250


წინა საუბარში ჩვენ შევუდექით ახალი ეპოქის, IV საუკუნის I ნახევრის დახასიათებას. შედარებით და შეძლებისდაგვარად ვრცლად ვისაუბრეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებაზე, რამაც არა მხოლოდ ამ ეპოქის და ამ საუკუნის პროფილი განსაზღვრა, არამედ ფაქტობრივად მთელი საეკლესიო ისტორიისა, ვიდრე დღევანდელ დღემდე, ეს გახლდათ ქრისტიანული სარწმუნოების დაშვება, შეწყნარება და ბოლოს სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარება იმპერატორ კონსტანტინე დიდისგან. ნაწილობრივ ვისაუბრეთ მის ღვაწლზეც, ეს თემა მრავალ კომპონენტს გულისხმობს, უაღრესად ფართოდ გაშლადია, მაგრამ რაც ვისაუბრეთ ამ ეტაპზე ვფიქრობთ ხსენებული ნიშან-თვისების მნიშვნელობის წარმოსაჩენად აბსოლუტურად საკმარისია.

მაგრამ ეს ეპოქა მხოლოდ ამ ნიშნით არ ხასიათდება. ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ნიშან-თვისებანი, [1]რითაც ხსენებულ ეპოქას ვახასიათებთ, ერთიმეორესთან უმჭიდროეს კავშირშია, ერთიმეორეს განაპირობებენ, თუმცა მათი ცალ-ცალკე დახასიათება შესაძლებელია. მეორე ნიშან-თვისება, რაც მნიშვნელოვანწილად ამ პირველისგან არის განპირობებული ეს გახლავთ ასევე და ალბათ უფრო მეტადაც იმ პირველ ნიშან-თვისებაზე, უაღრესად ღრმა სულიერი, სასიკეთო შედეგების შემცველი მოვლენა, რაც საფუძველ დადებული გახდა 325 წლიდან, გამომდინარე, კვლავ აღვნიშნავთ, ამ ჩვენს მიერ განხილული პირველი ნიშან-თვისებიდან, რომ ქრისტიანული სარწმუნოება დამკვიდრებული გახდა რომის იმპერიაში. რა თქმა უნდა, სარწმუნოების დამკვიდრება, სახელმწიფოებრივად სარწმუნოების მიღება, არ არის საკმარისი ამ სარწმუნოების წიაღში სრული გამარჯვების [2]მოსაპოვებლად უკეთურებაზე, გაუკუღმართებებზე, მოძღვრების ამა თუ იმ სახით დარღვევებზე, მაგრამ ის რაც IV საუკუნემდე იყო სახეზე, თავისი გამოვლინებით მაინც უფრო სხვა მოვლენად შეიძლება წარმოვაჩინოთ, ხოლო IV საუკუნის დამდეგიდან უკეთურების გამოვლინების რაგვარობა გარკვეულწილად სხვა პროფილს იძენს, რამაც 325 წლიდან, კვლავ აღვნიშნავთ, უდიდესი მნიშვნელობის მოვლენის დაფუძნება განაპირობა. რას ვგულისხმობთ აქ?

