244

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ III საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის მოღვაწეებს ვეხებით. წინა საუბარში შედარებით უფრო გავრცობილად, თუმცა წინასწარ გაცილებით მოკლედ ვვარაუდობდით, შევეხეთ ნეტარ არქელაოსს, დღეისათვის კი საუბარი გვექნება წმ. თეონა ალექსანდრიელის შესახებ.

ეს პიროვნება ასევე ერთ-ერთი უაღრესად ღირსეული მოღვაწე გახლავთ ადრეული ეპოქისა, იგი როგორც დღეისათვის გარკვეულია, დაახლოებით 282 წლიდან, ე.ი. მას შემდეგ რაც მაქსიმე ალექსანდრიელმა დაასრულა თავისი საეპისკოპოსო მოღვაწეობა დიონისე ალექსანდრიელის შემდეგ, იწყებს მოღვაწეობას ალექსანდრიის ეკლესიაში. ჩვენ დიონისე ალექსანდრიელზე გვქონდა განხილვა და აღვნიშნავდით, რომ წმ. დიონისე ალექსანდრიელი, იგივე წმ. დიონისე დიდი ეპისკოპოსობდა ალექსანდრიაში 248-265 წლებში. მისი მომდევნოა მაქსიმე, ხოლო 282 წლიდან აღნიშნულ მღვდელმთავრებს ცვლის და ალექსანდრიის ეკლესიას [1]უწინამძღვრებს წმ. თეონა. იგი ეპისკოპოსობასთან ერთად, რა თქმა უნდა, როგორც ეს ვალდებულება იყო, ზედამხედველობდა და მფარველობდა ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლას, სადაც მის დროს, მისი ეპისკოპოსობის დროს წინამძღვრებად იყვნენ მღვდლები აქილა და პიერიოსი (პიერიოსზე ასევე გვქონდა საუბარი). თეონას ეპისკოპოსობა გაგრძელდა თვრამეტ წელს და იგი მშვიდობით აღესრულა დაახლოებით 300 წელს, როგორც ეს ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიის ცნობათა საფუძველზე.

