245

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

III საუკუნის II ნახევრის მოღვაწეებზეა ჩვენი მსჯელობა, ჩვენი განხილვა. ღირსეულ მოღვაწეთა უდიდესი ნაწილი ჩვენ უკვე განვიხილეთ და საერთოდ ავტორთა უდიდესი ნაწილი. შევეხებით ამჯერად ერთ-ერთ ღირსეულ სახელს ამ ეპოქისას წმ. ფილეოსის, თმუისის ეპისკოპოსის მოღვაწეობას, რაც ზემოგანხილულთა მზგავსად, არქელაოსი იქნება ეს, წმ. თეონა ალექსანდრიელი თუ სხვები, კარგა ხანია სამწუხაროდ დიდად მიჩქმალულია, თუმცა მათი ღვაწლი, რა თქმა უნდა, ამას არ იმსახურებს.

საკუთრივ წმ. ფილეოსი წარმოშობით გახლდათ წარჩინებულთა ფენიდან, კეთილშობილთა ფენიდან, იყო მდიდარი და მრავალგვარი საერო პატივით შემკული პიროვნება. თუმცა იგი თვითვე განუდგა ყოველივე ამას და უპოვარებას დაეშურა, მაცხოვრისეულ უპოვარებას და [1]არასმქონეობას დაეშურა, ქრისტიანულ მოღვაწეობას შეუდგა და საკმაოდ მალე დაინიშნა თმუისის ეპისკოპოსად, იმ ადგილის ეპისკოპოსად, სადაც იგი დაიბადა და რაც მისთვის მშობლიური იყო. ამის შესახებ ჩვენ გვაუწყებს ნეტარი იერონიმე თავის “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” ნაშრომში, 78-ე პარაგრაფში, ისევე როგორც ევსები კესარიელიც. ეს წყაროები გვაუწყებენ იმასაც, რომ ვიდრე საეკლესიო მოღვაწეობამდე, იმ საშუალებების შესაბამისად, რაც იგულისხმებოდა მის წარჩინებულ წარმომავლობაში და სიმდიდრეში, მან, რა თქმა უნდა, მიიღო საუკეთესო განათლება საერო მეცნიერებებში, თუმცა კი გაქრისტიანებამდეც, მონათვლამდეც განსაკუთრებით მოყვარული იყო ქრისტიანული სიბრძნისა, როგორც ამას ევსები კესარიელი მიგვითითებს. მაქსიმე ჰერკულესის ჟამს, თებაიდის ადგილობრივმა მმართველმა გამოიძახა იგი ალექსანდრიაში, [2]რომ რწმენისგან დაეცილებინა, რწმენის უარყოფა მოეთხოვა მისთვის. კარგა ხანია სხვათაშორის ცნობილია წმ. ფილეოსის მარტვილობა, გამოცემულიც გახლავთ ცნობილ პუბლიკაციაში, ცნობილ სერიაში “აქტა მარტვილოლოგიკა”, ანუ მარტვილური საქმენი, სადაც თითო თვეზე დაახლოებით ხუთი ტომია მიძღვნილი. საერთოდ უნდა იცოდეს მსმენელმა, რომ ეს უნიკალური გამოცემაა. ეს მარტვილთა საქმენი გამოცემულია რამდენიმე გზის, ერთია მარტვილოლოგიური აქტები, რომელიც რედაქციულად თანდათანობით ივსებოდა და ბოლოს მიაღწია ჭეშმარიტად შთამბეჭდავ და განსაცვიფრებელ მოცულობას, რომელსაც ეწოდება “აქტა სანქტორუმ”, ანუ წმინდანთა საქმენი, სადაც უკვე მარტო მარტვილნი არ არიან, რა თქმა უნდა. თითოეული ტომი ამ პუბლიკაციისა, ამ გამოცემისა ისეთი უზარმაზარია, რომ ხელში დაჭერა ადამიანისთვის საკმაოდ დიდ სირთულეებს გულისხმობს, ფორმატით არის [3]განსაკუთრებით დიდი და გვერდების რაოდენობითაც და ასეთი ტომები დაახლოებით ოცდახუთამდეა, ოცდაათამდეც შეიძლება იყოს. სხვათაშორის ჩვენთან ყველა ტომი მოიპოვება საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტში, ამ უნიკალური გამოცემისა და ეს უზარმაზარი სამუშაო რაც წმინდანთა მოღვაწეობის შესახებ არსებული შემორჩენილი ფრაგმენტული ცნობების მოძიებასთან დაკავშირებით განხორციელდა, აი ეს უზარმაზარი, უაღრესად შრომატევადი სამუშაო ვფიქრობთ ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ამ სამუშაოს შემსრულებელთა მიმართ მადლიერებით განვიმსჭვალოთ. და აი ამგვარ კრებულში არის მარტვილობითი საქმენი ფილეოსისა, ბევრი წყარო გვაუწყებს მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. ამავე დროს უეჭველად ცხადია, რომ ბერძნულ ეკლესიაში იდღესასწაულებოდა მისი ხსენება, თუმცა რომაული მარტვილოლოგიის მიხედვით ფილეოსის და [4]ფილორუმის ხსენება, რომლებიც მოწამეობრივად ერთად აღსრულებულნი ჩანან, მათი ხსენება დადებულია 4 თებერვალს. და აი ეს მხარე მარტვილური მოღვაწეობისა, ეს აქტები რაც ფილეოსის ცხოვრების ყველაზე უფრო ღირსეული მოვლენაა, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ალექსანდრიაში მის გამოძახებას უკავშირდება. ჩვენამე სწორედ ეს აქტებია ფაქტობრივად შეუცვლელად მოღწეული, მას სხვაგვარად ეწოდება პროკოსულარული აქტები ფილეოსის პაექრობისა პრეფექტთან. მასში დასაწყისი, რაც იმ დროისთვის შეიძლება საკმაოდ ახალი ყოფილიყო ლიტერატურული თვალსაზრისით, შემდეგში უკვე ტრადიციად ქცეული, ამგვარი სახისაა, რომ როდესაც ამბიონზე იქნა წარდგენილი ფილეოსი, პრეფექტ კულციანსა და მას შორის გაიმართა დიალოგი, რომელიც ამგვარი სახისაა:

