17]წარმოგვიდგინოს. თუმცა ტერტულიანეს მოღვაწეობის და ცხოვრების შესწავლა ზოგჯერ იმასაც კი გვაფიქრებინებს და ჩვენ პირადად რამდენჯერმე გვაფიქრებინა, რომ იქნებ ეს არც ყოფილიყო თავმდაბლური ჟესტი, იქნებ ტერტულიანე მართლაც ხედავდა თავის თავში ამპარტავნული მარცვლის მოძალებას, სწადდა ამ მოძალებისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ შეძლო. ამის თქმის უფლებას ჩვენ გვაძლევს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მომდევნო პერიოდი, როდესაც მან მკვეთრად გადაუხვია მართლმადიდებლობისგან, ქარიზმატული მიმდინარეობის მოთავე გახდა და ეს მიმდინარეობა სხვა არაფერი იყო თუ არა უზომო ამპარტავნების და უზომო პატივის საკუთარი თავისთვის განკუთვნა, საკუთარი თავის საკუთარი თავისგანვე შერაცხვა ღვთივმიმადლებულად, სულიწმინდის ინკარნაციად, სულიწმინდის მფლობელად და სხვა. აი ეს ამპარტავნული, რაღაც განსაკუთრებულად, ძველი ქართული ტერმინი რომ მოვიხმოთ, მზვაობრობითი აღზევება ტერტულიანეში არამართლმადიდებლური [18]ცნობიერებისა, შესაძლოა ადრეჩენილი მარცვლის გაღვივება ყოფილიყო და ამიტომ მისი ეს მითითება ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის ჯერ კიდევ ფხიზლად ჭვრეტის და ფხიზლად შეფასების პერიოდად ჩავთვალოთ, რაც შემდეგ ებინდება მას და უკვე აღარ გრძნობს, რომ იგი განსაკუთრებულ ამპარტავნებაშია ჩაფლული, ვეღარ გრძნობს ამას. მაგრამ ეს ძეგლი ჯერ კიდევ იმ ეპოქის ამსახველია როგორც ჩანს, როდესაც ტერტულიანე რაღაც მოძალებას უკეთური თვისებისას საკუთარი თავში აცნობიერებდა და მის დასაძლევად იღწვოდა კიდეც.

ნაშრომი დაწერილია დაახლოებით 200-203 წლებში და ისიც გვიანდელ ტრადიციაში უცნობი არ დარჩენილა. განსაკუთრებით თავს იჩენს იგი წმ. კვიპრიანე კართაგენელის თხზულებაში სახელწოდებით “კეთილმოთმინებისათვის” (სახელწოდებითაც თანხვდება იგი ტერტულიანეს შრომას).


სინანულის შესახებ

მეექვსე ნაშრომი [19]მორალურ-დისციპლინარული და ასკეტური ხასიათისა ეს გახლავთ ასევე სათნოებითი მიზანდასახულობის თხზულება სახელწოდებით “სინანულის შესახებ”, რომელიც ასევე დაწერილია ტერტულიანეს სამოძღვრო გაუკუღმართებამდე. ზოგი მკვლევარი ზუსტ თარიღსაც გვთავაზობს, კერძოდ 203 წელს და ეს მისაღები თარიღი გახლავთ, რადგანაც ნაშრომში, XII თავში, იხსენიება ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევა და ამის მიხედვით დათარიღება ძეგლისა სავსებით ბუნებრივია. ეს თხზულება, რა თქმა უნდა, გარკვეული მნიშვნელობისაა სინანულის საიდუმლოს ისტორიისათვის. ჩვენ ადრეც მივუთითეთ ის ღირსეული დებულება, რაც ამ სათნოებასთან დაკავშირებით მოგვაწოდა ტერტულიანემ, რომ ერთადერთი ღირსეული შესამოსელი ჩვენთვის ცოდვით დაცემის შემდგომ სწორედ სინანული უნდა იყოს. მაგრამ ეს თხზულება როგორც დამოუკიდებელი ნაშრომი ამ სათნოებაზე, რა თქმა უნდა, გაცილებით ღირებულია, [20]ღირსეულია და თუ გვიანდელ პერიოდში სინანულის ანუ მეტანოიის საიდუმლო ხშირად განხილულა ღვთისმეტყველთაგან, მათი ერთ-ერთი საფუძველი, რა თქმა უნდა, ტერტულიანეს შრომაც იყო. თვით ტერტულიანე სინანულთან დაკავშირებით ორ სახეს მიგვითითებს, ორი სახის სინანულზე მიგვითითებს, რომელთაგან ერთი ესაა ის სინანული რაც ყოველ მოსანათლს უნდა ჰქონდეს ნათლობის წინ, ანუ ესაა ასე ვთქვათ კათაკმეველთა სინანული, მეორე კი როგორც ჩანს გულისხმობს სინანულს ნათლობის შემდეგ. თუმცა ამ სინანულს ტერტულიანე რატომღაც ერთგზისობას განუკუთვნებს, ე.ი. ერთგზისად მიიჩნევს სინაულის საიდუმლოს აღსრულებულად. ამავე დროს იგი თვლის, რომ მეორე სინანულის მოსაპოვებლად საჭიროა აღსარება. ეს ამ შემთხვევაში გახლავთ ძალიან საყურადღებო დებულება, რომ აღსარება წინ უნდა უძღოდეს სინანულს, რომ სინანულის საიდუმლო ჩვენზე მაშინ აღსრულდება თუ ჩვენ აღსარებას ვიტყვით. სამწუხაროდ ეს ურყევი დებულება ამ ბოლო ხანებში, შეიძლება მსმენელებმაც იციან, ისევე [21]როგორც ყველაფერი, ეჭვის ქვეშ დადგა და ე.წ. უაღრესად მართლმადიდებლურ მოძღვრებად წარმოჩნდა (პუბლიკაციაც იყო ამასთან დაკავშირებით), რომ თითქოს არაა აუცილებელი აღსარება სინანულის საიდუმლოს მისაღებად, კერძოდ ზიარების წინ. რამდენიმე მოძღვარი გაკადნიერდა ამის სამტკიცებლად, მაშინ როცა ტერტულიანე, ეს უადრესი ეპოქის მოღვაწე ჯერ კიდევ რა დროიდან ამხილებს ამგვარი თვალსაზრისის არამართლმადიდებლურობას, იმიტომ, რომ ტერტულიანეს ეს შრომა მისი მართლმადიდებლური მოღვაწეობის ეპოქაშია დაწერილი და, რა თქმა უნდა, პირად აზრს კი არ ასახავს, არამედ ეკლესიურ, დოგმატურ სწავლებას.

ნაშრომის ბოლო, XII თავიც საყურადღებო გახლავთ, სადაც აღწერილია მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეთში იმ პირებისა, რომლებმაც არ განიკუთვნეს სინანული. ამ თავმა მაინც უნდა შეაფერხოს ზოგიერთები რომლებიც დღეს ზიარების მიღებას სინანულის საიდუმლოს და [22]კონკრეტულად აღსარების გარეშე მოძღვრობენ და თავიან მრევლს აქეთკენ უბიძგებენ.



ცოლისადმი

მეშვიდე ნაშრომი ამავე ჟანრისა გახლავთ თხზულება სახელწოდებით “ცოლისადმი”, რაც დაწერილია დაახლოებით 200-206 წლებში და როგორც სათაურიდანაც ჩანს მიმართულია მეუღლისადმი, რომელსაც ტერტულიანე დაუსახავს მოღვაწეობის გეზს თავისი გარდაცვალების შემდეგ. აქ გამოსაყოფია ის, რომ ავტორი მკაცრად და ხაზგასმულად წარმოადგენს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მისმა ცოლმა აუცილებლად უნდა დაიცვას ქვრივობა და არ გათხოვდეს მეორედ. საზოგადოდ თითქმის მთელი თხზულება მიმართულია მეორედ ქორწინების წინააღმდეგ. ისევე როგორც ამავე თხზულებაში მკაცრადაა დაგმობილი მორწმუნეთა და ურწმუნოთა დაქორწინება, რაც საზოგადოდ არაიშვიათად მომხდარა.


