246-247

წმიდა გრიგოლ პართელი


ჩვენს წინა საუბარში რამდენიმე მოღვაწე, დღეისათვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი, განვიხილეთ. ასეთი მოღვაწეები კვლავაც განსახილველი გვრჩება და ვფიქრობთ, რადგან ბევრი მათგანი შეძლებისდაგვარად უკვე წარმოავადგინეთ მსმენელის წინაშე, არც სხვებს ავუქციოთ ზურგი და მათ შესახებაც, რამდენადაც წყაროები ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაზე უფრო ზოგადი სახით უმთავრესი წარმოვთქვათ.

ამგვარ მოღვაწეთა შორის ჩვენ უნდა ვახსენოთ და ზოგიერთი მკვლევარი ცალკე გამოყოფს ამ პიროვნებას, ეს არის გრიგოლი, სომხეთის განმანათლებელი, რომელიც გრიგოლ პართელის, გრიგოლ პართეველის სახელითაა ცნობილი, დიდი მოღვაწე, რომლის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც წერილობით აღიწერა, რაც ქართულადაც გახლავთ თარგმნილი. სხვათაშორის [1]შედარებით გვიანდელი თარგმანი ამ ცხოვრებისა გამოცემულიცაა. სექტემბრის თვეშია ამ პიროვნების ხსენება და სექტემბრის თვის მეტაფრასული საკითხავები, რაც გამოქვეყნებულია, კვლავ აღვნიშნავთ, დამაბოლოებელ ძეგლად სწორედ გრიგოლ პართელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეიცავს. ეს პიროვნება მიიჩნევა სომხეთის პირველ ეპისკოპოსად. რა თქმა უნდა, ესაა პერიოდი სომხეთის მართლმადიდებლური დასაბამისა, სომხური ეკლესიის მართლმადიდებლური დასაბამისა, რაც შემდგომში მონოფიზიტურმა ცდომილებამ აღმოფხვრა, გააუკუღმართა და თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ, ნაკლებად გავლენის მქონე გამონათებებს სომხეთის ეკლესიის ისტორიაში, არსებითად ამ ეკლესიის ისტორია უკვე მონოფიზიტური ხდება. მაგრამ გრიგოლ პართელმა, კვლავ აღვნიშნავთ, დააფუძნა სწორედ მართლმადიდებლური სარწმუნოება სომხეთში და პირველ ეპისკოპოსად სომხეთისა, როგორც უკვე ვთქვით, [2]იგი მიიჩნევა. სამეფო გვარის შთამომავლად არის ცნობილი გრიგოლი, რომელიც ბავშობაშივე ობლად დარჩა. ამ პერიოდის სხვა მრავალი მოღვაწის მსგავსად მანაც ქრისტიანული განათლება, მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაიზარდა, მიიღო კესარიაში, კაბადოკიის რეგიონში. კაბადოკია უკვე ქრისტიანულ საფუძვლებს ამ პერიოდისთვის ფლობდა, გრიგოლის მოღვაწეობის დროს, ფაქტობრივი დამფუძნებელი კაბადოკიაში ქრისტიანობისა, ჩვენს მიერ ადრე განხილული მოღვაწეა, წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, ამ ხაზს განაგრძობს გრიგოლი და სრულმყოფელად, რა თქმა უნდა, IV საუკუნის კაბადოკიელი მოღვაწეები - ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი უნდა მივიჩნიოთ. სწორედ აქ, კაბადოკიის რეგიონში და კაბადოკიის ყველაზე ცენტრალურ ქალაქში, კესარიაში განისწავლა გრიგოლი. [3]შემდეგ იგი სომხეთის მეფის თრდატის სამსახურში ჩადგა, იმ თრდატისა, რომელიც სომხეთის სამეფო ტახტზე აყვანილ იქნა დიოკლეტიანეს მიერ. გრიგოლი მისი წერილობითი ცხოვრების მიხედვით გამოირჩეოდა ხელისუფალისადმი ერთგულებით, მაგრამ ამავე დროს სამოციქულო მოშურნეობით ჭეშმარიტების ძიების გზაზე. იმ დროისათვის სომხეთი ზოგიერთი ადგილის გამოკლებით, რა თქმა უნდა, წარმართული იყო. ჩვენ შეიძლებოდა აღგვენიშნა ის ფაქტი, რომ საზოგადოდ პირველ მქადაგებლებად სომხეთში მიიჩნევიან მოციქულები ბართლომე და თადეოზი. ისიც ალბათ აღსანიშნია, რომ დაახლოებით 205 წლისთვის ტერტულიანე მიუთითებს სომხეთში ქრისტიანთა არსებობას თავის ცნობილ ნაშრომში [4]“იუდეველთა წინააღმდეგ”, კერძოდ ამ ნაშრომის 7 თავში. თუმცა, რა თქმა უნდა, ესაა ქრისტიანობის მხოლოდ ეპიზოდური გამოვლენა სომხეთის ისტორიაში ამ პერიოდში, კერძოდ ეს მცირე სომხეთში ხდება, სადაც დიოკლეტიანეს დროს მოწამეებიც არსებობდნენ. მაგრამ თვით ქვეყანა, სამეფო კარის, ხელისუფლების ჩათვლით ცხადია წარმართული იყო, ხოლო გრიგოლი გაბედულად ქადაგებადა ჭეშმარიტებას წარმართთა წინაშე, იმ დროს როცა თვით მეფე თრდატი საზეიმოდ ასრულებდა მსხვერპლშეწირვას არტემიდას კერპის წინაშე და რადგანაც მსახურება სამეფო კარისა ამ კარზე მომსახურე ყველა პერსონას ეხებოდა, ისინიც, თავისთავად ცხადია, მსხვერპლშეწირვაში ჩვეულებრივ იღებდნენ მონაწილეობას. ერთადერთი გახლდათ მხოლოდ გრიგოლი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ამ ბილწ საქმეში არანაირი [5]მონაწილეობა არ მიიღო. და როდესაც მეფე თრდატმა სთხოვა მას აეხსნა თავისი მოქმედების მიზეზი, გრიგოლმა უპასუხა: “მე მორწმუნედ ვემსახურები და ერთგული ვარ ამქვეყნიური მეფისადმი და ასევე მსურს, რომ სარწმუნო და ერთგული ვიყო ზეციური მეფისადმიც”. საკუთრივ სომხეთის მეფე თრდატი განიზრახავდა დიოკლეტიანეს მორჩილ მსახურად ყოფნას და მხოლოდ იმას მოსურნეობდა, რომ ამ პიროვნებას, ქრისტიანთა დაუძინებელ მტერსა და მდევნელს დიოკლეტიანეს, მოსწონებოდა იგი, მისთვის მოსაწონი საქმენი გაეკეთებინა. ამიტომ როცა თრდატმა გრიგოლის ბაგეთაგან ქრისტიანული ჭეშმარიტების აღსარება მოისმინა, მან ბრძანა გრიგოლის სასტიკად დასჯა და სამარცხვინო სასჯელად [6]მას დაუდგინა და განუჩინა ქალაქის ქუჩებში ჩამოტარება. ეს სასჯელი, ეს ჩამოტარება, რამდენჯერმე განმეორდა, გრიგოლი რამდენჯერმე ჩამოატარეს სამარცხვინოდ, თითით საჩვენებლად ქალაქის მცხოვრებთათვის და საბოლოოდ როდესაც გვემულებანი, ტანჯვა-წამებანი ყოვლად უმოქმედო გახდა წმინდანისადმი, რომ შეუცვლელ და ურყევ ნებად გამოავლინა მან აღსარება ქრისტიანობისა, ცხადია ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა წყვდიადზე და რამდენიმე გზის კვლავაც გრიგოლის პირით თრდატმა ისმინა სახარებისეული ქადაგება. ბოლოს კი დადგა ჟამი, როდესაც მეფემაც ინება, რომ გრიგოლი სომხეთის ეპისკოპოსად ეკურთხებინა კესარიის არქიეპისკოპოს ლეონტის.