კულციანი: “გინდა, რომ მრთელი გადარჩე?”

[5]ფილეოსი: “მე ყოველთვის მრთელი ვარ და ვცხოვრობ ფხიზლად”.

კულციანი: (ძველ ქართულად შეიძლებოდა გვეთარგმნა იმიტომ, რომ უაღრესად ტრადიციული ფრაზაა) “უზორე კერპთა”, ანუ შესწირე კერპებს.

ფილეოსი: “არ მივუტან მსხვერპლს”.

კულციანი: რატომ?

ფილეოსი: “იმიტომ, რომ წმინდა წერილი გვასწავლის: მოისპობა იგი ვინც ღმერთებს მიუტანს მსხვერპლს, გარდა ერთადერთი ღმერთისა”.

კულციანი: “რა მსხვერპლი არის სათნო შენი ღმერთისთვის?”

ფილეოსი: “წრფელი გული, წრფელი გრძნობანი, სიტყვა ჭეშმარიტებისა, აი ესენია სათნო ჩვენი ღვთისათვის”.

კულციანი: “პავლე, თქვენი, განა მდაბიო არ იყო [6]და სირიულად არ ლაპარაკობდა იგი?”

ფილეოსი: “არა, იგი იყო ებრაელი და საუბრობდა ბერძნულად და ფლობდა სიბრძნეს უმაღლესს”.

კულციანი: “ნუთუ იტყვი შენ, რომ იგი იყო პლატონზე აღმატებული?”

ფილეოსო: “არა მხოლოდ პლატონზე აღმატებული იყო იგი, არამედ იყო უბრძნესი ყველა ფილოსოფოსზე, ყველა ბრძენზე”.