გაუკუღმართება, თავისთავად ცხადია, ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, ჭეშმარიტი მოძღვრების დარღვევისა და გაუკეთურების მცდელობას შეიცავს თავის თავში. IV საუკუნის პირველ ნახევრამდე არსებითად საეკლესიო მოღვაწეობა, სიწმინდის [3]დამცველი ღვაწლი ეკლესიის მამებისა, პირველ რიგში უპირისპირდებოდა სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს, სხვა სარწმუნოებებს. ამ სარწმუნოებათაგან, როგორც ადრე აღვნიშნავდით, ყველაზე უფრო საშიში იყო და ყველაზე უფრო მძაფრი პოლემიკა ქრისტიანებისა მიმდინარეობდა ორთან. ეს იყო ერთი მხრივ წარმართული კერპთაყვანისმცემლობა, ელინიზმი, წარმართული რომის იმპერიის სარწმუნოება, ზოგადად წარმართობა და მეორე მხრივ იუდაიზმი. თუმცა გარკვეული, თავისთავად ცხადია, პოლემიკა რომის იმპერიაში არსებული სხვა სარწმუნოებების მიმართაც მიმდინარეობდა, რომლებიც ზოგადად მაინც წარმართობაში შედის. აი ეს იყო არსებითი ანტიერეტიკული გეზი და ხაზი ეკლესიის ისტორიისა, ვიდრე IV საუკუნის I ნახევრამდე. ცხადია, ეს არ გულისხმობდა იმას, რომ საკუთრივ ეკლესიის შიგნით, ქრისტიანთა შორის, არ იჩენდა თავს ამა თუ იმ პირისგან მომდინარე საფუძველდადებული [4]ესა თუ ის გაუკუღმართება. რა თქმა უნდა, საკუთრივ ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯებაზე დაფუძნებული ერესები თვით მოციქულთა დროიდანვე გამოკვეთილია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვიმსჯელეთ როცა წმ. ეგნატი ანტიოქიელთან დაკავშირებით გვქონდა განხილვა. მაგრამ როგორც წინა საუბარში აღვნიშნავდით ამა თუ იმ ეპოქის პროფილს განსაზღვრავს არა აბსოლუტურად და ტოტალურად რაღაც ახალი თვისების წარმოჩენა და გამოჩენა, არამედ უკვე არსებულის, თავისთავად ცხადია, მაგრამ გაცილებით უფრო გამკვეთრებულის, გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და მაშტაბური სახით გამოვლენა. ყველა ეპოქა ჩვენ დავახასიათეთ ამ მხრივ. წინა საუბარში აღვნიშნავდით, რომ ეპოქები სხვადასხვა ნიშნით გამოიყოფა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე ნიშნები სხვა ეპოქებში არ არსებობს, თუმცა ამა თუ იმ ეპოქაში მოცემული ნიშნის ყველაზე უფრო მასშტაბური გამოვლენა იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნული ნიშნის მიხედვით კონკრეტულად მოცემული ეპოქა განისაზღვროს, ვთქვათ II საუკუნე აპოლოგეტიკად, [5]უფრო ადრეული სამოციქულო ეპოქად და ა.შ. თუმცა კვლავ აღვნიშნავთ, რომ სამოციქულო განწყობა აპოლოგეტურ ეპოქაშიც შენარჩუნებულია, დღესაც სახეზეა და განუყრელია ეკლესიის ისტორიისგან, ისევე როგორც აპოლოგეტური ნიშან-თვისება და ა.შ. ამგვარადვე ითქმის ამჯერადაც, რომ მიუხედავად მთელი რიგი, საკუთრივ ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯებით საფუძველდადებული ერესები სახეზეა მეოთხე საუკუნემდელ ეპოქაშიც, მაინც ამ მხარეს უკეთურებისას არ მიუღია ისეთი მაშტაბები, რაც მიიღო იმავე უკეთურებამ, ე.