საზოგადოდ ცნობიალია, რომ მომდევნი [7]ხანაშიც, მომდევნო ეპოქაშიც სომხეთის ეკლესიის ისტორიისა, კესარიელი არქიეპისკოპოსი არაიშვიათად დაასხამდა ხელს, ანუ აკურთხებდა სომხეთის მთავარეპისკოპოსს, ანუ არქიეპისკოპოსს, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ მაგალითად ბასილი დიდის, IV საუკუნის კაბადოკიელი მოღვაწის, დიდი განმანათლებლის ეპისტოლეებიდან, კერძოდ 121-ე ეპისტოლიდან, აგრეთვე თეოდორიტე კვირელის 122-ე ეპისტოლიდან და სხვა. ეს დადგინება თვითონ, ხელდასხმა გრიგოლისა სომხეთის მთავარეპისკოპოსად ანუ არქიეპისკოპოსად ხდება 290 წელს. გრიგოლი ამის შემდეგ იწყებს დაუღალავ სამშენებლო მოღვაწეობას, ის დააფუძნებს მრავალ ტაძარს, აკურთხებს რამდენიმე ეპისკოპოსს საკუთრივ სომხეთში და თანდათანობით უფრო და უფრო მეტად განავრცობს სახარებისეულ სინათლეს ველურ ტომებზე წარმართებისა, რომლებიც სომხეთის [8]შიგნით და სომხეთის გარეთ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგებოდნენ. მის აღსრულების წლად, ამ დამაშვრალი მოღვაწის აღსრულების წლად მიიჩნევა 305 წელი, ხოლო შთამომავლობამ პატივისცემა და მადლიერება ამ დიდი მოღვაწისადმი გამოხატა ტერმინით განმანათლებელი.