აქ უკვე, ესეც ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია მარტვილოლოგიური, მითუმეტეს აქტების ხასიათის, მოკლე ჩანაწერების ხასიათის აღწერილობისა, რომ პრეფექტი თანდათანობით მრისხანდება და იგი კატეგორიულად თხოვს ფილეოსს რომ მსხვერპლი შესწიროს კერპებს, მაგრამ ფილეოსი კვლავ მიუგებს: “არ შევწირავ რადგანაც ვუფრთხილდები ჩემს სულს”. ამაზე კულციანი ეტყვის: “განა სხვები არ უფრთხილდებიან თავის სულს?” [7]და საყურადღებო გახლავთ ფილეოსის პასუხი: “თავის სულს უფრთხილდებიან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ წარმართებიც. აიღე სოკრატეს მაგალითი, როდესაც იგი სიკვდილთან მიიყვანეს და მოკვდინებისათვის წარადგინეს, იქ იყო მისი ცოლი ბავშვებთან ერთად, მაგრამ სოკრატე არ მობრუნებულა და მან წადიერად მიიღო სიკვდილი”. აქ იგულისხმება, რომ მისთვის (სოკრატესთვის) რაც ჭეშმარიტება იყო აი ეს ჭეშმარიტება მან არ გაცვალა ამქვეყნიურ, წარმავალ რაღაც სიამოვნებაზე, თავის გადარჩენაზე, რომ მას შეეძლო და ეს ცნობილი ფაქტიცაა მართლაც, რომ სოკრატეს თავისუფლად შეეძლო ამ სიკვდილის სასჯელისგან თავის დაღწევა, მაგრამ მან თვითონვე თავისი ნებით არ ინდომა ეს და დაემორჩილა იმ განჩინებას, რაც მას გადაუწყვიტეს. აი ამ ფაქტს იხსენებს ამ შემთხვევაში ფილეოსი, ეს თავისთავად ძალიან საყურადღებოა, რაც გახლავთ ანტიკურობისა და ქრისტიანობის ურთიერთკავშირის შესახებ [8]ერთ-ერთი შტრიხი. ხოლო კულციანი ეუბნება, უფრო ზუსტად ეკითხება: “იყო ღმერთი ქრისტე?” “დიახ” - უპასუხებს ფილეოსი, “და რითი ხარ დარწმუნებული, რომ იგი იყო ღმერთი”, ამაზე ფილეოსი უპასუხებს: “ბრმებს თვალები აუხილა, ყრუებს სმენა მისცა, მკელობელნი (კოჭლი) გამოაჯანმრთელა, აღადგინა მკვდრები, მუნჯებს მისცა ენა და ბევრი ავადმყოფობა განკურნა. თვითვე აღდგა მკვდრეთით და კვლავაც მრავალი სასწაული და ნიში აღასრულა”. კულციანი ეუბნება: “ღმერთი შეიძლება იყოს ჯვარცმული?”