უბიწოებისკენ მოწოდების შესახებ

ამავე ჟანრისაა თხზულება სახელწოდებით “უბიწოებისკენ მოწოდების შესახებ”, რაც თარიღობრივად მთლად გარკვეული [23]არ არის თუ როდის უნდა იყოს დაწერილი. ზოგი მკვლევარი 207 წლამდელ პერიოდს მიგვითითებს და დაახლოებით 204 წლით ათარიღებს ამ ძეგლს, ზოგი უფრო გვიანდელი პერიოდით, ე.ი. 207 წლის შემდგომით, დაახლოებით 212 წლით. საკუთრივ ნაშრომი მიმართულია ტერტულიანეს ერთ-ერთი მეგობრისადმი, რომელსაც მეუღლე დაეღუპა. ეს ძეგლი ფაქტობრივად წინარეს გაგრძელებაა. ტერტულიანე ამჯერადაც მკაცრად მოითხოვს, რომ არ დაქორწინდეს იგი ხელმეორედ და მეტიც, ავტორი, რომელიც ამ შრომაში უკვე ამჟღავნებს (ამას ეყრდნობიან მკვლევრები, რომლებიც ნაშრომს გვიანდელ, 207 წლის შემდგომ, პერიოდს განუკუთვნებენ) მონტანისტური ერესისკენ გადახრას, მეორე ქორწინებას ღვთის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯად და არსებითად მრუშობად მიიჩნევს. ამავე დროს ტერტულიანე აქებს რა უქოწინებლობას, ავტორიტეტად მოუხმობს მონტანის მიმდევარ ერთ-ერთ ცრუ წინასწარმეტყველ ქალს პრისკას, რომელსაც [24]იგი წმინდა წინასწარმეტყველს უწოდებს. თუნდაც ეს ადგილი ამ ძეგლისა მკვეთრად უნდა გვიჩვენებდეს, რომ ნაშრომი 207 წლის შემდეგაა დაწერილი. მაგრამ რამდენადაც ის პირველი, რომელსაც ეწოდება “ცოლისადმი”, ჩვეულებრივ 207 წლამდე დაწერილად მიიჩნევა და იქაც იგივე აზრია ზოგადად მეორედ ქორწინებასთან დაკავშირებით, ჩვენ კვლავ იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადრეულ ნაშრომებშიც ფანატიზმის მარცვალი ტერტულიანეში მკვეთრად ვლინდება, იმიტომ, რომ მეორე ქორწინება დაშვებულია საეკლესიო კანონიკით, განგებაც არის მოგეხსენებათ და მისი ასეთი კატეგორიული აკრძალვა სხვა არაფერია თუ არა უკვე დოგმატის დარღვევა, ფანატიკური დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი.

 

214–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=4PW33tk73bQ

 

ტერტულიანეს მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული ჟანრის შრომები (გაგრძელება)

ჩვენ ვეხებოდით ტერტულიანეს შრომებს, კერძოდ ჟანრობრივად განვიხილეთ რამდენიმე ძეგლი მისი მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული სამწერლობო მოღვაწეობიდან. რვა თხზულებას ამ ჟანრისას შევეხეთ, რომელთაგან ბოლო გახლდათ “უბიწოებისკენ მოწოდების შესახებ”, რომლის წინამორბედიც იყო ნაშრომი საკუთარი ცოლისადმი. ეს ორი შრომა, როგორც აღვნიშნავდით გამოხატავენ ტერტულიანეს მკვეთრად გამოხატულ პოზიციას მეორე ქორწინების არაეკლესიურობის შესახებ. აქ უკვე იგრძნობა, რა თქმა უნდა, ტერტულიანეს მკვეთრი გადახრა ფანატიზმისკენ, ეკლესიურ ტრადიციასთან მისი დაპირისპირება უკვე წარმოჩენილია.


მონოგამიის შესახებ

მაგრამ მომდევნო ძეგლი, რომელიც ასევე ამავე [1]ჟანრისა გახლავთ და იმავე საკითხს განიხილავს, სახელწოდებით “მონოგამიის შესახებ”, ანუ ერთქორწინებულობის შესახებ, უკვე ტერტულიანეს ერეტიკულ მდგომარეობას სავსებით თვალნათლივ წარმოგვიდგენს. ე.ი. წინა ორი ძეგლი, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მონოგამია-დიოგამიასთან, ერთქოწინებულობა-ორქორწინებულობასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მთლად გადამწყვეტ პოზიციას ტერტულიანესას არ გამოხატავს, გარდამავალ მდგომარეობას გვიჩვენებს ამ პიროვნებისას ეკლესიასა და იმ ერეტიკულ მიმდინარეობას შორის, რომლის ერესიარქიც თვითონვე გახდა მოგვიანებით. ანუ მათში ეკლესიასა და მონტანისტურ ერესს შორის მერყეობა შეიმჩნევა ტერტულიანესი. მაგრამ ამ ჟანრის რიგით მეცხრე ძეგლი “მონოგამიის შესახებ”, უკვე მართლაც აშკარა გაცხადებაა ტერტულიანეს მონტანისტური მსოფლმხედველობისა, რადგან ნაშრომში დაგმობილია არა მხოლოდ გნოსტიკოსთა [2]მიერ ქორწინების სრული უარყოფა. მოგეხსენებათ გნოსტიკოსები ქორწინებას საერთოდ უარყოფდნენ, მაგრამ ჩვენ აქ ისე არ უნდა გავიგოთ თითქოსდა ქალწულებრივი, მონაზვნური მიზანდასახულობით უარყოფდნენ ისინი ქორწინებას, პირიქით ისინი იყვნენ გადაშვებულნი ყოვლად აულაგმავ გარყვნილებაში, ავხორცობაში და შესაბამისად ყოველგვარი ქორწინება მათთვის, საკუთრივ იმ პირებისთვის, რომლებიც თავიანთ თავს გნოსტიკოსებად ანუ მცოდნეებად მიიჩნევდნენ, მიუღებელი იყო. ხოლო რაც შეეხება გარყვნილების მორევში მათ აღვირახსნილ ცხოვრებას, ისინი მიიჩნევდნენ, რომ თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც ის ვინც გნოსტიკოსია, თითქოსდა ყველანაირი ბიწისა და ყველანაირი სიბილწისგან შეუვალი და წმინდაა, რომ ვერაფერი მას ვერ მიეცხება რაც არ უნდა ვნებისა და ჭუჭყის მორევში იტრიალოს. თითქოსდა სწორედ ამას ადასტურებდნენ ისინი თავიანთი ცხოვრებით. ამიტომ ტერტულიანე როდესაც უარყოფს [3]გნოსტიკოსთა ამ დამცინავ და აბუჩად ამგდებ შეხედულებას ქორწინების შესახებ, რაშიც მართებული პოზიცია აქვს თავისთავად ცხადია, ამავე დროს იგი მკვეთრად უარყოფს საეკლესიო ნებადართულობასაც მეორე ქორწინებისას, მეორე დაქორწინების იმ უფლებას რაც ეკლესიურად სანქცირებულია. ჩვენ შეგვიძლია ციტატა მოვიტანოთ ამ შრომიდან, ტერტულიანე აღნიშნავს: “პირველი (იგულისხმება გნოსტიკოსთაგან ქორწინების უარყოფა) აზრი მკრეხელობაა, მეორე კი (იგულისხმება ეკლესიისგან სანქცირებულობა მეორე ქორწინებისა) გარყვნილება. ხოლო ჩვენ (აქ ის გულისხმობს მონტანისტური ერესის მიმდევრებს, საკუთარ თავს და სხვებსაც) კი, რომლებიც სამართლიანად ვატარებთ სულიერთა სახელს, [4]იმ მადლთა გამო რაც ცხადად მოგვეგება, მივიჩნევთ, რომ უქორწინებლობა იმსახურებს პატივისცემას, ისვე როგორც დასაფასებელია დაქორწინების უფლება. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ ერთ ქორწინებას, ისევე როგორც ვცნობთ მხოლოდ ერთ ღმერთს” (ესაა პირველი თავი ამ ნაშრომისა). როდესაც ვამბობთ, რომ აქ უკვე მკვეთრად გამოხატული მონტანისტური ტენდენციებია, ჯერ საკუთრივ ტერმინოლოგიურადაა ეს აბსოლუტურად თვალსაჩინო, როდესაც ერთი მხრივ ის განაქიქებს გნოსტიკოსთა ერესს და ეს თავისთავად ცხადია მართებულია, მაგრამ ამავე რანგში აყენებს ეკლესიურ მოძღვრებასაც, საეკლესიო ტრადიციასაც მეორე ქორწინების ნებადართულობის შესახებ. ხოლო თავის თავს და თავის მიმდევრებს გამოჰყოფს და გამოაცალკევებს არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, გნოსტიკოსთაგან, არამედ თვით ეკლესიის მოძღვართაგანაც, ეკლესიისგანაც. და ეს სახელწოდებაც, რასაც ის საკუთარ თავს და მის მიმდევრებს განუკუთვნებს, რომ თითქოს ისინი შეადგენენ სულიერთა ეკლესიას, და რომ მათ აქვთ მადლნი, [5]ანუ ლათინური ტერმინი რომ მოვიშველიოთ (ბერძნული ტერმინი ლათინურში უთარგმნელად გადასული) ქარიზმები (აქ იყენებს ამ ტერმინს სწორედ ტერტულიანე, როდესაც ამბობს, რომ “ჩვენ (თუ დავტოვებთ ამ ტერმინს უთარგმნელად) რომლებიც სამართლიანად ვატარებთ სულიერთა სახელს იმ ქარიზმათა გამო, რაც ცხადად მოგვეგება”. თუმცა ეს უნდა ითარგმნოს “იმ მადლთა გამო, იმ ნიჭთა გამო, რაც ცხადად მოგვეგება”), აი ეს პრეტენზიულობა უკვე აშკარად მონტანისტურია. ეკლესიასთან მკვეთრი დაპირისპირებაც ამავე ერესის მკვეთრი გამოხატულებაა და უეჭველია, რომ აღნიშნული ნაშრომი 207 წლის შემდეგ არის დაწერილი. უფრო კონკრეტულ თარიღსაც გვთავაზობს ზოგი მკვლევარი, კერძოდ დაახლოებით 217 წელს, რადგან ამ ნაშრომში ტერტულიანე ერთგან უთითებს, რომ პავლე მოციქულის მიერ კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის დაწერიდან მისი ამ ნაშრომის დაწერამდე გავიდა 160 წელი. და რადგან პავლე მოციქულის ხსენებული ეპისტოლის დაწერის [6]თარიღად მიიჩნევა 57 წელი, აქედან 160 წელი სწორედ 217 წელს გვიკარნახებს აღნიშნული ნაშრომის დაწერის თარიღად.