დღემდე შემორჩენილი გახლავთ ძვირფასი გზავნილება, ძვირფასი ეპისტოლე ეპისკოპოს თეონასი, საიმპერატორო კარისადმი. მიიჩნევა, რომ ეს წერილი თავისი შინაარსის საფუძველზე უნდა განეკუთვნებოდეს დიოკლეტიანეს მმართველობის პირველ წლებს, როდესაც საიმპერიო კარი სავსე იყო ქრისტიანებით (ამაზე ჩვენ ევსები კესარიელისგან პირდაპირი მითითება გვაქვს, ისევე როგორც [2]ამას გვაუწყებს ჩვენ ლაქტანციუსიც) და სწორედ ამ საიმპერიო კარისადმია გაგზავნილი მიმართვა ანუ ეპისტოლე წმ. თეონასი. ხსენებული ძეგლი ავლენს ძალიან ღრმად ღვთისმოშიშებით რწმენას და აგრეთვე საღვთო უბრალოებას. მთელი ეს მიმართვა არის დამოძღვრა, დარიგება, რომ ყველა ქრისტიანი ცხოვრობდეს ამ სახელის შესაფერისად, ღირსეული იყოს იმ სახელისა რასაც იგი ატარებს, “მადლობა ყოვლისშემძლე ღმერთსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, - წერს წმ. თეონა, მან განუცხადა ყველას თავისი სარწმუნეობა, ერთადერთი საშუალება ჩვენი ცხონებისა და არ დაცხრება ამ სარწმუნეობის გავრცელებისგან თუნდაც მოწამეთა დევნულებების ჟამს, პირიქით დევნულობათა ქარიშხალში ეს სარწმუნოება [3]გაბრწყინდა როგორც ოქრო ცეცხლით განწმენდილი. ამ ჟამს ჭეშმარიტება უფრო და უფრო ბრწყინვალედ წარმოჩნდა და წარმოჩნდა იმ მხრივაც, რომ მშვიდობის ჟამსაც, რაც კეთილი იმპერატორისგან უნდა გვენიჭებოდეს, ქრისტიანთა საქმენი კვლავაც ბრწყინვალე უნდა იყოს ურწმუნოთა წინაშე და ამით უნდა იდიდებოდეს ჩვენი ზეციური ღმერთი მამა”. შეგნებულად ვამბობთ ღმერთი მამა და არა მამა ღმერთი იმიტომ, რომ ვფიქრობთ აქ ყოვლადწმინდა სამება იგულისხმება და არა მხოლოდ კონკრეტულად ჰიპოსტასურად მხოლოდ მამა ღმერთი. ყოვლადწმინდა სამება, რა თქმა უნდა, ზოგადი აზრით მამობრივია მთელი ქმნილებისადმი, განსაკუთრებით გონიერი ქმნილებებისადმი, თავისუფალი ნების მქონეთადმი. “ამის თაობაზე, - განაგრძობს თეონა, თუკი გვსურს ვიყოთ ქრისტიანები [4]არა მხოლოდ სახელით, არამედ საქმეებითაც, უნდა ვიღვაწოთ კიდეც. თუკი ვეძებთ ჩვენს დიდებას ამქვეყნიურს, ვეძებთ ფუჭ საგნებს, ცვალებად ნივთებს, რაც ჩვენ სიკვდილს მიგვაახლებს, ვერ მივაღწევთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მამისა და ძის სიტყვები (ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჰიპოსტასურად მამა და ძე იგულისხმება), მოძღვრებანი ანდა სწავლებანი მამისა და ძისა, ძისა, რომელიც ჩვენი ცხონების გამო ჯვარს ეცვა, აი ეს სიტყვანი, ეს სწავლებანი გვიხსნის და გვაცხოვნებს ჩვენ საუკუნო ცხოვრებისათვის, რაც არის სასურველი მიზანი ქრისტიანებისა”. ამგვარი ზოგადი დამოძღვრითი შესავალის შემდეგ თეონა კონკრეტულად მიმართავს ლუკიანეს, რომელიც როგორც ჩანს ქრისტიანია და მისდამი ამგვარ [5]შეგონებას წარმოთქვამს: “საყვარელო ჩემო ლუკიანე არც მინდა და არც ვფიქრობ, რომ შენ იქებოდე იმით, რომ სწორედ შენგან საიმპერიო კარზე ბევრმა შეიცნო ჭეშმარიტება. მართებული იქნებოდა უფალი ქებულიყო, ჩვენი უფალი, მისდამი ყოფილიყო მადლობა, რადგან სწორედ მან მოგანიჭა შენ მადლი იმისა, რომ გამხდარიყავი კეთილი ჭურჭელი სათნო საქმისათვის, მანვე აღგამაღლა შენ იმპერატორის წინაშე, რომ უფლის სადიდებლად და მრავალი ადამიანის საცხოვნებლად და გადასარჩენად გაგევრცელებინა ქრისტიანული