მსმენელი გრძნობს ალბათ, რომ ძალიან საყურადღებო შეკითხვებია, საყურადღებო იმ გაგებით, რომ პასუხებია უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მაცხოვრის ღმერთობა რომ სრულიად უპირობოდ და [9]უეჭვოდ აღსარებული იყო ყველა ქრისტიანისგან ეს ამ პასუხშივე ჩანს. ამის ფონზე თუ რაოდენ კადნიერი და ურცხვი ცდომილებაა, შეგნებული ცდომილებაა თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ არიანელთა მკვეთრი განაცხადი, რომ თითქოს მთელი საეკლესიო ისტორია მაცხოვარს ქმნილებად აღიარებდეს და ღირსება კი მათთვის მაცხოვრისა ის იყო, რომ ისინი თვლიდნენ იესო ქრისტეს ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებულად, მაგრამ მაინც ქმნილებად და კადნიერად მიუთითებდნენ, რომ მთელი საეკლესიო ტრადიცია სწორედ ესაა. არიოზი ამბობდა, რომ რაც ტრადიციული მოძღვრებაა იმის წინააღმდეგ ამხედრებულანო, ე.ი. სხვებს აბრალებს იმას რაც თვით მისი დანაშაული და მისი ბრალი იყო, თვითონვე იყო ამხედრებული მთელი საეკლესიო ტრადიციის წინააღმდეგ და როგორც ვხედავთ უშუალოდ წინამორბედი [10]არიოზისა წმ. ფილეოსი აბსოლუტურად ცალსახა, ერთაზროვან, ყოველგვარ დაეჭვებას მოკლებულ პასუხს სცემს პრეფექტს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. ეს შეკითხვაც, რომ ღმერთი შეიძლება იყოს ჯვარცმული, მრავალგზის დასმულა მოგვიანებითაც, ამაზე უმძაფრესი პოლემიკა იყო, ნესტორიანიზმი ამის საფუძველზე წარმოიქმნა, ნესტორი სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ღმერთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჯვარცმული, ცდილობდა იმის დასაბუთებას, რომ ქრისტიანული სარწმუნოება აღიარებს არა ერთ ღმერთს განკაცებულს, არამედ ორი პიროვნების შერთებას, რომ ერთია ძე ღმრთისა და მეორეა ძე კაცისა, რომ შობაც, აღზრდაც, ჯვარცმაც, დაფლვაც... ეს ყოველივე მიიღო ძე კაცისამ თითქოს - ნესტორის მტკიცებით, ხოლო ძე ღმრთისა შეერთებული იყო მასთან და საკვირველთმოქმედებებს, რაც უკავშირდება იესო ქრისტეს [11]სახელს, აღასრულებდა. ორ ძედ განყოფა ერთი იესო ქრისტესი ამ მოვლენის ვერ გაგებიდან და მცდარი ახსნიდან გამომდინარეობს, რომ ერთი შეხედვით თითქოს მართლაც როგორ შეიძლება საერთოდ ღმერთი იყოს ადამიანურად შობილი, ადამიანურად აღზრდილი, მტირალი, როგორც ბავშვი, თანდათანობით გაზრდილი, მატერიალური საზრდოს მიმღები, ღმერთი ჯვარცმული, დაფლული, საფლავს დადებული და ამის ვერ გაგებამ (ამ დოგმატზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია) აღმოაცენა ეს ჭეშმარიტად უღვთო ერესი ნესტორიანიზმისა, ორძეობის ერესი. უფრო ადრე კი არაიენლობაც ამას ეფუძნებოდა, რომ ღმერთი დაუბადებელი, ყოვლიერების შემოქმედი, თავად როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ვნების, ჯვარცმის მიმღები. ამიტომ ეს შეკითხვა ამ ძეგლში დასმული თავისთავად, რა თქმა უნდა, ჩვენს ყურადღებას იქცევს იმ მოსალოდნელი პასუხის საფუძველზე, რაც [12]ამ კითხვას წმ. ფილეოსისგან მიეცემა, ფილეოსი კი უპასუხებს: “იგი ჯვარს ეცვა ჩვენი ცხონების გამო, ამასთან იცოდა, რომ უნდა ჯვარცმულიყო და დაეთმინა გინებანი, შეურაცხყოფანი, მაგრამ მაინც გაიღო თავისი თავი, რომ ყოველივე დაეთმინა ჩვენს გამო. წმ. წერილი წინასწარმეტყველებდა მის შესახებ ყოველივე ამას, ის წერილი რაც ებრაელებსაც აქვთ და რასაც ისინი არ აღასრულებენ. ვისაც სურს ნახოს  არის თუ არა ეს ასე”. ე.ი. ამ პასუხში ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი არის საფუძველი ქრისტიანული მოძღვრებისა, რომ უფალს ეს ჯვარცმა მიუღია არა იმიტომ, რომ ექვემდებარებოდა ჯვარცმას, ჯვარცმას დაქვემდებარებული იყო, არამედ მან ინება და ჩვენი გამოხსნისთვის მიიღო ეს ყოველივე. მან ღმერთმა ზოგადად კაცობრივი ბუნებაც ამიტომ მიიღო, ინება და მიიღო კაცობრივი ბუნება, ანუ ინება და [13]იშვა კაცობრივად, ინება და აღიზარდა ადამიანურად. ადამიანობის შესაბამისად მიიღო ჯვარცმა ჩვენი გამოხსნისათვის და ყველა ამ ადამიანურ მოქმედებას უფლისას, ჭეშმარიტად მიღებულს მისგან (ანუ მან მიიღო აბსოლუტურად სრული ადამიანი ცოდვის გარეშე), ყველა მოქმედებას ჭეშმარიტად მიღებულს მისგან ყოველთვის წინ უსწრებდა უფლისმიერი ნება, რომ ინებებდა და მოქმედებდა. აქაც მკვეთრად არის ეს აზრი გამოხატული, რომ მან ინება და ჯვარს ეცვა, ხოლო ინება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გზით ჩვენ ვეცხონებინეთ. აი ეს დოგმატური სწავლება ამ პასუხში უკვე სავსებით გამოხატულია.