თავდაბურულ ქალწულთა შესახებ

ჩვენ შეიძლებოდა აქვე დაგვესახელებინა და მიგვეთითებინა ამავე ჟანრში კიდევ ერთი ნაშრომი ტერტულიანესი, კონკრეტულად ქალთა ყოფა-ქცევასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწოდება “თავდაბურულ ქალწულთა შესახებ”, სადაც ასევე სახეზეა უმკვეთრესი მოთხოვნა (თავისთავად ცხადია ეს უკვე მოსალოდნელია ტერტულიანესგან) იმასთან დაკავშირებით, რომ ქალწულებმა აუცილებლად უნდა ატარონ თავსაბურავი, თავდაბურულნი უნდა იყვნენ ისინი. და ეს აღასრულონ არა მხოლოდ გათხოვლმა ქალებმა, არამედ გაუთხოვარმა ახალგაზრდა გოგონებმაც, როგორც ქალწულებმა.


გვირგვინის შესახებ

უფრო მნიშვნელოვანია და ალბათ აქ ჩამოთვლი შრომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გახლავთ ტერტულიანეს [7]ნაშრომი სახელწოდებით “გვირგვინის შესახებ”, რომელსაც ჩვენ ადრეც ვახსენებდით. ეს თხზულება საყურადღებოა ისტორიული კუთხითაც, მოძღვრებითი თვალსაზრისითაც, ქრისტიანული საზოგადოების ისტორიის მხრივაც, მარტვილოლოგიური განჭვრეტითაც ქრისტიანული მოღვაწეობისა და სხვა. ნაშრომში არის კონკრეტული შემთხვევა მოხმობილი, ე.ი. იგი დაწერილია კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე და ეს კონკრეტული შემთხვევა აძლევს მასალას და ფონს ტერტულიანეს რომ ზოგადად განიხილოს ქრისტიანთა მსახურების საკითხი სახელმწიფო, სამხედრო სტრუქტურებში, ანუ ქრისტიანთა სამხედრო სამსახურის საკითხი. კონკრეტული შემთხვევა ამგვარი გახლდათ: იმპერატორ სეფტიმოს სევერუსის გარდაცვალებისას 211 წელს, მისმა ძეებმა ფულადი საჩუქარი გაიღეს ჯარისკაცებისთვის, რასაც, თუ ქართულად ვთარგმნით, თვითონ ამ საჩუქარს [8]ერქვა საბოძვარი (დონატივუმ). ყოველი ჯარისკაცი თავზე დაფნის გვირგვინით იღებდა თავის წილს ამ საბოძვარიდან სამხედრო ბანაკში. მაგრამ მათ შორის გამოჩნდა ერთი, რომელსაც არ ჰქონდა თავზე გვირგვინი, ეს გვირგვინი მას ხელში ეჭირა და შეკითხვაზე თუ რატომ არ ედგა მას თავზე გვირგვინი, ჯარისკაცმა მიუგო “არ მაქვს უფლება რადგან ქრისტიანი ვარ”. ამის შემდეგ ეს ჯარისკაცი დაატუსაღეს, აწამეს, რის შედეგადაც, როგორც გადმოგვცემს ტერტულიანე, ეს ჯარისკაცი ღირსი გახდა მარტვილის გვირგვინისა და ციხეში მყოფს მოელის ქრისტეს საბოძვარი, ანუ იგივე ქრისტეს დონატივუმ, რაც ანტიპარალელია იმ საბოძვარისა, იმ დონატივუმისა იმპერატორმა რომ ჯარისკაცებს მიუძღვნა. ამ შემთხვევის გადმოცემიდან კარგად ჩანს, რომ თხზულებაში დაგმობილია [9]ქრისტიანის მიერ სამხედრო გვირგვინის ტარება, რადგან ეს ჩვეულება წარმართობად და მეკერპეობად არის შერაცხილი, რადგან ტერტულიანეს თქმით ომი და სამხედრო სამსახური შეუთავსებელია სარწმუნოებასთან. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის უკვე ის მცდარი შინაგანი მდგომარეობა და მსოფლმხედველობრივი პოზიცია ტერტულიანესი, რაც მან 207 წლის შემდეგ შეიმუშავა. მთელი ნაშრომი გაჟღენთილია სწორედ მონტანისტური სულისკვეთებით. იგი დაწერილია 211 წელს, როგორც ეს მკვლევართაგან არის მითითებული. საყურადღებოა, რომ თვითონ ავტორი უთითებს თავის ერთ-ერთ წყაროს ამ ნაშრომისას. იგი აღნიშნავს, რომ ვრცლად იყენებს კლავდიუს სატურნინუსის ამავე სათაურის მქონე თხზულებას, ე.ი. თხზულებას, რომელსაც ერქვა “გვირგვინის შესახებ”.

ერესისკენ გადახრილი ტერტულიანე წარმართებთან ერთად მკაცრად ჰკიცხავს ამ ნაშრომში ეკლესიის მოძღვართ, რაც უკვე მისთვის თანდათანობით ჩვეულება ხდება. ჩვენ წინა ძეგლთან [10]დაკავშირებითაც აღვნიშნეთ და ციტატაც მოვიტანეთ, როდესაც საეკლესიო წესს და ტრადიციას მეორედქორწინების ნებადართულობის შესახებ გარყვნილებად რაცხს ტერტულიანე. ამ ნაშრომში უფრო გამძაფრებულია უარყოფითი დამოკიდებულება ეკლესიის მსახურთა მიმართ და ისეთი გმობის სიტყვებია წარმოთქმული, რომ ალბათ იშვიათად თუ რომელიმე ერეტიკოსს წარმოეთქვას ეკლესიის მოღვაწეთა მიმართ. ტერტულიანე პირდაპირ ამბობს: “ისევე როგორც უარყვეს მათ (იგულისხმებიან ეკლესიის მოძღვარნი) სულიწმინდის წინასწარმეტყველებანი, ასევე ემზადებიან მარტვილობის უარსაყოფად. მე ვიცი მათი მწყემსები (იგივე ეპისკოპოსები), ისინი ლომები არიან მშვიდობის ჟამს, ხოლო შვლები ომში” (ომში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სამოღვაწეო ომი, ანუ მარტვილური ღვაწლი). აი ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ტერტულიანესი, [11]ეს რაღაც შინაგანად აჯანყებული განწყობა მისი ეკლესიური წესისადმი, ეკლესიური იერაქიისადმი, სხვა არაფრის დასტურია, რაც არ უნდა ჩვენ გარეგნულად ზოგჯერ რაღაც ნაწილში ეს მოგვეჩვენოს თითქოს მის გამბედაობად, სიმხნევედ, თითქოს გულწრფელობად, თითქოს რაღაც მანკიერი მოვლენებისადმი დაპირისპირება და სხვა, მხოლოდ ერთადერთი საფუძველი აქვს ტერტულიანეს ასეთ ამხედრებას ეკლესიის მსახურთა და ეკლესიის დიდ მოღვაწეთა მიმართ, და ეს საფუძველი გახლავთ ამპარტავნება, რომ თვით იყოს რჩეული, მას ეთაყვანებოდნენ, მას ჰქონდეს მეწინამძღვრეობა ერთადერთს ანუ მხოლოდ ის იყოს, როგორც თვითონვე ამბობს, ჰომოსპირიტუალის, ანუ სულიერი კაცი.