ი. ქრისტიანული მოძღვრების ერეტიკულმა გაუკუღმართებამ საკუთრივ IV საუკუნის I ნახევარში. ცხადია ჩვენ აურაცხელი სექტა ვიცით IV საუკუნემდე არსებული, თუმცა ისინი ჩვეულებრივ მყისვე განიკვეთებოდნენ, მოიკვეთებოდნენ დედა ეკლესიისგან, ცალკე იწყებდნენ ასე ვთქვათ არსებობას და იქიდან უტევდნენ უკვე ქრისტიანობას. თუნდაც გნოსტიკოსები [6]რომ ავიღოთ და ცნობილი სექტები, ორი არსებითი მიმართულება გნოსტიციზმისა, დოკეტიზმი და ებიონიზმი, რომლებიც ეკლესიის გარეთ არსებობდნენ აღმოცენებისა და ეკლესიასთან დაპირისპირების შემდეგ. ისევე როგორც სხვადასხვა სექტები, მაგ. ნიკოლაიტები, ნიკოლა დიაკონისგან დაფუძნებული (ეს ის ნიკოლაა, რომელიც შვიდ დიაკონთა შორის იხსენიება ახალ აღთქმაში), რომელიც მყისვე გაემიჯნა დედა ეკლესიას, და სხვა მსგავსნი. მოგვიანებით დავუშვათ პავლე სამოსატელის გაუკუღმართებაც ასევე ეკლესიისგან მოკვეთილ იქნა, ანუ ძველი ქართული ტერმინი შეიძლება მოვიხმოთ ასეთ სექტებთან დაკავშირებით, რომ მყისვე განაგარეეს (განგარეება, ასეთი ზმნა არსებობდა XII საუკუნეში კალკირებული, გელათური სკოლისთვის ნიშანდობლივი) ისინი ანუ გარეთ გაყარეს, განაკიდეეს (ასეთი ზმნაც იყო – განკიდება) ისინი.  მათი მხილებისთვის საკმარისი იყო ადგილობრივი კრებები და კრების შეკრებას [7]უდიდესწილად ეს მიზანდასახულობა ქონდა, რომ ხარვეზი, გაუკეთურება აღმოეფხვრა ეკლესიის ისტორიიდან. მაგრამ IV საუკუნის I ნახევარში სოციალურად ისეთი მასშტაბის გაუკუღმართება აღმოცენდა, რომ მხოლოდ ადგილობრივი კრება ვეღარ განკურნებდა გამოვლენილ წყლულს, ხარვეზს ვერ აღმოფხვრიდა და შესაბამისად აუცილებელი გახდა პირველი მსოფლიო კრების მოწვევა 325 წელს ქალაქ ნიკეაში. აი ეს გახლავთ ის ნიშან-თვისება, რაზეც ჩვენ საუბარს ვაპირებთ, მსოფლიო კრებათა ეპოქის დაფუძნება, რაც ასევე IV საუკუნის I ნახევარს უკავშირდება და რაც პირველ ნიშან-თვისებასთან, ქრისტიანული სარწმუნოების რომის იმპერიაში სახელმწიფოებრივად მიღებასთან უშუალო კავშირში იმყოფება. უშუალო კავშირში იმიტომ, რომ როდესაც ქრისტიანობამ ის პირველი [8]ეტაპი გადალახა თავისი აპოლოგეტური ღვაწლისა, ამხილა წარმართობა, ამხილა იუდაიზმი და არსებითად დასძლია ისინი, თუმცა პაექრობა მათ წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, კვლავ გრძელდებოდა და დღესაც გრძელდება, მაგრამ არსებითად ისინი უკვე დაძლეულია IV საუკუნის I ნახევრისთვის, ამან განაპირობა სწორედ ქრისტიანობის აღიარება რომის იმპერიაში, რადგანაც მისი ჭეშმარიტება ამ უკეთურ სარწმუნოებათა მხილების ჟამს ბრწყინვალედ აელვარდა და გამოიკვეთა. რაჟამს ეს მოხდა, როგორც საკუთრივ ამ ეპოქის მოღვაწე და უფრო გვიანდელი ეკლესიის მამებიც ხაზს უსვამენ, უკეთურებამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ ბრძოლის სხვა, კიდევ უფრო მზაკვრული ხერხი მოიმარჯვა, ეს გახლავთ საკუთრივ ეკლესიის შიგნით, ქრისტიანთა შორის უაღრესად მძაფრი და შეურიგებელი დაპირისპირების