243

არქელაოსის დაპირისპირება მანთან (მანიქეველობის დამაარსებელთან)

ჩვენს ბოლო ორ შეხვედრაზე, როგორც წინა საუბრებში არაერთგზის აღვნიშნეთ, კრებსითად შევეხეთ III საუკუნის შუა წლებისა და II ნახევრის, ნაწილობრივ IV საუკუნის დამდეგის ღირსეულ მოღვაწეებსა და საეკლესიო ავტორებს და ამ კუთხით რამდენიმე მოღვაწის შესახებ ამჟამინდელ შეხვედრაზეც გვექნება საუბარი.

ჩვენს განხილვას დავიწყებთ III საუკუნის შუა წლებისა და II ნახევრის, თავის დროზე სახელგანთქმული და შემდგომ სამწუხაროდ საკმაოდ მიჩქმალული მოძღვრის, არქელაოსის, კასქარის ეპისკოპოსის შესახებ საუბრით, რომელსაც ჩვეულებრივ ნეტარს უწოდებენ და რომლის ღვაწლის ერთი ასპექტი განსაკუთრებით, კერძოდ მანიქეიზმის წინააღმდეგ მისი შეუუპოვარი, ქედუხრელი დაპირისპირება და პირველი საფუძვლიანი მხილება მანის [1]ერეტიკული მოძღვრებისა, აი ეს ფაქტი არქელაოსთან დაკავშირებული, დღეისათვისაც ხაზგასასმელია, აღსანიშნია და თავისი მნიშვნელობა მას, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული აქვს. თვით ის ადგილი სადაც მოღვაწეობდა ნეტარი არქელაოსი, კასქარი გახლავთ მესოპოტამიაში და სწორედ ამ რეგიონში ცხოვრობდა არქელაოსი, რომელსაც საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული, როგორც ამას უადრესი წყაროები გვაუწყებს და მონაცემებითაც, ღვთივმიმადლებული ნიჭითაც გამორჩეული იყო მრვალთაგან. მაგალითად ეპიფანე კვიპრელი თავისი ანტიერეტიკული ნაშრომის მესამოცე პარაგრაფში ხსენებული ღირსეული მოღვაწის შესახებ ამბობს, რომ მას ჰქონდა არა მხოლოდ მეცნიერება თავის თავში, არამედ სარწმუნოებრივი მოშურნეობაც. რაც შეეხება ფოტი პატრიარქს IX საუკუნეში, იგი თავის ცნობილ ნაშრომში [2]მანიქეველთა წინააღმდეგ, კერძოდ პირველ წიგნში ამ ნაშრომისა, იხსენებს არქელაოსს და მის შესახებ გვაუწყებს, რომ იგი იყო უაღრესად მზადყოფნაში საღვთო მრვალგვარი ცოდნის მოპოვების მხრივ, ე.ი. საღვთო ცოდნა, მრავალგვარი ცოდნა (როგორც ფოტი ამბობს) ამ პიროვნების ღირსეული ნიშანდება და მახასიათებელი იყო. იგივე ავტორი იმავე მოღვაწეს უწოდებს სამღვდელო კაცს, საღვთო და ადამიანურ სწავლებებში სახელგანთქმულს, მახვილს, მხურვალეს და კეთილმსახურებითი მოშურნეობის მქონეს. აი ეს ეპითეტები, რაც ამ შემთხვევაში კრებსითად [3]წარმოვადგინეთ, კონკრეტულად არქელაოსთან დაკავშირებით, მოცემული გახლავთ ამ ორი ღირსეული მოღვაწისგან, ეპიფანე კვიპრელისგან და ფოტი პატრიარქისგან. ამავე პიროვნებას ახსენებს წმ. კირილე იერუსალიმელიც, IV საუკუნის შუა წლებისა და II ნახევრის ეს უდიდესი მოღვაწე, თავის მეექვსე კატეხიზმოში, უწოდებს რა მას კეთილმწყემსს, რა თქმა უნდა, მაცხოვრის ანალოგიით, “ცხვართა კეთილ მწყემს”, ასე უწოდებს მას წმ. კირილე იერუსალიმელი.