მისი ცხოვრების შესახებ, რაზეც ნაწილობრივ უკვე აღვნიშნავდით, ვრცლად მოგვითხრობს აგათანგელოზი, თრდატის მდივანი. ბერძნულად წყაროები გამოქვეყნებულია ჩვენს მიერ ადრე ხსენებულ ერთ-ერთ უნიკალურ კრებულში, უზარმაზარი მოცულობის კრებულში რასაც “აქტა სანქტორუმ” ეწოდება, ანუ წმინდანთა აქტები, კერძოდ 30 სექტემბრის პარაგრაფში, როდესაც არის მისი ხსენება. გრიგოლის შესახებ გვაუწყებს ჩვენ აგრეთვე მოსე ხორენელი ანუ მოსე ხორენაცი (როგორც ამ ბოლო დროს ითქმის თავის სომხეთის ისტორიაში), და ეს წყაროები საკმაო მასალას [9]იძლევა გრიგოლ განმანათლებლის მოღვაწეობის წარმოსაჩენად. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მაინც განვიხილავთ ამ მოღვაწეს საკუთრივ პატრისტიკაში, რადგანაც არის უწყება, გადმოცემა, იმის შესახებ, რომ იგი წერილობით მოღვაწეობასაც ეწეოდა. როგორც დავუშვათ თავის დროზე ჩვენ განვიხილეთ და შევეხეთ პანტენოს ალექსანდრიელს, რომლისგანაც სამწუხაროდ არაფერი მოღწეულა, მაგრამ ვიცით, რომ მრავალი წიგნი ჰქონდა დაწერილი, ასევე გრიგოლ განმანთლებლის შესახებაც უცნობი მოღვაწე, რომელიც ხოტბას ასხავს მას და რომელმაც წერილობით დაგვიტოვა გრიგოლის ქება, გრიგოლის შესხმა, მის შესახებ ამბობს: “იგი (გრიგოლი) ცეცხლოვანი აღტკინებით მოძღვრავდა ყველას ღვთივსულიერი წერილის კვალობაზე. მან დაწერა მრავალი ბრძნული თხრობა და განსწავლა ძალიან ბევრი ხალხი”. ეს ძეგლი სომხურად [10]სამი ხელნაწერით გახლავთ მოღწეული, რომელიც X საუკუნეს მიეკუთვნება, ლათინური თარგმანიცაა ცნობილი და ხელნაწერულ ტრადიციაში ხშირად შედის იოანე ოქროპირის შრომებში. აი ამ ძეგლში გვაქვს ჩვენ ეს ცნობა, რომ გრიგოლ განმანათლებელი წერილობით მოღვაწეობას ეწეოდა და მრავალი ბრძნული თხრობა ჰქონდა მას დაწერილი. დღეისათვის შემორჩენილი არის, ყოველშემთხვევაში სომხურ საეკლესიო ლიტერატურაში გრიგოლისეულად განიხილება იმავე სომხურ ენაზე მოღწეული 23 თხრობა, რაშიც შედის აგრეთვე სარწმუნოების აღსარება მეფისა და სომხეთის ხალხის წინაშე. თუმცა ეს უკანასკნელი, ისევე როგორც დიდი ნაწილი მისი თხრობებისა მკითხველისთვის და მკვლევარისთვის მიუწვდომელია, იმიტომ, რომ გამოცემული არ გახლავთ, თუმცა შემონახულია XIII ს-ის ხელნაწერში, [11]სადაც აგრეთვე ოქროპირის შრომებში შედის. თვით სომხურ ენაზე ამ სიტყვებს თუ თხრობებს გრიგოლისას ეწოდება სომხურადვე “აჩჩაპატიუმ”.



წმიდა პამფილი კესარიელი

ჩვენ უფრო მეტი უნდა ვთქვათ ამ ეპოქის სხვა მოღვაწის შესახებ, ეს გახლავთ წმ. პამფილი მოწამე, მარტვილი, რომელიც კესარიელი მღვდელი იყო (მაგრამ ეს კესარია ამ შემთხვევაში პალესტინის კესარიას გულისხმობს და არა კაბადოკიის კესარიას). ეს პიროვნებაც წარმოშობით დიდგვაროვანი, წარჩინებულთაგანი, მდიდარი მშობლების შვილი იყო, განათლება მიღებული, იმ ეპოქის შესაბამისად ყველაზე უფრო უმაღლესი ხარისხით და ამ განათლების თვალსაზრისით პირველ რიგში მის ცხოვრებას უკავშირდება ქალაქი ბეირუთი, სადაც დაიწყო მისი განათლება და ქალაქი რომელიც მისი დაბადების ადგილიც გახლავთ. [12]წმ. პამფილი მალე განუდგება ამ ქვეყნიურ სიამეებს, ჭეშმარიტების ძიებას შეუდგება, იგი გახდება მსმენელი ჩვენს მიერ ადრე განხილული მოღვაწისა, პიერიუს ალექსანდრიელისა, რომელიც (პიერიუსი) ამავე დროს წინამძღვარი იყო ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლისა, როგორც ამის შესახებ ჩვენ ფოტი პატრიარქი გვაუწყებს და მისგან განსწავლული პამფილი როდესაც ალექსანდრიიდან პალესტინაში ბრუნდება იგი ხელდასხმული ხდება მღვდლად და ამის შემდგომ თავის ცხოვრებას უძღვნის ჭეშმარიტი მოძღვრების შესწავლასაც და ამ მოძღვრების სხვათათვის სარგებლად გავრცელებას. მან კესარიაში, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საკუთრივ ფაქტი, შექმნა ბიბლიოთეკა და ეს ბიბლიოთეკა გაამდიდრა მამათა შრომებით. ჩვენ ორიგენესთან დაკავშირებით როდესაც ლექცია გვქონდა მაშინ ვსაუბრობდით ამ ბიბლიოთეკაზე, რომ ძირითადი მიზანი პამფილისა იყო ორიგენეს ღირსეულ [13]შრომათა შემოკრება. ამ შრომათა გარკვეული ნაწილი თვით პამფილისგან იყო გადაწერილი, ნაწილი შეძენილი იყო მისგან და შეძენა ხდებოდა ყველგან სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. ხოლო მისგან მოკრებილი ხელნაწერები იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად ფასეული და უცდომელი იყო, რომ იერონიმემ, რომელმაც ამ ხელნაწერთაგან ერთ-ერთი მოიპოვა შემდგომში, IV საუკუნის მიწურულს (კერძოდ ორიგენესგან განმარტებული 12 წინასწარმეტყველი), ამ ხელნაწერის ფლობით იერონიმე იმდენად არის აღფრთოვანებული, იმდენად სულიერად მდიდრად მიაჩნია თავისი თავი, რომ საკუთარ თავს უდარებს ცნობილ კრეზს, წარმართული მითოლოგიის ერთ-ერთ პერსონაჟს, სიმდიდრის სიმბოლოს, რომელიც იმდენად მდიდარი იყო, რომ სიმდიდრის და მდიდარი ადამიანის ნიმუში გახდა. იერონიმე კი ერთი ხელნაწერის ფლობის [14]გამოც კი, იმ ბიბლიოთეკიდან, რომელიც პამფილი კესარიელმა შექმნა, საკუთარ თავს უმდიდრეს ადამიანად სახავს. და თუ ერთი ხელნაწერი ესოდენ ღირებული იყო, ადვილი წარმოსადგენია ის აურაცხელი ჩამონათვალი ხელნაწერებისა, რასაც ეს ბიბლიოთეკა იტევდა, რა სიმდიდრის, რა მნიშვნელობისა და რა ღირსების მქონე უნდა ყოფილიყო. თვით იერონიმე თავის ამგვარ მდგომარეობას და შედარებას კრეზესთან ერთ ეპისტოლეში წარმოგვიდგენს, მარკელინასადმი გაგზავნილ ეპისტოლეში და თავის ცნობილ შრომაშიც აგრეთვე “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” მესამე წიგნის 75-ე პარაგრაფში. ე.ი. ეს უეჭველად ისტორიული სინამდვილეა, ამ ბიბლიოთეკის არსებობა. ზოგჯერ ხდება მითოლოგიზება ამგვარი მოვლენებისა, მაგრამ აქ ჩვენ აუცილებლად ისტორიულ ვითარებასთან გვაქვს საქმე და ის მნიშვნელობაც აღნიშნული ბიბლიოთეკისა, რაზეც ვსაუბრობდით ოდნავადაც არაა გადამეტებული, [15]გამომდინარე იქიდან, რომ იერონიმე, ეს დიდი მოღვაწე, რა თქმა უნდა, ასეთ მინიშნებას და ასეთ პარალელს არ გაავლებდა, მას რომ იმ ხელნაწერთა მიმართ განსაკუთრებული მოწიწება და კრძალვა არ ჰქონოდა, რა ხელნაწერთა ჩამონათვალსაც ხსენებული ბიბლიოთეკა იტევდა.