ეს ვრცელი საკითხია და როგორც აღვნიშნეთ ამ თემას ჩვენ ვრცლად, რა თქმა უნდა, არ შევეხებით და შესაბამისად განვაგრძობთ [12]სხვა ძეგლების შესახებ შემოკლებულ განმარტებათა მოწოდებას.


დევნულებისგან თავის არიდების შესახებ

შემდგომი ძეგლი აღნიშნული ჟანრისა, საკმაოდ საყურადღებო, ასეთი სათაურისაა “დევნულებისგან თავის არიდების შესახებ”. ჩვენ წინა ძეგლში “გვირგვინის შესახებ” ვნახეთ ტერტულიანეს მკეთრი დამოკიდებულება ეკლესიის მოღვაწეთა მიმართ, რომ თითქოს ისინი ომში შვლებივით არიან ანუ ღვაწლს თავს არიდებენ, მარტვილობას განეკრძალვიან თითქოს. ამ მარტვილობის უარყოფას იგი ხედავს იმაში, რომ ეკლესიის მოღვაწენი ყოველთვის აბსოლუტურად მკვეთრ დაპირისპირებაზე გარეგან სამყაროსთან არ მიდიან. აი ეს მას ესახება რაღაცნაირ უკანდახევად, [13]მარტვილობისგან თავის არიდებად. და თავისთავად ცხადია ამ ნაშრომში, რომელიც სათაურიდანვე აღნიშნულ საკითხს ეხება, ტერტულიანეს პოზიცია კვლავაც როგორც იტყვიან უკომპრომისოა. თუმცა ესაა ერეტიკული უკომპრომისობა და არა მართლმადიდებლური კანონზომიერი სიმშვიდე, სიმდაბლე და შუამდგომარეობა, დევნულობათა ჟამს თავის გარიდება არ გარიდების შესახებ. აღნიშნული საკითხი მის სხვა შრომებშიცაა აღძრული როგორც ვთქვით, კერძოდ ზემოაღნიშნულ შრომაში “ცოლისადმი”, სადაც მას დევნულობისადმი თავის არიდება უფრო ღირსეულ და გამართლებულ ქმედებად მიაჩნია, ვიდრე თავის არ არიდება და შემდგომ ვერ [14]გაძლება იმ სატანჯველისა, რაც შეპყრობილობაში წარმართთაგან ტანჯვა-წამებაში იგულისხმება. იგი პირდაპირ მიუთითებს: “დევნულების ჟამს უმჯობესია გაქცევა ერთი ადგილიდან მეორისკენ, რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს, ვიდრე თავის დატყვევებინება და ტანჯვისას რწმენის უარყოფა”. იგივე აზრია გადმოცემული მის შრომაში “მოთმინების შესახებ” XIII თავში და ეს ორივე შრომა ჯერ კიდევ ტერტულიანეს მოღვაწეობისა და მისი ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს, როდესაც ერესი ასე ძალუმად მის პიროვნებაში შეღწეული [15]არ არის. მაგრამ სწორედ ეს ნაშრომი, რომელსაც ეხლა განვიხილავთ, სახელწოდებით “დევნულებისგან თავის არიდების შესახებ”, რაც უეჭველად მისი ერეტიკული და დაავადებული ცნობიერების ანარეკლია, თავისსავე ადრინდელ შეხედულებას მკვეთრად უპირისპირდება და, რა თქმა უნდა, რაზეც ვსაუბრობდით, ერეტიკული უკომპრომისობა სრულიად გამჭირვალეა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ტერტულიანე ხსენებულ ძეგლში მკვეთრად მიუთითებს, რომ დევნულობისთვის თავის არიდება საწინააღმდეგოა ღვთის ნებისა, რადგან თვით დევნულება სწორედ ღვთის ნებით აღიძვრის მორწმუნეთა ერთგულების გამოსავლენად. აი ასე ესახება მას უკვე ვითარება, რომ დევნულება ასე ვთქვათ ღვთივდაფუძნებულია, ღვთისგან არის აღძრული, ღმერთია ინიციატორი ამ დევნულებისა, მაგრამ არა იმ აზრით, რომ ის მდევნელთა შემწეა და მშველელი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი [16]მიზანდასახულობით, რომ მორწმუნეთა შორის მოხდეს შემოწმება, თუ ვინ არის ერთგული, დამთმენი, ვინ არის მერყევი და მხოლოდ გარეგანად და ნიღბით ქრისტიანი და მაცხოვრის მიმდევარი. ამიტომ მიაჩნია დევნულებათა ჟამს თავის გარიდება ამ ნაშრომში ტერტულიანეს უკვე ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედებად. მაშინ როცა, როგორც აღვნიშნეთ, ადრინდელ შრომაში იგი პირდაპირ წერდა, რომ “უმჯობესია თავის არიდება, რადგან ამის უფლება ჩვენ გვაქვს, ვიდრე თავის დატყვევებინება და შემდეგ ტანჯვის ჟამს რწმენის უარყოფა”.


კერპთაყვანისცემის შესახებ

ამავე ჟანრის კიდევ ერთი საყურადღებო ძეგლი გახლავთ ტერტულიანეს ნაშრომი “კერპთაყვანისცემის შესახებ”, სადაც კვლავ იგივე შეკითხვაა წამოჭრილი, რაც ზემოგანხილულ ნაშრომში სახელწოდებით “გვირგვინის შესახებ”. ეს კითხვა ამგვარია: აქვს თუ არა ქრისტიანს უფლება იმსახუროს არმიაში, ანუ სახელმწიფო სამხედრო სამსახური მან [17]იტვირთოს? თუ იქ მკვეთრი და კონკრეტული პასუხია გაცემული, აქ უკვე უფრო ზოგად პასუხს გვაწვდის ტერტულიანე და იგი მიუთითებს, რომ “ქრისტიანი უნდა გათავისუფლდეს ყოველივე იმისგან რაც მას კერპთაყვანისმცემლობასთან აკავშირებს”, ე.ი. მისთვის არმიაში სამსახური, ჯარში სამსახური, კერპთაყვანისმცემლობის ტოლფასია.  აგრეთვე, მონტანიზმის ერესით გამსჭვაული, ტერტულიანე ერთ სიბრტყეზე აყენებს და ერთობლივად აძევებს ეკლესიიდან ერთი მხრივ ასტროლოგებს, მოგვებს, ჯადოქრებს, რაც აბსოლუტურად მართებულია, მაგრამ მეორე მხრივ მათ რიცხვს აკუთვნებს მათემატიკოსებსაც, სკოლის მასწავლებლებსაც, მხატვრული ლიტერატურის სპეციალისტებსაც და სხვა. აი ეს გახლავთ უკვე დაავადებული ფსიქიკის და დაავადებული გონების, ამპარტავნებით განგმირული, თავდაპორველად ღირსეული, მდაბალი მოღვაწის “მოღვაწეობითი ნაყოფი”.