მოძღვრების სახელი. ამიტომაც არ შეიძლება რომ ვერცხლზე გაცვალოს ვინმემ და შენც უფლის სათნოყოფილობა, ანკი რაიმე უღირსი გააკეთო უფლის წინაშე, [6]თქვენს მოქმედებებში უნდა იყოთ უდრტვინველნი, სამართლიანნი, ღირსეულნი, რომ ყოველივეში თქვენს საქმეთაგან იდიდებოდეს სახელი ღვთისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. თქვენი მოვალეობანი, რა მოვალეობებზეც თქვენ დადგენილნი ხართ, შეასრულეთ ზედმიწევნით, უფლისადმი შიშით და იმპერატორისადმი სიყვარულით”. სხვათაშორის შეგახსენებთ, რომ ესაა დეოკლეტიანე იმპერატორის მეფობის დასაწყისში დაწერილი ეპისტოლე. პირველ წლებში მართლაც ვიდრე დეოკლეტიანე თავის საშინელ დაპირისპირებას ქრისტიან მოღვაწეებთან დაიწყებდა. როგორც ჩანს გაცილებით უფრო დამთმობი იყო და სწორედ ამის საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა, რომ ეს მიმართვაც, ეს ეპისტოლეც თეონასი ასევე დეოკლეტიანეს იმპერატორობის პირველ წლებში უნდა იყოს დაწერილი. “უნდა იცოდეთ და მიიჩნიოთ, - მიმართავს თეონა ადრესატს, [7]რომ იმპერატორის (ხელისუფლის – ასე შეიძლებოდა გვეთარგმნა) ბრძანება რაც არ შეურაცხყოფს ღმერთს მომდინარეობს ღვთისგან და უნდა შეასრულოთ კიდეც სიყვარულით, ღირსეულად და სათნოებით”. ამის შემდეგ თეონა კონკრეტულ შეგონებათა გადმოცემას იწყებს, შესაბამისად თავის ამ წერილის ობიექტთა, ადრესატთა, თვითოეულის თანამდებობისა და მოვალებისა. მაგალითად ბიბლიოთეკარის შესახებ იგი ამბობს: “თუკი იგი (ბიბლიოთეკარი) არის ქრისტეს მორწმუნეთა რიცხვიდან არ უნდა უგულებელყოს მან საერო ნაწარმოებებიც და წარმართთა თხზულებანიც, რომლებიც კი ხელისუფალს მოსწონს. მართებს მას შეაქოს პოეტები დიდი ნიჭიერების გამო, გამოგონებაში სიმახვილის გამომჟღავნების შესაბამისად, გამოთქმის ძალისა და დახვეწილობის [8]საფუძველზე, მართებს შეაქოს ორატორებიც, მართებს შეაქოს ფილოსოფოსებიც და უნდა სცადოს და მოიწონოს საღვთო წერილიც, რომელიც პტოლემეოს ფილადელფიელმა (აქ ის პტოლემეოსი გულისხმება რომელმაც ძველი აღთქმა ძველი წელთა აღრიცხვის მესამე საუკუნეში ათარგმნინა ბერძნულად და სწორედ ამ ფაქტს ახსენებს წმ. თეონა) ასეთი რუდუნებითა და მონდომებით გადმოათარგმნინა ჩვენს ენაზე (ჩვენში იგულისხმება ბერძნული ენა). დაე ბიბლიოთეკარმა შეაქოს სახარება, შეაქოს მოციქული (შეიძლებოდა გვეთარგმნა როგორც სამოციქულო), როგორც ღვთივსულიერი ნაწერები და შეიძლება იგი შეეხოს ქრისტეს, რომ მცირე მცირედ გაეცხადოს მას მისი ღმრთეება”. ესაა ბიბლიოთეკარისადმი, რომელიც, რა თქმა უნდა, წიგნების მცველია, განათლებულიცაა. [9]ძნელია თქმა ამ შემთხვევაში ეს ბიბლიოთეკარი ქრისტიანია უკვე თუ ქრისტიანობისკენ მსვლელია და თანაგრძნობა აქვს ქრისტიანთადმი, ყოველშემთხვევაში თვით ეს მონაკვეთი ამ მიმართვისა კვლავაც ადასტურებს არაერთგზის რაც აღგვინიშნავს და სხვადასხვა წყაროს საფუძველზე წარმოგვიჩენია, რომ ეკლესიის ღირსეულ მოძღვართაგან უკლებლივ ყველანი თუკი რაიმე სარგებლობას ხედავდნენ არაქრისტიანულ მწერლობაში, აუცილებლად ამ სარგებლობის გამოყენებისკენ მიმართავდნენ ქრისტიანებს. აი ეს ადგილიც რაც ეხლა ჩვენ წარმოვადგინეთ ზეპირად, დადასტურებაა აღნიშნული ჭეშმარიტებისა, ეკლესიის მამათა ამ ზოგადი მყარი და ურყევი პოზიციისა.