აი ასეთი დაუცხრომელი ღვაწლი აღესრულებოდა წმ. პამფილისგან, ამ გზით გულმოდგინეობდა იგი ჭეშმარიტების განვრცობას. მან მოახერხა აღზრდა მოწამეთა მთელი კრებულისა, რომელთა შორის გამოირჩეოდა ისეთი სახელი, როგორიც იყო ედესიუსი, განსაკუთრებულად ღრმა განათლებისა და სათნო მოღვაწეობის აღმსრულებელი პიროვნება და მისი მსგავსნი კიდევ მრავალნი. საკუთრივ პამფილმა უფლისმიერი სარწმუნოება საქმით დაადასტურა არა მხოლოდ ბიბლიოთეკის შექმნის გზით, არამედ განსაკუთრებით იმ საქველმოქმედო [16]ღვაწლით რაც აღსრულების ბოლო წუთამდე ნიშანდობლივი იყო მისთვის, ყოველივე რაც მას ქონდა, მისგანვე ყოვლითურთ განეყოფოდა ღარიბებს, როგორც ამის შესახებ მისი მოწაფე, სახელგანთქმული საეკლესიო ისტორიკოსი ევსები კესარიელი, ჩვენს მიერ თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხსენებული, სრულიად ხაზგასმით გვაუწყებს თავის ცნობილ წიგნში “პალესტინელ მოწამეთა შესახებ”. თვლიდა რა სულის სიმდირეს ამქვეყნიურ საგანძურზე ბევრად აღმატებულად, პამფილი კვლავ და კვლავ მოიპოვებდა, შეისყიდდა და გადაწერდა ხელნაწერებს, რომ ამ ხელნაწერებით მას დაეპურებინა რწმენის მსურველი, მაგრამ მატერიალურად უპოვარი ადამიანები, რომლებსაც არ შეეძლოთ წიგნების მოპოვება და აი ამგვარი მოღვაწეობის გზით პამფილმა გარეშემო წრეში, ქრისტიანთა შორის და ქრისტიანობისკენ მსწრაფველ ადამიანთა შორის [17]დაიმკვიდრა სახელი, როგორც ქრისტიანმა ფილოსოფოსმა. ანუ მის შესახებ მისივე სიცოცხლიდანვე შეიქმნა აზრი, რომ იგი ცხოვრობდა როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი, ასეა კონკრეტულად აღნიშნული მის მარტვილურ აქტებში და ამასვე გვაწყებს ჩვენ ევსები კესარიელი თავის საეკლესიო ისტორიაში მის შესახებ. 307 წელს მაცხოვრის სახელისათვის და ჭეშმარიტების აღსარებისათვის იგი შეპყრობილ იქნა პრეფექტ ურბანოსის მიერ. პამფილიმ გადაიტანა მრავალი უსაშინლესი გვემულება, ტანჯვა-წამება, ორი წელი იგი ეწამებოდა ციხეში, საპყრობილეში, სადაც საბოლოოდ მოწამეობრივად აღესრულა კიდეც. ამას ჩვენ პირველ რიგში ევსები კესარიელი გვაუწყებს თავის ზემოხსენებულ წიგნში პალესტინელ მოწამეთა შესახებ და ამასვე გვაუწყებს ჩვენ იერონიმეც თავის ნაშრომში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ”. [18]ხსენება წმ. პამფილისა აღესრულება 16 თებერვალს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