[18]მაგრამ ასეა თუ ისე, როდესაც ტერტულიანე ასეთ მკვეთრ დებულებას იძლევა, რომ ქრისტიანმა არ უნდა იმსახუროს ჯარში, რომ უნდა განერიდოს იგი და უკუაგდოს არა მხოლოდ ასტროლოგები, მოგვები და ჯადოქრები, რაც კვლავ აღვნიშნავთ თანხვედრია ეკლესიურ მოძღვრებასთან, არამედ აგრეთვე მასწავლებლები სხვადასხვა დისციპლინებისა, იქნება ეს მათემატიკა, მხატვრული ლიტერატურა თუ სხვა, აი როდესაც ამგვარ უშეღავათო დაპირისპირებას ზოგადად საზოგადოებასთან ქრისტიანებისას ტერტულიანე ფუძემდებლურ პრინციპად მიიჩნევს, მისი გაგებით, საღვთო მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, ისმის ორი კითხვა, რომელთაც ასე თუ ისე ტერტულიანე თავისებურ პასუხებს უძებნის. პირველი კითხვა ამგვარია, რომ თუ ამგვარი დაპისრიპირება ექნება ქრისტიანს საზოგადოებასთან, მაშ როგორ მოიპოვის ქრისტიანმა ცხოვრების [19]სარჩო? და ტერტულიანეს პასუხი ასეთია: “თუ ქრისტიანს დაძლეული აქვს სიკვდილის შიში, იგი არ შეუშინდება ადამიანური არსებობისათვის საჭირო მოთხოვნილებების მოკლებასაც”. ფაქტობრივად აქაა წაქეზება იქეთკენ, რომ ადამიანმა მოიწყვიტოს ყოველგვარი სახსარი და შენელებულად მოაკვდინოს თავისი თავი. ანუ თუ მას სიკვდილის შიში დაძლეული აქვს, მაშინ რაღა არის ამ ადამიანისთვის გადაულახავი პრობლემა სარჩოს ვერ მოპოვებაში. რაც შეეხება მეორე შეკითხვას: თუ არ არის ნებადართული ქრისტიანისათვის სწავლება, [20]მაშ როგორ შეიძენს იგი ცოდნას და როგორ მიიღებს განათლებას? ამ შეკითხვაზე ტერტულიანეს პასუხი შემდეგია: “სწავლება ანუ ის, რომ ასწავლონ აკრძალულია ქრისტიანისთვის, მაგრამ შესწავლა ნებადართულია”. ე.ი. ქრისტიანს შეუძლია შეისწავლოს, მაგრამ არა ის, რომ ასწავლოს სხვადასხვა საგნები.

აი ასეთი ხიბლი, უკიდურესი დაცემულობა ჯანსაღი ხედვისა, დაბინდულობა, დაბრმავებულობა გონებითი თვალისა, ჩვენ იმ ღირსეული მოღვაწის, იმ საჩინო ქრისტიანი ღვაწლშემოსილი პიროვნების – ტერტულიანეს, ქროტესკულ ფიგურას გვისახავს უკვე. ესაა კარიკატურა იმ თავდაპირველი პიროვნებისა, ღვაწლის ღირსეულად დამწყებისა, რომელიც საკუთარი პიროვნული ნებით, რა თქმა უნდა (სხვაგვარად ეს არ ხდება), მიენდო, დაემონა ამპარტავნების ყოვლისშემმუსვრელ მახვილს, [21]განიგმირა ამ მახვილით და ასეთი ავადმყოფური ცრუ სწავლებანი, უაღრესად კატეგორიული, შემტევი, მებრძოლი, ყოვლისუარმყოფელი ჟინით გამოთქმული, ყოველშემთხვევაში თავის მომხრეებში მან ასე ძალუმად მიმოფანტა. რა თქმა უნდა, რაღა გასაკვირია, რომ ამავე ფანატიზმის შედეგად ტერტულიანე უკვე გმობს მხატვრობას, სკულპტურას ზოგადად, ყოველგვარ სახელმწიფო სამსახურში მონაწილეობას, რადგან მისი აზრით სახელმწიფო მტერია ღვთისა, შესაბამისად მისივე თქმით ერთ პიროვნებას არ შეუძლია ემსახუროს ორ ბატონს: ღმერთს და კეისარს. ბოლოს დავძენთ იმასაც, რომ ეს ძეგლი დაწერილი გახლავთ 211 წელს.

აი ამ ტიპის შრომების ერთ-ერთი ასევე [22]უმკვეთრესი გამოვლინებაა ტერტულიანეს თხზულება “მარხვის შესახებ ფსიქიკოსთა წინააღმდეგ”, თუმცა რამდენადაც ამ ძეგლზე და კიდევ რამდენიმეზე მაინც გვსურს შედარებით უფრო გამოკვეთილი განმარტებითი მსჯელობა, ამჯერად ზემოთქმულით დავაბოლოებთ და შემდგომ საუბარში განვაგრძობთ დანარჩენი ნაშრომების განხილვას.

 

215–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=ypb9DqgmMVM


ტერტულიანეს მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული შრომები (გაგრძელება). მისი ჩვენამდე არ მოღწეული და ფსევდო ტერტულიანესეული შრომები

ჩვენ ვეხებოდით ტერტულიანეს შრომებს. უშუალოდ წინა საუბარში ძირითადად იმგვარი შრომების განხილვა მოგვიწია, რომლებიც ტერტულიანეს უკვე გაუკუღმართებული ცნობიერების (მონტანისტურ ერესში ჩაფლულობის გამო) ანარეკლი გახლდათ. წარმოდგენილი იყო ყველაზე უფრო მკვეთრად გაღიზიანებული, ყოვლიერების უარმყოფი, ყველაფრისადმი სიძულვილით და ზიზღით გამსჭვალული ტერტულიანეს მკვეთრი, მკაფიო და ულმობელი გამონათქვამები, მათ შორის ზოგადად ეკლესიის მიმართ, ეკლესიის მსახურთა მიმართ, იერარქთა მიმართ და ასე შემდეგ. ბოლოს აღვნიშნავდით, რომ ეს პოზიცია და ეს სულისკვეთება კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს იმავე ჟანრის, მორალურ-ასკეტური და დისციპლინარული, ტერტულიანეს ცნობილ ნაშრომში სახელწოდებით “მარხვის [1]შესახებ ფსიქიკოსთა წინააღმდეგ”.


მარხვის შესახებ ფსიქიკოსთა წინააღმდეგ

ფსიქიკოსნი ჩვენ შეიძლებოდა გვეთარგმნა როგორც მშვინვიერი. რა თქმა უნდა ტერტულიანე ფსიქიკოსში უარყოფით და დამამცირებელ, კნინობით შინაარსს დებს, რადგანაც ამ ფსიქიკოსს უპირისპირებს მეორე ტერმინს, რაც არის პნევმატიკოსი, ლათინურად სპირიტუალის, ანუ ქართულად სულიერი. თავის თავს იგი ცხადია სულიერად მიიჩნევს. ადრე ჩვენ აღვნიშნეთ ერთ-ერთ ძეგლში, რომ როდესაც იგი ეკლესიის მოღვაწეებთან აპირისპირებს თავისი და თავისი მიმდევრების მოძღვრებას, ამგვარად მიჯნავს თავის თავს მათგან, რომ “ჩვენ სულიერნი ვართ”. იმ შრომაში კონკრეტულად გამოყენებული ტერმინი ფსიქიკოსი, ანუ მშვინვიერი ეკლესიის მსახურთა აღსანიშნად მას არა აქვს, მაგრამ იგულისხმება თავისთავად ცხადია და აი ამ ნაშრომში უკვე ეს ტერმინი მკვეთრად ჩნდება ტერტულიანეს ე.წ. სწავლებაში, ცრუ სწავლებაში და ის აღმნიშვნელია კონკრეტულად [2]ეკლესიის მსახურებისა, რომ თითქოსდა საეკლესიო მოძღვართა სახელწოდება, თავისი ფსევდოსულიერი სიმაღლიდან მოგვაწოდა ჩვენ ტერტულიანემ. ანუ ფსიქიკოსები მისთვის გულისხმობს, როგორც ვთქვით, საეკლესიო მოძღვართ და ამ მშვინვიერებს იგივე ტერტულიანე უპირისპირებს მონტანისტებს ანუ მისი აზრით სულიერებს, სპირიტუალებს.