კულციანე კვლავ მიმართავს ფილეოსს: “შენ რომ ღარიბი ყოფილიყავი და ამის საფუძველზე მისულიყავი ასეთ უგუნურებამდე მე შენ არ დაგზოგავდი, მაგრამ რადგან შენ მდიდარი ხარ, იმ ზომამდე, რომ მთელი ეს მხარე შეგიძლია დააპურო, ამის გამო მოვითმენ, დაგზოგავ და კვლავაც მოგიწოდებ -[14]სწირე კერპებს”. როგორც ჩანს ამ პერიოდისთვის და ეს თავისთავად ცხადია, ჯერ კიდევ უაღრესად იშვიათი იყო წარჩინებული და მდიდარი პიროვნების გაქრისტიანება, კვლავაც ითვლებოდა ჯერ კიდევ, რომ ქრისტიანობა ეს მხოლოდ ღარიბთა სარწმუნოებაა, ღარიბთა რომელთაც ამქვეყნიური სასოებანი თითქოსდა მთლიანად წარკვეთილი აქვთ და შესაბამისად იმ ქვეყნად მოელიან შვებას და კეთილ საზღაურს. კარგად არის ცნობილი ეს მომენტი შემდგომში თუ როგორ მარჯვედ იქნა გამოყენებული ათეისტებისგან, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელებას სწორედ ამ ფაქტორით ხსნიდნენ, რომ თითქოსდა ქრისტიანობა გარკვეულ სიმშვიდეს აძლევდა ამა ქვეყნის ღარიბთ, უპოვართ, დაჩაგრულებს. მათ არ შეეძლოთ ამქვეყნიური ბატონყმური, მონათმფლობელური, ფეოდალური და სოციალური წყობის შეცვლა და შესაბამისად მათ სულს თითქოსდა ესალბუნებოდა, მხოლოდ ესალბუნებოდა და მეტი [15]არაფერი, იმედი იმქვეყნიური კეთილდღეობისა. არაერთგზის და თითქმის ყველა ათეისტურ ბროშურაში ეს მხარე იყო ხაზგასმული, ვითომცდა ამან მოახდინა ქრისტიანული სარწმუნოების ასეთი ფართო გავრცობა მთელ იმდროინდელ რომის იმპერიაში, კაცობრიობაში და არა იმან, რომ ეს იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჭეშმარიტად სასოება და ნუგეში ადამიანებისა ამქვეყნადაც და ამქვეყნის შემდგომაც. მაგრამ ამგვარი შეხედულება ქრისტიანობაზე ათეისტებისგან არ იწყება, რა თქმა უნდა, ეს ადრინდელ ეპოქაშიც იყო და ერთ-ერთი მკვეთრი გამოხატულება კულციანეს ეს მიმართვაც გახლავთ, ღარიბი რომ ქრისტიანი ყოფილიყო ეს მისთვის არ იქნებოდა გასაკვირი და ბუნებრივია ასეთ ქრისტიანს არც დაინდობდა, მაგრამ “შენ მდიდარი როგორ დადექი ასეთ უგუნურებამდეო”, თითქოს ეცოდება მას ამ შემთხვევაში ფილეოსი, იმედი აქვს რომ ის გონს მოეგება და ამიტომ ჯერჯერობით კვლავაც ზოგავს მას.