იერონიმე წერს, რომ წმ. პამფილი თავმდაბლობის გამო არაფერს წერდა პირადი წერილების გარდა, ამას გვაუწყებს ჩვენ იერონიმე თავის ნაშრომში “რუფინუსის წინააღმდეგ”, მესამე წიგნის მეოთხე თავში და ეს თავისთავად საგულისხმო შტრიხი გახლავთ. იმიტომ, რომ საზოგადოდ ეკლესიურ ტრადიციაში ღვთიური შთაგონებით მრავალი მოღვაწე სიცოხლის ბოლო წუთამდე ყოვლად დაუღალავად შრომობდა, წერდა, განმარტავდა, გადმოსცემდა მოძღვრებას, მაგრამ არიან მოღვაწენი, რომლებიც არსებითად მხოლოდ ეპისტოლეთა წერით შემოიფარგლენ. მაგალითად ასეთი გახლავთ IV-V საუკუნეების სახელგანთქმული მოღვაწე წმ. ისიდორე პელუზიელი. ყოველთვის გაკვირვებას იწვევდა, რომ ასეთი მასშტაბის მოღვაწე, ესოდენ განათლებული, ესოდენ დახვეწილი სტილის მქონე, მოძღვრებაში ესოდენ [19]ჩაღრმავებული, მხოლოდ ეპისტოლეების წერით რატომ შემოიფარგლა (წმ. ისიდორე), მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი ეპისტოლეებისა უაღრესად შთამბეჭდავია და 2000-ს აჭარბებს, მაგრამ მაინც ისინი მხოლოდ ეპისტოლეებია. პამფილის მაგალითზე იერონიმეს განმარტების შესაბამისად ჩვენ ეს მოვლენა შეგვიძლია ავხსნათ, ავხსნათ იმ კუთხით, რომ შესაძლოა წმ. ისიდორეც პამფილის მსგავსად არ კადნიერდებოდა რთული და დამოუკიდებელი საღვთისმეტყველო შრომების დაწერისათვის. ეს შტრიხი ჩვენ სხვა მოღვაწეებთან დაკავშირებითაც შეგვიძლია მოვიხმოთ. ასე რომ იერონიმეს ეს განმარტება თავისთავად ვფიქრობთ საგულისხმოა ამ შემთხვევაში კონკრეტულად პამფილი კესარიელთან დაკავშირებით.

პამფილის სამწეროლობო მოღვაწეობა და ზოგადად მოღვაწეობა მწერლობასთან დაკავშირებული, მოძღვრებასთან დაკავშირებული სხვა მრავალ ასპექტსაც გულისხმობს, მაგრამ ჩვენ, რამდენადაც დრო ფაქტობრივად ამოიწურა, აქ შევჩერდებით და შემდგომ შეხედრაზე კვლავ პამფილის შესახებ [20]განვაგრძობთ საუბარს.

 

246–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=QV5dz9uH7dY

 

წმიდა პამფილი კესარიელი (გაგრძელება)

ჩვენი წინა საუბარი ეძღვნებოდა ერთი მხრივ გრიგოლ განმანათლებელს, გრიგოლ პართელს და მეორე მხრივ დავიწყეთ განხილვა დიდი მოღვაწის - წმ. პამფილი კესარიელის ცხოვრებისა და ლიტერატურული საქმიანობისა. საქმიანობად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენ ის მოვლენა, რომ მან, ერთ-ერთმა პირველმა ეკლესიის მამათა შორის გამოიჩინა დაუღალავი მონდომება და გულმოდგინება ვრცელი ბიბლიოთეკის შესაქმნელად (ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა ეკლესიის ისტორიაში). მისი ღვაწლი მოწამეობრივი გვირგვინით დასრულებული ნიმუში გახდა თაობებისთვის და მისი პირადი წერილები მარადის განამხნევებდა მორწმუნეებს. ამ წერილთა უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, მოძღვრებაში განსწავლას ადრესატისას და რწმენაში მათ განმტკიცებას [1]ისახავდა მიზნად.

ჩვენ ვეხებოდით საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ განმარტავდა IV საუკუნის მიწურულის დიდი მოღვაწე იერონიმე იმ ფაქტს, რომ პამფილი კესარიელის წერილობითი მოღვაწეობა ძირითადად ეპისტოლეებით შემოიფარგლა. მივუთითებდით, რომ იერონიმეს განმარტებით იგი (პამფილი) არ თვლიდა თავის თავს ღირსად საღვთისმეტყველო შრომების დასაწერად, ანუ თავმდაბლურად განუდგა იგი სხვა სახის, სხვა ჟანრის სამწერლობო მოღვაწეობას და მხოლოდ პირადი წერილებით შემოიფარგლა. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ იერონიმე როგორც ჩანს მხოლოდ არსებით ნაწილს გულისხმობს პამფილის მოღვაწეობისას, იმიტომ, რომ პამფილის წერილობითი ღვაწლი მხოლოდ ეპისტოლეებით არ შემოფარგლულა, რადგან თუნდაც “სეპტუაკინტის” ტექსტის გასწორებისთვის გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესი უკვე სხვა სახის მოღვაწეობაა, რა თქმა უნდა, [2]და არა ეპისტოლეთა წერა. მართლაც ცნობილი გახლავთ, რომ წმ. პამფილი დიდი მგზნებარებით, დიდი მონდომებით ესწრაფოდა “სამოცდაათთაგანთა” ანუ “სეპტუაკინტის”, ძველი აღთქმის პირველი ბერძნული თარგმანის, ძველი წელთა აღრიცხვის III საუკუნეში შესრულებულის, ჩვენს მიერ ხშირად ხსენებულის, ტექსტის დაზუსტებას, რადგანაც მის დროისთვის ის პირვანდელი ღვთივსულიერი თარგმანი გადამწერთაგან მნიშვნელოვნად იყო გაუკუღმართებული. ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით, რომ ორიგენემ ერთ-ერთმა პირველმა სცადა “სეპტუაკინტის” ტექსტის დაზუსტება, გადამწერთაგან დაშვებული ლაფსუსების გასწორება და პამფილიმაც, რომელიც ორიგენეს მოღვაწეობის ღირსეული ნაწილის ერთგული მიმდევარი გახლდათ, ამ მხრივაც უერთგულა მოძღვარს და მან მოიპოვა ორიგენეს “ჰეგზაპლების” დედანი.