დღეისათვის მიიჩნევა დამტკიცებულად, რომ სწორედ არქელაოსი უნდა ყოფილიყო ქრონოლოგიურად პირველი, რომელმაც ამხილა მანიქეიზმის უღვთოება ზეპირი სიტყვითაც და წერილობითი გზითაც. ამასთან დაკავშირებით ცნობილია ასეთი ისტორიული ფაქტები, სხვადასხვა ავტორისგან ნაუწყები და გადმოცემული, რომ II საუკუნის მიწურულში ერთ-ერთმა [4]პიროვნებამ სახელწოდებით სკვითიანემ, რომელიც ნათესაობით იყო სკვითი, ოთხ წიგნში გადმოსცა და ჩამოაყალიბა თავისი, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ-რელიგიოზური სისტემა, მისგანვე სხვადასხვა წყაროების საფუძველზე მოფიქრებული. მაგრამ ჩამოაყალიბა რა ეს ყოველივე თვით მან თავის სიცოცხლეში, მიუხედავად სურვილისა, ვერ მოასწრო მომხრეები და მიმდევრები გაეჩინა ამ თავისი ახალი ფილოსოფიურ-რელიგიური სწავლებისათვის. მაგრამ როგორც უძველესი წყაროები გვაუწყებენ ჩვენ, მისი წიგნები არ დაკარგულა უკვალოდ და ისინი მისაწვდომობაში აღმოჩენილა, ანუ ისინი მოუპოვებია პიროვნებას სახელით კურბიკოს, რომელიც საფუძვლიანი განათლების მქონე, ერუდირებული პირი [5]იყო, რომელსაც შეუთვისებია, გადაუმუშავებია სკვითიანეს აზრები და შემდგომ კი დაჟინებით დაუწყია ამ ახალი ასე ვთქვათ სიბრძნის გავრცელება სპარსეთში. სწორედ ეს პიროვნებაა ცნობილი მანი, მანეტი, მანესი, როგორც მრავალგვარად უწოდებენ მას. ძველ ქართულად მას ხშირად ეწოდებოდა მანენტოი, მანენტოსი და ამ პიროვნებასვე უკავშირდება, თავისთავად ცხადია, თვით ერესის სახელწოდებიდან გამომდიანრე მანიქეიზმის არსობრივად დაფუძნება. თუმცა იგივე ძველი საეკლესიო წყაროები მკვეთრად მიუთითებენ, რომ ასე ვთქვათ ცხოვრებისეული საექიმო და სამკურნალო წარუმატებლობის ერთ-ერთი ფაქტის საფუძველზე და ეს წარუმატებლობა გულისხმობდა იმას, რომ მან ვერ განკურნა წარმატებით ახალგაზრდა [6]ჭაბუკი, არადა იჩემებდა ამ ღვთივმომადლებულ სამკურნალო ხელოვნებას, იგი როგორც მატყუარა ციხეში ჩასვეს, დააპატიმრეს, თუმცა გაიქცა აქედან და მიაშურა მესოპოტამიას, სადაც შეუდგა თავისი უღვთო მოძღვრების ქადაგებას. ამაზე ჩვენ გვაუწყებს ეპიფანე კვიპრელიც თავის ერესების წინააღმდეგ ნაშრომში, რომელიც ვახსენეთ, აგრეთვე სოკრატე სქოლასტიკოსი საეკლესიო ისტორიაში და ცნობილი ძეგლი “მანთან პაექრობის აქტები”, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით შევეხებით.