სხვა მრავალ შეგონებათა შორის ამავე ძეგლში წმ. თეონა სხვათაშორის შემდეგსაც ამბობს: “დაე არ გავიდეს არცერთი დღე იმის გარეშე, რომ თავისუფალ დროს არ [10]ვიკითხოთ და არ იკითხოთ თქვენ რაიმე წმ. წერილისგან, რადგან არაფერი ისე არ ასაზრდოებს სულს და გონებას, როგორც წმ. წერილი. იქედან მიიღებთ განსაკუთრებით თქვენ სარგებელს და ამის საფუძველზე შეგეძლებათ კიდეც, რომ თქვენი ვალდებულება შეასრულოთ მოთმინებით, ღვთისმოშიშებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მიიღებთ ძალას იმისას, რომ უგულებელყოთ და გადალახოთ ყოველივე რაც წარმავალია, მარადიულ აღთქმათა გამო, რომლებიც (იგულისხმება ეს მარადიული აღთქმანი) აღემატებიან ყოველგვარ გონებას და თქვენ მოგანიჭებენ მარადიულ ნეტარებას”.

ამით მთავრდება სხვათაშორის ეს მიმართვა და მას ბოლოს ახლავს გამომშვიდობება კონკრეტულ ადრესატთან, ამ შემთხვევაში ლუკიანესთან, რომელიც ჩვენ თავშივე ვახსენეთ, თეონასი. ეს გამომშვიდობება ჩვეულებრივი ფორმულირებაა, “იყავ [11]ჯანმრთელად და ბედნიერად ჩემო გულკეთილო ბატონო ლუკიანე”. “ბატონო” ამ შემთხვევაში აქ, რა თქმა უნდა, მიმართვის დაკანონებული ფორმაა, ძველ ქართულად იგი ითარგმნებოდა როგორც უფალი ბატონის მნიშვნელობით და ჩვენ მრავალი ძეგლის შესავალში თუ ანდერძში ამ მიმართვას ვხედავთ ეკლესიის მამებისას, როცა ისინი ვინმეს მიმართავენ, მაგალითად “მოგიკითხავ უფალსა ჩემსას თეოფილეს”, იგულისხმება ასეთი დახვეწილი დელიკატური ფორმა მიმართვისა და საერთოდ დიალოგისა.

ამგვარი გახლავთ ეს ძეგლი, რაც როგორც აღვნიშნეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშთია იმ უადრესი ეპოქისა და რითაც III საუკუნის ვითარება საიმპერიო კარზე ჩვენთვის გაცილებით უფრო ნაცნობი ხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ალბათ უნდა აღგვენიშნა ისიც, რომ წმ. თეონა ალექსანდრიელი ფაქტობრივად წინამორბედია იმ დიდი სახელისა რაზეც ჩვენ წინა შეხვედრაზე ვსაუბრობდით, ეს გახლავთ [12]წმ. პეტრე ალექსანდრიელი. ძნელია დღეისათვის კატეგორიულად თქმა რამდენად იცნობდნენ ისინი ერთი მეორეს, ან იცნობდნენ თუ არა საერთოდ. რა თქმა უნდა, რთულია იმის დაშვება, რომ არ იცნობდნენ რადგანაც უშუალოდ მომდევნოა წმ. პეტრე ალექსანდრიელი თეონასი და უმცროსი თანამედროვეა მისი. ამიტომ ეს რაღაც სტილური უაღრესი უბრალოება, საღვთო უბრალოება და ღვთისმოშიშებითი სარწმუნებრივი გამსჭვალულობა ამ ძეგლისა ჩვენ შესაძლოა მიგვითითებდეს იმაზე, რომ პეტრე ალექსანდრიელი რომელიც სწორედ ამ თვისებებითაა ასევე გამორჩეული თავის მოძღვრად, ჯერ სულიერ მოძღვრად და ცხოვრებისეულ მოძღვრად და კონკრეტულად თავისი სამწერლობო მოღვაწეობის ნიმუშად და მისაბაძ მაგალითად სწორედ წმ. თეონა ეპისკოპოსს  იგულვებდა და გულისხმობდა. საზოგადოდ ეს საკითხი შეიძლება ცალკე იდგეს წმ. თეონას აღნიშნული ნაშრომისა და იმ ფრაგმენტების, რაც პეტრე ალექსანდრიელის [13]მრავალი შრომიდან ჩვენამდე შემონახულა, ამ ფრაგმენტების ურთიერთმიმართების ანალიტიკური შესწავლა, სტილური თვალსაზრისით, ცალკეული გამონათქვამების საფუძველზე, დებულებების, შეგონებების კუთხით, რომ ამ ორი მოღვაწის ურთიერთდამოკიდებულება უფრო ნათლად გამოიკვეთოს, მაგრამ რაც დღეისათვის მონაცემები გვაქვს, წყაროები გვაქვს კონკრეტულად თეონასთან დაკავშირებით, უფრო ადრე კი პეტრე ალექსანდრიელთან დაკავშირებით ეს ყოველივე აი ამ საუბრების ფარგლებში ასე შეიძლებოდა გადმოცემულიყო.

 

244–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=M6Xh8BypKi4

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:45)