[3]კვლავაც განვმარტავთ თუ რას ნიშნავს ჰეგზაპლები, რომ იგი ორიგენეს მიერ აღსრულებული უდიდესი ტექსტოლოგიური სამუშაოს ნაყოფია. თვითონ სიტყვა ნიშნავს ექვსჯერადს, ძველქართულად ექვსკეცს, ექვსსვეტს (ასეც შეიძლება ითარგმნოს), როდესაც ექვსსვეტად ორიგენემ ჩამოწერა ბიბლიის ძველი აღთქმის ტექსტი, რომ ყველაზე უფრო მართებული წაკითხვები დაედგინა, ანუ კრიტიკულად, მეცნიერულად დაემუშავებინა ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი, სეპტუაკინტის ტექსტი, და ყველაზე უფრო ზუსტი ტექსტობრივი სახე მიეცა მისთვის. პირველ სვეტში შეგახსენებთ მთლიანად ჰქონდა ჩამოწერილი ძველი აღთქმის ებრაული ტექსტი, ებრაული ასოებითვე, მეორე სვეტში იგივე ებრაული ტექსტი ოღონდ ბერძნული ტრანსკრიფციით, მესამე სვეტში საკუთრივ სეპტუაკინტა და ბოლო სამ სვეტში ბიბლიის, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ძველი აღთქმის სამი ახალი ბერძნული თარგმანის, კერძოდ [4]აკვილას, სვიმაქოსის და თეოდოტიანეს თარგმანათა ტექსტები. ასე იყო წარმოდგენილი ექვსი ტექსტი ექვს სვეტად ჩამოწერილი და უმრავლესობა ტექსტებისა რომელ წაკითხვასაც, რომელ ტექსტობრივ მონაცემსაც უჭერდა მხარს, ამ მონაცემს ორიგენე გამოყოფდა როგორც მართებულს და ამ სახით ადგენდა “სეპტუაკინტისა” და ზოგადად ბიბლიის პირველი ნაწილის, ძველი აღთქმის მართებულ ტექსტს. აი ეს “ჰეგზაპლები” დედნისეული სახით, რომელიც, რა თქმა უნდა, შემდგომში გადამწერთაგან ზიანდებოდა, ჯერ კიდევ დაუზიანებელი სახით არსებული მოიპოვა პამფილიმ და ამ “ჰეგზაპლების” მიხედვით, ისევე როგორც ბიბლიის ბერძნული თარგმანის სხვა ხელნაწერთა მონაცემების მიხედვით მან გაასწორა გადამწერთაგან დაშვებული შეცდომები არა მხოლოდ ძველი აღთქმისა, არამედ ახალი აღთქმისაც, ამასთან დაურთო კიდეც მოკლე განმარტებანი და დასათაურებანი ბიბლიურ ტექსტებს. [5]მან თავისთავად ცხადია განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ახალი აღთქმის მიმართ. ეს მოსალოდნელიც იყო და მისგან შესწორებული (შესწორებულში აქ უნდა ვიგულისხმოთ არა ის, რომ პამფილი თავდაპირველ ტექსტს, მოციქულთაგან მომდინარეს, ასწორებდა, არამედ გადამწერთაგან დამახინჯებულს აღადგენდა და სწორედ ამ გაგებით ეწოდება ამ შემთხვევაში ტექსტს შესწორებული) ტექსტი იმდენად დაფასებული იყო, იმდენად მიეგებოდა პატივი და ღირსება მის რედაქციას, რომ იერონიმეს სიტყვების მიხედვით ეს პამფილისგან გასწორებული ტექსტი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია პამფილისეული რედაქცია ვუწოდოთ, გამოიყენებოდა ყველა ეკლესიაში რაც კი ალექსანდრიასა და ანტიოქიას შორის მდებარეობდა. ამ ცნობას ჩვენ იერონიმე გვაწვდის “ნეშტთა წიგნის” მისგან დაწერილ შესავალში, რაც თავისთავად ვფიქრობთ, ბიბლიოლოგიური [6]თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებო ცნობაა. იმავე პამფილისეული ტექსტიდან ხდებოდა გადაწერა არა მხოლოდ პალესტინისათვის, არამედ სხვა ეკლესიებისთვისაც.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საყურადღებოა ერთ-ერთი მკვლევარის, ტექსტების ცნობილი გამომცემელის მონფოკონის უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში სადაც მან ნახა წინასწარმეტყველეთა წიგნების ხელნაწერი, აღმოაჩინა, რომ იერემიას წინასწარმეტყველების შემდეგ იყო ცნობა იმის შესახებ, რომ ეს ხელნაწერი შედგენილი ყოფილა პამფილისგან დაწერილი “ტეტრაპლების” მიხედვით. ტეტრაპლა ნიშნავს ოთხჯერადს, ჰეგზაპლების ანალოგიით. როგორც ჩანს წმ. პამფილის ოთხი განსხვავებული რედაქციის ხელნაწერი ჰქონდა ხელთ ძველი აღთქმისა და აქედან ადგენდა თვითონვე ორიგენეს მსგავსად, ამ შემთხვევაში [7]კონკრეტულად იერემიას წინასწარმეტყველების ტექსტს. იგივე მკვლევარი მონფოკონი აღწერს ერთ-ერთ ხელნაწერს, პავლე მოციქულისგან გაგზავნილს და როგორც გადამწერისგანაა იქვე შენიშნული, გასწორებულს კესარიის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერის მიხედვით. ცხადია ეს ხელნაწერი იქნებოდა სწორედ პამფილისეული რედაქცია ახალი აღთქმისა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად სამოციქულოსი, უფრო კონკრეტულად კი პავლე მოციქულის ეპისტოლეებისა. ე.ი. პავლე მოციქულის ეპისტოლეთა ტექსტის გასწორებაც, აღდგენაც თავდაპირველი ტექსტისა პამფილის უწარმოებია და როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთ-ერთი ხელნაწერი ამ სამუშაოს ამსახველი ჩვენამდე მოღწეული ყოფილა.