შემდგომ იგივე წყაროები გვაუწყებენ, რომ მან დაწერა წერილი, სადაც გადმოსცა თავისი აზრები, რომელიც გაუგზავნა იმ დროისთვის მესოპოტამიაში ავტორიტეტულ პიროვნებას სახელით მარკელოზს, ფიქრობდა და განიზრახავდა რა, რომ სწორედ მარკელოზის, ამ ავტორიტული და სახელის მქონე პიროვნების, მეშვეობით [7]მოიპოვებდა და მიიქცევდა ყურადღებას და თავის მოძღვრებას უფრო გავრცელებულს გახდიდა. სწორედ მაშინ მარკელოზისადმი მიმართული წერილის საფუძველზე გაიგო ნეტარმა არქელაოსმა, კასქარის ეპისკოპოსმა (რომელზეც განხილვა გვაქვს), მანის უღვთო მოძღვრების შესახებ და მან სთხოვა მარკელოზს, რომ ეს პიროვნება თავისთან მოეწვია. ამ დროს კონკრეტულად ის პიროვნება, რომელმაც მანის წერილი გადასცა მარკელოზს, ეს იყო ვინმე ტირპონი, რომელიც მეტად მეგობრულად იქნა მიღებული მარკელოზისგან და არქელაოსისგან, კეთილად განეწყო ამ პირებისადმი და მათ მოუთხრო ყოველივე ის რაც მას სმენოდა მანის ცხოვრების შესახებ და აგრეთვე მისი მოძღვრების შესახებაც. ხოლო როდესაც მარკელოზის [8]მოწვევით კასქარში გამოჩნდა მანი, დაინიშნა საჯარო დიალოგი არქელაოსსა და ამ ახალ ერესიარქს შორის, ხოლო მსაჯულებად და ამ კამათის შუამავლებად არჩეულ იქნენ განათლებული წარმართები. ეს ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტია, როცა გარკვეული პაექრობის შესახებ დასკვნას წარმართები აკეთებენ, როგორც ჩანს ეს პირები, თხრობიდან ეს აშკარად ჩანს, ზნეობით გამორჩეულნი იყვნენ. მართალია მათ ჯერ კიდევ არ ქონდათ ის სულიერი სიმაღლე, რომ ქრისტიანული სარწმუნოება მიეღოთ, მაგრამ ზნეობით გამოირჩეოდნენ, მიუკერძოებელნი იყვნენ და შესაბამისად არქელაოსიც დათანხმდა მათ მსაჯულობას. მოხდა ისე, რომ ეს კამათი, ეს პაექრობა თუ დიალოგი უაღრესად წარუმატებლად დამთავრდა მანისთვის და იგი შერცხვენილი განერიდა აღნიშნულ რეგიონს. მან გამონახა სხვა ადგილი, [9]სახელით დიოდორიდოსი, სადაც ხელახლა დაიწყო თავისი ცრუ მოძღვრების განთესვა და მოახერხა ისიც, რომ თავის მხარეზე გადაიყვანა მღვდელი დიოდორე. თავისთავად ეს დიოდორე იყო ღირსეული პიროვნება, სათნო ადამიანი, მაგრამ არ იყო ჩახედული და განსწავლული პაექრობისა და ერეტიკული სამოძღვრო ცრუ არგუმენტირების მზაკვრობებში, ამიტომ მანმა ადვილად მოახერხა ამ პიროვნების ასე ვთქვათ მონადირება და შემდგომ თვითონვე დანიშნა კვლავ ახალი საჯარო პაექრობა, მაგრამ მანი განიზრახავდა, რა თქმა უნდა, პაექრობას დიოდორესთან. არქელაოსმა ამის შესახებაც გაიგო, ამიტომ მან შეატყობინა დიოდორე მღვდელს თუ ვინ იყო მანი და სთხოვა ისიც, რომ არ დაემთავრებინა ეს დიალოგი თუ [10]პაექრობა მის ჩასვლამდე. ამიტომ ამ ადგილის – დიოდორისის შუაში მოედანზე, სადაც მანმა დილიდანვე დაიწყო თავისი დიალოგი დიოდორესთან, მისთვის მოულოდნელად გამოჩნდა არქელაოსიც, მაგრამ მანმა ასე მიმართა არქელაოსს, რომ “ნება დამრთე ვიპაექრო დიოდორესთან, რადგანაც შენ როგორც ეპისკოპოსი ჩემზე აღმატებული ხარ”. ვითომცდა გარკვეული თავმდაბლობა გამოავლინა მანმა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ შიში იმისა, რომ არქელაოსის წინაშე მისი ცრუ არგუმენტები ბოლომდე იქნებოდა მხილებული. რა თქმა უნდა, არქელაოსი არ დაეთანხმა და არ აჰყვა ამგვარ მოპირფერებას და ჩაერთო მანთან პაექრობაში. მან სრული გამარჯვება მოიპოვა მანზე, იმ ზომამდე, რომ ხალხმა, რომელიც დამსწრე იყო და თვალს ადევნებდა ამ პაექრობას, [11]გადაწყვიტა, რომ ფიზიკურად გასწორებოდა მანს, გვემაში ჩაეგდოთ იგი. მაგრამ მანმა გაქცევით თავი გაარიდა ხალხს და იგი არაბიონის ციხესიმაგრეში აღმოჩნდა თავშეფარებული, ეს მოხდა 277 წელს (ეს თარიღი საკმაოდ ზედმიწევნით გახლავთ დადგენილი). ნეტარი იერონიმე კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით გვაუწყებს: “არქელაოსმა, მესოპოტამიის ეპისკოპოსმა, დაწერა სირიულ ენაზე წიგნი მანთან თავისი პაექრობის შესახებ. ეს მანი იყო სპარსეთიდან გამოსული და მისი წიგნი, ბერძნულ ენაზე გადათარგმნილი, ბევრს აქვს”. აქ უკვე აშკარაა, რომ მანმა თავისი მოძღვრების გავრცელება ბერძნულ ენაზე სცადა, ხოლო თვით არქელაოსს პაექრობა მანთან უწარმოებია ან ამ პაექრობის აღწერილობა მოუცია სირიულ ენაზე. [12]ეპიფანე კვიპრელიც IV საუკუნის მიწურულში ასევე ადასტურებს, რომ საღვთო მოშურნეობის მქონე მოძღვარმა, ყველა ადამიანის განსწავლისა და აღშენებისათვის წერილობით გადმოსცა მანთან მთელი თავისი პაექრობა (ეს პაექრობა თავისთავად ცხადია ზეპირად იყო).