ტერტულიანეს გამძვინვარება (სხვა სიტყვას ამას ვერ დავარქმევთ) ეკლესიისადმი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მონტანისტთა მიერ უკიდურესი გამკაცრება მარხვისა ეკლესიამ დაუყონებლივ შეაფასა როგორც ნოვაცია, როგორც სიახლე და დაგმო იგი. ეს უკიდურესი გამძაფრება მარხვისა ჩვენ ნაწილობრივ ადრეც განგვიხილავს, როდესაც ტატიანე სირიელზე, დოსითეზიანელთა სექტაზე, აკვარიელებზე ვსაუბრობდით და [3]უნდა ითქვას რომ ფაქტობრივად იგივე გაუკუღმართებანია აქაც სახეზე: პირველ რიგში ღვინის აბსოლუტური უარყოფა, აგრეთვე მხოლოდ ხმელი საზრდოს მიღება ანუ ე.წ. ქსეროფაგია (ქსეროს ბერძნულად არის ხმელი, ხოლო ფაგია ჭამა), იგივე ხმელისმჭამელობა, მარხვის დღეთა უზომოდ გაზრდა და სხვა. აი ასეთი თვითმიზნური გამკაცრებულობა მარხვისა სახეზე იყო მონტანისტებთან. ტერტულიანესთვის ეს ყველაფერი სულიერების გამოხატულებაა, აღმატებული, ღვთიური, განღმრთობილი მდგომარეობის ნიშან-თვისება და სიმპტომი. და როდესაც ეკლესიამ, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურმა ხედვამ ეს ყოველივე მხოლოს სულიერ ავადმყოფობად, მხოლოდ ფსიქიკურ დაცემულობად შეაფასა და დაგმო როგორც სიახლე (სიახლეში აქ იგულისხმება საეკლესიო ტრადიციასთან, სამოციქულო გადმოცემასთან [4]შეუთავსებელი რაღაც გამონაგონი), ტერტულიანეს აღშფოთებამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა და ამის საფუძველზე, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ტერტულიანესგან აღარ იყო უკვე გასაკვირი ის მეტისმეტად მოუზომავი გამონათქვამები მართლმადიდებელთა მიმართ, რომლებსაც ტერტულიანე უწოდებს ავხორცობის მონებს. ე.ი. რადგან ასეთი ფსევდო სიმკაცრე მარხვისა არ მიიღეს მართლმადიდებლებმა, თურმე ისინი ტერტულიანეს ცდომილ გონებაში წარმოჩნდებიან როგორც ავხოროცობის მონები. აგრეთვე ის მართლმადიდებელებს მოიხსენიებს როგორც ნაყროვანებით აღგზნებულებს და ბოლოს უწოდებს მათ, ალბათ ყველაზე უფრო დამაგვირგვინებელ ეპითეტს, თუ შესიტყვებას ეპითეტად მოხმობილს, წარმართებზე უფრო უღვთოებს.

[5]ვფიქრობთ მსმენელისთვის გამჭირვალეა ტერტულიანეს გაშმაგებულობა, დაუოკებლობა მძულვარებისა და, რა თქმა უნდა, თან, ეჭვი არ არის, შინაგანი განცდა იმისა, რომ მაინც თვითონ ცდება და აი ამ ცდომილების შინაგანი სიცარიელის დაუკმაყოფილებლობის, რაღაცის მოხელთების წადილის და ვერმოხელთების იმდეგაცრუების გამოხატულება. სხვა შეფასებას მე პირადად ამგვარ მდგომარეობას ვერ მივცემ რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტერტულიანეს არ ახასიათებდა და არ ახასიათებს. ბევრია ანალოგიურ მდგომარეობაში და თუ ჩვენ შევამჩნევთ, რომ პიროვნება უსაზომოდ და უსაგნოდ არის გამძვინვარებული, უნდა ყოველთვის ვაცნობიერებდეთ, რომ ის რაღაც გამორჩეულის მოხელთების მოწადინე იყო. მაგრამ ამპარტავნულად დაბინდულმა ხედვამ მას ჭეშმარიტი გზა დააკარგვინა და [6]იმედგაცურებასა და გზააბნეულობაში მყოფს არ ძალუძს რა აღიაროს და არც სურს რომ აღიაროს ცდომილება, ამპარტავნულად ათასგვარი საშუალებით ცდილობს ყველას და თვით საკუთარ თავსაც დაავიწყოს ეს შინაგანი სიცარიელე, რომ თითქოს რაღაცას წარმოადგენს და არა მხოლოდ რაღაცას, არამედ თითქოს გამორჩეულად აღმატებულია მავანზე და მავანზე, ყველაზე აღმატებულია, თითქოს სულიერი კაცია, თითქოს ღვთის ქარიზმით, ღვთის განსაკუთრებული მადლით არის აღვსებული. უკეთურებას და ამაოებას ახასიათებს აი ასეთი გარეგანი გაბერილობა, აღმობერილობა (როგორც ძველ ქართულად ითქმოდა), თუმცა შინაგანად სრული სიცარიელე და აბსოლუტური უშინაარსობა.

ჩვენ აქ გვახსენდება იოანე სინელის უაღრესად მნიშვნელოვანი სწავლება, რომლის თარგმანიც გამოვაქვეყნეთ კიდეც სხვა შეგონებებთან ერთად, [7]რომ “ამ ცხოვრებაში ზოგიერთნი, რომლებიც შინაგანად უნაყოფონი, ცარიელნი, ამპარტავანნი არიან, წარმოაჩენენ თავს ისე თითქოს უაღრესად გამორჩეულნი, მიმადლებულნი, აღმატებულნი, ღვთის მადლის მქონენი იყვნენ. დაუზევდებიან ანუ ცდილობენ რომ ყველას აღემატნონ, ანუ საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აღაზევებენ, ვერ გრძნობენ რა საკუთარ უბადრუკობას. მაგრამ როდესაც დაუდგებათ სიკვდილის ჟამი აი ამ უბადრუკობას სასოწარკვეთად, უაღრესად მტანჯველად, მთელი სიცხადიდ შეიგრძნობენ. ეს არის უეჭველი და ერთადერთი დასასრული და ხვედრი ყველა, ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამპარტავნულად ამხედრებული, აჯანყებული, დაპირისპირებული პიროვნებისა”.

ბოლოს აღვნიშნავთ იმასაც, რომ ეს ნაშრომი ტერტულიანესი დაწერილია 210-211 წლებში.