როდესაც კონსტანტინე მეფემ დაინახა მის მიერ აშენებულ და დაფუძნებულ სამეფო ქალაქში, კონსტანტინოპოლში, ქრისტიანთა გამრავლება, [8]მაშინ მან წერილობითად სთხოვა ევსების, პამფილის მოწაფეს, კესარიის ეპისკოპოსს, გაეგზავნა მისთვის ბიბლიის 50 ყველაზე უფრო კარგი, საუკეთესო, ხელნაწერი ახალმოქცეული ხალხისათვის. ამას თვითონ ევსები კესარიელი გვაუწყებს ჩვენ თავის ცნობილ შრომაში “კონსტანტინეს ცხოვრება”, დაინტერესებას იმპერატორისას იმით, რომ არა უბრალოდ საღვთო წერილი მიეწოდოს ახალმოქცეულ ხალხს, არამედ საღვთო წერილის ტექსტის შემცველი ყველაზე საუკეთესო, დაუზიანებელი ნუსხები. ასე რომ ძველი აღთქმის ტექსტი, გასწორებული ჯერ ორიგენესგან და შემდეგ გადახედილი წმ. პამფილისგან, 303 წელს რომის იმპერიაში აღმოჩნდა, რასაც კვლავაც ევსები გვაუწყებს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ალექსანდრიული ხელნაწერი ბიბლიისა თავისთავში შეიცავს ტექსტს, რაც ყველაზე უფრო ახლოსაა “ჰეგზაპლების” ტექსტთან [9]და მიჰყვება ეს უძველესი ხელნაწერი იმ ტექსტს რაც პამფილისეულ რედაქციად არის მიჩნეული უკვე IV საუკუნისთვის. ასე რომ პამფილის რედაქცია IV საუკუნეში, თუ უფრო არა, უკვე ეგვიპტეში გავრცელებული იყო. მართალია ჩვეულებრივ ბიბლეისტიკაში და ბიბლიოლოგიაში პამფილის რედაქცია ცალკე არაა გამოყოფილი, ე.ი. ბიბლიის ბერძნულენოვანი ტექსტი რედაქციათა შორის და ეს მართებულიცაა, რადგანაც აბსოლუტურად დამოუკიდებელ რედაქციად ჩვენ მას ვერ მივიჩნევთ, ის ორიგენესეული რედაქციის ერთ-ერთი განშტოებაა, მაგრამ ამ განშტოების მნიშვნელობაც, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ სრულყოფილი წარმოდგენა გვქონდეს მის შემსრულებელზე, წმ. პამფილის, ამ შემთხვევაში, ბიბლიოლოგიურ ღვაწლზე.

ბიბლიის ტექსტის დადგენის საქმეში პამფილის ღვაწლის ნაწილს შეადგენს ჩვენამდე მოღწეული თხრობა, გადმოცემა, საქმეთა [10]წიგნების თავებისა. როდესაც ევთალე ეპისკოპოსი (ევთალე გახლავთ სწორედ ის პირი რომელმაც პირველმა მისცა ჩამოყალიბებული ფორმობრივი სახე ახალ აღთქმას. ჩამოყალიბებული ფორმობრივი სახე გულისხმობს თავებად, მუხლებად, პარაგრაფებად დაყოფას, ანუ სტიქომეტრიის შედგენას. ამას ეწოდება სტიქომეტრია – მუხლთგანზომილება (კალკირებულად რომ ვთარგმნოთ), მუხლობრივი საზომით დალაგება საღვთო წერილისა, რაც ევთალეს სახელს უკავშირდება. ძველ ქართულად მისი ნაშრომი, ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი ანუ მისი სტიქომეტრია, სხვათაშორის  თარგმნილი გახლავთ, გამოცემულიცაა აწ განსვენებული მკვლევარის კორნელი დანელიას მიერ, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა აღნიშნულ ტექსტზე, რაც უძველესი თარგმანია ქართულ ენაზე, დაახლოებით VI საუკუნისა, [11]როგორც ჩვენ ტერმინოლოგიური ასპექტების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ), სტიქომეტრიულად ამუშავებდა რა ახალ აღთქმას 462 წლიდან, იყენებდა პამფილის შრომებს კესარიის ბიბლიოთეკიდან, ე.ი. პამფილისგან ნამუშევარ, გადაწერილ და გასწორებულ ხელნაწერებს და სწორედ ამ ხელნაწერთა მიმართ იყენებდა თავის სტიქომეტრიულ განაწესს ანუ ამ ხელნაწერებზე ამატებდა იგი მუხლობრივ დაყოფას, ეს ხელნაწერები გამოიყენე მან მუხლობრივი დაყოფის პრინციპების შესამუშავებლად, და სწორედ ევთალეს გზით, ამ შემთხვევაში საქმეთა წიგნის თავებად დაყოფის სისტემა პამფილისგან მომდინარე საყოველთაო ხმარებაში შევიდა, თუმცა უსამართლოდ ატარებს ზოგჯერ ეს საქმე ევთალეს სახელს, უკავშირებენ მას ევთალეს, თუმცა როგორც ვნახეთ ნამდვილი დამწყები ამ [12]უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოღვაწეობისა და საქმიანობისა გახლავთ სწორედ პამფილი კესარიელი.