ეს ვიცით ჩვენ ყველაზე დიდი მოვლენა არქელაოსის ცხოვრებაში და როგორც ჩანს ამ მოვლენის შემდეგ იგი მალე აღსრულებულა. საზოგადოდ მიიჩნევა, რომ დაახლოებით 280 წელს, ყოველშემთხვევაში არაუადრეს 280 წლისა, იგი უნდა გარდაცვლილიყო.

რაც შეეხება ძეგლს, რომელსაც სახელად აქვს “პაექრობა კასქარის ეპისკოპოს არქელაოსისა ერესიარქ მანთან”. მისი მნიშვნელობა და ნამდვილობა დღეისათვის აბსოლუტურად უეჭველია და კარგა ხანია უეჭველი გახლავთ ეს, რადგანაც ამ ძეგლის ნამდვილობას, რომ ნამდვილად არქელაოსისა და მანის [13]პაექრობას ასახავს ეს ძეგლი და რომ ეს არქელაოსისგანვეა დაწერილი, ამ ფაქტის ნამდვილობას ადასტურებს წმ. კირილე იერუსალიმელი თავის, ზემოთხსენებულ, მეექვსე კატეხიზმოში, აგრეთვე იერონიმე, ეპიფანე კვიპრელი, სოკრატე თავის საეკლესიო ისტორიის პირველ წიგნში, აგრეთვე ფოტი პატრიარქი თავის მანიქეიზმის ისტორიაში და სხვები, რომლებიც ამ წყაროებს ეფუძნებიან. თვით ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნამდვილობას ამ შრომისას კი არ ცხადყოფს, არამედ ცხადყოფს უეჭველად იმასაც თუ რაოდენი მნიშვნელობა შეუძენია არქელაოსის ნაშრომს საეკლესიო ისტორიაში. რაც შეეხება ორიოდე სიტყვით თვით შინაარსს ამ პაექრობისას, რაც ხსენებულ ძეგლშია ასახული, იწყება ეს ძეგლი მანის ამპარტავნული განცხადებით თავისი თავის შესახებ, რომ იგი თითქოს არის მაცხოვრისგან აღთქმული ნუგეშინისმცემელი ანუ პარაკლეტი. დაახლოებით [14]იგივე პრეტენზიაა მისგან გამოთქმული, რაც ადრე ჩვენს მიერ განხილული ერესიარქის, მონტანის, მიერ, რომელიც ასევე პარაკლეტად ანუ სულიწმინდად, ნუგეშინისმცემლად მიიჩნევდა თავის თავს. აგრეთვე მანიც თავის თავს თვლიდა მაცხოვრისგან აღთქმულ ნუგეშისმცემლად, ხოლო თავისი მოღვაწეობის დანიშნულებად თითქოსდა ქრისტიანობის განწმენდას იუდეველური სწავლებითი ცდომილებებისგან, რაც ვითომც შერეული იყო ქრისტიანულ მოძღვრებაში, და ამ მოძღვრების ასე ვთქვათ უმაღლეს სრულყოფილებამდე აყვანას. ამის შემდეგ ხსენებულ ძეგლში მანი დიალექტური მსჯელობის და ზედმიწევნითობის მეთოდით გადმოსცემს თავის მოძღვრებას, რაც საზოგადოდ ცნობილია როგორც მანიქეური დებულება ორი საწყისის, ორი [15]დასაბამის, კეთილისა და ბოროტის შესახებ. ესაა ის ძირითადი დებულება რითაც მანიქეიზმი, როგორც ქრისტიანობასთან მკვეთრად დაპირისპირებული მოძღვრება, გამოკვეთილად სახეზეა. ნეტარი არქელაოსი, რომელიც ეპაექრება ასევე არგუმენტირების წესით მანს, აშკარად წარმოაჩენს მანის მოძღვრების არამდგრადობას ორი საწყისის შესახებ და უეჭველ დასაბუთებას გვაწვდის იმისას, რომ თუნდაც ლოგიკური აზროვნებით ყოვლიერების საწყისი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, რომ ამგვარი დებულება ორსაწყისიანობის შესახებ საღ გონებასაც ეწინააღმდეგება და, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას, საღვთო წერილს, ბიბლიას. ამის