ფილეოსი, რა თქმა უნდა, მიუგებს: “არ ვწირავ და არ ვწირავ სწორედ იმიტომ, რომ მე თვითონ ვზოგავ ჩემს თავს”. [16]აქ ლიტერატურული სტილითაც თუ ზეპირ მეტყველებაშიც ასე იყო და ჩაწერითი სტილითაც, უაღრესად მახვილგონივრული სტილური ნიშნით რომ ვთქვათ სიტყვების თამაშია, ფრაზეოლოგიური თამაშია, რომ პრეფექტი თითქოს ზოგავს ფილეოსს და ამიტომაა, რომ მსჯავრს არ აღარსეულებს მასზე და კვალვაც სთხოვს რომ სწიროს კერპებს, ფილეოსი კი ეუბნება “სწორედ იმიტომ არ ვწირავ კერპებს, რომ მე თვითონ ვზოგავ ჩემს თავსო”, იგულისხმება რომ ზოგავს თავის თავს, ანუ იცავს თავის თავს მარადიული წარწყმედისგან. მაშინ კულციანე ეტყვის: “შენი უბედური ცოლი გიყურებს შენ”, და ფილეოსი უპასუხებს: “ის ვინც მიწოდა მე თავისი დიდების მემკვიდრედ, უფრო მძლავრია და ძალუძს ისიც, რომ ჩემი ცოლიც თავისკენ იხმოს”. კვლავაც შემდეგ ამ ძეგლში მოდის დარიგებანი ადვოკატებისა, სხვადასხვა მოვალეობის შემსრულებელბისა, პრეფექტისა, ნათესავებისა [17]ფილეოსისადმი, დარიგებანი, შეგონებანი რომ დაინდოს მან ცოლი და თავისი შვილები და იზრუნოს მათზე, მაგრამ ყოველივე ეს ფუჭი აღმოჩნდება, წმ. ფილეოსი და მისი მეგობარი ფილორომი, რომელიც ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, წადიერად დაეშურებიან მაცხოვრისათვის სიკვდილს, მათ თავები მოეკვეთებათ 307 წელს.