დათესვა. არიანული ერესი, არიოზისგან საფუძველდადებული ერესი, გახლდათ სწორედ ეს განხეთქილებისა და [9]მოძღვრების შიგნით დიდი ბზარის შეტანის მცდელობა. და ეს იმ მასშტაბის ბზარი აღმოჩნდა, კვლავ აღვნიშნავთ, რომ მის გამრთელებას ადგილობრივი კრების სალბუნი და წამალი არ ეყოფოდა. რა ზომისაც არის გაუკეთურება, რა ზომისაც და რა საშიშროების მქონეც არის წყლული, ავადმყოფობა, სნეულება, იმავე სიძლიერის და იმავე ქმედითობის მქონე სალბუნი და მაკურნებელი წამალია საჭირო. ეკლესიის სულიერმა ხედვამ განჭვრიტა, რომ ამ გაუკუღმართებას მარტოოდენ ადგილობრივი კრებით ვერ აღმოფხვრიდა. ფაქტობრივად ადგილობრივი კრება, რა თქმა უნდა, გაიმართა ალექსანდრიაშივე არიანელობის წინააღმდეგ, მაგრამ სენი კიდევ უფრო განივრცო, კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და ბოლოს იმ ზომებს მიაღწია, რომ აუცილებელი გახდა მსოფლიო კრების მოწვევა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში (ჩვენ ამაზე მრავალგზის მივანიშნეთ), [10]სწავლება ეკლესიისა სახეზეა. კვლავ უფლისმიერი წინაგანგებულებით უკეთური, თუმცა უაღრესად ცბიერი მაგრამ შეზღუდული ჩანაფიქრის დაძლევა და დამარცხება. ჩანაფიქრი კი, კვლავ აღვნიშნავთ ამგვარი იყო, რომ გარეგან მოწინააღმდეგეთა ფაქტობრივი და არსობრივი დაძლევის შემდეგ, რაც ქრისტიანობამ აღასრულა პირველი საუკუნიდან მეოთხე საუკუნემდე, აი ამის შემდეგ უკეთურებამ თვით ქრისტიანობის შიგნით დათესა ბრძოლის, წინააღმდეგობისა და დაპირისპირების მარცვალი. ეს გაცილებით უფრო მძიმე მოვლენაა იმიტომ, რომ სხვაა როდესაც სახლის გარეთ არსებულ მტერს ებრძვი და სხვაა როცა საკუთრივ სახლშია ნაღმი ჩადებული, დამანგრეველი. ამიტომ მასშტაბი, რა თქმა უნდა, ამგვარი გაუკუღმართებისა, ამგვარი უკეთრებისა და მზაკვრობისა ანუ იგივე სნეულებისა, ავადმყოფობისა, შესამჩნევად გაფართოვდა, ბზარი მკვეთრად გაზრდილია და შენობას დარღვევით ემუქრება და ამიტომ გახდა აუცილებელი [11]მსოფლიო კრების მოწვევა. მაგრამ ძლევა უკეთურებისა, უკეთური მზაკვრობისა, უფლისმიერი მიუწვდომელი წინაგანგებულებით სწორედ იმაში ვლინდება ამჯერადაც, რომ მიუხედავად ასეთი უაღრესად საშიში და მძიმე ჩანაფიქრისა უკეთურებისგან, შედეგი უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა, იმ უკეთურებისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად. რა თქმა უნდა, უკეთური ძალა, უკეთურ ძალას დაქვემდებარებული წყება ადამიანებისა მიზნად ისახავდა ამ უკეთური განზრახვის განსრულებას, ჭეშმარიტების დამარცხებას, ჭეშმარიტების დარღვევასა და მოსპობას, მაგრამ რაც მეტად დაპირისპირება მოხდა ჭეშმარიტებასთან უფლის წინაგანგებით, ნაყოფიც უფრო მასშტაბური გამოვლინდა, დაფუძნდა მსოფლიო კრებათა ეპოქა, ყოვლის განმსაზღვრელი, ყოვლის ჩამომყალიბებელი, ყოვლის დამდგენი, უმტკიცესი საფუძვლის დამდები საეკლესიო ისტორიისთვის, საეკლესიო მოძღვრებისა და მოღვაწეობის ისტორიისთვის.