შემდეგ არქელაოსი ყოველ პიროვნებას სთავაზობს, რომ თვითონვე განსაჯოს თუ მოიპოვება რაიმე, [16]ჯერ პიროვნებაში, მანში და შემდეგ მის მოძღვრებაში, ისეთი რაც შეიძლებოდა ჩვენთვის საფუძველი გამხდარიყო იმისა, რომ ღმერთმა დაიფაროს და მანი მართლაც ნუგეშისმცემლად, პარაკლეტად, სულიწმინდად ჩაგვეთვალა, მანი, რომელიც აშკარად დაავადებული ფსიქიკის, დარღვეული სულიერების პიროვნებადაა სრულიად თვალსაჩინოდ არქელაოსისგან გამოაშკარავებული. ამავე ძეგლში ცხადად ჩანს ისიც, რომ მანი უარყოფს მაცხოვრის განკაცებას, ხორცშესხმას. არქელაოსი ამ დებულების საპირისპიროდ ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ ამგვარი დებულებით მანი არღვევს და სპობს ყველაზე უფრო წმინდას, ყველაზე უფრო ძვირფასს რაც კი ქრისტიანულ მოძღვრებაშია და მართლაც ჩვენ არაერთგზის განგვიხილავს ეს მხარე ქრისტიანული მოძღვრებისა, ეს დოგმატი, რომელიც არაერთგზის განხილულა ეკლესიის მამათაგან და უეჭვოდ თვალსაჩინოა, რომ თუ ღვთის განკაცება არ [17]მომხდარა, მაშინ არც კაცობრიობა გამოხსნილა და შესაბამისად ჩვენ კვლავ წარწყმედაში და აბსოლუტურ უიმედობაში ვყოფილვართ შთენილნი. არქელაოსი ასე მიმართავს მანს: “თუკი როგორც შენ ამბობ არ შობილა იგი, მაშინ არც ვნება არ მიუღია მას, რადგან შეუძლებელია ივნოს იმან ვინც არ შობილა, ხოლო თუ არ უვნია, თუ არ მიუღია ვნება, მაშ ფუჭი ყოფილა ჯვრის სახელიც, ხოლო თუ არ მიუღია მას ჯვარი, მაშ არ აღმდგარა იესო მკვდრეთით და თუ არ აღმდგარა იგი მკვდრეთით, მაშ ვერც სხვა ვერავინ ვერ აღდგება და თუ ვერავინ ვერ აღდგება არც მსჯავრი, განსჯა და განკითხვა იქნება, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუ მე არ აღვდგები ცხადია არც განსჯილი არ ვიქნები და თუ არ იქნება განსჯა და მსჯავრი, მაშ ფუჭი ყოფილა მაცხოვრის მცნებათა დაცვა, [18]თავშეკავება, სათნოებათა ძიება”. აი ასეთი ლოგიკური მწყობრი მსჯელობით ააშკარავებს მანის მოძღვრების სრულ უსაფუძვლობას არქელაოსი. შემდგომ იგივე მოძღვარი მანის მიმართ კვლავ აყალიბებს თავის არგუმენტირებულ მსჯელობას და ასე განაგრძობს: “თუ შენ (მანს მიმართავს) მიიღებ და აღიარებ მარიამისგან მის შობას, ცხადია აუცილებლად აღიარებ მის ვნებასაც, აღდგომასაც, სამომავლო განკითხვასაც და იმასაც, რომ მყარი ყოფილა ჩვენთვის წმ. წერილის მცნებანი. ასე რომ არ არის ეს საკითხი უმნიშვნელო და ძალიან ბევრი რამ იგულისხმება თუნდაც ერთ სიტყვაში, ისევე როგორც მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი შედგებიან ორი მცნებისგან, [19]ასევე მთელი ჩვენი მინდობა, სასოება დამოკიდებულია ნეტარი მარიამისგან აღსრულებულ შობაზე ღვთის ძისა”. ესაა 49-ე პარაგრაფში, ხსენებული ძეგლისა, წარმოდგენილი და თუნდაც ეს მცირედი მონაკვეთი ამ ძეგლიდან ვფიქრობთ არქელაოსის, როგორც ჭეშმარიტად ღვთის სათნო მოძღვრის ღირსებებს თვალსაჩინოდ ააშკარავებს.