როდესაც ციხეში იმყოფება წმ. ფილეოსი, ეს ღირსეული და სარწმუნო მოძღვარი ქრისტესი, ამ ციხიდან იგი წერს თმუისელებს, შეაგონებს მათ, მოძღვრავს, მოწამეობის სიდიადეს უმჟღავნებს და მისი ეს გზავნილება, მისი ეს მიმართვა საკუთარი მრევლისადმი შემონახული გვაქვს ჩვენ ევსები კესარიელისგან, მის შრომაშია ციტირებული. ამ ნაშრომში გარდა მოწამეობის შესახებ ღვთისმეტყვეელბისა (ასე შეგვიძლია ვთქვათ, [18]ესაა ღვთისმეტყველება მოწამეობის რაობის შესახებ), მკვეთრად არის გამოხატული და გადმოცემული სწავლება იესო ქრისტეს ღმერთობის და მისი განკაცების, ხორცშესხმის შესახებ ჩვენი ცხონების გამო. სხვათაშორის ამავე მიმართვაში აღწერილია შემზარავი სურათი იმ ტანჯვა-წამებისა, რასაც ქრისტიანები განიცდიდნენ მაცხოვრის სახელის გამო. “იმდენად  რამდენადაც, - წერს თავის გზავნილებაში წმ. ფილეოსი, ნეტარმა მოწამეებმა, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ იცოდნენ, რომ ყოველივე ამის ნიმუშები, ე.ი. ამგვარ ტანჯვა-წამებათა და ამგვარ მოღვაწეობათა ნიმუშები და აღმატებული ძეგლები თვით საღვთო წერილში მოიპოვება, შესაბამისად ყოველგვარი ყოყმანისა და დაყოვნების გარეშე მიაპყრეს მათ თავიანთი წმინდა მზერა [19]ღვთისკენ და წადიერად გადაწყვიტეს რა აღსრულებულიყვნენ ღვთის მოშიშებით, მყარად დადგნენ თავიანთ წოდებაში (წოდებაში იგულისხმება ღვთისკენ ხმობაში), ღმერთმა იხმო ისინი და მათაც უფლისმიერი ხმობა მყარად დაიცვეს და ურყევად შეინარჩუნეს. მათ კეთილად იცოდნენ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე განკაცდა ჩვენი ცხონების გამო, რომ მოესპო მას ცოდვა და მოენიჭებინა ჩვენთვის შესაძლებლობა მარადიულ ცხოვრებაში შესვლისა”. ამ მონაკვეთში სხვათაშორის წმ. ფილეოსი მოუხმობს პავლე მოციქულის ცნობილ სიტყვებს, მოგვიანებით მრავალგზის განმარტებულს მამათაგან და საკმაოდ რთულად საწვდომს თავისთავად, იმის შესახებ, რომ განკაცებულმა ღმერთმა (აქ ძველი ქართული თარგმანი უნდა მოვიტანოთ პავლე მოციქულის ამ სიტყვებისა) [20]“არა ნატაცებად შეჰრაცხა სწორად ღმრთისა ყოფნა, არამედ წარმოიცალიერა თავი თვისი და მიიღო ხატი მონისა და გამოჩნდა კაცად, და დაიმდაბლა თავი თვისი სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე”. ჩვენ ძველი ქართულით მოვიტანეთ კონკრეტულად ის სიტყვები, რომლებიც არ არის ადვილი თანამედროვე ქართულად გადმოსატანად, რომ არა ნატაცებად შეერაცხა მას ღვთის სწორად ყოფნა. აქ “ნატაცებად” ანუ ძალად რომ მიისაკუთრებ რაღაცას, ძალად რომ მიიტაცებ რაიმე პატივს, წოდებას და განიკუთვნებ შენს თავზე, აი ამას ნიშნავს, რომ არა ნატაცებად შერაცხა უფალმა ღვთის სწორად ყოფნა. პავლე მოციქულის ამ სიტყვებში არის უაღრესად ღრმა საღვთისმტყველო სწავლება, თუ ჩვენ კონკრეტულ განმმარტებელზე მივუთითებთ, რომელმაც ყველაზე უფრო ღრმად და ფართოდ წარმოაჩინა ამ სიტყვების არსი, ეს გახლავთ წმ. გრიგოლ პალამა, რომლის ცნობილი “აღსარება” ჩვენ ჩვენივე თარგმანით [21]გამოვაქვეყნეთ კიდეც თავის დროზე, ერთ-ერთი პუბლიკაციის “სიტყვა მართლისა სარწმუნოების II ტომში. დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია იქ ნახოს თვით ტექსტში ციტირებული ამ სიტყვების განმარტება ერთი მხრივ საკუთრივ გრიგოლ პალამასგან და შემდგომ სხვა მოძღვართაგან, განსაკუთრებით წმ. იოანე ოქროპირისგან. მოძღვარნი ერთსულოვნად მიგვითითებენ, რომ სწორედ ამ სიტყვებით გამოხატა, გამოავლინა და დაამტკიცა პავლე მოციქულმა უპირობო ბუნებითი ღმერთობა განკაცებული ძე ღმერთისა, იმიტომ, რომ ვინც ბუნებითი ღმერთი არ იყო, ანუ ვისაც ბუნებითად არ ჰქონდა ასეთი აღმატებული პატივი, ასეთ უკიდურეს თავმდაბლობამდე, უკიდურეს სიმდაბლემდე თავის თავს არ დაიმცირებდა. ვერც ერთი სხვა ვინმე პატივდებული არსი და ქმნილებათა და თუნდაც ადამიანთა შორის რომ ავიღოთ, ვერცერთი გარკვეული ნიშნით გამოჩენილი პიროვნება, რომელსაც ბუნებითად არ ეკუთვნის [22]რაიმე პატივი და რაღაც შემთხვევის გამო ამ პატივის მესაკუთრე გახდება, ძალადობით, მზაკვრობით, სხვადასხვა მოხერხებით, რომ მიიტაცებს პატივს, ვერცერთი ამგვარი პიროვნება ვერ შეელევა პატივის დათმობას, ვერ შეელევა იმიტომ, რომ ამ პატივს ის მეორედ ვეღარასოდეს ვერ დაისაკუთრებს. პიროვნებას რომელსაც ბუნებითად არა აქვს რაიმე პატივი, რაიმე ღირსება, თუნცდაც მატერიალური რამ თანამდებობდა და მას მძლავრებით მოიპოვებს, შემდეგ იგი ამ ღირსებას, ამ პატივს, მისგან ძალადობრივად მოპოვებულს დაჰკანკალებს, ერთი წამითაც უყურადღებოდ არ ტოვებს, ხელიდან რომ არ გაუსხლტეს, იმიტომ, რომ მას ბუნებითად ეს არ ეკუთვნის. ხოლო ვისაც ბუნებითად აქვს რაიმე არასოდეს არ ეშინია ამ ბუნებითი ღირსების დაკარგვისა იმიტომ, რომ ეს მისი ბუნებაა, მისი თვისებაა, ვერასოდეს ამის გარეშე ის ვერ იქნება და ბუნებითი ღირსების მქონეს კი შესაბამისად არ ეშინია რა ამ ღირსების დაკარგვისა, ყველაზე უკიდურეს თავმდაბლობამდეც კი ძალუძს დივიდეს, რადგანაც ის ღირსება [23]მას ყოველთვის ხელშეუხებლად შენარჩუნებული აქვს. ამიტომ რადგან ასეთი უკიდურესი სიმდაბლე აჩვენა მაცხოვარმა, რომ ხატი მონისა მიიღო და სიკვდილამდეც დაიმდაბლა თავისი თავი და ყველაზე სამარცხვინო ფორმით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე, ე.ი. უკიდურეს შეურაცხყოფამდე, უკიდურეს მდარეობამდე დაეშვა იგი, აი ეს მხარე სწორედ მის უკიდურეს აღმატებულებას ადასტურებს, იმიტომ, რომ მხოლოდ ის ვინც უკიდურესად აღმატებულია ანუ ვინც ბუნებითად ღმერთია, მხოლოდ მას ძალუძს ასეთი თავმდაბლობის ჩვენება. აი სწორედ პავლე მოციქულის ეს სიტყვები მოაქვს წმ. ფილეოსს და ეს ერთ-ერთი უადრესი ციტირებაა პავლე მოციქულის ამ სიტყვებისა საზოგადოდ ეკლესიის მამათა შრომებში, და მოაქვს სწორედ ამ კონტექსტში, რომ მან, ბუნებითმა ღმერთმა, ჯვარცმა დაითმინა სწორედ ჩვენი ცხონების გამო.