წმ. პამფილი როდესაც საპყრობილეში იყო (ჩვენ ამის შესახებ ორიგენესთან დაკავშირებითაც აღვნიშნავდით) წერდა თავის ცნობილ შრომას “ორიგენეს აპოლოგია”, ანუ ორიგენეს დაცვა. ასე გვაუწყებენ ჩვენ ევსები კესარიელი, აგრეთვე სხვა მოღვაწენიც, სოკრატე სქოლასტიკოსი, ფოტი პატრიარქი და სხვები. თვით ევსები, რომელიც ისტორიული, უშუალო, მოწაფე იყო პამფილისა, გახდა თვითმხილველი პამფილის ამ შრომისა, ე.ი. ეს მას ხელთ ჰქონდა – ორიგენეს აპოლოგია, და თვითონვე დაუმატა პამფილის თხოვნით ბოლო მეექვსე წიგნი იმ პირველ ხუთ წიგნს, რაც უშუალოდ პამფილიმ დაწერა ორიგენეს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ფოტი პატრიარქი სხვათაშორის ამ კუთხით საგულისხმო ცნობას გვაწვდის, თავისი სახელგანთქმული [13]ნაშრომის, “ბიბლიოთეკის” 118-ე კოდექსში, სადაც იგი წერს: “წაკითხულ იქნა წიგნი მოწამე პამფილისა და აგრეთვე ევსებისა, ექვს ტომად, რომელთაგანაც ხუთი შედგენილია პამფილის მიერ იმ დროს როდესაც იგი საპყრობილეში იმყოფებოდა, ევსების გვერდით მყოფობის ჟამს, ხოლო მეექვსე ტომი დააბოლოვა ევსებიმ მას შემდეგ რაც მოწამე (პამფილი) ამ ცხოვრებისგან აღესრულა მახვილით და წავიდა იგი ღმერთთან, რომლისადმიც სურდა მარადის”. ამავე აპოლოგიის შესახებ ჩვენ გვაუწყებს აგრეთვე იმავე ფოტის ცნობით ანონიმი აპოლოგეტიც ორიგენესი და ეს ცნობა ფოტისგან გადმოცემულია მისი ხსენებული შრომის, “ბიბლიოთეკის” 117-ე კოდექსში. ასე რომ პამფილიმ ხუთი წიგნი დაწერა ორიგენესთან დაკავშირებით სახელწოდებით “ორიგენეს აპოლოგია”, ხოლო მეექვსე წიგნის დაწერა მან დააკისრა თავის მოწაფეს ევსების, რომელმაც ეს [14]დაკისრებული საქმე შეასრულა. საგულისხმოა თვითონ ფორმაც ამ ნაშრომისა, როგორადაც ის დაწერილი იყო, ფორმა იყო სხვათაშორის ეპისტოლარული, ეგზავნებოდა პალესტინელ აღმსარებლებს, რომლებიც მას შემდეგ რაც სარწმუნოებრივი დევნულების ჟამს შეპყრობილ იქნენ და წიაღისეულის მოპოვების უმძიმეს შრომას იქნენ მიცემულნი, მათ გასამხნევებლად პამფილი ეპისტოლარული ფორმით წერდა ამ შრომას და აგზავნიდა კიდეც. ჩვენამდე მოღწეული გახლავთ პირველი წიგნი, სადაც წერილობითი მინაწერისა და ზოგადი განმარტების შემდეგ ორიგენეს მოძღვრებასთან დაკავშირებით უკვე პამფილისგან საკუთრივ მოძღვრებაცაა ორიგენესი გადმოცემული, პირველ რიგში ღვთისმეტყველების და საღვთისმეტყველო ღვაწლის დიდი მნიშვნელობის შესახებ, [15]შემდგომ საკუთრივ მამა ღმერთის შესახებ, ძე ღმერთის ღმრთეების შესახებ, სულიწმინდის შესახებ, ღვთის ძის განკაცების შესახებ, საღვთო წერილის ისტორიული დანიშნულების შესახებ, აღდგომის, ცოდვილთა დასჯის, ადამიანის სულის შესახებ და მრავალ სხვა საკითხზე. გადმოსცემს რა ორიგენეს სიტყვებს წმ. პამფილი, ამ სიტყვებს ურთავს არაიშვიათად საკუთარ განმარტებებსაც, რითაც არის მცდელობა იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ბუნდოვანი გამონათქვამები ორიგენესი მკითხველისთვის საწვდომი და გასაგები გახდეს. ესეც, რა თქმა უნდა, ცხადია ლიტერატურულ მოღვაწეობას უკავშირდება პამფილისას, თუმცა ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ მას სხვა წიგნებიც ქონდა დაწერილი, რომელთაგანაც მხოლოდ ცალკეული ციტატებია შემორჩენილი და ისიც ფოტი პატრიარქის წყალობით, რომელსაც თავის შრომაში [16]“ბიბლიოთეკა” ეს ციტატები დაუცავს. და ბოლოს, ახლახანს გამოიცა ნაშრომი “ამონაკრებნი წმ. მოწამე პამფილის შრომისგან ანტიოქიის სამოციქულო კრებასთან დაკავშირებით”. აქ იგულისხმება პამფილის საეკლესიო კანონები, როგორც ამაზე მიუთითებს გამომცემელი, ვინც ეს ძეგლი გამოსცა, კერძოდ ის კანონები, რომელთა ნაწილიც ორიგენეს ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა.

ესაა მთლიანობაში ის დიაპაზონი წერილობითი მოღვაწეობისა, რაზეც ჩვენ პამფილი კესარიელთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ის ხუთ ტომეული რაც მან დაწერა ორიგენესთან დაკავშირებით, ჩვენამდე რომ მოღწეულიყო გაცილებით მეტი გვექნებოდა სათქმელი სამოძღვრო კუთხითაც, სტილური ასპექტითაც, მაგრამ ამჯერად რაც ეხლა ვისაუბრეთ ამით უნდა შემოვიფარგლოთ, რადგან ფაქტობრივად ესაა ყველა ის წყარო რაც დღეისათვის პამფილი კესარიელის შესახებ ჩვენ მოგვეპოვება.

 

247–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=TwDSX3AOLok

 

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:41)