[12]325 წელს გამართული ნიკეის პირველი მსოფლიო კრების შემდეგ მოგეხსენებათ ექვსი მსოფლიო კრება გაიმართა კიდევ, სულ მთლიანობაში შვიდი. შესაძლოა ჩვენ აქ კვლავ დავინახოთ საღვთო განგებულება, რომ VII კრება იმავე ნიკეაში იმართება, ანუ წრე იკვრება, სულიერი პროცესი და უდიდესი მოძრაობა თავის სრულყოფასა და მთლიანობას იღებს და როგორც განსაზღვრულია საეკლესიო რჯულდებით, ამ შვიდ კრებას “არცა აღემატნენ, არცა მოაკლდნენ. ეს შორს რომ არ წავიდეთ საქართველოში გამართული რუის-ურბნისის კრების დადგენილებაშივეა ხაზგასმით თქმული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შვიდი მსოფლიო კრების შემდეგ კრებები არ იმართებოდა და არ უნდა გაიმართოს, პირიქით ეს ყოვლად აუცილებელია და სავალდებულოა, მაგრამ საუბარია მსოფლიო კრებაზე. ეკლესიური სწავლება ამ შემთხვევაში უპირობოდ განაჩინებს, რომ ამ შვიდმა მსოფლიო კრებამ ყველაფერი რაც არსებითია, რაც ფუნდამენტია, შეიმუშავა და ჩამოაყალიბა, [13]დაასაძირკვლა და მას არც უნდა აღემატოს და არც უნდა დააკლდეს. თუნდაც რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს კრება გაიმართოს, გაცილებით უპრიანი იქნება, რომ მას ჩვენ ვუწოდოთ ადგილობრივი კრება, არ უნდა გავკადნიერდეთ და არ უნდა ვუწოდოთ მას მსოფლიო კრება, აი ამ ვითარებიადნ გამომდინარე, რაც აღვნიშნეთ, აი ამ სავსებით ერთაზროვანი სწავლებიდან გამომდინარე. ანდა მაშინ თვით ეს სწავლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ ამის შეცვლა ყოვლად შეუძლებელია.