ეხლა ვნახოთ თუ როგორ განსჯის განმანათლებელი მოძღვარი თავისუფალი ნების შესახებ, იგი ამბობს: “ყველაფერი რაც შექმნა ღმერთმა შექმნა ძალიან კარგად (აქ, რა თქმა უნდა, მინიშნებაა შესაქმის წიგნზე, რომ “ღმერთმა იხილა რაოდენიც ქმნა და იხილა რომ იყო კეთილ ფრიად”, ანუ [20]მან შექმნა ყოველივე ძალიან კარგად). შეცოდება ჩვენი საქმეა, არ შეცოდება კი უფლისმიერი მადლი და წყალობა, ჩვენს ნებაზეა შევცოდავთ თუ არ შევცოდავთ. უეჭველია, რომ რომლებსაც სურთ აღასრულებენ კიდეც მცნებებს, ხოლო რომლებსაც არ სურთ და მიიდრიკებიან გარყვნილებისკენ, მიიღებენ კიდეც განკითხვის ჟამს სასჯელს. ასევე ანგელოზთაგან ზოგიერთებმაც, არ დაემორჩილნენ რა უფლისმიერ ნებას და შეეწინააღმდეგენ რა მის განზრახვას, მარადიული ცეცხლი დაიმკვიდრეს”. სხვათაშორის აქ უკვე გამოხატულია ეკლესიური დოგმატი ჯოჯოხეთის მარადიულობის შესახებ, რაც როგორც ჩვენ ადრე აღნიშნული გვაქვს უარყოფილი იყო ორიგენესგან და რაც ორიგენიზმის ერთ-ერთი დებულება გახლდათ. მანთან პაექრობის დასასრულს, აჩვენა რა არქელაოსმა, [21]რომ ქრისტიანობისთვის ყველაზე უფრო მყარ საფუძველს ქმნის ამ მოძღვრების საღვთო წარმომავლობა, ამავე არქელაოსმა, ჭეშმარიტად ნეტარმა და ღვთაებრივმა მოძღვარმა, იერარქიის შესახებ, ე.ი. სამღვდელო დასის შესახებ ასეთი მოძღვრება გადმოგვცა: “ჩვენ ვიწოდებით ქრისტიანებად მაცხოვრის ნებით, როგორც იცის ამის შესახებ მთელმა ქვეყნიერებამ და როგორც ამას გვასწავლიან მოციქულები. ღირსეული მოძღვარი პავლე საფუძვლის დამდებია ეკლესიისთვის, მან მოგვცა კანონი, დაადგინა მასში მსახურნი, მღვდელნი, ეპისკოპოსები და თითოეულ ადგილს განუჩინა მისდა შესაბამისად ღვთისადმი მსახურნი და განუჩინა ისიც თუ როგორნი უნდა იყვნენ მღვდელნი, როგორნი უნდა იყვნენ ისინი, რომლებსაც [22]სურთ ეპისკოპოსობა. ყოველივე ეს მართებულად და კეთილად თანაშეწყობილი, შენარჩუნებულია ჩვენში დღემდე და ყოველივე ეს კვლავაც უცვლელად ჰგიეს”. სამოციქულო დაფუძნებულობა საეკლესიო იერარქიისა აქ მკვეთრად არის გამოხატული, გამოხატულია ისიც, რომ საეკლესიო საფუძველდამდები წყობა მარადიულია, მარად უცვლელად ჰგიეს და ამაში თავად ღვთაებრივი მოძღვრება ავლენს თავის თავს.

ამით შეიძლებოდა ჩვენ დაგვესრულებინა საუბარი არქელაოსის აღნიშნული ნაშრომის შესახებ და კვლავ დავძენთ, რომ თუნდაც ამ უაღრესად მცირე საუბრიდან აშკარად ჩანს ამ პიროვნების ღირსეულობა, ღმერთშემოსილობა და ჭეშმარიტად იგი არაა ღირსი იმისა, რომ მიჩქმალული და დავიწყებული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საუკუნე გავიდა მისი მოღვაწეობის შემდეგ.

 

243–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=rMcpv7jvAbk

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

 

AddThis Social Bookmark Button