მოკრძალებულობის შესახებ

ამავე ჟანრში მოიაზრება [8]ტერტულიანეს შრომა სახელწოდებით “მოკრძალებულობის შესახებ”. თუმცა სათაური თითქოს ისეთია, რომ სიმშვიდისკენ, ზომიერებისკენ, უდრტვინველობისკენ მოწოდებას უნდა შეიცავდეს, მაგრამ შინაგანად კვლავაც ეკლესიის წინააღმდეგ, ჭეშმარიტების წინააღმდეგ იმავე გამძვინვარებულობის, იმავე შეურიგებლობის, ულმობელობისა და მრისხანების გამოხატულებაა აღნიშნული ძეგლი. კვლავ აღვნიშნავთ, რომ სახეზეა ეკლესიის წინააღმდეგ უკიდურესი დაპირისპირებულობა ტერტულიანესი. თუ ადრე გარკვეულ ფაქტებს ეფუძნებოდა მისი აღშფოთება, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მომეტებული აღშფოთება ტერტულიანესი გამოუწვევია ერთ-ერთი ეპისკოპოსის განჩინებას, რაც ასეთი სახისაა: “მე შევუნდობ მრუშობასა და სიძვას იმათ, [9]რომლებიც შეინანებენ”. რა თქმა უნდა, ესაა აბსოლუტურად მართლმადიდებლური სწავლება, პირუკუ ამაზეა დაფუძნებული მართლმადიდებლობა, სინანულის საიდუმლოზე, არა ერთგზის აღსრულებულ სინანულზე, როგორც ეს ტერტულიანესთვისაა, არამედ მარადჟამს, მოუკლებელად, ყოველწამიერად სინანულისმიერ განწყობაზე, ვიდრე ხორცში მყოფობის დროს. ამიტომ აქ არც იყო აუცილებელი ერთ-ერთი ეპისკოპოსის წინააღმდეგ კონკრეტული აღშფოთება ტერტულიანესი, იმიტომ, რომ ეს იმ ეპისკოპოსის სწავლება არ გახლავთ, არამედ ესაა ზოგადად მართლმადიდებლური სწავლება და შესაბამისად უპირისპირდება რა მოცემული განჩინების უშუალო ავტორს ტერტულიანე, რა თქმა უნდა, იგი უპირისპირდება მთელ მართლმადიდებლობას. თავისთავად ცხადია საყურადღებოა თუ ეს ეპისკოპოსი ვინ უნდა ყოფილიყო. თვითონ ტერტულიანე ამ ეპისკოპოსის სახელს არ გვაწვდის, არ უთითებს. იგი იყენებს ირონიულ ტერმინებს ამ ეპისკოპოსის მიმართ. [10]პირველ რიგში მას უწოდებს “პონტიფექს მაქსიმუს”, ანუ უზენაეს მწყემსმთავარს, უწოდებს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსს და აქედან გამომდინარე ბევრი მკვლევარი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ეს ეპისკოპოსი ყოფილიყო პაპი კალისტე. მაგრამ უკვე კარგა ხანია, XX საუკუნის 10-იანი წლებიდან, თანდათანობით მეტ მხარდაჭერას პოულობს თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ თხზულების ობიექტი ანუ ეს ეპისკოპოსი არის თავის დროის ცნობილი მოღვაწე აგრიპინუს კართაგენელი. მაგრამ ამას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მოძღვრებითად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, არამედ ეს მომენტი ტერტულიანესგან გამოყენებულია მხოლოს როგორც საბაბი, რომ ერთხელ კიდევ უკიდურესად მოუზომავი გამონათქვამებით შეურაცხყოს საეკლესიო სიწმინდე, საეკლესიო სიწმინდის აღმსრულებელნი, [11]მღვდელმოქმედნი, მწყემსმთავარნი და როგორც ჩანს კვლავაც საკუთარი სიცარიელე თვით საკუთარი თავის წინაშე როგორმე ამით მიჩქმალოს. თვითონ ამ განჩინებას, რაც ზემოთ მოვიტანეთ, რომ მრუში იქნება თუ მეძავი, თუ იგი შეინანებს შენდობილი იქნება, ტერტულიანე უწოდებს დამღუპველ ედიქტს (ბრძანებულებას). ტერტულიანეს, რომელიც უკვე მონტანიზმშიც კი უმკვეთრესია, უკიდურეს ფორმაშია, იმდენად გამკვეთრებულია, გაერეტიკოსებულია, გაუკიდურესებულია და ცხადია მის ასეთ უმკვეთრეს შეხედულებებს ეკლესიური ხედვა ვერ მიესადაგებოდა, ჩამოყალიბებული აქვს დოქტრინა მისატევებელ და მიუტევებელ ცოდვათა შესახებ. [12]მისი აზრი ასეთი გახლავთ, რომ ნათლობის შემდეგ ჩადენილი სამი ცოდვა: კერპთაყვანისმცემლობა, სიძვა და მკვლელობა, მიუტევებელია და ვერც ეკლესია და ვერც თვით მარტვილთა შუამდგომლობა ვერ გამოიხსნის ამ ცოდვის და ამ ცოდვათა ჩამდენს. ასე რომ ტერტულიანე აუქმებს სინანულის საიდუმლოს გამომსყიდველობით შინაარსს და მადლს. ზოგი ცოდვის შენდობის შესაძლებლობას აღიარებს, ზოგისას კი არ აღიარებს და ეს ზოგი, რომელთა შენდობასაც იგი არ აღიარებს, როგორც აღვნიშნეთ, გახლავთ სიძვა, მკვლელობა და კერპთაყვანისცემა. და აქვე მთლიანად მონტანისტური სულისკვეთებით ტერტულიანე აცხადებს, რომ “კლიტენი შეკვრისა და გახსნისა მინიჭებული აქვს არა საეკლესიო იერარქიას (მღვდელსა და ეპისკოპოსს), არამედ ე.წ. სულიერ იერარქიას” [13](იგივე მონტანისტურ იერარქიას). რაც შეეხება მაცხოვრის მიერ პეტრესადმი ზეციურ კლიტეთა მიცემას, ეს ტერტულიანესთვის არ გულისხმობს ეკლესიის აღჭურვას ამავე კლიტეთა ფლობის ღირსებით, რადგანაც მისი თქმით აღნიშნული კლიტენი პიროვნულად პეტრეს მიეცა, ანუ პეტრესადმი ამ კლიტეთა მიცემა მისთვის არ ნიშნავს ზოგადად პეტრესგან ხელთდასხმულთათვის იმავე კლიტეთა მიცემას და ხელთდასხმულთაგან იმავე კლიტეთა პყრობას, რომ თითქოს ეს მხოლოდ პიროვნულად პეტრესი იყო, შემდეგ კი, მისი მტკიცებულებით, ეს კლიტენი მხოლოდ მონტანისტებს, სულიერ კაცებს და, რა თქმა უნდა, უშუალოდ მასაც, აქვთ.


მანტის შესახებ

და ბოლოს ჩვენ აღვნიშნავთ მის ერთ-ერთ შრომას სახელწოდებით “მანტიის შესახებ”, რომელიც ყველაზე მოკლეა ტერტულიანეს თხზულებათა შორის და შედგება 6 თავისგან. მასში მოცემულია განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ [14]შეცვალა ტერტულიანემ თავისი ადრინდელი სამოსელი, კერძოდ ტოგა, მანტიით. იგი მიუთითებს, რომ ტოგა შემოტანილია რომაელთაგან კართაგენზე მათი გამარჯვების შემდეგ და იგი (ტოგა) მოასწავებს ნგრევასა და დაღუპვას. ხოლო რაც შეეხება მანტიას იგი გამოიყენება ყველა რანგის ადამიანის მიერ ყოველგვარ პირობებში. შემდეგ აქ მოცემულია ტერტულიანესგან მანტის განდიდება და ბოლოს პირდაპირი მიმართვა ამ მანტიისადმი, როგორც თითქოსდა რაღაც სულიერისადმი: “განიხარე მანტიავ, იზეიმე, უფრო უკეთესი ფილოსოფია მოგაგებს პატივს ამიერიდან, რადგან შენ ქრისტიანის სამოსელი ხდები”. ეს დამაბოლოებელი ფრაზა საკმაოდ შთამბეჭდავია და ის ნიუანსი მოძღვრებისა რაც ამ ტექსტში იგულისხმება, რომ ქრისტიანული სწავლება განაღმრთობს და ცხოველმყოფელობას ანიჭებს ყველაფერს რაც მისი ნაწილი ხდება, რაც [15]მისეული ხდება, ეს თვით გარეგნულ ფორმაშიც კი ცხადდება. ეს საკმაოდ ღირსეული სწავლებაა და ამ ჩამონათვალში ძეგლებისა, სადაც ტერტულიანეს ავადმყოფური სულიერი მდგომარეობა, ათასგვარი მოუზომავი, საეკლესიო და ქრისტიანი მოღვაწისათვის სრულიად შეუფერებელი გამონათქვამებით იყო აღსავსე, აი ამის ფონზე ეს ბოლო, მოკლე სწავლება, ეფექტურობას, შთამბეჭდაობას იძენს და შეგვიძლია, რომ მას ღირსეული ადგილი მივუჩინოთ. ეს, რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან აღნიშნული ძეგლი, მართალია ჩვენ ბოლოს წარმოვადგინეთ, მაგრამ გაცილებით ადრე გახლავთ დაწერილი, შესაძლოა საერთოდ პირველი ნაწარმოები იყოს ტერტულიანესი, იმიტომ, რომ მკვლევართა გარკვეული ნაწილის აზრით იგი დაწერილია 193 წელს. თუმცა არის მკვლევართა ჯგუფი, რომლებიც ამ ძეგლსაც ერესის ტყვეობაში მყოფი ტერტულიანეს კალმის ნაყოფად მიიჩნევენ და 209-211 [16]წლების ნაშრომად წარმოსახავენ მას.

როგორც არ უნდა იყოს ჩვენ მიმოვიხილეთ ტერტულიანეს ის შრომები რაც ჩვენამდე მოღწეულა. რა თქმა უნდა, ეს მიმოხილვანი, როგორც აღვნიშნეთ, იყო უაღრესად მოკლე და ამ მოკლესაც ამდენი შეხვედრა დასჭირდა, ასე განივრცო.




ტერტულიანეს ჩვენამდე არ მოღწეული და ფსევდო ტერტულიანესეული შრომები

ამასთან გვსურს, რომ შევეხოთ მხოლოდ დასახელებითად და სხვა არაფრით, დანარჩენ შრომებსაც ტერტულიანესას, რომლებიც ჩვენამდე არ მოღწეულა. სახელწოდებანი აღნიშნული ნაშრომებისა მიგვითითებს, რომ ისინი ასევე გარკვეულწილად ღირსეული და საყურადღებო სწავლებების შემცველი ძეგლები უნდა ყოფილიყვნენ. ეს თხზულებები გახლავთ მაგალითად “მორწმუნეთა იმედის შესახებ”, სახელწოდებიდან გამომდინარე ძალიან საყურადღებო, “სამოთხის შესახებ”, ასევე ძალიან საყურადღებო. იმიტომ, რომ სამოთხისა და სასუფევლის, სამოთხისა და ჯოჯოხეთის, სამოთხისა და ცხონებულობის რაობის საკითხი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იდგა ეკლესიის [17]მამათა მოღვაწეობისას XI საუკუნის ჩათვლით, როდესაც ნიკიტა სტითატმა თავისი ცნობილი შრომა დაწერა სამოთხის შესახებ. უფრო გვიანდელ ეპოქამდე, სვიმეონ თესალონიკელის მოღვაწეობამდე, როდესაც მან მრავალი უაღრესად საყურადღებო და ძვირფასი სწავლება სამოთხის შესახებ ჩვენ მოგვაწოდა. დღემდე შეუნელებელ ინტერესს იწვევს სამოთხის რაობა და ასეთ დროს ქრონოლოგიურად ალბათ ყველაზე ადრინდელი ნაშრომი, კონკრეტულად ამ საკითხისადმი მიძღვნილი ტერტულიანესი, რა თქმა უნდა, უაღრესად ყურადსაღები იქნებოდა. თუმცა როგორც აღვნიშნეთ ის დაკარგულია. ტერტულიანეს ეკუთვნის ასევე ნაშრომები “აპელიანელთა წინააღმდეგ სულის ცენზის შესახებ”, “ფატუმის ბედისწერის შესახებ”, “მეგობარი ფილოსოფოსისადმი” (ძნელია ითქვას რომელია ეს ფილოსოფოსი, ქრისტიანი თუ წარმართი), “აარონის შესამოსელთა შესახებ”, “ხორცისა და სულის შესახებ”. ესაა ის შრომები ტერტულიანესი რაც ჩვენამდე არ შემონახულა.