ასე რომ მეორე არსებითი ნიშან-თვისება აღნიშნული ეპოქისა გახლავთ მსოფლიო კრებათა ეპოქის დაწყება, დაფუძნება და თუ ჩვენ ჭეშმარიტად ეპოქალური თვალით შევხედავთ მსოფლიო კრებებს, ვნახავთ, რომ მათ რამდენიმე კუთხით მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს უკეთურებას, ზოგჯერ პირდაპირ გამოხატული, ზოგჯერ შინაგნად ნაგულისხმევი. პირდაპირ გამოხატულია ერეტიკული, სამოძღვრო გაუკუღმართებების [14]სიღრმისეული გაანალიზება და აღმოფხვრა ანუ დამხობა (შესანიშნავი ძველი ქართული ტერმინია, რომელიც შესაბამისია ბერძნული ტერმინისა “ანატროპე”, რაც სწორედ დამხობას ნიშნავს. თუმცა ქართულში ეს ტერმინი გვიან შემოდის, ჩვენ რამდენადაც წყაროებზე ხელი მიგვიწვდება და მე პირადად შემიძლია ვთქვა, პირველი გამომყენებელი ამ ტერმინისა და ალბათ დამამკვიდრებელი გახლავთ წმ. არსენ იყალთოელი. გასაგებიცაა რადგან სწორედ მან თარგმნა ქართულად “დიდი სჯულის კანონი”, სადაც მსოფლიო კრებათა სწორედ ამგვარი ერესისა და უკეთურების დამამხობელი განჩინებანი შედის და მანვე ეს ტერმინი აღნიშნული, ერესების უარყოფის და განკვეთის შინაარსით შემოიტანა. მანამდე ჩვენ ამ ტერმინს ამ შინაარსით ვერსად ვერ ვპოულობთ). ერთი მხარე ეს გახლავთ, [15]პირდაპირ გამოხატული მომაკვდინებელი განგმირვა უკეთურებისა, უშუალოდ რომ ჩანს, დებულებითად, განჩინებითად, კანონმდებლობითად ერესების და ერეტიკული აზრების დამხობა. აქ ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ მოძღვრებაში, სწავლებაში გამოვლენილ ცდომილებებს, არამედ მოქმედებაშიც, რადგანაც ეკლესიურ ტრადიციაში მოქმედება და მოძღვრება არ განიყოფება ერთიმეორისგან. რა თქმა უნდა, არის გარკვეული მოქმედებანი, რომლებსაც მოძღვრების და შინაარსის თვალსაზრისით რაიმე ცდომილება არ შემოაქვთ და ასეთი მოქმედებანი თუნდაც სხვადასხვა იყოს, დაშვებულია ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ როცა სამოქმედო რაღაც სახეობა შინაარსის შეცვლასაც გულისხმობს გარკვეულწილად, უკვე თვით მოქმედება მიიჩნევა და ითვლება ერესად და ისიც (ეს მოქმედება), გაუკეთურებული მოქმედებაც ეკლესიისგან იგმობა და ანათემირებული ხდება. ასე რომ მსოფლიო კრებათა დადგენილებანი მოძღვრების გაუკუღმართებასაც, [16]რა თქმა უნდა, ანათემირებულ ჰყოფენ, შეაჩვენებენ ანუ, როგორც XII საუკუნეში შემოდის ტერმინი, განაჩვენებენ (ამ დროისათვის არის ერთი საყურადღებო დაკვირვება ერთ-ერთი გელათში მოღვაწე ღვთისმეტყველისა, შესაძლოა იგი იყოს ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელიც გვაუწყებს, რომ და ეს მგონი ადრეც გვითქვამს ჩვენ, ერესების განკვეთის შინაარსით ჩვენ ვხმარობთ ტერმინს შეჩვენებასო, მაგრამ შეჩვენება ხომ ჩვენთან შემოყვანას ნიშნავსო, ჩვენ შემოგვეარსებაო, მაშინ როცა ჩვენ მათ ვიცილებთ, ერესებს და ამიტომ ნაცვლად შეჩვენებისა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ტერმინი განჩვენებაო. თვითონ ყოველთვის ამ ტერმინს ხმარობდა და სხვათაშორის დღესაც შეგვიძლია ეს ტერმინი გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ეს ეტიმოლოგიური დაკვირვება გელათელი ღვთისმეტყველისა შეჩვენებასთან დაკავშირებით, ნაკლებად გულისხმობს იმას, რასაც თვითონ თვლიდა, აქ საეჭვოა, რომ ნაცვალსახელი ჩვენ გამოიყოფოდეს, თუმცა მთლად გამორიცხული არ გახლავთ იმიტომ, რომ შესაბამისი