ცნობილია წმ. ფილეოსის სხვა გზავნილებაც, სხვა წიგნიც, დაახლოებით ამავე პერიოდში დაწერილი მისგან, თუმცა ოთხი ეპისკოპოსის [24]სახელით და ხელმოწერით გაგზავნილი მელეტისადმი. ჩვენ ამას ადრე ვახსენებდით, როცა მელეტი ლიკოპოლელის სქიზმის შესახებ გვქონდა საუბარი, იმ მელეტის შესახებ რომელმაც წმ. პეტრეს, ე.ი. წმ. ფილეოსის მომდევნო ეპისკოპოსის პატიმრობისას, რომელიც ალექსანდრიის მთავარეპისკპოსი იყო, ფაქტობრივად დაიქვემდებარა ლიკოპოლისის გარეთა ეპარქიებიც და ეკლესიურად ამ ყოვლადმიუღებელი მოვლენის მხილების მიზანდასახულობით გაეგზავნა ზემორე წერილი მას, მელეტის, თუმცა მიიჩნევა, რომ ეს წერილი, ეს მიმართვა სწორედ ფილეოსისგან იყო დაწერილი. ეს ეპისტოლე ჩვენ ადრე განვიხილეთ, იგი ჩვენამდე მოღწეულია, გამოცემულიცაა და ამჯერად მასზე უკვე აღარ შევჩერდებით იმიტომ, რომ როდესაც მელეტი ლიკოპოლელზე გვქონდა საუბარი მაშინ განვიხილეთ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ცნობისთვის დავძენთ, რომ წმ. ფილეოსის მწიგნობრული, წერილობითი მოღვაწეობა ამ მიმართვითაც [25]არის ცნობილი, რადგანაც უშუალოდ  სწორედ მისგანაა ხსენებული მიმართვა შესრულებული.

ამჯერად ამით დავაბოლოებთ, ეს შეიძლებოდა მთლიანობაში ყველაფერი ის რაც თქმულიყო წმ. ფილეოსის შესახებ. სხვა რამ წყარო დღეისათვის ცნობილი არ არის, შესაბამისად ამ პიროვნების თაობაზე საუბარს დღეისათვის ამით დავასრულებთ.

 

245–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=ihXZyoEsp6U

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 07 June 2016 15:41)