და მესამე კატეგორია ძეგლებისა, რომლებიც ტერტულიანეს სახელს უკავშირდება, ეს გახლავთ [18]ფსევდო ეპიგრაფიკა ანუ ძეგლები, რომლებიც ტერტულიანეს ავტორობითაა ცნობილი, მაგრამ ტერტულიანეს არ დაუწერია. ამათგან პირველ რიგში შეგვიძლია დავასახელოთ თხზულება “წარმართთა დაწყევლილი ღმერთების შესახებ”, რომლის ნამდვილი ავტორი უცნობია. აგრეთვე “ყველა ერესის წინააღმდეგ”, სადაც ჩვენ გვხვდება 32 ერესის ჩამონათვალი, რაც დართული აქვს ტერტულიანეს ზემოთ განხილულ შრომას “ერეტიკოსთა პრესკრიფციის შესახებ”. ზოგი მკვლევარი იმასაც ფიქრობს, რომ ესაა იპოლიტე რომაელის ცნობილი თხზულების “სინტაგმას შეჯამება”, ხოლო ზოგი მკვლევარის მიხედვით კი საქმე გვაქვს პაპ ზეფირინუსის მიერ ბერძნულად დაწერილ ანტიორიგენისტულ შრომასთან, რაც ლათინურად თარგმნა ვიქტორინუს პეტაველმა. თუმცა რადგან ის დაკარგულია, ძნელია გარკვევა თუ რა იგულისხმება მასში.

უნდა დავასახელოთ აგრეთვე “ლექსი მარკიონიტების წინააღმდეგ”, რომელიც გახლავთ ხუთწიგნედი პოემა, რომლის ავტორიც უცნობია. [19]როგორც მიუთითებენ ის დაწერილი უნდა იყოს 325 წლამდე. ასევე დაკარგულია ნაშრომი “ლექსი კლავდიუს ფელიქსისადმი მკვდართა აღდგომისა და ღვთის სამსჯავროს შესახებ”, რაც გაცილებით გვიანდელია და დაწერილია V-VI საუკუნეების მიჯნაზე. ნამდვილი ავტორი ასევე უცნობი გახლავთ.

აი ესაა ინფორმატიული კუთხით ძეგლების ის რაოდენობა, ის დასახელებანი რაც ტერტულიანეს სახელს უკავშირდება. ზემოთ წარმოდგენილი მასალა ჩვენის აზრით, რა თქმა უნდა, ცხადყოფს, რომ ტერტულიანეს შრომათა შორის უაღრესად მნიშვნელოვან თხზულებებს გვერდით უდგას აშკარად მწვალებლური სულისკვეთებით გაჟღენთილი ძეგლები. ჩვენ აღნიშნულ ნაწარმოებებს, რა თქმა უნდა, მაინც შევეხეთ, იმ მიზანდასახულობით, რომ გაგვევლო პარალელი ტერტულიანეს მწვალებლურ ფანატიზმსა და დღევანდელ საქართველოში გავრცელებულ მრვალ ტერტულიანისტურ აზრს შორის. განსაკუთრებით, როგორც ადრე აღვნიშნეთ, სულთა სპერმატული [20]ურთიერთშობადობების შესახებ, რაც ტერტულიანისტური ერესის ახალ აღორძინებად შეგვიძლია დავსახოთ საქართველოში. ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ ასეთი ცრუ სწავლებანი, ერეტიკული, დასნეულებული ფსიქიკის ნაყოფი, საღდება ჭეშმარიტ მართლმადიდებლობად და მრევლის გარკვეული ნაწილის ყურადღებასაც იპყრობს. ეს არ ეხება მხოლოდ ადამიანის სულის სპერმატული გადაცემადობის შესახებ ცრუ სწავლებას, არამედ ე.წ. სულიერთა ელიტის გამოყოფასაც, რაც ასევე შესამჩნევია, უკიდურეს შეურიგებლობასაც საერო კულტურასთან და სხვა.

დავძენთ იმასაც, რომ ტერტულიანეს სარწმუნოებრივი გაუკუღმართებანი მოიცავს აგრეთვე ყოვლადწმინდა სამების დოგმატში სუბორდინიზმის დაშვებას, თუმცა ამავე დროს მას აქვს სამების დოგმატის დიდად ღირებული ტერმინოლოგიური განსაზღვრა, რაც დღემდე საფუძველია ლათინურენოვანი ტრიადოლოგიური ფორმულირებისა, რომ სამი ერთი არსებისა, [21]ერთი მდგომარეობისა და ერთი ძალისა, ანუ ყოვლადწმინდა სამება ყოვლითურთ ერთია არსებითად და მხოლოდ პერსუნულად ანუ პიროვნულად არის სამი. იგივე ტერტულიანე უარყოფდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქალწულობას შობის შემდეგ, რაც მისი ასევე უმკვეთრესი გაუკუღმართებაა. თუმცა მეორე მხრივ მაცხოვრის განკაცება მის მიერ გამოთქმულია განსაცვიფრებლად ზედმიწევნითი ფორმულირებით, ორი ბუნება ერთ პიროვნებაში, მკვეთრად დიოფიზიტური ფორმულირებით. ანუ ჩვენ იმის ხაზგამსა გვინდა თუ როგორ თანაარსებობს ერესი და მართლმადიდებლური ხედვანი ტერტულიანესთან. იგივე საეკლესიო იერარქიის უარყოფა და ეკლესიად დასახვა მორწმუნეთა ანუ ე.წ. სულიერთა ნებისმიერი მცირე ჯგუფისა ერთი მხრივ, იგივე მონტანისტური ერესი (ოღონდ ტერტულიანეს ხაზგასმით ეს ჯგუფი ყოვლადწმინდა სამების ამღიარებელი უნდა იყოს, რადგან ტერტულიანეს თქმით ეკლესია ამ სამის, მამის, ძისა და სულის სხეულია), [22]რომ ეს ე.წ. სულის ეკლესია არის სწორედ ჭეშმარიტი ეკლესია, რომელსაც ყავს წინამძღვრად ე.წ. სულიერი ადამიანი და ამ ადამიანის შუამდგომლობით, მისი ერეტიკული ცნობიერებით, ხდება თურმე ცოდვათ მიტევება და არა იმ ეკლესიის მიერ, რომელიც ეპისკოპოსთა საკრებულოა. მაგრამ მეორე მხრივ სწორედ ტერტულიანეა ის პირი, რომელმაც პირველმა უწოდა ეკლესიას დედა, “უფალი, დედა, ეკლესია” (დომინა, მატერ, ეკლესია). ეს მას აქვს მარტვილთა მიმართ ნაშრომის პირველ თავში.

აი ასეთი მერყეობანი თვით იმ გვიანდელ და უკიდურესად გაუკუღმართებულ შრომებში, როგორც აღვნიშნეთ, სახეზეა, ცალკეული მნიშვნელოვანი გამონათქვამები, მნიშვნელოვანი სწავლებანი და ყველაფერი ეს ჩვენ გვავალდებულებს რომ მისხალ მისხალ აიწონოს ტერტულიანეს ყველა ნაშრომი, მისი სწავლებანი, გამოიყოს რაც ღირსეულია, ხოლო რაც მცდარია და რაც ცდომილია, გრიგოლ დიდის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ყოველივე ეს მათ ავტორთან ერთად უნდა განვაგდოთ”.

 

216–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=91Jcnvyi05k

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button