ბერძნული ტერმინი ანათემა არა მხოლოდ [17]განკვეთას ნიშნავს, არამედ მას ბევრი მნიშვნელობაც აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელობა ანათემისა გამომდინარე ზმნისგან “ანატითემი”, გულისხმობს რაღაცის ვიღაცისადმი მიკუთვნებას, განკუთვნას და არაა გამორიცხული, რომ საეკლესიო პოლემიკისა და ერესებთან დაპირისპირების გარეშე, ყოფაში ხმარებული ეს ბერძნული სიტყვა, ზმნა “ანატითემი”, ქართულშიც სწორედ გადმოცემულიყო ზმნით შეჩვენება ანუ ჩვენთვის განკუთვნა, ჩვენ თავს რომ განვუკუთვნებთ. ბერძნულში ამავე დროს “ანატითემ”-მა მიიღო ის მნიშვნელობა რითაც ვიცით უკვე, რჯულდებითი თვალსაზრისით მოკვეთის მნიშვნელობა, და ქართულშიც, ყოფითად მასთან იდენტური სიტყვა შეჩვენებაც როგორც ჩანს არაა გამორიცხული იმავე განმკვეთელობითი შინაარსით დაიტვირთა. ასე რომ ეტიმოლოგიურადაც შესაძლოა გელათელი ავტორი მთლად შორს არ იდგეს სინამდვილისგან, თუმცა თუ ამ ეტიმოლოგიას ჩვენ მართლაც მივიღებთ, მაშინ მისგან შემოტანილი ტერმინი საეკლესიო მოძღვრების [18]გაცილებით უფრო მართებულ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ, ე.ი. ტერმინი განჩვენება, ვიდრე შეჩვენება). ასე რომ მსოფლიო კრებებზე სწორედ ეს ორი სახეობა არის შეჩვენებული, ერთი მოძღვრების გაუკუღმართება და მეორე მოქმედებაში გაუკუღმართება ჭეშმარიტებისა, დავუშვათ საღვთისმსახურო წესის გაუკუღმართება და სხვა. და რაც შეეხება არაპირდაპირ, ასევე მომაკვდინებელი დარტყმის მიყენებას უკეთურებისადმი, ეს გულისხმობს საკუთრივ მოძღვრების დადგენას, სამოღვაწეო წესის დადგენასაც, ვინმეს ან რაიმეს გარეგანად გამოხატული უარყოფისა და განკვეთის გარეშე. თვით მოძღვრების დადგინებაც კი, ობიექტურად, თუნდაც არავითარი პოლემიკა იქ არ ვლინდებოდეს და არავისთან დაპირისპირება არ მჟღავნდებოდეს, მოძღვრების, ჭეშმარიტების დადგენაც კი განგმირვაა უკეთურებისა იმიტომ, რომ იგი სწორედ ამას ეწინააღმდეგება, ამას ებრძვის, რომ ჭეშმარიტება არ ჩამოყალიბდეს, არ დადგინდეს და არ გადაეცეს თაობებს უცვალებელად ჩამოყალიბებული სახით. [19]ასე რომ ესაა არაპირდაპირი განგმირვა უკეთურებისა და მოძღვრების, ქრისტიანული სწავლების მატერიალურ სიტყვაში გამოთქმის, ანუ დოგმატურად ჩამოყალიბების აღსრულება, რაც სწორედ მსოფლიო კრებათა ეპოქას უკავშირდება, დაწყებული პირველი მსოფლიო კრებიდან. მოგეხსენებათ მრწამსი, დაკანონებული ეკლესიაში სწორედ ამ კრებაზე შემუშავდა პირველი ვარიანტის სახით, საბოლოო ვარიანტად, საბოლოო სახით შემუშავდა მეორე მსოფლიო კრებაზე, ხოლო მრწამსი გახლავთ სწორედ ის ტექსტი, როგორც არაერთგზის გვითქვამს, რაც თავის თავში აჯამებს მთელ საეკლესიო მოძღვრებას სწორედ დოგმატის წესით, დოგმატად გვიყალიბებს და გვიდგენს იმ სულიერ სწავლებას, რითაც ცხონებაა შესაძლებელი.

 

250–ე რადიო საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ

ზეპირი საუბრის წერილობითი ვერსია სპეციალური დამუშავების გარეშე

აუდიო ვერსია იხ: https://www.youtube.com/watch?v=SLJX-YhuU2w

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

კავებით ([]) აღნიშნულია წუთობრივი მონაკვეთები

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში (წერილობით ვერსიაში) გთხოვთ მოგვწეროთ

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 03 June 2016 15:39)